globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 20 თებერვალი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Feb 20th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის პალიტრა“: ილია მეორე: „რომ ამბობს ხან ერთს,ხან – მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს?“

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ გიორგი გაბიტაშვილთან: „დანაშაულის ჩადენის მოტივს წარმოადგენდა ანგარება“

——

რეზონანსი//მთელი კვირა: დაძაბული დუმილი პატრიარქის დაბრუნების წინ

რეზონანსი//მთელი კვირა: ინტერვიუ უჩა ნანუაშვილთან: „დიახ, გაუთქმელობის ვალდებულება უნდა გაუქმდეს“

რეზონანსი//მთელი კვირა: ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: ხელისუფლებამ ეკლესიის რეპუტაციის გადასარჩენად უმჯობესია საკუთარი რეპუტაცია უნდა გაწიროს

რეზონანსი//მთელი კვირა: განსხვავებულ პოზიციებზე მყოფი სასულიერო იერარქებისაგან რომელი მხარის არგუმენტებია თქვენთვის უფრო დამაჯერებელი?

——

ახალი თაობა: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „პრემიერი პროკურატურამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა“ // „ხელისუფლება „ნაციონალებსა“ თუ ყოფილ „ნაციონალებს“ ჯიბრში უდგას“

ახალი თაობა: ინტერვიუ ნანა კაკაბაძესთან: „პატრიარქის მიმართვა ეკლესიის მტერმა დაამონტაჟა“ // „გეგმის მიხედვით, პატრიარქის ოპერაციის დროს სავალალო შედეგი უნდა დამდგარიყო“

ახალი თაობა: ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: „სახეზეა ეკლესიაზე მიტანილი არნახული შტურმი“ // „რუსთავი-2“ ფარსს დგამს“

ახალი თაობა: ინტერვიუ გიგა ბუკიასთან: „პროკურატურის მიზანმიმართული დისკრედიტაცია გრძელდება“ // „ნიკა გვარამია სასამართლოზე ზეწოლას ახდენს“

ახალი თაობა: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ბიძინა ივანიშვილს მედია არაფერში სჭირდება“ // „თუკი გინდა, რომ მედიასაშუალება გააუვნებელყო, უკეთესით უნდა აჯობო“

——

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ დავით სერგეენკოსთან: „როცა საჯარო მოხელე არ ვიქნები, ასეთებს პასუხს მარტივად გავცემ“ // „ზოგიერთ კლინიკას მოკავშირე პაციენტების გარდა ტროლები ჰყავს, რომლებიც დასხდებიან კლავიატურასთან და სასწაულებს სჩადიან“ // „ლაპარაკი იმაზე, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მაფია მოქმედებს, ღიმილის მომგვრელია“

————————

„კვირის პალიტრა“, 20 თებერვალი, 2017 წელი

ილია მეორე: რომ ამბობს ხან ერთს,ხანმეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს?

ნინო ბურჭულაძე

2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცავებმა დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს – სასულიერო პირი გერმანიაში პატრიარქთან მიემგზავრებოდა. მომხდარის შესახებ საზოგადოებამ მედიისგან მას შემდეგ შეიტყო, რაც ცნობილი გახდა,­ რომ ბერლინში, სადაც პატრიარქს­ საოპერაციოდ ამზადებდნენ, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი­ ანზორ ჩუბინიძე ჩავიდა, ხოლო პატრიარქის უსაფრთხოების დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი გერმანიიდან სასწრაფოდ თბილისში დაბრუნდა და რამდენიმე საათის განმავლობაში პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.(?!)

ამ ფაქტებმა მოსახლეობაში გააძლიერა ეჭვები, რომ საქართველოს პატრი­არქს საფრთხე ემუქრებოდა, მით უმეტეს, ამ ყველაფერს წინ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული არაერთი მოსაზრება უძღოდა პატრიარქისა და ზოგიერთი მაღალი რანგის სასულიერო პირების შესაძლო ლიკვიდაციის მცდელობის თაობაზე.
13 თებერვალს საქართველოს მთავარმა­ პროკურორმა ირაკლი შოთაძემ სრულიად საქართველოს ამცნო, რომ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც გერმანიაში მომწამლავი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი მიჰქონდა. პროკურატურის განცხადებით, სავარაუდოდ, იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა. სანამ საზოგადოება გაიაზრებდა მომხდარს, მთავარი პროკურორის განცხადებას მოჰყვა იუსტიციის მინისტრის, ვიცე-პრემიერისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სპეციალური განცხადებები.

“ჩვენ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან, აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინა­აღმდეგ მიმართული დანაშაული, ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა. მე მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ სტრუქტურებს. პირველივე წუთიდანვე საქმე აყვანილი მყავს პირად კონტროლზე”.

პროკურატურა აცხადებდა, რომ მას მიმართა მოქალაქემ (რომელიც საქმეში მთავარი მოწმის სტატუსით არის) და შეატ­ყობინა, რომ მამა გიორგი მამალაძემ მას ციანიდის შოვნა სთხოვა, რომელიც გერმანიაში უნდა წაეღო, როცა პატრიარქთან გაემგზავრებოდა. პროკურატურა არ მალავდა,­ რომ დანაშაულის დამამტკიცებელ ვიდეო და აუდიოჩანაწე­რებს ფლობდა და მამა გიორგის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მუხლით, რომელიც 7-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

13 თებერვალს ასევე ცნობილი გახდა, რომ ბერლინში იმყოფებოდა და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე კი აცხადებდა, რომ სოსო ოხანაშვილთან გამოძიებას კითხვები აღარ ჰქონდა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა (რომელიც ძალაში მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომაც დატოვა), ხოლო მის ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილი ჩამოერთვათ და საქმის დეტალებზე საუბარი აეკრძალათ.

31 წლის დეკანოზი გიორგი მამალაძე წარმოშობით ქობულეთიდანაა. განათლება­ უკრაინაში აქვს მიღებული. დეკანოზად 2010 წელს, 26 წლისა აკურთხეს, იყო ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. მისი სახელი საზოგადოებისთვის 2014 წელს გახდა ცნობილი, როცა მან ტაძრის სარემონტო სამუშაოები წამოიწყო და მიუხედავად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არაერთგზის გაფრთხილებისა, ტაძრის ისტორიული სახე დამახინჯდა.

ერთხანს მამა გიორგი უკრაინაში რუსეთის ეპარქიაშიც მსახურობდა. 2016 წელს პატრიარქმა მეორე ჯვრის ტარების უფლება­ უბოძა. ბოლო დროს ის თბილისში ცხოვრობდა და იყო საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური­ დირექტორი. მამა გიორგის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის უახლოეს გარემოცვაში მოიაზრებენ, გარდა ამისა, მას სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით ხშირი ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან და მისი ნდობითაც სარგებლობდა…

“ციანიდის საქმემ” საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამ ფონზე საპატრიარქოში არსებული დაპირისპირება­ უფრო მეტად გამოიკვეთა – სამღვდელ­ოების ნაწილი პროკურატურის განცხადებას სკეპტიკურად შეხვდა, მეორე ნაწილი კი ჯიუტად აცხადებდა, რომ თუ სახელმწიფო ადეკვატურად არ დასჯის დამნაშავეებს, სამართალს თავად აღასრულებენ.(?!)

მედიისთვის ცნობილი გახდა ამ საქმის მთავარი მოწმის ვინაობა – ის ჟურნალისტი ირაკლი მამალაძეა. მამალაძეებს ერთმანეთთან არა ნათესაური, არამედ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, რაც დაკავებულმა მამა გიორგიმაც დაადასტურა.

ირაკლი მამალაძე: “როდესაც მამა გიორგიმ ციანიდის შოვნა მთხოვა, მაშინვე­ დავეჭვდი, თუმცა ეს არ გამხდარა ჩემი პროკურატურაში მისვლის საბაბი. მომდევნო­ შეხვედრებზე დავრწმუნდი, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა დანაშაულებრივ განზრახვას (მამა გიორგი ამ საქმეში დახმარების სანაცვლოდ მპირდებოდა საერო თანამდებობას საპატრიარქოში). როდესაც ჩემს მეგობ­რებს გავუზიარე ეჭვები იმ სავარაუდო პირებზე, რომელთა წინააღმდეგაც, შესაძლოა, მზადდებოდა დანაშაული, მირჩიეს, ეს ინფორმაცია აუცილებლად გამეცნო სამართალდამცავი ორგანოებისთვის, თუმცა მაშინ კატეგორიული უარი განვაცხადე.­ მეორე თუ მესამე დღეს ჩემს ტელეფონზე მამა გიორგიმ დამირეკა­ და ისეთი რაღაც მითხრა, რომ ნამდვილად­ მქონდა პერსპექტივა, გავმხდარიყავი მძიმე დანაშაულის თანამონაწილე. ეს ის დღე იყო, როცა პატრიარქი გერმანიაში გაფრინდა. მამა გიორგიმ მითხრა, რომ “ის” სასწრაფოდ სჭირდებოდა, რადგან პატრიარქი გერმანიაში გაფრინდა და თავადაც აპირებდა ჩასვლას.

ამ ზარის შემდეგ სხვა გზა აღარ მრჩებოდა, პროკურატურაში მივედი

ამ დღეებში ხშირად გაიგონებთ, თითქოს მე გავხსენი დანაშაული,­ ასე არ არის.
- მე მივაწოდე ინფორმაცია, რომ ციანიდის შოვნას მთხოვდნენ. დანარჩენი, რამდენად რეალური იყო ჩემი ვარაუდი, პროკურატურას უნდა დაედგინა (ძალიან მძიმე იყო, დამედანაშაულებინა რამეში ადამიანი, თან სასულიერო პირი). რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემს ვარაუდზე დაყრდნობით არავის დააკავებდნენ, რომ არ ყოფილიყო უკვე გამოძიება და უტყუარი მტკიცებულებები. მამა გიორგის ციანიდი ჩემგან არ შეუძენია. პროკურატურა იკვლევს, ვისგან შეიძინა.

ძალიან კარგად მესმის, რომ საზოგადოებაში არის ბუნდოვანება ამ თემის ირგვლივ. ამიტომ უნდა გასაჯაროვდეს მტკიცებულებები, რათა ყველამ გაიგოს, რა სიმძიმის დანაშაულთან გვქონდა საქმე და რამხელა­ საფრთხე იქნა თავიდან აცილებული. მოვუწოდებ საზოგადოებას – ჩემი ლანძღვით­ კი არ უნდა იყოთ დაკავებული ან ვინმეს რეაბილიტაციის მცდელობით, პირველ რიგში უნდა მოითხოვოთ მტკიცებულებების გასაჯაროება. იმის გამო, რომ ჩანაწერები ძალიან მძიმე მოსასმენია, რაც შეიძლება რომელიმე ინსტიტუციისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს, არსებობს ერთი პროცენტი, რომ მტკიცებულებებს არ გაასაჯაროებენ და მე ვერ შევძლებ, დავამტკიცო ის, რასაც ვამბობ და სამუდამოდ დავრჩე იმ იარლიყით, რომელსაც ამ დღეებში მუდმივად მაკერებდნენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი – მე მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი, ხოლო დამტკიცება იმისა, რომ უმძიმესი დანაშაული მზადდებოდა, მხოლოდ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეუძლია. ამიტომ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი უნდა გასაჯაროვდეს”.”

პროკურატურის განცხადება არასწორად გაიგეს(?!)

16 თებერვალს პროკურატურამ მოულოდნელად გააკეთა განმარტება მთავარი პროკურორის განცხადებაზე, სადაც აღნიშნა,­ რომ ირაკლი შოთაძის განცხადებ­აში ლაპარაკი იყო მაღალი რანგის სასულიერო პირზე, არ იყო ნახსენები პატრიარქი და პროკურატურის განცხადება ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა არასწორად გაიგეს.(?!) თუმცა მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქმეში არ არის სასულიერო პირზე ლაპარაკი. ერთ-ერთი ვერსიით, გაიჟღერა პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის გვარმა, რაც ახალი მითქმა-მოთქმის საგანი გახდა…

მამა გიორგი უახლოეს ხანში გააკეთებს განცხადებას

არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურისგან ითხოვენ, საქმის დეტალებზე გასაუბრების საშუალება მიეცეთ მამა გიორგის ადვოკატებთან, მით უმეტეს, რომ “ციანიდის საქმეს” გრიფი “საიდუმლო” არ ადევს. თუმცა დღემდე ადვოკატებს კლიენტის დაცვის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

გიორგი ფანცულაია, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი: -”ჩვენ ჩამოგვართვეს გაუთქმელობის ხელწერილი, რის გამოც ვერ ვახერხებთ საქმის დეტალებზე საუბარს და მამა გიორგის ჯეროვნად დაცვას (რაც არათანაბარ პირობებში გვაყენებს ბრალდების მხარესთან). თავად დეკანოზი მზად არის, ჩვენთან ერთად ბოლომდე იბრძოლოს საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. ის უახლოეს ხანში მისცემს ჩვენებას, გააკეთებს განცხადებას, თუმცა მანამდე მნიშვნელოვანია, რომ მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება იქნეს დაცული…

თუ არ გამოქვეყნდება ჩანაწერები, მამა გიორგის, ალბათ, წმინდანად გამოაცხადებენ

როგორც ჩანს, უწმინდესის დაბრუნებას ელოდება პროკურატურაც, რომელიც მოვლენების ასეთი განვითარებით ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაშია.
დავით გამცემლიძე, “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტი: “ერთადერთი შანსი პროკურატურისთვის, გამოვიდეს იმ ტრაგიკომიკური­ ვითარებიდან, რომელშიც აღმოჩნდა, არის მრავალგზის ხსენებული ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება. მიზეზი, თუ რატომ არ აქვეყნებენ, გასაგებია – იმიტომ, რომ ეჭვმიტანილი ისეთ რაღაცებს ამბობს პატრიარქზეც და სხვებზეც, რომ ეს თუ გამოქვეყნდა, მაშინ, ჯერ ერთი, პატრიარქი განაწყენდება და მერე ის ხალხი, ვინც ახლა პროკურატურას ამუნათებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის. აი, სწორედ ის ხალხი დაადანაშაულებს ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაში. თუ არ გამოქვეყნდება, მაშინ თანდათან დამაჯერებლობას შეიძენს მოსაზრება, რომ ადამიანს კბილი სტკიოდა და დარიშხანი მიჰქონდა სამკურნალოდ. ბოლოს, ალბათ, წმინდანად გამოაცხადებენ. ასე მიდის, მგონი, საქმე”.”

