globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 21 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 21st, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ინტერვიუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან: “რიგის სამიტი – კომპრომისი ევროპულ რეალობასა და პარტნიორთა მისწრაფებებს შორის”

რეზონანსი: რიგის სამიტისგან მივიღებთ თუ არა რაიმე ხელშესახებ შედეგს?

რეზონანსი: ინტერვიუ ირკალი სესიაშვილთან: მომავალ წელს რომ „მაპ“-ს მივიღებთ, ამის მოლოდინს არ ვაჩენთ

რეზონანსი: ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს, ეს არაფორმალური დიალოგია

„ალია“: რა აზრი აქვს ჩვენი მთავრობის სამიტზე წასვლას და რისთვის ჩადის სააკაშვილი რიგაში?

———————-

რეზონანსი“, 21 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან: “რიგის სამიტიკომპრომისი ევროპულ რეალობასა და პარტნიორთა მისწრაფებებს შორის

ზურაბ მაჭარაძე, (ბრიუსელი)

(შემოკლებით)

“აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგის სამიტის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და აზერბაიჯანის ოთხ მედიასაშუალებას, მათ შორის “რეზონანსს”, გააცნო, თუ როგორ ხვდებიან მონაწილენი მნიშვნელოვან ღონისძიებას და როგორია მისი ხედვა ინიციატივის მომავლის შესახებ.

(…)

პრეზიდენტის აზრით, რიგის სამიტის მთავარი მიზანია, სახელმწიფოებრივი მშენებლობის გარანტირება და ევროკავშირის მზაობა, დაეხმაროს პარტნიორებს ამ ძალიან რთულ და კომპლექსურ პროცესში.

“აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხანდახან ძნელია კომპრომისის მონახვა არა მარტო ევროკავშირის 28 წევრს შორის, არამედ ექვს პარტნიორ ქვეყანას შორისაც. სამიტის წინ რთული მოლაპარაკება იყო, მაგრან ჩვენ მაინც შევძელით ერთიანი პოზიციის მიღწევა. ჩემი მოწოდებაა ლიდერებისადმი, რომ უკმაყოფილება კი არ გამოხატონ, არამედ ჯეროვნად შეაფასონ მიღწეული შედეგი,” – მოუწოდა პრეზიდენტმა ტუსკმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერებს და დაუმატა, რომ მიღწეული შედეგი “რთულ სიტუაციაში მიღწეულ კომპრომისს წარმოადგენს.”

(…)

“რეზონანსის” კითხვაზე, ექვსი პარტნიორი ქვეყნის განსხვავებული მიზნებიდან გამომდინარე, ხომ არ ხედავს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ორ ნაწილად გაყოფის აუცილებლობას, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ფორმატის შეცვლის საჭიროებას ვერ ხედავს. “სავსებით ცხადია, რომ სხვადასხვა ქვეყნების მიმართ ჩვენ გვჭირდება განსხვავებული ინსტრუმენტები, უნარ-ჩვევები და მეთოდები. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ თანამშრომლობა შესაძლებელია არსებულ ფორმატში. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ უნდა დავანაწევროთ არსებული, ექვსი ქვეყნისაგან შემდგარი პოლიტიკური ფორმატი და გამოვიყენოთ განსხვავებული ინსტრუმენტი თითოეული მათგანისათვის. რა თქმა უნდა, ჩვენი განზრახვაა, და რიგის სამიტზე ალბათ ეს პირველად ნათლად დადასტურება, პარტნიორებისადმი დიფერენცირებული მიდგომა. ჩვენი მიზანია არა რაიმეს გაყოფა, არამედ წინსვლა და ეფექტურობის ამაღლება,” – განაცხადა ტუსკმა.

რეზონანსი“: ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში შიდა და გარე ფაქტორების გამო მოხდა საქართველოს ეროვნული ვალუტის დევალვაცია, გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეოაბა. მეორე მხრივ, შარშან ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას. ეს ორი მოვლენა არაა დაკავშირებული ერთმანეთთან. ხომ არ ფიქრობთ, რომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, რათა მოქალაქეებმა იგრძნონ ხელშესახები შედეგები, მე, რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს უვიზო მიმოსვლა…

დონალდ ტუსკი: უპირველეს ყოვლისა, უვიზო რეჟიმი ანუ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელოვანი, არსებითი შემადგენელი ნაწილია. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ეს არაა რაიმე საჩუქარი იმედისმომცემი პარტნიორი ქვეყნებისათვის. ასეთია არსებული წესი და ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიცირებისას. მოლდოვას მოქალაქეები უკვე სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით.

ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ პროექტს. ჩვენთვის, ევროპისათვის, ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური კეთილგანწყობის დემონსტრირება. ეს უნდა იყოს ტექნიკური, პრაქტიკული და სამართლებრივი პროცესი, რადგან უვიზო რეჟიმი შეიძლება იყოს მხოლოდ პროცესის დასასრული, რომელიც მოიცავს პარტნიორ ქვეყნებში პროცედურებისა და ინსტიტუტების გაუმჯობესებას. თავის მხრივ, ჩვენ მზად ვართ, ყოველმხრივ შეგიწყოთ ხელი, მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი დახმარება.

მაგრამ უვიზო რეჟიმის მინიჭება არ არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენ გვჭირდება როგორც ევროკავშირის ინსტიტუციების, ასევე ყველა 28 წევრი ქვეყნის თანხმობა. თქვენ ალბათ საქმის კურსში ხართ, რომ შენგენის ზონასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აქვთ წევრ ქვეყნებსაც კი – რუმინეთსა და ბულგარეთს იმიტომ, რომ ჩვენი წევრი ქვეყნები ძალიან მგძნობიარენი არიან, როცა საქმე ეხება წესებისა და პროცედურების დაცვას, ამ შემთხვევაში თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებში.

მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ… შესაძლებელია, უკვე ნოემბერში ევროკომისიის ტექნიკურმა ჯგუფმა მოამზადოს შემდეგი დაკვნა და თუ ყველა პირობა იქნება დაკმაყოფილებული, ეჭვგარეშეა, რომ ან მომავალი წლის დასაწყისში ან ცოტა მოგვიანებით, გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მე, ჩემი მხრივ, მზად ვიქნები, ძალისხმევა არ დავიშურო ჩვენი ევროპელი პარტნიორების დასარწმუნებლად, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი მიანიჭონ.

მინდა ნათლად განვაცხადო, რომ დონბასში შექმნილი კრიტიკული სიტუაცია არ წარმოადგენს უვიზო რეჟიმის შემოღების შემაფერხებელ პირობას. მე ვიცი, ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებების შესახებ, რომ სანამ დონბასში გრძელდება კონფლიქტი, ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ. მაგრამ ეს არ იქნება სამართლიანი, რადგან გამოდის, რომ გასაღები არის რუსეთის ხელში და მისი თანხმობაა საჭირო. იგივე მიდგომა გვქონდა მოლდოვასთან მიმართებაშიც, რადგან მასაც აქვს დნესტრისპირეთთან დაკავშირებული მსგავსი პრობლემა. ჩემი პოზიციაა, რომ მიდგომა ყველას მიმართ უნდა იყოს ერთნაირი. (…)

რეზონანსი“, 21 მაისი, 2015 წელი

რიგის სამიტისგან მივიღებთ თუ არა რაიმე ხელშესახებ შედეგს?

ლიკა ამირაშვილი

“აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგით მეოთხე სამიტი რიგაში 21-22 მაისს გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში უკვე გაემგზავრა. “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე საქართველოს დელეგაციას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე.

საქართველო ამ თავყრილობაზე ორ მნიშვნელოვან საკითხზე ელოდა გადაწყვეტილების მიღებას – ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლაზე და სამიტის დეკლარაციაში ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაფიქსირებას, ანუ ევროკავშირში გაწევრიანებაზე პრინციპული თანხმობის მიღებას.

თქვენი აზრით, რიგის სამიტისგან მივიღებთ თუ არა რაიმე ხელშესახებ შედეგს? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

მიშა მშვილდაძე (პროდიუსერი): არ ვიცი. ცოტა დრო დარჩა და პროგნოზის გაკეთება, რას უნდა ველოდოთ, სისულელეა. სჯობს, დაველოდოთ და ზუსტი პასუხი გვეცოდინება.

ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): რა სისულელეა. ნოემბერში შეიძლება რაღაც შედეგი ვნახოთ, მაგრამ რიგის სამიტზე არ მგონია, რომ ხელშესახები შედეგი მივიღოთ. ყოველ შეთხვევაში, დაპირებები იქნება, გვეგონება, რომ ძალიან კარგი პასუხი მივიღეთ. სინამდვილეში კი არაფერი კარგი არ იქნება. თუმცა მაინც ჩვენს ქვეყანას წარმატებას ვუსურვებ.

იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): არაფერს კარგს არ მივიღებთ. არ ვიცი, ჩვენი ხალხის მოტყუება როდემდე უნდა გაგრძელდეს. მაინტერესებს, როდემდე უნდა გაგრძელდეს? კარგად ვიცით, ჩვენ რომ დამაიმედებელ სიტყვებს მივიღებთ, მაგრამ მხოლოდ სიტყვები იქნება, მეტი არაფერი. დაგვიწესებენ, რა უნდა გავაკეთოთ და მოგვცემენ დამაიმედებელ იმედებს. სამწუხაროდ მე რასაც ჩვენს პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს ვუყურებ, ერთ პოზიციაზე არ არიან.

დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): რიგის სამიტზე უნდა ველოდოთ მხოლოდ იმას, რომ რაც ქვეყანაში გაკეთდა, იმას შეაფასებენ. რაც ვერ გაკეთდა და ბოლომდე ვერ მიიყვანეს, იმაზე შენიშვნას მივიღებთ. მე მგონი, ყველაზე სწორი ეს იქნება. უაზრო მოლოდინის გაჩენა არ არის საჭირო. რისი გაკეთებაც შეიძლება, მხოლოდ იმას ველოდები, რისი ღირსებიც ვიქნებით, იმას მივიღებთ. მე მგონი, ბევრი კარგი რეფორმა ჩატარდა, რასაც აუცილებლად დაგვიფასებენ.

გია ბუღაძე (ფერმწერი): მგონია, რომ მოგვეფერებიან, იმედს მოგვცემენ, გვეტყვიან, რომ საჭირო და კარგი ხალხი ვართ. იმედს მოგვცემენ, რომ შემდგომში ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ დღეს ასე უნდა ვიყოთ. იმას ხომ არ იტყვიან, რომ რუსების ეშინიათ? მართლაც მძიმე მდგომარეობაა. ასე რომ, მხოლოდ და მხოლოდ კეთილი სიტყვებით და მომავლის დაპირებებით შემოიფარგლებიან. იმედია, მომავალში ეს დაპირებები რეალობად იქცევა, თუმცა ჯერჯერობით არაფერს კარგს არ ველი, გარდა კეთილი და ლამაზი სიტყვებისა.

რეზონანსი“, 21 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ ირკალი სესიაშვილთან: მომავალ წელს რომ მაპ“- მივიღებთ, ამის მოლოდინს არ ვაჩენთ

თიკო ოსმანოვა

“მომავალ წელს რომ საქართველო მაპს მიიღებს, ამის არანაირ მოლოდინს არ ვაჩენთ, მაგრამ ყოველდღიურად უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა ინტეგრაციის გზაზე, რომ შესაბამისი პოლიტიკური საკითხები დავაყენოთ და თუ ამას გაითვალისწინებენ, ძალიან კარგი იქნება,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს და პარლამენტებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯის – გაწევრიანების სამოქმედო გეგმის – მინიჭებისკენ მოუწოდებს. გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-60 სხდომაზე მიიღეს, რომელიც ბუდაპეშტში 15-18 მაისს გაიმართა.

ასამბლეზე მიღებული დეკლარაციის შესახებ „რეზონანსი“ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა.

– ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მიიღეს დეკლარაცია, რომელიც ნატოს გაფართოებას ეხება. ეს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წარმატება და წინსვლაა. ასევე, რამდენიმე ადგილას გაკეთდა ჩანაწერი საქართველოზე, სადაც აღნიშნულია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობის შესახებ.

საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავრობებსა და პარლამენტებს, განაგრძონ „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ იმპლემენტაციის მხარდაჭერა და ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, როგორც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯი, მიანიჭონ ქვეყანას გაწევრიანების სამოქალაქო გეგმა – მაპი. ეს არის ძალიან ძლიერი საშუალება ნატოს გაწევრიანების გზაზე.

ამ დეკლარაციის ფონზე, რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ნატოს მომავალ სამიტთან დაკავშირებით.

– აქ საუბარია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ განცხადებაზე. რაც შეეხება მაპის საკითხს, ყველა მიმართულებით უნდა მოხდეს ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმალური გამოყენება. ამ შემთხვევაში ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ, რომლის ხელმძღვანელი გახლავართ, მოვახერხეთ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ისეთ ჩანაწერს მხარი დაუჭირა, რასაც პოლიტიკური ღირებულება აქვს და არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საქართველოს მნიშვნელოვანი კომპონენტი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე.

