globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 22 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 22nd, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: უსაფრთხოების გარანტიები საქართველოსთვის // თურქეთ-აზერბაიჯანის კავშირი, ნორდიკული ალიანსი და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა

„ალია“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ისლამური სახელმწიფოსთან“ დაკავშირებით სხვა საგანგაშო პროგნოზებს აღარ გავაკეთებ და მოსახლეობას პანიკაში არ ჩავაგდებ!“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნუგზარ წიკლაურთან: „რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მორიგ აგრესიას გეგმავს“//„ისლამურ სახელმწიფოს საქართველოში ტერორისტული ბაზა აქვს“

„ვერსია“: ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: „ნაციონალების“ საგარეო პოლიტიკის საკითხები

———————-

რეზონანსი“, 21 აპრილი, 2015 წელი

უსაფრთხოების გარანტიები საქართველოსთვის

თურქეთ-აზერბაიჯანის კავშირი, ნორდიკული ალიანსი და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა

თაკო მათეშვილი

(შემოკლებით)

ნატოში გაწევრიანებამდე, რომელიც საკმაოდ შორეული პერსპექტივაა, საქართველოსნაირ პატარა და პრობლემურ რეგიონში მდებარე ქვეყანას დაცვა და უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, რომლის მიღწევაც რამდენიმე გზით შეიძლება – ამ მოსაზრებას გამოთქვამენ ჩვენთან საუბრისას პოლიტოლოგები და იმ შესაძლო მოდელებზეც საუბრობენ, რომელთა არჩევითაც საქართველოს თავის დაცვა შეუძლია. ორმხრივი ხელშეკრულებები, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება, ალტერნატიული ალიანსები – სწორედ ესაა, მათი თქმით, იმის შანსი, რომ ნატოში შესვლამდე ქვეყანა აგრესორებს გადაურჩეს.

“ევროპული კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ დღევანდელ სამყაროში უსაფრთხოების რამდენიმე სახის გარანტია არსებობს. 100%-იან დაცულობას, მისი თქმით, არცერთი მათგანი არ უზრუნველყოფს, მაგრამ მეტ-ნაკლები დახმარების გაწევას შეძლებენ.

ნებისმიერი სახის დიპლომატიური წინსვლა გარკვეულ ქვეყნებთან, ურთიერთობის გაღრმავება და თუნდაც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაც კი, პოლიტოლოგის თქმით, უსაფრთხოების გარანტიის ელემენტებს შეიცავს. იგივე შეიძლება ითქვას ქვეყნის შიგნით კონსოლიდაციაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, სამხედრო პოტენციალის ზრდაზეც – “ვინაიდან თავს ისეთ სახელმწიფოებს არ ესხმიან, რომელთაც შეუძლიათ, კარგად უპასუხონ.”

რაც შეეხება ალიანსებსა და ბლოკებს, გოგოლაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ზოგიერთი ქვეყნისაგან შემოათავაზებაც არსებობს. “მაგალითად, აზერბაიჯანსა და თურქეთს უნდოდათ, რომ ჩვენ ერთად სამხედრო კავშირი შეგვექმნა. ასევე რუსეთს ძალიან უნდა, რომ მასთან ერთად ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ეს შემოთავაზებები და კოლექტიური უსაფრთხოების ასეთ სისტემებში გაერთიანება, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე არ გვაწყობს. ეს სხვა მიმართულებით რისკებთან და ქვეყნის განვითარების შეზღუდვასთანაა დაკავშირებული.

“ნატო დღესდღეობით მთავარი გაერთიანებაა, რომელიც ყველაზე მეტ უსაფრთხოებას გვთავაზობს. სამწუხაროდ, ეს ჩვენთვის ჯერ შორი პერსპექტივაა და ამ ვითარებაში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება უპრიანია. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ევროპული ან ნატოს წევრი რომელიმე ქვეყანა გაგვიფორმებს ხელშეკრულებას, რომლითაც ჩვენ გამო საომარ მოქმედებებში ჩაერთვება. თავი თავად უნდა დავიცვათ”, – ამბობს გოგოლაშვილი.

