globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 21 მაისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on May 21st, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: „ოცნების“ „დაუფიქრებელი განცხადებების” რეკორდსმენები // „ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჯერ ამბობენ და შემდეგ ფიქრობენ და “ოცნებას” ეს ტრადიციასავით აქვს”

რეზონანსი“: ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „სამწუხაროა, რომ ირაკლი ალასანიამ ყოფილი თანამშრომლები პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქცია“

———

„ვერსია“: პოლიტიკური თამაშები ანუ გატყუებენ „ნაცები“, ბატონო პაატა!

———

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „დავით კოღუაშვილმა შოკში ჩაგვაგდო“ // „მოვითხოვთ განმარტებებს „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და პაატა ბურჭულაძისაგან“ // „ხალხი ბურჭულაძე-ნაცმოძრაობის გაერთიანებას მხარს არ დაუჭერს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გია ცაგარეიშვილთან: “გიორგი მარგველაშვილმა კაბელების საქმის პატიმრები უნდა შეიწყალოს“ // „აქციები სხვა დაწესებულებებთანაც გაიმართება“

———————

რეზონანსი“, 21 მაისი, 2016 წელი

ოცნების“ „დაუფიქრებელი განცხადებებისრეკორდსმენები

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჯერ ამბობენ და შემდეგ ფიქრობენ დაოცნებასეს ტრადიციასავით აქვს

ეკატერინე ბასილაია

დავით კოღუაშვილმა, რომელიც მხოლოდ სულ რაღაც ერთი კვირის წინ აირჩიეს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალ წევრად, უკვე მოასწრო ის, რომ პარტიის წევრთა შორის “დაუფიქრებელი განცხადებების” რეკორდი მოეხსნა, და ასეთი შეფასება თავად პარტიის თავმჯდომარის, პრემიერ კვირიკაშვილის მხრიდან დაიმსახურა.

“დავით კოღუაშვილი ჩემი ახლო მეგობარია მას ნამდვილად ვერ დავწამებ, რომ ის რაიმე დადებითს განიცდის სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, თუმცა უნდა ვთქვა: სამწუხაროა, რომ მან ორიოდე დღეში მოხსნა ყველანაირი რეკორდი ძალიან დაუფიქრებელი განცხადებებისა,” – ასე გამოეხმაურა კვირიკაშვილი კოღუაშვილის ინტერვიუს, სადაც მან ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას მიმართ სიმპათიები გამოხატა, მათ დროს გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ ყოფილ მერს ციხეში დიდხანს დარჩენა აღარ მოუხდეს. თანაც, იმავე ინტერვიუში პარტიისათვის არასასურველ წევრებად დაასახელა თამაზ მეჭიაური და გოგი თოფაძე.

აღსანიშნავია, რომ “ოცნება” თითქმის 4-წლიანი მმართველობის პერიოდში ორ ძირითად საკითხს ამტკიცებს: ერთია ის, რომ მას ევროატლანტიკური მისწრაფება აქვს, ხოლო მეორე “ნაციონალური მოძრაობის” დემონიზება და მუდმივად “9 საშინელ წელზე” აპელირებაა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ დიდი პათოსით წარდგენილმა ახალმა პარტიულმა ლიდერმა “ოცნების” მიერ შექმნილი ეს მტრის ხატი დაანგრია. პოლიტოლოგების თქმით, დავით კოღუაშვილის ეს განცხადება “ქართულ ოცნებას” ძალიან დააზარალებს, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე მაგალითად საგარეო კურსზე თამაზ მეჭიაურის ან გოგი თოფაძის მიერ გაკეთებული განცხადებები, რადგანაც თამაზ მეჭიაური და გოგი თოფაძე კენჭს “ოცნების” სიით არ იყრიან, თითქმის წასულები არიან, დავით კოღუაშვილი კი ახლა მივიდა პარტიაში და უკვე დისონანსი შეიტანა. თანაც, “ოცნებას” 2012 წელს ხმა ბევრმა არა რაღაც იდეოლოგიის გამო, არამედ მხოლოდ იმის გამო მისცა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ აუტანლობა ჰქონდათ. ეს კი ასეთი რადიკალური დამოკიდებულების ადამიანების გაუცხოებას გამოიწვევს.

ვინ არიანდაუფიქრებელი განცხადებებისრეკორდსმენები

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტის არჩილ გამზარდია, თქმით, იმდენად ხშირია საზიანო განცხადებები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან, რომ ბევრად უფრო ძნელად საპასუხო იქნებოდა შეკითხვა, რომელი პოლიტიკოსის განცხადებას არ ჩაუგდია უხერხულობაში “ქართული ოცნება”. მისი თქმით, არაპოპულარული და საზიანო განცხადებები რამდენად დაუფიქრებლად იყო გაკეთებული, საკამათო საკითხია, რადგანაც, საერთო ჯამში, ესა თუ ის განცხადება დაუფიქრებელია თუ მიზანმიმართული, გარეშე პირი ვერ განსჯის. თუმცა არასწორ, არაპოპულარულ და საზიანო განცხადებებზე საუბრისას, პირველ რიგში, როგორც ყველა სხვა პოლიტოლოგს, მასაც თამაზ მეჭიაური და გოგი თოფაძე ახსენდება, როგორც მათ მიერ ნატო-ს საწინააღმდეგო განცხადებები, ასევე თანაგუნდელების მისამართით გამოთქმული აზრები, რასაც შემდეგ სხვა თანაგუნდელთა განმარტებები თუ მობოდიშებებიც კი მოჰყვებოდა ხოლმე.

გოგი თოფაძე, თამაზ მეჭიაური და ახლა უკვე დავით კოღუაშვილი – “ოცნების” დაუფიქრებელი სკანდალური განცხადებების რეკორდსმენ ავტორთა სამეული დღეს ასე გამოიყურება.

გოგი თოფაძის განცხადებებიდან დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ის, რომ სტალინის სურათი ყველა კაბინეტში უნდა დაიკიდოს; რომ ნატო აგრესიული სამხედრო ბლოკია და ევრაზიული კავშირი კი ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობაა; ასევე პრეზიდენტის კრიტიკა, როდესაც ტერმინი “დაუნი” სალანძღავ სიტყვად გამოიყენა; გარდა ამისა დიდი გარჩევები მოჰყვა თავად გუნდში და დიდი ალბათობით ასევე კოალიციის დაშლასაც შეუწყო ხელი მის მიერ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის დადანაშაულებამ საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში.

