globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 20 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 20th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ვერსია: პოლიტიკური ჯვრისწერა საარჩევნოდ // ვინ ვის შეეკვრება და რას აპირებს ოპოზიცია – ვერსიები კულუარებიდან

ვერსია: „ქართული მარში“ ტურიზმის განვითარებასა და უცხოურ ინვესტიციებს შეაფერხებს?! // როგორ აფასებენ 14 ივლისის მსვლელობას ამერიკაში მცხოვრები ექსმაღალჩინოსანი და საბერძნეთში მოღვაწე ბიზნესმენი

ახალი თაობა: ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება არ სურს“ // რა უთხრა უკრაინის პრეზიდენტმა არაოფიციალურად საქართველოს ხელისუფლებას

ახალი თაობა: ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „პეტრო პოროშენკოს ვიზიტის დროს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი არ დამდგარა“

ახალი თაობა: ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „ოპოზიციიდან ბევრი გვთანხმდება, რომ კონსტიტუციაში მთელი რიგი მიმართულებებით ძალიან კარგი და ღირსეული ნაბიჯი იქნა გადადგმული“ // „საქართველოს ხელისუფლება რუს დეპუტატებს არ ეპატიჟება“

ახალი თაობა: ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „თბილისში გაზი არჩევნების შემდეგ ისევ გაძვირდება“

——————-

ვერსია“, 19-20 ივლისი, 2017 წელი

პოლიტიკური ჯვრისწერა საარჩევნოდ

ვინ ვის შეეკვრება და რას აპირებს ოპოზიცია - ვერსიები კულუარებიდან

ნინო დოლიძე

ზაფხულის ხვატმა პოლიტიკური პროცესები თითქოს „მოკლა“, მაგრამ ეს ზერელე დასკვნაა. ყოველ შემთხვევაში, „ვერსიის“ ინფორმატორები ამბობენ, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის დიდი კულუარული მისვლა-მოსვლაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, რომელთაც პოლიტიკოსობა ხელობად ექცათ, უკეთესი მომავლის გარანტიებისთვის სულს ეშმაკსაც მიჰყიდიან. ეს შესაძლოა, ხატოვანი ნათქვამია, მაგრამ იმ ინფორმაციების შეჯამებით, რომელიც „ვერსიას“ სხვადასხვა წყარო აწვდის, ისეთი სურათი იკვეთება, რომ წლევანდელი ადგილობრივი არჩევნებისთვის, დიდი ალბათობით, რადიკალურად განსხვავებული პოლიტმსოფლმხედველობის „ტიპების“ ჯვრისწერის მომსწრენი გავხდებით.

მაინც, ვინ ვის შეეკვრება? ამის თაობაზე კულუარებში ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდი არსებობს. ასე, მაგალითად, უკვე ითქვა, რომ შესაძლო დაბლოკებაზე კონსულტაციებს ნინო ბურჯანაძე და კახა კუკავა მართავენ.

ზოგადად, კახა კუკავას ბლოკებისკენ მიდრეკილება აღენიშნება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, „პატრიოტთა ალიანსს“ შეეკრა. ახლა კი, როგორც წეღან ვთქვით, ნინო ბურჯანაძესთან აპირებს გაერთიანებას. მეტიც, იმის ალბათობა არსებობს, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად სწორედ კახა კუკავა დაასახელოს, რაც არცთუ მომგებიანი სვლა იქნება, რამეთუ ეს პოლიტიკოსი, ქარიზმატულობაზე რომ არაფერი ვთქვათ, მასებში მაინცდამაინც დიდი პოპულარობით არ სარგებლობს.

ამას გარდა, „ვერსიისთვის“ ცნობილი ხდება, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ყოფილი მმართველი გუნდიც შესაძლოა, ბლოკის სახით გამოვიდეს, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი პარტია გაერთიანდება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ბლოკში, მკაცრად არის გასაიდუმლოებული.

ისე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაცმოძრაობას დასავლური კურსი აქვს დეკლარირებული, დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რომ მას, ასევე, პროდასავლური ტიპის ძალა დაუბლოკდება, მაგრამ მოდი, ამ თემაზე დედუქციის მეთოდით ვიმსჯელოთ:
მართალია, საქართველოში ორასამდე პარტიაა რეგისტრირებული, მაგრამ აქედან აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. მოქმედი პარტიების ნაწილი კი, ღიად თუ ირიბად, რუსეთისკენ იხედება.

ამ ფონზე სულ რამდენიმე პოლიტიკური ძალაღა რჩება, რომელსაც გული ნატო-სა და ევროკავშირისკენ მიუწევს, თუმცა ამთავითვე შეიძლება ითქვას, რომ ევროპული საქართველოს, თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკური პარტიების დაბლოკება გამორიცხულია.

სამაგიეროდ, ასპროცენტიანი უარყოფით ვერ ვიტყვით, რომ ყოფილ მმართველ გუნდს, ვთქვათ, გიორგი ვაშაძე არ შეერწყმება. სხვათა შორის, „ვერსიას“ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უთხრეს, გადამწყვეტ მომენტში ვაშაძემ, შესაძლოა, ნაციონალების მხარი დაიჭიროსო.

ამას წინათ კი, „ვერსიას“ ექსკლუზიურად ის ინფორმაციაც მოაწოდეს, რომ ვაშაძის თანაპარტიელი ლევან ხაბეიშვილი, დიდი ალბათობით, ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბში დაპორტირდება. მართალია, ეს ინფორმაცია თავად ხაბეიშვილმა „ვერსიას“ არ დაუდასტურა, მაგრამ არც ხელაღებით უარყო…

რესპებისა და თავისუფალი დემოკრატების ერთობა კი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, თუმცა ეს ტანდემი ის ძალა არაა, რომელიც პოლიტიკურ მიწისძვრას გამოიწვევს. ასე რომ, მათი გაერთიანება უფრო გაერთიანებისთვის შექმნილ ერთობას ჰგავს.
რაც შეეხება ქართული პოლიტიკური ბაზრის ახალ ძველ მოთამაშეს ანუ დავით უსუფაშვილის შენების მოძრაობას, მართალია, ექსსპიკერმა განაცხადა, რომ ეს მოძრაობა პარტიის სახეს 2018 წელს მიიღებს, მაგრამ არსებული ინფორმაციით, უსუფაშვილის გუნდი ადგილობრივ არჩევნებში ჩაერთვება.

ამასთან, კულუარებში ზოგი ამბობს, რომ შენების მოძრაობა შესაძლოა, დღევანდელი მმართველი გუნდის ალტერნატივად ჩამოყალიბდეს, ზოგი კი ამ მოსაზრებას კატეგორიულად ემიჯნება და აცხადებს, რომ „უსუფას“ ერთ მდინარეში მეორედ შესვლა, უბრალოდ, წარმოუდგენელია. შესაძლოა, მართლაც ასეა, მაგრამ თავისთავად საგულისხმოა, რომ უსუფაშვილის გვერდით ბევრი ისეთი ტიპი გამოჩნდა, რომელიც არცთუ შორეულ წარსულში ჭეშმარიტი „მეოცნებე“ იყო და ფარულად დღესაც ამ ხაზის გამტარებელია. ყოველ შემთხვევაში, იგივე სოციალურ ქსელში მკვეთრად „ოცნებურ“ პოსტებს „ალაიქებს“. ეს დეტალი შესაძლოა, არაფერზე მიანიშნებს, მაგრამ ხომ იცით, ეშმაკები დეტალებში სხედან, თან არც თავის დროზე ნათქვამი უნდა დაგვავიწყდეს, „ოცნების“ ოპოზიცია „ოცნების“ წიაღშივე იშვებაო…

მოკლედ, ქართული პოლიტიკის თითქმის ყველა მთავარ მოთამაშეს შევეხეთ, მაგრამ არაფერი გვითქვამს შალვა ნათელაშვილზე.

რა გზას დაადგება ლეიბორისტული პარტია?

