globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 20 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 20th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: საქართველოს თავმოყვარეობა სასწორზეა // ანატოლი ბიბილოვისთვის „გაპრეზიდენტების“ მილოცვის გამო გერმანელ დიპლომატს ჰერბერტ ზალბერგს თბილისში ბოდიშიც არ მოახდევინეს

რეზონანსი: ინტერვიუ ზაალ ანჯაფარიძესთან: „აჟიოტაჟის ატეხვით ევროკავშირთან საქმე არ გავიფუჭოთ“ // „როგორც ჩანს, ჰერბერტ ზალბერგის პოზიცია მხოლოდ მისი პოზიცია არაა“

რეზონანსი: ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „ხელისუფლება შვიდი ქალაქის თვითმმართველობითი სტატუსის გაუქმებას ძალადობით ცდილობს”

რეზონანსი: „მამა გიორგი მუქარით ვერ გატეხეს“ // „ციანიდის საქმე“ სრულად დაიხურა – დეკანოზს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა

—–

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: „ოთარ ფარცხალაძე ბედავს და თავს ესხმის გენერალურ აუდიტორს. იგი საშიშია საზოგადოებისთვის“

—–

რეზონანსი: „ქვეყანა გადასახადების გაზრდას ვერ გადაიტანს!“ // კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას სავალუტო ფონდი ლობირებს?!

—–

ვერსია: სკანდალი კომუნიკაციის ბაზარზე // ყველა მხარის ექსკლუზიური პასუხი მთავარ კითხვაზე – რატომ აძვირებს მომსახურებას „სილქნეტი“?

——————–

რეზონანსი“, 20 მაისი, 2017 წელი

საქართველოს თავმოყვარეობა სასწორზეა

ანატოლი ბიბილოვისთვის გაპრეზიდენტების მილოცვის გამო გერმანელ დიპლომატს თბილისში ბოდიშიც არ მოახდევინეს

ეკატერინე ბასილაია

სკანდალური და არამეგობრული განცხადების ავტორი, გერმანელი დიპლომატი ჰერბერტ ზალბერი კვლავაც ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარის პოსტზე დარჩება და თან ისე, რომ მისთვის თბილისში ბოდიშის მოხდაც კი არ მოუთხოვიათ ცხინვალში ანატოლი ბიბილოვისთვის “გაპრეზიდენტების” მილოცვის გამო.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჰერბერტ ზალბერთან შეხვედრის შემდეგ ქართულმა მხარემ მხოლოდ შეშფოთება გამოხატა. ქართველი ექსპერტები აცხადებენ, რომ მიუღებელია “თბილისის რევერანსები” და ჰერბერტ ზალბერი ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარე არ უნდა იყოს, ეს ქვეყნის თავმოყვარეობის საკითხია.

ცხინვალში სამი დღის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენელი ზალბერი გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა და მინისტრის მოადგილესთან 30-წუთიანი დახურული შეხვედრა ჰქონდა.

შეხვედრის შემდეგ სამინისტროსთან შეკრებილ ჟურნალისტებს მთავარ შეკითხვაზე, რატომ მიულოცა გერმანელმა დიპლომატმა დე ფაქტო პრეზიდენტს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება და ეს განცხადება, მინიმუმ, უკან მიაქვს თუ არა მას, პასუხი არავის გაუცია – არც ჰერბერტ ზალბერს და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს. დიპლომატიურ უწყებას არც ის  განუმარტავს, რატომ არ მოითხოვა, მინიმუმ, განცხადების დეზავიურება (დიპლომატიური ენით, უკან წაღება) ევროკავშირის წარმომადგენლის მხრიდან.

შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერმა მხოლოდ ფორმალური განცხადება გააკეთა, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, არ აღიარებს ე.წ. არჩევნებს და ის, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, სრულად იზიარებს ამ პრინციპებს. თუმცა არ აუხსნია, რატომ გააკეთა ცხინვალში ის განცხადება, რომელმაც ქართულ საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. მის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ თქვა, რომ ზალბერთან შეხვედრისას “უწყების პოზიცია და შეშფოთება გამოხატა”, მას დეტალურად აუხსნა საქართველოს პოზიცია ამასთან დაკავშირებით. შემდეგ კი ისაუბრეს იმის თაობაზე, თუ რა ნახა ევროკავშირის წარმომადგენელმა ოკუპირებულ რეგიონებში და ასევე მოვლენათა განვითარებაზე, რომელიც მოჰყვა ცხინვალში მის შეხვედრებს.

როგორც ცნობილია, ჰერბერტ ზალბერი ჟენევის სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად ჯერ ცხინვალში იმყოფებოდა, შემდეგ – სოხუმში და სოხუმიდან ჩამოსვლის შემდეგ მივიდა საგარეო უწყებაში ატეხილი სკანდალის გამო. სკანდალი კი სამშაბათს ატყდა, როდესაც ოსურმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ვიდეომასალა, სადაც ცხინვალში ჩასული გერმანელი დიპლომატი ხვდება დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს და ულოცავს “არჩევნებში გამარჯვებას და მნიშვნელოვანი პოსტის დაკავებას”. ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ ექსპერტებმა და ოპოზიციამ გერმანელი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება და ჟენევის ფორმატიდან გაწვევა მოითხოვეს.

ექსპერტები საგარეო უწყების მხრიდან სკანდალის „ასე გაუფერულებას“ და „თბილისიდან რევერანსებს“ ნამდვილად არ ელოდნენ.

„სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის” ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ 2012 წელს ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ანჯეი ტიშკევიჩი ერთი მცირე განცხადების გამო პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ამ პროტესტის გამო გალის შეხვედრები რამდენიმე წლით შეწყვიტეს კიდეც. ჰერბერტ ზალბერის განცხადება კი, მისივე თქმით, ბევრად უფრო სკანდალურია და რეაგირება უნდა იყოს მკაცრი. „ანჯეი ტიშკევიჩის მაშინდელ განცხადებასთან შედარებაც არ არის, რა განცხადებაც გააკეთა ახლა გერმანელმა დიპლომატმა ჰერბერტ ზალბერმა. რევერანსების დრო არ არის. ძალიან მკაცრი და მკაფიო უნდა ვიყოთ. რასაც ოსური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ, თუ სიმართლეა, ჟენევის თანათავმჯდომარედ მისი ადგილი არ არის”, – ამბობს მამუკა არეშიძე.

“დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ჰერბერტ ზალბერი იმ ფორმატის თანათავმჯდომარეა, სადაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება და მის მიერ დე ფაქტო პრეზიდენტთან ლაქუცის იგნორირება კი არ უნდა მოხდეს, არამედ რეაგირება უნდა ყოფილიყო სწრაფი და პრინციპული. საგარეო საქმეთა სამინისტროს სწრაფადვე ნოტა უნდა გაეგზავნა ევროკავშირისთვის ბრიუსელში, სადაც დიპლომატის ეს საქციელი აღიწერებოდა, როგორც მიუღებელი. ექსპერტი ამბობს, რომ ან ამ დიპლომატმა ბოდიში უნდა მოიხადოს ან ჟენევის ფორმატიდან უნდა ჩამოაშორონ.

