globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 19 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 19th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ირაკლი კობახიძესთან: „ხარჯების 10%-ითშემცირება არ ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ კადრების ხარჯზე მოხდება“

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუები: „პრეზიდენტი თავის ლოგიკას ეწინააღმდეგება“ // „ქართული ოცნებაწინამორბედის სცენარს მიჰყვება

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუები: საშტატო და შტატგარეშე რებუსი – როგორ აპირებს მთავრობა ხარჯების ოპტიმიზებას // ზოგ შემთხვევაში დანამატი ერთი წლის წინსწრებითაც გაიცემა (?!)

კვირის პალიტრა“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „რუსეთი აგრძელებს სამყაროს მოპატიჟებას მესამე მსოფლიო ომში ჩასართავად“ // „ლართან დაკავშირებით, ალბათ, განსაკუთრებული ზომების მიღების დროც დადგება“

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ნინო გოგუაძესთან: რატომ შეხვდნენ „თავისუფალი დემოკრატები“ პრეზიდენტს // „პრეზიდენტს გავანდეთ,­ რომ თებერვალში ვაპირებთ ყრილობის ჩატარებას და თავმჯდომარის კანდიდატურად შალვა შავგულიძეს წამოვაყენებთ“

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ კობა ხაბაზთან: „თუ მიშა არის ბელადი, ახალაია როგორღა გვმართავს?“ // „მე და გიგა ბოკერიას განსხვავებული შეხედულებები გვაქვს „ნაცმოძრაობის“ მომავალთან დაკავშირებით“

——

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ქართული ეკონომიკა, როგორც ნიავში შემორჩენილი ფოთლები

„რეზონანსი//მთელი კვირა“: თბილისის ბიუჯეტი, რომელიც არც დაგვაქცევს და არც აგვაშენებს

„რეზონანსი//მთელი კვირა“: რა გაძვირდა უკვე და რა გაძვირდება უახლოეს რამდენიმე კვირაში

„რეზონანსი//მთელი კვირა“: პატიმრობა ან 70 000 ლარამდე ჯარიმა ცილისწამებისა და შეურაცხყოფისათვის // ცილისწამების კრიმინალიზაცია და მისი სავარაუდო შედეგები

——

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „პირველივე სხდომაზე გამოჩნდება, თუ რას გააკეთებს საკონსტიტუციო კომისია“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ემზარ კვიციანთან: „მცოცავი ანექსია მცოცავმა ინფლაციამ შეცვალა“ // „კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობაზე უარს არ ვიტყვი“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „დავიწყებთ სამთავრობო შენობების პიკეტირებას“ // „დადგა დრო, ხელისუფლებამ გამოსაფხიზლებელი ალიყური მიიღოს“

——————-

„კვირის პალიტრა“, 19 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ირაკლი კობახიძესთან: „ხარჯების 10%-ით შემცირება არ ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ კადრების ხარჯზე მოხდება

რუსუდან შელია

მიიღებს თუ არა საქართველო ვიზალიბერალიზაციას მომავალი წლის დამდეგს, როგორ აისახება ეკონომიკური ცვლილებები მოქალაქეების ყოფაზე, რატომ არ გაითვალისწინა პრეზიდენტის ინიციატივა საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯ-დომარეობის შესახებ და რამდენად მძიმეა ქვეყნის #1 დეპუტატის სტატუსი, “კვირის პალიტრის” კითხვებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ექსკლუზიურად პასუხობს:

- ბატონო ირაკლი, პირველ რიგში, საინტერესოა, რამდენად დიდია ალბათობა იმისა, რომ მომავალ წელს საქართველოს მოქალაქეებს­ ევროპაში მიმოსვლა უვიზოდ შეეძლებათ?

- ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ევროკავშირში ჩვენი პარტნიორების განცხადებები, რომ საქართველო აუცილ­ებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ბარიერი გადალახულია და ახლა უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ 2017 წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლის საკითხი საბოლოოდ გადაწყდება. მსგავსი წარმატებები მთავრობის ყოვე­ლდღიური საქმიანობის შედეგია, პრემი­ერის ვიზიტმა კი განსაკუთრებული როლი შეასრულა პროცესში საქართველოს როლის გამოკვეთაში. ამ წარმატების ფონზე­ ­საფუძველს მოკლებულია ოპოზიციის განცხადებები, რომ ხელისუფლება საგარეო მიმართულებით პასიური გახდა. პირიქით,­ 2012 წლის შემდეგ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

- თუმცა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტა მაინც . . შეჩერების მექანიზმის ფონზე მიმდინარეობდა

- ზოგადად, ვიზალიბერალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას­ ყველა ასპექტი გათვალისწინებულია, მათ შორის, ნეგატიურიც. ჩვენი ამოცანა ვალდებუ­ლებების შესრულება იყო, რაც სათანადოდ განვახორციელეთ.

- ფიქრობთ, რომ ეს საერთაშორისო წარმატება რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე შესაბამისად აისახება, მით უმეტეს, იმ ეკონომიკური პაკეტის ფონზე, რაც მთავრობამ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა?

- მთავრობას ეკონომიკური განვითარების მკაფიო ხედვა აქვს, რომელიც პრემიერის მიერ წარმოდგენილ ოთხპუნქტიან გეგმაშია ასახული. რა თქმა უნდა, შეგვეძლო მკვეთრი ეკონომიკური ნაბიჯები არ გადაგვედგა, თუმცა ასეთ შემთხვევაში რეგიონში საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს შევინარჩუნებდით. მართალია, ეს რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარების ფონზე ცუდი არ იქნებოდა, თუმცა საქართველოს დღეს საშუალო მაჩვენებელი კი არა, სწრაფი ეკონომიკური განვითარება სჭირდება. მოგეხსენებათ, ეკონომიკური ცვლილებები რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადის შემცირებას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც ალტერნატიული რეფორმების გატარების აუცილებლობაც დადგა, რათა საბიუჯეტო დეფიციტი მაქსიმალურად შეგვემცირებინა.

გადასახადის შემცირება საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდას, შემოსავლების შემცირებას გულისხმობს, რასაც დაბალანსება სჭირდებოდა. ეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების, მათ შორის, სავალუტო ფონდის რეკომენდაციაც გახლდათ – ეკონომიკური განვითარების ამბიციური გეგმის წყალობით იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკური ზრდის ყოველწლიურ მაჩვენებელს რამდენიმე პროცენტით გავზრდით.

- თუმცა 2017 წლის ბიუჯეტი მხო­ლოდ 4%-იან­ ზრდაზეა გათვლილი, თანაც მა­სში პენსიე­ბის ზრდაც არ არის გათვალისწ­ინებული და როგორც თავიდანვე დაანონსდასაყოველთაო­ დაზღვევის ბენეფიციართა რაოდ­ენობაც შემცირებულია. თუ იზიარებთ იმ ექსპ­ერტებისა და ოპოზიციის მოსაზრებებს, რომლებიც ეკონომიკური ფონის გაუარესებას აანო­ნსებენ

- ბიუჯეტის განხილვამდე სამთავრობო გუნდსა და საპარლამენტო გუნდს შორის შედგა კონსულტაციები. ჩვენ სიღრმისეულად­ განვიხილეთ ბიუჯეტის­ პროექტი და სწორედ ამ განხილვის საფუძველზე დავუჭირეთ დოკუმენტს მხარი. რაც შეეხება ხარჯებსა და შემოსავლებს, მათ შორის გადასახადების ზრდას გარკვეულ კომპონენტში, ეს იყო განპირობებული იმ რეფორმით, რომელიც გატარდა საქართველოს მთავრობის ინიციატივით. რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის შემუშავებისას­ განვსაზღვრეთ, რომ პირველი წელი ეფექტს არ მოგვცემდა, თუმცა რეა­ლ­ურია ყოველწლიურად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის თანდათანობით ზრდაზე საუბარი.

მთავრობის გეგმა პოზიტიურ ეფექტზეა გათვლილი, თუმცა, ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ შედეგს უახლოეს მომავალში ვიგრძნობთ.

რეგიონული კონტექსტიც სახარბიელო არ არის, შესაბამისად, მომავალ წელს საერთო ვითარების გაუმჯობესებას არ ველოდებით, რაც ჩვენს ქვეყანაზეც შესაბამისად აისახება. თუმცა მაინც ვიმედოვნებთ, რომ წლიდან წლამდე ეკონომიკური მაჩვენებელი როგორც რეგიონში, ისე საქართველოშიც, ხელისუფლების ძალისხმევით გაიზრდება, პენსიების შემდგომი ზრდა კი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე იქნება დამოკიდებული.

- არადა, 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და ისევ მოგიწევთ ამომრჩეველთან ნდობის მოსაპოვებლად მისვლა...

- საპარლამენტო არჩევნების წინაც ბევრი ამბობდა, რომ ამომრჩეველი ნდობას არ გამოგვიცხადებდა, თუმცა ყოველმა მეორე ამომრჩეველმა ხმა “ქართულ ოცნებას” მისცა. ადგილობრივი არჩევნებისთვისაც ოპტიმისტური პროგნოზი გვაქვს – დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ.

- მკვეთრი ეკონომიკური ცვლილებების პარალელურად, საჯარო სექტორში მასობრივი ოპტიმიზაცია­ და კადრების შემცირება დაანონსდა. თუ მომ­ავა­ლი წელი ეკონომიკურად არც ისე სახარბიე­ლო იქნება, რას უპირებთ ამ ადამიანებს, თანაც ქვეყანაში მასშტაბური უმუშევრობის ფონზე?

- ოპტიმიზაციის გეგმა ადმინისტრაციული ხარჯების 10%-ით შემცირებას ითვალისწინებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 10% მხოლოდ კადრების ხარჯზე უნდა შემცირდეს. ყველა სტრუქტურამ სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა გადახედოს რეალობას და ოპტიმალური ვარიანტი შეარჩიოს. თავად ოპოზიცია აცხადებდა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო სტრუქტურებში მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობდა. ამ მიმართულებით რეალური მაჩვენებლები აისახა ბიუჯეტის პროექტში­ – რესურსი უნდა შეიკვეცოს.

- პარლამენტში არ გეგმავთ ოპტიმიზაციას და ხარჯების შეკვეცას?

- ვფიქრობთ, ხარჯების ორი მილიონი ლარით შეკვეცას მოვახერხ­ებთ. ამაზე პარლამენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციები აქტიურად გაგრძელდება.

- და ხარჯების შეკვეცის ფარგლებში­ პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრა დღის წესრიგში არ დადგება?

- პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრას საკონსტიტუციო უმრავლესობის თანხმობა სჭირდება. ამ საკითხზე მსჯელობას მას შემდეგ დავიწყებთ, რაც საკონსტიტუციო კომისია შეიკრიბება.

- საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ თქვენ დასახელდით, თუმცა რატომ არ გაითვალისწინეთ პრეზიდენტის ინიციატივა მისი თანათავმჯდომარეობის შესახებ. არ ფიქრობთ, რომ მისი პროცესში უშუალო ჩართვა კომისიის ნდობის საკითხს ეჭვქვეშ არ დააყენებდა?

- დასანანია, რომ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, არ მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. კომისია უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას, უკვე წელს შედგება პირველი სხდომაც ფართო სპექტრით. ამ ფორმატში სხვადასხვა­ დაინტერესებული მხარეც­ იქნება წარმოდგ­ენილი. ჩვენი პოზიცია თავიდანვე დავაფიქსირეთ – საკონსტიტუციო ცვლილებებისას­ წამყვან როლს პარლამენტი ასრულებს. ერთადერთი ორგანო, რომლის წიაღიდან­ ინიცირებაა შესაძლებელი, სწორედ პარლამენტია. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მუშაობა პარლამენტის­ დომინირებით წარიმართოს. მთავარია, პროცესში ყველა მხარის ჩართულობას უზრუნველვყოფთ, ვგულისხმობ როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციას, ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ასევე, არასამთავრობო სექტორსა და ექსპერტთა ჯგუფს. პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება და ეს შედეგის მიღწევის შესაძლებლობას მოგვცემს – კონსტიტუციას, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან. კომისიის დასკვნის საფუძველზე შემუშავდება საბოლოო ტექსტი და პარლამენტში განსახილველად შემოვა. ყველა დოკუმენტი გადაეგზავნება ვენეციის კომისიას, თუ თუნდაც ერთ ნორმაზე უარყოფითი დასკვნა გამოგვიგზავნეს, მას კონსტიტუციაში არ მივიღებთ.

- შეგახსენებთ, წინა მოწვევის პარლამენტში თქვენმა გუნდმა ვენეციის კომისიის უარყოფითი შენიშვნები არ გაითვალისწინა...

- იყო ფაქტები, როდესაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ნაწილობრივ გავითვალისწინეთ, თუმცა ეს საკონსტიტუციო ცვლილებებს არ შეეხებოდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კონსტიტუციურ რეფორმაზე ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ.

- ისე, არაერთხელ აღნიშნეთ, რომ წინა მოწვევის პარლამენტში დავით უსუფაშვილის თავმჯდომარეობისას საკონსტიტუციო კომისია უმოქმედო იყო, თუმცა მაშინდელი ფორმატი დღესაც თქვენი გადაწყვეტილებით­ შეინარჩუნეთ. თუ ისევ გაჭიანურდა ცვლილებები, თავად აიღებთ პასუხი­სმგებლობას?

- დემოკრატია ნიშნავს, რომ გარკვეულ ცვლილებებს იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ველით. მთავარია, შედეგამდე კონსენსუსის ფარგლებში მივიდეთ და დახვეწილი დოკუმენტი მოვამზადოთ. ჩვენ წინა კომისიების ყველა უარყო­ფითი გამოცდილება გავითვალისწინეთ და ფორმატზეც ასე შევჯერდით. წინასწარ განსაზღვრული არც ერთი გადაწყვეტილება არა გვაქვს, ყველა ფართო განხილვების საფუძველზე უნდა მივიღოთ.

„კვირის პალიტრა“, 19 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუები: „პრეზიდენტი თავის ლოგიკას ეწინააღმდეგება“ // „ქართული ოცნებაწინამორბედის სცენარს მიჰყვება

რუსუდან შელია

საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარეობაზე უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ამავე კომისიაში ორი წარმომადგენლის შეყვანაზე უარს ამბობს და საკონსტიტუციო ცვლილებების საყო­ველთაო სახალხო განხილვებს აანონსებს.­ გამწვავდება­ თუ არა პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობისას დაპირისპირება, “კვირის პალიტრის” კითხვებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი­ აბაშიშვილი პასუხობს:

- საპარლამენტო არჩევნებში მიღწეული წარმატების შემდეგ, “ქართულ ოცნებას” ჰქონდა შესაძლებლობა დაემტკიცებინა, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მზად არის ფართო დისკუსიისთვის და ერთპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, მოქმედებისგან თავს იკავებს. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის შეთავაზებაზე უარი მივიღეთ, რითაც მართლაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ის გადაწყვეტილებები, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში უნდა მიიღონ. მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის ფორმატის შესახებ საზოგადოებას ისე ამცნო, რომ ამ ყველაფერს წინ კონსულტაციები არ უძღოდა.

- თუ მმართველმა გუნდმა საკონსტიტ­უციო კომისიის თანათავმჯდომარეობაზე მარგველაშვილს უარი უთხრა, იქვე ითქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორ წარმომადგენელს კომისიაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემოდა. როგორც პარტიაში აცხადებენ­, საკონსტიტუციო კომისიაში მნიშვნელოვან როლს პარლამენტი ასრულებს, ამიტომ თავად თქვენი მოთხოვნა გახლდათ უცნაური...

- ამ ლოგიკას თუ გავყვებით, “ქართ­ულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობაც აქვს და საერთოდ რატომ იქმნება კომისია, თავადვე მიიღონ გადაწყვეტილება. პარლამენტის როლზე არავინ საუბრობს, პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობა ფართო კონსენსუსის გამო შევთავაზეთ – თითოეული მოქალაქე უნდა გრძნობდეს, რომ გადაწყვეტილებები ხელისუფლების მრავალი შტოს ჩართულობით არის მიღებული. ამის უზრუნველყოფა “ქართულმა ოცნებამ” ვერ მოახერხა. თუ პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობა მმართველი გუნდისთვის უცნაური აღმოჩნდა, იქნებ გვითხრან, რატომ რთავენ პრეზიდენტის ორ წარმომადგენელს კომისიაში?! დიახ, ჩვენ თავს ვიკავებთ კომისი­აში ჩართვისგან, თუმცა ვაანონსებთ სახალხო, საყოველთაო განხილვებს ნებისმიერ ცვლილებაზე, რასაც კომისიაში დააპირებენ.

- ქართული ოცნებაც­ აანონსებს საკო­ნსტიტუციო ცვლილებებზე ფართო განხილვის ფორმატსკომისიაში ჩართვაზე უარის შემდეგ, გრჩებათ ბერკეტი, რომ ცვლილებებზე გავლენა მოახდინოთ?

- არაერთი საკონსტიტუციო კომისია შექმნილა, თუმცა დასამახსოვრებელი­ ფართო განხილვები ნამდვილად არ გვინახავს. ამ შემთხვევაშიც “ქართული ოცნება” წინამორბედის სცენარს მიჰყვება – როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დროს, ისე უსუფაშვილის თავმჯდომარეობისას, კომისია მხოლოდ ფიქცია და სიმბოლური გახლდათ, თუმცა ამჯერად, პრეზიდენტის ამოსავალია, რეალური სახალხო განხილვები მაქსიმალურად ავამუშაოთ.

