globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 22 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 22nd, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივანიშვილის სურვილმა, რასაც ჰქვია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია, უკვე კრახი განიცადა“

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება და საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ მოხსენებაში ტერორიზმის შესახებ

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ირაკლია ალასანიასთან: „ჩვენი განხორციელებული ანტიკრიზისული გეგმები ევროპამ სამაგალითოდ გამოაცხადა, ნატომ ყველაზე თავსებად არაწევრ ქვეყნად გვაღიარა“

„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ სოსო მანჯავიძესთან: „ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიწვეულია 20-კაციანი ჯგუფი, მიდის მათი ტრენინგი და დინამიკაში დაკვირვება“

რეზონანსი//მთელი კვირა“: აფხაზეთის რკინიგზა – მოსკოვში ადასტურებენ, თბილისში უარყოფენ

———————-

„კვირის ქრონიკა“, 22 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივანიშვილის სურვილმა, რასაც ჰქვია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია, უკვე კრახი განიცადა.

გელა ზედელაშვილი

19-20 ივნისს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გაიმართა გლობალური უსაფრთხოების ყოველწლიური ფორუმი, რომელშიც ევროპის ქვეყნების ლიდერები და ამერიკელი სენატორი, ჯონ მაკკეინი მონაწილეობდნენ. ბრატისლავაში ჩავიდა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სადაც მას დახვდა გაღიმებული სააკაშვილიც. მარგველაშვილის თქმით, ყველამ გულთან ახლოს მიიტანა თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურება და აღგვითქვა დახმარება. საბოლოო ჯამში კი, დარჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს იყო ფორუმი რუსეთის წინააღმდეგ. მაგალითად, მაკკეინი ისევ გვატყუებს, დაკარგულ ტერიტორიებს დაგიბრუნებთ, ჩვენ არ დავნებდებითო. უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის თქმით, საუბარი იყო იმ მთავარ საფრთხეებზე, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს.

როგორც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს „ქრონიკასთან“ საუბარში, ევროპა პანიკაშია და ამას აქვს რეალური საფუძველი:

- ბრატისლავაში ერთ მნიშვნელოვან საკითხზე იყო ლაპარაკი, ნატოს გენმდივანმა გააკეთა განცხადება პუტინის გამონათქვამების შესახებ: ჩვენ 40 ახალი ბირთვული რაკეტა გვაქვს, საკონტინენტთაშორისო, რომლის მსგავსიც მსოფლიოში არ არსებობსო. ეს მართლა ახალი გამოგონებაა, 8 ათას კილომეტრზე შორს მიდის და ვერანაირი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ვერ შეაჩერებს. ნატოში განგაშია გამოცხადებული, რუსეთს ასეთი რამე რაში სჭირდებაო? ამის შემდეგ პოლონეთში ჩატარდა ნატოს ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი წვრთნა. ასევე, გადაწყვიტეს, რომ ნატოს სპეცრაზმის რაოდენობა უნდა გაიზარდოს 30 ათასამდე. სხვათა შორის, პუტინმა ამ დღეებში თქვა საინტერესო რამ: ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, ზესახელმწიფო ვიყოთო.

- ეს, ალბათ, თვალთმაქცობაა.

- როგორც ჩანს, პუტინი ევროპას ამშვიდებს, ნუ გეშინიათო. კი, თვალთმაქცობაა, 22-23 ივნისს უნდა გადაწყდეს, მოუხსნიან თუ არა რუსეთს სანქციებს. ევროპელი ლიდერები ამბობენ, 6 თვით კიდევ უნდა გავაგრძელოთო, მაგრამ მოსკოვში ჩასული იყო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ციპრასი. ევროკავშირში სრული კონსენსუსია საჭირო, ახლა საბერძნეთმა რომ თქვას, რუსეთს სანქციები უნდა მოვუხსნათო, აღარ გაგრძელდება. ციპრასი პუტინს ფულს სთხოვს, თუ მისცა, ევროპა კიდევ ერთი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. მე არ მეგონა, თუ რუსეთს ამხელა რეზერვები ჰქონდა – ოქროს მარაგი აქვს 350 მილიარდი დოლარის, მთავრობის სარეზერვო ფონდში აქვს 76 მილიარდი დოლარი, ეროვნული კეთილდღეობის ფონდში – 75 მილიარდი დოლარი. გარდა ამისა, 2014 წელს ვაჭრობის დეფიციტი არ ჰქონდა, უფრო მეტი გაყიდა, ვიდრე იყიდა. არ არის გამორიცხული, პუტინმა საბერძნეთს 2 მილიარდამდე მისცეს, მაგრამ ევროპა სულ გაცოფდება.