თამაზ მეჭიაურიც დაუფიქრებელი თუ სკანდალური განცხადებით რეკორდსმენად შეიძლება ჩაითვალოს. პირველი მისი არაკორექტული გამონათქვამი უკავშირდებოდა პრეზიდენტს, როდესაც განაცხადა, რომ ივანიშვილმა ერთ “ენჯეოშნიკ სოროსელს საქსოვი ჩხირები გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა და ის დღეს ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც”. მას ირონიულად ბევრჯერ უსაუბრია ასევე “რესპუბლიკელებზეც”. საგარეო კურსზე განცხადებები კი ბოლო ხანს გაააქტიურა. ამბობს, რომ არ ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის საგარეო კურსს, ნატო-ში შესვლას მხარს არ უჭერს და ახლა ვაზიანში მიმდინარე “ღირსეული პარტნიორობის” სამხედრო სწავლებით რუსეთის გაღიზიანება არ შეიძლება;

ამ ორი დეპუტატის გარდა “ოცნებაში” სხვაც ბევრია, რომელთა გამონათქვამებიც გამხდარა გარჩევების და მობოდიშების საფუძველიც. მაგალითად, ასეთი იყო სოსო ჯაჭვლიანის განცხადება „იბიარდ“-ზე, რომ ის ერთგული მეუღლეა და „იბიარდ“-ზე ვერასდროს იხილავენ; ასევე აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ნათქვამი, რომ საპარლამენტო სიაში სპორტსმენები და მსახიობები არ იქნებიან; ომარ ნიშნიანიძის გამონათქვამი: “ქუთაისში პიდარასტების აქციაა? არც დამესიზმრებოდა, ქუთაისში ამას თუ მოვესწრებოდი, ჩემი სახლის წინ”; ასევე ზვიად კვაჭანტირაძის განცხადება, ვდარდობ და მეცოდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომ პრეზიდენტად მიკერძოებული პედრო აგრამუნტი ჰყავსო და კრიტიკული განცხადებები მისი ასაკის ბრალიაო.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ის განცხადებებისა, რომელიც “ოცნების” წევრების მხრიდან გაკეთებულა და რომელიც პარტიისთვის დაუფიქრებელ, დამაზიანებელ გამონათქვამებად შეიძლება ჩაითვალოს.

რას მოუტანსოცნებასდაუფიქრებელი გამონათქვამები

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ “ოცნების” დაუფიქრებელ განცხადებების გახსენებისას მას უპირველესად თამაზ მეჭიაურისა და თავად ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ახსენდება.

“თამაზ მეჭიაურის ბევრი განცხადებაა საგარეო კურსზეც და თანაგუნდელებზეც. ასევე ბიძინა ივანიშვილის დაუფიქრებელი განცხადება იყო ერევანში ვიზიტისას ნათქვამი, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკა შეიძლება საქართველოსთვის მისაბაძიც იყოს, რამაც საგარეო კურსზე ლამის სკანდალში გაგვხვია. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჯერ ამბობენ და შემდეგ ფიქრობენ და “ოცნებას” ეს ტრადიციასავით აქვს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ გამოუცდელობაზე, თითქოს იმდენად გულუბრყვილოები და მიამიტები არიან, რომ ყოველთვის ბოდიშის რეჟიმში ყოფნა უხდებათ. ეს ხალხი, რომელიც კვირიკაშვილის მეშვეობით პარტიას შემოუერთდნენ, კიდევ უფრო არღვევენ იმ ბალანსს, რაც მანამდე იყო და ეს პარტიაში არსებულ ისედაც არეულ სიტუაციას კიდევ მეტად არევს. ადრე თუკი მხოლოდ საგარეო პოლიტიკაზე ვისმენდით განსხვავებულ მოსაზრებებს, ახლა საშინაო პოლიტიკაზეც კი განსხვავებული განცხადებები ისმის. აღქმაა, რომ არა პოლიტიკური პარტია, არამედ პოლიტიკური კლუბია, სადაც ყველა იმას ლაპარაკობს, რაც გაუხარდება. მხოლოდ ივანიშვილის სახელი აერთიანებთ მათ და არა იდეები,” – აღნიშნავს კორნელი კაკაჩია. მისი თქმით, ამომრჩეველს კოღუაშვილის განცხადებები აბნევს, რადგან “ოცნების” ელექტორატს არანაირი სიმპათია არ აქვს და აბსოლუტურად შეურიგებელია “ნაცმოძრაობის” მიმართ.

“ახალი ლიდერის ამგვარი განცხადება “ოცნების” ამომრჩეველში დეზორიენტაციას იწვევს, რადგან ვერ იგებენ, როგორ შეიძლება ხმა მისცეს პარტიას, რომლის ლიდერი ამართლებს წინა ხელისუფლებას. ეს მათ ამომრჩეველს გახლეჩს და იმ ადამიანების ხმებს, რომლებსაც “ნაციონალების” აუტანლობა აქვთ, ასეთი კი “ოცნების” მხარდამჭერებში ბევრია, უფრო რადიკალური პოლიტიკური ძალისკენ გადაისვრის,” – დასძენს კორნელი კაკაჩია.

დიპლომატიური აკადემიის რექტორის, სოსო ცინცაძის თქმით, კოღუაშვილმა “ძალიან ბევრი სისულელე თქვა”.

“გია ვოლსკი კოღუაშვილის განცხადებებზე განმარტებებს რომ აკეთებდა, სახე წაშლილი ჰქონდა. სისულელის თქმის მართლა ყველა რეკორდი მოხსნა,” – აცხადებს სოსო ცინცაძე. იგი ამბობს, რომ სხვასაც ბევრი სისულელე უთქვამს და თვლის, რომ ამგვარი განცხადებები “ოცნების” საკადრო შიმშილის გამოვლინებაა, აშკარად ჩანს, რომ პარტიაში მედროვეები არიან და არა რაიმე იდეოლოგიის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები.

