„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „მილიონერის სიაში ჩასმა ამომრჩეველს აღიზიანებს“ // „ევროპაში ბიზნესმენს აზრად არ მოუვა, რომ საპარლამენტო სიაში ადგილი იყიდოს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუები ნიკა რურუასთან და რომან გოცირიძესთან // „ქართულ ოცნებას“ საკუთარი სიბრიყვე დაამარცხებს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ: „ბათუმში ნაციონალები ბრუნდებიან „ქართული ოცნების“ სახელით“ // ჯუმბერ თავართქილაძე: „ჩვენ მიგვანიშნეს, საჭირო აღარ ხართო“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ემზარ კვიციანთან: „ვანო ჯავახიშვილის შიშით პარლამენტი დაჩმორებული და დაკომპლექსებულია“ // ემზარ კვიციანი იუმორისტის ხუმრობების შესწავლას ითხოვს
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „მიხეილ სააკაშვილი თუ ნორმალურია, ციხეში უნდა იჯდეს, თუ შეშლილია – ფსიქიატრიულში“
„ვერსია“: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის ოფისი და რამდენიმე ავტომობილი გაყიდა // გაიყო თუ არა მიხეილ სააკაშვილის პარტიის ქონება და ვინ ჩაშალა კახეთის გზატკეცილზე მდებარე ცენტრალური ოფისის გაყიდვა
——————
„ახალი თაობა“, 21 სექტემბერი, 2017 წელი
ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „მილიონერის სიაში ჩასმა ამომრჩეველს აღიზიანებს“ // „ევროპაში ბიზნესმენს აზრად არ მოუვა, რომ საპარლამენტო სიაში ადგილი იყიდოს“
პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე საუბრობს.
- ბატონო რამაზ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დეპუტატების სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, რასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. დეპუტატები არ ეთანხმებიან ანგარიშის შედეგებს. რამდენად არის საქართველოს პარლამენტის პრობლემა ის ბიზნესმენები, რომლებიც მოდიან პოლიტიკაში იმიტომ, რომ ლობირება გაუწიონ მხოლოდ საკუთარ ბიზნესს, თუ ეს გავლილი ეტაპია?
- არა, გავლილი ეტაპი ნამდვილად არ არის. ამ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მართალია, არც ეს დეპუტატები და არც პარლამენტის თავმჯდომარე არ ეთანხმება ამ კვლევის შედეგებს, მეტიც, უპასუხისმგებლოს უწოდებს, მაგრამ პრობლემა რომ არსებობს, ეს დღეს არ გარკვეულა. მსგავსმა კვლევებმა ასეთ დღეში რომ არ ჩააგდოს არც პარლამენტი და არც მისი ხელმძღვანელობა, ამისთვის საჭიროა მეტი კონტროლის მექანიზმების არსებობა. ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ავადმყოფობა არ არის. პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, თუკი ბიზნესს მიეცა შესაძლებლობა, ის ცდილობს შეეზარდოს ხელისუფლებას, რათა უფრო კომფორტულად იყოს. ამიტომ უნდა არსებობდეს მექანიზმები, რომლებიც ამ რისკს მინიმუმამდე დაიყვანს, ნულამდე დაყვანა ალბათ შეუძლებელია.
- პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ძალიან მკაცრია ამ მიმართულებით კანონმდებლობა, დეპუტატობის პარალელურად სამეწარმეო საქმიანობა უფლებამოსილების შეჩერებით ისჯება…
- ეს კანონი არსებობს, მაგრამ კონტროლისთვის მეტი მექანიზმია საჭირო. სანამ ჟურნალისტებამდე მივა საქმე და ატყდება მთელი ამბავი, იქამდე, ვისაც ეს ევალება, თუნდაც კომიტეტის თავმჯდომარემ, რატომ არ მოიკვლია ეს საკითხი?!
- გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ მისთვის ეს ახალი ამბავი არ არის...
- და მაშინ რატომ არ იმოქმედა?! კარგ კანონებს ვიღებთ, მაგრამ მათი აღსრულების მექანიზმი არ არის ისეთი, რომ რეალურად მოხდეს მისი ამოქმედება.
- ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს მოვიდნენ ძირითადად ბიზნესმენები ხელისუფლებაში და ღიად ლობირებდნენ თავიანთ ბიზნესს. გვახსოვს, საპარლამენტო სიებში მოსახვედრად დიდ თანხებს როგორ იხდიდნენ…
- დიახ, ეს ადამიანები ღიად მოდიან ბიზნესის საკეთებლად და არა პოლიტიკის საკეთებლად, ამაშია მთელი უბედურება…
- ეს ალბათ უფრო საბჭოური გადმონაშთია, რადგან ევროპაში სულ სხვანაირად ხდება...
- ევროპამ ეს ეტაპი გაიარა. ჩვენ ვერ გავიარეთ. ცხადია, ყველა ქვეყანაში ბიზნესი დაინტერესებულია, რომ ისეთი გარემო შეიქმნას, ისეთი კანონები იქნას მიღებული, რომ თავი კარგად იგრძნოს და ამით ქვეყნის ბიუჯეტშიც შეიტანოს თავისი წვლილი, მაგრამ ევროპაში ბიზნესმენს თავში აზრად არ მოუვა, რომ როგორმე საპარლამენტო სიაში ადგილი იყიდოს და თვითონ დაჯდეს პარლამენტში. ის აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ისეთი ძალები, რომელთა მმართველობის დროსაც მისი ბიზნესი დაცული იქნება. ევროპულ სინამდვილეში ბიზნესი თავის ინტერესებს პოლიტიკური პარტიების საშუალებით აგვარებს, აფინანსებს ამა თუ იმ პარტიას და ცდილობს, ის მოვიდეს. ჩვენთან კი თავად ბიზნესი ცდილობს, მოვიდეს ხელისუფლებაში.
- და რამდენად არის ეს ჯანსაღი?
- რა თქმა უნდა, არ არის ჯანსაღი. თუმცა, ორივე შემთხვევაში გამოდის, რომ ქვეყანა არ არის დაცული ბიზნესინტერესების გავლენებისგან.
- საპარლამენტო სიებში ბიზნესმენების ღიად ჩასმა რამდენად არის მომგებიანი პარტიებისთვის?
- ეს არის საინტერესო კითხვა. თუ არსებულ სოციალურ ფონს გავითვალისწინებთ, არჩევნებზე მისული ადამიანების უმეტესობას ის მილიონერი, რომელიც სიაში დახვდება, ვერანაირად ვერ მოხიბლავს. მას ეგრევე უჩნდება პროტესტის განცდა და ეს სრულიად ადამიანური განცდაა. მეორე საკითხიც იჩენს თავს – „მე მომპარა“, „ქვეყანას მოპარა“, „საიდან მოიტანა“, ხომ გსმენიათ ეს ფრაზები. ამ შემთხვევაში მილიონერების ასე ღიად ჩასმა საპარლამენტო სიაში, რასაკვირველია, მომგებიანი არ არის.