- ფაქტობრივად, რუსეთს საბერძნეთის სახით კოზირი უჭირავს ხელში.

- კი, რუსეთს აქვს კოზირი… შეიძლება მისცეს 2 მილიარდი, რომ მსოფლიო ბანკის პროცენტი გაისტუმროს, მაგრამ ციპრასს სჭირდება 30 მილიარდი, რომ ეკონომიკა ამოქაჩოს. თუ ის რუსეთს შეეკვრება, მაშინ დანარჩენ ვალებზე ევროკავშირი დედას უტირებს. ისე, ბერძნები ძალიან უნამუსოდ იქცევიან, არავის არ უნდა მუშაობა. მერკელის მრჩეველი გამოვიდა და პირდაპირ თქვა, ყველა სამხრეთელი ასეთია, მაგათ ფულის მიღება უფრო უყვართ, ვიდრე ფულის კეთებაო. ამ სამხრეთელებში ჩვენც გავდივართ, სულ ხელი გვაქვს გაშვერილი, თითქოს გარე სამყარო ვალდებულია, დაგვეხმაროს. რატომაა ვალდებული, ამას ვერავინ აგიხსნის.

- იმიტომ, რომ ჩვენც, ასე თუ ისე, გვხმარობენ.

- კაი, ახლა ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცები არ წყვეტენ არაფერს.

- სამაგიეროდ, რუსეთისკენ არ ვიყურებით. ბრატისლავაში საუბარი ყოფილა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, თანაც ოკუპირებულ ტერიტორიებზეო. მეტი რაღა საფრთხეები უნდა იყოს, როცა ამხელა რეგიონები დაგვაწერეს?

- მე არ ვიცი, არც თვითონ იციან, თუ იციან, მაშინ დააკონკრეტონ. ეს ხელისუფლება ნელ-ნელა უბრუნდება `ნაციონალების“ სტილისტიკას. ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივანიშვილის სურვილმა, რასაც ჰქვია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია, უკვე კრახი განიცადა. პირველი ერთი წელი იყო ამ თემაზე ჭიდაობა, ფარულად ხელების გადაგრეხა, მაგრამ მარგველაშვილის გაპრეზიდენტებისა და „რესპუბლიკელების“ გაძლიერების შემდეგ მორჩა, უკვე გადაწყდა ეს საკითხი. როგორც ჩანს, ივანიშვილმა საბოლოოდ ხელები ასწია. მე არ გამოვრიცხავ, რომ მისი გადადგომის მთავარი მიზეზი ეს იყო.

- ანუ ჩვენ იმის საშუალებაც კი არ მოგვცეს, რომ რუსეთთან ურთიერთობა დაგველაგებინა, ხომ?

- არა, ამის საშუალება არ მოგვცეს. ამერიკულ პრესაში გამოქვეყნდა სტატია, სადაც წერია, ქართველი გლეხები რუსეთთან ურთიერთობის დათბობის მომხრეები არიან და ეს ხელისუფლების ბრალია, ხალხს ნორმალურად ვერ აუხსნა, რომ რუსეთთან დაახლოება კარგს არაფერს მოუტანსო. ამათი დედაც ვატირე, გლეხს მეტი რა უნდა აუხსნა? იმას უნდა, რომ თავისი ყურძენი და მანდარინი გაყიდოს, ის ითხოვს პრიმიტიულ საბაზრო ურთიერთობას.

- თქვენ თუ ნახეთ კადრები, ირაკლი ღარიბაშვილი რომ ჩავიდა ბაქოში, პუტინთან ერთად რომ მოხვდა სუფრასთან და იგნორირება გაუკეთა, საერთოდ არ დაელაპარაკა?

