„ვერსია“: დავით უსუფაშვილის რეინკარნაცია // ვინ აფინანსებს შენების მოძრაობას და დაიშლება თუ არა ეროვნული ფორუმი
—-
„ახალი თაობა“: ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „კონსტიტუცია სოლოლაკის სასახლეში მიიღება“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „კახა კალაძე დავით ნარმანიას ანტიპოდი იქნება“ // „ოპოზიცია საერთო კანდიდატზე რომც შეთანხმდეს, თბილისის მოგება მაინც გაუჭირდება“
„ახალი თაობა“: „გუბერნატორის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს“ // მარიამ ქელბაქიანი: „ასეთი უუფლებო სტრუქტურების შენახვაში მილიონების დახარჯვა უზნეობაა“
——————–
„ვერსია“, 19-21 ივნისი, 2017 წელი
დავით უსუფაშვილის რეინკარნაცია
ვინ აფინანსებს შენების მოძრაობას და დაიშლება თუ არა ეროვნული ფორუმი
თათია გოჩაძე
რამდენიმე დღის წინ, დავით უსუფაშვილმა და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შენების მოძრაობის პრეზენტაცია გამართეს. ,,რაც კარგია, ვუვლით. რაც ცუდია, ვცვლით. რაც გვაკლია, ვქმნით!” _ ესაა პოლიტიკაში დაბრუნებული პარლამენტის ექსთავმჯდომარის დევიზი. სხვათა შორის, უსუფაშვილს მოძრაობის საბოლოო ფორმირება ჯერ არ დაუმთავრებია და, როგორც ამბობს, შენების მოძრაობა საბოლოო სახეს 2018 წლის გაზაფხულზე მიიღებს. ამასთან, სპიკერყოფილი დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. შენების მოძრაობა მონაწილეობას წლევანდელ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღებს, თბილისის მერის კანდიდატს კი ივლისის დასაწყისში დაასახელებს. ისე, თვალშისაცემია, რომ უსუფაშვილის ახალი პარტიის პრეზენტაციას მისი მეუღლე არ ესწრებოდა. თურმე, ნუ იტყვით და, თინა ხიდაშელი საქმიანობის გაგრძელებას არასამთავრობო სექტორში აპირებს…
სამაგიეროდ, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის გვერდით აღმოჩნდნენ ეროვნული ფორუმის ლიდერი კახა შარტავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, მოჭადრაკე ნინო გურიელიძე, მედიკოსი ფრიდონ საყვარელიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი, ეკონომისტი გურამ მჭედლიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გია ხეჩინაშვილი, ფიზიკოსი და თეოლოგი ლევან აბაშიძე, ისტორიკოსი გიორგი თაქთაქიშვილი, პოლიტიკოსი რეზო შავიშვილი, სახელმწიფო მმართველობის სპეციალისტი თეიმურაზ მურვანიძე და სხვები…
ჩვენს მოძრაობაში შემოსვლა ბევრს სურსო, – გვამცნო პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას ბატონმა დავითმა და იქვე დასძინა, კეთილისმსურველებთან ერთად, მტრებიც გვყავსო… ძნელი სათქმელია, მტრებში ყოფილი თანაგუნდელი რესპუბლიკელები იგულისხმა თუ არა, მაგრამ ფაქტია: ამას წინათ, ლევან ბერძენიშვილმა ,,ვერსიას” განუცხადა, უსუფაშვილი დაბადებიდან უპერსპექტივოა, რადგან გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიაო. ბერძენიშვილის ამ შეფასებას რესპუბლიკური პარტიიდან უსუფაშვილთან ერთად წასული ვახტანგ ხმალაძე გამოეხმაურა: ,,სათქმელს ვინმე კონკრეტული ადამიანის კი არა, მთელი საზოგადოების გასაგონად ვამბობთ. ასეთ შეფასებებზე არ ვრეაგირებ, ყველა საკუთარი ზნეობრივი პრინციპების შესაბამისად მოქმედებს. ხომ გაგიგიათ, მობურთალსა მოედანიო, ჰოდა, ყველა ყველაფერს დაინახავს. ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია ახლებური პარტიის შექმნა, რომლის მოქმედების პრინციპი თანამშრომლობა იქნება და არა – კონფრონტაცია. კონკურენტების კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ ამა თუ იმ პარტიაში რაციონალური მარცვლის დანახვა უნდა შეგვეძლოს. აქ პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანებიც შეიკრიბნენ და ისეთებიც, ვისაც ამგვარი გამოცდილება არ აქვს, თუმცა პრობლემებს ყველა ერთნაირად ხედავს”.
