globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 20 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 20th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: დარჩება თუ არა „ოცნება“ მარტო საკონსტიტუციო კომისიაში?

რეზონანსი“: მოსაზრება პარლამენტის ადგილმდებარეობისა და ქუთაისში შენობის რაციონალური გამოყენების თაობაზე

რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „პრეზიდენტის შემდეგ ახლა კიდევ ერთი ღირსეული ადამიანის „მიჭირხვნის“ დრო დადგა“

რეზონანსი“: კალმისა და ჭიქის სროლა პარლამენტის სხდომაზე

რეზონანსი“: საფერფლე, თანაპარტიელები და გატეხილი შუბლი პარლამენტში

რეზონანსი“: როგორ აფასებთ პარლამენტში მომხდარ ინციდენტებს? (თვალსაზრისები)

რეზონანსი“: ოკუპირებული ტერიტორიები და რუსული სამხედრო კონტინგენტი //  სუს-მა პარლამენტში მთავარი საფრთხეები დაასახელა

რეზონანსი“: რუსები და აფხაზები აფხაზეთის რკინიგზის გახსნისთვის ემზადებიან // რატომ აკავშირებს ოფიციალური მოსკოვი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას 2011 წლის საქართველო-რუსეთის შეთანხმებასთან?

რეზონანსი“: ექსპერტი: საფრანგეთთან 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოსთვის წამგებიანია

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ოცნებას“ ეშინია, რომ გიორგი მარგველაშვილი ისევ არ გახდეს პრეზიდენტი“ // „თურქეთი პრობლემებს ვერ შეგვიქმნის. აჭარაზე საუბარი რუსეთის პროპაგანდაა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ჩაჩუასთან: „ქვეყნის სადავეებს უნდა ჩამოვაცილოთ ისინი, ვისაც არც რუსეთთან შეუძლია დალაპარაკება და არც აშშ-სთან“ // „შემოდგომაზე „ქართულ ოცნებას“ დიდი საპროტესტო მოძრაობა ემუქრება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ალეკო ელისაშვილს კახა კალაძის დამარცხება გაუჭირდება“ // ვის ექნება თბილისის მერობის სურვილი

რეზონანსი: სახელმწიფო ხუდონჰესს იბრუნებს // „ადგილობრივების აზრი არ შეიცვლება. წინააღმდეგობა მაინც იქნება, თუკი შეეხებიან უშუალოდ ხალხსა და სოფლებს»

რეზონანსი: ეროვნული ბანკი ლარის გამყარებას ხელს უშლის // გაუფასურების დროს სებ-ი უმოქმედოა, გამყარების პროცესში კი სავალუტო ბაზარს ათეულობით მილიონ დოლარს ართმევს

——————–

რეზონანსი“, 20 აპრილი, 2017 წელი

დარჩება თუ არა ოცნება მარტო საკონსტიტუციო კომისიაში?

ანა დედაბრიშვილი

ვინ დატოვებს საკონსტიტუციო კომისიას და ვინ დარჩება მასში, საბოლოოდ დღეს გაირკვევა. როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვერსიის გადაგზავნას დაელოდებიან და თუკი ხელისუფლებას მათი შენიშვნები მაინც არ ექნება გაზიარებული, ბოიკოტსაც გამოაცხადებენ. აქვე შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო კომისია ოფიციალურად “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “პატრიოტთა ალიანსმა” და “დემოკრატიულმა მოძრაობამ” დატოვეს.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ისინი საბოლოო დოკუმენტის გადაგზავნას დაელოდებიან და მერე გადაწყვეტენ, 22 აპრილის შიდა საკონსტიტუციო კენჭისყრას დაესწრებიან თუ არა.

“საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვერსიის გადმოგზავნას დაველოდებით და სავაუდოდ ხვალ გადავწყეტთ, დავტოვებთ თუ არა კომისიას”, – ამბობს “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი შალვა შავგულიძე.

რა მოხდება, თუკი საკონსტიტუციო კომისიის ნაწილი კენჭიყრას ბოიკოტს გამოუცხადებს? პოლიტოლოგები ამბობენ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით საკონსტიტუციო ცვლილებების ლეგიტუმრობა ეჭვქვეშ არ დადგება, თუმცა ეს იქნება ერთი პარტიის მიერ მიღებული ცვლილებები, რომლებზეც პასუხისმგებლობას კომისიის სხვა წევრები არ აიღებენ.

“თუ საუბარია იმაზე, არის თუ არა კონსენსუსი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ძალებს შორის, რა თქმა უნდა, ეს ასე უკვე აღარ არის. იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის მიუღებელია ის ტექსტი, რასაც მმართველი ძალა გვთავაზობს. მე პირადად ეს ტექსტი ჯერ არ მინახავს, მაგრამ, დიდი ალბათობით, არსებულ ვარიანტს არც მე დავუჭერ მხარს. თუმცა, უნდა ვნახო საბოლოო ვარიანტი”, – ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე.

პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით გარკვეულ წრეებში შესაძლოა, კითხვები გაჩნდეს.

„ფორმალურად ლეგიტიმაცია ექნება, რა თქმა უნდა. არ მგონია, რომ ყველამ დატოვოს. მისი წევრების რაღაც ნაწილი დარჩება, მაგრამ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით გარკვეულ წრეებში შეიძლება, გაჩნდეს კითხვები, თუკი ძირითადი ოპოზიციური პარტიები კომისიიდან გამოვლენ. თუმცა, თუ კომისიაში მმართველი პარტიის გარდა კიდევ დარჩნენ საზოგადოებრივი ჯგუფები, მაშინ, წმინდა ფორმალური კუთხით, ლეგიტიმაციას საფრთხე არ დაემუქრება“, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე. მისი თქმით, თუ ხელისუფლებამ ოპოზიციას გარკვეული კომპრომისები არ შესთავაზა, შეიძლება, პოლიტიკური დაპირისპირების ახალი ტალღა ვიხილოთ.

„ოპოზიცია მონაწილეობდა კომისიაში და მხოლოდ კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა კომისიის დატოვება, რაც კითხვებს აჩენს. ოპოზციამ ეს გადაწყვეტილება უფრო ადრე რატომ არ მიიღო? ეს პოლიტიკური თამაშის ნაწილია. მათ სურთ, რომ ამ ნაბიჯმა რაც შეიძლება, დიდი პოლიტიკური რეზონანსი გამოიწვიოს როგორც ქართულ საზოგადოებაში, ასევე უცხოეთში. მათი მთავარი გზავნილი იქნება, რომ ხელისუფლება კონსტიტუციას საკუთარ ინტერესებს არგებს. თუ ხელისუფლებამ დარჩენილ პერიოდში გარკვეული კომპრომისები არ შესთავაზა ოპოზიციას, შეიძლება, პოლიტიკური დაპირისპირების ახალი ტალღა ვიხილოთ. ეს დამოკიდებულია ოპოზიციაზე, თუ რამდენად მოახერხებს კონსოლიდაციას”, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.

რეზონანსი“, 20 აპრილი, 2017 წელი

მოსაზრება პარლამენტის ადგილმდებარეობისა და ქუთაისში შენობის რაციონალური გამოყენების თაობაზე

ლადო ვარდოსანიძე, არქიტექტორ-ურბანისტი

პაპუნა ძიძიგური, არქიტექტორ-ურბანისტი

საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის სექტემბერში დეკლარირებული სივრცითი მოწყობის კონტექსტში, საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება. მართლაც, სად – ქუთაისში თუ თბილისში – უნდა ყალიბდებოდეს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საკანონმდებლო კონსტრუქცია? აქვს თუ არა ამ საკითხს პოლიტიკური თუ პრაქტიკული მნიშვნელობა? რა სურათია ამ მხრივ მსოფლიოში? ეს კითხვები არ არის რიტორიკული. ჩვენ შევეცდებით ამ კითხვებზე პასუხის გაცემას.

„დედაქალაქი – სახელმწიფოს ან სხვა ადმინისტრაციული ტერიტორიის (ოლქის, პროვინციის, ავტონომიური ერთეულის) მთავარი ქალაქია, სადაც, როგორც წესი, განლაგებულია ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოები: პრეზიდენტის, მონარქის, გუბერნატორის რეზიდენცია, პარლამენტი, ცენტრალური სამინისტროები და უწყებები, ქვეყნის უმაღლესი სასამართლო და სხვა” – ჩვენ ამ ჩამონათვალს დავუმატებთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს.

მსოფლიო პრაქტიკაში აღინიშნება რამდენიმე გამონაკლისი. ისინი, როგორც წესი, კონკრეტული ქვეყნის ისტორიულად ობიექტური ფაქტორებითაა განპირობებული. ამ მხრივ, ერთი შეხედვით, ყველაზე უჩვეულო მაგალითი ნიდერლანდებია (ნიდერლანდების სამეფოს ძირითადი ნაწილი), რომლის ოფიციალური, კონსტიტუციით დადგენილი დედაქალაქი – ამსტერდამია, ხოლო სამეფო კარის, პარლამენტისა და მთავრობის ადგილსამყოფელი – ჰააგა. საელჩოები ამ ორ ქალაქს შორისაა გადანაწილებული. ასეთ პარადოქსულ სურათს ისტორიული ტრადიცია ხსნის.

საქმე ისაა, რომ “ნაპოლეონისეული ომების” ეპოქის შემდეგ, გამარჯვებული კოალიციის ძალისხმევის შედეგად, ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით, დასავლეთ ევროპის რუკაზე გაჩნდა ახალი სახელმწიფო – “ნიდერლადების გაერთიანებული სამეფო” (არაოფიციალური სახელწოდება), რომელმაც 1815-1830 წლებში იარსება. ამ სახელმწიფოში საკუთრივ ნიდერლანდები და საფრანგეთს ძალით ჩამოცილებული ბელგია შევიდა. უკმაყოფილო ბელგიელების დასამშვიდებლად, ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის დედაქალაქის სტატუსი ნიდერლანდურ ამსტერდამსა და ბელგიურ ბრიუსელს მონაცვლეობით, ორწლიანი პერიოდულობით, ერგებოდა; მთავრობა კი მეტ-ნაკლებად “ნეიტრალურ” ჰააგაში იჯდა. რევოლუციის შედეგად ბელგიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შემდეგ (1839 წ), საკუთრივ ნიდერლანდების ხელისუფლების ადგილსამყოფლის სქემა დღემდე შენარჩუნდა.

ერთი შეხედვით, კიდევ უფრო უცნაური ჩანს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლების შტოების ტერიტორიული განაწილება: პრეტორიაში – მთავრობა, კეიპტაუნში – პარლამენტი, ბლუმფოინტეინში – უზენაესი სასამართლო. სამივე ქალაქი დედაქალაქად ითვლება; ამასთან, “მთავარ” ადმინისტრაციულ დედაქალაქად პრეტორიაა აღიარებული. ამგვარი სახელისუფლებო “სამკუთხედის” შექმნასაც თავისი ისტორია გააჩნია. საქმე ისაა, რომ დღევანდელი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ადრე კონფედერაციულ სახელმწიფოს – სამხრეთაფრიკულ კავშირს წარმოადგენდა; მასში შესული იყო დიდი ბრიტანეთის სამფლობელოები (დედაქალაქი – კეიპტაუნი), ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო (დედაქალაქი – ბლუმფოინტეინი) და სამხრეთ აფრიკული რესპუბლიკა, ანუ ტრანსვაალი (დედაქალაქი – პრეტორია). ამ სახელმწიფოების გაერთიანების ერთ-ერთი პირობა სწორედ დედაქალაქის ფუნქციების სამ სუბიექტს შორის განაწილება იყო.

