globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 22 ივლისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jul 22nd, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: ახალი კოალიცია პროდასავლურ ფლანგზე

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: „ნაციონალების მტრები ახლა ხმას ნაცმოძრაობას აძლევენ“

რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ძალიან გამიკვირდება, თუ საქართველო არ მიიღებს აზერბაიჯანის მსგავს გადაწყვეტილებას“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „ფეთჰულა გიულენი აქ ინსტიტუტების დაარსებაში ფულს ტყუილად არ ხარჯავს“

რეზონანსი“: „ისლამური ხალიფატის“ სამიზნე ობიექტები საქართველოში

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „დავით ნარმანიამ ჭამაში ნოდარ ხადურს აჯობა… მერიამ რესტორნებში 298.725 დახარჯა“

——————-

რეზონანსი“, 22 ივლისი, 2016 წელი

ახალი კოალიცია პროდასავლურ ფლანგზე

ეკატერინე ბასილაია

მომავალ კვირას საპარლამენტო არჩევნებისათვის ბრძოლას “პატრიოტთა ალიანსის” 6-პარტიული ბლოკის გარდა, მეორე ოპოზიციური ბლოკი შეუერთდება. ოღონდ ეს მეორე ოპოზიციური კოალიცია ე.წ. პროდასავლურად განწყობილი პარტიების გაერთიანება იქნება და წინასწარი ინფორმაციით ახალ გაერთიანებაში, დიდი ალბათობით, იქნებიან: “ახალი მემარჯვენეები”, ზურაბ ჯაფარიძის “გირჩი”, გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო”, პაატა დავითაიას “საქართველოს ევროპელი დემოკრატები”.

შესაძლოა მათ კიდევ ერთი ან ორი პარტიაც დაემატოს, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და კოალიციის სრული შემადგენლობა არ საჯაროვდება.

ბლოკების პარალელურად უკვე გაცხადებულია ის, რომ არანაირ კოალიციას არ შექმნის და კენჭს დამოუკიდებლად იყრის, “ქართული ოცნება”, “რესპუბლიკური პარტია”, “თავისუფალი დემოკრატები”, “ნაციონალური მოძრაობა”, “ეროვნულ ფორუმი” და ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა”.

ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ აქვთ, რას იზამენ “მრეწველები”, რომლებსაც “პატრიოტთა ალიანსთან” გაწევრიანება სურთ, მაგრამ მაქსიმუმ 3 პარტიულ ბლოკში. “პატრიოტთა ალიანსის” ბლოკში კი დღეს 6 პარტიაა გაერთიანებული. “მრეწველებს” ასევე ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიულ მოძრაობასთანაც” სურთ ალიანსი, როგორც გოგი თოფაძე აცხადებს, მათი საგარეო ორიენტაციის გამო, თუმცა ნინო ბურჯანაძის პარტიაში ნებისმიერ ძალასთან გაერთიანებას კატეგორიულად გამორიცხავენ.

ჯერ არავისთან კონსულტაციები არ დაუწყია თამაზ მეჭიაურს, რომელსაც “ქართული ოცნების” დატოვება ანტიდასავლური განცხადებების გამო მოუწია და თვენახევრის წინ ახალი პარტიაც ჩამოაყალიბა – “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”, თუმცა მისი თქმით, ე.წ. ანტიდასავლურად მიჩნეულ პარტიებთან გაერთიანების წინააღმდეგი არ იქნებოდა.

საგულისხმოა ის, რომ, მართალია “ქართულ ოცნებას” განცხადებული აქვს, ცალკე პარტიის ფორმატით მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ისიც გაცხადებულია, რომ მათი პარტიის სახელით იყრიან მაჟორიტარებად კენჭს ზვიად ძიძიგურის “კონსერვატიული პარტიის” წევრებიც და ასევე გია ჟორჟოლიანის “სოციალისტებიც” და რამდენიმე დასახელებულ მაჟორიტარებშიც გამოჩნდნენ უკვე ამ ორი პარტიის წევრებიც.

ჯერჯერობით, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მხოლოდ 2 პოლიტიკურ ბლოკზეა საუბარი: ერთი არის ე.წ. კონსერვატიულ ფლანგზე “პატრიოტთა ალიანსის” ბლოკი, რომელიც 6 პარტიისგან შედგება და თანაც, დაანონსეს ისიც, რომ ბლოკი მალე გაფართოვდება კიდეც. სიის პირველ ნომრად დავით თარხან-მოურავია მიჩნეული; მეორე ბლოკი კი იქნება – ე.წ. პროდასავლურ ფლანგზე, რომლის სახელწოდება და პირველი ნომერი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ე.წ. კონსერვატიულ პარტიათა ბლოკი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერობით საარჩევნო ბლოკი 8 ივლისს შეიქმნა, სახელწოდებით: “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიცია”. აღნიშნულ ბლოკში ექვსი პარტია გაერთიანდა: დავით თარხან-მოურავის “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, კონსტანტინე გამსახურდიას “თავისუფლება”, კახა კუკავას “თავისუფალი საქართველო”, აკაკი ასათიანის “საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი”, გოჩა ჯოჯუას “ახალი ქრისტიან-დემოკრატები” და გია ბერძენიძის “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”.

საგულისხმოა ის, რომ “პატრიოტთა ალიანსის” გარდა, დანარჩენ 5 პარტიას არჩევნებზე რამე შედეგი არასდროს უჩვენებია და მათი რეიტინგიც არასოდეს ყოფილა 1%-მდეც კი. როგორც ახალ პოლიტიკურ ბლოკში განაცხადეს, მათი გაერთიანება ღიაა ყველა პარტიისთვის, გარდა “ნაციონალური მოძრაობისა” და მათთან დაახლოებული პარტიებისა.

ორი დღის წინ კი “პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ მათთან მოლაპარაკებებს რამდენიმე პარტია აწარმოებს და შესაძლოა მალე ბლოკი 8 პარტიამდე გაფართოვდეს.

“ახლა მეშვიდეც შემოვა. თითქმის ყველა პარტიას მიჰყავს ჩვენთან გაერთიანებაზე მოლაპარაკება. არ მგონია, რომ სხვებთან არის ამდენი მოლაპარაკება. იმ პარტიებთან რატომ არ ლაპარაკობენ, ვისაც ვითომ მაღალი რეიტინგი აქვთ? პირდაპირ ვამბობ, 6 პარტია იმიტომ გაერთიანდა, რომ სწორედაც ჩვენ გვაქვს რეიტინგი და ამჟამადაც 4 პარტიასთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება. მაგალითად იგივე გოგი თოფაძესთნაც ვსაუბრობთ. ასევე მოლაპარაკება გვაქვს “სამეფო გვირგვინთან”. არის ასეთი პარტია, რომელიც თავადაზნაურობას წარმოადგენს. ასევე “აფხაზეთის დევნილების” პარტიასთანაც. ვიხილავთ თუ არა მათ ჩვენს ბლოკში, ამას დრო დაგვანახებს”, – აცხადებს დავით თარხან-მოურავი, რომელიც აანონსებს, რომ ბლოკის სიას აგვისტოს დასაწყისში წარადგენს. მისივე თქმით, ბლოკში გასაწევრიანებლად საგარეო მიმართულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ ეს საარჩევნო გაერთიანება მხოლოდ იმისათვისაა, რომ მეტი ხმა მოიპოვონ.