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ყოველთვის გამოკვეთილად უჭერდა მხარს და ამისთვის მათ დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმუშავეთ აქტიურად სხვადასხვა დელეგაციებით ჩამოვაყალიბეთ ისეთი ფორმულირება, რომელიც კოლეგებისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები იქნებოდა. ვესაუბრეთ წამყვან ქვეყნებს და შედეგიც დავაფიქსირეთ. დეკლარაციას თითქმის ყველა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა. მხოლოდ ორი დეპუტატი იყო წინააღმდეგი.

რომელი ქვეყნის დეპუტატებმა არ დაუჭირეს მხარი?

– არ მინდა ახლა ამაზე ვისაუბრო. თუმცა ეს იყო დეპუტატების ინდივიდუალრი გადაწყვეტილება და არა – ქვეყნის.

და მაინც, რამდენადწონიანიქვეყნის დეპუტატები იყვნენ და ეს ხომ არ მოახდენს რაღაც გავლენას მომავალ სამიტზე?

– არა. ნატოს გზაზე შემდგომი ნაბიჯების გადადგმა ძირითადად მთავრობის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ამაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, ბევრი მუშაობა გვიწევს. ამით არ ვაჩენთ მოლოდინს, რომ მომავალ წელს საქართველო მაპს მიიღებს. თუმცა ყოველდღიურად უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომ ინტეგრაციის გზაზე შესაბამისი პოლიტიკური საკითხები დავაყენოთ და თუ ამას გაითვალისწინებენ, ძალიან კარგი იქნება.

მაპის მოლოდინს არ აჩენთ, მაშინ ნატოს მომავალ სამიტზე რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ?

– საქართველოს მიმართ მუდმივად ფიქსირდება ძალიან სერიოზული მხარდაჭერა, რომელიც მზარდი ხასიათისაა. თავისთავად ცხადია, რომ ეს არის პროცესი და ამაში თითოეულმა ჩვენგანმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. ამ შემთხვევაში  პარლამენტმა ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ეს გავაკეთეთ.

ეს პროცესები გაგრძელდება, თუმცა ჩვენ გარე ფაქტორებზეც ვიქნებით დამოკიდებული. ამ პროცესში მაქსიმუმი მოგვეთხოვება და ასევეც უნდა მოვითხოვოთ.

აღნიშნულ დეკლარაციაში რუსეთთან დაკავშირებით თუ ჩაიწერა რამე?

დეკლარაციაში არა, მაგრამ სხვადასხვა ანგარიშებში ყველგან აღნიშნულია უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ანექსიის და ოკუპაციის შესახებ. ამავე დეკლარაციაში არის მითითებული, რომ ნატოსა და ასპირანტ ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე და ნატოში ინტეგრაციაზე მესამე ძალა ზეგავლენას ვერ მოახდენს.

რეზონანსი“, 21 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს, ეს არაფორმალური დიალოგია

იაგო ნაცვლიშვილი

“ინფორმაცია, თითქოს ეს კარასინის ახალი თანამდებობაა, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს პოსტი გულისხმობს იმას, რომ კარასინი დსთ-ს სივრცესა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ურთიერთობას კურირებს. ამ საკითხებზე პრეზიდენტის დავალებით მუშაობს, ამიტომ როდესაც რუსეთის დუმაში რაიმე დოკუმენტი შედის რატიფიცირებისათვის, ამ დოკუმენტებს კარასინი წარადგენს. ასე იყო შარშანაც, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმდა ე.წ. სამეკავშირეო ხელშეკრულება. ჩვენი დამოკიდებულება ამ “ხელშეკრულებების” მიმართ ცნობილია, ესაა აბსოლუტურად უკანონო დოკუმენტები,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

გიორგი კარასინის ახალი თანამდებობა მოლაპარაკებათა ფორმატში ცვლილებებს ხომ არ გამოიწვევს?

– ეს ინფორმაცია, თითქოს ეს კარასინის ახალი თანამდებობაა, სიმართლეს არ შეესაბამება. ახალი თანამდებობა არ არის. ეს პოსტი გულისხმობს იმას, რომ კარასინი დსთ-ს სივრცესა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკელებთან ურთიერთობას კურირებს. ამ საკითხებზე პრეზიდენტის დავალებით მუშაობს, ამიტომ, როდესაც რუსეთის დუმაში რაიმე დოკუმენტი შედის რატიფიცირებისათვის, ამ დოკუმენტებს კარასინი წარადგენს.

