globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 19 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 19th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან: „მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება კრიტიკას ვერ უძლებს“

ახალი თაობა: ვინ არის კრემლის საიდუმლო ფავორიტი, რომელსაც მოსკოვი განსაკუთრებული შემთხვევისთვის ინახავს // ინტერვიუ ზვიად კასრელიშვილთან: „ვიცით, ვისთან კონტაქტობს ის პიროვნება კრემლში და ვის ელაპარაკება კავკასიასა და ევროპაში“

ახალი თაობა: ინტერვიუ მამუკა გვაძაბიასთან: „მიხეილ სააკაშვილი და პოროშენკო ერთმანეთს უფსკრულში არ გადაჩეხავენ“ // „ამ მოვლენებში რუსეთის სპეცსამსახურების კვალს ვერ ვხედავ“

ასავალ-დასავალი“: ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან: „ეს გაბრუებული ნარკომანი მიხეილ სააკაშვილი რომელი „გმირი“ ნახეს?!

ასავალ-დასავალი: ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: „საქართველოში ბინადრობის უფლება არაბებზე 35 ათას დოლარად იყიდება“

«Prime Time»: რა თამაში წამოიწყო პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა – აგორდება თუ არა ქუჩის აქციები კონსტიტუციის გამო

ვერსია: ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „ქართული მარშის“ გამართვა რუსული „ფსბ“-ს პირდაპირი მითითებაა!“ // რა დოკუმენტს გაასაჯაროებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

ვერსია: რას ჰპირდებიან ხალხს ირმა ინაშვილი, გიორგი გუგავა, ალექსანდრე ელისაშვილი და თენგიზ შერგელაშვილი

——————

ახალი თაობა“, 19 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან: „მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება კრიტიკას ვერ უძლებს

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ გააქტიურებაზე საუბრობს.

- ბატონო დავით, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკის გვერდზე დაწერა, ვინაიდან სასამართლო დროებით გადაიდო, როგორც ჩანს, საუკუნის დანაშაულის ყველა მტკიცებულების შეგროვება ვერ მოასწრესო. როგორ შეაფასებთ ამ პროცესს? მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნოდ გააქტიურება დამთხვევაა თუ მართლაც გარკვეული გათვლაა?

- ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტია, რომ პოროშენკომ სააკაშვილს დიდი საჩუქარი გაუკეთა. მისთვის მოქალაქეობის წართმევა იმდენად აშკარად იყო პოლიტიკურად მოტივირებული, რომ ეს საზიანოა როგორც პოროშენკოსთვის, ასევე უკრაინის ხელისუფლებისთვის. ამან თავისთავად გამოიწვია სააკაშვილის აქტუალიზება. ეს ფაქტი ხელოვნურად ნამდვილად არ მომხდარა. წინა არჩევნებზეც მოხდა სააკაშვილის გააქტუალება. საქართველოს ხელისუფლებას აწყობს სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის საფრთხის აქტუალიზაცია, `მტრის ხატის~ შექმნა. ეს აწყობს როგორც ხელისუფლებას, ისე სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას. ძალიან ცოტაა ისეთი ამომრჩეველი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემს იმის გამო, რომ ის ყველაზე უკეთესია, ამიტომ კარგად მუშაობს ის ფაქტორი, რასაც ჰქვია – თუ არ ამირჩევ, მოვა მიშა!

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სწორედ `მტრის ხატზე~, `მოვლენ ცოცხებით~ ხალხის დაშინებაზე აგებული წინასაარჩევნო კამპანია ჰქონდათ, რამაც იმუშავა. ახლაც იგივეს ცდილობენ. ეს თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ ხელისუფლება სხვა ოპოზიციური კანდიდატების ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებას ცდილობს. ერთი სიტყვით, კვლავ ნაცმოძრაობით უნდათ ფონს გასვლა.

- ეს აწყობს ნაცმოძრაობას?

- რასაკვირველია, ეს აწყობს მიხეილ სააკაშვილს ანუ ნაციონალურ მოძრაობას, რომ ისინი არიან ერთადერთი, მთავარი ოპოზიციური ძალა, რომელიც ხელისუფლებასთან არის დაპირისპირებული და ამით ინარჩუნებს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს.

- ისევ მეორე ადგილზე გავლენ?

- ვერ გავაკეთებ ამის პროგნოზს, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას საკმაოდ ერთგული ამომრჩეველი ჰყავს. როგორ იქნება ეს ციფრებში გამოხატული, არ ვიცი.

- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რეალურად იმუშავა ამ პოლარიზებამ და ვნახეთ, როგორ განვითარდა მოვლენები, მაგრამ ახლა რამდენად იმუშავებს? ეს ხომ განვლილი ეტაპია?

- რა თქმა უნდა, ისე სრულფასოვნად ვერ იმუშავებს, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე იმუშავა, მგონი, ნაკლებად აქვთ ადამიანებს იმის შიში, რომ გამგეობებში და ქალაქის მერიაში, თუნდაც დედაქალაქში, ისევ `ქართული ოცნება~ თუ არ იქნება, რა გვეშველება! ეს შიში მართლაც ნაკლებად არის, თუმცა, უკრაინაში სააკაშვილის წარმატებულმა შეჭრამ რაღაცნაირად ეს შიშები შეიძლება გააღვიძოს.

მხოლოდ ეს ამბავიც არ არის, ნაციონალურ მოძრაობას გულწრფელი, ალალი მხარდამჭერები ჰყავს, დაახლოებით 20%, არც ისე ცოტა. ეს ადამიანები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, მათ გულწრფელად სჯერათ სააკაშვილის, რომ ხედავენ ამ მდგომარეობაში სააკაშვილს, რა თქმა უნდა, მეზობლებში გამოვლენ, ქუჩაში გავლენ და ყველას ეტყვიან, რომ ჩამოდის და ნახავთ, რა მოხდება! ეს შეშინებული ხალხი გავარდება და „ოცნებას“ მისცემს ხმას, მართლა არ ჩამოვიდესო. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნების შედეგად სააკაშვილის დაბრუნება შეუძლებელია.

- მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ნიადაგს მართლაც იმისთვის იმზადებს, რომ საქართველოში დაბრუნდეს?

- არა, არ მგონია, ასე იყოს. ახლა უკრაინაზეა კონცენტრირებული და ცდილობს, იქ მიაღწიოს წარმატებას. თუმცა, საქართველოს რომ არ ივიწყებს, ამას თვითონაც ამბობს. უკრაინაზე როდესაც საუბრობს, ძალიან ადეკვატურია. კარგად ესადაგება მისი რიტორიკა იქაურ სიტუაციას. საქართველოზე მისი პოზიცია ძალიან არაადეკვატურია. 2003 წელშია თითქოს ჩარჩენილი, ასეთი შთაბეჭდილება რჩება. აქაურ რეალობას კარგად ვერ აცნობიერებს. იქაურ რეალობას, რომელიც ძალიან ჰგავს 2003 წლამდელ საქართველოს რეალობას, გადასარევად გრძნობს და ადეკვატურიც არის. ამიტომ ის შეეცდება იქ იყოს, ჩვენთან მას ძალიან პატარა შანსი აქვს. თუმცა, სერიოზულ ოპოზიციურ ძალად დარჩება.

- ნაციონალური მოძრაობის მთავარი ლოკომოტივი მაინც მიხეილ სააკაშვილია?

- დიახ. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის გარეშე ნაციონალური მოძრაობა დაახლოებით იქნება ზვიად გამსახურდიას გარეშე ზვიადისტები რომ დარჩნენ. საქართველოში ზვიად გამსახურდიას ბევრად მეტი მომხრეები ჰყავდა, ვიდრე სააკაშვილს ჰყავს, მაგრამ როდესაც გამსახურდია პოლიტიკურად აღარ გახდა აქტუალური, მისი მომხრეების რაოდენობა შემცირდა, გარდაცვალების შემდეგ გაიბნა, როგორც პოლიტიკურმა შემადგენელმა, არსებობა შეწყვიტა. ზვიად გამსახურდიას, როდესაც ფორმაში იყო, როდესაც დევნილობაში იყო, სერიოზული, ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდა. ასე რომ, ლიდერის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.

- ექსტრადირებაზე უნდა გკითხოთ. ხელისუფლებას მოთხოვნა აქვს გაგზავნილი, მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით?

- არაფერი, ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მხრივ ძალიან ბევრი სისულელე ჩაიდინა. როდესაც ჩვენ, რესპუბლიკელები ვიყავით ხელისუფლებაში, ვერ მოვახერხეთ ამ სისულელეებში ხელის შეშლა. სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრა, წარმოება იმდენად მოუმზადებლად, ბევრი ფაქტორის გაუთვალისწინებლად მოხდა, რომ ამან მხოლოდ უარყოფითად იმოქმედა საქართველოს ხელისუფლებაზე და თავად სააკაშვილს ბევრი ვერაფერი დააკლო. საერთოდ, ქვეყნის პრეზიდენტების გასამართლება ასეთი ადვილი არ არის. 10 წელი იყო პრეზიდენტი, საერთაშორისო ურთიერთობები ჰქონდა. თუმცა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დანაშაულები არ აქვს ჩადენილი, მაგრამ ამას ძალიან სკრუპულოზური მუშაობა, მომზადება სჭირდება. ეს ვერ მოხდება უცებ და სწრაფად, თუ საქმე სახელმწიფო გადატრიალებასთან არ გვაქვს.

- სააკაშვილი ყველგან ამბობს, რომ მას პიჯაკებზე ედავებიან.

- სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება ვერ უძლებს კრიტიკას, ბურჯანაძის გარდა, მოწმე არ არის არავინ. ხელისუფლებამ ეს საქმე ცუდად წარმართა. ამ კუთხით საერთაშორისო ნდობა იკლებს, ამიტომ, არ მგონია, რამენაირი ექსტრადირება იყოს. ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი პრანკერებთან რომ საუბრობდა, ნათელი იყო, რომ დიდი სურვილი არ აქვთ გადმოცემის. ხელისუფლება ხვდება, რომ შარშია.

- თუმცა, ამ სატელეფონო საუბრის ავთენტურობა დადგენილი არ არის

- გასაგებია, მაგრამ, მგონი, არავის ეპარება ეჭვი ამ საუბარში. ამიტომ ჯობდა, თავიდან ეფიქრათ და უკეთესად ყოფილიყო ბრალდება მომზადებული, სანამ ძებნას გამოაცხადებდნენ.

ახალი თაობა“, 19 სექტემბერი, 2017 წელი

ვინ არის კრემლის საიდუმლო ფავორიტი, რომელსაც მოსკოვი განსაკუთრებული შემთხვევისთვის ინახავს // ინტერვიუ ზვიად კასრელიშვილთან: „ვიცით, ვისთან კონტაქტობს ის პიროვნება კრემლში და ვის ელაპარაკება კავკასიასა და ევროპაში

ვინ და რატომ აშანტაჟებს „ქართულ ოცნებას“, იქონიებს თუ არა გავლენას სააკაშვილის გააქტიურება ქართულ პოლიტიკაზე, ვინ დგას ეკლესიაში მიმდინარე პროცესების უკან, რა გეგმას ამზადებს რუსეთი? ამის შესახებ „ახალ თაობას“ ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

- რამდენიმე თვის წინ თქვენ ჩვენთან ინტერვიუში თქვით, რომ შემოდგომაზე რუსეთი საქართველოში რამდენიმე ძალას გაააქტიურებდა. ერთმა პარტიამ უკვე დაიწყო შიმშილობის აქცია. იგივეს გაკეთებას აპირებს ქართული მარში. არის თუ არა ეს ის, რაზეც თქვენ საუბრობდით?

