globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 19 ნოემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Nov 19th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: ჰიმნი, ფიცი და პირველი შთაბეჭდილებები

„რეზონანსი“: ინტერვიუ ზაალ ანჯაფარიძესთან: „ბიძინა ივანიშვილისგან გამიჯვნა ახალმა მთავრობამ თავად უნდა შეძლოს“

„რეზონანსი“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „თუ იქნება სათანადო რეაქცია, რუსეთი გააგრძელებს ამ აზრის განვითარებას“

„რეზონანსი“: აფხაზები ლეონიდ კალაშნიკოვის წინააღმდეგ // მინიშნება მოსკოვიდან – თუ საქართველო დასავლურ მისწრაფებებზე უარს იტყვის, ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას შეძლებს

—–

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „ირაკლი კობახიძეს უმრავლესობის მართვა გაუჭირდება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ შალვა ხაჭაპურიძესთან: „ბიძინა ივანიშვილს გიგა ბოკერიას ყიდვა არაფერში სჭირდებოდა“ // „ადამიანის უფლებებიც უნდა დაიცვა და ლიბერალიც უნდა იყო, მაგრამ ეს აგრესიული ფორმით არ უნდა გააკეთო“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა ტუსკაძესთან: რა ნორმის გაუქმებას ითხოვს „პატრიოტთა ალიანსი“

—–

საქართველო და მსოფლიო: რატომ ანგრევს მიხეილ სააკაშვილი „ნაცმოძრაობას“?

საქართველო და მსოფლიო: საქართველო კარგავს ფუნქციას, რომელიც აშშ-მა არგუნა

——————-

„რეზონანსი“, 19 ნოემბერი, 2016 წელი

ჰიმნი, ფიცი და პირველი შთაბეჭდილებები

სალომე სარიშვილი

ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პოლიტოლოგები სხვადასხვაგვარად აფასებენ. ნაწილი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოში გამართული გუშინდელი სხდომა უფრო საზეიმო ხასიათის იყო, ვიდრე სამუშაო პრინიციპებზე აგებული. ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ პირველი სხდომა თავისი გზავნილებითა და ახალი სახეებით, საერთო ჯამში, პოზიტიურ მოლოდინსა და ნაკლები აყალმაყალის პროგნოზირების საშუალებას იძლევა. მათი თქმით, პირველი სხდომის მთავარი და ყველაზე საინტერესო ნაწილი პრეზიდენტ მარგველაშვილის გამოსვლა იყო, რასაც უმრავლესობის წევრთა ნაწილის კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

საკადრო გადანაწილება და ძირითადი გზავნილები

ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გუშინ დღის 12 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათამდე გაგრძელდა. სხდომა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა და საკუთარ გამოსვლაში ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხსა და ინიციატივაზე გაამახვილა. მათ შორის, საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საკითხსა და პრეზიდენტის ინსტიტუტის შესახებ ისაუბრა. თქვა, რომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შემთხვევაში სასურველია, იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბაზაზე არსებობდეს.

ხოლო თავმჯდომარე, პრეზიდენტის ინიციატივით, იგი თავად უნდა გახდეს, რომელსაც თანათავმჯდომარეობას პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე გაუწევენ. პრეზიდენტის ამ ინიციატივას გუშინვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ – ზოგიც სკეპტიკურად, ზოგიც ნაკლები ნეგატივით.

სხდომის მსვლელობისას კი ამავე თემაზე საკუთარი აზრი “ქართული ოცნების” სიის პირველმა ნომერმა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოხატა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ადგილი მხოლოდ პარლამენტია, რადგანაც ცვლილებებისა და ინიციტივების უფლება საკანონმდებლო ორგანოს აქვს. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება უმრავლესობისთვის პირველი რიგის ამოცანა არაა და ამას დაახლოებით ერთი წელი მაინც დასჭირდება. კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ამ პროცესში პრეზიდენტი მარგველაშვილიც იქნება ჩართული. მან ისიც დაამატა, რომ უმრავლესობა პრეზიდენტთან არსებული კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებას შეეცდება, რაზეც გუშინ უმრავლესობის სხვა ლიდერებიც აქტიურად საუბრობდნენ.

გუშინვე პარლამენტის პირველივე სხდომაზე შემადგენლობამ მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებები მიიღო. აირჩია პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები, კომიტეტების თავმჯდომარეები.

პარლამენტის თავმჯდომარე 118 ხმით ირაკლი კობახიძე გახდა. მისი პირველი მოადგილე “ოცნების” ახალი სახე თამარ ჩუგოშვილი. ვიცე-სპიკერებში “ნაციონალური მოძრაობიდან” სერგი კაპანაძე აირჩიეს. აჭარის კვოტით ილია ნაკაშიძე, ხოლო “პატრიოტთა ალიანსიდან” ირმა ინაშვილი.

უმრავლესობამ კი ვიცე-სპიკერებად ზვიად ძიძიგური და გიორგი ვოლსკი წარადგინა, რომელთაც პარლამენტის ახალმა შემადგენლობამ მხარი დაუჭირა. თავად კობახიძემ კი განაცხადა, რომ იგი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ქართული პარლამენტარიზმის განვითარებას ხელი შეუწყოს.

პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევას საპარლამენტო უმცირესობის წევრებიც გამოეხმაურნენ. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თვმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ირაკლი კობახიძე გუნდის მთავარ დეფექტს ყველაზე კარგად აჩვენებს. მელიას თქმით, პარლამენტის ახალი თავმჯდომარე ზიზღისა და სიძულვილის ენით გამოირჩევა და მას არ შესწევს უნარი იყოს კონსტრუქციული. გარდა ამისა, უმცირესობის შეფასებით, კობახიძეს ამ თანამდებობის დასაკავებლად არანაირი გამოცდილება არ გააჩნია.

რაც შეეხება, “პარტიოტთა ალიანსაა” და მის წარმომადგენლებს პარლამენტში, პარტიის ლიდერებსა და ახლა უკვე ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილს, გუშინდელ დებატებში მონაწილეობა არ მიუღია. ამის მიზეზად ინაშვილმა ის სამართლებრივი პროცესი დაასახელა, რომელიც სააპრლამენტო მანდატებს ეხება და რომლის შესახებაც, ვიცე-სპიკერის თქმით, “პატრიოტთა ალიანსი” დავას სასამამრთლოში ახლაც აგრძელებს.

გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძის თავმჯდომარედ არჩევის საკითხზე ყურადღება გიორგი კვირიკაშვილმაც გაამახვილა და აღნიშნა, რომ იგი ამ მოვალეობას თავს სათანადოდ გაართმევს, ვინაიდან მას საამისოდ საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება გააჩნია. მისი განცხადებით, უმრავლესობა მაქსიმალურად შეეცდება მუშაობა კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძოს, რაშიც მისი თქმით, ხელი ოპოზიციამაც უნდა შეუწყოს.

პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების სია კი ასე გამოიყურება:

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ოთარ დანელია;

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – მარიამ ჯაში;

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – კახა კუჭავა;

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – რომან კაკულია;

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ზვიად კვაჭანტირაძე;

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – თამარ ხულორდავა;

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი სესიაშვილი;

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ეკა ბესელია;

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი ლილუაშვილი;

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – სოფო ქაცარავა;

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი კახიანი;

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი კოვზანაძე;

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – აკაკი ზოიძე;

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – სოფო კილაძე;

სპორტისა და ახალგაზადულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ ყაველაშვილი.

პარლამენტის პირველი სხდომა გუშინ სხვადასხვა საკითხზე დებატებითაც გამოირჩეოდა, რომელშიც ძირითად შემთხვევაში მონაწილეობას “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობას” დეპუტატები იღებდნენ.

პირველი შეფასებები

ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტის, სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, მე-9 მოწვევის პარლამენტის დებიუტი პოზიტიური მოლოდინის საფუძველს ნამდვილად იძლევა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის საკმაოდ არასტანდარტული გამოსვლა, რომელიც მრავალფუნქციური იდეების ერთობლიობას წარმოადგენდა და არანაირი დაპირისპირების წინაპირობას არ იძლეოდა.

სოსო ცისკარიშვილის თქმით, ხაზგასასმელია ისიც, რომ საკონსტიუციო კომისიის შექმნის საკითხზე გაკეთებული განცხადებები მეტად ლოგიკური და გამართლებული იყო.

“ამ თემაზე პრემიერმა კვირიკაშვილმა და პრეზიდენტმა ნაცვლად ერთმანეთის ლანძღვისა, საკმაოდ კარგი საპასუხო კომენტარები გააკეთეს,” – აღნიშნავს “რეზონანსთან” საუბრისას ცისკარიშვილი. მისი აზრით, პირველ სხდომაზე ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა გაჟღერდა, რაც დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო. ეს ფრაზა კი, პოლიტოლოგის თქმით, ისევ პრეზიდენტ მარგველაშვილს ეკუთვნის, როდესაც მან ბოროტი ზრახვები ახსენა.

“ამით მან სწორედაც ის ადამიანები შეამკო, რომელთაც პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება და მისი არჩევის წესის შეცვლა სურთ. მარგველაშვილმა, მისი განცხადებით, ამ ბოროტი ზრახვების დეზინფექცია მოახდინა. რაც შეეხება არჩეულ კადრებს, დავიწყებ ირაკლი კობახიძით, რომელსაც საკმაოდ მძიმე გვირგვინი დაადგეს, იმედია, შეძლებს მისი მოვალეობის შესრულებას. თუმცა, რა თქმა უნდა, 4 წელიწადში იგი მისი წინამორბედის მსგავსი თავმჯდომარე ვერ გახდება. მაინც ვფიქრობ, რომ პირველი სხდომა მრავალმოქმედებიანი წარმოდგენის დასაწყისად უნდა შევაფასოთ, რადგან ერთ დღეში ახალი პარლამენტის შეფასება უადგილოა,” – აღნიშნავს პოლიტოლოგი და იქვე უმატებს, რომ კმაყოფილება იწვევდა “ნაცმოძრაობის” რამდენიმე წარმომადგენლის კომენტარიც, როცა აღნიშნეს, რომ ეს ძალა პარლამენტში საჩხუბრად არაა მისული.

“გარდა ამისა, ინტერესი გამოიწვია ირმა ინაშვილის გამოსვლამაც, რამაც პრაქტიკულად სულაც არ დატოვა იმის შთაბეჭდილება, რომ ეს სექსტეტი რაიმე არეულობას შეიტანს საკანონმდებო ორგანოსა და გადაწყვეტილებების მიღებაში. საერთო ჯამში, პირველი სხდომა მეტად აკადემიური და საინტერესო იყო. ძალიან კარგია, რომ უმრავლესობის ახალი სახეები დებიუტისთანავე საქმის კეთებით არიან მოტივირებულნი. თუმცა გამიკვირდება, თუ ახალ შემადგენლობაში მეჭიაურის როლის შემსრულებელი არ გამოჩნდება და ქვეყნის კადრებთუხუცესის რუპორის მოვალეობას არ შეასრულებს. ამაზე ალბათ დახურულ კარს მიღმა იმსჯელებენ,” – აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი.