როგორც ითქვა, ეს გამონაკლისებია. კანონზომიერება კი ასეთია – ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქის განუყოფელი ნაწილია. იმ საზოგადოებებში, სადაც კანონი აბსოლუტური ფასეულობაა, ამგვარი კავშირი აშკარად, ფიზიკურად მჟღავნდება – ხანდახან ჩვენი ცნობიერებისთვის პარადოქსული ფორმალობითაც კი. ასე მაგალითად, ნაკლებადაა ცნობილი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 13-ჯერ გამოიცვალა დედაქალაქი – ამგვარ დროებით პატივს 9 ქალაქი ეღირსა, სანამ 1800 წელს, საბოლოოდ, დედაქალაქი ვაშინგტონში დაიდებდა ბინას. ქვემოთ მოყვანილია აშშ-ის ისტორიული დედაქალაქების შთამბეჭდავი ჩამონათვალი:

- ფილადელფია (პენსილვანია) – 1774 წლის 5 სექტემბრიდან 24 ოქტომბრამდე, შემდეგ 1775 წლის 10 მაისიდან 1776 წლის 12 დეკემბრამდე;

- ბალტიმორი (მერილენდი) – 1776 წლის 20 დეკემბრიდან 1777 წლის 27 თებერვლამდე;

- ფილადელფია (პენსილვანია) – 1777 წლის 4 მარტიდან 1777 წლის 18 სექტემბრამდე;

- ლანკასტერი (პენსილვანია) – 1777 წლის 27 სექტემბერი – მხოლოდ ერთი დღე;

- იორკი (პენსილვანია); 1777 წლის 30 სექტემბრიდან 1778 წლის 27 ივნისამდე;

- ფილადელფია (პენსილვანია) – 1778 წლის 2 ივლისიდან 1783 წლის 21 ივნისამდე;

- პრინსტონი (ნიუ-ჯერსი) – 1783 წლის 30 ივნისიდან 1783 წლის 4 ნოემბრამდე;

- ანაპოლისი (მერილენდი) – 1783 წლის 26 ნოემბრიდან 1784 წლის 19 აგვისტომდე;

- ტრენტონი (ნიუ-ჯერსი) – 1784 წლის 1-ლი ნოემბრიდან 1784 წლის 24 დეკემბრამდე;

- ნიუ-იორკი (ნიუ-იორკი) – 1785 წლის 11 იანვრიდან 1790 წლის 12 აგვისტომდე;

- ფილადელფია (პენსილვანია) – 1790 წლის 6 დეკემბრიდან 1800 წლის 14 მაისამდე;

- ვაშინგტონი (კოლუმბიის ოლქი) – 1800 წლის 17 ნოემბრიდან დღემდე.

დედაქალაქის ასეთი ადგილმონაცვლეობა, თავისთავად, არამც და არამც არ იყო რომელიმე ამბიციური ლიდერის ან პოლიტიკოსთა ჯგუფის ახირება. მოქმედებდა შეუვალი პრინციპი – დედაქალაქია ის ქალაქი, სადაც, დროის მოცემულ მომენტში, თავის ფუნქციებს აღასრულებს ქვეყნის უზენაესი საკანონმდებლო ორგანო. ყქ||| საუკუნის მეოთხე მეოთხედში კი აშშ-ის ისტორიაში მეტად დრამატული, “ტურბულენტური” პერიოდი იყო. ცენტრალურ საკანონმდებლო ხელისუფლებას, სამხედრო-პოლიტიკური მიზეზების გამო, ხშირად უხდებოდა გადაადგილება და ეს გარემოება ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქვეყნის ამგვარად გაცნობიერებული დედაქალაქის ადგილმდებარეობის ხშირ ცვლაზეც აისახა.

საგულისხმოა, რომ აშშ-ს კონსტიტუცია (1787 წ) საერთოდ არ იხსენიებს ქვეყნის დედაქალაქს; მოგვიანებით, 1790 წელს კონგრესმა დაადგინა ახალი დედაქალაქის მშენებლობა, რომლის ადგილმდებარეობა შეარჩია აშშ-ის პირველმა პრეზიდენტმა – ჯორჯ ვაშინგტონმა – დედაქალაქობაზე ფილადელფიისა და ნიუ იორკის პრეტენზიების გასანეიტრალებლად.

საერთოდ, ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკური ისტორიის გარემოებების, მოვლენებისა თუ პროცესების პროეცირება საქართველოს რეალობაზე, ჩვენეული თავისებურებების გაუთვალისწინებლად, გაუმართლებელია. ეს, უწინარესად, საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობის საკამათო თემად ქცეულ პოლიტიკურ სპეკულაციებსაც ეხება. ამ მხრივ, ანგარიშგასაწევია ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდში აშკარად გამოიკვეთა თბილისის სადედაქალაქო ფუნქციების ტერიტორიული გაფანტვის ტენდენცია: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმშია განწესებული; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 2008-დან 2014 წლამდე (დედაქალაქში დაბრუნებამდე) ქუთაისში მუშაობდა; საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი” თბილისსა და მცხეთას შორის, წინა ხელისუფლების “ბრძნული” გადაწყვეტილების შედეგად, ბურიდანის სახედრის მდგომარეობაშია ჩაყენებული; და, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის ქუთაისში გადატანამ ბევრი უხერხულობა შექმნა.

საგულისხმოა ის პოლიტიკური “შეფუთვა”, რომლითაც ქართულ საზოგადოებას აწვდიდნენ პარლამენტის ქუთაისში გადატანის ახირებას. ძირითად მოტივად სახელდებოდა ხელისუფლების ყბადაღებული დეცენტრალიზება და ქუთაისის აღორძინების სტიმულირება. პირველი არგუმენტი მტკნარი სიცრუეა – ვერ დავიჯერებ, რომ “ნაციონალების” ინტელექტუალურ ფრთას არ ესმოდა პრინციპული განსხვავება დეცენტრალიზებასა და დეკონცენტრაციას შორის. ასეთი პოლიტიკა რომ გაგრძელებულიყო, სულ მალე დავემსგავსებოდით ავადსახსენებელ კვაზისახელმწიფოს – ნაურუს, რომელიც ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე, ოფიციალური დედაქალაქი საერთოდ რომ არ გააჩნია…

რაც შეეხება ქუთაისის აღორძინებაში პარლამენტის როლს, ვკითხოთ ნებისმიერ ქუთაისელს, რა ურჩევნია – პარლამენტის გამორჩეული არქიტექტურითა და ცრუპრესტიჟულობით ტკბობა, თუ სადღეღამისო წყალმომარაგება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების სათანადო მართვა, შრომითი დასაქმება, სპორტულ-რეკრეაციული ობიექტებისა თუ საგანმანათლებლო დაწესებულებების მომრავლება და სხვა ამგვარი, საყოველთაო საქალაქო ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯები?

რამდენიმე რიტორიკული კითხვაც: სად – ქუთაისში თუ თბილისში – უფრო ეფექტურია თითოეული დეპუტატის მოღვაწეობა, რა თქმა უნდა, ქუთაისელი დეპუტატების გარდა? საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა ხომ მხოლოდ ის არ არის, რაც ტელეეკრანზე, სასესიო დარბაზის ფონზე ჩანს. რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს ქუთაისი-თბილისის ავტომაგისტრალზე მაქოსებრ მოძრავი, კომპიუტერებად ქცეული დეპუტატები თუ სპეციალისტები? არ ყოფილა უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო დეპუტატების შუაგზიდან დაბრუნების შემთხვევა? იქნებ, ამ მომენტში ქვეყნისთვის გადამწყვეტი საკითხი იყო განსახილველი საქართველოს პარლამენტში? და ბოლოს, რა თანხა დაგვიჯდა ჩვენ, გადასახადის გადამხდელებს, პარლამენტის ჯერ დაპროექტება-აშენება, შემდეგ მისი და “თბილისური პარლამენტის” შენახვა და დეპუტატებისა და პერსონალის ხარჯები? გვაქვს კი დღეს, ეკონომიკური სიძნელეების პერიოდში, ამ თანხის ფლანგვის უფლება?

მთავარი მაინც ისაა, საიდან შევხედავთ პრობლემას – ქუთაისის გადმოსახედიდან თუ სრულიად საქართველოს ინტერესებიდან. თუ ახლანდელი ხელისუფლება, მიზეზთა გამო, ვერ ბედავს პარლამენტის საკუთარი ინიციატივით დედაქალაქში დაბრუნებას, დაეკითხოს მთელი საქართველოს მოქალაქეებს, თუნდაც რეფერენდუმის ჩატარების გზით.

პარლამენტის თბილისში დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხია. ეს ბუნებრივი ნაბიჯი აუცილებლად გამოიწვევს კითხვას – რა ბედი ეწევა ქუთაისურ ნაპარლამენტარ ექსტრაორდინარულ შენობას? ცხადია, ის ვერ დარჩება ქართული ვოლუნტარიზმის ეპოქის არქიტექტურულ ძეგლად – უფუნქციო, მხოლოდ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად. “ანი”-ს მთქმელმა “ბანი”-ც უნდა თქვას. ამიტომ, ამთავითვე საჭიროა საზოგადოებრივი და პროფესიული დისკუსიის გაშლა, ერთგვარი იდეათა ბანკის შექმნა, რათა არ გავიმეოროთ კულუარული გადაწყვეტილებების ჩვენში ფეხმოკიდებული პრაქტიკა. ქვემოთ ერთ-ერთ ამგვარ იდეას ვთავაზობთ ქართულ საზოგადოებასა და ქვეყნის ხელისუფლებას.

პირდაპირ ვიტყვით: პარლამენტის კომპლექსის ბაზაზე (შენობები და მიწის ნაკვეთი), საფუძვლიანი მელიორაციის საჭიროების გათვალისწინებით, მოვიაზრებთ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განვითარებას.

საქმე ისაა, რომ ადრე ჩატარებულ პრეზენტაციაზე უნივერსიტეტის კამპუსის ადგილად “ქუთაისთან ახლოს, მუხნარის ტყეში” არსებული ტერიტორია მოიაზრებოდა. უნივერსიტეტის არქიტექტურულ-გეგმარებითი პროექტი სრულად დამუშავებული ჯერჯერობით არ უნდა იყოს. ამიტომ დაგვიანებულად არ მიგვაჩნია უნივერსიტეტისთვის ალტერნატიული ადგილის განხილვა.

რაში მდგომარეობს ჩვენ მიერ შემოთავაზებული ვარიანტის სიკეთე და უპირატესობა?

- დიდი ტერიტორიული რესურსები – საკუთრივ პარლამენტისა და მიმდებარე საკადასტრო ნაკვეთები ჯამურად შეადგენს 114,6 ჰექტარს;

- ყველა ნაკვეთი სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაა;

- მძლავრი სატანსპორტო-საინჟინრო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა – საავტომობილო მაგისტრალი ქუთაისი – ხონი – სამტრედიის (ქუთაისის აეროპორტის გავლით) და ქუთაისი – წყალტუბოს საავტომობილო გზები, რკინიგზის ტოტი ქუთაისი – წყალტუბო; ქალაქის არსებული საინჟინრო ქსელები;

- ქუთაისის საავტომობილო ქარხანასთან სიახლოვე, რომელიც ტექნოლოგიური ინსტიტუტის საწარმოო ბაზის ფუნქციითაც შეიძლება განვიხილოთ;

- რაც მთავარია, ნაცვლად ქალაქს მოშორებულ “მუხნარის ტყისა”, გვექნება ქალაქის ქსოვილში ინტეგრირებული, ფუნქციურად აქტიური კომპლექსი, სადაც ყოფილი პარლამენტისა და არსებული დამხმარე შენობები თავისუფლად შეითავსებს დიდ მრავალფუნქციურ დარბაზს, ჰუმანიტარულ ფაკულტეტებს, კვლევით ცენტრებს, ბიბლიოთეკას, კაფე-სასადილოსა და სხვა ობიექტებს. სხვათა შორის, რუმინელი დიქტატორის ნიკოლაე ჩაუშესკუს პირადი სურვილით აშენებულ პარლამენტში, საკუთრივ პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა, განთავსებულია რამდენიმე უნივერსიტეტის ფილიალები, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ბიბლიოთეკები და რესტორნები. ასე რომ, პარლამენტის ქუთაისური შენობაც ფუნქციურად შეივსება – ეს ადაპტაციის საქმეა. აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ წინა საუკუნის 70-იან წლებში, სწორედ ამ ტერიტორიაზე, იყო დაგეგმილი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილიალის მშენებლობა;

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაპროექტების პროცესში გასათვალისწინებელია შემდეგი ძირითადი პირობები: გადაწყვეტილება შესაჯერებელია ქუთაისის ქალაქთ-მშენებლობით დოკუმენტაციასთან, რომლის დამუშავება ახლა იწყება; გამოსაცხადებელია ღია, ორტურიანი საერთაშორისო არქიტექტურულ-ქალაქგეგმარებითი კონკურსი; სტუდენტური კამპუსის განვითარებული სასპორტო-სარეკრეაციო და სოციალურ-კულტურული ზონები ორიენტირებული უნდა იყოს არა მარტო სტუდენტების, არამედ ქუთაისელი ახალგაზრდების მომსახურებაზეც.

არსებითია, რომ ეს შემოთავაზება ბოლოს დაუდებს პოპულისტ პოლიტიკოსთა მხრიდან ქუთაისის “დაჩაგვრის” თემით სპეკულირებას და დიდ ფინანსურ ეკონომიას მოუტანს ქვეყანას.

რეზონანსი“, 20 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „პრეზიდენტის შემდეგ ახლა კიდევ ერთი ღირსეული ადამიანისმიჭირხვნისდრო დადგა

ნინო ქეთელაური

„თვეების განმავლობაში არაერთი გაზეთიდან ვიღებდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვისი “მიჭირხვნა” იყო შეკვეთილი. სია იწყებოდა ალასანიათი, მას მიჰყვა უსუფაშვილი, პრეზიდენტი და ამ კვარტეტში, თავისი მაღალი პროფესიონალიზმითა და პრინციპულობით, ახლა უკვე ჩვენი ომბუდსმენიც მოხვდა, რომელიც, კარგად გვახსოვს, ჩვენი “კადრებთუხუცესის” პირადი არჩევანი არ გახლათ“, – ამის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა “რეზონანსთან” საუბრისას განაცხადა.

