globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 20 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 20th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: „საქართველო უვიზო მიმოსვლას 2016 წლიდან იმსახურებს” // რიგის სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრემიერი უხელმძღვანელებს

რეზონანსი: ინტერვიუ მაია ფანჯიკიძესთან: “ხელისუფლება იტყუება, როცა ამბობს, რომ საზოგადოებას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას არ ვპირდებოდითო”

„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ თამარ კიკნაძესთან: „იზრდება პრორუსულად განწყობილი მოსახლეობის რაოდენობა, მოსახლეობის ეს ნაწილი არსებული საგარეო კურსის ცვლილებას ემხრობა“

„ალია“: ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან: „ნეიტრალიტეტი თუ გამოვაცხადეთ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ ნეიტრალიტეტს ყველა მეზობელი აღიარებს და კბილებით დაიცავს“

———————-

რეზონანსი“, 20 მაისი, 2015 წელი

საქართველო უვიზო მიმოსვლას 2016 წლიდან იმსახურებს

რიგის სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრემიერი უხელმძღვანელებს

(შემოკლებით)

“რიგის სამიტისათვის სამზადისი ფაქტობრივად დასრულებულია. ლატვიის დედაქალაქში უკვე ევროკავშირის ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება. საქართველოდან სამიტს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება. რიგასა და ბრიუსელში იმყოფებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიცა და პარლამენტარებიც”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” (ავტორი – თაკო მათეშვილი).

“გუშინ ბრიუსელში სპეციალურ ბრიფინგზე სამიტის ტექნიკურ დეტალებზე ისაუბრეს. მანამდე კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომლებმაც სამიტის დეკლარაციის საბოლოო ვერსია შეიმუშავეს. “საქართველო 2016 წლიდან უვიზო მიმოსვლას იმსახურებს”, – ეს განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ რიგის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში აუცილებლად უნდა იყოს ასახული ის პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია და ისიც დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლონეთი მხარს აუცილებლად დაუჭერს.

საგარეო უწყებაში ოპტიმისტური განწყობა აქვთ და ამბობენ, რომ მაქსიმუმს ელოდებიან. “როცა კარგად მუშაობ და წარმატებები გაქვს, რა თქმა უნდა, მაქსიმუმს ელოდები. ის ფაზები, რომელიც ჩვენ ხელმოწერიდან დღემდე გავიარეთ, დადებითად იქნება შეფასებული. ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ დაადასტურებს მის მხარდაჭერას და კმაყოფილებას იმით, რომ ეს რეფორმები სწორ გზაზე დგას და საქართველო სწორი მიმართულებით მიდის”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ.

(…)

“პოლიტოლოგები კი იმაზე საუბრობენ, თუ რის შესრულებაში შეიქმნა პრობლემა სამოქმედო გეგმიდან და რისი გამოსწორება მოუწევს საქართველოს. ნიკა ჩიტაძის თქმით, პირველ რიგში ეს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას ეხება. ამბობს, რომ ევროპაში შერჩევითი სამართლის არსებობა არ მოეწონებათ და რეფორმები პროკურატურასა და სასამართლოსაც სჭირდება. “ასევე ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღებაა აუცილებელი, რათა ევროპელ ინვესტორებს საშუალება ჰქონდეთ, კაპიტალი სხვადასხვა სექტორში დააბანდონ. პრობლემაა ქართული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გასაღებასთან დაკავშირებითაც. ეკონომიკურ სფეროში ევროპასთან თანამშრომლობის გაღრმავება ბევრ პრობლემას მოაგვარებს, თუნდაც ვალუტის კურსის პრობლემას”, – ამბონს ჩიტაძე.

რეზონანსი“, 20 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ მაია ფანჯიკიძესთან: “ხელისუფლება იტყუება, როცა ამბობს, რომ საზოგადოებას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას არ ვპირდებოდითო

“რუსეთი დაინტერესებულია, რომ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში განსახილველი საკითხების განხილვა გადაიტანოს ისეთ ჭრილში, თითქოს საქართველოს სალაპარაკო აქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებთან. ეს არის მისი ამოცანა, რასაც ვერ ასრულებს სწორედ იმიტომ, რომ ეს ფორმატი არის საერთაშორისო”, – ამბობს “რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელიც მას ჟურნალისტმა იაგო ნაცვლიშვილმა ჩამოართვა.

