„რეზონანსი“: დიდი მოლოდინი: რა პოზიციას დაიჭერს პატრიარქი
„რეზონანსი“: ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან: „სახელმწიფოს სურს, საპატრიარქოს საკითხი რაც შეიძლება მალე ამოწუროს…“
—–
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან: „მამა გიორგი მამალაძე დუმილს დაარღვევს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „საპატრიარქოს საქმეებში არავინ უნდა ჩაერიოს“ // „ხელისუფლებამ ციანიდის საქმეზე ბევრი შეცდომა დაუშვა“ // „ალექსანდრე ჯეჯელავას სერიოზულად ვერ აღვიქვამ“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „მქონებელთა კასტის ჩამოყალიბება უკვე რეალობაა“ // „თუ არაფერი შეიცვალა, რევოლუციისკენ წავალთ“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „რუსეთს საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ ადარდებს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „რუსეთი სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადება“
—–
„რეზონანსი“: გაზის გაძვირებას ინფლაციის ტალღა მოჰყვება // პირველ რიგში, დიდ დარტყმას მიიღებს ადგილობრივი წარმოება
„რეზონანსი“: კონტრაბანდის მასშტაბები გაიზარდა // წლის დასაწყისიდან უკვე 320 შემთხვევა გამოვლინდა და სავარაუდოდ, უფრო მეტის გამოაშკარავება ვერ მოხერხდა
————————
„რეზონანსი“, 22 თებერვალი, 2017 წელი
დიდი მოლოდინი: რა პოზიციას დაიჭერს პატრიარქი
ეკატერინე ბასილაია
“საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ასეთი შემთხვევა… ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს სახელმწიფოსი და ეკლესიისა. ხალხს უნდა მივცეთ პასუხი, ხალხი ღელავს,” – ეს განცხადება გააკეთა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია ||-ემ იმ საქმეზე, რომელიც ერთ კვირაზე მეტია განხილვისა და არაერთი სკანდალის მთავარი თემაა.
“ციანიდის საქმესთან” დაკავშირებით პატრიარქის ინიციატივით გუშინ საპატრიარქოში ხანგრძლივი თათბირი გაიმართა, რომელსაც არა მარტო სასულიერო პირები ესწრებოდნენ. შეხვედრები ლამის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და საპატრიარქოში მთელი დღე არ წყდებოდა ჯიპებით მიმოსვლა.
დღის პირველ ნახევარში სინოდის წევრ მაღალ იერარქებასა და სამღვდელო პირებთან ერთად შეხვედრას პრეზიდენტიც ესწრებოდა. საღამოს 8 საათის შემდეგ კი საპატრიარქოში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერები კახა კალაძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე შეხვდნენ ეკლესიის მეთაურსა და სასულიერო პირებს.
პრეზიდენტმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. პრემიერმა კვირიკაშვილმა და მთავარმა პროკურორმა შოთაძემ საპატრიარქო უკომენტაროდ დატოვეს. ალექსანდრე ჯეჯელავამ და კახა კალაძემ მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ისინი პატრიარქის მოსანახულებლად იმყოფებოდნენ. “ციანიდის საქმეზე” რა საუბარი შედგა, ამაზე კი კომენტარი მათაც არ გააკეთეს.
შეხვედრის ბოლოს პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა გააკეთა განცხადება. თქვა, რომ პატრიარქმა და სასულიერო პირებმა დამატებითი ინფორმაცია მიიღეს “ციანიდის საქმეზე” და რომ ეკლესია სრულ ნდობას უცხადებს საგამოძიებო სტრუქტურებს.პატრიარქის მდივნის განცხადებით, ასევე აუცილებელია ბრალდებულის მხარესაც ჰქონდეს საშუალება, საკუთარი არგუმენტები წარადგინოს.
“ჩვენ რა თქმა უნდა ამ წუთისთვის ვერ შევაფასებთ, ვერ ვიტყვით მამა გიორგის ბრალეულობის საკითხს. უნდა დაველოდოთ გამოძიებას და იმ დასკვნას, რომელსაც დადებს საგამოძიებო სტრუქტურა,” – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.
ცნობისათვის: შეხვედრის დაწყებამდე სასულიერო პირებმა ჟურნალისტებთან გარკვეულ პოზიციები დააფიქსირეს. ითქვა ის, რომ რაც ხდება ეს არის შეთქმულება ეკლესიის წინააღმდეგ, ასევე ის, რომ ფინანსურ საკითხებზე აუდიტი აუცილებლად უნდა ჩატარდეს, თუმცა შეხვედრიდან გამოსულებმა კომენტარის გარეშე დატოვეს საპატრიარქოს ეზო და არავის უთქვამს, რა უთხრა მათ პატრიარქმა. ამ შეკრებაზე მთელი დღე იმყოფებოდნენ დაპირისპირებული მღვდელმთავრებიც, მათ შორის ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე და პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი. მათ საღამოს დატოვეს საპატრიარქო, თუმცა პრემიერისა და მთავრი პროკურორის პატრიარქთან მისვლისას მეუფე პეტრე სასწრაფოდ ისევ უკან მობრუნდა.
საპატრიარქოში გუშინ ასევე მივიდა პროკურატურის ერთ-ერთი მოწმე, ადვოკატი და საპროკურორო საბჭოს წევრი ირმა ჭკადუაც, რომელიც გაუთქმელობის ხელწერის მიუხედავად “ციანიდის საქმის” გარკვეულ მასალებზე საუბრობდა მედიასთან, თუმცა ადვოკატმაც დუმილით დატოვა საპატრიარქო.
მეუფე პეტრეს მსგავსად პრემიერისა და პროკურორის მისვლისას საპატრიარქოში ასევე მივიდნენ ირმა ჭკადუაც და “ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძეც, რომელმაც თქვა ის, რომ არავინ უჭერს მხარს დაკავებული გიორგი მამალაძე თავდებით გაათავისუფლონ და განსხვავებული პოზიცია აქვს მხოლოდ მეუფე პეტრეს.
პატრიარქს გუშინ “ციანიდის საქმის” მთავარი ფიგურანტის, ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალმა ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც შეხვდა და ამ შეხვედრის შემდეგ თავად დეკანოზმა მამალაძემაც დუმილის უფლების დარღვევასა და პროკურატურისთვის სრულყოფილი ჩვენების მიცემის გადაწყვეტილებაც მიიღო.
პატრიარქმა გუშინ ისაუბრა ბოლოს დროს განვითარებულ მოვლენებზე, თქვა, რომ “საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ასეთი შემთხვევა. ეს არის არამარტო ეკლესიის პრობლემა, არამედ ერის პრობლემა და სახელმწიფოს პრობლემა.”
“უკვე მოდის გამოძახილი უცხოეთიდან, კითხულობენ, რა ხდება საქართველოში, ხოლო ჩვენ არა გვაქვს გარკვეული პოზიცია, გარკვეული გამოძიება. ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ, ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს სახელმწიფოსა და ეკლესიისა. ხალხს უნდა მივცეთ პასუხი, ხალხი ღელავს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამშვიდდება და კარგად იქნება, მაგრამ ყოველ მოვლენას თავისი სახელი უნდა დაერქვას, რათა ხალხი დაკმაყოფილდეს და დამშვიდდეს,” – განაცხადა პატრიარქმა.
ილია II-სთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმა და თქვა, რომ პატრიარქი ჩართულია ყველა რთული საკითხის განხილვაში. თათბირზე ამ სირთულეების შესახებ ღია საუბარი, განსხვავებული აზრების დაფიქსირება და დისკუსია მიმდინარეობდა და რომ “პატრიარქი იღებს ყველა ინფორმაციას ყველა მხრიდან.”
გიორგი მარგველაშვილმა თქვა ისიც, რომ გამოძიების მიმართ გარკვეული შენიშვნები აქვს და თვლის, რომ ყველა მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავისი სიმართლე ან სიმართლის ვერსია ამტკიცოს.
“უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს აკეთონ თავისი საქმე პოლიტიკური ჩარევების გარეშე, მამა გიორგის და მის ადვოკატებს უნდა მიეცეთ საშუალება თავისი სიმართლე გააცნონ საზოგადოებას. ეს არის შეჯიბრებითობის და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. არ შევდივარ გამოძიების დეტალებში, არ ვარ არც პროკურორი, არც გამომძიებელი არც მოსამართლე, მაგრამ ეს არის არაჯანმრთელი სიტუაცია,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პროკურატურის და ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე პრეტენზიები აქვს ასევე სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილსაც. ნანუაშვილმა, რომელიც ორშაბათს პატრიარქს შეხვდა, თქვა ისიც, რომ ილია II დაინტერესებულია, “გაიგოს მეტი ინფორმაცია, თუ რა მოხდა” და პატრიარქს დაკავებულ დეკანოზთან შეხვედრის სურვილი აქვს.
პრეზიდენტისა და ომბუდსმენის ამ განცხადებებმა “ქართული ოცნებაში” კრიტიკაც დაიმსახურა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ხელისუფლება სხვადასხვა მხარეს არ იქნებიან და ისურვებდა, რომ ამ საქმეში მხარე არავინ აღმოჩნდეს – არც პრეზიდენტი, არც ომბუდსმენი.
თვლის, რომ ცალკეულ შემთხვევაში, შეიძლება ასეთი შთაბეჭდილება ჩანს და ეს პროცესს აზიანებს.
მიეცემათ თუ არა დაკავებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებს სიმართლის საკუთარი ვერსია საჯაროდ თქვან და პროკურატურა გაუთქმელობის შეთანხმებას გააუქმებს თუ არა, ამაზე პროკურატურიდან არაფერი ისმის. გარდა ამისა პროკურატურა არ საუბრობს იმაზე, როდის გაასაჯაროვებს მტკიცებულებების ნაწილს, რადგანაც შაბათს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დაანონსა, რომ პატრიარქი ჩამოსვლისთანავე ისინი საჯაროდ გახდიდნენ ბევრ მტკიცებულებას. “რეზონანსი” მთელი დღე ცდილობდა პროკურატურას დაკავშირებოდა, თუმცა არც სატელეფონო ზარს და არც ტექსტურ გზავნილებს პრესსამსახურმა არ უპასუხა.
