globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 21 ოქტომბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Oct 21st, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“, 21 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „მესამე ძალის გამოჩენა გარდაუვალია“ // „წარუმატებელი პოლიტიკოსები უნდა წავიდნენ

რატომ მიდიან პარტიის ლიდერები პოლიტიკიდან, რა სარგებლობას მოიტანს პოლიტიკური ველის მოსუფთავება, რა უნდა გაითვალისწინონ მესამე ძალის შემქმნელებმა? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.

- ბოლო პერიოდში რამდენიმე პარტიის ლიდერმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება. მათ მხარი პარტიის დანარჩენმა წევრებმაც აუბეს. ასეთ გადინებას თქვენ რას უკავშირებთ - დეპრესიაში არიან, ვეღარ ხედავენ სარგებელს თუ რა ხდება?

_ ცუდი არაა, როცა მუდმივად წარუმატებელი პოლიტიკოსები პოლიტიკიდან მიდიან. ამით პოლიტიკური ველი სუფთავდება, რაც ახალგაზრდა და ამბიციურ პოლიტიკოსებს ამ სივრცეში გამოჩენის შესაძლებლობას აძლევს. პოლიტიკურ ველზე ხალხის სიმრავლე პოლიტიკური ელიტის გადახალისებას სერიოზულად ართულებს.

ახლა რაც შეეხება იმას, თუ რატომ მიდიან. ერთ შემთხვევაში ლიდერები წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ. ზოგიერთ შემთხვევაში წასვლას ნეგატიური მოტივაცია ახლავს თან – პოლიტიკიდან იმიტომ მიდიან, რომ პრობლემებს ემალებიან. ბოლო პერიოდში კიდევ ერთი ტენდენცია გამოჩნდა, პოლიტიკიდან მიდიან მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებას შესთავაზონ საკუთარი თავი. ეს კარგი ნამდვილად არ არის. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენი პოლიტიკა ღრმა კრიზისშია. ყველას ჰგონია, რომ არაპროფესიონალური საქმიანობით შედეგის მიღება შეუძლია. როგორც კი დაინახავენ, რომ ეს შეუძლებელია, მაშინვე გარბიან, შეცდომების გამოსწორებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე არავინ ფიქრობს.

- პოლიტიკაში დარჩენილებს აქვთ სათანადო კვალიფიკაცია?

- არა. ჩვენთან პოლიტიკოსობა ძალიან მარტივი რამე ჰგონიათ, მიაჩნიათ, რომ ამისთვის საკმარისია, პოლიტიკოსი დაირქვა და მორჩა. ზემოთ გითხარით, რომ წარუმატებელი ადამიანების პოლიტიკიდან წასვლა დადებითის მომტანი იქნება, მაგრამ ამ პროცესსაც ახლავს უკუშედეგები. შემთხვევითი ადამიანების ადგილს პოლიტიკურ ველზე ისევ შემთხვევითი ადამიანები დაიკავებენ.

ასეთი ხალხით სავსეა ჩვენი პოლიტიკა. გადავხედოთ თუნდაც მმართველი ძალის შემადგენლობას. აქ ნულოვანი პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანების სიმრავლე თვალშისაცემია. სამწუხაროა, რომ ჩვენ პოლიტიკას ასე არასერიოზულად ვუდგებით და მიგვაჩნია, რომ ყველას შეუძლია ამ ფრონტზე წარმატების მიღწევა. ეს არის ლენინის პრინციპი. ის ამბობდა, რომ ნებისმიერ მზარეულს შეუძლია, ქვეყანა მართოს.

21-ე საუკუნეში საკითხისადმი ასეთი მიდგომა დაუშვებელია. იმისთვის, რომ პარტიულ სიაში აღმოჩნდე, რაღაც გამოცდილება და კვალიფიკაცია უნდა გქონდეს. ამის კლასიკური მაგალითია მაჟორიტარები. ისინი შევარდნაძის ხელისუფლებიდან მოყოლებული დღემდე სულ პარლამენტში არიან. მათ ძალიან პირობითად შეიძლება ვუწოდოთ პოლიტიკოსები. ისინი მუდმივად ბარგდებიან პარტიიდან პარტიაში და ცდილობენ ამით მიიღონ სარგებელი თავის საქმიანობაში.

- შესაძლოა პოლიტიკოსები არ არიან, მაგრამ ამ ხალხს პარტიების შერჩევა კარგად გამოსდის...

_ ეს კარგად გამოსდით იმიტომ, რომ ვერცერთი ხელისუფლება ვერ უძლებს ასეთ ადამიანებთან თანამშრომლობის ცდუნებას. ასეთ ადამიანებთან თანამშრომლობას მოაქვს კონკრეტული საარჩევნო შედეგი.

- ზემოთ თქვენ პოლიტიკური ველის მოსუფთავების დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრეთ. მოსუფთავებულ ველზე ჯერ ახალი არავინ შემოსულა და ისე ხომ არ მოხდება, რომ ასპარეზი მხოლოდ ორ ძალას - ნაციონალებსა და ქართულ ოცნებას დარჩება?

- ორპარტიული სისტემა, რომელიც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა, 8 ოქტომბრის არჩევნებით კიდევ უფრო გამყარდა. მართლა არ მესმის, რა უხარია `ქართულ ოცნებას~. ისინი თავიანთ მთავარ მიზნად ნაციონალების დასჯას ასახელებდნენ. ამ არჩევნების შედეგად მათ ნაციონალები არათუ პოლიტიკიდან არ გაიყვანეს, არამედ სტაბილურ მეორე პოლუსად აქციეს. სამაგიეროდ, პოლიტიკური ველიდან ყველა სხვა ძალა გაიყვანეს და ყოფილი ხელისუფლება კიდევ უფრო გააძლიერეს _ მას, როგორც ოპოზიციურ ძალას, ველი მთლიანად მოუსუფთავეს. ეს არის ნეგატიური შედეგი, მაგრამ ამას პოზიტივიც მოჰყვება თან. პოლიტიკაში ყველაფერს მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს. ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილი თვლის, რომ მას ცუდსა და უარესს შორის ჰქონდა არჩევანი _ ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება არ სურს, მაგრამ არც `ქართული ოცნება~ მოსწონს. შესაბამისად, ჩნდება მოთხოვნა ახალ ძალაზე. ახალ ძალაზე ჩვენში უკვე სერიოზული მოთხოვნაა. იქ, სადაც არსებობს მოთხოვნა, ფორმირდება მიწოდებაც.