ისე, სხვებისგან განსხვავებით, პოლიტიკური გამოცდილება ნამდვილად აქვს თბილისის მერის ყოფილ მოადგილე ალუდა გოგლიჩიძეს. ,,ვერსია” ცხადია, დაინტერესდა, სწორედ მას ხომ არ დაასახელებს უსუფაშვილის გუნდი თბილისის მერობის კანდიდატად. ,,ამ საკითხზე საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა, მაგრამ თვითმმართველობის საქმიანობის დროს შეძინილი ჩემი გამოცდილება, დიდი ალბათობით, გამოყენებული იქნება”, – აღნიშნა გოგლიჩიძემ.
დრო, ალბათ, იმასაც გვიჩვენებს, თუ რას ნიშნავს უსუფაშვილთან კახა შარტავას გამოჩენა ანუ ეროვნული ფორუმი უსუფაშვილის პარტიას ხომ არ შეერწყმება? შარტავას თქმით, ურთიერთობას კოალიციური სახე არ ექნება და ეროვნული ფორუმიდან შენების მოძრაობაში ხელმძღვანელები თუ აქტივისტები სურვილის მიხედვით გადავლენ: ,,ხელისუფლებებს სამოქალაქო კონსოლიდაციის, ფართო მოძრაობის და ამა თუ იმ პარტიაში გაბნეული რესურსის შეთანხმების, მასშტაბური პროექტის დაწყების გარეშე ვცვლით, მაგრამ სისტემა იგივე რჩება. საბჭოური პერიოდის სახელმწიფო მართვის ვერტიკალი 25 წელია, ხრავს და ძიძგნის ქვეყნის პოტენციალს და საკუთარ მოსახლეობას ხანდახან ფსიქოლოგიურ გენოციდსაც უწყობს. ამ სისტემის ტრანსფორმაციას კონტრსისტემის აწყობა სჭირდება, რისი საფუძველიც სამოქალაქო კონსოლიდაცია, სახელმწიფოებრიობისთვის პარტნიორობა, საზოგადოებისა და ქვეყნისათვის ერთად მუშაობა და რეაგირებაა… ეროვნული ფორუმის წევრები შენების მოძრაობაში ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე ერთიანდებიან – ჩვენი პარტიის აქტივის დიდმა ნაწილმა საჭიროდ ჩათვალა, ამ მოძრაობაში გაწევრიანებულიყო, მაგრამ ისევ ეროვნული ფორუმის წევრად დარჩა”.
როცა მოძრაობა პარტიად ჩამოყალიბდება, ეროვნული ფორუმის წევრები როგორ შეძლებენ ორ პარტიაში ერთდროულად ყოფნას? – დაინტერესდა ,,ვერსია”, რაზეც შარტავამ გვიპასუხა, რომ ორ პარტიაში, რა თქმა უნდა, ვერ იქნებიან და ახალ პარტიაში გაწევრიანება მოუწევთ – ჯერ კიდევ ოქტომბერში ვაცხადებდით, რომ მზად ვიყავით, მსგავსი მასშტაბური პოლიტიკური პროექტისთვის პარტია შეგვეწირაო.
როგორც გაირკვა, უსუფაშვილის ახალი პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბებას მხოლოდ პარტიის კი არა, თანხის შეწირვაც სჭირდება. ,,უამრავი პოლიტიკური პროექტის წარუმატებლობა სწორედ არასწორ დაფინანსებას უკავშირდებოდა… ულევი ფინანსური სახსრები დომინანტური ხდება ხოლმე პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში. ჩვენ ვინმე დიდ ფულს არც გვთავაზობს და არც ვაპირებთ გამორთმევას. ჩვენი მიდგომაა _ ბევრისგან ცოტა და არა პირიქით. თუ ადამიანები, პერსონალური გადმოსახედიდან, საჭიროდ ჩათვლიან ამ სასიკეთო საქმეში ინტელექტუალური, ფიზიკური და მატერიალურ-ფინანსური წვლილი შეიტანონ, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუმცა ფინანსური სახსრების მქონე ადამიანებს არ ვუყურებთ, როგორც ყულაბას ან ფულის სკივრს, მათ ნამდვილად აწუხებთ ჩვენი ქვეყნისა და შვილების მომავალი. არაერთი წარმატებული ბიზნესმენი უკვე დაგვიკავშირდა მათ შორის, ფინანსური სახსრებით შემოშველების წინადადებით”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
მოკლედ, შენების მოძრაობა, რომელიც ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალაა, აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას 19 ივნისიდან ანუ დღეიდან იწყებს.
