„რეზონანსი//მთელი კვირა“: ოპოზიცია: ახალი კოდექსი “ოცნებას” დამატებით 40 ხმას მისცემს, საბოლოო ჯამში კი ეს “ოცნებას” ძალიან ძვირი დაუჯდება”
„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: “ოცნება” ბიძინა ივანიშვილის მხრებიდან არც ამ არჩევნებზე ჩამოვა და არც ახალი სახეებით არ შეივსება, რადგან ვინც ეს უნდა გააკეთოს, თავად არის პარტიიდან გასაშვები”
„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან: „საქართველო რეფორმების ლაბორატორიად უნდა გადაიქცეს“
„რეზონანსი//მთელი კვირა“: უვიზო რეჟიმის შემოღება გამოიწვევს თუ არა ქართველების მასობრივ გადინებას?
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ სანდრო თვალჭრელიძესთან: “ვერ გასცდა კრემლის პოლიტიკა გასტრონომიას” – ვიზა-ლიბერალიზაცია და ახალი სივრცე აფხაზებსა და ოსებთან სალაპარაკოდ
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუები ქართველ პოლიტიკოსებთან: „ევროპამ დაგვპატიჟა – ახლა იქამდე მისვლაა მთავარი”
„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ჩვენ ევროპელებმა შეიძლება ისეთი ვალდებულებებიც მოგვთხოვონ, რომელსაც თავად არ ასრულებენ… ანუ გეიაღლუმებით დაწყებული, ერთსქესიანთა ქორწინებით დამთავრებული. ვართ მზად, ეს დავაკანონოთ?!.“
„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ ვალერი ხაბურძანიასთან: „ვლადიმირ პუტინმა რამდენჯერ უნდა გააკეთოს [უვიზო რეჟიმის] მსგავსი განცხადებები, რომ თბილისში ყურადღება მიაქციონ?“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „ვიზალიბერალიზაცია ევროპის დამსახურებაა… რაც უფრო მტკიცე დასავლურ კურსს გაატარებს საქართველო, მით უფრო უკან დაიხევს რუსეთი“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „ვიზალიბერიზაციის პროცესი რუსეთმა გაგვიმარტივა“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ კარლო კოპალიანთან: „ნაციონალებს“ ენდიაი-ს კვლევა კი არა, სამედიცინო კვლევაც ვეღარ უშველის“
„კვირის პალიტრა“: აფხაზური “არმია” რუსეთმა გადაყლაპა
—————————-
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 21 დეკემბერი, 2015 წელი
ოპოზიცია: ახალი კოდექსი “ოცნებას” დამატებით 40 ხმას მისცემს, საბოლოო ჯამში კი ეს “ოცნებას” ძალიან ძვირი დაუჯდება“
თიკო ოსმანოვა
ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც გააფთრებით ეწინააღმდეგება 2016 წლის არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარებას, “ოცნებას” “ნაციონალური მოძრაობის” ბედს უწინასწარმეტყველებს. ზოგიერთი მათგანი იმასაც ამბობს, რომ ეს პროექტი არსებულ კანონზე უარესია. კახა კუკავას თქმით, ეს საკანონმდებლო ცვლილება “ოცნებას” დამატებით 40 საპარლამენტო მანდატს მოუპოვებს.
“საბოლოო ჯამში, მივიღებთ ისეთ სისტემას, რაც შევარდნაძის და სააკაშვილის დროს იყო. იგივე ადამიანები, რომლებიც თავის დროზე პარლამენტთან შიმშილობდნენ და ამბობდნენ, რომ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები არის მთავარი, ახლა გვეუბნებიან, რომ თურმე წინა ხელისუფლების დროს ძალიან კარგი საარჩევნო სისტემა არსებობდა. აღმოჩნდა, რომ შიმშილობდნენ არა თავისუფალი არჩევნებისთვის, არამედ თანამდებობის დასაკავებლად,” – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. ამ ცვლილების მიხედვით, შეიქმნება 73 ერთმანდატიანი ოლქი, აქედან 22 თბილისში. დედაქალაქის საზღვრებში მოექცევა გარდაბნის და მარტყოფის მუნიციპალიტეტები. ახალი პროექტით, ზოგიერთი ოლქი გაერთიანდება (მაგ. ვანსა და ხონს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება), ზოგი კი დაიშლება (მაგ. თბილისი, ქუთაისი), რაც გამოწვეულია იმით, რომ მოხდეს ოლქებში ამომრჩევლის რაოდენობის მაქსიმალურად გათანაბრება. ამის გამო ოპოზიციამ კანონს “დაჩეხილი საქართველო” უწოდა.
“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ ეს კანონი ყველაზე უარესია, რაც აქამდე გვქონია. მისი თქმით, ეს ხელისუფლებას უკან ბუმერანგივით დაუბრუნდება:
“რეალურად მივიღეთ სიტუაცია, რომ ახლა საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით არსებულთან შედარებით რამდენიმე ასეულჯერ უარესი მდგომარეობა გვაქვს. პირველი ის, რომ თვითონ ეს მაჟორიტარული სისტემა არის სრული არაადეკვატურობა და უსამართლობა.
მეორე, გვქონდა ერთმანდატანი საარჩევნო ოლქები, რომელთა საზღვრები მუნიციპალიტეტის საზღვრებს ემთხვეოდა. საზოგადოებას ჰქონდა განცდა, რომ ავად თუ კარგად ესა თუ ის მაჟორიტარი მათი კონკრეტული მუნიციპალიტეტიდან იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, მაჟორიტარმა და ამომრჩეველმაც იცოდა, რომ ერთ კონკრეტულ არეალში ჰქონდა პასუხისმგებლობა. ახლა კი ხელისუფლებამ კარაქივით დაჭრა ჩვენი ქვეყანა ტოლ ნაწილებად და არ გაითვალისწინა ჩვენი ისტორიულ-გეოგრაფიული რეალობა, რითაც ქვეყანა მრავალი საუკუნეა არსებობს. მაგალითად, ცაგერი, ონი, ამბროლაური, მესტია და ლენტეხი გაერთიანდა ერთ საარჩევნო ოლქში. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა უზრუნველყოს მაჟორიტარმა ამომრჩეველთან კომუნიკაცია. ერთი ადამიანისთვის ეს ძალიან რთულია. ანუ თბილისში 22 მაჟორიტარი იქნება, ხუთ მუნიციპალიტეტში კი ერთი, ამიტომ ვეუბნებოდი ხელისუფლებას, რომ ამ სისულელეს ნუ გააკეთებთ, არ გამოდის ამ ქვეყანაში ტოლმანდატიან ოლქებად დაყოფა-მეთქი. მაგრამ ხელისუფლებამ ეს არ გაითვალისწინა. ამის შედეგს “ოცნება” მიიღებს ძალიან მალე, როგორც კი საზოგადოება გაიაზრებს, თუ რა საშინელ აჯაფსანდალში აღმოჩნდა ქვეყანა. სწორედ მერე დაუბრუნდება ხელისუფლებას ის ბუმერანგი, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივით გაისროლეს,” – უთხრა “მთელ კვირას” გიორგი ახვლედიანმა.
ქვეყნის “ჭრა-კერვის” გამო “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა ხელისუფლებას “ნაციონალური მოძრაობის” ბედს და შვიდ-რვაწლიან ციხეს უწინასწარმეტყველებს:
“ეს რეფორმა “ქართულ ოცნებას” დაეხმარება დამატებით 40 მანდატის მოპოვებაში. მაჟორიტარული სისტემა ხომ მხოლოდ ამიტომ არის უსამართლო, რომ შესაძლებელია, მიიღო ხმების 30% და მანდატების 60%. თუმცა საბოლო ჯამში ეს “ოცნებას” ძალიან ძვირი დაუჯდება. როცა ქვეყანაში უსამართლო საარჩევნო სისტემაა, ოპოზიცია და საზოგადოება აკეთებს დასკვნას, რომ აუცილებელია გაერთიანება, რათა ეს სისტემა დაემხოს. ყველას კარგად ახსოვს, რა ბედია ეწია ამის გამო სააკაშვილის და შევარდნაძის ხელისუფლებას – ივანიშვილსაც ასე მოუწევს. ხელისუფლებას ვეტყვი, რომ ამ სისტემითაც მოვუგებთ ჩვენ არჩევნებს 2016 წელს თუ არა, 2018-ში მაინც და მერე “ქართული ოცნების” ლიდერებს მოუწევთ ციხის საკნების ხეხვა. რომელი ურჩევნიათ, 2016 წელს გავიდნენ პენსიაზე თუ 2018 წელს ჩაჯდნენ ციხეში, ეს მათი გადასაწყვეტია,” – განუცხადა “მთელ კვირას” კახა კუკავამ.
“ახალი მემარჯვენეების” ლიდერის მამუკა კაციტაძის თქმით კი, საარჩევო ოლქების გათანაბრება არის ხელოვნური ჭრა-კერვა, რომლითაც კოალიციის გადარჩენას ცდილობენ. მისივე თქმით, “ქართული ოცნება” “პორტირებული ნაციონალების” მძევალია:
“საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია – 2016 წლის არჩევნებისთვის აუცილებელია საარჩევნო სისტემის შეცვლა, რითაც გაუქმდება მაჟორიტარული სისტემა და ჩანაცვლდება სამხარეო-პროპორციულით. ხელისუფლება, სამწუხაროდ, აღმოჩნდა ერთადერთი, რომელიც ამ ნებას არ შეუერთდა და სამაგიეროდ შემოგვთავაზეს გარკვეული პროცედურული ცვლილება, რაც გულისხმობს ერთმანდატიანი ოლქების დატოვებას ოღონდ გარკვეული საზღვრების შეცვლით. როდესაც ჩვენ გავეცანით ამ ინიციატივას, დატოვა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს არის დაჩეხილი საქართველოს მოდელი. ეს ყველაფერი არის ხელოვნური ჭრა-კერვა იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, გათანაბრდეს ამომრჩევლების ოლქები. ეს არ არის “ქართული ოცნების” კეთილი ნება. ეს ნება რომ ჰქონოდათ, გააკეთებდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე და არა მხოლოდ პარლამენტისთვის.
ხელისუფლება მაჟორიტარულ სისტემას იმიტომ ვერ აუქმებს, რომ უმრავლესობის დაშლის ეშინია, რადგან მაჟორიტარები ამის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან. “ოცნებას” უმრავლესობა “ნაციონალებიდან” პორტირებული 12 მაჟორიტარით აქვს შენარჩუნებული. ანუ ხელისუფლება “პორტირებული ნაციონალების” მძევალია და მათ ნებასურვილზეა დამოკიდებული. საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით რამდენიმე მოდელი შევთავაზეთ, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები არ უნდა, თუმცა, არც ამაზე წამოვიდნენ,” – გვითხრა მამუკა კაციტაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის მაისში საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო საარჩევნო კოდექსის ის ნაწილი, რომელიც ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დადგენის წესს შეეხება. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ნორმით არჩევნებზე ხმათა თანაბრობის პრინციპი ირღვევა, რადგანაც სხვადასხვა საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა მკვეთრად განსხვავებული რაოდენობაა რეგისტრირებული.
აღსანიშნავია, რომ ამ ნორმის შეცვლისკენაც საქართველოს ბოლო წლებში საერთაშორისო ორგანიზაციებიც მიუთითებდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმის შეცვლის მოთხოვნით სარჩელი, მოქალაქეების რანგში, უჩა ნანუაშვილმა და მიხეილ შარაშიძემ ორი წლის წინათ შეიტანეს იმ მოტივით, რომ მაჟორიტარულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმები თანაბარი ძალის მქონე არ არის და სხვადასხვა მასშტაბის ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს არ აქვთ შესაძლებლობა, თანაბარი გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 21 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: “ოცნება” ბიძინა ივანიშვილის მხრებიდან არც ამ არჩევნებზე ჩამოვა და არც ახალი სახეებით არ შეივსება, რადგან ვინც ეს უნდა გააკეთოს, თავად არის პარტიიდან გასაშვები“
ელზა პაპოშვილი
ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი აბობს, რომ ალეკო ელისაშვილის სკანდალური განცხადების ირგვლივ პროცესები როგორც უნდა დასრულდეს, “ქართულმა ოცნებამ” ეს ბრძოლა უკვე წააგო. მისი აზრით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციისთვის ამ თემით მანიპულირება პოლიტიკურად მომგებიანი იქნება და ისინი ამ შესაძლებლობას ხელიდან არასდროს გაუშვებენ. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებაში ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც ზეგავლენით ვაჭრობით არიან დაკავებულები. ამიტომაც ელისაშვილის მიერ ამ თემის გახმაურებას დადებითად აფასებს და მიაჩნია, რომ ეს ერთგვარი პრევენციის ფუნქციას შეასრულებს.
გია ხუხაშვილი “მთელ კვირასთან” საუბრისას საარჩევნო სიებს და მომავალ პარლამენტსაც შეეხო. მისი თქმით, “ქართული ოცნება” საზოგადოებას ახალ სახეებს ვერ წარუდგენს, რაც რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. აცხადებს, რომ “ოცნების” ლიდერები, რომლებმაც ეს ცვლილებები უნდა განახორციელონ, კოალიციიდან თავად არიან წასასვლელები. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ინტელექტუალურ ახალგაზრდებს, რომლებმაც “ოცნების” რიგები უნდა შეავსონ, ივანიშვილი და ეს პოლიტიკური ჯგუფი არ მოსწონთ.
- როგორ ფიქრობთ, 2016 წელს როგორი პარლამენტი გვექნება და სიებში ახალ სახეებს თუ ვიხილავთ?
- სამწუხაროდ, მომავალი პარლამენტის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დგას, რადგანაც მოსახლეობის მხრიდან დაბალი აქტივობაა მოსალოდნელი. ეს კი განპირობებულია იმით, რომ მთლიანად პოლიტიკური ელიტა ქართველი ამომრჩევლის გემოვნებას ვერ აკმაყოფილებს. მათ უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ არც ხელისუფლება ვარგა და არც ოპოზიცია, შესაბამისად, ნიჰილისტურ დამოკიდებულებას ისინი საარჩევნო სიიდან გაჰყავს. ამ არჩევნების მთავარი პრობლემა სწორედ ეს გარემოება იქნება. თუკი წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ელიტაში რადიკალურად არაფერი შეიცვალა, სავალალო სიტუაცია გვექნება.
რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, მიუხედავად იმისა, რომ მათ სურვილი აქვთ, ახალი სისხლი გადაისხან, ვფიქრობ, ვერც ამას მოახერხებენ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ისინი საკუთარი თავის მძევლები არიან. იმ ადამიანების მძევლები არიან, რომელთაგანაც უნდა გათავისუფლდნენ, მაგრამ ამის არანაირი რესურსი და საშუალება არა აქვთ. გარდა ამისა, ახალგაზრდა ინტელექტუალებში, ვისი მოზიდვაც “ქართული ოცნებას” უნდა, ეს პოლიტიკური ძალა ნაკლებად პოპულარულია და ეს კატეგორია “ოცნებას” თანამშრომლობაზე უარს ეუბნება, რაც კოალიციის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
- თქვენ ფიქრობთ, რომ “ქართულ ოცნებაში” ახალ სახეებს ვერ ვიხილავთ?
- ფასადურად შეიძლება ერთი, ორი ან სამი კაცი გამოაჩინონ, მაგრამ სისტემური ცვლილებების განხორციელება ძალიან გაუჭირდებათ. “ქართულ ოცნებაში” ერთ-ერთი აბსურდი ის გახლავთ, რომ ზუსტად იმ ადამიანებისგან უნდა გათავისუფლდნენ, ვინც პარტიაში ახალი სახეების მოზიდვაზე ზრუნავს. სწორედ მათი კვალიფიკაცია დგას ეჭვის ქვეშ.
- ვის გულისხმობთ, შეგიძლიათ, სახელი და გვარები გვითხრათ?
- რა მნიშვნელობა აქვს, თვითონ ელიტას ვგულისხმობ, ყველაზე ზემოთ ვინც არის და ბოლო დროს ლიდერების სახით ვისაც ვხედავთ. ისინიც საკმაოდ სუსტად გამოიყურებიან. შესაბამისად, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მათი არჩევანი მათზე უკეთესი არ იქნება. აქედან კი მესამე დასკვნა უნდა გავაკეთოთ, რომ ხარისხის გაუმჯობესების პერსპექტივა არ ჩანს.
- რას იტყვით ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის როლზე? ის თუ ეცდება საარჩევნო სიებში ცვლილებების შეტანას და ვინ შეიძლება იყოს მისთვის სასურველი კანდიდატი?