თუ წარსულს გადავხედავთ, მშრომელები ბლოკებსა და ალიანსებს მუდმივად ემიჯნებიან. ჰოდა, ამ ტრადიციას ალბათ, არც ახლა უღალატებენ და თუნდაც თბილისისთვის ბრძოლას ავტონომიურად დაიწყებენ. ამთავითვე ნათელია, რომ გამარჯვება გარანტირებული არ ექნებათ, მაგრამ არჩევნების შემდეგ „ძველ სიღმერას“ იმღერებენ ანუ დაიწყებენ მტკიცებას, არჩევნები გააყალბეს, თორემ რეალურად, თბილისს ლეიბორისტული მერი უნდა ჰყავდესო.

აი, სწორედ ამაზეა ნათქვამი, ნეტარ არიან მორწმუნენიო…

ალბათ, ყურადღება მიაქციეთ, წერილის დასაწყისში რომ აღვნიშნეთ, შესაძლოა, რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური ძალების გაერთიანება ვიხილოთო. ეს, ერთი შეხედვით, უტოპიური მოსაზრებაა, მაგრამ ხომ იცით, ქართული ანდაზაა, ძალა ერთობაშიაო. ჰოდა, აქედან გამომდინარე, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, ყველა მოთამაშემ ეშმაკს მიაფურთხოს და მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანდეს?

ზოგადად, ქართველ პოლიტიკოსებს ერთიანობის პრობლემა ყოველთვის აქვთ ანუ არაერთი მცდელობა ყოფილა, როცა იგივე ოპოზიციას გაერთიანება მოუწადინებია. ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯებიც გადადგმულა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ისევ მარტივ მამრავლებად დაშლილა. სხვა თუ არაფერი, ამას უახლესი წარსულიც მოწმობს, როცა ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია ზარ-ზეიმით შეიქმნა, მაგრამ მერე მისმა წევრებმა ერთმანეთი ლამის ცოცხლად შეჭამეს, თუმცა საბოლოოდ, ესე იგი, 2012-ში ოპოზიციამ გაერთიანება მაინც შეძლო და ნაცმოძრაობა დაამარცხა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 5 წლის წინ, ერთმანეთთან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური მსოფლმხედველობის ძალები დასხდნენ. ასე რომ, გათამაშდება თუ არა 2012 წლის სცენარი, ამის შესახებ დანამდვილებით საუბარი აგვისტოს შუა რიცხვებში შეგვეძლება. სწორედ ამ დროისთვის იქნება ცნობილი, კონკრეტულად, რომელ რიცხვში ჩატარდება არჩევნები, თუმცა ერთი რამის თქმა ახლაც დანამდვილებით შეიძლება: ,,ოცნების’‘ უკანა პლანზე ,,გადაჩოჩება’‘ არათუ გართულდება, არამედ, წარმოუდგენელიც იქნება…

ვერსია“, 19-20 ივლისი, 2017 წელი

ქართული მარშიტურიზმის განვითარებასა და უცხოურ ინვესტიციებს შეაფერხებს?!

როგორ აფასებენ 14 ივლისის მსვლელობას ამერიკაში მცხოვრები ექსმაღალჩინოსანი და საბერძნეთში მოღვაწე ბიზნესმენი

მაია მიშელაძე

,,ჩვენ, 2017 წლის 14 ივლისს, თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე გამართული ,,ქართული მარშის’‘ მონაწილენი, ვაპროტესტებთ უცხოელი მოქალაქეებისგან ქართველ მოსახლეობაზე, მათ შორის, არასრულწლოვანებზე, ძალადობისა და ქართული კულტურის ძეგლების შეურაცხყოფის მომრავლებულ ფაქტებს. ვაპროტესტებთ უცხო ეროვნების წარმომადგენლების მასიური და კომპაქტური დაფუძნების ფაქტებს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში, რასაც შეუძლია, რამდენიმე წელიწადში, სრულად შეცვალოს ეთნიკური სურათი და ქართველი საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩნდეს’‘, = ასე იწყება პეტიცია, რომელიც ,,ქართული მარშის’‘ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გია კორკოტაშვილმა, მსვლელობის დასრულების შემდეგ, მარჯანიშვილის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას გააცნო.

ორგანიზატორები ხელისუფლებისგან უცხოელი მოქალაქეების საქართველოში ბინადრობის უფლების მიღების გამკაცრებასაც ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მიზეზი კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები და ქვეყანაში მომრავლებული არალეგალების უკონტროლობაა. 14 ივლისის ,,ქართული მარშის’‘ ორგანიზატორების მთავარი სლოგანი ,,დაიცავი საქართველო’‘ იყო, ოღონდ არ დაუზუსტებიათ, კონკრეტულად ვისგან ან რისგან იცავენ ქვეყანას, რომლის დედაქალაქიდან 40 კილომეტრში, რუსი ოკუპანტები დგანან, ხოლო მცოცავი ოკუპაცია დღითიდღე ძლიერდება! რაც მთავარია, ,,ქართული მარშის’‘ ორგანიზატორები თურქ, არაბ, ირანელ, პაკისტანელ, ინდოელ ბიზნესმენებს ,,ერეკებიან’‘ ქვეყნიდან, რომლის უმთავრესი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სიმრავლეა.

,,ქართულმა მარშმა’‘ აღმაშენებელზე, ექსცესებისა და დაპირისპირების გარეშე ჩაიარა. თუმცა მოგვიანებით, ორგანიზატორთა გულებში ჩაბუდებულმა ბოღმამ და ღვარძლმა სოციალურ ქსელში გადაინაცვლა. ,,მამების’‘ თაობა შვილისტოლ გოგონას თავს ბინძური, შეურაცხმყოფელი, მუქარისშემცველი და ამაზრზენი სიტყვებით დაესხა ისე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უფრო მოგვიანებით, ,,მამებმა’‘ თავი იმართლეს, შეურაცხყოფა არავისთვის მიგვიყენებიაო, ჩვენი დისკრედიტაციის მიზნით, ე.წ. ფეიკები შექმნეს, ჩვენ რა შუაში ვართო. მეტი დამაჯერებლობისთვის კი Facebook-ზე საკუთარი კომენტარები წაშალეს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოების ნაწილისთვის ,,კაცობისა და ქართველობის დაცვა’‘ 21-ე საუკუნეში, მხოლოდ კლავიატურაზე კაკუნია.

თუმცა ისიც ფაქტი და უდავო ჭეშმარიტებაა, რომ სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის უმთავრესი მონაპოვარია. ამიტომ მარშის ორგანიზატორებისთვის, ხელაღებით ქსენოფობების, რასისტებისა და ფაშისტების იარლიყების მიწეპება ისეთივე ამაზრზენია, როგორც განსხვავებული აზრის მქონე, ახალგაზრდა გოგონას უშვერი სიტყვებით ლანძღვა. აზრის თავისუფლად გამოხატვა საქართველოს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებაა და ამ უფლების ხელყოფა დასჯადი უნდა იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ზღუდავს თავისუფალ სიტყვას _ ,,ქართველობის დამცველები’‘, თუ ლიბერალური ღირებულებების მოდარაჯენი. ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ძნელი სათქმელია, მართლა კონსტანტინე მორგოშიამ და გია კორკოტაშვილმა მიაყენეს შეურაცხყოფა გაერო-ში, ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერ თათია დოლიძეს, თუ ,,ქართული მარშის’‘ ორგანიზატორების მარგინალურ ჯგუფებად წარმოჩენის მიზნით, ფსევდოლიბერალებმა, რომლებმაც ,,ფეიკები’‘ სახელდახელოდ, ამ მიზნისთვის შექმნეს. ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა საზოგადოების ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილს სხვა რამ გვაწუხებს და ეს წუხილი ამ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის პირდაპირპროპორციულია.