დაკავებული დეკანოზის ადვოკატები კი აცხადებენ, რომ მამა გიორგი მამალაძე მზადაა გამოძიებას ჩვენება მისცეს. დეკანოზის ახალი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს იმასაც, რომ ის დილით პატრიარქს შეხვდა და ეკლესიის მეთაურს მოუყვა ყველაფერი, რაც მას უნდა სცოდნოდა. საუბრის კონკრეტულ დეტალებზე ადვოკატი მედიასთან არ საუბრობს.
“პატრიარქს ჩვენი პოზიცია გავაცანით. ჩვენ ვთვლით, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო. მამა გიორგის აქვს გარკვეული ბაზა ინფორმაციის, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მის მიმართ წაყენებული ბრალდების კანონიერებას,” – განაცხადა რამიშვილმა.
მიხეილ რამიშვილის თქმით, მას სჯერა პატრიარქის გულისხმიერების და დარწმუნებულია, რომ მან “ისმინა მისი საუბარი”.
“ყველაფერი კარგად გამიგო და მის გულისხმიერებაშიც დარწმუნებული ვარ. მივაწოდე ინფორმაცია ჩვენი მხრიდან რაც საჭირო იყო და რაც მთლიანად შეიძლებოდა პატრიარქს სცოდნოდა. პატრიარქმა მომისმინა, რამდენიმე კითხვა დამისვა მამა გიორგის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დაგვლოცა და წამოვედით”, – თქვა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატი ამბობს იმასაც, რომ ჯერ არ იცის, როდის დაკითხავს დაკავებულს პროკურატურა, თუმცა დაკითხვის შემდეგ ის საზოგადოებას ამცნობს დეკანოზის პოზიციას და ამის უფლებაც აქვს, რადგან გაუთქმელობაზე ხელწერილი დადებული არ აქვს და პროკურატურის მხრიდან ამის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად არ აპირებს გაჩუმებაზე ხელწერილის დადებას.
დიდი ალბათობით დღეს, ან ხვალ გაირკვევა როდის დაკითხავს პროკურატურა დაკავებულ დეკანოზს, რის შემდეგაც დაცვის მხარე ალაპარაკდება და ასევე შეიძლება გაირკვეს ისიც, შეხვდება თუ არა პატრიარქი პატიმარს.
„რეზონანსი“, 22 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან: „სახელმწიფოს სურს, საპატრიარქოს საკითხი რაც შეიძლება მალე ამოწუროს…“
სალომე სარიშვილი
“პროკურატურისა და ხელისფლების წარმომადგენელთა ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები საზოგადოებისთვის გაუგებარია და ეს ცხადია… იმის მაგივრად, რომ ხალხს სიმშვიდისკენ უბიძგონ, პირიქით, მის განწყობაში დეზორიენტაცია შეაქვთ,” – ამბობს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია და იქვე დასძენს, რომ ინფორმაციაზე მიუწვომლობის გამო, რთულია რაციონალური შეფასება და მით უფრო რომელიმე ჯგუფის დამაჯერებლობაზე საუბარი. მისივე თქმით, ის მოვლენები, რაც ეკლესიის ირგვლივ ვითარდება, მისი რეპუტაციის ამაღლებას ხელს ნამდვილად არ უწყობს და ამასაც აქვს მისი კონკრეტული მიზეზები. კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებასაც შეეხო და თქვა, რომ ეს არათუ ხისტი განცხადება, არამედ ბრალდება იყო, რომელზეც ქართულ მხარეს დაგვიანებული და დამაზიანებელი რეაგირება აქვს.
მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და საპატრიარქოს ირგვლივ არსებულ თემაზე “რეზონანსი” კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.
კორნელი კაკაჩია: ამ დრომდე ითვლებოდა, რომ ეკლესია – ესაა სიმშვიდის კუნძული, რომელიც ზეწოლის ქვეშ არ იყო, მათ შორის არც საზოგადოებისა და არც პოლიტიკოსების მხრიდან. ბოლო ხანებში კი აღმოჩნდა, რომ ყველა ეს სტერეოტიპი დაიმსხვრა და ეს რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს გახლავთ გადაჯგუფება ტახტის ბრძოლითვის, რამაც გარკვეული ჯგუფები და ის პრობლემები გამოავლინა, რაც მთელი ამ დროის მანძილზე ეკლესიაში გროვდებოდა. ვნახეთ წარმოუდგენელი რაღაცეებიც, მაგალითად ის, რომ მეუფეები ტელევიზიით ერთმანეთს საკმაოდ მძიმე ბრალდებებს უყენებენ, ეს რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო.
- თქვენ ამბობთ, რომ ამ პროცესმა გარკვეული ჯგუფების ინტერესები გამოვლინა. ცნობილია ისიც, რომ ეკლესიის შიგნით გაყოფილ ორ ჯგუფს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სხვადასხვა აზრი აქვს. მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებიც. თქვენი შეფასებით, რომელი მხარის პოზიციაა უფრო დამაჯერებელი და ირღვევა თუ არა უდანაშაულობის პრეზუმფცია, როცა დაკავებულ დეკანოზის ჩანაფიქრზე ღიად საუბრობენ?
- ბუნებრივია, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია იმ დღიდანვე დაირღვა, როცა კი ხელისუფლებამ ამ თემაზე ლაპარაკი დაიწყო და მითუმეტეს მას წინ სდევდა პროკურორის განცხადება. ამასთან, რა ხდება ამ თემის ირგვლივ ზუსტად მარჩიელობა ძალიან რთულია, რადგან ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. როგორც თავადაც აღნიშნეთ, ჩანს, რომ თვითონ საპატრიარქოშიც კი განსხვავებული პოზიციებია. აქედან გამომდინარე,გარეთ დანახული ვითარება არაფრის მომცემია. განსხვავებული დღის წესრიგის ფონზე კი ძალიან ძნელია რაიმე შეფასების გაკეთება. შეფასება თავად ეკლესიის მომავლისა და მიმდინარე პროცესის შესახებ. ცხადია, დამაჯერებლობისთვის მეტ ინფორმაციაზე წვდომა უნდა გვქონდეს, რაც ამ ეტაპზე, პრაქტიკულად შეუძლებელია.
- თავად პროკურატურის განცხადებას რას უკავშირებთ, რომელიც რამდენჯერმე შეიცვალა? როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის ეს რაიმე კონკრეტული საკითხის გადაფარვის მცდელობა და მითუფრო, იმ ფონზე, როცა ბრალდებულის ადვოკატის თქმით, მას გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელის მოწერას კატეგორიულად სთხოვენ?
- ეს ნიშნავს, რომ პროკურატურამ და ხელისუფლებამ თავი ძალიან არასოლიდურ ვითარებაში ჩაიგდო. იქიდან გამომდინარე, რომ წინააღმდეგობრივი პოზიციით უხერხულ მდგომარეობაში თავად სახელმწიფოს ჩავარდა. ვიცით, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ხშირად ცდილობენ ეკლესიას ამოეფარონ და ეს ახლაც გრძელდება. ამ ტაბუდადებულობის თემას ხელი თავად ხელისუფლებამ შეუწყო და ფაქტობრივად საზოგადოებას აჩვენა, რომ მის პირველად შეხედულებას ცვლის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკლესია ყველა ქვეყანაში საკმაოდ კონსერვატულია, ის არც ჩვენს ქვეყანაშია ღია და ბუნებრივია, მათ სურთ ეს საკითხები გარეთ არ გავიდეს, თუმცა თავად პროცესი იმდენად შორსაა წასული, რომ რაიმეს დამალვა ისედაც გაჭირდება.
რამდენად მოახერხებს თავად პატრიარქი ვითარების დაბალანსებას, ეს მომავლის საკითხია. მაინც მგონია, რომ სახელმწიფო შეეცდება ეკლესიას იმიჯი არ შეებღალოს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ცდილობს გარკვეული დამშოშმინებლის როლი იკისროს.
- ფიქრობთ, რომ საქმეს გულდასმით არ გამოიძიებენ?
- რა თქმა უნდა, და ეს ასეც იქნება. რეალურად ჩანს, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფოს სურს, ეს საკითხი რაც შეიძლება მალე ამოწუროს, რაგდან ეს საქმე მას დისკომფორტს უქმნის. გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა ამ თემამ გარკვეული პოლიტიკური კრიზისიც კი გამოიწვიოს, რადგან ამ თემით საზოგადოება და ოპოზიციური ძალაა დაინტერესებული.
- ამ ფონზე, გარკვეული პოლიტიკური ძალები სახელწიფოს ეკლესიის დაფინანსების პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებენ. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მოწოდება?
- რა თქმა უნდა, ეს სამსჯელო საკითხია და ის დიდი ხანის წინ უნდა მომხდარიყო, თუმცა ვიცით, რომ ყველა ხელისუფლება ეკლესიის საკუთარი ლეგიტიმაციისთვის გამოყენებას ცდილობდა. ამისთვის ისინი ყოველთვის მზად არიან, ახლაც ასეა, თუმცა ხშირად ზედმეტებში გადადის-ხოლმე ჩემი აზრით, ზუსტად ამ გავლენების გადანაწილებამ ამოხეთქა ახლა. აქ კიდევ მეორე მნიშვნელოვანი საკითხიცაა – მიუხედვად იმისა, რომ ეკლესიას, როგორც ინსტიტუსა და პატრიარქს ფართო საზოგადოებაში ძალიან დიდი რეიტინგი აქვს, ახლა გამოჩნდა, რომ ამ ყოველივესაც აქვს საზღვარი და მის ლეგიტიმაციაზე შეკითხვები გაჩნდა.