„მკაფიოდ ვნახეთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარის ლაქუცი. არის ინფორმაცია იმაზეც, რომ ადრეც იყო ასეთი მიდრეკილება ამ დიპლომატის მხრიდან. მე მგონია, რომ როგორც სახელმწიფო, საკუთარ პოზიციაზე უნდა შევჯერდეთ. ამ დიპლომატის ქცევის იგნორირება კი არ უნდა მოხდეს, არამედ ის ხალხი, ვინც მუდმივად სტუმრობს ჟენევას, ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებს უნდა შეხვდნენ და ერთად შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ან ამ დიპლომატმა, თუნდაც დაგვიანებით, ბოდიში უნდა მოიხადოს ან მისი ჟენევის ფორმატიდან გაწვევა უნდა მოხდეს. ნუ დავაბეჩავებთ ჩვენს სახელმწიფოს. ეს არ არის ის თემა, მარტივად დავიბანოთ ხელები და დავივიწყოთ”, – ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

რეზონანსი“, 20 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ ზაალ ანჯაფარიძესთან: „აჟიოტაჟის ატეხვით ევროკავშირთან საქმე არ გავიფუჭოთ“ // „როგორც ჩანს, ჰერბერტ ზალბერგის პოზიცია მხოლოდ მისი პოზიცია არაა

თიკო ოსმანოვა

“ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, ხელისუფლებას ყოველთვის აქვს კომპრომისები შემონახული, მაგრამ რამდენად შორს წავა “ოცნება” ამ კომპრომისებით, დაგვანახებს პოლიტიკური დღის წესრიგი. რამდენად აქტიური იქნება ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული რა ხარისხით და დოზით წავა კომპრომისებზე ხელისუფლება”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერის განცხადებასა და კონსტიტუციის პროექტზე “რეზონანსი” ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

ზაალ ანჯაფარიძე: ზალბერის განცხადებასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, გასარკვევია, რა კონტექსტში თქვა და ვინ არის ინფორმაციის წყარო. მაგრამ თუკი იგი ასეთი განცხადებით მართლა გამოვიდა, მაშინ ამას რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს. თუმცა ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ აჟიოტაჟის ატეხვით ერვოკავშირთან საქმე გავიფუჭოთ, რადგან მათზე ბევრი რამით ვართ დამოკიდებული.

- მაგრამ ასე ჩუმად ყოფნა ხომ არ ავნებს ქვეყნის იმიჯს?

- უნდა დავანახოთ, რომ ამაზე ვრეაგირებთ, მაგრამ არც ჩვეული გზიდან უნდა გადავუხვიოთ და, როგორც იტყვიან, დაუკრეფავში არ უნდა გადავიდეთ.

- თქვენი აზრით, მოახდენს თუ არა ამაზე რეაგირებას თავად ევროკავშირი?

- ბატონი ჰერბერტ ზალბერი არის გამოცდილი, საკმაოდ სტაჟიანი დიპლომატი და ძალიან კარგად იცის, რას ლაპარაკობს. ასე, რომ მას ამასთან დაკავშირებით ექნება თავისი არგუმენტები. არ მგონია, რომ ევროკავშირმა თანამდებობიდან გადააყენოს. ეს ჩვენთვის უნდა იყოს ერთგვარი სიგნალი. რამდენადაც ვიცი ჩემი წყაროებიდან, ბატონი ჰერბერტ ზალბერი ასეთი განცხადებით სხვაგანაც გამოსულა, რომელიც არ ესადაგება იმ პოზიციას, რაც ევროკავშირს უკავია. არაღიარების პოლიტიკას ვგულისხმობ. მე მგონი, ასეთი პოზიცია მარტო ბატონ ჰერბერტ ზალბერს არ აქვს. პირად საუბარში ჟენევის ფორმატში მონაწილე უცხოელ დიპოლომატებს უკმაყოფილება გამოუთქვამთ ქართული დელეგაციის პოზიციის გამო. ასე, რომ ევროპაში აზრთა სხვადასხვაობაა, ამიტომ საქართველო ფხიზლად უნდა იყოს.

- ეს ყველაფერი ხელისუფლების პასიურობის ბრალი ხომ არ არის?

- აზრთა სხვადასხვაობა გამოწვეულია ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზით. შეგახსენებთ, ინგლისის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, ბატონმა ჯენგისმა, რომელიც ხშირად სტუმრობდა აფხაზეთს, შეიცვალა გარკვეულწილად პოზიცია და გადაიქცა აფხაზეთის მხარდამჭერად. აქედან გამომდინარე, რთულია ამის შეფასება, ყველას თავისი პოზიცია აქვს. ხელისუფლებამ რაც უნდა თქვას, თუ ვიღაცას რაღაცის სჯერა, მას პოზიციას არავინ შეაცვლევინებს. ეს არის ამ კონკრეტული ადამიანების შეფასება, მაგრამ სასურველია, ხელისუფლებამ უფრო აქტიურად იმუშაოს და მოახდინოს რეაგირება.

- რაც შეეხება გადაუნაწილებენ მანდატებს, მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ ეს საკითხი გადაიხედოს. თქვენი აზრით, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხია?

- ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, ხელისუფლებას ყოველთვის აქვს კომპრომისები შემონახული, მაგრამ რამდენად შორს წავა “ოცნება” ამ კომპრომისებით, დაგვანახებს პოლიტიკური დღის წესრიგი. რამდენად აქტიური იქნება ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, რა ხარისხით და დოზით წავა კომპრომისებზე ხელისუფლება.

- თქვენი აზრით, რამდენად კრიტიკული იქნება ვენეციის დასკვნა კონსტიტუციასთან დაკავშირებით?

- ვენეციის კომისიის დასკვნაში ალბათ იქნება მითითებები მანდატებზე, ქორწინების საკითხთან დაკავშირებით და სხვა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თბილისში მათი სტუმრობის დროს ქორწინების საკითხთან დაკავშირებით “ოცნებისა” და უცხოელი ექსპერტების პოზიცია არ ემთხვეოდა ერთმანეთს. ვნახოთ, რა იქნება.

- თქვენი აზრით, ხელისუფლება გაითვალისწინებს უცხოელი ექსპერტების პოზიციას?

- ვფიქრობ, რომ “ოცნებას” მოუწევს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება. იგნორირება არ გამოუვათ, რადგან ამით თავად “ოცნება” დაზარალდება.

რეზონანსი“, 20 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „ხელისუფლება შვიდი ქალაქის თვითმმართველობითი სტატუსის გაუქმებას ძალადობით ცდილობს

ეკატერინე ბასილაია

“საბჭოთა სუკ-ის მეთოდებით ცდილობს ხელისუფლება, ძალადობით გაიტანოს 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმება. “რაიონული დაყოფა იყო საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ცენტრი იღებდა გადაწყვეტილებას და საბჭოური მართვის სისტემაზე ვბრუნდებით, 5-წლიანი გეგმებიღა აკლიათ ახლა” – აცხადებს იურისტი ლევან ალაფიშვილი.

- პრეზიდენტს მიმართეთ, რომ სწრაფად გამოაცხადოს თვითმმართველობის არჩევნების თარიღი, რათა ამით ამ არჩევნებზე დაიბლოკის 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შეჩერება. არჩევნების გამოცხადება ამ ცვლილებას ხელს როგორ შეუშლის?

- არჩევნები ტარდება ოქტომბერში, მაგრამ გასულ წელს პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი 5 აპრილს გამოაცხადა, ხოლო გაუგებრობის გამო ბრძანებულება გამოიცა 3 ივნისს. ეს ფაქტი პასუხობს იმ კითხვას, რას შეცვლის არჩევნების თარიღის გამოცხადება. თუკი არჩევნების გამოცხადების დღისთვის იარსებებს ის 7 ქალაქი, რომლის გაუქმებასაც ლამობენ მთავრობის წარმომადგენლები, ვეღარ გაუქმდება, მინიმუმ, 2021 წლამდე.

