globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 22 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 22nd, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: რატომ ძლიერდება საქართველოში რუსული პროპაგანდა

„რეზონანსი“: ძლიერდება თუ არა საქართველოში რუსული პროპაგანდა (თვალსაზრისები)

„ვერსია“: ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „ყველამ იცის, რომ რასაც ვამბობ, სწორია, მაგრამ ხმამაღლა თქმის ეშინიათ – რუსეთს უნდა მივცეთ გარანტია, რომ…“ // რას დაპირდა ჯონდი ბაღათურია რუსებს ქართველი ხალხის სახელით?

„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „თინა ხიდაშელი პირდაპირ ცდილობს, გამოიწვიოს რუსეთთან ზუსტად ისეთივე კონფლიქტი, როგორიც იყო 2008 წელს“

„ალია“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ჩვენ ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადავდგამთ, რომელიც რუსეთს რაიმე ჩანაფიქრის უარყოფას აიძულებს…“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი თავდგირიძესთან: „ჩვენი ჯარი რუსეთის შეტევის შეჩერებას შეძლებს“

——-

„კვირის ქრონიკა“: ხმაურიანი გარჩევები // ვის და რატომ აგინა შუშის სასახლეში ბიძინა ივანიშვილმა?

——————

„რეზონანსი“, 22 სექტემბერი, 2015 წელი

რატომ ძლიერდება საქართველოში რუსული პროპაგანდა

ელზა პაპოშვილი

არასამთავრობოებისა და პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს საქართველოში რუსული პროპაგანდა მომძლავრდა. მათი თქმით, ეს განსაკუთრებით მედია, სივრცეში, საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში შეიმჩნევა. ისინი ამას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების პერიოდი, კრემლი პრორუსული პროპაგანდის გაძლიერებას კიდევ უფრო მეტად შეეცდება. ყველაზე სახიფათო კი ის ფაქტია, რომ საქართველოს ზოგ რაიონში ევრაზიულ კავშირში შესვლის მსურველთა რაოდენობა იზრდება. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებით დასახლებულ რეგიონებში.

მშვიდობის, დემოკრატიისა და  და განვიტარების კავკასიის ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია აცხადებს, რომ რუსული პროპაგანდის გააქტიურება საქართველოში თვალნათელი და შესამჩნევია. მისი ტქმით, რუსული ძალების გააქტიურებას ჩვენი ხელისუფლებაც ამჩნევს, თუმცა ამის საწინააღმდეგოდ არაფერს აკეთებს. გია ნოდიას თქმით, რსუსული პროპაგანდის გააქტიურება განსაკუთრებით მედიასა და  არასამტავრობო ორგანიზაციებში შეიმჩნევა:

„ბოლო დროს შეიქმნა ძალიან ბევრი არასამთვარობო ორგანიზაცია, რომლებიც რუსული პროპაგნადის გამტარებლები არიან და ამისათვის საჭირო მესიჯებს საზოგადოებაში აგზავნიან. ასევე გააქტიურდნენ პოლიტიკური ძალებიც, რომლებიც მოსკოვში ჩადიან და კრემლისაგან, ალბათ, გარკვეულ დავალებებს იღებენ. თუმცა, ამ სიტუაციაში ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ ხელისუფლება, ერთი მხრივ, აღიარებს,რ ომ ეს პრობლემაა, ხოლო მეორე მხრივ, ასეთი პრორუსულ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციას უპირატესობას ანიჭებს და მათ წახალისებას ცდილობს. ფაქტია, რომ თვითონ კოალიციაში ჰყავთ გარკვეული პარტიები, რომლებიც პროდასავლურ განწყობას აშკარად უპირისპირდებიან და პრორუსულ კურსს ატარებენ. არსებობს ბეჭდური მედია, რომელიც ასევე აქტიურ პრორუსულ პროპაგანდას ატარებს, რომელზეც ასევე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ძალიან კარგი და ობიექტური მედიასაშუალებაა. ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ პრორუსული ძალების წახალისება ხელისუფლების ყველა თუ არა, ზოგიერთი ნაწილისგან ხდება.

ფაქტია, რომ ხელისუფლების შეცვლისთანავე ეს პროპაგანდა გაძლიერდა. ამიტომაც რუსეთის ამ გააქტიურებას მხოლოდ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს ვერ დავუკავშირებ. თუმცა, არც ამ გარემოების გამორიცხვა შეიძლება, რადგანაც ვფიქრობ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად კრემლი რუსული პროპაგანდის კიდევ უფრო გაძლიერებას ეცდება. ასევე გამიგია, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, მოსახლეობის გამოკითხვის მიხედვით, ევრაზიულ კავშირში შესვლის მსურველთა რიცხვმა იმატა. ეს განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში შეიმჩნევა; ფაქტია, რომ რუსეთი სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებულ რეგიონებს კარგად იყენებს და მათ ისეთ წარმოდგენას უქმნის, რომ საბჭოთა კავშირის დრო, როდესაც ჩვენი პროდუქცია მათ ბაზარზე გადიოდა, კარგი იყო და მოდი, ისევ ის პერიოდი დავიბრუნოთო. სწორედ ეს მიზეზია, რის გამოც რეგიონებში პრორუსული პოლიტიკის მხარდამჭერთა რიცხვმა იმატა“, – აცხადებს გია ნოდია.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს,რ ომ ქვეყანაში პრორუსული ძალების გაძლიერება სამწუხარო რეალობაა. თუმცა, მისი თქმით, უფრო გასაკვირი იქნებოდა, ასე რომ არ მომხდარიყო, რადგანაც უკვე რამოდენიმე წელია, რაც საქართველოში ისეთი მედიასაშუალებები ვრცელდება, რომელთაც ამდენი ხნის განმავლობაში ერთი სტრიქონიც კი არ გამოუყენებიათ რუსეთის მიმართ რომ კრიტიკა დაეწერათ, თუმცა, განსაკუთრებით აქტიურები დასავლეთის პოლიტიკის ლანძღვაში არიან.

„ჩვენ ძალიან თვალსაჩინო პრობლემა გვაქვს იმ მხრივ, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი სრულად ინფორმირებული არ არის, თუ სინამდვილეში რუსეთი რა არის. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წარმოდგენა ისევ წარსული დროის რუსეთზე აქვს. სახელმწიფოს, მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს დროულად რომ ეზრუნათ და საზოგადოებისთვის დაენახვებინათ ის რეალობა, რასაც დღეს რუსეთი წარმოადგენს, დამერწმუნეთ, რომ დღეს ასეთი მდგომარეობა არ გვექნებოდა და კრემლი რუსული პროპაგანდის გაძლიერებას საქართველოში ვერ შეძლებდა.

სამუწუხაროდ, რუსული პროპაგანდის გაძლიერებას ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის სმახელით ის არასამთავრობო ორგანიზაციები აწარმოებენ, რომლებიც უშუალოდ კრემლიდან იმართებიან. ისინი მიზანმიმართულად და ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი საზოგადოების იდეოლოგიურ დამუშავებას ახდენენ. ეს ხალხი საკმაოდ მშვიდად და ფრთხილად ახერხებენ საზოგადოების განწყობის შეცვლას რუსეთის სასარგებლოდ. მედიაში უკვე ვხვდებით კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ ხმამაღლა გაკეთებულ განცხადებებს, თუ რა ცუდია დასავლეთი და საქართველოს მიმართ არანაირ სასარგებლო საქმეს არ აკეთებენ. ანუ, მიზანმიმართულად ხდება დასავლეთის პოლიტიკის იგნორირება თავად ხელისუფლებაში მყოფი გავლენიანი პოლიტიკოსების მიერ, თუმცა, თავად ისინი საზოგადოებაში არც მაინცდამაინც თავგადაკლულ პრორუსულიორიენტაციის მქონეებად არიან წარმოჩენილი.

ვფიქრობ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რუსეთი პრორუსულ ძალებს უფრო გაააქტიურებს. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ვერაფერს ვერ გახდება, რადგანაც ქვეყანაში პროპაგანდის ინსტიტუტი არ არსებობს. ხოლო თავად ჩვენს ხელისუფლებაშიც არიან ადამიანები, რომლებიც პრორუსული ძალის მომხრეები არიან „სახელმწიფო უნდა ეცადოს, რომ საზოგადოებაში ზუსტი ინფორმაცია გაავრცელოს, თუ რას წარმოადგენს რუსეთი და მისგან ქვეყანას რა რეალური საფრთხეები ემუქრება“, – აცხადებს ცისკარიშვილი.

„რეზონანსი“, 22 სექტემბერი, 2015 წელი

ძლიერდება თუ არა საქართველოში რუსული პროპაგანდა?