წელს, ანაკლია-განმუხურში, მსოფლიოში ელექტრონული მუსიკის ყველაზე გრძელი ,,გემფესტი’‘ დაიწყო, სხვათა შორის, 14 ივლისიდან და ერთ თვეს გასტანს. ამ მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე, ასეულობით ახალი კომერციული ობიექტი გაიხსნა, ,,იუესაიდის’‘ დახმარებით კი მოსახლეობამ კერძო ტიპის გესტჰაუსები მოაწყო. მოკლედ, ყველაფერი გაკეთდა, რათა აფხაზეთიდან ლამის ორ ნაბიჯში, ანაკლია-განმუხური სტრატეგიული მნიშვნელობის საკურორტო ზონად იქცეს, რომელიც უცხოელ ტურისტებს მიიზიდავს. აღარაფერს ვამბობთ ,,ჩეკინ ჯორჯიას’‘ ფარგლებში, შეკვეთილში, ,,ბლექ სი არენაზე’‘ დაგეგმილ მნიშვნელოვან კონცერტებზე. ქვეყანაში, რომლის პრემიერ-მინისტრი მეექვსმემილიონე ტურისტს დაუჯერებელი, თითქმის ზღაპრული სიურპრიზით ხვდება, უცხოელებს ,,ქართულ მარშებს’‘ უწყობენ?! თუმცა უცნაური ამ მარშებშიც არაფერია, აშშ-სა და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში აწყობენ მსგავს გამოსვლებს და ხელისუფლებას არალეგალების კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ.

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი – თათია დოლიძემ დაწერა, ,,ქართული მარში’‘ გაიმართა აღმაშენებლის გამზირზე, არადა, 40 000 ყივჩაღი დავით აღმაშენებელმა ჩამოასახლაო. რა არის ამაში გასაოცარი, ეს ხომ აქამდეც ვიცოდით? დიახ, სწორედ დავით მეოთხემ ჩამოასახლა 40 000 ყივჩაღი საქართველოში, რათა მოღალატე თავადებს გასწორებოდა და უმკაცრესი რეფორმები გაეტარებინა. ქართველს რომ ქართველი არ მოეკლა, ამისთვის ყივჩაღები გამოიყენა და გაქსუებულ თავად-აზნაურობას გაუსწორდა!..

ვითარების შესაფასებლად, ,,ვერსია’‘ ამერიკაში, კერძოდ მერილენდის შტატში მცხოვრებ ყოფილ მაღალჩინოსანს დაუკავშირდა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ, 13 წლის წინ, საქართველო იძულებით დაატოვებინა.

თემურ ბასილია ,,ქართული მარშის’‘ ორგანიზატორებს შავ-ბნელ ძალად არ მიიჩნევს და არც მათი პეტიცია აკვირვებს, რომელიც ერთი ერთში ჰგავს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, უფრო კონკრეტულად კი ,,რესპუბლიკური პარტიის’‘ წინასაარჩევნო პროგრამას: ,,გარწმუნებთ, გია კორკოტაშვილის მოთხოვნები დიდად არ განსხვავდება ამერიკის ,,რესპუბლიკური (მმართველი) პარტიისა’‘ და პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო პროგრამებისგან საემიგრაციო საკითხებზე. თუ გაეცნობით ამ პროგრამებს, ისეთ საკითხებს ნახავთ, როგორიცაა მექსიკის საზღვარზე დამცავი კედლის მშენებლობა, არალეგალი ემიგრანტების სავალდებულო დაპატიმრება და მათი დეპორტი, ამერიკაში დაბადებული არალეგალი ემიგრანტების შვილებისთვის მოქალაქეობის ავტომატურ მიცემაზე უარის თქმა, თავისუფალ სამუშაო ადგილებზე, პირველ რიგში, ამერიკის მოქალაქეების აყვანა. სხვათა შორის, ამ იდეების არქიტექტორი სტივ ბენონი, ამჟამინდელი პრეზიდენტის ყველაზე გავლენიანი მრჩეველია. რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, ისეთ ლიბერალურ შტატშიც კი, როგორიც მერილენდია და სადაც ვცხოვრობ, არალეგალი ემიგრანტების გამოვლენის მიზნით, რეიდები ტარდებოდა. რამდენიმე კვირის წინ კი ძალაში შევიდა პრეზიდენტის ბრძანებულება 6 მუსულმანური ქვეყნიდან ემიგრაციის აკრძალვის/შეზღუდვის შესახებ.

სხვათა შორის, აშშ-ის ,,რესპუბლიკური პარტია’‘ დიდი ხანია ითხოვს ემიგრაციაზე კონტროლს. არ ვაფასებ, ეს კარგია, თუ ცუდი, უბრალოდ, ფაქტს აღვნიშნავ. აქედან გამომდინარე, გია კორკოტაშვილისა და ამ აქციის ორგანიზატორებისთვის, რომლებსაც, სხვათა შორის, არ ვიცნობ, ფაშისტების, რასისტებისა და ბნელების ძახილი არასწორია და რეალობისგანაც შორსაა’‘.

რაც შეეხება ,,ქართული მარშის’‘ პოლიტიკურ კონტექსტს, თემურ ბასილიამ ,,ვერსიას’‘ განუცხადა, რომ ეს პოლიტიკური ბრძოლის ფორმაა: ,,როგორც ჩანს, უკონტროლო ემიგრაციასთან დაკავშირებით, ქართულ საზოგადოებაში სერიოზული შეშფოთება არსებობს და ადამიანთა დიდ ნაწილს ეს პრობლემა აწუხებს. ამგვარი წუხილი რომ არ არსებობდეს, მარშის ორგანიზატორებს რამდენიმე ათეული ადამიანის მობილიზებაც კი გაუჭირდებოდათ. თუმცა ეს პრობლემა აქციის ორგანიზატორების მიმართ ფაშისტების, ქსენოფობებისა და ბნელების ძახილით არ მოგვარდება, პირიქით _ ეს დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამწვავებს. ამიტომ სასურველია, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ, თუ ინტერესთა ჯგუფებს შორის დიალოგი დაიწყოს, თუ როგორი საიმიგრაციო პოლიტიკა სჭირდება საქართველოს. რაც მთავარია, ამ დიალოგის წარმმართველი და აქტიური მონაწილე საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს’‘.

აღმაშენებლის გამზირზე უამრავი კაფე-ბარი, რესტორანი და რამდენიმე ღამის კლუბია. ,,ქართული მარშის’‘ ორგანიზატორები არ აკონკრეტებენ, უშუალოდ რომელ ღამის კლუბში ამუშავებენ იძულების წესით არასრულწლოვან ქართველ გოგონებს. მარშის მიზანი იყო, უცხოელებს დაენახათ, რომ ქართველი კაცები ღირსებას იცავენ, ოღონდ, ვის ღირსებას, სად ან რატომ, არავის დაუზუსტებია! მართალია, ლიტერატურული პერსონაჟია, მაგრამ კაზა ჩხეტია არც არაბი იყო, არც თურქი და არც ინდოელი, ქართველი იყო, ნაძირალა და არამზადა, რომელმაც კიკუს ჯერ თუმანი შესთავაზა, შემდეგ ორი, სამი და ბოლოს გაახდევინა. იქ, სადაც ,,კიკუ’‘ მზადაა, 3 თუმნად გაიხადოს, რა აზრი აქვს, მარშს გამართავ, თუ დემარშს?!

პროსტიტუცია და ტრეფიკინგი სისხლის სამართლის დანაშაულია, რომლის პრევენცია მარში კი არა, სამართალდამცავი სტრუქტურების გააქტიურებაა. თანაც აღმაშენებლის გამზირზე ბევრი კაფე-ბარია, სადაც აბსოლუტურად ჯანსაღი გარემოა. ასე ხელაღებით, ყველა უცხოელი ბიზნესმენის ერთ ქვაბში მოხარშვა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია.

