globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 22 იანვარი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jan 22nd, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: სოციალური მოთხოვნების არჩევნები // „თუ ხალხმა ჭკუა ვერ ისწავლა, რომ წინასაარჩევნო დაპირებების ფასი ნულია, მაშინ შესაცოდიც აღარ ყოფილა»

რეზონანსი: ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „კოალიციაში ჩვენი დაბრუნება თითიდან გამოწოვილი თემაა”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ბიძინა ივანიშვილის გარეშე კოალიციას ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდება“

„ალია“: ინტერვიუ ზაზა  ხატიაშვილთან: „მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი არსად წასულა და გარიგებაშია ბიძინას ფეოდალურ ხელისუფლებასთან“ // რა სიურპრიზს უმზადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობას?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან: „ფინანსური ვითარება შეიძლება გაუარესდეს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „გაზპრომთან“ საიდუმლო მოლაპარაკება აშშ-მა და ევროკავშირმა ჩაშალეს… მოსკოვი აფხაზეთსა და ცხინვალს საკუთარი ხელით დაგვიბრუნებს”

რეზონანსი: საქართველოში გაზსაცავი უცხოურმა კომპანიამ არ უნდა ააშენოს // “თუკი საცავის ოპერირებას კერძო კომპანია განახორციელებს, მაშინ გაზის ღირებულება 30%-ით მოიმატებს”

რეზონანსი: ექსპორტის კლების ლიდერები: ღვინო, წყლები, ავტომობილები

—————————-

რეზონანსი“, 22 იანვარი, 2016 წელი

სოციალური მოთხოვნების არჩევნები

თუ ხალხმა ჭკუა ვერ ისწავლა, რომ წინასაარჩევნო დაპირებების ფასი ნულია, მაშინ შესაცოდიც აღარ ყოფილა

თაკო მათეშვილი

სამუშაო ადგილების შექმნა, ლარის კურსის დასტაბილურება, წამლებისა და პროდუქტების გაიაფება, დასაქმებულთა უფლებებზე ზრუნვა – საარჩევნოდ საზოგადოების მოლოდინი უცვლელია – მათი მოთხოვნები კვლავ სოციალური პრობლემების მოგვარებას ეხება. თუმცა, ხალხში პოლიტიკოსების საარჩევნო დაპირებებისადმი სკეპტიკური განწყობაა.

სწორედ ამ განწყობის გამო პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებს ხალხის მობილიზება და საარჩევნო უბნებზე მიყვანა გაუჭირდებათ. ამბობენ, რომ ელექტორატში გამეფებული იმედგაცრუება არჩევნების მსვლელობის პროცესზეც აისახება და შედეგებზეც. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ხალხისათვის მტკივნეული ეკონომიკური პრობლემებია. პირველ რიგში კი, უმუშევრობა. შესაბამისად, დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური პარტიები თავიანთ საარჩევნო პროგრამას სწორედ ამ თემებზე დაპირებებით ააგებენ.

ხელისუფლება კი, სოსო ცინცაძის აზრით, შეეცდება ხალხი დაარწმუნოს, რომ განვლილი 4 წლის განმავლობაში უამრავი რამ გააკეთა და ყველაფერი კარგადაა:

“ხელისუფლება ახლაც არწმუნებს ხალხს, რომ ყველაფერი კარგადაა და საქართველოში 100-ზე მეტი საწარმო აშენდა. დავიჯერო საქართველოს ტერიტორია იმხელაა, რომ თბილისში ვერ გავიგოთ რამდენი საწარმო გაიხსნა ხაშურში ან ზუგდიდში? ამიტომ, ეს საკითხები უკვე აღარავისთვისაა საინტერესო. სიმართლეს მაინც არავინ არ ამბობს. მერამდენედ უნდა ვიქცეთ მოტყუების ობიექტად. არ მგონია ხალხი კიდევ რამე სიკეთეს ელოდებოდეს. თუ ასეა, მაშინ აღარ ვიცი ჩვენს საზოგადოებაზე რაღა ვიფიქრო. თუ ხალხმა ჭკუა ვერ ისწავლა და ვერ გაიგო, რომ წინასაარჩევნო დაპირებების ფასი ნოლია, მაშინ შესაცოდიც აღარ ყოფილა,” – ამბობს სოსო ცინცაძე.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ საზოგადოებაში სოციალური პრობლემების მოგვარების გარდა, ძლიერი ოპოზიციის შექმნაზეცაა დაკვეთა. ამისათვის კი, მისი თქმით, არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანებაა საჭირო: “ისე არ უნდა იყოს, რომ 200 პარტია მივიღოთ 250 ლიდერით, როგორც დღესაა. დიდი ხანია ხალხი ითხოვს, რომ ისინი ერთი ლიდერის ირგვლივ გაერთიანდნენ, მაგრამ ამაოდ”, – დასძენს სოსო ცინცაძე.

2016 წლის არჩევნებს “ქართული ოცნების” ტესტს უწოდებს პოლიტოლოგი, “საქართველოს განვითარების ფონდის” წარმომადგენელი ხათუნა ლაგაზიძე და ამბობს, რომ თუკი ხელისუფლება მის გაყალბებას გადაწყვეტს, ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.

მომავალი საპარლამენტო არჩევნები, მისი აზრით, ხმაურით ჩაივლის, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ძალიან სუსტია. ამ კუთხით, 2016 წლის არჩევნებს იგი “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში ჩატარებული არჩევნებს ადარებს, როდესაც “ოპოზიცია იმდენად სუსტი იყო, რომ ხელისუფლებისთვის რეალური კონკურენციის გაწევა არ შეეძლო”.

ხათუნა ლაგაზიძის აზრით, “ნაციონალების” მთავარი პრობლემა სწორედ სუსტი ოპოზიცია იყო, რომელიც ხელისუფლების კონტროლს ვერ ახერხებდა. მისი თქმით, დღესაც სწორედ ასეთი სიტუაციაა.

“თუმცა, დღევანდელი ხელისუფლების მთავარი პრობლემა საკუთარი თავია. მომავალ არჩევნებში ხელისუფლება კი არ მოიგებს, არამედ ოპოზიცია წააგებს. არჩევნებს მოიგებს ის, ვინც შეძლებს, საარჩევნო უბნებთან რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მიიყვანოს. აპათია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გაძლიერდა, ამომრჩევლის პასიურობას უწყობს ხელს. რაც უფრო ნაკლები ამომრჩეველი მივა არჩევნებზე, გაყალბების ალბათობა მით უფრო მაღალია “, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

“რეზონანსი” შეეცადა საზოგადოების განწყობა 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებული მოლოდინებისა და მოთხოვნების შესახებ რიგითი მოქალაქეებისგან შეეტყო. ბევრი ჩვენმა კითხვამ გააღიზიანა კიდეც და განაცხადა, რომ არჩევნებისგან არანაირ სიახლეს არ ელიან, რომ იმედი ბევრჯერ გაუცრუვდათ და დარწმუნებულები არიან, ახლაც ასე მოხდება. ისინი კი, ვინც ჩვენთან გასაუბრებას დათანხმდა, მომავალ არჩევნებში გამარჯვებულებს სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას სთხოვენ.

რიმა ხორბალაძე: “რომ გითხრათ არჩევნებისგან რამე ახალს და კარგს ველით მეთქი, მოგატყუებთ. 56 წლის ვარ, უამრავი არჩევნები გამოვიარე და ვისწავლე, რომ პოლიტიკოსების დაპირებები სულ ტყუილია. ამიტომ, თუკი ჩემს ცხოვრებაში რამის შეცვლა მინდა, ამისათვის არჩევნებს აღარ ველოდები.”

თენგო ლორთქიფანიძე (26 წლის, ბანკის თანამშრომელი): “პირადად ჩემი მოთხოვნა პოლიტიკოსებისადმი ისაა, რომ დასაქმებულების უფლებებზე მეტად იზრუნონ. თავის დროზე “ქართულ ოცნებას” ამასთან დაკავშირებით კარგი დაპირებები ჰქონდა და ხმაც მაგიტომ მივეცი, მაგრამ არაფერი შეცვალეს. დამსაქმებლები დღესაც მონათმფლობელებივით იქცევიან. დასაქმებულს კი მხოლოდ ის დარჩენია, რომ მათ ნებას უსიტყვოდ დაემორჩილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში უმუშევარი დარჩება. იძულებულია აიტანოს არაადამიანური პირობები, შესასრულებელი სამუშაოს მატება მაშინ, როცა ანაზღაურებას არ უმატებენ და ა.შ. აღარაფერს ვამბობ სტაჟიორებზე. ეს საკითხი ვინმემ უნდა მოაგვაროს. ამიტომ, პირადად მე, არჩევნებზე იმ პარტიას მივცემ ხმას, ვინც ამ პრობლემის მოგვარების მკაფიო გარანტიას მოგვცემს.”

