globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 20 იანვარი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jan 20th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ბიძინას „შავი“ და „მწვანე“ სიები // დიდი ვაჭრობა-ნერვიულობა მმართველი კოალიციის საპარლამენტო სიის გამო

რეზონანსი: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „პოლიტიკური გარიგებები აქტიურ ფაზაში შევიდა

რეზონანსი: არის თუ არა “ქართული ოცნება” ნამდვილად ერთი გუნდი?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „ქართული ოცნება“ არჩევნებს ვერ მოიგებს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „ირაკლი ალასანიას გარდა „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნებაზე ყველა თანახმაა”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ოთარ ანგურიძესთან: „პარლამენტმა შეიძლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურა ჩააგდოს“

რეზონანსი: ეროვნული ბანკის ახალ პრეზიდენტამდე ლარის კურსი არ შეიცვლება // ახლოეს პერიოდში ეროვნული ვალუტა 2,4-ის ფარგლებში იმოძრავებს, მკვეთრი რყევა მოსალოდნელი არ არის

—————————-

რეზონანსი“, 20 იანვარი, 2016 წელი

ბიძინასშავიდამწვანესიები

დიდი ვაჭრობა-ნერვიულობა მმართველი კოალიციის საპარლამენტო სიის გამო

ეკატერინე ბასილაია

როგორი იქნება “ქართული ოცნების” სია მომავალი არჩევნებისათვის, ეს სავარაუდოდ მარტისთვის იქნება ცნობილი, თუმცა ახალი წლის დადგომის შემდეგ “ქართული ოცნების” საპარლამენტო რიგებში 2016 წლის პარტიულ სიაში მოხვედრა-არმოხვედრის გამო ნერვიულობამ პიკს მიაღწია.

ჯერჯერობით საჯაროდ გაცხადებულია ის, რომ ყველაზე მეტად სანერვიულო სპორტსმენებს, ხელოვნების მუშაკებს და ინგლისურის არმცოდნეებს აქვთ, თუმცა კულუარებში საუბარია იმაზეც, რომ დამშვიდების საფუძველი არც სხვა სფეროს წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ, რადგან ეს კრიტერიუმები გადამწყვეტი სულაც არ არის და საბოლოოდ ყველაფერს პირადი სიმპათია-ანტიპათიის საფუძველზე თავად ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს.

პარტიის წევრებს “ოცნების” ყრილობამდე, რომელიც აპრილში უნდა ჩატარდეს, ამ სიის თაობაზე მოქმედი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილი ამცნობთ.

ე.წ. კონკრეტული “შავი სიის” გარდა საუბარია იმაზე, რომ არსებობს უკვე “მწვანე შუქ ანთებულთა” სიაც და ამ სიაში ისეთი პირებიც მოხვდნენ, რომლებიც გაცხადებულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ – მათ შორის ხელოვანებიც არიან და ინგლისურის არმცოდნეებიც.

მაგალითად, სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენის” ცნობით, მომავალ პარლამენტში “ოცნებიდან” ადგილები გარანტირებული აქვთ ბიძინა ივანიშვილის საყვარელი ანსამბლის, “ქართული ხმების” წევრებს – თემურ ჭკუასელს და გივი ჭიჭინაძეს.

თემურ ჭკუასელი, რომელიც გურამიშვილის “მარანში” “ოცნების” საახალწლო სუფრაზე თამადობდა კიდეც, მომავალ პარლამენტში ისევ ჩოხატაური-ლანჩხუთის მაჟორტარ დეპუტატად იყრის კენჭს. ეს შეთავაზება მან უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან უკვე მიიღო. პარლამენტის წევრობა “ქართულ ხმების” კიდევ ერთ წევრს, იმერეთის ამჟამინდელ გუბერნატორს, გივი ჭიჭინაძესაც სურს, რომელსაც ასევე ივანიშვილის რეკომენდაციით საპარალამენტო სიაში ადგილი თითქმის გარანტირებულად აქვს. ეს ინფორმაცია “ოცნების” კულუარებში “რეზონანსსაც” დაუდასტურეს.

“რეზონანსის” წყარო ამბობს იმასაც, რომ ოდიოზური განცხადებების მიუხედავად და ასევე იმის მიუხედავად, რომ ინგლისური საერთოდ არ იცის, სიაში დარჩება თამაზ მეჭიაური. ასევე სახელდებიან: ზვიად კვაჭანტირაძე, ირაკლი ტრიპოლსკი, გია ჟორჟოლიანი და დიმიტრი ხუნდაძე.

ახალი სახეებიდან საუბარია იმაზე, რომ სიაში, დიდი ალბათობით, იქნება შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ასევე საიას ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და ასევე დეპუტატ ნანა ყეინიშვილს სურს, რომ სიაში საკუთარი შვილი შეაყვანინოს, თუმცა რამდენად დაკმაყოფილდება მისი სურვილი, ჯერ უცნობია და ამის წინააღმდეგი თავად “ოცნების” რიგებშიც ბევრია და ვის რა სურს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

“ოცნების” რიგებში შესაძლოა ინტელექტკლუბის “რა? სად? როდის?” წევრები გამოჩნდნენ, კონკრეტულად ვინ – არ სახელდება. თავად ამ კლუბის ერთ-ერთი წევრის, უმრავლესობის დეპუტატის, გედევან ფოფხაძის ცნობით, მოლაპარაკება მიმდინარეობს. თუმცა ვრცელდება ცნობა, რომ ჯერჯერობით “მეოცნებეთა” რიგებში გაწევრიანებაზე საბოლოო თანხმობა ვერავისგან მიიღეს, რადგან ინტელექტკლუბის წევრები ძირითადად მაინც უფრო “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირებული ადამიანები არიან.

“ქართული ოცნების” საარჩევნო სიაზე საკუთარ ინფორმაციას ავრცელებს “ქრონიკა %”- ის რედაქტორი ელისო კილაძე. მისი ინფორმაციით, სიაში უკვე გარანტირებული ადგილი აქვს 3 მოქმედ მინისტრს და 4 დეპუტატს. “ოცნების” სხვა დანარჩენი წევრების პოლიტიკური მომავალი კი, მისი ცნობით, ამ დრომდე გაურკვეველია:

“ოცნების” სიაში გარანტირებული ადგილები აქვთ დეპუტატებიდან: გია ვოლსკის, ირაკლი სესიაშვილს, ზვიად კვაჭანტირაძეს და დიმიტრი ხუნდაძეს. მინისტრებიდან კი კახა კალაძეს, თეა წულუკიანსა და სოზარ სუბარს. ყველა სხვა დანარჩენი ჯერჯერობით უპასუხოდაა. როგორც ვიცი, საგურამოს შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ერთგვარი ფილტრი დააყენა. ყველა მათგანს, ვისაც საკუთარი ბედის გარკვევა აინტერესებდა, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობიდან” “ქართულ ოცნებაში” იმ გარანტიით გადავიდნენ, რომ მომავალ პარლამენტშიც ექნებოდათ გარანტირებული ადგილები, ბიძინა ივანიშვილმა უთხრა, რომ გიორგი კვირიკაშვილი იქნება ის ადამიანი, რომელიც მათ კოალიციის საბოლოო გადაწყვეტილებას გადასცემს. როგორც ჩანს, ამით მან სატელეფონო ზარები და შეწუხებები აიცილა თავიდან. ყველა სხვა დანარჩენის პოლიტიკური მომავალი, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს იქნება გაურკვეველი, ყოველ შემთხვევაში “ქართული ოცნების” ყრილობამდე მაინც, რომელიც უკვე გაცხადებულია, რომ აპრილში ჩატარდება,” – განუცხადა “რეზონანსს” ელისო კილაძემ. მისივე თქმით, სიაში მოხვედრის დიდი შანსი აქვს არჩილ თალაკვაძეს, ოღონდ თუკი პროკურორის მკვლელობასთან დაკავშირებით ბევრს არ ილაპარაკებს, ყეინიშვილის ან მისი შვილის სიაში მოხვედრას კი გამორიცხავს, რადგან, მისი თქმით, ნანა ყეინიშვილს პირველ ტალღაში დავით საგანელიძე ლობირებდა, ახლა კი ეს ლობისტი არ ჰყავს.

ელისო კილაძის თქმით, ყველა ლოგიკით სიაში უნდა მოხვდეს აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძეც, თუმცა დასძენს, რომ იმდენად სწრაფ ცვლილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი, გამორიცხული არ არის, პარტიის ხელმძღვანელობაც შეცვალოს. მეჭიაურის და ჟორჟოლიანის სიაში მოხვედრაზე ინფორმაცია კი არ აქვს.