დანაშაულის დამგეგმავი თუ შეთქმულების მსხვერპლი?!

17 თებერვლის საღამოს მამა გიორგი გონების დაკარგვის გამო ჩაფიძის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. დეკანოზის ახლობლების თქმით, მას გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული და ორჯერ კლინიკური სიკვდილიც გადაიტანა. ვინ არის მამა გიორგი, დანაშაულის დამგეგმავი თუ კორუფციასა და საეკლესიო ინტრიგებთან მებრძოლი­ მამაცი დეკანოზი, რომელიც შეთქმულების მსხვერპლი გახდა, ამას მხოლოდ მტკიცებულებების გასაჯაროებით გავიგებთ, თუმცა ფაქტია, რომ “ციანიდური”დღეების” ქრონიკამ ქართველი საზოგადოება გვარიანად შეატორტმანა.

პატრიარქის გერმანიაში წასვლამდე საპატრიარქოდან გაქრა უწმინდესის ფაქსიმილე

თეოლოგი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის მკვლევარი გიორგი ტიგინაშვილი:

- უკვე ბევრმა გაიგო სატელეფონო­ ჩანაწერების ამბავი, საიდანაც, ჩემი ინფორმაციით, დგინდება, რომ სავარაუდოდ, მეუფე იაკობისა და შორენა თეთრუაშვილის მოკვლა იგეგმებოდა. როგორც ვიცი, არც ერთ მათგანს დღესაც ახლოს არ აკარებენ პატრიარქს…

საპატრიარქოს კულუარებში ამბობენ,­ რომ საოპერაციოდ წასვლის წინ პატრიარქის მდგომარეობა ძალიან დამძიმებული იყო. პროკურატურის ხელთ არსებულ სატელეფონო საუბრებში, ჩემი ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძესთან ერთ-ერთი მაღალი იერარქიის პირი ამბობს, რომ პატრიარქი, შესაძლოა, ოპერაციის დროს დაიღუპოს… ამ ინფორმაციას არ ახმაურებდნენ, რათა პანიკა არ ამტყდარიყო. დღეს უკვე შეიძლება ამაზე ლაპარაკი, რადგან, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. როგორც ვიცი, პატრიარქის გერმანიაში წასვლამდე საპატრიარქოდან გაქრა უწმინდესის ფაქსიმილე. როგორც ამბობენ, უნდა შედგენილიყო წერილი, რომელიც საზოგადოებას უწმინდესის გაყალბებული ხელმოწერით წარედგინებოდა მისი გარდაცვალების შემთხვევაში. წერილში ნათქვამი იქნებოდა, რომ დაქვრივებულ საეკლესიო ტახტს 40 დღის განმავლობაში უხელმძღვანელებდა ერთ-ერთი სასულიერო პირი და ის მოამზადებდა მომავალი პატრიარქის არჩევნებს. სწორედ ეს უნდა გამოიძიოს პროკურატურამ!

ვერავინ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას

18 თებერვალს ტელეკომპანია “ობიექტივმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქის 16 თებერვალის მიმართვა არასრული იყო. აღსანიშნავია, რომ პატრიარქის თავდაპირველი განცხადება ტელევიზიებს მიაწოდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ, რომელიც მეუფე გერასიმეს დაქვემდებარებაშია. 16 თებერვალს გავრცელებულ მიმართვაში ეპიზოდი, სადაც ილია მეორე მამა გიორგიზე ლაპარაკობს, არასრულია და ამოღებულია ყველაზე საგულისხმო ფრაზები: “რა მოხდა, რატომ მოხდა, მამა გიორგი რომ ამბობს ხან ერთს, ხან – მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს?” (?!)

გთავაზობთ პატრიარქის მიმართვის სრულ ვერსიას:

“მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას. ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულის. ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ეს არის აღმოსავლური სიბრძნე. სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან. რა მოხდა, რატომ მოხდა, მამა გიორგი რომ ამბობს ხან ერთს, ხან – მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს? მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ჩვენი ეკლესია და ქვეყანა და ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში. ვერავინ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო”.

ნატრიუმის ციანიდი

ნატრიუმის ციანიდი საშიში მომწამლავი ნივთიერებაა. ციანიდით მოწამვლა იწვევს გულის უკმარისობასა და სიკვდილს. სასიკვდილო დოზა 0.1 გრამია, სიკვდილი დგება მომენტალურად, გონების დაკარგვით. მოწამვლის სიმპტომები ციანიდის შესუნთქვისას ვლინდება რამდენიმე წამში, ხოლო პერორალურად მიღებისას – რამდენიმე წუთში. მისი გამოყენება მხოლოდ სპეციალური აირწინაღით, სპეცტანსაცმლითა და ხელთათმანებით არის შესაძლებელი. ვინაიდან ის ვიზუალურად წააგავს შაქარსა და მარილს, საბაჟო კონტროლის დროს შესაძლოა ვერც გამოავლინონ, როგორც სახიფათო ნივთიერება…

„კვირის პალიტრა“, 20 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ გიორგი გაბიტაშვილთან: „დანაშაულის ჩადენის მოტივს წარმოადგენდა ანგარება

რუსუდან შელია

ინტერვიუ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილესთან, გიორგი გაბიტაშვილთან:

- საქმის გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო. დაწყების საფუძველი გახდა ირაკლი მამალაძის მომართვა, რომელიც განცხადებაში მიუთითებდა, რომ მისმა ნაცნობმა, მამა გიორგი მამალაძემ, სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების, ციანიდის მოძიებაში დახმარება. მამალაძის თქმით, როგორც მან საუბრისას გაარკვია, ბრალდებულს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურამ განცხადების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება, მყისიერად დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რაც პირველ რიგში, მიზნად ისახავდა უმძიმესი დანაშაულის დროულად გამოვლენასა და აღკვეთას.

- რა შინაარსის არის ფარული ჩა­ნაწერები და არსებობს თუ არა საქმეში სხვა მტკიცებულებები?

- როგორც გითხარით, პროკურატურამ ჩაატარა ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხა ათობით მოწმე, ჩატარდა ექსპერტიზები, შედეგად, მოპოვებულ იქნა არაერთი მტკი­ცებულება. თუმცა ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მტკიცებულებების შესახებ დეტალურად ვერ ვისაუბრებ. საქმეში არის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის მომზადებაზე. გიორგი მამალაძის ბარგში, რომლითაც იგი მიემგზავრებოდა გერმანიაში, აღმოჩენილია ნატრიუმის ციანიდი, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის. მისი გამოყენების შემთხვევაში სასიკვდილო შედეგი გარდაუვალია. მიუხედავად იმისა, რომ ამოღებული ციანიდი ოდენობის თვალსაზრისით მცირეა, საკმარისი იქნებოდა რამდენიმე ადამიანის მოსაკლავად.

- ნებისმიერ დანაშაულებრივ სქემაში მთავარი მოტივია. დადგენილია მოტივი ან პირი, ვისი მოწამვლის მცდელობაც ჰქონდა ბრალდებულს?

- რა თქმა უნდა, გეთანხმებით, საქმეში მტკიცებულებებთან ერთად მნიშვნელოვანია მოტივი. ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივს წარმოადგენდა ანგარება, თუმცა გამოძიება მუშაობს სხვადასხვა ვერსიაზე.

- თქვენი თავდაპირველი განცხადებით, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მოწამვლის მცდე­ლობა პატრიარქის წინააღმდეგ იგეგმებოდა. ეს ეჭვი კიდევ უფრო გაამყარა მაღალი თანამდებობის პირების განცხადებამ, თუმცა მოგვიანებით განიმარტა, რომ სასულიერო პირზე სულაც არ იყო ლაპარაკი. დააკონკრეტეთ, პროკურატურის რომელი ვერსია იყო სწორი?

- პროკურატურის თავდაპირველ განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. ლაპარაკი იყო ერთ-ერთი პირის შესაძლო მკვლელობაზე. არ გვითქვამს, რომ ეს პირი, შესაძლოა, ყოფილიყო მაღალი იერარქიის სასულიერო პირი, რასაც ვერც ამ ეტაპზე დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფთ(?!). მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას და სწორედ ამ მიზნით შეიძინა მომწამლავი ნივთიერება. იგი აპირებდა გამგზავრებას გერმანიაში, სადაც საქართველოს პატრიარქისთვის უნდა გაეკეთებინათ ოპერაცია და მას თან ახლდა მრავალრიცხოვანი გარემოცვა. პირს, რომლის მკვლელობასაც ამზადებდა გიორგი მამალაძე, ვერ დაგისახელებთ. არ გამოვრიცხავთ, რომ გიორგი მამალაძის ქმედება, შესაძლოა, სხვა პირების წინააღმდეგაც ყოფილიყო მიმართული. ამიტომ გამოძიება მუშაობს რამდენიმე მიმართულებით.

პროკურატურა დღესაც მოკლებულია შესაძლებლობას, სრული ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. ამასთან, ჩვენ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ინტერესის მქონე ჯგუფების სპეკულაციებს, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და გამოძიების დისკრედიტაციას. სამწუხაროდ, ამას ხელი შეუწყო პროკურატურის საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გაზეთ `რეზონანსისთვის~ გაკეთებულ განმარტებასთან დაკავშირებულმა გაუგებრობამ. გამოძიების ინტერესებიდან და საქმესთან დაკავშირებულ პირთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ მაქვს შესაძლებლობა, უფრო კონკრეტულად გესაუბროთ. ვერც იმას დავაკონკრეტებ, ვისი მკვლელობის მომზადება ედება ბრალად დეკანოზ გიორგი მამალაძეს. გპირდებით, მას შემდეგ, რაც დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები, ასევე განეიტრალდება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები, საზოგადოება და მათ შორის თქვენც გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებთ.

- როგორც აღნიშნეთ, ამოღებულია რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი. როდის ჩატარდა ჩხრეკა და სხვა ნივთმტკიცებებიც ხომ არ დევს საქმეში?

- ამოღებულია კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი. ასევე, საბრძოლო ვაზნა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა აღნიშნული ნივთები მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და საცხოვრებელ ბინაში ინახავდა. მკვლელობის მომზადების გარდა, მას ამ დანაშაულისთვისაც აქვს ბრალი წარდგენილი.

- თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს

- ბრალდებული იყენებს დუმილის უფლებას და გამოძიებას არ აძლევს ჩვენებას. მიუხედავად ამისა, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ მოვიპოვეთ სათანადო მტკიცებულებები, გიორგი მამალაძეს წარედგინა ბრალდება და სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება გრძელდება ყველა მიმართულებით, ვმუშაობთ რამდენიმე ვერსიაზე და წინასწარ რაიმე ვარაუდებზე საუბარი მიზანშეწონილი არ იქნება.

————————-

რეზონანსი//მთელი კვირა“, 20 თებერვალი, 2017 წელი

დაძაბული დუმილი პატრიარქის დაბრუნების წინ

ეკატერინე ბასილაია

დღეს კათოლიკოს-პატრიარქი ილია || საქართველოში ჩამოდის და “ციანიდის საქმისა” და საპატრიარქოში არსებული დაპირისპირების ირგვლივ შეიძლება ბევრი ახალი რამ გავიგოთ. ერთი, რომ, პროკურატურის განცხადებით, პატრიარქის ჩამოსვლისთანავე მტკიცებულებების გამოქვეყნებას აპირებს და მოლოდინია, რომ ილია || უფრო მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს ამ საქმეზე და მეორე, ასევე გამოჩნდება საპატრიარქოში არსებული კორუფციის შესახებ რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიის მეთაურს – გაჩუმებით ამ სკანდალის ჩაცხრობას ეცდება, თუ დათანხმდება შეიქმნას ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს აუდიტს.

თეოლოგები აცხადებენ, რომ როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი საჯაროდ ძალიან ბევრ ბრალდებას აჟღერებს, მათ შორის კორუფციულ ინტერესებზეც, საეკლესიო კანონით ის აუცილებლად უნდა გამოიძიონ, დამნაშავეები უნდა გამოავლინონ და ისინი ეკლესიიდან უნდა მოიკვეთონ. თუმცა, ამბობენ იმასაც, რომ საქართველოს ეკლესია ხშირად არ ითვალისწინებს საეკლესიო კანონებს და ამდენად, დიდი იმედიც არ აქვთ, რომ ფულის მოყვარე და დამნაშავე სასულიერო პირების მხილება-დასჯა მოხდება.

რა ხდება ციანიდის საქმეზე

შაბათს, გვიან ღამით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა და ამ ფაქტს ორშაბათს გამოაცხადებდნენ, თუმცა, პროკურატურამ მალევე გაავრცელა ოფიციალური პასუხი, რომ ეს არის სიცრუე.

მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დუმილის დარღვევას აპირებს და ჩაფიძის სახელობის კლინიკიდან გაწერის შემდეგ, სადაც ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობს, პროკურატურას ჩვენებასაც მისცემს. თუმცა მისი პოზიციის საზოგადოებისთვის გაცნობა მოხდება თუ არა, ეს ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რადგან ერთი კვირაა, ადვოკატი გიორგი ფანცულაია პროკურატურისგან ითხოვს, რომ გაუთქმელობის ხელწერილი გაუქმდეს და მათ ბრალდებებზე პასუხის გაცემის უფლება მიეცეთ.

გაუთქმელობის ხელწერილის გაუქმებაზე თანხმობის ნაცვლად კი მთავარი პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე აანონსებს იმას, რომ პატრიარქის ჩამოსვლისთანავე ისინი მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებსა და ვრცელ ინფორმაციას გამოაქვეყნებენ, რაც გაუთქმელობის ხელწერილის პირობებში გიორგი მამალაძეს უთანასწორო პირობებში ამყოფებს.

გარდა ამისა, ვასაძე ამბობს, რომ მოწმე ირაკლი მამალაძის ფარულ ჩანაწერში საუბარია ბევრ თემაზე, მათ შორის პატრიარქზეც და ერთმნიშვნელოვნად რაიმეს დადასტურება უჭირს, თუ ვისი მკვლელობა იგეგმებოდა. გამოძიებამ კი დაადგინა, რომ მართლაც იგეგმებოდა მკვლელობა – ერთი პირის, ან რამდენიმესი. ერთი პირი კი იდენტიფიცირებულია.

