globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 20 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 20th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: „პრობლემები ახალი წლიდან 2-3 კვირაში დაიწყება“ // ხელისუფლებას საზოგადოების შემზადებისკენ მოუწოდებენ

„რეზონანსი“: კრიზისი საშუალო ფენას მთლიანად გაანადგურებს // „შეივსება ღარიბ-ღატაკთა არმია და ამით გაღატაკდება ქვეყანაც“

„რეზონანსი“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „მოსახლეობაში 90-იანი წლების აჩრდილი წამოტივტივდა“

„რეზონანსი“: მეტი ლარი, უფრო მეტი დევალვაცია! // რეფინანსირების სესხებით ან ბანკების გადარჩენა უნდათ, ან ბიუჯეტის…

——

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ოთარ ანგურიძესთან: „ეროვნულმა ბანკმა მკაცრი მონეტარული პოლიტიკა უნდა გაატაროს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლაშა ჩხარტიშვილთან: „ხელისუფლება გონს დროზე თუ არ მოეგება, ცუდად დაამთავრებს“ // 24 დეკემბერს კანცელარიასთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება

„ახალი თაობა“: ინტერვიუ პაატა ჯიბლაძესთან: „ხარჯები მილიარდ ლარამდეა შესამცირებელი“ // „თუ ხელისუფლებამ რადიკალური ნაბიჯები არ გადადგა, უმძიმესი ზამთარი, გაზაფხულზე კი სოციალური კატასტროფა გველის“

——

„რეზონანსი“: საქართველო ხაფანგში // „ალეპოში კავკასიის უსაფრთხოების ბედიც წყდება“

——————-

„რეზონანსი“, 20 დეკემბერი, 2016 წელი

პრობლემები ახალი წლიდან 2-3 კვირაში დაიწყება

ხელისუფლებას საზოგადოების შემზადებისკენ მოუწოდებენ

ნინო ქეთელაური

პრობლემები დაიწყება ახალი წლიდან 2-3 კვირაში, როდესაც საზეიმო განწყობები გადაივლის და საზოგადოება ახალი მოცემულობისა და ნეგატიური გამოწვევების წინაშე აღმოჩდება – ასე აფასებენ სპეციალისტები ეკონომიკური კრიზისის მოსალოდნელ შედეგებს საზოგადოებაში. მათი თქმით, სოცილურ აფეთქებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ამისკენ მიმავალი რისკ-ფაქტორები იზრდება და რაც მთავრია, კრიმინალის მატების ერთ-ერთი გამომწვევი სწორედ ეკონომიკური კრიზისია.

საზოგადოებრვი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია “რეზონანსთან” საუბრისას განმარტავს, რომ ეკონომიკური პროცესები და ამის ფონზე, საზოგადოებაში არსებული განწყობები, პოზიტიური პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ იძლევა.

“მე ვფიქრობ, რომ რაღაც შანსები ხელიდანაა უკვე გაშვებული და ახლა, საზოგადოებრივი განწყობის არსებითად პოზიტიურისკენ შეცვლა, ან პანიკის შემცირება, ცოტა შეუძლებელი მგონია. ეს მთავრობას თავიდანვე უნდა გაეთვალისწინებინა და რაღაცეები უკეთ განემარტა. არა იმ ფორმით, რომ პრობლემები არ არსებობს, არამედ აეხსნა, საით მიდიოდა ეს პროცესი, რა შეიძლება მოჰყოლოდა და ა.შ. საერთო ჯამში, ხელისუფლებამ საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით, იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ თუკი აქ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, რამე პოზიტიური მიმდინარეობს (მე ეკონომისტი არ ვარ და ზუსტად ვერ ვიტყვი), ახლა ამის ჩვენებაც კი შეუძლებელია”, – ამბობს არჩილ გამზარდია და აღნიშნავს, რომ საზოგადოება ნეგატიური გამოწვევის წინაშე, დაახლოებით, ერთ თვეში აღმოჩნდება. “როგორც წესი, ადამიანები ახალ წელს მაინც უფრო პოზიტიურად ხვდებიან ხოლმე, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, რადგან მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს. 90-იან წლებშიც კი შესაძლებელი იყო, რომ ახალ წელს პოზიტიურ ტალღაზე შეხვედროდნენ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პრობლემები დაიწყება ახალი წლიდან 2-3 კვირაში, როდესაც ასე თუ ისე, ეს საზეიმო განწყობები გადაივლის და საზოგადოება ახალი მოცემულობისა და ნეგატიური გამოწვევების წინაშე აღმოჩდება”, – ამბობს არჩილ გამზარდია.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებასთან მუშაობა უკვე უნდა დაიწყოს და მოსალოდნელი შედეგებისთვის რაღაც ფორმით შეამზადოს.

“ხელისუფლებამ რაღაც ფორმით უკვე უნდა იმუშაოს იმაზე, როგორ შეამზადოს საზოგადოება, რომ ერთი მხრივ, თავად არ აღმოჩდეს სირაქლემას პოზიციაში, მეორე მხრივ, არ დააპანიკოს მოქალაქეები და მესამე, შეამზადოს ისინი, რომ მერე, როგორღაც არაფეთქებად რეჟიმში გაგრძელდეს პროცესი. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ეს ძალიან რთული პროცესია”, – ამბობს არჩილ გამზარდია. მისი შეფასებით, საზოგადოებაში სოციალური აფეთქების ტენდენცია ჯერ არ შეიმჩნევა, თუმცა ამისკენ მიმავალი რისკ-ფაქტორები იზრდება.

“მე ვფიქრობ, ჯერ ასეთი რამ არ შეიმჩნევა, მაგრამ ასეთ ტენდენციას ქმნის, რამდენიმე წინაპირობა. ერთი, ეს არის საზოგადოებრივი დეპრესია და მეორე მზარდი საზოგადოებრივი რისხვა. საერთო ჯამში, საზოგადოებისთვის არცერთი არ არის კარგი, რადგან დეპრესია დიქტატურის ჩამოყალიბების დიდი საშუალებაა და რაც შეეხება საზოგადოებრივ რისხვას, ჯერ ამის წინაპირობა არ გვაქვს. იმიტომ, რომ არ არსებობს გონივრული, ნდობით სავსე ოპოზიცია, რომელმაც შეიძლება საზოგადოებრივი პროცესების გამოყენება დაიწყოს და სათავეში ჩაუდგეს. ჯერჯერობით საამისოდ ხელშესახები ნეგატივი არ გვაქვს. აი მერე უკვე, კანონში ცვლილებები, აქციზის, ზოგადად ფასების მომატება, ეს ყველაფერი ახალი წლების მერე იწყებს ამოქმედებას და აი აქ უკვე საზოგადოების პულსი აჩვენებს რა პერსპექტივები შეიძლება იყოს. ამ წუთის გადასახედიდან, სოციალური აფეთქების წინაპირობა არ ჩანს, მაგრამ ამისკენ მიმავალი რისკ-ფაქტორი, პრინციპში იზრდება”, – განმარტავს არჩილ გამზარდია და აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდანაც ნეგატიურმა ფაქტორებმა იჩინა თავი.

მაგალითად, შსს-ს კუთხით ცოტა ნეგატიური ფაქტორები გამოჩდა. იგივე სტატისტიკის კუთხით, ბოლო პერიოდში გახშირებულ ძალადობებზე, რაც მაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება თვითონაც ვარაუდობს ნეგატიური პროცესების შესაძლებლობას და ძალოვანი უწყებებიდან ამაზე მუშაობას იწყებს. არ ვიცი ეს ჩემი ვერსიაა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან, ეს პერსპექტივა მოჩანს”, – ამბობს არჩილ გამზარდია და ეკონომიკური კრიზის გადატანის ევროპული მაგალითი მოჰყავს.

„ევროპაც იყო ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, მაგრამ იქ სახელმწიფოც და საზოგადოებაც ერთად ცდილობდა ამის გადაგორებას. თეორიულად, ჩვენთანაც არის ამის შესაძლებლობა, მაგრამ მე ვფიქრობ, საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით ხელისუფლება ძალიან ცუდად მუშაობს. ამას ემატება ისიც, რომ შიგნით ხელისუფლებაშიც არის ერთმანეთს შორის გარკვეული ნეგატიური დინებები და ის მომენტი, რომ “ქართული ოცნება” თვითონვე არ არის ერთსულოვანი (რაც გარეთ არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა), ეს თვითონ ხელისუფლებაშივე ქმნის დაინტერესებულ მხარეებს, რომ რაღაც პროცესებს, მათ შორის ნეგატიურს, ხელი შეუწყონ და ერთმანეთის წინააღმდეგ წავიდნენ. შესაბამისად, რომელიღაც კონკრეტულმა მხარეებმა გაიმარჯვონ”, – აცხადებს არჩილ გამზარდია.

რაც შეეხება გახშირებულ კრიმინალს და ძალადობის ფაქტებს, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევებს ეკონომიკურ კრიზისს ვერ დავუკავშირებთ, რასაც კრიმინალზე ვერ ვიტყვით.

“სიმართლე რომ გითხრათ, ზოგადად, ოჯახში ძალადობის ფაქტებს არ ვუყურებ, როგორც ეკონომიკური ფაქტორის ანარეკლს. ეს უფრო მრავალწახნაგიანი თემაა. იმიტომ, რომ ძალადობის კერა ხშირად კი არის სოციალურად გაჭირვეული ოჯახები, მაგრამ ისინი სოციალურად ისედაც მძიმე ვითრებაში იყვნენ და ახლა ამ ეკონომიკურმა პროცესებმა მათთვის არაფერი შეცვალა. როდესაც სახლი არ გაქვს, მიწისქვეშაში ან მუყაოს ყუთში ცხოვრობ, არ გაქვს საკვები, შენთვის ამაზე უარესი აღარაფერი მოხდება, ამაზე უარესად ყოფნა უკვე შეუძლებელია. ხოლო სხვა შრეებში, როდესაც რამდენჯერმე ასეთი ტიპის ძალადობა იყო, იქ უფრო ქონებრივ დავას ეხებოდა და ამას სოციალურ ფონს ვერ დავუკავშირებთ. აი, რაც შეეხება კრიმინალს, ეკონომიკური პროცესების გართულების დროს, ამან შეიძლება იმატოს. მაგრამ საშუალო სტატისტიკურ ოჯახში ეკონომიკური ფონის გამო ძალადობის მატება არ არის. თუნდაც, 90-იან წლებში კრიმინალმა მოიმატა, მაგრამ ოჯახები და სამეზობლო მაშინ უფრო შეკრული იყო”, – ამბობს არჩილ გამზარდია.

