globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 21 თებერვალი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Feb 21st, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: „ციანიდის საქმეში“ მალე ბრალდებაც და დაცვაც ახალ დეტალებს გაასაჯაროებს

რეზონანსი: ინტერვიუ ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან: „პროკურატურა გაჩუმებას კატეგორიულად მთხოვს“

რეზონანსი: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ციანიდის საქმეზე“ სიტუაციის დაძაბვის პოლიტიკური პასუხისმგებლობა პრემიერს აკისრია” // „ღარ დარჩა არცერთი ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოების მხრიდან ნდობა ექნება“

რეზონანსი: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ეკლესიის მიმართ საზოგადოების კრიტიკული დამოკიდებულება გაიზრდება” // „სეთი სასულიერო პირები ჩნდებიან, რომელთა მიერ ეკლესიის ხელში ჩაგდება მიუღებელი იქნება“

——-

ახალი თაობა: ინტერვიუ ლევან ჩაჩუასთან: „თუ ხელისუფლება ყურს არ შეიბერტყავს, აღდგომის შემდეგ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოვითხოვთ“ // „ეკლესიის მტრებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ“

ახალი თაობა: ინტერვიუ თინათინ ბოკუჩავასთან: „ირაკლი შოთაძის გადაყენება ადეკვატური არ არის“

ახალი თაობა: ინტერვიუ გელა ნიკოლაიშვილთან: „დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ბრალდებულები არ იყვნენ იმ ოთახში, სადაც ნიკა ლომინაძე მოკლეს“ // გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ახალი თაობა: ინტერვიუ ანი მიროტაძესთან: „ნაციონალებმა“ „რუსთავი-2“-ს თავი უნდა დაანებონ“ // „პოლიტიკისგან ყველაფერი უნდა გაიმიჯნოს“

ახალი თაობა: ჩავარდება თუ არა სამაჩაბლოსთვის სახელის გადარქმევის საკითხი // ყარაჩაელთა კონგრესი სერგეი ლავროვს ლეონიდ თიბილოვის დაოკებას სთხოვს

——

რეზონანსი: საქართველოს მთავრობა სეპარატისტებს 8 მილიონის დენს უფასოდ მიართმევს // „ჩვენ ვიხდით მილიონობით ლარს აფხაზეთის განათებისთვის და სანაცვლოდ შეიძლება გვაგინონ კიდეც“

რეზონანსი: ნატოსგან საქართველოს სანაპირო ზოლის გამაგრებას ელოდებიან // „ეს პირდაპირი აგრესიისგან ვერ დაგვიცავს, თუმცა ალიანსის საზღვაო ძალებთან ერთად მოვახდენთ პრევენციული ზომების მიღებას“

რეზონანსი: ინტერვიუ სამხედრო ექსპერტ ამირან სალუქვაძესთან: „საქართველომ საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტი უნდა აღადგინოს და საზღვაო ფლოტი ჩამოაყალიბოს“ // „ამის გარეშე ნატოს საზღვაო ძალებთან თანამშრომლობის სარგებელი მინიმუმამდე დადის“

რეზონანსი: გადაწყვეტილია: ზაფხულში გაზი გაძვირდება! // სემეკ-მა თავისი გეგმის სისრულეში მოსაყვანად „უმტკივნეულო პერიოდი“ შეარჩია

რეზონანსი: ეკონომიკის ჩრდილში გადანაცვლების რისკი გაიზარდა // „მართვის სისტემა არ შეცვლილა, ამიტომ ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბი 70%-ის ფარგლებში იქნება“

————————

რეზონანსი“, 21 თებერვალი, 2017 წელი

ციანიდის საქმეშიმალე ბრალდებაც და დაცვაც ახალ დეტალებს გაასაჯაროებს

ეკატერინე ბასილაია

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გერმანიიდან საქართველოში უკვე დაბრუნდა და მცირე კომენტარიც გააკეთა იმაზე, რომ “ციანიდის საქმეს” ხელისუფლებასთან ერთად შეისწავლიან და სჯერა, რომ “ყველაფერი მშვიდობით დასრულდება”.

თავად “ციანიდის საქმეში” კი ახალი ადვოკატი ჩაერთო და განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად, სხვა გვარი არ ფიგურირებს, ხოლო ბარგი, სადაც პროკურატურის მტკიცებით ციანიდი, იყო იქ, სადაც გიორგი მამალაძე იმყოფებოდა, 6 საათისა და 40 წუთის შემდეგ მიიტანეს, რაც ადვოკატის თქმით, გარკვეულ ეჭვებს აჩენს.

ახლად დანიშნული ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ როგორც კი კლინიკაში მამა გიორგი მამალაძე მოინახულა და პირველი განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან, მასთან პროკურატურიდან გამომძიებელი მივიდა და კატეგორიულად მოსთხოვა, გაუთქმელობის ხელწერილი დაეწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობითაც დაემუქრა, მაგრამ მან ხელწერილზე მტკიცე უარი განაცხადა.

მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ის საქმის მასალებს არ იცნობს, ლაპარაკში ხელი რომ არ შეეშალოს, შეიძლება არც გამოითხოვოს, ხოლო ბრალდებული რასაც ამბობს, იმაზე საუბრის უფლება სრულად გააჩნია. „ასეთი მიდგომა აქვთ, რომ თურმე ჰგონიათ, ბრალდებული თავის უდანაშაულობას რომ ამტკიცებს, ჩვენ ადვოკატებს ამაზე საუბარი არ შეგვიძლია. თურმე მხოლოდ იმ ერთ პოზიციას უნდა უსმინოს საზოგადოებამ, რასაც მთავარი პროკურატურა ბრძანებს და ჩვენ ჩუმად უნდა ვიყოთ. თუ ჩუმად ვიქნებით, მაშინ სიმართლე არასდროს დამტკიცდება… ჩემს ხელწერილსაც ითხოვდნენ, რასაც ვერ მიიღებენ”, – აცხადებს “რეზონანსთან” მიხეილ რამიშვილი (ინტერვიუ იხილეთ ქვემოთ).

პატრიარქი და მისი დელეგაცია თბილისში გუშინ საღამოს 6 საათზე ჩამოფრინდა სპეციალური რეისით. ილია მეორეს აეროპორტში სასულიერო პირები და მრევლი დახვდა. ეკლესიის მეთაურმა აეროპორტშივე ძალიან მოკლე კომენტარი გააკეთა “ციანიდის საქმეზე”. განაცხადა მხოლოდ ის, რომ ამ საკითხებს ხელისუფლებასთან ერთად შეისწავლიან და შემდეგ “გამოიტანენ დასკვნას”. ასევე სჯერა, რომ “ყველაფერი მშვიდობით დასრულდება”.

„სამწუხარო ის არის, რომ აქ არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა. ჩვენ ვფიქრობთ შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოვიტანთ დასკვნას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით და კარგად დამთავრდება. დალოცვილი იყავით. გაიხარეთ”, – განაცხადა უწმინდესმა აეროპორტის დატოვებამდე, რის შემდეგაც ჯერ სამების ტაძარში და შემდეგ საპატრიარქოში წაბრძანდა.

პატრიარქს შეხვდნენ პრეზიდენტი და სახალხო დამცველი. შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი მარგველაშვილმა კომენტარი არ გააკეთა. უჩა ნანუაშვილმა კი თქვა, რომ პატრიარქი მხოლოდ ზოგადად ინფორმირებულია: „მან აღნიშნა, რომ უნდა გაკეთდეს ყველაფერი, ტემპერატურამ დაიწიოს და საზოგადოება დაწყნარდეს, გაერკვეს, თუ რა მოხდა სინამდვილეში”, – განაცხადა ომბუდსმენმა.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მხრიდან “ციანიდის საქმის” გარკვეული მასალები საპატრიარქოს უკვე გადაცემული აქვს და ასევე ოფიციალურად გაცხადდა ისიც, რომ პატრიარქის ჩამოსვლის შემდეგ მალევე კიდევ ბევრ სხვა მტკიცებულებას გაასაჯაროვებს ბრალდების მხარე. დაცვის მხარესაც იმედი აქვს, რომ პროკურატურის ეს “ცალ კარში თამაში” დასრულდება და მათაც მიეცემათ ბრალდებებზე პასუხის გაცემის უფლება – საჯაროდაც და პატრიარქთანაც.

რომელი მხარის განცხადებებია სიმართლე, ეს გამოძიებამ უნდა დაადგონოს. თუმცა ერთი კვირაა საზოგადოება მხოლოდ პროკურატურის და ბრალდების მოწმეების განცხადებებს ისმენს და დაკავებულის ადვოკატები ვერ პასუხობენ კითხვას, კონკრეტულ კითხვებზე რა პოზიცია აქვს დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რადგან მათ ეს პროკურატურამ აუკრძალა. ამიტომაც უკვე ერთი კვირაა ადვოკატები და სახალხო დამცველი გაუთქმელობის ხელწერილის გაუქმებას და ბრალდება-დაცვის მხარეების თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვენ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

გუშინ საქმეში ახალი ადვოკატი ჩაერთო, რომელიც აცხადებს, რომ ის პატრიარქის საქმის კურსში ჩაყენების შემდეგ საზოგადოებას ყველა დასმულ კითხვაზე იტყვის დეკანოზის პოზიციებს. ახალი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ის საქმეზე ძველ ადვოკატებთან ერთად იმუშავებს. მანამდე ხმაურიანი კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან, მას შემდეგ, რაც ჩაფიძის სახელობის კლინიკაში საქმის მთავარი ფიგურანტი, მამა გიორგი მამალაძე მოინახულა.

“საბრალდებო დოკუმენტში მითითებულია შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობა… ასევე, როდესაც განხორციელდა მამა გიორგის დაკავება, მისი ბარგი 6 საათისა და 40 წუთის შემდეგ მიიტანეს”, – განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა. იგი ამბობს, რომ საქართველოს გადასარჩენი არაფერი სჭირდა.

“ვისაუბრეთ ყველა დეტალზე და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს არანაირი საშიშროება არ ემუქრებოდა, საქართველოში არანაირი უბედურება არ გვეწეოდა. არც გერმანიაში… ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსია და თუ მამა გიორგი თავს იკავებს სრულყოფილად ჩვენების მიცემაზე, ითვალისწინებს გარკვეულ პირობებს, მიანიშნებს იმაზე, რომ ყველამ რაც კი შეცდომა დაუშვა, თვითონ უნდა გამოასწოროს”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

გიორგი მამალაძის დაცვის მხარე მოითხოვს, რომ დაკონკრეტდეს, რას ედავება სახელმწიფო ბრალდება დეკანოზს, რათა ამ თემაზე სპეკულაციები და ბუნდოვანება ამოიწუროს.

“პროკურატურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მათ არ იციან, საუბარია ერთ პირზე, ორზე თუ სამზე. მინდა გითხრათ, რომ ბრალდებაში საუბარია მხოლოდ ერთ პირზე, რომელიც სასულიერო პირი არ გახლავთ და ჩვენ მოვითხოვთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაკონკრეტდეს, თუ ვისზეა საუბარი და ამ თემაზე სპეკულაციები და ბუნდოვანება ამოიწუროს”, – განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა მაია ზოიძემ. იგი ასევე ამბობს იმას, რომ საქმეში მტკიცებულების სახით აღმოჩენილ “ნატრიუმის ციანიდზე” არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა და საუბარია იმაზე, რომ ის იმდენად მცირე დოზისაა, მხოლოდ ერთი ადამიანის მოსაწამლადაა საკმარისი, ამიტომაც პროკურატურისგან ორ და სამ შესაძლო მსხვერპლზე გაკეთებულ განცხადებებს აბსურდს უწოდებს.

საგულისხმოა ის, რომ პროკურატურისა და ბრალდების მოწმეები ახალ დეტალებზე საუბარს ისევ აგრძელებენ და მათ შორის მთავარი პროკურატურა ერთზე მეტი სავარაუდო მსხვერპლის შესაძლებლობაზეც საუბრობს.

მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე მამუკა ვასაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა არა მხოლოდ ერთი პირის მოწამვლა იგეგმებოდა, არამედ მეტის, შეიძლება ორის თუ სამის. ამით პროკურატურამ მესამედ შეასწორა პოზიცია, რადგან 13 თებერვალს ითქვა, რომ “მაღალი იერარქიის სასულიერო პირის” მოწამვლა იგეგმებოდა, შემდეგ ეს სამ დღეში შესწორდა და ითქვა, რომ “ერთ-ერთი პირზე” იყო საუბარი და ახლა ვარაუდი არის უფრო მეტზე, ვიდრე ერთ-ერთი პირია. გარდა ამისა, მთავარი პროკურორის მეორე მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი ამბობს, რომ დეკანოზის ბარგში აღმოჩენილი ციანიდი საკმარისია რამდენიმე ადამიანის მოსაწამლად.

ბრალდების მთავარი მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, რომელმაც განახორციელა დეკანოზის ფარული ჩაწერა, დღესაც ამტკიცებს, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა. ასევე ის ამბობს, რომ დაკავებულ დეკანოზთან მას ხანგრძლივი ნაცნობობა აკავშირებდა და დეკანოზი ციანიდის შოვნის სანაცვლოდ საპატრიარქოში გარკვეულ თანამდებობასაც სთავაზობდა.

