„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „დღეს ბროლის კოშკებით ვეღარავის მოატყუებ“ // „ხელისუფლებით გამოწვეული უკმაყოფილება ოპოზიციის პროცენტებზე არ აისახება“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ 100 მილიონი შავი ფული დახარჯა“ // „ხელისუფლება ბიზნესს ატერორებს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე მამალაძესთან: „მამა გიორგი მამალაძე გაწირეს“ // „ციანიდის საქმის“ შემსწავლელ საპატრიარქო კომისიაში მეუფე იაკობი და შორენა თეთრუაშვილი იქნებიან?
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: „რევოლუციის მოწყობა ჩაიშალა ორ ქვეყანაში“ // რა გეგმები აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებს უკრაინასა და საქართველოში
„ვერსია“: ინდოელი ტურისტები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააბრუნეს // რატომ არ შემოუშვეს ქართველმა მესაზღვრეებმა უცხოელები საქართველოში
—————–
„ახალი თაობა“, 19 ოქტომბერი, 2017 წელი
ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „დღეს ბროლის კოშკებით ვეღარავის მოატყუებ“ // „ხელისუფლებით გამოწვეული უკმაყოფილება ოპოზიციის პროცენტებზე არ აისახება“
პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.
- ბატონო რამაზ, როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო პერიოდს, თუ გამოარჩევთ მას სხვა წინასაარჩევნო პერიოდისგან?
- დაძაბულობა ნამდვილად ნაკლებია სხვა წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით. ხანდახან მოგეჩვენება, რომ თითქოს არც კი არის არჩევნები, არადა არჩევნებამდე სულ რაღაც ორი დღეა დარჩენილი. ეს მხოლოდ იმის დამსახურება არ არის, რომ ადამიანები გულგრილები არიან არჩევნების მიმართ და მათ ეს არ აღელვებთ ან დაიღალნენ. თუ მედიას შევხედავთ, იქ, რასაკვირველია, არჩევნები იგრძნობა და ამას ვერ გავექცევით, ეს ასეც უნდა იყოს. კანდიდატებს შორის იმართება დებატები, ეს ძალიან კარგია, ისმება მწვავე კითხვები, პასუხებიც არის, მაგრამ ერთი, რაც ასევე იმსახურებს აღნიშვნას, არის ის, რომ ჯერჯერობით კორექტულობის ფარგლებშია ყველაფერი.
- მაინც რას უკავშირებთ, რომ ეს არჩევნები ნაკლებად ხმაურიანია, პოლიტიკური ელიტა გაიზარდა, თუ ამომრჩეველს უფრო აინტერესებს საქმე, ვინ რისი გამკეთებელია?
- მე მოგახსენეთ, რომ მხოლოდ ის არ არის მიზეზი, რომ ამომრჩეველი დაიღალა და არ აინტერესებს, პირიქით, ძალიან აინტერესებს, მაგრამ არა ხმაური, არამედ რაც თქვენ აღნიშნეთ – ვინ რისი გამკეთებელია. რაც შეეხება იმას, გაიზარდა თუ არა პოლიტიკური ელიტა, ამას ვერ ვიტყოდი. შეიძლება ვიღაც ხვდება, რომ საზოგადოებას მობეზრდა აყალმაყალი, ჩხუბი, ურთიერთბრალდებები, რაც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსების, პარტიების მხრიდან შეგნებულად გადადგმული ნაბიჯიც იყო, ერთგვარი ტონუსის ასაწევად, მაგრამ დღეს საზოგადოება პოლიტიკოსებისგან საქმის კეთებას ელოდება, ხალხი მოლოდინშია. უკვე ის დროა, როდესაც ვეღარ მოატყუებ ამომრჩეველს, ამას ვიზამ და იმას ვიზამ, ბროლის კოშკების აგების დაპირებით, ვეღარავის მოატყუებ. ეს დრო წარსულს ჩაბარდა.
- შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ნაკლებად ანგაჟირებული კანდიდატები არიან თბილისში?
- როდესაც ფეხბურთის მატჩის დროს ორი თანაბარი გუნდი გამოდის მინდორზე, მაშინ დაძაბულობა პიკს აღწევს და თამაშიც საინტერესოა, მაგრამ როდესაც გუნდებს შორის ძალიან დიდია განსხვავება, ერთი გუნდი ვარსკვლავებით არის დაკომპლექტებული და მეორეს შესაძლებლობები მინიმალურია, მაშინ მაყურებელიც უფრო ინერტულია.
ოპოზიციამ ვერ დატოვა ძლიერი კონკურენტის შთაბეჭდილება. მაშინ იქნებოდა ოპოზიცია ძლიერი და მაშინ იქნებოდა ეს არჩევნები დამაინტრიგებელი, თუ ოპოზიციას ერთი, საერთო კანდიდატი ეყოლებოდა. დღეს ხელისუფლება ძლიერის პოზიციაშია.
- რადგანაც ოპოზიცია სუსტია?
- დიახ, სწორედ ასეა. ოპოზიცია არის სუსტი. არ არის ისეთი ვითარება, რომ ხელისუფლების მიმართ კმაყოფილი იყოს ყველა და აღიარებდეს მის სრულ უპირატესობას, მაგრამ ალტერნატივა არ ჩანს.