“ეკა ბესელიაზე ვიცი ის, რომ ბიძინა ივანიშვილს უთქვამს, რამდენადაც მოხერხებული და მიმწოლი ხარ, იმდენად ცბიერი ქალი ხარო. მანანა კობახიძისთვის კი უკითხავს, თქვენ ჯერ კიდევ საჩხერეში ხართ ჩაწერილი, არ ამოწერილხართო?! ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ისინი სიაში მოხვდებიან, ეს ცალკე თემაა. მე ვფიქრობ, რომ ვერ მოხვდებიან, რადგან ორივე მათგანი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრები არიან და რამდენადაც ყველა ვხედავთ მიმდინარე მოვლენებს, თანამდებობებიდან ღარიბაშვილის კადრების ნელ-ნელა ჩამოშორება ხდება,” – დასძენს ელისო კილაძე.

საუბარია იმაზეც, რომ კოალიციის გამსვლელ სიაში 15 ადგილს “რესპუბლიკელები” ითხოვენ და ამაზე მოლაპარაკებას არა პოლიტსაბჭოსთან, არამედ პირადად ივანიშვილთან აპირებენ.

“ოცნების” სავარაუდო საპარლამენტო სიის გარდა კულუარებში ვრცელდება იმ პირთა გვარებიც, რომლებიც მეორე – “შავ სიაში” – მოიაზრებიან. სიაში ვერ მოხვედრილებს შორისაა ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა, ლექსო თამაზაშვილი, რომელიც სასწავლებლად აპირებს წასვლას, თუმცა, მისივე მტკიცებით, პარტიის წევრად რჩება. საუბარია ივანე კიღურაძეზეც და როგორც “რეზონანსის” წყარო ამბობს, მისი “შავ სიაში” შეყვანა გუნდის საწინააღმდეგო განცხადებებს უკავშირდება. შავი სიის პრეტენდენტებს შორის არიან სოსო ჯაჭვლიანიც, ზვიად ზვიადაურიც, ლუკა კურტანიძეც და ზაზა პაპუაშვილიც.

ზოგადად, “ქართულ ოცნებაში” დიდი დაძაბულობა ერთი კვირის წინ პარტიის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებამ გამოიწვია. ირაკლი კობახიძემ საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალ პარლამენტში სპორსტმენები და ხელოვანები ნაკლებად იქნებიან და აქცენტი გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება. მისმა ამ განცხადებამ დიდი საჯარო კრიტიკა გამოიწვია, რის შემდეგაც კობახიძემ თავი იმით იმართლა, რომ მისი სიტყვები არასწორად იქნა გაგებული და ამის გამო ირიბად მოიბოდიშა კიდეც.

სოსო ჯაჭვლიანმა კობახიძის მიუღებელი განცხადების გამო რამდენიმე დღის წინ ექსპრემიერ ივანიშვილს წერილიც კი მისწერა, სადაც აღნიშნავს, რომ სპორტსმენებსა და მსახიობებს ის “შავბნელი ძალები” უპირისპირდებიან, რომლებსაც სურთ ბიძინა ივანიშვილს თანამებრძოლები და ერთგული ადამიანები ჩამოაშორონ. “შავბნელ ძალებში” ვის გულისხმობდა, ეს კი არ დააკონკრეტა.

საგულისხმოა ის, რომ რაც ირაკლი კობახიძემ ერთი კვირის წინ ისაუბრა, მსგავსი განცხადება გასული წლის ნოემბერში პირველად თავად ექსპრემიერმა ივანიშვილმა გაახმოვანა. უფრო მეტიც, მაშინ ივანიშვილმა ისიც კი თქვა, რომ არა მარტო სპორტსმენები და ხელოვანები, ინგლისურის არმცოდნეები არ იქნება მომავალ პარლამენტშიო, თუმცა მაშინ დეპუტატებისაგან ასეთი კრიტიკა-გაბრაზება არ წამოსულა.

“რეზონანსთან” საუბრისას დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე აღნიშნავს, რაც ეპატიება გენერალს, შეიძლება არ ეპატიებოდეს ჯარისკაცსო. ამბობს, “ოცნებოს” დეპუტატები მაინც უფრო, მათი თქმით, ამ “პატარა ბიჭის” განცხადების ხისტმა ფორმამ გააღიზიანაო.

ომარ ნიშნიანიძის თქმით, საგურამოში გამართულ საახალწლო სუფრაზე მათ ირაკლი კობახიძის მობოდიშებაც გადასცეს.

დეპუტატის განცხადებით, როგორი უნდა იყოს დეპუტატი – კრიტერიუმები ჯერ ნოემბერში და შემდეგ იანვარში პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა კობახიძემ ჩამოთვალა, მომავალ სიაში მაინც ბევრი მოხვდება სპორსტმენიც, ხელოვანიც და ინგლისურის არმცოდნეც.

“მოლაპარაკება სიაზე მიმდინარეობს და ამას ყველა ლიდერი აღნიშნავს, მაგრამ ამ პროცესებში ჩართული არ ვარ და კონკრეტული გვარები არ ვიცი. ვიცი ის, რომ ჯერჯერობით მაჟორიტარების შერჩევა ხდება, პარტიულ სიაზე კი ცოტა მოგვიანებით დაიწყება მსჯელობა, თუმცა შესაძლოა გზადაგზა ამასაც განიხილავდნენ. ვინ დარჩება და ვინ – არა, ეს ძნელი გამოსაცნობია, თუმცა ჩვენმა ლიდერებმა კრიტერიუმებზე უკვე საჯაროდ ილაპარაკეს. ამ კრიტერიუმების გარდა გათვალისწინებული იქნება აქტიურობაც, პროფესიონალიზმიც, ხალხში როგორი ავტორიტეტი აქვს და კანონშემოქმედებაც. ბუნებრივია, იქნებიან ახალი სახეებიც.

“ახალ სიაშიც იქნებიან ხელოვანები და სპორტსმენებიც, მაგრამ უფრო ცოტა, ვიდრე ახლაა. ამ ადამიანებს შორის ბევრი სასარგებლო ადამიანია და ისინი დარჩებიან. ვიღაც დარჩება, ვიღაც – არა. დამატებით რა კრიტერიუმები აქვთ ჩვენს ლიდერებს, ეს მათ ჰკითხეთ. მე, სამწუხაროდ, მათთვის კითხვის დასმის საშუალებაც არ მქონია. საახალწლო სუფრაზე ვიყავი, მაგრამ იქ კითხვების დასმის საშუალება არ ყოფილა. თუმცა დადგება დრო, რა კრიტერიუმებით ხდება შერჩევა, ამ შეკითხვებს ჩვენც დავსვამთ. ალბათ სიის ამბავს თებერვლის ბოლოსათვის გავიგებთ,” – მიიჩნევს ნიშნიანიძე.

ომარ ნიშნიანიძე ახალი წლის სუფრაზე საგურამოში მომხდარ იმ ამბავსაც იხსენებს, რაზეც სოსო ჯაჭვლიანმა ნახევრად ხუმრობით ილაპარაკა.

სოსო ჯაჭვლიანმა ისაუბრა იმაზეც, რომ საგურამოს შეკრებაზე, სადაც პარტია “ქართული ოცნება” ახალი წლის დადგომას ზეიმობდა, ორი 30-კაციანი მაგიდა იყო გაშლილი და ექს-პრემიერისათვის მის მიერ ნათქვამი ხუმრობის შემდეგ – ამბობენ, სიის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ვინც ბიძინა ივანიშვილის მაგიდასთან მოხვდა, ბედნიერია, რადგან სიაში მოხვდება, ვინც სოსო ჯაჭვლიანის მხარეს აღმოჩნდა, ყველა “გადაყრილიაო” – თურმე, რამდენიმე დეპუტატმა უმალვე ივანიშვილის სუფრასთან გადაინაცვლა.

ომარ ნიშნიანიძის თქმით, რომელიც ჯაჭვლიანის მაგიდასთან იჯდა, მართლაც იყო შემთხვევა, რომ სუფრის ბოლოსკენ რამდენიმე დეპუტატი ივანიშვილის მაგიდასთან გადაჯდა.

