globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 21 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 21st, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: საჭიროა თუ არა დიალოგი რუსეთთან // „დიალოგი არის ერთ-ერთი შემაკავებელი და მშვიდობის შემნარჩუნებელი, დროის მოგება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“

რეზონანსი: ინტერვიუ ლევან კიკნაძესთან: „აფაზეთში სამხედრო გაძლიერება რუსი მოსახლეობის რაოდენობის ზრდასაც გამოიწვევს… რუსეთის ხელისუფლება დიდი ხანია, ამისკენ მიილტვის“

რეზონანსი: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „ეს იყო სეპარატიზმის გაღვივების პირველი მცდელობა აჭარაში“ // „მცირე უკმაყოფილებაც კი სწრაფ რეაგირებას საჭიროებს“

რეზონანსი: უვიზო მიმოსვლა იწყება და ავიაბილეთის ფასები უზომოდ იზრდება // რა დოკუმენტები დაგვჭირდება საზღვარზე უვიზო რჟიმით სარგებლობისას

ვერსია: მეხსიერების ბარათი: რისთვის არიგებდა პრეზიდენტი ორდენებს? განა ორდენოსნებს საქართველოსთვის გამარჯვებები მოუპოვებიათ?

ვერსია: რატომ ჩამოაშორეს საკუთარ პარტიას კობა დავითაშვილი // როგორ გახდა ხალხის პარტიის თავმჯდომარე და აპირებს თუ არა თბილისის მერობას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე

რეზონანსი: ინტერვიუ ავთანდილ დემეტრაშვილთან: „მმართველ გუნდს გიორგი მარგველაშვილი არ მოსწონს და ვაითუ 2018 წელს მარგველაშვილმა გაიმარჯვოს“ // „თუ 2018 წელს პირდაპირ არჩევნებზე მივდივართ, პრეზიდენტს უნდა დავუტოვოთ ზოგიერთი უფლებამოსილება“

რეზონანსი: რამდენად მისაღებია პრეზიდენტის უფლების მორიგი შეზღუდვა?

რეზონანსი: პრეზიდენტის მორიგი ვეტო ე.წ მოსმენის კანონს – რას აპირებს უმრავლესობა

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თინათინ ბოკუჩავასთან: „მოსმენებზე დამოუკიდებელი უწყება უნდა იყოს პასუხისმგებელი“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: „დავით უსუფაშვილი, გიორგი მარგველაშვილი და გიგა ბოკერია მესამე პოლიტიკურ ცენტრს ქმნიან“ // „ახალი პარტიის დასაფინანსებლად ათეული მილიონია გამოყოფილი“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: „იმხელა საპროტესტო მუხტი მწიფდება, რომ ხელისუფლება ამ რისხვას ვერ გადაურჩება“

რეზონანსი: ქართული ბაზარი რუსულმა საწვავმა „დაიპყრო“ // იმპორტი იაფია, ხარისხიც ნორმალური და ამიტომ რუსული პროდუქტით სულ უფრო მეტი ავტოგასამართი სადგური მარაგდება

რეზონანსი: ხელფასის ნახევარზე მეტი საბანკო სესხის მომსახურებას სჭირდება // მოსახლეობას ახლა სამჯერ მეტი ვალი აქვს, ვიდრე 2010 წელს

——————–

რეზონანსი“, 21 მარტი, 2017 წელი

საჭიროა თუ არა დიალოგი რუსეთთან

დიალოგი არის ერთ-ერთი შემაკავებელი და მშვიდობის შემნარჩუნებელი, დროის მოგება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია

ნინო ქეთელაური

რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული ბაზების შეიარაღების გაძლიერებას სპეციალისტები “ძალების დემონსტრირებას” უწოდებენ და აცხადებენ, რომ რუსეთი დე-ფაქტო აფხაზეთს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზენიტო-სარაკეტო სისტემების, ს-300 შეყვანის ფაქტი საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოება „ინფორმ-ნაპალმის“ მოხალისეებმა დააფიქსირეს. მათ პირველადი ინფორმაცია აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებლებისაგან მიიღეს. მათივე ცნობით, 10 მარტს რუსეთიდან აფხაზეთში სარკინიგზო ეშელონი, დაახლოებით სამი ათეული ვაგონი შევიდა, მათ შორის ღია პლატფორმებითა და მსხვილგაბარიტებიანი მეტალოკონსტრუქციებით დატვირთული დიდბორბლიანი სატვირთო მანქანები. მათი ინფორმაციით, ახალი მესამე დივიზიონი ს-300 ოჩამჩირის (“ნაგვალოუს” პოლიგონის რაიონში) ან ალის რაიონში განთავსდება.

აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრის ლევან კიკნაძის შეფასებით, რუსეთი რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის, იქ იმდენ შეიარაღებას შეიტანს და ამის შესახებ არავის დაეკითხება. „არსებობს ვარაუდიც, რომ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი გვაქვს მოწერილი, 28-დან უკვე უვიზო მიმოსვლა დაიწყება და შეიძლება რუსეთი იქ იმიტომ აძლიერებს თავის შეიარაღებულ ძალებს. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, ის ამას იმისთვის არ აკეთებს, რომ მერე შეგვაშინებს.”საქმე ისაა, რომ რუსი რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის, იქ იმდენ შეიარაღებას შეიტანს. არავის ამის შესახებ არ ჰკითხავს. სხვათა შორის, არც აფხაზებს”, – ამბობს ლევან კიკნაძე და განმარტავს, რომ რუსეთი ამას ძალის დემონსტრირებისთვის აკეთებს. “ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ჩვენ გაგვაღიზიანონ. გარდა ამისა, აფ მისა, აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების მოძლიერება პარალელურად სამხედრო კონტინგენტის გაზრდას გამოიწვევს. ეს კი რუსი მოსახლეობის რაოდენობის ზრდას ნიშნავს, რისკენაც დიდი ხანია რუსეთის ხელისუფლება მიილტვის”, – აღნიშნავს ლევან კიკნაძე (ინტერვიუ იხ. ქვემოთ).

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს არ უკავშირდება, რადგან რუსეთისთვის ეს არანაირი საფრთხე არ არის, რასაც ვერ ვიტყვით ნატო-საქართველოს დაახლოებაზე.

„რუსეთისთვის საფრთხე ჩვენი ქვეყნის ნატოსთან დაახლოებაა. მით უმეტეს, ნატოს მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ საქართველო გასაწევრიანებლად მზად არის. აქ სხვა ფაქტორებიც არის, ერთ-ერთია ნატოს შავი ზღვის რეგიონში გააქტიურება და ზოგადად მისი გაფართოების საკითხი, რაც რუსეთისთვის ყველაზე მტკივნეულია და არც მალავს. ხოლო ის, რომ კავკასიის რეგიონი რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველამ იცის. კავკასიის ნებისმიერი სახელმწიფო ნატოში – რუსეთისთვის მიუღებელია”, – ამბობს ამირან სალუქვაძე და განმარტავს, რომ აფხაზეთში რუსეთის გააქტიურება კრემლის გრძელვადიანი გეგმის თანახმად მიმდინარეობს. ის ახდენს საკუთარი შეიარაღებული ძალების განახლებას და მოდერნიზაციას. ძველი ტექნიკა, ფაქტობრივად, გამოჰყავთ ექსპლუატაციიდან და მის ნაცვლად იღებენ ახალ გამოშვებულ ტექნიკას. დღეს უკვე რუსეთის სამხედრო ტექნიკის 50%-ზე მეტი განახლებულია.

ბოლო რამდენიმე წელიწადში 5000-ზე მეტი ერთეული ტექნიკა: ტანკები, თვითმფრინავები, შვეულმფრენები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, სარაკეტო სისტემები – ისკანდერები და ა.შ. აქვთ მიღებული. დანარჩენი ძველი ტექნიკის მოდერნიზება მიმდინარეობს. ჩვენ რატომღაც გვგონია, რომ ეს შეიარაღება ყველგან წავა, გარდა კავკასიის ბაზებისა. ისინი გეგმურად მუშაობენ. რა თქმა უნდა, სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთ მიმართულება, ანუ დონბასი, მათთვის არის პრიორიტეტული, თუმცა სხვა მიმართულებებითაც მიდის ტექნიკის შეტანა და გადაიარაღება“, – ამბობს ამირან სალუქვაძე. მისი თქმით, რუსეთი ყველანაირ სცენარზე მუშაობს და ბოლო 5-10-წლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ „წასულ მატარებელს კი არ მისდევენ, არამედ თვითონ ცდილობენ სცენარების შექმნას და გლობალურ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენას… ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური ნაწილიც და გეგმური გადაიარაღებაც. როგორც ახალხან შევიტყვეთ, სამხრეთ სამხედრო ოლქში, ანუ ჩრდილოეთ კავკასიაში განლაგებულ სამხედრო ოლქს დაემატა კიდევ ერთი საერთო საჯარისო არმია. იქ იყო 58-ე არმია, რომელიც ჩვენთვის კარგად ნაცნობია, 2011 წელს შეიქმნა 49-ე და ახლა კიდევ ერთი არმია დაემატა. წარმოიდგინეთ, ჯერ მარტო 58-ე არმია რა ძალას წარმოადგენდა ჩვენთვის და ახლა კიდევ უფრო გაძლიერებული 3 არმია. ასე რომ, სერიოზულ ძალასთან გვაქვს საქმე, რომელიც ჩვენთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს”, – ამბობს ამირან სალუქვაძე.

სამხედრო ექსპერტის თქმით, ამ შემთხვევაში აფხაზეთი რუსეთისთვის სამხრეთ მიმართულებით მოქმედებების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

„მე არ განვიხილავდი ამას ისე, თითქოს რუსეთი ახლა აფაზეთში რამეს გეგმავს. მათ იქ რაც უნდოდათ, 2008 წელს უკვე განახორციელეს, ჩვენ ამის აღკვეთა ვერ თუ არ მოვახდინეთ. ეს ცალკე ანალიზის საგანია. ასე რომ, ეს არის ერთიანი გეგმის ნაწილი და არა კონკრეტული მოქმედების”, – ამბობს ამირან სალუქვაძე. მისი თქმით, ამ სიტუაციაში ქართულმა მხარემ დიალოგის რეჟიმში ყოფნა უნდა უზრუნველყოს, რადგან ურთიერთობის მხოლოდ ეს ფორმაა მშვიდობის შემანარჩუნებელი.

„მე ყოველთვის ვთვლიდი და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ მტერსაც უნდა ესაუბრო. არც ენამოჩლექით საუბარია საჭირო და არც ზედმეტი აგრესიულობით. მტერს უნდა ესაუბრო ისე, როგორც მოყვარეს. მით უმეტეს, ჩვენ სამეზობლოს ვერ შევიცვლით და დიალოგი არის ერთ-ერთი შემაკავებელი და მშვიდობის შემნარჩუნებელი. დროის მოგება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. აქ ასევე ბევრია დამოკიდებული პუტინ-ტრამპის შეხვედრაზე. მათი ურთიერთობის გაყინვაც და დათბობაც, შესაძლოა, ორივე საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს ჩვენთვის. დათბობის შემთხვევაში შესაძლოა მათ შორის ვაჭრობა შედგეს, ურთიერთობის გაყინვა კი დასვლეთთან დიალოგის არქონას ნიშნავს, რაც რუსეთის პოსტსაბჭოთა სივრცეში უარესად გააქტიურებას გამოიწვევს”, – ამბობს ამირან სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ საქართველოს მხრიდან აუცილებელია გააზრებული, გონივრული პოლიტიკა როგორც დასავლეთის, ისე რუსეთის მიმართულებით და სახლმწიფოს განმტკიცება ეკონომიკური თუ ძალოვანი სტრუქტურების თვალსაზრისით.

რეზონანსი“, 21 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ლევან კიკნაძესთან: „აფაზეთში სამხედრო გაძლიერება რუსი მოსახლეობის რაოდენობის ზრდასაც გამოიწვევსრუსეთის ხელისუფლება დიდი ხანია, ამისკენ მიილტვის

ნინო ქეთელაური

“აფაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების მოძლიერება პარალელურად სამხედრო კონტინგენტის გაზრდას ნიშნავს, რაც რუსი მოსახლეობის რაოდენობის ზრდას გამოიწვევს, რისკენაც რუსეთის ხელისუფლება დიდი ხანია, მიილტვის”, – ამის შესახებ აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიარაღების გაძლიერება, პირველ რიგში, ძალის დემონსტრირებას და ქართული მხარის გაღიზიანებას ემსახურება.

ლევან კიკნაძე: მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ხელშეკრულება გააფორმა, ამ ტერიტორიაზე შეიარაღების გაძლიერება ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იქ რა სახის, როგორ და რამდენ შეიარღებას შეიტანს, სრულებითაც არ უნდა გაგვიკვირდეს.

- არის ვერსიები, რომ ეს ფაქტი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებასაც უკავშირდება...

- დიახ, არსებობს ვარაუდიც, რომ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი გვაქვს მოწერილი, 28-დან უკვე უვიზო მიმოსვლა დაიწყება და შეიძლება, რუსეთი იქ იმიტომაც აძლიერებს თავის შეიარაღებულ ძალებს. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, ის ამას იმისთვის არ აკეთებს, რომ მერე შეგვაშინებს. საქმე ისაა, რომ რუსი რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის, იქ იმდენ შეიარაღებას შეიტანს. არავის ამის შესახებ არ ჰკითხავს. სხვათა შორის, არც აფხაზებს.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შეიარაღების გაძლიერებით რუსეთი ძალის დემონსტრირებას ახდენს?

- რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ აფხაზეთს ჩვენგან არანაირი საფრთხე არ ემუქრება და არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ მასზე თავდასხმას. ეს რუსულმა მხარემაც კარგად იცის. მეტიც, დარწმუნებულები არიან და ეს სპეცსამსახურებმაც შესანიშნავად იციან. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ჩვენ გაგვაღიზიანონ. გარდა ამისა, აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების მოძლიერება პარალელურად სამხედრო კონტინგენტის გაზრდას გამოიწვევს. ეს კი რუსი მოსახლეობის რაოდენობის ზრდას ნიშნავს, რისკენაც დიდი ხანია, რუსეთის ხელისუფლება მიილტვის.

- ამ ვითარებაში საპასუხოდ რისი გაეკეთება შეუძლია ქართულ მხარეს ისე, რომ რუსეთის გაღიზიანება არ გამოიწვიოს?

