„რეზონანსი“: „ნაცმოძრაობას“ ნიკა მელია და ზაზა ბიბილაშვილი უხელმძღვანელებენ // რეპორტაჟი ყოფილი მმართველი პარტიის მე-7 ყრილობიდან
„რეზონანსი“: „ნაცმოძრაობა“ ქუჩის აქციებს იწყებს
„რეზონანსი“: ვის მხარესაა „ნაციონალი“ №2? // ვანო მერაბიშვილი პატიმრობის დასრულებამდე აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტს
„რეზონანსი“: ინტერვიუ ხატია დეკანოიძესთან: „წარმატებას ვუსურვებ განურჩევლად ყველას, ვინც იბრძვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“ // ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებაზე არაფერი ვიცი“
„რეზონანსი“: ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან: „ვემზადებით ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნებისათვის“
„რეზონანსი“: „ვენეციის კომისია“ პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის წინააღმდეგია?
„რეზონანსი“: პრეზიდენტს ვეტოს დადებას სთხოვენ
——
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „მანანა კობახიძის საკონსტიტუციოს მოსამართლედ დანიშვნა მისთვის კომპენსაცია იქნება“
——
„რეზონანსი“: საქართველო იმპორტს უფრო მეტად „ჩამოეკიდა“ // პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი უარესი მაჩვენებელი გვაქვს უარყოფითი სავაჭრო სალდოს მხრივ
„რეზონანსი“: როგორი იქნება დონალდ ტრამპის ამერიკა?
„რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „მოლოდინი დონალდ ტრამპის პრორუსული კურსის თაობაზე გადაჭარბებული აღმოჩნდა“
———————–
„რეზონანსი“, 21 იანვარი, 2017 წელი
„ნაცმოძრაობას“ ნიკა მელია და ზაზა ბიბილაშვილი უხელმძღვანელებენ
რეპორტაჟი ყოფილი მმართველი პარტიის მე-7 ყრილობიდან
თიკო ოსმანოვა
“ხალხმა დაიბრუნა “ნაციონალური მოძრაობა” – ამ ლოზუგნით სპორტის სასახლეში პარტიამ რიგით მე-7 ყრილობა 7 ათასი დელეგატით ყოველგვარი ექსებების გარეშე ჩაატარა. “ნაციონალური მოძრაობისთვის” მიხეილ სააკაშვილი უცვლელია პარტიის თავმჯდომარეობის პოსტი ვაკანტური დარჩა. პოლიტსაბჭო კი განახლებულია.
სპორტის სასახლეში ყოფილი სახელისფებლო პარტიის ყრილობა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. წამყვანის ფუნქციას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ასრულებდა. ღონისძიებას პარტიის ლიდერები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი ოჯახის წევრები – მეუღლე სანდრა რულოვსი, რომელსაც გვერდს უმშვენებდა მისი დედამთილი გიული ალასანია და მიხეილ სააკაშვილის ბებია. ამათგან სიტყვით, მხოლოდ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი გამოვიდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი როლზე ისაბრა. მისი გამოსვლას დარბაზში ტაში და ოვაციები მოჰყვა. 3 წუთიანი სიტყვის განმავლობაში რულოვსს ტაშით 9-ჯერ შეაწყვეტინეს.
“თქვენ აძლიერებთ პარტიას და თქვენ აძლიერებთ მიშას და ასევე, მიშა გაძლიერებთ თქვენ. იმხელა ძალაა მიშაში, რომ მისი ჩრდილისაც ეშინიათ ზოგიერთებს ამ ქვეყანაზე. მისი თითოეული აშენებული შენობის, ხიდის, ყველაფერის ეშინიათ. რაც არ უნდა სცადონ, რომ მიშა შეასუსტონ, პირიქით შედეგს მიიღებენ. თქვენ იცით, რომ მიშა ყველაზე მობილიზებულია, როცა წინააღმდეგობა შეხვდება. რაც არ უნდა გაუკეთონ მიშას, გინდა მოქალაქეობა წაართვან, ის მაინც ქართველი რჩება, იმიტომ, რომ მისი გული საქართველოსთვის სცემს. რაც არ უნდა ქონება წაართვან ან სახლი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველგან, თქვენს ოჯახებში ჩვენი ოჯახისთვის იქნება პატარა მყუდრო ადგილი, ყველი და პური და სითბო. რაც არ უნდა წაართვან, გინდა თანამდებობა, გინდა თავმჯდომარეობა, ამასაც ამდენი მნიშვნელობა არ აქვს – სადაც მიშა არის, იქ ქმნის ამინდს, არის წამყვანი ძალა და ეს იქნება თქვენი დამსახურება”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა სიტყვით გამოსვლისას.
“ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩენილი ლიდერები კი სამომავალო გეგმებზე საუბრობდნენ და ბრძოლაში მთავარ ოპონენტად ისევ ბიძინა ივანიშვილს ასახელებდნენ. ყრილობაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ქალთა მეტ ჩართულობაზე ისაუბრა და პირობა დადო, რომ სიის ყოველ ათეულში 3 ქალბატონი იქნება. ასევე გარკვეული ცვლილებები შევიდა პარტიის წესდებაში. კერძოდ, გაუქმდა სამდივნო და პარტია პროქტების დაფინანსების პრაქტიკაზე გადადის. ეს გულისხმობს იმას, რომ პოლიტასბჭო გადაწყვეტს დააფინანსოს თუ არა კონკრეტული პროექტი. ამასთან, პარტიაში არ იარსებებს მუდმივი თანამდებობები.
ამის შემდეგ დარბაზში მყოფ თანაპარტიელებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. მან რამდენიმე სიტყვით ისაუბრა ყოფილ თანაგუნდელებზე და აღნიშნა – “ხემ რომ კარგად გაიხაროს, მას პერიოდულად სჭირდება გასხვლა და ძველის და უვარგისის მოშორება”.
ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილი ჩართვა ტექნიკური ხარვეზებით მიმდინარეობდა, თუმცა, თანაგუნდელებმა მას გამოსვლა ტაშით მაინც რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.
“ჩვენი პარტია არ არის მხოლოდ გარკვეული პირების ელიტური კლუბი. ეს არ შეიძლება იყოს პატარა ჯგუფის საკუთრება. “ნაციონალური მოძრაობა” არის ემოცია, რომელიც თავს ინახავს ქვეყნის გადარჩენის ბრძოლაში. ეს არის საქართველოს განვითარებისთვის სასიცოცხლო ფასეულობების ერთიანობა და იდეალების მუდმივობა. ამიტომ მგონი ყველამ დაინახა ბოლო კვირებში და თვეებში, როგორც იდეალები არ იყოფა, ისევე არ იყოფა “ნაციონალური მოძრაობა”. როგორც სამშობლო არ იშლება ნაწილებად, ისევე არ იშლება “ნაციონალური მოძრაობა”. როგორც მუდმივია ეროვნული ფასეულობები და ღირებულებები, ასევეა მუდმივი ჩვენი ერთგულება ჩვენი იდეალების და შეხედულებების მიმართ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი გამოსვლის შემდეგ დელეგატთა ნაწილმა ღონისძიება დატოვა და უკვე ნახევრად ცარიელ დარბაზში მოხდა პარტიაში არსებული თანამდებობების გადანაწილება.
ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური დარჩა მანამდე, სანამ სააკაშვილი საქართველოში არ დაბრუნდება. გენერალური მდივნის პოსტზე კი ჯერჯერობით კვლავ ვანო მერაბიშვილი დატოვეს.
რაც შეეხება პოლიტსაბჭოს მას პარტიის მთავარი მამოძრავებელი ძალა – “მოტორი”, როგორც პეტრე ცისკარიშვილმა უწოდა – ნიკა მელია უხელმძღვანელებს.წევრები კი არიან: ნიკა მელია, ზაზა ბიბილაშვილი, ლევან ვარშალომიძე, რომან გოცირიძე, თინათინ ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, აზერ სულეიმანოვი, კობა ნაყოფია, გრიგოლ ვაშაძე, სამირა ისმაილოვა, დავით ბერიტაშვილი, ნიკოლოზ რურუა, გია ბარამიძე, მარიამ გერსამია, ირაკლი ნადირაძე, მარიამ ქასრაშვილი, გიორგი ბოტკოველი, ეკა წამალაშვილი, ანი წითლიძე, ვანო პეტრიაშვილი, ბესო ქათამაძე, ზაალ სამადაშვილი, მერაბ ჯანელიძე, ნინო კალანდაძე, ხათუნა ოჩიაური, დავით კირკიტაძე, ზურაბ მელიქიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი კარბელაშვილი, ეკა ხერხეულიძე, კობა სუბელიანი, გიორგი კუბლაშვილი, ვახტანგ ლემონჯავა, გოჩა კუპრავა, დათო ბობოხია, რამაზ კერეჭაშვილი, ზურა ცერცვაძე, გიორგი პატარაია, კახა ბუცხრიკიძე, კობა ხაბაზი, ომარ მეგრელიძე, პაატა ლეჟავა, გია ნაცვლიშვილი, ალეკო კვახაძე, ბიძინა ხერხეულიძე, ნატო მჭედლიშვილი, გიორგი იმედაშვილი, დავით დარცმელიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, კოტე იოსელიანი, გია უკლება, თემურ გრიგალაშვილი, მარიკა დათუკიშვილი, რუსუდან ცირეკიძე, მაია ჯავახიშვილი, ნინო ლაპიაშვილი, ნიკა ჭურაძე. გარდა ამისა, პოლიტსაბჭოს შემადგენლობას დაემატება წარმომადგენლები რეგიონებიდანაც, სადაც პარტია კონფერენციების გამართვას გეგმავს.