როგორც სოციოლოგი ამირან ბერძენიშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები ყველა ფენას განურჩევლად შეეხო, რაც საზოგადოებაში გაურკვევლობის სინდრომს არჩენს.

“ეს ეკონომიკური პროცესები ყველას ერთნაირად შეეხო, მდიდარსაც და ღარიბსაც. ნათელია, რომ ლარის მდგომარეობა ყველას აწუხებს, ბიზნესმენია ის, ხელფასიანია, თუ უხელფასო. ახალ წელს ყველა ცდილობს, რომ პოზიტიურად შეხვდეს, მაგრამ ლარის მდგომარეობა სულ უფრო უკან მიდის და ვერავინ აჩერებს. საზოგადოებას ალბათ მოუწევს რაღაცების მოკლება. ახლა მთავარია, ხელისუფლებამ დაარეგულიროს ლარის ამგვარი ტენდენცია. თუმცა, მოსახლეობაში არის მოლოდინი, რომ დოლარის კურსი 3 ლარამდე აიწევს. საბოლოოდ რა როგორ იქნება, არავინ იცის, რის გამოც საზოგადოებაში გაურკვევლობაა. ეს კი ყველაზე ცუდი რამაა, რადგან გაურკვევლობა საზოგადოებაში ძალიან დიდ შფოთს ბადებს”, – ამბობს ამირან ბერძენიშვილი.

როგორც სოციოლოგი განმარტავს, სოციალურ აფეთქებაზე საუბარი გადაჭარბებულია, თუმცა ვარაუდობს, რომ მარტის თვიდან ხელისუფლებას საზოგადოებისგან ზეწოლა ექნება. “ახლა იმაზე საუბარი, რომ ეს უკმაყოფილება სოციალურ აფეთქებაში გადაიზრდება, ნაადრევია. საამისო ჯერ არაფერია. ამ პროცესებს საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც გაგებით ეკიდება. მითუმეტეს, არჩევნები სულ ახალახან იყო და საზოგადოებას ოპოზიციური პარტიების მიმართ დადებითი დამოკიდებულება დიდად არ გამოუხატავს. მაგრამ, თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, მარტის შემდეგ საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებას გარკვეული ზეწოლა ექნება”, – ამბობს ამირან ბერძენიშვილი.

„რეზონანსი“, 20 დეკემბერი, 2016 წელი

კრიზისი საშუალო ფენას მთლიანად გაანადგურებს

შეივსება ღარიბ-ღატაკთა არმია და ამით გაღატაკდება ქვეყანაც

მარიამ მაჭავარიანი

სპეციალისტები საშუალო ფენის გაქრობის საშიშროების შესახებ აფრთხილებენ ხელისუფლებას, რაც ეკონომიკას მძიმე ტვირთად დააწვება. ლარის დევალვაციას მდიდრები როგორმე გაუძლებენ, ღატაკები კიდევ უფრო გაღატაკდებიან, ხოლო ყველაზე მრავალრიცხოვანი – საშუალო ფენა არა მარტო გაღარიბდება, არამედ გაქრობის გზას დაადგება.

ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ შეუძლებელია საქართველოში საშუალო ფენა გაქრეს, რადგან იგი რეალურად არც არსებობს. შეიძლება ითქვას, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიეკუთვნება ღარიბ ფენას.

ეკონომიკის ექსპერტი პაატა აროშიძე “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას ადასტურებს, რომ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკისა და საზოგადოების წამყვანი ძალა საშუალო ფენაა, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ცოტაა. ამ შემთხვევაში საერთაშორისო მონაცემებით უნდა ვიმსჯელოთ. თუკი ადამიანს 5 დოლარზე ნაკლების ხარჯვის საშუალება აქვს დღის განმავლობაში, მაშინ ის მიეკუთვნება ღარიბ-ღატაკ კატეგორიას. საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ასეთ დონეზეა.

“საქართველოში ჯერ კიდევ “შემორჩენილნი” არიან ის ადამიანები, რომლებიც საშუალო ფენას მიაკუთვნებენ თავს. მათი ოჯახის შემოსავალი თვის დაახლოებით 600-დან 1000 ლარამდე მერყეობს. 3-4 წლის წინ ეს თანხა შეიძლება არ ეჭარბებოდა ოჯახს, მაგრამ საკმარისი იყო იმისთვის, რომ ოჯახს კვლავწარმოება შეენარჩუნებინა. დღეს, როდესაც ქვეყანა იმპორტდამოკიდებულია, როდესაც ვერ ვაწარმოებთ ვერავითარ საშინაო პროდუქციას, დევალვაციის გამო ძვირდება პროდუქტი, ეს ნიშნავს, რომ 600 და 1000 ლარი სრულიად არასაკმარისია. საშუალო ფენას სჩვევია არასეზონური ხარჯვა. მოდის ახალი წელი და ყველა ოჯახს სურს არა იმდენად თავის გამოჩენა, რამდენადაც ჩვეულებრივი საახალწლო ტრადიციის დაცვა. ამიტომაც ქართული ოჯახები წლის განმავლობაში დანაზოგს აგროვებენ, რათა ახალ წელს ღირსეულად შეხვდნენ და ნორმალური სუფრა ჰქონდეთ. წლევანდელი დანაზოგი კი რამდენად საკმარისი იქნება ამისათვის? ძალიან ძნელივ ამაზე საუბარი. საშუალო ფენა ქვეყანაში, პრაქტიკულად, იშლება და ის შეავსებს ღარიბ-ღატაკთა პროცენტულ მაჩვენებელს. ამით ღატაკდება ქვეყანაც”, – აღნიშნა პაატა აროშიძემ.

ამ დროს ნებისმიერი ქვეყნის ძირითადი განვითარება მოდის სწორედ საშუალო ფენაზე. პირველ რიგში, საშუალო ფენაა აქტიური სამუშაო ძალა, სწორედ ისინი არიან სამეწარმეო უნარით დაჯილდოებული ადამიანები. როდესაც ბიზნესი ჩაკეტილია, საშუალო ფენას სამუშაო არეალი ეზღუდება. ამიტომაცაა, რომ ხალხმა ასე აიტაცა ვიზალიბერალიზაცია. მათი ერთადერთი სურვილია, როგორმე გააღწიონ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და დარჩნენ საზღვარგარეთ. ერთადერთ ხსნას ჩვენი საშუალო ფენა, ანუ მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს იმაში, რომ ოჯახის ერთი წევრი მაინც წავიდეს უცხოეთში, იქ იმუშაოს და საკუთარი ოჯახის სარჩენად გარკვეული თანხა გადმორიცხოს საქართველოში.

“რთულია იმის თქმა, პროცენტულად რამდენს შეადგენს საშუალო ფენა. ღარიბ-ღატაკი მოსახლეობა 50% მაინც იქნება. ესეც შედარებითია და ეს ყველაფერი უნდა დავთვალოთ საქართველოს სინამდვილიდან გამომდინარე. შესაძლოა, რომელიღაც ქართველი საკუთარ თავს მდიდართა კატეგორიას აკუთვნებდეს, მაგრამ ქართველი “მდიდარი” შვეიცარიის ან ამერიკის სინამდვილიდან გამომდინარე, სულაც არ არის მდიდარი და ის მხოლოდ საშუალო ფენას მიეკუთვნებოდეს. მაგალითად, ამერიკელ ღარიბს სულ სხვა მოთხოვნები აქვს, ვიდრე ქართველ ღარიბს. შეიძლება, ადამიანი თავს არ აკუთვნებდეს ღარიბთა კატეგორიას, მაგრამ რეალურად მისი შემოსავალი სწორედ ღარიბისთვის დამახასიათებელი იყოს. ჩემი გათვლით, საქართველოში საშუალო ფენა შეიძლება იყოს 30-35%, სადღაც 50-დან 60%-მდე ღარიბი მოსახლეობაა, დანარჩენი 5% კი პირობითად მდიდარი მოსახლეობაა, რომელიც მხოლოდ საქართველოს სინამდვილეში შეიძლება ჩაითვალოს მდიდრად”, – აცხადებს პაატა აროშიძე.

საშუალო ფენის გაქრობა, პირველ რიგში, ჩვენს დემოგრაფიას დაწვება ტვირთად. ეს პროცესი, ძირითადად, დამახასიათებელია პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, სადაც ძალიან დიდი უთანაბრობაა მდიდრებსა და ღარიბებს შორის. შრომისუნარიანი მოსახლეობის საზღვარგარეთ გადინება კი ადგილობრივ, ანუ სამამულო ეკონომიკაში ნაკლები თანხის დაბანდებას ნიშნავს. ეს არა მხოლოდ ქვეყნის შორეულ პერსპექტივაზე აისახება ნეგატიურად, არამედ საშუალოვადიან პერსპექტივაშიც ამცირებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. საზღვარგარეთ წასული უამრავი ადამიანი, რომელთა საშუალო ასაკიც 24-დან 55 წლამდეა, საკუთარ ქვეყანაში ვერ ნახულობს ანაზღაურებად სამუშაოს და მიისწრაფის უცხოეთისკენ.