,,ვერსიის’‘ კითხვაზე, შეუშლის თუ არა ,,ქართული მარში’‘ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, თემურ ბასილიამ გვიპასუხა: ,,უნდა განვასხვაოთ, რა არის ლეგალური ინვესტიცია და ლეგალური ემიგრაცია საქართველოში. მაგალითად, აშშ-ს ასეთი პოლიტიკა აქვს, თუ ინვესტორი მზადაა, რომ აშშ-ს ეკონომიკაში პირობითად, 500 000 ან 1 მილიონი აშშ დოლარი ჩადოს, მას ავტომატურად აძლევენ ბიზნესმენის ან ინვესტორის ვიზას აშშ-ში. აქედან გამომდინარე, საქართველოშიც დაფიქრდნენ გადაწყვეტილების მიმღები პირები და ბიზნესმენის ან ინვესტორის ანალოგიური ვიზა ჩვენს ქვეყანაშიც შეიმუშაონ. თუ ასეთი რამ გაკეთდება, არ მგონია, ვინმე ამის წინააღმდეგი იყოს. თუ ემიგრაცია და ბიზნესი არალეგალურია, თუ გადასახადებს არ იხდიან და ასეთი ,,ბიზნესი’‘ კორუფციის წყარო ხდება, სწორედ ეს იწვევს პროტესტს. ,,ქართული მარში’‘ ერთგვარი სიგნალი და მესიჯია საზოგადოებისთვის, რათა დავინახოთ, რეალურად რა პრობლემების წინაშე ვართ და ამ პრობლემის გადაწყვეტის გზები დავსახოთ’‘.

წლებია, ,,დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის’‘ ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი ოკრიბელაშვილი საბერძნეთში მუშაობს. ქართველ ემიგრანტთა ყველაზე დიდი რაოდენობა, სწორედ ამ ქვეყანაშია და მან კარგად იცის, რეალურად, რა პრობლემების გადალახვა უწევთ ჩვენს თანამემამულეებს. ბერძნებისთვის გიორგი ოკრიბელაშვილი ,,უცხოელი’‘ ბიზნესმენია, ამიტომ ,,ქართულ მარშთან’‘ დაკავშირებით, მისი პოზიცია განსაკუთრებით საინტერესოა:

,,ერთმანეთთან ნუ გავაიგივებთ კანონმორჩილ ბიზნესს, უცხოური იქნება ეს, თუ ქართული. საქართველოში მოქმედებს კანონი, რომლითაც პროსტიტუცია დასჯადია; არასრულწლოვანების მუშაობა დასჯადია და თუ ამ ყველაფერს ბიზნესის ჭრილში განვიხილავთ, გადასახადების არგადახდაც დასჯადია! როგორც წესი, საზოგადოებრივ აქტივობას, შიდა მარშებსა, თუ დემარშებს, კანონის არდაცვა და დაუსჯელობის სინდრომი იწვევს. ამიტომ ,,ქართული მარშის’‘ მიზეზი კანონის არაღსრულებაა! თუ საუბარია იმაზე, რომ არასრულწლოვან გოგონებს სტრიპტიზიორებად ამუშავებენ, რაც კანონდარღვევაა, ამას სახელმწიფომ უნდა მიხედოს და არა რომელიმე პოლიტიკურმა ორგანიზაციამ! პოლიტიკური განცხადებები მას შემდეგ ჩნდება, როდესაც კანონი არ მუშაობს. რეალურად ვთქვათ, კანონის წინაშე ნებისმიერი ინვესტორი, თუ საქართველოს მოქალაქე, თანასწორია. იმის გამო, რომ ინვესტიცია შემოიტანა და შემდეგ აქ ბორდელი გამიხსნა, დიდი ბოდიში, მაგრამ კანონდარღვევა უნდა მოვითმინო?! რაც მთავარია, კრიმინალს ნაციონალობა არ აქვს, კრიმინალი ყველა ქვეყანაში კრიმინალია და ცხადია, დასჯადია, მათ შორის, საბერძნეთშიც, ამერიკაშიც, ანტარქტიდაზეც და საქართველოშიც ასე უნდა იყოს!“.

გიორგი ოკრიბელაშვილმა „ვერსიას“ აუხსნა, რომ როდესაც სახელმწიფო კომპრომისზე მიდის კრიმინალთან, ეს საზოგადოების აღშფოთებას იწვევს, რასაც თანმდევი პროცესი – მარშები, გამოსვლები, მიტინგები და აქციები ახლავს. მისი თქმით, იქ, სადაც ასეთი მარშები იმართება და ამ მხრივ, არც საბერძნეთია გამონაკლისი, ბიზნესს ხელს უშლის, მეორე მხრივ კი იმ ბიზნესმენმა, რომელიც უცხო ქვეყანაში ჩადის, კეთილი უნდა ინებოს და იმ ქვეყნის კულტურას, ენას, ტრადიციებს უნდა სცეს პატივი: ,,საბერძნეთში მაქვს ბიზნესი, ამიტომ როგორ შეიძლება, ბერძნულ კანონმდებლობას, მათ კულტურას, ენას, სიწმინდეებსა და ტრადიციებს პატივი არ ვცე? მარტივ მაგალითს გეტყვით, მართალია, ბერძნები მართლმადიდებლები არიან, მაგრამ ყველა რელიგიურ დღესასწაულს ახალი სტილით აღნიშნავენ. ისინი შობას 25 დეკემბერს ზეიმობენ და ცხადია, არ მუშაობენ, მაგრამ მე რომ იქ ბიზნესი მაქვს, რა უფლება მაქვს, ამ დღეს ჩემი ბერძენი თანამშრომლები ვამუშაო? აღმაშენებლის გამზირს დავუბრუნდეთ, როდესაც უცხოელი ჩამოდის, ბარს ან ღამის კლუბს ხსნის და დაცვას აფრთხილებს, გოგონები შემოუშვით, ბიჭები _ არაო, უნდა ელოდოს, რომ ასეთი საქციელი პროტესტს გამოიწვევს და იქ ჩხუბიც ატყდება. ცხოვრება ფიზიკის კანონებით ვითარდება _ ქმედება იწვევს უკუქმედებას, ამიტომ თუ კანონს დაარღვევ, ზუსტად უნდა იცოდე, რომ შენს საქციელს აგრესია მოჰყვება. თუ რომელიმე ბიზნესმენი რეპუტაციას არ უფრთხილდება, ეს შიდა დიასპორული პრობლემა უნდა იყოს და იმ ქვეყნის დიასპორამაც უნდა მიხედოს, სადაც ასეთი კანონდარღვევა ხდება. თუ კანონდარღვევას სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება უკუქმედება, მაშინ ეს პრობლემა აღარაა და პროცესი ქუჩაში არ გადაინაცვლებს. ვერ გეტყვით, რომ ,,ქართული მარში’‘ მომწონს, მაგრამ ამაში ტრაგედიასაც ვერ ვხედავ“.

გიორგი ოკრიბელაშვილმა ,,ვერსიას’‘ ისიც განუცხადა, რომ მაინც და მაინც არასრულწლოვანების პროსტიტუციაზე აპელირება გამართლებული არ არის, რადგან საქართველოში ბევრი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც უცხოელებმა ქართული სიწმინდეები შეურაცხყვეს. თუმცა არც ამ ფაქტების განზოგადებაა გამართლებული, რადგან თუ ერთმა ინდოელმა ან პაკისტანელმა რაღაც გააფუჭა, იმას არ ნიშნავს, რომ ყველა პაკისტანელი და ინდოელი ცუდია. მისი თქმით, ქართველი ემიგრანტები ამ მხრივ გამორჩეულები არიან, ისინი იმ ქვეყნის კულტურას და სიწმინდეს ხელაღებით არ ექცევიან, სადაც ცხოვრობენ: ,,გია კორკოტაშვილს ნუ გავკიცხავთ, რადგან როდესაც ჩემს სახლში სტუმარი შემოდის და უდიერად მექცევა, პროტესტის გრძნობა მიჩნდება. სახელმწიფოს მეთაურებმა უნდა იმოქმედონ ისე, რომ სტუმრებმა პატივი გვცენ! ეს გამაფრთხილებელი მარში იყო და იმედია, გონს ორივე მხარე მოეგება“.

