globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 20 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 20th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: რატომ არ შედგა აქამდე 4 თვის წინ დაანონსებული ღარიბაშვილის ვიზიტი უკრაინაში

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ საქართველოში თურქეთის ელჩ ლევენთ გუმრუქჩუსთან : “ე.წ. ხალიფატი ძირფესვიანად უნდა ამოიძირკვოს”

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ბადრი ნაჭყებიასთან: „შესაძლოა ლუკაშენკომ საქართველოს ხელისუფლებას დსთ-ს ასოცირებული წევრობაც შესთავაზოს“

კვირის პალიტრა: ჩინური ფაქტორი, ანუ საქართველოს განვითარების პერსპექტივები

———————-

რეზონანსი“, 20 აპრილი, 2015 წელი

რატომ არ შედგა აქამდე 4 თვის წინ დაანონსებული ღარიბაშვილის ვიზიტი უკრაინაში

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

თუ როდის შედგება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში, ოთხი თვის შემდეგაც გაურკვეველია. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ვიზიტი ძალაში რჩება და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. ქართველ პოლიტოლოგთა ნაწილი კი უკრაინაში ღარიბაშვილის არჩასვლას ოფიციალური თბილისის ერთგვარ ბოიკოტად მიიჩნევს. მათი აზრით, სანამ უკრაინაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობები საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს უჭირავთ, დღეს მოქმედი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინაში ვიზიტისაგან თავს იკავებენ.

თუმცა გუშინ კიევს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვია საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით

(…)

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს უკრაინაში, ბერუჩაშვილის უწყებამ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დააანოსნსა, რომ მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტი მეგობარ ქვეყანასთან უხალოეს ხანში უნდა შემდგარიყო.

„27 ნოემბერს უკრაინაში ჩატარდა პოლიტიკური კონსულტაციები, რომელსაც  ქართული მხრიდან უხელმძღვანელა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ. დაიგეგმა მთელი რიგი ღონისძიებები, რათა ორი ქვეყნის თანამშრომლობა გახდეს კიდევ უფრო აქტიური და კოორდინირებული, როგორც ევროინტეგრაციის, ისე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციის თვალსაზრისით.

„ამ კონსულტაციების და სხვა სამუშაოების შედეგია ის, რომ უახლოეს ხანებში განხორციელდება საქართველოს პრემიერის ვიზიტი უკრაინაში. ეს ვიზიტი იქნება წარმომადგენლობითი და მასში მონაწილეობას სხვა მინისტრებიც მიიღებენ. ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებას და თანამშრომლობას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-სპიკერმა დავით კერესელიძემ 1-ლ დეკემბერს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში დღესაც ამბობენ, რომ ვიზიტზე  მუშაობა მიმდინარეობს და ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ.

ვიზიტის ზუსტი თარიღი უცნობია პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ ანი მიროტაძისთვისაც.

„როგორც ვიცი, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე მუშაობს, თუმცა, კონკრეტულად როდის შედგება – ზუსტი ვადის დასახელება მიჭირს, რადგან ეს მხოლოდ ქართულ მხარეზე არ არის დამოკიდებული.

„ქართული მხარე მზადაა დააფიქსიროს თავისი მზაობა შეხვედრისთვის, დანარჩენი სამუშაო რეჟიმია. როცა ასეთი ორმხრივი ვიზიტები მზადდება, ყველა თემასთან დაკავშირებით მხარეები გადიან კონსულტაციბს. ამიტომ არ მიმაჩნია, რომ ეს არის გაჭიანურება. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი“, – უთხრა „მთელ კვირას“ მიროტაძემ.

პოლიტოლოგები ვი ვიზიტის გაჭიანურებას ორ ქვეყანას შორის არსებულ რთულ მდგომარეობას უკავშირებენ. დიპლომატიური აკადემიის რექტორის სოსო ცინცაძის აზრით, ხელისუფლება ერიდება რაღაც ვალდებულებების აღებას უკრაინის წინაშე. საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლას კი პოლიტოლოგი „უფასო დანამატს“ უწოდებს.