განსხვავებული პოზიცია აქვს პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს, რომელიც ფიქრობს, რომ პირველი სხდომა მაინც საზეიმო ხასიათის იყო. მისი თქმით, უმრავლესობის წევრთა მხრიდან პრეზიდენტის განცხადებებზე გაღიზიანება სწორი რეაქცია არ იყო. არც ის განცხდებები, რაც მოგვიანებით მისი მისამართით გაკეთდა. “რაც უნდა მიუღებელი იყოს, პრეზიდენტის კრიტიკა პარლამენტში უნდა მოისმინონ, სხვა შემთხვევაში დასავლეთში მიღებული განათლება არავის არაფერში არგია,” – ამბობს ნიკა ჩიტაძე.

პოლიტოლოგი იმედოვნებს, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი მეტ დროს საკანონმდებლო საქმიანობას დაუთმობს და კონფლიქტური ვითარება ნაკლებად შეიქმნება. თუმცა, მისივე აზრით, პარლამენტის პარტიულ სტრუქტურას თუ გავითვალისწინებთ, რადიკალური ცვლილება არ მომხდარა და მმართველი ძალა ისევ “ქართული ოცნებაა,” ხოლო საპარლამენტო უმცირესობა ისევ “ნაციონალური მოძრაობა.”

“განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ “ოცნება” დღეს საკონტიტუციო უმრავლესობას ფლობს, რაც დადებითი მოვლენა არაა. რა თქმა უნდა, კარგია და მისასალებელია, რომ ახალ შემადგენლობაში შედარებით უკეთესი წარმომადგენლობაა და, იმედია, ისინი ზოგიერთი მათი წინამორბედის მსგავს სისულელეებს პარლამენტში არ იტყვიან. ალბათ გახსოვთ, რომ ამ სისულელეების გამო ბევრი დეპუტატი უწინ კონფლიქტს იწვევდა. თუმცა რამდენად მიეცემათ საშუალება ამ ადამიანებს საკანონმდებლო საქმიანობა ნაყოფიერად შეასრულონ, ეს ჯერ არ ვიცით,” – უთხრა “რეზონანსს” ნიკა ჩიტაძემ და იქვე დაუმატა, რომ თუკი ქვეყანაში ისევ არაფორმალური მმართველობა და ყოფილი პრემიერის გავლენა იქნება, რა თქმა უნდა, ეს საკანონმდებლო ორგანოზე ცუდად აისახება.

“ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა, როდესაც პირველ საკითხად პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება განიხილება, ცხადია, დემოკატიულ გარემოს საფრთხე ექმნება. სჯობს, ქვეყნის ეონომიკური განვითარების ახალი ხედვა გაჩნდეს, ვიდრე ამ საკითხზე დაპირისპირებას დაახარჯონ დრო. რაც შეეხება უშუალოდ საკადრო გადაწყვეტილებებსა და გახმოვანებულ გზავნილებს, ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს. იმედია, პარლამენტის თავმჯდომარე ძალადობრივი ხასიათის გზავნილებს საკანონმდებლო ორგანოში არ გაახმოვანებს. ძალიან კარგია, რომ მან განათლება დასავლეთში მიიღო, ამას არავინ დაუკარგავს, მაგრამ მთავარია, ეს საქმეს მოახმაროს და ოპონენტების მისამართით შავი პიარის აგორებისთვის არ გამოიყენოს,” – დასძენს პოლიტოლოგი.

„რეზონანსი“, 19 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ზაალ ანჯაფარიძესთან: „ბიძინა ივანიშვილისგან გამიჯვნა ახალმა მთავრობამ თავად უნდა შეძლოს

ელზა პაპოშვილი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ ახალი ხელისუფლების პირველ გამოწვევას, წინასაარჩევნო დაპირებები წარმოადგენს, რომლის შესრულებაც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. მისი თქმით, მთავრობის დაკომპლექტებისთანავე და მის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯებიდანვე გამოჩნდება, ისინი რამდენად დამოუკიდებლები იქნებიან.

ზაალ ანჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილისგან გამიჯვნა თავად ხელისუფლებამ უნდა შეძლოს და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება ისწავლოს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამის სურვილი თავად ივანიშვილსაც აქვს.

- მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა და პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში პარლამენტის მიერ განსახორციელებელ რამდენიმე მთავარ საკითხზე აქცენტები გააკეთა. როგორ შეაფასებთ მის გამოსვლას?

- პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე და იმ საშიშროებებზე გაამახვილა, რაც ასეთი ძალაუფლების შემთხვევაში შეიძლება ხელისუფლებამ ჩაიდინოს. ვფიქრობ, მას ახალი არაფერი უთქვამს, რადგანაც ამის შესახებ განცხადებები და შეფასებები არაერთი გაკეთდა. ჟურნალისტები, პოლიტიკოსები ამ საფრთხის არსებობის შესახებ იმ დღიდან საუბრობენ, რა დღიდანაც “ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.

რა თქმა უნდა, არსებობს იმის რისკი, რომ ხელისუფლებამ ეს ძალაუფლება ბოროტად გამოიყენოს. პრეზიდენტმა, როგორც ინსტიტუტებს შორის ძალაუფლების დამაბალანსებელმა, საჭიროდ ჩათვალა, რომ მმართველი პარტიისთვის ეს კიდევ ერთხელ შეეხსენებინა. ის, რომ კონსტიტუციას გადახედვა და ცვლილებები სჭირდება, ესეც არახალია და ყველამ კარგად ვიცით, რომ ის ამ ფორმით, როგორც ახლაა წარმოდგენილი, სასწრაფოდ შესაცვლელია. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გაირკვეს, ჩვენს ქვეყანაში რა ტიპის სახელმწიფოებრივი მმართველობა არსებობს. კლასიკური სახით არც საპარლამენტო მმართველობა გვაქვს და არც საპრეზიდენტო. რაღაც შერეული ტიპის მოდელის მქონე მმართველობა გვაქვს. ამიტომ კონსტიტუციაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩაიწეროს, რა ტიპის სახელმწიფოებრივი მმართველობა გვინდა.

- ახლა ქვეყანაში ყველა მთავრობის დაკომპლექტებას ელის. როგორ ფიქრობთ, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეძლებს თუ არა იმ ტიპის მინისტრთა კაბინეტის წარმოდგენას, რომელთაც გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი და პასუხისმგებლობა ექნება. რა სახის სამთავრობო ცვლილებებს ელით?

- ვფიქრობ, ამ თემაზე საუბარი მაშინ უფრო გაგვიადვილდება, როდესაც პრემიერ-მინისტრი პარლამენტს და საზოგადოებას ახალ მთავრობას წარუდგენს. როგორც ანალიტიკოსი, ასე შევაფასებდი – მთავრობა იქნება თუ არ იქნება დამოუკიდებელი, ეს მაშინ გამოჩნდება, როდესაც ის უკვე სამუშაო პროცესში იქნება და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას დაიწყებს. მაშინ გამოჩნდება, ისინი თავის გადაწყვეტილებებში რამდენად დამოუკიდებლები და სწრაფები არიან.

არსებობს ამის შეფასების მექანიზმი, რომელიც მათი მუშაობის პირველივე დღიდან ამუშავდება და ყველა გამადიდებელი შუშით დავაკვირდებით.

- როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილის ზეგავლენისგან ახალი მთავრობა რამდენად თავისუფალი იქნება?

- გააჩნია ზეგავლენაში რას ვგულისხმობთ. მუდმივად გვესმის ამაზე საუბარი, რომ ბიძინა ივანიშვილი ფორმალური მმართველია. თუ ივანიშვილმა საკუთარი აზრი რაღაც პრობლემაზე ან აქტუალურ თემაზე გამოთქვა, ეს ზეგავლენად რატომ უნდა ჩაითვალოს?! მისი აზრი თუ მთავრობის მეთაურის შეხედულებას რაღაცა საკითხთან დაკავშირებით დაემთხვევა, ეს რა, ზეგავლენად ჩაითვლება? შეიძლება ვინმეს მთავრობაში ივანიშვილის კომპლექსი აქვს და მის მიერ გამოთქმული აზრი დირექტივად მიიღოს. ივანიშვილი ისეთივე მოქალაქეა, როგორც ჩვენ, ხომ არ შეიძლება მას აზრის გამოთქმა ავუკრძალოთ?! მის მიერ გამოთქმულ აზრს ახლა ზოგი პირადად საკუთარ თავზე იღებს და ფიქრობს, რომ უნდა გაითვალისწინოს, ზოგიც არ იღებს.

ოპოზიციაც გარკვეულწილად ხელს უწყობს იმ შეხედულების ჩამოყალიბებას, რომ მთავრობაზე ივანიშვილი ზეგავლენას ახდენს.

- ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” დამფუძნებელია და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს მმართველ გუნდშია, სწორედ მისი მეშვეობით მოხვდა აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის ავტორიტეტი თავად ამ ადამიანებზე არ მოქმედებს, მათ მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას საზოგადოება კვლავ ივანიშვილს უკავშირებს და პასუხისმგებელ პირად მას თვლიან…

- გეთანხმებით, რომ ივანიშვილი “ოცნების” დამფუძნებელია და პარტიის წევრებზე განსაკუთრებული ავტორიტეტი აქვს. თუმცა ამ მარწუხისგან და დამოკიდებულებისგან გათავისუფლება თავად მთავრობამ და ხელისუფლებამ უნდა შეძლოს. სხვაგვარად საზოგადოებაში ასეთი შეხედულება სულ იქნება. თუ ივანიშვილმა თავისი აზრი გამოთქვა, აუცილებელი ხომ არ არის, ყველამ გაიზიაროს?! იქნებ ეს კაცი ცდება, მას აზრის გამოთქმის უფლება აქვს და რა ვუყოთ? არ არის კარგი პრაქტიკა და იმედი მაქვს, რომ ახალი მთავრობა ამას თავს დააღწევს.

ვფიქრობ, თავად ბიძინა ივანიშვილსაც სურს, რომ ხელისუფლების ყველა გაფუჭებული და უპასუხისმგებლო საქციელი მას არ ბრალდებოდეს. არც მას სურს, რომ მთავრობა თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არ იყოს. ეს არ არის ადვილი, როდესაც ყველაფერი ერთ ადამიანს ბრალდება. რა თქმა უნდა, ის ყოველთვის თავისი პარტიის მხარდამჭერი და გულშემატკივარი იქნება, მაგრამ თუკი თავისი აზრის გამოთქმით ვინმეს რამეში დაეხმარება, ეს ხომ არ შეიძლება მას ზეგავლენად ჩავუთვალოთ?

