globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 21 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 21st, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: გიორგი მღებრიშვილი უმრავლესობის დეპუტატებს შეხვდა // ინტერვიუ კობა ნარჩემაშვილთან: „აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების შედეგები ორ კვირაში იქნება“

ახალი თაობა: ინტერვიუ ნიკა რურუასთან: „ზაალ უდუმაშვილს გამარჯვების სერიოზული შანსი აქვს“

ახალი თაობა: ინტერვიუ ბეჟან ნათელაშვილთან: „ამომრჩევლის მოსყიდვა სამუდამო პატიმრობით უნდა დაისაჯოს“ // „ხელისუფლება ხალხს სოციალურ გენოციდს უწყობს“

ახალი თაობა: ინტერვიუ არჩილ თალაკვაძესთან: „საარჩევნო ბარიერი 3%-მდე დაიწევს“ // „ვენეციის კომისიის შენიშვნებს ვითვალისწინებთ“

ახალი თაობა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ირაკლი კობახიძე უნდა გადადგეს!“ // „საკონსტიტუციო ცვლილებებს ეტყობა, რომ ამაში ბიძინა ივანიშვილი არ ჩარეულა“

ახალი თაობა: მთავრობამ 92 მილიონის ღირებულების ავტომანქანები შეიძინა

—-

საქართველო და მსოფლიო: გაიქეცი, მიშა, გაიქეცი!

———————

ახალი თაობა“, 21 ივნისი, 2017 წელი

გიორგი მღებრიშვილი უმრავლესობის დეპუტატებს შეხვდა

ინტერვიუ კობა ნარჩემაშვილთან: „აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების შედეგები ორ კვირაში იქნება

„ქართული ოცნების“ ოფისში გუშინ, 20 ივნისს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან უმრავლესობის დეპუტატებმა დახურული შეხვედრა გამართეს. მინისტრთან შეხვედრა ორ საათზე მეტს გაგრძელდა. მისი მთავარი თემა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმე იყო. საუბრის თემა სწორედ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს რომ შეეხებოდა, ეს ჟურნალისტებს დეპუტატებმა დაუდასტურეს, თავად მინისტრი კი პრესასთან არ გამოჩენილა და მან „ქართული ოცნების“ ოფისი სათადარიგო გასასვლელიდან დატოვა. ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრს აღნიშნულ საქმეზე პარლამენტში იბარებს, თუმცა, ჯერჯერობით, გიორგი მღებრიშვილი უარზეა.

რამდენ ხანში დასრულდება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის გამოძიება? ამ საკითხზე მედიასთან კობა ნარჩემაშვილმა ისაუბრა. „ბევრი კითხვა იქნა დასმული ჩვენი მხრიდან მინისტრის მისამართით, მაგრამ ვინაიდან შეხვედრა დახურული იყო, შეხვედრის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. მე ამ ეტაპზე არ ვთვლი საჭიროდ, რომ იმ საკითხებზე, რაც მოვისმინეთ, ღიად ვისაუბრო“, – განაცხადა დეპუტატმა.

- რატომ?

- მაინც გამოძიების ინტერესებს ეხება ეს საკითხი. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ცხადია, აფგან მუხთარლის საქმე იყო, მაგრამ არა მხოლოდ ამ საკითხზე იყო საუბარი, სხვა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული.

- დღეს აფგან მუხთარლის საქმეზე არაფრის თქმა არ შეგიძლიათ?

- ეს საქმე ჩვენთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანია და საინტერესოა. რაც შეეხება მიზანშეწონილობას, ამაზე თავად მინისტრი და სამინისტრო გააკეთებს კომენტარს. რაც შეეხება გამოძიებას, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება.

- პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს ოპოზიცია, ამ საკითხზე თუ იყო მინისტრთან საუბარი?

- ამ საკითხზე ჩემი პირადი პოზიციაა, რომ სანამ გამოძიება შუალედურ პროცესშია, არ ვთვლი საჭიროდ, რომ პოლიტიკური ბერკეტები და ინსტრუმენტები ამოქმედდეს, რადგან ამით გარკვეულწილად საგამოძიებო ორგანოების დისკრედიტირება მოხდება. ეს ის ინსტიტუტებია, რომლებიც ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ერთნაირად გვჭირდება. ამიტომ ამ ინსტიტუტებს მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ.

- ბატონო კობა, კონკრეტული, ხელშესახები ინფორმაცია მიიღეთ მინისტრისგან?

- დიახ, მივიღეთ ასეთი ინფორმაცია, მაგრამ ამის შესახებ ღიად ვერ ვისაუბრებ. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო საინტერესო ინფორმაცია.

- რა ეტაპზეა გამოძიება მისული?

- შუა ეტაპზეა.

- მალე დადგება შედეგი?

- იმედი მაქვს, რომ ორ კვირაში გამოძიების შედეგები უკვე უნდა გამოცხადდეს.

———

დეპუტატ ზაზა გაბუნიას აზრით, შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ოპოზიციასთან შეხვედრა პრობლემას არ წარმოადგენს.

- თუმცა, ვხედავთ, რომ გიორგი მღებრიშვილი პარლამენტში არ მისულა...

- დიახ, მაგრამ გეუბნებით, რომ დამრჩა განცდა, რომ გიორგი მღებრიშვილისთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს პარლამენტში მოსვლა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არავითარი მონაწილეობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეში არ აქვს და ოპოზიციამ თითის გაშვერას თავი უნდა დაანებოს.

აბსოლუტურად უადგილოა მცდელობა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, შექმნან ისეთი განცდა, რომ მინისტრი არ მიდის ან ვერ მიდის, ან არ უნდა შეხვედრაზე მისვლა. მინისტრის მხრიდან აფგან მუხთარლის საქმეზე შეკითხვებზე არსებობს პასუხები და ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ფორმატზე კონსენსუსი შესაძლებელია. არც ოპოზიციას და არც რომელიმე კრიტიკულად განწყობილ ჯგუფს არ აქვს არავითარი საფუძველი, თითი გაიშვიროს მინისტრისკენ და სამინისტროსკენ.

ახალი თაობა“, 21 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ ნიკა რურუასთან: „ზაალ უდუმაშვილს გამარჯვების სერიოზული შანსი აქვს

„ახალი თაობის“ კითხვებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა პასუხობს.

- ბატონო ნიკა, ვენეციის კომისიის დასკვნა და კონსტიტუციის ახალი ვარიანტი დღეს აქტუალური თემაა. როგორია თქვენი შეფასებები ამ საკითხთან დაკავშირებით?

- ვენეციის კომისია არის სამართლებრივი ექსპერტიზის ბიურო. ეს არის კომისია, რომელიც აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ იურიდიულ ანალიზს. რასაც წინ დაუდებ, მხოლოდ იმას აფასებს. პოლიტიკურ შეფასებას ამ დოკუმენტებისას ის არ აკეთებს. „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ვენეციის კომისია შემოგვასაღოს, როგორც საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამთეთრებელი. ეს არ არის ასე! ჯერ ერთი, ვენეციის კომისიამაც კი თავის სამართლებრივ შეფასებაში ბევრი კრიტიკა გამოთქვა როგორც ბონუსების სისტემის, ისე ბარიერის, ხმების გადანაწილების, ბლოკების აკრძალვის და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმების მიმართ.

- ანუ ვენეციის კომისიამ გაიზიარა ოპოზიციის ხედვები?

- ფაქტობრივად სიტყვა სიტყვით გაიმეორა ის, რასაც ვამბობდით ჩვენ და სამოქალაქო საზოგადოება, რომ ეს კომბინაცია, ყველაფერი ერთად, არის ძალიან ცუდი იმიტომ, რომ შექმნის ერთპარტიული მმართველობის აბსოლუტურ გარანტიას. ქვეყნის განვითარებისთვის კატასტროფაა, რომ ერთპარტიულმა სისტემამ გაიმარჯვოს და გაიმარჯვოს დიდი ხნით! ბესელიები, კობახიძეები და კალაძეები ამ ქვეყანას საბოლოოდ გააკოტრებენ. ამიტომ წარმოუდგენელია, ეს ახალი კონსტიტუცია, მათ მიერ თავსმოხვეული, გავიდეს!

