globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 19 ოქტომბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Oct 19th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: „ნაცმოძრაობის“ მსუყე ლუკმა თუ „ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობა

„რეზონანსი“: მეორე ტურზე დაბალი აქტივობის მოლოდინია // „ოცნება“ არ უნდა იყოს დაიმედებული, რომ თითს თუ არ გაანძრევენ, 30 ოქტომბერს საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებენ“

„რეზონანსი“: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „გიორგი მარგველაშვილმა შესაძლოა მესამე პოლიტიკური ძალის ფორმირება დაიწყოს“ // „არ გვყავს საზოგადოება, რომელსაც მაღალი საპროტესტო მუხტი გააჩნია და ხელისუფლებას მისი ეშინოდეს“

„რეზონანსი“: ინტერვიუ შალვა შავგულიძესთან: „პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ ფეხზე დადგომას შეძლებს“ // „არ გამეხარდება, თუ პარტიის ყოფილი წევრები მთავრობაში თანამდებობებზე დაინიშნებიან“

„რეზონანსი“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ნაციონალების“ მთავარ პრობლემას სააკაშვილის მოშორება წარმოადგენს”

—–

საქართველო და მსოფლიო: არაერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“ და სრულიად „თავისუფალი დემოკრატები“

საქართველო და მსოფლიო: ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან: მივიღეთ ის საქართველო, რომელზეც ამერიკა ოცნებობდა“

—–

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „საკონსტიტუციო უმრავლესობა დემოკრატიისთვის დამიზნებული ლულაა“ // „ჩვენმა საზოგადოებამ უკვე მერამდენედ დაამტკიცა, რომ ოთხ წელიწადში ერთხელ ბრბოდ იქცევა“ // „რა უნდა სამოქალაქო აქტივისტს მმართველი პარტიის რიგებში?!“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „დეპუტატის იმუნიტეტი და პარტიების დაფინანსება გასაუქმებელია“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „მიხეილ სააკაშვილი ურჩ თანაპარტიელებზე შურისძიებას აპირებს“ //  „ელოდეთ ფარულ ჩანაწერებსა და თავდასხმებს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „სოხუმში ტერაქტის კვალი ისლამურ სახელმწიფოსთან მიდის“

—–

„რეზონანსი“: რა საჩუქარს გვპირდება რუსეთი // მოსკოვში დიდი მოლოდინია, რომ არჩევნების შემდეგ „ოცნება“ კრემლთან ურთიერთობის კორექტირებას მოახდენს

„რეზონანსი“: მომავალი ბიუჯეტი ვალებით ამოივსება // „ქვეყანა არის ისეთ რეალობაში, რომ ახალი ვალდებულებების აღება ნამდვილად მოგვიწევს“

——————-

„რეზონანსი“, 19 ოქტომბერი, 2016 წელი

ნაცმოძრაობის მსუყე ლუკმა თუ ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობა

თაკო მათეშვილი

სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოწოდებას არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მხარდაჭერის თაობაზე სხვადასხვაგვარად აფასებენ. პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამგვარი მოწოდება არაეთიკურია, თუმცა საჭირო. მეორე ნაწილი კი “ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლეობის მოპოვებაზე დიდ საფრთხედ პარლამენტში “ნაცმოძრაობის” დიდი დოზით მოსვლას მიიჩნევს.

მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ არჩევნებში მეორე ტური ხდებოდა საჭირო, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილი, ასევე ზოგიერთი მედიასაშუალებაც აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ საჭიროა მეორე ტურში რაც შეიძლება მეტმა ოპოზიციონერმა გაიმარჯვოს, რათა “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლოს.

გუშინ კი სპეციალური მიმართვაც გავრცელდა, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი პროდასავლურ პარტიებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. აღნიშნულია, რომ არსებობს საშიშროება, ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა დამკვიდრდეს, ქვეყანამ დემოკრატიული პრინციპებიდან გადაუხვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად კი სწორედ ოპოზიციის მხადაჭერაა საჭირო.

“არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ცალსახად გამოიკვეთა ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პერსპექტივა, რამაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს დემოკრატიული პროცესი. თქვენ ყველაზე კარგად მოგეხსენებათ, რა სავალალო შედეგები მოუტანა ქვეყანას 2008 წლის მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი პარტიის ხელში აღმოჩენამ. ეს გამოწვევები კიდევ უფრო ძლიერდება მმართველი პარტიის მიერ უკვე დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე. საკონსტიტუციო უმრავლესობა შესაძლებლობას აძლევს მმართველ პარტიას, შეცვალოს კონსტიტუცია და დაარღვიოს სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსი. პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან უკვე გაჟღერდა მინიშნებები პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმებისა და მისი უფლებამოსილების შეკვეცის შესახებ, რამაც შესაძლოა, გზა გაუხსნას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით წარმოდგენილი პარტიის ერთპიროვნულ მმართველობას, გადაიყვანოს ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზიდან და დააკარგვინოს ის მონაპოვარი, რაც ჩვენმა ქვეყანამ 2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარების სახით მოიპოვა.

ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს გამოცდილება, რომ ერთი პარტიის ხელში თავმოყრილი საკონსტიტუციო უმრავლესობა გამორიცხავს სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანეს საშინაო თუ საგარეო საკითხებზე დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრთან კონსულტაციების, კონსენსუსისა და დიალოგის შესაძლებლობებს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, არსებულ სიტუაციაში საზოგადოებამ არჩევნების მეორე ტურში პოლიტიკურ ძალთა ბალანსის პრინციპით იხელმძღვანელოს. მოგმართავთ თქვენ, როგორც ქართულ პოლიტიკაში წარმოდგენილ პროდასავლურ პარტიებს, რომელთათვისაც, გვჯერა, ღირებულია ქვეყნის განვითარების ევროატლანტიკური ვექტორი და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებები, გამოიჩინოთ პოლიტიკური კეთილგონიერება, აარიდოთ ქვეყანას დაუბალანსებელი, ერთპარტიული მმართველობის საშიშროება და მოუწოდოთ თქვენს მხარდამჭერებს მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობის თავიდან ასაცილებლად, არჩევნების მეორე ტურში, არჩევანი ოპოზიციის კანდიდატების სასარგებლოდ გააკეთონ. გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ქართველი პოლიტიკოსები იხელმძღვანელებთ რაციონალიზმის და არა პარტიული დაპირისპირების პრინციპით”, – აღნიშნულია მიმართვაში.

წერილის ადრესატები არიან: “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”, “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები”, ახალი პოლიტიკური ცენტრი – “გირჩი”, “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”, “ახალი მემარჯვენეები”, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, პოლიტიკური პლატფორმა – “ახალი საქართველო”, “საქართველოს ლეიბორისტული პარტია”. ხელს აწერენ: თამარ გურჩიანი, ლაშა ბუღაძე, ნატა ფერაძე, ნინია კაკაბაძე, პაატა შამუგია, ბაია პატარაია, გოგი ხოშტარია, გია ეძგვერაძე, ნიკო ცეცხლაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ვახო ბაბუნაშვილი, მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, აჩიკო გულედანი და ა.შ.

პოლიტოლოგი იგორ კვესელავა თემაზე საუბარს იმით იწყებს, რომ ის ადამიანები, რომელთაც ზემოთ აღნიშნული განცხადება გაავრცელეს, არანაირი ავტორიტეტით არ სარგებლობენ და საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილის ინტერესებს, უფრო ზუსტად კი, ერთი პარტიის – “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს გამოხატავენ. შესაბამისად, მათ ინტერესებს ვიწროსა და ლოკალურს უწოდებს. იგი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის ფლობა განსაკუთრებული საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს და ამბობს, რომ ეს ქართული რეალობისთვის გასაკვირი არც იქნება, რადგან დამოუკიდებლობის ისტორიის განმავლობაში, საქართველოს ყველა ხელისუფლება ასეთივე უმრავლესობით ჰყავდა. შემდეგ კი, კვესელავას თქმით, თავად ამ პარტიების შიგნითვე ხელოვნურად იქნებოდა ოპოზიცია, რათა პარლამენტი ერთპარტიული არ ყოფილიყო. აქვე იმასაც დასძენს, რომ ასეთი პრაქტიკა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია. მათ შორის ევროპაშიც.

მთავარი, მისი აზრით, ის კი არაა, თუ როგორი უმრავლესობით მოვა ხელისუფლება, არამედ ის, თუ როგორ კურსს აირჩევს, დაიცავს თუ არა ახალი პარლამენტი დემოკრატიის პრინციპებს, გაატარებენ თუ არა ისეთ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას, რის გამოც ხალხმა მათ ხმა მისცა და ა.შ. ამ კონკრეტულ შემთხვეაში კი, მისი აზრით, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაშიც კი არ დგას იმის საფრთხე, რომ “ქართულმა ოცნებამ” დემოკრატიულ კურსს გადაუხვიოს, ევროპისაკენ სვლა შეანელოს, ან რამე ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც ქვეყანას დააზარალებს.

“ეს ხელისუფლება არაა ისეთი, რომ დემოკრატიული პროცესები ძალისმიერი მეთოდებით შეზღუდოს. საქართველოში დემოკრატია მათი მოსვლის დღიდან არ შეზღუდულა. ჩვენ რომ ასე თავისუფლად ვსაუბრობთ, ესეც ამის მაგალითია. ოპოზიციური პარტიები უფრო ფლობენ მედიას და აკონტროლებენ მათ, ამ ხელისუფლებას კი არც ერთი ტელევიზია არ ჰყავს, თუკი “ჯი-დი-ეს-ს” არ ჩავთვლით, რომელსაც ჯერჯერობოთ მაღალი რეიტინგი არ აქვს. ამ დროს “ნაცმოძრაობას” ასეთი ძლიერი, კარგად ორგანიზებული და დაფინანსებული არხი აქვს, რომლის გავლენაც საზოგადოებრივ აზრზე ძალიან დიდია. ასე რომ, დემოკრატიული პროცესების შეზღუდვა რომ სდომოდათ, ამას აქამდეც მოახერხებდნენ. შესაბამისად, არ ვიზიარებ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თუკი “ოცნება” პროცესებს თავის ხელში აიღებს, დიქტატურისკენ წავალთ და სახელმწიფო დაზარალდება. ამის საშიშროებას ვერ ვხედავ”, – აცხადებს იგი.

პოლიტოლოგი, “ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის” პრეზიდენტი ირაკლი კიკიანი კი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, ზოგადად რამდენად მართებულია მსგავსი მოწოდებების გაკეთება და აცხადებს, რომ ჩამოყალიბებული საზოგადოების პირობებში ეს საჭირო არ გახდებოდა. ქართული საზოგადოება კი, მისი თქმით, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, პოლიტიკური კულტურა დაბალია და სწორედ ამიტომ პროცესების “ხელოვნურად მართვის” საჭიროებაც დგას.

“სხვა მხრივ, მსგავსი მიმართვები ამომრჩეველზე ზემოქმედებაა და მიუღებელია. ამ შემთხვევაში კი ეს პრინციპულია, რათა ერთპარტიული მმართველობა არ მივიღოთ. სწორედ ამიტომ შეიძლება ეს მიმართვა გამართლებულად მივიჩნიოთ. სრულყოფილი საზოგადოების პირობებში ასეთი მიმართვები არ უნდა კეთდებოდეს”, – აცხადებს ირაკლი კიკიანი.

რაც შეეხება იმას, თუ რატომაა ცუდი პარლამენტში ერთი პარტიის აბსოლუტურ დომინანტად ყოფნა, ირაკლი კიკიანი აცხადებს, რომ საქართველოში მრავალპარტიული სისტემა არ არსებობს და წარსული გამოცდილებაც გვასწავლის, რომ ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში მოქცევა ქვეყნისთვის წამგებიანია. მათ კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებაც უპრობლემოდ შეეძლებათ, რაც, კიკიანის აზრით, არავის და არაფერს წაადგება, განსაკუთრებით იმ “მყიფე” დემოკრატიის პირობებში, რაც საქართველოშია.

“ამომრჩევლის ნებას პატივი უნდა ვცეთ, თუმცა, კიდევ ვუსვამ ხაზს, ეს ხელოვნური ჩარევა, რაც ახლა ხდება, იმიტომაა საჭირო, რომ, მძიმე წარსულიდან გამომდინარე, ისევ ერთპარტიული მმართველობა არ მივიღოთ. თუკი “ნაცმოძრაობის” კანდიდატები ბევრგან გაიმარჯვებენ, მართალია მრავალპარტიული პარლამენტი მაინც არ გვექნება, მაგრამ ორპარტიულიც კი სჯობს ერთპარტიულს. ამ ეტაპზე საქართველოსთვის ესეც პოზიტიურია”, – დასძენს კიკიანი.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური 51 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. 45 მათგანში კი ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან.

„რეზონანსი“, 19 ოქტომბერი, 2016 წელი

მეორე ტურზე დაბალი აქტივობის მოლოდინია // „ოცნებაარ უნდა იყოს დაიმედებული, რომ თითს თუ არ გაანძრევენ, 30 ოქტომბერს საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებენ

თიკო ოსმანოვა

50 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. უმეტეს ოლქში პოლიტოლოგები სახელისუფლებო ძალის მოგებას პროგნოზირებენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, მოსახლეობის დაბალი აქტივობა დაფიქსირდეს, რაც, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტ არჩილ გამზარდიას აზრით, “ნაცმოძრაობის” წისქვილზე დაასხამს წყალს, ამიტომ “ოცნებას” გაქტიურებისკენ მოუწოდებს. მოსახლეობის თუ რა რაოდენობა უნდა მივიდეს კენჭისყრაზე, რომ არჩევნები ლეგიტიმურად გამოცხადდეს, ამასთან დაკავშირებით, საარჩევნო კოდექსში არაფერი წერია, რაც იმას ნიშნავს – დაბალი აქტივობის მიუხედავად არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება.

საარჩევნო კოდექსის 126-ე მუხლში, სადაც არჩევნების მეორე ტურის პროცედურებია განმარტებული, აღნიშნულია, რომ მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც არჩევნების პირველ ტურზე ყველაზე მეტი ხმა შეაგროვეს, თუმცა ვერ შეძლეს დაწესებული 50%-იანი ბარიერის გადალახვა.

“კანონმდებლობის თანახმად, თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ითვლება არჩევნებში მისული მოსახლეობის რაოდენობიდან. საუბარია ოქმში აღნიშნული ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე. ანუ პროცენტული მაჩვენებელი გამოითვლება არჩევნებში მონაწილე რაოდენობიდან. საარჩევნო კოდექსის 126-ე მულხში გაწერილია საქართველოს პარლამენტის მეორე ტურთან დაკავშირებული პროცედურები. მეორე ტურში მონაწილეობას იღებს ის 2 კანდიდატი, რომელსაც არჩევნების პირველ ტურზე ყველაზე მეტი ხმა ჰქონდა დაგროვებული. მეორე ტურში გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს უფრო მეტ ხმათა რაოდენობას. თუ კანდიდატების ხმათა რაოდენობა ერთნაირია, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მიიღო ხმათა უფრო მეტი რაოდენობა. თუ ხმათა ეს რაოდენობაც ტოლია, მაშინ გაიმართება ხელახალი არჩევნები, თუმცა ასეთი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა”, – განგვიმარტა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

პირველი ტურისგან განსხავებით, არჩევნების მეორე ტურზე მოსახლეობის კიდევ უფრო დაბალ აქტივობას ელოდება საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია, თუმცა აქვე იმასაც დაძენს, რომ გარემოებათა მრავალფერონებაა და ამან შეიძლება პირიქით, გაააქტიუროს მოსახლეობა.