————

ზაზა გაბუნია, უმრავლესობის წევრი:

- პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება თავის ლოგიკას ეწინააღმდეგება­ – საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა უარს ვამბობთ ჩართვაზეო, ეს არის მათი განცხადებების მოკლე რეზიუმე. ცვლილებებზე მუშაობა დღეს გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს, თუმცა გაუგებარი მიზეზებით, პრეზიდენტი პროცესს ემიჯნება. ზოგჯერ მგონია, რომ მართლაც უხილავი ხელი ცდილობს დაპირისპირების ინსპირირებას სახელისუფლებო შტოებს შორის… ეჭვიც არ მეპარება, რომ პრეზიდენტსა და მის გუნდს სურს უკეთესი კონსტიტუცია გვქონდეს, თუმცა კითხვის ნიშნებს არაერთი ფაქტი აჩენს – თუ კონსტიტუციის გაკეთილშობილებაზეა საუბარი, რატომ არ იყენებს საამისოდ რეალურ შესაძლებლობას? მით უმეტეს, არაერთხელ გავუსვით ხაზი, რომ ჩვენთვის პრინციპულია ყველა ინსტიტუტმა მიიღოს კომისიის მუშაობაში მონაწილეობა. კომისიაში კი წარმოდგენილია სრულიად განსხვავებული სპექტრი, მათ შორის, ის პოლიტიკური ძალები, რომლებთანაც შესაძლოა დისონანსშიც ვართ, თუმცა ყველანი საკუთარ ინტერესებზე მაღლა უნდა დავდგეთ და ერთად მივიღოთ კონსტიტუცია, რომლის ცვლილებასაც პოლიტიკური­ ნიშნით ვერავინ შეძლებს. სამწუხაროა, რომ ამის გაცნობიერების ნაცვლად, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ვისმენთ სპეკულაციებს, რაც ძირითადად უკავშირდება კომისიაში თანამდებობრივ საკითხს. მან, როგორც კონსტიტუციის გარანტმა, უარი თქვა ასეთ მნიშვნელოვან პროცესზე და ახლა ცდილობს კომისიის დისკრედიტაციას. “გაუგებარია პრეზიდენტის დაჟინებული მოთხოვნა თანათავმჯდომარეობაზე”

———–

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი: - თუ პრეზიდენტს კომისიის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა სურდა, მის ორ წარმომადგენელს ნამდვილად ექნებოდა იმის წონა, რომ ამისთვის მიეღწია – გამოდის, მან უარი თქვა საკუთარ გავლენაზე კომისიაში. განსაკუთრებით გაუგებარია მისი დაჟინებული მოთხოვნა თანათავმჯდომარეობაზე, ეს ყველაფერი პიროვნულ მოთხოვნას ჰგავს. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, როგორც ჩანს, იმ ფონზე, როდესაც გახმოვანებულია პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება, მარგველაშვილის კომისიაში თანათავმჯდომარეობა კიდევ უფრო დიდ პოლიტიკურ კონფლიქტს გამოიწვევდა და ამას მოერიდა. “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა მიერ წინასწარ ამ ცვლილების დაანონსება დაუფიქრებელი ნაბიჯი გახლდათ, თუმცა დაუფიქრებლად იქცევა პრეზიდენტის ადმინისტრაციაც, რადგან თუ ეს ცვლილებები რეალურად აისახა კონსტიტუციაში, ის მომავალ პრეზიდენტს შეეხება და არა გიორგი მარგველაშვილს.

„კვირის პალიტრა“, 19 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუები: საშტატო და შტატგარეშე რებუსიროგორ აპირებს მთავრობა ხარჯების ოპტიმიზებას // ზოგ შემთხვევაში დანამატი ერთი წლის წინსწრებითაც გაიცემა (?!)

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მთავრობის მიერ შრომის ანაზღაურების ხარჯების ოპტიმიზებაზე ანგარიში გაავრცელა, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ გარკვეულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში სახელფასო ფონდი მნიშვნელოვნად აღემატება წლის განმავლობაში რეალურად დასაქმებულ მომუშავეთა საშტატო რაოდენობას. ამავე ანგარიშში მითითებულია, რომ სახელმწიფო უწყებებში პრემიის გაცემა სათანადო დასაბუთების გარეშე ხდება, დანამატების გაცემისას კი უწყებები შესაბამისი დოკუმენტებით ვერ ადასტურებენ დანამატების დანიშვნის მიზანშეწონილობას. გამოვლენილია როგორც პრემიის, ისე დანამატის თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობით გაცემის ფაქტებიც.

დეტალებზე “კვირის პალიტრას” სახელმწიფო აუდიტორის პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია ესაუბრა:

- 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სახელმწიფო უწყებების დაახლოებით 70%-ში სახელფასო ხარჯები მცირდება, თუმცა­ კანონში არ არის წარმოდგენილი, რამდ­ენით მცირდება საჯარო მოხელე­ების რაოდენობა. შესაბამისად, ვერ მივიღეთ პასუხი, როგორ წარმოუდგენია მთავრობას სახელფასო ხარჯის შემცირება. საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის შემცირების მომხრეები არა ვართ, თუმცა დიდი ხარვეზები ფიქსირდება პრემიებისა და დანამატების გაცემის თვალსაზრისით. თუ ეს აღმოიფხვრება, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის დაზოგვას კადრების შემცირების გარეშე შეძლებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე რამდენიმე წელია სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყურადღებას ამახვილებს, მთავრ­ობას ჯერაც არ წარმოუდგენია ბიუჯეტით­ გათვალისწინებული საშტატო რაოდენობა. შტატები ბიუჯეტით გაბერილია, რეალურად დასაქმებულ პირთა რაოდენ­ობა კი ხარჯებთან შედარებით ნაკლებია.

- ეს ნიშნავს, რომ ხელფასისთვის გამოყოფილი ჭარბი თანხა პრემიებისა და დანამატების გასაცემად აქვთ გათვალისწინებული?

- თანხა, რომელიც ბიუჯეტში რჩება,­ როგორც წესი, პრემიებსა და დანამატებზე ნაწილდება. ამ მხრივ კი დიდ პრობლემებს­ ვაწყდებით, რადგან ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა – სახელმწიფო დაწესებულებები­ თითქმის ვერასდროს ასაბუთებენ პრემიისა თუ დანამატის გაცემის საფუძველს. მეტიც, ზოგ შემთხვევაში დანამატი ერთი წლის წინს­წრებითაც გაიცემა, რაც სრულიად ეწინა­აღმდეგება დანამატის გაცემის განაწესს. მართალია, 2014 წელს მთავრობამ მიიღო დადგენილება და პრემია-დანამატების გაცემის წესი თითქოს განისაზღვრა, თუმცა ბიუჯეტში დანამატების მოცულობა მაინც გაიზარდა. თავდაპირველად, პრემია დანამატმა ჩაანაცვლა, თუმცა ბოლო პერიოდში­ ორივე – პრემიისა და დანამატის გაცემა მასშტაბურად ფიქსირდება. ამიტომ 2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში გვქონდა რეკომენდაცია, ზუსტი საშტატო რიცხოვნობა დადგენილიყო, რაც ბიუჯეტში ასახულ ხარჯებს შეამცირებდა.

- რატომ არ გაითვალისწინა თქვენი რეკომენდაცია მთავრობამ?

- კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ, რაც მთავარია, არც პარლამენტი სთხოვს მთავრობას, ბიუჯეტში წარდგენილი საშტატო რიცხვი რეალურს შეესაბამებოდეს, ან ის მაინც განისაზღვროს, რამდენი დასაქმებული მოხელისთვის არის გათვალისწინებული სახელფასო ფონდი ბიუჯეტიდან. არსებობს არგუმენტი, რომ წლის განმავლობაში ვაკანსიები ცხადდება და დამატებითი თანხა სწორედ ამისთვის არის გათვალისწინებული, თუმცა ამ მიმართულებითაც შეუსაბამო ფაქტებს ვაწყდებით – ბიუჯეტში სახელმწიფო უწყებებისთვის ასეულობით დამატებითი შტატია გათვალისწინებული, თუმცა მისი შევსება წლების განმავლობაში­ არ ხდება. ეს უკვე ტენდენციად იქცა.

მთავრობას არ უთქვამს, რის ხარჯზე მოხდება სახელფასო ანაზღაურების შემცირება, თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდება თუ პრემია-დანამატები. ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, მთავრობისთვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა რეკომენდაცია, რომ ხარჯები უფრო ოპტიმალურად შეამციროს და არა კადრების შემცირების ხარჯზე.

- ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თქვენს განცხადებას დაუსაბუთებელი უწოდა. რატომ გახდა მიუღებელი თქვენი კვლევა?

- კარგი იქნება, თუ გაგვაცნობს მოსაზრებას, რომელ ნაწილს არ ეთანხმება… უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უნდა დაუსვან კითხვა მთავრობას, რატომ აღემატება პრემია-დანამატები რამდენჯერმე სახელფასო სარგოს.

————-

გიგა ჩიხლაძე, არასამთავრობო ორგანიზაციასაერთა­შორისო გამჭვირვალობასაქართველოსანალიტიკოსი “კვირის­ პალიტრასთან” თავის მიერ ჩატარებუ­ლ კვლევაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწევს­ შტატგარეშე მოხელეები:”- შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობის, სამუშაოს აღწერილობის თუ თანამდებობრივი სარგოს რეგულირება გაცილებით არაგამჭვირვალეა და, როგორც წესი, მთლიანად დამოკიდებულია ხელმძღვანელობაზე, რაც მისი ბოროტად გამოყენების რისკს ზრდის. შარშან ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებში საშტატო და შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობის თანაფარდობის შესასწავლად 78 საბიუჯეტო ორგანიზაციიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რომელშიც შედიოდა ყველა სამინისტროს 3 ცენტრალური აპარატი, მნიშვნელოვანი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და საქვეუწყებო დაწესებულებები. 78 საბიუჯეტო ორგანიზაციიდან 63 ვერ აკმაყოფილებდა “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონით დადგენილ ლიმიტს, შესაბამისად, იმაზე ბევრად მეტი ე.წ. შტატგარეშე თანამშრომელი ფიქსირდება, ვიდრე ლიმიტით არის განსაზღვრული.

“ბიუჯეტის შესახებ” კანონში ჩაწერილი ნორმა ლიმიტის შესახებ, როგორც ჩანს, ბარიერს არ წამოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის, რომ მრავალჯერ გაზარდოს შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობა. თუ სახელმწიფო ოპტიმიზაციას დაიწყებს, პირველ რიგში, ამით უნდა დაინტერესდეს.

————

„კვირის პალიტრა“, 19 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „რუსეთი აგრძელებს სამყაროს მოპატიჟებას მესამე მსოფლიო ომში ჩასართავად“ // „ლართან დაკავშირებით, ალბათ, განსაკუთრებული ზომების მიღების დროც დადგება“ // „როდესაც პოლიტიკა ცდილობს, მიჯირყნოს ეკონომიკა, იქ შფოთი უსასრულოდ გრძელდება

ნათია დოლიძე

საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის პარამეტრებს სკეპტიკურად უყურებენ ოპოზიციაში, თუმცა ხელისუფლების მტკი­ცებით, ეს დოკუმენტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას ასახავს და სრულიად რეალისტურია. ამასობაში კი 2016 წელი მიიწურა, შესაბამისად, ბევრი რამის გაანალიზებისა და შეფასებების დროც დადგა. რამდენად წარმატებული იყო ეს წელი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, იყო მნიშვნელოვანი წინსვლა თუ ქვეყანა სტაგნაციის რეჟიმში აგრძელებდა ცხოვრებას? ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან:

- მრავალასპექტიანი საკითხია. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილს მართლაც გაუჩნდა განცდა, რომ ბევრ სფეროში ქვეყანა ერთ ადგილს ტკეპნის, თუმცა ბევრი რამ ჩვენზეც არ არის დამოკიდებული. 2016 წელს მნიშვნელოვან წარმატებებს ველოდით საერთაშორისო სივრცეში. ჯერ კიდევ 2008 წელს ნატოს მიერ საქართველოსთვის გაღებული კარი კვლავაც ღიად რჩება, თუმცა ამ გზაზე ძალიან ნელა გვიწევს სვლა… ასევე გვეგონა, რომ უკვე წლევანდელ ზაფხულს ევროპაში უვიზოდ მოვახერხებდით მოგზაურობას, რაც ვერ მოხერხდა. შეიძლება ჩვენი მოლოდინი გადამეტებული იყო, რამაც გული დაგვწყვიტა, თუმცა წლის ბოლოს ამ მიმართულებით ევროპიდან აშკარად დადებით გზავნილებს ვიღებთ და სავარაუდოდ, მომავალ წელს უკვე ნამდვილად მოვახერხებთ შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილებას, რაც აჩვენებს,­ რომ პროცესი, დაგვიანების მიუხედავად, 2016 წელს პოზიტიურად გრძელდებოდა. ვფიქრობ, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისითაც გვაქვს წარმატებები, რასაც ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც ხედავენ, თუმცა აქაც აშკარად შენელებულია ტემპი.

ახლა მთავარია, როგორ შევასრულებთ­ ვალდებულებებს და გამოვიყენებთ შესაძლებლობებს, რომელთაც გვთავაზობს ევროკავშირთან გაფორმებული სხვადასხვა სახის დოკუმენტები. ვფიქრობ, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის წლევანდელი მონაცემები მხოლოდ საწყისი ეტაპია და ეს ყოველწლიურად გაიზრდება. ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს. ტურიზმი არ არის ერთადერთი სფერო, სადაც წარმატების მიღწევა შეგვიძლია, თუმცა ძალიან კარგია, რომ ტურიზმის განვითარებაზე მთავრობა ასე ზრუნავს.
ევროპულ სივრცესთან ჩვენი ურთიერთობის ინტელექტუალური შემადგენელი უნდა იყოს უფრო დახვეწილი და შედეგიც უკეთესი გვექნება. 2016 წელს იყო მნიშვნელოვანი პრობლემებიც, რომელთა გადაჭრა განახლებულ მთავრობას მომავალ წელს მოუწევს…

- მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა, რაც არჩევნების შემდეგ პერმანენტულ პროცესად გვექცა. სწორედ ამ ფონზე მოუხდა მთავრობას პარლამენტისთვის 2017 წლის ბიუჯეტის წარდგენა. განხილვა ხმაურიანი გამოდგა. “ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენელთა თქმით, ეს ბიუჯეტი ქვეყნის მოსახლეობას უფრო გააღარიბებს

- ის შფოთი, რაც სუფევს ქვეყანაში ეროვნული ვალუტის მდგომარეობის გამო, სრულიად საფუძვლიანია, მაგრამ თუ არ განვაცალკევეთ ბიუჯეტის თემა ლარის თემისგან, დავრწმუნდებით, რომ არც ერთს და არც მეორეს წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეს… არ შეიძლება ეს საკითხები პოლიტიკური სპეკულაციის თემად იქცეს, ჩვენ კი მოწმენი ვართ, არჩევნების მეორე დღიდანვე როგორ ჩაერთო “ნაციონალური მოძრაობა” ახალ წინასაარჩევნო კამპანიაში – მუდმივი კრიტიკით და იმ ყველაფრის მიუღებლობით, რაზეც ხელისუფლება ლაპარაკობს. მიჩვეულნი კი ვართ მათგან ამგვარ უპასუხისმგებლო ქცევას, მაგრამ ის, რომ მომავალი ოთხწლეულიც ასე უნდა გავატაროთ, რასაკვირველია, პესიმისტურად განგვაწყობს.

მართალია, ქალბატონი ჰილარი კლინტონი ვერ გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, მაგრამ ეს მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს­ სულაც არ აკნინებს და იქნებ, მოვისმინოთ და გავიზიაროთ მისი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრება: “დემოკრატიაში დგება ხოლმე დრო, როდესაც პოლიტიკა უნდა შეჩერდეს და დაიწყოს სახელმწიფოს მართვა.” მრჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას ეხება ეს გამონათქვამი. მართლაც, დროა, დაიწყოს სახელმწიფოს მართვა და ეს უნდა გაიგოს მთავრობამაც და ოპოზიციამაც.

მთავრობის შედეგიან მართვაზე ლაპარაკი შეუძლებელია, თუ მას არ მიეცა მოქმედების დრო და საშუალება. ვიდრე დავამუნათებთ მთავრობას, მას უნდა მივცეთ მუშაობის რამდენიმეთვიანი ვადა მაინც. ვარაუდები იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, შეიძლება განუსაზღვრელი რაოდენობით გვქონდეს, მაგრამ როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისას პოლიტიკური ინტერესები ჭარბობს ეკონომიკურ შემადგენელს, რასაკვირველია, წარმატებამდე გზა უფრო გრძელდება.
ერთადერთი, რაც პოზიტიურად შეიძლება შევაფასოთ ამ პროცესში, გასული კვირის პარასკევს “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო უმცირესობასთან ფინანსთა მინისტრის მოადგილის სტუმრობაა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კრიტიკული შენიშვნებიც და დამაჯერებელი პასუხებიც იყო სრულიად ადეკვატური.

არავის აქვს იმედი, რომ საქართველოს საკუთარი ერჰარდი მოევლინება – ასეთი საუკუნეში ერთი თუ ჩნდება, მაგრამ ის მაინც ხომ ვიცით, ერჰარდმა როგორ დააყენა ფეხზე მიწასთან გასწორებული გერმანია და აქცია ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოდ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეკონომისტების დიდ ნაწილს ეს ამბავი არაერთხელ აქვს წაკითხული, მაგრამ როდესაც პოლიტიკა ცდილობს, “მიჯირყნოს” ეკონომიკა, იქ შფოთი უსასრულოდ გრძელდება.