- თუმცა, ის განცდაც ხომ არის: ის არის მილიონერი და მე არ მომპარავს...
- რა თქმა უნდა, ეს განცდაც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში წვრილფეხობა არ იგულისხმება. გააჩნია ბიზნესისა და ბიზნესმენის მასშტაბს. ასეთი განცდა აქვს ადამიანს იმ შემთხვევაში, თუ საუბარია მილიარდერზე, რომელიც მხოლოდ ქველმოქმედებით არის დაკავებული და ფულიც სხვა ქვეყანაში აქვს ნაშოვნი და არა აქ, საქართველოში.
- რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა პარლამენტარი მილიონერების სია, რასაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. საზოგადოების რეაქცია არცთუ სახარბიელო იყო, რადგან 150-კაციან პარლამენტში რამდენიმე ათეული მილიონერი აღმოჩნდა...
- სწორედ ამაზე მოგახსენებდით, მაგრამ მეორეა, ამ ადამიანებს ხომ ისევ ეს საზოგადოება ირჩევს?!
- თუ პროტესტი აქვთ, მაშინ რატომ ირჩევენ?
- შეიძლება მიზეზი სულ სხვაგან იყოს. წინასაარჩევნოდ ეს მილიონერები ძალიან გულუხვები და ხელგაშლილები ხდებიან და ამომრჩევლის სიმპათიებსაც იმსახურებენ. ეს რეალობაა და მოვახერხებთ თუ არა ამ რეალობის თავიდან აცილებას, ეს სხვა საკითხია.
„ახალი თაობა“, 21 სექტემბერი, 2017 წელი
ინტერვიუ ნიკა რურუასთან და რომან გოიცირიძესთან: „ქართულ ოცნებას“ საკუთარი სიბრიყვე დაამარცხებს“
საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე პრეზიდენტმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი დოკუმენტი მიიღეს. „ახალ თაობას“ აღნიშნული დოკუმენტის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რომან გოცირიძე და ნიკა რურუა ესაუბრნენ.
——-
- ბატონო რომან, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით პრეზიდენტის და ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებული ერთობლივი დოკუმენტი წარმოადგინა. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს არის ულტიმატუმის ენით საუბარი პრეზიდენტის და ოპოზიციური პარტიების მხრიდან. როგორია თქვენი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?
- პრეზიდენტის ეს ინიციატივა არის ბოლო შანსი სახელისუფლო უმრავლესობისათვის, რომ თავი დააღწიოს იმ საერთაშორისო და საშინაო იზოლაციას, რომელშიც მან ჩაიგდო თავი. ამ კონსტიტუციას არ ჰყავს მომხრე არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. სასაცილო ის არის, რომ ინდივიდუალური ექსპერტიც კი ვერ დაიქირავეს, რომელიც ამ კონსტიტუციას გაამართლებს. როგორც ჩანს, იმდენად სამარცხვინოა ამ კონსტიტუციის გამართლება, რომ ვერ გამოჩნდა სოლიდური სახის მქონე ადამიანი, თუნდაც დიდი თანხის სანაცვლოდ, რომელიც იტყვის, რომ ეს არის კარგი!
- ანუ?
- ანუ ეს არის სრული იზოლაცია და სრული კრახი! ხელისუფლება ამ ყველაფერს წარმოაჩენს ისე, რომ რადგან ორი მოსმენით მიღებულია და მესამე მოსმენა მხოლოდ რედაქციული ხასიათისაა, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცესი შეიძლება მხოლოდ კონსტიტუციის მიღების შემდეგ, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების სახით. ანუ კვლავ უნდა იყოს საყოველთაო განხილვა და მრავალი თვის შემდეგ შეიძლება რაღაცა შეიცვალოს, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ არსებობს კიდევ ერთი გამოსავალი, ეს არის პრეზიდენტის ვეტო.
- არც ვეტოს დაძლევა გაგვიჭირდებაო, აცხადებენ უმრავლესობის წევრები...
- როდესაც არსებობს ვეტო, ეს ნიშნავს იურიდიულ და პოლიტიკურ შანსს, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ის შენიშვნები, რომლებიც წამოვა პრეზიდენტისგან და ოპოზიციისგან. ან თუნდაც შენიშვნების ნაწილი და ამით ეს იურიდიული სირთულე დაიძლევა. თუკი პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება უმრავლესობის მხრიდან, ეს შექმნის ქვეყანაში სამომავლო კრიზისის ძალიან სერიოზულ საფუძველს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ როდესაც ერთი პარტია საკუთარ თავზე მოირგებს კონსტიტუციას, რომლის მთავარი მიზანი არის ხელისუფლებაში დარჩენის უზრუნველყოფა კონსტიტუციის მეშვეობით, სადაც მთავარი თემა არის არჩევნები, ბუნებრივია, რომ თავად ხელისუფლება იქნება, სულ მცირე, მორალურად და პოლიტიკურად არალეგიტიმური. ამით ხელისუფლება კანონგარეშე ჩაიყენებს თავს და თავად ეს კონსტიტუცია გახდება სერიოზული დაპირისპირების საგანი.
———
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა პრეზიდენტის პოზიციასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს: „უმრავლესობა უტარო კოვზივით ყველგან ხმარობს სიტყვა ულტიმატუმს და ჰგონია, რომ ამით ყველა ტყუილს გაამართლებს. ეს არის სრული სიცრუე, რასაც ისინი ამბობენ, რომ ვინმე ვინმეს მხარეს დადგა“.
- არ დამდგარა მარგველაშვილი ოპოზიციური პარტიების მხარეს?
- პრეზიდენტი დადგა კეთილგონიერების მხარეს და დროა, „ქართული ოცნებაც“ დადგეს კეთილგონიერების და ქვეყნის ინტერესების მხარეს და ერთპარტიული კონსტიტუცია კი არ მიიღოს, მიიღოს კონსტიტუცია, რომელზედაც ყველა იქნება შეთანხმებული, რომ ეს კონსტიტუცია სჭირდება ხალხს, ხალხის მონაწილეობას დემოკრატიაში და სჭირდება ქვეყანას.
- კონსტიტუციის ახალი ვარიანტი ამ ყველაფერს გამორიცხავს?
