globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 22 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 22nd, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

კვირის პალიტრა: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ახალი ოლიგარქები“ „პალაჟენიის დაყენებას“ ცდილობენ!“ // „ოთარ ფარცხალაძე სწორედ ასეთ „ოლიგარქიას“ წარმოადგენს, რომელსაც ზოგიერთი მაღალჩინოსანი მფარველობს“ // „ირაკლი კობახიძის პარლამენტის სპიკერობა საქართველოს ისტორიაში ერთი დიდი გაუგებრობაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ეს, უპირველესად, მისთვის არის დიდი ტვირთი…“

რეზონანსი//მთელი კვირა: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ირაკლი კობახიძის ქცევის მანერა ძალიან სახიფათოა მისი ჯანმრთელობისთვის“

„ახალი თაობა“: რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს დავით უსუფაშვილისა და ეროვნული ფორუმის გაერთიანებასთან? // ინტერვიუ ანი მიროტაძესთან: „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა ვერ წარმომიდგენია“

კვირის პალიტრა: „ჰერბერტ ზალბერმა, ფაქტობრივად,­ ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს“ (სალომე სამადაშვილისა და ვალერიან გორგილაძის თვალსაზრისები)

კვირის პალიტრა: „შეუძლებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ე. წ. „შავი სია“ ჰქონდეს და იქ იური ლუჟკოვი არ იყოს“ // „დანაშაულის ფაქტის დადგენა სწორედ მასმედიით გავრცელებული ცნობებით უნდა ხდებოდეს“ (თინათინ ხიდაშელისა და ირაკლი სესიაშვილის თვალსაზრისები)

კვირის პალიტრა: ინტერვიუ ხორვატ ჟურნალისტთან: „ნუ შეადარებთ თავს მონტენეგროსა და ალბანეთს, აზრი არა აქვს“ // „მონტენეგროს შეუძლია ნატოსთან ივაჭროს, საქართველოს კი ამის ფუფუნება არა აქვს. აქ არაფერ შუაშია მონტენეგროს დემოკრატიულობა…“

რეზონანსი//მთელი კვირა: ნატო საქართველოს უახლოვდება – თბილისში ალიანსის საპარლამენტო ასამბლეა იმართება

რეზონანსი//მთელი კვირა: ნატოს წევრი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის მოთხოვნით დაკავებული თურქი ბიზნესმენი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „ვლადიმირ პუტინი მთელი საქართველოს ოკუპაციას მიწის ყიდვით შეძლებს“ // „მოვითხოვთ კონკრეტულ პასუხს მიწის საკითხზე”

„ახალი თაობა“: საგარეჯოში არაბები მიწას ყიდულობენ და ოჯახებით სახლდებიან

რეზონანსი//მთელი კვირა: უცხოელებს მიწის ყიდვა მხოლოდ დიდი ინვესტიციის ჩადებისას შეეძლებათ

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ოთარ ანგურიძესთან: „დღეს საბანკო სექტორი თავის ნებაზეა მიშვებული“

კვირის პალიტრა: „საქართველოს ბანკები მომგებიანობით მსოფლიოს ათეულშია“ // „მთავარი ამოცანაა, დანაზოგები გადავაქციოთ ინვესტიციებად»

კვირის პალიტრა: 1,4-მილიარდიანი ბაზარი საქართველოსთვის // რა უნდა გავიტანოთ ჩინეთში?!

რეზონანსი//მთელი კვირა“: „იმედს“, „რუსთავი-2“-სა და კიდევ 4 არხს საკაბელოებმა შეიძლება სიგნალი გაუთიშონ // „ჩვენი კატეგორიული გადაწყვეტილებაა, რომ არ დავეთანხმებით სიგნალის ტრანზიტისთვის გადასახადის დაწესებას“

——————–

კვირის პალიტრა“, 22 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ახალი ოლიგარქები“ „პალაჟენიის დაყენება ცდილობენ!“ // „ოთარ ფარცხალაძე სწორედ სეთ ოლიგარქიას წარმოადგენს, რომელსაც ზოგიერთი მაღალჩინოსანი მფარველობს“ // „ირაკლი კობახიძის პარლამენტის სპიკერობა საქართველოს ისტორიაში ერთი დიდი გაუგებრობაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ეს, უპირველესად, მისთვის არის დიდი ტვირთი

ნათია დოლიძე

გასულ კვირას გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი დაცვის წევრები თავდასხმაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისი ცემა მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ლაშა თორდიამ ისიც აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახურის მიერ მოკვლეულ მასალებში ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა ამ საქმის დეტალებიც. გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი.

- ბატონო გია, ზოგიერთი ექსპერტი ბოლოდროინდელი მოვლენების გამო ოთარ ფარცხალაძესა და დავით კეზერაშვილს შორის გარკვეულ პარალელებსაც კი ავლებს

- ფარცხალაძესა და კეზერაშვილს შორის მსგავსება ცხადია, შეიძლება ითქვას, ოთარ ფარცხალაძე “კეზერაშვილი #2″-ია, მაგრამ მე მათ შორის განსხვავებასაც ვხედავ. საქმე ისაა, რომ ამ პრობლემას უფრო მასშტაბურად უნდა შევხედოთ. რაც მოხდა, იმ სისტემური პრობლემის გამოვლენაა, რომელიც ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში მუდმივად არსებობს. ტრადიციად დამკვიდრდა, რომ სახელმწიფოსთვის გარდამავალ ეტაპზე, ხელისუფლებების ცვლასთან ერთად, ფორმალური და არაფორმალური ინტერესჯგუფების ფორმირება ხდება, რომელთაგან ერთს აქვს პოლიტიკური კომპეტენცია და ინტერესი, მეორეს კი – ფინანსური. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი ახერხებენ თანაცხოვრებას, მაგრამ მათ შორის კონფლიქტი გარდაუვალია და ის ვითარდება იმის მიხედვით, თუ ვინ არის დომინანტი, ანუ ფული მუშაობს პოლიტიკური ინტერესებისთვის, თუ – პირიქით. მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას შეიქმნა ოლიგარქიული სისტემა, ანუ პოლიტიკური და ფინანსური ინტერესები ისე შეერწყა ერთმანეთს, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესებისთვის მუშაობდა ბიზნესი, მათ შორის – საბანკოც… ეს, რა თქმა უნდა, მანკიერი სისტემა იყო, მაგრამ უფრო სავალალოა, როდესაც პოლიტიკა იწყებს ბიზნესინტერესებისთვის მუშაობას, ანუ დომინანტად გვევლინება გარკვეული ახალი ფინანსური კლანები, რომლებიც პოლიტიკაში თავისი “პალაჟენიის დაყენებას” ცდილობენ. დაუშვებელი და სავალალო იქნება, თუ ეს მოხდა.

დღეს, ჩემი აზრით, სწორედ ამ კონფლიქტის მომსწრე ვართ. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ახალი სისტემა ფორმირდება, დაწყებულია გადანაწილების პროცესი და დღეს “ახალი ოლიგარქები” “პალაჟენიის” დაყენებას ცდილობენ. ეს ინციდენტიც ამის ერთ-ერთი გამოვლენაა, ვერ ვიტყოდი, რომ – ერთადერთი. ეს კონფლიქტი დიდი ხანია, ფარულად მიმდინარეობს, უბრალოდ, ეს ეპიზოდი გახმაურდა.

განსხვავება დავით კეზერაშვილსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის სწორედ ის არის, რომ დავით კეზერაშვილის ბიზნესინტერესები ემსახურებოდა პოლიტიკას. ის არა მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავდა, არამედ პარტიულ სალაროზეც, დიდ პოლიტიკურ გეგმაზეც. დღევანდელი “ოლიგარქია” მხოლოდ პირად ინტერესებზე ზრუნავს და ამ საქმეში პოლიტიკას იყენებს. ოთარ ფარცხალაძე სწორედ ამ “ოლიგარქიას” წარმოადგენს, რომელსაც ზოგიერთი მაღალჩინოსანი მფარველობს.ისიც ყველას ახსოვს, რომ დღესაც საუბრობენ კომპეტენტური ადამიანები, რომ ოთარ ფარცხალაძე კვლავ დიდი გავლენით სარგებლობს პროკურატურაში, ისიც გვახსოვს, რომ თავის დროზე ბადაშვილს მხოლოდ ფორმალურად უწოდებდნენ მთავარ პროკურორს და მიიჩნევდნენ, რომ პროკურატურას კვლავ ფარცხალაძე მართავდა. იმის მიხედვით, ეს კონკრეტული საქმე როგორ გადაწყდება, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, საით მიდის ქვეყანა. თუ ახლა ხელისუფლებამ არ იმოქმედა სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად და ვერ მოახერხა მახინჯი პროცესების მოთოკვა, ქვეყანაში დიდი პრობლემა გაჩნდება.

- ამ პროცესში ოთარ ფარცხალაძის როლი როგორია? ადამიანი, რომელსაც გენერალური აუდიტორი თავდასხმაში ადანაშაულებს, მხოლოდ მეხუთე დღეს დაიბარეს სამართალდამცავ უწყებაში

- ეს მართლაც ძალიან საგულისხმოა… იმასაც კი ვერ ბედავენ, რომ თქვან, ოთარ ფარცხალაძე დაკითხვაზე დავიბარეთო, ტერმინს არბილებენ და ოთარ ფარცხალაძის სამართალდამცავ უწყებაში დაბარებას გამოკითხვას ეძახიან. არადა, როდესაც საქმე დაზარალებულ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას შეეხება, ხმამაღლა ამბობენ, რომ ის დაჰკითხეს, ფარცხალაძეს კი ამას ვერ უბედავენ. არ მინდა, კონკრეტულად ფარცხალაძეზე ლაპარაკი. ის პრობლემების ერთადერთი კი არა, ერთ-ერთი გამოვლინებაა. დარწმუნებული ვარ, იმგვარი ინტერესჯგუფი, როგორსაც ფარცხალაძე წარმოადგენს, სხვაც არაერთია, რომელთაც ასევე აქვთ პოლიტიკაზე დომინანტური, არაფორმალური გავლენის მოპოვების ამბიცია. თუ ეს პროცესი ფარცხალაძის სასარგებლოდ წარიმართა, ხვალ აღარ უნდა გაგვიკვირდეს, კიდევ რომელიმე მაღალჩინოსანი საკუთარ კაბინეტში რომ გაილახოს. ამგვარ არაჯანსაღ პროცესს, როგორც წესი, განვითარება ახასიათებს. მალე გამოჩნდება, ამ სახელმწიფოში ვინ კარნახობს თამაშის წესებს – პოლიტიკოსები თუ გარკვეული ინტერესჯგუფები, პოლიტიკოსები კი მხოლოდ და მხოლოდ მათი მომსახურე პერსონალია.

- ბოლო ხანს მედიაში გაჩნდა ვარაუდები, რომ ფარცხალაძე კახა კალაძის სახელისუფლებო დაჯგუფებაში შედის და მას სწორედ ვიცე-პრემიერი მფარველობს

- ამ მითქმა-მოთქმას ჯერ მაინც შეთქმულების თეორიად შევაფასებდი, რადგან ამის თაობაზე დანამდვილებით არაფერი ვიცი. არ გამოვრიცხავ, კალაძესა და ფარცხალაძეს შორის დროებითი თანამშრომლობა მართლაც იყოს, მაგრამ რატომღაც არა მგონია, რომ გრძელვადიანი, სტაბილური ალიანსი ჰქონდეთ…

- უკვე არაერთხელ ახსენეთ გარკვეული ინტერესჯგუფები. ვინ წარმოადგენს ამ ჯგუფებს? შესაძლოა, რომ მათი სახით ყოფილი სახელისუფლებო სისტემის ინტერესებიც ვიგულისხმოთ?

- ეს არის გარკვეული კორპორაციები, ე.წ. გარდამავალი ოლიგარქია, რომელიც ახერხებს, ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში ახალ ძალას თავისი მომსახურება შესთავაზოს, დაარწმუნოს საკუთარი არსებობის აუცილებლობაში და თანდათან მოიპოვოს დომინანტური მდგომარეობა. ისინი ყველა ხელისუფლების პირობებში ახერხებენ მუშაობას, მხოლოდ ტრანსფორმაციას განიცდიან და ახალ ხელისუფლებასთან ალიანსში შესასვლელად ყველაფერს აკეთებენ. ისინი, მათ შორის “ოცნების” დეპუტატებიც, ჯერ ხელისუფლებაში ე.წ. კრიშას ეძებენ, შემდეგ კი იწყებენ საკუთარი გავლენის გაძლიერებას. თუ ხელისუფლება მყიფე და სუსტია­, ამას დიდი წარმატებით ახერხებენ…

იმავეს ვხედავთ ხელისუფლების შიგნით. ერთი იყო რეჟიმის დამარცხება, მეორეა სისტემის დემონტაჟი, რაც ვერ მოხერხდა. სამწუხაროდ, ახალი პოლიტიკური ელიტაც კოლექტიური მურუსიძის მძევალი აღმოჩნდა, ანუ ძველი სისტემის, რომელიც თანამშრომლობდა ოლიგარქიასთან, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკე. კვლავ მანკიერი წრე შეიქმნა… პრაქტიკულად, შევარდნაძის დროიდან დღემდე კოლექტიური მურუსიძეა ხელისუფლებაში, რომელიც სუსტი და არაეფექტიანი ხელისუფლების ხელში პოზიციებს­ უფრო იმყარებს.

კოლექტიური ლევან მურუსიძე წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკურ დაკვეთაზე მუშაობდა – იღებდა დავალებას და პატიოსნად ასრულებდა. დღეს მას დავალების შემსრულებლის როლი აღარ აკმაყოფილებს და თამაშის წესების კარნახზე აქვს პრეტენზია. უქმნის რა ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებს კომფორტს, ეუბნება, იყავით კაბინეტში, რაც შეიძლება მშვიდად და მოხერხებულად იგრძენით თავი, მე კი თქვენს მაგივრად ყველაფერს გავაკეთებ, მე ვმართავ ქვეყანასო. მისი წყალობით ყალიბდება სისტემა, რომელიც ხრავს სახელმწიფოებრიობას…

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ სისტემის ფორმირება სულაც არ იყო ხელისუფლების ნება და გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ყველაფერი ასე წარიმართა. ეს დიდი პრობლემაა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის უპირობო ავტორიტეტია, სწორედ ივანიშვილია, შესაბამისად, მან უნდა დაიწყოს პროცესების სწორად შეფასება, დაეხმაროს პრემიერ-მინისტრს და სწრაფი და ხისტი მოქმედებებისას ზურგი გაუმაგროს.

- გასულ კვირას დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰერბერტ ზალბერმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს .. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. პოლიტიკოსთა და საზოგადოების დიდი ნაწილის მოსაზრებით, ეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უპატივცემულობაა და ზალბერმა უნდა დატოვოს თანამდებობა. ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, უწყებას სტუმრობდა ჰერბერტ ზალბერიც, რომელიც ევროკავშირის სხვა წარმომადგენელთა მსგავსად აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებსროგორ ფიქრობთ, ეს განცხადებები საკმარისია, თუ საქართველოს ხელისუფლებამ უფრო პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს?

- სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერს დრამატულად არ ვაფასებ. ფაქტია, ამ ადამიანს ტექნიკური შეცდომა მოუვიდა. აქ სამწუხარო სხვა პრობლემაა – ამ მილოცვით შეიძლება მაინცდამაინც არაფერი გაფუჭებულა, მაგრამ გამოჩნდა, რომ ევროკავშირის ჩინოსნებს, რომელთა კომპეტენციაშიც შედის საქართველოს მხარდაჭერა, ჩვენს ქვეყანაზე წარმოდგენაც არა აქვთ… ჩემი აზრით, ზალბერი ისეთი არაკომპეტენტურია ჩვენს საკითხებში, ისიც კი არ იცის, რომ ცხინვალის რეგიონი ჩვენგან არაკონტროლირებადი ტერიტორიაა. მისი არაკომპეტენტურობის მიზეზი კი ის მგონია, რომ სულაც არ აინტერესებს საქართველო და მისი პრობლემები. ასეთი ზერელე, ზედაპირული დამოკიდებულება აქვთ იმ ჩინოსნებს ჩვენდამი, რომელთა იმედადაც ვართ. სწორედ ამის გამო უნდა ყოფილიყო ჩვენი პოზიცია კატეგორიული, ოღონდ უფრო დიპლომატიური არხებით, ვიდრე – საჯაროდ. უპირველესად ზალბერის კომპეტენციაზე უნდა გვქონდეს პრეტენზია. ჩვენს სახელისუფლებო რგოლებში უამრავი არაკომპეტენტური კადრია, ჩვენიც გვეყოფა, ევროპელებიც რომ არ დაგვემატონ.