მერაბ სუთიძე (37 წლის, ინჟინერი): “ოჯახში ოთხი ზრდასრული წევრი ვართ და აქედან მხოლოდ მე ვმუშაობ. რა თქმა უნდა, მთავარი მოთხოვნა სამუშაო ადგილების შექმნაა. თუმცა, ამის იმედი და მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს. უმუშევრების პრობლემების მოგვარებაზე პირობას ყველა არჩევნების დროს დებენ, მაგრამ არაფერი იცვლება.”

ლალი ქოიავა (51 წლის, პედაგოგი): “რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური პრობლემებია. ლარის კურსის გამო ყველაფერი ძვირდება, ჩვენი შემოსავალი კი არ მატულობს. აი ესაა ის, რაზეც მთავრობა ენერგიას უნდა ხარჯავდეს. ამის ნაცვლად, ძირითადად ერთმანეთის ლანძვით და შიდა თუ გარე ინტრიგებით არიან დაკავებულები. კარგი იქნება თუ წინასაარჩევნოდ მაინც გაითვალისწინებენ, რომ ჩვენ, უბრალო ხალხს მათი კინკლაობა, ურთიერთბრალდებები და პოლიტიკური განცხადებები არ გვაინტერესებს. ჩვენ ის გვინდა, რომ რეალური პრობლემები მოგვარებაზე ილაპარაკონ. ეს თქვენ, ჟურნალისტებსაც გეხებათ. გადაცემებში მარტო იმაზე ლაპარაკობენ, რა უწოდა ერთმა პოლიტიკოსმა მეორეს და მეორემ რა უპასუხა, ვინ ვისთან შეკრავს კოალიციას და გამოვა თუ არა პრეზიდენტი სასახლიდან. ამ უაზრო თემების განხილვაში გაგყავთ დრო, ხალხი კი უყურადღებოდ ვრჩებით.”

სოფო ფირცხელანი (33 წლის, დეკორატორი): “მე პირადად არჩევნებზე მისვლას აღარ ვაპირებ, რადგან მივხვდი, რომ არანაირი აზრი არ აქვს. 2012 წელს არჩევნებზე დიდი იმედით წავედი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ივანიშვილი დაპირებების ნახევარს მაინც შეასრულებდა. ვერ წარმოვიდგენდი, თუ 2012-შიც ასე გაგვიცრუვდებოდა იმედები. ასე რომ, წელს ნამდვილად აღარ წავალ. აღარავინაა ისეთი, ვისაც ვენდობი. სხვათა შორის, ასეთი განწყობა ბევრს აქვს. დარწმუნებული ვარ არჩევნებზე ძალიან ცოტა ხალხი მივა.”

გეგი ჯიოევი (41 წლის, დისტრიბუტორი): “ქვეყანაში სიღარიბეა, ლარი ისე გაუფასურდა, ხელფასი აღარაფერში მყოფნის, წამლები და პროდუქტი სულ უფრო და უფრო ძვირდება, ხალხი უმუშევარია. ამ ყველაფრის მოგვარებას ველი და ვითხოვ მთავრობისგან. იმედია, არჩევნებში გამარჯვებულები ცოტათი მაინც ეცდებიან მდგომარეობა შეგვიმსუბუქონ. თუმცა, ისიც ვიცი, რომ სავარძლიდან ხალხის გაჭირვება კარგად არ ჩანს.”

რეზონანსი“, 22 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „კოალიციაში ჩვენი დაბრუნება თითიდან გამოწოვილი თემაა”

სალომე სარიშვილი

“თავისუფალი დემოკრატების” მიზანია, არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მივიღოთ. ამისათვის კი ჩვენი ძალების მობილიზებას ვახდენთ და აქტიურად ვმუშაობთ”, – აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე და დასძენს, რომ პარტიის კვლავ კოალიციის რიგებში ხილვა აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი თემაა. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, საარჩევნო გარემო აბსოლუტურად დამოუკიდებელი და თავისუფალი იყოს. ზურაბ აბაშიძის თქმით, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი სწორედ მომავალ საარჩევნო გარემოსა და მიმდინარე რეფორმების თემას ეხებოდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, “გაზპრომთან” მოლაპარაკებების ირგვლივ საზოგადოებას ინფორმაციის დეფიციტი აქვს, რაც დაუშვებლად მიაჩნია.

„ბუნებრივია, საზოგადოების უმთავრესი წყარო მედიაა, რომელსაც “გაზპრომის” თემაზე საკმარისი ინფორმაცია თავადაც არ აქვს. აქედან გამომდინარე, სწორედ ინფორმაციის დეფიციტისა და არაგულწრფელი დამოკიდებულების ბრალია, რომ ამ საკითხზე აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება. ეს თემა საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანი სრულიად ლოგიკურადაა, რაგდან ბუნებრივი აირით მომარაგება თითოეულ მოქალაქეს ეხება», – ამბობს ზურაბ აბაშიძე.

- როდესაც ბუნებრივი აირით მომარაგებაზე საუბრობთ, საინტერესოა, რამდენად მისაღებად მიიჩნევთ გაზის დივერსიფიკაციას?

- გულწრფელად რომ გითხრათ, დივერსიფიკაცია ჩემთვის მისაღებია და ეს აუცილებელიცაა, რათა სახელმწიფო ერთ წყაროზე დამოკიდებული არ იყოს, თუმცა გააჩნია, წყარო ვინ არის. ამ შემთხვევაში “გაზპრომი” რუსეთის კერძო კომპანია და მსოფლიო ბაზარზე არსებული მთავარი ბერკეტია, რომლითაც ძალიან სერიოზულად მანიპულირებს. ცხადია, ეს ჩემი სუბიქტური აზრია. როდესაც რუსეთს ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული აქვს, ამ თემას ძალიან დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი. საინტერესოა, თუკი ჩვენ ბუნებრივ აირს სწორედ “გაზპრომის” მეშვეობით ვიღებდით, მაშინ რატომ არ წარიმართა ეს მოლაპარაკება აქამდე? რატომ არ იქნა წინა ხელისუფლების შეცდომები გამოსწორებული?

ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს და დამიჯერეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან ვსაუბრობთ. ნამდვილად არ მინდა ვიფიქრო ისე, რომ ეს ვინმეს მერკანტილური ინტერესებია, მრჩება შთაბეჭდილება, რომ საკითხი სიღრმისეულად და კარგად არაა შესწავლილი. ჩვენი მთავარი წინადადება იყო და არის გამჭვირვალობა, ამის ერთადერთი რეალური საშუალება კი ევროპის ენერგოსივრცეში გაწევრიანებაა. ეს აბსოლუტურად ღია და ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე მიმდინარე პროცესი იქნება. საზოგადოებას ეს თემა აინტერესებს, აინტერესებს, გაიზრდება თუ არა ფასი და რა ელოდება მას სამომავლოდ.

- ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებამ შესაძლოა, ქვეყნის ევროპული კურსი ეჭვქვეშ დააყენოს. თქვენ რას ფიქრობთ, როგორ აისახება ეს პროცესი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში?

- ეს ძალიან ფართო განხილვის თემაა, რაზეც კონკრეტული პასუხის გაცემა მოკლედ გამიჭირდება. “გაზპრომთან” მჭიდრო ურთიერთობა ევროპასაც აქვს, ეს წმინდა სახელმწიფოებრივი საკითხია და აქ იდეოლოგიასთან არ გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, ჩვენ არასდროს ვიყავით რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისა და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის წინააღმდეგი, იგივე ვიზების გამარტივების. ეს ძალიან ლეგიტიმური საკითხია და ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთთან მჭიდრო ჰუმანიტარული, კომერციული და სავაჭრო ურთიერთობა აქვთ. ამაში საწინააღმდეგოს ვერაფერს ვხედავ, თუმცა ეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის ხარჯზე ვერ მოხდება.

- ახლახან “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას აშშ-ში ვიზიტი დასრულდა. რა თემები განიხილეს ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ პარტნიორებთან?