- რა ნაბიჯების გადადგმას ელით მე-9 მოწვევის პარლამენტისგან და როგორ ფიქრობთ, პირველ რიგში, რა სახის რეფორმები უნდა განახორციელოს?

- “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნოდ თავისი დაპირებები აქვს წარდგენილი, რისი განხორციელებაც ძალიან სწრაფად უნდა დაიწყოს. პირველ რიგში, უნდა დაიწყონ ზრუნვა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. პარლამენტმა ისეთი კანონები და რეგულაციები უნდა შემოიღოს, რომ ქვეყანაში მეტი ინვესტიცია შემოვიდეს და საქართველოს მიმართ უცხოელი ბიზნესმენების დაინტერესება მოხდეს. მეორე მთავარ პრიორიტეტს კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება წარმოადგენს. ფართო კონსენსუსის და განხილვის შედეგად, შემჭიდროებულ ვადებში, ახალი კონსტიტუციის მიღება უნდა მოხდეს, რადგანაც ამის გარეშე სახელმწიფოს ფუნქციობა პრობლემური იქნება.

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე მთავარ გამოწვევად კვლავ სოციალური და ეკონომიკური პრობლემები რჩება. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე საგარეო პოლიტიკის უფრო გააქტიურება მოხდეს.

იმ მოვლენების და ტენდენციების ფონზე, რაც ბოლო დროს ჩვენ გარშემო ხდება, სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი. ევროპასა და აშშ-ში, სადაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა, ძალიან დიდი და შრომატევად მუშაობის გაწევა მოგვიწევს, რათა საქართველო დასავლეთის ყურადღების ცენტრიდან არ ამოვარდეს.

- “ნაციონალურ მოძრაობაში” სიტუაცია სულ უფრო დინამიკურად ვითარდება და ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის მწვავე განცხადებები, რომელიც მან რამდენიმე თანაგუნდელის მისამართით გააკეთა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოსალოდნელია ამ პარტიის დაშლა?

- “ნაციონალურ მოძრაობაში” დაახლოებით ისეთივე პროცესები ვითარდება, რაც თავის დროზე “მოქალაქეთა კავშირთან” დაკავშირებით მოხდა – როდესაც ზურაბ ჟვანიამ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ პრესასთან მწვავე განცხადებები გააკეთა, შემდეგ კი შევარდნაძეს მიხეილ სააკაშვილი თავისი გუნდით გამოეყო. შესაბამისად, “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე მოვლენები იმის წინაპირობას იძლევა, რომ პარტიის ორად გაყოფა სამომავლოდ გარდაუვალია.

პარტიას ეროზია აქვს. “ნაციონალები” მიხეილ სააკაშვილის გარეშე ვერაფერს შეძლებენ, მათი ფასი ნულის ტოლია. ისინი ელექტორალურ რესურს ძირითადად სააკაშვილის ხარჯზე ავსებენ. ვნახეთ, რომ არჩევნებისთვის მათ სანდრა რულოვსის მობილიზება დასჭირდათ, რათა გარკვეული ხმები აეკრიფათ და აქეთ-იქით დაატარებდნენ.

პარტიის ძველი სახეები ამომრჩევლისთვის მიმზიდველი არ იყო. გარდა ამისა, ფინანსური რესურსი სააკაშვილის და მისი გარემოცვის ხელშია. “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების უმეტესობა უფრო სააკაშვილის მხარეს იხრება, ვიდრე ბოკერიასა და მისი დაჯგუფებისკენ. თუ პარტიას ერთი ჯგუფი გამოეყოფა, მათი არსებობა ძალიან საეჭვოდ მიმაჩნია. ვფიქრობ, ეს ხალხი კომპრომისის მოძებნას ცდილობს და ამას თავადაც კარგად ათვითცნობიერებენ.

- ბევრი საუბრობს იმაზე, რომ გაზაფხულზე ქვეყანაში უფრო აქტიური პოლიტიკური ცხოვრება დაიწყება, რადგანაც ოპოზიცია ძალების მოკრებას შეძლებს და გარკვეული გაერთიანებებიც შეიძლება ვიხილოთ. როგორ ფიქრობთ, დავით უსუფაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერად შეიძლება მოგვევლინოს?

- ვფიქრობ, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგანაც კონკრეტული ნაბიჯები თავად ოპოზციასაც არ გადაუდგამს. ამიტომაც, თუ კონკრეტული მოძრაობა არ დაიწყება, რაიმეზე საუბარი გაგვიჭირდება. დაველოდოთ გაზაფხულს და პოლიტიკურ ელიტას, რომელიც ამ დროისთვის, სავარაუდოდ, უკვე ჩამოყალიბდება და დასკვნების გამოტანასაც მაშინ შევძლებთ. ახლა მთავარი მოთამაშეები ცოტა ხანს ტაიმაუტის რეჟიმში არინ. ვაცადოთ და გამოჩნდება, ვინ სად როგორი სახით მოგვევლინება.

„რეზონანსი“, 19 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „თუ იქნება სათანადო რეაქცია, რუსეთი გააგრძელებს ამ აზრის განვითარებას

ნინო ომანაძე

კონფლიქტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ესაა რუსული ზონდაჟი და ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებები გათვლილია საზოგადოების რეაქციაზე.

მამუკა არეშიძე: ეს არის რუსული გეგმა, სტრატეგია, რომ დაკვირვება მოახდინონ საზოგადოების რეაქციაზე. თუ იქნება სათანადო რეაქცია, რუსეთი გააგრძელებს ამ აზრის განვითარებას. რუსეთის დუმის დეპუტატმა გააკეთა ძალიან საინტერესო განცხადება არა შინაარსის მიხედვით, არამედ ზონდაჟისთვის. კალაშნიკოვი არ არის იმ ტიპის ფიგურა, რომ მისი განცხადებები წყვეტდეს სახელმწიფოებს შორის წარმოქმნილ პრობლემებს. განცხადება კონფედერაციის შესახებ გაკეთებულია უფრო მოლდოვას მხარის გასაჩერებლად. რუსეთის ჯარები უკანონოდ იმყოფებიან მოლდოვას ტერიტორიაზე, რუსეთი იძულებულია, გაიყვანოს ჯარები. კონფედერაციის საკითხი კი რამდენიმე წელი გაგრძელდება და ამ პერიოდში რუსეთი მოახერხებს თავისი არმიის მოლდოვას ტერიტორიაზე დატოვებას.

- რუსი დეპუტატის განცხადება მწვავედ აღიქვეს აფხაზეთში…

- ეს არის რუსეთის პოლიტიკური თვალთმაქცობა. მე ჩართული ვარ ქართულ-რუსული მოლაპარაკებების ფორმატში და ვხვდებით საკმაოდ სერიოზულ ადამიანებს. არ ყოფილა ერთი მინიშნებაც კი, რომ რუსეთი დაინტერესებულია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებით. საქართველო თუ დათანხმდება კონფედერაციას, მაშინ, რუსეთს მოუწევს უარი თქვას აფხაზეთის სუვერენიტეტზე. 1998 წელს მე ვიყავი იმ შეხვედრის მონაწილე, როცა ევგენი პრიმაკოვმა ვლადისლავ არძიმბა თბილისში ჩამოიყვანა და ედუარდ შევარდნაძეს შეახვედრა. მაშინ იყო საუბარი კონფედერაციის შექმნაზე. არძინბაც თანახმა იყო, მაშინ შევარდნაძემ დასვა მთავარი შეკითხვა -კონფედერაცია იქნება ორ დამოუკიდებელ სუბიექტს შორის, თუ სუბიექტსა და მის ყოფილ ავტონომიასშორის? რაზეც პასუხი ვერ მიიღო.

- რა სხვაობაა ამ ორი ფორმულირებას შორის?

- ამ პროცესის დასრულების შემდეგ, კონფედერაციის ერთ-ერთ წევრს შეუძლია გავიდეს კონფედერაციიდან და ის ავტომატურად გახდება საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელი, აღიარებული სუბიექტი.

- რუსეთი ცდილობს პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისი გავლენების აღდგენას და გაძლიერებას. რამდენად საშიშია ეს რეალობა საქართველოსთვის?

- რაც შეეება მოლდოვას, ის განცხადებები, რაც გაკეთდა ახალი პრეზიდენტის მხრიდან, არის წინასაარჩევნო განცხადებები და მეტი არაფერი. მოლდოვა ინტეგრირებულია რუმინეთთან, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს აქვს რუმინული პასპორტები, მოლდოვაში ევროკავშირს დიდი ფინანსური ბერკეტები გააჩნია. დოდონმა რამდენიც უნდა ისაუბროს რუსეთზე, ეს შედეგზე ვერ იქნება ორიენტირებული. ჩვენ წლების მანძილზე არაერთი შანსი გავუშვით ხელიდან. ვერ მოვახერხეთ აფხაზებთან პირდაპირ დიალოგზე გასვლა, არ გვაქვს ინიციატივების პაკეტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, აფხაზებს შევთავაზოთ თანამშრომლობის ახალი გზები. არავინ ცდილობს საუბარს აფხაზებთან, ბევრია სამუშაო ამ მიმართულებით, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო პრობლემის სწორი ანალიზი.

„რეზონანსი“, 19 ნოემბერი, 2016 წელი

აფხაზები ლეონიდ კალაშნიკოვის წინააღმდეგ

მინიშნება მოსკოვიდანთუ საქართველო დასავლურ მისწრაფებებზე უარს იტყვის, ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას შეძლებს

ნინო ომანაძე

რუსეთის დუმის დეპუტატი ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებამ საქართველოში ტერიტორიული კონფლიქტების შესაძლო გადაწყვეტის გზებზე სოხუმში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია. სეპარატისტთა დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, სადაც მოუწოდებენ რუსულ მხარეს, აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით, დაუფიქრებელი განცხადებების გაკეთებას მოერიდონ.

ცნობისათვის, კალაშნიკოვმა დუმის რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი და “ესენგეს” საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა. რუსულ მედიასთან საუბრისას მან მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების შედგებზე ისაუბრა. მისი თქმით, მოლდოვაში პრორუსი კანდიდატის, სოციალისტური პარტიის ლიდერის, იგორ დოდონის გამარჯვება რეალურს ხდის მოლდოვას მიერ ტერიტორიული კონფლიქტის გადაჭრას და ეს, შესაძლოა, მაგალითი გახდეს საქართველოსთვის და უკრაინისთვის.