ვფიქრობ, მისასალმებელია საპატრიარქოს გარკვეული ნაწილის მზაობა, რომ მათ ყველა საკითხი გარეთ გამოიტანონ, ეს ძალიან კარგია, რადგან ხალხმა უნდა იცოდეს, სად მიდის მათ, ჯიბიდან წასული ფული, რომელიც ეკლესიას ერიცხება. ვფიქრობ, ამის შემდგომ შესაძლოა გარკვეული კონფლიქტიც კი გამწვავდეს, რადგან სასულიერო პირების ხედვები ურთიერთსაწინააღმდეგოა.
- ეს თემა რომ ამოვწუროთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებასა და მის საპასუხო კომენტარზე რას ფიქრობთ, რომელიც დიპლომატმა ზურა აბაშიძემ გუშინ გააკეთა?
- სერგეი ლავროვის განცხადება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რაზეც ექსპერტული წრეები და აკადემიური საზოგადოება საუბრობს. როდესაც საქართველოს ხელისუფლება აანონსებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება წარმატებით მიდის და ამასთანავე ამბობს, რომ ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე კეთილდღეობა გვაქვს, ეს ყველაფერი ეჭქვეშ დგება.
რატომ? იმიტომ, რომ რუსულ მხარეს ეს პროცესი სხვანაირად ესმის: მას მიაჩნია, რომ საქართველო საგარეო პოლიტიკას ცვლის და ის მზადაა შეცვალოს დამოკიდებულება იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა სერგტეი ლავროვის ხისტი განცხადებითაც, რომელიც რეალურად ბრალდება უფრო იყო, ვიდრე განცხადება. რუსეთი ისევ უბრუნდება იმ რიტორიკას, რომ საქართველო არშემდგარი სახელმწიფოა, ეს აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია. ისეთი მაღალი დონის დიპლომატის განცხადებას კი, როგორიც ზურა აბაშიძეა, მთავრობის განცხადებები უნდა უძღოდეს წინ, რადგან ეს რეალურად საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სახელს უბღალავს. ვფიქრობ, ამგვარი დაგვიანებული რეაგირება ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
- და ბოლოს, საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცაზე მსჯელობს. რას უკავშირებთ ამ პოლიტიკას და თუ ფიქრობთ, უმრავლესობის რომ ცვლილებები პიროვნული ინტერესიდან მომდინარეობს?
- ბუნებრივია, შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს მარგველაშვილს უკავშირდება, რადგან ვიდრე, “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავდა, ეს საკითხი აქტუალური არ იყო. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამით მმართველი ძალა საზოგადოებას საკუთარი გავლენების გამყარების შთაბეჭდილებას უქმნის და ცდილობს დაიქვემდებაროს ის სახელისუფლებო შტო, რომელსაც ამ ეტაპზე ვერ ფლობენ. თუკი ეს ვარაუდი გამართლდა, ალბათ ეს იქნება ყველაზე ცუდი შეცდომა, რომელსაც ხელისუფლება დაუშვებს.
- მედიაში მიმდინარე მოვლენებზე რას გვეტყვით? იგივე საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ ვითარებაზე…
- ამ გავლენების მოპოვებაში მედიაზე კონტროლის დამყარებაც იგულისხმება, იგივე საზოგადოებრვი მაუწყებლისა და “რუსთავი 2″-ის თემა. ეს პროცესი ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ქმნის, ხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლების კონსოლიდაცია მოხდა, ამან შეიძლება ისევ “ოცნებაზე” იქონიოს მძიმე შედეგი. რეალურად ჩანს, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს, ყველა შტოზე გავლენა მოიპოვოს – ამას თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებდა. ალბათ ვერ ხვდებიან, რომ როგორც კი ამ მიზანს მიაღწევენ, ეს აბსოლუტურად ბუმერანგივით შემოუტრიალდებათ და ისინი ძალაუფლებას დაკარგავენ. თუკი ქართული საზოგადოების განწყობას დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, ის ასეთ ხელისუფლებას ყოველთვის რადიკალურად უპირისპირდება.
————————
„ახალი თაობა“, 22 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან: „მამა გიორგი მამალაძე დუმილს დაარღვევს“
დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ციანიდის საქმის გარკვეულ დეტალებზე საუბრობს.
- თქვენ განაცხადეთ, რომ პროკურატურამ გაუთქმელობის ხელწერილის დაწერა გთხოვათ...
- არათუ მთხოვა, მომთხოვა. თუ ხელს არ მოვაწერდი გაუთქმელობის პირობაზე, მაშინ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდნენ ჩემზე. მე კატეგორიულად უარი განვაცხადე ხელწერილის დადებაზე. შესაბამისად, ჯერჯერობით ვაგრძელებ ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას, რომ დავიცვა მამა გიორგი მამალაძის უფლებები. ჩემი მიზანია, სამართლიანად წარიმართოს მთელი პროცესი და არ დაირღვეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებები, თუმცა, მოგეხსენებათ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები.
- თქვენ განაცხადეთ, რომ მამა გიორგიმ დაგიბარათ საავადმყოფოში და ახლა სწორედ მასთან მიდიხართ. რასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გვითხრათ?
- დიახ, ახლა კლინიკაში მივდივარ მამა გიორგისთან, თუმცა არ ვიცი, კონკრეტულად რა საკითხზე დამიბარა.
- ბატონო მიხეილ, რატომ ინარჩუნებს დღემდე დუმილის უფლებას მამა გიორგი? როგორც აქამდე იყო ცნობილი, მას სურდა კურთხევის მიღება სასულიერო პირებისგან. შემდეგ გაირკვა, რომ კურთხევა არ ყოფილა საჭირო. ეს ტაქტიკაა?
- ძალიან მალე გაიგებთ ყველაფერს.
- რას გულისხმობთ?
- ძალიან კონკრეტულად იქნება ყველაფერი საზოგადოებისთვის ცნობილი. რაღაც საკითხებს შევათანხმებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას.
- შესაძლებელია, რომ დუმილი დაარღვიოს?
- რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და მამა გიორგი აბსოლუტურად ყველაფერზე ისაუბრებს. ის დაარღვევს დუმილს.
- როდის?
- კონკრეტულად დროს ვერ დაგისახელებთ, თუმცა საუბარია უახლოეს მომავალზე.
- რა მიმართულებით ისაუბრებს?
- მამა გიორგი რა ჩვენებას მისცემს, მე არ ვიცი წინასწარ.
- შესაძლებელია, ჩვენება კლინიკაში ჩამოართვან?
- რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ადამიანს როდესაც ჩვენების მიცემა სურს, არ აქვს მნიშვნელობა, სად მისცემს ის ამ ჩვენებას – საავადმყოფოში, საგამოძიებო ორგანოში თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
- თქვენ განაცხადეთ, რომ ბრალდებაში საუბარი არ არის არანაირ სასულიერო პირზე და არც მაღალ იერარქზე. ვისზეა საუბარი ბრალდებაში?
- მე გიდასტურებთ, რომ არანაირ სასულიერო პირზე და არც მაღალ იერარქზე ბრალდებაში საუბარი არ არის. ბრალდებაში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონ შორენა თეთრუაშვილზე.
- ბრალდება თქვენ ნახეთ თუ მხოლოდ მამა გიორგისგან იცით?
- ყველა ბრალდებულმა, რომელსაც ბრალდებას უყენებენ, იცის, თუ რას ედავება გამოძიება. მას კონკრეტულად ეუბნებიან, რაშია ბრალდებული. მამა გიორგი არის ის ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, თუ რაზე უყენებენ მას ბრალს. ამ ბრალდებაში მოხსენიებულია მხოლოდ ქალბატონი შორენა და არანაირი სასულიერო ან მაღალი იერარქი.
- თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, პატრიარქთან შეხვედრა გაიმართება?
- ვერაფერს გეტყვით, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს მოთხოვნა აქვს მამა გიორგის. რამდენადაც ვიცი, იგივე მოთხოვნა აქვს პატრიარქს. შედგება თუ არა ეს შეხვედრა, დამოკიდებულია საპატრიარქოზე. ამას პატრიარქი გადაწყვეტს.
- პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თანასწორობის პრინციპი და უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულია. რა მიმართულებით განახორციელებთ თქვენს უფლებამოსილებას, რა ტაქტიკას აირჩევთ?
- დარღვეულია თანასწორობის პრინციპი. სახელმწიფო ბრალდება და დაცვის მხარე არ ვიმყოფებით თანაბარ პირობებში და სწორედ აქედან გამომდინარეა დარღვეული თანასწორობის პრინციპი, რაც ნამდვილად დიდი პრობლემაა. არ შეიძლება, თანაბარ პირობებში არ ვიყოთ. თუ გაუთქმელობის პირობა უნდა იყოს დაცული, მაშინ გაუთქმელობის პირობა ორივე მხრიდან უნდა იყოს დაცული. ერთი მხრიდან კეთდებოდეს განცხადებები და მეორე მხარე ჩუმად იყოს, ეს შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ სრულიად არაობიექტურ პროცესს. აქამდე დაცვის მხარე შეზღუდული იყო, რომ საზოგადოებისთვის თავისი ვერსია მიეწოდებინა, რადგან გაუთქმელობის ხელწერილი ჰქონდათ დადებული. ეს, ცხადია, იწვევს დისბალანსს.
თავიდან ბოლომდე ვეთანხმები პრეზიდენტის ამ განცხადებას. გამომძიებლის დიდი სურვილის მიუხედავად, რომ გაუთქმელობის პირობაზე მომეწერა ხელი, მე ამაზე კატეგორიული უარი განვაცხადე, მიუხედავად იმ დაშინებისა, რომ შეიძლება, ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.
საზოგადოებამ იცის, რომ სხვა ადვოკატებს აქვთ ხელი მოწერილი გაუთქმელობის პირობაზე. ახლა პროკურატურის გადასაწყვეტია, მოუხსნიან ადვოკატებს ამ ვალდებულებას თუ არა. ჩემმა კოლეგებმა არაერთხელ მიმართეს განცხადებით პროკურატურას, მაგრამ, სამწუხაროდ, აქამდე პასუხი არ მიუღიათ. ახლა გამოჩნდება პროკურატურისგან, რამდენად აფასებს პრეზიდენტის რჩევასა და მის სიტყვას.