“საუბარი შედგა იმ დილით, როდესაც პატრიარქი წაიყვანეს გერმანიაში და ის (გიორგი მამალაძე) დაჟინებით ითხოვდა, რომ წასვლამდე ესაჭიროებოდა ეს ნივთიერება, რადგან ის გერმანიაში უწმინდესთან მიდიოდა. რაც შეეხება დასაქმების ფაქტს, ვადასტურებ, რომ ასეთი შეთავაზება მართლაც იყო”, – ამბობს მოწმე ირაკლი მამალაძე.

რეზონანსი“, 21 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან: „პროკურატურა გაჩუმება კატეგორიულად თხოვს

ეკატერინე ბასილაია

“გამომძიებელმა ძალიან კატეგორიულად მომთხოვა გაუთქმელობაზე ხელწერილი დამედო. მე უარი ვუთხარი, მიუხედავად მისი გაფრთხილებისა, რომ შეიძლება ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრან”, – „ციანიდის საქმეზე” დაკავებული დეკანოზის ახალი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურა მას მამა გიორგი მამალაძის პოზიციის გასაჯაროვებას უკრძალავს და გამომძიებელი ერთგვარად დაემუქრა კიდეც, რომ მის წინააღმდე სს საქმეს აღძრავს.

მიხეილ რამიშვილის თქმით, მას შემდეგ რაც მან საჯაროდ თქვა, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობას ედავებიან მამა გიორგი მამალაძეს და მისი ბარგი 6 საათის შემდეგ მიიტანეს, რაც გარკვეულ ეჭვებსაც აჩენს, მასთან გამომძიებელი მივიდა და მოსთხოვა, რომ საჯარიდ არა ილაპარაკოს. უფრო მეტიც, ამბობს, რომ მისი გაჩუმება რომ არ გამოუვიდეთ, საქმის მასალებსაც კი არ გამოითხოვს.

- როგორია დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და აპირებთ თუ არა დუმილის დარღვევას და პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას?

- მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლის ქვეშაა და ნორმალურად სტაბილურია. რაც შეეხება ჩვენების მიცემას, ის ელოდება პატრიარქის ჩამობრძანებას. როგორც ითქვა, პროკურატურა გარკვეულ მასალას საპატრიარქოს აწვდის, ჩვენ ჩვენი მხრიდან მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ საპატრიარქოში. შესაბამისად, მამა გიორგი ამის შემდეგ გადაწყვეტს ჩვენების მიცემას. ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.

- ზეწოლა ხომ არ არის მასზე?

- ამდაგვარი არაფერი ყოფილა. ერთი საინტერესო განცხადება მინდა გავაკეთო. საჯარო განცხადებები გავაკეთე და ეს ტელევიზიებმა გადაიღეს. მოგეხსენებათ, რომ ჩემ ორ კოლეგას გიორგი ფანცულაიას და მია ზოიძეს გაუთქმელობის ხელწერილი აქვთ დადებული. ტელევიზიით გასული ჩემი განცხადების შემდეგ ძალიან მალე ჩემთან მობრძანდნენ და გამომძიებელმა ძალიან კატეგორიულად მომთხოვა გაუთქმელობაზე ხელწერილი დამედო.

- თქვენც დადეთ პროკურატურასთან გაუთქმელობის ხელწერილი?

- მე უარი ვუთხარი, მიუხედავად მისი გაფრთხილებისა, რომ შეიძლება ჩემს წინააღმდეგ სს საქმე აღძრან. მე საქმის მასალებს არ ვიცნობ. საგამოძიებო ორგანოებიდან საქმის მასალა არ გამომითხოვია, ბრალდებული, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რაზეც მესაუბრება, იმაზე საუბრის უფლება სრულად გამაჩნია. უფლება გამაჩნია, რომ ჩემი შეხედულებით საზოგადოებას მივაწოდო ესა თუ ის ინფორმაცია. ასე რომ, მე ხელწერილს არ დავდებ მანამ, სანამ სრული მასალა არ დამჭირდება საგამოძიებო ორგანოებიდან. გამომძიებელი ძალიან კატეგორიულად ითხოვდა ხელწერილს, მაგრამ ეს არ გამიკეთებია.

- გაუთქმელობა ხომ საქმის მასალების არგასაჯაროვებას გულისხმობს და როდესაც მასალებს არ ფლობთ, საუბრის აკრძალვის მოთხოვნის უფლება იურიდიულად ჰქონდათ?

- ასეთი მიდგომა აქვთ, რომ თურმე ჰქონიათ. თურმე ბრალდებული თავის უდანაშაულობას რომ ამტკიცებს, ჩვენ ადვოკატებს ამაზე საუბარი არ შეგვიძლია. თურმე მხოლოდ იმ ერთ პოზიციას უნდა უსმინოს საზოგადოებამ, რასაც მთავარი პროკურატურა ბრძანებს და ჩვენ ჩუმად უნდა ვიყოთ. თუ ჩუმად ვიქნებით, მაშინ სიმართლე არასდროს დამტკიცდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კოლეგების მიმართ გაუთქმელობის ხელწერილი აქვთ, ამითაც არ დაკმაყოფილდნენ და ახლა ჩემ ხელწერილსაც ითხოვდნენ, რასაც ვერ მიიღებენ.

- გაუთქმელობის ხელწერილის დარღვევისას რა პასუხიმსგებლობა ეკისრება ადვოკატს?

- ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალიწინებს.

- დეკანოზი რას უკავშირებს მის დაკავებას? საუბარია იმაზე, რომ მას საპატრიარქოში არსებულ კორუფციულ სქემებზე აქვს დოკუმენტური მასალა, რაზე დუმილსაც სთხოვდნენ და შესაძლოა ეს იყოს მიზეზი?

- პატრიარქთან საუბრის გარეშე ჯერ ვერაფერს გეტყვით. დეტალურად ყველაფერს მამა გიორგისგან გავიგებთ. შეიძლება ყველაფერი ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ კონკრეტულად მე პასუხს ვერ გაგცემთ.

- საერთოდ ციანიდზე რამე საუბარი ჰქონდა თუ არა მოწმე ირაკლი მამალაძესთან და სთხოვა თუ არა მას ამ ნივთიერების შოვნა?

- ცოტა სხვანაირი ინფორმაცია მაქვს. იყო გარკვეულ თემაზე ლაპარაკი. ვამბობ იმას, რომ განცხადებები – საქართველო გადაარჩინეს, საქართველო არანაირ გადარჩენას არ საჭიროებდა, იმიტომ, რომ არავის მიმართ, არც შორენა თეთრუაშვილის მიმართ მკვლელობის მომზადების მცდელობა ბუნებაში არ იყო. ამას ამბობს ბრალდებული. იძახის, რომ მკვლელობის მომზადება გუნებაშიც არ გაუვლია.

- მოგიყვათ, ირაკლი მამალაძესთან რა ისაუბრა და რა შეიძლება იყოს ჩანაწერში?

- არა, არ ჰქონია ამაზე საუბარი.

რეზონანსი“, 21 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ციანიდის საქმეზესიტუაციის დაძაბვის პოლიტიკური პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრს აკისრია // „ღარ დარჩა არცერთი ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოების მხრიდან ნდობა ექნება

ელზა პაპოშვილი

პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე პროცესების დეტონაცია და აფეთქება არა პროკურორის მოუზომავმა და დაუფიქრებელმა განცხადებამ, არამედ პრემიერის აპოკალიპტურმა კომენტარმა გამოიწვია. გიორგი კვირიკაშვილმა სიტუაციის მაქსიმალური დრამატიზება მოახდინა, რამაც საზოგადოება დაძაბა, რის შემდეგაც, ხუხაშვილის განცხადებით, ვითარება საპატრიარქოშიც დაიძაბა და გარეთ ის ინფორმაცია გამოვიდა, რომელმაც მოსახლეობა კიდევ უფრო დააზიანა და ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის რყევა დაიწო.

- .. “ციანიდისსაქმის ირგვლივ სიტუაცია სულ უფრო იცვლება და მის გარშემო ყოველდღე ახალ-ახალი კონტურები ჩნდება. როგორ ფიქრობთ, იმ განცხადებების ფონზე, რაც ამ დღეებში კეთდება, ვინ ნახულობს სარგებელს და ვინ ზარალდება?

- ამ ვითარებაში მხოლოდ დაზარალებულ მხარეებს ვხედავ. საბოლოო ჯამში ამ სიტუაციით, პოლემიკაში ჩართული მხარეები, ხელისუფლება და საზოგადოება ზარალდება. ქვეყანაში ისედაც ავტორიტეტები აღარ დარჩნენ და იმ ფონზე, როდესაც ეკლესია საზოგადოების თვალში ერთადერთი ანთებული სანთელივით იყო, გამოდის, რომ მისი ჩაქრობის სურვილის მქონე ადამიანებიც გამოჩდნენ. ძალიან ბევრი საერო პირია, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, რომ სასულიერო პირებს შეურცხყოფა მიაყენონ. რასაც ქვია – მონასტერი აირია.

ჩვენი კონსტიტუციითაც და შესაბამისი ხელშეკრულებითაც ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუტები ერთმანეთისგან გამიჯნულები არიან. თუმცა, ამ სიტუაციამ გვაჩვენა, რომ მდგომარეობა ძალიან რთულადაა. ყველა და ყველაფერი ერთმანეთშია არეული. ამიტომ ვისაც ჰგონია, რომ ამ სიტუაციით რამე სარგებელს ნახავს, ძალიან ცდება, რადგანაც ყველა დაზარალებული გამოვა.

- ამ საქმის ირგვლივ ხელისუფლებამ რა სახის შეცდომები დაუშვა?

- სამწუხაროდ სიტუაციის დეტონაცია და აფეთქება მოახდინა არა პროკურორის მოუზომავმა და დაუფიქრებელმა განცხადებამ, არამედ პრემიერის აპოკალიპტურმა კომენტარმა. გიორგი კვირიკაშვილმა სიტუაციის მაქსიმალური დრამატიზება მოახდინა, ლამის ბერლინში სპეცრაზმი გადაისროლა. რითაც ფაქტობრივად, საზოგადოებას განცდა მიაწოდა, რომ პატრიარქის ლიკვიდაცია იგეგმებოდა. რის შემდეგაც, ბუნებრივია, ვითარება აფეთქდა და საპატრიარქოშიც დაიწყო ის, რაც ბოლო დღეებში ვნახეთ. ამ სიტუაციის დაძაბვის პოლიტიკური პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრს აკისრია. მისი განცხადება იმ სიტუაციის კატალიზატორი გახდა, რომელიც ახლა არსებობს.

- სწორედ პრემიერის განცხადების შემდეგ გაჩნდა კითხვები, რომ ამ საქმის ირგვლივ ხომ არ არსებობს გარკვეული პოლიტიკური ინტერესები. გამოითქვა ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ხელისუფლების მისამართით ბრალდებები, რომ ეს შეიძლება სასულიერიერო პირების და ხელისუფლების საერთო ბიზნეს-ინტერესებს ეხება. თქვენთვის ეს აზრი რამდენად მისაღებია?

- არ მინდა იმ ადამიანებს დავემსგავსო, რომლებიც საქმის ირგვლივ უკვე რაღაც ვერსიებზე საუბრობენ. უბრალოდ კითხვები მაქვს, რომელიც საქმის ირგვლივ ასე მკაფიოდ ჩანს. ერთის მხრივ, არ ვიცი მამალაძის საქმის ირგვლივ რა ტიპის დანაშაულზე არის საუბრი და საერთოდ რამდენად დამნაშავეა. უდანაშაულობის პრეზუმციას არ დავარღვევ. თუმცა, საქმე იმაშია, რომ პროკურატურამ საზოგადოებას ის ეჭვები უნდა გაუფანტოს, რომელიც თავს ვერ მალავს. პროკურატურა გიორგი მამალაძის ადვოკატებს ხელს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე აწერინებს. ამ დროს კი თვითონ და ბრალდების მოწმეები საქმის ირგვლივ თავის ვერსიებს ისე ყვებიან, რომ დეკანოზ მამალაძის მხარეს პასუხის გაცემა არ შეუძლია. ეს კი სურათს ამძიმებს და საზოგადოებაში მაინც და მაინც კარგ განწყობას არ იწვევს. ირიბი მოწმეებიც კი, რომლებიც მთავარი მოწმის მოყოლილს საუბრობენ, ამის უფლებას აძლევენ. თან ერთ-ერთი ირიბი მოწმე რომელსაც ვუსმენდი, საუბრობს ჩანაწერზე, სადაც სამი სასულიერო პირია ჩაწერილი.

ძალიან მაინტერესებს პროკურატურის მთავარ მოწმეს – ირაკლი მამალაძეს ამ სამი სასაულიერო პირის ჩანაწერი საიდანღა ჰქონდა? კარგი, ის გავიგეთ, რომ დეკანოზი ფარულად თავად მან ჩაწერა. ჯერ კიდევ ამ ჩანაწერების ავთენტურობა ხომ უნდა დადგინდეს? ამ ხალხს რატომ უნდა დავუჯეროთ და არა მაგალითად დეკანოზ მამალაძეს?

