globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 20 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 20th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

კვირის პალიტრა: ინტერვიუ დავით მაღრაძესთან: „სურთ, ჩვენი სახელმწიფო ამოაყირაონ და ცეცხლს მისცენ…“ // „შესაძლოა, ვინმეს ეგონა, რომ ვანდალური ფაქტი, რაც მოხდა ბათუმში, გამოდგებოდა ხალხის მასშტაბურად ქუჩაში გამოყვანისთვის. არ გამართლდა მათი მოლოდინი!

კვირის პალიტრა: ბათუმის მოვლენების ანალიზისთვის: არეულობის ტექნოლოგია // ექსპერტთა კომენტარები: „ზუსტად ერთი საათი სჭირდება პროვოკაციული თემის გავრცელებას, ადამიანებზე გავლენის მოხდენასა და შემდეგ საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას“

კვირის პალიტრა: ბათუმის მოვლენების ანალიზისთვის: „ბატონო კახა, სჯობს, შეცდომა აღიაროთ!“ // „თუ სიტყვა გაექცა, აღიაროს, უფრო სამარცხვინო მდგომარეობაში არ უნდა ჩაიგდოს თავი!“ // „სამწუხაროა, რომ ასე გვესაუბრება სახელმწიფო მოხელე და მერე აღარ უნდა გაგვიკვირდეს, თუ გარეშე მტერიც იმავეს გაიმეორებს კიდევ უფრო გამრუდებულად“

კვირის პალიტრა: ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან: „ნუ მივიყვანთ საქმეს უკიდურესობამდე, თორემ…“ // „ქართული ოცნება“­ იყო მაშველი რგოლი, რომელიც „მარყუჟად“ გადაქცევის გზას დაადგა“ // „ანგარიშს ვუწევ იმ ხალხის კითხვებს, რჩევებს და მოლოდინს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია „რა“, „რისთვის“ და „როგორ“

კვირის პალიტრა: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ჩემი წინადადება იყო, საპრეზიდენტო ასაკად 55 წელი დაგვეწესებინა“ // „გამოდის, რომ ვიდრე ადამიანი პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს, იძულებული იქნება, იცრუოს“

რეზონანსი//მთელი კვირა: კიდევ ერთი ჩამორთმეული უფლება // პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ვეღარ წარადგენს

რეზონანსი//მთელი კვირა: ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან: „ჩვენი, „რესპუბლიკელების“ პოზიცია სულ იყო და არის ის, რომ რაც შეიძლება მეტად განმტკიცდეს და გაძლიერდეს სახელმწიფო ინსტიტუტები, ინსტიტუციური დემოკრატია“ // „ვის გაუგია, დასარბევად გამოსული ხალხი თავის ნებაზე მიუშვა და ძალა მხოლოდ მერე გამოიყენო?!“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიგა ბუკიასთან: „ხელისუფლება ყველა გამოწვევისათვის მზად არის“ // „თუ პრეზიდენტს ხალხის აზრი აინტერესებდა, კონსტიტუციაში ქორწინების განმარტებისათვის მხარი უნდა დაეჭირა“

„ახალი თაობა“: კახა კალაძე, დავით ნარმანია, ელენე ხოშტარია, ალეკო ელისაშვილი – ვინ იბრძოლებს თბილისის მერობისთვის

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მიხეილ რამიშვილთან: „ვითხოვ, სინოდის წევრები გამოვკითხოთ“

კვირის პალიტრა: დეკანოზი გიორგი მამალაძე: „ამ წერილს იმისთვის ვწერ, რომ შენდობა გთხოვოთ…“ // ადვოკატი ფარული ჩანაწერის იმ ეპიზოდს ასაჯაროებს, რომელიც, მისი თქმით, პროკურატურამ ამოჭრა // „მამა გიორგის თქმით, ირაკლი მამალაძემ იცოდა, რომ ციანიდი შორენამ სთხოვა“ (ექსკლუზივი)

„ახალი თაობა“: ინტერვიუ შალვა ხაჭაპურიძესთან: „გასწავლით, როგორ დაიცვათ თავი ნარკოტიკის ჩადებისგან“ // „რაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, ჩვენთან ცხრა ტონამდე ნარკოტიკია გაყიდული“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „რუსეთს უნდა დავანახოთ, რომ ნებისმიერ აგრესორს პასუხს გავცემთ“

კვირის პალიტრა: ინტერვიუ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან: „კიდევ რაღა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ ნატოში მიიღონ?!“ // „მკაფიოდ ვაცხადებთ – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ხელშეუხებელია“ // „ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რუსეთს არ ველაპარაკოთ“ (ექსკლიუზივი)

რეზონანსი//მთელი კვირა: რუსეთის ახალი „საპასპორტო ექსპანსია“ // სსრკ-ში დაბადებულებს და და მათ შთამომავლებს რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას შესთავაზებენ

რეზონანსი//მთელი კვირა: ერთ კვირაში აფხაზეთში შეიძლება „ხელისულება“ შეიცვალოს // რაულ ხაჯიმბამ „საპარლამენტო არჩევნების“ პირველი ტური წააგო, ოპოზიცია გადამწყვეტი მეორე ტურისთვის ემზადება

——————–

კვირის პალიტრა“, 20 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ დავით მაღრაძესთან: „სურთ, ჩვენი სახელმწიფო ამოაყირაონ და ცეცხლს მისცენ…“ // „შესაძლოა, ვინმეს ეგონა, რომ ვანდალური ფაქტი, რაც მოხდა ბათუმში, გამოდგებოდა ხალხის მასშტაბურად ქუჩაში გამოყვანისთვის. არ გამართლდა მათი მოლოდინი! არ უნდა საქართველოს მოსახლეობას არეულობა!“ // „პოლიციის ამოყირავებული და ცეცხლმოკიდებული მანქანა არის სიმბოლო იმისა, რაც ამ ხალხს სურს, დამართოს საქართველოს

ნათია დოლიძე

გასულ კვირას ბათუმში განვითარებული მოვლენების არაერთი შეფასება მოვისმინეთ. ვინ სოციალურ ამბოხად მიიჩნევს, ვინ “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციად, ვინ გარეშე მტრის ხელს ხედავს, თუმცა თითქმის ყველა თანხმდება, რომ ხელისუფლების გეგმაზომიერმა და ადეკვატურმა მოქმედებამ ვითარება მშვიდობიანად განმუხტა, ხოლო პროვოკაციის მოწყობის მსურველებმა საზოგადოების მხარდაჭერა ვერ მიიღეს. მომხდარს და ბოლო დროს ჩვენს საზოგადოებაში განვითარებულ მოვლენებს პოეტი დათო მაღრაძე აფასებს:

- პირველყოვლისა, მადლობა მინდა გითხრათ, ჩემი აზრით დაინტერესებისთვის. მე რომ მკითხოთ, ინტერვიუს სათაურად რაფიელ ერისთავის უკვდავ სტრიქონებს შევურჩევდი: “როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!”, თუ რატომ ეს სათაური, ვფიქრობ, ჩვენს საუბარში გამოჩნდება. რაც შეეხება ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, სანამ ამის ანალიზზე გადავიდოდე, მინდა, პრეისტორია გავიხსენო, სხვანაირად კონტექსტიდან ამოგლეჯილი ერთი ამბის არასრულფასოვანი შეფასება გამოგვივა.

ბოლო დროის ტენდენციად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში გამოიკვეთა ალტერნატიული რეალობის შექმნის მცდელობა. ისევე, როგორც თავის დროზე ამას ცდილობდნენ ფაშიზმის თუ ბოლშევიზმის დროს, დღეს ამის ავანგარდში აგრესიული ლიბერალიზმი მოგვევლინა. ალტერნატიულ რეალობაში ვგულისხმობ იმას, როდესაც იწყება მარადიული ღირებულებების გადაფასება. ამას შეიძლება ათი მცნების რევიზიაც ვუწოდოთ.

გენიალური ფილოსოფოსი იმანუელ კანტი ამბობს, ორი რამ მაოცებს ქვეყანაზე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემ ზემოთ და ზნეობრივი კანონი ჩემშიო, აი, სწორედ ამ “ზნეობრივი კანონის” გადაფასებას ვარქმევ ალტერნატიული რეალობის შექმნის ფუჭ მცდელობას. ფუჭი კია, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე შედეგებით მთავრდება ამ ალტერნატიულ რეალობასთან ბრძოლა. ასე იყო ფაშიზმსა და ბოლშევიზმთან ბრძოლისას.

დღეს პოლიტკონიუნქტურის შენიღბული დიქტატურა გამოაშკარავდა და ადამიანს უწევს ფიქრი იმაზე, როგორ მოერიოს ამ ახალ სახადს, რომელიც ძალიან ბევრი ნიღბით მოვიდა როგორც მთელ მსოფლიოში, ისე ჩვენს სამშობლოში. ჩემთვის ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფლების ხარისხით ნომერი პირველი ქვეყანაა. საერთოდაც, მისი მოქალაქეა თავისუფლება და არ არის მოულოდნელი, რომ ამ დიქტატურასთან ბრძოლაშიც ის პირველია. პირველმა სწორედ ამ სახელმწიფომ იგრძნო ის საფრთხე, რაც ადამიანს დაემუქრა… ეს დაადასტურა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა და დონალდ ტრამპის გამარჯვებამ, როდესაც ამერიკის მოქალაქემ ამ საფრთხეს დაუპირისპირა თავისი მტკიცე ნება. ალტერნატიული რეალობაა, როდესაც ცდილობენ, სამშობლოს პარალელურად შეგიქმნან „სამშობლო მეორე“, დანომრონ დედ-მამა და დაარქვან „მშობელი პირველი“ და „მშობელი მეორე“ და ა.შ. საქართველოშიც დიდხანს ცდილობდნენ „საქართველო-2“-ის შექმნას, ამის კარგი მაგალითია “რუსთავი-2“ და მისი საქმიანობა.

იმ დროს, როდესაც ბათუმში მანქანები დაწვეს და სხვა ვანდალური დანაშაულები ჩაიდინეს, აჭარაში, შუახევში იმართებოდა პოეზიის ფესტივალი, რომელშიც ქართველი პოეტები მონაწილეობდნენ, მათ შორის: ეთერ თათარაიძე, თემურ ჩალაბაშვილი, ჰენრი დოლიძე, გიზო თავაძე, გელა დაიაური; ლიტერატორები: ამირან არაბული, ანდრო ბედუკაძე და ა.შ. ხვდებოდნენ აჭარელ მკითხველს, აცნობდნენ საკუთარ შემოქმედებას და საზოგადოება ამ მოვლენით ბედნიერი იყო… აი, სწორედ ეს არის ნამდვილი აჭარა, ხოლო, რაც ბათუმში ვნახეთ, ეს იყო ალტერნატიული „აჭარა-2“-ის შექმნის უბადრუკი მცდელობა. პოლიციის ამოყირავებული და ცეცხლმოკიდებული მანქანა არის სიმბოლო იმისა, რაც ამ ხალხს სურს, დამართოს საქართველოს. სურთ, ჩვენი სახელმწიფოც ასე ამოაყირაონ და ცეცხლს მისცენ…

- ვის გულისხმობთ, ვინ არის ეს ხალხი?

- გამოძიებას არ დავასწრებ, მაგრამ გამოიკვეთა, ვინც არიან… ხომ ყველამ ვნახეთ, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იბრძოდნენ დიდი სულისკვეთებით იქ, ბათუმში, და ვინ უცხადებდა მათ სოლიდარობას. საქართველოს მოქალაქემ იმ ღამეს დაინახა, რომ მას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც სრულიად ადეკვატურად მოქმედებდა. აღსანიშნავია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მტკიცე პოზიციაც, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მოქალაქემ კი დაინახა, რომ ჰყავს მთავრობა, მაგრამ ახლა საბოლოოდ უნდა დარწმუნდეს მის არსებობაში, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი ამისთვის.

არავის გამოუვა ალტერნატიული სამშობლოს შექმნა, სწორედ ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი დღეს რაფიელ ერისთავის სიტყვები: „როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!“.

- ისევე როგორც წლების წინ, ახლაც აშკარად იყო მცდელობა, პროვოკაცია კუთხურობისა და რელიგიურობის მიმართულებით მოეწყოთ და ამაზე წამოეკიდათ ქართველი საზოგადოება, თუმცა ეს აშკარად არ მოხერხდა

- ამ უმსგავსი ხერხების გამოყენებას წყალწაღებული პროვოკატორები ცდილობდნენ ადრეც და ახლაც… ხალხის სიბრძნე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდება, არსად ქრება. ის ყოველთვის არსებობდა და იარსებებს საქართველოს მოქალაქეში. მე ადრეც მითქვამს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰყავდა მხარდამჭერები, მას ჰყავდა „დამჭერები“ და მათ ხარჯზე ინარჩუნებდა ძალაუფლებას, დღეს კი სრულიად გაშიშვლებულია…

დანარჩენი, ვინ რა თქვა, რა მოჭორა, ეს ყველაფერი აზრდაკარგულია… საქართველოს მოსახლეობამ გამოიჩინა საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული სიბრძნე და არ აჰყვა პროვოკატორების მცდელობას… შესაძლოა, ვინმეს ეგონა, რომ ვანდალური ფაქტი, რაც მოხდა ბათუმში, გამოდგებოდა ხალხის მასშტაბურად ქუჩაში გამოყვანისთვის. არ გამართლდა მათი მოლოდინი! არ უნდა საქართველოს მოსახლეობას არეულობა! კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართველი საზოგადოება იმსახურებს ღირსეულ ხელისუფლებას. ის არც პროვინციულ შურისმაძიებლურ ვნებებს შეეგუა, არც გახრწნილ კორუფციას, არც აღმოსავლური დესპოტიის მსგავს რეჟიმს…

მაქვს საფუძვლიანი იმედი იმისა, რომ ეს ხელისუფლება მოახერხებს და დაგვიმტკიცებს, რომ ღირსეულია და ნამდვილად იმსახურებს ქვეყნის სათავეში ყოფნას. ისევ შეერთებულ შტატებს რომ დავუბრუნდე, ის არის დღევანდელი სამყაროსთვის ტენდენციის მიმცემი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და ჩვენთვის. მაგრამ რაც ბოლო დროს საქართველოში აშშ-ის ელჩ იან კელის განცხადებებს მივადევნე თვალი, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას უმალავენ დონალდ ტრამპის გამარჯვებას, ან შეიძლება მხოლოდ „რუსთავი-2“-ს უყურებს და იქ რაღაცას ატყუებენ.

ზემოთ ნახსენები პოლიტკონიუნქტურის ტენდენციის მიმდევრებს შემონახული ჰყავდათ ოდესელი უმუშევარი, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი, რომელიც უკრაინაშიც აღარავის სჭირდება და მით უფრო არავის დასჭირდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, აშშ და ა.შ. რატომ ჰყავდათ შემონახული, რა ეგონათ, არ ვიცი…

რადგან ალტერნატიულ რეალობაზე ვლაპარაკობ, აქვე უნდა გავიხსენო, რომ ამ ცოტა ხნის წინ „ერთსულოვნება-2“-იც ვნახეთ, როდესაც წმინდა სინოდმა მეუფე პეტრე ტელევიზიის დირექტორობიდან გადააყენა. როგორც მიხეილ სააკაშვილის პროკურორი, ისე იდგა თანამშრომლებთან ერთად მღვდელმსახური, რომლის სახელიც არ ვიცი, და სინოდის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა.

- საინტერესოა, როგორ აფასებთ ეკლესიის წიაღში განვითარებულ მოვლენებს, რისი მოწმენიც ბოლო დროს გავხდით

- სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა ძალიან უარყოფითი რეალობა დაგვანახა. ზედაპირზე ამოვიდა სატკივარი, რომელიც არსებობს საპატრიარქოში და არა ეკლესიაში. ალბათ, შეუძლებელია არ არსებულიყო, რადგან საზოგადოებაში არსებულ ცოდვასა და მადლს ირეკლავს საპატრიარქო. ჩვენი საზოგადოების წევრები არიან ღვთისმსახურებიც. ადრე დავწერე ლექსი, რომელსაც ჰქვია „თეთრი პერანგი“ და რომელიც ასე მთავრდება: „იერუსალიმს აღდგომა მოდის, // დელეგაციის საუბარს ვისმენ, // ბარგის წონაზე მოგიხდით ბოდიშს // და ოქროს ჯვრებით მივდივართ ჯვრისკენ“. იგი მიდის ჯვარზე თეთრი პერანგით. ქრისტიანებმა ვინც ღმერთად ვცანით, იმან ერთი პერანგი შემოიხვია და წავიდა ჯვარზე. ეს არის ქრისტიანის გზა. ვინ როგორ მიჰყვება ამ გზას? ცხადად გამოჩნდა, რომ ეს პრობლემა საპატრიარქოშიც დგას. ეს ხომ არ არის არც მჭვრეტელობითი დავა, არც მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება ან თეოლოგიურ თემატიკაზე პოლემიკა, სამწუხაროდ, ეს სულ სხვა დავებია, მაგრამ, ვფიქრობ, ეს კრიზისი უნდა გადაიზარდოს კათარზისში.

საერთოდ აღსარებით იწყება ქრისტიანის ცხოვრება. ჩემი აზრით, ახლა სწორედ აღსარების დროა და არა ამ პრობლემატიკის ფერადი ბაფთებით შეფუთვისა და მიჩქმალვისა. თუ ეს უკანასკნელი მოხდა, მაშინ ეს იქნება გახანგრძლივება იმ დაავადებებისა, რაც საჯაროდ გამოჩნდა.

ამბობენ, რომ ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს საპატრიარქოს, როგორც ინსტიტუციას, და აქვს ნამდვილად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მღვდელმსახურები უკეთესად იქცევიან, ვიდრე მეხანძრეები… ეს, ჩემი აზრით, განპირობებულია იმით, რომ ეკლესია ერთადერთი ადგილია, სადაც ადამიანს ეუბნებიან, რომ ის უკვდავია და რომ სიკვდილი დასასრული არ არის, სადაც სულის უკვდავებაზე ლაპარაკობენ.

ეკლესიის წიაღში არაერთი გულწრფელი მღვდელმსახურია, რომელთა ერთ პირჯვარს შეიძლება ჩვენი სამშობლოსთვის გაცილებით მეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიდრე მთელ ჩვენს საერო მოღვაწეობას. როგორც ჩანს, საპატრიარქოში მართვისა და ადმინისტრირების პრობლემაც არის. გარკვეულწილად განახლებაც აუცილებელია. რაც არ ექვემდებარება განახლებას, ეს ღვთის სიტყვაა, დანარჩენი ყველაფერი შეიძლება განახლდეს. სამწუხაროდ, კრიზისის ნიშნები აქამდეც ჩანდა, დროდადრო კი განსაკუთრებით იჩენდა ხოლმე თავს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო როლანდ ახალაიას დაჯილდოებაც კმარა ამის მაგალითად… მე მაქვს პატრიარქის სიბრძნის იმედი და იმ მონასტრებში მცხოვრები ბერებისა, რომელთა ლოცვასაც უდიდესი ძალა აქვს.

ჩემი აზრით, ახლა ამ სატკივრის დაძლევა ერისა და ბერის ერთობლივი საქმეა, ვინაიდან ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ატარებს ჩვენი ეროვნული იდენტიფიკაციის ნიშანს, რაც უნდა გვახსოვდეს ყველას და ეს კრიზისი დიდი განწმენდის დასაწყისად ვაქციოთ.

- ჩვენში დიდი რეზონანსი მოჰყვა რუსთავი-2-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვერდიქტის აღსრულების სტრასბურგის სასამართლოს მიერ შეჩერებასა და შემდგომ მიღებული გადაწყვეტილების უვადოდ გაგრძელებას. იურისტთა თქმით, ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. თქვენი აზრით, რამ განაპირობა პროცესის ამგვარი განვითარება?

- სტრასბურგის გადაწყვეტილების თაობაზე ბევრი ინფორმაცია არა მაქვს და გამიჭირდება შეფასება. ერთი, რაც მენიშნა, ისაა, რომ ამაზე გავლენა, შესაძლოა, მოეხდინა აშშ-ის ელჩისა და საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს. ხშირად ჩვენში გაიგონებთ ფრაზას “ევროპული ღირებულებები” და რას ვგულისხმობთ ამაში, ცოტა გაუგებარია. ჩემთვის ამ ღირებულებების გამოხატულება არიან დანტე ალიგიერი, შექსპირი, ბახი, ვაგნერი, გოეთე, რაფაელი და ა.შ. და არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატია.

- ამის მიზეზი ხომ არ შეიძლება გამხდარიყო ქართული მართლმსაჯულების შეცდომები და ხელისუფლების არასწორი მოქმედება?

- გამიჭირდება იურიდიულ დეტალებზე ლაპარაკი, რადგან არა ვარ კომპეტენტური. როგორც ვიცი, საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა სასამართლო პროცესი. თავის დროზე ბატონებმა აქიმიძემ და დვალმა, რომელთაც პირადად არ ვიცნობ, შექმნეს პრეცედენტი და ქვეყანაში დამოუკიდებელი ტელევიზია გააჩინეს, ეს არ იყო ადვილი. სააკაშვილმა კი შექმნა პრეცედენტი იმისა, თუ როგორ უნდა ებრძოლა სიტყვის თავისუფლებასთან: დალეწა „იმედი“ და მიიტაცა „რუსთავი-2“. სიტყვის თავისუფლებასთან ბრძოლისას სააკაშვილის გვერდით იყო მისი პროკურორი გვარამია, დღეს სიტყვის თავისუფლების ქომაგად რომ ასაღებს თავს. ამ ხალხმა შექმნა თავისუფალ სიტყვასთან მტრობის პრეცედენტი. როდესაც აქიმიძე-დვალის ტელევიზიას თავის დროზე დაემუქრა საფრთხე, მე მის დასაცავად ვიდექი. დღეს ყველამ ვიცით, რომ „რუსთავი-2“ სააკაშვილის მიტაცებული ქონებაა და მისი ქონების დამცველად ნამდვილად ვერ გამოვდგები.