- ბოლო ხანს საკონსტიტუციო პროექტის განხილვის ფარგლებში აქტუალური გახდა ორი თემაგადასახადის გაზრდისა და ახალი გადასახადის შემოღებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება-არჩატარების საკითხი და მიწის უცხოელებზე გასხვისების უფლება

- ჩვენი სინამდვილისთვის ტრადიციულად დამახასიათებელია ერთ საკითხზე ორი მონოლოგი. არავინ ცდილობს, ეს მონოლოგები დიალოგად აქციოს და იპოვოს ოქროს კვეთა, ანუ მიაღწიოს კონსენსუსს. პირადად მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ გადასახადების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხი ამგვარი ჩანაწერით უნდა დარჩეს კონსტიტუციაში, მაგრამ არც იმას ვეთან­ხმები, რომ ამ მიმართულებით არანაირი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ინვესტორს ჰქონდეს გრძელვადიანი საიმედოობისა და ინვესტიციის დაცვის განცდა… კონსტიტუციაში რომ არ ყოფილიყო ეს მუხლი, არც არაფერი იქნებოდა, მაგრამ ახლა მისი უაპელაციოდ ამოღება ბიზნესს აფიქრებინებს, რომ მთავრობა გადასახადების გაზრდას აპირებს, რაც საინვესტიციო გარემოზე უარყოფითად აისახება. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ ამ მუხლის ტრანსფორმირებაზე იფიქრებენ.

რაც შეეხება მიწას… ერთი მხარე ამბობს, რომ გაყიდვა არ შეიძლება, რომ ამით დაინგრევა ქვეყანა, მეორე კი საპირისპიროს ამტკიცებს. იქნებ ამ დროს აჯობებს, გადავხედოთ საერთაშორისო გამოცდილებას, თუნდაც ევროპულ მაგალითებს.
ჩემი აზრით, შესაძლებელია იმ რისკების გათვალისწინება, რაზეც მიწის გაყიდვის მოწინააღმდეგეები ლაპარაკობენ. შეიძლება მიწის დათქმით გაყიდვის პროცესი დავიწყოთ. აქ მნიშვნელოვანია მიწის გაყიდვა არა ერთჯერადი შემოსავლისთვის, არამედ ის, თუ რა გაკეთდება ამ მიწაზე… აქედან გამომდინარე, იქნებ ჩამოვაყალიბოთ პროგრამა, რომლის მიხედვითაც მიწის გაყიდვა კი არა, იმ მიწაზე დასაქმება იქნება მნიშვნელოვანი. უცხოელებისთვის მიწის მიყიდვა ნებადართული უნდა იყოს ძალიან მკაცრი საინვესტიციო პირობებით, რაც დაკავშირებული იქნება სოფლის მეურნეობის განვითარებასთან.

მთავარია, დავაზღვიოთ მიწა სპეკულაციური ოპერაციებისგან. თეორიულად შესაძლებელია, უცხოელებმა შეისყიდონ ქართული მიწები, დაელოდონ უკეთეს დროს და გაყიდონ სარფიანად. ეს არ უნდა დავუშვათ!

- მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო პროექტის ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო განხილვის პროცესი ხმაურით მიმდინარეობს, მაგალითად, ფილარმონიაში თბილისელებთან დაგეგმილი შეხვედრა არეულობის გამო ჩაიშალა

- უპირველესად გეტყვით, რომ ეს ვერ ჩაითვლება საყოველთაო განხილვად. რომელიმე რეგიონში ორას კაცს რომ შეკრებ გაუგებარი პრინციპით, როგორ შეიძლება, ეს ორასი კაცი ასახავდეს მთელი რეგიონის განწყობას?! გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე ყოველთვის ამბობს, რომ რაც უნდა ილაპარაკონ ამ შეკრებებზე, ეს არაფერს შეცვლის და მათთვის მთავარი ვენეციის კომისიის პოზიციაა. თუ ამ შეხვედრებს მნიშვნელობა არ აქვს და მხოლოდ ვენეციის კომისიაზე ხარ დამოკიდებული, მაშ, გამოდის, რომ ეს პროცესი ფარსია.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს… სამწუხაროდ, ასეთი ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნა სახიფათოა. როგორც ვაკვირდები, ირაკლი კობახიძეს მხოლოდ ორი მდგომარეობა აქვს: ერთი – აბსოლუტურად უემოციო ნიღაბი, მეორე – სრული ისტერიკა. მას არ აქვს ჩვეულებრივი ადამიანური დიაპაზონი, ეს კი პოლიტიკაში ძალიან საშიშია. სწორედ ამის გამოვლინება ვნახეთ ფილარმონიაში. შესაძლოა, ვიღაცას არ ეთანხმებოდე, მაგრამ ამის გამო უკადრისი ეპითეტებით მოხსენიება არასწორია. რატომ აძლევს თავს ამის უფლებას, არ ვიცი. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ სტატუსი განსაზღვრავს ყველაფრის ცოდნას, არადა, ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ვიღაცამ ჩაგსვა, სულაც არ ნიშნავს, რომ ავტორიტეტი გაქვს. ავტორიტეტი მოიპოვება ბიოგრაფიით, კონკრეტული მოქმედებებით და ღვაწლით… არაფერს ვამბობ იმ შეთქმულების თეორიაზე, რასაც მუდმივად ავითარებს პრეზიდენტის მისამართით. ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობა საქართველოს ისტორიაში ერთი დიდი გაუგებრობაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ეს, უპირველესად, მისთვის არის დიდი ტვირთი…

რეზონანსი//მთელი კვირა“, 22 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ირაკლი კობახიძის ქცევის მანერა ძალიან სახიფათოა მისი ჯანმრთელობისთვის

ეკატერინე ბასილაია

„რასაც ამ დღეებში სამართალდამცველი სისტემიდან ვხედავთ, ძალიან შემაშფოთებელია. იმედი მაქვს, იმ სისულელეებს და სასაცილო ვერსიას არ დაგვიმტკიცებენ, რომ თორდიამ თავად გაილახა თავი, რომ ეკვეთა 5 კაცს, ფარცხალაძე კი თავს იცავდა. ივანიშვილს ვთხოვდი, ამ საქმეში ჩაერიოს და ხელისუფლებას დაეხმაროს, სწორი და სწრაფი გადაწყვეტილება მიიღოს,” – აცხადებს “მთელ კვირასთან” საუბარში გია ხუხაშვილი.

- ხელისუფლება 7 თვითმმართველ ქალაქს დაძალებით და ნაჩქარევად აუქმებს, რაც არასამთავრობოების მხრიდან შეფასდა, როგორც საბჭოთა კავშირში დაბრუნება. თქვენი აზრით, “ოცნებადიდი ზარზეიმით მიღებულ საკუთარ რეფორმას 3 წლის თავზე რატომ აუქმებს?

- ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს ხელისუფლების უმწიფრობაზე. ეს იმას მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას განვითარების არანაირი სტრატეგიული ხედვა არ აქვს და კონკრეტული მენეჯერების ხუშტურების მიხედვით ხდება ცვლილებები. თავის დროზე ერთი მენეჯმენტი იყო გარკვეული კონცეფციით, ახლა ახალი მენეჯმენტი მოვიდა ახალი არგუმენტებით და ყველაფერი ისევ გადააყირავეს. საკრებულოს დეპუტატებიც რომ არ აპროტესტებენ ამას, ესეც არაა საკვირველი. მათ არც პრინციპები აქვთ და არც ხედვა. რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებენ. დაავალებენ, ყველამ დაიყვიროს თეთრზე შავია, დაიყვირებენ, რომ შავია. ხელისუფლება აპელირებს, რომ ამით მილიონებს დაზოგავენ. არ არსებობს დიდი და პატარა ხარჯები, არსებობს ოპტიმალური ხარჯები და ეფექტურობა. ადგილობრივი თვითმმართველობის დასუსტებით შეიძლება ეფექტურობა საერთოდ დაეცეს და ხარჯები კი არ შემცირდეს, პირიქით – გაიზარდოს. ამის ანალიზი ვინმემ გააკეთა? ხელფასებს არ გადავიხდით და ამით ხარჯების ეკონომიას გავწევთ, ეს განცხადება აბსურდულია.

თვითმმართველობის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამ მხრივ უკუსვლა რომ იწყება, ეს შემაშფოთებელია.

- ოცნება კონსტიტუციაში კიდევ ერთი ახალი ცვლილების შეტანას გეგმავს. მამუკა მდინარაძემ რეზონანსს განუცხადა, რომ ყველა სახალხო განხილვაზე საზოგადოების ჯგუფი 94- მუხლის გაუქმებას ითხოვს, რომ ხალხის სურვილია, ხელისუფლებამ რეფერენდუმის გარეშე, როცა მოუნდება, გაზარდოს გადასახადები. რა მესიჯია ეს?

- მდინარაძისნაირი ადამიანების გამონათქვამებზე კომენტარი არ მინდა. მის კომპეტენციას რაიმე ტიპის სერიოზულობას არ ვანიჭებ. გადასახადების გაზრდას ვინ ხალხი ითხოვს, მაჩვენოს ერთი. ამ სისულელეზე კომენტარი როგორ გავაკეთო?! ხალხი ითხოვს დასაქმებას და ამას მიხედონ. რაც შეეხება საკითხს, დღეს რეფერენდუმის გარეშე გადასახადს ვერ გაზრდი. ეს ჩანაწერი რომ არ იყოს კონსტიტუციაში, ამაში უბედურებას ვერ ვხედავ, მაგრამ რადგან ჩანაწერი უკვე არის, მისი ამოღება საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით გარკვეულ დაძაბულობას გამოიწვევს. როდესაც შენ ინვესტორისთვის უკვე მიცემულ გარანტიებს აუარესებ, ეს შექმნის მოლოდინს, რომ ხვალ გადასახადების გაზრდას აპირებენ. ეს პოტენციური ინვესტორისთვის ცუდი სიმპტომია და შეიძლება პრობლემა შექმნას.

ვფიქრობ, ამ სიტუაციაში კონსენსუსი გადაწყვეტილებაში იქნებოდა არა ამ მუხლის ამოღება, არამედ მოდიფიცირება. მაგალითად, ჩაიწეროს, რომ გადამხდელის მდგომარეობის გაუარესება ანონსდებოდეს 3-5 წლით ადრე.

- ფილარმონიაში კონსტიტუციის განხილვისას მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვისა და შრომის უფლების ჩაწერის მომთხოვნ ადამიანებს ირაკლი კობახიძემ რუსეთუმეები და კომუნისტები უწოდა

- ირაკლი კობახიძეზეც არ მინდა კომენტარის გაკეთება, ეს ახალგაზრდა უკვე ძალიან სახიფათოა და თავად ხელისუფლებისთვისაა ძალიან დიდი პრობლემა. ადამიანურად მეცოდება კიდეც, მას ისეთი ტვირთი აჰკიდეს, რომლის ზიდვა ვერ შეძლო და ამას ავლენს ყოველდღე. მისი ქცევის მანერა ძალიან სახიფათოა, პირველ რიგში, მისივე ჯანმრთელობისთვის.

- ერთი კვირაა, ყველა ელოდება, რას იტყვის გამოძიება ყოფილი პროკურორისოთარ ფარცხალაძის მიერ გენერალური აუდიტორის ცემაზე. გაქვთ მოლოდინი, რომ ოტარ ფარცხალაძე დაისჯება?

- ამ საქმის მნიშვნელობა სცილდება კონკრეტულად ამ ინციდენტის ფარგლებს და თუნდაც ფარცხალაძის ფიგურას. ახლა გამოირკვევა, ჰიბრიდულ ხელისუფლებაში ვინ აწესებს თამაშის წესებს, ფული დომინირებს პოლიტიკაზე თუ – პირიქით. თუ გამოჩნდა, რომ ფული და ინტერესჯგუფები დომინირებენ ფორმალურ ხელისუფლებაზე, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო უბრალოდ აღარ არსებობს.

მეჩვენება, რომ ხელისუფლებას ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს და სიტუაცია დაპაუზებულია. რასაც ამ დღეებში სამართალდამცველი სისტემიდან ვხედავთ, ძალიან შემაშფოთებელია, მაგრამ მცირე იმედი მაინც მაქვს, რომ ხელისუფლება მიხვდება, თუ მკაცრად არ იმოქმედა, ცოტა ხანში თვითონ შეექმნება დიდი პრობლემა. იმედი მაქვს, იმ სისულელეებს და სასაცილო ვერსიას არ დაგვმიტკიცებენ, რომ თორდიამ თავად გაილახა თავი, რომ ეკვეთა 5 კაცს, ისინი კი თავს იცავდნენ. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ავტორიტეტი აქვს როგორც ფორმალურ ხელისუფლებაზე, ისე ინტერესჯგუფებზე, ეს ივანიშვილია. უნდა თუ არა, ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს და ამიტომაც ვთხოვდი, ამ საქმეში ჩაერიოს და ხელისუფლებას დაეხმაროს, სწორი და სწრაფი გადაწყვეტილება მიიღოს.

- სტრასბურგში მოსამართლე ნონა წოწორიას ძმის წინააღმდეგ შსს- ჯერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იარაღის უკანონო შენახვაზე სს გამოძიება დაიწყო, მას შემდეგ კი, რაც ეს ყველამ შეაფასა როგორც ერთგვარი შანტაჟი მოსამართლის ოჯახზე, გამოძიება შეწყდა და ითქვა, რომ იარაღი იყო გამოუსადეგარი. აჩენს ეს საქმე შეკითხვებს?

- კარგია, რომ ინციდენტი ამოიწურა. კითხვები, რა თქმა უნდა, რჩება, მაგრამ რომც დავუშვათ, რომ ხელისუფლებამ რაღაც პოლიტიკური აქცია ჩაატარა, მან უკან დაიხია და ბოლომდე არ გაჰყვა, რადგან ვიღაც მიხვდა, რომ ამ იდიოტიზმის გაკეთება არ შეიძლებოდა, ეს უკვე შედეგია.

„ახალი თაობა“, 22 მაისი, 2017 წელი

რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს დავით უსუფაშვილისა და ეროვნული ფორუმის გაერთიანებასთან? // ინტერვიუ ანი მიროტაძესთან: „ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობა ვერ წარმომიდგენია

გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია კიდევ ერთხელ, აქვს თუ არა კავშირი პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან დაწყებულ მოლაპარაკებებთან ბიძინა ივანიშვილს, ითხოვდნენ თუ არა „ოცნებაში“ ეროვნული ფორუმიდან გუბაზ სანიკიძის გარიცხვას? ამ თემებზე „ახალ თაობას“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე ესაუბრება.

- ეროვნული ფორუმისა და დავით უსუფაშვილის გაერთიანება თითქმის გადაწყვეტილი ამბავია. არის ასეთი ვერსია, რომ ამ გაერთიანების უკან ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დგას და ეს მისი პროექტია. რას იტყვით ამის შესახებ?

- ეს მითქმა-მოთქმა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საზოგადოებაში ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენაზეა მოთხოვნილება. ეს გასაკვირი არ არის, რადგანაც „ქართული ოცნება“ ძალიან ემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას. დღეს ისინი ერთმანეთის საქმეს აკეთებენ – „ნაციონალები“ „ოცნებას“ ხელისუფლების შენარჩუნებაში ეხმარებიან, ხელისუფლება კი ნაციონალებს მთავარ ოპოზიციად აღიარებს.

რაც შეეხება იმას, რომ ჩვენი გაერთიანების უკან შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იდგეს, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაც კი არასერიოზულია. ვინც იცნობს კახა შარტავასა და დავით უსუფაშვილს, მათ კარგად იციან, რომ ისინი არავის პროექტი არ იქნებიან. დიახ, ჩვენ ვცდილობთ ახალი ერთობის შექმნას და ეს არის პროექტი საქართველოსთვის.

- რატომ არის წარმოუდგენელი თქვენი თანამშრომლობა ბიძინა ივანიშვილთან? თავის დროზე ისიც, ფორუმიც და დავით უსუფაშვილიც ერთი გუნდი იყავით...

- თავის დროზე ვიყავით ერთად და ერთად დავიწყეთ დიდი საქმე, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამიტომაც გავერთიანდით. მაშინ გაერთიანება საქართველოს მომავლისთვის მოხდა. ჩვენ დღემდე დავრჩით ამ იდეის ერთგული. რამდენად დარჩნენ ამ იდეის ერთგული ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, ეს საზოგადოებამ განსაჯოს. ჩვენ ნამდვილად სხვანაირად ვუყურებთ ქვეყნის განვითარებას. მე, პირადად, ძალიან არ მომწონს ის პროცესები, რომლებიც დღეს ქვეყანაში ხდება – სასამართლო სისტემაში არსებული ვითარებით დაწყებული, არაფორმალური მმართვე-ლობით დამთავრებული. ჩვენ ამისთვის ნამდვილად არ გვიომია და დღესაც ვაგრძელებთ იმ გზას, რომელიც ქვეყანას სჭირდება.