სალომე სარიშვილი

დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა მედიასივრცეში რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე ისაუბრა. მისი თქმით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს კვლევას იმის თაობაზე, თუ ვინ დგას სხვადასხვა პრორუსული ხაზის მქონე მედიასაშუალებების უკან. ეკა გიგაური ამბობს, რომ განსაკუთრებით ბეჭდურ მედიასა და ინტერნეტში გამოჩნდა საინფორმაციო სააგენტოები, რომლებსაც აქვთ პრორუსული ხაზი, რაც საგანგაშო ტენდენციაა.

“ბუნებრივია, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოში ძალიან რთულია ასეთი ტიპის მედიასაშუალებებთან ბრძოლა, რადგან ასეთ მედიასაშუალებებს ვერ დახურავ. შესაბამისად, სხვა საშუალებები უნდა იქნას გამოყენებული მათ წინააღმდეგ. არ არის კარგი, რომ ზოგიერთი პრორუსული მედიასაშუალება დაფინანსებას სახელმწიფოსგან იღებს და ჩვენ ამის დამადასტურებელი რამდენიმე ინფორმაცია გაგვაჩნია. თუმცა ახლა კონკრეტიკაზე ვერ ვილაპარაკებ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს კვლევას, თუ ვინ დგას სხვადასხვა მედიასაშუალების უკან და განსაკუთრებით იმ მედიასაშუალებების, რომლებიც ინტერნეტშია განთავსებული. ზოგადად, რომ ასეთი ტენდენცია არის ქვეყანაში, ეს არის ფაქტი, და, რა თქმა უნდა, ეს არის არასასურველი”, – განაცხადა გიგაურმა.

თქვენი აზრით, ძლიერდება თუ არა საქართველოში რუსული პროპაგანდა? – ეს კითხვა საზოგადოების წარმომადგენლებს დავუსვით.

ლევან ღვინჯილია (ენათმეცნიერი): “ძლიერდება თუ არა რუსული პროპაგანდა, ამის თქმა ძნელია, იმიტომ, რომ სულ ცოტა ხნის წინ რუსული პროპაგანდა საერთოდ აკრძალული იყო. ამ ბოლო დროს საჯარო სივრცეში გამოჩნდა ცალკეულ პირთა გამონათქვამები. მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტი წერდა იმის შესახებ, თუ რამდენად საინტერესო გაერთიანება შეიძლება იყოს “ევრაზიის კავშირი”. ეს ავტორი ცნობილია, როგორც დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერი.

ზოგადად, მოსახლეობის განწყობა ერთმნიშვნელოვნად ევროატლანტიკური და დასავლური არ არის. საერთოდ, ქვეყნის ორიენტაციის საკითხი ძალიან ცუდადაა დამუშავებული. ქუჩაში გამოკითხვა რომ ჩავატაროთ – რას ნიშნავს ევროპული ან რუსული ორიენტაცია – გამოკვეთილად და გააზრებულად ვერაფერს გეტყვიან, ვინაიდან ამ ტერმინების შინაარსი კარგად არ იციან. დასავლური ორიენტაცია მეტწილად გაუთვითცნობიერებელ ხალხში გარყვნილებისა და აღვირახსნილების თავისუფლებასთანაა დაკავშირებული, ხოლო რუსული ორიენტაცია – უფრო რელიგიურ და ამდენად, ტრადიციულ ურთიერთობებთან.

“სინამდვილეში ერთიც და მეორეც რამდენადმე გაზვიადებულია, მაგრამ ყველაფერ ამას კვალიფიციური განმარტება სჭირდება და მოსახლეობისთვის ინფორმაციის ისე მიწოდება, რომ თავისუფალი არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღების საშუალება ჰქონდეს”.

ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): “ჩემი აზრით, ეს არარეალური მოსაზრებაა. არასამთავრობო ორგანიზაციები ორიენტირებულნი არიან იმაზე, რომ უცხოელებს ფული დაცინცლონ, აკეთონ სკანდალური გამოკვლევები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ფულს არავინ მისცემთ. რაც შეეხება რუსეთიდან დაფინანსებასა და პროპაგანდის გაზრდას, ეს ღიმილის მომგვრელია. რაში სჭირდება ვინმეს რომელიმე ორგანიზაციის დაფინანსება, როდესაც ინტერნეტსივრცეში ყველანაირი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი? ამ ადამიანებთან მრავალმნიშვნელოვანი შეკითხვა მაქვს – ხომ არ აჭარბებებენ საკუთარ შესაძლებლობებს და თავს ხელისუფლებასთან აიგივებენ?”

გია ბუღაძე (ფერმწერი):“ვფიქრობ, ძალიან გაძლიერებულია და ეს ყველაზე მეტად მედიაში ჩანს. ზოგადად, საზოგადოებაში ასეთი განწყობაცაა, რომ ამას ყველაფერს ხელს ხელისუფლებაც უწყობს, რაც ძალიან სამწუხაროა.

“ზოგადად, თუ სიტუაციების მართვას დავაკვირდებით, გავლენის გააქტიურება იმ თვალსაზრისით, რომ ხალხში აზრის მუსირება მოახდინონ, ნამდვილად რეალურია. აქ საუბარია იმაზე, რომ რუსული პროპაგანდა ძალიან აქტიურია. საბედნიეროდ. ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილი მეტნაკლებად პროდასავლურია და რუსეთს გადაეჩვია, რაც იმედის მომცემია.”

თეო ხატიაშვილი (ხელოვნებათმცოდნე): “სიმართლე გითხრათ, მედიასაშუალებებს ნაკლებად ვეცნობი, ამიტომ მთლად ბოლომდე კომპეტენტური ვერ ვიქნები, რომ ვთქვა ასეა-მეთქი. თუმცა, რაღაც ნაწილში ალბათ რუსული პროპაგანდა მართლაც გაძლიერებულია. ერთი რამ ნათელია, რომ კულტურული მიმართულებით ეს ნამდვილად იგრძნობა. პოლიტიკურ ნაწილში რა ხდება – ნამდვილად ვერ გეტყვით”.

„ვერსია“, 21 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „ყველამ იცის, რომ რასაც ვამბობ, სწორია, მაგრამ ხმამაღლა თქმის ეშინიათრუსეთს უნდა მივცეთ გარანტია, რომ…“

რას დაპირდა ჯონდი ბაღათურია რუსებს ქართველი ხალხის სახელით?

ნინო კომახიძე

(შემოკლებით)

„გვყავს ძალიან კარგი მეზობლები, რომლებთანაც ურთიერთობების დალაგებას ვცდილობთ, მაგრამ ჩვენი ერთადერთი ბუნებრივი მოკავშირე რუსეთია. მას მარტო საქართველოში კი არა, მთელ რეგიონში შეუძლია სტაბილურობის უზრუნველყოფა. მისნაირი სხვა არ არის“, – ეს ჯონდი ბაღათურიას სატელევიზიო კომენტარია რუსულ ტელეარხთან, მისი მოსკოვში ვიზიტისას. ამ კომენტარის შემდეგ ფონად ნატო-ს სასწავლო ცენტრის კადრები გადის და წამყვანი აცხადებს: ,,ბაღათურია დარწმუნებულია, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მომხრეა. იგი საქართველოს ნატო-ში შესვლას ეწინააღმდეგება. მისი აზრით, ამერიკამ რუსეთთან კონფლიქტი ღიად უნდა მოაგვაროს და ამაში სხვა ქვეყნები საიდუმლოდ არ უნდა ჩართოს”. აი, ასე დაარწმუნა ქართველმა ოპოზიციონერმა გოსდუმა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დიდი ნაწილი დასავლეთისკენ კი არა, რუსეთისკენ მიილტვის. იგი ერთმორწმუნე ოკუპანტს ალტერნატიულ ნატო-დაც მიიჩნევს და ფიქრობს, რომ რუსეთმა სამხედრო დახმარებაც უნდა გაგვიწიოს. იმედია, რუსულ სამხედრო ტექნიკას ამ ,,დახმარების გასაწევად” ჩვენს ქვეყანაში თავად არ შემოუძღვება, მოსკოვში შემდეგ ვიზიტამდე მაინც, რომელიც რუსეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ოქტომბერშია დაგეგმილი. მანამდე კი მოსახლეობის 80%-ის სახელით, ,,ვერსიას” ,,ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ესაუბრება.