მეორე და მთავარი კითხვა – თუ ამ ჟურნალისტს ინფორმაცია ჰქონდა, რომ დეკანოზი ციანიდის ყიდვას აპირებდა და მითუმეტეს მას სთხოვა, იბადება კითხვა, ირაკლი მამალაძემ დეკანოზს თუ ეს ციანიდი მიუტანა და მამალაძემ გადასცა, როკურატურამ მამაო რატომ აღების ფაქტზე არ დააკავა?

შემდეგი კითხვა – აეროპორტში დაკავებისას მამალაძეს ციანიდი, ხელში რომ ჩანათა ეკავა, იქ უპოვეს? როგორც ადვოკატი ამბობს, ჩანთა რომელშიც საწამლავი აღმოჩნდა, ექვსი საათის დაგვიანებით მიუტანეს. გამარჯობა შენი, ეს უკვე საეჭვო გარემოებაა.

საერთოდ რას ლაპარაკობენ თავადაც აღარ იციან. ოპერატიული მუშაობა თუ უნდოდათ, მიეცათ მამალაძისთვის ციანიდი და დეკანოზი ფაქტზე დაეკავებინათ და ხალხიც ამდენ კითხვებს აღარ დასვამდა. სიტუაციის ასე დრამატიზება რა საჭირო იყო? ეს უკვე საეჭვო ვითარებას ქმნის.

არ მინდა ვინემემ გაიგოს, რომ დეკანოზ მამალაძეს ვიცავ, უბრალოდ კითხვები გამიჩნდა. ვიღაც თუ “ა” ვერსიას ამბობს, “ბ”-ც ხომ უნდა ითქვას? არ დაგვავიწყდეს ის გარემოებაც, რომ სანამ დეკანოზის დაკავება მოხდებოდა, ზოგიერთი საერო პირი, რამდენიმე დღის განმავლობაში საუბრობდა, რომ შესაძლოა ვიღაცა პატრიარქის მოწამვლას ცდილობდეს. ესეც კიდევ ერთი საეჭვო გარემოება. საქმეში პოლიტიკური შეცდომები უკვე დაშვებულია. ბოლოს გამოჩნდა, რომ სასულიერო კი არა, საერო პირის მოწამვლა იგეგმებოდა.

- შეიძლება ითქვას, რომ ამ დაპირისპირების მთავარი მიზეზი საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლაა, რომელშიც როგორც ხელისუფლება, ასევე საპატრიარქო არის ჩართული?

- ძალიან არ მინდა ამ ვერსიის დაჯერება. ვიღაცეებმა იმ იმედით, რომ პატრიარქი ოპერაციას ვერ გადაიტანდა, საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლა უფრო ადრე დაიწყეს, ვიდრე ეს უნდა ექნათ. სამწუხაროდ, ჩვენ დავინახეთ მისი გარდაცვალების შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს. ეს მართლა ტრაგედიაა და არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ ქვეყნისაც. აღარ დარჩა არცერთი ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოების მხრიდან ნდობა ექნება.

- რას იტყვით პატრიარქის ჩანაწერის დამონტაჟებაზე, თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, ვის მიმართავს ის კითხვით – “რატომ არის, რომ მამა გიორგი მამალაძე ხან ერთს ამბობს და ხან მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს?”. თქვენ რა ამოიკითხეთ ამ ფრაზებში?

- ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, ვინც ვერ მიხვდა უწმინდესი რას კითხულობს. აქ საკვანძო სიტყვას “ვისი დავალებით ხდება ეს?” წარმოადგენს. როდესაც საუბარია, რომ დეკანოზი ხან ერთს ამბობს და ხან მეორეს, ის მამა გიორგის არ გულისხმობს, რადაგანაც მამაოს გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დადებული. არცერთი უთქვამს და არც მეორე.

მამა გიორგის ნათქვამის ინტერპრეტაციას პროკურატურა ახდენს და მან თავისი პოზიცია რამდენჯერმე შეცვალა. ჯერ თქვა, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლა იგეგმებოდა, მერე კიდევ გადათქვა. აქ პატრიარქი კითხვას პროკურატურას უსვამს, რომელმაც ბრალდება შეცვალა. ვიღაცას რომ გონია, ეს დეკანოზის კომპრომატია, ძალიან ცდება.

რეზონანსი“, 21 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ეკლესიის მიმართ საზოგადოების კრიტიკული დამოკიდებულება გაიზრდება” // „სეთი სასულიერო პირები ჩნდებიან, რომელთა მიერ ეკლესიის ხელში ჩაგდება მიუღებელი იქნება

ელზა პაპოშვილი

პოლიტოლოგ და ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, საპატრიარქოს შიგნით არსებული პრობლემებით ვიღაც სარგებლის ნახვას ცდილობს. მისი აზრით, ეკლესიის ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები მის მიმართ საზოგადოებაში კრიტიკულ დამოკიდებულებას გაზრდის. ეს კი ქვეყანაში ყველაზე ძლიერი ინსტიტუტის დაკნინებას გამოიწვევს, რაც ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისთვის ზიანის მომტანი იქნება.

პოლიტოლოგის აზრით, ხელისუფლება დეკანოზ მამალაძის დაკავების შემდეგ მომზადებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს ინფორმაცია გაჟონავდა და მას გარკვეული სპეკულაციები მოჰყვებოდა. მთავრობას ის ვერსია უნდა ჰქონოდა, რომელიც საზოგადოებაში ასეთ პანიკას არ გამოიწვევდა.

- როგორ ფიქრობთ, .. “ციანიდისსაქმით ვინ და რა ძალები შეიძლება სარგებელს ნახულობდეს?

- ამ საქმით, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი ხელის მოთბობას ეცდება. აქ საქმე წყლის განზრახ ამღვრევასთან გვაქვს. ეს შთაბეჭდილება იმ მღვდელმსახურების გააქტიურებამ გააჩინა, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირში იმყოფებოდნენ და ახლა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვით თავს განსაკუთრებულად იწუხებენ. არ არის გამორიცხული, რომ ამის უკან პოლიტიკური ინეტერესები იდგეს. მგონია, რომ ყველაფერს ფარდა პატრიარქის ჩამოსვლის შემდეგ აეხდება. საზოგადოებისთვის ყველაფერთან ერთად, აღმაშფოთებელი ის ფაქტი გახდა, რომ თავად ეკლესიაშიც სიტუაცია ისეთი დალაგებული არ არის, როგორ შთაბეჭდილებასაც ის ტოვებდა.

ვფიქრობ, ეკლესიის მიმართ საზოგადოების მხრიდან კრიტიკული დამოკიდებულება გაიზრდება. რა თქმა უნდა, ეს პატრიარქს არ ეხება. არის მოსახლეობის მხრიდან განწყობა, რომ ქვეყანაში ერთადერთი ყველაზე ძლიერი და ავტორიტეტული ინსტიტუტის ნგრევა ხდება. თუმცა, მე სიტუაციის ასეთ დრამატიზებას არ მოვახდენდი.

როცა საზოგადოების მხრიდან რომელიმე ინსტიტუტს მაღალი ნდობა აქვს, მას ბზარი ყოველთვის უჩნდება. საქართველოს ისტორია გავიხსენოთ. რატომ დასჭირდა დავით აღმაშენებელს რუის-ურბნისის კრების მოწვევა? სწორედ იმიტომ, რომ მაშინაც საზოგადოებაში ეკლესიის მიმართ ძლიერი ნდობა იყო და იქ არსებული პრობლემების მოგვარების გარეშე სახელმწიფოს შეიძლება სერიოზული პრობლემა შექმნოდა.

- შესაძლებელია, რომ სწორედ ამ ძლიერი ინსტიტუტის დანგრევას გარე ძალები შეგნებულად ცდილობდნენ, თუ ეს უბრალოდ შიდა დაპირისპირებაა, რომლითაც პოლიტიკოსების ნაწილი ქულების დაწერას ცდილობს და ამ პრობლემის გარეთ გამოტანა შეგნებულად მოხდა?

- არ არის გამორიცხული, რომ საპატრიარქოს შიგნით არსებული პრობლემებით ვიღაც სარგებლის ნახვას ცდილობდეს. ქვეყნის განვითარებისთვის მაინც მგონია, რომ ამ ინსტიტუტის მყარად შენარჩუნება უნდა მოხდეს. გლობალიზაციის და იდეოლოგიური ომების პირობებში, ქვეყანას საკუთარი იდეოლოგია უნდა ჰქონდეს, რათა ერმა ასეთი გავლენის ფონზე სახე არ იცვალოს. ამიტომ, ვისაც საქართველოს დასუსტება სურს, ის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე ხელს აუცილებლად აღმართავს.

- რას იტყვით პროკურატურის და ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებზე, რომელმაც საზოგადოებაში ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია. რას შეიძლება ნიშნავდეს არასწორი ინფორმაციის მიწოდება, სიჩქარე თუ ხელისუფლების მხრიდან სხვა აქტუალური საკითხების გადაფარვის მცდელობა?

- არ მგონია, რომ ხელისუფლებას ამ საქმის ირგვლივ არასწორი ინფორმაცია ჰქონდეს. ჩვენ ამ საქმეში კიდევ ორი მოწმე ქალბატონი ვნახეთ, რომლებიც აცხადებენ, რომ საქმის მასალებში შემზარავი ფაქტებია. რას ნიშნავს ეს ფაქტები, ჩვენ არ ვიცით.

ხელისუფლების კრიტიკოსებს იმაში დავეთანხმები, რომ ამ ფაქტის საერთოდ გახმაურება არ უნდა მომხდარიყო. პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ ისინი საქმის დასრულებამდე ფაქტის გახმაურებას არ აპირებდნენ. თუმცა ერთ-ერთი მედიის მხრიდან ამბის გახმაურების შემდეგ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. მათ არგუმენტს მაინც ვერ მივიღებ, რადგანაც ისინი ამ სიტუაციისთვის მომზადებულები უნდა ყოფილიყვნენ. ხელისუფლებას ის ვერსია უნდა ჰქონოდა, რომელიც საზოგადოებაში ასეთ პანიკას არ გამოიწვევდა.

- მედიაში აქტიურად მიდის იმაზე საუბრი, რომ საპატრიარქოში ორი დაპირისპირებული ჯგუფი არსებობს, რომლებიც საპატრიარქო ტახტისთვის იბრძვიან. ერთ ჯგუფს ხელისუფლება აქტიურ მხადაჭერას უცხადებს და ცდილობს ამ დაპირისვირებაში მისმა სასურველმა მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირებმა გაიმარჯვონ. თქვენთვის ეს ვერსია რამდენად მისაღებია?

- ხელოვნურად ჩარევა რას ნიშნავს, რომ მამალაძეს ხელისუფლებამ ციანიდი ჩაუდო? ამ პუნქტში არ მგონია კითხვის ნიშნები არსებობდეს. თუმცა, ხელისუფლება რომ დაინტერესებული იქნება, მისმა კანდიდატურამ გაიმარჯვოს, ამაში გასაკვირი არაფერია. მთლად შემთხვევით არ მიხსენებია რუის-ურბნისის კრება. სწორედ ის სასულიერო პირები, რომლებიც აღმაშენებელს მხარს არ უჭერდნენ, ეკლესიაში მაღალ თანამდებობებს ჩამოშორდნენ. ამიტომ, არ უნდა გვქონდეს განწყობა, რომ თუ სასულიერო პირი ხელისუფლების მომხრეა, ის ცუდია, ხოლო თუ მოწინააღმდეგეა, ის კარგია.

მეუფე პეტრე, რომლის გარშემოც ძალიან ბევრი ისტორია ამოტივტივდა, დაწყებული მისი პოლიტიკური მოქმედებებით და ეკონომიკური სიკეთეებით დასრულებული. მის ხელში ეკლესიის ჩაგდება იმიტომ გვაწყობს, რომ ის ხელისუფლების მოწინააღმდეგე განცხადებებს აკეთებს?

- თუმცა, მეუფე იაკობი, რომელიც ასევე ხელისუფლების მომხრე სასულიერო პირად მოიაზრება და ის ამას არც მალავს, მის მიმართაც გარკვეული კითხვები არსებობს

- რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ ხელისუფლების მომხრეობაც მისაღებ კანდიდატურას ნიშნავს. გეთანხმებით, რომ ორივე მხარეს ისეთი სასულიერო პირები ჩნდებიან, რომელთა მიერ ეკლესიის ხელში ჩაგდებაც ყოვლად მიუღებელი იქნება. მარტო ოპოზიციურობა და სახელისუფლეობაც შეფასების კრიტერიუმი არ უნდა იყოს. თქვენი რეპლიკა ამ შემთხვევაში ძალიან სწორი და სასურველია.

- არაოფიციალური ინფორმაციით, პატრიარქმა პრემიერს დეკანოზ მამალაძის შეწყალება უკვე მოსთხოვა. ჩვენ ვხედავთ განცხადებებს, რომ პატრიარქის ჩამოსვლის შემდეგ ისინი მტკიცებულებების ნაწილს გაასაჯაროებენ, თუ კი ეს უწმინდესის სურვილი იქნება, ალბათ. არ არის გამორიცხული რომ პატრიარქმა ამ საქმის დაკონსერვება მოინდომოს, თუ კი ეს ასე მოხდა, მისაღები იქნება?