- საუბარია, რომ რჩება შერეული სისტემა და არ გადავალთ მთლიანად პროპორციულზე...

- მათ, რეალურად უნდათ, რომ მაჟორიტარები შეინარჩუნონ იმიტომ, რომ ჯერჯერობით მანკიერი პრაქტიკაა ასეთი, მაჟორიტარი ყოველთვის არის ხოლმე მდიდარი, ფულიანი ტიპაჟი, რომელიც იგებს ამ ფულით, ყიდულობს ხმებს და მათ უნდათ, რომ მაჟორიტარებით ნაყიდი ხმები შეინარჩუნონ პარლამენტში, რათა არ დაკარგონ უმრავლესობა, რომელიც რეალურად არ ეკუთვნით. ხალხში არ აქვთ იმხელა მხარდაჭერა, რამხელა წარმომადგენლობაც აქვთ პარლამენტში. ეს არის საშინელი უსამართლობა და ეს არის ძალიან დიდი სიცრუე! ეს არის დემოკრატიის ფალსიფიკაცია!

- რა პროცესი მიდის, კონსტიტუციას ირგებენ საკუთარ თავზე?

- დღეს პროცესი მიდის ასეთი: ივანიშვილი და მისი გუნდი ცდილობს, რომ პოლიტიკა და ძალაუფლება გაყოს ერთმანეთისგან. ცდილობენ, პოლიტიკა აღარ ადგენდეს ძალაუფლებას. ხალხს ართმევენ უფლებას, აირჩიოს ის, ვინც უფრო კარგად შეასრულებს იმ ამოცანებს, რომლებიც ხალხის წინაშეა და რომელიც უფრო კარგად იმუშავებს. კონსტიტუციის თავზე მორგება ზუსტად ამას ნიშნავს. ესენი ირგებენ კონსტიტუციას საკუთარ პარტიაზე, რომ დიდი ხანი ხრან ეს ქვეყანა!

- პრეზიდენტს 2018 წელს ხალხი აირჩევსო. რატომ დანებდნენ და გადაწიეს სამომავლოდ?

- ჯერ ერთი, მომდევნო არჩევნებზეც ვერ წაართმევენ ხალხს ამ უფლებას, რომ აირჩიოს საკუთარი პრეზიდენტი. ეს უფლება ჩვენ გვაქვს დამოუკიდებლობის დღიდან. არ შეიძლება ჩვენს მოქალაქეებს ეს უფლება წაართვას რომელიმე პარტიამ და მისცეს ვიღაც უსახო 300 ხმოსანს! ეს უფლება ეკუთვნის 4 მილიონ ქართველს! ასევე მათ, ვინც ქვეყნის ფარგლებს გარეთაა. ამიტომ ეს დაუთმობელი უფლებაა. დემოკრატიულ ქვეყანაში საკუთარ პრეზიდენტს ირჩევს ხალხი. სწორედ ამის ეშინია, ხალხის ეშინია „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს და უნდათ, ხალხს ეს უფლება ჩამოართვან და ეს ყველაფერი გააკეთონ ჩვენ ზურგს უკან. ამის უფლება კი არ უნდა მივცეთ.

- შეძლებსოცნება ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას?

- ეს უკვე დამოკიდებულია ყოველ ჩვენგანზე და ხალხზე. ამას დღეებით და თვეებით ვერ გეტყვით, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ხუთი წელი იყო ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ქართველმა ხალხმა ოლიგარქი და მისი კორუმპირებული მთავრობა დროზე უნდა გაისტუმროს სახლში!

- მარტივი იქნება მათი გასტუმრება?

- საქმეც ეგ არის, რომ ამ გასტუმრების დემოკრატიულ მეთოდებს „ოცნება“ ეშმაკურად ხალხს ართმევს. თუ ეს ყველაფერი გაუვიდათ, მათი გასტუმრება დემოკრატიული გზით იქნება წარმოუდგენელი. სწორედ ამიტომ არ უნდა გავატანინოთ ეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, სადაც კოშმარული, ნამდვილი თაღლითური სქემებია შეტანილი, რომ მმართველმა ძალამ არ დაკარგოს თავისი პოზიციები. არ უნდა გავატანინოთ ეს ახალი ე.წ. კონსტიტუცია, რომელიც რეალურად არის რეცეპტი ოლიგარქიის დამკვიდრებისა და დემოკრატიის გაუქმებისა ჩვენს ქვეყანაში. დღეს პასიურობის დრო არ არის. ჩვენი ხალხი ამხელა გაჭირვებაში იმიტომ არის, რომ თავის დროზე მოტყუვდა ივანიშვილის სრულიად არასერიოზული დაპირებებით. მეორედ თავი აღარ უნდა მოვატყუებინოთ.

- წინ ადგილობრივი არჩევნებია. ზაალ უდუმაშვილმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ ნაცმოძრაობიდან თბილისის მერობის კანდიდატია. ის აცხადებს, რომ დაუპირისპირდება კალაძეს, თუმცა ჯერ არ რის გადაწყვეტილი, ოცნების კანდიდატი კალაძე იქნება თუ არა. რამდენად შეძლებს უდუმაშვილი, კონკურენცია გაუწიოს კალაძეს ან ოცნების სხვა რომელიმე კანდიდატს?

- ზაალ უდუმაშვილზე გეტყვით, კახა კალაძეზე არაფერს ვიტყვი, ისედაც ყველაფერი ნათელია. ზაალ უდუმაშვილზე კი ვიტყვი, რომ ის არის ძალიან ღირსეული, მებრძოლი ახალგაზრდა, პრინციპული კაცი, ვინც ასეთ დროს, ასეთ უთანასწორო ბრძოლაში თავისი პოლიტიკური კარიერა აიწყო. ეს არის კაცი, ვინც ათწლეულების განმავლობაში იცავდა საქართველოს ევროატლანტიკურ ორიენტაციას ყველაზე პოპულარულ ტელევიზიასთან ერთად. დღეს ის დაიცავს დედაქალაქის ინტერესებს, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაშია. მე ძალიან მომწონს ეს კანდიდატი!

- ითქვა, რომ ის პირადად თქვენი კანდიდატურაა, რომ თქვენი ინიციატივა იყო ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურა. ასეა?

- ჩემი პირადი? არა, რა თქმა უნდა, ეს იყო ზალიკოს პირადი ინიციატივა. როგორ შეიძლება ვინმე სხვისი იყოს. ზალიკო არის ძალიან სერიოზული და დამოუკიდებელი ადამიანი და ის ამას დაამტკიცებს ამ ძალიან სერიოზულ ბრძოლაში ჩვენი დედაქალაქისთვის, რაც ასევე არის ოლიგარქიული მმართველობის დემონტაჟის პირველი სერიოზული ნაბიჯი. მას ბევრი ბრძოლა მოუგია. რუსთავი 2 ზალიკომ გადაარჩინა თავის გუნდთან ერთად. ახლა მან დედაქალაქი უნდა გადაარჩინოს ამ სრული გაუდაბნოებისგან!

- ზაალ უდუმაშვილი იქნება ნაციონალური მოძრაობის სახე. რა შანსები აქვს, რამდენად დაუჭერს თბილისის მოსახლეობა მხარს?

- ვერ მიგიხვდით, რას ამბობთ.

- რას ვერ მიმიხვდით? ნაციონალური მოძრაობის სახეს რა შანსები აქვს? თქვენი რეიტინგი არცთუ სახარბიელოა საზოგადოების თვალში. ეს თქვენთვისაც ცნობილია, რომ იმიჯი ვერ აღიდგინეთ. ასე არ არის?

- (იცინის) ამას ვნახავთ… ხალხმა იცის, რა არის მისთვის უკეთესი და არჩევნებიც სწორედ ამიტომ ტარდება, რომ ხალხმა გააკეთოს თავისუფალი არჩევანი. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ ეს არჩევნები არ გავაყალბებინოთ, რისი დიდი შანსიც არის და რისი მზადებაც მიდის „ოცნების“ მხრიდან, მაგრამ თბილისელები გააკეთებენ სწორ არჩევანს. მით უმეტეს, ნარმანიას კატასტროფული მმართველობის შემდეგ აირჩევენ სწორ კანდიდატს და ასეთი არის სწორედ ზაალ უდუმაშვილი.  ის ჩვენი კანდიდატია და არა მარტო ჩვენი, ის ყველა თბილისელის კანდიდატია. რაც მთავარია, ის არ არის პარტიული ტიპაჟი. ის არის სამოქალაქო საზოგადოების წევრი და ნაწილი. თუმცა არაფერი პარტიულობის წინააღმდეგ არ მაქვს, მაგრამ ხალხი დაიღალა ამ პოლიტიკური კამათით. მათ უნდათ ახალი იდეები და მიდგომები და სწორედ ამის პოტენცია აქვს ზაალს. ის ნამდვილი თბილისელია.