- რუსები ძალიან თბილად შეგვხვდნენ. პირველი ორი დღე აფხაზეთი და სამაჩაბლო სპეციალურად არ მიხსენებია: ვსაუბრობდი, რა შეიძლება მოიტანოს რუსეთ- საქართველოს მოკავშირეობამ და ჩვენ რა გარანტია უნდა მივცეთ რუსეთს. მესამე დღეს თავად მკითხეს, აფხაზეთ- სამაჩაბლოზე სიტყვას რატომ არ ძრავო. ვუპასუხე, ამ თემით ურთიერთობის დაწყების აზრს ვერ ვხედავ, რადგან შესაძლოა, დასაწყისშივე დავასრულოთ- მეთქი. ეს პროცესია, რომელსაც თავის პოლიტიკური ფასი აქვს. მათ სიტყვებს გეტყვით: თითქმის 25 წლის განმავლობაში, პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოდან ჩამოდიან და რეალურ წინადადებებს, კონკრეტულ გეგმებს გვთავაზობენო. უკვე ცნობილია ამ მიზნისკენ მიმავალი გზაცა და ფორმატიც. ასეთი შეფასება უკვე გამარჯვებაა! შევხვდი აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ჯერ შეთანხმება არ შემდგარა, ეს საკითხები, ალბათ, პრეზიდენტთან უნდა გაიარონ. პოზიტიური ვიზიტი მქონდა გოსდუმაში და უკვე შემდეგი შეხვედრაც ჩანიშნულია. შევთავაზე, კონფერენცია მოვაწყოთ, მედიაც დავასწროთ- თქო. ჩემი პირობაა, ეს პროცესი სკანდალებისა და მარგინალებისგან დაიცვან, რომელიც ორივე ქვეყანაში გვისაფრდებიან. შევთავაზე, სამუშაო ჯგუფი შეიქმნას, სადაც ორივე მხრიდან პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იქნებიან. მათ შორის მარგინალიზაციის გზაზე დამდგარ პოლიტიკოსებს არ ვგულისხმობ, რომლებიც გრანტის გამო ყველაფერზე წავლენ.

- და ჩვენი ხელისუფლება?

- ეს მათაც იკითხეს _ ხელისუფლების პოზიცია რა არის და ამ დონეზე ჩვენს საუბარს რა პერსპექტივა აქვსო. ვფიქრობ, ,,ოცნებას” აქვს არჩევანი, ჩაერთოს ამ პროცესში, მაგრამ მის შიშს, დასავლეთში ვინმემ რამე სხვანაირად არ გაიგოს, ჩვენს უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას ვერ გადავაყოლებთ. რუსებს ვუთხარი, პროცესი დავიწყოთ, ხელისუფლების წარმომადგენლებს დაველაპარაკები, ამ საქმეში ჩაერთონ ოფიციალურად, ღიად, ან კულუარულად და ნდობით აღჭურვილი პირი წარადგინონ, რომლის ვინაობას ჩემგან ვერავინ გაიგებს.

- ზუსტად ვერ გავიგე, რა პროცესზე ვსაუბრობთ, ეკონომიკურზე, პოლიტიკურზე?

- ეს პოლიტიკური პროცესია. ხელისუფლებას მუდმივად ჩავაყენებ საქმის კურსში. როცა უნდათ, შემოგვიერთდნენ, თუნდაც ფინალში და დაფნის გვირგვინიც დაიდგან, არ შევეცილები.

- ხელისუფლებას არასოდეს გამოუხატავს მსგავსი გეგმების მხარდაჭერა, არასაპარლამენტო ოპოზიციას კი, კუკავას, დავითაშვილს, ბურჯანაძეს თქვენამდეც ჰქონდათ მსგავსი ვიზიტები და რა შედეგი დადეს გარდა იმისა, რომ აგენტებად შეირაცხნენ?

- არ გეთანხმებით, ოპოზიციას არც ისე ცოტა ბერკეტი აქვს. სხვა კოლეგების ვიზიტებზე ინფორმაცია არ მაქვს და არც მაინტერესებს. აი, ბურჯანაძის ვიზიტი კი ძალიან სერიოზული იყო, რადგან ვიცი, რა საკითხებზე ისაუბრეს.

- რა შედეგი მოიტანა ბურჯანაძის ვიზიტმა?

- ჯერ პროცესი არ დასრულებულა. ჩვენ კოალიცია გვაქვს ბურჯანაძესთან და ცხადია, მათაც იცოდნენ ჩემი გეგმების შესახებ. რაც შეეხება იმას, აგენტს მიწოდებენ თუ არა, მგლის შიშით ფარა ვის გაუწყვეტია? პოლიტიკაში ნაზი პეპლების ადგილი არ არის. ეს ძალაუფლებისთვის ბრძოლაა.

- თქვენ რისთვის იბრძვით, ბატონო ჯონდი?

_ ამ მძიმე ბრძოლაში მხოლოდ მათი ადგილია, ვისაც შინაგანი ძალა და გამბედაობა აქვს. ვიღაც რუსეთის აგენტს რომ მიწოდებს, ეს უინტერესოა.

- აუცილებლად დაგიძახებენ რუსეთის მიერ დაფინანსებულ ოპოზიციას, ამიტომ ფინანსების თემა აქვე ამოვწუროთ _ ვინ აფინანსებს მოლაპარაკებათა ამ სერიას?

- ამ შეხვედრისთვის მოსკოვში წასასვლელ- წამოსასვლელი ბილეთების ფული და არცთუ ძვირიანი სასტუმროს ხარჯი გავწიე მხოლოდ. შეიძლება, ეს კითხვა ობიექტურად დაისვას, მაგრამ წარმოუდგენელია, პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნისთვის ზრუნავს, რუსეთში ფულის სამათხოვროდ ჩავიდეს. ეს სირცხვილია.

- ერთი და ორი ჩასულა?

- ვიცი, ასეა და არ მინდოდა ამაზე საუბარი. ისიც მითხრეს, ზოგიერთი აქ რისთვისაც ჩამოვიდა, ძალიან კარგად იცითო. სხვათა შორის, ვინც მოსკოვში ჩადის და მერე ბრუნდება, რუსეთზე ყველაზე მეტს ყვირის. ეტყობა, არაფერს აძლევენ და იმიტომ. ჩემი მიზანი შეთანხმებაა და თუ ეს შეთანხმება შედგა, საქართველო, სამხედრო- პოლიტიკური სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარდა, დიდ ეკონომიკურ შედეგსაც მიიღებს და ქვეყნის ეკონომიკა რამდენიმე თვეში გადაეწყობა. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი საკვანძო ადგილი გახდება ენერგომატარებლების ტრანზიტის თვალსაზრისით. ის ენერგოპროექტები, რაც სააკაშვილის წყალობით რუსების ჯინაზე განვახორციელეთ, მხოლოდ 56-მილიონიან შემოსავალს გვაძლევს. სამაგიეროდ, აფხაზეთი, სამაჩაბლო და ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე, რუსი ხალხი დავკარგეთ.

- ამ ყველაფრის სანაცვლოდ, საქართველოს პოლიტიკური ფასი რა არის. ქართველი ხალხის სახელით რას დაპირდით რუსებს?

- ჯერ შეთანხმება არ არსებობს. კარგი კითხვაა… როგორც რუსეთის ბუნებრივი მოკავშირე, ვალდებულნი ვართ, უზრუნველვყოთ, ჩვენი ტერიტორია არ გამოიყენონ რუსეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ. საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა განთავსდეს ნატო-ს სარაკეტო სისტემა, რომელიც მოსკოვისკენ იქნება მიმართული. არასწორია, ვიღაცასთან სალაპარაკოდ თოფით მიხვიდე და უთხრა, არ გესვრიო. ამერიკელები აცხადებენ, რუსეთზე თავდასხმას არ ვაპირებთო, მაგრამ ჩვენთან სარაკეტო სისტემების განთავსება მაინც უნდათ. ამას აუცილებლად მოყვება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია.

- სწორედ ნატო ხომ არაა ჩვენი უსაფრთხოების გარანტია და არა რუსეთი? ანგარიშს არ უწევთ, რომ ამ მოსაზრებას გაცილებით მეტი მომხრე ჰყავს საქართველოში, ვიდრე თქვენს აზრს?

- არ მგონია, ასე იყოს. ეს ქვეყნის დაღუპვაა. რუსები არამეგობრულად და არასაიმედოდ მიიჩნევენ ჩვენს ტერიტორიაზე ამერიკული ბაზებისა და ნატო- ს საწვრთნელი ცენტრების განთავსებას.

- ჰოდა, ჩვენი ნაბიჯი რა უნდა იყოს რუსეთისკენ, როცა ჩვენი პარტნიორობა ამერიკასთან გაცილებით მყარი და საიმედოა?

- რუსეთზე მყარი და დიდი მოკავშირე არ გვყავს! ამ რეგიონში რუსი და ქართველი მართლმადიდებელი ერების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. რუსეთი დღესაც ერთადერთი ფაქტორია, რის გამოც თურქებს აჭარა არ აქვთ ოკუპირებული. ღმერთმა ნუ ქნას და რუსეთი რომ დასუსტდეს, თურქეთი უკან არ დაიხევს. ამის შესახებ, წესით, ხელისუფლება უნდა გვაფრთხილებდეს. ვფიქრობთ, რუსეთმა ჩვენგან გარანტია უნდა მიიღოს, რომ უცხო ქვეყნის არცერთი ჯარისკაცის ფეხი არ იქნება საქართველოში.

- ის რის გარანტიას გვაძლევს სანაცვლოდ?