- კი, ვნახე და არ მოიქცა სწორად. მე მახსოვს, 2008 წლის ომის შემდეგ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე ბრიუსელში შეეფეთა ლავროვს და გაუკეთა „ნე ვიჟუ“. ლავროვმა დაუძახა: ბიჭო, გამარჯობა მაინც თქვი, ბოლო-ბოლო, ჩემი თანამშრომელი იყავი, დაგავიწყდაო? ამ დროს ვაშაძე მოტრიალდა, ლავროვთან მიირბინა და ორივე ხელი ჩამოართვა. ვიდეო მაქვს ნანახი, იმან ირონიით დაუძახა და ამან უცებ მიირბინა. კი, ბატონო, ვაშაძის საქციელი არ იყო დიპლომატია, მაგრამ ვერც ღარიბაშვილის საქციელი ჩაითვლება დიპლომატიად. მოკლედ, ვექტორი საბოლოოდ შეტრიალდა და მითი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებისა, წარსულს ჩაბარდა, ანუ უკუგდებულია. ჩვენ მთლიანად ვუბრუნდებით „ნაციონალების“ მოდელს – არანაირი ურთიერთობა რუსეთთან. ყველაზე ცუდი ამ შემთხვევაში ის არის, რომ, ვისაც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა უნდა, ყველას რუსეთის აგენტებად აცხადებენ. ეს ხდება მაშინ, როცა არავინ გვიღებს არც ევროკავშირში და არც ნატოში. ამას დავანებოთ თავი, ევროპული აზროვნების დამკვიდრებას არც მთავრობა ცდილობს. ამას წინათ გავიგე, „საქართველოს ფოსტის“ ხელმძღვანელს ჰქონია 12 ათასი ლარი ხელფასი, საბერძნეთი ასე გაკოტრდა, სხვანაირად კი არა? იქაც ჩინოვნიკები იმაზე მეტ ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, ვიდრე სახელმწიფოს შეუძლო, მათთვის გადაეხადა. ჩვენ ფასეულობებითა და ღირებულებებით ყოველდღე ვშორდებით ევროპას. ვერ გავიგე, 20-30 წლის განმავლობაში ხალხმა ვერ უნდა ისწავლოს, რომ წითელ შუქზე გადასვლა არ შეიძლება?

- უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ლატვიასა და საქართველოში თავისი ელჩები დაითხოვა. ახლა კულუარებში ამბობენ, საქართველოში ელჩად მიშას კაცს აგზავნისო. აი, ეს რაღას ნიშნავს?

- პოროშენკოს ელჩი აქ იქნება იზოლირებული. თუ პოროშენკომ მიშას კაცი გამოაგზავნა, მარტო იმაში დასჭირდება, რომ ინფორმაცია მიიღოს. აქ იანუკოვიჩის კაცი იყო და როგორც ჩანს, არ აწვდიდა მისთვის სასურველ ინფორმაციას.

- დაბოლოს, ბრატისლავის შეხვედრებიდან ჩვენ რამე ხეირს ვნახავთ თუ მარგველაშვილი კვლავ ექსკურსიაზე იყო?

- ვერაფერ ხეირს ვერ ვნახავთ… ამერიკაში გაგანია წინასაარჩევნო კამპანიაა, ორი დღის წინ ჯებ ბუშმა, ჯორჯ ბუშის უმცროსმა ძმამ, წამოაყენა თავისი კანდიდატურა და უკვე დაიწყო ომი. საერთოდ, ამერიკის ტრადიციაა, არჩევნებამდე აღარაფერი არ შეიცვლება, იქნება მხოლოდ დაპირებები. ჰილარი კლინტონი მკვეთრი განცხადებებით გამოირჩევა რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ „რესპუბლიკელი“ ბუში ურთიერთობის დათბობას ითხოვს.

