„რეზონანსი“: ნატო-ს გაფართოებაზე რუსეთის “ფარულ ვეტოს” ბოლო ეღება
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: როგორ უკავშირდება ერთმანეთს აგვისტოს ომის გამოძიება და მალაიზიური ბოინგის ჩამოგდება?
„კვირის პალიტრა“: რას ამბობს ეკონომიკის მინისტრი ჩინურ ინვესტიციებზე, “გაზპრომსა” და ლარის კურსზე
„კვირის პალიტრა“: “კვლევაა თუ საბავშვო ბაღი?”
„კვირის პალიტრა“: მეგის ქარდავას შურისძიება?! // როგორ აღმოჩნდა შემზარავი ვიდეომასალა უკრაინულ საიტზე
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ტრისტან წითელაშვილთან: „ეს შემზარავი კადრები კოლომოისკის კოდუამ გადასცა… ახლო მომავალში კიდევ უფრო საზარელი კადრები გამოქვეყნდება“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნუგზარ წიკლაურთან: „ვიწყებთ ხელისუფლების გადმობარებას… „ქართული ოცნება“ უკვე პოლიტიკურ მოუსავლეთშია“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ოცნების“ დაკარგული ხმები „ნაციონალებთან“ არ მიდის“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა გვაძაბიასთან: „მოსკოვის პროსპექტს აფხაზეთის სახელი დავარქვათ“ // რატომ თქვეს უარი თბილისის საკრებულოში
—————————-
„რეზონანსი“, 19 ოქტომბერი, 2015 წელი
ნატო-ს გაფართოებაზე რუსეთის “ფარულ ვეტოს” ბოლო ეღება
ეკატერინე ბასილაია
(შემოკლებით)
თითქმის გადაწყვეტილია, რომ დეკემბერში ნატო-ს წევრი ქვეყნები მონტენეგროს (ჩერნოგორიას) ალიანსში გაწევრიანებას შესთავაზებენ, საქართველოს კი არაფერს, თუმცა, მონტენეგრო ბლოკში გაწვერიანებაზე მიწვევას რომ მიიღებს, პოლიტოლოგები ამას საქართველოსთვისაც პოზიტიურ მესიჯად მიიჩნევენ. მათი თქმით, ამ ნაბიჯით ნატო რუსეთს აჩვენებს, რომ ბლოკი ახალი წევრების მიღებას ისევ გააგრძელებს და გაფართოების საწინააღმდეგოდ კრემლის ფარული ვეტო არ მოქმედებს. მონტენეგროს შემდეგ კი რიგში დგას სამი ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, რომელთა შორის ერთი საქართველოცაა.
როგორც თსუ-ს პროფესორი, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, ჩერნოგორიას, აშკარაა, ნატოს წევრად მიიღებენ, რაც სიგნალი იქნება რუსეთისათვის, რომ ნატოს კარი ახალი წევრებისატვის არ დახურულა. ეს პოზიტიური ნაბიჯია საქართველოსთვისაც, რადგან ბოლო ხანებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი პოსტსოციალისტური და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხარჯზე გაფართოების საკთხზე ყოყმანობდა. ბრიუსელი რუსეთის გაღიზიანებას, ცხადია, ერიდება, მაგრამ ნატო ცდილობს ასპირანტ ქვეყნებს – ისეთებს, როგორიც საქართველოა – გაწევრიანების სურვილი არ ჩაუკლას, აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. რუსეთი, ალბათ, მონტენეგროს მიღების გამო მცირე პროტესტს გამოთქვამს, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი მწვავე, როგორიც, ვთქვათ, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის მიმართ იქნებოდა. ამას ტავისი მიზეზი აქვს: ბალკანეთის ნახევარკუნძული, სადაც მონტენეგრო მდებარეობს, რუსეთისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რეგიონი არ არის.
კორნელი კაკაჩიას თქმით, „რუსეთს დღეს რაზეც აქვს გაღიზიანება, ესაა უელსის სამიტზე საქართველოსათვის გადმოცემული გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი. სწორედ ამ პაკეტის“ დამსახურებაა ის, რომ ბოლო ხანებში საქართველოში აშშ-სა და რამდენიმე ქვყნის სამხედრო მოსამსახურეები (მძიმე სამხედრო ტექნიკის თანხლებით) ჩამოდიან და ქართველ კოლეგებთან ერთად ერთობლივ წრთვნებს მართავენ. 2016 წელს დაგეგმილი ქართულ-ამერიკული სამხედრო წრთვნების მიზანია, რამდენად სწრაფად დაეხმარება ამერიკის არმია საქართველოს „გარეშე აგრესიის შემთხვევაში“. რასაკვირველია, კრემლის მიერ პროტესტი, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც იქნება გამოხატული და მომავალშიც ასე იქნება.
პრეზიდენტის ყოფილი საგარეოპოლიტიკური მრჩევლის ვანო მაჭავარიანის თქმით, მონტენეგროს ნატოს წევრად მიღება რუსეთისათვის იოლად გადასატანი იქნება: „მოსკოვი იმ აზრს, რომ ბალკანეთის ამ სახელმწიფოს ალიანსის წევრად მიიღებენ, დიდი ხანია შეჩვეულია და ეს მიუხედავად იმისა, რომ მონტენეგროში საკმაოდ დიდი რაოდენობის რუსული კაპიტალია დაბანდებული. რაც შეეხება საქართველოს და „მაპ“-ის მიღებას, ამბობენ, რომ „მაპ“-ს არ მოგვცემენ, მაგრამ მის ნაცვლად რა იქნება, ჯერ გაურკვეველია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება საერთაშორისო მოვლენები, როგორი პოლიტიკური კონიუნქტურა იქნება მსოფლიოში, როგორ განვითარდება დემოკრატიული პროცესები საქართველოში.
„საქართველოს წარმატების ფორმულა თანმიმდევრულ პოლიტიკასა და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან საერთო შეხების თემების მოძიებაშია, იქნება ეს ანტიტერორისტული, რეგიონული სტაბილურობის თუ სხვა თანამშრომლობის მიმართულებით გააქტიურება“, – დასძენს ვანო მაჭავარიანი.
„კვირის პალიტრა“, 19 ოქტომბერი, 2015 წელი
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: როგორ უკავშირდება ერთმანეთს აგვისტოს ომის გამოძიება და მალაიზიური ბოინგის ჩამოგდება?
ნათია დოლიძე
“აგვისტოს ომის გამოძიება ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა. ჩვენი ვალდებულებაა ისიც, რომ ეს საქმე საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი არ გავხადოთ და ჩვენს პრობლემებს ჩვენ თვითონ მოვუაროთ,” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 2013 წლის 8 აპრილს, ანუ 2 წლისა და 6 თვის წინ, დღეს კი მოწმენი ვართ, რომ ჰააგის სასამართლოში შესულია პროკურორ ფატუ ბენსუდას შუამდგომლობა და 3-4 თვეში გაირკვევა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დაიწყებს თუ არა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებას. ქალბატონი პროკურორის თქმით, ჰააგის სასამართლოს ამ საკითხით დაინტერესება გამოწვეულია ქართული მხარის უმოქმედობით. ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ.
- საქართველოში ვერც ძველი და ვერც ახალი ხელისუფლების პირობებში რომ ვერ მოხერხდა ამ საქმის გამოძიება სწორედ, ერთი მხრივ, არაპროფესიონალიზმის, მეორე მხრივ კი – პოლიტიკური ნების არქონის ბრალია. ვიცით, რომ რამდენჯერმე დაიწყეს ამ საქმის გამოძიება, თუმცა, უშედეგოდ… ორივე ხელისუფლების დროს ბუნებრივად ჩნდებოდა კითხვა, რატომ არ ხდებოდა ისეთი დანაშაულების გამოძიება, რომელთაც აშკარად ჰქონდა საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი ნორმების დარღვევის ნიშნები? ორივე ხელისუფლება ხელს ტალიავინის კომისიის დასკვნისაკენ იშვერდა და ამბობდა, რომ ეს რუსეთისა და ცხინვალის მარიონეტული ხელისუფლების აგრესიული ქმედებების შესაფასებლად საკმარისი იყო, თუმცა, ეს დასკვნა ჩვენი საზოგადოებისთვის საკმარისი არასდროს ყოფილა.
- როგორ ფიქრობთ, რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი მაინცდამაინც ახლა?
- საინტერესოა, ამ მოვლენებს რუსულ პრესაში რა შეფასებები მოჰყვა. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს პროცესი წამოწყებულია რუსეთის საწინააღმდეგოდ, რაშიც, ჩემი აზრით, რაციონალური მარცვალი ნამდვილად ჩანს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დღეს ეს პროცესი დაიწყო საქართველოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, ანუ ვიღაცას სწორედ რუსეთის საწინააღმდეგოდ ძალიან დასჭირდა ამ თემის გააქტიურება, მიუხედავად იმისა, რომ პროკურორის პირველადი ინფორმაცია ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს საქმე შეეხებოდა ქართულ-ოსურ დაპირისპირებას და დამნაშავესაც მათ შორის ეძებდნენ… თუმცა, ეს მე მივიჩნიე შირმად, რომ ამ საქმის აღძვრის გამო რუსეთს ხმაური არ აეტეხა.
რასაკვირველია, ოფიციალური თბილისისა და ცხინვალის რეჟიმის დადანაშაულებაც შეიძლება, მაგრამ იმ ომის მთავარი სუბიექტი რუსეთია, რომელსაც გამოძიება გვერდს არ და ვერ აუვლის.
- თეა წულუკიანმაც განაცხადა, ჰააგის სასამართლოს პროკურორის შუამდგომლობაში რუსეთის როლი შესუსტებულიაო…
- შესაძლოა, საწყის ეტაპზე რუსეთის როლი მართლაც შესუსტებულად წარმოაჩინონ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ გამოძიების ყულფში თავგაყოფილი სწორედ რუსეთი აღმოჩნდება.
- გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორ ბენსუდას შუამდგომლობას თან ახლავს სავარაუდო ეჭვმიტანილების სია. როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება იყოს ამ საქმის ფიგურანტი? თუ ელით, რომ კონკრეტულ მაღალჩინოსნებსაც დაეკისრებათ პასუხისმგებლობა?