მიუხედავად ამისა, იგი აქვე იმასაც დასძენს, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებებს, განსაკუთრებით ორმხრივ დონეზე, რომლითაც ჩვენზე განხორციელებული აგრესიის დროს მაქსიმალურ დახმარებას აღმოგვიჩენენ – სამხედრო ტექნიკით, ეკონომიკურ-ფინანსური მხარდაჭერით და ა.შ. თუ ძლიერ, დემოკრატიულ სახელმწიფოებთან ასეთი სახის ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ინსტიტუციონალიზაციას მივაღწევთ, ეს, კახა გოგოლაშვილის აზრით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება.

“ყველაზე რეალისტურად ნორდიკულ სახელმწიფოებთან გაერთიანებას ვთვლი. ესაა ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნების თავდაცვის კავშირი, რომელშიც ნორდიკული ქვეყნები, მათ შორის დიდი ბრიტანეთია გაერთიანებული. იგი ჯერ საბჭოა და ალიანსის ფორმა არ მიუღია. ამ ქვეყნებს შორის არსებობს თანამშრომლობის მექანიზმი, რომლის საქმიანობაც ძირითადად რუსეთის აგრესიისაგან თავის დაცვისკენაა მიმართული.

“თუმცა, არაა გამორიცხული, იგი ნატოს შიგნით სამხედრო კავშირად ჩამოყალიბდეს. მგონია, რომ მათ ინტერესებში საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები შედის და არაა გამორიცხული, რომ ახლო მომავალში მასში უკრაინაც გაწევრიანდეს. ასევე არაა გამორიცხული, რომ ამ კავშირს სამხედრო და სხვა სახის დახმარება აშშ-მ გაუწიოს. შესაბამისად, ასეთ კავშირთან ინსტიტუციონალისტური ურთიერთობები სამომავლოდ სასარგებლო იქნებოდა”, – ამბობს პოლიტოლოგი.

აქვე გოგოლაშვილი იმასაც შეგვახსენებს, რომ უკვე დიდი ხანია საქართველო შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას ცდილობს და ამბობს, რომ ამის საფუძველზე ქვეყანაში აშშ-ს სამხედრო ბაზის განთავსება შეიძლებოდა, რასაც საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგებაც მოჰყვებოდა. ეს ყველაფერი ჯერ-ჯერობით შეჩერებულია, თუმცა აცხადებს, რომ გააჩნია, როგორ საგარეო პოლიტიკას გაატარებს ამერიკა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. გოგოლაშვილის თქმით, არაა გამორიცხული, მათ უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკა გაატარონ. განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში.

“ნატო ჩვენი სტრატეგიული არჩევანია და მის რეალიზებამდე არ შეიძლება ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები ამ მიმართულებას ეწინააღმდეგებოდეს”, – ამ მოსაზრებას კი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი გამოთქვამს და ამბობს, რომ უსაფრთხოების თვალსზრისით, მიმდინარე საკითხების გადაწყვეტის გზები ჩვენს მომავალ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით უნდა ვეძებოთ. აქვე იმასაც დასძენს, რომ მუშაობა სწორედ ამ გზით მიდის, რაც უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო თანამშრომლობაზე აისახება, რომელიც წვრთნის და ჩვენს სამხედრო ძალებს აღჭურვილობით უზრუნველყოფს. პარალელურად კი, მენაღარიშვილის თქმით, თანამშრომლობა გასააქტიურებელია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთანაც. იგი ამბობს, რომ აქ ჯერ კიდევ გამოუყენებელი რესურსებია, თუმცა, ევროპელებთან ამ საკითხებზე საუბარი უფრო ძნელია, ვინაიდან მათ პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოებთან თანამშრომლობაზე ბევრად უფრო თავშეკავებული პოზიცია აქვთ ხოლმე.

“სხვა ალიანსებს რაც შეეხება, ამას დაფიქრება სჭირდება, რათა იმ ნაბიჯით, რომელიც შეიძლება დაიგეგმოს და გადაიდგას, ჩვენივე ინტერესები არ დაზარალდეს. უსაფრთხოების რამდენიმე ფორმატი, რომელიც გასულ წლებში აქტიურად გამოიყენებოდა, მაგალითად, შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორმატი, რომელშიც რეგიონის ქვეყნები მონაწილეობდნენ, თუნდაც “სუამი”, რომელიც ამოწურული არ არის, ასევე ამ მიზნით უნდა იქნეს გამოყენებული”, – აცხადებს იგი.

