globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 21 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 21st, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: “საქართველოს საზღვრის პერიმეტრზე, იმდენად რთული ვითარებაა, ეს შიდა დაპირისპირებები ბავშვების ჭიდაობად მეჩვენება”

„კვირის პალიტრა“: ორხელისუფლებიანობა

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ გელა დუმბაძესთან: რატომ აშფოთებს რუსული პროპაგანდის გაძლიერება დიასპორის მინისტრს

რეზონანსი: გამართლებულია გაეროს გენერალურ ასაბლეაზე ერთი ქვეყნიდან ორი დელეგაციის გამგზავრება?

———————-

„კვირის პალიტრა“, 21 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: საქართველოს საზღვრის პერიმეტრზე, იმდენად რთული ვითარებაა, ეს შიდა დაპირისპირებები ბავშვების ჭიდაობად მეჩვენება

ნათია დოლიძე

ხშირად შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები ჩვენთან ისეთ სახეს იღებს, რომ როგორც პოლიტიკურ ელიტას, ასევე საზოგადოებას უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები რჩება თვალთახედვის მიღმა. ამის კარგი მაგალითია ბოლო კვირაც, როდესაც თბილისის ყოფილი მერის – გიგი უგულავას საქმის სასამართლო გარჩევამ და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ მთელი ქართული საინფორმაციო სივრცე დაიპყრო. მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია წინასაპატიმრო 9-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ახალი ბრალდების საფუძველზე პირის საპატიმროში დატოვება. შედეგად უგულავას 24-საათიანი თავისუფლება ერგო წილად, თუმცა, რიყისა და “თბილისერვისის” საქმეზე გამოტენილმა განაჩენმა ის 4 წლითა და 6 თვით კვლავ ციხეში შეაბრუნა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ პროცესების ამგვარი განვითარებით ხელისუფლებამ აჩვენა, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და ბოლოს და ბოლოს, მივიღეთ ისეთი დემოკრატია, როგორითაც ბიძინა ივანიშვილი ევროპის გაოცებას აპირებდა, თუმცა, მეორე ნაწილის აზრით, პოლიტიკური ბრძოლის ეს ეტაპი “ქართულმა ოცნებამ” წააგო.

ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

- მოგეხსენებათ, თეატრალური ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული და მთელ ამ პროცესს, როგორც სპექტაკლს, ისე ვუყურებდი. ის, რაც ბოლო დღეებში საქართველოს სასამართლო დარბაზებში ხდებოდა, იყო ფარსი, რომელმაც საქართველოს იმიჯი როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე ჩვენი პარტნიორების თვალში მეტისმეტად შელახა.

საქმეში ჩაუხედავი ადამიანებიც კი სვამენ შეკითხვას: საკონსტიტუციო სასამართლომ რომელი კანონი გააუქმა და რაზე თქვა უარი?! იმაზე ხომ არა, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო რამდენიმე წლის წინ? ეს ნამდვილად ასეა – მათ საკუთარ წარმატებად მიიჩნიეს იმის გაუქმება, რაც არცთუ დიდი ხნის წინ თვითონ დააკანონეს და ჩემდა გასაოცრად, ეს გაუვიდათ… თუმცა, უგულავა ალბათ ვერ ხვდება, რამხელა შეცდომა დაუშვა. დიახ, ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დაუშვა, არის ის, რომ მან სიტყვა “აბაროტი” ახსენა. ეს ძალიან ცუდად შემოუბრუნდებათ უკან. “აბაროტის” აღება მარტო უგულავას არ შეუძლია…

რაც შეეხება სასამართლოზე ზეწოლის შესახებ გახშირებულ ლაპარაკს… ზეწოლა იყო ის, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” გააკეთა და ასეთი მასშტაბის ზეწოლა, სიმართლე გითხრათ, აქამდე არ მინახავს. არ ვიცი, განა ნორმალურია, სასამართლო პროცესის პარალელურად, პირდაპირი ეთერით უჩვენებდნენ მიტინგს, სადაც მოსამართლეებსა და სასამართლოს შეურაცხყოფას აყენებს ყველა, ვისაც არ ეზარება?! ეს არ არის ზეწოლა და ერთი მოსამართლის სახლთან გამართული აქცია ზეწოლაა?! “რუსთავი 2″-ის საქციელს რა ჰქვია, აღარ ვიცი. ის საბოლოოდ იქცა პარტიულ ტელევიზიად, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე ასრულებს პარტიული ბოსების დავალებებს.