თვითმმართველობის კოდექსში წერია, მუნიციპალიტეტების გაერთიანება ან გაყოფა ამოქმედდება მორიგი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. თუ პრეზიდენტი 3 ივნისს გამოაცხადებს არჩევნების თარიღს, ეს ბრძანებულება იქნება კონტრასიგნებული პრემიერ-მინისტრის მიერ და 3 ივნისისთვის იარსებებს 12 თვითმმართველი ქალაქი, ე.ი. იმ 7-შიც ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები და მერებითა და გამგებლებით იარსებებს, მინიმუმ, 2021 წლამდე. ეს ნაბიჯი საკმარისია იმისთვის, რომ ეს ნაჩქარევი, წნეხით და კანონის სრული უგულებელყოფით მიმდინარე პროცესი გაჩერდეს. თუკი არჩევნები გამოცხადდა 81 მუნიციპალიტეტში, სადაც შედის 12 თვითმმართველი ქალაქი, უნდა ჩატარდეს 79-ში.

- თუმცა პრეზიდენტის გამოცხადებულ არჩევნებს სჭირდება პრემიერის თანხმობა. თუკი ოცნებას რეფორმა სურს, პრემიერის კონტრასიგნაცია არ იქნება და განმეორდება ის ბრძოლა, რაც იყო გასულ წელს...

- თუ პრეზიდენტი 3 ივნისს გამოაცხადებს არჩევნებს, კვირიკაშვილმა უარის მიზეზად რა უნდა თქვას? საპარლამენტო არჩევნების დროს სხვა ლოგიკა მოქმედებს და ახლა – სხვა და ამიტომ უარს ვამბობო?! პოლიტიკურად ძალიან წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. რას იტყვის, ჩემი ინტერესია, თვითმმართველობა საბოლოოდ გავანადგურო, ის მცირე პროგრესი, რაც თვითმმართველობაში დეცენტრალიზაციის მიმართულებით დავიწყე, სასწრაფოდ გავაუქმო და საბჭოური მმართველობის სისტემაზე უნდა გადავიდე და მხარი დამიჭირეთო?! ამას მოსახლეობა მხარს არ დაუჭერს.

მცხეთაში, ოზურგეთში, გორში, ზუგდიდში რა პროტესტიც იყო, ისეთივე პროტესტი იქნება ყველგან. სწორედ ამიტომ ჩქარობენ. საბჭოთა სუკ-ის მეთოდებით ცდილობს ხელისუფლება, ძალადობით გაიტანოს 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმება და თემის მუნიციპალიტეტთან შეერთება.

- პრეზიდენტმა თქვენს მიმართვაზე თქვა, არ მესმის, არჩევნების ახლა გამოცხადება ამ რეფორმაში რას შეცვლისო. საბოლოოდ დაარწმუნეთ?

- მთავარია 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებაზე პრეზიდენტის მკვეთრად უარყოფითი შეფასებები. რაც შეეხება არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ გაუგებრობას, პრეზიდენტს ამასთან დაკავშირებით პოზიცია არ გამოუთქვამს.

- ხელისუფლება ამბობს, რომ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებით ხალხის საკეთილდღეოდ რამდენიმე მილიონს დავზოგავთო...

- რიცხვი დაასახელონ, თუ არადა, ჩვენ შევახსენებთ. 7 თვითმმართველ ქალაქში შრომითი ანაზღაურება არ აღემატება რომელიმე ცენტრალური უწყების ჩინოვნიკის კომფორტისთვის დახარჯულ მილიონებს. მაქსიმუმ, 5 მილიონზეა საუბარი.

- მიზეზი რა არის, რომ საკუთარ რეფორმას 3 წელიწადში აუქმებსოცნება“?

- ეს საბჭოური, ტოტალიტარული მმართველობის სტილის გარკვეული გაგრძელებაა. იმთავითვე იყვნენ ამ რეფორმის წინააღმდეგნი. იმ დროს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპეტენციური დამოუკიდებლობის წინააღმდეგი იყო. ფინანსთა მინისტრი – ფინანსური დამოუკიდებლობის, მაგრამ ივანიშვილის პერსონალური ჩარევით დაიწყო რეფორმა.

მმართველ კოალიციაში ყოფნის დროს რესპუბლიკელების, “ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ახალარჩეულ საკრებულოებსა და გამგეობა-მერიებში სუს-ი ერევა იქ, სადაც მისი საქმე არ არისო. რესპუბლიკელებმა თქვეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში სუს-მა დააკომპლექტა “ოცნების” საკრებულოს სიები. ამის გაგრძელებაა დღეს. “ოცნებას” დეცენტრალიზაცია არ უნდა. რაიონული დაყოფა იყო საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ცენტრი იღებდა გადაწყვეტილებას და საბჭოური მართვის სისტემაზე ვბრუნდებით. 5-წლიანი გეგმებიღა აკლიათ ახლა.

თუ არჩევნების და სუს-ის ჩარევის კონტექსტში განვიხილავთ, ვნახავთ, რატომაც აუქმებენ. საკრებულოები 15-კაციანია, უმრავლესობას, მინიმუმ, 10-კაციანს გეგმავენ. 7 თვითმმართველ ქალაქში გამოდის 70. უპირობოდ ერთგული 70 კაცით ნაკლები სჭირდებათ. ერთგულები კი უჭირთ, რადგან გასულ პერიოდში რაღაც გადაწყვეტილებების გატანა გაუჭირდათ. ასევე 7-ით ნაკლები მერი სჭირდებათ. ჯამში, ეს ნაკლები თავის ტკივილია ერთგულების საპოვნელადაც და გასაკონტროლებლადაც.

რეზონანსი“, 20 მაისი, 2017 წელი

მამა გიორგი მუქარით ვერ გატეხეს

ციანიდის საქმე სრულად დაიხურადეკანოზს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა

ნინო ქეთელაური

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი მთლიანად დახურულ ფორმატში გაგრძელდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დეკანოზი გიორგი მამალაძისა და მისი ადვოკატების მხრიდან პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზის დატოვება მოჰყვა. შედეგად კი, დეკანოზს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა.

მოსამართლემ საქმის განხილვის სრულად დახურვით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც აღნიშნულ მოთხოვნას იმით ასაბუთებს, რომ საქმეში არსებობს აუდიო, ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებები, რაც როგორც ბრალდებული მამა გიორგის, ისე სხვა პირების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ინტიმურ დეტალებს შეიცავს.

„საქმეში არსებობს აუდიო, ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებები, რაც ასევე მესამე პირს ეხება და შეიცავს როგორც პერსონალურ ინფორმაციას, ასევე ხშირ ინტიმურ დეტალებს. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა განაცხადა, თითქოს მას დასამალი არაფერი აქვს, არსებობს ასევე მესამე მხარის, საზოგადოების ინტერესები და ჩვენ ვერ ვისაუბრებთ გიორგი მამალაძის პირად ცხოვრებაზე ღიად. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, ცალკე მიმდინარეობს ძიება ბრალდებულის შესაძლო თანამზრახველების გამოსავლენად. გამოძიების დაწყების მომენტიდან პროკურატურამ ამ საქმეზე ინფორმაციის გამჟღავნება შეზღუდა”, – განაცხადა პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა.

პროკურორმა მოსამართლის ყურადღება ერთ-ერთ მოწმეზე განხორციელებულ მუქარის შემცველ ზარზეც გაამახვილა. „დადგენილია, რომ მუქარის შემცველი ზარი განხორციელებულია ბრალდებულ გიორგი მამალაძის ახლობლის მხრიდან და ეს ზარი იყო რელიგიური მოტივის”, – განაცხადა პროკურორმა, რასაც დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას პასუხი მოჰყვა, რომელმაც პროკურორები ინტიმური ვიდეოებით შანტაჟში დაადანაშაულა.