“თუ მოლდოვა შეძლებს რუსეთთან დაახლოებას და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე უარის თქმას, მოახერხებს დნესტრისპირეთში ტერიტორიული კონფლიქტის კონფედერაციის ტიპის მოწყობით გადაწყვეტას, ეს შეიძლება გახდეს კარგი მაგალითი საქართველოსთვის და უკრაინისთვის.

“ამ ქვეყნებში არის მსგავსი ტერიტორიული პრობლემები, თუ მოლდოვა, რომელიც უკვე მეტწილად შემდგარი სახელმწიფოა და ევროინტეგრაციის გზაზეა შემდგარი, მოახერხებს პრობლემის გადაწყვეტას, ამას შეძლებენ საქართველო და უკრაინაც. მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში სიტუაცია გაამწვავა იმან, რომ მათ გადაწყვიტეს ნატოს წევრი სახელმწიფოები გამხდარიყვნენ”, – განაცხადა კალაშნიკოვმა.

დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ე.წ. პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა წვავე განცხადებით გამოეხმაურნენ დუმიდან გაჟღერებულ მოსაზრებებს.

“მსგავსი განცხადებები შეიძლებოდა გაეკეთებინა ადამიანს, რომელიც ცუდად იცნობს აფხაზეთის ისტორიას. აფხაზი ხალხი წლების მანძილზე იბრძოდა საკუთარი ეთნოსის გადასარჩენად, 1999 წლის რეფერენდუმზე, აფხაზეთის მოსახლეობამ ერთხმად დაუჭირა მხარი კონსტიტუციის პირველი მუხლის ამოქმედებას, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ეხება. ამ რეფერენდუმმა წერტილი დაუსვა აფხაზეთის შესაძლო გაერთიანებას საქართველოს სახელმწიფოსთან.

“2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებამ, ლეგიტიმაცია მიანიჭა ჩვენ სტატუსს. უკიდურესად ნეგატიურად და არაპროფესიონალურად ჟღერს ბატონი კალაშნიკოვის განცხადება, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას”, – ნათქვამია ე.წ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც უწყებამ 17 ოქტომბერს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა

მწვავეა დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის სპიკერის ვალერი ბგანბას განცხადებაც.

“ჩნდება კითხვა – ვის აზრებს ახმიანებს კალაშნიკოვი? საკუთარს, კომუნისტური პარტიის, თუ დუმის ახალი შემადგენლობის? ვთვლი, რომ მსგავსი გამონათქვამები არ შეესაბამება მეგობრულ ტონს და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, რაც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ, მსგავსი განცხადებები, შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე”, – განაცხადა აფხაზურ გამოცემა “ნუჟნაია გაზეტასთან” ინტერვიუში ე.წ. პარლამენტის სპიკერმა.

——————–

„ახალი თაობა“, 19 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „ირაკლი კობახიძეს უმრავლესობის მართვა გაუჭირდება

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი „ახალი თაობის“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პარლამენტში პოლიტიკური პროცესები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მარტივი არ იქნება.

- ბატონო ლევან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის განსაკუთრებული გამოწვევა იქნება საკონსტიტუციო რეფორმა. ამაზე ისაუბრა პრეზიდენტმაც, რომელმაც პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, მასთან შეიქმნას საკონსტიტუციო კომისია. როგორია თქვენი პოზიცია?

- ჯერ კიდევ არჩევნებიდან მეორე დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ბატონი ვოლსკის ნაჩქარევი განცხადების შემდეგ, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტის არჩევის წესს, ირაკლი კობახიძე გამოვიდა და განაცხადა, რომ ისინი იმსჯელებენ არა ცალკეულ საკითხებზე კონტექსტიდან ამოგლეჯილად, არამედ მთლიანად ერთიან სისტემაზე. მეორე, რაც მკვეთრად განაცხადა ირაკლი კობახიძემ, იყო ის, რომ ერთპიროვნულად არ მიიღებენ გადაწყვეტილებას და ამით ყველაფერი იყო ნათქვამი.

გარდა ამისა, გამოწვევაა კიდევ იმ თვალსაზრისით, რომ `ქართული ოცნების~ წინასაარჩევნო დანაპირებში საუბარია ახალი კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებაზე, ახალი კონსტიტუციის დაწერაზეა აქცენტი გაკეთებული და არა _ ცალკეული ნორმის გადასინჯვაზე.

- რა სირთულეები შეიძლება შეხვდეს ამ თვალსაზრისით ახალ საკონსტიტუციო კომისიას?

- პრეზიდენტის არჩევის წესი მიბმულია ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობასთან. ტერიტორიული მოწყობის საკითხი კი ადვილი გადასაწყვეტი არ არის. საქართველო იქნება უნიტარული თუ ფედერაციული? როგორი ფედერაცია იქნება? ვინ იქნებიან ფედერაციის სუბიექტები, მხოლოდ აფხაზეთი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა თუ სამხრეთ ოსეთი და კიდევ სხვა მხარეებიც? გარდა ამ მძიმედ გადასაწყვეტი პოლიტიკური საკითხისა, წინა პლანზე წამოიწევს პარლამენტის მოწყობის საკითხიც. პარლამენტი იქნება ერთპალატიანი თუ ორპალატიანი? პრეზიდენტი იქნება პირდაპირი, საყოველთაო არჩევნებით არჩეული თუ არა? ამ საკითხზე გუნდში ახალ სახეებსაც ერთიანი პოზიცია არ აქვთ.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ ახალ სახეებზე?

- ვინაიდან მმართველ ძალას საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს პარლამენტში, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კუნთები უნდა ათამაშონ. ეს არის ადგილი, სადაც დებატები, პოლიტიკური დისკუსია უნდა გაიმართოს. მე იმედი მაქვს, რომ ძველი სახეები ახალ უმრავლესობაში პროცესის მთავარი წარმმართველები არ იქნებიან და მათ გუნდში პოლიტიკოსების ახალი თაობა საქმეს სახელმწიფოებრივად მიუდგება. უკვე ვხედავთ, რომ რიტორიკა შეცვლილია არსებითად, კონკრეტულ დეტალებზე ასე ერთპიროვნულად აღარ მსჯელობენ, მაგალითად, პარლამენტის გადატანა-გადმოტანაზე, პრეზიდენტის არჩევის საკითხზე და ა.შ. ამ ახალი პოლიტიკოსების მკვეთრი წარმომადგენელია ირაკლი კობახიძე.

- ირაკლი კობახიძე პარლამენტის როგორი თავმჯდომარე იქნება, თუნდაც დავით უსუფაშვილის შემდეგ?

- ირაკლი კობახიძე დამწყები პოლიტიკოსია. გარდა ამისა, მას საჯარო სამსახურში არასდროს უმუშავია. ეს მისი ნაკლია. ასევე იმ საპარლამენტო პოლიტიკური ძალის მართვა, რომელიც უმრავლესობაშია, ურთულესი აღმოჩნდება მისთვის. ეს იქნება მისთვის სერიოზული გამოწვევა და ამას ერთპიროვნულად ვერ გაართმევს თავს.

- რატომ?

- დარწმუნებული არ ვარ, რომ ე.წ. ბრძნული თავების მქონე პოლიტიკოსებმა ადვილად დაუთმონ გარკვეული საკითხების გადაწყვეტა.

- თქვენ ამბობთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის კომპეტენციაში ჩაერევიან?

- არა, არ ჩაერევიან, შიდა, კულუარული დისკუსიის დროს არ დაუთმობენ, მით უფრო, როდესაც დაახლოებით სამი თუ ოთხი დაჯგუფება მხოლოდ პარტიის შიგნით არის. პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყნის მეორე პირია, პრემიერ-მინისტრი _ მხოლოდ მესამე, პირველი პირი კი პრეზიდენტია. ამდენად, ასე მარტივი არ იქნება პროცესები მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

„ახალი თაობა“, 19 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ შალვა ხაჭაპურიძესთან: „ბიძინა ივანიშვილს გიგა ბოკერიას ყიდვა არაფერში სჭირდებოდა“ // „ადამიანის უფლებებიც უნდა დაიცვა და ლიბერალიც უნდა იყო, მაგრამ ეს აგრესიული ფორმით არ უნდა გააკეთო

„ახალი თაობის“ კითხვებს იურისტი, უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე პასუხობს.

- ბატონო შალვა, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ პოროშენკომ მას მოქალაქეობა ჩამოართვას. ასეთ შემთხვევაში რა საფრთხეები ემუქრება მიხეილ სააკაშვილს, დადგება მისი პასუხისგებაში მიცემის საკითხი?

- ეს კაცი უკრაინაში გაკოტრდა. ის აღარ არის პოლიტიკური ფიგურა. მთელი მისი რესურსი ამოწურულია. ის მთელი რიგი მაქინაციებით შეეცადა, საქართველოში დაბრუნებულიყო, რაც არ გამოუვიდა და ეჭვიც არავის ეპარებოდა, რომ არ გამოუვიდოდა. სააკაშვილი იმ ტიპის პიროვნებაა, რომ საქმე გამოსდის მხოლოდ მაშინ, როცა ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და ამაში ხელის შემშლელი არავინ ჰყავს.

- ეს უკრაინაში არ გამოუვიდოდა?

- ასეთი ტიპის პოლიტიკოსი, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, თავიდანვე ნათელი იყო, რომ გაკოტრდებოდა. მას ერთპიროვნულად ქვეყნის მართვის უფლებას არც ხელისუფლება მიცემდა, არც თანამდებობრივად შეეძლო ეს და არც ოდესელები არიან ასე მარტივად და რბილად სამართავები. შედეგი სახეზეა. უფრო უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ სააკაშვილისთვის ეს უფრო ცუდად დამთავრებულიყო. მან მოასწრო და გადადგა. ის, რასაც ახლა აკეთებს, ვითომ პოლიტიკური პარტიის შექმნა და ასე შემდეგ, ესაჭიროება თავდაცვის მიზნით. უკვე ორი დღეა აცხადებს, შეიძლება, მოქალაქეობა ჩამომართვანო. უახლოეს დღეებში გამოვა და ატეხს ყვირილს, რომ დევნიან და მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს ამერიკაში ან სხვა ისეთ ქვეყანაში, რომელიც მას შეინახავს და საქართველოს არ გადასცემს. მან თავისი ლობისტები უკვე აამუშავა, დაწყებული იქნება შუამდგომლობა ამერიკის ხელისუფლებასთან, რომ როგორმე გაასწროს და წავიდეს.

- ნაციონალური მოძრაობის თბილისური ფრთა მიხეილ სააკაშვილის საბოლოო ჩამოშორებას ცდილობს და გიგა ბოკერია წამოვიდა წინა პლანზე.