ეს რაც შეეხება ფარსის იმ ნაწილს, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” წარმოგვიდგინა, მაგრამ არსებობს მეორე ნაწილიც – “ქართული ოცნებისა” და ხელისუფლების დადგმული. მათი მოქმედება კრიტიკას ვერ უძლებს. საქმე ის კი არ არის, გიგი უგულავა ციხეში დარჩებოდა თუ არა, არამედ ის, რომ პოლიტიკურ ბრძოლას თავისი კანონები აქვს. როცა პოლიტიკოსობას გადაწყვეტ, მით უფრო – თუ ხელისუფლებაშიც ხვდები, ამ ბრძოლის წესები უნდა იცოდე ან, თუ არ იცი, ისწავლო. თუ ამას ვერ ახერხებ, პოლიტიკაშიც არაფერი გესაქმება. “ქართული ოცნების” იმ წევრებმა, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული, გამოავლინეს პოლიტიკური ბრძოლის მეთოდების არცოდნა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ხელისუფლებაში პიარტექნოლოგიების არაფერი გაეგებათ… უგულავას აქამდე მიყვანა როგორ შეიძლებოდა?! შთაბეჭდილება მრჩება, რომ საკუთარი ხელით ითხრიან სამარეს.

რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, მას შემდეგ იმაზეა ლაპარაკი, რომ საბოტაჟია როგორც ძალოვან სტრუქტურებში, ასევე ზოგიერთ სახელისუფლებო რგოლში, მაგრამ ამის აღსაკვეთად არ თუ ვერ დგამენ ნაბიჯებს, არ ვიცი.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ისე წარმოაჩინა საქმე, თითქოს მთელი ქვეყანა ახლა მათ უჭერს მხარს. ეს მტკნარი სიცრუეა, მაგრამ უბედურება ის არის, რომ საზოგადოება ყველაფერს შორიდან უყურებს და არც ერთ პოლიტიკურ ძალას აღარ გულშემატკივრობს. პოლიტიკური პროცესისადმი გაჩნდა ნიჰილიზმი, რაც ძალიან ცუდია. პირდაპირ საარაკოა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ცინიზმი, როცა ისინი ლაპარაკობენ თავისუფალი სასამართლოს პრინციპსა და მათ მიმართ სამართლიანობის აღდგენაზე. რასაც თვითონ აშავებდნენ წლების განმავლობაში, ახლა “ქართულ ოცნებას” აბრალებენ და ფრთაშესხმული ანგელოზებივით გვიკითხავენ მორალს…

- თუმცა, ამ პროცესებმა კარგად აჩვენა, რომნაციონალური მოძრაობარევანშისთვის ემზადება. როგორც პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, საზოგადოებას უკვე აღარ სჯერა, რომ მას ამ რევანშისგანქართული ოცნებადაიცავს

- “ნაციონალური მოძრაობა”, რა თქმა უნდა, ემზადება რევანშისთვის, თუმცა, მათი მდგომარეობა მე მაინც უიმედო მგონია. რაც შეეხება ქალბატონი ხათუნას ნათქვამს… კი, საზოგადოების ნაწილს ასეთი განწყობა ნამდვილად აქვს, მაგრამ ამ შეფასებებიდან მე სხვა რამ უფრო მენიშნა. ქალბატონმა ხათუნამ განაცხადა – სახელისუფლებო სისტემაში მყოფი ადამიანები, რომელთა პოზიცია მერყევია, აუცილებლად შეხედავენ ამ ყველაფერს როგორც “ნაციონალური მოძრაობის” რეინკარნაციას და დაიწყებენ ფიქრს იმაზე, ღირს კი ამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, თუკი შეიძლება ერთ წელიწადში “ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდესო. მე დღეს ხელისუფლებაში მათ მობრუნებაზე ლაპარაკი არასერიოზული მგონია. არჩევნებამდე კიდევ დროა. ეს პოლიტიკური ბრძოლაა, რომლის ერთი რაუნდი ხელისუფლებამ დათმო, თუმცა, გადამწყვეტი ბრძოლა წინ არის.

- როგორ შეაფასებთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ხედავთ თუ არა პოლიტიკურ შემადგენელს მის მოქმედებაში?

- ეჭვიც არ მეპარება, რომ პაპუაშვილის უწყებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. მე პაპუაშვილსაც და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ნაწილსაც ძალიან კარგად ვიცნობ, ჩვენ ერთად ვიყავით პარლამენტში და შემდეგ გარკვეულ პროცესებშიც ერთად ვმონაწილეობდით. კარგად ვიცი, როგორი ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვთ მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი პაპუაშვილს. თავის დროზე ისინი მეტყველების პედაგოგთანაც კი ერთად დადიოდნენ… კარგად ვიცი, როგორ გახდა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და როგორ მოინდომა ეს მიხეილ სააკაშვილმა. საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგიერთი წევრი (გვარებს არ დავასახელებ) წლების წინ პარლამენტის იმ იურიდიულ კომიტეტში სპეციალისტად მუშაობდა, რომელსაც სააკაშვილი თავმჯდომარეობდა. ჩემ გარდა, კიდევ ბევრმა იცის, როგორ გაუკვალა მათ გზა მიხეილ სააკაშვილმა, როგორ იზრუნა მათ კარიერაზე. ვიმეორებ, საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ტურავას მოქმედებაც პოლიტიკური მოტივით ყოფილიყო განპირობებული. ეს ყველაფერი ფარსი სწორედ იმიტომაც არის, რომ სასამართლოებში მიმდინარე პროცესი იყო შეჯიბრი – ვინ ვის დაასწრებდა.

