globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 22 დეკემბერი, 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 22nd, 2014 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „პუტინთან მოლაპარაკებს დაწყება სოხუმისა და ცხინვალის თემებით არ შეიძლება!“


„ვერსია“: ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: საქართველო, რუსეთი და ევროკავშირი

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ევროკავშირისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით და ეს წლის მოვლენაა”

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: “რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები პუტინს დედას არ აგინებენ, პუტინმა აფხაზეთი და ოსეთი უნდა გვაჩუქოს?”

„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ დავით მაღრაძესთან: „უნდა შეხვდეს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის პრეზიდენტს?“

————————

„ახალი თაობა“, 19 დეკემბერი, 2014 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „პუტინთან მოლაპარაკებს დაწყება სოხუმისა და ცხინვალის თემებით არ შეიძლება!“
ინტერვიუში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე საუბრობს და კომენტარს უკეთებს ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომელიც ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრას ეხება (ესაუბრება ჟურნალისტი ნათია ხურცილავა).
გთავაზობთ შემოკლებით:
„ეიფორიაში არ უნდა აღმოვჩნდეთ და არ უნდა ვირწმუნოთ, რომ პუტინი მეგობრობას გვთავაზობს და აფხაზეთისა და სამაჩაბლო სდაბრუნებას აპირებს. არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოს უსაფრთხოებას რუსეთიდან საფრთხე აღარ ემუქრება. ასეთი დასკვნა სისულელე იქნება, მაგრამ ასეთივე სისულელე და მეორე უკიდურესობა იქნება, თუ პუტინის ამ განცხადებას ერთ ყურში შევუშვებთ და მეორიდან გამოუშვებთ. პარლამენტის ზოგიერთი უმწიფარი წევრისგან მესმის: რა გვაქვს დღეს პუტინთან სალაპარაკო? ჯერ ცხინვალი და სოხუმი დაგვიბრუნოს, ჯარები გაიყვანოს და მერე ვისაუბროთ. ეს არ არის დიპლომატია. თუ რუსეთთან ურთიერთობაში კლასიკური დიპლომატიით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ ეს შეხედულება არ გამოგვადგება. თუ იდეოლოგიური, შავ-თეთრი მიდგომით ვიხელმძღვანელებთ, ეს სხვა საკითხია. კლასიკური დიპლომატია გვკარნახობს, მოლაპარაკებით უნდა შევეცადოთ, რომ მინიმალური შანსიც კი რეალობად ვაქციოთ.
– ჩვენი ხელისუფლების შემხვედრი ნაბიჯები როგორი უნდა იყოს? თუ წასვლა გადაწყვდა, ვინ უნდა წავიდეს – პრემიერი თუ პრეზიდენტი? საერთოდ, როგორ უნდა მომზადდეს შეხვედრა?
– ეს რეალური პრობლემაა. შედეგი სწორედ ამ ნიუანსებზეც შეიძლება იყოს დამოკიდებული. შეიძლება, პირველი ნაბიჯის მოსინჯვა იყოს. პუტინმა შეთავაზება გაუკეთა პრეზიდენტს ან პრემიერს. შეიძლება, შეხვედრაზე წავიდეს პრეზიდენტი და გაიგოს, რა უნდა პუტინს. ამით შეიძლება ჩვენ ფრთხილი ნაბიჯი გადავდგათ, რადგან პრეზიდენტს არ ექნება პრეროგატივა, რომ რამე წინადადებას დათანხმდეს ან უარყოს. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პუტინის წინადადება თბილისში უნდა ჩამოიტანოს. ეს ყველაფერი ძალიან კონფიდენციალურად უნდა მოხდეს და არა რომელიმე ტელე-ეთერის თოქ-შოუზე.
(…)
– პირველ შეხვედრაზე მოლაპარაკების საგანი რა უნდა იყოს, საუბარი თეთრი ფურცლის პრინციპით უნდა დაიწყოს თუ წითელი ხაზების თემა უნდა დააყენოს მომლაპარაკებელმა?
– ურთიერთობების ასეთი ხაგრძლივი გამყინვარების შემდეგ სტრატეგიული შეცდომა იქნება მოლაპარაკების ყველაზე რთული პრობლემით დაწყება. ყველაზე რთული პრობლემა დღეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მოლაპარაკებები ჯერ ადვილად გადასაწყვეტი პრობლემებით უნდა დაიწყოს. მაგალითად, სრულად გაიხსნას რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციიისთვის. რუსეთისთგან მივიღოთ მტკიცე გარანტია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ჩართვით, რომ ხვალ-ზეგ ქართულ პროდუქციას არ ელოდება ემბარგო, რაც რამდენიმე წლის წინ მოხდა. აბაშიძე-კარასინის ფორმატმა თავისი თავი უკვე ამოწურა. არც კარასინსა და არც აბაშიძეს გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვთ. მათ თავიანთი ყამირი უკვე გატეხეს. ამ ფორმატით, შეიძლება ითქვას, რკინის ფარდა მოირყა. ახლა გარღვევააა საჭირო, გნებავთ, ეკონომიკურ სფეროში. დავიწყოთ ეკონომიკური ურთიერთობებით და თანდათანობით გადავიდეთ პოლიტიკურ ურთიერთობებზე.
– დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე რას იტყვით?
– არა, ჯერ ადრეა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. მახსენდება, ჩინეთსა და ამერიკას შორის როგორ აღდგა დიპლომატიური ურთიერთობა. დღეს ურთიერთობების ნორმალიზაციაზე უნდა ვიფიქროთ და არა – დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. იქამდეც თანდათანობით მივალთ (…) როგორც იტყვიან, გზას გაივლის ის, ვინც ნაბიჯებს გადადგამს. მიზნსკენ მიმართულებით სვლა უნდა დავიწყოთ, მაგრამ სვლა უნდა იყოს გათვლილი და ჭკვიანურად დაგეგმილი, მაგრამ, როდესაც ხელისუფლება ზეწოლის ქვეშ არის ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, როდესაც უმრავლესობის ბევრი წევრი ნაციონალური მოძრაობის წნეხის შიშის ქ ვეშ არის, ვაიმე, რუსეთის აგენტობა არ დამბრალდესო, ეს უკვე იდეოლოგიური ტერორია.