“დავით კოღუაშვილი გიორგი კვირიკაშვილის მიყვანილია. ვიღას ახსოვდა მისი არსებობა, საიდან გამოჩხრიკა? ეს ნიშნავს, რომ “ოცნებას” საკადრო შიმშილი აქვს. ეს არასწორი საკადრო პოლიტიკის შედეგია. ჩიტი სანეხვეზე იჯდა და კუდს მაღლა წევდაო, ამათზეა ნათქვამი. კვირიკაშვილსაც რატომ უკვირს? თუკი ნორმალური კადრები უნდა, აკადემიურ, საუნივერსიტეტო წრეებში მივიდნენ და მათთან აწარმოონ მოლაპარაკება. “ქართულ ოცნებაში” უმწვავესი შიდა კრიზისია. ინტელექტის კრიზისია, არასწორი სელექციის გამო. გვარებს ნუ მათქმევინებთ და პოლიტსაბჭოში ვინ შეიყვანეს? ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ისე სძულს ხალხს, რომ დაცვის გარეშე ქუჩაში ვერ გაივლიან. ასეთი “გენიალური” ეპიზოდები კიდევ ელით მაგათ. მათ პარტიაში ხალხის ორი კატეგორიაა: ერთი, რომლებსაც იმდენი ჭკუა ყოფნით, ჩუმად იყვნენ და მხოლოდ “კარმუშკაზე” არიან მიშვებულები. მეორე კი სუპერ-სულელები, რომლებიც ამგვარ სისულელეებს ფქვავენ. ბიძინა ივანიშვილი და პროკურატურა ლამის ნემსის ყუნწში გაძვრნენ, რომ ვანო მერაბიშვილისთვის და გიგი უგულავასთვის რამე ახალ-ახალი ბრალდება არ გამოეძებნათ და ეგ ახალი მოყვანილი დავით კოღუაშვილი გაიძახის, რა უნდათ მაგათ ციხეშიო. ახლა მივიდა პარტიაში და პარტიას საქმეს უფუჭებს. მართლა რეკორდები მოხსნა. დაუფიქრებელ განცხადებას ჭკვიანი კაცი არ აკეთებს და თუ გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, დაუფიქრებელი განცხადებების რეკორდი მოხსნაო, ე.ი. სულელიაო. ხოლო თუკი სულელია, რა უნდა ასეთ სულელს პოლიტსაბჭოში? ვერ წარმომიდგენია ის პარტიაში როგორ უნდა ჰყავდეთ?!” – აღნიშნავს სოსო ცინცაძე და დასძენს: “უკვე კარგად ჩანს, რა ძალაა “ოცნება”. მართალა მედროვეები არიან, რომლებსაც მხოლოდ სკამები უნდათ. რა ვაი უშველებელი ტრიალებს პარტიის შიგნით, ეს უკვე ცხადია.”

რეზონანსი“, 21 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „სამწუხაროა, რომ ირაკლი ალასანიამ ყოფილი თანამშრომლები პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქცია

სალომე სარიშვილი

საზოგადოებრივი კომუნიკაციის მართვის სპეციალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ყოფილ თანამშრომლებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს.

ანალიტიკოსი “რეზონანსთან” ინტერვიუში საარჩევნო სიების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მმართველ ძალას სიის ფორმირების პროცესში მეტი სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა მართებს, ვინაიდან საარჩვენო სიის პირველი ათეული “ოცნების” რეიტინგისთვის გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს.

არჩილ გამზარდია: სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ცუდი ტენდენციაა ჩამოყალიბებული – არა უნდა ხდებოდეს, თუკი ეს ხელისუფლების ინიციატივაა, ოპოზიცია პრაქტიკულად ყოველთვის მის წინააღმდეგ გამოდის, ამიტომაც საერთო ჯამში, ამ ყველაფრიდან აზრის გამოტანა ძალიან ძნელდება-ხოლმე. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის ცვლილების შემთხვევაშიც ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, არ მაქვს ილუზია, რომ ყველა კანონპროექტი, რომელსაც სახელმწიფო საზოგადოებას სთავაზობს, იდეალურია, თუმცა მგონია, რომ ინსტიტუციების დაკნინებაზე შენიშნვა, რაზეც საუბარი ხშირად ისმის, ნაკლებად დამაჯერებელია.

- პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამ კანონზე ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, თუმცა დაადებს თუ არა ვეტოს, არ უთქვამს. თქვენ რას ფიქრობთ?

- ვენეციის კომისიის დასკვნების შემდეგ, ჩვენთვის უფრო ადვილი გახდება ამაზე გარკვეული დამოკიდებულების შექმნა, ასევე პრეზიდენტსაც. თუ პრეზიდენტის არგუმენტაცია ავტორიტეტულ წყაროებზე იქნება დაყრდნობილი, მაშინ მისი გადაწყვეტილება გასაგები იქნება. გვახსოვს, რომ პრეზიდენტს ვეტოს ადვილად დადება ჩვევია, თუმცა ამ შემთხვევაში მან არ იჩქარა, ელოდება შესაბამის დასკვნას, რაც მისასალმებელია.

- “თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. კაბელების საქმის გამო საპროტესტო აქციებს აანონსებენ და ამბობენ, რომ შესაძლოა ამან მასშტაბური ხასიათიც კი შეიძინოს. როგორ აფასებთ მათ გადაწყვეტილებას?

- პირველ რიგში, იმედი მაქვს, რომ ეს აქციები რეზონანსული არ იქნება. იმისათვის, რომ აქციამ მედიის ყურადღება მიიპყოს, მასში მცირე დაძაბულობის შეტანაც კი საკმარისია და შესაძლოა, მოვლენები ამ მიმართულებით განვითარდეს. მაგალითად, ჩვენ გვახსოვს “თავისუფალი ზონის” აქციები, სადაც რამდენიმე ადამიანი ისტერიკის მოწყობას იმგვარად ახერხებდა, რომ ეს შემდგომ ტელეეთერებშიც კი გადადიოდა. ზოგადად, მგონია, რომ თავად პოლიტიკურ სუბიექტს ამ მოვლენებისდამი ძალიან ყალბი დამოკიდებულება აქვს.

იმ დროს, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ პირველი ინსტანციით აქვს მიღებული და, შესაძლოა, პროცესი სხვაგვარად განვითარდეს, ირაკლი ალასანიას განცხადებები სრულიად გაუგებარია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ იგი ამ პატიმრებს საკუთარი პოლიტიკური პერსპექტივისა და არჩევნებისთვის იყენებს. იყენებს ამ ადამიანებსაც და მათთან ერთად საზოგადოებასაც, რადგან წაქცეულის მიმართ ჩვენ ტოლერანტული დამოკიდებულება გვაქვს-ხოლმე. მითუმეტეს, რომ საქმე სამხედროებს ეხებათ, რომელთა მიმართაც ჩვენ განსაკუთრებული პატივისცემა გვაქვს. ჩემთვის “თავისუფალი დემოკრატების” ეს პოზიცია მისაღები არაა. ვფიქრობ, ირაკლი ალასანიას აქცენტირება სამართლებრივ მექანიზმებზე უნდა გადაეტანა.