„ახალი თაობა“, 22 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „საპატრიარქოს საქმეებში არავინ უნდა ჩაერიოს“ // „ხელისუფლებამ ციანიდის საქმეზე ბევრი შეცდომა დაუშვა“ // „ალექსანდრე ჯეჯელავას სერიოზულად ვერ აღვიქვამ“
ამზადებენ თუ არა ალექსანდრე ჯეჯელავას პრემიერობისთვის, რაში გაიხლართა ხელისუფლება, სად იმალება ყველაზე დიდი საფრთხე? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.
- განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ვიცეპრემიერად დაინიშნა. ამას ერში დიდი ჟრიამული მოჰყვა. თქვენ რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე?
- ამ საკითხზე სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი შეუძლებელია. ამ საკადრო გადაწყვეტილებაზე ის გავარკვიე, რომ ფიფქია და 7 ჯუჯა ძალიან შეშფოთებულან, კომბლეს კიდევ ის კომბალი გადაუმალავს და ქვეყანა სასწრაფოდ დაუტოვებია. ასეთ აბსურდულ გადაწყვეტილებაზე სხვა კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. დაინახეს, რომ პიარში, საზოგადოებასთან ურთიერთობაში პრობლემები აქვთ. ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში ბევრი სისულელე ჩაიდინეს, გადაწყვიტეს, ეს რგოლი გააძლიერონ და ეს მიმართულება ძალიან გამოცდილ და კრეატიულ ადამიანს, ალექსანდრე ჯეჯელავას ჩააბარეს. ეს კი უკვე პოლიტიკა აღარ არის. ეს საკადრო გადაწყვეტილება პოლიტიკის პაროდიაა.
- მთავრობამ, სავარაუდოდ, იცოდა, თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა ამ გადაწყვეტილებას. ერთ-ერთი ვერსიით, ალექსანდრე ჯეჯელავა ვიცეპრემიერად რაღაც თემების გადასაფარად დანიშნეს...
- რა უნდა გადაფარონ ალექსანდრე ჯეჯელავას ვიცეპრემიერად დანიშვნით? მაქსიმუმ, ხალხის ყურადღება გადაეტანათ და ისიც ნახევარი საათი. გავიგეთ, გავიცინეთ და მორჩა. ქვეყანაში ყველა მიმართულებით არის პრობლემები, ხელისუფლებას კი რატომღაც ჰგონია, რომ მხოლოდ ერთი პრობლემაა. მიაჩნიათ, რომ უამრავ სიკეთეს აკეთებენ, რაც ხალხამდე იმიტომ ვერ მიდის, რომ ნაკეთებ საქმეებს სათანადოდ ვერ აპიარებენ. კი ბატონო, ამ მიმართულებითაც სერიოზული ჩავარდნა აქვთ, მაგრამ, სანამ აქამდე მივლენ, უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი. დღევანდელი ხელისუფლების მთავარი პრობლემა ის არის, რომ თვითკრიტიკულობის უნარი არ აქვთ. ამტკიცებენ, მე ძალიან კარგი ვარ, რასაც სხვები ვერ ამჩნევენო. პიარს თუ გააუმჯობესებენ, ეს ცუდი არ იქნება, მაგრამ, ალექსანდრე ჯეჯელავას რომ აქცევ ამის დიდოსტატად, ეს ძალიან არასერიოზულია.
- იქნება და გაამართლოს ალექსანდრე ჯეჯელავამ ამ ფრონტზე?
- კაცი დღემდე ზღაპრების კრიტიკული ანალიზიდან ვერ გამოვიდა და მისგან სასიკეთოს არაფერს უნდა ველოდოთ.
- თქვენი შეფასებებიდან გამომდინარე, ამ ვერსიას, ალბათ, არ დაეთანხმებით, მაგრამ მაინც გკითხავთ: გაჩნდა ასეთი ვერსიაც, რომ ალექსანდრე ჯეჯელავას პრემიერობისთვის ამზადებენ და ამიტომ დანიშნეს ვიცეპრემიერად...
- საოცნებო ქვეყანაში რადგან ვცხოვრობთ, არ არის გამორიცხული, ორიენტირი ზღაპრული ქვეყანა იყოს. ზღაპარში თუ უნდათ გვაცხოვრონ, ალექსანდრე ჯეჯელავა პრემიერობისთვის შესაბამისი კანდიდატურა იქნება. ამასთან, ხალხი უნდა გავაფრთხილო, რომ ეს არ იქნება ქართული ზღაპარი, რადგანაც ალექსანდრე ჯეჯელავას ქართული ზღაპრები არ მოსწონს. ქვეყანა, მართალია, სერიოზულ გაუგებრობაშია, მაგრამ ასეთი ქვეყნისთვისაც კი მეტისმეტი იქნება ალექსანდრე ჯეჯელავას პრემიერობა. ამ საკითხზე სერიოზულად საუბარიც კი შეუძლებელია. პირდაპირ გეტყვით, ამ ადამიანს სერიოზულად ვერ აღვიქვამ და მასზე ვერც კი ვბრაზდები. ასე ფიქრობს მოსახლეობის დიდი ნაწილი.
- ხელისუფლებისთვის ეს უფრო ცუდი არ არის? როგორც ამბობენ, როცა ხალხი ხელისუფლების დაცინვაზე გადადის, იქ მისი საქმე თითქმის დამთავრებულია. ჩვენთან უკვე დასცინიან ხელისუფლებას...
- ნებისმიერ ადამიანს ურჩევნია, ებრძოლონ, ვიდრე დასცინონ. დაცინვა რღვევის ბოლო ეტაპია. საბჭოთა კავშირი მაშინ დაიშალა, როცა ხალხმა ცეკას მდივნებზე ანეკდოტების მოგონება დაიწყო. დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, მის წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად ზნეობრივი და ინტელექტუალური რესურსის მობილიზება უნდა მოახდინოს. მოვლენები ისე ვითარდება, რომ ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადოს. სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებს ახლა საპატრიარქოს თემაც დაემატა. ამ პრობლემებზე პასუხი თუ ჯეჯელავას დანიშვნაა, მაშინ სრულ არაადეკვატურობასთან გვქონია საქმე.
- საპატრიარქო ახსენეთ და რა შეფასებას აძლევთ მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს? ყოველდღე რაღაც ახალი გვესმის...
- მოდით, დადებითიდან დავიწყებ საუბარს. კარგი ის არის, რომ პატრიარქი არის ჯანმრთელად და ფორმაშია. ჩემთვის ეს არის მთავარი. ის რომ ფორმაში არ იყოს, მერწმუნეთ, კიდევ უფრო მძიმე ვითარება იქნებოდა. ახლა რაც შეეხება ნეგატივს. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა. მე ეკლესიის შიგნით განვითარებულ მოვლენებზე არ ვისაუბრებ, მიმაჩნია, რომ ეს არ არის ჩვენი საქმე. ძალიან სამწუხაროა, რომ ბევრი ექსპერტი და პოლიტიკოსი მხარეებად ლაგდება. ხშირ შემთხვევაში, ისინი სასულიერო პირებს შეურაცხყოფასაც კი აყენებენ, არადა, ამ ადამიანებს თავი მორწმუნეები ჰგონიათ.
სიტუაცია კატასტროფულია. პირდაპირ გეტყვით, ამ ქვეყანაში ავტორიტეტები აღარ არსებობენ. ამ ქაოსში ერთადერთი ეკლესია ანთია სანთელივით და ვიღაცა თავისი გაუაზრებელი ქმედებებითა და საეკლესიო პრობლემატიკაში ჩარევით ცდილობს, ეს ბოლო ნათელი წერტილიც გააქროს.
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საპატრიარქოში არ არის პრობლემები, მაგრამ იქ არავინ უნდა ჩაერიოს. პრობლემები ყველა სფეროშია და ყველამ თავის პრობლემას მიხედოს. მინდა, ზოგიერთებს ის ფაქტიც შევახსენო, რომ ეკლესია საერო საქმეებისგან გამიჯნულია. ის პირები, რომლებიც ახლა ისტერიულად ერევიან ეკლესიის პრობლემატიკაში, ძალიან ღიზიანდებოდნენ, როცა საპატრიარქოს წარმომადგენლები საერო საქმეებში ერეოდნენ.
ხელისუფლებამ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. იმედი მაქვს, ეს მართლაც შეცდომებია და მეტი არაფერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდება. კითხვები ისედაც არსებობს, რომლებზეც პასუხს არავინ გვცემს და ამის ნაცვლად რაღაც უცნაურ ღონისძიებებს ატარებენ.
- უცნაურ ღონისძიებებში რას გულისხმობთ?
- ერთი მხრივ, ეკრანიდან არ ჩამოსულან პროკურატურის წარმომადგენლები და მათი ირიბი თუ პირდაპირი მოწმეები, რომლებიც ვიღაცის მონაყოლს ყვებიან. მეორე მხრივ, ადვოკატებს უკრძალავენ ხმის ამოღებას. ახლა მითხარით, ეს ჯანსაღი პროცესია? მე არ ვიცი, რა მოხდა და არც არავის ვამართლებ, მაგრამ, აშკარად ვხედავ, რომ თანაბრობის პროცესი დარღვეულია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ფეხქვეშ არის გათელილი უდანაშაულობის პრეზუმფცია. ასეთ რამეებს მიშაც კი არ აკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ ათასგვარ დანაშაულს ჩადიოდა და რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა, ასე თეთრი ძაფით მის დროს საქმეები არ იკერებოდა. ასეთი რამე საერთოდ არსად მინახავს – ჯერაც გამოუქვეყნებელ ვიდეოჩანაწერს მოჰყვნენ პირველ, მეორე, მესამე პირში.
- ზემოთ თქვით, რომ საპატრიარქო სანთელივით ანთია ამ ქაოსში და ვიღაცა მის ჩაქრობას ცდილობს. ამ მიზანს ხომ არ ემსახურება ეს საქმეც?