“ალბათობა დიდია, რომ არჩევნების მეორე ტურზე მოსახლეობის აქტივობა იყოს მკვეთრად დაბალი ვიდრე პირველ ტურში. თუმცა გამახსენდა თბილისის მერის არჩევნები, როდესაც მოსახლეობის დაბალ აქტივობას ვარაუდობდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა. ახლა ისეთი საინფორმაციო კამპანია მიდის, მიმართვის გავრცელებას ვულიხმობ, გარკვეულწილად ხელოვნურად ხდება რაღაცების ჩართულობა, რომ ამან საერთო ჯამში შეიძლება უკურეაქცია მისცეს და ისევ ისე გაააქტიუროს ამომრჩეველი, როგორც პირველ ტურში და არჩევნებზე მივიდნენ. ეს პროცესი საბოლო ჯამში, რაც ახლა მიმდინარეობს, შეიძლება სრულიად სხვანაირად აირეკლოს ამომრჩეველზე. და ის ადამიანები, რომლებიც მშვიდად უყურებენ პროცესს და არ აქტიურობენ, შეიძლება ახლა ამის გამო მივიდნენ და შესაბამისი კანდიდატი შემოხაზონ. პარადოქსული სიტუაციაა და ასე მარტივად ვერ გააკეთებ პროგნოზს, როგორი იქნება მოსახლეობის აქტიურობა, რაღაც გარემოებათა მრავალფეროვნება გვაქვს”, – უთხრა “რეზონანსს” არჩილ გამზარდიამ. მისივე თქმით, “ოცნებამ” თუ პასიური ამომრჩეველი არ მიიზიდა, იგი ხმებს დაკარგავს და ეს ოპოზიციის წისქვილზე დაასხამს წყალს.

“იმ შემთხვეაში, თუ მოსახლეობის დაბალი აქტივობა დაფიქსირდა, ეს “ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე დაასხამს წყალს. იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” ამომრჩეველი აქტიური არაა და შეიძლება, ბევრი არ მივიდეს. თუ სხვა ტიპის პასიური ამომრჩეველი არ მიიზიდეს, შეიძლება, ხმების რაოდენობა “ქართულმა ოცნებამ” უფრო დაკარგოს, ვიდრე “ნაციონალურმა მოძრაობამ”, იმიტომ რომ “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი აქტიური სტატუსით გამოირჩევა, “ქართული ოცნების” კი – ნაკლები. მოსახლეობის აქტივობას თუ გავითვალიწინებთ, ეს პირდაპირ დაკავშირებულია “ქართული ოცნების” პერსპექტივებზე. „ოცნება” არ უნდა იყოს დაიმედებული, რომ თითს თუ არ გაანძრევენ, 30 ოქტომბერს მიიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ასე არ არის. ამიტომ “ოცნებამ” უნდა იმუშაოს ამომრჩევლის აქტიურობის გაზრდაზე და მათთვის მოტივაციის მიცემაზე”, – გვითხრა არჩილ გამზარდიამ.

არჩევნების მეორე ტურზე მოსახლეობის დაბალ აქტივობას პროგნოზირებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, თუმცა ამბობს, რომ არჩევნები არავითარ შემთხვევაში არ ჩაიშლება. “მოსახლეობის აქტივობა ალბათ პირველ ტურთან შედარებით დაბალი იქნება, თუმცა გამორიცხულია, რომ არჩევნები ჩაიშალოს, რადგან ორივე მხარე მაქსიმალურად ეცდება მისი მომხრეების მობილიზებას. თანაც აქ უკვე 50%-იანი ბარიერი აღარ არის, ჩვეულებრივ ვინც აიღებს მეტ ხმას, გამარჯვებულად ის ითვლება”, – უთხრა “რეზონასს” ვახტანგ ძაბირაძემ.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის არჩევნებში 73 მაჟორიტარული ოლქიდან 50-ში მეორე ტური გაიმართება. პირველი ტურის შედეგებით, ოლქების დიდ ნაწილში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა მეორე ტურში გასულ კანდიდატებზე საშუალოდ 10%-20%-ით მეტი ხმა მიიღეს. თუმცა ვერ შეძლეს 50%-იანი ბარიერის გადალახვა. არის რამდენიმე ისეთი ოლქიც, სადაც პირველი ტურის შედეგებით “ქართული ოცნების” კანდიდატმა მეორე ტურში გასულ კანდიდატს სულ რამდენიმეპროცენტიანი უპირატესობით აჯობა. ესენია: ქუთაისი, ზუგდიდი, ახალციხე და მცხეთა-მთიანეთი. მაჟორიტარული უბნებიდან 3-ში ოპოზიციის კანდიდატებმა “ქართულ ოცნებაზე” მეტი ხმა დააგროვეს. მარნეულში “ქართული ოცნების” კანდიდატზე მეტი ხმა “ნაციონალების” კანდიდატმა მიიღო. ასევე ხაშურში “თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლოს” კანდიდატმა 10%-ით მეტი ხმა მიიღო, ვიდრე “ქართულმა ოცნებამ”. “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი უსწრებს “ქართული ოცნებას” ადიგენის ოლქშიც.

„რეზონანსი“, 19 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „გიორგი მარგველაშვილმა შესაძლოა მესამე პოლიტიკური ძალის ფორმირება დაიწყოს“ // არ გვყავს საზოგადოება, რომელსაც მაღალი საპროტესტო მუხტი გააჩნია და ხელისუფლებას მისი ეშინოდეს

ელზა პაპოშვილი

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ ყველა ხელისუფლების ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც “ოცენებას” არც ძლიერი ოპოზიცია ჰყავს და არც საზოგადოების საპროტესტო მუხტის ეშინია. ამიტომაც რისკი ყოველთვის არსებობს, რომ ასეთ სიტუაციაში მას ძალაუფლების მონოპოლიზების ცდუნება გაუჩნდეს. ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ურთიერთობისას უფრო კომფორტული ოპოზიციის როლს მოირგებს და თავის რიტორიკას შეარბილებს. პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ “ნაციოანლები” შეიძლება ორ ბანაკად გაიყვნენ, რომლის ერთი ნაწილიც არსებობას სააკაშვილის გარეშე გააგრძელებს და არ არის გამორიცხული, რომ მათ სათავეში, რომელიმე ციხიდან გამოსული თანაპარტიელი ლიდერი დაუდგეს.

- 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. ხელისუფლება საკუთარი კანდიდატების გამარჯვებას ღირსების საკითხად აღიქვამს, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?

- “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება და მეორე ტურში დიდი ალბათობით, “ოცნება” გაიმარჯვებს. ამისი ძირითადი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მისი კონკურენტი “ნაციონალური მოძრაობაა”, რაც მათი საკონსტიტუციო უმრავლესობის გარანტიას ქმნის. გარწმუნებთ, ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტია რომ ყოფილიყო “ნაციონალების” ადგილას, ალბათ შედეგი სულ სხვა დადგებოდა, რადგანაც მთელი ოპოზიცია და საზოგადოება მის მხრადასაჭერად გაერთიანდებოდა. მაშინ კი უკვე ბრძოლა რეალური იქნებოდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პარტიის ხელში არ მოხვედრილიყო. ამ მოცებულობით, როცა ოლქების უმრავლესობაში “ნაციონალური მოძრაობაა”, “ოცნებას” მოგება გარანტირებული აქვთ.

- სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გავრცელდა მიმართვა, რომ მეორე ტურში მხარი ყველამ ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭიროს, რათა “ოცნებამ” კონსტიტუციური უმრავლესობა არ მიიღოს. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი მოწოდებაა?

- ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება ჯერ არავის შეუზღუდავს, ყველას თავისი აზრის გამოთქმის უფლება აქვს. მითუმეტეს საზოგადოებაში ძალიან პატივსაცემ ადამიანებს, რომლებიც ამ მოწოდებას ხელს აწერენ. ეს მათი სუბიექტური აზრია. რაც შეეხება თავად შინაარს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა რისკებთან დაკავშირებულია, ამაში ვეთანახმები, რადგანაც ისტორიის გამოცდილებიდან ეს კონსტიტუციაზე ძალადობას ნიშნავს და არა მისი გამოყენება, როგორც კონსტიტუციის განმტკიცების მიზნით. ამიტომაც, საზოგადოებას ნებისმიერი პოლიტიკური ძალის საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის ეშინია. მესმის ეს შიში, რადგანაც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები იმ დონეზე არ არის განვითარებული, რომ მისი კონტროლი შეძლონ და შემაკავებელი ფუნქცია იტვირთონ.

ჩვენ ამის არც დემოკრატიული ტრადიცია არ გვაქვს და არც ოპოზიცია, რომლიც ხელისუფლების ძალადობისგან დაგვაზღვევდა. ასევე არ გვყავს საზოგადოება, რომელსაც მაღალი საპროტესტო კალიბრის მუხტი გააჩნია და ხელისუფლებას მისი ეშინოდეს. მეორეს მხრივ კი აქ საუბარი “ნაციონალურ მოძრაობაზეა”, რომელმაც სწორედაც, რომ “ოცნებას” საშუალება მისცა, რათა ის ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსულიყო. ამაში განსაკუთრებული როლი კი მიხეილ სააკაშვილმა შეასრულა. მან საფრთხის როლი კარგად ითამაშა და წაახალისა, როგორც “ნაციონალების” პასიური ამომრჩეველი, ასევე “ქართული ოცნების”.

- დღეს საქართველო იმის საშიშროების წინაშე თუ დგას, რომ ერთპარტიული დომინაცია ჩამოყალიბდეს?

- თუ საქართველოს ბოლო 25 წლის ისტორიას გადავხედავთ, ქვეყანა ამის საფრთხის წინაშე თეორიულად ნამდვილად დგას. ვიცით, რომ, როგორც კი ნებისმიერი პოლიტიკური ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებდა, ცდუნებას ვეღარ უძლებდა – იწყებდა კონსტიტუციაზე, ხალხზე, ბიზნესზე, მედიაზე და სასამართლოზე ძალადობას. ამიტომაც ძლიერი ოპონენტის და საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის არარსებობის პირობებში, ეს რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ცდუნების საშუალებას აძლევს. ახლა მტიკცებულებით ფორმაში, რომ ვისაუბროთ და ვთქვათ, რომ ხვალ საქართევლოში დიქტატურა იქნება, ეს არასერიოზული განცხადებაა. ეს არის რისკები, რომელიც შეიძლება დადგეს და შეიძლება არა.

- რა არის ის შემაკავებელი ფაქტორები, რათა ხელისუფლების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში ძალაუფლების უზურპაცია არ მოხედს?

- ახლა ხელისუფლების ერთადერთი შემაკავებელი ბერკეტი დასავლეთის ნება იქნება, რომელსაც შეუძლია ხელისუფლების გაკონტროლება, რომ ქვეყანა ტოტალიტარული მმართველობის გზას არ დაადგეს. თუ ამის ნება და მცედლობა მათი მხრიდან არ იქნა, მაშინ ეს ბოლო ნება და ბერკეტიც ხელიდან გამოგვეცლება და მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების კეთილი ნების იმედად ვრჩებით.

ის, რომ დასავლეთს საქართველოში რამე სახის დესტაბილიზაცია არ აწყობს, ეს არჩევნების ძალიან სწრაფად აღიარებამაც აჩვენა. საქართველოში თუ რამე სახის სამოქალაქო დაპირისპირება იქნებოდა, ამ ეტაპზე დასავლეთს მისი გაკონტროლების ძალა ნამდვილად არ ექნებოდა. ჩვენს რეგიონში შექმნილი რთული სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში რამე სახის დაძაბულობა და კონფლიქტი ნამდვილად არ აწყობთ.

- გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ალასანია შესაძლოა უშიშროების საბჭოს მდივნად ვიხილოთ. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მესამე ძალის ფორმირებას ცდილობდეს, ან შეეცადოს?

- არ არის გამორიცხული, რომ მარგველაშვილმა ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირება დაიწყოს. თუმცა, ეს ვერ იქნება, ვერც “ოცნების” და ვერც “ნაციონალური მოძრაობის” ალტერნატივა. ახლა ამ გარემოს, სხვა პოლიტიკური ენერგეტიკის მქონე ლიდერი სჭირდება, რომელსაც საკმაოდ ძლიერი ბრძოლის უნარი ექნება. დღეს მარგველაშვილს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანაგუნდელები ჰყავს. თუმცა ამ ორი პარტიის დამარცხებას მხოლოდ კვალიფიკაცია არ სჭირდება. სრულიად სხვა პოლიტიკური ენერგეტიკა უნდა, თავგანწირვა და ჟინი, რომელიც ამ ძალას არ ექნება. ამიტომაც ისინი ალბათ, უფრო კლუბური ტიპის პარტიათა რიგებში იქნებიან მოაზრებულები.

- რას იტყვით “ნაციონალური მოძრაობის” ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე. შესაძლოა თუ არა, რომ ამ პარტიაში ორი სხვადასხვა ჯგუფი ჩამოყალიბდეს და ერთმა მათგანმა მიხეილ სააკაშვილისგან დისტანცირება სცადოს. როგორი იქნება მათი შემდგომი განვითარება?

- „ნაციონალური მოძრაობა”, წესით მგონია, რომ უფრო დასუსტდება, ვიდრე განვლილი ოთხი წლის წინ იყო. რადგანაც წინააღმდეგობა, რომელიც ამ პარტიის წევრებს შორის დაიწყო, დაშლითაც კი დამთავრდეს. ვარაუდობ, რომ “ნაციონალებმა” ხელისუფლებაში კომფორტული ოპოზიციის როლიც კი იკისრონ. ამ პარტიას ის მუხტი და ენერგეტიკა აღარ ექნება. ის უფრო კონსტრუქციულ ოპოზიციაში გადაინაცვლებს და მიხეილ სააკაშვილის მსგავსი ქარიზმატული ლიდერი აღარ ეყოლება. ყოველ შემთხევევაში, ის მონოლითური ძალა აღარ იქნება. თუ იმას დავუშვებთ, რომ ციხეში მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები გარეთ გამოვლენ და მათ საზოგადოების მხრიდან ისეთი მხარდაჭერა ექნებათ, რომ სახალხო ლიდერებად იქცევიან, რისი ალბათობაც დიდი არაა, მაგრამ ის ჯგუფი, რომელიც სააკაშვილისგან გამიჯვნას ცდილობს, ლიდერად თუნდაც ვანო მერაბიშვილს განიხილავდნენ.

„რეზონანსი“, 19 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ შალვა შავგულიძესთან: „პარტია „თავისუფალი დემოკრატები ფეხზე დადგომას შეძლებს“ // არ გამეხარდება, თუ პარტიის ყოფილი წევრები მთავრობაში თანამდებობებზე დაინიშნებიან

ლიკა გურაბანიძე

“პარტიიდან საკმაოდ ძლიერი ფიგურები წავიდნენ, ეს პრობლემას შექმნის, რადგან ძირითადმა ბირთვმა და მაღალმა პროფესიონალებმა გუნდი დატოვეს,” – ამის შესახებ “რეზონანსს” “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძემ განუცხადა. როგორც შალვა შავგულიძე აღნიშნავს, საკონსტიტუციო უმრავლესობა “ქართული ოცნების” ხელში სახიფათო იარაღი იქნება.

შალვა შავგულიძე: საპარლამენტო არჩევნებში “თავისუფალი დემოკრატების” დამარცხების სხვადასხვა მიზეზი არსებობს და აქედან უმთავრესი იყო ის, რომ ჩვენ ხალხს საკუთარი თავი რეალურად, როგორც მესამე არჩევანი, ისე ვერ შევთავაზეთ. ასპარეზზე ამომრჩევლის დიდი ნაწილი მესამე პოლიტიკური ძალის გამოჩენას ნამდვილად ელოდა, რადგან მათ “ნაციონალური მოძრაობის” ძალადობის ეპოქაში დაბრუნება არ სურდათ, ასევე “ქართული ოცნების” მიმართაც დიდი იმედგაცრუება ჰქონდათ. სამწუხაროდ, ალბათ ჩვენი პოზიციების დაფიქსირებაში მკაფიო გამოხატულება გვაკლდა. ამომრჩეველმა ვერ დაიჯერა, რომ ჩვენ ის ძალა ვიყავით, ვინც იმ დაპირებების შესრულებას შეძლებდა, რასაც მათ ვპირდებოდით.