(…)

„ალია“, 21 აპრილი, 2015 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიათან: „ისლამური სახელმწიფოსთან“ დაკავშირებით სხვა საგანგაშო პროგნოზებს აღარ გავაკეთებ და მოსახლეობას პანიკაში არ ჩავაგდებ!“

ნინო სამხარაძე

(შემოკლებით)

პანკისის ხეობა ხელისუფლების თავის ტკივილი გახდა. ახლო აღმოსავლეთში სისხლისღვრის შეჩერება შეუძლებელი ხდება, ტერორისტები ანადგურებენ ყველასა და ყველაფერს. მათი სამიზნე ქრისტიანები არიან. ისლამური ხალიფატის საფრთხის წინაშე დგას კავკასია და საქართველო, როგორც სატრანზიტო დერეფანი. უფრო კონკრეტულად, რა საფრთხე გვიახლოვდება და რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ?

„ალიას“ კითხვებს პასუხობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია:

- ბატონო ვახტანგ, დღეს რატომ გახდა ასეთი აქტუალური პანკისის ხეობის პრობლემა მაშინ, როცა ექსპერტები ბოლო ერთი წელია გაიძახით, პანკისი ხელისუფლების თავის ტკივილი გახდება, იქ ისლამური ხალიფატი გააქტიურდა და სანამ ცეცხლი არ დაენთება, მიხედეთო… სპეცსამსახურებმა მხოლოდ ახლა, პანკისიდან არასრულწლოვნების გაყვანის შემდეგ გამოიღვიძეს, რატომ?

- ჩვენს ხელისუფლებას ამ პრობლემისთვის თუნდაც გასული წლის ნოემბერში რომ მიექცია ყურადღება, როდესაც ამ საკითხზე „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში“ სპეციალური მოხსენებაც კი გავაკეთე, სადაც პროგნოზიც გაკეთდა, რომ ეს საფრთხე სულ რამდენიმეთვეში წინ დაგვხვდებოდა, ამის გარდა, სამოქმედო გეგმაც კი შევთავაზე ხელისუფლებას, რა უნდა გაეკეთებინა… ჩემ გარდა, ამ თემაზე აქტიურად საუბრობდა ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე და სხვები, მაგრამ სანამ ურემი არ გადაბრუნდა, მანამ გზა არ გამოჩნდა. 2015 წლის დადგომისთანავე სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ისლამურმა ხალიფატმა მიიღო ორგანიზებული სახელმწიფო გაერთიანების იერსახე. (…) ყველა ერთი და იგივე ტექსტით ლაპარაკობს, რომ კავკასია და საქართველო, როგორც მთავარი ქვაკუთხედი ქვეყანა, არის დარტყმის სამიზნე. ჩვენ ვხედავთ, როგორ ხორციელდება პანკისიდან ახალგაზრდების ექსპორტი, პანკისი ჩანს, თორემ აჭარიდან და სხვა რეგიონებიდანაც ხდება ახალგაზრდების გადინება, ისინი მიჰყვათ საღვთო ომში, იგივე ჯიჰადისთვის ახლო აღმოსავლეთში, დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა 11-მდე. იანვარში დაფიქსირდა ახალგაზრდების ნაკადის გადინება სირიასა და ერაყში, ბოლოს კი ჩვენ ვნახეთ, რომ არასრულწლოვნები გადაიყვანეს. ეს არ იყო შემთხვევითი გადასვლა, ეს იყო დემონსტრაციულად გაკეთებული, ეს იყო მესიჯი ჩვენი ქვეყნისთვის… და ამ დროს რა აკეთებს ხელისუფლება? რატომ არ ტეხს განგაშს, ეს არის მთავარი კითხვა.

(…)

- მოზარდების გადაყვანის სქემა დაახლოებით როგორია?

