„ალია“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „როგორც მოგიყვანეთ, ისე აგაცმევინებთ“ // „თქვენ კულტურული ფრაზეოლოგია არ გესმით, ქვეყანა პროვინციული პოლიტიკით იმართება“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიგა ბუკიასთან: „დავით ბაქრაძე ევროპაში მავნებლურ საქმიანობას ეწევა“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „ბრიუსელში ერთადერთ რამეს ვეუბნები – უვიზოდ მიმოსვლა გვჭირდება“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „სირიიდან ლტოლვილებს აღარ მივიღებთ“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „საქართველოში ყველას შეუძლია, ატომური ბომბი შემოიტანოს“
„ახალი თაობა“: ცხინვალში 14 ოსი ისლამისტი ტერორისტი გამოჩნდა? // ტარზან კოკოითი მოსახლეობის დაწყნარებას ვერ ახერხებს
„რეზონანსი“: რუსები “კავკასუს ონლაინისთვის” ომში ჩაებნენ // კომპანია გაზაფხულამდე გაიყიდება, მარეგულირებელმა “მაგთის” მწვანე შუქი უკვე აუნთო
—————————-
„ალია“, 20 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „როგორც მოგიყვანეთ, ისე აგაცმევინებთ“ // „თქვენ კულტურული ფრაზეოლოგია არ გესმით, ქვეყანა პროვინციული პოლიტიკით იმართება“
ნინო სამხარაძე
ქვეყანა, სადაც ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილიდ ზღვარზეა, ქვეყანა, სადაც არის ტოტალური უმუშევრობა, სოციალურ დაუცველთა რიცხვი დღითი დღე მატულობს და ქვეყნის მოსახლეობის სიღარიბემ კატასტროფულ ზღვარს მიაღწია, თანაც იმ ფონზე, როცა ეროვნული ვალუტის დევალვირება შეუჩერებელი პროცესია, სახელმწიფოს ჩინოვნიკებმა არ იციან, რამდენი აქვთ ხელფასი, უბრალოდ, „არ ინტერესდებიან“ და ასეთი ცინიკური განცხადებები იწვევს ძალიან დიდ აგრესიას… კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე არის იმ უტიფართა შორის, რომელთა ხელფასი, ფაქტობრივად, 8000 ლარამდე აქვს და აგდებული ტონით მხრებს იჩეჩს და ამბობს, რომ არ აინტერესებს მისი სახელფასო შემოსავალი, რომელსაც ხალხი უხდის.
აუდიტის სამსახურის უფროსმა ლაშა თორდიამ გამოაქვეყნა 2015 წლის მონაცემები, საიდანაც ირკვევა, რომ 9 თვის მონაცემებით პრემიები 31 მილიონი ლარით არის შემცირებული, თუმცა ამ ფონზე სახელფასო დანამატები 45 მილიონით გაიზარდა. გენერალური აუდიტი კვლევის შედეგად ადასტურებს ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სამსახურებში ხელფასები გაიზარდა. საქართველოს მთავრობამ წინა მთავრობის მანკიერი პრაქტიკა შეცვალა და კვაზი მოდელი შექმნა, რასაც ჰქვია დანამატები და დანამატების ხარჯზე გაიზარდა შემოსავლები. მთავრობა მდიდრდება, ხალხი ღატაკდება, ამას კი დასასრული არ უჩანს. რა მნიშვნელობა აქვს, რას დაარქმევ შემოსავალს, პრემიას თუ დანამატს? დანამატი მაშინ უნდა გამოიწერო, როცა საქმეს აკეთებ და ეს ხალხს დაეტყობა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, დღეს რაც ხელისუფლებაში ხდება, გულისამრევია. ადამიანებს წამლის ფული, ბავშვების გამოკვების ფული არ აქვთ, კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდიან და ამ ფონზე მთავრობა განცხრომაშია, ზოგიერთი კი დაგვცინის, რომ ის არ ინტერესდება საკუთარი ხელფასით… ჰოდა, მივმართავ მთავრობას, როგორც მოგიყვანეთ, ისე „აგაცმევინებთ“. თქვენ კულტურული ფრაზეოლოგია არ გესმით, ქვეყანა პროვინციული პოლიტიკით იმართება და იცით, რა არის პროვინციალიზმი და გოიმობა? როდესაც ხალხისთვის მიუღებელი ხდები, განდევნილი, როცა განვითარების დონე აცდენილია. მაგალითად, ილუსტრაციისთვის გეტყვით, რომ გოიმია დავით ნარმანია, განა მისი გეოგრაფიული წარმომავლობის გამო, არამედ მისი მენტალობის გამო. „გოიმი“ ებრაული სიტყვაა და ნიშნავს –„სხვას“, საკუთარ ჩარჩოში ჩაკეტილს, ჩამორჩენილს, ძველმოდურს, გამოუსვლელს, რომელიც 21-ე საუკუნის გამოწვევებს ვერ პასუხობს. არ იცის, რა არის პრიორიტეტი… უფსკრულია მოსახლეობასა და მერს შორის, არ გამოირჩევა ინოვაციებით, სწრაფი ტემპებით, კომუნიკაბელურობით, აქტიურობით, ამ კაცმა თბილისი ჯუნგლებს დაამსგავსა, სამანქანო გზის კილომეტრიანი საცობებით, გადათხრილი ორმოებით და კიდევ უფრო კვაზი არქიტექტურული ნაგებობებით, ვიდრე ეს წინა ხელისუფლებამ მემკვიდრეობით დაგვიტოვა. გოიმობა და პროვინციალიზმია, როცა თქვენს მიერ შემოთავაზებული საპრეზიდენტო კანდიდატი შანტაჟით აგვარჩევინეთ, თუ მარგველაშვილს ხმას არ მისცემთ, „ნაციონალი“ ბაქრაძე მოვა პრეზიდენტად და ისევ მიხეილ სააკაშვილის ხელში აღმოჩნდებითო და დღეს, როცა მარგველაშვილსა და ივანიშვილს შორის პირადი უთანხმოებაა, რადგან მარგველაშვილი ივანიშვილის დაკრულზე არ ცეკვავს, ჩვენც გვაიძულებთ, იარაღად გამოგვიყენოთ პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის, წინააღმდეგ. მთავრობა თავად არ სცემს პატივს პრეზიდენტის ინსტიტუტს, არ მიდის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, არაკონსტიტუციურ ორგანოს ქმნის კრიზისებისა და მართვის საბჭოს სახით და არსებულ გამოწვევებზე ხელისუფლება არაკოორდინირებულად მუშაობს. მაშინ, როცა ქვეყანა ამხელა ეკონომიკური თუ სოციალური გამოწვევების წინაშე დგას, დღეს თურმე ჩვენი მთავარი სატკივარი უნდა იყოს, პრეზიდენტი მარგველაშვილი სად იჯდება _ ავლაბრის თუ ათონელის რეზიდენციაში. ჯერ თქვენ გააკეთეთ თქვენი საქმე, ხალხი სიღატაკიდან გამოიყვანეთ და პრეზიდენტზე მერე ილაპარაკეთ, თქვენზე უარესი ხალხისთვის, მას არაფერი გაუკეთებია…
ის განცხადება, რაც პრემიერმა გააკეთა, რომ ბრიუსელში „ნაცმოძრაობის“ წევრები მოღალატეობრივად იქცევიან, კაბინეტ-კაბინეტ დადიან და ევროსაბჭოს თუ ევროპარლამენტის წევრებს არწმუნებენ, რომ ქვეყანას არ მისცენ ამ ხელისუფლების პირობებში ვიზალიბერალიზაცია, მისი მხრიდან იყო სწორი, თუმცა დაგვიანებული და ნუ გაგიკვირდებათ, ბატონებო, როცა თქვენს შიგნითვე არსებობს შუღლი, დაპირისპირება და ამ დროს მტერი ზურგში დანას გირტყამთ. ბრიუსელიდან დაბრუნებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა: ერთადერთი, ვინც ბრიუსელში, ევროპარლამენტში ითხოვდა, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა არ მიიღოს, იყვნენ „ნაცმოძრაობის“ წევრები – დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი. ამის შესახებ ჩემს მინისტრებს დაუდასტურეს. მათ„ნაციონალებს“ პირდაპირ უთხრეს, – თქვენ რა, საქართველოს მოქალაქეები არ ხართ?!. რაზეც მათ ბაქრაძისა და კანდელაკისგან მიიღეს პასუხად, – ამ მთავრობის პირობებში არ არის სასურველი, საქართველომ უვიზო მიმოსვლა მიიღოს…“ დიახ, ეს არის მტრობა ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე…“ ბაქრაძემ პრემიერის ნათქვამი დააკომენტარა, რას ამბობთ, პირიქით, ძალიან გაგვიხარდება, რაც უფრო მალე მოგვცემენ ვიზალიბერალიზაციას, მაგრამ ამას შეიძლება საფრთხე იმან შეუქმნას, ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის წართმევა რომ უნდაო. კანდელაკმა კი, რას ამბობთ, პრემიერი იტყუება, მისგან ეს პირველი არ არისო.