სოსო ცისკარიშვილი: კონსტიტუციის ახალი ფორმატის დაბადება “ქართული ოცნების” მხრიდან პრაქტიკულად იმავე საღამოს იყო დაანონსებული, როდესაც მეორე ტურში მათი მაჟორიტარების წარმატება დაფიქსირდა. ზოგიერთმა სულსწრაფმა პოლიტიკოსმა იმავე დღეს გვამცნო, რომ იქნებოდა ცვლილება პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. ცხადია, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მოტივი, რისთვისაც “ქართულმა ოცნებამ” თავი გამოიდო და არცთუ სანატრელი დემოკრატიული არჩევნების პირობებში, ყველგან საკუთარ წარმომადგენლებს გაამარჯვებინა. პარალელურად გამახსენდა, 2014 წლის ადგილობრივი არჩვნების წინ, ყოფილი პრემიერის, ბატონი ღარიბაშვილის განცხადება: “ჩვენ არ დავუშვებთ, “ქართული ოცნების” გარდა ვინმემ გაიმარჯვოს არჩვნებზე”. ანალოგიური განწყობითა და კიდევ უფრო გამდიდრებული მარაგით არცთუ სამართლიანი არჩევნების ჩატარება აღმოჩნდა კონსტიტუციის ცვლილების უპირველესი შესაძლებლობა.

გადიოდა დღეები და მივხვდით, რომ გადაწყვეტილებები ისეთი სისწრაფით უნდა ყოფილიყო მიღებული, რომ დაინტერესებულ პირებს საშუალებაც არ ჰქონოდათ, გასცნობოდნენ, რა სახის ცვლილებებზე იყო საუბარი.

აქვე გააქტიურდნენ ჩვენი პარლამენტის ახალბედა პოლიტიკოსები და ვნახეთ, რომ კომისიის უმრავლესობას სწორედ “ქართული ოცნების” პარლამენტარები წარმოადგენდნენ. გაჩნდა განცდა იმისა, რომ ყველა დანარჩენი წევრი მხოლოდ გვირგვინის შემქმნელი იქნებოდა და ოპოზიის მხრიდან რამდენად სერიოზული წინადადებაც არ უნდა ყოფილიყო შეთავაზებული, მათი ინიციატივების კონსტიტუციაში დაფიქსირების კი არა, არამედ ჯანსაღი გარჩევის შესაძლებლობაც კი არ იქნებოდა. ამიტომ ლოგიკურია, რომ არასაპარლამენტო სივრცესა და სამოქალაქო სექტორში საპროტესტო მუხტი თანდათან იზრდებოდა. მათმა უმრავლესობამ ძალიან მალევე ჩაიქნია ხელი.

- თქვენი აზრით, რა არის ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანი?

- ხელისუფლების მცდელობა, რომ ახალი კონსტიტუციის თითოეული პუნქტი წინა კონსტიტუციასავით მხოლოდ მისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყოს მიმართული, ნათელია. ისიც ვიცით, რომ არსებული კონსტიტუცია სააკაშვილის პირადი ინტერესებით არის შექმნილი. სწორედ მისი სურვილი იყო პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტის გაძლიერება და პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცა, თუმცა, “ქართულმა ოცნებამ” ენეგია არ დაიშურა, რომ პრეზიდენტის არსებობაზე საერთოდ აღარ ყოფილიყო საუბარი. ამის წინაპირობა სამი წლის განმავლობაში ხშირად მოგვისმენია ჩვენი ქვეყნის “კადრებთუხუცესისგან”, რომელმაც შექმნა “ქართული ოცნება”, დღევანდელი პარლამენტის უმრავლესობა და ახლა მისი საფიქრალია, საიდან და რა იარაღით მოახერხოს საპრეზიდენტო ინსტიტუტის ხელისუფლებისთვის მოკვეთა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთ ქმედებას პირდაპირი გაგებით უნდა ველოდოთ, მაგრამ საამისოდ ყველაფერს აკეთებენ. “ქართულ ოცნებას” არ სურს პრეზიდენტი, როგორც მათავარსარდალი, არ უნდა, რომ მას ჰქონდეს ვეტოს უფლება და ა.შ.

როგორც ჩანს, ბოღმა არის ინფექციური დაავადება, რასაც 3 წლის განმავლობაში ჩვენი “კადრებთუხუცესი” პრეზიდენტის მიმართ არ იშურებდა. სწორედ ამ შხამით გამოკვებილი პარლამენტის ახალი წარმომადგენლები მზად არიან, არათუ პრეზიდენტის ფუნქციებზე ისაუბრონ, არამედ ყველაფერი გააკეთონ მისი “მიჭირხვნის” მსურველების დასაკმაყოფილებლად. თუმცა, 2013 წლის მაისში “დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში” სტუმრად მობრძანებული ივანიშვილი გვარწმუნებდა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პრეზიდენტს ირჩევდეს პარლამენტიო; პირიქით, უნდა გაგვეძლიერებინა პრეზიდენტის ინსტიტუტი და მთავრობისა და პარლამენტის დასაბალანსებელი ყველა ბერკეტი მიგვეცა. მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ “კადრებთუხუცესის” მიერ შერჩეული პრეზიდენტობის კანდიდატი არავის მხრიდან პრივატიზაციას არ ექვემდებარება, დაიწყო მთლიანად საპრეზიდენტო ინსტიტუტისთვის ძირის გამოთხრა.

“ქართული ოცნების” პარლამენტარების უმრავლესობა ასე დაგეშილი იმიტომაც არის, რომ პრეზიდენტმა საზოგადოებასთან ურთიერთობა შეძლო, რის გამოც უკვე საჯაროდ დაიწყეს მის წინააღმდეგ თავშეუკავებელი განცხადებებისა და მუქარის გაჟღერება.

ასეა თუ ისე, შეიქმნა რაღაც დოკუმენტი, რომლის შინაარსი ჯერ არ იციან ამ კომისიის იმ წევრებმა, ვინც “ქართულ ოცნებას” არ წამოადგენენ. ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი გამჟღავნდება, მაგრამ ჯერ შექმნა კონსტიტუცია და ხალხს მერე ჰკითხო, არასწორია. ამისთვის საჭიროა რეფერენდუმი. სხვაგვარად, უკვე შექმნილი კონსტიტუციით, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ჩამოიარეს და მერე რამდენიმეკაციან კაბინეტებში მიიღეს კონსტიუტუცია, თითქოს მთელი მოსახლეობის მხარდაჭერა ჰქონდათ, ეს ბლეფი უკვე ნანახი გვაქვს. იმედი მაქვს, რომ “ქართული ოცნების” ახალი სისხლი ასეთ რამეს არ იკადრებს. ეს ორივე პარტია შეპყრობილი იყო მხოლოდ ერთი ნატვრით – რომ დარჩენილიყო ხელისუფლების უმაღლეს დონეზე უკუნითი უკუნისამდე. როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტის შემდეგ, ახლა კიდევ ერთი ღირსეული ადამიანის “მიჭირხვნის” დრო დადგა, რომელსაც პრივატიზაცია ასევე ვერავინ მოუხერხა. ეს გახლავთ ჩვენი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი.

- როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

- ამის მიზეზია ის, რომ ის სისტემატიურად, აბსოლუტურად არგუმენტირებულად, წლების განმავლობაში დებდა განვლილი პერიოდის ანგარიშს, რაც გულზე თაფლად არ ეფინებოდათ იმ სახელმწიფო მოხელეებს, რომელთა სამსახურებრივი მოვალეობა იყო, ასეთი ნეგატიური შეფასებები არ მოხვერილიყო ანგარიშში. ამასთანავე, ვერც იმას დავივიწყებთ, რომ ბატონი უჩა არ გახლავთ ჩვენი “კადრებთუხუცესის” პირადი არჩევანი.

თვეების განმავლობაში არაერთი გაზეთიდან ვიღებდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვისი “მიჭირხვნა” იყო შეკვეთილი. სია იწყებოდა ალასანიათი, მას მიჰყვა უსუფაშვილი, პრეზიდენტი და ამ კვარტეტში თავისი მაღალი პროფესიონალიზმითა და პრინციპულობით მოხვდა ომბუდცმენიც. “ქართული ოცნების” სახელობის კონსტიტუციაში არის კიდეც მკაფიო ჩანაწერი, რომ ომბუდცმენის თანამდებობაზე პირი აირჩევა მხოლოდ გარკვეული ვადით, მაშინ, როდესაც არც ერთ სხვა თანამდებობაზე ასეთი რამ არ არის.

- რას იტყვით საკონსტიტუციო კომისიისადმი ოპოზიციის ბოიკოტზე, დაგვიანებული ხომ არ არის?

- ეს პროტესტი მეორე დღესვე რომ გამოემჟღავნებინათ, “ქართულ ოცნებას” კიდევ უფრო სიმშვიდე ექნებოდა. ახლა, როდესაც ის სუბიქტები, რომლებიც ცდილობენ, რომ კონსტიტუციის შეცვლის პროცესს განერიდონ, მომარაგებული არიან სრულიად კონკრეტული არგუმენტებით, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უფრო მეტი თავის ტკივილი ექნება “ქარულ ოცნებას” იმ სასამართლო ინსტიტუციისგან, რომლის წარმომადგენლებიც ბრძანდებოდნენ თბილისში და ალბათ, ქვეცნობიერად მაინც გაავლებდნენ პარალელებს “ნაციონალური მოძრაობის” შექმნილ კონსტიტუციასთან. მაგრამ ამ კომისიაში ჯერ კიდევ არიან შემორჩენილი ისეთი ადამიანები, რომლებიც ალბათ მას შემდეგ განერიდებიან, როდესაც ბოლომდე გაეცნობიან ამ ტექსტს.

- ისეთი კონსტიტუცია, რომელსაც მხოლოდ მმართველი გუნდი უჭერს მხარს, რისი მომტანი იქნება ხელისუფლებისთვის?

- დიდი ალბათობით, ეს იქნება იმ შედეგის მომტანი, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” დაუდგა ასეთივე საფუძვლების კონსტიტუციის შექნისას. ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ვიოცნებოთ, რომ ხელისუფლების შემდგომი ცვლა იყოს ისეთივე დემოკრატიული, როგორიც იყო 2012 წელს.

რეზონანსი“, 20 აპრილი, 2017 წელი

კალმისა და ჭიქის სროლა პარლამენტის სხდომაზე

გვანცა ღვედაშვილი

საქართველოს პარლამენტში გამართულმა პლენარულმა სხდომამ დაპირისპირებების ფონზე ჩაიარა. მორიგი კონფლიქტი ამჯერად “პატრიოტთა ალიანსის” წევრ ემზარ კვიციანსა და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას შორის მოხდა.

ინციდენტი პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურის გამოსვლისას მოხდა, როდესაც დეპუტატები სხდომის დახურვის საკითხს განიხილავდნენ. კვიციანმა განაცხადა, რომ დახურვას აზრი არ ჰქონდა, რადგან სხდომას “უცხო ქვეყნის რეზიდენტი” გიგა ბოკერია ესწრებოდა.

“პატრიოტთა ალიანსის” წევრის კომენტარს ბოკერიასგან შეურაცხმყოფელი პასუხი მოჰყვა, რის შემდეგაც კვიციანმა ბოკერიასკენ საცემად გაიწია. ფიზიკური დაპირისპირების ასარიდებლად კამათში მანდატურები ჩაერივნენ, რის შემდეგაც კვიციანმა ბოკერიას ჯერ კალამი ესროლა, შემდეგ კი ჭიქიდან წყალი შეასხა.

როგორც სხდომაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ადა მარშანია გვეუბნება, ბოკერიასთან მიმართებით თავისი თანაგუნდელის განცხადება ადეკვატური იყო. მიუხედავად იმისა, რომ არ გაუგონია გიგა ბოკერიას საპასუხო კომენტარი, აცხადებს, რომ ეს “აშკარად ძალიან ცუდი პასუხი” იყო, რადგან კვიციანმა ბოკერიას საცემად გაიწია.

“ბატონმა ემზარმა აბსოლუტურად გასაგები და სამართლიანი ტექსტით მიმართა და გაახსენა ბოკერიას თავისი “გმირული წარსული”. სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგონე, რა უპასუხა გიგამ, თუმცა, ეს იყო ცუდად ნათქვამი, რაზეც ძალიან გაბრაზდა ემზარ კვიციანი. მას უნდოდა ბოკერიასთან ჩასვლა და რას იზამდა, არ ვიცი, ვერ გეტყვით, თუმცა ის დააკავეს და მასთან მისვლის საშუალება არ მისცემს. ვერ გავიგონე, რა უპასუხა, მაგრამ აშკარად რაღაც ცუდი, რადგან ადამიანი ასე გადაირია და მისკენ წავიდა საცემად”, – გვითხრა ადა მარშანიამ.