- ეს მიწოდება ჯერ რომ არ ჩანს?

- ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ არჩევნებამდე ხალხის მოთხოვნა მეტ-ნაკლებად იქნება დაკმაყოფილებული. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ყველანაირი საფუძველი არსებობს. იმედი მაქვს, რომ ამ 4 წელიწადში პოლიტიკაში გამოჩნდებიან ამბიციური ადამიანები, რომლებიც წარსულის მარცხითა და ცოდვებით დამძიმებულნი არ არიან.

- რამდენიმე თვის წინ ქართულ პოლიტიკაში პაატა ბურჭულაძის სახით ასეთი ადამიანი გამოჩნდა. თავიდან ის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მერე რაც მოხდა მის თავს, ყველამ ვნახეთ. იგივე ხომ არ დაემართებათ იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურ ველზე ახლა შემოვლენ?

- ეს სერიოზული პრობლემაა. პაატა ბურჭულაძეს ჰქონდა ძალიან კარგი გასაყიდი ბრენდი – მისი სახელი, რომელიც პოტენციურად ძალიან კარგად გაიყიდებოდა იმ ამომრჩეველში, რომელსაც არც ნაცმოძრაობა მოსწონს და არც – „ოცნება“. მას პრობლემა არაპროფესიონალიზმმა შეუქმნა. ბრენდი რაც არ უნდა მაღალი ხარისხის იყოს, კარგი მარკეტინგი თუ არ გაქვს, ეს პროდუქტი შეიძლება, უბრალოდ, გააფუჭო დახლზე. აი, ეს დაემართა პაატა ბურჭულაძეს.

- მხოლოდ ეს იყო მისი ჩავარდნის მიზეზი?

- ამ ბრენდის გასაყიდად პოლიტტექნოლოგიების ცოდნა იყო აუცილებელი. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ბურჭულაძე პოლიტიკაში არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შემოვიდა. მათ ძალიან სწრაფი ტემპებით მოუხდათ ბრენდის შეფუთვა. ამ სიჩქარეში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს, ისე ცუდად შეფუთეს ეს პროდუქცია, რომ მთელი ხიბლი დაკარგა. ამას დაამატეთ ისიც, რომ კონკურენტები ყველანაირად ცდილობდნენ, მისთვის ზიანი მიეყენებინათ და კიდევ უფრო უარესად წარმოედგინათ.

იმ ამბიციურ ადამიანებს, რომელთა შემოსვლასაც ველოდებით პოლიტიკაში, რამდენიმე რეკომენდაციას მივცემ. ისინი წინასწარ უნდა მოემზადონ და გაარკვიონ, რა არის პოლიტიკა. დაუშვებელია პარტიის შექმნა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. პოლიტიკური ძალის განვითარებას რამდენიმე ეტაპი აქვს, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. საჭიროა დინამიკის აკრეფა და ცნობადობა საჯარო სივრცეში. რაც მთავარია, მათ ამომრჩეველს ექსკლუზიური პროგრამები უნდა შესთავაზონ. ასევე აუცილებელია საჯარო სივრცესთან კომუნიკაციის უნარების გამომუშავება. ეს 3 და 4 თვეში არ ხდება.

- რა დროა საჭირო იმისთვის, რომ პარტიამ პოლიტიკურ ბაზარზე თავი დაიმკვიდროს?

- მინიმუმ 2 წელი. მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს ტარდება და ახალი პარტიების შესაქმნელად საკმარისი დროა.

- ვინ უნდა შექმნას ახალი ძალა, შემთხვევით გიორგი ვაშაძემ და კახა შარტავამ ხომ არა? ისინი ორპოლუსიანი პოლიტიკური ველის შესაცვლელად პროდასავლური ორიენტაციის პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებენ...

- ახალი ძალა მართლა ახალი ძალა უნდა იყოს. შესაძლოა, ერთის ნაცვლად რამდენიმე ახალი ძალა მივიღოთ, რადგან ახალ პროდუქტზე დიდი მოთხოვნილებაა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მათი გაერთიანება იმ პირებთან, რომლებიც მუდმივ მარცხთან, პრობლემებთან ან წარსულის ცოდვებთან ასოცირდებიან. ასეთი გაერთიანება თუ მოხდა, ახალი ძალებიც წარუმატებლად იასპარეზებენ. დაზიანებული პროდუქტის რებრედინგი შეუძლებელია. მესამე ძალის შექმნა სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს.

რაც უნდა დაირქვას გიორგი ვაშაძემ, ის ნაციონალების ერთ-ერთ ლიდერობასა და რიტორიკას ვერასდროს ჩამოირეცხავს. შესაძლოა, საინტერესო ადამიანია, მაგრამ მისი პოლიტიკური პერსპექტივა ჩემთვის ძალიან ბუნდოვანია. შესაძლოა, ის რომელიმე ახალ პარტიაში გაწევრიანდეს, მაგრამ ლიდერი ვერ იქნება. მან იქ შეიძლება მეცამეტე გოჭის ფუნქცია შეასრულოს. იგივე შემიძლია ვთქვა სხვა ლიდერებზეც. ისინი მუდმივად წარუმატებლები არიან, ამომრჩეველს კი წარუმატებელი და დისკრედიტებული ადამიანები არ უყვარს. ჩვენს პოლიტიკურ ელიტაში არ არის ისეთი ადამიანი, რომელთანაც ამომრჩეველს პრეტენზია არ აქვს.

- ამათ რა უნდა ქნან, ტყემალაძისა და ალასანიას მსგავსად, პოლიტიკიდან უნდა წავიდნენ?

- ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტია. შეუძლიათ დარჩნენ, მათ ამას ვერავინ დაუშლის, მაგრამ უნდა აცნობიერებდნენ იმას, რომ დღეს ქვეყანას სრულიად ახალი პოლიტიკური ელიტა სჭირდება, რომელიც მოღვაწეობას სუფთა ფურცლიდან დაიწყებს. ამ ძალამ უნდა მოახერხოს და კონკურენცია გაუწიოს მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ასეთი ძალა ბაზარზე არ შემოვიდეს.

„ახალი თაობა“, 21 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გიგა ბუკიასთან: „არა მგონია, ნაციონალები გაიხლიჩონ“ // „ახალი სახეების პოლიტიკაში მოსვლისა და წარუმატებლობის მაგალითი პაატა ბურჭულაძემ მოგვცა“ // „პოლიტიკიდან ყველა ვერ წავა

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა პარლამენტის უმრავლესობის წევრ გიგა ბუკიას.

- როგორ ფიქრობთ, რა შედეგი გამოიღო არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანიამ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერის მიზნით?

- არანაირი შედეგი. ეს კამპანია ვერ იქნებოდა წარმატებული. ჯერ ერთი, 8 ოქტომბერს არჩევნებზე მოსახლეობამ დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“ და მას მიაბარა ქვეყანა სამართავად მომდევნო 4 წლის განმავლობაში. მეორეც, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან ობიექტურები და დამოუკიდებლები. ხალხი მათ ნაციონალური მოძრაობის აშკარა მომხრეებად იცნობს. ეს „ენჯეოები“ საფრთხეს ხედავენ იმაში, რომ „ქართულ ოცნებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში იმ დროს, როცა საერთოდ არ გასჩენიათ შეკითხვები ნაციონალური მოძრაობის მიმართ, როცა მას ჰქონდა ასეთივე უმრავლესობა. არადა, მაშინ სააკაშვილმა და მისმა უმრავლესობამ თავის ხუშტურებზე და გემოზე გადააკეთეს ქვეყნის უმთავრესი დოკუმენტი. სააკაშვილის დროს რომ ერთი გოგოს გამო კონსტიტუციაში დეპუტატის ასაკი დასწიეს, ეს, ამ არასამთავრობოების აზრით, ნორმალური იყო და ახლა რომ სხვა პარტიას ექნება უმრავლესობა პარლამენტში, ეს ყოფილა ქვეყნის დასასრული!

- ამ არასამთავრობოებს ეგონათ, რომ საზოგადოებრივ აზრზე გავლენას მოახდენდნენ?

_ ალბათ, არ ეგონათ, რომ დიდ ნაწილზე იმოქმედებდნენ. ისინი სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის წინაშე ვალში არიან. მათ აქვთ ვალდებულებები, გადასახდელი აქვთ ხარკი. ამიტომ მესამე სექტორის ეს ნაწილი აგრძელებს ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერას, რასაც ის წლების წინაც აკეთებდა.

- თავად ნაციონალებზე რას იტყვით? მოსალოდნელია მათი გახლეჩა?

- რაც უნდა დიდი უთანხმოება ჰქონდეთ, არა მგონია, ისინი გაიხლიჩონ. პარლამენტში თუ ფრაქციებს შექმნიან, ეს სხვა საქმეა. ესაა ტექნიკური საკითხი. „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში შემავალ პარტიებსაც გვქონდა ფრაქციები. მომავალ პარლამენტშიც ასე იქნება. ითვლება, რომ ნაციონალურ მოძრაობაში გამოიკვეთა პრაგმატული, კონსტრუქციული ნაწილი. პირადად მე არა მგონია, რომ ეს ჯგუფი დიდად განსხვავდებოდეს ამ პარტიის მეორე ნაწილისაგან. თუ სააკაშვილის ძალადობრივი გეგმა აღსრულდებოდა, ეს „კარგი“ ნაწილიც მშვენივრად ისარგებლებდა რეალობით, რომელიც უნდა შექმნილიყო. ამ კონსტრუქციულ და პრაგმატულ ნაწილს არასდროს გამოუხატავს პროტესტი იმ რეჟიმის მიმართ, რომელსაც თვითონაც წარმოადგენდნენ. ამიტომ მათი განსხვავებულობისა არ მჯერა. არც ის მგონია, რომ ეს პარტია დაიშალოს. წინ ადგილობრივი არჩევნებია და ნაციონალებისთვის ეს ხელსაყრელი არ იქნებოდა.

- 8 ოქტომბრის შემდეგ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც გამოითქვა შეშფოთება იმის გამო, რომ ამ არჩევნებზე პროდასავლური ძალები დამარცხდნენ...

- ასეთი განცხადებები არ უნდა აღვიქვათ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ. ეს განცხადებები უკავშირდება იმას, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახა პატრიოტთა ალიანსმა, რომელიც პრორუსულ ძალად ითვლება. თუმცა, ის ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს საგარეო კურსზე. პირადად მე ამას დემოკრატიის გამოვლინებად მივიჩნევ. პარლამენტში მოხვდნენ ისინი, ვისაც ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. ყველა დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოში ასე ხდება. ჩვენი კურსი რომ პროდასავლურია და ის გაგრძელდება, ამაში არავის ეპარება ეჭვი. ამ კურსის შედეგია დაწყებული რეფორმები და დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები. საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ნატოს გენმდივანმა მაღალი შეფასება მისცეს ამ არჩევნებს. მალე გადაწყდება ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის საკითხიც.

ქვეყნის შიგნით გაკეთებული ამგვარი განცხადებები უკავშირდება კონკრეტული ძალის მარცხს. ეს პარტია საკუთარ თავს თვლიდა დასავლეთის საჭეთმპყრობლად, იბრალებდა, თითქოს თვითონ ატარებდა პროდასავლურ კურსს. სინამდვილეში, დასავლეთისკენ ინტეგრაცია მხოლოდ ერთი პარტიის დამსახურება არასდროს ყოფილა და რომელიმე პარტიის მარცხი კურსის შეცვლას არ ნიშნავს.

- პოლიტიკურ ველზე მიმდინარე ცვლილებებზე რას იტყვით? არის აზრი, რომ პოლიტიკაში ახალი ძალების მოსვლის ეტაპი დადგა...