ხელისუფლებით გამოწვეული უკმაყოფილება ოპოზიციის პროცენტებზე არ აისახება. ოპოზიციამ უნდა დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია იყოს ალტერნატივა, სანამ ამას ვერ დაამტკიცებს, მანამდე ეს სურათი გვექნება.
- ამომრჩეველი რამდენად აკეთებს გაცნობიერებულ არჩევანს? საარჩევნო პროგრამებს რამდენად კითხულობს, რამდენად არის დანაპირების შესრულების მოთხოვნის კულტურა, თუ აქამდე ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი?
- არც ისე შორი. მე ვთქვი, რომ დღეს ვეღარ მოატყუებ ამომრჩეველს. შეიძლება საარჩევნო პროგრამებს მართლაც ვერ კითხულობდნენ ადამიანები სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ყველა კარგად ერკვევა და საქმის კურსშია, რა და როგორ. რასაკვირველია, ამომრჩეველიც გაიზარდა დროსთან ერთად.
- სრულად საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის შემდეგ, როცა საკონსტიტუციო ცვლილებები ამოქმედდება, დედაქალაქის მერი ხდება ერთადერთი არჩეული, პირდაპირი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირი. ეს ხომ არ უბიძგებს თბილისის მერს, რომ უფრო მეტი მოინდომოს, მაგალითად, გახდეს პირველი პირი?
- გულწრფელად რომ გითხრათ, მართლაც არ დავფიქრებულვარ, რომ ერთადერთი არჩეული თანამდებობის პირი იქნება თბილისის მერი, თანაც დედაქალაქის, სადაც ლამის მილიონ ნახევარი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. ეს აღუძრავს თუ არა რაიმე სახის მადას არჩეულ მერს? დასავლეთის ქვეყნებში, საპარლამენტო რესპუბლიკებში სახელმწიფოს მეთაურები არ არიან არჩეულები პირდაპირი გზით და დედაქალაქის მერები კი, მაგრამ ამის გამო არავის არ მონდომებია პრემიერმინისტრობა და დიდი ძვრები ამის გამო არ მომხდარა.
- თუმცა, მაგალითად, ლონდონის მერობა ხშირად გამხდარა ტრამპლინი…
- გასაგებია, ძლიერ პოლიტიკურ ფიგურას რა დაუშლის, რომ ამბიციები ჰქონდეს. ეს ლოგიკური გაგრძელებაა. თუ, რასაკვირველია, ჯანსაღი ამბიცია აქვს პოლიტიკოსს, ეს საშიში სულაც არ არის. დასავლეთში ამბიციურობა ჯანსაღი თვისებაა და ამის გამო ქვეყნები არ ინგრევა.
„ახალი თაობა“, 19 ოქტომბერი, 2017 წელი
ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ 100 მილიონი შავი ფული დახარჯა“ // „ხელისუფლება ბიზნესს ატერორებს“
აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მმართველ გუნდს ყველაზე მეტი შემოწირულობა აქვს. პარლამენტის თავმჯდომარე კი ამის საპასუხოდ აცხადებს, რომ ოპოზიცია თავის ხარჯებს და შემოსავლებს მალავს.
„ახალი თაობა“ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ლიდერს რომან გოცირიძეს ესაუბრა იმის გასარკვევად, საიდან ფინანსდებიან ნაციონალები და მალავენ თუ არა შემოსავლებს და ხარჯებს.
- ბატონო რომან, აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ყველაზე მეტი შემოწირულობა მმართველ პარტიას აქვს მიღებული. „ოცნებაში“ კი აცხადებენ, მმართველი პარტია ვართ და ეს გასაკვირი არ არის, ოპოზიცია კი შემოსავლებს და ხარჯებს მალავსო. რას იტყვით თქვენ?
- „ქართული ოცნება“ ატერორებს ბიზნესს, აიძულებს, რომ გადაახდევინოს ფული. ეს ფული, რომელიც ჩანს, არის ლეგალურად გამოჩენილი ფული, რომელსაც ტენდერებში მონაწილე კომპანიები უკან ურიცხავენ „ქართულ ოცნებას“, თორემ ათი ამდენი აქვთ დამალული ფული.
- ირაკლი კობახიძის განცხადებით, წარსულს ჩაბარდა ის დრო, რასაც ნაციონალები აკეთებდნენ, ატერორებდნენ ბიზნესმენებს და ძალით ართმევდნენ ფულს…
- ახლაც არ აკლებენ. ჩვენი გაანგარიშებით, მათ 10-ჯერ მეტი, ანუ 100 მილიონი აქვთ დახარჯული, ვიდრე ამას აჩვენებენ. ადმინისტრაციული რესურსი, ბიუჯეტიდან ფულის უკან წამოღება. ჯერ ესეც დანაშაულია, რომ ამ უზარმაზარ ტენდერებს იგებენ მათთან დაახლოებული ფირმები. ამ გზითაც დიდძალი თანხების მობილიზებას ახდენენ არა მარტო წინასაარჩევნოდ, არამედ პირადი ცხოვრების ასაწყობად.
- ოპოზიციის დაფინანსებაზე რას იტყვით?
- ოპოზიციის დაფინანსების ეშინია ბიზნესს. “ნაციონალურ მოძრაობას” მინიმალური ოდენობის შემოწირულობები აქვს მიღებული. ეს არის ლეგალურად მიღებული.
- ეს საკმარისია წინასაარჩევნოდ? აქტიურობთ, მოძრაობთ, პლაკატებიც გაქვთ...
