„რეზონანსი“: გადაკეტავენ თუ არა რუსები თბილისი-გორის მაგისტრალს? // ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნის საპასუხოდ რუსები სწორედ ამას გააკეთებენ
„რეზონანსი“: რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირება უკრაინიდან კავკასიაში გადაინაცვლებს: “სტრატფორის” პროგნოზი და ქართველი ექსპერტების კომენტარები
„რეზონანსი“: უნდა შეხვდეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი ვლადიმირ პუტინს გაეროს გენასამბლეაზე?
———————
„რეზონანსი“, 22 აგვისტო, 2015 წელი
გადაკეტავენ თუ არა რუსები თბილისი-გორის მაგისტრალს?
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნის საპასუხოდ რუსები სწორედ ამას გააკეთებენ
თიკო ოსმანოვა
ნატოს უელსის სამიტზე გაძლიერებული თანამაშრომლობის პაკეტის ფარგლებში მიიღებული გადწყვეტილება შესრულებულია. 27 აგვისტოს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივანი იანს სტოლტენბერგიც ეწვევა. ამ ერთობლივი ცენტრის მიმართ რუსეთის უარყოფითი დამოკიდებულება ცნობილია და შესაბამისად, ოფიციალური თბილისი რუსეთის გაღიზიანების მოლოდინშია. თუმცა აქვე ამბობენ, რომ სწორად გათვლილ სტრატეგიაზე უარს არ იტყვიან. ექსპერტების ნაწილს კი რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებით არასახარბიელო პროგნოზი აქვს.
(…)
საპარალმენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განმარტებით, ეს არის ჩვეულებრივი სასწავლო ცენტრი, რომელიც ყველა ქვეყანას სჭირდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვოლსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პოზიცია არ იქნება პოზიტიური.
“ეს არის სასწავლო ცენტრი რეგიონისთვის, რომელიც არ არის დახურული და არ აწარმოებს ისეთ საქმიანობას, რომელიც შეიძლება რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ იყოს მიმართული, მათ შორის რუსეთის. ეს არის აუცილებელი ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ჯარის მომზადებას თანამედროვე სტანდარტებით, რაც აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომ იყოლიოს ჯარი და მას ჰქონდეს შესაბამისი უნარ-ჩვევები. რასაკვირველია, ზოგიერთი ცდილობს ეს წარმოაჩინოს აგრესიულ ნაბიჯად საქართველოს მხრიდან, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეესაბამება სინამდვილეს. საქართველოს სჭირდება გამოცდილი მასწავლებლები იმისათვის, რათა ჰქონდეს მაღალი სტანდარტი და ეს მარტო თავდაცვას არ ეხება ჩვენს ქვეყანას თითქმის ყველა სფეროში ეხმარებიან. რუსეთის პოზიცია პოზიტიური ვერანაირად ვერ იქნება, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს ჩენი ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს და მისი სტრატეგიული გეგმები სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით უკვე რეალიზებულია საქართველოს პოლიტიკური ინტერესების ხარჯზე. რაიმე მყარი გარანტიები არ არსებობს, რომ ჩვენი სტრატეგია ბოლომდე წარმატებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ სწორად გათვლილ სტრატეგიაზე უარი უნდა თქვას. “ამას რა მოჰყვება? – პოლიტიკური მკითხაობა დასაშვებია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს პრაგმატული სტრატეგიული პოლიტიკა, რომელსაც საქართველო უნდა გაჰყვეს. საფრთხეებთან დაკავშირებით დამატებით ვერაფერს გეტყვით. რუსეთთან მიმართებაში დიდი გავლენის ბერკეტები არ გაგვაჩნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ჯარი იქნება თუ სხვა უწყება, დავტოვოთ მოუმზადებელი, იმიტომ, რომ ვინმეს რაღაც ეჭვები არ გავუღვივოთ”, – გვითხრა ვოლსკიმ.
თსუ-ს პროფესორის კორნელი კაკაჩიას თქმით, ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა რუსეთისთვის გამაღიზიანებელი იქნება, თუმცა, იგი ფიქრობს, რომ ოფიციალური მოსკოვი ამ შემთხვევაში მხოლოდ აღშფოთებით შემოიფარგლება.