- რასაც დღეს „ქართული ოცნება“ გვთავაზობს, ეს გამორიცხავს, რომ ხალხმა სურვილის შემთხვევაში შეცვალოს ხელისუფლება. ეს არის ძალიან ცუდი, არადემოკრატიული და ერთპარტიული დოკუმენტი. ამიტომ პრეზიდენტი, ისევე როგორც ყველა პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პარტია, აცნობიერებს, რომ ეს კონსტიტუცია არ არის მისაღები და, შესაბამისად, ჩვენ არა მხოლოდ ეს ვთქვით, არამედ კონკრეტული მოდელი შევთავაზეთ ხელისუფლებას. თუ შეთავაზება ულტიმატუმია, მაშინ ყველაფერი ულტიმატუმია! ლაპარაკიც ულტიმატუმია, ადამიანების ურთიერთობაც ულტიმატუმია. `ქართული ოცნება~ ძალიან ბრიყვულად იქცევა და თუთიყუშივით ერთსა და იმავე სიტყვას იმეორებს, რაც მათ აუცილებლად დაამარცხებს. სწორედ საკუთარი სიჯიუტე და სიბრიყვე დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“!
- უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მათთვის არც ვეტოს დაძლევა იქნება დიდი პრობლემა. ამ შემთხვევაში რას აპირებს ოპოზიცია?
- გამოჩნდება, რას ვაპირებთ და რა იქნება! დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენს გეგმებს წინასწარ ვერავის გავაცნობთ!
- არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დღეს ამდენს ყვირიან, 2010 წელს ჩუმად იყვნენ, როდესაც არადემოკრატიული კონსტიტუცია იქნა მიღებული და ამ ცვლილებებს უპრობლემოდ დაუჭირეს მხარიო. ამაზე რას იტყვით? თქვენ მიერ მიღებული კონსტიტუცია ჯობდა ამ ახალ ვარიანტს?
- არჩილ თალაკვაძე სრულ სისულელეს ამბობს, რადგან 2010 წელს მიღებული კონსტიტუცია 2017 წლამდე მუშაობს მშვენივრად. სწორედ ამ კონსტიტუციით მივიღეთ ძალიან ბევრი რაღაც.
„ახალი თაობა“, 21 სექტემბერი, 2017 წელი
ინტერვიუ: „ბათუმში ნაციონალები ბრუნდებიან „ქართული ოცნების“ სახელით“ // ჯუმბერ თავართქილაძე: „ჩვენ მიგვანიშნეს, საჭირო აღარ ხართო“
საქართველოს ერთიანობის კავშირის თავმჯდომარე, ყოფილი ხალხის პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯუმბერ თავართქილაძე იმ პოლიტიკური პროცესებით უკმაყოფილოა, რომლებიც მიმდინარეობს ქვეყანაში და „ახალ თაობასთან“ მისი უკმაყოფილების მიზეზებზე საუბრობს.
- ბატონო ჯუმბერ, თქვენი ფეისბუქპოსტი წავიკითხე. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდით. რა ხდება ბათუმში, პოლიტიკური პროცესები როგორ მიმდინარეობს?
- პრაქტიკულად, ბათუმში პოლიტიკური ჭაობია. ნაციონალური მოძრაობა შეფარულად ბრუნდება ხელისუფლებაში.
- ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში შეფარულად როგორ ბრუნდება?
- თუ გადავხედავთ დღევანდელ კადრებს, ზემო აჭარაში მათ სიებს და მაჟორიტარ კანდიდატებს მიმდინარე ადგილობრივ არჩევნებზე, დავინახავთ, რომ მათი 80% ნაცმოძრაობის ყოფილი წევრებია. დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, ნაცმოძრაობა ისევ ხელისუფლებაში მოიყვანოს „ქართული ოცნების“ სახელით.
- როგორ შეძლეს ნაციონალებმა „ოცნების“ პარტიულ არეალში შეღწევა?
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ნაცმოძრაობის ბობოლებმა კარგად მოახერხეს „ოცნების“ მიმხრობა.
- როგორ?
- თავის ბიზნესწილებში ჩასვეს „ოცნების“ წარმომადგენლები.
- ეს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო?
- 2012 წელს, როცა ხელისუფლება არჩევნების საშუალებით შეიცვალა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა და ფულის ტომრებმა სრულიად იოლად გამონახეს „ოცნების“ ლიდერთა რიგებში ფულს დახარბებული ადამიანები. მათ მფარველობის სანაცვლოდ, ბიზნესწილები ნაწილობრივ გადაუფორმეს და ბიზნესპარტნიორები გახადეს. სწორედ მათი მეშვეობით, ანუ ბიზნესპარტნიორების დახმარებით, „ოცნებაში“ ნაციონალური მოძრაობის საშუალო და დაბალი რგოლის კადრების პორტირება დაიწყო.
- ამ არჩევნებზე რა ხდება?
- დღესაც სახეზეა იგივე სიტუაცია. ამჟამადაც ასეა. ეს გამოჩნდა წინა არჩევნებზე. მეტსაც გეტყვით, „ქართული ოცნება“ აჭარის რეგიონში კადრების თვალსაზრისით იმაზე მეტს კადრულობს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი.
- თუ „ნაციონალები“ არიან „ოცნებაში“, ახლა ის „ნაციონალები“, ცხადია, ამ ამპლუაში უფრო მეტს იკადრებენ, ვიდრე უწინ, რადგან წინა უმსგავსობაზე პასუხი არ აგებინეს...
- პრაქტიკულად, 2012 წლის შემდეგ, მხოლოდ ფასადური ცვლილება მოხდა და ახლა სურთ, „ოცნების“ დროშებით და დროშის ქვეშ მოავლინონ ნაცმოძრაობა. როცა სააკაშვილის ოპოზიციაში გადავედი 2004 წლის 1 აგვისტოს და დავიწყე სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, ვინც ჩვენ გვავიწროვებდა იმდროინდელი ძალოვნების სახით, ახლა პოლიტიკოსებად მოგვევლინენ. მათით არიან დაკომპლექტებული. ის კადრები არიან და ისინი ჩადიან უმსგავსობებს, რომ ხალხს ნაციონალური მოძრაობის ნოსტალგია გაუჩნდეს. მათ ჩასაფრებული პოზიცია უკავიათ. აქედან გამომდინარე, სრული უფლება მაქვს ვიფიქრო, რომ ბიძინა ივანიშვილი თავიდანვე გარიგებული იყო სააკაშვილთან და სხვებთან (ვგულისხმობ ევროპა ამერიკასთან), რომ ხალხის დასაშოშმინებლად მოხდებოდა ხელისუფლების ფასადური ცვლილება.