- თუმცა ქიბარ ხალვაშიც თავის დროზე სწორედ მიხეილ სააკაშვილის ნებით იქცა რუსთავი-2-ის მფლობელად და ბევრის აზრით, ის მხოლოდ ნომინალური მეპატრონე იყო

- პირადად არც ქიბარ ხალვაშს ვიცნობ და შორიდან რასაც ვუყურებ, ის ნამდვილად ვერ გამოდგება მსხვერპლის როლში. როგორც აქამდე ცხადდებოდა, ის მზად იყო, გამარჯვების შემთხვევაში სწორედ აქიმიძისა და დვალისთვის გადაეცა ტელევიზია, რომლებიც რაღაც იურიდიული ნიუანსების გამო ვერ ახერხებდნენ ტელევიზიისთვის პირდაპირ ბრძოლას… შესაძლოა, ვცდები, არ ვიცი, თუმცა, ცხადია, რომ ქიბარ ხალვაში ვერ გამოდგება თავისუფალი სიტყვის ფლაგმანად და დაჩაგრულ მსხვერპლად.

კვირის პალიტრა“, 20 მარტი, 2017 წელი

ბათუმის მოვლენების ანალიზისთვის: არეულობის ტექნოლოგია

ექსპერტთა კომენტარები: „ზუსტად ერთი საათი სჭირდება პროვოკაციული თემის გავრცელებას, ადამიანებზე გავლენის მოხდენასა და შემდეგ საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას

რუსუდან შელია

ჰიბრიდული ომი – ეს ტერმინი თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო ხშირად გამოიყენება. ექსპერტები თანხმდებიან, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები თუ სხვადასხვა ჯგუფები მიზნისა და სტრატეგიული ამოცანის მისაღწევად უპირატესობას ანიჭებენ არა სამხ­ედრო საშუალებებს­, არამედ ფსიქოლოგიური ვითარების მომწიფებას. იყო თუ არა ეს სტრატეგია გამოყენებული ბათუმის მოვლენებისას “კვირის პალიტრასთან”, ექსპერტები­ საუბრობენ:

———

ვახტანგ მაისაია: ბათუმის მოვლენებმა ჰიბრიდული ომის კლასიკური ნიშნები გამოავლინა,­ რომლისთვისაც შემზადება, ფაქტია, დიდი ხნით ადრე დაიგეგმა. ამ პროცესს­ წინ უძღოდა დეზინფორმაციის გავრცელება – ჯერ ითქვა, რომ აჭარის პოლიციის ახალი ხელმძღვანელი ადგილობრივ მოსახლეობას თათრებად მოიხსენიებდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს არავის მოუსმენია, თუმცა დეზინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულად ხდებოდა. დეზინფორმაცია სწორედ სპეციალიზებული ჰიბრიდული ოპერაციების მთავარი შემადგენელი ნაწილია. თუ საინფორმაციო ველი წინასწარ არ შეამზადე, მართულ ქაოსს ვერ გამო­იწვევ, რაც ბათუმში ცალსახად გამოიკვ­ეთა – ბათუმის ქუჩებში მომხდარ დარბევას, ფაქტია, კონკრეტული ჯგუფი მართავდა.

ჰიბრიდული ომის აჩრდილის მეორე ეტაპი,­ საპროტესტო აქციების ორგანიზება­ გახლდათ – მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელში­ აქტიურად ისმოდა მოწოდებები, ბათუმის მოსახლეობა ქუჩაში გამოსულიყო და აჭარის პოლიციის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა გაეპროტესტებინა. ეს ფსიქოლოგიური შემზადების უკვე მეორე ეტაპია. როგორც გამოჩნდა, ეს ეტაპიც კონკრეტულმა ჯგუფმა წარმატებით გაიარა და პროცესები 12 მარტის მოვლენებამდე მივიდა.

- პოლიციელსა და მოქალაქეს­ შორის დაპირისპირებაც წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის შემადგენელი ნაწილი იყო?

- დარწმუნებული ვარ, პოლიციელსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება სპონტანური გახლდათ, თუმცა­ ჯგუფს, რომელიც საზოგადოებაში ფსიქოლოგიურ ფონს ამზადებდა, სამოქმედოდ­ მთელი ექვსი საათი ჰქონდა, ეს კი დიდი დროა. კერძოდ,
როდესაც დეზინფორმაციის გავ­რცე­ლება შედეგს გამოიღებს და მოსახლეობაც ფსიქოლოგიურად მომწ­იფებული და ჭორის გავლენის ქვეშაა მოქცეული, მცირე­ წაქეზებაც კმარა, რომ მისი აგრესიული ნაწილი ქუჩაში გამოვიდეს. პროვოკაციის ავტორები კი მათ ალკოჰოლსა და “მოლოტოვის კოქტეილებს” მიაშველებენ. ბათუმში ახალგაზრდების უმრავლესობა ნასვამი იყო… ასეთ დროს უფრო აქტიურად იწყებს მუშაობას დეზინფორმაციის მანქანა.

თითოეული ეს ეტაპი სამართალდამცავებმა­ უნდა გამოიძიონ – პასუხი უნდა მივიღოთ კითხვაზე, როგორ გახდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული შუღლი ვანდალური დარბევის მიზეზი. ისე, ჭორებისა და დეზინფორმაციის მეშვეობით, ადამიანების დისკრედიტაციაში, პროვოკაციების მოწყობასა და პოლიტიკური მიზნების მიღწევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები სპეციალისტები იყვნენ.

———

ბათუმის ვანდალურ დარბევას­ მართ­ულს უწოდებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძეც:

- პოლიტიკურ პროცესებში­ თანამედროვე ტექნოლოგიები ძალებს მაქს­იმალურად იკრებს და უახლოეს მომავალში, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებისთვის მთავარი გამოწვევა იქნება. საზოგადოებაში კონკრეტული აზრის მოსამწიფებ­ლად სოციალური ქსელები აქტიურად გამოიყენებოდა “ბრექსიტის” წინ, ამასთან, აშშ-ში ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისას. კერძოდ, საინფორმაციო­ პროპაგანდისტული­ კამპანიის საწარმოებლად, ე.წ. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, არარსებული ადამიანების პროფილ-გვერდები”იქმნება, რომლებსაც მცირე დრო სჭირდებათ იმის დასადგენად, რა საკითხებზე ვღიზიანდებით,­ რა მოგვწონს, რა ჩვევები გვაქვს და ა.შ. ვთქვი კიდეც, რომ “ფეისბუკში” დაფიქსირებული 150 ე.წ. მოწონების დაფიქსირების შემდეგ, კონკრეტული ადამიანის ფსიქოპორტრეტის შექმნა მარტივია. მეტიც, სოციალურ ქსელში “მატყუარა” გვერდების მეშვეობით იმდენად კარგად შეუძლიათ თითოეული ადამიანის ფსიქოპორტრეტის შესწავლა, რომ შესაძლოა, ასე იმ ადამიანმაც ვერ ამოგიცნოთ, რომელთანაც წლობით ერთ სახლში ცხოვრობთ.

- რა მიზნით ხდება სოციალურ ქსელში ადამიანების შესწავლა?

- ფსიქოპორტრეტის შექმნის შემდეგ, მარტივია საინფორმაციო პროპაგანდისტული მანქანის ამოქმედებაც. დეზინფორმაციაც სწორედ იმის მიხედვით ითხზვება, რა არის ადამიანთა ჯგუფის სუსტი წერტილი და იწყება მათით მანიპულირება. სწორედ ასე იქმნება მითები და ადამიანების ზომბირების პროცესი იწყება. ზუსტად ერთი საათი სჭირდება პროვოკაციული თემის გავრცელებას, ადამიანებზე გავლენის მოხდენასა და შემდეგ საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას.

ისევ საერთაშორისო გამოცდილებას დავუბრუნდეთ – დონალდ ტრამპის­ წინასაარჩევნო კამპანიაში სოციალურ ქსელში ყოველი მეხუთე პირი ე.წ. ხელოვნური ინტელექტის შექმნილი იყო და განწყობების შესაქმნელად მასაში გარკვეული ინფორმაციის “შემოგდებაზე” მუშაობდა. დიახ, სოციალური ქსელები საზოგადოების ემოციების სამართავ მარტივ იარაღად იქცა. მსგავსი სახიფათო ნიშნები გამოიკვეთა აჭარის მოვლენებისას, როდესაც უკვე მთელი საქართველოსთვის კარგად ნაცნობი მერაბ ღოღობერიძე­ ორი კვირის განმავლობაში მიზანმიმართულ პროპაგანდას აწარმოებდა. მისი თითოეული “ფეისბუკ-პოსტი” ახალგაზრდებში აგრესიის გაღვივებასა და მათ მობილიზებას ემსახურ­ებოდა. მისი მტკიცებით, აჭარის პოლიციის უფროსი მოსახლეობას თათრებად მოიხსენიებდა – სწორედ­ აქედან დაიწყო მიზანმიმართული­ დეზინფორმაციის გავრცელება და ფსიქოლოგიური ზეწოლა. მეტიც, მან ისიც დაწერა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას აჭარისთვის ავტონომიური უფლებების შეზღუდვა სურდა, შესაბამისად, ადგილობრივები სხვა კუთხეებიდან ჩასული პატ­რულის თანამშრომლების წინააღმდეგ ქუჩაში უნდა გამოსულიყვნენ.

დარწმუნებული ვარ, მთელი ეს ოპერაცია­ კუსტარულად დაიგეგმა, თუმცა ახლა მთავარია, ეს ყველაფერი ტენდენციად არ იქცეს­. ეს იყო გამაფრთხილებელი გზავნილი,­ რომ სოციალური ქსელის მეშვეობით, დაინტერესებულ ჯგუფებს და რა თქმა უნდა, გარე ძალებს, ფსიქოლოგიური ფონის მომწიფება მარტივად შეუძლიათ. უსაფრთხოების სამსახურმა საინფორმაციო ომის რისკები სწორად უნდა გათვალოს და საზოგადოება პროვოკაციებისგან დააზღვიოს.

- დაზღვევა გულისხმობს სოციალური ქსელის აკრძალვას?

- აკრძალვა არასოდესაა გამართლებული, თუმცა საინფორმაციო ომს მეორე მხარემაც მაქსიმალური ინფორმაციის გავრცელებით უნდა უპასუხოს. არ ვფიქრობ, რომ ბათუმის მოვლენები მხოლოდ ღოღობერიძის სტატუსებმა გამოიწვია, დიდი ალბათობით, მას ადამიანთა ჯგუფი ეხმარებოდა, შეუძლებელია, ერთმა ადამიანმა ფსიქოლოგიურად ისე აგრესიულად მოამწიფოს ახალგაზრდები, როგორც ეს 12 მარტს, ბათუმში ვიხილეთ.

ყველა დეტალი გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მათ შორის, ის, რატომ დაემთხვა სოციალურ ქსელში ღოღობერიძის გზავნილები ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების მოწოდებებს. ფაქტია, აჭარის მოსახლეობას ორი კვირის განმავლობაში არწმუნებდნენ, რომ ავტონომიის შეზღუდვა და გორელი პოლიციელის პარპაში იგეგმებოდა. ამ ფონზე, შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რა გზავნილებს აჟღერებენ სოციალურ ქსელში სამცხე-ჯავახეთში ან ქვემო ქართლში მცხოვრები ახალგაზრდები, ხომ არავინ ცდილობს მათში რადიკალური განწყობების გაღვივე­ბას… აუცილებელია საპირწონე საინფორმაციო პოლიტიკის წარმოება, რითაც ხელისუფლება ნამდვილად არ გამოირჩევა. “ნეგატიური ჭორი გავლენას მაშინვე ახდენს, რის ნიადაგზეც ღვივდება აგრესია”

———

სოფო ხარატი, ფსიქოლოგი:

- პატარა ქვეყანაში ინფორმაციის სწრაფი გავრცელება სირთულეს არ წარმოადგენს, განსაკუთრებით, თუ ის ნეგატიურ გზავნილებს შეიცავს. ნეგატიური ინფორმაცია უფრო მეტ ინტერესს იწვევს, ვიდრე პოზიტიური. ბოლო პერიოდში, ყურადღების მიპყრობის მიზნით ჭორის გავრცელების პრაქტიკა დამკვიდრდა. მით უმეტეს, თუ ეს ჭორი მტკივნეულ საკითხს ეხება, ის ფსიქოლოგიურ გავლენას მაშინვე ახდენს, რის ნიადაგზეც ღვივდება აგრესია. ასეთ დროს არავინ უფიქრდება,­ რამდენად რეალურია ის. სწორედ ასე იგეგმება პროვოკაციაც – ჭორების გავრცელებით, ემოციებით თამაშით და ამ ემოციების გამოყენებით.

ვინც ასეთ პროვოკაციას გეგმავს,­ კარგად იცის, რომ ემოციები გარკ­ვეულ მოტივაციასაც უნდა უკავში­რდებოდეს – ბათუმის მოსახლეობას წლების განმავლობაში უნერგავდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიმართ პროტესტს, ვგულისხმობ აბაშიძის მმართველობის პერიოდს. სწორედ მაშინ გაჩნდა ისეთი ტერმინები, რასაც ფსიქოლ­ოგიური ზეწოლისთვის, როგორც ჩანს, დღესაც იყენებენ. ასეთ დროს ირთვება ადამიანის გონებაშიც აგრესიული მოტივაცია – შეურაცხყოფისთვის აგრესიული პასუხის გასაცემად. აჭარის მოსახლეობისთვის სხვა საკითხის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსვლა რომ ეთხოვათ, არ გამოვიდოდნენ. ქაოსის ორგანიზატორები ადამიანების მართვით გულს იოხებდნენ, ამას კი ქუჩაში გამოსუ­ლი ახალგაზრდები ვერც კი ხვდებოდნენ.

ვფიქრობ, ბათუმის მოვლენებმა არაერთი პრობლემა ამოატივტივა – პირველ რიგში კი, განათლებისა და ანალიზის უნარის დეფიციტს გამოვყოფ. თუ ადამიანის გონება ცარიელია, მისი პროვოკაციაზე წამოგება მარტივია, მით უმეტეს, თუ ამ აგრესიას ალკოჰოლსაც მიახმარ. ადვილია, პროვოცირება გაუკეთო ადამიანს, რომელსაც არავინ ასწავლა, რას ნიშნავს, იყო ქვეყნის კარგი მოქალაქე. გარკვეულ ჯგუფს სწორედ ასეთი მოქალაქეების არსებობა აწყობს, ე.წ. შავი მენტალიტეტიც ხელოვნურად იკვებება, რათა სასურველ დროს ისინი სათავისოდ გამოიყენონ.

კვირის პალიტრა“, 20 მარტი, 2017 წელი

ბათუმის მოვლენების ანალიზისთვის:

ბატონო კახა, სჯობს, შეცდომა აღიაროთ!“ //თუ სიტყვა გაექცა, აღიაროს, უფრო სამარცხვინო მდგომარეობაში არ უნდა ჩაიგდოს თავი!“ //სამწუხაროა, რომ ასე გვესაუბრება სახელმწიფო მოხელე და მერე აღარ უნდა გაგვიკვირდეს, თუ გარეშე მტერიც იმავეს გაიმეორებს კიდევ უფრო გამრუდებულად და მცდარად…“

ეკა ასათიანი

გასულ კვირას ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ იმ ფრაზის განმარტება სცადა, რომელიც ბათუმის მოვლენების შეფასებისას გამოიყენა: “თუ კარგად გადავხედავთ განცხადებებს, აშკარად მივხვდებით, ვის ინტერესში შედიოდა, მომხდარიყო დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე”. ბევრმა სინანულით აღნიშნა, რომ კალაძემ არ იცის, აჭარა ოდითგანვე ეთნიკური ქართველებით რომ არის დასახლებული. გაპოლიტიკოსებულმა ფეხბურთელმა კი უკან არ დაიხია და კრიტიკოსებს მოუწოდა, „გუგლის“ საძიებო სისტემით მოეძიებინათ და დაკვირვებით წაეკითხათ, რას ნიშნავს „ეთნიკური ჯგუფი“. რატომ ვერ გაიგო ვიცე-პრემიერმა ამ სიტყვის მნიშვნელობა მას შემდეგაც კი, რაც სავარაუდოდ, სამოქალაქო განათლების ლექსიკონში „ეთნიკური ჯგუფის“ განმარტება ნახა?! ამასთან დაკავშირებით, “კვირის პალიტრას” ისტორიკოსი ბიჭიკო დიასამიძე ესაუბრა.

- დავიწყოთ იქიდან, რომ აჭარა ისეთ­ივე ეთნოგრაფიული მხარეა, როგორიც გურია, სამეგრელო, კახეთი და ა.შ. აჭარა­ არის ძირძველი ქართული მხარე, ეთნიკური ქართველებით დასახლებული. აქ ეთნიკურ დაპირისპირებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.­ ბათუმში ცხოვრობენ სხვა ეროვნების წარმომადგენლები, მაგრამ მათთან დაპირისპირება არავის აზრადაც არ მოსვლია. შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ ქართველებს აქ მც­ხოვრებ რუსებთან, სომხებთან, ბერძნებთან, ებრაელებსა და აფხაზებთან… ვიცე-პრემიერს კი უნდა ესმოდეს, რას ნიშნავს ეთნოგრაფიული მხარე და ეთნიკური განსხვავებულობა.

- მოგვიანებით, კახა კალაძემ თავისი ნათქვა­მის­­ განმარტება სცადა: თათრის ძახილი იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანი­ გახლდათ, დაგეგმილი კონფრონტაციისთვის ეთნიკური ელფერი მიეცათ. დაეპირისპირებინათ სხვა­დასხვა კუთხის მოსახლეობა ერთმანეთთან კუთ­ხურობის, მეტიც, კონფესიურობის ნიშნით

- ამით კახა კალაძე გვეუბნება, რომ ვიღაც ცდილობდა აჭარაში ეთნიკური­ ჯგუფები ერთმანეთს დაეპირისპირებინა. მაგრამ ასეთი რამ იქ არ გამოვლენილა! რეალურად, ადგილი ჰქონდა პოლიციის მიმართ აგრესიას. რა შუაშია ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება? სად დაინახა ეს კახა კალაძემ?

- კახა კალაძემ კრიტიკოსებს მოუწოდა: გუგლში“ „ეთნიკური ჯგუფის განმარტება დაკვირვებით წაიკითხეთო

- ეს მან უნდა მოიძიოს და წაიკითხოს.­ სავარაუდოდ, ეს გააკეთა კიდეც, მაგრამ აზრი რატომ ვერ გამოიტანა, არ ვიცი. სამწუხაროა, რომ ასე გვესაუბრება სახელმწიფო მოხელე და მერე აღარ უნდა გაგვიკვირდეს, თუ გარეშე მტერიც იმავეს გაიმეორებს კიდევ უფრო გამრუდებულად და მცდარად… ასეთ გამონათქვამს ვიცე-პრემიერი უნდა მოერიდოს, თუ სიტყვა გაექცა, აღიაროს, უფრო სამარცხვინო მდგო­მარეობაში კი არ უნდა ჩაიგდოს თავი!

აჭარა საზღვრისპირა რეგიონია, მრავალ­ეთნიკური მოსახლეობით წარმოდგენილი­. განა თურქეთში ცოტაა, ვინც აჭარასა და ბათუმზე პრეტენზიას აცხადებს? იქაურ რუკებშია მოქცეული ჩვენი შავიზღვისპირეთი. იქით რუსეთი თვეში ორჯერ ადგენს საზღვრებს და მის გადმოწევას საქართველოსკენ სანტიმეტრობით ცდილ­ობს. ასე რომ, ვერ გავუგებთ ბატონ კახას, სჯობს, შეცდომა აღიაროს. ღმერთმა გვაშოროს ეთნიკურ ნიადაგზე­ კონფლიქტი. ამის უფრო ღრმად გააზრებისთვის ბატონ კახას ვურჩევ, „ეთნიკური კონფლიქტის“ განმარტებაც­ წაიკითხოს.

- სხვათა შორის, 2003 წელს კახა კალ­აძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივე­­რსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა

- თუკი ბატონმა კახამ ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა, უნდა გაევლო ის საკითხები, რაზეც ახლა ვისაუბრეთ. უნდა ვივარაუდოთ, რომ მაშინ ის სპორტული კარიერით იყო დაკავებული და ასეთი თემებისთვის ყურადღება არ დაუთმია.

———–

კახა კალაძე:კიდევ ერთხელ ავხსნი…“

„ვეხმაურები ამ კონკრეტულ ფრაზას მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობა, ბათუმელები შეაწუხეს ერთი და იმავეს ტრიალით და სიცრუის ტირაჟირებით. კარგად ვიცი, რამდენად სენსიტიური თემაა ეს თითოეული აჭარელისთვის.

1. ეთნიკური დაპირისპირების მცდელობის პროვოცირების შესახებ ჩემი ნათქვამი იქნებოდა ჩვეულებრივი ფრაზა, რომ არა მცდელობა, რამდენიმე გაკოტრებული პოლიტიკოსისგან და მათთან ასოცირებული ჟურნალისტებისგან, ამ ფრაზისთვის თავისთვის სასურველი ინტერპრეტაცია მიეცათ;

2. ვინც ეს დღეებია, ჩემი ამ ფრაზით ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებას ცდილობს, პირველ რიგში, პასუხისმგებლები არიან აჭარის მოსახლეობის წინაშე;

3. კიდევ ერთხელ ავხსნი იმას, რაც ვთქვი, ამჯერად წერილობით, იმ იმედით, რომ უფრო გასაგები იქნება მათთვის, ვინც ვერ გაიგო. „თათრის“ ძახილი, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანი იყო ვითომ ეთნიკური ელფერი მიეცათ დაგეგმილი კონფრონტაციისთვის – დაეპირისპირებინათ ქვეყნის სხვა­დასხვა კუთხის მოსახლეობა ერთმანეთთან კუთხურობის, მეტიც, კონფესიურობის ნიშნის მიხედვით, ყველაზე საზიზღარი ფორმით, დამაკნინებელი წოდებით – „თათარი“, რომელიც თავისთავად ცხადია, ეთნიკურად თათრებს არ გულისხმობს და ამის საფუძველზე ვიღაც ჟურნალისტის კონკრეტული პარტიული ინტერესის გამო აგორებულ კამპანიას აჰყვა ყველა ის, ვისაც თავის წარმოჩენის სურვილი გაუჩნდა. სამწუხაროა ხალხის ნერვებზე ასეთი ფორმით თამაში. თორემ პირადად ჩემს ნერვებს ცილისწამება და სიცრუე ვერც აქამდე აკლებდა რამეს, ვერც მომავალში გავახარებ მსურველებს;

4. და ბოლოს, ისევ „გუგლი“ მოიხმარეთ, „ეთნიკური ჯგუფი“ მოიძიეთ და განმარტება დაკვირვებით წაიკითხეთ…“

გუგლ“-ის განმარტებით

„ეთნიკური ჯგუფი“ – ისტორიულად­ ჩამოყალიბებული მდგრადი საზოგადოებ­რივი ერთობა, აქვს საერთო ენა, ადათ-ჩვე­ულებები, კულტურა, რწმენა. ეთნიკურ ერთობას ქმნის ერი – მრავალსაუკუნოვანი ეთნიკური წარმონაქმნი”.