“რუსეთი საქართველო-ნატოს დაახლოებას ნებისმიერ შემთხვევაში ეწინააღმდეგება. ამიტომ ბუნებრივია ეს საწვრთნელი ცენტრის გახსნა რუსეთისთვის ძალიან გამაღიზიანებელი იქნება. თუმცა, სანამ ცენტრი არ გახდება უფრო სერიოზული თავის ტკივილი რუსეთისთვის, არ მგონია რაღაც განსაკუთრებული რეაქცია ჰქონდეს. მაქსიმუმ შეიძლება განცხადება გააკეთონ და აღშფოთება გამოთქვან. ან კიდევ აფხაზეთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც საქართველოს არ ესიამოვნება. არ მგონია, რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობები გაამკაცროს გამომდინარე იქიდან, რომ მას ჯერ კიდევ იმედი აქვს პროცესის ნორმალიზებისა. საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭების ინტერესი არ მგონია ჰქონდეს. მაგრამ ეს თუ გახდება რაღაც მაშსტაბური ცენტრი, მასში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან და ეს ცენტრი გახდება ნატო-საქართველოს დაახლოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაშინ შეიძლება სერიოზული გამოხმაურება მოჰყვეს. ახლა ნატოს წარმომადგენლები და საქართველოს ხელისუფლებაც ამბობს, რომ ეს არის სასწავლო ცენტრი და არ არის ბაზა. ვფიქრობ, რუსეთში ეს ძალიან კარგად ეცოდინებათ”, – უთხრა “რეზონანსს” კაკაჩიამ.
პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია ნატოს ცენტრის გახსნის საპასუხოდ რუსეთისგან პირდაპირ აგრესიას და საქართველოს სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდებას ელოდება.
“ეს ცენტრი ნატოს და მისი პარტნიორი სახელმწიფოების ეგიდით არის შექმნილი, სადაც წვრთნას გაივლიან სამხედრო მოსამსახურეები. ამაში უჩვეულო არაფერია, იგივე ხდება ყველა პარტნიორ სახელმწოფოში. შესაბამისად, ეს, წესით, რუსეთის გაღიზიანებას არ უნდა იწვევდეს, მაგრამ, თუ გავითვალიწინებთ იმას, რომ ახლა მიმდინარეობს გაქანებული ცივი ომი, რომელიც უფრო აგრესიული ფორმით ვითარდება და ამის წყალგამყოფი ხაზი გადის ბალტიის სახელმწიფოებზე, უკრაინასა და საქართველოზე მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის რეაქცია იქნება საკმაოდ აგრესიული. “აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გუშინ პირდაპირ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ რუსეთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე შეერთებული შტატებისთვის. ფაქტიურად მან ამით თქვა თავისი საქთმელი და მათ შორის ნატოს ხელმძღვანელობისაც. რაც შეეხება ცენტრის გახსნას, ბუნებრივია, ამ დღებში ლავროვი გამოვა და შესაბამის განცხადებას გააკეთებს, მაგრამ ვშიშობ რუსეთმა არ დაიწყოს პირდაპირი აგრესია და საქართველოს სტრატეგიული ობიექტები ხელში არ ჩაიგდოს. მცოცავი ოკუპაცია უკვე ჩაბარდა წარსულს ეს ტერმინილი დაძველდა. პირდაპირი აგრესიის დროს მოწინააღმდეგის ხელში ვარდება სტრატეგიული ობიექტები და ფაქტიურად ქვეყნის სოცოცხლისუნარიანობას რეალური საფრთხე ექმნება. ერთ-ერთი ასეთი საფრთხე ექმნება თბილისი-გორის ცენტრალურ მაგისტრალს, იმიტომ, რომ რუსმა ოკუპანტებმა შეიძლება გადაკეტონ”, – ამბობს “რეზონანსთან საუბრისას მაისაია.
„რეზონანსი“, 22 აგვისტო, 2015 წელი
რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირება უკრაინიდან კავკასიაში გადაინაცვლებს: “სტრატფორის” პროგნოზი და ქართველი ექსპერტების კომენტარები
ია აბულაშვილი
(შემოკლებით)
“დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებული დაპირისპირება შეიძლება უფრო გამწვავდეს და უკრაინის კონფლიქტის შემდეგ დაძაბულობის ცენტრი ახლა უკვე სამხრეთ კავკასია გახდეს”, – ასეთ პროგნოზს აკეთებენ აშშ-ის ანალიტიკური სააგენტო “სტრატფორის” ექსპერტები. მათი მაზრით, რუსეთის სამხედრო ყოფნამ აფხაზეტში, სამხრეთ ოსეთში და სომხეთში ისე გაამყარა მოსკოვის პოზციები, რომ მას უკვე თავისუფლად შეუძლია ძალის დემონტრირება მოახდინოს. დასავლეთი ცდილობს შეეწინააღმდეგოს და შესაბამისად, შეიძლება ამ გარემოებამ რუსეთთან დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავოს.
