globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 22 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 22nd, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: რატომ დუმს ბიძინა ივანიშვილი // გუშინდელი ოცნება და დღევანდელი რეალობა

„რეზონანსი“: უნდა ჩაერთოს თუ არა ივანიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში? (გამოკითხვა)

„რეზონანსი“: ინტერვიუ კახაბერ ჯაყელთან: „თუ ასე გაგრძელდა, მთავრობას ტალონების დაბეჭდვა მოუწევს“

„რეზონანსი“: ინტერვიუ აკაკი ზოიძესთან: „ვინმეს ეგონა, რომ ოთხ წელიწადში შვეიცარიაში იცხოვრებდა?!“

„რეზონანსი“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „საშუალო ფენამ ღარიბთა კატეგორიაში გადაინაცვლა“

„რეზონანსი“: დენის ტარიფის გაზრდას პურის გაძვირება მოჰყვება

„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ, გამორიცხული არ არის, უახლოეს პერიოდში საფასო პოლიტიკას გადავხედოთ“

„რეზონანსი“: დენი ძვირდება, ხალხის მოთაფვლას სუბსიდიით შეეცდებიან // „მომხმარებელს თავად მოუწევს გაზრდილი გადასახადის გადახდა, ამიტომ გაიზრდება სოციალური რისკი“

„რეზონანსი“: იანვრიდან ავტოგაზის ფასი 1,40 ლარს გადააჭარბებს // „ასეთი ნახტომი მტკივნეული იქნება ავტომფლობელებისათვის“

—–

საქართველო და მსოფლიო: გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა და მოთმინების ფიალა

—–

„რეზონანსი“: რა გეგმები აქვს პაატა ბურჭულაძის ყოფილი პარტიის 24 წლის ლიდერს

—–

„ვერსია“: ბრძოლა პატრიარქობისთვის // ეკლესიის კულუარები ანუ ის, რაზეც ხმამაღლა არ ლაპარაკობენ

——————-

„რეზონანსი“, 22 დეკემბერი, 2016 წელი

რატომ დუმს ბიძინა ივანიშვილი

გუშინდელი ოცნება და დღევანდელი რეალობა

ნინო ქეთელაური

როდის გამოჩნდება საზოგადოებაში ბიძინა ივანიშვილი და რატომ არ აკეთებს შეფასებებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, კერძოდ ლარის კურსზე? – სწორედ ამ კითხვებით გვინდოდა ყოფილი პრემიერისთვის მიგვემართა, რადგან საზოგადოებისთვის საინტერესო იქნებოდა მისი, როგორც ფინანსისტის მოსაზრება და შეფასებები, რისთვისაც “ქართუ ჯგუფის” საზოგადობასთან ურთიერთობის ხელმძღვანელთან დაკავშირებას შევეცადეთ, ზარზე არპასუხის შემდეგ კი, შეტყობინება მივწერეთ, თუმცა არ გვიპასუხა.

ბიძინა ივანიშვილის დუმილი საეჭვოდ დაემთხვა ლარის კურსის დაცემას და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს. ეს მით უფრო გასაკვირია იმ ფონზე, რომ ყოფილი პრემიერი ადრე საკმაოდ აქტიურად კომენტირებდა ქვეყანაში მიმდინარე ბევრ პროცესს, მათ შორის ჟურნალისტურ სტანდარტებს.

თუ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირება მოგვიხერხდა, ჩვენ კიდევ ერთი კითხვა გვექნება მასთან: აპირებს თუ არა, ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, იმისთვის, რომ თუნდაც ლარის კურსის დასტაბილურება სცადოს, რომელიც ყოვლდღიურად, მეტიც – საათობრივად ეცემა?

შეგახსნებეთ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ყოფილი პრემიერი ამბობდა, “თუ რაღაც უბედურება არ დატრიალდა, ხელისუფლებაში არ დავრუნდები”-ო.

საინტერესოა, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და ლარის ამგვარი დაცემა, არის თუ არა საკმარისი უბედურება საიმისოდ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდეს. მანამდე კი, მისი წერილიდან რამდენიმე ფრაგმენტს შეგახსენებთ.