როგორც სასამართლო განხილვის დახურვის თაობაზე ბრალდების შუამდგომლობის საპასუხოდ ფანცულაიამ განაცხადა, ამ საქმესთან არაფერი კავშირი არ აქვს მამა გიორგი მამალაძის პირად ცხოვრებას. „ეს არის ინტიმური ვიდეოებით შანტაჟი და მუქარა თქვენ მიმართ, ბატონო მოსამართლე. აქ არაფერ შუაშია მამა გიორგი მამალაძის პირადი ცხოვრება. მამაოს პირადი ცხოვრება მისი ოჯახია“, – განაცხადა ფანცულაიამ.

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურა ცდილობს დეკანოზის დისკრედიტაციას საზოგადოების თვალში იმ ჩანაწერებით, რომელიც საქმეშია. ადვოკატის აღნიშნულ განცხადებას პროკურორების უკმაყოფილება მოჰყვა. მათ დაცვის მხარეს კორექტულობისკენ მოუწოდეს.

პროკურორი ჯარჯი წიკლაური უარყოფს, რომ საქმეში რამე ინტიმური ვიდეო დევს. როგორც მან განაცხადა, ადვოკატების მხრიდან უკვე არაერთხელ ხდება მათი შუამდგომლობის არასწორი ინტერპრეტაცია და დამახინჯება.

ჯარჯი წიკლაურის თქმით, საუბარია გარკვეული ხასიათის პირადი ცხოვრების ინფორმაციაზე, რომელიც არის საქმეში.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადვოკატები ტირაჟირებენ სიცრუეს, თითქოს ჩვენ ინტიმური ვიდეომასალით ვაშანტაჟებთ ბრალდებულს. ეს არის მორიგი სიცრუე მათი მხრიდან. არავითარი ინტიმური ვიდეომასალა საქმეში არ არსებობს, მსგავსი არაფერი თქმულა. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქმეში არის გარკვეული სახის პირადი ინფორმაცია ბრალდებული გიორგი მამალაძის და მესამე პირების. ადვოკატების მხრიდან ხელოვნურად დამახინჯება იმისა, რომ ჩვენ მსგავსი ვიდეოებით ვიღაცას ვაშანტაჟებთ, ეტყობა, არის მათი სტრატეგია, რომ რამე გავლენა მოახდინონ დარბაზსა ან ჟურნალისტებზე, რათა თქვენ არასწორად გააშუქოთ პროცესი”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატები დაენიშნოს. როგორც ის აცხადებს, ადვოკატები ცდილობენ პროცესის გაჭიანურებას.

„ვინაიდან ეს ადვოკატები არ იცავდნენ კლიენტის ინტერესებს და პროტესტის ნიშნად დატოვეს დარბაზი, დაარღვიეს პროცედურები, არ დაიცვეს სამართლებრივი პროცედურები, ამის შემდეგ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ ეს ადვოკატები გააგრძელებენ პროცესის გაჭიანურებას და თავს აარიდებენ მართლმსაჯულებას, დეკანოზ მამალაძეს დაენიშნება სახაზინო ადვოკატი და სასამართლო პროცესი ჩვეულებრივ გაგრძელდება”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

მოგვიანებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა. როგორც სასამართლო განმარტავს, დღევანდელი სხდომა ბრალდებულის ადვოკატებმა კი არ დატოვეს, ისინი დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევისათვის გააძევეს.

„გიორგი მ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიხურა. ბრალდებულ გიორგი მ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დახურულ სხდომებზე გაგრძელდება. სასამართლომ, გადაწყვეტილება საქმეზე პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების და პროცესის მონაწილის უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული კონკრეტული და რელევანტური გარემოებების გათვალისწინებით მიიღო. ბრალდებულმა და დაცვის მხარემ პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომის დარბაზი დატოვეს, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს. სასამართლომ მოუწოდა დაცვის მხარეს წესრიგის დაცვისაკენ, ვინაიდან სასამართლოს მითითებას ადვოკატები არ დაემორჩილნენ, სასამართლოს უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევისათვის სამივე ადვოკატი გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან.

აღნიშნულის თაობაზე სასამართლომ გამოიტანა კერძო განჩინება, რომელიც გადაეგზავნება ადვოკატთა ეთიკის კომისიას. ბრალდებულის უფლებებს მომდევნო სხდომაზე სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავს”, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, სასამართლო განხილვა 30 მაისს 11:00 საათზე გაგრძელდება.

„ბრალდებულს მომდევნო სხდომაზე გამოცხადების თაობაზე დადგენილი წესით გაეგზავნება უწყება და არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნება სასამართლოსთვის თავის არიდებად, შესაბამისად, საქმის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება”, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

აღნიშულ ქმედებას ბრალდებულის ადვოკატები პროცესიდან მათ “ჩამოცილებად” აფასებენ და აცხადებენ, რომ ამ ყოველივეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

—————–

„ახალი თაობა“, 20 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: „ოთარ ფარცხალაძე ბედავს და თავს ესხმის გენერალურ აუდიტორს. გი საშიშია საზოგადოებისთვის~

ადვოკატი, ადამიანის უფლებათა დამცველი ლია მუხაშავრია „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თორდია-ფარცხალაძის საქმეზე საუბრობს.

- ქალბატონო ლია, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს თორდია-ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით. ასევე, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე, აცხადებს, რომ უსწრაფესად უნდა დადგეს გამოძიების შედეგი. რა მოლოდინი გაქვთ?

- გენერალური აუდიტორი ქვეყანაში არის მაღალი თანამდებობის პირი, რასაც კონსტიტუცია ადასტურებს. ის აკონტროლებს ქვეყანაში ყოველ თეთრს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა. სწორედ ეს არის მისი საქმიანობის მთავარი მიზანი და დანიშნულება. გენერალურ აუდიტორს კონსტიტუციური იმუნიტეტი იცავს თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში, რომ ვინმემ და რამემ ხელი არ შეუშალოს.

რიგითი მოხელეც რომ ყოფილიყო ამ სამსახურში ბატონი თორდია, თუ მისი სამსახურებრივი მოვალეობის ან საქმიანობის გამო დაესხნენ მას თავს, რაც აუცილებლად გამოძიებამ უნდა გამოავლინოს, ეს ითვალისწინებს მუხლს, რომელიც კანონმდებლობაშია გაწერილი. გენერალური აუდიტორი არის იმ პოზიციაზე მყოფი პირი, რომელზე თავდასხმაც, თუ ეს მის საქმიანობას უკავშირდება, არ არის მარტივი საქმე. ამიტომ ეს არის ცალსახა, ძალიან მკაფიო და მისი გადასინჯვა და ინტერპრეტირება არ უნდა მოხდეს.

- სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა არ გამორიცხა, რომ ალტერნატიული გამოძიების ჩატარება შეიძლება გახდეს საჭირო. თქვენც ასე მიგაჩნიათ?

_ რადგან ვხედავთ, რომ ასე მიდის პროცესი და ჯერ არ ჩანს გამოძიების შედეგები, ლოგიკური იქნებოდა, ალტერნატიული საგამოძიებო მექანიზმების გამოყენებით მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება. ლაშა თორდია ამბობს, რომ მას თავს დაესხნენ მისი საქმიანობიდან გამომდინარე. ეს არის აქ მთავარი, მნიშვნელოვანი საკითხი. თუ არ ვენდობით, მაშინ ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და გვითხრან, რა მოხდა რეალურად. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბსურდის თეატრი გამოდის და გვითხრან, როდის დავუკრათ ტაში და გავიცინოთ.