„ევროპული საქართველოსთვის“ წევრი გიგი წერეთელი კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ იყო სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის მცდელობა. რაც შეეხება კვიციანის განცხადებას, დეპუტატის თქმით, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უჭირს.

„ზუსტად ვინ რა ისროლა დარბაზში, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ იყო უადგილო და სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის მცდელობა. გასაგებია, რომ შეიძლება იყოს გადაძახილ-გადმოძახილი პარლამენტში, მაგრამ ეს ინციდენტი ეთიკურობისა და კორექტულობის საზღვრებს გასცდა. პარლამენტი ის ადგილია, სადაც აზრი უნდა გამოითქვას, დეპუტატებს შესაძლოა, რაღაც აზრი არ მოეწონოთ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაწევ-გამოწევა დაიწყოს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ემზარ კვიციანმა მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ემოციებს აჰყვა.

„გიგა ბოკერიას ჩემი და რამდენიმე წელი ჰყავდა ციხეში გამოკეტილი. ვინმეს უკვირს, რომ გაღიზიანებას გამოიწვევდა მის მიერ ჩემი მისამართით წარმოთქმული სიტყვა? ეს იყო ემოცია და მე მოსახლეობას ბოდიში მოვუხადე. მინდა მივმართო ხელისუფლებას – ნუ უბიძგებთ მოსახლეობას შურისძიებისკენ, აღადგინეთ სამართლიანობა”, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

რეზონანსი“, 20 აპრილი, 2017 წელი

საფერფლე, თანაპარტიელები და გატეხილი შუბლი პარლამენტში

გვანცა ღვედაშვილი

პარლამენტში გუშინ კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა, რომლის შედეგადაც “ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე დაშავდა. კონფლიქტის შესახებ დეპუტატები არ საუბრობენ, თუმცა ცნობილია, რომ ინციდენტისას, სავარაუდოდ, ერთ-ერთი დეპუტატის ოთახში “ევროპული საქართველოს” წევრები ოთარ კახიძე და გიორგი კანდელაკი “ქართული ოცნების” წევრ ვანო ზარდიაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ.

ვინაიდან კონფლიქტთან დაკავშირებულ დეტალებზე არც ერთი დეპუტატი არ საუბრობს და უცნობია, რამ გამოიწვია დაპირისპირება ან ვის შორის იყო კონფლიქტი, მედიაში რამდენიმე ვარიანტი გაჟღერდა. ერთ-ერთი არაოფიციალური ინფორმაციით, დეპუტატთა ოთახში პარლამენტის წევრებს, გიორგი კანდელაკსა და ვანო ზარდიაშვილს შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ადგილზე მყოფთაგან ერთ-ერთმა საფერფლე ისროლა და ის შემთხვევით ოთარ კახიძეს მოხვდა.

თავად უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი „რეზონანსთან“ არ ადასტურებს, რომ უთანხმოება მასა და კანდელაკს შორის იყო. აცხადებს, რომ კონფლიქტის მონაწილენი თავად გააკეთებენ განმარტებებს. „ვისაც ჰქონდათ უთანხმოება, ალბათ ისინი გააკეთებენ კომენტარს. კონკრეტულად რომელ დეპუტატებს შორის მოხდა დაპირისპირება, ვერ გეტყვით”, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

მომხდარს სოციალურ ქსელში დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. მისი ცნობით, კონფლიქტი არა “ევროპულ საქართველოსა” და “ქართული ოცნების”, არამედ “ევროპული საქართველოს” წევრებს შორის მოხდა. „ჩხუბი ვის არ უნახავს პარლამენტში, მაგრამ თანაგუნდელები ერთმანეთს უმიზნებდნენ საფერფლეს… ეს მხოლოდ საქართველოში!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი “ფეისბუქის” გვერდზე.

„რეზონანსთან“ მომხდარის დეტალებზე არც “ევროპული საქართველოს” წევრი გიგი წერეთელი საუბრობს. „დარბაზში ვიყავი და როცა გამოვედი, ეს ფაქტი უკვე მომხდარი იყო. რაც ოთო კახიძეს მოუვიდა, შემთხვევითობაა“, – გვითხრა გიგი წერეთელმა.

დეტალებთან დაკავშირებით “რეზონანსთან” არც გიორგი ტუღუში საუბრობს, ვინც ასევე “ევროპული საქართველოს” წევრია. სწორედ მან გადაიყვანა ოთარ კახიძე საავადმყოფოში მიღებული დაზიანების გამო.

გიორგი ტუღუშის განცხადებით, ოთარ კახიძე თავს მშვენივრად გრძნობს, თუმცა, რომელ დეპუტატებს შორის მოხდა კონფლიქტი და რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი, ამის შესახებ საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ დეტალები არ იცის.

„უბრალოდ, წამოვიყვანე ოთარი. დეტალებზე სჯობს, იმას დაურეკოთ, ვინც იქ იყო. ამ თემაზე ოთო კახიძესთან არ მილაპრაკია. დარბაზიდან გამოსულს შემხვდა ოთო და წამოვიყვანე, რათა დაემუშავებინათ ის დაზიანება, რომელიც მას ჰქონდა. ამის შემდეგ სახლში წავიდა და თავს კარგად გრძნობს”, – განაცხადა გიორგი ტუღუშმა. იგი ზუსტად ვერც იმას ამბობს, თუ რისგან მიიღო კახიძემ დაზიანება. „ოთარი იძახის, რომ რაღაც მოხვდა თავში, შუბლის არეში, რის გამოც პატარა ჭრილობა ჰქონდა. მე არ მაქვს ინფორმაცია. როგორც ვიცი, ეს ყველაფერი დაიწყო ემზარ კვიციანის დადგმული შოუდან, რომელიც გაგრძელდა სხვაგან. დეტალები ნამვილად არ ვიცი და ტყუილს ვერ გეტყვით”, – გვითხრა გიორგი ტუღუშმა.

რეზონანსი“, 20 აპრილი, 2017 წელი

როგორ აფასებთ პარლამენტში მომხდარ ინციდენტებს?

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

როგორ აფასებთ პარლამენტში მომხდარ ამ ინციდენტებს? – ეს კითხვა “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

მიხეილ (ცაგარელი ასტროლოგი): “რაც ხდებოდა პარალმენტში წლების განმავლობაში, ის უფრო გასაკვირი იყო. ახლა უფრო ცივილიზებული ფორმით ხდება დაპირისპირება. ასეთი დაპირისპირებები წლების განმავლობაში ხდებდა. იყო ხელჩართული ჩხუბები, მაგალითად, ძმები ბერძენიშვილილების დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობასთან”, ასევე დედის გინებები და სხვა. მაგრამ ის, რომ გრძელდება სამწუხარო ტრადიცია, ფაქტია. პარლამენტი ხშირად პარლამენტს არ ჰგავს, როცა დეპუტატებში ველური ინსტინქტები იღვიძებენ. მეორე მხრივ, იდეოლოგიურად ეს გასაკვირი არ არის. ერთმანეთზე განაწყენებული არიან და ცხვრ-პირის დამტრვევის სურვილი აქვთ და ავიწყდებათ, რომ დეპუტატები არიან. ასეთი გზითა და გაგებით შორს ვერ წავალთ.”

მიხელ (ღანიშაშვილი პოეტი): “უარყოფითად ვაფასებ, რა თქმა უნდა. პარლამენტი არ არის ის ადგილი, რომ ასეთი ფორმით გამოიხატოს დებატები.”

დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): “როგორც არ მომწონდა ბობოხიძე, როგორ ურტყამდა სხვებს, ასევე არ მომწონს კვიციანისა და ბოკერიას დაპირისპირებაც. არც ერთი მხრიდან ასეთი საქციელი მისაღები არ არის. როდესაც ადამიანებს სიტყვების მარაგი უმთავრდებათ, რომ გამოთქვან აზრი, იწყებენ ჩხუბსა და აყალმაყალს, რაც მიუღებელია.”

ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): “ძალიან უარყოფითად, იმიტომ, რომ თუ რაღაც დაპირისპირებაა, სიტყვით უნდა მოაგვარონ და ერთმანეთის ცემაზე არ უნდა გადავიდნენ. არ შეიძლება, ადამიანები კადრებს მისჩერებოდნენ და იმაზე მსჯელობდნენ, ვინ ვის რა ესროლა. სიტყვიერად გაუმკლავდნენ ერთმანეთს, თუ რამის შნო აქვთ.”

რეზონანსი“, 20 აპრილი, 2017 წელი

ოკუპირებული ტერიტორიები და რუსული სამხედრო კონტინგენტი

ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში მთავარი საფრთხეები დაასახელა

გიორგი აბაშიძე

გუშინ, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ოკუპირებული ტერიტორიები და მათზე განთავსებული რუსული სამხედრო კონტინგენტი საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ საფრთხედ დაასახელა. მისი ინფორმაციით, გასულ წელს მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვის მსურველ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა.

ვახტანგ გომელაურის აზრით, ქვეყნისათვის სერიოზულ გამოწვევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარება, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია, საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავება და ე.წ. ბორდერიზაცია, პროცესი, თავისუფალი გადაადგილებისა და განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ინტენსიური სამხედრო წვრთნები წარმოადგენს. მისი ინფორმაციით, გასულ წელს სამსახური აქტიურად საქმიანობდა კონტრდაზვერვითი მიმართულებით. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის, მათ მიერ გამოყენებული ძალებისა და საშუალებების, დაინტერესების ობიექტებისა და კავშირების შესწავლა, ასევე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენა და აღკვეთა. სამსახურის მიერ ოპერატიული ღონისძიებები გატარდა 99 პირის მიმართ.

სუს-ის ხულმძღვანელის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები სადაზვერვო ინფორმაციის მიღებას არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, ე.წ. “რბილი ძალის” კონცეფციის მიხედვით ცდილობენ. აღნიშნულის განეიტრალების მიზნით, კომპლექსურად და გეგმაზომიერად ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები საქმიანობაში ჩართული ძალებისა და მათი დაფინანსების წყაროების გამოსავლენად, ასევე, იმ პირთა დასადგენად, რომლებიც შესაძლოა, თანამშრომლობდნენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან.

2016 წლის განმავლობაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 17 საქმეზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 21 პირი.

ტერორიზმის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის ერთ-ერთ მაგალითად სუს-ის უფროსმა რუსეთ-სომხეთის გაზსადენის დაგეგმილი აფეთქების თავიდან აცილება დაასახელა. ამ ტერორისტული აქტის მომზადებისათვის შარშან, 20 აგვისტოს საქართველოს 7 მოქალაქე იქნა დაპატიმრებული. მათ საქმეს ამჟამად საქალაქო სასამართლო იხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, გომელაურის განცხადებით, სუს-ის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, თუმცა 2016 წელს ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვის მსურველ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება აღინიშნა.

„ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” რამდენიმე მხარდამჭერი პირი. ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისა და სხვა ბრალდებებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 9 საქმეზე. ამჟამად სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს რამდენიმე მოქალაქე იმყოფება. მიმდინარეობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა. ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების ბრალდებით პასუხისგებაში მიეცნენ სირიიდან და ერაყიდან საქართველოში დაბრუნებული პირები.

საანგარიშო პერიოდში მუდმივად ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს მოქალაქეების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის გამგზავრების პრევენციის მიზნით. ხორციელდებოდა საერთაშორისო პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ან/და კავშირში მყოფ პირებზე, ასევე – ტრანზიტულად გადაადგილების მსურველებზე. კონტრტერორისტული მიმართულებით სასაზღვრო კონტროლზე აყვანილ იქნა 1500-მდე პირი, ხოლო 750-ს აეკრძალა საქართველოში შემოსვლა”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სუს-ის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა, ქიმიური და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შარშან გამოვლინდა რადიოაქტიური ნივთიერების მოპყრობის 2 ფაქტი. 14 აპრილს თბილისში ამოღებული იქნა ქარხნული წესით დამზადებული სპეციალური კონტეინერი, რომელშიც მოთავსებული იყო ურან-238, ხოლო 25 აპრილს, ქობულეთში ამოღებული იქნა 1,665 კგ რადიოაქტიური ნივთიერება, რომელიც შეიცავდა ურან-235-სა და ურან-238-ის იზოტოპებს.