პოლიტიკოსი, რომელიც თავის დროზე ჩინოვიკი იყო და შესაძლოა ხვალაც აღმოჩნდეს, სახელმწიფოებრივ და სამართლებრივ პოზიციას უნდა აყალიბებდეს. ირაკლი ალასანია ქუჩიდან მოსული პოლიტიკოსი არაა, რომ ამას ვერ ხვდებოდეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი თანამშრომლები პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქცია.

- დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ “ოცნების” დატოვების შემდეგ, საკუთარი პარტიის შექმნას გეგმავს. რა პერსპექტივა აქვს?

- არ მესმის, რატომ ვაკეთებთ აქცენტს ერთ ადამიანზე, რომელიც საკმაოდ ხისტი და უხეში განცხადებებითაა ცნობილი. არ მგონია, პარლამენტში გასასვლელად საჭირო ოდენობის ხმები მიიღოს. ჩემი აზრით, თამაზ მეჭიაურის თემა საერთოდ ხელოვნურადაა აქტუალიზირებული.

- საარჩევნო სიებზეც მინდა გკითხოთ. “ნაციონალურმა მოძრაობამ” საზოგადოებას პარტიის პირველი ათეული უკვე გააცნო, სადაც, მათი თქმით, პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი, თუმცა კარგად ნაცნობი სახეები ვიხილეთ. როგორ აფასებთ მათ საარჩევო ათეულს?

- “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი გამოირჩევა იმით, რომ ის მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდება, ამიტომ ვინ შევიდოდა სიის პირველ ათეულში, ამას სულ არ ჰქონდა გადამწვეტი მნიშვნელობა. “ნაცმოძრაობის” სია უფრო საერთაშორისო საზოგადოებაზეა პოზიციონირებული, ვიდრე ამომრჩეველზე. ვინც ამ სიაში შემავალი სუბიექტებში გარკვეული არ არის, უნდა ითქვას, რომ ეს ადამიანები “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში თანამდებობს იკავებდნენ და შემდგომ გარკვეული “კათარზისი” არასამთავრობო ორგანიზაციებში გაიარეს.

საერთაშორისო საზოგადოება ვახსენე იმიტომ, რომ ეს ხალხი ძირითადად მოტივირებულია სამომავლოს პარლამენტში უმცირესობის შექმნისთვის, ამიტომ თუკი ადრე ქვეყნის წინააღმდეგ გამომსვლელი ერთი გიორგი კანდელაკი გვყავდა, ახლა კრებითი კანდელაკები გვეყოლება, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე იგივე კურსით გააგრძელებენ ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას.

- რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, პარტიის საარჩევნო სიაზე მითქმა-მოთქმა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, კულუარულად ითქვა, რომ “ოცნების” ათეულში სხვა ახალ სახეებთან ერთად, მოქმედი მინისტრები იქნებიან, თუმცა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ არც პარტიულ ყრილობაზე ითქვა რაიმე და არც მის გარეთ. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს, რას ფიქრობთ მათ საარჩევნო სიაზე?

- საარჩევნო სიის განახლებაზე საუბრისას, პროცესს თან რამდენიმე რისკი ახლავს. პირველი: თუკი მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებული პოზიტიური სახეები საარჩევნო ათეულში გადმოინაცლებენ, ეს დადებითი მოვლენა იქნება, თუმცა სიახლეების ელფერს ნაკლებად შესძენს. ჩემი აზრით, სიახლე აუცილებელია, თუმცა ამაში არ ვგულისხმობ სრულიად ახალ სახეს, ვგულისხმობ ნაცნობ სახეს, რომელსაც პარტიულ ცხოვრებასთან ასოციაცია არ ექნება.

არ ვიზიარებ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საკმარისი კადრი არ არსებობს. მგონია, რომ “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობის მსურველი კადრი ძალიან ბევრია, უბრალოდ აქ საუბარი გამოცდილებასა და მოტივაციაზე უფროა. ამ სიით ისინი რეიტინგს ან გაიორმაგებენ, ან გაინახევრებენ. არ ვამბობ, რომ მათ საოცარი სიახლე უნდა შემოგვთავაზონ, მაგრამ უნდა იყოს საკმარისი სიახლე იმისთვის, რომ დამატებითი რეიტინგის მობილიზაცია შეძლონ, არსებული სახეებით კი ეს გაუჭირდებათ.

რაც შეეეხება პოლიტსაბჭოს, ეს სია არც აღფრთოვანებასა და არაც ნეგატივს მიქმნის. თუ პარტია მიიჩნევს, რომ ეს ხალხი მათ წინ წაწევასა და არჩევნებში გამარჯვებას უზრუნველყოფს, ე.ი სწორადაა შერჩეული, მაგრამ არ მგონია, რომ ამ ადამიანებით მოლოდინი მთლად გამართლდა. ვფიქრობ, სანამ საბოლოო სიას დადებს, “ოცნებამ” ადამიანური რესურსების მართვის საკითხს თვალი კარგად უნდა გადაავლოს, რადგან მათ მეტი სიფრთხილე მართებთ.

- პოლიტსაბჭო ახსენეთ. საინტერესოა, რას ფიქრობთ დავით კოღუაშვილის განცხადებებზე, რომელსაც თავად მმართველ გუნდში მოჰყვა კრიტიკა? რამდენად საზიანოა “ოცნებისთვის”, მითუფრო წინასაარჩევნო პერიოდში, მსგავსი რადიკალური პოზიციის მქონე პოლიტსაბჭოს წევრი და მისი განცხადებები?

- არ ვიცი, დავით კოღუაშვილის განცხადებები ინტერპრეტირებული იყო თუ არა, მაგრამ თუკი ეს მართლაც ასეა, მაშინ მან მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. თუ ეს მისი პოზიციაა, მაშინ ამომარჩეველიც შესაბამის დასკვნას გააკეთებს. არ მგონია, რომ ეს “ოცნებისთვის” კარგი იყოს.