- იმ ინტერვიუში უკრაინაც ვახსენეთ და ვთქვით, რომ საქართველოსთან ერთად იქაც დაიწყებოდა პოლიტიკური აქტიურობა. რაც შეეხება საქართველოში დაწყებულ და დაანონსებულ შიმშილობის აქციებს, საქართველოში დაწყებულია წინასაარჩევნო კამპანია, ასეთ დროს ზოგი პარტია ბრძოლის დემოკრატიულ მეთოდებს მიმართავს, ზოგი გასული საუკუნის 90-იანი წლების იძულებითი დაყოლიების მეთოდს იყენებს. 1990-იან წლებში სხვა ბევრი მეთოდიც იქნა გამოყენებული. ეს მეთოდები ვიღაცების არსენალში ახლაც არის. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ 1992 წელს ვეღარავინ გაიმეორებს საქართველოში. ამის გაკეთება გულშიც არ გაივლონ, თორემ ძალიან ცუდად დაამთავრებენ.

საქართველოში საარჩევნო კამპანიას კარგად ორი ძალა – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ წარმართავენ. მართალია, მოშორებითაა, მაგრამ მათ კვალზე მიდის „ევროპული საქართველო“.

- ეს ბუნებრივია, ევროპული საქართველო ნაციონალების განაყარია და იციან საქმე...

- საქმე კი იციან, მაგრამ საქმის გასაკეთებლად ეტყობა მეტი რესურსი არა აქვთ. შესაძლოა, ამის სურვილი არც ჰქონდეთ. მათი აქტიურობა ფარსია, ისინი ტყუილად იჭაჭებიან. დანარჩენი პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას არ ატარებენ. ისინი უფრო არსებობისთვის იბრძვიან და მათი ქმედება უფრო პატრონებისთვის თავის მოწონებაზეა გათვლილი. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ პატრონებს ფსონები სხვა ძალებზე აქვთ დადებული. ამის გამო პარტიების ნაწილი იძულებითი დაყოლიების ხერხს მიმართავს. მათი სურვილია, საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკური შანტაჟის ქვეშ მოაქციონ.

- თქვენი აზრით, პატრიოტთა ალიანსი და ქართული მარში ხელისუფლების დაშანტაჟებას ცდილობენ?

- პოლიტოლოგიაში ამას ასეთი სახელი ჰქვია, იძულებითი დაყოლიების მეთოდი ანუ შანტაჟი. ამის უკან შეიძლება ბევრი სხვა რამე იმალებოდეს.

- მაგალითად, რა?

- მაგალითად, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები. ან პიროვნება, რომელიც არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ფავორიტი, მაგრამ არ ჩანს.

- ეს პიროვნება თქვენ ადრეც ახსენეთ, თქვით, რომ ის რუსეთის ფავორიტია, მაგრამ მისი ვინაობის გამხელა არ ისურვეთ. ახლაც არ დაასახელებთ?

- არ დავასახელებ მხოლოდ იმის გამო, რომ ის შესაძლოა, არ გამოჩნდეს. მის მიერ შექმნილმა და დაფინანსებულმა ძალებმა თუ შედეგი ვერ დადეს, ის არ გამოვა ასპარეზზე. ამიტომ არ გვინდა ამ მშიშარა, სხვის ზურგებს ამოფარებული მოთამაშის დონეზე დახურდავება. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ თუ გინდა, ხელისუფლება რამეზე დაიყოლიო, ქუჩაში მინიმუმ 100.000 მომხრე უნდა გამოიყვანო.

- ამდენ მომხრეს დღევანდელ საქართველოში ვერც ერთი პარტია ვერ გამოიყვანს...

- ძალიანაც კარგი, თუ ვერ გამოიყვანენ. როდესაც ქუჩაში რამდენიმე ასეულ მომხრეს გამოიყვან მხოლოდ, ამით ვერც ხელისუფლებას დაიყოლიებ და მომხრეებსაც დაკარგავ. ამ პოლიტიკურ ძალებს ჰქონდათ ერთი უნიკალური შანსი, რომელიც ვერ გამოიყენეს. მეტსაც გეტყვით, იმ შანსის საპირისპიროდ მოიქცნენ. ახლა ყველაფერი თავის თავს დააბრალონ.

- რა შანსზე საუბრობთ?

- ძალებს, რომლებიც ხელისუფლებაზე საპროტესტო აქციებით ცდილობენ ზემოქმედების მოხდენას, თავის დროზე ჰქონდათ უნიკალური შანსი. ისინი გვეუბნებიან, რომ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი უნდათ და ამიტომ უნდათ მოსკოვთან ურთიერთობების დალაგება. დიალოგი თუ უნდოდათ აფხაზებთან და ოსებთან, გოსდუმაში კი არ უნდა წასულიყვნენ, არამედ სოხუმში და ცხინვალში გამგზავრებულიყვნენ და საქართველოს მოსახლეობისთვის უნდა ჩაებარებინათ ანგარიში, თუ რაზე საუბრობენ. მოსკოვში ამის მერეღა უნდა წასულიყვნენ. როცა პირდაპირ კრემლში მიდიხარ, ბუნებრივია, ეჭვები ჩნდება. დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზებს და ოსებს ამ ძალებთან დიალოგის სურვილი არ აქვთ.

- ამ ძალებთან თუ ზოგადად ქართველებთან არ სურთ საუბარი?

- ამ ძალებთან არ უნდათ საუბარი, ქართველებთან კი დიდი ხანია, რაც კონტაქტობენ. არჩიეს რა მოსკოვი, მათ მარცხისთვის გაწირეს საკუთარი პარტია. მომხრეები ნელ-ნელა განიხიბლებიან. მათი ერთგულება აუცილებლად გადაიზრდება აგრესიაში.

- თქვენი საუბრიდან თუ ვიმსჯელებთ, ამ ეტაპზე რუსულმა საფრთხემ ჩაიარა...

- რუსული საფრთხე არასდროს ჩაივლის, მაგრამ ამ ეტაპზე სიტუაციის არევას ვერ შეძლებენ. მოსკოვს იმხელა პრობლემები აქვს, რომ ამისთვის აღარ სცალიათ. ესეც არ იყოს, კრემლმა ნათლად დაინახა, რომ საქართველოში პრორუსულ ძალებს პოლიტიკური ამინდის შექმნა არ შეუძლიათ.

- ამის მიუხედავად, როგორც თქვენ ამბობთ, რეზერვში ჰყავთ ფავორიტი, რომლის გამოყენებასაც აპირებენ...

- იმ პიროვნებას რუსების მიმართ რაღაც განსაკუთრებული ვალდებულებები არა აქვს, თორემ აქამდეც გამოაგდებდნენ სარბიელზე. ეს თუ ასე არ არის და ვალდებულებები აქვს, მაშინ მას განსაკუთრებული შემთხვევისთვის ინახავენ.

- რა შემთხვევისთვის ინახავენ? თუ თქვენ ამის შესახებ არაფერი იცით?

- ჩვენ, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციამ, ესეც ვიცით და სხვა ბევრი რამეც. ვიცით, ვისთან კონტაქტობს ის პიროვნება კრემლში. ისიც ცნობილია, ვის ელაპარაკება კავკასიასა და ევროპაში.

- მიხეილ სააკაშვილზეც მინდა გკითხოთ. მან 17 ოქტომბერს დააანონსა კიევში დიდი აქცია. 21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებია. ეს აქცია და სააკაშვილის აქტიურობა ქართულ პოლიტიკაზე რაიმე გავლენას თუ იქონიებს?

- მიშას აქტიურობა საქართველოზე არ არის გათვლილი. 10 სექტემბერს (ამ დღეს დაბრუნდა ის უკრაინაში) ჩვენ ვიხილეთ გაგრძელება ბლოკბასტერისა „მიშა მაგარია“. ის ზუსტად ისევე შეიყვანეს უკრაინის ტერიტორიაზე, როგორც „ვარდების რევოლუციისას“ პარლამენტის შენობაში. ახლაც ისევე ცდილობენ მისი იმიჯის გამოსწორებას, როგორც მაშინ, როცა 17%-იანი პარტია უმრავლესობით მოიყვანეს საქართველოს ხელისუფლებაში. მინდა კარგად იცოდეს თქვენმა მკითხველმა, რომ ეს არ არის დასავლეთის ინტერესი.

- აბა ვისი ინტერესია მიხეილ სააკაშვილი?

- მიხეილ სააკაშვილი დასავლეთში რამდენიმე ადამიანის კორპორაციულ ინტერესს წარმოადგენს. რადგან ეს ინტერესი არსებობს, მან ამის გათვალისწინება გადაწყვიტა და სათავისოდ გამოიყენა. ჩვენთვის ისიც ცნობილია, ვისთან მესიჯობდა ის საზღვართან და ვინ შეიყვანა უკრაინის ტერიტორიაზე. ვიცით, რატომ შეიყვანეს და მოვლენები როგორ განვითარდება.

- ჩვენ არ გვეტყვით, ვინ და რატომ შეიყვანა მიხეილ სააკაშვილი?

- უკრაინაში მიშას შეყვანას ორგანიზება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა და სხვა ძალოვანმა სტრუქტურებმა გაუკეთეს. ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ უნდოდათ, პეტრო პოროშენკოს თვალში მათი საჭიროების ხარისხი გაზრდილიყო. უნდოდათ, რომ გაყოფის დროს პრეზიდენტი თავისი გუნდის წევრებთან უფრო გულუხვი ყოფილიყო. მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შეყვანას ორგანიზება კიდევ რამდენიმე ოლიგარქმა გაუკეთა.

- იგორ კოლომოისკი გყავთ მხედველობაში, რომელსაც უკრაინაში დაბრუნებამდე შეხვდა სააკაშვილი?

- იგორ კოლომოისკი იმ ოლიგარქებიდან ერთ-ერთია. ამ ოლიგარქებს თავისი ინტერესები აქვთ.

- რა ინტერესები?

- უნდათ, რომ მიშა მედვედჩუკს და ახმატოვს დაატაკონ. ისინი უკრაინაში ყველაზე მსხვილ ოლიგარქებად ითვლებიან. სააკაშვილის დაბრუნებამ დრომოჭმული და ურეიტინგო პოლიტიკოსები გააცოცხლა. მათ მიშას გარშემო აქტიურობის ხარჯზე მოვლენა შექმნეს და ასე დაბრუნდნენ პოლიტიკურ ველზე. ჩვენ ისიც ვიცით, თუ ვისზე დაიდებოდა ფსონი, თუ ვითარება გართულდებოდა. სააკაშვილი სიტუაციას არავითარ შემთხვევაში არ გაამწვავებდა. ვინმეს თუ არ ახსოვს, კადრები გადაახვიოს, როგორ აგზავნის სააკაშვილი სმს-ებს. თავიდან მას შესვლის იმედი არ ჰქონდა. და როცა ნებართვა მიიღო, ეკრანების წინაშე მაშინვე გააქტიურდა და ვიღაც გენერალს სერიოზული ბოლშევიკური პათოსით მიმართა.