ტყუილები არც ერთს არ გაკლიათ, მაგრამ იქნებ, ხელისუფლებამ საკუთარ გუნდს გადახედოთ, ერთმანეთს როგორ ექცევით. ეს ძალიან დამღლელია იმ ფონზე, როცა ისედაც არ გვაქვს მშვიდობა და კარგი ცხოვრების პირობები და არ უნდა გაგიკვირდეთ, ის, რაც ბრიუსელში, ვაშინგტონში თუ სხვაგან ხდება, იმ ფონზე, როცა თქვენ გყავთ გაურკვეველი წარმომავლობის ელჩები. მეტიც, ზოგიერთ მათგანს ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის სურათი აქვს კაბინეტში ჩამოკიდებული. ზოგიერთიმათგანი ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატების“ ერთგული რჩება და დასავლეთში მათ სასარგებლო საქმეს აკეთებს. გადახედეთ დიპლომატიურ კორპუსს, შეისწავლეთ მათი საქმიანობა და უფრო ნათელი გახდება, რატომ ბედავს ამდენს „ნაცმოძრაობა“.
„ალიასთან“ ამ და სხვა საკითხებზე პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი საუბრობს:
–„ნაცმოძრაობამ“ არჩევნებისთვის მზადება დაიწყო 2012 წლის 2 ოქტომბერს. მას შემდეგ უამრავი ინფორმაცია იქნა გაცემული ამ სუბიექტების მიერ საერთაშორისო თანამეგობრობის მისამართით სხვადასხვა საპარლამენტო თუ სამთავრობო უწყებებში. მათი მთავარი ამოცანა გახლდათ „ოცნების“ ხელისუფლების დისკრედიტაცია და მხოლოდ ნეგატიური მიდგომა არსებული ვითარების მიმართ, დროის გასვლასთან ერთად საფუძველიც მატულობდა. ფაქტია, რომ თუნდაც ვიზალიბერალიზაციის თემა მათთვის იქნებოდა შემაფერხებელი, თუკი ხელისუფლება ამ მიმართულებით შედეგს მიაღწევდა.
„ნაციონალების“ მავნებლობას გაცილებით ადრე დაესმებოდა წერტილი, პრემიერ-მინისტრს ან მის წინამორბედს თვალი რომ გადაევლო პრესისთვის. სამწუხაროდ, დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა და მისმა წინამორბედმა არ მიიღეს გადაწყვეტილება, მოეხსნათ პრესისთვის ვეტო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაადო ჩვენს ბეჭდვით მედიას. მათ უნდა მიეცათ საშუალება სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, გამოეწერათ გაზეთები, რათა სახელმწიფო მოხელეებს სცოდნოდათ, რა იცის ჩვენმა საზოგადოებამ. როცა ხელისუფლებამ არ იცის, რა განწყობებია ქვეყანაში და რას ფიქრობს ხალხი და როდესაც ხელმისაწვდომია მათთვის მხოლოდ მაამებლური ინფორმაცია, ეს მათვე აზიანებთ.
ჩვენ მოვისმინეთ პრემიერმინისტრისგან წინასწარი განცხადება, რომ „ნაცმოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 2015 წელს საქართველომ არ მიიღოს ვიზალიბერალიზაცია. რა შედეგი ექნებათ მათ ასეთ საქციელს საზღვარგარეთ, ამას გავიგებთ 15 დეკემბერს, როცა ვერდიქტი უნდა გამოქვეყნდეს და გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, მოგვცემენ თუ არა ვიზალიბერალიზაციას. 15 დეკემბრამდე დავიცდით, თუმცა ნებისმიერი შედეგის დადგომისთვის გამზადებული აქვს „ნაცმოძრაობას“~ ტექსტი.დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ამ წარმატებას მიიწერენ, ხოლო უარყოფითად დასრულების შემთხვევაში, ცხადია, ხელისუფლებას გადააბრალებენ.
– როგორ ფიქრობთ, მოგვცემენ ვიზალიბერალიზაციას იმ ფონზე, რაც ხდება მსოფლიოში, ვგულისხმობ ტერორის საფრთხეს?
– მრავალფეროვანია ლიბერალიზაციის ფორმატი, ეს არ ნიშნავს, რომ მინიჭების შემთხვევაში ჩვენ მეორე დღიდანვე დავიწყებთ ევროპაში უვიზოდ მიმოფრენას, ამას სჭირდება დრო. ამ ყველაფერს დასჭირდება შესაბამისი დოკუმენტაციის დახვეწა, გარკვეული პირობების კიდევ შესრულება, ვიზალიბერალიზაცია რომ მოგვანიჭონ, მომავალი წლის შემოდგომამდე უვიზოდ ვერ ვივლით.
– სახელფასო დანამატებზე ატეხილ აჟიოტაჟს როგორ აფასებთ, ხელისუფლებამ მოიხსნა პრემია, მაგრამ გაიორმაგა დანამატები, „ოცნების“ მთავრობას შლეიფად მოსდევს დაუოკებელი ლტოლვა ფუფუნებისადმი.
– დანამატების თემა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი. თავი და თავი ამ არაადეკვატური ვითარების გახლავთ თეზისი, რომელიც დღევანდელი პრემიერის „პირადმა პრემიერმა“ უფრო ადრე გამოგვიცხადა, რომ სახელმწიფო მოხელეს უნდა ჰქონდეს მოტივაცია და მას უნდა ჰქონდეს დიდი ხელფასი. მათ არ იციან, რა არის საკადრო პოლიტიკა, რადგან ჯერ კიდევ სანათესაო ჰყავთ დასასაქმებელი. მარტო ეს მანკიერი პრაქტიკა რომ იყოს გადმოღებული „ნაცმოძრაობისგან“, კიდევ შეეგუებოდა ხალხი, მაგრამ ჩამოთვლა იმისა, რითაც დღევანდელი ხელისუფლება სარგებლობს, შორს წაგვიყვანს, სია გრძელია. ის, რაც იყო „ნაცმოძრაობის“ მახასიათებელი, მარტივად გაუყვნენ გაკაფულ გზას, რამაც კრახამდე მიიყვანა „ნაცმოძრაობა“ და პოლიტიკური კამიკაძეების მანტია მოისხეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა. დიდიალბათობით, როგორც გემის ჩაძირვისას ხდება ხოლმე, გემბანიდან გადახტომას დაიწყებენ კოალიციის წევრები. მაგრამ თუ არავის ძალუძს დამოუკიდებელი არსებობა პოლიტიკურ სივრცეში, მაშინ პოლიტიკური პანაშვიდი ყველასთვის ერთ დღეს შედგება.
– ფიქრობთ, რომ ხელისუფლება 2016 წლის არჩევნებამდე მშვიდად მივა? „პატრიოტთა ალიანსი“ ხომ არ იქნება ინსპირატორი პერმანენტული საპროტესტო აქციების დაწყებისა?