ახალი თაობა“, 20 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება არ სურს“ // რა უთხრა უკრაინის პრეზიდენტმა არაოფიციალურად საქართველოს ხელისუფლებას // რატომ დანიშნეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოდესის ოლქის გუბერნატორად

უკრაინის მოქალაქეების ექსტრადირებას სხვა ქვეყანაში კანონმდებლობა კრძალავს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მიუხედავად ამისა, უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტისას სააკაშვილის ექსტრადირების თემა აქტიურად განიხილებოდა მედიაში. „ახალი თაობა“ ამ საკითხებზე ესაუბრა „საქართველოს გადარჩენის მოძრაობის“ ლიდერს, ყოფილ დეპუტატ მირიან მირიანაშვილს.

„უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას არაოფიციალურ საუბრებში უთხრა, რომ უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუ ქართული მხარე საამისოდ უკრაინაში მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს გაგზავნის“, – ამბობს მირიან მირიანაშვილი

- 2015 წელს არ გაუგზავნიათ მტკიცებულებები?

- უკრაინის პროკურატურას მაშინ კომიკური მასალები გადასცეს. ესაა ის, რასაც სააკაშვილს ოფიციალურად ედავებიან – საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივად ხარჯვას. ფაქტობრივად, რამდენიმე პიჯაკის ყიდვას. სინამდვილეში, მას უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი. თუნდაც, ერთი საშუალო სიმძიმის დანაშაული საკმარისი საფუძველი იქნებოდა მისი ექსტრადირების საკითხის განხილვის დასაწყებად.

- პეტრო პოროშენკოს თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მისი ექსტრადირების მოთხოვნით უკრაინის ხელისუფლებისათვის არ მიუმართავს...

- პრეზიდენტისათვის არ მიუმართავს. ქართულმა მხარემ მასალები, რომელიც კომიკური ხასიათისაა, უკრაინის გენპროკურატურას გაუგზავნა. მის წინააღმდეგ დევნა დიდი დაგვიანებით დაიწყო. უკრაინის მაშინდელი პრემიერის გარემოცვასთან მჭიდრო კავშირი მაქვს და დანამდვილებით ვიცი, რომ ქართული მხარე მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემით და მისი ექსტრადირებით არ ყოფილა დაინტერესებული.

- საზოგადოების დიდი ნაწილიც დარწმუნებულია, რომ ქართულ ოცნებას არც უნდოდა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება...

- ამაზე მეც ბევრჯერ მისაუბრია, მათ შორის, „ახალი თაობისათვის“ მიცემულ ინტერვიუებში. ეგ კი არა, უკრაინაში გადაბარგებულ მიხეილ სააკაშვილს კანონის დარღვევით დაუტოვეს საქართველოს მოქალაქეობა. მე და ჩემს თანამებრძოლებს რომ არ აგვეტეხა ამაზე ხმაური, ის კანონდარღვევით იქნებოდა ორი ქვეყნის მოქალაქე. უკრაინაში მისი გარემოცვის 120 წევრის შემთხვევაშიც ირღვეოდა კანონი. საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ რამდენიმე მათგანს მოეხსნა.

- თუ ქართულ ოცნებას არ უნდა სააკაშვილის ექსტრადირება, ამას არც მომავალში მოითხოვს?

- ამ მიმართულებით ველოდები ფიქტიური ფუსფუსის გაგრძელებას. ასეთი ყალბი აქტიურობა იყო 2012-2014 წლებში. მაშინ მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემაზე, სამართლიანობის დამკვიდრებაზე ბევრი საუბარი იყო, საქმე კი არ კეთდებოდა.

- ხალხის დასანახად იყო ატეხილი ხმაური?

- ხალხის მოსატყუებლად. მიხეილ სააკაშვილს 5 პიჯაკზე კი არ უნდა ედავებოდნენ, არამედ პასუხი უნდა მოსთხოვონ ქვეყნის ძარცვასა და სხვა მძიმე ქმედებებზე. მარტო თბილისში მან 500 მაღაზია ჩამოართვა კანონიერ მფლობელებს. მთელი ნაძარცვი საბოლოოდ აღმოჩნდა რუსეთის სპეცსამსახურების ხელში. ენერგეტიკისა და სააფთიაქო ბიზნესით დაწყებული, მსხვილი ქარხნებით დამთავრებული, ყველაფერი რუსეთის სპეცსამსახურებმა მიისაკუთრეს. ქართველი მეპატრონეები არ არიან ამ ქონების ნამდვილი მფლობელები.

- უკრაინაშიც ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთზე მუშაობს?

- იქ ამას უკვე ბევრი მიხვდა. პეტრო პოროშენკომ და ამერიკელებმა ეს თავიდანვე იცოდნენ.

- მაშინ ოდესის ოლქის გუბერნატორად რატომ დანიშნეს?

- ეს ტაქტიკური სვლა, წარმატებული სპეცოპერაცია იყო რუსეთის გასაცურებლად. დაახლოებით 10 დღის წინ უკრაინის პრეზიდენტი თავის თანამოაზრეებს, მმართველი პარტიის რადას დეპუტატებს შეხვდა. იქ დახურულ შეხვედრაზე მან განმარტა, თუ რატომ დათანხმდა სააკაშვილის გუბერნატორობას. ეს ინიციატივა ამერიკელებს ეკუთვნით. პოროშენკომ ის მოიწონა. მაშინ უკრაინის სახმელეთო ჯარი გასაძლიერებელი იყო. რუსეთიდან სახმელეთო შეტევას ელოდნენ ოდესის მიმართულებით. ამიტომ, იქ გაუშვეს რუსეთის აგენტი სააკაშვილი. ეს საჭირო გახდა იმისათვის, რომ რუსეთი მოეტყუებინათ.

- ამან რუსეთი შეაკავა?

- ვლადიმირ პუტინი ილუზიაში ჩავარდა და მოტყუვდა. სააკაშვილს თვალის ასახვევად შეიარაღებული რაზმიც შეაქმნევინეს. უკრაინას რამდენიმე თვე სჭირდებოდა იმისათვის, რომ ჯარი გაეძლიერებინა. ამასთან, სააკაშვილს არ აძლევდნენ საშუალებას, ოდესის ოლქში პროვოკაცები მოეწყო. რუსეთს იქ არაფერი გამოუვიდა.

- შემდეგ მიხეილ სააკაშვილი აღარ დასჭირდათ?

- ის ახლა უკრაინაში არავის სჭირდება. იქ მის ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებზე საქმეა აღძრული. სანამ სააკაშვილს უკრაინაში მოუწყობენ სასამართლოს, ჯობია, ის ჩვენ გავასამართლოთ.

- ეს მოსალოდნელია?

- თუ ხელისუფლება არ ვაიძულეთ, არ არის მოსალოდნელი. „ქართულ ოცნებას“ არ უნდა არც სააკაშვილის გასამართლება და არც საქმის დაჭერა რუსეთის უშიშროებასთან, რომელმაც სააკაშვილის საშუალებით საქართველოს მთელი ეკონომიკა მიისაკუთრა. თუ ხელისუფლებამ ამ კუთხით ნაბიჯები არ გადადგა, მე და ჩემი თანამოაზრეები მას რეალურ ხალხმრავალ საპროტესტო აქციებს ვპირდებით.

ახალი თაობა“, 20 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „პეტრო პოროშენკოს ვიზიტის დროს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი არ დამდგარა

„ახალი თაობასთან“ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში „ახალი საქართველოს“ ლიდერი და პეტრო პოროშენკოს მრჩეველი გიორგი ვაშაძე აფასებს.

- ბატონო გიორგი, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სტუმრობს. თქვენ მის დელეგაციაში ხართ. რა სტატუსით?

- მე ვარ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი რეფორმების საკითხებში. ჩვენ განვახორციელეთ უკვე რამდენიმე რეფორმა და, აქედან გამომდინარე, მეც ვარ ამ დელეგაციაში.

- დიდი ხანია, რაც ეს პოზიცია გიკავიათ უკრაინაში?