- ჩვენ თუ მაგალითისთვის მილოშევიჩის საქმეს გავიხსენებთ, მის ბრალდებებში მთავარი ადგილი უჭირავს მის მიერ გამოცემულ ბრძანებებს, რომლებიც ეთნიკური წმენდის ნიშნებს შეიცავს, ასევე იმ მხარდაჭერას, რასაც ის უცხადებდა კოსოვოში მიმდინარე პროცესებს და ადგილობრივი მოსახლეობის განადგურებას. თუ დღეს კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობაზე ვლაპარაკობთ, ეს შეეხება, უპირველესად, იმ თანამდებობის პირებს, ვინც ბრძანებები გასცა და განცხადებები აკეთა ამა თუ იმ ეროვნების ხალხის განადგურების მიზნით. ასეთი ფიგურა 2008 წლის ომის დროს იყო კოკოითი, რომელიც კამერების წინ მოუწოდებდა ქართული სოფლების განადგურებისკენ; ამიტომ დარწმუნებული ვარ, ის აუცილებლად მოხვდება დამნაშავეთა სიაში. თბილისში ბევრს აქვს იმედი, რომ თუ ჰააგის სასამართლო გამოიძიებს ომის საქმეს, დასასჯელთა შორის მიხეილ სააკაშვილიც იქნება. ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ, ჩემი აზრით, საქმე ცოტა სხვანაირად წარიმართება. სააკაშვილმა ამ ომში თავისი წილი დანაშაულიც ჩაიდინა და შეცდომებიც დაუშვა. მისი მთავარი შეცდომა ის არის, რომ კარგად იცოდა, რუსეთი ომისთვის ემზადებოდა, მაგრამ მაინც გაამწვავა სიტუაცია, ანუ დაგებულ ხაფანგში გაყო თავი. ვემიჯნები იმ აზრს, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი. მან დაიწყო კონკრეტული ბრძოლა, რაც დიდი შეცდომა იყო, მაგრამ ეს არ ყოფილა ომის დასაწყისი. სამწუხაროდ, ჩვენმა პროკურატურამ ამ საქმის გამოსაძიებლად ვერაფერი გააკეთა.
წესით, ომის გაჩაღების ბრალდებით რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი მედვედევიც უნდა მიეცეს პასუხისგებაში, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება.
- ერთ-ერთი არგუმენტი, რომლითაც რუსეთი ომის გაჩაღებას ამართლებს, რუს სამშვიდობო კონტინგენტზე თავდასხმაა. როგორ ფიქრობთ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ჰააგის სასამართლოსთვის?
- პუტინის ყოფილმა მრჩეველმა ილარიონოვმა ძალიან საინტერესო გამოძიება ჩაატარა. ამ გამოძიებით ჩანს, რომ დაპირისპირებაში მონაწილეობდა რუსული სპეცრაზმი, რომელიც ორივე მხარეს ესროდა. რაც შეეხება ობიექტურ სურათს, ამ კონფლიქტისას ოსური პოზიციიდან ნასროლი ტყვიით პირველად ჩვენი სამშვიდობოები დაიღუპნენ. სხვათა შორის, ეს ამბავი ჰააგის პროკურორმა აქ ყოფნისას გაიგო. ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ხელმძღვანელს, კულახმეტოვს მიმართა, რომელმაც უპასუხა, ოსებს ვეღარ ვაკონტროლებთო. ამის შემდეგ დაძრა ქართული შენაერთი. ჩვენმა კოლონამ რამდენიმე რუსული პოსტი უპრობლემოდ გაიარა… როდესაც ე.წ. გარადოკამდე მივიდნენ, მის სიახლოვეს მდგარი ოსების ტანკიდან დაიწყეს სროლა. ჩვენმა სამხედროებმა ტანკისკენ საპასუხო ცეცხლი გახსნეს, რასაც მოჰყვა სროლა არა მხოლოდ ტანკიდან, არამედ რუსული პოზიციიდანაც. ერთ-ერთი ქართველი ტანკისტის მონაყოლი მაქვს მოსმენილი, რომლის მიხედვითაც ქართული სატანკო კოლონის ხელმძღვანელმა ამის შემდეგ ვიღაცას დაურეკა თბილისში და ჰკითხა, სამშვიდობოების ზონიდან გვესვრიან და როგორ მოვიქცეთო, თბილისიდან კი მიიღო ზეპირი ბრძანება – გაუხსენით ცეცხლიო! ვინ გასცა ეს ბრძანება, არ ვიცი. არც ის ვიცი, სარწმუნოა თუ არა ეს ინფორმაცია. დანამდვილებით მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ომის დროს ძალიან ბევრი ზეპირი, სატელეფონო ბრძანება გაიცემოდა და ბევრი სრულიად გაუგებარი მანევრირებაც ხდებოდა… ეს ყველაფერი გამოსაძიებელია, თუმცა, ვერ გეტყვით, ჰააგის სასამართლო ამითაც დაინტერესდება თუ მხოლოდ ეთნიკური წმენდის საკითხის გამოძიებას დასჯერდება… ერთ რამეს მინდა მივაქციოთ ყურადღება: როდესაც რაღაც ამგვარი ხდება, აუცილებლად უნდა გადავხედოთ მსოფლიოს გეოპოლიტიკურ ვითარებას. დღეს ძალიან აქტუალურია მალაიზიის ბოინგის უკრაინაში ჩამოგდების თემა. ჰოლანდიური მხარის გამოძიებით უკვე დადასტურებულია, რომ ეს იყო რუსული მხარის მიზანმიმართული ოპერაცია. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის ჰააგაში გაგზავნას არ აპირებენ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ორი თემა – აგვისტოს ომის გამოძიება და ბოინგის ჩამოგდება, ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ანუ რუსეთის მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს შორის გარკვეული ჯაჭვი იბმება. ამ საქმეში მთავარია არა სასამართლოს ვერდიქტი, არამედ ის, რომ მსოფლიო საზოგადოების თვალში რუსეთის მოქმედება სათანადოდ შეფასდეს. არ გამოვრიცხავ, მალე მესამე თემაც გამოჩნდეს, მაგალითად, სირიაში რუსეთის მიერ დაბომბილი მშვიდობიანი მოსახლეობის… ამ პროცესებს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს. ეს არის სწორედ ჰიბრიდული ომის ნიშანი…
- ამ პროცესიდან საქართველომ რა მოგება შეიძლება ნახოს?
- საქართველოს საკითხი კვლავ დაბრუნდება მსოფლიოს დღის წესრიგში, მაგრამ ეს დაბრუნება წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ უტყუარ და სერიოზულ დოკუმენტაციას წარვადგენთ. ეს უნდა იყოს ძირისძირობამდე გამოკვლეული და მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებებით გამყარებული დოკუმენტები. უამრავი მასალაა დაგროვილი საქართველოს სხვადასხვა უწყებაში, რომელთაც საომარ მოქმედებებთან პირდაპირი ან ირიბი შეხება ჰქონდათ. ამ ინფორმაციის მოძიებაა საჭირო. მივიჩნევ, რომ იუსტიციის მინისტრი ამ პროცესში მთავარი ფიგურა უნდა იყოს, თუმცა, აუცილებელია სამთავრობო კომისიის შექმნაც, რათა უკლებლივ ყველა მნიშვნელოვანი მასალა მოგროვდეს, მაგალითად, ცხელი ხაზის მასალები…
- აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარუდგინა, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას – 59%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს მოახლოებულ არჩევნებში ხმას… კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია “ქართულ ოცნებას“” მხარს გამოკითხულთა 11% დაუჭერდა, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” კი – 13%…
- მე ამ კვლევის არ მჯერა, ამიტომაც ამაზე კომენტარი არ მიმაჩნია საჭიროდ. საქმე ის არის, რომ უკვე წლებია, NDI კვლევის ჩატარებას უკვეთს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს, რომელიც არათუ დაკავშირებულია “ნაციონალურ მოძრაობასთან”, არამედ ლამის მისი გაგრძელებაა, ამიტომ ამ გამოკითხვებს ვერ ვენდობი. მათი კვლევების მიხედვით გამოდის, რომ საქართველოს მოსახლეობის 60%-მა არ იცის, მის გარშემო რა ხდება. განა ეს სარწმუნოა?! ჩანს, რომ მათ სცადეს სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების შედეგის დაკნინება და “ნაციონალური მოძრაობის” “გაქაჩვა”, მაგრამ 13%-ს მაინც ვერ ასცდნენ.
ეტყობა, ძალიან ცუდად არის ამ ორგანიზაციის საქმე.
- “ნაციონალური მოძრაობა” “რუსთავი 2″-ის ირგვლივ შექმნილ ვითარებას პოლიტიკურ პროცესად აფასებს და ფართომასშტაბიანი პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, ისინი სახელმწიფო უწყებების პიკეტირებასაც არ გამორიცხავენ…
- როგორც წესი, ასეთი ტაქტიკა ყველა ოპოზიციური პარტიის ყულაბაშია, ამიტომ დიდ უბედურებად გაბაშვილის განცხადებას არ ვთვლი.
პარტიას საპროტესტო აქციების ჩატარების განზრახვა შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ საინტერესო ის არის, დაუჭერს თუ არა მას მხარს მოსახლეობა. ამ დღეებში გამართეს მათ აქციები, რომლებზეც არცთუ ცოტა ხალხი იყო, მაგრამ ეს არ იყო ფართომასშტაბიანი პროტესტისთვის საჭირო რაოდენობა, არადა, მგონია, რომ ამ ეტაპზე ეს “ნაციონალური მოძრაობის” მაქსიმუმია… ტელევიზია ყარამანაშვილების იქნება თუ ხალვაში დაიბრუნებს, ამის გამო ხალხი ქუჩაში არ გავა, მით უფრო – თუ ამ საკითხზე ბევრს ნიკა გვარამია ილაპარაკებს. საზოგადოებას ის კარგად ახსოვს გენერალური პროკურორის მოადგილის ამპლუაში, როდესაც “იმედის” დაყადაღებასა და დარბევას “აპრავებდა”, ამიტომაც ის რაც მეტს ილაპარაკებს სიტყვის თავისუფლებაზე, მით მეტად გააშარჟებს და არასერიოზულს გახდის ამ საკითხს.
არის თუ არა ეს თემა პოლიტიკურ ჭრილში განსახილველი?- რა თქმა უნდა, არის, რადგან “რუსთავი 2″ ერთი პარტიის ტელევიზიაა და რაც უნდა სამართლიანად მიმდინარეობდეს სამართლებრივი პროცესი, ეს პოლიტიკური გარჩევის თემა ხდება.
- უკრაინულმა ვებგვერდმა Tube.ua-მ სამეგრელოს ერთ-ერთ სამალავში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელშიც მამაკაცს სექსუალური ძალადობის შედეგად აიძულებენ ჩვენების მიცემას. არადა საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ ასეთი ტიპის ვიდეომასალები განადგურდა.