დიახ, ეკონომიკური მიმართულებით გვაქვს სერიოზული პრობლემები. ნიშნები იმისა, როგორ გაართმევს ამას თავს ხელისუფლება, დაახლოებით ერთი კვარტალის თავზე გამოჩნდება, მაგრამ ყოველივეზე თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია ამომრჩეველსაც, რომელმაც საკონსტიტუციო უმრავლესობა “აჩუქა” “ქართულ ოცნებას”. ნურავის ეგონება, რომ ყველაფერზე – კარგზეც და ცუდზეც, რაც მოხდება უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, საკუთარ პასუხისმგებლობას მოიხსნის. უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ბატალიები, რასაც დიდი სიხარულით ელოდება ჩვენი მედიასივრცის დიდი ნაწილი. უნდა მოვძებნოთ თემები, რომლებზეც შეიძლება შეთანხმება და აკადემიური მსჯელობისკენ ვუბიძგოთ ხელისუფლებას და მის ოპონენტებს, რათა საზოგადოებამ საერთოდ არ შეაქციოს ზურგი პოლიტიკურ პროცესს.

- მოდი, მომავალი წლის ბიუჯეტის პოლიტიკური ასპექტები დავივიწყოთ და მის პარამეტრებზე ისე ვიმსჯელოთ. თქვენი აზრით, თუნდაც ქვეყნის ეკონომიკის 4%-იანი ზრდა რეალისტური პროგნოზია?

- ვფიქრობ, ბიუჯეტი განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს,­ თუმცა მისი გაბიაბრუების მიზეზიც არ გვაქვს. აშკარაა, რომ მასში მთავრობის კეთილი სურვილები უფრო ჭარბობს, ვიდრე მისი განხორციელების შესაბამისი რეგულაციები.
თუმცა, ერთი რამ უდავოა – ეს პროფესიონალების შემუშავებული დოკუმენტია, მაგრამ ისმის კითხვა: ეს გუნდი დამოუკიდებელი იყო მასზე მუშაობისას, თუ რაიმე ტიპის ვალდებულებები ეკისრებოდა?! ვიმეორებ, ერთი კვარტალის თავზე ბევრი რამ გამოჩნდება და ალბათ, უმჯობესი იქნება, მოვლენები მაშინ შევაფასოთ. ძნელად წარმომიდგენია, რომ “ოცნების” ეს ნაოცნებარი ბიუჯეტი უმწიკვლოდ შესრულდეს, მაგრამ წინასწარ არ ვაპირებ მის კრიტიკას…

- ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც მთავრობა ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზებას გეგმავს, გარკვეულ პროდუქტებზე აქციზის გადასახადის გაზრდაა, რაც, ბევრის აზრით, უფრო გააძვირებს ცხოვრებას, რიგით მოქალაქეს კი გააღარიბებს

- უპირველესად, მგონია, რომ ამ ინფორმაციის გახმაურებისასაც მთავრობისა და ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა გამოჩნდა. არანაირი პიარტექნოლოგია არ შველის ჩვენი ხელისუფლების განცხადებებს, რომლებითაც საგონებელში ჩააგდეს ისედაც გულგახეთქილი საზოგადოება. ისეთი რიხიანი შემოთავაზება იყო აქციზის ფასის ზრდის თაობაზე, თითქოს რაღაც უნიკალური აღმოჩენა გაეკეთებინოთ. შესაბამისად, საზოგადოებაც უფრო დაიზაფრა. ამას ამძაფრებს ხელისუფლების წარმომადგენელთა განსხვავებული განცხადებებიც. თუ მოსახლეობას ეუბნები, რომ პროდუქცია მნიშვნელოვნად არ გაძვირდება, მაშინ დაწვრილებით უნდა აუხსნა, როგორ და რა გზით აპირებ ამის თავიდან აცილებას. თუ არ აპირებ და ფიქრობ, რომ ფასების ზრდა გარდაუვალია, მაშინ ესეც პირდაპირ უნდა თქვა და ისიც მოაყოლო, რატომ გახდა ეს აუცილებელი. თავის მხრივ, საზოგადოების ნაწილიც სცოდავს.­ მაგალითად, როდესაც ონლაინსესხების შესახებ თავისი პოზიცია გამოთქვა პრემიერ-მინისტრმა, ისეთი უკმაყოფილო ჟივილ-ხივილი ატყდა, თითქოს ყველანი ვართ მფლობელი ამ სისტემის და სრულიად გავღატაკდებით, თუ ამ ონლაინსესხების პარპაში მომავალშიც არ გაგრძელდა. არადა, უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა­ იმსხვერპლა ონლაინსესხებმა, არაერთი ოჯახი გააუბედურა. თითქოს ყველა წინააღ­მდეგი იყო მათი საქმიანობის, თუმცა მერე იმდენი­ დამცველი გამოჩნდა, გაოცებული დავრჩი…

დიდი შეცდომა იყო განცხადებები, რომ ხელისუფლება, თურმე, ლარს არ გამოეკიდება და ქვეყანა დოლარზე არ უნდა იყოს დამოკიდებული… ეს უფრო ცინიზმით გაჟღენთილ განცხადებებს ჰგავდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დო­ლარი თვითონ გვეწებება და თავს ესხმის­ ლარს, რაც, რასაკვირველია, ასე არ გახლავთ.­­  ლართან დაკავშირებით, ალბათ, განსაკუთრებული ზომების მიღების დროც დადგება და ეს შეიძლება უფრო მძიმე აღმოჩნდეს ჩვენი საზოგადოებისთვის…

- მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიუჯეტში თანხების მობილიზაციის კიდევ ერთი გზაა საბიუჯეტო ორგანიზაციებში ოპტიმიზაცია და ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცა 10%-ით

- სიმართლე გითხრათ, ცოტა ბუნდოვანი ჩანს ჩემთვის ეს გადაწყვეტილება. მაინტერესებს, თუ საჯარო მოსამსახურეთა 10% უსამსახუროდ დარჩა, დანარჩენ 90%-ს მაინც ექნება ისეთი პრემიები და დანამატები, რასაც აქამდე იღებდნენ?!  როდესაც არ არსებობს საჯარო მოხელეთათვის პრემიებისა და სახელფასო დანამატის მინიჭების კონკრეტული საკანონმდებლო საფუძველი, რასაკვირველია, მომავალშიც ყველა გადაწყვეტილება სუბიექტური იქნება და ხელისუფლება, დარწმუნებული ვარ, კვლავაც აღმოჩნდება კრიტიკის ქარცეცხლში.

- გასული კვირის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საკონსტიტუციო კომისია და მისი დაკომპლექტების თაობაზე პარლამენტის მიღებული დებულება გახლდათ. მოგეხსენებათ, კომისიაში იმ ფორმატით მონაწილეობაზე, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ შესთავაზა, პრეზიდენტმა უარი განაცხადა, შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილი და მისი ადმინისტრაციაც კომისიას ბოიკოტს უცხადებენ

- ჩემი აზრით, კონსტიტუციის თემა ქართული დემოკრატიისთვის მთავარი საკითხია. ჩვენ ვლაპარაკობთ დემოკრატიულ წარმატებებზე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ქართული დემოკრატია არის ტკბი­ლი სიზმარი, რომელიც ზოგჯერ ხდება, უფრო ხშირად კი – არა. როდესაც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, არსებობს საფრთხე, რომ ნანატრი ტკბილი სიზმარი ვერ ახდეს. ამის საფუძველს მაძლევს არჩევნების დასრულებისთანვე ახალბედა პარლამენტის თავმჯდომარის სულწასული განცხადება იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს და ის უნდა აირჩიოს პარლამენტმა. დამაჯერებლობისთვის მოჰყავთ საქართველოსგან ძალიან შორს წასული დემოკრატიული ქვეყნების მაგალითები, ჩვენი რეალობა კი სრულიად განსხვავებულია.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრებს კარგად გვახსოვს პერიოდი, როდესაც იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კატეგორიული წინააღმდეგი იყო რესპუბლიკური პარტიის ინიციატივის, რომ პრეზიდენტი სწორედ პარლამენტს აერჩია. იგი გვარწმუნებდა, რომ აუცილებელი იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერება და მეტი ლეგიტიმაცია, რათა მას ჰქონოდა შესაძლებლობა, მთავრობასა და პარლამენტს შორს ნებისმიერი გაუგებრობა დაებალანსებინა. მაშინ შევთანხმდით ამ საკითხზე, მაგრამ გამოხდა ხანი და რადგან, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდა ამჟამინდელი პრეზიდენტის რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ პრივატიზება, ამ საკითხისადმი მიდგომაც შეიცვალა. ეს მიუღებელი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის “რიგითი მოქალაქისთვის” და დარწმუნებული ვარ, სწორედ ამან განაპირობა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე “ქართული ოცნება” ამ ცვლილების აუცილებლობაზე ალაპარაკდა.

- თუმცა კონსტიტუციონალისტთა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ ამ საკითხზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციაა, რომელიც გვარიანადაა დასალაგებელი და სწორედ ამას უნდა მიხედოს საკონსტიტუციო კომისიამ

- დიახ, დღევანდელი კონსტიტუცია აქამდე სულ სხვა ინტერესების გამთვალისწინებელი დოკუმენტი იყო. რასაკვირველია, ახლა არის მისი დახვეწისა და მოწესრიგების შესაძლებლობა და იმედი მაქვს, “ქართული ოცნება” ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ როდესაც კონსტიტუციის ხსენება იწყება პრეზიდენტით და მისი არჩევის წესით, ეს ბევრ რამეს საეჭვოს ხდის. ვფიქრობ, ამ პროცესში რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი უნდა ჩაერთოს და გადაწყვეტილება ფართო კონსენსუსის შედეგად მიიღონ.

ვფიქრობ, არც ის იქნება მიუღებელი, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის ფარგლებში პარალელურად ამოქმედდეს გარკვეული ჯგუფი, რომელიც ცვლილებების საკუთარ ვერსიას მოამზადებს და შესთავაზებს­ საზოგადოებას. შესაძლოა, მესამე ვერსია სხვა ჯგუფში მომზადდეს და ეს იქნება ჯანსაღი პროცესი. მოკლედ, რაც შეიძლება ფართო უნდა იყოს მსჯელობა და პროცესის დაჩქარება კარგს არაფერს მოგვიტანს. ყველაფერს ერთი ახალბედა პარლამენტის თავმჯდომარე ვერ გასწვდება. მას წარმატებას ვუსურვებ, თუმცა როგორ შეძლებს ის ამ პროცესის დამოუკიდებლად წარმართვას, ძნელად წარმოსადგენია… (…)

„კვირის პალიტრა“, 19 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ნინო გოგუაძესთან: რატომ შეხვდნენ თავისუფალი დემოკრატები პრეზიდენტს // პრეზიდენტს გავანდეთრომ თებერვალში ვაპირებთ ყრილობის ჩატარებას და თავმჯდომარის კანდიდატურად შალვა შავგულიძეს წამოვაყენებთ

ეკა ასათიანი

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი­ “კაბელების საქმეზე” ბრალდებულებს? გასულ კვირას “თავისუფალი დემოკრატების”­ წარმომადგენლები გიორგი მარგველაშვ­ილს შეხვდნენ, პრეზიდენტმა სტუმრები­ დუშეთის აგარაკზე მიიღო. რატომ დაინტ­ერესდა პრეზიდენტი ამ თემით და სხვა რა საკითხებზე ისაუბრეს, “კვირის პალიტ­რას” “თავისუფალი დემოკრატების” წევრი,­ ნინო გოგუაძე ესაუბრა.

- “კაბელების საქმე” თავიდან ბოლო­მდე პოლიტიკურ თემად მიმაჩნია. ყველა­ არასამთავრობო ორგ­ანიზაციამ განაცხადა, რომ ამ საქმის გამო დაკავებულები უკანონოდ სხედან ციხეში და მათი დანაშაული არ იკვეთება. იგივე დაწერა სახალხო დამცველმაც თავის ანგარიშში.

- სააპელაციო სასამართლოში სხდომის გადადებასაც პოლიტიკური მოტივით ხსნით?

- არ დავიწყებ პოლიტიკურ სპეკულაციებს, თუმცა ეჭვი, შესაძლოა, გამიჩნდეს, მაგრამ ვცდილობ, სასამართლოს, როგორც ინსტიტუციას, პატივი ვცე… რა თქმა უნდა, გასულ კვირას მოსამართლეს შეეძლო სხდომა დაესრულებინა, მან კი მომდევნო სხდომა 2017 წლის 16 იანვარს დანიშნა, როცა პროცედურულად ყველაფერი უკვე დასრულებულია და მხოლოდ ბრალდებულების სიტყვა დარჩა მოსასმენი. თანაც, შესაძლოა, მათ არც არაფერი თქვან, სხდომა კი მაინც გადაიდო… შემდეგ, ალბათ, გაჭიანურდება გადაწყვეტილების გამოცხადებაც. ფაქტობრივად, დაუსრულებელ ჯოჯოხეთში ვართ. ძალიან მძიმეა თითოეული დღე, რომელსაც ეს ადამიანები გადაწყვეტილების მოლოდინით ატარებენ ციხეში, თანაც დაუმსახურებლად, ამას მათი ოჯახის წევრები და ახლობლები უზომოდ განიცდიან.

- გასულ კვირას, სანამ კაბელების საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართებოდა, პრეზი­დენტს შეხვდით. გიორგი მარგველაშვილს­ მათი შეწყალება სთხოვეთ?

- ჩვენ არ გვითხოვია პრეზიდენტისთვის, რომ ეს ადამიანები შეიწყალოს. ეს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. ის კი მართალია, რომ მე და შალვა შავგულიძემ მარგველაშვილთან შეხვედრა მოვითხოვეთ. ბატონი პრეზიდენტი, გარდა იმისა, რომ უმაღლესი თანამდებობის პირია, ჩვენი დიდი ხნის თანამებრძოლიც არის. ოპოზიციაში ყოფნის საერთო ბიოგრაფია გვაქვს და ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოს ღირებულებები გვაკავშირებს. მან თავად მოისურვა, რომ ამ შეხვედრას “კაბელების საქმეზე” დაკავებულთა ადვოკატი, სოსო ბარათაშვილიც დასწრებოდა. აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ პრეზიდენტი ამ საქმის დეტალებით თავადაც დაინტერესდა… თუმცა ეს არ იყო ერთადერთი საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ. არაერთი­ თემა განვიხილეთ, მათ შორის, გასულ არჩევნებთან დაკავშირებული. ვისაუბრეთ იმ პროცესებზე, რაც “თავისუფალ დემოკრატებში” მიმდინარეობს და გეგმებზე, თუ როგორ ვაპირებთ პარტიის გაძლიერებას… ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან მოვლენას შევეხეთ.

- შეგიძლიათ დაგვიზუსტოთ, რომელ თემებზე დაემთხვა თქვენი მოსაზრებები?

- წუხილი გამოვხატეთ იმის გამო, რომ პარლამენტი არ არის მრავალპარტიული და, ფაქტობრივად, ისევ ორპოლუსიანია. ვთქვით, რომ უსამართლო საარჩევნო კოდექსის გამო “ქართული ოცნ­ების” 49%-იანი მხარდაჭერა (პლუს 3%-იანი გაყალბებით) საკონსტიტუციო უმრავლესობად “ითარგმნა”… თუმცა ისიც აღვნიშნეთ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არ დაგვიყენებია. რა თქმა უნდა, პრეზიდენტმაც ჩვენს პარტიაში მიმდინარე პროცესები დადებითად ვერ შეაფასა. ფაქტობრივად, ჩვენ ერთმანეთს წუხილი გავუზიარეთ…

- საკონსტიტუციო კომისიის შექმნასთან­ დაკავშირებულ საკითხებს არ შეეხეთ?

- დიახ, ჩვენი პოზიცია მკაფიოდ გამოვხატეთ. ამ კომისიაში პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობა გაცილებთ მეტ ლეგიტიმაციას შესძენდა მის მუშაობას, ვინაიდან ის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ხალხის არჩეული პირია. ასე რომ, ეს პროცესი იმის იმედს არ გვისახავს, რომ საკონსტიტუციო კომისია კონსენსუსისთვის შეიქმნება და მეტი ადამიანის, პარტიისა თუ ექსპერტის მოსაზრებას გაითვალისწინებს. სრული აბსურდია ის, რაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა გამოაცხადეს. თქვეს, რომ საქართველოში ტრადიციულად საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარეები ხელმძღვანელობენ. არადა, თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, ჯერ პრეზიდენტი იყო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, შემდეგ კონსტიტუციონალისტი (იგულისხმება ავთანდილ დემეტრაშვილი), მხოლოდ 2012 წლის მოწვევის პარლამენტში შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომლის ხელმძღვანელიც მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე გახდა და რა ხეირი მოგვიტანა მისმა მუშაობამ, კარგად ვხედავთ… ასე რომ, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის წარდგენას ტრადიციად რატომ ასაღებენ, ვერ გავიგე.

სამწუხაროა, რომ “ქართული ოცნება” კონსენსუსის გზით არ მიდის… თუკი ეს კომისია ვერ შემოგვთავაზებს მექანიზმს, რომლითაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება და საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც პარლამენტი მიიღებს, რა აზრი აქვს მის შექმნას?! “ქართულ ოცნებას” ისედაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ “ქართულმა ოცნებამ­” ტრადიცია არ დაარღვია და იმ გზით წავიდა, რომლითაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე­ პარტიები მიდიოდნენ საქართველოში. ეს გზა დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებამდე ვერ მიგვიყვანს.

- ალბათ, მარგველაშვილთან როგორც თქვენი პარტიის, ისე პრეზიდენტის მომავალზეც ისაუბრეთ… 2018 წელს მისი საპრეზიდენტო ვადა იწურება, მანამდე კი, შესაძლოა, პრეზიდენტის არჩევის წესიც შეიცვალოს...

- პრეზიდენტის გეგმებზე­ არაფერი თქმულა, ჩვენი პარტიის მომავა­ლზე კი ვისაუბრეთ. პრეზიდენტს გავანდეთ,­ რომ თებერვალში ვაპირებთ ყრილობის ჩატარებას და თავმჯდომარის კანდიდატურად შალვა შავგულიძეს წამოვაყენებთ.