- გიგა ბოკერია და ნაციონალური მოძრაობა თავიდანვე სულ სხვა ძალები იყვნენ. ვარდების რევოლუციის დროს მოხდა ამ ძალების გაერთიანება. დღეს ნაციონალური მოძრაობა დამარცხდა, დაიმარხა, აღარ არსებობს და დარჩენილია თავისუფლების ინსტიტუტის ის დაჯგუფება, რომელიც ამ სახელს, ნაციონალურ მოძრაობას, არის ამოფარებული. მე არ გამოვრიცხავ, რომ ერთ დღეს ეს სახელი საერთოდ გადაირქვან.

- ანუ ემიჯნებიან მიხეილ სააკაშვილს?

- დღეს რომ დადგე სააკაშვილის, ადეიშვილისა და მერაბიშვილის გვერდით, მათთან გააიგივო თავი, გამოდის, რომ სერიოზული გიჟი ხარ. ამას მიხვდნენ ხოშტარიები, მელიები, რომ ეს დამთავრებული თამაშია.

- ცდილობენ რებრენდინგს?

- პირველ რიგში, თავის გადარჩენას ცდილობენ და ამის შემდეგ – რებრენდინგს, თუკი ეს გამოუვათ. ამ ძალას დასავლური იდეები, ლიბერალური იდეები გაუკუღმართებული ფორმით მოჰქონდა ჩვენამდე. დასავლეთში რაც კარგი ღირებულებებია, ის არ შემოჰქონდათ, ხოლო რაც ცუდი იყო, მაინცდამაინც ეს შემოჰქონდათ საქართველოში. თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში უთხრეს უარი, რადგან ტრამპის მოყვანა სწორედ ამას ნიშნავდა. ამ ყველაფერს ნაციონალებმა კიდევ დაამატეს მართვის ბოლშევიკური სტილი და ამ სახით შემოიტანეს. ამ მიმდევრობას მსოფლიოში პატრონი აღარ ჰყავს.

- ეს რას ნიშნავს, დამთავრდა ლიბერალიზმი?

- არა, ამას არ ვგულისხმობ, ადამიანის უფლებებიც უნდა დაიცვა და ლიბერალიც უნდა იყო, მაგრამ ეს არ უნდა გააკეთო აგრესიული ფორმითა და ძალადობით. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ნაციონალებს ერთადერთი იდეოლოგია ჰქონდათ შემორჩენილი და დღეს ესეც აღარ აქვთ.

- მიხეილ სააკაშვილი ნაციონალებს ბიძინა ივანიშვილს მიყიდულებს უწოდებს. ეს განაწყენების ბრალია თუ რეალურად ასეა?

- ივანიშვილს ბოკერია და ეს ჯგუფი თავისთავად ჩაუვარდა ხელში. მიყიდული ნიშნავს იმას, რომ უნდა ეყიდა და ერთი მიზეზი მაინც დამისახელოს ვინმემ, რატომ უნდა ეყიდა?! ყიდულობ იმას, რასაც ფასი აქვს. რატომ უნდა ეყიდა ეს ჯგუფი, რა ფასეულები ისინი არიან?! ეს არის სააკაშვილის ზღაპრები! რაში სჭირდება ივანიშვილს ისინი?!

- პარლამენტში შესვლაზე დაიყოლიაო...

- კარგით, რა. დავუშვათ და უარი ეთქვა ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში შესვლაზე, მერე რა?! ამით დაიქცეოდა ქვეყანა? აგერ არ არის პატრიოტთა ალიანსი? ისინი ხომ შედიოდნენ. თვითონ არ ისხდნენ მარტო, არ მართავდნენ ქვეყანას?! ოპოზიციამ დახია მანდატები და არ შევიდა პარლამენტში. სულ 3 ოპოზიციონერი შევიდა. გაუჭირდათ ქვეყნის მართვა? ამიტომ ბიძინა ივანიშვილს არაფერში სჭირდებოდა მათი ყიდვა, ფასი არ აქვთ, კაპიკია მაგათი ფასი! საკითხავი ის არის, როგორ მოხდა, 500 ათასი ხმა რომ მიიღეს!

- როგორ მოხდა? რამე საეჭვოს ხედავთ ამაში?

- ბევრია ნახევარი მილიონი ნაციონალური მოძრაობისთვის. 20 წელიწადია, პარტიები არსებობენ და 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის პარტიამ. ძალიან ბევრი არ მივიდა ამ არჩევნებზე, ქვეყანაში პოლიტიკური ნიჰილიზმია, ხოლო ნაცების მომხრეები ყველანი დარაზმულად მივიდნენ. გამაჩნია სერიოზული ინფორმაციები, რომ მათ ამომრჩეველი მაქსიმალურად მოისყიდეს. ამომრჩეველი საქართველოში რომ იყიდება, ეს არახალია, ძველია!

„ახალი თაობა“, 19 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ მამუკა ტუსკაძესთან: რა ნორმის გაუქმებას ითხოვს პატრიოტთა ალიანსი

მე-9 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბა. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს დღის წესრიგშია მანდატების გადანაწილების წესის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ სარჩელის განხილვა. „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი და იურისტი მამუკა ტუსკაძე ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს იმ ნორმას, რომლის გამოყენებითაც ცესკომ მანდატები გადაანაწილა. თუმცა, აღსრულება გაჭირდება, ანუ მანდატების ხელახალი გადანაწილება გაძნელდება.

„ახალ თაობასთან“ საუბარში მამუკა ტუსკაძე ამბობს, რომ მიუხედავად სიძნელეებისა, არის სამართლებრივი გზები, რომ მოპოვებული ორი მანდატი აითვისონ.

- ბატონო მამუკა, პარლამენტმა მუშაობა დაიწყო, პატრიოტთა ალიანსს კი შეტანილი აქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში კანონის იმ ნორმის გასაუქმებლად, რომელიც მანდატების გადანაწილებას ეხება. რას ელოდებით?

- საკონსტიტუციო სარჩელი ეხება საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის შეუთავსებლობას საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლთან. ეს მუხლები ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუსაბამობაშია.

- მიხეილ სააკაშვილს კარგად ჰქონდა საქმე აწყობილი თავის სასარგებლოდ, რაც დღემდე გადმოვიდა...

_ თავის დროზე ეს გაკეთდა სატელიტი პარტიისთვის. თუმცა, აღნიშნული ნორმა მათ არ დასჭირდათ 2012 წელს. აქამდე ამ შეუსაბამობის გასწორება არ დასჭირვებიათ, რადგან 2012 წელს პირველმა პარტიამ მიიღო 55%, მეორე პარტიამ 40%, მესამე პარტია კი პარლამენტში არ შესულა. მანდატების განაწილების მუხლში ცვლილება 2009 წელს შეიტანეს. 7 წელზე მეტი გავიდა და ახლა დადგა ამის გასწორების საკითხი. მე-9 მოწვევის პარლამენტში მესამე პარტიის შესვლამ ეს ხარვეზი წარმოაჩინა.

- თქვენთვისაც არ იყო ცნობილი ამ ხარვეზის შესახებ?

- ამ მუხლის გამოყენება საჭირო არასოდეს გამხდარა. ეს მუხლი პირველად ამუშავდა და გამოჩნდა, რომ ის დისკრიმინაციული და უსამართლოა.

- როდის დაფიქრდა პატრიოტთა ალიანსი ამაზე?

- „პატრიოტთა ალიანსი“ ამაზე დაფიქრდა იმ დღეს, როდესაც ხმების რაოდენობა დაითვალა, დარჩა 17 მანდატი, შემდეგ კი იმ 17 მანდატიდან ჩვენ 3 მანდატი დაგვიმატეს. ამით საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის პირობა დააკმაყოფილეს, ხოლო დანარჩენი 14 მანდატი პირველ და მეორე ადგილზე გასულმა ნაცმოძრაობამ და „ოცნებამ“ გადაინაწილეს. ამის შემდეგ ჩავხედეთ საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლს და აღმოვაჩინეთ, რომ კონსტიტუციასთან შეუსაბამობასთან გვქონდა საქმე. კონსტიტუციის 50-ე მუხლში ცალსახად წერია, რომ მანდატები უნდა გადანაწილდეს გამარჯვებულ პარტიებს შორის თანაბრად და სამართლიანად. კონსტიტუცია უფრო მაღლა მდგომი კანონია. ამიტომ ცესკოს აუცილებლად უნდა ეხელმძღვანელა კონსტიტუციით. ცესკომ იხელმძღვანელა მხოლოდ საარჩევნო კოდექსით და მივიღეთ მანდატების უსამართლო განაწილება. ყველა ქვემდგომი კანონი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას. საკონსტიტუციო სასამართლომ სავსებით კანონიერად და სამართლიანად უნდა გააუქმოს კანონის არსებული ნორმა საარჩევნო კოდექსში და მოხდეს კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა.

- როგორც ვიცი, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, ეს საქმე განიხილოს არსებითად. რა პრობლემა რჩება?

- სხდომის გამართვა გაიწელა. დღეს და ხვალაც რომ ჩატარდეს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა, აღსრულება მაინც გაჭირდება.

- რატომ?

- აღსრულება იმიტომ არის ძნელი, რომ ცესკოს მიერ წარდგენილი სიის მიხედვით, პარლამენტი უკვე შეუდგა მუშაობას. მათი უფლებამოსილება უკვე ცნეს. მანამდე ჩვენ ვიჩივლეთ ადმინისტრაციულ სასამართლოში, ბათილად ყოფილიყო ცნობილი ის შემაჯამებელი ოქმი, რომლის თანახმადაც დაფიქსირდა მანდატების განაწილება პროპორციული წესით. ორივე ინსტანციაში საქმე წაგვაგებინეს. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვას მაინც სჭირდება ადმინისტრაციულ სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან მას შეეძლო გაეუქმებინა მანდატების ამგვარი გადანაწილება.

- ადმინისტრაციულ სასამართლოს რომ გაეუქმებინა შემაჯამებელი ოქმი, მაშინ მანდატებს მიიღებდით?

- მანდატებს ვერ მივიღებდით, თუ არ იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

- იმედი გაქვთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თქვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს?

- ველოდებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს სარჩელს დააკმაყოფილებს, რადგან ახალი სასამართლოა. თუ საკონსტიტუციო სასამართლო ემსახურება კანონების კონსტიტუციასთან შესაბამისობას, კანონის ამ ნორმას გააუქმებს და მომავალ არჩევნებში ჩვენ გვექნება მანდატების სამართლიანი გადანაწილების წესი.

- თუმცა, როგორც ჩანს, თქვენ ვერ ისარგებლებთ ამით...

- შესაძლოა, ვერ ვისარგებლებთ, მაგრამ ამ სიკეთით ისარგებლებენ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში მოხვედრილი პარტიები. `პატრიოტთა ალიანსი~ ამ სარჩელით სიკეთეს აკეთებს მომავლისთვის. მესამე და მეოთხე პარტიას, რომელიც ბარიერს გადალახავს, მანდატების სამართლიანი გადანაწილების პრობლემა აღარ ექნება.