- ჩვენი დადანაშაულება, რომ რაიმე ხარჯს ან შემოსავალს ვმალავთ, არის სრულიად აბსურდული. ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 8 მანქანა გავყიდეთ პარტიაში, ნაციონალურმა მოძრაობამ გაყიდა ერთ-ერთი საუკეთესო ოფისი ბათუმის ცენტრში, სამსართულიანი შენობა. ნაციონალურმა მოძრაობამ სულ ახლახან გაყიდა ოფისი რუსთავში.
- ამ ფულით აფინანსებთ თქვენს კამპანიას?
- დიახ, ჩვენ ასე მოვახდინეთ თანხების მობილიზება. ასევე ნაციონალური მოძრაობა ყიდის თავის ყველაზე დიდ სიმდიდრეს, აეროპორტის გზაზე მდებარე ერთ-ერთ არქიტექტურულად ყველაზე ლამაზ და თანამედროვე შენობას. რამდენჯერაც მოვიდნენ მყიდველები, იმდენჯერ დააფრთხეს. მათ არ უნდათ, რომ ნაციონალურ მოძრაობას რაიმე რესურსი გააჩნდეს წინასაარჩევნოდ. როცა მთავარი ოპოზიციური პარტია ფინანსურად ასეთ მდგომარეობაშია ჩაგდებული და არა მარტო ჩვენ, ეს, პირველ რიგში, მიუთითებს ბიზნესზე ზეწოლაზე და ბიზნესის დატერორებაზე, ვინაიდან ოპოზიციის დაფინანსება ითვლება დანაშაულად. ხოლო მმართველი გუნდის დაფინანსება წახალისდება, მათ შორის, სარფიანი ტენდერების მიღების კუთხით. 100 მილიონი შავი ფული აქვს დახარჯული „ქართულ ოცნებას“
- თქვენ აცხადებთ, რომ „ოცნება“ ბიზნესს ატერორებს, გაქვთ ამის ფაქტები და მტკიცებულებები?
- აბა გამოვიდეს რომელიმე ბიზნესმენი და თქვას, რომ მან ფული მისცა ოპოზიციას. ცნობილ ბიზნესმენებზე მაქვს საუბარი, რომლებიც უამრავი ქველმოქმედებით ამაყობენ, თქვან ერთი, რომელმა მისცა ფული ოპოზიციას?! მაშინვე სუსში დაიბარებენ ამ ბიზნესმენს.
- თქვენი ხელისუფლების დროსაც ასე იყო, ეშინოდა ბიზნესს ოპოზიციის დაფინანსების...
- კი მაგრამ, მას შემდეგ 5 წელი გავიდა. ქვეყანა წინ მიდის, ვითარდება და თუ კარგი ხელისუფლება ხარ, წინას შეცდომა კი არ უნდა გაიმეორო და გააღრმავო, არამედ უნდა გამოასწორო! წინა ხელისუფლების დროს ოპოზიცია უფრო მდიდარი იყო. ისიც კარგად გვახსოვს, კოალიციაში შემავალ პარტიებს როგორ დაურიგა ივანიშვილმა თითო მილიონი დოლარი.
_ ამით რისი თქმა გსურთ?
- ეს მოხდა არჩევნებამდე და ჩვენ დროს ეს არ იყო აკრძალული. ისიც გვახსოვს, როგორ ყიდულობდა ივანიშვილი თეფშებს სიგნალების გადასაცემად. დღეს ორიოდე ტელევიზიაღა შემორჩა თავისუფალი და აქედან ვიცით, „რუსთავი-2“ რა მდგომარეობაშია. მთელი მისი ქონება დაყადაღებულია. ასე რომ, საარჩევნო გარემო ახლა გაცილებით უარესია, ვიდრე ჩვენ დროს იყო! მაშინ ოპოზიცია ივანიშვილის ფულით აკეთებდა ყველაფერს. ნახევარი მილიონი კაცი ჩამოიყვანეს თბილისში და ამას სჭირდება ფული. მანქანების დაქირავება, საწვავი და ასე შემდეგ.
- თქვენც ჩაატარეთ აქცია და რაიონებიდან ჩამოიყვანეთ ხალხი. ითქვა, რომ დიდი ფული დახარჯეთ, დაურიგეთ მონაწილეებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს აქცია სააკაშვილმა დააფინანსა. ასეა?
- რა სისულელეა. აქციის დაფინანსება ნიშნავს, რომ იქირაო მიკროავტობუსი და ჩამოიყვანო ხალხი. იმდენად ბევრი მსურველია საქართველოში ჩვენს აქციებში მონაწილეობის, რომ 100 ათასი კაცის ჩამოყვანაც კი არ იქნებოდა არავითარი პრობლემა, რომ გვქონოდა მანქანების გადასახდელი ფული. ხალხი ისეთი გამწარებულია, 100 კი არა, 200 ათასი კაცი ჩამოვა რაიონებიდან, მაგრამ ამას ფინანსური რესურსი სჭირდება. ამ ეტაპზე ჩვენთვის არ არის მთავარი მასობრივი აქციების მოწყობა.
- როდის იქნება მთავარი?
- არჩევნებს რომ გააყალბებენ. თუმცა უკვე გააყალბეს. როგორ არასამართლიან გარემოში მიმდინარეობს, როგორი ზეწოლაა ადამიანებზე და ეს გაყალბების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. უშუალოდ არჩევნების დღეს თუკი უხეში გაყალბება იქნება, მაშინ…
- მაშინ რას აპირებთ?