“ეს პროცესი ყველაფერზე მოქმედებს – ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სოციალურ ვითარებაზე, თავდაცვისუნარიანობაზე. ყველაფერი ეს ერთიანობაში ქვეყნის დამაკნინებელია. სამწუხაროდ, მივეკუთვნებით ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აფრიკისა და აზიის დაბალგანვითარებული სახელმწიფოები. თუნდაც იგივე სომხეთი ავიღოთ, იქ ცხოვრების დონე საკმაოდ დაბალია და პრაქტიკულად, საშუალო ფენა არც არსებობს. ასეთ ქვეყნებში ან ღარიბები არიან, ან მდიდრები. თანაც, მდიდრები მოიხმარენ არა ადგილობრივ, არამედ იმპორტირებულ პროდუქციას, ღარიბები კი იძულებულნი არიან, კიდევ უფრო გაღატაკდნენ, რადგან იმპორტირებული პროდუქცია მათაც უნდა მოიხმარონ, რადგან ადგილობრივი წარმოება განუვითარებელია”, – დასძინა პაატა აროშიძემ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ავთანდილ სილაგაძე მიუთითიებს, რომ თუკი 25%-ზე მეტით ხდება დევალვაცია, ასეთ შემთხვევაში, ქვეყანაში არასტაბილურობა სახეზეა. არამყარი სიტუაცია აისახება არა მარტო საშუალო და ღარიბ ფენაზე, არამედ ბიზნესზეც.

თუკი ბიზნესი არ იგრძნობს სტაბილურობას და არ ეცოდინება, ხვალ როგორი იქნება ვალუტის კურსი, რომელსაც ანგარიშსწორებისთვის იყენებს, ცხადია, ისიც არასტაბილური გახდება. ამ თვალსაზრისით ბოლო პერიოდში ვითარება დამძიმებულია.

“საქართველში საშუალო ფენა რეალურად არც ჩამოყალიბებულა, როგორც ეს ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყანაში უნდა იყოს. საშუალო ფენის დღევანდელი მდგომარეობა მთლიანად ეკონომიკის არასტაბილურობის საწინდარია. პირველ რიგში, ქვეყანაში უნდა შეიქმნას ეროვნული პროდუქტი, ეროვნული წარმოება უნდა განვითარდეს. არ შეიძლება, ყოველთვის სხვაზე ვიყოთ დამოკიდებულნი.

დღეს სადღაც 6 მილიარდი დოლარის ფარგლებშია ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა. საკმაოდ მწვავე სიტუაციაა და ამის კომპენსირება ხდება სხვადასხვა გზით – საგარეო ვალებით, უცხოური ინვესტიციებით და სხვა. ჩვენ საგარეო ფაქტორებზე ვართ დამოკიდებულნი, მაგრამ შეგვიძლია, ქვეყანაში ეროვნული წარმოება განვავითაროთ. სოფლის მეურნეობაში ბოლო დროს გატარებული ღონისძიებები არსაკმარისი იყო. უმდიდრესი ქვეყანა არ ვართ, მაგრამ რაც გაგვაჩნია, იმ შესაძლებლობასაც ვერ ვიყენებთ. ამიტომაც არ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები”, – აღნიშნა ავთანდილ სილაგაძემ, რომლის აზრითაც, დღეს ქვეყანაში საშუალო ფენას ყველაზე მეტად უჭირს.

ამდენად, როცა ამ ყველაზე დიდ მასას შემოსავალი არ აქვს, მოთხოვნა მცირდება, რაც ეკონომიკაზეც აისახება. ამ დროს კი ქვეყანაში აქცენტი გადატანილია იმაზე, როგორმე მაღალი ინფლაცია არ იყოს.

“ვერავინ დამაჯერებს, რომ ინფლაცია 0,2%-ია. ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ციფრები რად გვინდა, როცა რეალობა სხვაგვარია. ამიტომ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. მესმის, რომ ინფლაციის მიზნობირივი ნრიშნული 5%-ია და მაღალი მაჩვენებლის დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობაც შეიძლება დადგეს. თუმცა, რაც არ უნდა ვაფიქსიროთ, რომ ინფლაცია 0,2%-ია ან კიდევ 1%-ია, ქვეყანაში გაცილებით მეტი, 5%-ზე მაღალი ინფლაციაა. ამ დროს კი ჩვენ ვცდილობთ სინამდვილე დავმალოთ და ვიღაცის თანამდებობა შევინარჩუნოთ. ჩვენში ინფლაცია რეალურად არ ფიქსირდება. ეს მაშინ, როცა გახვალთ ბაზარში და უბრალო გამოკითხვას ჩაატარებთ, თუ რა ღირდა გუშინ და რა ღირს დღეს პროდუქცია. ცალსახად ჩანს, რომ ეს მაჩვენებელი სწორი არ არის. ქვეყანაში რაღაც ჯგუფი უნდა არსებობდეს, რომელმაც დამოუკიდებლად უნდა ჩაატაროს სამომხმარებლო ფასების დინამიკის შესახებ გამოკითხვა სამომხმარებლო კალათის ფარგლებში. მაშინ ვნახავდით ოფიციალურ სტატისტიკასა და რეალობას შორის აშკარა განსხვავებას”, – ამბობს ავტანდილ სილაგაძე.

საშუალო და მცირე ბიზნესი საქართვლეოში 20%-ის ფარგლებშია, დანარჩენი პროცენტები კი მოდის მსხვილ ბიზნესზე; ისინი განაგებენ ყველაფერს, საშუალო და მცირე ბიზნესი კი არ ვითარდება. სტაბილური სიტუაცია არც ერთ ქვეყანაში არ შეიქმნება, სადაც საშუალო ფენა არ იარსებებს.

“ჩვენთან ხან 2020 წლის სტრატეგია აქვთ, ხან 4-პუნქტიანი და ხანაც 10-პუნქტიანი გეგმა. დილით ერთია პოლიტიკა, საღამოს – მეორე. ვერ ჩამოვყალიბდით, რომელ პოლიტიკას მივყვებით. დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკა ქაოსურობის ელემენტებს შეიცავს. იგივე დამოკიდებულებაა დედოლარიზაციასთან დაკავშირებით. რეალურად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არც აინტერესებთ საშუალო ფენა. ჩვენც პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ. მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში ეს პრობლემა აშკარა და შესამჩნევია”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” ავთო სილაგაძემ.

„რეზონანსი“, 20 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „მოსახლეობაში 90-იანი წლების აჩრდილი წამოტივტივდა

ეკატერინე ბასილაია

“მმართველი წრეები ინტელექტის გარეშე მართავენ სისტემას და ეს მოგვცემს იმას, რომ სულ უფრო მეტი შეცდომები იქნება დაშვებული ამა თუ იმ მიმართულებით”, – “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის თქმითაც, აშკარაა, რომ ლარის კურსის ასეთი კატასტროფული გაუფასურების გამო ხელისუფლება პანიკაშია და ამ პანიკიდან იყო გამოწვეული გადასახადების გაზრდაც, რკინიგზისა და ასევე “ნავთობისა და გაზის” კორპორაციის აქციების გაყიდვის დაანონსებაც და მთავრობის წევრების მხრიდან არაადეკვატური და ლამის ცინიზმამდე მისული განცხადებებიც.

უფრო მეტიც, რამაზ საყვარელიძის თქმით, მას ეკონომისტებისგან ინფორმაცია აქვს, რომ დასავლეთის ბანკებმა საქართველოს მოსთხოვეს, ლარი მიუშვას, ხელოვნურად არ გაამყაროს და ლარმა ის დონე დაიკავოს, რაც ბაზრის მიხედვით ეკუთვნის და იმედს ტოვებს, რომ კურსის დაცემა კუპონამდე არ მოხდება და 90-იან წლებში არ დავბრუნდებით.

- 2016 წელი საქართველოში ალბათ ყველას ლარის კატასტროფული გაუფასურებით დაამახსოვრდება. ეკონომიკის ექსპერტები პროგნოზირებდნენ, რომ საახალწლო მიჯნაზე ლარი გაუფასურებას დროებით შეწყვეტდა, თუმცა ლარი დღესაც 5 თეთრით გაუფასურდა. რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება ბოლო წლებში ლარის კურსის დასტაბილურებას?

- ლარის გაუფასურების პროცესი ადამიანებზე ფინანსურადაც მოქმედებს და ბევრ მათგანზე ფსიქოლოგიურადაც. ეს აჩენს იმის განცდას, რომ სახელმწიფო ეკონომიკურად მყარად ყოფნას ვერ ახერხებს და ქვეყანაში ყველაფერი წესრიგში არ არის. მოსახლეობაში 90-იანი წლების აჩრდილიც წამოტივტივდა… მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს დასტაბილურებას და არც ახერხებს. ეკონომიკაში ჩახედულმა ადამიანებმა წარმომიდგინეს სურათი, რაც ჩემთვის ლოგიკური იყო. კერძოდ ის, რომ დასავლეთის ბანკებმა საქართველოს მოსთხოვეს, ლარი მიუშვას, ხელოვნურად არ გაამყაროს და ლარმა ის დონე დაიკავოს, რაც ბუნებრივად, ბაზრის მიხედვით ეკუთვნის. აქამდე ლარის კურსი პრაქტიკულად ხელოვნური კურსი იყო.

ამიტომაც ამან გამოიწვია კურსის დაცემა. სავარაუდოა, რომ კურსის დაცემა კუპონამდე არ მოხდება, რადგან ლარის კურსი ალბათ მეტია, ვიდრე კუპონის იყო. თუკი ეს მოძრაობა არის ბალანსის ძებნისკენ, ბალანსის შექმნის შემდეგ პროცესი შეჩერდება და დაიწყება რაღაც ახალი. ეს შოკური თერაპიის ნაწილია და თუ გავიხსენებთ, ეკონომიკაში შოკური თერაპიის გზა გაიარეს გერმანიამ, პოლონეთმა სადაც ნულოვანი წერტილიდან დაიწყო ბევრი რამ. თუ ეს გამიზნული, შეგნებული და გათვლილი პროცესია, ბევრი უსიამოვნება გველოდება იმის შანსით, რომ მომავალში მყარად დადგეს ქართული ეკონომიკა. თუკი ეს ასეა, მაშინ ხელისუფლებამ ამ ვარიანტში ლოგიკა დაგვანახოს, უფრო ფართო მსჯელობის საგანი იყოს და ეს მოსახლეობამ იცოდეს. ამას პოლიტიკური გამბედაობა უნდა, მაგრამ ამის თქმა პოლიტიკურად წამგებიანიც რომ იყოს, ის განცდა მაინც არ ექნება მოსახლეობას, რომ ხელისუფლება უუნაროა. ამიტომაც სჯობს, გაიხსნას შინაარსი, საყველპურო ენით აუხსნას ადამიანებს რა ხდება ქვეყანაში, საითკენ მიჰყავთ ქვეყანა, ვიდრე გაუგებრობაში ვიყოთ და ისეთი შეცდომების დაშვება გააგრძელონ, როგორიც რამდენიმე მინისტრმა დაუშვა. ზოგი რას იძახდა და ზოგი – რას.