ყრილობა მიხეილ სააკაშვილის ჩართვით დასრულდა, რომელმაც ნიკა მელიას და მის მოადგილე ზაზა ბიბილაშვილს წარმატებები უსურვა.
„რეზონანსი“, 21 იანვარი, 2017 წელი
„ნაცმოძრაობა“ ქუჩის აქციებს იწყებს
ეკატერინე ბასილაია
ყრილობის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც თავი ახლად დაბადებულად გამოაცხადა, “ქართულ ოცნებასა” და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან საბრძოლველად ქუჩის აქციების დაწყებას გეგმავს. პარტიის პირველი აქციის თემაც უკვე დაანონსებულია – ეს “გაზპრომთან” დადებული “მიუღებელი და ანტისახელმწიფოებრივი” ხელშეკრულება და ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნა იქნება.
როგორც “რეზონანსთან” საუბრისას “ნაცმოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, ისინი ბიძინა ივანიშვილთან საბრძოლველად გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ გზას, მათ შორის აქციებსაც. “პარტია ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ აბსოლუტურად ყველა ლეგიტიმური ბრძოლის მეთოდს გამოიყენებს. პარლამენტში გვეყოლება ძალიან აქტიური ფრაქცია და გამოვიყენებთ საპარლამენტო ტრიბუნას და ასევე, ისეთ საკითხებზე, სადაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და ადამიანებს სურთ, აქციების გზით დაანახონ ივანიშვილს პოზიცია, ამ მეთოდსაც აუცილებლად გამოვიყენებთ,” – აღნიშნავს თინათინ ბოკუჩავა, რომლის თქმითაც, პირველი აქცია სწორედ “გაზპრომზე” იგეგმება. “თავს შევიკავებ და კონკრეტულ თარიღს არ დავაანონსებ. თუმცა, “გაზპრომის” თემაზე საზოგადოების პროტესტი იმდენად მაღალია, რომ ჩვენ ამ მავნებლური შეთანხმების წინააღმდეგ პროტესტს აქციითაც დავაფიქსირებთ,” – უთხრა “რეზონანსს” თინათინ ბოკუჩავამ.
დეტალური გეგმა ყოფილი „ზონელისაგან“
“ნაციონალური მოძრაობა” არა, მაგრამ აქციის კონკრეტულ რიცხვსა და სამომავლო არეულობასა თუ დაპირისპირების გამოწვევის გეგმაზე საუბრობს ამ პარტიის ახალგაზრდული ფრთის, “თავისუფალი ზონის” აწ უკვე ყოფილი წევრი ბესო კალაძე. იგი ამბობს, რომ “ნაცმოძრაობაში” უკვე არსებობს დაწერილი სამოქმედო გეგმა, “გაზპრომთან” დაკავშირებით პირველი აქცია უნდა გაიმართოს 27 იანვარს თბილისში და შემდეგ ამას უნდა მოჰყვეს კიდევ რამდენიმე აქცია. პლუს, დაგეგმილია პროვოკაციები და არეულობებიც. მაგალითად, გეგმაშია, მოხდეს მანქანის აფეთქება. მისივე ცნობით, აქციებზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნაც იქნება გაჟღერებული და ეს ინფორმაცია მას “თავისუფალი ზონის” წევრისგან აქვს.
“27 იანვარს იგეგმება აქცია “გაზპრომის” წინააღმდეგ მთავრობის კანცელარიასთან. 30-31 იანვარს “გაზპრომთან” დაკავშირებით იგეგმება რეგიონული და თბილისის ორგანიზაციების ბრიფინგი აქციების დაწყების მოთხოვნით, რომელსაც უნდა უხელმძღვანელოს “ნაცმოძრაობის” რეგიონულმა დეპარტამენტებმა. 6 თებერვალს ნუგზარ წიკლაური ან აკო მინაშვილი გამართავს ბრიფინგს აქციის დაწყებასთან დაკავშირებით და დაასახელებენ კონკრეტულ თარიღს. თემა კვლავ “გაზპრომი” იქნება. 7 თებერვალს იქნება ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელშიც მითითებულია “თავისუფალი ზონა”. „ნაცმოძრაობას“ ერთადერთ გზად კვლავ არეულობა და პროვოკაციები აქვს დარჩენილი. ეს სამოქმედო გეგმა არის რეალური და დევს “ნაცმოძრაობის” ლიდერების სამუშაო მაგიდაზე”, – განაცხადა ბესო კალაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე და შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს სათანადო რეაგირებისკენაც მოუწოდა.
ბესო კალაძემ “თავისუფალი ზონა” ზაფხულში, არჩევნებამდე დატოვა და მაშინაც საუბრობდა იმაზე, რომ “ნაცმოძრაობა” და პირადად ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შემდეგ ხმების გაყალბების ლოზუნგით გადატრილების მოწყობას გეგმავდნენ. ანალოგიურია ბესო კალაძის განცხადება ახლაც, თუმცა არის თუ არა რეალური მისი ბრალდებები, ამის მტკიცება რთულია.
ყოფილი „ნაციონალის”, აწ უკვე „ევროპული საქართველოს” წევრის დავით დარჩიაშვილის თქმით, ძალიან კარგი იქნება, თუ მისი ყოფილი პარტია “გაზპრომის” თემაზე აქციებს გამართავს, ხოლო არეულობის დაგეგმვაზე “თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრის განცხადების არ სჯერა. „ამგვარი გეგმების არსებობის მე არ მჯერა. თუ “გაზპრომის” თემას გააპროტესტებენ, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ აპირებენ თუ არა საერთოდ აქციების მოწყობას, მათი გეგმები არ ვიცი,” – ამბობს დავით დარჩიაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრ თინათინ ბოკუჩავას თქმით, მისთვის “თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრის განცხადება უცნობია, თუმცა ივანიშვილი მუდმივად პედალირებს თემას, რომ თითქოს “ნაციონალური მოძრაობა” რაღაც არეულობას გეგმავს, ეს კი სრული აბსურდია. ხოლო აქციების გამართვა კანონით დაშვებულია და პარტია კანონით დაშვებული ყველა ხერხით ეცდება ივანიშვილის რეჟიმის გასტუმრებას.
“თქვენ გახსოვთ, რომ ივანიშვილსა და მის გუნდს არანაირი საარჩევნო პროგრამა არ ჰქონდათ, მათი კამპანიის ერთადერთი ნარატივი იყო ის, რომ მუდმივად აპელირებდნენ არარსებული არეულობის სცენარზე, რაც ბუნებრივია არ გამართლდა. „ნაციონალური მოძრაობა” არის კონსტრუქციული და დასავლური ტიპის ოპოზიცია, რომელიც არჩევნებში იმისთვის მონაწილეობს, რომ ხელისუფლება გადაირჩიოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები მოიპარეს, ჩვენ მეორე ტურშიც მივიღეთ მონაწილეობა და შემდგომ პარლამენტშიც შევედით. ასე რომ, მუდმივ არეულობის სცენარზე საუბარი – ეს ივანიშვილის იმ გეგმის ნაწილია, რომ მოსახლეობა ამ ვითომ შესაძლო სცენარით დააშინოს.
ჩვენ ძალიან ლეგიტიმური, დემოკრატიული ბრძოლის მეთოდებით ვაპირებთ ივანიშვილის რეჟიმის გასტუმრებას. ამაში რომ საზოგადოებრივი შეკრებებიც შევა, ეს აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური გაერთიანების უფლებაა. არ გამიკვირდება, რომ ასეთ აქციებში ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ მიიღოს მონაწილეობა”, – აღნიშნავს თინათინ ბოკუჩავა.
რას შეცვლის აქციები
პოლიტოლოგების თქმით, “ნაცმოძრაობას” რომ პროვოკაციებზე წასვლა ახასიათებს, ეს ცნობილია, თუმცა ნაწილისთვის არეულობის დაგეგმვა მაინც დაუჯერებელია. პოლიტოლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ დღეს “ნაციონალური მოძრაობა” ვერ შეძლებს იმ საპროტესტო მუხტის აგორებას, რომელმაც შეიძლება ქვეყანაში რაიმე ძვრები გამოიწვიოს და საფრთხე შექმნას.
გია ხუხაშვილის მტკიცებით, პრაქტიკულად გამორიცხულია და არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს, რომ “ნაცმოძრაობამ” რაიმე საფრთხე შექმნას. გარდა ამისა, არადამაჯერებელია და საეჭვოა ის, რომ ახალგაზრდა, რომელიც პარტიიდან ნახევარი წლის წინ წამოვიდა და პერსონა ნონ-გრატადაა მიჩნეული, ყველაზე ინფორმირებულია.