ამ განცხადებით პროკურატურამ უკვე მესამედ შეასწორა საკუთარი პოზიცია. პირველად ითქვა, რომ “მაღალი იერარქიის სასულიერო პირის” ციანიდთ მკვლელობას გეგმავდა დეკანოზი გიორგი მამალაძე და პრემიერმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ეს პატრიარქს დაუკავშირა, რაზეც რამდენიმე დღე მიდიოდა მსჯელობა და რის გამოც სასულიერო პირებს შორის დიდი დაპირისკრებაც კი დაიწყო. შემდეგ პროკურატურამ თქვა, რომ “ერთ-ერთი პირის” მკვლელობის მომზადებაზეა ბრალდება წაყენებული, ახლა კი უკვე “რამდენიმე პირზე” საუბრობს და პროკურატურის ამგვარი განცხადებები საზოგადოებაში დღითიდღე მეტ კითხვებს აჩენს.

ბრალდების მთავარი მოწმე ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე დღესაც ამტკიცებს, რომ სწორედ პატრიარქის მკვლელობის დაგეგმვაზე იყო ლაპარაკი, გაუთქმელობის ხელწერილის გამო კი დეტალებზე ვერ ისაუბრებს. გაუთქმელობის ხელწერილის გამო ასევე არ საუბრობს მამა გიორგი მამალაძის ადვოკატიც, თუმცა, ცნობილი მაინც გახდა ის, რომ, დეკანოზ მამალაძის თქმით, ის პატრიარქის წინააღმდეგ არაფერს გეგმავდა და პროკურატურის უმეტესი მტკიცებების მიმართ აბსოლუტურად საწინააღმდეგო პოზიციები აქვს.

კითხვები ადვოკატის მიმართაცაა, მაგალითად ის, თუ რატომ არ გაახმაურა ადვოკატმა დაკავების დღესვე, 10 თებერვალს ეს საქმე და მხოლოდ 13-ში პროკურატურის ბრიფინგით გახდა ცნობილი.

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ფაქტის 3 დღით “დამალვა” შაბათს ახსნა იმით, რომ პატრიარქის ოპერაციამდე არ სურდათ ამ საქმის გახმაურება და ამით უწმინდესზე იზრუნეს. თან, იმედის გამოთქვამს, რომ პატრიარქს საქართველოში ჩამოსვლისა და მასალების გაცნობის შემდეგ ამ საქმეზე “შესაბამისი პოზიცია ექნება”.

ჯერჯერობით, პატრიარქის ერთი განცხადებაა გავრცელებული, სადაც ის ამბობს, რომ სრულიად უცნაური დ არანორმალური ვითარება შეიქმნა და როცა ჩამოვა ყველაფერი დალაგდება, რომ გიორგი მამალაძეს იცნობს და მხოლოდ კარგი სმენია და ახლა უკვირს, რატომ ლაპარაკობს ის “ხან ერთს, ხან – მეორეს. ვისი დავალებით ხდება ეს?”

კონკრეტულად რაში შეაქვს ეჭვი პატრიარქს, უცნობია და ალბათ ეს ორშაბათს, მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გაირკვევა. თუმცა, პროკურატურის მიმართ პრეტენზიები აქვს სახალხო დამცველს, რომელიც ამბობს, რომ “ცალ კარში თამაში მიმდინარეობს” და პროკურატურამ ადვოკატსაც უნდა მისცეს საქმეზე საუბრის უფლება.

დიდი კორუფციული სკანდალი საპატრიარქოში

კათოლiკოს-პატრიარქის მკვლელობის დაგეგმვაზე გაკეთებული აქცენტის გამო საპატრიარქოში დიდი დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები დაიწყო. ჯერ “რუსთავი 2″-მა გაავრცელა სკანდალური წერილი, სადაც საპატრიარქოში არსებულ დიდ კორუფციულ სქემებზე იყო საუბარი. ტელეკომპანიის თქმით, ეს იყო მამა გიორგი მამალაძის მიერ პატრიარქისადმი მიწერილი წერილი და საუბარი იყო იმაზე, რომ კორუფციის კვალი ეკლესიის მაღალ იერარქებთან და ასევე ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან მიდიოდა.

ნახსენები იყო ასევე ეპისკოპოსი იაკობის კავშირიც ფინანსურ დარღვევებთან და მისი მხრიდან ამ დარღვევების დამალვის კატეგორიულ მოთხოვნაც.

წერილის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. გიორგი მამალაძე საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილეა და მას ფინანსურ საქმეებთან შემხებლობაც ჰქონდა. მამალაძეზე დაყრდნობით ადვოკატი გიორგი ფანცულაია კი ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის წერილი დეკანოზს დაწერილი აქვს, მაგრამ რადგან კონკრეტულად ეს წერილი არ უნახავს, ვერაფერს იტყვის მისი დაწერილია თუ არა. ამის შემდეგ მიტროპოლიტი პეტრე ცაავა გამოდის და აცხადებს, რომ ეკლესიაში დიდი კორუფციაა, მასში ჩართულია პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, რომლის დავალებასაც უსიტყვოდ ასრულებენ რამდენიმე სასულიერო პირი, რომლებსაც “ოქროს თევზებს” უწოდებს და ესენი არიან, პირველ რიგში “ქორეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე), რომელიც ფინანსურ საკითხებში ყველაზე მეტად არის ჩართული, პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე) და სამწუხაროდ, ქორეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი)”.

ამ ბრალდების საპასუხოდ გერმანიაში პატრიარქთან მყოფმა მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ ეს არის ზღაპრები და “სირცხვილია თემის გადაფარვა იმითი, რომ თურმე მეუფეს რაღაც მილიონებთან ჰქონია კავშირი, არასერიოზულად მიმაჩნია. თემა რა უფრო მნიშვნელოვანია – უწმინდესის უსაფრთხოება, თუ ვიღაც მეუფე, თუნდაც ქურდი მეუფე?”. იგი ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს მოუწოდებს, საკუთარი პრეტენზიების შესახებ სათქმელი მას პირში უთხრას. მამა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ თბილისში ჩამოსვლისას “ჩაებმევიან გარკვევაში” და თუ ვინმე რამეს აშავებდა, “შეიძლება საქართველოში ცხოვრება აუკრძალონ და გაყარონ საზღვარგარეთ”.

ამ ორი მაღალიერარქის გარდა დაპირისპრებაში სხვა სასულიერო პირებიც ჩაერთვნენ, ნაწილი მეუფე პეტრეს მხარდასაჭერად, ნაწილი – მეუფე იაკობის.

საეკლესიო სამართლით, მხილება აუცილებლად უნდა მოხდეს

თეოლოგები აცხადებენ, რომ როდესაც მაღალი იერარქი კორუფციასა და სხვა დანაშაულებებზე საუბრობს საჯაროდ, ამ ბრალდებებზე ეკლესიის წიაღში გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს და დამნაშავეებმა პასუხის უნდა აგონ. მათ საეკლესიო ხარისხი უნდა ჩამოერთვათ – ამას ითხოვს საეკლესიო სამართალი.

თეოლოგ ლევან აბაშიძის თქმით, საეკლესიო სამართალი არსებობს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ის არ სრულდება და დიდი მოლოდინიც არ აქვს, რომ კორუფციაში ჩართული სასულიერო პირები ეკლესიიდან გაირიცხებიან.

“ადამიანი, რომელიც ფულს მოიპარავს, ეს საეროშიც დანაშაულია და საეკლესიოში მით უმეტეს. ეკლესიის ფული გაჭირვებაში მყოფ მოყვასს უნდა მოხმარდეს და ამ ფულს მოპარვა უდიდესი ცოდვაა. პატრიარქის სტრატეგიაა დაზავება და გაჩუმება, მაგრამ არის ზღვარი, რომლის შემდეგ მიჩუმათება შეუძლებელია. ამას რაღაც უნდა მოჰყვეს, მაგრამ ზუსტად ვერ ვიტყვით, რა მოხდება. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ან ჩაიფარცხება, ან ბრალდებული მხარე ბოდიშს მოიხდის – შემეშალაო. 39 წელია, რაც ჩვენი პატრიარქია და არ ყოფილა შემთხვევა, ეპისკოპოსი გამოსულიყოს საჯარო ბრალდებით. სკანდალები კი ადრეც იყო, მაგალითად, 70-იან წლებში ნახევარი სინოდი დაითხოვეს და დაიჭირეს მამათმავლობის ბრალდებით და მაშინაც საუბარი იყო – ვაპატიოთო. თუმცა, მაშინ სინოდში მხოლოდ 6 ეპისკოპოსი იყო, ახლა კი 47-ია და ბევრად უფრო დიდია სკანდალიც“, – ამბობს ლევან აბაშიძე. მისი თქმით, საეკლესიო სამართლით, თუ ეკლესია დაეთანხმება ბრალდებებს, მაშინ სასულიერო პირს საეკლესიო ხარისხი უნდა შეუჩერდეს. თუმცა, შესაძლოა მღვდელი დაიჭირონ და ეკლესია არ დაეთანხმოს ამას, მაშინ სასულიერო პირი თავის პატივში დარჩება.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილის განცხადებით, წესით სამართალდამცველებიც უნდა დაინტერესდნენ იმით, რა ბრალდებებიც სასულიერო პირების მხრიდან ისმის. საეკლესიო სამართლით კი ამ ბრალდებების გამოკვლევა სინოდმაც უნდა მოითხოვოს, სხვა სასულიერო პირებმაც და მრევლმაც. შიდა გამოძიებაზე გადაწყვეტილებას კი წმინდა სინოდი ხმათა უმრავლესობით იღებს.

თეოლოგის თქმით, საეკლესიო სამართლით, თუკი საერო პირს, მაგალითად, მკვლელობის დანაშაული დაუდგინდება, თუნდაც ეს ავტოკატასტროფა იყოს, მას მთელი ცხოვრება ზიარება ეკრძალება, სასულიერო პირი კი სასულიერო პირი აღარ უნდა იყოს. ასევე ეკლესიიდან განკვეთა ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე სასულიერო პირს რაიმე ბრალს დაუმტკიცებენ. თუმცა, ეს რამდენად სრულდება, სხვა საკითხია.

“დღეს ეკლესიაში არ არსებობს სპეციალიზებული სტრუქტურა, საეკლესიო სასამართლო, როგორიც იყო ადრე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქმე არ გამოიძიონ. შეუძლიათ კომისია შეიქმნას და მან შეისწავლოს ბოლო ორი თვის განმავლობაში რა საჯარო ბრალდებებიც ისმის და ასევე შეისწავლონ, მაგალითად, 2004 წელს სემინარიის აკადემიის სტუდენტები რა კორუფციაშიც ამხელდნენ სასულიერო პირებს. თუმცა ამის გამოკვლევის მზაობას ვერ ვხედავ. ბრალდებები გაისმის იმიტომ რომ, ერთმა ჯგუფმა მეორე დაჩაგროს. მიუკერძოებელი ძალა კი ეკლესიაში არ ჩანს,” – ამბობს ბექა მინდიაშვილი. იგი მოვლენების განვითარების ორ ვარიანტს განიხილავს. ერთი, რომ დაპირისპირებული ჯგუფები ძალაუფლების მოპოვებისთვის “ომს” გააგრძელებენ და ვინც გაიმარჯვებს, ის ჯგუფი მკაცრად იმოქმედებ, შესაძლოა, რაღაც ნაწილს მოუწიოს ან წოდების ან იერარქიის დატოვება, ან მონასტერში გაუშვან.

ბექა მინდიაშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ პატრიარქი და ხელისუფლება შეეცადონ უკვე „ანთებულ კოცონს ნაცარი გადააყარონ“ და დაპირისპირება საჯარო არ იყოს. თუმცა თვლის, რომ თუკი პატრიარქმა მხარეების შერიგება დაიწყო და არა დამნაშავეების მხილება, ეს საეკლესიო თვალსაზრისით დანაშაულია.

“ისეთი ბრალდებები მოვისმინეთ, რომ ამის დაკონსერვება არ შეიძლება. ის, რომ სიგარეტის, სასმელების და მიწების ბიზნესი აქვთ, მეუფე პეტრემ თქვა, რომ ბორდელები ჰქონდათ, სამების მგალობელთა გუნდის რეგენტმა, სვიმონ ჯანგულაშვილმა დაწერა, რომ პრეზერვატივების ბიზნესიც ჰქონდათ… მეუფე პეტრემ თქვა, რომ ეს არის მხოლოდ ნახევარიო, ეს მეუფე პეტრეს პერსპექტივიდან, ანუ მეორე ჯგუფის მიმართებით არის ნახევარი და ახლა აქეთა ჯგუფისკენ რამდენი ამგვარი დანაშაული იქნება? არაფერს ვლაპარაკობ იმაზე, რომ რუსეთის აგენტობაში, გამსახურდიას ხელისუფლების დამხობასა და მკვლელობებში ადანაშაულებენ ერთმანეთს. თუ ეს ყველაფერი შერიგებით დასრულდება, ესეც დანაშაულია და ამ ყველაფერზე კათოლიკოს-პატრიარქი იქნება პასუხისმგებელი,” – ამბობს ბექა მინდიაშვილი.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 20 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ უჩა ნანუაშვილთან: „დიახ, გაუთქმელობის ვალდებულება უნდა გაუქმდეს

თიკო ოსმანოვა

სახალხო დამცველის თქმით, ციანიდის საქმეში არის მთელი რიგი წინააღმდეგობები ოფიციალურად გაჟღერებულ ვერსიას და დეკანოზის მონათხრობს შორის. როგორც უჩა ნანუაშვილი აცხადებს, მამა გიორგი მამალაძემ მას უთხრა, რომ საქმეში არანაირ სასულიერო პირზე საუბარი არ ყოფილა. ომბუდსმენის განცხადებით, ბრალდებული დეკანოზი საქმეში პროკურატურის მიერ ნახსენები ჩანაწერების არსებობასაც არ გამორიცხავს.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა შაბათს მამა გიორგი მამალაძე კიდევ ერთხელ მოინახულა. კონკრეტულად თუ რაზე ისაუბრეს და რას ფიქრობს ზოგადად ომბუდსმენი “ციანიდის საქმეზე” – ამ და სხვა საკითხებზე “მთელი კვირა” უჩა ნანუაშვილს ესაუბრა.