- არ გვინდოდა პარტიული სახეო, ბრძანებთ, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ნაციონალურ მოძრაობას სერიოზული პოლიტიკური კრიზისი აქვს, არ გყავთ პოლიტიკური სახეები და ამიტომაც შეჩერდა არჩევანი ზაალ უდუმაშვილზე. ასეა?

- მე არ ვიცი, რომელ ექსპერტებს უსმენთ, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა, მიუხედავად ამდენი დემონიზაციისა და დევნისა, არის ყველაზე უკეთეს ფორმაში, ვიდრე ყოფილა ამ წლების განმავლობაში, რაც ის ოპოზიციაშია. ამიტომ ეს არის პარტია, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო და ყველა ის დემოკრატიული ინსტიტუტი, რომელიც ამ დრომდე კიდევ მუშაობს. ის დემონიზაცია, რომელიც ჩვენი პარტიის გარშემო მიმდინარეობს წლების განმავლობაში, ჩვენ დავამარცხეთ! ამ ილუზიებიდან ხალხი გამოდის და ის ხვდება, რომ პროფესიონალი და პატრიოტი ხალხი უნდა აირჩიოს. ასეთი ხალხი კი სწორედ ნაცმოძრაობაშია.

- ანუ ფიქრობთ, რომ ამ არჩევნებში გამარჯვების შანსი გაქვთ?

- რა თქმა უნდა! თანაც სერიოზულზე სერიოზული.

ახალი თაობა“, 21 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ ბეჟან ნათელაშვილთან: „ამომრჩევლის მოსყიდვა სამუდამო პატიმრობით უნდა დაისაჯოს“ // „ხელისუფლება ხალხს სოციალურ გენოციდს უწყობს

რა ფორმებით უნდა მოხდეს ამომრჩევლის მოსყიდვის აკრძალვა, რატომ გავიდა თავზე ხელისუფლება, რა უნდა შეიგნოს ხალხმა, რატომ ზრდიან ჯარიმებს და გადასახადებს? ამ თემებზე „ახალ თაობას“ ლეიბორისტული პარტიის გენერალური საბჭოს წევრი ბეჟან ნათელაშვილი ესაუბრება.

„მგზავრებს, რომლებსაც ავტობუსის მგზავრობისას ბილეთი არ ექნებათ, აქამდე 5 ლარით აჯარიმებდნენ. ახლა ჯარიმა 20 ლარამდე უნდა გაზარდონ. მომხვეჭელი და ფულზე გაგიჟებული ხელისუფლება ვეღარ ძღება და ყველა მეთოდით ცდილობს ხალხისგან ფულის ამოღებას. ვიღაც შემედავება, რომ უბილეთოდ მგზავრობა არ შეიძლება. ეს მართლაც ასეა, მაგრამ იმას რატომ არავინ კითხულობს, აქვს კი ხალხს ბილეთის ფული? მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ჯარიმის გაზრდასთან დაკავშირებით ლეიბორისტული პარტია აუცილებლად გააკეთებს განცხადებას და რაღაც ღონისძიებასაც დავგეგმავთ. ჩვენი აზრით, შესაცვლელია დაჯარიმების მექანიზმიც. მგზავრები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დააჯარიმო, თუ ავტობუსიდან უბილეთოდ ჩამოვლენ. სხვა შემთხვევაში მათი დაჯარიმება არ შეიძლება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გაქსუებული ხელისუფლება ხალხის ხარჯზე აღარ გამდიდრდეს. აქ საზოგადოების აქტიურობაც არის საჭირო. ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს», – ამბობს ბეჟან ნათელაშვილი.

- თქვენი აზრით, გამოვა ამ თემაზე ხალხი ქუჩაში? ჩვენი მოსახლეობა იმდენ რამეს მოეკიდა გაგებით, რომ, დიდი ალბათობით, ამასაც შეეგუება...

- ჩვენს მოსახლეობას არ უყვარს თავისი უფლებების დასაცავად ბრძოლა. ეს კარგად აქვთ გათავისებული „ოცნებაში“ და ნელ-ნელა უძვირებენ ხალხს ყველაფერს. ხელისუფლებაში ადასტურებენ, რომ გაზზე გადასახადი გაიზრდება. ფასები ყველა მიმართულებით იზრდება.  ხელისუფლება ხალხს სოციალურ გენოციდს უწყობს. სამწუხაროა, რომ მოსახლეობა ამას გაგებით ეკიდება. შეიძლება ვიღაცა ფიქრობს, რომ ადრე თუ გვიან ხელისუფლება გაძღება. ეს არ მოხდება, მისი მადა ყოველდღე გაიზრდება. ამ სენისგან მთავრობის განკურნება მხოლოდ ხალხს შეუძლია. მათი მხრიდან ქამრების შემოჭერის აუცილებლობაზე არაერთი განცხადება მოგვისმენია. სინამდვილეში საერთოდ მოიხსნეს ქამრები – მათ ღიპებს რა ქამარი შემოსწვდება. ხალხმა უნდა იაქტიუროს და მთელი მთავრობა მარწუხებში მოაქციოს. მაშინ ასეთ რამეებს ვერ გაბედავენ.

- ხალხზე დიდად არც წინა ხელისუფლება ზრუნავდა, მაგრამ ისინი არჩევნების წინ გადასახადების გაზრდას ერიდებოდნენ. ქართული ოცნება კი არჩევნების წინ ზრდის გადასახადებს...

- „ნაციონალებიც“ ამათნაირები იყვნენ, მაგრამ მათ პიარის ხელოვნება უმაღლეს დონეზე ჰქონდათ აყვანილი. „ოცნება“ კი მხოლოდ საკუთარი მუცლის გაძღომაზე ფიქრობს.

- გადასახადების გაზრდას ხალხის უკმაყოფილება მოსდევს. არ ეშინიათ, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზეც აისახება?

- არ ეშინიათ. არჩევნები ისეთი შედეგით დასრულდება, როგორც ხელისუფლებას აწყობს. ამ მიზნის მისაღწევად „ოცნებას“ არჩევნების გაყალბებაც კი არ დასჭირდება. ჩვენს მოსახლეობას უკიდურესად უჭირს. მრავლად არიან ოჯახები, რომლებსაც პურის ფული არ აქვთ. ამ ოჯახების მოსყიდვით შეძლებენ სასურველი შედეგის მიღწევას. სანამ ამომრჩევლის ყიდვა შესაძლებელი და დასაშვები იქნება, არაფერი გვეშველება. გაჭირვებულ ადამიანებს ხმების გაყიდვის გამო ვერ ვუსაყვედურებ, მაგრამ მოსყიდვის წინააღმდეგ კი სერიოზული ღონისძიებებია გასატარებელი. მიმაჩნია, რომ მოსყიდვა მძიმე დანაშაულად უნდა გამოცხადდეს.

- ასეთი რამე საქართველოში შესაძლებელია?

- თუ გვინდა, რომ ამომრჩეველი აღარავინ მოისყიდოს, მოსყიდვაზე ძალიან მკაცრი სასჯელები უნდა დაწესდეს. არ იქნება ცუდი, თუ იმ ხალხს უვადო პატიმრობას მიუსჯიან, რომლებიც ამომრჩეველს ქრთამს შესთავაზებენ.

- თქვენი ინიციატივა საეჭვოა, ხელისუფლებამ გაიზიაროს და რომც გაიზიაროს, ეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის ძალაში არ შევა. ზემოთ თქვით, რომ მოსყიდვის დახმარებითოცნება“’ სასურველ შედეგს მიიღებს. ასეთ არჩევნებში მონაწილეობას აზრი აქვს?

- ოპოზიცია სწორედ თუ იმოქმედებს, არჩევნებში მონაწილეობას შედეგიც მოჰყვება.