- თუ ვინმე გადმოაბიჯებს საქართველოს საზღვარზე, საქართველოს ხელისუფლების თხოვნის შემთხვევაში, რუსეთი ვალდებული იქნება, დაგვიცვას და სამხედრო დახმარებაც გაგვიწიოს, თუ ამის საჭიროება დადგა.

- ანუ რუსეთი უნდა გახდეს ჩვენი ალტერნატიული ნატორუსეთმა რომ გადმოაბიჯა ჩვენს საზღვრებზე არაერთხელ და კიდევ რომ გადმოაბიჯებს, მისგან ვინ დაგვიცავს?

- ახლა, ასე ყველაფერი თუ გავიხსენეთ, რაც რუსეთმა გაგვიკეთა და ჩვენ გავუკეთეთ, არაფერი გამოვა. აჭარისა და სამცხეჯავახეთის დაბრუნებისთვის ბრძოლაში ათასობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ქართველი გლეხების გვერდით. წავიდეთ და მათი საფლავები ვნახოთ, სადაც ისინი გვერდიგვერდ არიან დაკრძალულნი.

- ჯერ აფხაზეთის, აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ბიჭების საფლავებზე გავიდეთ და მერე მათი ოჯახის წევრების პოზიცია მოვისმინოთ ,,რუსულ ნატოზე”.

- ეს არის ორივე ერის ტრაგიკული შეცდომა და ახლა უნდა ვეცადოთ, ასეთი რამ აღარ განმეორდეს. ჩვენ ამ შეცდომებისგან ერთმანეთი უნდა დავიცვათ. საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ერთმნიშვნელოვნად სურს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება. ასე ფიქრობს უმრავლესობა.

- ბოლო გამოკითხვით, ნატო- ში შესვლას ხალხის 67% უჭერს მხარს, ევროკავშირს უფრო მეტი. რატომ ესაუბრებით რუსეთს საქართველოს მოსახლეობის სახელით?

- რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას დაახლოებით 80% უჭერს მხარს, შეიძლება ცოტა მეტიც. რაკი ახლა რაღაც რიცხვები მოგყავთ, გაგახსენებთ, რომ 2012 წლის არჩევნებამდე 2 თვით ადრე, გამოკითხვებში გიორგი თარგამაძეს 20%-ით მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა, ვიდრე არჩევნებზე მიიღო. ყველაფერს ახლაც არჩევნების შედეგები გვიჩვენებს. თუ ხელისუფლება ამ გზაზე არ წამოვა, ხალხი ჩვენსა და ხელისუფლებას შორის აირჩევს. ჩვენი გზა მხოლოდ სიტყვები და პიარი კი არა, გამზადებული, რუსულ-ქართული სამეკავშირეო შეთანხმების პროექტია. თუ ხელისუფლება ამის საჭიროებას ვერ მიხვდება, მაშინ ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება. თუმცა ვფიქრობ, ,,ოცნება” ამ გზის სისწორეს ბოლოს მაინც დაინახავს და ამ პროცესში ჩაერთვება. თუ არადა, არჩევანს ხალხი გააკეთებს.

(…)

ეტყობა, არ იცით, რომ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი ძალიან წარმატებული პროცესის დასაწყისი იყო, რომელსაც განვითარება მოჰყვება. მან ეს გზა, ფაქტობრივად, გაკვალა. ყველამ იცის, რომ რასაც ვამბობ, სწორია, მაგრამ ხმამაღლა თქმის ეშინიათ _ რუსეთს უნდა მივცეთ გარანტია, რომ 30 წლის განმავლობაში აქ არავითარი სარაკეტო ბაზა არ განთავსდება და რომ მათთან ერთად ჩავერთვებით ანტიტერორისტულ ოპერაციებშიც. ჩვენ კი ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარანტია უნდა მივიღოთ.

- კიდევ, უნდა მივცეთ გარანტია, რომ ევრაზიულ კავშირშიც შევალთ?

- თუ დამიჯერებთ, ამაზე სიტყვაც არ დაგვიძრავს. ევრაზიული კავშირის გარდა, საქართველოსთვის შანხაის პროექტი უფრო მიმზიდველი უნდა იყოს, რომელშიც ჩინეთი და ინდოეთიც მონაწილეობენ. ახლა ევრაზიული კავშირის შეფასებას საერთოდ ვერ გავაკეთებ, მაგრამ შანხაის უძლიერეს გაერთიანებაზე კარგი აზრის ვართ და მასთან ურთიერთობა მხოლოდ დადებით შედეგებს მოგვიტანს. ის, რომ რუსეთთან მოკავშირეობა გვაწყობს და ჩვენი ქვეყნის განვითარების სხვა გზა არ არსებობს, ეგ მეც ვიცი და ხელისუფლებამაც!

„კვირის ქრონიკა“, 21 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „თინა ხიდაშელი პირდაპირ ცდილობს, გამოიწვიოს რუსეთთან ზუსტად ისეთივე კონფლიქტი, როგორიც იყო 2008 წელს“

ნინო სამხარაძე

(შემოკლებით)

საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადება, – ჩვენ გმირულად დავიღუპებითო – ახალი სკანდალის საფუძველი ხდება. „ბიბისის“ ჟურნალისტის კითხვაზე, – ხომ არ აპირებენ რუსეთი და საქართველო გაიმეორონ 2008 წლის საომარი მოქმედებები, თინა ხიდაშელმა უპასუხა: თუკი მსოფლიო ისეთივე სუსტ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს მიმართ, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში ხდება, თუკი მსოფლიო ვეღარ დაიცავს საერთაშორისო მშვიდობას, თუკი ნატო განაცხადებს, რომ სწორედ აქ მთავრდება თავისუფლება, მაშინ, დიახ, ეს განმეორდება… ხიდაშელმა აქვე დაამატა, – თუ ეს რუსეთ-საქართველოს ომი საქართველოს ნატოში გაწევრიანებამდე მოხდება, ჩვენ მოვკვდებით, როგორც გმირები. ეს არის ის, რაც შეიძლება ჩვენ ვქნათ…

ქალბატონო თავდაცვის მინისტრო, გმირულად დაღუპვის მაგალითი რომელმა თქვენგანმა უჩვენა ამ ხალხს?.. ბოლო 20 წლის მანძილზე ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით საომარ მდგომარეობაში… 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, არ მახსენდება, რომელიმე „რესპუბლიკელს“ იარაღი აეღო და სამშობლოს დასაცავად ებრძოლა, ვის გმირულ დაღუპვას აანონსებთ, ვისი სიცოცხლის გაწირვის ფასად ცდილობთ დაამტკიცოთ, რომ თქვენ რაღაც შეგიძლიათ?! რატომ სცილდებით კომპეტენციის ფარგლებს, რა გინდათ? გინდათ, რომ ამოვწყდეთ?!. როგორ წარმოგიდგენიათ, 142-მილიონიან რუსეთს 3 მილიონ 600 ათასი ადამიანი როგორ შეეწინააღმდეგება? რატომ აღვივებთ საომარ რიტორიკას, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზები ამოწურეთ?!. მართალი გითხრათ, გაუგებარია თქვენი რიტორიკა, რატომ ატარებთ მიხეილ სააკაშვილის ხაზს, რომელიც ქრონიკულად დაინტერესებულია რუსეთთან ომით. თუკი თქვენ აცნობიერებთ, რომ უკრაინის შემთხვევაში მსოფლიო სუსტია, რომ შეაჩეროს საომარი პროცესები, რომლის ინსპირატორიც თავის დროზე თავად იყო, თუკი უკრაინის მრავალმილიონიანი მოსახლეობა უძლურია რუსეთთან ომში, თქვენი მცირერიცხოვანი ჯარით რუსეთთან შერკინებას როგორ აპირებთ?.. თქვენი მსჯელობა საერთოდ აცილებულია თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობას, იმის მაგივრად, ცდილობდეთ მშვიდობიანი გზებით ტერიტორიების დაბრუნებას, რეგიონში სტაბილურობას, აგზნებული საუბრებით აღიზიანებთ მთავარ მტერს.