“მინდა, მოსახლეობას ანგარიში ჩავაბარო, ვინაიდან 2011 წელს სწორედ საქართველოს მოსახლეობის წინაშე ავიღე პასუხისმგებლობა და, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო თანამდებობაზე არ ვარ, ამ პასუხისმგებლობას დღემდე ვგრძნობ,” – ასე იწყებოდა ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომელიც მაისში გამოაქვეყნა. შემდეგ კი იმისთვის, რომ მოსახლეობას “ქართული ოცნება” აერჩია, ყველა რეგიონი მოიარა და უკეთესი ცხოვრების დაპირებით, საკუთარი ხედვა და ანალიზი შესთავაზა.

ამასთან მანამდე, 2011 წელს, პოლიტიკაში მოსვლას იგი ასე ამართლებდა:

“ბევრი სვამს კითხვას და ბევრს უკვირს, მე, წარმატებულმა ბიზნესმენმა, ყოველმხრივ უზრუნველყოფილმა ადამიანმა, რატომ შევაგდე ყველაფერი სასწორზე და რატომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. იმიტომ, რომ ვხედავ, სამშობლო მეკარგება, ხოლო როდესაც სამშობლო გეკარგება, არაფერს არ აქვს ფასი, არც ქონებას, არც ფულს, არც პრივილეგირებულ მდგომარეობას”.

ჯერ კიდევ მაისში ბიძინა ივანიშვილი წერდა, რომ “ახალი მთავრობის პრიორიტეტი ისეთი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა გახდა, რომლის შედეგიც ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის ყველა ფენისათვის.” აქვე აღნიშნავდა, რომ “ქართული ოცნების” ერთ-ერთ “უმნიშვნელოვანეს მიღწევას” ქვეყნის ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციების ეკონომიკაზე გადაყვანა წარმოადგენდა – “2013-2016 წლებში (2016 წლის პროგნოზის გათვალისწინებით), პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 62%-ით მეტია, ვიდრე – 2009-2012 წლებში.” ექს-პრემიერი სიამაყით აღნიშნავდა იმასაც, რომ ხელფასის მატებასთან ერთად, 2013-2015 წლებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა კერძო სექტორში 55 000 ადამიანით გაიზარდა: „2013-2015 წლებში რეალური ხელფასი გაიზარდა 175 ლარით, 2010-2012 წლებში კი – მხოლოდ 78 ლარით; პენსიების რეალურმა ზრდამ (მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით) შეადგინა 24,1%.”

ექს-პრემიერი მაშინ, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, რომ დოლარის კურსი აიწევდა და 175 ლარით მეტი ხელფასი მოსახლეობისთვის შვების მომგვრელი ვერ იქნებოდა.

“ეჭვი არ მეპარება, რომ სულ რაღაც 10-15 წელიწადში ჩვენი ეკონომიკა ევროპულის მსგავსი იქნება. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ორიენტირად 2030 წელი ავიღე და საზოგადოება “2030″ დავაფუძნე, რადგან ჩვენი და საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით საქართველოს ეკონომიკა 2030 წლისთვის საბოლოოდ გაიმართება წელში და განვითარებული ქვეყნების რიგში ჩავდგებით. ეკონომიკური გათვლების გარდა, ამის იმედს მაძლევს ჩვენი ხალხის ნიჭიერება, შრომისმოყვარეობა, სწრაფვა სიახლის შეცნობისკენ და, რასაკვირველია, ჩვენი ახალგაზრდების გონიერება, დიდი შემართება, თვითორგანიზების უნარი და საკუთარი ქვეყნის სიყვარული,” – აღნიშნავდა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს მომავალს, მოსახლეობის კეთილგონიერებისა და თმენის იმედად ტოვებს.