- მოზარდები ისლამურ ხალიფატში ფულისთვის არ მიდიან, ისინი არიან იდეოლოგიურად დამუშავებული მოხალისეები, ისინი დაქირავებული მებრძოლები არ არიან და მათ სჭირდებათ მინიმალური თანხები. მათი მარშრუტი ასეთია: პანკისიდან თბილისში ჩამოსვლა, თბილისში კონსპირაციული ბინის დაქირავება, სადაც ჩერდებიან რამდენიმე დღით, კვების თანხა, დოკუმენტაციის დამზადება, ბილეთის შეძენა თურქეთამდე და სირია-თურქეთის საზღვრიდან ხდება მათი გადაყვანა. თბილისიდან თურქეთამდე მოხალისეების გადაყვანას ერთი ჯგუფი კურირებს, ხოლო თურქეთიდან სირიაში – მეორე. არსებობს მესამე ჯგუფი, რომელიც უკვე ისლამური ხალიფატის ტერიტორიაზე მათ გადაყვანას კურირებს, სადაც ხდება მათი ორგანიზებული მართვა. მოხალისეების ჯგუფიც იყოფა. ერთნი მიდიან სამოქალაქო მიმართულებით, მეორენი -სამხედრო მიმართულებით. სამხედრო ბანაკებში ხდება მათი სპეციალიზებული მომზადება. ეს შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ ორ თვემდე. ამის შემდეგ, ისინი ნაწილდებიან საბრძოლო შენაერთებში. ეს შენაერთიც იყოფა, ყველაზე რადიკალური შენაერთი გახლავთ ის დაჯგუფება, სადაც არიან შაჰიდები, რომლებიც ასურელთა უსასტიკეს გენოციდს ახორციელებენ. ყველაზე უძლიერესი სამხედრო ფორმირება არის კავკასიელებით დაკომპლექტებული ხალიფატის ლეგიონი, სადაც დაახლოებით ხუთი ათასი კავკასიელია გაერთიანებული. კავკასიელები და ბალკანელები უძლიერეს დამრტყმელ ბირთვს წარმოადგენენ, რომელიც ხალიფატის დასაყრდენი ძალაა. რაც ყველაზე საინტერესოა, მათ გავლილი აქვთ ამერიკული ტიპის სამხედრო მომზადება.

- ის, რაც სირიაში ხდება, აუპატიურებენ ბავშვებს, ცოცხლად წვავენ და თავებს აჭრიან ქრისტიანებს, ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია დედამიწაზე და ეს ყველაფერი ხდება ჩვენს თვალწინ, საქართველოდან ძალიან ახლოს. რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ?

- საქართველო ისლამურ ხალიფატს სჭირდება, როგორც სატრანზიტო კორიდორი, ისინი აპირებენ, რომ ჯერ ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნან წინააღმდეგობის საკმაოდ მძლავრი ფრონტი. ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკლულია კავკასიის ისლამური იმარატის ხელმძღვანელი. თუკი ეს რეალური ინფორმაციაა, მაშინ დიდი საფრთხეა, მთელი კავკასიური იმარატის დაჯგუფებები ისლამური ხალიფატის შემადგენლობაში გადავიდეს და ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამური ხალიფატის ახალი ფრონტი შეიქმნას, რომელიც რამდენიმე თვეში აქტიურ ქმედებებს დაიწყებს და ისლამური ხალიფატი ახალ ცხელ წერტილს გახსნის კავკასიაში. ამისთვის კი, მათ სჭირდებათ საქართველო, როგორც კორიდორი, რომ მიაწოდონ იარაღი, ადამიანური რესურსი და სხვა ტიპის საბრძოლო თუ კომუნიკაციური საშუალებები… ასე რომ, კარგი არაფერი მოხდება. ვფიქრობ, ახლა ხელისუფლებამ რეპრესიული ზომები არ უნდა გაატაროს იმ პირებზე, ვინც მოხალისეებად მიდიან სირიაში, უნდა განახორციელოს პანკისში სოციალური და ეკონომიკური პროგრამები. ბოლოს და ბოლოს, რა გახდა პანკისში გაზის გაყვანა. პანკისელ ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ საშუალება, ჯიჰადის იდეებიდან გადაერთონ და დასაქმდნენ. ბიზნესის ხელშეწყობის ფონდი რას აკეთებს? დაუფინანსონ პანკისელებს პროექტები. ასევე, უნდა დაიბლოკოს საეჭვო, უცხოური ორგანიზაციები და მათზე დაწესდეს კონტროლი, დაუშვებელია, რომ ასე უპრობლემოდ მოქმედებდნენ ისლამისტური დაჯგუფებები. ხელისუფლებას კანონი რომ 6 თვის წინ გაემკაცრებინა, რასაც ახლა აკეთებენ, ეფექტი ექნებოდა. ახლა ამ კანონმა შეიძლება სიტუაცია გაართულოს. სირიიდან დაბრუნებული მოხალისეები რომ მტრებად გამოაცხადო, ისინი მაინც ჩამოვლენ სხვადასხვა გზებით საქართველოში და ტერორისტული აქტებს მოაწყობენ, ბევრ პრობლემას შექმნიან.

