globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 22 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 22nd, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“, 22 იანვარი, 2015 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „რუსეთი და ირანი სამხედრო ალიანსს ქმნიან… ვითარება კარგს არაფერს გვიქადის“

იაგო ნაცვლიშვილი

(შემოკლებით)

რეალურად რუსეთ-ირანის ამ შეთანხმებით ანტიამერიკული ალიანსი იქმნება”, – ასე ეხმაურება სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ირანსა და რუსეთს შორის გაფორმებულ სამხედრო ხელშეკრულებას. მისი აზრით, ჩანაფიქრია, რომ ამ ალიანსმა კონკურენცია ნატოს უნდა გაუწიოს. ექსპერტი ამბობს, რომ რუსეთ-ირანის თანამშრომლობა სიტუაციას რეგიონშიც დაძაბავს, რამაც შესაძლოა გარკვეული საფრთხე საქართველოსაც შეუქმნას. შეთანხმების დოკუმენტს ხელი თეირანში რუსეთისა და ირანის თავდაცვის მინისტრებმა მოაწერეს.

შეთანხმება მოიცავს სამხედრო თანამშრომლობას, დელეგაციების ინტენსიურ გაცვლას, საშტაბო მოლაპარაკებას, წვრთნებზე დამკვირვებლების გაგზავნას, სამხედრო კადრების მომზადებას, სამშვიდობო და ანტიტერორისტული საბრძოლო გამოცდილების გაზიარებას და რუსეთისა და ირანის პორტებში სამხედრო ხომალდების შეყვანას. “ზოგადად მსოფლიოში და კერძოდ, რეგიონში განვითარებული მოვლენები მოითხოვს ძლიერი რუსეთისა და ძლიერი ირანის ერთობლივ ქმედებებს საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში”, განაცხადა ირანის ტავდაცვის მინისტრმა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კი ასეთი განცხადება გააკეთა: “ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები და საფრთხეები რეგიონში, რომელსაც მხოლოდ ერთობლივად დავუპირისპირდებით“.

ვახტანგ მაისაია: რეალურად რუსეთ-ირანის ამ შეთანხმებით ანტიამერიკული ალიანსი იქმნება. ეს ალიანსი პირდაპირ არის მიმართული ამერიკის წინააღმდეგ. სხვათა შორის, ოდნავაც არ დაუმალავთ და პირდაპირ თქვეს, რომ ალიანსს ქმნიან და სამხედრო სფეროში ყველა მიმართულებით ითანამშრომლებენ – როგორც სამხედრო-სამრეწველო კუთხით და ჯარისკაცების მომზადების თვალსაზრისით, ისე შეიარაღების მიმართულებითაც. ახლა, როცა ამერიკასა და რუსეთს შორის პრაქტიკულად ცივი ომი მიმდინარეობს, რუსეთი ირანთან თანამშომლობას აძლიერებს. საუბარია, რომ მომავალში ალიანსის შემადგენლობა გაიზრდება. საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლების ანტიდასავლური სენტიმენტით გამოირჩევიან, მაგალითად, ჩინეთი, არის სხვა ქვეყნებიც.

რუსეთი და ირანი აპირებენ, რომ ბაშარ ასადის რეჟიმს სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ, ანუ შეიქმნას ღერძი თეირანი -მოსკოვი-დამასკო. ამით დასავლეთი ყოველგვარ ბერკეტს კარგავს, რომ ასადის რეჟიმი დამხოს. მეორე მხრივ, მათ ჰყავთ კიდევ ერთი მტერი ისლამური ხალიფატის სახით და ქვეყნების მასთან სარძოლველადაც გაერთიანდნენ. იცით, რომ ობამას ეგიდით ტერორიზმთან საბრძოლველად შეიქმნა ანტიისლამური კოალიცია. რუსეთი და ირანი კი ამას სრულად ემიჯნებიან და ამ მიმართულებით ცალკე ფრონტის გახსნას აპირებენ, მათ შორის თალიბანთან საბრძოლველადაც.

შეკითხვა: ირანისა და რუსეთის თანამშრომლობასაქართველოზე თუ იქონიებს გავლენას?

ვახტანგ მაისაია: როგორც გითხარით, ქვეყნების იარაღის მიწოდების კუთხითაც ითანამშრომლებენ. მაგრამ არის ერთი მომენტი – იგეგმება რეგიონში გარკვეული ცვლილებებიც – კერძოდ აფხაზეთსა და ცხინვალში რუსული სამხედრო კონტინგენტის გაძლიერება. ეს რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზე გავლენას მოახდენს. უკრაინის ამბები, რომ უკვე ხარკოვის შევიწროება ხდება, ამის გამოძახილია. როგორც კი უკრაინის ტერიტორია ხელში ჩაიგდეს სეპარატისტებმა, მაშინვე დაიყეს არეალის გაფართოება და ბრძოლის ეპიცენტრმა ხარკოვის მიმართულებითაც გადაინაცვლა – ამით რეგიონში სახიფათო სიტუაცია იქმნება. რუსეთი, ერთი მხრივ უკრაინაში აგრძელებს აგრესიას, მეორე მხრივ, სირიაში ასადის რეჟიმს ეხმარება. ამით საქართველოს გარშემო იქმნება საკმაოდ რთული და მძიმე რკალი. კონკრეტულად რა საფრთხე დაგვემუქრება, ახლა ამის განსაზღვრა რთულია, მაგრამ ვითარება კარგს არაფერს გვიქადის“.