“საერთოდ ასეთ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ეს ფორმატი შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური და ჰუმანიტარული თემებისათვის და მას არ უნდა ჰქონოდა არანაირი პოლიტიკური მანდატი. ბოლო პერიოდში აბაშიძეც და კარასინიც აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს. ხშირ შემთხვევაში ეს განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია, რაც ჩემთვის შეშფოთების საგანია, რადგანაც არის იმის საფრთხე, რომ განსახილველად ამ ფორმატში გადავიდეს ისეთი საკითხები, რომლებიც აქამდე ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში განიხილებოდა”, – აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

„თუკი ჟენევის ფორმატს გამოვაცლით თემებს და მას გადმოვიტანთ აბაშიძე-კარასინის ფორმატში, მაშინ რუსეთთან პირისპირ აღმოვჩნდებით, რაც ნამდვილად არ არის კარგი. რასაკვირველია, რუსეთი დაინტერესებულია რომ ჟენევის ფორმატი გაუქმდეს. რუსეთი დაინტერესებულია, რომ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში განსახილველი საკითხების განხილვა გადაიტანოს ისეთ ჭრილში თითქოს საქართველოს სალაპარაკო აქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებთან. ეს არის მისი ამოცანა, რასაც ვერ ასრულებს სწორედ იმიტომ, რომ ეს ფორმატი არის საერთაშორისო”, – აღნიშნავს საქართველოს დიპლომატიური უწყების ყოფილი ხელმღვანელი.

“სანამ საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, მე ვამბობდი, რომ რიგის სამიტისგან მაქვს სამი მოლოდინი: რატიფიკაციის დასრულება; მეორე საკითხი ეს იყო ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილება კონკრეტული თარიღის დასახელებით; და მესამე შეეხებოდა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს შეასრულებს, გახდება ევროკავშირის წევრი”, – განაგრძობს მაია ფანჯიკიძე.

“უვიზო მიმოსვლას რაც შეეხება, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს იქნებოდა 2015 წლის ბოლოს ან 2016 წლის დასაწყისში, რასაც ჩვენ ვერ მივიღებთ. ამას ორი მიზეზი აქვს: პირველია ის, რომ საჭირო იყო ძალიან ვრცელი ტექნიკური სამუშაოს ჩატარება. ჩამოსულმა მისიამ შეაფასა ის და 100%-ით შესრულებული არცერთი მოთხოვნა არ არის. 15 მოთხოვნიდან მთლიანად მხოლოდ 7 მოთხოვნაა შესრულებული, ხოლო დანარჩენ რვას აქვს ხარვეზები, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები. ტექნიკური სამუშაოები ვერ ჩავატარეთ კარგად. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ევროკავშირის ყველა ქვეყანაში საერთო თანხმობა არ არსებობს. ამ ნაწილში საქართველოს ხელისუფლებამ ნოემბრიდან ვერ იმუშავა სათანადოდ, რომ ევროპელი პარტნიორებისთვის აეხსნათ ჩვენი მდგომარეობა. ახლა გამოდიან და იძახიან, არავის შევპირებივართ ამასო. ეს არის ტყუილი. ამას მოსახლეობას ვპირდებოდი მეც, კონკრეტული თარიღის დასახელებით, როდის გაუქმდებოდა ვიზები და იგივე დაპირებას იძლეოდა ქალბატონი ბერუჩაშვილი 2014 წლის დეკემბერში”, – დასძენს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი.

„საქართველო და მსოფლიო“, 20 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ თამარ კიკნაძესთან: იზრდება პრორუსულად განწყობილი მოსახლეობის რაოდენობა, მოსახლეობის ეს ნაწილი არსებული საგარეო კურსის ცვლილებას ემხრობა

ეკა ნასყიდაშვილი

(შემოკლებით)

გასული კვირის პოლიტიკურ მოვლენებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორს, ქალბატონ თამარ კიკნაძეს ვესაუბრეთ.