- მაშინ ჩვენ გავცემთ საკადრის პასუხს. ფეხით ჩამოვა ხალხი. ჩვენ გავაფრთხილეთ ხელისუფლება, რომ არაფერი მიქაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვალთ ქუჩაში. არაადამიანურ ქმედებებს ჩადის „ოცნება“, ყველაზე დაუცველებს, ბაღის მასწავლებლებს ემუქრებიან სამსახურიდან გაგდებით, თუკი ამომრჩევლის მობილიზებას არ მოახდენენ. ეს ხომ სამარცხვინოა! ვინ დაიჯერებს მათგან, რომ ეს ადმინისტრაციული რესურსი ბოლომდე არ არის გამოყენებული.
„ახალი თაობა“, 19 ოქტომბერი, 2017 წელი
ინტერვიუ თორნიკე მამალაძესთან: „მამა გიორგი მამალაძე გაწირეს“ // „ციანიდის საქმის“ შემსწავლელ საპატრიარქო კომისიაში მეუფე იაკობი და შორენა თეთრუაშვილი იქნებიან?
გასულ კვირას სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ციანიდის საქმეს შეისწავლის. აქამდე სინოდის წევრები აცხადებდნენ, რომ სრულად ენდობოდნენ პროკურატურას.
სინოდის ბოლო გადაწყვეტილებამ საზოგადოების ნაწილში გააჩინა იმედი, რომ ციანიდის საქმეზე დაკავებულმა მამა გიორგიმ შესაძლოა, თავისი უსამართლობის დამტკიცება შეძლოს.
საზოგადოების იმედიანად განწყობილი ნაწილისგან განსხვავებული მოლოდინები აქვს დეკანოზის ოჯახს. მამა გიორგის ძმა, თორნიკე მამალაძე, „ახალ თაობასთან“ საუბარში არ გამორიცხავს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პიარია და მეტი არაფერი.
რატომ არ სჯერათ გამოძიების, ვინ და რატომ გაწირა დეკანოზი, სად აპირებენ სიმართლის ძებნას, ვინ ცდილობს ოჯახის დაშინებას, შეხვდება თუ არა მეუფე დიმიტრი მამა გიორგი მამალაძეს? ამის შესახებ „ახალ თაობას“ თორნიკე მამალაძე ესაუბრება.
- სინოდის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოში შეიქმნება კომისია, რომელიც ციანიდის საქმეს შეისწავლის. საზოგადოებაში გაჩნდა იმის განცდა, რომ ეს საქმე შესაძლოა თავდაყირა დადგეს. როგორია თქვენი მოლოდინი?
- ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იქნება კომისიის შემადგენლობაში. კომისიაში ობიექტურად განწყობილი ადამიანები თუ იქნებიან, შეიძლება რამე შეიცვალოს. იმ შემთხვევაში, თუ კომისიაში მეუფე იაკობი, შორენა თეთრუაშვილი და ის პირები შევლენ, რომლებსაც არ აწყობთ სიმართლის დადგენა, არაფერი შეიცვლება. მეტიც, გაგრძელდება უსამართლობა.
- თუ არაფერი შეიცვლება და სინოდის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია იგივეს იტყვის, რაც პროკურატურამ თქვა, რა საჭირო იყო მისი შექმნა? საპატრიარქომ ერთხელ უკვე გამოუცხადა ნდობა საგამოძიებო უწყებას...
- ამ კითხვაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ. ეს კითხვა იმ პიროვნებებს უნდა დაუსვათ, ვისი ინიციატივითაც იქმნება ეს კომისია. ეს კომისია თუ იგივეს გაიმეორებს, რასაც პროკურატურა ამბობს, მაშინ ეს ყველაფერი კეთდება პიარისთვის – საპატრიარქოს სახელის და ავტორიტეტის შენარჩუნება სურს.
ეს ჯანსაღი სურვილია, მაგრამ საპატრიარქო ავტორიტეტს ვერ შეინარჩუნებს თუ ზოგიერთი ადამიანი ისევ დარჩება თანამდებობაზე. მათ გამო საპატრიარქოს რეიტინგი სულ უფრო დაბლა დაიწევს.
- მამა გიორგიმ არაერთხელ ითხოვა მეუფე დიმიტრისთან შეხვედრა. მიტროპოლიტის მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ის აუცილებლად მოინახულებს დეკანოზს. ბოლოს ასეთი განცხადება რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ. როდისთვის არის ეს შეხვედრა დაგეგმილი და რატომ გაჭიანურდა ეს შეხვედრა?
- როდესაც მამა გიორგის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა, მეუფე დიმიტრიმ განაცხადა, რომ ჩემს ძმას მოინახულებდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ მეუფეს მეუღლე გარდაეცვალა და მამაოს მონახულება ვეღარ შეძლო. რაღაც პერიოდის შემდეგ კიდევ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეუფე შეხვდებოდა მამა გიორგის. ცოტა ხანში ითქვა, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ხერხემალი აწუხებს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვერ შევა. აქედან გამომდინარე მე არ შემიძლია იმის თქმა, როდის შედგება ეს შეხვედრა. ვიცი ის, რომ მიტროპოლიტი შეხვედრაზე თანახმაა. ჩემი ძმა მასთან შეხვედრას ელოდება. მამა გიორგი მეუფე დიმიტრისთან შეხვედრას დაკავების დღიდან ითხოვს.