- ლაშა თორდია აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ოთარ ფარცხალაძის ადვოკატების განცხადება. თქვენ როგორ შეაფასებთ ადვოკატების განცხადებას, მართლაც შესაძლებელია, რომ მათ საქმე სხვა მიმართულებით წაიყვანონ, თუ ადვოკატი ვალდებულია, კლიენტის უფლება ყველა გზით დაიცვას?

- რა თქმა უნდა, ადვოკატი მართლაც არის ვალდებული, რომ თავისი კლიენტის უფლება სათანადოდ დაიცვას ყველანაირი კანონიერი საშუალებით. ამ შემთხვევაში კომენტარი, ადვოკატების გამონათქვამების შეფასება სრულიად უადგილოა. ადვოკატს ევალება თავისი კლიენტის დაცვა. წერტილი. აქ მთავრდება შეფასება. აქ უფრო საინტერესოა საგამოძიებო ორგანოს ქმედება.

- უსწრაფესი გამოძიება, საზოგადოების ინფორმირებულობაა გამოსავალი თუ დრო უნდა მივცეთ გამოძიებას?

- არ მესმის, რა დრო უნდა მივცეთ. ეს ინციდენტი მოხდა იმ ადგილზე, სადაც ვიდეოკამერებია დამონტაჟებული, სადაც ირეოდა უამრავი ხალხი. ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებას ორიოდე საათი სჭირდება. ამდენი დღე გავიდა უკვე, მაგრამ ჯერ არაფერი უთქვამს საზოგადოებისთვის გამოძიებას. ფარცხალაძე ბედავს და თავს ესხმის გენერალურ აუდიტორს. გამოდის, რომ ის საშიშია საზოგადოებისთვის.

- თუმცა თარ ფარცხალაძე ამბობს, რომ ეს იყო წამიერი შეხვედრა და არანაირი დაზიანება არ მომხდარა...

- თუ სამედიცინო მტკიცებულება არსებობს, რომ დაზიანება სახეზეა და დროის მიხედვით შეესაბამება დაზარალებულის მიერ განცხადებულ ფაქტებს, ეს არის საკმარისი მტკიცებულება, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. შემდეგ უკვე გამოძიება ადგენს, ეს დაზიანება ვიღაცამ განზრახ ჩაიდინა, გაუფრთხილებლობით მოუვიდა თუ რა მოხდა. ამიტომ ერთვება ხოლმე გამოძიების დროს ექსპერტიზა. ამ შემთხვევაშიც დადგეს საკითხი ექსპერტიზის წინაშე, არსებულ კითხვებს გაეცეს პასუხები. მაშინ არავის დარჩება არცერთი კითხვა, მაგრამ, როდესაც ეს არ კეთდება ან ყოვნდება, სწორედ ეს იწვევს ყველაზე მეტ ეჭვს.

გამოძიება მომლოდინე სახელმწიფო სამსახურია თუ რა? გამოძიება ვალდებულია, დასვას კითხვები, მიიღოს პასუხები და ამ პასუხების მიხედვით იმოქმედოს კიდეც.

—————–

რეზონანსი“, 20 მაისი, 2017 წელი

ქვეყანა გადასახადების გაზრდას ვერ გადაიტანს!“

კონსტიტუციიდან 94- მუხლის ამოღებას სავალუტო ფონდი ლობირებს?!

ნათია ლომიძე

არსებობს რეალური საფრთხე, რომ ხელისუფლებამ ახალი გადასახადი დააწესოს ან არსებული გაზარდოს. როგორც ჩანს, მთავრობის ამ პოზიციას ლობირიებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც დაუფარავად მხარს უჭერს კონსტიტუციის 94-ე მუხლის გაუქმებას. ბიზნესმენები და სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ ქვეყანა ახალი გადასახადების დაწესებას ან ამჟამინდელის გაზრდას ვერ გადაიტანს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ფრანსუა პეშო გადასახადების შეცვლის შესაძლებლობას სასარგებლოს უწოდებს. “ჩვენ ვხედავთ მეტ მოქნილობას და სარგებელს არა იმ მხრივ, რომ გადასახადების ზრდის შესაძლებლობა იყოს, არამედ შესაძლებელი იყოს, შეიცვალოს გადასახადების სტრუქტურა.

გადასახადები, შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეიცვალოს, ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე. ამიტომ მისი შეცვლის შესაძლებლობა მეტად სასარგებლო და მოსახერხებელი იქნებოდა. საბოლოოდ, ეს საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია”, – ამბობს ფრანსუა პეშო.

ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბიზნესი. 94-ე მუხლის ცვლილება დაუშვებლად მიაჩნია ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს. მისი თქმით, შესაძლო ცვლილებაზე საუბარიც კი გაუგონარია და ეს არც კი უნდა განიხილონ.

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელი პრეზიდენტი მიხელ ჭელიძე “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ თუკი გადასახადები გაიზრდება, ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანობასთან ერთად იმ ინვესტიციებსაც დაკარგავს, რომლებიც ახალი წარმოების შექმნისკენ უნდა მიიმართოს.

“ბიზნესი არ არის მომხრე, გატარდეს რამე სახის ცვლილება და გაუქმდეს 94-ე მუხლი. ის მნიშვნელოვანია დაცვის თვალსაზრისით. ვიღაცას გადასახადის გაზრდა მოუნდება და ამას სისრულეში მოიყვანს, ბიზნესი პირდაპირ რეაგირებს მსგავს ნაბიჯზე. შემიძლია იმის თქმა, რომ კარგი საგადასახადო მოდელი გვაქვს და სხვა ქვეყნებს თუ შევედრებით, კონკურენტუნარიანობით ნამდვილად გამოვირჩევით. ამ და სხვა რიგი მიზეზების გამო შეიძლება ჩამოვიდეს ინვესტორი ჩვენთან, დაიწყოს ბიზნესი და ჩვენც თუ ისეთივე გადასახადებს დავახვედრებთ, როგორიც საკუთარ ქვეყანაში აქვს, უარს იტყვის ინვესტიციის ჩადებაზე. არ ვარ გადასახადის გაზრდის მომხრე ან ახალი გადასახადის დაწესების მით უმეტეს. ეს არ შეიძლება ვინმესთვის მისაღები იყოს. ქვეყანა ახალი გადასახადების დაწესებას ან ამჟამინდელის გაზრდას ვერ გადაიტანს”, – განუცხადა “რეზონანსს” მიხეილ ჭელიძემ.

“ახალი ეკონომიკური სკოლის” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ 94-ე მუხლი აფერხებს ბიზნესის განვითარებას. როგორც მან “რეზონანსთან” აღნიშნა, საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნები უფრო მეტად მდიდრებიც არიან. ეკონომიკური თავისუფლების მთავარი კომპონენტი კი არის დაბალი საგადასახადო ტვირთი, დაბალი რეგულაციები და სახელმწიფოს ნაკლები ხარჯი.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიცია ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულია. ზედმეტი ხარჯი და გადასახადების შესაძლო ზრდა თავიდან უნდა ავიცილოთ. ვერავინ ვერაფერს დაგვაძალებს. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ასეთ აზრებს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. მით უმეტეს, რომ სავალუტო ფონდს არავინ ეკითხება, ჩვენ რას გავაკეთებთ. ბიზნეს გარემო ვითარდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში შექმნილია შესაბამისი პირობები. ეს ყველა განვითარებული ქვეყნის წინაპირობაა”, – განუცხადა “რეზონანსს” პაატა შეშელიძემ.