რამდენად შორსმიმავალი გეგმები შეიძლება ჰქონდეს რუსეთს კავკასიასთან მიმართებით და რამდენად რეალისტურია „სტრატფორის“ პროგნოზი? ამის შესახებ ქართველი ექსპერტებს „რეზონანსი“ ესაუბრა.
სოსო ცინცაძე: სამხედრო წრთვნებს ორივე მხარე ატარებს – ნატოც და რუსეთიც. რასაკვირველია, ამით დაძაბულობა მატულობს, მაგრამ ე.წ. „წითელ ხაზამდე’ არცერთი მხარე არ მივა, რადგან განსაკუთრებით დასავლეთი რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომის საწარმოებლად მზად არ არის. დასავლეთს ამისათვიას არც ეკონომიკური რესურსები არ აქვს და არც ფინანსური მდგომარეობა არ უწყობს ხელს. ამიტომაც „სტრატფორის პროგნოზი – ვლადიმირ პუტინი ჯერ უკრაინას მოუღებს ბოლოს და შემდეგ საქართველოსკენაც წამოვაო, წინააღმდეგობრივია. უკრაინას რუსეთი ასე იოლად ვერ დაამარცხებს. ვლადიმირ პუტინის ძირითადი მიზანია ახალი მოლაპარაკების დაწყება დასავლეთთან, რომლის სედეგად ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკები ავტონომიის სტატუსით იარსებებენ. დღეს ესაა მთავარი რუსეთისათვის და არა კავკასია, რომლის საკითხი შეიძლება შორეული მომავლის საკითხი იყოს. მანამდე კი საერთაშორისო ურთიერთობებში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს“.
რამაზ საყვარელიძე: „თუ რუსეთი უკრაინის შემდეგ კავკასიაშიც გადმოინაცვლებს, ეს მის ურთიერთობას დასავლეთთან კიდევ უფრო დაძაბავს. მოსკოვს კი ამ გამწვავების თავი აღარ აქვს.რაც შეეხება ნატოს გაფართოებას რუსეთის საზღვრებთან ან ნატოს საწრთვნელი ცენტრის გახსნას საქართველოში, საეჭვოა, რომ მოსკოვმა ეს მოიღოს მიზეზად. რუსეთისათვის ეს საკითხი ადრეც იყო ცნობილი, დღეს კი მას უფრო მეტად მწვავე პრობლემა აქვს და ამრიგად, ცენტრს საფრთხედ აღარ აღიქვამს“.
დემურ გიორხელიძე: „რაც შეეხება დაპირისპირების გადმოტანას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, აქ ეს დიდი ხანია მიმდინარეობს და ამ დაპირისპირებას საქართველოას ტერიტორიის 20% შეეწირა. თუ ეს დაპირისპირება შეირაღებულ კონფლიქტში გადაიზრდება, მაში ეს შეიძლება საქართველოსთვის უმძიმესი შედეგებით დასრულდეს. ამიტომ ჩვენი სურვილია დაპირისპირება შენელდეს და რუსეთმა და დასავლეთმა თანამშრომლობის გზა მოძებნონ“.
„რეზონანსი“, 22 აგვისტო, 2015 წელი
უნდა შეხვდეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი ვლადიმირ პუტინს გაეროს გენასამბლეაზე?
ვახტანგ შამუგია
სექტემბრის ბოლოს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ანსამბლეის 70-ე სესიაზე ქართული დელეგაცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით ჩავა. თავის მხრივ, სესიას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც დაესწრება. რუსი ექსპერტები და პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ნიუ-იორკში შესაძლოა საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა შედგეს.
თქვენი აზრით, შესაძლებლობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს თუ არა ეს შეხვედრა და რა შედეგი ექნება მას? – ეს კითხვა საზოგადოების წარმომადგენლებს დავუსვით.