- წინა კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ის იყო, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სოჭში ეწვია მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც დასავლეთი ვარაუდობდა, რუსეთმა რამდენიმე რაუნდი მოიგო, ამიტომ მოხდა დასავლეთის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის კორექტირება. ჯონ კერის ვიზიტიც სოჭში ამის დამადასტურებელია. არ დადგა დრო, რომ საქართველოს ხელისუფლებამაც გადახედოს საგარეო პოლიტიკას?

- საქართველო საერთაშორისო ურთიერთობების აქტიური მოთამაშე არ არის, ის პოლიტიკის ობიექტია. ჩვენი ქვეყნა აშშ-ის სატელიტია და ხელი მოაწერა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას, ამიტომაც ამ პოლიტიკურ კონიექტურაში ზის. მიუხედავად ამისა, საქართველოში მაინც შეინიშნება სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობა. ეროვნული ვალუტის გაუფასურებაც მისი შემადგენელი ნაწილია. დღეს შემთხვევით არაფერი ხდება. ყველაფერი დაგეგმილია და ტექნოლოგიურად დამუშავებული.

- ქალბატონო თამარ, გასული კვირის მთავარი თემა ევრაზიულ კავშირში გაწევრების მსურველთა რაოდენობა იყო. ყველა პოლიტიკურ თოქშოუში მხოლოდ ამაზე საუბრობდნენ, ყველა ცდილობდა გამომწვევი მიზეზის დადგენას.

- საერთოდ, ამ კვლევებს ნაკლებად ვენდობი. შედეგებში ბევრი ურთიერთგამომრიცხავი და სადავო მომენტია. რაც შეეხება ევრაზიაში გაწევრების მსურველთა 31%-ს, საქართველოში მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაა, ამიტომ იზრდება პრორუსულად განწყობილი მოსახლეობის რაოდენობა. მოსახლეობის ეს ნაწილი არსებული საგარეო კურსის ცვლილებას ემხრობა.

რომელიმე კავშირში შესვლა გარკვეული პირობების საფუძველზე უნდა მოხდეს, პოლიტიკა ვაჭრობაა და, უპირველეს ყოვლისა, ეს ვაჭრობა ქვეყნის სასარგებლოდ უნდა წარმოებდეს. საქართველოს კი, სამწუხაროდ, რუსეთთან სავაჭრო ცოტა რამ დარჩა. ჩვენ ყოველთვის ვუშვებდით შეცდომებს, ეს ჩვენი პოლიტიკოსების დამსახურებაა. გაიხსენეთ, როგორ და რა დროს მოხდა ჩვენი შესვლა დსთ-ში – ჯერ აფხაზეთი დავკარგეთ და მერე იძულებული შევიქენით, უპირობოდ შევსულიყავით.

მიმაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური სივრცე ევრაზიულ კავშირშია, მაგრამ უპირობოდ იქ გაწევრებაც დაუშვებელია, აუცილებლად უნდა წამოვაყენოთ ჩვენი პირობები და მათ განხორციელებას ვეცადოთ. ამის ნათელი მაგალითია ბელარუსის პრეზიდენტი ალქსანდრე ლუკაშენკო, რომელიც, საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არაჩეულებრივად ვაჭრობს როგორც ევროპელებთან, ისე რუსეთთან.

- ზოგიერთი პოლიტოლოგი ამბობს, დეკლარაცია, რომელსაც ხელი უნდა მოეწეროს რიგის სამიტზე, აქამდე გაურკვეველია, ამიტომ შესაძლოა, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამაცაღმოსავლეთ პარტნიორობისსამიტი დემარშით დატოვონო

- ეჭვი მეპარება, რომ მსგავსი რამ მოხდეს. რიგის სამიტზე ჩვენთვის საინტერესო არაფერი იქნება, რადგან თვით უკრაინის მიმართაც კი დასავლეთმა პოლიტიკა შეცვალა და საუბარი დაიწყო იმაზე, რომ მოხდეს ქვეყნის ფედერალიზაცია. ითხოვენ, კიევმა მინსკის შეთანხმება გაითვალისწინოს. უკრაინის ფედერალიზაცია რუსეთს მისცემს საშუალებას, ფედერაციის სუბიექტებმა ცენტრის გადაწყვეტილება რუსეთის სასარგებლოდ დაბლოკონ, რომელიც კარგი მექანიზმია იმისთვის, რომ რუსეთმა მართოს უკრაინა. მინსკის შეთანხმებაში ბევრი მუხლია ჩადებული რუსეთის სასარგებლოდ, რაც დასავლელთა თანხმობით მოხდა. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ დასავლეთმა უკან დაიხია. რუსეთმა რამდენიმე რაუნდი მოიგო. დასავლეთი ამას ითვალისწინებს და შემხვედრ ნაბიჯებსაც დგამს.