“ხუმრობა იყო ის, რომ ჯაჭვლიანის მაგიდასთან მსხდომები სიაში არ მოხვდებიანო. სიაში ზოგი ივანიშვილის მაგიდიდან მოხვდება და ზოგი ჯაჭვლიანის. ზოგი საერთოდ არ იყო ამ სუფრაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სიაში იქნება. არ მინდა ახლა გვარებზე ვიჭორაო. ის კრიტერიუმებიც, რაც დასახელდა, არ არის გადამწყვეტი. გაგიგიათ ალბათ ხუმრობა, ჩემმა ნათლულმა ინგლისური ისწავლა და ახლა მის სისულელეს სხვებიც გაიგებენო. ივანიშვილის მაგიდასთან იჯდა, მაგალითად, დიტო ხუნდაძე, თემურ ჭკუასელი, ბესელიაც. სხვები არ მახსენდება,” – ამბობს ომარ ნიშნიანიძე. იგი “რესპულიკელების” მოთხოვნებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ “მათ საკმაოდ დიდი მადა აქვთ”.

“მათ აქვთ განცდა, რომ უფრო მეტი ეკუთვნით. პრინციპში, საწინააღმდეგი არაფერი მაქვს, თუკი “რესპუბლიკელები” მათთვის რეალურად კუთვნილ ადგილებს მიიღებენ, ზედმეტი რომ მიიღონ, ამის მომხრე არ ვარ. მე ასე ვფიქრობ, რომ მათ ჰქონდათ ის ადგილი, რაც რეალურად ეკუთვნოდათ. გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად, მთავარია ის, რომ ჩვენ არ წავეკიდებით ერთმანეთს,” – დასძენს ომარ ნიშნიანიძე.

რეზონანსი“, 20 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „პოლიტიკური გარიგებები აქტიურ ფაზაში შევიდა

ია აბულაშვილი

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და იმაზე, როგორი იქნება კოალიცია “ქართული ოცნების” სიის საბოლოო სახე, “რეზონანსი” პეტრე მამრაძეს ესაუბრა.

- თქვენი აზრით, შეძლებს “ქართული ოცნება” ამჟამინდელი შემადგენლობით მივიდეს მომავალ არჩევნებამდე?

- უკვე საჯაროდ კეთდება განცხადებები, რომელიც ადასტურებს, რომ კოალიციის შიგნით და საკუთრივ “ოცნების” შიგნითაც ვითარება საკმაოდ რთულია. დავიწყოთ იმით, რომ რამდენიმე თვის წინ დავით უსუფაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ მაჟორიტარების არჩევის ახალი წესი 2016 წელს რომ ავამოქმედოთ, კოალიცია ახლავე დაიშლებაო. ამით პარლამენტის თავმჯდომარემ აღიარა, რომ დეპუტატებისთვის პირადი ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დგას და ადამიანები პარლამენტარის ფიცს კი არ იცავენ, საკუთარ კეთილდღეობისა და სტატუსისთვის იბრძვიან. ამიტომ უნდათ დეპუტატობა, თორემ ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნებოდა, მაჟორიტარული სისტემა 2016-ისთვის რომ გაუქმებულიყო.

- უმრავლესობის მხრიდან უკვე კეთდება განცხადებები, რომ თუ კოალიციიდან “რესპულიკელები” გავლენ, მათ სერიოზული პრობლემები ექნებათ, ვინაიდან ამდენი მინისტრი და პარლამენტის წევრი არასდროს ჰყოლიათ…

- პრესაში უკვე გაჟონა ინფორმაციამ, თითქოს რესპულიკელებს სურთ პირადად მოილაპარაკონ ბიძინა ივანიშვილთან, ხოლო პოლიტსაბჭოზე არ აპირებენ საარჩევნო სიაში თავის მონაწილეობაზე მსჯელობას.

რესპულიკელებს დღეს აქვთ იმის ბერკეტები, რომ ამბიციები ჰქონდეთ, ეს ბერკეტები მათ თავად ივანიშვილმა ჩაუგდო ხელში, რადგან მის გარეშე ვერც ბარიერს გადალახავდნენ და ვერც პარლამენტში შევიდოდნენ. წარმოიდგინეთ რესპუბლიკელები კოალიციიდან მართლაც რომ გავიდნენ ირაკლი ალასანიას პარტიის მსგავსად და დატოვონ თანამდებობები, “ოცნებას” გაუჭირდება მინისტრების დამტკიცება. სხვა მრავალი საკითხიცაა, რაც მათ თანაგომას ითხოვს. გარდა ამისა, თავდაცვისა და სხვა მინისტრების, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის გადაგომა ქვეყნის იმიჯისთვის საზიანო იქნება. იმას ხომ არ გამოაცხადებენ, რომ სიებზე ვერ შეთანხმდნენ და პოლიტიკურ სარჩულს დაუდებენ. საბაბი და მიზეზი ყოველთვის მოიძებნება. გაიხსენეთ ალასანიას განცხადებები, კოალიციას იმიტომ ვტოვებთ, რომ პროდასავლურ კურსს საფრთხე დაემუქარო.

- ანუ გარიგებები უკვე დაიწყო?

- გარიგებები კი არ დაიწყო, აქტიურ ფაზაში შევიდა, ამიტომ ჟონავს არა მხოლოდ ინფორმაცია, არამედ საჯარო განცხადებებიც გახშირდა.

- უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს კოალციის დაშლის ნიშნებიც კი არ ჩანს, გამორიცხული არ არის რომ პარტია “ოცნება” დამოუკიდებლად გავიდეს არჩევნებზე. თქვენი აზრით, რამდენად მაღალია დღეს ამის ალბათობა და აქვს თუ არა “ოცნებას” იმის შანსი, რომ დამოუკიდებლად მოპოვოს უმრავლესობა მომავალ პარლამნეტში?

- მე არ გამოვრიცხავ, რომო “ოცნება” საბოლოოდ მარტო გავიდეს არჩევნებზე. სწორი მოქმედების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი პოპულარობა კატასტროფულად ეცემა, “ოცნებას” შეუძლია არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება, ვინაიდან მის ხელშია როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური რესურსები. ამ ეტაპზე ეს სავსებით საკმარისია; მას შეუძლია მოიპოვოს აბსოლუტური უმრავლესობა როგორც მაჟორიტარების, ასევე პარტიული სიით.

- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს “ოცნებამ” უკვე შესთავაზა “მწვანეებს” და “სოციალ-დემოკრატებს” თანამშრომლობა. მათ ხარჯზე ხომ არ აპირებს “ოცნება” გაფართოებას?

- უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები კვაჭანტირაძემ, განაცხადა, რომ კოალიცია შეიძლება გაფართოვდეს “მწვანეების” და “სოციალ-დემოკრატების” ხარჯზე. “მწვანეების” და “სოციალ-დემოკრატების” არც ერთი სახე, გია გაჩეჩილაძისა და გია ჟორჟოლიანის გარდა, ამომრჩევლისთვის ცნობილი არ არის. მათი შეყვანა ახალ კოალიციაში შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ იმას, “ოცნებამ” წარმოაჩინოს, რომ მზად არის ითანამშრომლოს და დახმარებაც კი გაუწიოს პოლიტიკურ პარტიებს, რომლებთანაც საერთო ღირებულებები აკავშირებს.

- იგივე შეთავაზება ნინო ბურჯანაძესთან ან “პატრიოტთა ალიანსთანაც” ხომ არ იქნება?

- ნინო ბურჯანაძესთან ან “პატრიოტთა ალიანსთან” “ოცნების” გარიგება მოსალოდნელი ნამდვილად არ არის, მითუმეტეს თუ რესპულიკელები კოალიციაში დარჩებიან.

- ელით თუ არა ვითარების გამწვავებას ამ არჩევნებზე?

- ვითარება გამწვავდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ვითარება არჩევნების დროისთვის კიდევ უფრო გაუარესდება. სხვა შემთხვევაში პატარა-პატარა პოლიტიკური დაჯგუფებები ვერ მოახერხებენ ხალხის გამოყვანას საარჩევნო უბნებზე.

რეზონანსი“, 20 იანვარი, 2016 წელი

არის თუ არა “ქართული ოცნება” ნამდვილად ერთი გუნდი?

ელზა პაპოშვილი

საპარალმენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მთავრობის კონკრეტული წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის დროსაა დანიშნული თუ ირაკლი ღარიბაშვილის.

“ვიღაც ამ საკითხს საგანგებოდ ბერავს, თითქოსდა მთავრობაში არსებობენ ირაკლი ღარიბაშვილის კადრები, ბიძინა ივანიშვილის კადრები და გიორგი კვირიკაშვილის კადრები. გიდასტურებთ იმას, რომ საკადრო შემადგენლობა არის საერთო, ეს არის ერთი გუნდი და არ არის დაყოფილი. ეს არა თუ მცდარი შეხედულებაა, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ მოტივაციასაც ატარებს,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

არსებული ინფორმაციით, მთავრობა, შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებულმა მინისტრებმა დატოვონ. ამ კონტექტში მოიაზრებიან შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია. ასევე ირაკლი ღარიბაშვილის კადრებად ითვლებიან კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე და მისი მოადგილე ალექსანდრე ჭიკაიძე.