- ბუნებრივია, “ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილის მხრებზე მდგომი პარტიაა, რომელიც წინასაარჩევნოდ ამ მხრებიდან ჩამოსვლას არც აპირებს. ბუნებრივია, ისინი ინტენსიურად შეეცდებიან, რომ ივანიშვილი ამ თამაშში ჩაითრიონ. შესაბამისად, როგორც შეჩვეულები არიან, მთლიანი პასუხისმგებლობა მასზე გადაიტანონ. ასეთი სამწუხარო რეალობა გვაქვს. ხოლო თვითონ ივანიშვილი რას გადაწყვეტს და ამ თამაშში მონაწილეობას რა დოზით მიიღებს, ძნელი სათქმელია. კანდიდატების სიის შედგენაში ის ძალიან შეზღუდულია. ჩვენ ვნახეთ, რომ მან ახალი სახეების მოძიება 20/30-ის მეშვეობით სცადა და მოსინჯა, მაგრამ შორიდან ჩანს, რომ მცდელობა მაინცდამაინც წარმატებული არ იყო. ამ საზოგადოებრივ სექტორში პოტენციურად საინტერესო ადამიანები მის ირგვლივ ვერ ვნახეთ. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ის მგონია, რომ როდესაც ძალაუფლებას ფლობ, ყველაზე ახლოს მისვლას გამოცდილი ადამიანები უფრო ახერხებენ, რომლებიც კარიერისტული და მერკანტილური ამბიციებით არიან განმსჭვალულნი. ისინი კი საქმის მკეთებელ ადამიანებს ახლოს არ უშვებენ. წრის ჩაკეტვას ცდილობენ, რომ კონკურენტი არ გაუჩნდეთ. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ პოტენციურ და ინტელექტუალურ ახალგაზრდებში “ქართულ ოცნებასთან” და ივანიშვილთან ურთიერთობა მოდური არ არის. ეს პოლიტიკური ძალა არ მოსწონთ.
- რას იტყვით ოპოზიციაზე? რომელი პოლიტიკური ძალა შეიძლება ამ ახალგაზრდებისთვის საინტერესო იყოს და მათი დაყოლიება წინასაარჩევნოდ რომელიმე მათგანმა თუ შეიძლება, რომ შეძლოს?
- ცალ-ცალკე შეფასება არ მინდა. მსგავსი პრობლემა, “ოცნების” გარდა, მთლიან პოლიტიკურ ელიტაშიც არსებობს. ამ მხრივ სერიოზული კრიზისი გვაქვს. სამწუხაროდ, დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც ქვეყნის წინ წაწევას სჭირდება.
- როგორ ფიქრობთ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ხალხი “ქართულ ოცნებას” ივანიშვილის გამო მხარს დაუჭერს და მისი ავტორიტეტი კვლავ გადამწყვეტი იქნება?
- მოდი, ასე ვთქვათ, რომ დღეს საზოგადოებას არჩევანის გაკეთება კარგსა და ცუდს შორის არ უწევს. ისინი გადაწყვეტილებას იღებენ ცუდსა და უარესს შორის. აქედან გამომდინარე, დაბალი აქტივობის პირობებში ხალხი თვლის, რომ მას ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია ჰყავს. გარდა ამისა, ივანიშვილი ვინმეს მოსწონს თუ არა, ის მაინც ავტორიტეტია. მისი ფაქტორი სავალალო მდგომარეობაში მყოფ “ოცნებას” სერიოზულად მიეხმარება, მაგრამ რით დამთავრდება ეს ყველაფერი, იმაზეა დამოკიდებული, ვიხილავთ თუ არა პოლიტიკაში ახალ მოთამაშეებს, რამდენად შეძლებენ ისინი იმ ძალაუფლების აღებას, რომელიც ფაქტობრივად ქუჩაში გდია.
- რას ფიქრობთ შეწყალების კომისიის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე?
- არა მგონია, რომ ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური მოთამაშე იყოს და ამას პოლიტიკის პიარტექნოლოგიის მცოდნე ნებისმიერი ადამიანი მიხვდება, რადგანაც პროცესში ის ძალიან ემოციურად იქცევა და პოლიტიკური მოთამაშისთვის ელემენტარულ შეცდომებს უშვებს. ის არის ერთი ემოციური ადამიანი, რომელიც პოლიტტექნოლოგიის თვალსაზრისით მცდარ ქმედებებს ჩადის. ის არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი. მართალია, მას პოლიტიკური ამბიციები აქვს, მაგრამ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან შეთანხმებულ მოქმედებას ვერ ვხედავ. რაღაცა თეორიები, რომ ის ვიღაცის კარნახით მოქმედებს, არასერიოზული მგონია.
- პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით ალეკო ელისაშვილმა რა შეცდომები დაუშვა?
- შეცდომების დაშვებაში იმას ვგულისხმობ, რომ მან საზოგადოებას შეუქმნა მოლოდინი, რომელიც მთლად ისე არ განვითარდა, როგორც ელოდა. თუკი ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურად თამაშობდა ეს სანახაობა უფრო უნდა გაემძაფრებინა. მაგალითისთვის გეტყვით, როდესაც ის ამბობდა, რომ ტელეფონში ესემესები ჰქონდა, ხალხი ელოდებოდა ამ ტექსტების ნახვას. მაგრამ მან ეს არ გვაჩვენა, შესაბამისად თუ ის პოლიტიკურ თამაშს ეწეოდა, ამას აქამდე გაასაჯაროვებდა. ამიტომაც თავიდანვე სჯობდა ელისაშვილს ეთქვა, რომ ეს ტექსტები ღიად არ ჩანს და მოსაძიებელია. ამით ქვეყანა კი არ დაინგრა, მაგრამ გამოჩნდა, რომ მას პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს. ეს მასზე დადებითადაც მეტყველებს, რადგანაც მის გულწრფელობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
- ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტთან ერთად ეს ინფორმაცია თავდაცვის მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიაწოდა. პრეზიდენტმა მისი ნათქვამი დაადასტურა, ხოლო უსუფაშვილმა და ხიდაშელმა თქვეს, რომ არ ახსოვთ. როგორ ფიქრობთ, ვერ იხსენებენ თუ არ იხსენებენ?
- მოდი, ასე ვთქვათ, პარლამენტის თავმჯდომარემ რადგანაც თქვა, რომ არ ახსოვს, ამით მან არც დაადასტურა და არც უარყო. რესპუბლიკურ პარტიას ამ თემასთან დაკავშირებით უხერხულობა გააჩნია, რადგანაც ამ სკანდალის ფიგურანტია. ნუგზარ ბოჭორიშვილი, რომელიც კოკაინის საქმეზე ბრალდებულადაა ცნობილი, წარსულში მათი პარტიის წევრი იყო. ამიტომაც ამ თემაში ეცდებიან, რომ ღრმად არ შევიდნენ. მიაჩნიათ, რომ მათი პარტიისთვის მსგავს თემასთან დაკავშირება სასარგებლო არ იქნება.
- მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ ელისაშვილისთვის კოკაინის თემაზე ესემესი, შესაძლოა, მიწერილი ჰქონდეს და ამის მიზეზი საქმის მიმართ წმინდა დეპუტატური დაინტერესება იყო. ამბობს, რომ ეს მის ვალდებულებასაც წარმოადგენდა. თუკი ელისაშვილი სწორედ ამ ტექსტურ შეტყობინებებზე საუბრობს და ეს დაადასტურა, როგორ ფიქრობთ, “ქართული ოცნების” ქმედება და რეაქცია როგორი შეიძლება იყოს?
- ამ მესიჯების ტექსტი ჩვენ ხომ არ ვიცით, რა შინაარსის იყო?! ამიტომაც კვალიფიკაციას ვერ მივცემთ. თავისთავად მესიჯში ხომ პრობლემა არ არის? მთავარია, შეტყობინებაში რა ტექსტია. თუ დაკვალიფიცირდება, როგორც ზეგავლენით ვაჭრობა, ეს ჩვენი მსჯელობის კომპეტენცია არ არის. ამაზე პასუხი პროკურატურამ უნდა გაგვცეს.
- ფიქრობთ, რომ გავლენით ვაჭრობა ხდებოდა?
- ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: სამწუხაროდ საქართველოში ტრადიციად დამკვიდრდა, რომ ხელისუფლებაში ადამიანები ძირითადად ზეგავლენით ვაჭრობის მოტივაციით მოდიან. მათ დიდად არც ხელფასი აინტერესებთ და არც მოსახლეობის ბედით არიან შეწუხებულები. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც პარლამენტარის ხელფასი ერთ სადილზე ეხარჯება. შესაბამისად მათი მთავარი სტიმული ზეგავლენით ვაჭრობაა. მაგრამ ისინი არ თვლიან, რომ ამით დანაშაულს სჩადიან. ერთადერთი პოზიტივი ელისაშვილის სკანდალურ განცხადებაში ის არის, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ზეგავლენით ყოველდღე ვაჭრობენ, ეს სკანდალი იმის ნიშანი უნდა გახდეს, რომ პასუხი მოეთხოვებათ. დღევანდელ ხელისუფლებაში ასეთი ადამიანები მრავლად არიან.
- ამ სკანდალმა წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების” რეიტინგზე როგორ შეიძლება იმოქმედოს?
- ჩემი აზრით, ფაქტია, რომ პოლიტიკურად “ქართულმა ოცნებამ” ეს ბრძოლა წააგო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალბატონებს ძალიან ვგულშემატკივრობ. შემდგარი ფაქტია, რომ მათ ეს ბრძოლა წაგებული აქვთ. ამაზე აპელირება მუდმივად იქნება ყველგან, ყველა დებატში. ეს თემა ოპოზიციისთვის პოლიტიკურ დებატებში სერიოზული არგუმენტი გახდება.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 21 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან: „საქართველო რეფორმების ლაბორატორიად უნდა გადაიქცეს“
თაკო მათეშვილი
“თავში არ უნდა აგვივარდეს – ასე აფასებს პოლიტოლოგი, თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია ვიზალიბერალიზაციაზე ევროკომისიის მიერ დადებულ პოზიტიურ დასკვნას და ამბობს, რომ ეს მხოლოდ მცირედია, რომ ამის შემდგომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა და მუშაობა დაგვჭირდება, რათა საბოლოო მიზანს – ევროკავშირში გაწევრიანებას მივაღწიოთ. მისი თქმით, გარჯა ჩვენ მეტად მოგვიწევს, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვას, ვინაიდან მათ, ჩვენგან განსხვავებით, ადგილმდებარეობა ხელს უწყობს და მეტი პრივილეგიით სარგებლობის საშუალებას აძლევს. ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ ორ ქვეყანას არ ჩამოვშორდეთ და არ ჩამოვრჩეთ.
კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ამჟამად უკრაინასთან ურთიერთობა გაფუჭებულია, რაც ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების იქ მუშაობამ გამოიწვია. ამით, მისი აზრით, საქართველო ზარალდება და პიროვნულ-პარტიულ მოტივებს ქვეყნის ინტერესები ეწირება. „ის, რაც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მოხდა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი მოვლენაა, რაშიც წვლილი მიუძღვის როგორც ყოფილ ხელისუფლებებს, ისე დღევანდელ ხელისუფლებას და ბევრ ადამიანს, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული. თუმცა, წარმატება თავში არ უნდა აგვივარდეს და საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ რთული გზისა, რომელსაც დავადექით.
ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი ჯგუფი ბრიუსელში იყო ჩასული და დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ფლაგმანი გახდეს. მოლდოვაში კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის გამო სიტუაცია საკმაოდ არეულია. შესაბამისად, საქართველოს რეალური შანსი აქვს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერი გახდეს. ეს ქვეყანას ბევრს ავალდებულებს – საქართველო რეფორმების ლაბორატორიად უნდა გადაიქცეს.
გეოგრაფიული მდებარეობა, სამწუხაროდ, ჩვენ სასარგებლოდ ხშირად არ მოქმედებს. ხშირად სამხრეთ კავკასიის რეგიონს გვაკუთვნებენ და არა აღმოსავლეთ ევროპას. ამის გამო საქართველო იჩაგრება. იგი მიტმასნილია სომხეთსა და აზერბაიჯანზე და არა უკრაინასა და მოლდოვაზე. ამიტომ, საქართველოს ხშირად ორჯერ მეტის გაკეთება უწევს, ვიდრე მოლდოვასა და უკრაინას, რომლებიც ევროპასთან ტერიტორიულად უფრო ახლოს არიან. ეს მათ გარკვეული შეღავათებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. ამიტომაცაა საჭირო დაწყებული რეფორმების გაგრძელება და ახალ სიმაღლეზე აყვანა. მეტი წარმატების მიღწევა მხოლოდ ამ პირობებშია შესაძლებელი», – ამბობს კორნელი კაკაჩია „რეზონანსი//მთელ კვირა“-სთან ინტერვიუში
- დადებითი შეფასების მიღებამდე სპეციალისტები და მთავრობის წევრები ხშირად ამბობდნენ, რომ საქართველოს ბევრად უკეთ ჰქონდა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა შესრულებული, ვიდრე უკრაინას და თავის დროზე მოლდოვას, თუმცა ჩვენს შემთხვევაში პროცესი მაინც უფრო გაიწელა. ახლა თქვენც ახსენეთ ადგილმდებარეობა, რომელიც ხშირად გვაზარალებს. ფიქრობთ თუ არა, რომ ამის გამო ჩვენ მომავალშიც, სხვა საკითხებშიც, მათზე მეტი გარჯა მოგვიწევს?
- რა თქმა უნდა, ასეა. არავინ ელოდა, რომ 21-ე საუკუნეში ადგილმდებარეობა მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ გეოგრაფიულ და გეოპოლიტიკურ სიტუაციას ყოველთვის მიჯაჭვულები ვიყავით. ეს ჩვენი ბედია, რომელსაც 21-ე საუკუნეშიც ვერ შევცვლით.
ეს ყველაფერი აისახა თუნდაც იმაზე, რომ ასოცირების ხელშეკრულების პრეამბულაში უკრაინასა და მოლდოვაზე ევროკავშირმა ჩაწერა, რომ ისინი ევროპული სახელმწიფოები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში, როცა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მიდგება საქმე, ამ ქვეყნებთან დაკავშირებით კითხვები არ იქნება, რადგან ევროკავშირის წესდებაში წერია, რომ ნებისმიერ ევროპულ სახელწმიფოს აქვს უფლება, ევროკავშირის წერი გახდეს. რაც შეეხება საქართველოს, ევროპული ელიტა ჩვენ მიმართ ადგილმდებარეობის გამო ამბივალენტურადაა განწყობილი, მიუხედავად იმ წარმატებისა, რომელიც საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა. ეს ყველაფერი ჩვენს პრეამბულაზეც აისახა. ქართულმა დიპლომატიამ ბევრი იმუშავა, მაგრამ მაქსიმუმი, რასაც მიაღწია, ის იყო, რომ პრეამბულაში ჩაიწერა – საქართველო აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანააო. ეს ცოტა არ იყოს გაუგებარია – აღმოსავლეთ ევროპული მთლად ევროპული არ არის? ეს მეორეხარიხსოვანი ევროპულობა სტერეოტიპებთან დაკავშირებითაც აჩენს პრობლემებს, რომელიც ევროპაში საქართველოს მიმართ იქმნება. საქართველოს ხელისუფლებამ ამ სტერეოტიპების გარღვევა უნდა შეძლოს.
მგონი, ამას უკვე თავად ევროკავშირიც ხვდება. აქამდე მისი ძალისხმევა იქითკენ იყო მიმართული, რომ სამხრეთ კავკასია, როგორც რეგიონი, შემდგარიყო. დღეს კი, გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად, სომხეთი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდა, აზერბაიჯანი სადღაც შუაშია, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება აქვს. შედეგად, თავად ევროპაშიც მიხვდნენ, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი არშემდგარი რეგიონია. სწორედ ეს უნდა გამოიყენოს საქართველოს დიპლომატიამ და უკრაინასთან და მოლდოვასთან ახლო ურთიერთობა დაამყაროს.
- იმის გამო, რომ უკრაინაში ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნები მუშაობენ, ვფიქრობთ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაძაბულია და ამის გამო ვზარალდებით?
- რა თქმა უნდა. საქართველო და უკრაინა ტრადიციულად ძალიან ახლო ურთიერთობაში იყვნენ. იგი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო. დღეს კი ურთიერთობა გაცივდა, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ წინაშეა. მითუმეტეს, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის ასოცირებული წევრები არიან და მათ ბევრი რამ აქვთ საერთო.
მესმის, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ხელისუფლებას გარკვეული უხერხულობა ექმნება, მაგრამ გაბუტული ბავშვის პოზის მიღება ახლა უადგილოა. ქვეყნის ეროვნული ინტერესი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტიული, ან პიროვნული ინტერესები. ისეთ მნიშვნელოვან სახელმწიფოსთან ურთიერთობაზე უარის თქმა, როგორიც უკრაინაა, არ შეიძლება. ამიტომ, პოლიტიკის სინქრონიზაცია საჭიროა. უნდა დაიწყოს შეხვედრები სხვადასხვა დონეზე, ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამები და ა.შ. ეს სამი ქვეყანა ისე უნდა იყოს, როგორც თავის დროზე ვიშეგრადის ჯგუფი, რომელიც სწორედ იმაზე მუშაობდა, რომ მისი წევრი ქვეყნები ევროკავშირის წევრები გამხდარიყვნენ. სწორედ ასეთი რამ გვჭირდება ჩვენც და ამისთვისაა აუცილებელი მუშაობა, რაღაც ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბება და პიროვნულ წყენაზე უარის თქმა. ცუდია, რომ აქამდე უკრაინაში არც ერთი მაღალი დონის ვიზიტი არ შემდგარა და არც აქეთ ჩამოსულა ვინმე. ეს ჩვენთვის სერიოზული დანაკლისია. ასე გაგრძელება დიდხანს არ შეიძლება. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი, ერთმანეთის მხარდაჭერა, მათ შორის საერთაშორისო ფორუმებსა და ორგანიზაციებში.