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ვიზიტის ფარგლებში ძირითადი ყურადღება საქართველოში საარჩევნო გარემოსა და რეფორმების კუთხით მიმდინარე პროცესებზე გამახვილდა. როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში ამ თემის მიმართ დიდი ინტერესია. თუ ჩვენ ამ საკითხს ევროპის პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას მივაბამთ, უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ ძალიან მკვეთრი ნეგატიური დამოკიდებულება ჩანს.

სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიათავისუფლება, პროკურატურის ფუნქცია და ა.შ – ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია, რაზეც რეზოლუციაშია საუბარი. რაც უნდა ბევრი ვილაპარაკოთ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ დემოკრატიის მთავარი ქვაკუთხედი სასამართლოს დამოუკიდებლობაა.

ჩვენთვის ეს საკითხი პრინციპულად მნიშვნელოვანია და ამაზე ჩვენი ვიზიტების დროს საუბარია როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში. როგორი გვინდა იყოს ჩვენი სახელმწიფო – დამოუკიდებელი სასამართლო სისტემითა და თავისუფალი მედიით, თუ მურუსიძეების მართული სტრუქტურით? ეს ის საკითხებია, რომლებიც ჩვენს პარტნიორებს აწუხებთ და რაზეც ჩვენ მათ ვესაუბრებით.

- საარჩევნო გარემო ახსენეთ. საინტერესოა როგორ უყურებთ თქვენს შანსებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში? მოსაზრების დონეზე ითქვა ისიც, რომ შესაძლოა “თავისუფალი დემოკრატები” კვლავ კოალიციის რიგებში ვიხილოთ…

- ეს აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი თემაა და საერთოდ არ მესმის, რატომ გახდა რაღაც კამპანიის მაგვარი. “თავისუფალი დემოკრატების” დეკლარირებული მიზანია, რომ არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მივიღოთ. ამისათვის ჩვენი ძალების მობილიზებას ვახდენთ და აქტიურად ვმუშაობთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი შანსები ძალიან მაღალია. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს მომავალ არჩევნებში ხმას. ჩვენი მიზანია, ამ ადამიანების ყურადღება მივიპყროთ, ჩვენი ძალ-ღონე და გამოცდილება კი საამისოდ აბსოლუტურად საკმარისია. დარწმუნებული ვარ, წარმატებები წინაა და შედეგიც მაღალი იქნება.

- რამდენიმე დღის წინ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ე.წ შეწყალების კომისიის საქმეზე “თავისუფალი დემოკრატები” და პრეზიდენტი მის წინააღმდეგ კოალიციის შექმნაში დაგადანაშაულათ. რა პასუხს გასცემთ მის ამ განცხადებას?

- ძალიან ბედნიერი ვიყავი მაშინ, როცა პარლამენტში “თავისუფალი დემოკრატების” მონაწილეობით ამნისტია მივიღეთ და ამით ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი საპატიმროებიდან გათავისუფლდა. თუ ამ საკითხთან დაკავშირებით რამე დამატებითი კითხვები არსებობს, მზად ვართ ყველა შეკითხვას ამომწურავად ვუპასუხოთ.

ცალსახაა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ამ სისტემაში დანაშაული ხდებოდა, ხოლო ახლა ვის რა პოლიტიკური მოტივაცია აქვს ამ თემასთან მიმართებაში, ვერ გეტყვით.

- თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელმა დავით ზალკალიანმა კვლავ საჯარო უწყებაში დაბრუნება გადაწყვიტა. რამდენად მოსალოდნელი იყო მისი ამგვარი გადაწყვეტილება პარტიისთვის?

- თავიდანვე ვთქვი და ახლაც ვიტყვი, რომ დავით ზალკალიანი ჩემი მეგობარია. ის პარტიულ საქმიანობას კარგა ხანია ჩამოშორდა და არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობას შეუდგა, არანაირი კავშირი მას პარტიულ გადაწყვეტილებებთან არ ჰქონია. დავით ზალკალიანმა შეთავაზება მიიღო და დათანხმდა, ეს ადამიანი მისი საქმის კარგი პროფესიონალია, ძალიან კვალიფიციურია და მის ამ გადაწყვეტილებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მინდა დათოს ყველა წამოწყებულ საქმეში წარმატება ვუსურვო. ნამდვილად ვერ განვსჯი ვერცერთ ადამიანს, თუკი ისინი მომავალში პარტიაში აღარ იქნებიან.

- ახალი პრემიერის განცხადებებსა და მისი დამოუკიდებლობის ხარისხზე რას ფიქრობთ?

- გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა პარლამენტში ძალიან კარგი გზავნილებით იყო გაჯერებული. კვირიკაშვილმა ერთი ძალიან საინტერესო რამ განაცხადა, თქვა – ნუ ვიქნებით გლადიატორები და ნუ მივცემთ ხალხს იმის თქმის საშუალებას, თითქოს აქ პაექრობისთვის ვიკრიბებითო – ამ დამოკიდებულებას სრულიად ვიზიარებ. როგორ გაუმკლავდება ის ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, იქნება ეს ეკონომიკური ნაწილი თუ სხვა, ეს დროის საკითხია. ჩვენ მას მხარდაჭერა გამოვუცხადეთ, დანარჩენი უკვე ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

„ახალი თაობა“, 22 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ბიძინა ივანიშვილის გარეშე კოალიციას ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდება

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიცია „ქართული ოცნება“ არსებული ფორმით შენარჩუნდება და მას არავინ დაემატება. „კოალიციამ 2012 წლის არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო ერთ იდეოლოგიაზე მყოფი ჯგუფი, მაგრამ მაშინ მის წინაშე სხვა ამოცანა იდგა. დღეს ამოცანა სხვა არის. „ქართულმა ოცნებამ“ რეიტინგი დაკარგა, მაგრამ მაინც ინარჩუნებს პოლიტიკურ სპექტრში ლიდერის ფუნქციას. რაც მთავარია, ოპოზიციურ სპექტრში არ ჩანს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ექნება რესურსი, რომ ამომრჩეველი მიიზიდოს“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე..

- კოალიცია არსებული ფორმით შენარჩუნდება? გავრცელებული ხმებით, ფორუმი არ იქნება წარმოდგენილი მომავალ არჩევნებზე...

- ეს არ იქნება კარგი სვლა თავად ფორუმისთვის. ასევე კოალიციისთვის ნებისმიერი სუბიექტის გასვლა არ იქნება მომგებიანი. ეს პროცესი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ხმების გადანაწილებაზე. ვერ გეტყვით, ივანიშვილს რა პრეტენზიები აქვს ფორუმთან. მართალია, მისი დეპუტატები არ იყვნენ აქტიურები ამ მოწვევის პარლამენტში, მაგრამ მათ აქვთ რესურსი, თუნდაც კახა შარტავას რეზო შავიშვილის სახით. მათ ამომრჩეველი იცნობს და მათ მიმართ ნამდვილად არ აქვს საზოგადოებას პრეტენზიები და გაღიზიანება. თუ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის მოზიდვა უნდა, სწორედ ასეთ პიროვნებებზე უნდა გააკეთოს აქცენტი და მიიზიდოს სიაში. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც თავის დროზე უარი თქვეს მანდატებზე.

- ბიძინა ივანიშვილმა ღიად განაცხადა, რომ აქტიურად მიიღებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას…

- ეს სწორი სტრატეგიაა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რადგან კოალიციის რეიტინგი ივანიშვილის რეიტინგია. აქ ტოლობის ნიშანია. ივანიშვილის გარეშე კოალიციას შეიძლება 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა დაუდგეს. ეს სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა.

- კოალიციაში შეიძლება რომელიმე არასაპარლამენტო პარტია იყოს წარმოდგენილი, მაგალითად, ინაშვილის პარტია ან ბურჯანაძის?

- ამ შესაძლებლობას ვერ ვხედავ. მაშინ სრულიად სხვა კონფიგურაციას მივიღებთ. კოალიცია ისედაც ჭრელია და კიდევ უფრო გაჭრელდება. მაშინ საერთოდ გაუგებრობამდე მივალთ. კოალიცია ამ მიმართულებით არ წავა. ის აქცენტს პარტიებზე კი არა, პიროვნებებზე გააკეთებს, რომლებიც ამა თუ იმ პარტიიდან იქნებიან.

- ქართული ოცნება სიაში ჩასვამს არა პარტიას, არამედ პოლიტიკოსს?