“რეზონანსთან” საუბრისას გოგი თოფაძე უარყოფს, რომ “მრეწველები” “პატრიოტთა ალიანსის” ბლოკში გაწევრიანებას გეგმავენ.

“არავისთან ალიანსს არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ჩვენ ჯერ არჩევნებზე მარტო გვინდა გასვლა. მოლაპარაკება არის ყველა იმ ძალასთან, ვისთანაც ჩვენ რამე საერთო გვაქვს, ეს არის იგივე ნინო ბურჯანაძეც, მეჭიაურის გუნდიც, პატრიოტთა ალიანსიც, მაგრამ 8 პარტიისაგან შემდგარი ბლოკი უკვე კომიკური გამოგვივა”, – ამბობს გოგი თოფაძე. მისი თქმით, “პატრიოტთა ალიანსის” ბლოკში თუ 8 პარტია იქნება, მაშინ ძალიან ბევრი, 40%-მდე ხმა უნდა აიღონ, ეს კი ძალიან ძნელია. ხოლო თუ “პატრიოტები” ამ პრობლემას როგორმე მოაგვარებენ და მაქსიმუმ 3 პარტია შეიკვრება ბლოკად, მაშინ ერთად ძალიან დიდ შედეგს მიაღწევენ.

გოგი თოფაძე იმასაც ამბობს, რომ თუკი ბლოკში გაწევრიანება არ მოხდება, ისინი ურთიერთობას არ შეწყვეტენ. “ჩვენ კვალიფიციური სუბიექტი ვართ და გვინდა ეს ჩვენს მიერ წინა წლებში მიღწეული შევინახოთ. თუმცა ჩვენ მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და არ ვწყვეტთ ამ ურთიერთობას. თუ ჩვენ ცალკე ვიქნებით, ჩვენ გვაქვს რაღაც პრიორიტეტები, ყველა საარჩევნო უბანში გვყავს ჩვენი დამკვირვებელი, უბნის წევრი და მაქსიმალურად ვეცდებით ჩვენი პარტნიორების ინტერესები დავიცვათ. ჩვენს ხალხს დავავალებთ, ყურადღებით იყვნენ და იქ სხვა პარტიებმა რამე არ იმაიმუნონ”, – დასძენს გოგი თოფაძე.

“მრეწველებთან” რამე სახის მოლაპარაკებას უარყოფენ ნინო ბურჯანაძის პარტიაში. როგორც “დემოკრატიული მოძრაობის” წევრი გიორგი ახვლედიანი ამბობს, პარტია არც ერთ სხვა პოლიტიკურ ძალასთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს. “თუ ბატონ გოგის საუბარი აქვს ჩვენი პოლიტიკური ძალის ვინმე კონკრეტულ წარმომადგენელთან და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ხდება უბრალოდ, ეს სხვა თემაა. ჩვენ ვაცხადებთ, რომ დემოკრატიული მოძრაობა თვითკმარი პოლიტიკური ძალაა და სერიოზული შედეგების მისაღებად ჩვენ დამატებითი ინსტრუმენტების აუცილებლობა არ გვაქვს”, – ამბობს გიორგი ახვლედიანი.

ე.წ. პროდასავლური ბლოკი

“ნაციონალურ მოძრობის” ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მას და სხვა რამდენიმე პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას მოლაპარაკება აქვთ ერთიანი საარჩევნო კოალიციის შექმნაზე და მათგან ერთ-ერთი მისი ყოფილი თანაგუნდელებისგან შექმნილი ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩია”. იგი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში უკვე ცნობილი გახდება რამდენპარტიული კოალიციით გამოვლენ საარჩევნო ასპარეზზე, ამბობს რომ შესაძლოა ახალ კოალიციაში 5 ან მეტი პარტიაც კი ვიხილოთ.

“გარკვეული მოლაპარაკება არის სხვადასხვა პროდასავლურ პარტიებთან, თუმცა ჯერ საბოლოოდ არაფერი გადაწყვეტილი არ არის. ვნახოთ, როგორ ჩამოვყალიბდებით, რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ ერთ კვირაში, ყველაფერი გახდება ცნობილი. ზუსტად რამდენი პარტიისგან შეიქმნება გაერთიანება, არ ვიცი, შეიძლება ხუთიც იყოს”, – ამბობს გიორგი ვაშაძე და იმასაც აღნიშნავს, რომ მათ ბლოკში გაერთიანებული პარტიები საზოგადოებისთვის ცნობილი პოლიტიკური ძალები იქნება.

“ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ახალი ბლოკის შექმნაზე კონსულტაციებს ადასტურებს. უფრო მეტიც, ამბობს რომ თავიდანვე მისი პარტიის იდეა იყო, “ოცნებისა” და “ნაციონალების” საპირწონედ შექმნილიყო დიდი ოპოზიციური გაერთიანება, თუმცა, მისი თქმით, გარკვეულმა პარტიებმა ამბიციების გამო მისი იდეა არ გაიზიარეს, ახლა კი 5-6 პარტიისგან შემდგარი მემარჯვენე ორიენტაციის პროდასავლური ძალების გაერთიანებაზეა მოლაპარაკება.

“ჩვენ იმთავითვე ვთქვით, რომ მხოლოდ და მხოლოდ ბარიერის დაძლევისთვის, პოლიტიკური ტივტივისთვის ზრუნვა არ იქნებოდა მიზანშეწონილი და უმჯობესი იყო, გაგვეკეთებინა ძლიერი, მყარ საფუძველზე დამყარებული პოლიტიკური ბლოკი და არა მარტო საარჩევნო ბლოკი და ეს ბლოკი 2016 წლის არჩევნების შედეგ დაფიქსირებულიყო, როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტორი. სამწუხაროდ, მთელმა რიგმა პარტიებმა, ვიწრო პარტიული მერკანტილური მომენტით აირჩიეს გათითოკაცებისკენ ნაბიჯების გადადგმა და ის, რაც ჩვენ გვქონდა ჩაფიქრებული, რომ დიდი და მრავალსუბიექტიანი ძლიერი გავლენის მქონე ბლოკი შექმნილიყო, არ გამოვიდა.

ახლა ჩვენი “მემარჯვენეების” მცდელობაა, რაღაცნაირად ავიცილოთ ცალკეულ პარტიებად დაქსაქსვა, რომელიც ახლანდელი ხელისუფების წისქვილზე დაასხამს წყალს, ისე, როგორც წინა ხელისუფლების წიქვილზე, რომელიც ცდილობს, რომ ე.წ. მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი შეინარჩუნოს. ამიტომ ჩვენ ორ კონკრეტულ კრიტერიუმზე დაყრდნობით ვცდილობთ გავაკეთოთ ეს პოლიტიკური ბლოკი, რომელიც მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებით არ იქნება შემოფარგლული. ეს ორი კრიტერიუმია: ერთი, იდეოლოგია – მემარჯვენეობა და ცენტრიზმი, ნეოკონსერვატიზმი, ლიბერალიზმი ან მასთან წილნაყარი იდეოლოგიები. მეორე ეს გახლავთ – საგარეო პოლიტიკური ვექტორი. ამ კრიტერიუმების მიხედვით ჩვენ კარგა ხანია 5-6 პარტიასთან გვაქვს მოლაპარაკება, ზოგან კარგად მიდის სიტუაცია, ზოგთან – არც ისე კარგად’, – ამბობს მამუკა კაციტაძე.