———————

„ვერსია“, 20 მაისი, 2016 წელი

პოლიტიკური თამაშები ანუ გატყუებენ ნაცები, ბატონო პაატა!

ლაშა დვალი

სიმართლე გითხრათ, როცა პაატა ბურჭულაძემ გადაწყვიტა თავისი ფონდი პარტიად გარდაექმნა, შინაგანად მჯეროდა, რომ პარტ””იას რაღაც საოპერო სახელს დაარქმევდა და დევიზად პიკოლო, პიკოლო, პიკოლო მორე ექნებოდა, მაგრამ პიკოლო“-ში ხომ შევცდი და მორე“-ში ხომ საერთოდ. მსოფლიო ბანმა (პრინციპში, უკვე ყოფილმა ბანმა, რადგან თქვა, აღარ ვიმღერებ, თავი პოლიტიკას უნდა მივუძღვნაო) პარტიას სახელმწიფო ხალხისთვის დაარქვა და მართალია, საარჩევნო დევიზი ჯერ არ წაუმღერია, მაგრამ, ეჭვია, რაღაც ,,პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდითსტილში იქნება.

ჰოდა, ასე ლოგიკურად მივედით შეერთებამდე. როცა ბატონმა პაატამ თავისი პოლიტამბიციები გაამხილა, მაშინვე ითქვა, ბანს პოლიტიკა დიდად არ ეპიტნავება, მაგრამ ნაციონალებს ხათრი ვერ გაუტეხაო ანუ ბურჭულაძე თავიდანვე ნაციონალური მოძრაობის პროექტად მოინათლა. პროექტი ნელ-ნელა დაიქოქა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა თქვან, ერთნი ვართო და ჯერ შეპარვით, მერე უფრო შეპარვით, ახლა კი ღიად აცხადებენ, ეს ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა და ჩვენს გაერთიანებას ნუ გამორიცხავთო. ისე, მიხეილ მაჭავარიანმა ისიც თქვა, ბურჭულაძის პარტია ჩვენს მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს თუ დააკმაყოფილებს, მაშინ გაერთიანებაზე სერიოზულად დავფიქრდებიო და ბურჭულაძეს თავისი მხარდამჭერებიანად, პრაქტიკულად, ცელი გამოუსვა. რატომ? ახლავე გეტყვით.
ბატონო პაატა, ხომ კარგად გაიგონეთ მაჭავარიანის თქმული? ანუ, თქვენ და თქვენი პარტიის წევრებმა უნდა დააკმაყოფილოთ ნაციონალური მოძრაობის კრიტერიუმები და მერე დაფიქრდებიან გაერთიანებაზე. ახლა თუ არ იცით და არ გახსოვთ მათი კრიტერიუმები, მე გეტყვით. ჩათვალეთ, რომ CV-ს ავსებთ – ცოცხის ხმარება უნდა იცოდეთ ძალიან კარგად, უნარ-ჩვევებში უნდა გქონდეთ საკუთარი ერის ზიზღი, „დუბინკას“ უნდა იქნევდეთ მიახლოებით ისე, როგორც სააკაძე თავის ხმალს და ოპონენტებთან საუბრის დროს, ოპონენტი ცამდე მართალიც რომ იყოს, ენა დირიჟორის ჯოხივით უნდა იქნიოთ და საუბარი არ დააცალოთ, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ იმაზე მაგარი ხართ. ეს მინიმუმ და მერე და მერე, მკვლელების გამართლება და თავზე ხელის გადასმაც უნდა ისწავლოთ, აბა თქვენ პოლიტიკა ,,აბესალომ და ეთერიში” შესასრულებელი მურმანის პარტია ხომ არ გგონიათ?
მოდით, ისევ ნაცებს დავუბრუნდეთ.

გარკვეულწილად, ბურთი არის ბურჭულაძის მოედანზე. მისი ზოგიერთი განცხადებები საინტერესოა და ემთხვევა ჩვენს შეხედულებებს, მაგრამ მთლიანობაში მან და მისმა გუნდმა მკაფიო გზავნილები უნდა ჩამოაყალიბონ ქვეყნის საშინაო და საგარეო პრიორიტეტებზე. რაღაცები მსმენია, მაგრამ საერთო სურათი როგორია არ ვიცით, რომ იყოს ჩვენი მხრიდან ახალი განცხადების სურვილი. ამ ახალმა გუნდმა და მისმა ლიდერმა უნდა გამოკვეთონ საით მიდიან, - ეს განცხადება ნაციონალების ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა გააკეთა. ხომ გეუბნებით, ბატონო პაატა, გატყუებენ „ნაცები“-თქო? აბა, უკვე ბურთზე რომ დაიწყეს საუბარი, ბურჭულაძის მოედანზეა მრგვალი სფეროო, ბურთის თამაშში თქვენ აჯობებთ კალაძეს? ბოლოს ისე გამოვა, ეგ თქვენი ჯერ კიდევ კულუარული პარტნიორები ბოლო ხმაზე დაიწყებენ ყვირილს, ბურჭულაძე, დაცვას მიხედე, დაცვასო და ანგარიში 41:0 რომ იქნება, ეგ წაგება თქვენ დაგბრალდებათ და თუ წააგებთ კიდევ, მიშას უთქვამს, მაგას ვამღერებ ნოტებზეო. ეგ არ არის ცუდი, ძალიან არ გაიგოს ახლა მიშამ, ნოტებზე იმღერებთ თუ ტემპს აურევთ…

არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. შეიძლება ცალკეულმა წევრმა თავისი აზრი გამოთქვას, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ახლა მთავარია ჩვენი გონების და ძალისხმევის კონცენტრირება არჩევნების მოგებაზე და შემდგომ გამოჩნდება, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი პარტნიორი პოლიტიკაში. ჩვენი აზრია, რომ შევეცადოთ, ვითანამშრომლოთ ყველა პროდასავლურად მოაზროვნე ძალასთან, – ეს განცხადება, გაგიკვირდებათ და, გიორგი ბარამიძემ გააკეთა.

ბარამიძის განცხადება კი იმიტომ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ნაციონალების სხვა ოდიოზური ფიგურების (თავადაც მიხვდნენ) მსგავსად, ვერც ბატონი გია მოხვდა სიის ათეულში, რაც იმას ნიშნავს, რომ მის პარლამენტარობას სამომავლოდ დირიჟორის ჯოხივით დაესვა დიდი კითხვა-ძახილის ნიშანი.