ჩვენ ისევ ვრჩებით დაპირებების ამარა. ახლა როგორ გგონია, ნატოს წევრი ქვეყნებიდან რომელიმე გადაიკიდებს რუსეთს და ერთი მაინც დასთანხმდება, რომ ჩვენ 29-ე წევრად მიგვიღონ? არ არსებობს, სანამ რუსეთი არ დაიშლება, ან არ გადაიქცევა დემოკრატიულ სახელმწიფოდ. არადა, თუ რუსეთი დაიშლება, მაშინ ნატო რაღაში გვჭირდება? შენ ჯერ იმასაც ვერ აკეთებ, რომ სამართლიანი არჩევნები ჩაატარო ქვეყანაში, ამას ევროკავშირი რად უნდა? იაპონია არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ თვითონ აწესრიგებს ყველაფერს, ასევეა სამხრეთ კორეა. მაგალითად, ინდოეთი ყველაფერთან ერთად ღატაკი ქვეყანაა, მაგრამ იქ არჩევნები არასოდეს გაყალბებულა. ჩვენ თავს ვიტყუებთ, ევროკავშირში და ნატოში რომ შევალთ, მერე ჩავატარებთ დემოკრატიულ არჩევნებსო. მოიცა, ნატოს წევრ ყველა ქვეყანაში დემოკრატია ყვავის? ოთხი დღის წინ ჰააგის სასამართლომ იუგოსლავიის ომების ორი მუსლიმანი ჯალათი დაიჭირა, თითოს ჰყავს 3 ათასი კაცი მოკლული. ესენი ადრე დააპატიმრეს და მერე გაუშვეს. ახლა ხელახლა აიყვანეს და შეიძლება ისევ გაათავისუფლონ, მუსლიმანურ სამყაროსთან არ უნდათ დაპირისპირება.

ეს არის დემოკრატია და კანონის უზენაესობა? ზოგს ევროპა ისეთი სამოთხე ჰგონია, სადაც არც უსამართლობა ხდება, არც დათმობაზე მიდის არავინ და ასე შემდეგ. რაც შეეხება მიშას განცხადებას, ჩვენი ბედი უკრაინაში წყდებაო, ეს ძველი სიმღერაა, ჩვენი ბედი წყდება აქ, საქართველოში.

„კვირის პალიტრა“, 22 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება და საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ მოხსენებაში ტერორიზმის შესახებ

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი, „კვირის პალიტრას“ ჟურნალისტ ნათია დოლიძეს საქართველოს საშინაოპოლიტიკურ საკითხებთან ერთად, საგარეოპოლიტიკურ საკითხებზეც ესაუბრება.

გთვაზობთ ამონარიდს ინტერვიოუდან:

- თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თავდაცვის სისტემების შესახებ პარიზში ხელშეკრულება გააფორმა. იარაღის მწარმოებელ ფრანგულ ფირმატალესთანხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს ფრანგული წარმოების საზენიტო-საჰაერო კომპლექსის შეძენას, თუმცა ხელშეკრულების შინაარსი გასაიდუმლოებულია. თავდაცვის ექსმინისტრის, “თავისუფალი დემოკრატებისლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით კი, გასარკვევია, თინა ხიდაშელის მიერ ფრანგულ მხარესთან გაფორმებული შეთანხმება არის თუ არა ის, რის მემორანდუმსაც თავად მოაწერა ხელი

- ჩემთვის ხიდაშელისა და ალასანიას განცხადებებზე მეტად მეტყველია კრემლის დუმილი. ალასანიას შემთხვევაში კრემლიდან პროტესტის ქუხილი ისმოდა, არაერთხელ გაკეთდა განცხადება, ვის წინააღმდეგ აპირებს საქართველო ამ იარაღის გამოყენებასო, ახლა კი კრემლი გასუსულია… გაუგებარია რუსეთის ხელისუფლების სიჩუმე. დამამშვიდებელი ის ფაქტორია, რომ ქალბატონი თინა კმაყოფილია იმ დოკუმენტით, რასაც ხელი მოაწერა. მას დიდი ხანია, ვიცნობ როგორც პრინციპულ და პასუხისმგებლიან ადამიანს და ვეჭვობ, რაიმე არასერიოზული დოკუმენტის ხელის მოწერის შემთხვევაში ასეთი კმაყოფილება გამოეთქვა. მაგრამ, მომკალით და, მაინც მაეჭვებს კრემლის დუმილი… მოგეხსენებათ, ალასანიასა და ხიდაშელის მინისტრობას შორის იყო პერიოდი, როდესაც უწყებას სხვა ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ დროს ხომ არ მოხდა რომელიმე მესამე ქვეყნის რეკომენდაციის გათვალისწინება იმის თაობაზე, თუ რა ტიპის თავდაცვითი სისტემა შეიძლება გვქონდეს და რა – არა? ეს მხოლოდ ვარაუდია, არანაირი არგუმენტი არა მაქვს, თუმცა ეჭვის საფუძველი ნამდვილად არსებობს.

- გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ 2104 წლის ანგარიში, რომელშიც ვკითხულობთ: “შემაშფოთებელია, რომ საქართველო რჩება საერთაშორისო ტერორიზმის წყაროდ და ტრანზიტულ ქვეყნად“. ლაპარაკია საქართველოს მუსლიმანებით დასახლებული რეგიონებიდან მოქალაქეების სირიასა და ერაყში საბრძოლველად წასვლაზე. ნათქვამია ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიას სატრანზიტოდ ჩრდილოკავკასიელებიც იყენებენ, თუმცა აღნიშნულია ისიც, რომ საქართველო ანტიტერორისტული მიმართულებით წარმატებით თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან

- ვფიქრობ, ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებული ჩანაწერი საკმაოდ ახლოსაა ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან. ნამდვილად არ არის სასიამოვნო, რომ ჩვენი მოქალაქეები მიდიან საბრძოლველად სირიასა და ერაყში, მაგრამ იმასთან შედარებით, თუნდაც ევროპული ქვეყნებიდან რამდენი ასეთი გზააბნეულია “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში, ჩვენგან წასულთა რაოდენობა ზღვაში წვეთია. ანგარიშში ლაპარაკია საზღვრების აუცილებელ გაკონტროლებაზე, თუმცა კარგი იქნებოდა, გაკონტროლებამდე როგორმე დაგვედგინა ეს საზღვრები. უკვე რახანია, რუსეთი ჩვენს მთიანეთში იჭრება და ჩვენს ტერიტორიას ისაკუთრებს, ეს არ შეეხება მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მთიანეთის განვითარება. არ მესმის იმათი ცინიზმის და ქილიკისა, ვინც ე.წ. მთის მინისტრზე არაერთი გაუაზრებელი რამ თქვა.

ანგარიშში ასევე ლაპარაკია ჩვენი მუსლიმანი მოქალაქეების ინტეგრაციაზე, რაც აუცილებელია. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა იღონოს, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება.

„კვირის პალიტრა“, 22 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ ირაკლია ალასანიასთან: „ჩვენი განხორციელებული ანტიკრიზისული გეგმები ევროპამ სამაგალითოდ გამოაცხადა, ნატომ ყველაზე თავსებად არაწევრ ქვეყნად გვაღიარა

რუსუდან შელია

(შემოკლებით)

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია “კვირის პალიტრას” ესაუბრა:

-ყოფილი პრემიერი ყალბ პოლიტიკოსად მოგიხსენიებთ და აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროში პროკურატურის შესვლა პოლიტიკურ ჭრილში თქვენ გადაიყვანეთ.

- ბიძინა ივანიშვილი ძლიერ პოლიტიკურ ოპონენტად “თავისუფალ დემოკრატებს” მიიჩნევს, ამიტომ ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლის ასეთ მეთოდებს იყენებს.   სააკაშვილის დროს ათასობით ადამიანი იჯდა ციხეში, მაგრამ თუ დღეს ხუთი უდანაშაულო პირის პატიმრობას არ მოერიდნენ, თუ დასჭირდებათ, 500 ადამიანის ციხეში გამოკეტვაზეც არ იტყვიან უარს.

- ასევე საზოგადოების ნაწილი სვამს კითხვას: რა კონკრეტული შედეგი გამოიღო თავდაცვის სფეროში თქვენმა ორწლიანმა მინისტრობამ გარდა იმისა, რომ საფრანგეთთან თქვენი მოლაპარაკება თინა ხიდაშელმა მხოლოდ სურვილების კასკადად შეაფასა?