გეჩვენებათ, რომ ლარის კურსი იცვლება და ა.შ. ბოლო დროს ასეთ ოდიოზურ განცხადებებს მოუკლეს, ეს მისასალმებელია, მაგრამ თუ მკაფიოდ ჩამოაყალიბებენ ეკონომიკის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას, ეს ხელისუფლებისთვისაც კარგი იქნება, მოსახლეობაზე რომ არაფერი ვთქვათ.

- როდესაც მოსახლეობის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხობენ იმით, რომ ლარის გაუფასურება არ უნდა დაიჯერონ და ეკონომიკა თურმე ჯანსაღადაა, ეს ჩანს თუ არა ცინიკურად?

- შეიძლება რეალურად ცინიზმი არ ჰქონდეს გულში ჩადებული ამ განცხადების რომელიმე ავტორს, მაგრამ ასეთი განცხადებები აღიქმება ან ცინიზმად, ან განმცხადებლის არაადეკვატურობად. ხან ქუჩაში, ან ბაზრობაზე მხვდებიან ადამიანები და მათ უთქვამთ, ლარს ეშველება თუ არა რამე, ეს ალბათ ბევრ სხვა ფაქტორზეც არის დამოკიდებული, მაგრამ ესენი ამ სისულელეებს რატომ ამბობენ და ნერვებს რატომ გვაგლიჯავენო?!

ხელისუფლების მიმართ ლარის რეგულაციის პრეტენზიაზე მეტად ადეკვატური განცხადებების გაკეთების მოთხოვნაა. ასეთ დაძაბულ პერიოდში თითოეულ სიტყვას, ინტონაციას დიდი წონა აქვს და შეცდომის დაშვება თქმაშიც არ შეიძლება.

- თქვენ განაცხადეთ, ლარი ალბათ იმ წონასწორობას უბრუნდება, რომელიც ბაზრის მიხედვით ეკუთვნის და ამიტომ უფასურდებაო. გამოდის, რომ “ქართული ოცნება” სულ ტყუილად აბრალებდა ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს გაუფასურების ხელშეწყობას და ეს გათვლილი პოლიტიკური თავდასხმა იყო?

- ეს ხელისუფლება მოსწავლეც არის. გარკვეულ ნაწილს 4 წლის გამოცდილება აქვს, ნაწილს – არა. ისევე, როგორც ჩვენთვის არის მოულოდნელი ბევრი რამ და დღევანდელმა რეალობამ გაგვაკეთებინა დასკვნა, რომ შეიძლება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ბრალი არ იყო იმდროინდელი გაუფასურება, ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი აღმოაჩენდა ამ მოვლენას. ჩვენც ვსწავლობთ და ისინიც, უბრალოდ მათი ახლა სწავლა მოსახლეობას ბევრად ძვირი გვიჯდება.

- ნოდარ ხადურის კრიტიკა იყო ყველაზე ხშირად გასულ წლებში და მისი შემცვლელის დროს ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ქართული ეკონომიკა და ლარი. რატომ ვერ მოძებნა “ქართულმა ოცნებამ” უფრო კომპეტენტური კანდიდატი, რომელიც ნაკლებ შეცდომებს დაუშვებდა და ნაკლებად აზარალებდა სისტემას?

- ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოვლენები გვასწავლიან რაღაც-რაღაცეებს და როდესაც ურემის გადაბრუნების შემდეგ ჩანს გზა. ვისურვებდი, რომ ხელისუფლებამ მეტი ყურადღება თანამდებობის პირების კომპეტენციას მიაქციოს. ჩვენ კომპეტენციას არ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას და ვიძახით ხოლმე, რომ გამოვცვალოთ. რომ ვცვლით, რითი ვცვლით? გვაქვს კომპეტენტური ადამიანების ისეთი სიჭარბე, რომ ადვილი იყოს თანამდებობის ადეკვატური ადამიანის პოვნა?! თუ არ გვაქვს და მე ეჭვი მაქვს, რომ არ გვაქვს, თითოეული ადამიანის კომპეტენცია მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

ერთ-ერთ ინტერვიუში ლადო პაპავამ თქვა, ეკონომისტები არ უყვართო. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომისტებში არის განცდა, რომ მათ არ იყენებენ, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მაგალითად ფინანსთა მინისტრი უნდა იყოს გადასარევი ეკონომისტი, მაგრამ ის უნდა იყოს ადამიანი, რომელიც პროფესიონალ ეკონომისტებს მოუყრის თავს და გამოიყენებს. პროფესიონალების, ინტელექტუალურ გუნდების, გამოყენების მხრივ უნდა იყვნენ კარგი მენეჯერები და არა ბრძანებების დაწერის მხრივ. რადგან ხშირად სულელურ ბრძანებებს აწერენ ხოლმე ხელს და მერე ის ძნელი გამოსასწორებელი ხდება. რამე მექანიზმი, რომ სხვების ცოდნა ამუშავონ, არც ერთ უწყებაში არ არსებობს. ეს იმას იწვევს, რომ თვითონ ინტელექტუალებიც იფიტებიან და იმასაც, რომ მმართველი წრეები ინტელექტის გარეშე მართავენ სისტემას. ეს სურათი მოგვცემს იმას, რომ სულ უფრო მეტი შეცდომები იქნება დაშვებული ამა თუ იმ მიმართულებით.

- ეკონომისტების ნაწილის თქმით, როდესაც ხელისუფლება ვერ აჩერებს ლარის კურსს და მოსახლეობას ეკონომიკურ სიდუხჭირეს ვერ უმსუბუქებს, გადასახადების გაზრდა უსამართლობაა. ერთი, რომ წინასაარჩევნოდ ეს ამომრჩეველს დაუმალეს და გამოდის, რომ მოგვატყუეს. მეორეც, თავად “ქამრების შემოჭერას” ხელფასები-პრემიების შემცირებით არც აპირებენ...

- ხელისუფლება აანონსებს, რომ 10%-ით შემცირებები იქნება, ეს შეეხება გარკვეული შტატების გაუქმებას თუ არსებული თანამშრომლების სახელფასო და საპრემიო განაკვეთების შემცირებას, ეს დეტალები არ ვიცი. მხოლოდ თანამშრომლების შემცირება პიარის თვალსაზრისით ეს წამგებიანია. ამ მძიმე პირობებში ყველაზე მომგებიანი გულახდილი ლაპარაკია.

მაღალი ხელფასების შენარჩუნებას აქვს ლოგიკა, ეს გჭირდება იმისთვის, რომ სახელმწიფო მოხელემ ქრთამი არ აიღოს. არის კი საჭირო მაგ გზით სიარული? თუ მექრთამე გყავს შემადგენლობაში, რაც არ უნდა ხელფასი დაუნიშნო, ის ქრთამს მაინც აიღებს. ევროპული გამოცდილების მექანიკური გადმოტანა არ მგონია გამოსადეგი იყოს.

რაც შეეხება წინასაარჩევნოდ გადასახადების გაზრდის დამალვას, მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება ახლა პანიკის გამო მიიღეს. პანიკიდან იყო გამოწვეული ის, რომ გადასახადებს ზრდიან, ასევე სატრანზიტო რესურსებს – რკინიგზისა და ასევე “ნავთობისა და გაზის” კორპორაციის აქციებს გაყიდვას უპირებენ – ანუ ყველა მიმართულებით დაიწყო პანიკური ნაბიჯები და ამიტომაც არის შიში, არის კი ყველა ეს ნაბიჯი გათვლილი?!

ეს პანიკური სტილი მაფიქრებინებს, რომ ეს ადრე მომზადებული პროცესი და ეს დღევანდელ დღეს შექმნილი სიტუაციის ეფექტია.

- ეკონომიკურად რამდენად ძვირი და მკაცრი ზამთარი გველოდება წინ?

- ზამთარი საერთოდ მკაცრი პერიოდია, გაზაფხულისთვის ყოველთვის ჯიბე ცარიელია ხოლმე, მაგრამ ეს ზამთარი სხვებთან შედარებით უფრო სუსხიანი იქნება. ამხელა გაუფასურებით ზამთარში შესვლა არ გვახსენდება.

- მოითმენს თუ არა მოსახლეობა კიდევ უფრო დამძიმებულ და ცარიელ ჯიბეებს და უნდა ველოდოთ თუ არა გაზაფხულზე დიდ პროტესტს?

- ხალხი მოითმენს, თუკი სხვა გზას ვერ დაინახავს და თუ ლიდერი არ გამოჩნდება. მაგრამ თუ გამოჩნდება ვინმე ლიდერი, ადამიანის ან პარტიის სახით, რომელიც გამოაცხადებს, რომ აი, სხვა გზა არსებობს და შევცვალოთ ეს მთავრობა, ხალხი რა თქმა უნდა მას გაჰყვება. ჯერჯერობით მოითმენს, სანამ შესაბამისი დამაჯერებლობის მქონე ლიდერი არ არის. თუმცა ქართველების რევოლუციურ სცენარებზე აყოლიება გაცილებით რთული იქნება, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო, რადგან შედეგში ყოველთვის უარესს ვღებულობდით. თუმცა უკმაყოფილების დროს გამორიცხული არაფერი არ არის. თუ ერთ სიტყვას იტყვი ისეთს, რომელიც ხალხის გულს მოხვდება, ხალხი წამოვა.

ქაჯები უნდა წავიდნენო – ერთი ფრაზა თქვა სალომე ზურაბიშვილმა და მეორე დღეს მასთან მისულმა ხალხმა იპოდრომი გაავსო. ასეთი ერთი ფრაზის მოძებნაა ყველაზე ძნელი და ლიდერმა ეს უნდა შეძლოს. თუ რამე გაჩნდება, ჩემი ვარაუდია, რომ გაჩნდება სრულიად ახალ ნიადაგზე და ახალი თამაშის წესებს შემოიტანს.

„რეზონანსი“, 20 დეკემბერი, 2016 წელი

მეტი ლარი, უფრო მეტი დევალვაცია!