რეზონანსი“, 20 აპრილი, 2017 წელი

რუსები და აფხაზები აფხაზეთის რკინიგზის გახსნისთვის ემზადებიან

რატომ აკავშირებს ოფიციალური მოსკოვი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას 2011 წლის საქართველო-რუსეთის ხელშეკრულებასთან

ეკატერინე ბასილაია

რუსეთის პირველი დიპლომატი ოკუპირებულ აფხაზეთში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც აფხაზებს საერთაშორისო დონეზე დიდი მხარდაჭერა აღუთქვა. ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია, საქართველოს მხრიდან ცეცხლის განუახლებლობაზე იურიდიული დოკუმენტი გაფორმდეს და პლუს ისაუბრა იმაზე, რომ აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენა უნდა მოხდეს, ამისთვის სამართლებრივი ბაზაც არსებობს და დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბასთან ერთად განაცხადა, რომ რკინიგზის მუშაობის განახლებაზე ახლა მხოლოდ ქართული მხარის პასუხს ელოდება.

აღსანიშნავია, რომ რკინიგზის აღდგენას ოფიციალური მოსკოვი 2011 წელს საქართველოსთან გაფორმებულ შეთანხმებას უკავშირებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან – მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან ნეიტრალური მებაჟეები უნდა დადგნენ, რომლებიც ტვირთების მონიტორინგს განახორციელებენ. ამისათვის შერჩეული შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები ამჟამად ბოლო დეტალებს ათანხმებენ რუსეთის ხელისუფლებასთან.

საგულისხმოა ისიც, რომ ეს საკითხი ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად განიხილებოდა კარასინი-აბაშიძის ფორმატში მიმდინარე რუსულ-ქართული მოლაპარაკებისას, ლავროვს კი სოხუმში ამ ვიზიტისას სწორედ მისი მოადგილე გრიგორი კარასინი ახლდა თან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ზურაბ აბაშიძე “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ “რკინიგზის თემა ვიღაცებს აინტერესებს”, მაგრამ საქართველოს ამ თემაზე არავისთან მოლაპარაკება არ აქვს და არც იგეგმება.

პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ სანამ ქართველი მებაჟეები ფსოუზე არ დადგებიან, რკინიგზის გახსნა გამორიცხულია: „რკინიგზის აღდგენა სომხეთისა და რუსეთისთვის აქტუალურია. რუსეთის სურვილია, ამ რკინიგზით მოამარაგოს სომხეთში არსებული გოუმრის რუსული სამხედრო ბაზა. საქართველოსთვის კი პირიქით, ეკონომიკურადაც და უპირველესად, პოლიტიკურ ჭრილში ეს ნაბიჯი მიუღებელია. სანამ ჩვენი მებაჟეები ფსოუზე არ დადგებიან, რკინიგზის გახსნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება,” – ამბობს “ექსპერტთა კლუბის” წევრი ირაკლი ცქიტიშვილი.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ მთავარი საკითხია – ჩვენ სანაცვლოდ რას მივიღებთ და სად უნდა დაფიქსირდეს ეკონომიკური საზღვარი – ენგურზე თუ ფსოუზე.

„მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ კოზირი დაკარგა, როდესაც ევროპამ დაიყოლია და რუსეთს მსო-ში (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია) შესვლის ნებართვა მისცა და სანაცვლოდ არაფერი მიგვიღია. დღეს ვეძებთ იმას, რომ შვეიცარიელი მონიტორები დადგნენ, მაგრამ არანაირი მონიტორინგი არ ხდება, რუსეთი კი მსო-ის წევრია. რკინიგზის შემთხვევაშიც სად იქნება საზღვარი? თუ კომპრომისამდე მივიდნენ, რომ ფსოუზე იყოს შვეიცარიელი მებაჟეები, უცხო ქვეყანას რატომ უნდა მივცეთ ჩვენი საზღვრის, ფსოუს საზღვრის გაკონტროლების ნებართვა? თუკი არაფერს არ მივიღებთ, რკინიგზის გახსნა გამორიცხულია. სანაცვლოდ რას მივიღებთ, ტრანზიტისთვის რაღაც კაპიკებს გადაგვიხდიან?” – აღნიშნავს სოსო ცინცაძე.

აღსანიშნავია, რომ სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მისი მოადგილე გრეგორი კარასინი რუსეთის “საელჩოს” გახსნისთვის ჩავიდნენ, სადაც გუშინ პრესკონფერენციაზე უკვე მერამდენედ გააქტიურდა რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენის თემა. „რუსულ მხარეს არანაირი პრობლემა არ გააჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ ტრანზიტი აღდგეს. ამისთვის სამართლებრივი საფუძველიც არსებობს, ის შეთანხმებები, რომლებიც მიღწეული იქნა რუსეთსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შორის 2011 წელს, როდესაც ჩვენ მასში გავწევრიანდით. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი სომეხი კოლეგები დაინტერესებული არიან ტრანზიტის აღდგენით. დღეს აფხაზეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რესპუბლიკა ამის წინააღმდეგი არ არის, ამიტომ ეს აღარ არის ჩვენზე დამოკიდებული, არამედ იმ ქვეყნებზე, რომლებზეც ამ ტრანზიტმა უნდა გაიაროს”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენას “რესპუბლიკისთვის” მომგებიანი საკითხი უწოდა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამაც და აღნიშნა, რომ ამ ტრანზიტით ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლები შევა. “ეს საკითხები ცივილიზებულად უნდა გადაწყდეს. იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე მზად იქნება, მე ეჭვი არ მეპარება, რომ პროცესი დადებითად გადაწყდება,” – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

საგულისხმოა, რომ წლებია, რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენის თემა პერიოდულად აქტიურდება. ერევნისთვის თბილისთან საუბრის უმთავრესი საკითხია სწორედ რკინიგზის აღდგენაზე ქართული მხარის დათანხმება და სომხურ მედიაში ხშირად ჩნდება სტატიები იმაზე, რომ თბილისთან მოლაპარაკებები მიდის. ოფიციალური თბილისი მსგავს მოლაპარაკებას მუდმივად უარყოფს.

პოლიტოლოგ ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, რკინიგზის აღდგენა არის მოსკოვისა და ერევნის დიდი ინტერესი, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას კი რკინიგზის გახსნა მაინდამაინც არ სურს, მათ ეშინიათ, რომ ამ რკინიგზით ქართველები აფხაზეთში დაბრუნდებიან. მაგრამ რუსეთის მხრიდან რკინიგზის აღდგენაზე გაკეთებულ განცხადებებს საჯაროდ მაინც ეთანხმებიან, თან იმედი აქვთ, რომ თბილისი ამას არ დათანხმდება.

“ამჯერად ლავროვმა მინიშნება გააკეთა 2011 წლის იმ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესული თუ გატარებული ტვირთების მონიტორინგი უნდა მოხდეს შვეიცარიელი მებაჟეების მიერ. თუმცა, თუ ქართული მხარე რკინიგზის აღდგენას დათანხმდება, ეს ხელშეკრულება არაფერ შუაშია, ამის გარეშეც შეიძლება ამის გაკეთება. ეს განცხადება უფრო პოლიტიკურია და იმის მცდელობაა, ქართულ მხარეზე ზეწოლა მოახდინონ,” – ამბობს ირაკლი ცქიტიშვილი. მისი თვალსაზრისით, აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნა არ მოხდება, რადგან საქართველოსთვის ამ საკითხს უპირველესად პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

„აქ ჩვენთვის მთავარი საკითხია, როგორ და სად გავაკონტროლებთ იმ ტვირთს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაივლის. ჩვენი საბაჟო სად უნდა დავაყენოთ? ფსოუზე აფხაზები საბაჟოს არ დაგვაყენებინებენ, ენგურზე დაყენებით კი პოლიტიკურად დაფიქსირდება, რომ ენგურის გადასასვლელს ვაღიარებთ, როგორც პოლიტიკურ საზღვარს, რისი დაშვებაც წარმოუდგენელია. მარტო ეს ერთი საკითხი ბლოკავს რკინიგზის აღდგენას.

თუმცა, ეკონომიკურადაც რომ განვიხილოთ, თუკი რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენა მოხდება, შეიძლება, შემცირდეს ტვირთნაკადები ფოთის პორტშიც და ახლა რკინიგზაზეც – ბაქო-თბილისი-ყარსზეც. ამხელა თანხაა ამ რკინიგზის ამუშავებაში ჩადებული და უკვე ეკონომიკური პრობლემებიც კი შეიძლება შეგვექმნას, თუ სომხეთის ტვირთები აღდგენილი რკინიგზით წავა,”- დასძენს ირაკლი ცქიტიშვილი.

რეზონანსი“, 20 აპრილი, 2017 წელი

ექსპერტი: საფრანგეთთან 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოსთვის წამგებიანია

თიკო ოსმანოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება, სადაც ფრანგ კოლეგა ჟან-ივ ლე დრაინს შეხვდა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება იყო. აღინიშნა, რომ ქართული მხარე კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს კარგად ასრულებს. მინისტრებმა კონტრაქტის მომდევნო ეტაპის შესახებ იმსჯელეს, რაც ფრანგული თავდაცვითი სისტემის გამოყენებისთვის ქართველი სპეციალისტების გადამზადებას ისახავს.

საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაში საფრანგეთის ჩართულობასაც. „საფრანგეთის მხრიდან დინამიკა მზარდია, კერძოდ, წელს შავ ზღვაში მორიგი სამხედრო ხომალდის გამოგზავნა იგეგმება, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება. საფრანგეთი ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირედ რჩება და ჩვენი სამხედრო აღმშნებელობის საქმეში უფრო დიდ წვლილს შეიტანს”, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე საუბარი ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო, მაშინდელი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას პერიოდში, მერე გაგრძელდა მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს და საბოლოოდ, ხელშეკრულება თინათინ ხიდაშელმა გააფორმა.

თუ რა სახის თანამშრომლობაზეა კონკრეტულად საუბარი ორ ქვეყანას შორის, დღემდე საიდუმლოდ რჩება. თუმცა, ფრანგულ და ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, აქ საუბარი უნდა იყოს საჰაერო სივრცის კონტროლის საშუალებების შესყიდვაზე. პირველ რიგში, მობილურ რადიოლოკაციურ სადგურსა და საზენიტო საჰაერო კომპლექსების შეძენაზე.

„კონტრაქტში კონკრეტული გეგმაა გაწერილი, თუ რა დროს, რა ნაბიჯები უნდა განხორციელდეს, როდის უნდა ჩამოვიდეს ტექნიკა, როდის უნდა მომზადდნენ სპეციალისტები და სხვა. ეს ყველაფერი არის გეგმით გაწერილი, თუმცა საიდუმლო ინფორმაციაა, ამიტომ ვერაფერს გეტყვით”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

კონტრაქტის პირობები და ეტაპი უცნობია ჟურნალ “არსენალის” მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილისთვისაც. მისი თქმით, მხოლოდ მცირე დეტალები გაიგო ფრანგული მედიის საშუალებით, თუმცა ესეც სამხედრო საიდუმლოებას წარმოადგენს, ამიტომ დეტალურად ვერ ისაუბრებს.

“თავის დროზე, როდესაც ეს კონტრაქტი დაიდო, აფიშირება არ მოხდა, თუმცა დასავლური მასმედიის საშუალებით რაღაც დეტალები გახდა ცნობილი. დაახლოებით არის ცნობილი, რის შესყიდვაზეა საუბარი. ეს არის მობილური ლოკატორები და საჰაერო თავდაცვის სისტემა, თუმცა ეს სამხედრო საიდუმლოებას წარმოადგენს, ამიტომ ვერაფერს გეტყვით. კონტრაქტში შედის არა მარტო პირდაპირი შესყიდვა, არამედ ტრანშების გადარიცხვა. ასევე მასშია გათვალისწინებული პერსონალის მომზადება. ეს ყველაფერი ეტაპობრივად მოხდება”, – გვითხრა ირაკლი ალადაშვილმა. მისივე აზრით, ეს პროცესი დროში საკმაოდ გაიწელა. „ვფიქრობ, ეს პროცესი დროში საკმაოდ გაიწელა. როგორც ცნობილია, ეტაპებზეა საუბარი, ჯერ არის უფრო მარტივის შეძენაზე და შემდეგ უფრო ძლიერი შესაძლებლობის სისტემის შეძენაზე. ქართველი სამხედროების გადამზადება კი საფრანგეთში მოხდება, მაგრამ რამდენი სამხედრო გაემგზავრება და როდის, უცნობია”, – გვითხრა ირაკლი ალადაშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ საუბარია საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რომელთა მოქმედების რადიუსიც 100-120 კილომეტრია.