- საკმაოდ დიდი ხანია უკვე მე უკრაინაში ვმუშაობ. წლებია, რაც პეტრო პოროშენკოს მრჩეველი ვარ და ოფიციალურ დელეგაციაშიც ამ სტატუსით ვარ წარმოდგენილი. ამ ვიზიტის ფარგლებში, მე ძირითადად მონაწილეობას ვღებულობ ეკონომიკურ და ბიზნეს ფორუმებში და ასევე სხვა ღონისძიებებში. უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს მიხეილ ტიტარჩუკს ვაჩვენე თბილისის იუსტიციის სახლი და გავაცანი ის სერვისები, რითაც ჩვენი მოსახლეობა სარგებლობს. ჩვენი გუნდის მონაწილეობით კიევში უკვე ფუნქციონირებს პირველი იუსტიციის სახლი. ასევე უახლოეს პერიოდში ყველა ქალაქში აშენდება მსგავსი სერვის ცენტრები.

- როგორ აფასებთ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს? დიდი ხანია, უკრაინიდან ოფიციალური დელეგაცია საქართველოში არ ყოფილა...

- ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. სამი ძირითადი და მნიშვნელოვანი ასპექტია, სადაც უკრაინას და საქართველოს საერთო მიზანი აქვს. პირველი არის დეოკუპაცია. რუსეთს უკრაინის ტერიტორიებიც აქვს ოკუპირებული, ისევე, როგორც საქართველოს ტერიტორიები. ამ კუთხით ძალიან კარგი იქნება ჩვენი ხელისუფლებისთვის უკრაინის პრაქტიკის გამოყენება.

- რა კუთხით?

- ისინი ძალიან აქტიურები არიან საერთაშორისო ასპარეზზე. მეორე მიმართულება არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამ კუთხით სტრატეგიული თანამშრომლობაც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინასთან. ჩვენი ევროპული პერსპექტივა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. მესამე საკითხი არის ეკონომიკური თანამშრომლობა. უკრაინა არის ძალიან ძლიერი ქვეყანა და ეს არის კარგი შესაძლებლობა და ბაზარი ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის.

- რა გამოძახილი ექნება ამ ვიზიტს საერთაშორისო ასპარეზზე? ამ ვიზიტის ფარგლებში აქტიურად მიდის საუბარი იმ საკითხზე, რომ რუსეთი საქართველოს და უკრაინის საერთო მტერია...

- უკრაინა ძალიან აქტიურია საერთაშორისო ასპარეზზე. რუსეთს სანქციები აქვს დაწესებული სწორედ უკრაინის გამო. ყველა შეხვედრაზე საერთაშორისო კუთხით, ნებისმიერი ქვეყნის ლიდერებთან, იქ მონაწილეობს უკრაინა თუ არ მონაწილეობს, რუსეთთან შეხვედრების დროს, მუდმივად განიხილება უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციის საკითხი. რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, რომ მან უნდა გამოიყენოს ის რესურსი, რაც ამოქოქილი აქვს უკრაინას და მისი გამოყენება უნდა შეძლოს ძალიან ეფექტურად.

- უკრაინასთან ქართული ოცნების ხელისუფლების მოსვლის შემდეგ არც თუ კარგი ურთიერთობები იყო და საუბარია, რომ ეს ყოველივე ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის ფაქტორით იყო განპირობებული. ამ ვიზიტის ფარგლებში აქტიურად დგას ექს-პრეზიდენტის ექსტრადირების საკითხი. მოხდება მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება?

- ამ ვიზიტის დროს არც ერთ შეხვედრაზე, რომელსაც მე დავესწარი, ამ საკითხზე დისკუსია არ ყოფილა და ეს საკითხი განხილვის საგანი არ ყოფილა. დანარჩენი დეტალი ნამდვილად არ ვიცი. როგორც დელეგაციის წევრს, მე სხვა ინფორმაცია არ მაქვს…

- ეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ქართული მხარის მიერ არ დამდგარა ექსტრადირების საკითხი, თუმცა იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მათ ორჯერ მიმართეს უკრაინის პროკურატურას და ორჯერვე მიიღეს უარი. რა ეტაპზეა დღეს ეს საკითხი? განახლდება კვლავ მოლაპარაკებები ამ კუთხით?

- არ ვიცი, ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. მე ვფიქრობ, რომ მთავარი საკითხი უნდა იყოს ის, რომ კონკრეტული პერსონალიები არ უნდა იყოს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში დამაბრკოლებელი ფაქტორი.

- მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. იქაური კონსტიტუცია რამდენად იძლევა საშუალებას, რომ მოხდეს მისი ქართული მხარისთვის გადმოცემა?

- არა, სამართლებრივად ეს შეუძლებელია. ის არ არის საქართველოს მოქალაქე, ის უკრაინის მოქალაქეა და ნამდვილად ვერ გადმოსცემენ საქართველოს. ისევე, როგორც საქართველო ვერ გადასცემს უკრაინას თავის მოქალაქეს.

- თუკი მაინც დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში, მაშინ ჯერ მოქალაქეობა უნდა ჩამოართვან? თუ რა ბერკეტები არსებობს საამისოდ?

- სამართლებრივი დეტალები ნამდვილად არ ვიცი ამ შემთხვევაში. რომც ჩამოართვან მოქალაქეობა, ის საქართველოს მოქალაქე ვერ ხდება, მას თავის დროზე საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტეს. ამიტომ არ ვიცი, ეს საკითხი როგორ მოგვარდება. ჩემი ინფორმაციით, ამ ვიზიტის ფარგლებში სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი არ განიხილება. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი და არა -პერსონალიებზე საუბარი.

- ფიქრობთ, რომ, ყველაფრის მიუხედავად, უკრაინასთან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები გაგრძელდება?

- მე ვფიქრობ, რომ ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში, არ უნდა დაირღვეს უკრაინა-საქართველოს მეგობრული ურთიერთობა. ეს საჭიროა თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად წელში გაიმართოს. ამ მეგობრობას ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს. ამ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინამ იმ მოვლენების შემდეგ საგრძნობლად გააძლიერა საკუთარი შეიარაღება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამხედრო ტიპის თანამშრომლობა. უკრაინას ძალიან ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავს. საქართველო უნდა იყოს გაცილებით უფრო აქტიური ამ თანამშრომლობის პროცესში და გაცილებით უფრო ეფექტური.

ახალი თაობა“, 20 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „ოპოზიციიდან ბევრი გვთანხმდება, რომ კონსტიტუციაში მთელი რიგი მიმართულებებით ძალიან კარგი და ღირსეული ნაბიჯი იქნა გადადგმული“ // „საქართველოს ხელისუფლება რუს დეპუტატებს არ ეპატიჟება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.

- ბატონო ირაკლი, საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესს როგორ შეაფასებთ?

- თავისთავად ოპოზიციამ ერთგვარი როლი ითამაშა, ეს როლი კარგად მოირგო, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კონსენსუსის ან კიდევ უფრო მეტი, მხარდაჭერის სურათი არ შექმნილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი გვთანხმდება, რომ ამ კონსტიტუციაში მთელი რიგი მიმართულებებით ძალიან კარგი და ღირსეული ნაბიჯი იქნა გადადგმული. მე ვფიქრობ, რომ ხელოვნურად არის შექმნილი ფონი, რომ კონსენსუსი ვერ შედგა. თუმცა, მას შემდეგ, რაც კენჭი ვუყარეთ ორი მოსმენით, თავად ხვდებიან, რომ ამ პროცესში ჩართვა მათ სჭირდებათ. ჩვენ ღია ვრჩებით, ისევე, როგორც მთელი ეს პროცესი იყო ღია და გამჭვირვალე და ველოდებით შემოთავაზებებს, თუ სად ხედავენ ისინი ძირითად პრობლემებს და როგორ შეიძლება ის ერთობლივად გადავწყვიტოთ. მე პირადად მივესალმები თუ ჩვენ ერთობლივად ჩამოვყალიბდებით იმ ფორმებზე, რომელიც შეიძლება ერთობლივად იყოს მისაღები.

