globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 22 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 22nd, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: საქართველო მეორე ფრონტის ხაზზე // “კრემლს სომხეთთან ინტენსიური კომუნიკაცია სჭირდება და უკრაინის პარალელურად ახალ ცხელ წერტილს არ მოერიდება”

რეზონანსი: „დამატებითი რეფორმები” უვიზო რეჟიმისთვის // “ტუსკის სიტყვები სიგნალია, რომ საქართველომ ყველაფერი უკვე დასრულებულად არ უნდა ჩათვალოს”

რეზონანსი: ინტერვიუ ფიქრია ჩიხრაძესთან: “რუსეთს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ქართველებთან ყველაფერი გაუვა”// „ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე უნდა გააქტიურდეს“

რეზონანსი: აშშ-ის მხრიდან იარიღის მოწოდების საკითხის წამოწევა სიტუაციის გამწვავებაზე ხომ არ მიანიშნებს?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნუგზარ წიკლაურთან: „ევრაზიულ კავშირში საქართველოს შეტენვა არავის გამოუვა“

საქართველო და მსოფლიო: ინტერვიუ თამარ კიკნაძესთან: „რუსეთის დასუსტებაზე საუბარი ნაადრევია“

———————-

რეზონანსი“, 22 ივლისი, 2015 წელი

საქართველო მეორე ფრონტის ხაზზე

კრემლს სომხეთთან ინტენსიური კომუნიკაცია სჭირდება და უკრაინის პარალელურად ახალ ცხელ წერტილს არ მოერიდება”

თეა ბეჟიტაშვილი

(შემოკლებით)

“უკრაინის პარალელურად საქართველო რუსეთისთვის მეორე ფრონტის ხაზი იმ შემთხვევაში გახდება თუ ის დაინახავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას, სპეცსამსახურებსა და შეიარაღებულ ძალებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის საშუალება არ ექნებათ”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე რუსეთის მხრიდან საქართველოში დაძაბულობის ახალი წერტილის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, კრემლს სომხეთთან ინტენსიური კომუნიკაცია სჭირდება, ამისათვის კი უკრაინის პარალელურად საქართველოში დაძაბულობის ახალი წერტილის გახსნას არ მოერიდება: “მითუმეტეს მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოების სანქციების არასაკმარისი აქტიურობის გამო, რუსეთს ყირიმი “შერჩა” და ამისათვის საკმარისი სასჯელი არ მიუღია.

“მას შემდეგ, რაც ირანს სანქციები მოეხსნა, რუსეთს მითუმეტეს სჭირდება თავის სტრატეგიულ მოკავშირე სომხეთთან უფრო ხშირი კომუნიკაცია, ამიტომ მოსალოდნელია რუსეთმა სომხეთზე სახმელეთო, დერეფანი გაჭრას და ამისათვის საქართველოზე უფრო აქტიური ზეწოლა განახორციელოს. ასევე გამორიცხული არ არის, რომ რუსეთმა გამოგონილი მიზნით დაიწყოს ინტერვენცია, რითაც სომხეთს ცხინვალიდან ბორჯომისა და ჯავახეთის გავლით დაუკავშირდება. არის იმის წინაპირობა, რომ რუსეთმა საქართველოში იგივე გაიმეოროს, რაც უკრაინაში განახორციელა, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვხედავთ რუსეთის აგენტურისა და მისი პროპაგანდისტური მედიასაშუალების გააქტიურებას, ეს იმის მსგავსი მოვლენებია, რაც ყირიმის ანექსიას უძღოდა წინ”, – ამბობს ალეკო კვახაძე. მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში დადგა საკითხი, რომ საქართველოსა და უკრაინას შეიარაღება მიეწოდოს, თუმცა როგორც ის ამბობს, საქართველოს შემთხვევაში უფრო მეტი წინაპირობა არსებობს.

“ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებასა და იგივე ირაკლი ალასანიას დროსაც თავდაცვის სამინისტრო სხვადასხვა თავდაცვითი იარაღის მოწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებდა, მაშინ როცა უკრაინამ დასავლეთთან დაახლოების და მოლაპარაკების პროცესი მხოლოდ მაიდნის შემდეგ დაიწყო, ამ შემთხვევაში საქართველოს უფრო მეტი წინაპირობა გააჩნია. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ზეწოლით საერთაშორისო საზოგადოებამ, განსაკუთრებით ძლიერი სამხედრო წარმოების მქონე სახელმწიფოებმა საქართველოს არაოფიციალური ემბარგო დაადო. საქართველო შეიარაღების, განსაკუთრებით ანტისაჰაერო საშუალებების ყიდვას ვერ ახერხებდა და ჩვენი ქვეყანა იძულებული გახდა საკუთარი სამხედრო წარმოება განევითარებინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოება ევროპის შუაგულში, კერძოდ უკრაინაში, რუსეთის აგრესიის წინაშე დადგა, ბუნებრივია, დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში დადგა საკითხი, რომ საქართველოსა და უკრაინას მიეწოდოს შეიარაღება. აქვე უნდა განვსაზღვროთ, თუ რა სახის შეიარაღება იგულისხმება, როცა ვსაუბრობთ დასავლეთის მხრიდან იარაღის მოწოდებაზე, რადგან უკრაინას სასიცოცხლო მნიშვნელობის იარაღი, ანუ ანტისაჰაერო და ანტისატანკო შეიარაღება არ მიუღია”, – ამბობს ალეკო კვახაძე.

ჟურნალ “არსენალის” რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის თქმით, იმის გამო, რომ საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით რუსეთისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ეს უკანასკნელი აგრესიული პოლიტიკის გატარებას უფრო გააძლიერებს.

“არა მარტო საქართველო, არამედ რუსეთის მოსაზღვრე ყველა სახელმწიფო, რომელიც ევრაზიულ კავშირში არ არის, რუსეთისთვის ფრონტის ხაზია. როდესაც რუსული იმპერია თავის აგრესიულ პოლიტიკას თავშეუკავებლად გამოხატავს, წინა ხაზზე ყოველთვის მეზობელი ქვეყნები აღმოჩნდებიან. პუტინმა ღიად განაცხადა, რომ 2015 წელს ახალი ე.წ. ევრაზიული კავშირის შექმნას აპირებს და ამ უკანასკნელში ყველა ყოფილი საბჭოთა რესბუპლიკა მოიაზრება. ამას თუ დავუმატებთ საქართველოს გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობას, ეს უკანასკნელი რუსეთისთვის მნიშვნელოვანია. რუსეთის ეკონომიკის 80% ენერგომატარებლებიდან მიღებულ შემოსავლებზეა დამოკიდებული, სწორედ ამიტომ უნდა რუსეთს საქართველოს გზის გაკონტროლება, რომ დასავლეთს ალტერნატიული ენერგომატარებლის მიწოდების საშუალება არ ჰქონდეს, ამიტომ რუსეთი გახსნილ აგრესიასაც არ მალავს”, – ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

“არსენალის” რედაქტორი აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან ამ ეტაპზე ომის განახლების საშიშროება არ არსებობს, თუმცა საზღვრის გადმოწევით და მსგავსი პროვოკაციებით ცდილობს თავისი მიზნის მიღწევას.

“იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, დაძაბულობა უკვე არსებობს, თუმცა ჩემი აზრით, ამ ეტაპზე რუსეთს ომის განახლება არ სჭირდება, რადგან თავის მიზნებს ომის გარეშე, ყოველდღიურად ახორციელებს. ამის ფონზე საქართველოს მთავრობამ პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს და რუსეთის შეჩერება საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით უნდა მოახდინოს. რაც შეეხება დასავლეთისგან იარაღის მოწოდების მოლოდინს, ამის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ სანამ საერთაშორისო თანამეგობრობა მობილიზებას მოახდენს, საქართველომ გარკვეული დროით მტრის შეკავება და თავის დაცვა უნდა მოახერხოს, რადგან სხვა არჩევანი არ გვაქვს”, – ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

რეზონანსი“, 22 ივლისი, 2015 წელი

დამატებითი რეფორმები” უვიზო რეჟიმისთვის

ტუსკის სიტყვები სიგნალია, რომ საქართველომ ყველაფერი უკვე დასრულებულად არ უნდა ჩათვალოს”

თაკო მათეშვილი

(შემოკლებით)

დონალდ ტუსკის სიტყვებს – “უვიზო რეჟიმისათვის დამატებითი რეფორმებია საჭირო” პოლიტოლოგები და საერთაშორისო ურთიერთობების ექპერტები არ შეუშფოთებია. მათი მტკიცებით, ტუსკმა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის სრულყოფილად შესრულება იგულისხმა და არა დამატებითი ბარიერები უვიზო რეჟიმისაკენ მიმავალ გზაზე.