- საერთოდ, ცხოვრებაში ძალიან მიჭირს გავიხსენო ადამიანი, რომელიც შეიძლება პატრიარქს შევადარო. სავსებით ბუნებრივი და მოსალოდნელია, რომ ის დეკანოზის მიმართ შეწყალებას მოითხოვს. თუმცა, როგორც თქვენ განაცხადეთ, ამან შესაძლოა თემის დაკონსერვება გამოიწვიოს. მითუმეტეს, რომ ფიზიკურად პატრიარქი ახლა იმ ფორმაში არ არის, რომ დიდი შიდა ომები გადაიტანოს. ეს კონსერვიზაციაც შესაძლოა მისი ჯანმრთელობის გამო მოხდეს, თუმცა სამწუხაროდ, მიმაჩნია, რომ ცუდი ფაქტი იქნება.

———————–

ახალი თაობა“, 21 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ ლევან ჩაჩუასთან: „თუ ხელისუფლება ყურს არ შეიბერტყავს, აღდგომის შემდეგ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოვითხოვთ“ // „ეკლესიის მტრებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ

საპატრიარქოს გარშემო შექმნილ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ მოძრაობა „ქართული იდეის“ ლიდერ ლევან ჩაჩუას ესაუბრა.

ლევან ჩაჩუა:

- საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე მორიგი თავდასხმების მომსწრენი გავხდით. ეს არნახული შეტევაა. ეკლესიას ნაციონალური მოძრაობაც ებრძოდა, მაგრამ ბრძოლის ასეთი მასშტაბები ნაციონალების მმართველობის დროსაც არ ყოფილა.

- ვის და რისთვის დასჭირდა ეკლესიაზე შეტევა?

- ეს ხდება რეიტინგის დაცემის გამო. „ქართული ოცნების“ რეიტინგი და ნდობა კატასტროფულ ზღვარს მიუახლოვდა. ეკლესია ის ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც მაღალი ავტორიტეტით და უდიდესი ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში. კათოლიკოს-პატრიარქი ყველაზე ავტორიტეტული მოღვაწეა. ყველას გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის მიერ რამდენიმე წლის წინ საჯაროდ წარმოთქმული სიტყვები იმის შესახებ, რომ ეკლესია და პატრიარქი უნდა ვაკრიტიკოთ. მისი აზრით, ეს კრიტიკა ეკლესიისთვისაც კარგია.

- ამაში მარტო ქართული ოცნება მონაწილეობს?

- „ნაცმოძრაობას“ ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ ამ შემთხვევაში შეტევა მისგან არ მომდინარეობს. თუ იქნება თავდასხმები, იმ დოზით, რა დოზითაც ამას დაუშვებს ბიძინა ივანიშვილი. მას ბოლო დროს ნაცმოძრაობა ყურებით ჰყავს დაჭერილი. ივანიშვილმა ხელი შეუწყო ნაციონალური მოძრაობის 4 ნაწილად დაშლას. თუ ადრე თოკშოუებში „ქართული ოცნების“ პირისპირ „ნაციონალური მოძრაობა“ იჯდა, ახლა ამ პარტიის ყველა ნაწილი ზის. შუა გაიკრიფა. ოპოზიციაში დატოვეს მარტო ნაცმოძრაობა და მისი ნაწილები.

არის ქვეყანაში მართვადი ქაოსის დამყარების მცდელობა, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეკლესიის მტრებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ღვთის მადლით, ბოროტი ჩანაფიქრი ვერ შესრულდა. გარკვეულ ძალებს იმედი ჰქონდათ, რომ მისი უწმინდესობა ოპერაციას ვერ გადაიტანდა. მათ დაიწყეს პატრიარქად საკუთარი კანდიდატურის გაყვანის ოპერაცია. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დამთავრდა. პატრიარქი ამით მარტო გაძლიერდა. ჩვენ მის უწმინდესობას აეროპორტში ვხვდებით.

- აღნიშნეთ, რომ ჩანაფიქრი ვერ შესრულდა, თუმცა, ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე კრიტიკული საუბარი, ალბათ, არ შეწყდება...

- ნეოლიბერალური ძალები უცებ არ გაჩერდებიან. მათ ხელშია უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია, მედიასაშუალება. ნეოლიბერალიზმს ემსახურებიან „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი ოპოზიცია – 4 ნაწილად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“. სამარცხვინოა, რომ ეკლესიაზე შეტევისას საქმეში ჩართეს მღვდელი და მას დააბრალეს საშინელი დანაშაული. პროკურატურა, საერთოდ ხელისუფლება, ისე დაიბნა, რომ ერთ სისულელეს სხვები მიაყოლა. ბოლოს ისიც კი აღნიშნეს, მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი, შესაძლოა, გასაყიდად მიჰქონდაო. ეკლესიასთან მებრძოლებს გონება ებინდებათ. ასეთი მაგალითები ბევრია. მართლმადიდებლობასთან ბრძოლაში ისეთი მმართველებიც დამარცხდნენ, მსოფლიოს რომ აზანზარებდნენ. არც ბოლშევიკებს გამოუვიდათ რწმენაზე გამარჯვება. ეს არ გამოუვა იმასაც, ვინც დღეს საქართველოში უტევს ეკლესიას. მართლმადიდებლობასთან მებრძოლი ეს ხალხი ნეოლიბერალური ძალების, აგრესიული ლიბერალიზმის მარიონეტია. ასეთების წყალობით ინგრევა ქვეყანა და ქართული ცნობიერება.

- ნეოლიბერალების წინააღმდეგ ადრეც გამოსულხართ...

- უკვე ორი ხალხმრავალი აქცია ჩავატარეთ თბილისის ცენტრში. ნეოლიბერალების მზე მაშინ ჩაესვენა, როცა ამერიკაში დონალდ ტრამპი აირჩიეს. მაგათი საქმე დამთავრებულია საქართველოშიც. მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ დაამთავრეს ბოლშევიზმი. ახალი ეროვნული მოძრაობა, რომელიც უკვე დაწყებულია, ბოლოს მოუღებს ცისფერ ნეობოლშევიზმს. „ქართული ოცნებისგან“ მოვითხოვთ ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესრულებას. ამ დაპირებების შეუსრულებლობის გამო მოსახლეობა უარესად გაღატაკდა. თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდა, თუ ხელისუფლებამ ყური არ შეიბერტყა, აღდგომის შემდეგ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოვითხოვთ.

- ქართული ოცნების რეიტინგის კატასტროფულ ვარდნას შეეხეთ. ეს შეფასება გადაჭარბებული არ არის? პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებამ და ოპოზიციის სისუსტემ ქართული ოცნების წარმომადგენლები ეიფორიაშიც კი ჩააგდო.

- მათი ეიფორია მაშინ დამთავრდა, როცა ამერიკაში არჩევნების შედეგები გამოცხადდა. დონალდ ტრამპის გამარჯვება ცივი შხაპი აღმოჩნდა რადიკალი ლიბერალების ქართველი მარიონეტებისთვისაც. ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ სხვა ქვეყნების საქმეებში აღარ ჩაერევა და აღარ მოახვევს სხვებს თავისი ცხოვრების წესს.

დონალდ ტრამპი ტრადიციული ღირებულებების მომხრეა. მისი გადაწყვეტილებით შეწყდა ლიბერალური პროექტების დაფინანსება და ლობისტებისთვის ფულის გამოყოფა. ამის გამო ცუდ დღეში არიან „ოცნების“ წარმომადგენლებიც და ნაწილებად დაშლილი ნაციონალებიც. ტრამპის ინაუგურაციის დღეს საქართველოს წამყვანი ტელევიზიები ამ მოვლენას სადღაც მეოთხე ნიუსად უშვებდნენ, მთავარ თემებად ტრამპის საწინააღმდეგო მარშებს აშუქებდნენ. ამგვარი აქცია თბილისშიც ჩატარდა.

საქართველოს ხელისუფლება აგონიაშია. ამას პრემიერის არეულ-დარეული განცხადებებიც ადასტურებს. გიორგი კვირიკაშვილი ხან ბორდელებზე ამახვილებს ყურადღებას, ხან პატრიარქზე თავდასხმას ახსენებს. პროკურატურამაც თავი შეირცხვინა. ციანიდის სკანდალმა ხომ ყველაფერი გადაფარა! ეკატერინე მედიჩის დროა, რომ ციანიდით დაიგეგმოს მკვლელობები? ისიც კი გამოგვიცხადეს, თითქოს მამა გიორგის თვითნაკეთი პისტოლეტი უპოვეს. პატრიარქმა ბერლინში თქვა, რომ სიტუაცია არანორმალურია. მართლაც, არანორმალური ვითარება შეიქმნა. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ საქართველოში ჯერ ისევ აქტიურობენ ნეოლიბერალები.

ახალი თაობა“, 21 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ თინათინ ბოკუჩავასთან: „ირაკლი შოთაძის გადაყენება ადეკვატური არ არის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას მთავარი პროკურორის გადაყენებასთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობა შეუერთდება.

- თქვენი ყოფილი თანაგუნდელები, ევროპული საქართველოს წევრები, მთავარი პროკურორის გადაყენებას ითხოვენ და პარლამენტში აღნიშნულ პროცედურას იწყებენ. რამდენად ადეკვატური მოთხოვნაა?

- არ ვფიქრობ, რომ ეს მოთხოვნა ადეკვატურია. მყარი არგუმენტიც მაქვს, რატომაც არ ვფიქრობ, რომ ადეკვატური მოთხოვნაა: თუ მთავარ პროკურორს გადავაყენებთ თუ გადააყენებს ხელისუფლება, ეს იქნება შოთაძისთვის ხელების შეწმენდა. ახლა თავად ხელისუფლებაც ეძებს განტევების ვაცს. ხელისუფლება მიხვდა, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც მთელი საზოგადოება მიზანმიმართულად შეცდომაში შეიყვანა. ახლა ამ სიტუაციიდან რაღაცნაირად გამოძრომას ცდილობს ხელისუფლება და შოთაძის გადაყენება ყველაზე დიდი გამოსავალი იქნებოდა მისთვის.

ამას უნდა დაემატოს ის გარემოებაც, რომ შოთაძე ნომინალური პროკურორია და იქ სიტუაციას ფარცხალაძე მართავს. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, მაინც არაადეკვატური მგონია შოთაძის გადაყენება. რეალური პასუხისმგებლობა, მთელ ხელისუფლებას ეკისრება. ჩვენ კარგად გვახსოვს, ერთმანეთის მიყოლებით როგორ გააკეთეს განცხადებები კალაძემ, წულუკიანმა, ბესელიამ და პრემიერმა კვირიკაშვილმა.

- ნაციონალური მოძრაობა ხელმოწერას არ შეუერთდება?

- რა თქმა უნდა, ჩვენ მაინც მოვაწერთ ხელს ამ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, მიგვაჩნია, რომ ეს არანაირად არ არის საკმარისი მოთხოვნა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არ გამოვრიცხავ, ეს მოთხოვნა მთავრობას დაეხმაროს ამ სიტუაციიდან გამოძრომაში, რადგან საზოგადოებაში მართლაც დიდი აღშფოთება გამოიწვია ამ ყველაფერმა და სავარაუდოა, რომ პროცესები ასე მარტივი არ იყოს ხელისუფლებისთვის. ეკლესიას და პატრიარქს საქართველოში ძალიან დიდი რეიტინგი აქვს, ეს ყველა მონაცემებით დასტურდება და, როგორც ჩანს, ადგილი აქვს მისი დაქვემდებარების სურვილს, როგორც ეს პუტინის პირობებშია რუსეთის ფედერაციაში.

- ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ.

- ამის თქმა მათი მხრიდან ძალიან დიდი ცინიზმია.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ამას მოგვიწოდებენ ჩვენ, იმ დროს, როდესაც მაღალჩინოსნები, მინისტრები, პრემიერი, უმრავლესობის დეპუტატები ერთმანეთის მიყოლებით გამოვიდნენ იმავე დღეს და ამ ყველაფერზე ისაუბრეს, როგორც შემდგარ ფაქტზე, ძალიან კონკრეტულ ვერსიაზე. ისაუბრეს ისე, რომ არც კი დაუშვიათ, რომ შეიძლება მთლად ასეც არ ყოფილიყო. დიდი უბედურების აცილებაზე განცხადებები მათ გააკეთეს, პატრიარქის სიცოცხლის გადარჩენაზე მათ ისაუბრეს.

- გამორიცხავთ, რომ შესაძლებელია, გამოძიებას ხელჩასაჭიდი მტკიცებულებები ჰქონდეს?

- გამოძიების დეტალებზე არავინ საუბრობს, დაცვის მხარეს დადებული აქვს გაუთქმელობის პირობა იმ დროს, როდესაც პროკურატურა ყოველდღე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას. ეს რა მიზანს ემსახურება, აგვიხსნას ვინმემ. კონკრეტულ განზრახვებზე, მართლაც იყო თუ არა მოწამვლის მცდელობა, ამოიღეს თუ არა ციანიდი და ა.შ. არ ვსაუბრობ. მე ამ დეტალებში, საქმის არსებით განხილვაში ნამდვილად არ შევდივარ. მე ვსაუბრობ მაღალჩინოსნების, უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატების განცხადებებზე, რომელთაც საზოგადოება მიზანმიმართულად შეიყვანეს შეცდომაში.