- ახლა მიხეილ სააკაშვილის აქტიურობას რომ ვუყურებთ, რას აკეთებს უცხო ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილი მაგას დათანხმდებოდა?
- მიხეილ სააკაშვილი ძალიან მშიშარა ადამიანია. ის ამერიკის, ცერეუს, რუსეთისა და კაგებეს ერთობლივი პროექტია. ის გახლავთ ორმაგი აგენტი.
- ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა ის რეჟიმი, დანარჩენი სხვებმა უნდა გააკეთონ...
- პირდაპირ და ღიად გეტყვით, დღეს საქართველოში ყველა პარტიას, ნაციონალების ჩათვლით, ბიძინა მართავს. ახლა ვხედავთ, სააკაშვილი უკრაინაში როგორ გონორზეა. შემთხვევითი არც ისაა, რომ მან კიევში 17 ოქტომბერს დანიშნა მიტინგი.
- ცხადია, გონორზეა...
- ამით მისი მხარდამჭერების მობილიზაციას ახდენს საქართველოში. სააკაშვილი რუსეთის დავალებების ყველაზე კარგი შემსრულებელია. დააკვირდით, რომელ რეგიონებში ჩადის მის მომხრეებთან შესახვედრად. იქ, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობაა და რუსეთის ინტერესების ქვეშაა.
- დიახ, აგენტურა ყველგან მოქმედებს, რა გასაკვირია? არ ჯობს, `ოცნების~ გარეშე შეეცადოთ ნორმალური პოლიტიკოსების მობილიზებას?
- ამ თემაზე ვფიქრობ. არჩევნების მეორე დღიდან უნდა დავიწყოთ გააქტიურება, რათა ქვეყანა გადავარჩინოთ. ქვეყანა უფსკრულის პირასაა.
- ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი, დანარჩენი სხვებმა უნდა გააკეთონ. სამწუხაროდ, თქვენნაირი ოპოზიცია პირველი ოპოზიციური ძალის, ანუ მეორე პარტიის ადგილსაც ვერ იკავებს...
- ბიძინა ივანიშვილს არ შეუცვლია მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, პირველ რიგში, შეცვალეს იმ პატრიოტებმა, ვინც ჩვენთან ერთად იბრძოდა დღენიადაგ, ანუ მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის იმ ნაწილმა, რომელიც არასოდეს ყიდდა სინდის-ნამუსს. 7 ნოემბერს სააკაშვილმა ჩვენი სისხლი რომ დაღვარა, კობა დავითაშვილი ცემით მოკლა სააკაშვილმა, მაშინ ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილს აფინანსებდა, რომ კარგად გაველახეთ. როცა ხელისუფლება შეიცვალა, პირველ რიგში, ის ხალხი ჩამოიცილა თავიდან, ვინც სამართლიანობის აღდგენას ითხოვდა. მათ შორის, კობა დავითაშვილი, მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი, ვინც არ გავიყიდეთ.
- ის მებრძოლი ძალა, რომელიც სააკაშვილს ებრძოდა, სად არის?
- ამ ხალხს მიგვანიშნეს, საჭირო აღარ ხართ, იბრძოლეთ, მადლობა, ახლა ფულს ჩვენ ვიშოვით ხელისუფლებაში ყოფნისასო და კი შოულობენ. ჩვენ ამ ყველაფერს გულისტკივილით შევყურებთ, თუ როგორ ანგრევენ ქვეყანას. ამიტომ დროა, ვიფიქროთ ეროვნულ ღირებულებებზე, პრინციპებზე დაფუძნებული ძალის ჩამოყალიბებაზე.
- სააკაშვილის ხელისუფლება, ცხადია, ხალხმა შეცვალა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით...
- მართალი ბრძანდებით, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა კოალიციაში შეიყვანა ის პარტიები, ვინც ორ სკამზე ისხდნენ, რესპუბლიკელების მეთაურობით, რომელთა თვითმიზანი იყო ნაცმოძრაობის გადარჩენა და ამას ღიად, საჯაროდ აცხადებდნენ უსუფაშვილი და ლევან ბერძენიშვილი.
- ახლა სად არიან უსუფაშვილი და რესპუბლიკელები ვერ ხედავთ? ჩამოიცილა. მაშინ, როგორც ჩანს, დასავლეთის მისამხრობად სჭირდებოდათ...
- არ ვიცი, მაგრამ პოლიტიკურ ჯანდაბამდე წასულან. ერთს დავამატებ – თითოეულმა პატრიოტმა ქართველმა, სულით მებრძოლმა, უნდა დაივიწყოს ლიდერობის ამბიციები, პირველობის ამბიციები და პრინციპების, ღირებულებისა და იდეების ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.
- თქვენ რომელიმე პარტიიდან კენჭს იყრით?
- მე ამ არჩევნებზე დამკვირვებელი ვარ, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე.
„ახალი თაობა“, 21 სექტემბერი, 2017 წელი
ინტერვიუ ემზარ კვიციანთან: „ვანო ჯავახიშვილის შიშით პარლამენტი დაჩმორებული და დაკომპლექსებულია“ // ემზარ კვიციანი იუმორისტის ხუმრობების შესწავლას ითხოვს
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მან კიდევ ერთხელ მოითხოვა 2006 წლის კოდორის მოვლენების გამოძიება. მისი აზრით, ამ მოვლენების შესასწავლად პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. კონტრდაზვერვისგან კი ემზარ კვიციანმა ვანო ჯავახიშვილის ხუმრობების შესწავლა მოითხოვა. მისი მტკიცებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ქართველ პოლიტიკოსებს ამ ხუმრობებით აჩმორებენ
რატომ არ სურს ხელისუფლებას კოდორის მოვლენების გამოძიება, რატომ არის ჯავახიშვილის ხუმრობები გამოსაძიებელი, ვინ აპირებდა პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ლიკვიდაციას? ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ემზარ კვიციანი „ახალ თაობას“ ესაუბრება.
„თქვენს გაზეთს და მის მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ მე დიდი ხანია ვითხოვ 2006 წლის კოდორის მოვლენების გამოძიებას. 20 სექტემბერს ამ საქმის გამოძიება პარლამენტის ტრიბუნიდანაც მოვითხოვე. დიდი იმედი არა მაქვს, რომ ეს რაიმე შედეგს გამოიღებს. ჩემთვის უკვე ნათელია, რომ სადღაციდან იბლოკება ეს თემა. აშკარაა, რომ ვიღაცას ძალიან არ უნდა სააკაშვილის და მისი ბანდის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება“, – ამბობს ემზარ კვიციანი.