“ახალი მემარჯვენეების” ლიდერი კოალიციის სავარაუდო წევრების სახელწოდებას არ ასახელებს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ ამ მოლაპარაკებებიდან “რა გამოდნება” დაახლოებით მომავალი კვირის ბოლოს ვნახავთ და ყველა, ვინც კოალიციაში იქნება, საზოგადოებისთვის ცნობილია და მათ შორის იქნება როგორც ძველი, ისე ახლად შექმნილი პარტიებიც.

„ახალი თაობა“, 22 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: „ნაციონალების მტრები ახლა ხმას ნაცმოძრაობას აძლევენ

მოძრაობა „საქართველოს გადარჩენის“ ლიდერი მირიან მირიანაშვილი „ახალი თაობისათვის“ მიცემულ ინტერვიუში  ნაციონალური მოძრაობის ანტისახელმწიფოებრივ გეგმებზე საუბრობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეინკარნაცია და პოლიტიკური რევანშისთვის მზადება გრძელდება. ასევე გრძელდება ხელისუფლების უმოქმედობა“, – ამბობს იგი.

- ბევრი მიიჩნევს, რომ ნაციონალები თავიანთ პოსტსაარჩევნო რევოლუციურ გეგმებს სისრულეში ვერ მოიყვანენ...

- ვინც ამბობს, რომ ნაცმოძრაობას ხალხი მხარს არ უჭერს, ის ადამიანებს ქუჩაში ვერ გამოიყვანს და ამიტომ არაფერი გამოუვა, ცდება. სააკაშვილი თავისი გარემოცვის დახმარებით ახლაც გაითამაშებს ნაცად პოლიტიკურ კომბინაციას. ეს კომბინაცია-გარიგება მან 2003 წელსაც აამოქმედა.

- რა გარიგებაზე საუბრობთ?

- მაშინ ნაცმოძრაობის ლიდერებმა გარკვეული კონტრაქტი დაუდეს დაბალი და საშუალო რანგის ჩინოსნებს. მათ სამომავლოდ შეჰპირდნენ თანამდებობებს გარკვეული დავალებების შესრულების სანაცვლოდ. მაგალითად, ამა თუ იმ შენობის ბლოკირებისა და პიკეტისათვის მათ ადამიანების ჯგუფი უნდა შეეკრიბათ. ვაკის რაიონის გამგეობის ბლოკირება მოახდინეს ასეთმა გარიგებულმა მოხელეებმა. ამ ყველაფრის ორგანიზება კი ნაცმოძრაობის ვაკის ორგანიზაციამ ითავა. 2003 წელს მიმდინარე აქციები ასე იმართებოდა, უფრო სწორად, ძირითადი ღონისძიებების ბირთვს ნაცმოძრაობასთან გარიგებული ჩინოსნები და მათ მიერ შეკრებილი ხალხი წარმოადგენდა.

- მაშინ რეგიონებიდანაც ხომ ჩამოიყვანეს ხალხი?

- დიახ, ბოლოს დაქირავებული ადამიანებიც ჩამოიყვანეს, მაგრამ იმდროინდელი მოვლენების ბირთვს გარიგებული ჩინოსნები წარმოადგენდნენ. მაშინ ნაციონალები დაახლოებით 11 ათას ადამიანს შეჰპირდნენ სკამს. ვარდების რევოლუცია ასეთი კომბინაციით მოახდინეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ გადატრიალებას, ხელისუფლებაში მოსვლასა და 2003 წლის მოვლენების გამეორებას არ სჭირდება ხალხის მხარდაჭერა. ამ მეთოდებს ნაცმოძრაობა ახლაც გამოიყენებს.

ნაცმოძრაობა რომ არ გაჩერდებოდა, ყოველთვის ვამბობდი. მაშინ ზოგი თეთრ ყვავად მთვლიდა. ამ კომბინაციას პირველად ვასაჯაროებ. 2003 წელს ქუჩაში სულაც არ იყვნენ სააკაშვილის იდეური მომხრეები. ასეთები მას თითქმის არ ჰყავდა. მომხრეების უქონლობა ახლაც არ შეუშლის ხელს გეგმების განხორციელებაში. ასე რომ, ნაციონალების მთავარი კოზირი ეს ნაცადი კომბინაციაა და არა დიდი ფული და საერთაშორისო მხარდაჭერა.

- ხელისუფლება რას აკეთებს ამ დროს?

- იმ დროს, როცა პოლიტიკური ცუნამი შეიძლება კაბინეტში დაიგეგმოს, როცა გადატრიალება მზადდება, ხელისუფლება არაფერს აკეთებს. „ქართული ოცნება“, თავის წარმოდგენაში, ამზადებს ევროპულ არჩევნებს. ხელისუფლება, ჯერ ერთი, ვერ გრძნობს, რომ რეიტინგი დაუვარდა, და მეორე, ის ევროპული ტიპის ოპონენტად აღიქვამს ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც წესების გარეშე თამაშობს.

- საარჩევნო თემაზე გამოსვლების გარდა, პიკეტებსაც უნდა ველოდეთ?

- დიახ. მომავალი არჩევნების შესახებ ნაციონალურ მოძრაობას დიდი ხანია გაშლილი აქვს პროპაგანდა. მიდის საზოგადოებისა და უცხოელი კოლეგების დარწმუნება იმაში, რომ ივანიშვილი აყალბებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

- აჭარაშიც გაძლიერდნენ ნაციონალები?

- დიახ. სხვათა შორის, აჭარაში უფრო ძლიერად გამოჩნდა ერთი ტენდენცია, რომელიც მე თბილისშიც შემიმჩნევია. ნაცმოძრაობაზე ცოტა ხნის წინ გადამტერებული ადამიანები ახლა აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ დასაჯა ნაციონალი დამნაშავეები, არ გაამართლა იმედები, ამიტომ ახლა ხმას ნაცმოძრაობას მისცემენ.

- ნაცმოძრაობაზე გადამტერებული ხალხი ხმას ნაცმოძრაობას აძლევს?

- დიახ. ამის ახსნა ძნელია, შეიძლება, ამის განმარტება ფსიქიატრიის სფეროს მიეკუთვნებოდეს, მაგრამ ხალხს ვხვდები და ზუსტად ვიცი, რომ ასეთი ტენდენცია არსებობს.

- პაატა ბურჭულაძის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ნაცმოძრაობა პირველ ადგილზეა...

- პაატა ბურჭულაძის კავშირი ნაცმოძრაობასთან ყოველთვის თვალსაჩინო იყო. მას თავიდანვე უწოდეს სატელიტი. ჯერ პაატა ბურჭულაძის პარტიის საარჩევნო სია არ გამოქვეყნებულა. ეს სია ბევრ რამეს დაადასტურებს. დარწმუნებული ვარ, ამ სიაში მიხეილ სააკაშვილის მიერ ვიზირებული ხალხი იქნება.