– ჩემთვის აღარ არის კითხვის ნიშნის თემა, როგორი არჩევნების ჩატარების უნარი აქვს მმართველ ხელისუფლებას, ის, რაც ჩვენ შუალედური არჩევნების დროს ვიხილეთ საგარეჯოში, რა ადმინისტრაციული რესურსი იქნა ამაში ჩადებული. რასაკვირველია, ეს ფაქტები გვარწმუნებს იმაში, რომ სხვაგვარად არჩევნების ჩატარება არ ძალუძს ჩვენს „მეოცნებეებს“. მე ძალიან კარგად მახსოვს ჩემი თანამოაზრე, რომელიც დღეს პარლამენტშია, რა მკაცრი შეფასებებით გამოვდიოდით „ნაციონალური მოძრაობის“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების წინააღმდეგ სხვადასხვა არჩევნებში. დღეს უკვე სრულიად გამაოგნებელია ის, რომ ზოგიერთი აქტიური დეპუტატი საუბრობს კატეგორიულ ტონალობაში, რომ საგარეჯოს შუალედურ არჩევნებზე მათ არ გამოუყენებიათ ადმინისტრაციული რესურსი. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, შეურაცხყოფა ჩვენი მთავრობისთვის. ჩვენ ვნახეთ, რომ მთელი მთავრობა იყო მობილიზებული საგარეჯოში და გვიმტკიცებენ, რომ ეს არ არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ნულოვანი გავლენა აქვს ჩვენს მთავრობას თურმე მოსახლეობაზე. ისინი გინდ ყოფილან, გინდ – არა.
„ახალი თაობა“, 20 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ გიგა ბუკიასთან: „დავით ბაქრაძე ევროპაში მავნებლურ საქმიანობას ეწევა“
მარიამ მჭედლიშვილი
პარლამენტში დაწყებულია 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე მსჯელობა. ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, რომ ბიუჯეტში აისახოს პენსიების 50-ლარიანი ზრდა. ამ მიზნით ნაცმოძრაობა მოსახლეობაში ხელმოწერებსაც აგროვებს. პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია `ახალ თაობასთან~ საუბარში ნაცმოძრაობის ამ ქმედებებს პოპულისტურს უწოდებს.
„პენსიების ზრდა ნაციონალების ექსკლუზიური უფლება არ არის. ამ წინადადებას ჩვენ, უმრავლესობის წარმომადგენლებიც, ვაყენებთ. ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტი. იგი დაგვპირდა, რომ მესამე მოსმენისათვის ეცდება გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებას“, – ამბობს გიგა ბუკია, – თუ არის პენსიების ზრდის შესაძლებლობა, პენსიები გაიზრდება. რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ბიუჯეტი გამჭვირვალე და სოციალურად ორიენტირებული გახდა. თითოეული თეთრი გაწერილია. კეთდება ის, რისი გაკეთებაც შეუძლია სახელმწიფოს. ნაციონალები ბიუჯეტის საკითხების განხილვას არ ესწრებიან. ისინი პარლამენტის გარეთ აკეთებენ განცხადებებს. მათი მოქმედებები პიარზეა გათვლილი. ასე უნდათ დაკარგული ნდობის მოპოვება.
– თანხების დაზოგვის მიზნით სხვადასხვა ინიციატივა გამოითქმის. თქვენი კოლეგა უმრავლესობიდან, ზაქარია ქუცნაშვილი, უკმაყოფილოა, რომ პარლამენტში ჩავარდა მისი წინადადება პრემიების აკრძალვის თაობაზე..
– პირადად მე არ დავუჭირე მხარი მის წინადადებას. ავხსნი, რატომ. 2016 წლიდან ამოქმედდება კანონი საჯარო სამსახურის შესახებ. ამ კანონში მკაფიოდ არის გაწერილი ხელფასებისა თუ პრემიების საკითხები. ზაქარია ქუცნაშვილის კანონპროექტი რომ მივიღოთ, ეს პროცედურა 10 დეკემბრამდე არ დამთავრდება. გამოდის, რომ ერთთვიანი კანონი უნდა მივიღოთ, რადგან იანვრიდან სხვა კანონი იმუშავებს.
– „ქართულ ოცნებას“ ბოლო დროს პრორუსული გადაწყვეტილებების მიღებაში გადანაშაულებენ. საუბარია რუსეთის სახელმწიფო კომპანია გაზპრომთან თანამშრომლობაზე.
– ამაზეც პარლამენტის უმცირესობის წევრები ხმაურობენ. რომელ პრორუსულობაზეა ლაპარაკი? მათი გამონათქვამები უფრო სარწმუნოა, თუ აშშ-ს ელჩისა? ამერიკის ელჩმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს. საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენით რუსეთი სომხეთს აწვდის გაზს. ჩვენ ამის სანაცვლოდ ტრანზიტისთვის გვრჩება გაზი. თუ მილსადენში მეტი გაზი გავა და მეტი დაგვრჩება, ეს საკამათო რატომ უნდა იყოს? ან ვინ აკრძალა დივერსიფიკაცია და კონკურენცია? საუბედუროდ, ნაცმოძრაობა ყველაფერს აკეთებს, რომ მარტო გაზპრომთან კი არა, საერთოდ, არავისთან გვქონდეს ურთიერთობა.
– რას გულისხმობთ?
– თუნდაც, უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის სიარულს ევროპაში და ევროსტრუქტურებში მის მავნებლურ საქმიანობას. იგი ევროპარლამენტში და სხვაგანაც მართავს შეხვედრებს და ყველაფერს აკეთებს, რომ იქ საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები არ მიიღონ. ჩვენც ვიყავით ოპოზიციაში, უცხოელ მეგობრებსაც ვხვდებოდით, მაგრამ ასეთი რამ გულშიც არ გაგვივლია. ყოველთვის ვახერხებდით, რომ ჩვენი განცხადებები და ქმედებები თანხვედრაში ყოფილიყო სახელმწიფოს ინტერესებთან. „ნაციონალების“ დევიზი ასეთია _ ჩვენ თუ არა ვართ ხელისუფლებაში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო. დავით ბაქრაძეს და გიორგი კანდელაკს დიპლომატიური პასპორტები აქვთ, ევროპაში ხშირად ჩასვლა არ უჭირთ. მათ საერთოდ არ აინტერესებთ საქართველოს მოქალაქეების ბედი. ეს მათგან გასაკვირი არც არის. ესაა ნაციონალური მოძრაობის მავნებლური სტილი და რეალური სახე. ეს ადამიანები ვერ ჩაითვლებიან ოპოზიციად.
– საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ითვლებოდა პრემიერ ღარიბაშვილის მოკავშირე ძალად. მისი წარმომადგენლები შუალედური არჩევნების შემდეგ შიმშილობის აქციებს ატარებენ...
– მოკავშირეობისა რა მოგახსენოთ. ირაკლი ღარიბაშვილის მოკავშირე და დასაყრდენი არის კოალიცია „ქართული ოცნება“. მათ შორის, ჩვენი, კონსერვატიული პარტია. მის სხვა მოკავშირეებს არ ვიცნობ. პრემიერ-მინისტრი არც კულისებს მიღმა ეწევა რაიმე პოლიტიკურ მოლაპარაკებებს. იგი სწორ და ღია პოლიტიკას ახორციელებს. რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, სამწუხაროა, რომ ამ პარტიამ ასეთ რადიკალურ ზომებს მიმართა. ყველაფერი უნდა გადაწყდეს სასამართლოში.
– მათ სამართლებრივი გზა უკვე გაიარეს...
– მაინც არ არის მისაღები შიმშილობა. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა. ამისთვის ჯობია, თავისი წინადადებები პარლამენტს წარუდგინონ. 2012 წლიდან საარჩევნო კანონმდებლობაში 300-მდე შესწორება შევიტანეთ. ზოგი მათგანი ტექნიკურია, ზოგი კი – ძირეული. ხანდახან პოლიტიკოსებისაგან ისეთ მოთხოვნას გაიგონებ, რომ რწმუნდები – მათ ახალი საარჩევნო კოდექსი წაკითხულიც არა აქვთ. ეტყობა, ძველის მიხედვით მსჯელობენ. მოშიმშილეებსაც ვურჩევ, მოქმედების სხვა გზა აირჩიონ, წერილობით ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებები და საკანონმდებლო ორგანოს გააცნონ. შიმშილობა არაა ის მეთოდი, რომლითაც საარჩევნო გარემო გაუმჯობესდება.