უჩა ნანუაშვილი: ვფიქრობ, რომ “ციანდის საქმეში” ბრალდებული და პროკურატურა განსხავებულ ინფორმაციებს მოგვითხრობენ. ანუ, მამალაძის განცხადება განსხავდება ოფიციალური ვერსიისგან. ბევრი წინააღმდეგობაა ამ ორ ვერსიას შორის. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ კარგი იქნება, დაცვის მხარეს მიეცეს შესაძლებლობა, რომ გაუუქმდეს ის ვალდებულება, რაზეც ხელი აქვს მოწერილი და გაამჟღავნოს კონკრეტული ინფორმაცია და რეალურად დაიცვას ბრალდებულის უფლებები, რისი საშუალებაც მათ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში არ აქვთ.

- გაუთქმელობის ხელწერილს გულისხმობთ?

- დიახ, უნდა გაუქმდეს გაუთქმელობის ვალდებულება, რის გამოც დაცვისა და ბრალდების მხარე არათანაბარ მდგომარეობაში არიან. ეს უნდა გაუქმდეს, რომ ადვოკატმა თავისუფლად შეძლოს კრიტიკული ინფორმაციების დაფიქსირება. ბევრი განცხადება მოვისმინეთ ამ პროცესში ჩართული ყველა მხარის მხრიდან, გარდა დაცვის მხარის. რაღაც პროცედურები რომ განხორციელდეს, დაცვის მხარეს სჭირდება შუამდგომლობების დაყენება, რის გამოც ხელი ეშლება იმიტომ, რომ მათ ეს უფლებამოსილება ჩამორთმეული აქვთ. პროკურატურისგან რამდენიმე განცხადება მოვისმინეთ, ასევე საქმის დეტალებზე მოწმეები საუბრობენ, დაცვის მხარეს კი ამის საშუალება არ ეძლევა. ამ ეტაპზე ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა, რასაც ვხედავთ.

- როგორ გრძნობს თავს მამა გიორგი და თუ არის მისი უსაფრთხოება დაცული ჩაფიძის კლინიკაში, სადაც ამჟამდ იმყოფება?

- მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უსაფრთხოებას რაც შეეხება, ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც პირადად დავაყენე სასჯელაღსრულების წინაშე. მატროსოვის ციხეში ეს პრობლემა მოგვარდა, მაგრამ იგი ითხოვს საკუთარი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვას და გარკვეული ღონისძიებების გატარებას, რაც ჯერჯერობით არ არის განხორციელებული.

- თავად მამა გიორგი მამალაძე რას ამბობს? მას თქვენ უკვე მეორედ შეხვდით….

- ის არ ეთანხმება ოფიციალურ ვერსიას. ამბობს, რომ ბრალდებაში, რომელიც მას წარედგინა, სასულიერო პირი ნახსენები არ იყო. საუბრობს ასევე იმაზე, რომ რეალურად ბევრი რამ არასწორია, რასაც ოფიციალური მხარე აცხადებს. ამბობს, რომ უდანაშაულოა და უარყოფს წაყენებულ ბრალდებას. მისივე თქმით, იგი თავისი უდანაშაულობის დამტკიცებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

- დეკანოზი გიორგი მამალაძე საქმეში პროკურატურის მიერ ნახსენები ჩანაწერების არსებობას არ გამორიცხავს და კონკრეტულად რა ჩანაწერი შეიძლება იყოს, რას ამბობს მამა გიორგი ამის შესახებ?

- არ ვიცი, რა ჩანაწერებზეა საუბარი, მაგრამ ხაზს ვუსვამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს – ეს არის თანასწორუფლებიანობა. ის, რომ ერთი მხარე საუბრობს და მათ შორის გარკვეულ მტკიცებულებებზე აკეთებს აქცენტს, ხოლო მეორე მხარეს პასუხის უფლებაც არ გაჩნია, არის სერიოზული დარღვევა. ეს არის ის, რაზეც სტრასბურგის სასამართლოსაც შეუძლია, გარკვეული გადაწყვეტილება მიიღოს. კონკრეტულ მტკიცებულებებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს ჩემთვის უცნობია. თუმცა მამა გიორგი გარკვეულ პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს, რომელშიც ჩართული ვართ და ვსწავლობთ. მას არ მისცეს სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება, არ აუხსნეს დაკავების მიზეზი და ბევრი სხვა პროცედურული დაღვევებია დაკავებისას.

- პროკურატურის განცხადებით, დაკავებულს აღმოაჩნდა მომწამლავი ნივთიერება ციანიდი და იარაღი. თავად მამა გიორგი რას ამბობს ამასთან დაკავშირებით?

- თვითონ უარყოფს, ჩემთვის პირადად კი დეტალები უცნობია.

- ანუ, ამბობს, რომ ჩაუდეს ეს ნივთირება?

- სავარაუდოდ. ის რეალურად უარყოფს, რომ ჰქონდა ეს ნივთირება.

- რაც შეეხება მისი სახელით გავრცებულ წერილს, რომელიცრუსთავი 2″-მა გაავრცელა, რას ამბობს იგი ამის შესახებ?

- წერილს არ იცნობს, მაგრამ შინარსი როცა ვუთხარი, მითხრა, რომ ამ პრობლემებზე საუბარი არაერთხელ ყოფილა. 2015 წლიდან პერიოდულად მან რამდენჯერმე გადაგზავნა სხვადასხვა მისამართზე, სინოდის და მათ შორის პატრიარქის სახელზეც.

- პატრიარქთან რამდენად ხშირი შეხება და ურთიერთობა ჰქონდა?

- როგორც ვიცი, ის რამდენჯერმე მისი დელეგაციის წევრი იყო. რამდენჯერმე იყო უცხოეთში პატრიარქთან ერთად. დანარჩენი არ ვიცი.

- პროკურატურის ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე მოწმეა, მათ შორის ადვოკატი ირმა ჭკადუა და ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე. თავად მამა გიორგი თუ იცნობს ამ ადამიანებს პირადად და რა ურთიერთობა აქვს მათთან?

- არ ვიცი, ამაზე მას შეუძლია, თვითონ თქვას

რეზონანსი//მთელი კვირა“, 20 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: ხელისუფლება ეკლესიის რეპუტაციის გადასარჩენად უმჯობესია საკუთარი რეპუტაცია უნდა გაწიროს

გვანცა ღვედაშვილი

“ხალხისთვის დაიმალება სიმართლე, მაგრამ სახელმწიფო ამ პროცესს დაასრულებს ისე, როგორც მსოფლიოში მსგავსი რანგის პოტენციური მკვლელობები დამალულა”, – ამბობს “მთელ კვირასთან” ინტერვიუში საზოგადოებისა და კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია “ციანიდის საქმეზე” საუბრისას. მისი აზრით, ამ საქმეს შეუძლია გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს როგორც ხელისუფლების, ისე ეკლესიის ავტორიტეტს. თუმცა, უმჯობესი იქნება, თუკი პროკურატურა საქმის კვალიფიკაციას შეცვლის და საზოგადოების კრიტიკას თავის თავზე აიღებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ სკანდალის გამჟღავნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამზარდიამ სოციალურ ქსელებში გაავრცელა განცხადება, სადაც პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციაზე საუბრობდა. “მთელ კვირასთან” საუბრისას იგი ამის მიზეზსაც განმარტავს და იმ ფაქტორებს ასახელებს, რამაც ასეთი დასკვნისკენ უბიძგა.

არჩილ გამზარდია: დაკითხვაზე დაბარებული ვიყავი მოწმის სტატუსით 8 თებერვალს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მოსაზრებასთან დაკავშირებით, სადაც საზოგადოებას საჯაროდ გავუზიარე ჩემი აზრი პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციის თემაზე. შესაბამისად, პროკურატურასაც მივაწოდე ინფორმაცია და გავუზიარე ის მოტივაციები, რაც მალაპარაკებდა აღნიშნულზე. აქვე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩემი გამოქვეყნებულ სტატუსი არ იყო დაფუძნებული კონკრეტული წყაროს ინფორმაციაზე. ეს ყველაფერი ჩემი ეჭვი და ვარაუდი იყო გარკვეული მოვლენებიდან გამომდინარე.

- რას ეფუძნებოდა თქვენი ეჭვები, რომ შესაძლოა პატრიარქის ლიკვიდაცია მომხდარიყო?

- მე საპატრიარქოს თემატიკაზე მუშაობა დღეს და გუშინ არ დამიწყია. შესაბამისად, ბოლო პერიოდის ტენდენციებიდან გამომდინარე აღნიშნული მოსაზრების გაჩენა რამდენიმე ძირითადმა ფაქტორმა გამოიწვია.

პირველი საპატრიარქოს ბოლო პერიოდის აქტივობებია, რომელიც საპატრიარქოს ევროატლანტიკური მიმართულებით გამოხატულ პოზიციას უკავშირდება. საქართველოს ეკლესიაში წლების განმავლობაში ამ მხრივ ბუნდოვანება იყო, რის გამოც არაერთხელ დაუდანაშაულებიათ ის რუსეთის ინტერესების ლობირებაშიც კი. ახლა კი მათ მკვეთრად პოზიტიური პოზიცია გამოხატეს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ამიტომ ვივარაუდე, რომ შესაძლოა გარკვეული მხარეების უკმაყოფილება ყოფილიყო, იგივე რუსეთის და იმ ძალების მხრიდანაც, ვინც რუსული პოზიციის გაძლიერებას უწყობს ხელს.

მეორე ფაქტორი პატრიარქის ჯანმრთელობის თემა იყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში მზადდებოდა მისთვის რთული ოპერაცია, რამაც საპატრიარქოში განსხვავებული შეხედულებები გამოიწვია. ნაწილი ამტკიცებდა, რომ საქართველოში უნდა ჩატარებულიყო ოპერაცია, ნაწილი კი ამბობდა, რომ მსგავსი ოპერაცია პრაქტიკულად პატრიარქის გადადებას ნიშნავდა. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება უფრო ნეიტრალურ მხარეს გადასცეს, ანუ გერმანელ ექიმებს, რომლებმაც რთული ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება დაიწუნეს.

კიდევ ერთი თემა იყო საპატრიარქოს ძალიან წარმომადგენლობითი დელეგაციის წასვლა გერმანიაში. ეს ჩემთვის ძალიან საკვანძო ფაქტორია – თუკი შიგნითვე გარკვეული მოძრაობები არ იყო , ასეთი წარმომადგენლობით არ წავიდოდა პატრიარქი, რადგან გაცილებით მძიმე მდგომარეობის დროს ძალიან მცირე ჯგუფით, რამდენიმე ადამიანთან ერთად წასულა. შესაბამისად, მსგავსი გადაწყვეტილება ძალიან თვალშისაცემია და ვფიქრობ, იქ გარკვეული პროცესები მიდიოდა.

თუკი ამ ყველაფერს თავს ერთად მოვუყრით და ცოტა ფრთხილად შევხედავთ იმას, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის გადაწყვეტის საკითხში მისი გარემოცვის წარმომადგენლები ძალიან საშიშად ერევიან, შემდეგ საკმაოდ დიდი წარმომადგენლობით მიდიან გერმანიაში, მე პირადად ამ გარემოებების შეჯამების შემდეგ გამიჩნდა დიდი ეჭვი, რომ შესაძლოა პატრიარქის სიცოცხლე დიდი საფრთხის ქვეშ ყოფილიყო. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება იყო.

- კიდევ ერთი მიზეზი, რაზეც თქვენს სტატუსში საუბრობდით, პატრიარქობისათვის ბრძოლა იყო…

- ამაზე საუბარი მუდმივად მიდის. პატრიარქი მნიშვნელოვან ასაკშია და მისი მდგომარეობა დროდადრო უარესდება. შემიძლია გითხრათ, რომ მუდმივად მესმის მსგავსი ინფორმაცია, რომ იბრძვიან პატრიარქის წინააღმდეგ და ა.შ. მე ამ თემაზე არაერთხელ მისაუბრია. თუ გავითვალისწინებთ ისტორიულ კანონზომიერებას, დავინახავთ, რომ პატრიარქობისთვის ბრძოლა ყოველთვის იყო. ამასთან, ახლა ეკლესია შედარებით გამჭვირვალე რომ გახდა, აღარ გვჭირდება რაღაც საოცარი წყაროები, რადგან ხშირად მსგავსი ინფორმაციები თავისთავად გამოდის. ის, რომ ამ ბოლო დროს ეს კიდევ უფრო გამძაფრდა, ჩემთვის მოვლენების განვითარების ლოგიკური გაგრძელებაა.

- რომ დავაზუსტოთ, საპატრიარქოში არსებობენ ღიად პრორუსული და შედარებით პროდასავლური ძალები?

- საქმე ისაა, რომ გარედან რაც ჩანს და რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ არსებობს აშკარად პრორუსული ნარატივი და ადამიანები, რომლებსაც ეს ნარატივი არ აქვთ, მაგრამ შეიძლება არც დასავლური რიტორიკა ამოძრავებთ. თუმცა, ერთი რამ ცხადია, რომ პრორუსული ნარატივი აქტიურად შეიმჩნევა.

- როგორ შეაფასებდით პროკურატურის განცხადებებს ამ საქმესთან დაკავშირებით? როგორც დავინახეთ, თავდაპირველი ინფორმაცია გარკვეულწილად განსხვავდებოდა შემდგომი განცხადებისგან...

- ვფიქრობ, პროკურატურა თავდაპირველად ძალიან სწორი მიმართულებით წავიდა. შემდგომ მედიაში ვრცელმა სიუჟეტებმა და განხილვებმა პროკურატურას დააჩქარებინა რეაგირება ისე, რომ გარკვეული პოზიციების გათვალისწინება ვერ მოასწრო. მე თავიდანვე ვთქვი, რომ არ ველოდი, თუკი პროკურატურა მსგავს კვალიფიკაციას მიანიჭებდა საქმეს. ამიტომაც განვაცხადე, რომ პრევენცია უნდა მომხდარიყო, საფრთხეები შეემცირებინათ და თუკი ვინმე აღმოჩნდებოდა მართლაც საფრთხის მომტანი, განერიდებინათ სხვა მოტივით. ასეთი მიდგომა დამკვიდრებულია, რადგან იმის აღიარება, რომ პრეზიდენტის თუ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა, მთელი ქვეყნის აგენტურის ჩართვას მოითხოვს.