(…)

„რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია რა დამატებითი რეფორმები იგულისხმა დონალდ ტუსკმა და რის გაკეთებას ელოდებიან საქართველოსაგან ევროპაში უვიზო რეჟიმის მოსაცემად.

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე ფიქრობს, რომ დონალდ ტუსკმა მხოლოდ სამოქმედო გეგმის ბოლომდე შესრულება იგულისხმა და მათ გარდა რაიმე ახალი ვალდებულებების დაკისრებაზე არაფერი უთქვამს. „დონალდ ტუსკი იმ ინსტიტუციას წარმოადგენს, რომელიც საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის მიცემას მხარს უჭერს და რომლის მიზანს დამატებითი ბარიერების შემოტანა და ახალი საკითხების წინ წამოწევა არ წარმოადგენს. „ჩემი აზრით, ევროსაბჭოს თავმჯდომარე იგივე რეფორმებს გულისხმობდა, რომლებიც ჩვენ ისედაც უნდა განვახორციელოთ. პრინციპში, მათ ვასრულებთ კიდეც. სულ 8 მიმართულებაა დარჩენილი, საიდანაც ოთხი ნაწილობრივ შესრულებულად ჩაგვეთვალა, ოთხი კი თითქმის შესრულებულად. თუ ჩვენ გვინდა, რომ მომავალ წლის პირველ ნახევარში ვიზა-ლიბერალიზაცია მივიღოთ, ეს რეფორმები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დავასრულოთ. ასე რომ, მე მგონია, რომ დონალდ ტუსკმა  აქცენტი სწორედ ამ დარჩენილ საკითხებზე გააკეტა. მისი სიტყვები ერთგვარი სიგნალი იყო იმისა, რომ საქართველომ ყველაფერი დასრულებულად არ უნდა ცათვალოს, პირიქით – რაც შეიძლება მეტი უნდა გააკეთოს და შეუსრულებელი არაფერი დატოვოს“, – აღნიშნავს ვანო ჩხიკვაძე.

ამ მოსაზრებას იზიარებს პოლიტოლოგი ელენე ხოშტარიაც და ამბობს, რომ დონალდ ტუსკმა სწორედ არსებული სამოქმედო გეგმის ბოლომდე დასრულება და ასევე ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი და ზოგადად საქართველოს იმიჯის გაუმჯობესება იგულისხმა: „სამოქმედო გეგმაში გარკვეულ პუნტქებზე შენიშვნები არასებობს. არის მათი სესრულების რეკომენდაციებით. ზალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს ქვეყანა  დემოკრატიულობის თვალსაზრისით. მაგალითად, არაერთხელ მოუწოდებიათ ჩვენთვის კანონის უზენაესობის სესახებ, პოლიტიკური დევნის დაუშვებლობის შესახებ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი სახელმწიფოზე ზოგად შთაბეჭდილებას ქმნის და იმიჯზე, რეპუტაციაზე დიდ გავლენას ახდენს“.

რეზონანსი“, 22 ივლისი, 2015 წელი

ინტერვიუ ფიქრია ჩიხრაძესთან: “რუსეთს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ქართველებთან ყველაფერი გაუვა”// „ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე უნდა გააქტიურდეს

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

“ახალი მემარჯვენეების” ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკას იწუნებს და ღარიბაშვილის მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ფიქრია ჩიხრაძის აზრით, ძალიან კარგია რომ ევროპელი სტუნმრებისა და პოლიტიკოსების სოლიდარობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში, მაგრამ ამ მხრივ საქართველოს მთვარობამ მეტი უნდა გააკეთოს: „ხელისუფლების მტავარი ამოცანა ის გახლავთ, რომ როცა ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება, გქონდეს უმწვავესი პოზიცია. სესაბამისად, როდესაც საერთაშორისო საზგადოება დაინახავს ქვეყნის რეაქციას, ისიც მსგავს რეაქციას გამოავლენს. ჩვენ ყველა ფორმატი უნდა გამოგვეყენებინა ასეთ შემთხვევაში. ეს პრობლემა ჩვენს ხელისუფლებას დიდი ხანია აქვს. რუსეთი რომ ტესტირების რეჟიმში მუშაობს საქართველოსთან მიმართებით, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ერთხელ დატესტა, მეორედ, რეაქცია კი მწვავე არ არის. ანუ მოსკოვი ფიქრობს, რომ თბილისთან ყველაფერი გაუვა“, – ამბობს ფიქრია ჩიხრაძე ინტერვიუში.