როგორ ფიქრობთ, არის თუ არა “ქართული ოცნება” ნამდვილად ერთი გუნდი? ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წევრებს მიმართა.

ნანა კაკაბაძე  (უფლებადამცველი): მე ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება” მთლად ერთიანი გუნდი არ არის. ამის ნათელ მაგალითს კი “რესპუბლიკელები” წარმოადგენენ, რომელთაც თავიანთი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ყოველთვის განსახვავებული მოსაზრება აქვთ. ამიტომაც საზოგადოებას მუდმივად იმის განცდა აქვს, რომ ეს ხალხი კოალიციის ნაწილს არ წარმოადგენს. შეიძლება ხალხის თვალში ცდილობენ, რომ ერთიანობა შეინარჩუნონ, მაგრამ ამის მიუხედავად “რესპუბლიკელებისა” და კოალიციის სხვა წევრების განსხვავებული პოზიცია ყოველთვის თვალში საცემია.

ქეთი ბექაური (იურისტი): მართალია, მე პოლიტიკაში ჩახედული ადამიანი არ ვარ, მაგრამ გარედან მაყურებლის თვალით ვხედავ, რომ ეს ერთიანი გუნდია. მათ შორის ვერანაირ დაპირისპირებას ვერ ვხედავ. მგონია, რომ ამ გუნდის დაყოფის საშიშროება არ არსებობს. 4 წელია, ერთად მოდიან და ვფიქრობ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობას ერთად მიიღებენ. ვოლსკის განცხადება ჩემთვის სარწმუნოა და ვფიქრობ, რომ მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.

თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): “ქართული ოცნება” ერთიანი გუნდი კი არა, საერთოდ მგონია, რომ კოალიცია დაშლის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. მგონია, რომ ეს კოალიცია ხალხის თვალწინ მარტივ მამრავლებლად იშლება. ვშიშობ, წინასაარჩევნოდ ერთიანობის შენარჩუნება ამ ხალხს დიდ ვაი-ვაგლახით მოუწევს. ამ შემთხვევაში რესპუბლიკურ პარტიას ვგულისხმობ, რომელიც ცოტა არ იყოს, მგონია, რომ კოალიციის ზოგიერთ წევრს ძალიან ყელზე ადგას.

იგორ კვესელავა (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): რა თქმა უნდა, კოალიციაში სხვადასხვა ჯგუფი არსებობს. ლოგიკურია, რომ ზოგი ივანიშვილის მიყვანილია და ზოგიც ღარიბაშვილის. საქმე ისაა, რომ ყველა კოალიციაში, სადაც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული, ცალკე ჯგუფებად დაყოფა იქნება. მაგრამ საჭირო ვითარებაში, ყოველთვის ხდება, რომ ისინი ერთიანდებიან და ცდილობენ ერთ გუნდად ჩამოყალიბებას. “ქართული ოცნების” შემთხვევაშიც ასე ხდება. ვოლსკი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ერთი გუნდია. ისინი წინასაარჩევნოდ ყველანაირად ეცდებიან, ერთ გუნდად ჩამოყალიბდნენ, რადგანაც სხვანაირად არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ.

„ახალი თაობა“, 20 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „ქართული ოცნება არჩევნებს ვერ მოიგებს

ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე, წინასაარჩევნო პერიოდსა და ხელისუფლების შიგნით არსებულ ვითარებაზე, სიებთან დაკავშირებულ სკანდალზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია საუბრობს.

ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ გუნდის უპირობო ლიდერია და ახალ სიასაც რომ ის დააკომპლექტებს, ეს არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს. ბაღათურია ამ პროცესში ისტერიკის საფუძველს ვერ ხედავს: “ცუდი ის არის, რომ დღევანდელი გუნდის ერთმა დიდმა ნაწილმა აშკარად ვერ გაამართლა. ვერ ვხედავ, რომ რეალურად მიმდინარეობდეს საკადრო რეფორმაზე მსჯელობა ამ გუნდის შიგნით. ჩვენ ამაზე არ ვინერვიულებდით, ეს რომ ერთ-ერთი რიგითი პარტია იყოს. თუმცა ეს ხელისუფლებაა და ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა შეიყვანა ჩიხში. იმის გამო, რომ ჰყავს ბევრი არაკვალიფიციური და ბევრიც არაკეთილსინდისიერი კადრი. შესაბამისად, ეს ხდება ჩვენი, ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების მსჯელობის საგანი”, – ამბობს ჯონდი ბაღათურია.

- გაკეთდა განცხადებები, რომ მომღერლები, მსახიობები და სპორტსმენები, ოცნების სიებში ნაკლებად მოხვდებიან. ეს სწორი სტრატეგიაა? ამის გარეშე პოპულარობის მოპოვება არ გაუჭირდება ამა თუ იმ პოლიტიკური ძალას?

- საერთოდ, მე ვარ იმის მომხრე, რომ ყველამ თავის საქმე აკეთოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ხელოვანი თუ არის, მას პოლიტიკის კეთება ავუკრძალოთ. ზოგ ხელოვანს შესაძლოა პოლიტიკოსზე უკეთ გამოსდიოდეს პოლიტიკის კეთება. მაგალითად, ასეთი იყო რეიგანი, რომელიც მსახიობი გახლდათ, თუმცა წარმატებული იყო პოლიტიკაში. შესაძლოა ზოგს არ გამოუვიდეს. მე ასევე კარგად მესმის იმ განცდის, რომ პარლამენტში მართლაც ზედმეტი შტანგისტი და მომღერალი დაგროვდა. ამ მხრივ საქმე ორმაგად გაფუჭდა. ერთი მხრივ, სპორტმა კარგი შტანგისტი დაკარგა, საესტრადო სცენამ – კარგი მომღერალი, ხოლო პარლამენტმა შეიძინა კარგი ადამიანი, მაგრამ – არაკვალიფიციური პოლიტიკოსი.

- ანუ იზიარებთ მოსაზრებას, რომ პური მეპურემ უნდა აცხოს?

- პური მეპურემ უნდა აცხოს, მაგრამ ეს პოსტულატი არ ნიშნავს იმას, რომ რადგან კაცი ხელოვანია, ამიტომ მას ეკრძალება პოლიტიკაში ყოფნა. ჩვენთან ერთი ტენდენცია შეიმჩნევა…

- რომელი?

- როდესაც ადამიანები საკუთარ თავს ამოწურავენ სპორტში, სიმღერაში ან სადმე სხვაგან, ან სადმე ხელი მოეცარებათ, მერე აკეთებენ განცხადებებს, რომ მიდიან პოლიტიკაში. ეს პოლიტიკა კი, ბატონებო, არ არის ის ადგილი, სადაც ადამიანს კვალიფიკაცია, ცოდნა და გამოცდილება არ სჭირდება. რასაკვირველია, ყველას აქვს უფლება, პოლიტიკაში მოვიდეს, მაგრამ პირდაპირ სცენიდან ისკუპო პოლიტიკაში და არც მეტი, არც ნაკლები, ყველაზე მეტი პრეტენზია გქონდეს და იქით რეკომენდაციები აძლიო პოლიტიკოსებს, რომლებსაც რაღაცა გაუკეთებიათ პოლიტიკაში, ეს მაინცდამაინც სერიოზულად არ გამოიყურება.

- საარჩევნო წელია და სიურპრიზებს უნდა ველოდეთ თუ მმართველ გუნდად ისევ ოცნება დარჩება და მის მთავარ ოპოზიციად - ნაციონალური მოძრაობა?

- ეს აბსოლუტურად მიუღებელი კონფიგურაციაა და მე ვთვლი, რომ პრაქტიკულად გამორიცხულია, იქ კრება ისევ მხიარული დარჩეს და „ნაცმოძრაობა“ იყოს მთავარ ოპოზიციაში.

- მაშინ ვინ იქნება მთავარი ოპოზიცია?

- მთავარი ოპოზიციის ადგილს, მაღალი ალბათობით, დავიკავებთ ჩვენ, მაგრამ ისიც მინდა ვთქვათ, რომ ეს პასტოგრამა მინიმუმადაც კი არ ღირს. ამიტომ დღეს ხალხს სჭირდება არა ოპოზიციის ცვლილება, არამედ ხელისუფლების ცვლილება. ხალხს უნდა, რომ შეიცვალოს ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში. ქვეყანაში ცხოვრება რომ შეიცვალოს, არ არის საკმარისი, რომ მთავარ ოპოზიციად ჩვენ ვიწოდებოდეთ.