რას ნიშნავს, თუ ნატოში არ მიგვიღებთ, გმირულად დავიხოცებით. ინფანტილურია თქვენი განცხადება… თქვენ გულუბრყვილო რომ არ ხართ, ამაში ეჭვი არ მეპარება იმიტომ, რომ საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსი ხართ და ზუსტად იცით, ასეთ განცხადებებს რა საპასუხო დარტყმები მოჰყვება. ზუსტად იცით, რამ განაპირობა ჩვენი არცთუ ისე შორეული წარსული, რატომ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი და ჩნდება განცდა, რომ იგივე გზას აგრძელებთ. ამიტომაც თქვენი თავდაცვის მინისტრობა გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობისთვის ძალიან საშიშია, რადგან რუსეთთან მიმართებაში საომარ რიტორიკაში მიხეილ სააკაშვილისგან დიდად არ განსხვავდებით. ეს პოლიტიკური ავანტიურა უკვე ნაცადი ხერხია, ასეთმა პროვოკაციის შემცველმა განცხადებებმა საქართველოს კატასტროფული ზიანი და უდიდესი მსხვერპლი ერთხელ უკვე მოუტანა, იგივე შეიძლება მოხდეს ხიდაშელის ასეთი ტიპის განცხადებების შემდეგ. თუკი ხიდაშელი მსგავს საომარ რიტორიკას გააგრძელებს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის საბოლოოდ იქნება გამანადგურებელი, საბოლოოდ დავკარგავთ ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივას. თუ ამ ქვეყანაში ომი დაიწყო, პირველები ისევ თქვენ გაიქცევით ქვეყნიდან და თუ გმირულ დაღუპვაზეა საუბარი, თქვენი ოჯახის წევრები გაგვიძღვნენ წინ და გმირულად დაღუპვის მაგალითი მოგვცენ. ახლა უკვე თქვენი დროა, ხალხმა რესურსი ამოწურა, რაც ჰქონდა, 2008წელს შეწირა, ჩვენი გენოფონდი ამ ფუფუნების საშუალებას უკვე აღარ იძლევა!

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია, რომელიც გასულ კვირას რუსეთიდან დაბრუნდა, „კვირის ქრონიკის“ კითხვებს პასუხობს:

- როგორ აფასებთ ხიდაშელის განცხადებას, როცა მან არ გამორიცხა ომი, თუკი ეს აუცილებელი გახდება და თქვა, რომ გმირულად დავიღუპებით?

- ბიძინა ივანიშვილს მოვუწოდებ, ეს ქალი დააოკოს, ხიდაშელის ასეთი პროვოკაციული განცხადებები ართულებს ქვეყნის მდგომარეობას, ამ ქალს მინისტრობა თავში აუვარდა და მართლაც თავდაცვის მინისტრი ჰგონია თავი, პატარა ბავშვივით არის აჟიტირებული და ვერ დაიცხრო ვნებები, უკვე რამდენი ხანია მინისტრია. ასეთი ტიპის განცხადებები ართულებს ქვეყნის ტერიტორიების დაბრუნებას, ქართულრუსული ურთიერთობების დალაგებას, ქვეყანაში ძაბავს სიტუაციას. ასეთი განცხადებების ფონზე, რომელი ნორმალური ბიზნესმენი ჩადებს ინვესტიციებს ქვეყანაში და რა ეკონომიკურ სტაბილურობაზე გვექნება პრეტენზია?! ხიდაშელის რიტორიკა ერთიერთში ემთხვევა სააკაშვილის, ბოკერიას, ჩიორასა და გივია თარგამაძისას იმიტომ, რომ ამათ ერთი პატრონი ჰყავთ. იმ პატრონის ინტერესში კი არ შედის, რომ ქართველები და რუსები შერიგდნენ. მათი ამოცანაა ქვეყანაში მაქსიმალურად დაძაბული სიტუაცია იყოს, რომ ამით მათმა პატრონმა რუსეთთან ივაჭროს. ამ ანომალიურ სიტუაციაში ჩვენ არ შევალთ, რადგან რუსეთთან გვჭირდება ურთიერთობების ნორმალიზაცია. ასევე, რუსეთთან გვჭირდება მოკავშირეობის აღდგენა. ის არის ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე ერი და თუ ჩვენ არ აღვადგენთ ამ კავშირს, სხვანაირად სამუდამოდ დაიკარგება ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივა და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. 50-მილიონიანი უკრაინა დღეს გადის იმ გზას, რაც ჩვენ 25 წლის წინათ დავიწყეთ. ხომ ხედავთ, 50-მილიონიანი უკრაინა გაანადგურეს, მიწასთან გაასწორეს, ხიდაშელი პირდაპირ ცდილობს, გამოიწვიოს ზუსტად ისეთივე კონფლიქტი, როგორიც იყო 2008 წელს. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ მაშინ საქართველო ხურდაში გაიცვალა. ეს მოხდა შეგნებულად, სააკაშვილის პატრონებმა დაინახეს, რომ ხალხში გამოღვიძება იწყებოდა და ეს ორი ერი – დააპირისპირეს. 2008 წლის განმეორებას ხიდაშელის პირობებში არ გამოვრიცხავ, ამ ქალზე მაღალი წარმოდგენის არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ იმდენი ტვინი აქვს, რომ ასეთი ტიპის განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. იცით, რატომ აკეთებს თინა ხიდაშელი დღეს ამ განცხადებას? ერში დიდი გამოღვიძებაა და გაჩნდა მოთხოვნა, რომ დალაგდეს რუსეთთან ურთიერთობები, გამოჩნდა უპრეცედენტო პერსპექტივა რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენის, სამოკავშირეო შეთანხმების გაფორმების, ამიტომ, ბუნებრივია, სააკაშვილის მიმდევრებს უნდათ იგივე ტიპის პროვოკაციის მოწყობა, რომ იმ პოლიტიკურ ძალებს, იმ პოლიტიკოსებს, ვინც რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების გზას ვირჩევთ, გვითხრან, – რას აკეთებთ, ნახეთ, რუსეთი ჩვენი მტერია… ვიღაცები ხედავენ, რომ ნაბიჯები იდგმება რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, საინტერესოდ დაემთხვა 2008 წლის აგვისტოს ომი მაკკეინის საარჩევნო კამპანიას, ჩვენ ის ფაქტიც გვახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მის საარჩევნო კამპანიაში ფულიც გადარიცხა.

ამ პერიოდში გაჩნდა ამერიკულ საზოგადოებაში ქართული განწყობები და აიწია მაკკეინის რეიტინგმა. მერე კი გახსოვთ, ალბათ, რომ 4 წელი ბარაკ ობამა მიხეილ სააკაშვილს ხელს არ ართმევდა და ეს ძალიან ჰგავდა განაწყენებული კაცის პოზიციას, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს სააკაშვილი მის ოპონენტს დაეხმარა. მთავარია ის, რომ შეერთებულ შტატებს, როგორც ჩვენ, გვაქვს საკუთარი ინტერესები. ეს ინტერესები ზოგჯერ არ არის თანმხვედრი. მაგალითად, შეერთებულ შტატებს არც ერთ შემთხვევაში არ აწყობს ქართველებმა და რუსებმა ერთმანეთში მოვილაპარაკოთ, არ აწყობს იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ამერიკა ვერ განათავსებს საქართველოში ანტისარაკეტო სისტემას.

ამერიკელებს აქვთ ასეთი კონცეფცია, რომ რუსეთის მიმართ განათავსონ ანტისარაკეტო სისტემა, რომელიც რუსეთზე თავდასხმის აუცილებლობის შემთხვევაში დაასუსტებს რუსეთის საპასუხო დარტყმის ეფექტს. ჩვენი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ეს რუსებმა კარგად იციან. წესით, ეს საკითხი ხიდაშელმაცკარგად უნდა იცოდეს. ამიტომაც რუსები საქართველოში ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას უყურებენ, როგორც მათზე თავდასხმას. ამერიკელებისგან პირველ დარტყმას რუსები კი არ მიიღებენ, საქართველო მიიღებს და ამით დროს მოიგებს, მაგრამ ამერიკამ რომ დრო მოიგოს, ამის გამო ქვეყანა ხომ არ უნდა შევწიროთ?.. რუსეთისგან რომ ბომბები წამოვიდეს, ქვეყანა აღარ დარჩება. განვმეორდები და ვიტყვი, რომ ხიდაშელზე დიდი წარმოდგენის არ ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი უკიდურესად აბსურდული ბრალდებები კომენტარის ღირსადაც არ მიმაჩნია. როცა მინისტრი გქვია, ენა უნდა დაუმორჩილო ტვინის კონტროლს, თორემ ასე ადამიანის ენა ყველაფერს იტყვის.

- რუსეთში ვის შეხვდით და რა სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე საუბრობთ?