განსაკუთრებით სასაცილო იყო გიორგი პაპუაშვილის მიერ გადაწყვეტილების წაკითხვის ტემპი – ისე ჩქარობდა, ვერავინ ვერაფერი გაიგო. ამას აკეთებდა იმიტომ, რომ დაესწრო პროკურატურისთვის და უგულავას გათავისუფლების პროცესი დაეჩქარებინა. ისე, ყოჩაღ “ნაციონალური მოძრაობის” პიარტექნოლოგებს, რომლებმაც ბრწყინვალედ შეასრულეს თავიანთი სამუშაო და ყველაფერი გააკეთეს უგულავას პოლიტიკურ მსხვერპლად წარმოსაჩენად. ამ ხელისუფლებას კი, როგორც ჩანს, პიარი ზედმეტი ტვირთი ჰგონია და ეს ძალიან დიდი შეცდომაა.

- მიუხედავად სასამართლოს განაჩენისა, შეძლებს კი ამის შემდეგ ჩვენი ხელისუფლება, დასავლელ პარტნიორებს დაუმტკიცოს, რომ უგულავა პოლიტიკური პატიმარი არ არის?

- არ ვიცი, ხელისუფლება ამ მიმართულებით ძალიან პასიურად მუშაობს. უგულავას დამნაშავეობა ლამის მეორეხარისხოვანი გახდა, არადა, სასამართლოს ვერდიქტი, არა მგონია, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სიახლე ყოფილიყო, ისედაც კარგად იცოდნენ უგულავას გადაცდომების შესახებ, მაგრამ პროკურატურამ მოახერხა და ესეც საეჭვო გახადა.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ მოიგერიებენ უგულავას საქმესთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების შემოტევას და შემოტევა რომ იქნება, ცხადია.
ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ხელისუფლებამ ჩააგდო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოაბიტაცია იქცა გაუგებარ პროცესად. უამრავი ადამიანი “ნაციონალური მოძრაობიდან” “ქართულ ოცნებაში” “დაპორტირდა” – ეს იყო და ეს. ადამიანებს დანაშაული ისე ეპატიათ, ბოდიშიც არ მოუხდიათ და მათ უკვე სხვისი დანაშაულის დაფარვა დაიწყეს. ახლახან გამოქვეყნდა სასოწარკვეთილი ჯამბულ გამცემლიძის წერილი, რომელსაც შვილი მოუკლეს და ვერა და ვერ იპოვა სამართალი. არადა, ამ საქმეში ყველაფერი ზედაპირზე დევს. რა გახდა მისი გამოძიება და დასრულება, არ ვიცი…

- რას იტყვით განაჩენზე, რომლის მიხედვით, უგულავასთან ერთად ბრალდებული დავით კეზერაშვილი გამართლდა?

- მე არც იურისტი ვარ და არც ამ საქმეში ჩახედული, ამიტომ ამაზე ლაპარაკი გამიჭირდება. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ უგულავამ გადაფარა თავისი დანაშაულის სიმძიმე, ის იქცა ლამის რომაელ ლეგიონერად, რომელმაც საკუთარი განაჩენი თვითონ გამოაცხადა და თავისი ნებით შევიდა ციხეში…

- ბრძანეთ, ეს ყველაფერი პოლიტიკური სპექტაკლი იყოო. როგორ ფიქრობთ, ვინ იყო რეჟისორი?

- რთულია ასე ერთმნიშვნელოვნად თქმა, მაგრამ ვფიქრობ, მთელ პროცესში საინტერესოდ იკვეთებოდა გიგა ბოკერიას ფიგურა. პიარტექნოლოგიის ნაწილი იყო ისიც, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ყველა ლიდერი ერთხმად ლაპარაკობდა ბიძინა ივანიშვილზე. წარმოაჩენდნენ ისე, თითქოს მხოლოდ მას უპირისპირდებიან და დანარჩენი ხელისუფლება უმნიშვნელოა.