მაჭავარიანით დავიწყეთ და ისევ მაგით დავამთავროთ. რაც უნდა იყოს, მიშა ჰქვია კაცს და მიშა ნაცებისთვის, ხომ იცით, როგორ არის, როგორც მონიკა ბელუჩის დანახვაზე ებინდებოდა გონება მავანთ, ისე არიან ნაცები მიშას დანახვაზე. ახლა მეტყვით, ბელუჩის რომ უყურებენ, სხვაგან გარბის ფიქრიო და, მერწმუნეთ, ძველი ნაციონალების ფიქრიც სხვაგან გარბის უკვე მიშას დანახვაზე მას შემდეგ, რაც სიის პირველი ათეული გამოქვეყნდა და იქ გია, გიგი, გივი, გიგა, გოკა, აკო და, რა ვიცი, კიდევ ვინ ვერ მოხვდა. მოკლედ, აი, რა თქვა მაჭავარიანმა:

ქოცები მას შეგნებულად უვრცელებენ ხმებს, რომ ის ჩვენი პროექტია. თავიანთი ჭკუით, ფიქრობენ, რომ ამით პაატას დააზარალებენ. მათიც კარგად მესმის. იციან, რომ ბურჭულაძის გამოჩენა მათ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. პრევენციული დარტყმები შედეგს არ მოუტანს. სულ უფრო იზრდება იმ პარტიების რაოდენობა, რომლებსაც „ქართული ოცნება აღარ აწყობთ. უკვე შეგვიძლია იმის თქმა, რომ ერთ მხარეს არიან ქოცები, ხოლო დანარჩენი პარტიები - მეორე მხარეს

ეჰ, ბატონო მიშა, რატომ მგონია, რომ ამ არჩევნების შემდეგ ნაციონალური მოძრაობისთვის პოლიტიკური ფარდა დაეშვება და სეზონი დაიხურება, არ ვიცი…

———————–

„ახალი თაობა“,  21 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „დავით კოღუაშვილმა შოკში ჩაგვაგდო“ // „მოვითხოვთ განმარტებებს ქართული ოცნების ლიდერებისა და პაატა ბურჭულაძისაგან“ // „ხალხი ბურჭულაძე-ნაცმოძრაობის გაერთიანებას მხარს არ დაუჭერს

ბოლო დროს გახშირდა საუბრები იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებს საერთოდ ჩამოსცილდება. არის ლაპარაკი მის საქართველოდან წასვლაზეც. უფრო რადიკალები ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მზადაა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას გადააბაროს.

მემარცხენე ალიანსის გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ამგვარი საუბრები მასაც სმენია. ასეთი ხმების გავრცელებას ხელს უწყობს ბოლოდროინდელი პროცესები: „ასეთი ჭორები მართლაც მუსირებს. დადის ხმები, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს ჩამოსცილდეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმაც მითხრა, ბიძინა ივანიშვილს განზრახული აქვს, ხონჩით მიართვას ძალაუფლება ნაციონალებსო. ჩემი აზრით, ამ ხმებს ინტრიგებში გაწაფული ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს. არა მგონია, ბიძინა ივანიშვილმა ეს გააკეთოს, თუმცა, ამ ჭორების გავრცელებას აძლიერებს გარკვეული პროცესები“, – ამბობს სოსო შატბერაშვილი.

- ქართული ოცნების ახალი ლიდერების განცხადებები ხომ არ გაქვთ მხედველობაში?

- დიახ. დავით კოღუაშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრია, გამაოგნებელი განცხადებები გააკეთა. კოღუაშვილის აზრით, ვანო მერაბიშვილი ნიჭიერი კაცია, გიგი უგულავა კი გარეთ უფრო მეტ სარგებლობას მოუტანს ქვეყანას, ვიდრე ციხეში. ამ სიტყვებმა შოკში ჩაგვაგდო, ამიტომ გუშინ პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანიამ გაავრცელა განცხადება. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ამ საკითხზე განმარტებები გააკეთონ მმართველი პარტიის პირველმა პირებმა. თუ მეჭიაურისა და მრეწველი თოფაძის ყოველ რეპლიკას ეხმაურებიან, კოღუაშვილის გამოსვლაც განმარტონ!

- ამ პოზიციაზე, ალბათ, მარტო კოღუაშვილი არ არის...

- რა თქმა უნდა! „ქართული ოცნება“ სავსეა შეფარული ნაციონალებით.

- თვითონ კოღუაშვილი ნაციონალებთან არასდროს ყოფილა...

- დიახ. 2003 წლის 22 ნოემბერს მე დავით კოღუაშვილთან ერთად მომიხდა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში მონაწილეობა. ჩვენ ორივე მოვუწოდებდით ხალხს, არ აჰყოლოდნენ ე.წ. რევოლუციონერებს, რომლებმაც მალე სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს. ახლა დავით კოღუაშვილის პოზიცია ძალიან გაუგებარია, ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ დუმილი. დუმილი იმას ხომ არ ნიშნავს, რომ „ოცნებაში“ მერაბიშვილი და უგულავა პოლიტპატიმრებად მიაჩნიათ, სააკაშვილი კი პოლიტიკურ დევნილად? ჩვენმა პარტიამ პაატა ბურჭულაძისაგანაც მოითხოვა განმარტებები.

- ამ საკითხზე თუ ნაციონალებთან შესაძლო კავშირებზე?

- ორივე საკითხზე. თქვენი გაზეთის მეშვეობით მოვუწოდებ პაატა ბურჭულაძეს, გვითხრას, მიაჩნია თუ არა მერაბიშვილი და უგულავა პოლიტპატიმრებად. და მეორე, თანამშრომლობს თუ არა ნაციონალებთან? მასთან გაწევრიანებულმა მერაბ მეტრეველმა თქვა, რომ ის ენდობა ბურჭულაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ არც რუსული პროექტია და არც – ნაცმოძრაობის. ეს არაფერს ნიშნავს. სიტყვა შეიძლება ცნობილმა ადამიანმაც გატეხოს.

- ნაციონალები არც გამორიცხავენ მასთან კოალიციას...