ასე იყო ახლაც, როდესაც ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გაფორმებული „ხელშეკრულების“ დოკუმენტი დუმაში რატიფიკაციისთვის შევიდა. ასე იყო შარშანაც, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმდა ე.წ. სამეკავშირეო ხელშეკრულება. ჩვენი დამოკიდებულება ამ „ხელშეკრულებების“ მიმართ ცნობილია,ესაა აბსოლუტურად უკანონო დოკუმენტები.

.. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ესხელშეკრულებარამდენიმე თვის წინ გაფორმდა. თუ ამ საკითხებზე კარასინი დიდი ხანია მუშაობს, მაშინ რატომ გახდა ეს თემა აქტუალური დღეს?

დღეს იმიტომ გახმაურდა, რომ მომზადებული დოკუმენტი რუსეთის სათათბიროში რატიფიცირებისათვის ახლა შევიდა, სწორედ კარასინის წარდგენით. შწარშან აფხაზეთთან გაფორმებული ხელშეკრულების დოკუმენტიც კარასინმა შეიტანა.

ის ფაქტი, რომ თქვენი ფორმატის მოლაპარაკებაში რუსულ მხარეს წარმოადგენს კარასინი და აავე დროს ის ლობირებს ჩვენი ტერიტორიებისაფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისოკუპაციას, ეს ურთიერთობისას გარკვეულ უხერხლობას არ ქმნის?

– ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ საქართველო რუსეთთან პრაღაში არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებს. ეს ოფიციალური კონსულტაციებიცკი არ არის. ეს არის არაფორმალური დიალოგი სავაჭრო-ეკონოიკურ საკითხებზე, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ ურთიერთობაზე.

ამ დიალოგს ცალსახად მხარს უჭერენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ნატოს ხელმძღვანელობა,, ევროკავშირი და ა.შ. ისინი თვლიან, რომ ეს დიალოგი უნდა გავაგრძელწოთ და შევეცადოთ, რომ ინტერესთა შეხების წერტილები გამოვნახოთ. ასეთია დასავლეთის პოზიცია რომ რაც უნდა რთული იყოს დიალოგი, საუბარი მაინც უნდა გავაგრძელოთ.

კი ამბობთ, რომ ეს არ არის მოლაპარაკება, მაგრამ ამ არაფორმალური დიალოგის მიმართ საკმაოდ მაღალი ინტერესია საზოგადებაში

– საერთოდ ასეა, რომ არაფორმაწლური დიალოგისას განსაკუთრებული მოლოდინი არ არსებობს. ამას ვამბობდით თავიდანვე, რომ ნურავის ექნებოდა იმის მოლოდინი, რომ ეს დიალოგი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შექმნილ მძიმე ვითარებას განმუხტავდა. სეთ გაზვიადებულ მოლოდინს არ ვქმნიდით და არც ახლა ვქმნით.

კარგად იცით, რომ ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხები ჟენევაში, ოფიციალური მოლაპარაკების ფორმატში განიხილება.

ექსსაგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რომ ხედავს იმის საფრთხეს, ჟენევაში განსახილველმა საკითხებმა თქვენი და აბაშიძის დიალოგის ფორმატში გადმოინაცვლოს

– მე არ მინახავს ქალბატონი მაიას ეს კომენტარი, თუმცა ამის შესახებ მსმენია მისი პოზიცია. როდესაც ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელძმღვანელობდა, მაშინ ამ დიალოგის გაგრძელებას ძალიან მტკიცედ უჭერდა მხარს. მას შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ბევრი არაფერი შეცვლილა. შეიცვალა ის, რომ ქალბატონი მაია აღარ არის მინისტრი. ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში განსახილველი საკითხები ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადმოინაცვლებს ჩვენს დიალოგში.

ფანჯიკიძემ დაასახელა კონკრეტული მაგალითი. მან თქვა, ომ თქვენს ფორმტში საბაჟოსაკითხების განხილვა მოხდება. მისი ცნობით, აქამდე შვეიცარიული კომპანია იყო ჩართული და მოლაპარაკების მთავარი მწარმოებელი შევიცარიული მხარე იყო. თქვენი და კარასინის ბოლო შეხვედრისას კი იყო საუბარი, რომ ამას ქართულ-რუსული მხარეები პირდაპირი საუბრისას განიხილავენ.