(…)

- გასულ კვირას რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის წარმომადგენლობა გვესტუმრა. მათ დასახვედრად საქართველოს მთავრობამ უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაში 17 მილიონი ლარი დახარჯა. ღირდა კი ამხელა თანხად მათი ჩამოსვლა და უახლოეს მომავალში რაიმე სიკეთეს უნდა ველოდოთ?

- ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ ჩემს აზრს მოგახსენებთ. დღეს ბანკების ერაა. ბანკი ის დაწესებულებაა, რომელიც არაფრისგან ქმნის ფულს. თითოეული ჩვენგანი ყოველ საბანკო ოპერაციაში გარკვეულ პროცენტს ვიხდით, რაც ჯამში სოლიდური თანხაა და ამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი რჩება საქართველოში. სწორედ ბანკებმა ითამაშეს დიდი როლი ქვეყნის მოსახლეობის გაღატაკებაში. ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა ბანკის მოვალეა, ბევრმა ბინა დაკარგა. ასე რომ, ბანკიც არის ქვეყნის კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმი. ჩემში, მაგალითად, ეჭვს იწვევს ქადაგიძის მხარდამჭერი განცხადებებიც.

“იბიარდის” წარმომადგენლობამ მხარი ეროვნულ ბანკს დაუჭირა, რაც მაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ სიკეთეს არ უნდა ველოდოთ.

რა თქმა უნდა, იზოლაციაში ვერ ვიქნებით, მაგრამ, როდესაც ლარი ასე გაუფასურდა, საქართველოს აქტივების ფასიც საკმაოდ დაბალია. ეს კი სპეკულაციების საშუალებას იძლევა. მოვლენები საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს და, თუ მსოფლიო პრაქტიკას გავითვალისწინებთ, ხშირად ქვეყნებისთვის მძიმე შედეგებით მთავრდება.

„ალია“, 20 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან: „ნეიტრალიტეტი თუ გამოვაცხადეთ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ ნეიტრალიტეტს ყველა მეზობელი აღიარებს და კბილებით დაიცავს

ინტერვიუში ექსპერტი კახა გოგოლაშვილი რუსეთ-უკრაინის, ნატო-რუსეთის ურთიერთობებზე და რუსეთისაგან მომდინარე საფრთხეებზე  საუბრობს. ამ ფონზე იგი საქართველოს სავარაუდო ნეიტრალიტეტის საკითხსაც ეხება.

გთავაზობთ ამონარიდს:

- უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის ალბათობას არ გამორიცხავენ დასავლელი, მათ შორის ამერიკელი სამხედრო ექსპერტები და ბოლო დროს ამის შესახებ სულ უფრო ბევრი განცხადება კეთდება. თქვენი შეფასებით, რამდენად არის მომწიფებული სიტუაცია ამისთვის?

- შესაძლოა, რუსეთი შეეცადოს დასავლეთ უკრაინის გაკონტროლებისთვის ტერიტორიების მითვისებას და ამაში მართლაც გამოიყენოს დონბასში არსებული ჯგუფები, რომლებსაც ინტენსიურად ამზადებს. რაც შეეხება მასშტაბურ ომს, არ მგონია, რუსეთმა ასეთი სარისკო რამ წამოიწყოს, რადგან, საბოლოო ჯამში, კარგად ესმის, რომ ეს შემოუბრუნდება მასშტაბურ ომად დასავლეთთან. თავისთავად, შესაძლებელი სცენარია, რასაც ამერიკელი სამხედრო ექსპერტი ამბობს, მაგრამ მგონია, რომ მისი განხორციელების ალბათობა შედარებით დაბალია.