- პოლიტიკაში სრულიად ახალი სახის მოსვლისა და წარუმატებლობის მაგალითი ბურჭულაძემ გვაჩვენა. მან რეიტინგის ჩქარ აკრეფასა და დაკარგვაში მასტერკლასები ჩაატარა. სიახლე, ახალი სახე პოლიტიკაში წარმატებას არ ნიშნავს. პოლიტიკა რთული სფეროა. პოლიტიკაში უნდა საქმიანობდნენ პოლიტიკოსები, რომელთა ცხოვრება და საქმეები ცნობილია. გადახალისებაც საჭიროა. ახალი სახეები საკმარისი ფორმატით არიან „ქართული ოცნების“ სიაში. ამავე სიაში ვართ სხვა პარტიების წევრებიც. ახალ ეტაპზე და ახალ ძალებზე რომ საუბრობენ, ეს მთლად გასაგები არ არის. ისინი, ვინც დღეს კონსერვატიულ პარტიას წარმოვადგენთ, ეროვნული მოძრაობიდან მოვდივართ. 50 წლის ვარ და 25 წელიწადი პოლიტიკაში მაქვს გატარებული. ჩვენ ციხეშიც ვმჯდარვართ, რეპრესიებიც გამოგვივლია, პარლამენტშიც ვყოფილვართ და პარლამენტის მიღმაც. არ მესმის, რატომ უნდა დავტოვოთ პოლიტიკა? პოლიტიკა კომფორტი არ არის. ეს არის ბრძოლა ქვეყნის მომავლისათვის.

- ფარ-ხმალი სხვებმაც არ უნდა დაყარონ?

- ვისაც უნდა პოლიტიკიდან დროებით ან სამუდამოდ წასვლა, ეს მისი გადასაწყვეტია. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ყველა უნდა წავიდეს. პარტია ყოველთვის ვერ ხვდება პარლამენტში. ყოველი არჩევნებისას არჩევანს ამომრჩეველი აკეთებს. ჩვენში პარტიების სიმრავლეა. არა მგონია, ყველა მათგანი პოლიტიკიდან წავიდეს.

„ახალი თაობა“, 21 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ მიხეილ დუნდუასთან: „ლარი არჩევნების შემდეგ 2,25-2,30-ის ფარგლებში გამყარდება

ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პროცესებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში მიხეილ დუნდუა აფასებს.

- ბატონო მიხეილ, ლარის კურსი მერყეობასა და გაუფასურებას განაგრძობს. რამდენად აისახა მასზე არჩევნების პერიოდი?

- არჩევნები ჯერ არ დასრულებულა, მეორე ტური წინ არის, შესაბამისად, ეს პროცესი მოქმედებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოლიტიკური ფაქტორი, რომელიც ლარის კურსზე მოქმედებს, დღესაც ძალაშია. თუმცა არჩევნების შემდგომ ეს ფაქტორი მოიხსნება.

- სხვა ფაქტორებზე რას იტყოდით?

- რაც შეეხება სხვა ფაქტორს, რომელმაც მოკლევადიანი მერყეობა გამოიწვია, ეს არის მსხვილი ტრანზაქციები, რომელიც ამ პერიოდში განხორციელდა. ერთ-ერთი ასეთი იყო თიბისი ბანკის მიერ რესპუბლიკა ბანკის ყიდვა, შემდეგ პროგრეს ბანკის ყიდვაც დასახელდა ამ ფაქტორებს შორის. ჩვენ ტექნოლოგიების მწარმოებელი ქვეყანა არ ვართ და როდესაც კომპანიები ყიდულობენ ტექნოლოგიებს და ძირითად საშუალებებს საწარმოო სიმძლავრეების გასაძლიერებლად, ისინი დოლარში უნდა შეისყიდონ და ეს ყველაფერი მსხვილ გადარიცხვებს უკავშირდება. რამდენიმე ასეთმა ფაქტორმა ერთად მოიყარა თავი და, ბუნებრივია, ეს აისახა ლარის კურსზე.

- ანუ იმის თქმა გინდათ, რომ ეს ტექნიკური პრობლემით გამოწვეული პროცესია?

- სწორედ რომ ასეა, ეს არის ტექნიკური პროცესი, პოლიტიკურიც და არამცდაარამც ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები, რადგან ფუნდამენტური ფაქტორები, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, წესრიგშია.

- ძალიან ხშირად აკრიტიკებენ ეროვნული ბანკის პოლიტიკას. თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხთან მიმართებით?

- ძალიან ხშირ შემთხვევაში მე მხარს ვუჭერ ეროვნული ბანკის პოლიტიკას. ძალიან კარგად უძღვება თავის საქმეს კობა გვენეტაძე. როგორც კი წავიდა პოსტიდან ქადაგიძე, გახსოვთ, იმ დღიდანვე დაიწყო ლარმა დასტაბილურება. ის მკვეთრად დასტაბილურდა 2016 წლის 16 ივნისის ჩათვლით პერიოდამდე.

- 16 ივნისის შემდეგ რა შეიცვალა?

- 2016 წლის 16 ივნისიდან ამოქმედდა ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია, რომელმაც უცხოურ ვალუტაში მოზიდული მოკლევადიანი სესხი გარკვეულწილად შეზღუდა კომერციული ბანკებისთვის. ბუნებრივია, ამან ცუდად იმოქმედა ლარის კურსზე, რადგან რესურსის მოზიდვის საშუალება შეეზღუდათ კომერციულ ბანკებს. თუმცა ეს სულ სხვა აუცილებლობით იყო განპირობებული.

- და რა იყო ეს აუცილებლობა?

- რასაც ჰქვია ცხელი ფულის სიჭარბე, უცხოური ვალუტის სიჭარბე კომერციულ ბანკებში. მათი გადასახდელი ვალის 55% მოკლევადიანი ფულადი რესურსებია, მოზიდული ვალია, შესაბამისად, ეს ცხელი ფულია სავალუტო ფონდის შეფასებით და სწორედ სავალუტო ფონდის მოთხოვნა იყო, ეროვნულ ბანკს დროზე ემოქმედა და შეეზღუდა ეს მაჩვენებელი, თორემ ფინანსურ სტაბილურობას ექმნებოდა საფრთხე. წინა ხელისუფლებას რომ თადარიგი დაეჭირა და წლიდან წლამდე თითო პროცენტით გაეზარდა რეზერვების ნორმა უცხოურ ვალუტაში მოზიდული მოკლევადიანი ვალისთვის, ეს პრობლემა აღარ იქნებოდა.