„ვერსია“, 22 დეკემბერი, 2014 წელი
ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: საქართველო, რუსეთი და ევროკავშირი
ინტერვიუში საქართველოს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩხეიძე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველო-რუსეთისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერტობასაც ეხება (ესაუბრება ჟურნალისტი რუსუდან შელია).
გთავაზობთ ამონარიდებს:
„ვლადიმერ პუტინის გეგმა, რა თქმა უნდა, საქართველოს დაპყრობაა, რასაც, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ წინააღმდეგობას არ გაუწევს. სამწუხაროდ, 2008 წელს საქართველომ დასავლეთისაგან საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღო, ამიტომ ცივილურმა მსოფლიომ პუტინს ახლა ადექვატურად უნდა უპასუხოს. ზოგადად საუბარს არავისთან გამოვრიცხავ, მაგრამ არ მჯერა, რომ ხელისუფლება ოკუპანტთან შესაბამის საკითხებზე ისაუბრებს. დღეს რუსეთთან დიალოგი მხოლოდ საქართველოს დეოკუპაციის შესახებაა შესაძლებელი, სხვა განყენებულ საკითხებზე საუბარი საქართველოსთვის დამღუპველი იქნება. საერთოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ხელისუფლებამ არასაკმარისად იმუშავა. მესმის, საქართველოს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნება არ შეუძლია, მაგრამ სადღაც გაქრა მაქსიმალური ხმაური საერთაშორისო ტრიბუნებზე, რომელიც რუსეთს დისკომფორტს უქმნიდა.
(…)
ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება სასიამოვნო მოვლენაა და ქვეყნის განვითარებისათვის გადადგმული სწორი ნაბიჯია, მაგრამ ცალკე აღებული რატიფიცირება ვითარებას ვერ შეცვლის. ხელისუფლება იძულებული გახდა ამ გზით სვლა განეწგრძო, რადგან დასავლეთს საქართველოს ევროპულ სივრცეში მოქცევა სურს და არც საქართველოს მოსახლეობას სურს რუსულ ორბიტაზე დარჩენა. ამ ორ დიდ ნებას ხელისუფლება ღიად ვერ უპირისპირდება, ამიტომ იძულებულია ოფიციალურად გამოცხადებული კურსის გარეგნულ ფორმებს მიჰყვეს.