- ამ ვიდეოჩანაწერების განადგურების დროსაც დარწმუნებული ვიყავი, რომ სადღაც არსებობდა მათი დუბლიკატები, რომლებიც ოდესმე აუცილებლად გამოჩნდებოდა. რისთვის იღებდნენ ამ საშინელებებს? იმისთვის, რომ ადამიანები დაეშანტაჟებინათ. ასეთი ვიდეოჩანაწერები ერთ ეგზემპლარად არ ინახება. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს გაავრცელა მედიასაშუალებამ, რომელიც უკრაინელი ოლიგარქის – კოლომოისკის საკუთრებაა, ის კი მამასისხლად არის გადამტერებული სააკაშვილს. როგორც ვიცი, ამ დღეებში ის იყო ჟენევაში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იქ მას ირაკლი კოდუა შეხვდა… არ გამოვრიცხავ, რომ კოდუას გარდა, სხვებსაც შეხვედროდა. მან, ალბათ, საკმაოდ ძვირად იყიდა ეს ჩანაწერები. ნუ დაგავიწყდებათ, რომ კოლომოისკი ქართულ პოლიტიკურ ელიტას ძალიან კარგად იცნობს.
- შესაძლებელია დავუშვათ, რომ ეს ვიდეოჩანაწერები ჩვენი ხელისუფლების ხელდასხმით მოხვდა უკრაინულ საიტზე?
- არა მგონია. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: თუ მათი გავრცელება უნდოდათ, ამდენ ხანს რას ელოდებოდნენ? ჩემი აზრით, ეს არის ყოფილი სახელისუფლებო გუნდიდან გაცემული ჩანაწერები, თანაც – დიდ ფულად. ზუსტად ვიცი, რომ ბრიუსელში მყოფი კონკრეტული პიროვნება, რომელსაც ამ ჩანაწერების დუბლიკატები ჰქონდა, ხელისუფლებას მათ გადმოცემაზე ევაჭრებოდა, ოღონდ არ ვიცი, მერე მოვლენები როგორ განვითარდა. ჩანაწერების ნაწილი ჰქონდა წინა ხელისუფლების კიდევ ერთ წარმომადგენელს, რომელიც ერთი პერიოდი სოჭში იყო… მოკლედ, ეს ჩანაწერები არსებობს… საკითხავია, კიდევ სად და როდის გამოჩნდება.
„კვირის პალიტრა“, 19 ოქტომბერი, 2015 წელი
რას ამბობს ეკონომიკის მინისტრი ჩინურ ინვესტიციებზე, “გაზპრომსა” და ლარის კურსზე
ემა ტუხიაშვილი
გასულ კვირას, ორი დღის განმავლობაში, თბილისი “აბრეშუმის გზის ფორუმს” მასპინძლობდა. ფორუმზე, სადაც 32 ქვეყნის 1000-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, საქართველოსთვის რამდენიმე მნიშვნელოვან საინვესტიციო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ფაქტია, რომ ჩინეთისთვის, რომელიც საკუთარი პროდუქციისთვის ევროპულ ბაზარზე გასასვლელად უმოკლეს და იაფ გზას ეძებს, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორი საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, ჩინეთისთვის საქართველოს ბაზარი შესაძლოა საინტერესო იყოს წარმოების განვითარების თვალსაზრისითაც. ამ და სხვა საკითხებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ექსკლუზიურად გვესაუბრება.
- დღეს საქართველოს გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროპასთან, დსთ-ის ქვეყნებთან, თურქეთთან და ვიწყებთ მოლაპარაკებებს ჩინეთთან. ასევე, სავარაუდოდ, მომავალი წლის ბოლოს დავასრულებთ მოლაპარაკებებს EFTA-ს (ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია) ქვეყნებთან.
ჯამში ეს არის მსოფლიოს 2/3. ანუ, ჩვენთან წარმოებული პროდუქცია შესაძლებელია შევიდეს ამხელა ბაზარზე ისე, რომ მას არ ექნება დამატებითი საბაჟო გადასახადი.
შესაბამისად, ჩვენ გავაჩინეთ არხები, რომელზეც არის მოთხოვნა და შესაძლებელია მიწოდება. მიწოდების მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია. იმ პროდუქციისა და სერვისების შესაქმნელად, რომლებიც ამ ბაზრებს სჭირდება, ჩვენი მთავრობა დაუღალავად მუშაობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის. მათ კი მოჰყვება ნოუ-ჰაუ, ტექნოლოგიები, ცოდნა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.
ახლა კი კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებზე ვისაუბროთ. პირველ რიგში, კორიდორის ბიზნესმოდელი განვიხილოთ. მოგეხსენებათ, არსებობს ჩრდილოეთის კორიდორი, რომელიც გადის რუსეთზე, და არსებობს ზღვაზე გამავალი კორიდორი. ორივე შემთხვევაში ტვირთის გადაზიდვისთვის განსაზღვრული დრო გჭირდებათ. მაგალითად, თუ ტვირთი აზიიდან ევროპაში ზღვის კორიდორით მიგაქვთ, ამას 40 დღე სჭირდება. წარმოიდგინეთ, რომ საქონელს ევროპაში ყიდით, შესაბამისად, გჭირდებათ საწყობი, რომელშიც, სულ მცირე, 40 დღის მარაგი უნდა გქონდეთ. ახლა წარმოიდგინეთ მეორე შემთხვევა, რაც უკვე კონკრეტული ფაქტია. წლის დასაწყისიდან ჩინეთიდან საქართველოში მატარებელი 9 დღეში ჩამოვიდა, ხოლო რამდენიმე დღის წინ კი – 7 დღეში. საქართველოდან ევროპამდე მატარებლის ჩასვლას კიდევ 3 დღე სჭირდება, რაც ნიშნავს, რომ ჩინეთიდან ევროპაში ტვირთი 10 დღეში ჩაგაქვთ, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ევროპაშიც ოთხჯერ უფრო პატარა საწყობი გჭირდებათ, სასაწყობე ხარჯიც უფრო ცოტა გაქვთ და საბრუნავი სახსრები ოთხჯერ ნაკლები გჭირდებათ. ეს არის ის ძირითადი ბიზნესმოდელი, რომელზეც ყველაფერი უნდა გადაეწყოს. სწორედ ამიტომ ვართ დარწმუნებული, რომ ეს გზა აუცილებლად იმუშავებს. ამ გზის ნაწილია ანაკლიის პორტი. როცა პრემიერ-მინისტრი ჩინეთში იმყოფებოდა, მისმა კოლეგამ შეხვედრისას დაუდასტურა, რომ იცის პროექტის შესახებ და ჩინეთის მთავრობა მას მხარს უჭერს. იმ კონსორციუმებში, რომლებიც დღეს შემოსული არიან ანაკლიის პორტთან მშენებლობასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვაზე, ორივეგან ჩინური ინტერესია წარმოდგენილი. რამდენიმე დღის წინ გაფორმდა ხელშეკრულება 1 650 000 ბოთლ ღვინოსა და 3 მილიონ ბოთლ მინერალურ წყალთან დაკავშირებით, რომლებიც ექსპორტზე გავა ჩინეთში. 1 650 000 ბოთლი ღვინო არის 3 300 000 კილოგრამი ყურძენი, რაც, სულ მცირე, 100 კაცის დასაქმებას ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ შემოვა დაახლოებით 10 მილიონ დოლარამდე, ჩვენი ვალუტა გამყარდება და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
- როცა წლის განმავლობაში 17 მილიონი ბოთლი გვაქვს ღვინის ექსპორტი, 1,6 მლნ ბოთლი რამდენად შეცვლის სურათს?
- 10% რომ დაემატება, ცუდია? დღეს ჩინეთში ღვინო რომ შეიტანოთ, საბაჟო გადასახადი 45%-ს შეადგენს. ჩინეთთან მოლაპარაკების შედეგად ვფიქრობთ, რომ ამ განაკვეთს ნულზე, ან თუნდაც 10-12%-ზე ჩამოვიყვანთ. მაგალითად, ჩილეს ღვინოები ჩინეთში 12%-იანი საბაჟო გადასახადით შედის. ხედავთ, რამხელა განსხვავებაა? ფაქტია, რომ დღეს ჩვენ გვყავს ჩინელი ინვესტორი, რომელმაც ბოლო 2 წელიწადში საქართველოში ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტირება მოახდინა. ყველა კონტრაქტი, ყოველ დოლარზე დადებული, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მით უფრო, როცა ეს ეხება ჩვენი საექსპორტო პროდუქციის 10%-ს, თანაც ეს ხომ დასაწყისია. ყველა შეხვედრაზე ჩინური მხარე გვიდასტურებს, რომ რაც უფრო გაღრმავდება ჩვენი ურთიერთობა, მით მეტად გაიზრდება ჩვენი ტვირთბრუნვა.
- როდის იწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა?
- 2016 წლის ივლისში ან აგვისტოს დასაწყისში.
- პორტის მიმდებარედ, 600 ჰექტარზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოწყობაც იგეგმება. “აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში თუ გამოითქვა წინადადებები ამ ინდუსტრიულ ზონაში კონკრეტული საწარმოების მშენებლობაზე?
- ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი კანონი “თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ”, თუმცა შეიძლება მასში რაღაცების გამოსწორება. ეს პროექტი 600 ჰექტარზე, ძირითადად, საწარმოების მშენებლობას გულისხმობს. რადგან ჯერ არ არის დასახელებული ოპერატორი, შესაბამისად, ნაადრევია ლაპარაკი, რა საწარმოები შეიძლება აშენდეს. ფორუმზე რთული შეკითხვებიც დაისვა, მაგალითად, რამდენად სწორი მიმართულებით მიდის მთავრობა, რამდენად არიან დაცული ინვესტორები საქართველოში. ყველა შეკითხვას პასუხი გაეცა და ყველა შეფასება დადებითი იყო. შარშან ქვეყანაში უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციები გვქონდა და წლეულსაც არანაკლებს ველოდებით… როცა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოგვაქვს, ის რაღაცაზე უნდა აისახოს. უნდა გაიზარდოს ადგილობრივი წარმოება, სერვისები და სხვ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდასთან ერთად აუცილებელია მათი გონივრულად დაბანდება, რომლებსაც მოაქვთ ყველაზე მეტი დამატებითი ღირებულება.
- კიდევ ორ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი: ტყიბულში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური აშენდება და ქუთაისში მოეწყობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელსაც ჩინური “ჰუალინგ ჯგუფი” აშენებს.
- ტყიბულის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. განხორციელდება 200 მილიონ დოლარამდე მოცულობის ინვესტიცია, მშენებლობაზე დასაქმდება 500-მდე კაცი, ხოლო მისი დასრულების შემდეგ – კიდევ 200. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ თბოსადგური იმუშავებს ადგილობრივ ნედლეულზე. ქვეყნიდან სავალუტო გადინებები არ იქნება და ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება კიდევ უფრო გაიზრდება.
- დიდი ოდენობით ჩინური ინვესტიციის შემოსვლას საქართველოში ხომ არ მოჰყვება თან ისევ მათი მუშახელი?