- ამ ცვლილების მიხედვით რა შეიცვალა?

- შეიცვალა ის, რომ თუ ადრე რეზერვების ნორმა მოზიდულ მოკლევადიან უცხოურ ვალზე იყო 15%, ახლა ეს გახდა 20% ანუ ყოველი მოზიდული მილიონი დოლარიდან 200 ათასი უნდა დაარეზერვონ კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკში.

- ამან ახალი პრობლემები არ წარმოშვა?

- ბუნებრივია, ამან შეზღუდა უცხოური მოკლევადიანი ვალის მოზიდვა და ერთბაშად გაორმაგდა მესამე და მეოთხე კვარტალში გეგმური გადასახდელი ვალის მაჩვენებელი. თუმცა 2017 წლის 1 იანვრიდან ეს პრობლემა აღარ იარსებებს იმიტომ, რომ მოკლევადიანი ვალის წილი მკვეთრად შემცირდება. ეს ნაბიჯი, რომელიც გადადგა გვენეტაძემ, გამოწვეული იყო არა ვალუტის კურსის დაზიანებით, არამედ იმით, რომ ფინანსური სტაბილურობა უზრუნველეყო.

- ანუ ეს სწორი ნაბიჯი იყო...

- რასაკვირველია, ეს გამოწვეული იყო აუცილებლობით. ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ არ აქვეყნებდა ეროვნული ბანკი 2011 წლის შემდგომ ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს.

- და რატომ არ აქვეყნებდა?

- ეროვნულმა ბანკმა იმიტომაც არ გამოაქვეყნა, რომ ამ პრობლემის მიმალვა უნდოდა. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და რატომ? თუკი მოხდება მკვეთრი შოკი რეგიონში, ან გეოპოლიტიკური, ან ეკონომიკური, შესაძლოა, ასეთმა ფულმა ერთბაშად დატოვოს ქვეყანა და წარმოშვას სერიოზული შოკი. ეს სერიოზული რისკების შემცველია. ამიტომ ეროვნულმა ბანკმა გადადგა აუცილებელი და სწორი ნაბიჯი. ეროვნული ბანკი ისეთი გარდაუვალი პრობლემის წინაშე დადგა, რომ სხვაგვარად მოქცევა არ შეიძლებოდა. ამანაც განაპირობა ის პრობლემები, რაც ლარის კურსს უკავშირდება.

- რას ელოდებით სამომავლოდ?

- შემდგომი წლისთვის ეს პრობლემა აღარ იარსებებს. სწორედ იმიტომ ავარდა 2016 წლის 16 ივნისს კურსი ასე ერთბაშად, რადგან სწორედ ამ დღეს შევიდა ძალაში ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება. არჩევნები როგორც კი დასრულდება, კურსი დასტაბილურდება 2,25-2,30-ის მიდამოში. შესაძლოა, უფრო ქვემოთაც ჩამოვიდეს, ცოტა რთულია სხვა პროგნოზის გაკეთება, რადგან მესამე კვარტლის მონაცემები არ გვაქვს. თუმცა ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ მომავალი წლიდან კურსი იყოს გაცილებით მყარი, ვიდრე დღეს ჩვენ გვაქვს.

- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?

- ამის თქმის საშუალებას მაძლევს მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გამოკვლევა მსოფლიოს მაკროეკონომიკური გარემოს შესახებ, სადაც ყველა ქვეყანაა გაანალიზებული. საქართველომ ევროპის მასშტაბით მე-17 ადგილი დაიკავა. საუკეთესო ოცეულში შევიდა მაკროეკონომიკური გარემოს მიხედვით. ეს ძალიან კარგი პოზიციაა, მაშინ როცა 2011-2012 წლებში ჩვენ ვიყავით 137-ე ადგილზე, ბოლოდან მეექვსე პოზიციაზე. დღეს მთავრობის მთავარი ვალდებულებაა, მაკროეკონომიკური გარემო გააჯანსაღოს და, თუ ეს გარემო გაჯანსაღდება, მაშინ მთავრობის წვლილი ლარის გაუფასურებაში არ არსებობს! ვალის აღების ხარჯზე კი არ უნდა გაამყარო ლარი, არამედ მაკროეკონომიკური გარემო უნდა გქონდეს ჯანსაღი და ეს გარემო უპრეცედენტოდ ჯანსაღია.

- ინვესტიციების შემოდინებაზე რას იტყვით? გვესმის შეფასებები, რომ ამ კუთხით ტემპმა იკლო და, თუ რაიმე სახის ინვესტიციები შემოდის, ისევ და ისევ რუსული კომპანიები იგებენ ტენდერებს. ამაზე რას იტყვით?

- არამცდაარამც. ეს არ დასტურდება არცერთი მონაცემით. რუსული კომპანიების წილი მინიმალურია და უცხოურ ინვესტიციებში რუსეთი ნამდვილად არ ლიდერობს. ჩვენ ზუსტად ის შედეგი გავიმეორეთ, რომელიც იყო ომამდე. მიუხედავად იმისა, რომ აღარაფერი დარჩა გასაყიდი, ქვეყანაში ძალიან დიდი ინვესტიციები შემოვიდა. 2014 წელს მილიარდ 700-ს გადააჭარბა, 15-ში მილიარდ 600-მდე შემოვიდა და ახლაც მილიარდ 600 ათასის ინვესტიციებს ველოდებით. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ბოლო ორწელიწად-ნახევარში ორჯერ მეტი ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში, ვიდრე მთელი ოთხი წლის განმავლობაში 2009-დან 20012-ის ჩათვლით. როცა ასეთი კარგი მაჩვენებელია, როდესაც ასეთი დადებითი დინამიკაა, ყველა ფაქტორი მიუთითებს იმაზე, რომ ეკონომიკამ დაიწყო თვისობრივი გაჯანსაღება.