- არჩევნების ბოიკოტზე არ გიფიქრიათ?

- საქართველოში არჩევნების ბოიკოტი არ გამოვა. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას ბოიკოტის იდეა. ამას მხოლოდ რამდენიმე პარტია დათანხმდა, დანარჩენებმა კი მონაწილეობა მიიღეს. ოპოზიცია ამ საკითხზე ერთსულოვანიც რომ იყოს, ბოიკოტი არ გამოვა. ხელისუფლება თავად შექმნის ოპოზიციურ პარტიებს და მათ მიაღებინებს არჩევნებში მონაწილეობას. ამიტომაც არ ვემხრობით ბოიკოტის იდეას. ჩვენმა ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, ოპოზიციას შესანიშნავი წინადადება შესთავაზა. ამ ხელისუფლებას რომ რაიმე დაათმობინო და გააგებინო, აქციები უნდა მოუწყო. გამოსავალი არის ხალხის და ოპოზიციის პროტესტი. სხვანაირად ამ გაქსუებულებს ვერაფერს გავაგებინებთ.

- რა თქვა ოპოზიციამ ამ შეთავაზებაზე?

- ეს შეთავაზება 19 ივნისს გაკეთდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მეთოდი მათთვისაც მისაღები იქნება. არ იქნება ცუდი, თუ ხალხი თავადაც იაქტიურებს. ჩვენში ყველას პირზე სიტყვა დემოკრატია აკერია. დემოკრატია, როგორც ხალხის მმართველობა, ისე ითარგმნება და უკვე დროა, ხალხმა თავის ხელში აიღოს ინიციატივა. ოპოზიცია ხალხს ყოველთვის გვერდით დაუდგება, მაგრამ დროა, ხალხმაც იზრუნოს საკუთარ უფლებებზე. სხვისი ფულით ნაყიდი ხაჭაპურით მოპოვებულ გამარჯვებას, შედეგი არ მოაქვს.

- რას ნიშნავს სხვისი ფულით ნაყიდი ხაჭაპურები?

- როდესაც რომელიმე პარტია აქციებს აწყობს და ხალხი ქუჩაში გამოჰყავს, მათი კვების საკითხიც უნდა მოაგვაროს. დღეში სამჯერ თუ აჭმევ, თითო ხაჭაპური ხომ მაინც უნდა უყიდო. აქციებზე ხშირად ათეულობით ათასი კაცი მიდის. ამ ადამიანებისთვის თუნდაც თითო ხაჭაპურის ყიდვა დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. და როგორ გგონიათ, პოლიტიკოსი, რომელმაც ამდენი ფული დახარჯა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რას იზამს? რას იზამს და ამ დანახარჯებს ხალხის გაყვლეფის ხარჯზე ამოიღებს. უმჯობესია, ხალხი აქციებზე საკუთარი ხმელი პურით მივიდეს, ასე მიაღწიოს შედეგს და არავის ვალი არ ჰქონდეს. კარგი ცხოვრება თუ გვინდა, ყველამ გავითავისოთ, რომ ეს ხელისუფლება ჩვენი დაქირავებულია, ჩვენ ვუხდით ხელფასს. კეთილი ვინებოთ და ვაიძულოთ ყველა ხელისუფლება, რომ ხალხს ემსახუროს.

ახალი თაობა“, 21 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ არჩილ თალაკვაძესთან: „საარჩევნო ბარიერი 3%-მდე დაიწევს“ // „ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნას ვითვალისწინებთ

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საკონსტიტუციო ცვლილებებსა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე საუბრობს.

- ბატონო არჩილ, ქართულმა ოცნებამ 2012 წელს წინასაარჩევნოდ დაპირება გასცა, რომ საარჩევნო სისტემას შეცვლიდა და შერეული მოდელიდან პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა. რატომ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ ამ დაპირების შესრულება ამ ეტაპისთვის?

- ჩვენ საზოგადოებას ვუთხარით, რომ არსებული საარჩევნო სისტემა ბევრად უფრო დემოკრატიული სისტემით შეიცვლებოდა. ასევე დავდეთ პირობა, რომ საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემა დაინერგებოდა. ორივე პირობა შესრულებული იქნება დაახლოებით ორ კვირაში, როდესაც მხარს დავუჭერთ საარჩევნო ბარიერის დაწევას შემდეგი არჩევნებისთვის და მეორე, მომდევნო არჩევნებისთვის სრულად გადავალთ პროპორციულ სისტემაზე ბონუსის ისეთი მექანიზმით, რომელიც პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის ყოველგვარი ჭარბი კონცენტრაციის მიღებას გამორიცხავს.

გათვალისწინებულია ყველა ის წუხილი, ყველა ის შენიშვნა და თეორიული რისკი, რომლებსაც ოპოზიცია აყენებდა. შესაბამისად, ორ კვირაში, როდესაც კენჭს ვუყრით ორი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, ახალ კონსტიტუციას, საარჩევნო სისტემის შეცვლის პირობა უფრო დემოკრატიული სისტემით ნამდვილად იქნება შესრულებული.

- როდისთვის? ამ ეტაპისთვის - არა?

- ამ ეტაპზეც და 2024 წლის არჩევნებისთვისაც, როდესაც მთლიანად მოხდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ეს არის ის პირობა, რომლის შეცვლაც პარლამენტის დამტკიცების შემდეგ შეუძლებელი იქნება.

- რატომ ვერ მოახერხეთ მაჟორიტარების დარწმუნება?

- შიდაპარტიული კონსულტაციების ერთ-ერთი ბოლო რაუნდი შედგა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი ერთიანი, შეთანხმებული პოზიციით გამოვიდოდით საკონსტიტუციო სესიებზე. მინდა დაგიდასტუროთ, რომ ეს ნამდვილად ასე იქნება. შიდა შეთანხმება მიღწეულია, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდეს და შემდეგ მოხდეს არაპირდაპირ არჩევნებზე გადასვლა. ასევე მიღწეულია შეთანხმება, რომ დღეს არსებული საარჩევნო სისტემა შეიცვალოს უფრო დემოკრატიული სისტემით. შემდეგი არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება საქართველოში. ასევე, მიღწეულია შეთანხმება, რომ საარჩევნო ბარიერი 3%-მდე დაიწევს. ამ არჩევნების შემდეგ მოხდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ბონუსების ისეთი მექანიზმით, რომელიც ვენეციის კომისიასთან ირაკლი კობახიძემ და თამარ ჩუგოშვილმა შეათანხმეს. ეს არის ზედა აბსოლუტური ფარდობითი და ქვედა აბსოლუტური ზღვარი, რომელიც გამორიცხავს იმ პრეტენზიებსა და თეორიულ რისკებს, რომლებსაც ოპოზიცია საჯარო განხილვების დროს აყენებდა.

- ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს საარჩევნო სისტემასთან, საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით ხელისუფლება სრულად ითვალისწინებს თუ ნაწილობრივ?

- ვენეციის კომისიის ყველა ძირითადი რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება ამ საკონსტიტუციო სესიებზე, საგაზაფხულო სესიებზე პირველი და მეორე მოსმენის ფარგლებში.

- მონარქიის აღდგენის იდეაზეც მინდა გკითხოთ, როგორია ამ საკითხზე ხელისუფლების პოზიცია. შესაძლებელია, რომ პლებისციტზე გაიტანოთ ეს საკითხი?

- ჩვენ გადავდივართ სრულ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე. არსებული საკონსტიტუციო ცვლილებები სწორედ ამ საკითხს ემსახურება, შესაბამისად, სხვა ცვლილებები ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში არ განიხილება.

- ითქვა, რომ მონარქიის იდეა პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული. ასეა?

- ამ იდეას პრეზიდენტის ინსტიტუტთან ვერ ვაკავშირებ.

- ბატონო არჩილ, რა ინფორმაცია მიიღეთ გიორგი მღებრიშვილისგან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე?

- ჩვენ შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გვქონდა. ამ შეხვედრაზე მინისტრმა ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით მოგვაწოდა. ინფორმაცია მივიღეთ, საპოლიციო დანაყოფებში რა სიახლეებს უნდა ელოდოს საზოგადოება, ასევე, ვიმსჯელეთ ყველა მიმდინარე საკითხზე. დეპუტატებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შინაგან საქმეთა მინისტრისთვის კითხვები დაესვათ, რომლებზეც ინფორმაციის მიღება პირველი პირისგან სურდათ.