„ახალი თაობა“, 20 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „ბრიუსელში ერთადერთ რამეს ვეუბნები – უვიზოდ მიმოსვლა გვჭირდება“
ნათია ხურცილავა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დავით დარჩიაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, კონკრეტულად კი დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი არიან წინააღმდეგი, საქართველომ ევროკავშირისგან ვიზა-ლიბერალიზაცია მიიღოს, რეალობას არ შეესაბამება. დეპუტატი სხვა აქცენტს სვამს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ მოსწონს, როდესაც მათ ოპოზიცია აკრიტიკებს.
– პრემიერმა დავით ბაქრაძისა და გიორგი კანდელაკის, ზოგადად ნაციონალური მოძრაობის საქმიანობა ქვეყნისთვის მოღალატეობრივად შეაფასა. რას უპასუხებთ?
– პრემიერის პოლიტიკური არსებობა არის ქვეყნისთვის მთავარი პრობლემა. უფრო სწორად, ფუნდამენტური პრობლემა ივანიშვილია, რომლისგანაც იმართება პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მისი გამხმოვანებელი არის ღარიბაშვილი.
– არგუმენტირებულად რას უპასუხებთ?
– ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს დაიწყო ევროკავშირთან მოლაპარაკებები. 2010 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიღწევა გაჩნდა პერსპექტივაში. სწორედ ამაში იგულისხმებოდა საბოლოო ჯამში ვიზა-ლიბერალიზაცია. როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოსთვის, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, მისი მოქალაქეებისთვის დავით ბაქრაძე, რომელიც უშუალოდ ამაში იყო ჩართული, ამ ყველაფრის წინააღმდეგი იყოს? აქ სულ სხვა რამეზეა საუბარი.
– რაზეა საუბარი?
– მათ არ სიამოვნებთ, როდესაც ევროპაში თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენს მეგობრებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან ხდება განხილვა იმის, თუ რა სისულელეებს სჩადის მთავრობა. როგორ არის მისი ქმედებები დემოკრატიულ სტანდარტებს აცდენილი. სწორედ ეს არ სიამოვნებთ და ეს სტკივათ, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი შესაძლებლობა ოპოზიციისთვის, მედიისთვის, ადამიანის უფლებების დამცველებისთვის, რომ თავიანთ პარტნიორებთან, მეგობრებთან ისაუბრონ პრობლემებზე, რათა ისინი გადაწყდეს. ვგულისხმობ იმ პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია მედიაპლურალიზმთან ან შერჩევით სამართალთან.
– შერჩევითი სამართლის კონკრეტული მაგალითის დასახელება შეგიძლიათ?
– სულ ადვილად: საპროტესტო აქციაზე, როდესაც სამი ახალგაზრდა ბიჭი აპროტესტებდა კონკრეტულ რაღაცას, „ქართული ოცნების“ წევრ დეპუტატს დაუპირის–პირდნენ, რის გამოც ეს ახალგაზრდები ოთხი თვით უნდა იყვნენ ციხეში, მაშინ, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელ დეპუტატებზე პირდაპირი თავდასხმები 100 ლარიანი ჯარიმებით ისჯება და მეტი არაფრით. ეს არის პრობლემა, ეს არის შერჩევითი სამართალი და სხვა არაფერი.
– თქვენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ხართ და როდესაც ბრიუსელში ჩადიხართ, ეუბნებით ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენლებს, რომ საქართველომ ამ ხელისუფლების პირობებში არ უნდა მიიღოს ვიზა-ლიბერალიზაცია?
– მე, როდესაც ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ჩავდივარ, ამ ყველაფერზე ვსაუბრობ, მაგრამ რაც შეეხება ვიზა-ლიბერალიზაციას, ამ შემთხვევაში ერთადერთს ვეუბნები: შეიძლება ეს ხელისუფლება ბევრ რამეს არ იმსახურებდეს და ძალიან მკაცრ დამოკიდებულებას იმსახურებდეს, მაგრამ ქართველ მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა სჭირდებათ მათი მოკავშირეებისგან.
– ამას თქვენ ეუბნებით?
– ამას ეუბნება ყველა ჩვენგანი, როდესაც ბრიუსელში ჩავდივართ. თუ ამ პროცესს რამე შეაფერხებს და გააფუჭებს, ეს იქნება ღარიბაშვილის ქცევა და არა სხვა მიზეზი.
– პრემიერ ღარიბაშვილის გარდა, ამ საკითხზე ისაუბრა წულუკიანმა, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ ევროპელებს უკვირთ, რატომ ითხოვენ ამას თქვენი თანაგუნდელები.
– მათ საკუთარი პრობლემები ქვეყნის პრობლემებად მონათლეს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ კონკრეტული თანამდებობის პირები სწორად არ იქცევიან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამას ქვეყანაზე და საზოგადოებაზე ვსაუბრობთ, რომლებსაც სწორედ სჭირდებათ უვიზოდ მიმოსვლა ევროპასთან. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ ადამიანთა ქმედებები იქამდე არ მივიდეს, მერე ევროპის პარლამენტებმა სხვანაირად შეხედონ ამ ყველაფერს და საქართველოზე იფიქროს, როგორც რუსეთის მსგავს სახელმწიფოზე. მერე უკვე გვიან იქნება. ჩვენ ვამბობთ, რომ ახლავე შეაჩერეთ, ახლავე აუხსენით, რას ნიშნავს დემოკრატიული სახელმწიფო და ქვეყნის დემოკრატიულად მართვა, რომ ამ პრობლემებამდე არ მივიდეთ. ამაზე ვსაუბრობთ, თორემ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი რომ დასაჩქარებელია, ამაზე მუდმივად ვზრუნავდით და ახლაც ვზრუნავთ. ხელისუფლების ამ წარმომადგენლებს უნდათ, რომ მათდამი გამოთქმული კრიტიკა საქართველოს კრიტიკად მონათლონ და ეს ჩვენ დაგვაბრალონ. ეს არის ვირეშმაკული ტრიუკი.
– ოპოზიციური პარტიის ლიდერები ხელისუფლებას რომ აკრიტიკებდნენ, ამაში უცნაური არაფერია, მთავარი აქცენტი აქ იმაზე კეთდება, რომ ქვეყანამ უნდა მიიღოს თუ არა ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა და ამაზე აკეთებდნენ თუ არა აქცენტს თქვენი თანაგუნდელები...
– მგონი, აგიხსენით, რომ ჩვენი მიზანი არის ვიზა-ლიბერალიზაცია, მაგრამ ბატონი ღარიბაშვილი პოლიტიკაში არასდროს ყოფილა და ის ვერ ერკვევა, მაგრამ სახელისუფლო უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებსაც რაღაც შეხება ევროპულ ინსტიტუტებთან, პოლიტიკასთან ჰქონიათ. მაგალითად, ქალბატონი წულუკიანი ბრიუსელში იყო და არ ახსოვს, ჩვენი ხელისუფლების დროს, როგორ ჩადიოდნენ ოპოზიციის წევრები და როგორ ლანძღავდნენ სააკაშვილს? ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებდეს. ჩვენ მართლა გვინდა, რომ ევროპული ოჯახის ერების წევრი ვიყოთ, რომ ქვეყანაში თუ რამე პრობლემაა, იმის გამოსწორებაში საერთაშორისო თანამეგობრობაც ჩართული იყოს. ირაკლი ღარიბაშვილს მინდა ვუთხრა, რომ ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკის ნაწილი, მაგრამ ახლა ამას ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებად და ღალატად ნათლავენ. ეს არის საბჭოური ენა, როგორც საბჭოთა დროს ექცეოდნენ, შემდეგ უკვე რუსეთში ექცევიან მედიას, არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციას. ზღუდავდნენ მათ მოქმედებებს. ედუარდ შევარდნაძე ამას არ აკეთებდა, მაგრამ ბოლოს, როდესაც დაინახა, რომ შეიძლება ძალაუფლება დაკარგოს, მის ლექსიკაში გაჩნდა: სოროსელები, მოღალატეები, მაგრამ მას შეგნება ბევრად მეტი ჰქონდა და მსგავს რამეს მაქსიმალურად ერიდებოდა. ესენი კი არ ერიდებიან.
