globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 21 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 21st, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: პეტრე მამრაძე: „უკრაინის პრეზიდენტი არაფრად აგდებს საქართველოს მთავრობის პოზიციას“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თენგიზ დიხამინჯიასთან: „ნატო არ არის პანაცეა. აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობა აუცილებელია“

„ახალი თაობა“: ვინ დგას ისლამისტი მებრძოლის თამაზ ჭიღლაძის მუქარის უკან

————————

რეზონანსი“, 21 იანვარი, 2015 წელი

პეტრე მამრაძე: „უკრაინის პრეზიდენტი არაფრად აგდებს საქართველოს მთავრობის პოზიციას

ია აბულაშვილი

(შემოკლებით)

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე, უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე დანიშნულ “ნაციონალებზე” და იმაზე, თუ რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკური ცენტრი მიმდინარე წელს, “რეზონანსი” ექსპერტ, პეტრე მამრაძეს ესაუბრა.

“უკრაინის ფაქტორმა ახალი ძალა და შემართება შესძინა სააკაშვილს და, შესაბამისად, მის თანამზრახველებს. ეს მართლაც მათი გარკვეული რეაბილიტაციაა დასავლეთის თვალში, ვინაიდან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს დასავლეთი დიდი ყურადღებით აკვირდება და იმასაც ხედავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო არაფრად აგდებს საქართველოს მთავრობის პოზიციას, იმ ფაქტს, რომ ადეიშვილი ძებნილია, სააკაშვილი კი საქართველოს შიგნით არის ძებნილი”, – აცხადებს პეტრე მამრაძე.

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ ბევრი მკვეთრი განცხადება გააკეთა, ამის პასუხად უკრაინის ახალი ხელისუფლება წამყვან თანამდებობებზე სააკაშვილის გუნდის წევრებს ნიშნავს და ამას იმით ამართლებს, რომ უკრაინას ძალზე სჭირდება სიღრმისეული და ეფექტური რეფორმები. წარმოიდგინეთ, როგორი აბსურდია, ჯერ ერთი, რომ უკრაინას ძალიან ძლიერი დიასპორა ჰყავს დასავლეთში, კანადაშიც და ამერიკაშიც, ისინი მაღალ თანამდებობებსაც იკავებენ და მათ შორის არიან შესანიშნავი ფინანსისტები და ეკონომისტები, მაგრამ რეფორმისთვის სააკაშვილის გუნდის წევრებს ითხოვენ”, – აღნიშნავს რესპონდენტი გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას.

“აქ ორი რამ არის: პირველი, “ქართული ოცნების” ხელისუფლების სრული უნიათობა საგარეო პოლიტიკის სფეროში (ეს არ ეხება ჩვენს ელჩებს, ნამდვილ პროფესიონალებს), მეორე, ის, რომ სააკაშვილმა უკრაინაში და დასავლეთში არსებული კონტაქტების მეშვეობით შეძლო დაერწმუნებინა პოროშენკო, რომ ასეთი დანიშვნები უკრაინისთვის ძალიან კარგი იქნება და დასავლეთში ეს ბევრ გავლენიან ადამიანს ძალიან მოეწონება. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის კადრები კარგს ვერაფერს გააკეთებენ უკრაინაში, მათ მხოლოდ კონტრპროდუქტიული მოქმედება შეუძლიათ. გავა დრო და ეს დამტკიცდება, მაგრამ დღეს ამ მიმართულებით შექმნილი პიარეფექტები ძალიან აწყობს სააკაშვილს და მის გუნდს”, – დასძენს პეტრე მამრაძე.

„ახალი თაობა“, 21 იანვარი, 2015 წელი

ინტერვიუ თენგიზ დიხამინჯიასთან: „ნატო არ არის პანაცეა. აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობა აუცილებელია“

ინტერვიუში საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი (ზვიად გამსახურდიას დროინდელი საკანონმდებლო ორგანო) თენგიზ დიხამინჯია აცხადებს, რომ ტერორიზმის საფრთხეებისაგან საქართველო და კავკასია დაცული არ არის. მისი აზრით, ასეთ ვითარებაში საქართველოს უსაფრთხოების გარანტი ამერიკის შეერთებული შტატები უნდა იყოს. საქართველოში ისეთი პროექტები უნდა განხორციელდეს, სადაც ამერიკის, რუსეთისა და ევროკავშირის ინტერესები დაბალანსებული იქნება (ესაუბრება გულიკო ბალაძე).

„რუსეთს ჩვენთან მიმართებით არგუმენტი აქვს – რადგან საქართველო ნატოს წევრი ხდება, ამიტომ ჩვენ მათთან ვერ ვითანამშრომლებთო. ეს არის ბლეფი, რადგან რუსეთი წარმატებით თანამშრომლობს ნატოს წევრ თურქეთთან, ერთმანეთის მოკავშირეები არიან, ისინი უდიდეს ეკონომიკურ პროექტებს ახორციელებნ… ნატო რუსეთისათვის იყო საბაბი იმისთვის, რომ ოკუპირება მოეხდინა და უარი ეთქვა კონსტრუქციულ შეთავაზებაზე. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ასე იყო“, – ამბობს თენგიზ დიხამინჯია.