- ჩვენ ვმუშაობთ რუსულქართული სამოკავშირეო ხელშეკრულების პროექტზე, ვაპირებთ, შევქმნათ რუსულქართული სამუშაო ჯგუფი, სასურველია, ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთონ ამ პროექტში, რადგან რუსეთის მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ სამუშაო ჯგუფში როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სოლიდური ადამიანები, რომელთა აზრსაც პატივს სცემენ. თქვენ მე ლოგიკური კითხვა დამისვით, ხელისუფლებაში არ ხართ და რა მანდატით ესაუბრებით რუსებსო, რასაც ახლა თქვენ მეკითხებით, ამ თემაზე უნდა მესაუბრებოდეს ხელისუფლება, მინიმუმ, ხელს არ უნდა მიშლიდეს. თინა ხიდაშელისნაირი არაკონსტრუქციული, საღ აზრს მოკლებული განცხადებებით, თურმე რუსეთი უნდა დაისაჯოს და ა.შ. რუსეთი ვერ დასაჯა მსოფლიომ და თინა ხიდაშელი რისი დამსჯელია. ასეთი საომარი რიტორიკული განცხადებების შემდეგ ჩვენ ვნახეთ, ვინ როგორ სოროში აღმოჩნდა, ხომ გახსოვთ, ბევრ მათგანს რომ ვერ ვპოულობდით. ზოგი წითელი ხიდიდან გარბოდა და ზოგი საიდან, ისევ ხიდაშელსა და მაგათნაირებს ჰქონდათ სოროები მოწყობილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. ეგენი დაიმალებიან და ჩვენ უნდა შევასკდეთ ერთმანეთს. ამიტომ თინა ხიდაშელი უნდა დაწყნარდეს. ძირითად თემას რომ დავუბრუნდეთ, ხელისუფლებას აქვს არჩევანი, რუსულ-ქართულ მუშა ჯგუფში მიიღოს მონაწილეობა და ამ პროცესის ფლაგმანი იყოს.

თუ ხელისუფლება ვერ განთავისუფლდება დასავლეთის შიშებისგან, შეუძლია კონფიდენციალურად ითანამშრომლოს ამ პროცესში და თუ ამას არ გააკეთებს, ხელისუფლება მუდმივად იქნება ჩვენგან საჯაროდ ინფორმირებული. მე მაქვს პირდაპირი კონტაქტები ხელისუფლებასთან და ხიდაშელის რიტორიკას არ ეთანხმებიან, ეს მათგან ვიცი. რუსეთთან სალაპარაკო მანდატს კი ხალხს მოვთხოვთ. თუ რუსებთან შევთანხმდით და შევძელით ისეთი სამოკავშირეო პროექტის შექმნა, რომელიც ქვეყნის ინტერესებში შედის, შევუბრუნდები ხალხს და ვეტყვი, ამ პროექტში რაც არის, რუსი კოლეგები ეთანხმებიან, ამის რეალიზებისთვის საჭიროა ხელმოწერა მეორე მხარის მხრიდან, ხალხს ავუხსნით, რომ ხელისუფლებას დასავლეთის ეშინია, მოგვეცით მანდატი და ჩვენ მოვაწერთ ხელს, მერე ხალხმა გადაწყვიტოს, რა გზა ურჩევნია, დარწმუნებული ვარ, ამ მანდატს ხალხი მოგვცემს. ჩვენ შეთანხმებული ვართ, რომ ოქტომბრის ბოლოს დუმაში გაიმართება კონფერენცია, სადაც სიტყვით გამოვალ და იქნება ამ საკითხის საჯარო განხილვა. ჩვენ გვინდა რუსულ-ქართულ საზოგადოებაში შევქმნათ დიალოგის რეჟიმის განწყობა. ასე რომ, ხელისუფლების შიშებს ამ საკითხს ვერ გადავაყოლებთ. (…)

„ალია“, 22 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ჩვენ ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადავდგამთ, რომელიც რუსეთს რაიმე ჩანაფიქრის უარყოფას აიძულებს…“

„ალიას“ კორესპონდენტ ნინო სამხარაძესთან საუბარში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი კომენტარს უკეთებს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას, საუბრობს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობაზე და ეხება საგარეო პოლიტიკის საკითხებსაც (პუბლიკაციის ორიგინალური სათაურია „სოსო ცისკარიშვილი: „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებით შესაძლოა, უფრო მეტი სირთულის წინაშე აღმოვჩნდეთ!“).

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- საზოგადოებისთვის შემაშფოთებელი აღმოჩნდა თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადება, რომელმაც მან „ბიბისი“-სთან ინტერვიუში გააკეთა. კითხვაზე – ხომ არ აპირებენ რუსეთი და საქართველო გაიმეორონ 2008 წლის საომარი მოქმედებები, ხიდაშელმა უპასუხა, – თუკი მსოფლიო ისეთივე სუსტ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს მიმართ, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში ხდება, თუკი ნატო განაცხადებს, სწორედ აქ მთავრდება თავისუფლება, დიახ, ეს განმეორდება. ჩვენ გმირულად დავიღუპებით. შეიძლება ამ ხელისუფლების პირობებშიც საომარ მოქმედებებში აღმოვჩნდეთ?

- აზრი უნდა მიტანილიყო ადრესატამდე, მაგრამ შეიძლებოდა უფრო სხვა ტიპის გამოთქმებით შეეკმაზა ქალბატონ ხიდაშელს. თავის მოტყუებაა, აზრი იმის შესახებ, რომ რუსეთი ვერაფერს გაბედავს, მაგრამ თუ საკუთარ თავს წავართმევთ თავისუფლებას, იმიტომ, რომ შეიძლება რუსეთმა რაღაც იმოქმედოს, მაშინ ნუღარ გვექნება პრეტენზია დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრების. თინა ხიდაშელის განცხადების აზრი იყო სწორი, მაგრამ შეიძლებოდა, რომ გამოთქმა ყოფილიყო უფრო დახვეწილი, თუმცა შინაარსი მკაფიოდ გადაეცათ მათ, ვისთვისაც ხიდაშელის ნათქვამი დასაფიქრებელი უნდა იყოს.

- და როგორ ფიქრობთ, ნატოს აუჩუყდება გული თინა ხიდაშელის ამ განცხადების გამო და შეგვიყვანენ ნატოში, ემანდ, საქართველომ და რუსეთმა ომი არ დაიწყონო?.. ეს იყო მესიჯი ნატოს სამიტის წინ?

- არა მგონია, თინა ხიდაშელს კალენდრისთვის დაეხედა და ისე ელაპარაკა, მაგრამ, ასეა თუ ისე, ჩვენ ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადავდგამთ, რომელიც რუსეთს რაიმე ჩანაფიქრის უარყოფას აიძულებს…

„ახალი თაობა“, 22 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ გიორგი თავდგირიძესთან: „ჩვენი ჯარი რუსეთის შეტევის შეჩერებას შეძლებს“

„ახალი თაობის“ ჟურნალისტ შორენა მარსაგიშვილთან ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი თავდგირიძე საუბრობს ქართული არმიის რეფორმირებაზე (სწრაფი რეაგირების ძალების შექმნა კონტრაქტის საფუძველზე), სამხედრო  მომზადების პერსპექტივებზე, შეიარაღების გაუმჯობესებაზე და სხვა საკითხებზე. იგი  ერთმანეთს ადარებს აგრეთვე რუსეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობას, მათ ბრძოლისუნარიანობას და გამოაქვს დასკვნა, რომ პრინციპში, ქართული არმია უფრო ძლიერია, ვიდრე რუსეთის არმია.

გიორგი თავდგირიძის თქმით, თუ საქართველოს სწრაფი რეაგირების ძალები ეყოლება, კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ძალიან მცირე დროში ამ ძალების საზღვრის გასწვრივ განლაგება, მოხერხდება მტრის შეჩერება და  შესაბამისად,  იქნება დრო ქვედანაყოფების თვითრეალიზებისა და რეზერვისტების გამოძახებისათვის. „ასე შევძლებთ ქვეყნის თავდაცვას ხანგრძლივი დროით. ეს არ იქნება ძვირად ღირებული, ყაზარმაში ბევრი ადამიანი არ გვეყოლება. ამით ბრძოლისუნარიანობა და საბრძოლო შესაძლებლობების დონე არ დაეცემა, პირიქით – გვეყოლება მასობრივი არმია და მასთან ერთად, ელიტარული სწრაფი რეაგირების ძალებიც. მოწინააღმდეგისაგან განსხვავებით, ისინი პროფესიონალები იქნებიან, იბრძოლებენ დღისითაც და ღამითაც.

- რუსეთს არ ჰყავს საკონტრაქტო ჯარი  და მაღალ დონეზე მომზადებული ნაწილები?

- რუსეთს გარკვეული ნაწილები ჰყავს კონტრაქტზე, მაგრამ მე ვსაუბრობ ხარისხზე. ჩვენი ოფიცრები გაცილებით უკეთეს სამხედრო სასწავლებლებში სწავლობენ, უკეთესი მეთოდოლიგიით მზადდებიან. ჩვენი საბრძოლო ტაქტიკა გაცილებით გამოცდილი ქვეყნების ტაქტიკის ანალოგია და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ვიბრძოლებთ. ამდენად, ჩვენ გვაქვს უპირატესობები. (…) რუსეთის შეაიარაღებული ძალები, გარდა მათი სიმრავლისა, არ ფლობენ სხვა ტიპის უპირატესობებს. მათი იარაღი ჩვენსას არ აღემატება. ჩვენც ანალოგიური იარაღი გვაქვს, ცოტა უკეთესიც.

- ნორმალური ხელმძღვანელობის პირობებში შესაძლებელია რუსეთის შემოტევის მოგერიება?