რეზონანსი“, 22 იანვარი, 2015 წელი

ელექტროენერგიის იმპორტმა რეკორდი მოხსნა: ყველაზე მეტი ელეტროენერგია რუსეთიდან შემოვიტანეთ

მაკა ხარაზიშვილი

(შემოკლებით)

სტატიაში გადმოცემულია საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგში შექმნილი ვითარება.

„2014 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა და 793,3 მილიარდ კილოვატს მიაღწია – ბოლო რვა წელიწადში ამ ოდენობის ელექტროენერგია მეზობელი ქვეყნებიდან არ შემოგვიტანია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ყველაზე დიდ ჰიდროელექტროსადგურში – ენგურჰესში – მცირე ნალექების გამო, ელექტრონერგიის გამომუშავება შემცირდა.

საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარ იმპორტიორ ქვეყნად ჩრდილოელი მეზობელი რჩება – რუსეთისაგან 607 მილიონი კილოვატი ელექტრონერგია ვიყიდეთ, აზერბაიჯანისაგან კი – 184 მილიონი კილოვატი“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

რეზონანსი“, 22 იანვარი, 2015 წელი

სომხური ეპარქია იუნესკოსთვის 450 ტაძრის მოთხოვნას უარყოფს

სალომე სარიშვილი

(შემოკლებით)

რუსული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სომხეთმა იუნესკოს (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაცია) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 450 ეკლესიის სომხეთის ეპარქიის კუთვნილ ტაძრებად აღიარების თხოვნით მიმართა, საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიაში არ ადასტურებენ და “აბსოლუტურ ტყუილს” უწოდებენ. როგორც საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა ლევონ ისახანიანმა განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად რუსულმა გამოცემა “ვესტი კავკაზამ” გაავრცელა, რასაც სომხური ეპარქიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. ისახანიანის თქმით, ეპარქიამ გამოცემას წერილი მისწერა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და აღნიშნული წერილის გამოქვეყნება სთხოვა, თუმცა უშედეგოდ – გამოცემამ წერილი არ დაბეჭდა.

ლევონ ისახანიანი: „ეს არის სრული ტყუილი, სომხურ მხარეს იუნესკოსთვის მსგავსი სახის თხოვნით რომ მიემართა, ეს ჩვენ გარეშე ვერ მოხდებოდა. თავდაპირველად ეს დეზინფორმაცია “ვესტი კავკაზამ” ადგილობრივ ჟურნალისტზე დაყრდნობით გაავრცელა. ჩვენ მაშინვე მოვახდინეთ რეაგირება და მათ მივწერეთ პასუხი, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ჩვენი წერილის გამოქვეყნება ვთხოვეთ, თუმცა მათ წერილი არ გამოქვეყნეს. შემდეგ წერილი რუსულ სააგენტო “რეგნუმს” გავუგზავნეთ. მათ მართლაც გაავრცელეს წერილი, სადაც ეწერა, რომ იუნესკოსთვის მიმართვის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. საქართველოს ხელისუფლებას თხოვნით მართლაც მივმართეთ, რათა ჩვენი ჩამორთმეული ტაძრები, მათი ნანგრევები, გაქართულებული ტაძრები და ის ტერიტორიები, სადაც ადრე ტაძრები იყო განლაგებული და შემდეგ დაინგრა, დაებრუნებინათ ისევე, როგორც დაუბრუნდა მართლმადიდებელ ეკლესიას. ვიღაცებმა კი უბრალოდ აიღეს და დეზინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს სომხეთის ხელისუფლებამ იუნესკოს მიმართა.

(…)

“ეს საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი საქმეა და სომხეთის ხელისუფლება აქ არაფერ შუაშია. ზოგადად, ეს საკითხი არ შედის იუნესკოს კომპეტენციაში, შესაბამისად, არც პროცედურა არ არსებობს. ვფიქრობ, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოს და სომხეთის საერთო მტრების სურვილს წარმოადგენს. რაც შეეხება მიზანს, ამ კითხვით სჯობს მათ მიმართოთ, ვინც მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია გაავრცელა, რადგან მათ ჩვენი პასუხიც კი არ გამოაქვეყნეს“.

რასაკვირველია, მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც ავრცელებს ამ დეზინფორმაციას. სამწუხაროა, რომ ქართულმა მედიასაშუალებებმაც გაავრცელა ეს დეზინფორმაცია, ისევე როგორც ქართულმა სამთავრობო ვებ-საიტმაც. ეს მხოლოდ მათ არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს, ვინაიდან ჩვენთვის არც კი უკითხავთ, ინფორმაცია ისე გაავრცელეს… რა თქმა უნდა, დასაშვებია მსგავსი ტიპის დეზინფორმაციამ რელიგიურ ნიადაგზე გარკვეული სახის დაპირისპირება წარმოშვას. საზოგადოებას ნებისმიერი ტიპის დეზინფორმაცია ვნებს.

Comments are closed