მომავალი არჩევნების თემას რომ დავუბრუნდეთ, მე მაინც მგონია, რომ მოხდება კონსოლიდაცია ისეთი ძალებისა, რომლებიც აქამდე პოლიტიკაში აქტიურები არ იყვნენ და ანგაჟირებულებიც არ არიან. პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური იდეის რეიტინგი დღეს საქართველოში ძალიან დაბალია. ეს ცუდია. ვერა და ვერ მოხერხდა საქართველოში სერიოზული პოლიტიკური სივრცის შექმნა. ლამის 30 წელია, რაც პერსონალიებს ვაძლევთ ხმას და არა პოლიტიკურ იდეებს. …

- ბევრს ლაპარაკობენ ცნობილი საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლაზე

- მე მას არც ვგულისხმობდი. ჯერ ერთი, მას არ უთქვამს, რომ მაინცდამაინც ამ არჩევნებისთვის გეგმავს პოლიტიკურად გააქტიურებას. ჩემი აზრით, პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

- გიორგი მარგველაშვილი ბოლო დროს ძალიან აქტიური იყო. მან ორი განცხადება გააკეთა. ერთხელ ხელისუფლებას მოუწოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუბრკოლებლად აღესრულებინა, მეორედ კი მოსამართლეებს გამოუცხადა თანადგომა. როგორც მოსალოდნელი იყო, მისი განცხადებები მთავრობას არც ახლა მოეწონა

- მარგველაშვილს უკვე ტრადიციად ექცა “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო განცხადებების კეთება, რაც საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელია, რადგან ყველამ კარგად იცის – რომ არა “ქართული ოცნება”, გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი ვერ გახდებოდა, ყოველ შემთხვევაში – ამ საარჩევნო ციკლში. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მარგველაშვილმა საგარეო მოხმარებისთვის, იდეოლოგიური თვალსაზრისით სწორი განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ სასამართლო თავისუფალი უნდა იყოს და მისი გადაწყვეტილებები უნდა აღსრულდეს. არ იქნებოდა ურიგო, ისიც ეთქვა, რომ უგულავას უდანაშაულობა სარწმუნოდ არ მიაჩნია, მით უფრო, რომ ძველი ხელისუფლების ჩინოსნების დამნაშავეობაზე თუნდაც ტელევიზიით არაერთხელ ულაპარაკია.

ერთ საკითხსაც მინდა მივაქციო მკითხველის ყურადღება და “ნაციონალური მოძრაობის” დადგმული კიდევ ერთი სპექტაკლი გავიხსენო. ვგულისხმობ მევენახეების თემის აჟიტირებას, რომელიც მაშინვე დაავიწყდათ, როგორც კი უგულავას საქმე გამოჩნდა. ახლა ამ საკითხზე მსჯელობა რომ ჩაცხრება, დარწმუნებული ვარ, ისევ მევენახეებს მიუბრუნდებიან. ცხადია, ამ პოლიტიკურ ძალას აქვს უნარი, ააგოროს კონკრეტული თემა და აიძულოს მედია, ამაზე ილაპარაკოს.

- ამასობაში ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თემების მიჩქმალვა ხომ არ ხდება?
- გეთანხმებით. ისეთი რაღაცები ხდება ჩვენ გარშემო, ეს შიდა დაპირისპირებები ბავშვების ჭიდაობად მეჩვენება, თუმცა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მეორეხარისხოვანი თემები ფარავს იმ პირველხარისხოვან საკითხებს, რაც საქართველოს უსაფრთხოებას და სუვერენიტეტის დაცვას შეეხება. საქართველოს საზღვრის პერიმეტრზე, ძალიან რთული ვითარებაა, არადა, მსოფლიომ საქართველოს თემა მიივიწყა, აღარავის აინტერესებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

ამას ახალ ხელისუფლებას აბრალებენ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის პრობლემაც აღარ არის საინფორმაციო სივრცის მთავარი თემა. მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ძალთა ჭიდილი, რომელშიც გამარჯვებული ჯერ არ ჩანს. არ არის გამორიცხული, ამ ჭიდილის ეპიცენტრი ცოტა ხანში კავკასია გახდეს. ამ შემთხვევაში ომს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ ბევრ სხვა უსიამოვნო მოვლენას კავკასიის რეგიონში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უგულავას თემაზე ამდენი სჯა-ბაასი სასაცილოა. ეს აჩვენებს, რომ ქვეყანაში გლობალური პოლიტიკური აზროვნების დეფიციტია, რასაც სხვაგვარად შეგვიძლია პოლიტიკური სიბეცე დავარქვათ.

„კვირის პალიტრა“, 21 სექტემბერი, 2015 წელი

ორხელისუფლებიანობა

ხათუნა ლაგაზიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ და გიგი უგულავას გათავისუფლებამ სახელმწიფოში, მიღწევებთან ერთად, სისტემური პრობლემებიც გამოკვეთა:

1. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ქართული რეალობისთვის მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება და დაადასტურა, უპირველეს ყოვლისა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ქვეყნის დემოკრატიულობის შედარებით მაღალი ხარისხი.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ორლესული მახვილის ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, ის ადასტურებს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას კანონის დარღვევით 9 თვეზე მეტ­ხანს პირი ჰყავდა წინასწარ პატიმრობაში, ხოლო მეორე მხრივ, გვაჩვენებს, ვინ იყო კონსტიტუციის შეუსაბამო ამ მუხლის ავტორი. ეს იყო “ნაციონალური მოძრაობა”.

3. ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა. სასამართლო ხელისუფლებაზე თითქმის ვერ ახდენს გავლენას “ქართული ოცნება”, რომელიც სრულად აკონტროლებს აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს, თუმცა, სასამართლო ხელისუფლების სრულ დამოუკიდებლობაზე საუბარი ნაადრევია, რადგან თვალსაჩინოა კიდევ ერთი პოლიტიკური ძალის – “ნაციონალური მოძრაობის” – გავლენა მის ვერტიკალზე.

4. ხელისუფლება წინასაარჩევნო წელს უმძიმესი სტარტით შეუდგა. მედიის თავისუფლებაში ხელისუფლების ჩარევის თაობაზე გაჩენილი კითხვები; წელში გაწყვეტილი ლარი; ელექტროენერგიის მომატებული­ ტარიფი; კახელი გლეხების ჯანყი; საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გიგი უგულავას გათავისუფლების ვალდებულება და არაპოპულარული სახეები როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო გუნდში – ძნელი წარმოსადგენია, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ასეთი”მონაგარით როგორ უნდა შეძლოს ხელისუფლებამ სიტუაციის სათავისოდ შემოტრიალება.

5. ამას ემატება საზოგადოების დიდი ნაწილის იმედგაცრუება დღევანდელი მმარ­თველი გუნდით, რასაც უგულავას გათავისუფლების შემდეგ შიშის ფაქტორიც დაერთო. ამომრჩეველს, რომელმაც 2012 წლის არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ მისცა ხმა, აღარ აქვს იმედი, რომ 2016 წლის არჩევნებზე “ქართული ოცნება”­ მათ ნაციონალური რევანშისგან დაიცავს. და დღევანდელი მმართველებისთვის ეს ყველაზე ცუდია, რადგან ამომრჩევლის ეს ნაწილი გვერდით აღარ დაუდგება ხელისუფლებას “ნაციონალებთან” საბრძოლველად – ბევრი სახლში დარჩება, მედროვეები კი ან კვლავ “ნაციონალთა” გუნდში გადახტებიან, ანაც სხვა პარტიას დაუწყებენ ძებნას. არადა, “ქართულ ოცნებას” საზოგადოების ამ ნაწილის წინაშე ვალდებულება აკისრია.

6. 2016 წლის არჩევნები და უშუალოდ ხმების დათვლისა და შეჯამების პროცესი­ ურთულესი გამოცდა იქნება ხელისუფლებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. სას­ამართლოების მიერ ამ დღეებში მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე, ერთი წლით წინ თუ გავიხედავთ, არ გაგვიჭირდება იმის გამოცნობა, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებას­ მიიღებენ სასამართლოები. ხომ უეჭველია, რომ საფუძვლიან თუ უსაფუძვლო სა­ჩივ­რებს არ მოაკლებენ ამ ხელისუფლებას, მით უფრო, მმართველი გუნდისთვის უკვე ტრადიციად ქცე­ული სიბეცეების ფონზე. ჰოდა, არჩევნები გველოდება, დემოკრატი­ით გაოცება მერე იკითხეთ! არ არის გამორიცხული, 2003 წლის სცენარი ვიხილოთ გარკვეული კორექტივებით: ანუ სასამართლოებში შესული საჩივრების ფონზე ბევრ ოლქში, შესაძლოა, სასამართლოებმა არჩევნების შედეგები ბათილად ცნონ და მოითხოვონ განმეორებითი არჩევნების ჩატარება,­ რათა საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნების შედ­ეგები – ლეგიტიმურად და არჩევნები ჩატარებულად აღიარონ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში “ნაციონალების” გამარჯვებაზე საუბარი არ იქნება, მაგრამ ხელისუფლებას­ მოუწევს დათმობებზე წასვლა იმ ძალებთან, რომელთაც მხარს საერთაშორისო ორგანიზაციები დაუჭერენ.­ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მომავალი­ არჩევნების ბედს გადაწყვეტს არა მხოლოდ ამომრჩეველი, არამედ სასამართლო, რომლის იმედიც­ ექნება ოპოზიციას. არჩევნებში “ნაციონალები” მონაწილეობას მიიღებენ არა იმდენად ამომრჩევლის, რამდენადაც სასამართლოს იმედად.