კვირის პალიტრა“, 20 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან: „ნუ მივიყვანთ საქმეს უკიდურესობამდე, თორემ…“ // ქართული ოცნება“­ იყო მაშველი რგოლი, რომელიცმარყუჟადგადაქცევის გზას დაადგა // ანგარიშს ვუწევ იმ ხალხის კითხვებს, რჩევებს და მოლოდინს, ვისთვისაც მნიშვნელოვანიარა“, „რისთვისდაროგორ

რუსუდან შელია

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა ვახტანგ ხმალაძის ინიციატივა – პრეზიდენტის ასაკობრივი ცენზის 45 წლით განსაზღვრისა და 300-კაციანი კოლეგიის შესახებ, რომელმაც პრეზიდენტი უნდა აირჩიოს, უკვე გაიზიარა, მოქმედი პრეზიდენტი კი საკონსტიტუციო კომისიას უნდობლობას უცხადებს და დამოუკიდებელ კამპანიას “კონსტიტუცია ყველასია”, რეგიონებში განაგრძობს. „კვირის პალიტრას“ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ესაუბრება:

- ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვერანაირი თანდაყოლილი ნიჭი ან წამყვანი უნივერსიტეტების დიპლომები ვერ ჩაანაცვლებს. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს არა მხოლოდ გამორჩეული სიბრძნის, ზნეობისა და პრინციპების მქონე პიროვნება, არამედ კარგად უნდა იცნობდეს საკუთარ ერს, მის ბუნებას, ხასიათს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ საკუთარ ერთან ერთად განცდილ-გადატანილი სიხარულითა და ტკივილით მიიღწევა. ამიტომ მხარს ვუჭერ საპრეზიდენტო ასაკის 35-დან 45-წლამდე გაზრდას. ეს ერთი, თუმცა, ცხადია, არასაკმარისი ნაბიჯი იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის ავტორიტეტისა და ეფექტიანობის გასაზრდელად. თუ ვინმე 35 წელს მიღწეული პრეზიდენტობის მსურველი ამის გამო გაგვინაწყენდება, ვურჩევდი, 45 წლამდე დარჩენილ დროში სხვა არჩევითი თანამდებობებით ემსახუროს ქვეყანას და თან პრეზიდენტობისთვისაც უკეთ მოემზადოს.

- მხარს უჭერთ კიდევ ერთ ინიციატივას, რომ პრეზიდენტი არა ამომრჩეველმა, არამედ 300-კაციანმა კოლეგიამ აირჩიოს?

- პირადად მე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტობის წლებიდან პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით სწორედ ამგვარი საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩევის მომხრე ვარ, მიუხედავად მოქმედი პრეზიდენტების თუ პრეზიდენტობის მსურველების გვარ-სახელებისა. თუმცა ამას მხარს ვუჭერ არა იზოლირებულად, არამედ როგორც სათანადოდ გამართული სახელისუფლებო სისტემის ერთ კომპონენტს. მაგალითად, შეიძენთ ავტომობილს გადასარევი ძრავით და მხოლოდ ხელის მუხრუჭით? ალბათ, არა. ქვეყანა ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობით და ამავე უმრავლესობის მიერ არჩეული პრეზიდენტით ძლიერძრავიანი ავტომობილია სამუხრუჭე სისტემის გარეშე…

ჩემი აზრით, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე დისკუსიაც კი არასწორია, სანამ პარლამენტის არჩევის წესი არ შეიცვლება და ერთპარტიულობის ნაცვლად მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა არ დამკვიდრდება.

- საკონსტიტუციო კომისიას პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, უნდობლობა გამოუცხადა და დამოუკიდებელი კამპანია დაიწყო, თუმცა ექსპერტთა ნაწილი პრეზიდენტის რეგიონებში შეხვედრებს უფრო საარჩევნო მარათონად მოიაზრებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტი სწორედ იმ სცენარით ავითარებს მოვლენებს, რისკენაც თქვენ ორი თვის წინ მოუწოდეთ, გადადგეს და ვადამდე არჩევნები დანიშნოს?

- პრეზიდენტის ინიციატივაში ცუდი არაფერია – რაც მეტი მოქალაქე მიიღებს მეტ ინფორმაციას კონსტიტუციურ პროცესზე, მით უკეთესი. თუმცა პრობლემა ამ ინიციატივის პოლიტიკური კონტექსტი და საზოგადოებრივი აღქმაა – რაც მეტი მოქალაქე დარწმუნდება, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები ვერ ახერხებენ მათთვის მინდობილ სახელმწიფო საქმეებზე ერთმანეთთან ურთიერთობას, მით უარესი. ვფიქრობ, ჩვენ უფრო მეორე შედეგს ვიღებთ… ამასთან,”ოცნების” ხელში არსებული საკონსტიტუციო უმრავლესობის გამო პრეზიდენტის ინიციატივა მყისიერ გავლენას ნაკლებად მოახდენს უშუალოდ კონსტიტუციური ცვლილებების პროცესზე, თუმცა ექნება გაცილებით მეტი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ორიოდე თვის წინ ვლაპარაკობდი პრეზიდენტის შესაძლო ვადამდე არჩევნების საკითხის გათვალისწინების აუცილებლობაზე. თუ უმრავლესობამ და პრეზიდენტმა ვერ შეძლეს ურთიერთგაგება და თან “ოცნებამ” ძალაუფლების ცენტრალიზაცია-კონცენტრაციის კურსი გააგრძელა კონსტიტუციის, კანონმდებლობის, სამთავრობო პოლიტიკის და კულუარული მმართველობის დონეებზე, მაშინ, შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისი მომწიფდეს. ეს არის ჩემი მინიშნება ყველასთვის – ნუ მივიყვანთ საქმეს უკიდურესობამდე, თორემ, შესაძლოა, მივიღოთ საპასუხო უკიდურესობა.

- ანუ, დღეს პრეზიდენტის საპასუხო უკიდურეს ნაბიჯებს ვადევნებთ თვალს?

- ჩემი აზრით, უკიდურესობაა უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტის ინიციატივების მოხსენიება როგორც “სასაცილო” და “პოლიტიკური სპექტაკლი, ან პრეზიდენტისთვის “ყვითელი ბარათის” ჩვენება – “სწორად ილაპარაკე, თორემ… ასევე უკიდურესობად ვთვლი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ბოიკოტს საკონსტიტუციო კომისიისადმი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი იმდენად აქტიურად ერთვება საკონსტიტუციო პროცესში, რომ სახალხო განხილვის კამპანიას იწყებს. სად წერია, რომ პარლამენტის ან მთავრობის წევრს აქვს ამომრჩეველთან ყოველდღიური კეკლუცის განუსაზღვრელი თავისუფლება და პრეზიდენტს ეს ეკრძალება? ან ვინ დაასკვნა, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან მოლაპარაკე პოლიტიკოსები მხოლოდ ქვეყანაზე ზრუნვით არიან დამაშვრალნი და საკუთარი საარჩევნო-პოლიტიკური მომავალი ჩირადაც არ უღირთ, ხოლო პრეზიდენტმა რაც უნდა თქვას და ქნას, მხოლოდ პოლიტიკურ-საარჩევნო ქულების” დაწერას ემსახურება და არანაირად ქვეყნის ინტერესებს?

- თუ პოლიტიკური კრიზისი მომწიფდა და თქვენი პროგნოზით, ზაფხულის დასაწყისში პრეზიდენტი მართლაც გადადგა, როგორი იქნება თქვენი პოლიტიკური არჩევანი? დიდი ხანია ლაპარაკობენ თქვენი და მარგველაშვილის პოლიტიკურ ალიანსზე...

- თუ გიორგი მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ფიქრობს, ამით არც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, არც პოლიტიკურ სისტემას და არც საზოგადოებრივ მორალს. რაც შეეხება პირადად ჩემი და გიორგი მარგველაშვილის ურთიერთობას, იგი 20 წელზე მეტია იყო და რჩება საქმიანი, თავისუფალი, სათანამშრომლო და კეთილგანწყობილი და, დარწმუნებული ვარ, ასევე დარჩება. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

- თქვენი პასუხი ნიშნავს, რომ თქვენს პოლიტიკურ დუეტს არ გამორიცხავთ?

- დრო გვიჩვენებს…. ის კი შემიძლია გავიხსენო, რომ ამ ხნის განმავლობაში ორჯერ უშედეგოდ ვცადე მისი დაყოლიება ჯერ 2006 წლის ადგილობრივ და შემდეგ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, ხოლო, როცა გადადგა ასეთი ნაბიჯი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, შევიტყვე უკვე მიღებული გადაწყვეტილება. ასე რომ, ჯერ არ არსებობს ჩვენ მიერ საარჩევნო გადაწყვეტილების ერთად მიღების პრეცედენტი.

- მაშინ რა ეტაპზეა თქვენ მიერ დაანონსებული ახალი პოლიტიკური ძალა?

- სამწუხაროდ, დამოუკიდებელი საქართველოს მეოთხე არჩეული ხელისუფლებაც წინამორბედთა მსგავსად ვერ ახერხებს ქვეყნის მართვას სახელმწიფო ინსტიტუტებითა და სახელმწიფოებრივი მიდგომებით. “ქართული ოცნება” იყო ქვეყნის “მაშველი რგოლი, რომელიც “მარყუჟად” გადაქცევის გზას დაადგა. ჩვენივე “მდიდარი”გამოცდილება კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ განვლილი გზის გაგრძელება აღარ შეიძლება – ძველებურად მორიგი დარაზმვა მორიგი ხელისუფლის შესაცვლელად მორიგ ჩიხამდე მიგვიყვანს.

„მსოფლიო უწესრიგობის“ ეპოქის დადგომით დასრულდა ის ეპოქაც, როდესაც ქვეყანა მსოფლიო პროცესების დინებას იყო მინდობილი. დადგა საკუთარი ქვეყნის საკუთარი ძალებით პატრონობის დრო, რისთვისაც არც სახელმწიფო ინსტიტუტებია მზად და არც პოლიტიკური­ სისტემა. ჩვენი სახელმწიფოებრიობა დიდწილად პირობითობაა, რომელიც სასწრაფოდ შინაარსითაა შესავსები. საჭიროა საზოგადოების გამოყვანა პოლიტიკური აპათიიდან და მისი ფოკუსირება ეროვნულ-სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაზე. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა აზრი და შანსი კვალიფიციური და უნარიანი პოლიტიკური პარტიის ფორმირებას, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სათავეში ჩაუდგება კოალიციურ მთავრობას და დაუდებს სათავეს დემოკრატიული ინსტიტუტებით მმართველობას. სწორედ ამ ხედვითა და თანამიმდევრობით შევუდექი პროცესს, რომელიც არც იწყება და არც დაიყვანება პოლიტიკური პარტის შექმნამდე. მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ნაკლებად ვზრუნავ იმ ხალხის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე, ვისაც მხოლოდ ის აინტერესებს, ვინ გამოვჩნდებით და ვის შევერკინებით. მაინტერესებს და ანგარიშს ვუწევ იმ ხალხის კითხვებს, რჩევებს და მოლოდინს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია რა, რისთვის და როგორ.

- რაც შეეხება სხვა მიმდინარე საკითხებს. რა კონკრეტული ფაქტების საფუძველზე ავითარებთ ვერსიას, რომ ბათუმში ვანდალური დარბევა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ორგანიზებული იყო?

- ვთქვი და ვიმეორებ, ამ მოვლენების “ნაციონალებზე” ჩამოკიდება” მცდარი ნაბიჯი იქნება და კვლავ ვერ მოგვარდება ის შიდასახელისუფლებო სისტემური პრობლემები, რომლებიც ამ შემთხვევაშიც მკაფიოდ გამოვლინდა. “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა სცადეს არეულობის ცეცხლზე ნავთის დასხმა, რაც დასაგმობია, მაგრამ თუ “ოცნების” უმრავლესობიდან ვინმე სერიოზულად ამტკიცებს, რომ ამ მოვლენების განვითარების ჯაჭვის ყველა რგოლი “ნაცმოძრაობის” შემოქმედებაა, მაშინ იგი იმასაც სერიოზულად ამბობს, რომ აჭარას (და არა მარტო) კვლავ “ნაცმოძრაობა” მართავს. ვაფასებ პრემიერისა და კიდევ არაერთი მინისტრის თუ პარლამენტის წევრის თავდადებას, შრომას და ბრძოლასაც, მაგრამ ამის გამო ვერ იცვლება ის ჯიუტი რეალობა, რაც ბათუმის კრიზისმა სააშკარაოზე გამოიტანა. მეტიც, მასირებული მცდელობა იმისა, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მოქმედებები კარგად გააზრებულ ტაქტიკად თუ გეგმად წარმოჩნდეს, კიდევ უფრო ამძიმებს მძიმე რეალობას. შესაძლოა, ჩემმა ყოფილმა კოლეგებმა “ოცნებიდან” მკითხონ, ისევ აქ, ჩვენ გვერდით რომ იყო, იმავეს არ შეეცდებოდიო? ჩემი გულწრფელი პასუხი იქნებოდა: კი, ალბათ, რამე მაგდაგვარს ვიტყოდი, რათა “მეფის სიშიშვლე” ცოტა მიგვეჩქმალა იმ იმედით, რომ მალე რაღაცებს როგორმე მივალაგ-მოვალაგებდით. თუმცა სანაცვლოდ ჩემი ყოფილი კოლეგებისგანაც ასეთივე გულწრფელ პასუხს ველი კითხვაზე,”ახლა აქ, ჩემ გვერდით რომ იდგეთ, რას იტყოდით? დარწმუნებული ვარ, იტყოდნენ, რომ ამჯერად ბედმა გაგვიღიმა და უფრო დიდ უბედურებას შემთხვევით გადავრჩით არა ხელისუფლების გამჭრიახობის, არამედ სახელისუფლებო სისტემის პარალიზებულობის გამო. იტყოდნენ, რომ ვიხილეთ თავგზააბნეული ხელისუფლება; იტყოდნენ, რომ ვერ ვიხილეთ სპეციალურად ასეთი ვითარებისთვის შექმნილი და აღჭურვილი სპეციალური უწყების, კრიზისების მართვის ცენტრის მოქმედების კვალიც კი; იტყოდნენ, რომ პატრულის მიერ აჭარლების შეურაცხყოფის თაობაზე აგორებული კამპანია ან თავად სპეცსამსახურების შემოქმედებაა, ან მათი წაყრუების გარანტიით მოქმედი სხვა ძალის. კიდევ ბევრ რამეს იტყოდნენ, რასაც ახლა არ ვიტყვი იმ იმედით, რომ მთავრობა თავად არ დაიჯერებს იმას, რასაც ჩვენ გვეუბნება, და გააკეთებს იმას, რაც იქნებ ჯერ კიდევ შესაძლებელია.

კვირის პალიტრა“, 20 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ჩემი წინადადება იყო, საპრეზიდენტო ასაკად 55 წელი დაგვეწესებინა // გამოდის, რომ ვიდრე ადამიანი პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს, იძულებული იქნება, იცრუოს

ნათია დოლიძე

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „კვირის პალიტრა“ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრება:

ვახტანგ ძაბირაძე, კონსტიტუციონალისტი:

- პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს არ ვეთანხმები, რადგან საქართველოში იმდენად შეკვეცილი აქვს უფლებამოსილება, რომ კანდიდატები წინასაარჩევნოდ იძულებული იქნებიან, მოსახლეობას რაღაცებს დაჰპირდნენ ისე, რომ შესრულების მექანიზმი პრეზიდენტს არ ექნება. გამოდის, რომ ვიდრე ადამიანი პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს, იძულებული იქნება, იცრუოს.

პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა, რომელიც საპარლამენტო მმართველობისას არბიტრია და მისი არჩევა ერთ პოლიტიკურ ძალაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. უნდა მოხერხდეს ისეთი მექანიზმის შექმნა, რომ პრეზიდენტი აირჩიოს მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა. თუ ეს პრინციპი იქნება დაცული, ჩემთვის კოლეგია მისაღებია, მაგრამ თუ ვერ მოხერხდა და უპირატესობა გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას მიენიჭება, მაშინ ის ქვეყნის კი არა, ერთი პარტიის პრეზიდენტი იქნება.

- სჯა-ბაასი მოჰყვა ასაკობრივი ცენზის საკითხსაც, რომლის ქვედა ზღვრად, შესაძლოა, 45 წელი დაწესდეს და პრეზიდენტის ისედაც შეზღუდული უფლებამოსი­ლება ახალი ცვლილებებით უფრო შეიკვეცოს...

- რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილების უფრო შეკვეცას, ეს უშიშროების საბჭოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადასვლაა, რაც ჩემთვის თავდაპირველად მისაღები არ იყო, თუმცა არგუმენტი, რომელსაც ამ იდეის ავტორები ეფუძნებიან, ანგარიშგასაწევია. საფრთხეების პრევენციასა თუ აღმოფხვრაზე უნდა იმსჯელოს იმ ორგანომ, რომელსაც ამის დაგეგმვის, დაფინანსებისა და განხორციელების შესაძლებლობა აქვს, ასეთი კი აღმასრულებელი ხელისუფლება და პრემიერი არიან. რაც შეეხება ასაკობრივ ცენზს, ჩემი წინადადება იყო, საპრეზიდენტო ასაკად 45 კი არა, 55 დაგვეწესებინა… თუ გვსურს, რომ პრეზიდენტი იყოს ძალთა დამბალანსებელი და გამაერთიანებელი სიმბოლო, მაშინ ეს თანამდებობა არ უნდა გამოიყენოს პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად… მან თუ ქულების დაგროვება დაიწყო, დაკარგავს იმ ნეიტრალიტეტს, რასაც ვანიჭებთ და გახდება პოლიტიკური ძალა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს მაღალი პოსტი დაიკავოს გამოცდილმა და ჭკუადამჯდარმა ადამიანმა, ამას კი შესაბამისი ასაკი სჭირდება.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 20 მარტი, 2017 წელი

კიდევ ერთი ჩამორთმეული უფლება

პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ვეღარ წარადგენს

გვანცა ღვედაშვილი

პრეზიდენტს კიდევ ერთი უფლებამოსილება ჩამოერთმევა. საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეეჩბის კანდიდატურებს პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს. როგორც საკონსტიტუციოს წევრები აცხადებენ, აღნიშნული ცვლილებით მათ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინეს.

კომისიამ არ გაიზიარა იმ წევრთა აზრი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ პრეზიდენტს ეს ფუნქცია არ უნდა ჩამორთმეოდა, არამედ უნდა დამატებოდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მოსამართლეთა ორწვეროვანი დანიშვნა სამწვეროვანი გამხდარიყო, რაც პრეზიდენტის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პარლამენტის ერთობლივ ჩართულობას გულისხმობდა.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინა წარმომადგენელი მინდია უგრეხელიძე “მთელ კვირასთან” აცხადებს, რომ კომისიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეს დემოკრატიის განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

“მე მომეჩვენა, რომ ამ საქმეზე არსებობდა როგორც ფორმალური, ისე არსებითი საფუძველი საიმისოდ, რომ საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მიღებულიყო. ორ რამეს მოგახსენებთ. პირველი – ვენეციის კომისიამ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია და მან უპირატესობა მიანიჭა იმ მოდელს, რომლის მიხედვითად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარადგინოს და არა პრეზიდენტმა. ეს არის ფორმალური საფუძველი, რომელიც რეალურ მოსაზრებებს ემყარება. არსებითი საფუძველი ფართო მკითხველისა და იმ ადამიანებისთვის, ვინც სპეციალისტები არ არიან, მარტივი გასაგები იქნება. ჩვენ ვისწრაფვით დემოკრატიისკენ და თითოეული ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი სწორედ დემოკრატიის განვითარებისა და გაღრმავებისკენ უნდა იყოს მიმართული. შესაბამისად, რა უფრო დემოკრატიული იქნება – მოსამართლის კანდიდატურის ერთი ადამიანის მიერ არჩევა თუ ჯგუფის მიერ არჩევა, რომელშიც ერთიანდებიან როგორც მოსამართლეები, ისე მეცნიერები და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები? მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, ამ საკითხზე სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, მე მეშინია, არ იფიქრონ, რომ ეს დაკავშირებულია პრეზიდენტისადმი უარყოფით დამოკიდებულებასთან. პირადად მე მასთან და მის ოჯახთანაც ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ აქ საკითხი საქართველოს იურიდიული ინსტიტუტის განვითარებას შეეხება და, ამ თვალსაზრისით, სჯობს, ეს გაკეთდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ”, – განაცხადა მინდია უგრეხელიძემ.

საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის უფლებების სავარაუდო შეზღუდვასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილებების განხორციელება, სავარაუდოდ, “ქართული ოცნება” სურვილი იქნებოდა. „საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. როგორც ჩანს, ეს არის მმართველი გუნდის პოზიცია. მე ვისურვებდი, რომ სასამართლოების დამოუკიდებლობისთვის უფრო მეტი გარანტიები შექმნილიყო და უფრო მეტად გაღრმავებულიყო, ვიდრე შეკვეცილიყო”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

კომისიის გადაწყვეტილებისგან განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს, რომლის იდეის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის წარდგენის უფლება პრეზიდენტს კი არ უნდა ჩამორთმეოდა, არამედ მასთან ერთად იგი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა შეერჩია. თუმცა, როგორც “მთელ კვირასთან” საუბრისას აღნიშნავს, მისი იდეა უმცირესობაში მოჰყვა და კომისიამ არ გაიზიარა.

“ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ აღნიშნული ცვლილება კონსტიტუციაში ჩაწერილიყო და ქმედითი უფელებამოსილებით ჩართულიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რაც საკონსტიტუციო კომისიამ გაიზიარა და პრეზიდენტი ჩაანაცვლა იუსიტიციის უმაღლესმა საბჭომ. მე ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებაზე უკეთესი გამოსავალი იქნებოდა, რომ დღევანდელ მოდელს დამატებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო და დღეს მოქმედი ორწვეროვანი დანიშვნა – პრეზიდენტი პლუს პარლამენტი – შეცვლილიყო სამწვეროვანით. მგონია, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო გადაწყვეტილება. თუმცა, სამწუხაროდ, ჩემი პოზიცია უმცირესობაში აღმოჩნდა“, – ამბობს ვახუშტი მენაბდე.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 20 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან: „ჩვენი, „რესპუბლიკელების პოზიცია სულ იყო და არის ის, რომ რაც შეიძლება მეტად განმტკიცდეს და გაძლიერდეს სახელმწიფო ინსტიტუტები, ინსტიტუციური დემოკრატია“ // „ვის გაუგია, დასარბევად გამოსული ხალხი თავის ნებაზე მიუშვა და ძალა მხოლოდ მერე გამოიყენო?!

სალომე სარიშვილი

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებები, რაზეც საკონსტიტუციო კომისია ახლა მსჯელობს და რაც, სხვა ცვლილებებთან ერთად, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას მოიაზრებს, სხვა არაფერია, თუ არა ამ ინსტიტუტის დაკნინება და პრეზიდენტის ბუტაფორიად ქცევა. ზურაბიშვილის აზრით, ამით მმართველი გუნდი ძალაუფლების მხოლოდ საკუთარ ხელში მოგდებას ცდილობს.

დავით ზურაბიშვილი ჩვენთან საუბრისას რამდენიმე დღის წინ ბათუმში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და თქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ ყოველივეს “ნაციონალური მოძრაობისთვის” გადაბრალება აბსოლუტური სისულელეა. ზურაბიშვილის თქმით, ბათუმში მომხდარი არეულობა გამწვავებული შიდა დაპირისპირება იყო, რისი თავიდან აცილებაც მმართველმა ძალამ ვერ შეძლო.

მიმდინარე პოლიტიკურ სიახლეებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე “მთელი კვირა” დავით ზურაბიშვილს ესაუბრა.

დავით ზურაბიშვილი: პრეზიდენტმა ყველაფერი პრემიერს თუ უნდა შეუთანხმოს, ეს უკე სასაცილო ამბავიც კია. თუკი იმ მოდელში, რომელსაც გვთავაზობენ, ვიღაც ადამიანი ასე ბუტაფორიასავით უნდა იჯდეს და საერთოდ არაფერი ფუნქცია არ ექნება, რატომ უნდა აირჩიოს ის საერთოდ ვინმემ, რას წყვეტს? ე.ი. გამოდის, რომ მხოლოდ ომის დაწყების დროს გვჭირდება პრეზიდენტი. არსებობს ასეთი გამოთქმა – „საქორწინო გენერალი“, რომლის აზრიც მხოლოდ სუფრის თავში ჯდომაა. პრეზიდენტის შემთხვევაში გამოდის, რომ ის მხოლოდ საომარ გენერლად დარჩება. მანამდე რა ფუნქცია ექნება, კაცმა არ იცის.

- თქვენი აზრით, ეს ცვლილებები პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგაა მიმართული?

- რა თქმა უნდა, ეს კეთდება იმისთვის, რომ მთელი ძალაუფლება ერთი ძალის ხელში აღმოჩნდეს, ამას მხოლოდ ეს მიზანი აქვს. რაღაც პრინციპებზე, საპარლამენტო რესპუბლიკაზე და სხვა ღირებულებებზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ სიტყვის მასალაა და სხვა არაფერი. ეს იცის საზოგადოების 100%-მა. არ მჯერა, რომ ვინმე სხვანაირად ფიქრობს. ცხადია, არის ხალხი, ვისაც ეს მოსწონს, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ბატონმა ბიძინამ უკეთ იცის, როგორ უნდა მოაწყოს ქვეყანა. თუმცა არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრების ხალხიც, ესაა რეალობა. ჩვენი, “რესპუბლიკელების,” პოზიცია სულ იყო და არის ის, რომ რაც შეიძლება მეტად განმტკიცდეს და გაძლიერდეს სახელმწიფო ინსტიტუტები, ინსტიტუციური დემოკრატია. საპარლამენტო რესპუბლიკა კი პირველ რიგში ამას გულისხმობს. გულისხმობს მრავალპარტიულ პარლამენტს, განვითარებულ თვითმმართველობას და ა.შ.

საპარლამენტო რესპუბლიკა არ იწყება და მთავრდება იმით, თუ როგორ აირჩევა პრეზიდენტი – პირდაპირ თუ ირიბად. ვფიქრობ, ეს ცვლილებები სამომავლო პრევენციისთვის სურთ, რომ რამენაირად მომავალში არ გაიპაროს ადამიანი, რომელიც პრეზიდენტი გახდება და რაღაც უფლებამოსილებაც ექნება. ეტყობა, სურთ, რომ მათ ძალაუფლებას არავინ მიაკარონ. როგორ მთავრდება ეს მცდელობა საქართველოში, ყველამ კარგად ვიცით.

- მოსმენის კანონზეც მინდა გკითხოთ. საპარლამენტო ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი კანონში კორექტივების შეტანას დაჟინებით მოითხოენ და ამბობენ, რომ ე.წ. გასაღები სახელმწიფო სტრუქტურას დაქვემდებარებულ არსებულ ორგანოს არ უნდა ჰქონდეს. თქვენი პოზიცია როგორია?

- ჩვენი შეფასება ამ კანონთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა უმრავლესობაში ვიყავით. მაშინაც კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით, რომ ხელისუფლებას და ამ შემთხვევაში უშიშროების ორგანოს ჰქონოდა უკონტროლო წვდომა მოსმენასა და თვალთვალზე. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამ ორგანოს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს გასაღებზე წვდომა, უნდა ჰქონდეს, მაგრამ არა უკონტროლო. ვნახეთ, რომ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის დაკისრებია. ამიტომ ჩვენი პოზიცია უცვლელია და, პრინციპში, ის არასამთავრობო სექტორისას ემთხვევა კიდეც. ამ ფორმით ამ კანონის მიღება, რა თქმა უნდა, დაუშვებელია.

- ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე რას ფიქრობთ? მმართველი ძალა აცხადებს, რომ პროცესი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ იყო პროვოცირებული. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს იყო სოციალური პროტესტი თუ რეალურად რომელიმე ძალის მიერ მართული აქცია?

- ბათუმის მოვლენების შეფასებისას ჩვენ თავიდანვე გამოვხატეთ პოზიცია და ვთქვით, რომ ეს იყო შიდა დაპირისპირების შედეგად გამწვავებული პროცესი. ჩვენ არ ვუყურებთ ამ პროცესს იმგვარად, რომ თითქოს ეს პროტესტი ხელისუფლების ან “ნაცმოძრაობის” მიერ იყო ინსპირირებული, ასე ნამდვილად არ ყოფილა. იქ იყო შიდა დაპირისპირება პოლიციასა და მოქალაქეებს შორის, თუმცა ამისთვის ძალიან ცუდი და ბინძური მეთოდების გამოყენება დაიწყეს. ბათუმის პოლიციის უფროსი აჭარლებს შეურაცხყოფას აყენებდა და აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებამ ვერ გამოიჩინა ძალა ამ ტალღის აგორებისას, ის ჩაექრო.

ცხადია, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან სოლიდარობის გამოცხადება არასწორი და არსებითი შეცდომა იყო, თუმცა ამას განსაკუთრებულ ტრაგედიად არ ჩავთვლიდი. რასაც მმართველი ძალა აცხადებს, ეს ზღაპარია. რას ნიშნავს “ნაცმოძრაობის” კავშირი? რას აპირებდნენ? მათ რომ ჰკითხოთ, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა, რაც სისულელეა. ეს შიდა უწყებრივი დაპირისპირება იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას. სამწუხაროდ, ეს კამპანია ძალიან ცუდ პროცესში გადაიზარდა, ხელისუფლება კი სუსტი აღმოჩნდა, მათ, პრაქტიკულად, ქალაქი დაარბევინეს. ბუნებრივია, ხელისუფლება ცდილობს, ყველაფერი “ნაციონალურ მოძრაობას” გადააბრალოს, მაგრამ ამ კუთხით კონფლიქტის განხილვა დიდი სისულელეა.

- თქვით, რომ ხელისუფლებამ აქტივისტებს ქალაქი დაარბევინა. ფიქრობთ, რომ სამართალდამცველებმა შესაბამისი რეაგირება არ მოახდინეს?

- დილის 6 საათამდე მოვლენებს ტელევიზიით ვადევნებდი თვალს. არავითარი მოქმედება სამართალდამცველების მხრიდან არ ჩანდა. მეორე დღეს გვიმტკიცებდნენ, ხალხი რომ გაიფანტება და სახლში წავა, მერე გამოვლენო, ევროპაში ასეაო. მართლა მაინტერსებს, ასეთი რამ სად ნახეს. ვის გაუგია, დასარბევად გამოსული ხალხი თავის ნებაზე მიუშვა და ძალა მხოლოდ მერე გამოიყენო?! წარმოუდგენელი იყო, რაც საათების განმავლობაში ბათუმში ხდებოდა. ქალაქი უპატრონოდ იყო, საპროტესტო ტალღა კი უფრო და უფრო იზრდებოდა. დილის 6 საათზე შეთხელებულ ხალხში პოლიციის გასვლა არასაკმარისი იყო. სად იყო ამ დროს ხელისუფლება, კაცმა არ იცის. მაქვს ეჭვი, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირს ელოდებოდნენ, რომელსაც, დიდი ალბათობით, ეძინა, ამიტომაც ვერ განახორციელეს დროულად საჭირო მოქმედება.

- და ბოლოს, თქვენს ყოფილ თანაგუნდელზე, დავით უსუფაშვილზეც რომ გვითხრათ თქვენი აზრი. გარკვეული პაუზის შემდეგ, გასულ კვირას მან ახალი პარტიის შექმნა დააანონსა და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მკაცრად გააკრიტიკა. როგორ შეაფასებდით მის პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნებას?

- ვნახოთ, რას იზამს. ჯერჯერობით არაფერი გვინახავს. თვითონ როგორც ამბობს, პოლიტიკურ შემადგენელ ნაწილთან ერთად, რაღაც სხვაც იქნება. ვნახოთ, როცა გამოვა და გამოაცხადებს, რას სთავაზობს საზოგადოებას, შეფასება მერე შეიძლება. რა ორგანიზაციულ ერთეულზე საუბრობს ბატონი დავითი, ჯერ არ ვიცით. ამიტომ ერთი ადამიანის გამოსვლით შეფასება გამიჭირდება. ვფიქრობ, მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ. მანამდე რაიმე შეფასება აზრს მოკლებული მგონია.

„ახალი თაობა“, 20 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ გიგა ბუკიასთან: „ხელისუფლება ყველა გამოწვევისათვის მზად არის“ // „თუ პრეზიდენტს ხალხის აზრი აინტერესებდა, კონსტიტუციაში ქორწინების განმარტებისათვის მხარი უნდა დაეჭირა

რამდენიმე აქტუალურ საკითხზე „ახალი თაობა“ ესაუბრა პარლამენტის უმრავლესობის კონსერვატორების ფრაქციის თავმჯდომარე გიგა ბუკიას

- კეთდება პროგნოზები, რომ გარკვეული ძალები გამოიყენებენ ქვეყანაში დაგროვილ სოციალურ პრობლემებს და დიდ არეულობას გამოიწვევენ...

- მასობრივი არეულობა არ იქნება. არავინ უარყოფს, რომ ქვეყანაში არსებობს პრობლემები, მათ შორის – სოციალური. როგორ შეიძლება, უპრობლემო იყოს სახელმწიფო, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია! მოსახლეობის ნაწილი კმაყოფილი არ არის, მაგრამ ხალხი სიტუაციას სწორად აფასებს.

- კერძოდ?

- „ქართული ოცნება“ ადამიანებზეა ორიენტირებული და ცდილობს მოქალაქეების პრობლემების გადაჭრას. საზოგადოებას აზრის გამოთქმას, მშვიდობიანი აქციების გამართვას არავინ უშლის. ხელისუფლება ზომიერად და ადამიანის უფლებების სრული დაცვის მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება მასობრივი არეულობის აღკვეთა ან მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავება.

- ბათუმის მოვლენებს გულისხმობთ?

- ამასაც. იქ ხელისუფლებამ სწორად და გონივრულად იმოქმედა. დაკავებული არიან ეჭვმიტანილები, რომლებსაც სამართალდამცავები ადამიანურად და კანონის დაცვით მოექცნენ.

- სოციალურ საკითხებზე გამოსვლებს არ ელით?

- აქცია ბევრი გამოგვივლია, მაგრამ მასობრივი გამოსვლები სოციალურ საკითხებზე საქართველოში ჯერ არ მომხდარა. ამას არც ახლა მოველი. აქციები აკრძალული არ არის. მთავარია, რომ ხელისუფლება ცდილობს, ხალხის პრობლემები მოაგვაროს.

- მიტინგებზე ვანდალიზმიც არ იყო საქართველოსთვის დამახასიათებელი, მაგრამ 11-12 მარტს ბათუმში ეს მოხდა...

- ვანდალიზმს 90-იან წლებშიც შევსწრებივართ. გარდა ამისა, რეპრესიები, ძალადობა და ძალადობისკენ მოწოდებები სააკაშვილისგანაც ისმოდა. რამდენიმე თვის წინ გავრცელებულ ჩანაწერებში სააკაშვილი სისხლის დაღვრას, მსხვერპლს მოითხოვს, რომ რევოლუცია მოაწყოს.

- საზოგადოებას ის უკვირს, რომ გადატრიალების ორგანიზატორებს არ აკავებენ...

- ჩვენი ხელისუფლება წინასაგან იმით განსხვავდება, რომ გამოძიებას კანონის დაცვით ატარებს. სრულყოფილ გამოძიებას, მტკიცებულებების მოგროვებას დრო სჭირდება. სააკაშვილის წინააღმდეგ ბევრი სამხილი დაგროვდა. იგი სისხლს ღვრიდა მაშინაც, როცა ხელისუფლების შენარჩუნება უნდოდა და ამას ცდილობს მას შემდეგაც, რაც ხელისუფლებას ჩამოშორდა. ფრაზა ორი გვამის შესახებ სააკაშვილის რეჟიმის სავიზიტო ბარათია. ჩვენი ხელისუფლება უშეცდომო არ არის. ქვეყანაში არსებობს პრობლემები, მაგრამ „ქართული ოცნება“ რეპრესიებს არ ატარებს. ის ხალხზეა ორიენტირებული. საზოგადოება ამას ხედავს. დაწყებული საქმეების გამოძიება კი აუცილებლად დასრულდება. ამას დრო უნდა. ვერც მასობრივ არეულობებს გამოიწვევენ. ბათუმში აშკარად იგრძნობოდა პროცესების ხელშეწყობა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. მასობრივი არეულობა არ გამოვა. ხელისუფლება ყველა გამოწვევისათვის მზად არის.

- ბოლო დროს პრეზიდენტმა დაიწყო კამპანია კონსტიტუცია ყველასია. ამას დადებითი შეფასებებიც მოჰყვა და უარყოფითიც...

- სამწუხაროა, რომ გიორგი მარგველაშვილი არ ცვლის თავის პოზიციას. წლებია, ის კონფრონტაციულ გზას დაადგა. პრეზიდენტმა ვერ ააწყო ურთიერთობები სამიდან ვერცერთ პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის უმრავლესობასთან. მას მუდმივად დაძაბული ურთიერთობები აქვს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.

- ეს საკონსტიტუციო კამპანია რაზეა გათვლილი?

- პრეზიდენტი აცხადებს, რომ აინტერესებს მოსახლეობის აზრი საკონსტიტუციო საკითხებზე. მის გულწრფელობაში ეჭვი მეპარება. იგი ნაწყენია იმის გამო, რომ ვერ გახდა საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარე. ეს რომ მომხდარიყო, იქნებოდა კანონის დარღვევა. ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარი თქვა კომისიაში მონაწილეობაზე. მან მოიფიქრა ხალხთან შეხვედრის ფორმა თავისი აზრების გამოსახატავად. თუ პრეზიდენტს ხალხის აზრი აინტერესებდა, მაშინ მხარი უნდა დაეჭირა კონსტიტუციაში ქორწინების განმარტების ჩანაწერისათვის. წინა პარლამენტში ამ საკითხზე ხალხთან შეხვედრები გავმართეთ და დავრწმუნდით, რომ მოქალაქეებს ქორწინების განმარტება ესმით, როგორც კაცისა და ქალის ერთობა. მათ უნდათ, რომ ეს ჩაიწეროს კონსტიტუციაში. გიორგი მარგველაშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ ეს საკითხი აქტუალურად არ მიაჩნია. მან ამ თემაზე არც რეფერენდუმი დანიშნა. იმედია, შეხვედრებისას გაერკვევა, რა უნდა ხალხს. ამ კამპანიის ნამდვილი მიზანი პოლიტიკური ცენტრის შექმნაა. პრეზიდენტს ამის უფლება აქვს, თუმცა, არა მგონია, ამ მცდელობებმა შედეგი გამოიღოს.

„ახალი თაობა“, 20 მარტი, 2017 წელი

კახა კალაძე, დავით ნარმანია, ელენე ხოშტარია, ალეკო ელისაშვილი - ვინ იბრძოლებს თბილისის მერობისთვის

რამდენიმე თვეში საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. მთავარი ყურადღება, როგორც წესი, დედაქალაქისკენ არის მიმართული. აქედან გამომდინარე, პარტიები განსაკუთრებული მონდომებით არჩევენ თბილისის მერობის კანდიდატებს.

ამ მხრივ ყველაზე თადარიგიანი მმართველი პარტია აღმოჩნდა. აქ თბილისის მერობის კანდიდატის შერჩევა საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწყეს. მაშინ ამბობდნენ, რომ მოქმედი მერი დავით ნარმანია გადადგებოდა. მაშინ გადადგომის სანაცვლოდ ნარმანიამ საარჩევნო სიის პირველ ათეულში მოინდომა ჩასმა.

დავით ნარმანიას მიმართ, მართალია, ბევრი პრეტენზიაა, მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ ისევ განიხილება მისი კანდიდატურა. როგორც „ახალ თაობას“ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, ნარმანიას სერიოზული პრეტენზიები აქვს. ამას თბილისის მერის საქმიანობის ჟამთააღმწერელი ლევან ხაბეიშვილიც ადასტურებს.

„დავით ნარმანია ისევ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. ბიძინა ივანიშვილის უცნაურ გადაწყვეტილებებს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, ისევ დავიტ ნარმანია იყოს მერობის კანდიდატი“, – ამბობს „ახალ თაობასთან“ საუბარში „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი.

თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად ვიცეპრემიერი კახა კალაძეც სახელდება. ეს ინფორმაცია თავად კალაძემ არც უარყო და არც დაადასტურა. ამის მიუხედავად, „ოცნების“ კულუარებში ამბობენ, რომ თბილისის მერის პოსტზე სხვა კანდიდატურებიც განიხილება. საუბარი იყო მამუკა ხაზარაძესა და ლევან გაჩეჩილაძეზე. იგი ამ თემაზე ჯერ არ საუბრობს. სამაგიეროდ, ამაზე ღიად „ოცნებაში“ ლაპარაკობენ.

„ლევან გაჩეჩილაძე რომ „ოცნების“ მერობის კანდიდატი იქნებოდა, ამის შესახებ ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მითხრა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მისი კანდიდატურა ისევ დღის წესრიგში დგას. კალაძეს რაც შეეხება, მას თავად უნდა თბილისის მერობა, მაგრამ გუნდში რაღაც პრობლემები აქვს და, შესაძლოა, მერობის კანდიდატად არ დაასახელონ. ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას სოლოლაკის შუშის სასახლეში მიიღებენ. არა მგონია, კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი გახდეს“, -აღნიშნავს „ახალ თაობასთან“ საუბარში ლევან ხაბეიშვილი.

თბილისის მერის პოსტზე საკუთარ კანდიდატურებს ოპოზიციური პარტიებიც წარადგენენ. გამონაკლისი არც „ახალი საქართველო“ იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის კანდიდატურა გიორგი ვაშაძე იქნება. „ამ თემაზე ჩვენს პარტიაში ჯერ საუბარი არ ყოფილა. კანდიდატურის დაყენებას თუ გადავწყვეტთ, ის აუცილებლად გიორგი ვაშაძე იქნება“, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

დედაქალაქის მერის სავარძლისთვის ყოფილი ხელისუფლებაც იბრძოლებს და, რადგანაც ეს პარტია ორად არის გაყოფილი, მას ორი კანდიდატი ეყოლება.

„ნაციონალებში“ მერობისთვის ყველაზე გამოცდილი კანდიდატი ნიკა მელიაა, მაგრამ მასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემებია და, შესაძლოა, სხვა კანდიდატურის ძებნა გახდეს საჭირო. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, თავიდან იყო საუბარი, რომ ის გიგი უგულავას კანდიდატურას დაასახელებდა. უგულავამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ახლა ევროპელები მის შემცვლელს ეძებენ.

ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, შესაძლოა, უგულავა ქალმა დეპუტატმა ჩაანაცვლოს. „საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. პარტიაში მერობის რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. ყველაზე მეტი შანსი ელენე ხოშტარიას აქვს. შესაძლოა, სწორედ ის გახდეს „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი“, – აცხადებს „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი.

2014 წელს თბილისის მერობისთვის ბრძოლაში მესამე ადგილი დაიკავა „დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. პარტია დედაქალაქის მერის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას ისევ წარადგენს. პარტიამ, შესაძლოა, ყოფილ პოლიტდევნილ გიგლა ბარამიძის კანდიდატურა დაასახელოს. ბარამიძესთან დაკავშირებით სხვა ინფორმაციაც ვრცელდება. ამბობენ, რომ, შესაძლოა, ის დამოუკიდებელი კანდიდატურა იყოს. „ამ საკითხზე ჯერ არანაირი საუბარი არ მქონია. არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ყველაფერი რამდენიმე თვეში გაირკვევა. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი“, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ საუბარში გიგლა ბარამიძემ.