პროკურატურამ, როგორც ჩანს, თავიდან ასე ჩათვალა საჭიროდ. შემდგომ კი, როცა გადააფასეს საქმის სირთულე, მიხვდნენ, რომ ამ მიმართულებით არ უნდა წასულიყვნენ, რადგან ვფიქრობ, არც პატრიარქს ექნებოდა სურვილი, რომ მსგავსი კვალიფიკაცია მისცემოდა საქმეს. თუკი სახელმწიფომ აღიარა პატრიარქის ლიკვიდაციის ალბათობა, ის აუცილებლად უნდა გავიდეს სასულიერო პირებზე. ამიტომაც, ბუნებრივია, ეჭვქვეშ დგება ეკლესიისა და სახელმწიფოს რეპუტაცია. შესაძლოა მსგავსი ფაქტის არსებობა არც სახელმწიფოებრივად იყოს მომგებიანი.

- თუმცა, პროკურატურის მიერ თავდაპირველი ვერსიის შეცვლა უფრო მეტ ეჭვსა და უნდობლობას არ იწვევს?

- ეჭვს შეიტანს, მაგრამ ვფიქრობ, კვალიფიკაციის შეცვლა მეტ-ნაკლებად დაალაგებს სიტუაციას. ამას, მართალია, მოჰყვება დაუჯერებლობა, პროკურატურის უნდობლობა და დისკრედიტაცია, მაგრამ თემა დაილუქება. რა თქმა უნდა, საზოგადოება პრემიერსაც, პროკურატურასაც გალანძღავს და გაკიცხავს, მაგრამ ამბავი აღარ მოითხოვს განვითარებას, შესაძლო მკვლელისა და მის უკან მდგომი პირების გამოვლენას. უბრალოდ, დისკრედიტირდება სახელმწიფო ორგანოები და ამ ორი რისკის ქვეშ მე ვფიქრობ, უმჯობესი იქნება პროკურატურამ უარი თქვას პირველ ჩვენებაზე, რაც ჩემს აღქმაში სწორი კვალიფიკაციაა.

სახელმწიფო როდესაც იმ რისკებს აწონის, რაც ამ კვალიფიკაციას მოჰყვება, ვფიქრობ, მიხვდება, რომ ასე სჯობს. ანუ, ხალხისთვის დაიმალება სიმართლე, მაგრამ სახელმწიფო ამ პროცესს დაასრულებს ისე, როგორც მსოფლიოში მსგავსი რანგის პოტენციური მკვლელობები დამალულა. მე ვფიქრობ, პროცესები აქეთ წავა. ან ძალიან დიდი უნარი, კომპეტენცია და სისუფთავე დასჭირდება პროკურატურას, რომ ეს კვალიფიკაცია არ შეცვალოს და ბოლომდე მიჰყვეს საქმეს.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 20 თებერვალი, 2017 წელი

განსხვავებულ პოზიციებზე მყოფი სასულიერო იერარქებისაგან რომელი მხარის არგუმენტებია თქვენთვის უფრო დამაჯრებელი?

ნინო ქეთელაური

“ციანიდის საქმესთან” დაკავშირებით ატეხილმა სკანდალმა საპატრიარქოში არსებული შიდა დაპირისპირება სააშკარაოზე გამოიტანა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირები უკვე ღიად უყენებენ ერთმანეთს საკმაოდ მძიმე ბრალდებებს.

“დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან ერთად ძალიან მძიმე იყო მეორე საკითხი, რომელიც უკავშირდება ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებას ზოგიერთ მაღალ საეკლესიო იერარქსა და მდივან-რეფერენტთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მეუფე პეტრეს განცხადებებმა დიდი წუხილი და შფოთი გამოიწვია საზოგადოებაში, თუმცა შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, რადგანაც “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით არანაირი დაპირისპირება არ არის”.

მამა გიორგი ზვიადაძის განმარტებით, მეუფე პეტრეს საჯაროდ საუბრის ნაცვლად, საკითხი განსახილველად სინოდის სხდომაზე უნდა გაეტანა. “უცბად ჩვენ ყველანი მომსწრე ვართ, რომ ხდება საჯარო სივრცეში განცხადების გაკეთება, რამაც ადამიანებს კითხვები გაუჩინა, თუ ვინ მართავს საქართველოს ეკლესიას. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მართავს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. პატრიარქს აქვს ნების სიმტკიცე და როდესაც საქმე ეხება საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი სამშობლოს ინტერესებს, მას აქვს უაღრესი სიმკაცრე და პატრიარქი არასდროს დაუშვებს იმას, რომ ეკლესიაში მოვლენები არასწორად განვითარდეს.

“რა ამოძრავებს მეუფე პეტრეს, არ ვიცი. ვფიქრობ, კათოლიკოს-პატრიარქი როცა საქართველოში ჩამობრძანდება, შესაძლოა, გაიმართოს წმინდა სინოდის სხდომა. შესაძლოა, მღვდელმთავრებს ჰქონდეთ ერთმანეთთან საუბრის საშუალება”, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა.

განსხვავებულ პოზიციებზე მყოფი სასულიერო იერარქებისაგან რომელი მხარის არგუმენტებია თქვენთვის უფრო დამაჯარებელი? – ამ კითხვით “მთელმა კვირამ” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

ლაშა ჩხარტიშვილი, „დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი: „დაპირისპირებული მხარეების პოზიციებში ასე კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ პრობლემები რომ არსებობს, ფაქტია და ისიც ცხადია, რომ მეორე მხრივ, ხელისუფლებამ “მოდელირებული ქრონიკა-2″ შემოგვთავაზა. ჯერ გაცხადდა, რომ პატრიარქის მკვლელობის მცდელობა იყო, ეს ყველაფერი აშკარად იკითხებოდა მათ განცხადებებში. შემდეგ საუბარი იყო, რომ ეს სხვა ადამიანს ეხებოდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მართლაც სერიოზული პრობლემებია ეკლესიაში და ხელისუფლება ცდილობს, ამ ორი მხარის დაპირისპირების ინსპირირებით ეკლესია დაასუსტოს და მის საქმეებში ჩაერიოს.”

ირმა სოხაძე, მომღერალი: “გადაჭრით ვერცერთს ვერ მივემხრობი. გამოძიება თავად ვერაფერს ამბობს. მე ის ვიცი, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის უფლება არავის აქვს და ასე ხელაღებით ამ კაცის დამნაშავედ გამოცხადება არასწორია. როგორ დავიჯერო, რომ ის პოტენციური მკვლელია, როდესაც ამის თავად პატრიარქს არ სჯერა?!

“ახლა ვის აწყობდა, მიმართულია თუ არა საპატრიარქოს წინააღმდეგ, არ ვიცი, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ 20 წლის წინ, როდესაც რამდენიმე მღვდელი მოკვეთეს და ეკლესიიდან იმის გამო გააძევეს, რომ თქვეს, მგონი კორუფციის ნიშნებიაო, აი, მაშინვე რომ გამოაშკარავებულიყო ყველაფერი, შეიძლება ასეთ კოლაფსამდე არ მისულიყო საქმე და რაც ამ დღეებში ვინერვიულეთ, თავიდან აგვეცილებინა. ყოველთვის თქმა სჯობს არათქმას.”

გიგა ნასარიძე, ა/ო “საქართველო არ იყიდება: “ჩემი გადმოსახედიდან ასე ჩანს, რომ ადამიანი, რომელიც ჯერ დაადანაშაულეს მკვლელობის მცდელობისთვის, შემდეგ მოუხსნეს ეს ბრალდება და ახლა ცდილობენ ბრალი სხვა დანაშაულისთვის წაუყენონ, ალბათ უფრო განტევების ვაცად გამოიყვანეს. ეკლესიაში კორუფციული სქემები რამდენად არის, არ ვიცი, რადგან ყველაფერი დაფარულია, მაგრამ თუკი ამ ყველაფერს სინათლეზე გამოიტანენ და ვნახავთ, რომ ასე არ არის, ყველა დამშვიდდება.”

ნუცა ჯანელიძე, ხელოვნებათმცოდნე: “მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი ეკლესიაში განხეთქილებას ემსახურება, ეს ერთი და მეორე – ვერაფრით დავიჯერებ, რომ ეს დეკანოზი რაიმე კორუფციულშია გარეული. მისი გარეგნობა და დახასიათება პატრიარქის მიერ არაფრით იმსახურებს უნდობლობას. გამოდის, რომ ჩვენ არც პატრიარქის არ გვჯერა?!”

————————

ახალი თაობა“, 20 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „პრემიერი პროკურატურამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა“ // „ხელისუფლება ნაციონალებსა თუ ყოფილ ნაციონალებს ჯიბრში უდგას

„ჯიპა“-ს პროფესორი, პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის გადაყენება, შეიძლება, ხელისუფლებას ჩაფიქრებულიც ჰქონდა, მაგრამ საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნის შემდეგ გადაიფიქრებს.

- ბატონო თორნიკე, დეკანოზ მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობა ხელმოწერების შეგროვებას იწყებს მთავარ პროკურორ შოთაძის გადაყენების მოთხოვნით. უმრავლესობა აცხადებს, რომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ. როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები?

- „გამოძიებას დაველოდოთ“ – ამ ფრაზას აგერ უკვე ოთხი წელია, რაც ხელისუფლება გაიძახის, მაგალითად, ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, საზოგადოებამ ვერაფერი გაიგო. მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა სწორი მოთხოვნაა პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ გულის სიღრმეში მათ უნდა უხაროდეთ, რომ შოთაძეა მთავარი პროკურორი, რადგან ის გაცილებით მეტ ხათაბალაში ხვევს ხელისუფლებას, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა და „ევროპული საქართველო“, ერთად აღებული. ალბათ, იმედიც აქვთ, რომ არ გადააყენებენ, რადგან მსგავსი გამოცდილებაც აქვთ. შეიძლება, „ქართულ ოცნებას“ ირაკლი შოთაძის გადაყენება ჩაფიქრებულიც ჰქონდა, მაგრამ ამ მოთხოვნის შემდეგ, ალბათ, უარს იტყვის მის განხორციელებაზე.

- არ გამორიცხავთ, რომ მთავრობამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სწორედ მთავარ პროკურორს გაუნაწილოს?

- სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებას არ ახასიათებს შეცდომის აღიარება, შესაბამისად, არანაირ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ გაიზიარებს. მე არ მახსოვს შემთხვევა, როდესაც მთავრობა გამოვიდა და ღიად აღიარა შეცდომა. ერთადერთი, ჭიკაიძე გადააყენეს თანამდებობიდან, მაგრამ გმირად აქციეს.

- თუ სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე გაამართლა, მაშინ ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა?

- ცხადია, მთავრობამ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ეს ხელისუფლება შეცდომას არ აღიარებს, არის ის, რომ ოპოზიციას, კონკრეტულად კი ნაციონალურ მოძრაობასა თუ ყოფილ ნაციონალებს უდგას ჯიბრში.

- სახალხო დამცველმა თქვა, რომ ბრალდებაში საერთოდ აღარ არის საუბარი სასულიერო პირზე, არადა, ამაზე განცხადება მთავარმა პროკურორმა გააკეთა...

- გასაგებია, რომ პასუხი უნდა აგოს ვიღაცამ ამ საქმეზე და არ შეიძლება, ეს საქმე ასე დასრულდეს, მაგრამ ამ ხელისუფლების სტილი არ არის შეცდომის აღიარება და შემდეგ პასუხისმგებლობის აღება. ბოლოს და ბოლოს, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს სახელმწიფოს მეთაური, პრემიერ-მინისტრი. მიუღებელი განცხადებები გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობაში ბესელიას მეთაურობით. ცხადია, ვიღაც უნდა დაისაჯოს ამ ყველაფრის გამო, მაგრამ ეს არ არის მათი სტილი.

- თქვენ მსგავსს არაფერს ელოდებით?

- არ ველოდები იმიტომ, რომ პირველი, ამას ითხოვს ოპოზიცია და მეორე, ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია უნდა გაიმართოს, მაგრამ მასთან კომუნიკაცია რთულია. ის იზოლირებულია, მის გარეშე კი მთავარ პროკურორს ვერ გადააყენებენ.

- ვინაიდან ძალიან სენსიტიურ საკითხზეა საუბარი, როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები?

- გეთანხმებით, რომ ძალიან სენსიტიური საკითხია, მაგრამ აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იკვეთება: მთავრობამ სერიოზულად დაარტყა პროკურატურას და, რამდენად გააზრებული აქვთ ეს, არ ვიცი. თუ ხელისუფლება რეალურად ემზადებოდა რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად, წარმოიდგინეთ, ამ დიდი სისულელის ფონზე ეს როგორ გამოჩნდება. ბუნებრივია, ეს ხელისუფლებას სერიოზულ დაღს დაასვამს. ვიღაცამ, თუ ეს საკითხი სერიოზულად აწუხებს, რეალური დამნაშავის ძიება უნდა დაიწყოს და დასაჯოს კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, მეეჭვება, ასე მოხდეს. თუ მოხდება, შიგნით, საკუთარ რიგებში კი არ დაიწყებს ძებნას, გარეთ გამოვა. ეს მათი დიდი პრობლემაა, საბოლოო ჯამში კი _ ჩვენი ქვეყნის.

- რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ ერთმა ჯგუფმა რაღაცის გადასაფარად მოიფიქრა ეს ყველაფერი?

- შედეგიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ, რადგან, საბოლოო ჯამში, შედეგებს აქვს მნიშვნელობა, რადგან პოლიტიკა სწორედ შედეგია. როგორია დღეს შედეგი? თუ რაღაცის გადასაფარად უნდოდათ, ხომ უარესი შედეგი დადგა ხელისუფლებისთვის? მე რომ ვუყურებ ამ ქეისს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე და, როდესაც მიხვდნენ, რომ ჭაობში აღმოჩნდნენ, ფართხალი დაიწყეს.

- რა ნაბიჯები უნდა გადადგას პრემიერმა, შეიძლება, გამოვიდეს და თქვას, რომ ის შეცდომაში შეიყვანეს, რომ ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია?

- ეს ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ წარმოუდგენლად მეჩვენება. ეს რომ სამი წლის წინ მომხდარიყო, სააკაშვილს დააბრალებდნენ და მოსახლეობაც დაიჯერებდა, მაგრამ უკვე ვეღარ აბრალებენ. თავიდან იყო კიდეც მცდელობა, თითქოს მამა გიორგის თბილისი-კიევის ბილეთი უპოვეს, მაგრამ ამან იმდენად დიდი უკურეაქცია გამოიწვია, რომ მიაჩუმათეს. მსგავსი ზღაპრების უკვე აღარავის სჯერა.