7. შექმნილ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ძალის გამოსვლა, რომელსაც მიეკედლება ამომრჩევლის ის სოლიდური ნაწილიც, რომელსაც “ნაციონალური რევანშის ეშინია, მაგრამ ამ ხელისუფლების დაცვის იმედი აღარ აქვს. სწორი ეკონომი­კური პროგრამის, სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიული ხედვისა და საინტერესო სახეების შემთხვევაში ასეთ ძალას არჩევნებში წარმატების მიღწევის შანსი ექნება.­ მით უმეტეს, თუ ის მისაღები იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის­ იმდენად, რომ მათ აღარ დასჭირდეთ მხოლოდ ძველ პოლიტიკურ პარტნიორებზე,­ თუნდაც “ნაციონალურ მოძრაობაზე”, ფსონის დადება. არჩევნების შემდეგ ქვეყნის სტაბილურ განვითარებას ეს უდავოდ წაადგება, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ ასეთი ძალა არ ჩანს. თუ არჩევნებამდე ვითარება არ შეიცვალა, ამომრჩეველს ასარჩევი ბევრი­ არავინ ეყოლება, რაც არჩევნებისადმი­ მოსახლეობის ინტერესს და პარლამენტის ლეგიტიმაციის დონეს უფრო შეამცირებს.

ისიც უცნობია, აქვს თუ არა ხელისუფლებას ცვლილებების რესურსი, ამიტომ მისთვისაც და ქვეყნისთვისაც მომავალი წელი საკმაოდ მძიმე გამოცდა იქნება.

„კვირის პალიტრა“, 21 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ გელა დუმბაძესთან: რატომ აშფოთებს რუსული პროპაგანდის გაძლიერება დიასპორის მინისტრს

რუსუდან შელია

რატომ გაიზარდა ქვეყანაში რუსული პროპაგანდა და არის თუ არა ამაზე პასუხისმგებელი მმართველი გუნდი, “კვირის პალიტრის” კითხვებს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე­ უპასუხებს:

- ქვეყანაში რუსული პროპაგანდის ზრდა აშკარად შეინიშნება. მართალია, ეს მიანიშნებს, რომ ჩვენი მთავრობა ლოიალური და დემოკრატიულია, მაგრამ პირადად მე, როგორც ეროვნული მოძრაობის წევრი და ადამიანი, რომელმაც მთელი შეგნებული ცხოვრება სამშობლოს თავისუფლებასა და პროგრესს მიუძღვნა, ამ პროცესებს სიფრთხილით ვაკვირდები.

- ვინ აფინანსებს მომრავლებულ პრორუსულ არასამთავრობო­ ორგანიზაციებსა და გაუგებარ აქციებს?

- ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ რუსულ სკოლაში ბავშვებს დაურიგეს სახელმძღვანელოები, სადაც საქართველოს რუკაზე აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ ერთეულებადაა დატანილი. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან დიდი ალბათობით, სახელმძღვანელოები სწორედ თბილისში დაიბეჭდა.

ფაქტია, ქვეყანაში გაჩნდა ჯგუფი, რომელსაც სურვილი აქვს, მოსა­ხლეობის მენტალიტეტი შეცვალოს და საკუთარი ინტერესები დაამკვიდროს. ასეთ დროს მეტი სიფხიზლეა საჭირო! არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი, აფხაზე­თი და სამაჩაბლო, ოკუპირებული აქვს. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რა მოხდა, თუ რამდენიმე წიგნი დაიბეჭდა კერძო სკოლისთვისო, მაგრამ, არა, სწორედაც, მოხდა! პატარა დეტალებით იქმნება საშიში­ სიტუაციები. კარგად მახსოვს, როდესაც მინისტრთა კაბინეტი ხელახლა დაამტკიცეს და ქუთაისიდან თბილისში ვბრუნდებოდი, წითელი დროშების ფრიალით ორმოცამდე მიკროავტობუსმა ჩაგვიარა, 9 მაისი იყო და გორისკენ მიდიოდნენ. მეტიც, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ უნივერსიტეტში მიმიწვიეს ფილმის ჩვენებაზე. გვითხრეს, მეორე მსოფლიო ომში საქართველოს დანაკარგს ეძღვნებაო.

სინამდვილეში­ აბსოლუტ­ურად განსხვავებული ვითარება დაგვხვდა – ფილმი საბჭოურ ცხოვრებაზე ნოსტალგიითა და საბჭოური პატრიოტული­ სიმღერებით იყო გაჟღენთილი და დაუფარავ გზავნილებსაც უხვად შეიცავდა. კადრში სტალინისა და კრემლის გამოჩენისას დარბაზის ნაწილმა (ძირითადად ომის ვეტერანებმა, რომელთა დამსახურებასაც არავინ უარყოფს) მხურვალე ტაში დასცხეს. მაგრამ, როდესაც ამას ახალგაზრდები უყურებენ და ტაშს იზიარებენ, ეს ჯანსაღი ტენდენცია არ არის.