- თინამ მოგვიანებით საკუთარი განცხადება შეცვალა, ასე რომ, რამდენჯერაც ის აზრს შეიცვლის, კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება შედეგებს, ჩვენი განხორციელებული ანტიკრიზისული გეგმები ევროპამ სამაგალითოდ გამოაცხადა, ნატომ ყველაზე თავსებად არაწევრ ქვეყნად გვაღიარა. უელსის სამიტზე მნიშვნელოვანი პაკეტი მივიღეთ… ჩემი მინისტრობისას საქართველოს ჯარმა ღირსეულად იგრძნო თავი.

- თქვენი მინისტრობისას ჯარისკაცები ორჯერ მოიწამლნენ, ისმოდა ბრალდებები, რომ უწყებაში ახლობლებს ასაქმებდით და პროფესიონალი კადრების აღდგენაზე უარს ამბობდით…

- სამსახურიდან უსამართლოდ დათხოვნილი დაახლოებით 2000-ზე მეტი ჯარისკაცი თანამდებობაზე აღვადგინეთ. რაც შეეხება კვებას, ჯარში კვების სტანდარტები ჩვენ დავნერგეთ, პატარა ინციდენტებისაგან კი არავინ არის დაზღვეული.

„კვირის ქრონიკა“, 22 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო მანჯავიძესთან: ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიწვეულია 20-კაციანი ჯგუფი, მიდის მათი ტრენინგი და დინამიკაში დაკვირვება,

თბილისი საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი სოსო მანჯავიძე „კვირის ქროპნიკის“ ჟურნალისტს ნინო სამხარაძეს ესაუბრება. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„მინდა იცოდეთ, რომ დაშლის პროცესი გაგრძელდება და რამდენიმე ადამიანი უახლოეს მომავალში „ნაცმოძრაობას“ დატოვებს. ამ პარტიის რღვევის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ამ აქციისთვის გადმორიცხული უზარმაზარი თანხა, მილიონებზეა საუბარი, გაიფლანგა და ვიღაცების ჯიბეში დაილექა. მათ ვერ გამოიყვანეს 50 ათასი ადამიანი, რასაც გეგმავდნენ. ამას მოჰყვა კონფლიქტი სააკაშვილსა და ბოკერიას შორის, ის ძალები კი, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ მფარველობდნენ და ეგონათ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი ჰქონდათ, მათ მიმართ რწმენა შეერყათ და დასავლეთში ყურადღება გადაიტანეს სხვა ჯგუფებზე. აი, ექსკლუზიური ინფორმაცია არის სწორედ ის, რომ მიმდინარეობს ამ ჯგუფების მონიტორინგი და აშშ-ში მათი მომზადება. მათ წაყვანილი ჰყავთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ცალკეული პოლიტიკოსები, გამოიკვლიეთ, დღეს ვინ არის აშშ-ში წასული და მიხვდებით, ვისზე ვსაუბრობ…

- დიდი მიხვედრა არ სჭირდება, საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ალეკო ელისაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან პოსტავდა, - გული მისკდება, სტიქიის დროს რომ ჩემს ქალაქში არ ვარო. შეიძლება ერთ-ერთი მათგანი ელისაშვილი იყოს

- მე ინფორმაცია მოგაწოდეთ, დანარჩენი თქვენ გაარკვიეთ, ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიწვეულია 20-კაციანი ჯგუფი, მიდის მათი ტრენინგი და დინამიკაში დაკვირვება, ასევე, გაარკვიეთ, რომელი პოლიტიკური ჯგუფი დადის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად, დაფინანსების მოსაპოვებლად, მე გეტყვით, რომ ძირითადი აქცენტი გაკეთდება სოციალურ ბუნტზე. ვინ არის ამ საკითხში დახელოვნებული, ეს ჩემზე უკეთ იცით, ამ კუთხით წარმოაჩენენ საკუთარ თავს იმისთვის, რომ მიიღონ დაფინანსება, მიშა აღარ არის მთავარი ფიგურანტი, ის ლიბერალური ინტერნაციონალური ძალები, რომლებიც „ნაციონალებს“ ლობირებდნენ, დღეს „რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ ლობირებენ. ეს ხალხი ცდილობს საქართველოში იმგვარი პოლიტიკური კლიმატების შექმნას, როცა მთლიანად ხელისუფლებას გააკონტროლებენ ლიბერალურ-ინტერნაციონალურ ძალებში შემავალი პარტიები. ის, რომ „რესპუბლიკელებმა“ ბიძინა ივანიშვილისგან მოითხოვეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში სიის 70%, საიდუმლო არ არის. მაგრამ საკითხავია, თუ 50%-ით მაინც „რესპუბლიკელებით“ დაკომპლექტდება საპარლამენტო სია, სად იქნება „ოცნება“ და კოალიციის დანარჩენი სუბიექტები?