- როგორ შეაფასებდით თქვენი თანაგუნდელების მიერ პარტიის დატოვებას?

- ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და ზოგ შემთხვევაში მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. ინდივიდუალურად პარტია ალექსი პეტრიაშვილმა და ირაკლი ჩიქოვანმა დატოვეს. ზოგ შემთხვევაში კი პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება სხვა წევრების მიერ ჯგუფურად იქნა მიღებული. ზოგადად რომ ვთქვათ, ოპოზიციონერობის დიდი ხნით გაძლება ძნელია. ირაკლი ალასანია ლიდერი იყო და მან პარტიიდან წასვლის შესახებ განაცხადა, რომ ის ამ არჩევნებში წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობას თავად იღებს. მან ეს პასუხისმგებლობა კი მისი თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებით გამოხატა.

- რა სახის პრობლემების წინაშე აღმოჩნდით?

- პარტიიდან საკმაოდ ძლიერი ფიგურები წავიდნენ, ეს პრობლემას შექმნის, რადგან ძირითადმა ბირთვმა და მაღალმა პროფესიონალებმა გუნდი დატოვეს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სერიოზული დანაკლისია, მაგრამ პარტიაში მაინც დარჩნენ ძველი თუ ახალი მოტივირებული სახეები. ვფიქრობ, რომ პარტია “თავისუფალი დემოკრატები” ფეხზე დადგომას შეძლებს, მან სიტყვა ქართულ პოლიტიკასა და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში უნდა თქვას. ჩვენ ყველანაირი რესურსის ოპტიმიზაციას მოვახდეთ, რათა შეცდომები არ დავუშვათ. არსებული რეალობიდან გამომდინარე ოპტიმალურად უნდა მოვემზადოთ ადგილობრივი და შემდგომი საპარლამენტო არჩვენებისთვის. თუ ამას მაღალი პასუხისმგებლობით მივუდგებით, ვიმედოვნებ ყველაფერს შევძლებთ.

- ბოლო დროს ინტენსიურად მიმდინარეობს საუბრები იმაზე, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრები შესაძლოა მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობებზე დაინიშნონ, თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს?

-რთად ოპოზიციური პარტია ვიყავით. თავის დროზე კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წამყვანი ძალა ვიყავით და ჩვენ ოპოზიციაში სწორედ იმიტომ გადმოვედით, რომ “ქართულმა ოცნებამ” დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზას გადაუხვია. მან ხელისუფლების უზურპაცია დაიწყო და საკუთარ კონტროლს ისეთ ინსტიტუციებს უქვედებარებდა, რომლებიც სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში დამოუკიდებლობას აუცილებლად საჭიროებენ. საკონსტიტუციო უმრავლესობა “ქართული ოცნების” ხელში სახიფათო იარაღი იქნება. მას კონსტიტუციის შეცვლა და საკუთარ თვითნებურ ინტერესებზე მორგება შეეძლება.

- რას ფიქრობთ “ეროვნული ფორუმის” იდეაზე, რომლის თანახმადაც სხვადასხვა პარტიების რესურსების შეგროვება და ერთ პარტიად ჩამოყალიბება უნდა მოხდეს?

- არა, იცით ეს შემოთავაზება ხელოვნური და არასერიოზული მეჩვენება. ეს როგორ უნდა განხორციელდეს? ყველა პარტიამ თვითლიკვიდაცია უნდა გამოაცხადოს და თითო წევრად ამ შემოთავაზებულ ახალ პარტიაში გაერთიანდებიან?

ის, რომ დასავლური ღირებულებების პარტიების გარკვეული კოორდინაცია მნიშვნელოვანია, ეს საჭიროება ყოველთვის იდგა და მომავალშიც დადგება, რათა ქვეყანამ ეს კურსი შეინარჩუნოს. ჩვენი ქვეყნის ინტეგრირება ევროპულ ოჯახში წარმატებით უნდა მოვახდინოთ და ამისთვის მეტი კოორდინაციაა საჭირო.

„რეზონანსი“, 19 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ნაციონალების მთავარ პრობლემას სააკაშვილის მოშორება წარმოადგენს”

ელზა პაპოშვილი

კონსტიტუციონალისტ და პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ქართული პოლიტიკური სივრცე ერთდროულად, როგორც “ქართულმა ოცნებამ” ასევე “ნაციონალურმა მოძრაობამ”, გაასუფთავა, რადგანაც ორივეს ინტერესებში შედიოდა, რომ პოლიტიკურ სცენაზე მთავარ მოთამაშეებად მხოლოდ ისინი დარჩენილიყვნენ.

ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ახალი გუნდითა და რეაბილიტირებული სახით, “ქართულ ოცნებას” საკამოდ ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევს. ხოლო “ოცნება” მათ რამდენად შეეწინააღმდეგება, ეს უკვე ახალი წლის შემდეგ გამოჩნდება.

ვახტანგ ძაბირაძე ვარაუდობს, რომ ახალი “ნაციონალების” ფრთის მთავარი მიზანი სააკაშვილის ჩამოცილება და 2020 წლისთვის ხელისუფლებაში დაბრუნება იქნება.

- 2012 წლის არჩევნებთან შედარებით, 2016 წელს ამომრჩეველთა აქტიურობა ბევრად დაბალი იყო. როგორ ფიქრობთ, საზოგადოების ასეთი ინერტულობა რისი ბრალია?

- 2012 წელთან შედარებით, ამ არჩევნებზე რომ უფრო ნაკლები ამომრჩეველი მივიდოდა, ეს ისედაც მოსალოდნელი იყო. 2012 წელს ქვეყანაში ფაქტობრივად რევოლუციური სიტუაცია იყო, ამიტომაც მაშინ არჩევნებზე, როგორც საომარ ვითარებაში ხდება ხოლმე, ქუდზე კაცი გამოვიდა. მოსახლეობის ინერტულობის მიზეზად, ასევე ისიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ საზოგადოებაში გარკვეული სახის იმედგაცრუება იყო.

შესაბამისად, მოსახლეობის ნაწილმა საჭიროდ არ ჩათვალა, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. მესამე მიზეზად კი ისიც შეიძლება ვთქვათ, რომ მას ფაქტობრივად არჩევანის გაკეთების საშუალებაც არ ჰქონდა. ბიულეტენთან მისულ ჩვენს თანამოქალაქეებს არჩევანი ორ პოლიტკურ სუბიექტს შორის უნდა გაეკეთებინა – ან “ქართული ოცნება”, ან კიდევ “ნაციონალური მოძრაობა”. საწყის ეტაპზე თუ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა 61% იყო, შემდეგ უკვე იკლო და როგორც ჩანს, მისმა ნახევარმა არჩევანი კი არ გააკეთა, არჩევნებზე წასვლაზე უბრალოდ უარი თქვა. ეს კი სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. სწორედ ამ სამმა ფაქტორმა განაპირობა ის, რომ ამომრჩეველმა თავისი არჩევანი არ გააკეთა და ჩათვალა, რომ მისი მისვლით არც არაფერი შეიცვლებოდა.

- როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება მომავალი პარლამენტი. მოხდება თუ არა “ქართულ ოცნებასა” და “ნაცინალურ მოძრაობას” შორის სამუშაო რეჟიმში გადანაცვლება?

- არ მგონია, რომ ამ ორ პარტიას შორის შეხმატკბილებული მუშაობა იყოს. არც ერთ მათგანს სამუშაო რეჟიმში ურთიერთობა არაფერში არ სჭირდება. “ოცნებას” საკმარისი ხმები აქვს იმისთვის, რომ მთავრობა დააკომპლექტოს და საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი მიიღოს. თავის მხრივ არც “ნაციონალურ მოძრაობას” “ქართული ოცნება” არაფერში სჭირდება, რადგანაც რეალურად ისინი მაინც ვერაფერს იზამენ და აქვთ სტრატეგია, თუ 2020 წლის არჩევნებისთვის ხმას რა სახის ქმედება უფრო მოუტანთ.

ისინი ფიქრობენ, ხელისუფლებასთან ურთიერთობის რა ფორმები მოძებნონ, იყვნენ უფრო რადიკალურად დაპირისპირებულები თუ ურთიერთობის რბილი ფორმა შეარჩიონ. ამ ხალხს ახლა ეს პრობლემა აწუხებთ. სიამტკბილობას ნამდვლად არ ველოდები, პირველი სხდომების შემდეგ, სადაც მთავარობის დაკომპლექტება მოხდება – აი, ამის შემდეგ მათ შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში წარიმართება.

- როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ ამ არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც მთავარი პოლიტიკური ძალის გაქრობა უნდა მომხდარიყო, რატომ ვერ განხორციელდა. ხომ არ შეიძლება ითქვას, რომ ამ პარტიის ახალი სახით რეაბილიტაცია თავად ივანიშვილმა და “ოცნებამ” მოახერხა?

- რეალურად ასე გამოდის, ვხედავთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამ არჩევნებზე საკუთარი თავის რეანიმაცია მოახდინა. ივანიშვილს თუ არ სურდა, რომ “ნაციონალებს” ბევრი მანდატი მიეღოთ, მაშინ თავისი გამოსვლების დროს, სრულიად სხვაგვარად უნდა ესაუბრა. “ქართული ოცნება” რამდენად შეძლებს, რომ პარლამენტში მათ გაუმკლავდეს, ეს უახლოვეს მომავალში გამოჩნდება.

- როგორ ფიქრობთ, ივანიშვილმა პოლიტიკური სივრცის გასუფთავება მოახერხა?

- პოლიტიკური სივრცის გასუფთავება რომ მოახერხა, ეს ამ არჩევნების შედეგებიდანაც კარგად ჩანს. ამ შემთხვევაში ეს არა მარტო ივანიშვილმა და “ოცნებამ”, არამედ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მიხეილ სააკაშვილმაც მოახერხეს. ფაქტობრივად, სააკაშვილმა თავისი გამოსვლებითა და განცხადებებით “ოცნებას” ამ შედეგის მიღებაში ხელი კარგად შეუწყო. ორივე ძალა დაინტერესებული იყო, რომ პარლამენტსმიღა მესამე ძალა დაეტოვებინათ და ქვეყანაში პოლიტიკურ სცენაზე მთავარი მოთამაშეები ყოფილიყვნენ.

- როგორ ფიქრობთ, საუბარი იმაზე, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” მეორე ფრთა წარმოიშვა, რომელიც მიხეილ სააკაშვილისგან გამიჯვნას ცდილობს, რეალურია? შეიძლება, პარტიის გარკვეულმა ჯგუფმა მისგან გათავისუფლება მოახერხოს?

- ვფიქრობ პარტიიდან სააკაშვილის მოშორება საკმაოდ რთული იქნება, რაც უკვე გამოჩნდა. ვნახეთ, რომ შემტევი, რადიკალი ექს-პრეზიდენტის მაგივრად უფრო დამთმობი და სიტუაციის ანალიზს აყოლილი სააკაშვილი მივიღეთ. აქამდე მისი ყველა სიტყვა პარტიაში უკომენტაროდ სრულდებოდა. შეიძლება ეს ვიღაცას არ მოსწონდა და შიგნით თავისთვის ბუზღუნებდა, მაგრამ საჯარო სივრცეში არ გამოსულა. ამ შემთხვევაში კი, რაც სააკაშვილმა მოინდომა, ყველაფერზე უარი უთხრეს – მიუხედავად იმისა, რომ მან შეტევის მოწოდება გააკეთა. “ნაციონალების” პრობლემა ახლა ის კი აღარ არის, რომ პარტიიდან სააკაშვილის დიქტატურა ჩამოიშორონ, არამედ თავად სააკაშვილი როგორ მოიშორონ. ის ამ გუნდის ნებისმიერი გადაწყვეტილების თანაავტორი თუ არა, გადაწყვეტილების მხარდამჭერი მაინც იქნება. არ მგონია, რომ მისი მოშორება შეძლონ.

——————-

საქართველო და მსოფლიო“, 19-25 ოქტომბერი, 2016 წელი

არაერთიანი ნაციონალური მოძრაობა და სრულიად თავისუფალი დემოკრატები

ლუკა ნემსაძე

გასულ კვირაში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო შიგა დაპირისპირებამ “ნაციონალურ მოძრაობაში”, “თავისუფალი დემოკრატების” ფაქტობრივმა დაშლამ და სიტუაციამ არჩევნების მეორე ტურის წინ. ზოგადმა დაძაბულობამ ოქტომბრის პირველ კვირასთან შედარებით მნიშვნელოვნად იკლო, მაგრამ სერიოზული კრიზისის შექმნის წინაპირობები კვლავინდებურად არსებობს.

დაპირისპირება თუ სპექტაკლი?

მას შემდეგ, რაც “ნაცმოძრაობამ” 8 ოქტომბერს მარცხი განიცადა, პარტიის შიგნით დაიწყო მწვავე დისკუსია იმის თაობაზე, უნდა მიიღონ თუ არა ნაციონალებმა მონაწილეობა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში და მიზანშეწონილი თუა ახალარჩეული პარლამენტის ბოიკოტირება. მიხეილ სააკაშვილმა მხარი კონფრონტაციულ ვარიანტს დაუჭირა, გიგა ბოკერიამ კი _ შედარებით კონსტრუქციულს, მის პოზიციას ამყარებდა დასავლელი პარტნიორების რჩევა პარლამენტში შესვლაზე და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დადებითი დასკვნები, რომლებმაც არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება გამორიცხეს. საბოლოოდ, პოლიტიკურმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით, მხარი ბოკერიას წინადადებას, ანუ პარლამენტში შესვლას დაუჭირა. დასადგენი ამ სიტუაციაში, ალბათ, მხოლოდ ის დარჩა, ეს რეალური კონფლიქტი იყო თუ სპექტაკლი.

არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილი იმუქრებოდა, რომ საქართველოში ჩამოვა, ხმებს დაიცავს, რევოლუციას სათავეში ჩაუდგება და ა.შ. მისი მხარდამჭერების ნაწილმა ეს დაიჯერა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მსგავსი არაფერი მომხდარა, იმედგაცრუებული დარჩა. აქედან გამომდინარე, პარტიას, მისი მთავარი რესურსის, მიხეილ სააკაშვილის იმიჯის, თუნდაც ნაწილობრივი გადარჩენა დასჭირდა. გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ამისთვის მოხდა ბოკერია-სააკაშვილის კონფლიქტის “მოდელირება”, რომლის მთავარ მიზანს ნაციონალების შემდეგ მოსაზრებამდე მიყვანა წარმოადგენდა: “მიშა ნამდვილად ბრუნდებოდა საქართველოში, მაგრამ თანაპარტიელების სისულელემ ხელი შეუშალა”. ცხადია, “ნაცმოძრაობის” რეიტინგს ესეც დააზიანებს, მაგრამ ნაკლებად იმ ვარიანტთან შედარებით, როდესაც მისი მხარდამჭერები იფიქრებდნენ, რომ სააკაშვილმა ისინი, უბრალოდ, “ააგდო და გადააგდო”.

მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი სააკაშვილსა და ბოკერიას შორის ადრეც არსებობდა, ამ კონკრეტული ეპიზოდის გამოცხადება გარდაუვალი კრიზისის უტყუარ ნიშნად მიზანშეწონილი არაა, რადგან ამ შემთხვევაში ორივე მხარეს მარცხის უარყოფითი შედეგების მინიმიზაცია აინტერესებდა და სავსებით შესაძლებელი იყო, ამისთვის მცირე სპექტაკლი მოეწყოთ.