- თქვენი აზრით, რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს რუსეთს ევროპასთან უვიზო რეჟიმის მიღების გამო? რას უნდა ველოდოთ მისგან?
- რუსეთისათვის ეს სასიამოვნო არაა, მაგრამ არც ისეთი გადაწყვეტილებაა, რომელიც მისთვის მოულოდნელი იყო. ნატო-სთან დაახლოებაზე უფრო რეაგირებს, ვიდრე ვიზალიბერალიზაციაზე. თუმცა, პუტინის რეაქციიდან თუ ვიმსჯელებთ, რომელიც მან საქართველო-რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების ინიციატივით გამოხატა, ფაქტია, რომ გარკვეული დისკომფორტი ექმნებათ.
საქართველოს ევროპეიზაციის გზაზე დადგომა ევრაზიულ კავშირს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. რუსეთის ელიტას კი ჯერ კიდევ აქვს ილუზია, რომ საქართველოს ევრაზიულ კავშირში შეყვანას მოახერხებენ. ამიტომ, ევროკავშირთან კონკურენციაში შესვლას ცდილობენ. უვიზო რეჟიმის შემოღებით ისინი ეცდებიან, ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელთაც რუსეთთან კავშირები აქვთ, ამ ქვეყანაზე ეკონომიკურად დამოკიდებულები გახადონ. აგრეთვე, ე.წ. რბილი ძალა გააძლიერონ და საქართველოში გარკვეული სეგმენტები შექმნან, რომლებიც მომავალი არჩევნების დროს პრორუსული ძალების დასაყრდენი გახდება. მათი ძალისხმევა ალბათ აქეთკენაა მიმართული და ამის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.
- ანუ, ფიქრობთ, რომ პუტინმა სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე სწორედ ევროპასთან საზღვრების გახსნის გამო ისაუბრა?
- დიახ, იგი ცდილობს, ამგვარი ინიციატივებით, რომელიც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მოსწონს, საქართველო აცდუნოს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს და იმ რეალობას შეაგუოს, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგაა შექმნილი. შემდეგ კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მინიშნებებით საქართველო ევრაზიულ კავშირში შეიტყუონ. იმედოვნებენ, რომ ამით საქართველოს ევროატლანტიკური ვექტორი რუსეთისაკენ შეიცვლება. ამის რისკი მართლაც არსებობს, თუ ბოლო დროს პრორუსული ძალების გააქტიურებას გავიხსენებთ. განსაკუთრებით აქტიურად კი პროპაგანდისტული მასმედია მუშაობს.
- ელოდებით, რომ პრორუსული ძალები 2016 წლის არჩევნებში სერიოზული შედეგის დადებას, ან თუნდაც პარლამენტში მოხვედრას შეძლებენ?
- ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ რა პროცესები წავა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. გარკვეული გადაჯგუფება მოსალოდნელია. როგორც სოციოლოგიური გამოკვლევები ადასტურებს, ჯერჯერობით არც ოპოზიციურ და არც სახელისუფლებო ძალებს არ გააჩნიათ უმრავლესობის აღების პოტენციალი. ეს პრორუსულ ძალებს პარლამენტში მოსახვედრად ნოყიერ ნიადაგს უქმნის. შეიძლება უმრავლესობა ვერ მოიპოვონ, მაგრამ მანდატების გარკვეული რაოდენობა მიიღონ, რაც პარლამენტში გადაწყვეტილებების მიღებაზე ზეგავლენას მოახდენს. როცა მმართველ პარტიას კონსტიტუციური უმრავლესობა არ ექნება, იგი იძულებული გახდება, გარკვეულ დათმობაზე წავიდეს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავად მმართველ კოალიციაშიცაა ძალები, რომელთაც პრორუსული შეხედულებები აქვთ. თუ მათ სხვები დაემატებიან, შესაძლოა, ევროატლანტიკური სვლა დამუხრუჭდეს და საგარეო ვექტორის შეცვლას შეეცადონ, ამიტომ, ამ მხრივ საფრთხე არსებობს.
- ვიზალიბერალიზაციის საკითხში წარმატებამ ბევრს გაუჩინა იმედი, რომ იგივეს ნატო-სთანაც შეიძლება მივაღწიოთ. რამდენად ელით გარღვევას ალიანსთან ურთიერთობაში მომავალი სამიტისათვის?
- სამწუხაროდ, ეს ორი საკითხი ერთმანეთთან დაკავშირებული არაა. ნატოს მომდევნო სამიტზე რეალისტური მოლოდინი უნდა გვქონდეს. ასეთი მკვეთრი ნაბიჯები არ გვექნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველომ ალიანსისაკენ სწრაფვა არ უნდა გააგრძელოს. ამ ყველაფერს მეტი დრო სჭირდება და საქართველომ ევროკავშირთან დასაახლოებლადაც მეტი უნდა გააკეთოს. ეს არაპირდაპირი, მაგრამ მაინც გზაა ნატოსთან დასაახლოებლად. თუ საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირის ბაზარზე იქნება მიბმული და ჩვენ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ნელ-ნელა მოვახერხებთ, ეს ნატო-ში შესასვლელად გამოგვადგება.
- გავრცელებული ინფორმაციით, ნატო თურქეთის საზღვრის გამაგრებას იწყებს. როგორც ალიანსში აცხადებენ, ეს მხოლოდ თავდაცვისათვის ხდება. რამდენად შემაშფოთებელი უნდა იყოს ჩვენთვის ეს ამბავი? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ალიანსში რუსეთ-თურქეთს შორის სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას ელოდებიან?
- ეს ჩვენთვის შემაშფოთებელი არ უნდა იყოს. ნატო-ს წესდება ავალდებულებს, რომ წევრების უსაფრთხოება დაიცვას. რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვის გამო ეს ნაბიჯი ბუნებრივია. თურქეთი ნატო-ს ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა და ამიტომ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ამბავი გასაკვრისი არაა. ეს ყველაფერი ჩვენ პირდაპირ არ გვეხება, მაგრამ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავება გავლენას საქართველოზეც მოახდენს. მითუმეტეს, რომ ჩვენ ამ ორ ქვეყანას შორის ერთგვარი ბუფერი ვართ. ჩვენს საგარეო უწყებას მეტი მუშაობა მოუწევს.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 21 დეკემბერი, 2015 წელი
უვიზო რეჟიმის შემოღება გამოიწვევს თუ არა ქართველების მასობრივ გადინებას?
თიკო ოსმანოვა
ევროკავშირის გარდა, ჩვენს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება, ვიზების გარეშე იმოგზაურონ სხვა ქვეყნებში, ჩვენს მეზობელ და შორეულ სახელმწიფოებში, – ამის შესახებ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. “ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იმსახურებენ, იმოგზაურონ ევროპაში უვიზოდ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი აღიარება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მიღწევების. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ერი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ყოველგვარი ბარიერების გარეშე ვმოგზაურობდეთ და გავაკეთოთ კარგი საქმეები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახების, ჩვენი მომავალი თაობებისათვის. რა თქმა უნდა, მე ვიზიარებ თქვენს სულისკვეთებას, რომ ჩვენ, ჩვენი მდიდარი კულტურით, ფასეულობით უნდა გავხდეთ ევროპის სტრუქტურების წევრი,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება “ყყ|”-ის თავმჯდომარე ლევან ვასაძე ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას მიესალმება. თუმცა მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ქვეყანა დაიცალოს. “გაისმის შიში, რომ ქვეყანა დაიცლება. მესმის ეს შიში, მაგრამ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ჩვენი ეთნოსი აქ მინიმუმ 6 000 წელია ცხოვრობს და მსგავსი რამ არ მომხდარა, რომ მილიონი კაცი 20 წლის მანძილზე ერთიანად წასულიყოს ქვეყნიდან”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღება გამოიწვევს თუ არა ქართველების მასობრივ გადინებას? – ეს კითხვა “მთელმა კვირამ” საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.
ვახტანგ ძაბირაძე (კონსტიტუციონალისტი): ეს რეჟიმი, რომელიც ევროპასთან იქნება შემოღებული, გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. მაგალითად, მოქალაქეებს შენგენის ზონაში 90 დღეზე მეტად დარჩენის საშუალება არ ექნებათ. ასე რომ, თუ ლაპარაკია ლეგალურად წასვლაზე და იქ ყოფნაზე, მაშინ რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე მასობრივი გასვლა იქნება, თუმცა შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო ეს ნაკადი შემცირდება, იმიტომ, რომ იქ მუდმივ სამუშაო ადგილს ვერ იპოვიან. თანაც, თუ ამ წესს დაარღვევ, ამას შესაბამისი სანქციები მოჰყვება. 3 თვით წასვლამ კი არა მგონია, დიდი პრობლემები შექმნას დემოგრაფიული თვალსაზრისით, თუმცა გარკვეულ პრობლემებს აუცილებლად გამოიწვევს.
ბაია დვალიშვილი (მსახიობი): ვისაც ეს გაუხარდა, ყველაზე მეტად, როგორც ვიცი, ახალგაზრდები არიან. სწავლა უნდოდათ უცხოეთში და ვიზებთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებოდათ. ახლა წავლენ თავისუფლად და კარგ განათლებას მიიღებენ. ზოგადად კი ჩემს გარშემო ვინც წავიდა, ყველა დაბრუნდა. ასე რომ, არ მგონია, ამან ამ მხრივ პრობლემები შექმნას. მთავარია, მოხდა ეს ამბავი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. წამსვლელი ვინც იყო, უკვე წასულია, ხოლო ვისაც წასვლა უნდოდა, ისედაც წავა.
გია ბურჯანაძე (მსახიობი): ევროპა გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს და იქ არალეგალურად დარჩენას ვერ შეძლებენ. ასე რომ, ევროპაში სამუშაოდ წასვლა უფრო ძნელი გახდება. მე მგონი, რუსეთში უფრო წავლენ.
ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი): სამწუხაროდ, სავიზო რეჟიმი საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემებს შეუქმნის. სოციალური გაჭირვების ფონზე მოსახლეობის მასობრივი გადინება მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ევროპასთან უვიზო რეჟიმი გარკვეული შეზღუდვებით გვექნება. ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს ისეთი პირობები უნდა შეუქმნას, რომ მშობლიური ქვეყნიდან გაქცევა არ სურდეთ, თუმცა არც “ნაციონალურმა მოძრაობამ” და არც “ქართულმა ოცნებამ” ეს არ გაითვალისწინა და სოციალური მდგომარეობის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებენ.
„კვირის პალიტრა“, 21 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ სანდრო თვალჭრელიძესთან: “ვერ გასცდა კრემლის პოლიტიკა გასტრონომიას” – ვიზა-ლიბერალიზაცია და ახალი სივრცე აფხაზებსა და ოსებთან სალაპარაკოდ
ნათია დოლიძე
(შემოკლებით)
“მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი”, – ეს სიტყვები 1999 წელს ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ქვეყნის იმჟამინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ, წარმოთქვა და შეიძლება ითქვას, ეს ფრაზა მთელი შემდგომი წლების განმავლობაში საქართველოს საგარეო კურსის სიმბოლოდ იქცა. დღეს კი, ამ განცხადებიდან 16 წლის შემდეგ, ევროპამ, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა გახსნას საზღვრები საქართველოსთვის.
ევროკომისიამ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში შავით თეთრზე დაწერა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა. ევროკომისიას მიაჩნია, რომ სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის ოთხივე ნაწილში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ახლა ჯერი ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზეა, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ასევე დადებითი იქნება. შედეგად კი, დაახლოებით ექვს თვეში ევროპის 30 ქვეყანაში გამარტივებული სავიზო რეჟიმით მოგვიწევს გამგზავრება. მიღწეული მრავალმხრივ მნიშვნელოვანია, რის გაანალიზებასაც ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან ერთად შევეცდებით:
- მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ქვეყანაში საზეიმო განწყობა ჭარბობდა, ჩვენში მრავლად არიან ადამიანები, ვინც ამ გადაწყვეტილებაში უარყოფითი ასპექტებიც დაინახეს. მაგალითად, ამბობენ, რომ ეს არ ნიშნავს მხოლოდ პასპორტით ხელში ევროპაში გამგზავრების შესაძლებლობას და ჩვენს მოქალაქეებს კიდევ არაერთი ბიუროკრატიული ბარიერის დაძლევა და არაერთ დოკუმენტზე სირბილი მოუწევთ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძის განმარტებით, “ევროპული ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას მესაზღვრეს უფლება ექნება, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები»…
- ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და ტყუილად ცდილობენ პროცედურულ საკითხებზე აპელირებით მის დაკნინებას. რა თქმა უნდა, თუ ვინმეს სურდა ევროპაში წასვლა, ამას აქამდეც ახერხებდა. ასევე ძალიან კარგია, რომ მას მერე, რაც გამარტივებული რეჟიმი ამოქმედდება, საკონსულოებთან არ მოგვიწევს საათობით რიგში დგომა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური მხარეა. მთავარია, ჩვენი გზა ევროპისკენ შეუქცევადია და ამას ევროპაშიც უკვე კარგად ხედავენ და აღიარებენ. ევროპამ ამ ანგარიშით თქვა ის, რაც აქამდეც ვიცოდით – საქართველო ევროპის ნაწილია! ეს არის ჩვენი, როგორც საერთაშორისო აქტორის დაფასება, აქტორისა, რომელიც მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს დემოკრატიის გზაზე. გარდა ამისა, ყველასთვის თვალსაჩინო ხდება საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს როლი. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჯერ უკრაინაში წამოიწყო ავანტიურა და ყირიმი მიიტაცა, მერე კი სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ევროპაში გვარიანად არიან შეშფოთებული კრემლის გადაწყვე-ტილებებით. ევროპის დამოკიდებულება რუსეთისადმი კიდევ უფრო ხისტი და მკაცრი რომ არ არის, ამის მიზეზია რუსული გაზი, რაზეც, სამწუხაროდ, დღეს დამოკიდებულია ევროპა, სადაც ყველა ხვდება, რომ აუცილებელია, მოინახოს ალტერნატიული გაზი!
თურქმენეთი ამ შემთხვევაში არ განიხილება ალტერნატივად, რადგან არ არსებობს ტრანსკავკასიური გაზსადენი და თურქმენული გაზის გატანა ევროპაში მხოლოდ რუსული ქსელით შეიძლება, რაც ევროპას ხელს არ აძლევს.
რჩება ერთადერთი ალტერნატივა – ირანი, რომელსაც ბუნებრივი აირის უდიდესი რესურსი აქვს და თან მისი ევროპაში გატანის გზაც ძალიან რეალურია, მით უფრო,
რომ ირანისთვის დაწესებული სანქციები, სავარაუდოდ, გაისად ზაფხულში გაუქმდება. აქ ძალიან დიდია საქართველოს, როგორც ენერგეტიკული ჰაბის როლი, რომელიც შეიძლება ორი მიმართულების იყოს: ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ირანული გაზი, ანუ გაზსადენი მოვიდეს საქართველომდე და შემდეგ შეუერთდეს სამხრეთ კავკასიის გაზსადენს, რომლის სიმძლავრე 30 მილიარდი კუბია და ამ მოცულობიდან შაჰ-დენიზის გაზი მხოლოდ 6 მილიარდს იკავებს. ირანს შეუძლია უსაფრთხოების სრული დაცვით საკუთარი გაზის ექსპორტი 288-ჯერ გაზარდოს. ვიმეორებ, ამ ქვეყანაში იმხელა ბუნებრივი აირის მარაგია, რომ ორ ევროპას თავისუფლად ეყოფა. მეორე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიმართულებაა ის, რომ შეიძლება, ვთქვათ, სუფსაში აშენდეს საექსპორტო ტერმინალი, საიდანაც ტანკერებს მხოლოდ შავი ზღვა ექნებათ გადასალახი, შემდეგ კი ბულგარეთში ან რუმინეთში გადატანილი გაზი მიუერთდება გაზსადენთა ევროპულ სისტემას. ეს არის უმოკლესი გზა და დიდი შანსი იმისა, რომ ევროპამ რუსული გაზი ირანულით ჩაანაცვლოს. ამ პერსპექტივის გათვალისწინებით, საქართველო ევროპისთვის შეუცვლელი პარტნიორი ხდება. ესეც ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია იმისთვის, რომ ევროკავშირმა დააჩქაროს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.
- როდესაც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრებაზეა ლაპარაკი, ხშირად ისმის განცხადებები, რომ დასავლეთი დიდწილად რუსეთის ინტერესს ითვალისწინებს, შედეგად კი საქართველო ზარალდება. ამჯერად, ამბობენ, რომ რუსეთისთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, საქართველო ისარგებლებდა თუ არა ევროპასთან უვიზო რეჟიმით.