ზაზა ხუციშვილი (მუსიკოსი): “ეს შეხვედრა, თუ, რა თქმა უნდა, შედგება, შედეგის მომტანი არ იქნება, ალბათ უფრო გაცნობითი ხასიათის იქნება. ამის მიზეზი არის ის, რომ საქართველოს უკვე აქვს არჩეული განვითარების საკუთარი ვექტორი, რომელიც რუსეთისათვის მიუღებელია. შესაბამისად, ჩემი აზრით, პოლიტიკურ თემებზე დიალოგს აზრი არ აქვს. სხვა საქმეა კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბარი, სადაც საერთო ენის გამონახვა ალბათ შეიძლება”.
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): “ღმერთმა ერთხელ უკვე მისცა ღარიბაშვილს პუტინთან შეხვედრის და საუბრის შანსი, ერთ მაგიდასთან ისხდნენ, მაგრამ ჩვენი პრემიერი მას ზურგით ეჯდა. მე თუ მკითხავთ, პირიქით, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ასეთი შეხვედრებს უნდა ესწრაფვოდეს, რადგანაც ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, აქვს აღებული ვალდებულება, რომ მოაგვაროს სახელმწიფოში არსებული პრობლემები, რაც, გვინდა თუ არა, რუსეთის გარეშე რთული წარმოსადგენია. რატომ არ ხდება ამ დრომდე მსგავსი შეხვედრა და რატომ გაურბის მას ამჟამინდელი ხელისუფლება, რთული სათქმელია. ალბათ წინა მთავრობის გავლენის ბრალია, ან კიდევ სხვა რამის. რუსეთს სჭირდება ჩვენთან კარგი და ახლო ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ ეს გაცილებით უფრო მეტად გვჭირდება. პირველი ნაბიჯი ჩვენგან უნდა გადაიდგას. ეს პირველი შეხვედრა დიდი არაფერი შედეგის მომტანი იქნება, მაგრამ სანაცვლოდ მოხდება მათი გაცნობა, რაც შემდეგი შეხვედრების წინაპირობა შეიძლება გახდეს.”
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): “პოლიტიკურ სიბეცედ მიმაჩნია საუბარი იმ თემაზე, რომ ვინმეს პოლიტიკურ საკითხზე არ უნდა დაელაპარაკო. მთავარია ის, თუ როგორ და რაზე დაელაპარაკები, როგორ დაიცავ და წარმოაჩენ შენი მხარის ინტერესებს. რა, პუტინს სხვა ლიდერები არ ხვდებიან?! პოლიტიკაში პოლიტიკური დიალოგისა და დიპლომატიის გამორიცხვა სრული უმეცრება და სისულელეა. ეს დიდი ალბათობით, იმ პოლიტიკოსების აგორებული პიარია, რომლებმაც თავის დროზე პუტინთანაც და სხვებთანაც ყველაფერი უკვე დიდი ხნის მოგვარებული აქვთ. საუბარია საჭირო, თორემ აბა ამ წართმეულ ტერიტორიებს ჩვენ რომ ძალისმიერი მეთოდებით ვერ დავიბრუნებთ, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება? გვაქვს საამისო რესურსი? ოცდახუთი წელიწადია ვისმენთ მარაზმს, რომ ამ პრობლემის მოგვარება სხვადასხვა ქვეყნებში გამართული დიალოგებით შეიძლება. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება უზრუნველყოს მისი ტერიტორიული მთლიანობა და როდესაც ხვდება, რომ ეს შეუძლებელია ძალისმიერი მეთოდებით, მან ეს უნდა შეძლოს პოლიტიკური გზების გამოყენებით.”
ირმა სოხაძე (მომღერალი): “მე პოლიტიკოსი არ ვარ და მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. თუმცა, მე პირადად ყოველთვის დიალოგის და მშვიდობიანი მოლაპარაკების მომხრე ვარ. რუსეთთან ჩვენ სპეციფიკური ურთიერთობა გვაქვს. რთული სათქმელია დიალოგი რა შედეგს მოიტანს, ამ სანქციებსაც რომ არ აქვს შედეგი, ესეც ჩანს. გაბუტვას და ომს დიალოგი რომ ჯობია, ეს ნათელია. ერთხელ თუ არ გამოიღებს შედეგს, მეორედ, მესამედ, მეასედ ხომ გამოიღებს შედეგს?! თუმცა, დიდად მეპარება ეჭვი, რომ ეს შეხვედრა საერთოდ შედგება.”