- თავისთავად. გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენს ჯარს შეუძლია სრულმასშტაბიანი ომი აწარმოოს ისე, რომ მოწინააღმდეგემ ვერ მოახერხოს საქართველოს მთელი ტერიტორიის  ან მისი დიდი ნაწილის დაკავება და სახელმწიფოს ჩამოშლა.

„კვირის ქრონიკა“, 21 სექტემბერი, 2015 წელი

ხმაურიანი გარჩევები

ვის და რატომ აგინა შუშის სასახლეში ბიძინა ივანიშვილმა?

ნინო სამხარაძე

საინტერესოა, ვინ ვის აუღებს „აბაროტს“? „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს „ნაციონალებთან“ ბრძოლა მოიგო, მაგრამ ომი მოსაგებია. ბრძოლა წესების გარეშე გადამწყვეტი ომისთვის ახალ სტარტს იღებს.

საინტერესოა, რას იზამს ბიძინა ივანიშვილი? გააგრძელებს შუშის სასახლიდან „მოქალაქის“ სტატუსით პროცესებზე თვალ-ყურის დევნებას – როგორ ემხობა მისი შექმნილი ხელისუფლება, როგორ შევდივართ მძიმე სოციალურ ჩიხში, თუ ღიად შემოვა პოლიტიკაში და „აბაროტის“ აღებას საკუთარი ხელისუფლებიდან დაიწყებს, „ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოო განადგურებით დაასრულებს და სოციალურ ეკონომიკურ კატაკლიზმებს შეაჩერებს?

რაც ხდება, შეიძლება ითქვას, ეს არის ტოტალური საბოტაჟი და შეთქმულება სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუტის, წინააღმდეგ! ჩვენ ვკარგავთ სახელმწიფოს ნიშნებს, ფრონტის ხაზი გახსნილია და ჩნდება საფრთხე, რომ ქვეყანაში უმართავი პროცესები დაიწყოს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბ აშვილი ამ ომში თითქმის მარტოა. „ქართულ ოცნებაში“ რომ დიდი ღალატია, ამის ლუსტრირება უკვე ღიად ხდება. პრობლემები მოზაიკურია, ხშირ შემთხვევაში ხელოვნური, რაც აჩენს ეჭვს, რომ „ქართული ოცნების“ ზოგი ერთი სუბიექტი, და არამარტო „რესპუბლიკური: პარტია, გაოპოზიციონერებული ირაკლი ალასანია – „თავისუფალი დემოკრატები“ და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, გადამწყვეტ პოლიტიკურ რაუნდში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოორდინირდებიან. მათი ინტერესი ცალსახაა – საბოლოოდ ჩამოიცილონ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური ველიდან და ისევე გააქციონ ქვეყნიდან, როგორც ეს სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერების შემთხვევაში გააკეთა მან.

„ქართულ ოცნებას~ 2016 წელს უმძიმესი არჩევნები ელოდება, ამ ძალამ აპოკალიფსი თვითნებურადაც მოიწყო, ისე, რომ `ნაციონალურ მოძრაობას~ დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია. `ქართული ოცნება~ ჯოჯოხეთისმორევში გადაეშვა _ დამნაშავე ძალასთან კოჰაბიტაციით, ლარის ინფლაციით, გაზრდილი ტარიფებით, ტოტალური უმუშევრობით,  ნეპოტიზმით, გაძვირებული ცხოვრებით და რაც მთავარია – სამართლიანობის აღდგენის იდეის დასამარებით. გადარჩენის ერთადერთი გზა არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ღიად დაბრუნება, სხვა შემთხვევაში ის ყველა მხრიდან განწირულია და აი, რატომ:

გიგი უგულავას საქმემ დაგვანახა, რომ `ნაციონალური მოძრაობა~ მზად არის, ქვეყანაში სისხლისმღვრელი პროცესები დაიწყოს, ოღონდ კი ივანიშვილს `აბაროტი~ აუღოს და ხელისუფლებაში დაბრუნდეს. „აბაროტის“ ასაღებად მზადყოფნაშია პოლიტიკური მეძავი ირაკლი ალასანია, პრეზიდენტი მარგველაშვილი და ტრანსში ჩავარდნილი `რესპუბლიკელები~, რომლებიც გადამწყვეტ მომენტში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას შიგნიდან მოუწყობენ რევოლუციას, როგორც ეს 2003 წელს მოხდა, როცა შევარდნაძის ხელისუფლებას ე.წ. „რეფორმატორების“ გუნდი გამოეყო და ხელისუფლება დაამხო. ხელისუფლების დემორალიზაციისკენ ნაბიჯების გადადგმა დაწყებულია. თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას 9 თვის მანძილზე დანაშაულს რომ ვერ დაუმტკიცებ და წინასწარ პატიმრობაში 15 თვე აყურყუტებ, ან დებილი ხარ ან დამნაშავე ძალასთან შეკრული! ოპოზიციაში მყოფი თინა ხიდაშელი გიგი უგულავას დასაჭერად გამზადებულ დოკუმენტებს რომ აფრიალებდა – სად არის? სად არიან მოწმეები, ვინც უკანონოდ ქონების ჩამორთმევაში უგულავას ადანაშაულებდნენ, მექრთამესა და ბიუჯეტჭამიას უწოდებდნენ და ამ განცხადებებს დოკუმენტებით ამყარებდნენ, სად არიან ოპოზიციური პარტიის ლიდერები, ავსტრიაში ჩვენს ხარჯზე მისი ცოლის მშობიარობას რომ აპროტესტებდნენ? „თბილისის განვითარების“ ფონდიდან მოპარულ თანხებზე რატომ აღარავინ ლაპარაკობთ? ოპოზიცია და ხელისუფლებაში მოკალათებულო პოლიტიკურო ახვრებო, რა ტომ აღარ ახსენებთ გიგი უგულავას, მის მიერ მოპარულ 50 მილიონს, სტრიპტიზბარებში ბიუჯეტიდან მოპარული ფულით „გულაობას“ და ჩვენს ხარჯზე ლას-ვეგასში ვოიაჟებს?!

ვიღაცას „ნაციონალი“ ჰქვია, ვიღაცას – „თავისუფალი დემოკრატი“, ვიღაცას – „რესპი“, სინამდვილეში ერთი და იგივე ურნაში აქოთებული ნაგავი ხართ! ეს ნაგავი ყარს და ვიღაცამ თუ არ გაიტანა, ხალხი იზრუნებს, საკუთარი უსაფრთხოების მიზნით, აყროლებული ნაგავი გაიტანოს და ხალხს ამის ლეგიტიმაცია აქვს!

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავამ თავისუფლება ზე 24 საათი დაყო, „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმესაათიანმა პოლიტიკურმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილს შეუთვალა: „აბაროტს“ იმ საარჩევნო სისტემით ავიღებთ, რომლითაც 2012-ში დავმარცხდითო!

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა „თბილსერვისჯგუფის“ საქმეზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, უგულავას, საბოლოო ჯამში, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლოს წინ „ნაციონალებმა“ და მათმა მხარდამჭერებმა აქცია გამართეს, სკანდირებით – „ბიძინას რააა – დედის ტყ…ნა!“ როგორც ხედავთ, „ნაციონალები“ ხელწერას არ იცვლიან, ადამიანებზე ძალადობა მათი ბუნებრივი მდგომარეობაა… ყველას გვახსოვს 2007 წლის 7 ნოემბერს, სააკაშვილის სპეცრაზმელების შეძახილი – „ბადრის რააა, დედის ტყ…ნა!“ რასაც ბადრის დაჰპირდნენ, აუსრულეს! 9 წელი სიკვდილის მოლოდინში გვაცხოვრეს და ახლა „აბაროტის“ აღებით იმუქრებიან… პოლიტიკური ახვრებო, არ დაგავიწყდეთ, რომ „აბაროტის“ აღებაც დასწრებაზეა და დედის ტყ…ნაც! ეს ქვეყანა ყველასია და თუ ომი გინდათ – ომს მიიღებთ! ახლა, „ნაცების“ შიშით ჩაფსმულ „ოცნებას“ ვეკითხები – არის თუ არა სასამართლოსთან აქციების მოწყობა სასამართლოზე ზეწოლა? რატომ არ რეაგირებთ?! რისი და ვისი გეშინიათ? კომპრომატების გამოქვეყნების? დასავლეთის ზეწოლის? გამოდი და იმოქმედე კანონის ძალით, დაამტკიცე დანაშაული და აღადგინე სამართლიანობა, სხვა შემთხვევაში – „აბაროტის“ აღებას მიიღებთ ხალხისგან!

