globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 21 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 21st, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: უკრაინული “წკიპურტი” – კიევში მხოლოდ მარგველაშვილი დაპატიჟეს

ვერსია: რუსეთს თავისი ინტერესები აქვს, დასავლეთს თავისი სტრატეგია, ჩვენ გვაქვს ალტერნატივა

———————–

რეზონანსი“, 21 თებერვალი, 2015 წელი

უკრაინული “წკიპურტი” – კიევში მხოლოდ მარგველაშვილი დაპატიჟეს

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

“საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 22 თებერვალს უკრაინას ეწვევა და კიევში “ღირსების მარშში” მიიღებს მონაწილეობას. არადა საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე 2 თვეზე მეტია, რაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტის დაგეგმისთვის მუშაობს და დღესაც გაურკვეველია, თუ როდის ეწვევა მთავრობის მეთაური მეგობარ ქვეყანას. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მარგველაშვილი კიევში პეტრო პოროშენკოს მიწვევით ჩადის.

“პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია – ვიზიტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის ვადებზე. რაც შეეხება პრეზიდენტს, მასთან დაკავშირებით მიწვევა საელჩოდან მივიღეთ. ოფიციალური მიწვევის სხვადასხვა ფორმა არსებობს, შეიძლება იყოს წერილობითი, შეიძლება – სიტყვიერი. უკრაინის საელჩომ კი გააკეთა სიტყვიერი მიწვევა”, – განუცხადეს “რეზონანსს” ბერუჩაშვილის უწყებაში.

“პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარგველაშვილი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად კიევს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიპატიჟებით კვირას ეწვევა. “გიორგი მარგველაშვილი “ღირსების მარშში” მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სხვა ქვეყნების ლიდერებიც დაესწრებიან. კიევში ღონისძიებები “ღირსების რევოლუციის” წლისთავთან დაკავშირებით იმართება. შარშან უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების დარბევას 100 დემონსტრანტი და 20 პოლიციელი ემსხვერპლა”, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ღარიბაშვილის ნაცვლად უკრაინაში მარგველაშვილის მიპატიჟებას მთავრობისთვის “წკიპურტის დარტყმად” აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. მისი თქმით, ეს არის ჩუმი კონფლიქტი, რომელიც ნელ-ნელა იზრდება. ამასთან, პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ ამაში გარკვეული წვლილი აშშ-საც ჰქონდეს შეტანილი. მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ალასანიას შემდეგ ფსონს გიორგი მარგველაშვილზე დებს. “ეს არის ჩუმი კონფლიქტი. უკმაყოფილება იზრდება და უფრო და უფრო აღმავალი ხაზით მიდის. ის, რომ პოროშენკომ სწორედ მარგველაშვილი დაპატიჟა – არ არის შემთხვევითი მოვლენა და არ აიხსნება იმით, რომ ისიც პრეზიდენტია და ესეც. უკვე არავისთვის საიდუმლო არ არის – აფრიკის ყველაზე მივარდნილი ტომის ბელადმაც კი იცის, თუ რა ურთიერთობა აქვთ საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს. ეს არის უბრალოდ წკიპურტი”, – აცხადებს სოსო ცინცაძე.

“შეიძლება სხვამ ამას დიპლომატიურად სილის გაწნაც უწოდოს, თუმცა, ჩემი აზრით, ეს მაინც წკიპურტია ჩვენი რეალური ხელისუფლების მისამართით და იგივე ღარიბაშვილის ბოსტანში ნასროლი ქვა, რაც აბსოლუტურად არ უწყობს ხელს სტრატეგიული კავშირის განმტკიცებას ჩვენს ქვეყნებს შორის. ამასთან, ჩემი აზრით, ნულანდის ჩამოსვლა საქართველოში შემთხვევითი არ იყო. აქ უფრო ღრმად მიდის ფესვები. ზედაპირული კინკლაობა მხოლოდ აისბერგის ზედა ნაწილია. არ ვიცი, თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ ამერიკელთა და ევროპელთა გათვლებში მარგველაშვილს სამომავლოდ რაღაც ადგილი უკავია”, – აღნიშნავს რესპონდენტი გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას.

“აშშ-ის ეს პოლიტიკა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში არ არის, თითქმის ყველა ქვეყანაში ერთგული მოკავშირეები ჰყავს. ამერიკელთა “სათადარიგო სკამი” ძალიან გრძელია. ჩვენთან იყო ალასანია, ახლა მას ამის რესურსი აღარ აქვს და, ჩემი აზრით, ახლა ფსონს მარგველაშვილზე დადებენ. მასზე ძალზე დიდი დოსიე ექნებათ”, – დასძენს სოსო ცინცაძე.

ვერსია“, 21 თებერვალი, 2015 წელი

რუსეთს თავისი ინტერესები აქვს, დასავლეთს თავისი სტრატეგია, ჩვენ გვაქვს ალტერნატივა

შორენა პაპაშვილი

(შემოკლებით)

მინსკის დაძაბული და დატვირთული შეხვედრების დასრულების შემდეგ კრემლმა საქართველოსთვის მოიცალა. ერთმანეთის მიყოლებით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს და ოფიციალური განცხადებებიც გააკეთეს. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ გაირკვა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების განახლების სავარაუდო დრო, პარალელურად, გააპროტესტეს საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის შექმნისა და სამხედრო წვრთნების პერსპექტივები, 18 თებერვალს კი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელი მოეწერა საქართველოს უკვე მეორე კონფლიქტურ რეგიონთან ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებას.