- თუ ასეა, მაშინ ეს ყველაფერი რატომ არ ჰპოვებს ასახვას მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ლარზე და ასე შემდეგ?

- გაუმჯობესება, გაჯანსაღება არ ნიშნავს მის მექანიკურ ზრდას. თუ ჩვენ ავიღებთ დიდ ვალს, მაშინ მოვახერხებთ მის მექანიკურ ზრდას. განვითარება და გაჯანსაღება სულ სხვა რამეს გულისხმობს. ეს ყველაფერი სამომავლოდ წარმოქმნის მაღალი ზრდის პერსპექტივას. სწორედ ამიტომ თქვა მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა, რომ გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად გაუმჯობესდა ევრაზიაში. 2017 წლიდან ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი უნდა ვაჩვენოთ.

„ახალი თაობა“, 21 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან: „საკონსტიტუციო კომისიის დუბლირება ცუდი იქნება“ // „წინა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია კვორუმს რომ ვერ აგროვებდა, ეს დავით უსუფაშვილის ბრალი არ არის

კონსტიტუციონალისტი, რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შექმნა ყველას შეუძლია, მაგრამ საკონსტიტუციო სახელმწიფო კომისიის შექმნა _ არა.

- ბატონო ვახტანგ, პრემიერმა განცხადება გააკეთა, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების მიზნით შეიქმნას ჯგუფი. კვირიკაშვილის ამ ინიციატივას პრეზიდენტი გამოეხმაურა და ასეთი სამუშაო ჯგუფის შექმნის მზადყოფნა გამოთქვა. როგორც ჩანს, მორიგი დავის საგანი ხდება, თუ ვინ უნდა შექმნას ეს კომისია. ეს ხომ არ გამოიწვევს დუბლირებას?

- დიახ, გამოიწვევს და ეს არ ივარგებს. ასეთი სამუშაო ჯგუფების დუბლირება ცუდი იქნება. ამიტომ უკეთესია, შეთანხმდნენ და შეთანხმებულად მოხდეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობის დაწყება, როგორიც არის ქვეყნის კონსტიტუციის გამართვა. შეიძლება რამდენიმე სამუშაო ჯგუფი შეიქმნას და ყველამ თავისი ინიციატივების გატანა მოითხოვოს, ერთმა ერთი თქვას, მეორემ _ მეორე. მერე რა ვქნათ, მესამე ჯგუფმა ამ ორის ნათქვამი შეაჯეროს?! ეს ყველაფერი ცოტა არასერიოზულად გამოიყურება. მსგავსი მაგალითები ყოფილა ჩემს პრაქტიკაში.

- კონკრეტულად?

- 2009 წელს შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. შეიქმნა პრეზიდენტის ბრძანებულებით. ამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში შესვლა არ ისურვა ოპოზიციური პარტიების უდიდესმა ნაწილმა მაშინდელი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. ასევე უარი თქვეს ამ კომისიაში მუშაობაზე რიგმა კონსტიტუციონალისტებმა, მათ შორის მეც. მოგვიანებით სპეციალისტების გარკვეულმა ჯგუფმა შექმნა საზოგადოებრივ-საკონსტიტუციო კომისია. ამ კომისიამაც თავისი პროექტი მოამზადა. შეიქმნა ორი პროექტი, მაგრამ საზოგადოებრივ-საკონსტიტუციო კომისიის პროექტი არავის მიუღია. მაშინდელმა ხელისუფლებამ მისი სრული იგნორირება მოახდინა. ეს მაგალითი იმიტომ გავიხსენე, რომ ნათელი გავხადო კიდევ ერთხელ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის შექმნას, თუ შემუშავებული პროექტის ან გარკვეული წინადადების გათვალისწინება არ მოხდება.

- ვინ უნდა შექმნას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელმა სახელმწიფო ინსტიტუციამ?

- ასეთი კომისია, უფრო უპრიანია, პარლამენტმა შექმნას, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ინსტიტუტმა. პრემიერს თავის განცხადებაში არ დაუკონკრეტებია ინსტიტუცია. მან თქვა, რომ უნდა შეიქმნას ჯგუფი. როგორი იქნება, სად იქნება, ვინ უხელმძღვანელებს, ეს დეტალები პრემიერს არ უხსენებია და არ დაუკონკრეტებია. ჩემი პოზიციაა, რომ ერთობლივად მოიფიქროს ხელისუფლების სამმა განშტოებამ, როგორი სამუშაო მოდელი აირჩიონ, განსაზღვრონ მისი ფორმატი, ასევე განსაზღვრონ ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებები, თუ როგორ მოექცევა ის ამ ჯგუფის მიერ შექმნილ პროდუქტს.

- ვის აქვს უფლება, თუ არის ეს გაწერილი კონსტიტუციაში, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შექმნას?

- კანონით არ არის განსაზღვრული, თუ ვის, რომელ სახელმწიფო ინსტიტუტს აქვს ამის უფლებამოსილება, ან როგორ და სად უნდა შეიქმნას ეს კომისია და ვინ უნდა უხელმძღვანელოს. ეს კანონით არ რეგულირდება, მაგრამ არსებობს გამოცდილება, რომლის მიხედვითაც ასეთი კომისიები იქმნებოდა პარლამენტის ან პრეზიდენტის მიერ. ერთადერთი, ვისაც ასეთი კომისია არ შეუქმნია, მთავრობა იყო.

- ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალურია კონსტიტუციაზე საუბარი. საზოგადოების ნაწილს ამერიკის კონსტიტუცია მოჰყავს მაგალითად, სადაც მხოლოდ რამდენიმე შენიშვნაა შესული. მეორე ნაწილი აცხადებს, რომ ჩვენი კონსტიტუცია არ ვარგა და შესაცვლელია. ვთანხმდებით, რომ მოქმედი კონსტიტუცია გადახედვას საჭიროებს?