- BBC-ის ცნობით, ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოს ჯარების საკუთარ ტერიტორიაზე განლაგებას ითხოვენ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო. ეს არ ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ ევროპა კიდევ უფრო მზარდი რუსული საფრთხის მოლოდინშია?

- როდესაც ორი უზარმაზარი სახელმწიფო უპირისპირდება ერთმანეთს მეზობელი ქვეყნებისთვის, ყველანაირი საფრთხე შეიძლება იყოს მოსალოდნელი. ნატოს წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის, საკმაოდ დაუცველნი არიან. თუ რუსეთსა და უკრაინას შორის მართლაც მსხვილმასშტაბიანი დაპირისპირება დაიწყო, ბალტიისპირეთის ქვეყნები სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე არიან განლაგებული და მასშტაბური დაპირისპირების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რუსეთი შეეცადოს მათი ტერიტორიის გამოყენებას. მაგალითად, საჰაერო შეტევებისთვის და ა.შ. როგორც ჩანს, ამ მოსალოდნელი საფრთხის პრევენციისთვის კეთდება მსგავსი განცხადებები.

(…)

- ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ევროპის პოზიცია რუსეთთან მიმართებაში იცვლება. ლაპარაკია კიდევ უფრო მკაცრ სანქციებზეც. როგორ ფიქრობთ, სიტუაციის ამგვარად განვითარების შემთხვევაში უფრო ეფექტური შედეგი არის თუ არა მოსალოდნელი?

- პუტინის პოლიტიკა არის ასეთი – მან არ უნდა აჩვენოს საკუთარ მოქალაქეებს რომ ეშინია და უკან დახევას აპირებს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რეალურად არ მოუწევს ამის გაკეთება. უკან დახევა მაინც მოუწევს, გააჩნია ზეწოლის სიმძიმესა და ხასიათს. ის, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ მიდგომა შეცვალეს, საკმარისი არ არის. სანქციების შემდგომი გაგრძელება და კიდევ ახალი ინსტრუმენტების გამოყენებაა საჭირო იმისთვის, რომ რუსეთი მართლაც სერიოზულად დაზარალდეს იმისთვის, რაც ჩაიდინა. რა შეიძლება იყოს ეს, ამაზე მუშაობენ დასავლეთში და ალბათ, მომავალში გამოჩნდება.

მათ შორის ერთ-ერთი არის ნატოს გაფართოების საკითხი, რომელიც ახლა თურქეთმა წამოწია, მაგრამ ეს ასე მარტივად ვერ მოხდებოდა აშშ-სთან კონსულტაციის გარეშე. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს თურქეთისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი ცდილობს, შავი ზღვისპირეთში ჰეგემონიის მოპოვებას. დაიწყო ყირიმით, რითაც საკმაოდ გაიმყარა თავისი სტრატეგიული პოზიციები.

თუ რუსეთი ამ პოლიტიკას გააგრძელებს სამხრეთ უკრაინის მიმართულებით და შემდეგ შეეცდება საქართველოს პორტების აღებას, მაშინ ეს მას მნიშვნელოვან სტრატეგიულ უპირატესობას მისცემს შავ ზღვაზე, რაც თურქეთს არ აწყობს.

- ალბათ, ასეთ შემთხვევაში ნატოს გაფართოება იქნებოდა დასავლეთის პასუხი?

- რა თქმა უნდა, ნატოს გაფართოება იქნება პასუხი, მიმართული იმისკენ, რომ როგორმე შეაკავოს რუსეთი. თუ აქამდე შემაკავებელი ფაქტორი იყო ნატოს თავშეკავება გაფართოებაზე, ახლა პირიქით, გაფართოების სტრატეგიის არჩევა მოუწევთ იმისთვის, რომ რუსეთი შეაჩერონ.

- როდესაც რეგიონში მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება და ძნელად პროგნოზირებადია, როდის რა სიტუაცია შეიძლება გამოიყენოს საქართველომ რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად, რით შეიძლება აიხსნას საქართველოში პრორუსული ძალების მომძლავრება, რომლებიც საკუთარ თავს რატომღაც ნეიტრალიტეტის მომხრეებს უწოდებენ? საერთოდ, როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადება?