- ეს რომ ასე არ არის, რუსეთის რეაქციიდან კარგად გამოჩნდა. მოსალოდნელი ევროპული ვიზა-ლიბერალიზაციის მოლოდინში კრემლმა ჯერ შეფარვით დაიწყო ლაპარაკი საქართველოსთვის ვიზების გამარტივებაზე, შემდეგ კი უკვე პუტინმა მოგვახსენა, რომ თურმე მზად არის, საქართველოსთან აღადგინოს უვიზო მიმოსვლა. მეტიც, ამხანაგი პუტინი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ქართული ხაჭაპურითაც გაუმასპინძლდა. ესეც ერთგვარი ჟესტი იყო ქართველების გულის მოსაგებად. რას ვიზამთ, ვერ გასცდა კრემლის პოლიტიკა გასტრონომიას. გარდა ამისა, პუტინის პრესკონფერენციაზე იყო ერთი ძალიან საინტერესო მომენტიც, როდესაც თქვა, მე რა შუაში ვარ, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობა თუ გსურთ, მათ ელაპარაკეთო. 2008 წლის შემდეგ მსგავსი რამ პუტინისგან არ მოგვისმენია, რაც აშკარად უკან დახევაცაა, მაგრამ მისი ქვეტექსტი ასეთია: რად გინდათ ევროპა, მენდეთ და მზად ვარ, აფხაზებსა და ოსებთან ლაპარაკი გაცალოთო, თუმცა ჩვენ კარგად ვიცით, რომ მისი ნდობა არ შეიძლება.
ვლადიმირ პუტინი ხვდება, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შეუქცევად პროცესად იქცა უკვე, იმასაც ხვდება, რომ ამაში მისი ხისტი პოლიტიკის წილიც არის, რაც რუსეთისთვისაც არანაკლები ზიანის მომტანი იყო. საქართველომ რუსეთთან კონფრონტაციის პარალელურად ევროპისთვის განსაკუთრებული როლი შეიძინა, რაც სათანადოდ ვერ შეაფასეს რუსმა ანალიტიკოსებმა.
ვიზა-ლიბერალიზაცია სრულიად ახალ სივრცეს აჩენს აფხაზებსა და ოსებთან სალაპარაკოდ. თუ ისინი აიღებენ ქართულ პასპორტებს, ისარგებლებენ ამ ვიზა-ლიბერალიზაციით ისევე, როგორც საქართველოს ნებისმიერ სხვა კუთხეში მცხოვრები მოქალაქე. ჩვენთვის ეს შეიძლება არც ისეთი მნიშვნელოვანია, რადგან თუ გვსურდა სადმე წასვლა, ამას აქამდეც ვახერხებდით, მაგრამ ეს აფხაზებისა და ოსებისთვის უდიდეს პრობლემებთან არის დაკავშირებული. პუტინი ამ ყველაფერს ხვდება და ახლა სიფრთხილითა და კარგი სიტყვით ცდილობს ვითარების გამოსწორებას, მაგრამ რატომღაც ავიწყდება, რომ 2008 წლის ომს საქართველოში არასდროს აპატიებენ.
- ევროკომისიის დასკვნის გამოცხადების წინადღეს ე. წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა განაცხადა, რომ თურმე პანკისის ხეობაში თავს იყრიან ტერორისტები, რომლებიც საქართველოში პროვოკაციების მოწყობას გეგმავენ. ჩვენში ეს პირდაპირ რუსულ გზავნილად აღიქვეს. გაჩნდა იმის ეჭვიც, რომ რუსეთმა ტერორისტული საფრთხის საბაბით შესაძლოა საქართველოს წინააღმდეგ ახალი ავანტიურა წამოიწყოს….
- მეეჭვება, ახლა რუსეთს კიდევ ახალი კონფლიქტი ხელს აძლევდეს. იქით უკრაინის პრობლემები, აქეთ სირიის სამხედრო ოპერაცია, განა რამდენს გაუძლებს რუსეთის ეკონომიკა?! დარწმუნებული ვარ, როგორც 1989 წლის 9 აპრილმა დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლა, ასევე დაშლის რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო აგრესია. ახლა სულ სხვა პოლიტიკური რეალობაა მსოფლიოში და ამას რუსეთშიც ხვდებიან. ვფიქრობ, იქნება იარაღის ჟღარუნი, პროვოკაციები, მაგრამ არა მგონია, რუსეთმა რეალური პრობლემების შექმნა გაბედოს. ამის რაციონალური ალბათობა ძალიან დაბალია, თუმცა ეს ის ქვეყანაა, რომელიც ირაციონალური ქცევით გამოირჩევა, ამიტომ ბოლომდე არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.
- ვიზა-ლიბერალიზაციისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების შფოთვის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში შესაძლოა მუშახელის მასშტაბური გადინება დაიწყოს და ქვეყანა დემოგრაფიული საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.…
- ვისაც უნდოდა ევროპაში წასვლა, მუშაობა და იქ დარჩენა, უკვე კარგა ხანია წასულია. ეს უფრო თითიდან გამოწოვილ საფრთხეს ჰგავს.
(…)
„კვირის პალიტრა“, 21 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუები ქართველ პოლიტიკოსებთან: „ევროპამ დაგვპატიჟა – ახლა იქამდე მისვლაა მთავარი”
რუსუდან შელია
“საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა”, – ამ სიტყვებით 18 დეკემბერს ევროკომისიამ დაადასტურა, რომ სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის ოთხივე ნაწილში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნაც გამოაქვეყნა. ახლა ჯერი ევროკავშირის საბჭოსა და ევროპის პარლამენტზეა, სადაც საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
ევროპასთან ვიზა-ლიბერალიზაციაზე დადებითი დასკვნის გამოქვეყნებას რუსეთის პრეზიდენტმა ერთი დღით “დაასწრო” და 17 დეკემბერს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ისაუბრა. ევროკომისიის დასკვნის ფონზე პუტინის განცხადებას საქართველოში არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა.
———-
“კვირის პალიტრას” პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ესაუბრა:
- ამ შედეგის მიღწევა წარმოუდგენელი იქნებოდა იმ უდიდესი მხარდაჭერის გარეშე, რომელსაც ევროპელი პარტნიორები ჩვენი ქვეყნის მიმართ წლებია, იჩენენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს გზა ჩვენ ერთად გავიარეთ. რაც შეეხება რუსეთს, მოგეხსენებათ, 2011 წელს საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, ახლა რუსეთის წინადადებებს მოვისმენთ, თუმცა ამ საკითხზე განსაკუთრებულ აქცენტს არ ვაკეთებთ. რუსეთის გადასაწყვეტია, გადადგამს თუ არა ამ ნაბიჯს. რუსეთში საქართველოს ყველაზე დიდი დიასპორა ცხოვრობს. ბევრს აქვს სურვილი, რუსეთს ეწვიოს, თუმცა საკმაოდ დიდ სირთულეებს აწყდება.
- არ ფიქრობთ, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოს რუსეთისთვის პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს?
- საკითხის ასე დაყენება არასწორი მგონია. ვისაც რუსეთთან ნათესავები ან ბიზნესი აკავშირებს, სურს, რუსეთში ჩავიდეს – ასეთია ობიექტური მოცემულობა და თუ ეს გამარტივდება, ამ კატეგორიის ჩვენს მოქალაქეებს პრობლემებს მოვუხსნით.
————-
რამდენად მოსალოდნელია ევროპარლამენტმა უარყოფითი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და კონკრეტულად, რა პროცედურების გავლა მოუწევს ქვეყანას უახლოეს ექვს თვეში, “კვირის პალიტრასთან” ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი საუბრობს:
- ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი შემდგომში დაახლოებით ასე უნდა წარიმართოს: დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ოფიციალური შეთავაზება გაკეთდება. ორ-სამ თვეში მას კომიტეტში კენჭს ვუყრით, სამთვე-ნახევარში კენჭისყრა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დადგება. ოთხ თვეში ევროკავშირის საბჭო 539/2001 რეგულაციაში ცვლილებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, ოთხ-ნახევარ თვეში რეგულაციის ცვლილებას ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი ხელს მოაწერენ. ოთხ თვესა და სამ კვირაში ხელმოწერილი ტექსტი გამოქვეყნდება, რომელიც მაქსიმუმ ხუთ-ნახევარ თვეში შევა ძალაში და პირველი ქართველი მოქალაქე შენგენის რომელიმე ქვეყანაში ბიომეტრიული პასპორტით, უვიზოდ გაემგზავრება.
ფაქტია, რომ ქართველებმა გამოცდა ათიანზე ჩავაბარეთ.
- რამდენად მოსალოდნელია ევროკომისიის დადებითი დასკვნის მიუხედავად, ევროპარლამენტმა უარყოფითი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს?
- ევროპარლამენტში ერთიანი აზრი ნამდვილად არ არსებობს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა გარანტირებული აქვს. მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ შეცდომები არ დავუშვათ, თუმცა მთავარი საშინაო დავალება უკვე შევასრულეთ – აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გამართულად იმუშავა, პარლამენტმა კი საჭირო კანონების მიღება არ დააყოვნა.
- რუსეთის ფაქტორი რა როლს ითამაშებს საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე?
- თუ რუსეთის ამოცანაა, რომ ევროპის ქვეყნებში ქართველების გადაადგილებას საკუთარ სახელმწიფოში მოგზაურობა დაუპირისპიროს, ამას ვერ მოახერხებს.
ქართველები რუსეთის გამო ევროპაზე უარს არ ვიტყვით!
- არ ფიქრობთ, რომ რუსეთის მიერ უვიზო რეჟიმზე საუბარი მხოლოდ მორიგი სატყუარაა?
- ვფიქრობ, რუსეთმა უვიზო რეჟიმი უპირობოდ უნდა დააწესოს. როგორც ჩვენ მოვუხსენით რუსეთის 150 მილიონ მოქალაქეს შეზღუდვები, თავადაც თუ ამას გააკეთებენ, არ გვეწყინება, თუმცა არც მადლობას გადავუხდით. მათ ისიც კარგად იციან, რომ ევროპაში წასვლის მსურველები ბევრად აღემატება რუსეთში გამგზავრების მსურველებს. უბრალოდ, პუტინს უნდა, კეთილმეზობლური ურთიერთობა დახატოს და ოკუპაცია, აფხაზეთისა და ცხინვალის სახელმწიფოებად აღიარება ვაპატიოთ. როგორც კი პრობლემა გამოჩნდება, მაშინვე გამოაცხადებს, რომ “ბორჯომი” და ქართული ღვინო რუსეთის მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის მავნეა. ასე რომ, კარგად ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე.
———–
საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის ორმხრივად გაუქმებაში საფრთხეს ვერ ხედავს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, “თავისუფალი დემოკრატების” წევრი მაია ფანჯიკიძეც:
- პუტინის შემოთავაზება ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას უკავშირდება, თუმცა საქართველოს მოქალაქეებისთვის ზედმეტი ბარიერების აღმოფხვრა თუნდაც რუსეთში, მისასალმებელია.
- არ ფიქრობთ, რომ ევროპასთან და უკვე რუსეთთანაც უვიზო რეჟიმი მიგრაციის ტალღას გამოიწვევს?
- რუსეთთან უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მაშინ გახდება საშიში, თუ ამ გადაწყვეტილებას პუტინი რაიმე წინა პირობას მიაბამს და პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენებს. ევროკომისიის დასკვნა ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯია და ამ წარმატებას ყველა იმ ადამიანს ვულოცავ, ვინც პროცესში თუნდაც მიზერული წვლილი შეიტანა. წინ კიდევ ერთი გამოცდა და პოლიტიკური გადაწყვეტილება გველოდება, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლებამ 28 ქვეყანასთან ინტენსიურად უნდა იმუშაოს. თუ გეგმით გათვალისწინებულ პუნქტებში ევროპა უკუსვლას დააფიქსირებს, ეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს. ამიტომ მთავრობამ სუსტი მხარეების გამოსწორებაზე მაქსიმალურად უნდა იზრუნოს.
———–
გია ხუხაშვილი, ექსპერტი:
- შესაძლოა, მთავრობას ყველაფერი წესრიგში არა აქვს, მაგრამ ევროპაში ამას დრამატულად არ უყურებენ. მთავარია, მმართველმა გუნდმა ფუნდამენტური შეცდომები არ დაუშვას. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ევროპისგან მიღებული სიკეთეების რეალიზება საშუალო-სტატისტიკურმა ქართველმა მოახერხოს. თუ მოქალაქეებმა ბილეთის ყიდვა ვერ შეძლეს, უვიზო რეჟიმი მხოლოდ ფარატინა ქაღალდად დარჩება. ევროპამ უკვე დაგვპატიჟა, მაგრამ ახლა იქამდე მისვლაა მთავარი ამოცანა. რაც შეეხება პუტინის განცხადებას, პროგრესის მამოძრავებელი ძალა მხოლოდ კონკურენციაა.
რუსეთისთვის წითელი ხაზი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე გადის. საერთოდ, დღევანდელი პოლიტიკა იმდენად დინამიკურია, რომ მოვლენების ნეგატიური სცენარით განვითარება არ უნდა გამოვრიცხოთ. რაც შეეხება მიგრაციის შესაძლო ტალღას, ბევრი შეეცდება ევროპაში გაემგზავროს და მოგზაურობის ნაცვლად იქ სამუშაოდ დარჩეს. ეს ტექნიკურ პრობლემებს აუცილებლად გამოიწვევს, თუმცა, ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ყველაფერი დარეგულირდება – იმისათვის, რომ პროცესის დისკრედიტაცია არ მოხდეს, ხელისუფლებას სერიოზული მექანიზმების შემუშავება მოუწევს.
„კვირის ქრონიკა“, 21 დეკემბერი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ჩვენ ევროპელებმა შეიძლება ისეთი ვალდებულებებიც მოგვთხოვონ, რომელსაც თავად არ ასრულებენ… ანუ გეიაღლუმებით დაწყებული, ერთსქესიანთა ქორწინებით დამთავრებული. ვართ მზად, ეს დავაკანონოთ?!.“
ნინო სამხარაძე
(შემოკლებით)
„მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ევროპელი“ – 1999 წელს ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ეს სიტყვები საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ წარმოთქვა. მის ამ ფრაზას გენერალურ ასამბლეაში ოვაცია და ხანგრძლივი ტაში მოჰყვა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველოს გაუთენდებოდა დღე, როცა თითოეული ჩვენგანი ჟვანიას სიტყვებს ამაყად განვაცხადებდით. 2015 წლის 18 დეკემბერს საქართველოსთვის ევროპის კარი გაიღო. საქართველოს მოქალაქის პასპორტი დაფასდა, ჩვენ შეგვიძლია, ვისარგებლოთ უვიზო მიმოსვლით. შენგენის ზონაში უვიზოდ ჩასვლა შეეძლება საქართველოს ყველა მოქალაქეს 90 დღით 190-დღიან პერიოდში, თუმცა ეს არ გულისხმობს დასაქმების უფლებას… ზაფხულიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, თავისუფლად გადაადგილდნენ შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას. ეს ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი, შენგენის არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია; კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია, გამონაკლისს წარმოადგენ ევროკავშირის ორი წევრი ქვეყანა – დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, ამ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ვერ შევლენ. ფაქტობრივად, საქართველომ და უკრაინამ ვიზალიბერალიზაციის გამოცდა პარალელურ რეჟიმში ჩააბარა, საქართველოსთვის, რომელსაც ჯერ არაფერი ჰქონდა და ყველა კარი დახურული იყო, აღმოჩნდა, რომ რუსეთის კარიც იხსნება, ვლადიმერ პუტინმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოს უვიზო მიმოსვლა აღუდგინოს, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა თებერვლამდე ამოქმედდეს. რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინის ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია რუსეთთურქეთის დაპირისპირებით. საქართველომ რამდენიმე წლის წინათ გააუქმა რუსეთთან სავიზო რეჟიმი და პუტინის ეს ქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს მის კეთილ ნებად, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მშვიდობის ფონდის ევრაზიის პროგრამის წარმომადგენელი პოლ სტონსკი ვიზალიბერალაზაციის საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გარკვეული დროის შემდეგ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი აშშ-თანაც ამოქმედდება. მე ვულოცავ ქართველ ხალხს ამ პოზიტიურ ნაბიჯს, საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ღირებული პარტნიორი იმსახურებს ვიზების რეგულაციების შემსუბუქებას, იმედს ვიტოვებ, რომ გარკვეული დროის შემდეგ უვიზო რეჟიმი ამოქმედდება ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამ ისტორიულ ფაქტს ჩვენთან ინტერვიუში აფასებს და „კვირის ქრონიკის“ კითხვებს პასუხობს.