მეორე ტურის მოლოდინში

მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურის წინ სიტუაცია რთულია, ხოლო ზუსტი პროგნოზის გაკეთება _ შეუძლებელი. მართალია, ოლქების დიდ ნაწილში სახელისუფლო პარტიის წარმომადგენელთა უპირატესობა დიდია და მათი გამარჯვება ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ზოგიერთ რაიონში სიტუაცია ფრიად ბუნდოვანია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ალბათ, ის არის, რომ ორივე პარტიის რესურსი მნიშვნელოვნად შემცირდა. “ქართული ოცნების” მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ გამარჯვება ისედაც მიღწეულია, ამიტომ შეიძლება პასიურობა გამოავლინონ. ამასთანავე, შინ შეიძლება დარჩნენ ის ამომრჩევლებიც, რომლებმაც 8 ოქტომბერს ხმა ივანიშვილის პარტიას მხოლოდ იმიტომ მისცეს, რომ სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაციის საფრთხე სავსებით რეალურად მიაჩნდათ; დღეს ეს თემა ნაკლებად აქტუალურია.

პრობლემები ნაციონალებსაც აქვთ. მათი ამომრჩელების მნიშვნელოვანი ნაწილი ძალიან გაღიზიანდა იმის გამო, რომ სააკაშვილის მიერ დაანონსებული “ზღვის გადაცურვა” და რევანში არ შედგა. პარტიის მხარდამჭერთა შორის დაიწყო მწვავე დისკუსია, რომელიც ხშირად ლანძღვა-გინებაში გადადიოდა. რადიკალმა “მიშისტებმა”, ბოკერიას თანამოაზრეებისგან განსხვავებით, შეიძლება არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვან, ზოგადი იმედგაცრუების გამო და იმიტომ, რომ სააკაშვილმა მხარი ბოიკოტს დაუჭირა, თუმცა უშუალოდ არჩევნების წინ ოდესის გუბერნატორმა მათ შეიძლება უბნებზე მისვლისკენ მოუწოდოს. “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ კიდევ ერთი ფაქტორი მუშაობს _ ქართველი ამომრჩევლების დიდ ნაწილს ძალიან არ უყვარს ხმის მიცემა იმ პარტიისთვის, რომელსაც აპრიორი დამარცხებულად თვლიან, ხოლო ნაციონალების მარცხი ეჭვს აღარ იწვევს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ოლქში შეიძლება წარმატებას მიაღწიონ.

მთავარი პრობლემა მეორე ტურში კონკურენტი პარტიებისთვის მხარდამჭერების მობილიზება იქნება, ამორჩეველთა აქტიურობა შეიძლება უპრეცედენტოდ დაბალი აღმოჩნდეს, ხოლო ამა თუ იმ სადეპუტატო მანდატის ბედი რამდენიმე ათეულმა ხმამ გადაწყვიტოს.

საკონსტიტუციო უმრავლესობის პრობლემა

მეორე ტურის წინ “ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდისტული საშუალებები აქტიურად ამკვიდრებენ აზრს, რომ ახალ პარლამენტში “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ქვეყანას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის, რადგან განადგურდება უკანასკნელი ბარიერი, რომელიც ხელს უშლიდა დიქტატორული რეჟიმის ფორმირებას. ამ თემას ავითარებს ლიბერალური პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენელთა ნაწილიც, თუმცა ეს არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც მათი პარტიების ოფიციალური მოწოდება მხარდამჭერების მიმართ მეორე ტურში ხმა ხელისუფლების ოპონენტებს მისცენ (მათი უმრავლესობა “ნაცმოძრაობას” წარმოადგენს).

17ოქტომბერს, საღამოს, მოქალაქეთა ჯგუფმა, რომელსაც ზოგიერთმა მედიასაშუალებამ “სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი” უწოდა, გაავრცელა მიმართვა და მოუწოდა “პროდასავლურ პარტიებს”, რომლებსაც ლეიბორისტული პარტიაც მიაკუთვნეს (რაც ადრე არ მომხდარა), მხარი ოპოზიციის კანდიდატებს დაუჭირონ. ამგვარად, ისინი “ნაცმოძრაობას” განიხილავენ, როგორც სავსებით ლეგიტიმურ ოპოზიციურ ძალას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის თანმიმდევრული ოპონენტებისთვის მიუღებელია. ნაკლებად სავარაუდოა, ამ განცხადებას დიდი რეზონანსი ჰქონდეს, მაგრამ ის საკმაოდ სიმპტომატურია, რადგან, ხელმომწერთა სიაში ცნობილი “ლატენტური ნაციონალების” გარდა, არიან ისეთი ადამიანებიც, რომელნიც 2012-ში მხარს ხელისუფლების შეცვლას უჭერდნენ, მომდევნო წლებში კი რესპუბლიკური პარტიისა და “თავისუფალი დემოკრატების” იდეებს ხშირად იზიარებდნენ.

ალბათ, ყველასთვის ცხადია, რომ არ არსებობს მიზეზი, რომლის გამო საღად მოაზროვნე ადამიანმა შეიძლება ხმა “ნაცმოძრაობას” მისცეს და, შესაბამისად, სააკაშვილის რეჟიმის უკლებრივ ყველა დანაშაულის თანამონაწილე გახდეს. მაგრამ “ქართული ოცნების” ყოფილი კოალიციური პარტნიორები, პოლიტიკოსები ორპროცენტიანი რეიტინგით, რომელნიც ივანიშვილმა 2012-ში საზოგადოებრივი აზრის უგულებელყოფით პოლიტიკური ოლიმპოს მწვერვალზე აიყვანა, ახლა, როგორც ჩანს, ცდილობენ, შური იძიონ იმისთვის, რომ მან 2016-შიც იგივე არ გააკეთა; ამან “ნაცმოძრაობის” ირიბ, ან სულაც, პირდაპირ მხარდაჭერამდე მიიყვანა, რაც რამდენიმე თვის წინათ წარმოუდგენელი იყო.

მართალია, საქართველოს უახლესი ისტორია ცხადყოფს, რომ პარტიები, რომლებიც ყველა ბერკეტს ეუფლებიან, ცუდად ამთავრებენ, მაგრამ, ალბათ, ეჭვგარეშეა, რომ საზოგადოებამ თავად უნდა გააკონტროლოს ხელისუფლება და არ არსებობს მიზეზი, რომლის გამო შეიძლება ეს მისია სააკაშვილის რეჟიმის ყოფილ მაღალჩინოსნებს გადასცეს.

სად წავლენ ალასანიას თანაგუნდელები?

არჩევნების წინ იმთავითვე ცხადი იყო, რომ “თავისუფალი დემოკრატები” განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწევდნენ, მაგრამ პარტიის ესოდენ სწრაფი დაშლა საზოგადოებისთვის ერთობ მოულოდნელი აღმოჩნდა. ზოგმა ამაში იმ 80 ათასზე მეტი ამომრჩევლის მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობა დაინახა, რომელმაც მხარი ალასანიას გუნდს დაუჭირა, მაგრამ რაც მოხდა _ მოხდა, დემოკრატები დღეს სრულიად თავისუფალნი არიან. მათი ნაწილი, სავარაუდოდ, “ქართულ ოცნებასთან” ითანამშრომლებს და აღმასრულებელ სტრუქტურებში მაღალ პოსტებს მიიღებს, უმრავლესობა კი პრეზიდენტი მარგველაშვილის სიახლოვეს დაბანაკდება და შეუერთდება იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელსაც ის, დიდი ალბათობით, მომავალში შექმნის.

ამ 80 ათასი ამომრჩევლის ნაწილი მომავალში შეიძლება “ნაცმოძრაობამ” (ცხადია, თუ წონასწორობას შეინარჩუნებს და პოსტსაარჩევნო კრიზისს დაძლევს) გადაიბიროს, რომელიც დღეს აქტიურად ცდილობს, დაამკვიდროს მოსაზრება, რომ “პროდასავლელებს” სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ მხარი სააკაშვილს დაუჭირონ. ამიტომ ივანიშვილისთვის სასურველია, ამ ნიშაში სხვა შედარებით ძლიერი პროდასავლური პარტია გაჩნდეს, რომელიც ალასანიას ყოფილი მხარდამჭერების სიმპათიას დაიმსახურებს. რესპუბლიკელები ამ მისიას ვერ შეასრულებენ, მათი ზოგიერთი იდეა ყველა ,პროდასავლელისთვის როდია მისაღები, თანაც, როგორც ზემოთ ითქვა, ქართველ ამომრჩევლებს “ლუზერი” პარტიები არ უყვართ. მარგველაშვილის ჰიპოთეზური პარტია ამ მხრივ შეიძლება გაცილებით წარმატებული აღმოჩნდეს და მნიშვნელოვან წვლილს ამაში, ალბათ, “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი ლიდერები შეიტანენ, რომლებმაც ამ დღეებში “სათადარიგოთა სკამზე” გადაინაცვლეს. რაც შეეხება თვითონ ირაკლი ალასანიას, მისი გადაწყვეტილების უკან, ემოციების გარდა, ალბათ, რაციონალური გათვლაც იდგა – ხელშესახებ პერსპექტივაში მას წარმატების შანსი არ აქვს და, შესაძლოა, ამიტომ ჩათვალა, რომ პაუზის აღება საუკეთესო გამოსავალია.

რესპულიკელებისა და “თავისუფალი დემოკრატების” კრახი არჩევნებში მიუთითებს იმაზე, რომ ორივე პარტიის ხელმძღვანელები ბოლო წლების განმავლობაში ილუზიებში ცხოვრობდნენ. ამას ყველაზე კარგად ადასტურებს ის ფაქტი, რომ მათ არა მხოლოდ არ შექმნეს საარჩევნო ბლოკი, არამედ ამის თაობაზე სერიოზული კონსულტაციებიც კი არ გაუმართავთ – არც ერთმანეთთან, არც სხვა პარტიებთან. ამ ორი პარტიის პროდასავლური ლიბერალური ელექტორატის განაწილების პროცესი სხვა პარტიების მიერ შეიძლება მემკვიდრეობის გაყოფას შევადაროთ და ის, სავარუდოდ, უახლოეს მომავალში, არჩევნების მეორე ტურის დასრულებისთანავე, დაიწყება.

საქართველო და მსოფლიო“, 19-25 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან: მივიღეთ ის საქართველო, რომელზეც ამერიკა ოცნებობდა

ეკა ნასყიდაშვილი

2015 წლის 19 ოქტომბერს ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგების მიხედვით გაირკვა, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში საქართველოს შესვლას გამოკითხულთა 31% ემხრობა, ხოლო რესპონდენტთა 46% მხარს არ უჭერს ამ იდეას. 22%-მა არ იცოდა, რა ეპასუხა, 1%-მა კი პასუხს თავი აარიდა. 2015 წლის შემდეგ ეს მონაცემები ბევრჯერ შეიცვალა. ქართველი პოლიტოლოგები ამბობდნენ, რომ ეს მონაცემიც კი არ იყო ზუსტი და ენ-დი-აიმ შეამცირა პროცენტი.

2016 წლის მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, 24%-მდე ჩამოვიდა ევრაზიულ კავშირში გაერთიანების მომხრეთა რაოდენობა, ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ევრაზიულ კავშირთან ურთიერთობა ურჩევნიათ ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობას, 3 პროცენტიც არ არის. რა მოხდა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში? რეალურია შედეგი, რომელიც მივიღეთ? სად დაიკარგა ევრაზიულ კავშირთან ურთიერთობის მომხრეთა ხმები თუ, საერთოდ, არ მივიდნენ არჩევნებზე? ამ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს დავუკავშირდით.

_ ბატონო ელიზბარ, ელოდით თუ არა ამ საპარლამენტო არჩევნების ასეთ შედეგს, ფიქრობდით, რომნაცმოძრაობამეორე ძალად დარჩებოდა და პარლამენტში 27%-ით შევიდოდა?

_ ბარიერს რომ გადალახავდნენ მხოლოდ და მხოლოდ და მეტი შედეგი არ ექნებოდათ, ვიცოდი. თუმცა, წინასაარჩევნოდ მათ მოძრაობას თვალყურს რომ ვედევნებდი, ვფიქრობდი, უფრო მეტს მიაღწევენ-მეთქი, მაგრამ ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი, დიდი-დიდი ათი კაცით შესულიყვნენ. ჩვენი უბედურება არის ის, რომ ქართველი ხალხი ტვინგამორეცხილი, გონგადაშლილი, არაადამიანური თვისებების მქონე აღმოჩნდა, ანუ უკვე დაიწყო ის პროცესი, რომლისაც ასე ძალიან მეშინოდა და რასაც ამერიკა წლების განმავლობაში ცდილობდა, ჩვენგან გამოეყვანა. ცხოველთან გაგვაიგივეს.

ქართველები, რომლებმაც ხმა “ნაცმოძრაობას” მისცეს, იმ ადამიანების შთამომავლები არიან, რომლებიც თავის დროზე შვილებს ყიდდნენ, დედას, სამშობლოს ყიდდნენ. ამომრჩეველთა 27%-მა სული გაყიდა, თითქმის ხუთასი ათასი ადამიანი უსამშობლო და მოღალატე აღმოჩნდა. ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხალხს იმედი გაუცრუა და ასეთი შედეგი იმიტომ მივიღეთო, მაგრამ ეს გამართლება არ არის. “ოცნებამ” თუ იმედი გაგიცრუა, თუ უკმაყოფილო ხარ, მხარდაჭერა სხვას გამოუცხადე, მაგრამ არამც და არამც _ მტარვალებს, საქართველოს გამაუპატიურებლებს, ქვეყნისთვის ღირსების ამყრელებს…

- საქართველო და მსოფლიოსთვის მიცემულ ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავდით, რომ საქართველოში არჩევნები არ ტარდება, არჩევნების შედეგები სადღაც სხვაგან იწერება და შემდეგ აქ ეს ყველაფერი ერთი-ერთზე აისახება

_ დიახ, ამას სულ ვამბობ, რომ საქართველოში არჩევნები არ ტარდება, შედეგი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან ქართველები დამოუკიდებლები არ ვართ. დიახ, შედეგზე ამერიკა ზრუნავს და, რასაც იტყვის, ის კეთდება. ჩვენ ხომ ქვეყანა არ გვაქვს, ჩვენ ამერიკის მონები ვართ, ჩვენ ხმის ამოღება არ შეგვიძლია. არავინ გაბედოს საბჭოთა კავშირის გინება, რადგან იმხანად გაცილებით მეტი თავისუფლება გვქონდა, ვიდრე დღეს გვაქვს. დღეს მენაგვეს ვერ ვნიშნავთ ამერიკასთან შეუთანხმებლად და რა პარლამენტის არჩევაზეა საუბარი?! საქმე ის არის, რომ პროტესტსაც ვერ გამოვთქვამთ იმის შიშით, ვაითუ, ჩვენი არეულობით ვინმემ ცუდად არ ისარგებლოს.

- ბატონო ელიზბარ, არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ამერიკულმა კვლევითმა ინტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ამომრჩეველთა 31% ევრაზიულ კავშირში გაწევრების მომხრე იყო. სად წავიდა ის ამომრჩეველი და რატომ არ აისახა ეს შედეგი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში?

- ქართველმა ხალხმა დაკარგა სახელმწიფოებრივი აზროვნება, დაკარგა განცდა, რომ მისი ხმა საჭიროა და რომ პასუხისმგებლობის მქონეა ყველა, რომ ქვეყნის წინაშე ვალი გვაქვს მოსახდელი. ჩვენ ერი არ ვართ, ბრბოდ ჩამოვყალიბდით, ერთიანობის განცდა დავკარგეთ. ერთნაირად არ გვტკივა, ერთი განცდა არ გვაქვს. აი, ამას მიაღწიეს ავადმყოფმა სააკაშვილმა და ამერიკამ ერთობლივად.

