globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 20 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 20th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

კვირის პალიტრა: ინტერვიუ მამუკა მამუკა არეშიძესთან: “ფრთხილად! პუტინი სწორედ იმას უცდის, რომ ე.წ. საზღვარზე რამე სერიოზული ინციდენტი მოხდეს”

კვირის პალიტრა: ინტერვიუ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან: “გაატარეთ საკუთარი და არა სხვისი პოლიტიკა”

კვირის პალიტრა: პატრიოტიზმი და არამზადობა // რუსეთი ახლა მხოლოდ წვრილმან პროვოკაციებზე მიდის და თუ ჩვენ საბაბს არ მივცემთ, ომზე არ წავა

კვირის პალიტრა: საქართველო ტურბულენტობის ზონაში

რეზონანსი: ცენტრალური ავტომაგისტრალი ავტომატის ჯერის დაფარვის ზონაში // “მცირედი ინციდენტიც კი მოძრაობის შეწყვეტასა და დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ერთმანეთისგან გათიშვას ნიშნავს”

რეზონანსი: საოკუპაციო ზოლთან საპროტესტო აქციები უნდა იმართებოდეს, თუ არა?

რეზონანსი: ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან:  „არანაირი საზღვრის გადმოწევაზე საუბარი არაა… ნინო ბურჯანაძემ კი უნდა იცოდეს, რომ საგარეო პოლიტიკა არის ხელისუფლების ხელში“

რეზონანსი: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „რუსეთთან მოლაპარა-კებების საწარმოებლად ნინო ბურჯანაძეს გავუშვებდი“

„კვირის ქრონიკა“: გიგლა ბარამიძე: „ძალიან სასიამოვნოა, რომ მთავრობამ ოფიციალური განცხადებით დაადასტურა ის, რასაც ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში ვიზიტის დროს მიაღწია“

„კვირის ქრონიკა“: რა „წვლილისთვის“ ჩამოკიდეს „ოქროს საწმისი“ რიჩარდს და რატომაა ნორლანდზე სამჯერ უარესი აშშ-ს ახალი ელჩი?!

———————-

კვირის პალიტრა“, 20 ივლისი, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა მამუკა არეშიძესთან: “ფრთხილად! პუტინი სწორედ იმას უცდის, რომ ე.წ. საზღვარზე რამე სერიოზული ინციდენტი მოხდეს”

(შემოკლებით)

“ის, რაც ხდება შიდა ქართლში, სწორედ საოკუპაციო პროცესის ნაწილია, რასაც კარგა ხნით ადრე ვვარაუდობდით. თქვენი გაზეთის მეშვეობითაც არაერთხელ მითქვამს, რომ რუსეთი გააგრძელებდა საოკუპაციო პროცესს – ის შეგნებულად არ იკავებდა მთლიანად იმ ტერიტორიას, რომელიც ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში იყო, განსაკუთრებით, ორჭოსნისა და ხურვალეთის მონაკვეთს. ამას აკეთებდა იმიტომ, რომ საქართველოზე ასეთი დემონსტრაციული ზეწოლის საშუალება ჰქონოდა მაშინ, როდესაც დასჭირდებოდა. ადრეც მითქვამს, რომ იმ რუკებით, რითაც ოპერირებენ რუსები, ადმინისტრაციული საზღვარი პრაქტიკულად ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე გადის. ეს არის ზეწოლისა და სახელმწიფოს დეზორგანიზების მეთოდი”, – აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე ინტერვიუში.

“რატომ აკეთებს ამას რუსეთი მაინცდამაინც ახლა, აუცილებელია, გავაანალიზოთ ის, თუ რა გეოპოლიტიკური ცვლილებებია რეგიონში და ზოგადად, მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია განუწყვეტლივ უკიჟინებს დღევანდელ ხელისუფლებას, რომ მან პროდასავლური კურსი შეცვალა, ეს მტკნარი სიცრუეა. რუსეთის ამგვარი დესტრუქციული ქცევის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის არის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას პროდასავლური კურსი არ შეუცვლია. ამის მაგალითია თუნდაც ევროასოცირებისა და საფრანგეთთან სულ ახლახან გაფორმებული უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულებები. რუსეთის გაღიზიანება განაპირობა ამ უკანასკნელმაც, თავდაცვის საშუალებების თაობაზე ხელმოწერილმა დოკუმენტმაც. ამ ცოტა ხნის წინ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის უწყებათა ხელმძღვანელებმა გამართეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც ლაპარაკი იყო სამხრეთ კავკასიაში თურქეთის როლისა და ფუნქციის გაზრდაზე. ასევე საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ეგიდით ჩატარდა სამხედრო მანევრი, რომელშიც მონაწილეობდა ნატოს რამდენიმე ქვეყანა. მოკლედ, ეს ის თემებია, რომლებიც პირდაპირ არის მიბმული საქართველოზე, რაც ძალიან არ მოსწონთ კრემლში”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“გარდა ამისა, არის პროცესები, საქართველოს პირდაპირ რომ არ უკავშირდება, მაგრამ ჩვენი ქვეყანა, ამა თუ იმ ფორმით, მათში მაინც მონაწილეობს. მაგალითად, ავიღოთ ჩინეთის საკითხი. ჩვენთვის ეს შესამჩნევი დიდად არ არის, მაგრამ ჩინეთში მეტად სერიოზული პროცესი დაიწყო. ჩინეთმა შეცვალა ეკონომიკური განვითარების მიდგომები. თუ წლების განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკა იდგა იმაზე, რომ უცხოური ბრენდების საქონელი იწარმოებოდა მის ტერიტორიაზე, ახლა ნელ-ნელა დაიწყო ამ წარმოებების თავისი საზღვრების გარეთ გატანა. შესაბამისად, ევროპასთან სიახლოვის გამო ჩინეთისთვის მეტად მნიშვნელოვანი გახდა შუა აზია და კავკასიის რეგიონი, მით უფრო, საქართველო, რომელსაც ევროპასთან განსაკუთრებული ეკონომიკური ურთიერთობა აქვს. აქედან გამომდინარე, ჩინეთი ცდილობს, დაიკავოს სამხრეთკავკასიური ეკონომიკური სივრცე, რაც აღიზიანებს რუსეთს. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ თურქმენეთის პრეზიდენტის ამასწინანდელი ვიზიტი. ეს რიგითი ვიზიტი არ ყოფილა, ეს იყო ევროპასა და შუა აზიას შორის ეკონომიკური და ენერგოთანამშრომლობის ერთ-ერთი სერიოზული კომპონენტი. ამ პროცესში განსაკუთრებული ადგილი უკავიაYთ საქართველოსა და აზერბაიჯანს, რაც ასევე ძალიან აღიზიანებს რუსეთს. უკვე რამდენი ფაქტორი ჩამოვთვალეთ, რაც კრემლის მოქმედებებს ხსნის, ამიტომაც 300 მეტრით საზღვრის გადმოწევა პანიკისა და ერთმანეთის დადანაშაულების საფუძველი კი არ უნდა გახდეს, არამედ საქართველოს პოლიტიკური ელიტისთვის ერთიანი მოქმედების მიზეზად უნდა იქცეს”, – განაგრძობს რესპონდენტი.

“დღეს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს უნიკალური შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთი გამოიყენოს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დასავლეთი ჩართოს პრაქტიკულ მოქმედებებში. ის, რაც ხდება ბაქო-სუფსის მაგისტრალთან დაკავშირებით, მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ეს არის “ბრიტიშ პეტროლიუმისა” და მის უკან მდგარი ევროპული სტრუქტურებისა და დიდი ბრიტანეთის პრობლემაც, რაც საქართველომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ჩვენ არ უნდა დავრჩეთ რუსეთის ამ მოქმედებების წინააღმდეგ ბრძოლაში მარტო. ქართულმა დიპლომატიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამ პროცესში მაქსიმალურად ჩართოს უცხოური დიპლომატია, მათ შორის, ტრანსნაციონალური კომპანიების წარმომადგენლები”, – თვლის ექსპერტი.