– ნებისმიერ შემთხვევაში ეპითეტების გარეშე რომ ვთქვათ, ეს არის ძალიან დადებითი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის. რაც უფრო მეტ ქვეყნებში გვექნება ჩასვლისა და მოგზაურობის უფლება, მით უკეთესია. გაივლის ეს ეიფორია, ზეიმი, სიხარული და მთავარია, მშრალი ნარჩენების სახით რა შეგვრჩება ხელში. რამდენი რიგითი მოქალაქე ისარგებლებს ამ პრივილეგიით, ჟურნალისტებმა ეს უნდა გამოიკვლიოთ. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი იმიტომ ვერ დადიოდა ევროპაში სამოგზაუროდ, რომ მათ არ ჰქონდათ ფული, მათთვის, ვისაც ფული ჰქონდა, ვიზის აღება და ევროპაში მოგზაურობა პრობლემა ისედაც არ იყო. მოკლედ, როგორც ყველა გზა რომისკენ მიდის, ასე ყველა გზა ფულისკენ მიდის. თუ ფული ექნება ხალხს, მათთვის მოგზაურობა პრობლემა ისედაც არ იქნება…
– ბატონო სოსო, რა ემუქრებათ არალეგალ ქართველებს, რომლებიც სამუშაოდ არიან ევროპაში ჩასულები?
– რასაკვირველია, მათ ემუქრებათ არალეგალი მიგრანტის სტატუსი და გამოსახლება. ვინც არალეგალურად იმყოფება ევროპაში და არა აქვს მუშაობის უფლება, დამოკლეს მახვილივით ჰკიდიათ მათ ეს პროცესი, რომელიც ამოქმედდება. ვიზალიბერალიზაცია არ გულისხმობს მუშაობის უფლებას, უფრო მეტიც, სწავლის უფლებასაც არ გულისხმობს. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ სამთვიანი კურსების გავლა ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაში. ბიომეტრიული პასპორტით შეგიძლია გადალახო საზღვარი, მაგრამ მესაზღვრეს აქვს უფლება, მოგთხოვოს დამატებითი ცნობები, რაც საჭიროა ვიზის აღებისთვის. მაგალითად, მოგთხოვოს, რომ წარუდგინო უკან დაბრუნების ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, როგორც ვთქვით, თანხა, რითიც შედიხარ ევროპაში, თუკი მებაჟეს ეუბნები, რომ შენ ქვეყანაში შედიხარ ორი კვირით ან ერთი თვით, უნდა დაასაბუთო, რომ გაგაჩნია საკმარისი თანხა, დაახლოებით დღიური 50 ევრო და ეს თანხა არ გაგაჩნია, მაშინ მებაჟეს უფლება აქვს არ შეგიშვას.
– თავის დროზე თურქეთმა გერმანიას კვოტები განუსაზღვრა და წელიწადში 25 ათას თურქს შეეძლო სამუშაოდ სამი წლით გერმანიაში წასვლა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიმართოს თუ არა ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს, რომ დაუწესონ კვოტები სამუშაოს მაძიებლებს?
– მართალი ბრძანდებით, თურქეთმა მოითხოვა კვოტები და მათ გერმანიისგან მიიღეს, რასაც ამბობთ, ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. სამუშაოს უფლების მინიჭება ძალიან ბევრს ნიშნავს. ახლახან გამოქვეყნდა ცნობა მიგრანტების, თუ რამდენ თანხას აგზავნიან მსოფლიოს მიგრანტები თავთავიანთ ქვეყნებში და 2014 წელს 600 მილიარდი დოლარი იყო გადარიცხული. ამიტომ, სამუშაოს უფლების მოპოვებით ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს. ყველაზე დიდი თანხა ჩვენ რუსეთიდან შემოგვდიოდა, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი იოლად პოულობდა სამუშაოს, რადგან კონტროლი ნაკლებია, თუკი პოლიტიკური მოტივაცია არ არის. რუსეთთან შედარებით ევროპაში სიმკაცრეა. დარღვევაზე თუ დაგიჭერენ, „შავ სიაში“ შეგიყვანენ და იმ ქვეყანაში გარკვეული პერიოდში ფეხს ვეღარ ჩადგამ.
– საქართველოსთვის ყველა კარი დახურული იყო, ახლა რიგითობის მიხედვით, ყველა კარი იხსნება, მათ შორის, რუსეთის. როგორ აფასებთ პუტინის განცხადებას, რომ ის მზად არის, საქართველოს სავიზო რეჟიმი მოუხსნას, რითია ეს განპირობებული?
– რა თქმა უნდა, პუტინის გადაწყვეტილებას, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს, დადებითად ვაფასებ. ვკითხულობ კომენტარებს და იქიდან იკითხება, რომ შიშს დიდი თვალები აქვს. ადამიანთა დიდი ნაწილი ეჭვობს, რომ პუტინს მზაკვრული გეგმა აქვს, მაგრამ ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ იმის შიშით, ვიზების გაუქმების შემდეგ რა იქნება. არაფერსაც არ იზამს, როგორც დღეს ხარ, ისე იქნები ხვალ. რაც უფრო მეტ ქვეყანაში გვექნება მოგზაურობის უფლება, ეს იქნება კარგი, როგორც ჩვენთვის, ასევე, იმ ქვეყნებისთვის. მე წავიკითხე ძალიან ბევრი შეფასება, რამდენიმე დღის წინ ბავარიის მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომ ის წინააღმდეგია ქართველების ბავარიაში შეშვების. მართალია, ბავარია გერმანიის ერთი მხარეა, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს მხედველობაში იქნება მიღებული ის ფაქტი, რომ ციხეები ქართველებით არის სავსე. რაც შეეხება რუსეთს, ჩვენ არ ვართ ისეთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ფუფუნების უფლება რუსეთთან დაძაბულ ვითარებაში იცხოვროს საუკუნეების მანძილზე. აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, ყველა ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლებ ქვეყანასთან იყოს კონფრონტაციულ რეჟიმში, არ არის აუცილებელი ჩავეხუტოთ რუსეთს და სტრატეგიული მოკავშირე ვეძახოთ, მაგრამ ნორმალური ურთიერთობები რომ უნდა ჩამოვაყალიბოთ, ეს აქსიომაა. მიაქციეთ ყურადღება, პუტინის რიტორიკა სულ სხვა ტონალობაში იყო, მუქარა, მუშტის ბრახუნი სულ ნაკლებია, მოსკოვი ცდილობს, ელასტიკური იყოს.
– ბატონო სოსო, გამორიცხავთ, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო კიდევ ერთი ისტორიული ფაქტის წინაშე დადგეს და ნატომ მაპ-ი მოგვანიჭოს? როგორი იქნება ამ დროს რუსეთის დამოკიდებულება, რომელიც კატეგორიულად გმობს მის სამეზობლოში ნატოს ბაზების განთავსებას?
– რაც შეეხება ნატოს, რუსეთი ამ მხრივ დამშვიდებულია, რადგან დარწმუნებულია, რომ საქართველოსთვის ნატო, ეს არის ღრუბლებს მიღმა პერსპექტივა. სულ სხვა იყო რეაგირება რუსეთის უკრაინასთან მიმართებაში თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით და სულ სხვა არის საქართველოსთან მიმართებაში, რადგან იცის, რომ საქართველოს მასშტაბი, უკრაინის ფონზე, არაფერია. ამიტომ რუსეთისთვის დღეს საქართველოდან მიმდინარე საფრთხე ნატოს ჭრილში ისეთი აქტუალური აღარ არის იმ სირთულეების გათვალისწინებით, რომელშიც დღეს რუსეთი იმყოფება. ახლა მთავარია, რუსეთს ვუბიძგოთ დათმობაზე. საკმარისი არ არის აბაშიძე-კარასინის ყავლგასული, ეფექტდაკარგული ფორმატი, უფრო აქტიური დიალოგია საჭირო. ბოლოს და ბოლო, ამდენი წელია, ტერიტორიები დაკარგული გვაქვს და მისი დაბრუნების სტრატეგია არ გაგვაჩნია. დაძმობილების თუ ძმაკაცობის სამინისტრო რომაა, იქიდან სტრატეგიული მონახაზი ვერ მოვისმინე – როგორ და რანაირად აპირებენ ტერიტორიების დაბრუნებას. ის, რომ აფხაზი ავად გახდება და სამკურნალოდ თბილისში ან ქუთაისში ჩადის, ამ ფაქტის მნიშვნელობას ნუ აზვიადებთ. ხომ ხედავთ, დაუძინებელი მტრები არიან ასადის მთავრობა და ისლამური სახელმწიფო, მაგრამ როცა სჭირდებათ, ერთმანეთში ვაჭრობენ. ჩვენ ხშირად არასწორ დასკვნებს ვაკეთებთ არსებულ და სასურველ რეალობას შორის. ამოდენას ვაჭმევთ ჩინოვნიკებს, მაგრამ მათგან ადეკვატურ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. რაც დრო გადის, უფრო გაუცხოება ხდება ქართველებსა და აფხაზებს შორის. მწარე რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი, შევიგნოთ, რომ რუსეთთან დიალოგი დასაწყებია. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დიალოგით იმას მივაღწევთ, რომ ამ პრობლემამ აქტუალობა არ დაკარგოს. ნახეთ, როგორია მოსკოვის პოლიტიკა, სიტყვით აღიარებს, რომ აფხაზებმა, ოსებმა და ქართველებმა ერთმანეთში უნდა გაარკვიონ ურთიერთობები, მაგრამ საქმით არ გიშვებს. სწორედ ჩვენი დიპლომატიით უნდა მივაღწიოთ იმასაც, რომ რუსეთი ხელისშემშლელი ფაქტორი არ იყოს აფხაზებთან და ოსებთან. არ შეიძლება საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის ახირების ტყვეობაში იყოს, დღეს ის „ნაცმოძრაობის“ მძევალია, ერთი მხრივ აღიარებს, რომ „ნაცმოძრაობას“, როგორც ოპოზიციურ ძალას, არ ცნობს, ანგარიშს არ უწევს, მაგრამ მეორე მხრივ, მათი დემაგოგიით მონუსხულია, ეშინია, რუსეთის აგენტობა არ დააბრალონ. ლოზუნგებით ცხოვრებამ 70 წლის მანძილზე რაც მოგვიტანა, ვნახეთ და დღეს არ შეიძლება ლოზუნგებით იცხოვრო რუსეთთან, არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ რუსეთი მაინც მოგვატყუებს, რა აზრი აქვს მათთან დიალოგს და ა.შ. შენ არ ელაპარაკებოდი და ომი დაუწყე და რა მოიგე? ასე ვთვლი, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია.
– და მაინც, ვიზალიბერალიზაციის პროცესი აფხაზებისა და ოსებთან დაახლოების პროცესში ხელს შეგვიწყობს, ვინაიდან ძალიან ბევრ აფხაზ და ოსს მოუნდება საქართველოს მოქალაქეობის პასპორტი…
– ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩვენს დაახლოებას ხელს შეუწყობს, მისი ამოქმედებიდან ექვსი თვე იქნება გამოსაცდელი ვადა, ვნახოთ, რა იქნება… აფხაზეთის ხელისუფლება, იგივე რუსეთის ხელისუფლებაა და მათი მხრიდან ეს წახალისებული არ იქნება. აფხაზეთში დიდი ფული ვისაც აქვს, ისედაც ნახულობს სხვა არხებს, რომ ევროპაში იმოგზაუროს. როგორც გითხარით, ყველაფერი ფულთან არის დაკავშირებული. აი, მაგალითად, ჩვენი „კანონიერი ქურდები“ ევროპის მოქალაქეები არიან, ეს პრივილეგია მათ ფულით იყიდეს. ზოგიერთ მათგანს ისეთი ფეშენვილა აქვს, ადგილობრივებს რომ არ გააჩნიათ და ეს „კანონიერმა ქურდებმა“~ ვიზალიბერალიზაციის გარეშე გააკეთეს. ამიტომ ვამბობ, ყველაფერი მიდის იქამდე, რამდენ ადამიანს აქვს ამ სიკეთით სარგებლობის საშუალება. თუმცა მორალურად ძალიან კარგია, როცა თავისუფალი ადამიანი ხარ და იცი, რომ შენთვის საზღვრები გახსნილია.
– ბატონო სოსო, ვიღებთ თუ არა ვალდებულებას, რომ მივიღოთ ლტოლვილები, მაგალითად, სირიიდან?
– ამ ეტაპზე ევროჩინოვნიკები არ არიან ისეთი გულუბრყვილონი, რომ უცებ ორცხობილას წიწაკა მოაყარონ. ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარი არ არის. მაგრამ რაც უფრო უახლოვდები ევროპას, პრივილეგიასთან ერთად ვალდებულებასაც მიიღებ. მთავარი ის არის, რომ მზად იყო ვალდებულების შესასრულებლად. ჩვენ შეიძლება ისეთი ვალდებულებებიც მოგვთხოვონ, რომელსაც თავად არ ასრულებენ. საფრანგეთში არ არსებობს რელიგიური თუ სხვათა უმცირესობების დაცვის ვალდებულებები. საფრანგეთს ხელი არა აქვს მოწერილი ამ დეკლარაციაზე. ისინი ამბობენ, ჩვენთან ეროვნული უმცირესობა საერთოდ არ არისო. ფრანგებს ასევე არა აქვთ ნაკისრი ვალდებულება რეგიონალურ ენებზე, მაგრამ ჩვენ შეიძლება მოგვთხოვონ და 100%-იანი გარანტიით გეუბნებით, რაც უფრო დავუახლოვდებით ევროპას, მით უფრო ხმამაღლა იქნება ნათქვამი, რომ აზერბაიჯანული და სომხური ენები იყოს რეგიონალური მნიშვნელობის ენები. თავის დროზე სომხეთის პრეზიდენტმა ამის გაკეთება მიხეილ სააკაშვილს მოსთხოვა, მაშინ სააკაშვილმა წაუყრუა, მაგრამ დღეს უკვე გვეტყვიან, თუ გინდათ ევროკავშირში, ეს მოთხოვნაც შეასრულეთ. მე არ ვიცი, როგორ მოიქცევა ხელისუფლება, როცა ამ მოთხოვნის პირისპირ დადგება. ამიტომ საფრთხე ისაა, რომ ეიფორიასთან ერთად პერსპექტიული ვალდებულებები გავიაზროთ და ვთქვათ, არის კი მზად ქვეყანა ამ ვალდებულებების შესასრულებლად? გეიაღლუმებით დაწყებული, ერთსქესიანთა ქორწინებით დამთავრებული, ვართ მზად, ეს დავაკანონოთ?!. საფრანგეთში ერთსქესიანთა ქორწინება როცა დააკანონეს, საქართველოს პარლამენტში ერთიორმა დეპუტატმა ისიც თქვა, ჩვენთანაც უნდა დავაკანონოთ ერთსქესიანთა ქორწინებაო. არ ვიცი, ქართველი ხალხი ამ ინიციატივას როგორ შეხვდება.
(…)
„კვირის ქრონიკა“, 21 დეკემბერი
ინტერვიუ ვალერი ხაბურძანიასთან: „ვლადიმირ პუტინმა რამდენჯერ უნდა გააკეთოს [უვიზო რეჟიმის] მსგავსი განცხადებები, რომ თბილისში ყურადღება მიაქციონ?“
გელა ზედლაშვილი
მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რევოლუციური“ განცხადებები გააკეთა და ლამის ტაო-კლარჯეთის დაბრუნების იმედიც კი ჩაგვისახა (აღარაფერს ვამბობთ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე), საქართველოში აზრი ორად გაიყო – უმრავლესობა ამბობს, რომ ეს კარგია, უმცირესობა ისტერიკაში ჩავარდა და გაჰკივის, რომ ეს ცუდია, თურმე ჩვენ დამპყრობლისგან არაფერი არ უნდა მივიღოთ, მით უფრო მაშინ, როცა ევროკავშირი შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას გვიწესებს. არადა, საკმარისი იყო, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა ცოტაოდენ გაუარესებულიყო, რომ ეს უკვე დადებითად აისახა ჩვენი გლეხობის ცხოვრებაზე. როგორც საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, მოსკოვში მცხოვრები ვალერი ხაბურძანია ამბობს „ქრონიკასთან“ საუბარში, რუსეთის ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული ციტრუსი:
– ბატონო ვალერი, რა ხდება მოსკოვში პუტინის განცხადებების შემდეგ, როგორ აფასებს ამ ყველაფერს რუსული საზოგადოება?
– აქ რუსების რეაქცია ცოტა ძნელი გასაზომია, პუტინის გამოსვლა მარტო საქართველოს არ ეხებოდა, უფრო მნიშვნელოვანი განცხადებებიც გაკეთდა და ძირითადად ამაზეა გამახვილებული ყურადღება. აქ ერთი რამ უნდა აღვნიშნო: დღეს თბილისში ვისაც არ ეზარება, ყველა იბრალებს, ჩვენ ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა, ჩვენ ამ ურთიერთობებზე ვმუშაობთო და ასე შემდეგ. მე გეუბნებით, ეს არის ტელეკომპანია „მაესტროს“ დამსახურება, მისმა ჟურნალისტმა ძალიან მოხერხებულად დაუსვა კითხვა პუტინს. აი, ამას მოჰყვა ყველაფერი.