- სავარაუდო გადატრიალების საწინააღმდეგოდ რა უნდა გაკეთდეს?

- ხელისუფლებამ უნდა გამოამზეუროს ნაციონალური მოძრაობის კულინარია, უნდა გაასაჯაროოს, რომ არსებობს რევოლუციური სამზადისის გეგმები, რომლებიც მიმართულია სახელმწიფოს სტაბილურობის წინააღმდეგ. სახელმწიფოს ჰყავს სპეცსამსახურები, რომლებიც, წესით, ამ ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყვნენ. ქმედებები სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, ხელისუფლების დამხობა დასჯადია. პოლიტიკაში ოდნავ ჩახედულმა მოქალაქემაც კი იცის, რომ ნაციონალებს სახიფათო გეგმები აქვთ.

რეზონანსი“, 22 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ძალიან გამიკვირდება, თუ საქართველო არ მიიღებს აზერბაიჯანის მსგავს გადაწყვეტილებას

ნინო ქეთელაური

“თურქეთის საკითხი საქართველოსთვის არ შემოიფარგლება ანკარის და თბილისის უერთიერთობებით. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვინდა ვიხილოთ, ძლიერი, დემოკრატიული თურქეთი, რომელიც ღირსეულად შეასრულებს საკუთარ როლს შავი ზღვის აუზის თავკაცობაში”, – განაცხადა “რეზონანსთან” ინტერვიუში პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა თურქეთში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.

თურქეთში მიმდინარე მოვლენები, საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნები, ე.წ კაბელების საქმე, რუსეთში ქართული ღვინისა და “ბორჯომის” აკრძალვა – ეს ის საკითხებია, რასაც პოლიტოლოგი “რეზონანსთან” საუბრისას მიმოიხილავს.

- როგორ შეაფასებთ თურქეთში მიმდინარე მოვნელებს? როგორც ცნობილი გახდა, თურქეთი დროებით აჩერებს იმ ვალდებულებებს, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით ეკისრება…

- რასაკვირველია, ჩვენ ვოცნებობთ დემოკრატიულ თურქეთზე და მისი ნებისმიერი, ნაკლებ დემოკრატიული ქმედება გვაშორებს ამ ოცნებას. რა თქმა უნდა, თურქეთისგან ყველა მზაობა დასაფასებელია, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტებში, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მხარდაჭერით იჩენს, მაგრამ როდესაც ჩვენი მეგობარი სჩადის რამე ისეთს, რაც ჩვენთვის მიუღებელია და თანაც არ გვაქვს ის პოზიცია, რომ შენიშვნა მივცეთ, ეს არ არის მარტივი. მხოლოდ თავშეკავება, ამ პრობლემის განხილვები (მაგრამ არც თუ საჯარო) უნდა იყოს წინაპირობა, შემდეგი წარმატების მოლოდინისა.

ძალიან რთულია, რომელიმე დემოკრატიულმა ქვეყანამ აღიქვას, როგორ ხდება 1 დღეში მრავალათასიანი არმიის დაპატიმრება, ამდენი ადამიანის სამსახურიდან დათხოვნა, სასწავლო პროცესის შეჩერება და ამის საფუძველი იყოს მხოლოდ 1 სუბიექტი, რომელიც თურქეთიდან ამერიკაში იყო განდევნილი. რომელიც შესაძლოა თურქულ საზოგადოებაში დიდი გავლენის მქონე იყოს, მაგრამ რამე საფუძველი იმისა, რომ ასეთი ადამიანის არსებობის გამო, ზურგი შეაქციო ადამიანების უფლებებს და დემოკრატიის მთავარ საფუძვლებს, დარწმუნებული ვარ, თავად თურქეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელი იქნება.

სასწრაფოდ უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი ჯგუფები, რომელიც ნეიტრალური პოზიციებიდან შეეცდება თურქეთის ხელისუფლების დარწმუნებას, რომ ყველაფერი კანონიერების ფარგლებში განხორციელდეს. თურქეთის პრეზიდენტისთვის ეს არაერთხელ მიუთითებიათ ამერიკისა და ევროპის ლიდერებს. გასაგებია, რომ მიუღებელია ის ძალა, რომელიც არა თუ გებრძვის, არამედ გიმეტებს გასანადგურებლად, მაგრამ სახელმწიფოს ხელმძღვანელობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ პირველი პირი, რომელიც მოსახლებამ აირჩია, უნდა იყოს თავშეკავებული სამაგიერო ნაბიჯების გადადგმისგან.

ჯერ-ჯერობით სიმშვიდის საფუძველს ვერ ვხედავ, როცა ხელისუფლების უმაღლესი შტოებიდან ყოველდღიურად რაღაც ახალი მოთხოვნები და ულტიმატუმები მჟღავნდება ამერიკის შეერთებული შატატების პრეზიდენტის მიმართ. მიუხედევად იმისა, რომ სწორედ აშშ-ს პრეზიდენტი იყო, რომელმაც თურქეთის პრეზიდენტს პირველმა გაუწოდა მხარდაჭერის ხელი. ახლა კი დაუშვებლად შეაფასა სახელმწიფო ხელისუფლებაში არსებული განხეთქილება, რაც აიტაცა კიდეც მთელმა ევროპამ.

უკვე გავიდა საკმარისი დრო იმისთვის, რომ რეალობას, უფრო მეტი სიმშვიდით, თვითკრიტიკით, არსებულ სიტუაციაში საკუთარი როლის მოძიებით და შეფასებით მიუდგეს ნებისმიერი პოლიტიკური ძალა.

მაშინ, როდესაც ქურთების პარტიამ გააკეთა სრულიად მკაფიო, დროული განცხადება, მხარი დაუჭირა თურქეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს და უარყო ამბოხებულების მხარდაჭერა, ეს უნდა შეფასებულიყო და გარკვეული პოზიტივის შემტანი უნდა ყოფილიყო იმ რეალობაში, სადაც თურქულ და ქურთულ ძალებს შორის არსებული დაძაბულობა გადასულიყო მესამე, მეოთხე პლანზე.

როდესაც, თურქეთში განვითარებულ მოვლენებს მაშინვე მოჰყვა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სრულიად გაუგებარი, უდროო და უნამუსო განცახდება, რომ თურმე დადგა ჟამი, როცა კავკასიაში უნდა განმეორდეს სირიისთვის დამახასიათებელი მოვლენები, ცხადია, რუსი მინიტრები ასეთ განცხადებებს საკუთარი ინიციტივით არ აკეთებენ, ისინი პრეზიდენტის პოციზიას აჟღერებენ.

ამიტომ, თურქეთის საკითხი საქართველოსთვის არ შემოიფარგლება ანკარის და თბილისის უერთიერთობებით. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვინდა ვიხილოთ, ძლიერი, დემოკრატიული თურქეთი, რომელიც ღირსეულად შეასრულებს საკუთარ როლს შავი ზღვის აუზის თავკაცობაში. არსებობს მისი მოწინააღმდეგე დიდი რუსეთიც, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციები და განვითარებული მოვლენების სხვადასხვა მიმართულებანი მისცემენ თურქეთს იმის საშუალებას, რომ ჯერ კიდევ 80 წლის წინ მიღებული კანონების შეცვლის საკითხი დასვან.