———————–
„ახალი თაობა“, 20 ივნისი, 2017 წელი
ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „კონსტიტუცია სოლოლაკის სასახლეში მიიღება“
ვენეციის კომისიამ დასკვნის გამოქვეყნება ოქტომბრამდე გადადო. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ეს ხელისუფლების ზეგავლენით მოხდა, რათა საზოგადოებამ არ გაიგოს, რომ დასკვნა უარყოფითია. ვენეციის კომისიის მდივანი კი აცხადებს, რომ კონსტიტუციის ახალ ვარიანტში არის საკითხები, რომლებიც მათთვის სერიოზულად დამაფიქრებელია.
რატომ გადაიდო ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნება, საით მიდის „ქართული ოცნება“, რატომ გადაიდო პროპორციული სისტემა 2024 წლამდე? „ახალი თაობის“ ამ და სხვა კითხვებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.
- ბატონო რომან, იყო მოლოდინი, რომ ამ დღეებში უნდა გამხდარიყო ცნობილი ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა. რატომ გადაიდო?
- სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში და იწვევს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს, რატომ გადაიდო ოქტომბრამდე?! ის, რომ ხელისუფლებამ ვენეციის კომისიას სთხოვა, რომ ეს დასკვნა გამოქვეყნდეს ოქტომბერში, ანუ მას შემდეგ, რაც ორი მოსმენით მიღებული იქნება კონსტიტუციის პროექტი პარლამენტში და მხოლოდ სარედაქციო ხასიათის ცვლილებები იქნება, სად იყოს წერტილი და სად მძიმე, ეს არის წარმოუდგენელი რამ! ვენეციის კომისიის ოფიციალური დასკვნა უნდა იყოს ახლავე, რათა მთელმა ქვეყანამ გაიგოს, თუ რა აზრი გააჩნიათ მათ ამ ყველაფერზე.
- ითქვა, ხელისუფლებამ ვენეციის კომისია დააშანტაჟაო. აქვს `ოცნებას~ ის ბერკეტი, რომ ვენეციის კომისია დააშანტაჟოს?
- მე არ ვიცი, რა მოტივით გადაიდო დასკვნის გამოქვეყნება. ცხადია, რომ ხელისუფლებამ შეძლო და ოქტომბრამდე გადაადებინა. ჩვენ ისედაც ვიცით ვენეციის კომისიის ის წერილი, რაც გამოაგზავნეს, შავი ვარიანტი დასკვნის. იქ თვალნათლივ არის მითითებული ყველა შენიშვნა.
- შეგიძლიათ გამოყოთ მთავარი შენიშვნები?
- ვენეციის კომისიის ორი ძირითადი შენიშვნა: პირველი ის, რომ დარჩენილი მანდატების გადანაწილების მექანიზმი არის ცუდი და უნდა შეიცვალოს და ხელისუფლებას სთავაზობს სამ სხვადასხვა ვარიანტს. ამ სამი ვარიანტიდან, ამ ხელისუფლებამ აირჩია მესამე ვარიანტი და ხმების გადანაწილების შემთხვევაში, მაქსიმალურად შესაძლებელია ზედა ზღვრის დაწესება. მათი აზრით, 89 მანდატზე მეტი არ უნდა აიღოს გამარჯვებულმა პარტიამ. ეს ფაქტობრივად იგივეა, რომ გამარჯვებულმა პარტიამ წაიღოს მთელი დარჩენილი ხმები.
- ანუ მაინც მომგებიან სიტუაციაშია უმრავლესობა?
- თუ ხმების 45%-ს აიღებს გამარჯვებული პარტია, რაც წარმოუდგენელია დღევანდელ პოლიტიკური ვითარებაში და გადასანაწილებელი დარჩება 15% ხმებისა, სწორედაც ეს 89 მანდატზე მეტი არ იქნება. რეალურად, ამ არითმეტიკით გაიმეორეს იგივე, რაც უნდოდათ თავიდან. ეს მექანიზმი ვენეციის კომისიის მიერ შეფასებულია, როგორც ცუდი.
