globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 20 აგვისტო 2016 წელი

Posted by Globalresearch on Aug 20th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „არჩევნებზე წაუსვლელობა კრემლისთვის დიდი საჩუქარი იქნება“

„რეზონანსი“: „წერტილოვანი დარყმა“ „ოცნებაზე“: „ნაცმოძრაობამ“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად ყოფილი პირველი ლედი წარადგინა

„რეზონანსი“: როგორ შეაფასებთ საქართველოს ყოფილი პირველი ლედის ზუგდიდის მაჟორიტარად დასახელებას? (გამოკითხვა)

„რეზონანსი“: ინტერვიუ გუგული მაღრაძეთან: „არავის აღარ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ პაატა ბურჭულაძის პარტია დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალაა“

„რეზონანსი“: რატომ ეშინიათ პარტიებს სარეკლამო რგოლებში კონკრეტული დაპირებების გაშვება // სპეციალისტების შეფასებით, პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო რგოლებს კრეატივი აკლია

„რეზონანსი“: ემიგრანტების ოჯახებს საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფული აღარ ჰყოფნით

——————-

„რეზონანსი“, 20 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „არჩევნებზე წაუსვლელობა კრემლისთვის დიდი საჩუქარი იქნება

ნინო ქეთელაური

“თუ ის შეცდომები, რაც უკრინაში არჩევნების პერიოდში იყო, ახლა მაინც არ გავითვალისწინეთ, არანაკლები ხიფათი გველის რუსეთისგან, ვიდრე ეს იყო 2008 წელს საქართველოში და 2013-14 წლებში უკრაინაში”, – ამის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პერზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა “რეზონანსთან” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების არასამართლიანად ჩატარება დიდი საჩუქარი იქნება კრემლისთვის, ამიტომ საარჩევნო უბანზე თითოეული ამომრჩევლის მისვლა მნიშვნელოვანია.

ოპოზოციური პარტიების ბლოკებად გაერთიანება, ქართველი ამომრჩევლის განწყობა, პრორუსული პარტიების არჩვნებში მონაწილეობა, საპარლამენტო არჩევნების მიმართ კრემლის ინტერესი – ეს ის საკითხებია, რაზეც პოლიტოლოგს “რეზონანსი” ესაუბრა.

სოსო ცისკარიშვილის თქმით, “პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” კოალიციის შექმნა, გარკვეულწილად, წინასწარ პროგნოზირებადი იყო და თუკი პატარა პარტიები ცალ-ცალკე იქნებიან, მათი წარმატების პერსპექტივაც ნაკლები იქნება.

სოსო ცისკასიშვილი: არსებული და ყოფილი ხელისუფლებების საარჩევნო შედეგის შესამცირებლად, ეს გაერთიანება პროგნოზირებადი იყო. როდესაც 50-ზე მეტი ოპოზიციური პარტია ცდილობს, რომ საპარლამენტო სავარძელში რამდენიმე ადგილი დაისაკუთროს, ცხადია, თუ ისინი ცალ-ცალკე იქნებოდნენ, მათი წარმატების პერსპექტივაც ნაკლები იქნებოდა. არ ვარ დარწმუნებული, რომ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიათა შორის ასეთი დაჯგუფებების შექმნა დამთავრდა.

- როგორ ფიქრობთ, კოალიციაში გაერთიანება არჩევნებზე მათ შანსს გაზრდის?

- ყველაფერი დამოკიდებულია იმ უნარზე, რომელიც თითოეულ სუბიექტს თუ კოალიციას უნდა გააჩნდეს, რომ გარდა დაპირებებისა, ამომრჩეველმა სრულიად მკაფიო გზავნილი მიიღოს საანდოობაზე, რომ მათი დაპირებები სწორად და გასაგებად აღქმადი იყოს.

- ახალი კოალიცია საზოგადოებაში ნდობას იმსახურებს?

- მკაფიო და სრულიად დაუფარავი იყო იმ პროექტის არსებობა, რომელსაც “ბურჭულაძის მიჭირხვნის აუცილებლობა” ჰქვია. უკვე რამდენიმე თვეა, ეს პროექტი ამუშავდა. დღე არ გადიოდა, რომ რაიმე ცილისმწამებლური ინფორმაცია არ გაჟღებულიყო ჩვენს მედია სივრცეში. ცხადია, მათ დამკვეთებიც ჰყავდათ და ფანტაზიის მფლობელნიც მობილიზებულები იყვნენ. პარალელურად მომსწრენი ვიყავით, როგორი ზეწოლა იყო რეგიონებში ბურჭულაძის პარტის აქტივისტებზე, თუ როგორი ორგანიზებული იყო თითოეულის პარტიიდან განრიდება და მთელი ამ დროის განმავლობაში მიზეზი უცნობი იყო. თუმცა, მას მერე, რაც უკვე “პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” კიდევ სამი პარტიის თავშესაფარი გახდა, ძალიან პრიმიტიული ფორმულა გააცნეს საზოგადოებას, რომ თითქოს თავი და თავი არის პაატა ბურჭულაძის “ნაციონალურ მოძრაობასთან” სიახლოვე, რაც არაერთხელ უარყო ბურჭულაძემ, არაერთი არგუმენტი მოიყვანა, მაგრამ როგორც ჩანს, მწირია იმ პროექტის ავტორების ფანტაზია, რომლებიც სიამოვნებით ნათლავენ ყველას “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებად, სასამართლოდან დაწყებული, პრეზიდენტით დამთავრებული. ასეთ ვითარებაში, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა და უნარი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები “ნაციონალურ-სადისტური მოძრაობის” წევრებისგან განასხვაოს.

- საზოგადოების ნაწილი “ნაციონალური მოაძრაობის” ყოფილი წევრებს ისევ ამ პარტიასთან აკავშირებს. როგორ ფიქრობთ, პაატა ბურჭულაძის პარტიას მათთან გაერთიანება ამომრჩეველს ხომ არ დააკარგვინებს?

- ყველაფერი ამომრჩეველთა ხედვაზეა დამოკიდებული. მე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბატონ პაატასთან პირადი კომუნიკაცია არ მქონია. იმედი მაქვს, რომ ამ თვის ბოლომდე უფრო ღრმად გავერკვევი მიმდინარე პროცესში. ნებისმიერ მოულოდნელ ნაბიჯს აქვს როგორც პიზიტიური, ისე ნეგატიური დატვირთვა, ხოლო ამ ყველაფრის ამწონი იქნებიან არა პოლიტიკოსები, არამედ ამომრჩევლები. ეს ალბათ გათვალისწინებული ჰქონდათ მათ, ვინც გაერთიანდნენ და იგივეს გაითვალისწინებენ ისინიც, ვინც ჯერ ისევ ფიქრობს ამ კოალიციაში გაერთიანებას.

- ამ ბლოკში გაერთიანების სურვილი სხვა პარტიებსაც აქვთ?

- მე ვფიქრობ, მსურველი უსათუოდ გამოჩნდება, მაგრამ ყველას გაერთიანების მზაობა რამდენად იქნება, ამაზე უკვე თავშეყრილმა ლიდერებმა უნდა იფიქრონ იმიტომ, რომ ერთ კოალიციაში მოხვედრილ პარტიათა რაოდენობა რაც უფრო იზრდება, მით უფრო მცირდება მათ პარტიებში მყოფი წამყვანი პირების პარლამენტში მოხვედრის პერსპექტივა. ლიდერებს გასარკვევი აქვთ – უნდათ საკუთარი გუნდი საუკეთესო წარმომადგენლებით, თუ ასეთი კოალიცია, სადაც პოლიტიკური სუბიექტების სიჭარბე კიდევ უფრო მზარდია.

- ამ პროცესების ფონზე, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 60% შემცირდა, თუ პირიქით, კიდევ უფრო უჭირს არჩევანის გაკეთება?

- ვფიქრობ, რომ მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. თუ საკუთარ ამომრჩეველს საპარლამენტო ბატალიებში ჩართული თითოეული პოლიტიკური პარტიის შესახებ სრულ ინფომაციას არ მივაწვდით, შეიძლება ეს 60% 70%-ად გადაკეთდეს. ვგულისხმობ, დაუსრულებელ კვლევებს, სადაც ვხედავთ მხოლოდ 4 ან 5 პარტიას, საკუთარი მიღწევებით. დანარჩენი 50 პარტია რას აკეთებს, კაცმა არ იცის. როდესაც ამომრჩეველი დაინახავს, რომ მისი საუკეთესო მეგობრის, მეზობლის, ან საუცხოო პიროვნების მიერ დაფუძნებული პარტია არის 0%-იანი, მაშინ დაფიქრდებიან იმაზე, თუ ვის მისცეს საკუთარი ხმა, რომელსაც ეს ხმა შეერგება და არ გაუჩინარდება.