- დიახ, უფრო ინდივიდუალური შეთავაზებები იქნება. ოპოზიცია დღეს ერთდროულად ჭრელიც არის და სუსტიც, ამდენად, მისი კოალიციაში შეყვანა „ქართულ ოცნებას“ დიდს ვერაფერს მოუტანს.

- არასაპარლამენტო ოპოზიცია შეიძლება ერთიანად წარდგეს ამ არჩევნებზე?

- ეს უფრო რაციონალური და საინტერესო იქნებოდა, მაგრამ, რამდენად შეძლებს ამას, ეს რთული სათქმელია. ერთ გუნდად ჩამოყალიბებულ ოპოზიციას აქვს იმის შანსი, რომ ბარიერიც გადალახოს და კონკურენტუნარიან პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდეს. საგარეჯოს შუალედურ არჩევნებამდე “პატრიოტთა ალიანსს“ კარგი პერსპექტივა ჰქონდა, მაგრამ არასწორი გათვლა გააკეთა, როდესაც პოლიტიკური რიტორიკა შეცვალა და მისი კრიტიკის ობიექტი ნაციონალური მოძრაობის ნაცვლად „ქართული ოცნება“ გახდა. ეს იყო შეცდომა. მათდამი სიმპათიები მოსახლეობაშიც განელდა.

- ირაკლი ალასანიას თავისუფალი დემოკრატები მეორე ადგილისთვის იბრძოლებს, როგორც ნაციონალური მოძრაობა?

- სწორედ ასეა. მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ ალასანიას პარტია და ნაციონალური მოძრაობა. ჯერჯერობით ალასანიას გუნდს არ აქვს იმის რესურსი, რომ პირველობისთვის იბრძოლოს. თავის დროზე მათ იჩქარეს, როდესაც კოალიციის კარი გამოიჯახუნეს. ეს კარი მათ სასარგებლოდ არ ახმაურდა, თუმცა, ძალიან მინდა, მათ ბარიერი გადალახონ, რადგან კარგი გუნდია და ისინი მომავალ პარლამენტს აუცილებლად დასჭირდება. დღეს, გარდა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობისა, 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა ყველა დანარჩენ პოლიტიკურ ძალას უდგას.

„ალია“, 22 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: “მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი არსად წასულა და გარიგებაშია ბიძინას ფეოდალურ ხელისუფლებასთან

რა სიურპრიზს უმზადებსადვოკატთა ასოციაციისთავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობას?

“მე დეტალურად არ ვიცი რაზე იმსჯელეს წულუკიანმა და გვენეტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ზვიად კვაჭანტირეძესთან შეხვედრაზე, მაგრამ შემიძლია ჩემი მოსაზრებები გითხრათ. სულ ვამბობდი, რომ მურუსიძეზე უარესი მოსამართლე იყო ჯემალ კოპალიანი. ადვოკატებიც მეუბნებოდნენ, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასეთი ცუდი მოსამართლე არ ყოფილა. მასთან მიმართებაში მქონდა ყველაზე მეტი პრეტენზია და ეს ადამიანი ინიშნება სასამართლოში მოსამართლედ. ეს არის იმის აღიარება, რომ თეა წულუკიან-მურუსიძისამ ჩააგდო სასამართლო რეფორმა და გაანადგურა ჩვენი ოცნება სამართლიან სასამართლოზე. ვგეგმავ აქციებს, მომავალ კვირაში შევიტან საჩივარს მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით”, – აცხადებს “ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“თეა წულუკიანი-მურუსიძისა გაიშიფრა. ლევან მურუსუძის დანიშვნამ აჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი გარიგებაშია ბიძინას ფეოდალურ ხელისუფლებასთან და სააკაშვილის რეჟიმი არსად წასულა – ის გარდაისახა ბიძინას ხელისუფლებაში. მოდის არჩევნები, მისახლეობა აღშფოთებულია. ახლა ხელისუფლება ფიქრობს, რაღაცნაირად საზოგადოება დააშოშმინოს. ვაპირებ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დავიწყოთ კანონპროექტზე მუშაობა და თუ პარლამენტი არ განახორციელებს საკანონმდებლო ცვლილებას – არის მეორე გზა – ჩავატაროთ რეფერენდუმი, რომელიც უკვე დავაანონსეთ. პარლამენტიდან შეშინებულებმა გააკეთეს განცხადება – ლევან მურუსიძის დანიშვნა ჩვენთვისაც მიუღებელიაო. თუ ეს ადამიანები მართალს ამბობენ, შევთავაზებთ საკანონმდებლო წინადადებას და თუ პროექტი პარლამენტში ჩავარდა, ე. ი პარლამენტი თვალთმაქცობს. ამიტომ თეა წულუკიანი-მურუსიძისა, რომელიც ძალიან შეშინებულია, მისმა უმოქმედობამ სასამართლო რეფორმაში რაც გამოიწვია და ვფიქრობ მისი პატრონიც, “დიდი ფეოდალი”, რომელიც არ უნდა იყოს კმაყოფილი მისი მუშაობით, სასწრაფოდ ეძებენ გზებს გამოვიდნენ ამ ჩიხიდან. გამკვირვებია ნინო გვენეტაძის, რატომ გამოჩნდა თეა წულუკიან-მურუსიძის გვერდით? ეს ნინო გვენეტაძის დიკრედიტაციაა”, – აღნიშნავს ზაზა ხატიაშვილი.

“ნინი გვენეტაძეს ჩვენ ვენდობით, პატივს ვცემთ, ხოლო თეა წულუკიანი-მურუსიძის მიმართ საზოგადოებაში ნდობა არის ნული. ამიტომ, ვფიქრობთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უნდა აიღოს სადავეები ხელში და აწარმოოს დისკუსია პარლამენტთან. ვეკითხები ხელისუფლებას – ლევან მურუსიძის დანიშვნის შემდეგ იუსტიციის მინისტრს რა ესაქმება სასამართლო რეფორმასთან, მისმა რომელმა რეფორმამ გაამართლა? იუსტიციის მინისტრს აცოცხლებენ, რომელიც ჩემს თვალში არის საზოგადოების ისეთივე მტერი, როგორიც იყო ზურაბ ადეიშვილი. ჩვენ არ გავჩუმდებით და ბიძინა ივანიშვილის ამას არ შევარჩენთ. ვმუშაობთ გეგმაზე, რა უნდა გავაკეთოთ მომავალ კვირაში. ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ თავისი განცხადებით – ლევან მურუსიძე იყო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი, ხელმეორედ აწამა გიორგი მიქიაშვილი, ხელმეორედ მოკლა ირინა ენუქიძე, სანდრო გირგვლიანი და იმ ხალხს, ვისაც ციხეებში აწამებდნენ და ვისი წამების კადრებითაც ხელისუფლებაში მოვიდა – მათ რა პასუხს სცემს?” – განაგრძობს რესპონდენტი.

“თან ვისთან ერთად არიან – ზვიად კვაჭანტირაძესთან, რომელმაც ჩაიდინა უღირსი საქციელი, დიპლომატიური სამსახურის დროს დაამტვრია ბიუჯეტით ნაყიდი მანქანა და ვალი აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსი. რასაც ვუყურებ, წულუკიანი და კვაჭანტირაძე ერთი და იგივე ღირებულების ადამიანებია არიან, მაგრამ ნინო გვენეტაძეს მათთან რა უნდა, ეს მიკვირს. გვენეტაძეს ვაფრთხილებ – წულუკიანი მას ისე გახვევს შარში, როგორც ქვეყანა გახვია… ახლა პირველად თქვენი გაზეთით ექსკლუზიურად ვაანონსებ – მოვითხოვ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. გამოიძიონ, რა კრიტერიუმით დაინიშნენ მურუსიძე და სხვა მოსამართლეები. პირადად მქონდა მურუსიძეზე საჩივარი შეტანილი მიქიშვილის საქმესთან დაკავშირებით. მან ჩაიდინა სიყალბე, ამ ადამიანებმა მურუსიძის დანაშაულის შესახებ იცოდნენ და მაინც მისცეს ხმა. ვინც ხმა მისცა, მათ ხომ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული. მე არ მოვასვენებ ამათ”, – ამბობს “ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე.