- მაინც რატომ ხართ დარწმუნებული, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თქვენ სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს?

- ჩვენ სასარგებლო გადაწყვეტილებას არა, საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს ქვეყნისა და კონსტიტუციის სასარგებლო გადაწყვეტილებას. კონსტიტუციის 50-ე მუხლში პირდაპირ წერია, რომ მანდატები უნდა განაწილდეს თანაბრად და სამართლიანად.

- ცესკოში კომისიაში წარმომადგენელი არ გყავდათ?

- ცესკოში წარმომადგენელი გვყავდა, მაგრამ წევრი _ არა, ვისაც უფლება ექნებოდა, პროტესტი გამოეთქვა მანდატების არასამართლიან გადაწყვეტილებაზე. ვფიქრობ, მომავალი არჩევნები იქნება უფრო სამართლიანი.

- საარჩევნო კომისიას შეეძლო უგულებელეყო საარჩევნო კანონის მოთხოვნა და კონსტიტუციით ეხელმძღვანელა?

- რა თქმა უნდა. ცესკოს შეეძლო ეთქვა, კანონში წერია, მაგრამ კონსტიტუციით დარჩენილი მანდატები უნდა გადანაწილდეს იმ პარტიებსა და ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ 5%-ს მაინც. ჩვენი საჩივრის დაკმაყოფილების შემდეგ კანონში დისკრიმინაციული ნორმის მოქმედება შეჩერდება და ამოქმედდება სამართლიანი ნორმა. თუმცა, არსებობს სამართლებრივი გზები (რომელსაც ჩვენ დღეს არ ვამხელთ), რითაც შეიძლება დამატებით მოპოვებული ორი მანდატი რეალურად ავითვისოთ.

- თქვენ თქვით, აღსრულება გაძნელდებაო...

- თეორიულად არსებობს ამის გზები, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს. ჩვენ მივმართავთ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს. ამ შემთხვევაში ადამიანების უფლებებია დარღვეული. 88 ათასმა ადამიანმა ხმა მოგვცა და 6 მანდატი მივიღეთ. 3-ჯერ მეტი ხმა ვინც მიიღო, მან ჩვენზე 20-ით მეტი მანდატი მიიღო, რაც არასამართლიანია. ამას არეგულირებს კანონი დისკრიმინაციის შესახებ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს დისკრიმინაციული ნორმა გასწორდება.

———————

საქართველო და მსოფლიო“, 18 ნოემბერი, 2016 წელი

რატომ ანგრევს მიხეილ სააკაშვილი ნაცმოძრაობას?

ლუკა ნემსაძე

გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის პოსტი დატოვა, კრიზისი „ნაცმოძრაობაში“ გაღრმავდა. რა გავლენას იქონიებს ის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე და რეალურია ყოფილი მმართველი პარტიის დაშლა მარტივ მამრავლებად?

უაზრო ტიპაჟი და ახირებული პერსონა

გასულ კვირაში მიხეილ სააკაშვილმა და გიგა ბოკერიამ საკმაოდ უცნაური განცხადებები გაცვალეს. ყველასათვის ცხადი იყო, რომ ერთმანეთს მიმართავდნენ, მაგრამ გვარები მაინც არ დასახელებულა. სააკაშვილმა თავის განცხადებაში ახსენა “ერთი-ორი უაზრო ტიპაჟი” და “ახირებული პერსონა”, ბოკერიამ კი _ “ზოგიერთი თანაგუნდელი, ლიდერი თუ მხარდამჭერი”.

„რაღაცებს აქვეყნებენ, თითქოს ისინი გმობენ და ემიჯნებიან საკუთარ მომხრეებს და აქტივისტებს, რომლებიც გადაგვაკვდა და გადააკვდა თავს საქართველოს საქმეს. დაიწყეს უაზრო ლაპარაკი – სააკაშვილი კერპი უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს”, _ განაცხადა სააკაშვილმა და გააკრიტიკა თანაგუნდელები მეორე ტურში მონაწილეობისთვის, აგრეთვე, მისი აზრით, პასიური ტაქტიკისთვის, რომელიც პარლამენტში შესვლას და ახალი არჩევნებისთვის მზადებას ითვალისწინებს. “იმის მაგივრად, რომ ხალხს ვრაზმავდეთ, იმის მაგივრად, რომ ბრძოლისკენ და შეურიგებლობისკენ მოვუწოდოთ ამ ყველაფრის მიმართ, სადღაც ხელებს იშვერენ. თურმე პრობლემაა სააკაშვილის, იმის, ამის…”, _ თქვა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ამ “ახირებულ ერთ-ორ პერსონასთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობაში”, საერთო არაფერი აქვს.

ამ ბრალდებებს ბოკერიამ ასე უპასუხა: “ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო მეორე ტურებში ბრძოლა და პარლამენტში შესვლა ამ ისტორიულ მომენტში. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი პარტიის ინტერესებისთვის და, საბოლოო ჯამში, ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიულად დამარცხების საქმისთვის. სწორედ ასევე მჯერა, რომ ქუჩაში პროცესების გადატანა, ამ ძალადობის მიუხედავად, იქნებოდა უკეთეს შემთხვევაში ორთქლის გამოშვება და არაფერ კარგს არ მოუტანდა არც ქვეყანას ამ კონკრეტულ მომენტში, არც პარტიას და არც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საქმეს” (“ინტერპრესნიუსი”).

ორივე მხარე, რეპლიკების გაცვლის პარალელურად, პარტიის ყრილობისთვის ემზადება. მისი გამართვის ინიციატივით სააკაშვილი მას შემდეგ გამოვიდა, რაც გიგი უგულავამ თანაპარტიელებს მოუწოდა, ახალი თავმჯდომარე აირჩიონ. ყრილობისთვის მზადების პერიოდში უაღრესად მნიშვნელოვანია ძალთა ბალანსი “ნაცმოძრაობის” პოლიტსაბჭოში, რომლის 60 წევრიდან სააკაშვილი დღესდღეობით მყარად 15-20-ს თუ აკონტროლებს. ზოგიერთი შეფასებით, ბოკერიას იქ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ამასთანავე, პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილი მერყეობს და კრიტიკულ მომენტში შეიძლება პოზიცია შეცვალოს. ზეგავლენას მათზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს. ლიდერების ნაწილს მართლა აღიზიანებს რადიკალური იდეები, მათ ეშინიათ, რომ სააკაშვილის მიერ დაანონსებული “რევოლუციის” გამო დაზარალდებიან. ახალაიების დაჯგუფების წევრებიც კი, რომლებიც სააკაშვილის მიმართ ყოველთვის ხაზგასმული ლოიალურობით გამოირჩეოდნენ, ბელადის ახალ ინიციატივებზე საკმაოდ თავშეკავებულ პოზიციას გამოხატავენ. მკვეთრად უარყოფითი პოზიცია აქვთ გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილთან დაახლოებულ პირებს, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელებმა ბოლო პერიოდში უკანა პლანზე გადაინაცვლეს და შიდაპარტიულ პროცესებში აქტიურად აღარ მონაწილეობენ. საერთოდ, არასწორია სააკაშვილის ყველა ოპონენტის მოხსენიება “ბოკერიას ჯგუფად”, ისინი ერთგვარ კონფედერაციას ქმნიან, რომელმაც სააკაშვილის ბოლოდროინდელი მოქმედებით უკმაყოფილოები გააერთიანა; მის წევრებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ სააკაშვილის, ბოკერიას და პარტიის მომავალზე.

ფულისა და კომპრომატის გარდა, რომელიც, ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით, “ნაცმოძრაობის” ერთიანობას უზრუნველყოფს, არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვან როლს ასრულებს კიდევ ერთი ფაქტორი – შიში. ლიდერების უმრავლესობას არ სურს მონაწილეობა გადატრიალების მცდელობაში, რომლის შემდეგ, დიდი ალბათობით, ციხეში აღმოჩნდებიან. სააკაშვილისგან განსხვავებით ისინი, ასე თუ ისე, აცნობიერებენ, რომ “ვარდების რევოლუცია 2”-ის მოწყობისთვის აუცილებელი წინაპირობები არ არსებობს.

ყველაგიგისტიროდიამიშისტი

ძნელი წარმოსადგენი არ არის, რას განიცდის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მაშინ, როდესაც (მაგალითად) ელენე ხოშტარია, რომელიც “ნაცმოძრაობაში” არცთუ დიდი ხნის წინათ მივიდა, ამბობს, რომ “სააკაშვილიც უნდა შეეჩვიოს იმას, რომ, როდესაც პარტია იღებს გადაწყვეტილებას, ამ გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს”. მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ეს პარტია და წლების განმავლობაში განაგებდა, როგორც შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე მონარქი. მან უზრუნველყო უამრავი ნაციონალის კარიერული წინსვლა და გაამდიდრა ისინი, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ “ნაცმოძრაობა” ჯერ კიდევ ინარჩუნებს მხარდამჭერთა “ბირთვს” და ყოველივე ამის შემდეგ “უაზრო ტიპაჟები” ცდილობენ, პარტია წაართვან.

ზოგიერთი კომენტატორი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დაპირისპირება “ნაცმოძრაობაში” მეტწილად სპექტაკლია, რადგან მის ლიდერებს სურთ, შეინარჩუნონ როგორც რადიკალი, ისე ზომიერი მხარდამჭერები, მათი იმედგაცრუება დაძლიონ და საქმე წარმოაჩინონ ისე, თითქოს სასურველი შედეგის მიღწევას (მნიშვნელობა არ აქვს “რევოლუციური” თუ “ევოლუციური” სცენარით) ხელი მხოლოდ შიდა უთანხმოებამ შეუშალა. ხოლო შემდგომ, როდესაც ემოციები დაცხრება, მხარეები დემონსტრაციულად მიაღწევენ კონსენსუსს და მომავალი არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებენ. ეს ვერსია, ასე თუ ისე, ლოგიკურად გამოიყურება, მაგრამ ორმა გარემოებამ შეიძლება საპირისპირო აზრისკენ გვიბიძგოს. ჯერ ერთი _ ბოკერიას ჯგუფის შეტევა სააკაშვილის წინააღმდეგ უკვე აღარ ჰგავს მოჩვენებითს და ძალიან აბნევს და აღიზიანებს “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერებს. ამასთანავე, “გიგისტები” კარგად აცნობიერებენ, რომ, სანამ პარტია იზოლაციაში რჩება, ის ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება. დამოუკიდებლად 50%-ზე მეტი ხმის აღება ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება, ალიანსების შექმნას კი ხელს “ნაცმოძრაობის” წარსული, “ 9 წლის ტვირთი” უშლის. ამ გარემოების გააზრების შედეგად, სავარაუდოდ, გაჩნდა სტრატეგია, რომელიც გულისხმობს ნეგატივისგან გათავისუფლებას სააკაშვილისა და სხვა ოდიოზური ფიგურებისგან დისტანცირების გზით. ზოგს ის შეიძლება ერთობ სასაცილოდ მოეჩვენოს, რადგან ვერც გიგა ბოკერია, ვერც სააკაშვილის რეჟიმის რომელიმე სხვა წარმომადგენელი საკუთარი წარსულისგან ვერასოდეს გათავისუფლდება, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ იზოლირებული პარტიის დღევანდელი მდგომარეობა სრულიად უპერსპექტივოა.