- რაც თავი მახსოვს, სულ ამაზე ვლაპარაკობ. როგორ არ არის შესაცვლელი! რა თქმა უნდა, შესაცვლელია. მოქმედ, მე-8 მოწვევის პარლამენტში იყო შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია სწორედ იმიტომ, რომ ბევრი რამ იყო შესაცვლელი.

- თუმცა, უსუფაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილმა კომისიამ სათანადოდ ვერ იმუშავა, კვორუმიც კი არ გროვდებოდა...

- ვერცერთ კომისიას ვერ ამუშავებს ვერც ერთი ადამიანი, ვერც ორი ან სამი. კომისიის ყველა წევრმა უნდა მოინდომოს მუშაობა. თუ ისინი ვერ ინდომებენ მუშაობას, ძალით ვერავის ამუშავებ. უსუფაშვილის ბრალი მანდ არაფერი არ არის. როდესაც კომისიის წევრები არ მიდიან კომისიის სხდომაზე, როდესაც პირველი სხდომის შემდეგ არცერთ სხდომაზე კვორუმი არ შეკრებილა, ასეთ შემთხვევაში რა შეუძლია გააკეთოს ან კომისიის თავმჯდომარეს, ან სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს?!

- არსებობს მოსაზრება, რომ ვინაიდან ვერ იწერება სრულყოფილი კონსტიტუცია, შესაძლებელია თუ არა ევროპული გამოცდილების გაზიარება, თუნდაც ვენეციის კომისიის სპეციალისტების მოწვევა და მათი რეკომენდაციის გაზიარება?

- რას ნიშნავს, ვერ ვაკეთებთ?! მშვენივრადაც შეგვიძლია, რადგან საკმაო რაოდენობის მაღალი კვალიფიკაციის კონსტიტუციონალისტები, პროფესიონალები გვყავს, ვისაც შეუძლია ამის გაკეთება. სხვა საქმეა, რომ პოლიტიკოსები ვერ თანხმდებიან.

- რატომ ვერ ხდება შეთანხმების მიღწევა?

- იმიტომ, რომ რა სახის ცვლილებები შევიდეს, ეს უნდა განისაზღვროს და ამაზე უნდა მოხდეს შეთანხმება. მითხარით, ამას უცხოელი სპეციალისტი რას უშველის. პარლამენტის წევრები პარლამენტში რომ არ დადიან და კვორუმი რომ არ იკრიბება, რა, უცხოელები მოვიწვიოთ აქ პარლამენტის წევრებად, რომ მათ მაინც იარონ?! ამიტომ მგონია, რომ ნებისმიერი წინადადება სათანადოდ უნდა იყოს გააზრებული.

„ახალი თაობა“, 21 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გიორგი გაჩეჩილაძესთან: „მიკვირს, რუსები მიხეილ სააკაშვილს ძეგლს რატომ არ უდგამენ

პარლამენტის წევრი და მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ სიით მომავალი პარლამენტის წევრიც იქნება, „ახალ თაობასთან“ არჩევნების მეორე ტურის წინა პერიოდში ქვეყანაში არსებულ ვითარებას აანალიზებს.

- ბატონო გიორგი, როგორ აფასებთ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ქვეყანაში არსებულ ვითარებას? რა მიგაჩნიათ მნიშვნელოვან ფაქტორად?

- ყველაზე მნიშვნელოვანია, არჩევნებზე ისევ მივიდეს ის ამომრჩეველი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა. ნაცმოძრაობას იმედი აქვს, რომ `ოცნების ამომრჩეველი აღარ მივა არჩევნებზე და დისბალანსს შექმნიან პარლამენტში.

- რა დისბალანსი შეიძლება შექმნან?

- თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იზარმაცებს, დაახლოებით ისეთივე პარლამენტს მიიღებს, როგორიც იყო წინა.

- კერძოდ?

- კერძოდ, უბედურებას, ჩხუბს, კამათს, უაზრო დემაგოგიის სცენებს. ამიტომ აუცილებელია, სხვებთან ვაჭრობის გარეშე მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ყოველთვის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იქნება. ეს საკითხები არ არის დამოკიდებული მხოლოდ კონსტიტუციურ ცვლილებებზე, როგორც ახლა ნაცმოძრაობა აპიარებს, თითქოს, თუ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა შეიქმნება, პრობლემებს შექმნის ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით.

- ეს მხოლოდ პიარია და ნაცმოძრაობის ამგვარ განცხადებებს რეალური საფუძველი არ აქვს?

- დიახ, პიარია. წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა და იმის წინა ხელისუფლებებსაც. მთავარია, პოლიტიკური ჯგუფები რისთვის არიან მობილიზებულები. „ქართულ ოცნებაში“, სადაც მწვანეთა პარტია, სოციალ-დემოკრატები, კონსერვატორები და თვით „ქართული ოცნებაა“, ხელისუფლების უზურპაცია არასოდეს მოხდება. ეს ჩვენ წინა პარლამენტშიც დავამტკიცეთ, როდესაც შევეცადეთ, მაქსიმალურად თავისუფლება მიგვეცა სასამართლო ხელისუფლებისათვის, მედიისა და სხვა იმ ძირითადი ინსტიტუტებისთვის, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ და ნაცმოძრაობის ჩექმის ქვეშ იყვნენ.

- ნაციონალების პიარით შეიძლება თქვენმა ამომრჩევლებმა გული აიცრუონ ქართულ ოცნებაზე?

- „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი მოტივირებულია. მათზე ნაციონალების პიარი ნაკლებად იმოქმედებს. მათი მიზანია, როგორმე მიიმხრონ იმ პარტიების ელექტორატი, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს. სწორედ ამ მიმართულებით მიჰყავთ საქმე. ეშმაკურად დაგეგმილი პიარია. ცდილობენ, ამ პიარით მოსახლეობა გააბრიყვონ. იმ მოტივით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მოიპოვოს `ქართულმა ოცნებამ~, უნდათ, კიდევ მეტი ხალხი გაიყვანონ პარლამენტში, რაც მათ საშუალებას მისცემს, იმავე ტიპის პარლამენტი შექმნან, როგორიც იყო 2012-16 წლებში.