თბილისის მერობისთვის იბრძოლებს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. ერთ-ერთი ვერსიით, არჩევნებში შეიძლება თბილისის ყოფილმა მერმა ნიკო ლეკიშვილმაც მიიღოს მონაწილეობა. ხელისუფლება სიურპრიზებს ელოდება ირაკლი ოქრუაშვილისგანაც. მას 2014 წელს გორის მერის არჩევნებში მონაწილეობა სურდა, მაგრამ ხელი შეეშალა. ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ, რომ მან თბილისშიც მოსინჯოს ძალები.

„ქართულ ოცნებაში“ ვარაუდობენ, რომ არჩევნებში პრეზიდენტის ბანაკიდანაც ელოდებათ სიურპრიზი. არ გამორიცხავენ, რომ ამ დროისთვის მან პარტია შექმნას და კანდიდატურაც დაასახელოს.

„ახალი თაობა“, 20 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან: „ვითხოვ, სინოდის წევრები გამოვკითხოთ

როდის მიმართავენ სტრასბურის სასამართლოს, რომელ მეუფეებზე სვამდა კითხვებს პროკურატურა, რატომ არ ნახულობენ სასულიერო პირები მამა გიორგის, არის თუ არა საქმეში ახალი დეტალები? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ესაუბრება.

- უკვე ერთი კვირაა, ციანიდის საქმე» ისეთი აქტუალური აღარ არის. რა ხდება ამ საქმის გარშემო? პროკურატურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მამა გიორგი ხან ერთს ლაპარაკობს, ხან მეორეს და გვეკაიფებაო...

- დავიწყოთ იმით, რომ პროკურატურის წარმომადგენლები ამ ტერმინოლოგიით არ უნდა საუბრობდნენ. რას ჰქვია, ეკაიფება? გავიხსენოთ პროკურატურის განცხადება, სადაც ამბობენ, მამა გიორგის ჩვენება ჩვენს მტკიცებულებებს ეწინააღმდეგებაო. მაგათ, ეტყობა, ეს წინააღმდეგობა ჰგონიათ, რომ ეკაიფება. არადა, ჩვენება მტკიცებულებას რომ ეწინააღმდეგება, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი თავის უდანაშაულობას ამტკიცებს. მაგათ თუ უნდათ, მამა გიორგი ყველაფერში მათ დაეთანხმოს, ეს არის აბსურდი. შეჯიბრებითობის პრინციპი და თანასწორობა ის არის, რომ ადამიანმა საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს.

- რამდენიმე დღის წინ თქვენ სკანდალური განცხადება გააკეთეთ, თქვით, რომ თუ საქმე არ შეწყდება, სინოდის 47 წევრის დაკითხვა გახდება აუცილებელი...

- ახლაც შემიძლია, იგივე გავიმეორო. მე უკვე მივმართე წმინდა სინოდის წევრებს განცხადებით და მივეცი კონკრეტული ვადა. მე ამ საქმეში წარმოვადგენ მხარეს და უფლება მაქვს, მოვიპოვო მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე, ვითხოვ, სინოდის წევრები გამოვკითხოთ.

- ეს გამოკითხვა პროკურატურამ უნდა განახორციელოს თუ დაცვის მხარემ?

_ გამოკითხვა ჩვენ, ადვოკატებმა უნდა განვახორციელოთ. როგორც უკვე გითხარით, საპატრიარქოს განცხადებით მივმართეთ და ახლა მათგან ველოდებით პასუხს. მათი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. პირდაპირ ვამბობ, ეს საქმე არ ეხება მხოლოდ მამა გიორგი მამალაძეს. ეს საქმე ეხება მთელ საპატრიარქოს. ყოველ შემთხვევაში, პროკურატურას აქეთკენ მიჰყავს საქმე. ამიტომაც ვითხოვთ სინოდის წევრების გამოკითხვას. თუ არაფერი გამოვა, მაშინ უკვე სასამართლოს დახმარებით მოვითხოვთ იმავეს. წესით, ამით თავად საპატრიარქოც დაინტერესებული უნდა იყოს. ირაკლი მამალაძის ჩვენებითა და პროკურატურის მტკიცებულებებით შეკერილი საქმე საპატრიარქოშიც ბევრ კითხვას უნდა იწვევდეს.

- თქვენ რამდენიმე კვირის წინ სხვა ადვოკატებთან ერთად უკვე შეხვდით სინოდის წევრებს. რა მოხდა მაშინ?

- ეს შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც პატრიარქი გერმანიიდან ჩამობრძანდა. სინოდის წევრებთან სულ სხვა ინფორმაციის ფონზე მიმდინარეობდა საუბარი. ჩვენამდე იქ პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ და ნაწილ-ნაწილ გააცნეს მტკიცებულებები. საპატრიარქოშიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათ რაღაც აზრი გაუჩნდათ. აქედან გამომდინარე, მათგან დაისვა კითხვები. პროკურატურისგან განსხვავებით, ჩვენ მტკიცებულებებით უზრუნველყოფილნი არ ვიყავით, რომ იქ მიგვეტანა. ამის მიუხედავად, მათ კითხვებს ამომწურავი პასუხი გავეცით. სინოდის წევრებთან ჩვენმა შეხვედრამ რამდენიმე საათს გასტანა. ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. პირადად მე ვთქვი, რომ ეს საქმე მხოლოდ მამა გიორგის არ ეხება და სასწორზე საპატრიარქოს რეიტინგი და მომავალი დგას. სინოდის თემაზე ერთი კითხვაც მაქვს. წმინდა სინოდმა სხდომა 9 მარტს გამართა, ერთი დღით ადრე კი პროკურატურამ გაურკვეველი მტკიცებულებები წარმოადგინა. ეს იყო საზოგადოების შოკში ჩაგდების მცდელობა. ეს არ გამოუვიდათ. საზოგადოებამ ამ მტკიცებულებებს არ დაუჯერა. აშკარა იყო, რომ ეს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები საიდანღაც იყო ამოგლეჯილი. მტკიცებულებების გასაჯაროება და ხალხისთვის სიმართლის თქმა თუ უნდოდათ, მაშინ ამ ჩანაწერების სრული ვერსია უნდა გაესაჯაროებინათ.

- თქვენი აზრით, სრული ვერსია რატომ არ გაასაჯაროეს?

- იმიტომ, რომ არ იყო ეს მათ ინტერესებში. სრულ ვერსიას როგორ გაასაჯაროებდნენ, როცა ის ვერ დაუდგენიათ, რა ვითარებაში შეიძინა მამა გიორგიმ ციანიდი. არადა, თავად ამბობენ, რომ მამა გიორგიზე თვალთვალი ხორციელდებოდა. როცა თვალთვალს ახორციელებ, ის მაინც ხომ უნდა დაადგინო, ვისგან იყიდა ციანიდი. ამაზე ჟურნალისტმა ელისო კილაძემ თქვა გენიალურად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შვილი რომ დაუჭირეს. ეს არის სრული ანომალია – ვერ ადგენენ, სად და ვისგან შეიძინა, მაგრამ ამბობენ, რომ შეიძინა. ასეთი მიდგომა სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება.

- ამ საქმეზე ახალ-ახალი ვერსიები ჩნდება. ახლა ამბობენ, ისე იგეგმებოდა ყველაფერი, პატრიარქის მოწამვლა შორენა თეთრუაშვილს დაბრალებოდაო...

- ამ ვერსიის არსებობაზე ინფორმაცია ტვ „იმედმა“ გააჟღერა. მათ ჩემგან კომენტარი დაახლოებით ორი კვირის წინ ჩაიწერეს. ასეთი კითხვა დამისვეს, თქვენ თქვით, შორენამ სთხოვა მამა გიორგის ციანიდის შეძენაო? ამაზე ვუპასუხე, რომ ასე არ მითქვამს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე არ იყო. ამ საქმეზე აქამდეც ბევრი ვერსია იყო და მომავალშიც არაერთ ვერსიას ვიხილავთ. საინტერესოა, რამდენი ვერსია გაჩნდება. არადა, ვერსია არის მხოლოდ ერთი.

- და რა არის ეს ერთი ვერსია?

- ჩვენ გვაქვს ერთი ვერსია, რომ მამა გიორგი უდანაშაულოა, პროკურატურა კი უამრავ ვერსიას ავრცელებს. ან საიდან მოიგონეს, რომ შორენა აპირებდა პატრიარქის მოწამვლას? მამა გიორგის არსად უთქვამს, რომ შორენამ მას ციანიდის შეძენა ვინმეს მოსაწამლად სთხოვა.  ძალიან უცნაურად მიჰყავთ ეს საქმე. ღმერთი, რჯული, ვერავინ დაიჯერებს, რომ შორენას პატრიარქის მოწამვლა უნდოდა. საპატრიარქოს შიდა სამზარეულოში რა ხდება, ეს ნამდვილად არ ვიცი. ეს თავად უნდა გაარკვიონ. ჩვენ ერთადერთი, რასაც ვამტკიცებთ, ის არის, რომ მამა გიორგი უდანაშაულოა. ამ საქმეში არის ძალიან ბევრი აბსურდული დეტალი, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდება.

- ადვოკატებმა რამდენჯერმე საყვედური გამოთქვით სასულიერო პირების მიმართ და განაცხადეთ, რომ მათ ზურგი აქციეს პატიმრობაში მყოფ მამა გიორგის. თუ შეიცვალა თქვენი განცხადების შემდეგ ამ მხრივ რამე?

- ჩემი ეს განცხადება ბევრს არ მოეწონა, მაგრამ მე ვთქვი სიმართლე. ახლაც იმავეს გავიმეორებ და ვიტყვი, დიახაც, არ შეიძლება ადამიანის ასე მიტოვება. არც ის შეიძლება, რომ საპატრიარქომ მხოლოდ ერთ მხარეს უსმინოს.

- ერთ მხარეში პროკურატურას გულისხმობთ?

- პროკურატურას ვგულისხმობ და არ შეიძლება მხოლოდ მისი მოსმენა. ერთი ჩვენც მოგვისმინონ. სხვა თუ არაფერი, სიმართლის დადგენა მაინც არ უნდათ? სულ ერთხელ შეგვხვდნენ სინოდის წევრები და მაშინაც პროკურატურის მიტანილ მტკიცებულებებზე მოგვიწია პასუხი. ან პროკურატურა რას მიდიოდა საპატრიარქოში მტკიცებულებებით? საპატრიარქო სასამართლო არ არის, რომ განაჩენი გამოიტანოს. საპატრიარქომ სჯულის კანონით უნდა იმოქმედოს. მამა გიორგი სულ რამდენიმე სასულიერო პირმა მოინახულა. თავიდან იმაზეც კი იყო საუბარი, რომ მამა გიორგისთან შეხვედრას პატრიარქი და სინოდის წევრებიც აპირებდნენ. ესეც პროკურატურამ ჩაშალა. მე გაგახსენებთ მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებას. მისი თქმით, პროკურატურის რეკომენდაციით, უსაფრთხოების მიზნით სინოდის წევრები თავს იკავებენ მამა გიორგის მონახულებისგან.

- რა საფრთხეები შეიძლება შეჰქმნოდათ სინოდის წევრებს მამა გიორგისთან შეხვედრაზე?

_ ამაზე არავინ საუბრობს. თუ ასე სახიფათოა მამა გიორგისთან შეხვედრა, მეც მომცენ ეს რეკომენდაცია, მეც ხომ ადამიანი ვარ.

- მამა გიორგის დაკითხვას როდის განაახლებს პროკურატურა?

- რა აზრი აქვს დაკითხვას. ჩემთვის წარმოუდგენელია, რა კითხვები უნდა დაუსვან მამა გიორგის. ის ორჯერ დაიკითხა და ეს კითხვა-პასუხი 60 ფურცელია. მეტი რა უნდა თქვას, არ ვიცი.

- პროკურატურა ჩიოდა, ჩვენს არცერთ კრიტიკულ კითხვას არ გასცა პასუხიო...

- რა კრიტიკულ კითხვებს არ გასცა პასუხი? ის კითხვები, რომლებსაც ეგენი კრიტიკულს უწოდებენ, შემხებლობაშიც არ არის საქმესთან.

- რას ეხებოდა ეს კრიტიკული კითხვები?

- მეუფეების ცხოვრებას.

- რა აინტერესებდა პროკურატურას მეუფეების შესახებ?

- აინტერესებდა, რით ცხოვრობს ესა თუ ის მეუფე, ან რას ჭამენ ისინი. ეს კი საქმესთან კავშირში არ არის. საქმეზე დასმულ კითხვებს მამა გიორგიმ დეტალური პასუხები გასცა, მაგრამ პროკურატურა სხვა კითხვებზე გადადიოდა. მეუფეებთან დაკავშირებულ კითხვებზე მამა გიორგის პასუხი საერთოდ არ გაუცია.

- როდესაც პროკურატურამ მტკიცებულებები გაასაჯაროვა, თქვენმა კოლეგა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ პროკურატურის წინააღმდეგ სტრასბურის სასამართლოში შეიტანთ სარჩელს. ეს ისევ ძალაშია?

- რა თქმა უნდა. ჩვენ საქმეზე საუბარს გვიკრძალავენ, თავად კი რაღაც ჩანაწერებს ასაჯაროებენ. არის კიდევ უამრავი დარღვევა, რომელთაც სტრასბურში გავასაჩივრებთ.

- როდისთვის აპირებთ სტრასბურში სარჩელის შეტანას?

- სარჩელი საკმაოდ მოცულობითი იქნება და მის მომზადებას დრო დასჭირდება.

კვირის პალიტრა“, 20 მარტი, 2017 წელი

დეკანოზი გიორგი მამალაძე: ამ წერილს იმისთვის ვწერ, რომ შენდობა გთხოვოთ“ // ადვოკატი ფარული ჩანაწერის იმ ეპიზოდს ასაჯაროებს, რომელიც, მისი თქმით, პროკურატურამ ამოჭრა // „მამა გიორგის თქმით, ირაკლი მამალაძემ იცოდა, რომ ციანიდი შორენამ სთხოვა“ (ექსკლუზივი)

თეა ხურცილავა

ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მოითხოვს თუ არა, მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა გან­იხილონ. როგორც ადვოკატი მია ზოიძე­ ამბობს, მამა გიორგის სამარტოო საკანში ტელევიზორი შეუტანეს.

- “პირველი არხი”, “იმედი”, “აჭარის ტელევიზია” – ამ არხებს აჩვენებს. მასთან არ შედის პრესა და ამიტომ მხოლოდ ჩვენგან იგებს, რა ვრცელდება მასზე… პროკურატურა არ გვაძლევს უფლებას, ვისაუბ­როთ, არადა, გვინდა, გავასაჯაროოთ სრული ჩანაწერი და დავანახოთ საზოგადოებას, რომ რასაც პროკურატურა ამბობს, კონტექსტიდან ამოგლეჯილია. მართალია, ბატონ მიხეილ რამიშვილს არა აქვს ხელი მოწერილი გაუთქმელობაზე, მაგრამ მას არა აქვს ვიდეოჩანაწერები და შესაბამისად, მათ გამოქვეყნებას ვერ ახერხებს.

მამა გიორგის სკოლის პერიოდიდან ვიცნობ. ორივე ვმონაწილეობდით „რა, სად, როდის“ ინტელექტუალურ თამაშებში.­ წლის ჩემპიონიც კი გახდა. მიუხედავად იმისა­, რომ ძალიან მაღალ თანამდებობებზე იყო, ზოგიერთი მღვდელმსახურისგან განსხვავებით, უკანონო გზით არაფერი მოუპოვებია. დიდხანს მონასტერში ცხოვრობდა, ამის მერე გახდა სასულიერო პირი. თეთრ სამღვდელოებაში ყველაზე მაღალი ხარისხის მატარებელი იყო, პატრიარქის ხელდასხმით ინიშნებოდა ყველა სამსახურის ხელმძღვანელად…
დაკავების დღიდან მასთან უამრავი­ ადვოკატი შევიდა, ჩვენ დაგიცავთო.­ ვინმე გზავნიდა ამ ხალხს თუ გულწრფელად სურდათ მისი დაცვა, არ ვიცი, მაგრამ მამა გიორგი ამას ეჭვით უყურებს.

- თუ უდანაშაულოა, რატომ აღმოჩნდა ციხეში ამ ბრალდებით?

- ამაზე მას თავისი მოსაზრებები აქვს და ასაბუთებს კიდეც, საიდან მოდის ეს ყველაფერი, მაგრამ ამის თქმისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ.

- მამა გიორგი მართლა ამბობს, რომ თეთრუაშვილმა სთხოვა ციანიდის ყიდვა?

- დიახ, სთხოვა, ოქრომჭედლისთვის­ სჭირდებოდა. არაერთხელ გაუწევია მას დახმარება შორენასთვის. მამა გიორგი იხსენებს, 2016 წლის ზაფხულში ქალბატონი­ შორენა კოჭლობდა, ფეხი შეხვეული ჰქონდა, მითხრა, დიდი ხანია ფეხები მაწუხებს, მაგრამ დროის უქონლობის გამო ექიმთან ვერ მივდივარო. ამის მერე, როცა ქობულეთში ჩამოვიდა, მე მივიყვანე მასთან ცნობილი ტრავმატოლოგი ავთო ხაბაზიო… ამას შორენაც ადასტურებს ჩვენებაში. კიდევ იყო ასეთი შემთხვევა: რადგან მამა გიორგი­ ადრე კიევში სწავლობდა­ დოქტორანტურაში, შორენას უთხოვია, კიევში მოეძებნა იქ მოღვაწე ქართველი სასულიერო პირების: კირიონის, ლეონიდეს, კალისტ­რატეს და სხვების ხელნაწერები და წამო­ეღო. 2017 წელს საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წელი სრულდება და ამისთვის სჭირდებოდა ეს მასალებიო. მამა გიორგი იმასაც ამბობს, ჩვენი ურთიერთობები გარკვეულ ეტაპზე ლაგდებოდა, გარკვეულ ეტაპზე იძაბებოდა, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს, მისი მოკვლა მნდომოდაო.

- შორენა თეთრუაშვილი რას ამბობს ჩვენებაში?

- იგი ამბობს, რომ ეს ყველაფერი პროკურატურისგან გაიგო. ძალიან გვინდა, საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოების წარმომადგენლები საქმეში ჩაერთონ და მონიტორინგი აწარმოონ, რომ ყველაფერი ნათელი გახდეს. გვინდა, საჯარო იყოს ეს პროცესები და საზოგადოებამ თავად შეაფასოს, დანაშაულის ნიშნები არის თუ არა.

——–

გიორგი ფანცულაია, ადვოკატი:

- სოსო ოხანაშვილის წინააღმდეგაც ხომ არ არის მოსალოდნელი საქმის აღძვრა?

- სოსო ოხანაშვილი არსად არის ნახსენები. მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე ხელმეორედ დაჰკი­თხეს და მეორე ჩვენებაში ამბობს, ვფიქრობ, მამა გიორგი მრავლობითში იმიტომ ლაპარაკობს, რომ ის მარტო არ მოქმედებდა, ის კონკრეტულ პირებს გულისხმობსო. რადგან მასთან დაახლოებული პირები არიან სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი, შეიძლება მამა გიორგი მამალაძესთან ერთად მოქმედებდნენო. ვარაუდობს, რომ ამის უკან მეუფე დიმიტრი დგას.

- ეს ვერსია ადრეც გახმაურდა...

- ეს ორი ადამიანი არსად ფიგურირებდა და ახლა გამოჩნდა ირაკლი მამალაძის ჩვენებაში. პროკურატურას ახალი ვერსიის შექმნა უნდა, რადგან ძველმა არ გაამართლა. ძველი ვერსიით, მამა გიორგი შორენას მოსაწამლად მიდიოდა, ახლა უნდათ ააგორონ, თითქოს ოხანაშვილთან ერთად მოქმე­დებდა და ამ ამბის უკან მეუფე დიმ­იტრი იდგა. ირაკლი მამალაძის გარდა, არავინ ასახელებს სოსო ოხანაშვილს.

მამა გიორგის თქმით, ირაკლი მამალაძემ იცოდა, რომ ციანიდის შოვნა შორენამ სთხოვა. წარმოიდგინეთ, ეს იცის ადამიანმა,­ მიდის მასთან და ხელმეორედ სვამს კითხვებს იმაზე, რაც იცის, თან ეს კითხვები ისმება ბევრჯერ. მამა გიორგი ამბობს, მე ნდობის ფაქტორი დავკარგე მის მიმართ, არ მეგონა, კამერით რომ მოვიდა, მაგრამ ვიფიქრე, რაღაც ამოძრავებს­ და ისეთ პასუხებს ვცემდი, რომ თვითონაც აზრი ვერ გამოეტანა, ამიტომ ვლაპარაკობ მრავლობითშიო. ირაკლი მამალაძე მამა გიორგის ერთსა და იმავე კითხვას 7-8 ჯერ უმეორებს, ოღონდ ორჯერ რომ ჰკითხავს, სხვა თემაზე გადადის და ცოტა ხანში ისევ უბრუნდება.

- რატომ დაინტერესდა, ციანიდი საწამლავად გამოიყენებოდა თუ არა?

- გავრცელებულ ვიდეოშიც ჩანს, როგორ ეუბნება მამა გიორგის ირაკლი, მოძებნე ინფორმაციაო. ამ სიტყვას რომ ჩაწერ, ამოდის ამ ნივთიერებაზე ინფორმაცია, ჩამონათვალი დიდია, მომწამვლელი ნივთიერებით დაწყებული, ოქრომჭედლობისთვის გამოყენებით დამთავრებული. ეს ყველაფერი წაიკითხა მამა გიორგიმ, მაგრამ პროკურატურამ ჩანაწერს თავიც მოაჭრა და ბოლოც. დატოვა მხოლოდ ის, რაც ადამიანის მოწამვლას შეეხებოდა. მთელი ბრალდება აგებულია სიტყვებზე, “დასაბრედია”, “მარილზეა გასაშვები” და კიდევ, შაქარზეა ლაპარაკი. რეალურად მოვლენები ასე ვითარდება:

ირაკლი მამალაძე ეკითხება მამა გიორგის: – პატრიარქს ვინ ახლავს გერმანიაში? მამა გიორგი პასუხობს: 12 ადამიანი. ი.მ. – შორენა იქაა? გ.მ. – კი, იქაა. ი.მ. – ესე იგი, შორენა მაინც ჩაძვრა იქ? ეს ქალი გასანეიტრალებელია, მაგრამ ამ ქალის განეიტრალება არ იქნება მარტივი. თვით უწმინდესს რაებს უბედავს… და ირაკლი მამალაძე ჰყვება ისტორი­ებს შორენაზე. ამ ყველაფერზე ირაკლი ლაპარაკობს, მამა გიორგი უსმენს და ბოლოს ჩანს კადრშიც, როგორ ამოიოხრებს მამა გიორგი და ამბობს: – არა, ეს ქალი მაინც ჩაძვრებოდა, წავიდოდა გერმანიაში, მართლა დასაბრედია.