- თუ ასეა, მით უმეტეს უნდა გააკეთოს განმარტებები პაატა ბურჭულაძემ. როცა ნაციონალებმა ლეიბორისტებთან თანამშრომლობა დააანონსეს, ნათელაშვილი ამას გაემიჯნა. იგი შეკრულია ნაციონალებთან, მაგრამ მათთან ღიად არ თანამშრომლობს. ბურჭულაძე საერთოდ არაფერს ამბობს. ეს ყველაფერი აძლიერებს იმ ეჭვებს, რომლებსაც პირველ კითხვაში შეეხეთ. ისე, იცოდეს საზოგადოებამ, რომ საქართველოში არიან პარტიები და პოლიტიკოსები, ჩვენი ჩათვლით, რომლებიც ნაცმოძრაობის მობრუნებას არ დაუშვებენ. სასურველია, რომ გავრცელებულ ჭორებზე განმარტებები გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმაც.

- დავუშვათ, ბურჭულაძის პარტიისა და ნაციონალების გაერთიანება მოხდა. ექნება ამ წარმონაქმნს წარმატების შანსი?

- არა. ჩვენმა ხალხმა ისედაც ბევრი შეცდომა დაუშვა, ზვიად გამსახურდიას ჩამოგდებით დაწყებული, სხვა მოვლენებით დამთავრებული. დიდი ქარტეხილები გამოვიარეთ. საზოგადოებამ ამ პროცესებში იმხელა გამოცდილება მიიღო, რომ ახალი სერიოზული შეცდომის დაშვება გამორიცხულია. ისე, ნაცმოძრაობის დაბრუნების მოსურნეებს მინდა ვკითხო – დაავიწყდათ ბრძოლის ველიდან გამოქცეული სააკაშვილი? საშინელი საყურებელი იყო, როცა თვითმფრინავის ხმაურზე ფრანგი მინისტრის გაოგნებული სახის ფონზე იგი დაემხო და ფორთხვა დაიწყო. იქვე მდგარი პატარა ბავშვები ამაზე გულიანად იცინოდნენ.

„ახალი თაობა“,  21 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ცაგარეიშვილთან: “გიორგი მარგველაშვილმა კაბელების საქმის პატიმრები უნდა შეიწყალოს“ // „აქციები სხვა დაწესებულებებთანაც გაიმართება

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გია ცაგარეიშვილი, „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში კაბელების საქმეზე მოვლენების შესაძლო განვითარებაზე საუბრობს.

- ბატონო გია, 21 მაისის აქცია რამდენად ხალხმრავალი იქნება?

- საპროტესტო აქცია მთავარი პროკურატურის შენობის წინ გაიმართება. ეს არ იქნება ხანგრძლივი აქცია, მაგრამ მას ბევრი ადამიანი დაესწრება. ეს იქნება გამაფრთხილებელი აქცია. იმედი არ მაქვს, რომ მთავარი პროკურატურა გონს მოეგება და იქ შეკრებილ საზოგადოებას მოუსმენს, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, პოლიტპატიმრების, უკანონო პატიმრების ინტერესები დავიცვათ. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ პროკურატურასთან გაგვემართა ეს აქცია. ადგილი სიმბოლურად არის შერჩეული. ჩვენ ვიკრიბებით არა მხოლოდ ამ ხუთი ადამიანის უფლებების დასაცავად, არამედ ყველა იმ ადამიანის უფლებების დასაცავად, რომელთა უფლებებიც “ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ვერ აღდგა. სამართლიანობის აღდგენის დაპირება წყალს არის გატანებული, უამრავი საქმე თაროზეა შემოდებული. ამის მთავარი ინიციატორები ბატონი ირაკლი შოთაძე და ის ვაიპროკურორები არიან, რომლებითაც პროკურატურა გამოტენილია.

ბევრი მათგანი დანაშაულს ჩადიოდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს, სისხლის სამართლის დანაშაულს აყალბებდა. ახლა ეს ადამიანები პროკურატურაში მაღალ თანამდებობებზე არიან მოკალათებულნი და ჩადიან იმავეს, რასაც ზურაბ ადეიშვილის, ვანო ზოდელავას ხელმძღვანელობით ჩადიოდნენ. მთავარი პროკურორი ქვეყანაში არჩევითია და წარმოიდგინეთ, რომ მისი არაპროფესიონალიზმის, პოლიტიკური დამოკიდებულების ატანა კიდევ მოგვიწევს.

- ირაკლი შოთაძემ ეს შეფასება თქვენგან ამ საქმის გამო დაიმსახურა?

- არა მხოლოდ. ეს ყველაფერი უამრავ საქმეში ჩანს. ჩანს იქიდანაც, რომ მკვდრადშობილი აღმოჩნდა ჩვენი ერთობლივი დაპირება სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. ბევრი იმედგაცრუებული ადამიანი მოდის და გვეუბნება, თუ როგორ ვაპირებთ სამართლიანობის აღდგენას.

- ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ პარტიული ატრიბუტიკა არ იქნება აქციაზე. ეს არის გზავნილი, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა?

- ცხადია. ეს არის გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა. ჩვენ არ ჩავიკეტებით მხოლოდ ვიწროპარტიულ ინტერესში. ამ ხუთ ადამიანს ჩვენთან პოლიტიკურად არაფერი აკავშირებს. ისინი არ არიან პარტიის წევრები, ისინი არიან საჯარო მოხელეები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ბატონი კაიშაური 90-იანი წლებიდან მუშაობს თავდაცვის სამინისტროში. კაიშაური ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში იბრძოდა, როდესაც შოთაძე აკვანში ირწეოდა. კაიშაურის მსგავსმა ადამიანებმა მოიტანეს ეს ქვეყანა აქამდე და დღეს შოთაძე, რომელიც ადეიშვილის მისაღებშია გაზრდილი, ნოტაციას გვიკითხავს. ეს ახალგაზრდა საფინანსო პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, როდესაც ნახევარ ბიზნესს ატყავებდნენ საქართველოში, მისი წინამორბედი ბადაშვილი კი უფროსი იყო.

- რომელ პოლიტიკურ ძალებს ელოდებით აქციაზე? რესპუბლიკელები მივლენ. ფორუმის პოზიცია თუ იცით, ვისგან გაქვთ თანხმობა?