- საუბარი იყო საქართველოში არსებულ, გიულენის მიერ დაფინანსებულ კოლეჯებზეც… ამასთან დაკავშირებით, ნინო ბურჯანაძემ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ დახუროს ყველა ის კოლეჯი, რომელიც გიულენის სახელს უკავშირდება. როგორ ფიქრობთ, ამ კოლეჯებიდან რეალურად არსებობს რამე საფრთხე?

- საქართველოს მთავრობამ სრულიად მკაფიო ნაბიჯი გადადგა და პრაქტიკულად, ფიცი დადო თურქეთის დღევანდელი მთავრობის წინაშე. მე ძალიან გამიკვირდება, თუ არ იქნება მინუმიმ ანალოგიური გადაწყვეტილება მიღებული, რაც რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მიიღო, რომელმაც ბაქოში ასეთი დაფინანსების მქონე უნივერსიტეტი დახურა. ამიტომ, რომ არ აღმოვჩნდეთ 2 კურდღლის მადევრის როლში, გავიზიაროთ არა თურქეთის ელჩის, რომელიც დიპლომატია და საკუთარი მოსაზრების გამხმოვანებელ ვერ იქნება, არამედ ამ საკითხისადმი თურქეთის პრეზიდენტის დამოკიდებულება. გადაწყვეტილებას რაც უფრო დავაყოვნებთ, მით უფრო უმადურები აღმოვჩნდებით დღევანდელი ანკარის ხელისუფლებისთვის, რამაც უფრო მეტი ზიანი შეიძლება მიაყენოს ჩვენ შემდგომ თანამშრომლობას.

- ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე მინდა გკითხოთ, როგორ შეფასებთ ტრამპის შანსებს და თუკი ის გაიმარჯვებს, შეიცლება თუ არა ამერიკის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ?

- შეიძლება უაღრესად სუბიექტური ვარ, მაგრამ მჯერა, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ყველამ უნდა ავიკრათ გუდანაბადი და ავსტრალიაში და მის ირგვლის არსებულ კუნძულებზე გადავსახლდეთ. მისნაირი გაუწონასწორებელი პირი, ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფოში, რომელსაც 24 საათის განმავლობაში პლანეტის პულტზე აქვს ხელი დადებული, იმ გამონათქვამების გამო, რასაც მისი გაულშემატკივრები დიდებულ გამონათქვამებად აფასებენ, უპირველესი საფრთხეა არამარტო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არამედ ზოგადად პლანეტისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის მოსახლეობა, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია რა არის კარგი და რა ცუდი, რომელმაც შექმნა ყველაზე დახვეწილი სარჩევნო სისტემა, როგორც ყოველთვის, ნოემბრის პირველ ოთხშაბათს, იტყვის თავის სიტყვას და ბატონი ტრამპიც შეგვრჩება, როგორც საინტერესო კონფერანსიე რომელიმე პოლიტიკური საესტრადო კონცერტებისა.

- როგორ შეფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში და როდის იქნება ყველაზე დაძაბული პერიოდი?

- პიკად შეიძლება მოვიაზროთ მხოლოდ ურთიერთთავდასხმა კონკურენტებში. თუ ხელისუფლება არ დაიზარებს და კვლავ ყოველდღურად მოიხმარს ორგანიზაციულ რესურსებს, პიკი ვერ დადგება, რადგან მათი საპირწონე პოლიტიკური ძალა, ცალკე არ არსებობს.

დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ რამე სახის გაერთიანება არ ჩანს და ვერც გაჩნდება, იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიებიდან პირადი თავმოწონება და ამბიციები ჩანს მხოლოდ, სამწუხაროდ, არ არის სახელმწიფო ინტერესის წარმოჩენის პერსპექტივა.

პიკი დაიწყება მაშინ, როდესაც კონკურენტები საბოლოოდ დაკარგავენ სინდისს და დაიწყებენ ერთამანეთის მიმართ ცილისმწამებლური და შეთითხნილი ინფორმაციების გავრცელებას სხვადასხვა მედიასაშუალებებით.

სამწუხაროდ, არ არსებობს ჩვენში კანონი, რომ თუ ასეთი ცილისწამება გავრცელდა, დაისაჯოს ის მედია, რომელიც გადაუმოწმებლად, შესწავლის გარეშე გაავრცელებს ცილიწამებლურ ინფორმაციებს.

იმ ტექსტშიც კი, რომელიც პრემიერმა კვირიკაშვილმა გადაუგზავნა პარლამენტს და პარლამენტმაც უმალ მიიღო გადაწყვეტილება და რომლის მიხევითაც, ახლა გვაქვს ქაღალდზე დაწერილი სითბო და სიტკბო ერთმანეთის მიმართ, სიტყვა ცილისწამება და მისი მიუღებლობა არ ფიგურირებს. ჩვენ ერთმანეთი არ უნდა გავტყიპოთ, არ უნდა დავჭრათ, მაგრამ თუ ცილისწამებლურ კამპანიას გავაჩაღებთ, რომლის შესწავლასაც ვერ მოასწრებს ვერავინ, ეს თურმე არ არის დასჯადი. ჩემი აზრით, დროა, წინასაარჩევნო პერიოდში ცილისწამება საკმაოდ მკაცრი მუხლით იყოს დასჯადი ქმედება.

- კაბელების საქმეზე, “თავისუფალი დემოკრატები” სამოქალაქო საზოგადოებას სთხოვენ დახმარებას, როგორ ფიქრობთ, ამ საქმეში, საზოგადოების ჩართულობა რა შედეგს გამოიღებს?

- არ ვიცი, საკუთარ შეცდომებზე რამეს წავლობს თუ არა ბატონი ივანიშვილი, მაგრამ წესით, მან უნდა გაიხსენოს საკუთარი შეცდომა, რასაც ადგილი ჰქონდა 2013 წელს, ე.წ ტრაქტორების საქმეზე. აბსოლუტურად გამოუცდელი პოოლიტიკოსი ბატონი ბიძინა, რატომღაც ყოველდღიურად ასრულებდა პროკურატურის ადვოკატის ფუნქციას, რაც მიუღებელი იყო ამ საკითხში ღრმად გაცნობიერებული დამოუკიდებელი ექსპერთა კლუბის წევრებისთვის.

სწორედ ეს თემა აღმოჩნდა საფუძველი იმისა, რომ უკანასკნელ ასეთ შეხვედრაზე (სადაც ბატონმა ბიძინამ 20-მდე ექსპერტიდან ვერცერთისგან ვერ მიიღო თანხმობა მის პოზიციაზე), დატოვა დარბაზი იმ განცხადებით, რომ ჩემი ფეხი აქ აღარ იქნებაო. მაგრამ ჰკითხეთ ტრაქტორების საკითხის და ე.წ კაბელების საქმის ადვოკატს, ბატონ სოსო ბარათაშვილს, რომელიც ყვევლაზე მეტად არის ამ საქმეში ინფორმირებული, რა წარმოდგენა შეიძლება ჰქონდეს ამ საკთხზე ივანიშვილ 2013-ს და ივანიშვილ 2016-ს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორივე საკითხი ადრე თუ გვიან, მისი პოლიტიკური კრახის სერიოზული საფუძველი გახსდება.