- მამა გიორგის არც სხვა სასულიერო პირები ხვდებიან. რჩება შთაბეჭდილება, რომ ის გაწირეს. არც საპატრიარქოს გაუკეთებია მის მიმართ რაიმე მხარდამჭერი განცხადება. არადა რამდენიმე დღის წინ სოსო ოხანაშვილის ჩვენება გასაჯაროვდა, სადაც ნანა კაკაბაძეზე იყო საუბარი. საპატრიარქომ კაკაბაძის მხარდასაჭერად მეორე დღესვე გააკეთა განცხადება...
- ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საპატრიარქოს ის ხალხი მართავს, რომლებიც ნანა კაკაბაძეს და ირმა ჭკადუას იცავენ, სამაგიეროდ, ხმას არ იღებენ მათი ძმის, მამა გიორგის მხარდასაჭერად. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ის საპყრობილეში არ მოინახულეს, არადა ის ითხოვდა, შემხვდით და მნახეთო. ადამიანი ელემენტარულად ზიარებას იხვეწებოდა, მაგრამ არ აზიარეს. ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მამა გიორგი გაწირეს.
- მამა გიორგი რომ გაწირეს, ამაზე აღარავინ დავობს, მაგრამ რა არის მიზეზი, რატომ გაწირეს დეკანოზი?
- გაწირეს იმის გამო, რომ მან საპატრიარქოში არსებული რაღაც ფაქტები ამოატივტივა. რაღაც ძალებს არ უნდოდა, რომ ამის შესახებ საზოგადოებისთვისაც გამხდარიყო ცნობილი. ნანა კაკაბაძის დასაცავადაც აქვთ მიზეზები. იმისთვის, რაც სოსო ოხანაშვილმა ჩვენებაში ისაუბრა, წლების წინ მეც მომიკრავს ყური. ჭორის დონეზე ყველამ იცის, რომ საპატრიარქო პატიმრების შეწყალებაში მონაწილეობს. იციან, მაგრამ ამაზე ხმას არ იღებენ, რადგანაც ეშინიათ, ფინანსები არ შეუწყდეთ. ეს ადამიანები საკუთარ ჯიბეებს და თავებს უფრთხილდებიან.
- არის თუ არა რაიმე წინსვლა თქვენს მეორე ძმასთან დაკავშირებით, რომელსაც ცოტა ხნის წინ უცნობი პირი სახლში შეუვარდა და ფულს სთხოვდა. შსს-მ ამ ფაქტზე საქმეც აღძრა...
- ამ საქმეზე რა ხდება და როგორც გვეუბნებიან, მიმდინარეობს გამოძიება. ამდენი ხნის მანძილზე ის პიროვნება ვერ დაადგინეს, ვინც ჩემს ძმას დაესხა თავს. არადა ამის გაკეთება სულაც არ იყო ძნელი, ირგვლივ სულ ვიდეო-კამერებია. ამდენი ხნის მანძილზე რომ თავდამსხმელის ვინაობა ვერ დაადგინეს, ესეც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ყველაფერი ოჯახის დაშინებას ემსახურებოდა. გარკვეულ ძალებს უნდათ, რომ მამა გიორგის ოჯახი დააშინონ და გააჩუმონ.
- ოჯახის პოზიცია როგორია ამაზე?
- ჩვენ არ გვეშინია და არ გავჩერდებით. მამა გიორგი დამნაშავეც რომ იყოს, მაინც არ მივატოვებდით, იმიტომ, რომ ჩვენი ოჯახის წევრია. მით უმეტეს, არ მივატოვებთ მაშინ, როცა ვიცით, რომ ადამიანი უდანაშაულოა. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მისი უდანაშაულობა დამტკიცდეს.
- საქართველოში სამართლის პოვნის იმედი გაქვთ? მამა გიორგის ადვოკატები ფიქრობენ, რომ სამართლის საძებნელად სტრასბურში მოუწევთ წასვლა...
- საქართველოში სიმართლის პოვნა შეუძლებელია. ელემენტარულად სამართლიანობას ეკლესიაშიც კი ვეღარ იპოვი და ასეთ დროს რა უნდა მოსთხოვო სასამართლოს. პირადად მე არ მჯერა, რომ საქართველოში სამართალს ვიპოვით. აქ გავივლით ყველა ინსტანციას, როგორც წესია, შემდეგ წავალთ სტრასბურში. ობიექტურ გადაწყვეტილებას ევროსასამართლო გამოიტანს.
„ახალი თაობა“, 19 ოქტომბერი, 2017 წელი
ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: „რევოლუციის მოწყობა ჩაიშალა ორ ქვეყანაში“ // რა გეგმები აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებს უკრაინასა და საქართველოში
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და მათ კავშირზე საქართველოსთან „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, საქართველოს გადარჩენის მოძრაობის თავმჯდომარე მირიან მირიანაშვილს. „უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ორგანიზებით გრძელდება საპროტესტო აქციები. დაახლოებით ერთი თვეა, რაც მიხეილ სააკაშვილი მთელ უკრაინას უვლიდა და გულმოდგინედ ემზადებოდა კიევის აქციებისათვის“, – ამბობს იგი.
- მან საპროტესტო ტალღის აგორება მოახერხა...