რადგან თქვენც თანაზიარი ხართ იმ დანაშაულის, რასაც “ნაციონალური მოძრაობა“ სჩადიოდა, ხელს აფარებთ და „აპრავებთ“ მათ დანაშაულს და ხალხს უქმნით საფრთხეს, დარჩეს ამ მოძალადე და საშიში ძალის პირისპირ, სადაც ერთმანეთს უკვე კანონის ენით აღარ ელაპარაკებიან. ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ასეთი უმართავი პროცესების შემთხვევაში ხალხი მას მოსთხოვს პასუხს, ეს ხალხი მხოლოდ ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს გაჰყვა სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში, მას ენდო და ამიტომ მოიყვანა მისი კოალიცია ხელისუფლებაში. მას ენდო, როცა პრეზიდენტად მარგველაშვილი შემოგვტენა, ქალაქის მერად კი – ნარმანია და იმ დაპირებების სჯეროდა, რასაც ის არჩევნებამდე ასე უხვად გასცემდა და ახლა, ბიძინა ივანიშვილი ძალიანაც რომ გაჯიქდეს, ამ გამოწვევას ვერ ასცდება, ის ან მოდის, ან გარბის ამ ქვეყნიდან…

„კვირის ქრონიკა“ დაინტერესდა, რას აპირებს ბიძინა ივანიშვილი, რა ხდება მის ორბიტაზე, როგორ აფასებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და რაში ხედავს გამოსავალს?

რამდენიმე წყაროსთან ინფორმაციების გადამოწმების შედეგად გავარკვიეთ, რომ პოლიტიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა კონკრეტული ჯგუფი აპირებს, შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს და კი არ სთხოვონ, არამედ მოსთხოვონ მას პოლიტიკაში ღიად დაბრუნება. ბოლო პერიოდში ამის რამდენიმე მცდელობა ყოფილა.

განსხვავებით წინა შეხვედრებისგან, ივანიშვილი ჯიუტ უარზე აღარ არის, თანხმობას ღიად არ აცხადებს, თუმცა ამ მოთხოვნას, რომ ღიად დაბრუნდეს პოლიტიკაში – დუმილით ხვდება. ის ახლა ფიქრის პროცესშია, დიდი ალბათობით პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებას მიიღებს – მისი დუმილი, ფაქტობრივად, თანხმობის ნიშანია. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ღიად დაბრუნების მთავარი ფაქტორი, როგორც ჩანს, კვლავ მისი შვილი უტაა – სწორედ უტას უთქვამს მამამისისთვის, შენ აიღე პასუხისმგებლობა ამ ხალხის წინაშე და შენვე უნდა დაბრუნდე პოლიტიკაში, ვალდებულებები ბოლომდე შეასრულო და ამ ხალხს იმედი არ უნდა გაუწბილო, უკეთესი მომავლის ოცნება არ უნდა დაუმსხვრიო. როცა ქვეყანას უჭირდა, მაშინ გითხარი, რომ შესულიყავი პოლიტიკაში, გადაგერჩინა და გეხსნა ხალხი სააკაშვილის რეჟიმისგან, ახლაც გეუბნები, რომ ამ ხალხს შველა სჭირდება და შენვე უნდა მიხედოო…

როგორც გითხარით, ივანიშვილი „აბაროტის“ აღებას საკუთარი გუნდის წევრებისგან დაიწყებს. ჩვენი ინფორმაციით, ივანიშვილი გაბრაზებას ვერ მალავს ზოგიერთი მინისტრის მისამართით. რამდენიმე დღის წინ ენერგეტიკის მინისტრთან კახი კალაძესთან მას დაძაბული საუბარი ჰქონია – კალაძისთვის გაბრაზებულს უთქვამს, ამის დედა ვატირე, რას გადაგვაყოლე ამ შენს ბიზნესსა და პირად ინტერესებს, რით ვერ დაკმაყოფილდი, რა გინდა? სხვაგან გაზი იაფდება, შენ აძვირებ, მე ვიცი, ამას რატომაც  აკეთებ – ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფები იმიტომ გაზარდეთ, რომ ხალხმა „ნესკრაჰესისა“ და „ხუდონჰესის“ მშენებლობა არ გააპროტესტოს, სადაც შენი ინტერესებია ჩადებული და ეს საკითხი ტარიფების გაზრდის გზით გაიტანე. ხალხი იმ იმედით დაგნებდა, დენი გაგვიიაფდება, დავსაქმდებით და ჯანდაბას, ბედს შევეგუებითო… შენ შეგეძლო ამ ხალხის დარწმუნება ისე, რომ ტარიფი არ გაგეძვირებინა და ეს ხალხი არ გაგეგიჟებინა, მაგრამ ყველა თქვენს თავზე ფიქრობთ და კერძო ინტერესები გაქვთო… ივანიშვილს უთქვამს, ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს ეტყობა, რომ კონკრეტულ თემაზეა გადართული, ვერ ვხედავ, რომ ქვეყანაში შექმნილი პრობლემები გადარდებდეთ და კრიზისიდან გამოყვანის  გზებზე ფიქრობდეთ. ამდენი ხნის მანძილზე ვერ მოახერხეთ გამართული სისტემის შექმნა, პრობლემებს მოუმზადებლები შეხვდით და ამ ყველაფერს ვერ უმკლავდებითო.

ბიძინა ივანიშვილის გაბრაზების პიკი კი იყო გიგი უგულავას საქმე, რომელმაც კინაღამ თავდაყირა დააყენა “ოცნების“ ხელისუფლება. გასული კვირის დასაწყისში, როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, შუშის სასახლეში დაიბარა მთავარი პროკურორი ბადაშვილი და მისი მოადგილე შოთაძე, პირდაპირი მნიშვნელობით ივანიშვილი ამ პასუხზე სულ გადარეულა, და ეს ყველაფერი მერე ვისი ბრალია, თქვენი „ფეხებზე მკიდია“ დამოკიდებულების, საქმე არავის გაინტერესებთ, თქვენ გამოა, რომ ხალხი მაგინებს და ყველას მე მოგივლით, თქვენი „დუხი“ აღარ ვნახო პროკურატურაშიო… ფაქტობრივად, ბადაშვილი გასული კვირის დასაწყისში გაგდების პირას იყო, თუმცა ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ახლა ბადაშვილისა და შოთაძის გაგდება პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდებოდა, „ნაცები“ იტყვიან, – ბადაშვილმა და შოთაძემ გიგი უგულავას დაჭერის დავალება არ შეუსრულეს ივანიშვილს და გაყარაო… თანაც მალე პარლამენტში კანონი შემოდის, რომლის მიხედვითაც მთავარი პროკურორი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და იქნებ რამენაირად იქამდე მივაღწევინოთო. ბიძინა ივანიშვილი ამ არგუმენტით შეაჩერეს, თუმცა უთქვამს, თქვენი წამმზომი ჩართულია, ან იმუშავებთ, ან და ტოვებთ პროკურატურას, ასე გაგრძელება შეუძლებელია, ქვეყანას თქვენისთანა უსაქმურებს ვერ გადავაყოლებ, ისედაც მე მბრალდება ყველაფერი, ბოლოს ხალხი მე მომთხოვს პასუხს და თქვენი სახელები არავის ემახსოვრებაო…

ამ ხმაურიან გარჩევას პროკურორებთან წინ უძღოდა, ივანიშვილ-ხადურის საუბრები, – ნოდარ, მოდიხარ, კონსულტაციებს მთხოვ, რა ვქნათ ლარის დევალვაციაზე, როგორ შევაჩეროთ ეს პროცესიო? მერე მიდიხარ, ქადაგიძეს ხვდები და ისეთ განცხადებას აკეთებ, რაც კონტექსტიდან ამოგლეჯილია და ჩვენ ამაზე არ გვილაპარაკია. მე აქ ექსპერტებს ვესაუბრები, კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ვამუშავებთ, შენ ამ დავალებას იღებ და საბოლოოდ, მაინც სხვა გზით მიდიხარ, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარიაო… ხადური მოსახსნელად იყო განწირული, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, იფიქრა, ეს რომ მოვხსნა და სხვა დავნიშნო, ლარის კურსის თემა მაინც დამოკლეს მახვილივით იქნება ჩამოკიდებული ხელისუფლების კისერზე და ახალი მინისტრიც მოსახსნელი იქნებაო… ამიტომაც ნოდარ ხადურის მოხსნის თემამ დროებით მეორე პლანზე გადაიწია. მთავარი ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი არსენალის ამუშავებას გეგმავს, არც ისაა გამორიცხული, არჩევნებამდე 6 თვით ადრე შემოვიდეს პოლიტიკაში, ჩაუდგეს აღმასრულებელ გუნდს სათავეში, თუკი პარლამენტი მთავრობას არ დაუმტკიცებს, შექმნას დროებითი მთავრობა და კალაძიდან დაწყებული, ხადურით დამთავრებული, გადაუაროს ყველას, ვინც კი ხალხი სოციალურ ჩიხში შეიყვანა. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, არც მათ ელოდებათ კარგი დღე!

Comments are closed