მერწმუნეთ, ეს არის მამა გიორგის ადამიანური პასუხი იმაზე, რასაც მოჰყვა ირაკლი მამალაძე. პროკურატურამ კი ეს ყველაფერი მოაშორა და დატოვა მარტო მამა გიორგის პასუხი. იგივე დიალოგია მარილზე გაშვებაზე…

ირაკლი მამალაძე ასევე ლაპარაკობს, როგორ არის საპატრიარქო გასაწმენდი ცუდი ადამიანებისგან. ლაპარაკია მათი თანამდებობებიდან გადაყენებაზე. ირაკლი მამალაძე ზოგიერთ სასულიერო პირსაც ახსენებს და ისევ ეკითხება მამა გიორგის:

- შორენაზე რა აზრის ხარ?

- შორენა მარილზე… შორენა იმდენ ხანს იცოცხლებს, რომ მამა გაბრიელის სიტყვები აუხდება, გაგიჟდება, “კრუგებს” დაარტყამს საპატრიარქოს და საპატრიარქოში არ შეუშვებენ. ამ ეპიზოდსაც თავი და ბოლო მოაჭრეს და გაუშვეს “შორენა მარილზე”.

- ალბათ, დამეთანხმებით, სასულიერო პირი ასე მაინც არ უნდა ლაპარაკობდეს...

- მორალურად შეიძლება ამან დაბნეულობა გამოიწვია და სწორედ ამას ნანობს მამა გიორგი. ის ემოციური ადამიანია. იმაზე, რასაც ამბობდა ირაკლი მამალაძე და რა ამბებსაც მოჰყვა, მერწმუნეთ, ნებისმიერი სასულიერო პირი, ვისაც ეკლესია უყვარს, ისევე უპასუხებდა, როგორც მამა გიორგიმ უპასუხა. მამა გიორგი იმ 1 პროცენტში არ არის, რომელიც მშვიდ პასუხს გასცემდა მას. იგი ირაკლი მამალაძემ წამოაგო პროვოკაციაზე. ვიღაცის დაკვეთით მოქმედებდა, მაგრამ ირაკლიმ დავალება ორიანზე შეასრულა. მამა გიორგი სამართლებრივად ვერაფერზე წამოაგო, ერთადერთი, აღტყინებულად ალაპარაკა, ამას მიაღწია მხოლოდ.

პროკურატურამ ეს სიტყვებიც იმიტომ გაასაჯაროვა, რომ ხვდება, ეს საქმე სამართლებრივად წაგებულია. ამ გზით საზოგადოებრივი აზრის შეცვლა უნდათ, მაგრამ არ გამოუვათ. წარმოუდგენელია, ნებისმიერმა იურისტმა, მოსამართლემ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს. იმის ნაცვლად, პროკურატურამ გადაამოწმოს მამა გიორგის მონათხრობი, ციხიდან გამოსული პროკურორი, რომელსაც ცალ ხელში მამა გიორგის ჩვენება უჭირავს, ამბობს, მამა გიორგიმ მოგვატყუაო. არა მაქვს იმედი, რომ პროკურატ­ურას სიმართლის დადგენა უნდა. მამა გიორგის ჩვენებას დაამუშავებენ და შეეცდებიან, სასამართლო პროცესზე მოწმეები ისე აალაპარაკონ, როგორც სურთ.

- როგორც შევიტყვეთ, დაჰკითხეს ბიზნესმენი მუხრან ბაგრატიონი. ის რა კავშირშია ამ საქმესთან?

- მამა გიორგი დიდუბეში, ბიზნესმენ ბაგრატიონის ბინაში ცხოვრობდა. მას ქირის გადახდის საშუალება არ ჰქონდა, ამიტომ ბაგრატიონმა შესთავაზა, რამდენ ხანსაც გინდა, დარჩიო.

- მეუფე პეტრე დაისაჯა, ამაზე რას ამბობს მამა გიორგი?

- ფიქრობს, რომ არ იყო სინოდის გადაწყვეტილება სამართლიანი.

———-

დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი ციხიდან

გაზეთ „კვირის პალიტრას“ ციხიდან წერილი გამოუგზავნა ბრალდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ, სადაც ის საზოგადოებას მიმართავს:

„მოგესალმებით ყველას. ჩემმა ადვოკატებმა მითხრეს, რომ პროკურატურას გამოუქვეყნებია ვიდეოები, სადაც სასულიერო პირისთვის შეუფერებლად ვლაპარაკობ. ალბათ, ძალიან მძიმე მოსასმენია ეს საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით მორწმუნე ადამიანებისთვის დამაბნეველია. ძალიან ვდარდობ ამაზე. ყოველთვის ვებრძოდი სიფიცხეს ჩემში, სულ ვცდილობდი, სიმშვიდით, კეთილგონიერებით გამეწია წინააღმდეგობა იმ უსინდისობისთვის, საპატრიარქოში რომ სუფევდა. ეს ხან გამომდიოდა, ხან არა, ხან ვილანძღებოდი, ხან ვიმუქრებოდი ამის გამო და ხან ვლოცულობდი. ვმუშაობდი, თავდაუზოგავად ვშრომობდი იმისთვის, რომ ეკლესიის ქონების განკარგვაზე საზოგადოების არც ერთ წევრს არც ერთი კითხვის ნიშანი არ ჰქონოდა.

ძალიან მინდოდა, საპატრიარქოს კლინიკა საქართველოში ყველაზე საუკეთესო კლინიკად მექცია. გულწრფელად ვიტყვი, ამ ყველაფერს უამბიციოდ არ ვაკეთებდი, მაგრამ ჩემი შრომის მთავარი მოტივი ეკლესიის განდიდება და უწმინდესის სიყვარული იყო…

რაც შეეხება სიტყვებს „დასაბრედია“, „მარილზე გასაშვებია“ და მათ შინაარსს, ღმერთია მოწამე, არავის მკვლელობა არ მიგულისხმია. მე და ჩემი ნათესავი­ ხუმრობასა და შაყირნარევ საუბარში ავყევით ერთმანეთს, მაპატიეთ ჟარგონისთვის, „მარიაჟობასაც“ დავარქმევდი. მაშინ სამწუხაროდ ვერ ვხვდებოდი, რა მიზანი ჰქონდა ამ ყველაფერს. ერთიც მინდა ვთქვა, იმ ავადსახსენებელ ნივთიერებაზე მართლაც ვეკითხებოდი. თუ რისთვის ვეკითხებოდი, ეს გამოძიებამ კარგად იცის. მე ეს ნივთიერება არ შემიძენია და არც არასოდეს მქონია.

უფალი ბრძანებს, „თმანიცა თავისა თქვენისანი აღრიცხილ არიან წინაშე ღვთისა“, ყოველივე ღვთის განგებით ხდება. ამ წერილს კი იმისთვის ვწერ, რომ შენდობა გთხოვოთ, თუკი რომელიმე თქვენგანისთვის რწმენის დამაბრკოლებელი აღმოჩნდა ჩემი უხამსი საუბარი“.

„ახალი თაობა“, 20 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ შალვა ხაჭაპურიძესთან: „გასწავლით, როგორ დაიცვათ თავი ნარკოტიკის ჩადებისგან“ // „რაც ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში, ჩვენთან ცხრა ტონამდე ნარკოტიკია გაყიდული

საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის შესახებ „ახალი თაობის“ კითხვებს ადვოკატი, უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე პასუხობს.

- ბატონო შალვა, ბოლო პერიოდში ხშირია ბრალდებები პოლიციელების მისამართით, რომ იმატა ნარკოტიკის ჩადების ფაქტებმა. რას იტყვით თქვენ?

- პირადად მე, ბოლო წლებია, მსგავსი ფაქტები არ შემხვედრია. შინაგან საქმეთა სამინისტროში, ნარკოტიკების ბრძოლის სამმართველოში მუშაობდა ასეთი პირი – მირზოევი. იგი 2014 წელს წავიდა სამინისტროდან და დღეს სააკაშვილთან არის უკრაინაში. როდესაც მირზოევი ამ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, აი, მაშინ იყო ჩადებების თემა ძალიან აქტუალური, საკმაოდ სერიოზულად ხდებოდა. მაშინ ადვოკატებმა ერთი ამბავი ავტეხეთ. მას შემდეგ, რაც მირზოევი წავიდა, ის გუნდიც წავიდა, რომელიც ამას აკეთებდა. ამის შემდეგ ჩადების ფაქტები აღარ შემხვედრია.

- ანუ თქვენ უარყოფთ, რომ ჩადებები ხდება?

- რა თქმა უნდა. ამას კატეგორიულად ვერ უარვყოფ, შესაძლოა, სადღაც ხდება, მაგრამ ამას მასობრივი ხასიათი არ აქვს. საზოგადოება ამაზე რაც მეტს ილაპარაკებს, უკეთესია, მსგავსი დანაშაული პოლიციის მხრიდან უფრო ნაკლებად მოხდება.

- როგორია თქვენი აზრი საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის შესახებ?

- აი, ამ კუთხით ძალიან ცუდადაა საქმე. მსგავსი რამ, რაც საქართველოშია, არსად ხდება! ეს დაიწყო კახა თარგამაძის შს მინისტრობის დროიდან. ეს სტატია უნდა წაიკითხოს ძალიან ბევრმა ადამიანმა, მათ შორის მათ, ვინც ფიქრობს, რომ ჩაუდეს ნარკოტიკი. მე მათ ვასწავლი, როგორ დაიცვან თავი ამ ჩადებებისგან.

- როგორ უნდა დაიცვან?

- ამაზე ცოტა მოგვიანებით. მოდით, პირველ რიგში, ვისაუბროთ იმის შესახებ, რომ გაუგონარი პოლიტიკაა! ეს არ არის ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ნარკოპოლიტიკა. დახვრეტები და ჩამოხრჩობები რომ შემორჩა, იმ ქვეყნების მსგავსი პოლიტიკა ტარდება ჩვენთან. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით ებრძვის ნარკოდანაშაულს, ძალიან ცდება!

- ძალიან მკაცრია კანონი ამ კუთხით?

- ავტოავარიით რომ კაცი მოკლან, ეს დანაშაული ისჯება 4-5 წლით თავისუფლების აღკვეთით და 3 აბი სუბოტექსი თუ უპოვეს ჯიბეში, 8 წლიდან და მიდის ზევით, უვადო თავისუფლების აღკვეთამდე. დიაზეპამი, რომელიც დამამშვიდებელი საშუალებაა და სასწრაფო ხშირად იყენებს, თუ გიპოვეს, ამისთვის იცით, რამდენია?!

- რამდენი?

- 7 წლით თავისუფლების აღკვეთაა საქართველოში! ამ კანონს მკაცრი აღარ ჰქვია, ხალხო, მკვლელობაზე მეტი სასჯელია! შემოტანა და გასაღება თუა, იქ, რა თქმა უნდა, მკაცრი უნდა იყოს კანონი, მაგრამ, როდესაც აქ იყიდა ადამიანმა და აღმოუჩინეს რამდენიმე ტაბლეტი, არ შეიძლება, მოხმარებისთვის ასეთი მკაცრი იყოს სასჯელი. იცით, დღეს სტატისტიკა როგორია ციხეებში?!

- როგორი?

- ციხეებში 80% სწორედ ასეთი დამნაშავეები არიან, ანუ ისინი, ვინც ავად არიან და, იმის მაგივრად, რომ საავადმყოფოებში გაუშვან და კლინიკებში უმკურნალონ, მიჰყავთ ციხეებში. ეს ხალხი რომ კლინიკებში გადაანაწილონ, ჩათვალეთ, რომ საქართველოს მხოლოდ ერთი ციხე დასჭირდება.

- თქვენ დეკრიმინალიზაციის მომხრე ხართ?

- არა, მე არ ვარ დეკრიმინალიზაციის მომხრე. მე ვამბობ, რომ სანქციები არ უნდა იყოს ამხელა! იმ ავადსახსენებელი, პირსისხლიანი კომუნისტების დროსაც კი პიროვნებას, რომელსაც უპოვიდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, პირველ შემთხვევაზე მისცემდნენ პირობითს, მეორე ჯერზე – ორი წლით თავისუფლების აღკვეთას, დიდი ოდენობით ნარკოტიკზე 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იყო. გამსაღებელზე იყო 15 წელი. კომუნისტებზე უარესი მდგომარეობა გვაქვს!

- რატომ არის ასეთი მკაცრი პოლიტიკა?

- შესაძლოა, ოპონენტებმა გვიპასუხონ, რომ ერის გადარჩენა უნდათ და ჰუმანური გრძნობები ამოძრავებთ. თუმცა მე შორს ვარ ამისგან. 2010 წლის ივლისში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ეწერა, რომ საქართველოში 320 ათასი ნარკომანია და ჩვენს ქვეყანაში ერთ წელიწადში მხოლოდ 2,4 ტონა ჰეროინს მოიხმარდნენ. მაშინ ატყდა ერთი ამბავი, ვანო მერაბიშვილი „კრიშავს“ ჰეროინის ბიზნესსო. დღეს ამბობენ, ლევან იზორია და მისი ძმა მფარველობენო. ჰეროინის ამოღების არცერთი მსხვილი საქმე არ გახსნილა მთელი ამ წლების განმავლობაში. არ დაგვავიწყდეს, რომ 2,4 ტონაზეა საუბარი. ეს ამდენი ნარკომანი ჰაერიდან ხომ არ შოულობს ამ წამალს, ხომ იბადება კითხვები?! ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც დაწერა, 320 ათასი ნარკომანია და ამდენ ტონას მოიხმარსო.

- მაგრამ, ეს ხომ 2010 წლის მონაცემებია...

- დიახ, მაგრამ მას შემდეგ ეს არ შემცირებულა. ამ მონაცემებს მაშინდელი ოპოზიციის ლიდერები ეთანხმებოდნენ. დღეს ეს ადამიანები ხელისუფლებაში არიან. სტატისტიკა თუ არ შემცირებულა, სად და როგორ იყიდება ამდენი ჰეროინი ან ეს ამდენი ფული სად მიდის?!

- დღესაც ვიღაც სერიოზული ძალა მფარველობს ამ ბიზნესს?

- ფაქტია, რომ ვიღაც მფარველობს. მე გეუბნებით ციფრებს, დასკვნები საზოგადოებამ გამოიტანოს. თუ ამ სტატისტიკას დავეყრდნობით, გამოდის, რომ რაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, მინიმუმ, 9 ტონა ნარკოტიკია გაყიდული ჩვენთან! მე იმას არ ვთვლი, 2014 წელს ჭიკაიძემ რომ ამოიღო 2,7 ტონა ჰეროინი. ეს სტატისტიკაში არაფერს ცვლის, რადგან ის ტრანზიტი იყო და მხოლოდ უნდა გაევლო ჩვენს ტერიტორიაზე, ევროპაში მიდიოდა.

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, წლიურად 100 კილოგრამ ნარკოტიკსაც ვერ იღებენ ჩვენი სამართალდამცავები. მაშინ რა ხდება? – ან ვიღაცა მფარველობს ამ ჰეროინის ბიზნესს, ან ძალიან შტერები სხედან სამართალდამცავ ორგანოებში და მათ თვალწინ ისე იყიდება ტონობით ნარკოტიკი, რომ ეს ხალხი საქმის კურსში არ არის.

- თქვენთვის რომელი პასუხი უფრო სარწმუნოა?

- ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა, მე ასე ღიად ვერავის დავადებ ხელს. ფაქტია, რომ ამდენი მომხმარებელია ნარკოტიკის, ეს ხალხი ხომ მოიხმარს, მათთვის ეს წყალივითაა, თუ არ დალიე, დაიხრჩობი და, თუ მოიხმარ, საიდან შემოდის, როგორ შემოდის, ან მესაზღვრე არ გყავს, ამდენი საბაჟო, ამდენი დაცვის სამსახური?! ნარკოტიკი საქართველოში ხომ არ მოდის და ხომ არ მზადდება, შემოდის! ჰოდა, როგორ შემოდის?! საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე იყო ზედელაშვილი. ეს კაცი ძალიან წყნარ და მოგუდულ სიტუაციაში გააქრეს.

- საით მიანიშნებთ?

- კითხვის ნიშნები არის, რადგან რამდენიმე სერიოზულ საქმეში მისმა გვარმა გაიჟღერა.

- ნარკოტიკის შემოდინებასთან დაკავშირებით?

- დიახ, ასე იყო, მისი გვარი გამოიკვეთა ამ ნარკოთემასთან დაკავშირებით, თუმცა ახლა სხვას არაფერს ვიტყვი. დღეს სხვა უფროსი ჰყავს საზღვარს. რადგან ამდენი ნარკოტიკი შემოდის ქვეყანაში, დასკვნაც მარტივია – არანაირი ბრძოლა არ მიმდინარეობს და არანაირი ნარკოპოლიტიკა არ ტარდება! ეს ხალხი, რომელიც ამ დანაშაულისთვის ციხეებშია გამოკეტილი, არის მსხვერპლი იმ მდგომარეობის, რომელიც გვაქვს ამ კუთხით!

- სად და როგორ იყიდება ნარკოტიკი?

- თემქაზე რომ გამოჩნდება ბარიგა და ყიდის ნარკოტიკს, ვაკელმა ნარკომანმა ეს უკვე იცის 10 წუთში და გარბის გამწარებული ამ ბარიგასთან. კაცო, ვაკელმა ნარკომანმა თუ იცის, რა ხდება თემქაზე, პოლიციას სძინავს?! თბილისელმა ნარკომანმა ასევე იცის, გორში ბარიგა რომ ყიდის წამალს. ეს ყველაფერი პოლიციამ თუ არ იცის, მაშინ დიდ უბედურებაში ვართ! ამ ყველაფერს პასუხები უნდა გაეცეს. ის კი არ არის გამოსავალი, 20 და 30 წელს რომ აძლევ, მიზეზს უნდა ებრძოლო. ამ საშინელ კანონზე ერთ მშვენიერ დღესაც დიდი ამბავი ატყდება.

- რას გულისხმობთ?

- იმას, ჩადებულ ნარკოტიკზე რომ 8 წელს უსჯის მოსამართლე! მაშინ სწორედ მირზოევი იყო. მთელმა კორპუსმა დაინახა, რომ ჩაუდეს. ნახეთ, რა ხდება, მოწმე არის პოლიციელი, ექსპერტი არის პოლიციელი და მეტი არავინ არ იკითხება, წარმოგიდგენიათ?!

- სწორედ ამას აპროტესტებს დღეს იგივე ელისო კილაძე თავის შვილთან დაკავშირებით, რომ მტკიცებულება არ არსებობს და მხოლოდ სამი პოლიციელის ჩვენებაა. ეს რამდენად სამართლიანია?

- ინფორმაციის პატაკს წერს პოლიციელი, რომ მიიღო ინფორმაცია. ვისგან მიიღო, საიდუმლოა, წადი და არკვიე, ვისგან მიიღო. შემდეგ მოდის პოლიციელი და გჩხრეკს, ჩაგიდო, არ ჩაგიდო, არკვიოს მერე ადვოკატმა, პატრონი და მომკითხავი არ ჰყავს არავინ. უამრავი ფარული კამერა აქვთ. როდესაც პოლიციელი გადის ოპერატიულ ინფორმაციაზე, პატაკის დაწერიდან დაწყებული, უნდა ჩაირთოს კამერა და უწყვეტ რეჟიმში იმუშაოს. ნარკოტიკისა და იარაღის ამოღების ყველა ფაქტი უნდა გადაიღონ! ჩხრეკას ატარებს პოლიციელი და პროცესზეც იკითხება მხოლოდ 2-3 პოლიციელი, იკითხება ექსპერტი, რომელიც ასევე ზის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

- ანუ ექსპერტიზის დასკვნა სანდო არ არის?

- ყველა ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც ნარკოტიკზე ტარდება საქართველოში, ყალბია! ამას ვაცხადებ ხმამაღლა. ყველა ადამიანი, რომლებიც ნარკოდანაშაულისთვის არიან გასამართლებული, ყალბი განაჩენით არიან გაშვებული ციხეში!

- რატომ, ბატონო შალვა? ეს სერიოზული ბრალდებაა...

- გეტყვით. იმისთვის, რომ შენ ჩაატარო ექსპერტიზა ნარკოტიკულ ნივთიერებაზე, გჭირდება სტანდარტული ნიმუში. ეს არის გაეროს კონვენციის მიერ დადგენილი წესი.

- რას ნიშნავს სტანდარტული ნიმუში?

- ვთქვათ, ამოიღეს ჰეროინი. შესაძლოა, ამ ჰეროინში შერეული იყოს სხვადასხვა ნივთიერება. შენ იღებ სტანდარტულ ნიმუშს და მას ადარებ. სტანდარტული ნიმუში აქვს ყველაფერს. ამის სპეციალური დეპარტამენტიც არსებობს. ნარკოტიკზე სტანდარტს რამდენიმე ქვეყანა აწარმოებს, ხოლო ამის მაკონტროლებელი ორგანო ჯანდაცვის სამინისტროა. მხოლოდ მისი კონტროლით შეიძლება შემოიტანოს საექსპერტო დაწესებულებამ სტანდარტული ნიმუში. მე ხელთ მაქვს ჯანდაცვის სამინისტროს წერილი 0215406, 2017 წლის 15 მარტით დათარიღებული, სადაც სიტყვასიტყვით წერია: `სააგენტო არ აწარმოებს იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებულ საქმიანობას, შესაბამისად, 2016 წელს და არც წინა წლებში არ გადაუცია საქართველოს შსს-ს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სტანდარტების ნიმუშები~.

თუ არ გადაუცია, აბა, რითი ატარებენ ამ ექსპერტიზებს?! თქვენ ხვდებით, როგორ სიყალბეში გამოვიჭირე 15 მარტს ესენი?! ანუ ეს ექსპერტიზის დასკვნა ყველა ყალბია!

- ანუ დაკავებულების ადვოკატებს აქვთ შესაძლებლობა, ეს ინფორმაცია გამოიყენონ?