განსხვავებული მოსაზრებისაა ექსპერტთა ნაწილი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებას, რომ გადასახადების შეცვლის შესაძლებლობა ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, მართებულად მიიჩნევს ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი. როგორც მან “რეზონანსთან” აღნიშნა, ეს ფონდის ბოლო დროის ყველაზე ნათელი იდეაა. მისი აზრით, ეს ცვლილება ბიზნესის განვითარებას ხელს არ შეუშლის.

“თუ დავაკვირდებით, ეროვნული ბანკი და ჩვენი ხელისუფლება ხშირად იშველიებენ სავალუტო ფონდს, როგორც რეკომენდატორს. ამ შემთხვევაშიც მოუსმინონ მას, რადგან ბოლო დროის ყველაზე ნათელი იდეაა 94-ე მუხლის ამოღების თაობაზე. მათ იციან, რომ არ შეიძლება კონსტიტუციაში იყოს მსგავსი ჩანაწერი. ქვეყანას რომ დასჭირდეს საპენსიო რეფორმის განხორციელება ან პროგრესული გადასახადის შემოღება, ამ მუხლის გამო ვერ მოახდენს ვერანაირ ცვლილებას. გადასახადების გაზრდას აანონსებენ ის ბიზნესმენები, რომლებიც 94-ე მუხლის გაუქმების წინააღმდეგნი არიან. გამორიცხულია, ხელისუფლებამ გაზარდოს გადასახადი და შემდეგ არჩევნებში გაიმარჯვოს. ამ მუხლის გაუქმებით მცირე და საშუალო ბიზნესს შეიძლება შეღავათიც დაუწესდეს და მხოლოდ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს გაეზარდოთ გადასახადი. ის, რომ ღარიბი მოსახლეობა დაზარალდება, არასწორი მიდგომაა”, – აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.

———————–

ვერსია“, 19-22 მაისი, 2017 წელი

სკანდალი კომუნიკაციის ბაზარზე

ყველა მხარის ექსკლუზიური პასუხი მთავარ კითხვაზე - რატომ აძვირებს მომსახურებასსილქნეტი“?

მაია მიშელაძე

თუ რომელიმე საკაბელო ოპერატორის აბონენტი ხართ, შესაძლოა, 1 ივნისიდან ,,იმედის”, ,,რუსთავი 2”-ის (,,კომედი არხისა” და ,,მარაოს” ჩათვლით), ,,მაესტროსა” და GDშ-ის მაუწყებლობა შეგიწყდეთ ან ფასიანი გახდეს. არც ისე დიდი ხანია, რაც ეს 6 მაუწყებელი ერთ კომპანიაში – ,,მედია რაითს ჯორჯია” გაერთიანდა, რომელსაც ,,მაესტროს” დირექტორი, ზურაბ ნაყეური ხელმძღვანელობს. კომპანიამ საქართველოში მოქმედ ყველა საკაბელო ოპერატორს გაუგზავნა ოფიციალური წერილი და 6 ტელემაუწყებლის რეტრანსლირების (გადახვევა-დაპაუზების ფუნქცია) შემთხვევაში, მათგან ოფიციალური დასტური 20 მაისამდე მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ,,მედია რაითს ჯორჯია”, საკაბელო ოპერატორებს ამ არხების რეტრანსლირების უფლებას 1 ივნისიდან შეუწყვეტს. 15 მაისს, კომპანია ,,სილქნეტმა” საკუთარი აბონენტები საკაბელო მომსახურების შესაძლო გაძვირების შესახებ გააფრთხილა და შესაბამისი შეტყობინებაც გაუგზავნა. სატელევიზიო სივრცეში მოვლენები სწორედ ამის შემდეგ აირია და ქაოსში გადაიზარდა.

15 მაისს, ,,სილქნეტმა” აბონენტები ,,მედია რაითს ჯორჯიასთან” კომუნიკაციის გარეშე გააფრთხილა. შეტყობინებაში ეწერა, რომ ,,6 ტელეკომპანია შეთანხმდა და რეტრანსლირების შემთხვევაში, გარკვეული საფასური მოითხოვა. ამას ,,მედია რაითს ჯორჯიას” დირექტორის, ზურაბ ნაყეურის, ,,იმედისა” და ,,რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელების ურთიერთგამომრიცხავი პასუხები მოჰყვა. პარალელურად, საკაბელო ოპერატორების ასოციაციამ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართა და ,,მედია რაითს ჯორჯიას” მოთხოვნის კანონიერების შესწავლა მოითხოვა.

,,მედია რაითს ჯორჯიას” დირექტორს მიაჩნია, რომ ქართული მაუწყებლები სხვა ქვეყნის მაუწყებლებთან შედარებით, არათანაბარ პირობებში არიან. ზურაბ ნაყეური სწორედ ამით ხსნის დანარჩენ ხუთ ტელეკომპანიასთან კომერციული თანამშრომლობის სურვილის მიზეზს. „რუსთავი-2“-ის ხელმძღვანელობამ განმარტა, რომ „გადახვევა-დაპაუზების“ შესაძლებლობის მქონე საკაბელოებისგან (IPTV ოპერატორები) გარკვეულ საფასურს ითხოვს, ,,იმედმა” არხების ტრანზიტის შესახებ მოითხოვა გადასახადი, რაც საქართველოში მოქმედ ყველა საკაბელო ტელევიზიას ეხება, ხოლო ზურაბ ნაყეური საკაბელო ოპერატორებს მოლაპარაკებებზე იწვევს.

ზოგადად, ტელევიზიების გაერთიანებაში ცუდი არაფერია, მაგრამ რამდენად კანონიერია მათი მოთხოვნა საკაბელო ოპერატორების მიმართ, ამას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია გადაწყვეტს. საგანგაშო ის კი არ არის, რომ რეტრანსლირების შემთხვევაში, 6 ქართული არხი საკაბელო ოპერატორს საფასურს სთხოვს, საეჭვო მხოლოდ მათი გაერთიანებაა ე.წ. პატარა მაუწყებლების გამოკლებით, რის გამოც ექსპერტები ,,მედია რაითს ჯორჯიას” ოლიგოპოლიურ და კარტელურ შეთანხმებაშიც ადანაშაულებენ. პარალელურად, გაუგებარია, რატომ არ უნდა გადაუხადონ საკაბელო ოპერატორებმა ქართულ მაუწყებლებს გარკვეული თანხა, თუ ისინი იგივე მომსახურების საფასურს უცხოურ ტელევიზიებს უხდიან? თუ რომელიმე საკაბელო ოპერატორმა, პირობითად, ,,იმედს” უნდა გადაუხადოს რეტრანსლირების საფასური, რატომ არ უნდა გადაუხადოს ,,კავკასიას”, ,,იბერიას”, ,,ტვ პირველს” და სხვებს?