მის გარშემო მიმდინარე პროცესები ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს დააიმედებს. შესაბამისად, გაააქტიურებს კიდევაც, რაც შედეგის მისაღწევად საკმარისი არ არის. გაქცეული სარდალი თავის მომხრეებს ისე ვერასდროს მართავს, როგორც მებრძოლებთან მყოფი. სარდალი თუ ხარ, მაკედონელივით და ერეკლე მეფესავით უნდა იყო – მათთან ერთად უნდა გეძინოს და მათთან ერთად უნდა იმალებოდე, თუ გდევნიან.

რაც უკრაინაში მოხდა, ეს არის პოლიტიკური თამაშობანი. ამ თამაშობანის შედეგი პოროშენკოს გვერდზე გაწევა იქნება, რომელსაც ისედაც უნდა წასვლა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიშა მოვა. დასავლეთის სამხედრო ელიტას მისი აქტიურობა პოროშენკოს მიმართ მხოლოდ ერთი მიზეზით აწყობს – უკრაინას ჯარის გასაძლიერებლად თანხას და შეიარაღებას აძლევენ და არ უნდათ, რომ ამ ფულის გაფლანგვა მოხდეს.

- ქართული ეკლესიის გარშემო მიმდინარე საუბრისგან ყოველთვის თავს იკავებთ. შიდა დაპირისპირებაზე ვიცი, რომ არ მიპასუხებთ, მაგრამ რა ხდება მთლიანობაში, ეს მხოლოდ შიდა დაპირისპირებაა?

- მე არ ვიტყვი, რომ ეს შიდა დაპირისპირებაა. ეს იმ პროცესების ნაწილია, რაც საქართველოს გარშემო ტრიალებს. ეკლესიაზე თავდასხმები ნამდვილად არ მიკვირს. ეს ინსტიტუტი საზოგადოებაში ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს. ამიტომაც ებრძვიან მას ასე გააფთრებით.

- ადრე მართლა მაღალი ნდობით სარგებლობდა. ახლა ეკლესიის მიმართ ისეთი ნდობა აღარ არის...

- მადლობა ღმერთს, რომ ეკლესიას ისევ მაღალი ნდობა აქვს. ასე რომ არ იყოს, მის წინააღმდეგ ბრძოლა შეწყდებოდა. ახლა მას გააფთრებით ებრძვიან, რაც მის მაღალ რეიტინგზე მეტყველებს. დღეს ბევრმა დაუწყო ბრძოლა ეკლესიას, ქართველ იუდებს დამფინანსებლებიც გამოუჩნდნენ. ყველა მათგანის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ქართულმა ეკლესიამ თავისი არსებობის მანძილზე ბევრად უფრო აგრესიულ, სისხლიან და გულბოროტ შემოტევებს გაუძლო.

- და ფიქრობთ, რომ ახლაც გაუძლებს?

- ვფიქრობ კი არა, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ასეთი თავდასხმები ეკლესიას მხოლოდ აძლიერებდა. ახლაც იგივე მოხდება. რამდენიმე პარტიის წინასაარჩევნო კამპანია ეკლესიის ლანძღვაზეა აგებული. ამ ხალხს პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია და იმდენსაც ვერ ხვდებიან, რომ ეროვნული ღირებულებების ლანძღვა შედეგს არ მოუტანთ.

დღეს საქართველო მსოფლიოს რამდენიმე მიზეზის გამო აინტერესებს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა ქრისტიანობის და დასავლური ცივილიზაციის ფორპოსტია. ეკლესიის დასუსტება ძალიან ცუდად აისახება საქართველოზე. ეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს კარგად ესმით და ამიტომაც გააქტიურდნენ.

- გინდათ თქვათ, რომ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ხელი ურევია?

- ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე მე არ ვსაუბრობ. იმაში კი, რაც ეკლესიის გარშემო ხდება, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ხელი ურევია.

- რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები მუშაობენ ამ მიმართულებით? როცა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურს ვახსენებთ, ეგრევე ყველას რუსეთი ახსენდება...

- ეს ბუნებრივია. რუსეთის სპეცსამსახურებისგან ბევრი რამე გვახსოვს. თავისი წვლილი ამ საქმეშიც შეიტანეს, მაგრამ ქართულ ეკლესიას მარტო ისინი არ ებრძვიან. ქართული ეკლესიის დასუსტებით ყველა იმ ქვეყნის სპეცსამსახურია დაინტერესებული, რომელსაც საქართველოზე გავლენის მოპოვება სურს. ქვეყანაზე თუ გავლენის მოპოვება გინდა, მაშინ მას ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი უნდა წაართვა. ეკლესია კი სწორედ ასეთია.

ახალი თაობა“, 19 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა გვაძაბიასთან: „მიხეილ სააკაშვილი და პოროშენკო ერთმანეთს უფსკრულში არ გადაჩეხავენ“ // „ამ მოვლენებში რუსეთის სპეცსამსახურების კვალს ვერ ვხედავ

დამოუკიდებელი ექსპერტი მამუკა გვაძაბია „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ მოქმედებებს უკრაინაში გამართლებულად მიიჩნევს. „უკრაინაში სააკაშვილის გადასვლას დადებითად ვაფასებ“, – აცხადებს მამუკა გვაძაბია.

- ბატონო მამუკა, რა იყო დადებითი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შეჭრაში და უკრაინის საზღვრის დარღვევაში?

- მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, კლასიკური გაგებით, საზღვრის დარღვევა რომ ყოფილიყო, ის ციხეში აუცილებლად მოხვდებოდა. ვიღაცას მოსწონს თუ არა ეს, სხვა საკითხია.

- ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მხლებლებმა უკრაინის საზღვარი დაარღვიეს, შეიჭრნენ უკრაინაში ძალადობით, მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს. თუმცა, უკრაინელმა სამართალდამცავებმა განმარტეს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა პატიმრობას არ ითვალისწინებს...

- უკრაინის ხელისუფლებამ უკრაინის მოქალაქეს ჩამოართვა მოქალაქეობა. სააკაშვილი იქნებოდა თუ სხვა ვინმე, მნიშვნელობა არ აქვს. როცა საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მაშინ ჩამოართვეს მოქალაქეობა. ეს არის სამართლებრივი ნონსენსი. აქედან გამომდინარე, მოხდა იმის პროვოცირება, რაც ვნახეთ. სააკაშვილისთვის მოქალაქეობა რომ არ ჩამოერთმიათ, მატარებელი რომ არ გაეჩერებინათ, არაფერი მოხდებოდა. მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკრაინის ოლიგარქიულ რეჟიმს ეკისრება. უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი მე არ მიმიწვევია.

- თქვენი კომენტარები ნაცმოძრაობის ლიდერების აზრს ემთხვევა

- საერთოდ უარყოფითად ვაფასებ პოლიტიკური ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებსაც რეიტინგი არ აქვთ და მოსახლეობის 60% პოლიტიკურ აპათიაშია. რა შუაშია „ნაცმოძრაობა“, რაც ხდება, იმის პოლიტიკურ ანალიზს ვაკეთებ.

- ეჭვი არ გიჩნდებათ, რომ მიხეილ სააკაშვილის საშუალებით პოლიტიკური სპექტაკლი იდგმება უკრაინასთან დაკავშირებით?

- როგორ არ მიჩნდება, პოლიტიკური სპექტაკლი და პოლიტიკური თამაშია. აბა, როგორ გინდა? მიხეილ სააკაშვილის ექსცენტრულ პიროვნებას, მის ხასიათს, მისთვის ჩვეული პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებისადმი ერთგულებას თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირი არაფერია, ვიღაც ამხნევებს, ვიღაც მხარს უჭერს.

- პოლიტიკური სპექტაკლი რუსეთისა და შეიძლება პოლონეთის სპეცსამსახურების მონაწილეობითაც იყოს დადგმული...

- რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობა სააკაშვილის სპექტაკლში ცოტა არარელევანტურად მიმაჩნია. რუსეთის ინტერესებში არ შედის ოპოზიციის გაძლიერება, რადგან ძალიან კარგად მიდის ომიც, ძალიან კარგად კეთდება ფული და ძალიან კარგად კეთდება ყველაფერი, რაც უკრაინის ხელისუფლებას აწყობს. თუმცა, არ არის რეალური ის, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილი მოვა იქ, ყველაფერი აყვავდება. სააკაშვილი არის პოლიტიკური მოთამაშე და თამაშობს გარკვეული თამაშის წესებით.

- მიხეილ სააკაშვილი რომ მოვიდეს უკრაინის ხელისუფლებაში, რუსეთთან ფართომასშტაბიან ომში ისე ჩაებმება, არც დაფიქრდება...

- რუსეთთან უკრაინა მიხეილ სააკაშვილის გარეშეც არის ჩაბმული ომში. ფაქტობრივად, რუსეთის ომი უკრაინასთან ფართომასშტაბიანია, ყველანაირი იარაღის გამოყენებით უტევენ. ერთადერთი, ბალისტიკური რაკეტები არ გამოუყენებიათ, დანარჩენი ყველანაირი იარაღის გამოყენებით მიმდინარეობს საომარი მოქმედებები ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან. მეტი რა ომი უნდა დაიწყოს მიხეილ სააკაშვილმა.

- ვგულისხმობ ისეთ ფართომასშტაბიან ომში ჩაბმას, რომელიც თავისი შედეგებით უკრაინისთვის დამანგრეველი იყოს...

- უკრაინისთვის მიმდინარე ომი არის დამანგრეველი. ხალხი იხოცება და ტერიტორიული მთლიანობის რღვევის საფრთხე სახეზეა. უკრაინა მაინტერესებს, ჩვენი მეგობარი ხალხია, მაგრამ ის უფრო მაინტერესებს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ტალღა როგორ იმოქმედებს საქართველოზე. დარწმუნებული ვარ, მალე დასრულდება ოლიგარქიული რეჟიმების პარპაში. ქვეყნები არ იქნება დამოკიდებული ოლიგარქების ფულზე. აქ ძალიან კარგად ვხედავ, როგორ იბირებენ ადამიანებს.

- მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი მსოფლიოში გავლენების, პიარის, ლობისტებისა და ფულის გამოისობით, არაკორუმპირებულ ხელისუფლებად იყო ცნობილი, მაგრამ ახლა თვითონვე აღიარებენ, ვინ იყო, ვთქვათ, დავით კეზერაშვილი, რომ ის ფულის კეთებით იყო დაკავებული

- მათ მე ჩვენს ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუშიც ვაკრიტიკებდი და ახლაც ვაკრიტიკებ. ახლა ოპოზიციაში არიან და შეიძლება 7-8%-ით გადალახონ ზღვარი. „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციური პარტიაა, მაგრამ წარსულის პარტიაა.

- მე იმის თქმა მინდოდა, მიხეილ სააკაშვილიც ხომ იყო დაკავშირებული კორუფციასთან და კორუფციული დიდი ფულის ტრიალთან?

- იყო და ამას ვინ უარყოფს.

- როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრები ახლა დავით კეზერაშვილის მხილებით არიან დაკავებული?

- მე ამ პროცესს გარედან ვუყურებ და ვიტყვი, რომ ვიღაცამ თავისი ნიშა დაიკავა და პოლიტიკურ პარტიაში თავის დამკვიდრება უნდა. ისინი დღეს დანაწევრებული არიან. ფაქტია, რომ ვერც დასავლურმა და ვერც სხვა მიმართულების ოპოზიციურმა პარტიებმა რეიტინგი ვერ აიმაღლეს. დღეს საქართველოს ხელისუფლებას ძლიერი ოპოზიცია არ ჰყავს, რაც ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას ხელს ძალიან უშლის.