- გამორიცხავთ, რომ პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი შეცდომაში შეიყვანეს?

- ამას ნამდვილად გამოვრიცხავ. სცადეს უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა, ნარჩემაშვილმა და სხვებმა, რომ პრემიერი გაამართლონ და რაღაცნაირად გამოიყვანონ ამ სიტუაციიდან, მაგრამ ნამდვილად არ გამოუვათ, რადგან ძალიან კომიკურია. თუ ეს ყველაფერი მის გარეშე მოხდა და საქმის კურსში არ იყო, მაშინ ესეც სერიოზული პრობლემაა. ნომინალური პრემიერია ბატონი კვირიკაშვილი და დავალებებს ბიძინა ივანიშვილი გასცემს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე არ მგონია, რომ ამ კონკრეტულ მოცემულობასთან გვაქვს საქმე. ჩემი აზრით, ალბათ, ბიძინა ივანიშვილის დავალებას მიყვებოდა.

ახალი თაობა“, 21 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ გელა ნიკოლაიშვილთან: „დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ბრალდებულები არ იყვნენ იმ ოთახში, სადაც ნიკა ლომინაძე მოკლეს“ // გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

„ეი-ეს-თელას“-ის ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია, გუშინ, 20 თებერვალს, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს გვიჩიანისა და ჩემიას განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით დაახლოებით ორი თვის წინ მიმართა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველი ის გამოძიება გახდა, რომელიც საგამოძიებო უწყებაში ხელახლა ჩატარდა და აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდებულების ბრალეულობა მოპოვებული მტკიცებულებით არ გამოიკვეთა.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ჩემიას და გვიჩიანს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა, რომელიც მოგვიანებით 20 წლიანი პატიმრობით შეუცვალა.

„ახალი თაობა“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამ საქმის ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს ესაუბრა.

- ბატონო გელა, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფები ჩემია და გვიჩიანი. როგორც ამ საქმის ადვოკატს, რისი თქმა შეგიძლიათ აღნიშნულთან დაკავშირებით?

- მე შემიძლია ვთქვა ერთი რამ, რომ ამ საქმემ და დღევანდელმა დღემ დაადასტურა ის, რომ ყოველთვის აქვს აზრი ბრძოლას სიმართლისათვის, სამართლიანობისათვის! ყოველთვის იძლევა შედეგს მოთმინება. ის, რომ ადამიანმა არ დაიბრალოს დანაშაული, გაძლება, ღირსების გრძნობის შენარჩუნება, ეს ძალიან რთული იყო და წარმოუდგენელიც კი, რომ 11 წლის განმავლობაში ამ ორმა ადამიანმა შეინარჩუნა ასეთი სიმტკიცე და ასეთი თვისებები, რომ არ დაიბრალეს ეს დანაშაული.

- დიდი იყო ზეწოლა?

- ძალიან დიდი. მათ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ფაქტიურად ცოცხლად დამარხულები იყვნენ. ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც უვადო თავისუფლება აღკვეთილი, ამდენწლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფლდება გამამართლებელი განაჩენით! ეს არის ისტორიული მოვლენა არა მხოლოდ ამ ორი ადამიანისთვის, არამედ მათი დამცველებისთვის, პროკურატურისთვის, მართლმსაჯულებისთვის, სასამართლოსთვის, მთელი საზოგადოებისთვის და ასევე იმ დანარჩენი პატიმრებისთვის, რომლებიც დღეს უკანონოდ იხდიან სასჯელს.

- ასეთი ბევრია?

- სამწუხაროდ, ასეთი ბევრია. ეს არის მათთვის იმედის სხივი, რომელიც, დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანებამდეც მიაღწევს ადრე თუ გვიან.

- ადვოკატებმა მიმართეთ პროკურატურას და მოითხოვეთ საქმის გადასინჯვა და თავიდან დაიწყო გამოძიება? გქონდათ სერიოზული მტკიცებულებები?

- ჩვენ არაერთი მტკიცებულება წარვადგინეთ პროკურატურაში. დაწყებული იმით, რომ თავის დროზე ბრალდების მხარემ დამალა დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნა.

- რომელ დასკვნაზე საუბრობთ?

- რომელიც ამერიკაში ჩატარდა და რომელიც უდავოდ ამტკიცებდა, რომ ის ორი ადამიანი, რომელთაც ბრალდებოდა ამ მკვლელობის განხორციელება, იმ ოთახში, სადაც ეს მკვლელობა მოხდა, საერთოდ არ ყოფილა. არადა იქ კვალი იყო დარჩენილი თითის ანაბეჭდების, სიგარეტის ნამწვავების. ნერწყვის ანალიზის შედეგად შეიძლებოდა ამის დადგენა. ასევე თმის ღერი, რომელიც გარდაცვლილის სხეულზე იყო და მას არ ეკუთვნოდა და გარეშე პირის იყო. ამ ყველაფრის ანალიზმა, ამერიკის ფედერალური ბიუროს საგამოძიებო ბიუროს ნაწილში ჩატარებულმა ექსპერტიზამ, მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ეს ადამიანი იქ არ ყოფილა.

- ეს დასკვნა არ გაიზიარა გამოძიებამ?

- არათუ არ გაიზიარა, 6 წლის მანძილზე ეს დასკვნა იყო დამალული, ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვალა! პროკურატურაში აცხადებდნენ, არ მიგვიღია ეს დასკვნაო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წელს, ეს დასკვნა მოიძია პროკურატურის ახალმა ხელმძღვანელობამ. შემდეგ ჩატარდა ახალი ექსპერტიზა უკვე ტყვიის გულასთან დაკავშირებით, ჩატარდა იმაზეც, იყო თუ არა ეს ნასროლი მაყუჩიანი იარაღით, როგორც ამას ძიება ამტკიცებდა. დადასტურდა, რომ მაყუჩიანი იარაღით არ იყო მკვლელობა განხორციელებული. ასევე იყო მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ამბობდნენ, თუ რა ზეწოლის ქვეშ მისცეს თავის დროზე ცრუ ჩვენება ამ ადამიანების წინააღმდეგ. ასევე მოხდა სატელეფონო საუბრების გადამოწმება ანძების მიხედვით. მრავალი ახალი მტკიცებულება დაიდო, რამაც დაადასტურა ამ ადამიანების უდანაშაულობა ამ საქმეში.

ახალი თაობა“, 21 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ ანი მიროტაძესთან: „ნაციონალებმა რუსთავი-2- თავი უნდა დაანებონ“ // „ეს ყველაფერი უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკისგან

„ახალი თაობის“ კითხვებს ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი, ანი მიროტაძე პასუხობს.

- ანი, ხშირად მოვისმენთ შეფასებებს, რომ ხელისუფლება სააკაშვილის ხელისუფლების გზას დაადგა, ცდილობს მედიის დამორჩილებას. როგორია თქვენი შეფასებები, რამდენად ცდილობს ოცნება, ხელში ჩაიგდოს და მართოს მედია?

- ყველასთვის თვალნათელია, რომ ხელისუფლებას აქვს სურვილი არა თუ ხელში ჩაიგდოს, არამედ გააკონტროლოს მედია, რათა ყველა მოქმედი მედია საშუალება მის მიმართ იყოს ლოიალურად განწყობილი. ეს კარგად ჩანს.

- საიდან ჩანს? დაინახეთ ამის მცდელობის მაგალითები?

- თუნდაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რომლებიც უკავშირდება რამდენიმე ტელეკომპანიის ერთ ჰოლდინგში გაერთიანებას, ამას თუ დავუმატებთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებს, ეს ყველაფერი ამის ნათელი მაგალითია და ამაზე დავა გამორიცხულია! ხელისუფლება ცდუნებას ვერ უძლებს. ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს ხელისუფლებაც დაადგა ძველი ხელისუფლებების გზას! ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ცდუნებას, გაეკონტროლებინა მედია. უბრალოდ, ამ სიტუაციაში საინტერესოა ის, თუ ვინ რა მექანიზმს იყენებს საამისოდ.

- შეგიძლიათ ამ მექანიზმებზე საუბარი?

- წინა ხელისუფლება თუ პირდაპირ და უხეშად ერეოდა, თუნდაც იმედის მაგალითი გავიხსენოთ, ამ შემთხვევაში ეს პროცესი ცოტა უფრო შეფარულია, ცოტა უფრო შეფუთულია, თუმცა ეს მაინც ცხადია.

- მაშინ რატომ დახურა ბიძინა ივანიშვილმა მე-9 არხი?

- როგორც ჩანს, „მე-9 არხის“ აუცილებლობა აღარ იყო და ბიძინა ივანიშვილმა დახურა, აღარც ჯიდიესის აუცილებლობა არსებობს, მისი სურვილია, სხვა მექანიზმები გამოიყენოს ლოიალური მედიის ასამუშავებლად. თუნდაც იმედის მაგალითი კმარა ამისთვის. ერთ კრიტიკულ მოსაზრებას ვერ მოისმენთ. ამ შემთხვევაში რა საჭიროა ზედმეტი ხარჯი?! ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ამ არხის ამ სტილით მუშაობა!

- სამაგიეროდ, რუსთავი-2 საკმაოდ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიაა. ფიქრობთ, რომ ხელისუფლების ინტერესი იკვეთება ამ არხთან დაკავშირებით?

- მხოლოდ „რუსთავი-2“ არ არის კრიტიკულად განწყობილი ტელევიზია. უბრალოდ, ახლა „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით თამასაა აწეული, საკითხია აქტუალური. ნებისმიერი საინფორმაციო საშუალება, განსაკუთრებით ელექტრონული მედია, ხელისუფლებას პრობლემას თუ შეუქმნის, ზუსტად ასეთივე პოლიტიკა იქნება მის მიმართაც გატარებული.  ასე იწყებდა მიხეილ სააკაშვილიც, აუცილებლად ლოიალური და პროპაგანდისტული უნდა ყოფილიყო მედია საშუალება მათ მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაცემები იხურებოდა. 19 თებერვალს 13 წელი გავიდა ტელეკომპანია იბერიის დარბევიდან. ყველას გვახსოვს, როგორ დაარბიეს ეს ტელევიზია და ეს მოხდა ვარდების რევოლუციიდან რამდენიმე თვეში.

- 19 თებერვალს რუსთავი-2-მა საპროტესტო აქცია გამართა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად ქუჩაში გამოვიდა. საზოგადოებაში აზრი ორად გაიყო. დიდი ნაწილი ფიქრობდა, რომ ეს აქცია ასოცირდებოდა ნაციონალურ მოძრაობასთან და ამიტომ არ წავიდა ამ აქციაზე. რას ფიქრობთ თქვენ?

- მე მოვუწოდებ „რუსთავი-2“-ს, რომ თუ ის არ გათავისუფლდება ამ პროპაგანდისტული ნაციონალური მოძრაობის მარწუხებისგან, ვერასოდეს ნახავს მის საპროტესტო აქციაზე გასულ რიგით, აპოლიტიკურ მაყურებელს. იქ რომ არ ყოფილიყო ასეთი მძაფრი და მწყობრი მისვლა „ნაციონალური მოძრაობის“, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა „რუსთავი-2“-ისთვის და ხალხიც მეტი მივიდოდა.

- საზოგადოებამ ეს გააიგივა ნაციონალური მოძრაობის აქციასთან?

- ერთ-ერთ წამყვან როლში იყო გამოყვანილი ნაციონალური მოძრაობა. შესაძლოა, ადამიანებს უნდოდეთ თავისუფალი სიტყვის დაცვა, მაგრამ არ უნდოდეთ ნაციონალების გვერდით დადგომა, რაც არის ბუნებრივი და რაც არის ლოგიკური. თუ არქმევ სახელს, რომ ეს არის ბრძოლა თავისუფალი მედიისთვის, მაშინ თავი დაანებონ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ამ ტელევიზიას.

- მკვეთრად იყო გამოკვეთილი მათი პოზიცია?

- ფაქტია, რომ ეს ორივე ფრთა ნაციონალური მოძრაობის, დაყოფილები და გაყოფილებიც, მწყობრად იყო წარმოდგენილი ამ აქციაზე და თავისი აქტივიც ჰყავდათ იქ გამოყვანილი. ამ პროცესმა იმ ადამიანებს, ვისაც არ მოსწონთ ნაციონალური მოძრაობა, ხელი შეუშალა აქციაზე მისვლაში. უნდა გათავისუფლდნენ ამ პარტიის გავლენისგან, თუ ეს არ შეუძლიათ, მაშინ ეს ძალიან სამწუხარო რეალობა ყოფილა და მაშინ ნათლად იკვეთება, რომ ეს არის რეალურად ერთი პოლიტიკური პარტიის ტელევიზია. თუ გვინდა, რომ ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, მაშინ ეს ყველაფერი უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკისგან. სხვანაირად უნდა მიმდინარეობდეს ამ ტელევიზიის დაცვის პროცესი!