დღეს კი აი, რა მივიღეთ და რა საფრთხის წინაშე ვდგავართ; ზაკაევი გვეუბნება, რომ საქართველო არის საფრთხის წინაშე, ამას გვეუბნება ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც… დღე-დღეზე ისლამისტები ჩრდილოეთ კავკასიაში ფრონტს გახსნიან და საქართველო, სულ მცირე, კორიდორი გახდება. სხვა საგანგაშო პროგნოზებს აღარ გავაკეთებ და მოსახლეობას პანიკაში არ ჩავაგდებ! ჩვენ გვახსოვს, როცა პანკისი ისლამური ხალიფატის გავლენის ქვეშ მოექცა და ამის გამო იქ ანტიტერორისტული ოპერაციები დაიწყო… იგივე საფრთხე წამოვა ისლამური ხალიფატისგან.

„ახალი თაობა“, 21 აპრილი, 2015 წელი

ინტერვიუ ნუგზარ წიკლაურთან: „რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მორიგ აგრესიას გეგმავს“//„ისლამურ სახელმწიფოს საქართველოში ტერორისტული ბაზა აქვს

შორენა მარსაგიშვილი

ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ნუგზარ წიკლაური პანკისის ხეობის შესახებ საუბრობს: რა საბრძოლო ბანაკებია შექმნილი პანკისის ხეობაში, რა ურთიერთობა აქვს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ისლამური სახელმწიფოსთან?

გთავაზობთ ამონარიდს:

რას იტყვით პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების გადინებასთან დაკავშირებით?

– ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ კიდევ უფრო სერიოზული გამოწვევების წინაშე ვართ. დღეს, სირიაში ახალგაზრდები საომრად რომ მიდიან ხელისუფლების უუნარობის ბრალია.

როგორ უნდა შეუშალონ ამ ახალგაზრდებს ხელი?

– უშიშროების სამსახურს, კონტრდაზვერვას და პოლიციას თავისი საქმე რომ ეკეთებინა საქმე აქამდე არ მოვიდოდა. ისინი დაკაებული იყვნენ პოლიტიკური ოპონენტების დევნით და პანკისის თემა გაეპარათ. არ არის გამორიცხული, რომ ამ საქმისთვის ხელისშეწყობაც კი ხდებოდეს.

რას გულისხმობთ? მიგაჩნიათ, რომ თავად ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართული ახალგაზრდების გადინებაში?

– ამასთან დაკავშირებით ინფორმაციებს ვაგროვებთ. რასაც ახლო მომავალში  აუცილებლად ვაცნობებ საზოგადოებას. პოლიტიკური დევნით დაკავებულ ხელი სუფლებას გამოეპარა როგორ ჩამოვიდნენ საქართველოში ისლამური სახელმწიფოს ემისრები. მარტო კი არ ჩამოვიდნენ, შტაბები მოაწყვეს.

რა შტაბებზე საუბრობთ?

– სადაც ახალგაზრდებს იბარებდნენ და ახდენდნენ მათ გადაბირებას. გადაბირებული ახალგაზრდები სირიაში მიჰყავდათ. საკმად ბევრი ახალგაზრდა წაიყვანეს.

სირიაში საომრად წასულთა ზუსტი რაოდენობა თუ არის ცნობილი?

– ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სირიაში რამდენიმე ასეული ახალგაზრდა წავიდა საომრად.

ეს მარტო პანკისიდან თუ მთელი ქვეყნიდან?