„ახალი თაობა“, 22 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „ფეთჰულა გიულენი აქ ინსტიტუტების დაარსებაში ფულს ტყუილად არ ხარჯავს

თურქეთში განვითარებულ პროცესებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია ეხმიანება.

- თურქეთში ბევრი სასწავლებელი დაიხურა, ბევრი მასწავლებელი გათავისუფლდა სამსახურებიდან და ამბობენ, რომ თურქეთი ყველა იმ ქვეყანაზე განახორციელებს ზეწოლას, სადაც ფეთჰულა გიულენის მიერ დაარსებული სასწავლო ცენტრები არსებობს. რა ხდება ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში?

- არა, თურქეთი ზეწოლას ვერ განახორციელებს, მაგრამ, თუ თურქეთის ხელისუფლება ინფორმაციულად მოგვამარაგებს ფეთჰულა გიულენის სკოლების რეალური ფუნქციის შესახებ და საზოგადოებასა და ხელისუფლებასაც აუხსნის, ეს კარგი იქნება. მე ამას მივესალმები. მივესალმები გენერალური კონსულის გულახდილობასაც.

- ეს ყველაფერი ხომ არ არის გაზვიადებული?

- ცოტა მკვეთრად არის ნათქვამი, შეიძლება, დიპლომატის უჩვეულო კონტექსტშია ნათქვამი. გენერალური კონსული იმას კი არ გულისხმობდა, რომ აქ პირდაპირ ტერორისტებს ამზადებენ, აქ ამზადებენ ახალგაზრდების ტვინებსა და ფსიქოლოგიას, რომ სამომავლოდ ის ადვილი გადასაბირებელი იყოს, როგორც ტერორისტი. საუბარია იდეოლოგიურ მოწამვლაზე, რადიკალიზაციაზე. ამის შესახებ განაცხადა კონსულმა.

- ჰქონდა საფუძველი ასეთ განცხადებებს?

- ამას რომ საფუძველი აქვს, ეს თავისთავად ცხადია. სირიაში საკმაოდ ბევრი ქართველი იბრძვის. სწორედ საქართველოში მოხდა მათი გონების, მათი ფსიქოლოგიის მოწამვლა.

- საკმაოდ პრესტიჟული სკოლები და უნივერსიტეტები დასახელდა, ძვირადღირებული, ასე ვთქვათ, ელიტა რომ სწავლობს. ამ ხალხს ინფორმაცია არ აქვს? ასე ბრმად მიჰყავთ შვილები ამ თურქულ სასწავლებლებში?

- ფეთჰულა გიულენი და მისი ორგანიზაცია ქსელური სტილის ორგანიზაციაა. ყველა ქვეყანაში მუდმივად ქმნიან ქსელებს. ასეთივე ქსელი აქვს მას შექმნილი თურქეთში, საქართველოში, ასეთივე აქვს შეერთებულ შტატებში და ბევრ სხვა ქვეყანაში, სადაც ხდება მათი იდეოლოგიის გავრცელება. ეს სწორედ ელიტასთან კომუნიკაციის დამყარების საშუალებაა მათთვის. მერე ამ ელიტის გამოყენება ხდება სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღებისათვის. დააკვირდით, თურქეთში რა სივრცეს შეუტიეს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა.

- რა სივრცეს?

- სამხედროებსა და განათლების სისტემას. 40 ათასამდე პედაგოგი და უმაღლესი სასწავლებლის პროფესორია დათხოვნილი სამსახურიდან. თქვენ წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა ციფრია?! ეს სულ ფეთჰულა გიულენის საშუალებით შექმნილი ქსელია. თუ ასეთი ქსელის შექმნით გიულენმა თურქეთში, ასეთ ძლიერ სახელმწიფოში მოახერხა წყლის ამღვრევა, მაშინ საქართველოში ამ ქსელის არსებობით არ უნდა ინტერესდებოდნენ სპეცსამსახურები?! ამაზე რამდენი წელია ვლაპარაკობ. 2012 წელს სააკაშვილი ამიტომ გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან და სწორედ ამიტომ მოაწყო ისტერიკა. მე მაშინ იგივე ვთქვი და დოკუმენტები წარმოვადგინე! ზუსტად ეს ინფორმაცია გავაჟღერე პარლამენტში, როცა ის გამწარებული გავარდა პარლამენტის დარბაზიდან.

- რატომ დაუკავშირეს ეს სასწავლებლები სააკაშვილსა და გიული ალასანიას?

- ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები როცა ქვეყანაში შედიან, უკავშირდებიან პოლიტიკურ ელიტას. იგივე სტილი განახორციელეს საქართველოშიც, პრეზიდენტის დედას მიაგნეს და სახელმწიფოს სუსტი წერტილი უპოვეს – კორუმპირებული პრეზიდენტის კორუმპირებული დედა. მისი საშუალებით მათ აქ შექმნეს ქსელი. შავი ზღვის უნივერსიტეტის დამფუძნებლებში შეიყვანეს გიული ალასანია და დანიშნეს პრორექტორად. შესაბამისად, გიული ალასანია გახდა მათი პოლიტიკური გიდი და ლობისტი საქართველოში იმისთვის, რომ თავისი ქსელური სისტემა შეექმნათ. მათ დააარსეს ფინანსური კომპანია ჩაღლარი და ამ კომპანიის საშუალებით შეიქმნა ზუსტად 18 დაწესებულება, საბავშვო ბაღებიდან დაწყებული, უმაღლესი უნივერსიტეტებით დამთავრებული.

- ამ განცხადებებმა საქართველოში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია. ითქვა, რომ ეს უსაფუძვლო განცხადებები და ცილისწამებაა.

- დიახ, ჩემი განცხადებების შემდეგ ძალიან სერიოზული შემოტევა იყო ამ ჩაღლარის სკოლის მასწავლებლებისა და მშობლების მხრიდან. მე არასდროს მითქვამს, რომ ამ სასწავლებლებში ტერორისტებს ამზადებენ, მე ვამბობ, რომ თურქეთის გენერალური კონსულის განცხადებას შესწავლა სჭირდება. მე ვფიქრობ, რომ ისლამის ცნობილი მქადაგებელი და ისლამის ახალი მიმდინარეობის შემქმნელი გიულენი აქ საბავშვო ბაღების, სკოლებისა და ინსტიტუტების დაარსებაში ფულს ტყუილად არ ხარჯავს. საქართველოს სკოლებში მართლმადიდებლობის ქადაგება და კუთხეების მოწყობა აიკრძალა და რატომ ეძლევა საშუალება ისლამის ცნობილ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს, რომ აქ ისლამის თავისებური ვერსია ასწავლოს?! რატომ აქვს ამ კაცს ასეთი პრივილეგიები?! ეს არ არის გასარკვევი?! ბათუმში რომ შაჰინის სახელობის სკოლა აქვს მოწყობილი, მე მინდა ვიკითხო, ჩვენ რომ მას გიორგი სააკაძის სახელობის სკოლა გავუხსნათ ან ილია ჭავჭავაძის, როგორ მოეწონებათ? გაგვახსნევინებენ თურქეთში ასეთ სკოლებს?! ძალიან დამაფიქრებელია ის, რაც თურქეთში ხდება.