სამწუხაროა, რომ ყოფილი პრეზიდენდის ცოლს საკანონმდებლო ორგანოს წევრობის ამბიცია აქვს. ამ ქვეყანაში საუბრობენ ადამიანები, რომლებიც, დიდი ხანია, ციხეში უნდა ისხდნენ, იმედი მაქვს, რომ მალე ვიხილავ სააკაშვილსა და მის დამქაშებს ციხეში, მის ცოლსაც, რომელიც აგენტად მოგვევლინა დიდი ხნის წინათ; ქალს, რომელიც ბედავს, დაგვემუქროს _ თუ დიდი მოძრაობა და პროტესტი დაიწყება, მე მათ ვერ გავაჩერებო. ხალხი კი ვაძლევთ ამის თქმის საშუალებას.

აი, ასეთებად ვიქეცით ჩვენ, ყველა თავზე გვაზის. ვაი, ჩვენს დღეს, მართლაცფურთხის ღირსიაეს საქართველო. მატლები გვასხედან თავზე. ურჩხულები გვემუქრებიან, გვლანძღავენ და გვაშინებენ.

ის 32% პროცენტი, რომელმაც ევრაზიულ კავშირში გაწევრების სურვილი გამოთქვა თავის დროზე, ვფიქრობ, ან რაღაც უკეთეს შეთავაზებას ელოდა პარტიებიდან, ან სამშობლო საკმარისად არ უყვარს, რადგან, როდესაც სათქმელსა და ხმას ვერავის აწვდი, სულ ცოტა, პროტესტის განცდა მაინც უნდა გაგიჩნდეს, უნდა დაიძახო, რომ შენც ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ და რაღაც გეთქმის. არ შეიძლება შენ თვალწინ იქცეოდეს ქვეყანა და ეს არ გაწუხებდეს. როგორც ჩანს, მივიღეთ ის საქართველო, რომელზეც ამერიკა ოცნებობდა.

——————-

„ახალი თაობა“, 19 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „საკონსტიტუციო უმრავლესობა დემოკრატიისთვის დამიზნებული ლულაა“ // „ჩვენმა საზოგადოებამ უკვე მერამდენედ დაამტკიცა, რომ ოთხ წელიწადში ერთხელ ბრბოდ იქცევა“ // „რა უნდა სამოქალაქო აქტივისტს მმართველი პარტიის რიგებში?!

არასამთავრობო სექტორის ნაწილმა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, რომ არჩევნების მეორე ტურში მხარი დაუჭირონ არა სახელისუფლო კანდიდატს, არამედ ოპოზიციას, რათა მმართველი ძალის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მოხვდეს. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ამ ინიციატივის შესახებ საუბრობს.

- ბატონო სოსო, როგორ აფასებთ ამ ინიციატივას?

- ეს ინიციატივა ისეთ მაღალ პოლიტიკურ კულტურას ითხოვს, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება ამისთვის მზად არ არის. მსგავსი ინიციატივები შესაძლებელია რელევანტური იყოს დასავლეთის, იაპონიის, ისრაელის ან სხვა რომელიმე ისეთი დემოკრატიული საზოგადოებისთვის, სადაც გადამწყვეტი პირადი კეთილდღეობა კი არ არის, არამედ საზოგადოებრივი ინტერესები, ქვეყნის ინტერესებია.

ჩვენს ქვეყანაში პირადი სიმპათია და ანტიპათია გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე სახელმწიფოს ინტერესები. ამიტომ მსგავსი მოწოდება პრაქტიკულად განუხორციელებელია, ფუჭი გასროლაა არასამთავრობოების მხრიდან. ჩვენმა საზოგადოებამ უკვე მერამდენედ დაამტკიცა, რომ ოთხ წელიწადში ერთხელ ბრბოდ იქცევა.

- რამდენად რეალური საფრთხე შეიძლება იყოს ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში კონცენტრირება? იქნებ ქართული ოცნების მართვის სტილი იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს?

_ მე ვთვლი, რომ ეს საფრთხეა. ვინც უნდა იყოს მართვის სადავეებთან, რადგან ძალაუფლება რყვნის და აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის. რაც შეეხება იმას, რომ „ოცნების“ მართვის სტილი იძლევა თუ არა ამ საფრთხის წინაპირობას, გეტყვით: რა დონის საფრთხე შეიძლება იყოს, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. როგორც მინიმუმ, ძალიან სერიოზული რისკია, როგორც მაქსიმუმ, საფრთხეა. როდესაც მთელი სახელისუფლო ვერტიკალი, ყველა ბერკეტი ერთი პოლიტიკური ძალის ხელშია, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ძალიან დიდი ცდუნება ჩნდება. ცდუნება ჩნდება იმის, რომ ჩვენ ვართ ყველაფერი, რომ მთავარია, ჩვენ გადავწყვიტოთ.

ნაციონალების დროს უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ ოპოზიციას და საზოგადოებას ასე მიმართა: „ახლა ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და როგორც ჩვენ გვინდა, ისე გადავწყვეტთ“. მსგავსი ფრაზეოლოგია არის საფრთხის შემცველი არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების, არამედ თავად იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც ხელისუფლებაში იმყოფება.

ამ დროს ხელისუფლებას არ აინტერესებს, რას ფიქრობს ოპოზიცია, რას ფიქრობს არასამთავრობო სექტორი, საზოგადოება, თუნდაც მისი რიგითი ამომრჩეველი, რომელიც შეიძლება არ ეთანხმებოდეს რაღაც კონკრეტულ საკითხში სახელისუფლო გუნდს. იმ მომენტში ეს ყველაფერი მმართველი ძალისთვის მეორეხარისხოვნად ითვლება, რადგან მის ხელშია გაუჭრელი კოზირის კარტი.

- ხომ შეიძლება წინა ხელისუფლების მაგალითი ახლისთვის გაკვეთილი გამოდგეს?

- ამის თქმა რთულია. რაოდენ კარგიც უნდა იყოს ხელისუფალი, მას მაინც სჭირდება დამბალანსებელი, რომ ის არ მიუბრუნდეს ნებისმიერ ოპონენტს და არ უთხრას: ჩვენ მოგვცა ამომრჩეველმა ხმა და არა შენ, ჩვენ გვანდო ქვეყნის ბედ-იღბალი და არა შენ. ეს სახიფათო რეალობაა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ ამერიკაზე ან ევროპაზე, სადაც ერთი მინისტრის პატარა გადაცდომაც კი საყოველთაო განგაშის საფუძველი ხდება. მაგალითად, არჩევნების შემდეგ რაც ლარის კურსს დაემართა, ის რომ დასავლეთის ნებისმიერ ქვეყანაში მომხდარიყო, ამას აუცილებლად გადაჰყვებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან ფინანსთა მინისტრი. ახლაც ხომ არ დააბრალებენ გარე ფაქტორებს?!

- ოპოზიციურ პარტიებს უკვე ჰქონდათ გამოხმაურება ამ ინიციატივაზე და ისინი აღნიშნავენ, რომ თავიანთ ამომრჩეველს ამ მოწოდებით ვერ მიმართავენ.

- ეს სწორი პოზიციაა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარიც კი იქნებოდა, რას ნიშნავს, რომ საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდო, მხარი დაუჭირო შენს ოპონენტს, ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას. ჩემთვის ყოვლად წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ მსგავსი მოწოდება გაეკეთებინათ, მაგალითად, რესპუბლიკელებს, ან თუნდაც თავისუფალ დემოკრატებს. კი გასაგებია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ხელში არის სახიფათო იარაღი, დემოკრატიისთვის დამიზნებული ლულა, მაგრამ ამის წინააღმდეგ ბრძოლა ხელოვნური გზით შეუძლებელია. მსგავსი მოწოდებებისთვის საზოგადოება უნდა იყო სათანადო დონეზე მომზადებული.

- რამდენად იმსახურებს ნაციონალური მოძრაობა მსგავს მოწოდებას, მის ხელშიც ხომ ნახა საზოგადოებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა?

- სავსებით სწორი და სამართლიანი შენიშვნაა. თანაც, აქ დგება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი.

- კონკრეტულად?

_ ჩვენს საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებსაც ვერაფრით აიძულებს ვერავინ, რომ ხმა მისცენ ნაციონალურ მოძრაობას. ასეთები ერთეულები კი არ არიან, ასი ათასობით არიან. გამოდის, ამ ადამიანებს არჩევანის უფლებას უზღუდავენ, არადა ნებისმიერ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს ის, აქვს არჩევანის უფლება, არათუ უფლება, ამ შემთხვევაში ვალდებულებაც კი.

- თქვენ ამბობთ, რომ არასამთავრობოების მოწოდება უადგილო იყო?

- გულახდილად რომ გითხრათ, ამ არასამთავრობოების ავტორიტეტიც ძალიან მაღალი არ არის და ეს სერიოზული პრობლემაა ქვეყნისთვის. როდესაც სამოქალაქო სექტორი პარლამენტში ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაბარგდება, ეს ძალაუნებურად არასამთავრობო სექტორის დანიშნულებას და როლს ურტყამს. რა უნდა სამოქალაქო აქტივისტს მმართველი პარტიის რიგებში?! გამოდის, რომ ძალიან ცუდი არასამთავრობო ყოფილა. მისი მთავარი ფუნქცია ხომ ხელისუფლების კონტროლია. იმ დროს, როდესაც უნდა აკონტროლოს, თვითონ ხდება ხელისუფლების ნაწილი. არც ერთ მსგავს მაგალითს ვერ ნახავთ დასავლეთში, ვერც ევროპაში და ვერც ამერიკაში.

- ევროპული გამოცდილება როგორია საკონსტიტუციო უმრავლესობის?

- ევროპაში ღმერთმა ნუ ქნას, რომ რომელიმე პარტიამ კონსტიტუციის შეცვლა მოითხოვოს. დე გოლი იყო ერთი გამონაკლისი. ამერიკაში ჯოჯოხეთი უნდა გაიარო, რომ კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანო. თითქმის წარმოუდგენელიც კია. ამიტომ არის ამერიკის კონსტიტუციაში სულ 27 ცვლილება შესული. ჩვენთან კი წინა ხელისუფლების პირობებში 40 ცვლილება იქნა შეტანილი სულ რაღაც ორ კვირაში. ლამის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად იქცეს კონსტიტუციის შეცვლა. დე გოლს კონსტიტუციაში ცვლილებები რეფერენდუმის გზით შეჰქონდა. თუ მაგარი ბიჭები არიან, რეფერენდუმზე გაიტანონ პრეზიდენტის არჩევის საკითხი.

ჩვენი საზოგადოების პრობლემა ასევე არის ის, რომ მინისტრი ვერ გრძნობს ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. ეს მას ძვალსა და რბილში არ აქვს გამჯდარი, როგორც, მაგალითად, ფრანგ თუ ამერიკელ მინისტრს. მას არ აინტერესებს, მისი გადაწყვეტილება რა რეაქციას გამოიწვევს საზოგადოებაში.

როდესაც ძლევამოსილი კანცლერი ბისმარკი გერმანიის პარლამენტში იჯდა და ყველა მწვავე შეტევას იგერიებდა, 8 ათასი გამოსვლა ჰქონდა. რამდენჯერაც დაიბარებდნენ, იმდენი მირბოდა, მიუხედავად იმისა, რომ ის განაგებდა ყველაფერს გერმანიაში – საგარეო პოლიტიკას თუ საშინაოს და ამის დრო პრაქტიკულად არ ჰქონდა, მაგრამ ის ანგარიშვალდებულებას პირველ რიგში საკუთარი ხალხის წინაშე გრძნობდა. ჩვენმა პარლამენტმა ორი-სამი მინისტრი ვერ მიიყვანა, ან თუ მიდიოდნენ, ქვორუმი ხელოვნურად იყო ჩავარდნილი და მათი მოსმენა ვერ ხერხდებოდა. ეს ძალიან ცუდი ფაქტებია დემოკრატიის გზაზე, მსგავსი „ილეთები“ დემოკრატიას არაფერში გამოადგება. როგორი პარლამენტიც გვაქვს, სწორედ ის ავტორიტეტი აქვს მინისტრებშიც. თქვენ რა გგონიათ, მოჭიდავეების, მკლავჭიდელების, მსახიობების პარლამენტს ხალხი მოწიწებით შეხედავს?!

- მათ ხომ აირჩიეს?

- დიახ, მაგრამ აქ სხვა ფაქტორები იყო წამყვანი, პიროვნებას კი არ ირჩევენ, არამედ პარტიას და მის ლიდერს, რომელსაც აქვს ავტორიტეტი.

„ახალი თაობა“, 19 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „დეპუტატის იმუნიტეტი და პარტიების დაფინანსება გასაუქმებელია

სამოქალაქო სექტორის ნაწილი მოუწოდებს პროდასავლურ პარტიებს, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მხარი დაუჭირონ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს, რათა მომავალ პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. „ახალი თაობა“ ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა ყოფილ დეპუტატ ანზორ აბრალავას

ანზორ აბრალავა:

- ეს სამოქალაქო სექტორი წარმოადგენს სააკაშვილის ფილიალებს. მათი მოწოდება არაფერს ნიშნავს. სააკაშვილმა და მისნაირმა ფსევდოდასავლელებმა მოახდინეს ნამდვილი დასავლური, ევროპული ღირებულებების დისკრედიტაცია. სააკაშვილი ყოველთვის ისე იქცეოდა, როგორც არ უნდა მოიქცეს არც დასავლელი, არც აღმოსავლელი, არც ჩრდილოელი და სამხრეთელი ლიდერი და ადამიანი. ეს ხალხი არაა ევროპელი არც ქცევებით, არც კულტურითა და განათლებით. სააკაშვილის დრო წავიდა.

- მისმა პარტიამ მხარდაჭერა მიიღო 8 ოქტომბერს...

- ჩემი არაერთგზის გამოთქმული პროგნოზები გამართლდა. ერთადერთი, მოველოდი, რომ დამნაშავე ნაცმოძრაობას ნაკლები მხარდაჭერა ექნებოდა. ამ პარტიამ საკმაოდ ბევრი ხმა მიიღო. ამას ვუკავშირებ ტელემედიის ტენდენციურობას. თითქმის ყველა არხი ნაცმოძრაობაზე მუშაობდა. ამ პარტიის წევრების გარდა, ყოველდღე ყველა გადაცემაში სააკაშვილის მომხრეები ისხდნენ. შეიძლება, სადაც გადართავ, ყველგან ბაია პატარაია იყოს? სხვა საზოგადოება ქვეყანაში არ არსებობს?

- თავად სააკაშვილის მოწოდებებმა და დაპირებებმა ჩამოსვლის შესახებ არ იმოქმედა ნაცმოძრაობის ამომრჩეველზე?

- როგორ არა. ამანაც მოახდინა მათი მობილიზება. თუმცა, ეს სააკაშვილის ბოლო გაბრძოლება იყო. ის ჩამოწერილი სახეა. ადრეც მითქვამს, რომ პოლიტიკაში მისი მოსვლა დიდი შეცდომა და გაუგებრობა იყო.

- პოლიტიკური ველის დაცარიელებაზე წელიწადზე მეტია საუბრობთ. ეს თემა აქტუალური გახდა 8 ოქტომბრის შემდეგ...

- დიახ, ამაზე დიდი ხანია ვლაპარაკობ. „ქართული ოცნებისა“ და დამნაშავე ნაცმოძრაობის გარდა, პოლიტიკურ სარბიელზე არც ერთი რაიმე მნიშვნელობის მქონე ძალა არ ჩანდა. რესპუბლიკურ პარტიაზე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას არანაირი რეიტინგი არ გააჩნია. ეს ამ არჩევნებმაც დაადასტურა. რესპუბლიკელები ყელყელაობენ 35-წლიანი ისტორიით და ინტელექტუალებით. მერედა, რას უკავშირდება ეს ისტორია? გადატრიალებებს, სამხედრო და სახელმწიფო საბჭოებთან ურთიერთობას, შევარდნაძისთვის მაშველი რგოლის შექმნას, სააკაშვილთან მჭიდრო კავშირს. ბოლოს რესპუბლიკური პარტია ხურჯინივით წამოიკიდა ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ, რესპუბლიკელების ამბიციები კი ზღვარს გადავიდა. მათ არც შორსმჭვრეტელობა აღმოაჩნდათ და არც – ანალიზის უნარი. მათი დროც წავიდა. სწორად მოიქცნენ ალასანიას თავისუფალი დემოკრატები.