– ამ პროექტს რაც შეეხება, ის შვეიცარული კომპანიის მეშვეობით უნდა განხორციელდეს. ამაში შვეიცარიული მხარე ისევეა ჩართული, როგორც ეს აქამდე იყო. ეს არის სამმხრივი პროექტი და შვეიცარიის მონაწილეობის გარეშე ვერავითარ შემთხვევაში ვერ ამოქმედდება. ეს საკითხი ჟენევის ფორმატში არასდროს არ განხილულა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჟენევის მოლაპარაკების თემა არ არის. ეს არის 2011 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომელიც უახლოეს თვეებში უნდა ამოქმედდეს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თქვენი ფორმატი ფართოვდება. კონკრეტულად რა ცვლილებები იგეგმება, მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებს შეეხება თუ პოლიტიკური ნაწილიც დაემატება?

– დიალოგის არსებულ ფორმატს დაემატება ერთი წარმომადგენელი ეკონომიკის სამინისტროდან, ექსპერტ-ეკონომისტი, ასევე იქნება რუსეთის მხრიდანაც.

ვინაიდან საუბარი ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ პროცესში ეკონომიკის სპეციალისტები ჩართულიყვნენ. იყო გამოთქმული შეფასებები, რატომ არ მონაწილეობენ სპეციალისტები და რატომ მონაწილეობენ მხოლოდ აბაშიძე და კარასინიო. გავითვალისწინეთ ჩვენ ეს პზიცია და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

პოლიტიკურ ელემენტს რაც შეეხება, ამას მე ვერ ვხედავ. უბრალოდ, იქნება უფრო კვალიფიციური განხილვის შესაძლებლობა.

„ალია“, 21 მაისი, 2015 წელი

რა აზრი აქვს ჩვენი მთავრობის სამიტზე წასვლას და რისთვის ჩადის სააკაშვილი რიგაში?

გელა ზედელაშვილი

(შემოკლებით)

რიგის სამიტის წინ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა „ასოშეიტედ პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მაგარი პროვოკაციული „რეჩი“ დაარტყა. მისი თქმით, საქართველო ჯერ კიდევ გრძნობს სამხედრო საფრთხეს რუსეთისგან: „თუ დასავლეთის მხრიდან რუსეთის ქმედებები მკაცრად არ დაიგმობა, მსგავსი ქმედებები რუსეთმა შესაძლოა, სხვა მოსაზღვრე ქვეყნებშიც გაიმეოროს. საქართველოს საფრთხე კრემლის პროპაგანდისგანაც ემუქრება, რომელიც ცდილობს, მოსახლეობაში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს, განსაკუთრებით უკრაინაში მისი ჩართულობის გამო. რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა სააგენტო „სპუტნიკმა“ საქართველოში ფუნქციონირება დაიწყო, რომელიც ახალი ამბების მიწოდებას ქართულად და რუსულად უზრუნველყოფს.

კრემლის პროპაგანდის მიზანია, ქართველებს საკუთარ არჩევანთან – ევროპასთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით კითხვა გაუჩნდეთ, რომ ნატო და ევროკავშირი უახლოეს მომავალში წევრობას არ სთავაზობს. ძირითადი გზავნილია – ევროპელები არ ზრუნავენ თქვენზე, თქვენ მიტოვებული ხართ, არჩევანი არ გაქვთ და საქართველოს ევროპული არჩევანი განწირულია~.

რუსეთის პოზიციები და აგრესია რომ დასაგმობია, ეს ვიცით, ეს გასაგებია, მაგრამ რა საჭირო იყო რიგის სამიტამდე ერთი დღით ადრე ასეთი განცხადებების გაკეთება? მერედა რა არის ამაში გასაკვირი, ან რაში ტყუის იგივე კრემლი, უახლოეს მომავალში ნატო და ევროკავშირი წევრობას გვთავაზობს და ჩვენ კიდევ უარზე ვართ? მარგველაშვილმა, თავისი ჭკუით, სამი კურდღელი მოკლა: პირველი – კოჭი გაუგორა დასავლეთს და კიდევ ერთხელ წაექლესავა ამერიკელებს, მეორე – თავისებურად დაარტყა რუსეთს, მესამე – ასევე, თავისებურად დაარტყა საქართველოს მთავრობას, რომელიც უკვე ფიქრობს რუსეთის ხელმძღვანელობასთან მაღალი დონის შეხვედრაზე.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი დიპლომატიურ ენაზე და რას მივიღებთ შედეგად?