- რა პერსპექტივა აქვს მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში?

- მე არა მხოლოდ ტელევიზიით გაგონილით ვიცი იქაური სიტუაცია. ლვოვში, ზაპოროჟიესა და კიევში მაქვს კავშირები. მათ შორის, ჩემი ნათესავებიც არიან. მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერების გარკვეული რაოდენობა ჰყავს. მისი პარტია ძალას იკრებს. ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლებას ეს უხარია, მაგრამ ვერ ვხედავ პერსპექტივას, უკრაინის ხელისუფლებას რა მოთხოვნები წაუყენა, შესრულდეს. ამიტომ შეიძლება აქციები დაიწყოს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. ხელისუფლებასთან ურთიერთობაში კომპრომისებსაც ვხედავ. თუმცა, რა პრეტენზიებიც ჰქონდა სააკაშვილს საქართველოში, უკრაინაში ვერ ექნება.

- ანუ უკრაინის პრეზიდენტობასა და პრემიერობაზე მიხეილ სააკაშვილს პრეტენზია ვერ ექნება?

- იქ სხვა სიტუაციაა. წარმოიდგინეთ, სხვა ქვეყნის მოქალაქე, სხვა ეროვნების პირი მოვიდეს საქართველოში და პოლიტიკური საქმიანობა დაიწყოს. ახლა წარმოიდგინეთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ეროვნებით ქართველი, ჩავიდა უკრაინაში და შექმნა პარტია მხარდამჭერების საკმაო რაოდენობით. გარკვეულწილად, ეს ჰაერიდან არ მოხდებოდა. რაღაც არის. რაც გინდათ, დაარქვით. მთლად უპერსპექტივობაც არ არის, მაგრამ ის პრეტენზიები ვერ ექნება, რაც ჰქონდა საქართველოში.

- თუმცა, ფაქტია, სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძვის. ვიღაც რომ არ ედგეს მხარში (მე სპეცსამსახურები მგონია), ისე იმდენს როგორ გაბედავდა?

- მიშას მხარს უმაგრებს დასავლეთი. რუსეთის სპეცსამსახურის ინტერესს მე ვერ ვხედავ, ვერც გეოპოლიტიკურს და ვერც სხვას.

- სხვათა შორის, სააკაშვილს რუსეთმა შესთავაზა მოქალაქეობის მინიჭება...

- სტალინმაც მოითხოვა ნატოში შესვლა.

- ჰო, მაგრამ ყველაზე მეტად რუსეთს ხომ სააკაშვილი აწყობს უკრაინაში? სააკაშვილი რუსეთისთვის შესწავლილი ფიგურაა. რატომ არ დაეხმარება?

- სააკაშვილი რუსეთს აწყობსო, ასეთი მსჯელობა მე მართლზომიერად არ მიმაჩნია. სააკაშვილი რუსეთს გარკვეულ დონემდე აწყობს.

- რუსეთი იმ დონეზე შეიჭრა ამერიკის საშინაო საქმეებში, რას უზამს უკრაინასა და საქართველოს, ხომ წარმოგიდგენიათ. რუსეთს უნდა, უკრაინა იყო რუსეთის. ადრე იყო კიევის რუსეთი, ახლა რუსეთს უნდა რუსეთის უკრაინა. თავისი მიზნის აღსასრულებლად რუსეთი სააკაშვილს კი არა, ვის არ გამოიყენებს...

- ამაში არ გეწინააღმდეგებით, მაგრამ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, რუსეთს შეიძლება აწყობდეს გარკვეულ დონემდე. შეიძლება გარედან უკრაინაზე რაღაც გავლენა მოახდინოს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. უკრაინაში სერიოზული პროცესებია. უკრაინის ხელისუფლებაც და სააკაშვილიც ხვდებიან, რა არის რუსეთის ინტერესი და ერთმანეთს უფსკრულში არ გადაჩეხავენ. თუ ძალიან არ გააბჯინეს ფეხი სააკაშვილმა და უკრაინის ხელისუფლებამ, რუსეთის ინტერესები ვერ განხორციელდება.

ასავალ-დასავალი“, 18-24 სექტემბერი, 2017 წელი

http://kvira.ge/351543

ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან: „ეს გაბრუებული ნარკომანი მიხეილ სააკაშვილი რომელიგმირინახეს?!

„ეს გაბრუებული ნარკომანი მიხეილ სააკაშვილი რომელი „გმირი“ ნახეს?!„ – ამის შესახებ აკადემიკოსი და ყოფილი პარლამენტის დეპუტატი ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.

ელიზბარ ჯაველიძე გამოცემასთან უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მიხეილ სააკაშვილს „შეშინებულ კურდღელს“ ამსგავსებს.

„მიხეილ სააკაშვილი გმირი კი არა, ჩასვრილი კურდღელია. რომელიც ხალხის მასამ ძალით გადაათრია საზღვარზე! ხომ ყველამ ნახა, რა შეშინებული თვალებით იყურებოდა, სად მიგყავართო?! 2003 წლის ნოემბერში მაქვს ნანახი მიშიკოს ასეთი თვალები, როდესაც ხალხის მასამ შემოიტანა პარლამენტში ! მე ხომ იმ დარბაზში ვიჯექი. ზუსტად ასეთი გამომეტყველება ჰქონდა გორში, თვითმფრინავი რომ მოელანდა და შიშისგან ცხვირით მიწა ხნა! ეს გაბრუებული ნარკომანი სააკაშვილი რომელი „გმირი“ ნახეს?! მაგრამ უბედურება ის არის, რომ ამ უბედურს იყენებენ, მისი ამერიკელი პატრონები! სააკაშვილს, როგორც ლიმონს, ბოლომდე გამოწურავენ და სანაგვეზე მოისვრიან! უკრაინაში აყვირებენ ცოტა ხანს და მორჩება მისი ეპოპეა! სააკაშვილი საქართველოში რომ ჩამოვიდეს, ხალხი ცოცხლად გაპუტავს! „ნაცებსაც” ზედ მიაყოლებენ! „ნაცი” ნიშნავს საქართველოს მოღალატეს, დამნაშავეს, ადამიანის მწამებელს, მტერს!“ – აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

ასავალ-დასავალი“, 18-24 სექტემბერი, 2017 წელი

http://kvira.ge/351658

ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: „საქართველოში ბინადრობის უფლება არაბებზე 35 ათას დოლარად იყიდება

„საქართველოში ბინადრობის უფლება არაბებზე 35 ათას დოლარად იყიდება“, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს. იგი კორესპონდენტთან თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასახლებაზე საუბრობს.

„ჩვენ რომელიმე ეროვნების მიმართ სიძულვილი და რასობრივი შეუწყნარებლობა კი არ გვალაპარაკებს, ჩვენ ქვეყანაზე და ხალხზე ვზრუნავთ! ასე იქცევა ყველა ნორმალური ადამიანი და თავისი ქვეყნის პატრიოტი! ვნახე ის ვიდეოკადრები, რომლებიც სპორტის სასახლეში გადაიღეს და გაოგნებული დავრჩი! ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ თბილისში უკვე 10 ათასი არაბი ცხოვრობდა! პირადად ვნახე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არაბეთიდან ჩამოფრენილი ჩარტერული რეისის მგზავრები და მათი აქაური მასპინძლები. დიახ, არაბეთიდან დაფრინავს სპეციალური ჩარტერული რეისი შარჟა-თბილისი, რომლითაც აქ ჩამოდიან არაბები! ესენი არიან საქართველოში დარეგისტრირებული სპეციალური იურიდიული ფირმის წარმომადგენლები, წარმოშობით არაბები, რომლებსაც ქართველებთან ერთად აქვთ ფირმა და ჩამოჰყავთ ხალხი საქართველოში დასამკვიდრებლად! ეს ხალხი აქ ჩამოდის ერთადერთი მიზნით – საქართველოში დასასახლებლად! გარდა ამისა, ამ კომპანიის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ საქართველოში ჩამოსულ არაბებს უბრალოდ, აქ დაფუძნება კი არ სურთ, არამედ დაინტერესებულები არიან უძრავი ქონებისა და მიწების შეძენით. ეს კომპანიები წინასწარ ატყობინებენ არაბებს, სად და რა ფასად, როგორ უნდა შეიძინონ ქონება და მიწა. თუ გავითვალისწინებთ, საუდის არაბეთში მოქალაქეებს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვთ, ადვილი წარმოსადგენია, რომ იქაური საშუალო შეძლების ადამიანი აქ მდიდრადაც მიიჩნევა! რაც მთავარია, ეს იურიდიული კომპანიები აქ ჩამოსულ არაბებს ეხმარებიან საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვებაში. საქართველოში ბინადრობის უფლება არაბებზე 35 ათასი დოლარად იყიდება!“ – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

«Prime Time», 18-24 სექტემბერი, 2017 წელი

http://kvira.ge/351576

რა თამაში წამოიწყო გიორგი მარგველაშვილმა - აგორდება თუ არა ქუჩის აქციები კონსტიტუციის გამო

როგორც გამოცემა წერს, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვეტოს დადებისთვის ემზადება. ეს უკვე მისი რიგით მეათე ვეტო იქნება. საკონსტიტუციო პროექტს, რომელსაც პარლამენტი მესამე და საბოლოო მოსმენით უკვე სექტემბრის ბოლოს მიიღებს, პრეზიდენტი ვიზირებას არ მისცემს.

„შემთხვევითი არ არის, რომ მან სწორედ ახლა მოიწვია პრეზიდენტის სასახლეში მთელი ოპოზიციური სპექტრი კონსულტაციებისთვის და ალტერნატიულ პროექტზე შეთანხმება შესთავაზა. საინტერესოა, რომ ეს პროცესი პრეზიდენტმა სწორედ მაშინ წამოიწყო, როცა ვეტოს დადების დრო მოვიდა. როგორც ჩანს, გიორგი მარგველაშვილს ახლა მაინც არ სურს, სასაცილოდ გამოჩნდეს, როგორც ეს მოსმენების დროს მოხდა. კანონპროექტს ვეტო კი დაადო, მაგრამ ალტერნატიული ვარიანტი პარლამენტს ვერ შესთავაზა. არადა, მის ალტერნატიულ შეთავაზებებს მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიებიც კი ელოდებოდნენ, მათ შორის „ფორუმი“ და რესპუბლიკელები. მაშინ მათ ისევ ხელისუფლების პროექტისთვის მოუწიათ ხმის მიცემა.

ახლა, როგორც ჩანს, მარგველაშვილი თადარიგს დაიჭერს და კონსტიტუციის ალტერნატივას შექმნის. თუმცა, ამ პროცესში მთავარი მაინც სულ სხვა რამ არის. გიორგი მარგველაშვილს სურს, იმ ლიდერად დაფიქსირდეს, რომელმაც ოპოზიციის თავის გარშემო გაერთიანება შეძლო; იმ ლიდერად, რომელმაც კონსენსუსს მიაღწია და პოლიტიკური სპექტრისთვის მისაღები პროექტი შექმნა. კონსულტაციები დაწყებულია და ამბობენ, რომ რამდენიმე საკითხზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ეს საკითხებია: საარჩევნო სისტემა – პროპორციულზე გადასვლა, ბლოკების დაშვება და ბარიერის 3%-მდე დაწევა, ასევე, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები. ახლა ისინი შეეცდებიან, სასამართლო სისტემასთან და უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით მოილაპარაკონ“, – წერს „პრაიმ ტაიმი“.