„უსუფაშვილი, ხიდაშელი ჯაფარიძის ჩასვლა უფასო დანამატია. ეს არაფერს არ ნიშნავს. ის, რომ ღარიბაშვილის ვიზიტი უკრაინაში აქამდე არ შედგა, ძალიან ცუდია. როგორც ჩანს, ჩვენიხელისუფლება უკრაინის წინაშე რაღაც ვალდებულებების აღებას ერიდება. როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება ჩადის ამა თუ იმ ქვეყანაში, მხოლოდ მეგობრობის, სოლიდარობის გამოცხადებით არ იფარგლება, პარლამენტარები კი უკრაინაში მხოლოდ ამისთვის ჩადიან.

„როგორც ვიცი, ღარიბაშვილი უკრაინაში ჯერ კიდევ იანვარში უნდა ჩასულიყო, მაგრამ აპრილი გადის და კიდევ გაურკვეველია როდის ჩავა. შესაძლოა ეს იყოს მინი პროტესტი „ქართველ რეფორმატორთა ჯგუფთან“ დაკავშირებით: ამით ოფიციალური თბილისი ოფიციალურ კიევს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ის მაინცდამაინც მოწონებით არ შეხვდა ამ გადაწყვეტილებას“, – უთხრა „მთელ კვირას“ ცინცაძემ.

მისივე თქმით, სანამ სააკაშვილი უკრაინაში თავისი გუნდით ოფიციალურ პოსტებს იკავებს, მანამდე ღარიბაშვილის ვიზიტი მეგობარ ქვეყანაში არ შედგება, თუმცა, აქვე დასძენს, რომ უკრაინას და საქართველოს იმდენი რამ აკავშირებს ისტორიულად, რომ ამას ვერცერთი მთავრობა ვერ ამოძირკვავს.

„უკრაინა ახლა ისეთ დღეშია, რომ ნებისმიერ დელეგაციას, რომელსა შესაძლოა მოჰყვეს რაიმე ხელშეკრულების დადება, სიამოვნებით მიიღებს. პოროშენკო ტუვალის პრეზიდენტსაც კი დახვდება აეროპორტში, წითელ ხალიჩასაც გაუშლის და საპატიო ყარაულსაც გამოუყოფს. ამიტომ მისთვის გაცილებით სასურველი იქნებოდა პარლამენტის დელეგაციის ნაცვლად აღმასრულებელი მთავრობის მეთურის ჩასვლა. მაგრამ რადგან უკრაინამ უარი თქვა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების ექსტრადირებაზეა და გაპიარებულია მათი როლი ასე თუ ისე, შესაბამისად, სულაც არ მიკვირს, რომ ღარიბაშვილი უკრაინაში ჩასვლისგან თავს იკავებს.

„პარლამენტარების ჩასვლა კი ქართული მხარისგან დიპლომატიუი კომპრომისია – გზავნის ადამიანებს, რომლებსაც აბსოლუტურად არაფეი არ ეკითხებათ და არანარი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს ურთიერთობა ჩვენს პარლამენტსა და უკრაინის რადას შორის.

„იქნება საუბარი მეგობრობაზე და ეს არ არის ვიზიტი, რაზეც კიევი ოცნებობს. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის თვალსაზრისით ეს ცუდია, ყოველ შემთხვევაში ეს კრაინასა და საქართველოს არ აახლოებს.

„ვფიქრობ, სანამ სააკაშვილი იქ თავისი გუნდით არის და ოფიციალური პოსტები უკავია, ღარიბაშვილის ვიზიტი არ შედგება. სააკაშვილი მას ხელს უშლის იმით, რომ ღარიბაშვილი არ მოინდომებს. ამას არც ივანიშვილი მოინდომებს.