- აქციები კიევში გრძელდება, თუმცა თავდაპირველი გეგმა ჩავარდა. დაგეგმილი იყო 50.000 კაცის შეკრება. ამის მაგივრად, შეკრიბეს დაახლოებით ათჯერ ნაკლები. უნდა მომხდარიყო პარლამენტის, ანუ რადას შტურმი. ეს იქნებოდა საქართველოში 2003 წელს განვითარებული მოვლენების გამეორება. თანაც, არა მარტო უკრაინაში, არამედ, საქართველოშიც. უკრაინაში ამ მიტინგამდე დააკავეს და იზოლაციაში მოაქციეს 11 კაცი, რომელთაც ბრალად ედებათ ინტერნეტის მეშვეობით ხალხის დაქირავება. ამ ხალხს 50.000-იანი მასშტაბური მიტინგის რიგები უნდა შეევსო. ნიშანდობლივია, რომ უკრაინაში აშშ-ის ელჩთან საუბრის შემდეგ ამ აქცია-პროვოკაციის ორგანიზებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ოპოზიციურმა ლიდერებმა.
- იულია ტიმოშენკოს პარტია და სხვები მასში ჩართული არიან.
- მთავარია, რომ ელჩის განმარტებების შემდეგ მათ უარი თქვეს პროვოკაციის ორგანიზებაზე. ყველა პოლიტიკური ძალა ერთბაშად და მთლიანად ვერ გაემიჯნებოდა ამ პროცესს. ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ ეს პროტესტი არ ემსახურება ამერიკის ინტერესებს.
- ვინ დგას ამ პროვოკაციის უკან?
- რუსეთის სპეცსამსახურები. მათი მიზანია, სააკაშვილის საშუალებით გამოიწვიონ დასავლეთი პოლიტიკური ელიტის, სპეცსამსახურების ინტერესი და რამენაირად ჩაითრიონ რევოლუციებში უკრაინასა და საქართველოში.
- რუსეთს აქედან სარგებლის ნახვა უნდა?
- აშშ და მთლიანობაში დასავლეთი აპირებს მოსთხოვოს რუსეთს პასუხი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და სხვა მოქმედებების გამო. რუსეთს ურჩევნია, თავად იყოს პროცესების ინიციატორი და ჩააბას დასავლეთი დიდ პროვოკაციასა და ავანტიურაში. უკრაინასა და საქართველოში ჩაფიქრებულია გამოსვლების პროვოცირება, თითქოსდა პუტინის ტირანიის, პოროშენკოსა და ივანიშვილის წინააღმდეგ და უკრაინის დემოკრატიზაციის მიზნით. სინამდვილეში, ამ ამღვრეულ წყალში თევზს დაიჭერს რუსეთი. სააკაშვილი და მის ზურგს უკან მდგომი მოსკოვი არწმუნებენ დასავლეთს, რომ ახალ რევოლუციებს ამ ორ ქვეყანაში მოჰყვება პუტინის საწინააღმდეგო მოქმედებები რუსეთში.
- ჯერჯერობით, რევოლუციებს ვერ აწყობენ?
- ამ ეტაპზე ამ ორ ქვეყანაში რევოლუციების მოწყობა ჩაიშალა, თუმცა, რუსეთს თავის გეგმაზე ხელი არ აუღია. ეს პროვოკაციული გეგმა თავად პუტინის მიერაა ვიზირებული.
- საქართველო საფრთხის წინაშე დგას?
- ბუნებრივია, ეს საფრთხე, რომელსაც სააკაშვილის საშუალებით რუსეთი ქმნის, კარგა ხანს იარსებებს. იქნება ბატალიები და პროვოკაციები. ამიტომ, აუცილებელია კონტროლი სააკაშვილის გარემოცვაზე საქართველოში და მის ნაციონალურ მოძრაობაზე. სააკაშვილს შეიძლება მოკავშირედ დაუდგეს ნებისმიერი, ვისაც საქართველოს დასუსტება უნდა. ეს ყველაფერი გარკვეულად მიბმულია ადგილობრივ არჩევნებთან, რომელიც 21 ოქტომბერს იმართება.
- ამ პროვოკაციებს ადგილობრივი არჩევნები როგორ უკავშირდება?
- ამ არჩევნების მთავარი თემა დედაქალაქის მერის არჩევაა. მთავარი ინტრიგა იმაშია, მაღალი ლეგიტიმაციის მერი ეყოლება თბილისს თუ დაბალი.
- ანუ, კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს თუ მეორე ტურიც დასჭირდება?
- კალაძე რომ იმარჯვებს, ეს უდავოა. მალე თბილისის მერი გახდება ყველაზე მაღალი არჩევითი თანამდებობა. საქართველოს სიძლიერისთვის უკეთესი იქნება, თუ თბილისს მაღალი ლეგიტიმაციის მერი ეყოლება. ასეთ მერს თავის ნებაზე ვერ ათამაშებენ ვერც ადგილობრივი ოლიგარქები და ვერც გარე ძალები.