როგორც კონსულტაციებში ჩართულმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა „პრაიმტაიმთან“ საუბარში განმარტეს, ალტერნატიული მოდელი, რომელსაც ისინი ქმნიან, არც საპრეზიდენტოა და არც საპარლამენტო, ის შერეულია. პარლამენტში კი უმრავლესობა კენჭს უყრის საპარლამენტო მოდელზე აწყობილ კონსტიტუციას.

„განსხვავება უფრო ხილული რომ გახდეს, გიორგი მარგველაშვილის მოდელი ძირითადად ყველაფერს ისე ტოვებს, როგორც ახლაა. ახალი კონსტიტუცია პოლიტიკურ კლასს რეფორმას აიძულებს. ვნახოთ, რატომ. პირველი: აიკრძალება წინასაარჩევნო ბლოკები.
ამჯერად კანონი ერთკაციან პარტიებს საშუალებას აძლევს, მსხვილ პარტიებს შეუერთდნენ და ბარიერი გადალახონ. აქ თამაშის წესები ასეთია: ერთკაციანი პარტიები ძირითადად შავ სამუშაოს ასრულებენ, ისინი შავ პიარს უგორებენ იმ პარტიების ძირითად კონკურენტებს, ვისთანაც აპირებენ ბლოკშიც შესვლას. სამაგიეროდ მათ ოთხი წელი გარანტირებული აქვთ საბიუჯეტო დაფინანსება და უფასო საეთერო დრო საარჩევნოდ.

ახალი კონსტიტუცია თამაშის ასეთ წესს აუქმებს. ეს, რა თქმა უნდა, ერთკაციან პარაზიტ პარტიებს შეეხება. გაუგებარია, რატომ უნდა აფინანსებდეს ბიუჯეტი ვიღაც ბაჩუკი ქარდავას ან მამუკა კაციტაძეს. არანაირი ფასეულობა მათ არ აქვთ. გაუგებარია, რატომ უნდა ვუხადოთ მათ მილიონობით ლარი.

ოპოზიცია ითხოვს, საარჩევნო ბარიერი მცოცავი იყოს. გაძლიერდებიან, ბარიერმა აიწიოს, დასუსტდებიან – დაიწიოს. მაგალითად, 1995 წლის პარლამენტში სამი მსხვილი პოლიტიკური პარტია იყო – სმკ, აღორძინება და ედპ. თუმცა, ედპ-ს გაყოფის შემდეგ ირინა სარიშვილმა 7%-იანი ბარიერის იდეა წამოაყენა და მმართველი ძალა მის წინადადებას დასთანხმდა. სარიშვილის მიზანი მაშინ მისგან წასული პოლიტიკური ფიგურების ჩაძირვა იყო, მან იცოდა, რომ ასეთ მაღალ ბარიერს ისინი ვერ გადალახავდნენ. თუმცა, გაყოფილი ედპ თავადაც დასუსტებული იყო და 1999 წლის მოწვევის პარლამენტში ვეღარც ირინა შევიდა. შემდეგ ოპოზიციამ ბარიერის დაწევისთვის ბრძოლა დაიწყო.

ამ ძირითადად ძალიან ამბიციურ და ხშირ შემთხვევაში არაფრის მომცემ პოლიტიკურ ფიგურებს გაერთიანებაც არ შეუძლიათ – ერთმანეთს არ უთმობენ, კომპრომისების გამოძებნა ძალიან უჭირთ, ამიტომაც ურჩევნიათ, ბარიერის ხან აწევისთვის იბრძოლონ და ხან დაწევისთვის.

ახალი კონსტიტუციის მოდელი კი პოლიტიკურ პარტიებს გამსხვილებას აიძულებს. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა ჩამოყალიბდნენ საქართველოში მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები, რომლებიც პოლიტიკურ ამინდს შექმნიან. ასევე, როგორც ევროპაშია. თუ ჩვენ ამ  სივრცისკენ მივისწრაფვით, მაშინ თამაშის წესებიც შესაბამისი უნდა გვქონდეს. არჩევნების წინ კი არ უნდა იქმნებოდეს ბლოკები, რომ მერე პარაზიტმა ერთკაციანმა პარტიებმა წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი მიიღონ არაფერში, არამედ არჩევნების შემდეგ – ძლიერი და ხალხის ნდობით აღჭურვილი პოლიტიკური ძალები უნდა ქმნიდნენ კოალიციას.

ახლა პოლიტიკური სპექტრი მუდმივად ვაჭრობაზეა გადასული. ისინი ხან ფულზე ვაჭრობენ, ხან გავლენებზე.

სხვათა შორის, თავის დროზე, 1995 წლის კონსტიტუციის მომზადების დროს შევარდნაძემ ნამდვილად შეძლო კონსენსუსის მიღწევა ყველა დროის ყველაზე ჭრელ პოლიტიკურ ინტერესებად დაშლილ სუბიექტებთან. და მან ეს მოახერხა არა იმით, რომ ჯადოსნური ჯოხი ჰქონდა, არამედ იმით, რომ არჩევნებში ყველას დახმარებას დაჰპირდა. ბევრი გადააგდო – არ დაეხმარა. მაშინ ყველაზე დიდი ხმაური რესპუბლიკელების გადაგდებას მოჰყვა. 2010 წლის კონსტიტუციაში სააკაშვილი გიორგი თარგამაძეს გაურიგდა. გარიგების ერთ-ერთი თემა ფრაქციის რიცხოვნობა იყო. ფრაქციის შესაქმნელად ათის ნაცვლად ექვსი კაციც საკმარისი იყო. თუმცა ეს მხოლოდ ერთი ნაწილია გარიგებისა.
ეს ხელისუფლება, როგორც ჩანს, გარიგებას არავისთან აპირებს. შევარდნაძე თუ ყველას გაურიგდა, სააკაშვილი – მხოლოდ რამდენიმეს, მათ შორის ქრისტიან-დემოკრატებს. ახალ ხელისუფლებას ახალი თამაშის წესების დამკვიდრება სურს და მისი მოკავშირეები მაჟორიტარები გახდნენ“, – წერს „პრაიმტაიმი“.

ლევან ალაფიშვილის შეფასებით, „მოქმედი პოლიტიკური სისტემა პოლიტიკური ვაჭრობის, პოლიტიკური კორუფციისა და ჩვენს ხარჯზე გამდიდრების საშუალებას იძლევა“.
„ამ ძველი სისტემის შენარჩუნებას ცდილობენ ისინი, ვინც გიორგი მარგველაშვილთან ერთად კონსტიტუციის ალტერნატიულ მოდელზე მუშაობს. გამოდის, პრეზიდენტი მათ ვაჭრობის საშუალებას მისცემს, სამაგიეროდ ისინი მხარს დაუჭერენ უშიშროების საბჭოს პრეზიდენტთან არსებობას და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას“, – წერს „პრაიმტიამი“.

ლევან ალაფიშვილის განმარტებით, კონსტიტუციის ახალი ვარიანტიც არ იძლევა პოლიტიკური სისტემის სწორედ განვითარების საშუალებას.

„საარჩევნო საკითხებზე ზედმეტი რეგულაციების კონსტიტუციაში ჩაწერა არასწორია, ცვლილებების განხორციელება კანონებში თუნდაც მაღალი კვორუმით უნდა იყოს შესაძლებელი, რომ კონსტიტუციის ცვლილება ყოველ ჯერზე საჭირო არ გახდეს. თანაც აქ მნიშვნელოვანია სისტემის მთლიანად გამართვა, მხოლოდ კონსტიტუციაში ცალკეული ცვლილებების განხორციელებით იგივე პარტიების დაფინანსებისა და გამჭვირვალობის პრობლემები ვერ მოგვარდება“, – აცხადებს ალაფიშვილი.

გიორგი მარგველაშვილის ალტერნატივა ძველი თამაშის წესებზე აწყობილი დოკუმენტი იქნება. სამაგიეროდ მას ყველა ხელს მოაწერს და ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან.

„კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, და მათ შორის, ხელისუფლებას, რომ შესაძლებელია კონსენსუსი. დღევანდელი სამუშაო შეხვედრა იყო ამის კიდევ ერთი დადასტურება და მნიშვნელოვანია, რომ ახლა, საბოლოო შანსი, საბოლოო შესაძლებლობა გამოვიყენოთ ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის გადასარჩენად“, – აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

„შეჯერებულ ვერსიას გამოვიტანთ საზოგადოების სამსჯავროზე და ის წარედგინება ერთადერთ მმართველ პარტიას, რომელიც ჯიუტობს და ცდილობს, კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა რურუამ.

„არ არის საუბარი კონსენსუსზე პოლიტიკურ ფიგურებს შორის. აქ ყველა პოლიტიკურმა მხარემ ანგარიში უნდა გაუწიოს იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რაც დღეს აქვს ქართულ სახელმწიფოს. ნომერ პირველი ამოცანა არის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველყოფილი იქნას კონსტიტუციის დონეზე არჩევნების მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.

შეფასებები საკმაოდ პოზიტიური და ოპტიმისტურია არა მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან არამედ ხელისუფლების მხრიდანაც. „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ის თვისობრივად ახალ კონსტიტუციას მიიღებს და პოლიტიკური თამაშის წესები არა მხოლოდ დემოკრატიული გახდება, არამედ გამჭვირვალეც იქნება, ცივილიზებულიც და განვითარებაზე ორიენტირებულიც. თუმცა, რასაც ხელისუფლება განვითარებაზე ორიენტაციას უწოდებს სახიფათოა ოპოზიციისთვის. ისინი ამ კონსტიტუციას არალეგიტიმურად მიჩნევენ და ქუჩის აქციებსაც არ გამორიცხავენ.

ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ „ერთპარტიული კონსტიტუციის მიღება ესკალაციას ნამდვილად გამოიწვევს“.

„ელოდებიან, რომ ვენეციის კომისია თავის უარყოფით დასკვნას ოფიციალურადაც გამოაქვეყნებს – ხელისუფლებას კონსენსუსის ვერმიღწევის გამო გააკრიტიკებს. შემდეგ კი უკვე ყველაფერი ოპოზიციურ პარტიებზე იქნება დამოკიდებული. მთავარია, ხალხმა იგრძნოს, რომ არჩევნების გზით ის ვერ შეცვლის ხელისუფლებას, ის მაშინვე ქუჩაში გამოვა – ასეთია ბევრი ექსპერტის დასკვნა. ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო, ბევრის აზრით, ბარიერის დაწევა. 2020 წელს თუკი პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია შევა – 5%-იან ბარიერს ბევრი ვერ გადალახავს – ხალხი და პოლიტიკოსები ქუჩაში გამოვლენ, რადგანაც ისინი საკუთარ ხმასა და ინტერესებს პარლამენტში ვერ დაინახავენ“, – წერს „პრაიმტაიმი“.

ვერსია“, 18-20 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: ქართული მარშის“ გამართვა რუსული ფსბ“- პირდაპირი მითითებაა!“ // რა დოკუმენტს გაასაჯაროებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

თათია გოჩაძე

სანამ ხელისუფლება საკონსტიტუციო პროექტს მესამე მოსმენით მიიღებს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ოპოზიციასთან ერთად, კონსტიტუციის ალტერნატიული პროექტი შეიმუშავა, რომელსაც დღეს ან ხვალ გაასაჯაროებს, ამასთან, ხელისუფლებასა და ვენეციის კომისიასაც გაუგზავნის. რას გულისხმობს ოპოზიციისა და პრეზიდენტის ერთობლივი დოკუმენტი და გაითვალისიწინებს თუ არა მათ მოთხოვნებს ხელისუფლება?