“ვფიქრობ, ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ ადეკვატური განცხადებები გაკეთდა. ზურაბ აბაშიძემაც კი, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული კორექტულობით გამოირჩევა, ეს პროცესი ძალიან მკაცრად შეაფასა, მაგრამ მე არ ვიცი, რა პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ დასავლელი პარტნიორებისკენ და რამდენად კონსტრუქციულად მოიქცა. ეს არ ჩანს. ვიმეორებ, ვფიქრობ, შეფასებები ადეკვატური იყო, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, როდესაც ზოგიერთმა ვითარების შემსუბუქება სცადა. თავის მოტყუებას აზრი არა აქვს, არც ვითარების შემსუბუქების მცდელობას. პირდაპირ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რა და როგორ არის. ეს ფსევდოშემსუბუქება ისეთივე მიუღებელია, როგორიც ის პოლიტიკანობა, რასაც ოპოზიცია ეწევა, როდესაც ცდილობს, ყველაფერი ხელისუფლებას გადააბრალოს. განსაკუთრებულად მიუღებელია ის ოპოზიცია, რომელსაც მორალური უფლება არც აქვს, რომ ამაზე ილაპარაკოს. ვგულისხმობ `ნაციონალურ მოძრაობას~, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დღევანდელი მდგომარეობა შექმნილიყო”, – ამბობს მამუკა არეშიძე.

“ახლა 300 მეტრით ე. წ. საზღვრის გადმოტანას რომ ასე აპროტესტებენ, მაშინ სად იყვნენ, 150-ზე მეტი სოფელი ჯერ რომ დაკარგეს, მერე კი სულ ქვების გროვა ეძახეს იმ სოფლებს. ასე რომ, მათ არ აქვთ არც აქციის ჩატარებისა და არც ხელისუფლების დადანაშაულების უფლება. თუნდაც ის, რა შეფასებებიც მოჰყვა კალაძის განცხადებას ჩვენში, ფუქსავატური დამოკიდებულების ნიმუშია. კალაძე ის კაცი არ არის, ვინც ამ განცხადებას ისე გააკეთებდა, რომ კონსულტაციები არ ჰქონოდა შესაბამის ორგანიზაციებთან გავლილი. ამგვარი განცხადება თვითონ “ბრიტიშ პეტროლიუმმა” გააკეთა, როდესაც თქვეს, რომ ისედაც ფიქრობდნენ მაგისტრალისთვის მარშრუტის შეცვლას. სწორედ მათზე დაყრდნობით განაცხადა ეს კალაძემ. დამერწმუნეთ, კალაძე და საქართველოს ხელისუფლება ამ კონსორციუმში მონაწილე ჯგუფებისა და ქვეყნების გარეშე ვერ შეცვლიან მარშრუტს. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს ნავთობსადენი ჩვენია, ძალიან ცდება. ეს ნავთობსადენი მათია და ისინი არიან მასზე პასუხისმგებელი”, – განმარტავს არეშიძე.

“საუბედუროდ, ჩვენში პოლიტიკური ცხოვრების წესია მოშლილი. როდესაც 2008 წელს ექსტრემალური ვითარება შეიქმნა ქვეყანაში, მაშინ ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს პოლიტიკურ აქტივობაზე. ახლაც რთული ვითარებაა, ამ ხალხმა უარი უნდა თქვას პოლიტიკანობაზე და ვიწროპოლიტიკური ინტერესებით მოქმედებაზე. ამით ქვეყანას აზარალებენ… ჩადიან და აწყობენ უაზრო მიტინგებს, ხან პოლიციელებს ერჩიან, ტეხენ დებოშს და ამით მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას აზარალებენ. რაც ხდება, უბედურებაა და პროტესტი, ბუნებრივია, უნდა გამოვთქვათ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და ადგილი. ეგენი უკან ბრუნდებიან, საკუთარ სახლებში არიან ბედნიერად, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას კი პრობლემები ექმნება. ეგებ ცოტა მეტი იფიქრონ ქვეყანასა და იმაზე, რომ ახალი პრობლემები არ შეუქმნან სახელმწიფოს”, – მიიჩნევს რესპონდენტი.

“თუკი დავსვამთ შეკითხვას, რა გამოსავალია ამ ვითარებიდან, მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს: პირველი – ომი, მეორე – ამ პროცესის შესაჩერებლად რუსეთზე აქტიური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ზეწოლა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენებით. აი, ამისთვისაა საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია საჭირო. იქ ჩასვლა, ყვირილი, ბანერების გადათელვა, მერე კი თბილისში თბილად ჯდომა და სხვისი დადანაშაულება, დიდი უპასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკის თვისებად იქცა ამ ფსევდოპატრიოტიზმის დემონსტრირება და პოლიტიკური ქულების ასე დაგროვების მცდელობა. ისე, მაგათი პატრიოტიზმის მაინც არავის სჯერა, ტყუილად წვალობენ. სხვათა შორის, პუტინი და რუსეთი სწორედ იმას უცდის, რომ ე.წ. საზღვარზე რაიმე სერიოზული ინციდენტი მოხდეს, რაშიც შემდეგ ქართულ მხარეს დაადანაშაულებენ. თუ გარკვეულმა ჯგუფებმა ე.წ. საზღვარზე გაუაზრებელი მოქმედებები გააგრძელეს, ოსებმა შესაძლოა, ცეცხლი გახსნან და ქართველები ნიღბიანი ბოევიკების თავდასხმის ობიექტები გახდნენ. ქართული მხარე იძულებული იქნება სროლას სროლითვე უპასუხოს, რასაც ის მოჰყვება, რომ რუსული ჯარი რამდენიმე წუთში დაიკავებს ავტობანს. იIქიდან კი რუსების გასაყვანად რამდენი შეხვედრის ჩატარება მოუწევს აბაშიძეს კარასინთან, არავინ იცის, ასე რომ, ფრთხილად! რუსულ ხაფანგში არ გავებათ”, – დასძენს არეშიძე.

კვირის პალიტრა“, 20 ივლისი, 2015 წელი

ინტერვიუ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან: “გაატარეთ საკუთარი და არა სხვისი პოლიტიკა”

ვაჟა თავბერიძე

რუსეთის მიერ საზღვრების კიდევ ერთხელ გადმოჩოჩებამ თავსატეხი გაუჩინა როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობასა და იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მათი ეგიდით ფუნქციონირებენ. ყველაზე მეტად კი ალბათ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ბატონ კესტუტის იანკაუსკასს, რომელსაც არსებულ მდგომარეობაზე ექსკლუზიურად ვესაუბრეთ:

- როგორც თქვენი ქვეყნის პატრიოტს­ და არა მისიის ხელმძღვანელს, მინდა გკითხოთ,­ რას დაუპირისპირებდა ლიტვა “მცოცავ­ ოკუპაციას”?

- ლიტვა უკვე იდგა ოკუპაციის წინაშე­ და კარგა ხანს უძლებდა მას. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავი დაიცვას, იდეალურ შემთხვევაში, მეგობრებსა და მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციის ფონზე. დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ლიტვა მხოლოდ მშვიდობიან გზებს იყენებდა. პოსტკონფლიქტურ გარემოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თავი შეიკავო ძალის გამოყენებისაგან, არ მიმართო და არ აჰყვე პროვოკაციებს. იმუშავეთ იმ საკითხებზე, რაც თქვენს ხელთაა, იმის ნაცვლად, რომ იწუწუნოთ იმაზე, რაც არ არის. გაატარეთ საკუთარი და არა სხვისი პოლიტიკა.

- ხურვალეთში მომხდარის შესახებ საგულისხმოა რუსული მხარის განცხადება,­ რომ აპრილში მათ მიერ დადგმული ე.წ. სასაზღვრე ბანერები “პროვოკაციულმა ძალებმა” გააქრეს… თქვენი ანგარიშები რას ასახავენ?..

- ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პერსონალისა და დოკუმენტაციის მიუკერძოებლობით. ჩვენი ანგარიშები კი ასახავენ იმ ფაქტებს, რასაც ჩვენი მონიტორები ხედავენ. მათ კი ნახეს ორი ახალი ე.წ. სასაზღვრე ნიშანი­. ერთი სოფელ ორჭოსანთან, რომე­ლიც ადრე არსებული აპრილში გაუჩინარე­ბული ნიშნის მაგივრად დადგეს, მაგრამ 300 მეტრით უფრო სამხრეთით, ვიდრე მისი წინამორბედი იდგა. სოფელ წითელუბანთან კი ახალი ნიშანი ძველთან შედარებით დაახლოებით 1200 მეტრით არის ჩამოწეული სამხრეთით.

- ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმზეც გკითხავთ – ის, რაც ხურვალეთში მოხდა, ნამდვილად არის ინციდენტი, თანაც დიდი ასოთი. რა გაკეთდა ამის პრევენციისათვის?

- IPRM დღეს უსაფრთხოების საკითხებით დაკავებული ერთადერთი ადგილობრივი მექანიზმია, რომელიც რეალურად ფუნქციონირებს. მხარეებისთვის ეს არა უბრალოდ შესაძლებლობა, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, მაგრამ ასევე მოუსმინონ სხვებს და შეეცადონ, კომპრომისი გამოძებნონ. რაც დღევანდელ პირობებში, როცა მხარეებს ასეთი  საპირისპირო პოზიციები აქვთ, ურთულესია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ხშირად სწორედ აქ მიღწეული შეთანხმება გამხდარა შემდგომი ინციდენტის პრევენციის საფუძველი.

- სადამკვირვებლო მისია დღემდე ვერ ახერხებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგს. რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ამ მხრივ ვითარება გამოსწორდეს?

- მისია 200-ზე მეტი დამკვირვებლისგან შედგება, ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს. არის არეალი, რომელსაც ვერ ვფარავთ, მაგრამ მზად ვართ, გავზარდოთ მოქმედების არეალი, როგორც კი ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს. ამის შესახებ დისკუსიები ჟენევის მოლაპარაკების ბოლო რაუნდის დროსაც გვქონდა, მაგრამ, ნება მიბოძეთ, მისიის მიმართ სკეპტიკურად განწყობილებს­ ვკითხო, ჩვენ გარეშე, საერთაშორისო წარმომადგენლობის გარეშე, ვითარება უკეთესი­ იქნებოდა?!

- დაბოლოს, ბაქო სუფსის გაზსადენზეც გკითხავთ – რამდენაც ცვლის “საზღვრისმიღმა” აღმოჩენილი ეს 1400 მეტრიანი მონაკვეთი საერთო სტრატეგიულ სურათს?

- ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გაზსადენის პოზიცია [მარშრუტი] თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და იმ არეალს შორის, რასაც საქართველოს მთავრობა ვერ აკონტროლებს, [სასაზღვრე ნიშნის გადმოწევით] არ შეცვლილა. არ შეცვლილა ასევე გაზსადენის ოპერატორიც – ასე რომ ვფიქრობ, სტრატეგიულ ცვლილებებზე მსჯელობისთვის, სჯობს, ბრიტიშ პეტროლეუმს მიმართოთ.

კვირის პალიტრა“, 20 ივლისი, 2015 წელი

პატრიოტიზმი და არამზადობა

რუსეთი ახლა მხოლოდ წვრილმან პროვოკაციებზე მიდის და თუ ჩვენ საბაბს არ მივცემთ, ომზე არ წავა

მერაბ მეტრეველი

(შემოკლებით)

ძალიანაც რომ არ გნდომებოდათ, ამ დღეებში მაინც გაგახსენდებოდათ ინგლისელი მოღვაწის, სამუელ ჯონსონის ცნობილი აფორიზმი: “პატრიოტიზმი არამზადების უკანასკნელი თავშესაფარია”. რა თქმა უნდა, არც ჯონსონი გულისხმობდა, რომ ყველა პატრიოტი არამზადაა და არც მე ვფიქრობ, რომ ყველა, ვინც ამ დღეებში აქტიურობდა, ასეთია. პატრიოტიზმით სპეკულირება ჰქვია იმას, როცა ცდილობ, ამტკიცო, რომ მარტო შენ გიყვარს შენი ქვეყანა, სხვებს კი არა, როცა მზად ხარ, პოლიტიკური თუ სხვა ქულების ჩასაწერად პროვოკაციაზე წახვიდე, პატრიოტი კი არა, მავნებელი ხარ! აქ არ ვგულისხმობ ჩემს კოლეგებს, ვინც იქ ჩავიდა და ოკუპაციას აპროტესტებდა. მათ გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება, უბრალოდ, ბანერი არ უნდა წაექციათ, რადგან ისინი თბილისში  წამოვიდნენ, ის ხალხი კი იქ დარჩა ოკუპანტების პირისპირ.

კოდორის ხეობა და მთელი სამეგრელო დათმო სააკაშვილმა უბრძოლველად. საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ თავისუფლად დაძრწოდნენ რუსები ზუგდიდში, სენაკში, ფოთში და რაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ! საშინელი უმწეობის განცდა მქონდა, როცა ვხედავდი, რომ ქვეყანა, ლამის მთელი ერთი თვე, მტრის საჯიჯგნად იყო მიტოვებული. საბოლოოდ, მაშინ დამთავრდა ჩემთვის სააკაშვილი. სააკაშვილმა უბრძოლველად კი არ დათმო ეს ტერიტორიები, სამაჩაბლოში იომა და თავს ზემოთ ძალა რომ არ იყო, მერე გაჩერდაო. აქ მარტივი მორალია: თუ ომის ერთი ადგილი არა გაქვს, მაშინ არ უნდა გაისროლო და თუ გაისვრი, სამ დღეში არ უნდა გაიქცე ბრძოლის ველიდან! რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ იმ ორასი და სამასი მეტრის დაკარგვას უნდა შევეგუოთ, მაგრამ ყიჟინა იმ ხელისუფლების მომხრეებისგან, რომელმაც კოდორი და ახალგორი დაკარგა, უბრალოდ სამარცხვინოა!

რა ვქნათ?

ვინც დღეს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს, თქვას, რა უნდა გააკეთოს? საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება მოახდინა და ყველამ დაგმო ეს ფაქტი. სხვა რა უნდა ქნას? რა თქმა უნდა, სამართლიანია კითხვა: რუსებმა რომ მაგისტრალზე ამოიწიონ ან მცხეთამდე მოვიდნენ, ან თბილისამდე, არაფერი არ უნდა მოვიმოქმედოთ? აქ პასუხი მარტივია: ბოლომდე უნდა ვეცადოთ, რომ ომში არ ჩაგვითრიონ და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთზე ზეწოლა მოვითხოვოთ, მაგრამ უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის გადმოლახვის მერე თუ რუსები დასავლეთის ზეწოლამ ვერ შეაჩერა, გასროლა მოგვიწევს. ვინც ფიქრობთ, რომ ეს ხელისუფლება მზად არის, რუსეთს ყველაფერი უბრძოლველად დაუთმოს და ომის შესაძლებლობას მაშინაც კი არ განიხილავს, რუსები თბილისამდეც რომ მოვიდნენ, მაშინ, საჰაერო თავდაცვის სისტემას ბიუჯეტის სეკვესტრის ჟამს რატომ ყიდულობს? რა თქმა უნდა, არის რაღაც ზღვარი, რომლის შემდეგაც ომი გარდაუვალია. მე არ ვიცი, სად შეიძლება ეს ზღვარი გადიოდეს. ამიტომ ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, საქმე აქამდე არ მიიყვანოს და სწორედ ამისთვის უნდა შენარჩუნდეს დიალოგის რეჟიმი, სანამ ყველა გზა არ ამოიწურება.

რუსეთი ახლა მხოლოდ წვრილმან პროვოკაციებზე მიდის და თუ ჩვენ საბაბს არ მივცემთ, ომზე არ წავა, რადგან ამ ეტაპზე რაც უნდოდა, ყველაფერი მიიღო! ამ კონტექსტში მავ­თულხლართების გავლება ჩვენთვის შეიძლება უკეთესიც იყოს, რადგან თავად შემოიფარგლავენ იმ არეალს, სადამდეც მოქმედების საშუალება აქვთ.