„კვირის პალიტრა“, 19 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ კობა ხაბაზთან: „თუ მიშა არის ბელადი, ახალაია როგორღა გვმართავს?“ // „მე და გიგა ბოკერიას განსხვავებული შეხედულებები გვაქვსნაციონალური მოძრაობის მომავალთან დაკავშირებით

რუსუდან შელია

პარტიული ყრილობის მოახლოებასთან ერთად, “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. ამჯერად, პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, თვეში ასი ათასი ლარის დაზოგვის მიზნით “შემცირებაში” მოყვნენ ისეთი აქტიური წევრები, როგორიც არიან კობა ხაბაზი და გიორგი ონიანი. ორივე მათგანი ე.წ. სააკაშვილის ფრთის წარმომადგენლები არიან. რა მოხდება ყრილობაზე და რა ალტერნატიულ გეგმას ამუშავებენ ყრილობის შემდეგ ე.წ. ბოკერიას ფლანგის წარმომადგენლები, “კვირის პალიტრას” “ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ხაბაზი ესაუბრა:

- ჩემს ხელფასს მთლიანად “თავისუფალი ზონისა” და ამ ორგანიზაციის წევრი ახალგაზრდებისთვის ვიყენებდი – ეს მცირე მხარდაჭერა იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ და ამისთვის მძიმე ბრძოლაში თავს მაქსიმალურად წირავენ. პირადად ჩემზე არავითარი პრეტენზია არა მაქვს, მე მაინც “ნაციონალურ მოძრაობაში” ვარ და საქმესაც ბოლომდე მივიყვან. ეს არის ერთად­ერთი ძალა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება შეუძლია, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით.

- ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, გიგა ბოკერიამ კაბინეტში დაგიბარათ დასაქმეც გაგირჩიათ“. თავად ამ ინფორმაციას უარყოფთ, ჩიორა თაქთაქიშვილი ავრცელებს მცდარ ინფორმაციას?

- მე და გიგა ბოკერიას განსხვავებული შეხედულებები გვაქვს “ნაციონალური მოძრაობის” მომავალზე. ჩვენ შორის საუბარიც სწორედ ამას შეეხებოდა, თუმცა საქმის გარჩევას ამას ვერ დავარქმევ.

- თქვენი ფლანგი აქტიურად დადის რეგიონებში და მიხეილ სააკაშვილიც თქვენ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე სკაიპით ერთვება. იქნება თუ არა საბოლოო წყალგამყოფი ყრილობა და მისი შედეგები?

- ჩვენს თავზე ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ 20 იანვარს შვიდიათასკაციანი ყრილობა ჩავატაროთ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ყრილობა სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდეს. დავიწყეთ აქტიურად რეგიონებში შეხვედრები, რათა სწორ გადაწყვეტილებას მივაღწიოთ – იმისთვისაც მზად ვართ, რომ ის ორი ათასი კაცი, რომლებიც თავიდანვე მოიაზრებოდნენ დელეგატებად, ალტერნატიულ წინადადებას დააყენებენ, თუმცა ეს აღარ იქნება ჩაკეტილ წრეში ჩატარებული ყრილობა, როგორც თავიდან იყო დაგეგმილი. ვვარაუდობ, რომ იმავე ტიპის შეხვედრები ექნება მეორე ჯგუფს, ისინი ცალკე შეეცდებიან, დაარწმუნონ დელეგატები საკუთარ ხედვებში.

- თქვენი და მიხეილ­ სააკაშვილის კამპანიის პარალელურად, თქვენივე მხარდამჭერები ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტითავისუფალი ზონისმხარდაჭერის ამარა დარჩა...

- 20 იანვარს გამოჩნდება, ვისი მხარდაჭერის ამარა დარჩა მიხეილ სააკაშვილი. საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი და ვმუშაობდი ნუგზარ წიკლაურის შტაბშიც, კარგად მახსოვს, რა განწყობა ჰქონდა ხალხს, როგორ იცვლებოდა მათი სახე, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ვახსენებდით. ზურა ჯაფარიძემ და გიორგი ვაშაძემაც თავის დროზე ჩათვალეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე ავტორიტეტები იყვნენ, თუმცა კარგად ვნახეთ, რა პოლიტიკურ შედეგსაც მიაღწიეს. “ნაციონალური მოძრაობაც” სწორედ ასეთ შედეგს მიიღებს სააკაშვილის გარეშე.

- თქვენს ამ პოზიციას თანაგუნდელთა ნაწილი ბელადომანიად აფასებს, ოთო კახიძემ ისიც კი თქვა, რომ სააკაშვილს დღეს რეალურად ახალაიების ჯგუფია ამოფარებული. თუ სააკაშვილია ერთადერთი ლიდერი, სად არის მის მიერვე დაანონსებული რეორგანიზაცია პარტიაში?

- თუ მიშა არის ბელადი, ახალაია როგორღა გვმართავს? ან ერთი უნდა გვმართავდეს, ან მეორე. 20 იანვარს გამოჩნდება, ვის მოსაზრებას უჭერს მხარს მოსახლეობა. სიმართლეს დრო გაარკვევს, ჩემს პოზიციაში კი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ახალაია უარყოფით პერსონად უნდათ, რომ დავასახელოთ? ის ვაჟკაცურად მოიქცა, საქართველოში ჩამოვიდა და რეალურად ვერც ერთი დანაშაული ვერ დაუმტკიცეს.

- თუ საქართველოში ჩამოსვლა და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა პლუსია ახალაიასთვის, რატომ არ ჩამოვიდა ამავე ლოგიკით საქართველოში მიხეილ სააკაშვილი? გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი სწორედ დისტანცირებულ მითითებებს საყვედურობს პარტიის ლიდერს...

- არ მაინტერესებს, რას ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი. ეს არის ადამიანი, რომელიც თავის პოზიციებს ყოველდღიურად იცვლის. ის არც ჩვენი პარტიის სახეა და არც წარმომადგენელი.

- დასასრულ, როგორც კულუარებში ამბობენ, ყრილობის შემდეგ გიგა ბოკერიას გუნდი ალტერნატიულ გეგმაზე იმუშავებს. კერძოდ, განიხილება გეგმა, რომლის მიხედვითაც, ბოკერიას ფრთა გიგი წერეთლის მამის პარტიაში გადავა, რომელსაც დღეს აქვს დაფინანსება იმის გამო, რომ მასთან ერთად ბლოკით მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა. გაიყოფანაციონალური მოძრაობა” 20 იანვრის ყრილობის შემდეგ?

- როცა 33 ათასი წევრი ჰყავს­ “ნაციონალურ მოძრაობას”, ასი ან ხუთასი კაცი რომ წავიდეს, ეს არ არის გაყოფა. შესაძლოა, რამდენიმე ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა დატოვოს პარტია, თუმცა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან მთავარი ამომრჩეველი და მისი განწყობაა.

——————–

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 19 დეკემბერი, 2016 წელი

ქართული ეკონომიკა, როგორც ნიავში შემორჩენილი ფოთლები

სოსო ცისკარიშვილის აზრით, მთავრობის საქმიანობის ობიექტურად შეფასება მხოლოდ 100 დღის შემდეგ იქნება შესაძლებელი

ნინო ქეთელაური

“აღმოვჩნდით იმავე ორმოში, რომელშიც 4 წელი გავატარეთ. ეს ორმო გახლავთ პარლამენტის დარბაზი, რომელშიც ორი დაპირისპირებული ძალის ე.წ. “რაზბორკა” მიმდინარეობს, ცივილიზებული ქვეყნისთვის მიუღებელი ლექსიკონია გამოყენებული და წინსვლა ამიტომაა ბევრად უფრო პრობლემური, ვიდრე ეს შეიძლება ელემენტარული თანამშროლობის სურვილის შემთხვევაში ყოფილიყო”, – აცხადებს “დამოუკიდებელ ექსპერთა კლუბის” პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი “მთელ კვირასთან” საუბრისას. მისი განცხადებით, ნებისმიერი სახის აუცილებელი ნაბიჯის გადადგმა ხელისუფლებამ შეაჩერა მხოლოდ იმიტომ, რომ 2017 წელს ადგილობრივი არჩევნებისთვის “ამომრჩევლები არ შემოეცალონ და არავინ არაფერზე იყოს პასუხისმგებელი”.

სოსო ცისკარიშვილი: საზოგადოების პროტესტს და აქციებს მიზეზი არ აქვსო ვერ გეტყვით, მაგრამ ლარის კვდომის პროცესის სამკურნალო ნაბიჯების გადადგმას შევძლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლარის დაავადებაზე მკაფიო და სანდო დიაგნოზი გვექნება. ამიტომ, დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ოპოზიცია რაც არ უნდა უარყოფითად იყოს განწყობილი, ვიდრე ახალი მთავრობის საქმიანობის 100 დღე არ გაივლის, სამთავრობო ცვლილებებზე საუბრი მხოლოდ წყლის ნაყვაა და მეტი არაფერი.

ჯერ ერთი, ის მაინც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, ცალკეული მინისტრის სავარძელზე რომელ პოლიტიკურ ძალას ვინ მიაჩნია უკეთეს პრეტენდენტად. ზოგადად საუბარი, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, ეს არის მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერსის გამჟღავნება და ამას არ მოსდევს მეტი კონკრეტიკა და ქმედითი ნაბიჯები. ამიტომ, ნუ შევქმნით აჟიოტაჟს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. ის მთავრობა, რომელსაც პრაქტიკულად ჯერ არ ჰქონია დაფიქრების და საკუთარი მიზნების განხორციელების საშუალება. სანდო ანალიზის გაკეთება შეგვეძლება მაშინ, როდესაც მათი საქმიანობის 100 დღე შესრულდება, თორემ მანამადე გაკეთებულ შეფასებაში ემოციები ჭარბობენ.

- ამ ვითარებაში მოსალოდელია თუ არა სახელისუფლებო კრიზისი და თუ ასეა, როდის?

- სამთვიანი მცდელობის შემდეგ დამდგარი შედეგი ან ხოტბის შემცველი იქნება, ან განაჩენის მსგავსი. ეს ნებისმიერი მთავრობისთვის ასეა. ხელისუფლებას უპირველესად უნდა გააჩნდეს საზოგადოებასთან უშეცდომო ურთიერთობის უნარი. უნდა იცოდეს, რომ წინმსწრები განცხადებების გაკეთება ვნებს მის მიზნებს.

- თუკი ამ სამ თვეში საზოგადოების უკმაყოფილება გაიზარდა, რამდენად მოსალოდნელია, რომ მთავრობის მიმართ დაგროვილი ნეგატიური განწყობები გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა სათავისოდ გამოიყენონ?

- საზოგადოების თავისკენ შემობუნების ოცნება “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს. ჩვენ უკვე მეხუთე წელია, რაც მათი მხრიდან აღვირახსნილ შეტევათა კორიანტელს ვხედავთ და როგორც ჩანს, ძალიან მწირია მათი ტაქტიკური პოტენციალი. იმიტომ, რომ იგივე მეთოდებით მოქმედება, როგორც აქამდე ებრძოდნენ “ქართულ ოცნებას” და ცხადია, ეს ზუსტად იგივე შედგეს მოუტანს მათ. ამიტომ ჩვენ სამწუხაროდ აღმოვჩდით იმავე ორმოში, რომელშიც 4 წელი გავატარეთ. ეს ორმო გახლავთ პარლამენტის დარბაზი, რომელშიც ორი დაპირისპირებული ძალის ე.წ. “რაზბორკა” მიმდინარეობს, ცივილიზებული ქვეყნისთვის მიუღებელი ლექსიკაა გამოყენებული და წინსვლა ამიტომაა ბევრად უფრო პრობლემური, ვიდრე ეს შეიძლება ელემენტარული თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში ყოფილიყო.

რასაკვირველია, კამათი პარლამენტის მუშაობის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, მაგრამ საგნობრივი კამათი და მუდმივი შეურაცხყოფა ერთმანეთის მისამართით სრულიად განსხვავებული რამაა. სწორედ ეს მეორე რეალობა ახასიათებდა წინა პარლამენტს და არც დღევანდელ პარლამენტს ეტყობა, რომ მისი რომელიმე წევრი საკუთარ შეცდომებზე აპირებს რაიმეს გამოსწორებას. ამიტომ, საზოგადოების ყურადღება უფრო მეტად გამახვილებული იქნება იმაზე, პარლამენტის მუშაობა რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას და იმ რეალობის პირობებში, რასაც წინა წლებში ჰქონდა ადგილი, ვერ დავარწმუნებთ ვერავის, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2020 წლამდე არ გაიმართება.

- ახლა რა არჩევანის წინაშეა საზოგადოება – გავა ქუჩაში და გააპროტესტებს, თუ არსებულ რეალობას შეეგუება?

- ჩვენი მოსახლეობა ცხვრის ფარა ნამდვილად არ არის. მათი ერთი ნაწილი პროტესტის სხვადასხვა ფორმაში ჩაერთვება, მეორე ნაწილი იქნება დამკვირვებელი. მთავარია, რომ მათი ხედვა ერთმანეთს ემთხვეოდეს და პროვოკაციის მსურველთა ჯგუფისგან მართვადი არ იყოს. ვისურვებდი, რომ მომდევნო 2 თვის განმავლობაში მთავრობას საქმიანობის შესაძლებლობა ჰქონდეს.

- უახლოეს პერიოდში მინისტრების ცვლილებას გამორიცხავთ?

- არა, გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ მინისტრებს ჩვენ არც ვნიშნავთ და არ ვხსნით. ამისთვის ჩვენმა საზოგადოებამ ერთი რიგითი მოქალაქე შეიფარა, რომელიც ძალიან აქტიურად ასრულებს ქვეყნის კადრებთუხუცესის როლს. ეს მას ეცოდინება ვის შეცვლის და ვის – არა. მაგრამ, ჩემი აზრით, როდესაც რომელიმე პოლიტიკური ძალა კონკრეტული მინისტრის შეცვლას ითხოვს, კეთილი უნდა ინებოს და იმ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატები წარმოგვიდგინოს. დარწმუნებული ვარ, შედეგი იქნება ის, რომ ასეთი უტაქტო ქმედებებით გაჟღენთილი “ნაციონალური მოძრაობა” დღევანდელი სახელისუფლებო გუნდის მხოლოდ და მხოლოდ გამამყარებელი აღმოჩნდება და არა დამაკნინებელი. სხვათა შორის, იგივეს თქმა შეიძლება პირიქითაც – რომ არა “ქართული ოცნების” მუდმივი ლტოლვა, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” შედარებით თავი ანგელოზად წარმოაჩინოს, ბევრად უკეთესი რეალობა გვექნებოდა. სამწუხაროდ, “ოცნების” გარკვეული ნაწილი ჯერ ისევ წარსულშია.

- არსებობს ვარაუდი, რომ თუ ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს ახლა არ გადადგამს, თვითმმართველობის არჩევნებს წააგებს…

- მმართველ ძალას თვითმმართველობის არჩვენების წაგების მოლოდინი არ აქვს. ჩემთვის დაუვიწყარია 2014 წელს, ადგილობრივ არჩვნებამდე 2 კვირით ადრე, პრემიერ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ასე ჟღერდა – არ დავუშვებ, რომ რომელიმე რეგიონში “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ვერ გაიმარჯვოსო. ეს დამწყები პოლიტიკოსის უმეცრებაა თუ შესაბამისი ორგანოების მიმართ რაიმე სახის მუქარაა, არ ვიცი, მაგრამ თუ ბატონი ღარიბაშვილი ისევ ამ ჭკუაზეა, მაშინ იმაზე ხუმრობაც კი მიუღებელია, რომ ის შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი გახდეს.

ახლა თუ წინასაარჩევნო პერიოდებში მშიშარა “ქართული ოცნების” ქმედებებსაც მივადევნებთ თვალს, სრულიად მკაფიოა, რატომ არ ხდება ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღება. რასაკვირველია, 2015-16 წლებში ეს არ მოხდებოდა, რადგან საქრთველოში რაოდენობრივად გაზრდილ მძღოლებს არჩევნებში შურისძიება არ მოსდომებოდათ. უფრო მეტიც, უკვე დაანონსებულია, რომ ტექდათვალიერება 2017 წელსაც არ იქნება და არა მხოლოდ ეს, ნებისმიერი სახის აუცილებელი ნაბიჯის გადადგმა ჩერდება მხოლოდ იმიტომ, რომ არ შემოეცალონ ამომრჩევლები და 2017 წელს ადგილობრივი არჩევნებისთვის არავინ არაფერზე იყოს პასუხისმგებელი. აი, მერე კი ასეთი საკითხების 2018 წლისთვის გადატანა მიგვანიშნებს იმაზე, რომ სამთავრობო ძალისთვის პრეზიდენტის არჩევნები რამე პრობლემას არ წარმოადგენს.

როგორც კი აღმოჩნდა, რომ “ოცნებას” საპარლამენტო უმრავლესობა აქვს, მერე გაჟღერდა, რომ ყველა ნაკლებად პოპულარული პროგრამა 2018 წელს იქნა გადატანილი. ხოლო პრეზიდენტის არჩევას რაც შეეხება, ნუ დავიხშობთ სმენას და ხედვას, ეს არის არა პარლამენტის, არამედ მხოლოდ ერთი რიგითი მოქალაქის გადასაწყვეტი საკითხი. მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ამ მოქალაქეს მთავრობის და პარლამენტის ხელმძღვანელობა წარმატებით აქვს მონოპოლიზებული.

- გასულ კვირას, პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისიის შესაბამისი დადგენილება მიიღო. როგორი მოლოდინი გაქვთ, ეს კომისია რამდენად ეფექტურად იმუშავებს ?