,,ვერსია” „ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს და უმრავლესობის წევრ გიორგი კახიანს ესაუბრა.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, ზემოხსენებულ დოკუმენტზე მთელი ოპოზიციური სპექტრი, სამოქალაქო სექტორი, პრეზიდენტი, საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმდა და ვენეციის კომისიის ყველა შენიშნვაც გაითვალისწინა. „ამ დოკუმენტში ყურადღება მხოლოდ იმ პრინციპულ საკითხებზე გავამახვილეთ, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი – პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადასვლა, 3%-იანი ბარიერის განსაზღვრა, ე.წ. ბლოკებისა და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნება, სასამართლოსა და უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებული საკითხები. ოპოზიცია და პრეზიდენტი ვითხოვთ, რომ მოსამართლეების სამწლიანი გამოსაცდელი ვადა არ არსებობდეს, უშიშროების საბჭოს მუშაობაში კი პრეზიდენტი აქტიურად იყოს ჩართული… ეს ,,ოცნებისთვის” ბოლო შანსია, რათა სახე შეინარჩუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დელეგიტიმაციის გზას დაადგება“’, – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე და დასძენს, რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, აქციებს გამართავენ.
სხვათა შორის, არცთუ დიდი ხნის წინ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიცია ორად გაიყო. პრიორიტეტულ საკითხებზე საკოორდინაციო საბჭოსა და ე.წ. დაიცავი კონსტიტუციის ფორმატში გაერთიანებული პარტიები ვერ თანხმდებოდნენ. ზოგი აცხადებდა, რომ უპირობოდ მოსათხოვი საკითხი მხოლოდ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა, მეორე ფრთის წარმომადგენლები კი, აღნიშნულთან ერთად, პრიორიტეტულად ბარიერის, ე.წ. ბლოკებისა და პრეზიდენტის არჩევის წესსაც ასახელებდნენ. ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციაში განხეთქილება არ ყოფილა და მაშინ საუბარი მხოლოდ ფორმულიერებაზე იყო, მოთხოვნები კი ყველა პარტიას ერთი და იგივე ჰქონდა. ახალი საქართველოს ლიდერი ამტკიცებს, რომ ახალ დოკუმენტზე ყველა ოპოზიციური პარტია შეთანხმდა, ამიტომაც, თუ ხელისუფლება მათ მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს არ დათანხმდება, მანდატს დაკარგავს და შეუქცევადი პროცესი დაიწყება, რომელიც ,,ოცნების” ხელისუფლებას აუცილებლად დაამთავრებს.

„ვერსიასთან“ საუბრისას გიორგი ვაშაძე ,,ქართველთა მარშის” მიერ მიწის გასხვისების საკითხის გააქტიურებაზეც საუბრობს და ყველაფერ ამას რუსეთიდან მართულ პროცესს უწოდებს: ,,ამ მარშს ქართულთან კავშირი არ აქვს, ფსბ-ს პირდაპირი მითითებაა, ასეთი აქტივობები დაიწყოს. რუსეთი ამ პოპულისტური საკითხებით არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრს სხვა ქვეყანაში, მათ შორის უკრაინასა და ბალტიისპირეთშიც თამაშობს. აქამდე მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ნორმა არ ყოფილა მაგრამ საქართველოდან მიწა მგონი, არავის წაუღია, ამიტომ ეს მთლიანად პოლიტიკური პოპულიზმი და ხალხის ნერვებზე თამაშია”.

——–

,,ვერსია” უმრავლესობის წევრ გიორგი კახიანსაც დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ პრეზიდენტის ახლი პროექტი ვეტო-სთვის მზადებას ნიშნავს:

,,ვფიქრობ, პრეზიდენტს გაცნობიერებული აქვს, რომ კონსენსუსი შეუძლებელია და ამიტომ ვეტო-სთვის ემზადება, მაგრამ პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტმა ვეტო-ს დადების შემთხვევაში, პარლამენტს საკუთარი კანონპროექტი უნდა შესთავაზოს.
საერთოდ, საქართველოში ვეტო-ს პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ისე, განვაცხადეთ, რომ კანონპროექტის მესამე განხილვამდე, აუცილებლად დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც სავარაუდოდ, 22 სექტემბერს დაიდება და მხოლოდ ამის შემდეგ, პირობითად, 26 სექტემბერს შევძლებთ, კონსტიტუციური კანონპროექტი მესამე მოსმენით მივიღოთ. პრეზიდენტს შეეძლო, დალოდებოდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ვენეციის კომისიას სამართლებრივი შენიშვნები არ ან ნაკლებად ექნება, რადგან ყველა მისი შენიშვნა, პრაქტიკულად, გავითვალისწინეთ. მაგალითად, პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ ვენეციის კომისიამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველოს მმართველობის მოდელისა და კონსტიტუციაში განსახორციელებელი ცვლილებების გათვალისწინებით, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით არჩეული თანამდებობის პირი უნდა იყოს. ბუნებრივია, გიორგი მარგველაშვილი აცნობიერებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში ეს საკითხი შეუცვლელად დარჩება და საკუთარი პოზიციების გამაგრებას ცდილობს – ოპოზიციასთან ერთად თითქოს კონსტიტუციური კანონპროექტი შეიმუშავა, რომელშიც, დარწმუნებული ვარ, საუბარი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზეც იქნება. პრეზიდენტი პოზიციის გამაგრებას ცდილობს, რათა ოპოზიციის მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს კანონპროექტზე ვეტო-ს დადებამდე”.

„ვერსიის” კითხვას, ვეტო-ს შემთხვევაში, უმრავლესობა ზემოხსენებული კანონის მიღებას არჩევნებამდე მოასწრებს თუ ვერა, კახიანი პასუხობს, რომ პრეზიდენტმა ვეტო-ს საკითხი კანონის მესამე მოსმენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა გადაწყვიტოს ანუ თეორიულად არსებობს შანსი, ვეტო-ს დაძლევაზე საუბარი 21 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიწყოს.

- ამასობაში, ბატონო გიორგი, ,,ქართველთა მარში შიმშილობის დაწყებას და კანცელარიის პიკეტირებას გეგმავს. აქციები პატრიოტთა ალიანსმაც დაიწყოყევლაფერი ეს წინასაარჩევნო დესტაბილიზაციის მცდელობა ხომ არაა?

- არ მგონია, ,,ქართველთა მარში” დესტაბილიზაციის შექმნას ხელოვნურად ცდილობდეს, თუმცა იმ საკითხზე, რაც სწორედ ისე გადაწყდა, როგორც ითხოვენ, დემონსტრაციების გამართვა ცოტა უცნაურია. უცხოელებზე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოვაცხადეთ და არ მესმის, რაღას აპროტესტებენ?

- რას და, მიწის უცხოელზე ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე გასხვისებას..

- გამონაკლისად შეიძლება, მხოლოდ საბანკო სექტორი ჩავთვალოთ, რადგან ბანკები პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. მაგალითად, როცა მიწა იპოთეკითაა დატვირთული და ერთ-ერთი პარტნიორი უცხოელია, თუ მევალე ვალს ვერ გადაიხდის, ბანკები იპოთეკის უზრუნველყოფის აღსრულებას ვერ მოახერხებდნენ. ასეთი შემთხვევებისთვის დავტოვეთ გამონაკლისის წესი, რადგან წინასწარ ყველაფერს ვერ გათვლი.

რაც შეეხება საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით ქუჩაში გამოსვლას, ვმონაწილეობდი კომისიაში, რომელიც საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვის ორგანიზებას ახდენდა და ვხედავდი, რომ ამ პროექტს საზოგადოების მხარდაჭერა ნამდვილად ჰქონდა. ერთი საკითხი მითხარით, რომელსაც საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ აქვს?

- ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ძირითადი მოთხოვნა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა. კონსტიტუციაში ეს საკითხი რატომ არ იწერება?

- როცა ამ კანონპროექტს სამი მოსმენით მივიღებთ, კონსტიტუციის ტექსტში წაიკითხავთ, რომ საქართველოში არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. უბრალოდ, გარდამავალ დებულებებში ერთი დათქმა იქნება, რომ მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდეს, საარჩევნო ბარიერი კი 3%-მდე იქნება დაყვანილი.

- კი, მაგრამ ეს დათქმა რა საჭიროა?

- ზოგს ჰგონია, 2020 წელს შერეული სისტემით ჩავატარებთ არჩევნებს და ის პარლამენტი გადაწყვეტს, შემდგომი არჩევნები როგორი წესით ჩატარდება, მაგრამ ასე არაა, რადგან გადაწყვეტილება მიღებულია. რაც შეეხება დათქმას, ოპოზიციას მაშინაც ძალიან დესტრუქციული დამოკიდებულება ჰქონდა, როცა საუბარი მომდევნო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე მიდიოდა და ამან უმრავლესობაში არასასურველი მდგომარეობა გამოიწვია.

- რას გულისხმობთ?

- პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ბევრი მოწინააღმდეგე უმრავლესობაში თავიდანვე ჰყავდა, ძირითადად მაჟორიტარები. გუნდში მუდმივად გვქონდა კონსულტაციები, რომ მომდევნო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარებულიყო, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან ასეთმა დესტრუქციულმა დამოკიდებულებამ უფრო გაამწვავა ამ ადამიანების პოზიცია. საბოლოოდ, გუნდში ასეთ კონსენსუსს მივაღწიეთ…

- ბატონო გიორგი, პოლიტიკურ გაერთიანებებსა და .. ბლოკებს რატომ კრძალავთ?

- ე. წ. ბლოკები ძლიერი პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას უშლის ხელს. სწორედ ამის გამო, პარტიული სისტემის თვალსაზრისით, იგივე მდგომარეობა გვაქვს, რაც 90-იან წლებში იყო. ისე, ,,ბლოკები” ხშირად დაფინანსების მისაღებად გამოიყენება. საქართველოში სახელმწიფოსგან 20 პარტია ფინანსდება. ამ სისტემის კიდევ ერთი მანკიერი მხარე ისაა, რასაც მაგალითად, ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა – ყოველთვის ე.წ. ბლოკის სახით მონაწილეობდა არჩევნებში: 2012 წელს შოთა მალაშხიას პარტია ქრისტიან-კონსერვატიული პარტიასთან გაერთიანდა. დარწმუნებული ვარ, ამ პარტიის შესახებ არავინ იცის, მაგრამ ბლოკი იმ გათვლით შექმნეს, რომ ეს პარტიაც თითქმის იმავე დაფინანსებას იღებდა, რასაც ნაციონალური მოძრაობა და ეს თანხაც მის ჯიბეში მიდიოდა.

- სხვათა შორის, შოთა მალაშხიას პარტიას საარჩევნო კომისიაში წევრის ყოლის უფლებაც აქვს

- დიახ, ასეა. მეტსაც გეტყვით, 2016 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე ე.წ. ბლოკის სახით მიიღო მონაწილეობა ევროპულ საქართველოსთან ერთად. მაშინ ამ პარტიის შესახებ ვინმემ იცოდა? დღეს კი ეს პარტია წელიწადში მილიონ ლარამდე დაფინანსებას იღებს. მილიონზე მეტს იღებს თავის მხრივ ნაციონალური მოძრაობა, მალაშხიას პარტია კი 598 698 ლარით ფინანსდება.