კვირის პალიტრა“, 20 ივლისი, 2015 წელი

საქართველო ტურბულენტობის ზონაში

ხათუნა ლაგაზიძე

რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსიის მორიგი ფაქტი დამანგრეველია იმდენად, რამდენადაც გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს საქართველოს საერთაშორისო ფუნქციას. რუსეთი ამ აქტით ცდილობს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობა საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტად აქციოს, მაგალითად, მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას თუნდაც BP-სთან. ჩვენ უკვე მოვისმინეთ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფალთაგან მსგავსი შეთავაზებები, რადგან ნავთობსადენის ერთი მონაკვეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადის, ამიტომ ისინი პირდაპირ მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ BP-სთან. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ბაქო-სუფსის პროექტში მონაწილე მხარეებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, შეაფასონ რუსეთის ეს ქმედება, როგორც ევროპის ენერგოუსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული აქტი. ამ მიზნით საქართველოს ხელისუფლების აქტიურობა გადაუდებელია, ისევე როგორც საერთაშორისო მოთამაშის, დასავლეთის სათანადო რეაქცია. ევროპამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს მათი ბრძოლაა, საქართველო მათი უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, უპირველესად ენერგოუსაფრთხოებისთვისაც იბრძვის.

პასუხისმგებლობა დასავლეთმა უნდა იგრძნოს იმ პროცესებზეც, რომელიც ხდება­ საქართველოში და იმ მოვლენებზეც, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში. განზე გადგომა და საქართველოს რუსეთთან პირისპირ დატოვება იოლია: დღევანდელი ევროპის პოლიტიკა ძალზე ახლომხედველურია და ამ პოლიტიკას, სამწუხაროდ, ხშირად ეწირება საქართველოსთანა ქვეყნების ინტე­რესები. ამიტომ ჩვენთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია, რომ პასუხისმგებლობა­ დასავლეთზეც გადანაწილდეს. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრევენცია რუსეთის შემდგომი ქმედებებისა, თუკი ის დაინახავს, რომ საქართველოში მის ნაბიჯ­ებს არა მხოლოდ მცოცავი ანექსიის კვალიფიკაცია ეძლევა, არამედ ევროპის ენერგოუსაფრთხოების ხელყოფის მცდელობისა და ამ საკითხში ერთსულოვანი არიან დასავლეთი და ის საერთაშორისო კორპორაციები, რომელთა გავლენა ხშირად არანაკლებია, ვიდრე ცალკეული ქვეყნებისა. თორემ BP-სთვის სულერთია, სად გაივლის ნავთობსადენი, მისთვის მილების რამდენიმე კილომეტრით წანაცვლება არაფერია. რეალურად კი ეს ფაქტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიების ანექსიის ირიბი აღიარებაა.

ნაცვლად იმისა, საქართველოს ხელისუფლების მოწოდებითა და ინიციატივით, ბაქო-სუფსის პროექტში მონაწილე ქვეყნებსა და კორპორაციებს ერთობლივად მოეთხოვათ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის რუსეთის საოკუპაციო ზოლის მიღმა მოქცეულ მონაკვეთზე საერთაშორისო სამშვიდობო ძალ­ების კონტროლის დაწესება, მათ მარტივი და თავაუტკივარი გადაწყვეტილება მიიღეს:­ გადმოსწიონ მილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს ირიბად­ ნიშნავს, რომ დიდად არავის აწუხებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მთავარია,­ საქართველოს გავლით საკუთარი ინტერესები გაინაღდონ.

ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე ასევე აისახება საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარება. საერთაშორისო ოლიმპიადების დროს პროვოკაციებისა და პირდაპირი დაპყრობითი სამხედრო ოპერაციების მოწყობა რუსეთის ხელწერად იქცა. ამიტომ მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის განცხადება, სადაც ის მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოსთან ერთად უზრუნველყონ მსოფლიო მასშტაბის ღონისძიების უსაფრთხოება. ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკა და რატომ არ უნდა გამოიყენოს საქართველომ ეს შანსი?

რაც უფრო მეტი დიდი ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური ინტერესი მოიყრის თავს საქართველოში, მით მეტი იქნება­ დაინტერესებული თავისი ინვესტიციის სტაბილურობითა და უსაფრთხოებით. მთავარია, ჩვენ ზუსტად დავინახოთ, რა პერსპექტივებს გვთავაზობს ახალი რეალობა: ჩინეთის მზარდი ამბიციები, ირანისთვის სანქციების მოხსნა, რომელიც მის უზარმაზარ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პოტენც­იალს ხელმისაწვდომს ხდის და ა.შ.
კარგია, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ამ მიზნით რამდენიმე პერსპექტიულ პროექტს ახორციელებს: საქართველო ჩაერთო ჩინეთის მთავრობის ინიციატივის, `ახალი აბრეშუმის გზის~ გასწვრივ არსებული ეკონომიკური სარტყელის განვითარების პროცესში,

რაც ჩვენი ვაჭრობის, ინფრასტრუქტურის, გადაზიდვების განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ასევე­ ჩინეთის ინიციატივით შექმნილი აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ბანკის თანადამფუძნებლობა საქართველოს საშუალებას აძლევს, მოიზიდოს ინვესტიციები რეგიონული მნიშვნელობის პროექტებში­ ტრანსპორტის, ტელეკომუნი­კა­ციე­ბის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის­ სფე­რ­ო­ებში. მაშინ, როცა ჩვენი სტ­რ­ა­­ტეგიული პარტნიორის, აშშ-ის­­­­­ ეკონომიკური სტრატეგია XXI საუკუნეში წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებისკენაა მიმართული, ზემოთ ხსენებულ პროექტებში მონაწილეობა საშუალებას გვაძლევს, ფეხი ავუწყოთ თანამედროვე ეკონომიკურ ტენდენციებს.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელშიც საქართველოს აქტიური მონაწილეობა ჩვენს საერთაშორისო ფუნქციას კიდევ უფრო უსვამს ხაზს, არის ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა ავღანეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, პაკისტანის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით. ის, რომ ამ პროგრამის პარტნიორები არიან ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამა, მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი, მოწმობს, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპისთვის ეს რეგიონი, და რამდენად წარმატებული­ შეიძლება იყოს ქვეყანა, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სტაბილური ეკონომიკური ხიდის ფუნქციას იტვირთებს.

ამ ცალკეული პროექტების ერთიან, სტრ­ატეგიულ ხედვად ჩამოყალიბება საქ­ართველოს საშუალებას მისცემს, უახლოეს ათწლეულებში ქვეყნის გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფუნქცია გამოკვეთოს, რასაც მოერგება ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციაც.

რეზონანსი“, 20 ივლისი, 2015 წელი

ცენტრალური ავტომაგისტრალი ავტომატის ჯერის დაფარვის ზონაში

მცირედი ინციდენტიც კი მოძრაობის შეწყვეტასა და დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ერთმანეთისგან გათიშვას ნიშნავს”

(შემოკლებით)

სტატიაში მიმოხილულია გასული კვირის განმავლობაში მომხდარი მოვლენები, რომლებიც შიდა ქართლში ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საზღვრის“ გადმოწევასთანაა დაკავშირებული. პუბლიკაციაში გადმოცემულია აგრეთვე “საქართველოს ევროპელი დემოკრატების” ლიდერის პაატა დავითაიასა და პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას კონეტარებიც ინტერვიუც (ავტორი – თაკო მათეშვილი).

გთავაზობთ მასალის შემოკლებულ ვერსიას:

“საქართველოს ევროპელი დემოკრატების” ლიდერი და აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე პაატა დავითაია ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ საფრთხეების შესახებ, რომლებიც მილსადენს ემუქრებოდა, ხელისუფლება არაერთხელ გაუფრთხილებია. მისი თქმით, ამაზე განცხადებებს ორი წლის უწინაც აკეთებდა, მაგრამ ხელისუფლებას რეაგირება არ მოუხდენია. იგი აღნიშნავს, რომ პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2012 წელს ამ ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმების ბლოკ-პოსტები მოხსნეს.