სააკაშვილი სჭირდებოდა “ბოკერიას ჯგუფს” არჩევნებამდე, როდესაც პარტიის მხარდამჭერთა მობილიზებას ახდენდა. თუ “განქორწინება” მართლაც შედგება, “გიგისტებს”, სავარაუდოდ, ეყოლება საკუთარი ფრაქცია პარლამენტში, რაც არცთუ უმნიშვნელოა ახალი არჩევნებისთვის მზადების პერიოდში. ბოკერიას ჯგუფი სააკაშვილს მხარდამჭერთა მხოლოდ მცირე ნაწილს, დიდი-დიდი, მეოთხედს თუ წაართმევს, ისიც საუკეთესო შემთხვევაში; მაგრამ შესაძლოა, მას ურჩევნია, საწყის ეტაპზე ჰყავდეს “ხუთპროცენტიანი” პარტია, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, სხვა პოლიტიკურ ძალებთან ითანამშრომლოს და ახალი მხარდამჭერები მოიზიდოს, ვიდრე სრულიად იზოლირებული, ძველებური “ნაცმოძრაობა”, მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერჯერობით მეტი ამომრჩევლის მობილიზება შეუძლია. თუმცა, როგორც უკვე ითქვა, ძნელი წარმოსადგენია, ბოკერიას ჯგუფმა “9 წლის ტვირთისგან” გათავისუფლება მოახერხოს.

უკანასკნელი ბენეფისი ოდესაში

ორ ფრონტზე ბრძოლა რამდენიმე წლის განმავლობაში გერმანიის იმპერიამაც კი ვერ შეძლო და სააკაშვილის მარცხში გასაკვირი ნამდვილად არაფერია. ის ცდილობდა, ერთდროულად ემოქმედა არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაში, არამედ ორი სხვადასხვა მიმართულებით. ერთი მხრივ, მას სურდა, უკრაინაში წარმატებული რეფორმატორის როლი შეესრულებინა და, პრეზიდენტი პოროშენკოს დახმარებით სისტემის შიგნით ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გამხდარიყო. მეორე მხრივ, ცდილობდა, ოპოზიციისთვის განკუთვნილ სივრცეშიც ეთამაშა – საფუძველი ჩაეყარა ახალი პოლიტიკური მოძრაობისთვის და ქულები იმავე სისტემასთან დაპირისპირების ხარჯზე აეკრიფა. მთლიანობაში ეს ძალიან ჰგავდა პიროვნების გაორებას და სააკაშვილმა წარმატებას ვერც ერთი მიმართულებით ვერ მიაღწია.

ოდესაში რეფორმები ჩაფლავდა, მეტიც, კრიმინოგენული ვითარება ოლქში კატასტროფულად გაუარესდა, ხოლო სააკაშვილის როლს “საპორტო ქარხნის” პრივატიზების საქმეში ახლა უკრაინის გენპროკურატურა სწავლობს. პოროშენკოს ჯგუფმა, მას შემდეგ, რაც გამოიყენა სააკაშვილი პრემიერმინისტრ იაცენიუკთან და შს მინისტრ ავაკოვთან დაპირისპირებაში, რომ იტყვიან, “არ დააფასა” მისი ოპოზიციური მისწრაფებები და პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლა. ამის შემდეგ ამერიკელი ექსპერტის, ლინკოლნ მიტჩელის, ირონიული კომენტარის თანახმად, სააკაშვილი დაემსგავსა “ტროცკის, რომელიც პერმანენტული რევოლუციისკენ მოუწოდებს” (თანაც, ერთდროულად ორ ქვეყანაში).

დღეს, როდესაც სააკაშვილი პოროშენკოსთან დაპირისპირებას და კიევში “მაიდანის” მოწყობას გეგმავს (გამოუვა თუ არა ეს, ცალკე საუბრის თემაა), სავსებით ლოგიკური იქნებოდა მის მიერ ძალთა კონცენტრირება ერთი მიმართულებით, “ნაცმოძრაობის” საქმეებში ნაკლებად ჩარევა და იქ დროებით “საკონსტიტუციო მონარქის” როლით შემოფარგლა. შემდგომ კი, როდესაც არჩევნების წინ მისი, როგორც “ნაციონალების” კერპის, როლი ისევ გაიზრდებოდა, შეტევაზე გადასულიყო. მაგრამ ის, ყველა ავტორიტარი ლიდერის მსგავსად, როგორც ჩანს, ვერ ეგუება ხელქვეითთა არათუ დაუმორჩილებლობას, არამედ განსხვავებული აზრის გამოხატვასაც კი. დღეს სააკაშვილი მოწადინებულია, შური იძიოს და, ალბათ, იმ შემთხვევაშიც არ გაჩერდება, თუ დაინახავს, რომ მისი მოქმედება “ნაცმოძრაობას” სრული კრახით ემუქრება. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან დიქტატორი ნებისმიერ სიტუაციაში დიქტატორად რჩება.

საქართველო და მსოფლიო“, 18 ნოემბერი, 2016 წელი

საქართველო კარგავს ფუნქციას, რომელიც აშშ-მა არგუნა

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

2016 წლის 8 ნოემბერი უდავოდ შევა მსოფლიო ისტორიაში, როგორც მანამდე არსებული მსოფლიო პოლიტიკური სისტემის გარდაქმნის დასაწყისი. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, მილიარდერი დონალდ ტრამპის საარჩევნო ტრიუმფმა ცივი შხაპივით იმოქმედა არა მხოლოდ აშშ-ის პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის ნაწილზე, არამედ მსოფლიოს ქვეყნების პოლიტიკოსებსა და საზოგადოებრიობაზე _ ისინი წამითაც არ უშვებდნენ ტრამპის გამარჯვებას, ვინაიდან მიიჩნევდნენ, რომ გამოცდილი პოლიტიკოსის, ჰილარი კლინტონის, ფონზე უსუსურად გამოიყურებოდა.

წელიწად-ნახევრის განმავლობაში დონალდ ტრამპმა დაუმტკიცა ამერიკელ საზოგადოებას, რომ ხელწამოსაკრავი ფიგურა არ არის, რომ მისი თვალსაზრისი აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართ ახალი სიტყვაა, თანაც გულწრფელი, ქამელეონობას მოკლებული. სწორედ თავისი გულწრფელობითა და თანამიმდევრული წინასაარჩევნო კამპანიით გადალახა ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის მსურველი წარმომადგენლების ბარიერი, ხოლო შემდეგ, აშშ-ისთვის უდავოდ უპრეცედენტო ბრძოლაში, დაამარცხა “დემოკრატი” ჰილარი კლინტონი.

დონალდ ტრამპის განცხადებას პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლაში ჩართვაზე დაცინვით შეხვდა აშშ-ის ისტებლიშმენტი – მისი აზრით, ტრამპის სურვილიც კი არასერიოზული იყო, არათუ მისი მოღვაწეობა თეთრ სახლში.

ანტიტრამპული კამპანია განსაკუთრებით გახურდა საარჩევნო მარათონის ფინიშის სწორზე, თანაც ეთიკის ნორმების დაცვის გარეშე. სწორედ ამან ათქმევინა ბევრს, როგორც აშშ-ში, ისე მსოფლიოში: “არჩევნები გამოირჩეოდა სიბინძურით, ცილისწამებით, ლანძღვა-გინებით, ყოველივე ნეგატიურით, რაც კაცობრიობამ, მისდა სავალალოდ, შეიმუშავა მსგავსი დაპირისპირებისას”.

ანტიტრამპულ კამპანიას სათავეში ჩაუდგნენ მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელი, რაც აშშ-ის ისტორიისთვის უჩვეულო იყო. რა ეპითეტები არ გამოიყენეს პოლიტიკოსებმა, მათ შორის, პრეზიდენტმა ობამამ, ტრამპის გასაშავებლად: „უვიცი“, „ექსცენტრიკული“, „გარყვნილი“, „არასერიოზული“, „პრეზიდენტობისთვის სრულიად შეუფერებელი“, „პუტინის აგენტი“ და სხვ. რუსეთის თემა კი თან სდევდა რესპუბლიკელთა კანდიდატს იმ დღიდან, როდესაც შეაქო პრეზიდენტი პუტინი და რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარების სურვილი გამოთქვა. ტრამპს ლანძღავდნენ როგორც შინ, ისე გარეთ _ ქოქოლას აყრიდნენ აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები, ისევე, როგორც მათი ამერიკელი კოლეგები.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ჰილარი კლინტონის გამარჯვებას წინ აღარაფერი ედგა, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად გაიმარჯვა ტრამპმა _ გალანძღულმა, შეურაცხყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა; გაიმარჯვა დამაჯერებლად, ამერიკელი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი რაოდენობის წყალობით, ამომრჩევლისა, რომელიც იშვიათად მონაწილეობდა არჩევნებში, ვინაიდან დაკარგული ჰქონდა აშშ-ის ისტებლიშმენტის იმედი. მან ტრამპში იცნო პიროვნება, რომელიც მის გულისნადებს ეხმიანებოდა.

ვინ დაუჭირა მხარი ტრამპს? _ აშშ-ის თეთრკანიანი მოსახლეობის საშუალო ფენამ, რომელმაც აშშ-ის ცუდი საშინაო პოლიტიკის წყალობით საშუალო ფენიდან ქვევით ჩაინაცვლა, რადგან მდგომარეობა გაუუარესდა.

ტრამპს მხარი დაუჭირა კონსერვატიულმა ამერიკამ, რომელსაც მობეზრდა გლობალიზაციაზე ლაპარაკი, ქვეყნის ჰეგემონიზმი, ომები, უმუშევრობა, მოჭარბებული ლიბერალიზმი, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ლგბტ-ს ჯირითი, რწმენისა და ეკლესიის შეურაცხყოფა, ტერორიზმის საფრთხე და სხვა ნეგატივი, რომელსაც წლების განმავლობაში აშშ-ის პოლიტიკა და ადმინისტრაცია პოზიტივად ხატავდა. ამ ამომრჩეველმა ტრამპი იგულა იმ ლიდერად, რომელსაც ძალა შესწევს, იბრძოლოს ამერიკისთვის, მის საკეთილდღეოდ და ზემონახსენები მანკიერებების ასალაგმავად.