რეფინანსირების სესხებით ან ბანკების გადარჩენა უნდათ, ან ბიუჯეტის

მარი ჩიტაია

რეფინანსირების სესხები რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. იმის ნაცლად, რომ ლარის გაუფასურების შემაკავებელ ღონისძიებებს მიმართოს, ეროვნული ბანკი მიმოქცევაში ლარის მასას დაუსაბუთებლად ზრდის. წლის ბოლოს რეფინანსირების სესხის მოცულობამ 1,5 მილიარდ ლარს მიაღწია. სავარაუდოდ, ბანკები სერიოზულ გასაჭირში არიან და ლიკვიდობის პრობლემა აქვთ ან სებ-ი ახდენს ბიუჯეტის დაკრედიტებას კომერციული ბანკების მეშვეობით, რითაც იგი უხეშად არღვევს კანონს.

საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად, თუ რატომ იზრდება რეფინანსირების განაკვეთი, ეროვნული ბანკი განმარტებას არ აკეთებს. მისი პოზიცია უცნობია საბანკო სფეროს სპეციალისტებისთვისაც, რომლებიც საკუთარ მოსაზრებებს ვარაუდის დონეზე გამოთქვამენ. ფინანისტების უმეტესობა ფიქრობს, რომ სებ-ის მიერ რეფინანსირების სესხის სახით გაცემული რესურსი კომერციული ბანკების გავლით მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში.

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი არ გამორიცხავს იმასაც, რომ ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა ჰქონდეთ, რაც ლარის კატასტროფული გაუფასურების ფონზე სავსებით შესაძლებელია.

“რეფინანსირების სესხი, როგორც წესი, გამოიყენება იმისთვის, რომ ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა მოუხსნან. არ ვიცი, ასეთი რა პრობლემა აქვთ ბანკებს და რატომ აღმოჩნდნენ გადაუდებელი საჭიროების წინაშე. შეიძლება დავუშვათ ისიც, რომ სახელმწიფო სესხულობდეს ბანკებისგან ფინანსურ რესურსს, რომლის კომპენსირებასაც ეროვნული ბანკი ახდენს რეფინანსირების სესხის ზრდით. სიმართლე გითხრათ, ძალიან მიკვირს, რატომ არ გვეუბნებიან სიმართლეს და მუდმივად რატომ დუმს ეროვნული ბანკი.

იმის გამო, რომ ვერც ერთი არგუმენტირებული მსჯელობა სებ-ის წარმომადგენლებისგან ვერ მოვისმინე, იძულებული ვარ, ვარაუდების დონეზე ვისაუბრო. არ ვარ ინფორმირებული, რა ხდება რეალურად და რატომ იზრდება რეფინანირების სესხი ქვეყანაში. ბანკებს თუ მართლა პრობლემა აქვთ, გამოდის, რომ საბანკო კრიზისის წინაშე ვართ. ჩემი აზრით, მთლად ასეც არ უნდა იყოს საქმე. არ ვიცი, რა აქვთ გეგმაში. თუ უნდათ, რომ ინფლაცია გაზარდონ და მიზნობრივ მაჩვენებელს მიაღწიონ, ესეც უნდა ითქვას”, – აცხადებს ჯანიაშვილი.

ექსპერტების ნაწილის მიუთითებს, რომ რეფინანსირების სესხების ზრდა ლარის კურსზე, შესაძლოა, პირდაპირ არ აისახოს, რამდენადაც კურსი დამოკიდებულია კომერციული ბანკების მოთხოვნაზე უცხოური ვალუტის მიმართ. ექსპერტ ლია ელიავას შეფასებით, რეფინანსირების სესხის სახით ბანკებზე გაცემული თანხა სახელმწიფოს ბიუჯეტისკენ მიიმართება.

“ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს თანხას აძლევს ფასიანი ქაღალდების შესაძენად, ანუ არაპირდაპირი სახით აკრედიტებს სახელმწიფო ბიუჯეტს. დასაშვებია ისიც, რომ ბანკებს პრობლემა ჰქონდეთ. სებ-ი ყოველთვის მალავს კომერციული ბანკების ფინანსური მდგრადობის თაობაზე ინფორმაციას და ამის დადგენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მთელი ინფორმაცია გააჩნია ეროვნულ ბანკს, მაგრამ ამას იგი უმალავს საზოგადოებას, როგორც ამას საბანკო კრიზისის დროს – 2009-10 წლებში აკეთებდა. ბანკებს სტაბილურობის პრობლემა შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ იგი კურსზე გავლენას არ მოახდენს იმ ფორმით, როგორც ეს ახლა ხდება.

სებ-მა თუ არ გაიკრა ჯიბეზე ხელი, თუ არ დახარჯა სავალუტო რეზერვები ლარის კურსის დასტაბილურებისთვის, ლარი გააგრძელებს ვარდნას და მისი შეჩერება უკვე შეუძლებელი გახდება. მთელი სავალუტო რეზერვები გაიტანეს საზღვარგარეთ და გაურკვეველი წარმოშობის ფონდებში შეიტანეს ფული, რამაც სავალუტო კრიზისი გააღრმავა. ფაქტობრივად, არ დატოვეს დოლარის რესურსი, რაც ლარის დევალვაციის პროცესს მეტ-ნაკლებად შეაჩერებდა. ახლა ყველაფერი გვიანია, კურსის ვარდნა გაგრძელდება, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტს აკლდება ფული. შესაბამისად, რეფინანსირების სესხებიც კიდევ უფრო გაიზრდება”, – აცხადებს ელიავა.

განსხვავებული პოზიციისაა საბანკო სფეროს სპეციალისტი მიხეილ თოქმაზიშვილი. მისი ვარაუდით, რეფინანსირების სესხების დინამიკაში ზრდა მთლიანობაში არის ჯანსაღი პროცესი, რათა სებ-ს ჰქონდეს ეფექტიანი მართვის საშუალება მონატერულ ბაზარზე.

“რეფინანსირების სესხების ზრდა განპირობებულია რამდენიმე მომენტით. ეს თანხა ეძლევა კომერციულ ბანკებს, რომლებმაც შემდეგში აღნიშნული სესხი ეკონომიკაზე უნდა გასცენ. ლარიზაცია გადაწყვეტილია, რის გამოც ბანკებს სჭირდებათ მეტი ფული, რომ გადასცენ შესაბამისი ბაზრის აგენტებს სესხის სახით. ამასთან, იგი ენაცვლება თანდათან დოლარს და ამითაც არის განპირობებული რეფინანსირების სესხის ზრდა”, – აცხადებს თოქმაზიშვილი და არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე პროცესი საბოლოოდ ეკონომიკურ აღმავლობასთან იყოს დაკავშირებული.

“მესმის, რომ რაც მეტი ფული გამოდის, გაუფასურებაც მეტია, თუმცა საპროცენტო განაკვეთებიც მცირდება. ამან, შესაძლოა, ინფლაციაზე, სამომხმარებლო ფასებზე იმოქმედოს. საბოლოოდ ეს პროცესი დაკავშირებულია ეკონომიკურ აღმავლობასთან, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მასტემულირებელია. თუკი ლარი შეიზღუდება, მაშინ მას შეენაცვლება დოლარი. ინტერვენციები სებ-ის მხრიდან უნდა განხორციელდეს ისე, რომ პროპორციები იყოს დაცული. სწორედ ეს საკითხი იდგა 8 წლის წინ, როცა მკვეთრად გაიზარდა რეფინანსირების სესხები, მაგრამ ახლა უფრო მკვეთრად იზრდება. მაშინაც იდგა საკითხი, რომ მომხდარიყო დოლარიზაციის შემცირება და ლარის მასის ზრდა, დღესაც იმ რეალობას დავუბრუნდით”, – აცხადებს თოქმაზიშვილი.

ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ მთავრობისა და ეროვნული ბანკის ქმედებები პრობლემურია, რაც პანიკური ვითარების შექმნას განაპირობებს. ეს კი უარყოთად მოქმედებს გაცვლით კურსზე. ლარის კურსის ვარდნის მიზეზებზე და მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე შეშელიძემ “აიპრესთან” ისაუბრა.

მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხების გაცემა და ლარის მასის ზრდა უნდა შეწყვიტოს. მთავრობამ უნდა შეაჩეროს პროგრამები, რომელიც იაფი სესხის აღების შესაძლებლობას გულისმობს და დაიწყოს პრივატიზების პროცესი. შეშელიძის თქმით, აუცილებელია შეჩერდეს საგარეო და საშინაო ვალების აღებაც.

——————–

„ახალი თაობა“, 20 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ოთარ ანგურიძესთან: „ეროვნულმა ბანკმა მკაცრი მონეტარული პოლიტიკა უნდა გაატაროს

ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ კანონმდებლებმა უნდა იმოქმედონ, რათა არარეგულირებადი ფინანსური სექტორი რეგულირებადი გახდეს.

- ბატონო ოთარ, მას შემდეგ, რაც პრემიერმა ლარიზაციის გეგმაზე ისაუბრა და სხვა რეგულაციებზე, ლარის კურსი კვლავ განაგრძობს გაუფასურებას. რასთან გვაქვს საქმე?

- რამდენიმე ფაქტორი არის გასათვალისწინებელი. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბანკის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა დოლართან დაკავშირებით დაემთხვა ამ პერიოდს. ფედერალური რეზერვების ბანკმა აიღო კურსი, რომ დოლარი გაამყაროს. ამ გადაწყვეტილებამ ავტომატურად გამოიწვია ყველა დანარჩენი ვალუტის გაუფასურება, რომელიც დოლართან არის დაკავშირებული. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვართ დაკავშირებული ამ ვალუტასთან და შესაბამისად შეგვეხო ეს პროცესი.

- ეს არის მხოლოდ მიზეზი?

- ამას დაემატა ისიც, რომ საკმაოდ დიდი გაუფასურება ჰქონდა ირანს, რომელიც საკმაოდ მსხვილი სავაჭრო პარტნიორია ჩვენი. მათი ინვესტიციები მსხვილად არის საქართველოს ეკონომიკაში წარმოდგენილი და, ბუნებრივია, ეს ასახვას ჰპოვებდა. ეს რაც შეეხება საგარეო ფაქტორებს. უმნიშვნელოვანესი, ყველაზე მთავარი ფაქტორი არის შიდა ფაქტორები.