- ვის შეიძლება ეს არ აწყობდეს? საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ სააკაშვილის გასამართლებას აპირებს.
- საქართველოს ხელისუფლება ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ რას აკეთებს? სააკაშვილის ძალიან ბევრი ლობისტი ჰყავს როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში. მისი მფარველები „ოცნებაშიც“ უხვად არიან წარმოდგენილი. ეს ხალხი ეწინააღმდეგება 2006 წლის კოდორის მოვლენების გამოძიებას. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი სააკაშვილთან ერთად გარეულები არიან ამ საქმეში.
- 2006 წლის მოვლენებს გულისხმობთ, როცა ამბობთ, ამ საქმეში არიან გარეულებიო?
- დიახ, მაგ მოვლენებს ვგულისხმობ. ყველამ, ვინც ამ საკითხის შესწავლას ეწინააღმდეგება, რაღაცა წვლილი შეიტანა ამ ღალატში. უცხოელებს და შინაურ გამყიდველებს, ბუნებრივია, არ სურთ, რომ მათი დანაშაული გამოიკვეთოს. მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მივაღწევ მიზანს და ამ საქმეების შესწავლა აუცილებლად დაიწყება. მერე ძალიან ბევრ მოღალატეს ჩაუვარდება ენა მუცელში.
- პარლამენტის სხდომაზე ამ მოვლენებზე საუბრისას ვანო ჯავახიშვილიც ახსენეთ და მისი საქმიანობის შესწავლაც მოვითხოვეთ...
- ძალიან სწორად მოვითხოვე და ახლავე გეტყვით, რატომაც მივახტი იმ თავგასიებულს. თავგასიებულს თავად ეძახის თავის თავს და ეს შეურაცხყოფა არ არის. შეურაცხყოფა აქეთ მომაყენა მაგან. რამდენიმე დღის წინ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთე. სააკაშვილი რომ შეიტანეს უკრაინაში სპეცსამსახურებმა, მაშინ ვთქვი, რომ ამ საქმეში ზესახელმწიფოები და გაეროც არიან გარეულები. თავგასიებულმა ისე წარმომაჩინა, თითქოს მე გაერო სახელმწიფო მგონია. ამ დროს გაეროსთან ერთად სულ მცირე 15 წელი ვიმუშავე. კარგად ვიცნობდი მის წარმომადგენლებს დიტერ ბოდენს და ჰაიდი ტალიავინს. ამ უკანასკნელმა სააკაშვილის დანაშაულები შეისწავლა და გამოააშკარავა. თქვენს გაზეთს კარგად ახსოვს, რამდენჯერ მომიწია გაეროს გატაცებულ თანამშრომლებზე მოლაპარაკებების წარმოება.
- გიდასტურებთ, იმ პერიოდში კოდორში მართლა ხშირად იტაცებდნენ გაეროს დამკვირვებლებს...
- ყველა მათგანი მე გამოვიხსენი. ვანო თავგასიებულმა კი ამ თემაზე დაიწყო ღლიცინი, ვითომ იუმორს მიმართა. ასეთი „იუმორი“ აღარ გავა. საქართველოს მტრები და ჯაშუშები ასეთ იუმორს არიან ამოფარებული. მინდა ამ დიდ იუმორისტს შევახსენო, რომ გაეროს ჰყავს თავისი უშიშროების საბჭო და დაზვერვა. აი, იმ დაზვერვის ხალხმა სააკაშვილს ხელი შეუწყო, რომ 2006 წელს კოდორში ის სპექტაკლი დაედგა _ ჯერ ჯარი შემოიყვანა, მერე გაასხვისა. ამ დიდ ავანტიურაში გაეროსთან ერთად რუსეთი და ამერიკაც მონაწილეობდნენ. ახლა იგივე ძალებმა ის უკრაინაში შეიყვანეს. ეს იმას ნიშნავს, რომ იქაც რაღაცას გეგმავენ. არ მინდა ამ ქვეყანაში რაიმე უბედურება მოხდეს. უკრაინა მე ძალიან მიყვარს. რამდენიმე წელი ვსწავლობდი იქ და ბევრი ახლობელი მყავს.
- იქ, თუ არ ვცდები, სამხედრო სასწავლებელში სწავლობდით...
- სამხედრო აკადემია დავამთავრე უკრაინაში. ამ სასწავლებელში ვსწავლობდი, როცა გაეროს დამკვირვებლების მორიგი გატაცება მოხდა. მთხოვეს, გამტაცებლებთან მოსალაპარაკებლად ჩამოვსულიყავი.
- თქვენ თავიდან უარს ამბობდით, ჩათვლები მაქვს, ვერ ჩამოვალო...
- ჩათვლები მართლა მქონდა, მაგრამ ჩამომიყვანეს. უკრაინაში პრეზიდენტის თვითმფრინავი გამომიგზავნეს, რომ გაეროს დამკვირვებლები მომენახა. სინამდვილეში კი სულ სხვა მიზეზით ჩამომიყვანეს. გაეროს დამკვირვებლები თავად უშიშროებამ გაიტაცა, რომ მე ჩამოვეყვანე. იმ დროს იქ უკვე შეგზავნილი იყო ხალხი, ვისაც ჩემი ლიკვიდაცია უნდა მოეხდინა. ამისთვის ყველაფერი მზად ჰქონდათ, მაგრამ მერე რატომღაც გადაიფიქრეს.
- იმ პერიოდში თქვენ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე არ იყავით?
- მოადგილე ვიყავი და ჩემი ლიკვიდაცია უნდოდათ. მერე, რაკი ლიკვიდაცია გადაიფიქრეს, რწმუნებულად დამნიშნეს.
- ლიკვიდაცია რატომ გადაიფიქრეს?
- მაშინ ცოცხალი ვიყავი საჭირო და მაგიტომ.
- თქვენი ლიკვიდაცია ვის უნდოდა?
- ანტიტერორისტული ცენტრის რომელიღაცა ხელმძღვანელს. ეს ძველი ამბავია და მის გამოძიებას არც ვითხოვ. ჩემთვის ახლა მთავარია 2006 წლის მოვლენების შესწავლა. ბევრისგან განსხვავებით, მე ხელთ სერიოზული დოკუმენტები მაქვს. მათი გასაჯაროება ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს. პარლამენტი კი თავს იკლავს, ისე არ უნდა ამ საქმის შესწავლა.
- თუ ასეთი სერიოზული დოკუმენტები გაქვთ ხელთ, მოიწვიეთ პრესკონფერენცია და იქ გაასაჯაროვეთ...