– ასე ფიქრობთ?
– ასე ვფიქრობ. პრემიერის ეს განცხადება ცნობილი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. არაფერი ამაში დასამალი არ არის. გარწმუნებთ, ღარიბაშვილის ეს განცხადება ისეთივე გამაღიზიანებელი იქნება პირადად მისთვის, როგორიც იყო მის მიერ გაკეთებული განცხადება, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ოფისებს დაესხნენ თავს. მაშინ თქვა, მეტის ღირსნიც არიანო. ეს განცხადებები ჰაერში არ ქრება, უკვალოდ არ იკარგება. მისი განცხადებები, ტონი და რიტორიკა პრემიერს აზარალებს. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ეს ჩვენი ქვეყნის საერთო მდგომარეობაზე აისახება. ჩვენ კი არ ვქმნით ამ პრობლემებს, პრემიერის ქცევა ქმნის ამ პრობლემებს. ჩვენ ვამბობთ, რომ არაადეკვატური ხელისუფლება გვყავს, მაგრამ მაინც მაქსიმალური ნაბიჯები გადავდგით ინტეგრირებისკენ, პარალელურად კი ვთხოვთ, რომ აუხსნან, ასე არაადეკვატურად ნუ იქცევიან.
– ევროკავშირიდან დამაიმედებელი სიგნალები მოდის, რომ წლის ბოლოს მივიღებთ ვიზა-ლიბერალიზაციას. თუ ასეთი საგანგაშო მდგომარეობაა, მაშინ უვიზო მიმოსვლას არავინ მოგვცემს. ასე არ არის?
– მთავრობამ ეს პროცესი შეანელა, ეს ყველაფერი ერთი წლით ადრე უნდა მომხდარიყო. მაშინ, როდესაც მოლდოვას მიეცა უვიზო მიმოსვლა. ჩვენ მოლდოვასთან ერთად უნდა ვყოფილიყავით, ერთ პაკეტში, ასეთი იყო შესაძლებლობა, მაგრამ ეს შეფერხდა. ოპოზიციას ამ პროცესში არაფერი შეუძლია. თუ მოგვეცა ვიზა-ლიბერალიზაცია, ეს იქნება ძალიან კარგი, მაგრამ როგორც მოგვეცემა, ისე შეიძლება წაგვერთვას.
– ეს როგორ?
– სანქციებით. თუ ქვეყანაში არ იქნება ნორმალური საარჩევნო გარემო, თუ ქვეყანაში იქნება კუდიანებზე ნადირობა, შერჩევითი სამართალი და არადემოკრატიული გზით სიარულს გააგრძელებს, მაშინ საქართველოს ბევრი ცუდი რამე დაემუქრება. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება 2016 წლის არჩევნები, ის დასკვნები, რომელთაც სადამკვირვებლო მისიები დადებენ.
„ახალი თაობა“, 20 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „სირიიდან ლტოლვილებს აღარ მივიღებთ“
გულიკო ბალაძე
გულისხმობს თუ არა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები რაიმე შეზღუდვის დაწესებას? რა სიტუაციაა საქართველოში უსაფრთხოების თვალსაზრისით და რამდენად აკონტროლებენ სიტუაციას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები? პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ყველა შესაბამისი უწყების ინფორმაცია მოისმინეს. შემდეგ კი დაიგეგმა ის ღონისძიებები, რამაც უნდა გააძლიეროს უსაფრთხოების სისტემა.
– საქართველოში სტაბილური სიტუაციაა. სიმშვიდეა ყველა მიმართულებით, საიდანაც შეიძლება არსებობდეს საფრთხე. უსაფრთხოების სამსახურები, სპეცსამსახურები სიტუაციას ფლობენ და აკონტროლებენ. რაიმე პირდაპირი საფრთხეები არ არსებობს, მაგრამ იმ მოვლენების ფონზე, რასაც ადგილი ჰქონდა პარიზსა და მთლიანად ევროპაში, არ არის გარანტია, რომ არ იარსებებს გარკვეული რისკები, _ განაცხადა „რეპორტიორში“ ირაკლი სესიაშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლებამ იფიქრა მომავალზეც: „გვაქვს სურვილი, ჩვენი სპეცსამსახურები მაქსიმალურად იყვნენ აღჭურვილი და უზრუნველყოფილი შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. ამ კუთხითაც გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღეთ. საერთო ჯამში, პანიკის საფუძველი არ არის. მშვიდად, წყნარად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა მეტი ყურადღებითა და კოორდინაციით საერთაშორისო საზოგადოებასთან, რასაც აქამდეც ვაკეთებდით“.
„ახალი თაობა“ დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს სესიაშვილს რუსეთთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გამარტივებასთან დაკავშირებით, ამაში ხომ არ ხედავს რაიმე დამატებით რისკებს. ასევე საქართველო სირიიდან ლტოლვილებს მიიღებს თუ არა და რატომ არ აკმაყოფილებს რუსეთს ლარსის გზის გამტარუნარიანობა. „რუსეთთან უვიზო რეჟიმი ჩვენ არასოდეს გაგვიუქმებია. რუსეთის გადასაწყვეტია, სავიზო რეჟიმს გაგვიმარტივებს თუ არა. ჩვენ არ ვერევით. სავიზო რეჟიმის გამარტივება შეეხება უბრალო მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთთან გარკვეული კავშირები აქვს – სავაჭროდ დადის ან ნათესავები ჰყავს. სავიზო რეჟიმის გამარტივება რაიმე ტიპის რისკებთან ვერ იქნება დაკავშირებული. ჩვენ ვინარჩუნებთ იმ რეჟიმს, რაც აქამდე გვქონდა. ზოგადად, მივესალმები ნებისმიერ იმ ნაბიჯს, რომელიც მოქალაქეებს საკუთარი სურვილების რეალიზებისთვის გამარტივებულ რეჟიმს შესთავაზებს“, – ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
– ხომ შეიძლება ვინმე არასასურველმა პირმა ისარგებლოს რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმით და გადავიდეს რუსეთის მხარეს, რაც შექმნის პრობლემას?
– სავიზო რეჟიმის გამარტივება ეხება საქართველოს მოქალაქეებს.
– მესამე ქვეყნებიდან ვერ გადავლენ რუსეთის ტერიტორიაზე?
– მესამე ქვეყნებთან რუსეთმა თვითონ დაალაგოს ურთიერთობა. ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. აქ საუბარია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე. თორემ ბანგლადეშის მოქალაქე როგორ გადავა რუსეთში, ეს ჩვენ არ გვაინტერესებს.
– ბანგლადეშის მოქალაქე საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთში ვერ გადავა?
– ვერ გადავა, ეს გამარტივება ჩვენს მოქალაქეს შეეხება.
– ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ პარალელურად რუსეთმა განაცხადა, რომ ლარსის გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა არ აკმაყოფილებს...
– ეს აქამდეც ასე იყო. ვითარება არ შეცვლილა.
– სამხედრო ტვირთების გადატანა ხომ არ აქვს ჩაფიქრებული?
– ჩვენ არ მივცემთ საშუალებას რუსეთს, რომ სამხედრო ტვირთების გადატანისთვის საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს. ამაზე საუბარიც არ არის. ლარსის გამშვები პუნქტი კი თავისთავად რთული გზაა. მით უმეტეს, ზამთარში, მაგრამ ეს ის გზაა, რომელიც გვაქვს. სხვა მხრივ, თავად რუსეთს ვკითხოთ, რატომ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები, საიდანაც მათთან დამაკავშირებელი სხვა გზები გვაქვს.
– ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, აღადგინეს თუ არა რუსებმა აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზა?