„2008 წლიდან მთელ პერიმეტრზე სპეცდანიშნულების რაზმები იდგა. 2012 წელს ისინი მოხსნეს და ჩვეულებრივი პატრულირება დაიწყეს. აი სწორედ მას შემდეგ დაიწყო მცოცავი ანექსია. 2008-დან 2012 წლამდე ამ კონფლიქტის ზონაში უფრო მეტი პოლიციელია დაღუპული, ვიდრე თავად საბრძოლო მოქმედებების დროს. ეს პოლიციელები იმის გამო იღუპებოდნენ, რომ თავისი სიცოცხლის ფასად ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ. “საზღვრის” გადმოწევას არ ანებებდნენ. 2012 წლის შემდგომ კი ბლოკპოსტები მოიხსნა და ტერიტორია დაუცველი დარჩა. გაუკონტროლებელ ტერიტორიაზე კი მეზობელი მეზობელს უწევს ღობეს და მტრისგან რას უნდა ელოდო. მათაც დაიწყეს საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ხან 3 კილომეტრით, ხან ხუთი კილომეტრით და ა.შ. მაშინვე ვთქვი, რომ ნავთობსადენის ხელში ჩასაგდებად ემზადებოდნენ და სასწრაფო ზომები იყო მისაღები, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია”, – ამბობს დავითაია.

შემდგომი ნაბიჯი კი, დავითაიას თქმით, უკვე ავტომაგისტრალის ხელში ჩაგდებაა. დარწმუნებულია, რომ ამ შანსს ხელიდან არავინ გაუშვებს. “როცა კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, მქონდა ინფორმაცია, რომ მათ ჰქონდათ 60-იანი წლების რუკა, რომლის მიხედვითად საზღვარი ავტომაგისტრალს სცილდებოდა. 60-იან წლებში ეს საზღვარი შეიცვალა, მაგრამ ისინი ისევ იმ რუკით ხელმძღვანელობენ. თუ გახსოვთ, 2008 წელს, როცა ისინი ავტომაგისტრალიდან გავიდნენ, ბოლო ბლოკ-პოსტი სწორედ ორჭოსანთან დატოვეს. ისინი იქიდან გასვლას საერთოდ არ აპირებდნენ, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად იძულებულები გახდნენ დაეხიათ. დღეს უკვე საქართველოში არის ხელისუფლება, რომელიც არაფერს აკონტროლებს, არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს და მაშინ, როცა საოკუპაციო ზოლების გადმოწევა მიმდინარეობს, ქვეყნის პრეზიდენტი ყაზბეგში ისვენებს. ამით კი რუსები სარგებლობენ და მათ ავტომაგისტრალი ავტომატის ჯერის დაფარვის ზონაში მოაქციეს. ამ გზაზე სულ მოძრაობაა და ნებისმიერ წუთას შეიძლება ვიღაც გიჟმა რუსმა ჯარისკაცმა გაისროლოს და ხალხი ჩაცხრილოს, მიმოსვლა მაშინვე შეწყდება. მერე რუსები ჩადგებიან მაგისტრალზე და იტყვიან, რომ სიტუაციას გააკონტროლებენ. ასე დამთავრდება ყველაფერი. რა თქმა უნდა, სატრანზიტო ქვეყანა თავის ფუნქციას კარგავს. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ დაცვითი ღონისძიებები განახორციელოს და ბლოკპოსტები დააყენოს, არაფერს აკეთებს და მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რომ ისინი არ გააღიზიანოს. ამით კი ტერიტორიებს ვკარგავთ”, – ამბობს დავითაია. იგი ვარაუდობს, რომ მაგისტრალს, სავარაუდოდ, ახალ წლამდე დავკარგავთ და მას რუსები ზეწოლის მექანიზმად გამოიყენებენ. მოლაპარაკებებს დაიწყებენ და ბლოკპოსტის მოშლის სანაცვლოდ მთავრობას რაღაც სტრატეგიულს დაათმობინებენ – “ზაქარეიშვილი და მისთანანი კი ამას დიდ წარმატებად შემოგვასაღებენ”, – ამბობს ის. კითხვაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოვლენები ასე არ განვითარდეს, დავითაია გვპასუხობს, რომ პირველ რიგში ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე სასწრაფოდ სპეცდანიშნულების რაზმები უნდა განლაგდნენ, რათა ტრასა დაცული იყოს. გარდა ამისა, მიიჩნევს, რომ ნავთობსადენი არ უნდა გადაიტანონ, რადგან ამას აზრი არ აქვს და ეს დათმობასა და აღიარებას ნიშნავს.

აღნიშნულ მოსაზრებას ვახტანგ მაისაიაც იზიარებს და ამბობს, რომ ალტერნატიული მილსადენის გაყვანა გამოსავალი არ არის. მისი თქმით, ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია და გარდა წმინდა სამშენებლო და ტექნიკური სირთულეებისა, იურიდიულ, სამართლებრივ და ეკონომიკურ პრობლემებსაც მოიცავს. შესაბამისად, ალტერნატიულ მილსადენზე საუბარს დილეტანტობად მიიჩნევს. “არ ვიცი, ვის აწყნარებენ ამით. თანაც, როცა ალტერნატიული მილსადენის გაყვანაზე საუბრობ, გამოდის, რომ შენ უკვე იმ მილსადენზე ხელი ჩაიქნიე და სხვებს გადაულოცე”, – აცხადებს ის.

მაგისტრალთან დაკავშირებულ რისკებზე ყურადღებას ისიც ამახვილებს და ამბობს, რომ საფრთხე, რომელიც მას ემუქრებოდა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე იყო განჭვრეტადი. “ბუნებრივია, მაგისტრალი რუსებისათვის სახმელეთო სატრანზიტო საშუალებაა და მისი მეშვეობით სამხედრო მიზნები განხორციელდება. შესაძლებელია სამხედრო შეიარაღების გადაზიდვა ჯერ სომხეთში, მერე კი უკვე ირანსა და სირიაში. შემთხვევითი არაა ისიც, რომ კარასინი-აბაშიძის ბოლო შეხვედრაზეც კარასინმა კვლავ აფხაზეთის რკინიგზაზე გაამახვილა ყურადღება. ხელისუფლებას ამის საწინააღმდეგოდ ნაბიჯები აქამდეც უნდა გადაედგა, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ალბათ უკვე დროა, ჩვენი შეიარაღებული ძალების პოტენციალი წარმოაჩინონ. ჩვენი ტერიტორიის დაცვა, სადაც ჯერ კიდევ ჩვენი იურისდიქცია ვრცელდება, აუცილებელია. ამ მონაკვეთის დაცვის მიზნით სტაციონარული ბლოკ-პოსტები უნდა შეიქმნას, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილები განთავსდებიან. ოღონდ ევროკავშირის სამხედრო სადამკვირვებლო მისიის ძალიან ინტენსიური მეთვალყურეობით, რომლებიც მუდმივმოქმედ მონიტორინგს განახორციელებენ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ რუსმა სამხედროებმა ჩვენი სამხედროების წინააღმდეგ რამე შეიარაღებული ძალადობა არ განახორციელონ. ეს პროცესი როგორმე უნდა შევაკაოთ და რუსებს არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ გორი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალი დაიკავონ”, – აცხადებს მაისაია. მისი თქმით, ბლოკპოსტები დროულადაა გასაკეთებელი. დარწმუნებულია, რომ ეს რუსებს ცინიკურ საქციელზე ხელს ააღებინებს და მცოცავ ოკუპაციას შეაჩერებს. მითუმეტეს, თუ ამაში საერთაშორისო საზოგადოებაც ჩაერთვება ევროკავშირისა და ეუთოს მისიების სახით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპერტი იმ სცენარზე საუბრობს, რაც დიდი ალბათობით, მაგისტრალთან განვითარდება. იქ მცირედი ინციდენტის მოხდენაც კი, მაისაიას მტკიცებით, მოძრაობის შეწყვეტას და დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ერთმანეთისგან გათიშვას ნიშნავს. ამის შემდეგ კი მაგისტრალი ვაჭრობის საგანი გახდება და მის სანაცვლოდ აუცილებლად რამეს მოითხოვენ. “ასეთი ხერხი აპრობირებულია და როგორც ჩანს, რუსებიც ასეთი ტაქტიკის გამოყენებას აპირებენ. რა თქმა უნდა, ცდილობენ ხელში ჩაიგდონ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თვილისი-სუფსას ნავთობსადენების მონაკვეთები. ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად ჩაიგდეს უკვე, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მილსადენის 600 მეტრიანი მონაკვეთი მოექცა და 600 მეტრი სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ მილსადენი გადაკეტილად ჩაითვალოს”, – აღნიშნავს მაისია.