- ჩვენ ყველა შემთხვევაში საპროტესტო განცხადებები უნდა ვაკეთოთ. არ დავტოვოთ უყურადღებოდ არც ერთი მსგავსი ფაქტი. გარდა ამისა, მუდმივად უნდა ვიყოთ საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ მუდივად მიმდინარეობდეს მსჯელობა. ახლა სანქციებს გაამკაცრებენ, თუ რას იზამენ, ეს საერთაშორისო ორგანიზაციებზეა დამოკიდებული. მაგრამ ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

რეზონანსი“, 21 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „ეს იყო სეპარატიზმის გაღვივების პირველი მცდელობა აჭარაში“ //მცირე უკმაყოფილებაც კი სწრაფ რეაგირებას საჭიროებს

ელზა პაპოშვილი

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ბათუმის აქციის შემდეგ ხელისუფლებამ უსაფრთხოების კუთხით რამდენიმე მიმართულებით უნდა იმუშაოს. მისი თქმით, ბათუმში სეპარატისტული განცხადებების შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ ეს ერთი და ორი დღის დაწყებული პრობლემა არ არის. მისი აზრით, აჭარაში ვიღაც ამ კუთხით ნიადაგს დიდი ხანია ამზადებდა და ამაში იმ მობილური ჯგუფების მიზანმიმართულმა ქმედებებმა დაგვარწმუნა, რომელთაც, ცხადია, გარკვეული სახის დირექტივები ჰქონდათ.

პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ღამით ქუჩებში გამოჩნდნენ, არ არის გამორიცხული, წინასწარ მომზადებულები ყოფილიყვნენ გარკვეული დღისთვის, თუმცა მათ თავისი გეგმის ამოქმედება დროზე ადრე დაიწყეს.

- რა მოხდა 11 მარტს ბათუმში, როგორ ფიქრობთ, მუშაობდნენ თუ არა იმ დღეს აქციაზე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და რა სახის რისკები გამოიკვეთა, რაც ჩვენმა ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს?

- მოდით, დავიწყოთ იმით, რა რეგიონზე ვსაუბრობთ. ბუნებრივია, ასეთი რამ ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში რომ მომხდარიყო, ხელისუფლებას რეაგირება აუცილებლად ყველგან დასჭირდებოდა, მაგრამ აჭარაზე როდესაც ვსაუბრობთ, მინიმუმ, სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ.

პირველი, ათი დღის წინ ნატოს სარდლობის სამხედრო ხელმძღვანელობა საქართველოში იმყოფებოდა. მათ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსთან ერთად განაცხადეს, რომ საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში ერთვება და აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. დახმარების მიზნით კი საქართველოს ნატო საკუთარ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ინფრასტრუქტურას სთავაზობს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და რა სახის მასშტაბებზეა საუბარი, უსაფრთხოების სამსახურის საკითხებში ჩახედული ადამიანები მიხვდებიან. აქვე მინდა გავიხსენო, რომ 2008 წელს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ შავ ზღვაზე ის ნატოს გავლენის გაფართოებას აღარ დაუშვებდა.

მესამე მოცემულობა, რომელიც ასევე აუცილებლად გასათვალისწინებელია, არის ახალი თურქეთი, რომელიც ნატოში საკუთარ პარტნიორებს ღიად უპირისპირდება – მართალია, ჯერ, საბედნიეროდ, სიტყვიერად, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამას ძალიან მკვეთრი ფორმები აქვს. უფრო მეტიც, ხშირად მუქარის შემცველი გამონათქვამებიც კი ისმის. ასეთი ორი ქვეყნის მეზობლად ყოფნა საკმაოდ დიდ სიფრთხილეს საჭიროებს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ნატოს გეგმებში აქტიურად ჩართული აჭარის რეგიონი ასეთი ვანდალური აქციის ნაწილი ხდება. ამიტომაც პატარა სოციალური უკმაყოფილებაც სწრაფ რეაგირებას და ლოკალიზებას საჭიროებს, რათა მისი მასშტაბები არ გაიზარდოს.

- ბათუმში ღამით განვითარებული მოვლენების ფონზე, იმ მობილური და ნიღბიანი ჯგუფების მობილიზებულად მოქმედების ფონზე, ხომ არ დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები რომელიღაცა სხვა დღისთვის უკვე ემზადებოდნენ და მათ ეს გეგმა დააჩქარეს, რათა ის პატარა სოციალური პროტესტი სათავისოდ გამოეყენებინათ?

- ფაქტია, რომ ეს აქცია თავიდან მართული არ ყოფილა და ხალხი ქუჩაში ნამდვილად გარკვეული პრობლემის გამო გამოვიდა. თუმცა იმ ღამეს დაწყებული პროცესები უკვე შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ ეს ხალხი ნამდვილად მომზადებული იყო. რა თქმა უნდა, არც ის ფაქტია გასაკვირი, რომ ისინი რომელიღაცა დღისთვის მომზადებულები იყვნენ, თუმცა პოლიციელსა და მძღოლს შორის დაწყებული დაპირისპირების სათავისოდ გამოყენება გადაწყვიტეს. ფაქტია ისიც, რომ ისინი ფსიქოლოგიურად მომზადებულები იყვნენ და აქციაზე სეპარტისტულ განცხადებებსაც აკეთებდნენ, რასაც უფრო ღრმა ფესვები აქვს.

- როგორ ფიქრობთ, ვინ და რატომ ცდილობს, რომ აჭარაში სეპარატისტული განწყობა გააღვივოს. რატომ აქვთ მათ ასეთი აგრესია სხვა რეგიონებიდან სამუშაოდ ჩასულ თუნდაც საპატრულო პოლიციის უფროსის მიმართ, რომელიც სინამდვილეში გორელი სულაც არ არის?

- ძალიან საინტერესოა განცხადებები, რომელიც აქციაზე გაისმა, რომ ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება თურმე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გაუქმებას აპირებს, ისინი იზღუდებიან და ა.შ. აუცილებლად ყურადსაღები საკითხია. ასეთი განცხადებები ცარიელ ნიადაგზე არ მოდის და არც ასე სწრაფად ადამიანების ქუჩაში გამოყვანა არ ხდება. მით უმეტეს მობილიზებული და მიზანმიმართული ქმედება. თან ამ ყველაფერს წინ ერთი კონკრეტული ადამიანის მიერ სოციალური ქსელით დაგეგმილი მოწოდებები უძღოდა, რომლიც ერთი კვირის განმავლობაში ამბობდა, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა მათ “თათრები” უწოდა და ის უნდა გადამდგარიყო. ეს იყო სეპარატიზმის და დაპირისპირების გაღვივების პირველი მცდელობა. ამ ადამიანს, მერაბ ღოღობერიძეს მოვუსმინე და არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის ამას დამოუკიდებლად აკეთებდეს. უსაფრთხოების თვალსაზრისით შესასწავლია ეს ადამიანი – ვის ინტერესებს და მესიჯებს აგზავნიდა.

ასევე, მგონია, რომ სოციალური ქსელებით აგრესიის და სეპარატისტული განცხადებების გავრცელებას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.ქვეყნის უსაფრთხოებისთვის იმ ახალგაზრდების განწყობის შესწავლა უნდა მოხდეს, რომლებიც იმ ღამით ბათუმის ქუჩაში იყვნენ გამოსული და ასეთ აგრესიულ განცხადებებს აკეთებდნენ.

რეზონანსი“, 21 მარტი, 2017 წელი

უვიზო მიმოსვლა იწყება და ავიაბილეთის ფასები უზომოდ იზრდება

რა დოკუმენტები დაგვჭირდება საზღვარზე უვიზო რჟიმით სარგებლობისას

გვანცა ღვედაშვილი

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებამ ევროპაში წასვლის მსურველთა რიცხვი საოცრად გაზარდა. ბოლო კვლევების მიხედვით, იკვეთება, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა რამდენიმეჯერ არის გაზრდილი. ამასთან, თითქმის ორჯერ არის გაძვირებული ავიაბილეთების ფასებიც, თუმცა როგორც ჩანს, ეს მოსახლეობისთვის დაბრკოლება არაა, რადგან ზაფხულის და სექტემბრის ბილეთებიც გაყიდულია.

როგორც მკვლევარი გოგიტა ღვედაშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, წინა წლებთან შედარებით შენგენის წევრ ქვეყნებში მოგზაურობის მსურველთა რიცხვი რამდენჯერმე არის გაზრდილი. „2015 წლის მონაცემებით, საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკონსულოების მიერ ჯამში 87 043 ვიზა იქნა გაცემული. ახალი კვლევებით, რომელიც უვიზო მიმოსვლის შესაძლო გავლენას შეისწავლის, ნათლად იკვეთება, რომ ევროკავშირში მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა რამდენიმეჯერ არის გაზრდილი,” – აცხადებს მკვლევარი და ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება, რათა უვიზო მიმოსვლით სარგებლობა გამოწვევების წინაშე არ დადგეს. “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ 2016 წლის მარტში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 86% ინფორმირებულია ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ, ხოლო 84% ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. მიუხედავად ამისა, როდესაც საქმე ეხება უშუალოდ უვიზო მიმოსვლის წესებსა და ვალდებულებებს, ამის შესახებ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს კვლავ არასათანადო ინფორმაცია აქვს. “სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობებსა და პირობებზე საქართველოს მოქალაქეების ცნობიერების დონის ამაღლება, რათა უვიზო მიმოსვლით სარგებლობა არ დადგეს გამოწვევების წინაშე”, – განაცხდა გოგიტა ღვედაშვილმა.

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით სარგებლობა 28 მარტიდან შეეძლებათ. “რეზონანსი” კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უვიზო რეჟიმით სარგებლობა და თავისუფლად გადაადგილება მოკლევადიანი ვიზიტით (180 დღიდან 90 დღე) ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანაში, 4 არაწევრ ქვეყანასა და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში შეგეძლებათ. ამასთან, გაგაცნობთ იმ ძირითად და აუცილებელ მოთხოვნებს, რომელიც შენგენის ქვეყნებში სასაზღვრო კონტროლის გავლისას დაგჭირდებათ.

პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მოგზაურობისას უნდა ჰქონდეთ ბიომეტრიული პასპორტი ევროკავშირის – შენგენის ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლის დაგეგმილი დღისთვის მინიმუმ 3 თვის მოქმედების ვადით. ამასთან, როგორც უვიზო მიმოსვლის, ასევე სავიზო რეჟიმის პირობებში, ნებისმიერი მოქალაქე გადის სასაზღვრო კონტროლს, რომლის შედეგად მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამის ქვეყანაში მისი შესვლის თაობაზე. გამომდინარე აქედან, რეკომენდებულია, თან იქონიოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს თქვენი მგზავრობის მიზანს.

ევროკავშირის – შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებული ხართ, დაასაბუთოთ მგზავრობის კონკრეტული მიზანი (მაგ: საქმიანი ვიზიტი, ტურისტული მოგზაურობა, ახლობლების ან ნათესავების მონახულება, მოკლევადიანი სასწავლო კურსი).

მიზნის დასადასტურებლად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს, მოგთხოვოთ შემდეგი საბუთები: დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი, სასტუმროს მოქმედი ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება. კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილეობის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია, თან იქონიოთ იმ ღონისძიების პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ.

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში კი ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად რეკომენდებულია, წარადგინოთ ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.).

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის – ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში სასურველია გქონდეთ იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის და მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.

——–

ტურისტული კომპანიების განცხადებით, საგზურების მაღალმა მოთხოვნამ ავიაბილეთების ფასები საგრძნობლად გააძვირა. თუკი აქამდე ქუთაისიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ბილეთები 140-160 ლარად იყიდებოდა, ახლა ფასმა 500 ლარს გადააჭარბა. თუმცა მათივე თქმით, აღნიშნული ფაქტორის მიუხედავად, მოთხოვნა მაინც დიდი რჩება და ზაფხულის ბილეთებთან ერთად სექტემბრის საგზურებიც კი გაყიდულია.

მოქალაქეების უმეტესობას ევროპაში წასვლა ნათესავების მეგობრების მოსანახულებლად და დასვენების მიზნით სურს.

27 წლის დიზაინერი ნათია ლომიძე “რეზონანსთან” უკმაყოფილებას ავიაბილეთების ფასების მომატების გამო გამოთქვამს. მისი თქმით, ბილეთების ფასი ორჯერ არის გაძვირებული. „სავიზო რეჟიმი კი გაგვიმარტივეს, მაგრამ ის ბილეთი, რაც 50 ევროდ უნდა მეყიდა, ორჯერ და მეტჯერ არის გაძვირებული. მოგზაურობას რამდენიმე ქვეყანაში ვაპირებ, მათ შორის, ესპანეთში, გერმანიასა და პოლონეთში მეობრებისა და ნათესავების სანახავად. ვფიქრობ, პირველ ეტაპზე არ გამიჭირდება წასვლა, მაგრამ მგონია, რომ მერე გაართულებენ, ისე, როგორც ისრაელის შემთხვევაში მოხდა. ამ ახალ წელს ვაპირებდი წასვლას და საზღვარზე ისეთი გამკაცრებულია ყველაფერი, რომ ვერ მოვახერხე”, – გვითხრა ნათია ლომიძემ.

როგორც ერთ-ერთი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტი, 25 წლის ანი ბერიძე გვეუბნება, აგვისტოში ესპანეთში აპირებს წასვლას. ამასთან, მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან ეს ქვეყნის იმიჯზე დადებით გავლენას მოახდენს. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის უფლება. ეს არამარტო ევროპის ქვეყნებში მიმოსვლას გაგვიადვილებს, არამედ ჩვენს პრესტიჟსაც აამაღლებს და საერთაშორისო ასპარეზზე ერთი ნაბიჯით წინ წავიწევთ. რა თქმა უნდა, ევროკავშირში და ნატოში შესვლა ძალიან შორეული მომავლის პერსპექტივაა, თუმცა ვფიქრობ, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ თუ წავალთ, ეს დღეც მალე მოვა. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლით სარგებლობას, ამ ზაფხულს ვაპირებ, ესპანეთში, კერძოდ ვალენსიაში ახლობლების მოსანახულებლად წავიდე. აქამდე ესპანეთის ვიზის აღება პრობლემური იყო, ახლა კი იმედი მაქვს, საჭირო საბუთებს მოვაგროვებ და რამე დამატებით დაბრკოლებას არ გადავაწყდები”, – გვითხრა ანა ბერიძემ.

ვერსია“, 20 მარტი, 2017 წელი

მეხსიერების ბარათი: რისთვის არიგებდა აქეთ-იქით მიხეილ სააკაშვილი ორდენებს? განა ორდენოსნებს საქართველოსთვის გამარჯვებები მოუპოვებიათ?