- ყველა ხელშეკრულებაში ჩადებულია, რომ უნდა დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა. გამომდინარე აქედან, თუ სწორად მივუდგებით ამ საკითხს, არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. ყველგან, სადაც შესაძლებელია, რომ ინვესტორმა მოგება ნახოს, უნდა ნახოს. მაგალითად, “ჰუალინგ ჯგუფი” საქართველოში ოპერირებს უძრავი ქონების სექტორში, აქვთ სასტუმრო, ეკონომიკის სამინისტროს შენობაც მათ იყიდეს და კიდევ ერთი სასტუმრო ექნებათ, აქვთ ბანკი, ინდუსტრიული ზონა და აგროსექტორშიც აპირებენ შესვლას. მთავარია, იყოს კონკურენცია და გახსნილი ბაზარი.
- “ყაზტრანსგაზი” საარბიტრაჟო დავას აპირებს, სურს, “ყაზტრანსგაზ თბილისში” ჩადებული ინვესტიცია გაითხოვოს უკან.
- “ყაზტრანსგაზ თბილისი” არის საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დანიშნულია სპეციალური მმართველი ენერგეტიკის სამინისტროდან. ეს არის შემთხვევა, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს მოლაპარაკებით ჩვენსა და ყაზახურ მხარეს შორის. მქონდა შეხვედრა ჩემს კოლეგასთან, ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრთან, და შევთანხმდით, რომ ერთი კვირის განმავლობაში კიდევ განვაახლებთ სამუშაო ჯგუფს და მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. არის საკითხები, როცა შესაძლოა განსხვავებული ხედვა გვქონდეს, მაგალითად, დარიცხული პროცენტის რაოდენობაზე. რეალურად, ეს ტექნიკური დეტალებია. რაც შეეხება ინვესტიციის გატანას, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მე ასეთი მინიშნებაც კი არავისგან მქონია.
- “გაზპრომთან” დაკავშირებით მინდა გკითხოთ. აზერბაიჯანულმა პრესამ ამას უკვე უწოდა გაზის ომი “სოკარსა” და “გაზპრომს” შორის. აზერბაიჯანული მედია ასევე წერდა თბილისში გამართულ საიდუმლო მოლაპარაკებაზე, რომელსაც აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი ესწრებოდა.
- აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერს არ შევხვედრივარ, მაგრამ შევხვდი ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვიყავი. არ არსებობს არანაირი გაუგებრობა. ამ შემთხვევაში საუბარია ტრანზიტის რაოდენობაზე, რომელიც სომხეთში მიდის და შესაბამისად, იმ ტექნიკურ დეტალებზე, რომლებზე მოლაპარაკებაც ყოველწლიურად ხდება. იდება ერთწლიანი ხელშეკრულება გაზის ტრანზიტზე და ყოველ წელს იმართება გაზის ტრანზიტთან დაკავშირებული შეხვედრა. ერთ მხარეს უნდა, რომ ნაკლები გადაიხადოს, მეორეს კი მეტი მიიღოს.
- ანუ მხოლოდ ეს იყო “გაზპრომთან” მოლაპარაკების საფუძველი და არ არის საუბარი აზერბაიჯანული გაზის რუსულით ჩანაცვლებაზე?
- სოციალური გაზის მიმართულებით არ არის საუბარი იმაზე, რომ მოხდეს რაიმე ტიპის ჩანაცვლება. თუ კომერციული სექტორი შეიძენს გაზს “გაზპრომისგან”, ეს უკვე მათი გადაწყვეტილებაა. ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება და ჩვენ ამ მოლაპარაკებაში არანაირად ჩართული არა ვართ.
- ლარის კურსთან დაკავშირებით გამყარების ტენდენცია შეინიშნება და თქვენ რა პროგნოზებს გააკეთებთ?
- როდესაც ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი, ვთქვით, რომ ლარი იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ამას ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები აჩვენებს. 850 მილიონით შემცირებულია იმპორტი, 450 მილიონით – ექსპორტი და 250 მილიონით – ფულადი გზავნილი. შედეგად, გამოდის, რომ დღეს 100-150 მილიონი დოლარით ნაკლებია წნეხი ლარზე, ვიდრე ეს იმავე პერიოდში შარშან იყო. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წლის დასაწყისიდან ეროვნულ ბანკს 390 მილიონი დოლარი აქვს კიდევ გაყიდული, ეს ფული სადღაც ხომ წავიდა? ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ორ კვარტალში 530 მილიონი გვაქვს და შემდეგ უკვე მცირე ანალიზი გვჭირდება. ფულის მასა (M3), რომელშიც შედის დეპოზიტები ვალუტაში, თებერვლიდან აგვისტოს ბოლომდე 500 მილიონი დოლარით არის გაზრდილი ანგარიშებზე. იმის გამო, რომ რეალობის აღქმა იყო არასწორი, ფიზიკურმა პირებმა თუ კომპანიებმა დოლარი შეიძინეს და ანგარიშებზე განათავსეს, მაგრამ ახლა ეს დოლარი ხომ უნდა დახარჯონ? გამორიცხულია, ეს ფული უკან არ ჩატრიალდეს ეკონომიკაში. აუცილებლად მოხდება ამ ფულის ისევ გადახურდავება და ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი ქვემოთ ჩამოვა.
„კვირის პალიტრა“, 19 ოქტომბერი, 2015 წელი
“კვლევაა თუ საბავშვო ბაღი?”
რუსუდან შელია
“ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართულ ოცნებას” მხარს გამოკითხულთა 11% დაუჭერდა, “ნაციონალურ მოძრაობას” – 13%; არჩევანი ჯერ 35%-ს არ გაუკეთებია, 42% კი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას”, – ასე გამოიყურება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური კვლევის შედეგები, რომელიც ორგანიზაციამ 17 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ამავე კვლევით, 2012 წლიდან დღემდე იმ რესპონდენტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლისთვისაც ევროკავშირში გაწევრება მისაღებია, შემცირებულია, ევრაზიული კავშირის მომხრედ კი გამოკითხულთა 31% რჩება.
NDI-ს კვლევებს პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა: მმართველი გუნდი ორგანიზაციას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გამოქვეყნებულ პოლიტიკურ პროგნოზს ახსენებს, “ნაცმოძრაობა” კი ხელისუფლებაში დაბრუნებას აანონსებს.
ირაკლი გოგავა, პოლიტოლოგი:
“NDI-ს რეპუტაცია განსაკუთრებით მას შემდეგ შეილახა, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რეალობისგან რადიკალურად განსხვავებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ეჭვს იწვევს ადგილობრივი კონტრაქტორი ორგანიზაციაც, რომელსაც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოს მასშტაბით კვლევებს უკვეთს – მას გოჩა ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც სააკაშვილის ახლო მეგობარია. რეალურად, “ნაცმოძრაობის” რეიტინგი 3-4%-ს არ აღემატება. ბუნებრივია, მოსახლეობა “ქართული ოცნების” უუნარო პოლიტიკით\ უკმაყოფილოა, მაგრამ თუ მმართველი გუნდი სწორ საარჩევნო კამპანიას ჩაატარებს და ქმედით სოციალურ-ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ნიჰილისტურად განწყობილი საზოგადოების ნაწილის ნდობას დაიბრუნებს”.
ლევან ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი:
“NDI-მ აღნიშნა, რომ კვლევის პროცესში 71%-ის აზრი ვერ დაადგინა, ანუ მოსახლეობის უმრავლესობის პოლიტიკური განწყობა არ იცის. ეს ნიშნავს, რომ კვლევა, ფაქტობრივად, ჩავარდა. გასაგებია, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ნიჰილისტურად არის განწყობილი, ზოგიც იმედგაცრუებულია, მაგრამ აბსურდია, რომ ამომრჩევლის 71% არჩევნებზე მისვლას არ აპირებს და ხელისუფლებაში “ნაცმოძრაობა” ბრუნდება. სააკაშვილი ცოტა ხნის წინ ამტკიცებდა, უკრაინაში მოვკვდებიო, დღეს კი საქართველოში დაბრუნებას აანონსებს. ღმერთმა დიდხანს ამყოფოს იქ, სადაც თავად გაუხარდება, მაგრამ საქართველოში ხელისუფლება საერთოდ რომ მოკვდეს, “ნაცმოძრაობა” ქვეყნის სათავეში ვერასოდეს დაბრუნდება. 2012 წლის არჩევნებამდე “ქართულ ოცნებას” NDI-მ 10% დაუწერა, “ნაცმოძრობას” – 60%, მაგრამ არჩევნების დასრულების შემდეგ არარეალური კვლევის შედეგების გამო ბოდიშიც კი არ მოუხდია. პარტიები ბევრად კვალიფიციურ შიდა კვლევებს ვატარებთ და ზუსტად ვიცით, რა რეალობაა ქვეყანაში – “ნაცმოძრაობა” და “თავისუფალი დემოკრატები” მეორე ადგილს ვერ იყოფენ, ხელისუფლება კი არჩევნებში უპირობოდ იმარჯვებს. NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, აბსოლუტურად წინააღმდეგობრივია მოსახლეობის საგარეო განწყობა – თუ რუსეთი მოდის და მოსახლეობაში პრორუსული ძალები ძლიერდებიან, სააკაშვილს რა უხარია და ხელისუფლებაში დაბრუნებას რატომ აანონსებს? დღეს მოსახლეობის 31% ევრაზიულ კავშირს მხარს არ უჭერს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყოველი მესამე მოქალაქე პრორუსია. საერთოდ, რაზე ვსაუბრობთ, კვლევაა თუ საბავშვო ბაღი? საქართველოში რუსეთს მხოლოდ ძველი კომუნისტები და ერთი-ორი ბრიყვი ახალგაზრდა უჭერს მხარს და ეს ყველამ იცის. NDI-ს კვლევის შედეგები ზუსტიც რომ იყოს, მოსახლეობის უმრავლესობა – 60% მომავალს ევროპასთან ხედავს და ჩვენ მათ დაკვეთას შევასრულებთ – არჩევნებზე მოსაგებად გავდივართ”.