ახალი თაობა“, 21 თებერვალი, 2017 წელი

ჩავარდება თუ არა სამაჩაბლოსთვის სახელის გადარქმევის საკითხი

ყარაჩაელთა კონგრესი სერგეი ლავროვს ლეონიდ თიბილოვის დაოკებას სთხოვს

ცხინვალის ლიდერ ლეონიდ თიბილოვის ინიციატივამ სამაჩაბლოსთვის სახელის გადარქმევის შესახებ, ჩრდილოეთ კავკასიაში დიდი წივილ-კივილი გამოიწვია. საქმე ისე მიდის, რომ სამხრეთელ ოსთა ლიდერს ეს ინიციატივა შესაძლოა თავად ოსებმავე გადაახიონ თავზე.

ლეონიდ თიბილოვის გადაწყვეტილებამ ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი ძალით განაახლა ძლივს ჩამცხრალი კონფლიქტი, რომელიც ალანიის სამეფოს მემკვიდრის გარკვევას ეხებოდა. ალანიის სამეფოს მემკვიდრეებად თავს, ჩრდილოეთ ოსეთის გარდა, ინგუშეთი და ყარაჩაიც აცხადებენ.

ამ დღეებში ყარაჩაელ ხალხთა კონგრესმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა. ყარაჩაელები სერგეი ლავროვს სთხოვენ, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას ცხინვალის რეგიონისთვის ალანიის დარქმევა.

ყარაჩაელთა კონგრესის განმარტებით, ეს ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციას გაამწვავებს.

ყარაჩაელებმა ალანიის სამეფოს მემკვიდრეებად თავი ჯერ კიდევ 1959 წელს გამოაცხადეს. მაშინ ყარაჩაელმა მეცნიერებმა სხვადასხვა წყაროებით დაასკვნეს, რომ ალანიის სამეფოს მემკვიდრეები ისინი და ბალყარელები იყვნენ.

საბჭოთა ხელისუფლებამ ამ საკითხზე დებატები მალევე ჩაახშო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ოსებმა დრო იხელთეს და ჩრდილოეთ ოსეთს დამატებითი სახელწოდება ალანია დაარქვეს.

სამი წლის შემდეგ მათ ინგუშებმა გადაუხადეს სამაგიერო და თავიანთი დედაქალაქო ნაზრანიდან სხვაგან გადაიტანეს. იმ სხვა ადგილს კი მაგასი დაარქვეს. მაგასი კი ისტორიული ალანიის დედაქალაქი იყო. ამით ალანიის გარშემო დავა დასრულდა და მხოლოდ ოსი და ინგუში ისტორიკოსები უყალბებდნენ ერთმანეთს ისტორიას.

სამგლე გოჭივით ატეხილი ლეონიდ თიბილოვის ინიციატივის შემდეგ კი ამ საკითხით უკვე პოლიტიკოსები დაინტერესდნენ. თავისი პოზიცია დააფიქსირა ვლადიმერ ჟირინოვსკიმაც. იგი ეთანხმება სამაჩაბლოსთვის ალანიის დარქმევას და მიიჩნევს, რომ ალანიის დედაქალაქი ცხინვალში უნდა გადავიდეს.

„ვლადიკავკაზი უნდა გახდეს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ცენტრი. გაერთიანებული ალანიის დედაქალაქი კი ცხინვალი უნდა იყოს“, – ამბობს ვლადიმირ ჟირინოვსკი. ამ განცხადებას უკვე ინგუშეთში მოჰყვა წივილ-კივილი. მათი განცხადებით, ოსებმა ვლადიკავკაზს თავი საერთოდ უნდა დაანებონ და დედაქალაქი ალაგირში გადაიტანონ.

ალაგირის ამბავში კი უკვე ქართველებს შეუძლიათ პრეტენზიების გამოთქვა. ამ ტერიტორიაზე ძირითადად დიგორები ცხოვრობენ. ისტორიული წყაროებით, ისინი ქართველები არიან. ასეთი დასახელება კი იმიტომ მიიღეს, რომ დიდგორის ომის მონაწილეები იყვნენ.

———–

ლეონიდ თიბილოვის გადაწყვეტილებით, სამაჩაბლოსთვის სახელის გადარქმევაზე რეფერენდუმი 9 აპრილს უნდა ჩატარდეს. თუ გავითვალისწინეთ ალანიის გარშემო ატეხილ წიოკს, შესაძლოა, სახელის გადარქმევის ამბავი ჩავარდეს.

————————

რეზონანსი“, 21 თებერვალი, 2017 წელი

საქართველოს მთავრობა სეპარატისტებს 8 მილიონის დენს უფასოდ მიართმევს

ჩვენ ვიხდით მილიონობით ლარს აფხაზეთის განათებისთვის და სანაცვლოდ შეიძლება გვაგინონ კიდეც

მარი ჩიტაია

აფხაზეთის ელექტრომომარაგების საკითხი გარკვეულია – ენგურჰესის გაჩერების გამო, სეპარატისტულ რეგიონს ელექტროენერგიის 60%-ს რუსეთი მიაწვდის, ხოლო 40%-ს საქართველო საკუთარ თავზე იღებს. ამას ჩვენი ქვეყანა აქამდეც “უანგაროდ” აკეთებდა და აფხაზეთის ელექტრომომარაგების მიმართ მიდგომას არც ამჯერად ცვლის. ამჯერად საქართველოს ბიუჯეტს 8 მილიონ ლარზე მეტის გაღება მოუწევს, რომ სეპარატისტებს უკმაყოფილების გრძნობა არ დარჩეთ.

შპს “ენგურჰესის” დირექტორის ლევან მებონიას ინფორმაციით, ჰესმა მუშაობა 18 თებერვალს შეაჩერა. მისი განცხადებით, წყლის მასის სრულ დაცლას 4 დღე დასჭირდება, რის შემდეგაც სამუშაო ჯგუფი ჰესის ტერიტორიაზე შევა.

როგორც ცნობილია, ჰესი მუშაობას 2 კვირით აჩერებს. აფხაზეთს ამ პერიოდში სჭირდება 125 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია. აქედან 60%-ს რუსეთი ადლერის მხრიდან მიაწვდის, ხოლო დარჩენილი ელექტროენერგიის 40%-ს საქართველო აზერბაიჯანიდან შეისყიდის და სეპარატისტებს მიართმევს. ჯამში ეს არის 50 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, რომლის ფულადი მოცულობა 8,2 მლნ ლარია.

თუკი რუსეთისგან მიწოდებულ ელექტროენერგიაში აფხაზეთი 2,5 რუბლს იხდის (11 თეთრი), ჩვენ აფხაზეთისთვის დენის შესყიდვა 16 თეთრად (6,2 ცენტი) გვიწევს. ცხადია, სეპარატისტებისთვის ეს იქნება უფასო პროდუქტი. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია – საქართველოში 1-ლარიანი დავალიანების შემთხვევაშიც, ოჯახს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ჩააბნელებენ, ხოლო აფხაზეთს საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან გადახდილი ფულით უნაზღაურდება დენის საფასური.

სეპარატისტებს ზამთარში ისედაც სრულად მიაქვთ ენგურჰესიდან გამომუშავებული ელექტროენერგია და საქართველო, ძირითადად, თბოსადგურების და ძვირი იმპორტის იმედად რჩება. როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის და ახლა ჩვენი ბიუჯეტიდან უნდა ვაფინანსოთ სეპარატისტების ენერგოსისტემა. რატომ მიდის ასეთ დათმობაზე ქვეყანა? არც ერთი ოფიციალური უწყება ამაზე არაფერს ამბობს. სპეციალისტებისთვის კი საქართველოს ხელისუფლების “უანგარო სიკეთის” მიზეზი, რასაც აფხაზეთის მიმართ იჩენენ, უცნობია.

აფხაზეთის ელექტრომომარაგება ის თემაა, რაზეც დღეს ენერგეტიკოსებსა და პოლიტიკოსებს აბსოლუტურად იდენტური მოსაზრება აქვთ. მათი შეფასებით, ქვეყანამ მიიღო ეკონომიკურად წამგებიანი გადაწყვეტილება, რომელსაც რაღაც პოლიტიკური გამართლება აქვს.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე არ მალავს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება მისთვის არ ყოფილა მოულოდნელი.

“აფხაზეთის ენერგომომარაგება ამ მომენტში შეთანხმების საგანია. ეს ითვალისწინებს, რომ აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩეს. გარკვეული ვალდებულება აიღო საქართველომ, რასაც იგი აქამდეც აკეთებდა. ახალი არაფერია გარდა იმისა, რომ ელექტროენერგიის შესყიდვა გვიწევს. ეს, ცხადია, ეკონომიკურად წამგებიანია, მაგრამ პოლიტიკურად სხვა არჩევანი არ გვაქვს. მაშინ ჩვენ ცალსახად უნდა ვაღიაროთ, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიულ ნაწილად არ მიგვაჩნია. იძულებული ვართ, ჩვენი ღარიბი ბიუჯეტიდან რაღაც თანხები გავიღოთ და აფხაზი მოსახლეობის სასარგებლოდ შევიძინოთ ელექტროენერგია. გვინდა თუ არა, გვიწევს ამის გაკეთება. თანაც ვაკეთებთ აბსოლუტურად უანგაროდ, ისე, რომ მადლობასაც არ ველდოებით. პირიქით, შეიძლება გვაგინონ კიდეც, მაგრამ ამ დათმობაზე მაინც მივდივართ”, – აცხადებს გია არაბიძე.

სპეციალისტების მეორე ნაწილს აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო პრინციპული დამოკიდებულება აქვს და ფიქრობს, რომ ქართული მხარე ამჯერადაც დაზარალდა. ენერგეტიკოსი მირონ ფირცხელანი ამბობს, რომ აფხაზეთის ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით მიდგომა შესაცვლელია.

“მუდმივად ვსაუბრობთ, გადავახდევინოთ თუ არა აფხაზეთს ელექტროენერგიის საფასური. მიდგომა უნდა შეიცვალოს მთავრობის მხრიდან. როცა სახელმწიფოებრივ პოზიციაზე ვიქნებით, სხვა ენაზე დაგველაპარაკებიან, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის მოსალოდნელი. ფაქტობრივად, იგივე თემა მეორდება იგივე ხელწერით. ყოველთვის ასე იქნება, სანამ პატრონი არ გვეყოლება. ისჯება ქართველი ხალხი, ჩვენი პრობლემაა და სხვა ვის უნდა დავაბრალოთ. ეს არის პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები თამაშობენ და არ არის ის, რაც ქართველ და აფხაზ ხალხს რეალურად სჭირდება.

თუკი სწორი მმართველობის გზას მოვნახავთ, პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდება. არ იქნება ასე და ისევ დავზარალდებით! ეს პროცესი, ჩვენდა სამწუხაროდ, შეუქცევადი გახდა – ყოველთვის, ყველა დიალოგსა და მოლაპარაკებაში ქართული მხარე ზარალდება, ამასაც მივეჩვიეთ”, – აცხადებს მირონ ფირცხელანი.

აფხაზეთის სასარგებლოდ ელექტროენერგიის შესყიდვის გადაწყვეტილება მოულოდენლი არ ყოფილა აფხაზეთის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებისთვისაც. “ექსპერტთა კლუბის” წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს მოლოპარაკებებში როგორმე უნდა მიეღწია, რომ ენგურჰესის დაკეტვის პერიოდში მაინც, რუსეთს აფხაზეთი შეღავათიანი ელექტროენერგიით უზრუნველყო არა ნაწილობრივ, არამედ სრულად, რომ ხარჯი საქართველოს ბიუჯეტს არ დასწოლოდა.

“რაც უნდა ვიმსჯელოთ, საკითხი არა ელექტროენერგიის მიწოდებაზეა, არამედ ტარიფზე, რასაც ჩვენ აფხაზეთის ელექტრომომარაგებისთვის ვიხდით. ამ თანხას, ფაქტობრივად, საქართველოს მთელი მოსახლეობა იხდის. აფხაზები კი ყოველთვის მალავენ, რომ ჩვენი მხრიდან ეს შეღავათი აქვთ. ყველა ოფიციალურ, თუ არაოფიციალურ შეხვედრებში ისინი აფიქსირებენ, რომ ელექტროენერგიას რუსეთისგან იღებენ.

ჩვენ უნდა გვეიძულებინა ისინი, რომ მოახდინათ ზეწოლა რუსებზე, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიეყიდათ ელექტროენერგია შეღავათიან ფასად. გამოდის, რომ ჩვენ ვიხდით მილიონობით ლარს აფხაზეთის განათებისთვის და სანაცვლოდ შეიძლება გვაგინონ კიდეც. რა ლოგიკაა, ვერ ვხვდები”, – აცხადებს ირაკლი ცქიტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ენგურჰესის ტექნიკური სამუშაოებისთვის ჰესს სესხი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოუყო. ჰესი მუშაობას დაახლოებით 2 კვირაში აღადგენს. მანამდე კი საქართველო სეპარატისტებს დენს უფასოდ მიაწვდის, მათი მხარდამჭერი რუსეთი კი 11 თეთრად (2,5 რუბლად) მიჰყიდის.

რეზონანსი“, 21 თებერვალი, 2017 წელი

ნატოსგან საქართველოს სანაპირო ზოლის გამაგრებას ელიან

ეს პირდაპირი აგრესიისგან ვერ დაგვიცავს, თუმცა ალიანსის საზღვაო ძალებთან ერთად მოვახდენთ პრევენციული ზომების მიღებას

გვანცა ღვედაშვილი

საქართველო მზად არის, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე დისკურსში აქტიურად ჩაებას – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე აცხადებს.