შეკითხვაზე, „განა ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებდა? ევროპის პოზიცია ხომ ისედაც ცნობილია“, რესპოდენტი პასუხობს: „შედეგი მყისიერად არ დგებნა, შედეგის მისაღწევად საჭიროა თანმიმდევრული გეგმისა და პრინციპული პოზიციის გატარება. ერთი ხელის დაკვრით რუსეთსაც არ მოუხდენია საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება, მაგრამ მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად იმუშავა და მიზანსაც მიაღწია.

ჩვენც უნდა ვიმუშაოთ მიზანმიმართულად, სწორი პოლიტიკურ-სამართლებრივი მექანიზმები უნდა შევქმნათ. რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ქართველებთან ყველაფერი გაუვა“.

შეკითხვაზე, „საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობაში სტრატეგია უნდა შეცვალოს“, ფიქრია ჩიხრაძე პასუხობს:

„ჩვენ არ მივეკუთვნებით იმ პოლიტიკურ ძალას, რომელისთვისაც კატეგორიულად მიუღებელიარუსეთთან ყოველგვარი დალაპარაკება, თუმცა აბაშიძე-კარასინის ფორმატს ჩვენც სკეპტიკურად ვუყურებდით იქიდან გამომდინარე, რომ ფორმატის ძირითადი ფუნქციები მკაფიოდ ჩამოყალიბებული არ იყო, მანდატი ნათლად არ იყო გარკვეული.

რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის სესაძლებლობას, ვლადიმირ პუტინმა გარკვეული მზაობა კი გამოხატა, მაგრამ არა მგონია ეს მზაობა პოლიტიკური ყოფილიყო (რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მიზნით). როდესაც ქვეყანა ოკუპირებულია, როდესაც ამ ოკუპაციის სათავეში ვლადიმირ პუტინი დგას, არა მგონია სწორი იყოს მასთან ჩასვლა და საუბარი.

ჩვენ უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული სტრატეგია. მაშინ როცა პრეზიდენტი და პრემიერი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან და არანაირი კოორდინაცია საგარეო პოლიტიკის სფეროში არ არსებობს, არ არის არავითარი გეგმა საგარეო პოლიტიკის განვითარებისა, ასეთ ვითარებაში საქართველო-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრები ქვეყნისათვის ზიანის მომტანი იქნება“

რეზონანსი“, 22 ივლისი, 2015 წელი

აშშ-ის მხრიდან იარაღის მოწოდების საკითხის წამოწევა სიტუაციის გამწვავებაზე ხომ არ მიანიშნებს?

ლიკა ამირაშვილი

კრემლში ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ დაძაბულობა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც გაამწვავოს, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ განაცხადა. საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენები მან “ამერიკის ხმის” ქართულ სამსახურთან ინტერვიუში შეაფასა. “გაუგებარია, რატომ სურს კრემლს ამის გაკეთება. საქართველოს მთავრობა რუსეთთან თანამშრომლობას ცდილობს ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით. შესაძლებელია, რომ რუსეთის ძალაუფლების სტრუქტურაში ვიღაცას სჯერა, რომ მოვიდა დრო, გაძლიერდეს ძალისხმევა, რომელიც მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული”, – განაცხადა კორტნიმ.

ყოფილი ელჩი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე, რადგან ეს მილსადენი, მისი აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ბაქო-სუფსის მილსადენი. ამასთან, მას იმედი აქვს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ დასავლეთი საქართველოს მეტ დახმარებას აღმოუჩენს. “ალბათ, მოვიდა დრო, დასავლეთმა დაიწყოს საქართველოსთვის მეტი დახმარების აღმოჩენა მილსადენების მონიტორინგის მიმართულებით. არ არის აუცილებელი, ეს სამხედრო დახმარება იყოს. ამ მიზნის მიღწევა ტექნიკური დახმარებით, მონიტორინგის დახვეწით, დონორების საშუალებით არის შესაძლებელი. იმის გამო, რომ დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარს ამბობს, რუსები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ შეუძლიათ საქართველოს მიმართ უფრო აგრესიულები იყვნენ და დასავლეთი არც საქართველოს მიაწოდებს შეიარაღებას. ჩემი აზრით, ამერიკის კონგრესში მალე დაიწყება საუბარი იარაღის მიწოდებაზე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. ეს ძალიან მალე არ მოხდება, მაგრამ რამდენიმე თვეში ეს დებატები დაიწყება”, – განაცხადა უილიამ კორტნიმ.