„ნაცმოძრაობა” ნეგატივზეა ორიენტირებული და მათ რა თქმა უნდა აქვთ სურვილი პროვოკაციები მოაწყონ, მაგრამ დღეს ფართომასშტაბიანი გართულებების შესაძლებლობები არ აქვთ. როგორც ჩანს, ეს ადამიანი თავის დროზე რომელიღაც ოპერატიულმა მუშაკმა “დაითრია” და ახლა დროგამოშვებით რაღაცებს ათქმევინებენ. რა მიზნით – არ ვიცი, შეიძლება გადაფარვის მიზნით. ეტყობა, ვიღაცას შეეშინდა იმის, რომ დღეს “ნაციონალებმა” სპორტის სასახლეში ბევრი იხმაურეს და ამიტომაც ალაპარაკეს ეს პატარა ბიჭი. თუმცა დიდი სისულელეა, ეს გამარგინალიზებული “ნაციონალური მოძრაობა” ვის დაკარგვია?
“კი, ვიცით, რომ “ნაცმოძრაობის” ერთ ნაწილს სურდა არჩევნების არაღიარებისა და რევოლუციურ რეჟიმში გადასვლა, მაგრამ იმ სიტუაციაშიც კი ამ პარტიას რევოლუციური განვითარების რესურსი არ აქვს. საზოგადოებაში ამგვარი განწყობა არ არის, საფუძვლის გარეშე კი ასეთი რაღაცები არ ხდება. ერთადერთი ტერორიზმი რჩება და ეს არასერიოზულია,” – აღნიშნავს გია ხუხაშვილი. მისი პროგნოზით, “ნაციონალური მოძრაობა” უახლოეს ხანებში შეეცდება რაღაც “საპროტესტო შარიშური” მოაწყოს, იხმაურონ, რომ საზოგადოებას გაახსენონ, რომ ცოცხლები არიან. ამდენად, რამდენიმე აქციასაც ვიხილავთ, მაგრამ ქვეყანაში კრიზისის შექმნის არც მიზანი ექნებათ და ვერც შეძლებენ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ნაციონალები “გაზპრომის” თემის გაპროტესტებასაც ხელიდან არ გაუშვებენ. ვარაუდობს, რომ ამ აქციაზე (თუ აქციებზე) დიდი საპროტესტო მუხტი ვერ აიწევა, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ამ პარტიამ დესტაბილიზაციის სურვილით რაღაც პროვოკაციების მოწყობა სცადოს.
“მცირერიცხოვან ძალებსაც შეუძლიათ არეულობა მოაწყონ, მაგრამ დიდი საპროტესტო მუხტის შესაქმნელად “ნაცმოძრაობა” ხალხს ვერ აიყოლიებს. ეს ამ არჩევნებზეც გამოჩნდა. ჩვენ ვიცით, რომ გავრცელებული იყო ვერსია, “ნაციონალები” არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციას გეგმავენო და ამიტომაც იყო, რომ ამომრჩეველმა მთელი მობილიზაცია გააკეთა და “ქართულ ოცნებას” მისცა ხმა. ხალხის მხარდაჭერა არა, მაგრამ დესტაბილიზაციისთვის საჭირო ადამიანების რაოდენობა ეყოლებათ და ამიტომ იქნება მიტინგები, აქციები, შეძახილები, რასაც შეიძლება ისეთი თემებიც მოჰყვეს, რომელიც გამოხმაურებას ჩვენშიც იპოვის. მაგალითად, ფასების გაზრდა საწვავზე და პროდუქტებზე.
თუმცა ისიცაა, როცა მოსახლეობა დაინახავს, რომ ამ პროტესტის ინიციატორი “ნაციონალები” არიან, ეს ბარიერი იქნება იმისთვის, რომ ამ საპროტესტო ტალღამ მასშტაბები გაზარდოს”, – მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე. მისი თვალსაზრისით, “ნაციონალების” ეთიკიდან და წარსულიდან გამომდინარე, რეალურია, ამ პარტიას დესტაბილიზაციის გეგმა ჰქონდეს. იგი თვლის, რომ საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს ის, თუ როგორ მოვიდნენ ისინი ხელისუფლებაში და ეს სწორედ მიტინგებით და რევოლუციით მოხდა. ამას პლუს ისიც, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებისას ითქვა, რომ ეს პარტია გეგმავდა აქციებსა და პროვოკაციებს და ამაზე არაერთი ჩანაწერიც გავრცელდა იგივე ე.წ. უკრაინულ ვიკილიქსზეც. ამ ყველაფერს ასევე ემატება ის, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” უთანხმოების და შემდეგ საბოლოო გაყოფის მთავარი მიზეზიც ის იყო, რომ სააკაშვილი არჩევნების შემდეგ ქუჩის აქციებს გეგმავდა, მეორე ნაწილი კი ამას ეწინააღმდეგებოდა.
მიხეილ “სააკაშვილის ეს მოთხოვნა აქციებზე ხომ ღია იყო და ვარაუდი არ არის? მეორე მხრივ, ასევე ვნახეთ გაუგებარი წარმოშობის ჩანაწერები უკრაინიდან, რომელშიც არეულობაზეა ლაპარაკი. როცა ეს ყველაფერი ლოგიკურად ერწყმის ერთმანეთს, იქ შთაბეჭდილება გრჩება, რომ არეულობის გეგმაზე საუბარს რეალური საფუძველი ჰქონდა. სააკაშვილი ღიად მოუწოდებდა პარტიას ქუჩაში გამოსულიყვნენ, რაც ნიშნავს საპროტესტო აქციებს და ამით გამოწვეულ დესტაბილიზაციას. დესტაბილიზაციის ვერსიას თავად სააკაშვილი ამყარებს. თანაც, რადგანაც პარტიის გაყოფის ერთ-ერთი მიზეზი ქუჩის აქციებზე მეორე ნაწილის უთანხმოება იყო, “ნაციონალებში” დარჩენილი გუნდი აქციების მეთოდებზე აუცილებლად გადავა,” – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
„რეზონანსი“, 21 იანვარი, 2017 წელი
ვის მხარესაა „ნაციონალი“ №2?
ვანო მერაბიშვილი პატიმრობის დასრულებამდე აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტს
თიკო ოსმანოვა
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი ციხის დატოვებამდე აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობის გაგრძელებას არ აპირებს. ამის შესახებ “რეზონანსს” “ევროპელი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ უთხრა. მისი თქმით, მას ეს ინფორმაცია მისმა თანაგუნდელმა და მერაბიშვილის ყოფილმა ადვოკატმა ოთარ კახიძემ მიაწოდა, რომელიც სასჯეაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” რიგით მე-7 ყრილობა გაიმართა და პარტიის გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილი პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე დატოვეს. ვიდრე პატიმრობაში იქნება, მის უფლებამოსილებას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია შეითავსებს. ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით ვანო მერაბიშვილი გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე თანხმობა არ განუცხადებია. “მინდა გაცნობოთ, რომ დღეს გამართულ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია”, – დაწერა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ვანო მერაბიშვილმა.
ექს-პრემიერის ამ განცხადებას ნიკა მელია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ციხეში მისვლასა და ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას მომავალ კვირაში გეგმავს. მისი თქმით, თუ ვანო მერაბიშვილი უარს ამბობს თანამდებობაზე, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული: „ჩვენ, ბუნებრივია, არც კი გვქონია ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების მცდელობა. ვიცით, რომ ადამიანი გამოკეტილია ოთხ კედელში ივანიშვილის მიერ და აქედან გამომდინარე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უზნეობაა გადააყენო ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ არის გამოკეტილი. ჩვენ უკანასკნელ დღეებში გვქონდა მცდელობა, კომუნიკაცია, რომ მას გაეკეთებინა საჯარო განცხადება, ან უბრალოდ პრივატულ საუბარში, თუ რა პოზიცია აქვს, თუმცა იგი თავს იკავებდა. რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არ ერევა დაპირისპირებაში. მე პირადად მსურს მომავალ კვირას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვესტუმრო ვანო მერაბიშვილს და პირადად გავიგო მისი მოსაზრებების შესახებ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებას ეცნობება, მაგრამ ეს იქნება დამოკიდებული თავად ვანო მერაბიშვილზე”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
აღსანიშნავია, რომ ვანო მერაბიშვილის პოზიცია აქამდე მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ იგი მომხრე იყო 27 ოქტომბერს პოლიტსაბჭოს სხდომა გამართულიყო, რომელიც კვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა. მაშინ სხდომაზე ე.წ. სააკაშვილის გუნდის წევრები არ მივიდნენ. არჩევნების შემდეგ მასთან ციხეში იმყოფებოდა “ევროპელი დემოკრატების” წევრი დავით დარჩიაშვილი. თუმცა. იგი არ ახმაურებს, თუ რა საკითხებზე ისაუბრეს.
ქვეყნის ყოფილი “ხერხემალის” გადაბირებასთან დაკავშირებით მხარეებს შორის დაწყებული “შერკინება” არ გაკვირვებიათ პოლიტოლოგებს და ამას ვანო მერაბიშვილის ავტორიტეტით ხსნიან: „ვანო მერაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მართველობის პერიოდში, მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუაშვილი გადადგა, გახლდათ მეორე პოლიტიკური ფიგურა, რაც მოგვიანებით მისი თანამდებობაზეც აისახა. სწორედ ამიტომაც დაინიშნა იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ფიგურაა. ამიტომ საერთოდ არ მიკვირს, თუ რატომ დაიწყო მასზე ორივე მხარემ ჭიდილი. ჩემი აზრით, თუ ვის მხარეს დაიჭერს ვანო მერაბიშვილი ეს იმ პარტიის რეიტინგზე იმოქმედებს დადებითად”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი, მასზე ჭიდილი, იმიტომ დაიწყეს, რომ მერაბიშვილს სამართალდამაცვების მხარდაჭერა აქვს. მისივე თქმით, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, პოლიცია იქნება იქ, სადაც ვანო მერაბიშვილია.