- იმედი მაქვს, ვიღაცას რაღაც უბედურება არ აქვს დაგეგმილი და ეს უბრალო სისულელეა. ამ ხელისუფლების მიმართ ბევრი პრეტენზია მაქვს, ვერც სერიოზულად აღვიქვამ, მაგრამ ერთი რამე ცხადია – მას არა აქვს ბოროტი უნარები. ეს მაფიქრებინებს, რომ რაც საპატრიარქოს გარშემო ხდება, დაგეგმილი არ არის. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ეს ხელისუფლება გადამწიფებული თინეიჯერია, რომელიც ბუნებით კარგი ტიპაჟია და სიკეთის თესვა უნდა, მაგრამ თან ძველბიჭობა მოსწონს. ასე იქცევა საქართველოს ხელისუფლებაც, ბოროტი უნარები არა აქვს, მაგრამ უნდა, რომ ასე წარმოჩნდეს. ქართველ ახალგაზრდებში ასეთი ფენომენის გამოვლინება ხშირად ხდება. არიან ნაკითხი და ინტელექტუალი ბავშვები, რომ არ დაიჩაგრონ, ქუჩაში შავი ტანსაცმლით გამოდიან, ძეწკვებს იკიდებენ, თვალებს უცნაურად გადაატრიალებენ, თითქოს ძალიან ძველი ბიჭები არიან. სინამდვილეში წიგნი და მოხუცების დახმარება უყვართ.
„ახალი თაობა“, 22 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „მქონებელთა კასტის ჩამოყალიბება უკვე რეალობაა“ // „თუ არაფერი შეიცვალა, რევოლუციისკენ წავალთ“ // „ალექსანდრე ჯეჯელავას დანიშვნა ვიცე-პრემიერად გაუგებარი და ცინიკურია“
„ახალი თაობა“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ყოფილ დეპუტატ ვალერი გელბახიანს ესაუბრა.
- თქვენ ყველაზე ადრე შეამჩნიეთ და საგანგაშოდ მიიჩნიეთ პარლამენტში ფულიანი ხალხის მოზღვავება. უკვე გამოქვეყნდა ოფიციალური მონაცემები. ამ ციფრების თანახმად, დღევანდელ საკანონმდებლო ორგანოში 41 მილიონერია, აქედან 37 - უმრავლესობაში.
- ძალიან კარგია, რომ ეს მონაცემები გამოქვეყნდა. ეს იმას ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ყალიბდება მქონებელთა კასტა. ეს სიგნალები და სიმპტომები კი აღარაა, არამედ – რეალობა. იქმნება მდიდართა კლასი, ელიტა, რომელიც ხელისუფლებაში მოდის. ეს თავისთავად იწვევს ანტაგონიზმს.
- ადრეც გითქვამთ, რომ საქართველოში კლასობრივი ბრძოლის ნიშნები იკვეთება...
- ეს კანონზომიერებაა. მქონებელთა კლასი, რომლის წარმომადგენლები არიან მთავრობასა და პარლამენტში, იწვევენ პროტესტს დანარჩენ მოსახლეობაში, რომელიც სხვა, ანუ მეორე კლასს წარმოადგენს. ესაა გზა უფსკრულისკენ. სოციალური მოტივებით დაწყებული დაპირისპირება ადრე თუ გვიან გადაიზრდება აჯანყებასა და რევოლუციაში. გერმანიამ, საფრანგეთმა და სხვა სახელმწიფოებმა ეს გზა 200 წლის წინ გაიარეს. ჩვენთან ახლა ჩანს ამის ნიშნები. ხალხი ხედავს, რომ ახალი კასტა ზრუნავს თავის ინტერესებზე. პარლამენტში იღებენ ისეთ კანონებს, რომლებიც ხელს უწყობს მქონებელთა კლასის ბიზნესების წახალისებას და მდიდრების გამდიდრებას.
- სუპერმარკეტების ქსელებსა და სხვა სფეროებში დასაქმებულებისთვის მონური პირობებია შექმნილი. მილიონერთა პარლამენტი ამ მდგომარეობას არ გამოასწორებს?
- სწორედ ამაზე ვსაუბრობ. ფულიანი კასტა პარლამენტში იცავს თავის ინტერესებს. ეს ხალხი მერეც იტყვის, რომ კანონები მას უნდა დაემორჩილოს. ამის შედეგად მონური პირობები და ექსპლუატაცია დარჩება.
- შეიძლება რევოლუციური სიტუაცია შეიქმნას?
- რა თქმა უნდა. თუ არაფერი შეიცვალა, რევოლუციისკენ წავალთ. კლასობრივი ბრძოლა უკვე შეინიშნება. სოციალურ მოტივებს დაემატება პოლიტიკური. ამით საფრთხეში დგება ქვეყნის სტაბილურობა.
- ამას ემატება ის, რომ ოპტიმიზაციის საბაბით სამსახურებიდან ათავისუფლებენ ქვედა რგოლების თანამშრომლებს, რომლებსაც მაღალი ხელფასები არ ჰქონიათ. მინისტრების მოადგილეებს, მაგალითად, არავინ ეხება. ისინი პრემია-დანამატებსაც იღებენ.
- მაღალჩინოსნებიც ამ ელიტას წარმოადგენენ. მათ გათავისუფლება და შეზღუდვები არ ეხებათ. ეს ყველაფერი კლასობრივი დაპირისპირების საფრთხეს აძლიერებს.
- მთავრობა ვიცე-პრემიერების რაოდენობასაც ზრდის. მესამე ვიცე-პრემიერად განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაინიშნა...
- ესეც გაუგებარი და ცინიკურიცაა. ვიცე-პრემიერის ფუნქციებში შედის პრემიერის ჩანაცვლება მაშინ, როცა ის ქვეყანაში არ იმყოფება. ორი ვიცე-პრემიერი ისედაც გვყავდა. რა საჭირო იყო კიდევ ერთის დამატება, არ ვიცი. ეტყობა, ჯეჯელავამ ამ პოსტიდანაც უნდა აშაყიროს ქართული ტრადიციები, ელიტამ კი უნდა იხარხაროს! შეიძლება ჯეჯელავა კარგი ლექტორია, მაგრამ პოლიტიკურ თანამდებობაზე, მინისტრად ის ვერ გამოდგა. მისი გამონათქვამები საზოგადოებაში შეშფოთებას იწვევს. ბარემ, ადგნენ და ყველა მინისტრი ვიცე-პრემიერად დაამტკიცონ!
- პოლიტიკურ ველზე რა მდგომარეობაა?
- „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ოპოზიცია, ფაქტობრივად, არ ჰყავს. ხალხი უკმაყოფილოა, მაგრამ ეს მხოლოდ წყენაში გამოიხატება. წყენის ხმამაღლა გამოხატვას ორგანიზება სჭირდება. ვერ ვხედავ ისეთ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც პროტესტის ორგანიზებას შეძლებენ. პოლიტიკურმა პარტიებმა ნდობა დაკარგეს. ბევრმა თავი შეირცხვინა.
- „ნაცმოძრაობაზე“ რისი თქმა შეიძლება?
- დაშლილი ნაცმოძრაობა და „ქართული ოცნება“ შეხმატკბილებული არიან ერთმანეთში. „ქართულ ოცნებას“ სინამდვილეში არავინ უპირისპირდება. გაყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“ ფასადური ოპოზიციაა. ნათქვამია, წმინდა ადგილი შეუვსებელი არ დარჩებაო. არც პოლიტიკური ველი დარჩება ცარიელი. გამოჩნდებიან ახალი ძალები ახალი ლიდერებით. ისინი ფულიანთა კასტის წარმომადგენლები კი არ იქნებიან, არამედ, ხალხის ინტერესების დამცველები. ეს ლიდერები არაპოლიტიკოსები იქნებიან.
- მოსალოდნელია, რომ მმართველმა პარტიამ დედაქალაქის მერის პოსტზეც რომელიმე მდიდარი ბიზნესმენი წამოაყენოს?
- ადგილობრივ არჩევნებამდე გარკვეული დროა დარჩენილი. რა მოხდება 6 თვეში, ზუსტად ვერ ვიტყვი. თუ ფონი არ შეიცვალა, „ქართულმა ოცნებამ“ ჯოხი რომ დაარჭოს, იმას გაიყვანს მერად.
- ახალი ძალა თუ გამოჩნდა, სიტუაცია შეიცვლება?
- რასაკვირველია. თუ არჩევნებამდე არ გამოჩნდა, იგივე განმეორდება, რაც შარშან მოხდა საპარლამენტო არჩევნებზე. უამრავი წელიწადია, არჩევნებს ვაკვირდები და ვიცი, რომ არ შეიძლება ყველგან, ქვეყნის ყველა კუთხეში, ერთნაირი შედეგი დაიდოს. მაგალითად, შეუძლებელია, ჭიათურასა და ლაგოდეხში არჩევნები ერთნაირი პროცენტებით დამთავრდეს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ 2016 წლის არჩევნების შემდეგ ხმები საერთოდ არ დაუთვლიათ და მანდატები წინასწარ გადაინაწილეს.
„ახალი თაობა“, 22 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „რუსეთს საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ ადარდებს“
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებებთან დაკავშირებით „ახალი თაობის“ კითხვებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პასუხობს.
- ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით სერგეი ლავროვის განცხადებას და რა საფრთხეებზეა საუბარი?
- ლავროვს კონკრეტულად საქართველო არ უხსენებია, როდესაც საფრთხეებზე საუბრობდა, ის ლაპარაკობს სამხრეთ კავკასიაზე. ამ პრინციპით, რასაც ლავროვი ამბობს, მაშინ ხვალ-ზეგ რუსეთმა სავიზო რეჟიმი უნდა დააწესოს აზერბაიჯანთან. თუ სამხრეთ კავკასიაზეა საუბარი, მაშინ აზერბაიჯანის ტერიტორიაც გამოიყენება და ის გამოიყენება თუ გამოიყენება გადაადგილების თვალსაზრისით. ეს არის ლაპარაკი ლაპარაკისთვის.