ექსპერტების შეფასებით, აღნიშნულ საკითხებში თანამშრომლობა შესაძლოა ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებაში გამოიხატოს, ამასთან, მნიშვნელოვანი იქნება თუკი ნატოს დახმარებით საქართველო სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის შექმნის როცესს დაწყებს, თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ ექსპერტთა თქმით, თავდაცვის სამინისტროში ბოლოდროინდელი რეორგანიზაციის შემდეგ აღარ დარჩა კომპეტენტური სტრუქტურა, რომელიც შეძლებს ნატოს სამხედრო საზღვაო ოპერაციებში თუნდაც წარმომადგენლობით დონეზე მონაწილეობის მიღებას.

შეგახსენებთ, რომ ნატომ აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში ალიანსის სამხედრო ყოფნისა და აქტივობების გაძლიერების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ვარშავის სამიტზე მიიღო.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს კონკრეტული წინადადებები, რომელსაც ალიანსს შესთავაზებს.

„ნატოს შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზე, სადაც საქართველოს 2016 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება განვიხილეთ, მეორე საკითხი სწორედ შავი ზღვის უსაფრთხოების თემა იყო. რა თქმა უნდა, საქართველო მზად არის, რომ ამ დისკურსში აქტიურად ჩაებას და ჩვენი კონკრეტული წინადადებები შევთავაზოთ”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

თავდაცვის სამინისტროში აღარ დარჩა კომპეტენტური სტრუქტურა, რომელიც შეძლებს ნატოს სამხედრო საზღვაო ოპერაციებში თუნდაც წარმომადგენლობით დონეზე მონაწილეობის მიღებას, – აღნიშნული შეფასება ბრიგადის გენერალმა, ანალიტიკოსმა სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძემ, “რეზონანსთან” საუბრისას გააკეთა

“თავდაცვის სამინისტროს ბოლო რეორგანიზაციის შემდეგ აღარც კი ვიცი როგორ უნდა ჩაერთოს საქართველო ამ პროცესებში. ჩვენ ხომ სამხედრო მონაწილეობაზე ვსაუბრობთ? თავდაცვის სამინისტროში აღარ დარჩა კომპეტენტური სტრუქტურა, რომელიც შეძლებს ნატოს სამხედრო საზღვაო ოპერაციებში თუნდაც წარმომადგენლობით დონეზე მონაწილეობის მიღებას. ამიტომ საქართველოს მონაწილეობა მხოლოდ დეკლარირების დონეზე იქნება შესაძლებელი.

“კარგი იქნება, თუ აღადგენენ საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტს და დაიწყებენ საზღვაო ფლოტის ჩამოყალიბებაზე ფიქრს. სხვაგვარად საქართველოს მონაწილეობა ამ პროექტში მხოლოდ დეკლარირების დონეზე დარჩება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტში მონაწილეობა, ოღონდ ჩვენი მხრიდან საზღვაო კომპონენტის ჩართვის გარეშე ნაკლებად ეფექტიანი. რა თქმა უნდა ეს პირდაპირი აგრესიისგან ვერ დაიცავს ქვეყანას, თუმცა ამ პროექტში მონაწილეობით ჩვენ შევძლებთ ნატოს საზღვაო ძალებთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ შავი ზღვის აკვატორიის, ასევე მთლიანი აუზის კონტროლში, მოვახდინოთ საფრთხეების ერთობლივად შეფასება და პრევენციული ზომების მიღება”, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ (ინტერვიუ უფრო ვრცლად იხილეთ ქვემოთ)

ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო ჟურნალ”არსენალის” მთავარი რედაქტორი გვეუბნება, რომ საქართველოს ნატოსთან ურთიერთობა იმ საფრთხეებისგან თავდასაცავად არის საჭრო, რომლის წინაშეც ვიმყოფებით. ამასთან, აღნიშნავს, რომ კარგი იქნება, თუ საქართველოში სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის შექმნის პროცესი დაიწყება და სანაპირო ზოლის გამაგრება.

“ეს თანამშრომლობა შესაძლოა გამოხატული იყოს ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებაში მონაწილეობით. მეორე, უფრო მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, ნატოს დახმარებით საქართველოს სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის შექმნის პროცესის დაწყება და ჩვენი სანაპირო ზოლის გამაგრება. თუ ნატო ამ მხრივ გაგვიწევს დახმარებას, ეს ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ეს ურთიერთობა გვინდა, რათა საქართველოს უსაფრთხოება გაიზარდოს გასაგები საფრთხეებისგან თავდასაცავად, რაც გვქონდა, არის და ეტყობა, იქნება. სწორედ ამიტომ გვინდა ჩვენ ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოება”, – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთი, ამ თანამშრომლობის წინააღმდეგი იქნება, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე ნატოს ეხება და ის, რაც რუსეთმა 2008 წელს საქართველოს გაუკეთა, ამას ნატოს მიმართ ვერ შეძლებს, რადგან საუბარი სხვა მასშტაბებზეა.

“რაც შეეხება რუსეთს, ის ამის კატეგორიული წინააღმდეგი იქნება და ყველანაირად ეცდება ხელი შეუშალოს ამ პროცესებს. თუმცა აქ მხოლოდ საქართველოს დონეზე არ არის საუბარი. განსხვავებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისგან, როდესაც მოსკოვი ჩვენი პირდაპირი მოწინააღმდეგე იყო, ახლა უკვე საქართველო, შესაძლოა, ყველაზე ნაკლებ როლს თამაშობდეს. ამ შემთხვევაში მთავარი ნატოა, რომელთანაც რუსეთის დაპირისპირება გაიზარდა”, – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

რეზონანსი“, 21 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ სამხედრო ექსპერტ ამირან სალუქვაძესთან: „საქართველომ საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტი უნდა აღადგინოს და საზღვაო ფლოტი ჩამოაყალიბოს“ // „ამის გარეშე ნატოს საზღვაო ძალებთან თანამშრომლობის სარგებელი მინიმუმამდე დადის

გვანცა ღვედაშვილი

“ნატოს საზღვაო ძალებთან ერთად სხვადასხვა სახის ოპერაციებში მოქმედება ხელს შეუწყობს ჩვენი შეიარაღებული ძალების ინტეგრაციის პროცესს. თუმცა, შეიარაღებულ ძალებში საზღვაო კომპონენტის არ, არსებობის პირობებში, ეს სარგებელი მინიმუმამდე დადის”, – ასე აფასებს, საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში მონაწილეობას ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.

- როგორ შეიძლება საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში ჩაერთოს?

- სიმართლე გითხრათ, თავდაცვის სამინისტროს ბოლო რეორგანიზაციის შემდეგ აღარც კი ვიცი როგორ უნდა ჩაერთოს საქართველო. ჩვენ ხომ სამხედრო მონაწილეობაზე ვსაუბრობთ? თავდაცვის სამინისტროში აღარ დარჩა კომპეტენტური სტრუქტურა, რომელიც შეძლებს ნატოს სამხედრო საზღვაო ოპერაციებში თუნდაც წარმომადგენლობით დონეზე მონაწილეობის მიღებას. ამიტომ საქართველოს მონაწილეობა მხოლოდ დეკლარირების დონეზე იქნება შესაძლებელი. კარგი იქნება თუ აღადგენენ საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტს და დაიწყებენ საზღვაო ფლოტის ჩამოყალიბებაზე ფიქრს. სხვაგვარად საქართველოს მონაწილეობა ამ პროექტში მხოლოდ დეკლარირების დონეზე დარჩება.

- რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში ჩართვა და რას მისცემს ეს ქვეყანას?

- ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტში მონაწილეობა, ოღონდ ჩვენი მხრიდან საზღვაო კომპონენტის ჩართვის გარეშე ნაკლებად ეფექტიანი. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირი აგრესიისგან ვერ დაიცავს ქვეყანას, თუმცა ამ პროექტში მონაწილეობით ჩვენ შევძლებთ ნატოს საზღვაო ძალებთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ შავი ზღვის აკვატორიის, ასევე მთლიანი აუზის კონტროლში, მოვახდინოთ საფრთხეების ერთობლივად შეფასება და პრევენციული ზომების მიღება. ვიმოქმედოთ ნატოს საზღვაო ძალებთან ერთად სხვადასხვა სახის ოპერაციებში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი შეიარაღებული ძალების ინტეგრაციის პროცესს. თუმცა, შეიარაღებულ ძალებში საზღვაო კომპონენტის არარსებობის პირობებში ეს სარგებელი მინიმუმამდე დადის.

- იმოქმედებს თუ არა ეს პროცესები რუსეთზე და რა საპასუხო ნაბიჯებს უნდა ველოდოთ მისგან?

- რუსეთში ყველაფერი უარყოფითად აღიქმება, რაც პოსტსაბჭოთა ქვეყნების ევროატალნტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირებას ეხება. საპასუხო ზომებს მხოლოდ ჩვენი ამ პროექტში ჩართვის გამო არ მიიღებენ.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები დიდად იქნება დამოკიდებული რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებზე. რუსეთის უახლოესი მიზანია პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენის “დაკანონება”, ანუ გავლენის სფეროების ხელახალი დანაწილება. ამ პროცესში უნდა ვეძებოთ ჩვენი ძირითადი გამოწვევა. “რეზონანსის” ფურცლებზე ხშირად ვწერდით ჩვენი საგარეო პოლიტიკის გააქტიურებასთან და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დროული კონტაქტების დამყარებასთან დაკავშირებით.

მისასალმებელია საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ში ძალიან დროული და წარმატებული ვიზიტი, ასევე პრემიერ-მინისტრის საკმაოდ ნაყოფიერი მონაწილეობა მიუნხენის სამიტზე. აქტიური საგარეო პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს და ჩვენი პრობლემები, დეოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკა უფრო მეტი ინტენსიურობით უნდა გავიტანოთ საერთაშორისო არენაზე. ამისათვის სულაც არაა საჭირო აგრესიული რიტორიკა. გლობალური პოლიტიკა ჭადრაკის დიდი დაფაა. ჭადრაკს კი დინჯად და ჩუმად თამაშობენ.

რეზონანსი“, 21 თებერვალი, 2017 წელი

გადაწყვეტილია: ზაფხულში გაზი გაძვირდება!

სემეკ-მა თავისი გეგმის სისრულეში მოსაყვანად უმტკივნეულო პერიოდი შეარჩია

მარი ჩიტაია

დაახლოებით 5 თვეში მოსახლეობას გაზის ტარიფი გაუძვირდება. ჯერჯერობით უცნობია რამდენი თეთრით მოიმატებს გადასახადი. ფაქტია, რომ ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით “გაზპრომთან” ხელისუფლების წარუმატებლობის საზღაურს – გაძვირების სახით, მოსახლეობა გადაიხდის. სპეციალისტების არ გამორიცხავენ, რომ გაზის ტარიფის ზრდას სოციალური უკმაყოფილება მოჰყვეს, რამდენადაც ეს სოციალურ ფონს ქვეყანაში მკვეთრად გააუარესებს. თითქმის გადაწყვეტილია, რომ სატარიფო ცვლილება ზაფხულიდან განხორციელდება. აგვისტომდე გაზგამანაწილებელ კომპანიებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განაცხადები წარდგენილი ექნებათ. ამის შემდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყება.

ეს სატარიფო ცვლილების მხოლოდ ერთი მხარეა. ცხადია, რომ შეგნებულად შეირჩა ზაფხულის პერიოდი, რათა მომხმარებლებისთვის გაზის გაძვირება არ იყოს მტკივნეული. ზოგიერთისთვის ეს პროცესი, სეზონიდან გამომდინარე, შეუმჩეველიც იქნება. უკვე მომავალ ზამთარში საგადასახადო ტვირთის სიმძიმეს უკლებლივ ყველა ოჯახი იგრძნობს.

ამიერიდან სემეკი ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებისთვის ტარიფებს ყოველწლიურად დაითვლის. ორგანიზაციაში არ მალავენ, რომ ტარიფის გადახედვა იგეგმება. როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას განმარტა, 2017 წელს მოსახლეობას ახალი ტარიფები ექნება, რაშიც სემეკი კომპანიებისთვის ლარის გაუფასურების შედეგებსა და ქსელში განხორციელებულ ინვესტიციებს გაითვალისწინებს.

„წელს მოხდება გაზის გამანაწილებელი კომპანიებისთვის სატარიფო რეგულირება. შესაბამისად, ამ კომპანიებისთვის ტარიფი გადაიხედება. ბუნებრივი აირის სექტორში სამომხმარებლო ტარიფების გადათვლა 2006 წლის შემდეგ აღარ განხორციელებულა. 10 წელია, გაზგამანაწილებელი კომპანიები ერთი და იმავე ტარიფით მუშაობენ. მოგეხსენებათ, რომ შარშან ტარიფს ელექტროენერგეტიკის და წყალმომარაგების სექტორში გადავხედეთ. ამ ეტაპზე აქცენტი გაზის გამანაწილებელ კომპანიებზე გავაკეთეთ. უფრო სწორად, წარმოავდგინეთ პროექტი და 31 მარტამდე აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს მოსაზრებების გამოთქმა შეეძლებათ, შემდეგ კი კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ძალიან რთულია წინასწარ საუბარი, გაიზრდება თუ არა მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადი, ჯერ უნდა შევისწავლოთ კომპანიების სატარიფო განაცხადი. ტარიფი რომ გადაიხედება უდავოა, მაგრამ არ ვიცით, რა ცვლილებას მოვახდენთ”, – აცხადებს შონია და დასძენს, რომ საფუძვლიანად მოხდება კომპანიების ფინანსური მდგომარეობის შესწავლა, რის საფუძველზეც მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება.