თუ ასეთი კვლევების დროს 6-7, მაქსიმუმ 8-9 სუბიექტი დასახლდება, ჩვენი დაბნეული ამომრჩევლებიც დაფიქრდებიან და თავს შეკავებენ 0%-ანი პარტიისთვის ხმის მიცემისგან. ამის მერე სრულიად მკიაფიო იქნება წარმატებული პერსპექტივის მქონე პარტიების მიმართ დამოკიდებულება და დიდი ალბათობით, იმ ამორჩველეთა რაოდენობაც გაიზრდება, რომელიც საღად გაიაზრებს არსებულ ვითარებას და საკუთარი არგუმენტაციის საფუძველზე, შემოხაზავს იმ პარტიას, რომელიც მისთვის უფრო სანდოა.

- წინასაარჩევნოდ საკმაოდ გააქტიურებულდნენ პრორუსული ორიენტაციის პარტიები. როგორ ფიქრობთ, ამაში პირდაპირ კრემლის ხელი ურევია?

- ნათელმხილველობა არ სჭირდება იმას, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მიმართ ნატოსა და ევროკავშირის დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავდება რუსეთის დამოკიდებულებისგან. არაერთხელ მოგვისმენია ნატოსგან და ევროკავშირისგან, რომ ამ სისტემაბთან ჩვენი დაახლოვება დამოკიდებულია საპარლამენტო არჩვენების მშვიდ ვითარებაში ჩატარებასა და მის სრულ ლეგიტიმაციასთან. რადიკალურად განსხვავებული სურვილები გააჩნია კრემლს, რომლისთვისაც საქართველოში აურზაური და უსამართლო არჩვენების ხილვა იქნება წარმატება. ეს არის ამ საფრთხის თავი და თავი, მაგრამ მისი არსებობა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისა და ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების უპასუხისმგებლობის შედეგია, რადგან უკვე წელიწადზე მეტია, რაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში გააქტიურდა რუსეთის რბილი და ხისტი ძალები.

არც ის არის საიდუმლო, რომ რუსული ფულით საქართველოში დაფუძნებულია 100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია. ის, რომ რუსეთის სიყვარული ცნობიერების დამთრგუნავი თემა სწორედ საპარლამენტო არჩვნების წინა პერიოდში გახდა, მიგვანიშნებს იმაზე, რომ დიახ, მტერს არ სძინავს და ბევრად აქტიურია, ვიდრე ჩვენ. თუკი პრორუსულობაზე რაიმე მინიშნებები არსებოიბს, ეს შეიძლება თითიდან გამოწოვილი მიზეზით იყოს, მაგრამ როგორც კი შევამჩნევთ, რომ რაიმე იდეა არჩევნების მშვიდად და სამართლიანად ჩატარების წინააღმდეგია, აქ უკვე მეტი ყურადღების დათმობაა აუცილებელი.

თავისი სიტყვა უსათუოდ უნდა თქვას არა მხოლოდ 4-5-მა, არამედ ჩვენში არსებულმა ათასობით საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ და არ უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ყველა უბანზე კორცხელი მოეწყოს – სამართლიანად ჩატარებული არჩვენების მიმართ უდიერი დამოკიდებულება იყოს და უსაფუძვლო თავდასხმები განხორციელდეს ცესკოზე, ან კონკურენტებზე იმ მიზნით, რომ როგორმე ეს არჩევნები ჩაიშალოს და კრემლს ვასიამოვნოთ.

ჩვენი მოსახლეობის ნიჰილიზმი და არჩვენებზე გამუცხადებლობა კრემლის ოცნების ხელშეწყობა იქნება. ამიტომ ის, რომ ვიღაცას ეზარება ან არავინ მოსწონს და სახლში დარჩენა ურჩევნია, ეს იქნება დიდი საჩუქარი კრემლისთვის. უმჯობესი იქნებოდა, სხვის შეცდომებზე გვესწავლა, ვიდრე საკუთარზე. თუ ის შეცდომები, რაც არჩევნების პერიოდში უკრაინაში იყო, ახლა მაინც არ გავითვალისწინეთ, არანაკლები ხიფათი გველის რუსეთისგან, ვიდრე ეს იყო 2008 წელს საქართველოში და 2013-14 წლებში უკრაინაში.

- ამ მოსალოდნელი ხიფათის გათვალისწინებით, პრორუსული პარტიები უნდა მონაწილეობდნენ არჩევნებში?

- ჩემი აზრით, დროს ვკარგავთ, როდესაც კონსტიტუციაში არ განვმარტავთ მცნებას, რასაც სამშობლოს ღალატი ჰქვია. მტრულად განწყობილ სახელმწიფოებთან საქმიანობის და თანამშრომლობის დაუშვებლობა მკაფიოდ აღწერილი რომ ყოფილიყო, ეს საკითხი დიდი ხნის წინ მოიხსნებოდა დღის წესრიგიდან. მაგრამ ამ ყველაფერს ზედმიწევნით ზუსტად უნდა აწონვა. არ შეიძლება, რომ ზოგიერთი პარტია აღქმული იყოს პარტიად. ხოლო ის პარტიები, რომლებიც ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ მონათლა პრორუსულებად, საკუთარ მისწრაფებებში უფრო მკაფიონი უნდა იყვნენ.

პრორუსულად აღქმული ზოგიერთი პარტია შეიძლება ჩვენივე ბიძგის გამო აღმოჩნდა ასეთად, რადგან მათ უკვე დიდი ხანია სრულიად უსაფუძვლოდ მიაკერეს პრორუსულობის იარლიყი.

ახლა ვისმენთ ქალბატონი ბურჯანაძის განცხადებებს უბლოკო სტატუსის შესახებ. უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ნიჭიერი პიარ სვლა აქვს ამ პარტიას, რადგან თემა, რასაც უბლოკო საქართველო დაარქვეს, სრულად ექვემდებარება დღევანდელ წინასაარჩევნო პერიოდში ამომჩეველთა ხმების მიზიდვას. სხვაგვარად არ იქნებოდა დავიწყებული ამავე შინაარსის ტემინი ნეიტრალიტეტი, რომელიც ბურჯანაძემ ტერმინი უბლოკოთი შეცვალა. თუ ამ ტერმინებს გავშიფრავთ, მივხვდებით, რომ მათ შორის სერიოხული განსხვავებაა, რადგან ნეტრალიტეტი ვერ იქნება იმ ქვეყეყანაში, სადაც რაიმე სახის ჯარი დგას და რუსეთის გამო ჩვენი ნეიტრალიტეტი რომ ოცნების საგანიც აღარ არის, ეს ხომ ფაქტია. ამიტომ, უბლოკო სტატუსის თემა წინასაარჩევნო ხმების მისაზიდად რომ არ იყოს აღქმული, რასაკვირველია, უმჯობესია თუ ის განიხილება მას მერე, რაც კარს მომდგარი არჩევნები შეფასდება, როგორც სამართლიანი და ლეგიტიმური.

- “ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად სანდრა რულოვსი წარადგინა…

- სანდრა რულოვსის წარდგენის კადრები, რაც ტელევიზიით ვიხილეთ, რასაკვირველია, ბადებს მოსაზრებას, რომ შესაძლოა ის არ იყოს წარუმატებელი კანდიდატი, თუმცა თვითონ ეს სპექტაკლიც ძალიან დიდი ნიჭიერებით იყო შესრულებული. სანახაობად ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ამომრჩეველზე კეთილგანწყობით მაინც ვერ იმოქმედებენ, მითუმეტეს სამეგრელოს მცხოვრებელთა საარჩევნო გემოვნებაზე. ჯერ კიდევ წინ არის ბრძოლა და შედეგებზე საუბარი შეგვეძლება მაშინ, როდესაც ქაბატონი სანდრას რამდენიმე ოპონენტის გამოსვლას მოვისმენთ და მათ ხედვასაც შევაფასებთ. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტია, რომ როგორც ახალი ამბების თემა, ეს ყველაფერი საქართველოს გარგლებს გასცდება.

„რეზონანსი“, 20 აგვისტო, 2016 წელი

წერტილოვანი დარტყმა” “ოცნებაზე

ნაცმოძრაობამზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად ყოფილი პირველი ლედი წარადგინა

თიკო ოსმანოვა

სამეგრელო “ქართული ოცნებისთვის”, შესაძლოა, აქილევსის ქუსლად იქცეს – საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” სახელით მაჟორიტარად იყრის კენჭს.