„უკრაინამ რუსეთთან თუ გაიმარჯვა, მაშინ უკრაინის, როგორც მოკავშირის რომელი მკვეთრად გაიზრდება და ეს აიძულებს ოფიციალურ თბილისს დახუჭოს თვალი სააკაშვილი, ადეიშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინაში ყოფნაზე. ვიზიტიც შედგება, ხელშეკრულებებიც გაფორმდება და ყველაფერიც. მაგრამ სანამ გარკვეული არ არის კიევის დღევანდელი მთავრობის ბედი, მანამდე ასეთი ვიზიტი არ შედგება.

„ეს ერთგვარი დიპლომატიაა და მის ისტორიას ასეთი არაერთი ანალოგები ახსოვს. ეს არი არის ტრაგედია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისა. უკრაინას და საქართველოს იმდენი რამ აკავშირებს ისტორიულად, რომ ამას ვერც=ერთი მთავრობა ვერ ამოძირკვავს“, – გვითხა ცინცაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან ეს ვიზიტი აუცილებლად განხორციელდება. მისი თქმით, ეს,რ ომ არ არის ქართული მხარის ბოიკოტი, ამას საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლა ადასტურებს.

„უსუფაშვილის ჩასვლასაც პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. უბრალოდ, ღარიბაშვილის ვიზიტს პოლიტიკურთან ერთად დაემატება სამეურნეო დატვირთვა. ის, რომ ეს არ არის ქართული მხარის ბოიკოტი, ამას პარლამენტარების ვიზიტი ადასტურებს.

„როგორც წესი, ვიზიტზე ორივე მხარე თანხმდება. ღარიბაშვილთან დაკავშირებით მრავალი კომონენტი  იქნება მოსაგვარებელი და სწორედ ამის გამო ჭიანურდება მისი ჩასვლა მეგობარ ქვეყანაში“, – ამბობს „მთელ კვირასთან“ საუბრისას საყვარელიძე.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმყოფებოდა, რომელმაც „ღირსების მარშში“ მიიღო მონაწილეობა.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს  კი მისმა უკრაინელმა კოლეგამ სამჯერ დაკავშირების შემდეგ მიღებაზე უარი უთხრა.

„კვირის პალიტრა“, 20 აპრილი, 2015 წელი

ინტერვიუ საქართველოში თურქეთის ელჩ ლევენთ გუმრუქჩუსთან : “ე.წ. ხალიფატი ძირფესვიანად უნდა ამოიძირკვოს

ვაჟა თავბერიძე

ახლახან პანკისიდან სირიაში საბრძოლველად წასული ახალგაზრდების ამბავმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენარადიკალური­ ექსტრემიზმი გადაუდებელ ყურად­ღებას საჭიროებს. “კვირის პალიტ­რაექსკლუზიურად ესაუბრა საქართველოში თურქეთის ელჩს, ლევ­ენთ გუმრუქჩუს.

- ახლახან აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ დასავლეთს შეიძლება­ ბაშარ­ ალ-ასადთან მოლაპარაკებამ მოუწიოს. თუ გავიხ­სე­ნებთ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში­ თეთრი სახლის განცხადებებს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, როგორ ფიქრობთ, რასთან გვაქვს­ საქმე, ორმაგ სტანდარტებთან ხომ არა?

- ეს უკვე ორმაგი სტანდარტიც აღარ არის. რაზე უნდა მოილაპარაკო რეჟიმთან, რომელმაც სიკვდილისთვის გაწირა ასიათა­სობით მშვიდობიანი მოქალაქე და საკუთ­არი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა? არ მჯერა, რომ დასა­ვლეთში ვინმე იყოს ასადთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის მსურველი. მაგრამ, მეორე მხრივ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კრიზისი, ბოლოს და ბოლოს, გადაიჭრას, თანაც მშვიდობიანი გზით. ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს, რომ ახლანდელი მთავრობა წავიდეს და ჩამოყალიბდეს სირიის ახალი მთავრობა, რომელიც­ გააერთიანებს მთელ ქვეყანას. ეს, რა თქმა უნდა, თავის დროზე უნდა გაკეთებულ­იყო, როცა კრიზისი ის-ის იყო იწყებოდა, ახლა ბევრად რთულია… ­

რაც სირიაში ხდება, იმაზე მთელი საერთაშორისო საზოგადოებრიობაა პასუხისმგებელი. საერთაშ­ორისო უსაფრთხოების ის მოდელი, რაც ახლა გვაქვს,­ არ არის ეფექტური მსგავს კრიზისებთან საბრძოლველად.