- რასაკვირველია. ადვოკატი რომ ხარ და კლიენტი განდობს თავის ბედს, უნდა იაზროვნო. მე მოვიგე რამდენიმე პროცესი. ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ჩემმა კლიენტმა ატეხა ერთი ამბავი, ჩამიდესო. ზემოთ რომ განვაცხადე, ვასწავლი, როგორ დაიცვან თავი-მეთქი, მოვუწოდებ ყველას ადვოკატებს, ამოღებულ ნარკოტიკზე ჩაატარონ დნმ-ის ანალიზი. თუ ნარკოტიკი ჩადებულია, მასზე არ ამოვა დნმ. თუ არ ამოვა დნმ, მაშინ სტრასბურის სასამართლო გამოიყენონ ჩემმა პატივცემულმა კოლეგებმა. სტრასბურის სასამართლომ 2013 წლის 18 ივლისს ჩვენს საქმეზე უკვე მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ჩადებულ ნარკოტიკზე არ ამოვიდა სტანდარტული ნიმუში. სტრასბურმა თქვა, რომ არ იყო ბრალდებულის დნმ ძირითად მტკიცებულებაზე და ამიტომ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები არ არის გადამწყვეტი მნიშვნელობის პირის ბრალეულობისათვის.

ჩვენ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე საქმეზე გამოვიყენეთ და გამოვიდა გამამართლებელი განაჩენი. აქ ადვოკატებმა უნდა იაქტიურონ. მე დღეს ერთი საქმე მაქვს, რომელიც უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნო, სადაც პირს ყაჩაღობა ჩაუდეს.

- იარაღისა და ნარკოტიკის ჩადება გასაგებია, მაგრამ ყაჩაღობა როგორ უნდა ჩაუდო?

- გეტყვით. ისანი-სამგორის პოლიცია გამოუსწორებელი პოლიციაა! იქ არის ორი თანამშრომელი, ერთი სამსონაშვილია, ყალბისმქმნელები, ვირტუოზები, პირს ყაჩაღობა ჩაუდეს.

- როგორ?

- როგორ და მიიყვანეს დაკავებული და თქვეს, ეს არის ყაჩაღობაში მონაწილეო. არც ამოცნობა, არც დნმ, არაფერი მსგავსი საქმეში არ დევს და გაიძახიან, გინდა თუ არა, ეს იყოო! პირველმა ინსტანციამ 15 წელი მიუსაჯა, მეორე ინსტანციამაც. დავანგრიეთ ცა და ქვეყანა. უზენაესმა დასაშვებად ცნო და ახლა იხილავს. აი, ეს არის ყაჩაღობის ჩადება!

„ახალი თაობა“, 20 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „რუსეთს უნდა დავანახოთ, რომ ნებისმიერ აგრესორს პასუხს გავცემთ

ბოლო დროს რუსეთმა აფხაზეთში საზენიტო-სარაკეტო სისტემები ს-300 გადაისროლა. რუსეთიდან აფხაზეთში სარკინიგზო ეშელონით 3 ათეული ვაგონი შევიდა, რომელიც ღია პლატფორმებით, მსხვილგაბარიტიანი ლითონის კონსტრუქციებითა და დიდბორბლიანი სატვირთო მანქანებით იყო დატვირთული. ამავე დროს, მოსკოვმა ცხინვალის სამხედრო შენაერთი რუსულ ჯარში გააერთიანა. რისთვის სჭირდება რუსეთს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გაზრდა და სეპარატისტული სამხედრო დაჯგუფებების რუსული ქოლგის ქვეშ მოქცევა?

ამ საკითხზე „ახალ თაობას“ ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ესაუბრა.

- რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არა მარტო მილიტარიზაციას ახდენს, არამედ რეგიონში არსებული შეიარაღებული ძალები რუსეთის დაქვემდებარებაში გადაჰყავს. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს სხვა ქვეყნის ტერიტორიის ანექსიას. რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოვლენაა. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ნატოს არდაშვება შავი ზღვის რეგიონში და ამით ერთგვარი შეკავება.  ჩვენი ტერიტორიების მილიტარიზაცია ასევე უკავშირდება ძალთა ბალანსის არსებობას კავკასიის რეგიონში. რუსეთი კავკასიის რეგიონში ძალთა ბალანსის არსებობითა და ასეთი მილიტარიზაციის პროცესით ცდილობს, თავისი როლი კიდევ უფრო გაზარდოს ახლო აღმოსავლეთში, საჭირო შემთხვევაში მოახერხოს საკუთარი შეიარაღებული ძალების გადასროლა ახლო აღმოსავლეთში“, – ამბობს ვახტანგ მაისაია.

- კერძოდ, რა გაქვთ მხედველობაში?

- რუსეთმა დაიწყო თავისი ექსპანსიონიზმის გაფართოება მაღრიბის მიმართულებით.

- ეს რით გამოიხატა?

- რუსეთი აპირებს ლიბიაში შეჭრას. ამიტომ კიდევ უფრო ზრდის თავს წარმომადგენლობას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. თუ რუსეთი კავკასიაში თავის სამხედრო პოტენციალს თანაბრად ზრდის, ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო აფართოებს სამხედრო გეოგრაფიულ ექსპანსიონიზმს.

- ცხინვალის რეგიონიდან სად შეიძლება გადაისროლოს სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებული ძალები?

- საქართველოდან შეიძლება სომხეთის მიმართულებით შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ტექნიკის გადასროლა, სომხეთიდან _ ირანში, ირანიდან _ უკვე ერაყში, ერაყიდან კი – სირიის მიმართულებით.

- ცხინვალიდან სომხეთში რა გზით გადაისვრის შეიარაღებულ ძალებსა და ტექნიკას, საჰაეროთი?

- თუნდაც საჰაერო, თუნდაც სახმელეთო გზითაც, ანუ, როგორც ჩანს, რუსეთის გეგმებშია სარტყლის შექმნა თბილისი-გორის მაგისტრალის დასაკავებლად ან შეეცდება თუნდაც ცხინვალიდან გიუმრიში თავისი ძალები გადაისროლოს.

- ანუ საშიშროება იქმნება, რომ შეიძლება რუსეთმა საოკუპაციო ზოლი გააფართოოს, წინ წამოიწიოს და თბილისი-გორის სატრანსპორტო მაგისტრალი გადაკეტოს?

- დიახ, ამ ვარიანტსაც არ გამოვრიცხავ გამალებული მილიტარიზაციის ფონზე. ეს იქნება საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

- რა ნაბიჯი, საქართველოს მთლიან ოკუპაციაზე შეიძლება წამოვიდეს?

- ყველა ინდიკაცია შეიძლება, ამაზე მიუთითებდეს. რუსეთი თავის სამხედრო შესაძლებლობებს ზრდის აფხაზეთის ტერიტორიაზეც. გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა აფხაზეთში განათავსა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ს-300“. ეს ნიშნავს მილიტარიზაციის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარებასა და კავკასიის მიმართულების შეიარაღების გაზრდას.

- -300 რა შესაძლებლობის იარაღია?

- „ს-300“-ს შეუძლია მისწვდეს ნატოს სამხრეთ ფლანგის მიმართულებას, ამ მიმართულებით გააკონტროლოს მთლიანად შავიზღვისპირეთში არსებული საჰაერო სივრცე. ამით, გარკვეულწილად, შეეცდება, გაზარდოს რუსული სამხედრო პოტენციალი შავიზღვისპირეთის მიმართულებით.

- რადგან რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიარაღებულ ძალებს აძლიერებს და თან ამას იმით ამართლებს, რომ მას არ უნდა, მის საზღვრებთან ნატოს ჯარი იდგეს, კრემლს ინფორმაცია ხომ არ აქვს, რომ შეიძლება, საქართველო მალე ნატოში მიიღონ?

- არ ვიცი, თუმცა, არ არის გამორიცხული, მით უმეტეს, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც თბილისში იმყოფება, საკმაოდ საინტერესო წინადადება დააყენა.

- რა წინადადება?

- საქართველოს მიეცეს მაპი, ანუ სამოქმედო გეგმა ნატოში გასაწევრიანებლად.

- სხვა მხრივ, გაუგებარია, რუსეთს რაში სჭირდება საქართველოსთანა პატარა ქვეყნის წინააღმდეგ ამდენი შეიარაღება, რომელიც, ფაქტობრივად, შუა საქართველოშია განლაგებული...

- რუსეთი ცდილობს, საქართველომ შეცვალოს თავისი საგარეო ორიენტაცია და მოექცეს რუსულ სივრცეში. აზერბაიჯანი, ფაქტობრივად, გადავიდა რუსულ ორბიტაზე. სომხეთი ისედაც უკვე რუსულ ორბიტაზეა. ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის ერთგვარი ზრდა წარმოადგენს საქართველოსა და მის ხელისუფლებაზე ზეწოლას, რათა თავის ორბიტაზე მოაქციოს.

- ეს ყველაფერი იმითაც ხომ არ არის გამოწვეული, რომ ამერიკის მხრიდან ნატოს მიმართ ინტერესი შენელდა. დონალდ ტრამპის განცხადებებმა ნატო ხომ არ დაასუსტა და რუსეთის თავაშვებულობას ახალი გასაქანი მისცა?

- დონალდ ტრამპის თავდაპირველმა დამოკიდებულებამ კიდევ უფრო წააქეზა რუსეთი, თუმცა შემდეგ ტრამპიც მიხვდა, რომ პრორუსული პოლიტიკის განხორციელება არ არის ეფექტური და გააკეთა რამდენიმე განცხადება, კერძოდ, მხარდაჭერის განცხადება უკრაინისა და საქართველოს მიმართულებით, ასევე გადაწყვიტა თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა 54 მლრდ დოლარით.

- რა შეუძლია გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ოკუპანტური პოლიტიკის წინააღმდეგ?

- რუსეთის აგრესიულ ქმედებებს საქართველო ვერ დაუპირისპირებს ადეკვატურ ძალებს. საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, ალბათ, ისევ უნდა დაუპირისპიროს თავისი ევროატლანტიკური ორიენტაციის არშეცვლა. უნდა გავაგრძელოთ კოლექტიური თავდაცვის სისტემაში ინტეგრაციის პროცესი.

- კი მაგრამ, თუ რუსეთი შეეცდება თბილისი-გორის მაგისტრალის გადაკეტვას და განაგრძობს ოკუპაციას, გვინდა თუ არა, რუსეთთან ძალისმიერ დაპირისპირებაში ჩათრეული ვიქნებით...

- ამიტომ არის საჭირო თავდაცვის რეფორმების სწორი გზით წარმართვა და ძლიერი შეიარაღებული ძალების შექმნა, რის საპირისპირო ქმედებებსაც ვხედავ, ჩვენი მოწინააღმდეგე კი ამას აფიქსირებს.

- რაში გვჭირდება შეიარაღებული ძალები, თუ ხელს ვერ შევუშლით რუსეთის ისეთ აგრესიულ ნაბიჯს, როგორიც შეიძლება იყოს, ვთქვათ, თბილისი-გორის მაგისტრალის პარალიზება?

- ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი მობილიზება, მეტი პროფესიონალიზმი, რათა მეტოქეს დავანახოთ, რომ ნებისმიერ აგრესორს პასუხი შეიძლება გაეცეს. არასწორია შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შემცირება, არასერიოზული მიდგომებია. საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება რუსეთის შეკავება.

- როგორ ფიქრობთ, თავდაცვის მინისტრი და გენშტაბი ვერ გრძნობენ ამ საფრთხეებს და არ ფიქრობენ, რომ ჯარის რაოდენობა შესამცირებელი კი არა, გასაზრდელია?

- ეს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას უნდა ჰკითხოთ. აშკარაა, რომ რუსეთი თავის აგრესიულ ქმედებას თავს არ ანებებს. შესაბამისად, ეს შეშფოთებას იწვევს ქართველ საზოგადოებაში.

კვირის პალიტრა“, 20 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან: „კიდევ რაღა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ ნატოში მიიღონ?!“ // „მკაფიოდ ვაცხადებთსაქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ხელშეუხებელია“ // „ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რუსეთს არ ველაპარაკოთ“ (ექსკლიუზივი)

ვაჟა თავბერიძე

გასულ კვირას საქართველოს საქმიანი ვიზიტით უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვია. შეხვედრების მთავარი თემა იყო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის სამომავლო ვიზიტი.

“კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში მინისტრმა საუბარი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობით დაიწყო:

- ჩვენი მიზანია, საქართველოსთან ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა ისეთივე მაღალ დონეზე ავიყვანოთ, რა დონემდეც პოლიტიკური ურთიერთობაა. დავიწყებთ ინვესტიციის წახალისებით – უნგრულ კომპანიებს, რომლებსაც საქართველოში დაბანდება სურთ, საკრედიტო ხაზს გამოვუყოფთ. საქართველოსთან, პირველ რიგში, შემდეგ სექტორებში ვითანამშრომლებთ: წყლის რესურსების მენეჯმენტი – ამას ქუთაისში ვიწყებთ, სოფლის მეურნეობა, სურსათის ინდუსტრიის ტექნოლოგიები, სპორტული ინფრასტრუქტურა – ბათუმში სტადიონს ავაშენებთ, ფარმაცევტული მომსახურება და სატყეო რესურსების მენეჯმენტი – უნგრული კომპანიები საქართველოს ამ სექტორში ქართული ინდუსტრიის მოდერნიზებასა და ევროკავშირის სტანდარტებამდე მიყვანაში დაეხმარებიან.

- უნგრეთის ერთ-ერთ მთავარ ექსპორტს ღვინო წარმოადგენს, რომლითაც თქვენი ხალხი ძალიან ამაყობს. იმავეს თქმა შეიძლება საქართველოზეც. როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვს ქართულ ღვინოს ევროკავშირის ბაზარზე?

- ამ საკითხში ნამდვილად მიუკერძოებელი ვიქნები, რადგან ცხოვრებაში ერთი წვეთი ალკოჰოლიც კი არ გამისინჯავს. ასე რომ, ქართული ღვინის გემოსა და თვისებებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ უნგრეთთან პარალელებს თუ გავავლებთ, თქვენთვის საუკეთესო ტაქტიკა, რაოდენობის ნაცვლად, ხარისხზე ორიენტირება და ბაზარზე უნიკალური სანიშე ადგილების დაკავებაა. ამ შემთხვევაში ქართული ღვინო მისი ბრწყინვალე რეპუტაციის გამო ნამდვილად კონკურენტუნარიანი იქნება.

- პოლიტიკური საკითხებიც განვიხილოთუნგრეთს ხშირად აკრიტიკებენ რუსეთისადმი, ასე ვთქვათ, ლოიალური დამოკიდებულების გამო. ოფიციალური ბუდაპეშტის პოზიცია ასეთიარუსეთთან საჭიროა კოოპერაცია. რას ურჩევდით ამ მხრივ საქართველოს, რომელსაც ჩრდილოელ მეზობელთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა აქვს?

- ჩემი ქვეყანა ცენტრალურ ევროპაშია. ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რუსეთს არ ველაპარაკოთ. ამის გამო ჩვენი გაკრიტიკება სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტი და აი, რატომ – ჩვენ არავინ გაგვიკრიტიკებია, როდესაც გერმანიამ გასულ წელს რუსეთისგან რეკორდული ოდენობის გაზი შეისყიდა. ძალიან გაგვიკვირდა, როდესაც დასავლეთევროპულმა კომპანიებმა სრული მზადყოფნა გამოთქვეს, “გაზპრომთან” ერთად ნორდსტრიმის გაზსადენი აეშენებინათ, ევროკომისიამ კი ხმა არ ამოიღო, მაშინ, როცა შეაჩერეს სამხრეთის ნაკადის გაზსადენის კონსტრუქცია, რაშიც ჩართული იქნებოდნენ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნები. გასულ წელს სანქტ-პეტერბურგში მასშტაბურ ეკონომიკურ ფორუმზე გახლდით და იქ უფრო ხშირად გერმანული საუბარი ისმოდა, ვიდრე რუსული, იტალიის პრემიერი რენცი კი პრეზიდენტ პუტინსა და ნაზარბაევთან ერთად იდგა სცენაზე და არ ეტყობოდა, რომ ამით დისკომფორტს განიცდიდა. და ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ჩვენ გვაკრიტიკებენ პრორუსულობისთვის?

- უნგრეთი უკმაყოფილოა რუსეთისთვის დაწესებული სანქციებითაც. არადა, სანქციების გარდა, სხვა რა ბერკეტი აქვს ევროკავშირს, რათა რუსეთზე ზეგავლენა მოახდინოს? მაშინაც კი, თუ სანქციებისგან ეკონომიკური ზარალი ევროპის ქვეყნებსაც ადგებათ, არ ფიქრობთ, რომ მოსკოვი ასე ვთქვათ, მესად ღირს?

- კარგი შეკითხვაა. ჩვენი პოზიცია ასეთია – უნდა დავუფიქრდეთ სანქციების პოლიტიკას – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თავკაცები უნდა დასხდნენ და განიხილონ, მოაქვს თუ არა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ის შედეგი, რასაც ველოდით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკვე მივაღწიეთ მინსკის ხელშეკრულების გაფორმებას. რა და როგორ უნდა ვიღონოთ, სწორედ ამ განხილვის შემდეგ გამოჩნდება, მაგრამ ბრიუსელი ამას თავს არიდებს, ამაზე საუბრის დაწყებაც კი პრორუსულობის იარლიყის მიღებას ნიშნავს. რაც შეეხება საქართველოს – ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ხელშეუხებელია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებს ყველა განუხრელად უნდა დაემორჩილოს, მიუხედავად ტერიტორიის სიდიდისა, სიმდიდრისა თუ მოსახლეობისა – ეს, რა თქმა უნდა, ეხება რუსეთსაც.

როგორ ვაპირებთ, დავეხმაროთ საქართველოს? ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაში ხელის შეწყობით. თუ სადმე რომელიმე ქვეყანა ამას საჯაროდ და დაჟინებით გაიძახის, ეს ქვეყანა სწორედ უნგრეთია. ჩვენ ყველაზე მტკიცედ ვუჭერდით მხარს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას და ძალიან უკმაყოფილონი ვიყავით, როდესაც საქართველომ ყველა პირობა დააკმაყოფილა, ევროკომისიამ კი, ყოვლად უსამართლოდ, ახალი პირობები გამოძებნა, რომლებიც თავდაპირველ შეთანხმებაში ნახსენებიც არ იყო. რაც შეეხება ნატოს – 800 ჯარისკაცი გყავთ ავღანეთში, ყველა ოპერაციაში მონაწილეობა მიიღეთ, თქვენ თუ არა, ვინ იმსახურებს ნატოში შესვლას? კიდევ რაღა უნდა გააკეთოს საქართველომ? ჩვენ ძალიან მტკიცედ ვუჭერთ მხარს მონტენეგროსა და მაკედონიის შესვლას ნატოში, და ასეთივე მტკიცეა ჩვენი მხარდაჭერა თბილისისადმი, რადგან გვჯერა, რომ თქვენ იმსახურებთ ნატოში ყოფნას.

- ამ ლოგიკით, ბალკანეთის ქვეყნების შემდეგ ჩვენი ჯერი უნდა დადგეს?

- ნამდვილად ასე ვფიქრობთ. როცა საქმე ევროკავშირისა და ნატოს გაფართოებას ეხება, უნგრეთს მხედველობაში ჰყავს ბალკანეთისა და აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნები. ბალკანეთისა და აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნების შემდეგ ევროპა უფრო უსაფრთხო ადგილი იქნება – ვფიქრობ, ეს ისტორიულად და გეოგრაფიულადაც ჩვენ უკეთესად გვესმის, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. მაგრამ ბრიუსელში, ასე ვთქვათ, გაფართოებით დაიქანცნენ და ჩვენს ენთუზიაზმს ნაკლებად იზიარებენ, ჩვენ უმცირესობაში ვართ… ეს კარგად გამოჩნდა ვიზალიბერალიზაციის გაჭიანურებაშიც. ამ პროცედურას ბრიუსელმა ბევრად მეტი დრო მოანდომა, ვიდრე საჭირო იყო… ამასთან დაკავშირებით მახსენდება ჩემი კოლეგის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს სატელეფონო ზარი. მან მითხრა, ჩვენ ანკარაში თავსაც რომ გადავახტეთ და ის სადავო საკითხები მოვაგვაროთ, რაც ევროკავშირსა და თურქეთს შორის არსებობს, სად არის გარანტია, რომ უვიზო რეჟიმს მოგვცემენო და სწორედ საქართველოს და უკრაინის მაგალითი მოიყვანა… ასეთი მიდგომით ევროკავშირი, პირველ რიგში, საკუთარ რეპუტაციას აყენებს ჩრდილს.

- რადგან ჩავუშოღლუ ახსენეთ, ნიდერლანდებში დიპლომატიური სკანდალის შემდეგ მის ცნობილ განცხადებაზეც გკითხავთევროპაში ეკლესიური წმინდა ომები დაიწყებაო

- როცა რელიგიას ეხება საქმე, ჩვენი პოზიცია მტკიცეა – ჩვენ ქრისტიანი ქვეყანა ვართ. დღეს მსოფლიოში თუ რომელიმე რელიგიას მართლა დევნიან, ეს სწორედ ქრისტიანობაა – სტატისტიკა სწორედ ამას მოწმობს – იმის გამო, რომ ქრისტიანია, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა არა მარტო საცხოვრებელი, არამედ სიცოცხლეც. ასე რომ, ამაზე ლაპარაკისა და ხმის ამაღლების არ უნდა მოგვერიდოს. პირდაპირ გეტყვით – მომბეზრდა, რომ ყოველთვის, როდესაც ამაზე ევროკავშირში ვლაპარაკობ, საბოლოოდ ყველაფერი რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვაზე საუბრით მთავრდება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რატომ უნდა მრცხვენოდეს იმის თქმის, რომ ქრისტიანობაც დაცვას საჭიროებს? პირადად ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, ეს უფრო მნიშვნელოვანია. მაგრამ რაც უნდა იყოს, ვიმედოვნებ, ევროპაში არანაირი რელიგიური ომები არ იქნება. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ერდოღანმა პატივი უნდა სცეს იმას, რომ ევროპა ქრისტიანია, ეს ქრისტიანული სამყაროა.