მმართველ პარტიაში ამას პოლიტიკურ ხრიკად მიიჩნევენ, რომელსაც ვერანაირი შედეგი ვერ ექნება, “ნაცმოძრაობა” კი პრაქტიკულად ზუგდიდის მოგებას წინასწარ ზეიმობს. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის არჩევნებზე სამეგრელოში “ოცნება” “ნაცმოძრაობასთან” დამარცხდა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ზუგდიდთან დაკავშირებით “ნაციონალების” ოპტიმიზმი არცთუ უსაფუძვლოა. მათი თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ვერ შეძლებს მმართველი პარტიის დამარცხებას. ამიტომაც არჩევს რეგიონებს, სადაც “ოცნების” მდგომარეობა არც ისე მყარია და ამ რეგიონებში რეიტინგული კანდიდატების წარდგენით კონცენტრირებულად, “წერტილოვან დარტყმებს” აყენებს “ოცნებას”.

სანდრა რულოვსის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელება ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მოხდა და ალბათ არც ეს არის შემთხვევითი. 22 მაისს კორცხელში შუალედური არჩევნებისას “ნაცმოძრაობის” ლიდერებსა და მმართველი პარტიის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.კორცხელში სიტყვით გამოსვლისას სანდრა რულოვსმა შეკრებილ მოსახლეობას ჰკითხა, სჯერათ თუ არა მისი და იყაროს თუ არა კენჭი მათ რეგიონში. მხარდამჭერების ოვაციის შემდეგ კი სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ მათ რეგიონში კენჭს იყრის. მისი თქმით, ის საქართველოში პირველად ქუთაისში ჩავიდა და სწორედ ქუთაისის დამსახურებაა, რომ მას საქართველო შეუყვარდა.

“თქვენ იცით, როგორ მიყვარს ქუთაისი. პირველად რომ ჩამოვედი საქართველოში, აქ ვიყავი და ზუსტად ქუთაისის დამსახურებაა, რომ საქართველო შემიყვარდა. ერთი წლის თავზე, როცა ქართველი კაცი შემხვდა საფრანგეთში, მიშამ იმიტომ მომხიბლა, რომ საქართველოდან იყო და ქუთაისთან იყო ასოცირებული. მადლობა მინდა ვუთხრა ნდობისთვის. მე ახალი დაბადებული პოლიტიკოსი ვარ დღეს – ფერიცვალების დღეს. გილოცავთ ფერიცვალებას. მე მჯერა ჩვენი გუნდის ღირსეული წევრების. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის კურსი შევცვალოთ, რადგან ყველანაირად ჩანს, რომ არ გამოუვიდათ. უნდოდათ, ჩვენ ვაცადეთ, მოველოდით რაღაცას, მაგრამ სამწუხაროდ, დიდი არაფერი გამოუვიდათ. ჩვენ გულდაწყვეტილები ვართ. ნამდვილად გვინდა, რომ კურსი ისევ შევცვალოთ, გავაგრძელოთ პროგრესი, წინსვლა საქართველოსი. ღირსეულ თანაგუნდელებთან ერთად გავაკეთებთ და 9 ოქტომბერს საქმეს შევუდგებით”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

თავის მხრივ, სანდრა რულოვსის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობა, შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ მიულოცა.

“ყველა ჩვენგანმა გავიგეთ ძალიან გასახარი ამბავი არა მხოლოდ ზუგდიდისთვის, სამეგრელოსთვის არამედ მთლიანად საქართველოსთვის, რომ ზუგდიდის რაიონს, საქართველოს პარლამენტში ეყოლება საკუთარი რჩეული, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, იქნება სანდრა რულოვსი”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი კი ოპონენტების ამ გადაწყვეტილებას პოლიტტექნოლოგიურ ნაბიჯად აფასებს. მისი თქმით, სააკაშვილს სურს შექმნას ილუზია, რომ ის კვლავ “ნაციონალურ მოძრაობაშია”, თუმცა, როგორც დეპუტატი აღნიშნავს, რეალურად სააკაშვილი მოსახლეობას მის მიერ შექმნილ ახალ პროექტს, ბურჭულაძე-ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის ბლოკს სთავაზობს.

“აშკარაა, რომ ახალი ბლოკი, რომელიც შეიქმნა, სააკაშვილის პროექტია, რომელსაც შეიძლება დავარქვათ “ნაციონალური მოძრაობა 2″. “ნაციონალური მოძრაობა” თავისი თარგამაძეებით, ბოკერიებით, ბარამიძეებით, გოგორიშვილებით აბსოლუტურად დისკრედიტირებულია და დისკრედიტირებულ ძალაში სააკაშვილს არ უნდა, რომ ფული ჩადოს. სწორედ ამიტომ ხელოვნურად გამოაცალკევა ჯაფარიძე და ვაშაძე ჩაძირული გემიდან, შექმნა ეს ერთობა, რომელსაც მიუერთა ბურჭულაძე.

“მე მივესალმები ამ მარტივ პროექტს, რადგან საზოგადოებას მარტივი ანალიზი დასჭირდება იმისთვის, რომ დაინახოს მათი სახე. ეს ის პიროვნებები არიან, რომლებიც სააკაშვილს, “ნაციონალური მოძრაობის” ფარგლებში რომ გაემარჯვათ, ზუსტად იმ იდეოლოგიის მატარებლები იქნებოდნენ და იმ სადისტური პოლიტიკის ტაშის დამკვრელები იქნებოდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად გათვალეს, რომ ამ ჩაძირული გემიდან დროზე უნდა გადმომხტარიყვნენ”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. მისივე თქმით, ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელება, ქართულ პოლიტიკაში, რაიმე სიტყვის თქმის საშუალებას არ უკავშირდება.

“ყველა დანარჩენი პროექტი, რაც არის ტაქტიკურ დონეზე გადაადგილებები, წმინდა პოლიტექნოლოგიური ნაბიჯებია და სანდრას წარდგენა, უკავშირდება არა ქართულ პოლიტიკაში რაიმე სიტყვის თქმის საშუალებას, არამედ ეს არის ჩვეულებრივი ხრიკი და მრავალფეროვნების მცდელობა. მიხეილ სააკაშვილი, თავისი ცოლით ვითომდა მიკუთვნებულია “ნაციონალურ მოძრაობას”, რეალურად კი გვთავაზობს ახალ პოლიტიკურ გუნდს ბურჭულაძე-ჯაფარიძე-ვაშაძის სახით”, – უთხრა “ინტერპრესნიუსს” ირაკლი სესიაშვილმა.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, სამეგრელოში “ოცნების” რეიტინგის საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე სხვა რეგიონში.

“ყველა კვლევა აჩვენებს, რომ რეიტინგების მხრივ “ოცნებას” არ აქვს დალხენილი ცხოვრება, მაგრამ სამეგრელოში აქვს განსაკუთრებით რთული მდგომარეობა. ბუნებრივია, “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით არ შეუძლია სერიოზული ბრძოლის გამართვა, კონცენტრირებულად რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს და ერთ-ერთია სამეგრელო. სანდრა რულოვსი, გარდა იმისა, რომ სენტიმენტებს აღძრვას თავის სიმღერებით, ასევე ირიბად მის კონტექსტში მიხელ სააკაშვილი იგულისხმება. ასე რომ, ეს არის კონცეტრირებული ბრძოლა. შედეგის პროგნოზირებისაგან თავს შევიკავებ, მაგრამ ზოგადად “ოცნების” რეიტინგის საშუალო მაჩვენებელი სამეგრელოში არის მნიშვნელოვნად ნაკლები, ვიდრე სხვა რეგიონში. თუმცა კონკრეტული რაიონების ჭრილში ვერ განვიხილავ”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას გია ხუხაშვილი.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი სამეგრელოში მეორე ტურის ჩატარების საჭიროებას არ გამორიცხავს. თუმცა, მისივე თქმით, მაჟორიტარად სანდრა რულოვსის წარდგენით პარტიამ, შესაძლოა, არა მხოლოდ ერთ მანდატი, არამედ პოლიტიკური ქულებიც მიიღოს.

“მაჟორიტარული სიტუაციის შეფასება ძალიან გამიჭირდება, ეს ძალიან სპეციფიკურია. ზოგჯერ მთლიან პოლიტიკურ ვითარებას არ ემთხვევა და ამოვარდნილია ამ პროცესებიდან. მაგრამ ზოგადად რადგან სანდრა რულოვსი წარადგინეს, როგორც ჩანს, “ნაციონალებს” შესწავლილი აქვთ ის ვითარება, რა მდგომარეობაცაა ამჟამად ზუგდიდში. თუმცა, ჩემი აზრით, მოხდება მისი გადაზღვევა პროპორციული სითაც. ზუგდიდში თუ სანდრა რულოვსი გაიმარჯვებს, ეს “ნაციონალებისთვის” იქნება არა უბრალოდ ერთი მანდატი, არამედ გაცილებით მეტი. ამით პოლიტიკურ ქულებსაც დაიწერენ. სანდრა რულოვსი ასოცირდება სააკაშვილთან და მის პოლიტიკურ ფენომენთან. ამიტომ რეალურად მათ ექნებათ გათვლა – იგივე სცენარის, რომელიც 2003 წელს ვარდების რევოლუციის დასაწყისში დაიწყეს. მაშინაც სამეგრელოდან დაიწყეს, მაგრამ არ მგონია, ეს სცენარი განმეორდეს. ვფიქრობ, ხმების გადანაწილდება და მეორე ტური იქნება. არა მგონია, ასე მარტივად დასრულდეს მანდ სიტუაცია”, – გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ.