„ალიას“ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრება:

- სანამ მარგველაშვილის საქციელზე გეტყვი, გადავხედოთ, როგორი დინებაა ევროპასა და ამერიკაში: ცოტა ხნის წინ სოჭში პუტინს ეახლა ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი. ეს ადამიანი წასული არც იყო, ანგელა მერკელი ხელად ჩაცუნცულდა მოსკოვში. ერთისა და მეორის ჩასვლაც პუტინთან, იყო კომპრომისები დასავლეთის მხრიდან. მარგველაშვილს ამერიკელებმა ინგლისურ ენაზე აუხსნეს, როგორ უნდა დაიკავოს დასავლური, ანუ „სწორი“ პოზიცია. აი, ახლა იკავებს „სწორ“ პოზიციას. თუ მარგველაშვილს ჰგონია, ანტირუსული რიტორიკით რიგის სამიტზე ვინმეს გულს აუჩუყებს და სავიზო რეჟიმს გაგვიმარტივებენ, ძალიან ცდება. ეს თვითონაც კარგად იცის, მაგრამ მომენტი ნახა და თავისებურად გამოიყენა.

- ბატონო სოსო, უკვე ყველამ ვიცით, რომ რიგის სამიტზე არაფერს არ მოგვცემენ, ვიზალიბერალიზაციამაც ჩაილურის წყალი დალია. არის კიდევ ისეთი რამ, რაც ცოტაოდენ მაინც დაგვამშვიდებს?

- დასავლეთში მოღვაწე პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებს აქვთ ძალიან დიდი ტალანტი, რომ დაგპირდნენ, კმაყოფილი დაგტოვონ და სინამდვილეში არაფერი მოგცენ. შეგაქებენ, უცებ ცაში აგიყვანენ, შენ უკვე თავბრუ გეხვევა წარმატებებისგან, გიხარია, რომ გთვლიან თავიანთ წევრად, მაგრამ ერთ დღესაც ეიფორია გაგივლის, რაღაც დოკუმენტს დახედავ და მიხვდები, თურმე არაფერია სასიხარულო, ეფექტი ნულია.

დაუკვირდი, აქამდე არ იყო დაზუსტებული, რას ნიშნავს ვიზა-ლიბერალიზაცია, ჩვენ იმითაც კმაყოფილი ვიქნებოდით და ვიქნებით, თუკი გამარტივდება სავიზო რეჟიმი სტუდენტებისთვის, ბიზნესმენებისთვის, მეცნიერებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ასე შემდეგ. თუ ოდნავ მაინც შეაღეს კარი და ცალი ფეხი მაინც შეგვადგმევინეს, ეგეც კარგი იქნება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეგეც არ იქნება, მხოლოდ დაპირებებით გამოგვისტუმრებენ.

დღეს ევროკავშირისთვის პრიორიტეტი არის ე.წ. ტერორისტული ტურიზმის აღკვეთა. ევროპაში ამჟამად ძალიან ბევრი მუსლიმანი ცხოვრობს, კაცები ტურისტების სტატუსით მიდიან სირიასა და ერაყში საბრძოლველად, 5-6 თვე რჩებიან. ასევე, მიდიან გოგოები მათ დროებით ცოლებად და მერე ისევ ბრუნდებიან ევროპაში. აი, ეს არის ახლა მთავარი თემა, შენი ვიზა-ლიბერალიზაცია და კიდევ თავის ზედმეტი ტკივილი ვის სჭირდება? ტურისტული ტერორიზმი, როგორც ტერმინი, ორი კვირაა, რაც გაჩნდა.

- გამოდის, ჩვენი მთავრობის წევრები ამ სამიტებზე სასეირნოდ დადიოდნენ და ახლაც რიგაში საგულაოდ ჩავიდნენ

_ ეს იქნება მორიგი ტურისტული მოგზაურობა, იქ იქნება ღიმილები, მხარზე ხელის დარტყმები, ხელის ჩამორთმევები… ასევე, იქნება გამოსვლები, მეგობრული რიტორიკა: აი, ჩვენ ევროპა ვართ, ჩვენ ევროპულ ღირებულებებს ვეთაყვანებით. ამის შემდეგ ჩამოვლენ, აქ დაიწყება კიდევ მოსახლეობისთვის ნაცრის შეყრა. ხომ იცი, რომ ესენი იხტიბარს მაინც არ გაიტეხენ და არ იტყვიან, რომ მოგვატყუეს.