პოლიტიკოსის აზრით, საქართველო გარე საფრთხეებისაგან დაცული არ არის, იგი ვერ ხედავს აშშ-საგან გარანტიასაც, რომ საქართველო არ გახდეს რუსული ტერორიზმის მსხვერპლი, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკასთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება აკავშირებს: „სამწუხაროდ, ამის გარანტიას ვერ ვხედავ. გარანტია უნდა იყოს პარტნიორობა, რაც ნიშნავს დასავლურ ინვესტიციას, ამერიკული პროექტების უზრუნველყოფას. ისე უნდა გაკეთდეს ჩვენთან მიმართებით, როგორც დასავლეთმა თურქეთს გაუკეთა ნატოში შესვლის შემდეგ (ინვესტიციები, კაპიტალის დაბანდება, მშენებლობა…).

ნატო არ არის პანაცეა, აუცილებელია ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა. მე ვლაპარაკობ რეალურ პროექტებზე. ფილიპინები ნატოს წევრი არ არის, მაგრამ მას დაეხმარნენ და ჩვენსავით სავალალო მდგომარეობაში არ არის. საქართველოში უნდა განხორციელდეს ეკონომიკური პროექტები, რომლებშიც აშშ-ის, ევროკავშირისა და რუსეთის ინტერესები იქნება დაბალანსებული“, – ამბობს თენგიზ დიხამინჯია.

„ახალი თაობა“, 21 იანვარი, 2015 წელი

ვინ დგას ისლამისტი მებრძოლის თამაზ ჭიღლაძის მუქარის უკან

შორენა მარსაგიშვილი

(შემოკლებით)

ისლამური სახელმწიფოს მხარეს მებრძოლი თამაზ ჭიღლაძის  მიერ სოცქსელებში გავრცელებულ მუქარას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. იგი საერო პირების გარდა სასულიერო პირებსაც ემუქრება. არადა, სულ ცოტა ხნის წინათ ჭიღლაძე საქართველოს პატრიარქის მიმართ დადებითად იყო განწყობილი. რატომ შეიცვალა მან პოზიცია, რა მიზნით შევიდა კოკო გამსახურდიას პარტიაში და რას აპროტესტებდა 2009 წლის აქციებზე? ამ თემებზე „ახალ თაობას“ ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი ჩიტაური ესაუბრება.

„თამაზთან ერთად დიდი დრო მაქვს გატარებული, სხვებთან ერთად აქტიურად ვმონაწილეობდით საპროტესტო აქციებში… ჩემზე მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ეროვნულად მოაზროვნე ბიჭი ჩანდა. გამიკვირდა, ასეთი განცხადებები რომ მოვისმინე… მუსლიმი იყო, მაგრამ ქართული სულისკვეთება ჰქონდა. განსაკუთრებით პატივისცემით მოიხსენიებდა ხოლმე ჩვენს პატრიარქს.

რატომღაც მგონია, რომ მის მიერ გავრცელებული მუქარის შემცველი განცხადებები ვიღაცის ინტერესშია. არ გამოვრიცხავ, რომ მან ეს განცხადება ვიღაცის დაკვეთით გააკეთა, ჟურნალისტებმაც შეასრულეს და ამით მტრის წისქვილზე წყალი დაასხეს. გასაგებია, რომ ჟურნალისტებს სენსაცია აინტერესებთ, მაგრამ ყველაფრის გამოქვეყნება არ შეიძლება. მნიშვნელობა აქვს რა პერიოდში წამოსწევ საკითხს… მისი განცხადება კი პარიზში მომხდარ ტერაქტებს დაემთხვა. ვიმეორებ, სესაძლოა ჭიღლაძის განცხადებას ცუდი შედეგები მოჰყვეს.

ეჭვი მაქვს, რომ ეს განცხადება თამაზ ჭიღლაძეს ხელისუფლებამ გააკეთებინა, რომელმაც ხალხის დანაპირები ვერ შეასრულა. მთავრობის რეიტინგი ეცემა. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას სჭირდება მოსახლეობის ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე… თუმცა ვერ გაითვალისწინეს, რომ ამ მაბავს შესაძლოა დიდი საფრთხე მოჰყვეს.

საბედნიეროდ, საქართველოში ჰყოფნით იმის გონიეწრებ, რომ ამგვარ ვპროვოკაციაზე არ წეამოეგონ და რელიგიურ ნიადაგზე შუღლი არ დაუშვან. პირადად მეც მაქვს საპატრიარქოს მიმართ პრეტენზიებიუ, მაგრამ ამას ხმამაღლა არ ვყვირი.. მე წინააღმდეგი ვარ ანტიდისკრიმინაციული კანონისა, რომელიც საპატრიარქომ არ გააპროტესტა. ეს კანონი მომავალში ძალიან ცუდად შემოგვიბრუნდება. რელიგიურ თემებზე ძალიან ფრთხილად უნდა ვისაუბროთ, რადგან სარისკოა, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ჩვენი მეზობლები ჩასაფრებულები არიან – თუ ჩვენთან რაიმე მოხდება, ისინი კონფლიქტს გააჩაღებენ.. არადა, რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ძალიან მძიმე იქნება…

საფრთხე ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით არ არსებობს, მაგრამ არაფერია გამორიცხული. სესაძლოა ჭიღლაძის მიერ გაკეთებულ განცხადებით ჩვენი რომელიმე მეზობელი სახელმწიფოს ხელი იყოს გარეული“, – ამბობს გიორგი ჩიტაური ინტერვიუში.

Comments are closed