- პრეზიდენტის არჩევის წესზეც არის შენიშვნა?
- პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევნებზე მათ არ უთქვამთ, რომ კარგია. ამ წესით საზოგადოებას იმის საშუალებასაც არ აძლევენ, რომ პრეზიდენტი იყოს უმცირესობიდან, არა, ბატონო, ის აუცილებლად უმრავლესობიდან უნდა იყოს. ორივე შემთხვევაში, ვენეციის კომისიის დასკვნა არის იმის მანიშნებელი, რომ ეს კონსტიტუცია სწორედაც რომ მორგებულია ერთი პარტიის საარჩევნო ინტერესებს და რომ ეს არის ცუდი! ეს თხოვნაც, რომ არ გამომზეურდეს დასკვნა ოქტომბრამდე, არის მიუღებელი. ბავშვმაც კი იცის, რომ პარლამენტში მესამე მოსმენა ეხება მხოლოდ რედაქციულ ხასიათს და ვერავითარი ცვლილებები მესამე მოსმენით ვერ შევა.
- ანუ ჯერ დაამტკიცებენ და მერე გახდება ვენეციის დასკვნა ცნობილი?
- დიახ, ორი მოსმენით პარლამენტმა უნდა მიიღოს კონსტიტუცია, რაც ფაქტობრივად მიღებას ნიშნავს. მესამე ნაწილი არის ფორმალური და რედაქციული ხასიათის და სწორედ ამ ფორმალური განხილვის დროს შეიძლება გამოამზეურონ ეს დასკვნა. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ხელისუფლებისთვის ვენეციის კომისიის დასკვნა არ არის მისაღები.
- ვენეციის კომისიის მდივანი აცხადებს, რომ ისინი მხარს უჭერდნენ პროპორციულ სისტემას, თუმცა ჩვენ მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომ 2024 წლამდე ვერ გადავლენ ამ სისტემაზე. რა უშლის ხელს? მაჟორიტარებმა შეაშინეს?
- მაჟორიტარების პროტესტი იყო დადგმული სპექტაკლი, რათა ვენეციის კომისიისთვის ეთქვათ, რომ თუ თქვენ დაწერთ უარყოფით დასკვნას, მაშინ საერთოდ პროპორციული არჩევნები არ ჩატარდება საქართველოში, აი, ხომ ხედავთ, რომ მაჟორიტარებს ეს არ უნდათ, ამიტომ ჩვენ შიდა ბრძოლა მოგვიწევს და ეს შეიძლება ყოფილიყო ერთ-ერთი ფანდი ვენეციის კომისიაზე ზემოქმედებისა, თუმცა, როგორც ჩანს, ამან არ გაჭრა და ვენეციის კომისიის დასკვნა არის უარყოფითი.
რაც შეეხება იმას, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოხდეს 2020 წლის შემდეგ, ესეც უკვე არის ხალხის მოტყუება. ერთხელ უკვე მოატყუეს ხალხი ამ დაპირებით, ახლაც იგივეს აკეთებენ და ამის 2024 წლისთვის გადადება უნდათ. საბოლოო ჯამში, ხელისუფლებამ ეს საკონსტიტუციო პროცესი ფარსად გადააქცია!
- ანუ საბოლოოდ ცუდ კონსტიტუციას ვღებულობთ?
- თუ ეს ამ ფორმით იქნა მიღებული, ეს ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლებას უნდა, შეინარჩუნოს ხელისუფლება, პრივილეგიები, 11 მილიარდი ბიუჯეტი, საიდანაც უტენდეროდ უამრავ ფულს ღებულობენ. საკუთარ ფირმებს აძლევენ ამ შეკვეთებს და მილიონები რჩებათ. მოკლედ, გაუტკბათ ხელისუფლებაში ყოფნა ყველანაირად. მაშინ, როცა არჩევნებიდან ჯერ ექვსი თვე გავიდა და ეს ხელისუფლება მთლიანად გაკოტრებულია.