_ ჩვენი ექსპერტების ნაწილი ამტკიცებს, რომ პუტინი იძულებული გახდა, ასეთი განცხადებები გაეკეთებინა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე დაიწყო ლაპარაკი. სხვათა შორის, ნინო ბურჯანაძემაც წაიტრაბახა, ვიცოდი, რუსები ჩემთან დადებულ პირობას არ დაარღვევდნენო.
– ჩემი აზრით, რომ არა „მაესტრო“, შეიძლება პუტინს საქართველოზე ხმაც არ ამოეღო. კარგი, დავანებოთ ამას თავი, რაც ითქვა, ცუდია თუ კარგი? ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას უნდა გამოეჩინა უფრო მეტი აქტივობა და თუნდაც ზურაბ აბაშიძის დონეზე დაწყებულიყო მოლაპარაკება მოსკოვში. იმედია, ეს განცხადებები არ ჩაიკარგება ჩინოვნიკურ აპარატებში. კი, მაგრამ პუტინმა რამდენჯერ უნდა გააკეთოს მსგავსი განცხადებები, რომ თბილისში ყურადღება მიაქციონ? სამი წელი გავიდა, ბევრი დრო დაიკარგა და ახლაც არის საშიშროება, რომ ამას არავითარი შედეგი არ მოჰყვება.
– პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა პუტინის გამონათქვამები.
– კი, რაღაცას ნიშნავს, მაგრამ არ არის საკმარისი, უნდა ჩამოვიდნენ მოსკოვში და დაელაპარაკონ, ვისაც საჭიროა. ყოველ შემთხვევაში, ჯერ ქვედა რგოლებში მაინც. ერთია პუტინის განცხადებები, მეორეა – როგორ წავა პროცესები ტექნოლოგიურად. მოგეხსენებათ, ეს ვიზალიბერალიზაციაც არ არის მოკლე დროის ამბავი, რამდენიმე ეტაპია გასავლელი, დასამტკიცებელია ევროპარლამენტში, მერე უნდა წავიდეს რატიფიკაცია და ასე შემდეგ. ასევე ცვლილებებია შესატანი საკანონმდებლო რეგულაციებში და კარგა ხანს გაიწელება, თუ კიდევ არ დაემატა სხვა რაიმე ხელისშემშლელი პროცესები. მე მინდა, ქართველებს ცოტა სხვანაირად დავანახო ეს ამბავი: თავისუფალი გადაადგილება დედამიწაზე ადამიანისთვის არის ღვთისგან ბოძებული უფლება, როდესაც ევროპის ქვეყნები, ან სხვა ქვეყნები ამას ზღუდავენ, არანაირად არ არის ეს ცივილიზებული წესი. თუ სადღაც ვიმყოფები უკანონოდ, ვძარცვავ, ვკლავ, ამისთვის არსებობს კანონები. როგორც იქნა, ევროპელებმა ჩვენც ჩაგვთვალეს ადამიანებად და ეს ძალიან გვიხარია. არადა, მაინცდამაინც არ არის გასახარი, რომ საუკუნეების შემდეგ გვაღიარეს ადამიანებად.
– ისე, კარგია, რომ რუსებმაც გვაღიარეს ადამიანებად.
– კი, მაგრამ ეს არის დროებითი შეზღუდვა. ახლა არის სოციალურ ქსელებში გადაძახილ-გადმოძახილი, მილოცვები, აღტყინება ორივე კუთხით, როგორც პუტინის განცხადების გამო, ისე ვიზა-ლიბერალიზაციის გამო. ვიმეორებ, ჩვენ კი გვიხარია, მაგრამ ცოტა მაინც უნდა დავფიქრდეთ, რატომ გვაღიარეს ადამიანებად საუკუნეების შემდეგ?
– ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ახლა ბუნებრივი ადამიანების სტატუსს გვანიჭებენ?
– რა თქმა უნდა, რაც გვეკუთვნის, იმას გვანიჭებენ, მეტი არაფერი არ ხდება. მაგალითად, რატომ უნდა მქონდეს გადაადგილება შეზღუდული, თუკი მაქვს ფინანსური შესაძლებლობა? პრინციპში, არც ამის შემდეგ გვექნება სრული თავისუფლება ამ მხრივ, პირველ რიგში, გვექნება ფინანსური ბარიერი, რასაც ვერ გადალახავს ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი. მე არ ვიცი, ახლა რუსეთი რა სახის უვიზო რეჟიმს დააწესებს.
– ვისაც ფული აქვს, ის ისედაც დადის დედამიწის გარშემო.
– კი, ფულიანები ისედაც დადიან, უბრალოდ ახლა აღარ დასჭირდებათ საელჩოებში პასპორტების შეგზავნა, ნერვიულობა და ვიზების ჩარტყმა. ესეც კარგია, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მე უბრალოდ ჩვენი გადამეტებული ზეიმი მაოცებს.
– რუსები რას ფიქრობენ, ჩვენს შორის ურთიერთობის აღდგენა რთული ხომ არ არის, ბევრი რამ დავიწყებას ხომ არ მიეცა?
– არა, მე რუსების გარემოცვაში ვიმყოფები, ერთერთ კომპანიაში ვმუშაობ და აშკარად ვგრძნობ დადებითზე დადებით განწყობას. აქ ზოგადად არ არის ქართველების მიმართ ცუდი განწყობა და მით უმეტეს, ახლა, პუტინის განცხადებების შემდეგ უფრო უკეთესი სიტუაციაა. მთავარია, ახლა ქართველებმა არ წარმოვადგინოთ საკუთარი თავი ცუდად, მე ამისი უფრო მეშინია, არის ადამიანთა ჯგუფები, რომელთა საქმიანობა მხოლოდ კრიმინალს უკავშირდება. არ მინდა, რომ ასეთმა კრიმინალებმა საქმე გაგვიფუჭონ რუსეთში.
– მეორე განცხადება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ აფხაზეთთან და ოსეთთან ურთიერთობაში საკითხი დაიძრას? ხონჩით არავინ არაფერს მოგვართმევს, მაგრამ მაინც.
– საამისო საფუძველს კარგახანია იძლევა რუსეთის ხელისუფლება.
– რა უნდა გაკეთდეს, საქართველოს ხელისუფლება როგორ უნდა მოიქცეს? რუსები ადრეც გვეუბნებოდნენ, ოსებთან და აფხაზებთან საერთო ენა თვითონ გამონახეთო, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური ლირიკაა.
– უპირველესად, უნდა დავიწყოთ ურთიერთობის გაუმჯობესება რუსეთთან და პარალელურად დავიწყოთ დაახლოება აფხაზებთან და ცხინვალის მოსახლეობასთან. კი, რუსები ადრეც გვეუბნებოდნენ, საერთო ენა გამონახეთო, მაგრამ სადმე ერთი მიმართვა მაინც გინახავს? რომელიმე ხელისუფლებამ რამე გააკეთა საამისოდ? მე ვხედავ, საქართველოს ხელისუფლებაში იმისიც კი ეშინიათ, რომ გამოვიდნენ და განაცხადონ, აფხაზებსა და ოსებს უნდა დაველაპარაკოთო. რა, სოხუმში რომ ჩავიდნენ პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი, ვინმე დაატყვევებთ? ჩავიდნენ, რატომ არ ჩადიან? ეს იქნება სითამამე და ერთგვარი გარღვევა.
– კარგი იდეაა, მაგრამ დე ფაქტო ხელისუფლება უნდა ცნონ?
– რა უნდა ქნა? თუ არ დაელაპარაკები, სულ ეგენი იქნებიან. მე ჯერ ჩავიდოდი სოხუმში, შემდეგ ცხინვალში, მერე კი მოსკოვში.
_ რა ხდება რუსულ ბაზარზე? საქართველოში ციტრუსი საგრძნობლად გაძვირდა, შეიძლება ეს წინასაახალწლო პერიოდის გამოა, მაგრამ, როგორც აჭარაში ამბობენ, რუსეთისკენ რაღაც არხები გაიჭრა და მანდარინს ფასი დაედო.
– კი, აქ უკვე გამოჩნდა, რამდენიმე ადგილას ვნახე, აწერია „ქართული მანდარინი“. ჩვენ ასეთი სიტუაციები უნდა გამოვიყენოთ. ქართულმა ღვინომ საშუალო სეგმენტი უკვე დაიჭირა, ერთადერთი, ინფლაცია და დოლარის კურსის თამაში ქმნის პრობლემას, მაგაუმჯობესება რუსეთთან და პარალელურად დავიწყოთ დაახლოება აფხაზებთან და ცხინვალის მოსახლეობასთან. კი, რუსები ადრეც გვეუბნებოდნენ, საერთო ენა გამონახეთო, მაგრამ სადმე ერთი მიმართვა მაინც გინახავს? რომელიმე ხელისუფლებამ რამე გააკეთა საამისოდ? მე ვხედავ, საქართველოს ხელისუფლებაში იმისიც კი ეშინიათ, რომ გამოვიდნენ და განაცხადონ, აფხაზებსა და ოსებს უნდა დაველაპარაკოთო. რა, სოხუმში რომ ჩავიდნენ პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი, ვინმე დაატყვევებთ? ჩავიდნენ, რატომ არ ჩადიან? ეს იქნება სითამამე და ერთგვარი გარღვევა.
_ კარგი იდეაა, მაგრამ დე ფაქტო ხელისუფლება უნდა ცნონ?
_ რა უნდა ქნა? თუ არ დაელაპარაკები, სულ ეგენი იქნებიან. მე ჯერ ჩავიდოდი სოხუმში, შემდეგ ცხინვალში, მერე კი მოსკოვში.
– რა ხდება რუსულ ბაზარზე? საქართველოში ციტრუსი საგრძნობლად გაძვირდა, შეიძლება ეს წინასაახალწლო პერიოდის გამოა, მაგრამ, როგორც აჭარაში ამბობენ, რუსეთისკენ რაღაც არხები გაიჭრა და მანდარინს ფასი დაედო.
– კი, აქ უკვე გამოჩნდა, რამდენიმე ადგილას ვნახე, აწერია „ქართული მანდარინი“. ჩვენ ასეთი სიტუაციები უნდა გამოვიყენოთ. ქართულმა ღვინომ საშუალო სეგმენტი უკვე დაიჭირა, ერთადერთი, ინფლაცია და დოლარის კურსის თამაში ქმნის პრობლემას, მაგრამ ეს საქართველოსთვის ბევრს არაფერს ცვლის. სხვათა შორის, რუსებში ვერ ვხედავ გაღიზიანებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ამათთვის ეს არ გახლავთ რაღაც განსაკუთრებული საოცრება, რადგან თვითონ ძალიან იოლად გადიან ევროპაშიც და სხვა მიმართულებითაც. ამ მხრივ აქ სიტუაცია ძალიან შემსუბუქებულია, ვიზებს იღებენ ძალიან იოლად, არ არსებობს პრობლემა. რასაკვირველია, აქ მყოფ ქართველებსაც აწყობთ, რომ მიმოსვლა გამარტივდეს, ნათესავებს უნდათ ჩამოსვლა, წასვლა, რა ვიცი, მე მგონი, ყველა დამეთანხმება, რომ კარგ ურთიერთობას ალტერნატივა არ გააჩნია. თუ უახლოესი ნათესავი არ არის, საქართველოში ვიზას და მოწვევას ვერ გამოაგზავნი. ესეც კი ხშირად სირთულეს წარმოადგენს.
_ ჩვენი მხრიდან სავიზო რეჟიმი გაუქმებულია, ახლა რუსეთმა უნდა გააუქმოს.
– ამათ უნდა გააუქმონ, მაგრამ ეს არის დიდი ქვეყანა, არსებობს ჩინოვნიკური აპარატი, რომელიც ათასნაირ ბარიერს იგონებს. ამიტომ საჭიროა დაჯდომა და მოლაპარაკება, რათა ყველაფერი დაზუსტდეს. ყველა საკითხს სჭირდება ლობირება.
ამერიკელებმა კორუფციას დაარქვეს ლობირება და ამით გააქვთ პოლიტიკური თემები. ამიტომ დღევანდელი ურთიერთობები წარმოუდგენელია ლობირების გარეშე. ახლა სჯობს, ე.წ. ლიბერალებმა, რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიათ საქართველოს მომავალი, ცოტა ენას კბილი დააჭირონ და ნერვები მოთოკონ. ეგენი არიან მტრები, ოღონდ დასავლეთიდან გრანტები მიიღონ და საერთოდ არ აინტერესებთ რუსეთთან ურთიერთობა. არადა, უკვე გავიდა 25 წელი, სხვა რომელიმე უკეთესი გზა ჩანს? რა თქმა უნდა, არ ჩანს, ჩვენ ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ.
„ახალი თაობა“, 21 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „ვიზალიბერალიზაცია ევროპის დამსახურებაა… რაც უფრო მტკიცე დასავლურ კურსს გაატარებს საქართველო, მით უფრო უკან დაიხევს რუსეთი“
ევროკომისიის მოხსენების შემდეგ ცხადი გახდა, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას მიიღებს. ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე ამას მისალმება. ამასთან, ის ფიქრობს, რომ ამაში საქართველოს ხელისუფლებას არანაირი წვლილი არ მიუძღვის.
„ამ ნაბიჯით გამოიკვეთა ევროპის სურვილი, საქართველო იყოს ევროპის ნაწილი და ჩამოსცილდეს რუსულ სივრცეს, – აღნიშნა „ახალ თაობასთან“ საუბარში თამარ ჩხეიძემ. მისი თქმით, დასავლეთი, მათ შორის ევროსტრუქტურები ადეკვატურად ანუ უარყოფითად აფასებდნენ „ქართული ოცნების“ არადემოკრატიულ ნაბიჯებს. მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა მაინც გადადგა ნაბიჯები საქართველოს მისაღებად. თამარ ჩხეიძის შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ ევროპული ინსტიტუტები საქართველოს ევროპისკენ ძალით მიაქანებენ.
- ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ამ ხელისუფლების შესრულებულია, რაც დადებითად შეფასდა.…
- ფორმალურად ასეა. ეს ხელისუფლება ღიად არ ატარებდა პრორუსულ კურსს. ის იძულებული იყო, ანგარიში გაეწია დასავლეთის რეკომენდაციებისა და მოთხოვნებისათვის. დასავლეთმა ისეთი პროცესები წამოიწყო, რომლებსაც საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება ვერ გააჩერებდა.
- რასაც რუსეთიდანაც მოჰყვა გამოხმაურება...
- მართლაც, სწორ და დასავლურ პოლიტიკას მოჰყვა რეაქცია რუსეთიდან. როგორც კი გაისმა სიგნალები იმის შესახებ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროპის სახელმწიფოებთან დაბრკოლება არ შეექმნებოდა, რუსეთმა მაშინვე სიგნალი გამოუშვა _ პუტინმა დაიწყო ხაჭაპურების ცხობა. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ საჭიროა მტკიცე ნაბიჯები. საქართველო უნდა იყოს ურყევი და პრინციპული დასავლური კურსის გატარებისას. მაშინ რუსეთი შეეგუება ამას და უკან დაიხევს. ესაა სწორი პოლიტიკა და არა მუდმივი დათმობები და იმის შიში, თუ რა ეწყინება პუტინს.
- თუ დასავლეთის მიერ დაწყებული პროცესების შეჩერება შეუძლებელია, მაშინ პრორუსული ძალები ვერაფერს გააფუჭებენ...
- პროცესები დინამიკურად მიმდინარეობს, თუმცა მთლიანად ამგვარი საფრთხის გამორიცხვა არ შეიძლება. რუსეთი აქტიურია. რუსეთის ხელშია სერიოზული ბერკეტები. ამ სახელმწიფოს აქვს ძლიერი პოლიტტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობითაც ის ხშირად მართავს პროცესებს საქართველოში.
თამარ ჩხეიძე ამბობს, რომ რუსეთი კარგად იყენებს იმას, რომ მისმა სპეცსამსახურებმა შესანიშნავად იციან ქართული მენტალიტეტი, ის, თუ რაზე რეაგირებს საზოგადოება:
- მათ შესწავლილი აქვთ, რომ შეიძლება საზოგადოების ჯგუფი გამოვიდეს რამდენიმე გეის წინააღმდეგ მაშინ, როცა სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამ რაოდენობის ადამიანებიც არ გამოვლენ. თავის ბერკეტებს რუსეთი საქართველოს არჩევნებშიც იყენებს.
- რა გაქვთ მხედველობაში?
- 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები. „ქართული ოცნების” სათავეში იყო რუსეთიდან მართული ფიგურა, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ვერ იმარჯვებდა, უზარმაზარი ფულის მიუხედავად. ამიტომ ამოქმედდა პოლიტტექნოლოგიები, გაჩნდა ის კადრები, რომლებზეც საქართველოს საზოგადოებას მკვეთრი რეაქცია ჰქონდა. რუსეთმა იცის ქართული მენტალიტეტი. გარდა ამისა, ის ფლობს მასალასაც ადამიანების ჯგუფების სახით. ზოგი გავლენის აგენტია, ზოგი – პირდაპირი აგენტი.