- კონკრეტულად?

- ნაკლები რეგულაციები საფინანსო სექტორის, როდესაც ძალიან ბევრი მიმართულებით ფინანსების გადინება ხდება ერთი სექტორიდან მეორე სექტორში პრაქტიკულად უკონტროლოდ. საერთოდ არ ხდება მონიტორინგი და ჩარევა ეროვნული ბანკის მხრიდან. ესეც გარკვეული სახის ეჭვს იწვევს.

- ბანკები ხომ არის რეგულირებული ეროვნული ბანკის მიერ? ერთ-ერთმა ექსპერტმა ღიად დაადანაშაულა საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი მიმდინარე პროცესებში. თქვენი პოზიცია როგორია, მართლაც ასეთი დიდია მათი წვლილი?

- ბანკების მოქმედება რეალურად იწვევს ეჭვს, თუმცა მე კონკრეტულ ბანკებზე გადაჭრით ამის თქმა არ შემიძლია, რადგან ინფორმაცია არ მაქვს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს და მას შეუძლია ყველაფრის ღიად დაფიქსირება. ამ საკითხებზე სწორედ ეროვნულმა ბანკმა უნდა ისაუბროს ღიად.

როდესაც მე არასაკმარის რეგულირებაზე ვსაუბრობდი, ვგულისხმობდი ისეთ საფინანსო სექტორსა და მიმართულებას, როგორიც არის, მაგალითად, ონლაინ სესხები, ასევე სავალუტო ჯიხურები, ლომბარდები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომელთა რეგულაცია პრაქტიკულად არ არსებობს. რაც შეეხება კონკრეტულად ბანკებს, მათ რეგულაციასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. ამიტომ, ამ კითხვებს პირველ რიგში პასუხი უნდა გასცენ კანონმდებლებმა, თუ რატომ არ ხდება ქვეყანაში ამ სფეროების რეგულაცია.

მეორე მხრივ, ამ კითხვას პასუხი უნდა გასცეს ეროვნულმა ბანკმა _ რატომ არ არის მასზე დაქვემდებარებული სექტორები სრულყოფილად რეგულირებული?! ასევე, ეროვნული ბანკი რატომ არ ახდენს ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის გამოქვეყნებას?! აგერ უკვე მეხუთე წელი გადის, რაც არ გამოუქვეყნებია. ეს დამატებით კითხვებს აჩენს ეროვნული ბანკის მიმართ.

- ამ დოკუმენტის გამოქვეყნება რამდენად არის მნიშვნელოვანი?

- ცხადია, არის მნიშვნელოვანი, რადგან ეს დოკუმენტი ნაწილობრივ გასცემდა იმ კითხვებს პასუხს, რომლებიც დღეს ეროვნული ბანკის მიმართ არსებობს.

- დღეს ალბათ ეს არის მნიშვნელოვანი, თუ რა ნაბიჯი უნდა გადადგას ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილიზაციის კუთხით...

- პირველ რიგში, ეროვნულმა ბანკმა უნდა შეწყვიტოს რეფინანსირების სესხების ბანკებისადმი მიწოდება. დღეს კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკის დავალიანება მილიარდ 300 მილიონზე მეტი აქვთ. ეს არის შვიდთვიანი სესხი. წარმოგიდგენიათ ჯანსაღი სისტემა, სფერო, სუბიექტი, რომელიც სესხულობდეს მილიარდ 300 მილიონს 7 თვით?! ეს აჩენს კითხვას. მუდმივად ხდება ამ ვადის გადავადება ან დამატება. ასევე, როდესაც ამერიკის ფედერალური რეზერვების ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, ჩვენი ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს და უცვლელად ტოვებს იმ პოლიტიკას, რომელიც არსებობს. არადა, ჩვენი ეკონომიკა დოლარზეა მიბმული და ჩვენც ფეხი უნდა ავუწყოთ იმ ცვლილებებს, რომლებიც დოლართან დაკავშირებით ხდება. ასევე, ეროვნულმა ბანკმა უფრო აქტიურად უნდა იზრუნოს დედოლარიზაციის მიმართულებით.

- ზოგიერთი ეკონომიკური ექსპერტი პროგნოზირებს, რომ 1 დოლარი 3 ლარი გახდება. ეს პროგნოზი რამდენად რეალური მიგაჩნიათ?

- მე ასეთ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვისურვებდი, რომ არ გახდეს. თუმცა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ წარმოებულ პოლიტიკაზე.

- 2017 წელს შეიძლება ეს ინერცია გაგრძელდეს თუ შესაძლებელია უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლები გვქონდეს?

- გვაქვს შანსი, რომ კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები გვქონდეს 2017 წელს, განსაკუთრებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში. თუმცა, ეს ყველაფერი საბოლოოდ მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ეროვნული ბანკი რამდენად მისცემს ლარს უფრო მეტად გაუფასურების ან გამყარების საშუალებას. თუ ეროვნული ბანკი დაიწყებს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის განხორციელებას და დაიწყებს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას, რაც ლარის კურსის სტაბილიზაციაზე აისახება.

„ახალი თაობა“, 20 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ლაშა ჩხარტიშვილთან: „ხელისუფლება გონს დროზე თუ არ მოეგება, ცუდად დაამთავრებს“ // 24 დეკემბერს კანცელარიასთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება

როგორ უნდა შეაჩეროს ხალხმა ხელისუფლების თავგასულობა, რა ბიზნესები გადაიბარა ნაციონალებისგან „ქართულმა ოცნებამ“, რა გეგმები აქვთ არასამთავრობოებს? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება.

- დეკემბრის დასაწყისში თქვენ განაცხადეთ რომ ლარის გაუფასურებას და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მუშაობას აქციებით გააპროტესტებდით. პირველი გამაფრთხილებელი აქცია 15 დეკემბერს უნდა გაგემართათ. აქცია არ გაიმართა, გადაიფიქრეთ?

- აქციის გამართვა არ გადაგვიფიქრებია, ის 24 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ გაიმართება. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას არაადეკვატურად აფასებს. იმის მაგივრად, რომ ფუფუნებაზე თქვან უარი, სამსახურებიდან ხალხის გაყრა დაიწყეს. ჯოხი, როგორც ყოველთვის, რიგით თანამშრომლებზე ტყდება. ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და მაღალი რანგის მოხელეებს შეუმციროს 20%-ით ხელფასი. ასევე უარი თქვან ძვირადღირებულ მანქანებზე, რომლის შენახვაც საკმაოდ ძვირი ჯდება. იმის მაგივრად, რომ თავად შემოიჭირონ ქამრები, ხალხს შემოუჭირეს კისერზე ყულფი.

- თქვენი აზრით, მაღალი რანგის მოხელეები ხელფასის 20%-ით შემცირებას დათანხმდებიან?

- ფუფუნებაში ცხოვრება თუ უნდათ, ბიზნესში წავიდნენ ან კერძო სექტორში წავიდნენ. სახელმწიფო მოხელეების კაბინეტებში ფუფუნებას არავინ იწყობს, ჩვენი ჩინოსნების გარდა. ამათ ეს არ ესმით და ამიტომაც უნდა გაიმართოს გამაფრთხილებელი აქცია. ხელისუფლება უნდა გამოვაფხიზლოთ.

- თუ არ გამოფხიზლდა?

- ასეთ შემთხვევაში ის მიიღებს ძალიან მძლავრ პროტესტს, რაც ყველასთვის ცუდად დასრულდება. ხელისუფლება მოსახლეობას შიმშილობის ზღვარზე აყენებს და ამით ცეცხლს ეთამაშება. დღეს ბევრს საუბრობენ, რომ საწვავზე აქციზი გაიზრდება, რაც საწვავის გაძვირებას გამოიწვევს, საწვავის გაძვირებას კი ყველაფერზე ფასების მომატება მოჰყვება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ დღეს საწვავის გაძვირება არის დანაშაულის ტოლფასი. აქედან გამომდინარე საწვავთან დაკავშირებით ცალკე მოთხოვნა გვექნება. ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება და ის რამენაირად უნდა გამოვაფხიზლოთ.

- ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია რომ თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრობა ძვირდება. მერია ამბობს, რომ კომპანია არის კერძო და მათ გადაწყვეტილებაზე რეაგირება არ შეუძლია...

- ეს არის სიცრუე. მერიას გააჩნია ბერკეტები ამ კომპანიაზე ზემოქმედების მოსახდენად. ეს კომპანია საერთოდ რა საჭიროა, ვერ გავიგე. ის სააკაშვილის პერიოდში შექმნილი ზედმეტი რგოლია. ეს გადაწყვეტილება `ქართულ ოცნებას~ სასამართლოში უნდა გაესაჩივრებინა. სამარშრუტო ხაზებზე ლიცენზია სახელმწიფომ უნდა გასცეს.

- ამბობთ, ეს კომპანია ზედმეტიაო და თუ ასეა, რატომ არ გაწყვიტა ხელისუფლებამ მასთან კონტრაქტი?

- როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამაც“ გამონახა მათთან საერთო ინტერესი და ამიტომაც არ კიდებენ ამ კომპანიას ხელს. იგივე ხდება სითი-პარკთან დაკავშირებით. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შეიგნოს, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ლოდინი საჭირო არ არის. ხელისუფლებას სჭირდება მუდმივი კონტროლი. ნებისმიერი დარღვევა უნდა გაპროტესტდეს. ყველა პროდუქტის გაძვირებაზე უნდა გვქონდეს რეაქცია. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება თავზე აღარ გავა. როგორც უკვე გითხარით, 24 დეკემბერს, 17 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან გამაფრთხილებელ აქცია გაიმართება. თუ ამის შემდეგაც არ მოეგებიან გონს, პროტესტი სერიოზულ სახეს მიიღებს, რაც ხელისუფლებისთვის ძალიან ცუდად დასრულდება.