- რა არის ამისთვის საჭირო?

- ამისთვის საჭიროა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. ხელისუფლების შესაცვლელად კი საჭიროა, საზოგადოებას შევთავაზოთ არა მხოლოდ ჩვენი პარტიები ასარჩევად და ბარიერის გადასალახად, არამედ შევთავაზოთ ხელისუფლების ალტერნატივა. თუ ჩვენ ამას შევთავაზებთ, მაშინ ხალხი, რომელიც ხშირად რჩება სახლში, გამოვა, ყუთებთან მოვა და არჩევნებში ხმას მოგვცემს. თუ ჩვენ ალტერნატივას ვერ შევთავაზებთ, მაქსიმუმ, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ის არის, რომ გავიდეთ მეორე ადგილზე და „ნაცმოძრაობას“ ჩამოვაშოროთ ეს თვითმარქვია სტატუსი.

- ამბობენ, რომ არჩევნების მოსაგებად, ყველაფერთან ერთად, დიდი ფულია საჭირო. რას უპირისპირებთ იმავე ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც, ამბობენ, რომ დიდი ფული აქვს? საიდან მოიტანთ ამ ფულს?

- მე ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ფულს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ, გარდა ფულისა, არის კიდევ უფრო მთავარი მდგენელი. ეს არის ჭკუა, ნამუსი და გამოცდილება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ, იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც ჭკუა და ნამუსი აქვთ, გამოიჩენენ წინდახედულობას, პასუხისმგებლობის განცდას, გააცნობიერებენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და გაიაზრებენ, რომ საზოგადოებისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის მთავარი ის კი არ არის, ვინ იქნება პირველად წოდებული ან რამდენ პროცენტს ავიღებთ ჩვენ…

- აბა, რა არის მთავარი?

- მთავარი არის ის, რომ ჩვენ ქვეყანაში შევცვალოთ არსებული მდგომარეობა. ამისათვის საჭიროა ხელისუფლების შეცვლა. ეს ხელისუფლება მდგომარეობის შემცვლელი არ არის. იმისათვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, საჭიროა ასეთი პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია.

- რამდენად მოხერხდება ამ ძალების კონსოლიდაცია?

- უნდა მოხერხდეს. თუ ეს კონსოლიდაცია მოხერხდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ არა ნაციონალური მოძრაობის ალტერნატივას, რაც ასევე შესაძლოა საინტერესო იყოს საზოგადოებისთვის, არამედ ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლების ალტერნატივას, რაც ავტომატურად ნიშნავს ნაცმოძრაობის გასამართლებას და ქვეყანაში სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის გამოსწორებას. ასეთ შემთხვევაში ხალხი მოვა არჩევნებზე და ხმასაც მოგვცემს. ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი მნიშვნელობის.

- ამბობენ, რომ დიდი ძალისხმევა დასჭირდება ოცნებას არჩევნების მოსაგებად, მოუწევთ გუნდის სერიოზულად გადახალისება. ასევე საუბრობენ იმაზეც, რომ ოცნების მთავარ სახედ რესპუბლიკელები დარჩებიან. ეს რამდენად მოუტანს მათ პოპულარობას?

- მე უკვე ვხედავ, რომ „ოცნება“ არჩევნებს ვერ მოიგებს. უბრალოდ, შესაძლოა, ჩვენ, ოპოზიციამ, წავაგოთ ეს არჩევნები, წავაგოთ საკუთარ თავთან, ვიმეორებ, თუ არ მოხერხდება კონსოლიდაცია და სწორი მენეჯმენტი. „ოცნების“ მაქსიმალური რესურსი არის 25-30%, ადმინისტრაციული რესურსის ჩათვლით. ის ამაზე მეტ ხმას ვერ აიღებს. უბრალოდ, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლოა ჩვენ, ოპოზიციამაც ვერ მივიღოთ ამ 30%-ზე მეტი.

- მაშინ რა იქნება?

- მოხდება ის, რომ „ოცნება“ დარჩება გამარჯვებული, ისევ „ოცნება“ დააკომპლექტებს მთავრობას.

- თუკი ოცნებამ ვერ მიაღწია 50%-?

- ის 50%-ს ვერ მიაღწევს, მაგრამ, თუკი ეს სისტემა შენარჩუნებული იქნა, ოცნება 30%-ის შემთხვევაშიც კი მაჟორიტარების ხარჯზე პარლამენტში მანდატებს აიღებს 60-70%-ს. აი, ასეთი საარჩევნო სისტემა გვაქვს ჩვენ და ამიტომ ვიბრძვით მის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ არის, რომ `ოცნება~ ამ სისტემას ებღაუჭება, რადგან იცის, სხვანაირად სამყოფ ხმებს ვერ მიიღებს.

- ეს საარჩევნო სისტემა რომ არ შეიცვლება 2016 წლის არჩევნებისთვის, ესეც ხომ კარგად იცით?

- გამორიცხული არაფერია, თუმცა მეც ვფიქრობ, რომ არ შეიცვლება. დღეს პოლიტიკოსებმა და საზოგადოებამ ერთმანეთი უნდა გავზარდოთ. საზოგადოებამ უფრო მაღალი სტანდარტები უნდა დაგვიწესოს ჩვენ, პოლიტიკოსებს, უნდა გაზარდოს მოთხოვნები ჩვენ მიმართ. როცა ხედავ, რომ არაფერი არ შეასრულა, რა დანაპირებიც გასცა, აღარ უნდა დაიწყო რაღაცების გამოგონება და უნდა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელისუფლება შეიცვალოს.

„ახალი თაობა“, 20 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „ირაკლი ალასანიას გარდა ქართულ ოცნებაში დაბრუნებაზე ყველა თანახმაა”

რა გეგმები ჩაეშალათ „ნაციონალებს“, რა უნდა დავუჯეროთ აშშ-ის ელჩს, რა ხდება საარჩევნო სიების გარშემო, რაზე ვერ ითანხმებენ ირაკლი ალასანიას? – ამ თემებზე „ახალ თაობას” უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.

„მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას ჩამოშორდნენ, ნაციონალები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ. ამისთვის ისეთ თემებს არჩევენ, რომელიც ხალხს გააერთიანებს. მათი რამდენიმე მცდელობა კრახით დასრულდა, ახლა გადაწყვიტეს, მოსახლეობა ქუჩაში ლოზუნგით „არა გაზპრომს“ გამოიყვანონ. აქაც კოვზი ჩაუვარდათ ნაცარში და რამდენიმე ასეული ადამიანი გამოიყვანეს. ხალხის მოსაზიდად საჯარო სტრიპტიზიც კი მოაწყვეს. ამანაც არ გაჭრა და ახლა ალბათ რაიმე ახალს მოიგონებენ. ეროტიკული ფანტაზიები კი აქვთ, მაგრამ არაფერი აღარ გამოუვათ. ხელისუფლების წინააღმდეგ „ნაციონალები“ ხალხს ვერ გამოიყვანენ. მათ მიმართ იმდენად დიდია ზიზღი, რომ ხალხი არც იმ დეზინფორმაციას აქცევს ყურადღებას, რომელიც ნაციონალური არხებით ვრცელდება. ისინი საზოგადოებას სასოწარკვეთაში აგდებენ, ამის მიუხედავად, უკვე შეინიშნება აფხაზების და ოსების ჩვენსკენ შემობრუნება.

- მათი ჩვენსკენ შემობრუნება რაში გამოიხატება?

- ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა მასობრივად ღებულობს საქართველოს მოქალაქეობას. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ „ცე“ ჰეპატიტზე იმკურნალონ. მისი მკურნალობა საქართველოში უფასოდ ხდება, სხვაგან კი ის 40-45 ათასი დოლარი ჯდება. სოფელ რუხში შენდება სერიოზული საავადმყოფო, სადაც სამკურნალოდ აფხაზეთიდანაც გადმოვლენ. აფხაზები ისედაც გადმოდიან, მათ ჩვენ მიმართ ნდობა გაუჩნდათ. ჩვეულებრივი მოქალაქეების გარდა, ენგურს გამოღმა სამკურნალოდ სეპარატისტთა ლიდერებიც კი გადმოდიან.

- კონკრეტულად რომელი ლიდერი გადმოდის აქ სამკურნალოდ. შეგიძლიათ მათი ვინაობის დასახელება?