„ვერსია“, 18-20 ოქტომბერი, 2017 წელი
ინდოელი ტურისტები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააბრუნეს
რატომ არ შემოუშვეს ქართველმა მესაზღვრეებმა უცხოელები საქართველოში
მაია მიშელაძე
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ინდოელი ტურისტების ორი ჯგუფი გააბრუნეს. პირველი, 6-კაციანი ჯგუფი 14 ოქტომბერს, ხოლო მეორე, 15-კაცინი ჯგუფი _ 15 ოქტომბერს სასაზღვრო პოლიციამ ქვეყანაში არ შემოუშვა. ორივე ჯგუფი საქართველოში, ტურისტულ კომპანია ,,იბერია ტურს პლუსს” უნდა ჩამოეყვანა. როგორც წესი და რიგია, ჯგუფებმა ტურისტული საგზურები წინასწარ შეიძინეს, სადაც შედიოდა ელექტრონული ვიზა, დაზღვევა და სასტუმროს ჯავშანი 5 ღამითა და 6 დღით. რა მოხდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში? რატომ დაბლოკეს ქართველმა მესაზღვრეებმა უცხოელი ტურისტები? ,,ვერსიას” ტურისტული კომპანია ,,იბერია ტურს პლუსის” დამფუძნებელი, მაიკო მურაჩაშვილი ესაუბრება.
- ამ ადამიანებმა სრული ტურისტული პაკეტი იყიდეს შესაბამისი მომსახურებით, წინასწარ გადმორიცხეს თანხა და იმის გამო, რომ საზღვარზე არ გამოუშვეს, ახლა თანხის დაბრუნებას ითხოვენ. მათთვის თბილისში, 5 ღამითა და 6 დღით, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ”-ი დავჯავშნე, რაც საკმაოდ ძვირია, ცხადია, თანხა მეც წინასწარ გადავიხადე და შესაბამისი ვაუჩერები გადავეცი, რაც სასტუმროს ჯავშანს ადასტურებდა. ამ ადამიანებს ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდათ, რასაც საქართველოს საზღვარზე ითხოვენ, მათ შორის, ონლაინვიზა, დაზღვევა, სასტუმროს ჯავშნის დამადასტურებელი ვაუჩერი.
- მაიკო, რამდენკაციანი ჯგუფი გააბრუნეს საქართველოს საზღვრიდან და რა უნდა ენახათ საქართველოში ინდოელ ტურისტებს?
- პირველი, 6-კაციანი ჯგუფი იყო ინდოეთიდან, რომელიც შაბათს გააბრუნეს, მეორე _ 15-კაციანი ჯგუფი, რომელიც კვირას, 15 ოქტომბერს არ შემოუშვეს თბილისში. ეს 15-კაციანი ჯგუფი საერთაშორისო კომპანია ,,თომას კუკის” ინდოეთის ფილიალმა გამოაგზავნა. ესაა საკმაოდ ცნობილი და ავტორიტეტული კომპანია, რომელსაც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აქვს ფილიალი და 120-წლიანი ისტორია გააჩნია. თითქმის ორი წელი ვმუშაობდი „თომას კუკთან“, რომ ტურისტები საქართველოში ჩამომეყვანა, უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან ამ ორგანიზაციის საშუალებით, ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში პირველად უნდა ჩამოსულიყო. თუ „თომას კუკის“ ინდოეთის ფილიალიდან ჩამოსული ჯგუფის წევრები კმაყოფილები წავიდოდნენ საქართველოდან, სამომავლოდ, ამ კომპანიის სხვადასხვა ქვეყნების ფილიალებიდანაც ჩამოვიდოდა ტურისტების ნაკადები ჩვენს ქვეყანაში. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული სააგენტოც გავაფრთხილეთ და თავის მხრივ, რაც შეეძლოთ, ამ ტურის საინფორმაციო მასალებიც მოგვიმზადეს. თუმცა ამ 15 კაციდან, მხოლოდ სამი შემოუშვეს თბილისში, 12 – გააბრუნეს. ამ სამი ადამიანიდან, ერთ-ერთის ცოლ-შვილი მოხვდა იმ 12 კაცში, რომლებიც საზღვარზე არ გამოატარეს. ახლა ეს ტურისტები შოკში არიან და პასუხს მთხოვენ. არადა, მე არავინ მიხსნის, რა მოხდა. არ ვიცი, რა ვუპასუხო. ეს ჯგუფი 5 ღამით თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში უნდა გაჩერებულიყო, და ამ ხნის მანძილზე, ყაზბეგი, სიღნაღი, ბორჯომი, გორი, უფლისციხე, მცხეთა და ბოლოს თბილისი უნდა მოენახულებინა.
- რა მიზეზით არ შემოუშვეს ინდოელი ტურისტები ქვეყანაში?
- არავის აუხსნია ჩემთვის, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ტურისტები, რომ ქვეყანაში შემოვიდნენ. ჩვენ გაფრთხილებულები რომ ვიყოთ, ცხადია, ჩვენს პარტნიორებსაც გავაფრთხილებთ და საზღვარზე პრობლემა აღარ შეიქმნება. სამწუხაროდ, რეალური მიზეზი, რატომ არ შემოუშვეს ტურისტები, ჩემთვის არავის განუმარტავს. სხვათა შორის, იმ 12 კაციდან, რომლებიც საზღვარზე არ შემოუშვეს, ორს – აშშ-ს, ხოლო ოთხს – შენგენის ვიზა ჰქონდა. რეალურად, ეს ხალხი არა მხოლოდ საკუთარი თანხის დაბრუნებას, არამედ – მორალური კომპენსაციის ანაზღაურებასაც ითხოვენ ტურისტული კომპანიისგან, რომელმაც ვერ უზრუნველყო მათი ვიზიტი ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა უმთავრესია და აბსოლუტურად მესმის, რომ შესაძლოა, ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ტურისტი ქვეყანაში არ შემოუშვა, მაგრამ რეალური მიზეზი ხომ უნდა ვიცოდე?
