globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 22 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 22nd, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „რიგაში შეგვაქებენ, მაგრამ რაიმე კონკრეტულს არ დაგვპირდებიან“

რეზონანსი: “ემირის” მკვლელობა კავკასიაში “ისლამურ ხალიფატს” გააძლიერებს

———————-

რეზონანსი“, 22 აპრილი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „რიგაში შეგვაქებენ, მაგრამ რაიმე კონკრეტულს არ დაგვპირდებიან

ია აბულაშვილი

“აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, რომელიც 21-22 მაისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება. ოფიციალურ თბილისს იმედი აქვს, რომ რიგის სამიტზე ევროკავშირი ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის შესრულებას მოიწონებს, რაც იმის ნიშანი იქნება, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში, რაც ევროპის უდიდეს ნაწილს აერთიანებს, უვიზო მიმოსვლა შეეძლებათ. რას უნდა ველოდოთ კონკრეტულად რიგის სამიტზე, ამ საკითხთან დაკავშირებით “რეზონანსი” პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა“.

– შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველომ 2015 წლის რიგის სამიტზე ევროპასთან უვიზო მიმოსვლაზე რეკომენდაცია მიიღოს? თქვენი პროგნოზი როგორია?

– რიგის სამიტი პრინციპში განიხილავს ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს, მაგრამ ამჯერად ევრობიუროკრატთა წინაშე დგას სტანდარტულად რთული დიპლომატიური მისია, არ გამოიწვიონ საქართველოში და საქართველოს რგანგის ქვეყნებში სრული იმედგაცრუება და გულგატეხილობა, თანაც ისე, რომ არანაირი კონკრეტული ვალდებულებებით განმჭვრეტ მომავალში ხელფეხი არ შეიკრან.

ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ მთელი ოცი წელია ევროპა თავის დიპლომატიას ხვეწს, დაწყებული ნატოთი და დამთავრებული ევროკავშირით. თუ გავითვალისწინებთ იმ ობიექტურ სიძნელეებს, რომლის წინაშეც დგას დღევანდელი ევროპა, ნურც „თანაგრძნობაში“ ვეტყვით უარს.

– და რა ობიექტურ სიძნელეებს აწყდება დღეს ევროპა?

– ევროპას, გინდ ამისა დიდი სურვილიც ჰქონდეს, პრაქტიკულა არ აძლუძს „გადახარშოს“ ათობის ათასი ახალი მიგრანტი. დღეისათვის ევროპის პრიორიტეტული ამოცანაა იტალიის სანაპიროებიდან მოზღვავებული, აფრიკის ქვეყნებიდან გამოქცეული ასობით ათას მუსლიმან ლტოლვილთა დაპურება, დაბინავება და მათი ადაპტაცია. უბრალოდ, ისიც კი მიკვირს, რომ იგივე რიგის სამიტზე საერთოდ იქცევა განხილვის თემადაც კი პოსტსაბჭოური სივრცის მოქალაქეთათვის ევროპის კარის ღიად გახსნა.

– მაშინ რას უნდა ველოდოთ ამ სამიტიდან?

– მაქსიმუმი, რასაც უნდა ველოდოთ, ეს არის საქართველოში გატარებულ რეფორმათა ქება და ახალი ამოცანების დასახვა. ეს ის იშვიათი შემთხვევა იქნება, როდესაც მე გულწრფელ სიამოვნებას მომგვრიდა საკუთარ პროგნოზში შეცდომა.

– თუმცა, საქართველოში ვიზიდატ მყოფი ლიტვის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ თუ ყველაფერი პოზიტიურად გადაწყდა და ევროპის კომისის დადებითი დასკვნა იქნება, ჩვენ ყველაფერს გავაეთებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ რიგის სამიტზე საქართველოსთან ვიზების ლიბერალიზაციის პროგრამა ამოქმედდესო.