„კვირის პალიტრა“, 22 დეკემბერი, 2014 წელი
ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ევროკავშირისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით და ეს წლის მოვლენაა”
ინტერვიუში პოლიტოლოიგი სოსო ცისკარიშვილი, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს იმ საგარეოპოლიტიკურ შედეგებზეც საუბრობს, რასაც ქვეყანამ 2014 წლის განმავლობაში მიაღწია.
ა) ევროკავშირთან ურთიერთობა
„2014 წელს ქვეყნის ყველაზე დიდი წარმატება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას უკავშირდება. ევროკავშირისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით და ეს წლის მოვლენაა. მგონი, ევროპარლამენტის ისტორიაში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომლის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები ასეთ პროცედურას ერთად დაესწრნენ. ხუმრობა იქით იყოს და ევროინტეგრაციის გზაზე ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომლის სასიკეთო შედეგებსაც ქვეყნის მოსახლეობა, ალბათ, 2-3 წელიწადში რეალურად იგრძნობს.
ბალტიისპირეთის გამოცდილების გათვალისწინებით შეიძლება ვთქვათ, რომ რატიფიცირებიდან დაახლოებით 2 წელიწადში შესაძლოა საზოგადოებაში ევროპისადმი ნეგატიური განწყობა გაიზარდოს. ეს გამოწვეულია იმით, რომ არსებობს საკმაოდ მკაცრი რეგულაციები, რისი დაცვაც სავალდებულოა და რაც პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში მაინცდამაინც არ მოსწონთ. (…) აუცილებელი იქნება გარკვეულ მიმართულებებზე შეზღუდვების დაწესება, რაც ასევე არ იქნება სასიამოვნო. ამას აუცილებლად აიტაცებენ ის ძალები, რომლებსაც ქვეყნის დასავლური კურსისადმი ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ და პოლიტიკური ქულების ჩაწერას შეეცდებიან. ასე მოხდა არა მხოლოდ ბალტიის ქვეყნებში, არამედ ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებშიც, მაგალითად, ესპანეთში (…).
რაც შეეხება ეკონომიკურ სარგებელს, გვაქვს სერიოზული პერსპექტივა ჩვენი სასოფლო-სამეურნეო ნაწარმი ევროპაში გავიდეს, თუმცა, ეს მყისიერად არ მოხდება. ჯერ ჩვენ თვითონ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა ჩვენ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე, მის ხარისხზე. უნდა დაწესდეს ამ პროცესებზე ობიექტური და მკაცრი მონიტორინგი, რადგან თუ ერთხელ ვერ შევძელით იმ სტანდარტების დაკმაყოფილება, რომელთა დაკმაყოფილების ვალდებულებაც ავიღეთ, მერწმუნეთ, ევროპელები ქართულ ხილსა და ბოსტნეულზე არ გადაირევიან. მართალია, ჩვენ ბუნების წყალობით გვაქვს უნიკალური ჯიშები, მაგრამ ასე ველური პროცედურებით მოყვანილი ხილი და ბოსტნეული ევროპაში ვერ აღმოჩნდება. ამ მიმართულებით, საბედნიეროდ, დაწყებულია მუშაობა და იმედია, ევროპის ბაზარზე ჩვენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე მოთხოვნა გაჩნდება (…).
ბ) რუსეთთან ურთიერთობა
„პუტინის ასეთ საჯარო შეთავაზებას მკვახე პასუხი და უარი არ უნდა მოჰყვეს, თუმცა, არც ზღვარგადასული სიხარულის წარმოჩენა და რაღაც განსაკუთრებული იმედის დამყარებაა საჭირო. ვფიქრობ, თავშეკავება გვმართებს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც პუტინმა ახალი მზაკვრული გეგმა ჩაიფიქრა, მაგრამ რატომღაც კვლავ ვიბრმავებთ თვალებს და ვიყრუებთ ყურებს – პუტინმა რუსული პასპორტების დარიგება დაიწყო კახეთის იმ რაიონში, სადაც საავტომობილო გზის გაყვანა აქვს დაგეგმილი. ვიდრე ამ კითხვას პუტინს დაუსვამდეს ვინმე, მანამდე უნდა მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ჩვენს სახელმწიფოში ტერიტორიული პრინციპით ჩამორიგება, აიკრძალება. ვიდრე ჩვენ გულხელდაკრეფილი ვიქნებით და ვილაპარაკებთ, რომ პუტინი ამას არ გააკეთებს, ამასობაში შეიძლება მთელი კახეთის ანექსიაც კი განიზრახოს და განახორციელოს. პუტინი ყველაფერს იზამს, ის ყველაფრის მკადრებელია და მისი ერთი ღიმილიანი მიპატიჟება არაფერს ცვლის (…).
კიდევ ერთი – მოსკოვში ჩასვლა არაფრით არ შეიძლება, ეს ჩვენი ხელისუფლებისა და ქვეყნის მორიგი დამცირება იქნება. თუ ასეთი შეხვედრა გაიმართა, ის აუცილებლად უნდა მომზადდეს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით და სადმე მესამე ქვეყანაში გაიმართოს. თუ ვინ უნდა წავიდეს ამ შეხვედრაზე, ვფიქრობ, ნათელია, უნდა წავიდეს პრეზიდენტი, მაგრამ შეხვედრის მომზადებაში ხელისუფლების ყველა შტომ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ვფიქრობ, ამ შეხვედრაზე აუცილებლად უნდა დავსვათ ასეთი საკითხი: როდესაც პუტინი გამუდმებით ლაპარაკობს, რომ აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგის გზით უნდა განისაზღვროს ჩვენი მომავალი ურთიერთობა, რას გულისხმობს და ამაში რუსეთის როლს როგორ ხედავს? ასევე აუცილებლად უნდა დაისვას სხვა საკითხიც: რატომ არ შეასრულა რუსეთმა ოფიციალურად გაფორმებული დანაპირები, რომ რუსეთი საქართველოს მთავრობას მუდმივად გადასცემდა იმ ტვირთების შესახებ ინფორმაციას, რაც აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთიდან შევიდოდა. ეს იყო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების ერთადერთი პირობა. სამი წელი გავიდა და არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. პარადოქსი ის არის, რომ არც წინა და არც ახლანდელი ხელისუფლებისგან არ გვსმენია სინანული ამ ინფორმაციის მიუღებლობის თაობაზე, გამოდის, არ გვაინტერესებს, რა ხდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