- ერთ-ერთი მათგანი გალის გამგებელი რუსლან ქიშმარია იყო, რომელიც, მგონი, უკვე დაბრუნდა აფხაზეთში. ეს პრობლემა ასე უცბად ვერ მოგვარდება, მაგრამ მთავარი – აფხაზებთან და ოსებთან დაახლოების პროცესი დაწყებულია. ბაზრობებიც თუ გაკეთდა, ეს კიდევ უფრო მეტ შედეგს მოიტანს. რუსეთის მიერ თურქეთისთვის სანქციების დაწესებამ ჩვენს წისქვილზე დაასხა წყალი. აფხაზეთში თურქული პროდუქცია ვეღარ შევა და ისინი საქართველოსკენ წამოვლენ. ამაზე ხმას არავინ არ იღებს, სამაგიეროდ, ერთი ამბავია ატეხილი, ივანიშვილი აჭარიდან 2 ხის გადმორგვას როგორ ბედავსო. ესეც არ იკმარეს და ოპერის თეატრზეც აქვთ დიდი წივილ-კივილი, იმას კი არავინ აღნიშნავს, რამხელა საქმე გაკეთდა, იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, პირველ სპექტაკლზე დასწრება მოსაწვევებით რატომ არისო. ისეთი ტრაგედია დახატეს, თითქოს აქამდე არც ერთი წარმოდგენა არ გაუცდენიათ ოპერის თეატრში. ასეთი იაფფასიანი შავი პიარით ვეღარაფერს გახდებიან, გაზპრომზე ლაპარაკს კი საქართველოში აშშ-ს ელჩის განცხადების შემდეგ საერთოდ შეწყვეტენ. ის კაცი გამოვიდა და თქვა, რომ ამერიკა მხარს უჭერს ამ მოლაპარაკებებს, რადგანაც საქართველოს გაზის მომარაგების კუთხით დეფიციტი აქვსო.

- იან კელის განცხადებებს აქამდე უარყოფითად ხვდებოდით, ამბობდით, რატომ ერევა ჩვენს საშინაო საქმეებშიო, ეს არ არის ჩვენს საქმეებში ჩარევა?

- ხანდახან იან კელიც იტყვის ხოლმე სიმართლეს. თან ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ საქართველომ ბევრი რამე უნდა გაითვალისწინოს. ახლა არც დასავლეთისკენ უნდა გადავიხაროთ და არც რუსეთისკენ. საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. დღევანდელი ხელისუფლება ამას ახერხებს და ამის დასტურია ის ფაქტი, რომ საგარეო კურსის ცვლილებაზე მოტირლებმა პოზიციები შეიცვალეს. მეტიც, ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.

- მხედველობაში დავით ზალკალიანი გყავთ?

- სწორედ ზალკალიანი მყავს მხედველობაში. ორი წლის წინ, სხვა თავისუფალ დემოკრატებთან ერთად, ერთი ამბავი რომ ატეხა, საგარეო კურსი შეიცვალაო, ახლა აღარ იცვლის კურსს საქართველო, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ რომ დაბრუნდა? რამდენადაც მე ვიცი, კოალიციაში დაბრუნება ძალიან უნდათ სხვა თავისუფალ დემოკრატებს.

- რატომ მოუნდათ დაბრუნება, დარწმუნდნენ, რომ კურსი არ შეცვლილა?

- კურსი შეცვლილი რომ არ იყო, ეს მაშინაც კარგად იცოდნენ. კოალიციაში დაბრუნების სურვილი მათ მოახლოებულმა არჩევნებმა გაუჩინა. მათ დაინახეს, რომ პარლამენტში სხვა გზებით მოხვედრის სხვა არანაირი პერსპექტივები არ აქვთ. ამიტომაც ცდილობენ, რომ საერთო ენა გამონახონ ხელისუფლებასთან. ამ საკითხზე რამდენჯერმე გაჟღერდა ინფორმაცია. როგორც ამბობენ, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება.

- ამ საკითხზე კომენტირებისას ისინი ამბობენ, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას...

- პირდაპირ არავინ იტყვის, უკან დაბრუნებას ვაპირებთო. მე მაქვს საკმაოდ სარწმუნო ინფორმაცია, რომ ისინი კოალიციაში დაბრუნებას აპირებენ და ამაზე მხოლოდ ლიდერს, ირაკლი ალასანიას ვერ ითანხმებენ. ან ამ ალასანიას რომ არ უნდა დაბრუნება, მაინტერესებს, წინასაარჩევნოდ რა ლოზუნგით უნდა გამოვიდეს? ვერაფერს ვეღარ მოიფიქრებენ. რუსულ ორბიტას დავუბრუნდითო, ვერ იტყვიან.

- ამბობთ, რომ ალასანიას ვერ ითანხმებენო და მის გარეშე კოალიციაში დაბრუნება უხერხული არ იქნება?

- აბა, რა ქნან? ალასანიას ხომ არ ჩაყვებიან პოლიტიკურ სამარეში და რაღაცა გზების გამონახვას ცდილობენ. როგორც ამბობენ, კოალიციას სხვა სუბიექტებიც დაემატებიან და შესაძლოა, ახალი სახეებიც ვიხილოთ. ამ ახალ სახეებს, შესაძლოა, რაღაც კითხვები მოჰყვეს. გვარების დაკონკრეტებისაგან თავს შევიკავებ, მაგრამ ზოგიერთი ლიდერის განცხადებები ნაციონალების მოსაზრებებს ძალიან ემთხვევა. ითქვა, საპარლამენტო სიაში რომ მოხვდე, ინგლისური და კომპიუტერი აუცილებლად უნდა იცოდეო. რაღაცა პოზიციაზე შესაძლოა მართლაც აუცილებელია ინგლისურის ცოდნა, მაგრამ პარლამენტში ეს სავალდებულო ნორმა არ უნდა იყოს. თუნდაც იმიტომ, რომ აქ სამუშაო ენა არის ქართული.

ჩემი საქმე ნამდვილად არ არის, ვის და როგორ შეიყვანენ სიაში, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ „ქართული ოცნება“ არის ხალხის კუთვნილება და სიის დაკომპლექტების დროს ხალხის აზრიც უნდა იქნას გათვალისწინებული.

- ხალხის კუთვნილება რატომ არის?

- 2012 წელს მთელი საქართველო გაერთიანდა, ისინი რომ ხელისუფლებაში მოსულიყვნენ. ამაში მათ ხელი სხვა პოლიტიკურმა პარტიებმაც შეუწყვეს. კიდევ ვამბობ, რომ ლიდერების გადასაწყვეტია, ვის შეიყვანენ სიაში, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს ამოსავალი წერტილი. სასურველი იქნება, სიაში მოსახვედრ ადამიანებს 2012 წლამდე ჰქონდეთ ნაციონალების რეჟიმთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დაფიქსირებული. გამზადებულ მაგიდასთან დემოკრატიაზე საუბარი კარგია. სამუშაო გამოცდილებაც აუცილებელია, მაგრამ მარტო ჰარვარდის დამთავრება საკმარისი არაა. სამუშაო გამოცდილებაა აუცილებელი. ებრაელებს აქვთ ასეთი წყევლა – „ახალგაზრდებმა გმართონო“ და საინტერესოა, როდემდე უნდა ვიყოთ ასე, ხალხის შერჩევისას გაცილებით მეტი ყურადღებაა საჭირო. თუნდაც იმიტომ, რომ იგივე არ მოხდეს, რაც მარგველაშვილთან დაკავშირებით მოხდა.

- რას გულისხმობთ, ქართულ ოცნებას რომ დაუპირისპირდა?

- დაჯდა თუ არა პრეზიდენტის სავარძელში, რაღაც სხვა პოზიციები დაიკავა. ახლაც არ ვიცით, საერთოდ რა პოზიცია უკავია ამ კაცს. იგივე შემიძლია ვთქვა რამდენიმე დეპუტატზეც. ზოგიერთს სურს, რომ ხელისუფლებაშიც იყოს და ოპოზიციაშიც. ეს ასე არ გამოვა. თუ გუნდის წევრი ხარ, გაიზიარე გუნდის მოსაზრება. თუ აზრთა სხვადასხვაობაა, ეს გუნდის შიგნით უნდა გაირჩეს. 2012 წელს ქვეყანაში სხვა სიტუაცია იყო და ხალხი დაეთანხმა ყველა იმ პერსონას, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ იყო. მაშინ ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა. ახლა ასე აღარ არის საქმე. „ქართულ ოცნებას“ ის რეიტინგი აღარ აქვს. ამაზე თავისი გავლება მედიამ იქონია, რომელიც არსებულ სურათს კიდევ უფრო ამძიმებს. ამ მოცემულობაში საზოგადოებისთვის მისაღები ხალხი უნდა შეიყვანონ სიაში. ის ხალხი არაფერს მოიტანს, რომლებიც პატრიარქს ლანძღავენ.