ამით იმის თქმა მინდა, რომ უსაფრთ­ხოებაზე პასუხისმგებელ ზოგიერთ მხარეს არ შეუძლია ან არ სურს საკ­უთარ ინტერესებზე მაღლა საერთა­შორისო კეთილდღეობა დააყენოს.

- არავისთვის საიდუმლო აღარ არის, რომ ათეულობით ახალგაზრდა პანკისელმა სირიასა და ერაყს მიაშურაისლა­მური სახელმწიფოსდროშით საბრძოლვე­ლად, დერეფნად კი თურქეთს იყენებენ. თქვენი აზრით, რა უნდა იღონოს საქართველომ ამ პრობლემის გადასაჭრელად?

- საუბედუროდ, საკმარისად არის ხალხი,­ ვინც ამას აკეთებს არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის მრავალ ქვეყანაშიც. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოსახლეობას, განსაკუთრებით მუსლიმებს, გავაგებინოთ, რომ იმას, რასაც ე.წ. ხალიფატი აკეთებს, საერთო არაფერი აქვს ისლ­ამთან; რომ პირიქით, ეს უპირველესად ისლამს ეწინააღმდეგება. მეორე მხრივ, აუცილებელია, მათთან ბრძოლაში გააქტიურება. თუ მხოლოდ იმ რეგიონებს დავუპირისპირდებით, რომელთაც ისინი აკონტროლებენ, ეს დროებითი გამარჯვება იქნება.

საჭიროა მათი ძირფესვიანად ამოძირკვა, ეს კი მხოლოდ სირიის კრიზისის მოგვარებით გახდება შესაძლებელი. რაც შეეხება თურქეთს, მინდა ვთქვა, რომ ექსტ­რემისტები სხვა ქვეყნებსაც იყენებენ სირიაში მოსახვედრად: ლიბანს, იორდანიასა და ერაყს. მეორე მხრივ, სირიასა და თურქეთს­ შორის საზღვრის სიგრძე 911 კმ-ია და შეუძლებელია 100%-იანი კონტროლის დაწესება­. ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ახლახან დაიწყო ჩვენთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა იმ პირთა შესახებ, რომელიც პოტენციური ექსტრემისტები არიან და შედეგად, სირიაში­ თურქეთიდან გადამსვლელთა რაოდენობა ძალიან შემცირდა. რაც შეეხება პანკისსა და საქართველოს, მე შევხვდი მთავრობის წარმომადგენლებს და მოხარული ვარ, რომ მზად არიან ამ პრობლემის გადასაჭრელად. იმავდროულად, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს იმ მიზეზების გამოვლენას, თუ რატომ სწირავენ ეს ახალგაზრდები თავიანთი ცხოვრების საუკეთესო­ წლებს ისეთ მონსტრს, როგორიცაა ე.წ. ხალიფატი. ეკონომიკური მიზეზებია თუ ინტეგრაციის ნაკლებობა, საჭიროა ამ პრობლემების გადაწყვეტა და ამ ადამიანებისთვის ალტერნატიული არჩევანის შესაძლებლობის მიცემა. მოხარული ვარ, რომ ამ კუთხით საქართველოს მთავრობას სწორი პოზიცია უჭირავს. ისინი ცდილობენ მოსახლეობას დაანახონ, რომ ეს არ არის ისლამი. ამასთან, მუშაობენ პანკისში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე.