- აფგან მუხთარლის საქმეზე რა ინფორმაცია მიიღეთ?

- ყველა მიმდინარე საქმეზე მივიღეთ ინფორმაცია, მათ შორის იმ საქმეზეც, რომელზეც საჯარო ინტერესი მაღალია. შეკითხვები დაისვა და მინისტრმაც, კანონის შესაბამისად, რისი შესაძლებლობაც მას ამ ფარგლებში ჰქონდა, მოგვაწოდა ეს ინფორმაცია.

- მინისტრს ოპოზიცია პარლამენტში ელოდება. მივა გიორგი მღებრიშვილი პარლამენტში?

- ოპოზიცია წინასწარ იქმნის ნეგატიურ განწყობებს. მე ოპოზიციას ვურჩევდი, რომ ასეთ ნეგატიურ განწყობებს ნუ შეიქმნიან. ამ შეხვედრაზე პირადად მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ნამდვილად არ აარიდებს თავს სხვა ფორმატებში შეხვედრას, საპარლამენტო ფორმატში, მათ შორის ოპოზიციის, უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრას.

- მინისტრი მივა პარლამენტში და ოპოზიციას შეხვდება?

- ეს გადაწყვეტილება პირადად მინისტრის მისაღებია. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ მინისტრი თავს არ აარიდებს ამ შეხვედრას.

- რა კონკრეტული ინფორმაცია მიიღეთ?

- მე, პირადად, მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირი ფორმით არ იყო ჩართული ამ საქმეში. თუმცა, ველოდები გამოძიების შედეგებს და, როდესაც გამოძიება დასრულდება და ეს შედეგები საჯარო გახდება, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, მათ შორის იმ კითხვებსაც, რომლებიც ოპოზიციას აქვს.

- ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს...

- გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. მოვისმინეთ, რომ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. ძალიან დიდი სამუშაოა შესრულებული. თუ ამ გამოძიების დასრულების შემდეგ დავრწმუნდებით, რომ გამოძიებამ რაღაც სამუშაო არ შეასრულა, რაღაც სამუშაო კიდევ იქნება შესასრულებელი, შემდეგში შეგვეძლება, ნებისმიერ სხვა ფორმატზე ვიმსჯელოთ.

ახალი თაობა“, 21 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ირაკლი კობახიძე უნდა გადადგეს!“ // „საკონსტიტუციო ცვლილებებს ეტყობა, რომ ამაში ბიძინა ივანიშვილი არ ჩარეულა»

აქვს თუ არა კახა ოქრიაშვილს ირაკლი კობახიძეზე მეტი უფლებები, რატომ უნდა დადგეს პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი, რაში სჭირდება ხელისუფლებას მაჟორიტარები, რას ნიშნავს საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევა? ამის შესახებ „ახალ თაობას“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.

- ცნობილი გახდა, რომ ოცნება უარს ამბობს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე. არადა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, თუ ეს სისტემა დარჩებოდა, ის თანამდებობას დატოვებდა. მაჟორიტარულ სისტემას მხარს კახა ოქრიაშვილი უჭერდა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დმანისის მაჟორიტარ დეპუტატს უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეს?

- პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებზე კომენტარების გაკეთებაც კი არასერიოზულია. ის ამ ქვეყანაზე არ არის საერთოდ. მას, სავარაუდოდ, ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, მათ შორის პირადი სახისაც. ეს ყველაფერი კარგად მესმის და მის მიმართ თანაგრძნობა უნდა გამოვიჩინოთ, მაგრამ, მეორე მხრივ, პოლიტიკა არ არის სენტიმენტების ადგილი. ირაკლი კობახიძემ საკუთარ თავზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღო და საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან დაკავშირებით სრული ფიასკო და კატასტროფა განიცადა. მაჟორიტარული სისტემის დატოვებას რომ თავი დავანებოთ, სახალხო განხილვების დროს ის დაპირისპირებაში შევიდა სამოქალაქო საზოგადოებასთან, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან, პრეზიდენტთან.

რაღაც დოკუმენტს აგზავნიდა ვენეციის კომისიაში. საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ ჯერ საკუთარ პარტიაში არ ჰქონდა ყველაფერი დალაგებული. მინიმუმ, მას ჯერ `ოცნებაში~ უნდა შეეთანხმებინა ყველა საკითხი და მერე გამოეტანა პროექტი გარეთ.

როგორც გაირკვა, ჩვენ ვიხილავდით არა „ოცნებაში“ შეთანხმებულ პროექტს, არამედ ირაკლი კობახიძის კერძო მოსაზრებებს. ის მოქმედებდა მმართველი გუნდის ყალბი მინდობილობით. ეს ფაქტი უკვე საკმარისია იმისთვის, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

- თქვენი აზრით, ის უნდა გადადგეს?

- მან თავად თქვა, რომ თუ მაჟორიტარული სისტემა დარჩებოდა, ის თანამდებობას დატოვებდა. ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ თვეების განმავლობაში  `ოცნების~ ყალბი მინდობილობით სარგებლობდა, მან თანამდებობა უნდა დატოვოს. აშკარაა, რომ აბსოლუტურ ინფანტილიზმთან გვაქვს საქმე, რაც სახელმწიფოს მართვაში, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დრამატულია. რაც შეეხება მაჟორიტარებსა და კახა ოქრიაშვილის გავლენებს, მათ დიდი გავლენები არ აქვთ. უბრალოდ, ისინი ყველა ხელისუფლებისთვის წარმოადგენენ ინსტრუმენტებს, რომლითაც უზრუნველყოფილია უმრავლესობა. ეს ადამიანები საკმაოდ კომფორტულები არიან, იქიდან გამომდინარე, რომ მათ არანაირი ფასეულობათა სისტემა არა აქვთ, ხელისუფლებები პულტზე თითის დასაჭერად იყენებდნენ.

მაჟორიტარებს მე კასტას ვუწოდებ და ეს კასტა მზად არის, ყველა ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს. ისინი საკმაოდ წარმატებით თანამშრომლობდნენ შევარდნაძესთან, სააკაშვილთან, თანამშრომლობენ „ოცნებასთან“ და, სხვა ხელისუფლება თუ მოვა, მათთანაც გამონახავენ საერთო ენას. მზის ქვეშ ადგილის მოპოვების შემდეგ ეს ადამიანები საკუთარი მიზნების მისაღწევად ყველაფერზე აწერდნენ ხელს – „აპრავებდნენ“ 7 ნოემბერს, 26 მაისს, პოლიტპატიმრებს. ამ სექტას თითქმის ყველაფერი გაპრავებული აქვს, რისი გაპრავებაც კი შეიძლება. მაჟორიტარებმა იციან რა, რომ როგორც პულტზე ხელის დამჭერები საჭირონი არიან, ამით წარმატებით ვაჭრობენ. ამ შემთხვევაშიც ვაჭრობასთან გვაქვს საქმე,  ოღონდ აქ პოლიტიკური ჭრილიც არის.

კონსტიტუციაში ცვლილებები „ოცნებას“ პოლიტიკური პროცესის გასაჯანსაღებლად კი არ შეაქვს, არამედ ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ არჩევნებზე მაქსიმალური უპირატესობა მიიღონ. ამისთვის ორი გზა არსებობდა. თავიდან ბონუსებს დაადგეს თვალი. არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში, როგორც არ უნდა დაეცეს მათი ავტორიტეტი, ადმინისტრაციული და სხვა რესურსებით გარკვეული უპირატესობა აქვთ და პირველ ადგილზე გავიდოდნენ. ნაშთების დახმარებით ამ შედეგს გააორმაგებდნენ და ხელისუფლებაში დარჩებოდნენ. ხელისუფლების შენარჩუნების მეორე გზა მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებაა.

ნაშთების წაღებას ვერ ახერხებენ, ამაზე არავინ თანხმდება, მათ შორის არც ვენეციის კომისია. ამიტომაც ჩამოეკიდნენ მანკიერ მაჟორიტარულ სისტემას.

- არადა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება მათი საარჩევნო დაპირება იყო.