რეზონანსი“, 20 ივლისი, 2015 წელი

საოკუპაციო ზოლთან საპროტესტო აქციები უნდა იმართებოდეს, თუ არა?

ლიკა ამირაშვილი

(შემოკლებით)

თქვენი აზრით, საოკუპაციო ზოლთან საპროტესტო აქციები უნდა იმართებოდეს, თუ არა? – ამ კითხვით “მთელმა კვირამ” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს გაცილებით უფრო არასწორხაზოვანი დაპირისპირება ესაჭიროება. ეს სწორხაზოვანი დაპირისპირება, ბანერების გადამტვრევა, მხოლოდ ბავშვური საქციელია. ამით ვერაფერს ვერ მიაღწევენ. პირიქით, ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, რომელიც იქ მცხოვრებ ადამიანებს საშუალებას მისცემს თავიანთი მიწებით ისარგებლონ. მათი მიწების უმეტესობა საზღვრის იქით მოხვდა, ამიტომ საშუალება უნდა მისცენ, რომ მოსავალი გამოიტანონ. პარალელურად საერთაშორისო და შინაგანი რესურსებით სისტემატური ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს.

ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): ჩემი აზრით, საპროტესტო აქციები უნდა იმართებოდეს, არამარტო საზღვრებთან, არამედ ყველგან. თუმცა, ისეთი არა, როგორიც ჩატარდა. რაღაცების მომტვრევა და ბანერზე დახტომა, პროვოკაციაა, რომელიც ყველა ვარიანტში ძალიან მძიმე შედეგს გამოიწვევს. ყველაფერი დიპლომატიურად უნდა იმართებოდეს. მსოფლიომ რუსებს უნდა დაანახოს, რომ ჩვენ გვერდზე არიან. მარტო საქართველო მათ ვერასდროს ვერ გაუმკლავდება. მსოფლიო გვერდით თუ არ დაგვიდგა, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება. აქციის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ აი ასეთი ქცევის წინააღმდეგი ვარ. რუსეთი ძალიან დიდია, ამიტომ რამდენიმე დიდი ქვეყანა თუ დაგვიდგება გვერდით, რუსებმა შესაძლოა უკან დაიხიონ.

ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): ჩემი აზრით, საოკუპაციო ზოლთან აქციების გამართვას არავითარი აზრი არ აქვს. ყველამ ისედაც იცის, რომ რუსეთი ოკუპანტია. აქედან გამომდინარე, აქციების გამართვა შედეგს არ გამოიღებს. შემდგომში რუსეთის აგრესია შეიძლება ისეთი სახით გამოვლინდეს, რომ უფრო ძვირად დაგვიჯდეს. 1990 წლიდან დღემდე საქართველოსა და რუსეთს შორის გამუდმებული დაპირისპირებაა. ამ დაპირისპირებაში კი მხოლოდ ჩვენ ვართ წაგებულები. თითქმის ყოველწლიურად მიწებს ვკარგავთ. ვფიქრობ, რუსეთთან ეს დეგრადირებული დაპირისპირებული პოლიტიკა უნდა შევცვალოთ და ეს არაფრის მომტანი აქციები შევწყვიტოთ.

რეზო მიშველაძე (მწერალი): აქციები საოკუპაციო ზოლთან აუცილებლად უნდა იმართებოდეს. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ საქართველოს მიმართ რუსეთი აშკარა დამპყრობლურ პოლიტიკას აწარმოებს. თუმცა ამ საპროტესტო მოცულობას მასშტაბური ხასიათი უნდა ჰქონდეს, ისე კი არა, რომ ადამიანთა პატარა ჯგუფი მივიდეს და პროტესტი განაცხადოს, არამედ უცხოეთის საელჩოებს უნდა შეატყობინონ და ადგილზე ჩაიყვანონ. საუკუპაციო ზოლთან მუდმივმოქმედი აქცია უნდა გაიმართოს, იმისათვის, რომ ყველამ დაინახოს რუსეთის მიერ ჩადენილი ანექსია. ჩვენს უბედურებას დასავლეთი სერიოზულ უბედურებად არ მიიჩნევს. ამიტომ ბოლოდროინდელი აღმაშფოთებელი ანექსიის აქტი, არც გაერომ არ განიხილა და არც ევროკავშირი სპეციალური რეზოლუციით არ გამოხმაურებია.

რეზონანსი“, 20 ივლისი, 2015 წელი

ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან:  „არანაირი საზღვრის გადმოწევაზე საუბარი არაანინო ბურჯანაძემ კი უნდა იცოდეს, რომ საგარეო პოლიტიკა არის ხელისუფლების ხელში

(შემოკლებით)

ინტერვიუში პოლიტიკოსი აცხადებს, რომ რუსებმა შიდა ქართლში პროვოკაცია მოაწყეს, მას კი „ნაციონალური მოძრაობა აჰყვა და ხელისუფლებას ომის დაწყებისაკენ მოუწოდა. ლევან ბერძენიშვილი თვლის, რომ ხელისუფლება გონივრულად უნდა მოიქცეს და პროვოკატორებს არ უნდა აჰყვეს. ამგვარი უპასუხისმგებლო ქმედებები სახელმწიფოს ძვირად დაუჯდება. „საქართველოს შიდა საზღვარი არ აქვს, აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც საქართველოა. საუბარია საოკუპაციო ზოლზე, რომელიც უმეტეს შემთხვევაში გადმოწეულიც არ არის“, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

პარლამენტის წევრი ნინო ბურჯანაძის მოსკოვურ ვიზიტსაც ეხმაურება:

ნინო ბურჯანაძის მოსკოვურ ვიზიტს როგორ შეაფასებთ? პარლამენტის ექსსპიკერი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა საქართველოს თუნდაც ყველაზე მწვავე საკითხებზე ელაპარაკოს…

– ნინო ბურჯანაძემ უნდა იცოდეს, რომ საგარეო პოლიტიკა არის ხელისუფლების ხელში. არცერთ ქვეყანას არ ექნება წარმატება, თუკი საგარეო პოლიტიკის ბერკეტები ოპოზიციის ხელშია. ხელისუფლება რუსეთს არ უნდა დაელაპარაკოს, ბურჯანაძე მოსკოვში წავა თუ სადაც უნდა წავიდეს, ეს ჩემი საქმე არ არის. მაგრამ ის, რომ ბურჯანაძე ელჩი იყოს მოსკოვსა და თბილისს შორის, ეს წარმოუდგენელიცაა და დაუშვებელიც. შუამავლები არ გვჭირდება. ვისაც ჩათვლის ხელისუფლება საჭიროდ და როცა ჩათვლის, იმას დაელაპარაკება. ბურჯანაძეს ქულების დაწერა უნდა ამით, რომ რაღაცა დამაბარა რუსეთის ხელისუფლებამ და არიქა უნდა შევხვდე საქართველოს ხელისუფლებას და დანაბარები უნდა გადავცეო. ბურჯანაძეს უნდა პრორუსი იყოს, თუ უნდა პროამერიკელი, ან ორივე ერთად.

ხომ არ დადგა დრო რომ დაიწყოს მზადება ქვეყნების პირველი პირების შეხვედრისთვის?