„ახალი თაობა“, 20 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ პაატა ჯიბლაძესთან: „ხარჯები მილიარდ ლარამდეა შესამცირებელი“ // „თუ ხელისუფლებამ რადიკალური ნაბიჯები არ გადადგა, უმძიმესი ზამთარი, გაზაფხულზე კი სოციალური კატასტროფა გველის

ლარის კურსის ვარდნის შეჩერების იმედი თითქმის არც ერთ ექსპერტს აღარ აქვს. შექმნილ ვითარებაში ისინი ხელისუფლებას ურჩევენ, კიდევ ერთხელ შეამციროს ხარჯები და მოიზიდოს ინვესტიციები. ამ თემაზე „ახალი თაობა“ მემარცხენე ალიანსის პოლიტიკურ მდივანს, პაატა ჯიბლაძეს ესაუბრა.

პაატა ჯიბლაძე:

- ხარჯების საგრძნობლად შემცირება ადრევე აუცილებელი იყო. ამაზე თქვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუშიც მისაუბრია. ხელისუფლებამ ხარჯები დაახლოებით 100 მილიონით შეკვეცა. ჩვენი პარტია დარწმუნებულია, რომ ხარჯები მილიარდ ლარამდეა შესამცირებელი.

- საამისო რესურსი არის?

- როგორ არ არის! ჯერ ერთი, გასაუქმებელია გუბერნატორების ინსტიტუტი. თუ თვითმმართველობას ვამკვიდრებთ, მაშინ რა საჭიროა მხარის დანიშნული ჩინოსანი თავისი აპარატით? გარდა ამისა, დიდი რესურსია გამგეობებსა და საკრებულოებში, ასევე სამინისტროებში. მაღალჩინოსნები გადაადგილდებიან ჯიპებით, რომელთა მომსახურება და საწვავი სახელმწიფოს ძვირი უჯდება. ჯიპები უნდა შეიცვალოს ეკონომიური მანქანებით. შესამცირებელია მანქანების რაოდენობა. მაგალითად, ავტომობილები უნდა მოემსახუროს მინისტრს და პირველ მოადგილეს, საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს, დანარჩენებისთვის კი უნდა არსებობდეს მორიგე მანქანები. სხვა თანამშრომლებმა არ უნდა იარონ სახლიდან სამსახურში სამსახურებრივი მანქანებით.

სამინისტროები უნდა შემცირდეს. ასეთ პატარა ქვეყანას დაახლოებით 9 სამინისტრო უნდა ჰყავდეს. თუ ასეთი ოპტიმიზაცია მოხდა, გამოთავისუფლდება თანხები. ეს ფული პირდაპირ უნდა მოხმარდეს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას. ამ ბიზნესითაა დაკავებული საშუალო ფენა ყველა ნორმალურ სახელმწიფოში. აშშ-სა და ევროპის ბევრ ქვეყანაში ბიუჯეტის 60%-ს საშუალო და მცირე ბიზნესი ავსებს. ჩვენ ეს ვერ გაგვიგია და ახალ ველოსიპედებს ვიგონებთ და მარტო მსხვილი ბიზნესი გვაინტერესებს.

- ხელისუფლება განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ტურიზმის განვითარებაზე...

- ტურიზმიც აუცილებელია, მაგრამ ტურიზმი ეკონომიკას ვერ უშველის. აუცილებელია მრეწველობა. მათ შორის, მძიმე მრეწველობა.

- მძიმე მრეწველობაზე საქართველოში აღარ საუბრობენ...

- კონკრეტული წინადადება მაქვს, რომელიც პრესკონფერენციაზე მაშინ გავახმოვანე, როცა თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა ახალი ავტობუსების შემოყვანაზე. ავტობუსების იმპორტირებისთვის გამოიყო 45 მილიონი ლარი. ეს ფული კრედიტით გვაქვს აღებული. ჩვენი ინიციატივაა, რომ ინვესტიცია ჩაიდოს წარმოებაში.

- ავტობუსების წარმოება თბილისში რეალურია?

- ეს იქნებოდა შემოტანილი დეტალებით ავტობუსების თბილისში წარმოება. აქ დასაქმდებოდა 1.500 ადამიანი. საწარმო იმუშავებდა სტაბილურად და დედაქალაქის გარდა, ავტობუსებით მოამარაგებდა საქართველოს სხვა ქალაქებს. საწარმო თავის წვლილს შეიტანდა ბიუჯეტის შევსებაში. ეკონომიკაში არსებობს ტერმინი – ინტერესთა გამოხატვა. მერი უნდა გამოსულიყო და ეთქვა, რომ ჩვენი ინტერესია ასეთი საწარმოს შექმნა.

- 200.000 სამუშაო ადგილის შექმნას ხელისუფლებაც აპირებს...

- ეს დაპირება ნაციონალური მოძრაობის ტყუილ წინასაარჩევნო დაპირებას ჰგავს, როცა სააკაშვილის რეჟიმი ხალხს უამრავ სამუშაო ადგილს ჰპირდებოდა. ჯობია, `ქართული ოცნება~ შეეშვას ნაციონალური მოძრაობის კოპირებას, ასევე კოაბიტაციას და რეალური ნაბიჯები გადადგას ეკონომიკის განვითარებისთვის. თორემ, ადამიანებს უკვე დაუმძიმდათ ცხოვრება. იანვრიდან ბევრად უფრო გაძვირდება პირველადი მოხმარების სურსათი და საგნები. სამწუხაროა, რომ ავტოგასამართ სადგურებზე მოიმატა ავტომანქანის გაზის ფასმა. არადა, გაზი ის საწვავია, რომელსაც იყენებენ რეგიონებში. მისი საშუალებით ჩამოაქვთ პროდუქტი დედაქალაქში.

- საავტომობილო გაზის გაძვირება ახლავე გამოიწვევს ქართული სურსათის ფასის ზრდას?

- ბუნებრივია. ეს უკვე აძვირებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. თუნდაც, კარტოფილს. იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაზრდა კიდევ უფრო გაგვიძვირებს ცხოვრებას. ხელისუფლება ამბობს, რომ დენის ტარიფი არ გაიზრდება, თუმცა, ამაზე უკვე საუბარი მიმდინარეობს. მისაღებია რადიკალური ზომები. თუ ხელისუფლებამ არ იმოქმედა, უმძიმესი ზამთარი, გაზაფხულზე კი სოციალური კატასტროფა გველის. ეს პირდაპირ დაასხამს წყალს საქართველოს მტრების წისქვილზე.

- სოციალურ კრიზისს შეიძლება სხვა პროცესები მოჰყვეს?

- კრიზისით შეიძლება ისარგებლოს მტერმა და ძალით შემოგვიტიოს. ღმერთმა ნუ ქნას, რომ მივიდეთ დამოუკიდებლობის დაკარგვამდე. ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას ჰყავს სპეციალისტები სხვადასხვა სფეროში. ამიტომ, ხელისუფლებამ მათი აზრიც უნდა გაითვალისწინოს. ჩვენ მხოლოდ კრიტიკით არა ვართ დაკავებული და ვცდილობთ, მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის გადარჩენაში, თუმცა, თანამშრომლობა ცალმხრივი ვერ იქნება. თანამშრომლობა ორმხრივი უნდა იყოს.

————————

„რეზონანსი“, 20 დეკემბერი, 2016 წელი

საქართველო ხაფანგში

ალეპოში კავკასიის უსაფრთხოების ბედიც წყდება

თაკო მათეშვილი

სირიის მოვლენებმა რეგიონისა და მასში საქართველოს როლი შეცვალა – ასე აფასებენ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას სამხედრო და უსაფრთხოების სპეციალისტები და ამბობენ, რომ კავკასიაშიცა და ახლო აღმოსავლეთშიც დღეს იმაზე რთული და ჩახლართული ვითარება გვაქვს, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ამ ყველაფრის ფონზე კი, დადებითი ფაქტორი, მათი თქმით, შეიძლება ის აღმოჩნდეს, რომ საქართველო დასავლეთისა და ნატოსთვის რეგიონში მთავარი საყრდენი ძალა გახდეს.

სირიაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, დიდ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს ელის უსაფრთხოების სპეციალისტი ვახტანგ მაისაია. ამბობს, რომ იქ მიმდინარე კონფლიქტი დიდი ხანია გასცდა სამოქალაქო ომის ჩარჩოებს და უკვე არა ერთი კონკრეტული ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონისა და კონტინენტის უდიდეს პრობლემად იქცა.

ვახტანგ მაისაიას თქმით, ალეპოში რუსულ-ირანულმა და ასადის რეჟიმის კოალიციამ წარმატებას მიაღწია და ახლა ამ ქალაქის წმენდა მათთვის ჩვეული მეთოდებით მიმდინარეობს. სირიაში მიმდინარე პროცესები მას ბოსნიის მოვლენებს აგონებს – ამბობს, რომ იქაც მრავალმხრივი დაპირისპირება იყო და როგორც ბოსნიის კრიზისმა გამოიწვია 90-იანი წლების მეორე ნახევარში გეოპოლიტიკური ცვლილებები, სირიისაგანაც იგივეს ელოდება. მისი თქმით, ძალიან რთულია იმ ყველაფრის აღწერა და შეფასება, რაც სირიის მოვლენებმა შეიძლება გამოიწვიოს, რადგან უამრავი წყალქვეშა რიფია გასათვალისწინებელი.

პირველი, რაც ალეპოს მოვლენებმა უკვე გამოიწვია, სპეციალისტის აზრით ისაა, რომ მოსკოვში სამმხრივი მოლაპარაკებები იმართება თურქეთის, ირანისა და რუსეთის მონაწილეობით.

“თავის დროზე საუბარი იყო იმაზე, თუ რამდენად შეუერთდებოდა ირანის, ასადისა და რუსეთის კოალიციას თურქეთიც. მართალია თურქეთს ასადთან პირადი მტრობა აქვს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში სერიოზული გარღვევაა და მათ შორის ფაქტობრივად სტრატეგიული პარტნიორობა ყალიბდება, პარალელურად კი თურქეთი დასავლეთთან უკვე კონფრონტაციულ რეჟიმში ურთიერთობს, თურქეთს სირიაში უკვე თავისი ინტერესები გაუჩნდა. საუბარია თურქმენული ტომების ინტერესების დაცვაზე, რომელიც ოსმალიზმის იდეის მთავარი დასაყრდენი ძალაა. ანუ, ეს თურქული სოლიდარობის იდეაა, რომელიც დღეს თურქეთის ამ ქვეყნის პოლიტიკური კონცეფციის მთავარი მიმართულებაა. მას თურქულენოვანი მოსახლეობის დაცვა უნდა, რომლებიც სირიის ჩრდილოეთ პროვინციებში ცხოვრობენ.

