globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 19 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 19th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“, 19 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: საკონსტიტუციო სასამართლომ პროგრესული გადაწყვეტილება მიიღო

იაგო ნაცვლიშვილი

„რეზონანსის“ კორესპონდენტი ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაბრება:

-         კონკრეტულად რა შეცდომები დაუშვა “ქართულმა ოცნებამ”?

- სამწუხაროდ, ხელისუფლებამ დაკარგა შანსი, რომ ეს სამართლებრივი პროცესი გაეფორმებინა როგორც დემოკრატიის ზეიმი მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. შეეძლო, რომ სასამართლოს განმარტება პოზიტივისკენ შეეცვალა, მაგრამ იმდენი გააკეთეს, რომ ეს ყოველივე პოზიტივის ნაცვლად ნეგატივში გადაიყვანეს. გასათვალისწინებელია დასავლეთის პოზიციაც. დასავლეთმა გაიგო, რომ უგულავამ დატოვა ციხე, იმიტომ, რომ ის იყო უკანონო პატიმარი და ის იმაზე მეტხანს იჯდა ციხეში, ვიდრე ეს კანონით იყო განსაზღვრული. ეს უკანონობა განაჩენის საფუძველზე აღიარა საკონსტიტუციო სასამართლომ და უგულავა გაათავისუფლეს. ხდება ისე, რომ მეორე დღესვე მას აბრუნებენ ციხეში, ეს იქნება დიდი შეცდომა. ევროპაში დეტალებს არ უყურებენ, შესაბამისად, განცდა იმისა, რომ უგულავას მიმართ ხორციელდება რაღაც ტიპის დევნა, დასავლეთში გაძლიერდება. ეს ყველაფერი ეჭვებს გააღრმავებს. რა თქმა უნდა, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს – მე ამას არ ვამბობ, მაგრამ პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით შეცდომები დაუშვა მმართველმა გუნდმა -მეორე დღესვე არ უნდა მომხდარიყო ასე ფორსირებული შეტევა. უმჯობესი იქნებოდა, ემოციები ჩამცხრალიყო და ეს უარყოფითი შედეგი შეერბილებინა.

ხელისუფლება მონაწილეობდა თუ არა ამ პროცესებში, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ფაქტია, რომ პოლიტიკურად აბსოლუტურად უგუნური ნაბიჯები გადაიდგა მისი მხრიდან. თუნდაც მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ, რომელმაც მხარი არ დაუჭირა სასამართლოს სხვა წევრებს. ეს იყო ხელისუფლების დისკრედიტაცია. იგივე პროკურორების განცხადებაც ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურება. მაინტერესებს, ვინმე ვინმეს რჩევას ეკითხება?! ეს არ არის ჭიდაობა – ვისაც ჭიდაობა უნდა, ამისთვის ტატამი არსებობს. ჩვენ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. ვისაც კუნთები ჰგონია მთავარი, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის.

- გაკეთდა შეფასებები, რომ სასამართლოზე გავლენა დღესაც აქვს “ნაცმოძრაობას”. თქვენც გრჩებათ ასეთი შთაბეჭდილება?

- პირდაპირ ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამართლომ ცალსახად პროგრესული გადაწყვეტილება მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლომ რაც თქვა, ეს არის დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი. თუ ადამიანის წინაშე არ დგება განაჩენი, ხომ არ შეიძლება, რომ ის მთელი ცხოვრება ციხეში გყავდეს?! საკონსტიტუციო სასამართლოს ეჭვქვეშ დაყენება, ჩემი აზრით, არანაირად არ არის სწორი. ვინც ამ მიმართულებით აპროტესტებს რაღაცას, ჩემი აზრით, მას არ ესმის, საერთოდ რაზე ლაპარაკობს.

მეორე საკითხია პოლიტიკური კონტექსტი. იყო თუ არა ვადებში დამთხვევა იმგვარად, რომ “ნაცმოძრაობის” პოლიტიკურ ტაქტიკასთან თანხვედრაში იყო. ვარაუდები ყველანაირი შეიძლება, მაგრამ გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენება სწორი არ იქნება. ეს გადაწყვეტილება სჭირდება ქვეყანას და არა უგულავას. დღეიდან საქართველოს მოქალაქეები უკეთესად არიან დაცულები.

სამწუხაროდ, მთავარი პრობლემა გვერდზე რჩება. მთავარი კითხვაა ის, რატომ ვერ ახერხებს პროკურატურა, რომ დააყენოს განაჩენი ძალიან ბევრ ბრალდებაზე. აქ დგება კომპეტენციის საკითხი. თუ საკმარისი მტკიცებულებები არ გაქვს, მაშინ პირი არ უნდა დააპატიმრო. მარტო უგულავას საქმეზე არ იყო ეს წინასწარი პატიმრობის ვადის პრობლემა, ეს გახმაურებული საქმე იყო და შეიძლება ამით იმართლონ თავი.

სხვა მაგალითს მოვიყვან, ვაკეში მომხდარ მკვლელობას და გიორგი ოქროპირიძის საქმეს. პროკურატურამ ძალიან მარტივ საქმეზე ხარისხიანი ბრალდება ვერ უზრუნველყო. ხელისუფლებას ვეკითხები, არის თუ არა პროკურატურაში პრობლემა?! გარე პრობლემებს ვერ მოაგვარებ ისე, თუ შიდა სამზარეულოში გაქვს პრობლმები.

- თქვენ ისაუბრეთ ხელისუფლების შეცდომებზე. ეს არჩევნებზე გავლენას იქონიებს?

- რა თქმა უნდა, იქონიებს, მაგრამ არა იმ თვალსაზრისით, როგორც ეს უგულავამ თქვა, რომ “ნაცმოძრაობა” გაიმარჯვებს. ფაქტია, რომ ხელისუფლება კარგავს ელექტორატს, მაგრამ ეს ამომრჩეველი “ნაცმოძრაობასთან” არ მიდის. ელექტორატი პოლიტიკური ელეტისგან მთლიანად დისტანცირდება – ხალხი ფიქრობს, რომ ჰყავს ცუდი ხელისუფლება, მაგრამ ამასთანავე ჰყავს უარესი ოპოზიცია. “ნაცმოძრაობის” რეაბილიტაცია ვერ მოხდება და ეს მათაც იციან, მაგრამ ისინი იმუშავებენ იმ მიმართულებით, რომ ხელისუფლებასა და ხალხს შორის უფსკრული გაღრმავდეს.

სიტუაცია იქნება ასეთი, რომ არჩევნებზე მივა ძალიან ცოტა ამომრჩეველი, რის გამოც ხელისუფლება გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. “ოცნება” არჩევნებს ძალიან დაბალი ლეგიტიმაციით მოიგებს. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს ძალიან კარგად ჩააწიკწიკებს “რუსთავი 2″. ახლავე გეუბნებით, რომ პოსტსაარჩევნო პერიოდი ხელისუფლებისთვის იქნება კოშმარი, რასაც ძალიან დიდი ალბათობით, ვეღარ გადაიტანს. არჩევნების გაუქმების მოთხოვნით გამოვა როგორც “ნაცმოძრაობა”, ისე სხვა პარტიები, მათ შორის ისინიც, ვინც ამ პარტიასთან რადიკალურად არის დაპირისპირებული. “ოცნება” ამ კრიზისს ვერ გადაიტანს. ეს არ არის გუნდი, რომელსაც კრიზისის მართვა შეუძლია. ამ ორმა დღემაც გვაჩვენა ეს, ათასი სისულელე გააკეთეს ამ ორ დღეში.

Comments are closed