„ვანო მერაბიშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” და მის ელექტორატში აღიქმება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ლიდერ ფიგურად. მას სამართალდამცავებში ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. პოლიციელები პატივს სცემდნენ. ამიტომ “ნაციოანლების” ორივე ფრთისთვის მნიშვნელოვანია ვის მხარეს დადგება იგი. ეს ნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილი თავის ყოფილ პოსტს გამოიყენებს არა მარტო მოქალაქეების, არამედ პოლიციელების მხარდაჭერის მისაღებად. საქმე საქმეზე რომ მივა, პოლიცია იქნება ვანო მერაბიშვილის მხარეს. სწორედ ამიტომაც მიდის ჭიდილი მის მიმართ. 500 ათასი ამომრჩევლისთვის, რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილი არის ორიენტირი. შესაბამისად, თუ იგი გიგი უგულავას ფრთაში გადავიდა, „ნაციონალური მოძრაობა“ დაკარავს იმ მხარდაჭერებს, რომელიც წლების განმავლობაში ჰყავდა”, – გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ.
„რეზონანსი“, 21 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ ხატია დეკანოიძესთან: „წარმატებას ვუსურვებ განურჩევლად ყველას, ვინც იბრძვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“ // ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებაზე არაფერი ვიცი“
თიკო ოსმანოვა
უკრაინის ნაციონალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი და განათლების ექს-მინისტრი ხატია დეკანოიძე ამჟამად პოლიტიკური საქმიანობით აღარ არის დაკავებული, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” აქტიურ გულშემატკივრად რჩება და შესაძლოა, მომავალში მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინაში დაფუძნებული პარტიის რიგებშიც ვიხილოთ. ამბობს, რომ მისთვის ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძვის.
“ნაციონალური მოძრაობის” პარტიის ყრილობის შეფასებაზე და მის სამომავლო გეგმებზე “რეზონანსი” ხატია დეკანოიძეს ესაუბრა.
ხატია დეკანოიძე: სტუმრის სტატუსით მომიწვიეს. არ ვარ უცხო ადამიანი. 2014 წელს ჩემი ინიციატივით მივედი პარტიაში და ჩავერთე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მანამდე არასდროს ვყოფილვარ პარტიის წევრი. ყველა ადამიანისთვის ახლა მნიშვნელოვანი უნდა იყოს ამ ქვეყნიდან იმ ადამიანის მოშორება, რომელმაც დემოკრატიული მმართველობის ყველა პრინციპი დაარღვია. ბიძინა ივანიშვილი რეალურად უნდა მოშორდეს ამ ქვეყანას. აი, ამას ვხედავ საქართველოს განვითარების შეჩერების მთავარ საფრთხედ. ჩემთვის სხვა საფრთხე, ბიძინა ივანიშვილის გარდა, არ არსებობს. იგი მუდმივად ექაჩება ქვეყანას რუსეთისკენ. იცით, რომ როგორც უკრაინისთვის, ისე საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში როგორ მოხდება მოვლენების განვითარება. მნიშვნელობა აქვს პუტინის დამარცხებას, ამიტომ ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც რაღაც ინვესტირება მქონდა ამ ქვეყნის განვითარებაში, ვფიქრობ, ჩემი ადგილი აქ იყო. მომიწვიეს ჩემმა მეგობრებმა და მეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.
არ ვარ პოლიტსაბჭოს წევრი და ვერც ვიქნები, იმიტომ, რომ უკრაინის პასპორტი მაქვს. ვარ იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ძალიან მიყვარს. პარტიულ მენეჯმენტში არასოდეს მიმიღია მონაწილეობა და არც ვაპირებ. უბრალოდ, რიგითი ქართველი ვარ, რომელსაც ქვეყნის გადარჩენის ძალიან დიდი სურვილი ამოძრავებს.
- ანუ საქართველოში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაბმას ჯერჯერობით არ აპირებთ?
- არა. ამჟამად უკრაინაში ვცხოვრობ.
- მას შემდეგ, რაც უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვეთ, რა საქმიანობას ეწევით და რა გეგმები გაქვთ?
- ახლა პოლიტიკით არ ვარ დაკავებული.
- გიხილავთ თუ არა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტიის რიგებში?
- მომავალში რა იქნება, ნამდვილად ვერ გეტყვით. თანამდებობა დავტოვე დაახლოებით 2 თვის წინ. ვნახოთ, ყველაფერი შესაძლებელია. ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჯერჯერობით პოლიტიკური საქმიანობით არ ვარ დაკავებული.
- რას იტყვით “ნაციონალურ მოძრაობაში” ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე – პარტიიდან ლიდერების წასვლაზე?
- რა უნდა ვთქვა, წარმატებას ვუსურვებ განურჩევლად ყველა ადამიანს, ვინც იბრძვის ივანიშვილის წინააღმდეგ. შეფასებები მრავლად იყო. იქ დგას ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც მე პატივს ვცემ. ჩემი ძალიან ბევრი მეგობარია, რომელიც პარტიაში არ გამიცვნია, მაგრამ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ყველა ადამიანი, რომელიც იბრძვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ჩემთვის კი არა, ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.
- რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მისი გადაწყვეტილების შესახებ თუ იცით რამე?
- არაფერი ვიცი.
„რეზონანსი“, 21 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან: „ვემზადებით ადგილობრივი არჩევნებისათვის“ // „შესაძლოა სრულფასოვანი გენერალური პოლიტიკური ბრძოლის გამართვა, შესაძლოა, ვერ შედგეს, თუმცა მთელი ძალებით მოვემზადებით უკვე საპარლამენტო არჩევნებისთვის”
გვანცა ღვედაშვილი
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ მის მიერ დაანონსებული პარტიის შესახებ კონკრეტული დეტალები თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯერჯერობით არც იმას ამბობს, ვის ვიხილავთ მის გუნდში, თუმცა აცხადებს, რომ პარტიაში შემავალი წევრების ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებში აქტიურად იქნებიან ჩართული.
რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიაში მის მუშაობას, უსუფაშვილის თქმით, ის ჩართული იქნება, როგორც საკითხით დაინტერესებული მოქალაქე.
დავით უსუფაშვილი: კონსტიტუცია მოქალაქეებისთვის იწერება. მე ვარ საქართველოს მოქალაქე და ამ სტატუსით დაინტრესებული ვარ მრავალ საკითხში, მათ შორის კონსტიტუციაშიც. საკონსტიტუციოს კომისია და მისი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არა მხოლოდ მე, არამედ ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს მისცემს იმის საშუალებას, რომ კომისიის მუშაობის შესახებ ინფორმირებული იყოს.
- შეხვედრა გქონდათ ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან. რა საკითხებზე გაამახვილეთ ყურადღება?
- პირველ რიგში წამოვწიეთ საკითხი, რომელსაც დიდი ინტერესი ჰქონდა როგორც სტუმრებში, ისე მასპინძლებში. იმისთვის, რომ თავად საკონსტიტუციო პროცესში მეტი ჩართულობა მოხდეს, რათა კომისიის ნდობა გაიზარდოს, დავინახოთ, რომ ხელისუფლება შეთანხმებებს ასრულებს, ამისთვის საუკეთესო გზა იქნებოდა იმ ცვლილებებისთვის დაუყოვნებლივი კენჭისყრა, რომლებიც გასული წლის განმავლობაში მომზადდა, მათ შორის “ქართული ოცნების” ინიცირებით, რომელსაც ჰქონდა უმაღლესი კრიტიკული და საზოგადოებრივი კონსენსუსი. საკითხი ეხება მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. ყველა საჭირო დოკუმენტი მზად არის კენჭისყრისთვის და პოლიტიკური თვალსაზრისით გამოჩნდებოდა, რომ ხელისუფლება პატივს სცემს საკუთარ სიტყვასაც, შეთანხმებებსაც. ამ საკითხის კენჭისყრით, კომისიის მუშაობის საწყის ეტაპზევე გაჩნდებოდა დადებითი ენერგიები.
- რაც შეეხება თქვენ მიერ დაანონსებული პარტიის შექმნას, როდის იგეგმება მისი პრეზენტაცია?
- ამ თემებზე უფრო დეტალურად თებერვლის ბოლოსკენ შემეძლება ლაპარაკი. მუშაობა მიმდინარეობს. აუცილებელია განსხვავებული ოპოზიციური ძალის შექმნა. ჩაფიქრებული გვაქვს ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობა, ამისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტზე მიდის ფიქრი, თუმცა, ამაზე მხოლოდ მოგვიანებით, გაზაფხულისკენ მოგახსენებთ.
-ვიხილავთ თუ არა პარტიაში ნაცნობ სახეებს, მაგალითად, ვახტან ხმალაძეს, ირაკლი ალასანიას ან კახა შარტავას?
- კონკრეტულად, ვერც ვერაფერს უარვყოფ და ვერც ვადასტურებ. საუბარია იმ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ პოლიტიკური გამოცდილება, ზოგს წინა, ზოგს ახალი და ა.შ.