- მარტო საარჩევნო დაპირება არ ყოფილა. უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ თუ ეს სისტემა არ გაუქმდებოდა, კობახიძე გადადგებოდა. ეს ყველაფერი გადახაზეს, შეჭამეს. თითქოს კონსტიტუციის განხილვის მრავალთვიანი პროცესი საერთოდ არ ყოფილა. შიგნით თუ არ ჰქონდათ დალაგებული, რას ათანხმებდნენ ნეტა ვენეციის კომისიასთან, ძალიან მაინტერესებს. ისიც მაინტერესებს, როგორ აუხსნიან ვენეციის კომისიას, რომ ამ მთლიანად პროპორციული სისტემის შემოღებაზე უარს ამბობენ.

- საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევაზე რას ფიქრობთ?

- ეს არის ოპოზიციისთვის გადმოგდებული ძვალი. ამ გადაგდებული ლუკმით ცდილობენ ამ ყველაფრის გადაფარვას.

- ეს გაუგებრობები და პარლამენტის თავმჯდომარის გუნდთან შეუთანხმებლობა მიანიშნებს თუ არა იმაზე, რომ ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილი არ მონაწილეობდა.?

- აშკარაა, რომ ის ამ პროცესში არ მონაწილეობდა. ივანიშვილს შეიძლება ყველაფერი დავაბრალოთ, მაგრამ ის ამათ მსგავსად ნაჯახით არ მუშაობს. „ოცნებამ“ ისეთი პროცესი წარმართა, რომელიც არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. ივანიშვილი საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის, რომ ასეთი სისულელეები აკეთოს.

- ამბობთ, რომ მაჟორიტარები ყველა ხელისუფლებას სჭირდება. ეს ირაკლი კობახიძემ არ იცოდა, როცა გადადგომით დაიმუქრა?

- როგორ გითხრათ, ის პოლიტიკაში შემთხვევითი პერსონაჟია. რა იცოდა და რა არა, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. რამდენიმე დღის წინ მან ამაყი სახით პრეზიდენტი კონსენსუსის მიღწევის მიზნით საჯარო სივრცეში დებატებში გამოიწვია. თავად ეს გამოწვევაც სასაცილოა, რადგან საჯარო სივრცეში კონსენსუსი არ მიიღწევა. ეს ძალიან კარგად იცოდა მარგველაშვილმა, მაგრამ მან საზოგადოებას სცა პატივი და საჯარო სივრცეში დებატებს დათანხმდა. როგორც კი პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, კობახიძემ ფეხების ბაკუნი დაიწყო და უკან დაიხია. ასეთი რამეები სახელმწიფო მმართველობაში სახიფათოა.

- 18 ივნისს პატრიარქმა საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენაზე ისაუბრა. ოცნებამ მაშინვე აიტაცა ეს იდეა. პირველმა პირებმა ისიც თქვეს, ამ თემაზე პლებისციტს ჩავატარებთო. თქვენი აზრით, რას ემსახურება ხელისუფლების ასეთი აჟიტაცია? ერთ-ერთი ვერსიით, ოცნება ამ თემით შეეცდება სხვა საკითხების გადაფარვას...

- ეს არ არის პირველი შემთხვევა. პატრიარქმა ერთხელ თავის ქადაგებაში თქვა, ნეტა შემეძლოს პატიმრების შეწყალებაო. უწმინდესს სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ „ოცნების“ წევრები რიგში ჩადგნენ და ამ საკითხის სერიოზული განხილვა დაიწყეს. ისეთი ამბები ატყდა, პატრიარქმა თქვა, მე ეს მხედველობაში არ მქონიაო.

პატრიარქის ქადაგების ბუკვალურად, სიტყვასიტყვით გაგება და მის მიერ ნახსენებ სიმბოლიკაზე სახელმწიფოებრივი პროცესის აგება დრამაც კი აღარ არის. ეს არის ტრაგიკომედია. ამ საკითხზე ხელისუფლებამ დიდი ფარისევლობა გამოავლინა. ყველას კარგად ესმის, რომ ეს არის განუხორციელებელი პროექტი. ვინც საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენაზე საუბრობს, იმან ის მაინც უნდა იცოდეს, რომ საქართველოში საკონსტიტუციო მონარქია არასდროს ყოფილა. ჩვენ მხოლოდ აბსოლუტური მონარქიის გამოცდილება გვაქვს და ამ აბსოლუტური მონარქიასთანაც რამდენიმესაუკუნოვანი წყვეტაა. იქ, სადაც კონსტიტუციური მონარქიები მოქმედებს,  წყვეტა არ ყოფილა და მათ ტრადიციულად მოჰყვება. ეს მათი რიტუალური შემადგენელი უფროა, ვიდრე სახელმწიფოებრივი მმართველობა.

იმ ხალხს, ვინც კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე საუბრობს, მინდა ვკითხო: რის აღდგენას აპირებთ, რაც არ გვქონია? პრინციპში, საქართველოში ხომ იმის აღდგენაა მიღებული, რაც არ ყოფილა. ეს ყველაფერი იმას მაგონებს, ვიღაცები რომ ამტკიცებენ, ძირძველი ევროპა ვართო.

ახალი თაობა“, 21 ივნისი, 2017 წელი

მთავრობამ 92 მილიონის ღირებულების ავტომანქანები შეიძინა

ხელისუფლება გამუდმებით ქამრების შემოჭერაზე ღაღადებს და ამ ფონზე არანაირ კომფორტზე უარს არ ამბობს. ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლამდე ნაციონალებმა ავტომანქანების პარკი საფუძვლიანად განაახლეს. მართალია, მანქანები სულ სისინ-სისინით დადიოდნენ, მაგრამ „მეოცნებეებმა“ „სისხლიანი ცხრა წლის მსახურების“ მიერ ნახმარ ავტოებში ჩაჯდომა არ ისურვეს. იქიდან მოყოლებული, „ოცნება“ დაუღალავად ცდილობს ავტომანქანების პარკის განახლებას. მათ ამ საქმისთვის ფული რომ არ ენანებათ, ამაზე „ახალი საქართველოს“ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევაც მეტყველებს.

როგორც კვლევიდან ირკვევა, 9 სამინისტროს ბალანსზე (კულტურის, დევნილთა, შერიგების, რეგიონული განვითარების, განათლების, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფოს მინისტრის აპარატისა და ენერგეტიკის სამინისტრო) 69.624.810 ლარის ღირებულების ავტომობილია.

როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზეა დედაქალაქის მერია. დავით ნარმანიას უწყების ბალანსზე (საქალაქო სამსახურები, მერიის ადმინისტრაცია და გამგეობები) 6.657.600 ლარის ავტომობილია.

გარემოს დაცვის სსიპ-ები, რეგიონული განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სსიპ-ები, პლუს სოციალური სააგენტო და ცესკო 15.968.768 ლარად შეფასებული ავტოპარკით იწონებენ თავს.

როგორც ანტიკორუფციულ ბიუროში „ახალ თაობას“ განუცხადეს, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები ძვირადღირებული მანქანებით სარგებლობენ. „ამ მანქანების ღირებულება 40.000 ლარიდან 130.000 ლარამდე მერყეობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ძვირადღირებული ავტომობილების მოვლა-შენახვა (ანუ მათი დაზიანების შემთხვევაში შეკეთება, ზეთი, ხუნდები და ა.შ. ) ასევე ბიუჯეტის ხარჯზე ხდება, ამას დამატებული საწვავის ხარჯით მომსახურება და, საბოლოო ჯამში, ვიღებთ გაფლანგულ მილიონებსა და გაქსუებულ ჩინოვნიკებს“, – აცხადებენ ანტიკორუფციულ ბიუროში.

ბიუროს წევრებმა ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილების ხუთეულიც გამოავლინეს. როგორც ბიუროს წევრი მარიამ ქელბაქიანი ამბობს, მანქანის ამ ნომინაციაში პირველი ადგილი უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა დაიკავა. მას 128.862-ლარიანი „ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200“ ემსახურება. მეორე ადგილს სოციალური სააგენტოს დირექტორი 94.183-ლარიანი „აუდი ა-6“-ით იკავებს.

მესამე ადგილზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 84.000-ლარიანი `ტოიოტა ლენდკრუზერი 200~ გავიდა.