– მე მგონი ეს დრო ჯერ არ დამდგარა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რუსეთი უკან არ იხევს არცერთი თავისი დანაშაულისა თუ შეცდომისგან. არც ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას ახდენს, არც ე.წ. აფხაზეთისა და ოსეთის აღიარების უკან წაღებას აპირებს და არც პროვოკაციებს დაანება თავი. ასეთ დროს რაზე უნდა მოველაპარაკოთ ძნელი სათქმელია.

სხვა მხრიდან რუსეთთან დალაპარაკება ხდება, დალაპარაკება და არა მოლაპარაკება, იმაზე თუ რა კულტურული ღონისძიებაიქნება, ამაზე შეხვედრები გაიმართება. ამისთვის ბურჯანაძე არ გვჭირდება, გვაქვს აბაშიძე-კარასინის ფორმატი. ამას გარდა ჩვენი ტერიტორიების საკითხზე მოლაპარაკებები გვაქვს ჟენევაში. ეს სრულიად საკმარისია.

ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე არ ვართ თანახმა იმ პირობებში, როდესაც მას ტერიტორიების 20 % ოკუპირებული აქვს. ბურჯანაძე, როგორც ჩანს, თანახმაა, ჩვენ – არა. ქართველ ხალხს თუ მოუნდება რომ აირჩიოს ბურჯანაძე, კი ბატონო ასევ მოიქცეს და დატოვოს მხოლოდ თბილისი, დანარჩენი ჩააბაროს მტერს. ბურჯანაძის ჩანაფიქრი მარტივია, წაიყვანოს ხელისუფლება უპერსპექტივო მოლაპარაკებაზე, რომელიც ჩაფლავდება. ამის ხარჯზე მისმა პარტიამ არჩევნები მოიგოს. რატომ ჰგონია მას ხელისუფლება ასეთი პრიმიტიული, რომ ორჯერ ორი რომ ოთხია, ამ დონეზეც არ იცის არაფერი?! რამე სპეციფიკური განსხვავება ჩვენსა და ბურჯანაძეს შორის ინტელექტში მე ვერ შევამჩნიე. თუ შევამჩნიე იმ მიმართულებით არა, როგორც ეს ქალბატონ ბურჯანაძეს ჰგონია.

ახალი თაობა“, 20 ივლისი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „რუსეთთან მოლაპარაკებების საწარმოებლად ნინო ბურჯანაძეს გავუშვებდი

როგორვ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ გაზეთ „ახალი თაობის“ ჟურნალისტთან ნათია ხურცილავასთან საუბარში განაცხადა, მასზე რომ იყოს დამოკიდებული, მოსკოვში მთავარ მომლაპარაკებლად ნინო ბურჯანაძეს გაუშვებდა იმიტომ, რომ მას ინტელექტიც აქვს, გამოცდილებაც და ამასთანავე ბრიუსელსა და ვაშინგტონშიც ჩაესვლება. მანვე აღნიშნა, რომ ბურჯანაძე არც მისი მეგობარია და არც თვითონაა მისი პარტიის წევრი, უბრალოდ მას ძალიან კარგად შეუძლია მოლაპარაკებები აწარმოოს.

„რუსეთთან მოლაპარაკებების საწარმოებლად ნინო ბურჯანაძეს გავუშვებდი, უბრალოდ იმიტომ, რომ მას შეუძლია მოლაპარაკებები კარგად აწარმოოს. მიუხდავად იმისა, რომ ზურაბ აბაშიძე ჩემი 50 წლის მეგობარია, ამ ეტაპზე აბაშიძე არ ივარგებს. ის ხელებშეკრულია და დღეს თავის თავზე ინიციატივას ვერ აიღებს. სამწუხაროა, რომ მაღალპროფესიული დიპლომატი, რიგით ჩინოვნიკად იქცა“,- განაცხადა სოსო ცინცაძემ.

„კვირის ქრონიკა“, 20 ივლისი, 2015 წელი

გიგლა ბარამიძე: „ძალიან სასიამოვნოა, რომ მთავრობამ ოფიციალური განცხადებით დაადასტურა ის, რასაც ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში ვიზიტის დროს მიაღწია“

`დემოკრატიული მოძრაობის~ პოლიტიკური მდივნის გიგლა ბარამიძის განცხადებით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევას, გარდა სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხზე მუშაობის დაწყებისა, წარმოადგენს, ასევე იმ პროდუქტების ჩამონათვალის გაზრდა, რაც რუსეთის ბაზარზე საქართველოდან იგზავნება.

- ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ნინო ბურჯანაძის მოსკოვიდან ჩამოსვლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ოფიციალური განცხადებით დაადასტურა ის, რასაც ჩვენი პოლიტიკური პარტიის ლიდერმა მიაღწია მოსკოვში ვიზიტის დროს. კერძოდ, პირველი _ ეს არის ვიზების გამარტივება კატეგორიების მიხედვით და ამ პროცესის დაწყება. მეორე საკითხი კი ეხება იმ პროდუქტების ჩამონათვალის გაზრდას, რაც აქამდე გადიოდა საქართველოდან რუსეთის ბაზარზე, _ განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

პარტიის პოლიტიკური მდივნის განცხადებით, გარდა ამ საკითხებისა, ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში ვიზიტის დროს სხვა მნიშვნელოვან თემებზეც ისაუბრა და ახლა მზადაა, საკითხები წარუდგინოს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა საპასუხო რეაგირება ხელისუფლების მხრიდან ამ დრომდე არ მომხდარა.

- ამავე დროს ამ საკითხებზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური საკითხებია განსახილველი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. საკითხები, რომელიც ნინო ბურჯანაძემ დააყენა რუსეთში ვიზიტისას დღის წესრიგში და ჩამოიტანა დღევანდელ ხელისუფლებასთან განსახილველად. ამისთვის ნიადაგის მომზადება იყო საჭირო და ბურჯანაძემ ამას მიაღწია. ბურჯანაძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ ის მზად არის, ეს საკითხები წარუდგინოს ხელისუფლების პირველ პირებს, თუმცა, სამწუხაროდ, მათგან პასუხი არ ყოფილა. ჩვენი თანაშემწეები უკავშირდებიან პრემიერის თანაშემწეებს, ასევე, სხვა პირებს, თუმცა ისინი არიან გატრუნულები. როგორც ყოველთვის, ისინი პრობლემების განხილვას გაურბიან. თუ მათგან რეაგირება მომავალშიც არ მოხდა, ბურჯანაძე უკვე ღიად იტყვის, რა საკითხებზეა მზად რუსეთი სახელმწიფოებრივ დონეზე სასაუბროდ, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მხარემ დაადასტურა, რომ პრაქტიკულ ჭრილში განიხილება საკითხი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გარკვეული შემსუბუქების შესახებ, რის თაობაზეც ქართულ მხარეს მომავალში დეტალურად ეცნობება.

„კვირის ქრონიკა“, 20 ივლისი, 2015 წელი

რა „წვლილისთვის“ ჩამოკიდეს „ოქროს საწმისი“ რიჩარდს და რატომაა ნორლანდზე სამჯერ უარესი აშშ-ს ახალი ელჩი?!