- ლიდერების წასვლას გულისხმობთ?

- დიახ. ეს პარტია საარჩევნო ზღურბლსაც მიუახლოვდა, მაგრამ მაინც დამარცხდა და მისმა ბირთვმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება. ირაკლი ალასანიას და სხვებს ამით წონა შეემატათ.

- ოპტიმისტებს პროდასავლური ძალების გაერთიანების იმედი აქვთ.

- ვინ უნდა იყოს ამ გაერთიანებაში? დღევანდელი უსახური პარტიები? უსახურობას ვინ დაეძებს! პარტიების დიდი ნაწილი გარიგებებსა და ფულის კეთებაშია შემჩნეული, ზოგი სააკაშვილისგან იკვებება. მე ისიც არ მესმის, რატომ უნდა ფინანსდებოდნენ პარტიები ჩვენი ჯიბეებიდან.

- კვალიფიციური პარტიების რაოდენობა 8 ოქტომბრის შემდეგ 20-მდე გაიზარდა...

- მით უარესი ქვეყნისთვის. რისთვის წაახალისეს ეს პარტიები, გაუგებარია. ისინი არც ქვეყანას გამოსდგომიან რამეში და მათ არც ხალხის მხარდაჭერა აქვთ. მათი ლიდერები სასახლეებში ცხოვრობენ და უძვირფასესი ჯიპებით დაჰქრიან. პოლიტიკა მათთვის სამსახურია. ამომრჩევლის ლამის ნახევარი რომ არ მივიდა არჩევნებზე, ამ სახელგატეხილი პარტიების ბრალია. ბევრ ასეთ ლიდერს ტრიბუნასაც უთმობენ. არადა, საზოგადოების უმრავლესობისთვის გამოხატვის უფლება დახშულია.

- რას გულისხმობთ?

- ტელევიზიებს. ყველგან ერთი და იგივე ჯგუფი გამოდის და მორალს უკითხავს ხალხს. „რუსთავი-2“-ში სხვას აბრალებენ სიძულვილის ენას. ამ დროს ამ არხზე ხშირად დასცინიან ადამიანებს, მაგალითად, ფიზიკური ნაკლის გამო. თქვენი პოპულარული გაზეთის საშუალებით მოვუწოდებ სხვადასხვა არხს, მათ შორის, ინგა გრიგოლიას, საზოგადოების სხვა ჯგუფებსაც დაუთმოს ეთერი! ბევრი სააკაშვილს 2008 წლის მოვლენების შემდეგ განუდგა. სულ რამდენიმე კაცი ვიყავით, ვინც მას თავიდანვე საჯაროდ მძაფრად ვაკრიტიკებდით. შესაბამისი ჩანაწერები არსებობს. ამით ვამაყობ. ახლა არ მომწონს, რომ სიტყვას აღარ გვაძლევენ.

- დესტაბილიზაციის საფრთხე მინელდა?

- თუ ნაცმოძრაობას ამაზე ხელი წაუცდა, მას უსასტიკეს პასუხს ხალხი მიაგებს. ახლა ერთი ამბავი აქვთ ატეხილი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე. პროკურატურას სიტყვის თქმას არ აცლიან. ეს აფეთქება აშკარად სააკაშვილის ხელწერაა. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ სააკაშვილს ამ დროს უნდოდა რომელიმე რიგითი მოქალაქის, გამვლელის მოკვლა. ამას უნდა მოჰყოლოდა მღელვარება და ხალხის ქუჩაში გამოსვლა. გივი თარგამაძემ შეიძლება ეს არც იცოდეს.

- ნაციონალები პარლამენტში შედიან...

- ეს მათ იმუნიტეტისთვის სჭირდებათ. მათ შორის არიან ისეთები, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი. იმედი აქვთ, რომ იმუნიტეტი დაიცავთ. ამიტომ ვამბობ, რომ სადეპუტატო იმუნიტეტი უნდა გაუქმდეს. პარლამენტის წევრი ჩვეულებრივი ადამიანია. ასევე გასაუქმებელია პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსება

„ახალი თაობა“, 19 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: მიხეილ ააკაშვილი ურჩ თანაპარტიელებზე შურისძიებას აპირებს // ელოდეთ ფარულ ჩანაწერებსა და თავდასხმებს

ვის ემუქრება მიხეილ სააკაშვილი, რატომ უნდა აიკრძალოს უცხოეთიდან არასამთავრობოების დაფინანსება, რატომ არის სახიფათო ერდოღანის განცხადებები, ვის უნდა გაუუქმდეს საქართველოს მოქალაქეობა? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.

ნიკოლოზ მჟავანაძე:

- რამდენიმე თვის წინ მე სწორედ „ახალ თაობასთან“ საუბარში ვთქვი, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის გუნდს აღარ ენდობოდა და ამიტომაც შემოიყვანა თავისი ცოლი პოლიტიკაში. თავად სანდრა რულოვსს საერთოდ არ აინტერესებდა პოლიტიკა და ნაცმოძრაობა. ამავე მიზეზით დაბრუნდა საქართველოში ოდესის გუბერნატორის მარჯვენა ხელი ლევან ვარშალომიძე. დიდი მცდელობის მიუხედავად, სააკაშვილმა ცოლის, ვარშალომიძის, მინაშვილისა და წიკლაურის დახმარებით პარტიაში სიტუაცია ვერ გააკონტროლა. შესაბამისად, გამარჯვება გიგა ბოკერიას ფრთას დარჩა.

- გამარჯვებაში რას გულისხმობთ, ნაცმოძრაობის ნაწილი პარლამენტში შესვლაზე რომ დათანხმდა?

- გიგა ბოკერია სხვა ნაციონალებისგან პრაგმატული აზროვნებით განსხვავდება. ის კარგად ხვდება, რომ არ ღირს სააკაშვილისთვის პოლიტიკურ სამარეში ჩაყოლა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ გივი თარგამაძის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის უკან სააკაშვილი დგას. ბოკერიას დაჯგუფებისა არ იყოს, თარგამაძეც ეურჩებოდა ოდესის გუბერნატორს.

- ეს განხეთქილება არჩევნების შემდეგ დაიწყო. თარგამაძეს ტერაქტი არჩევნებამდე მოუწყვეს...

- როგორც ჩანს, დაპირისპირება ნაცმოძრაობაში არჩევნებამდე ბევრად ადრე დაიწყო. არჩევნებამდევე იყო ცნობილი, ვინ იყო უშუალოდ მისი გუნდის წარმომადგენელი. არც ბოკერია და არც თარგამაძე ამ გუნდში არ შედიოდნენ. გიგა ბოკერიას გადაწყვეტილებაზე სააკაშვილი ძალიან გამწარებულია, ისეთი გამწარებულია, ცეცხლებს ყრის და ამ ამბავს ასე არ დატოვებს. მე არ გამოვრიცხავ, რომ მან ნაციონალური მოძრაობის ურჩ ლიდერებს სამაგიერო გადაუხადოს. ეს ხალხი პოლიტიკის სათავეებში ექსპრეზიდენტის დახმარებით აღმოჩნდა და მათ ღალატს ასე იოლად არ აპატიებს. მის შურისძიებას ორმაგი დატვირთვა ექნება – თან სამაგიეროს გადაუხდის ურჩებს, თანაც არსებულ ხელისუფლებას დააბრალებს მომხდარს. მიხეილ სააკაშვილს ძალიან უყვარს ტერაქტები და არ გამოვრიცხავ, რომ ნაციონალებზე მომავალში რაიმე თავდასხმა მოხდეს. არ არის გამორიცხული, რაიმე სხვა მეთოდებსაც მიმართოს.

- მაგალითად, რა მეთოდებს?

- მას თან წაღებული აქვს უამრავი ვიდეომასალა. ფარული თვალთვალი და მიყურადება მხოლოდ ოპონენტების მიმართ კი არ ხორციელდებოდა, სააკაშვილი თავისი თანაგუნდელების ფარულ გადაღებასაც აწარმოებდა და მათზე უამრავი კომპრომატი აქვს. არ გამოვრიცხავ, რომ მალე ურჩ ნაციონალებზე სკანდალური კადრები გავრცელდეს.

- თუ ეს კადრები აქვს, სანამ ურჩობას გაუბედავდნენ, მანამდე რატომ არ გამოუქვეყნა ან გამოქვეყნებით არ დაემუქრა?

- მისი ნების წინააღმდეგ ძირითადად ახალი სახეები წავიდნენ. მათზე სააკაშვილს კადრები ნაკლებად აქვს.

- ბოკერია ახალი სახე ნამდვილად არ არის.

- ბოკერია მართლა არ არის ახალი სახე, მაგრამ, იმდენად კრიტიკული მომენტი იყო, რომ მან სააკაშვილის წინააღმდეგ წასვლა არჩია. მას ადრეც მოუვიდა სააკაშვილთან უთანხმოება. ეს შარშან მოხდა, როცა ნაციონალები მორიგი აქციისთვის ემზადებოდნენ. ოდესის გუბერნატორმა ბოკერიას მოსთხოვა, ბევრი ხალხი გამოიყვანეო. ამაზე ბოკერიამ კარგად შეუკურთხა და უთხრა, თავად ჩამოდი და გამოიყვანეო.

ნაცმოძრაობაში დიდი დაპირისპირებაა და ამის შედეგებს ძალიან მალე ვიხილავთ. სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ დაშლის პირას მისული ნაცმოძრაობის გადარჩენას თავგამოდებით ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა განცხადებას, სადაც ისინი ხალხს მოუწოდებენ, მეორე ტურში მხარი ნაცმოძრაობის კანდიდატებს დაუჭირონ. მათი თქმით, ეს იმიტომ უნდა გაკეთდეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მიიღოს. ამ განცხადებას ის ხალხი აწერს ხელს, რომელსაც 9 წლის განმავლობაში არასდროს გასჩენია პროტესტი იმის გამო, რომ ნაცმოძრაობას საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავდა. რაღაც არ მახსოვს, მათ ქუჩაში ხალხის დახვრეტა ან მიტინგების დარბევა გაეპროტესტებინათ. ვეკითხები ამ არასამთავრობოებს – იმის შიშით, რომ „ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მიიღოს, შემთხვევით ნაციონალები ხომ არ დავაბრუნოთ ხელისუფლებაში?! რა უფლებით აკეთებენ ასეთ მიმართვებს ასო-ები! ეს არის ხალხის არჩევანი და ამ არჩევანს ყველამ უნდა სცეს პატივი.

- თქვენ ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავთ იმაში, რომ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება?

_ მე მიმაჩნია, რომ ეს კარგი იქნება. აქამდე ხელისუფლება ამბობდა, რომ საქმეს იმიტომ ვერ აკეთებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს და საჭირო კანონების მიღებაში ნაციონალები უშლიდნენ ხელს. ახლა ბურთიც მათია და მოედანიც. ამის მერეც თუ ვერაფერს გააკეთებენ, ყველაფერზე მათ მოუწევთ პასუხის გაცემა. მეც მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, პარლამენტი მრავალპარტიული ყოფილიყო, მაგრამ სხვა შედეგი დადგა და არცერთ არასამთავრობოს არა აქვს უფლება, ხალხის ნაციონალების მხარდაჭერისკენ მოუწოდოს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ ასო-ებსა და ნაცებს ზოგიერთი პარტიის ლიდერიც აჰყვა. არადა, ის ხალხი ჭკვიანი მეგონა. ასეთი განცხადებებით ისინი პოლიტიკურ ხარაკირის იკეთებენ. საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე `ოცნება~ უფრო დიდი წნეხის ქვეშ იქნება და მათ ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნებათ.

- რა პრობლემები?

- ძალიან ბევრი ადამიანი და მათ შორის მეც ხელისუფლებისგან ნაციონალური მოძრაობის გაუქმებას ვითხოვთ. ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ უცხოეთიდან არასამთავრობოების დაფინანსება უნდა აიკრძალოს. ამის გაკეთება აუცილებელია, მით უმეტეს ახლა, როცა საქართველოს უამრავი პრობლემა შეიძლება შეექმნას.

ჩვენი პოლიტიკოსების დიდ ნაწილს ყურადღების გარეშე დარჩა თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაეპ ერდოღანის განცხადება, რომელიც მან რიზეს უნივერსიტეტში გააკეთა. მანამდე ყოფილმა პრემიერმა დავითოღლუმ გააკეთა განცხადება, ოსმალეთის იმპერია უნდა აღვადგინოთო და ამ იმპერიის შემადგენლობაში ბათუმთან ერთად ოზურგეთიც შეიყვანა. ერდოღანმა კი თქვა, თურქეთი მხოლოდ ის დღევანდელი თურქეთი არ არისო. მან ჩამოთვალა ის ტერიტორიები, რომლებიც, მისი თქმით, თურქეთის ფარგლებს გარეთაა. ახსენა ბათუმიც. სტუდენტებს უთხრა, ბათუმისა და რიზეს ერთმანეთისგან დაშორება როგორ შეიძლებაო. ამათ გამჩენი არ ასვენებთ და აჭარას ვერაფრით ელევიან.

ეს არის საგანგაშო განცხადება და მაინტერესებს, როდემდე უნდა წაუყრუოს ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ასეთი განცხადება რომელიმე რუს მაღალჩინოსანს რომ გაეკეთებინა, რუსული დროშები უკვე დამწვარი იქნებოდა.

- თურქული დროშების დაწვას ითხოვთ?

- არა, მე საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ვითხოვ სათანადო რეაგირებას. კეთილი ინებონ და გააგზავნონ ნოტა. თუ რადგან თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, შენიშვნაც არ უნდა ვაკადროთ და ტერიტორიები თუ წაიღო, იქით მადლობა უნდა გადავუხადოთ? ასეთი რაღაცების მიყრუება სამშობლოს ღალატია და დღესვე უნდა მოხდეს ამაზე რეაგირება.

პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე მიხეილ სააკაშვილმა უპატიებელი დანაშაული ჩაიდინა. მან გიულენის ხალხს, რამდენიმე ათას კაცს, საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. ეს გიულენი თურქეთში გადატრიალების მოწყობას ცდილობდა და რატომ გვგონია, რომ საქართველოში უარესს არ იზამს! ჩემი აზრით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ ხალხისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა.

- რა საბაბით?

- მათ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა კანონის გვერდის ავლით მიანიჭა. საუბარია 30.000 ადამიანზე. რამდენიმე წლის შემდეგ მათი რაოდენობა 100.000-მდე გაიზრდება და, როგორ გგონიათ, ისინი არ წამოაყენებენ პრეტენზიებს? და მერე რას ვიზამთ, ამერიკელების იმედად ვრჩებით, აგვისტოს ომის დროს პამპერსი და წყალი რომ გამოაგზავნეს? ახლა ამასაც არ გამოაგზავნიან. ჭკუას ვერასდროს ვსწავლობთ. აფხაზეთი და სამაჩაბლო იმიტომ დავკარგეთ, რომ ნელ-ნელა ვთმობდით პოზიციებს. ახლაც ასე ხდება. ამ პროცესს ხელს უწყობენ არასამთავრობოები.

არასამთავრობოების ნაწილსა და უჩა ნანუაშვილს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები აფინანსებენ. ყველაზე სერიოზული დაფინანსება მოდის თურქეთიდან. ამიტომაც არის, რომ ეს პატივცემული ასო-ები და პატივცემული უჩა რელიგიური დაპირისპირების ინსპირირებას ცდილობენ. ისეთ სურათებს ხატავენ, თითქოს საქართველოში მუსლიმები იდევნებიან და ამ დროს ხმას არ იღებენ იმაზე, რომ ქართველ სასულიერო პირებს თურქეთის ტერიტორიაზე არ უშვებენ. ამ ყველაფერზე კარგად უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება. არჩევნები გადაგორებულია და ახლა სხვა პრობლემებსაც უნდა მიეხედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა თბილისიც დავკარგოთ. ამ საქმეში ხელისუფლებას პარლამენტს გარეთ დარჩენილმა ძალებმაც უნდა დაუჭირონ მხარი. ეს ყველას საქმეა.