თქვენი აზრით, აშშ-ს მხრიდან იარაღის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხის წინ წამოწევა, რეგიონში სიტუაციის გამწვავებაზე ხომ არ მიანიშნებს? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.

ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): არც პოლიტოლოგი და არც სამხედრო სფეროში მომუშავე სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ საერთოდ იარაღს ასეთი თვისება აქვს – გასროლა იცის, ამიტომ სიშიშროება არსებობს. რაც მეტი იარაღია, მეტი შანსია, რომ რაღაც საომარი მოქმედებები დაიწყოს, რაც ჩვენ არანაირად არ გვაწყობს.

ქეთი ბექაური (იურისტი): იარაღის გადმოცემა ძალიან სერიოზული საკითხია და ღრმა გაანალიზებას საჭიროებს. ამიტომ ჩემი დილეტანტური მოსაზრება არ მგონია, რომ მკითხველისთვის საინტერესო იყოს. თუმცა, როდესაც მშვიდობიან პერიოდში ვცხოვრობთ, თვითონ ტერმინი იარაღის ნებისმიერი სახელმწიფოსთვის გადაცემა, გარკვეულწილად საფრთხის შემცველია. საქართველოს ძალიან ბევრი თვალი უყურებს, არ მგონია, რომ რუსეთს ეს მოეწონოს. ვფიქრობ, რუსეთი ამაზე თავის რეაგირებას გააკეთებს. ჩემი, როგორც გარედან დამკვირვებლის პოზიცია ასეთია – იარაღის გადმოცემა საფრთხის შემცველი იქნება, ძალიან სენსიტიური თემაა, ამიტომ ჯობს თავდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს მოვუსმინოთ. საინტერესოა, იარაღის გადმოცემა საქართველოს რას მოუტანს.

მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): იარაღის გადმოცემა რომ რუსებს გააღიზიანებს, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ამ იარაღით რომ რუსებს ვერ მოვერევით, ესეც გასაგებია. რუსეთთან ჭიდილში იარაღი, გინდ ამერიკამ მიაწოდოს და გინდ საფრანგეთმა, სრული აბსურდია. შესაბამისად, ამით არ მგონია, რუსები შევაშინოთ, ამით მხოლოდ გაღიზინებას გამოვიწვევთ. რუსების გაღიაზინება შეიძლება მიწების მიტაცემაში გამოიხატოს. საქართველოს მთავრობა რომ ამ იარაღს საბრძოლო კუთხით არ გამოიყენებს, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ თვითონ ეს ფაქტორი რომ რუსებს გააღიზიანებს და შემდეგ პროვოკაციების ერთ-ერთი საბაბი გახდება, ეს ფაქტია.

ნინო ლაპიაშვილი  (ა/ო “სუფთა პოლიტიკა”): საქართველო და უკრაინის ბედი ერთმანეთზეა დამოკიდებული. საქართველოში მოვლენები ისე განვითარდება, როგორც უკრაინაში. საფრთხე მუდმივად არსებობს, ამაზე ექსპერტები მუდმივად საუბრობენ. საკითხავია, ჩვენი მთავრობა ამაზე როგორ რეაგირებს. საფრთხეების შესახებ რამდენჯერაც გაჟღერდება, საქართველოს მთავრობა მუდმივად პასუხობს, რომ დათმობისა და კეთილმეზობლურ ფონზე ყველაფერი კარგად არის. რადგან ადგილობრივი და რეგიონული ექსპერტების არ ესმით, ამერიკის ამ განცხადებამ იქნებ გამოაფხიზლოს და ადეკვატური განცხადებები გააკეთონ. ერთია, რომ ქვეყანა გეხმარება, რაც ძალიან კარგია და მეორე ქვეყნის მთავრობას ამ ყველაფერზე როგორი რეაქცია ექნება. არის თუ არა მზად, რომ ასეთი დახმარება მიიღოს და ქვეყნის ინტერესები დაიცვას.