- საუკეთესო ანალიზისთვის წინმსწრები შეფასებები არ გამოდგება. ფაქტი ერთია, ახალი კონსტიტუციის მიმართ საკუთარი ინტერესი ძალიან დაუფარავად გამოხატა პარლამენტის გამოუცდელმა სპიკერმა, მაშინ, როდესაც ის პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების შესახებ დიდი აღტაცებით საუბრობდა. ამის შემდეგ კითხვები აღარ ისმება. არ გამკვირვებია, რომ პრეზიდენტი ამ პროცესში არ დაუშვეს და საერთოდ გაუგებარია, აქვს თუ არა ბატონ პრეზდენტს გადაწვეტილი რაიმე ალტერნატიული დოკუმენტის შექმნა, რომ ცალკეულ მუხლებზე გამოხატოს საკუთარი გუნდისგან განსხვავებული პოზიცია. არც იმის წინააღმდეგი ვიქნები, რომ განსახილველად სხვადასხვა ლეგიტიმური სუბიექტების მიერ ორი ან სამი ვარიანტი იყოს შემუშავებული. ოღონდ ისე არა, როგორც “ნაციონალურმა მოძრაობამ” გააკეთა, როდესაც აგვისტოს სიცხის პირობებში, მათზე მორგებულ კონსტიტუციაზე დასათანხმებლად მთელი საქართველო ჩამოირბინეს და თითქოს მთელი მოსახლეობის ნდობა და კმაყოფილება მიიღეს.

წავიდა სისულელის დრო. ყველას აქვს საშუალება, რომ ამ პროცესისადმი თავსი საკუთარი დამოკიდებულებულება ღიად დააფიქსიროს. კონსტიტუცია არ გახლავთ საკუთარი მემუარები, რომელშიც ნებისმიერი რამის ჩაწერა შეგიძლია. ამიტომ, კონსტიტუციის შეცვლის პროცესს ყველა დიდი ინტერესით მივადევნებთ თვალს, მაგრამ ჩემთვის მთავარი ოპტიმიზმის საფუძველს წარმოადგენს იმ ახალ სახეთა ერთობა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა. მათი რაოდენობა არ არის მცირე და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მომავალზე ორიენტირებულნი იქნებიან და არა წარსულზე.

- როგორ ფიქრობთ, მმართველი გუნდი შეძლებს თუ არა საზოგადოებაში უკმაყოფილების ზრდის შეჩერებას? რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამისთვის?

- შემიძლია პრემიერ-მინისტრს ძალიან პრიმიტიული რჩევა მივცე, რომ პრეს-სპიკერის ფუნქციის შესასრულებლად გამოცდილი პირი მიიწვიოს. არ არის აუცილებელი, რომ პრემიერი მუდმივი თავის მართლების რეჟიმში იყოს, ან მისთვის მიუღებელი ტექსტების გასაკრიტიკებლად საჯარო სივრცეში სიტყვით გამოდიოდეს. არის შესაბამისი თანამდებობი, რომელიც გვიან, მაგრამ მაინც შეიძინა პრეზიდენტმა და ამას თავისი დადებითი ნიშნები უკევ კარგა ხანია გააჩნია. პრემიერ-მინისტრი ოპოზიციასთან თუ რაიმეს სხვა დაჯგუფებასთან კამათში ასეთი სიხშირით არ უნდა ერთვებოდეს. ეს უნდა ხდებოდეს გამონაკლის შემთხვევაში. ახლა, როცა 2 ვიცე-პრემიერი დაინიშნა, ბატონ კვირიკაშვილს შემიძლია დავუდასტურო, რომ ამ ფუნქციის შემსრულებელი არცერთი მათგანი არ იქნება. არცერთი მათგანი არ არის მოცლილი იმისთვის, რომ ვიცე-პრემიერობანა ითამაშოს, მათ თავისი თავსატეხი აქვთ იმ სამინისტროებში, რომელთა ხელმძღვანელებიც არიან.

ამიტომ გადახედოს მთავრობის მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას და შეიძინოს 2-3 ვიცე-პრემიერი, რომლებიც დაკავებულები იქნებიან სხვადასხვა მიმართულების კურატორობით და ვალდებულნი იქნებიან მხოლოდ მის წინაშე. და კიდევ ერთი, დიდი თხოვნა მაქვს ხელისუფლებასთან, რომ რკინიგზისა და გაზსადენის წილის გასხვისებასთან დაკავშირებით თემა დახურონ. თორემ ეს იქნება სწორედ ის საფუძველი, რომ საპროტესტო აქციები დაიწყოს. იმიტომ, რომ მამა-პაპისგან დატოვებული სიმდიდრე არ გაუნიავებია დღევანდელზე უფრო მძიმე მდგომარებაში მყოფ ხელისუფლებებს და პირველივე განცხადებებში ასეთი თემის წამოწევა, რომ თითქოს ამით ბიუჯეტი შეივსება, უმეცრებაა.

თავში რატომ არ მოუვიდათ ის, ამ თანხის შესაბამისი აქციების შეძენის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ. ჩვენ ისიც კარგად გვახსოვს, “თელასი” როგორი ზარზეიმით მივყიდეთ ამერიკულ კომპანიებს და როგორ მალევე აღმოჩნდა ის რუსული კომპანიის ხელში. ყველაფერს უნდა დაფიქრება. ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური თემა. ორივე ობიექტს უზარმაზარი პოლიტიკური შლეიფი აქვს.

ამიტომ მიდგომა, რომ მხოლოდ ეკონომიკური ინტერესი იყოს და პოლიტიკა თითქოს არაფერ შუაშია, უმსგავსობაა და მეტი არაფერი. მარქსიზმის საფუძვლიანი ფორმულა – რომ ეკონომიკა არის ფუძე, ხოლო პოლიტიკა ზედნაშენი – სამწუხაროდ, ეს მიდგომა ქართულ რეალობაში დაირღვა და უკვე ათეული წლებია ვხედავთ, რომ სწორედ პოლიტიკაა საძირკველი და ეკონომიკა მხოლოდ ნიავში შემორჩენილი ფოთლების სტატუსს ინარჩუნებს.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 19 დეკემბერი, 2016 წელი

თბილისის ბიუჯეტი, რომელიც არც დაგვაქცევს და არც აგვაშენებს

თაკო მათეშვილი

“ეს ბიუჯეტი ქალაქს არ დააქცევს, მაგრამ ვერც გაუმჯობესებას მოგვიტანს”, – ასე აფასებენ საკრებულოს ოპოზიციაში დედაქალაქის 2017 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს და დასძენენ, რომ იგი ცოტ-ცოტა ყველაფერს ითვალისწინებს, თუმცა ვერც ერთი საკითხის მოგვარებას ვერ შეძლებს. ამას უმრავლესობაში კატეგორიულად არ ეთანხმებიან და ამტკიცებენ, რომ ბიუჯეტით უკმაყოფილო არავინ იქნება.

საკრებულოს წევრებს თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი ქალაქის მერმა წარმოუდგინა და მომავალ წელს დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების თაობაზე ისაუბრა. დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის მოცულობა, პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, 1,031,500 ლარით გაიზარდა და 801,302,000 ლარი შეადგინა.

მერის ინფორმაცით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტებად კვლავ მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება რჩება. ბიუჯეტის პროექტის დაზუსტებულ ვარიანტს ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით 2 მლნ ლარი დაემატა და ჯამში აღნიშნულის განხორციელებისთვის 64 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

დავით ნარმანიამ კიდევ ერთ პრიორიტეტზე – გამწვანების თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით 2017 წლის ბიუჯეტში, წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 3 მილიონიანი ზრდაა. გარდა ამისა, ბინათმშენებლობისა და ავარიული შენობების გამაგრებისთვის დამატებით 2,019,000 ლარი განისაზღვრა, მათ შორის, გათვალისწინებულია კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკითხის მოგვარებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ასევე, დაგეგმილია ახალი პროექტების დაწყება, მათ შორის, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია, აღმაშენებლის გამზირზე ისტორიული ბაღების აღდგენა-რეკონსტრუქცია და ა.შ. ბიუჯეტი საკრებულოს სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

შესაძლებლობების მაქსიმუმი

ოპოზიციას მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან არაერთი შენიშვნა აქვს. “ნაციონალურ მოძრაობაში” ფიქრობენ, რომ ბიუჯეტის ოდენობა არადამაკმაყოფილებელია. მათი თქმით, წლევანდელი ბიუჯეტი შარშანდელთან შედარებით 47 მილიონით ნაკლებია.

“ამას იმით ხსნიან, რომ წინა წლის ბიუჯეტში ნაშთი იყო. ეს ყოველ წელს ხდება. ჩვეულებრივი ამბავია. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ბიუჯეტს 47 მილიონი უნდა დააკლო, მაგრამ ნარმანიას ავტორიტეტი არ გააჩნია, ან არ მოითხოვა. გარდა ამისა, ჩვენ 2014 წელს მათ გადავაბარეთ ბიუჯეტი, რომელსაც დოლარებში თუ გადავიყვანთ, 452 მილიონს შეადგენდა. ახლანდელი კი, ლარის კურსის პირობებში, 300 მილიონიც არ არის. ტენდერების, შესყიდვებისა და სხვა ღონისძიებების დროს კომპანიები ყველაფერს დოლარში ყიდულობენ და ეს ფასებს, ბუნებრივია გააძვირებს,” – აცხადებს “მთელ კვირასთან” საუბრისას სევდია უგრეხელიძე.

ბიუჯეტს ფრაქცია “დედაქალაქშიც” იწუნებენ. ფრაქციის წევრი თამარ ცინცაბაძე ამბობს, რომ დოკუმენტი არ პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას აქვს.

“მერის პოზიცია ბიუჯეტთან დაკავშირებით ასეთია – მეტი რა გავაკეთოთ, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებთ. ანუ, ეს იმის მაქსიმუმია, რაც ამ ხელისუფლებას შეუძლია. ამაზე მეტი უბრალოდ არ ძალუძთ, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს რომ ჩვენ დედაქალას არ ეხებოდეს, მართლა სასაცილო იქნებოდა,” – აცხადებს იგი.

თამარ ცინცაბაძის თქმით, ნარმანია არ ასრულებს მერად არჩევის შემდეგ გაცემულ დაპირებას იმის თაობაზე, რომ თბილისის ბიუჯეტი ყოველწლიურად პროგრამული იქნებოდა. დეპუტატის თქმით, ასეთი ბიუჯეტი ნარმანიას არც ამჯერად – მმართველობის მეოთხე წლის დასაწყისში წარმოუდგენია.

2017 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს “მიმდინარე ბიუჯეტს” უწოდებს “რესპუბლიკელების” წევრი, საკრებულოს დეპუტატი დავით ზურაბიშვილი. მისი თქმით პირორიტეტები გამოკვეთილი არაა და ქალაქის განვითარების გრძელვადიანი გეგმის ნაწილს არ წარმოადგენს.

“მაგალითად, თუკი მიზნად დავისახავთ, რომ მომავალ წელს მიწისქვეშა კომუნიკაციები უნდა მოვაწესრიგოთ, ამაზე უნდა გამოიყოს ყველაზე მეტი თანხა, ან ტრანსპორტი იქცეს პრიორიტეტად და აქცენტი ამაზე გაკეთდეს. ჩვენთან კი 6-7 პრიორიტეტია გამოცხადებული, მაგრამ სათანადოდ დაფინანსებული არცერთი მათგანი არაა. ეს ბიუჯეტი ქალაქს არ დააქცევს, მაგრამ ვერც გაუმჯობესებას მოგვიტანს. მისი მეშვეობით სიტუაციის გაუმჯობესებას ვერ ვიგრძნობთ. ყველაფერში ცოტ-ცოტაა ჩადებული,” – მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი.

“ქართულ ოცნებაში” ოპონენტების შენიშვნებს კომენტარის გარეშე ტოვებენ.

“ჩემი კომისიისგან რა მოთხოვნაც იყო, დაკმაყოფილდა – შარშანდელთან შედარებით ბიუჯეტი გაორმაგებული მაქვს. ეს კონკრეტულად აბრების თემას შეეხება – შარშან ამისათვის 300 ათასი იყო გამოყოფილი, წელს კი 700 ათასია. კონკურსი გამოცხადდა და აბრების გაკვრა უკვე დაწყებულია. 7 ათასი უკვე გაიკრა და 35 ათასი 2017 წელს გაიკვრება. ასე რომ, ჩვენი საქმიანობის კუთხით ბიუჯეტში ზრდა 100%-ზე მეტია. სასაყვედურო ნამდვილად არაფერი მაქვს,” – განაცხადა უმრავლესობის წევრმა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძემ.

სოციალური პროგრამები

მომავალი წლისათვის დედაქალაქის მერიამ ჯანდაცვისა და სოციალური სფეროსთვის გამოყოფილი თანხები შეამცირა. ოპოზიციას ეს, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიაჩნია. მათი თქმით, ფასების ზრდის პარალელურად შეჭირვებული მოსახლეობისათვის რიგი სერვისების მიწოდებაზე უარის თქმა უსამართლობაა.

“საკრებულოს სხდომაზე ძალიან კარგი ინიციატივა წამოიჭრა – ამ კატეგორიის მოსახლეობისათვის კომუნალური ვაუჩერის შემადგენლობაში არა მხოლოდ დენის, წყლისა და დასუფთავების საფასურზე შევიდეს შეღავათები, არამედ გაზის საფასურზეც. მერი დაგვპირდა, რომ ამაზე აუცილებლად იფიქრებენ და ვიმედოვნებ, რომ ამ თვალსაზრისით პოზიტიური ძვრები გვექნება,” – აცხადებს თამარ ცინცაბაძე.

ამ პრობლემას ხაზს “ნაცმოძრაობაშიც” უსვამენ. სევდია უგრეხელიძის თქმით, ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული არ არის უფასო სასადილოებისათვის, ბავშვთა კვებისათვის და ა.შ.

“ფასები იზრდება და თუკი რაღაც მანქანებით ადრე ლარნახევარი სოციალურად დაუცველების გამოსაკვებად საკმარისი იყო, ახლა მაინც ხომ უნდა დაფიქრდნენ, რომ აღარაა საკმარისი,” – ამბობს სევდია უგრეხელიძე. ამ დროს კი, მისივე თქმით, მერიას საკმაოდ მსუყე ლუკმა ჰქონდა გამოყოფილი გამგეობებში ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების ტრენინგებისათვის, დაჯილდოებებისათვის და ა.შ. მისი აზრით, ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ ამ ადამიანების მოსყიდვას ემსახურებოდა, რადგან ბინისმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები მმართველ გუნდს არჩევნებზე ხალხის მისაყვანად სჭირდებოდათ.

“ამ ყველაფერს ჩვენ გვიკიჟინებდნენ და ჩვენ თუ ვაკეთებდით, ცუდში რატომ გვბაძავენ? გარდა ამისა, ჩვენ დროს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები ახალი იყო და ტრენინგები მართლაც ესაჭიროებათ. ახლა კი ყველამ იცის ამის შესახებ კანონი და ისიც, თუ რისი უფლება აქვს მისი მიხედვით. მადლობა ღმერთს, მოგვიანებით ეს მუხლი ამოიღეს. ასევე, მილიონ 100 ათასზე მეტი თანხა ჩადეს კომპიუტერების შესაძენად. მილიონ 100 ათასი მთელ მერიაში კომპიუტერების გამოცვლას ეყოფა და ყველა დაამტვრიეს? დაგვპირდნენ, რომ ამასაც ამოიღებენ, რადგან ამ საკითხზე შენიშვნები სხვებსაც ჰქონდათ,” – დასძენს დეპუტატი.

ოპონენტების შენიშვნებს უმრავლესობაში არ ეთანხმებიან. ლია ჯახველაძე აცხადებს, რომ მართალია ბიუჯეტი მთლიანობაში ოპტიმიზირებულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არცერთი ბენეფიციარი არ დაზარალდება. “ოპოზიციის ნათქვამს კომენტარს ვერ გავუკეთებ. თანხები სწორედ იმ კუთხითაა მიმართული, სადაც დედაქალაქის მოსახლეობას ყველაზე მეტად უჭირს. სოციალური ბენეფიციარები უკმაყოფილოები ნამდვილად არ იქნებიან,” – მიიჩნევს იგი.

ინფრასტრუქტურული პროექტები, საცობები, პარკინგი დასითი-პარკი

ოპოზიციის ნაწილი უკვე კარგა ხანია მერიას “სითი-პარკთან” ხელშეკრულების შეწყვეტას სთხოვს. მათი აზრით, ამისათვის პირგასამტეხლოს სახით 25 მილიონის გადახდაც ღირს, რადგან კომპანია ავტომობილების პარკირებისათვის არაფერს აკეთებს და მხოლოდ ჯარიმებს აგროვებს.

“უმრავლესობამ ამ საკითხზე სამსჯელოდ კომისიის შექმნა შემოგვთავაზა, მაგრამ კომისია ამას ვერ უშველის, გადაწყვეტილება მერიამ უნდა მიიღოს. ვფიქრობ, ამ თანხის გადახდა ნამდვილად ღირს, რადგან “სითი-პარკს” რამდენიმე წელიწადში 40 მილიონი უკვე ნაშოვნი აქვს და წაგებული არავინ დარჩება. პარკირებისათვის, საცობების განსამუხტად არანაირი ღონისძიება არაა გათვალისწინებული და ბუნებრივია, ამ ბიუჯეტს მხარს არ დავუჭერდით,” – ამბობს დავით ზურაბიშვილი.

2017 წლის ბიუჯეტი, მისივე აზრით, ვერც ინფრასტრუქტურული პროექტებით გაგვაკვირვებს. “რაღაცეების გახორციელებას ითვალისწინებს, მაგრამ რაიმე დიდი, ყურადღებამისაქცევი არ კეთდება. ამ დროს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებზეა თანხები გამოყოფილი და გაწერილია, რომ ამ თანხების გაცემა ძირითადად წინასაარჩევნო პერიოდში, თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებისათვის იწყება. რა თქმა უნდა, ეს იწვევს ეჭვებს, რომ ამხანაგობების თავმჯდომარეები საარჩევნო კოორდინატორებად იქნებიან გამოყენებული,” – აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

საცობების განმუხტვის წინაპირობად თამარ ცინცაბაძეს დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება მიაჩნია იმგვარად, რომ მოქალაქეებმა კერძო ავტომობილებით გადაადგილებაზე უარი თქვან და ტრანსპორტით ისარგებლონ.