- რას ცდილობს ამით რუსეთი?
- რუსეთი მუდმივად ცდილობს, საქართველოსთან ურთიერთობაში სულ მოგებულ მდგომარეობაში იყოს! მაშინ დააწესონ აზერბაიჯანთანაც სავიზო რეჟიმი და 100%-ით დაცულები იქნებიან ტერორისტების გადაადგილებისგან.
- სერგეი ლავროვი მიანიშნებს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ.
- ქართული მხარე ვერ წავა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე გასაგები მიზეზების გამო. მათ ტერიტორიული მთლიანობა აქვთ დარღვეული და ოკუპირებული აქვთ ჩვენი ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი. ამიტომ ქართული მხარე ამაზე არც უნდა წავიდეს! სავიზო რეჟიმს რაც შეეხება, ისეთი გამარტივებულია ვიზების აღება, რომ ვისაც რუსეთში წასვლა უნდა, ამას მარტივად მოახერხებს.
- თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ საქართველოს ტერიტორია ნარკოტრასად იყო გამოყენებული. დღეს ამაზე სერგეი ლავროვი საუბრობს. რა სიტუაციაა დღეს ამ კუთხით?
- ნარკოტრასა როგორც იყო, ისე არის. რამდენიმე ძალიან დიდი პარტია დაკავებულ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ისეთი ტრასაა, რომელიც მსოფლიო ნარკოკარტელის გეგმაში ზის და იმდენად დიდი ფული ტრიალებს ამაში, რომ მარტივად ამას ვერ მოუვლი. ამას მარტო საქართველოს ძალისხმევა ვერ უშველის. რუსეთმა ჯობია თავის თავს მიხედოს. თქვენ რა გგონიათ, იქ არ გადის ნარკოტრასები?! სანკტ-პეტერბურგის პორტი ცნობილია ამით!
- იმატა სამხრეთ კავკასიის მიმართულებით ტერორისტების გადაადგილების ფაქტებმა თუ რატომ გაუსვა ამას ხაზი სერგეი ლავროვმა?
- გადაადგილების ფაქტები ალბათ არის, ბოლო წლებია, მსგავსი შემთხვევები ჩემს ყურამდე არ მოსულა. თუ ვინმეს უნდა მოძრაობა, მაინცდამაინც საქართველოს გავლით რატომ უნდა იაროს, როცა ამის გაკეთება შესაძლებელია რუსეთის აეროპორტების მეშვეობით?! ამაში არ არის პრობლემა, რუსეთს სხვა რამე აწუხებს.
- რა აწუხებს?
- ის, რომ აქ ნატოს სტანდარტების საწვრთნელი ცენტრი იხსნება, ის, რომ საქართველო არ იშლის ნატოსთან ურთიერთობას, პირიქით, ეს ურთიერთობა სულ უფრო ღრმავდება, აი, რა აწუხებს. სამხრეთ კავკასია რატომ ახსენა, იცით?!
- რატომ?
- იმიტომ, რომ ამერიკის გაერთიანებული შტატების უფროსი იყო ჩასული ბაქოში და მიუხედავად იმისა, რომ ის იქ შეხვდა რუსეთის გენშტაბის უფროსს, გერასიმოვს, მაინც ჩაითვალა, რომ ამერიკა და ნატო აზერბაიჯანს მოიაზრებენ, როგორც თავის პოტენციურ მოკავშირეს. ამიტომაც იყო ნახსენები სამხრეთ კავკასია.
- რუსეთს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხიც აწუხებს?
- ბევრი ფიქრობს ასე, თუმცა, რუსეთს აბსოლუტურად არ ადარდებს ეს ვიზალიბერალიზაცია. რუსეთს აწუხებს ზოგადად საქართველოს ინტეგრაციის პროცესი დასავლეთისკენ. მაგალითად, რუსეთისთვის ბევრად უფრო სანერვიულო იყო ასოცირების დოკუმენტზე ხელმოწერა, მაგრამ კარგად ვხედავთ, რომ ქართველები ვერ იყენებენ ამ დოკუმენტს სათანადოდ. ის ნამდვილად აშფოთებდა, თორემ ვიზალიბერალიზაცია რაში ადარდებს?!
- თქვენ ასე ფიქრობთ?
- ასეა. რაც მეტი ქართველი წავა საქართველოდან, ეს მით უკეთესი არ არის რუსეთისთვის?! ჩვენ ვერ ვისწავლეთ ერთი აქსიომა, რომ რუსეთისთვის არის უმნიშვნელოვანესი, რომ სამხრეთ კავკასიას აკონტროლებდეს მთლიანად! როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. აზერბაიჯანსაც და დარჩენილ საქართველოსაც. აი აქედან უნდა ამოვიდეთ ხოლმე. დღეს საქართველო თურქეთიდან უფრო მჭახე ზეწოლის ქვეშ არის, ვიდრე რუსეთისგან და ამერიკისგან.
- რას გულისხმობთ მჭახე ზეწოლაში?
- თურქეთი კატეგორიულად ითხოვს თუნდაც ამ სკოლების დახურვას, რომლებიც გიულენის სახელს უკავშირდება. შაჰინის სკოლა დახურეს და დანაჩენებსაც უტევენ. ზოგს საფინანსო ჰყავს შესეული და ზოგს კიდევ რა ვიცი. ბათუმში შაჰინის სკოლა იხურება, ამ დროს თურქეთიდან აძევებენ დეფაქტო აფხაზეთის წარმომადგენელს. ეს უბრალო დამთხვევა არ გეგონოთ. აქ ბევრი საინტერესო დეტალია.
„ახალი თაობა“, 22 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „რუსეთი სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადება“
რატომ დააგვიანა საქართველოს ხელისუფლებამ სერგეი ლავროვისთვის პასუხის გაცემა, საიდან ჩადიან სინამდვილეში ბოევიკები სირიაში, რისთვის ამზადებს ფონს რუსეთი? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.
- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბრალდებებს საქართველოს მთავრობა დაგვიანებით გამოეხმაურა და სერგეი ლავროვი საკმაოდ მოკრძალებულად დაგმო. რითი ხსნით ჩვენი ხელისუფლების ასეთ პოზიციას?
- რუსეთის ხელისუფლების მსგავსად, საქართველოს ხელისუფლების პოზიციებიც ხშირად გაუგებარია. ვერც იმას გეტყვით, რა მიზანი აქვს საქართველოს მთავრობას მოსკოვთან ურთიერთობაში. ამ გაურკვევლობამ ევროპაში უკვე დიდი ხანია, გააჩინა ეჭვები. ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი არ ვარ და გამიჭირდება იმის თქმა, თუ რატომ დააგვიანა მან რეაქცია, მაგრამ ამ შემთხვევაში, შესაძლოა, გაგებით მოვეკიდოთ ოფიციალური თბილისის პოზიციას. რუსეთი არის ქვეყანა, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს, მაღალ ტონალობაში ელაპარაკები თუ დაბალში.
ერთი მხრივ, შესაძლოა, კარგიც არის, რომ ქართულმა მხარემ ასეთი თავშეკავებული პასუხი გასცა რუსეთის საგარეო უწყების პირველ პირს, რომელიც თავისი ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანს ევროპელი დიპლომატები სომხურ ლობის ეძახიან.
- კარგი რატომ არის?
- შესაძლოა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება სწორედ იმიტომ გააკეთა, რომ ქართული მხარისგანაც მკვეთრი განცხადებები გაკეთებულიყო, რასაც რუსეთი კიდევ უფრო მკვეთრ განცხადებას მოაყოლებდა. მერე თბილისი იტყოდა თავის სათქმელს. ამ პოლიტიკურ იწილო-ბიწილოს ძალიან ცუდი გაგრძელება მოჰყვებოდა.
- ცუდ გაგრძელებაში რას გულისხმობთ, ქართულ პროდუქციას აღარ შეუშვებს რუსულ ბაზარზე?
- ქართული პროდუქცია რუსეთში ისედაც აღარ შედის დიდი რაოდენობით. რატომღაც მგონია, რომ რუსეთი უფრო მკვეთრი ნაბიჯებისთვის ემზადება. მათი მხრიდან სამხედრო ინტერვენცია არ არის გამორიცხული. სერგეი ლავროვს შემთხვევით არ უთქვამს, რომ საქართველო ბოევიკებისთვის არის დერეფანი. რუსეთის მაღალ ეშელონებში თუ ძალიან აწუხებთ ეს საკითხი, მაშინ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვან. კერძოდ, ლავროვს უნდა ეთქვა, რომ ბოევიკების გადაადგილებას რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი, მაგრამ, ეს მაშინ ხდებოდა, როცა საქართველოს სააკაშვილის ხელისუფლება მართავდა.
ამასთან, ისიც უნდა დაეყოლებინა, რომ სანამ ეს ბოევიკები საქართველოში მოხვდებოდნენ, ჯერ რუსეთის ტერიტორია გამოიარეს. რუსეთის ტერიტორიაზე ისინი ევროპიდან ჩამოვიდნენ. ეგრე არ არის, რომ ეს ბოევიკები საქართველოდან ახტნენ რწყილებივით და სირიაში ჩახტნენ. სირიაში მოსახვედრად მათ თურქეთის ტერიტორიაც უნდა გაევლოთ.
- ადრე რუსები თურქეთსაც ადანაშაულებდნენ ბოევიკების ხელშეწყობაში და ახლა რაღაც აღარ ისმის ეს ბრალდებები...
- თურქეთის გარდა, ასეთივე პრეტენზიები კრემლს აზერბაიჯანთანაც ჰქონდა, მაგრამ ახლა არცერთ მათგანს არ ახსენებენ. ორივე მათგანი საქართველოზე ძლიერია და ამიტომ ერიდებიან მათზე ცუდის თქმას. აშკარაა, რომ რუსეთს საქართველოსთან კარგი ურთიერთობის დამყარება არ უნდა და ამიტომ ზოგიერთებმა მოსკოვის განცხადებების შელამაზებას თავი დაანებოს.
- რატომ გგონიათ, რომ რუსეთს საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენა არ სურს?