რას ნიშნავს ყოველივე ზემოჩამოთვლილის წინააღმდეგ ბრძოლა?

_ მარტივად რომ ვთქვათ, მსოფლიო პოლიტიკური სისტემის შეცვლას, კარდინალურ გარდაქმნას, რევოლუციას. ამიტომაც იყვნენ დაღვრემილი გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ლიდერები ტრამპისთვის გამარჯვების მილოცვისას. მათთვის ტრამპის გამარჯვება ისეთი ცხოვრების დასაწყისია, მიუღებელი რომ ჰქვია. ასეთ შემთხვევაში პოლიტიკას ტოვებენ, თუმცა თავის ქვეყანაში იმიჯშელახულ ოლანდს, მერკელსა და სხვებს ისედაც დიდი პოლიტიკური დღე არ აქვთ დარჩენილი და მომავალ არჩევნებს გარდაუვალი მარცხით შეხვდებიან.

მსოფლიო პოლიტიკოსებიდან ყველაზე კარგ პოზიციაშია რუსეთის პრეზიდენტი პუტინი. და რატომ? _ უწინარესად იმიტომ, რომ პუტინისა და ტრამპის პოლიტიკური თვალსაზრისი თანხვდება ერთმანეთს. ტრამპი ამბობს იმას, რაც პუტინმა წლების წინათ თქვა მიუნხენში. სწორედ მაშინ გადაიკიდა მან ამერიკა-ევროპა. იგივე გაიმეორა პუტინმა გასულ წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ მის ნათქვამს: “ხვდებით მაინც, რა ჩაიდინეთ?!” _ ეს დასავლეთის მიმართ იყო ნათქვამი; იმ დასავლეთის, რომელმაც ომი წამოიწყო ერაყში, ავღანეთში, ლიბიაში, სირიაში, უკრაინაში, რითაც გააჩინა ლტოლვილების დაუძლეველი პრობლემა, ტერორიზმი, შიში, უნდობლობა, ეკონომიკურ-ფინანსური კრიზისი.

ტრამპი არის ის პოლიტიკოსი, რომელიც ადანაშაულებს აშშ-ის ადმინისტრაციას სირიისთვის, ერაყისთვის, ლიბიისთვის, ავღანეთისთვის, უკრაინისთვის, ტერორიზმისთვის, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებისთვის.

ტრამპი ის პოლიტიკოსია, რომელიც თვლის, რომ ნატო ანაქრონიზმია. ორგანიზაცია, რომელიც საბჭოეთის საპირწონედ შეიქმნა და აღარ უნდა არსებობდეს, ვინაიდან აღარ არსებობს საბჭოთა კავშირი. თუ ნატო იარსებებს, მაშინ ამ ალიანსის ყველა წევრმა უნდა გადაიხადოს შესაბამისი საწევრო _ თავისი ეროვნული პროდუქტის 2%. და, თუ ამას ნატოს წევრები არ გაითვალისწინებენ, აშშ გავა ნატოდან.

ტრამპი ამბობს, რომ აშშ-მა თავი არ უნდა გაწიროს ნატოს წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის. მას მიაჩნია, რომ აღნიშნული ქვეყნების პროვოკაციულ პოლიტიკას შეიძლება მოჰყვეს აშშ-რუსეთის სამხედრო დაპირისპირება, რომელიც მიუღებელია ამერიკისთვის.

ტრამპი მომჭირნე ბიზნესმენია და, ალბათ, ასეთივე პოლიტიკოსიც, ვინაიდან თვლის, რომ აშშ-ის ბევრი სამხედრო ბაზა აქვს მსოფლიოში და მათ შესანახავად 127 მილიარდ დოლარს ხარჯავს. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი აშშ-ის ბაზებს იაპონიაში. თქვა, რომ იაპონიამ თვითონ უნდა დაიცვას თავისი თავი და არა აშშ-ის დახმარებით. ტრამპმა ილაპარაკა აშშ-ის ვალის შესახებაც _ ეს არის 20 ტრილიონი დოლარი, რომლის გასტუმრება იოლი არ იქნება და, თუ ამას მოახერხებს, მხოლოდ ხარჯების შემცირების გზით.

თუ ტრამპი დაპირებების ნახევარს მაინც შეასრულებს, მსოფლიოს პოლიტიკას ცუნამის მსგავსი ტალღა გადაუვლის, რომელიც თავისთავად იმოქმედებს საქართველოზეც.

კარგი იქნება თუ არა ჩვენთვის ტრამპის პრეზიდენტობა?

კითხვას ასე პირდაპირ იმიტომ ვსვამ, რომ ანალოგიური კითხვა გაუჩნდა ქართველ საზოგადოებას, რომლისთვისაც არ არსებობს საშუალო, მან მხოლოდ კარგი ან ცუდი იცის. არადა, პოლიტიკა ისეთი რამ არის, გადაჭრით რაიმეს თქმა გაჭირდება, მაგრამ მაინც შევეცდები (ცხადია, არა გადაჭრით) ჩემი აზრის გამოხატვას. განცხადებები, რომლებიც ტრამპმა წელიწად-ნახევრის განმავლობაში გააკეთა მომავალ პოლიტიკაზე, დიდად დამამშვიდებელი არ არის. ავიღოთ თუნდაც ნატოში გაწევრება. ტრამპს, რომელიც ნატოს მიმართ ნეგატიურ განწყობას არ მალავს, არც მისი გაფართოების სურვილი ექნება.

ტრამპი წინააღმდეგია ამერიკა-ევროკავშირის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის, რაც მეტყველებს ევროკავშირთან კარდინალურად განსხვავებული პოლიტიკის წარმოებაზე, ეს კი თავისთავად შეაფერხებს ბრიუსელის ექსპანსიას აღმოსავლეთით, ეჭვქვეშ დააყენებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებულ “ასოცირების ხელშეკრულებას”, საერთოდ, ევროკავშირის არსებობას დღევანდელ პარამეტრებში.

ტრამპის განცხადება უკრაინის, ბალტიისპირეთის, მონტენეგროს მიმართ საქართველოზე უნდა გადმოვიტანოთ, ანუ უნდა მივხვდეთ, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ისეთი ურთიერთობა აღარ ექნება აღნიშნულ ქვეყნებთან და, მათ შორის, საქართველოსთან, როგორიც ჰქონდა “დამოუკიდებლობის” დღიდან.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ამბობს: “ყველამ მიხედოს თავის თავს. უკრაინაში ამერიკას არაფერი ესაქმება”. თუ უკრაინაში არაფერი ესაქმება, საქართველოში ესაქმება?

რაც მთავარია, ვაშინგტონი შეცვლის პოლიტიკას, ცხადია დადებითისკენ, რუსეთის მიმართ, რაც გამორიცხავს რუსეთის გაღიზიანებას უკრაინით, საქართველოთი, ბალტიისპირა ქვეყნებით. საქართველო კარგავს ფუნქციას, რომელიც აშშ-მა გვარგუნა, როდესაც მისი პოლიტიკა კრემლის მიმართ იყო ანტაგონისტური. თუ ეს პოლიტიკა შეიცვლება, და უდავოდ შეიცვლება, ვინაიდან ასე სურს ტრამპს, საქართველო უფუნქციოდ დარჩება.

საქართველომ დამოუკიდებლად უნდა აწარმოოს თავისი პოლიტიკა, ცხოვრება, რაც ერთობ რთული (თუ შეუძლებელი არა) საქმე იქნება საკადრო ცვლილებების განხორციელების შემთხვევაშიც კი. 25 წელია, საქართველო მუქთახორულ ცხოვრებას მიეჩვია. ასე ასწავლა მას აშშ-მა. მისი იმედით ვცხოვრობდით დღემდე. მას შევციცინებდით თვალებში. მის სიტყვას ვასრულებდით უყოყმანოდ. როგორც ჩანს, უკანალში ძრომის ეპოქა სრულდება, რაც გვაიძულებს, სხვაგვარ მოქმედებას, გვიბიძგებს სხვაგვარი პოლიტიკისკენ. აქედან გამომდინარე, გვრჩება გზა, რომელიც რუსეთისკენ მიდის. ამერიკა-რუსეთის დაახლოების შემთხვევაში ყველა შეეცდება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ამ “ყველაში” ჩვენც ვართ, მაგრამ ვისი მეშვეობით მოხდება ურთიერთობის გაუმჯობესება?

მხედველობაში მყავს ე.წ. ქართველი პოლიტიკოსები. საქართველოში უამრავი პარტიაა, მაგრამ დიდია პოლიტიკოსთა დეფიციტი, რაც აშშ-ის დამსახურებაა. მას დამჯერი თინეიჯერები სურდა საქართველოს ხელისუფლებაში. ასეთებს კი პოლიტიკოსობას ვერ დასწამებ.

საქართველოს არ ჰყავს თუნდაც ერთი პოლიტიკოსი, რომელიც ჯეროვან დონეზე გამართავს მოლაპარაკებას რუსეთთან ან ახალ ამერიკასთან. თუ როგორი პოლიტიკოსები ჰყავდა და ჰყავს საქართველოს, კარგად აღწერა აწ გარდაცვლილმა ეროსი კიწმარიშვილმა “ლიტერატურულ საქართველოში” გამოქვეყნებულ თავის ვრცელ სტატიაში:

“ბიჭბუჭების ხელისუფლება, უვიცთა, ამბიციურთა, მწამებელთა თავშეყრის ადგილი”.

ის, რასაც ეროსი წერს, განა არ იცოდა აშშ-მა. იცოდა, მაგრამ ასეთი საქართველო უნდოდა _ გადაგვარებული, ტრადიციებდაკარგული, საკუთარის მაგინებელი, რუსის მლანძღავი, უსაქმური. ერთი სიტყვით, სწორედ ისეთი, როგორსაც ალენ დალესი ისურვებდა.

დალესის დოქტრინა დედის რძესავით შეარგეს საქართველოს ახალგაზრდებს და გადაგვარების იმ ზომამდე მიიყვანეს, რომლიდანაც შემობრუნება გაჭირდება. არადა, ახალი დროება რომ სხვას მოითხოვს _ შრომას, გარჯას, თავის განძრევას?

არ მითხრათ, ჩვენში ბევრია ნიჭიერი, ჭკვიანი ადამიანიო. თუ მართლაც არიან, რატომ ვართ ასე ცუდად? რატომ ვერ ვარჩევთ მტერსა და მოყვარეს? რატომ ვცდილობთ სხვის ხარჯზე ცხოვრებას? რატომ გვგონია, რომ “ღმერთის წილხვედრი” ვართ და მუდამ სხვამ უნდა გვიპატრონოს?

მავანი შემედავება, _ ასეთები არ ვართო. კეთილი, მაგრამ, თუ ასეთები არ ვართ, რატომ ვცხოვრობთ ცუდად?

Comments are closed