სხვათა შორის, თავის დროზე სწორედ თურქი მოსახლეობის ინტერესების დაცვის გამო დაუპირისპირდა თურქეთი რუსეთს. რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება სწორედ ამას უკავშირდებოდა. ის თურქულენოვან მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდა. შემდგომში კი, მოგეხსენებათ სიტუაცია შეიცვალა და თურქეთმა რუსეთთან დიალოგი ამჯობინა. შეიძლება ითქვას, თურქეთი დასავლეთსა და რუსეთს შორის ახალი ცივი ომის ძალთა ბალანსის განმსაზღვრელი გახდა.

ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ პოზიციას დაიკავებს ის”, – ამბობს მაისაია. თუ სამმხრივი მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და თურქეთმა ამ ალიანსთან 3%1 ფორმატში ითანამშრომლა, სპეციალისტის აზრით, ეს კავკასიის რეგიონში სერიოზულ პროცესებს გამოიწვევს, რადგან ალეპოში არა მხოლოდ ახლო აღომოსავლეთის, არამედ კავკასიის უსაფრთხოების ბედიც წყდება“.

ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რუსეთი თავის პოზიციებს მთელ რეგიონში აძლიერებს. ჩვენი როლი და ადგილი კი, იკარგება, რადგან მკვეთრი პოზიცია არ გვაქვს გამოხატული, თუ სად და როგორ ვიმყოფებით – ფორმალურად პროდასავლურ პოზიციას ვამჟღავნებთ, მაგრამ ეს პოზიცია მკაფიო არ არის. იმდენად მკაფიო, რომ დასავლელმა პარტნიორებმა ფსონი ჩვენზე დადონ. გარდა ამისა, თუკი თურქეთმა ამ ახალ მოდელში თანამშრომლობა გააგრძელა, მაშინ, ვახტანგ მაისაიას აზრით, გამოდის, რომ ერთგვარ ხაფანგში ვართ მომწყვდეულები. თურქეთმა შეიძლება ასადს არ დაუჭიროს მხარი, მაგრამ რუსულ-ირანული ინტერესები გაითვალისწინოს. ე.ი. თურქეთი ამას კავკასიის რეგიონშიც შეეცდება.

ასე რომ, მოსკოვში დანიშნულ მოლაპარაკებებზე, ჩვენი რესპონდენტის თქმით, ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული – გეოპოლიტიკური გავლენის ცენტრმა მოსკოვის მიმართულებით გადაინაცვლა.

“ნატოსთვის საქართველოს როლი კი იზრდება, მაგრამ თუ მოვლენები ასე განვითარდა, საქართველო მაინც ხაფანგში ჩაკეტილი აღმოჩნდება. ნატოს როლი კავკასიის რეგიონში სამხედრო პოტენციალის კუთხით შეზღუდულია. შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივა, რომელიც ვარშავის სამიტზე გაჟღერდა, ჩვენთვის რეალური შანსი იყო რეგიონში ნატოს გააქტიურების თაობაზე, მაგრამ ალიანსის სამხედრო ჩართულობის ელემენტი მაინც შეზღუდულია. თუ თურქეთმა მოსკოვში იქაური თამაშის წესები მიიღო, მაშინ ეს ბერკეტები კიდევ უფრო იზღუდება. ნატოს მთავარი დასაყრდენი რეგიონში, მიუხედავად ყველაფრისა, ჯერ კიდევ თურქეთია, ხოლო საქართველო-სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენი პოზიციები ჯერ კიდევ არაა მკვეთრად გამოკვეთილი – ერთის მხრივ ნატოს-თან გვინდა, მაგრამ მეორეს მხრივ არ გვინდა რუსეთი გავაღიზიანოთ. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ამ კუთხით მოვლენების განვითარებას ელოდება”, – აღნიშნავს ვახტანგ მაისაია.

ის, რომ საქართველოსთვის სირიაში მიმდინარე მოვლენები ბოლო წელიწადში გახდა მტკივნეული, ეს ბრიგადის გენერალს, ანალიტიკოსს სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძეს აკვირვებს. ამბობს, რომ ჯერ კიდევ წელიწადახევრის წინ მთელი მსოფლიო შეპყრობილი იყო ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან მომავალი საფრთხით, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიებს იკავებდა.

დღეს, მისი თქმით, აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება შეიქმნა. რეგიონში უამრავი ქვეყნის ინტერესები იკვეთება. ესენია: ესენია აშშ, რუსეთი, თურქეთი, ირანი, საუდის არაბეთი, ყატარი. რა თქმა უნდა, როგორც სირიაში, ასევე ზოგადად ახლო აღმოსავლეთში, სპეციალისტის აზრით, ინტერესები გააჩნია ევროპას, ჩინეთს.

იგი ამბობს, რომ ისრაელის ფაქტორიც გასათვალისწინებელია. კონფლიქტის გამომწვევ უამრავ მიზეზთა შორის კი, სალუქვაძის აზრით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად უნდა განვიხილოთ დაპირისპირება ენერგორესურსების და მათი ტრანზიტის გამო.

“ომი კი, როგორც წესი სხვა მიზეზებით მართლდება: რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ან მისი დაცვა, დემოკრატიის დამყარება და სხვა. ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთს ასადის ბედი ადარდებს? ერთი წლის წინ რუსეთი დათანხმდა ასადის წასვლას არჩევნების გზით, თუმცა მსოფლიო ვერ შეთანხმდა. სირიის კონფლიქტში მოულოდნელი ჩარევით რუსეთმა უამრავ მიზანს მიაღწია”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

რატომ დათბა დღეს რუსულ-თურქული ურთიერთობები? ამ კითხვას იგი ასე პასუხობს – იმიტომ, რომ რუსეთმა ისე მოიკიდა ფეხი სირიაში, თურქეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელობის რეგიონში, რომ მას საფრთხე შეუქმნა. საფრთხის შექმნა კი შეუძლია არა მხოლოდ სირიაში, არამედ ქურთული მოძრაობის მხარდაჭერით თვით თურქეთში, რისი გამოცდილებაც რუსეთს სსრკ-დან მოსდგამს. თორემ, რუსეთის და თურქეთის ინტერსები რეგიონში, მისი აზრით, კარდინალურად განსხვავებულია.

ამ ფონზე, ამირან სალუქვაძის თქმით, ევროპა პასიურობს, დაკავებულია საკუთარი პრობლემების მოგვარებით. რუსეთი კი, უკვე მერამდენედ, აქტიურად იყენებს აშშ-ში არსებულ გარდამავალ პერიოდს. იგი ამბობს, რომ ამ წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთი იმაზე მძლავრად დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთში, ვიდრე საბჭოთა პერიოდში იყო – გააქტიურდა აღმოსავლეთის მიმართულებით და დასავლური სანქციების ფონზე ახერხებს მრავალმილიარდიანი ინვესტიციების მოზიდვას იაპონიიდან, ახერხებს თბილი ურთიერთობების შენარჩუნებას ჩინეთთან.

“სულ მალე მოსკოვში ისევ შედგება ლავროვ-ჩავუშოღლუს შეხვედრა, ხოლო მოგვიანებით ასტანაში რუსეთ-თურქეთ-ყაზახეთის სამიტი გაიმართება სირიის საკითხზე. ადგილი შემთხვევით არაა შერჩეული. რუსეთმა იცის თურქეთის ამბიციები, როგორც კავკასიაში, ასევე აზიის მიმართულებით. ყაზახეთიც მაგ ნიშნით შეარჩია რუსეთის ლიდერმა, რომ წაახალისოს თურქეთის აქტივობა აზიისკენ და მეტად დააშოროს დასავლეთს. უახლოეს წლებში, არსებული ტენდენციების შენარჩუნების პირობებში მოსალოდნელი არაა რუსეთის საგარეო, როგორც დიპლომატიური, ასევე სამხედრო აქტივობების შემცირება არც ახლო აღმოსავლეთში, არც სხვა მიმართულებით. როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრი რამ შეიცვლება მსოფლიო პოლიტიკაში დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ.

ფაქტია, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები სხვაგვარად განვითარდება. თუმცა, საბოლოო ჯამში გაუჭირდებათ ურთიერთსაპირისპირო ინტერესების პირობებში მშვიდი ურთიერთობები ხანგრძლივად შეინარჩუნონ. რუსეთმა, სირიის და აშშ-ში გარდამავალი პერიოდის ფონზე, კიდევ ერთ მიზანს მიაღწია, – მან საგრძნობლად ასწია საკუთარი წონა მსოფლიო არენაზე”, – აცხადებს იგი.

რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ ჩვენ და რა მიმართულებით გავაქტიურდეთ? ამაზე ამირან სალუქვაძეს თავისი მოსაზრება აქვს. პირველ რიგში, საფრთხეების და რისკების დროული შეფასებაა საჭირო. ამბობს, რომ პასუხი უნდა გავცეთ კითხვას – რომელ რეგიონშია მოსალოდნელი რუსეთის გააქტიურება?

გარდა ამისა, თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემის განმტკიცება, მისი აზრით, არანაკლებ მნოშვნელოვანია. ამ ფონზე იყო ჯარში მასობრივი შემცირებების დრო, მისი თქმით, ახლა არ იყო. მესამე არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი, სამხედრო სპეციალისტის აზრით, დიპლომატიის და შესაბამისი სამსახურების გააქტიურებაა საგარეო ფრონტზე, რათა მოულოდნელობების და “ცუდი სიურპრიზების” მომსწრე არ აღვმოჩნდეთ.

“უნდა გავითვალისწინოთ აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს ახლახან გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც საფრთხეების რანრირებაში პირველ ადგილას ზუსტად რუსეთიდან მომავალი საფრთხეა დაყენებული”, – დასძენს ამირან სალუქვაძე.

Comments are closed