- ეს სურვილი რომ ჰქონოდათ, ამას აუცილებლად გააკეთებდნენ. ყველას რატომღაც ეგონა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეცვლის შემდეგ რუსეთი საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას შეცვლიდა.
- ეს მოლოდინი რამ გააჩინა? ექსპერტების დიდი ნაწილი ამბობს, რომ საქართველოს არცერთ ხელისუფალს არ გაუკეთებია იმდენი სარუსეთო საქმე, რამდენიც სააკაშვილმა გააკეთა...
- მიხეილ სააკაშვილის დახმარებით რუსეთმა ბევრ მიზანს მიაღწია საქართველოში, მაგრამ ის მაინც მის მტრად აღიქმებოდა. „ქართული ოცნება“ კი რუსეთთან სიტუაციის დარეგულირების მომხრე იყო. ფაქტია, რომ რუსეთმა არც მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ შეცვალა რიტორიკა. დამიჯერეთ, ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესებიც რომ დავთმოთ, კრემლი მაინც გართულებაზე წავა.
- ფიქრობთ, რომ სამხედრო ინტერვენცია გარდაუვალია?
- რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი. კრემლმა საქართველოდან წაიღო ის ტერიტორიები, სადაც მას რეალურად ჰქონდა გავლენები. ამის შემდეგ მან რამდენჯერმე ცადა, საქართველო ფეოდალურ სამთავროებად დაეშალა – ხან აჭარას უჩხიკინა, ხან სამეგრელოს და ხან ჯავახეთს. საბედნიეროდ, ამ მიმართულებით არაფერი გამოუვიდა. საქართველოში დიდი ხანია, რაც პოლიტიკური ელიტაა ჩამოყალიბებული, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს. რაიონებისა და რეგიონების დონეზე, მადლობა ღმერთს, გადაწყვეტილებები აღარ მიიღება. ამ მიმართულებით რუსეთი წარუმატებლობას, ალბათ, არ შეეგუება და ახალ პროვოკაციას მოიფიქრებს.
- თქვენ თქვით, რომ რუსეთმა ის ტერიტორიები წაიღო, სადაც რეალურად ჰქონდა გავლენები. დარწმუნებული ხართ, რომ სხვა ტერიტორიების წაღებას აღარ ეცდება? მათი ჟირინოვსკი კი არის გიჟი, მაგრამ ხშირად კრემლის პოზიციებს ახმოვანებს. კრემლის გადარეულმა რუპორმა ამჯერად განაცხადა, რომ რუსეთსა და თურქეთს პირდაპირი საზღვარი უნდა ჰქონდესო. თურქეთსა და რუსეთს შორის კი საქართველოა. მისი ეს განცხადება როგორ უნდა გავიგოთ?
- როგორ უნდა გავიგოთ და როგორც კრემლის პოზიცია. რუსეთი დიდი ხანია ოცნებობს მთელი კავკასიის ხელში ჩაგდებაზე. ამის გარდა, აკვიატებული აქვთ ევრაზიული კავშირი და იქ სურთ ჩვენი შეთრევა. კუნთებისა და რაკეტების თამაშის მიუხედავად, ისინი შედეგზე მაინც ვერ გავიდნენ. არც ევროპამ და არც ამერიკამ მათ სანქციები არ მოუხსნა. ამან რუსეთის ეკონომიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
- თუ ასეთი დასუსტებულია რუსეთი, მაშინ, წესით, ბევრი ვერაფერი უნდა დაგვიშავოს...
- ამის თავი რუსეთს ყოველთვის ექნება, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხელები უნდა ჩამოვყაროთ და ენის მოჩლექით ველაპარაკოთ. საქართველო ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა, სანამ რუსეთი გაჩნდებოდა. ამ ქვეყანამ რუსეთზე დიდი იმპერიები მოინელა და ამათაც მოვინელებთ. ვერც ენა შეგვაცვლევინა ვინმემ, ვერც კულტურა და ვერც სარწმუნოება. მომავალშიც ასე იქნება. რუსეთი ისევ გააგრძელებს საქართველოსთან აგრესიულ ტონალობაში საუბარს. მოსკოვი ვერაფრით შეურიგდა იმას, რომ ჩვენ ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ. ამას დაემატა ევროპული არმიის შექმნაც. ბუნდესტაგის ბაზაზე დაიწყო ევროპული არმიის ფორმირება. ევროპას რუსეთი ვეღარაფერს დააკლებს და, ეტყობა, გადაწყვიტა, ყველას ჯავრი ჩვენზე იყაროს.
- რაც შეეხება მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორ არის და როდემდე შეიძლება, კლინიკაში დარჩეს?
- ჯერ კლინიკიდან გაწერაზე არ არის საუბარი. ექიმებმა კონსილიუმი მოიწვიეს და გადაწყდა, რომ სავალდებულოა, თოდუას სახელობის კლინიკაში გადაიყვანონ, რადგან გამოკვლევებია საჭირო თავზე, კონკრეტულად კი საჭიროა თავის ტომოგრაფია, შემდეგ კი კვლავ ჩაფიძის სახელობის კლინიკაში დააბრუნებენ.
- თავზე პრობლემები აქამდე ცნობილი არ იყო, რატომ გახდა საჭირო ამ მიმართულებით სამედიცინო კვლევა?
- შესაძლებელია, რომ გარკვეული პრობლემები აღმოჩნდეს თავზე და ამიტომ არის კვლევები ამ მიმართულებით საჭირო, როგორც ექიმები აცხადებენ.
————————
„რეზონანსი“, 22 თებერვალი, 2017 წელი
გაზის გაძვირებას ინფლაციის ტალღა მოჰყვება
პირველ რიგში, დიდ დარტყმას მიიღებს ადგილობრივი წარმოება
ნათია ლომიძე
2017 წლის ზაფხულში გაზის ტარიფის მოსალოდნელი გაზრდა, ადგილობრივ წარმოებაზე მკვეთრად უარყოფითად აისახება. გადასახადის მატება პროდუქციის ფასს აუცილებლად გაზრდის. ამაზე საუბრობენ როგორც მეწარმეები, ასევე სპეციალისტებიც. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ოდენობა არ სახელდება, თუ რამდენით გაიზრდება გადასახადი, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ინფლაციის მაჩვენებელს გაზრდის და სამომხმარებლო ბაზარზეც მორიგ გაძვირებას გამოიწვევს.
ბუნებრივი აირის გაძვირების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ ისედაც მძიმე სოციალური პირობები კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდება. ბევრი ქვეყნის დატოვებას და უცხოეთში შემოსავლის საძიებლად წასვლას არ გამორიცხავს.
ქართული პურის საწარმო “იფქლის” ხელმძღვანელ ბაქარ ბაკურაძეს, იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ჯერ მისთვის უცნობია რამდენი თეთრით გაიზრდება გაზის გადასახადი, კომენტარის გაკეთება უჭირს. “რეზონანსთან” საუბრისას იგი აცხადებს, რომ მათი კომპანია ყველაფერს გააკეთებს, რათა მოახერხოს და პროდუქტზე არსებული ფასი შეინარჩუნოს.
“კომენტარის გაკეთება მიძნელდება, რადგან არ ვიცი ,რამდენით გაძვირდება ბუნებრივი აირი. თუ უმნიშვნელოდ გაძვირდა გადასახადი, ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროდუქტზე არსებული ფასი შევინარჩუნოთ, მაგრამ თუკი შესამჩნევად გაძვირდა, ჩვენც სხვა გზა არ გვექნება და იძულებული გავხდებით, შესაბამისი ფასი დავადოთ ნაწარმს”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას ბაკურაძემ.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე “რეზონანსთან” საუბრისას ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბუნებრივ აირზე ფასის ზრდა აუცილებლად გამოიწვევს ადგილობრივი პროდუქციის გაძვირებას. ერთადერთი გამოსავალი, რომ მოსახლეობა დაცული აღმოჩნდეს ამ უარყოფითი მოვლენებისგან, არის ლარის კურსის გამყარება.
“გაზის ტარიფი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ადგილობრივი საწარმოების უმრავლესობისთვის. ამიტომ მის გაძვირებას აუცილებლად მოჰყვება საქონლის ღირებულების გაზრდა, მით უმეტეს ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტზე, როგორიცაა პურპროდუქტები. საქართველოში შემოსული და მოხმარებული გაზის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყენება ელექტროენერგიის საწარმოებლადაც. ამიტომ მისი გაძვირება ჯაჭვური რეაქციით იმ საქონლის გაძვირებას გამოიწვევს, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ბუნებრივ აირს. სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის ლარის კურსის გამყარება. ამან შეიძლება დააბალანსოს ბუნებრივი აირის ფასი დოლარში, რომელიც კონტრაქტითაა გათვალისწინებული. ჩვენ მოგვიწევს, რუსეთიდან შემოსულ გაზში უფრო მეტის გადავიხადოთ, ვიდრე ახლა ვიხდით.
ერთი სიტყვით, მოსალოდნელია ინფლაციის გაზრდა. ასეთ ვითარებაში მცირე, მაგრამ მაინც დადებითი მომენტია ის, რომ იზრდება როგორც ქართული პროდუქციის ექსპორტი, ასევე ფულადი ტრანზაქციების მოცულობა საქართველოში. გარდა ამისა, იმედის თვალით ვუყურებთ საქართველოში ინვესტიციების შემოდინებას. ეს ტენდენცია თუ შეინარჩუნდა, დადებითად აისახება ლარის კურზე. შემდეგ კი მოგვეცემა საშუალება, მოსახლეობას თავიდან ავარიდოთ გაძვირებული ენერგომატარებლების ნეგატიური გავლენა”, – განუცხადა “რეზონანსს” სოსო არჩვაძემ.
ნაწარმის გაძვირებაზე საუბრობენ მცირე საცხობის მეპატრონეებიც. თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე საშაურმესა და საცხობის მეპატრონე მიხეილ შოვნაძე ამბობს, რომ თუკი გაიზრდება ბუნებრივი აირის გადასახადი, ის აუცილებლად გააძვირებს გასაყიდი პროდუქციის ღირებულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტის დახურვა მოუწევს.