„კონტრაქტი გასაიდუმლოებულია და მასზე ხელი არავის მიუწვდება, გარდა ხელმომწერებისა. თუმცა, როგორც ვვარაუდობ, საუბარია, ფრანგულ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებულ საჰაერო თავდაცვის სისტემაზე. როგორც ვიცი, ამ კომპანიას კარგი რეპუტაცია აქვს და ნატო-ს წევრ რამდენიმე სახელმწიფოს ემსახურება. ირაკლი ალასანია სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვას აპირებდა, მაგრამ ეს არ განხორციელდა და თინა ხიდაშელის მიერ სულ სხვა ხელშკერულება დაიდო. ახლა საუბარია მხოლოდ საჰაერო თავდაცვით სისტემაზე. მისი დაფარვის ზონა დაახლოებით 100-120 კილომეტრია. მათ შეუძლიათ რამდენიმე ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავის ერთდროულად დაფიქსირება და განადგურება 50-70 კილომეტრის მანძილზე და ძირითადად გამოიყენება ოპერატიულ-ტაქტიკური საჰარეო თავდაცვის მიზნით”, – გვითხრა მაისაიამ.

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე კი თინა ხიდაშელის მიერ გაფორმებულ ამ ხელშეკრულებას საქართველოსთვის არამომგებინად თვლის, თუმცა სამხედრო საიდუმლოების გამო დეტალებზე ვერ საუბრობს. „ჩემი შეფასებით, 2015 წელს გაფორმებული ეს ხელშეკრულება საქართველოსთვის წამგებიანია. ვიცი კონკრეტულად, რა საჰაერო თავდაცვის სისტემაზეა საუბარი და რა მახასიათებლები აქვს, თუმცა ეს სამხედრო საიდუმლოებას წარმოადგენს. ამიტომ ამის შესახებ დეტალურად ვერ ვისაუბრებ“, – გვითხრა ამირან სალუქვაძემ.

„ახალი თაობა“, 20 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ოცნებას ეშინია, რომ გიორგი მარგველაშვილი ისევ არ გახდეს პრეზიდენტი // „თურქეთი პრობლემებს ვერ შეგვიქმნის. აჭარაზე საუბარი რუსეთის პროპაგანდაა“

„ახალი თაობის“ კითხვებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.

- ბატონო თორნიკე, საკონსტიტუციო ცვლილებები, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე ჩვენს მეზობელ თურქეთში, საზოგადოების ვნებათაღელვის საგნად იქცა. რამდენად სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის ის პროცესები, რომლებიც დღეს თურქეთში ვითარდება?

- ჩვენთვის საფრთხის შემცველი იქნება თურქეთის დასუსტება. მისი გაძლიერება ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და არც ამ ვნებათაღელვის მესმის, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. ჩვენი საქმე ნაკლებად არის, თურქეთი რამდენად დაადგა დემოკრატიზაციის თუ ავტორიტარიზმის გზას. ჩვენ ეს ფაქტი უნდა მივიღოთ ისე, როგორც არის. უმრავლესობას უნდა გაზრდილი საპრეზიდენტო უფლებები.

- რეჯებ ერდოღანმა გააყალბა რეფერენდუმის შედეგებიო...

- არა მგონია, ასე იყოს. თურქეთში ასე მარტივად არ ყალბდება არჩევნების შედეგები. იქ გაცილებით მეტი გამოცდილება აქვთ დემოკრატიის, ვიდრე ჩვენ. მოსახლეობის უმრავლესობას უნდოდა ეს ცვლილებები და გატარდა. ხოლო დიდ ქალაქებში, სადაც ცხოვრობს უფრო ინფორმირებული საზოგადოება, ეს არ მოინდომეს. ეს თავისთავად ცუდის ნიშანია. ასე რომ, ამ პროცესს ასე მარტივი ლეგიტიმაცია არ ექნება.

- ცუდი რეჯებ ერდოღანისთვის?

- რასაკვირველია. მას დიდი ქალაქები არ უჭერენ მხარს. ბუნებრივია, ეს ცუდია. მეორე მხრივ, როგორც ჩანს, ძალიან დასუსტდა ოპოზიცია, დასუსტდა ათათურქის პარტია. ეს კი მათ თავიანთ თავს დააბრალონ, რადგან მათ ძლიერი ლიდერი არ აღმოაჩნდათ.

- ძველი გავლენების დაბრუნება უნდა რეჯებ ერდოღანს, ოსმალეთის იმპერიის აღდგენა და აჭარაზე კონტროლის დამყარებაო, ასეთი შეფასებები კეთდება ჩვენთან. ამის შესახებ რას იტყვით?

- ეს ის სიმღერაა, რომელსაც კარგად მღერის ამ ბოლო დროს რუსული პროპაგანდა. სამწუხაროდ, დღეს ეს ბევრმა აიტაცა. ძალიანაც რომ მოინდომოს ოსმალეთის იმპერიის აღდგენა, ამას როგორ შეძლებს?! არიქა, ოსმალეთის იმპერია აღდგება, საქართველოს თავს დაესხმება და ტერიტორიას წაართმევს? ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოა და როდის იყო ნატოს წევრი სახელმწიფო თავს ესხმოდა ქვეყნებს და ტერიტორიებს ართმევდა?! რა სისულელეა! ეს რუსული პროპაგანდაა, რომელსაც ჩვენთან ბევრი არაინფორმირებული, ან ბევრი პროვოკატორი აჰყვება ხოლმე. ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება.

- საკონსტიტუციო ცვლილებები ჩვენს ქვეყანაშიც მიმდინარეობს, ბევრი პარალელსაც ავლებს თურქეთსა და ჩვენს ქვეყანას შორის. რას იტყვით იმ ცვლილებებზე რომლებიც კონსტიტუციაში შედის?

- თუ დავიწყებთ პრეზიდენტის ინსტიტუტით, გასაგებია, ეს ყველაფერი საითკენ მიდის. საქმე ეხება იმას, რამდენად მორჩილი იქნება მომავალი პრეზიდენტი. დანარჩენი ყველაფერი ზღაპარია.

- ოპოზიციის დიდი ნაწილი ტოვებს კომისიას. უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ მუშაობა უკვე დასრულებულია და კომისიის ახლა დატოვება უპასუხისმგებლობაა. რას ფიქრობთ თქვენ?

- ჩვენ ორი მიდგომა ვნახეთ. ერთი ის, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლები საერთოდ არ შევიდნენ ამ კომისიაში და მეორე ის, რომ ოპოზიცია პროცესების ბოლოს გავიდა კომისიიდან. ორივე შემთხვევაში ცხადია, რომ არც ერთი არ ეთანხმებოდა კომისიის მუშაობას. საკითხავია, რომელი მიდგომა ჯობდა, თავიდანვე არ შეხვიდე თუ ბოლოსკენ გამოხვიდე?!

- რამდენად არის იმის შესაძლებლობა, რომ კომისიის მუშაობა არალეგიტიმურად ჩაითვალოს?

- ფაქტია, რომ ეს პროცესი კომისიის მუშაობას ძალიან დაასუსტებს. საკითხავია ისიც, ეს პარლამენტი როგორ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის დასკვნებს. ძალიან ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

- ვენეციის კომისიის იმედი აქვს ოპოზიციას. შეცვლის რეალურად რამეს მისი დასკვნები?

- თუ უმრავლესობამ მისი დასკვნები არ გაითვალისწინა, მაშინ დელეგიტიმაცია იქნება ძალიან სერიოზული.

- ელოდებით სერიოზულ შენიშვნებს ვენეციის კომისიისგან?

- რთული სათქმელია. ფორმალურად უმრავლესობა სწორს ამბობს, რომ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკისკენ მივდივართ, ამიტომ უნდა შევასუსტოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი. თუმცა ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ მხოლოდ ფორმალურად, პირობითად. ჩვენ, სამწუხაროდ, ყოველთვის გვქონდა და გვაქვს ერთპარტიული მმართველობა. ერთი პარტია არის ხოლმე რეალურად ქვეყნის სათავეში, პარტია, რომელიც არ დგას არანაირ იდეოლოგიაზე. ეს ეხება როგორც ამ პარტიას, ისე წინა მმართველ პარტიებს. ასეთ სიტუაციაში რამდენად გამართლებულია, რომ შენს თავს დაარქვა საპარლამენტო რესპუბლიკა, ეს ვიღაც-ვიღაცების სინდისზეა.

- არ არის ჩვენი ქვეყანა მზად საპარლამენტო რესპუბლიკისთვის?

- არა. ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდებით საპარლამენტო რესპუბლიკად. რომელი პოლიტიკური პარტია ვიცით საქართველოში, რომლებიც მუდმივად დგანან ერთ იდეოლოგიაზე?! ეს სამწუხარო რეალობაა. ჩვენს ქვეყანას არ აქვს მრავალპარტიული პარლამენტის გამოცდილება, რაც დამახასიათებელია საპარლამენტო რესპუბლიკისთვის. ყველა ცდილობს, რომ საკანონმდებლო ორგანო დაუმორჩილოს აღმასრულებელ ხელისუფლებას.

- ანუ ჩვენთან ეს მოდელი არ იმუშავებს?

- არა. ეს უბრალოდ სასაცილოა. პარლამენტში რომელს გააჩნია საკუთარი, დამოუკიდებელი აზრი?!

- უნდა დარჩეს შერეული მოდელი თუ უნდა გადავიდეთ ისევ საპრეზიდენტო მმართველობაზე?

- უკან დაბრუნება არ ივარგებს. უნდა დარჩეს შერეული მოდელი. საინტერესოა, მომავალი პრეზიდენტი როგორი იქნება. გიორგი მარგველაშვილს ყოველთვის აწუხებს ის პრობლემა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევა ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

- ვერ გამოვიდა ბიძინა ივანიშვილის ჩრდილიდან?

- ჯერჯერობით ვერ გამოდის. თუ მომავალში კენჭი იყარა და გაიმარჯვა, რა თქმა უნდა, გაცილებით ძლიერი პრეზიდენტი იქნება! ეს `ოცნებას~ ნამდვილად არ აწყობს და სწორედ ამიტომ ცდილობს, ამ ინსტიტუტს მაქსიმალურად შეუკვეცოს ფრთები.

„ახალი თაობა“, 20 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ ლევან ჩაჩუასთან: „ქვეყნის სადავეებს უნდა ჩამოვაცილოთ ისინი, ვისაც არც რუსეთთან შეუძლია დალაპარაკება და არც აშშ-სთან“ // „შემოდგომაზე ქართულ ოცნებას დიდი საპროტესტო მოძრაობა ემუქრება

„ახალი თაობა“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა მოძრაობა „ქართული იდეის“ ლიდერ ლევან ჩაჩუას

- ოპოტენტების აზრით, ქართული ოცნება ქვეყანაში ერთპარტიულ მმართველობას ამყარებს, რასაც ემსახურება კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები...

_ ბიძინა ივანიშვილს თავიდანვე ორპარტიულობის დამკვიდრება უნდოდა. ეს გამოჩნდა მაშინ, როცა მან აღნიშნა, რომ პოლიტიკაში შუა უნდა გაიკრიფოს. ეს პრინციპი ახლაც აქტუალურია. „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა კოაბიტაცია და საზოგადოებას მთავარ ოპოზიციად თავს მოახვია კრიმინალური დაჯგუფება – „ნაციონალური მოძრაობა“. მმართველ პარტიას ისევ არ უნდა, რომ პოლიტიკაში სხვებიც იყვნენ. მათთვის მთავარი ოპოზიცია რამდენიმე ნაწილად დაყოფილი ნაციონალური მოძრაობაა. კონსტიტუციის შეცვლაც სათავისოდ უნდათ, თუმცა ერთია სურვილი და მეორე – შესაძლებლობა. „ქართულ ოცნებას“ არც ერთპარტიულობა გამოუვა და არც – ორპარტიულობა.

- რატომ?

- ქვეყანაში ისედაც დიდია უკმაყოფილება. `ქართულ ოცნებას~ ყველაფერი არ გაუვა. სააკაშვილმაც მოირგო საკუთარ თავზე კონსტიტუცია, ყველაფერი ხელში ჩაიგდო, მაგრამ მას მოუხდა საქართველოდან გაქცევა. `ქართული ოცნების~ საქმეც ცუდადაა. შეიძლება გაქცევა ამათაც მოუხდეთ. ხალხის მდგომარეობა მძიმეა. ფასები იზრდება, აქციზის მატება უკვე აისახა სოციალურ მდგომარეობაზე. გაღატაკების პროცესი გრძელდება. ამ დროს „ქართული ოცნების“ დაპირებებში გადასახადების შემცირება და კიდევ ბევრი სიკეთე იყო. მმართველმა პარტიამ ვერც დეოკუპაციისკენ გადადგა ნაბიჯები. არც მშვიდობა და სტაბილურობაა გარანტირებული. შემოდგომაზე „ქართულ ოცნებას“ დიდი საპროტესტო მოძრაობა ემუქრება.

- ოქტომბერში ადგილობრივი არჩევნებია. პროტესტი მაინც იქნება?