- ოპოზიცია გამოიყენებს ამ თემას?

- უკეთესია, ახლა ოპოზიცია ჩუმად იყოს და საზოგადოების აქტიურ ნაწილს ადროვოს. თუ ოპოზიციაში კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობასა და `ევროპულ საქართველოს~ გულისხმობთ, მათი ბრენდი ჯერ კიდევ დაზიანებულია, რეიტინგი შედარებით კვლავ დაბალი აქვთ, ამიტომ მათმა აქტიურობამ ამ თემის ირგვლივ, შეიძლება, საქმე კიდევ უფრო გააფუჭოს. ვფიქრობ, ახლა სამოქალაქო საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს და არა ოპოზიციური სპექტრი გამოვიდეს წინა პლანზე.

ახალი თაობა“, 20 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ ნანა კაკაბაძესთან: „პატრიარქის მიმართვა ეკლესიის მტერმა დაამონტაჟა“ // „გეგმის მიხედვით, პატრიარქის ოპერაციის დროს სავალალო შედეგი უნდა დამდგარიყო

ტელეკომპანია ობიექტივის ინფორმაციით, 16 თებერვალს გავრცელებული საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიმართვა დამონტაჟებულია და სრული ვერსია თავად ტელეკომპანიამ გაავრცელა.

ვის ინტერესში შედიოდა პატრიარქის განცხადების ამოჭრა, რა ხდება საპატრიარქოში, დაიხევს თუ არა უკან პროკურატურა, რა სკანდალური ფარული ჩანაწერები არსებობს, რომლებიც საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი იქნება? „ახალი თაობის“ კითხვებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პასუხობს, რომელიც აცხადებს, საპატრიარქოსთან დაახლოებული პირია და მომხდართან დაკავშირებით იმაზე მეტი იცის, ვიდრე ეს ითქვა.

- ქალბატონო ნანა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატრიარქის მიმართვა ორ ნაწილად გავრცელდა და საუბარი ამოჭრილი და დამონტაჟებულია...

- ეს არც არის გასაკვირი. ამოჭრა და დაამონტაჟა იმან, ვინც ასე ღია ბრძოლა გამოუცხადა ჩვენს ეკლესიას. მტერი შიგნითაც ბევრია.

- თქვენ აცხადებთ, რომ საკმაოდ დაახლოებული ხართ საპატრიარქოსთან. რა ხდება?

- ის რაც დღეს ხდება, ამაზრზენი, გაუგებარი და მიუღებელია! ამის უკან დგანან ძალიან სერიოზული ბინძური ძალები, რომელთა ინტერესებშიც არის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაცია და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის დასუსტება.

- რომელ ძალებზე საუბრობთ?

- პირველ რიგში, ეს არის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ცდილობს, რაც შეიძლება მალე დაანგრიოს ეს ქვეყანა. ამის სათავეში კი მიხეილ სააკაშვილი დგას, რომლებიც სპეცსამსახურებთან ერთად მოქმედებს.

- ნაციონალური მოძრაობაც და მიხეილ სააკაშვილიც დღეს აქტიურად იცავენ ეკლესიას...

- ესენი არანაირად არ იცავენ ეკლესიას, იცავენ იმ მტრებს, რომლებიც ანგრევენ ეკლესიას.

- და ვინ არის ეს უხილავი მტერი?

- თუნდაც მეუფე პეტრეა დღეს მთავარი გმირი. მას უჭირს, პირდაპირ დაასახელოს, რომ საქართველოს პატრიარქს ებრძვის. მას ეშინია, დაარტყას საქართველოს პატრიარქს, რადგან იცის, ამას რა რეაქციაც მოჰყვება საზოგადოების მხრიდან. ვითომ ურტყამს შორენა თეთრუაშვილსა და მეუფე თეოდორეს, რეალურად კი ეს არის პატრიარქზე დარტყმა. ადამიანი ამბობს, რომ თურმე პატრიარქი კი არ მართავს ეკლესიას, არამედ – შორენა თეთრუაშვილი. რა არის ეს, თუ არა ეკლესიის დისკრედიტაცია!

- შორენა თეთრუაშვილის მმართველობაზე საპატრიარქოში ბევრი საუბრობს. ამას არ იზიარებთ?

- შორენა თეთრუაშვილი მას მერე მოვიდა ეკლესიაში, რაც მე უკვე ჩვენი ეკლესიის მრევლი ვიყავი. პირველივე დღეებიდან ვიცნობ. თავიდან საპატრიარქოში იყო, მერე საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში გაუშვეს სამუშაოდ, შემდგომ უკვე ის გახდა პატრიარქის მდივან-რეფერენტი. უნაკლო და ფრთიანი ანგელოზი არავინ არის ამქვეყანად და, ალბათ, არც შორენა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ პატრიარქისადმი ერთგულება და უდიდესი სიყვარული დამინახავს ამ ადამიანისგან. თუ ვინმე არ უღალატებს პატრიარქს და ზურგში დანას არ ჩასცემს, ეს არის შორენა თეთრუაშვილი.

- როგორც უფლებადამცველი, რას იტყვით დაკავებული მამა გიორგის შესახებ?

- არ ვიცნობ ამ ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, ძალიან დაახლოებული იყო პატრიარქთანო, მე არცერთხელ არ მინახავს ის პატრიარქთან. არც სუფრაზე მინახავს პატრიარქთან და არც მიღებებზე.

- რას იტყვით საპატრიარქოს პოზიციაზე? დღეს აქტიურად მოითხოვენ მთავარი პროკურორის გადადგომას. ამბობენ, რომ პროკურატურამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. ასეა?

- პროკურატურა რაც არის, ეს ჩემგან არავის ესწავლება, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, მიზანმიმართული კამპანიაა. ფარულ ჩანაწერებში არსებობს სრულიად მიუღებელი და ამაზრზენი კადრები. ისინი იმდენად მტკივნეული იქნება პატრიარქისთვის, რომ პროკურატურა ერიდება პატრიარქის ტკივილს.

- ასეთი რა ხდება ამ ჩანაწერებში? გაქვთ ინფორმაცია, რაზეა საუბარი?

- სამწუხაროდ, ინფორმაცია მაქვს. როგორც ჩანს, პროკურატურაც აქედან გამომდინარე იკავებს თავს ამის სააშკარაოზე გამოტანისგან.

- ეს პირადად პატრიარქს უკავშირდება?

- ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი.

- თუმცა საპირისპიროც გვესმის, რომ პროკურატურას არ აქვს მტკიცებულებები, შეცდომაში შეიყვანეს საზოგადოება და ახლა გამოსავალს ეძებს...

- სასამართლოზე გამოჩნდება, როგორი მტკიცებულებები აქვს პროკურატურას! რაღაც დოზით სასამართლოც უნდა იყოს დახურული ამ მიმართულებით.

- თქვენი საუბრიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სწორედ პატრიარქის მოწამვლა იყო გამიზნული?

- ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ ისე უნდა მომხდარიყო, რომ თვითონ ოპერაციის დროს დამდგარიყო სავალალო შედეგი.

- პატრიარქის დაბრუნების შემდეგ არ გამორიცხავენ, რომ შორენა თეთრუაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვოს...

- ეს პატრიარქის გადასაწყვეტია! როგორც ის ჩათვლის საჭიროდ, ისე იქნება. ყველაზე მეტად მისი მჯერა და მას ვენდობი.

ახალი თაობა“, 20 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: „სახეზეა ეკლესიაზე მიტანილი არნახული შტურმი“ // „რუსთავი-2“ ფარსს დგამს

პარლამენტის ყოფილი წევრი და გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ ვიღაცები დიდი ფულის ფასად ცდილობენ, ეკლესიას ჭორები აუგორონ და მისი დისკრედიტაცია მოახდინონ.

- ბატონო დიმიტრი, რუსთავი-2-ის აქციაზე ხომ არ ხართ?

- რა შემატყვეთ ისეთი, ამას რომ მეკითხებით? აქციაზე მისვლა არ იქნებოდა თავისუფალი მედიის დაცვის აქტის გამოხატულება. აქციაზე მისვლა იქნებოდა იმ ფარსში მონაწილეობის გამოხატულება, რომელსაც „რუსთავი2“ დიდი ხანია დგამს. ძალიან კარგად მახსოვს, რას ემსახურებოდა ბატონი გვარამია წლების განმავლობაში. ძალიან კარგად მახსენდება „რუსთავი2“-ის დამოკიდებულება გაერთიანებული დემოკრატების მიმართ.

- რას გულისხმობთ?

- ათასგვარი მიზეზი მოჰყავდათ იმისთვის, თითქოს ჩვენ პულსი არ გვეზომება. არცერთ სატელევიზიო გადაცემაში არ იყო ჩვენი ხსენება. ისიც ძალიან კარგად მახსოვს, კვალიფიციური სუბიექტები მიიწვიეს (5 თუ 6) ერთად „რუსთავი2“-ზე, მაგრამ არაფრით – ნინო ბურჯანაძე და გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა.

- რას მიაწერთ ამგვარ მიდგომას?

- ჩვენი მიწვევა მათ დასავლეთში აუკრძალეს. ეს რომელი დამოუკიდებელი მედიის სტანდარტით განიზომება? რატომ ჰქვია ასეთ მედიას დამოუკიდებელი?

- ზოგმა მაინც დაივიწყა ეს სიტუაცია და დამოუკიდებელი მედიის დაცვის მოტივით აქციაზე მივიდა. ამას თქვენ როგორ აფასებთ?

- კონკრეტულ ქმედებაზე თითოეულ ადამიანს თავისი პასუხისმგებლობა აქვს. გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდავია. გამოხატვის თავისუფლება საზოგადოებას მისცემს შესაძლებლობას, სრულად შეაფასოს იქ მისვლის მოტივი. მე მაქვს ჩემი პიროვნული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

- ბოლო დროს ძალიან დაიძაბა ვითარება ქვეყანაში, როცა პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით ცნობები გაავრცელა. ეს ცნობები ყოველდღიურად იცვლება. გაიგეთ, რეალურად რა ხდებოდა?

_ როცა საკითხი ეკლესიას ეხება, შეფასებებში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეკლესიის თემაზე საუბარი დიალოგის სახით ეკლესიის მტრებთან უნდა შეწყდეს. ეკლესიის მტერს დიდი ხანია სურს ეკლესიის გახლეჩა. ეკლესიის მტერთა რიცხვი საქართველოში ძალიან დიდია.

- მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ფაქტებს როგორ აფასებთ?

- მამა გიორგი მამალაძის ქმედებას მას შემდეგ შევაფასებთ, რაც გამოძიების მასალებით დადგინდება ჭეშმარიტება საქმეზე, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, ვერდიქტი გვექნება, რომლითაც მამა გიორგი ან გამართლებული იქნება, ან – გამტყუნებული. შესაბამისად, არცერთი ტიპის სპეკულაციებისთვის ადგილი არ უნდა დავტოვოთ, გარდა ერთისა, რომ სახეზეა ეკლესიაზე მიტანილი არნახული შტურმისა და საარტილერიო ცეცხლის გახსნის ფაქტი.

ვინც ეს გააკეთა, მას უნდა ახსოვდეს, რომ ზღუდენი ჯოჯოხეთისანი ეკლესიას ვერ ეწეოდიან. რაც შეეხება ცალკეულ სუბიექტებს, მათ ნაკლებობას ეკლესია თავისი არსებობის განმავლობაში არცერთ პერიოდში არ განიცდიდა. მათი განსჯის უფლება გააჩნია წმინდა სინოდსა და საეკლესიო კრებას. ჩვენ უნდა დაველოდოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და მის შეფასებას. ვფიქრობ, მრევლის დიდი ნაწილი პატრიარქს აეროპორტში დახვდება. ჩვენ ამით გამოვხატავთ ერთსულოვნებას ეკლესიის მიმართ. ეს უნდა იყოს მაკონსოლიდირებელი, ძალიან დიდი დახვედრა პატრიარქის, რომელიც ქართველის ერის ერთიანობის სიმბოლოა.

- ვის მიიჩნევთ ეკლესიის მტრად?

- ძალიან კრებითი სახელია. ეკლესიის დაუძინებელ მტერს სულიერი ხედვითაც ვიცნობთ და ფიზიკურადაც. ისინი შთაგონებული არიან და ძალიან დიდი ფულის ფასად ცდილობენ, ეკლესიას ჭორები აუგორონ, მისი დისკრედიტაცია მოახდინონ. აქ ერთი მთავარი საკითხია – ბოლო 20 წლის განმავლობაში ეკლესიის რეიტინგი მაღალია. თუკი ქვეყანაში საზოგადოება რომელიმე ინსტიტუციას ენდობა, ეს არის ჩვენი ეკლესია. როგორც ჩანს, ეკლესიის პოპულარობა ძალიან უშლით ხელს საქართველოში საკუთარი გეგმების განხორციელებაში.

- რა გეგმების შესაძლო განხორციელებაზე მიგვანიშნებთ?

- პირველ რიგში, იგულისხმება სახიფათო სოციალური ექსპერიმენტები, დემოგრაფიული პოლიტიკა, რომელიც, ფაქტობრივად, გაწყვეტის პირამდე მიიყვანს ჩვენს ერს 2030 წლისთვის. რეალურად, ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც იცავს ქართულ ეროვნულ ინტერესს პოლიტიკურ და სულიერ დონეზე, ეს არის საქართველოს ეკლესია.

ამ ინსტიტუტის წინააღმდეგ გამოცხადებულია უშეღავათო ბრძოლა. ყოველწლიურად დიდი ოდენობით თანხები იხარჯება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ზოგიერთი ტელევიზია ძვირფას საეთერო დროს არ იშურებს იმისთვის, რომ ეკლესიის დისკრედიტაცია მოხდეს, მათ შორის, ეკლესიის წიაღში მყოფი სასულიერო პირის ხელითაც. არაერთი პირი გვინახავს საკუთარი დედაეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი. იმის მაგივრად, რომ ეს პირი თავის ურთიერთობას არკვევდეს ეკლესიის შიგნით, წმინდა სინოდზე ამ საეკლესიო კრებებზე გაერთიანებულია როგორც ზოგიერთ მედიასაშუალებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ისე მათ პატრონებთან ოკეანის გაღმა. ერთადერთი წინააღმდეგობა, რომელიც გადაულახავად დარჩება, არის დედაეკლესია. მასში იგულისხმება კეთილშობილი ქართველი ერი.