– პანკისიდან დაახლოებით 100 ახალგაზრდაა წასული სირიაში. საქმე იქამდე მივიდა, რომ უკვე სკოლის მერხიდან აყენებენ მოსწავლეებს და მიჰყავთ სირიაში. არასრულწლოვანები უპრობლემოდ გადაჰყავთ საზღვარზე. მათ მონაცემებს არც ერთი მესაზღვრე არ აქცევს ყურადღებას. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ქაოსსა და ანარქიას აქვს ადგილი.;

საქმე კი იმაზე რთულად არის ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. 20 აპრილს ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთმა გენერალმა სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში, კერძოდ, პანკისის ხეობაში, ისლამურ სახელმწიფოს აქვს ძალიან სერიოზული ტერორისტული ბაზა.

ეს ინფორმაცია სიმართლეს შეეფერება?

– ამაზე პასუხი სათანადო ორგანოებმა უნდა გაგვცენ. ბაზა რომც არ არსეკბობდეს, თავად ეს განცხადებაა ქვეყნისთვის დიდი საფრთხის მომტანი. ნებისმიერ ჩვენს მოწინაღმდეგეს და მტრულად განწყობილ ქვეყანას ეძლევა იმის საფუძველი, რომ საქართველო ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულოს. როგორ გამოიყენებს ამ ბაზის შესახებ გავრელებულ ინფორმაციას რუსეთი, ეს ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ხელისუფლების უნიათობამ ქვეყანა ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დააყენა. და ეს საფრთხე მარტო რუსეთიდან არ მოდის.

კიდევ რა საფრთხეა?

– ტერორიზმის მხარდაჭერა მძიმე ბრალდებაა. ამან შესაძლოა საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას შეუშალოს ხელი. ირაკლი ღარიბაშვილს რომ ჰკითხო, არაფერი არ ხდება და სირიაში 2-3 კაცის წასვლის გამო ამხელა ამბავი არ უნდა ატყდეს. ასეთ ლაპარაკს ურჩევნიათ, პრობლემა გააანალიზონ. უნდა მიმართონ ევროპას და აშშ-ს. პანკისის პრობლემის მოგვარებაში მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი ჩართვა, რათა რუსეთმა აგრესიული მოქმედებები არ დაიწყოს. რასაც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლით გაამართლებს. ახალი აგრესიის დასაწყებად რუსეთი უკვე მზად არის.

განაცხადეთ, რომ ხელისუფლებას გამოეპარა პანკისში სლამური სახელმწიფოს ემისრების ჩამოსვლაო. „ქართული ოცნებისხელისუფლებაში მოსვლიდან 2,5 წელია გასული. ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ მათ ასე მყარად მოეკიდებინათ ფეხი? თქვენს ხელისუფლებასაც ხომ არაფერი გამოეპარა? იგივე ლაფანყურის სპეცოპერაციაც მიუთითებს იმაზე, რომ ახალგაზრდები მაშინაც მიდიოდნენ.

– რაღაც მაშინაც ხდებოდა, მაგრამ ყველაფერზე ხდებოდა რეაგირება. რამდენიმე ადამიანი შეიძლება მაშინაც წავიდა, მაგრამ ამას მასობრივი სახე არ ჰქონია. 3 წლის წინ შეიქმნა რაღაც ტიპის დაჯგუფება, რომელიც გადაადგილდებოდა. ხელისუფლებამ მთ იარაღის დაყრა მოსთხოვა. ახალგაზრდებმა ამაზე უარი განაცხადეს და სპეცოპერაცია ჩატარდა. ამ ოპერაციის დროს ადამიანები დაიღუპნენ. მათ შორის 2 სპეცრაზმელი და 1 სამხედრო ექიმი. ამ ოპერაციის დროს დაღუპული ყველა ადამიანი ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა, მაგრამ სახელმწიფოს ინტერესებს როცა ეხება საქმე, სვხანაირად უნდა მოიქცე. რაც მეტს მიუშვებს „ქართული ოცნება“ ამ პრობლემას, მით უარეს შედეგს მივიღებთ. ვიმეორებ, საქართველოდან რამდენიმე ასეული ახალგაზრდაა სირიაში წასული.

„ვერსია“, 21 აპრილი, 2015 წელი

ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: „ნაციონალების“ საგარეო პოლიტიკის საკითხები

ვრცელ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, სხვა საკითხებთან ერთად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკასაც ეხება (ესაუბრება ჟურნალისტი ვანო პავლიაშვილი).