- პროტესტი გარდაუვალია. მოუგვარებელ საშინაო პრობლემებს ემატება საგარეო საფრთხეები. „ოცნება» არ ზრუნავს ტერიტორიულ მთლიანობასა და დეოკუპაციაზე. რუსეთთან საჭირო იყო ამ პრობლემებზე დალაპარაკება. ამათ ეს ვერ გაბედეს და რუსეთთან ურთიერთობა უფრო დაიძაბა. მმართველმა პარტიამ და „მთავარმა“ ოპოზიციამ თავიანთი არასწორი და პროვოკაციული მოქმედებებით ფაქტობრივად უარი თქვეს აშშ-ის ახლანდელ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე.

- ეს შეფასება გაზვიადებული არ არის?

- არა, იმიტომ, რომ დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო რიტორიკა გრძელდება. ქართული პოლიტიკური ელიტა მჭიდროდაა დაკავშირებული ჯონ მაკეინთან, ჰილარი კლინტონის ტიპის მოღვაწეებთან, ჯორჯ სოროსთან. ისინი ვერ ითანამშრომლებენ დონალდ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან. დონალდ ტრამპი ის ლიდერია, რომელიც ატარებს რევოლუციურ გარდაქმნებს.

- დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელმა ნაბიჯებმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პოლიტიკა ძირეულად არ იცვლება...

- მისი გადაწყვეტილებების შედეგად დამტკიცდა, რომ აშშ მსოფლიოში ისევ ჰეგემონია. მან მოახდინა სიძლიერის დემონსტრირება. გარკვეულ საკითხებში ტრამპი რევოლუციონერია. მას ნათქვამი აქვს, რომ აშშ არ მოახვევს ცხოვრების წესს სხვა ქვეყნებს, არ მოახდენს მამათმავლობის, ერთნაირსქესიანთა ქორწინებების პროპაგანდას და ლგბტ მიმართულებების დაფინანსებას. მანამდე, ცოტა ხნით ადრე, მისი წინამორბედი ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლები აგრესიულად ერეოდნენ სხვა ქვეყნების საქმეებში და მოითხოვდნენ ერთნაირსქესიანთა ქორწინებების დაკანონებას. ჩვენი პოლიტიკოსები კავშირში არიან ასეთ ხალხთან. ისინი ტრამპს აკრიტიკებენ და უფრო ეფლობიან იმ ჭაობში, რომელშიც აღმოჩნდნენ.

- მარტში აღნიშნეთ, რომ საქართველოში ჩამოდის ამერიკელი პროკურორების ჯგუფი, რომელმაც უნდა შეისწავლოს წინა წლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების (იუსაიდი) სააგენტოს მიერ გაცემული გრანტების კანონიერება...

- ისინი 5-13 აპრილს იმყოფებოდნენ საქართველოში. ამერიკელებთან შეხვედრაც გვქონდა. მის დეტალებს ვერ გავახმაურებ. საზოგადოებას შემიძლია მივაწოდო სასიხარულო ინფორმაცია გრანტებზე. მათი განაწილება საეჭვო ხალხის ხელში აღარ მოხვდება. ამ სფეროში აღარ იქნება დანაშაული. ამ მიზნით შესაბამისი ოფისი თბილისშიც იხსნება. აქედან პროექტები აშშ-ის სათავო ოფისში გაიგზავნება, სადაც გადაწყდება მათი დაფინანსების საკითხი. „ქართულ იდეას“ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს მეცნიერებთან. იმედი მაქვს, მათი იდეები ხალხს მოხმარდება და ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა გაუმჯობესდება. პროექტები მოიცავს ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობასა და სხვა სფეროებს.

- საპროტესტო გამოსვლას თქვენც არ გამორიცხავთ?

- რა თქმა უნდა. ჩვენი მოძრაობა ფართოვდება. გვემატებიან ადამიანები, რომლებსაც არა მარტო კეთილდღეობა, არამედ მშვიდობა და სულიერების დაცვა უნდათ. არის მოთხოვნა იმ პოლიტიკოსებზე, რომლებსაც სუფთა ბიოგრაფია აქვთ. ხალხს არ უნდა, რომ საქართველო მეორე სირიად გადაიქცეს. ადამიანები იმედით ელიან, რომ ქართველები დიალოგს გამართავენ რუსეთთან და ააწყობენ ურთიერთობას ამერიკასთან. ქვეყნის მართვის სადავეებს უნდა ჩამოვაცილოთ პირები, რომლებსაც არც რუსეთთან შეუძლიათ დალაპარაკება და არც _ ამერიკასთან. ეს ქვეყანას პოლიგონად გადააქცევს.

ერთ აქციაზე ჩვენ ხელისუფლებას 14-პუნქტიანი მოთხოვნები წარვუდგინეთ და ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესრულება მოვთხოვეთ. ეს მოთხოვნები ძალაშია. 90-იან წლებში ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ბოლო მოუღო წითელ ბოლშევიზმს. ჩვენ ცისფერ ბოლშევიზმსაც დავამარცხებთ.

„ახალი თაობა“, 20 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ალეკო ელისაშვილს კახა კალაძის დამარცხება გაუჭირდება // ვის ექნება თბილისის მერობის სურვილი

პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში დედაქალაქის მერობის შესაძლო კანდიდატებსა და მათ შანსებზე საუბრობს.

- ბატონო რამაზ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ პოლიტიკური გადაჯგუფება, ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენა რამდენად არის მოსალოდნელი?

- ადგილობრივი არჩევნები ყოველთვის არის რეპეტიცია საპარლამენტო არჩევნების. შესაბამისად, თუ ვინმე რამეს აპირებს, სწორედ ახლა უნდა გამოჩნდეს. თუმცა, ადგილობრივი არჩევნები არ არის ისეთი მწვავე, როგორიც არის ხოლმე საპარლამენტო არჩევნები. მე მაინცდამაინც არ ველოდები დიდ გაერთიანებებს.

- კონსტიტუციაში თუ ჩაიწერა საარჩევნო ბლოკების აკრძალვის შესახებ, გაერთიანების თემა აქტუალობას დაკარგავს...

- არაფორმალურად მაინც იქნება ერთმანეთთან შეთანხმება და არ არის გამორიცხული, რომ არაფორმალური ბლოკები ვიხილოთ, რომ ხელი არ შეუშალონ გარკვეულ რაიონებში ერთმანეთს. „მე დავაყენებ, შენ არ დააყენო“ – ასეთი მოლაპარაკებები წავა. ერთმანეთთან „დაჯახებას“ მოერიდებიან, მაგალითად, „ნაციონალები“ და „ევროპული საქართველო“, რესპუბლიკელები და დავით უსუფაშვილი, რომელიც აპირებს ახალი პარტიის შექმნას.

- დედაქალაქის მერობის კანდიდატები უკვე სახელდებიან: ალეკო ელისაშვილი, ელენე ხოშტარია, კახა კალაძე. არ არის გამორიცხული, რომ თბილისის მერის პოსტზე კენჭი დავით უსუფაშვილმაც იყაროს. რა შანსები აქვთ ამ კანდიდატებს?

- გასაგებია, რომ უკვე სახელდება გარკვეული გვარები, კანდიდატები. ამით ხდება, ერთი მხრივ, წინასწარი მოსინჯვა, მოთელვა, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება ამა თუ იმ კანდიდატის მიმართ და მეორე მხრივ, ვიღაცებს მართლაც აქვთ გადაწყვეტილი, რომ კენჭი იყარონ.

- და რა შანსები აქვთ?

- შანსები ბევრ რამეზე არის ხოლმე დამოკიდებული. თქვენ მიერ ჩამოთვლილი ადამიანები უცხო არ არის ამომრჩევლისთვის. მეტიც, ისინი უკვე იყვნენ კანდიდატები, მაგალითად, ელენე ხოშტარია საპარლამენტო არჩევნებში ვაკის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს, მაგრამ თავისავე უბანში წააგო. მიუხედავად იმისა, რომ ელენე ხოშტარია არის ახალგაზრდა, ჭკვიანი ქალი, როგორც ქართველები იტყვიან და ბევრს მოსწონდა კიდეც, მიუხედავად ამისა, წააგო, ამის მიზეზი იყო არა იმდენად მასში, არამედ მის პარტიაში, რომლის სახელითაც ის გამოდიოდა. ამომრჩეველმა ხმა არ მისცა არა ელენე ხოშტარიას, არამედ „ნაციონალურ მოძრაობას“.

- დავით უსუფაშვილმაც წააგო საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები. წააგო იმიტომ, რომ რესპუბლიკელებს წარმოადგენდა?

- დიახ, მიუხედავად იმისა, რომ დავით უსუფაშვილი იყო პარლამენტის თავმჯდომარე, ის ბევრს მოსწონდა, როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ მას ბევრმა ხმა არ მისცა, როგორც რესპუბლიკელს. უსუფაშვილს უფრო მეტი შანსი აქვს დღეს ამ მიმართულებით, თუმცა ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული მის შემდგომ პოლიტიკურ ნაბიჯებზე, რას იზამს, ვინ იქნება მის პოლიტიკურ გუნდში, ვისთან ექნება პოლიტიკური ახლობლობა და ა.შ. ელენე ხოშტარიას შანსები კვლავ ნაკლებია, რადგან ნაციონალური მოძრაობის განაყოფის მიმართ ხალხის დამოკიდებულება დიდად არ არის შეცვლილი. თუ დისტანცირებას შეძლებენ ისინი და მოახერხებენ ამ ბარიერის დაძლევას, შანსი უფრო მეტი ექნებათ. ამ მხრივ უფრო დიდი შანსი ალეკო ელისაშვილს აქვს.

- ალეკო ელისაშვილმა უკვე განაცხადა, რომ თუ კენჭს იყრის, ის კვლავ დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება...

- ალეკო ელისაშვილმა შემთხვევით არ თქვა, რომ კვლავ დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება. მან იცის, რომ საზოგადოებაში პარტიების მიმართ ძალიან მაღალია კრიტიკული დამოკიდებულება. თუმცა, რამდენად დაძლევს სახელისუფლო კანდიდატთან ორთაბრძოლას, მით უფრო, თუ ეს კანდიდატი კახა კალაძე იქნა, ეს დღეს რთული სათქმელია. ალბათ ძალიან გაუჭირდება, რადგან სახელისუფლო კანდიდატთან ორთაბრძოლა მარტივი არ არის. სახელისუფლო კანდიდატს მხარს ყოველთვის მმართველი პარტია უჭერს, რაც ორგანიზაციული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია.

- მიუხედავად იმისა, რომ კახა კალაძეს მხარს უჭერენ საკრებულოში, მერიაშიც, რამდენად ექნება მერობის სურვილი?

- რატომ არ უნდა ჰქონდეს?! ძალიან აქტიურია, არასდროს ერიდება თავისი აზრის დაფიქსირებას, თავისუფალია საჯარო გამოსვლებში. მას ყოველთვის აქვს თავისი პოლიტიკური პოზიცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- თუმცა, კახა კალაძესთან თავს იჩენს გაზპრომთან დადებული ახალი ხელშეკრულება

- ერთადერთი, რაც მის მიმართ შეიძლება პრეტენზია იყოს, ეს არის „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ჯგუფის მიერ წარმოებული კრიტიკა მისი მისამართით. სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ აკრიტიკებს ძირითადად კალაძეს „გაზპრომთან“ დაკავშირებით. ამიტომ ეს კრიტიკა შეიძლება ამომრჩევლის ფართო მასებისთვის მთლად მისაღები არ იყოს.

- ხელისუფლებისთვის კალაძე რამდენად იქნება მომგებიანი კანდიდატი?

- კახა კალაძე ხელისუფლებისთვის ყველაზე მომგებიანი კანდიდატი იქნება, რადგან ის არ აღიქმება, როგორც პასიური, კაბინეტის პოლიტიკოსი. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ სახელისუფლო პარტიამ სხვა კანდიდატებზეც იფიქროს.

- თბილისში ხელისუფლებას ძლიერი კონკურენტები ეყოლება, თუ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება უალტერნატივოა?

- ძალიან ძლიერი ბრძოლა იქნება ყველა დონეზე. ეს ადგილობრივი არჩევნები ნაციონალური მოძრაობისთვის გადარჩენისთვის ბრძოლა იქნება. თუ „ნაციონალებმა“ მოახერხეს ბევრი მანდატის მოპოვება საკრებულოებში, მაშინ მათ შეეძლებათ ცენტრალური ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნა რეგიონებში. სხვა პარტიებში ეს ჟინი ნაკლებად ჩანს.

- დედაქალაქში ვინ შეიძლება მათი კანდიდატი იყოს, შეიძლება კვლავ ნიკა მელია იყოს?

- რთულად სათქმელია, რადგან ნიკა მელიამ ეს არჩევნები ერთხელ უკვე წააგო. ტექნოლოგიის ლოგიკით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი კანდიდატის მოძიება მოუწევს.