როგორც ვიცით, „სოკარმა“ წელს მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა გაზიფიცირების მიმართულებით. შესაბამისად, ეს კომპონენტი ტარიფზეც მოახდენს გავლენას, მაგრამ კონკრეტულად როგორი იქნება იგი, ამას მომავალში ვნახავთ. ალბათ, ლარის კურსიც იმოქმედებს, ამ გავლენას ვერ გავექცევით. როგორც წესი, გარკვეული კატეგორიის მომხმარებელს ფასი აქვს თავისუფალი, ანუ რეალურად შეძენა-მიწოდება თავისუფალი ფასით ხდება. ცხადია, ეს არ არის საყოფაცხოვრებო სექტორი, სადაც ტურიფი რეგულირებულია (გარდა ახალი მომხმარებლებისა). პროცედურა აბსოლუტურად იგივეა, რაც დენის ტარიფის დადგენისას”, – განმარტავს გოჩა შონია.

სამომხმარებლო გაზის გაძვირების გადაწყვეტილებამ სპეციალისტები შეაშფოთა. ისინი არ მალავენ, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი დამძიმდება და ეს სამომავლოდ უკმაყოფილების გამომწვევიც შეიძლება გახდეს. გაზის მოსალოდნელი გაძვირების მიზეზად კომპანიების საინვესტიციო ხარჯი არადამაჯერებლად მიაჩნია ენერგეტიკოს თემურ ჭიჭინაძეს, რომელსაც ოდნავადაც არ ეპარება ეჭვი, რომ ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება “გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულების შედეგია.

“როგორც კი გახდა ცნობილი, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებისას პოზიცია დავთმეთ, გაზის ტარიფის გაძვირება გარდაუვალი მომეჩვენა. ასე მოხდება კიდევაც, თუმცა ასე მალე არ ველოდი. ხელისუფლებამ “გაზპრომთან” წააგო. ამიტომაც დავდექით გაძვირების აუცილებლობის წინ და გადასახადი იზრდება. ამას ვეღარავინ უარყოფს. თავისთავად ძალიან რთულია ამ ყველაფრის ანალიზის გაკეთება. საქართველოს მოსახლეობისთვის ეს არის ძალიან მძიმე ტვირთი. საერთოდ, საზოგადოება სოციალურ პრობლემასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას იშვიათად გამოხატავს. მიაჩნიათ, რომ გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვა დამამცირებელია. ამასობაში ისეთ ნიშნულზე გავედით, რომ ამაზე მეტი უკვე რაღას შეიძლება ველოდოთ! სოციალური ფონი კიდევ უფრო გაუარესდება და ამას ყველა ვიგრძნობთ.

პოლიტიკაც ისეთი აქვთ, რომ პრობლემა შეარბილონ. ზაფხულში ხარჯი ნაკლებია, ამიტომ მოსახლეობამ შეიძლება მტკივნეულად არც აღიქვას ტარიფის გაზრდა, მაგრამ შეუმჩნეველი არაფერი დარჩება. ზაფხულს შემოდგომა და ზამთარი მოჰყვება და სოციალური ფონის გაუარესება იქნება ამ ყველაფრის შედეგი”, – აცხადებს თემურ ჭიჭინაძე.

სოციალური ფონის დამძიმებას ელის ენერგეტიკოსი რეზო არველაძეც, თუმცა, კოლეგისგან განსხვავებით, გაზის სატარიფო პოლიტიკას “გაზპრომთან” ხელშეკრულების ცვლილებას არ უკავშირებს.

“ვერაფერს ვიტყვი, ძალიან ძნელია ცალსახად იმის თქმა, თუ რატომ გადაწყვიტეს სატარიფო პოლიტიკის გადახედვა. 2006 წლის შემდეგ ტარიფი არ გაზრდილა. შესასყიდი ფასი არ შეცვლილა, მაგრამ ვალუტის კურსმა გარკვეული გავლენა მართლაც მოახდინა. ფაქტია, რომ ყველა გაზის გამანაწილებელი კომპანია, მათ შორის “სოკარი”, “გაზის ტრანსპორტირების კომპანია” და სხვა, შემოიტანს განაცხადს, მაგრამ არ იქნება დაკავშირებული “გაზრპრომის” ხელშეკრულებასთან. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, ეკონომიკური თვალსაზრისით, ფულით გადახდასა და ნატურით გადახდას შორის დიდი ცვლილება არ არის. ამ პოზიციას ვეთანხმები, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკების დეტალები ჩემთვის უცნობია”, – აცხადებს რეზო არველაძე.

ასეა თუ ისე ზაფხულში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაზი გაძვირდება. რამდენით გაიზრდება ტარიფი და რა გავლენას მოახდენს იგი ადგილობრივ წარმოებაზე ეს ჯერჯერობით უცნობია.

რეზონანსი“, 21 თებერვალი, 2017 წელი

ეკონომიკის ჩრდილში გადანაცვლების რისკი გაიზარდა

მართვის სისტემა არ შეცვლილა, ამიტომ ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბი 70%-ის ფარგლებში იქნება

მარი ჩიტაია

საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების გაზრდის დიდი რისკია. არსებული სისტემის შენარჩუნება, რომელიც ახალ ხელისუფლებას წინამორბედისგან ერგო, არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ბოლო პერიოდში დიდი გავლენა მოახდინა ლარის დევალვაციამაც. ადამიანები ცდილობენ რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსავალი ნებისმიერი გზით იპოვონ. ეს კი ქმნის საფრთხეს, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის ისედაც მაღალი მაჩვენებელი, კიდევ უფრო გაიზარდოს.

რეალურად რა მასშტაბისაა ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკა უცნობია. ოფიციალური სტატისტიკა ამის შესახებს არაფერს გვეუბნება. არაოფიციალური მონაცემი კი, რომელიც ეკონომიკის სფეროს წამყვან სპეციალისტებს გააჩნიათ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია.

სპეციალისტების ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის მაჩვენებელი 70%-ის ფარგლებშია. განსხვავებული ვერსიით კი, ის არ არემატება დასაშვებ ზღვარს, ანუ დაახლოებით 25-30%-ს.

თავის დროზე რატომღაც საკაშვილის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ საქართველოში აღარ არსებობდა მცირე მეწარმეობისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის პრობლემა, თუმცა იმ პერიოდში მიმდინარე კვლევებმა მთავრობა აბსოლუტურად მოულოდნელი რეალობის წინ დააყენა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს ჩრდილოვანი ეკონომიკის სამმართველოს უფროსის ექსმოადგილე თამაზ ვაშაკიძე იხსენებს, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა, როცა ავსტრიული კომპანია “ეუობსერვიზის” ექსპერტებმა 2009 წელს საქართველოში დააფიქსირეს 70%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა.

“აყალმაყალი ჩაცხრა, როცა ჩვენ ჩავატარეთ განსხვავებული კვლევა და ჩრდილოვანი ეკონომიკის გაცილებით უფრო მაღალი, 78%-იანი მაჩვენებელი დავაფიქსირეთ. ამ დავას კი საბოლოოდ დაუსვა წერტილი მსოფლიო ბანკმა, რომელმაც 2012 წელს საქართველოში ცალსახად ოფიციალურად დააფიქსირა 72%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა. უცხოელმა ექსპერტებმა არ გაამხილეს, თუ რა მეთოდებს ეყრდნობოდა მათი კვლევა. ჩვენ არაფერი დაგვიმალავს, გამოვიყენეთ ტრადიციული მიდგომა: მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, მოთხოვნა ნაღდ ფულზე და საგადასახადო ტვირთი. როგორც წესი, ამ სამი კომპონენტის გაანგარიშებით დგინდება ჩრდილოვანი ეკონომიკა მასშტაბები.

ვინაიდან მართვის სისტემა არ შეცვლილა, ვთვლი, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის ნიშნულიც არ შეიცვლებოდა და ამ ეტაპზეც 70%-ის ფარგლებშია, თუმცა, სავსებით შეიძლება, რომ მცირედით დაიკლო კიდეც. ქვეყანაში ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა აღურიცხავი პროდუქტისა და დაუფიქსირებელი ხელფასის ოდენობა. ბიზნესის უფრო მეტად ლეგალიზება რომ ხდებოდეს, დაბალი ჩრდილოვანი ეკონომიკა გვექნებოდა, მაგრამ აბსოლუტურად სხვა რეალობაა”, – აცხადებს თამაზ ვაშაკიძე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ წინა ხელისუფლების დროს ასე თუ ისე დასრულდა ეკონომიკური ურთიერთობების ჩრდილიდან გამოყვანის პროცესი. ახალმა ხელისუფლებამ შეძლო, რომ მანამდე არსებული სისტემა შეენარჩუნებინა, თუმცა ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიდა წინ. ასე ფიქრობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის დონე ქვეყანაში დასაშვებ ზღვარზეა, თუმცა დიდია მისი გაზრდის რისკი.

“არალეგალური ეკონომიკის წილი დასაშვები ცდომილების ფარგლებშია, ამ მხრივ ცუდი არაფერი ხდება. ელექტრონული აღრიცხვიანობა კარგად არის მოწესრიგებული, ეკონომიკური საზღვრები კონტროლდება და საგადასახადო აღრიცხვაც საკმაოდ ეფექტურია. ყველა ეტაპზე სამეწარმეო საქმიანობა, როგორც საგარეო ეკონომიკური, ასევე შიდა ბაზრის, კონტროლდება. აქ ადამიანური რესურსიც კი აღარ არის საჭირო, იმდენად კარგადაა ეს სისტემა ავტომატიზებული. ცხადია, ტენდენცია არ ნიშნავს, რომ არ გვაქვს რისკი, რამაც შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა. სამწუხაროდ, ეს საფრთხე არსებობს. არ გამოვრიცხავ, გართულდეს მდგომარეობა სოციალური პრობლემიდან გამომდინარე, რაც სამომავლოდ ჩრდილოვანი ეკონომიკის გაზრდას გამოიწვევს”, – განმარტავს გია ხუხაშვილი.

ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს არაკორუმპირებული ვერტიკალის შესუსტება, რაც სოციალური ფონის გაუარესებითაა გამოწვეული.

“როგორც წესი, კორუფციული ურთიერთობების ამოძირკვა ხდება 2 მეთოდით: ადამიანური სტიმული, ანუ კარგი ხელფასი და ბიოლოგიური სტიმული – სამსახურის დაკარგვის შიში, კარიერული წინსვლის შეფერხება. დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, მატერიალური სტიმული – ხელფასი – საჯარო მოხელისთვის აღარ არის საკმარისი. აქამდე თუ 1500 ლარით მეტ-ნაკლებად ახერხებდა ნორმალურ ცხოვრებას, დღეს მისი ხელფასის დიდ ნაწილს ჭამს ინფლაცია, კრედიტის მომსახურება და ჩინოვნიკს საარსებოდ ნაკლები თანხა რჩება.

გარდა ამისა, შიშიც ნაკლებია, ამ ხელისუფლების ნაკლებად ეშინიათ, ვიდრე სააკაშვილის დროს და არც კარიერული წინსვლის პერსპექტივა ჩანს. ორივე სტიმული შესუსტებულია და არის რისკი, რომ ადამიანები დაადგნენ კორუფციული გარიგებების გზას, რაც ეკონომიკის ჩრდილში გადანაცვლების ფაქტორი გახდება”, – განმარტავს გია ხუხაშვილი.

ანალიტიკოსი თვლის, რომ 2007 წლის შემდეგ, რა დროიდანაც ეკონომიკის ჩრდილიდან გამოყვანა მოხერხდა, შესაძლოა, სიტუაცია გაუარესებისკენ შეცვლილიყო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა.

“ბიზნესის გათეთრება, ანუ ეკონომიკური ურთიერთობების ჩრდილიდან გამოყვანა მოხერხდა წინა ხელისუფლების პირობებში. იმ მთავრობას ბევრი სხვა პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ეფექტური იყო ეკონომიკის ლეგალიზაციის თვალსაზრისით. დღევანდელ ხელისუფლებას ახალი არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ ცდილობს შეინარჩუნოს სისტემა, რაც მისი წინამორბედის დროს შეიქმნა. წინ ნამდვილად არ წავსულვართ. შეიძლება, ოდნავ გაუარესდა კიდეც მდგომარეობა, რადგან კონტროლი ცოტათი შესუსტდა, თუმცა კრიტიკული სიტუაციაც არ გვაქვს, რაზეც შეიძლება ყურადღების გამახვილება ღირდეს”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” გია ხუხაშვილმა.

Comments are closed