- ბატონო გიორგი, ,,ოცნებაცხელისუფლებაში სწორედ ბლოკის მეშვეობით მოვიდა და თქვენგან ამაზე საუბარი, მინიმუმ, უხერხული არაა?

- დიახ, მმართველი ძალა პოლიტიკური გაერთიანების საფუძველზე გავხდით, მაგრამ ეს ვერ აბათილებს იმ სამართლებრივ არგუმენტაციას, რაზეც ვისაუბრე.

ვერსია“, 18-20 სექტემბერი, 2017 წელი

რას ჰპირდებიან ხალხს ირმა ინაშვილი, გიორგი გუგავა, ალექსანდრე ელისაშვილი და თენგიზ შერგელაშვილი

მაია მიშელაძე

,,ვერსია” განაგრძობს თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამების განხილვას. სიღარიბის დაძლევა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილები, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება – 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მერობის კანდიდატთა სამოქმედო პროგრამების ძირითადი მიმართულებებია. წლევანდელ პროგრამებში სიახლეც შეინიშნება – თბილისის მერობის კანდიდატები აქცენტს დედაქალაქის სივრცით მოწყობაზე, ეკოლოგიური და ტრანსპორტის პრობლემების გადაწყვეტაზე აკეთებენ.

,,შენების დროა!” – ეს დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობის’ თბილისის მერობის კანდიდატის, თენგიზ შერგელაშვილის მთავარი სლოგანია.

,,ჩვენ, ყველა ერთად, თბილისში მოვუვლით იმას, რაც კარგია, შევცვლით იმას, რაც ცუდია, შევქმნით იმას, რაც გვაკლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენების დროა!”, – გვპირდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე და აქცენტს მერობის სამოქმედო პროგრამის 7 პრიორიტეტულ მიმართულებაზე აკეთებს: ჯანსაღი გარემო, ქალაქგეგმარება და მშენებლობა, თბილისის მართვა, ტრანსპორტი, განათლება, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა, ეკონომიკა, ბიზნესი და დასაქმება.

,,ვერსიის” კითხვას, მერად არჩევის მეორე დღესვე, ამ შვიდი პრიორიტეტული მიმართულებიდან რას გააკეთებს, თენგიზ შერგელაშვილმა უპასუხა:

,,ჩვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგე არის ყველა, ვისაც სურს ქვეყანა და ქალაქი მხოლოდ სიჯიუტით, მორჩილებით, მტრობით, ნაცნობობით, ტყუილით, კლანურობითა და საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრით მართოს; ასევე ყველა ის, ვინც ახალგაზრდებში მხოლოდ საკუთარ აქტივს ხედავს, საზოგადოებად კი მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს მიიჩნევს. უმთავრესი ამოცანაა, ნებისმიერი დოკუმენტი _ გენერალური, ტრანსპორტის გეგმა თუ მშენებლობის მარეგულირებელი სხვადასხვა დოკუმენტი, რაც ქალაქის მართვას სჭირდება, სწრაფად უნდა მივიღოთ. აუცილებელია მერიის სტრუქტურული ოპტიმიზაცია, რადგან ეს სისტემა აბსოლუტურად ქაოტურია, მათ შორის, საუბნო და ადმინისტრაციის დონეზე. ბიუროკრატიული პროცესი უნდა შევამციროთ, რადგან ხშირად ამა თუ იმ მოქალაქის საკითხის გადაწყვეტას სამი-ოთხი თვე სჭირდება. ეს იქნება მოქალაქეების საჭიროებაზე ორიენტირებული სისტემა, სადაც კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირებას შევძლებთ”.

2012 წლის შემდეგ, თენგიზ შერგელაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. სხვათა შორის, თვითმმართველობის რეფორმის ერთ-ერთი ავტორიცაა და შესაბამისად, მისი პროგრამა საინტერესო განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ნაწილშია:

,,შემდგომი წლის საპროექტო სამუშაოები აუცილებლად წინა წელს უნდა დაიგეგმოს! წინსწრებით უნდა დასრულდეს საპროექტო სამუშაოები, ყოველგვარი გამარტივებული ტენდერების გარეშე და მოთხოვნებიც საკმაოდ მკაფიო უნდა იყოს, რათა კონკურენტული გარემო შეიქმნას. ქალაქში მშენებლობის ტემპი უნდა გაიზარდოს და რაც მთავარია, ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვენი ხედვებიდან გამომდინარე კი არ უნდა განვახორციელოთ, შესაბამისი დოკუმენტებით უნდა იყოს დასაბუთებული. ამის საფუძველზე, წინასწარ უნდა გაიწეროს ოთხწლიანი გეგმა, თუ რა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვაკეთებთ. რაც მთავარია, ეს პროექტები ხარისხიანი უნდა იყოს, რადგან დღეს გვაქვს, მაგალითად, გზები, რომელსაც საფარს რამდენჯერმე ვუცვლით. შევქმნით სპეციალურ კომპიუტერულ ,,სოფტს” – ვებგვერდს, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, სურათი გადაუღოს დაზიანებულ ინფრასტრუქტურას და ამ ვებგვერდზე ატვირთოს. ამის შემდეგ ჩაირთვება ,,ტაიმერი” და მოქალაქე ნახავს, რას აკეთებს მერია ან რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამით ნებისმიერ მოქალაქეს მივცემთ საშუალებას, რათა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში დაგვეხმაროს”.

„შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატი თბილისში ტრანსპორტის პრობლემის მოგვარების საინტერესო მოდელს გვთავაზობს. შერგელაშვილის თქმით, ტრანსპორტის პრობლემა თბილისში კომპლექსურია, რაც მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებითა და თუნდაც „სიტი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტით ვერ მოგვარდება. შერგელაშვილი ავტობუსების პარკის განახლებას, ტაქსებზე ლიცენზიების დაწესებას, ჩქაროსნული ტრამვაისა და საბაგირო გზების სისტემის ამოქმედებასაც გეგმავს.
ჩქაროსნული ტრამვაი ეკოლოგიურად სუფთა, სწრაფი და კომფორტული ტრანსპორტია – საბჭოთა ეპოქაში, თბილისის რამდენიმე უბანში მოძრაობდა ტრამვაი, რომელიც საკმაოდ კომფორტული იყო, თუმცა ზოგი ამბობს, რომ მისი აღდგენა ძვირადღირებული სიამოვნებაა. თენგიზ შერგელაშვილი ასე არ ფიქრობს და ,,ვერსიასთან” საუბრისას აცხადებს, რომ ტრამვაის აღდგენა მხოლოდ ,,კეთილი ოცნება” არ არის:

,,დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი სამინისტროში, რომლის სისტემაში შედიოდა მუნიციპალური განვითარების ფონდი. მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით, ამ ფონდმა ქალაქის სატრანსპორტო სისტემა შეისწავლა და შესაბამისი დოკუმენტიც შეიმუშავა. ამ საკითხებში ჩახედული ვარ და ვიცი, დედაქალაქში ჩქაროსნული ტრამვაის აღდგენა რასთანაა დაკავშირებული. სხვათა შორის, მოლაპარაკების მცდელობები ადრეც იყო, რათა ეს პროექტი მსოფლიო ბანკს გარკვეულწილად დაეფინანსებინა, მაგრამ იმხანად ცენტრალურ ხელისუფლებას სხვა პრიორიტეტები ჰქონდა. გარწმუნებთ, სრულიად შესაძლებელია, ოთხ წელიწადში შესაბამისი ფინანსური რესურსები მოვიზიდოთ და ეს პროექტი განვახორციელოთ”.

„შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატი აქცენტს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმებაზეც აკეთებს. მისი თქმით, შეიქმნება მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი, რომელიც ამა თუ იმ პროექტს დააფინანსებს, თუმცა შერგელაშვილი განმარტავს, რომ ფონდის ფუნქცია მხოლოდ პროექტების დაფინანსება კი არა, შესბამისი უნარების სწავლება და კონსულტირება იქნება, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, საკმაოდ აპრობირებული მოდელია. მისივე თქმით, ფონდის საშუალებით, მცირე ბიზნესის დაახლოებით, 2 000 პროექტი დაფინანსდება, რაც ახალ სამუშაო ადგილებსაც შექმნის.

არ შევარჩინოთ, დავიწყოთ შეცვლა!

ამას ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატი, გიორგი გუგავა გვპირდება, რომელიც უმალ ჩვენთან გაჩნდება, როგორც კი ვინმე დაგვჩაგრავს: ,,ავად გახდებით? გუგავა მოვა! ბანკი მოვა გამოსასახლებლად? გუგავა მოვა! წყალი გასკდება? გუგავა მოვა! გზა გაითხრება? გუგავა მოვა! რამე გაჭირვება გექნებათ? გუგავა იქნება თქვენს გვერდით!“
გიორგი გუგავას სამოქმედო პროგრამა სოციალური პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული, რაც მემარცხენე იდეოლოგიის პარტიისგან გასაკვირი სულაც არაა, თუმცა თბილისის მერობის ლეიბორისტი კანდიდატი ,,ვერსიასთან” საუბრისას აცხადებს, რომ არჩევნებს ბრძოლის ფორმა უნდა მიეცეს, რადგან რეალურად, სწორედ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით უნდა დაიწყოს ბრძოლა არსებული ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ!” მერად არჩევის შემთხვევაში კი, პირველი, რასაც გუგავა გააკეთებს, ისაა, რომ მუნიციპალიტეტში დასაქმებულ ნებისმიერ ჩინოვნიკს ჩამოართმევს პერსონალურ ავტომობილებს:

,,მათ, ვისაც პერსონალური ავტომობილები ემსახურება, საკმაოდ დიდი ხელფასი აქვთ და სურვილის შემთხვევაში, ან თავადვე შეიძინონ ავტომობილები, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით იარონ, რათა უფრო ახლოს იყვნენ ხალხთან! ბოლოს და ბოლოს, ფეხით იარონ ან ველოსიპედით, რადგან თვითმმართველობაში ირჩევენ მსახურებს და არა ბატონებს, რომლებიც შავი ჯიპების დაბურული შუშებიდან უყურებენ გარემოს.
გარდა ამისა, მჭიდროდ დასახლებულ უბნებში აუცილებლად უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი მშენებლობებზე, რადგან ქალაქი ბეტონის მონსტრებისგან გადავარჩინოთ; ასევე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს ხის ჭრაზეც. რაც მთავარია, ,,სიტი პარკთან” ხელშეკრულება უნდა შეწყდეს, რადგან ეს ხელშეკრულება ანტიკონსტიტუციურია. საქართველოს კონსტიტუციით, საჯარო უფლებამოსილების განხორციელების უფლება მხოლოდ სახელისუფლებო სტრუქტურებს აქვთ. ,,სიტი პარკს”, როგორც კერძო კომპანიას, უფლება არ აქვს, რომ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანოს ავტომობილი. შესაბამისად, სახელმწიფოს ჯარიმის გადახდა არ მოუწევს, თუ ამ კომპანიასთან ხელშეკრულებას გაწყვეტს!