იგი ამბობს, რომ 2016 წელს ამ მიმართულებით ძალიან კარგი ნაბიჯები გადაიდგა – ახალი ავტობუსები შემოვიდა. მერიამ 143 ავტობუსი შეიძინა, მაგრამ 2017 წლის ბიუჯეტში ავტობუსების შეძენა შეწყვეტილია. დეპუტატის თქმით, პრიორიტეტად ახლა მეტრო და მისი სადგურებისა თუ შემადგენლობების მოწესრიგება სახელდება.

“ავტობუსების დამატება, ავტოპარკის განახლება პერმანენტულად უნდა გრძელდებოდეს იმ მომენტამდე, სანამ დამაკმაყოფილებელ სურათს არ მივიღებთ. მეტროსთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტაზეც იგივე შეიძლება ითქვას. არ შეიძლება ხან ერთი აკეთო და ხან მეორე,” – დასძენს თამარ ცინცაბაძე.

სევდია უგრეხელიძის თქმით, “თანხები ყველა მიმართულებით შემცირებულია – ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით, გზებისა და ესტაკადების მშენებლობისათვის, საცობების განსამუხტად და ა.შ. ამ ყველაფერზე პასუხად ამბობენ, რომ ამას ცენტრალური ბიუჯეტი აკეთებს”.

უმრავლესობაში კი ამტკიცებენ, რომ საცობების განსამუხტად მუშაობა მიდის. “ზუსტად ვერ გეტყვით, ყველა რიცხვსა და ციფრს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ვიცი, რომ მერია საცობებზე მუშაობს და ვფიქრობ, რომ 2017-ში რაღაც საკითხები ეფექტური იქნება. მრავალსართულიანი პარკინგები დაინერგება და ვნახოთ როგორ იქნება. ალბათ 2017-ში ასეთი პარკინგების დანერგვა მოესწრება. თანხას ვერ გეტყვით, მაგრამ ამაზე მერმა ჯერ კიდევ პირველი მოხსენების დროს განაცხადა, რომ ეს თემა აუცილებლად დამუშავდებოდა, შეისწავლიდნენ და დანერგავდნენ. დანარჩენი ზუსტად არ ვიცი, კომენტარს მაგაზე ვერ გავაკეთებ,” – გვიპასუხა ლია ჯახველაძემ.

ავარიული სახლები

ზემოჩამოთვლილ თემებს, ოპოზიცია შენიშვნების დროს დედაქალაქის ავარიული სახლების საკითხსაც ამატებს. მათი აზრით, 2017 წლის ბიუჯეტი ამ კუთხითაც იმგვარადაა შედგენილი, რომ ეს თემა კი არ მოგვარდეს, არამედ უბრალოდ გადაიდოს.

“წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო მეტი თანხის გადახდა გვჭირდება იმისათვის, რომ ამ დანგრეული შენობების მცხოვრებლებისათვის ბინები ვიქირავოთ. ამისთვის ახლა უკვე 6 მილიონზე მეტს ვიხდით. ჩვენმა ფრაქციამ მერიას არაერთხელ შესთავაზა, რომ სოციალური სახლების აშენებაზე იფიქროს. ძალიან ბევრ ქვეყანაში გვაქვს ასეთი მაგალითი. მათ კი არაფრით არ უნდათ ამაზე დაფიქრდნენ,” – აცხადებს თამარ ცინცაბაძე.

დავით ზურაბიშვილი კი ამბობს, რომ ავარიული სახლები უკვე არა მხოლოდ ძველი თბილისის, არამედ ახალი უბნების პრობლემაცაა. „რაღაც თანხები გამოიყო, ზოგი სახლი გამაგრდება, ზოგიდან მოქალაქეებს გამოიყვანენ და ნაქირავებში შეიყვანენ, მაგრამ ამით რა? მოგეხსენებათ, თავდაპირველად სახლის დაზიანების ხარისხი დგინდება. თავიდან დანგრევის პირას არაა, მაგრამ გამაგრებას საჭიროებენ. ამას არ აკეთებენ და დანგრევის პირას რომ მივა, უფრო ძვირი ჯდება. ვერავინ ამბობს რა უნდა ეშველოს ამ პრობლემას. 2017 წელს უბრალოდ პრობლემების გადაგორება ხდება. გადაგორებით კი გადაჭრა შეუძლებელია. შესაბამისად, შემდეგ წელს რაიმეს გაუმჯობესების იმედი არ უნდა გვქონდეს. ცოტ-ცოტა თანხა ყველაფრისთვისაა გამოყოფილი, მაგრამ ყველაფრისათვის არასაკმარისია. მერიაში სტრატეგიული აზროვნების დეფიციტია,” – მიიჩნევს დეპუტატი.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 19 დეკემბერი, 2016 წელი

რა გაძვირდა უკვე და რა გაძვირდება უახლოეს რამდენიმე კვირაში

თიკო ოსმანოვა

ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებით თითქმის ყოველდღიური გაუფასურების ფონზე დაანონსებული აქციზის გაძვირების მოლოდინმა მედიკამენტების, ნავთობპროდუქტების, თამბაქოსა და პირველადი მოხმარების საგნების გაძვირება 10-20 თეთრით უკვე გამოიწვია. სპეციალისტები სოციალური ფონის გაუარესებას იანვარ-თებერვალში პროგნოზირებენ და მაშინ უკვე მიკროავტობუსით მგზავრობისა და კომუნალური გადასახადების გაძვირებასაც არ გამორიცხავენ.

სავალუტო პუნქტებში 1 დოლარი 2,67 ლარის ფარგლებშია. დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი გაუარესდება, იანვრიდან კი პარალელურად აქციზის ფასიც გაორმაგდება, რაც სპეციალისტების აზრით, მდგომარეობის გაუარესებას და პროდუქტებზე ფასების გაძვირებას კიდევ გამოიწვევს.

„ლარის დევალვაციასთან ერთად, ბუნებრივია, გაძვირდა თითქმის ყველა პროდუქტი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ძირითადად დამოკიდებული ვართ იმპორტზე. ფაქტობრივად, სამომხმარებლო კალათა ყალიბდება იმპორტირებული პროდუქტით. შაქარი, ბრინჯი, წიწიბურა – ეს ყველაფერი ძვირდება ავტომატურად იმიტომ, რომ დამოკიდებული ვართ უცხოეთიდან შემოტანაზე. ამას ემატება ტრანსპორტის ხარჯები და ეს კიდევ უფრო სტიმულს მისცემს გაძვირებას. „გამომდინარე იქიდან, რომ აქციზი ორმაგდება, ბუნებრივია, ბენზინიც გაძვირდება, ეს კი სხვა პროდუქტების გაძვირებასაც გამოიწვევს. ბენზინი დაახლოებით 25-30 თეთრით გაძვირდება”, – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი.

მედიკამენტები

ლარის დოლართან მიმართებით თითქმის ყოველდღიურმა გაუფასურებამ მედიკამენტებზე გავლენა უკვე მოახდინა და თითქმის ყველა წამალი 5 ან 10 თეთრით გაძვირდა. უფრო მეტით კი გაძვირებულია დეფიციტური წამლები. მაგალითად, “კორვალოლი”. სანამ დეფიციტში იქნებოდა, 65 თეთრი ღირდა, ახლა მისი შეძენა მომხარებელს 1 ლარად შეუძლია. თავის ტკივილის საშუალება “ციტრამონი” თუ გასულ თვეს 15 თეთრი ღირდა, ახლა მისი შეძენა 25 თეთრად არის შესაძლებელი.

ჯერ არ გაძვირებულა გაციების და გრიპი სამკურანალო მედიკამენტები. “ხველების მედიკამენტები და გაციების საწინააღმედგო ჩაიები ჯერ არ გაძვირებულა, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან, მაგალითად, “ეფექტი ჩაი” ისევ 1,20 ღირს. ყელის წამლებიც იგივე ფასში გვაქვს, თუმცა ჯერჯერობით ძველი შემოტანილები გვაქვს მერე რა იქნება არ ვიცი”, – განუცხადეს “მთელ კვირას” ერთ-ერთ აფთიაქში.

კვებისა და პირველადი მოხმარების პროდუქტები

მედიკამენტებთან ერთად, გასულ თვესთან შედარებით გაძვირებულია საკვები პროდუქტების ნაწილიც, თუმცა არა საგანგოშოდ. აქ ფასების მატება ჯერჯერობით 10-15 თეთრით შეიმჩნევა. გარდა სიგარეტებისა, რომელიც დაანონსებული აქციზის გაორმაგებამ უკვე გამოიწვია მისი 20-30 თეთრამდე გაძვირება. თამბაქო იანვარში კიდევ 50-70 თეთრით გაძვირდება.

რაც შეეხება კვების პროდუქტებს, მაგალითად, თუ გასულ თვეს 1 ლიტრი რძე 2,25 ლარი ღირდა, ახლა მისი შეძენა 2,40 ლარად არის შესაძლებელი. შესქელებული რძე კი 10 თეთრით გაძვირდა და 1,7 ლარი ღირს. ასაწონი შოკოლადის კამფეტი 5,20 ლარი ღირს, 5 ლარის ნაცვლად. მაიონეზი 1,10 ღირდა და ახლა 1,25 გახდა. 1 კგ წიწიბურა 2,7 ღირს, ჯერჯერობით არ გაძვირებულა. 1 კგ შაქრის შეძენა ახლაც 1,9 ლარად არის შესაძლებელი, მისი ფასი ბოლო 1 თვეში არ მომატებულა. აღსანიშნავია, რომ შაქარი ჯერ კიდევ საგრძნობლად ზაფხულის ბოლოს გაძვირდა. არ გაძვირებულია კარტოფილიც. ბაზარში მისი შეძენა 50-70 თეთრად არის შესაძლებელი. ძველ ფას ინარჩუნებს სხვადსხვა დასახელების ზეთები. ბოლო 1 თვეში ასევე 10-20 თეთრით გაძვირებულია ნახევარფაბრიკატები, ქათმის ფილე და სხვა. რაც შეეხება თამბaqოს, მოსალოდნელი აქციზის ფასის გაორმაგების გამო მის გაძვირებას იანვრიდან პროგნოზირებდნენ, თუმცა სუპერმაკრეტებში გასულ კვირას სიგარეტები უკვე 20-30 თეთრით გაძვირდა. მაგალითად 3 ლარიანი სიგარეტის შეძენა ახლა 3,20 ლარად არის შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ იანვარში აქციზის ძვირდება შესაბამისად ფასების მატება თამბაქოსთან ერთად ბეზნისაც შეეხება მისი შეძენა დაახლოებით 2 ლარად გახდება შესაძლებელი. ახლა 1 ლიტრი საწვავი 1,74 თეთრად არის შესაძლებელი. დიზელი კი 1, 83 თეთრი ღირს იავრიდან კი სავრაუდოდ 2 ლარს გადაჭარბებს. ცნობისთვის ბოლო ერთ კვირაში ნავთობ პროდუქტები ჯერ მხოლოდ 5-7 თეთრით გაძვირდა.

ეკონომისტების პროგნოზი

მართალია ლარის დევალვაციამ პროდუქტების გაძვირება უკვე გამოიწვია, თუმცა, როგორც სპეციასლიტები ამბობენ, ეს ჯერ დასაწყისია. ეკონომიკური მდგომარეობის გაურესებას მოსახლება იანვარ-თებერვლიდან იგრძნობს. მათი აზრით, აქციზზე ფასის გაზრდის გამო, სავარაუდოდ, ასევე გაძვირდება მგზავრობა და კომუნალური გადასახადები. შესაბამისად, სპეციალისტები პროდუქტების გაძვირებას კიდევ ელოდებიან.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სოსო არჩვაძის თქმით, აქციზის გაძვირება პროდუქტების გაძვირებას აუცილებლად გამოიწვევს, ეს თანმდევი პროცესია.

“აქციზის გაძვირება გამოიწვევს შესაბამის საქონელზე ფასების მატებას. ეს პირველ რიგში შეეხება საწვავს, სატრანსპორტო საშუალებებსა და სიგარეტს. ამის ხაჯზე კი მოხდება ბიუჯეტში საკმარისი თანხების მობილიზება. თუმცა, ამას აქვს თანმდევი ეფექტი – ამ პროდუქტებთან ერთად გაძვირდება პირველადი მოხმარების პროდუქტები იმისთვის, რომ არ დაირღვეს წონასწარობა. მაგალითად, თუ სიგარეტი ძვირდება, ადამიანი, რომელიც სიგარეტს ყიდულობს თავად კი მწვანილს ყიდის, იფიქრებს, რომ მეტი თანხა სჭირდება და ისიც შესაბამისად თავის პროდუქტს გაძვირებს. ასევე ლარის მსგავსად თუ სხვა ქვეყნებშიც უფასურდება ადგილობრივი ფული დოლართან მიმართებაში, რა თქმა უნდა გაძვირებული პროდქტის შემოტანაც მოგვიწევს. ამიტომ ჩვენთვის მთავარი საშიშროება ის კი არ არის, როგორ ეცემა ლარი, მთავარია იმ ქვეყნებიდან, რომლის პროდუქციის იმპორტიორები ვართ, როგორია იმ ფულის თანაფარდობა დოლართან მიმართებაში. აღსანიშნავია, საქართველოს ბაზარი თითქმის მთლიანად დაკომპლექტებულია იმპორტირებული პროდუქტით. პროდუქტების 16% შემოდის თურქეთიდან, 7% აზერბაიჯანიდან, 30% ევროკავშირიდან თითქმის ამდენია დსთ-დან, ამერიკიდან მხოლოდ 3%-ის იმპორტი გვაქვს.

თუ გრძელვადიან პერიოდს ავიღებთ, ყველგან ადგილობრივი ვალუტის დაცემა აშკარაა დოლართან მიმართებაში. მაგალითად, თურქული ლირა ივნისიდან დღემდე დაეცა 24%-ით. დოლართან მიმართებაში თურქული ლირის გაიფება გვიქმნის საფრთხეს, იმიტომ, რომ ეს გამოიწვევს თურქული პროდუქციის გაძვირებას”, – უთხრა “მთელ კვირას” სოსო არჩვაძემ. მისივე თქმით, იანვარში სიგარეტი 60 თეთრით გაძვირდება, მომავალში კი მისი ფასი 10 ლარის ფარგლებში იქნება.

“სიგარეტი გაძვირდება დაახლოებით 60 თეთრით და უფრო მეტსაც გეტყვით – ევროკავშირთან გვაქვს დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თანთადანობით 5-7 წლის მანძილზე სიგარეტი უნდა გაძვირდეს დაახლოებით 70%-მდე. ასე რომ, თამბაქო კიდევ გაძვირდება და სადღაც 2025 წლისთვის დაახლოებით 10 ლარის ფარგლებში იქნება ერთი კოლოფი”, – გვითხრა სოსო არჩვაძემ.

გია ხუხაშვილი კი ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებას თებერვალ-მარტში ვარაუდობს. მისი თქმით, ლარის გამყარების ობიექტური საფუძვლები არ არსებობს. თუმცა კიდევ რამდენი პროცენტით გაიზრდება პროდქტებზე ფასი, ხუხაშვილს უჭირს ამაზე პროგნოზის გაკეთება.

“ლარის გამყარების ობიექტური საფუძვლები არ არსებობს. ახლა ლარის კურსი სუბიექტურ ფაქტორებზეა დამოკიდებული – საზღვარზე შემოვა ბევრი ტურისტი თუ არა, დახარჯავს თუ არა ფულს და რამდენი ინდაური გაიყიდება სახალწლოდ. ასეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული და შესაბამისად, პროგნოზირება, თუ რა მოხდება, ძნელია. ზოგადი პროგნოზით კი, როცა სახაწლო სუფრისთვის დაიწყებს საქართველოს მოსახლეობა მზადებას, აქტივობა დაიკლებს და 15 იანვრამდე წესით ხელისუფლებას ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა, სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობა შესუსტდება. ამის შემდეგ კი, შეიძლება სერიოზული პრობლემები დაიწყოს. თებერვალ-მარტში რაიმე ტიპის აქტივობა, ტურისტული ან სხვა ტიპის, გამორიცხულია. შესაბამიად, ეს არის ერთი პრობლემა; მეორე – ადამიანები სახალწლოდ ფულს დახარჯავენ და პრაქტიკულად მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

ასე რომ, თებერვალ-მარტში გვექნება მრავალწახნაგოვანი კრიზისი და როგორ მოახერხებს ხელსუფლება ამ ვითარების გამოსწორებას, არ ვიცი. წარმატებას ვუსურვებ”, – განუცხადა “მთელ კვირას” გია ხუხაშვილმა.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 19 დეკემბერი, 2016 წელი

პატიმრობა ან 70 000 ლარამდე ჯარიმა ცილისწამებისა და შეურაცხყოფისათვის // ცილისწამების კრიმინალიზაცია და მისი სავარაუდო შედეგები

სალომე სარიშვილი

შეურაცხყოფა და ცილისწამება, შესაძლოა, მალე სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიაა. წინადადება პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მისი განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაევალა. კანონპროექტის ავტორი და ორგანიზაციის ხელმძღვანელი შოთა ფაფიაშვილი აცხადებს, რომ ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის ადამიანები უნდა ისჯებოდნენ და, შესაბამისად, აუცილებელია, ამას კანონი არეგულირებდეს.

ცნობისთვის: პარლამენტში აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა 6 დეკემბერს შევიდა, რის შემდეგაც პარლამენტის ბიურომ ამ წინადადების განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაავალა. აღნიშნული წინადადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა გამოხატვის თავისუფლებას კი არ შეზღუდავს, არამედ ადამიანები ერთმანეთისთვის ტყუილის მარტივად დაბრალებას მოერიდებიან და, შესაბამისად, ეს იქნება ახალი კანონის ამოქმედებით მიღებული შედეგი.