„კვირის პალიტრა“, 20 აპრილი, 2015 წელი

ინტერვიუ ბადრი ნაჭყებიასთან: „შესაძლოა ლუკაშენკომ საქართველოს ხელისუფლებას დსთ-ასოცირებული წევრობაც შესთავაზოს

(შემოკლებით)

“ძლიერი “ისლამური სახელმწიფოს” შექმნისა და ახალი მესიის მოსვლის იდეით წამლავენ ახალგაზრდებს და ახერხებენ მათ გადაბირებას. ამ საშინელი პროპაგანდის ქვეშ ხვდებიან ჩვენი მოქალაქეებიც, რომელთა ფსიქოლოგიური განწყობაც უკვე ისეთია, მათ წინააღმდეგობას ვერავინ უწევს, – ვერც მშობლები, ვერც ახლობელ-მეგობრები… შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ პროცესთან გამკლავება უჭირს სახელმწიფოსაც. საქართველო არ არის მდიდარი სახელმწიფო, მაგრამ აუცილებელია, უფრო მეტი რესურსი ჩაიდოს ტერორიზმის კვლევასა და მასთან ბრძოლაში. ეს არ შეეხება მხოლოდ სპეცსამსახურებს, ამაში უნდა ჩაერთონ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, განათლების სამინისტრო და ა.შ. ამაში უნდა ჩაერთოს მუსლიმანური საზოგადოება, მათი ლიდერები, რასაც ჯერჯერობით ვერ ვხედავთ”, – აცხადებს ექსპერტი ტერორიზმის საკითხებში ბადრი ნაჭყებია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“დარწმუნებული ვარ, პანკისის ხეობის სოფლების მცხოვრებთა უმეტესობამ, რომელთა შვილებიც წავიდნენ სირიაში მშვენივრად იცის ამ ხალხის ვინაობა, რომლებიც პერმანენტულად მუშაობენ ახალგაზრდების გადაბირებაზე. ეს ერთი და ორი დღის ამბავი არ არის, ადამიანი საშინელ სასაკლაოზე წასვლის გადაწყვეტილებამდე რომ მიიყვანო, სერიოზული მუშაობაა საჭირო. იმ ოჯახებისთვის, ვისი შვილებიც წასულები არიან, ძნელი მოსასმენი იქნება, მაგრამ პრევენციისთვის აუცილებლად უნდა ითქვას: თუ განვიხილავთ “ტერორიზმის კიბეს”, ეს ახალგაზრდა, გამოუცდელი მოჯაჰედები, ფაქტობრივად, განწირულები არიან ამ კიბის ბოლო საფეხურისთვის, ანუ სიკვდილისთვის. რაც უფრო მცირეწლოვანია მოხალისე, მით მეტია საფრთხე, რომ ის კამიკაძედ აქციონ. ჩვენმა მუსლიმანურმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო ახალგაზრდაა მებრძოლი, მით მეტია მისი საზარბაზნე ხორცად გამოყენების საფრთხე”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ნაჭყებია.

“ვფიქრობ, საქართველოში “ისლამური სახელმწიფოს” ლობისტები არიან უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც კარგად არიან ადაპტირებული, აქვთ შესაბამისი დოკუმენტაცია და საქართველოში ლეგალურად იმყოფებიან. მათ გარშემოა შემოკრებილი ჩვენი მოქალაქე ფანატიკოსთა ჯგუფი. დარწმუნებული ვარ, ეს ლობისტები უკავშირდებიან საქართველოდან წასულ და “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში დაწინაურებულ ლიდერებს. “ისლამური სახელმწიფოს” სტრუქტურა რომ გაგაცნოთ, გეტყვით, ისინი უკვე ცდილობენ სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ნიშნების შეძენას – უკვე შექმნეს ცხრა სამინისტრო, მათ შორის პროპაგანდის, რომელიც ძირითადად სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმი ახალგაზრდების გადაბირებაზე მუშაობს. ჩემი აზრით, ამ პროცესში ფული მნიშვნელოვანი არ არის, ყველაფერი ფსიქოლოგიური ზეწოლით ხდება. ისინი ახალგაზრდებს აჯერებენ, რომ “ისლამური სახელმწიფოსთვის” სამსახური ალაჰის სამსახურია და ყოველი ჯარისკაცი ალაჰის რჩეულია… ხოლო ალაჰისთვის სიკვდილის შემდეგ მათი ადგილი სამოთხის ბაღებშია”, – განაგრძობს რესპონდენტი.