- მიიღებთ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას?
- ბევრი ჩვენგანი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ამ არჩევნებში, თუმცა თავად პოლიტიკური ძალა რამდენად იქნება სრულფასოვნად წარდგენისთვის მზად, ამაზე საუბარი ადრეა. შემიძლია გითხრათ, რომ ის კანდიდატები, რომლებიც ემზადებიან ამ მიმართულებით, აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ არჩევნებში და ბევრ ადგილზე სერიოზულ შედეგსაც ვგეგმავთ. ვიმეორებ, რომ ამ ვადაში სრულფასოვანი გენერალური პოლიტიკური ბრძოლის გამართვა შესაძლოა ვერ შედგეს, თუმცა მთელი ძალებით მოვემზადებით უკვე საპარლამენტო არჩევნებისთვის.
- თუ გეგმავთ სხვა პარტიებთან თანამშრომლობას, მაგალითად, “რესპუბლიკელებთან”, “ქართულ ოცნებასთან” ან “ნაციონალურ მოძრაობასთან”?
- თანამშრომლობაში რა იგულისხმება?! – პოლიტიკოსმა უნდა ითანამშრომლოს ყველასთან. სხვა შემთხვევაში სჯობს, სხვა საქმეს მიხედოს. პოლიტიკოსის პირდაპირი ვალდებულებაა ითანამშრომლოს ყველასთან ამ ქვეყანაში, თუმცა გააჩნია, დებატებიც თანამშრომლობის ფორმაა. როცა ვიღაცასთან კონკრეტულ საკითხს იხილავ, ეკამათები, კითხვას უსვამ ან აკრიტიკებ – პოლიტიკაში ეს თანამშრომლობაა. ამაზე უფრო დეტალურ პასუხს ვერ გაგცემთ.
„რეზონანსი“, 21 იანვარი, 2017 წელი
„ვენეციის კომისია“ პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის წინააღმდეგია?
გვანცა ღვედაშვილი
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ვერ ხედავს არგუმენტს, რის გამოც ქვეყნის პირველი პირის არჩევის წესის შეცვლა აუცილებელია. პარლამენტის თავჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით კი, საკონსტიტუციო კომისია არ მიიღებს არც ერთ ისეთ ნორმას, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ ნეგატიურად იქნება შეფასებული. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის აუცილებლობაზე ბოლო არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მოყოლებული საუბრობენ.
“რეზონანსი” შეეცადა ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს დაკავშირებოდა, მაგრამ უშედეგოდ.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად საქართველოს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი და საყოველთაო არჩევნებით ხდება. ცვლილების განხორციელების შემთხვევაში კი პრეზიდენტს არა ქვეყნის მოსახლეობა, არამედ პარლამენტი აირჩევს.
საკონსტიტუციო კომისიის ექსპერტები, კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი და პოლიტოლოგი ვახტან ძაბირაძე აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტის არჩევის ორივე წესი – როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი – მისაღებია და დემოკრატიულ პრინციპებთან შესაბამისობაშია. რაც შეეხება ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯონ ბუკიკიოს განცხადებას, მათი აზრით, ეს არ იყო კატეგორიული მიმართვა.
თუ საკონსტიტსუციო კომისია პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების საკითხს დააყენებს, ამით „ვენეციის კომისიის“ თვალში მათი მუშაობის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება.
“გუშინ გვქონდა შეხვედრა ჯანი ბუკიკიოსთან და მან ცალსახად განაცხადა, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოთა დაბალანსების მიზნით, სასურველია, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩეს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა, ჩემთვის უცნობია, თუმცა კობახიძისგან დაბეჯითებით არ გამიგია, რომ პრეზიდენტი მხოლოდ არაპირდაპირი წესით უნდა ავირჩიოთ. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ ამის შესახებ იმსჯელებდნენ.
უმრავლესობა ირიბად მიუთითებს, რომ კლასიკურ საპარლამენტო რესპუბლიკებში სხვაგვარად არის პრეზიდენტის არჩევნები. უფრო კონკრეტულად აღნიშნულ საკიტხთან დაკავშირებით მათი პოზიცია 27-ში გახდება ცნობილი, როცა შესაბამისი სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება”, – განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.
ვახტანგ ძაბირაძეის თქმით, „ვენეციის კომისიის“ პრეზიდენტმა ზოგადი სიტუაციიდან გამომდინარე შეაფასა, რომ პრეზიდენტის არჩევის ორივე წესი მიღებული და დემოკრატიულია. აქ პრობლემა ისაა, რომ ვენეციის კომისიის შეხედულება, როდესაც რაიმე საკითხზე ამბობს რომ არ არის დემოკრატიული, მაშინ უნდა გაითვალისწინო. მაგრამ ბუკიკიოსთვის ალბათ არ აუხსნიათ რა ვითარებაა და როდესაც მხოლოდ ერთ ნაწილს ეუბნები, ის სიტუაციას იმ ნაწილიდან გამომდინარე აფასებს. ჯანი ბუკიკიო ამბობს, რომ არ იცის რატომ უნდა შეიცვალოს აღნიშნული წესი და მას, ვინც ამ საკითხზე ესაუბრებოდა, უნდა აეხსნა კიდეც რატომ არის ჩვენთვის აუცილებელი აღნიშნული მუხლის შეცვლა. თუ შესაბამისი არგუმენტი არ წარუდგინეს, რასაკვირველია ბუკიკიო იმ განცხადებას გააკეთებდა, რაც მედიაში გაჟღერდა“.
„კომისამ უნდა თქვას, რატომ ცვლი არჩევის წესს, რატომ არის ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანი. თუ აღნიშნული საკითხის ცვლილება დღის წესრიგში დადგება, ეს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ხარისხზე არ იმოქმედებს”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
„რეზონანსი“, 21 იანვარი, 2017 წელი
პრეზიდენტს ვეტოს დადებას სთხოვენ
ნინო ქეთელაური
მართლმსაჯულების “მესამე ტალღის” კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს თუ არა, 25 იანვრამდე გახდება ცნობილი. აღნიშნული მოთხონით მას იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა მიმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ თუ პარლამენტის მიერ დამტკიცებული ეს ცვლილებები ძალაში შევა, სასამართლოს “მურუსიზაცია” მოხდება და “ქვეყნის სამართლებრივი განვითარების 1%-იანი შანსიც აღარ დაგვრჩება”. იმაზე ის, რომ სასამართლო რეფორმის “მესამე ტალღის” პაკეტში ბევრი საკითხი დასაკონკრეტებელია, იურისტები ერთხმად თანხმდებიან.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მსგავსი “საშინელება” ძნელად წარმოსადგენია და მისთვის მიუღებელ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას.
“ჩემი შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის მიხედვით, პოლიტიკური გარიგების საფუძველზე, პარლამენტმა უარი თქვა მესამე ტალღის იმ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნოვაციაზე, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლოს თავმჯდომარეთა არჩევითობას. შესაბამისად, ამ ნაწილში სრულად იქნა შენარჩუნებული თავმჯდომარეების დანიშვნის მანკიერი მექანიზმი.”დღეისათვის არ არსებობს თავმჯდომარის შერჩევის რაიმე კრიტერიუმები ან პროცედურები და საბჭო სრული დისკრეციით სარგებლობს. კანონპროექტის თანახმად, არ არის მითითებული, სასამართლოს თავმჯდომარე რამდენჯერ შეიძლება იყოს არჩეული თანამდებობაზე, რაც მიუთითებს, რომ “მურუსიძეებს” მივიღებთ სასამართლოს თავმჯდომარეებად მთელი სიცოცხლის მანძილზე”, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი და აღნიშნავს, რომ მოქმედი ცვლილებებით, “ყველაზე დიდი საშინელება, რაც პარლამენტმა ჩაიდინა არის ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სასამართლოს თავმჯდომარეებით დაკომპლექტდება. კერძოდ, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთაგან ნახევარი შეიძლება იყოს კოლეგიის, პალატის ან სასამართლოს თავმჯდომარე/თავმჯდომარის პირველი მოადგილე/მოადგილე. აქ უკვე ჩანს კანონმდებლის მიზანი, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც იქნენ წარმოდგენილი.
სასამართლო რეფორმის პირველი ტალღით, სასამართლოს თავმჯდომარეებს აეკრძალათ ჰქონდეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა და ეს მიჩნეული იყო სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯად. ჩემი შეფასებით, პოლიტიკური გარიგების შემდეგ, ვინაიდან მოქმედი თავმჯდომარეები პოლიტიკურად უფრო მისაღები გახდნენ, ხელისუფლებამ მიიღო მათი თანამდებობაზე დატოვების გადაწყვეტილება.
მაშასადამე, ვიღებთ ასეთ სისტემას: იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისკრეციულად ნიშნავს თავმჯდომარეებს, ხოლო ისინი შემდეგ აკომპლექტებენ საბჭოს ნახევარს: ამის შემდეგ რომელ თვითმმართველობაზე შეიძლება იყოს საუბარი?”, – აცხადებს ხატიაშვილი და ამავე კანონპროექტით გათვალისწინებულ დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღების ხარვეზებზეც მიუთითებს.