რა წერია საკანონმდებლო ინიციატივაში

პროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ცილისწამება და შეურაცხყოფა ხელყოფს არა მხოლოდ პიროვნების პატივსა და ღირსებას, არამედ ხელს უწყობს მოქალაქეთა ზნეობრივ გადაგვარებას, უწმინდურების დამკვიდრებას და საზოგადოებრიობის დემორალიზაციას. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ მომზადებული პროექტის თანახმად, წინასწარი შეცნობით სხვა ფიზიკური და იურიდიული პირის სახელის გამტეხი არასწორი, ცრუ მონაჭორის გავრცელება საჯაროდ, ან პრესის, ან სხვა რაიმე სახის ტექნიკური საშუალებით – ისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან გამასწორებელი სამუშაოთი იმავე ვადით, ან 20 000 ლარამდე ჯარიმით.

განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება, ან ცილისწამება, რომელსაც თან ერთვის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის, ან მასში მონაწილეობის ბრალდება – ისჯება ორიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან 50 000 ლარამდე ჯარიმით.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, წინასწარი შეცნობით ფიზიკური ან იურიდიული პირის შეურაცხყოფა რაიმე უხამსი სიტყვიერი ან კარიკატურული ფორმით, ან ბეჭდვითი, ან სხვა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით ისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან გამოსასწორებელი სამუშაოთი იმავე ვადით, ან ჯარიმით 20 000 ლარამდე.

განმეორების შემთხვევაში კი იგივე ქმედება, ან რასაც თან სდევდა პირის ფიზიკური შეურაცხყოფა, ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღმკვეთი ან გამასწორებელი სამუშაოთი იმავე ვადით, ან 50 000 ლარამდე ჯარიმით.

კანონპროექტის თანახმად, ასევე დაისჯება ფარული ვიდეოგადაღებით მოპოვებული პირადი, საიდუმლო, ნეგატიური ყოფა-ცხოვრების ამსახველი ისეთი მონაცემების გავრცელება, რომელიც შეურაცხყოფს მის პირად ღირსებას და სახელს უტეხს საზოგადოების თვალში. ასევე, ეროვნული – რელიგიური სარწმუნოების სიტყვიერი ან რაიმე კარიკატურული ფორმით გამოხატული შეურაცხმყოფელი მასალის გავრცელება პრესის ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით უნდა დაისაჯოს თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე ვადით, ან ჯარიმით 70 000 ლარამდე ოდენობით.

ეს არის გუშინდელი დღე…

ამ საკანონმდებლო ინიციატივას სამართალმცოდნეებისა და პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ნეგატიურად აფასებს. მათი თქმით, ეს პირდაპირ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ინიციატივა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. “შეურაცხყოფის კრიმინალიზაციის იდეა აბსოლუტურად საწინააღმდეგოა თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვის, რომელიც არის თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი. არცერთ ქვეყანას, რომელსაც პრეტენზია აქვს დემოკრატიულობაზე და აღიარებულია დემოკრატიულ ქვეყნად მსოფლიო თანამეგობრობის მიერ, ასეთი კანონი თუ პრაქტიკა არ გააჩნია. ეს არის გუშინდელი დღე ადამიანის უფლებებში”, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

საპარლამენტო ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მედიისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

კანონპროექტის ავტორის არგუმენტები

საკანონმდებლო წინადადების ინიციატორი და იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი შოთა ფაფიაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ფაქტები მომრავლდა და ამან გარკვეულწილად ტენდენციური სახე მიიღო.

როგორც მან “მთელ კვირას” უთხრა, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ორგანიზაციამ კანონპროექტის შემუშავებაზე ფიქრი დაიწყო. “ვფიქრობ, ადამიანის პატივსა და ღირსებას დაცვა სჭირდება და შესაბამისად, ამისთვის კანონი უნდა არსებობდეს. უბრალოდ საქმე ისაა, რომ ძალიან ბევრმა ჩემი საუბარი და ინიციატივა არასწორად გაიგო და ზუსტად ასევე გააშუქა,” – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი შოთა ფაფიაშვილი, რომელსაც ჩვენ რამდენიმე დამატებითი კითხვით მივმართეთ.

- კანონპროექტში ნათქვამია, რომ მისი ამოქმედების შემთხვევაში დასჯადი იქნება რელიგიური სარწმუნოების სიტყვიერი ან რაიმე კარიკატურული ფორმით გამოხატული შეურაცხმყოფელი მასალის გავრცელება პრესის ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. იქნებ უფრო დეტალურად გვითხრათ, რას გულისხმობთ ამ ნაწილში? შეიძლება ჟურნალისტი ან უბრალო მოქალაქე სასულიერო პირზე გამოხატული მისი აზრის გამო დაისაჯოს პატიმრობით ან საკმაოდ სოლიდური თანხით დაჯარიმდეს?

- არა, როგორ გეკადრებათ, ასეთი რამ კანონში ნათქვამი არსადაა. სასულიერო პირებსა და რელიგიაზე საუბარს ძალიან დიდი დრო და დასაბუთებული პასუხები სჭირდება, ამიტომ მოკლედ ამაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. თუმცა გეტყვით, რომ ამ კანონში არ წერია ისეთი რამ, რაც სხვა განვითარებულ ქვეყნებში დაუსჯელია. რელიგიისა და სასულიერო პირების მიმართ შეურაცხმყოფელ მასალაში იგულისხმება კარიკატურები და მსგავსი ფორმულირების შეურცხყოფა. არავინ მითხრას, რომ ეს ხუმრობაა. ეს კანონში სასულიერო პირების მიმართ საკუთარი აზრის გამოხატვას ან უბრალოდ ხუმრობას სულაც არ კრძალავს. გახსოვთ საფრანგეთში ასეთი ტიპის კარიკატურებს რაც მოჰყვა და ეს მთელმა მსოფლიომ ნახა. ისიც ყველამ იცის, რომ მსოფლიოში ამის წინააღმდეგ დიდი ომი წამოიწყეს, ამიტომ ამ თემას ძალიან ფაქიზად უნდა მოპყრობა. არ მესმის ამაში რა არის გაუგებარი. ასე რომ მივყვეთ, ისიც მოვისმინე, რომ ეს კანონი რუსეთიდან გადმოღებული ყოფილა. პირდაპირ გეტყვით, რომ ამას უცოდინრები ამბობენ.

- თქვენ გვითხარით, კიდევ რომელ ქვეყანაში ისჯება შეურაცხყოფა და ცილისწამება სისხლის სამართლის კოდექსით?

- წაიკითხონ ბატონო გერმანიის კოდექსი, სადაც ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის სამი მუხლია მოთავსებული. ნახონ, რას ითვალისწინებს ევროპული კოდექსი. გადაავლონ თვალი, რამდენი ადამიანია ირგვლიც ცილისწამებისა და შეურაცხოფის გამო გამწარებული. რამდენი წერს, რომ ამას ვეღარ უძლებს. პირადად ასეთი უამრავი შემხვედრია. ვინმეს რამე დააბრალო ძალიან ადვილია, მაგრამ გამართლებაა ძნელი. ეს კანონი სწორედ ამას დაარეგულირებს.

- ბევრმა ამ ინიციატივის გამო გაგაკრიტიკათ, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. თქვენი აზრით, ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში ადამიანები ერთმანეთის შეურაცხყოფას შეეშვებიან?

- არსად მითქვამს და არც მგონია, რომ ეს კანონი გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს. ვთქვი და თქვენთაც გავიმეორებ, რომ ასე საუბარი არასწორია. გამოხატვის თავისუფლებას კი არ შეზღუდავს, უბრალოდ ადამიანები ასე ტყუილად ღირსების შელახვას მოერიდებიან და მარტივად ერთმანეთს რაღაცებს არ დააბრალებენ. ვისაც რა უნდა ის თქვას, ყველას საკადრის პასუხს გავცემ.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 19 დეკემბერი, 2016 წელი

გამართლებულია თუ არა ცილისწამებასა და შერაცხყოფაზე კანონის გამკაცრება?

სალომე სარიშვილი

(შემოკლებით)

გამართლებულია თუ არა ცილისწამებასა და შერაცხყოფაზე კანონის გამკაცრება? – ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების  მართვის სპეციალისტი): “პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ცილისწამებასა და რეპუტაციის შელახვაზე კანონში რეგულაცია უკვე არსებობს. ერთადერთი, რაც შეიძლება განახლებით მოხდეს, ჩემი აზრით ისაა, რომ უფრო მეტად გაიზარდოს ადამიანის დაცულობა და მორალური კომპენსაცია. ვგულისხმობ იმას, რომ ეს ყველაფერი სამოქალაქო დავის ფარგლებში გადაწყდეს. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ ვიზიარებ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რასაც კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს.”

ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელი): “მე არც პარლამენტარი ვარ და არც იურისტი, ამიტომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. თუმცა, ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც სხვას ლაფს ესვრის და შემდეგ ამაზე განზე გამდგარი იცინის და ეს არასწორი მგონია. ვფიქრობ, ასეთი ადამიანები უნდა დაისაჯონ, მაგრამ ზოგჯერ არც სიმკაცრე ამართლებს. საბოლოოდ მაინც მგონია, რომ ასეთი ადამიანები განათლების დეფიციტს განიცდიან და ამიტომაც ესვრიან სხვას ტალახს. ასეთს რა უნდა მოსთხოვო?! მაგრამ, სხვანაირად თუ არ ესმით, უნდა დავსაჯოთ და კანონიც ამისთვისაა.”

ნიკა ქავთარაძე (პროდიუსერი): “ვფიქრობ, ეს ინიციატივა გამართლებული არანაირად არაა. ზოგადად, ასეთი უაზრო კანონი რომც მოქმედებდეს, მაინც არ არსებობს ზღვარი თუ სად მთავრდება გამოხატვის თავისუფლება და სად იწყება ის, რასაც კანონის ინიციატორები კრძალავენ. შესაბამისად, გამოდის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება აზრის გამოხატვის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს. ჩვენ ვცხოვრობთ და ვაშენებთ თავისუფალ ქვეყანას, სადაც ადამიანს აზრის გამოხატვის უფლება ნებისმიერი ფორმით უნდა ჰქონდეს. ვფიქრობ, ამ ყველაფრის აკრძალვა მხოლოდ უკან წაგვიყვანს.”

ნატო გელაშვილი (მომღერალი): “რა გითხრათ, ჩემი აზრით, საქართველოში შეურაცხყოფასა და ცილისწამებაზე კანონი საჭირო არც უნდა იყოს, რადგან ქართველებს ყოველთვის გვქონდა იმის უნარი გაუგებრობა ერთმანეთში პირადად გაგვერკვია. რაკიღა ახლა ამაზე საუბარი მიდგა, ესე იგი დაგვიკარგავს ეს უნარი. თუ ტყუილსა და კაცის კვლას დამაბრალებენ, ჯარიმა კიდევ მისასალმებელია, მაგრამ პატიმრობას ნამდვილად ვერ დავეთანხმები, ცოტა ზედმეტად მეჩვენება.”

——————–

„ახალი თაობა“, 18 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „პირველივე სხდომაზე გამოჩნდება, თუ რას გააკეთებს საკონსტიტუციო კომისია

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საკონსტიტუციო საკითხებზე საუბრობს.

- ბატონო ვახტანგ, თქვენი პოზიცია როგორია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დაკომპლექტების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე?

- სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობა რომ მიეღო პრეზიდენტის ინსტიტუტს და ამისთვის მოლაპარაკებები რომ გამართულიყო, უკეთესი იყო. რეალურად რა მოხდა, ვერ გავიგე, სიმართლე გითხრათ. რატომ იყო ულტიმატუმი პრეზიდენტის წინადადება, არ ვიცი. არც ის ვიცი, რატომ არ ექნება პოლიტიკური ლეგიტიმაცია ამ კონსტიტუციას. კონსტიტუციას ლეგიტიმაცია ეძლევა მაშინ, როდესაც ის საერთო-სახალხო განხილვაზე გადის. არ მესმის არც პრეზიდენტის გაჯიქების. არ ვიცი, ვინ შევიდა ამ კომისიაში, მაგრამ, რას გააკეთებს ეს კომისია, პირველივე სხდომაზე გამოჩნდება. წინა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის უმთავრესი პრობლემა იყო ის, რომ მაშინდელმა უმრავლესობა არ იცოდა, რა უნდოდა, არ იყო ჩამოყალიბებული.

- დღეს არის ჩამოყალიბებული?

- როგორც ჩანს, არის და იცის, რა უნდა. საბოლოო ვადად აპრილის ბოლო რომ არის განსაზღვრული, ეს უკვე ნიშნავს, რომ არათუ ჩამოყალიბებულია, შავი ვარიანტი დაწერილიც კი არის.

- და რა უნდა, როგორ ფიქრობთ?

- ძალიან მალე გამოჩნდება, თუ რა უნდა. ეს გამოჩნდება, როგორც კი კომისია მუშაობას დაიწყებს. ერთი, რაც, ალბათ, უნდა, არის ის, რომ პირდაპირი გზით არ იყოს პრეზიდენტი არჩეული. რეალურად კონსტიტუცია მთლიანად არის გადასასინჯი, რომ ერთხელ მაინც მივიღოთ ნორმალური კონსტიტუცია. სამწუხაროდ, წინა კონსტიტუცია იყო ნაციონალების, იმის წინა – შევარდნაძის და ახლა, ალბათ, იქნება `ქართული ოცნების~. ოდესმე თუ მივიღებთ ქვეყნის კონსტიტუციას, აღარ ვიცი. ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე.

- თუმცა მთლიანი კონსტიტუციის გადასინჯვა არ მოხდება. ეს უკვე თქვა ირაკლი კობახიძემ. მთავარი ცვლილება რომელ საკონსტიტუციო ნორმას უნდა შეეხოს?

- კომპლექსურად არის გადასახედი. საარჩევნო სისტემას რას უშვრებიან? ხომ შეუძლებელია, იგივე საარჩევნო კოდექსი დარჩეს. კონსტიტუცია სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ცხოვრების მოწესრიგება და, თუ ეს გვინდა, მაშინ, პირველ რიგში, საარჩევნო კოდექსია გადასახედი. ადგილობრივ თვითმმართველობას რას უშვრებით? უზენაეს სასამართლოს? როგორც ჩანს, ეს ყველაფერი აკმაყოფილებთ და მოხდება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკრეჭა, თუმცა ვერც საარჩევნო კოდექსს დატოვებენ.

- ამბობთ, რომ ეს ცვლილებები წმინდა საპარლამენტო რესპუბლიკისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება?

- როგორც ჩანს. მე, პირადად, მომხრე ვარ წმინდა საპარლამენტო რესპუბლიკისა, მაგრამ საპარლამენტო მმართველობა ჩვენი რეალობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს და არა საიდანღაც გადმოვიღოთ. რაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია, არანორმალური პოლიტიკური ცხოვრება გვაქვს, ეს ნორმალურ კალაპოტში უნდა ჩააყენოს საპარლამენტო მმართველობამ, სწორედ ჩვენი რეალობის გათვალისწინებით. სწორედ აქედან დაიწყება სამართლიანობაც, სასამართლოც და ყველაფერიც.

- პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიის დასკვნაზე აკეთებს აქცენტს, რომ მისი გვერდის ავლით არ მოხდება არცერთი ნორმის ცვლილება...

- ვენეციის კომისიას შეუძლია თქვას, ესა თუ ის საკონსტიტუციო ნორმა რამდენად დემოკრატიულია, რამდენად შეესაბამება ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებს და ა.შ. ვენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ ეს ნორმა ჩვენს რეალობას ესადაგება და კარგად იმუშავებს. ასე რომ იყოს, მაშინ საერთოდ რად გვინდა ამდენი თავის მტვრევა კომისიის შექმნაზე, შემდეგ მის დაკომპლექტებაზე. გადავიხდიდით ფულს და ახალ კონსტიტუციას ვენეციის კომისიას დავაწერინებდით, ან საერთოდ იარსებებდა კონსტიტუციონალისტების ჯგუფი, რომელიც ყველა ქვეყანას დაუწერდა კონსტიტუციას, მაგრამ ამ კონსტიტუციას ქართულ რეალობას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვინ მოარგებს, უცხოელი ექსპერტი? ეს ხომ შეუძლებელია. ამბობენ, რომ, როგორც წესი, კონსტიტუციას შიშის გამო წერენ. დიახ, შიშის, რომ, ერთი მხრივ, ხელისუფლება თავს არ გავიდეს, ჩარჩოში მოვაქციოთ და, მეორე მხრივ, საზოგადოება, რათა მათი ურთიერთობა ქუჩაში არ გადაწყდეს. ხშირად ქუჩაში წყდება, ამიტომ არის საჭირო კარგი კონსტიტუციის შექმნა, რომ მოვლენები ასე დრამატულად არ განვითარდეს. ვნახოთ, როგორ კონსტიტუციას მივიღებთ ამჯერად.

„ახალი თაობა“, 18 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ემზარ კვიციანთან: „მცოცავი ანექსია მცოცავმა ინფლაციამ შეცვალა“ // „კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობაზე უარს არ ვიტყვი

რატომ ჭიანურდება თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა, რა დათმობაზე წავიდა ხელისუფლება პატრიოტთა ალიანსთან, ვის აწყობს ლარის გაუფასურება, როგორ აერია ერთმანეთში სავალუტო რეზერვები და რეზერვუარი? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ემზარ კვიციანი ესაუბრება.