– ჩვენ ევროკავშირში გვაქვს ტრადიციული მხარდაჭერა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის მხრიდან, მაგრამ სამწუხაროდ, არც პოლონეთს და არც ბალტიის ქვეყნებს დღეს არა აქვთ ისეთი გავლენა ევროკავშრის ხელმძღვანელობაში, რომ მათი ხმა გადამწყვეტ ფაქტორად მივიჩნიოთ. თვით ბალტიისპირეთიც და პოლონეთიც დღეს მთხოვნელის როლში არიან და პერმანენტულ რეჟიმში მოითხოვენ „ბებერი„ ევროპისაგან სულ უფრო და უფრო მასობრივ დახმარებას.

– ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში იმყოფება. ალბათ კიევშ;ი საუბარი იქნებოდა რიგაში ჩვენი და უკრაინის პერსპექტივებზეც.

– რაც შეეხება უკრაინის მოვლენებს, იქ ქართული დელეგაციის ყოფნა უფრო სიმბოლურ ხასიათზეა გათვლილი, ვიდრე პრაქტიკულ შედეგებზე. თვითონ ის ფაქტი, რომ მიდის საპარლამენტო დელეგაცია, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ჯერ-ჯერობით თავს იკავებს რაიმე შორსწამსვლელი ვალდებულებებისაგან. ჩვენ უკვე საკუთარ კისერზე გვაქვს გამოცდილი, რას ნიშნავს საპარლამენტო დელეგაციები.

რაც შეეხება საქართველოს და უკრაინის პერსპექტივას რიგის სამიტზე ალბათ ვიზიტის ფარგლებში საუბარი ამ თემაზე იქნებოდა და თუ ერთ-ერთ საკითხად უკრაინის მხარდაჭერა წამოიჭრა, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. რა მხარდაჭერას უნდა ველოდოთ უკრაინისგან? უკრაინა დღეს არც ევროკავშირის წევრია და არც ისეთი გავლენიანი სახელმწიფო, რომლის მხარდაჭერას რაიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს. უკრაინას თვითონ უჭირს და თვითონ სჭირდება ევროპის მხარდაჭერა.

რეზონანსი“, 22 აპრილი, 2015 წელი

ემირის” მკვლელობა კავკასიაში “ისლამურ ხალიფატს” გააძლიერებს

ეკატერინე ბასილაია

“ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი მეამბოხეების ჯგუფის, “კავკასიის იმარატის” მეთაური ალიასხაბ კებეკოვი, იგივე ალი აბუ მუჰამად ად-დაღესტანი, რუსი ძალოვანების მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად მოკლულია და, როგორც ექსპერტები აცხადებენ, მის ადგილს, დიდი ვარაუდით, ახლა ბევრად უფრო რადიკალი მეთაური დაიკავებს. პოლიტოლოგები არც იმას გამორიცხავენ, რომ “კავკასიის იმარატს” “ისლამური ხალიფატი”, იგივე ისის-ი, დაიქვემდებარებს და თუკი ეს მართლაც მოხდება, კავკასიაში უფრო სისხლიან ამბებს პროგნოზირებენ.

(…)

ცნობისათვის, ალიასხაბ კებეკოვი “კავკასიის იმარატს” გასული წლის მარტში, დოკუ უმაროვის დაღუპვის შემდეგ ჩაუდგა სათავეში და, როგორც პოლიტოლოგები აღნიშნავენ, მისი “ემირობის” პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამური წინააღმდეგობა გარკვეულწილად შესუსტდა და სისხლისღვრა მინელდა. მას ნაკლები რადიკალიზმის გამო არც თუ ძლიერ მეთაურად მიიჩნევდნენ, რის გამოც “იმარატს” რამდენიმე ახალგაზრდა საველე მეთაური განუდგა და “ისლამურ ხალიფატს” მისცა ფიცი“.