“საქართველოში საკმაოდ მასშტაბურია ისლამური თემი და მიკვირს, რატომ არის ასეთი აქცენტი გადატანილი მაინცდამაინც პანკისის ხეობაზე და რატომ არავინ არაფერს ამბობს აჭარაზე?! ვიცით, რომ იქიდანაც არიან წასული ახალგაზრდები, მაგრამ ვინ და რამდენი, არავინ კითხულობს. ჩვენ ინფორმაცია გვაქვს მხოლოდ ერთ კაცზე, რომელიც პერიოდულად ინტერნეტით ჩნდება და განადგურებით გვემუქრება… “ისლამურ სახელმწიფოში” ერთ-ერთი რიტუალით, ყველა მოხალისე, რომელიც იქ ჩადის, ვალდებულია, გაანადგუროს პასპორტი და იდენტიფიცირების სხვა საშუალებები. ამით აჩვენებენ, რომ ისინი ხდებიან ალაჰის ჯარისკაცები, სხვა რამ მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ სჭირდებათ. დამიჯერეთ, ამ ხალხისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ამიტომაც უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ჩვენ საკმაოდ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ, არც ისე შორს “ისლამური სახელმწიფოსგან” და აუცილებელია ყოველი საფრთხის გათვლა – ჩვენში მაჰმადიანი თემი საკმაოდ დიდია. ძალიან მიკვირს, რომ არ ისმის მკვეთრი განცხადებები საქართველოს მუსლიმანთა მხრიდან – ამბობენ, ეს ცუდიაო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, უნდა მოხდეს მათი სრული გამიჯვნა იმ წარმონაქმნთან, რომელსაც “ისლამური სახელმწიფო” ჰქვია”, – დასძენს ბადრი ნაჭყებია.

“დასავლეთმა დაუშვა უდიდესი შეცდომა – ბაშარ ასადს გადააყოლა ორი ქვეყანა. ასადის წინააღმდეგ ყველას იარაღი ჩამოურიგა და ეს იარაღი მოხვდა რადიკალების ხელში. ერაყში კი ხელისუფლება მთლიანად ჩააბარა პრემიერ ნური ალ მალიკს, რომელმაც ყოვლად არასწორი პოლიტიკა წარმართა სუნიტების წინააღმდეგ. ისინი საზოგადოებისგან გარიყულ სეგმენტად აქცია, მათ არ აძლევდნენ სამუშაოს, კრედიტებს. გამოცდილი ოფიცრები და გენერლები ითხოვდნენ სამსახურში დაბრუნებას, მაგრამ ამაოდ. დღეს კი “ისლამური სახელმწიფოს” წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიცაა, რომ მის რიგებში კარგად მომზადებული, ძლიერი ერაყელი სამხედრო მოსამსახურეები იბრძვიან”, – განმარტავს რესპონდენტი და შეკითხვას – “ცნობილია, რომ ინტერპოლმა იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის, ძებნა შეწყვიტა, ხელისუფლება ამას იმით ხსნის, რომ ადეიშვილმა ლტოლვილის სტატუსი ერთ-ერთ ქვეყანაში მიიღო. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ინტერპოლმა ადეიშვილი პოლიტიკურ დევნილად მიიჩნია და მისი ძებნაც ამიტომ შეწყვიტა…” – პასუხობს:

“ამ პროცესებმა სულ სხვა დასკვნამდე მიმიყვანა. ხელისუფლების მშვიდმა რეაქციამ მაფიქრებინა, რომ ხელისუფლებამ და გარკვეულმა ძალებმა დასავლეთში ადეიშვილის თაობაზე მოილაპარაკეს და შედგა შეთანხმება. არა მგონია, ჩვენმა ხელისუფლებამ რადიკალური ზომები მიიღოს და დაუპირისპირდეს ინტერპოლის ევროპულ სტრუქტურებს ან იმ სახელმწიფოს, რომელმაც ადეიშვილს თავშესაფარი მისცა. ამ მოლაპარაკებით საქართველომ ევროპას ურთიერთგაგების გზავნილი გაუგზავნა და მასთან სათანამშრომლოდ რევერანსი გააკეთა”.