- ამ გაერთიანებაში მხოლოდ დავით უსუფაშვილი, მისი თანამოაზრეები და ეროვნული ფორუმი იქნებით თუ სხვებსაც გაუღებთ კარს?

- ამასთან დაკავშირებით ახლა კონკრეტულად რამის თქმა გამიჭირდება. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არ არის მხოლოდ პარტიების გაერთიანება. ჩვენ უფრო სხვა მოცემულობა გვაქვს და, ვფიქრობთ, რომ ამ გაერთიანებაში, პოლიტიკოსების გარდა, ის ადამიანებიც უნდა ჩაერთონ, რომლებსაც ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებთან გამკლავება შეუძლიათ. საბედნიეროდ, საქართველოში ასეთი ადამიანები მრავლად არიან. სადღაც მაისის ბოლოსთვის გაირკვევა, ვინ შემოგვიერთდება და საერთოდ როგორ გაგრძელდება ეს ამბავი. აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მოძრაობის კარი არავისთვის დახურული არ არის. ეს არ არის პოლიტიკური პარტია. ჩვენ სახელმწიფოს გადარჩენისთვის ვიწყებთ ბრძოლას. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ასე თუ გაგრძელდა, სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად ჩამოიშლება. ჩამოშლილ სახელმწიფო ინსტიტუტებს სადამდე შეუძლია ქვეყნის მიყვანა, მგონი, ყველა ხვდება.

- ამბობთ, რომ მაისის ბოლოსთვის რაღაცები გაირკვევა. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ სხვადასხვა პარტიასთან კონსულტაციები მიმდინარეობს?

- ჩვენ რამდენიმე პარტიასთან მართლაც ვიმყოფებით კონსულტაციების რეჟიმში. ამ პარტიების ვინაობას ჯერ ვერ გაგიმხელთ. პარტიების გარდა, კონკრეტულ პიროვნებებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ვნახოთ, რა გამოგვივა, დაველოდოთ მაისის ბოლოს.

- თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოასწრებთ მომზადებას?

- ყველა პოლიტიკური ძალა აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს არჩევნებში. თუმცა ჩვენი გაერთიანების მიზეზი მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები არ ყოფილა. ჩვენ ბევრად უფრო გრძელვადიანი და საჭირო საქმე დავიწყეთ.

აქვე გაგახსენებთ იმ განცხადებას, რომელიც ეროვნულმა ფორუმმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააკეთა. არჩევნებიდან მეოთხე დღეს, 12 ოქტომბერს, ჩვენი პარტიის ლიდერი კახა შარტავა გამოვიდა და თქვა, გავაკეთოთ ერთი დიდი პროდასავლური გაერთიანება, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავებაზე იქნება ორიენტირებულიო. ის შედეგი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე დადგა, თავიდანვე ცხადყოფდა, რომ სახელმწიფო ინტერესებს დააზარალებდა. საკონსტიტუციო უმრავლესობასა და ხელისუფლების უზურპაციას არცერთი ქვეყნისთვის არ მოუტანია სიკეთე. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი და დღეს ჩვენ უკვე გვაქვს კრიზისი.

- ზემოთ ახსენეთ, რომ, პარტიების გარდა, კონკრეტულ პიროვნებებთანაც გაქვთ კონსულტაციები. არის თუ არა მათ რიგებში თავისუფალი დემოკრატებიდან წამოსული ირაკლი ალასანია? ის რამდენიმე კვირის წინ შეხვდა კიდევაც დავით უსუფაშვილს და ამას რაღაც მოჰყვა…

- დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ ალასანიას შემთხვევით შეხვდა. რაც შეეხება ალასანიას, მან პოლიტიკაში ტაიმაუტი აიღო და ახლო მომავალში ამ სფეროში დაბრუნებას არ აპირებს. მომავალში არ ვიცი, რას იზამს. არც მისი გეგმების შესახებ მაქვს რაიმე ინფორმაცია. შესაბამისად, გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

- ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია შეიძლება გიორგი მარგველაშვილის გარშემო გაერთიანდეს. თქვენი გაერთიანება ითანამშრომლებს თუ არა პრეზიდენტთან?

- ეს მომავალში გაირკვევა. შესაძლოა, ჩვენი გზები გადაიკვეთოს და თემატური თანამშრომლობა შედგეს, მაგრამ ეს სამომავლო პროცესია. ამ ეტაპზე მასთან არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს. ისე, ჩვენი კარი ყველა პროდასავლური ძალისთვის ღიაა. ვისთანაც პირადად მე თანამშრომლობა ვერ წარმომიდგენია, ეს არის “ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა.

- ნაციონალური მოძრაობა გასაგებია, მაგრამ ოცნებასთან რატომ ვერ წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა?

- იმიტომ, რომ ქვეყნის მართვასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. თავის დროზე ეროვნული ფორუმი იმიტომ წამოვიდა „ქართული ოცნების“ კოალიციიდან, რომ პარტნიორები ჩვენი გზის სისწორეში ვერ დავარწმუნეთ.

- ოცნებიდან წამოსვლა ახსენეთ და მართალია, რომ მმართველმა გუნდმა ულტიმატუმი წაგიყენათ - გუბაზ სანიკიძე გაგეშვათ პარტიიდან და კოალიციაში დარჩებოდით?

- არანაირი ულტიმატუმი არ ყოფილა და, საერთოდ, ეროვნული ფორუმი არავის მითითებებითა და ულტიმატუმებით არ მოქმედებს, მით უმეტეს არ მივიღებთ ულტიმატუმს, თუ ის ჩვენს თანამებრძოლს ეხება. თავად ფორუმში თუ ვთვლით, რომ ესა თუ ის ადამიანი არ იმსახურებს პარტიაში ყოფნას, შესაძლოა, ის გავუშვათ, მაგრამ სხვისი მოთხოვნით ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებთ. არც გუბაზთან დაკავშირებით ყოფილა რაიმე მსგავსი მოთხოვნა.

- თუმცა ის პარტიიდან წავიდა...

- ეს მისი არჩევანი იყო. მან ჩათვალა, რომ იქ უფრო მეტს გააკეთებდა, სადაც ახლა არის. ჩვენ მის არჩევანს პატივს ვცემთ.

- მასთან რა ურთიერთობა გაქვთ ფორუმელებს?

- ჩვენ დღემდე მეგობრებად ვრჩებით. უბრალოდ, ის სხვა პარტიასთან ერთად აგრძელებს ბრძოლას, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და მიგვაჩნია, რომ ეს გზა სწორია. დღეს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია დიდი, ევროპული ტიპის გაერთიანების შექმნა, რომელიც, გარდა იმისა, რომ შიდა გამოწვევებს მოერევა, ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ საქართველომ მსოფლიო თანამეგობრობაში მკვეთრად დაიკავოს თავისი ადგილი და ეს ადგილი ევროპულ სივრცეშია.

- გახდება თუ არა თქვენი გაერთიანება მესამე ძალა?

- ძალების ასე დანომვრა არასწორად მიმაჩნია, იმიტომ, რომ არა მგონია, „ოცნება“ პირველი არჩევანი იყოს და ნაცმოძრაობა – მეორე. აქამდე საზოგადოებას ჰქონდა ორი არჩევანი – ცუდსა და უარესს შორის. ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მესამე არჩევანიც. როცა არჩევანი ცუდს, უარესსა და კარგს შორის იქნება გასაკეთებელი, ხალხს გადაწყვეტილების მიღება აღარ გაუჭირდება.

კვირის პალიტრა“, 22 მაისი, 2017 წელი

ჰერბერტ ზალბერმა, ფაქტობრივადირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს(სალომე სამადაშვილისა და ვალერიან გორგილაძის თვალსაზრისები)

რუსუდან შელია

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომ­ადგენელმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში­ ჰერბერტ ზალბერმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისე დატოვა, რომ ცხინვალის რეგიონში გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში არ მოუხდია – მისგან ვერც კონკრეტული განმარტება მოვისმინეთ, რატომ იმყოფებოდა ორი დღის განმავლობაში სოხუმში, მანამდე კი ცხინვალში, სადაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი­ ბიბილოვს­ აღნიშნული პოსტის დაკავება მიულოცა. საგ­არეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულმა­ ზალბერმა მხოლოდ ის განმარტა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქ­ა­რთ­ველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ის, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ამ პრინციპს იზიარებს.

ჰერბერტ ზალბერთან შეხვედრის დეტ­ალებზე მოგვიანებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ ისაუბრა: “ზალბერი ევროკავშირის მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებების­ სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად დაბრ­უნდა სოხუმიდან და ცხინვალიდან. დეტალურად განვიხილეთ, რა ნახა რეგიონებში და ვისაუბრეთ ცხინვალში გამართულ შეხვედრებზე. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელ­ოვან ფორმატს ჩრდილი არ მიადგეს – მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოში მშვიდობის შესანარჩუნებლად. მოგეხსენებათ, ჟენ­ევის მოლაპარაკებები აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა­ და საქართველოსა და რუსეთს შორის ერთ­ადერთი ფორმალური­ ფორმატია, სადაც განიხილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები. აუცილებელია მოლაპარაკების ფარგლებში თანამშრომლობა გაგრ­ძელდეს ისევე აქტიურად, როგორც ახლა მიმდინარეობს. ზალბერთან შეხვედრისას შეშფოთება გამოვხატეთ და დეტალურად ავუხსენით მას, რა პოზიცია აქვს საქართველოს”.

———-

საქართველოს ხელისუფლების პასუხით უკმაყოფილოა ოპოზიცია და ზალბერის განცხადებასაც საგარეო საქმეთა სამინისტ­რ­ოს სუსტ პოლიტიკას უკავშირებს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიის საკითხებში მსგავსი ანტ­ი­­­­სახელმწიფოებრივი განცხადება ადრეც გაუხმოვანებია:

- 2015 წელს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი სოხუმში წარმომა­დგენლობის გახსნას აპირებდა. გაირკვა, რომ ინფორმაციის წყარო სწორედ სამხ­რეთ კავკასიაში ევროკავშირის­ საგანგებო­ წარმომადგენელი, ჰერბერტ ზა­ლბერი იყო. მეტიც, მან მაშინ განაცხადა: “ახლა ევროკავშირი არ არის იმ ვითარებაში, რომ აფხაზეთი აღიაროს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ზოგიერთი პრაქტიკული ნაბიჯისთვის”.

2015 წელს ზალბერის ეს განცხადება­ ქართული მხარისგან უპასუხოდ დარჩა. სწორედ მსგავსმა იგნორირებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ზალბერი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს, რაც ქვეყნის ინტერესებისთვის უკიდურესად დამაზიანებელია. როდესაც ევროკავშირის წარმომადგენელი მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს ნიშნავს,­ რომ ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებსაც აღიარებს­. ბუნებრივია, ამ განცხადების ტირაჟირებას რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება, რაც პირდაპირ უშლის ხელს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ქართული მხარე ზალბერთან დაკავშირებით მხოლოდ ზოგადი შეფასებებით შემოიფარგლა. აღსანი­შნავია, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მანდატი არა მხოლოდ საქართველოს, სომხეთსა და აზერბაი­ჯანსაც ფარავს­ – ის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკებებშიც არის ჩართული, რაც კონკრეტული სახელმწიფოების სუვერენულ ინტერესებს­ აზიანებს. რაც მთავარია, სანამ ზალბერი ოკუპირებული ტერიტორიებიდან თბილისს ეწვეოდა,­ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მას მაქსიმალური კომფორტი შეუქმნეს და მის განცხადებას უნებლიე რეპლიკა უწოდეს, რომ­ელსაც თურმე დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. თუ ხელისუფლება ეროვ­ნულ ინტერესებს არ იცავს, არც ზალბერი შეეცადა თავისი განცხადების დეზავუირ­ებას – ნებისმიერ დიპლომატს შეცდომის აღიარება კარიერულად საკმაოდ ძვირად უჯდება.

- მმართველი გუნდისგან მოვისმინეთ, რომ გადაწყვეტილება ბრიუსელმა უნდა მიიღოსრამდენად მოსალოდნელია, ჰერბერტ ზალბერმა ჟენევის მოლაპარაკებებში თანათავმჯდომარის სტატუსი­ შეინარჩუნოს?

- საქართველოს ხელისუფლებას ინფ­ო­რმაციის გავრცელებისთანავე ზალბერის წინააღმდეგ დემარში უნდა დაეგეგმა როგორც ბრიუსელში, ისე ბერლინში და კატეგორიულად განეცხადებინა, რომ ქართული მხარე ვერ მიიღებს მას ჟენევის მოლაპარაკ­ების ფორმატში, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელს. თანაც, ზალბერის მანდატი 15 ივნისს იწურება, რადგან მანდატის მინიჭების პროცედურა ყოველწლიურად­ ახლდება. შესაბამისად, ხელისუფლებისთვის ეს კარგი შანსი იყო, ზალბერის წინააღმდეგ ადეკვატური ზომები მიეღო და ის სხვა დიპლომატით ჩაენაცვლებინა. ფაქტია, ხელისუფლებას არ სურს საერთაშორისო დონეზე ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის დღის წესრიგში დაყენება, რადგან ქართული მხარისგან ზალბერის გაწვევის მოთხოვნა, ბრიუსელში საქართველოს საკითხს გაააქტიურებდა. სამწუხაროდ, დიდი ხანია ბრიუსელში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღარ ახსოვთ და არც ქვეყნის ანექსიის პროცესზე მსჯელობენ.

ძნელი წარმოსადგენია, ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროს არაკომპეტენტურობასთან გვქონდეს საქმე, უბრალოდ, მათ არ სურთ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის პრობლემებზე საუბრით რუსეთს დისკომფორტი შეუქმნან.

——–

ჰერბერტ ზალბერის ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში თანათავმჯდომარის სტატუსით დარჩენას მიუღებლად მიიჩნევს ექსპერტი ვალერიან გორგილაძეც:

- ჰერბერტ ზალბერი ევროკავშირის ერთ-ერთი­ ყველაზე გამოცდილი დიპლომატია და დარწმუნებული ვარ, კარგად იცოდა, რომ მის მილოცვას არა მხოლოდ საქართველოში, ბრიუსელშიც მასშტაბური დიპლომატ­იური სკანდალი მოჰყვებოდა. შესაძლოა, მას ბონუსების მიღება უნდოდა დე ფაქ­ტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში, მაგრამ ასე უტიფრად მსგავსი მოლაპარაკებები არ ხდება. მან ფაქტობრივად,­ ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს.

- რამდენად ადეკვატურად იმოქმედა ქართ­ულმა მხარემ იმისთვის, რომ ზალბერმა­ ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში თანათავმჯდომარის სტატუსი ვეღარ შეინარჩუნოს?

- ნებისმიერ ფორმატში, რომელშიც­ საქართველოს პრობლემები იქნება განხილული, განსაკუთრებით კი ჟენევის მოლაპარაკებებში, ზალბერის დაუყოვნებლივ დისტანცირება უნდა მოხდეს. პირადად მე, ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს – მსგავსი მოლაპარაკებით ვერავინ აიძულებს რუსეთს­ ვერც დეოკუპაციას და ვერც დევნილების­ სახლში დაბრუნებას, თუმცა ფორმატი აუცილებლად შესანარჩუნებელია და თუ თუნდაც სულ მცირე ნაბიჯების გადადგმა გვინდა, ზალბერისნაირი დიპლომატებისგან თავი უნდა დავიზღვიოთ. ხელისუფლებამ პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს, მით უმეტეს იმ საერთაშორისო წარმატების ფონზე, რასაც ბოლო პერიოდში ვადევნებთ თვალს – აშშ-ის ფედერალურ ბიუჯეტში ცალკე თავია დათმობილი არაღიარების პოლიტიკის მხარდასაჭერად როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით. ეს ყოველგვარ პერსპექტივას უსპობს რუსეთს, ამ მიმართულებით წარმატებას მიაღწიოს. ზალბერის განცხადებასთან დაკავშირებით მოგერინის განცხადებაც მწვავე იყო, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ოკუპირებულ ტერიტორიებში ჩატარებული “არჩევნების” არალეგიტიმურობა. ვფიქრობ, ზალბერთან დაკავშირებით ხისტი გადაწყვეტილება ახლა ისევ ბრიუსელში უნდა მიიღონ.