ცხადია, მათ ჩამოწერა ემუქრებათ. შესაბამისად, ჩვენ უნდა ველოდოთ, აშშ-ში გადამზადებული პოლიტიკური პერსონებისა და ძალების გაძლიერებას, ისინი ჩამოვლენ ახალი მესიჯბოქსებით. ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, ჩემი ნათქვამი კარგად დაიმახსოვროს, ისინი სოციალური ბუნტით დაუპირისპირდებიან ამ ხელისუფლებას და არჩევნების წინ ძალიან დიდ დაპირისპირებას ვიხილავთ.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 22 ივნისი, 2015 წელი

აფხაზეთის რკინიგზა – მოსკოვში ადასტურებენ, თბილისში უარყოფენ

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენით კვლავ აქტიურად დაინტერესდა, თუმცა, რომელ ფორმატში მოხდება ამ თემის განხილვა გაურკვეველია. ოფიციალური მოსკოვი და თბილისი ამასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი  ამბიობს, რომ ოფიციალური მოსკოვი აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხს ჯერ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატის ფარგლებში დააყენებს, შემდეგ კი, ივლისის შუა რიცხვებში – საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმაომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრაზე. ეს გრიგორი კარასინმა გასულ პარასკევს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, იქ, სადაც ორი მხარე მონაწილეობს აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხთან დაკავშირებით, საჭიროა მესამე მხარის – აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის მონაწილეობაც. ჩვენ ამ საკითხებს ივლისის პირველ რიცხვებში ჟენევაში განვიხილავთ, შემდეგ კი, ალბათ, ივლისის შუა რიცხვებში – პრაღის შეხვედრაზეც, რომელსაც ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლებიც დაეწრებიან. ჩვენგან ტრანსპორტის სამინისტროს თანამშრომლები იქნებიან, რადგან საქმე ეხება როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო მიმოსვლის ასპექტებს“.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით კი, ქართული მხარე აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხზე არ საუბრობს, თუმცა, თუ გრიგორი კარასინი ამ საკითხს მაინც წამოაყენებს, იგი „შესაბამის პასუხს“ გასცემს. „ამ თემაზე არ და ვერც ვსაუბრობთ, ეს რუსეთში კარგად იციან. ეს შვენი შეხვედრების თემა არ ყოფილა. სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და რაც ხდება აფხაზეთში, ამ საკითხის განხილვა წარმოაუდგენელია.

რაც შეეხება საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენას, იმ ფორმატით, როგორც ეს რუსეთს წარმოუდგენია (ანუ რკინიგზა საქართველოსი კი არა, აფხაზეთისაა და რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა), ეს ჩვენთვის მიუღებელია“.

ქართული მხარე რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენის საკითხის განხილვას არც ჟენევის ფორმატში არ აპირებს. როგორც რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, ჟენევაში განიხილება მოსახლეობის გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის, დევნილების დაბრუნების და სხვა საკითხები. რაც შეეხება რკინიგზას, ამ საკითხზე ლაპარაკი არ ყოფილა და არც დღის წესრიგში არაა შეტანილი. „ვფიქრობ, ასეთი საკითხებიჟენევის ფორმატის საკითხები არ უნდა იყოს“, – უთხრა „რეზონანსს“ ქეთევან ციხელაშვილმა.