ემზარ კვიციანი:

- 16 დეკემბერს პარლამენტში მოსული იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. თავად ბატონმა კობამ დატოვა ძალიან წესიერი კაცის შთაბეჭდილება. ამ სფეროში არ ვარ სპეციალისტი და ექსპერტი, მაგრამ შევატყვე, არავინ აპირებდა დარბაზში ჩვენი, პატრიოტთა ალიანსის გარდა, ამ კითხვის დასმას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ლარის გაუფასურება პარლამენტში ვიღაცის ინტერესებშია. გახსოვთ, ალბათ, წინა წლებში მცოცავი ანექსიის გარშემო რა ამბავი იყო ატეხილი. რუსები ხან სად გადმოსწევდნენ საზღვარს, ხან – სად. მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი გაიშიფრა, რუსები გაჩერდნენ.

- რა გაიშიფრა?

- ის გაიშიფრა, რომ რუსები ამ ქმედებით ნაციონალებს აძლევდნენ `სატოპკე~ თემებს. როგორც კი ეს ამბავი გამოაშკარავდა, მაშინვე შეჩერდა მცოცავი ანექსია. ამის შემდეგ უკვე ლარის ინფლაცია დაიწყო, ამიტომაც ვთქვი, რომ მცოცავი ანექსია შეცვალა მცოცავმა ინფლაციამ. ვიღაცებს ძალიან არ მოეწონათ ჩემი ეს განცხადება და ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ამბავი გადაეფარათ. მათ ბედზე მეც შეცდომა დავუშვი და სავალუტო რეზერვების ნაცვლად რეზერვუარი ვახსენე.

- ეს რეზერვუარი მეორე იბიარდ“-ად მონათლეს და დიდი ხალისი მიდის...

- არ მიკვირს, რომ მთავარი ყურადღება ამ თემაზე გადავიდა, ამით ცდილობენ, გადაფარონ მთავარი ამბავი. მე ფინანსისტი არა ვარ, მაგრამ მეც კი ვხვდები, თუ რა ხდება ამ სფეროში. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფომ აზიური ბანკიდან სესხის სახით მიიღო რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი. ამ სესხზე ვკითხე გვენეტაძეს, ხომ არ ჯობდა, ამ ფულით ბაზარზე გეყიდა ლარი. ეს მცირედით გაამყარებდა ჩვენს ვალუტას. ამ კითხვაზე მან პასუხი ვერ გამცა. განა იმიტომ ვერ გამცა პასუხი, რომ არ იცოდა, ვერ მიპასუხა იმიტომ, რომ მასზე არაფერი არ არის დამოკიდებული. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ისეთივე უუფლებოა, როგორიც – საქართველოს მთავრობა. არაერთხელ მითქვამს, რომ ქვეყანას უცხოელები მართავენ. ეს ლარის ინფლაციის დროსაც კარგად გამოჩნდა.

ჩემს რეზერვუარზე რომ იცინიან, იმაზე გამცენ პასუხი, ერთი კითხვა მაინც რატომ არ დაუსვეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. განსაკუთრებით ნაციონალები არიან გატრუნული. ისინი იმას ნატვრობენ, რაც შეიძლება მეტად გაუფასურდეს ლარი. სჯერათ, რომ ასეთ შემთხვევაში ხალხი მათ გვერდზე დადგება. ისევ ეროვნული ბანკის თემას დავუბრუნდები. ამ დღეებში გავიგე, რომ მათ კომერციულ ბანკებზე მილიარდ 800 მილიონი გასცეს. ეს ფული მთლიანად კრედიტებსა და სესხებშია წასული. ამან დააგდო ლარის კურსი.

ეროვნულ ბანკს, ნაცების მსგავსად, ჰყავს „პიარ-კამანდა“ და მათ მოიფიქრეს, რომ მნიშვნელოვანი საკითხი ჩემი რეზერვუარით გადაეფარათ. ამ თემაზე მოხითხითეებს 10 წლის წინ გაკეთებულ განცხადებას გავახსენებ, რომელიც რუსთავი 2-მა ყველაზე ბრიყვულ განცხადებად მონათლა. მერე აღმოჩნდა, რომ მე მართალი ვიყავი.

- რა განცხადებაზე საუბრობთ?

- 2006 წელს ვთქვი, რომ კოდორში შეიარაღებული ძალების შეყვანას მისი დაკარგვა მოჰყვებოდა. ორი წლის შემდეგ ყველამ დაინახა, რომ მართალი ვიყავი. ახლაც ასე იქნება, სანამ ეგენი რეზერვუარზე იქირქილებენ, ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდება. მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით მივმართო ქვეყნის მოღალატეებს, რომლებიც ჩასაფრებული არიან ჩემს უმნიშვნელო სიტყვიერ შეცდომებზე. ძვირფასო მოღალატეებო, ამის საბაბს კიდევ მოგცემთ, მაგრამ – უმნიშვნელოს, თქვენ კი ლუსტრირებული იქნებით, რადგან პატიოსან კაცს მხოლოდ უპატიოსნონი ებრძვიან. ისე კი, გქონდათ ჩემზე მეტი დრო, განათლება მიგეღოთ და იქნებ ესეც წაკითხული გაქვთ – უზრდელი ის კი არ არის, რომელმაც სუფრაზე შემთხვევით წვენი წააქცია, არამედ ის, ვინც ეს შეიმჩნია და გააქილიკა.

ბოლო წლებში ბევრმა ნერვიულობამ ნაიარევი დამიტოვა – სიტყვები მავიწყდება ხანდახან და ამას ჯანსაღი საზოგადოება მაპატიებს. მათ ისიც კარგად იციან, რომ ახალბედა დეპუტატი ვარ. ჩასაფრებულების კრიტიკას რაც შეეხება, ის ქამარს ზევითაც არ მწვდება. ასე რომ, იქირქილონ.

- მოდით, რეზერვუარის თემა შევცვალოთ და ბოიკოტზე გადავიდეთ. თქვენი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ პატრიოტთა ალიანსი პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს გამოუცხადებს. რა ხდება ამ მიმართულებით?

- რა ხდება და ბოიკოტი გადაიდო. ხელისუფლება დათმობაზე წავიდა. ჩვენ არა ვართ ბოიკოტზე ორიენტირებული ხალხი. პატრიოტები პარლამენტში პატრიოტული საქმეების საკეთებლად შევედით.  ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ „ოცნებასთან“ კონსტრუქციული ოპოზიციის რეჟიმში გვსურს თანამშრომლობა. სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ ნაციონალებთან ურჩევნია შეხმატკბილებულად ყოფნა. მათთან არიან ჟღურტულში. ყველა დელეგაციაში ეგენი შეიყვანეს, ჩვენ თითქოს არც ვყოფილვართ პარლამენტში. ამაზე ძალიან გავცხარდით და ჩვენი პროტესტი დავაფიქსირეთ. ამან შედეგი გამოიღო – მოლაპარაკება შედგა და კომისიებში 2-3 ადგილს გვაძლევენ. სულ არაფერს ეს ნამდვილად სჯობია.

- თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობასთან დაკავშირებით რა ხდება?

- კვოტა, რომელიც ოპოზიციას ეკუთვნის, ისევ თავისუფალია. მას შემდეგ, რაც ჩვენ ვთქვით, რომ ამ თანამდებობაზე უარს არ ვიტყვით, გაჩუმებული არიან. ამ საკითხზე ხმას აღარც ნაციონალები იღებენ. განსაკუთრებული ალერგია იმაზე ჰქონდათ, რომ მე, შესაძლოა, ნდობის ჯგუფში შევსულიყავი. ამ თემაზე სალაპარაკო მოვუსპეთ და ირმა ინაშვილის კანდიდატურა წარვადგინეთ.

- კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ისევ თქვენი კანდიდატურაა წარდგენილი თუ აქაც ცვლილებაა?

- რას ლაპარაკობთ, რა ცვლილება? ამ პოსტზე ისევ ჩემი კანდიდატურაა წარდგენილი. ეტყობა, ხედავენ, რომ მე გავიმარჯვებ და ამაზე ხმას არ იღებენ, ან დირექტივას ელოდებიან.

- საიდან ელოდებიან დირექტივას?

- უცხოეთიდან. თავში უკვე გითხარით, რომ საქართველოს მისი მთავრობა არ მართავს. ეს ქვეყანა გარედან იმართება. მე პატრიოტი კაცი ვარ და, ბუნებრივია, არ მოვწონვარ. ისინი შეეცადნენ, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ნაციონალების კანდიდატურა გაეყვანათ. მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ მე სერიოზული მხარდაჭერა მქონდა, გაჩერდნენ და ამ საკითხის მიჩუმათებას ცდილობენ.

- ქართული ოცნება ამბობს, რომ თქვენი საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და კვოტირებაზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, ალიანსს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე სამი კვოტა ჰქონდა და ის სრულად გაქვთ ათვისებული. ამას რას უზამთ?

- არც ეგაა პრობლემა. ამ თემაზეც მოვუსპობთ სალაპარაკოს – ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია მზადაა, დატოვოს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. ერთი კვოტა თავისუფალი იქნება. ასე რომ, კვოტების ამოწურვაზე საუბრის საბაბი აღარ ექნებათ. მინდა, ყველამ გაიგოს, რომ მათ გართულება აქვთ ჩემზე. მე თავდაცვის კომიტეტში საერთოდ არ ვაპირებდი მოადგილეობას. თავიდან რეგიონულ კომიტეტში იყო წარდგენილი ჩემი კანდიდატურა. ჩემი წარდგინება რატომღაც დაიკარგა. ამის მერე წარმადგინეს თავდაცვაში. აქ უკვე კვოტა აღმოჩნდა პრობლემა.

„ახალი თაობა“, 18 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „დავიწყებთ სამთავრობო შენობების პიკეტირებას“ // „დადგა დრო, ხელისუფლებამ გამოსაფხიზლებელი ალიყური მიიღოს

როგორ აპირებენ ეროვნული ვალუტის დაცვას, ვისთან ერთად გამართავენ აქციებს, რატომ უნდა გადადგეს მთავრობის ეკონომიკური გუნდი? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.

- დაახლოებით ორი კვირის წინ თქვენმა პარტიამ ხელისუფლებას წაუყენა ულტიმატუმი, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში თქვენ სამთავრობო შენობების პიკეტირებით იმუქრებოდით. მოთხოვნები არ შესრულდა, ულტიმატუმის ვადაც გავიდა, რას აპირებს ახალი საქართველო?

- ორკვირიანი ულტიმატუმის ვადა 17 დეკემბერს ამოიწურა. ჩვენი მოთხოვნები იყო ლოგიკური და შესრულებადი. ჩვენ ვითხოვდით, რომ მთავრობას პარლამენტში წარდგენილი 10-პუნქტიანი გეგმა უკან გაეთხოვა და მის ნაცვლად ეკონომიკური წარმატების პროგრამა წარმოედგინა. ამას თუ არ გააკეთებდნენ, ჩვენ უკვე მთავრობის ეკონომიკური გუნდის გადადგომას ვითხოვდით. ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომას ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ვითხოვდით, მაგრამ ბოლო დღეებში ეს მოთხოვნა კიდევ უფრო რადიკალური გახდა. წინა კვირაში მან ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ აშკარაა, სრულიად მოწყვეტილია რეალობას. მაგას რომ ჰკითხო, ქვეყანაში ტურიზმი ყვავის და ხალხი ჯიბიდან ფულს ბღუჯა-ბღუჯა იღებს. ამ კვირაში დავიწყებთ კონსულტაციებს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით იმ გეგმას, რომელსაც შევიმუშავებთ. ასევე შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი.

- ვინ შევა საინიციატივო ჯგუფში?

- ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებსა და მოსახლეობას, რომ საზოგადოებრივი წინააღმდეგობის მოძრაობა შეიქმნას. საინიციატივო ჯგუფი ყველასთვის ღია უნდა იყოს. პოზიციის დაფიქსირება ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს. ამ კვირაში დაიწყება საზოგადოებრივი წინააღმდეგობის კომიტეტის ფორმირებაც, რომელიც გადაწყვეტს, რა ფორმით გამოვხატავთ პროტესტს.

- როცა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეთ, მაშინ სამთავრობო შენობების პიკეტირებაზეც საუბრობდით. პიკეტირება ისევ ძალაშია?

- საჭიროების შემთხვევაში მოხდება სამთავრობო შენობების პიკეტირება. ჩვენ კანონის ნორმებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. საზოგადოებრივი წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარია მიზანია, ხელისუფლებამ ხალხს მოუსმინოს. ჩვენი პროტესტით ხელისუფლებას რეალური საქმეების კეთება უნდა ვაიძულოთ. ესენი წნეხში თუ არ ვამყოფეთ, არაფერი გამოვა. 4 წელია ვუყურებთ, რომ არაფერს აკეთებენ. ეროვნული ვალუტის დევალვაციას ჯერ შოკუნიები დაარქვეს, მერე გიორგი ქადაგიძეს დააბრალეს. ახლა გვეუბნებიან, რომ ვალუტის კურსს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. თავად არც ხალხს, არც ოპოზიციასა და არც ექსპერტებს ყურადღებას არ აქცევენ. დადგა დრო, ხელისუფლებამ გამოსაფხიზლებელი ალიყურის სახით აქციები მიიღოს.

- გამოიღებს ეს ალიყური შედეგს?

- სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არის. ხალხმა მათ უნდა დაანახოს, რომ ბრძოლას აპირებს. მათ მხოლოდ ხალხის პროტესტი შეაფუცხუნებს. ახლა მშვენივრად გრძნობენ თავს. ისე გათავხედდნენ, რომ დაგვცინიან და ამტკიცებენ, ყველაფერი კარგად არისო. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატი ძალიან შორს გაფრინდა და ამბობს, ისეთი მაგარი ეკონომიკური პროგრამა გვაქვს, რომ ამერიკელებმა ჩვენგან გადაიწერესო. ასეთ ხალხს მხოლოდ აქციებით თუ ვუმკურნალებთ.

- სავარაუდოდ, როდის გაიმართება აქცია?

- გვინდა, რომ პირველი გამაფრთხილებელი აქცია წელს გაიმართოს. იანვრიდან უკვე სერიოზულ აქციებს დავიწყებთ. ეს აქციები სხვადასხვა მიმართულებით იქნება.

- სამთავრობო შენობების პიკეტირების ფარგლებში პარლამენტის შენობის პიკეტირებაც ხომ არ იგეგმება? ამ დღეებში მოსახლეობამ პოლონეთის პარლამენტი მოაქცია ალყაში და დეპუტატებს იქიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა.

- ჩვენი აქციები იქნება რადიკალური, მაგრამ – კანონით დასაშვები. კანონი პიკეტირებას არ კრძალავს. ჩვენ სრული უფლება გვაქვს, დავიცვათ საკუთარი ინტერესები და მთავრობა თავზე არ დავისვათ. წინააღმდეგობის მოძრაობა აქტიურად დაიწყებს საჯარო დაწესებულებების პიკეტირებას. საჭირო თუ გახდა, პარლამენტთანაც მივალთ. დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანო ნამდვილად არ ასრულებს ხალხის დაკვეთას.

„ქართული ოცნებისთვის“ ხალხს ხმა იმისთვის არ მიუცია, რომ ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირებულიყო, არც იმისთვის აურჩევიათ, რომ ავტომობილების განბაჟებაზე აქციზები გაეზარდათ. მარჯვენასაჭიანი ავტომობილის განბაჟება 9-ჯერ ძვირდება, მარცხენასაჭიანის – 3-ჯერ. ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს მოსახლეობას. მოსახლეობის დიდი ნაწილი ტაქსაობით არჩენს ოჯახს. ჩემს მეზობელს, მაგალითად, ოპელი ჰყავს და იმით ტაქსაობს. მას მანქანის გამოცვლა რომ მოუნდეს, ვერასდროს გამოცვლის. ხელისუფლების მხრიდან ხშირად გვსმენია, რომ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ვართ. მაინტერესებს, ხელისუფლება ამას როგორ გაანეიტრალებს. მე ჩემი მეზობლის მაგალითი მოგიყვანეთ, რომელსაც ძველი ოპელი ჰყავს. ეს ადამიანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს მანქანა რაც შეიძლება დიდი ხანი ჰყავდეს. იმავეს გააკეთებენ სხვა ავტომფლობელებიც. ეს ეკოლოგიურ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.

ასე რომ, ხელისუფლებას სერიოზული გამოფხიზლება სჭირდება. ჩვენ არც პარლამენტისა და არც სამინისტროების პიკეტირებას არ გამოვრიცხავთ. `ქართულმა ოცნებამ~ ქართველ ხალხს, უბრალოდ, სხვა გზა არ დაუტოვა.

- დარწმუნებული ხართ, რომ ხალხი გარეთ გამოვა? 17 დეკემბერსაც გაიმართა ლარის გაუფასურების გასაპროტესტებლად აქცია, სადაც მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა...

- ეს აქცია თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ იყო ორგანიზებული და ხალხი ამიტომაც არ მივიდა.

- დარწმუნებული ხართ, რომ მიზეზი მხოლოდ ეს იყო?

- ეჭვიც არ მეპარება. პირდაპირ გეტყვით, ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია ხალხისთვის საფრთხობელებად იქცნენ. მათ დაძახილზე ქუჩაში არავინ გამოვა. ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანაა, რომ მათი მსგავსი ადამიანები ჰყავდეს ოპოზიციაში და ისინი აღიარონ მთავარ ოპოზიციურ ძალად. ის ფაქტი, რომ ჩერგოლეიშვილის ორგანიზებულ აქციაზე მხოლოდ 30 ადამიანი მივიდა, იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ხალხს ეს პრობლემა არ აწუხებს. დარწმუნებული ვარ, სხვა დროს გაცილებით მეტი ხალხი გამოვა ქუჩაში. ჩვენ არავის დაძახებას არ ვაპირებთ. ჩვენ საინიციატივო ჯგუფთან ერთად დავგეგმავთ აქციას. საინიციატივო ჯგუფი გადაწყვეტს აქციის ჩატარების დროს, ფორმასა და ადგილს.

Comments are closed