„კვირის პალიტრა“, 22 დეკემბერი, 2014 წელი
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: “რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები პუტინს დედას არ აგინებენ, პუტინმა აფხაზეთი და ოსეთი უნდა გვაჩუქოს?”
ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთთან ურთიერთობის პრობლემატიკაზეც საუბრობს.
გთავაზობთ ამონარიდს:
- ხელისუფლება აშკარად ცდილობდა და ცდილობს, რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა ჰქონდეს, რუსეთი კი ანექსიას აგრძელებს…
- ხელისუფლებამ სადაც სცადა რაიმეს გაკეთება, იქ გამოუვიდა კიდეც – ავიარეისები აღდგა, ეკონომიკური ურთიერთობები განახლდა… რატომ გგონიათ, რომ რუსეთი ჩვენთან ვალშია და რადგან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები პუტინს დედას არ აგინებენ, ამით გახარებულმა პუტინმა აფხაზეთი და ოსეთი უნდა გვაჩუქოს?
- პუტინი ვერაფერს გვაჩუქებს, ეს ჩვენი ტერიტორიებია, რომელიც რუსეთმა წაგვართვა.
- კი არ წაგვართვა, ეს ჩვენი დიდი შეცდომების წყალობით წაიღო. ყველა სახელმწიფო საკუთარი ინტერესების მიხედვით იქცევა. გვეცადა მაინც პოლიტიკური დიალოგის დაწყება, მით უფრო, რომ მარგველაშვილის არჩევისთანავე პუტინმა განაცხადა, რომ მასთან მოლაპარაკებას შესაძლებლად მიიჩნევდა. ამან კიდევ უპასუხა, დასავლელ პარტნიორებს უნდა დავეკითხოო…
ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან ლაპარაკს ვერ ბედავს. ამის ერთი მიზეზი ის არის, რომ საქართველოში დამკვიდრდა ტრადიცია, თუ ანტირუსი ხარ და დასავლეთის დროშას აფრიალებ, ხელისუფლების მეტი დროით შენარჩუნების შანსი გეძლევა.
გარდა ამისა, როგორც ჩანს, აქვთ რაღაც ვალდებულებები დასავლეთთან და შესაძლოა, ხელისუფლებაში მყოფ ზოგიერთ პირს არ სურს თავის საბანკო ანგარიშებსა და კიდევ სხვა რამეებსაც საფრთხე შეუქმნას.
- დასავლური კურსი და ნატოში ინტეგრაციის იდეა თქვენი ხელისუფლების დროსაც ძალიან აქტუალური იყო, მაშინაც ამ ვალდებულებების გამო გქონდათ ეს კურსი აღებული?
- შესაძლოა, ნაწილობრივ სააკაშვილს ჰქონდა ეს ვალდებულებები. გარდა ამისა, მაშინ რეალურად იყო შანსი, რომ საქართველო მართლაც გამხდარიყო ნატოს წევრი.
- 2008 წლის ომი განა რუსეთმა ამის საწინააღმდეგოდ არ დაგეგმა?
- საქართველოს 2008 წლის აგვისტოში ნატოში გაწევრების შანსი ნამდვილად აღარ ჰქონდა. იმ წლის გაზაფხულზე ბუქარესტის სამიტზე მაპ-იც არ მოგვცეს. 2008 წლის ომი არ იქნებოდა, რომ არა სააკაშვილის თავქარიანობა. რუსეთს ძალიან უნდოდა თავისი ბაზების საქართველოში დაბრუნება და ამის შანსი სააკაშვილმა მისცა.
მაინც როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი ნატოში შესვლა, ახალგორში – რუსული და ვაზიანში ნატოს ჯარები უნდა იდგნენ? ღმერთმა დაიფაროს და, ეს ორი ქვეყანა დაეტაკოს ერთმანეთს, საქართველოსგან ხომ არაფერი დარჩება.
- ამას წინათ ხელისუფლებას ურჩიეთ, რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყოს მაგისტრალური გაზსადენის საქართველოზე გავლის თაობაზე.
- დღეს სამხრეთის ნაკადის გაზსადენის მშენებლობა, ფაქტობრივად, გაჩერებულია. ამ ახალი გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გავლა კი რუსეთისთვის ძალიან მომგებიანია, რადგან გაზსადენის გაყვანა ხმელეთზე გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე წყალქვეშ. ჩვენთვის კი ეს იქნება დამატებითი შემოსავალი, გარდა ამისა, რუსეთსა და აფხაზეთთან პირდაპირი დიალოგის დიდი შესაძლებლობაც გაჩნდება, რადგანაც გაზსადენმა აფხაზეთშიც უნდა გაიაროს. მიმაჩნია, რომ ამ გაზსადენით საქართველოს ისტორიული შანსი მიეცემა.
- ამ საკითხზე რუსეთში რას ფიქრობენ, გქონდათ მათთან კონსულტაციები?
- კონსულტაციები არ მქონია. ერთადერთი, რაც დავინახე, რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა ეს იდეა აიტაცეს. საინტერესოა, რომ ამ იდეის გახმაურებიდან ორიოდ დღეში ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან მოლაპარაკებას შესაძლებლად მიიჩნევენ. ვერ ვიტყვი, რომ ეს მაინცდამაინც ჩემს განცხადებას უკავშირდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ბიძგი მისცა.