„ახალი თაობა“, 22 ივლისი, 2015 წელი

ინტერვიუ ნუგზარ წიკლაურთან: „ევრაზიულ კავშირში საქართველოს შეტენვა არავის გამოუვა“

საქართველოს პარლამენტის წევრი (უმცირესობა) და „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური, „ახალი თაობის“ ჟურნალისტ შორენა მარსაგიშვილთან საშინაო პოლიტიკურთან ერთად, საქართველოს საგარეოპოლიტიკურ საკითხებზეც საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

„საქართველო ყოველთვის რეაგირებს რუსეთის მიერ გადმოგდებულ დესტრუქციულ ნაბიჯზე, ქვეყანაში შექმნილი მთლიანი სურათი კი ყურადღების მიღმა რჩება. აქ საქმე გვაქვს, ერთი მხრივ, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან, მეორე მხრივ კი – საქართველოს ხელისუფლების უსუსურობასთან. „ქართული ოცნება“ თავის დროზე გამუდმებით აკრიტიკებდა ჩვენს პოლიტიკას რუსეთის მიმართ. მათი თქმით, ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკა ხისტი იყო. ზოგიერთი იმასავ კი უშვებდა, რომ ომი რუსეთს საქართველომ დაუწყო. 2012 წელს „ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში და მათ რუისეთთან ურთიერთობის ახალი გეგმა წარმოადგინეს – ე.წ. დათბობის კურსი“. ითქვა ისიც, რომ საერთაშორისო არენაზე რუსეთს ოკუპანტი არ უნდა ვეძახოთ. თუ მოსკოვის ნაბიჯებს კრიტიკულად არ შევხვდებით, ისინიც მოლბებიან და ამ კუთხით წარმატებას მივაღწევთო. შედგა ახალი ფორმატი – კარასინ-აბაშიძის მოლაპარაკება. იყო იმედები, ყველას ეგონა, რომ რუსეთი მართლაც შეცვლიდა საქართველოსთან დამოკიდებულებას, მაგრამ ორი წელი გავიდა ვხედავთ, რომ რუსეთმა არაფერი არ შეცვლა. მოსკოვზე ენის მოჩლექვით საუბარმა არ გაჭრა“.

„ბოლო წლებში რუსეთი საქართველოს ტერიტორიების მითვისების პროცესს განაგრძობს, თბილისი კი საერთაშორისო არენაზე ძველებურად აქტიურობას აღარ იჩენს. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ვაითუ რუსეთმა პროვოაკაციის მომწყობთ საკადრისი პასუხის გასცესო, თითქოსდა არ ვიცოდეთ, თუ ვინ არის პროვოკატორი კონფლიქტის ზონაში“.

„დღეს მთელი ყურადღება შიდა ქართლისაკენაა გადატანილი, სადაც საოკუპაციო ზოლი გადის, მაგრამ საქართველოს საზღვრების მდგომარეობა არ უნდა დავივიწყოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სომხეთი რუსეთის პატრნიორია. ჩვენ მათთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვსურს. სესაბამისად, სომხეთთან აქტიური დიპლომატიური სამუშაო უნდა ჩავატაროთ, რომ საზღვრების გადმოწევა არ მოხდეს, თორემ ეს თბილისსა და ერევნის ურთიერტობას გააუარესებს, რაც არც ქართველი და არც სომეხი ხალხების ინტერესებში არ შედის“.

„საგარეო კურსთან დაკავშირებით ისევ რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა ისევ დასავლურ კურსს დაუჭერს მხარს. ამის თქმის საფუძველს ისტორია მაძლევს: ჩვენს დიდ წინაპრებს კარგად ესმოდათ, რომ საქართველო დასავლური ცივილიზაციის ნაწილია. ასე რომ, ევრაზიულ კავშირში საქართველოს შეტენვა არავის გამოუვა!“.

საქართველო და მსოფლიო“, 22 ივლისი, 2015 წელი

ინტერვიუ თამარ კიკნაძესთან: „რუსეთის დასუსტებაზე საუბარი ნაადრევია“

ეკა ნასყიდაშვილი

(შემოკლებით)

გასული კვირა პოლიტიკურად ძალიან დაძაბული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ საზღვრისპირა სოფლებში ვითარება არ გამძაფრებულა, ხელისუფლებას ბრძოლა, როგორც პოლიტოლოგები უწოდებენ, დესტრუქციულ ძალასთან _ “ნაციონალებთან” უწევდა. ხალხისა და ოპოზიციის დასაშოშმინებლად პრემიერმა ღარიბაშვილმა რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ საქართველო წართმეულ ტერიტორიებს დაიბრუნებს.