ყველაზე მთავარი, რასაც მერად არჩევის შემთხვევაში გავაკეთებ, ისაა, რომ მერიისა და გამგეობის შენობებზე დაცვას მოვხსნი! თვითმმართველი ორგანოს წარმომადგენელს _ დეპუტატი იქნება, საკრებულოს წევრი, მერი თუ გამგებელი, ხალხი იმისთვის ირჩევს, რომ ადგილობრივი პრობლემები მოაგვაროს და ამ პირებთან ურთიერთობაში ხალხს ბარიერი არ უნდა ჰქონდეს. მერად არჩევის მეორე დღესვე დავწერ ბრძანებულებას, რომ მერიის მაღალჩინოსნებმა და გამგებლებმა პრემია-დანამატები არ მიიღონ!”

ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატის სამოქმედო პროგრამა სოციალურია. გუგავას მიაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ხალხზე უნდა ზრუნავდეს ანუ თბილისის მუნიციპალიტეტმა კომუნალური ტარიფების შემცირებაზე უნდა იზრუნოს და ქალაქს თავისი მეურნეობა _ წყლისა და გაზის კომპანიები დაუბრუნოს. შეჭირვებული მოსახლეობის, კომუნალური გადასახადების გადახდის მიზნით, დაფინანსება და მისთვის ვაუჩერების დაწესება გუგავას სამოქმედო პროგრამის ძირითადი მიმართულებებია:

,,აუცილებელია ბიუროკრატიული აპარატის შემცირება. დაზოგილი თანხა კი, რაც ჩინოვნიკებს მოაკლდება, იმ პირების ხელფასებზე გადანაწილდება, რომლებიც ქალაქს ნამდვილად ემსახურებიან. ესენი არიან ტრანსპორტისა და მეტროს, ასევე დასუფთავების სამსახურის რიგითი თანამშრომლები, ბაგა-ბაღების პედაგოგები. სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის ხელფასი 20 000 ლარია, რიგითი თანამშრომელი კი ხელზე 500 ლარს იღებს.
აუცილებელია, რომ ქალაქში სოციალური სამართლიანობის პრინციპები დამკვიდრდეს. ბიუჯეტის თანხები საზოგადოებრივ პრობლემებს, ინფრასტრუქტურას, ტრანსპორტის მოწესრიგებას, გამწვანებას, სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს და იმ სტუდენტებს მოხმარდება, რომლებიც კარგად სწავლობენ, მაგრამ სწავლის საფასურს ვერ იხდიან”.
,,მოვდივართ ხელმოკლეთა გასახარებლად!”

ეს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატის, ირმა ინაშვილის სლოგანია. ,,ვერსიასთან” საუბრისას ინაშვილმა აღნიშნა, რომ პატრიოტთა ალიანსის მთავარი გამოწვევა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გარეშეც, სიღარიბეა. მისივე თქმით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილობს და შესაბამისად, მისი, როგორც თბილისის მერობის კანდიდატის სამოქმედო პროგრამა სოციალურ თემაზეა ორიენტირებული:

,,ჯერ კიდევ 2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხუთპუნქტიანი პროგრამა შევიმუშავეთ, რომელიც აბსოლუტურად რეალისტური და დღესაც აქტუალურია. ამიტომ 2014 წლის პროგრამიდან ძალაში რამდენიმე, მნიშვნელოვანი პუნქტი დავტოვეთ. მერად არჩევის შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, თბილისის მერიის ბაზაზე, მცირე საწარმოების სტიმულირების ფონდს შევქმნი. სამწუხაროდ, საქართველოში საშუალო ფენა არ არსებობს, სხვადასხვა პროგრამის მიუხედავად, საშუალო ბიზნესი სათანადო დონეზე სტიმულირებული არაა. ამიტომ მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირების ფონდი დააფინანსებს და ნულიდან აუწყობს ბიზნესს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საინტერესო და მომგებიანი ბიზნესიდეები ექნებათ.

დაფინანსების გარდა, ეს ფონდი კონკრეტული ბიზნეს-იდეის ავტორს გამოუყოფს დირექტორს, მენეჯერსა და ბუღალტერს, რომელიც ბიზნესის აწყობაში დაეხმარებიან. ცოდნისა და სათანადო ბიზნესგამოცდილების დეფიციტის გამო, საქართველოში საშუალო და წვრილი ბიზნესის წარმომადგენლები ბიზნესს ვერ აწყობენ. ამიტომაც, ბევრმა იზარალა, დიდ ვალში გადავარდა და ყველაფერი დაკარგა. სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაეხმაროს ამ ადამიანებს და მათი ბიზნესი სწორ გზაზე დააყენოს. სამი-ოთხი წლის შემდეგ, თუ ეს ბიზნესი აეწყობა, მერიის წარმომადგენლობა ანუ დირექტორი, ბუღალტერი და მენეჯერი გამოვლენ ამ ბიზნესიდან, ბიზნესი კი 100%-ით მეწარმის საკუთრებაში დარჩება. პატარა ბიზნესზე, მაგალითად, ატელიეზე, ფოტოსალონსა და საპარიკმახეროზე ვსაუბრობ. თუ ეს ფონდი წარმატებით ამუშავდება, ჩვენი გათვლებით, დაახლოებით, 5-დან 10 წელიწადში, ძლიერი საშუალო ფენა შეიქმნება. ფონდისთვის თანხა უშუალოდ თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყოფა, მაგრამ შესაძლოა, მერიამ საერთაშორისო ინვესტიციებიც მოიზიდოს”.

ირმა ინაშვილი ერთგვარი უხუცესთა საბჭოს, უფრო კონკრეტულად კი თბილისის მერიის გულშემატკივართა საბჭოს შექმნასაც გეგმავს. მისი თქმით, ის საპატიო თბილისელები, რომლებიც პროფესიით არქიტექტორები, ეკოლოგები, ურბანისტები და სხვადასხვა დარგის მეცნიერები არიან, აქტიურად უნდა ჩაერთონ თბილისის განვითარების გენერალური გეგმის შექმნაში. სწორედ ამ ადამიანებმა უნდა გასცენ რეკომენდაციები როგორც თბილისის მერის, ასევე საკრებულოსთვისაც, რადგან ირმა ინაშვილის თქმით, გამოცდილი სპეციალისტების ჩართვა თბილისის განვითარების პროცესში, უმნიშვნელოვანესი იქნება.

პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატის სამოქმედო პროგრამის მთავარი კომპონენტიც სოციალურია. ირმა ინაშვილმა ,,ვერსიას” განუცხადა, რომ ადამიანებს უჭირთ როგორც გადაადგილება, ასევე საცხოვრებელი ფართების შენარჩუნება. სწორედ ამ მიზეზით დაკარგა ათასობით ადამიანს საცხოვრებელი და ღია ცის ქვეშ დარჩა:

,,თბილისის ბიუჯეტიდან თავისუფლად შეიძლება გამოვყოთ თანხა, რაც მუნიციპალური ბინათმშენებლობის პროექტს მოხმარდება. ამ პროექტის ფარგლებში, წელიწადში, დაახლოებით, 2 000 ოჯახის უზრუნველყოფაა შესაძლებელი. 2000 ოჯახს, რომელსაც შემოსავალი არ აქვს და რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელებსა და სხვადასხვა ნაგებობაში ცხოვრობს, შესაძლოა, მერიამ ბინები აჩუქოს, ესეც ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა, რადგან მუნიციპალური ბინათმშენებლობის პროექტი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული. გარდა ამისა, ჯერ კიდევ 2000 წლიდან, უფასო სასადილოების ამოქმედებაზე ვსაუბრობდით და ამას აუცილებლად განვახორციელებთ, თუმცა მხედველობაში სულ სხვა მოდელი გვაქვს და არა ის, რაც დღესაა. უფასო სასადილოში მისვლის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს, ვისაც საკვები სჭირდება ანუ კონკრეტული ბენეფიციარები არ უნდა იყვნენ და ადამიანებს საშუალება მიეცეთ, რომ ან ადგილზე მიირთვან, ან კონკრეტული ულუფა შინ წაიღონ”.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატი უსახსრო მოქალაქეებს ერთ, საკმაოდ მარტივ, მაგრამ ამავდროულად, მნიშვნელოვან დახმარებასაც ჰპირდება. ინაშვილის თქმით, კარგი იქნება, რომ ქალაქის მასშტაბით, საათში ერთხელ, აუცილებლად დადიოდეს ერთი გამორჩეული, პირობითად, მწვანე ავტობუსი, რომელიც ხელმოკლე ადამიანებს უფასოდ მოემსახურება.

დამოკიდებული მხოლოდ ხალხზე!

ეს თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილის სლოგანია. მისი სამოქმედო პროგრამის ძირითადი მიმართულება ტრანსპორტი, გარემოს დაცვა და განაშენიანებაა:

,,ახალი გზები, მაგისტრალები და ესტაკადები, რასაც ჩემი ოპონენტები გთავაზობენ, ურბანისტიკის გუშინდელი დღეა. თბილისი ორიენტირებული უნდა იყოს ადამიანებზე და არა – მანქანებზე! ჩემი გეგმის მიხედვით, თბილისში ხე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიჭრება, თუ დაავადებული იქნება. საერთოდ, შეგვიძლია, რომ თბილისში მწვანე საფარი გავასამმაგოთ. ხალხთან ერთად, ჩვენ უკვე არაერთი სკვერი და ბაღი გადავარჩინეთ. ახლა თბილისის ჯერია!”

დედაქალაქის ისტორიული ნაწილის გულშემატკივარმა და გარემოს დამცველმა ელისაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან მსხვილი ბიზნესის გავლენას არ ექვემდებარება. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კი მხოლოდ ხალხის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის სამოქმედო პროგრამის ძირითადი მიმართულება, როგორც აღვნიშნეთ, ტრანსპორტის პოლიტიკაა. ელისაშვილს მიაჩნია, რომ ქალაქში საცობების, პარკინგისა და გადაადგილების პრობლემის მოგვარება ევროპაში, 40 წლის წინ მიღებული გამოცდილებითაა შესაძლებელი, რაც ეფექტური მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის შექმნას გულისხმობს:

,,გზების განტვირთვა შესაძლოა, მეტროს მეტი დატვირთვით მოვახერხოთ. ამჟამად, მეტროპოლიტენს დღეში 280 000 მგზავრი გადაჰყავს. საბჭოთა კავშირის დროს კი დღეში 520 000 მგზავრი გადაჰყავდა. დღეს მატარებლებს შორის შუალედი, დაახლოებით, 4 წუთია. მეტროპოლიტენს აქვს რესურსი, რომ ეს შუალედი წუთნახევრამდე შემცირდეს. ამისთვის 7 ვაგონის დამატებაა საჭირო, ძველი ვაგონების შესაკეთებლად კი მხოლოდ 26 მილიონი ლარის გამოყოფაა საკმარისი. თბილისის ბიუჯეტისთვის ეს 26 მილიონი ლარი არაფერია, სამაგიეროდ, მეტროპოლიტენი 230 000-ით მეტი მგზავრის გადაყვანას შეძლებს, რაც საავტომობილო გზებს 60 000 ავტომობილისგან განტვირთავს და შესაბამისად, გამონაბოლქვიც ნაკლები იქნება”.

პირველი, რასაც მერად არჩევის შემთხვევაში ალეკო ელისაშვილი გააკეთებს, ისაა, რომ საძულველ ,,სიტი პარკს” დედაქალაქიდან გაუშვებს. მისი თქმით, გამოცხადდება ტენდერი და ახალი კომპანიისთვის, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს, მთავარი პირობა ავტომობილების მძღოლების ძარცვა კი არა, არამედ პარკინგის სისტემის მოწესრიგება იქნება.

Comments are closed