“პარლამენტსაც მივწერ და ყველას – ევა გოცირიძე-მურუსიძისა, კახა სოფრომაძე-მურუსიძისა, ვახტანგ თოდრია-მურუსიძისა, თეა წულუკიანი მურუსიძისა – ესენი უნდა გამოცხადდნენ სამოქალაქო საზოგადოების მტრებად და პარლამენტარებს ტესტი უნდა ჩავუტაროთ, დავანახოთ ყველას ვინ აძლევს ხმას საგამოძიებო კომისიის შექმნას და ვინ არა. სანამ სასამართლო სისტემა საბოლოოდ არ დასამარდება, წულუკიანი მინისტრი უნდა იყოს? თუ შუშის სასახლის ბინადარს ეტყვი – მამაჩემზე მეტი გამიკეთეო, ეს არის მინისტრობის შენარჩუნების საფუძველი? ეს სიტყვები ივანისვილს თეა წულუკიანმა უთხრა, როცა ალასანია ოპოზიციაში გადავიდა და წულუკიანი ბიძინას ეახლა… ეს ხომ სამარცხვინოა. ამას რო მინისტრი გეტყვის, ეს არის მასხრად აგდება. აი, ასეთი სამარცხვინო ადამიანები გვმართავენ ჩვენ, მინისტრები კი ივანიშვილს მამიკოს ეძახიან და ამით ინარჩეუნებენ ადგილს ხელისუფლებაში”,- დასძენს ზაზა ზატიაშვილი.

„ახალი თაობა“, 22 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან: „ფინანსური ვითარება შეიძლება გაუარესდეს

ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ ეკონომიკურ პროცესებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე აფასებს.

- ბატონო დემურ, ლარმა კვლავ განაგრძო გაუფასურება. ზოგიერთი ექსპერტი გამოთქვამს ეჭვს, რომ ქადაგიძე წასვლამდე სიტუაციას გააფუჭებს. თქვენ რამდენად უშვებთ ამას?

- არსებობს ფუნდამენტური ფაქტორები და არსებობს ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკა. ამ შემთხვევაში დომინირებულია სწორედ ის ფაქტორები, რომლებიც ზეწოლას ახდენს ლარის კურსზე. ეს არის ის საყოველთაო პროცესი, რომელიც ყველგან მიდის. ამას ემატება სწორედ არასწორი საშინაო პოლიტიკა.

- ვერც ახალმა პრემიერმა უშველა შექმნილ სიტუაციას?

- იგი ასე მოკლე დროში ვერ შეცვლიდა სიტუაციას, თუმცა ის მონახაზი, რაც მან წარმოადგინა, სწორია და ახლა მთავარია, ის რეალიზებულ იქნეს. ეროვნული ბანკის პრობლემა კი არსებობს და ეს პროცესი ასე მარტივად არ დასრულდება.

- მარტივად არდასრულებაში რას გულისხმობთ?

- იმას ვგულისხმობ, რომ თებერვლის ბოლომდე ჯერ კიდევ საკმაო დროა და საგარეო ფაქტორები არაფრით გაუმჯობესდება, ამდენად, სიტუაცია შესაძლოა უფრო უარესიც გახდეს.

- საარჩევნო წელია და საზოგადოება შიშის თვალით შეჰყურებს მოსალოდნელ პროცესებს. ელით სიტუაციის გაუარესებას?

- საქართველოში ყოველთვის არსებობს დესტაბილიზაციის საფრთხე. 2016 წლის არჩევნები იქნება დაძაბულობისა და გაურკვევლობის მოლოდინის პერიოდი. განსაკუთრებული, რადიკალური რეფორმები ვერ გატარდება, მთავარია, გავიაროთ არჩევნები ისე, რომ რაიმე ექსცესები არ მოხდეს, თუმცა ამის გარანტია არ არსებობს.

- აქვს ირაკლი ქადაგიძეს იმის ბერკეტები, რომ წასვლამდე გააფუჭოს სიტუაცია?

- ირაკლი ქადაგიძე კარგა ხანია აფუჭებს საქმეს. დიდი ბერკეტები მას აღარ აქვს, ახლა სიტუაციაა თვითონ ცუდი და ამას ქადაგიძეც ვერაფერს უშველის. ამას სჭირდება მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი მოქმედება. საჭიროა, რომ ხელისუფლება დამტკიცებული მაკროეკონომიკის პროგრამის ფარგლებში მოქმედებდეს. კრიზისიდან გამოსვლის მოკლევადიანი, საშუალოვადიანი პროგრამა უნდა არსებობდეს. ჯერჯერობით ასეთი რამ არ არსებობს.

- პრეზიდენტის პრეროგატივაა, დაამტკიცოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ვის კანდიდატურას შემოგვთავაზებს, ამას თუ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ეროვნული ბანკი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა ქვეყანაში და მას პროფესიონალი და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი სჭირდება, რომელიც არა პოლიტიკის, არამედ წმინდა ფინანსური მოთხოვნებიდან გამომდინარე გამოდის.

- თუ გავითვალისწინებთ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებულ დაძაბულ ფონს, ოცნების წიაღიდან არ უნდა იყოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი…

- მე არა მგონია, რომ ახლა პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის რაიმე დაძაბულობა არსებობდეს. გიორგი კვირიკაშვილი არ წარმოადგენს კონფრონტაციულ ფიგურას, ის მაღალი შინაგანი კულტურის მქონე ადამიანია. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. მისგან კონფრონტაციას არ უნდა ველოდოთ. იმედია, პრეზიდენტსაც ეყოფა პასუხისმგებლობა, რომ პოლიტიკური ზეგავლენების ქვეშ არ მოექცეს და ამ მნიშვნელოვან ფონზე კონტროლირებადი ფიგურა არ აღმოჩნდეს. აქ მთავარია პროფესიული მხარე. ეს არის ყველაზე სუსტი ადგილი დღევანდელ სიტუაციაში.

- ანუ წინა პრეზიდენტის პიროვნულობიდან და მისი ხასიათიდან გამომდინარეობდა ეს დაძაბულობა?

- დიახ. ის საკმაოდ ხისტი ბუნების ადამიანი იყო.

- რამდენად უნდა ველოდეთ ვითარების გაუარესებას, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც, აზერბაიჯანში, უკრაინაში, რუსეთში, ვალუტის გაუარესების თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა?

- ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ მთავრობა რამდენად ენერგიულად იმოქმედებს. დღეს ყველა ის ობიექტური ნეგატიური გარე მოვლენები უნდა გაწონასწორდეს მძლავრი საშინაო პოლიტიკით და ეს არ ეხება მხოლოდ ეკონომიკას. აქ საჭიროა სტიმულები, რომ ადამიანების ეკონომიკური აქტივობა მაღალი გახდეს, ფინანსები _ ხელმისაწვდომი და ადამიანებმა საქმიანობა დაიწყონ.

„ახალი თაობა“, 22 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: გაზპრომთან საიდუმლო მოლაპარაკება აშშ-მ და ევროკავშირმა ჩაშალესმოსკოვი აფხაზეთსა და ცხინვალს საკუთარი ხელით დაგვიბრუნებს”

რატომ მისცა დასავლეთმა გაზპრომთან დაწყებულ მოლაპარაკებებს დადებითი შეფასება, როგორ შეიძლება რუსეთის შეჩერება, რა შედეგს მოიტანს ირანისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ კავკასიის ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

- გაზპრომთან დაწყებულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ხელისუფლება ამბობს, რომ რუსეთი გვაშანტაჟებს და, თუ მათ პირობებს არ გავითვალისწინებთ, ჩვენი გვერდის ავლით სომხეთს ირანიდან მიაწვდიან გაზს. ამ დროს ექსპერტები ამბობენ, რომ ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდება. რა ხდება და ვინ გვატყუებს?

- ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი ვერსია მოვისმინეთ. ისე წავიდა საქმე, რომ სიმართლის თქმაც კი პრობლემაა. პრობლემაა მხოლოდ იმიტომ, რომ ის, რაც ნაციონალებმა თქვეს, აღარ უნდა გაიმეორო. ყველაზე მეტად ჩვენი ხელისუფლების ბოლო განცხადებამ გაგვაღიზიანა. გვეუბნებიან, რომ რუსეთი გვაშანტაჟებს და თურმე თუ მათ მოთხოვნებს არ დავეთანხმებით, სომხეთს გაზს ირანიდან მიაწვდიან. აღნიშნული განმარტება სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

- სასაცილო რატომ არის, რუსეთს შანტაჟი გაუჭირდება თუ არ იკადრებს?