კვირის პალიტრა“, 22 მაისი, 2017 წელი

შეუძლებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს . . „შავი სიაჰქონდეს და იქ იური ლუჟკოვი არ იყოს“ // „დანაშაულის ფაქტის დადგენა სწორედ მასმედიით გავრცელებული ცნობებით უნდა ხდებოდეს“ (თინა ხიდაშელისა და ირაკლი სესიაშვილის თვალსაზრისები)

რუსუდან შელია

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, მოსკოვის ყოფ­ილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტმა გამოავლინა, რომ შს სამინისტროს ე.წ. შავი სია არა აქვს და შესაძლოა, დოკუმენტების წესრიგში არსებობის მოტივით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფმა რუსეთის მოქმედმა თუ ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ქვეყნის საზღვრის გადალახვა მომავალშიც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოახერხონ. სწორედ ამიტომ, როგორც თინა ხიდაშელი “კვირის პალიტრასთან” აღნიშნავს, თავად გადაწყვიტა, შს სამინისტროსთვის მიეწოდებინა იმ პირთა სია, რომლებმაც “ოკუპაციის შესახებ” კანონი დაარღვიეს:

- ვიმედოვნებდი, რომ საქართველოში ლუჟკოვის ვიზიტს სამართლებრივი­ ღონ­ისძიებები მოჰყვებოდა, თუმცა ფაქ­ტია, უწყება უუნარო აღმოჩნდა, საქართველოს დეზინტეგრაციის მომხრე პოლიტიკოსის ვიზიტი და შეურაცხმყოფე­ლი განცხადებები თავიდან აეცილებინა.­ ამიტომაც გადავწყვიტე სიის შექმნა, რომელიც­ შსს-ს ბაზაში ისედაც უნდა ჰქონოდა. ხელისუფლებამ ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვა,­ როდესაც განგვიმარტა, რომ ლუჟკოვის დაკავების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რადგან მოსკოვის ყოფილ მერს თურმე დოკუმენტები წესრიგში ჰქონია. უწყებას მედიასთან წვდომა ხომ აქვს? კანონმდებლობაში კი ხაზგასმით წერია, თუ მედიაში სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულზე ინფორმაცია ვრცელდება, გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ბატონი ლუჟკოვი, ან ნებისმი­ერი, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე­ იმყოფებოდა­ და საქართველოს კონტროლი­რებად ნაწი­ლშიც ვოიაჟის სურვილი გაუჩნდა, ქვეყნის კანონმდებლობას მაშინ კი არ არღვევს­, როცა საქართველოში შემოდის, არამედ მაშინ, როცა დანაშაულის შესახებ ცნობილი­ ხდება.­ მედიის საშუალებით კი არაერთი­ კადრი გავრცელდა, როდის და რა ვითარ­ებ­აში იმყოფებოდა ლუჟკოვი სოხუმსა­ და ცხინვალში.

დიახ, საქმე ხანდაზმული მართლაც იყო, რადგან წინა ხელისუფლებაც არაფრად აგდებდა კანონმდებლობას, მაგრამ მოქმედმა ხელისუფლებამაც გააგრძელა­ ეს, როცა 2010 წელს ცხინვალის რეგიონში ლუჟკოვის ვიზიტის გამო საქმე არ აღძრა. ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცას პასპორტი “სუფთა” ჰქონდა, ან თურმე მესაზღვრემ კანონდამრღვევი ვერ იცნო, არასერიოზულია. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს ე. წ. შავი სია, სადაც ეჭვმიტანილებისა და ბრალდებულების სრული ჩამონათვალი უნდა იყოს მოცემული, ანუ იმ პირებისა, რომელთა დაკავების შესაძლებლობა შს სამინისტროს ჯერ არა აქვს, თუმცა კონკრეტულ ვითარებაში­ ამის შესაძლებლობა ეძლევა… ზურაბ ადეიშვილს ან მიხეილ სააკაშვილს რაც უნდა “სუფთა” პასპორტი ჰქონდეთ, საქართველოში მათ მხოლოდ მესაზღვრის გადაწყვეტილებით ხომ არ შემოუშვებენ?! მსგავსი სია კი სასაზღვრო დეპარტამენტს რეესტრიდან გადაეცემა.

- ფიქრობთ, შს სამინისტროს მსგავსი სია რეესტრიდან არა აქვს?

- შეუძლებელია, ე. წ. შავი სია ჰქონდეთ და იქ ლუჟკოვი არ იყოს. მეტიც,­ მხოლოდ ის კი არ გვითხრეს, სია არა გვაქვს და ბაზა გაუმართავიაო, კომისიას შევქმნით და გავარკვევთ, ლუჟკოვი საქართველოში შემოსაშვები იყო თუ არაო. ეს ცალსახად ადასტურებს, რომ სია კი არა, უწყებაში ერთი ფარატინა ფურცელიც კი არ დევს იმ პირების შესახებ, რომლებიც ქვეყნისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ. ე. წ. რბილ ძალასთან მოდუნება დაუშვებელია, იმედია, შს მინისტრი ჩემს მიმართვას გაითვალისწინებს და ადეკვატურ გადაწყვეტილებებს მიიღებს. შევახსენებ, რომ კანონი ირღვევა არა საქართველოს საზღვრის თბილისის აეროპორტში გადმოკვეთის დროს, არამედ საქართველოს საზღვრის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოკვეთისას. დანაშაულის ფაქტის დადგენა სწორედ მასმედიით გავრცელებული ცნობებით უნდა ხდებოდეს. უნდა აღიძრას საქმე და დაიწყოს წარმოება. პასპორტში ბეჭედი არაფერს ამტკიცებს­ ან უარყოფს. უკვე არსებ­ული ინფორმაცია, ადგილიდან გავრცელებული ფოტომასალა, ინტერვიუები სოხუმსა­ და ცხინვალში ადასტურებს დანაშაულის ჩადენის ფაქტს, შესაბამისად, განსაზღვრავს შს მინისტრის მოქმედებას.

———-

თინა ხიდაშელმა “კვირის პალიტრას” ე.წ. შავი სიის ნაწილი მიაწოდა:

ბორის გრიზლოვი – რუსეთის ფედერაციის დუმის ყოფილი თავმჯდომარე; სერგეი ნარიშკინი – რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; სერგეი შოიგუ – რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი; იგორ ზუბოვი – რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; რაშიდ ნურგალიევი – რუსეთის ფედერაციის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; იური ჩაიკა – რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორი; ალექსანდრ ტოტონოვი, ყაზბეგ ტაისაევი, დენის პარფიონოვი, ლეონიდ კალაშნიკოვი – რუსეთის ფედერაციის დუმის წევრები; ვლადიმირ ჟირინოვსკი – რუსეთის ფედერაციის დუმის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე; ვიკტორ ოზეროვი – რუსეთის ფედერაციის დუმის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე; ვლადისლავ სურკოვი – რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე; იოსიფ კობზონი – რუსეთის ფედერაციის დუმის წევრი, მომღერალი, ბიზნესმენი; მარგარიტა სიმონიანი – ტელეკომპანია „რასა თუდეის“ მტავარი რედაქტორი, ჟურნალისტი; ოლგა პესკოვა – რუსეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის განვითარების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი; იური ტავროვსკი – რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის პროფესორი.

———-

ირაკლი სესიაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე

- წინა ხელისუფლებისგან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო – მართალია, “ნაციონალური მოძრაობა” ოკუპაციასთან დაკავშირებით გულზე მჯიღებს იცემდა და მწვავე განცხადებებით გამოირჩეოდა, თუმცა, ოკუპაციის კანონის დარღვევის ყველა­ ფაქტი, რაზეც გამოძიება უნდა დაწყებულიყო, რეაგირების გარეშე დარჩა. წლების განმავლობაში გვესმოდა და კადრებსაც ვადევნებდით თვალს, როგორ კვეთდნენ საოკუპაციო ზოლს რუსი მაღალჩინოსნები, თუმცა ქართული მხარე სამართლებრივ ზომებს არ მიმართავდა. ე.წ. მინიშნებაც კი არ კეთდებოდა თუნდაც მესაზღვრეებისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი პირი საქართველოში არ შემოეშვათ. ლუჟკოვის შემთხვევაში ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადა გასული იყო, საქმესაც ხელახლა ვერ აღვძრავდით, რადგან საფუძველი არ არსებობდა, ამიტომაც რეალური პრობლემის წინაშე დავდექით. ახლა ვფიქრობთ, გადავხედოთ წარსულს და დავადგინოთ პირები, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და თუ ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის, სისხლის სამართლის საქმეები აღვძრათ. ან მესაზღვრეს ჰქონდეს მინიშნება, რომ ასეთი პირები საზღვარზე არ შემოუშვას. თინა ხიდაშელსაც უნდა ესმოდეს, რომ მძიმე მემკვიდრეობასთან გვიწევს გამკლავება. საქმის ხელახლა აღძვრა ან მესაზღვრეებისთვის მინიშნებები”არ ნიშნავს იმას, რომ ის რუსეთის რიგით მოქალაქეებზეც გავრცელდება – რუსი ტურისტებისთვის ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა.

კვირის პალიტრა“, 22 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ ხორვატ ჟურნალისტთან: „ნ შეადარებთ თავს მონტენეგროსა და ალბანეთს, აზრი არა აქვს // „მონტენეგროს შეუძლია ნატოსთან ივაჭროს, საქართველოს კი ამის ფუფუნება არა აქვს. აქ არაფერ შუაშია მონტენეგროს დემოკრატიულობა

ვაჟა თავბერიძე

მონტენეგრო ზაფხულში ნატოში გაწევრებას აპირებს – აშშ-ის სენატმა ბალკანური ქვეყნის ალიანსში გაწევრებას 97 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. ახლა ესპანეთისა და ნიდერლანდების ჯერია – ორივე ქვეყანა მონტენეგროს საკითხის განხილვას ივლისისთვის გეგმავს. როგორ „მოხვდა“ მონტენეგრო ნატოში, რით დაიმსახურეს ჩვენთვის მიუღწეველ ოცნებად ქცეული „მაპ“-ი და რა რეაქცია­ ექნება ამაზე რუსეთს?

„კვირის პალიტრა” ხორვატ ჟურნალისტს, ქვეყნის მთავარი გაზეთიის „ვეჩერნი ლისტის“ მთავარ რედაქტორ ბერნარდ კარაკასს ესაუბრა. „მონტენეგროს ნატოში გაწევრება, პირველ რიგში, პრევენციული ღონისძიებაა აშშ-ისა და ევროპის მხრიდან, რათა ამ რეგიონში რუსეთის გავლენა შეასუსტონ და კრემლს შესაძლებლობა არ მისცენ,­ შორეულ მომავალშიც კი, უკრაინის სცენარი ბალკანეთში გადმოიტანოს.­ 10 წლის წინ, მონტენეგრო საკმაოდ ახლოს იყო რუსეთთან, განსაკუთრებით ქვეყნის პოლიტიკური ელიტა,­ და რუსეთს ჯერ კიდევ შემორჩა ბევრი ბერკეტი, რასაც ბალკანეთში სიტუაციაზე­ გავლენის მოსახდენად იყენებდა. არ უნდა დაგვავიწყდეს სერბეთის ფაქტორიც – რუსეთის მთავარი დასაყრდენი ბალკანეთში», – ამბობს ბერნარდ კარკასი.

- ნატოში გაწევრება რეალურად მონტენ­ეგროელი ხალხის სურვილია? ნატოსთან­ დაკავშირებით ბალკანეთში მძიმე­ მემკვიდრეობა­ არსებობს

- მონტენეგროში ხალხი ორად არის გაყოფილი – ნაწილი თავს მონტენეგ­როელად მიიჩნევს, ნაწილი – სერბად. მონტენეგროელებს ნატოში გაწევრება სურთ, სერბებს კი ახსოვთ, როგორ ბომბავდა მათ ნატო 1990-იან წლებში. ძნელია მათი გამტყუნება. ისინი ნატოს აღიქვამენ, როგორც ძალას, რომელმაც მათი ქვეყანა, იუგოსლავია, დააქცია. ეს არაა უბრალო სენტიმენტები, ეს მძაფრი ნეგატიური ემოციებია. შესაბამისად, სერბებს ევროკავშირში შესვლა უფრო აინტერესებთ და მგონი, ამის საწინააღმდეგო არც ბრიუსელს აქვს რამე.

- ძნელი წარმოსადგენია, კრემლი გახარებული იყოს იმით, რომ მონტენეგრო ნატოს წევრი­ ხდება, ეს ხომ ღია დარტყმაა რუსეთის ინტერესებზე რეგიონში?

- ცხადია, მოსკოვში არ აწყობთ მონტენეგროს ნატოში გაწევრება – ეს, როგორც თვითონ უწოდებენ, ნატოს ექსპანსიაა. რას მოიმოქმედებს რუსეთი? მონტენეგრო, საქართველოსა და უკრაინისგან განსხვავებით, რუსეთის ე.წ. უკანა ეზო არასოდეს ყოფილა, ასე რომ, მასშტაბურ ძვრებს არ ველოდებით, თანაც, რუსული გავლენის­ მთავარი ბაზა რეგიონში სერბ­ეთია და არა მონტენეგრო. და მაინც, შეიძლება ველოდოთ არეულობას, თუმცა, ბალკანეთის რეგიონი ამას, როგორც წესი, რუსეთის დაუხმარებლადაც მშვენივრად ახერხებს.

- რა წვლილს შეიტანს მონტენეგრო საერთაშორისო უსაფრთხოებაში, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პატარა ქვეყანაა, სულ რაღაც 600 000-იანი მოსახლეობით?

- მონტენეგროს წვლილი ის იქნება,­ რომ რუსეთს ადრიატიკის ზღვაში გასასვლელი არ ექნება მონტენეგროს გავლით, რაც უამრავ თავსატეხს შეუქმნიდა ნატოსა­ და ევროკავშირს. ასე რომ, მონტენეგრო საკუთარ მაპ-სა და წევრობას გეოგრაფიულ მდგომარეობას უნდა უმადლოდეს.

- და მაინც, რამდენად სამართლიანია მონტენეგროსთვის მაპ-ის მინიჭება? რას აკეთებს მონტენეგრო ორგანიზებული დანაშაულის­ ან კორუფციასთან­ ბრძოლის თვალსაზრისით, კანონის უზენაესობასა და მიუკერძოებელ სასამართლოზე რომ აღარაფერი­ ვთქვათამასთან, ქვეყანას 30 წელიწადია ერთი ადამიანიმილო დიუკანოვიჩი მართავს, პოლიტიკოსირომელსაც პატარა­ პუტინი შეარქვეს

- მესმის, რატომაც მისვამთ ამ შეკითხვას… საქართველოს თუ შევადარებთ, მონტენეგრო თქვენს ქვეყანას ყველა დემოკრატიულ სტანდარტში ჩამორჩება. მაგრამ საქმე ის არის, რომ მონტენეგრო ადრიატიკის ზღვ­აზე გასასვლელი იმ პაზლის ნაწილია, რომელსაც ნატო აგერ უკვე ათი წელიწადია, დიდი რუდუნებითა და მოთმინებით აწყობს.
სლოვენია, ხორვატია, ალბანეთი, ახლა უკვე მონტენეგროც – ეს ნიშნავს ადრიატიკული და შემდგომ უკვე ხმელთაშუა ზღვის დაცვას, მის უსაფრთხოებას, რუსეთისთვის უკანასკნელი პოტენციური დერეფნის ჩაკეტვას. ადრიატიკა კი ბევრად უფრო ახლოა ცენტრალურ ევროპასთან, ვიდრე შავი ზღვა… მონტენეგრო, ასე ვთქვათ, ერთი აგურია იმ კედელში, რომელსაც ნატო რუსეთს უშენებს. ასე რომ, მონტენეგროს შეუძლია ნატოსთან ივაჭროს, საქართველოს კი ამის ფუფუნება არა აქვს. აქ არაფერ შუაშია მონტენეგროს დემოკრატიულობა ან რაიმე ასეთი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ალბანეთი უკვე 5-6 წელია ნატოს წევრია – დედამიწაზე ვერავინ დამაჯერებს, რომ ალბანეთი უფრო დემოკრატიულია, ვიდრე საქართველო. ალბანეთს არაფერი ესაქმება დემოკრატიასთან, მაგრამ გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, ის ნატოშია.