სერგო რატიანი, “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი:
“რეიტინგის მკვეთრ შემცირებას ხელისუფლებაშიც აცნობიერებენ – სწორედ ამიტომ გასცდა მმართველი გუნდი ნორმალური ქცევის ფარგლებს და რეპრესიების გზა აირჩია. ქვეყანა ჩიხშია, საიდანაც ერთადერთი გამოსავალი არსებობს – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. რაც შეეხება 2012 წლის არჩევნებამდე გამოქვეყნებულ შედეგებს, მაშინ ხელისუფლებამ ვერ ამოიკითხა, რომ NDI-ს კვლევებში ამომრჩევლების დინამიკა, ვინც პოლიტიკური სიმპათიის დაფიქსირებისგან თავს იკავებდა, ხელისუფლების სასარგებლოდ არ იყო. ამას ციხის კადრებიც დაემატა. ციხის კადრებიც რომ არ ყოფილიყო, არ გამოვრიცხავ, პრობლემური დინამიკის გამო, “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში მაინც დამარცხებულიყო ან მცირე უპირატესობით გაემარჯვა. კარგია, რომ ხელისუფლება შეიცვალა, რადგან 5%-იანი უპირატესობით გამარჯვების შემდეგაც “ნაციონალურ მოძრაობას” ქვეყნის მართვა გაუჭირდებოდა. მაშინ “ქართული ოცნების” რეიტინგი საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ 3 წელიწადში ვითარება რადიკალურად შეიცვალა – კოალიციის რეიტინგი მკვეთრად დაეცა. არჩევნების შემდეგ მოსახლეობის 50% იმედოვნებდა, რომ ერთ წელიწადში მისი შემოსავალი მინიმუმ გაორმაგდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, ხელისუფლებამ არარეალური დაპირებების ფონზე, ქვეყანა უარეს კრიზისში შეიყვანა და ეკონომიკური დაღმავლობა თითოეულ მოქალაქეს შეეხო. დღეს ხელისუფლებას მოსახლეობის მხარდაჭერა ფაქტობრივად, არა აქვს”.
„კვირის პალიტრა“, 19 ოქტომბერი, 2015 წელი
მეგის ქარდავას შურისძიება?!
როგორ აღმოჩნდა შემზარავი ვიდეომასალა უკრაინულ საიტზე
რუსუდან შელია
17 ოქტომბერს უკრაინულმა ვებგვერდმა Tube.ua-მ სათაურით “როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით”, სავარაუდოდ, წინა ხელისუფლების დროს სამეგრელოში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულია მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტები, რის შემდეგაც დაკავებული გამომძიებელს “აღიარებით” ჩვენებას აძლევს. ვებგვერდს არა აქვს მითითებული წყარო, რომელმაც ვიდეომასალა მიაწოდა. უკრაინულ საიტზე თითქმის 5-წუთიანი მასალა ქართულ ვებგვერდებზეც სწრაფად გავრცელდა და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. საზოგადოების წარმომადგენლები სვამენ კითხვას: როგორ აღმოჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეომასალა უკრაინულ ვებგვერდზე. “კვირის პალიტრა” საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი სესიაშვილს დაუკავშირდა:
- მოგეხსენებათ, შს სამინისტრომ სამეგრელოს სამალავებიდან ორი ტიპის, საზოგადოებისთვის ცნობილი პირების პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერები და წამების ფაქტების ამსახველი კადრები ამოიღო. მაშინ პროცესში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჰამერბერგიც აქტიურად მონაწილეობდა და რეკომენდაციებსაც მისგან ვიღებდით. სწორედ ჰამერბერგმა გვირჩია, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაგვენადგურებინა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ჩანაწერები კი შეგვენახა, რადგან ისინი საქმეში მტკიცებულებებს წარმოადგენდა. ყველა პირი, ვინც გავრცელებულ ვიდეოფირში ფიგურირებს, სასჯელს იხდის.
- თუ ვიდეოჩანაწერები ჰამერბერგის რეკომენდაციით შეინახეთ, იმის ვალდებულებაც აიღეთ, რომ ისინი შს სამინისტროს არქივს არ გასცდებოდა. როგორ აღმოჩნდა ვიდეომასალა უკრაინულ ვებგვერდზე?
- გავრცელებული ფირი დაზარალებულების ადვოკატებს გადაეცა, რადგან სამართლებრივად ჩანაწერები მათი საქმის ნაწილი და მტკიცებულება გახლდათ. ვერ გეტყვით, უკრაინულ საიტზე როგორ აღმოჩნდა, მაგრამ ფაქტია, რომ შს სამინისტროს გარდა, მასალა სხვებსაც ჰქონდათ. მათ გავრცელებაში ხელისუფლებისკენ ხელს ვერავინ გამოიშვერს, ეს ჩვენს ინტერესში ნამდვილად არ შედიოდა.
ქართველმა საზოგადოებამ დიდი ხანია იცის, რომ გაუპატიურება და მსგავსი მეთოდებით აღიარებითი ჩვენების მოპოვება წინა ხელისუფლების ხელწერა იყო.
მსგავსი სისტემური დანაშაულის წყალობით პოულობდნენ “ჯაშუშებსა” და “ტერორისტებს”, მეტიც, ჯერ ადამიანზე ავრცელებდნენ ინფორმაციას და ტერორისტული აქტის სცენარს ამის შემდეგ დგამდნენ. სასურველი ჩვენების მისაღებად კი მწამებლები და გამაუპატიურებლები ჰყავდათ დაქირავებული და “სამუშაოსთვის” ფულს უხდიდნენ. 2012 წელს ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, დანაშაულებრივი სისტემა კიდევ უფრო დიდი მასშტაბით იმუშავებდა – ეს წინა ხელისუფლების იდეოლოგია და მართვის სტილი გახლდათ. პოლიტიკურ ოპონენტებსაც ანალოგიური მეთოდებით უსწორდებოდნენ.
რამდენიმე ჩემს კოლეგას გაუპატიურებით ღიად დაემუქრნენ. ზოგს მის თვალწინ მეუღლისა და შვილის გაუპატიურებით აშინებდნენ. ამის ამსახველი ჩანაწერებიც არსებობს.
ექსპერტი ვახტანგ მაისაია ფირის გავრცელებას “ნაციონალურ მოძრაობასა” და გუნდის ყოფილ წევრებს, “მასტერასა” (კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გია დგებუაძე) და მეგის ქარდავას უკავშირებს. მისი განცხადებით, ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ქვეყნიდან გატანილი ჩანაწერების ორიგინალები უკრაინაში სააკაშვილის ერთ-ერთ მთავარ ოპონენტს, უკრაინელ ოლიგარქ კოლომოისკის მიჰყიდეს.
ვახტანგ მაისაია: “საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე მეგის ქარდავამ და “მასტერამ” ადამიანების წამებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების ორიგინალები ქვეყნიდან გაიტანეს. ორივე მათგანი სისტემური დანაშაულის ორგანიზატორი და შემსრულებელია და, ბუნებრივია, იმასაც ხვდებოდნენ, რომ ჩადენილი სისასტიკისა და დანაშაულის გამო ახალი ხელისუფლების პირობებში ციხეში მრავალი წლით ამოყოფდნენ თავს. როგორც ამბობენ, ბოლო პერიოდში ქვეყნიდან გაქცეული მეგის ქარდავა და “მასტერა” “ნაციონალურ მოძრაობას” დაუპირისპირდნენ – იმის გამო, რომ პარტია მათ სათანადო ყურადღებას არ აქცევდა, შესაძლოა, ქარდავამ და “მასტერამ” თანაგუნდელებზე შურისძიება გადაწყვიტეს. “მასტერა” ჰოლანდიის ციხეში ზის და ქართული მხარე მის ექსტრადიციას ი|თხოვს, მეგის ქარდავა კი თავისუფლად დაიარება. როგორც ვიცი, რამდენიმე დღის წინ უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი ევროპაში იმყოფებოდა, სადაც სწორედ ქარდავას შეხვდა და მისგან სააკაშვილის საწინააღმდეგო კომპრომატები შეიძინა. კოლომოისკის უკრაინაში ტელევიზია და უამრავი საინფორმაციო სააგენტო აქვს. ასე რომ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ფირი მხოლოდ დასაწყისია – სააკაშვილს კიდევ არაერთ სიურპრიზს მოუწყობენ. ვფიქრობ, უკრაინელებიც მალე მიხვდებიან, სააკაშვილი და მისი ჯგუფი რეალურად რა ძალას წარმოადგენენ. სააკაშვილი უკრაინაში ისედაც რთულ ვითარებაშია – ცოტა ხნის წინ ის ადგილობრივ მოსახლეობას დაუპირისპირდა და მუშტის ქნევით დაემუქრა კიდეც. გავრცელებული ფირის გარეშეც კარგად ვიცი, რა ხდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში, რადგან სისტემური დანაშაული პირადად მეც შემეხო.
საკუთარი თვალით ვნახე, როგორ დააბეს ციხეში ადამიანი და მას ძაღლივით ყეფას აიძულებდნენ. ამ ფაქტს ჩემ გარდა უამრავი ადამიანი დაადასტურებს, თუმცა ეს მხოლოდ მსუბუქი მაგალითია იმისა, რაც წლების განმავლობაში ციხეებში რეალურად ხდებოდა”.
უკრაინულ საიტზე ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ს 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
„ახალი თაობა“, 19 ოქტომბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ტრისტან წითელაშვილთან: „ეს შემზარავი კადრები კოლომოისკის კოდუამ გადასცა… ახლო მომავალში კიდევ უფრო საზარელი კადრები გამოქვეყნდება“
შორენა მარსაგიშვილი
17 ოქტომბერს უკრაინულმა სააგენტომ სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი საშინელი კადრები გაასაჯაროვა. ამ კადრების გავრცელებას საქართველოში მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. როგორ მოხვდა ეს კადრები უკრაინელების ხელში, რა სიურპრიზს უმზადებენ სააკაშვილს მისი ოპონენტები, რა კადრები გავრცელდება ახლო მომავალში, რატომ უნდა შეცვივდნენ ნაციონალები საკუთარი ფეხით ციხეში? – ამის შესახებ `ახალ თაობას~ ყოფილი პოლიტპატიმარი ტრისტან წითელაშვილი ესაუბრება.
- თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საიდან მოხვდა სამეგრელოს სამალავებში ნაპოვნი კადრები უკრაინელთა ხელში?
- ეს კადრები გაავრცელა დნეპროპეტროვსკის ყოფილმა გუბერნატორმა კოლომოისკიმ. ახლო მომავალში ის კიდევ გაავრცელებს კადრებს, რითაც სააკაშვილს საბოლოოდ ჩამოგლეჯს ნიღაბს.
- კოლომოისკის საიდან ჩაუვარდა ხელში ეს კადრები? ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათ სამეგრელოს სამალავებში ნაპოვნი ფირები გაანადგურეს.
- მათ ეს კადრები მართლა გაანადგურეს, მაგრამ ეს მხოლოდ კადრების ასლებია. დედნები „ნაციონალების“ ხელშია. მათ ბევრი საშინელი კადრი წაიღეს თან. მათი გამოქვეყნება ეტაპობრივად მოხდება.
- რაში აწყობთ საკუთარი თავის მაკომპრომეტებელი კადრების გამოქვეყნება?