დიტო გელოვანი

კითხულობ და გიკვირს: საქართველოსთვის გამარჯვებები მოუპოვებიათ: ჯორჯ ბუშს და ანდრო ბარნოვს, ჯონ მაკკეინს და ერეკლე კოდუას, ლეხ კაჩინსკის და ვახტანგ კიკაბიძეს, ილჰამ ალიევს და ნიაზ დიასამიძეს, ვალდას ადამკუსს და გიორგი პაპუაშვილს, დავით ბაქრაძეს, დავით ბეჟუაშვილს, კოტე კუბლაშვილს…

კითხულობ და თვალები გიჭრელდება: თურმე, საქართველოს წინაშე აღმატებული წვლილი მიუძღვით დონალდ ტრამპს და ზუმბას, აკაკი ბობოხიძეს და ვიტალი კლიჩკოს, ალექსანდრე ლუკაშნკოს და მანანა მანჯგალაძეს, ვიქტორ იანუკოვიჩს და ნიკა გვარამიას, სერჟ სარგსიანს და ზაალ უდუმაშვილს, დონალდ ტუსკს და დავით კირკიტაძეს, მეჰრიბან ალიევას და ნათია ბანძელაძეს, ისლამ ქარიმოვს და აკაკი გოგიჩაიშვილს, ირმა ნადირაშვილს, დავით კიკალიშვილს, პავლე კუბლაშვილს, შოთა მალაშხიას…

კითხულობ და თვალთ გიბნელდება: ეკა კვესიტაძე, მაია ასათიანი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ინგა გრიგოლია, ნინო შუბლაძე და ხატია ბუნიათიშვილი არიან ქალები, რომლებსაც ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით…

ეს ის ვიტალი კლიჩკოა, პატიოსან ბრძოლაში რომ უსწორდებოდა მოწინააღმდეგეებს და ეს ის აკაკი ბობოხიძეა, პირდაპირ ეთერში რომ შემოელახა ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი.

ეს ის ნათია ბანძელაძეა, ტვინის შერყევა თვით პრეზიდენტის ხელით რომ მიიღო და ლოგიკურია, რომ პრეზიდენტის ხელითვე მიიღო ბრწყინვალების ორდენი;

ეს ის დავით კირკიტაძეა, პარლამენტის დაცვის წარმომადგენელი რომ სცემა და შემდეგ მსაჯი რომ ცემა ფეხბურთის მატჩის დროს;

ეს ის ნანუკა ჟორჟოლიანია, სვანი ბიჭების ცოდვა რომ ადევს კისერზე; ეს ის აკაკი გოგიჩაიშვილია, რამდენიმე წლის წინ ლამის ცოცხლად რომ დააწვევინა საზოგადოებისთვის პატივსაცემი პიროვნება;

ეს ის შოთა მალაშხიაა…

შოთა მალაშხიაზე ცალკე წიგნი უნდა დაიწეროს, ფილმი უნდა მიეძღვნას, თუ როგორ მოხვდა პარლამენტში, როგორ დაინიშნა კომიტეტის თავმჯდომარედ და რა ბედი ეწია მის პარტიას, რომელიც ოდენ ქაღალდზე არსებობდა და უცებ, რაღაც ჯადოსნობით, საქვეყნოდ დაიქუხა სწორედ მაშინ, ზურაბ ჟვანია და მისი გუნდი მშობლიური პარტიის, მოქალაქეთა კავშირის გარეშე, სულ უპარტიოდ რომ დარჩნენ.

ეს ის ერეკლე კოდუაა…

ეს ის თემურ იაკობაშვილია, ძალიან სასაცილო ამბავი რომ გადახდა…

სწორედ ის პაპუაშვილი, სწორედ ის შალვა ჯანაშვილი და სწორედ ის ეკა კვესიტაძე…

მიხეილ სააკაშვილი კაკალაშვილის პოეზიის თაყვანისმცემელი იყო, დავით-დეფი გოგიბედაშვილს კი დღემდე ეთაყვანება და ისე როგორ იქნებოდა, ერთი ორდენი მისთვისაც რომ არ გაემეტებინა. ვერ გავიგებდით, რომ არა თავად მგოსანი, რომელმაც ეს სასიხარულო ამბავი მთელ ქვეყანას ამცნო: „დღეს მაცნობეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენი და ეროვნული პრემია მომანიჭა. მადლობა, ბატონო პრეზიდენტო. მიშა, თავისუფალ საქართველოს უკვდავება და გამარჯვება ყოველთვის“.

ერთი სიტყვით, ორდენებთან ერთად, 60-60 ათასი ლარი გადაეცათ ერეკლე კოდუას, ლადო გურგენიძეს, კახა ბენდუქიძეს, დავით ბაქრაძეს, გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე კუბლაშვილს, დავით ბეჟუაშვილს, ზურაბ ნოღაიდელს და სხვებს, რომლებისთვისაც 60 ათასი ლარი 60 გროშის ტოლფასია, მზესუმზირის ფული, მაგრამ ეს თანხა საპროცესო შეთანხმებებიდან გროვდებოდა – ადამიანებს ჯიბეში უდებდნენ იარაღს, ნარკოტიკს და ტელევიზორის ათლარიან ჩინურ პულტს, იჭერდნენ საკუთარი ქონების ქურდობაზე, ემუქრებოდნენ ოჯახის განადგურებით, ახლობლების დაპატიმრებით, ციხეში ამოლპობით, გაუპატიურებით… და წინ უდებდნენ საკუთარი გარდაცვალების დასკვნას.

ნანა თ: „დავკარგეთ ბინა, მანქანები. სანამ ვახერხებდით იპოთეკის სარგებლის გადახდას, უამრავი თანხა ვიხადეთ, შემდეგ უკვე გასაყიდიც არაფერი დაგვრჩა. ჩემი სიძის ბინა დაიკარგა ფანასკერტელის ქუჩაზე, დავკარგე ჩემი მეუღლის ექსკავატორი „კამაცუ“, რომელიც ჩემი ოჯახის საარსებო წყარო იყო. ბინაც და ექსკავატორიც იპოთეკარმა წაიღო, ისიც საგადასახადოს ყოფილი თანამშრომელია. საგადასახადოში ნაშოვნი ფული მევახშეობის ბიზნესში ჩადო. მასაც ბევრი ყავს გამწარებული. როგორც დავაკვირდი, სამართალდამცავებს ყველაზე კარგად მეორე პროფესია, მევახშეობა აქვთ ათვისებული.
ვცხოვრობთ 11 სული ნაქირავებში, სიმწრით ვიხდით ქირას. ამავდროულად, ჩემს მეუღლეს და ჩემ ძმასაც დაემართათ სიმსივნე ძალიან მძიმე ფორმაში, ორივეს მე-4 სტადია აქვს. მატერიალური მდგომარეობა კატასტროფულად მძიმეა“.

შოთა ჭ: „…რაიონის პროკურორის კაბინეტში დამხვდა რამდენიმე უცნობი პირი, რომლებმაც პირდაპირ განმიცხადეს: ბატონო შოთა, ორი გზა გაქვთ, ან გვეჭიდავეთ, ან თქვენი ქონება უნდა აჩუქოთ სახელმწიფოსო. წინააღმდეგ შემთხვევაში 90-იან წლებში ობიექტის არასწორ პრივატიზებაში დამდებდნენ ბრალს, მომცეს რამდენიმე დღე. შევეცადე, მეგობრული კავშირებით გადამერჩინა თავიც და ქონებაც, თუმცა რამდენიმე დღეში დამიბარა რაიონის პროკურორმა და შეწუხებულმა განმიცხადა, რომ გენპროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მითითებით, ან იმ დღესვე უნდა დამეთმო ქონება, ანაც დამაპატიმრებდნენ და ციხეში გამიშვებდნენ. სხვა გამოსავალი არ მქონდა და დავთანხმდი. წამიყვანეს თბილისის მერიაში, რომელიღაც კაბინეტში, სადაც შემოიყვანეს უცნობი პირი (როგორც შემდგომ გაირკვა, ქალაქის აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს თანამშრომელი, რომელმაც სიტუაციაში გარკვევის შემდეგ ჩემი თანდასწრებით გამოთქვა პროტესტი, ეტყობა არ იყო პირველი შემთხვევა. შემდეგ მოიყვანეს ნოტარიუსი, რომელსაც გადასცეს ჩემი პირადობა, ქონების საბუთები და დაავალეს, მოემზადებინა ჩუქების ხელშეკრულება. მერიიდან არ გამომიშვეს მანამ, სანამ ხელი არ მომაწერინეს „ჩუქების“ ხელშეკრულებაზე“.

ნაზიმ ბ: „აჭარაში მომხდარი ე.წ. რევოლუციის შემდეგ, უკანონოდ, პოლიტიკური მოტივებით დააპატიმრეს ჩემი შვილი. უკანონო ბრალდებების საფუძველზე აჭარის უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჩამომერთვა ჩემი საკუთრება _ საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქალაქ ბათუმში, ფალიაშვილის #14-ში და გადაეცა სახელმწიფოს. ყველა ინსტანციის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ჩვენი საკუთრებიდან სპეცოპერაციით გამოგვასახლეს. სხვადასხვა პერიოდში იცვლებოდა ე.წ. მესაკუთრე სახელმწიფო ორგანო, ბოლოს კი ის გადაეცა თავდაცვის სამინისტროს და სახლში ხშირად ხედავდნენ ბაჩო ახალაიას…“

სხვის სახლში ახლაც ხედავენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს. ნაცებს და მათ ახლობლებს ხშირად ხედავენ სხვის ბინებში, აგარაკებზე, ოფისებში და საწარმოებში. სხვის მიწაზე დააბიჯებენ ოკუპანტები, მაგრამ სააკაშვილს და კომპანიას ეს არ ადარდებდათ და არც დღეს ადარდებთ, სამაჩაბლო და კოდორის ხეობა მათთვის მხოლოდ ქვების გროვაა, რომელიც იოლად გაცვალეს ძალაუფლებაში და რომ დაცლოდათ, იოლად გაცვლიდნენ კახეთს, იმერეთს, რაჭას, სამეგრელოს, აჭარას და სრულიად საქართველოს და თაროზე ეულად შემოდებულ კინოშედევრს, „აგვისტოს ხუთ დღეს“, გვერდს დაუმშვენებდნენ „სექტემბრის ოთხი დღე“, „ოქტომბრის სამი დღე“. „ნოემბრის ორი დღე“ და „დეკემბრის რამდენიმე საათი“.

როგორ ყიდდნენ, როგორ გარბოდნენ

მაშინაც და დღესაც აქტუალურია კითხვა – „ვინ დაიწყო ომი?“ მოკამათეები იკვლევენ ქრონოლოგიას, თუ რომელ საათზე და რომელ წუთზე გავარდა პირველი ტყვია, სად და როდის ჩამოვარდა პირველი ჭურვი, იყო თუ არა თავდასხმა რუს სამშვიდობოებზე, რატომ გაიყვანა კოკოითმა ცხინვალიდან მშვიდობიანი მოსახლეობა და რატომ არ გააკეთა იგივე სააკაშვილმა მაშინ მაინც, როცა ფრონტის ხაზი ადგილობრივების კარ-მიდამოს მიუახლოვდა.

ეს ომი არ დაწყებულა 2008 წლის არც 7 და არც 8 აგვისტოს. ეს ომი დაიწყო გაცილებით ადრე, ხოლო ჩვენი თაობის მეხსიერებაში – 90-იანების დასაწყისში. მსხვერპლი იყო ორივე მხარეს, ორივე მხრიდან იყო არაადამიანობის გამოვლინების უამრავი ფაქტი, დაზარალდა ორივე მხარე. ორივე მხარეს სხვა მხარე აქეზებდა და ამ წაქეზების კონტექსტში უნდა განვიხილოთ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირველივე თვეებში განხორციელებული აქცია, როცა ნაცვლად იმისა, რომ ერგნეთის ბაზრობისთვის მიეცათ ცივილიზებული ფორმა, მოექციათ გარკვეულ საკანონმდებლო ჩარჩოებში და ხელი შეეწყოთ სახალხო დიპლომატიისთვის, რის გარეშეც ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერი მცდელობა კრახისთვის არის განწირული, ამის ნაცვლად, კონტრაბანდასთან ბრძოლის საბაბით, გადაიკეტა და გადაითხარა გზები, ორივე მხრიდან ადამიანებს მოესპოთ ერთადერთი საარსებო წყარო, მოხდა გაუცხოება და, როგორც ასეთ დროს ხდება, პრაქტიკულად შერიგებული ხალხი, ისევ გადაემტერა ერთმანეთს.

არადა, კონფლიქტი უკვე დარეგულირებისკენ მიდიოდა, გუშინდელი მტრები შერიგდნენ, გაიჩინეს საერთო საქმე, იყო მისვლა-მოსვლა, ისევ იქმნებოდა შერეული ოჯახები, ქართველები ნათლავდნენ ოსებს, ოსები – ქართველებს… რეგიონი დამშვიდდა.
ოქრუაშვილ-სუხიტაშვილ-ქარელის „ანტიკონტრაბანდისტულ“ ოპერაციას შეეწირა კონფლიქტის მოგვარების იმედი, მაგრამ არ შეეწირა თავად კონტრაბანდა. კონტრაბანდა რამდენიმე ადამიანის ხელში აღმოჩნდა. უკანონოდ ისევ შემოდიოდა საქონელი, ოღონდ, ამჯერად სულ რამდენიმე ადამიანი მდიდრდებოდა.

2001 თუ 2002 წლის ზაფხულში, ცხინვალში ვიყავი დაკრძალვაზე. მახსოვს, სუფრაზე თამადა ოსი ეროვნების შუახნის მამაკაცი იყო. ჯერ ოსურად ამბობდა სათქმელს, შემდეგ _ ქართულად. წესით და რიგით წარმართა სუფრა, ყველა გაიხსენა, ქართველებიც და ოსებიც, ყველას მოგვეფერა, განსაკუთრებით თბილისიდან ჩასულებს, მადლობა გადაგვიხადა, რომ მაისურაძეების ოჯახს პატივი ვეცით და სამძიმარზე ჩავედით. სუფრა ქუჩაში იყო გაშლილი. მიუხედავად შეკრების სამწუხარო მიზეზისა, ყველანი ვიყავით რაღაცნაირად მშვიდები, თითქმის ბედნიერები, გვქონდა განცდა, რომ ყველაზე ცუდი უკან დარჩა, მაგრამ ყველაზე ცუდი წინ იყო, წინ იყო სააკაშვილის რეჟიმი, ომი, სისხლი, დევნილები და ის საშინელი სიტყვები – „საქართველომ დაკარგა ქვების გროვა“.

ჯერ იყო ერგნეთის ეპოპეა, შემდეგ იყო 2004 წლის ზაფხულის „სამხედრო კამპანია“, რომელიც საქართველოსთვის უაღრესად მარცხიანი გამოდგა _ საბრძოლო მოქმედებების შედეგად, მოწინააღმდეგემ დაკარგა მხოლოდ ერთი მებრძოლი, ხოლო საქართველომ _ 16 მეომარი; იმავდროულად, ქართულ სოფელ ვანათში ოსურმა სეპარატისტულმა ფორმირებებმა უბრძოლველად ტყვედ აიყვანეს 60-მდე ქართველი მეომარი, ჩაიყვანეს ცხინვალში და ცენტრალურ მოედანზე, ტელეკამერების წინ, მთელი მსოფლიოს თვალწინ დააჩოქეს, რაც საქართველოსა და ქართულ საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდი გახლდათ. შემდეგ _ შემოვლითი გზა, ბანკები, ფინანსები, კინოთეატრები და ელიტ ელექტრონიქსები ქართულ სოფლებში და, პარალელურად, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნა. ამ ადმინისტრაციას დაუქვემდებარეს ახალგორის რაიონიც, ქსნის ხეობა.