- პარლამენტს მიღმა დარჩენილი ოპოზიცია ფაქტიურად რომ აღარ არსებობს?

- ამ ფლანგზე ძალიან რთული ვითარებაა და პოლიტიკური ველი, ფაქტობრივად, მოსუფთავებულია. ეს ცუდია, მაგრამ ამასაც ახლავს თან სიკეთე. ახლა არის ყველაზე ხელსაყრელი ვითარება ახალი ძალის გამოსაჩენად. მიმდინარეობს ახალი პარტიის შექმნა, რომელიც არა მესამე და მეორე ადგილის დასაკავებლად, არამედ პირველობისთვის იბრძოლებს.

- ქართული ოცნება სად მიდის?

- დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე, ერთი და იგივე პარტია არჩევნებს სულ ვერ მოიგებს. აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა გამოჩნდეს ახალი ძალა. ამაზე არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული ბიძინა ივანიშვილს.

- ფიქრობთ, რომ ის შექმნის ახალ პარტიას?

- არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ, არა მგონია, ეს ივანიშვილმა გააკეთოს, მაგრამ გაერთიანება იქნება საკმაოდ ძლიერი.

- დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ღარიბაშვილი აპირებს პოლიტიკაში მოსვლას. შემთხვევით მის გარშემო ხომ არ მოხდება ეს გაერთიანება?

- ჩემი აზრით, ღარიბაშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს. იქნება თუ არა ამ გაერთიანებაში, მალე ვნახავთ. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გაერთიანება იქნება ძალიან ძლიერი და მან შესაძლოა თვითმმართველობის არჩევნებშიც კი მოსინჯოს ძალები, რომელიც მომავალ წელს ტარდება.

„ახალი თაობა“, 19 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „სოხუმში ტერაქტის კვალი ისლამურ სახელმწიფოსთან მიდის

ჩვენ უკვე ვწერდით სოხუმში სახელმწიფო ტელევიზიასთან განხორციელებული აფეთქების შესახებ. ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია მომხდარს „ახალ თაობასთან“ საუბარში აანალიზებს და მას ისლამურ სახელმწიფოსთან აკავშირებს.

- ბატონო ვახტანგ, სოხუმში სახელმწიფო ტელევიზიის წინ პირმა თავი აიფეთქა. ფაქტი ტერაქტად შეაფასეს. თუ მომხდარი ტერაქტი იყო, ეს რას ნიშნავს? მოგეხსენებათ, აფხაზეთი რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა...

- ითქვა, რომ ის მარტო არ იყო. ფაქტი დილის 7 საათზე მოხდა და სახელმწიფო დაწესებულების მიმართულებით. მსხვერპლი არ არის, მაგრამ სერიოზული ზიანი მიადგა დაცულ ობიექტს, ტელევიზიას.

- რას შეიძლება დავუკავშიროთ სოხუმში ტერაქტის მოწყობა?

- თავისი სტილითა და მანერით მომხდარი ძალიან წააგავს ისლამური სახალიფოს ნამოქმედარსა და დაეშის მსგავს დანაშაულს სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიებზე. ისინი სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიებზე ახორციელებენ მსგავს ტერაქტებს.

- რაში სჭირდებოდა ისლამურ ხალიფატს სოხუმში ტერაქტის მოწყობა?

- თუ ჩვენ გავაკეთებთ სირიაში მიმდინარე პროცესების ანალიზს, მაშინ გასაგები გახდება ამ ქმედების მოტივი და მისი სავარაუდო ჩამდენები დაეშის, ალეპოსა და ისლამური სახალიფოს მიმართულებით.

- ანუ რუსეთი უტევს სირიას და იქიდანაც გამაფრთხილებელი სიგნალები მოდის?

- როგორც ჩანს, ეგ არის. რუსები ახორციელებენ მასირებულ დარტყმებს არა მარტო ალ ქაიდას, ჯაფხად ალ ნუსრას, არამედ ისლამური სახალიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მიმართულებითაც. ისლამურ სახალიფოს ჰქონდა თავისი ქსელები აფხაზეთის ტერიტორიაზე. თქვენი გაზეთის მეშვეობით თავიდანვე ვთქვით, რომ პირველი ასეთი დაჯგუფება ოკუპირებულ აფხაზეთში შეიქმნა. როგორც ჩანს, ისლამურმა სახალიფომ აამოქმედა თავისი კარგად ინსპირირებული ჯგუფის ტერორისტები.

- მაინცდამაინც სოხუმში რატომ მოაწყო ტერაქტი?

- სოხუმში კარგად შეეძლო თავისი აქტიური ტერორისტული ჯგუფის წევრების ამოქმედება. დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს 8-10 ათასი სირიიდან დეპორტირებული ლტოლვილი, რომლებიც აფხაზეთმა მიიღო. სირიის ლტოლვილები განთავსებული არიან რუსეთში – კრასნოდარის მხარისა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიებზე. იყო გეგმები, რომ სირიელი ლტოლვილები დაესახლებინათ ქართულენოვან რაიონებში – გალისა და ოჩამჩირის ფარგლებში. ამ გეგმის განხორციელებას კურირებდა დღევანდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვლადისლავ სურკოვი. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, „დაიშ“ის კვალი ყოფილიყო და არის კიდევაც დაეშის კვალი.

- რუსეთში რატომ არ მოხდა მსგავსი რამ?

- ეტყობა, დაეშისთვის სუსტი წერტილი აფხაზეთში იყო. აფხაზეთში ნაკლებად ელოდებოდნენ ასეთ დარტყმას, რადგან ძალოვანი სტრუქტურები მუშაობენ ამ მიმართულებით. ესეც მნიშვნელოვანია, რადგან მოულოდნელობის ეფექტის ელემენტი ახლდა თან. როგორც ჩანს, ხალიფატის მომხრეებმა სოხუმში, ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაზე, უფრო მეტი მომხრეების კონცენტრაცია შეძლეს.

- საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტერაქტი რომ მოხდა, ეს ჩვენი შეშფოთების საგანი უნდა იყოს?

- სავარაუდოდ, ტერაქტი მიმართული იყო რუსეთის, მისი პოლიტიკური მომხრეების შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო მანქანის წინააღმდეგ, რადგან ეს არის ობიექტი, სადაც ახლა აპირებდნენ აფხაზეთში საარმიო ნაწილების შექმნას. ისინი კარგად არიან დაცული, მაგრამ აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზია იყო სტრატეგიული ობიექტი, თუმცა – ნაკლებად დაცული. როგორც ჩანს, ეს იყო პირველი, გამაფრთხილებელი დარტყმა ამ მიმართულებით.

- ეს რუსეთის შეტევებს სირიის მიმართულებით რამენაირად შეაფერხებს?

- არა მგონია. რუსეთი დასავლეთმა ვერ დააშინა, როდესაც საფრანგეთმა მოითხოვა და ამერიკამაც მხარი დაუჭირა, რომ შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო ჰააგის ტრიბუნალის ჯგუფი, რომელი შეეცდება, გამოიძიოს რუსეთის დანაშაული მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე. საუბარია იმ დაბომბვებზე, რომელთაც სირიაში ეწირება მშვიდობიანი, მაგალითად, ალეპოს მოსახლეობა.

———————

„რეზონანსი“, 19 ოქტომბერი, 2016 წელი

რა საჩუქარს გვპირდება რუსეთი

მოსკოვში დიდი მოლოდინია, რომ არჩევნების შემდეგ ოცნება კრემლთან ურთიერთობის კორექტირებას მოახდენს

ეკატერინე ბასილაია

8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველო-რუსეთის წარმომადგენელები, ზურაბ აბაშიძე და გრეგორი კარასინი ერთმანეთს დღეს პრაღაში პირველად ხვდებიან და, როგორც ქართველი პოლიტოლოგები აცხადებენ, მოსკოვში დიდი ეიფორია და მოლოდინია იმისი, რომ საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უპირატესობით გამარჯვებული “ქართული ოცნება” რუსეთთან ურთიერთობის კორექტირებას მოახდენს.

ამიტომაც პრაღის შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებებიდან პირდაპირ თუ ფრაზებს შორის გავიგებთ, რა ახალი გზავნილები და მიზნები აქვს მოსკოვს ჩვენზე და ასევე იმასაც, უნდა ველოდოთ თუ არა ოფიციალური თბილისისგან რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო დათბობას.

ქართველი ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ მოსკოვმა რამდენიმე “საჩუქარი” გაუკეთოს თბილისს გულის მოსაგებად და მეგობრობის დასამტკიცებლად.

გულის მოსაგები ერთი საჩუქარი უკვე გაცხადდა კიდეც. რუსეთი მზად არის, საქართველოს გადმოსცეს ქართული ფილმების მთელი არქივი, რომელიც მოსკოვშია დაცული და რომლის გადმოცემას კულტურის სამინისტრო 2 წელია, ელოდება.”აბაშიძე მესიჯებს ჩაიტანს. სიტუაცია იცვლება. “ქართული ოცნება” აღარ არის ბლოკი, სადაც განსხვავებული პარტიები იყვნენ. თან “ოცნებას” უკვე კონსტიტუციური უმრავლესობა და აბსოლუტური მმართველობა აქვს, რაც სიტუაციის რადიკალურ ცვლილებას გულისხმობს და ეს რუსებმაც იციან. „აქედან გამომდინარე, რა მესიჯებს გაახმოვანებს ხელისუფლება რუსეთთან, ეს ძალიან საინტერესო იქნება და ეს გამოჩნდება კარასინის განცხადებებიდანაც”, – აცხადებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.

“დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტის, სოსო ცისკარიშვილის თქმით, თუ პირდაპირ არა, სტრიქონებს შორის გავიგებთ, რა სურს რუსეთს საქართველოსთვის.

“ნებისმიერი თემის განხილვისთვის უნდა ვიყოთ მზად. უსათუოდ სტრიქონებს შორის მაინც დავრწმუნდებით, რომ კი, სურს ვითომ, რაღაც სიკეთის მიძღვნა საქართველოსთვის რუსეთს, მას შემდეგ, რაც მათი წარმოდგენით ჩვენ უარი გვითქვამს ევროპული პერსპექტივისთვის, მაგრამ ამის შნო აქვთ თუ არა, ამას გავარკვევთ მას შემდეგ, რაც გავეცნობით კარასინის ტერმინოლოგიაში რამე სიახლეს. რუსეთის პარლამენტში უკვე გაკეთდა განცხადება, რომ მათ უნდათ ქართველ პარლამენტარებთან აქტიურად ითანამშრომლონ. ეს, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინას დიდი დამსახურებაა და შემიძლია მივულოცო”, – ამბობს სოსო ცისკარიშვილი, რომელიც გამორიცხავს, რომ რუსეთს საქართველოში რამე წარმატება ექნება.

უვიზო რეჟიმის ფასი

“შემიძლია ერთი თემა დავაანონსო, საკმაოდ სასიამოვნო ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს საზოგადოებას. უახლოესი კვირების მანძილზე იწყება პროცესი ჩვენი ფილმების არქივის გადმოტანისა რუსეთიდან”, – განუცხადა ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ს პრაღაში გამგზავრების წინ, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრეგორი კარასინს უნდა შეხვდეს.

არქივის გარდა აბაშიძემ გამგზავრებამდე თქვა ისიც, რომ ამ წლის იანვრიდან საგრძნობლად გამარტივდა სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვის და რამდენიმე თვის წინ ასევე რაღაც განცხადებები გაკეთდა, რომ თითქოს კიდევ უფრო გამარტივებას გეგმავენ. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ კულტურის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2014 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ რუსეთის “გოსფილმოფონდთან” უკვე მიღწეული იყო შეთანხმება და 2015 წლის იანვრიდან უნდა დაწყებულიყო არქივში დაცული ყველა ქართული მხატვრული და დოკუმენტური სრულმეტრაჟიანი ფილმის ეტაპობრივი გადმოცემა. თუმცა ეს შეთანხმება 2 წელია, გაყინულია. ახლა კი, ეს პროცესი დაიძრება და პოლიტოლოგების მინიშნებით, ეს არის “მეგობრობის აღსადგენად ერთი მსუყე საჩუქარიც”.

საუბარია 800-მდე ქართულ ფილმზე, რომლებიც საბჭოთა პერიოდშია გადაღებული, 1916 წლიდან 1990 წლამდე. დღეს საქართველოში გავრცელებული ფილმები მხოლოდ ასლებია, მოსკოვიდან კი მაღალი ხარისხის ორიგინალები უნდა ჩამოვიდეს. როგორც კინოცენტრში ამბობენ, შესაძლოა რუსულ არქივში ისეთი ფილმებიც აღმოჩნდეს, რომელთა ასლები საქართველოში არ იყოს შემონახული.

მეორე ასეთი საჩუქარი შესაძლოა იყოს კიდევ უფრო გამარტივებული ან საერთოდ გაუქმებული სავიზო რეჟიმი რუსეთის მხრიდან. საქართველოს რუსეთთან ცალმხრივად ვიზები 2012 წლის თებერვლიდან გაუქმებული აქვს, რუსეთს – არა. დროდადრო მოსკოვში ეს თემა აქტიურდება.

გასულ წელს ჯერ ნოემბერში საგარეო საქმეთა სამინისტრის მიერ გამოქვეყნდა ინფორმაცია, შემდეგ დეკემბერში, რუსეთის პრეზიდენტმა ტრადიციულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე. თბილისში მაშინ ბრიუსელიდან ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკური საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინი იყო და ქართველი პოლიტოლოგების დიდმა ნაწილმა მოსკოვის ეს გზავნილი ევროკავშირის საპირწონე გზავნილად შეაფასა. თუმცა კრემლიდან ამ განცხადებებს რეალური ნაბიჯი არ მოჰყოლია, კარასინის პირით დაისვა წინაპირობა, რომ სანაცვლოდ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღედგინა. ამის შემდეგ კი საუბრები შეწყდა.

რა სურს რუსეთს საქართველოსგან

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ რუსეთის პოლიტიკურ ელიტასა და ექსპერტულ წრეებში ერთგვარი ეიფორია და მოლოდინია, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობების კორექტირებას მოახდენს მოსკოვის ინტერესების თანხვედრით.

“თუ რუსულ მედიას გადახედავთ, ჩამოყალიბებულია ნარატივი, ჩემი აზრით, მცდარი, მაგრამ მათ თვალში ლეგიტიმურად ჟღერს, რომ ქართველმა ხალხმა პროდასავლურ პარტიებს უარი უთხრა და აქედან გამომდინარე უნიკალური შანსი აქვთ, საქართველოსთან ურთიერთობები დაალაგოთ. აქიდან გამომდინარე იყო რუსეთის დუმის დეპუტატის ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებაც, რომ რუსი დეპუტატები შეეცდებიან, საქართველოს პარლამენტთან საპარლამენტო კავშირები აღადგინონ. ასეთი ეიფორია შეინიშნება, რომ შესაძლოა იყოს შანსი საქართველოსთან ურთიერთობები მოაგვარონ და საერთო პროექტებზე, მათ შორის საერთო უსაფრთხოებაზეც ილაპარაკონ. ეს საქართველოს ხელისუფლების ერთგვარი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არ შეცვლილა და ისევ იგივე ხალხია, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო იმისათვის, რომ ის ნაბიჯები, რომლებიც შესაძლოა რუსეთმა ჩვენი გულის მოსაგებად გადმოდგას, კარგად გააზრებული იყოს და ჩვენ მიერ გაცხადებულ საგარეო კურსთან – ევროინტეგრაციასთან წინააღმდეგობაში არ იყოს. ამ თვალსაზრისით, მით უმეტეს, როდესაც კონსტიტუციური უმრავლესობა გვექნება, ხელისუფლებამ შესაძლოა უფრო მეტად გაბედული ნაბიჯები გადადგას და პოტენციური რისკები არსებობს. თუმცა პირადად მე, საგარეო კურსის შეცვლას არ ველოდები”, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

პოლიტოლოგი კურსის კორექტირებას არა, მაგრამ ელოდება, რომ შესაძლოა რუსეთმა შემოგვთავაზოს ახალი ფორმატები ან კარასინი-აბაშიძის ფორმატის კიდევ უფრო გაფართოება და ამით შეიქმნას იმიტაცია იმის, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა მესამე ძალის, დასავლეთის ჩართვის გარეშე რეგულირდება. ამან კი შესაძლოა, ბოლოს რუსეთთან პირისპირ დაგვტოვოს და ჩვენთვის გამოუსწორებლად წამგებიანი იყოს.