- რეჯებ ერდოღანმა სიტუაცია სათავისოდ გამოიყენა და ყველა ოპოზიციონერსა და მოწინააღმდეგეს იშორებს...

- რატომ ნახა ამდენი მოწინააღმდეგე მაინცდამაინც განათლების სისტემაში?! მე ერდოღანის მიმართ ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი, მაგრამ ის სერიოზული ლიდერია თავისი სახელმწიფოსი. შეიძლება გამოიგონო სამხედრო გადატრიალება და 40 ათასი კაცი მისცე პასუხისგებაში?! შეიძლება, ასეთი რამ ხდებოდეს?!

- ჩვენი ხელისუფლების პოზიციაზე რას იტყოდით? როგორი უნდა იყოს ის?

- ხელისუფლების პოზიცია იქნება ისეთი, როგორი სიგნალი და რეკომენდაციაც მოუვათ შეერთებული შტატების საელჩოდან. ნახეთ, თუ არ გაამწვავონ ამათ სიტუაცია თურქეთთან, იმიტომ, რომ ამერიკასთან მწვავდება თურქეთის ურთიერთობები. ამიერიდან ამერიკელებისა და ერდოღანის ურთიერთობები აღარ დალაგდება.

რეზონანსი“, 22 ივლისი, 2016 წელი

„ისლამური ხალიფატის სამიზნე ობიექტები საქართველოში

ელზა პაპოშვილი

“ისლამური სახელმწიფოს” მხრიდან არსებული საფრთხე მსოფლიოსთვის კიდევ უფრო საშიშ სახეს იღებს, რადგანაც ამ ორგანიზაციამ ბრძოლის მეთოდი და ტაქტიკა რადიკალურად შეცვალა. ექსპერტები უსაფრთხოების საკითხებში ამბობენ, რომ საქართველო მსოფლიოსთან ერთად გამონაკლისი არ იქნება და სიტუაცია კავკასიაში შეიძლება მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბოს, თუ რუსეთი და თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივად იბრძოლებენ. მათი თქმით, კავკასიის რეგიონი რადიკალური ისლამისტების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცევა და მათი სამიზნე გახდება.სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე, ასეთ დროს საქართველო ცალკე კონტექსტში არ განიხილება, ლაპარაკია კავკასიის რეგიონზე, სადაც, რა თქმა უნდა, საფრთხე ყოველთვის არსებობს. ის ჯერ-ჯერობით მთავარი სამიზნე არ არის.

თუმცა, თუ თურქეთმა და რუსეთმა ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვიტეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, კავკასია სამიზნე გახდება. რუსეთ-თურქეთის დაზავება რადიკალური ისლამის მიმდევრებს და არამარტო მათ, ხელს არ აძლევს. კავკასია არის გეოფრაფიული საზღვარი და წყალგამყოფი თურქეთსა და რუსეთს შორის.

“სამწუხაროდ, არც ერთი ქვეყანა და მათ შორის საქართველო, დაცული არ არის. ნებისმიერ სახელმწიფოზე შესაძლებელია მოხდეს თავდასხმა. განსაკუთრებით კასპიისპირა რეგიონში გახშირებული თავდასხმების გამო უნდა ვიყოთ ფხიზლად და ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ. ამ ეტაპზე ქვეყანაში ძალოვანმა სტრუქტურებმა განსაკუთრებული ყურადღება, გეო-ეკონომიკური მნიშვნელობის ობიექტებზე უნდა გაამახვილონ. ეს არის პორტი და საკურორტო ზონები, რომლებიც ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ დგანან, ასევე საშიშია ქალაქები, სადაც სატრანზიტო ხაზი გადის. სტამბოლის აეროპორტში მომხდარმა ტერაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ დაიში სტრატეგიულად მოწყვლად ობიექტებზე გადავიდა. ამიტომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს ამ კუთხით ყურადღების განსაკუთრებულად გამახვილებას ვურჩევ.

თარხან ბათირაშვილის შემდეგ, ხალიფატის სათავეში რადიკალური ხელმძღვანელობა მოვიდა, რომლიც წინა თაობისგან განსხვავებით უფრო სასტიკი და დაუნდობელია. შესაბამისად, მათ ბრძოლის ტაქტიკაც შეცვალეს და გამორიცხული არ არის, რომ მათ გეგმებში ჩვენი ქვეყანაც შედიოდეს. ბათირაშვილი, ვინც როგორც უნდა გაიგოს, ქვეყნისთვის მაინც გარკვეულ ფარს წარმოადგენდა და მისი ფიგურა გარკვეულწილად საქართველოს აზღვევდა. ეს ფაქტია და აქ ვინმეს კარგ ადამიანად გამოყვანას არავინ ცდილობს”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებობენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც საზოგადოებას იდეოლოგიურად ამუშავებენ. ისინი სოციალური ქსელების და სპეციალურად შექმნილი შენიღბული საიტების მეშვეობით, პირდაპირ რადიკალური ისლამის და ხალიფატის პროპაგანდას ეწევიან. ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ მსგავსი ინფორმაცია მან ქართულ სპეცსამსახურებსაც მიაწოდა და შესაბამისი ორგანოები ამ ინფორმაციას უკვე ფლობენ.

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ მსოფლიოსთან ერთად საქართველოც “ისლამური სახელმწიფოს” ინტერესის ობიექტს წარმოადგენს, მითუმეტეს მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე. თუმცა ის მოსაზრება, რომ თურქეთი და რუსეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივად იბრძოლებენ, მას წარმოუდგენლად მიაჩნია. მისი თქმით, ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან უამრავი სახის პრობლემა აქვს, ამიტომ მათი ურთიერთობის სერიოზულად აღქმა შეუძლებელია.

“ქვეყანაში ძალიან ბევრი სტრატეგიული ობიექტია, რომლიც დაიშის ინტერესს შეიძლება წარმოადგენდეს, თუმცა მისი ხმამაღლა და საჯაროდ გახმოვანება, რა თქმა უნდა, სასურველი არ არის. ამის შესახებ ჩვენმა უსფრთხოების სამსახურმაც იცის და შესაბამისად გარკვეული ზომები მიღებული აქვთ. სამწუხაროდ, ხალიფატმა თავისი ბრძოლის მეთოდები რადიკალურად შეცვალა, რაც, რა თქმა უნდა, ეს სამართალდამცავ ორგანოებს გარკვეული სახის პრობლემებს უქმნის. ჩვენ ვნახეთ, რომ ნიცაში სატვირთო ავტომობილით ადამიანები გადათელეს, რამდენიმე დღის წინ კი, 17 წლის ლტოლვილმა მოზარდმა, რომელიც გერმანელმა ოჯახმა შეიფარა, მატარებელში ხალხი სასტიკად დაჩეხა.