ერთმა მაშინდელმა მაღალჩინოსანმა (რომელმაც 7 ნოემბრის შემდეგ დატოვა ნაციონალური მოძრაობა) მითხრა, ლამის დაჩოქილი ვეხვეწებოდი სააკაშვილს, რომ ახალგორი მცხეთა-მთიანეთის საზღვრებში დაეტოვებინა, ვაფრთხილებდით, რომ ეს ნაბიჯი ფატალურ შედეგებს გამოიწვევდა, მაგრამ არ მოგვისმინაო. არ მოუსმენდა. იმავე პერიოდს განეკუთვნება კოდორის ხეობის გადანათვლა „ზემო აფხაზეთად“ და ამ დასახელების გაპიარება. 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, სააკაშვილი და მისი გარემოცვა ყველაფერს გააკეთებდნენ, ოღონდ ძალაუფლება შეენარჩუნებინათ, და გააკეთეს კიდეც და ვინ იცის, კიდევ რას დათმობდნენ მომავალში – ალაზნის ველს, კოლხეთის დაბლობს, გურიის მთებს თუ მარტვილის კანიონს. ერგნეთით დაიწყო, სროლები მიაყოლა, რეზერვისტებით განაგრძო და „კოკოითი ფანდარასტით“ შეფუთა.

ვერსია“, 20 მარტი, 2017 წელი

რატომ ჩამოაშორეს საკუთარ პარტიას კობა დავითაშვილი

როგორ გახდა ხალხის პარტიის თავმჯდომარე და აპირებს თუ არა თბილისის მერობას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე

თათია გოჩაძე

კობა დავითაშვილის პარტიის თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე გახდა – ამის შესახებ ადვოკატმა საზოგადოებას 17 მარტს თავად აცნობა და არც იმის თქმა დავიწყებია, რომ ხალხის პარტია მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს. საინტერესოა, როგორ მოხვდა ადვოკატი კობაიძე ხალხის პარტიაში ან ვინ, როგორ და რატომ ჩამოაშორა კობა დავითაშვილი საკუთარ პარტიას?

„კობა დავითაშვილი პარტიისთვის არავის ჩამოუშორებია. ის პოლიტიკაში აღარაა, რადგან განაცხადა, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 3%-ს ვერ მივიღებ, პოლიტიკიდან წავალო. ბატონმა კობამ თავისი სიტყვა დააფასა და თავისმართლების რეჟიმში არ გადავიდა“, – აცხადებს „ვერსიასთან“ საუბრისას ალექსანდრე კობაიძე და კითხვაზე, ხალხის პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს თუ ვინმესთან ერთად, პასუხობს: „მართალია, წინა არჩევნებში მონაწილეობა არ მიგვიღია, თუმცა ბრძოლისთვის მზად ვართ; გაერთიანებასა და ბლოკის ჩამოყალიბებას არავისთან ვაპირებთ. ჩვენი მიზანი პოლიტიკურ სივრცეში ისეთი ნიშის შექმნაა, სადაც ხალხის პარტია თავის სიტყვას იტყვის. საერთოდ, ერთი იდეის გარშემო გაერთიანება საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების უფლებაა. მიუხედავად იმისა, ვინმესთან დაბლოკებას არ ვაპირებთ, კონსტიტუციაში ჩაწერას, რომ ბლოკები აღარ უნდა არსებობდეს, არ ვემხრობით“.

კობა დავითაშვილის შემცვლელი, პარტიის პროგრამაზე საუბრისას, აქცენტს ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაზე აკეთებს: „ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში წლიურად მხოლოდ 32 000 ადამიანს აქვს 40 000-ლარიანი შემოსავალი. ეს მოსახლეობის 1%-იც არაა. ვფიქრობ, ხელისუფლებას ეს ნიუანსი „გაეპარა“ და თავად გვითხრა, რომ სიღარიბის ზღვარსქვემოთ ვართ… საზოგადოებას ამ პრობლემების მოგვარებას იმ პროგრამებით ვთავაზობთ, რომელიც ჯერ კიდევ კობა დავითაშვილის დროიდან არსებობს, თუმცა ახალი წევრები პარტიას ახალ იდეებსაც შემატებენ“.

- ბატონო ალექსანდრე, პრეზიდენტის არჩევის პირდაპირ წესს ემხრობით თუ არაპირდაპირს?

- თუ ვთანხმდებით, რომ წმინდა წყლის საპარლამენტო მმართველობის სახელმწიფო გვაქვს, პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა დანიშნოს. მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ფონზე, უფუნქციო პრეზიდენტის არჩევისთვის ამხელა თანხის დახარჯვა ჩვენს ქვეყანას ხეირს ნამდვილად არ მოუტანს.

-გასაგებია, რომ თავმჯდომარის პოსტი დატოვა, მაგრამ კობა დავითაშვილი პარტიაში დარჩა?

- არა, თუმცა პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერია.

- პოლიტიკაში აღარ დაბრუნდება?

- არა… ამ ქმედებით ძალიან ბევრ კითხვას უპასუხა, მათ შორის იმასაც, როგორ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი.

- ისე, კობა დავითაშვილმა პოლიტიკა 2013 წელს დატოვა, თუმცა პარლამენტარის მანდატი არ დაუთმია და სამი წელი ხელფასს, პრაქტიკულად, არაფერში იღებდა...

- დიახ, ხელფასს ჩვეულებრივ იღებდა და პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეულ როლს მაინც ასრულებდა.

- მაინც რა როლს?

- მაგალითად, სხვადასხვა საკანონმდებლო საკითხზე თავის პოზიცია ჰქონდა, მაგრამ მედიას არ იყენებდა და ამას მშვიდად აკეთებდა. დეპუტატის მანდატი ბოლომდე შეინარჩუნა, ახლა კი მიიღო გადაწყვეტილება, პოლიტიკიდან საერთოდ წასულიყო.

- ბატონო ალექსანდრე, წეღანდელ საუბარს დავუბრუნდები და ჩაგეკითხებით: რომელიმე პარტიასთან გაერთიანებას რატომ არ აპირებთ და რატომ გგონიათ, რომ 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავთ?

- ჩვენმა პოლიტიკურმა პლატფორმამ სწორედ ახლა უნდა დაამტკიცოს, რომ რაღაცას წარმოადგენს. ბარიერის გადალახვის ამბიცია, რა თქმა უნდა, გვაქვს. სხვაგვარად პოლიტიკაში ვერ იქნები…

- სხვათა შორის, კახა კუკავა თავის დროზე პრაიმერის ჩატარების იდეით გამოვიდა და თქვა, ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო კანდიდატები წარვადგინოთო. ამაზე რას ფიქრობთ?

- კარგი იდეაა და ამ საკითხზე მსჯელობა შესაძლებელია.

- კეთილიისე, თბილისის მერობა ხომ არ გსურთ?

- ჯერ არ გადამიწყვეტია. ამას დრო სჭირდება.

- ადვოკატი ხართ. პოლიტიკაში როდის ჩაერთეთ ან პარტიის თავმჯდომარედ მაინცდამაინც თქვენ რატომ აგირჩიეს?

- თავმჯდომარის პოსტზე პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ერთი თვის წინ ამირჩია. რომ შემომთავაზეს, რისკები ავწონ-დავწონე და ეს ნაბიჯი გადავდგი. მართალია, პოლიტიკაში ახლადშემოსული ვარ, მაგრამ არასამთავრობო კუთხით, ქვეყანაში არსებულ პრობლემებს კარგად ვიცნობ და მინდა, ჩემი იდეები ამ პარტიით განვახორციელო.

- პარტიაში ძველი გუნდი დარჩება თუ განახლებას აპირებთ?

- ძველი გუნდი დამხვდა, მაგრამ განვაახლებ კიდეც.

რეზონანსი“, 21 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ავთანდილ დემეტრაშვილთან: „მმართველ გუნდს გიორგი მარგველაშვილი არ მოსწონს და ვაითუ 2018 წელს მარგველაშვილმა გაიმარჯვოს //თუ 2018 წელს პირდაპირ არჩევნებზე მივდივართ, პრეზიდენტს უნდა დავუტოვოთ ზოგიერთი უფლებამოსილება

ეკატერინე ბასილაია

„ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ  პარლამენტია მთავარი. მან ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი განცხადებებიც გააკეთა, რომელიც მმართველ გუნდში მაინცდამაინც არ მოეწონათ. ირაკლი კობახიძის აზრით, პარლამენტს უნდა ჰქონდეს მინისტრის გადაყენების უფლება პრემიერის გარეშე”, – აცხადებს საკონსტიტუციო კომისიის წევრი, კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი.

„საპარლამენტო რესპუბლიკის 2/3-ით პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა, ეს თავად ირაკლი კობახიძემაც თქვა – იმ მოტივით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული, არაზომიერიაო. ირაკლი კობახიძე და ვახტანგ ხმალაძე ყოველთვის არაპირდაპირი წესით არჩევის მომხრეები იყვნენ და თვლიან, რომ საპარლამენტო რესპუბლიკისთვის პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები დამახასიათებელია. ვახტანგ ხმალაძის ვარიანტი ვიცი. ის ამბობს, რომ 300-კაციანი კოლეგია, 150 დეპუტატი და 150 ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლები. მე ამას არ ვემხრობი. ბოლო ხანებში საპარლამენტო რესპუბლიკის უმრავლესობაში ტენდენცია არსებობს და დაფიქსირებულია კონსტიტუციებში, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები იყოს და მეც პირდაპირ წესს ვემხრობი’, – ამბობს ავთანდილ დემეტრაშვილი.

- ხშირად გვესმის ისიც, რომ პრეზიდენტს დარჩენილ უფლებამოსილებასაც უზღუდავენ, პირდაპირი წესით არჩევნებს ეკარგება აზრი...

- ანუ, მაღალი ლეგიტიმაცია რაღა საჭიროა, თუკი ასეთი შეზღუდული უფლებამოსილებაა?! მე პირიქით დავაყენებდი საკითხს, თუ მაღალი ლეგიტიმაცია ექნება, მაშინ შესაბამისი უფლებამოსილებაც უნდა ჰქონდეს და არ შევუმციროთ. თან, თუკი 2018 წელს პირდაპირ არჩევნებზე მივდივართ, პრეზიდენტს უნდა დავუტოვოთ ზოგიერთი უფლებამოსილება. თუმცა, ამასაც არ ვთვლი აუცილებლად. ლეგიტიმაცია უფლებამოსილებასთან პირდაპირ კავშირში არ არის. დღევანდელი პრეზიდენტი როგორ იყენებდა იმ უფლებებს, რომელიც აქვს?! იყო რამე ჩარევა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში, პარლამენტის საქმიანობაში, სასამართლოს საქმიანობაში? ასეთი რეალური მაგალითი მე არ ვიცი.

მას დღესაც არბიტრის უფლებამოსილება აქვს და ირაკლი კობახიძე არ დავობს იმაზე, რომ პრეზიდენტი არბიტრად უნდა დარჩეს. ხოლო თუკი არბიტრია, მას ხომ უნდა ჰქონდეს რაღაც უფლებამოსილება, რომელიც არბიტრის ფუნქციის შესასრულებლად სჭირდება.

საკონსტიტუციო კომისიაზე აუცილებლად დავაყენებ საკითხს, თუ პრეზიდენტი კოლეგიამ ან პარლამენტმა უნდა აირჩიოს 2023 წლიდან, მაშინ ეს შეზღუდული უფლებამოსილებაც 2023 წლიდან ამოქმედდეს და არა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როგორადაც სურს ეს კომისიას.

- რატომ შიგნავენ ასე პრეზიდენტის დარჩენილ უფლებამოსილებასაც?

- ერთი მომენტია, რომ არსებობს კონიუნქტურა, მმართველ გუნდს მარგველაშვილი არ მოსწონს და ვაითუ 2018 წელს მარგველაშვილმა გაიმარჯვოს. თუმცა ალბათ ამის თავადაც არ სჯერათ. მთავარი ეს არ არის, არამედ ირაკლი კობახიძის კონსტიტუციური მსოფლმხედველობა. მას მიაჩნია, რომ საქართველო უნდა გადავიდეს სრული პარლამენტარიზმის სისტემაზე. სრულ პარლამენტარიზმში იგულისხმება, რომ ყველა სახელმწიფო განშტოებას შორის უპირატესობა ენიჭება პარლამენტს. მგონია, რომ ეს მცდარი პოზიციაა, რადგან მთელი მსოფლიო გადასულია მინისტერიალებზე. რეალურად პოლიტიკას განსაზღვრავს და ახორციელებს მთავრობა და არა პარლამენტი. კობახიძეს კი მიაჩნია, რომ მთავარია პარლამენტი და მან ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი განცხადებებიც გააკეთა, რომელიც მმართველ გუნდში მაინცდამაინც არ მოეწონათ. კახა კალაძემ პრეზიდენტის მიმართ კობახიძის განცხადება დაიწუნა და მას ემოციური უწოდა. სხვებიც იყვნენ, მაგრამ არ მინდა დავასახელო. კობახიძის იდეაა, რომ პარლამენტს

რეალურად უნდა ჰქონდეს კონტროლის განხორციელების უფლება. მათ შორის, პარლამენტს უნდა ჰქონდეს რეალური უფლება, მოითხოვოს მინისტრის მოსვლა და ანგარიშის ჩაბარება. უფრო მეტიც, ირაკლი კობახიძის აზრით, პარლამენტს უნდა ჰქონდეს მინისტრის გადაყენების უფლება პრემიერის გარეშე. თუმცა არ ვიცი, ეს საკითხი გავიდა თუ არა კომისიის სხდომაზე.

- „ოცნებიდან გიორგი კახიანმა თქვა, ხმალაძის იდეა- კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არჩევა ხდება მხოლოდ ფედერალური მოწყობის სახელმწიფოებში და ამიტომაც საქართველოში შეიძლება ამ არჩევის წესმა პრობლემების წინაშე დაგვაყენოსო. რა საფრთხეებია?

- ეგ ტყუილია. იტალია რომელი ფედერალური სახელმწიფოა? გეტყვით, რა პრობლემებზე საუბრობს დეპუტატი. 2017 წელს უნდა ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ მუნიციპალიტეტებში უმრავლესობა ოპოზიციურმა პარტიებმა მოიპოვეს. წარმოვიდგინოთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა ოპოზიცია გახდა, ხოლო პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგია ამ ხალხისგან უნდა დაკომპლექტდეს და ეს არა ქვეყანას, არამედ მმართველ ძალას უქმნის პრობლემას.

მნიშვნელოვანი იქნება, რა კვორუმით მოხდება პრეზიდენტის არჩევა ამ კოლეგიის მიერ. მაგალითად, იტალიაში ხშირია შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტის არჩევა მე-4, მე-5 ტურში ხდება. თუკი ასე მოხდება ჩვენთანაც, მერე რა?! ეს პრობლემა ნამდვილად არ არის. მე მგონია, რომ მხოლოდ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევას უფრო დაუჭერს “ოცნება” მხარს.