ეს პარლამენტი იმდენად ოდიოზური ფიგურებისგან არის დაკომპლექტებული, რომ მონარქიის მიღებას სერიოზულად განიხილავენ. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დასხდებიან და ამ საკითხზე სერიოზულად დაილაპარაკებენ. მეფის აღდგენა უნდათ და მერე ამას ბატონყმობის აღდგენა მოჰყვება. შემდეგ თავადაზნაურობის. მერე ამ თავადაზნაურობას რომ თავიანთი მიწების დაბრუნება მოუნდებათ?! ამათმა იდარდონ, თორემ გოცირიძეები რაჭის აზნაურები იყვნენ და რამდენიმე სოფელი გვქონდა და 200-მდე ყმა-გლეხი. მაგრამ იმ ადამიანებს რა ვუყოთ, ვინც ამ მიწებზე ცხოვრობს?! ძალიან არასერიოზულია ეს ყველაფერი!
- პარლამენტის თავმჯდომარემ დებატებში გამოიწვია პრეზიდენტი, თუმცა გიორგი მარგველაშვილისგან უარი მიიღო. ირაკლი კობახიძე აცხადებს, პრეზიდენტი ჩიხშია შესული და ამიტომ თქვა უარი ჩემს შეთავაზებაზეო. რის დამტკიცებას ცდილობს ირაკლი კობახიძე?
- ეს არის იმ მცდელობის გაგრძელება, რაც იყო საკონსტიტუციო განხილვებისას. ადამიანებს შეუქმნეს ილუზია, თითქოს ვინმეს ეკითხებოდნენ რაიმე აზრს. ხომ ხედავთ, ვითომ ხალხს დაეკითხნენ და 2020-შიც კი არ უნდათ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება. უნდათ, რომ ამ პროცესში პრეზიდენტი ჩაითრიონ და საზოგადოებას აჩვენონ, თითქოს კონსტიტუცია ხალხთან და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებთან კონსულტაციებისა თუ აზრთა გაცვლა-გამოცვლის შედეგად მიიღება. სინამდვილეში კონსტიტუცია მიიღება სოლოლაკის სასახლეში. ხალხი ამ ყველაფერზე ადრე თუ გვიან იტყვის თავის სათქმელს.
„ახალი თაობა“, 20 ივნისი, 2017 წელი
ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „კახა კალაძე დავით ნარმანიას ანტიპოდი იქნება“ // „ოპოზიცია საერთო კანდიდატზე რომც შეთანხმდეს, თბილისის მოგება მაინც გაუჭირდება“
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თბილისის მერის არჩევნებზე და სავარაუდო კანდიდატების შანსებზე საუბრობს.
- ბატონო რამაზ, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერის არჩევნებზე თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატზე შეთანხმდება, ის მზად არის, ამ კანდიდატს დაუჭიროს მხარი. რამდენად შეძლებს ოპოზიცია, საერთო კანდიდატი დაუპირისპიროს სახელისუფლო კანდიდატს?
- ეს ძალიან რთულად შესასრულებელი ამოცანა იქნება. ოპოზიცია იმდენად ჭრელია, რომ, ალბათ, ძალიან რთული იქნება მსგავსი შეთანხმების მიღწევა. ზოგადად ოპოზიციამ უნდა გადახედოს თავის მიზნებს, რა არის მისი მიზანი – იყოს ასეთი, როგორიც დღეს არის, თუ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ანგარიშგასაწევი ძალა გახდეს.
- დღეს ოპოზიცია ძალიან სუსტია, შეიძლება საკონსტიტუციო ცვლილებებმა გააძლიეროს ოპოზიცია?
- ხელისუფლება ამბობს, რომ სწორედ აქეთკენ არის მიმართული ეს ცვლილებები. რეალურად რაღაც მოქმედებაა საჭირო, რადგან დღეს ოპოზიცია ძალიან სუსტია. ეს არ არის კარგი ქვეყნისთვის, ძლიერი ოპოზიცია ყველა ხელისუფლებას სჭირდება.
- საერთო კანდიდატზე თუ შეთანხმდა ოპოზიცია, რა შანსები აქვთ?