- ანუ ჩვენ, რიგით მოკვდავებს, ისევ არაფერი, ხომ? მორიგი ტყუილებით აგვავსებენ.

- არაფერი დაპირებებისა და ნაცრის შეყრის გარდა.

- ჩვენ, მოქალაქეები ამის შემდეგ როგორ უნდა მოვიქცეთ, ტყუილებსაც საზღვარი აქვს.

- უნდა გავბრაზდეთ და აგერ, 2016 წლის არჩევნებიც კარს მოგვადგება. აქ ერთი პრობლემაა, რომელსაც არავინ აქცევს ყურადღებას, დღეს ქვეყანას აკლია შემტევი კაცები, მთავრობაშიც სულ ისეთები არიან, რომლებიც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას არ, ან ვერ იღებენ. მაგალითად, დღეს მართლა გაურკვეველია, ბოლოს და ბოლოს, ვარეგულირებთ თუ არა რუსეთთან ურთიერთობას? მე ზურა აბაშიძეს უკვე 40 წელია ახლოს ვიცნობ,ეს არის ძალიან რბილი ინტელიგენტი, საჯაროდ არ გამოვა არასოდეს და ხალხს არ აუხსნის, რა ხდება. არც მწვადს წვავს, არც შამფურს. დღეს არავინ არის მთავრობაში, რომელიც იტყვის: ხალხო, ევრაზიული კავშირი არ გვინდა, ეს არ გვინდა, ის არ გვინდა, მაგრამ რუსეთის ბაზარი ხომ გვინდა? გავიდეთ ხალხში და დავსვათ შეკითხვა არა ევრაზიულ კავშირზე, არამედ რუსეთის ბაზარზე და რამდენ პროცენტს მივიღებთ, იმასაც ვნახავთ.

გამოდის ბიძინა ივანიშვილი და გვეუბნება, ქვეყანაში „რუსთავი 2“ დომინირებსო, ეს სიმართლეა, მაგრამ შენ ამ დროს უნდა შექმნა ალტერნატივა, ბოლოს და ბოლოს, გაზეთები მაინც გააძლიერე, რომ მოსახლეობა დაიცვა არასასურველი პროპაგანდისგან.

მარგველაშვილი რომ იძახის, „სპუტნიკი“ შექმნეს რუსებმაო, ეს რაში გვჭირდება, მაგას ვინ უსმენს? მე მახსოვს, თავისუფალ პრესას ივანიშვილი რაღაცებს ჰპირდებოდა და ამანაც ჩაიარა. რა შეცდომებიც დაუშვა სააკაშვილმა, იგივეს იმეორებენ ესენიც.

(…)

- ბატონო სოსო, რიგაში 21 მაისს, ასევე, ჩადის მიხეილ სააკაშვილი და ჩადიან ნაციონალებიც, კერძოდ, დავით ბაქრაძე.

- სააკაშვილის მიზანი მხოლოდ ისაა, რომ ჩავიდეს რიგაში. მას არ ექნება ოფიციალური შეხვედრები, მაგრამ ხომ იქნებიან ჟურნალისტები, რომლებიც გამოეკიდებიან და შეკითხვებს დაუსვამენ? მიშა არ ნებდება, პიარს იკეთებს, რომ არავის დაავიწყდეს. ამას ავალებენ თავისი მამები ამერიკიდან, მათ აწყობთ. აქ „ევროპის სახალხო პარტიაა“ ჩართული და ამით ყველაფერია ნათქვამი. რიგაში ჩასვლა სააკაშვილს დიდ პოლიტიკურ დივიდენდებს ვერ მოუტანს, მაგრამ მას აქვს ერთი მიზანი, სულ უნდა იტივტივოს. თუ დღევანდელმა ხელისუფლებამ პრობლემებს თავი ვერ გაართვა, რა თქმა უნდა, დაბრუნების იმედი უფრო მეტად ექნება. პოლიტიკა დიდი მოულოდნელობებით არის სავსე. თან ახალგაზრდაა, მოიცდის, დეგოლიც იცდიდა 10 წელი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ. შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ მეთოდი იგივეა, მიშას დღეს სჭირდება პიარი და ის, რომ არავის დაავიწყდეს.

Comments are closed