მოქმედი კანონპროექტის თანახმად ლევან მურუსიძეს და მის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევენ უფლებას, კონკურსის საფუძველზე აირჩიონ დამოუკიდებელი ინსპექტორი. ისმის უბრალო კითხვა, ლევან მურუსიძის და ამ იუსტიციის საბჭოს მიერ არჩეული დამოუკიდებელი ინსპექტორი რანაირად იქნება დამოუკიდებელი? სავარაუდოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე “პატარა მურუსიძეს” შეარჩევს, რომელიც “მურუსიძეების” გავლენის ქვეშ იქნება”, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი და პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადოს.
როგორც “რეზონანსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, გიორგი მარგველაშვილს აღნიშულ კანონპროექტზე ხელის მოწერის ვადა 25 იანვრამდე აქვს, თუმცა მანამადე მისი საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე კონსულტაციებს მართავს და პრეზიდენტის პოზიცია ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
“ანა დოლიძე უკვე შეხვდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს. გუშინ ასევე შეხვედრა ჰქონდა კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” წევრებთან, სადაც სწორად ეს კანონპროექტი განიხილეს. აღნიშნულთან დაკავშირებთ პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსულტაციებს განაგრძობს და პრეზიდენტის პოზიცია 25 იანვრამდე გახდება ცნობილი”, – განუცხადეს “რეზონანსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
იურისტების შეფასებით, სასამართლო რეფორმის “მესამე ტალღა” უფრო მეტ სიცხადეს და კონკრეტიკას რომ საჭიროებს, აშკარაა.
იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ სასამართლო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია სახელმწიფოსთვის და კარგია, რომ ყველა პროფესიულ წრეში ამ საკითხით არიან დაინტერესებულები, მაგრამ პრეზიდენტისადმი მიმართვას შესაბამისი არგუმენტაცია უნდა ჰქონდეს.
„რა თქმა უნდა, პრეზიდენტიც ვალდებულია ვეტო დაადოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აქვს კარგი დასაბუთება იმისა, თუ რატომ არ უნდა იქნეს მიღებული ესა თუ ის კანონი. კარგია, რომ ეს საკითხი წამოიჭრა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. იმიტომ, რომ “მესამე ტალღა” არ არის ერთი და ორი საკითხის გადაწყვეტის მცდელობა, ეს არის მთელი რიგი საკითხებისა, რომელთაგან, ძალიან ბევრი აქტუალური და მნიშვნელოვანია, ზოგიერთი კი არცთუ ისე. ამის გადაწყვეტა პრეზიდენტის პრეროგატივაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის სათანადოდ მოეკიდება”, – ამბობს ლია მუხაშავრია.
კითხვაზე, აღნიშნულ კანონპროექტში, რომელი ნაწილია მისთვის გაუგებარი, პასუხობს, რომ საკითხები ზოგადად მისაღებია, თუმცა ინსპექტორის პერსონა გარკვეულ კითხვებს აჩენს.
„ინსპექტორი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, პერსონალურად ვინ იქნება, როგორი პროფესიონალი და რამდენად შეძლებს იყოს მიუკერძოებელი და მხოლოდ მართლმსაჯულების ინტერესებით იმოქმედოს”, – აცხადებს მუხაშავრია და აღნიშნულ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალს ორივე მხარის მხრიდან სათანადო დასაბუთებაში ხედავს. ეს უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული და დამაჯერებელი არა მარტო პარლამენტისთვის, არამედ საზოგადოებისთვის და პროფესიული წრეებისთვის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დღეს ხელისუფლებაშია და სასამართლოს ამა თუ იმ საკითხს როგორც უნდა ისე გადააწყვეტინებს, ეს უვარგისი მიდგომაა. საჭიროა, ყველამ გავაცნობიეროთ, რომ კარგი სასამართლოს გარეშე სახელმწიფო და საზოგადოებაში პროგრესი არ არსებობს”, – ამბობს ლია მუხაშავრია.
იურისტ გელა ნიკოლაიშვილის შეფასებით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არის იმდენად, რამდენადაც იქ ბევრი ზოგადი საკითხია.
„თორემ ის, რომ მთლიანად უგულებელყოფილი იყოს, ამას არ ვეთანხმები. უბრალოდ, რიგი საკითხების დაზუსტება თუ მოხდება, უკეთესია. იგივე ინსპექტორის შესახებ გადაწყვეტილება რომ ავიღოთ, მან უნდა გააკონტროლოს მოსამართლის ესა თუ ის ქმედება, რამდენად დაიცვა მან კანონი (ეს იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი შევა). საერთოდ, ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციაა, მაგრამ ამ შემთხვევაში მას ეყოლება ინსპექტორი, რომელსაც წარადგენს კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მაინც იუსტიციის უმაღლესი საბჭო წყვეტს. სახალხო დამცველიც, თავად არაფერს წყვეტს, მაგრამ სახელმწიფო ორგანოებს წარუდგენს თავის პოზიციას. თუ სახალხო დამცველს აქვს ავტორიტეტი, ამას ითვალისწინებენ სახელმწიფო ორგანოებიც. ასე რომ, თვითონ ეს ინსპექტორი უნდა იყოს ავტორიტეტი და დამოუკიდებელი. ახლა, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ არ ჩანს, ის იქნება თუ არა დამოუკიდებელი, ეს, რა თქმა უნდა, თვითონ პიროვნებაზეა დამოკიდეული, ვის აირჩევენ”, – ამბობს გელა ნიკოლაიშვილი და აღნიშნავს, რომ კანონპროექტში ბუნდოვანი საკითხები არ უნდა დარჩეს.
„რაც შეეხება სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას, რა თქმა უნდა, უვადოდ არ უნდა იყოს და ეს საკითხი ბუნდოვანი არ უნდა დარჩეს. აუცილებელია მოინიშნოს რა ვადით მოხდება მისი არჩევა. მთლიანობაში, თითოეული საკითხის დაზუსტებაა საჭირო, რომ ყველაფერი ნათელი იყოს”, – აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.
———————–
„ახალი თაობა“, 21 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „მანანა კობახიძის საკონსტიტუციოს მოსამართლედ დანიშვნა მისთვის კომპენსაცია იქნება“
საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ოთხ კანდიდატურას განიხილავს. მათ შორის ორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრია. უკვე დადასტურდა, რომ ერთ-ერთი ყოფილი ვიცესპიკერის მანანა კობახიძის კანდიდატურაა.
„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკოსების მოსამართლეებად გამწესება ცუდი პრაქტიკაა და ეს საკონსტიტუციო სასამართლოს იმიჯისთვის საზიანო გადაწყვეტილება იქნება.
- ბატონო ლევან, თუ დეპუტატი მანანა კობახიძე გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, შესაძლებელია, ამ გადაწყვეტილებამ გარკვეული გავლენა იქონიოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ნეიტრალური ორგანოს იმიჯზე?
- პროფესიულ და პიროვნულ დახასიათებაში ნამდვილად არ შევალ. რაც შეეხება იმას, ინსტიტუციურად თუ როგორ უნდა ხდებოდეს, პრინციპულად მიმაჩნია, რომ ამ ტიპის კონსტიტუციური ორგანოების დაკომპლექტება უნდა ხდებოდეს პოლიტიკისგან მაქსიმალურად დისტანცირებული პირებისგან. თუ ჯერ კიდევ აქტიურ პოლიტიკაში მყოფი პირი მართლმსაჯულების ორგანოში, გნებავთ, აუდიტის სამსახურსა თუ საკონსტიტუციო სასამართლოში დაინიშნება, ყოველთვის იქმნება ინსტიტუციის დისკრედიტაციის რისკი. ამ შემთხვევაში პოლიტიკური ნეიტრალიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ეს დაუშვებელი და მიუღებელია. შესაბამისად, ხელისუფლების გონივრულობა იმაში იქნება, თუ ამ რისკს აარიდებს ისედაც დისკრედიტებულ საკონსტიტუციო სასამართლოს. ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თავის დროზე პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირება ვერ შეძლო.
- ერთ-ერთი არგუმენტია, რომ კანონმდებლობა არ კრძალავს მოქმედი პოლიტიკოსის წარდგენას მოსამართლის პოსტზე...
- ამაზე არც არავინ დავობს, მაგრამ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის, ეს არის უმთავრესი, ეს არის მნიშვნელოვანი.
- პრეზიდენტსაც აქვს უფლებამოსილება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგინოს. მარგველაშვილმა თავის დროზე ირინა იმერლიშვილი წარადგინა. შეიძლება, თქვენმა ოპონენტმა გითხრათ, რომ იმერლიშვილიც არ იდგა პოლიტიკისგან შორს...
- მას შემდეგ, რაც ირინა იმერლიშვილი პარლამენტიდან წავიდა, არცერთი პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია. ყველანი პოლიტიკაში ვართ მეტ-ნაკლები ხარისხით, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია პარტიულ პოლიტიკაზე, მოქმედ პოლიტიკოსზე. მანანა კობახიძე იყო პარლამენტის ვიცესპიკერი, დღესაც აქტიურ პარტიულ პოლიტიკაშია.
- პარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო და რამდენად შეძლებს, რომ პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანი წარადგინოს? პროფესიულ წრეებში უნდა ეძებდეს ასეთ პიროვნებას?