- თქვენი ლოგიკით, ნატოს წევრობა მხოლოდ პოლიტიკური საკითხია და რეფორმები და დემოკრატია არაფერ შუაშია

- არა, დემოკრატიაც საჭიროა და რეფორმებიც, მაგრამ საბოლოოდ ეს პოლიტიკური საკითხია. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაა, ეს კი დამატებით სირთულეს ქმნის. პუტინისა და რუსეთის პოლიტიკური­ სიძლიერის ფონზე, ევროპაში თვლიან, რომ ამ კუთხით რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება კრემლისთვის წითელი ნაჭრის აფრიალების ტოლფასი იქნება. ყველა ფრთხილობს, ერიდებიან პუტინისა და რუსეთის პროვოცირებას. სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი, რომ საქართველო ჯერაც არ არის ნატოს წევრი. ნუ შეადარებთ თავს მონტენეგროსა და ალბანეთს – ამას აზრი არა აქვს. საქართველო­ ყველა ვალდებულებას ასრულებს – ჰყავს დანაყოფები ავღანეთში, რაზეც, მაგალითად, ალბანეთი სრულიად არ იწუხებს თავს. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, მაგრამ, სამწუხაროდ, გეოპოლიტიკური სიტუაცია ამ ეტაპზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მეტის გაკეთების საშუალებას არ აძლევს.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 22 მაისი, 2017 წელი

ნატო საქართველოს უახლოვდებათბილისში ალიანსის საპარლამენტო ასამბლეა იმართება

ია აბულაშვილი

26-28 მაისს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გაიმართება. ცნობისთვის, აქამდე იგი ნატოს მხოლოდ ოთხ არაწევრ ქვეყანაში გაიმართა და ისინი დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არიან. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება თბილისში მნიშვნელოვანი მოვლენაა. „ამ ასამბლეის მიმართ მოლოდინი ძალიან დიდია და ეს ფორმატი უნდა გამოვიყენოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კავშირის გასაღრმავებლად. რა თქმა უნდა, რეალისტურად ვაფასებთ რეალობას, რომელიც ნატოში ჩვენს გაწევრიანებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და ასეთ შემთხვევაში ჩვენს მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ამ ფაქტს დადებითად აფასებენ ექსპერტები. როგორც “მთელ კვირასთან” პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება თბილისში დადებითი მოვლენაა, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებაში ამ ასმაბლეაზე არ გადაწყდება. მისი თქმით, ივნისში იგეგმება ნატოს სამიტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ძირითადი საკითხების განხილვა, სავარაუდოდ, ამ სამიტზე მოხდება. მაშინ შესაძლებელი იქნება უფრო დეტალურად საუბარი და ანალიზი, რამდენად ახლოსაა საქართველო ნატოს სრულუფლებიან წევრობასთან.

ექსპერტი პეტრე მამრაძე კი მიიჩნევს, რომ ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარება ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა.

„ნატო ასრულებს დანაპირებს და ახორციელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან, როგორც სამხედრო წვრთნებში, ისე მომზადებაში, ასევე პოლიტიკურ თანამშრომლობას. მეორე მხრივ, მსგავსი ღონისძიება, როგორიც ასამბლეაა, ასევე სხვა ღონისძიებები ამ ისტორიულ ეტაპზე არანაირად არ აახლოებს საქართველოს ნატოს სრულუფლებიან წევრობასთან მანამ, სანამ საქართველოს რეგიონები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, სანამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ფაქტობრივად, რუსეთის მიერ გამოცხადებულია დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და იქ განთავსებულია რუსეთის მძლავრი ბაზები. მანამ, სანამ გაეროს უშიშროების საბჭოს, მუდმივი საბჭოს წევრი, შესაბამისად, ვეტოს უფლების მქონე და თერმობირთვული იარაღის ვეებერთელა არსენალის პატრონი რუსეთი აცხადებს, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს გაწევრიანება ნატოში.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთმა შეიტყო, რომ გაწევრიანების პროცესი დაწყებულია, ის მაშინვე მიიღებს კონკრეტულ ხისტ ზომებს, რომ ეს არ დაუშვას. აი, მანამდე კი ნატო, რომელიც, განსხვავებით ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსისგან, უფრთხილდება საქართველოს, ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, არც კი დაიწყებს თავის რიგებში საქართველოს გაწევრიანების პროცედურას.

რაც შეეხება ასამბლეის ჩატარების მნიშვნელობას თბილისში, ასამბლეაზე შეიძლება კიდევ ერთხელ დადასტურდეს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ამავე დროს პიროვნული ურთიერთობაც მყარდება, რაც საჭიროა. ასამბლეის წევრები კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ ქართველი ხალხი ისწრაფვის, გახდეს ევროპის საუკეთესო ნაწილის ღირსეული წევრი. ჩვენი ხალხის დამსახურებაა, რომ თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხარისხი საქართველოში ბევრად უკეთესია, ვიდრე სხვა მეზობელ ქვეყნებში. კარგია, რომ დასავლეთი და ნატო ამას აღიარებენ, აფასებენ და კიდევაც მხარში გვიდგანან. ასამბლეის ჩატარება სწორედ მხარში დგომის გამოვლინებაა”, – აცხადებს “მთელ კვირასთან” პეტრე მამრაძე.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 22 მაისი, 2017 წელი

ნატოს წევრი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის მოთხოვნით დაკავებული თურქი ბიზნესმენი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს

ნინო ქეთელაური

თურქეთის მხარის მოთხოვნით საქართველოში დაკავებულმა თურქმა ბიზნესმენმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა.

ეს ინფორმაცია “მთელ კვირას” დაკავებული სინან სარაჩის ადვოკატმა მერაბ მამულაძემ მიაწოდა, რომელიც აღნიშნავს, რომ თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გარანტიას ვერ მიიღებს და სასამართლოს ყველა ინსტანცია მისთვის უშედეგოდ დასრულდება, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ თურქი ბიზნესმენის დაპატიმრების შესახებ “რეზონანსი” ჯერ კიდევ 29 აპრილს წერდა. როგორც დაკავებულის ადვოკატი მერაბ მამულაძე აცხადებდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფეთჰულაჰ გიულენის მხარდაჭერის გამო თურქეთის მხარის მოთხოვნით საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამსახურმა 21 აპრილს დააკავა. ადვოკატის ინფორმაციითვე, სინან სარაჩს ბრალად წარდგენილი აქვს შეიარაღებული დაჯგუფების წევრობა, თუმცა ის ინტერპოლით ძებნილი კი არა, ნასამართლევიც არასდროს ყოფილა.

მერაბ მამულაძის განცხადებით, ბიზნესმენი საქართველოში 2016 წლიდან იმყოფება, დაკავებამდე ის თურქეთში ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა, არის ერთ-ერთი საფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს და, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულების მმართველთა საბჭოს წევრი, რაც მისი დაკავების მოტივი გახდა.

„ბრალდება მიუთითებს და იქ პირდაპირ აღწერილია, მას მხოლოდ იმიტომ აქვს ბრალი წარდგენილი, რომ სასულიერო შეკრებებს ესწრებოდა და შესაწირს სწირავდა საზღვარგარეთ მცხოვრები სტუდენტების დასახმარებლად. მისი ორგანიზაცია თურქეთის მხარემ შერაცხა შეიარაღებულ დაჯგუფებად. აქ საუბარი არ არის გადატრიალებაზე, შეიარაღებულ თავდასხმაზე და ა.შ. იარაღი საერთოდ არ ფიგურირებს წარმოდგენილ საქმეში. უბრალოდ, რადგან ეს ადამიანი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოში იყო და ეხმარებოდა სტუდენტებს, ეს ჩათვალეს შეიარაღებულ დაჯგუფებად. წმინდა წყლის პოლიტიკური ბრალდება აქვს წაყენებული და მიაჩნია, რომ თურქეთისთვის გადაცემის შემთხვევაში მას წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრება”, – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა, რომლის შეფასებითაც, ქართული სახელმწიფოს მხრიდან უკვე კარგად ჩანს დამოკიდებულება, რადგან არც ერთ ევროპულ ქვეყანას მსგავსი მოთხოვნით დაკავება არ განუხორციელებია.

აღნიშნულ საქმეზე “მთელი კვირა” პროკურატურასაც დაუკავშირდა, თუმცა კითხვებზე, რა ბრალდებით მოხდა ბიზნესმენის დაკავება და აპირებენ თუ არა, რომ სასამართლოს მისი თურქეთში ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართონ, პროკურატურაში გვიპასუხეს, რომ ჯერ ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს.

რამდენიმე დღის წინ კი თურქმა ბიზნესმენმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა.

როგორც დაკავებულის ადვოკატი მერაბ მამუალაძე “მთელ კვირასთან” საუბრისას აცხადებს, ამ საკითხზე რამდენიმე დღეში გასაუბრება დაინიშნება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება სამინისტროს გადაწყვეტილება.

“სინან სარაჩმა საერთაშორისო დაცვის შესახებ ლტოლვილთა სამინისტროს მიმართა, რაც გულისხობს, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რომ ჩვენი სახელმწიფოსგან მიიღოს საერთაშორისო დაცვა, თავშესაფარი ან გარანტია, რომ თურქეთის სახელმწიფოში არ მოხდება მისი ექსტრადიცია. ამასთან დაკავშირებით პირველი ე.წ. ანკეტირება შედგა რამდენიმე დღის წინ, შემდეგ იქნება გასაუბრება და მერე უკვე გამოჩდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო. წინასწარ რაიმეს პროგნოზი რთულია, რადგან ასეთი საქმეები აქამდე პრაქტიკაში არც ყოფილა და ამ ხრივ სამინისტროს გამოცდილება არ აქვს. ჩვენი მხრიდან მიწოდებულია ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რაც მის დევნას და მოსალოდნელ საფრთხეებს ადასტურებს,” – ამბობს მერაბ მამულაძე.

თუ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი თქვა, ადვოკატი ამბობს, რომ ამის გასაჩივრება სასამართლოს ყველა ინსტანციაში მოხდება და თუ იქაც სასურველ შედეგს ვერ მიაღწევენ, ერთადერთ გზად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა დარჩებათ.

რაც შეეხება თურქეთის მხრიდან ექსტრადიციის მოთხოვნას, ადვოკატი ამბობს, რომ ოფიციალურ დოკუმენტაციას უახლოეს დღეებში ელოდებიან. „თავდაპირველად გამოგზავნილი აქვთ საქმის მასალები, რის საფუძველზეც დააკავეს და დაკავების მოთხოვნა, რაც ოფიციალურად არსებობს. ხოლო დაკავებიდან 40 დღის ვადაში საქმის მასალები, ექსტრადიციის შუამდგომლობასთან ერთად, სრულად უნდა გადმოაგზავნონ. შესაბამისად, რამდენიმე დღეში, მაისის ბოლომდე ველოდებით,” – ამბობს მერაბ მამულაძე.

„ახალი თაობა“, 22 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „ვლადიმირ პუტინი მთელი საქართველოს ოკუპაციას მიწის ყიდვით შეძლებს“ // „მოვითხოვთ კონკრეტულ პასუხს მიწის საკითხზე”

მიმდინარე მოვლენებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა მემარცხენე ალიანსის გენერალურ მდივან სოსო შატბერაშვილს.

- ადრე იმედი გამოთქვით, რომ თუ ხალხი მოითხოვს, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე აკრძალვა ჩაიწერება კონსტიტუციაში. საკონსტიტუციო პროექტის განხილვა გრძელდება. ამჩნევთ, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვისას ხალხის აზრს ითვალისწინებენ?

- ასეთი შეხვედრებისას ხალხის აზრს მაინცდამაინც არ ითვალისწინებენ. ჩვეულებრივი მოქალაქეების პოზიცია გადამწყვეტია არჩევნების დროს. როცა არ მიხვალ არჩევნებზე, არ გააკეთებ არჩევანს, მერე გვიანაა თითზე კბენანი! ის ადამიანები, რომლებმაც უგულებელყვეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, არაფერზე არ უნდა წუწუნებდნენ. კარგია, რომ აქტიურმა მოქალაქეებმა ამ განხილვების დროს დასვეს შეკითხვები იმაზე, უნდა მიეყიდოს თუ არა მშობლიური მიწა უცხოელს.

- ხელისუფლებისგან ამაზე ისევ ურთიერთგამომრიცხავი განმარტებები გვესმის.

- დიახ. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ მიწა სარფიანად უნდა გაიყიდოს. საპირისპიროს აცხადებს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია. ოთარ ჩრდილელი ფეისბუკიდან არწმუნებს საზოგადოებას, რომ მიწა არ გაიყიდება. ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ჩაებმებიან განხილვებში და ოფიციალურად მოითხოვენ კონკრეტულ პასუხს. სისხლით შენარჩუნებული მიწა არ არის ის პროდუქტი, რომელიც მომგებიანად უნდა გაასაღო! მის სარფიანად გაყიდვაზე საუბარიც კი აღმაშფოთებელია. ამ უთანხმოებას ხელისუფლებაში დაძლევს ჩვენი წინადადების გათვალისწინება.

- რეფერენდუმის ჩატარების შესახებ?

- დიახ. დაე, ხალხმა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გაყიდვა. ცესკოში წინასწარ განხილვაზე ეკონომიკური დასაბუთებაც წარვადგინეთ. ჩვენი ინიციატივა მიზერულ დანახარჯს მოითხოვს, თუ რეფერენდუმი ადგილობრივი არჩევნების დროს ჩატარდა. 22 მაისს, 14 საათზე, ცესკოში ჩვენი წინადადების განხილვა იწყება.

- თუ ამ აკრძალვის კონსტიტუციაში შეტანა გადაწყდა, რეფერენდუმი საჭირო აღარ გახდება?

- თუ დავრწმუნდებით, რომ კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი ნამდვილად შეაქვთ, მაშინ რეფერენდუმის განაცხადს მოვხსნით.

- საზოგადოების ნაწილი, რომელიც მიწის დაცვის ჯგუფში გაერთიანდა, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მასობრივი შიმშილობის დაწყებას აპირებს...

- შიმშილობა პროტესტის უკიდურესი ფორმაა, მიწა კი – უმნიშვნელოვანესი საკითხი. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ თუ საჭირო გახდა, აქციებს მივმართავთ. არ არის გამორიცხული, შიმშილობის აქციაშიც ჩავებათ. გრძელვადიან იჯარას არ ვეწინააღმდეგებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის წინააღმდეგი ვართ. გაყიდვა იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მდიდარ უცხოელს, მათ შორის, არაკეთილმოსურნეს, შეუძლია, მთელი საქართველო იყიდოს. მაგალითად, პუტინი იყიდის მიწებს და მოახდენს მთელი საქართველოს ოკუპაციას. ტყუილად აქვთ იმის იმედი, რომ ლიბერალური კანონმდებლობით აგრარულ სექტორში ევროპული ინვესტიციები შემოვა. ჩვენს მიწებს დაეპატრონებიან რუსები, ირანელები, თურქები, ინდოელები.

- საზოგადოების ნაწილი მოითხოვს, კონსტიტუციაში ჩაიდოს შრომითი უფლებების დაცვის გარანტიები...

- შრომის უფლება ნებისმიერ კონსტიტუციაშია ნახსენები. მთავარია, შრომა, დასაქმებულის უსაფრთხოება დაცული იყოს. მე-18 საუკუნეში ინგლისში მაღაროებში ბავშვებს ამუშავებდნენ. ამიტომ გახდა აუცილებელი შრომითი ინსპექციის შექმნა. ეფექტური შრომითი ინსპექცია ჩვენც გვჭირდება.

- იმ ჯგუფს, რომელიც ამ საკითხებს აყენებდა, პარლამენტის თავმჯდომარემ კომუნისტები უწოდა. თქვენც მემარცხენეები ხართ და შეიძლება, თქვენც დაგარქვან ბოლშევიკები და მარქსისტები...

- კომუნისტურ წარსულს არავინ მისტირის, მაგრამ სიტყვა `კომუნისტი~ სალანძღავი არ არის. გვინდა თუ არა, ხელოვნებასა და მეცნიერებაში მაშინ მიაღწია საქართველომ დიდ მწვერვალებს. კომუნისტებმა დაამარცხეს ფაშიზმი. დღეს ბევრი პრობლემის წინაშე ვართ, მათ შორის, არც ხელოვნებას ეწყობა ხელი, მეცნიერება განადგურების პირას არის. მარქსისტებს არ გვეძახიან, მაგრამ სხვა იარლიყებს ჩვენც გვაწებებენ. როგორც კი ვიტყვით, რომ დეოკუპაციის მიზნით რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ, იმ წუთას კრემლის აგენტები ვხდებით.

- ითვლება, რომ რუსეთთან დალაპარაკებას აზრი არ აქვს...

- აბა, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე კვიპროსს, შრი ლანკასა და ბურკინა ფასოს ველაპარაკოთ? ჩვენი ტერიტორიები რუსეთის ხელშია, ამიტომ დიალოგი მასთან უნდა გავმართოთ. ამაზე არგუმენტირებულ პასუხს რომ ვერ გვცემენ, ამიტომ გვიგონებენ იარლიყებს.