- კეთდება განცხადებები, რომ ახლა, როდესაც პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირ წესზე მიდის მსჯელობა, ყველაზე დიდ მნიშვნელობას იძენს, როგორი იქნება საარჩევნო სისტემა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში .. გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიცემა ყოვლად დაუშვებელია...

- ამ კითხვაზე პასუხს ავიცილებ, რადგან ამ ახალ ვარიანტს არ ვიცნობ. თანაც, 2023 წელს ახალი პარლამენტი იქნება, ასევე ახალი თვითმმართველობა იქნება და წინასწარ რთულია, განსაზღვრო, როგორი პოლიტიკური კონფიგურაცია იქნება. 2018 წელს, პირდაპირი წესით არჩევნების დროს არც ის ვიცით, რა კანდიდატები იქნებიან დასახელებული და რა კამპანია ჩატარდება. არ გამორიცხოთ, რომ ნინო ბურჯანაძემ იყაროს კენჭი და მის უკან ძალიან ძლიერი პოლიტიკური ძალაა. ამას შემდეგ 2018 წელს როგორი პოლიტიკური კონფიგურაცია და ძალთა რა თანაფარდობა იქნება, კაცმა არ იცის. ნუ დაგვავიწყდება, რომ პროპორციული სისტემით “ქართულმა ოცნებამ” სულ მცირედით მოიპოვა უპირატესობა და რომ არა მაჟორიტარები, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იქნებოდნენ.

რეზონანსი“, 21 მარტი, 2017 წელი

რამდენად მისაღებია პრეზიდენტის უფლების მორიგი შეზღუდვა?

გვანცა წულაია

პრეზიდენტს კიდევ ერთი უფლებამოსილება ჩამოერთმევა. საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებს პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს.

როგორც საკონსტიტუციოს წევრები აცხადებენ, აღნიშნული ცვლილებებით მათ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინეს. კომისიამ არ გაიზიარა იმ წევრთა აზრი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ პრეზიდენტს ეს ფუნქცია არ უნდა ჩამორთმეოდა, არამედ უნდა დამატებოდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მოსამართლეთა ორწვეროვანი დანიშვნა სამწვეროვანი გამხდარიყო, რაც პრეზიდენტის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პარლამენტის ერთობლივ ჩართულობას გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინა წარმომადგენელი მინდია უგრეხელიძე აცხადებს, რომ კომისიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეს დემოკრატიის განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. “მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, ამ საკითხზე სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, მე მეშინია, არ იფიქრონ, რომ ეს დაკავშირებულია პრეზიდენტისადმი უარყოფით დამოკიდებულებასთან. პირადად მე მასთან და მის ოჯახთანაც ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ აქ საკითხი საქართველოს იურიდიული ინსტიტუტის განვითარებას შეეხება და ამ თვალსაზრისით სჯობს, ეს გაკეთდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ”, – განაცხადა მინდია უგრეხელიძემ.

რამდენად მისაღებია პრეზიდენტის უფლების მორიგი შეზღუდვა? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წევრებს მიმართა.

გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): დაახლოებით ვიცი, რომ ამ ორ ძალას შორის ქიშპია. სასამართლოს ამბები როგორ უნდა იყოს და როგორ ჯობია, ზუსტად არ ვიცი. პრეზიდენტის უფლებები მაინც არ არის ჩვეულებრივი რიგითი ადამიანის უფლებები. პრეზიდენტი მაინც გამორჩეული ადამიანი და სხვა დონეა. სჯობს, ისეთი უფლებები ჰქონდეს, როგორც ქვეყანას აწყობს. ასეთი დაპირისპირებები ქვეყნისთვის კარგი არ არის. ვხედავ, არსებობს ბრძოლა, რომ იყოს ორხელისუფლებიანობა, რაც მიზანშეწონილი არაა. რა ეტაპზეც ვართ, იოლი არ არის, რთულია. ასეთი შიდა ბრძოლა უფრო მეტად ნეგატივის მომტანი და არაპოლიტიკიური იქნება, ვიდრე გადაწყვეტილებების მიღება ერთი ცენტრის ხელში იყოს და თუ საჭიროა, პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება. იქნებ დემოკრატიისთვის ჯობია, განაწილებული იყოს, მაგრამ ჩვენ ამ ეტაპზე არ ვართ.

ირმა სოხაძე (მომღერალი): ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომპეტენტური არ ვარ. დააკლდება თუ არა რამე საკონსტიტუციო სასამართლოს და გახდება თუ არა უფრო არასამართლიანი, ვერ გეტყვით. რა შედეგებს მოიტანს და რამდენად მიუღებელია, არ ვიცი. ზოგადად, პრეზიდენტს უფლება-მოვალეობები ისედაც შეზღუდული აქვს. არ მომწონს, ამ თემის ირგვლივ ამდენი ნერვიულობა რომ გვიწევს. ეს ყველაფერი მაშფოთებს და მაღელვებს. როგორც მოქალაქემ, კონკრეტული მუხლები ვისი უფლებები და პრეროგატივა უნდა იყოს, არ ვიცი და სულ არ მაღელვებს.

იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): აბა, ვინ უნდა წარადგინოს? პრეზიდენტმა? იუსტიციის საბჭოში, რომელიც გვყავს არჩეული, თუ არ ვცდები, შედიან პრეზიდენტის კანდიდატურა, პარლამენტიდანაც, საზოგადოებრივი ორგანიზაციიდანაც წევრები, ბალანსი დაცულია, სწორედ მათი იდეოლოგიაა, წარადგინონ უზენაესი სასამრთლოს კანდიდატურები. ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, პრეზიდენტი არის ოპოზიციის პრეზიდენტი. მე მას არ მივიჩნევ საქართველოს პრეზიდენტად. ამოწურა თავისი ყველა ფუნქცია და დარჩა ოპოზიციაში, მალე სათავეში ჩაუგდება ოპოზიციას, სადაც “ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს” და სხვა პარტიების წარმომადგენლები შევლენ. ჩემთვის პრეზიდენტის არც ერთი გადაწყვეტილება მისაღები არ არის, რადგან საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს.

დიმა ჯაიანი  (მსახიობი): არამგონია, ეს შეზღუდვა, კონსტიტუციური არ იყოს, რადგან კონსტიტუციის მაღლა არაფერი არ დგას. სამართალმცოდნე არ ვარ, მსახიობი კაცი ვარ, მაგრამ მაინც მგონია, რომ პრეზიდენტის აპარატს შეცდომა აქვს დაშვებლი.როდესაც მომავალი პრეზიდენტის არჩევის წესს განიხილავენ, პარლამეტმა არიჩიოს თუ საზოგადოებამ, მსოფლიო პარლამენტის ისტორიას გადახედონ. ევროპას გადახედონ.

უცნაური და ემოციური ხალხი ვართ. არ შეიძლება შეთანხმება შედგეს? აქცენტი პრეზიდენტზე მაქვს, რომელიც იძახის ხალხის არჩეული ვარო. ხომ იცით ვისი არჩეულია? ერთი კაცის. როგორც კონსტიტუციაში წერია, ისე უნდა მოიქცეს პარლამენტი და კომისია, რომელსაც კონსტიტუციის დადგენა ავალია. პრეზიდენტმა ე.წ მოსმენების კანონპროექტს ვეტო დაადო. ვერ გავიგე რა სურს. სად არის ის მარგველაშვილი აქუბარდიასთან, რომ იჯდა? გაქრა? არასდროს არ გეცოდინებათ ვინ არის გერმანიის პრეზიდენტი, რადგან ყურს არ ხვდება, სამაგიეროდ იცით ვინ არის მერკელი. აი ზუსტად ჩემი პასუხი. პრეზიდენტის თავის ადგილი აქვს. აქ მთავარი პრემიერ მინისტრი და პარლამენტის თავჯდომარეა. ასეთი ქვეყანა გვინდა ავაშენოთ, ამიტომ, პრეზიდენტისთვის რაღაც უფლება მოსილებებს, ვერ მოვიგონებთ.

რეზონანსი“, 21 მარტი, 2017 წელი

პრეზიდენტის მორიგი ვეტო . მოსმენის კანონსრას აპირებს უმრავლესობა

თიკო ოსმანოვა

ე.წ მოსმენის კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ვეტოს უფლება უკვე მეორედ გამოიყენა. ამჯერად ქვეყნის პირველი პირი ვეტოს დადებას ორი ძირითადი ხარვეზით ხსნის. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა არც ამ შემთხვევაში აპირების გიორგი მარგველაშვილის შენიშვნების გათვალისწინებას და, დიდი ალბათობით, ვეტოს დაძლევას შეეცდება. როგორც გიორგი

გიორგი მარგველაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტების პაკეტი ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ასევე, გაუმართლებელ ხარჯებს ითვალისწინებს.

“მოტივირებული შენიშვნებით ვუბრუნებ საქართველოს პარლამენტს ე.წ. მოსმენის შესახებ კანონპროექტების პაკეტს. პაკეტში არის რიგი საკამათო საკითხებისა, თუმცა კონსულტაციების შედეგად და ჩვენი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა ძირითადად ორი ხარვეზი: პირველი, ესაა სააგენტოს დამოუკიდებლობა, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე; მეორე – ესაა კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომელსაც ეს კანონპროექტი საკომუნიკაციო კომპანიებს აკისრებს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა და ურჩია, ვეტოს დაძლევის დემონსტრირების ნაცვლად, მოსახლეობას უკეთესი კანონი შესთავაზონ.

„შესაძლებელია, დადგა დრო, ჩავუღრმავდეთ ამ კანონპროექტს, ჩვენს შენიშვნებს და ვეტოს დაძლევის დემონსტრირების ნაცვლად, საქართველოს მივცეთ უკეთესი კანონმდებლობა, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

მან საზოგადოებას შეახსენა, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ვეტოების გარკვეული ისტორია გააჩნია. მისივე თქმით, მოსმენის შესახებ კანონპროექტს მან ვეტო პირველად 2014 წლის 29 ნოემბერს დაადო, თუმცა “საპარლამენტო უმრავლესობამ, კოალიციურმა უმრავლესობამ დიდი ზარზეიმოთ, როგორც წარმატება ამცნო საზოგადოებას, რომ მათ ვეტო დაძლიეს, მაგრამ მალევე საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა ამ კანონის მოქმედება”.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა სხვა კანონპროქტებზე დადებული ვეტოებიც გაიხსენა, მათ შორის, “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტზე, “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტზე. მისივე თქმით, საზოგადოებას შეუძლია თვალი ადევნოს ვეტოების ისტორიას და იმ შედეგებს, რასაც არა უბრალოდ საპარლამენტო უმრავლესობები, არამედ ქვეყანა იღებს ამ ვეტოების დაძლევის პრაქტიკიდან გამომდინარე.

„მინდა, მივმართო საპარლამენტო უმრავლესობას, საკონსტიტუციო უმრავლეობას, რადგან მე არაერთხელ გავიგე განცხადებები იმის თაობაზე, რომ ეს ვეტოც დაიძლევა. პატივცემულო ბატონებო, მე ვიცი, რომ თქვენ გაგაჩნიათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამის თაობაზე ინფორმირებულია მთლიანად ქართული საზოგადოება.

ყველამ იცის, რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ ამ ვეტოს წერის პროცესში, ვიდრე კანონპროექტი იქნებოდა მიღებული, ჩვენ ვაწარმოებდით კონსულტაციებს როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე ამ სფეროში ჩართულ კომპანიებთან. კანონის წერის პროცესშიც მოგიწოდებდით, რომ ჩვენთან გქონოდათ კონსულტაციები, შესაბამისად, ჩვენ გვჯერა, რომ “ქართულ ოცნებას” შეუძლია ამ ვეტოს დაძლევა, მაგრამ შესაძლებელია, ახლა დადგა დრო, ჩვენ ყველამ დავიჯეროთ იმისა, რომ ვეტო დაძლევადია და დავიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ უკეთესი კანონები შევქმნათ იმ ფონზე, როდესაც ყველას გვესმის, რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ შესაძლებელია, დრო დადგა, ჩავუღრმავდეთ ამ კანონპროექტს, ჩვენს შენიშვნებს და ვეტოს დაძლევის დემონსტრირების მაგივრად, საქართველოს მივცეთ უკეთესი კანონმდებლობა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებას საპარლამენტო უმრავლესობა არც ამ შემთხვევაში აპირებს და ტრადიციულად ვეტოს დაძლევას შეეცდება, აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 76 ხმა სჭირდება, “ოცნებას” კი პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, შესაბამისად, ამ რაოდენობის ხმების მოპოვება არ გაუჭირდება.

ამასთან, როგორც ცნობილია, აღნიშნულ კანონპროექტს სამოქალაქო სექტორი საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთხელ გაასაჩივრებს.

„ქართული ოცნების“ წევრი ეკა ბესელიას თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს უფლების ასე ხშირად გამოყენებამ ფასი დაკარგა. მისივე თქმით, ამ კანონის მიღება აუცილებელია, ვინაიდან სასწორზე, ერთი მხრივ, ქვეყნის უსაფრთხოება და, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებები დევს.

უმრავლესობა ე.წ მოსმენის კანონში არაფრის შეცვლას რომ არ აპირებს, ამის შესახებ “რეზონანსს” უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა გუგული მაღრაძემაც დაუდასტურა.

„უმრავლესობას ამასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე აქვს გადაწყვეტილება მიღებული. ეს კანონი სრულიად ასახავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნას. ეს არის სააგენტო, რომელიც მიიღებს შეკვეთას და ასრულებს ტექნიკურ დავალებას, შემდეგ უგზავნის ინფორმაციას შეკვეთის მიმცემს. მას კი უნდა ჰქონდეს სასამართლოს ნებართვა. ასე, რომ აქ ყველაფერი წესრიგშია. სრულებით არ მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელი სააგენტო უფრო სანდო იქნება დღევანდელ პირობებში, ვიდრე ეს სააგენტო, რომელსაც კონტროლის მაღალი ხარისხი აქვს. ეს კანონი ისეთია, როგორიც აქვთ უსაფრთხოების მხრივ ცივილურ დასავლურ ქვეყნებს. პრეზიდენტს აქვს სრული უფლება, ყოველთვის დაადოს ვეტო, რაც არ მოსწონს, ამაში განსაცვიფრებელი არაფერია. ასე რომ, ჩვენ ამას განვიხილავთ ყოველთვის, მაგრამ არა მგონია, რამე შევცვალოთ”, – გვითხრა გუგული მაღრაძემ.