(…)

კრემლის მიერ სოხუმისა და ცხინვალის ლიდერებთან დადებული რამოდენიმე ათეულობით ხელშეკრულების არალეგიტიმურობაზე ბევრი შეფასება კეთდება, მაგრამ რეალური სურათი დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. ძნელია, გაიზიარო იმ პოლიტიკოსთა ოპტიმისტური განწყობა, რომლებიც იმედოვნებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მალე აღდგება და კონფლიქტები მოგვარდება. ქართულ დიპლომატიურ და მმართველ პოლიტიკურ წრეებში თითქმის ერთსულოვნად აცხადებენ, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში ,,ოცნების ხელისუფლების” უმთავრესი ინსტრუმენტი საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება, არაღიარების პოლიტიკა და თანამშრომლობის საშუალებების შექმნაა კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის.

ანალოგიური ხელშეკრულება კრემლმა აფხაზეთთან 2014 წლის 24 ნოემბერს გააფორმა. მაშინ მოსკოვის ქმედება ქართულმა მხარემ აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე გააპროტესტა, რის შედეგად, რუსეთმა ეს ფორმატი გაურკვეველი ვადით შეაჩერა. ახლა კი გაირკვა, რომ აბაშიძე- კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდი თებერვლის ბოლოს შედგება.

საზღვრის გაკონტროლების შესახებ რუსეთის ორივე ხელშეკრულება ეფუძნება საქართველო- რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ კრემლის მიერ ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობის აღიარების 2008 წლის დოკუმენტებს, რომელთა გაბათილებას ქართულმა მხარემ საერთაშორისო ზემოქმედებით, ჯერჯერობით, ვერ მიაღწია. ქართველი ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ ,,ოცნების” ხელისუფლების მიმართ მოლოდინი მოსკოვშიც განსხვავებული ჰქონდათ.

,,ვერსია” ესაუბრა პოლიტოლოგს, თსუ-ს პროფესორ ვაჟა ბერიძეს, რომელსაც მიაჩნია, რომ, თუ რუსეთი ოკუპირებული რეგიონის მარიონეტულ მთავრობასთან სხვა შინაარსის ხელშეკრულებებს არ გააფორმებს, ეს დოკუმენტი აფხაზებთან დადებული ,,თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებისგან” განსხვავებით, ურთიერთობების ხარისხის გათვალისწინებით, მაინც ნაკლებ მნიშვნელოვანია. მისი აზრით, რუსეთი უკვე ყველა მიჯნას გადავიდა, ,,თავის შეკავება უჭირს და ინერციით მიდის ამ მიმართულებით, რასაც უნდა მოჰყვეს მძაფრი რეაგირება, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ამ რეგიონების დეოკუპაცია გარდუვალია”. მისივე განმარტებით, განსხვავება ისაა, რომ ე.წ. სამხრეთელი ოსები კატეგორიულად მოითხოვენ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას და საზღვრების გაუქმებას, ინტეგრაციის გაცილებით მაღალ ხარისხს. ,,იმპერიული ზრახვების მიუხედავად, რუსეთი მათთან მხოლოდ სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულებას აფორმებს. დოკუმენტი, დე ფაქტო ხელისუფლებების ლიდერების მოთხოვნას არ შეესაბამება”.

(…)

როგორც ,,ვერსიასთან” საუბრისას პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ აღნიშნა, ,,პოლიტიკა ხშირად არის თამაში წესების გარეშე. როცა გინდა ტერიტორიების აღდგენა, ამ თამაშში უნდა მონახო შენი გზა. რუსეთს თავისი ინტერესები აქვს, დასავლეთს თავისი სტრატეგია. ჩვენ გვაქვს ალტერნატივა, შევწყვიტოთ ყოველგვარი ურთიერთობა რუსეთთან, აქტიურად ჩავერთოთ ანტირუსულ კამპანიაში, ჩავერთოთ უკრაინის ომში და მეორე _ მიუხედავად იმისა, რომ ძნელია, დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან. მთავარია მიზანი, მისკენ მიმავალი გზა უნდა მოიძებნოს კომპრომისებისა და ვარიანტების შეჯერებით. თუ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა დიალოგზე გადის, უნდა მოვსინჯოთ დიალოგი, თუ ომით მივაღწევთ შედეგს, უნდა ვიომოთ, მაგრამ ერთი არ გამორიცხავს მეორეს”.

არსებობს მარადიული პრობლემა, როგორ დავარწმუნოთ აფხაზები და ოსები, რომ ევროპული პერსპექტივა მათთვის უფრო მისაღებია, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული დაქუცმაცება და ევრაზიის კავშირში შესვლის მცდელობა. ვაჟა ბერიძის აზრით, ამის გაკეთება გაგვიჭირდება: ,,ქართული საზოგადოებაც ნელა და ძნელად რწმუნდება, რომ ევროპული პერსპექტივა სიკეთისმომტანია. წლები გადის და არაფერი გვინახავს ეთნოკონფლიქტების, სოციალური შეჭირვების, მიგრაციის დიდი ტალღის გარდა. ევროპასთან ეკონომიკური კავშირის შედეგებს საქართველო რომ იგრძნობს და გაცდება შეღებილ ფასადებსა თუ სტრატეგიული მნიშნვნელობის გზატკეცილს, როცა დავინახავთ, რომ დასავლეთი უფრო გულითადად გვეკიდება, ჩვენთან ინვესტიციებს დებს, ეკონომიკური ურთიერთობები მყარია, აფხაზები და ოსებიც დარწმუნდებიან. ასე რომ, უკეთესი ცხოვრება ჯერ დანარჩენ საქართველოში უნდა შევქმნათ”.

Comments are closed