მანამდე კი ამ საკითხზე თავდაცვის მინისტრმაც ისაუბრა. რა უდევს საფუძვლად ხელისუფლების წარმომადგენელთა ამ განცხადებებს? რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას აპირებენ თუ რუსეთის შესუსტებასა და დამხობას ელოდებიან? საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე, ტრადიციულად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი თამარ კიკნაძე გვესაუბრება.

- ქალბატონო თამარ, სოფელ ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებზე ყველას სხვადასხვა ვერსია აქვს…

- მართალია, სხვადასხვანაირი ინფორმაცია ვრცელდება. ოფიციოზის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ ბანერი გადმოწეულია, ზოგი ამბობს, რომ – არა. ფაქტია, ამ ყველაფერს პროვოკაციის ელფერი დაჰკრავს. ალბათ, “ნაციონალებმა” მიიღეს დირექტივა, რათა სიტუაცია არიონ. ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ე.წ. სასაზღვრო ზოლის პერიმეტრი გადაკეტა. ვითარების დესტაბილიზაცია ქვეყნისთვის სახიფათოა. დესტრუქციული ძალები ამას გამოხატვის თავისუფლებასა და დემოკრატიას არქმევენ, მაგრამ ისეთი ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, სადაც არ არის მყარი პოლიტიკური სისტემა, ინსტიტუტები და გარეშე ძალებს საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ, დესტაბილიზაციას მძიმე შედეგები მოაქვს.

დასავლურ ქვეყნებში გამოხატვისა და პროტესტის უფლება კონსტიტუციით არის გამყარებული, მაგრამ, როდესაც პროტესტი ქვეყნის სტაბილურიბას უქმნის საფრთხეს, პროტესტანტებს მკაცრად სჯიან. ჩვენთან და ჩვენნაირ ქვეყნებში კი დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება მანიპულირების საგანია და მას ისეთი ინტერპრეტაცია ეძლევა, როგორიც გარკვეულ გარეშე ძალებს აძლევთ ხელს. როგორც წარსულის მწარე გამოცდილებამ დაგვანახვა, ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან ქვეყანაში კარგად დაფინანსებული ძლიერი მეხუთე კოლონა მოქმედებს.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: რუსეთის გინებაში სააკაშვილმა ამ ქვეყნის საქმე კარგად შეასრულა. როგორ შეიძლება ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი ვიღაცის დაკვეთას ასრულებდნენ?! კოდორის ხეობას გადაარქვა სახელი და ზემო აფხაზეთი უწოდა… ისტორიას არ ახსოვს, ეს ხეობა უცხოს ხელში ყოფილიყო. ხელი შეუწყო აფხაზეთისა და ოსეთის დე იურედ აღიარებას და ახალგორისა და 140 სოფლის დაკარგვას. იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთთან კონსტურქციული დიალოგის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ, მოღალატეებად აცხადებენ, ხოლო მათ, ვინც რეალურად დაკვეთას ასრულებენ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშაობენ და, ამასთანავე, ანტირუსულ რიტორიკას ეწევიან, _ პატრიოტებად.

დღეს ახალი სახეობის ომი მიმდინარეობს. პირველ რიგში, ეს არის საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ომი. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ადამიანებზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებენ, ხოლო ჩვენი განათლების სისტემის ჩართვა გლობალური განათლების სისტემაში და იქ ახალგაზრდა თაობის აღზრდა და სოციალიზაცია სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამ პროცესების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, მაგრამ საზოგადოებაში არის ჯანსაღი ნაწილიც, თუმცა იმავე ტექნოლოგიებით ხდება ამ ნაწილის მარგინალიზაცია, ამიტომ საჭიროა საღი აზრის უფრო მეტი აქტიურობით გავრცელება.

- მთელი კვირის განმავლობაში ბევრს საუბრობდნენ კანონზე ოკუპაციის შესახებ. არ იყო ეს კანონი მისაღები თუ ფორმა არ ვარგა?