- ეს კადრები ნაციონალების ერთი ჯგუფის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამ კადრებს ის ფრთა გაასაჯაროებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან არის დაპირისპირებული. ახლაც ასე მოხდა. რამდენიმე დღის წინ ქართულ მედიაში დაიწერა, რომ კოლომოისკი შვეიცარიაში შეხვდა ერეკლე კოდუას. სააკაშვილის დაუძინებელი მტერი სააკაშვილის ყოფილ თანამოაზრეს შემთხვევით არ შეხვდებოდა.
- რატომ გგონიათ, რომ ერეკლე კოდუა სააკაშვილის ყოფილი თანამოაზრეა? აქამდე არსად თქმულა, რომ მათ შორის რაიმე უთანხმოება არსებობს.
- იმიტომ მგონია, რომ ერეკლე კოდუა უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე არ მიუწვევიათ, თანაც მისი და კოლომოისკის შეხვედრიდან მოკლე ხანში ეს საშინელი კადრები გასაჯაროვდა. დარწმუნებული ვარ, ეს ფირები ყოფილ გუბერნატორს სოდის ყოფილმა უფროსმა გადასცა.
- კოლომოისკისა და კოდუას შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი ავრცელებს. რა გარანტია გვაქვს, რომ ის სიმართლეს ამბობს?
- ეს ინფორმაცია მე ჩემს უკრაინელ მეგობრებთანაც გადავამოწმე. ისინი მიდასტურებენ, რომ კოლომოისკი მართლაც შეხვდა კოდუას და ეს შემზარავი კადრებიც მისგან მიიღო. როგორც ჩემი უკრაინელი მეგობრები ამბობენ, ყოფილ გუბერნატორს სააკაშვილის მამხილებელი სხვა კადრებიც ბლომად აქვს. ეს ადამიანი ფულს არ ინანებს იმაში, რომ სააკაშვილი როგორმე მოაშოროს უკრაინას.
- დარწმუნებული ხართ, რომ ეს კადრები სააკაშვილის ჩასაძირად ვრცელდება?
- აბა, სხვა ვინ უნდა ჩაძირონ? როცა საქართველოში ადამიანებს ასეთი არაადამიანური მეთოდებით აწამებდნენ, სააკაშვილი იყო პრეზიდენტი.
- „ნაციონალები“ ამბობენ, რომ სააკაშვილი საქმის კურსში არ იყო.
- სააკაშვილმა ყველაზე უკეთესად იცოდა ამ საშინელი ფაქტების შესახებ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის ხშირად უყურებდა ამ ფირებს. მან ასევე კარგად იცოდა, რომელ ადგილებში იყო ასეთი ჯურღმულები, სადაც გატაცებული ადამიანების წამება ხდებოდა. ხელისუფლებაში ყოფნისას „ნაციონალები“ რაღაცა მიწისქვეშა ობიექტებს აშენებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ეს მტრის შესაძლო შემოსევის დროს უნდა გამოეყენებინათ. სინამდვილეში კი იქ აწამებდნენ ადამიანებს. ასეთი ადგილი სამეგრელოში უკვე აღმოაჩინეს, მაგრამ არის კიდევ სხვა ჯურღმულები.
- თქვენ იცით, სად არის ასეთი ადგილები?
- მათ რამდენიმე ადგილას ჰქონდათ ასეთი საწამებელი ადგილები. ყველას ადგილმდებარეობა თავად ნაციონალებმაც არ იციან. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ჯურღმული აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კი ნორიოს ტყეშია. ამ ტყეში ამზადებდნენ საიდუმლო დანიშნულების რაზმს და აქვე მიჰყავდათ გატაცებული ადამიანები, რომლებთაგანაც სასურველ ჩვენებებს წამების არნახული მეთოდებით იღებდნენ. ამ წამებას კი ვიდეოზე იღებდნენ და ინახავდნენ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, წაიყვანოს ჟურნალისტები და კარგად დაათვალიერებინოს ეს ადგილები, თავიდან ბოლომდე აჩვენონ ეს ჯურღმულები. იქ ერთი შეხედვითაც კი ნათლად ჩანს, რომ ობიექტი მტერთან საბრძოლველად არ გამოიყენება.
- რატომღაც ისე მოხდა, რომ ამ კადრების გავრცელება დაემთხვა ენდიაის კვლევის შედეგების გამოქვეყნებას. ამ კვლევის მიხედვით, ნაციონალებს უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ, ვიდრე მეოცნებეებს. ყოფილი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კადრები ამ ამბის გადასაფარად გასაჯაროვდა.
- ეს არის ნაციონალების მიერ მოგონილი სასაცილო არგუმენტი. ათას სისულელეს იგონებენ, რომ როგორმე საკუთარი თავი გადაირჩინონ. ენდიაის ისეთი არაფერი უთქვამს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამის გადასაფარავად ასეთი საშინელი კადრები გამოეყენებინა.
- თქვენი აზრით, არაფერია, როცა ოპოზიციური პარტიის რეიტინგი სახელისუფლებოს რეიტინგზე მაღალია?
- გააჩნია, ვინ გამოაქვეყნებს ამ რეიტინგებს. ენდიაის კვლევები სასაცილოდაც კი აღარავის ჰყოფნის. მათ 2012 წლის არჩევნების წინაც გამოაქვეყნეს კვლევა. არჩევნებზე სრულიად საპირისპირო შედეგი დაიდო. თქვენ რა გგონიათ, ნავარო რადგან წავიდა, ესენი სიმართლეს გამოაქვეყნებდნენ? ნავაროზე უარესები არიან მაგ ორგანიზაციაში. მათ კვლევაზე ხელისუფლებას რეაქცია არ ჰქონია და არც იმ საშინელებების გამოქვეყნება სჭირდებოდა. წესითა და რიგით, ეს კადრები მაშინვე უნდა გაესაჯაროებინათ, როცა აღმოაჩინეს. ვიცი, მძიმე სანახავია, მაგრამ ხალხს უნდა სცოდნოდა, ვის ხელში იყო საქართველო. დიპლომატებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროპის სახალხო პარტიას ყველაფერზე აქვთ რეაქცია. ამ კადრებზე რატომღაც ხმა არ ამოუღიათ. კარგი იქნება, თუ მათ შსს-ში დაიბარებენ და ამ საშინელებას აჩვენებენ.
- რა აზრი აქვს დიპლომატებისთვის ამის ჩვენებას? ეს ფირები მათ თავის დროზე ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე აჩვენა. ისინი ხელისუფლებაზე გამწარდნენ და მაშინდელ შს მინისტრს უთხრეს, თავიდანვე უნდა გეთქვათ, რის ჩვენებასაც აპირებდითო. ახლა შეცვლიდნენ ვითომ პოზიციას?
- არც ახლა შეცვლიან პოზიციას, მაგრამ მაინც უნდა აჩვენონ და მედიამ მათი პოზიციები დააფიქსიროს. ყველას ვაჩვენოთ, რომ მათ საშინელებებზე არ აქვთ რეაქცია და ამით ხელს აფარებენ დამნაშავე ნაციონალებს. რამდენიმე მათგანი, ალბათ, შეძრწუნებულია, მაგრამ ხმას ვერ იღებს.
- რატომ ვერ იღებენ ხმას?
- მათ დასადუმებლად ნაციონალებმა თავის დროზე განსაკუთრებული ზომები მიიღეს. თქვენ რა გგონიათ, ეს საშინელი ნაციონალები მხოლოდ ოპოზიციას უთვალთვალებდნენ? ისინი დიპლომატებსაც დასდევდნენ. ბევრ მათგანს ფული გადაუხადეს, მაგრამ, თავი რომ დაეზღვიათ, გადაუღეს კიდევაც.
- რა გადაუღეს ამისთანა, დღემდე რომ მდუმარებაში არიან?
- ამ უცხოელებისთვის წინასწარ დაჯავშნილი ჰქონდათ სასტუმროს ნომრები, სადაც ფარული ვიდეოკამერები ეყენათ. უცხოელებს კარგად გაუმასპინძლდებოდნენ და ათრობდნენ, მერე ნომერში ქალებს უგზავნიდნენ, სპეციალურად გაწვრთნილი ქალები მათ ამორალური ქმედებისკენ უბიძგებდნენ, ეს ყველაფერი კი იწერებოდა. რაღაც დროის გასვლის შემდეგ ნაციონალები მათ ამ ფირებს უგზავნიდნენ. ისინიც იძულებული იყვნენ, დადუმებულიყვნენ. ის ფირები ყოფილ ხელისუფლებას კარგად აქვს შენახული. არანაკლებ სკანდალური ფირები არსებობს ზოგიერთ მინისტრსა და დეპუტატზე. ამ ფირების წყალობით მოგვახვიეს თავზე კოაბიტაცია. ხელისუფლების ზოგიერთ წევრს შეხედეთ, ნაციონალების მიმართ კანფეტივით რომ არიან მომბალები.
- ვისზე აქვთ ნაციონალებს კომპრომატები?
- გადახედეთ დეპუტატებსა და მინისტრებს. ვინც ნაციონალებს ენის მოჩლექით ელაპარაკება, მათზე აქვთ ფირები. განსაკუთრებით რბილები ალასანია და რესპუბლიკელები არიან. მათზე ყველაზე მეტი მასალა არსებობს. რესპუბლიკელები ამ ფირების გარეშეც ჩახუტებული იყვნენ ნაციონალებთან. სხვანაირად რომ იყოს, გასაკვირია. ეგ ორი პარტია ერთი დედის – თავისუფლების ინსტიტუტის წიაღში იშვა. ორივეს მამა სოროსია. აქედან გამომდინარე, არ გამკვირვებია თინა ხიდაშელის რეაქცია, რომელიც ამ საშინელებების ჩამდენის დასჯას კი არ ითხოვს, არამედ იმათ გამოვლენას აპირებს, ვინც ეს საზარელი კადრები გაავრცელა.
- ამ კადრების გამავრცელებლის გამოვლენაც საჭიროა. ხომ უნდა ვიცოდეთ, ვინ და რა მიზნით ავრცელებს ამ კადრებს.
- რად უნდა ამას გამოვლენა. ამ ფირებს სააკაშვილის დაუძინებელი მტერი კოლომოისკი ავრცელებს. მისი მიზანი სააკაშვილის უკრაინიდან გაძევებაა. უკრაინელები ჩვენზე ადრე მიხვდნენ, ვისთან აქვთ საქმე. ჩემმა მეგობრებმა უკრაინიდან მაცნობეს, რომ ახლო მომავალში კიდევ გავრცელდება კადრები. ისინი კიდევ უფრო საშინელი იქნება.
- ამაზე დიდი საშინელება რა უნდა იყოს?