- თუ იყო გუნდში საუბარი, რა დათმობაზე შეიძლება წახვიდეთ?

- ოპოზიციის ცალკეული განცხადებებიდან ჩანს, ყოველ შემთხვევაში, მე დავინახე, ვინ რაში ხედავს პრობლემას, და ვის რა მიმართულებით სურს კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება. თუმცა, ეს არ უნდა დავინახოთ ისე, რომ ცალკეული პარტიების მიდგომით ერთგვარი სურათი შეიცვალოს, არა, რა თქმა უნდა. არ უნდა არსებობდეს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები. ამიტომ ჩვენ ყველა ერთად, სასურველია, რომ უმცირესობამ, ოპოზიციამ, სხვა პოლიტიკურმა ძალებმა ღიად დაასახელონ თავიანთი შეთავაზებები, სად ხედავენ ისინი ქვეყნის ინტერესების დაცვას კონსტიტუციის ფარგლებში და შემდეგ ვიმსჯელოთ არა იმ კუთხით, ვის, რომელ პარტიას როგორი კონსტიტუცია აწყობს, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, არამედ ვიმსჯელოთ იმაზე, რომელი ფორმულირებები უკეთესად დაიცავს სახელმწიფო ინტერესებს, პოლიტიკურ სისტემას და დემოკრატიას.

- რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატები პატრიოტთა ალიანსის მოწვევით საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ. თუ მართლაც ვიხილეთ დუმის დეპუტატები საქართველოში, როგორი იქნება ამ შემთხვევაში სახელმწიფოს პოზიცია?

- საქართველოს ხელისუფლება არავის არ ეძახის და არავის არსად ეპატიჟება. თუ ვინმე საქართველოში ჩამოვა და მას არა აქვს დარღვეული კანონი „ოკუპაციის შესახებ“ და აქვს უფლება საქართველოში შემოვიდეს, მაშინ ეს სცილდება პოლიტიკის ნაწილს და შეიძლება განხილულ იქნას სამართლებრივ ჩარჩოში, აქვს უფლება შემოვიდეს თუ არ აქვს.

ზოგადად ხელისუფლების დამოკიდებულება „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით, ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ხელისუფლება არ აპირებს, პირადად ეს სრულიად შეუძლებლად მიმაჩნია, რომ გარდა იმ საერთაშორისო ფორმატებისა, რაც არსებობს, რაიმე სახის კავშირი დავამყაროთ მოსკოვთან, მანამ, სანამ იარსებებს ე.წ. საელჩოები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მანამ, სანამ მკაფიო სურათი არ შეგვექმნება, რომ რუსეთი მზად არის დეოკუპაციისთვის.

- მცოცავ ოკუპაციას რას უპირისპირებს დღეს ხელისუფლება?

- რას უწოდებთ მცოცავ ოკუპაციას? სამწუხარო რეალობა ვაღიაროთ: ბორდერიზაციის პროცესი დაწყებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. სამწუხარო რეალობა არის ისიც, რომ ბორდერიზაცია მიჰყვება იმ ე.წ. ადმინისტრაციულ ზოლს, რომელიც თავის დროზე წინა ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილმა ბრძანებით დაამტკიცა.

- როდესაც ტერმინ მცოცავ ოკუპაციას» უარყოფთ, თქვენ ამბობთ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის არც ერთი სანტიმეტრი ოკუპაციის ზოლში არ ექცევა?

- თუ ვსაუბრობთ საზღვარზე, საზღვარი გადის როკზე და ფსოუზე, სხვა საზღვარი არ არსებობს. რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და ბორდერიზაციას ახორციელებს, რაც მიმდინარეობს იმ ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებში, რომელიც სააკაშვილმა თავის დროზე თავისი ბრძანებით დაამტკიცა. ეს არის რეალობა. ჩემთვის არა რამდენიმე მეტრით გადმოიწია, არამედ რამდენიმე ასეული კილომეტრით არის გადმოწეული საზღვარი. თუ ვსაუბრობთ, რომ რამდენიმე მეტრით გადმოიწია, ე.ი. საიდანღაც გვაქვს ათვლის წერტილი. თუ ათვლის წერტილი არის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი, ისინი იმ ადმინისტრაციულ საზღვრებში რჩებიან, რომელიც სააკაშვილმა დაამტკიცა, ვგულისხმობ იმას, როდესაც ახალგორი ცხინვალის რეგიონს შეუერთა.

- ოპოზიცია ამბობს, რას აკეთებს ხელისუფლება დეოკუპაციისთვის?

- ყველა საერთაშორისო დონეზე, წელს და შარშან ოფიციალურ დონეზე, ოფიციალურ დოკუმენტებში ეუთოში, ნატოში ფიქსირდება სიტყვა ოკუპაცია. საერთაშორისო დონეზე არაღიარების პოლიტიკასთან ერთად, ტერმინ ოკუპაციის დამკვიდრებასთან ერთად, საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს ამ პროცესში.

საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაცულია. როდესაც ვხვდებით საქართველოს ელჩებს სხვადასხვა ქვეყნებში, ეს არის შესაძლებლობა ვესაუბროთ მათ თავდაცვის, უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე, იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყნის წინაშე არის. ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია იმაზე, რომ თავდაცვის სამინისტრო იწყებს ძალიან სერიოზულ პროგრამას, რომელიც თავისი შესაძლებლობით მართლაც უნიკალურია. ეს არის ჩვენი სამხედრო შენაერთების საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა, სადაც მთავარი პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები. 9 ბატალიონი იქნება მომზადებული, ეს არის უნიკალური პროექტი. თავისთავად ცხადია, რომ ამ პროცესში ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების დამატებითი სრული აღჭურვა მოხდება ნატოს სტანდარტის შესაბამისი იარაღითა და შესაძლებლობებით. ამიტომ, ამ პროგრამის ფარგლებში, ჩვენი შესაძლებლობების გაფართოება და პარტნიორ ქვეყნებთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრიორიტეტულია ჩვენი სახელმწიფოსთვის.

თქვენ ხედავთ, რა პროცესები ვითარდება მსოფლიოში, როგორი საერთაშორისო მოცემულობაა. მთელი ამერიკა, ევროპა არის მობილიზებული სანქციებით რუსეთის წინააღმდეგ, სხვა პოლიტიკური ბერკეტებით, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ პოზიტიური ძვრა არ არის. თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ მას უკეთესად შეუძლია, მზად ვარ, ხვალვე დავუთმო ჩემი სკამი. აქამდე, უმაღლეს დონეზე, საერთაშორისო დოკუმენტებში სიტყვა `ოკუპაცია~ არ იყო დაფიქსირებული. ეს ვერ შეძლო თავის დროზე იმ ხელისუფლებამ, რომელიც ახლა ოპოზიციაშია.

ახალი თაობა“, 20 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „თბილისში გაზი არჩევნების შემდეგ ისევ გაძვირდება

„ახალი თაობის“ კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.

- ბატონო რომან, გაზის ტარიფმა მცირედით, მაგრამ მაინც მოიმატა. ოპოზიციას აქვს სერიოზული ეჭვი, რომ ტარიფის მატება ამით არ შემოიფარგლება. რა გაძლევთ ამ ეჭვის საფუძველს?

- მცირედით არ მომხდარა მომატება. კი, თბილისში მოიმატა ნახევარი თეთრით, მაგრამ რეგიონებში ფასები მოიმატებს სერიოზულად. ზოგ რაიონში 2 თეთრით, ზოგში 7 და ზოგშიც მეტით. ასე რომ, გაზის ფასის მომატება მთელი საქართველოს მასშტაბით სერიოზულად აისახება მოსახლეობის შემოსავლებზე. ადამიანების შემოსავლები არ იზრდება, მაგრამ ხარჯების სტრუქტურა იცვლება და ნაცვლად იმისა, რომ თანხები მოხმარდეს ადამიანის ჯანმრთელობას, ოჯახს, ბავშვებს, ეს თანხები მომატებული ტარიფის ასანაზღაურებლად წარიმართება. რაც შეეხება გაზის ტარიფს თბილისში, ყაზტრანსგაზ თბილისის დროებითმა მმართველმა განაცხადა, რომ ტარიფში არ იქნა გათვალისწინებული ბევრი რამ.