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხატია ყურაშვილმა ,,ვერსიას” განუცხადა, რომ გასულ კვირას, ,,მედია რაითს ჯორჯიას” გადაწყვეტილების შესწავლის მიზნით, კომისიას საკაბელო ოპერატორების ასოციაციამ მიმართა:

,,კომისიამ დაიწყო ამ თემაზე მუშაობა, მაგრამ 16 მაისს, ყველა დაინტერესებული პირის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გავრცელდა. ვგულისხმობ ,,რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობის, ზურაბ ნაყეურისა და საკაბელო ოპერატორების ასოციაციის ახალ განცხადებას. საკითხში გარკვევის მიზნით, კომისიას დამატებითი ინფორმაცია სჭირდება და მხოლოდ დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ შევძლებთ დეტალურად საუბარს. განხილვის პროცესშია ჩართული კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველიც. თავდაპირველად, ,,მედია რაითს ჯორჯია” ყველა ავტორიზებულ საკაბელო ოპერატორს რეტრანსლირების საფასურს სთხოვდა, რაც სხვა გარემოებაა, შემდეგ ,,რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელის განცხადება გავრცელდა, რომ მხოლოდ IPTV (გადახვევის ფუნქციის მქონე საკაბელო მომსახურება) მომსახურებაზე ავტორიზებულ საკაბელო ოპერატორებს სთხოვდნენ საფასურს, რაც სხვა გარემოებაა. ნაყეურმა განაცხადა, რომ საფასურს კი არა, მხოლოდ შეხვედრას ითხოვდა… საკითხში უნდა გავერკვეთ, გავიგოთ, რა ფაქტობრივი მდგომარეობაა, რას გეგმავენ და ამის შემდეგ გავაკეთებთ ოფიციალურ განცხადებას”.

კითხვაზე, თუ ,,მედია რაითს ჯორჯია” საკაბელო ოპერატორებს 6 ქართული არხის რეტრანსლირების შემთხვევაში, საფასურს მოსთხოვს, არის თუ არა ეს მოთხოვნა კანონიერი, ხატია ყურაშვილმა გვიპასუხა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით”, ,,მასთ ქერი” და ,,მასთ ოფერი” უკვე დარეგულირებულია: ,,ამ კანონით, ,,მასთ ოფერი” გულისხმობს საერთო მაუწყებლების ვალდებულებას, მოთხოვნის შემთხვევაში, მისცენ საკაბელო ოპერატორს საკუთარი არხების რეტრანსლირების ნებართვა ფასით, ან მის გარეშე. თუ მაუწყებელი მიმართავს საკაბელო ოპერატორს, ვალდებულია, განახორციელოს რეტრანსლირება, თუმცა ყველა ხარჯს, მაუწყებელი თავად იხდის, ეს უკვე ,,მასთ ქერია”. ფასიანი რეტრანსლირების შემთხვევაში, კანონით განსაზღვრულია, რომ ბაზარზე დაფიქსირებულ საშუალო ფასთან შედარებით, 10%-ზე მეტი არ უნდა იყოს. თუმცა ახლა მხოლოდ კანონში არსებული მუხლი განგიმარტეთ, რადგან ამ საკითხს კომისია სწავლობს”.

,,მედია რაითს ჯორჯიას” დირექტორი ზურაბ ნაყეური, რომელიც პარალელურად, ,,მაესტროსაც” ხელმძღვანელობს, ,,ვერსიასთან” საუბრისას აცხადებს, რომ ეს კომპანია 6 ქართული მაუწყებლის შუამავალია საკაბელო ოპერატორებთან ურთიერთობაში. მისივე თქმით, ,,მედია რაითს ჯორჯია” ამ 6 არხის დაკვეთას ასრულებს, ამიტომ 28 აპრილს, კომპანიამ საქართველოში ავტორიზებულ, დაახლოებით, 110 საკაბელო ოპერატორს ოფიციალური წერილი მისწერა, მათ შორის, ,,სილქნეტსაც”:

- ბატონო ზურაბ, თუ წერილი ყველას გაუგზავნეთ, სადაც საფასურის გადახდაზე არაფერი ეწერა, ,,სილქნეტმააბონენტებს მომსახურების შესაძლო გაძვირების შესახებ რატომ ამცნო?

- კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებგვერდზე, დაახლოებით, 110 საკაბელო ოპერატორი ირიცხება, მათგან ზოგი მოქმედია, ზოგი _ არა, მაგრამ წერილი ყველას გავუგზავნეთ. აქედან 12-მა ოპერატორმა უკვე მოგვმართა. ,,სილქნეტს” არ მოუმართავს, მეტიც, არც განმარტება მოუთხოვია, არც მოლაპარაკებაზე წამოსულა. წერილში გარკვევით წერია, რომ ,,თუ დაინტერესებული ხართ ამ 6 არხის რეტრანსლაციით, გთხოვთ, მოგვმართოთ მიმდინარე წლის 20 მაისამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, 1 ივნისიდან შეგიწყდებათ რეტრანსლირების უფლება”. რამე გაურკვევლად წერია ან აქ ფასზე არის საუბარი?

- ამ პერიოდში, ,,სილქნეტსადა თქვენს შორის კომუნიკაცია არ ყოფილა?

- იმ წერილის პასუხად, მათი პოზიცია წერილობით არ მიგვიღია. სატელეფონო საუბრები შედგა, მაგრამ მხოლოდ იურიდიულ უფლებამოსილებაზე. არ გამოვრიცხავთ, ამ დღეებში ,,სილქნეტის” წარმომადგენლები დაგვიკავშირდნენ და მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ.

- გაჩნდა მოსაზრება, რომ 6 ტელევიზიისგან შემდგარი კომპანია მონოპოლისტია

- გინდათ მითხრათ, რომ ,,თბილისი მოლი” ან ,,გუდვილი” მონოპოლისტები არიან? ამ ჰიპერმარკეტებში ,,ნაბეღლავის”, ,,ბორჯომისა” და სხვადასხვა კომპანიის პროდუქცია იყიდება. ,,მედია რაითს ჯორჯია” 6 სხვადასხვა კონტენტის მწარმოებლის გაერთიანებაა და მონოპოლიასთან საქმე არ გვაქვს! ძალიან გთხოვთ, განმარტებებს ნუ აურევთ, ასეთი შედარება უადგილოა!

- რამდენით გაძვირდება ამ არხების რეტრანსლირება?

- ეს დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე. შესაძლოა, საკაბელო ოპერატორმა რეტრანსლირების საფასური ჩვენ გადაგვიხადოს, მაგრამ აბონენტებისთვის მომსახურება არ გააძვიროს. ეს ბიზნესმოლაპარაკების დეტალებია. თუ საკაბელო ოპერატორები უცხოურ კომპანიებს უხდიან გადასახადს, რატომ არ უნდა გადაუხადონ ქართულ მაუწყებლებსაც, ასე ხომ არათანაბარ პირობებში ვდგებით და არაკონკურენტული პროდუქციის წარმოება გვიწევს, განვითარების საშუალებაც კი აღარ გვეძლევა. აქ პრივილეგიებზე კი არა, თანაბარ პირობებზეა საუბარი, რადგან ბევრად კარგ და კონკურენტულ პროდუქციას შევთავაზებთ მაყურებელს.

- ციფრული მაუწყებლობის პირობებში, როცა შემიძლია რომელიმე თანამგზავრული ოპერატორის აბონენტი ვიყო და უფასოდ მივიღო ეს არხები ან შევიძინო ,,სეტ-ტოპ ბოქსი”, საკაბელოს რატომ უნდა გადავუხადო დამატებითი გადასახადი?

- იმიტომ, რომ ,,სეტ-ტოპ ბოქსს” გადახვევის ფუნქცია არ აქვს. ასეთ დროს, რეკლამის ყურებადობა 90%-ით მცირდება, რადგან ის 400 000 აბონენტი, რომელსაც გადახვევის ფუნქცია აქვს, რეკლამას არ უყურებს.

- MYVIDEO.GE- და IMOVIES.GE- თუ მიიღო თქვენი წერილი?

- დიახ. მათთან მოლაპარაკებები დაახლოებით, ერთი თვის წინ დაიწყო. ამ ოპერატორებთან უკვე ხელშეკრულების ცალკეულ მუხლებს გავდივართ. წინააღმდეგობა არ გვქონია. საკითხს გაგებით მოეკიდნენ.