– აფხაზეთის მონაკვეთზე მათ რკინიგზა გაასუფთავეს. თუმცა, რეალურად, იმდენად რეაბილიტირებული არ არის, რომ რაიმე მძიმე ტვირთი გაატაროს. ამ რკინიგზით რუსეთს და აფხაზეთს (ჩვენს ნაწილს) 1992 წლიდან არ უსარგებლია. შესაბამისად, მისი რეაბილიტაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თუ ახლიდან არ გავიყვანთ რკინიგზას. 20 წლის მანძილზე აღნიშნული რკინიგზა, უბრალოდ, მწყობრიდანაა გამოსული.
– მსოფლიოში გააქტიურებული ტერორიზმის ფონზე, ახლახან რუსეთმა განაცხადა, რომ იტოვებს უფლებას, შევიდეს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე, თუ ამის საჭიროება იქნება.
– ეს მათ სამხედრო დოქტრინაში უწერიათ.
– ამ განცხადებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის რა რისკი არსებობს?
_ რუსული პოლიტიკა არაპროგნოზირებადია. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა უკრაინისა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა 21-ე საუკუნეში. ქვეყანას, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, მეტი პასუხისმგებლობა და თმენის ვალდებულება აქვს საერთაშორისო სამართლის მიხედვით. რუსეთის ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორია საერთაშორისო საზოგადოების ძალიან პრინციპული პოზიცია, რასაც მეტ-ნაკლებად შედეგი მოაქვს, რადგან, მიუხედავად სანქციებისა, რუსეთი აგრძელებს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
– რა შეიძლება იყოს რაიმე პროვოკაციის შემაკავებელი?
– რეცეპტები არ არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს საქმე პუტინის პოლიტიკასთან და არა რუსეთის პოლიტიკასთან. თუმცა, დღესდღეობით რუსეთისა და პუტინის პოლიტიკა ერთია.
– ჩვენი სახელმწიფო სირიიდან ლტოლვილებს ღებულობს?
– სირიიდან წინა წლებში 500 ლტოლვილი მივიღეთ. ამ ეტაპზე, ალბათ, სირიიდან ლტოლვილებს აღარ მივიღებთ.
„ახალი თაობა“, 20 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „საქართველოში ყველას შეუძლია, ატომური ბომბი შემოიტანოს“
ნონა ცაბაძე
ქვეყნის პრემიერი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ამ კუთხით სიტუაცია სტაბილურია და ზომები საგრძნობლად გამკაცრებულია. საპირისპიროს ამტკიცებს „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია. იგი მიიჩნევს, რომ ჩვენს ქვეყანაში ტერორისტული საფრთხეები საგრძნობლადაა გაზრდილი. „საქართველოში დიდი ხანია ტერორისტული საფრთხეები გაზრდილია. მორღვეულია ქვეყნის საზღვრები, არ არსებობს საბაჟო კონტროლი. ეს პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს. მათი მოღალატეობრივი პოლიტიკის გამო. თუმცა არც ამ ხელისუფლების პირობებში მომხდარა საზღვრების კონტროლი და მათი აღდგენა. პირიქით, კიდევ უფრო გაგრძელდა უკონტროლო სიტუაციის შენარჩუნება საზღვრებზე“, – აცხადებს ჯონდი ბაღათურია.
ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ საქართველოში დაუსჯელად დათარეშობენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები.
– რომელი ქვეყნის?
– განსაკუთრებით აგრესიულად იქცევიან თურქული სპეცსამსახურები. ხშირია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გადაბირება, როგორც პოტენციური მებრძოლების, ისლამური სახელმწიფოსთვის ან რომელიმე სხვა რადიკალური დაჯგუფებისათვის. ასევე ჩვენი ქვეყანა იქცა ტრანზიტულ ქვეყნად პოტენციური მებრძოლებისთვის.
_ ეს სერიოზული ბრალდებებია.
_ მე ვციტირებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას. პოტენციური მებრძოლები და არა ტერორისტები. ეს შერბილებული ფორმაც მათივე განცხადებაშია.
_ საიდან ხორციელდება ეს ტრანზიტი?
_ ეს ტრანზიტი ხდება ჩრდილო კავკასიიდან და ასევე კასპიის ზღვის ქვეყნებიდან. ჩვენ დიდი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ამ ყველაფერს თურქული სპეცსამსახურები ხელს უწყობენ.
_ საპირისპიროს ამტკიცებს ხელისუფლება, ძალოვანი უწყებები, რომ საზღვრებზე კონტროლი გამკაცრებულია.
_ ეს სიცრუეა. 2012 წლის 30 ივლისს, როცა ვანო მერაბიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და სააკაშვილი პრეზიდენტი, მათ გამოსცეს ბრძანებულება, რომლითაც პრაქტიკულად მთლიანად მოარღვიეს საზღვარი.
_ ეს რას ნიშნავს?
_ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ მათი იდეა არ იყო, მათ დაავალეს ქვეყნის გარედან, რომ ხელი შეეწყოთ საქართველოში იარაღის, ნარკოტიკების და ტერორისტების შემოდინებისთვის. არ უნდა შეზღუდულიყო ტრანზიტი. გამოსცეს ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, საბაჟო საზღვრის გადაკვეთის დროს, ტვირთების დათვალიერება იკრძალება.
_ იქნებ რა შემოდის ქვეყანაში?
_ საქმეც ეგაა. საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის დროს, ამ დიდი სატრანზიტო მანქანების დათვალიერება არ ხდება. ანუ თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ პირს, ატომური ბომბი შემოიტანოს, აქ დაასაწყობოს, ან გაიტანოს ქვეყნიდან. ეს არის კანონმდებლობის დონეზე დაკანონებული.
_ დღეს ხომ სხვა მთავრობა გვყავს, რატომ არაფერი შეიცვალა?
_ 2014 წელს ახალმა ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანებულება, რომ არ უნდა იქნეს დათვალიერებული უკვე იქით მიმავალი მანქანაც. როგორ შეიძლება ასეთი კანონების მიღება, ჩვენ რა, ბელგიაში ვცხოვრობთ თუ ევროპის შუაგული ვართ?! იმ ევროპის შუაგულშიც რა ხდება, ხომ კარგად ვხედავთ?!
_ რით ამართლებს ამას ხელისუფლება?
_ ვიღაც გულუბრყვილო შეიძლება გამოვიდეს და გვითხრას, რომ ეს არის ბიზნესის ხელშეწყობა და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება იარაღით გაძეძგილ და რადიკალიზმით სავსე რეგიონში, როგორიც საქართველოა, საბაჟო დათვალიერება არ ხორციელდებოდეს?! ეს არ არის ღალატი?!
_ ღალატი ხელისუფლების მხრიდან?
_ რასაკვირველია. შევხედოთ, რა მოხდა საფრანგეთში, ამხელა ქვეყანაა, როგორი სპეცსამსახურები ჰყავს. ის ნატოს წევრი ქვეყანაა, მან სამხედრო დახმარება ითხოვა და არც ერთმა ნატოს წევრმა ქვეყანამ მას სამხედრო დახმარებაზე თანხმობა არ უთხრა. ეს კი იმ იდიოტების გასაგონად პოლიტიკური სპექტრიდან, ვინც ქვეყნის მომავალს და უსაფრთხოებას ნატოში გაწევრიანებით გეგმავს! ერთადერთი ქვეყანა, ვინც თანხმობა უთხრა საფრანგეთს, არის რუსეთი და შედგა რუსულ-ფრანგული სამოკავშირეო შეთანხმება. ისინი, როგორც მოკავშირეები, ისე იბრძვიან ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუ ჩვენმა სპეცსამსახურებმა, თუ ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და შეიარაღებულმა ძალებმა არ დაიწყეს აქტიური მჭიდრო თანამშრომლობა რუსეთთან და არ დავიწყეთ გამაგრება თურქეთის საზღვრის და არ აღვადგინეთ კონტროლი, ჩვენ დენთის კასრზე ვსხედვართ და დამოკიდებული ვართ მხოლოდ იმაზე, ვის როდის დასჭირდება, რომ ამ დენთის კასრს ნაპერწკალი მისცეს.