- რამ განაპირობა რუსეთის განცხადებები საქართველოს კონფლიქტების მოგვარების თაობაზე?
- შიშმა. რუსეთს გაუჩნდა იმის შიში, რომ დაკარგავს გავლენას საქართველოზე. ამ საკითხებზე სიტუაცია ჯერ გამოკვეთილი არ არის. მთავარია, რომ ამას არ მოჰყვეს საქართველოს ხელისუფლების ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ანტისახელმწიფო-ებრივი და ანტიქართული იქნება. მაგალითად, არ უნდა გაფორმდეს ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც გარეგნულად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღმდგენი იქნება, იურიდიულად კი – დამრღვევი.
თამარ ჩხეიძის აზრით, 2015 წელი მნიშვნელოვანი გამოდგა ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, თუმცა, მისი აზრით, ეს იყო მძიმე წელიწადი დემოკრატიის მხრივ. ამის მაგალითად ის ასახელებს ხელისუფლების შეტევას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე, რომელიც ყველაზე ეფექტურად ასახავს რეალურ პროცესებს. „ხელისუფლების ეს მცდელობა დროებით, მაგრამ მაინც მოგერიებულ იქნა, – ამბობს იგი. ეს წელიწადი, მისი თქმით, უარყოფითი იყო ეკონომიკის კუთხითაც, თუმცა, არის იმედი, რომ ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები დაიძლევა.
„ახალი თაობა“, 21 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „ვიზალიბერიზაციის პროცესი რუსეთმა გაგვიმარტივა“
ვიზალიბერალიზაციის პროცესს საზოგადოების დიდი ნაწილი დადებითად აფასებს, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც ამ საკითხს ეჭვის თვალით უყურებენ.
„ქართული დასის“ ლიდერ ჯონდი ბაღათურიას ეჭვი ეპარება, რომ რუსეთთან და ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის საკითხმა ხელისუფლების მიმართ ამომრჩევლის ნდობა აღადგინოს.
- რატომ ფიქრობთ ასე?
- ეს არის საბოლოოდ დამსხვრეული იმედები და მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის ამ ნდობის აღდგენა შეუძლებელია, რადგან ხელისუფლებამ პრაქტიკულად არცერთი დანაპირები არ შეასრულა.
- ბატონო ჯონდი, საზოგადოება თანხმდება, რომ ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი საკმაოდ სერიოზული მოვლენაა...
- რუსეთთან ვიზების ლიბერალიზაცია ხელისუფლების დამსახურება არ არის.
- აბა, ვისი დამსახურებაა?
- ეს არის რუსეთის ხელისუფლების კეთილი ჟესტი.
- თუმცა მოვისმინეთ შეფასებები, რომ რუსეთი ევროპას ეჯიბრება ამ საკითხში და ამიტომ დაამთხვია ვიზების გამარტივება ევროპასთან ვიზალიბერალიზაციას...
- იქნებ ევროპამ დაამთხვია რუსეთის გადაწყვეტილებას?! ეს ხომ არ ვიცით. თუ ერთმანეთს შეეჯიბრებიან დასავლეთი და რუსეთი ქართველების გულის მოგებაში, ამაში ცუდი რა არის? თუმცა ჩვენ ხომ რეალურად პოლიტიკა არ გვაქვს. ხელისუფლება მიილტვის, რომ ქვეყანა ჩააბაროს მთლიანად ამერიკელებს. უხარია, რომ მისგან დაპყრობილია. ჩვენ ამისკენ არ მივილტვოდით!
- ამბობთ, რომ ხელისუფლებას დაკარგული აქვს ნდობა, თუმცა ექსპერტები ვერც მის შემცვლელს ხედავენ ამ ეტაპზე. არ გამართლდა მოლოდინი და არ გამოჩნდა მესამე ძალაო, გვესმის შეფასებები. ამას რით უპასუხებთ?
- ექსპერტები ნაადრევად აკეთებენ დასკვნებს. ჩვენ ვმუშაობთ კულუარებში და ძალიან მალე მოხერხდება ისეთი ძალის ფორმირება, რომელიც ჩაანაცვლებს სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც!
ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაცია ხელისუფლების მორიგი ტყუილია.
- ტყუილში რას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ იმას, რომ არანაირი რეალური ვიზალიბერალიზაცია არ მომხდარა.
- აბა, რა მოხდა?
- ეს არ არის სასწავლო ვიზალიბერალიზაცია! ანუ ქართველ ახალგაზრდებს არ ეძლევათ საშუალება, ისწავლონ ევროპულ უნივერსიტეტებში. მათ ამ მხრივ ვიზები არ გამარტივებიათ. ასევე ეს არ არის შრომითი ვიზალიბერალიზაცია, რომ ადამიანი წავიდეს და იქ იმუშაოს. ხალხს მხოლოდ მოკლევადიანი ჩასვლის უფლება მისცეს. ქართველების 80% კი ძირითადად იქ იმისთვის მიდის, რომ მძიმე სამუშაოებზე იმუშაოს და ისე არჩინოს ოჯახი და სახელმწიფო!
- თუმცა საპირისპირო შეფასებებიც მოვისმინეთ, შრომითი ვიზების უფლება რომ მოეცათ, დაიცლებოდა მთელი საქართველოო...
- ვინმე ფიქრობს, რომ ევროპელებმა საქართველოს არდაცლაზე იზრუნეს და ამიტომ არ მოგვცეს შრომითი ვიზები?! ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, ევროპა როგორ უყურებს საქართველოს, როგორი უპატივცემულო დამოკიდებულება აქვს, ამ ფონზე კი როგორ მუდმივად ატყუებს ხელისუფლება მოსახლეობას და როგორ სპეკულანტობს ევროპითა და ამერიკით.
ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ ხელისუფლებამ უპასუხისმგებლო ცუნდრუკით გამოფინა დროშები და ისეთი ამბავი ატეხა, ვითომ დედამიწა ახლა შეიქმნა. „რუსეთმა რომ გაგვიმარტივა, რეაქცია არ ჰქონდათ, ლამის აქეთ გალანძღეს რუსეთი“, – აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
- ბატონო ჯონდი, რუსეთთან სულ სხვა დამოკიდებულებაა. ყველა ფიქრობს, რომ ის დამპყრობელია...
- ეს ტყუილია, რომ რუსეთთან ასეთი დამოკიდებულებაა! ძალიან გთხოვთ, ნუ აჰყვებით ამ სიცრუის მანქანას!
- რა არის სიცრუის მანქანა, რუსეთი რომ დამპყრობელია?
- საზოგადოებაში არ არის ასეთი დამოკიდებულება! საქართველოში არის ორი რეალობა. ერთი არის ის რეალობა, რომლითაც ხალხი ცხოვრობს, ხალხი მხარს უჭერს რუსეთთან მეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობას და მეორე რეალობა არის ვირტუალური რეალობა, რომელსაც ამერიკელებისგან ტოტალურად კონტროლირებად ტელევიზიაში ვხედავთ, ასევე მათ მიერვე კონტროლირებად არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ პარტიებში. ეს ადამიანები სრულ სიცრუეს ტირაჟირებენ.
- თქვენ ბრძანეთ, რომ „ოცნებას“ ვეღარაფერი უშველის, თუმცა ამბობენ, რომ საკუთარი გუნდის გადასარჩენად ივანიშვილი კვლავ შემოდის ქართულ პოლიტიკაში. ეს ოპოზიციას გზებს არ გიჭრით?
- ივანიშვილმა თქვა, ღმერთმა ნუ ქნას, მე პოლიტიკაში დაბრუნება დამჭირდესო. ამას მეორედ მოსვლას ვეძახიო. ე.ი. იმდენად კატასტროფული მდგომარეობაა, რომ ის კვლავ ბრუნდება პოლიტიკაში. გამოდის, რომ მთლიანად გაკოტრებულია მისი გუნდი.
- არ იმუშავებს მისი ფაქტორი?
- რასაკვირველია, მისი ფაქტორი იმუშავებს, თუმცა მის მიმართაც არის საზოგადოების დიდ ნაწილში დაკარგული ნდობა ასეთი გუნდის ფორმირების გამო. როდესაც ხალხი მიდიოდა არჩევნებზე, მაშინ ივანიშვილს არ უთქვამს ხალხისთვის, რომ უსუფაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ დაუნიშნავდა და ხიდაშელს _ თავდაცვის მინისტრად.
- რას ერჩით მათ?
- ასეთი ადამიანების ადგილი სამარცხვინო ბოძზეა. ხალხმა ხმა მისცა ივანიშვილს და შემოგვაპარეს, ხელში შემოგვაჩეჩეს ხიდაშელი და უსუფაშვილი! ივანიშვილის ფაქტორი, ალბათ, მაინც იმუშავებს, მაგრამ არა ისე, როგორც 2012-ში!
„ახალი თაობა“, 21 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ბიძინა ივანიშვილის მთავარი თავსატეხი დავით ნარმანიაა.. დავით სერგეენკო კი მთავრობაში ძლიერი რგოლია”
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში 2015 წლის პოლიტიკურ მოვლენებს აჯამებს. პოლიტოლოგი ხელისუფლების სუსტ და ძლიერ მხარეებზე საუბრობს.
„ამ წლის მიღწევად შეიძლება ჩავთვალოთ ვიზალიბელარიზაცია. ევროპისკენ ქვეყანამ ერთი ნაბიჯი გადადგა. ამის შეუფასებლობა და დაუნახაობა შეუძლებელია, მაგრამ ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის მნიშვნელობა დღეს ცოტა გაფერმკრთალებულია“, – ამბობს პოლიტოლოგი.
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ხელმომჭირნედ ცხოვრობს და საზღვარგარეთ წასვლის შესაძლებლობა არ აქვს. სულ სხვა დატვირთვა და მნიშვნელობა ექნებოდა მას, თუ რიგითი პენსიონერი შეძლებდა თავისი ფულით ლუვრის მოსანახულებლად წასვლას. არათუ პენსიონერი, ბევრი რიგითი ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდაც კი ვერ შეძლებს ამ სიკეთით სარგებლობას.
მიუხედავად ამისა, ექსპერტი არ აკნინებს ევროკავშირში, შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის მნიშვნელობას. „ეს არის პოლიტიკური მნიშვნელობის გადაწყვეტილება და ამას დიდი დატვირთვა აქვს. როდესაც პირველად ჩავა ევროპაში ადამიანი, ის სულ სხვა ემოციებით დაბრუნდება, სულ სხვა რეალობას აღმოაჩენს, თუნდაც ყოველდღიური ცხოვრების წესს ნახავს, როგორი უნდა იყოს“.
- ფანჯრიდან ნაგვის გადაყრასა და წითელზე გავლას გულისხმობთ?
- დიახ. ჩემს მაგალითზე შემიძლია გითხრათ – მანქანა ეზოში მიყენია და ყოველ დილით სიგარეტის ნამწვავებითაა სავსე. თუ ზაფხულია – პომიდვრებითა და დამპალი ხილით. ევროპელს სისხლში აქვს, რომ სიგარეტის ნამწვავი არათუ ფანჯრიდან არ მოისროლოს, თუ მოსაწევი ადგილი არ არის, იქ არც მოსწიოს. რაც შეეხება წითელ შუქნიშანზე გადასვლას, მანქანის ტროტუარზე დაყენებას, თუ შავ ჯიპზე ზიხარ, კაცი ხარ და თუ ფეხით გადაადგილდები, არაფერს წარმოადგენ. ეს მენტალიტეტი უნდა დავანგრიოთ. როდესაც ნახავ, რომ შეუძლებელია, ეს პარიზში გააკეთო, რომში გააკეთო, მერე, ალბათ, არც თბილისში გააკეთებ.
სოსო ცინცაძე უცხოეთში თავის პირველ წასვლას იხსენებს:
- პირველად ევროპაში კომუნისტური რეჟიმის დროს ვიყავი და ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ქუჩაში მოღიმარმა, მხიარულმა ადამიანებმა მოახდინეს. იქ მოხუცი ადამიანიც კი არ მინახავს შეწუხებული სახით. დარწმუნებული ვარ, გაივლის გარკვეული დრო და ეს მაინც იქნება ხელშესახები მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის.
- წლის უარყოფით მოვლენად რა შეგიძლიათ დაასახელოთ?
- ალეკო ელისაშვილის ბრალდება ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ. ეს ბრალდება, რანაირადაც არ უნდა გამოძვრეს ხელისუფლება, იქნება დიდი დაღი მისთვის. ეს არის სკანდალი, რომელიც სულ უფრო ღვივდება. ამიტომ ხელისუფლება უნდა ეცადოს, არათუ მიჩქმალოს, არამედ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ამომრჩევლებს არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეთ, მაგრამ აქეთკენ არ მიდის საქმე.
2015 წლის მეორე უარყოფით მოვლენად პოლიტოლოგი ლარის კურსის კატასტროფულს ვარდნასა და ცხოვრების გაძვირებას მიიჩნევს. „რა გააკეთა ამის საწინააღმდეგოდ ხელისუფლებამ – პენსია გაზრდა 10 ლარით, მაგრამ ეს მხოლოდ სასაცილოა იმ კურსთან შედარებით, რომელიც დღეს გვაქვს ლარის მიმართ“, – ამბობს სოსო ცინცაძე. მისთვის გამოცანად რჩება, პენსიონერები რითი ცხოვრობენ:
- ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ადამიანების იმედგაცრუება უნივერსალური მახასიათებელია, როდესაც მოსახლეობას მომავლის რწმენა აღარ აქვს და მხოლოდ საკუთარ სამზარეულოში, ჩაკეტილ სივრცეში ბუზღუნებს. ევროპაში ოდნავ ფასების ზრდაზეც კი ქუჩაში მილიონიანი მარშები იმართება. მთავრობაც და კერძო კომპანიებიც იძულებულები არიან, ამას ანგარიში გაუწიონ. ცივილიზებული პროტესტი, რომელიც ბრბოს ხალხის მასისგან განასხვავებს, ჩვენთან არ არსებობს.
- არაერთი ცივილიზებული პროტესტი იყო თბილისში...
- ეს იყო პოლიტიკური პროტესტი და არა, მაგალითად, ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფის წინააღმდეგ გამართული დიდი აქცია.
- ამ მთავრობის ყველაზე სუსტი რგოლი ვინ არის?
- დედაქალაქის მერი. უგულავა, როგორც მერი, არ ვარგოდა, მაგრამ მასზე უარესი მერი მოვიდა, მე ვგულისხმობ, როგორც მეურნეს. პირველ რიგში, ქალაქის მერი მეურნე უნდა იყოს და არა – პოლიტიკოსი, მან უნდა იცოდეს, რომელ ქუჩაზე რომელი მილი გადის. ნარმანია იქცა მთელი ხელისუფლების ყველაზე დიდ პრობლემად. დღეს ბიძინა ივანიშვილის მთავარი თავსატეხი ნარმანიაა.
სოსო ცინცაძეს არც საარჩევნო კანონმდებლობა მოსწონს:
- ვერა და ვერ შეძლო ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ვერც ერთმა მთავრობამ, რომ ქვეყანას ჰქონდეს კარგი საარჩევნო კოდექსი. ხომ არ შეიძლება, 30 წელი მუდმივი რეფორმების ფონზე ვიცხოვროთ. დღეს ხელისუფლება გვეუბნება, კარგია, მაგრამ ამ ცვლილებას 2020 წლისთვის განვახორციელებო.
- ძლიერი მინისტრი ვინ არის? ვის მუშაობას შეაფასებდით დადებითად?
- დავით სერგეენკოს მუშაობას შევაფასებდი დადებითად. შეიძლება ითქვას, ეს უკვე ტრადიციად იქცა, ყველა სერგეენკოს ასახელებს, მაგრამ ასეა ნამდვილად. ჯანდაცვის სამინისტრო დღეს მთავრობაში ძლიერი რგოლია. შეუძლებელია, ცე ჰეპატიტის პროგრამაზე არ გაამახვილო ყურადღება. ამ სიკეთით უამრავი ადამიანი გადარჩა, მაგრამ აქვე შეუძლებელია არ ვთქვა მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით.
- მედიკამენტის ფასს ხომ კერძო კომპანია ადგენს?
- ნუთუ არაფერი ბერკეტი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს წამლების კატასტროფული გაძვირების შესაკავებლად? მახსოვს, ბიძინა ივანიშვილმა სავსებით სამართლიანად როგორ შეუტია პეესპესა და ავერსის ხელმძღვანელებს, რომ როგორმე საფასო პოლიტიკა ყოფილიყო ადეკვატური. ასეთი მაღალი ფასები, წამლებზე რომ არის, არ მგონია, კიდევ სადმე იყოს. ეს ხომ ჩვენს მოსახლეობას აწვება, საუბარია მედიკამენტებზე და არა – ფუფუნების საგანზე. თუმცა ივანიშვილის შეძახილი მათთვის შეძახილად დარჩა. მე ვურჩევდი ჯანდაცვის მინისტრს – მას არ აძლევს კანონი ფასების რეგულირების შესაძლებლობას, მაგრამ მოითხოვოს კანონის შეცვლა.