“რაც შეეხება 22-23 აპრილს საქართველოში ბელორუსიის პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტს, შესაძლოა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს ხელისუფლებას დსთ-ს ასოცირებული წევრობაც შესთავაზოს. თუ ეს მოხდა, სავარაუდოდ, ეს შეთანხმებული იქნება რუსეთთანაც. ვნახოთ, რა იქნება. ჩვენი ხელისუფლება კვლავაც ზედმეტად ფრთხილია რუსეთთან ურთიერთობაში”, – თვლის ნაჭყებია.

კვირის პალიტრა“, 20 აპრილი, 2015 წელი

ჩინური ფაქტორი, ანუ საქართველოს განვითარების პერსპექტივები

ხათუნა ლაგაზიძე

ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება საქართველოს ინვესტიციებისთვის საოცრად მიმზიდველ ქვეყნად აქცევს. ბევრ ქვეყანას გაუჩნდება სურვილი, ჩადოს ინვესტიციები საქართველოში, აწარმოოს ქართული პროდუქცია და ისარგებლოს ჩვენთვის ბოძებული შეღავათებით. დიდია თურქეთის, ჩინეთის, ირანის ინტერესი. განსაკუთრებით მომხიბლავია ეს შეღავათები “ევრაზიული კავშირის” წევრი ქვეყნებისთვის.

განსაკუთრებით საინტერესო მიმართულებაა ჩინეთი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ღერძად შეიძლება იქცეს უახლოეს ათწლეულებში. უახლოეს დღეებში შეიძლება ლამის ისტორიული მოვლენის მოწმენი გავხდეთ: ჩინეთში იქმნება “აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი”, 50-მილიარდიანი საწყისი კაპიტალით. საქართველო ჰოლანდიასა და ბრაზილიასთან ერთად მიწვეულია ამ ბანკის ერთ-ერთ თანადამფუძნებლად. ეს ყველაფერი ჩინეთის ხელისუფლების ინიციატივის„”ახალი აბრეშუმის გზის” ფარგლებში ხორციელდება და ითვალისწინებს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ამ გზის გასწვრივ ქვეყნებში და მათ შორის – საქართველოში. ეს ჩვენთვის უდიდესი შესაძლებლობების ეპოქას ხსნის.

ირანისთვის დასავლეთის სანქციების მოხსნა ამ ქვეყნის უზარმაზარ საინვესტიციო კაპიტალს სხვა ქვეყნებისკენ მიმართავს. ირანის ინტერესი საქართველოს ეკონომიკის მიმართ ძალზე მაღალია და ეს კიდევ ერთი შანსია, ფინანსურად და ეკონომიკურად საჭირონი გავხდეთ რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის.
ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა  ევროკავშირთან, თავისუფალი სავაჭრო სივრცის არსებობასთან ერთად, იძლევა იმის შანსს, რომ  საქართველოში ჩინეთის, ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, შუა აზიის ქვეყნების, რუსეთის ინვესტიციების გადაკვეთისა და მომგებიანი თანაარსებობის ადგილი გახდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეგიონის უდიდესი ქვეყნების ფინანსური და ეკონომიკური ინტერესები მოითხოვს, მიაღწიონ კონსენსუსს საქართველოს მშვიდობიანი განვითარების თაობაზე. ესეც თქვენ, ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილური ეკონომიკური ზრდის, დასაქმების პრობლემის გადაჭრის ყველაზე მყარი საფუძველი!