რუსეთთან ფრთხილი და გონიერი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრინციპები და ღირსეული სახე ერთი გოჯით მაინც დავთმოთ. თვითონ რუსეთსაც მეტი პატივისცემა ექნება ღირსეული ოპონენტის მიმართ.

- თქვენ ხელისუფლებას წარმოადგენთ და ახლა მიანიშნებთ, რომ საქართველომ ღირსეული სახე დაკარგა, ამის გამო კოლეგებს საყვედურობთ?

- ჩვენი სახელმწიფო თანამიმდევრულ პოლიტიკას ატარებს, მე მხოლოდ მოწოდებას ვახმოვანებ როგორც მთავრობის, ისე საზოგადოების მიმართ. ვისურვებდი, ხელისუფლებასა და საზოგადოებაში მეტი სიფხიზლე იყოს.

- ხელისუფლება ფრთხილად არ არის, თუ ეს მმართველი გუნდის პოლიტიკის ნაწილია?

- ჩვენმა ხელისუფლებამ თავისუფალი სახელმწიფოს შესაქმნელად ბაზა, თავისუფალი ეკონომიკისა და სიტყვის თავისუფლების სახით, უკვე შექმნა და ამის დაუფასებლობა არ შეიძლება, მაგრამ თავს ხშირად ვსაყვედურობ, რომ ოპონენტების, როგორც შინა, ასევე გარე, მიმართ ზედმეტად ლმობიერები ვართ. ვიცნობ რუსულ მენტალიტეტს, ვიცი, როგორ ფიქრობენ ისინი, ამიტომ მინდა, ჩვენი პოლიტიკა მოწ­ოდების სიმაღლეზე იყოს. მე მინახავს არაერთი ხელისუფალი,­ რომლებიც ხიბლმა და ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებებმა შეცდომებამდე მიიყვანა. ეს არ უნდა გავიმეოროთ.

- ფიქრობთ, რომ თქვენი ხელისუფლებაც წინამორბედის შეცდომებს იმეორებს?

- წინა ხელისუფლების მაგალითზე ვისაუბრე… საქართველოში დღეს ყველა წინა პირობაა საიმისოდ, რომ განვითარება წარმატებით გაგრძელდეს, უბრალოდ, ყველაფერს დრო სჭირდება. მათ შორის, გუნდის ჩამოყალიბებას, ერთიან სამოქმედო სტრატეგიას…
ირაკლი ღარიბაშვილი პრ­ო­­გ­­რესული და ვაჟკაცი ადა­მიანია, ამიტომ ქვეყნის­ ინტერესების დათმობაზე საუბარიც ზედმეტია. საჭიროა ყველა გამოწვევაზე მკვეთრი, დროული პოზიციების დაფიქსირება. სხვა რესურსი და ფუფუნება საქართველოს არ გააჩნია.

- რას უპირისპირებთ მომძლავრებულ რუსულ პროპაგანდას, ან ვინმე თუ აკონტროლებს საქართველოში რუსულ ფინანსებს?

- სათანადო სამსახურები ყველაფერს აკონტროლებენ, პარალელურად ისინი ქვეყნის დემოკრატიულ პრინციპებს იცავენ. საინფორმაციო ველზე რუსული პროპაგანდის გაძლიერებას მეც ვგრძნობ. არ მინდა ჩემი კოლეგების კომპეტენციაში შეჭრა, მაგრამ სახელმწიფომ საზოგადოებასა და თუნდაც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გააზრებული პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს. ამბობენ, რომ რეგიონებში ევრაზიულ კავშირში შესვლის მომხრეთა რიცხვი გაიზარდა. არასამთავრობო ორგანიზაციებიც აქტიურობენ და მათ გასაგონად მინდა განვაცხადო: ევრაზიულ კავშირში გაწევრება ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.

- ეს საფრთხე რეალურია?

- ხალხის ნდობით აღჭურვილმა ხელისუფლებამ ქვეყანა­ სწორი გზით უნდა ატაროს. დღეს რუსეთში მენტალურ პრობლემებთან ერთად, ხელფასებისა და პენსიების გაცემის პრობლემაც აქვთ. რუსეთი თავისი ამბიციების გამო ბევრ პარტნიორს დაუპირისპირდა. საბჭოთა კავშირის ცხოვრების­ წესმა ქართულ მენტალიტეტს დიდი ზიანი მიაყენა – ვიღაცებს­ ერჩივნათ მათი პრობლემები სხვას გად­აეწყვიტა, გარანტირებული 120 მანეთი ჰქონოდათ და ამის ხარჯზე მორჩილი ყოფილიყვნენ. ევროპული ცხოვრების წესი კი განათლებასა და ბევრ მუშაობას მოითხოვს­. ევროპისკენ სწრაფვა არ არის გაიგივებული სიზარმაცესთან. საზოგადოების ნაწილს ურჩევნია სხვის ხარჯზე იცხოვროს, ვიდრე თავად იმუშაოს სტაბილური და ღირსეული ცხოვრების შესაქმნელად. ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა არსებულ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს გადარჩენაა. მთავარია, ხელისუფ­ლება, მოსახლეობა და ახალგაზრდობა გაერთიანდეს.