„ახალი თაობა“, 21 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ კარლო კოპალიანთან: „ნაციონალებს“ ენდიაი-ს კვლევა კი არა, სამედიცინო კვლევაც ვეღარ უშველის“
რატომ ზეიმობდნენ ნაციონალები წინასწარ ენდიაის კვლევებს, რა ტიპის კვლევები სჭირდებათ მათ სინამდვილეში, რა ცოდვას აღიარებს „ქართული ოცნება“? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კარლო კოპალიანი ესაუბრება.
„რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ენდიაი მორიგი კვლევის შედეგებს 21 დეკემბერს გაასაჯაროებს. ნაციონალებმა წინასწარ მოაწყვეს ზეიმი და ხარობდნენ ჯერაც გამოუქვეყნებელი კვლევების შედეგებით. ბუნებრივია, იბადება კითხვა, რა უხაროდა ყოფილ ხელისუფლებას, შემთხვევით ერთმანეთთან ხომ არ არიან შეკრული ანდა წინასწარ ხომ არ მიაწოდეს მათ ინფორმაცია? ჩვენ, „ქართულ ოცნებას“, ამ კვლევების შედეგები არ გვაინტერესებს და არა მარტო იმიტომ, რომ არ ვენდობით. ვიცით, რომ ნაციონალებს ეს კვლევა ვერ უშველის. ისინი ცოტა სხვა ტიპის კვლევებს საჭიროებენ“, – ამბობს კარლო კოპალიანი.
- სხვა ტიპის კვლევაში რას გულისხმობთ?
- რას და სამედიცინო კვლევა სჭირდებათ მაგათ, თუმცა ეჭვი მეპარება, მაგანაც რაიმე შედეგი მოუტანოს. ენდიაის კვლევები ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, სამწუხარო ისაა მხოლოდ, რომ ეს ორგანიზაცია წარმოადგენს ამერიკას და ამ არაობიექტური შედეგების გამო მოსახლეობამ შესაძლოა ცუდი თვალით შეხედოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს.
- არჩევნების წინ ასეთი კვლევების გამოქვეყნება არჩევნების შედეგებზე გავლენას არ იქონიებს? ხშირად ისმის ისეთი მოსაზრებები, რომ ხალხს წინასწარ აგუებენ არჩევნების შედეგებს...
- რა გავლენა უნდა იქონიოს? 2012 წლის არჩევნების წინა პერიოდს გავიხსენებ, მაშინაც გამოქვეყნდა კვლევები. ნაციონალებს 60% ჰქონდა, ხოლო ჩვენ რაღაც საცოდავი პროცენტები დაგვიწერეს. შედეგი იყო რადიკალურად განსხვავებული. აქედან გამომდინარე, ენდიაის სანდოობის კოეფიციენტი გაუტოლდა ნულს.
- იმას ხომ ვერ უარყოფთ, რომ მმართველი გუნდის რეიტინგი მკვეთრად დაეცა?
- ვარდნა იყო, მაგრამ მკვეთრად არ დაცემულა. ჩვენი პოპულარობის კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ამდენს ლაპარაკობს. ჩვენ არ ვართ ის ძალა, რომელიც ყოფილი ხელისუფლების მეთოდებით მართავს ქვეყანას. ხალხს, ალბათ, ეგონა, რომ ჩამოვუვლიდით და ნაციონალებს გავუშვებდით ციხეში.
- ხალხს რატომ ეგონა, დაპირება გქონდათ, რომ სამართლიანობას აღადგენდით...
- კი ბატონო, დავპირდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას ციხეში შევყრიდით. უამრავი სარჩელია შესული პროკურატურაში და ამ საქმეებს გამოძიება სჭირდება. 3 წელი საკმარისი არ აღმოჩნდა ამ საქმეების შესასწავლად, მაგრამ წინ კიდევ არის დრო და გამოძიება გაგრძელდება. დამნაშავეები აუცილებლად აგებენ პასუხს. ჩვენ გამოძიების შედეგებს ველოდებით და ესაა, ჩვენს რეიტინგს რომ ამცირებს. „ნაციონალებისთვის“ დედა რომ გვეტირა, სხვანაირად იქნებოდა საქმე, მაგრამ ეს გზა რომ აგვერჩია, „ნაცმოძრაობა-2“ ვიქნებოდით. ესაა ჩვენი მინუსი, სხვა მხრივ კარგად მიდის საქმეები. ჩვენს ხელისუფლებას სწორი კურსი რომ არ ჰქონოდა, ვიზალიბერალიზაციას ვერ მივიღებდით. ეს დიდი წარმატებაა, რომელიც დედამიწის ზურგზე ორ სუბიექტს ეწყინა. ესენი არიან „ნაცმოძრაობა“ და პუტინი.
- პუტინს, ალბათ, მართლაც ეწყინებოდა, მაგრამ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს რატომ უნდა სწყენოდათ?
- ამ პარტიის ლიდერები ჩადიოდნენ ევროსტრუქტურებში და იხვეწებოდნენ, საქართველოს არ მისცეთ ვიზალიბერალიზაციის პროგრამაო.
- თქვენი კოლეგა „ნაცმოძრაობიდან“ კობა სუბელიანი ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველომ სააკაშვილის მიერ გატარებული რეფორმების წყალობით მიიღო. ამაზე რას იტყვით?
- კობა სუბელიანის განცხადებაზე როგორ შეიძლება კაცმა სერიოზული კომენტარი გააკეთოს. სუბელიანი 4 წელი იყო მინისტრი და ამ პერიოდის განმავლობაში 4 კაცს არ შეხვედრია. ახლა ამ წარმატების მიღწევის დაბრალება მოინდომეს, მათი ნამუშევარი რაც იყო, ზემოთ მოგახსენეთ. დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი იხვეწებოდნენ, უვიზო მიმოსვლა არ მისცეთ საქართველოსო. ბოლო პერიოდში მათ ჩიორაც დაემატა. ჩვენდა საბედნიეროდ. ევროპა თეთრსა და შავს კარგად არჩევს და ამათ პროვოკაციებს არ აჰყვნენ.
- აკო მინაშვილიც უვიზო მიმოსვლას უშლიდა ხელს, პარლამენტის სხდომაზე რომ მოუშალეთ ნერვები?
- მხედველობაში თუ ის გაქვთ, რომ ვკითხე, დედა გყავს-მეთქი, ეგ სხვა ამბავია. მინაშვილი სანამ რამეს იტყოდა, გამოვიდა სერგო რატიანი და `ქართული ოცნება~ პატიმრების წამებაში დაგვადანაშაულა. მის შემდეგ გამოვიდა აკო, რომელიც კონტექსტიდან ამოვარდნილი კაცია და ვირტუალურად ლაპარაკობს ხოლმე. ზოგჯერ საოცარ სისულელეს იტყვის და ამიტომაც ვკითხე: დოქსოპულო, შენ დედა გყავს? ეს კაცი ვერ მიხვდა, რას ვეკითხებოდი და გაჩუმდა. სამაგიეროდ, გამოვარდა დავით დარჩიაშვილი და განაცხადა, კარლო კოპალიანი ილანძღებაო. ლანძღვა არ არის ის სიტყვა, რაც მაგათ ჩემგან ეკუთვნით. 2011 წლის 26 მაისს სისხლში ჩამახრჩვეს კინაღამ და ამაზე ხმა არ ამოუღია არავის. მაგათ ჩემგან ბევრი რამ ეკუთვნით, მაგრამ პატივს ვცემ დეპუტატის მანდატს და ვცდილობ, კორექტული ვიყო. ამ კორექტულობის ფარგლებში ვიჯექი, როცა დოქსოპულოს დედა მოვიკითხე.
- ნაციონალებს შევეშვათ და სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მივხედოთ. არჩევნების წინ კიევის ყოფილმა მერმა ჩერნოვეცკიმ ახალი პარტია დააფუძნა, საარჩევნოდ, ალბათ, კიდევ რამდენიმე გაერთიანებას ვიხილავთ. მათგან თუ შეგექმნებათ რაიმე სერიოზული პრობლემები?
- ამ ახალ ძალებს სერიოზულად არ აღვიქვამ და არა იმიტომ, რომ ვინმეს ვაკნინებ. ქვეყანას სერიოზული წარმატებები აქვს და სწორი გზით მიდის. ამას ხალხი ხედავს და არჩევნებზეც სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებს. შედეგი კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნებოდა, შინაურ და გარეულ მტრებს რომ არ შეეშალათ ხელი. გარეშე მტერი არასდროს გვაკლდა, მაგრამ ბოლო ხანებში შინაური მტერი უფრო მოგვიმრავლდა. მათ ბევრი ცუდი რამე გაგვიკეთეს, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს, 2016 წლის ბოლოს კი საერთოდ არაფრის გაკეთება აღარ შეეძლებათ.
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ 2016 წლის არჩევნების შემდეგ ნაციონალები საერთოდ გაქრებიან პოლიტიკური სცენიდან. მათთან ერთად გაქრება მათ მიერვე დაქირავებული აგენტურა.
- რა აგენტურაზე საუბრობთ?
- ნაციონალების დაქირავებულ და დავერბოვკებულ ევროპელი პოლიტიკოსების ერთ ნაწილზე. ყველაზე აღმაშფოთებელი ის გახლავთ, რომ ანტისახელმწიფოებრივ საქმეებს ნაციონალები სახელმწიფოს კუთვნილი თანხებით აკეთებენ.
- ეს როგორ გავიგოთ?
- ეს ნაციონალები, როგორც დეპუტატები, აქეთ-იქით სახელმწიფოს ხარჯზე დადიან. 2016 წლის არჩევნების შემდეგ ეს ფულიც აღარ ექნებათ, არც დეპუტატის მანდატი ედებათ ჯიბეში და ერთი ვნახავ მერე, ვინ მოუსმენს მაგათ. დამიჯერეთ, სულ გაქრებიან.
- თქვენ მათი გაქრობის იმედი გაქვთ, ყოფილი ხელისუფლებაც იმავეს ამბობს „ქართულ ოცნებაზე“. კაკო ბობოხიძე პირობას დებს, რომ კოალიციას მოკვეთს ქართული პოლიტიკიდან...
- მე თუ მკითხავთ, ეგ ადამიანი პარლამენტში საერთოდ არ უნდა იყოს. ის დემაგოგიური გამოსვლებით გამოირჩევა. ისეთ სახეს მიიღებს, თითქოს აღარ ახსოვს, ვინაა და თავი ფრთიან ანგელოზად ეჩვენება. ახია ჩვენზე. ასეთ რამეებს რომ გვეძახის. ჩვენ მას ერთი წლის წინ გინება შევარჩინეთ. ეს არ უნდა გადაგვეყლაპა.
- აბა, რა უნდა გექნათ?
- რა უნდა გვექნა და პარლამენტში არ უნდა შემოგვეშვა.
- პოლიტიკიდან გაქრობაზე რას იტყვით? კაკო და მისი თანამებრძოლები ამტკიცებენ, „ოცნება“ გაქრებაო...
- არ გავქრებით, არა. ყოფილ ხელისუფლებას ჩვენი პოლიტიკიდან გაქრობა ერთადერთი გზით შეუძლია. ეს ხელისუფლების დამხობაა.
- დამხობასა და უკანონობაზე არ წავალთო, ამბობენ...
- ხალხს ვერ აგროვებენ, თორემ უკან არ დაიხევდნენ. ბოლო აქციაზე 5.000 კაცი ძლივს გამოიყვანეს, მათაც 50-50 ლარი დაურიგეს. მათ მიერ ჩვენი გაქრობა ზღაპარია და ეს ზღაპრები ოჯახის წევრებს უამბონ. მინდა დავამშვიდო ისინი და ვუთხრა, რომ არჩევნებისთვის საგულდაგულოდ ვემზადებით და მალე ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთვება.
- რა ფორმით ჩაერთვება? იქნება სიაში?
- არა, სიაში არ იქნება, ის, უბრალოდ, ჩვენი ლიდერი იქნება. მას ხალხში უზარმაზარი ავტორიტეტი აქვს და ამ არჩევნებს ისევ ჩვენ მოვიგებთ.
- ნაციონალები ამბობენ, რომ სწორედ არჩევნების მოსაგებად გააერთიანეთ მთელი რიგი საარჩევნო ოლქები. რანაირად შეიძლება, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთს ერთი მაჟორიტარი ჰყავდეს?
- როგორც ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს, ეს ამბავი თავიდან არც მე მესიამოვნა, მაგრამ, თუ სამართლებრივი სახელმწიფო გვინდა, მაშინ ასე უნდა მოვიქცეთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანის თანასწორი საარჩევნო ხმა ჰქონდეს. არ შეიძლება, 100.000 კაციც და 10.000 კაციც ერთ მაჟორიტარს ირჩევდეს. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.
- სამართლიანობა გასაგებია, მაგრამ რანაირად უნდა ჰყავდეთ სვანებს, ლეჩხუმელებსა და რაჭველებს ერთი მაჟორიტარი?
- მაშინ ასე დავსვამ კითხვას: თუ რამდენიმე რაიონი ერთ გუბერნიაში შეიძლება იყოს გაერთიანებული, რატომ არ შეიძლება, საპარლამენტო წარმომადგენელიც ერთი ჰყავდეთ? ძალიან კარგად შეიძლება.
- მე მაინც მგონია, რომ არ შეიძლება. დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის საერთო მაჟორიტარმა რომელი რაიონის პრობლემებზე უნდა იფიქროს?
- ამ პრობლემებზე მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პროგრამა იფიქრებს. ადგილობრივ თვითმმართველობებში მოვახერხეთ დიდი რეფორმები და ისინი მიხედავენ ამ პრობლემებს.
- მაჟორიტარმა რა უნდა აკეთოს?
- დეპუტატი ჩართული იქნება საკანონმდებლო საქმიანობაში.
„კვირის პალიტრა“, 21 დეკემბერი, 2015 წელი
აფხაზური “არმია” რუსეთმა გადაყლაპა
ირაკლი ალადაშვილი
“მავრმა გააკეთა თავისი საქმე, მავრს შეუძლია წავიდეს”, – ალბათ, სხვა სიტყვებით არ შეიძლება ითქვას ის, რაც აფხაზურ “არმიას” კრემლმა გაუკეთა – მან “ჯარების გაერთიანებულ დაჯგუფებაში” შეყარა ის აფხაზები, რომლებიც დღემდე ქართულ არმიაზე გამარჯვებით ამაყობენ.
აფხაზებმა კარგად იციან, რომ 1992 წელს მოსკოვმა ქართველებსაც და აფხაზებსაც თითქმის ერთ დღეს მოგვცა ათასობით ავტომატი და ასიათასობით ვაზნა, რომ ერთმანეთისთვის არ დაგვეშურებინა.
დღეს, როდესაც მოსკოვს უკვე მოპოვებული აქვს სამხედრო-პოლიტიკური პლაცდარმები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აღარც ე. წ. სამხრეთ ოსეთის “არმია” სჭირდება და არც აფხაზური, რადგან მათ თავიანთი ფუნქცია შეასრულეს, როდესაც რუსეთი ცდილობდა მთელი მსოფლიოსთვის დაენახებინა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მედგარ წინააღმდეგობას სწორედ აფხაზური და ოსური “არმიები” უწევდნენ. ამით რუსეთი ამ ომებში თავისი ღრმა ჩართულობის მიჩქმალვას ცდილობდა (ანალოგიურ სცენარს დღეს უკრაინაში, დონბასში იყენებს). დასავლეთმა ეს დაიჯერა ან თავი მოიკატუნა, თუმცა ყველა შემთხვევაში რუსულმა ხერხმა გაჭრა, რის შედეგსაც მალე მოიმკის დასავლეთი, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში.
აფხაზურმა “არმიამ” თავისი მისია შეასრულა და როგორც ცხინვალელი სეპარატისტების “არმია”, ისიც რუსული სამხედრო ბაზის უმნიშვნელო ელემენტი გახდება, რომელიც დროთა განმავლობაში საერთოდ გაქრება. რუსეთის ხელისუფლება არ შეეგუება, რომ ოკუპირებულ საქართველოს ამ ორ რეგიონში იარაღზე, მით უმეტეს, საბრძოლო ტექნიკაზე, მისი სამხედროებისა და მესაზღვრეების გარდა, ხელი კიდევ ვინმეს მიუწვდებოდეს, მით უფრო, რომ ოსებსა და აფხაზებს ქართველებზე გამარჯვების სინდრომი მოსვენებას იმდენად არ აძლევს, რომ მფარველი რუსი გენერლებიც კი გააღიზიანეს. რუსეთის სპეცსამსახურები ყოველნაირად ცდილობენ, აღკვეთონ შეიარაღებული ინციდენტები საოკუპაციო ბაზების სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს და შეიარაღებულ ოსებსა და აფხაზებს შორის, მით უმეტეს, თუკი ეს შეიარაღებული აფხაზები და ოსები რომელიმე ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებში არიან გაწევრებული.
ასე რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჯერ ოსური, შემდეგ კი აფხაზური “არმიები” გადაყლაპა, რაც სეპარატისტების სხვა სტრუქტურების ხვედრიც არის.