- უნდა ეძებდეს პროფესიონალ, მიუკერძოებელ, პოლიტიკურად ნეიტრალურ ადამიანს. პოლიტიკური ამბიციები აქვს, განაწყენებული მყავს და ამიტომ ვაკმაყოფილებ – ეს არ არის სწორი მიდგომა. ეს ხომ ჩვენც ვიცით, რომ ასეა. თუ პარლამენტმა მანანა კობახიძე დანიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, რეალურად ეს იქნება მისი კომპენსაცია. ვიცესპიკერობის მიღმა დარჩენილი, განაწყენებული კობახიძე თუ მიიღებს ამ თანამდებობას, მაშინ ეკვივალენტურ კომპენსაციად პარლამენტის მიერ მიჩნეული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა, რაც ძალიან სამწუხარო იქნება. პოლიტიკოსთა დასაქმების ბიუროდ საკონსტიტუციო სასამართლოს აღქმა ნამდვილად არ იქნება სწორი გადაწყვეტილება.
- საკონსტიტუციო სასამართლო რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას. მათ შორის არის გახმაურებული საქმეები. მოსამართლეთა განახლებული შემადგენლობისთვის ეს რამდენად იქნება გამოწვევა?
- ამ მხრივ არ ველოდები გართულებას ერთადერთი მიზეზით, რადგან კოლეგიებში გადაწყვეტილება უმრავლესობით მიიღება. არა მგონია, იმ კოლეგიაში, რომელსაც ერთი წევრი აკლია, შეძლოს მანანა კობახიძემ, თუ ის დაინიშნება, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებაზე.
———————-
„რეზონანსი“, 21 იანვარი, 2017 წელი
საქართველო იმპორტს უფრო მეტად “ჩამოეკიდა“
პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი უარესი მაჩვენებელი გვაქვს უარყოფითი სავაჭრო სალდოს მხრივ
ნათია ლომიძე
საქართველო კიდევ უფრო მეტად გახდა იმპორტზე დამოკიდებული, რადგან საგარეო ვაჭრობა მხოლოდ იმპორტის ხარჯზე იზრდება. სპეციალისტები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ საექსპორტო საქონელში სიახლე არ შეიმჩნევა, რაც უცხოეთში ქართული პროდუქციის გატანის შესაძლებლობას ამცირებს.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2016 წლის საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2016 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11966 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 2114 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (4 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 9852 მლნ აშშ დოლარს (27 პროცენტით მეტი).
“საქსტატის” ცნობით, 2016 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3601 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელს 14 პროცენტით აღემატება. თუმცა აქაც მხოლოდ იმპორტის მატება შეინიშნება, რომელიც 3030 მლნ აშშ დოლარმდე გაიზარდა (20 პროცენტით მეტი). რაც შეეხება ექსპორტს, 571 მლნ დოლარამდე ჩამოვიდა (12 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 30 პროცენტი შეადგინა.
დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წელს 2721 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2015 წელთან შედარებით 3 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 739 მლნ აშშ დოლარი (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1983 მლნ აშშ დოლარი იყო (1 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 23 პროცენტი იყო. როგორც ჩანს, იმპორტი თითქმის არ გაზრდილა, მაგრამ ექსპორტმა კი მკვეთრად დაიკლო.
ანალიტიკოსი გიორგი ღაღანიძე “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას საგარეო ვაჭრობაში პრობლემა აქვს, მის მოსაგვარებლად საექსპორტო მიმართულებით ცვლილებები აუცილებელია. თუ ეს არ განხორციელდა, ამ მხრივ ვითარება კვლავ უცვლელი დარჩება.
“ის, რომ ჩვენ საგარეო ვაჭრობაში ქრონიკული პრობლემა გვაქვს, ახალი არ არის და ძალიან ბევრმა კვლევამ დაადასტურა. სამწუხაროდ, არ იქმნება ახალი საექსპორტო პროდუქტები. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ევროკავშირთან თავდაპირველად მცირე ოდენობით ექსპორტი კი გაიზარდა, მაგრამ ვინაიდან სასაქონლო მრავალფეროვნება დიდი არ იყო, ამიტომაც ეს ტენდენცია ვერ შენარჩუნდა. ვხედავთ, რომ ევროკავშირიდან იმპორტმა ჩაანაცვლა იმპორტი დსთ-დან, ანუ უფრო იაფად შემოვიდა ევრო პროდუქცია, რომელიც ადრე შემოდიოდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. აქედან გამომდინარე, ვიდრე არ გვექნება ახალი საექსპორტო საქონელი, ექსპორტი არ მოიმატებს. ჩვენი პრობლემა არის არა ბაზრებში, არამედ მცირე რაოდენობით პროდუქტში. სწორედ ამიტომაა ქვეყანა იმპორტზე დამოკიდებული, ეს ძალიან დიდი ხანია ასეა და სასიკეთოდ არაფერი არ იცვლება”, – განუცხადა “რეზონანსს” ღაღანიძემ.
სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ “რეზონანსს” განუცხადა, რომ ქვეყანას არ აქვს დადებითი სავაჭრო და საგადასახდელო ბალანსი, რაც უარყოფით გავლენას ახდენს. ამიტომ, ბოლო დროს საქართველო ექსპორტში უკუსვლის დაბალანსებას ტურიზმითა და ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობით ცდილობს.
“როდესაც გლობალურად ვიხილავთ საკითხს, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ქვეყანას ჰქონდეს დადებითი სავაჭრო და საგადასახდელო ბალანსი – ეკონომიკაში დიდ როლს ექსპორტი უნდა თამაშობდეს და არა იმპორტი. ჩვენ კი სრულიად საპირისპირო ვითარება გვაქვს. თავს ვერ ვაღწევთ მოჯადოებულ წრეს. ექსპორტის უარყოფით მაჩვენებელს, გარკვეულწილად, ტურიზმი აბალანსებს, რასაც ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობაც უწყობს ხელს, თუმცა ეს ვერ ხსნის პრობლემას, რადგან პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი უარესი მაჩვენებელი გვიფიქსირდება უარყოფითი სავაჭრო სალდოს მხრივ. აქ რეალური სექტორის სისუსტე და ადგილობრივი წარმოების მწირი შესაძლებლობები იკვეთება. ჩვენი ექსპორტი ისეა შემცირებული, იმპორტის მაჩვენებელი ძალიან თვალში საცემია და ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს”, – აღნიშნა სოსო არჩვაძემ.
„რეზონანსი“, 21 იანვარი, 2017 წელი
როგორი იქნება დონალდ ტრამპის ამერიკა
ია აბულაშვილი
აშშ-ს ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას მთელი პოლიტიკური სამყარო დაძაბული ელოდა. ეს დღეც დადგა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. აშშ-ს რიგით 45-ე პრეზიდენტი დღეიდან ოფიციალურად შეუდგება მოვალეობის შესრულებას.
რა რეალურ შედეგებს მოიტანს დონალდ ტრამპის არჩევა აშშ-ის პრეზიდენტად და როგორ შეიძლება განვითარდეს აშშ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობები, ამის თაობაზე “რეზონანსი” ქართველ ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს ესაუბრა.
როგორც “რეზონანსთან” პიარტექნოლოგიების სპეციალისტმა კახაბერ ჯაყელმა განაცხადა, ამერიკა მთელი სულით და გულით ცდილობს გაერკვეს თავის არჩევნებში და აღმოაჩინოს ის ბოროტი ძალა, რომელიც ამ არჩევნების დეტალებშია ჩაბუდებული. მისი თქმით, თუ გაირკვა, რომ მინიმალური კავშირი არსებობს ტრამპის ერთგულ გენერალსა და პუტინის ქმედებებს შორის, დონალდ ტრამპის საკითხი შეიძლება ერთ-ერთი რთული იყოს ამერიკის ისტორიაში.
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გარდამავალ პერიოდში, ანუ ვიდრე სრულად არ ჩამოყალიბდება ტრამპის ადმინისტრაცია, რეალურ ცვლილებებს არ ელის.
“გარდამავალ პერიოდში, ვიდრე საქმეების მიღება-გადაბარება მიმდინარეობს, რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, თუ რაიმე კარდინალური არ მოხდა ამერიკის პოლიტიკაში, ან კრიზისი არ განვითარდა რომელიმე რეგიონში. როდესაც ტრამპის გუნდი მთლიანად გადაიბარებს საქმეებს ობამას ადმინისტრაციისგან და გუნდიც სრულად ჩამოყალიბდება, რომელიც მას მისცემს რჩევებს, მაშინ შეიძლება დაიწყოს ცვლილებები, იგივე საგარეო კუთხით. ჩემი აზრით, ალბათ ყოფილი პრეზიდენტის ბარაქ ობამას საგარეო პოლიტიკის მიმართულებები გადაიხედება, მხედველობაში მაქვს რუსეთთან ურთიერთობა. სავარაუდოდ, იქნება მეტი კონსულტაციები იმ კუთხით, რომ ერთმანეთს რაიმე სიურპრიზები არ მოუწყონ. ერთია განცხადებები, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი აკეთებდა, ხოლო მეორეა ის განცხადებები, რომელსაც ტრამპი გააკეთებს, როდესაც იგი ოფიციალურად შეუდგება პრეზიდენტის ფუნქციის შესრულებას. არ მგონია, ტრამპმა დაარღვიოს ტრადიციული ურთიერთობები, თუნდაც ნატოსთან.