_ თქვენ წინა ხელისუფლება დაადანაშაულეთ, რომ საზღვარი მიზანმიმართულად გახსნა, რომ სატრანზიტო ქვეყნად გვაქცია. დღეს იმაზეც საუბრობენ, მიხეილ სააკაშვილი ტერორისტებთან თანამშრომლობდაო. ასეა?
_ მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა, რადიკალურად განწყობილ მებრძოლებთან საეჭვო ურთიერთობები დაემყარებინა. ასევე, უკვე გამოცდილ ტერორისტებთანაც. ამ საქმეს სჭირდება სერიოზული გამოძიება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმით დაინტერესდებიან არა მხოლოდ ქართული, არამედ წამყვანი ქვეყნების საგამოძიებო ორგანოები. იმიტომ, რომ ასეთმა ცეცხლთან თამაშმა, როგორიც არის ტერორისტებთან ერთჯერადი შეთანხმებები და ტერორისტების პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, მსოფლიოში ცუდი სუნი დააყენა. ამ საქმეების გამოძიება მალე დაიწყება და ვინც სააკაშვილს მფარველობდა, გაწირავს სააკაშვილს და ხელს მას შეახოცავენ.
– თქვენ ამჟამინდელ ხელისუფლებასაც ადანაშაულებთ და საუბრობთ იარაღის და ნარკოტიკის უკონტროლო შემოდინებაზე...
– ეს ბრალდება არ არის, ეს ფაქტია. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა. ეს ოფიციალური მონაცემებია. ის, რომ თინა ხიდაშელი გვამშვიდებს, ქვეყნის საზღვრები გამაგრებული მაქვს და მშვიდად დაიძინეთ, ქვეყანას გულ-მკერდით მე გადავეფარებიო, დამაჯერებლად არ გამოიყურება.
– რატომ, რას უწუნებთ თინა ხიდაშელს?
– კარგით რა!
„ახალი თაობა“, 20 ნოემბერი, 2015 წელი
ცხინვალში 14 ოსი ისლამისტი ტერორისტი გამოჩნდა?
ტარზან კოკოითი მოსახლეობის დაწყნარებას ვერ ახერხებს
19 ნოემბერი ცხინვალის მოსახლეობას კარგა ხანს ემახსოვრება. ადგილობრივებს სოციალური ქსელების მეშვეობით მიუვიდათ შეტყობინება იმის შესახებ, რომ მათ ქალაქში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები გამოჩნდნენ. ალბათ წარმოგიდგენიათ, რა პანიკა ატყდებოდა ამ პატარა ქალაქში. ადგილობრივებს კი უნდოდათ, ეს ამბავი ქართული სპეცსამსახურებისთვის დაებრალებინათ, მაგრამ ინფორმაციის გამავრცელებელი ირწმუნებოდა, ყველა მათგანი ჯილა ოსიაო.
ამ ინფორმაციის სისწორეში სამხრეთელ ოსებს ეჭვი არ შეჰპარვიათ, არავისთვის დამალული არაა, რომ ხალიფატის მხარეზე საბრძოლველად ჩრდილოეთ ოსეთიდან ახალგაზრდები მრავლად წავიდნენ.
ოსური მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი სამართალდამცავები ისლამისტი მებრძოლების შესახებ ინფორმაციას ყურადღებით მოეკიდნენ. ისინი ისედაც სანახევროდ საგანგებო მდგომარეობაზე იყვნენ გადასულები.
საქმე ის გახლავთ, რომ ლეონიდ თიბილოვმა ამ დღეებში ქართულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია წაიკითხა გურჯისტანის ვილაიეთის შექმნის შესახებ (კაცმა რომ ჰკითხოს, ქართული არაფერი უნდა). ეტყობა, მერე ვიღაცამ უთხრა, ისლამისტებმა სამაჩაბლოც გურჯისტანის ვილაიეთში შეიყვანესო. მოისმინა რა ეს ამბავი, უყვირია, ძალოვნებს დამიძახეთო და მათ საქართველოსთან `საზღვრების~ მკაცრად გაკონტროლება მოსთხოვა.
ძალოვნებმა უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება უმალ შეასრულეს და 19 ნოემბრამდე მშვიდად ეძინათ სამხრეთელებს. გუშინ დილით კი მთელი საოსო შეიძრა. სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხინვალის ქუჩებში 14 რადიკალი ოსი ისლამისტი დაეხეტებოდა.
განსაკუთრებული პანიკა ცხინვალის #11 სკოლა-ლიცეუმში ატყდა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცნობა, რომ ლიცეუმის შესასვლელთან და გასასვლელთან უცხო და თანაც საეჭვო პირები შენიშნეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სკოლის დირექციამ მაშინვე მიმართა სამართალდამცველებს. ისინი სკოლაში ოპერატიულად მივარდნენ. „სამართალდამცავებმა სკოლასთან საეჭვო ვერაფერი შენიშნეს, ამის მიუხედავად, მისი კუთხე-კუნჭული დეტალურად შეამოწმეს. არაფერი საგანგაშო არ ყოფილა“, – განუცხადა ჟურნალისტებს სკოლის სასწავლო ნაწილმა. მისივე განცხადებით, ლიცეუმში 170 მოსწავლე სწავლობს და მასწავლებლებმა ისინი ოპერატიულად გამოიყვანეს შენობიდან.
აწიოკებულ სკოლაში მივიდა შს მინისტრის მოადგილე ტარზან კოკოითიც. მისი განცხადებით, ძალოვნები სიტუაციას აკონტროლებენ. „პანიკის საფუძველი არ არის. ეს შეტყობინება ხულიგნების მიერ იყო გავრცელებული“, – აღნიშნა ტარზან კოკოითიმ. ის პირობას დებს, რომ ამ ხულიგნების ვინაობას მალე დაადგენენ და საკადრის პასუხსაც მოსთხოვენ.
ტარზან კოკოითი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და სთხოვს, ჭორებს არ აჰყვნენ. „არანაირი რადიკალი ისლამისტები ცხინვალში არ შემოსულან“, – აცხადებს ოსურ მედიასთან საუბარში შს მინისტრის მოადგილე.
თავისი სიტყვების, ეტყობა, ბოლომდე თავად ტარზანსაც არ სჯერა და ამბობს, რომ შსს-ს უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული აქვს. „არავითარ საფრთხეებს არ ველოდებით, მაგრამ, ამის მიუხედავად, სკოლების და საბავშვო ბაღების დაცვა გაძლიერებულად ხორციელდება“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.
ოსური მედიის ცნობით, რესპუბლიკაში სტრატეგიულ ობიექტებსაც გაძლიერებულად იცავენ. სოციალურ ქსელებში კი კვლავ აქტიურად საუბრობენ 14 რადიკალი ისლამისტის შესახებ, რომლებიც, ინფორმაციის გამავრცელებლის თქმით, რესპუბლიკაში თავისუფლად გადაადგილდებიან.
„რეზონანსი“, 20 ნოემბერი, 2015 წელი
რუსები “კავკასუს ონლაინისთვის” ომში ჩაებნენ
კომპანია გაზაფხულამდე გაიყიდება, მარეგულირებელმა “მაგთის” მწვანე შუქი უკვე აუნთო
ელზა წიკლაური
როგორც მოსალოდნელი იყო, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას “კავკასუსის” შეძენის თხოვნით რუსულმა “ვიმპელკომმა”, იგივე “მობიტელმა” მიმართა. ამასობაში მარეგულირებელმა “მაგთიკომს” “კავკასუს ონლაინის” საცალო ბიზნესის შეძენის უფლება მისცა, “მობიტელთან” დაკავშირებით კი კომისია გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. “კავკასუს ონლაინისთვის” დიდი ბრძოლა გაიმართება. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკების დაწყებას ორივე კომპანიასთან შეძლებენ.