- ვის გულისხმობთ?

- გვარებს ვერ არ დავასახელებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ის ხალხი, ვინც ეკლესიას ლანძღავს, საარჩევნო სიაში არ უნდა იყოს. ადამიანებს მე პროდასავლურებად და პრორუსულებად არ ვყოფ და მიმაჩნია, რომ აქ პროქართული ძალები უნდა იყვნენ, რომლებსაც ყველასთან კარგი ურთიერთობა ექნებათ, მაგრამ ქართულ საქმეს გააკეთებენ.

ქართული საქმის გაკეთება კი ნებისმიერ დროს შეიძლება. ამის მაგალითი გახლავთ ჩემი მოგვარე ვასილ მჟავანაძე. ის საქართველოში ნიკიტა ხრუშჩოვმა გამოაგზავნა. ყველას ეგონა, რომ ის რუსულ პოლიტიკას გაატარებდა, მაგრამ გაგანია საბჭოთა კავშირში მან ქართული საქმეები აკეთა, ყველა სტრატეგიული ობიექტი, მათ შორის მეტრო და ენგურჰესი მის დროს აშენდა. ხალხს რომ ეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკოსები მოსწონს, ამაზე ირაკლი ღარიბაშვილის ამბავიც კარგად მეტყველებს. ხალხს ის პირველ რიგში იმიტომ უყვარდა, რომ ქართულ საქმეს აკეთებდა. მან დაამტკიცა, რომ რუსეთთან და დასავლეთთან ბალანსის დაცვა შეიძლება. მის დროს ვიზალიბერალიზაცია ისე მივიღეთ, რომ რუსეთთან ურთიერთობაც არ დაგვიძაბავს. ყველაზე დიდი სიყვარული კი იმით დაიმსახურა, რომ ეკლესიას სცემდა დიდ პატივს. ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია რომ შექმნას და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, შესაძლოა „ქართულ ოცნებასაც“ კი მოუგოს. იმედი მაქვს, რომ ის „ოცნებასთან“ დარჩება. კოალიციას დასაკარგი ხალხი არ ჰყავს.

„ახალი თაობა“, 20 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ ოთარ ანგურიძესთან: `პარლამენტმა შეიძლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურა ჩააგდოს~

ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა ორ კვირაში ეწურება. ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ქადაგიძის ანგარიში პარლამენტმა აუცილებლად უნდა მოისმინოს და შეფასებებიც გააკეთოს. „ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ამ წლის თებერვალში პოსტზე ყოფნის ვადა გასდის, ამიტომ აუცილებელია საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს კანონმდებლობით არის გაწერილი, დაასახელოს საბჭოს წევრი და შემდეგ უკვე ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს. ეს პროცედურაა სწორედ კონსტიტუციით განსაზღვრული. თუმცა, პრეზიდენტის წარდგინებაც ერთგვარი კითხვის ნიშნების შემცველია”, – ამბობს ოთარ ანგურიძე.

- რატომ?

- ერთი წლის წინ, როდესაც პრეზიდენტმა წარადგინა ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრი, მაშინ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო. დასახელებული იყო რამდენიმე კანდიდატი. ცოტა გაუგებარი აღმოჩნდა, საბოლოოდ პრეზიდენტის მიერ არჩეულმა კანდიდატმა რითი აჯობა სხვა დასახელებულ კანდიდატებს. რითი იყო ის უპირატესი სხვა კანდიდატებთან შედარებით. მაშინ, როდესაც საკმაოდ გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კანდიდატები დარჩნენ ამ საბჭოს მიღმა. როდესაც პრეზიდენტი საუბრობს, რომ ის საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად არჩევს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატს, ამ შემთხვევაში უმთავრესია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი. ეს არის, მე ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი და არამხოლოდ საზოგადოებასთან საუბარი და კონსულტაციები.

- თუმცა, საზოგადოების ჩართულობაც ხომ არის მნიშვნელოვანი?

- ხომ შეიძლება პრეზიდენტი საზოგადოების ისეთ ნაწილს ესაუბროს, რომელიც საერთოდ არ არის კომპეტენტური ეროვნული ბანკის საკითხებში და, საერთოდ, არ ესმის, თუ რა ფუნქცია აკისრია ეროვნულ ბანკს ეკონომიკაში ზოგადად. ეროვნულ ბანკს საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე დიდი ფუნქცია აკისრია. სწორედ ეს ფუნქცია და ეს მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს პირველ რიგში კანდიდატს გათავისებული. სწორედ ამ ფუნქციას უნდა იყოს მორგებული მისი კვალიფიკაციაც. თუ პრეზიდენტის მიერ დასახელებული კანდიდატი არ იქნება იმ ფუნქციებისა და თვისებების მატარებელი, რაც უნდა ჰქონდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მაშინ ასეთი კანდიდატი პროფესიული საზოგადოების მიერ უნდობლობის საფუძველი გახდება და ამას მოჰყვება მკაცრი კრიტიკა.

- პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა, შეარჩიოს კანდიდატი და შემდეგ დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინოს. მას ხომ აქვს უფლება, რომ ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვის წარადგენს?

- კი ბატონო, ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება, რომ ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვის წარადგენს. თუმცა, მეორე მხრივ, შეიძლება ვთქვათ, რომ არც არის, რადგან მის მიერ წარდგენილ კანდიდატს პარლამენტი ამტკიცებს.

- შეიძლება ჩაუგდოს კანდიდატი?

- კი, როგორ არ შეიძლება, თავისუფლად შეიძლება მოვლენები ასე განვითარდეს.

- ამ შემთხვევაში ვინ უნდა განახორციელოს უფლებამოსილება, რა სურათი შეიძლება მივიღოთ?

- ეს ვერსიაც თავისუფლად არის მოსალოდნელი თუ, რასაკვირველია, კანდიდატი მიუღებელი იქნება პარლამენტისთვის. თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს მანამ, სანამ ახალი პრეზიდენტი არ შეირჩევა და არ დამტკიცდება პარლამენტის მიერ. ამიტომ ვამბობ, რომ პრეზიდენტის მიერ შერჩეული კანდიდატი მისი მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღების უფლება, არგუმენტირებული უნდა იყოს.

- რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატი?

- ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა აკმაყოფილებდეს სხვადასხვა კრიტერიუმებს, მას უნდა ჰქონდეს რამდენიმე წლის მუშაობის გამოცდილება საბანკო სექტორში. მას უნდა ჰქონდეს ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის გამოცდილება. ეს იყო 2009 წლის კანონმდებლობით, ახლა სწორედ ეს კრიტერიუმებია ამოღებული, მაგრამ პარლამენტმა კვლავ ჩადო ეს კრიტერიუმები კანონში, თუმცა ის საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა. მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის შემადგენლობაში არის საბანკო ზედამხედველობის სამსახური. ეს, ის სამსახურია, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოეყო ეროვნულ ბანკს. მოგვიანებით კი საკონსტიტუციო სასამართლომ დროებით შეაჩერა პარლამენტის გადაწყვეტილება.

- ბატონო ოთარ, პოლიტიკური ნეიტრალიტეტიც ხომ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი?

- დიახ, რასაკვირველია, ის უნდა იყოს პრინციპული ადამიანი და პოლიტიკურად ნეიტრალური. თუმცა, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით მოქმედ პრეზიდენტზე, რომლის მიმართაც თუნდაც ამ მიმართულებით ძალიან ბევრი კითხვა არსებობს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით.

- კულუარულად დასახელებულ კანდიდატებზე რას გვეტყვით?

- სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით. ვნახოთ, ვის დაასახელებს პრეზიდენტი.

- ლარის კურსის სტაბილურობაზე იქონიებს ეს ცვლილება გავლენას რაიმე სახით?

- მხოლოდ ახალი სახე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს. აუცილებელია ახალი ხედვა და სტრატეგია, რომელიც აუცილებლად იქონიებს გავლენას ლართან დაკავშირებულ ყველა პროცესზე. მათ შორის აუცილებელია ახალი მიდგომები, ახალი მონეტარული პოლიტიკის შემუშავება. ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის წარმოება, რომელსაც დღეს აწარმოებს ეროვნული ბანკი, მაგრამ არ აქვეყნებს, რადგან მის მიმართ ანგარიშის გამოქვეყნება უფრო მეტ კითხვის ნიშანს გააჩენს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ეროვნული ბანკის მჭიდრო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რომ პანიკას არ ჰქონდეს ადგილი სავალუტო ბაზარზე. ბოლო ერთი წლის მანძილზე ამის ბევრი მაგალითი ვნახეთ.