„ახალი თაობა“, 22 მაისი, 2017 წელი

საგარეჯოში არაბები მიწას ყიდულობენ და ოჯახებით სახლდებიან

ბოლო დროს ქართული მიწების გაყიდვაზე ორი მიმართულებით მიმდინარეობს ბრძოლა. ერთი მხრივ, იბრძვიან, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქართული მიწა არ გაიყიდება, მეორე მხრივ, პრაქტიკაში, სანამ კონსტიტუციით ან სპეციალური ორგანული კანონით (როგორც „ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ) დარეგულირდება მიწის საკითხი, საჭიროა, კონსტიტუციის ან ორგანული კანონის მიღებამდე კვლავ მორატორიუმი გამოცხადდეს უცხოელებისთვის საქართველოში მიწის გასხვისებაზე.

მიწის უცხოელებზე გასხვისების პროცესის გამო აღელვებული საზოგადოების გასაგონად პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას მომზადებული აქვს კანონპროექტი, რომელიც უცხოელებზე მიწის გასხვისებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ითვალისწინებს. კერძოდ, მიწის უცხოელებზე გასხვისება შესაძლებელი იქნება, თუ უცხოელი ინვესტორი დიდ ინვესტიციას შემოიტანს. თუმცა, ინვესტიციის ოდენობა არ სახელდება.

„ჩვენი ვერსიით, უცხოელებზე ქართული მიწა არ გასხვისდება. ერთადერთი პრეროგატივა მთავრობას უნდა ჰქონდეს. გამონაკლისი შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება. შეძენის მსურველებს მოუწევთ შესაბამისი არგუმენტაციისა და პროექტის წარმოდგენა, რასაც უნდა ახლდეს ძალიან დიდი ინვესტიცია, დასაქმება, ახალი ტექნოლოგიები ანუ დიდი მასშტაბის მქონე პროექტი უნდა იყოს, რომელიც განიხილება გამონაკლისის სახით“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

სანამ ეს საკითხი ოფიციალურ დონეზე გადაწყდება, მიწები უკვე ნაწილ-ნაწილ გამალებული იყიდება და ამას ხელს არავინ უშლის. პირიქით, რაღაც სახით, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელისუფლება ხელშემწყობიც კი გამოდის, რომ უცხოელმა საქართველოში მიწა შეიძინოს, როცა უცხოელისთვის ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად 35 ათასი დოლარის ქონების შეძენას აწესებს. კერძოდ, უცხოელებს, 35 ათასი დოლარის ქონების შესყიდვის სანაცვლოდ, ბინადრობის უფლების მოპოვებას ჰპირდებიან.

35 ათასი დოლარის ქონების ნასყიდობის დოკუმენტის წარდგენისთანავე განიხილება შუამდგომლობა პირისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ბინადრობის უფლების გაცემის თაობაზე. ფაქტობრივად, 35 ათასი დოლარი არის ზეპირი დათქმა იმისა, რომ, ამ საფასურის ქონების შეძენის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიეცემათ საქართველოს მოქალაქეობა და მიწის შესყიდვისა და საქართველოში გადმოსახლების უფლება, რაც სრულდება კიდეც. 35 ათასი დოლარის ქონების შესყიდვაში შედის სახლ-კარი, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და სახნავ-სათესი ფართობები, რომლებიც ახლავს ამ სახლ-კარს. ამიტომ საქართველოში მიწის დაუფლებისა და საცხოვრებლად ოჯახით გადმობარგებული უცხოელები, ძირითადად არაბები, მასობრივად ეუფლებიან მიწის ნაკვეთებს. შემდეგ მათ მიერ დაუფლებულ მიწის ფართობებს ყოფენ ცალკეულ ნაკვეთებად და ახალ-ახალ არაბ ოჯახებს ასახლებენ საქართველოს მიწაზე. მიმდინარეობს უცხოტომელების ტოტალური გადმოსახლება საქართველოში.

35 ათას დოლარად ქონების შესყიდვისა და მოქალაქეობის მიღების ფაქტებზე ოპოზიციის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ. პარლამენტის ყოფილმა წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ საგარეჯოს რაიონის მკვიდრ ბესო კოჭლამაზაშვილთან დაგვაკავშირა. ის არის მოწმე იმისა, თუ როგორ შეიძინა მის მეზობლად სახლ-კარი არაბმა, გაარემონტა და ახლა ცოლ-შვილი გადმოჰყავს.

ბესო კოჭლამაზაშვილი აცხადებს, რომ არაბებმა საგარეჯოს რაიონის რამდენიმე სოფელში უკვე შეისყიდეს სახლ-კარი და საკარმიდამო ნაკვეთები და მასობრივად ფუძნდებიან მათი რაიონის მიწებზე.

- ბატონო ბესო, თქვენ აცხადებთ, რომ საგარეჯოში ქართული მიწები იყიდება და მასზე უცხოელები სახლდებიან. რა პროცესი მიდის საგარეჯოში, რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას?

- არაბებმა თვითონ საგარეჯოში, სადგურთან, სოფლებში ნინოწმინდასა და ხაშმში შეიძინეს სახლები. კომპანია ჰყავთ დაქირავებული, რომელიც მათ შუამავლობს.

- სახლებს როგორ ყიდულობენ?

- სახლებს 18-20-25 ათას დოლარად იძენენ, შემდეგ არემონტებენ და ცხოვრობენ. ყიდულობენ სახლ-კარსა და მიწის ნაკვეთებს.

- თქვენ რომელ სოფელში ცხოვრობთ?

- მე თვითონ საგარეჯოში ვცხოვრობ.

- სახლ-კარს რამდენი მიწის ფართობი ახლავს?

- თითოეულს დაახლოებით 200-2500 კვმ ვენახი და სხვა მიწის ფართობები ახლავს.

- თვითონ საგარეჯოელები მიწას რატომ ყიდიან?

- არ ვიცი. გაჭირვებულები არიან და ყიდიან. სახლ-კარსა და მიწას ყიდიან, პატარა ფასში ბინას ყიდულობენ და იქ ცხოვრობენ.

- უცხოელები ოჯახებით არიან ჩამოსული?

- დიახ, ოჯახებით არიან ჩამოსული. თვითონ რომ ჩამოდიან, არემონტებენ შეძენილ სახლებს და შემდეგ ჩამოჰყავთ ოჯახი. სხვა ოჯახებიც მოჰყავთ.

- კონკრეტულად, რომელი ქვეყნებიდან სახლდებიან?

- ვიცი, რომ არაბები არიან…

- ადგილობრივი ხელისუფლება ამ საკითხში ჩარეულია? ან ხომ არ მოსულან და უნახავთ?

- არავინ ყურადღებას არ აქცევს. საერთოდ, ამ პროცესით არავინ დაინტერესებულა. როგორ შეიძლება, ასეთი რამ ხდებოდეს. ცოტა ხანში ქართული მიწის ერთი გოჯიც აღარ შეგვრჩება. ასეთი რამ როგორ შეიძლება.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 22 მაისი, 2017 წელი

უცხოელებს მიწის ყიდვა მხოლოდ დიდი ინვესტიციის ჩადებისას შეეძლებათ

ნინო ქეთელაური

უცხოელებზე მიწის მიყიდვის ტოტალურ აკრძალვას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი არ ეთანხმება. მისი განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციების აუცილებლობაზე მთავრობას ერთიანი პოზიცია აქვს, თუმცა კანონში მისი გაწერა საქმის იურიდიული ნაწილია.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას განცხადებით, მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ერთადერთი გამონაკლისი, რა შემთხვევაშიც მიწის უცხოელებზე გასხვისება იქნება შესაძლებელი, არის უცხოელი ინვესტორების მიერ წარმოდგენილი დიდი ინვესტიცია. თუმცა დანელია არ აკონკრეტებს ინვესტიციის მოცულობას, რომელიც შეიძლება არარეზიდენტებზე მიწის გასხვისების საფუძველი გახდეს.

უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვას არასამთავრობო სექტორთან ერთად, ოპოზიციური პარტიებიც ეწინააღმდგებიან. მათი მთავარი არგუმენტია, რომ მიწის უცხოელებზე მიყიდვის სრული აკრძალვა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. მათივე განცხადებით, კანონპროექტის მიღება “დააფრთხობს” ინვესტორებს, ხელს შეუშლის სამუშაო ადგილების შექმნას, შემოსავლების გაჩენასა და ზრდას. თუმცა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დიდი ინვესტიციები უცხოელებზე მიწის მიყიდვით არ შემოსულა, ამიტომ “კონტრარგუმენტაცია, რომ მიწა არის ეკონომიკური აქტივი და აუცილებლად უნდა მოხდეს მისი უცხოელებზე გასხვისება, მთავრობისთვის მიუღებელია.

“დიახ, ეს არის ეკონომიკური აქტივი, თუმცა ერთი მეორეს ხელს არ უშლის და ჩვენ ამ აქტივის ათვისება ადგილობრივი ეკონომიკური რესურსითაც შეგვიძლია,” – განაცხადა ოტარ დანელიამ. მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს მყარი პოზიცია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოს მიწა არ გასხვისდეს. თუმცა, ამასთანავე, შესაძლებელი იქნება, გაიცეს გრძელვადიანი იჯარა, თუკი საუბარი განსაკუთრებულ პროექტზე, ინვესტიციასა და დასაქმებაზე იქნება.

კითხვაზე, იქნება თუ არა კონკრეტულად განსაზღვრული, რა სახის ინვესტიციაზე გაიცემა იჯარა და რამდენი ხნით, ოთარ დანელია გვპასუხობს, რომ ასე ერთპიროვნული პასუხის გაცემა უჭირს და იჯარის ვადა პროექტის შინაარსზე იქნება დამოკიდებული.

ამასთანავე, აღნიშნავს, რომ “ეს არ არის საბოლოო მოცემულობა, არამედ არის არსებული, მიმდინარე პროცესი, რომელშიც შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები შევიდეს.”

ა/ო “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში” ფიქრობენ, რომ მთავარია, რა მიზანი აქვს აკრძალვას – თუ მიზანი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაცვაა, მათ შორის არადანიშნულებით მისი გამოყენებისგან, გამოფიტვისგან და ა.შ., “მაშინ საქმე მოქალაქეობას არ უკავშირდება, რადგან ვერ ვიტყვით, უცხოელები უფრო მეტად დააზიანებენ მიწას თუ ქართველები.”

“მეორე მხრივ, შეუძლებელია, მიზანი მიწის დაცვა იყოს და ეს უკავშირდებოდეს მისი მესაკუთრის მოქალაქეობას. ხოლო თუკი მიზანი ის არის, რომ უცხოელებს, უბრალოდ, არ მივყიდოთ მიწა, ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ მსგავსი ტიპის აკრძალვა არაკონსტიტუციურია”, – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მთავარმა იურისტმა თეონა ზაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო კომისიას იანვარში “პატრიოტთა ალიანსმა” და “დემოკრატიულმა მოძაობამ” მიმართეს. ორივე პარტია მოითხოვდა, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვა სრულად აკრძალულიყო, თუმცა მაშინ ამ საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა.

„ახალი თაობა“, 22 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ ოთარ ანგურიძესთან: „დღეს საბანკო სექტორი თავის ნებაზეა მიშვებული

ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე `ახალ თაობასთან~ ინტერვიუში ლარის კურსის გამყარების მიზეზებზე საუბრობს.

- ბატონო ოთარ, რამ განაპირობა ლარის კურსის გამყარება?

- ლარის გამყარება განაპირობა პირველ რიგში იმან, რომ ქვეყანაში მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. მაგალითად, საგარეო ვაჭრობის მიმართულებით 30%-იანი ზრდა ფიქსირდება, იმპორტის ნაწილში 40% ზრდაა. გაზრდილია ტურისტების რაოდენობა, რაც, ბუნებრივია, ხელს უწყობს უცხოური ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში. ასევე გაზრდილია ინვესტიციები, რაც დაკავშირებულია უცხოური ვალუტის შემოსვლასთან. ეს ყველაფერი ერთიან ასახვას ჰპოვებს ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციებზე.

- რამდენად გაგრძელდება ლარის გამყარების ტენდენცია? წინ ზაფხულია და, ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეროვნული ვალუტის გამყარებას საფრთხე არ ემუქრება?

- რომ ვნახოთ, ამ ხუთი თვის სტატისტიკა ამ მიმართულებით როგორ ვითარდება, პრაქტიკულად ვნახავთ, რომ ჩვენ გვაქვს თითოეულ თვეში მზარდი სტატისტიკური მაჩვენებლები. ამ ხუთი თვის განმავლობაში ნამდვილად გვაქვს გაუმჯობესება. როგორც წესი, ზაფხულში უცხოური ვალუტის შემოდინება უფრო მეტად ხდება, ასევე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ტურისტების ნაწილი ზაფხულში უფრო გააქტიურებულია, უფრო შემოდიან ქვეყანაში. ეს, ბუნებრივია, ეროვნული ვალუტის გამყარებას ხელს უწყობს. ვფიქრობ, ზაფხულის პერიოდში კიდევ უფრო გაგრძელდება უცხოური ვალუტის შემოდინების მზარდი სტატისტიკა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს აუცილებლად ხელს შეუწყობს ლარის კურსის გამყარებას.

- რატომ?

- ორი ფაქტორი მოქმედებს ძირითადად ლარის კურსზე: ერთი, უცხოური ვალუტის შემოდინება, უცხოური წყარო და მეორე, ეროვნული ბანკის პოლიტიკა.

- როგორია დღეს ეროვნული ბანკის პოლიტიკა ამ მიმართულებით?

- ძალიან რთულია დღეს ეროვნული ბანკის პოლიტიკასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება. თუ ეს ორი ფაქტორი დაემთხვევა ერთმანეთს, მაშინ ლარის კურის გამყარდება, თუ არ დაემთხვევა, მაშინ ლარის კურსის პროგნოზირება ძალიან გართულდება.

- მხოლოდ ტურისტების იმედად ვართ თუ ფიქრობთ, ეროვნული ბანკი აამოქმედებს იმ მექანიზმებს, რომლებიც მის ხელთ არის და რომლებსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ელოდება თუნდაც ბანკებთან დაკავშირებით?

- დღეს ეროვნულ ბანკს საზოგადოებაში იმდენად დაბალი რეპუტაცია აქვს, რომ მან, პირველ რიგში, საკუთარი და საბანკო სექტორის რეპუტაციის გადარჩენაზე უნდა იზრუნოს. ამას ვამბობ იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ მათ იმიჯსა და რეპუტაციაზეა დამოკიდებული მთლიანად ქვეყნის საფინანსო სისტემის ბედი, წარმატება. ჩვენ რომ ვნახოთ ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების შედეგები, ეს პირიქით გვაფიქრებინებს, რომ ეროვნული ბანკი განზრახ ახორციელებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებაში ნეგატიურ განწყობებს.

- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- დღეს საბანკო სექტორი თავის ნებაზეა მიშვებული. თავად საბანკო სექტორი განსაზღვრავს ქვეყანაში ლარის კურსის ტენდენციას. რეალურად კი ეროვნულ ბანკს აქვს აბსოლუტურად ყველანაირი ბერკეტი, რათა მოახდინოს საჭირო დროს საჭირო ჩარევა იმისთვის, რომ ლარის კურსი სტაბილური იყოს. ყოველ შემთხვევაში, პროგნოზირებადი მაინც რომ იყოს, რათა მოქალაქეებსა და ინვესტორებს ჰქონდეთ სწორი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობა, რა დროს რა რისკი შეიძლება დადგეს მათ წინაშე. ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე ვართ დამოკიდებული და ასევე – საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებაზე, თუ რა პოლიტიკას გაატარებს პარლამენტი ეროვნული ბანკის მიმართ – გაამკაცრებს ზედამხედველობას თუ არა.

- კონკრეტული გადაწყვეტილება შეგიძლიათ დაგვისახელოთ, რომელიც, როგორც თქვენ ამბობთ, განზრახ მიიღო ეროვნულმა ბანკმა?

- ვხედავთ ეროვნული ბანკის ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხშირად დროშია აცდენილი. მაგალითად, ძალიან ბევრი რეკომენდაციაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან საბანკო სექტორის მისამართით, მაგრამ ეროვნული ბანკი ამ რეკომენდაციების მიღებას დროში აჭიანურებს.

- რატომ?

- უცნობია. დღეს ჩვენს ქვეყანაში ეროვნული ბანკი ყველაზე კარჩაკეტილი სისტემაა. ინფორმაციის მიღება ძალიან რთულია, თვითონ მათივე საიტზე დღითიდღე უფრო რთულდება ინფორმაციის მიღება. ეს კიდევ უფრო ხელს გვიწყობს, რომ ის გავაკრიტიკოთ.

- ეროვნულ ბანკს კომუნიკაცია არ აქვს ექსპერტებთან, დაინტერესებულ პროფესიულ წრეებთან?