- თუ ოპოზიცია შეთანხმებას მოახერხებს, მაშინ ბრძოლა გაცილებით საინტერესო იქნება და მეტი აზრი მიეცემა ამ არჩევნებს. შეთანხმების ფაქტიც უფრო დასაფასებელი იქნება. თუმცა, ოპოზიციამ რომც მოახერხოს საერთო კანდიდატზე შეთანხმება, ოპოზიციის რეიტინგიდან გამომდინარე არა მგონია, რომ ასეთი შეთანხმება გამარჯვების გარანტია გახდეს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ძალიან დისკრედიტირებულია ოპოზიცია, ყველა გამოქვეყნებული რეიტინგი ამაზე მეტყველებს, ამიტომ მათი შეკრება არ იქნება გამარჯვების საწინდარი.
- პოლიტიკაში დაბრუნდა კახა შარტავა, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ის დაასახელოს დავით უსუფაშვილმა, ეს საერთო კანდიდატი შარტავა რომ იყოს?
- კახა შარტავას პოლიტიკაში დაბრუნებას მივესალმები. ის კარგი ფიგურაა და მხოლოდ პოზიტიურის თქმა შემიძლია მასზე, როგორც ადამიანზე, კახა შარტავას არაერთგზის დაუმტკიცებია, რომ სახელმწიფოებრივად აზროვნებს, მოქალაქეობრივი პოზიციები ხშირად იგრძნობა მის მოქმედებებში. ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – ის არ არის გასვრილი.
- შანსები?
- ჩემი პროგნოზით, მისი შანსები მერის არჩევნებზე უფრო ნაკლებია. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები სხვა ტიპის მენეჯერს ირჩევენ ხოლმე ასეთ პოზიციაზე.
- დამოუკიდებელ კანდიდატებს უფრო დიდი შანსი აქვთ?
- დიახ. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ პარტიები, როგორც ასეთი, დისკრედიტებულია, მათ არ აქვთ ნდობა ამომრჩევლებში. თუმცა, დამოუკიდებელი კანდიდატის წინ სხვა სირთულეებია. არჩევნებს სერიოზული ორგანიზება სჭირდება, ასეთი მარტივი არ არის არჩევნებში მონაწილეობა ყოველგვარი ზურგის გარეშე. დამოუკიდებელ კანდიდატს მოუწევს უფრო მეტი შრომა, უფრო მეტი ენერგიის დახარჯვა, თუნდაც პიარის კუთხითაც, რადგან პარტიის კანდიდატი ცნობილია, ვის წარმოადგენს, როგორი პლატფორმა აქვს ამ პარტიას, მაგრამ დამოუკიდებელი კანდიდატი საზოგადოებისთვის, ამომრჩევლისთვის ასეთი ცნობილი არ არის.
- თუმცა, ამომრჩევლები დიდ ყურადღებას არ აქცევენ პარტიის პლატფორმას, იდეოლოგიას…
- სწორი შენიშვნაა. ეს სერიოზული პრობლემაა და ასეთი არჩევანი რომ გააკეთოს ჩვენმა ამომრჩეველმა, მაშინ პარტიული კულტურაც და სისტემაც გაცილებით სხვა დონეზე უნდა იყოს, მაგრამ, ასეა თუ ისე, ამომრჩევლებისთვის უფრო ცნობილი ხდება ბევრი რამ ამა თუ იმ პარტიის დასახელების ქვეშ.
- ხელისუფლება კახა კალაძეზე ამბობს, რომ უალტერნატივო კანდიდატია. რატომ არის ხელისუფლება ასეთი დარწმუნებული, მას შემდეგ, რაც დავით ნარმანიამ არ გაამართლა და თბილისელები სახელისუფლო კანდიდატის მერობით მოხიბლულები არ არიან?
- დავით ნარმანია რჩება შესანიშნავ ეკონომისტად, სტუდენტები დღემდე შეყვარებულები არიან მასზე, აკადემიური პიროვნებაა, მაგრამ თბილისის მერობა ძალიან დიდი ტვირთია როგორც ორგანიზაციული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. საუბარია მილიონნახევრიანი ქალაქის მერობაზე, რაც ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. თუმცა, უამრავი მაგალითის დასახელება შემიძლია, როდესაც აკადემიური სფეროდან წასულა ადამიანი და შესანიშნავი მენეჯერული თვისებები გამოუვლენია. ნარმანიას ეს უნარები ნაკლებად აღმოაჩნდა. რაც შეეხება კახა კალაძეს, აქ სრულიად განსხვავებულ ვითარებასთან გვაქვს საქმე.
- რითი არის განსხვავებული?