„კვირის ქრონიკა’, 22 დეკემბერი, 2014 წელი
ინტერვიუ დავით მაღრაძესთან: „უნდა შეხვდეს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის პრეზიდენტს?“
ჟურნალისტმა ნინო სამხარაძემ ინტერვიუ ჩამოართვა ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, პოეტსა და პუბლიცისტს დავით მაღრაძეს, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდს:
- რამდენიმე დღის წინ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის მზადაა, შეხვდეს საქართველოს ხელისუფლებას. თქვენ თვლით, რომ პრემიერი ან პრეზიდენტი უნდა შეხვდეს ვლადიმერ პუტინს?
- ამ ფონზე არ ვიცი, რატომ უნდა შეხვდეს, რა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული ეს შეხვედრა? მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ საქართველოში არის გამეფებული კლიშეები და ამ კლიშეებით არსებობს ბოლო ათი წელია ქართველი საზოგადოება. ნებისმიერ დილეტანტს შეუძლია, იფურთხოს რუსეთის მისამართით და ღვაწლის გარეშე მოინათლოს პატრიოტად. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გადავაფასოთ. რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთთან ომის მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობები არ ჩაჭრეს, ჩვენ ხომ ჩაჭრის სპეციალისტებად ჩამოვყალიბდით. გვესმის პატრიოტული შეძახილები – “უნდა შეწყდეს აბაშიძე-კარასინის დიალოგი” და რა იქნება მეორე დღეს? ერთი ძაფი, რომელიც გაკავშირებს, იმასაც კარგავ, შედეგად კი იღებ უარესს. რაც რადიკალიზმს მოჰყვა, ყველამ კარგად ვიცით. თქვენ მეკითხებით, უნდა შეხვდეს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის პრეზიდენტს. საერთოდ, ადამიანი არის დიალოგი, თუ მარტო გაბუტვა იცი, არ ხარ პოლიტიკოსი და თუ დიალოგი არ შეგიძლია, მაშინ პოლიტიკოსობაზეც არ უნდა გქონდეს პრეტენზია. ივანე ჯავახიშვილს უწერია ქართველი კაცის შედევრალური ფორმულა, ქართველ კაცს ერთ ხელში ხმალი ეჭირა, სპარსეთის ლაშქარს იგერიებდა, მეორე ხელით კი “შახნამეს” თარგმნიდაო…

Comments are closed