- პრესკონფერენციის მოწვევა რაში მჭირდება, საქართველოს პარლამენტი ბევრად მაღალი ტრიბუნაა. მათი გასაჯაროება იქ მარტივად შემიძლია, მაგრამ მინდა, რომ ეს საქმე საგამოძიებო კომისიამ გამოიძიოს. არაფერი სიკეთე თუ არ იქნა ამ მიმართულებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოვითხოვ და მერე ვნახავ, რას იტყვიან.
- თქვენ პარლამენტის სხდომაზე ვანო ჯავახიშვილის ხუმრობების შესწავლაც მოითხოვეთ. საკმაოდ სპეციფიკური იუმორი გაქვთ და ეს ალბათ ხუმრობა იყო...
- სულაც არ იყო ხუმრობა. ახლა გაგიშლი თემას, დააკვირდი და თავად მიხვდები, რომ ძალიან სერიოზული ვარ. აბა კარგად გადახედე, რა სჭირს ჩვენს პარლამენტს.
- ჩვენს პარლამენტს ბევრი რამე სჭირს...
- ბევრი რამე სჭირს, მაგრამ ყველაზე აშკარა ისაა, რომ პარლამენტი დამუნჯებულია. დეპუტატები ვანო ჯავახიშვილის შიშით არიან დამუნჯებული. ეშინიათ, რაიმე არ წამოსცდეთ და მერე ამათ არ დასცინონ.
- თქვენც გეშლებათ ხოლმე რაღაცები, მაგრამ მაინც ხომ აკეთებთ განცხადებებს...
- მე არ მეშინია. მე გაცნობიერებული მაქვს, რომ ყველას ეშლება რაღაცა. ერთადერთი, ვისაც არაფერი ეშლება, ეს არის ღმერთი. ესენი არიან ჩასაფრებულები და ვინც ცოტა გადაბრუნებულს იტყვის სოროსზე და საქართველოს დანარჩენ მტრებზე, ეგრევე უჭერენ რაიმე შეცდომას და იმაზე ღლიცინებენ გაუთავებლად. ამათ გამო არის დაჩმორებული და დაკომპლექსებული მთელი პარლამენტი. ვერ ხედავ, შიშით ვერაფერს ვერ ლაპარაკობენ. ეს არის ჯაშუშური ქმედება. ამაზე გამოძიება უნდა ჩაატაროს კონტრდაზვერვამ. კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ არ ვხუმრობ. ეს არის ძალიან სერიოზული ამბავი.
ახალი თაობა“, 21 სექტემბერი, 2017 წელი
ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „მიხეილ სააკაშვილი თუ ნორმალურია, ციხეში უნდა იჯდეს, თუ შეშლილია - ფსიქიატრიულში“
მიმდინარე მოვლენებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დეპუტატ ანზორ აბრალავას
- ბოლო დღეებში აქამდე მშვიდად მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის რადიკალიზაცია ხდება. „ქართუ ბანკთან“ ნაციონალები მივიდნენ, პატრიოტთა ალიანსმა კი წამოიწყო საპროტესტო გამოსვლების სერია შიმშილობის თანხლებით. რაზე მიანიშნებს ეს პროცესები?
- საქართველოში დემოკრატიაა, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ მოქმედებების და გამოხატვის თავისუფლება. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. პოლიტიკური ძალები ამით სარგებლობენ და აქტიურობენ. მთავარია, პროტესტმა არ მიიღოს ის ფორმა, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს. ოპოზიცია, როგორც წესი, ყველაფერზე პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფლებას. ხელისუფლებას დიდი ტვირთი აწევს, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ პასუხისმგებლები ყველაფერზე ვართ ჩვენ ყველანი. ეს ხელისუფლება საზოგადოების არჩეულია, ამიტომ ჩვეულებრივი მოქალაქეებიც პასუხს ვაგებთ.
ვერც ოპოზიცია გაექცევა პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებს. ქუჩის პროტესტში არაფერი განსაკუთრებული არ არის. ეს დამახასიათებელია თითქმის ყველა სახელმწიფოსათვის. ჩვენი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ჩვენ სხვა პრობლემები გვაქვს და საქართველოში სერიოზული საპროტესტო აქციები სხვა კონტექსტს იძენს. ისეთ ვითარებაში ვცხოვრობთ, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა ბეწვზე ჰკიდია.
- ადრეც გითქვამთ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია...
- საფრთხე რეალურია. ჩვენ გვაქვს ტერიტორიული პრობლემები, ოკუპირებული ტერიტორიები. ჩანს იმის მცდელობა, რომ ეს კონფლიქტები მოუგვარებელთა კატეგორიაში გადავიდეს. ასეთ მოუგვარებელ პრობლემებს შორისაა ისრაელ-პალესტინის, ბალკანეთის კონფლიქტები, რუსეთ-იაპონიის დაპირისპირება კურილიის კუნძულების გამო. ახლანდელ რეალობაში უნდათ, რომ ასეთების სიაში შევიდეს ჩვენი კონფლიქტები და ყირიმის საკითხი.
ამ დროს დესტაბილიზაცია უფრო მეტად საშიში ხდება. ამაზე ვსაუბრობ, თორემ, ქუჩაში აქტიურობა ყველას შეუძლია. ერთი რამეც იკვეთება, ხალხს არ მოსწონს მიუღებელი და დამნაშავე პოლიტიკური ძალების გათეთრება. ბევრი ადამიანი არ შეეგუება იმას, რომ ხალხის ძარცვა-წამებასთან გაიგივებული „ნაციონალური მოძრაობა“ არ ისჯება და სხვებს ემუქრება. ჩნდება კითხვა, რატომ არ დაისაჯნენ ნაცმოძრაობის ის ლიდერები და წევრები, რომლებიც კანონით დასასჯელი იყვნენ?!
- მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი?
- რასაკვირველია. სააკაშვილს არაერთი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. დღეს მის გადაადგილებას უკრაინაში დეტალურად აშუქებენ საქართველოში. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა მისი ტელევიზია „რუსთავი-2“. სააკაშვილის აქტიურობა დღეს უკრაინაში ჰაერივით სჭირდება რუსეთს. სააკაშვილი რუსეთის ტროას ცხენია. უკრაინაში სააკაშვილის მონაწილეობით ჩაფიქრებულია იმავე სცენარის გამეორება, რომელშიც ექსპრეზიდენტს გამოცდილება აქვს. თვალს ვადევნებ უკრაინის ტელევიზიებს. იქ სააკაშვილის რუსეთთან კავშირზე საფუძვლიანი მსჯელობა მიდის. სააკაშვილი უკრაინაში გარკვეული მოვლენებისთვის სჭირდებათ.