რაც შეეხება აშშ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებს, ამერიკისთვის გასაგებია, რომ საქართველო ამერიკისთვის განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორია, თუმცა შეიძლება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში თანამშრომლობის ინტენსივობამ იკლოს და არ იყოს ისე აქტიური, როგორც ეს იყო ბუშის და ობამას ადმინისტრაციის დროს. თუმცა უკვე დადებული ხელშეკრულებები აშშ-ს და საქართველოს შორის, კერძოდ, პარტნიორობის ქარტია ძალაში დარჩება”, – განაცხადა “რეზონანსთან” ზაალ ანჯაფარიძემ.
ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი კი ტრამპის საგარეო კურსთან დაკავშირებით ამბობს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დღევანდელი განცხადებები არის ნიადაგის მოსინჯვა და ახალი დიპლომატიური ჰორიზონტის შექმნის მცდელობა.
„ჯერ ძნელია თქმა, რა რეალურ შედეგებს მოიტანს დონალდ ტრამპის არჩევა აშშ-ის პრეზიდენტად. რაც შეეხება მის საგარეო კურსს, რაღაც განსაკუთრებით ცუდსა და ამერიკულ-რუსული ალიანსის ჩამოყალიბების მოლოდინი არ მაქვს. ტრამპის დღევანდელი განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა ნიადაგის მოსინჯვა და ერთგვარი ახალი დიპლომატიური ჰორიზონტის შექმნის მცდელობა. ამგვარ რამეს რუსეთი ყოველთვის ტლანქი იმპერიული ეგოიზმითა და რუსული “ლაგერების” ლუმპენური მორალით პასუხობდა. ძნელი წარმოსადგენია ამჯერად რაიმე სხვა მოხდეს. ვფიქრობ, ტრამპი ობამა არ არის, რომ ლიბერალი დოქტრინერის კეთილგანწყობით შეხვდეს ყველაფერ ამას.
მოკლედ, უახლოეს თვეებში გამოჩნდება, რა მოხდება. რუსული ისტაბლიშმენტის საზეიმო განწყობას სერიოზულად ნუ შევხედავთ. პუტინის მიზანია, მთელ სამყაროს ისე დაუხატოს საქმის ვითარება, თითქოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებშიც კი ყველაფერი მისი სცენარით ვითარდებოდა. პროპაგანდისტული თვალსაზრისით მას უაღრესად აწყობს ამერიკელი დემოკრატების მიერ ატეხილი აჟიოტაჟი არჩევნებში რუსული კვალის შესახებ. რომ არ არსებობდეს კიდეც ეს კვალი, ხელოვნურად უნდა შეექმნა, რადგან მისთვის ეს აჟიოტაჟი ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბზარის შეტანის სერიოზული საშუალებაა”, – აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.
„რეზონანსი“, 21 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „მოლოდინი დონალდ ტრამპის პრორუსული კურსის თაობაზე გადაჭარბებული აღმოჩნდა“
ია აბულაშვილი
“ეს არის პირველი ინაუგურაცია ამერიკის ისტორიაში, რომელიც ასეთი სკანდალებით ეწყობა. როგორც ჩანს, ამერიკის საზოგადოების დიდი ნაწილი არც ინაუგურაციის შემდეგ მისცემს დონალდ ტრამპს საშუალებას სრულად დატკბეს ოვალური კაბინეტის ეშხით”, – აცხადებს სოსო ცინცაძე, რომელსაც “რეზონანსი” აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე და მის პირველ ნაბიჯებზე ესაუბრა.
- გუშინ მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო ვაშინგტონისკენ, სადაც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. როგორც ამერიკელი მომომხილველები წერდნენ, ამერიკა მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინის რეჟიმში გადადის. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- ეს არის პირველი ინაუგურაცია ამერიკის ისტორიაში, რომელიც ასეთი სკანდალებით ეწყობა. ამერიკული ტრადიციით მიპატიჟებულ სტუმართა სია განსაზღვრავს არა მხოლოდ ინაუგურაციის კულტურულ დონეს, არამედ ახალი პრეზიდენტის კულტურულ მახასიათებლად იქცევა; ამიტომ ყველა პრეზიდენტი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ცნობილი სახეები და ცნობილი პიროვნებები ესწრებოდნენ ინაუგურაციას.
მაგალითად, ბარაკ ობამას ინაგურაციაზე იყო ცნობილი კინორეჟისორი სპილბერგი, ლეგენდარული ტელეწამყვანი ოპრა უინფრი და ჰოლივუდის თითქმის ყველა ვარსკვლავი. ტრამპის შტაბის მოწვევაზე, რომ მონაწილეობა მიეღოთ ინაუგურაციაში, ცნობილ ხელოვანთა უმრავლესობამ უარი თქვა; იგივე რობერტ დენიროთი დაწყებული და ცნობილი ინგლისელი მომღერლის ელტონ ჯონით დამთავრებული. ამერიკულმა პრესამ ტრამპის ამ ინაუგურაციას არაკულტურული ინაუგურაცია უწოდა, რადგან კულტურული მაჩვენებელი დაბალი იყო.
ინაუგურაციის წინა დღეს, ცნობილმა კინომსახიობმა ალექ ბოლდუინმა რამდენიმე ათასი ადამიანი შეკრიბა ვაშინგტონში “ტრამპთაუერის” წინ და საპროტეტსო მიტინგი მოაწყო, სადაც მიტინგის მონაწილეებმა სიმბოლური ფიცი დადეს, რომ ტრამპს არ მისცემენ საშუალებას კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადით იყოს პრეზიდენტი.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ტრამპის ეს კონფლიქტი ხელოვანებთან და ჟურნალისტებთან დღეს არ დაწყებულა და არც ინაუგურაციის წინა პერიოდში, იგი თან ახლდა მთელ წინა საარჩევნო კამპანიას და ამერიკის ზოგიერთი მიმომხილველი ვარაუდობდა, რომ არჩევნების შემდეგ ჩაცხრებოდა საპროტესტო მოძრაობა და კონფრონტაცია, მაგრამ ინაგურაციამდე მოაღწია. როგორც ჩანს, ამერიკის საზოგადოების დიდი ნაწილი არც ინაუნურაციის შემდეგ მისცემს ტრამპს საშუალებას სრულად დატკბეს ოვალური კაბინეტის ეშხით.
- დონალდ ტრამპის ინაგურაცია უკვე ისტორიის საკუთრებაა და დღეს არა მხოლოდ ამერიკის საზოგადოებას, არამედ მთელ პოლიტიკურ სამყაროს აინტერესებს როგორი იქნება მისი პირველი ნაბიჯები. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?
- პროგრამა ძალიან ვრცელი აქვს ტრამპს. ზოგადად რომ ვთქვა, იგი აპირებს ობამას მმართველობის მთლიანად “წაშლას” და ალბათ პირველ რიგში დაიწყებს საშინაო პოლიტიკით; ხოლო მისი პირველი სამიზნე ობამას პირმშო – საყოველთაო დაზღვევის კანონი, ანუ “ობამაქეა” იქნება. საქმე ის არის, რომ თანახმად ამერიკაში დამკვიდრებული წესისა, პრეზიდენტს როდესაც იმედი არ აქვს, რომ მის კანონპროექტს დაამტკიცებს კონგრესი, მაშინ ის კონგრესის გვერდის ავლით, პრეზიდენტის საკანონმდებლო აქტით, ანუ იგივე განკარგულებით ამკვიდრებს მას. პრეზიდენტის ასეთი საკანონმდებლო პრაქტიკის უარყოფითი მხარე ის არის, რომ პრეზიდენტის განკარგულებით მიღებული კანონის გაუქმება უპრობლემოდ შეუძლია ახალ პრეზიდენტს. ასეთი კი დაახლოებით 30 კანონი აქვს მიღებული ბარაკ ობამას, რომელთა უმრავლესობის გაუქმებას ტრამპი თეთრ სახლში შესვლის შემდეგ პირველსავე დღეებში აპირებს.
- რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მთელ მსოფლიოს აინტერესებს მისი ურთიერთობა მოსკოვთან…
- აქ სიახლესთან გვაქვს საქმე. მთელი წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაში ტრამპი ჰპირდებოდა ამერიკელებს, რომ ის ადვილად დაარეგულირებდა ურთიერთობას მოსკოვთან. სიახლე კი ისაა, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ტრამპმა უკვე გააჟღერა თავისი მიდგომა რუსეთთან ურთიერთობის ჭრილში. მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ის აპირებს ბირთვული შეიარღების შემცირებაზე ახალი შეთანხმებით. ამან ცივი შხაპის ეფექტი იქონია მოსკოვსა და კრემლში. საქმე ის არის, რომ რაც მოსკოვის გადასახედიდან გამორიცხულია, ეს არის ბირთვული შეიარაღების შემდგომი შემცირება. ეს არის წინადადება, რომელსაც კრემლი არ მიღებს. ამიტომ უკანასკნელ დღეებში რუსულ პრესაში ეიფორია იმედგაცრუებამ შეცვალა. ასე რომ, მოლოდინი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ტრამპის პრორუსული კურსის თაობაზე გადაჭარბებული აღმოჩნდა. პირველი 100 დღე ალბათ უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პრიორიტეტების ჭრილში.