- როდესაც რუსეთმა აფხაზეთისა და ოსეთის დე იურე დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ჩვენმა ხელისუფლებამ საპასუხოდ ეს ტერიტორიები ოკუპირებულად აღიარა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენი ქვეყნის ხელისუფალნი შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ. შესაძლოა, ეს იმითაც აიხსნას, რომ გამოუცდელები იყვნენ. მსოფლიო პოლიტიკა სხვა მექანიზმებით იმართება, ამის გამოცდილება კი ჩვენს პოლიტიკოსებს არ ჰქონდათ. ამასთანავე, საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტილებას ხშირად იღებდა ემოციურ ფონზე, რაც დაუშვებელია. დასავლეთი, რომელიც პოლიტიკური ამინდის შემქმნელია, თავის გეგმებს ასწლიანი პერსპექტივით განსაზღვრავს. საჭიროა პოლიტიკის კეთების მექანიზმების ცოდნა, ობიექტური ინფორმაციის მოპოვება პოლიტიკური აქტორების მიზნებზე, პროცესებში გარკვევა და პოლიტიკის რთულ ლაბირინთებში გზის გაკვალვა. საქართველოში კი ანალიტიკური სამსახურები, რომლებიც რეალური სურათის კვლევასა და აღქმას უნდა ემსახურებოდნენ, არ არსებობს. მათზე დაკვეთაც არ არის. ყველა ასეთ სამსახურში ტენდენციურ ანალიზს აკეთებენ _ ამბობენ, რომ რუსეთი ცუდია და დასავლეთი _ კარგი.

პოლიტიკა წინააღმდეგობების თამაშია, ამიტომ სათანადო სამსახურები კარგად ინფორმირებული უნდა იყვნენ. ყველა წინააღმდეგობა შენს სასიკეთოდ უნდა გამოიყენო. არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა, რომელიც ქვეყნის სათავეშია, ყველაფერში გათვითცნობიერებულია.

ვეთანხმები ყველას, ვინც არასამთავრობოების ლუსტრაციას ითხოვს. ცოტა ხნის წინათ ეს რუსეთშიც განხორციელდა, ყველა არასამთავრობოს, რომელიც კი უცხოეთიდან ფინანსდება, უცხოეთის აგენტის სტატუსი აქვს. თითოეული ცენტი კონტროლდება. საქართველოში კი ამინდს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ქმნიან და თავიანთ დირექტივებს გვკარნახობენ და გვაკონტროლებენ.

- მას შემდეგ, რაც საზღვართან არეულობა დაიწყო, პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა რამდენიმეჯერ განაცხადეს, დაკარგულ ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთო. რა უდევს ამ განცხადებებს საფუძვლად? ხომ არ მიიღეს გადაწყვეტილება, რუსეთს დაელაპარაკონ?

- შიგნით რა ხდება, არ ვიცი. შესაძლოა, ეს მხოლოდ პიარის ელემენტებია, რადგან პიარი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. არ ვიცი, რა აძლევთ ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს. რუსეთის მიმართ დასავლეთის პოლიტიკა გამძაფრებულია, თანაც – ყველა მიმართულებით. ავიღოთ, თუნდაც სააკაშვილის დანიშვნა, ირანთან ხელშეკრულების მიღწევა, ნავთობის ფასის დაცემა. ამიტომ არ ვიცი, ჩვენს ხელისუფლებას რა აქვს მხედველობაში, როდესაც მიწების დაბრუნებაზე საუბრობს – რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება თუ რუსეთის პოზიციების შესუსტება. ამას მომავალი გვიჩვენებს.

ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთის აღსასრული დადგა, რბილად რომ ვთქვათ, პრიმიტიულად აზროვნებენ. რუსეთი ამაზე გაცილებით მძიმე მდგომარეობიდანაც გამოსულა, ეს მისი დამახასიათებელი თვისებაა. რუსეთის შესუსტებაზე საუბარი ნაადრევია, განსაკუთრებით – დღეს, როდესაც მოხდა ალტერნატიული ძალების კონსოლიდაცია ბრიჩს-ისა (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) და თშო-ს (თანამშრომლობის შანხაიური ორგანიზაცია) სახით. ვითარება მარტივი არ არის. მსოფლიოში ძალთა დაბალანსებისა და მრავალპოლუსიანი სამყაროს ელემენტები იკვეთება.

Comments are closed