- საქართველოში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მისი წარმატება უკრაინაში საქართველოზე აისახება. თუმცა, საეჭვოა, ამ ფაქტორმა სააკაშვილს მომხრეების რაოდენობა გაუზარდოს...
- რა თქმა უნდა. ვინც იყო სააკაშვილის მომხრე, ის დარჩება. ახალი მიმდევრები როგორ უნდა გაუჩნდეს? თუ დაზარალებული ხალხი მიემხრობა? ნაცმოძრაობას საქართველოშიც ძალიან უნდა ახალი რევოლუცია, მაგრამ ამას ვერ ეღირსება. მენტალურადაც ქართველი ხალხი ისეთია, რომ ამას არ დაუშვებს. მიხეილ სააკაშვილი ჩავლილი ამბავია. მისი წარმატებები და აქტივობა ძალიან გაზვიადებულია. მისგან გმირს „რუსთავი-2“ ქმნის. სამწუხარო ისაა, რომ დასასჯელი ნაციონალები აქციებს აწყობენ და მათზე კანონი არ ვრცელდება. იმ პატიმრებს, რომლებიც სასჯელს იხდიან, მათზე უარესი დანაშაული არ ჩაუდენიათ. მაშინ, გამოაცხადოს სახელმწიფომ სრული ამნისტია და ყველა გამოუშვას! არ შეიძლება, დაუსჯელი იყო იმის გამო, რომ ნაცმოძრაობაში ან „ევროპულ საქართველოში“ ხარ.
- მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემის მისწრაფება ამ ხელისუფლებას არასდროს ემჩნეოდა...
- ერთი მხრივ, მისი ციხეში რჩენა მძიმე იქნებოდა. მიხეილ სააკაშვილს ისეთი მადა აქვს, მისი გამოკვების პრობლემა შეიქმნებოდა. ამას ხუმრობით ვამბობ. რეალობა კი ასეთია, თუ ეს კაცი ნორმალურია, მაშინ ციხეში უნდა იყოს, თუ შეშლილი – ფსიქიატრიულ კლინიკაში.
„ვერსია“, 20-23 სექტემბერი, 2017 წელი
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის ოფისი და რამდენიმე ავტომობილი გაყიდა
გაიყო თუ არა მიხეილ სააკაშვილის პარტიის ქონება და ვინ ჩაშალა კახეთის გზატკეცილზე მდებარე ცენტრალური ოფისის გაყიდვა
მაია მიშელაძე
აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, „ქართულ ოცნებას“ 7 მილიონ ლარზე მეტი, „ევროპულ საქართველოს“ _ 323 675 ლარი, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას _ 5 432 ლარი შესწირეს. დაფინანსების მხრივ, ახლად შექმნილი ,,ევროპული საქართველო” მეორე ადგილზეა და ლოგიკურად ჩნდება კითხვა _ გაიყო თუ არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქონება და კონკრეტულად, რა ოდენობის თანხა შეხვდა ,,ბაქრაძე-უგულავას ალიანსს” ამ ქონებიდან.
„ევსაქებს“ „ნაცების“ ქონება არ წაუღიათ
თუ ფიზიკური პირების შემოწირულობებით ვიმსჯელებთ, ბაქრაძე-უგულავას ევროპული საქართველო” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საკმაოდ მომზადებული ხვდება. აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ახლადშექმნილ პარტიას ფინანსური პრობლემები არ აქვს. თუმცა ოფიციალურ არგუმენტებს ყოფილმა პარტიელებმა ნაციონალური მოძრაობიდან, არაოფიციალური ვერსიებიც დაუმატეს. რამდენიმე დღის წინ, ნიკანორ მელიამ განაცხადა, რომ ,,ევროპულ საქართველოს” თავდაცვის ექსმინისტრი და ნაციონალების ცნობილი ,,მოლარე”, დავით კეზერაშვილი აფინანსებს. მეტიც, მელიამ პირდაპირ ,,აღიარა”, რომ კეზერაშვილმა ფული ,,თაღლითობითა და ქურდობით” იშოვა.
როგორ ან რის ხარჯზე იშოვა ფული კეზერაშვილმა და ზოგადად, რა ფუნქცია ჰქონდა ბიზნესის ცნობილ ,,რეკეტიორს” სააკაშვილის გუნდში, ამაზე წლების მანძილზე, ,,ვერსიაში” არაერთი ჟურნალისტური მოკვლევა გამოქვეყნდა. რაც მთავარია, კეზერაშვილის, როგორც ,,ევროპული საქართველოს” დამფინანსებლის ,,კვალი” აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ოფიციალურ დოკუმენტებში არ ჩანს. თუმცა 18 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აუდიტის სამსახურში ,,ქართული ოცნებისა” და ,,ევროპული საქართველოს” 14-მდე შემომწირველი დაკითხვაზე დაიბარეს, რადგან პარტიებში ჩარიცხულ თანხებსა და მათ მიერ შევსებულ დეკლარაციებში შეუსაბამობა დააფიქსირეს.
,,ვერსია” ამ მოვლენებს თვალს მიადევნებს, მაგრამ მანამდე გავარკვიოთ, რა ქონებას ფლობდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ამ პარტიას ბაქრაძე და მისი გუნდი გამოეყოფოდა? როგორ, ან რა პრინციპით გაიყო (თუ საერთოდ არ გაყოფილა) ეს ქონება მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობა დავით ბაქრაძემ, გიგა ბოკერიამ, ხათუნა გოგორიშვილმა, გიგი წერეთელმა და მათთან ერთად, საკმაოდ ბევრმა ცნობილმა ადამიანმა დატოვა?
,,ვერსიამ” გაარკვია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვების შემდეგ, ,,ევროპული საქართველოს” ლიდერებს პარტიიდან არაფერი წაუღიათ. ,,ბაქრაძე-უგულავას ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა გოგორიშვილმა ,,ვერსიას” განუცხადა, რომ პარტიის ქონება პარტიასვე დარჩა: „არაფერი წაგვიღია, რადგან პარტიას უფლება არ აქვს, ქონება გაასხვისოს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს რომ მოენდომებინათ კიდეც და მაგალითად, სადმე ოფისი მოეცათ ,,ევროპული საქართველოსთვის”, ამის უფლება სამართლებრივადაც არ ჰქონდათ“.
- ქალბატონო ხათუნა, საეჭვოდ არ გეჩვენებათ, რომ დაფინანსების მხრივ, რამდენიმე თვის წინ შექმნილი პარტია მეორე ადგილზეა?