„რეზონანსი“, 20 აგვისტო, 2016 წელი

როგორ შეაფასებთ საქართველოს ყოფილი პირველი ლედის ზუგდიდის მაჟორიტარად დასახელებას?

ნინო ქეთელაური

(შემოკლებით)

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” სახელით იყრის კენჭს. მან საკუთარი თავი მაჟორიტარობის კანდიდატად სოფელ კორცხელში მოსახლეობასთან “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების შეხვედრაზე თავად დაასახელა. (…)

როგორ შეაფასებთ, საქართველოს ყოფილი პირველი ლედის ზუგდიდის მაჟორიტარად დასახელებას? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): “წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო – ასეა მაგათი საქმე. ცოლების ასეთ ამპუაში გამოყვანა არ მესმის. მითუმეტეს მაშინ, როცა ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობაზე საერთოდ უარი თქვა და უკრაინაში უფრო დაბალ თანამდებობაზე სამუშაოდ წავიდა, ახლა კი ასე ცოლის იმედზე ყოფნა – არ მიმაჩნია სწორად.”

ქეთი ბექაური (იურისტი): “ნაციონალურ მოძრაობას” ალბათ, თავისი სვლა აქვს და ახლა უკვე ყველაფერი ამორჩეველზეა დამოკიდებული, მაგრამ რულოვსი ზუგდიდში რატომ უნდა დასახელდეს, ცოტა არ მესმის. როგორც ჩანს, ამ პარტიას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. მის შანსს რაც შეეხება, ზოგადად შედეგები რთულად პროგნმოზირებადია. ძალიან ბევრი საარჩევნო სუბიექტია, ახლა კოალიციები შეიქმნა კიდევ და საკმაოდ უჩვეულო მოვლენებთან გვაქვს საქმე. არავინ იცის, საბოლოოდ რა საარჩევნო სურათი გვექნება“.

გოგი თორაძე (რეჟისორი): “ნაციონალურ მოძრაობას”, ისევე, როგორც ნებისმიერ პარტიას, აქვს უფლება, რომ ვინც უნდა ის დაასახელოს მაჟორიტარად. დანარჩენი, თუ ვისზე გააკეთებენ არჩევანს, საზოგადოების გადასაწყვეტია. მაგალითად, მე დღემდე არ მაქვს გადაწყვეტილი, ვის მივცემ ხმას და ალბათ, არჩევნების წინა დღეს გადაწყვეტ. ჯერ ერთი, ისეთი რაღაცები მესმის, არ ვიცი, ვისი უნდა მჯეროდეს; მეორეც, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, არც მაქვს დრო, რომ ვიცოდე, ვინ რითი სუნთქავს და რა დაპირებებს იძლევა.”

დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): “ვნახე მეგულად რომ უმღერა, მაგრამ მეგრელები ისეთი ჭკვიანი ხალხია, არ მგონია, ამისთანა იაფფასიან ანკესზე წამოეგონ. ერთ დეტალს მივაქციე ყუარდღება, რომ “რუსთვი 2″-მაც კი კადრი ვერ გაშალა, იმდენად ცოტა ხალხი იყო. არ მგონია, რომ სანდრა რულოვსი აირჩიონ. წესით, საერთოდ გამოსაჩენი პირი არ აქვს მაგ ხალხს, მაგრამ სირცხვილი და “ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთს ვერ ეგუებიან.”

„რეზონანსი“, 20 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ გუგული მაღრაძეთან: “არავის აღარ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ პაატა ბურჭულაძის პარტია დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალაა”

თიკო ოსმანოვა

“ის გარემოება, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული თუ მათგან მართული ექსპერტები აჟივჟივდნენ და დაიწუნეს თბილისის მაჟორიტარი კანდიდატები, მოწმობს რომ “ოცნებამ” სწორი შერჩევა გააკეთა”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრი გუგული მაღრაძე.

“ოცნების” მიერ თბილისში დასახელებულ კანდიდატებზე და წინასაარჩევნოდ ჩამოყალიბებულ ბკოკებზე “რეზონანსი” გუგული მაღრაძეს ესაუბრა.

- “ქართულმა ოცნება” თბილისის მაჟორიტარარი კანდიდატები წარადგინა. როგორ ფიქრობთ, ამ შემადგენლობით შეძლებთ გამარჯვებას?

- “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა მაჟორიტარობის კანდიდატები მთელ საქართვლოში და არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ მოსახლეობის უმრავლესობაში განმტკიცდა აზრი, რომ “ქართული ოცნება” საგრძნობი უმრავლესობით მოვა, რაც ძალიან კარგია ქვეყნის სწრაფი და სტაბილური განვითარებისათვის. სწორედ ის გარემოება, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული თუ მათგან მართული ექსპერტები აჟივჟივდნენ და დაიწუნეს ეს კანდიდატები, მოწმობს რომ “ოცნებამ” სწორი შერჩევა გააკეთა.

საზოგადოების რიგითი წევრების გამოხმაურებებიდან ჩანს, რომ საზოგადოების დამოკიდებულება ამ კანდიდატების მიმართ დადებითია. ესენი არიან პოპულარული ადამიანები, რაც მნიშვნელოვანია მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებისთვის; არიან თავის პროფესიაში წარმატებულები და რაც მთავარია, მათ მიმართ არსებობს ნდობა და პატივისცემა, რადგან უახლოეს წარსულში მათ არ შეშინებიათ გამოეხატათ თავიანთი პოზიცია იმ ანტიადამიანური პოლიტიკის წინააღმდეგ, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება ახორციელებდა წლების განმავლობაში.

- თუმცა ამ ადამიანებს არ აქვთ პოლიტიკური გამოცდილება, ამას კი თავის დროზე თქვენივე თანაგუნდელებიც აპროტესებდნენ….

- რაც შეეხება იმას, ესენი არიან თუ არა პოლიტიკოსები, რამდენიმე მათგანს ნამდვილად აქვს სხვადასხვა სფეროში წარმატებული მართვის გამოცდილება, რაც არის კიდეც პოლიტიკური გამოცდილება, სხვები კი შეიძენენ – პოლიტიკოსობა სათანადო სფეროში მუშაობის გამოცდილებასთან ერთად მოდის და ბევრი წარდგენილი კანდიდატი ჩამოყალიბდება, როგორც კარგი პოლიტიკოსი. მთავარია კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა, რაც ამ ადამიანებმა ნამდვილად გამოავლინეს თავიანთი პროფესიულ კარიერაში.

- თუმცა “ქართულ ოცნებას” პოლიტიკურ გამოუცდელობას ხშირად საყვედურობენ…

- ნიშანდობლივია, რომ “ქართული ოცნების” ოპონენტების მხრიდან თითქმის ერთადერთი არგუმენტი არის, რომ “ოცნებამ” ვერ გაზარდა ერთი პოლიტიკოსიც კი. შეიძლება გვითხრათ – აბა, ვინ არიან გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა თავი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, როგორც ძალიან გონიერმა, განათლებულმა, პრაგმატულად მოაზროვნემ, ადამიანების კეთილდღეობასა და ღირსებების დაცვაზე ორიენტირებულმა პოლიტიკურმა ლიდერმა. ან კახი კალაძე, რომელიც წარმატებული მინისტრია და ამავე დროს წარმატებულია როგორც პარტიის გენერალური მდივანი, ან შედარებით ახალი სახე და ახალგაზრდა კაცი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რომელიც არის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, და ამასთან ერთად გამოავლინა პრაქტიკული პოლიტიკური საქმიანობის კარგი უნარი, და პარტიის გენერალურ მდივან კახი კალაძესთან ერთად ინტენსიური მუშაობით, საკმაო წარმატებით, მოკლე დროში მოხერხდა ჩამოყალიბებულიყო “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც ეფექტურად ფუნქციობენ და ეს საკმაოდ რთული იყო გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების გამო.

- რას იტყვით თავად დეპუტატებზე?

- შეიძლება არაა თავმდამბლური, მაგრამ იგივე კონტექსტში გამოვეხმაურო ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრ ქალბატონს, რომელიც კარგად მიცნობს და რომელსაც არასდროს არ შეჰპარვია ეჭვი ჩემს პოლიტიკოსობაში, როცა ერთად ვიყავით კოალიციაში. მართალია, მას პირადად არ ვუხსენებივარ, მაგრამ როცა განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” საპარლამენტო გუნდში არ არიან პოლიტიკოსებიო, ახლა აღარ მთვლის პოლიტიკოსად? რა კრიტერიუმს ვერ ვაკმაყოფილებ? რა, არ მაქვს სათანადო აკადემიური ცოდნა პოლიტიკური პროცესების შესახებ?