- არანაირად არ შეიძლება, რადგან ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის ნიშნავს რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას, კიდევ უფრო დაუცველობას. მართალია, საქართველოს ნომერ პირველ მტრად ახლა რუსეთი მოიაზრება, მაგრამ მთლიანობაში, რეგიონში არც ერთ მეზობელთან არ გვაქვს იმდენად თბილი და დაწყობილი ურთიერთობები, რომ უსაფრთხოების გარანტიები გვქონდეს.

გრძელვადიან პერსპექტივაში ნებისმიერი მეზობლის მხრიდან შეიძლება ველოდეთ გარკვეული სახის აგრესიას. ნატოს წევრობა კი ნებისმიერი ასეთი აგრესიისაგან დაგვიცავდა. გარდა ამისა, ნეიტრალიტეტი თუ გამოვაცხადეთ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ ნეიტრალიტეტს ყველა მეზობელი აღიარებს და კბილებით დაიცავს. მოლდოვას, მაგალითად, ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული, მაგრამ რუსეთის მხრიდან ის მაინც განიცდის ზეწოლას და მუდმივად დგას საფრთხის წინაშე, რომ პოლიტიკური თუ ეკონომიკური მეთოდებით ან მოსახლეობის მოსყიდვით, რუსეთმა მოახერხოს მოლდოვაზე გავლენის მოპოვება.

ზუსტად იგივე მეთოდი იმოქმედებს საქართველოში. როგორც კი ნეიტრალიტეტს გამოვაცხადებთ და შევასუსტებთ დასავლეთის გავლენას, მაშინვე გაძლიერდება რუსული პროპაგანდა, დაზვერვა, ათასგვარი, მათ შორის საინფორმაციო საშუალებები და ა.შ. იმუშავებენ მოსახლეობაზე გავლენის მოხდენაზე. ეს შემდგომში გადაიზრდება სრული გავლენის მოპოვების მცდელობაში. მგონია, რომ ნეიტრალიტეტის მიდგომებმა უკვე მოჭამა თავისი დრო. ევროპის ის ქვეყნებიც კი, რომლებსაც ნეიტრალიტეტი ჰქონდათ გამოცხადებული, მგონია, რომ აუცილებლად გაწევრიანდებიან ნატოში, რადგან ბოლომდე დაცულად მაინც ვერ გრძნობენ თავს.

რუსეთმა უკრაინასთან ისეთი ხელშეკრულებები დაარღვია, რომ ამ გამოცდილების შემდეგ ნეიტრალიტეტი რომ გამოაცხადოს კიდეც საქართველომ, ძნელი სათქმელია, რომელი ქვეყნები დაუდგებიან გარანტორად, რომ ის დაცული იქნება. გარანტორების გარეშე გამოცხადებული ნეიტრალიტეტი კი უბრალოდ, სასაცილოა. გარდა ამისა, თუნდაც იყოს გარანტიები, რუსეთი ნებისმიერ გარანტიასა და შეთანხმებას არღვევს და ამდენად, ის არ არის სანდო. თუ გარეგნულად არ დაარღვევს შეთანხმებას, შიგნით წარმოებული პოლიტიკით შეეცდება, მისთვის ლოიალური მთავრობა მოიყვანოს ხელისუფლებაში.

რა თქმა უნდა, პრორუსულ ძალები, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლა სურთ, ნეიტრალიტეტის პოზიციას უჭერენ მხარს იმისთვის, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია შევაჩეროთ, ამ გზას ჩამოვშორდეთ, შემცირდეს დასავლეთის გავლენა და შემდეგ ხელში ჩავუვარდეთ რუსეთს – ეს არის მათი ძირითადი სცენარი. როგორი მეთოდებით ცდილობენ ამ სცენარის განხორციელებას, ესეც ცნობილია – უამრავი ორგანიზაციაა, ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკოსებსაც კი აფინანსებენ, არასამთავრობო სექტორშიც მოხვდნენ, ეკლესიის მეშვეობითაც ცდილობენ გავლენის მოპოვებას, რომ მრევლს მათთვის სასარგებლო გზავნილები მიაწოდონ და ა.შ.

Comments are closed