რაც შეეხება ამ კანონის კიდევ ერთხელ გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში, დეპუტატი განსაცვიფრებელს არც ამაში ხედავს. „არასამთავრობოები იმისთვის არიან, რომ ასაჩივრონ, ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას. უმრავლესობა პოლიტიკური ჯგუფია, ხალხის მიერ არჩეული და გადავწყვიტეთ, რომ ეს მოდელია შესაბამისი. ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ უამრავი ქვეყანა, სადაც ასეთი ტიპის კანონი აქვთ მოსმენასთან დაკავშირებით. ზოგან კიდევ უფრო მეტად დაქვემდებარებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ ეს სააგენტოები”, – უთხრა “რეზონანსს” გუგული მაღრაძემ.

„ახალი თაობა“, 21 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ თინათინ ბოკუჩავასთან: „მოსმენებზე დამოუკიდებელი უწყება უნდა იყოს პასუხისმგებელი“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მოსმენების კანონპროექტზე პრეზიდენტმა ვეტოს დადებით ხელისუფლებას კიდევ ერთი შანსი მისცა.

- ქალბატონო თინათინ, მოსმენების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა. საპარლამენტო უმრავლესობა მის დაძლევაზე უკვე საუბრობს. თქვენი პოლიტიკური გუნდი კონკრეტულად სად ხედავს საფრთხეს?

- სრულებით მოსალოდნელი იყო, რომ პრეზიდენტს ამ კანონპროექტისთვის ვეტო დაედო და კიდევ ერთი შანსი მიეცა საპარლამენტო უმრავლესობისთვის, რომ ამ ფორმით არ მიეღოთ ეს კანონპროექტი, მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ უმრავლესობა მზად არის, არც ერთი მოტივირებული შენიშვნა არ გაითვალისწინოს და პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. პრეზიდენტი სანამ ვეტოს დაადებდა, მანამდე წინმსწრებად აცხადებდნენ, რომ ვეტოს დაძლევდნენ. ამდენად, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო და უმრავლესობას საერთოდ არ აინტერესებდა, რა მოტივირებული შენიშვნები ექნებოდა პრეზიდენტს. ეს „ქართული ოცნებისთვის“ არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან მას საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს პარლამენტში, მაგრამ ეს პრობლემას წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა და მისი მოთხოვნა იყო, რომ ამ ფორმით არ მიღებულიყო კანონპროექტი, მაგრამ ხელისუფლების ინტერესი რეალურად სულაც არ არის, რომ მართლაც შეიქმნას დამოუკიდებელი უწყება, რომელიც იქნება მოსმენებზე პასუხისმგებელი. დღეს მოსმენებზე უფლებამოსილება და წვდომა რეალურად სუსს რჩება.

- თქვენ იზიარებთ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს?

- ჩვენ ვიზიარებთ იმ ნაწილში, სადაც საუბარია ბიზნესთან ურთიერთობაზე. პრეზიდენტი თავის მოტივირებულ შენიშვნებში საუბრობს, რომ ბიზნესთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობით უნდა მოგვარდეს იგივე თავსებადობის პრობლემა. ამაზე თავად ბიზნესის წარმომადგენლებიც საუბრობდნენ, რომ თავსებადობის მოთხოვნამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი ხარჯები. თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ ხდება ანაზღაურება. პრეზიდენტის შემოთავაზებით, მოლაპარაკება უნდა შედგეს სააგენტოსა და ბიზნესს შორის, საკომუნიკაციო კომპანიას შორის. ამის შედეგად უნდა შესრულდეს თავსებადობის მოთხოვნილება. ცოტა უფრო შორს წასვლაც კი იქნებოდა შესაძლებელი.

- რას გულისხმობთ?

- ამ ტიპის მოლაპარაკებამაც შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ გარკვეული ტიპის ზეწოლა მოხდეს ბიზნესზე. ამიტომ ვფიქრობ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აეღო სახელმწიფოს. თუმცა, ამ მხრივ ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი არის ეს მოტივირებული შენიშვნები, რადგან უკეთესად ითვალისწინებს ბიზნესსექტორის ინტერესს.

- ვისზე უნდა იყოს ეს უწყება დაქვემდებარებული? `ევროპული საქართველოს~ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრემიერზე იყოს დაქვემდებარებული. თქვენი გუნდი ეთანხმება?

- ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო მაღალი როლი ჰქონდეს საკანონმდებლო ორგანოს და დაექვემდებაროს პარლამენტს. თუმცა, პრემიერ-მინისტრს რომ დაექვემდებაროს ეს უწყება, ნამდვილად არის უკეთესი მოდელი, ვიდრე დაექვემდებაროს პირდაპირ სუსის უფროსს. თუმცა, ვისურვებდი, რომ უფრო მაღალი ხარისხის კონტროლი იყოს და ეს კონტროლი პარლამენტმა განახორციელოს. სწორედ ამას ითვალისწინებდა ჩვენი მოდელი. ჩვენ მომხრე ვიყავით ორგასაღებიანი სისტემის. ერთი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელ უწყებაში, მეორე გასაღები კი – სასამართლოში. სწორედ აქ, ისევე, როგორც სახალხო დამცველს შეეძლო მონიტორინგი, საპარლამენტო ჯგუფსაც ექნებოდა მუდმივი კონტროლის შესაძლებლობა. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ამ ყველაფერზე უარი თქვა და მას საერთოდ არ აინტერესებს მოტივირებული შენიშვნები. მეტიც, როგორც ჩანს, შინაარსსაც კი არ გაეცნობიან, ისე დაძლევენ ვეტოს.

- ეკა ბესელია აცხადებს, რომ მოსახლეობას საფრთხის წინაშე არ დატოვებენ და ამ კანონპროექტს აუცილებლად აქცევენ კანონად...

- ეს კანონპროექტი პარლამენტმა სამივე მოსმენით უკვე მიიღო. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ პრეზიდენტის ვეტოს დადებამ მათ კიდევ ერთი შანსი მისცა, რომ ეს მავნებლური კანონი არ ამოქმედდეს, მაგრამ მათ ამ შანსზე უარი თქვეს. ჰქონდათ დაფიქრების შესაძლებლობა, მაგრამ არ გამოიყენეს, უარი თქვეს. არასამთავრობო სექტორი, საკონსტიტუციო სასამართლო, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, ყველა აცხადებს, რომ ეს კანონი ამ ფორმით არ შეიძლება მიიღოს სახელმწიფომ. მათ ინტერესში მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა კი არ არის, არამედ ის, რომ მათ შეეძლოთ ნებისმიერი მოქალაქის მოსმენა.

- უმრავლესობა პირიქით ამბობს, რომ ეს არის საუკეთესო ბალანსი უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს შორის...

- რა თქმა უნდა, სხვას რას იტყვიან, მაგრამ ისინი სასწორზე აყენებენ ერთი მხრივ მოქალაქეების უსაფრთხოებას და მეორე მხრივ, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. სანამ ისინი ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, მეორე ფასეულობა მათთვის ყოველთვის წონიდა პირველს. მაშინ არასდროს ახსოვდათ, რომ უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგი, როგორც ასეთი, არსებობდა. ახლა, როდესაც ხელისუფლებაში არიან, სასწორზე წონა შეიცვალა მათთვის და ცდილობენ, ყველაფერი გაამართლონ უსაფრთხოების მოტივებით. ეს მიუღებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის რეალობა.

„ახალი თაობა“, 21 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: „დავით უსუფაშვილი, გიორგი მარგველაშვილი და გიგა ბოკერია მესამე პოლიტიკურ ცენტრს ქმნიან“ // „ახალი პარტიის დასაფინანსებლად რამდენიმე ათეული მილიონია გამოყოფილი

ვინ ქმნის საქართველოში მესამე პოლიტიკურ ცენტრს, რატომ უნდა დაბრუნდეს ივანიშვილი, რატომ გაემიჯნა გიორგი კვირიკაშვილი ყოფილ პრემიერს, რომელი მინისტრები აფინანსებდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ ეროვნულების ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე ესაუბრება.

- სანდრო, თქვენ რამდენიმე დღის წინ დაწერეთ სოციალურ ქსელში, რომ უსუფაშვილმა ახალი პარტია შესაძლოა მარგველაშვილთან ერთად შექმნას. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეს თანამშრომლობა არ გამორიცხა. რა ინფორმაცია გაქვთ ახალი გაერთიანების შესახებ?

- საქართველოში მესამე პოლიტიკური ძალის შესაქმნელად ყველაფერი თითქმის მზად არის. გაერთიანება, რომელსაც დავით უსუფაშვილი ქმნის, სერიოზულად იქნება დაფინანსებული. ამ გაერთიანებაში შევლენ არასამთავრობოების ნაწილი, ბოკერია-უგულავას დაჯგუფება და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მარგველაშვილთან თანამშრომლობას რომ აპირებს, ეს ინფორმაცია თავად დავით უსუფაშვილმა დაადასტურა. ამ გაერთიანებას დასავლეთი დააფინანსებს. სოროსის ფონდიდან მათთვის მილიონებია გამოყოფილი. საუბარია რამდენიმე ათეულ მილიონ ამერიკულ დოლარზე. ამის შესახებ მე ინფორმაცია ჯერ კიდევ მაშინ მქონდა, როცა მთავრობის წევრი ვიყავი და მინისტრის მოადგილის პოსტი მეკავა.

- ამ დროს დავიტ უსუფაშვილი ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარე იყო და იმ დროს უკვე ფიქრობდა ამ გაერთიანების შექმნაზე?

- არა, მაშინ დავით უსუფაშვილი და მისი მეუღლე იმაზე ზრუნავდნენ, როგორმე კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ დარჩენილიყვნენ. ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნაზე დასავლეთში დაიწყეს ფიქრი. მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებმა კოალიციაც დატოვეს და არჩევნებშიც დამარცხდნენ, უსუფაშვილიც ჩაება ამ საქმეში. ამ ძალის შექმნის შესახებ ხელისუფლებაც ინფორმირებულია და ბიძინა ივანიშვილიც. პროცესს ყველა გაგებით ეკიდება. აქედან გამომდინარე არაა გამორიცხული, რომ ძალიან მალე ეს ძალა ხელისუფლების სათავეში ვიხილოთ.

- ბიძინა ივანიშვილს დავით უსუფაშვილის მიმართ ყოველთვის გამორჩეულად დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა, გიორგი მარგველაშვილის მიმართ კი სულ სხვა დამოკიდებულება აქვს...

- დასავლეთში ქართველებს არ ეკითხებიან, მოსწონთ თუ არა ესა თუ ის პოლიტიკოსი. ამას არც ბიძინა ივანიშვილს ეკითხება ვინმე. გადაწყვეტილება დასავლეთში მიიღეს და მესამე ძალა აუცილებლად შეიქმნება.

- თვითმმართველობის არჩევნებისთვის თუ მოესწრება ამ ძალის შექმნა?

- თვითმმართველობის არჩევნებამდე მესამე პოლიტიკური ცენტრი ალბათ არ შეიქმნება. ეს პროცესი დროში გაიწელება. ისინი საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადებიან. მათგან სიურპრიზებს უნდა ველოდოთ.

- რა სიურპრიზებს?

- ისინი არ დაელოდებიან 2020 წელს და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ამაში ხელს გიორგი მარგველაშვილიც შეუწყობს. ის ვადის ამოწურვამდე ძალიან სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყნის სათავეში ეს ხალხი მოვიდეს.

- ამ გაერთიანებაში არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ადგილი?

- არა, მიხეილ სააკაშვილი უკვე დამთავრდა. ის დასავლელმა პატრონებმა ჩამოწერეს. მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურად მისი ძველი ხელის ბიჭები და ხასები აცოცხლებენ. მისი მატარებელი უკვე ჩავლილია. ახალ გაერთიანებაში დავით უსუფაშვილი, გიორგი მარგველაშვილი და ბოკერია-უგულავას ფრთა იქნებიან.

- დავით უსუფაშვილისგან განსხვავებით, გიგა ბოკერიას მიმართ ხალხში სერიოზული აგრესიაა, დაუშვებს ხალხი მის დაბრუნებას ხელისუფლებაში?

- კიდევ ერთხელ გეუბნებით, ხალხს არავინ არაფერს ეკითხება და რომც ჰკითხონ, მეეჭვება, ვინმემ ეს გააპროტესტოს. ჩვენმა მოსახლეობამ იმდენი რამე დაუშვა, ბოკერიას დაბრუნებასაც დაუშვებს.

- რას გულისხმობთ?

- ჩვენი საზოგადოება გაგებით ეკიდება იმას, რომ მთავრობაში ჰყავს ნაციონალების ორი დამფინანსებელი. ხმას არ იღებს იმაზე, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ვინმე ზარდიაშვილი, ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელია. პროტესტი არ უჩნდება იმაზე, რომ ხელისუფლება ყოფილი ნაციონალებით გაივსო. აქედან გამომდინარე, ბოკერიას დაბრუნებასაც აიტანენ. შეიძლება ვინმემ მითხრას, ხალხი არ დაუშვებს ეკლესიასთან მებრძოლი ბოკერიას დაბრუნებასო. ეს არგუმენტი სასაცილოა.

- სასაცილო რატომ არის?

- „ნაციონალები“ ღიად ანგრევდნენ ეკლესიებს და ხალხი მათ ირჩევდა. მერე `ოცნება~ მოვიყვანეთ ხელისუფლებაში და მათ რიგებში მოწინავე პოზიციაზე იყვნენ რესპუბლიკელები. ეს ხალხი ნაციონალებთან ერთად წარმატებით ებრძოდა ეკლესიას. ეკლესიის წინააღმდეგ „ოცნებამაც“ ბევრი ცუდი რამე გააკეთა. ამაზე პროტესტი არავის გამოუხატავს.

- ზემოთ თქვით, მთავრობაში არის ნაციონალების ორი დამფინანსებელიო. შეგიძლიათ მათი გვარები დაასახელოთ?

- რა თქმა უნდა. გადავხედოთ „ნაციონალების“ შემომწირველების სიას და იქ საინტერესო ამბებს წავიკითხავთ. სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მათი მსხვილი დამფინანსებელი იყო 2012 წლამდე. ამ პარტიის დამფინანსებელი და წევრი იყო ინფრასტრუქტურის მინისტრი ალავიძეც. მათ გარდა მთავრობაში არც ერთი ადამიანი არ არის ისეთი, რომელიც „ნაციონალების“ რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა. მეტსაც გეტყვით, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილი მიატოვა, როცა ის „ნაციონალებს“ დაუპირისპირდა.

- რას ნიშნავს მიატოვა?

- როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, გიორგი კვირიკაშვილი „ქართუ ბანკში“ მუშაობდა. მან ბიძინა ივანიშვილს შეუთვალა, რომ ამ ბრძოლაში ვერ გაჰყვებოდა და სამსახურიდან წავიდა. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მან ვიღაცების დახმარებით ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნა, რომ მას მსგავსი რამე არ უთქვამს და მოუგონეს. ყოფილმა შეფმა გიორგი კვირიკაშვილს გაუგო და როცა ბიძინა პრემიერი გახდა, მან კვირიკაშვილი ეკონომიკის მინისტრადაც კი დანიშნა. ახლა ის ქვეყნის მთავრობის მეთაურია, ოღონდ ისეთი მეთაური, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება. იგი დამოუკიდებლად მთავრობაში ვერავის შეცვლის, ძალოვანი ბლოკის მინისტრებს კი საერთოდ ვერ შეეხება. დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერც მინისტრები ღებულობენ. მათ იმასაც კი არავინ ეკითხებათ, ვინ იქნება მათი მოადგილე. რამდენიმე წელი ვიყავი მინისტრის მოადგილე და კარგად ვიცი ეს ამბავი. დღეს საქართველოში ძალიან უცნაური ვითარებაა შექმნილი. ქვეყანას არც პრემიერი მართავს, არც პრეზიდენტი და არც – პარლამენტის სპიკერი. ყველაფერს ერთი კაცი წყვეტს, რომელიც სადღაც მთის წვერზე ზის. ასეთი რამე მხოლოდ ირანის ისლამურ რესპუბლიკაშია, მაგრამ იქ სულიერ ლიდერს ოფიციალურად აქვს ასეთი სტატუსი. ჩვენს ქვეყანას კი ვინ მართავს, კაცმა არ იცის.

- არადა ყველამ იცის, ვინც მართავს...

- ყველამ იცის, რომ ეს ბიძინა ივანიშვილია, მაგრამ ის ოფიციალურად არსად ფიგურირებს. ადრეც არაერთხელ მოვუწოდე მას და ახლა თქვენი გაზეთის მეშვეობით კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, რომ ხელისუფლებაში ოფიციალურად დაბრუნდეს. უცნაური მმართველობის გამო ერთხელ უკვე დაგვცინეს ევროპელებმა და აღარ მინდა, იგივე განმეორდეს.

- რომელი უცნაური მმართველობის გამო დაგვცინეს?

- საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც კანონიერი ქურდი ხელისუფლების სათავეში დასვა. ამის გამო მთელი ევროპა დაგვცინოდა.

- ჯაბა იოსელიანზე საუბრობთ?

- ჯაბა იოსელიანზე. როცა ის ქვეყანას მართავდა, მე ევროპაში ვცხოვრობდი პოლიტიკურ ემიგრაციაში. ჰოლანდიაში გადიოდა გადაცემა ჩვენი „ვის უნდა 20 ათასის“ მაგვარი. იქ საკმაოდ მაღალ თანხად იყო შეფასებული კითხვა: დაასახელეთ ქვეყანა, რომლის სათავეშიც მაფიოზიაო. მათთან „კანონიერი ქურდის“ ცნება არ იცოდნენ. გადაცემის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, რომ ეს ქვეყანა საქართველოა, მან ამ პასუხით დიდი თანხა მოიგო. არ მინდა, რომ ჩემს ქვეყანას კიდევ ერთხელ დასცინონ და ამიტომ ბიძინა ივანიშვილს ვთხოვ, ოფიციალურად დაბრუნდეს. ამ ქვეყანაში ისედაც ბევრი უცნაურობა ხდება და საკმარისია.

- კიდევ რა უცნაურობა მოხდა?

- ის, რომ სისხლიანი ცხრა წლის თანამონაწილე „გირჩებსა“ და ვაშაძის პარტიას ხელისუფლება უხდის მილიონებს.

- ეს დაფინანსება მათ არჩევნების შემდეგ მოიპოვეს, როგორც კვალიფიციურმა სუბიექტებმა...

- მე ამ დაფინანსებაზე არ ვსაუბრობ. მათ მილიონები არჩევნებამდე ბევრად ადრე მიიღეს. მათ ხელისუფლებამ მილიონები გადაუხადა იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობა დაეტოვებინათ. მესმის, რომ „ოცნება“ ამაზე ხმას არ იღებს, მაგრამ ნაციონალები რატომ არიან ჩუმად, ვერ გავიგე. ეტყობა, აქაც შეთანხმებაა. არსებულ და ყოფილ ხელისუფლებას ერთმანეთი სჭირდებათ.

„ახალი თაობა“, 21 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: „იმხელა საპროტესტო მუხტი მწიფდება, რომ ხელისუფლება ამ რისხვას ვერ გადაურჩება“ // „ბავშვთა სამყაროში ხანძრის შედეგად დაზარალებულები კანცელარიასთან კარვებს გაშლიან

„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები კანცელარიასთან კარვებს გაშლიან და საპროტესტო აქციას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ავრცელებს, რომელიც დაზარალებულების უფლებებს იცავს. მან თბილისის მერიაში განცხადება შეიტანა და შესაბამისი სამსახური კარვის დადგმის და აქციის გამართვის შესახებ გააფრთხილა.

„ახალი თაობა“ აღნიშნულთან დაკავშირებით ზაზა ხატიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, დაზარალებულები კარვის დადგმას გეგმავენ, თუმცა მათი ეს მცდელობა ერთხელ უკვე კრახით დასრულდა. რას ითხოვენ დაზარალებულები?

- განსაკუთრებულს არაფერს, ამ ადამიანებს უნდათ პროტესტის გამოხატვა. ისინი კანცელარიის წინ ისედაც დგანან და შიმშილობენ. უჭირთ შიმშილობა და გამოხატვის რეალიზაცია, ამიტომ უნდათ, რომ დადგან კარავი. არც ერთი კანონი ამას საქართველოში არ კრძალავს! არავისგან ნებართვა არ სჭირდებათ აქციის გამართვაზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ წესრიგს.

- თუ არ ხდება სავალი ნაწილის გადაკეტვა?

- რა თქმა უნდა, თუ გზის გადაკეტვა არ ხდება, მაშინ ეს ქმედება არ არის კანონსაწინააღმდეგო და არ არის დანაშაული. ადრე, როგორც კი დადგეს კარავი, პოლიციელები მივარდნენ, ერთ-ერთმა პოლიციელმა მოიპარა კარავი და ორი საათის შემდეგ მოიტანეს. წარმოგიდგენიათ, რა ხდება? ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანებს არ აძლევს უფლებას, ღამე კარავში გაათიონ. სავარაუდოდ, ბავშვთა სამყაროც დაუწვეს.

- ეს ოფიციალურად რომ არ დასტურდება?

- ამ ხალხს აქვს სერიოზული ეჭვი, რომ ის დაწვეს. მათი ეჭვი ლეგიტიმურია, იმიტომ, რომ 8 კერა ერთდროულად გაჩნდა. იქ დაცვა იყო და იყო შესაძლებლობა, რომ შენობა გადაერჩინათ. ამ ადამიანებს არ აძლევენ გამოხატვის უფლებას! დღეს ზვიად ძიძიგური პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა. თავის დროზე მან და მისმა თანამებრძოლებმა მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს შეკრებისა და მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, როცა მათ უფლებებში მოხდა უხეში ჩარევა. 2011 წლის აპრილში, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და პირდაპირ დაწერა, თუ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი არა აქვს, შეკრებისა და მანიფესტაციის კანონმდებლობის თანახმად, თქვენ არ გჭირდებათ ნებართვა, გამოხატოთ თქვენი პროტესტი ნებისმიერი ფორმით.

- და აპირებთ, რომ ამ სიტუაციაში გამოიყენოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება?

- რა თქმა უნდა! ასევე მერიის წინ ნატა ფერაძეს და მის ჯგუფს კარავი არ დაადგმევინეს, წავიდნენ სასამართლოში, იჩივლეს და სასამართლომ 2016 წლის აგვისტოში გამოიტანა გადაწყვეტილება და დაავალა მერიას, რომ თუ ადამიანები შესასვლელს არ კეტავენ, კანონსაწინააღმდეგო აქციას არ ატარებენ, მათ აქვთ კარვის გაშლის უფლება.

- ამ ყველაფრის მიუხედავად, არ აძლევენ კარვის დადგმის უფლებას?

- სასამართლოს ორი გადაწყვეტილება გვიჭირავს ხელში და ამ ადამიანებს არ აძლევენ გამოხატვის თავისუფლების უფლებას. ჩვენ მერიას მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რას აპირებს ეს ხალხი, ხოლო მათგან ნებართვა არ გვჭირდება, რადგან ეს ადამიანები კანონს არ არღვევენ. ასეთი ძალადობა, რაც ახლა ხდება, მე არ მახსოვს.

- არც მიხეილ სააკაშვილის დროს?

- მიხეილ სააკაშვილმა ძალადობა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე დაიწყო, ამათ კი დაიწყეს არჩევნებამდე სამი წლით ადრე, თან დაიწყეს ყველა სეგმენტზე. აი ეს არის უბედურება! ადამიანებს 100 ათასი ლარის ზარალი აქვთ და ეს ადამიანები მოწმის სტატუსით არიან სისხლის სამართლის საქმეზე, ეს ხალხი დაზარალებულებად არ ცნეს. 20-ლარიან ტელეფონს რომ მოპარავენ ადამიანს, მაშინვე ეს პირი დაზარალებულის სტატუსით იკითხება, ამხელა ზარალი ნახა ხალხმა, ამდენი რამ დაეწვათ და მოწმის სტატუსი აქვთ! სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გადმოატრიალა ივანიშვილის ხელისუფლებამ! როგორც ადვოკატს, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მიღრმავებს ეჭვებს.

- რის ეჭვებს?

- რომ „ბავშვთა სამყარო“ დაწვეს! თუ ეს ხელისუფლების გადაწყვეტილება არ არის, თუ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის, ამ ხალხს რატომ არ აძლევენ დაზარალებულის სტატუსს, რა, ამ ხალხმა ზარალი არ მიიღო?!

- დაემატა რაიმე ახალი მოთხოვნა დაზარალებულების მოთხოვნებს?

- ეს ხალხი ითხოვს ზარალის ანაზღაურებას. მე ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა მოქალაქეს მივმართავ, რომ მხარი დაუჭირონ დაზარალებულებს, მონაწილეობას ნუ მიიღებენ, უბრალოდ მოვიდნენ კვირას და დადგნენ ამ ხალხის გვერდით. ის, ვინც ფიქრობს, რომ ხელისუფლების უშუალო ჩარევით, ან მათი უმოქმედობით ბავშვთა სამყარო გადაიწვა, მოვიდნენ ამ აქციაზე და ამ ხალხის გვერდით დადგნენ. ერთ ადამიანს, რომელსაც 35 ათასი ლარი ბანკის ვალი ჰქონდა, გული გაუსკდა და წინა კვირას დაასაფლავეს, ორი დღის წინ დამარხეს ერთ-ერთი დაზარალებული ქალის შვილი. სამი ადამიანი მოხვდა სტენოკარდიული შეტევებით რეანიმაციულ განყოფილებაში ამ ნერვიულობის გამო.

- ძალიან დიდია მათი ზარალი?

- რა თქმა უნდა! მათ ბანკიდან ვალი აქვთ აღებული, ასი ათასობით ლარის საქონელი ჰქონდათ, რომელიც დაეწვათ. ბინები ქირით აქვთ, ვისაც თავისი სახლი აქვს, ისიც ბანკში აქვთ ჩადებული. ამ ხალხს შიმშილით სიკვდილი ემუქრება! ამაზე ხელისუფლება ამბობს, არ მაინტერესებსო! შე დალოცვილო, თუ შენ გაქვს იმის რესურსი, რომ 20 მილიონი ლარი კონცერტებსა და ტაშფანდურებში გადაიხადო, ასეთ გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანების დასახმარებელი ფული არ უნდა გქონდეს?! ამ ხალხისთვის ეს იყო სტიქიური უბედურება და გაგონილა, ამ დროს მთავრობა აცხადებდეს, ეს მე არ მეხებაო?!

- თუკი არ მისცეს კარვების გაშლის უფლება, რა ზომებს მიმართავთ?

- კვირას გაიმართება დიდი აქცია და ეს აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. ეს ხალხი აცხადებს, რომ რა მნიშვნელობა აქვს, სახლში მოვკვდებით თუ აქ დავიხოცებითო. ეს ხალხი შიმშილით სიკვდილისთვის გაწირა ხელისუფლებამ. თუ არ დაადგმევინებენ კარავს, ჩვენ შევიტანთ პროკურატურაში საჩივარს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით. რასაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი აკეთებდა, იგივეს კეთება დაიწყო ამ ფეოდალმა ხელისუფლებამ! პირდაპირ ეუბნება ადამიანებს, გამოხატვის თავისუფლების უფლებას არ გაძლევო. ყველას გვახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ფაშისტებს ვეძახოდით და ამ დროს კარვები გვქონდა მთელ რუსთაველზე გაშლილი.

- ამით რისი თქმა გსურთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ჯობდა?

- რკინის კარვები გვქონდა მთელ რუსთაველზე და ღამეც არაერთხელ გამითენებია. მაშინ გზაც გადაკეტილი იყო და კანონით ხელისუფლებას უფლება ჰქონდა, რომ გზა გაეწმინდა, თუმცა ამაზე არ წავიდა მიხეილ სააკაშვილი, რადგან ადამიანთა შორის იყო ძალიან დიდი საპროტესტო მუხტი. სააკაშვილმა საპროტესტო მუხტი უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ნუ დაგვავიწყდება, რომ რეჟიმზეა ლაპარაკი! დღეს არც გზას ვუკეტავთ, კუთხეში ვდგავართ, ორი კარვის დადგმას ვითხოვთ და არა, ამის უფლება არ გაქვთო.

- მოიმატებს საპროტესტო მუხტი საზოგადოებაში?

- მოიმატებს და წალეკავს ამ ხელისუფლებს! როცა სჭირდებოდა მოქალაქე ივანიშვილს, კარგად დარბოდა და იხვეწებოდა, ხმა `ოცნებას~ მიეცითო. მეორე ტურზე რომ იხვეწებოდნენ, საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის გვჭირდება, რომ შეგისრულოთ დანაპირებიო, სად არის, დაიწყო შესრულება?! პირიქით, ყველაფერი უკან წავიდა! ასევე სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა დაიწყო. ასევე დაიწყო ნარკოტიკების მასობრივი ჩადება! ყველას გვახსოვს სააკაშვილის მმართველობის ბოლო წელი, ზუსტად იგივე ხდება ახლა.

- რა თვალსაზრისით?

- 2011 წლიდან 2012 წლამდე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა დაინახა, რომ არჩევნებს აგებდა, მასობრივი ნადირობა დაიწყო ხალხზე, აი, ზუსტად იგივე ხდება დღეს. ეს ხელისუფლება იმაზე ცუდად დაამთავრებს, ვიდრე სააკაშვილმა დაამთავრა. სააკაშვილს იმის ტვინი ეყო, გამოეცხადებინა, რომ წააგო არჩევნები, მიხვდა, რომ გაასამართლებდნენ. ეს მაგასაც ვერ მიხვდება, რადგან ხის გადარგვით იქნება დაკავებული. ეს ხალხი ივანიშვილზეა გამწარებული და არა – სხვაზე.

- რატომ მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილზე?