“გაზის გაძვირება, რასაკვირველია, ყველა იმ პროდუქტის ღირებულების ზრდას გამოიწვევს, რომელიც უშუალოდ მზადდება მისი დახმარებით. საშაურმე და საცხობი მაქვს საბურთალოზე. ეს არის ჩემი და ჩემი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო. ბუნებრივი აირის გაძვირების შემდეგ, პროდუქცია რომ არ გავაძვიროთ და დღეს არსებული ფასით გავყიდოთ, წაგებაზე მუშაობა მოგვიწევს. საბოლოოდ ობიექტის დახურვა გარდაუვალი იქნება. ძალიან არ მინდა, რომ გავზარდო ფასი, მაგრამ ამისათვის როგორმე უნდა დასტაბილურდეს მდგომარეობა. ხალხს მიაჩნია, რომ მზა პროდუქტის გაძვირება თავად მეწარმეების ბრალია, თუმცა ამას გარემოება გვაიძულებს და ჩვენც შესაბამისად ვიქცევით”, – განუცხადა “რეზონანსს” მიხეილ შოვნაძემ.
მძიმე სოციალურ პირობებზე საუბრობს “რეზონანსთან” მეგი წულაია. საცხობი, რომელიც მის საკუთრებაშია და ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, გაზრდილ გადასახადებს ვერ გაუძლებს, რადგან ობიექტი საბანკო ვალდებულებით აქვს შეძენილი.
“ისე გვიმძიმდება ყოველდღიური ცხოვრება, რომ მზად ვარ, დღესვე დავტოვო ეს ქვეყანა და საზღვარგარეთ წავიდე ლუკმაპურის საშოვნელად. იმ პატარა საცხობის გახსნა, რომელიც დღეს მაქვს, ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად დამიჯდა. ბანკიდან სესხი გამოვიტანე, რომ საქმე დამეწყო და ოჯახი მერჩინა. ორი შვილი მყავს და მათ ჩემი საცხობიდან შემოსული თანხის იმედად ვზრდი.
გაზი რომ გაძვირდება, მეც ხომ უნდა გავზარდო პროდუქტის ფასი? ისედაც ძალიან დაბალია გაყიდვების მაჩვენებელი და მომავალში რა იქნება, ძნელი გამოსაცნობი არ არის. შემცირდება რეალიზაცია და თანდათან მოგება აღარ მექნება”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას მეგი წულაიამ.
„რეზონანსი“, 22 თებერვალი, 2017 წელი
კონტრაბანდის მასშტაბები გაიზარდა
წლის დასაწყისიდან უკვე 320 შემთხვევა გამოვლინდა და სავარაუდოდ, უფრო მეტის გამოაშკარავება ვერ მოხერხდა
მარი ჩიტაია
კონტრაბანდის საფრთხე მატულობს. როგორც იმპორტიორები ვარაუდობდნენ, თამბაქოს არალეგალურად, შემოტანის ფაქტები გახშირდა. “რეზონანსისთვის” ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 20 თებერვლის ჩათვლით, კონტრაბანდის 320 შემთხვევა გამოაშკარავდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ გაცილებით მეტი, შესაძლოა, ორჯერ მეტი იყოს არალეგალურად შემოტანილი საქონლის რაოდენობა, რომლის აღრიცხვაც ვერ მოხერხდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გამოვლენილი 320 ფაქტიდან 33 შემთხვევა არადეკლარირებულ სიგარეტს უკავშირდება. ეს არის 200 280 ღერი სიგარეტი (400 ყუთი), რომლის ჯამური რაოდენობა თანხობრივად 23 430 ლარს შეადგენს.
პირველი იანვრიდან 20 თებერვლის ჩათვლით, არალეგალური გზით 2 მლნ 394 ათასი ლარის საქონლის შემოტანას ცდილობდნენ, ხოლო შეფარდებული სანქციების მოცულობა 744 814 ლარია.
სპეციალისტები კონტრაბანდის ფაქტის გახშირებას აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირებენ. ჯერ კიდევ, სანამ საგადასახადო კოდექსში ცვლილება ძალაში შევიდოდა, ისინი საუბრობდნენ, რომ ქვეყანაში კონტრაბანდის რისკი გაიზრდება და ასე მოხდა კიდეც. შემთხვევითი არ არის, რომ არადეკლარირებული საქონლის გამოვლენის 30-ზე მეტი ფაქტი სწორედ თამბაქოზე მოდის.
საგადასახადო სფეროს სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი ფიქრობს, რომ უახლოეს პერიოდში კონტრაბანდული სიგარეტის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება, რის გამო, აუცილებელია, ჩატარდეს კვლევა ჩრდილოვან ეკონომიკასთან დაკავშირებით.
“ბიზნესისთვის მაღალი გადასახადი ყოველთვის ხდება კონტრაბანდის საფუძველი. რეალურად გაზრდილია პროდუქციის ღირებულების ფასი, რა დროსაც არაკეთილსინდისიერი საქმიანობის რისკი ყოველთვის მატულობს. სამწუხაროდ, არა მხოლოდ თამბაქოს კუთხით, კონტრაბანდის ფაქტები გაზრდილია სხვა მიმართულებითაც, მათ შორის, სპირტიან სასმელებზე. აქტიურად მუშაობს ფინანსთა სამინისტრო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.
აუცილებლად უნდა გაკეთდეს კვლევა ჩრდილოვან ეკონომიკასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, უცნობია სტატისტიკა და არ ვიცით მაღალი აქციზის გამო ეკონომიკას რეალურად რა ზარალი ადგება. ვთქვათ, თუკი იყიდებოდა, პირობითად, 100 კოლოფი სიგარეტი და ბიუჯეტში შემოდიოდა 200 ლარი, დღეის მდგომარეობით, შესაძლებელია ბიუჯეტში ისევ შემოდის 200 ლარი, მაგრამ ოფიციალურად იყიდება 80 კოლოფი. 20 გამოაკლდა ბაზარს და ფასის გამო თუ შავ ბაზარზე გადაინაცვლა, ამ კითხვას კვლევამ უნდა გასცეს პასუხი.
ჩვენ ვამბობდით ადრეც, რომ აქციზის გადასახადის ნახტომისებური ზრდა იქნებოდა სტიმული შავი ეკონომიკისთვის და ასეც ხდება. გამოვლენილი ფაქტები ამას ადასტურებს”, – განმარტავს ჩარგეიშვილი და დასძენს, რომ რისკი აბსოლუტურად ყველა სფეროშია, სადაც კი მაღალი გადასახადია – საწვავ-საპოხი საშუალებები, სპირტიანი სასმელი და ა.შ.
კონტრაბანდის მასშტაბის გაზრდაზე, გარკვეულწილად, მოქმედებს დაბალი ჯარიმებიც. თუკი ადრე ბაზარზე გვქონდა უფრო ნაკლები საცდური კონტრაბანდული საქონლის შემოსასვლელად, დღეს მეტი მოტივაციაა, რადგან მეტი მოგების მიღების შანსი გაჩნდა. როგორც ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი განმარტავს, დღეს კონტრაბანდისტების მოგება ძალიან გაზრდილია, რის გამოც უღირთ რისკის გაწევა და ჯარიმის გადახდა, რაც სულაც არ არის მაღალი.
“კონტრაბანდის მნიშვნელოვანი წილი მოდის სიგარეტზე და ამას აქვს თავისი განმაპირობებელი მიზეზი. თამბაქო იმდენად არის გაძვირებული, რომ უღირთ რისკის გაწევა და არარეგალური პროდუქტის შემოტანა. რაც შეეხება ზოგადად შავი ბაზრის გააქტიურებას, შეიძლება ითქვას, ამ მიმართულებით შემოსავლების სამსახური ვერ მუშაობს იმდენად ეფექტურად, რომ დანაშაულის სრული პრევენცია მოხდეს. გასაგებია, რომ აფიქსირებს ბაზარზე შემომავალ კონტრაბანდულ ტვირთებს და მათ გამოვლენას ახდენს, მაგრამ დასაშვებია ისიც, რომ არის ისეთი შემთხვევები, რომელია გამოაშკარავება ვერ ხერხდება.
ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ბაზარზე ყველა გადამსვლელი მოწმდება. ყველა გამოვლენილ ფაქტთან ერთად არსებობს გამოუვლენელიც, რის გამოც გარკვეული რაოდენობის პროდუქცია შავ ბაზარზე ხვდება. მესაზღვრე-კონტროლიერების რაოდენობა ადრინდელ ბაზარს ჰყოფნიდა, მაგრამ გაზრდილი აქციზის გამო, დღეს გაცხოველებული ინტერესია. აქედან გამომდინარე, არსებული გამოწვევებისთვის თავის გართმევა მარტივი არ არის”, – აცხადებს ბაირახტარი.
აფბა-ს ანალიტიკოსის პროგნოზით, კონტრაბანდის ფაქტები კვლავ იქნება და მასთან საბრძოლველად შესაბამის სტრუქტურებს დიდი ძალისხმევის გაწევა დასჭირდებათ.
“შეუძლებელია კონტრაბანდის რისკი არ წარმოიშვას, როდესაც შენს მოსაზღვრე ქვეყნებში ერთი კოლოფი სიგარეტი იაფია და ის დაახლოებით 1-ლარიანი სხვაობით იყიდება. რამდენადაც სწორედ ფასთა შორის სხვაობა უბიძგებს ბევრ ადამიანს, სადაც იაფია, იქ იყიდოს, აქ შემოიტანოს არალეგალურად და მაღალ ფასად გაყიდოს. რაც უფრო მეტია აქციზებს შორის სხვაობა, მით უფრო მეტია ასეთი ბიძგი.
დარწმუნებული ვარ, ასეთი ფაქტები კიდევ იქნება, რამდენად გაუმკლავდებიან ამ გამოწვევას შესაბამისი უწყებები, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჩვენ ამ გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით”, – აცხადებს ბაირახტარი.