ამიტომ არავინ არ იცის და რთულია იმის ამოცნობა, დაიში ბრძოლის როგორ ხერხს გამოიყენებს და ვინ იქნებიან ამის შემსრულებლები. შეიძლება ესენი, საერთოდ ისეთი უწყინარი ადამიანები იყვნენ, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოების ყურადღებას არაფრით იქცევენ. ამიტომ ხალიფატმა ბრძოლის მეთოდები შეცვალა, რაც მათ დამარცხებას კიდევ უფრო ართულებს”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

„ახალი თაობა“, 22 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „დავით ნარმანიამ ჭამაში ნოდარ ხადურს აჯობამერიამ რესტორნებში 298.725 დახარჯა

ქართველი ჩინოსნების საარაკო მადაზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა. უმადობას არც მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები უჩივიან. სამოქალაქო პლატფორმამ „ახალი საქართველო“ ჩაატარა კვლევა, საიდანაც დადგინდა რომ მიმდინარე წელს დედაქალაქის მერიამ და სამინისტროებმა რესტორნებში სოლიდური თანხები დახარჯეს.~

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლამდეც და მოსვლის შემდეგაც ოპონენტებისთვის ლუკმების დათვლით იყო დაკავებული. სააკაშვილის მიერ დალეულ ჩაიზე ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი, მაშინ როცა თავად ასეულობით ათასებს ხარჯავენ ქეიფსა და დროსტარებაში, _ განაცხადა „ახალ თაობასთან“ საუბარში „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა. მისი განმარტებით, „ახალმა საქართველომ“ 5 სამინისტროს და დედაქალაქის მერიის მადიანობა შეისწავლა. ყველაზე მეტი მადა დედაქალაქის მერიას აღმოაჩნდა.

- ამ ქვეყანაში ყველაზე ცუდად დედაქალაქის მერია მუშაობს. ნარმანიამ და მისმა უწყებამ ვერაფერში ივარგეს. დავით ნარმანიამ და მისმა უწყებამ თავი მხოლოდ პრემიების გამოწერაში გამოიჩინეს. საწვავის ხარჯვის მხრივაც წარმატებულები არიან. ახლახანს აღმოვაჩინეთ რომ მათ მადაც სერიოზული ჰქონიათ. მერიაში მისულ გაჭირვებულ ადამიანებს უარით ისტუმრებენ, ბიუჯეტში ფული არ არის, ვერ დაგეხმარებითო, სამაგიეროდ დროსტარებაში არიან ხელგაშლილები, – აღნიშნავს „ახალი საქართველოს“ წარმომადგენელი. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, მარტო მიმდინარე წელს მერიის წარმომადგენლებმა რესტორანში 110-ჯერ იქეიფეს. თბილისელებს მათი თითო ნადიმი 2.000 ლარზე მეტი დაუჯდა.

- მხოლოდ 2016 წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან რესტორნებში გადახდილმა თანხამ 298.725 ლარი შეადგინა. ჯამში 110 ხელშეკრულება გაფორმდა მომსახურეობისთვის და საშუალოდ ერთ შეკვეთაზე 2.715 ლარს ხარჯავდნენ. წლის ბოლოსთვის ეს თანხა კიდევ უფრო გაიზრდება. წინ არის თბილისობა, ახალი წელი. სადღაც ნახევარ მილიონამდე ავლენ, – აღნიშნავს ლევან ხაბეიშვილი.

დედაქალაქის მერიას არც ეკონომიკის სამინისტრო ჩამორჩა. ისინი წელს რესტორანში საქეიფოდ 84-ჯერ წავიდნენ.

- ეკონომიკის სამინისტრო არ არის გადაწყვეტილებების მიმღები უწყება და შესაბამისად უპორტფელო სამინისტროდ ითვლება. ამ უპორტფელო სამინისტროში ქეიფი და დროსტარება მაგრად ჰყვარებიათ. მიმდინარე წელს მათ რესტორნებში 163.443 ლარი დახარჯეს. კვლევისას გამოირკვა, რომ საშუალოდ სამინისტროს ერთი ვიზიტი რესტორანში 1.945 ლარი გვიჯდება, – აღნიშნავს „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი.

შედარებით პატარა მადა აღმოაჩნდათ განათლების, სოფლის მეურნეობის, იუსტუციის და ფინანსთა სამინისტროებს.

- თავიდან ამ მიმართულებით ყველაზე მადიანი ფინანსთა სამინისტრო იყო. თონეში შემწვარი ციკანის ამბავიც ყველამ იცის. იმდენი ეძახეს ხადურს, ჭამე ნოდარიო, რომ კაცი სერიოზულ დიეტაზე გადავიდა. იმდენად სერიოზულ დიეტაზე, რომ მიმდინარე წელს მისმა უწყებამ რესტორნებში მხოლოდ 9.758 ლარი დახარჯა. ნარმანიამ ხადურს ჭამაში აჯობა, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

განათლების სამინისტრომ მიმდინარე წელს ქეიფში 33.152 ლარი დახარჯა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ – 24.139 ლარი, ხოლო იუსტიციამ – 23.039 ლარი.

„ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მხოლოდ 5 სამინისტრომ და დედაქალაქის მერიამ რესტორნებში ჯამში 552.256 ლარი დახარჯეს. საშუალოდ თანამდებობის პირების ერთი ვიზიტი რესტორანში ბიუჯეტს 2.116 ლარი უჯდება.

საინტერესოა, თუ რას ჭამენ ჩვენი ჩინოსნები. როგორც ლევან ხაბეიშვილმა „ახალ თაობასთან“ საუბარში განაცხადა, მათ ბევრი მცდელობის მიუხედავად მხოლოდ მერიის და განათლების სამინისტროს მენიუები მოიპოვეს. „ეტყობა, მათი მენიუები, სხვებთან შედარებით, ყველაზე ღარიბია, თორემ მის გასაჯაროებას მოერიდებოდნენ“, – აღნიშნავს „ახალი საქართველოს“ წარმოამდგენელი.

მერიის თანამშრომლებს შემდეგი კერძები ჰყვარებიათ: ელარჯის ბურთულები ნუშის ბაჟეთი, სულგუნი ბოსტნეულის სატენით, მოცარელასა და ჩერის პომიდვრის სატე, ორაგულის კანაპე, შემწვარი ქოდფიში ნიახურის პიურეზე ტარხუნით, შემწვარი მწყერის ბარკალი კენკრის სოუსით, ქათმის სატე წითელი აჯიკის სოუსით, კამეჩის მაწვნის პანაკოტა, ფეიხოას ტირამისუ და შოკოლადის ბაღი.

განათლების სამინისტროს მოქეიფე ბიჭები უფრო ეროვნულ კერძებს ეტრფიან. აი, რას ჭამენ ქვეყნის გამანათლებლები: პურის კალათა (შოთი, თეთრი და შავი), მჭადი, კიტრის და პომიდვრის სალათი, ფხალეულის ასორტი, ყველის ასორტი, შემწვარი წიწილა ტაბაკა, ქათმის სალათა, საქონლის სუკის სალათი, ტყემალი, პომიდვრის საწებელი, იმერული ხაჭაპური, ქათამი წითელ ღვინოში, ღორის მწვადი, შემწვარი კარტოფილი, დაჭრილი სეზონური ხილი, ნამცხვრის ასორტი, გამაგრილებელი სასმელები, ბორჯომის წყალი, ბორჯომი გაზიანი, ზედაზენის ლიმონათი, ჩაი და ყავა.

—————

Comments are closed