“რუსეთის ამოცანაა, საქართველომ ნატოზე თქვას უარი ან ეს პროცესი დაამუხრუჭოს. მიგვანიშნოს, რომ თუ ამას იზამთ, აგერ აფხაზეთთან და ოსეთთან შეგიწყობთ ხელს. მოსკოვის მიზანია, საქართველოში დაიწყოს აქტიური საუბრები იმაზე, რომ იქნებ რუსეთი უფრო უკეთეს რამეს გვთავაზობს, რომ საზოგადოებაში აზრი ორად გაყონ”, – აღნიშნავს კორნელი კაკაჩია. იგი არ გამორიცხავს იმასაც, რომ მოსკოვმა კარასინის პირით უვიზო მიმოსვლა შემოგვთავაზოს, თუმცა ამბობს იმასაც, რომ თუ ამ გადაწვეტილებას მიიღებენ, გამოდის, რომ საქართველომ რაღაც დათმო.

რუსეთი ნატოსთან სწრაფვის დამუხრუჭებას მოითხოვს და ასევე უპირველესად დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას. “რუსეთის მთავარი სურვილია, დასავლეთს მიაწოდოს მესიჯი, რომ საქართველოსთან უთქვენოდ მოვაგვარებთ ურთიერთობებს. დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა კი ამ მიზნებისთვის პირველი ნაბიჯია, რაც ჩვენთვის ყველაზე დიდი საფრთხე და სატყუარაა და დიდი იმედი მაქვს, ამაზე ხელისუფლება არ წამოეგება”, – დასძენს კორნელი კაკაჩია.

რას ნიშნავს რუსული დაპირება

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, რუსეთიდან შესაძლოა, რაღაც დაპირებები მივიღოთ, მაგრამ ამ დაპირებას არანაირი ძალა არ ექნება და ნებისმიერ შემთხვევაში მოსკოვი მას საჭიროების მიხედვით ისევ უკან წაიღებს.

“რუსეთმა ძალიან მარტივად აღიქვა საპარლამენტო არჩევნების შედეგები და კმაყოფილებას არ მალავენ. ამბობენ, რომ საქართველომ უარი თქვა ევროპული განვითარების გეზზე. პარალელურად ცდილობენ ვითომ რამე ტკბილეულის გადაცემას საქართველოსთვის. ჩვენ ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში უკვე გვქონდა რუსეთთან უვიზო რეჟიმის მოლოდინი, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რას ნიშნავს რუსეთის პრეზიდენტის დაპირება. ერთი კვირის შემდეგ მან უბრალოდ უარი თქვა ამ თემის გაგრძელებაზე, რადგან მისი დაპირებიდან რამდენიმე დღეში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა თავის 3-წლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა საზოგადოებას, სადაც საუბრობდა მხოლოდ ნატოზე, ევროკავშირზე და სიტყვაც არ დასცდენია რუსეთიდან უვიზო ურთიერთობის შესაძლებლობაზე”, – აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი. იგი ამბობს იმასაც, რომ კოლეგისგან აქვს ინფორმაცია, თუ რა მოლოდინი ჰქონდა პუტინს თავისი განცხადების შემდეგ.

“კრემლი ელოდა, რომ თბილისში ყველა პუტინის სურათებით გამოცვივდებოდა ქუჩაში მადლობის სათქმელად, მაგრამ როდესაც ღარიბაშვილმა 2-საათიან ანგარიშში სიტყვა – რუსეთი არ წარმოთქვა, ეს იყო მიზეზი პუტინის განაწყენებისაც და იმისაც, რომ ღარიბაშვილმა დაკარგა თანამდებობა. ამიტომაც არის, რომ ივანიშვილი ღარიბაშვილს დღემდე ბოდიშის რეჟიმში იხსენიებს. ამდენად, კარასინისგან ნურაფერს სერიოზულს ნუ ველოდებით. რაც კი რამე უმსგავსობა იყო საქართველოს მისამართით, დოკუმენტაცია სწორედ კარასინის კაბინეტში მზადდებოდა. ყირიმის ოკუპაციიდან დაწყებული, სოხუმსა და ცხინვალთან განსაკუთრებული რეჟიმის დამყარებით დასრულებული. ამის მიუხედავად, სასურველია, რომ ჩვენი კინოფილმების დედანი, რომელიც დღემდე “მოსფილმში” ინახება, ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდეს”, – მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.

ხელისუფლების მიზანირუსული ბაზარი და რუსი ტურისტები

საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაა, რუსეთთან ურთიერთობები შეარბილოს, დაათბოს და აქედან სარგებელი მიიღოს – რუსული ბაზრის გახსნა და რუსი ტურისტები. მისი თქმით, ამ მთავრობას ეტყობა იმის იმედიც აქვს, რომ უვიზო მიმოსვლა მიიღოს, როგორც ევროპასთან, ასევე რუსეთთან და ამაში ცუდი არაფერია.

“უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ რუსეთი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას ითხოვს და თუ ეს წინაპირობა დარჩება, მთავრობა ამაზე არ და ვერ წავა. რუსეთს ორი საელჩო უკვე აქვს ჩვენს ტერიტორიაზე – ცხინვალსა და სოხუმში და მესამე კიდევ სად უნდა გახსნან?!” – კითხულობს თორნიკე შარაშენიძე. მისი თვალსაზრისით, საქართველოში მოდის ახალი თაობა, რომელზეც რუსული პროპაგანდა არ მოქმედებს და სულ არ აინტერესებს რუსეთი და რეალურად, საქართველოში დრო რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს. ამიტომაც, შარაშენიძე რუსი პოლიტიკოსების გარკვეული მოლოდინის მიუხედავად, არ ელოდება, რომ ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობის კორექტირება მოისურვოს და შეძლოს.

“რუსეთს ჩვენთვის ნაკლებად სცალია, მათთვის ჩვენ მეათეხარისხოვანი ვართ, აშშ-სთან ურთიერთობების გამწვავების, უკრაინისა და სირიის გამო. ყარაბაღზეც სერიოზულად მუშაობენ. ჩვენი საკითხი კი მოსკოვმა, ასე ვთქვათ, გაყინა, თაროზე შემოგვიგდო და ამ სიტუაციით ბედნიერია. ამ სიტუაციით ბედნიერია მგონი ჩვენი მთავრობაც, რომ რამე ცუდი არ მოხდება. საკონსტიტუციო უმრავლესობა რომ მოიპოვონ, არ მგონია, რომ ისევ დე-სე-თე-ში შეგვიყვანონ. ეს რომც მოინდომონ, ეს მათ დაღუპვას ნიშნავს და ამას ისინი ხვდებიან”, – მიიჩნევს თორნიკე შარაშენიძე.

„რეზონანსი“, 19 ოქტომბერი, 2016 წელი

მომავალი ბიუჯეტი ვალებით ამოივსება

ქვეყანა არის ისეთ რეალობაში, რომ ახალი ვალდებულებების აღება ნამდვილად მოგვიწევს

მარი ჩიტაია

მთავრობა 2017 წლის ბიუჯეტის ზრდას ვალების ხარჯზე გეგმავს. დიდი ალბათობით, გაისად სახელმწიფო ვალის რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს, რაზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშიც არის მითითებული. ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, 2017 წელს 1,660 მლრდ დოლარის ვალის აღებაა გადაწყვეტილი. წლევანდლეთან შედარებით, საგარეო ვალდებულებები 300 მლნ ლარით იზრდება, ხოლო საშინაო ვალის მოცულობა – 100 მლნ ლარით. მატულობს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტიც, რომელიც დაგეგმილ მაჩვენებელს გადააჭარბებს.

იშვიათი გამონაკლისის გარდა, ეკონომისტები მმართველ პარტიას ბიუჯეტის პირველად ვარიანტს უწუნებენ. არის საპირისპირო მოსაზრებაც, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ საგარეო ვალის ზრდა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ემსახურება და ამ მხრივ მთავრობის გადაწყვეტილება სწორია.

2017 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 10,555 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 440 მლნ ლარით აჭარბებს. 2016 წლის ბიუჯეტის მოცულობა 10,145 მლრდ ლარია. მართალია, ეს არ არის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია და აღნიშნულ პარამეტრში გარკვეული ცვლილებები შევა, თუმცა ვალებთან დაკავშირებული მაჩვენებლები დიდწილად უცვლელი დარჩება. მიმდინარე ბიუჯეტში ვალის მოცულობა 1,275 მლრდ ლარს შეადგენდა, ხოლო გაისად მისი მაქსიმალური ნიშნული 1,660 მლრდ ლარი იქნება (აქედან საგარეო ვალის მოცულობა 1,360 მლრდ ლარია, თითქმის 300 მლნ-ით მეტი). გამოდის, რომ წინა წელთან შედარებით, ვალის მოცულობა თითქმის 400 მლნ-ით იმატებს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მეორე ნახევარში მეტ-ნაკლებად სრულდება ვალის მომსახურების რთული პერიოდი და გამოდის, რომ მთავრობა ახალი ვალის ასაღებად ემზადება.

წინა მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელი ნოდარ ებანოიძე ამბობს, რომ 2017 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე მეტი ყურადღება უნდა გამახვილდეს.

“ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტში ძირითადი დანაკარგი რაც არის, ეს არის მოგების გადასახადიდან მისაღები თანხა. საშემოსავლო, დღგ და იმპორტის გადასახადი, მზარდა. საგარეო ვალდებულებები 385 მილიონი ლარით იზრდება, რაშიც პრობლემას ვერ ვხედავ. მოსალოდნელია, რომ სტრუქტურულად და კონცეფციითაც სხვა სახის ბიუჯეტი შემოვა, თუმცა ვალების ნაწილი, სავარაუდოდ, არ შეიცვლება. ქვეყანა არის ისეთ რეალობაში, რომ ახალი ვალდებულებების აღება ნამდვილად მოგვიწევს. აქ იგულისხმება საგარეო და შიდა ვალიც. ჩვენი შენიშვნა სხვა ხასიათისაა. როცა შემოვიდა საბოლოო ვარიანტი მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებით, აცხადებდნენ, რომ ამის კომპენსირება მოხდებოდა ადმინისტრაციული ხარჯის შემცირებით. ეს კომპონენტი გადახედვას საჭიროებს, მიუხედავად მთავრობის მტკიცებისა, რომ ამ მიმართულებით ხარჯი შემცირებულია. კლება რეალურად არის, მაგრამ, ცხადია, ეს არ არის მოგების გადასახადის მაკომპენსირებელი”, – ამბობს ებანოიძე.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ 2017 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტი ფუნდამეტურად გადასამუშავებელია. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ ლევან ქისტაურის შეფასებით, მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მნიშვნელოვანი სახეცვლილება სჭირდება, განსაკუთრებით, ვალებისა და ბიუჯეტის დეფიციტის ნაწილში.

“შეკრებიდანვე ახალ პარლამენტს ძალიან მალე მოუწევს ბიუჯეტის ფუნდამენტური კორექტირება. როგორც მინიმუმ სერიოზული გადამუშავება აუცილებელია. ვალების მატება დამაფიქრებელია, ისევე როგორც დეფიციტის ზრდა, რაც სამომავლოდ გარკვეულ პრობლემას შექმნის. ეს საკითხი, ჩემი აზრით, ძალიან საფრთხილოა. ბიუჯეტის არსებული ვერსიიდან გამომდინარე, მასზე დიდ იმედს არ ვამყარებ. ვფიქრობ, საგარეო ვალების ზრდა, ერთი მხრივ, განპირობებულია იმით, რომ მოგების გადასახადის ნაწილში შემცირებულია შემოსავლები. შეიძლება ამ მხრივ საგანგაშო არაფერია, მაგრამ არასწორად მიმაჩნია ბიუჯეტის დეფიციტის ამხელა პარამეტრი. ვთვლი, რომ იგი დღეს არსებულ გამოწვევებთან შეფარდებით გაცილებით ნაკლები უნდა იყოს”, – აცხადებს ლევან ქისტაური.

სპეციალისტები ყველაზე მეტ საფრთხეს საშინაო ვალების ზრდის კუთხით ხედავენ. როგორც ცნობილია, თვალში საცემად მატულობს შიდა ვალის ოდენობა, რომლის ზღვრული მოცულობაც კანონპროექტით, 3,262.7 მლნ ლარის დონეზე განისაზღვრა.

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ფიქრობს, რომ ასეთი მიდგომა ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს და სამომავლოდ ბიუჯეტს პრობლემას შეუქმნის. რაც შეეხება საგარეო ვალს, აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტის მოსაზრება აბსოლუტურად განსხვავებულია. მისი აზრით, საგარეო ვალის გაზრდა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

“საგარეო ვალის ზრდას ამ პირობებში მივესალმები. დღეს ჩვენ გვაქვს 2,8%-იანი ეკონომიკური ზრდა და 0,1%-იანი ინფლაცია, როდესაც მიზნობრივი მაჩვენებელი 5%-იანია. დეფიციტი და საგარეო ვალი თუ გავზარდეთ, არავითარი პრობლემა არაა, თუნდაც 6%-მდე ავიდეს. საქართველოს ჰქონია 7 და 9%-იანი ინფლაციაც, მაგრამ ეკონომიკა არ დანგრეულა. ჩვენი საგარეო ვალი საერთაშორისო სტანდარტთან აბსოლუტურ შესაბამისობაშია. მშპ-სთან მიმართებით, საგარეო ვალი 60%-მდეც რომ გაიზარდოს, ნორმაა. სახელმწიფომ მეტი საგარეო ვალი უნდა აიღოს, მაგრამ მიზნობრივად დახარჯოს. ინფრასტრუქტურა თუ გაიმართება და ამით სარგებელს მივიღებთ, ეს პრობლემა არ არის. თუნდაც, ის, რომ მოგების გადასახადის რეფორმა იწყება მომდევნო წლიდან და მცირდება საგადასახადო შემოსავლები 500 მილიონით, ამის საკომპენსაციოდ საგარეო ვალდებულებების მატება კარგი იქნება. რაც შეეხება შიდა ვალს, ეს საფრთხილო საკითხია. ბანკებს ვართმევთ თავისუფალ სახსრებს. კომერციული სტრუქტურა, რომელიც სახელმწიფოს ასესხებს თანხას გარანტირებულად, ეკონომიკურ რეალურ სექტორს აღარ დააკრედიტებს. ამიტომ, სჯობს, შევამციროთ საშინაო ვალი და გავზარდოთ საგარეო”, – აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.

2017 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი ვერსიით, სხვადასხვა ვადიანობის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხარჯზე იგეგმება საშინაო ვალდებულებების წმინდა ზრდა (ფასიანი ქაღალდები, გარდა აქციებისა) 300 მლნ ლარით (სახაზინო ფასიანი ქაღალდების ემისია 1,155 მლრდ ლარი; დაფარვა 855.0 მლნ ლარი), რაც 2016 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ მაჩვენებელზე 100 მლნ ლარით მეტია.

Comments are closed