- ადგილს კი არა, მნიშვნელობა თანხას აქვს. ადგილებს ნუ შეხედავთ, რადგან 30-ჯერ და 50-ჯერ მეტი თანხა აქვს მიღებული პირველ ადგილზე მყოფ პარტია ,,ქართულ ოცნებას”. რაც შეეხება ჩვენს პარტიას, შეგიძლიათ ნახოთ, რომ შემომწირველების ჩამონათვალში მეც ვარ.
- დიახ, თქვენც და ოთო კახიძეც ,,ევროპული საქართველოს” შემომწირველების სიაში ხართ…
- შემომწირველების უმრავლესობა თვითონ არიან კანდიდატები და წინასაარჩევნო კამპანია აქვთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, უცნაურია ამ კითხვის დასმა. როდესაც ვიცი, რომ სრულიად ახალი პარტიაა, არც ოფისი გვაქვს და არც ტექნიკური საშუალება, რა თქმა უნდა, გავიჭირვებ. ნაციონალური მოძრაობის შემომწირველიც ვიყავი, მაგრამ მაშინ არავის გასჩენია ასეთი კითხვა და რატომ გიკვირთ, რომ მაქსიმალურად ვცდილობ, ახალ პარტიას შევწირო თანხა? ერთხელ შევწირე და ვეცდები, გარკვეული თანხა კიდევ მოვაგროვო, რადგან ხედავთ, რა დღეშიც ვართ. ეს ჩემი პარტიაა და ჩემი პოლიტიკური მომავალი ამაზეა დამოკიდებული, როგორ შეიძლება ამის გამო ვინმეს კითხვა გაუჩნდეს?
- დავით კეზერაშვილი, როგორც ,,ევროპული საქართველოს” დამფინანსებელი, აუდიტის სამსახურის ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებული არ არის, მაგრამ ეს თემა ახლა რატომ გააქტიურდა?
- იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი ნიკანორ მელია, ,,ქართულ ოცნებასთან” ბრძოლის ნაცვლად, ჩვენთან ბრძოლითაა დაკავებული. მელიას ,,ოცნებასა” და ფარცხალაძეზე ხმა არ ამოუღია, მაგრამ მხოლოდ ჩვენზე საუბრობს და მიზეზიც ესაა. ძალიან კარგად მესმის, მელიას ის აღიზიანებს, რომ ჩვენ ძალიან კარგი წინასაარჩევნო კამპანია გვაქვს. მათ პრობლემები აქვთ იქიდან გამომდინარე, რომ პარტიაში არ დარჩნენ ადამიანები, რომლებმაც საარჩევნო კამპანიის დაგეგმვა იციან, მაგრამ ეს მათი პრობლემაა და არა ჩვენი. როგორც ნიკა მელია იქცევა, ასე მათი პრობლემა ვერ გამოსწორდება, ამის ნაცვლად, წავიდეს, სოფელ-სოფელ იაროს, რათა ხალხი დაარწმუნოს, რომ ხმა ნაციონალურ მოძრაობას მისცენ და ჩვენ თავი დაგვანებოს!
ნაციონალების გასაჭირი
„ნაცმოძრაობის“ ქონება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე ოფისები, ასევე მათ საკუთრებაში არსებული ავტომობილებია. აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ოფიციალური ინფორმაციითაც ირკვევა, რომ სააკაშვილის პარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბიზნესმენები და ფიზიკური პირები აღარ ,,სწყალობენ”. მოკლედ, მარტივ მამრავლებად – ,,გირჩად”, ,,ახალ საქართველოდ” და ,,ევროპულ საქართველოდ” დაშლილი, ერთ დროს კი მართლაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ფინანსურად არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში ხვდება.
„ვერსიამ“ ნაციონალური მოძრაობის ადმინისტრაციაში ოფიციალურად გაარკვია, რომ გაყოფის შემდეგ, ,,ევროპული საქართველოს” დამფუძნებლებს ყოფილი პარტიიდან მართლაც არაფერი წაუღიათ: ,,რაც შეეხება დაფინანსებას, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეკუთვნოდა მაშინდელ ბლოკს ანუ დაფინანსების ნახევარზე მეტი, ,,ევროპულმა საქართველომ” მიიღო. თუმცა დაფინანსებაზე მეტად, მთავარი ჩვენი მხარდამჭერების ხმებია, რომლებიც ამ ხალხმა საპარლამენტო არჩევნებზე მიიღო და რის გამოც ახლა პარლამენტის წევრები არიან”, – აგვიხსნეს ნაციონალური მოძრაობის ადმინისტრაციაში.
კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, ,,ვერსიამ” გაარკვია, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტი, მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსების ამარა დარჩა, რაც საკმაოდ მწირი ფინანსური რესურსია. ამის გამო, სააკაშვილის პარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, პლაკატებისა და ბუკლეტების დაბეჭდვაც კი უჭირს. ,,თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე, ჩვენი სათავო ოფისის გაყიდვა გვინდოდა, რათა არჩევნებისთვის მოვმზადებულიყავით. ინვესტორიც გამოჩნდა, რომელიც 100%-ით მზად იყო, ეს ოფისი ეყიდა, მაგრამ როგორც კი ხელშეკრულების გაფორმებამდე მივიდა საქმე, ხელისუფლებამ ინვესტორი დაგვიფრთხო. სხვათა შორის, ამ ოფისის გაყიდვა შარშანაც გვინდოდა, რათა საპარლამენტო არჩევნებისთვის მოვმზადებულიყავით. სხვადასხვა დროს, ორი ინვესტორი გამოჩნდა, მაგრამ ხელისუფლებამ შარშანაც ორივე ინვესტორი დაგვიფრთხო. წელს მხოლოდ ის მოვახერხეთ, რომ ბათუმში ჩვენი ოფისი და რამდენიმე ავტომობილი გავყიდეთ, აღებულ თანხას კი წინასაარჩევნოდ ვიყენებთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მართალია, მუდმივი დამფინანსებლები არ არსებობენ, მაგრამ ახლა ბიზნესმენებს ნაციონალური მოძრაობის დაფინანსების იმიტომ ეშინიათ, რომ ხელისუფლებასთან პრობლემების შექმნა არ სურთ”, – გვიამბობს წყარო.
მართალია, კონფიდენციალურმა წყარომ ინვესტორების ვინაობა არ დაგვისახელა, მაგრამ ,,ვერსიამ” ბიზნესწრეებში მათი წარმომავლობა გაარკვია. ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისით, რომელიც თბილისის შემოსასვლელში, კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს, შარშან და წელს სამი – ინდოელი, აზერბაიჯანელი და ქართველი ინვესტორები დაინტერესდნენ, მაგრამ უშედეგოდ.