- ამით რას მიაღწევენ?

- ამით სურთ, ხელისუფლებას საქართველოს განვითარების საშუალება არ მისცენ (როგორც საგარეო ფრონტზე, ასევე შიგნით) როგორც დემოკრატიზაციის, ისე სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ ფონზე კი გაიძლიერონ პოზიციები, რადგან თვითმმართველობისა და საპრეზიდენტო არჩევნები მოდის. მათ აქვთ პიარგეგმა, მაგრამ, არა მგონია, საზოგადოება გაბრიყვდეს.

- ახლახან მედიაში საუბარი დაიწყო გადასახადების გაძვირებაზე, მაგალითად, დენის ფასის შესაძლო გაზრდაზე. რეალურად, მომავალში ხალხი დენის საფასურის გაზრდას უნდა მოელოდეს თუ არა?

- „რუსთავი-2“-მა შექმნა ახალი თემა. მთელ მსოფლიოში (ზოგან გაკეთებულია) კეთდება მრიცხველები, რომლებიც ღამით სხვა ტარიფით მუშაობს, დღისით _ სხვა.

- ამგვარ რეჟიმზე გადასვლა არ გააძვირებს დენის ტარიფს?

- დენის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება. ამგვარი რაღაც თავში აზრად არავის მოსვლია. უბრალოდ, შეიძლება, ვიღაც არასამთავრობომ თქვა, კარგი იქნება, თუ ასეთი რაღაც გაკეთდებაო. ისე, ამგვარი მრიცხველები აქვთ გერმანიაში, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, ცდილობენ, მეორე ტურის წინ აღნიშნული თემა ააგორონ, თითქოს ტარიფის გაძვირება იგეგმება. ეს ყველაფერი ტყუილია. ჯერჯერობით ამგვარი რამ არ იგეგმება. ეს შეიძლება გაკეთდეს გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც მოსახლეობის სოციალური პირობები გაუმჯობესდება.

- სააკაშვილის ტელეფონით გადაღებული ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ამბობს, რომ, თუ გაიმარჯვებდნენ, მაშინ მეორე ტურისთვის და ხმების დასაცავად ჩამოვიდოდა...

- ახლა გადააკეთა. მისი განცხადებების ვიდეოჩანაწერებიც ხომ არსებობს, ხომ არ გამქრალა. იქ ამბობს, რომ არჩევნების მეორე დღეს ჩამოსვლას აპირებდა. სააკაშვილს სერიოზული პრობლემები აქვს ოდესაში. ის დიდხანს ვეღარ გაჩერდება უკრაინაში. სად წავიდეს?

- სად წავა სააკაშვილი?

- თავის მეგობრებთან რუსეთში. რუსებს სააკაშვილმა საქართველოში ყველაფერი ჩააბარა.

- მერედა, რუსები როგორ მიიღებენ?

- რუსები სააკაშვილს სიამოვნებით ჩაიხუტებენ გულში. მან ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეკონომიკის უდიდესი ნაწილი რუსებს დაუთმო, სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგეტიკული და სამრეწველო ობიექტები რუსებს გადასცა. პარალელურად სამხედრო ბაზების რეანიმაცია მოახდინა, რომლებიც სტამბოლის სამიტის გადაწყვეტილებით გაიყვანეს. მიკვირს, რუსები სააკაშვილს ძეგლს რატომ არ უდგამენ, თუმცა, რუსებს როცა დასჭირდებათ, სააკაშვილს თავიანთ სასარგებლოდ მაშინ გამოიყენებენ. მოგეხსენებათ, სააკაშვილს გავლენა აქვს ნაცმოძრაობაზე, როგორც პარტიაზე. აქედან გამომდინარე, ეს ერთმანეთზე მიბმული პროცესებია. ის დესტაბილიზაციის მცდელობები, რომელთაც ნაცმოძრაობა სააკაშვილის ჩაგონებით აპირებდა, 2014 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ხელისუფლებამ, ძალოვანმა სტრუქტურებმა ეფექტურად ჩაშალეს ისე, რომ საზოგადოებამ ვერც გაიგო, თუმცა ჩვენ ყველაფერი ვიცოდით.

- ნაციონალებიხშირად საყვედურობენ“„ოცნებას, საბურავების საქმე სად არისო...

- საბურავების საქმეც სერიოზული იყო და სხვა საქმეებიც სერიოზულია.

- მართლა სერიოზული იყო საბურავების საქმე?

- დიახ. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, საბურავების საქმეც სერიოზული იყო და სხვა რაღაცებიც. ეს ისეთი იოლი პროცესი არ არის, როგორც წარმოსახავენ.

- სისხლის სამართლის დანაშაული გამოკვეთილი იყო?

- არ ვიცი. მაგდენი ინფორმაციაც არ მაქვს, მაგრა აშკარაა, რომ ნაცმოძრაობა საფრთხის შემცველი, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ბოროტი ძალაა.

- საერთაშორისო ორგანიზაციებმა და სხვადასხვა სახელმწიფოებმა მხარი დაგიჭირეს არჩევნების შედეგების აღიარების თვალსაზრისით...

- სერიოზული ინდიკატორი იყო მეორე-მესამე დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები. წამყვანმა დასავლურმა სახელმწიფომ ოფიციალურად განაცხადეს, რომ საქართველოში ჩატარდა უპრეცედენტოდ დემოკრატიული არჩევნები.

- ამან ხომ არ შეაჩერა სააკაშვილი და გადაათქმევინა დაგეგმილი ჩამოსვლა?

- სააკაშვილს ეს ვერ გააჩერებს. აქ მთავარი ისაა, რომ არჩევნებში ქართველი საზოგადოების ნება აისახა. ამან მკაფიოდ დაანახა მათ, რომ საქართველოს ხელისუფლება მკვეთრად გამოხატული დასავლური ორიენტაციისაა.

- როგორც ჩანს, დასავლური სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა...

- დიახ, დასავლეთის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების, ეკონომიკის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა. ამას საზოგადოება მიხვდა. ხომ ნახეთ, რუსული ორიენტაციის პარტიებმა რა პროცენტები აიღეს.

Comments are closed