- რუსეთი რომ ყველაფერზე წამსვლელია, ამას ისედაც ვხედავთ, მაგრამ, როცა გაზსადენი შენს ტერიტორიაზე გადის, რანაირად უნდა დაგაშანტაჟონ? აბა ერთი შემხვედრი წინადადება დაუყენე და ვნახავ, რას იზამენ.

- შემხვედრი წინადადება რა უნდა იყოს?

- უთხრან, რომ საერთოდ არ გავატარებ ჩემს ტერიტორიაზე არსებულ მილსადენში გაზს. არც ის დაგვვიწყებია, ამ გაზსადენის მშენებლობამ რამხელა ეკოლოგიური ზარალი მოუტანა საქართველოს. სომხეთსა და რუსეთს პირობა ჰქონდათ დადებული, რომ გაზსადენის გარშემო ეკოლოგიური გარემო აღდგებოდა. იქ სხვადასხვა ტიპის ნარგავები უნდა დაერგათ. ეს პირობაც არ შეუსრულებიათ და, მგონი, დროა, ამის შესრულებაც მოვითხოვოთ. პრეტენზიები იქით გვაქვს წასაყენებელი და ამ დროს ვიღაცა გვეუბნება, რომ გვაშანტაჟებენ. როგორც კი ეტყვი, რომ საქართველო ამ გაზსადენით ბუნებრივ აირს არ გაატარებს, ნახავთ, ორივე მხარე როგორ ამოიძუებს კუდს.

- მართლაც რომ შეასრულოს დანაპირები და ირანიდან მიაწოდოს გაზი, მერე რა იქნება?

- არაფერიც არ იქნება, რადგან რუსეთი და ირანი ამ თემაზე ვერ შეთანხმდებიან. ჯერ კიდევ გასულ წელს ვთქვით `ახალ თაობასთან~ საუბარში, რომ დასავლეთი ირანს სანქციებს მოუხსნიდა. რაწამს ეს მოხდებოდა, ირანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა დაიძაბებოდა. ისინი ახლა უკვე ერთმანეთის კონკურენტები არიან. 22 წელია ირანი ენერგომატარებლების საერთაშორისო ბაზარზე არ ყოფილა. ის ახლა არის ახალი პროდუქტი. მან უნდა იპოვოს მომხმარებელი. მომხმარებელი კი სხვა ქვეყნებს უკვე გადანაწილებული ჰყავთ. ამიტომაც ირანი ბაზარზე მაღალი ხარისხის პროდუქტითა და დაბალი ფასით უნდა შევიდეს. ეს კი პირდაპირ ურტყამს რუსეთის ინტერესებს. ასე რომ, ამ თემით რუსეთი ვერ უნდა გვაშანტაჟებდეს. „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს აშშ-ის ელჩმა და ევროკავშირის წარმომადგენელმა. აშშ ამბობს, რომ განმარტებები მოისმინეს და კითხვები აღარ აქვთ. ევროკავშირი კი გვეუბნება, რომ მონიტორინგი აქვს დაწესებული ამ მოლაპარაკებებზე.

- რითია მათი განცხადებები მნიშვნელოვანი?

- ორივე მათგანი ჩვენი მოკავშირეა. ამ საკითხით განსაკუთრებით ევროპაა დაინტერესებული. ის, რომ ეს ხალხი კმაყოფილია, ნიშნავს, რომ საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

- ანუ ხელისუფლება ისეთს არაფერს აპირებდა?

- მათი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლება ისეთს არაფერს აპირებდა. ვივარაუდოთ, რომ კარგად ვერ აგვიხსნეს, რაში იყო საქმე. ჩვენ გვგონია, რომ აქ სხვა რაღაცაშია საქმე. ხელისუფლებამ თავიდან ცუდად დაიწყო, მაგრამ აშშ-ის და ევროპის ჩარევით მოლაპარაკებებში სერიოზული კორექტივები იქნა შეტანილი. ახლა გაზპრომთან მოლაპარაკებები სახიფათო აღარ არის. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო შეხვედრა გაზპრომთან ვენაში გამართეს. ეს ადგილი შემთხვევით არ ყოფილა შერჩეული. ავსტრია ევროპაში ყველაზე ანტირუსულად განწყობილი ქვეყანაა. იქ რაღაც აუცილებლად მოხდებოდა. ფაქტი ისაა, რომ კორექტივები უკვე შეტანილია.

- რა კორექტივები შეიძლებოდა შეგვეტანა აშშ-ის და ევროპის ჩარევის შედეგად?

- გულწრფელად რომ გითხრათ, ვერაფერი გავიგეთ. ჩვენი ხელისუფლების ყოველი მომდევნო განმარტება არაპროფესიონალიზმის აპოგეა გახლდათ. ამ ეტაპზე აშშ-მ და ევროპამ გაზპრომთან საიდუმლო მოლაპარაკებები ჩაშალეს.

- ამ ეტაპზეო, ამბობთ და ფიქრობთ, რომ მომავალშიც გაგრძელდება?

- რუსეთი შეეცდება. რას იზამს ჩვენი მთავრობა, არ ვიცი. თუ რაიმე ფარულ გარიგებაზე წავიდნენ, ამით ბევრ ქვეყანას გავანაწყენებთ ევროპაში, რის კომპენსირებასაც რუსეთთან კარგი ურთიერთობა ვერ მოახდენს, მით უმეტეს, რომ მოსკოვი გვაშანტაჟებს. პირდაპირ საოცარ სიტუაციაში ვართ. ჩვენი მდგომარეობა იმ მონადირისას ჰგავს, რომელიც კარგად არის მომზადებული, იარაღიც დატენილი აქვს, მაგრამ როჭო და მწყერი აშანტაჟებენ.

- რუსეთი მთლად როჭო და მწყერი არ უნდა იყოს...

- როცა შენს ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენით გაშანტაჟებენ და შენზე არიან რაღაცაში დამოკიდებული, როჭოებიც არიან, მწყრებიც და ბაჭიებიც. ამ შემთხვევაში შენც მამალი მონადირე უნდა იყო და რეგიონში შენი ფასი უნდა იცოდე.

- თქვენ კი თვლით რუსეთს როჭოდ, მაგრამ ამ როჭოს ზემოქმედებისთვის სხვა მექანიზმები არ გააჩნია ვითომ?

- რა მექანიზმები? რას გვიზამს? სომხეთს აგვიმხედრებს? მთელი სომხეთი ჩვენზე გამავალი გაზსადენით იღებს ბუნებრივ აირს.

- შიდა ქართლსა და თრუსოს ხეობაში პროვოკაციებს გამორიცხავთ?

- იმაზე მეტი რაღა უნდა გააკეთონ, რაც უკვე გააკეთეს? თრუსოს ხეობის თავზე ისკანდერები განათავსეს, შიდა ქართლში კი იქამდე გადმოსწიეს საძოვარი, სადამდეც შეიძლებოდა. ყველაფერი წაიღეს, რისი წაღებაც შეიძლებოდა. ერთი თბილისის აღებაღა დარჩათ მარაგში.

- რამე რომ იყოს, თბილისზე წამოვლენ?

- წამოვიდნენ და აიღონ, ეს უფრო ადრე დაასრულებს ამ იმპერიას. დღეს რუსეთი ისეთ მდგომარეობაში არ არის, რომ ზემოდან გვიყუროს, ახლა შეგვიძლია, იქით წავუყენოთ პირობები.

- ფიქრობთ, რომ იქით შეგვიძლია მისი დაშანტაჟება?

- მათი დაშანტაჟება ნამდვილად შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ კიდეც. ეს სიტყვა არ მიყვარს. მოდით, ასე ვთქვათ _ ჩვენ შეგვიძლია პირობების დაყენება, რომელთა შესრულებაც მოსკოვს აუცილებლად მოუწევს.

- ეს პირობები მარტო გაზპრომს ეხება თუ ტერიტორიულ მთლიანობასაც?

- წართმეულ ტერიტორიებს რუსეთი საკუთარი ხელით დააბრუნებს და ეს ძალიან მალე მოხდება. დამიჯერეთ, ამ განცხადებას ჰაერზე არ ვაკეთებ. მოსკოვს ისეთი მძიმე პერიოდი ელოდება, რომ ჩვენი დახმარება დასჭირდება.

- ჩვენ რაში უნდა დავეხმაროთ რუსეთს?

- დასავლეთთან შერიგებაში. საერთაშორისო თანამეგობრობაში სრულუფლებიან წევრად დაბრუნებას მოსკოვი მხოლოდ საქართველოს დახმარებით შეძლებს.