ქრისტიანობისთვის კი, თავის მხრივ, დაუშვებელია შეუწყნარებლობა, ასე რომ, ქრისტიანობა არ უნდა ნიშნავდეს ანტი-მუსლიმანობას. მშვიდობიანი თანაცხოვრება შესაძლებელია, ამას ისტორია ადასტურებს, მაგრამ ამისთვის ყველამ უნდა აღიაროს და გაითავისოს, რომ ევროპა ისტორიულად ქრისტიანი კონტინენტია, ჩვენ კი, თუ პატივი არ ვეცით საკუთარ ისტორიას, საკუთარ ფესვებსა და რელიგიას, სხვების პატივისცემას როგორ ვისწავლით?

რეზონანსი//მთელი კვირა“, 20 მარტი, 2017 წელი

რუსეთის ახალისაპასპორტო ექსპანსია

სსრკ-ში დაბადებულებს და და მათ შთამომავლებს რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას შესთავაზებენ

ეკატერინე ბასილაია

მოსკოვი “დიდი რუსეთის” აღდგენისთვის ახალ გეგმას ახმოვანებს და აპირებს, მიიღოს კანონი, რომლითაც რუსეთის მოქალაქეობას უმარტივესად მიიღებს ყველა ის ადამიანი, რომელიც ოდესღაც არსებული რუსეთის იმპერიის ან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ცხოვრობს. ეს, ანალიტიკოსების თქმით, ძალიან სახიფათოა და იმას მოასწავებს, რომ მომავალში დიდ პროვოკაციებსა “საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე” სპეკულირებით რუსეთისაგან ახალ კონფლიქტებსაც უნდა ველოდოთ, მათ შორის საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ერთი მსგავსი ინიციატივა ომით დასრულდა. 2006 წელს ოფიციალურმა მოსკოვმა სწორედ ასე გაამარტივა რუსეთის მოქალაქეობის მიღება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისათვის, რასაც საბოლოოდ წელიწადნახევარში საქართველო-რუსეთის ომი მოჰყვა. მაშინ საქართველოში შემოჭრის ერთ-ერთ საბაბად რუსეთმა საკუთარი მოქალაქეების დაცვა დაასახელა.

ექსპერტები ეჭვობენ, რომ ეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შესაძლოა, მომავალში ახალი შეიარაღებული კონფლიქტების საბაბი გახდეს.

კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე სწორედ რუსუთის მიერ “საკუთარი მოქალაქეების” დაცვით სპეკულაციას მიიჩნევს ყველაზე დიდ საფრთხედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის.

“საქართველოშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც დიდი სიამოვნებით აიღებენ რუსულ პასპორტებს – ჯავახეთშიც, ქვემო ქართლშიც, სხვა ადგილებშიც. ქართველებიც კი აიღებენ. შემდეგ დაიწყება ლაპარაკი, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს ავიწროებენ, ან იტყვიან, რომ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოდან დახმარებისთვის მოგვმართეს. შეიძლება ისიც კი თქვან, რომ ამ მოქალაქეებმა რუსეთთან შეერთება მოითხოვეს. უამრავი რამ შეიძლება. ეს მოსკოვის აპრობირებული მეთოდია და მოხდება ის, რაც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოხდა. ეს არ არის დღევანდელი და ხვალინდელი დღის ამბავი, მაგრამ სამომავლოდ აქცენტი ამაზეა გაკეთებული. გეგმა სწორედ ესაა,” – მიიჩნევს მამუკა არეშიძე.

მოქალაქეობა ფესვების პრინციპით

ცნობისათვის: რუსეთის სათათბიროში შესულია კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების წესს ამარტივებს და რუსეთის მოქალაქე გახდება აბსოლუტურად ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის მოქალაქე, ასევე ყველა, ვისაც შეუძლია, დაამტკიცოს ნათესაობა ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრობდნენ რუსეთის იმპერიასა და ასევე საბჭოთა კავშირში. მოქალაქეობის მინიჭებაზე ძირითადი მოთხოვნა ხდება მხოლოდ რუსული ენის ცოდნა. იმისათვის, რომ არსებული წესი კიდევ უფრო შემსუბუქდეს, დეპუტატები დუმას სთავაზობენ, მოიხსნას სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის დოკუმენტური წარდგენის მოთხოვნაც. კანონპროექტის ავტორები ოკუპირებული ყირიმის ყოფილი დე ფაქტო პროკურორი ნატალია პოკლონსკაია და “ესენგეს” საკითხებში დუმის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი არიან.

მათი კანონპროექტის თანახმად, რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება “ტერიტორიული, ანუ ფესვების პრინციპის” მიხედვით უნდა მოხდეს, რაც საერთაშორისო იურიდიული ტერმინია და გულისხმობს იმას, რომ ადამიანი მოქალაქეობას მოიპოვებს ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაბადების ფაქტით.

კონსტანტინე ზატულინი კი ამბობს, რომ რუსეთი სხვადასხვა ეპოქაში, რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროს, იკავებდა დღეს ცალკე არსებული სახელმწიფოების ტერიტორიებს და, ამდენად, რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირში შემავალ ტერიტორიებზე დაბადებულ ყველა ადამიანს ე.წ. “ფესვების უფლებით” რუსეთის მოქალაქეობა უნდა მიენიჭოს.

თუკი ეს კანონპროექტი დამტკიცდება, რუსეთის პასპორტს დაბადების მოწმობის წარდგენით აიღებს ყველა ის ადამიანი, ვინც 1991 წლამდე, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლამდე საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებში დაიბადა. დანარჩენ მსურველებს კი მოუწევთ, წარადგინონ დოკუმენტი, რითაც დამტკიცდება, რომ მათი წინაპარი იყო საბჭოთა კავშირის მოქალაქე. შესაბამისად, გამოდის, რომ ცენტრალური აზიის, კავკასიის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, უკრაინის თუ ბელარუსის ნებისმიერი მოქალაქე სურვილის შემთხვევაში დაუბრკოლებლად გახდება რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

უფრო მეტიც, ასეთ უფლებას მიიღებენ ფინეთისა და პოლონეთის მცხოვრებლებიც, რადგანაც ეს ტერიტორიები ერთ დროს რუსეთის იმპერიაში შედიოდა. კანონპროექტმა დუმაში, ეროვნული საკითხების კომიტეტში დიდი მოწონება დაიმსახურა.

ვინ აიღებს რუსულ პასპორტს

“სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის” ხელმძღვანელ მამუკა არეშიძის თქმით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს მომავალში რუსეთი იმპერიის, ერთიანი სახელმწიფოს აღდგენას:

„კრემლში საბჭოთა კავშირის აღდგენა კი არ უნდათ, არამედ უნდათ, ახალი დიდი რუსეთი შექმნან. “სამხედრო-პოლიტიკური გზით საბჭოთა კავშირის აღდგენა ვერ ხერხდება. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის იმ ფორმით აღდგენა, როგორითაც არსებობდა, თავად მოსკოვშიც დიდად არ ეხატებათ გულზე. ამიტომ გადაწყვეტილია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შეიქმნას ერთიანი სამოქალაქო სივრცე და შემდეგში უკვე დაიწყონ ფიქრი, ეს ადამიანები, რომლებსაც რუსული პასპორტები ექნებათ, როგორ გამოიყენონ მთელ სივრცეზე რუსეთის პოლიტიკური გავლენის აღდგენაში. ზატულინია ამ კანონპროექტის ავტორი, რომელსაც სძინავს და ესიზმრება საბჭოთა კაშირის აღდგენა, სულ ამაზე ფიქრობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კრემლში ის კი არ უნდათ, ხვალ-ზეგ საბჭოთა კავშირის აღდგენა მოხდეს, სადაც ნომინალურად, მაგრამ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულებად იყო რესპუბლიკები, არამედ კრემლში უნდათ დიდი რუსეთის აღდგენა ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში გარკვეული ავტონომიური თუ ფედერაციული ატრიბუტების შეტანით“, – ამბობს მამუკა არეშიძე.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღება გამარტივდა 2014 წელს და მაშინ იყო საუბარი, რომ ჯავახეთში მცხოვრები სომხური მოსახლეობა იღებდა რუსულ პასპორტებს, რადგანაც საქართველოს მოქალაქე სომხები ძირითადად რუსეთში მიდიან სამუშაოდ და ეს პასპორტები მათ გამარტივებულ მიმოსვლას უწყობდა ხელს. თუმცა პუტინის 2014 წლის განკარგულებით, აუცილებელი იყო, რუსული პასპორტის სანაცვლოდ სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი ოფიციალურად გაცხადებულიყო და ამის გამო “რუსული პასპორტიზაციის” გეგმამ მაინცდამაინც არ გაამართლა. ხვალ კი თუ ეს ბარიერიც მოიხსნება, მსურველები ბევრად მეტი გამოჩნდება.

მამუკა არეშიძის პროგნოზით, რუსულ პასპორტს ძალიან ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მოქალაქე აიღებს, საქართველოზე მეტად უკრაინაში, ბალტიისპირეთსა და შუა აზიის ქვეყნებში.

“უკრაინისთვის საფრთხე უფრო დიდია, ვიდრე ჩვენთვის. რუსეთის ეს გადაწყვეტილება ადრე თუ გვიან მოიტანს უკრაინის გახლეჩას. სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ძალიან ბევრი აიღებს რუსულ პასპორტს. ასევე, ბალტიისპირეთში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობა აიღებს ამ პასპორტებს და ლიტვასა და ლატვიაში ასეთი ადამიანები უმრავლესობაშიც აღმოჩნდებიან. არა მარტო რუსები, ლატვიელებიც სიამოვნებით მიიღებენ რუსეთის მოქალაქეობას. ერთ მშვენიერ დღეს კი რუსული მოქალაქეებით გაძეძგილი ბალტიისპირეთის ეს ორი რესპუბლიკა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ან პრორუსული ძალა გაიყვანონ ხელისუფლებაში, ან საერთოდ შეუერთდეს რუსეთს, როგორც ეს იყო იმპერიის დროს და გამიზნულიც ამაზეა. მაგალითად, შუა აზიის მოსახლეობისთვის ეს დოკუმენტი მისწრებაა, რუსეთში სამუშაოს საძებნელად მარტიად გადაადგილდნენ. ამ პასპორტების გამო კი რუსეთთან მჭიდრო კავშირი ექნებათ მათაც და, აქედან გამომდინარე, მათ შთამომავლებსაც. ეს ბმა არის სწორედ ის, რაც მოსკოვს სჭირდება იმისთვის, რომ თავისი პოლიტიკური გავლენა აღადგინოს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში,” – აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 20 მარტი, 2017 წელი

ერთ კვირაში აფხაზეთში შეიძლება ხელისულება შეიცვალოს

რაულ ხაჯიმბამ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური წააგო, ოპოზიცია გადამწყვეტი მეორე ტურისთვის ემზადება

ნინო ომანაძე

სოხუმი “საპარლამენტო არჩევნების” მეორე ტურისთვის ემზადება. როგორც აფხაზური მედია იუწყება, 26 მარტს აფხაზეთის ტერიტორიაზე განმეორებითი ტური 22 საარჩევნო ოლქში გაიმართება, ერთ ოლქში კი კენჭისყრა ხელახლა ჩატარდება.

12 მარტის “საპარლამენტო არჩევნები” მოულოდნელი შედეგით დამთავრდა – 35 საარჩევნო ოლქიდან, სადაც 137 დეპუტატობის მსურველი იყრიდა კენჭს, გამარჯვებული მხოლოდ 12 ოლქში გამოვლინდა. სახელისუფლებო კანდიდატებთან ერთად, არჩევნებში ოპოზიციური პარტიებიდან “აინარის” – 8, “ამცახარას” – 7, “სახალხო ერთიანობის ფორუმის” – 6 და “სახალხო ფრონტის” -3 კანდიდატი მონაწილეობდა.

პირველ ტურში გამარჯვებული 12 დეპუტატიდან, რომელთა უფლებამოსილებაც დე ფაქტო ცსკ-მ უკვე აღიარა, უმეტესობა მოქმედი “პრეზიდენტის,” რაულ ხაჯიმბას ოპოზიციაა, თუმცა ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, წააგო თუ არა ხაჯიმბამ არჩევნები. გამარჯვებულთა შორის არიან ექს”პრეზიდენტი” ალექსანდრე ანქვაბი, ცსკ-ს ყოფილი თავმჯდომარე ბატალი ტაბაღუა, ოპოზიციური სახალხო მოძრაობის, “კიარაზაას” ლიდერი, ოპოზიციური ბლოკის კანდიდატი დიმიტრი დბარი, პარტია “აინარის” ლიდერი ალმას ჯოპუა.

არჩევნებს პირველ ტურშივე გამოეთიშა ცნობილი პოლიტიკოსი სერგეი შამბა და “პარლამენტის” ჯერ კიდევ მოქმედი “სპიკერი” ვალერი ბგანბა. ალექსანდრე ანქვაბსა და მის მეტოქეს შორის მიღებული ხმების რაოდენობაში სხვაობა კი მხოლოდ 11 ხმაა.

ზოგიერთი აფხაზი ანალიტიკოსი ალექსანდრე ანქვაბს ახალ “პარლამენტში” “სპიკერის” სავარძელს უწინასწარმეტყველებს, მაგრამ, როგორც აფხაზური მედია იუწყება, მეორე ტურში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაშიც კი ანქვაბს ამ პოსტის დაკავება გაუჭირდება.

დაქსაქსული ოპოზიცია

ოპოზიციურ ძალთა ბლოკი და პარტია “ამცახარა” ჯერ კიდევ ახალი წლის დღეებში პარტიის არაერთმა ლიდერმა დატოვა. როგორც ამბობენ, ამის მიზეზი აქტიურ პოლიტიკაში ანქვაბის დაბრუნება გახდა. სწორედ ამის შემდეგ აფხაზური ოპოზიცია, პრაქტიკულად, ორად გაიყო – ანქვაბისა და “ამცახარას” ლიდერ ასლან ბჟანიას მხარდამჭერებად.

გაერთიანებული ოპოზიციური ბლოკის და “ამცახარას” ლიდერი ასლან ბჟანია, რომელმაც ბოლო “საპრეზიდენტო არჩევნებში” მეორე ადგილი მოიპოვა და ხმათა 36% აიღო, მეორე ტურში თემურ კვიცინიას დაუპირისპირდება. თემურ კვიცინიაც ოპოზიციური ძალაა. “არჩევნებამდე” კვიცინია აპირებდა საკუთარი კანდიდატურის მოხსნას, თუმცა, როგორც ამბობენ, ალექსანდრე ანქვაბის თხოვნით, მან არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა.

აფხაზეთში კვიცინიების გვარი ყველაზე მრავალრიცხოვანია და იმ ოლქში, სადაც ბჟანია იყრის კენჭს, მოსახლეობის უმეტესობა სწორედ კვიცინიათა გვარისაა. თემურ კვიცინია აფხაზეთის “პარლამენტის” ორგზის “დეპუტატია”.

აფხაზეთის “პარლამენტში” შედის ოპოზიციონერების ახალი ჯგუფი “აინარიც”. მათ რუსულ მედიაში ნაციონალისტებად მოიხსენიებენ. “აინარი” ცდილობს, ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას და ოპოზიციურ ძალთა ბლოკსაც.

თავდასხმები კანდიდატებზე

მეორე ტურის წინ “დეპუტატობის” კანდიდატებზე თავდასხმები გახშირდა. 16 მარტს სოხუმის მე-4 ოლქში ბატალ აიბას საკუთარ შტაბ-ბინასთან “ტოიოტა პრადოს” მარკის ავტომობილი დაუწვეს. აფხაზური გამოცემის, “ნუჟნაია გაზეტას” ინფორმაციით, 18 მარტს გალის რაიონში დეპუტატობის კანდიდატის, კახი პერტაიას ავტომობილს დაესხნენ თავს.

ამ თავდასხმის თაობაზე განცხადება სოციალურ ქსელში გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამაც გაავრცელა. როგორც ნადარაია წერს, გალის რაიონში, სოფელ ჩხუართალთან, უცნობი პირი თავს დაესხა კახი პერტაიას ავტომობილს და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. „კანდიდატი მოსახლეობასთან შესახვედრად მიემართებოდა, რა დროსაც მძღოლმა დაინახა უცნობი შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც ავტომატიდან გაისროლა. მძღოლმა შეძლო მანქანის სწრაფად მობრუნება. კახა პერტაიამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, თუმცა თავდამსხმელი მიიმალა. არავინ დაშავებულა”, – წერს თემურ ნადარაია.

დარღვევები

აფხაზური გამოცემა „ააიაირას” ინფორმაციით, 18 მარტს აფხაზეთის “სახალხო პლატფორმის წევრებმა”, რომლებიც „არჩევნებს“ აკვირდებოდნენ, პრესკონფერენცია გამართეს. ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის-ლიანა კვარჩიას განცხადებით, „არჩევნები” დარღვევით მიმდინარეობდა.

„საღებავი, რომელიც მარკირებისთვის გამოიყენება, ადვილად შორდებოდა ხელს. მე პირადად სველი ხელსახოცი გადავისვი და მომშორდა. სხვებს, რომლებსაც ხელი არ დაუბანიათ, საღამოს უკვე აღარ ეტყობოდათ მარკირების კვალი. ეს უამრავ კითხვას აჩენს. იყო ბევრი გაფუჭებული ბიულეტენი, რომელიც ბევრ ადგილას იყო გადახაზული. არის ეჭვი, რომ ეს ბიულეტენები ადგილზე, დათვლის პროცესში ხელოვნურად გააფუჭეს. მეორე ტურის წინ ზოგიერთ ოლქში აქტიურად აგებენ გზებს, აკეთებენ გარე განათებას, სანიაღვრეებს და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ ეს სამუშაო ამა თუ იმ კანდიდატის მიერ ტარდება და მას უნდა მისცენ ხმა. მოსახლეობაც თანახმაა – ოღონდ გააკეთეთ და ხმას მოგცემთო. ეს დაუშვებელია”, – განაცხადა ლიანა კვარჩიამ.

სამი მთავარი მოთამაშე

აფხაზეთში ჩატარებულ “საპარლამენტო არჩევნებს” ძალადობრივად აფასებს საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში “კავკასიური სახლის” ხელმძღვანელი გიორგი კანაშვილი. „წინასაარჩევნო კამპანიამ საკმაოდ მშვიდად ჩაიარა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში აფხაზური პოლიტიკა უფრო ძალადობრივი გახდა. არძინბას გარდაცვალების შემდეგ მის ოჯახს არ დაუკარგავს პოლიტიკაზე ზემოქმედების ბერკეტები და ხაჯიმბა ამ კლანის ნაწილია. მისი ალტერნატივაა ანქვაბი, რომელიც პირობითად მეორე დიდი დაჯგუფების ლიდერია. ამ ორ დაჯგუფებას შორის ბალანსი საკმაოდ მყიფეა და აგერ უკვე 20 წელიწადია, რაც ხელისუფლებაში ისინი ცვლიან ერთმანეთს.

ახლა მესამე ძალად ყალიბდება ახალი თაობის პოლიტიკოსების გუნდი “აინარი”, რომელიც რუსეთის მიმართ ანტაგონისტურად არის განწყობილი და უფრო მკაცრი პოზიციით გამოირჩევა. თუ ოპოზიციამ მოიპოვა უმრავლესობა, ანქვაბის დაჯგუფებას შესაძლოა, გაუჩნდეს ხელისუფლების სრულად ხელში ჩაგდების ცდუნება”, – წერს გიორგი კანაშვილი.

„ალექსანდრე ანქვაბი ტყუილად არ დაბრუნებულა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის მრჩეველი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში ლონდერ ცაავა “მთელ კვირასთან” საუბრისას აცხადებს, რომ ალექსანდრე ანქვაბის ჩასვლა სოხუმში პოლიტიკურ სპექტრთან და საზოგადოებასთან შეთანხმებით მოხდა და ის აუცილებლად იბრძოლებს ხელისუფლებაში დაბრუნებისათვის.

„ალექსანდრე ანქვაბი რუსეთიდან ტყუილად არ დაბრუნებულა. მას გარანტიები ჰქონდა პოლიტიკური სპექტრისგან და მოსახლეობისგან. მისი ავტორიტეტი არის დიდი, ის საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა, საკმაოდ მომზადებულიც, კარგად იცის კულუარული თამაშებიც. ხაჯიმბასგან განსხვავებით, არის პრინციპული და ძნელად სამართავი.

მოსახლეობის განწყობაც არის ანქვაბის სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, ის გახდება პარლამენტის ლიდერი. ის არის იურისტი და კარგად იცის როგორ მოიქცეს. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში, პარლამენტი დაიწყებს იმ მოდელზე ფიქრს, როგორიც საქართველოშია – საპარლამენტო რესპუბლიკა.

ალექსანდრე ანქვაბი არ არის ის პიროვნება, რომ პარლამენტის დეპუტატობისთვის დაბრუნებულიყო. ანქვაბის პიროვნებამ განაპირობა ის შედეგი, რაც არის პირველ ტურში – ოპოზიციის გამარჯვება. თუმცა, აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვინც უნდა მოვიდეს აფხაზეთის ხელისუფლებაში, ის მაინც რუსეთის ზეგავლენის ქვეშ იქნება, რუსეთი პოზიციებს იმაგრებს, აკონტროლებს ყველაფერს, შემოჰყავს დამატებითი სამხედრო ძალა, მაგრამ ანქვაბიც ამ თამაშის ნაწილია, ეტყობა, რუსეთისგანაც ჰქონდა გარანტიები”, – აცხადებს ლონდერ ცაავა. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური ოპოზიცია ამჟამად დაქსაქსულია, საერთო მოწინააღმდეგის – რაულ ხაჯიმბას წინააღმდეგ საბრძოლველად ისინი აუცილებლად გაერთიანდებიან.

„მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია გაერთიანებას მოახერხებს. ხაჯიმბა ოდიოზურ ფიგურად აღიქმება ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრშიც. მათი ნომერ პირველი ამოცანა იქნება ხაჯიმბას ძალაუფლების შესუსტება და მოშორება. როცა საქმე მთავარ მტერს ეხება, დაპირისპირებაც ასატანია. სავარაუდოდ, მოხდება საპარლამენტო ოპოზიციის კონსოლიდაცია, რაც ხაჯიმბას პრობლემებს შეუქმნის“, – განუცხადა „მთელ კვირას” ლონდერ ცაავამ.

Comments are closed