- იმიტომ, რომ ეგ ეხვეწებოდა ყველას, ხმა „ოცნებას“ მიეცითო, ეგ იძლეოდა დანაპირებს, მე ვარ ყველაფერზე პასუხისმგებელიო და დღეს, როდესაც ამდენი პრობლემა დაგროვდა, დამალულია და ხმას არ იღებს! იმხელა საპროტესტო მუხტი მწიფდება, რომ ესენი ამ რისხვას ვერ გადაურჩებიან. როგორ, შენ 7 მილიარდი გქონდეს, კიდევ მე-8 იშოვო და მე ლუკმაპურის შოვნის წყაროსაც მისპობ?! ამას ხალხი არ აპატიებს!

რეზონანსი“, 21 მარტი, 2017 წელი

ქართული ბაზარი რუსულმა საწვავმა დაიპყრო

იმპორტი იაფია, ხარისხიც ნორმალური და ამიტომ რუსული პროდუქტით სულ უფრო მეტი ავტოგასამართი სადგური მარაგდება

მარი ჩიტაია

საქართველოში რუსული საწვავი დომინანტი ხდება. ზედიზედ რამდენიმე თვეა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შემოსული საწვავის წილი მატულობს. 2017 წლის თებერვალში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა სწორედ რუსეთიდან განხორციელდა. ამ ქვეყნიდან 20,8 ათასი ტონა საწვავი შემოვიდა, რაც მთელი იმპორტის 28,8%-ს შეადგენს.

რუსეთი საწვავის იმპორტის ლიდერად იქცა. ამ ქვეყნიდან შარშანაც საკმაო რაოდენობით შემოდიოდა ნავთობპროდუქტები, მაგრამ მაქსიმალურ მაჩვენებელს ახლა მიაღწია. 2016 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა რუსეთიდან 218,8 ათასი ტონა (17,8%) შეადგინა, რითაც აზერბაიჯანული საწვავის იმპორტს გაუტოლდა.

წინა წლებში ეს მაჩვენებლები მინიმალურ ზღვარზე იყო, მაგრამ 2-3 წლის წინ გეზი მატებისკენ აიღო და დღემდე ტემპი არ შენელებულა. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთიდან იმპორტს საკმაოდ კარგი ნიშა უჭირავს და ტენდენციას იგი სამომავლოდაც შეინარჩუნებს.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, ყველაზე დიდი მოთხოვნა რუსული წარმოების დიზელის საწვავზეა. კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ადასტურებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთიდან იმპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

„პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან და, ზოგადად, რუსეთიდან აქტიურად შემოდის ნავთობპროდუქტები, განსაკუთრებით კი დიზელის საწვავი. მუდმივად სტაბილური მოწოდებაა და ტენდენცია 2016 წელსაც გაგრძელდა. შარშან ამ მხრივ ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. საქართველოში დიზელის საწვავის მოხმარება და, შესაბამისად, იმპორტი ყოველწლიურად მატულობს. გარდა ამისა, ტრანზიტად გამავალი ტვირთი ტრადიციულად მაღალ მაჩვენებელზეა და ეს საწვავის რეალიზაციაზეც აისახება”, – აცხადებს ვანო მთვრალაშვილი. მისი ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე გაიზარდა ასევე იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც დიზელის საწვავის იმპორტით არიან დაკავებული.

„საწვავის იმპორტს კომპანიები ძირითადად რუსეთიდან ახორციელებენ, მათ შორის, ბევრი ახალია, რომელთა რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მზარდია. ტრანსპორტირების ხარჯიც არ არის დიდი და ეს ფაქტორიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ ინტერესს იწვევს”, – აცხადებს ვანო მთვრალაშვილი, რომლის შეფასებითაც, რუსული საწვავი ხარისხის მხრივ კარგია და მომხმარებლის მოწონებას იმსახურებს.

„ამ კუთხით ხარისხის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. არც კომპანიებში გამოუთქვამთ პრეტენზია და არც მომხმარებელია უკმაყოფილო. შეიძლება ითქვას, ხარისხი შეესაბამება იმ სტანდარტს, საიდანაც ის მოდის და სრულ შესაბამისობაშია მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმასთან. რუსეთიდან შემოდის როგორც მაღალი კატეგორიის „ევრო-5“-ის საწვავი, ასევე ისეთიც, რომელიც ნაკლები ხარისხისაა, მაგრამ კანონით დადგენილ ნორმას აკმაყოფილებს“, – დასძენს ვანო მთვრალაშვილი.

სპეციალისტები რუსეთიდან იმპორტის გააქტიურების მიზეზად საწვავის შედარებით დაბალ ფასს მიიჩნევენ. როგორც ისინი “ბიზნეს-რეზონანსთან” აცხადებენ, ხარისხის მხრივ პრობლემა არ არის და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შემოსული პროდუქტი დადგენილ ნორმას სრულად აკმაყოფილებს.

ანალიტიკოსი ბექა კემულარია განმარტავს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყველა ბაზარი, რომელიც ხარისხიანი პროდუქტის იმპორტის შესაძლებლობას იძლევა. ყოფილი საბჭოთა ქვეყნები საინტერესოა იმ მხრივაც, რომ იქ პროდუქცია შედარებით იაფია, ტრანსპორტირება ნაკლები ჯდება და ხარისხითაც მისაღებია.

„წინა წლებში იყო შემთხვევა, როცა საწვავის ბაზრის 80% ეკავა აზერბაიჯანულ საწვავს. ბიზნესი თავისით პოულობს იაფ საქონელს. პროდუქციისადმი ინტერესს განაპირობებს ფასი და ხარისხი. ჩვენთვის ერთიც და მეორეც მისაღებია, როცა საწვავის იმპორტს ვახორციელებთ. საქართველოში იგეგმება ქარხნის აშენება, შემდეგ, ალბათ, აქ შეიძენენ, თუკი ამის სურვილი ექნებათ. წინა წლებში პრობლემა ყოველთვის იყო ის, რომ შემოჰქონდათ უხარისხო საწვავი, რეალურად იაფი, მაგრამ საკმაოდ მაღალ ფასში იყიდებოდა. ახლა შემოდის, ვთქვათ, რუსული და ღირს ის ფასი, რაც რეალურად ჯდება, ევროპულთან შედარებით, ხელმისაწვდომ ფასში იყიდება. ასე მუშაობენ არაბრენდირებული ავტოგასამართი სადგურები.

რაც შეეხება მსხვილ კომპანიებს, ქსელში მათაც აქვთ “იაფი” საწვავი, მაგრამ ყიდიან ძვირად. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება შეთანხმებული ფასები, რისთვისაც დაჯარიმდნენ კიდეც. თუკი იაფია საწვავი, მით უფრო საინტერესოა მომხმარებლისთვის და ეკონომიკისთვისაც კარგია, რადგან ნაკლები თანხა გაედინება ქვეყნიდან”, – განმარტავს ბექა კემულარია და დასძენს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი ალტერნატიული ბაზრის გამოყენების მეტი შესაძლებლობა გაჩნდება.

„წლების წინ დომინანტი მდგომარეობა აზერბაიჯანულ საწვავს ეკავა. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, თუკი რუსული თუ ირანული საწვავი გაიყიდება ქვეყანაში, მით უმეტეს, რომ ხარისხით მისაღებია. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. საკმაოდ მკაცრი კონტროლია ამ მიმართულებით და არც უკმაყოფილო მომხმარებელი გვინახავს. სასურველია, კიდევ უფრო მეტ ალტერნატიულ ბაზარზე გავიდეთ. პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ სხვა ინტერესი არ გვაქვს“, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” ბექა კემულარიამ.

რეზონანსი“, 21 მარტი, 2017 წელი

ხელფასის ნახევარზე მეტი საბანკო სესხის მომსახურებას სჭირდება

მოსახლეობას ახლა სამჯერ მეტი ვალი აქვს, ვიდრე 2010 წელს

მარი ჩიტაია

მოსახლეობის მიერ აღებული სესხების მოცულობა 5-6 წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა. მარტო საპროცენტო განაკვეთებში მოსახლეობის ერთ სულზე გადახდილი თანხა, 2016 წლის მონაცემით, 130 დოლარს აღემატება. 2010 წელს ეს მაჩვენებელი 60-65 დოლარის ფარგლებში იყო. ეს ნიშნავს, რომ მარტო სესხის პროცენტებში ხალხი ყოველწლიურად ნახევარ მილიარდ დოლარს იხდის. გასათვალისწინებელია, რომ ეს მარტო კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხებია და მოსახლეობას ასევე საკმაოდ დიდი ვალდებულებები აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართაც, რის გამოც საკრედიტო ხარჯის მოცულობა საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან მძიმე ტვირთია.

ამდენად, განკარგვადი სახსრები სამომხმარებლო ხარჯისთვის მოსახლეობას ძალიან მცირე რჩება. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, საშუალო ხელფასთან მიმართებაში საკრედიტო მომსახურების ვალდებულება 40%-ს შეადგენს.

“ინფლაციის მაჩვენებელში არ ჩანს ხარჯების ზრდა, რომელიც უკავშირდება საბანკო სექტორიდან აღებული კრედიტების მომსახურებას. მიკროსაფინანსოების გარეშე მოსახლეობის ერთ სულზე გადახდილი თანხა 130 დოლარის ეკვივალენტია წელიწადში. ეს საკმაოდ სოლიდური თანხაა. საუბარია პროცენტზე და არა ძირითადი თანხის დაფარვაზე.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მონაცემი ჩვენ შევადარეთ 2010 წლისას. ცხადია, ამ ხნის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა კრედიტის ღირებულების საპროცენტო განაკვეთი და ამან მსესხებლებს გარკვეული შეღავათი მისცა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ აღებული სესხების მოცულობამ მოიმატა, კრედიტებში გადასახდელი თანხაც სამჯერ გაიზარდა”, – აცხადებს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ კრედიტის ასეთი ხარჯი სერიოზულად ურტყამს მოსახლეობის კეთილდღეობას და შემოსავლების სტაბილურობას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში ხელფასის მიმღებთა რაოდენობა ცოტათი აღემატება 700 ათას ადამიანს, ხოლო საკრედიტო დავალიანება აქვს თითქმის ყველა მოქალაქეს, განურჩევლად იმისა, იღებს თუ არა ანაზღაურებას. თუ ავიღებთ მოსახლეობის საშუალო ხელფასის სიდიდეს, გამოდის, მისი 40% სწორედ საკრედიტო მომსახურებას ხმარდება. ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა. შედარებისთვის, ამერიკაში, მაგალითად, მოსახლეობის ერთ სულზე ვალი არის დაახლოებით 65 000 დოლარი.

როდესაც სამეწარმეო აქტივობა სუსტია, ბიზნესიდან შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე დაბალია. კრედიტის ასეთი ხარჯი კი დიდ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის კეთილდღეობას და შემოსავლების სტაბილურობას. ამიტომ გზა არის ორი: შემოსავლების მკვეთრი ზრდა და მისი თანაბარი განაწილება.

მართალია, კოეფიციენტი ბოლო პერიოდში შემცირდა, მაგრამ მასში საბანკო სექტორისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების ზრდა არ არის გათვალისწინებული. ეს რომ შესულიყო, უფრო მკვეთრ სურათს მივიღებდით. საერთოდ, კრედიტებზე დამოკიდებულება წლიდან წლამდე იზრდება და ეს არის საყოველთაო ტენდენცია”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” სოსო არჩვაძემ.

ის, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა განკარგვადი შემოსავლების სიმცირეს უჩივის, სპეციალისტების ფართო წრისათვის კარგად ნაცნობი თემაა. ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ამ პრობლემის გაღრმავებას ლარის გაუფასურებას უკავშირებს. მისი განმარტებით, საკვებსა და სესხების მომსახურებაზე ხელფასების 20%-ზე მეტი არ უნდა იხარჯებოდეს. განვითარებული ქვეყნებისთვის ეს სოციალური პარამეტრი ნორმაა, რომლისგანაც ქართული სინამდვილე ძალიან დაშორებულია.

“შინამეურნეობების ხარჯის ნაკადს თვალი რომ მივადევნოთ, აღმოვაჩენთ, რომ უდიდესი წილი საკვებსა და სესხებზე მოდის. განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი მთლიანი შემოსავლის 20%-ს არ აღემატება. აქედან ოჯახები ყველაზე ცოტას, მაქსიმუმ 10%-ს ხარჯავენ საკვებში და ამდენივეს – გადასახადებში. შემოსავლის დაახლოებით 20% უნდა ხმარდებოდეს სესხის დაფარვას, მაგრამ საქართველოში პირიქითაა, უამრავი ოჯახია, სადაც ხელფასის ნახევარზე მეტი სწორედ კრედიტების მომსახურებისკენ მიიმართება.

საბანკო სესხების მატება ცუდი არ არის, მაგრამ გააჩნია, რა მიმართულებით იზრდება. ბიზნესსესხების ზრდა ნიშნავს, რომ დამატებითი პროდუქცია იქმნება, თუკი იპოთეკური სესხის მოცულობა მატულობს, ესეც დადებითად მოქმედებს ეკონომიკაზე, მაგრამ სამომხმარებლო სესხის ზრდა ნამდვილად არ არის კარგი. საქართველოში მოსახლეობა სესხის დაფარვაზე შემოსავლის თითქმის ნახევარს ხარჯავს, რაც მიანიშნებს, რომ ფინანსური კეთილდღეობის მხრივ მუდმივი რისკის ქვეშ ვდგავართ. ლარის კურსი გაუფასურდა და ვისაც სესხი დოლარში ჰქონდა, შესაბამისად, მისი სესხი უფრო გაზრდილია”, – განმარტავს ჯანიაშვილი და დასძენს, რომ საქართველოში სოციალური ფონი შემაშფოთებელია, რისი დამადასტურებელი სტატისტიკური ინფორმაცია, ოფიციალური თუ არაოფიციალური, საკმაოდ მრავლადაა.

“ჩვენ ვიცით, რომ საბანკო სესხების მომსახურებაზე მოსახლეობა დიდ თანხას ხარჯავს. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხებს, იგი უმეტესწილად სამომხმარებლო ხარჯისთვის გამოიყენება, რაც ოჯახებს თვიდან თვემდე თავის გატანაში “ეხმარება”. ძალიან იშვიათად იღებენ სესხს გრძელვადიანი გათვლისთვის.

ქვეყანაში სოციალური ფონი მძიმეა და ეს სხვა მაჩვენებლებითაც დასტურდება, ვთქვათ, როგორიცაა მშპ ერთ სულ მოსახლეზე და სხვა. მსოფლიო ბანკის მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევით, მოსახლეობის 1%-ზე ცოტა მეტს აქვს 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი წლიურად და დაახლოებით 15% ითვლება საშუალო დონის მოქალაქედ, დანარჩენი ფენა – ღარიბად ან ღატაკად. სამწუხარო რეალობის წინაშე ვართ და ისეთიც არაფერი ხდება ქვეყანაში, რაც ამ სტატისტიკას უკეთესობისკენ შეცვლის. ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი”, – აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.

Comments are closed