- და ამის სანაცვლოდ დააბრუნებს აფხაზეთსა და ცხინვალს?

- არამარტო ამის სანაცვლოდ.

- ვთქვათ, რუსეთმა დათმო ეს ტერიტორიები. აფხაზები და ოსები მოინდომებენ ჩვენს შემადგენლობაში შემოსვლას?

- მოისურვებენ. ისინი საქართველოდან საკუთარი სურვილით არ წასულან. ეს ყველაფერი გააკეთეს რუსეთმა და ბნელმა ძალებმა. აფხაზები და ოსები უკვე აღიარებენ, რომ მათ საქართველოს შემადგენლობაში ბევრად მეტი უფლებები ჰქონდათ, ვიდრე ახლა ე.წ. დამოუკიდებლობის დროს აქვთ. რუსეთი თავის დროზე აცხადებდა, რომ აფხაზებსა და ოსებს აქვთ თვითგამორკვევის უფლება. ამ უფლებას მის შემადგენლობაში მყოფი ერებიც ითხოვდნენ. მოსკოვმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. აფხაზეთსა და ცხინვალს თუ არ დააბრუნებს, ჩრდილოეთ კავკასია აბუნტდება, მათ შეჩერებას კი დასუსტებული რუსეთი ვეღარ შეძლებს.

- ვთქვათ, მოხდა ეს სასწაული და დაბრუნდნენ. საქართველო შეძლებს ამ 2 რეგიონის შენახვას?

- შეძლებს, აუცილებლად შეძლებს. ჩვენს ქვეყანას ამის რესურსები ჯერ კიდევ აქვს. რაც შეეხება რუსეთს, ის ცხინვალისა და სოხუმის შენახვას ვეღარ მოახერხებს. მათი ეკონომიკა უკვე ფსკერზეა.

- შეეგუება ამას მოსკოვი?

- რა უნდა ქნას? გაზპრომით ვეღარ დააშანტაჟებს ევროპას. ძალიან მალე შაჰდენიზის პროექტი ამოქმედდება და ევროპა რუსეთის გვერდის ავლით მიიღებს ბუნებრივ აირს. მაშინ ვნახავთ, რა მოთხოვნებს წამოაყენებენ. როგორც კი რამე ულტიმატუმს დაუყენებენ დასავლეთს, მაშინვე იმ სიტყვაზე გაუშვებენ, რომლის გამოყენებაც ასე ძალიან უყვართ რუსებს.

რეზონანსი“, 22 იანვარი, 2016 წელი

საქართველოში გაზსაცავი უცხოურმა კომპანიამ არ უნდა ააშენოს

“თუკი საცავის ოპერირებას კერძო კომპანია განახორციელებს, მაშინ გაზის ღირებულება 30%-ით მოიმატებს”

მაკა ხარაზიშვილი

გაზსაცავის მშენებლობაზე კომპანია “ჯეოსტოკი” დასკვნას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს. გაზსაცავისთვის ადგილი უკვე შერჩეულია – სამგორის სამხრეთი თაღის საბადო. ახლა სახელმწიფო ინვესტორის ძიებაშია. ცოტა ხნის წინ პროექტში მონაწილეობაზე ინტერესი უკვე გამოთქვა აზერბაიჯანულმა სახელმწიფო კომპანია “სოკარმა”. ენერგეტიკოსები პროექტში კერძო კომპანიების მონაწილეობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ გაზსაცავის ასაშენებლად სახელმწიფომ სახსრები თავად უნდა გამონახოს. წინასწარი გათვლით, გაზსაცავის მშენებლობა ყოველ 1 მილიონ კბ/მ-ზე 1 მილიონი დოლარი ჯდება. საერთო ჯამში, გაზსაცავი 230-250 მლნ კბ/მ აირზეა გათვლილი და პროექტის ღირებულებაც სწორედ 230-250 მილიონი დოლარია. რამდენიმე დღის წინ თბილისში ვიზიტად მყოფმა “სოკარის” დელეგაციამ პროექტში მონაწილეობის სურვილი დააფიქსირა.

“აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანია “სოკარი” მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტში”, – განაცხადა “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” ხელმძღვანელმა მაირ მამედოვმა.

აზერბაიჯანული კომპანიის პროექტში მონაწილეობის სურვილი დაადასტურა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემაც. “სოკარი დაინტერესებულია ამ პროექტში მონაწილეობით. მე ვფიქრობ, პროექტის რეალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის”, – აღნიშნა მინისტრმა.

სპეციალისტები პროექტში კერძო კომპანიების მონაწილეობას ეწინააღმდეგებიან. ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილის აზრით, გაზსაცავი სახელმწიფომ უნდა ააშენოს, ხოლო თუკი მას სახსრები არ ჰყოფნის, კერძო კომპანია პროექტში მინიმალური წილით უნდა შემოიყვანოს. “კერძო კომპანია არავითარ შემთხვევაში უპირატეს მდგომარეობაში არ უნდა ჩავაყენოთ. გაზსაცავი უნდა ააშენოს სახელმწიფომ და თუ მას საკმარისი სასხრები არ აქვს, მაშინ კერძო კომპანია მინიმალური პროცენტით უნდა შეიყვანოს წილში”, – აცხადებს მურმან მარგველაშვილი. იგი პროექტში “სოკარის” მონაწილეობას დაუშვებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ უმჯობესია სახელმწიფოს პარტნიორი რომელიმე დასავლური კომპანია იყოს.

“სახელმწიფოს თანამონაწილე არ უნდა გახდეს ის კომპანია, რომელსაც უკვე ძლიერი პოზიციები უკავია საქართველოს გაზის სექტორში – განაწილება, დისტრიბუცია, ტრანზიტი. დარგი უნდა იყოს დივერსიფიცირებული. უმჯობესია შემოვიდეს დასავლური კომპანია და კომერციული სარგებელი სწორედ მასთან განაწილდეს”, – აღნიშნავს მურმან მარგვე-ლაშვილი.

ენერგეტიკოს დავით ელიაშვილის გათვლით, კერძო კომპანიის მფლობელობაში ქართველ მომხმარებელს გაზსაცავის ბუნებრივი აირი დაახლოებით 30%-ით გაუძვირდება. “თუკი გაზსაცავის ოპერირებას კერძო კომპანია განახორციელებს, გაზის ტარიფი გაცილებით მაღალი იქნება. მე ეს დავთვალე და დაახლოებით 30%-ით იზრდება ფასი”, – ამბობს დავით ელიაშვილი.

“რეზონანსი” უკვე წერდა, რომ თავის დროზე ყოფილმა პრემიერმა ლადო გურგენიძემ 500-მილიონიანი ევროობლიგაციის გამოშვება სწორედ გაზსაცავების მშენებლობის დაფინანსებით ახსნა. პროექტის განხორციელებისთვის ამ თანხის ნაწილი საკმარისი იყო, თუმცა საბოლოოდ, ობლიგაციების ემისიიდან აღებული ვალი სოციალური ხარჯების დაფინანსებას მოხმარდა.

ამჟამად გაზსაცავის პროექტის ეკონომიკურ დასაბუთებაზე ფრანგული კომპანია “ჯეოსტოკი” მუშაობს, რომელმაც დასკვნა უახლოეს მომავალში უნდა გამოაქვეყნოს. პარალელურად ნავთობისა და გაზის კორპორაცია დაფინანსების წყაროს ეძებს. მოლაპარაკება მიმდინარეობს კომერციულ ბანკებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და კერძო კომპანიებთან.

ჩატარებული ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს შუა ეოცენის ჰორიზონტი გაზსაცავის მშენებლობის თვალსაზრისით ყველაზე ოპტიმალური სტრუქტურაა. გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ იქ 230-250 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ია.

“გაზსაცავის მშენებლობით ქვეყანა მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც აამაღლებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებას კრიტიკულ სიტუაციებში და შეამცირებს გაზის მოწოდება-მოხმარებას შორის არსებულ სეზონურ დისბალანსს”, – აღნიშნავენ კორპორაციაში.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსის თემურ გოჩიტაშვილის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი და შესწავლითი სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობისა და დეტალების დადგენა. რაც შეეხება გაზსაცავის სავარაუდო ღირებულებას, ჯერ ეს დეტალები უცნობია.

“ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებულია საკანონმდებლო საფუძვლების ჰარმონიზაციის ვალდებულება. ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით გასატარებელი საქმიანობა, გაზსაცავის მოცულობისა და სხვა პარამეტრების ხელახალ გადაანგარიშებას მოითხოვს. შესაბამისად, ინფორმაცია როგორც ოპტიმალური მოცულობის, ისე ღირებულების შესახებ, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შემდეგ გაირკვევა”, – აღნიშნა თემურ გოჩიტაშვილმა “რეზონანსთან” საუბრისას.

სპეციალისტების განცხადებით, მიწისქვეშა გაზსაცავი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გაზმომარაგების სისტემის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს შეადგენს. მოქმედი მსხვილი მიწისქვეშა გაზსაცავების რაოდენობამ მსოფლიოში უკვე ექვსასს გადააჭარბა.

რეზონანსი“, 22 იანვარი, 2016 წელი

ექსპორტის კლების ლიდერები: ღვინო, წყლები, ავტომობილები

მაკა ხარაზიშვილი

ღვინის, მინერალური წყლებისა და ავტომობილების ექსპორტი კატასტროფულად შემცირდა. გამომდინარე იქიდან, რომ მთავარ სავაჭრო პარტნიორებში სერიოზული ეკონომიკური პრობლემებია, საქართველოდან ექსპორტს კარგი დღე არც წელს დაადგება. სპეციალისტების აზრით, მთავრობამ, მეწარმეებთან ერთად, მთავარი აქცენტი ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე უნდა გააკეთოს, რათა დსთ-ს ქვეყნებში ვარდნის დაბალანსება მცირედით მაინც შეძლოს.

2015 წელს დსთ-ს რეგიონში ექსპორტმა 43%-ით იკლო – 840 მილიონ დოლარამდე. ევროკავშირის ქვეყნებთან კი 4%-იანი ზრდა გვაქვს, საერთო ჯამში, 646 მილიონი დოლარი. ევროკავშირის ბაზრებზე, ძირითადად, სოფლის მეურნეობის პროდუქტები გადის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ევროკავშირში გასატანი ბევრი არც არაფერი აქვს, შესაბამისად, მთავრობის მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეალური სექტორის მხარდაჭერა უნდა გახდეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე მეტი პრობლემა ავტომობილებით, მინერალური წყლებითა და ღვინით მოვაჭრეებს შეექმნათ. ავტომობილების ექსპორტში კი 65,3%-იანი ვარდნაა. 46,8%-ით შემცირდა ღვინის ექსპორტი, ხოლო მინერალური წყლების ექსპორტში 40%-იანი კლებაა. მინიმალური ოდენობით იკლო თხილის ექსპორტმა (3,7%-ით), 32%-ით შემცირდა ფეროშენადნობების გადაზიდვა.

2015 წელს მკვეთრად გაიზარდა სამკურნალო საშუალებების ექსპორტი (52,7%-ით), თუმცა საერთო ჯამში მათი მოცულობა არ ისე დიდია (140 მილიონი დოლარი), რომ ამან დამშვიდების საშუალება მოგვცეს. ასევე, სერიოზული ზრდა აღინიშნება ნედლი ნავთობის ექსპორტის კუთხით. ეს პროდუქტი ბულგარეთსა და რუმინეთში გადაზიდვის ხარჯზე თითქმის 2,5-ჯერ გაიზარდა. სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტში კი 9,1%-იანი მატება გვაქვს.

ექსპორტი ფაქტობრივად განახევრდა აზერბაიჯანში – 544,5 მილიონი დოლარიდან 240,4 მილიონ დოლარამდე. ამ შემთხვევაში ლომის წილი ავტომობილების ექსპორტის ვარდნას უჭირავს – 204 მილიონი დოლარი. სომხეთში 108 მილიონი დოლარით ნაკლები პროდუქტი შევიდა, ასევე ავტომობილების რეექსპორტის შემცირების ხარჯზე, თურქეთში – 53 მილიონი დოლარით შემცირდა ქართული პროდუქტის გადაზიდვა, ხოლო რუსეთში – 111,8 მილიონი დოლარით. საექსპორტო ათეულში უკრაინა საერთოდ აღარ არის. ათეულის ქვეყნებიდან ექსპორტი გაიზარდა გერმანიაში, აშშ-სა და ბულგარეთში.

მიუხედავად მკვეთრი ვარდნისა, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სიას ისევ ლიდერობს თურქეთი (1,517 მილიარდი დოლარი), შემდეგია რუსეთი (789 მილიონი დოლარი) და აზერბაიჯანი (783 მილიონი დოლარი).

მთლიანობაში, 2015 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9,928 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2,204 მილიარდ დოლარს შეადგენს (23%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 7,724 მილიარდ დოლარს (10%-ით ნაკლები). საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 5,521 მილიარდი დოლარი იყო (56%).

სავაჭრო ბრუნვა 3,165 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა (6%-ით) ევროკავშირის ქვეყნებში. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 32% შეადგინა.

რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, მათთან საქართველოს 2,808 მილიარდი დოლარის ბრუნვა აქვს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, დსთ-ს რეგიონში ექსპორტი 43%-ით შემცირდა – 840 მილიონ დოლარამდე, იმპორტში კი 7%-იანი კლებაა (1,968 მილიარდი დოლარი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 28% იყო, მათ შორის, ექსპორტში – 38% და იმპორტში – 25%.

ეკონომისტების განცხადებით, დსთ-ს ქვეყნები, ტრადიციული სავაჭრო ქვეყნები კრიზისიდან კარგა ხანს ვერ გამოვლენ, ამიტომ მთავრობამ ბიზნესმენებთან ერთად ალტერნატიულ ბაზრებზე უნდა იმუშაოს. ორიენტირი განსაკუთრებით ევროკავშირისკენ უნდა ავიღოთ.

“ევროკავშირის ბაზარზე აშკარად უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს. ბუნებრივია, გვინდა ექსპორტი უფრო მეტად გაიზარდოს, მაგრამ როგორც იტყვიან, ყველაფერი შეფარდებითია. დოლარის გამყარებამ გავლენა მოახდინა ევროპის ბაზარზეც. ამასთან, ევროკავშირმა რუსეთის მიმართ სანქციების გამოცხადებით ბევრი შეკვეთა დაკარგა და პირდაპირი ზარალი 100 მლრდ ევროს აღემატება. შემცირებულია ერთობლივი მოთხოვნა. ასეთ პირობებში საქართველოდან ექსპორტის ზრდა პოზიტიური მაჩვენებელია”, – აღნიშნავს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე.

ხელისუფლებამ და ქართველმა მეწარმეებმა ამ ბაზარზე შესასვლელად უფრო მეტად უნდა იაქტიურონ. “ევრობაზარი არ მოიწყენს იმის გამო, თუკი იქ ქართული პროდუქტი არ შევა. უპირველესად ქართული ბიზნესი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ გადახდისუნარიან, ინსტიტუციურად მოწესრიგებულ 500-მილიონიან ბაზარზე გავიდეს”, – ამბობს სოსო არჩვაძე.

აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით, შესაძლებლობამ გაუსწრო რეალურ შედეგს. ქართველ მეწარმეებს ალტერნატიულ ბაზრებზე შესასვლელად დიდი მუშაობის ჩატარება მოუწევთ.

“შეიძლება ითქვას, რომ დსთ-ს ქვეყნებთან შედარებით ევროკავშირთან საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები უფრო მეტად იზრდება. ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იქ შესვლის მეტი შესაძლებლობა შეიქმნა. ამ დროს ჩვენ ვერ შევძელით სწრაფად გამოგვეყენებინა ის რეალური შეღავათი, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებამ მოგვცა”, – მიიჩნევს სილაგაძე.

ქართული ექსპორტისთვის კი ევროკავშირის კარი გაღებიდან, 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან გაიხსნა, როდესაც ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძირითადი ნაწილი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (ვსაეფ) ჩათვლით. ეს ნიშნავს, რომ ქართველ მეწარმეებს 28 ქვეყნის 500-მილიონიან ბაზრზე მარტივად შესვლის შესაძლებლობა გაუჩნდათ. თუმცა, რეალობა არის ის, რომ ევროკავშირის ბაზარზე გასატანი ხარისხიანი პროდუქტი არც ისე ბევრი იწარმოება და ხელისუფლებამ სწორედ რეალური სექტორის სწრაფ განვითარებაზე უნდა იზრუნოს.

Comments are closed