თუმცა, ჯერჯერობით ეს მხოლოდ შესაძლებლობაა, რომლის რეალიზაციას საქართველოს ხელისუფლების უზარმაზარი შრომა სჭირდება.

საჭიროა ამოქმედდეს ინვესტორებისთვის “ერთი ფანჯრის” პრინციპი, „იუსტიციის სახლების“ მსგავსად, სადაც მიიღებენ ყველა სახის ნებართვას, ლიცენზიას თუ საჭირო კონსულტაციას.

ინვესტორები ხშირად უჩივიან საქართველოში კვალიფიციური კადრების დეფიციტს და ამ მიზეზით იძულებულნი არიან, გარედან შემოიყვანონ მუშახელი. რეგიონებში უნდა შეიქმნას პროფესიული გადამზადების ცენტრები ან უკვე არსებულები მოერგონ თანამედროვე მოთხოვნებს.­ ეს ხარჯი სახელმწიფომ უნდა გაიღოს.

საქართველომ დაჩქარებული ტემპით უნდა აწარმოოს მოლაპარაკება ყველა პოტენციურ ინვესტორ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, ყველა შესაძლო რისკისა და მოგების გათვალისწინებით, რაც გააუმჯობესებს ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში. საქმე ის არის, რომ ევროკავშირი, იმისათვის, რომ საქართველოში წარმოებულად აღიარონ პროდუქცია, სხვადასხვა მოთხოვნას აწესებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ქვეყნებს ერთმანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვთ, წარმოებაში ჩართულია ორზე მეტი ქვეყანა, პროდუქტი კი ითვლება იმ ქვეყანაში დამზადებულად, სადაც საბოლოო გადამმუშავებელი სამუშაო ჩატარდა.

საქართველოს ხელისუფლებამ თავად უნდა განსაზღვროს ჩვენი ეკონომიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებები და თავად შესთავაზოს ინვესტორებს, მაგალითად, მაღალი ტექნოლოგიების წარმოება და ა.შ.

ამ უზარმაზარი პერსპექტივების ფონზე ყოვლად აუხსნელია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, კერძოდ:

რატომ არაფერს ეუბნება მოსახლეობას ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით გახსნილი ამ უზარმაზარი შესაძლებლობების შესახებ, მაშინ, როცა სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება საზოგადოებაში, რა სარგებლობა მოაქვს დასავლეთს საქართველოსთვის?

რატომ არ წარმოაჩენს საჯაროდ ჩინეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებისა და უკვე მიღწეული შეთანხმებების უდიდეს მნიშვნელობას? რამ ჩაუგდო ენა მუცელში, მაშინ, როცა საზოგადოების სულ უფრო ფართო ფენები ედავება უნაყოფობასა და უსუსურობას?

და რაც მთავარია, გადაწყვეტილების მიღების სისტემა უნდა მოექცეს ცივილიზებული სახელმწიფო  სისტემის ფარგლებში. ყველაზე მეტ პრობლემას ქმნის გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტურად მოუქნელი და აუხსნელი მექანიზმი, როცა გადაწყვეტილების მიღება “გასულია მომსახურების ზონიდან”. როცა შვეიცარიის ელჩი იძულებულია, გასცდეს დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებს და მოუწოდოს საქართველოს მთავრობას, შეაჩერეთ უსამართლო გადასახადები და მექრთამეობაო, რა ინევსტიციების მოზიდვაზეა ლაპარაკი? ეს ხომ საგანგაშო სიგნალია ყველა ქვეყნის ინვესტორისთვის. ამიტომაც არის, რომ ზემოხსენებული პოტენციური ინვესტორების ჩამონათვალში ევროპა არ ფიგურირებს. თუ საქართველოს ხელისუფლებამ სისტემური მიდგომებისა და სტრატეგიული ხედვების ჩამოყალიბება არ დაიწყო, ხელიდან გაშვებულ შანსებზე ის იქნება სრულად პასუხისმგებელი.

Comments are closed