ბოლოს და ბოლოს სოციალური ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ვარ და წლების მანძილზე ვმუშაობ სოციალური გავლენების ფსიქოლოგიაში, მიკვლევია განწყობების (მათ შორის პოლიტიკური განწყობები) ფორმირების და შეცვლის საკითხები და მიმუშავია როგორც საქართვლოში, ისე უცხოეთში და მაქვს კვლევები ამ მიმართულებით. ამასთან ერთად მაქვს პრაქტიკული პოლიტიკური საქმიანობის საკმაო დიდი გამოცდილება, უკვე 90-იან წლებში ვიყავი ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ვიყავი პარლამენტის წევრი 2004-2008 წლებში და “ნაციონალური მოძრაობის” ზეობის პერიოში დავტოვე “ნაცმოძრაობის” საპარლამენტო უმრავლესობა, რაც ცალკე აღებული ადამიანისთვის, ვისაც არ უმაგრებდა ზურგს პოლიტიკური პარტია, ძნელი და სახიფათოც კი იყო.

ჩამოვაყალიბე ოპოზიციური “ქალთა პარტია”, რომელმაც შექმნიდან 2 თვეში მოახერხა გარკვეული შედეგების მოპოვება.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში და შემდგომი 4 წელი აქტიურად ვიყავით ჩართული საქართველოში მიმდინარე ოპოზიციურ პოლიტიკურ პროცესებში. 2012 წელს, როგორც “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი, ვმონაწილეობდი არჩევნებში და გავხდი პარლამენტის წევრი და პარლამენტში მუშაობის 4 წლის განმავლობაში ჩემ მიერ წარდგენილი 18 კანონპროექტი გახდა კანონი და ამჟამადაც მაქვს წარდგენილი ორი, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი საკანომდებლო ინიციატივა: თამბაქოს კონტროლის შესახებ და “ფილანტროპიის და ქველმოქმედების შესახებ”; ეფექტურად ვიმუშავე როგორც საპარლამენტო ღიაობის საბჭოს თავმჯდომარემ და სხვა.

რაც შეეხება ქვეყნის გარეთ ჩემს აქტივობებს, არ მგონია, ვინმე, ვინც ჩემთან ერთად ყოფილა რომელიმე საერთაშორისო შეხვედრაზე, ან დაინტერესებულა ამ ინფორმაციით, არ დამეთანხმება, რომ ჩემი გამოსვლები (მიუხედავად ქართულ აქცენტიანი ინგლისურისა) ყოველთვის ინტერესით იყო მოსმენილი საერთაშორისო ფორუმებზე.

ვისაც ხელი მოუწვდება, შეუძლია ასევე ნახოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომების საოქმო ჩანაწერები, საიდანაც კარგად ჩანს ჩემი გამოსვლების და ჩემს მიერ დაყენებული საკითხების სიმრავლე, მრავალფეროვნება თუ დასაბუთებულობა.

შესწავლილი მაქვს ძირითადი პოლიტიკური მოძღვრებები, მაქვს გამოქვეყნებული არაერთი ანალიტიკური სტატია მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, მაქვს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება როგორც პარტიის ხელმძღვანელს და, როგორც პარლამენტის წევრს, იქნებ ამიხსნას ვინმემ, სხვა რა შინაარს დებენ პოლიტიკოსის ცნებაში?

თუ პოლიტიკოსი მავანთა გაგებით მარტო ისინი არიან, ვისაც აქტიურად უთმობს ეთერს “რუსთავი 2″, მაშინ მე, ცხადია, გარკვეული და სრულიად გასაგები გარემოებების გამო, ვერ მოვხვდებოდი ასეთთა რიცხვში, რადგან “რუსთავი 2″-ს, გამომდინარე “ნაცმოძრაობის” სტრატეგიიდან, თავისი შორს მიმავალი ზრახვები აქვს ხოლმე, როცა ვინმეს “აპიარებს” ოპოზიციიდან თუ სახელისუფლო წრეებიდან.

ამ საკითხის შესახებ მომავალში, თუ საინტერესოა, უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ.

- წინასაარჩევნოდ ქვეყანაში რამდენიმე საარჩევნო ბლოკი შეიქმნა. თქვენი აზრით, გაუწევენ თუ არა ისინი რეალურ კონკურენციას სახელისუფლებო პარტიას?

- უკანასკნელ პერიოდის საარჩევნო სივრცეში გამოიკვეთა გარემოებები, რაც სიცხადეს შეიტანს ამომრჩევლის მიერ გადაწყვეტილების მიღების საქმეში. პოლიტიკური სპექტრი ბუნებრივად ლაგდება – იკვეთება ახალი გაერთიანებები. ფაქტიურად ახდა, რაც მე, მაგალითად, თავიდანვე ვიწინასწარმეტყველე, როცა ვამბობდი, რომ გაერთიანდებიან გარკვეული პოლიტიკური ძალები, როცა მათი პატრონები (დამფინანსებლები) გადაწყვეტენ, რომ საჭიროა ასეთი გაერთიანება.

არავის აღარ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ, მაგალითად, ბურჭულაძის პარტია დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალაა, რომელიც უპირისპირდება როგორც “ნაცმოძრაობას”, ისე “ქართულ ოცნებას”. ის ალიანსი, რაც იკვრება “ნაცმოძრაობიდან” წასული, მაგრამ ისევ მათი დიდი ლიდერის მიერ ოდესიდან მართულ პოლიტიკურ გაერთიანებას და ბურჭულაძის პარტიას შორის, ვფიქრობ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელს ხდის, რომ ეს არის “ნაცმოძრაობის” სათადარიგო (თუმცა, უკვე არცთუ სათადარიგო, არამედ შეიძლება ძირითადი) დასაყრდენი მომავალ არჩევნებში.

არ გამოვრიცხავ, ამ პარტიაში შეიძლება არიან ისეთი ადამიანებიც, ვისაც ეს არ ჰქონდა წარმოდგენილი თავიდან, მაგრამ ახლა ყველაფერი გაცხადდა. ასევე უნდა ველოდოთ რუსეთზე ორიენტირებული (შესაბამისად, მართული) პოლიტიკური ძალების გაერთიანებასაც.

ვფიქრობ, “რესპუბლიკურ პარტიას” და “თავისუფალ დემოკრატებსაც” მოუწევთ გაერთიანება (ეს უკეთესი ვარიანტია მათთვის) და ამომრჩევლისთვის უკვე ნათელი იქნება, ვინ ვინ არის და შესაბამისად, გაუდვილდებათ გადაწყვეტილების მიღება.

ყველა შემთხვევაში ვვარაუდობ, რომ ვერც ერთი პოლიტიკური ძალა, “ქართული ოცნების” გარდა ვერ გადაცილდება ორნიშნა რიცხვს მომავალ არჩევნებში. ეს პროცესები კიდევ უფრო ზრდის “ქართული ოცნებისადმი”, როგორც სერიოზული, გონიერი, დაბალანსებული, დამოუკიდებელი საქართველოს ინტერესებზე მაქსიმალურად მიმართული და ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესების რეალური რესურსების მქონე პოლიტიკური ძალისადმი მოსახლეობის ნდობას და მხარდაჭერას მომავალ არჩევენებში.

ეს საჭირო და აუცილებელია ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის. “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში ყოფნის 4 წლის განმავლობაში მოახერხა სერიოზული ფუნდამენტი შეექმნა ქვეყნის სწრაფი და სტაბილური განვითარებისათვის, რაც არ არსებობდა. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა უკვე სულ უფრო ნათლად ხედავს, აცნობიერებს და დადებითად აფასებს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ საქმიანობას, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა, იგივე გზები, ელექტოფიკაცია, გაზმომარაგება, ეკონომიკის აღორძინებისათვის რეალისტური ქმედებები, რაც არის ძირითადი პირობა უმუშევრობის შესამცირებლად.

რაც მთავარია, ადამიანის უფლებების დაცულობა, მშვიდობა, სტაბილურობა ქვეყნის შიგნით და მაქსიმალურად პრაგმატული ქმედებები ქვეყნის გარეთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად.

„რეზონანსი“, 20 აგვისტო, 2016 წელი

რატომ ეშინიათ პარტიებს სარეკლამო რგოლებში კონკრეტული დაპირებების გაშვება

სპეციალისტების შეფასებით, პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო რგოლებს კრეატივი აკლია

გვანცა ღვედაშვილი

“პარტიები გაცვეთილ თემებს იღებენ და პოლიტიკური სპექტრის მრავალფეროვნება იკარგება. მემარჯვენე, მემარცხენე თუ ცენტრისტი, ყველა ერთსა და იგივე თემას უტრიალებს და ფინანსურად გაჭირვებული ადამიანების აყოლიებას ცდილობენ. ის, რაც თვალს ხვდება, ეს არის თავისი არსით უსახური რგოლები, რომელსაც არანაირი კრეატივი და დამაჯერებლობა არ აქვს”, – აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას საზოგადოებასთან კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია.