- ეროვნული ბანკი ცდილობს, ჩაიკეტოს და საზოგადოებისგან შორს დაიჭიროს თავი. ის ცდილობს, კომუნიკაცია ჰქონდეს მხოლოდ ისეთ ექსპერტებთან, რომლებიც მის პოლიტიკას იწონებენ. რეფინანსირების სესხების საკითხზე მინდა ვთქვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და რომელიც 2 მილიარდს არის გადაცდენილი. ეს არის ზღვარი, ის პიკი, როდესაც ლარმა ისევ შეიძლება, ნებისმიერ დროს დაიწყოს გაუფასურება, თუ ეროვნული ბანკი მკაცრ და სწორ პოზიციას არ დაიკავებს.

- ეროვნული ბანკი ბანკების მხარეს უფროა, ვიდრე ლარის კურსის შენარჩუნების?

- ეროვნულ ბანკს ურჩევნია, ფასების სტაბილურობა შეინარჩუნოს, რაც მას კანონში უწერია, ვიდრე შეინარჩუნოს ლარის კურსი, ვიდრე დაიცვას მომხმარებელთა უფლებები, ვიდრე იზრუნოს ფინანსური სისტემის სტაბილურობასა და განვითარებაზე. კანონში უწერია, რომ მთელი კონცენტრაცია უნდა მოახდინოს ფასების სტაბილურობაზე, თუმცა ბოლო პერიოდში არც ფასებია სტაბილური. ამიტომ ეროვნულ ბანკს როგორც ბანკების, ისე მთლიანად საფინანსო სექტორის მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება მოუწევს.

კვირის პალიტრა“, 22 მაისი, 2017 წელი

საქართველოს ბანკები მომგებიანობით მსოფლიოს ათეულშია

მთავარი ამოცანაა, დანაზოგები გადავაქციოთ ინვესტიციებად»

ემა ტუხიაშვილი

„საქართველოს ბანკების მომგებიანობა­ ისტორიულ მაქსიმუმზეა“, – აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მიხე­ილ დუნდუა და ამბობს, რომ ბოლო 4 წელიწადში ბანკებმა უფრო მეტი მოგება ნახეს, ვიდრე თავიანთი არსებობის ისტორიაში.

მიხეილ დუნდუა, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: “საქართველოს საბანკო სექტორი მომგებიანობით უკვე მსოფლიო ათეულშია და მე-9 ადგილზეა აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ჩამორჩე­ნილი ქვეყნების მხარდამხარ. ამ ტემპით­ საქართველოს კომერციული ბანკების მომგებიანობა თანდათან ემსგავსება საფ­ინანსო კომპანია “საქართველოს” შეთავაზებებს, რომელიც თავის კლიენტებს 30%-იან მოგებას  სთავაზობდა. საბანკო სექტორმა 2017 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, უკვე მიიღო კაპიტალზე 27%-იანი მოგება.

მაგალითისთვის რამდენიმე საინტერესო მონაცემს დაგისახელებთ: უცხოურ ვალუტაში საცალო დაკრედიტება, ანუ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები, 2013 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 1-ლ იანვრამდე 80%-ით, ანუ 890 მილიონი დოლარით გაიზარდა. მხოლოდ 2016 წელს ზრდამ 22% შეადგინა, თანხობრივადაც ყველაზე დიდი მატება ამ წელს იყო – უცხოურ ვალუტაში საცალო დაკრედიტება 348 მილიონი დოლარით გაიზარდა. სხვათა შორის, ამავე წელს ყველაზე მაღალი იყო ავტომობილების იმპორტიც და მან 300 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

ადგილობრივ ბიზნესზე უცხოურ ვალ­უტაში გაცემულმა სესხებმა იმავე 2013-2016 წლების პერიოდში მხოლოდ 163 მლნ დოლარით მოიმატა, რაც 5,5-ჯერ ნაკლებია ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ნაზარდზე.

რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, იმავე 4-წლიან მონაკვეთში კომერციული ბანკების მიერ ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემული სესხები 2,46 მილიარდი ლარით გაიზარდა, ადგილობრივ ბიზნესზე გაცემული სესხები კი – 1,17 მილიონი ლარით, ანუ ორჯერ ნაკლებად. ბანკების მომგებიანობა კაპიტალზე 2012 წლის ბოლოს 7,9% იყო, ახლა კი, 2017 წლის პირველ კვარტალში, ეს მონაცემი 27,6%-ია, რაც მომგებიანობის 3,5-ჯერ გაზრდას ნიშნავს. ბანკების მომგებიანობა აქტივებზე 2012 წლის ბოლოს 1,3% იყო, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი 3,1%-ია – შესაბამისად, გაზრდილია 2,4-ჯერ.

კომერციული ბანკების მომგებიანობის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს, რომ საბანკო სექტორი ორიენტირებულია მოკლევადიან მაღალპროცენტიან, სამომხმარებლო და სავაჭრო დანიშნულების სესხებზე, ხოლო წარმოების რეალური სექტორი, რომელიც გრძელვადიან და დაბალმარჟიან სესხებს მოითხოვს, უყურადღებოდ არის დატოვებული.

მომგებიანობის მაღალი მაჩვენებელი იმითაც არის საყურადღებო, რომ თანამედროვე რეგულაციების პოლიტიკის გასატარებლად ხელსაყრელ ვითარებაზე მიუთითებს. კომერციულ ბანკებს რომ მომგებიანობის ცუდი მაჩვენებლები ჰქონოდათ, შეიძლებოდა, რეფორმები უფრო ფრთხილად დაგვეგეგმა, ხოლო როცა მათი მოგება ისტორიულ მაქსიმუმზეა, მაშინ უნდა წამოიწყო რეფორმები, მაკრორეგულაციები და თამამი ნაბიჯები გადადგა.

გერმანიის განვითარების ბანკის, ფრანკფურტის ფინანსების სკოლის კვლ­ევისა და აგრეთვე, სავალუტო ფონდის ოფიციალური ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოში საცალო სექტორის ჭარბი დაკრედიტება ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. ამ ორგანიზაციების საერთო რეკომენდაციებია: სავალუტო რისკისგან დაუცველ პირებზე უცხოური ვალუტით ფულის სესხების შეზღუდვა (ამისთვის უნდა შეამცირონ სამომხმარებლო სესხები და დააწესონ ლიმიტი, რათა სესხი შემოსავლის მიხედვით გაიცეს); საცალო დაკრედიტების შეზღუდვა და საცალო კრედიტებზე სესხის მომსახურება/შემოსავალთან ლიმიტების დაწესება. ამ ორგანიზაციებში განმარტავენ, რომ ჩამოთვლილი მოთხოვნების შესრულება საინვესტიციო სესხებს გაზრდის და ეკონომიკურ ზრდა-განვითარებას დააჩქარებს.

საქართველოს წმინდა ეროვნული დანაზოგი, ანუ ქვეყანაში არსებული დანაზოგი წელიწადში 1,5 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. კომერციული ბანკის ფუნქციაა, დანაზოგები გარდაქმნას ინვესტიციებად. სხვათა შორის, ბოლო 4 წელიწადში ჯამურად უფრო მეტი დანაზოგი შეიქმნა, ვიდრე 2003-დან 2012 წლის ჩათვლით. საბანკო-საფინანსო სექტორის სწორი რეგულირების ფონზე, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა გახდეს დანაზოგების გარდაქმნა ინვესტიციად. სხვა თანაბარ პირობებში, ასეთ დროს აუცილებელია მონეტარული და ფისკალური ღონისძიებების გატარება. მთავრობის მხრიდან სპეციალური ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა მიეცემა, წარმოების დაკრედიტებაზე ორიენტირებული და ხელმისაწვდომი რეფინანსირების ხაზი შექმნას.
სამომხმარებლო დაკრედიტების შეზღუდვით, რეფინანსირების ზოგადი განაკვეთის მატებითა და წარმოებაზე ორიენტირებული რეფინანსირებისთვის ხაზის გახსნით შესაძლებელია ფულადი ნაკადების იმგვარად მართვა, რომ ადგილობრივ წარმოებას სტიმული მიეცეს ინფლაციისა და ფულის მასის ჭარბი ზრდის გარეშე. დღეს რეფინანსირების სესხებს ჩვეულებრივად გასცემს ეროვნული ბანკი. კარგი იქნებოდა, რეფინანსირების ცალკე ხაზიც იყოს წარმოებისთვის და ბანკს შესაძლებლობა ჰქონდეს, დააკრედიტოს წარმოება და არა სამომხმარებლო სექტორი. ამ სექტორის მასშტაბურმა დაკრედიტებამ უკვე მიგვიყვანა ჭარბვალიანობამდე და იქამდე, რომ მოსახლეობა თავისი შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს სესხის მომსახურებაში იხდის. ჯერ კიდევ 2013 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი განგაშს ტეხდა და ამბობდა, მოსახლეობის მესამედი თავის შემოსავლის ნახევარზე მეტს ვალის მომსახურებაში იხდისო.

ზემოთ ჩამოთვლილმა ღონისძიებებმა ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი ეფექტი რომ მოგვცეს, აუცილებელია არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტების განვითარება, საპენსიო ფონდების ჩამოყალიბება, სადაზღვევო სისტემის გაძლიერება, კერძოდ, სავალდებულო-საყოველთაო საპენსიო შენატანების სქემის ამოქმედება. საპენსიო რეფორმა, საპენსიო ფონდების შექმნა და დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა არის ყველაზე ქმედითი გამოსავალი ამ ვითარებიდან. ამით გაჩნდება ფული, ე. წ. გრძელვადიანი ლარი, რომელიც საბანკო და სხვა სექტორს შეუძლია საინვესტიციო რესურსად გამოიყენოს. ბანკს წუწუნისთვის მიზეზი არ ექნება, რომ არა აქვს გრძელვადიანი თანხა ინვესტირებისთვის; მოკლევადიანი ანაბრები და დეპოზიტები მაქვს და როგორ გავაკეთებ გრძელვადიან ინვესტირებასო, ამას ბანკი ვეღარ გეტყვის. თავს ხომ ამით იმართლებენ და ამბობენ, რომ ამიტომაც არიან მოკლევადიან სესხებზე ორიენტირებული. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი საპენსიო რეფორმა. უამისოდ ქვეყანა სისტემურად მოწესრიგებული არ არის. ამ ყველაფრით გაიზრდება ინტერესი ბიზნესდაკრედიტების მიმართ და საქართველოში სხვაგვარი საბანკო კულტურა ჩამოყალიბდება. რა თქმა უნდა, ეს საპროცენტო განაკვეთებზეც იმოქმედებს.

აუცილებელია ასევე ჯანდაცვის სავალდებულო დაზღვევის, ქონების სავალდებულო დაზღვევის (ბიზნესსექტორში) ამოქმედება და ე.წ. მესამე პირის დაზღვევის შემოღება ავტომფლობელებისთვის, რაც საპენსიო და სადაზღვევო ფონდებში წელიწადში ასეულობით მილიონი ლარის მობილიზების საშუალებას იძლევა გრძელვადიანი, სტაბილური შიდა ინვესტიციების უზრუნველყოფისთვის. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გაითვალისწინებს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს, მთავრობამაც ხელი უნდა შეუწყოს და შესრულდეს გაცხადებული ნება, რომ საპენსიო რეფორმა განხორციელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეიტინგში ისეთი ქვეყნების გვერდით ყოფნა, როგორიც არიან კონგო, კენია თუ გაბონი, მიუთითებს, როგორი ტიპის საბანკო სისტემა გვაქვს ჩამოყალიბებული ქვეყანაში”.

კვირის პალიტრა“, 22 მაისი, 2017 წელი

1,4-მილიარდიანი ბაზარი საქართველოსთვის

რა უნდა გავიტანოთ ჩინეთში?!

ემა ტუხიაშვილი

ჩინელებზე ერთი ასეთი ანეკდოტი არსებობს: ღმერთმა შექმნა სამყარო, ხოლო სხვა დანარჩენი ჩინელებმა დაამზადესო… მას შემდეგ, რაც ჩინეთ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, ეს ანეკდოტი ბევრს გაახსენდა. ბევრმაც იკითხა, გასაგებია, რომ ქართული პროდუქციისთვის მილიარდნახევრიანი ბაზარი იხსნება, მაგრამ რაც არა გვაქვს, რა გავიტანოთო? ზოგმა ჩინური პროდუქციით საქართველოს ბაზრის წალეკვის საფრთხე დაინახა, რაც ადგილობრივ პროდუქციას არათანაბარ პირობებში ჩააყენებს. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალაში მხოლოდ ორივე მხარის მიერ დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ, დაახლოებით წლის მიწურულს შევა. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები საქართველომ ინდოეთსა და ჰონკონგთანაც დაიწყო.

ჩინეთს მსოფლიოს 24-ზე მეტ სახელმწიფოსა და რეგიონთან აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და მათ რიცხვს საქართველოც დაემატა. რეგიონში საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა ექნება. ასეთი შეთანხმებები უკვე გაფორმებული გვაქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ის ქვეყნებთან, რუსეთის გარდა, და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.

ჩინეთთან ვაჭრობა აქამდეც იზრდებოდა

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი 1,4 მილიარდამდე მომხმარებლით. ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე

დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ. 2016 წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის ბრუნვის მიხედვით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ექსპორტის მიხედვით მე-3 ადგილზე, რუსეთისა და თურქეთის შემდეგ.
ბოლო 3 წელიწადში საქართველოდან ჩინეთში განსაკუთრებით გაიზარდა ღვინის, სპირტიანი სასმელების, ლუდისა და მინერალური წყლების ექსპორტი. ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის დაახლოებით 94% საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდება.

საექსპორტო პროდუქცია იქნება – ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები,­ წვენები, ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის­ ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქ­ტები, მარცვლეული; სამრეწველო საქონლიდან: სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხი მანქანები, ფეროსილიკონმანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.
ეკონომიკის ექსპერტების აზრით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკისთვის.

დღემდე თუ ჩინური პროდუქცია საქართველოში, პრაქტიკულად, საბ­აჟო ტარიფის გარეშე – 1,5%-იანი განაკვეთით შემოდიოდა, ახლა ქართული პროდუქციის უდიდესი ნაწილი ჩინეთში 25%-იანი საბაჟო გადასახადის გარეშე შევა.

გასათვალისწინებელია, რომ ბოლო 4 წელ­იწადში ჩინეთში ქართული პროდუქცი­ის ექსპორტი თითქმის 7-ჯერ არის გაზრდილი – 25 მილიონი დოლარიდან 169 მილიონამდე. ექსპერტების ერთი ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ მომავალი წლიდან ჩინეთი ქართული პროდუქციისთვის პირველი საექსპორტო ბაზარი გახდეს და რუსეთში გასატანი პროდუქციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ჩინეთში გადაინ­აცვლოს. მეორენი კი ფიქრობენ, რომ პრობლემა არა საექსპორტო ბაზრებში,­ არამედ საექსპორტო პროდუქციის სიმცირეშია და სწორედ ამ მიმართულებით გვაქვს სამუშაო.

დამზადებულია საქართველოშიჩინელთა და ევროპელთა ინვესტიციით

გიორგი ღაღანიძე, ეკონომიკის დოქტორი:

„საქართველო და ჩინეთი მსოფ­ლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები არიან, ამიტომ ჩვენ შორის ისედაც მოქმე­დებდა უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი და საბაჟო ტარიფები ისედაც არ იყო ძალიან მაღალი. პრობლემა ის კი არ არის, რომ ბაზრებია მიუწვდომელი, არამედ პრობლემა პროდუქციაა. ჩინეთი სპეციფიკური ბაზარია. იქ, შესაძლოა, მინიმალური პარტია იმაზე მეტი იყოს, ვიდრე აქამდე სხვა საექსპორტო ბაზარზე გაგვიტანია.

ჩვენ უკვე გვაქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის გამოცდილება, თუმცა ამას საექსპორტო ბუმი არ მოჰყოლია. ბუმი არც ჩინეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას მოჰყვება საექსპორტო პროდუქციის უკმარისობის გამო. როგორც არ გვქონდა ბევრი საექსპორტო პროდუქცია ევროკავშირში გასაყიდად, ასევე არ გვაქვს ჩინეთის ბაზრისთვისაც. თავისთავად ფაქტი, რომ ჩინეთთან გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, ძალიან კარგია. ეს ხელს შეუწყობს ბიზნე­სურთიერთობების გაღრმავებას. ჩინური კომპანიებისთვის საინტერესო უნდა იყოს საქართველოში წარმოებული პროდუქციის თავისუფალი დაშვება ევროკავ­შირის ბაზარზე. ამდენად, ჩინური ინვესტიციები, რომლებიც, სავარაუდოდ, შემოვა­ საქართველოში, რათა აქ წარმოებული პროდუქცია საბაჟო გადასახადის გარეშე გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე დამღით “დამზადებულია საქარ­თველოში”, ეს შეიძლება უფრო საინტერესო იყოს ჩვენთვის, ვიდრე თვით თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან.