გიორგი ჯიქიაშვილი

(შემოკლებით)

წინა კვირას, 14 ივლისს, ღარიბაშვილმა ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, რომელმაც აგერ ორიოდე დღეა, სამუდამოდ დაგვტოვა, ოქროს საწმისის ორდენზე წარადგინა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ცნობაშია აღნიშნული, წარდგენა ორ ქვეყანას (ამერიკა-საქართველოს) შორის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მოხდა. იმავე დღეს, 14 ივლისს, ამერიკის საელჩოში ნორლანდთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ღარიბაშვილმა განაცხადა: ის, რაც ელჩმა ამ სამი წლის მანძილზე გააკეთა საქართველოს პოზიციების განსამტკიცებლად საერთაშორისო ასპარეზზე, წარმოუდგენლად დიდი და ფასდაუდებელი საქმეაო. მოკლედ, მთავრობის მეთაურმა რეზიდენტს გუნდრუკის დელგმა მოუვლინა, აქო და ადიდა, თხემით ტერფამდე ხოტბა ასხა…

(…)

…რიჩარდ ნორლანდის „წვლილი“ ქართველი საზოგადოებისა და ზოგადად საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, წინაშე, იმაში მდგომარეობს, რომ ამ სამი წლის მანძილზე მან ყველაფერი გააკეთა, რათა ეს ქვეყანა მსოფლიოს თვალში წარმოჩენილიყო არა როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, არამედ როგორც ამერიკის 51-ე შტატი. ნორლანდის „წვლილი“ საქართველოს წინაშე მდგომარეობს იმაში, რომ მის ფრთებს შეფარებული ე.წ. არასამთავრობო სექტორი სახელმწიფოს ნელ-ნელა ძირს უთხრის და აჩანაგებს. თუმცა ეგ კიდევ არაფერი, ნორლანდისა და მისი ამფსონების მთავარი „წვლილი“ ქართული სახელმწიფოს წინაშე იმაში მდგომარეობს, რომ მისი ძალისხმევის შედეგად სააკაშვილის პირსისხლიანი ხროვა დღემდე ხელუხლებელია. მეტიც, ეს დანაშაულებრივი პარტია, იმის ნაცვლად, რომ საბრალდებო სკამზე იჯდეს და დამოუკიდებელი, ობიექტური მართლმსაჯულების მიერ უმძიმესი მუხლებითნ სამართლდებოდეს, მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსით სარგებლობს. დიახ, რომ არა ნორლანდი და მისი მბრძანებლები, რომ არა ამ კაცის მკაცრი განცხადებები, პოლიტიკურ დევნას თავი დაანებეთ და სააკაშვილის გასამართლებაზე არც იოცნებოთო, დღეს ნაცების ბუღა შესაძლოა, ზოლიან პიჟამოში გამოჭიმული საბრალდებო სკამზე გვეხილა.

ის კიდევ ცალკე უბედურებაა, „ქართული ოცნება“ ყურმოჭრილი რომ ასრულებს მის ყველა ბრძანებას… რაც შეეხება პრემიერის მიერ მის დაჯილდოებას ოქროს საწმისის ორდენით, ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართველი საზოგადოება მწარედ ცდებოდა, როცა „ოცნება“ ხელისუფლებაში მოიყვანა. დიახ, ღარიბაშვილმა ამ საქციელით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ხელისუფლებას ღირსების ნატამალიც არ გააჩნია და მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს საქართველოს მტრების, დამაქცევრებისა და თავზე ლაფის დამსხმელების შემოსვა დიდების შარავანდედით.

ზოგადად, ღარიბაშვილი რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა არ არის, არახალია, მაგრამ ნორლანდის კისერზე ორდენის ხილვას და თანაც ოქროს საწმისის, ალბათ, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე; მით უფრო უხერხულად ჟღერს ის განცხადება, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა და რომელიც გვაუწყებს, რომ თურმე ამ კაცს ერთობ დიდი და ფასდაუდებელი წვლილი შეუტანია საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაში.

მეგობრებო, რა კუთხიდან, პოზიციიდან და რაკურსიდანაც არ უნდა შევხედოთ ამ სამარცხვინო მოვლენას, ახსნა მაინც ერთია, – საქართველო დღეს, ფაქტობრივად, არის ერთი უუფლებო კოლონია, რომელსაც სახელმწიფოებრიობის ყველა ნიშანი დაკარგული აქვს და ისღა დარჩენია, ამერიკელ ემისარს მაამებლური პოლიტიკით გული მოუთაფლოს. დიახ, საქართველო დღეს არის ქვეყანა, რომელიც მისავე დამაქცევრებსა და ძირგამომთხრელებს გუნდრუკს უკმევს. თავის მხრივ, ღარიბაშვილს ახლა შესაძლოა, გული სიხარულით უცემდეს და ეგონოს, რომ ნორლანდის წასვლით (მოგეხსენებათ, მას ელჩობის ვადა ოფიციალურად ამოეწურა) მეტი თავისუფლება მიეცემა, მაგრამ თუ ასეა, პრემიერი ცდება, ამერიკას უკვე გამზადებული ჰყავს ახალი რეზიდენტი, რომელიც სამჯერ სამი ნორლანდი და უფრო უარესიც შეიძლება გამოდგეს.

ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩზე მხოლოდ ის ვიცით, რასაც ინტერნეტში წერენ – არის მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების დიპლომატი, წარსულში ის რუსეთში მუშაობდა, შემდგომ – შუა აზიაში. კიდევ ის, რომ ელჩი კელი და მისი მეუღლე ფრანჩესკა თბილისში ჩამოსვლას სექტემბერში გეგმავენ…

აი, რას ამბობდა ჩვენთან საუბარში აშშ-ს ახალ ელჩზე პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე:

„გარწმუნებთ, ახალი ელჩი იან კელი თუნდაც საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესების მხრივ, გაცილებით პასიური იქნება, ვიდრე რიჩარდ ნორლანდი იყო… ამერიკას ეშინია ერთი რამის, რომ საქართველოში ზედმეტად აქტიურობას არ მოჰყვეს პრორუსული განწყობილების გაძლიერება, ვაშინგტონში მშვენივრად იციან, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში არც ნატო ეჭყანება და არც ევროკავშირი, რამდენ ხანს შეიძლება ამ საკენკით კვებო სამმილიონიანი მშიერი ქვეყანა? ჩემი პროგნოზი თუ გაინტერამერიკას უკვე გამზადებული ჰყავს ახალი რეზიდენტი, რომელიც სამჯერ სამი ნორლანდი და უფრო უარესიც შეიძლება გამოდგეს ესებთ, ამერიკის ახალი ელჩი, ნორლანდივით არ მოიქცევა, რომელმაც ყველანი დიპლომატიური კანონების უხეში დარღვევით ზუგდიდში არჩევნების შემდეგ, მიტინგზე ალასანიას გვერდით იდგა, საკითხი პრინციპულად ასე იდგა, რომ ალასანიას ზუგდიდში უნდა გაემარჯვა, ამას უკვე ახალი ელჩი აღარ იზამს, ეს გამორიცხულია. ამის გარდა, აშშ-შიც იცვლება მთავრობა და არავინ იცის, ვინ მოვა. წლინახევრით ადრე არჩევნებამდე ამერიკაში არის შტილი, ნიავიც კი არ მოძრაობს, ამიტომ გარწმუნებთ, რომ აშშ-ს ახალი ელჩი იქნება პასიური“.

ასე რომ, ჩვენს ხელისუფლებას ყურებს მომავალშიც აუწევენ, თუ გაბედავს და რამე აუგს იტყვის რესპებზე, მარგველაშვილზე, თავისუფალ დემოკრატებზე ან სხვა რომელიმე მოლიბერასტო პროდასავლურ სუბიექტებზე, რომლებსაც ვაშინგტონი ნთავის მოკავშირედ იგულებს. თუმცა ამ ხელისუფლებისთვის ყურის აწევა პრობლემა არ არის, როცა საქმე ძალაუფლების შენარჩუნებას ეხება, მათთვის სირთულეს არ წარმოადგენს, დამტუქსავსა და ჭიტლაყის ამომრტყმელს თვალებში ჩახედოს, ქებადიდების სეტყვა დააყაროს და „მადლიერების“ ნიშნად კისერზე ოქროს მედალი დაკიდოს. დიახ, ხელისუფლების ამგვარ ლაქიობასა და მაამებლობაში ოლიგარქის სკოლა აქვს გავლილი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ყველაფერს აიტანს, ოღონდ ძალაუფლების ნექტარი ბალღამად არ ექცეს. მოკლედ, ერთადერთი, ვინც ამ უფხო და უსისხლძარღვო მედროვეების ხელში ზარალდება, ისევ და ისევ საქართველო და მრავალჭირნახული ქართველი ხალხია. ისე კი საკითხავია, როდემდე აიტანს თავლაფდასხმული საზოგადოება ფინია პოლიტიკანების ტინგიცსა და ბუქნაობას, სანამდე გაგრძელდება ეს ბაკქანალია.

Comments are closed