- კახა კალაძე ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, ფიგურაა დღევანდელ მთავრობაში, რომელიც თავის შეხედულებებს, პოზიციებს დამოუკიდებლად აყალიბებს და ახმოვანებს, მას აქვს იმის პრეტენზია, რომ ის ჩრდილი კი არ არის, არამედ მართავს, გადაწყვეტილებებს იღებს. კახა კალაძემ, როგორც მინისტრმა, დაადასტურა თუნდაც რუსებთან მოლაპარაკებებში, რომ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, ესაუბროს თუნდაც რუსებს.
- თუმცა, იმ მოლაპარაკებების შედეგი არ იყო ჩვენთვის სახარბიელო.
- მან გაახანგრძლივა ეს მოლაპარაკებები და გარკვეული დივიდენდი მიიღო აქედან ჩვენმა ქვეყანამ. მაქსიმუმი გააკეთა. ბევრი მომენტი არის კახა კალაძის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში, თუ პიროვნულში, რომელიც იძლევა საფუძველს, რომ ვთქვათ – კახა კალაძე მერი ბევრად უფრო დამოუკიდებელი, უფრო აქტიური იქნება, ვიდრე დავით ნარმანია იყო. მეტიც, შემიძლია გითხრათ, რომ კახა კალაძე დავით ნარმანიას ანტიპოდი იქნება.
კახა კალაძეს არ უდგას ცნობადობის პრობლემა, დავით ნარმანია კი მაშინ გაიცნო თბილისმა, როდესაც კანდიდატად დასახელდა. მინისტრის პორტფელი კი ჰქონდა, მაგრამ ნაკლებად ცნობადი იყო, თვალშისაცემი არ იყო. ის, რაზეც ახლა მე აქცენტებს ვაკეთებ, არ არის არჩევნებში პატარა რამ, ამ ყველაფერს თავისი დატვირთვა აქვს პიარის თვალსაზრისით. ცნობადობა მნიშვნელოვანი ფაქტორია არჩევნებში ამ პრობლემის წინაშე კალაძე ნამდვილად არ იდგება, როგორც თავის დროზე ნარმანია იდგა.
- მილიონნახევრიანი ქალაქის მიერ პირდაპირი წესით არჩეული პირის პოლიტიკური ამბიციები მერის თანამდებობით დაკმაყოფილდება?
- ძალიან საინტერესო კითხვაა. ემზადება თუ არა კახა კალაძე უფრო მეტისთვის? რა გითხრათ, ის ახალგაზრდა ადამიანია და აქ მოულოდნელი არც არაფერია.
- გამოდის, „ქართულ ოცნებაში“ კახა კალაძე პოზიციებს იმყარებს. რამდენად არის მოსალოდნელი. პრემიერობისთვის ემზადებოდეს?
- პოლიტიკაში ამბიცია პოზიტიური რამ არის. რაც უფრო ამბიციურია პოლიტიკოსი, მით უფრო არის მოსალოდნელი, რომ ის აქტიური იქნება და ყველაფერს გააკეთებს, რომ წარმატებულიც იყოს. რაც შეეხება კითხვას, ემზადება თუ არა პრემიერობისთვის, ვერ გეტყვით, ვნახოთ, არჩევნებზე როგორ განვითარდება მოვლენები და რა შედეგებს დადებს ამ არჩევნებზე. ამაზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული.
„ახალი თაობა“, 20 ივნისი, 2017 წელი
„გუბერნატორის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს“
მარიამ ქელბაქიანი: „ასეთი უუფლებო სტრუქტურების შენახვაში მილიონების დახარჯვა უზნეობაა“
საქართველოში უკვე წლებია საუბრობენ სამხარეო ადმინისტრაციების გაუქმების აუცილებლობაზე. ექსპერტები და პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ უფუნქციო სტრუქტურული ერთეულები არაფერს აკეთებენ, სახელმწიფოს კი მათი შენახვა ძვირი უჯდება. 2016 წელს და მიმდინარე წლის 4 თვის განმავლობაში სამხარეო ადმინისტრაციაში დასაქმებულებზე მილიონ ლარზე მეტი პრემია-დანამატი გაიცა. მაჩვენებელი ალბათ ორ მილიონამდე ავიდოდა, ინფორმაციის გასაჯაროებაზე სამ გუბერნიას უარი რომ არ ეთქვა.