- სამწუხაროდ, ისეთი საშინელებები და საზიზღრობები აქვთ ჩადენილი, ადამიანის გონება რომ ვერ წარმოიდგენს. ამ ფირების ხილვა ძნელი იქნება, კომპრომატებით გამოჭერილი რესპუბლიკელები აყვირდებიან, მაგრამ ისინი უნდა ვანახოთ საზოგადოებას. გადმოცემით ისედაც ყველამ ყველაფერი იცის. მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაიწყოს პროცედურები სააკაშვილის აქ ჩამოსაყვანად. ამ ადამიანის ადგილი ციხეშია. მას გვერდით ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანი უნდა მივუსვათ. ხელისუფლებამ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე სისხლისღვრამდე მივა.
- რა გაძლევთ ამის თქმის საბაბს?
- ხალხის განწყობა. ეს საშინელება რომ ვნახე, მეც არაერთი რადიკალური მოწოდება გავაკეთე. ასეთი რამის მოთმენა დაუშვებელია. ხელისუფლება თავად თუ არ დასჯის ნაციონალებს, ამას ჩვენ, ხალხი, გავაკეთებთ. ვურჩევ ნაციონალებს, საკუთარი ფეხით წავიდნენ ციხეში. იქ ხალხის რისხვისგან დაცული იქნებიან.
„ახალი თაობა“, 19 ოქტომბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ნუგზარ წიკლაურთან: „ვიწყებთ ხელისუფლების გადმობარებას… „ქართული ოცნება“ უკვე პოლიტიკურ მოუსავლეთშია”
„ენდიაი“-ს მიერ კვლევის შედეგების გამოცხადებას საქართველოში დიდი აურზაური მოჰყვა. ნაციონალები წინასწარ ზეიმობენ არჩევნების მოგებას. „ქართული ოცნება~, ტრადიციულად, უნდობლობას უცხადებს კვლევის შედეგებს.
„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური „ახალ თაობასთან“ საუბარში აცხადებს, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება გარდაუვალია. ის პირობას დებს, რომ მისი პარტია დაამკვიდრებს ახალ სტანდარტს და ისინი უარს იტყვიან ყოველგვარ შურისძიებაზე.
- ენდიაი“-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევას თქვენ, თქვენივე სიტყვებითვე რომ ვთქვათ, ქოცების დაისად მიიჩნევთ. რატომ გგონიათ, რომ ეს ხელისუფლების დაისია?
- დაისია, აბა, რა არის? სახელისუფლებო ძალის რეიტინგს ოპოზიციური პარტიის რეიტინგმა გაუსწრო. მათი რეიტინგის ვარდნა 2913 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მაშინ მმართველი ძალის რეიტინგი 60% იყო. ყველა შემდეგი კვლევა აჩვენებდა, რომ მათ მიმართ ნდობა იკლებდა. ჯერ 44%-ზე ჩამოვიდნენ, მერე იყო 24%, ახლა კი მხოლოდ 14% მიიღეს. ეს არის სავსებით ნორმალური ტენდენცია.
- რატომ მიიჩნევთ მათი რეიტინგის ასეთ ვარდნას ნორმალურ ტენდენციად?
- საზოგადოებაში არ არსებობს არცერთი ფენა, რომლის მიმართ მიცემული წინასაარჩევნო დაპირებები „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა. ამიტომაც მათი რეიტინგის ვარდნა არის სრულიად შეუქცევადი პროცესი. ამას ვეღარ გამოასწორებენ. მათ მიმართ ნდობა პრაქტიკულად აღარ არსებობს.
- „ქართული ოცნება“ აღიარებს, რომ 2012 წელთან შედარებით მათი რეიტინგი შემცირდა, მაგრამ ბოლო კვლევას სასაცილოდ მიიჩნევს.
- ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ყველგან მაღალი ნდობით სარგებლობს. მას კვლევებისთვის კორექტირების გაკეთება არაფერში სჭირდება. ეს არის ის შედეგი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თავისი უუნარობით დაიმსახურა. ეს არის შედეგი, რომელიც ნაციონალებს იმ ხალხთან მუშაობას ავალებს, რომელიც არ ჩამოყალიბებულა, ვის დაუჭიროს მხარი. ჩვენ ეს ხალხი უნდა დავარწმუნოთ, რომ მხარი ნაცმოძრაობას დაუჭიროს.
- რატომ უნდა დაუჭიროს ამ ხალხმა მხარი მაინცდამაინც „ნაციონალურ მოძრაობას“?
- ჩვენს შეცდომებზე ბევრი რამ ვისწავლეთ. ამ სამი წლის განმავლობაში არნახული წნეხისა და ზეწოლის პირობებში შევინარჩუნეთ ერთიანობა და გავაჩინეთ ალტერნატივა, რომ „ქართულ ოცნებას“ მთელი პოლიტიკური ველის მონოპოლიზება არ მოეხდინა. ხელისუფლება პოლიტიკური ველის განვითარების ნაცვლად ყველაფერს აკეთებდა, რომ მოწინააღმდეგე ძალა გაენადგურებინა. ამ ბრძოლაში „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი დაივიწყა. ხალხი ხელისუფლებას მხოლოდ იმიტომ ირჩევს, რომ მის წინაშე არსებული პრობლემები მოაგვაროს. ერთი მითხარით, რა პრობლემა უნდა გადაჭრას ნარმანიამ თბილისისთვის? ან რა პრობლემები უნდა მოაგვაროს ნოდარ ხადურმა, რომელმაც ისიც კი არ იკადრა, რომ პარლამენტში მოსულიყო და ბიუჯეტის პროექტზე ელაპარაკა. საბედნიეროდ, ამომრჩეველი გამოერკვა და მიხვდა, რომ ეს ხალხი მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს. ამით არის გამოწვეული მმართველი ძალის რეიტინგის ისეთი ვარდნა, რომელიც აქამდე არსად დაფიქსირებულა. საქართველოში მხოლოდ ერთხელ იყო ასეთი ფაქტი, როცა სამთავრობო პარტიას ოპოზიციურ ძალაზე ნაკლები რეიტინგი ჰქონდა.
- ეს როდის იყო?
- ასეთი რამე საქართველოს ისტორიაში პირველად 2003 წელს დაფიქსირდა. რაც მოჰყვა ამას, ყველამ ვიცით, მმართველმა ძალამ გააყალბა არჩევნები და ამის გამო გაძევებულ იქნა ხელისუფლებიდან.
- თქვენი აზრით, „ქართული ოცნებაც“ შეეცდება არჩევნების გაყალბებას?
- შეეცდება და შევარდნაძის ბედს გაიზიარებს, ხალხი მასაც გააძევებს. ახლა ჩვენ ძალიან სერიოზული საქმიანობის ჩატარება გვმართებს. ხალხს უნდა ვუთხრათ, რომ არანაირი შურისძიება არ იქნება. პოლიტიკური შურისძიება საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს.
- ასეთი რამ საქართველოში შესაძლებელია?
- რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პოლიტიკური შურისძიება წარსულში დარჩეს. ამის გაკეთება „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია. 2012 წელს ჩვენ დავამკვიდრეთ პრეცედენტი იმისა, რომ არჩევნების დამარცხების შემდეგ ხელისუფლება მშვიდობიანად გადავეცით გამარჯვებულს. ზუსტად ასევე უნდა დავნერგოთ პრეცედენტი იმისა, რომ პოლიტიკური შურისძიება აღარ იყოს. ამით საქართველო ევროპული განვითარების გზაზე ერთი ნაბიჯით წინ წაიწევს.
- ისე საუბრობთ, პოლიტიკური შურისძიება უნდა დავასრულოთო, რომ დარწმუნებული ხართ არჩევნების მოგებაში. ნაადრევი ხომ არ არის „ნაციონალების“ საზეიმო განწყობა?
- არჩევნებზე გადაწყვეტილებას ხალხი იღებს და ასე თამამად იმიტომ ვსაუბრობ, რომ კარგად ვხედავ ხალხის განწყობას. დამიჯერეთ, „ქართული ოცნება“ უკვე პოლიტიკურ მოუსავლეთშია და ჩვენ, ფაქტობრივად, ხელისუფლების გადმობარებას ვიწყებთ.
- პოლიტიკურ მოუსავლეთში რანაირადაა, ჯერ ისევ ხელისუფლებაშია.
- 65%-იან რეიტინგს 2 წელიწადში 14%-მდე რომ დაიყვან, ეს პოლიტიკური მოუსავლეთია, აბა, რა არის? ამიტომ მათ ჩვენს სერიოზულ კონკურენტად აღარ განვიხილავ. სახარბიელო მდგომარეობა რეიტინგების თვალსაზრისით არც ოპოზიციურ ძალებს აქვთ. ირაკლი ალასანიას, ნინო ბურჯანაძისა და ირმა ინაშვილის პარტიების რეიტინგი 5%-ზე ნაკლებია. პოლიტიკურ მოუსავლეთში წასული „ქართული ოცნების“ ერთადერთი ალტერნატივა ნაციონალური მოძრაობა იქნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სხვა ძალებთან კომუნიკაციაზე უარს ვიტყვით. ის ხალხი, ვინც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, არის უპასუხისმგებლო. ისინი სხვადასხვა სამსახურში არიან დასაქმებული და ხელისუფლების დაკარგვას იოლად არ შეეგუებიან. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, ხელისუფლებამ ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომლებიც აგონიაში მყოფისთვის არის დამახასიათებელი. ამ ყველაფრის მიუხედავად, გადამწყვეტი იქნება ხალხის სიბრძნე, ვიდრე ერთეული ბიუჯეტიჭამიების სურვილი, როგორმე არიონ ვითარება ქვეყანაში.
- ამ კვლევების მიხედვით ირკვევა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არავის უჭერს მხარს. თქვენ კი ამბობთ, რომ მათი მხარდაჭერის მოსაპოვებლად იბრძოლებთ, მაგრამ ეს მასა პრორუსული ძალებისთვის ნოყიერი ნიადაგი ხომ არ იქნება? საუბარია იმ ძალებზე, რომელთა ჩამოყალიბებაც მომავალში იგეგმება.
- რაღაც ახალი ძალები გამოჩნდებიან, რომლებიც რუსეთის მხარდამჭერები იქნებიან, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწევენ. ამის თქმის საბაბს ჩემი ხალხის განწყობა მაძლევს. ჩემი ხალხი მხარს ევროპულ განვითარებას უჭერს.
„ახალი თაობა“, 19 ოქტომბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ოცნების“ დაკარგული ხმები „ნაციონალებთან“ არ მიდის“
ნათია ხურცილავა
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც გამოცდილი პოლიტიკური ძალა, დაანონსებული აქციებით ცდილობს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესი დაიწყოს.
- ნაციონალებს აქვთ საპარლამენტო ტრიბუნა, რომელსაც ხმაურიანად იყენებენ. მათი აქტიურობის მთავარი შედეგი უნდა ყოფილიყო საზოგადოებაში მიუღებლობის შერბილება. დროდადრო ისინი თემატურ აქციებს მართავენ, მაგრამ ეს აქციები ერთ მიზანს ემსახურება, – ამბობს პოლიტოლოგი.