ქართულ ინტერნეტ-ბაზარზე რუსული “ვიმპელკომის” შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით “რეზონანსი” უკვე წერდა. მაშინ ინფორმაციის გადასამოწმებლად არა მარტო “კავკასუს ონლაინს”, არამედ “ვიმპელკომის” სათავო ოფისსაც მივმართეთ. “ვიმპელკომში” ქართულ პროვაიდერთან შესაძლო შერწყმის სურვილზე კომენტარი არ გააკეთეს და ამაზე საუბარი არც “კავკასუსში” ისურვეს.
ახლა კი გაირკვა, რომ ქართულ ინტერნეტ-ბაზარს რუსული ფული მართლაც მოუახლოვდა. კომპანია “მობიტელს” “კავკასუს ონლაინის” საცალო აქტივების შეძენა სურს და მან მარეგულირებელ კომისიას ოფიციალური განაცხადით უკვე მიმართა კიდეც.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ, ერთი მხრივ, “სილქნეტისა” და “კავკასუსის”, მეორე მხრივ კი “მაგთიკომისა” და “კავკასუსის” შესაძლო შერწყმასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება აგვისტოში დაიწყო. მაშინ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ამბობდნენ, რომ სამივე კომპანია – “მაგთიკომიც”, “სილქნეტი” და “კავკასუს ონლაინიც” წარმოადგენენ მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მქონე კომპანიებს და ამიტომაც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
2015 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე “სილქნეტისა” და “კავკასუს ონლაინის” შერწყმის საკითხი დაიბლოკა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანიების ერთობლივი განცხადება წილების შერწყმის თაობაზე განუხილველად დატოვა.
მოგვიანებით კომისიამ “კავკასუსის” “მაგთიკომთან” შესაძლო გაერთიანებაზე იმსჯელა, თუმცა გადაწყვეტილება არც მაშინ მიიღო. რამდენიმე დღის შემდეგ კი კომისიის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტმა ამ ორი კომპანიის შერწყმის შემთხვევაში ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენა შეისწავლა და სპეციალური დასკვნაც გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ “მაგთის” მიერ “კავკასუსის” აქტივის შეძენა კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენს. შესაბამისად, კომისიამ “მაგთიკომს” “კავკასუს ონლაინის” საოპერაციო აქტივების შეძენის უფლება მისცა.
როგორც ცნობილია, “მაგთიკომს” “კავკასუსის” ყველა იმ აქტივის შეძენა სურს, რომელსაც კომპანია საკუთარი აბონენტებისთვის მაუწყებლობის ტრანზიტის, ციფრული სატელეფონო და ინტერნეტის საცალო მომსახურების მისაწოდებლად იყენებს.
“მარეგულირებელმა კომისიამ მისცა წინასწარი თანხმობა “მაგთიკომს” “კავკასუს ონლაინის” საოპერაციო აქტივის შეძენაზე. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ წინასწარი თანხმობა და არ გულისხმობს, რომ ტრანზაქცია აუცილებლად უნდა განხორციელდეს. რას მოიმოქმედებს ეს 2 კომპანია ჩვენ წინასწარ არ ვიცით”, – განუცხადეს “რეზონანსს” კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში.
ნებართვა გაცემულია, საბოლოო გადაწყვეტილება კი ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც “კავკასუს ონლაინი” და “მაგთიკომი” ფინანსურ თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებას გამართავენ. თუ იგი შედეგიანი აღმოჩნდა, “კავკასუს ონლაინის” საცალო ბაზრის სეგმენტი “მაგთიკომის” მფლობელობაში გადავა. ამ შემთხვევაში, ინტერნეტ და სატელეკომუნიკაციო ბაზარი კიდევ უფრო გამსხვილდება, “მაგთიკომი” ინტერნეტის 40%-ის, მაუწყებლობის ტრანზიტის – 61%-ის და ფიქსირებული კავშირგაბმულობის თითქმის 40%-ის მფლობელი გახდება.
შესაძლოა კომისიის გუშინდელი სხდომა “მაგთიკომისთვის” სასიკეთოდ დასრულდა, მაგრამ ზოგადად არც მთლად ისეა საქმე, როგორც ამ კომპანიას სურს. საქმე ისაა, რომ “კავკასუს ონლაინის” აქტივების შეძენის მსურველთა რიცხვი “მაგთიკომით” არ ამოიწურება. ინტერნეტ პროვაიდერის საცალო სეგმენტის ხელში ჩაგდებისთვის რუსული “ვიმპელკომი”, იგივე “მობიტელიც” (“ბილაინი”) იბრძვის.
როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მობიტელმა” განაცხადი 13 ნოემბერს უკვე შეიტანა. კანონის შესაბამისად, კომისია აღნიშნულ საკითხს 15 სამუშაო დღეში განიხილავს, დაიწყებს საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას, რის შემდეგად გადაწყვეტს, გასცეს თუ არა ნებართვა.
თუ მარეგულირებელმა კომისიამ დაასკვნა, რომ “მობიტელის” მიერ “კავკასუს ონლაინის” საცალო ბაზრის სეგმენტის შეძენისას კონკურენციის პირობები არ დაირღვევა, მაშინ “კავკასუსს” მოლაპარაკების გამართვა ორ კომპანიასთან მოუწევს და სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას იმის სასარგებლოდ მიიღებს, რომელიც უფრო სარფიან წინადადებას შესთავაზებს.
“კავკასუს ონლაინში” იმედი აქვთ, რომ მარეგულირებელი კომისია, “მაგთიკომის” ანალოგიურად, “მობიტელის” შემთხვევაშიც დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. ამიტომ, როგორც “რეზონანსს” კომპანიაში განუცხადეს, ისინი უახლოეს პერიოდში, ერთი მხრივ, “მაგთიკომთან” და მეორე მხრივ, “მობიტელთან” აქტიური მოლაპარაკების პროცესის დაწყებას გეგმავენ.
“ახლა უკვე ის ეტაპია, რომ “მაგთიკომთან” დავიწყოთ მოლაპარაკება ფინანსურ საკითხებზე. აქამდე აუცილებელი იყო, მარეგულირებლის ნებართვა, რათა გარიგება შემდგარიყო. რაც შეეხება “მობიტელს”, იმედი გვაქვს, კომისია აქაც დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. ამიტომ გავასწრებთ მოვლენებს წინ და ამ კომპანიასთანაც დავიწყებთ მოლაპარაკების პროცესს. უკვე შემდგომ კი შევარჩევთ, რომელ მათგანთან გაერთიანდება “კავკასუს ონლაინი” ან რომელ კომპანიას მივყიდით ჩვენს აქტივებს. საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ცნობილი 2016 წლის პირველ კვარტალში გახდება”, – განუცხადეს “რეზონანსს” “კავკასუს ონლაინში”.
ის, რომ “ვიმპელკომს” “კავკასუს ონლაინის” შეძენის დიდი სურვილი ჰქონდა, “რეზონანსთან” საუბრისას “კავკასუსის” დამფუძნებელმა მამია სანადირაძემაც დაადასტურა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ეს გარიგება შედგა და ბაზარზე რუსული კომპანია შემოვიდა, მის ხელში აღმოჩნდება კაბელი, რომელიც ევროპას და აზიას აკავშირებს. ამით კი რუსეთს ყველა მიმოწერის, სატელეფონო ზარის გაკონტროლება შეეძლება.
საქმე ეხება 1200-კილომეტრიან კაბელს, რომლითაც საქართველო ინტერნეტს ევროპიდან იღებს და შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთსაც აწვდის, პოლიტიკურად დაინტერესებული მხარის ხელში, შესაძლოა, საინფორმაციო ნაკადის კონტროლის მძლავრი მექანიზმი გახდეს. აღნიშნული კაბელი შავი ზღვის ფსკერზე 2008 წელს ჩაიდო და საქართველოს ინტერნეტი უმოკლესი გზით პირდაპირ ევროპიდან მიეწოდება. ამ მაგისტრალით “კავკასუს ონლაინი” სომხეთში ინტერნეტის მიწოდების 85%-ს, აზერბაიჯანში – 50%-ს, საქართველოში კი 55%-ს უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შეძენით აზერბაიჯანული მხარე ჯერ კიდევ 2007 წელს იყო დაინტერესებული, როცა შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანა მხოლოდ იწყებოდა.