გთავაზობთ ამონარიდებს:

- …როგორც საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ყველაზე დიდ წარმატებად და მიღწევად რას მიიჩნევთ?

- ჩვენი..

- მაპატიეთ, გუნდის კი არა, კონკრეტულად, თქვენი მიღწევები მაინტერესებს…

- ადამიანს მარტო არაფრის გაკეთება შეუძლია და თუ რომელიმე უწყების ხელმძღვანელი იტყვის, ეს მარტო ჩემი გაკეთებულიაო, ან სულელია, ან მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. მთავარი ინსტიტუციონალიზაცია იყო. ჩვენ დროს დაიწყო პრაქტიკა – საგარეო საქმეთა სამინისტროში ადამიანი ვერ შემოვიდოდა, თუ ეროვნული საგამოცდო ცენტრის მიერ მოწყობილ კონკურსს არ გაივლიდა. ამით ერთი წუთითაც არ ჩნდებოდა ნეპოტიზმის ეჭვი.

- ნაციონალების დროს სახელისუფლებო ნეპოტიზმი ერთობ აქტუალური გახლდათ…

- ჰეგელი ამბობდა, რომ ჭეშმარიტება კონკრეტულია. ჩვენ საგარეოზე ვილაპარაკოთ, სხვა უწყებაზე სხვას ჰკითხეთ. არ გვქონია შემთხვევა, დეპარტამენტის დირექტორის დონის ქვემოთ, ისეთი ადამიანი შემოსულიყო სამინისტროში, ვისაც ეს კონკურსი გავლილი არ ჰქონდა. კონკურსანტის ვინაობა გამოცდების დასრულებამდე და გასაუბრებამდე არავინ იცოდა… ჩვენს დროს დაწყებული ამბასადორიალები დღესაც წარმატებით გრძელდება. ელჩი 5 წლის განმავლობაში, გარედან თითქმის არ შემოგვსვლია, კარიერული კიბე სწრაფ მოძრაობაში მოვიდა, ნიჭიერი ახალგაზრდები, ვინც მრჩევლებად გავიცანი, 2 წელიწადში ელჩები გახდნენ, რამდენიმე კი დღეს მინისტრი და მინისტრის მოადგილეა.

- ვის გულისხმობთ?

- გვარები ადვილი დასადგენია.

(…)

- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარებას რომელიმე სერიოზული სახელმწიფო აპირებდა?

- რა თქმა უნდა.

- მაგალითად?

- ბელორუსი.

- და როგორ მოახერხეთ, ბელორუსს აღიარებაზე ხელი აეღო?

- ამას ინტერვიუში ვერ მოგიყვებით.

- ის მაინც მითხარით, ამ გადაფიქრებაში უშუალოდ მონაწილეობდით?

- უშუალოდ… აღიარებაზე, ასევე, ფიქრობდნენ კუბა, ირანი, აფრიკის 7 ქვეყანა, ცენტრალური ამერიკისა და ოკეანეთის რიგი სახელმწიფოები…

- როგორ მოხდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ეს არ გააპიარა?

- სააკაშვილის ხელისუფლება, ბატონო ვანო, ძალიან ეფექტური იყო და იმას აპიარებდა, რისი გაპიარებაც საჭირო იყო. ამის გაპიარება კი საჭირო არ გახლდათ, რადგან დიპლომატიას სიჩუმე უყვარს.

- საგარეო უწყების დღევანდელი ხელმძღვანელი, ,,ემოციურ გაუგებრობაში” მოყოლილი თამარ ბერუჩაშვილი მოგწონთ?

- კოლეგებზე კომენტარს არ ვაკეთებ.

- ბატონო გრიგოლ, ისევ იმ კითხვას ვუბრუნდები, რითიც საუბარი დავიწყე: პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ მხოლოდ ამერიკელებისთვის კი არა, რუსებისთვისაც მისაღები ხართ და სწორედ ამიტომაც თქვენზე, როგორც სახელმწიფოს პირველ ან მეორე პირზე, მომავალში ,,სტავკა გაკეთდება”…

- ბატონო ვანო, პროფესიონალი ბრძანდებით, მაგრამ ეს აბსოლუტური სიყვითლეა… არავითარი პირადი პოლიტიკური გეგმა არ მაქვს…

Comments are closed