გარემო`სა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს 71.498.33 ლარად შეფასებული „ტოიოტა ლენდ კრუიზერ Lჩ 200“ ჰყავს და მეოთხე ადგილს იკავებს,

მეხუთე ადგილზე სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის 74.592- ლარიანი „ტოიოტა ლენდკრუიზერი“ გავიდა.

„ახალი საქართველოს“ წევრები ხელისუფლებას ავტოპარკის შემცირებისკენ მოუწოდებენ. „მნიშვნელოვანია გადაიხედოს სახელმწიფო დაწესებულებების ავტოპარკი და მოხდეს რეალურად დათვლა იმ საჭიროებებისა, რომლებიც ამა თუ იმ სამინისტროს აქვს. გონივრულობისა და რაციონალურობის შემთხვევაში, მინიმუმ 3-ჯერ არის შესამცირებელი მათი ავტოპარკი და ის ხარჯი, რომელიც უკავშირდება მათ საწვავსა და მოვლას“, – აცხადებენ ანტიკორუფციულ ბიუროში. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ კულტურის სამინისტროს 13 მანქანა ემსახურება, რომლის ღირებულებაც მთლიანობაში 415.360 ლარს შეადგენს.

დევნილთა სამინისტროს ავტოპარკი 937.200 ლარად არის შეფასებული და ის 36 მანქანით იწონებს თავს. შერიგების სამინისტროს 9 მანქანა ჰყავს, რომლის საერთო ღირებულება 206.400 ლარია. ენერგეტიკის სამინისტროს ბალანსზე 607.200 ლარად შეფასებული 14 მანქანაა. ცესკოს 376.800 ლარად შეფასებული 16 ავტო ემსახურება.

თბილისის მერიის ბალანსზე 287 მანქანაა. მათი საერთო ღირებულება 6.657.600 ლარია. განათლების სამინისტროს 27 მანქანა ემსახურება. მათი ღირებულება 602.400 ლარია.

———————

საქართველო და მსოფლიო“, 21-27 ივნისი, 2017 წელი

გაიქეცი, მიშა, გაიქეცი!

დიმიტრი მონიავა

უკრაინის გენპროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე ირწმუნება, რომ პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკებებს მართავს. საინტერესოა, რა პოლიტიკური გათვლები დგას ამ და სხვა მსგავსი განცხადებების უკან და რა გავლენას მოახდენს ისინი ქართულ პოლიტიკაზე.

“ყველა არხზე საუბრობენ, რომ, თუკი სააკაშვილი არ შეაჩერებს თავის პოლიტიკურ ოპოზიციურ საქმიანობას, საქართველოში მისი ექსტრადიცია მოხდება”, _ განაცხადა დავით საყვარელიძემ ტელეკომპანია “ზიკ”-ის ეთერში. ეს სწორედ ის “ზიკ”-ია, რომელმაც სააკაშვილი ტელეწამყვანად მიიწვია. მას ვიქტორ იანუკოვიჩის კლანთან დაახლოებული ბიზნესმენები და “რეგიონების პარტიის” ყოფილი ფუნქციონერები აკონტროლებენ. როგორც ჩანს, მათ ჩათვალეს, რომ უმუშევრად დარჩენილი და პოროშენკოზე განაწყენებული სააკაშვილისთვის ტრიბუნის შეთავაზება მათ ინტერესებს შეესაბამება.

სააკაშვილი, საყვარელიძე და მათი თანამოაზრეები ამ ტელეკომპანიის ეთერში ცდილობენ, გაზარდონ უკრაინელების ინტერესი მათი პოლიტიკური მოძრაობის მიმართ, რომელსაც, ხმაურიანი სტარტის მიუხედავად, ჯერჯერობით არ ჰყოფნის გავლენა და რეიტინგი, უკრაინული პოლიტიკის უმაღლეს ლიგაში რომ გადავიდეს. ამ კამპანიის ფარგლებში ისინი წარმოაჩენენ სააკაშვილს ფიგურად, რომელიც პოროშენკოს შიშის ზარს სცემს. სავარაუდოდ, სწორედ აქედან მოდის ვერსიები სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე, უკრაინიდან მის გაძევებაზე, საქართველოში ექსტრადიციაზე და ა.შ.

თავის დროზე პოროშენკომ გადაწყვიტა, გამოეყენებინა სააკაშვილის დადებითი იმიჯი უკრაინის ლიბერალურ წრეებში და მისი გავლენა საზღვარგარეთ, რომლის შესახებ ფიგურანტი გადაჭარბებულ წარმოდგენას ქმნიდა. პოროშენკოს ესმოდა, რომ უკრაინულ პოლიტიკაში დამკვიდრებისთანავე სააკაშვილი დაიწყებდა გავლენის სფეროს სწრაფ და აგრესიულ გაფართოებას და ეს შესაძლებელს გახდიდა მის გამოყენებას არასასურველი პოლიტიკოსების თუ ოლიგარქების წინააღმდეგ. მალევე გაირკვა, რომ სააკაშვილის გავლენა ვაშინგტონში მცირეა, ხოლო გუბერნატორის პოსტზე მისი “მარგი ქმედების კოეფიციენტი” საკმაოდ დაბალი აღმოჩნდა. უკრაინის გენპროკურატურის მონაცემებით, სააკაშვილის გუბერნატორობის პერიოდში, ოდესის ოლქი, კრიმინოგენული სიტუაციის თვალსაზრისით, ქვეყნის უპირობო ლიდერი გახდა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ადმინისტრაციულ რეფორმას, სააკაშვილმა, მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერი ჩააფლავა. ამასთანავე, იყო რაღაც საეჭვო ოპერაციები საბაჟოზე და საგანგებოდ შექმნილ ფონდში “ოდესის კეთილდღეობისთვის” (გამოძიება გრძელდება), ხოლო დაპირისპირებაში “ოდესის პორტისპირა ქარხნის” გარშემო, რომელიც ოლიგარქებისთვის მეტად სასურველი პრიზი იყო, სააკაშვილმა სისუსტე და არათანმიმდევრულობა გამოავლინა. წარუმატებლობის კომპენსირება მან ინტრიგების მეშვეობით სცადა; რაღაც მომენტში პოროშენკოს ეს მობეზრდა და “მარადიული ლუზერი” პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლა.

ცხადია, დავით საყვარელიძე ცდილობს, ყოველივე მომხდარი წარმოაჩინოს, როგორც პოლიტიკური პიგმეების ბრძოლა ტიტანის წინააღმდეგ. მაგალითად, მან “ზიკ”-ის მაყურებლებს მოუთხრო, თუ როგორ უნდოდა სააკაშვილს, დაეკავებინა უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტი და ამან უკრაინულ ელიტაში მღელვარება გამოიწვია, პოროშენკო შეშინდა და სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დანიშნა და ა.შ. ყოველივე ამის სერიოზულ განხილვაზე დროის დაკარგვა, ცხადია, არ ღირს, მაგრამ ექსტრადიცია, რომელზეც საყვარელიძე საუბრობს, შეიძლება მართლაც განიხილებოდეს გარკვეული ძალების მიერ, როგორც საქართველოს დესტაბილიზაციის საშუალება. და, ალბათ, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ სააკაშვილის თანაგუნდელები მის ზურგს უკან სახიფათო კომბინაციებს ხლართავენ.

მიხეილ სააკაშვილი პათოლოგიური მშიშარა რომ არ ყოფილიყო, საქართველოს უახლესი ისტორია, დიდი ალბათობით, სხვა გზით წავიდოდა. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, სააკაშვილი საქართველოში რომ დარჩენილიყო და დაკითხვებზე ევლო, “ნაცმოძრაობაზე” კონტროლსაც შეინარჩუნებდა და ხელისუფლებას მალევე სერიოზულ ბრძოლას გაუმართავდა. ამ თეორიის მიხედვით, ახალი ხელისუფლება დასავლელი პარტნიორების შიშით სააკაშვილის დაატიმრებას ვერ გაბედავდა. ვაშინგტონი და ბრიუსელი იმ პერიოდში არა მხოლოდ მის დაკავებას, არამედ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასაც კი ეწინააღმდეგებოდა. თუ სააკაშვილი მოახერხებდა პროკურატურის წარმოჩენას პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად (სასამართლოს მაშინ, ძირითადად, ნაციონალები აკონტროლებდნენ), რაც სავსებით შესაძლებელი იყო ამ უწყების ზოგადი უსუსურობისა და შიდა საბოტაჟის გათვალისწინებით, მისი პოზიციები გაძლიერდებოდა და “ქართული ოცნების” დაღმასვლის დასაწყისს გაცილებით მომგებიან მდგომარეობაში შეხვდებოდა.

მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, სააკაშვილი მშიშარაა და დაპატიმრების თეორიულ შესაძლებლობაზე ფიქრმა ქვეყნიდან გაქცევა აიძულა.

უკრაინა არ გადასცემს თავის მოქალაქეებს უცხო ქვეყნებს და ეს სააკაშვილის ექსტრადიციას, ერთი შეხედვით, გამორიცხავს, მაგრამ გასული წლის ნოემბერში უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ვადიმ რაბინოვიჩმა პროკურატურასა და შსს–ს მიმართა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მოთხოვნით, რადგან, მისი მტკიცებით, ის კანონდარღვევით მიანიჭეს. რაც შეეხება თავად ფიგურანტის მოსაზრებებს ყოველივე ამის თაობაზე, 2016 წლის 12 ნოემბერს უკრაინული “მეხუთე არხის” ეთერში მან თქვა: “პრეზიდენტ პოროშენკოზე უკეთესი აზრის ვარ, არა მგონია, ასეთი რამ გააკეთოს. წარმოიდგინეთ ჰიპოთეზური სიტუაცია, რომ პოროშენკომ აიღო და გადამცა. ერთ კვირაში თავისუფალი ვიქნები, რადგან საქართველოში 600 ათასი მხარდამჭერი მყავს, ხოლო საქართველო პატარა ქვეყანაა. და შემდეგ სამ დღეში ისევ კიევში ვიქნები. ვის სჭირდება ეს?”.

ცხადია, სააკაშვილს არ ეყოფა სითამამე იმისთვის, ციხეში, არათუ 7 დღით, 7 საათითაც რომ ჩაჯდეს, ხოლო, თუ მისი ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგში მართლა დადგება, უკრაინიდან მომენტალურად გაუჩინარდება. მაგრამ ის, რომ სააკაშვილისთვის მიუღებელია კომბინაცია ციხეში ჩაჯდომით და შემდგომი გათავისუფლებით მომხრეების ან დასავლელი პარტნიორების ძალისხმევის შედეგად, არ ნიშნავს, რომ ეს იდეა არავის მოსწონს. როგორც სააკაშვილის ყოფილმა თანაგუნდელებმა, ისე გარკვეულმა ძალებმა დასავლეთში შეიძლება სცადონ ამ პოლიტიკური გვამის გამოყენება იმისთვის, რომ საქართველოში სიტუაცია შეცვალონ. ჰიპოთეზური კომბინაცია სააკაშვილის ექსტრადირებით მათ შესაძლებლობას მისცემს, იმ პირობითი “600 ათასის” კონსოლიდირება მოახდინონ.

დასავლეთში ამ წლების განმავლობაში გამოქვეყნდა არაერთი პუბლიკაცია, რომლებშიც გამოთქმული იყო წუხილი იმის გამო, რომ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში ჩართვის შესაძლებლობა არ ეძლევა. ხელისუფლება ამ სიგნალებს მკაფიო პასუხს ვერ სცემდა, რადგან თავისი მხარდამჭერების გაღიზიანების ეშინოდა. მხოლოდ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ამა წლის მაისში ტელეკომპანია “ოდიშის” ეთერში გააკეთა ერთი, იმდენად ბუნდოვანი კომენტარი, რომ მის გაშიფრვას, სავარაუდოდ, ავლიპ ზურაბაშვილიც კი ვერ შეძლებდა: “პირველი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე გადავაყენეთ და სახლში გამოვკეტეთ, მესამე კიდევ დევნილია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ერთდროულად ყველას პასუხისმგებლობაა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადადგა ნაბიჯები, რომლებზეც არსებობს კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გასცეს. რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის უარყოფითია ის იმიჯი, რომ სააკაშვილს საქართველოში არ შემოესვლება, მაგრამ ამას პოლიტიკოსებმაც, როგორც მმართველი ძალიდან ასევე ოპოზიციიდან, პრეზიდენტმაც, ხელისუფლებამაც უნდა მივცეთ ცივილური ფორმა, რომელიც შეურაცხყოფას არ მიაყენებს არც ქვეყანას და ის სამართლებრივი კითხვები, რომელიც არსებობს სააკაშვილთან მიმართებაში უპასუხებს ადეკვატურად”.

ზოგმა ამ განცხადების ქვეტექსტში შეიძლება დაინახოს სააკაშვილისთვის, როგორც ბრალდებულისთვის, განსაკუთრებული სტატუსის მოძებნის მცდელობა, რომელმაც შეიძლება კანონის უზენაესობის პრინციპის უგულვებელყოფამდე მიგვიყვანოს. მაგრამ აქ მთავარია სხვა რამ _ სააკაშვილი ჩამოსვლას ვერ გაბედავს, მაგრამ ზოგიერთი მისი პარტნიორი შეიძლება სრული სერიოზულობით განიხილავდეს მის ჩამოყვანას საქართველოში ექსტრადირების გზით (ამ გადაწყვეტილებისკენ პოროშენკოს, ფაქტობრივად, ორი სხვადასხვა მხრიდან უბიძგებენ) ან რაიმე სხვა პროცედურის გავლით.

“ნაცმოძრაობის” რესურსები იწურება და ის, მისგან გამოყოფილი პოლიტიკური გაერთიანებებისა და სატელიტი ჯგუფების მსგავსად, კვდომის გზას ადგას. სააკაშვილის ჩამოყვანა საქართველოში მისი ყოფილი მომხრეების გალვანიზებას მოახდენს და “უკანასკნელი და გადამწყვეტი ბრძოლისკენ” უბიძგებს, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების მდგომარეობა გართულდა. აფგან მუხთარლისა და “ბირჟა მაფიის” საქმეებმა ერთგვარი ინდიკატორის როლი შეასრულა და ნათლად აჩვენა, რამდენად გონებასუსტი, შეშინებული და არაადეკვატური მთავრობა გვყავს. ძნელი წარმოსადგენი არაა, რა მოხდებოდა, თუ მას სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებული კრიზისის დარეგულირება მოუწევდა, როდესაც ქუჩაში არა მხოლოდ მისი მომხრეები, არამედ მოწინააღმდეგეებიც გამოვიდოდნენ და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე სავსებით რეალური გახდებოდა. 2012-13 წლებში ან უკეთესი მთავრობის პირობებში, ხელისუფლება ამ გამოწვევას, სავარაუდოდ, (არა იოლად, მაგრამ მაინც) გაუმკლავდებოდა, მაგრამ დღეს ვითარება შეცვლილია.

კვდომის პროცესი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, აკარგვინებს ძველი რეჟიმის დასავლელ პარტნიორებს იმ ინვესტიციას (ფართო გაგებით), რომელიც ახალი ქართული პოლიტიკური ელიტის შექმნაში ჩადეს. ოპერაცია “სააკაშვილი გალიაში” სარისკოა, მაგრამ შეიძლება ძველ რეჟიმთან დაკავშირებული ძალების პოზიციების მკვეთრი გაუმჯობესებითა და ხელისუფლებაში დაბრუნებითაც კი დასრულდეს. ამ კონტექსტში, “ნაცმოძრაობის” ბელადი მისი მოკავშირეებისა და თანაგუნდელების მიერ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სახარჯი მასალა, რომლის აზრი არავის აინტერესებს. იდეაში, მათთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის უნდა იყოს, რომ პოროშენკომ და ივანიშვილმა სააკაშვილის ექსტრადირებაში გაცილებით მეტი პლუსი დაინახონ, ვიდრე მინუსი.

ერთ კარგ ფილში რომ იტყოდნენ… გაიქეცი, მიშა, გაიქეცი! შესაძლოა, ის ადამიანები, რომელთაც თანაგუნდელებად და საიმედო პარტნიორებად თვლი, ყველაფერს აკეთებენ, რათა თბილისში დაგაბრუნონ და ციხეში გამოგამწყვდიონ.

Comments are closed