- პარლამენტმა უნდა მოისმინოს თუ არა ქადაგიძის ანგარიში, ამაზე დიდი დავაა პარლამენტში თუ ამას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს?

- არავითარ შემთხვევაში არ აქვს სიმბოლური დატვირთვა, აუცილებლად უნდა მოისმინოს. განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის მოქმედებებს გარკვეული შეფასება უნდა მისცეს პარლამენტმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შეცდომებზე ყურადღების გამახვილება და გზების დასახვა, სარკე იქნება მომავალი პრეზიდენტისთვის და თუნდაც ამიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ პარლამენტმა მოისმინოს და შეფასებები მისცეს ქადაგიძის ანგარიშს. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტი აუცილებლად უნდა წარდგეს ანგარიშით პარლამენტის წინაშე

რეზონანსი“, 20 იანვარი, 2016 წელი

ეროვნული ბანკის ახალ პრეზიდენტამდე ლარის კურსი არ შეიცვლება

უახლოეს პერიოდში ეროვნული ვალუტა 2,4-ის ფარგლებში იმოძრავებს, მკვეთრი რყევა მოსალოდნელი არ არის

მაკა ხარაზიშვილი

ლარის კურსის მკვეთრი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, ნეგატიური პროცესები ვითარდება, სპეციალისტები კურსის 2,4-ის ფარგლებში მერყეობას ვარაუდობენ. მთელი 2015 წლის განმავლობში, როდესაც ქვეყანა თითქმის იგივე გამოწვევების წინაშე იდგა, ეროვნული ბანკის ადეკავატური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ლარი ნაკლებად გაუფასურდებოდა.

ეკონომისტის, მიხეილ დუნდუას ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება დოლართან მიმართებაში მოსალოდნელი არ არის და უახლოეს მომავალში ლარი 2,4-ის ფარგლებში იმოძრავებს.

“რაიმე მნიშნვნელოვან ცვლილებას არ ველოდები. თუკი ეროვნული ბანკი გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, მხარს დაუჭერს რეალური ეკონომიკის დაკრედიტებას, შეზღუდავს არამწარმოებლური სფეროების დაფინანსებას (შესაბამისი მაკროპრუდენტული ზომების გამოყენებით), ეს, ბუნებრივია, დადებითად აისახება ლარის კურსზე და ეკონომიკაზეც”, – ამბობს დუნდუა.

ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილ წევრს მიხეილ თოქმაზიშვილს კი მიაჩნია, რომ მსოფლიოში ისე სწრაფად ვითარდებოდა მოვლენები, რომ მოკლევადიანი პროგნოზის გაკეთებაც კი შეუძლებელია. თუმცა ლარის ნახტომისებური გაუფასურების პერიოდი წარსულს ჩაბარდა და ასეთი პროცესები აღარ განმეორდება.

“მოკლე პერიოდში რა მოხდება, ძნელი სათქმელია. დინამიკა აჩვენებს, რომ რბილი გაუფასურება მაინც მიმდინარეობს, თუმცა ისეთი მდორე პროცესია, რომ ბაზრის აგენტებს ადაპტირება შეუძლიათ. ნახტომისებური გაუფასურება გამორიცხულია. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ლარი შესაძლებელია მცირედით გაუფასურდეს ან გარკვეულ პერიოდში გამყარდეს კიდეც. ეს იქნება დინამიკური და მდორე ცვლილება. მკვეთრი გაუფასურების მიზეზები ნაწილობრივ განეიტრალებულია”, – ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი.

ეკონომისტი ლევან ქისტაური კი მიიჩნევს, რომ კურსის ცვლილება ისევ საგარეო ფაქტორზეა დიდწილად დამოკიდებული და ლარიც იმ მიმართულებით წავა რა მიმართულებითაც განვითარედბა პროცესები მსოფლიოში.

“კონკრეტული პროგნოზის გაკეთება არასწორია. როდესაც ამბობდნენ, რომ საგარეო ფაქტორების ზემოქმედება დასრულდა და უარყოფითი ტენდენციები ლარის კურსზე უკვე ასახა, ეს არ არის მართალი. საერთაშორისო არენაზე ვითარება მუდმივად იცვლება, ნეგატიური პროცესები გრძელდება და ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ახდენს. შესაბამისად, კურსის ცვლილება დიდწიდად საგარეო პროცესებზეა დამოკიდებული. ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობას ვიცავთ ან გადაბრალება ხდება გარე ფაქტორებზე – ეს არის რეალობა. საქართველოს ეკონომიკა არის სუსტი და მასზე ნებისმიერი ნეგატიური პროცესი ახდენს გავლენას”, – ამბობს ლევან ქისტაური.

საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს წევრმა და “პროკრედიტბანკის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა საშა ტერნესმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ლარის უფრო ნაკლებად გაუფასურების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ საუბარი შეუძლებელია, რადგანაც საბანკო ზედამხედველობის სამსახურს ოფიციალურად მუშაობა არ დაუწყია. შესაბამისად, კონკრეტული გეგმებიც ამ მიმართულებით არ დაუსახავს.

ტერნესის განცხადებით, არსებობს ბევრი მექანიზმი და ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ლარის სტაბილურობისთვის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეკონომისიტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ადეკვატური პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში გაუფასურების მასშტაბი გაცილებით მცირე იქნებოდა. მათი განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკა ახლაც სერიოზული საფრთხის წინაშეა, თუმცა ლარის კურსზე ფსიქოლოგიური წნეხი მოხსნილია და საგარეო ფაქტორების გავლენაც შენელებულია.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ლარის მკვეთრი გაუფასურება 2,47-2,50 ლარის ფარგლებში, ჩინეთში საფონდო ინდექსების ვარდნას დაბრალდა. უფრო ადრე კურსის ვარდნას ყაზახური ვალუტის დევალვაციასთან აიგივებდნენ.

მიხეილ დუნდუას აზრით, ეროვნულ ბანკს რომ სწორი პოლიტიკა გაეტარებინა და სავალუტო ფონდის რეკომენდაციები გაეთვალისწინებინა, კურსი უფრო უკეთესი იქნებოდა, ვიდრე დღეს არის.

“მოჭარბებული სამომხმარებლო სესხები და იმ სფეროების აქტიური დაკრეტიდება, რომელიც ეკონომიკურ ზრდასთან კავშირში არ არის, დოლარზე მოთხოვნას უწყობს ხელს. შესაბამისად, დღევანდელი კურსი არის არაადეკვატური. ლარის გაუფასურება გარდაუვალი პროცესი იყო, თუმცა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, ლარი დოლართან მიმართებაში 2,2-ის ფარგლებში იმოძრავებდა და არ იქნებოდა, 2,43-ის ნიშნულზე როგორც დღესაა”, – აცხადებს დუნდუა.

თოქმაზიშვილის აზრით კი, როგორც უნდა გაუფასურებულიყო ლარი, მაინც გაჩნდებოდა მოსაზრება, რომ დევალვაცია უფრო მკვეთრი იყო, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო.

“ამ შემთხვევაში რაიმე ნიშნულზე საუბარი ძნელია. ერთი რამ ვიცით, რომ საქართველოს ეკონომიკას დევალვაციის პროცესის თავიდან აცილება არ შეეძლო. ამ ცვლილებას სუსტი ეკონომიკა წინ ვერ აღუდგება. საგარეო ფაქტორებზე ქვეყნის დამოკიდებულება არის დიდი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განავითარა მოლოდინის პოლიტიკა და პერიოდულად ახორციელებდა ინტერვენციებს, თუმცა ჩემთვის დღესაც გაუგებარია რატომ მოახდინა იმ პერიოდებში ინტერვენცია, რომელსაც მკვეთრად გამოხატული შედეგი არ ჰქონია. რეალურად უფრო მეტად უნდა გაუფასურებულიყო ლარი თუ უფრო ნაკლებად ამის ზედაპირულად თქმა ძალიან ძნელია და, მე მგონი, აზრიც აღარ აქვს”, – ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი და დასძენს, რომ ახლა ეროვნულ ბანკი საკმაოდ სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას – ეს არის ინფლაცია, რომელიც უნდა შეამციროს.

შესაბამისად, სპეცილისტები ვარაუდობენ, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა გაგრძელდება, რომელიც ლარის კურსის სტაბილურობას შეუწყობს ხელს, თუმცა ეკონომიკის ზრდაზე პოზიტიურად არ იმოქმედებს.

Comments are closed