- კერძოდ?

- თუნდაც მათი დანახარჯები, ის, რომ მათ აქვთ უზარმაზარი ვალი, არ იქნა გათვალისწინებული ინვესტიციები და მათი მხრიდან ირიბი საყვედური იყო ნათქვამი, რომ ეს ტარიფი არ არის საკმარისი ამ ორგანიზაციის რენტაბელურად ფუნქციონირებისთვის. ამიტომ, ადრე თუ გვიან, ყაზახური მხარე დაიბრუნებს თავის მმართველს და ეს ყველაფერი ასახული იქნება ტარიფში.

- ანუ მატება გარდაუვალია?

- დიახ, გარდაუვალია, მათ ეს ყველაფერი გადაავადეს არჩევნების შემდგომ პერიოდში.

- არჩევნების წინ ხელისუფლება მოერიდა მოსახლეობის გაღიზიანებას? თუ ასეა, საერთოდ რატომ მოხდა მატება?

- მათ შეეძლოთ, გაზის ტარიფის მატება ახლა საერთოდ არ განეხორციელებინათ, წინ არჩევნები აქვთ. თუმცა ვინაიდან ახლა გაზის მოხმარება ძალიან დაბალია ზამთართან შედარებით, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ მიუხედავად წინასაარჩევნო პერიოდისა, ეს მატება აუცილებელი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში გაზის სექტორი გაჩერდებოდა, რადგან ლარის გაუფასურების და სხვადასხვა დანახარჯების ზრდის გამო, ეს სეგმენტი შეიძლება ყოფილიყო გაკოტრებული. ამიტომ მთავრობა იძულებული გახდა, ეს ნაბიჯი გადაედგა და არჩევნების წინ გარკვეული მატება მაინც ყოფილიყო.

- თავიდან იყო საუბარი, რომ გაზის ტარიფი მოიკლებდა. ეს ცრუ დაპირება იყო ოცნების მხრიდან?

- რა თქმა უნდა, დღევანდელი სიტუაცია სწორედ ამ უგუნური ენერგეტიკული პოლიტიკის შედეგია. ჯერ თავიდან ტარიფის განახევრებას ჰპირდებოდნენ, მერე ელქტროენერგიის ფასი დაწიეს, შემდეგ ტარიფს ისევ მოუმატეს. იყო სხვადასხვა მანიპულაციები. საქართველო ფლანგავს თავის სიმდიდრეს.

- ფლანგვაში რას გულისხმობთ?

- ჩვენ ვღებულობთ უფასო გაზს გაზის ტრანზიტის გამო „შაჰდენიზის“ საბადოდან, ანუ აზერბაიჯანიდან. გარდა ამისა, შეღავათიან ფასში ვყიდულობთ გაზს ამ ტრანზიტის გამო და შემდეგ ჩვენს კუთვნილ გაზს ვყიდით შიდა ბაზარზე. მათ შორის ვაძლევთ „სოკარს“. ახლა ფაქტობრივად, 120 დოლარის ნაცვლად, გაზს ვყიდით 105 დოლარად და რეალურად ამ იაფი გაყიდვით ხდება გაზის სექტორის სუბსიდირება. ანუ ფასი არ გაიზარდა იმის გამო, რომ საქართველო თავის კუთვნილ გაზს იაფად აძლევს გაზის გამანაწილებელ კომპანიას. სინამდვილეში კი პოლიტიკური მიზნით ხდება ამ სექტორის კიდევ უფრო დეგრადირება.

- პოლიტიკური მიზნები სად იკვეთება?

- ძალიან ხარჯიანია გაზის გამანაწილებელი კომპანია, არის უზარმაზარი ხარჯები, არის ნეპოტიზმი. დასაქმებულია უამრავი ადამიანი, გაბერილია შტატები. ეს არის ჩინოვნიკების ოჯახის წევრების და ახლობლების ნავსაყუდელი. გაფორმებულია ხალხი, მხოლოდ შემოსავლებს ღებულობენ და არავინ კონტროლს არ უწევს ამ უკიდეგანო ხარჯებს. ეს ყველაფერი აისახება ტარიფში. ეს სატარიფო სისტემა და გაზის და ენერგეტიკის სექტორი არის ასეულობით მილიონიანი სექტორი, რომელიც არის ყველზე კორუმპირებული და ყველაზე არაეფექტიანი და პოლიტიკურად ყველაზე მართული სისტემა. ეს სატარიფო პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზისა და ელექტროენერგიის სექტორის განვითარებას.

- ოპოზიცია საუბრობს იმის შესახებაც, რომ გაზპრომთან დადებული ხელშეკრულება ჩვენი ქვეყნისთვის არის წამგებიანი. რატომ?

- ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით, რომ თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემა კვლავინდებურად წაგების ზღვარზე იქნება. ეს ტარიფი კი წლის ბოლომდე იქნება შენარჩუნებული. ტარიფი არჩევნების მერე აუცილებლად გაიზრდება. ისევე, როგორც დენის ტარიფი. კალაძის მიერ გაზპრომთან გაფორმებულმა ანტისახელმწიფოებრივმა ხელშეკრულებამ ტარიფების გადახედვის შემდეგ სულ სხვა კონტექსტში იჩინა თავი.

- კერძოდ?

- საქართველოს ტერიტორიაზე გაზის ტრანსპორტირებას ახდენს გაზის ტრანსპორტირების კომპანია. ათასი კუბური მეტრი გაზის გატარებაში მას დღემდე უხდიდნენ 13,83 ლარს. სემეკმა ტარიფი გააძვირა 5 ლარით და იგი 18,84 ლარი გახდა. ეს აისახა გაზის სამომხმარებლო ფასზე და ამიტომ მოხდა მისი გაძვირება. მაგრამ სემეკის ამ გადაწყვეტილებას აქვს მეორე მხარეც. გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულებით საქართველომ რომ დაკარგა ათეული მილიონობით ლარი, ეს ისედაც ცნობილი იყო.

- კიდევ რა ახალი დეტალი გახდა ცნობილი?

- ახლა აღმოჩნდა, რომ „გაზპრომ“-ის მიერ ჩვენთვის ტრანზიტის საფასურად დატოვებული თანხა მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯებს თუ ეყოფა. გამოდის, რომ საქართველო ფაქტობრივად მუქთად ახდენს რუსული გაზის სომხეთისთვის მიწოდებას. ამ ხელშეკრულებით, რომელიც დღემდე საიდუმლოა, მაგრამ ჩვენთან ხომ არაფერი იმალება, საქართველომ დაკარგა მინიმუმ 40 მილიონი ლარი. სწორედ ამიტომ ვითხოვთ პარლამენტში დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას პოლიტიკურად და ფინანსურად წამგებიანი ხელშეკრულების გაფორმების მიზეზების დასადგენად და სავარაუდო დამნაშავეების დასჯას. დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ეს კონტრაქტი პირადი ინტერესებით იყო ნაკარნახევი.

- რამდენად მოახდენს ტარიფის მატება გავლენას პირველადი მოხმარების პროდუქტებზე? ფიქრობთ, რომ აქაც მოიმატებს ფასები?

- ბუნებრივია, რომ მომატებული ტარიფი გავლენას ახდენს ბიზნესზეც. მათ უძვირდებათ წარმოების ხარჯები, რაც ასევე ირიბად აისახება სამომხმარებლო ფასებშიც. ამას უნდა დავუმატოთ ისიც, რომ მოშლილია ობიექტური ფასწარმოქმნის სისტემა ელექტროენერგიის სექტორში. ეს დამთავრდება ელექტროენერგიის ტარიფის ზრდით.

Comments are closed