- მთავარი პროკურორისა და პრემიერის განცხადებებიდან გამომდინარე, ვიფიქრე, რომ პატრიარქის მოწამვლა ჰქონდათ განზრახული. თქვენ როგორ გაიგეთ პროკურატურისა და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები?

- ზუსტად ისე გავიგე, როგორც ითქვა. პირდაპირ ითქვა, რომ დარტყმის ობიექტი იყო მაღალი სასულიერო იერარქი. შემდგომში პროკურატურამ დიამეტრულად შეცვალა თავისი განცხადება. პრესსამსახურმა განაცხადა, რომ დარტყმის ობიექტი იყო არა სასულიერო, არამედ პატრიარქთან მყოფი არასასულიერო პირი.

ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ პირველი განცხადების გამო დაზაფრული ხალხის მიმართ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას ბოდიში ჰქონდა მოსახდელი. როგორც მინიმუმ, მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ძვირი ფასის გადახდა უნდა მოუხდეს როგორც პროკურატურას, ასევე ხელისუფლებას. მათ უნდა განმარტონ, რამ აიძულა ისინი, რადიკალურად შეეცვალათ თავდაპირველი განცხადება.

მათ განაცხადეს, რომ აღკვეთილია დანაშაული, რომელიც პირდაპირ ზურგში ურტყამდა ქართულ სახელმწიფოებრიობას, მის უმნიშვნელოვანეს ნაწილს დედაეკლესიას. ამ განსაკუთრებული განცხადებების ფონზე რადიკალურად რატომ იცვლება სამართლებრივი სურათი, ამაზე პასუხისმგებელი ხელისუფლება და მასში არსებული პროკურატურის სისტემაა.

ახალი თაობა“, 20 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ გიგა ბუკიასთან: „პროკურატურის მიზანმიმართული დისკრედიტაცია გრძელდება“ // „ნიკა გვარამია სასამართლოზე ზეწოლას ახდენს

„ახალი თაობა“ ესაუბრა პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატს, კონსერვატორების ფრაქციის ლიდერ გიგა ბუკიას.

- ციანიდის საქმის გარშემო სკანდალები გრძელდება. პრემიერ-მინისტრმა მიუნხენიდან ჩართვისას მოუწოდა საზოგადოებას, მეტი პატივისცემა და ნდობა გამოიჩინოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ბოლო დროს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა გამოიკვეთა?

- საზოგადოების ფართო ფენაში სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი უნდობლობა არ არის. ხელისუფლების მიმართ ნდობა არსებობს. გრძელდება პროკურატურის მიზანმიმართული დისკრედიტაცია გარკვეული ჯგუფების მხრიდან.

- ამის მცდელობა ადრეც ყოფილა?

- რასაკვირველია. ოპოზიციით დაწყებული, პრეზიდენტით დამთავრებული, უსაფუძვლო ბრალდებები პროკურატურის მიმართ ბევრს გამოუთქვამს. პრეზიდენტი მარგველაშვილი ერთხელ შეხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარე პაპუაშვილს. ამის მერე ორივემ გააკეთა განცხადებები იმაზე, თითქოს პროკურატურა ზეწოლას ახდენს საკონსტიტუციო სასამართლოზე, მათ ოჯახებზე. იყო პროკურატურის დისკრედიტაციის ბევრი სხვა შემთხვევა, მაგალითად, კაბელების საქმის გამო. ერთხელ ითქვა, რომ პროკურატურა არაფერს აკეთებს მკვლელობების ფაქტების გამოსაძიებლად. პროკურატურამ მკვლელობის მაშინ ნახსენები ფაქტებიც გამოიძია და თავისი უდანაშაულობაც დაამტკიცა ყველა შემთხვევაში. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მათ, ვინც უსაფუძვლო ბრალდებებს აყენებდა, თავიანთი სიტყვები უკან არ წაუღიათ და ბოდიში არ მოუხდიათ. ამაზე პარლამენტში აუცილებლად დავსვამ შეკითხვებს. როცა პრეზიდენტი პარლამენტში მოვა, მასაც მოვთხოვ ამაზე პასუხს.

- ციანიდის საქმის შემთხვევაში პროკურატურა სწორად მოიქცა?

- საქმე ის არის, რომ ამ საქმის უხმაუროდ გამოძიება იყო დაგეგმილი. პროკურატურა აპირებდა, საქმის კურსში ჩაეყენებინა პატრიარქი მისი გერმანიიდან სამშობლოში ჩამოსვლის შემდეგ. ბრიფინგები არ იყო ჩაფიქრებული. მთავარი პროკურორი იძულებული გახდა, სპეციალური ბრიფინგი ჩაეტარებინა მას შემდეგ, რაც ამაზე აყალმაყალი ატეხა რუსთავი 2-მა.

ეს საკითხი კიდევ ერთი საშუალება გახდა პროკურატურის დისკრედიტაციისთვის. საქმეში ჩაერთო არა მარტო ოპოზიცია, არამედ სხვებმაც დაიწყეს პროკურატურის დადანაშაულება. არადა, პროკურატურამ სერიოზული დანაშაული აღკვეთა. მისი დეტალები ჩვენი განსახილველი არ არის. გამოძიება მიმდინარეობს. ბევრი ინსტიტუტის მიმართ უნდობლობის გაღვივება და დეზინფორმაციის გავრცელება ხდება. ისინი, ვინც სახელს უტეხენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ვერანაირ მოგებას ვერ ნახავენ. ამით ზიანი ადგება სახელმწიფოს.

- პროკურატურა უარყოფს შაბათს გავრცელებულ ინფორმაციას მთავარი პროკურორის გადადგომის შესახებ...

- ასეთი დეზინფორმაცია ბევრი მოგვისმენია. მარტო რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციების სათაურები რომ გავიხსენოთ, ამას `ახალი თაობის~ ერთი ნომერი მთლიანად არ ეყოფა. დეზინფორმაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გააკეთა განცხადება იმაზე, რომ ავტორიტეტული ამერიკული გამოცემები ავრცელებენ ჭორებს.

- რუსთავი-2-ის მხარდამჭერი აქციები უფრო მასშტაბური ხდება. ხელისუფლებას თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის გამო აკრიტიკებენ.

- ეს სიტუაცია ძალიან ჰგავს ერთი ზღაპრის სიუჟეტს. მისმა გმირმა იმდენი იძახა, მგელი მოდის, მგელი მოდისო, რომ ბოლოს აღარავინ დაუჯერა. ლამის ორი წელიწადია, მიმდინარეობს დავა „რუსთავი-2“-ის ქონებაზე. ამ ხნის განმავლობაში სულ გაიძახიან, რომ ხელისუფლება რუსთავი 2-ს ისაკუთრებს ან ხურავს. ამ ტელეკომპანიამ უამრავი მფლობელი და მეწილე გამოიცვალა. ერთ-ერთი მათგანი ქონების გამო სასამართლოში ჩივის. დავა გრძელდება. არის ამ განხილვის პოლიტიზების მცდელობა. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ზეწოლას ახდენს სასამართლოზე. მისგან ასეთი რამ გასაკვირი არ არის. როცა ის პროკურატურის მაღალჩინოსანი იყო, მთელი პროკურორები ადეიშვილის მითითებებს ასრულებდნენ, პროკურატურა დავალებებს აძლევდა სასამართლოსაც. სააკაშვილ-ადეიშვილის ხელისუფლებაში სასამართლოს ნოტარიუსის ფუნქციები ჰქონდა. ამ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები გამოჰქონდა.

დღეს პროკურატურაზე ზემოქმედების მოხდენას ცდილობს იმ რეჟიმის წარმომადგენელი, ყოფილი პროკურორი გვარამია. გვარამიას თავისი პრობლემები აქვს და ვერ მოუნელებია, რომ მისი საუბარი მაშინდელ მოსამართლე ახვლედიანთან ავთენტურად ჩაითვალა. ამ ჩანაწერში გვარამია ისე საუბრობს მილიონებზე, თითქოს ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყოს. როგორც ჩანს, მისთვის ასეთი დიალოგები მილიონებზე უცხო ხილი არ არის.

ახალი თაობა“, 20 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ბიძინა ივანიშვილს მედია არაფერში სჭირდება“ // „თუკი გინდა, რომ მედიასაშუალება გააუვნებელყო, უკეთესით უნდა აჯობო

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით „ახალი თაობის“ კითხვებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე პასუხობს.

- ბატონო რამაზ, გვესმის შეფასებები, რომ ხელისუფლებას უჭირს პროცესების მართვა. კულუარულად იმაზეც საუბრობენ, რომ, შესაძლოა, პრემიერმა და მთავარმა პროკურორმა თანამდებობები დატოვონ. როგორ აფასებთ შექმნილ ვითარებას?

- ეს განცხადებები მოდის ოპოზიციიდან, უფრო ნაციონალების მხრიდან. ამ განცხადების ავტორი კი გამოდის არა მარტო რეალობიდან, არამედ საკუთარი ინტერესებიდანაც.

- რამდენად ხედავთ დღეს საზოგადოებაში საპროტესტო მუხტს?

- ხელისუფლებას ძალიან ბევრი მინუსი შეიძლება დაუწეროს კაცმა, რადგან 2012 წლიდან, პირველივე ნაბიჯები როცა გადადგა მან, უამრავი შენიშვნა გაჩნდა, დაწყებული კოჰაბიტაციით, დამთავრებული გადაწყვეტილების მიღების უუნარობით, კადრების შერჩევაში დაშვებული შეცდომებით და ასე შემდეგ!

- ამ კოჰაბიტაციისა და უუნარობის შედეგებს ვიმკით დღეს?

- გააჩნია, ამას ვინ ამბობს. თუ ამას ამბობს ნაციონალური მოძრაობა, ის მართლაც იმკის ამის შედეგებს, იმიტომ, რომ მისთვის ეს უუნარობა და კოჰაბიტაცია ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა. დღეს ისინი პოლიტიკურ სივრცეში რომ არსებობენ, სწორედ ამ უუნარობის შედეგია. სხვა პარტიები თავისთავად გაქრნენ. მათ შერცხვათ მიღწეული შედეგის და ხმას ვეღარ იღებენ. ნაციონალებს კი არ რცხვენიათ! არც შეიძლება, რომ შერცხვეთ.

- რატომ?

- არა იმიტომ, რომ ასეთი ცუდები არიან ან კარგები, არამედ იმიტომ, რომ მათ იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, უკვე სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური ფარის შექმნაზე იზრუნონ. ამიტომ ისინი მძაფრ ოპოზიციურ როლს ირგებენ, რათა თავზე დაკიდებული ნებისმიერი მახვილი აიცილონ და ყველაფერი ხელისუფლებას გადააბრალონ. მათ იციან, რომ შურისძიება ძალიან სახიფათოა და თავი რითიმე უნდა გადაირჩინონ.

- და რა ხერხით ცდილობენ ამას?

- თავის გადარჩენის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა პოლიტიკური დეკორაციის შექმნა, რომ მას დევნიან არა იმიტომ, რომ ადამიანები დახოცა და ორი გვამი სჭირდებოდა, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური ოპოზიციაა. ამ სიტუაციაში ნაციონალურ მოძრაობას ვერ გაამტყუნებ. მას სხვა გზა არ აქვს, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ აჰყვება საზოგადოებრივი აზრის რაღაც ნაწილი, ეს არის გულდასაწყვეტი.

- რას იტყვით ხელისუფლების როლზე მედიასთან ურთიერთობისას? მიმდინარეობს სიტყვის თავისუფლების ჩახშობა...

- ესეც „ნაციონალების“ ტექსტებია. „რუსთავი-2“ არის ის მედიასაშუალება, რომელიც თავისუფალ სიტყვას ემსახურება?! ეს არის ტიპური პარტიული ორგანო, საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის, რომლის ეთერი, მთლიანობაში, ყველა კომპონენტის გათვალისწინებით, მაღალ დონეზეა შესრულებული და, ამდენად, მაყურებელიც ჰყავს, თუმცა, როცა ნდობის ხარისხი იზომება, თვითონ მაყურებელიც არ ენდობა „რუსთავი-2“-ს. თავისუფალი სიტყვა იზღუდებაო, ამის თქმა მათი საზომიდან, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა ძნელია.

- ხელისუფლების ინტერესი იკვეთება?

- ეს ინტერესი ბუნდოვანია, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ფლობდა მე-9 არხს, რომელიც აქტიური ტელევიზია იყო და რომელშიც ბრძოლაში გამოწრთობილი ჟურნალისტები იყვნენ. მან ის ტელევიზია დახურა ორი კვირით ადრე, ვიდრე საერთოდ გავიდოდა პოლიტიკიდან. ამით იმის თქმა მინდა, რომ მას იმ ინსტრუმენტის ინტერესი, რომელსაც მედია ჰქვია, არ აქვს! ის ამ ინსტრუმენტს ვერც იყენებს. აგერ ჯიდიესი იყო მისი ინსტრუმენტი, თუმცა ეფექტურად არც ეს ინსტრუმენტი გამოუყენებია ბიძინა ივანიშვილს. ასე რომ, პედალირება იმაზე, რომ მას მედიასაშუალებები სჭირდება, არასწორია.

- არ სჭირდება?

- რაში სჭირდება?! არ იყენებს ამ ინსტრუმენტს და რაში უნდა სჭირდებოდეს?! ერთადერთი, შეიძლება, სჭირდება ის, რაზეც მიგვანიშნა საარჩევნო კამპანიის დროს, რომ ნაციონალების აღზევება დაუშვებელია. მთელი საარჩევნო კამპანია ამაზე ჰქონდათ აგებული. ნაციონალური მოძრაობის აღზევების მექანიზმები, შესაძლოა, სურდეს, რომ გააუვნებელყოს. აი, ამას არ გამოვრიცხავ.

- ამ მექანიზმში, შესაძლოა, შედიოდეს რუსთავი 2?

- მის ამ ინტერესში, შესაძლოა, შედიოდეს „რუსთავი-2“, მაგრამ, მეორე მხრივ, საკმაოდ ქრესტომათიულია ის ჭეშმარიტება, რომ თუკი გინდა, რომ მასმედია გააუვნებელყო, უნდა აჯობო მას მასმედიით! ხმების ჩახშობის პრინციპი საბჭოთა კავშირში რაც იყო, სწორედ საბჭოთა კავშირის დაშლამ აჩვენა, რომ არ მუშაობდა! ეროვნულ მოძრაობას საერთოდ არ ჰქონდა წვდომა მედიაზე. იმ დროს ტელევიზია და გაზეთები მუშაობდნენ საბჭოთა ცენზურის ქვეშ, მაგრამ, ეროვნული მოძრაობის ლიდერები გამოვიდნენ თუ არა ქუჩაში, მათ მთელი ხალხი აჰყვა! მედიასაშუალება მხოლოდ დამატებითი რამ არის. ის არ წყვეტს პროცესების ბედ-იღბალს.