იგი იმ ძირითად ხარვეზებსაც აღნიშნავს, რომლებსაც პარტიები წინსააარჩევნო კამპანიისას სარეკლამო რგოლების დამზადებისას უშვებენ.”პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლების ეფექტურობაზე რომ ტესტი ჩავატაროთ და რამდენიმე ადამიანს ვაჩვენოთ მათი რეკლამები, შემდეგ ვთხოვოთ, რომ თქვან, რომელი პარტია რას ამბობს, შესაძლოა ყველა პოლიტიკური პარტია და მისი რეკლამა ერთმანეთში აერიოს.

“პარტიების სარეკლამო რგოლები პრაქტიკულად უსახურია და არ აქვს გამომხატველობა. ყველა პარტია ერთი და იგივე თემას ატრიალებს. ეს არის პენსიონერებისადმი მიმართვა, სხვადასხვა ტიპის მესიჯი გადის ამ სოციალურ ჯგუფზე, თუმცა, პრაქტიკულად ყველა იდენტური შინაარსისაა. განსხვავებული მიდგომა არ არსებობს.

“პირველი შთაბეჭდილება ის არის, რომ პარტიების ნაწილი ერთის მხრივ ცდილობს ზოგადი საზომები მოარგონ სარეკლამო მესიჯებს, რათა ნაკლები პასუხისმგებლობა ჰქონდეთ აღებული საკუთარ თავზე.

“აქტიურად ატრიალებენ თავისუფალების თემატიკას. ამას იყენებენ “რესპუბლიკელები”, “თავისუფალი დემოკრატები” და ა.შ. ეს ზოგადი საზომები კი საზოგადოებაზე დადებითად ნამდვილად არ მოქმედებს.

“მაგალითად, იზიარებენ 2012 წლის გამოცდილებას, რომ რაც უფრო მეტი სიზუსტეა და მეტი კონკრეტიკა, პასუხისმგებლობაც მეტია. “ქართულ ოცნებასაც” ამ კუთხით დღემდე ედავებიან. ამიტომ რგოლებში ცდილობენ ნაკლები პასუხისმგებლობა აიღონ”, – აცხადებს გამზარდია.

მისი თქმით, განსხვავებულია “ქართული ოცნების” ახლანდელი სარეკლამო კამპანია წინა არჩევნების კამპანიისგან. წელს “ოცნების” ლოზუნგები გაცილებით ბუნდოვანი და ზოგადია.

გამზარდიას თქმით, რეგრესი განიცადა “ნაციონალურმა მოძრაობამაც”, რომლის საარჩევნო რგოლებიც ერთდროულად თვითკრიტიკისა და თავდაჯერებულობის ელემენტებს შეიცავს.

“2012 და 2016 წლის “ქართული ოცნება” რადიკალურად განსხვავდება. დღეს ისინი თავს იზღვევენ და აქცენტს ზოგად საკითხებზე აკეთებენ. მთავარი ღირსება ის აქვთ, რომ არ არიან დამთრგუნველები, რაც 2012 წელს “ნაციონალურ მოძრაობას” მოუვიდა. “ქართულ ოცნება” ცდილობს ზოგადი პოზიტივითა და მიდგომით იხელმძღვანელოს, თუმცა, მისი ძირითადი მესიჯები არის ბუნდოვანი და ზოგადი – მეტი თავისუფლება, განვითარება, კეთილდღეობა და ა.შ.

“რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობას”, 2008 და 2003 წლებში მათი საარჩევნო კამპანია და სლოგანები გაცილებით ადეკვატური და უფრო კონკრეტული იყო. მაგალითად, შევარდნაძე აღარ იყო და ეს ფაქტი ატრიალეს, მიუხედავად იმისა, რომ ნეგატიურ კონტექსტზე აღებული კამპანიები მიღებული არ არის. ამის შემდეგ ლაპარაკობდნენ სიღარიბის დაძლევაზე, იმაზე, რომ გასაკეთებელი ბევრი იყო და ა.შ. ანუ ზუსტ აქცენტებს სვამდნენ. ჰქონდათ საინტერესო რგოლები და თანხმლები შოუ.

“2012 წელს როგორც კი “ნაციონალურ მოძრაობას” შეექმნა ხელისუფლების შენარჩუნების პრობლემა და ოპონენტებთან მიმართებით დაიწყეს კამპანიები. მათი საარჩევნო რგოლები კატასტროფა იყო. დაიწყეს ბუნდოვანი შედარებები, ასევე “ქართული ოცნების” მიმართ მკვეთრმა და აგრესულმა კამპანიამ პარტია კიდევ უფრო უკან დაწია.

“დღეს კი “ნაციონალური მოძრაობა” თან თვითკრიტიკის რეჟიმშია და თან თავდაჯერებულობის, რაღაც გაუგებარ მდგომარეობაში არიან. ისინი ერთ ადგილზე მოძრაობენ, რადგან რაღაც მომენტში არ უნდათ, რომ ზედმეტი თვითკრიტიკულობა გამოუვიდეთ. მათი რგოლები დღეს ყველა სხვა პარტიასავით უსახურია,” – გვეუბნება არჩილ გამზარდია.

მისივე თქმით, ყველაზე კრეატიული “გირჩის” სარეკლამო რგოლი იყო, რომელიც, გარდა იმისა, რომ შარჟსა და კომიკურ ელემენტებს შეიცავდა, კარგად გადმოსცემდა იმ პოლიტიკას, რასაც პარტია ატარებდა.

“ზოგიერთი პარტია უფრო რეალობისკენ მიდის, იგივე პენსიებთან და სოციალალურ თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე აკეთებს აქცენტს. იგივე “ლეიბორისტული” პარტიის რგოლი, რომელიც საოცარი დაპირებების მთა არის. აქედან ჩანს, რომ ისინი ფიქრობენ, რომ ვერ გაიმარჯვებენ, თუმცა პოლიტიკოსებთან, ხელისუფლების წევრებთან და საზოგადოებასთან ოპონირებისასაც ყოველთვის ექნებათ სათქმელი. იტყვიან, რომ თქვენ არ აგვირჩიეთ, თორემ ჩვენ ეს შეგვეძლო გაგვეკეთებინაო.

“პოლიტიკურ პარტიებს თითქოს ნაკლები თავდაჯერება აქვთ და ამიტომ ამ რგოლებით და საზოგადოებასთან ურთიერთობის დამატებითი ინსტრუმენტებით ცდილობენ ის ვალდებულება შეასრულონ, რაც აქვთ.

“ძალიან საინტერესო მიგნებები ჰქონდა “გირჩს”, თუმცა ახლა ეს წყალში ჩაყარეს, რადგან სხვა პარტიებს შეუერთდნენ. მათი სარეკლამო რგოლები აგებული იყო თვითმყოფადობაზე, ძალიან კარგი ტემპით მიდიოდნენ მათ შორის სარეკლამო ინდუსტრიის კუთხითაც. ქმნიდნენ მიმზიდველ, ყურადღების მიმპყრობ, სასაცილო, კრეატიულ რგოლებს, რომელიც კარგად იყო გაზომილი. მათ შარჟიც ჰქონდათ და სათქმელსაც ამბობდნენ, მაგრამ რაკი ახლა ის დამოუკიდებლად აღარ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, მისი ცალკე განხილვა მიუღებელია და აზრიც აღარ აქვს.

“ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც თუნდაც ფრაგმენტულად ახალგაზრდები გაახსენდა, იყო “გირჩი”. სხვები ხედავენ, რომ აქტიური ამომრჩეველი პენსიონრები არიან, ამიტომ შეთავაზება მხოლოდ მათთან აქვთ. სხვა აუდიტორიაზე მუშაობა პრაქტიკულად არ ხდება. ჩანს თითქოს პოლიტიკური სპექტრი ინტუიტიურად არის შეთანხმებული, რომ არ მიმართონ დასაქმებულებს, ახალგაზრდებს, ისეთ თემებს რომელიც საზოგადოებასაც და სახელმწიფოსაც სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ პარტიები, რომელებსაც გამარჯვებისა და პარლამენტში შესვლის ნაკლები შანსი აქვთ, უფრო გაბედულები არიან, თუნდაც ბუნდოვანი ფანტაზიის რეჟიმში, ვიდრე ის პარტიები, ვისი პარლამენტში მოხვედრის პერსპექტივაც უფრო მაღალია”, – აცხადებს არჩილ გამზარდია.