ქართველმა კაცმა თქვა, მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო. ჩემი განცხადებებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. სიმართლის თქმის არ უნდა გვეშინოდეს.
ჩვენი ხელისუფლება პატიოსანი და საქმიანია, მაგრამ დამნდობი და ზედმეტად ჰუმანური.
რეზონანსი“, 21 სექტემბერი, 2015 წელი

გამართლებულია გაეროს გენერალურ ასაბლეაზე ერთი ქვეყნიდან ორი დელეგაციის გამგზავრება?

ლიკა ამირაშვილი

აშშ-ში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოდან ორი დელეგაცია გაემგზავრება. ერთს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორეს კი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. მთავრობის მეთაური აშშ-ს 25 სექტემბერს ეწვევა, პრეზიდენტის შტატებში გამგზავრება კი 27 სექტემბერსაა დაგეგმილი.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის ვიზიტების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიას დაესწრება, 1-ელ ოქტომბერს კი, სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. გარდა ამისა, ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და არაერთ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა ვიზიტის ზუსტი პროგრამა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

პრეზიდენტი კი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ნიუ-იორკსა და ვაშინგტონს ეწვევა. უფრო კონკრეტულად, გიორგი მარგველაშვილი ნიუ-იორკში, დისკუსიაში – “აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება” მიიღებს მონაწილეობას, სადაც ის ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ მიიწვია. ასევე საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს. ორმხრივი შეხვედრები და საჯარო გამოსვლებია დაგეგმილი დედაქალაქ ვაშინგტონშიც, მათ შორის გიორგი მარგველაშვილი ვუდროუ ვილსონის სახელობის ცენტრს ესტუმრება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ერთ-ერთ ორმხრივ შეხვედრას უკრაინელ კოლეგა პეტრო პოროშენკოსთან გამართავს. აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ვიზიტები ერთდროულად – 2 ოქტომბერს დასრულდება. არსებული ინფორმაციით, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი, ისე გიორიგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციებით გაემგზავრებიან.

რამდენად გამართლებულია გაეროს გენერალურ ასაბლეაზე ერთი ქვეყნიდან ორი დელეგაციის გამგზავრება? – ამ კითხვით “მთელმა კვირამ” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): “ამით მგონია, რომ საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებენ. მით უფრო, რომ ყველას ერთი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ეს შეერთებული შტატები იქნება, თუ გაერო, ნესმიერ შეხვედრასა და ღონიძიებაზე არ შეიძლება, რომ პრეზიდენტი და პრემიერი ერთმანეთისგან ასე ცალსახად გათიშულები იყვნენ. ძალიან არასერიული ამბავია, ესაა ჩემი პასუხი.”

გრიგოლ გაგნიძე (იურისტი): “აქ ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, პრემიერისა პრეზიდენტის გამგზავრება იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება თავის პოზიციას სრული შემადგენლობით აფიქსირებს. მათი ცალ-ცალკე დელეგაციით გამგზავრებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.”

დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): “რა თქმა უნდა, გაუმართლებლად მიმაჩნია, რომ ერთი ქვეყნიდან ორი დელეგაცია გაემგზავროს. გასაგებია, რომ ერთმანეთთან მწყრალად არიან, მაგრამ რა აუცილებელია, რომ ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგოს. “ერთი დელეგაციით უნდა წასულიყვნენ. დიპლომატიურად მაინც უნდა ეჩვენებინათ, რომ სხვანაირი ურთიერთობა აქვთ.”

ნოდარ ნათაძე (ფილოლოგი): “როდესაც სახელმწიფო იმაზე ვერ რიგდება, რომ ქვეყნიდან გაეროში ერთი დელეგაცია გაემგზავროს, ეს ანომალიური მოვლენაა, რომელიც ხელისუფალთა ინტელექტუალურ არასრუფასოვნებაზე მეტყველებს. ჩვენ დაგვცინებენ და სერიოზული ინსტანციის სტატუსი მოგვაკლდება. “ხელისუფლება რომ სამი უმაღლესი ორგანოთია წარმოდგენილი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი საკუთარ პასუხიმგებლობას მთლიან სიტუაციაზე არ უნდა იღებდეს. ჩვენი ხელისუფლების არც ერთი ორგანო ამ პასუხიმგებლობას არ გრძნობს. “

Comments are closed