ამ ხელშეკრულებით ის ქვეყანა მიიღებს მეტ სიკეთეს, ვისაც პატარა შიდა ბაზარი აქვს. შესაბამისად, ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად, ჩვენთვის უფრო მომგებიანი იქნება. ახლა მთავარია,­ რამდენად შევძლებთ მესამე ქვეყნების ინვესტორების დაინტერესებას, რომლებსაც არა აქვთ ჩინეთის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში დაშვება. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ ევროკავშირის რომელიმე ქვეყნიდანაც შემოვლენ ინვესტორები, რომლებიც ჩინელი ინვესტორების მსგავსად, აწარმოებენ პროდუქციას საქართველოში და ჩვენი დამღით და ნულოვანი დაბეგვრით ექსპორტით ჩინეთში გაიტანენ. ასეთი პოტენციალისთვის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება პირველი ნაბიჯია, რომელსაც უნდა მოჰყვეს კარგად­ გააზრებული სხვა ნაბიჯები. თავი უნდა დავანებოთ მხოლოდ იმის ძახილს, მობრძანდით, ჩვენთან ყველაფერი კარგად არისო და უნდა გადავიდეთ სექტორულ-რეგიონულ სტრატეგიაზე. უკვე უნდა შეფასდეს სექტორები: რა პროდუქცია შედის­ ყველაზე დიდი რაოდენობით ევროკავშირიდან ჩინეთში და პირიქით. აი, ეს იქნება კონკრეტული ნაბიჯები.

ჩინური ბანკი საქართველოში

ჩინეთის სურვილი, ჰქონდეს ჩვენთან თავისუფალი ვაჭრობა, მიანიშნებს, რომ საქართველოს უყურებს როგორც პლატფორმას დიდ მოთამაშეებს შორის ვაჭრობისთვის. მსოფლიო ვაჭრობას თავისი თამაშის წესები აქვს. ისინი არ ექვემდებარება ნებელობით აქტებს – დღეს გადავწყვიტეთ­ და ხვალ შედეგს მივიღებთო. ასე არ არის, ამას დრო და მუშაობა სჭირდება. დარწმუნებული ვარ, უწყებებში, რომელთაც ეს ევალებათ, ზემოხსენებული პოტენციალის ასამოქმედებლად დიდი ხანია მუშაობა მიმდინარეობს, ადგენენ კონკრეტულ მიმართულებებს, დეტალებს და ნაბიჯებსაც ამის მიხედვით გადადგამენ. ამის მაგალითი და ერთი მთლიანი ჯაჭვის ნაწილია ის, რომ ჩინელები საქართველოში გადაზიდვის ბიზნესით ინტერესდებიან.

ცნობილი გახდა ისიც, რომ საქართველოში ჩინური ბანკი გაიხსნება. ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია საქმეში, მიხვდება, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის საგარეო ვაჭრობის მომსახურებას 300-მილიონიანი საწესდებო კაპიტალის მქონე ბანკის გახსნა არ სჭირდება. უნდა ვიფიქროთ, რომ ლაპარაკია გაცილებით დიდ საგარეო აქტივობაზე, რომლის ერთი ნაწილი იქნება საერთაშორისო გადაზიდვები და მათი გაზრდა. ვფიქრობ, ბანკი აგრეთვე მოემსახურება სწორედ იმ ჩინურ კომპანიებს, რომლებსაც ინტერესი ექნებათ, გამოიყენონ საქართველო, როგორც პლატფორმა წარმოებისთვის და ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობები.

ხშირად იმასაც მოისმენთ, რომ ნულოვანი საბაჟო ტარიფის პირობებში, შესაძლოა, ჩინურმა პროდუქციამ ადგილობრივი ბაზარი წალეკოს, მაგრამ ერთია ლაპარაკი ემოციურ დონეზე და მეორე, კონკრეტული ფაქტებითა და მოცემულობებით. რატომ არის ასეთი დიდი რაოდენობით ჩინური პროდუქცია საქართველოში? – პასუხი მარტივია, ცხოვრების დონეა დაბალი და მოსახლეობა იაფ პროდუქტს ეძებს. შემოვა უფრო იაფი ვიეტნამური? ვიეტნამურს იყიდიან. თუ ცხოვრების დონე გაიზრდება, მოიმატებს მოსახლეობის მსყიდველობითი უნარიც და უფრო მაღალი ხარისხისა და ფასის პროდუქციას აირჩევს.

როგორც გითხარით, ჩვენ და ჩინეთს­ ერთმანეთთან უკვე გვაქვს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი ვაჭრობაში და ამას გარდა, საქართველოს ცალმხრივად დიდი რაოდენობის პროდუქციაზე საერთოდ გაუქმებული აქვს საბაჟო ტარიფები. შესაბამისად, იმაზე ლაპარაკი, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩინური პროდუქციის ზრდას ადგილობრივ ბაზარზე, უადგილოა. თუ ვინმეს ჰგონია, 1,4-მილიარდიანი ჩინეთი ფიქრობს, თავისი ეკონომიკური კეთილდღეობა 3,7-მილიონიან საქართველოზე ააგოს, რბილად რომ ვთქვათ, ცდება. ჩინურ პროდუქციას მსოფლიოში ყველგან ნახავთ. ჩვენი პროდუქცია რომ ცოტაა, პრობლემა ეს არის და ამაში ჩინური პროდუქცია არ არის დამნაშავე. ჩაგვეკეტა ბაზრები, დაგვეწესებინა უზარმაზარი საბაჟო გადასახადები­ და ეს იქნებოდა ადგილობრივი წარმო­ების ხელშეწყობა? ასეთ შემთხვევაში ის, რაც დღეს არის საქართველოში იმპორტი­რებული და 1 ლარი ღირს, გვექნებოდა ადგილობრივი და ეღირებოდა 2 ლარი და ამასთან, იქნებოდა უხარისხო. 21-ე საუკუნეში იმაზე კამათი, რომ საგარეო ვაჭრობას დამატებითი სარგებელი მოაქვს, ცოტა არ იყოს, საღ აზრს მოკლებულია.

ამ მოცემულობაში ჩვენთვის საუკეთესო გზა უნდა ვიპოვოთ. მაგალითად, რატომ არა აქვს ჩვენს ხელისუფლებას – არც წინას, არც იმის წინას ჰქონია – თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა? შესაძლოა, იმიტომ, რომ კარგად არ იცის, ან იმიტომ, რომ ხელი ვერ მიუწვდება, ანდა იმ მიდგომის გამო, რომ თითქოს ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს… არ დაგვავიწყდეს, რომ ახალგაზრდა სახელმწიფო ვართ, ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. ვიცოდით, რომ არსებობს ეროვნული ბანკები, საკუთარი ფულის ნიშნები, მაგრამ რეალობაში ეს ყველაფერი როგორ მუშაობს, არავინ იცოდა. კი ბატ­ონო, საქმე სწრაფად რომ გავაკეთოთ, თანამედროვე ინდუსტრიულ პოლიტიკაზე უნდა ვიფიქროთ. უკან ხედვით პრობლემა არ გადაწყდება, წინ უნდა გავიხედოთ, შევხედოთ ინდუსტრიული რევოლუციის მორიგ ტალღას და იქ ვიპოვოთ ჩვენი ადგილი”.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 22 მაისი, 2017 წელი

იმედს“, „რუსთავი-2“-სა და კიდევ 4 არხს საკაბელოებმა შეიძლება სიგნალი გაუთიშონ // „ჩვენი კატეგორიული გადაწყვეტილებაა, რომ არ დავეთანხმებით სიგნალის ტრანზიტისთვის გადასახადის დაწესებას

თიკო ოსმანოვა

„ჩვენი კატეგორიული გადაწყვეტილებაა, რომ არ დავეთანხმებით შეტყობინებაში მითითებული ტელეკომპანიების სიგნალის ტრანზიტისთვის გადასახადის დაწესებას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან არ შეიცვლება პოზიცია, ჩვენ მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას არხების სიგნალის გათიშვასთან დაკავშირებით”, – აცხადებს საკაბელო ტელევიზიების გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი 6 ქართული ტელევიზიის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლებიც საკუთარ მაუწყებლობაზე გადასახადის დაწესებას ცდილობენ.

საკაბელო ტელევიზიებმა, შესაძლოა, სააბონენტო გადასახადი გააძვირონ. ამის მიზეზი საქართველოში მოქმედი 6 ტელეარხის რეტრანსლირების უფლების ერთი კომპანისთვის მინიჭება გახდა, რომელიც საკაბელო არხებს ტელევიზიების სიგნალის გავრცელებისთვის გარკვეულ გადასახადს დაუწესებს.

რამდენით გაძვირდება გადასახადი, უცნობია, კომპანიები ამაზე ჯერ ხაზგასმით არ საუბრობენ. მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს და შეთავაზებას ახლა კომპანია “ჯი-ემ-არ”-სგან ელოდებიან. მარეგულირებელ კომპანიაში კი საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

საკაბელო ტელევიზიების გაერთიანების აღმასრულებელ დირექტორ თეონა ბერუაშვილის განცხადებით კი, კომპანიები ამ შეთავაზებას არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებიან და თუ საჭირო გახდება, სიგნალსაც გათიშავენ.

“ვინც კონტაქტზე გავიდა, ყველასთან თანხაზე იყო საუბარი და არ ვიცი, ახლა რატომ აცხადებს ზურაბ ნაყეური, რომ ერთადერთი განსახილველი თემა ფინანსები არაა. შეიძლება ახლა შეიცვალეს პოზიცია. იმედი მაქვს, ქართული არხების რეტრანსლირებისთვის თანხას არ მოითხოვენ. არც ერთ ქვეყანაში საერთო მაუწყებლის ტრანსლირებაზე საკაბელო ტელევიზიები თანხას არ იხდიან. ეს გარკვეულწილად “მასტ ქერის” პრინციპს ეწინააღმდეგება. ეს პრინციპი 2012 წლიდან მოქმედებს და ნაციონალური მაუწყებლების კონტენტის სავალდებულო ტრანსლირებას ითვალისწინებს საკაბელო ქსელებში.

“არ ვცნობთ და არ ვიღებთ შესასრულებლად მიღებულ შეტყობინებას. ამასთან ერთად, როგორც უნდა განვითარდეს სამართლებრივი ურთიერთობა თავად სამაუწყებლო კომპანიებსა და ზემოთ ხსენებულ კომპანიას შორის, ჩვენი კატეგორიული გადაწყვეტილებაა, რომ არ დავეთანხმებით შეტყობინებაში მითითებული ტელეკომპანიების სიგნალის ტრანზიტისთვის გადასახადის დაწესებას. იმ შემთხევაში, თუ თქვენი მხრიდან არ შეიცვლება პოზიცია, ჩვენ მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას არხების სიგნალის გათიშვასთან დაკავშირებით”, – აცხადებს საკაბელო ტელევიზიების გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი თეონა ბერუაშვილი.

კომპანია “სილქნეტში” კი აცხადებენ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს, ახლა კომპანია “ჯი-ემ-არ”-ისგან ელოდებიან დოკუმენტურ წინადადებებს, თუ რას სთავაზობენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. მარეგულირებელმა კომისიამ ამასთან დაკავშირებით საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო, მოკვლევის დასრულებამდე კეი განცხადებას არ აკეთებენ.

კომპანია “ჯი-ემ-არი” გასულ თვეს შეიქმნა. “რუსთავი 2″-მა, “მაესტრომ”, “ჯიდიესმა”, “იმედმა”, “მარაომ” და “კომედი არხმა” ამ კომპანიას მიანიჭეს რეტრანსლირების უფლება. კომპანიას “მაესტროს” გენდირექტორი ზურაბ ნაყეური ხელმძღვანელობს, რომელმაც საკაბელო კომპანიებს უკვე შეატყობინა, რომ ქართული არხების სიგნალის მიღებისთვის შესაბამისი თანხის გადახდის მოუწევთ, რომელსაც აქამდე უფასოდ იღებდნენ. იგი ამბობს, რომ ქართული საკაბელო არხები უცხოური ტელევიზიების სიგნალს თუ ყიდულობენ, რატომ არ შეიძლება, ასევე შეიძინონ ქართული არხების სიგნალი?! ამ თანხის გადახდა კომპანიებს რის ფასად მოუწევთ, არ აინტერესებს.

“მრავალი წელია, საკაბელო ოპერატორები გარკვეული საზღაურით თავიანთ აბონენტებს აწვდიან სატელევიზიო არხების სხვადასხვა პაკეტს და ასევე რიგი ოპერატორებისა – გადახვევის სერვისს. იმ პირობებში, როდესაც ქართული არხების ყურებადობა, ჯამში, აღწევს 90%-ს, საკაბელო ოპერატორები ფულს უხდიან უცხოურ არხებს, ხოლო ქართული არხების შემოსავალი მთელი ამ წლების განმავლობაში ნულოვანია.

“ბუნებრივია, ეს მდგომარეობა არ შეესაბამება არც ბაზრის და არც სამართლიანობის პრინციპებს, რის გამოც ტელეკომპანიებმა, “იმედი”, “ჯი-დი-ესი”, “მაესტრო”, “რუსთავი 2″, “კომედი არხი” და “მარაო”, მიიღეს გადაწყვეტილება, კომერციული პირობებით გადასცენ საკაბელო ოპერატორების რეტრანსლაციის უფლება კომპანია “ჯი-ემ-არს”, რომელმაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პრაქტიკაზე დაყრდნობით, დაიწყო მოლაპარაკება საკაბელო ოპერატორებთან ზემოხსენებული ანომალიური სიტუაციის გამოსასწორებლად.

„ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ დაინტერესებულ პირებს ყოველთვის ექნებათ საშუალება, უფასოდ მიიღონ აღნიშნული არხების სიგნალი იმ პლატფორმებიდან (მულტიფლექსი, თანამგზავრული სისტემები), რომლებიც არ სთხოვენ დამატებით ანაზღაურებას მომხმარებლებს. მაგრამ ის ოპერატორები, რომლებიც ქართული ტელეკომპანიების მიერ შექმნილი კონტენტის გავრცელებითა და გადახვევის სერვისით იღებენ შემოსავალს, მოგების გარკვეულ ნაწილს უნდა უხდიდნენ კონტენტის შემქმნელებს. მოხდება ეს აბონენტისთვის ტარიფის გაზრდით, საკაბელო ოპერატორების მოგების მარჟის შემცირებით თუ საკუთარი სხვაგვარი კომერციული კონფიგურაციის მეშვეობით, არც ჩვენი კომპანიის და არც ტელემაუწყებლების ინტერესის საგანი და უფლებამოსილების სფერო არაა,” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამ საკითხთან დაკავშირებით “მთელი კვირა” მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ზურაბ ნაყეურთან დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

“რუსთავი 2″-ის ადვოკატ თამთა მურადაშვილის თქმით, ბაზარზე არსებობს იმის რესურსი, რომ ქართულ პროდუქციაში ისე გადაიხადონ ფული, აბონენტებს არ გაეზარდოს ფასი.

„ყველა არხს აქვს თავისი კონტეტის გავრცელების უფლება და ეს გარკვეული თანხა ღირს. უცხოეთის არხების გავრცელებაში ტრანზიტორები ფულს უხდიან და ახლა გადაწყვიტა ქართულმა არხმა, თავის კონტეტს დაადოს საკუთარი ფასი. ეს უფლება გადავეცით ერთ კონკრეტულ კომპანიას, რადგან ყველა არხის მხრიდან ცალ-ცალკე რთულია ამის მენეჯმენტური მართვა. მოლაპარაკება საბოლოოდ რა სურათს მიიღებს, არ ვიცი, მაგრამ “სილქნეტის” განცხადება, რომ ეს აუცილებლად სააბონენტოს გაზრდას გამოიწვევს, ნაადრევია. შეიძლება ისეთი ბიზნესმოდელი შემუშავდეს, საბონენტოს გაძვირების აუცილებლობა არ გახდეს საჭირო. ჩვენი აზრით, ამ ბაზარზე არის იმის რესურსი, ქართულ პროდუქციაში ისე გადაიხადონ ფული, რომ აბონენტებს არ გაეზარდოთ ფასი,” – გვითხრა “რუსთავი 2″-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა.

შეგახსენებთ, “სილქნეტის” ტელევიზიამ მომხმარებლებს უკვე შეატყობინა სიახლის შესახებ, რომ შესაძლოა, მისი პაკეტის ღირებულება გაიზარდოს.

„გვსურს, შეგატყობინოთ არასასიამოვნო სიახლე. „რუსთავი 2“, “მაესტრო” და “იმედი” აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, რომ ფასიანი გახადონ მათი ჩვენება, რამაც შეიძლება გააძვიროს პაკეტის ღირებულება”, – აღნიშნულია შეტყობინებაში.

Comments are closed