რაც შეეხება, “პატრიოტთა ალიანსის” სარეკლამო კამპანიას, პიარსპეციალისტი ნინა ნინო პერტენავას აზრით, პარტია 90-იანი წლების პერიოდთან იწვევს ასოციაციას.

“დავით თარხან-მოურავი და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” სარეკლამო კაამპანიის შემხედვარეს მეჩვენება, რომ მათ კავშირი არ აქვთ თამნამედროვე ტექნოლოგიებთან. ყველაფერი ძალიან მოძველებულია, იქნება ეს ვიდეორგილი, მისი ხარისხი, თუ ბილბორდები. თითქოს 90-იანი წლების ასოციაციას იწვევს.

“თუმცა, შესაძლოა, ესეც იყოს მათთვის მისაღები, რადგან მათი ამომრჩევლისთვის ეს უფრო გასაგები იყოს. პარტია არ ცდილობს ახალი მხარდამჭერების მოპოვებას, არამედ აქცენტს აკეთებს იმ ადამიანებზე, რომლებიც მათ უკვე უჭერენ მხარს. აქედან გამომდინარე იციან ვინ მისცემს მათ ხმას და ზედმეტი ფულის ხარჯვას არ აპირებენ”, – ამბობს ნინო პერტენავა.

პიარსპეციალისტ არჩილ გამზარდიას აზრით, პარტიების ტექსტები – მოწოდებები და დაპირებები არადამაჯერებელი და უსახურია. მისი თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ვერ გრძნობენ სარეკლამო რგოლების დანიშნულებას. ამასთან, იმდენად ერთნაირია ყველა პარტიის სარეკლამო კამპანია, რომ არ ტოვებენ არც ერთმანეთისაზე უკეთეს და არც უარეს შთაბეჭდილებას.

“ის, რაც თვალს ხვდება, არის თავისი არსით უსახური რგოლები. არანაირი კრეატივი და დამაჯერებლობა მათ არ აქვთ. თითქოს იძულებულნი არიან ეს ტექტსები ატრიალონ და იმდენად არადამაჯერებლები ხდებიან, გიჩნდება განცდა, რომ საკუთარ თავში და იმაში, რასაც მოსახლეობას ჰპირდებიან, თვითონ არ არიან დარწმუნებული.

“ამის გათვალისწინებით ძალიან ძნელია მომხმარებელმა – პოტენციურმა ამომრჩეველმა რაიმე ახალი სიგნალი მიიღოს. სარეკლამო რგოლის ფუნქცია ის არის, რომ პარტიამ პოტენციურ ბაზარზე წინ წაიწიოს და ამომრჩეველი მიიზიდოს, მისი რეკლამა კრეატიული და საინტერესო გახადოს. თუმცა, ამ დროისთვის, რაც მე ვნახე, ამის წინაპირობას ვერ ვხედავ. “შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ტოვებენ არც ერთმანეთისაზე უკეთეს და არც უარეს შთაბეჭდილებას. ვერ გრძნობენ, რა ფუნქცია გააჩნია წინასაარჩევნო კამპანიაში სარეკლამო რგოლებს, ან არ იციან, რა თქვან.

“პოლიტიკურ პარტიებს აღარ აქვთ კავშირი საზოგადოებასთან და ეს ძალიან კარგად ეტყობა მათ სარეკლამო რგოლებს. მათ არ იციან, რა უნდა მოსახლეობას. ერთადერთი, რასაც გრძნობენ, ეს არის სოციალური პრობლემები, თუმცა აქ იმდენად დიდ მითებში გადადიან, რომ ეს მიგნებაც ხელიდან გაშვებული რჩებათ. აშკარად ეტყობა პოლიტიკური სპექტრს, რომ მხოლოდ სპეკულაციაზე მიდის.

“მემარჯვენე პოლიტიკოსები პირდაპირ იძახიან – ჩვენ დაგასაქმებთ, რაც იმ ადამიანებში, რომლებიც მეტ-ნაკლებად ერკვევიან პოლიტიკურ საკითხებში, იუმორის გრძნობას იწვევს და მათ სიციალის ხასიათზე აყენებს.

“პარტიები გაცვეთილ თემებს იღებენ და პოლიტიკური სპექტრის მრავალფეროვნება იკარგება რადგან მემარჯვენე, მემარცხენე, ცენტრისტ და ა.შ. ყველა ერთსა და იგივე თემას უტრიალებს და ფინანსურად გაჭირვებული ადამიანების აყოლიებას ცდილობენ, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ეს მეთოდი ნაკლებად გამოდგება.

“წინასაარჩევნო რეკლამები აგებულია შეთავაზებისა და თავის დაზღვევის ერთობლივ გამოხატულებაზე. ეს კი ცოტა უცნაურ გარემოს ქმნის. მეორე მხრივ, ხდება სოციალური საკითხების წინ წამოწევა.

“არ აქვს მნიშნვნელობა, რას წარმოადგენს პარტია, რა მიმართულება აქვს და რა პრინციპებზეა აგებული, შესაძლოა, სარეკლამო რგოლში ურთიერთგამომრიცხავი მესიჯები იყოს ნაჩვენები. მთავარი ის არის, პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებას შორის არ არსებობს ორგანული კავშირი,” – აცხადებს გამზარდია.

“პერიტუს გრუპის” წარმომადგენელი ნინა პერტენავას აზრით კი, პარტიები სარეკლამო რგოლებში ფულს ნაკლებად ხარჯავენ, რადგან არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას ამ რგოლებში დიდი თანხის გადახდა არ უღირს.

“ხელისუფლება, როგორც ხედავთ, დიდ ფულს არ ხარჯავს სარეკლამო რგოლებში. შესაძლოა, ისინი უფრო მეტ რესურს სხვა მიმართულებით ხარჯავენ და სხვა მხრივ ცდილობდნენ ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებას. პრაქტიკულად დიდ რესურს არც “ნაციონალური მოძრაობა” არ ხარჯავს.

“კარგი სარეკლამო კამპანია ფინანსებთან არის დაკავშირებული და ალბათ ეს მომენტიც მოქმედებს. იმ ადამიანებს, ვინც ხელისუფლებაში არ არიან, არ უღირთ დიდი თანხის დახარჯვა და თავის მხრივ არც ხელისუფლების ინტერესში არ შედის ეს ყველაფერი. ამიტომ არის, რომ ახალი არაფერია ამ სარეკლამო რგოლებში.

“ოლიმპიადისას სარეკლამო ჭრილის დროს ვკითხულობდი საზოგადოების კომენტარებს, რომლებიც წერდნენ, რომ საარჩევნო რგოლები საშინელება იყო.

“ვფიქრობ, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარეობს ის, რომ პარტიებს არ აქვთ კრეატიული და ახალი სარეკლამო რგოლები. ეს რომ იყოს ძალიან დიდი ქვეყანა, სარეკლამო რგოლებს ძალიან დიდ ყურადღებას მიაქცევენ, მაგრამ ვინაიდან ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და მუშაობა სხვა კუთხით სჭირდებათ, ალბათ ბიუჯეტს ზოგავენ სარეკლამო რგოლებში,” – გვითხრა ნინა პერტენავამ.

„რეზონანსი“, 20 აგვისტო, 2016 წელი

ემიგრანტების ოჯახებს საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფული აღარ ჰყოფნით

ნათია ლომიძე

ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ეკონომიკური პრობლემების გამო, საქართველოში დარჩენილ ემიგრანეტების ოჯახს საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფული აღარ ჰყოფნით. ზოგიერთი იმასაც კი ფიქრობს, რომ ქვეყანა დატოვოს და სამუშაოდ მათი ოჯახის წევრებთან ჩავიდნენ.

საქართველოდან ემიგრაციაში დაახლოებით 1,7 ადამიანია წასული. უმეტესობამ კი ქვეყანა მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო დატოვა. ემიგრანტების ყველაზე დიდი ნაწილი რუსეთში ცხოვრობს, შემდეგია საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი და ა.შ. ყველა ემიგრანტი, ვისი ოჯახიც საქართველოშია დარჩენილი, ფულს ყოველთვიურად აგზავნის, თუმცა ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო, მათ გადმორიცხვები შეამცირეს.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ემიგრაციის უდიდესი ნაწილი, როგორც წესი, თავისი პროფესიის მიხედვით ვერ ახერხებს მუშაობას და მათი სოლიდური ნაწილი ამა თუ იმ ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობს, მათ მიერ გამომუშავებული თანხები საქართველოში ანალოგიურ სამუშაო ანაზღაურებას რამდენადმე აღემატება.

ეკა სიხარულიძე ერთ-ერთი ემიგრანტია, ვინც ოჯახის რჩენის მიზნით საქართველოდან წავიდა. როგორც მან “რეზონანსთან” საუბრისას განაცხადა, საქართველოში დარჩენილი მისი ოჯახის წევრებიც მუშაობენ, სხვადასხვა გადასახადების გამო ის თანხა არ ჰყოფნით, რა თანხასაც ოჯახი თვიურად გამოიმუშავებს.