————————

„კვირის პალიტრა“, 20 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ დავით სერგეენკოსთან: „როცა საჯარო მოხელე არ ვიქნები, ასეთებს პასუხს მარტივად გავცემ“ // „ზოგიერთ კლინიკას მოკავშირე პაციენტების გარდა ტროლები ჰყავს, რომლებიც დასხდებიან კლავიატურასთან და სასწაულებს სჩადიან“ // „ლაპარაკი იმაზე, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მაფია მოქმედებს, ღიმილის მომგვრელია

ეკა ლომიძე

რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საგანგებო ბრიფინგი გამართა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და კერძო დაზღვევით მოსარგებლეების გამიჯვნის თაობაზე. არსებობს ეჭვი, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები საკუთარ ვალდებულებებს სახელმწიფოს აფინანსებინებენ.

ახლობელს, რომელსაც­ კორპორაციული­ დაზღვევა აქვს და საოჯახო პაკეტით სარგებლობს, სტუდენტი შვილი შეუძლოდ გაუხდა და სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერ კლინიკაში მივიდნენ. რეგისტრაციისას ბარათი უკან დაუბრუნეს,­ თქვენს შვილს სტუდენტური დაზღვევა აქვს და იმით ისარგე­ბლებსო. დედა გაოცდა, კორპორაციული­ დაზღვევის­ საოჯახო პაკეტში ფულს იმიტომ ვიხდი, რომ კერძო­ კომპანია მომემსახ­უროსო! კლინიკამ მაინც გადაწყვიტა, რომ ხარჯი სახელმწიფოს გადაეხადა. ახლობელი გულისწყრომას ვერ მალავდა -­ კლინიკა,­ რომელშიც მევალება მისვლა, იმავე ბიზნესჯ­გუფს ეკუთვნის, რომელიც სადაზღვევო კომპანიასაც განაგებს­; ვეჭვობ, კერძო­ სადაზღვევო კომპანია და კლინიკა, მეპატ­რონის ინტერესების გათვალისწინებით, შეთანხმებულად მოქმედებენ და რაც კერძო კომპანიის გადასახდელი იყო, სახელმწიფოს გადაახდევინესო.

ბევრი ასეთი ფაქტი ვიცი.­ ფაქტობრივად, ყველა ნაცნობმა, ვინც კი ოპერაცია გაიკეთა, მიიღო დაფინანსება როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, ისე – კერძო სადაზღვევო კომპანიიდან. სადაზღვევო კომპანია მათ აიძულებდა,­ ჯერ საყოველთაო ჯანდაცვისთვის მიემართათ და რაც სახელმწიფო დაფინანსების შემდეგ დააკლდებოდათ, იმ თანხას აუნაზღაურებდნენ…

კვირის პალიტრის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო:

- სადაზღვევო კომპანიებმა გაყიდეს ისეთი პაკეტები, რომელთანაც მოსადავებელი არაფერი გვაქვს. პაკეტში გარკვევით ეწერა,­ გიფინანსებთ ყველაფერს, გარდა იმისა, რასაც აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვაო. პრობლემები არის იმ ნაწილში,­ სადაც კერძო კომპანიები საკუთარ ვალდებულებას სახელმწიფოს აკისრებდნენ… ბოლო დღეებში ვკითხულობ სტატიებს­ სათაურებით: “ჯანდაცვის სამინისტრო კერძო სადაზღვევო კომპანიებს დაუპირისპირდა”. ეს სიცრუეა. პრეტენზიას გამოთქვამენ ცალკეული პირები და რაც შეეხება კლინიკებს, ვარაუდის საფუძველზე ვერაფერს დავასკვნი. მოკვლევა მოგვცემს შესაძლებლობას, დავადგინოთ, რა ამოძრავებდა მათ. ვიცე-პრემიერ დიმიტრი­ ქუმსიშვილის ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა, სადაც გადავწყვიტეთ, შემოვიღოთ კონტროლის ისეთი მექანიზმი, როგორსაც ბევრ ქვეყანაში იყენებენ, მაგალითად, აშშ-ში. ჯანდაცვის დანახარჯებს, ჯანდაცვის სამ­ინისტროს გარდა, გააკონტროლებს­ სპეციალური კომპეტენ­ტური ჯგუფი…

ზემოაღნიშნულ ფაქტებზე მოკვლევა დაწყებ­ულია. წლების განმავლობაში მოკვლეული გვაქვს უამრავი მასალა და არსებობს ეჭვი, რომ რაღაც არასწორად ხდებოდა…

- თქვენი ზოგიერთი ოპონენტი აცხა­დებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრ­ამით და კერძო დაზღვევით მოსარგებლეების გამიჯვნით ხელისუფლება შანტაჟს უწყობს მოქალაქეებს და სოციალურ უსამარ­თლობას ეწევაიმის გამო, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წამლებს არ აფინანსებს, ხალხი იძულებული გახდება, არჩევანი კერძო­ სადაზღვევო კომპანიებზე გააკეთოსო...

- მზად ვარ, მოსახლეობას განვუმარტო ჩვენი გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გაურკვეველ ბრალდებებზეც გავაკეთო კომენტარი. ცამდე მართალი რომ იყო, აბსურდზე­ თავის მართლებას რომ იწყებ, უხერხულობას იქმნი. როცა საჯარო­ მოხელე არ ვიქნები, ასეთებს პასუხს უფრო იოლად გავცემ.

- კერძო და საყოველთაო დაზღვევის თანამონაწილეობა შესაძლებელია?

- თუ სახელმწიფო გიფინანსებთ გარკვეულ მომსახურე­ბას და ამასთან, გაქვთ რესურსი, კერძო­ დაზღვევით მიიღოთ დამატებითი მომსა­ხურება, ეს შესაძლებელია ზედნაშენი პაკეტის შეძენით, მაგრამ ეს უნდა იყოს კერძო სადაზღვევო­ ინდუსტრიისა და სახელმწიფოს შეთანხმებული მუშაობის შედეგი და არა ისე, რომ თავისი ვალდებულებები­ კერძო კომპანიამ სახელმწიფოს დააფარვინოს. ვმუშაობთ ბაზების მოწესრიგებაზეც – თუ კერძო დაზღვევას დაკარგავთ, ვცდილობთ, 24 საათზე მეტი არ დაგჭირდეთ,­ რომ სახელმწიფომ იზრუნოს თქვენს ჯანმრთელობაზე.

- განაცხადეთ, რომ ჯანდაცვის რეფორმის მეორე ეტაპს რამდენიმე­ კლინიკა გამოეთიშება. რატომ არ დაასახელეთ კლინიკები?

- გამოეთიშებიან ისინი, ვისაც არ აქვს შესაბამისი სერვისები და პაციენტების გადაყვანა სხვა კლინიკაში სჭირდებათ. პირველი მარტიდან ძალაში შევა სელექტიური კრიტერიუმების პირველი ეშელონი, რომელიც შეეხება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაწესებულებებს,­ უპირველესად – სამშობიარო სახლებს. გამოქვეყნდება­ დაწესებულებები, რომლებიც მონაწილეობას­ მიიღებენ საყოველთაო­ ჯანდაცვის პროგრამაში. ცნობილი გახდება ისიც, ვინც გამოეთიშება­ პროგრამას. ახლა მათ არ დავასახელებ, რადგან ჯერ აქვთ დრო, პირობების დაკმაყოფილებაზე იზრუნონ. მხოლოდ რეანიმაცია რომ გაქვს და პაციენტს თერაპიული განყოფილების ნაცვლად, რეანიმაციიდან ქუჩაში უშვებ, მონაწილეობას ვერ მიიღებ! ჯერ კიდევ შარშან სანებართვო პირობებში ჩავუწერეთ კლინიკებს, რომ ეს გამოესწორებინათ, მაგრამ ამაოდ…

ევროპაში არსებობს კლინიკის შე­ფასების­ საინტერესო მეთოდი: ცალ-ცალკე ითვლება პაციენტების, კოლეგების, სამინისტროს შეფასებები… საქართველოში რატომ არ ვაკეთებთ ამას? იმიტომ, რომ ზოგიერთ კლინიკას მოკავშირე პაციენტების გარდა ტროლები ჰყავს, რომლებიც დასხდ­ებიან კლავიატურასთან და სასწაულებს სჩადიან. გამოიკვეთა კლინიკები, რომელთაც პირველ ადგილზე თავიანთი ფინანსური ინტერესი დააყენეს. მათთან ვეღარ ვითანამშრომლებთ.

- რატომ უჭირთ ქართველ ექიმებს ზუსტი დიაგნოზის დასმა?

- ამერიკის ჯანდაცვას საუკეთესო ხარისხის კონტროლი აქვს. როდესაც პაციენტი საექიმო შეცდომის გამო გარდაიცვლება, აღრიცხავენ და ოფიციალურად აქვეყნებენ. იქ ყოველწლიურად საექიმო შეცდომების გამო 250 000 კაცი იღუპება… არ არსებობს სისტემა, სადაც საექიმო შეცდომა არ ფიქსირდებოდეს. საქართველო გამონაკლისი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა.

- მეზობელ თურქეთში სამედიცინო­ სფეროს­ განვითარება სწრაფი ტემპით 2002 წლიდან დაიწყო, როცა სახელმწიფომ ყველა კლინიკას საერთაშორისო სტანდარტები დაუ­წესა. ჩვენთან რატომ ვერ ხერხდება ეს?

- თურქეთმა ძალიან დიდი სახელ­მწიფო­ ინვესტიციები ჩადო ჯანდაცვაში. არ მომხდარა ისე, როგორც ჩვენთან 2010 წელს – ვიღ­ა­ცამ ცუდ ხასიათზე გაიღვიძა და მზესუმზირასავით გაყიდა ყველა საავადმყოფო. თურქეთის ხელისუფლებამ შეინარჩუნა სახელმწიფო კლინიკები და შეღავათებიც დაუწესა. ამასთან, აიღო სახელმწიფო­ პატრონაჟი­ ინვესტიციებზე. უცხოეთში მცხოვრები თურქი ექიმები დააბრუნეს სამშობლოში. საქართველოში კი რა მოხდა? 2012 წელს ჯანდაცვაში იხარჯებოდა მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ზე მეტი. ჩვენი პირველი ამოცანა იყო, სულის მოთქმის საშუალება მიგვეცა მოქალაქეებისთვის.

დღეს საქართველოში კერძო და სახელმწიფო კლინიკა ერთ რეგულაციებშია მოქცეული, მაგრამ მძიმე შედეგი მოიტანა იმან, რომ საპირწონე სახელმწიფო კლინიკები არ გვაქვს. 30% მაინც უნდა გქონდეს, ჩვენ კი 1550 კლინიკიდან მხოლოდ 15 სახელმწიფო დაწესებულება გვაქვს. აქსიომაა, როგორც მრავალპროფილიან ბიზნესში, ისე მრავალპროფილიან საავადმყოფოში, ყველა მიმართულება მომგებიანი ვერ გექნება.­ იძულებული ხარ, დოტაცია, თანხის სუბსიდირება გააკეთო. სახელმწიფო კლინიკები ვალდებული არიან, ეს ლოგიკა შეინარჩუნონ, კერძოები – არა. მათ უნდათ, ყველაფერში ჰქონდეთ მოგება და თანაც – ჯერადობით. ერთი თვის წინ ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილებამ დემარში მოაწყო, როგორ თუ მეტი მოგება არ გვაქვსო. სახელმწიფო კლინიკა ამას არასდროს გააკეთებს,­ რადგან ესმის, რომ ეს არის სახელმწიფო ინტერესი.

- მოქალაქეებისთვის უმთავრეს პრობლემად რჩება წამლების გაძვირება

- არ გვაქვს ინსტრუმენტები, რომლითაც გაძვირების პროცესს შე­ვაკავებთ.­ იმედი მაქვს, წელს პენსიონერებს, მარტოხელებს­ და სოციალურად დაუცველებს, ქრონიკული დაავადებების მქონეებს ძირითად მედიკამენტურ პაკეტს უფასოდ მივაწვდით. ლაპარაკი იმაზე, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მაფია მოქმედებს, ღიმილის მომგვრელია. თუმცა, დაწესებულებებს შორის კარტელური და კორუფციული გარიგებები რამდენიც გინდათ, იმდენი მინახავს.

———-

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

2013 წლიდან განისაზღვრა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლებდნენ ის მოქალაქეები, რომელთაც არ ჰქონდათ კერძო დაზღვევა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეთა ბაზების მუდმივი განახლების მიზნით კერძო დაზღვევით მოსარგებლეების ბაზებიც პერიოდულად უნდა განახლებულიყო, მონაცემები კი სადაზღვევო სექტორს ჯანდაცვის სამინისტროსთვის უნდა მიეწოდებინა, მაგრამ რეალურად არ აწვდიდნენ. არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ვითარება წლების განმავლობაში არ შეცვლილა. ამის გამო 115 000 მოქალაქე, რომლებმაც სხვადასხვა დროს დაკარგეს კერძო სადაზღვევო პაკეტი, დარჩა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო პაკეტის გარეშე, ისინი სარგებლობდნენ მხოლოდ მინიმალური პაკეტით. მეორე მხრივ, რამდენიმე ათეული მოქალაქე განაგრძობდა ე.წ. ორმაგი დაფინანსებით სარგებლობას – კერძო პაკეტითა და ჯანდაცვის საბაზისო პაკეტით. შექმნილმა მდგომარეობამ აუცილებელი გახადა 2017 წლის თებერვალში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შეეტანათ, რომლითაც სადაზღვევო კომპანიებს 2017 წლის 22 თებერვლით განესაზღვრათ განახლებული მონაცემთა ბაზების წარ­მოდგენის ბოლო ვადა.

მათგან მიღებული მონაცემების საფუძველზე განახლდება საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლეთა ბაზები და კერძო სადაზღვევო პაკეტის მქონე მოქალაქეები ამოღებულ იქნებიან საყოველთაო პროგრამის მოსარგებლეთა ნუსხიდან.

Comments are closed