„პრემია-დანამატების შესახებ ინფორმაციების მოძიება ძალიან გაგვიჭირდა. გუბერნიებში ათას მიზეზს იგონებდნენ იმისთვის, რომ ჩვენთვის საჯარო ინფორმაცია არ მოეცათ. საბოლოო ჯამში, მხოლოდ 5 გუბერნიიდან მივიღეთ პასუხი. კახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციებმა პრემია-დანამატების შესახებ ინფორმაცია დამალეს“, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ საუბარში „ახალი საქართველოს“ ანტიკორუფციული ბიუროს წევრმა მარიამ ქელბაქიანმა. მისი თქმით, 2016 წლისა და 2017 წლის 4 თვეში 5 გუბერნიაში მხოლოდ პრემია-დანამატის სახით 1.063.486 ლარი გაიცა.
მარიამ ქელბაქიანი ვარაუდობს, რომ ამ 5 გუბერნიის შენახვა ბიუჯეტს გაცილებით ძვირი დაუჯდა. გუბერნიაში დასაქმებულებს მილიონებს არაფრის კეთებაში უხდიან.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ გუბერნიებში ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან დასაქმებული. ეს თანხა ბიუჯეტიდან სრულიად არაეფექტურად არის გახარჯული, ვინაიდან გუბერნიები და მათი გუბერნატორები არაფრის კეთებაში იღებენ მილიონობით ლარს. ჩვენ კვლევაში საუბარი გვაქვს მხოლოდ პრემია-დანამატზე და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამას თუ დავუმატებთ მათ თანამდებობრივ სარგოს, თანხა მინიმუმ გაორმაგდება“, – ამბობს მარიამ ქელბაქიანი.
ანტიკორუფციული ბიუროს წევრი მიიჩნევს, რომ საქართველოში გუბერნატორის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს. იგი იხსენებს ხელისუფლების ერთ-ერთ ბოლო გადაწყვეტილებას, როცა 7 ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი გაუუქმეს, რაც საბიუჯეტო სახსრების დაზოგვით ახსნეს.
„ამ ქალაქებისთვის თვითმმართველი სტატუსის გაუქმება რეალურად სულ სხვა მიზეზით მოხდა, მაგრამ ხელისუფლებამ ეს საბიუჯეტო თანხების დაზოგვით ახსნა. დღეს ჩვენი ქვეყანა მართლაც მძიმე მდგომარეობაშია და საბიუჯეტო სახსრებს დაზოგვა ნამდვილად სჭირდება. ოღონდ ეს თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. „ქართულ ოცნებას“ საბიუჯეტო თანხების ოპტიმიზაცია თუ სურს, პირველ რიგში, სწორედ გუბერნიები უნდა გააუქმოს, ვინაიდან მათ არ აქვთ არანაირი უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღების უფლება. ასეთი უუფლებო სტრუქტურების შენახვაში მილიონების დახარჯვა უზნეობაა იმ ფონზე, როცა ათეულობით ათასი ჩვენი მოქალაქე სიღატაკის ზღვარს მიღმაა და მათი რიცხვი ყოველდღე მატულობს“, – აცხადებს მარიამ ქელბაქიანი. მისივე თქმით, ბიუჯეტს ასევე ძვირი უჯდება სამინისტროების და დედაქალაქის მერიის შიდა აუდიტის სამსახურების შენახვა.
ქელბაქიანის ინფორმაციით, 9 სამინისტროს და დედაქალაქის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დანახარჯმა 15 თვეში 4.279.788 ლარი შეადგინა. ის მიიჩნევს. რომ შიდა აუდიტის სამსახურები გასაუქმებელია.
„აუცილებლად უნდა გაუქმდეს ყველა სამინისტროს და დედაქალაქის მერიის შიდა აუდიტი, გამოცხადდეს ტენდერი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იურიდიული კომპანიებისთვის, რაც გამორიცხავს ზედმეტი თანხების ფლანგვას და ასევე იქნება იმის გარანტი, რომ საქმე წარიმართება ობიექტურად და დამოუკიდებლად“, – მიიჩნევს ანტიკორუფციული ბიუროს წევრი. მისი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში საზოგადოებას კიდევ ერთი საინტერესო კვლევა ელოდება. ანტიკორუფციული ბიურო ახლა სამინისტროების და თბილისის მერიის სამსახურებრივ მანქანებს ითვლის.
——————-