“იტალიაში ვარ უკვე მესამე წელია და არაადამიანური შრომის ფასად მიწევს იმ თანხის აღება, რასაც მიხდიან. ჩემსავით ბევრია აქ. ჩამოსვლის დღიდან დღემდე ფულს ვუგზავნი ჩემ შვილებს. ადრე ჰყოფნიდათ, მაგრამ ბოლო პერიოდში, რაც ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, ჩვენც გაგვიჭირდა. ის თანხა, რასაც ვაგზავნი, ვალების დასაფარად ძლივს გვყოფნის. ჩემი მეუღლე და შვილიც მუშაობენ, მარტო ჩემ გაგზავნილ ფულზე არ არიან დამოკიდებულები, მაგრამ მაინც ასეთ სიტუაციაში ვართ. წარმომიდგენია მათი მდგომარეობა, ვინც მხოლოდ ემიგრანტი ოჯახის წევრის გაგზავნილი თანხით არსებობს თვიდან თვემდე”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ეკა სიხარულიძე.

საქართველოში დარჩენილი ოჯახების არცთუ მცირე ნაწილი სწორედ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ოჯახის წევრების ხარჯზე ცხოვრობენ. ეკა სიხარულიძის ოჯახისგან განსხვავებით მანანა ყიფშიძის ოჯახის წევრები მის მიერ გამოგზავნილი თანხის იმედად არიან დარჩენილები, რაც ემიგრანტის ყოფას უფრო ამძიმებს. 10 წლის წინ საქართველოდან წასული ემიგრანტი დღემდე ვერ ახერხებს თავის ქვეყანაში დაბრუნებას, მიზეზი კი მისი ფინანსურად არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. როგორც მან “რეზონანსთან” საუბრისას განაცხადა, მისი ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს, ერთადერთი შემოსავალი და საარსებო წყარო, მის მიერ გამოგზავნილი თანხაა.

“ათი წლის წინ წავედი საქართველოდან იმ იმედით, რომ რაღაც ვალებს გავისტუმრებდი და მაქსიმუმ ორ წელში უკან დავბრუნდებოდი. თუმცა ორი წელიც გავიდა და მეტიც. უცხო ქვეყანაში არალეგალურად ვიმყოფები. ამ ხნის მანძილზე ვერ გეტყვით რისი გადატანა მომიხდა, რომ ოჯახი მერჩინა და მშივრები არ ყოფილიყვნენ. პარალელურად ვალებს ვისტუმრებდი. თუმცა ძნელია მარტო ერთმა იმუშაოს და დანარჩენები უსაქმურად იყვნენ.

ის თანხა, რასაც ვუგზავნი, აღარ ჰყოფნით. შემომითვალეს დოლარი გაძვირდა, საშინელი კრიზისია ქვეყანაში და საბანკო ვალდებულებებისა და სხვა გადასახადების გარდა, ფული არაფრისთვის გვრჩებაო. არ ვიცი, რამდენად სიმართლეს მეუბნებიან, მაგრამ მუშაობის დაწყებაც ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდო. არ ვიცი კიდევ რამდენხანს გავუძლებ ასეთ მდგომარეობას. ყოველთვიურად მეტი და მეტი უნდათ, აქ კი სიტუაცია სულ სხვანაირადაა. გული მწყდება ჩემი ოჯახის წევრებზე, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თუ საზღვარგარეთ ხარ ვალდებული ხარ არაადამიანურად იმუშაო და შეუძლებელი შეძლო”, – ამბობს “რეზონანსთან” მანანა ყიფშიძე.

არიან ოჯახები, საიდანაც ოჯახის რამდენიმე წევრია ემიგრანტი. თუმცა მათი ერთობლივი შრომაც კი არ არის საკმარისი საქართველოში ვალის გასასტუმრებლად. სწორედ ამის გამო გოგოლაურების ოჯახის აქ დარჩენილი წევრებიც წასვლასა და საბოლოოდ საზღვარგარეთ დაფუძნებაზე ფიქრობენ.

როგორც “რეზონანსთან” საუბრისას თაკო გოგოლაურმა განაცხადა, საქართველოში მხოლოდ ის და მის და დარჩნენ, მშობლები და უფროსი ძმა კი, ემიგრაციაში უკვე წლებია იმყოფებიან. თუმცა მათი იქ ცხოვრება და მუშაობა არ არის საკმარისი ფინანსური ვალდებულებების გასასტუმრებლად, მიუხედავად იმისა, რომ არც თაკო და მისი და არ არიან სამსახურის გარეშე.

“როდესაც გავიგებ, რომ საზღვარგარეთ წასულ ერთ ადამიანს უწევს აქ დატოვებული ოჯახის რჩენა, ძალიან მიკვირს. ვერ ვხვდები, როგორ ანაწილებენ თანხას, ან იქ რამდენს უხდიან, რომ თავის თავსაც ამყოფინოს და აქაც გამოაგზავნონ. დედაჩემი და მამაჩემი უკვე ხუთი წელია ემიგრანტები არიან. საზღვარგარეთ მუშაობენ, სამი შვილი ვყავართ და სამივეს უმაღლესი განათლება მოგვცეს.

ქვეყნიდან, რა თქმა უნდა, არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობის გამო წავიდნენ, რის გამოც სახლი დავკარგეთ და ერთი პერიოდი ქირით ვცხოვრობდით. შემდეგ ჩემი ძმაც წავიდა, რადგან აქ თავის პროფესიით ნორმალური ანაზღაურების სამსახური ვერ იშოვა და ისევ უცხო ქვეყანაში წასვლა არჩია. ვალები გავისტუმრეთ, მიზერული თანხა დაგვრჩა გასასტუმრებელი, ასევე ბანკის დახმარებით ბინაც შევიძინეთ, ქირაში თანხის გადახდას ეს ვარჩიეთ.

თავიდან რა თანხასაც აგზავნიდნენ, გვყოფნიდა, მეც ვმუშაობდი მცირე ანაზღაურებით, ჩემი და სწავლობდა და რაღაცნაირად თანხის გადანაწილებას ვახერხებდით. თუმცა ახლა, როდესაც ჩემმა დამ დაამთავრა უნივერსიტეტი და ჩვენი ხელფასით საკუთარ თავს ძლივს ვირჩენთ, ჩვენდაუნებურად ოჯახის სარჩენები გავხდით. სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენც მათთან წავიდეთ, იქ ვიმუშაოთ, ვისწავლოთ და თუ შესაძლებელი გახდა საცხოვრებლადაც დავრჩეთ”, – ამბობს “რეზონანსთან” თაკო გოგოლაური.

რაც შეეხება ფულადი გზავნილების სტატისტიკას, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში იანვართან შედარებით ფულადი გზავნილების მოცულობა 34 მილიონი დოლარით გაიზარდა. მთლიანობაში 7 თვეში უცხო ქვეყნებიდან 626 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. შარშანდელი კრიზისის შემდეგ გზავნილების მოცულობამ მცირედით მოიმატა, თუმცა კრიზისამდელი პერიოდის მაჩვენებელს ისევ ჩამორჩება. ტრადიციულად, ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან ირიცხება, მას მოსდევს ამერიკა და იტალია.

2016 წლის ივლისში ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოში 100 მილიონ დოლარზე მეტი გადმორიცხეს, რაც 10.4 პროცენტით (9.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მილიონ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 91.7 პროცენტი მოდიოდა.

სტატისტიკოსების განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით 215 მილიონი ადამიანი სამშობლოს გარეთ ცხოვრობს. მიგრანტების ფულადი გზავნილები ყველა განვითარებადი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2 პროცენტს და დაბალშემოსავლიანი ქვეყნის მშპ-ის 6 პროცენტს შეადგენს. ქართველი ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხა ქვეყნის შიდა პროდუქტის საშუალოდ 9%-ია. სპეციალისტების გათვლებით, საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, ათი პროცენტი ფულადი გზავნილების მიმღებია.

ამასთანავე, ფულადი გზავნილები, საზღვარგარეთიდან შემოსული სხვა წყაროებისგან განსხვავებით, სტაბილურობით ხასიათდება, ასევე მნიშვნელოვანი ბერკეტია ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის. 2012 წელს საქართველოში 1,334 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა. 2013 წელს – 1,477 მილიარდი დოლარი, 2014 წელს – 1,440 მილიარდი დოლარი, 2015 წელს – 1,079 მილიარდი დოლარი. 2016 წლის იანვარ-ივლისში – 626 მილიარდი დოლარი.

წინასწარი პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ფულადი გზავნილების მოცულობა 1,3 მილიარდ დოლარს მიაღწევს და 2014 წლის მაჩვენებელს მიუახლოვდება.

Comments are closed