(…)

“რეგიონის უფროსი თაობა, რომლისთვისაც ისის-ის “რევოლუციური იდეები” უცხოა და მიუღებელი, კებეკოვს უჭერდა მხარს. მას ისლამური განათლება ჰქონდა მიღებული და საერთოდ რელიგიურ ინტელიგენტ-რადიკალს წარმოადგენდა, ამიტომ ჩრდილოკავკასიის იატაკქვეშა ლიდერებს შორის ყველაზე ნაკლებად სისხლისმსმელი იყო. ახლა კი ახალი თაობა წამოვიდა და “კავკასიური იმარატის” ნაცვლად “ხალიფატი” მოვა,” – წერს გამოცემა. ექსპერტების თქმით, კებეკოვის დროს ტერორისტული საქმიანობა მკვეთრად დაეცა, რაც ნაწილობრივ რადიკალების ნაკადის სირიასა და ერაყში გადასვლამ გამოიწვია. ახლა კი გაჩნდა შიში, რომ მისი ადგილი თავზეხელაღებულმა რადიკალმა დაიკავოს.

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა არეშიძის განცხადებით, ახალი ემირის პოსტისტთვის ბრძოლა დაიწყება და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი ფიგურა მოვა “იმარატის” მეთაურად. “კებეკოვი თავისთავად სუსტი ფიგურა იყო. მის სახელთან რაიმე განსაკუთრებული, დიდი აქციები არ არის დაკავშირებული. ყველაზე გახმაურებული იყო გასული წლის შემოდგომაზე გროზნოში შესვლა, როდესაც პრესის სახლი დაიწვა და “იმარატის” 10-ზე მეტი მებრძოლო დაიღუპა. სხვა შემთხვევაში გახმაურებული ტერორისტული აქტები არ მომხდარა. პირიქით, ფედერალებმა, როგორც ჩანს, სერიოზული აგენტურის ჩანერგვა მოახერხეს “იმარატის” რიგებში, რადგან დღე არ გავიდოდა, ვინმე არ დაღუპულიყო. კებეკოვს, სავარაუდოდ, უფრო ძლიერი ფიგურა შეცვლის. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ კებეკოვმა “იმარატის” ერთიანობის შენარჩუნებაც ვერ მოახერხა. სამი სერიოზული საველე მეთაური განუდგა მას და “ისლამურ ხალიფატს” შეჰფიცა ერთგულება. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი ფიგურა მოვა “იმარატის” მეთაურად და ამის შემდეგ შეიძლება ვნახოთ, შეუერთდება თუ არა “იმარატი” “ისლამურ ხალიფატს.”, – ამბობს მამუკა არეშიძე.

მისივე თქმით, “ისლამურ ხალიფატს” კავკასიაში შემოსასვლელად კებეკოვის წინააღმდეგობის გარდა სხვა ფაქტორებიც აკავებდა. მაგალითად, ის, რომ “ხალიფატს” და “იმარატს” სხვადასხვა დამფინანსებლები ჰყავთ და ეს სხვადასხვა დამფინანსებლები სხვადასხვა პოლიტიკურ მიზნებს მისდევენ. გარდა ამისა, ძალიან სერიოზული გავლენა აქვს “იმარატის” საველე მეთაურთა სათათბიროს – შურას. საველე მეთაურთა უმრავლესობა იმარატს უჭერდა მხარს. იმარატის მთავარი ამოცანა კი არის ბრძოლა ისლამისათვის, მაგრამ ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, ისლამური ხალიფატის წინაშე კი ასეთი ამოცანა პირველ რიგში არ დგას. ახლა კი გააჩნია, ახალი ლიდერი რას იზამს.

უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ “იმარატში” ლიდერების კრიზისია და ამ კრიზისის ფონზე შეირჩა თავის დროზე კებეკოვი. კებეკოვი აბრკოლებდა “კავკასიის იმარატის” გაერთიანებას “ისლამური ხალიფატის” რიგებში. “დაღესტნის ჯამაათის დაახლოებით 60% და ჩეჩნეთის ჯამაათის 40% “კავკასიის იმარატიდან” “ისლამური ხალიფატის” რიგებში გადავიდა და ამან იმარატის პოზიციები შეასუსტა. ამ პროცესს კებეკოვი აკავებდა. ის საკმაოდ ანგარიშგასაწევი თეოლოგი იყო. მას აზრს ეკითხებოდნენ და მხარს უჭერდნენ უცხოელი თეოლოგებიც. მან აღადგინა შარიათული ნორმები და პრინციპები. ის იყო ისლამური სასამართლოს თავმჯდომარე – ყადი და ამ კუთხით ავტორიტეტი ჰქონდა. კებეკოვი თავის დროზე დაეყრდნო დაღესტნური შარიათული ჯამაათის ლიდერებს და ისე მოვიდა იმარატის მეთაურად, თუმცა შემდეგ დაღესტნური ჯამაათის ლიდერებმა უღალატეს და ისლამური ხალიფატის შემადგენლობაში გადავიდნენ, რამაც მისი პოზიციები დაასუსტა.”, – აღნიშნავს ვახტანგ მაისაია.

მაისაიას თქმით, “ხალიფატი” და “იმარატი” ბევრ საკითხში ვერ თანხმდებოდნენ. მაგალითად, ფინანსების განკარგვაში; ასევე, აბუ ბაქარ ალ ბაღდადი, ისის-ის ლიდერი, “იმარატისგან” ისლამური ხალიფატის სამხედრო-პოლიტიკური წარმომადგენლობისადმი სრულ დამორჩილებას მოითხოვდა და ბოლოს წინააღმდეგობა თავად ბრძოლის ფორმებზე არსებობდა. კებეკოვი სამოქალაქო პირებზე თავდასხმის წინააღმდეგი იყო, ასევე შაჰიდური ტიპის შეტევებს ეწინააღმდეგებოდა. ნაკლებად რადიკალი იყო და ამ სამი ფაქტორის გამო იყო ამ ორ დაჯგუფებას შორის უთანხმოება. თუმცა ახლა, როდესაც კებეკოვი უვე მოკლულია, მაისაია არ გამორიცხავს, რომ ძალიან მალე “კავკასიის იმარატი” მთლიანად “ისლამურ ხალიფატის” ქოლგის ქვეშ გადავიდეს და ახალ ლიდერად ვიხილოთ ახმედ ჩატაევი, ან თუნდაც წარმოშობით პანკისელი მუსლიმ მარგოშვილი. “თუმცაღა ეს პოზიცია შეიძლება დაიკავოს დაღესტნის ჯამაათის მოსამართლემ, მაგომედოვმა. ბრძოლა კვლავ ჩეჩნურ და დაღესტნურ დაჯგუფებებს შორის წავა. ბოლოს “ისლამური ხალიფატი” ალბათ მაინც შეძლებს “კავკასიის იმარატის” დამორჩილებას და, შესაბამისად, ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნის თავის ბირთვ დასაყრდენ ძალას. “ხალიფატის” ჩრდილოეთ კავკასიაში გამოჩენა კი დაძაბულობას გაზრდის. სადაც ისის-ი გამოჩნდა, ნახეთ, რა სიტუაციაც გამოიწვია. ფაქტობრივად, თუკი “ხალიფატის” სახელით მოქმედი დაჯგუფებების ჩრდილოკავკასიაში გადმოსროლა და ამ შენაერთების გაძლიერება მოხდება, შესაბამისად, ახალი ტიპის “კავკასიური იმარატის” ხელახალი გაადაფორმატება მოხდება, ოღონდ როგორც “ისლამური ხალიფატის” დამხმარე ძალის. აქტიურ ფაზაში ამოქმედდება “ხალიფატის” ჩრდილოკავკასიური ფილიალი და “იმარატი” ისის-ის ხელმძღვანელობას დაექვემდებარება. არ გამოვრიცხავ, რომ კავკასიაში სისხლიანი ამბები დაიწყოს,” – აცხადებს მაისაია.

Comments are closed