რკინიგზიაზე მოძრაობის აღდგენის საკითხის განხილვაში ცუდს ვერაფერს ხედავს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მღცეველი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, „დღევანდელი მდგომარეობით აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხის აქტიურ ფაზაში გადაყვანა შეუძლებალია, თუმცაღა, თუ რუსული მხარე ამ საკითხზე საუბარს დაუიწყებს, ჩვენ პრინციპული „არა“ არ უნდა ვუთხრათ და  და უაპელაციოდ უარი არ უნდა ვიზახოთ… ჩვენ უნდა დავაყენოთ საკითხი, თუ სად გადის ეკონომიკური საზღვარი. მარტივი კითხვაა. ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ, რომ ეკონომიკური საზღვარი ფსოუზე გადის. ბუნებრივია, ისინი ამის წინააღმდეგნი იქნებიან და იტყვიან – არა, ენგურზე გადისო, თუმცა ჩვენ საკუთარი პოზიცია არ უნდადავთმოთ. თუ რუსეთი ამ პირობებზე წამოვა, ეს პოლიტიკურად და ეკონომიკურად, უსაფრთხოების თვალსაზრისით, კარგი ნაბიჯი იქნებოდა. ასეთ მოლაპარაკებას საფუძველი ნამდვილად აქვს, თუმცა ჩვენ პრინციპულად უნდა დავაფიქსიროთ და დავიცვათ ის საკითხები, რასაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ჰქვი, – განაცხადა გია ხუხაშვილმა და დაამატა, რომ ამ საკითხისადმი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე თვითონ აფახაზეთი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ვამბობთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მარიონეტულია, ვფიქრობ, ეს არის ის შემთხვევა, როცა აფხაზები ამის კატეგორიული წინააღმდეგები იქნებიან. რუსეთისათვის სულ ერთია, სად იდგომება ქართველი მებაჟე, აფხაზეთისთვის კი საკითხის ასე დაყენება მიუღებელი იქნება და ამ მოლაპარაკების ჩაშლის ორგანიზატორები თვითონვე იქნებიან“.

„რაც შეეხება მომგებიანობას, რუსეთისათვის ეს არის სტრაგეტეგიული მამრთულება, რადგან მოსკოვს თავის სტრატეგიულ მოკავშირე ერევანთნა კომუნიკეციოების ნაკლებობა აქვს. მართალია, საქართველოსთვის რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენა ზალიან მომგებიანი არ იქნება, თუმცა ეს აფხაზეთის ერთიან ქართულ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის დასაწყისი იქნებოდა“, – ამბობს გია ხუხაშვილი და დასძენს, რომ რუსეთსა და სომხეთს ამ საკითხზე აფხაზეთისაგან თანხმობის მიღება სურს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს კორნელი კაკაჩიას ამ საკითხზე განასხვავებული პოზოცია აქვს: „აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა საქართველოს ინტერესებში არ შედის. ამაზე საუბარი ადრეც ყოფილა, მაგრამ ახლა სხვადასხვას ლაპარაკობენ. ან ერთი იტყუება, ან მეორე. ეჭვს ბადებს, რომ საკითხი დღის წესრიგში არაა შეტანილი. ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ ფორმატის თაობაზე ან პარლამენტში და ან მთავრობაში თუ იმსჯელებენ. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. რუსეთინჩვენი მეგობარი არ არის, საქართველო კი ნატოში აპირებს გაწევრიანებას. აქედან გამომდინარე,. რკინიგზის გახსნაზე საუბარი ნაადრევია. უამრავი შეკითხვა არსებობს, რომელზედაც პასუხია გასაცემი მოლაპრაკების დაწყებამდე. არ ვიცი რა პასუხი ექნებათ აფხაზეთს დე-ფაქტო მტავრობას, ამით გამოდის, რომ ჩვენ მათ ვაღიარებთ. ამიტომაც არა მგონია ეს ახლა საქართველოს ინტრერესებში შედიოდეს. ეს უფრო რუსეთს ჭირდება, თორემ არც აფხაზები არ „იკლავენ“ თავს ამ საკითხზე“, – უთხრა „რეზონანს//გასულ კვირას“ კორნელი კაკაჩიამ.

Comments are closed