– კონკრეტულად რა მიზანს?
- რომ ნახონ, შეიცვალა თუ არა საზოგადოების დამოკიდებულება მათდამი, ცოტათი მოლბა თუ არა ხალხი მათ მიმართ. ამ მიზანს ემსახურებოდა ის აქციაც, რომელიც გაზპრომთან დაკავშირებით გამართეს. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, გაზომონ რეიტინგი პირდაპირ აქციაზე.
- თუ ეს აქციები პირად რეიტინგს ემსახურება, მაშინ არასაპარლამენტო ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა რამდენად შეძლებენ ერთ მაგიდასთან დასხდომას?
- არასაპარლამენტო ოპოზიციაც გააქტიურდა. თემაა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და რუსთავი 2-ის საკითხი. ზოგადად მედიასთან დაკავშირებით ხელისუფლება გაცილებით ფრთხილი უნდა იყოს. მედია ყოველთვის სენსიტიურია საზოგადოებისთვის. ვინ იქ-ება ამ თემების ირგვლივ წამყვანი ძალა, არასაპარლამენტო ოპოზიცია თუ ნაციონალური მოძრაობა, ეს იქნება საჭიდაო. არასაპარლამენტო ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა ჯერ ერთად, როგორც დანარჩენი ოპოზიცია, არ მოიაზრებიან.
- თუმცა, ერთ მაგიდასთან სხედან, მაგალითად, საარჩევნო კოდექსზე და ნაციონალური მოძრაობა კონსულტაციებსაც აპირებს პერმანენტული აქციების გამართვასთან დაკავშირებით.
- დიახ, ეს დააანონსა ნაციონალურმა მოძრაობამ, მაგრამ რამდენად შეძლებს? ვინ მივა მასთან კონსულტაციებზე და ვინ გამოვა ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად აქციებზე? ეს არის საინტერესო.
ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ გარკვეული კონსულტაციები იყოს ისეთ საკითხზე, როგორიც არის საარჩევნო კოდექსის ცვლილება, 200 ათასი ხელმოწერის შეგროვება, რომელიც შეგროვდა კიდეც.
პოლიტოლოგს არ ჰგონია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობის აქციებზე მივიდეს, რადგან დანარჩენი ოპოზიცია ნაციონალებთან ერთი ქოლგის ქვეშ მოხვედრას ერიდება.
- რით შეიძლება იყოს ეს განპირობებული, მხოლოდ ნაციონალური მოძრობის წარსულით?
- აშკარად იგრძნობა, რომ ოპოზიციურ სპექტრში კონკურენციაა. ვინ იქნება ოპოზიციის ლიდერი 2016 წელს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცხადია, ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკურად გამოცდილი ძალა, ამას ცდილობს და ამისთვის ბრძოლა დაწყებულიც აქვს, ეს ღიად ჩანს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საზოგადოებაში ნაციონალური მოძრაობის მიმართ დამოკიდებულება დიდად არ შეცვლილა.
- ფიქრობთ, საერთოდ არ შეცვლილა?
- დიდად არ შეცვლილა. თუ რუსთავი 2-ის, როგორც დამოუკიდებელი მედიის დამცველი წამყვანი პოლიტიკური ძალა იქნება ნაციონალური მოძრაობა, მაშინ ეს საპროტესტო აქცია ვერ გასცდება პოლიტიკური აქტივის ფარგლებს.
- ამ ფონზე საინტერესოა ირაკლი ალასანიასა და თავისუფალი დემოკრატების პოზიციები.
- საკმაოდ გონიერი ხალხი მგონია თავისუფალ დემოკრატებში და ამიტომ გამოვრიცხავ, რომ ნაციონალური მოძრაობა და ალასანიას გუნდი ერთად ვიხილოთ. ალბათ, მათ არ გაუჭირდებათ იმის მიხვედრა, რომ ნაციონალებთან ერთად დივიდენდებს ვერ მიიღებენ, მათთან ერთად მომავალი არ აქვთ.
- „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაკლებულია. ეს ნიშნავს თუ არა, რომ ეს ხმები, რაც მათ აკლდებათ, ნაციონალურ მოძრაობას ემატება?
- არამცდაარამც. „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს კარგავს, მაგრამ ეს ხმები ჯერჯერობით არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან არ მიდის, ნეიტრალური რჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ამომრჩეველი შეიძლება საერთოდ არ წავიდეს არჩევნებზე და სახლში დარჩეს. ეს კი ძალიან ცუდი იქნება.
„ახალი თაობა“, 19 ოქტომბერი, 2015 წელი
„მოსკოვის პროსპექტს აფხაზეთის სახელი დავარქვათ“
რატომ უთხრეს ამაზე უარი მამუკა გვაძაბიას თბილისის საკრებულოში
გულიკო ბალაძე
აფხაზეთიდან დევნილმა, უპარტიოთა მოძრაობის დამფუძნებელმა მამუკა გვაძაბიამ თბილისის მერიას მოსკოვის პროსპექტისთვის სახელის შეცვლისა და მისთვის „აფხაზეთის“ დარქმევის მოთხოვნით მიმართა.
- თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერია დღემდე ატარებს მოსკოვის სახელს. ალოგიკურია და გარკვეულწილად შეურაცხმყოფელიც, ოკუპირებული სახელმწიფოს დედაქალაქის მნიშვნელოვან სატრანსპორტო არტერიას ერქვას ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქის სახელი, – წერს მამუკა გვაძაბია მიმართვაში. იგი მოითხოვს, სასწრაფოდ გადაერქვას მოსკოვის პროსპექტს სახელი და დაერქვას აფხაზეთის პროსპექტი.
- ეს იქნება ლოგიკური, პოლიტიკურადაც გამართლებული და აბსოლუტურად კორექტული, – წერს მამუკა გვაძაბია.
თბილისის საკრებულომ მიმართვას უარით უპასუხა, უარის მიზეზად კი ცვლილების განსახორციელებლად საჭირო რესურსების ხარჯვა მოიტანა.
- თბილისში სამგორის რაიონში უსახელო გამზირს 1960 წელს მიენიჭა მოსკოვის სახელი. გამზირზე ძირითადად განთავსებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები. სახელის ცვლილების შემთხვევაში, გამზირზე მცხოვრები ათასობით ადამიანი დადგება მთელი რიგი ცვლილების განხორციელების აუცილებლობის წინაშე, – ნათქვამია საკრებულოს პასუხში.
საკრებულოში ფიქრობენ, რომ ცვლილების განსახორციელებლად ადმინისტრაციულ ორგანოებს მნიშვნელოვანი რესურსების დახარჯვა მოუწევთ. ეს გამოიწვევს დამატებით ფინანსურ დანახარჯებს გამზირზე მცხოვრებთათვის და რიგი ადმინისტრაციული ორგანოების ბიუჯეტისათვის.
- გარდა ამისა, წარმოუდგენელია, ქუჩების სახელდება განხილული იყოს პოლიტიკურ კონტექსტში. მიუხედავად რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2008 წელს განხორციელებული ფართომასშტაბიანი აგრესიისა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა, ქართველ და რუს ხალხს შორის არ გაწყვეტილა კულტურული, ეკონომიკური და ადამიანების დონეზე არსებული კავშირები, – ფიქრობენ საკრებულოში.
საკრებულო იმასაც აღნიშნავს, რომ მოსკოვის ცენტრალურ ნაწილში, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთდროულად არსებობს „დიდი ქართული ქუჩა“ („ბოლშაია გრუზინსკაია“), „პატარა ქართული ქუჩა“ („მალაია გრუზინსკაია“), „საქართველოს მოედანი“,
საკრებულოს პასუხმა მამუკა გვაძაბიას აღშფოთება გამოიწვია.
- პასუხი ისეთი ცინიკური და „ქართული ოცნების~ სტილშია დაწერილი, პატივმოყვარე და ღირსების მქონე პატრიოტს, უბრალოდ, ქვეყნის მოქალაქეს შეგრცხვება, რომ საქართველოს ასეთი ხელისუფლება და მის ღირსებით აღსავსე დედაქალაქს ასეთი თვითმმართველობა ჰყავს, – აცხადებს მამუკა გვაძაბია.
- როგორც ვიცი, გიპასუხეს, რომ ყოველივე ამას დამატებითი ხარჯები სჭირდება.
- დიახ, უარის ერთ-ერთი მოტივი ფინანსები იყო. ეს არის ცინიზმის უმაღლესი დონე; მაშინ როდესაც საკრებულოს დეპუტატები დანამატებისა და პრემიების სახით კოლოსალურ თანხებს იჯიბავენ, მიზერი თანხა არ უნდათ გადაიხადონ ეროვნული ღირსების საკითხის თუნდაც რაღაც დონეზე გადასაწყვეტად.
- როგორც ჩანს, საკრებულოს საკითხის პოლიტიზება არ უნდა.
- ჰო, რუსეთმა 2008 წელს კი ჩაიდინა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ამ საკითხის პოლიტიზება არ შეიძლებაო. მერე მოსკოვშიც ხომ არის ქუჩების სახელები, რომლებიც საქართველოსთან არის დაკავშირებულიო. რა თქმა უნდა, არის. ჯობს, არ იყოს.
- ამის საპასუხოდ საკრებულოს დეპუტატებს რას ეტყოდით?
- პატივცემულო საკრებულოს დეპუტატებო, საქართველოს ხომ არ აქვს რუსეთის ტერიტორია ოკუპირებული. რუსეთია ოკუპანტი და აგრესორი. ეს არგუმენტი თქვენთვის საკმარისი თუ არ არის, ეს თქვენს ნამუსზე იყოს.
მამუკა გვაძაბია დარწმუნებულია, რომ ეს საკითხი ,,ქართული ოცნების~ ხელმძღვანელობაში უმაღლეს დონეზე განიხილეს `თვით რუსი ოლიგარქის ბორია ივანოვის, იგივე ბიძინა ივანიშვილის დონეზე~.
- ეს კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელია „ქართული ოცნების“ მოღვაწეობის, რომელსაც საკადრისი პასუხი ქართველი ხალხისგან მალე გაეცემა, – ამბობს მამუკა გვაძაბია.
- დაუჯერებელია, ეს რა „უმაღლეს“ დონეზე განსახილველი თემა იყო?
- ამის შესახებ დანამდვილებით ვიცი.
- აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ რატომ არ შეუცვალა მოსკოვის პროსპექტს სახელი? ცხელ გულზე სახელის შეცვლა ყველანაირად გამართლებული იქნებოდა.
- ძალიან ცუდი, სააკაშვილის ხელისუფლებამ რომ არ შეუცვალა ამ ქუჩას სახელი. ყველა ხელისუფლება ერთნაირია.