- არ იცით, თქვენი ტურისტები რატომ არ შემოუშვეს ქვეყანაში?
- მოვითხოვე, მიზეზი განემარტათ, მაგრამ უშედეგოდ. 16 ოქტომბერს, „თომას კუკის“ ორგანიზაციამ ამ ჯგუფის ერთ-ერთი ტურისტის წერილი გამოგვიგზავნა. წერილში წერია, რომ მისი ელექტრონული ვიზა მოქმედი არ არის. არ მესმის, ვიზა, რომელიც „ევიზაგოვ.გე“-ზე გასცეს, როგორ შეიძლება, მოქმედი არ ყოფილიყო? სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, ჩემს კოლეგებსაც ანალოგიური პრობლემა აქვთ, მაგრამ ყვირილი მხოლოდ მე დავიწყე, რადგან ამ თვეში შესაძლოა, კიდევ ერთი, 25-კაციანი ჯგუფის ვიზიტი, ხოლო ნოემბერში _ 70-კაციანი ჯგუფის ვიზიტი ჩამივარდეს. რთულ მდგომარეობაში ვარ, რადგან არ ვიცი, რა პასუხი უნდა გავცე პარტნიორებს. ახლა მე გეკითხებით, თუ ელექტრონული ვიზა მოქმედი არ იყო, თავის დროზე, რატომ გასცეს? როდესაც ვიზაზე განაცხადი კეთდება, ყველა საჭირო დოკუმენტი ელექტრონულად იტვირთება, შესაბამისი შემოწმების შემდეგ კი ვიზას გასცემენ, თუ პრობლემა იყო, ვიზა რატომ გასცეს და უკვე გაცემული ელექტრონული ვიზა რატომ აღარ იყო მოქმედი, არ მესმის?!
ზოგადად, ინდოეთის ბაზარი დაბალბიუჯეტიანი არ არის, ტურისტები მაღალი კლასის სასტუმროებს ითხოვენ, სამჯერადი კვებით და სწორედ ასეთი ჯავშანი გავაკეთე ამ ჯგუფისთვის. იცით, ახლა რა ვითარებაა? ქვეყანაში შემოდიოდა ფული და ჩვენ ხელი ვკარით, გავაბრუნეთ, რადგან ამ ადამიანებს თანხა აუცილებლად უნდა დავუბრუნო. თუმცა მხოლოდ მე კი არა, სასტუმროც ზარალდება, რადგან მეც წინასწარ მქონდა გადახდილი ჯავშნის თანხა, რომელიც ახლა სასტუმრომ უნდა დამიბრუნოს. ტურისტული კომპანია, სასტუმრო, გიდი, მძღოლი, რესტორანი _ მოკლედ, ამ შემთხვევის გამო, ყველა რგოლი ზარალდება. მეტიც, ზარალდება ქვეყნის იმიჯი, რადგან კომპანია „თომას კუკის“ ინდოეთის ფილიალის წარმომადგენლები პასუხს მთხოვენ და მემუქრებიან, რომ მსოფლიო მედიას მიმართავენ, ხოლო მე ისიც არ ვიცი, რა ვუპასუხო!
- ოფიციალურ უწყებებს არ მიმართეთ?
- ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს მივმართე და უკვე საქმის კურსში არიან. სააგენტოში მიპასუხეს, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, ყველაფერს გააკეთებენ. ვინაიდან ინდოელი ტურისტები საზღვარზე არ გამოუშვეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართე და ეს უწყებაც საქმის კურსში ჩავაყენე.
**********
საქართველოს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის პუნქტში, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს. სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში საქართველოს ვიზის გაცემაზე უფლებამოსილი უწყება, სწორედ საქართველოს საპატრულო პოლიციაა.
საქართველოს კანონმდებლობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობაში შედის: სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვა; სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე მოქალაქეთა ინსპექტირება; მიგრაციისა და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა საქმეების განხილვა და წარმოება, თუ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდება.
„ვერსია“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა და იმ პრობლემის გარკვევა სცადა, რომელიც ტურისტულ კომპანია „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებელს საქართველოს საზღვარზე შეექმნა. „ვერსია“ დაინტერესდა, რა მიზეზით არ შემოუშვეს ინდოელი ტურისტების ორი ჯგუფი საქართველოში, რაზეც უწყებიდან ელექტრონული ფოსტით, ასეთი პასუხი მივიღეთ:
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, ვიზიტორთა შემოწმება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად და საერთაშორისო სამართლის აღიარებული ნორმებისა და პრინციპების დაცვით. არსებული წესები ვრცელდება განურჩევლად ყველა ქვეყნის მოქალაქის მიმართ.
ქვეყანაში შემოსვლის დროს, მგზავრს ხელთ უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით გათვალისწინებული ყველა სამგზავრო და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გაცხადებულ მგზავრობის მიზანთან. ინტერვიურებისას, დაუსაბუთებელი ინფორმაციისა და არადამაჯერებელი პასუხების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორი (მესაზღვრე-კონტროლიორი), იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებას, უარი უთხრას უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე“.