რეზონანსი“, 20 აპრილი, 2017 წელი

სახელმწიფო ხუდონჰესს იბრუნებს

ადგილობრივების აზრი არ შეიცვლება. წინააღმდეგობა მაინც იქნება, თუკი შეეხებიან უშუალოდ ხალხსა და სოფლებს»

თეო გუდავაძე

მთავრობას ხუდონჰესის აშენება სურს, თუმცა – კერძო ინვესტორის გარეშე. კონკრეტულ გეგმაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა აშკარაა, რომ ინდოელ ინსვესტორებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა. ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ ამგვარი ცვლილებების დროს აუცილებელია ალტერნატიულ პროექტზე მუშაობა. მისი განხორციელების შემთხვევაში შენარჩუნდება ის ტერიტორია, რომლის გამოც ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამს.

უკვე ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ “ტრანს ელექტრიკას” პროექტიდან გასვლა შესთავაზა. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ყურადღებას ამახვილებს იმ გეგმებზე, რომლებიც სახელმწიფოს აქვს მიზნად.

„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ინვესტორ კომპანიასთან. გვაქვს შეთავაზება, რომ პროექტი „წამოიღოს“ სახელმწიფომ და შესაბამისად, შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ რა ფორმით განხორციელდება ეს პროექტი. ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს, რადგან მნიშვნელოვანია როგორც ენერგეტიკული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

გაჭიანურებულ მოლაპარაკებებს ადასტურებს „ტრანს ელექტრიკას“ ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა. მისი თქმით, მოლაპარაკებები უშუალოდ ინვესტორებსა და სახელმწიფო მოხელეებს შორის მიმდინარეობს და უცნობია, როდის დასრულდება პროცესი. ხუდონჰესის 1-მილიარდიანი პროექტისთვის ინვესტორს უკვე 32 მილიონი დოლარი აქვს დახარჯული და, დიდი ალბათობით, კომპანია, მინიმუმ, ამ თანხის დაბრუნებას მაინც მოითხოვს.

„ვერაფერს გეტყვით, ჩემთვის დეტალები უცნობია. ეს შეთავაზება იგზავნება ლონდონსა და დელიში. “ტრანს ელექტრიკა” ამ პროექტის მფლობელია და მოლაპარაკება მასთან მიმდინარეობს. დეტალებს ვერ გეტყვით. უამრავი სუბიექტური და ობიექტური მიზეზია იმისა, რომ პროექტი რეალურად გაჩერებულია. არც ერთ ჰესსა და არც ერთ ჰიდროელექტროპროექტზე საქართველოში ამდენი შრომა და კვლევა არ ჩატარებულა. მასშტაბების შედარებაც ძალიან არასწორია, რადგან მრავალჯერ მეტი სამუშო გაკეთდა ამ სადგურზე, ვიდრე ნებისმიერ სხვა ჰესზე საქართველოში. ფაქტია, პროექტი ვერ მიმდინარეობდა ისე, როგორც უნდა წარმართულიყო”, – აღნიშნა დავით მირცხულავამ.

სვანეთში გიგანტური ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობაც ეწინააღმდეგება, ისინი გარემოსთვის მიყენებულ ზარალსა და განსახლებას აპროტესტებენ.

ენერგეტიკოსების აზრით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, კარგია თუ არა ხუდონის პროექტის სახელმწიფოსთვის გადაბარება, ჯერ გასარკვევია მთავრობის გეგმა – საერთოდ აპირებენ თუ არა პროექტის განხორციელებას ან რა სახის იქნება ახალი ვარიანტი, რამდენად შეეხება ხალხს, სოფლებს. ენერგეტიკოსი მირონ ფირცხელანი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ხუდონის აშენების ალტერნატიულ გზებზე საუბრობს. მისი თქმით, ჰესი აუცილებლად ქართველმა ხალხმა უნდა ააშენოს.

“ადგილობრივების აზრი არ შეიცვლება. წინააღმდეგობა მაინც იქნება, თუკი შეეხებიან უშუალოდ ხალხსა და სოფლებს. აქედან გამომდინარე, ძველი პროექტი არ უნდა განხორციელდეს. ერთადერთი შესაძლებლობაა პროექტის შეცვლა, კაშხალი უნდა გადაიტანონ ზევით და ამ შემთხვევაში მოსახლეობას გადასახლება არ შეეხება. გვირაბით თუ წამოვა წყალი, სოფლებს ნამდვილად არ შეუქმნის საფრთხეს. მთავრობაც და ხალხიც ამ შემთხვევაში უფრო შეთანხმდებიან. გააჩნია, სახელმწიფოს გეგმა რაში მდგომარეობს, თვითონ მთავრობის პოზიციაა გასარკვევი, სურს ამ პროექტის განხორციელება თუ არა. თუ სურს, რა სახით და ა.შ. ხუდონი უნდა ააშენოს ქართველმა ხალხმა, რადგან ეს არის მომგებიანი ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც და მთავრობისთვისაც. იმედია, ისევ უცხოელებს არ მიჰყიდიან ამ პროექტს, სხვა შემთხვევაში ეს უფრო მეტ პრობლემასა და უთანხმოებას გამოიწვევს”, – განუცხადა “რეზონანსს” მირონ ფირცხელანმა.

რეზონანსი“, 20 აპრილი, 2017 წელი

ეროვნული ბანკი ლარის გამყარებას ხელს უშლის

გაუფასურების დროს სებ- უმოქმედოა, გამყარების პროცესში კი სავალუტო ბაზარს ათეულობით მილიონ დოლარს ართმევს

მარი ჩიტაია

ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულმა ინტერვენციებმა ლარზე ცუდად იმოქმედა. აპრილში სებ-მა უკვე ზედიზედ ორჯერ სავალუტო აუქციონის მეშვეობით თითქმის 20 მლნ დოლარი ამოიღო. ფინანსისტების აზრით, ეროვნული ბანკი უხეშად ერევა სავალუტო ბაზარზე და ლარის გამყარებას ხელს უშლის. ეს მაშინ, როცა ლარის გაუფასურების დროს, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს.

სამშაბათს, 18 აპრილს სებ-მა 9 მლნ 750 დოლარი შეისყიდა, ხოლო 12 აპრილს გამართული აქუციონიდან – 10 მლნ დოლარი. შედეგად, ლარის კურსი რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა და 2,41-მდეც კი ავიდა, როცა სულ ცოტა ხნის წინ კურსი 2,37 იყო.

ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუ კურსი სწრაფად უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი ყიდულობს.

„სავალუტო აუქციონის მიზანია საერთაშორისო რეზერვების შევსება, კაპიტალის დროებითი ჭარბი შემოდინების გაცვლით კურსზე ზეგავლენის აღმოფხვრა ან კერძო და სახელმწიფო საგარეო სალდოს დაბალანსება”, – ასე განმარტავს სებ-ი სავალუტო ინტერვენციების საჭიროებას, თუმცა განხორციელებული ღონისძიებების შესახებ უწყებაში არ საუბრობენ.

საბანკო სფეროს ექსპერტებს კი მიაჩნიათ, რომ სებ-ის არასწორი პოლიტიკა კურსზე უარყოფითად მოქმედებს და ნებისმიერი ასეთი სახის ჩარევა ეროვნული ვალუტის გაუფასურებით მთავრდება.

ორგანიზაცია “პირადი ბანკირის” ხელმძღვანელ ირაკლი ბერძენაძის შეფასებით, ეროვნული ბანკის მხრიდან სავალუტო ინტერვენციები გაცილებით ეფექტური იქნებოდა ლარის გაუფასურების პერიოდში და არა ახლა, როცა, სხვადასხვა ფუნდამენტური ფაქტორის გამო, ლარი ასე თუ ისე გამყარდა.

„მოსაზრებას, რომ ლარი ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკის შედეგად გამყარდა, ვერ გავიზიარებ. სებ-ის “სწორი ქმედებების” შესახებ ისედაც ცნობილია. მისი ჩარევა და ინტერვენციები ყოველთვის მთავრდება გაუფასურებით. ქვეყნის მთავარ ბანკში მუდმივად განმარტავენ, რომ ისინი არ არიან კურსზე პასუხისმგებელი და მხოლოდ ინფლაციაზე აგებენ პასუხს. მაშინ რატომ ერევა სავალუტო აუქციონებში იმ დროს, როდესაც ლარი ბუნებრივად მყარდება? იმაზე, რომ ინფლაცია პირდაპირ ურტყამს კურსს, რატომღაც არავინ საუბრობს”, – აცხადებს ირაკლი ბერძენაძე და დასძენს, რომ, რამდენიმე პუნქტით გაუფასურების მიუხედავად, ლარი გამყარებას გააგრძელებს, რაც სეზონური ეფექტით იქნება გამოწვეული.

„ზამთარი გადავიტანეთ და ამან კურსზე გარკვეული გავლენა მოახდინა. როგორც წესი, გაზაფხულზე ყოველთვის შეიმჩნევა სტაბილიზაცია, რაც რამდენიმე თვე გაგრძელდება. ველოდები, რომ კურსი საბოლოოდ 2,30-2,35-ის ფარგლებში დასტიბილურდება, რაც სავსებით რეალურია. სავალუტო ინტერვენციებისთვის ეროვნულ ბანკს გაცილებით ადრე უნდა მიემართა, როცა კურსი 2,80 იყო, მაგრამ მაშინ საამისო არც თავი ჰქონდა, არც სურვილი. შესაბამისად, სტაბილურობის გარანტი არის გარედან შემოსული ფული. ეშინია სებ-ს, რომ ინფლაცია არ გაექცეს, ეს არის მისთვის ყველაზე დიდი გასაჭირი”, – დასძენს ირაკლი ბერძენაძე.

ანალოგიური მოსაზრებისაა საბანკო სფეროს სპეციალისტი, პროფესორი დავით ასლანიშვილი, თუმცა ეროვნული ბანკის მიერ აპრილში განხორციელებულ ინტერვენციებთან დაკავშირებით მას ოდნავ განსხვავებული პოზიცია აქვს.

“სავალუტო ინტერვენცია სებ-ს რომ 1-2 მარტს განეხორციელებინა, სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. აღნიშნულ პერიოდში კურსი დაფრინავდა 2,60-ის ფარგლებში, რამდენიმე საათში გამყარდა 2,40-მდე და მერე ისევ ავარდა 2,50-მდე. ძალიან რთული ვითარება იყო. სებ-ი მაშინ არ ჩაერია ამ პროცესში, რითაც მავანმა ისარგებლა და გალარების რესურსი სპეკულაციის მიზნით გამოიყენა. კომერციული ბანკების მხრიდან ასეთი ოპერაციებით, ფაქტობრივად, გააღარიბეს საქართველოს მოსახლეობა, თვითონ კი ფული გააკეთეს. ეროვნულმა ბანკმა მაშინ არ განახორციელა ინტერვენცია, როცა ძალიან კარგად იცოდა, რასაც აკეთებდნენ ბანკები. ახლა, როგორც ჩანს, ჭკუა ისწავლეს და ორჯერ შეისყიდეს დოლარი. შეიძლება ითქვას, ეს არის სწორი ნაბიჯი. ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, კურსი გამყარდებოდა 2,30-მდე რამდენიმე საათით და მერე შემოტრიალდებოდა უკან და ერთბაშად 2,40-მდე გაუფასურდებოდა”, – განმარტავს დავით ასლანიშვილი და დასძენს, რომ სავალუტო ბაზარი საბანკო ოლიგოპოლიის მძევალია.

“დღეის მდგომარეობით, ერთდღიანი, 1-დან 7 დღემდე და ერთთვიანი რეფინანსირების სესხის სახით ბანკებს გამოტანილი აქვთ 1,9 მლრდ ლარზე მეტი, რომელსაც სხვადასხვა მიზნით იყენებენ. კონკრეტულად რისთვის, უცნობია. თუკი მიმოქცევაში ლარის დეფიციტია, არსებობს სხვა საშუალებები, რაც ეროვნულმა ბანკმა და საბანკო ოლიგოპოლიამ ერთობლივად ჩაახშვეს. ეს არის დამოუკიდებელი კაპიტალის ბაზარი.

ეკონომიკური ზრდა გვაქვს 3-4%-ის ფარგლებში, ხოლო ლარის მასა მიმოქცევაში უკვე 20-22%-ით არის გაზრდილი. ეს იწვევს ინფლაციას და პროცესიც სახეზეა – გაძვირებული პროდუქცია და მზარდი ინფლაცია, რამაც მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა.

მთავარია, ეროვნულმა ბანკმა შეწყვიტოს რეფინანსირების სესხების პირამიდა. თუ ეს არ შეიკვეცა, ლარს სერიოზული საფრთხე დაემუქრება. ჩვენ თუ გვინდა ეროვნული ვალუტის სტაბილურობა და ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება, ეს ხელეწიფება ეროვნულ ბანკს, მთავარია, სწორად იმოქმედოს”, – განუცხადა “რეზონანსს” დავით ასლანიშვილმა.

Comments are closed