—————

რის საფუძველზე მიიღეს „სილქნეტის“ აბონენტებმა შეტყობინება, რომ შესაძლოა, საკაბელო მომსახურების საფასური გაძვირდეს? კონკრეტულად, რას ითხოვს „მედია რაითს ჯორჯია“ კომპანიისგან? მიმართა თუ არა ,,სილქნეტმა” საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას? ამ კითხვებით, ,,ვერსიამ” კომპანია ,,სილქნეტის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, თეონა წერეთელს მიმართა. პასუხად კი ,,სილქნეტის” იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული განცხადება მივიღეთ, რომლითაც კომპანია სულაც არ არის წინააღმდეგი, ,,მედია რაითს ჯორჯიასთან” მოლაპარაკება გამართოს. თუმცა ,,სილქნეტში” ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ,,მაესტროს”, ,,იმედისა” და ,,რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებდნენ:

,,ჩვენთვის გაუგებარია „იმედის“, „რუსთავი-2“-ისა და „მაესტროს“ ურთიერთ-გამომრიცხავი მოთხოვნები. გვინდა დავიჯეროთ, რომ ზურაბ ნაყეურის წერილი, რომლითაც 20 მაისამდე მოლაპარაკებას მოითხოვდა, სხვა შემთხვევაში კი 1 ივნისიდან ქართული არხების გათიშვას ,,შეგვპირდა”, გაუგებრობა იყო. ჩვენთვის აუცილებელია, გვესმოდეს, კონკრეტულად რაში მდგომარეობს მათი მოთხოვნა. ასევე გაუგებარია, რატომ გამოიწვია გაკვირვება ,,სილქნეტის” მიერ ამ ინფორმაციის აბონენტებისთვის შეტყობინებამ იმ პირობებში, როდესაც ,,სილქნეტს” ევალება მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილებების თაობაზე წინასწარ აცნობოს აბონენტებს. ასევე გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოში ვალუტის კურსის მნიშვნელოვანი რყევის გამო, კომპანიას შეუმცირდა მოგების მაჩვენებელი, ხოლო დამატებითი ხარჯები, აუცილებლად გამოიწვევს ტარიფის ცვლილებას. ,,სილქნეტი” მზადაა მოლაპარაკებისთვის და იმედს ვიტოვებთ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენს შორის ნაყოფიერი და კონსტრუქციული დიალოგი შედგება. ვფიქრობთ, მივაღწევთ შეთანხმებას, სადაც გათვალისწინებული იქნება, როგორც მხარეთა კომერციული ინტერესები, ასევე აბონენტების ფინანსური შესაძლებლობები”.

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი ,,ვერსიასთან” საუბრისას აცხადებს, რომ ამ დავაში ორივე მხარე – ფასიანი სერვისის მიმწოდებელი საკაბელო ოპერატორებიცა და 6 ტელევიზიისგან შემდგარი გაერთიანება, რომელიც ულტიმატუმის ფორმით მიმართავს საკაბელოებს, არასწორად იქცევა:

„ის, რომ კონტენტის მწარმოებელი მის გამავრცელებელს, რომელიც ამ გავრცელებიდან იღებს ფულს, თანხას სთხოვს, აბსოლუტურად კანონიერია. ამას ,,მაუწყებლობის შესახებ კანონი” არეგულრიებს. წლების განმავლობაში, საქართველოში, ფასიანი მომსახურების კუთხით ის პაკეტი იყო მოთხოვნადი, რომელშიც ადგილობრივი არხებია. თუმცა საკაბელო, IPTV და თანამგზავრულ ოპერატორებს, რომლებიც ფულს იღებდნენ მაყურებლიდან, ჩემდა სამწუხაროდ, არასდროს უგრძნიათ სოციალური პასუხისმგებლობა, მათი მოზიდული თანხა, მთლიანად საზღვარგარეთ გაედინება! არასდროს უფიქრიათ, ამ თანხით ფონდი შეექმნათ, რომ რაიმე ფორმით, ქართული მაუწყებლების კონტენტი დაეფინანსებინათ. ამიტომ საკაბელო ოპერატორების დამოკიდებულებაც არასწორია, მაგრამ კიდევ ერთი პრობლემაა. ,,მედია რაითს ჯორჯია”, ანუ ძლიერი მაუწყებლები, კონსულტაციისა და შეხვედრების გარეშე იკრიბებიან და ულტიმატუმის ენით აპირებენ მეორე მხარესთან საუბარს, რაც არასწორია. წლების მანძილზე, სატელევიზიო წარმოების ინდუსტრია ვერ ახერხებს შეკრებას და ერთიანი, შეჯერებული გადაწყვეტილებების მიღებას. სწორედ ამიტომ გვაქვს პრობლემა რეიტინგებშიც, რადგან რეალურად, ტელებაზარზე რეიტინგებს ორი კომპანია ითვლის და დღემდე ვერ გაგვირკვევია, რომელია მართალი. საბოლოოდ, თუ მაყურებელს დავაზარალებთ, ძალიან ცუდი შედეგი იქნება. პროცესს თვალს ვადევნებთ, ახლა ისეთი ვითარებაა, ვინ უფრო კარგად გადაუგრეხს ხელს მეორე მხარეს და რომელი უფრო მოერევა – საკაბელო ოპერატორების ასოციაცია, რომელთა პოზიცია, საერთოდ არ გადაუხადონ ქართველ მაუწყებლებს თანხა, ბოლომდე სწორი არ არის, თუ გაერთიანებული ძლიერი ტელევიზიები, რომლებსაც სურთ ყველაფერი წაიღონ, მათ შორის სარეკლამო ბაზარიც და სააბონენტო თანხებიც. დიდ ტელევიზიებს სხვა ანუ ,,პატარა” ტელევიზიები მხოლოდ გასაჭირში ახსენდებათ”.

რაც შეეხება ,,იმედის”, ,,რუსთავი 2”-სა და ,,მაესტროს” ხელმძღვანელების ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს და ამ ფონზე, ,,სილქნეტის” ერთგვარ ,,დაბნეულობას”, ნათია კუპრაშვილმა ,,ვერსიას” განუცხადა, რომ საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია მზადაა, მხარეებს მოსალაპარაკებლად, საკუთარი ოფისი დაუთმოს: ,,ყველა მხარეს ვთავაზობთ, მობრძანდნენ ჩვენს ოფისში, სადაც სიამოვნებით ვუმასპინძლებთ.

არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ ზოგადად, ამ ინდუსტრიაში არსებული აქტორები ერთად დავსხდეთ და საკუთარ პრობლემებზე ღიად ვისაუბროთ. ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც გარკვეული ტიპის პასუხისმგებლობა არსებობს, საზოგადოებასთან გვაქვს კავშირი და მაყურებლების ანუ ჩვენივე ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებზე ვსაუბრობთ. ეს მაინც უნდა გვაიძულებდეს, გადავდოთ 2 საათი და ერთად დავსხდეთ! გიმეორებთ, სიამოვნებით ვუმასპინძლებთ და იმსჯელონ, რა პრობლემები აქვთ, როგორ შეიძლება საერთო ენის, გეგმისა და ხედვის გამონახვა. არ არის სწორი, რომ ქართული არხების გადახვევა-ყურებადობაში ნაშოვნი ფული საზღვარგარეთ მიდის, ამ საკითხს გადახედვა სჭირდება ოღონდ ისე, რომ საკაბელო ოპერატორებმაც შეძლონ ფუნქციონირება და მაუწყებლებმაც”

Comments are closed