- არავითარი ურთიერთობა და კონსულტაციები ამ მიმართულებით არ ყოფილა არავისთან. არ ვიცით, ვინ მოვა და ვინ – არა. თუ მოვლენ, მოვიდნენ. ამ დღეებში მათგან მხარდამჭერი მოწოდებები გვესმის, რაც კარგია და ამას ვაფასებთ, მაგრამ პერსონალურად არავის ვიწვევთ, თუ ვინმე თანაზიარი გახდება ჩვენი გასაჭირის, კი ბატონო, გაიზიარონ. ამ აქციის ორგანიზატორები თავისუფალი დემოკრატები ვართ, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ პარტიული აქტივით არ შემოვიფარგლოთ, რომელიც აქციას, ბუნებრივია, დაესწრება, მაგრამ ჩვენ ველოდებით ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე აღელვებთ.

- ბატონო გია, თქვენ არ მიპასუხეთ, რამდენ ადამიანს ელოდებით, დიდი აქცია იქნება?

- საკმაოდ ხალხმრავალი აქცია იქნება. ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, მაგრამ 3-4 ათასზე მეტი ადამიანი მოვა.

- მსვლელობა იქნება?

- არა, პროკურატურის შენობის წინ შევიკრიბებით და მიტინგი გაიმართება, რამდენიმე გამომსვლელი სიტყვით გამოვა. ამ ეტაპისთვის ჩვენ არ ვაპირებთ არავითარ მსვლელობას და ამ ხალხის გადაადგილებას რომელიმე მიმართულებით.

- თემატური აქციები კიდევ იქნება თუ ერთჯერადი აქციით ამოიწურება?

- არ იქნება მხოლოდ ერთჯერადი აქცია. თემატური აქციები იქნება, სხვადასხვა დაწესებულების წინ გაიმართება და ეს იქნება მრავალფეროვანი. საუბარია იმ დაწესებულებებზე, რომლებიც ჩართულნი არიან უკანონობის დამკვიდრებაში.

- ბევრია ასეთი უწყება დღეს?

- სამწუხაროდ, ბევრია, იუსტიციის საბჭოთი დაწყებული, დამთავრებული საქართველოს მთავრობით. ამდენად, პროტესტი გაგრძელდება. შევეცდებით, კრეატიულები ვიყოთ ჩვენი პროტესტის გამოხატვაში და ამაში ახალგაზრდები დაგვეხმარებიან. გაგრძელდება ბუგიანიშვილის გამოსახულებიანი პოსტერების გამოკვრა, რაც დიდად არ მოეწონათ და დაიწყო პატრულმა ახალგაზრდების დაჯარიმება.

- ირაკლი შოთაძემ დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ამ საქმემ პოლიტიკური შეფერილობა შეიძინა და ამას ხელი თქვენ შეუწყვეთ...

- ჩვენ არა, ეს საქმე პოლიტიკურ საქმედ ბიძინა ივანიშვილმა აქცია. პოლიტიკის ნაწილი გახდა ეს საქმე იმ დღიდან, როდესაც მოღალატურად, არაკაცურად თავდაცვის მინისტრს, მთავრობის წევრს ზურგში ლახვარი ჩასცეს, როდესაც ის სამსახურებრივ მივლინებაში იყო საფრანგეთში და მისი ხუთი თანამშრომელი დააკავეს. აქედან ჩაერთო პოლიტიკა ამ პროცესში ძალუმად. ამიტომ ხელების გამოშვერას ჩვენკენ თავი დაანებონ და თავიანთ გულში ჩაიხედონ ბატონმა ივანიშვილმა, ბატონმა ღარიბაშვილმა. თუ ვინმეს ეგონა, რომ ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, ალასანიას მივატოვებდით, მივატოვებდით ამ ხუთ ადამიანს და გზაკვალაბნეულები პარტიიდან პარტიაში დავიწყებდით ხეტიალს ან „ქართულ ოცნებას“ მივადგებოდით, კარგად არ სცოდნიათ, ვისთან აქვთ საქმე.

- რატომ, მოტივი თქვენი დაშლა იყო?

- რა თქმა უნდა, მიზანი იყო გუნდის დაშლა. ლამობდნენ ამ პოლიტიკური გუნდის განადგურებას, ფიქრობდნენ, რომ ამ საქმით დააცალკევებდნენ ალასანიასა და პარტიას. ეს იყო მთავარი მიზანი, რაშიც ჩვენ ეჭვი არ გვეპარება.

- ეროვნულმა ფორუმმა პრეზიდენტს მიმართა, შეიწყალოს დაკავებულები. პრეზიდენტი გამოიყენებს ამ უფლებამოსილებას? როგორი მოლოდინი გაქვთ?

- ჩვენ არ ვაპირებთ პრეზიდენტზე ზეწოლას, რომ გინდა თუ არა შეიწყალოს. ეს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა. თუ ის ფიქრობს, რომ ეს ადამიანები პოლიტპატიმრები არიან და ნამდვილად არიან, არა მხოლოდ ჩვენი შეხედულებით, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების აზრით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თუ არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, პროცესი გაგრძელდება და ვნახავთ, სად დასრულდება. წინა არის სასამართლო ინსტანციები, თუმცა მანამდე ვნახოთ, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ამ უფლებას.

- წინასაარჩევნო კამპანიას, წინასაარჩევნო გარემოს ემთხვევა ეს ყველაფერი. პროცესი კიდევ უფრო დაიძაბება?

- ეს ჩვენი ბრალი არ არის, ამის მიზეზი ჩვენ არ ვართ. ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი, შოთაძე და მურუსიძე არიან ამ კითხვის ადრესატები. რა თქმა უნდა, დაძაბული იქნება და კიდევ უფრო დავძაბავთ. ამას პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ ეს არ იქნება ხელოვნურად დაძაბული. იქნება მიტინგები, მსვლელობები, მანიფესტაციები, სხვადასხვა პოლიტიკური ღონისძიება, რაც, ცხადია, სიტუაციას დაძაბავს. აბა, როგორ გგონიათ, პირში წყალს ჩავიგუბებთ და გვერდზე გავიწევით, აქ არაფერიო?! რა ეგონა „ქართულ ოცნებას“, უდანაშაულო ბიჭებს, რომლებიც ქვეყანას ემსახურებოდნენ, ციხეში ჩაყრიდნენ და ჩვენ ვეტყოდით, რა მაგარიაო?! ახლა სხვა ჯარისკაცებიც დავიჭიროთო?! ამ ადამიანებს შეიძლება თავისუფალი დემოკრატების მიყოლებაც უნდათ და სურთ, ეს ქვეყანა ყვარყვარეს ციხედ აქციონ, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ.

Comments are closed