“როცა ამას მოვახერხებთ და სიდუხჭირეს თავს დავაღწევთ, მაშინ ქართულ ფენომენსაც ოქროს ხანა დაუდგება და ყველასთვის მიმზიდველი გახდება ჩვენი ლამაზი და ნიჭიერი ადამიანებით დასახლებული ქვეყანა,” – წერდა ყოფილი პრემიერი და იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის “ქართული ოცნების” გამარჯვების აუცილებლობა დაენახვებინა, მოსალოდნელ საფრთხეებზე ამახვილებდა ყურადღებას:

“აუცილებელია, მთელმა საზოგადოებამ გავაცნობიეროთ ის ხიფათი, რომელიც დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის სხვაობას ახლავს. ავტორიტარიზმის პირობებში ხელისუფლება მართავს საზოგადოებრივ აზრს – ერთი მხრივ, ხელოვნურად ნერგავს ოპტიმიზს და ცხოვრებას საამურად წარმოაჩენს, ამასთან ერთად კი ძალადობით ახშობს უკმაყოფილების გამოვლინებებს. დემოკრატიის პირობებში კი ეკონომიკური სიდუხჭირით გამოწვეული განწყობების გამომზეურებას ხელს არაფერი უშლის. სწორედ აქ უნდა მოვუხმოთ გონიერებას და კარგად გავიაზროთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უკან, ტირანიისკენ მიბრუნების უფლება. უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატიის მაღალი ხარისხი და მას დავაწიოთ ეკონომიკა. მხოლოდ ეს მოგვიტანს მშვიდობას და კეთილდღეობას!

ცხადია, გაჩნდება შეკითხვა – რატომ უნდა აღმოჩნდეს ვინმესთვის საინტერესო ჩემი ხედვა და რჩევა?! ამ შეკითხვას ასე ვუპასუხებდი – ყველა ადამიანს უყვარს თავისი სამშობლო და არც მე ვარ გამონაკლისი. შეძლებისდაგვარად მეც ვემსახურები ქვეყანას, ამასთანავე, ვფიქრობ, ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად მაქვს მოვლენების მართებული ანალიზის უნარი, რითაც წარმატებას მივაღწიე როგორც ბიზნესში, ასევე – ქვეყნის ტირანიისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლაში და რაც შეიძლება, მომავალშიც გამოადგეს ჩემს ქვეყანას.

ჩემი ერთადერთი ფიქრი ის არის, რომ უახლოეს 10-15 წელიწადში კეთილად დავაგვირგვინოთ ის საქმე, რომელსაც ჩვენი წინაპრები საძირკველს საუკუნეების განმავლობაში უყრიდნენ და თქვენთან ერთად მეც და ჩემს ოჯახსაც გვიხაროდეს საქართველოში ცხოვრება“.

„რეზონანსი“, 22 დეკემბერი, 2016 წელი

უნდა ჩაერთოს თუ არა ივანიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში?

ნინო ქეთელაური

ლარის კურსის დაცემისა და მძიმე სოცლიალურ-ეკონომი კური პროცესების ფონზე, ბიძინა ივანიშვილისგან ჩამიჩუმი არ ისმის. ეს მით უფრო გასაკვირია, რომ ყოფილი პრემიერი ადრე საკმაოდ აქტიურად კომენტირებდა ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესს, მათ შორის ჟურნალისტურ სტანდარტებს. საინტერესოა, როდის გამოჩნდება საზოგადოებაში ის და რატომ არ აკეთებს შეფასებებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე? ასევე საინტერესოა, აპირებს თუ არა ქვეყნის მართვაში ჩარევას, თუნდაც ლარის კურსის დასტაბილურების მცდელობის მიზნით.

შეგახსნებეთ, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ყოფილი პრემიერი ამბობდა: “თუ რაღაც უბედურება არ დატრიალდა, ხელისუფლებაში არ დავრუნდებიო.”

როგორ ფიქრობთ, უნდა ჩაერთოს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არც წასულა. ის ისევ პოლიტიკაშია და ახლა რომ გამოჩნდეს და პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს, ეს არც არაფერს შეცვლის. იქ ბევრი სხვა რამეა შესაცვლელი საიმისოდ, რომ ეკონომიკური სიტუაცია უკეთესობისკენ შებრუნდეს.

ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ამ პრობლემას რამდენად უშველის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, არ ვიცი. იმიტომ, რომ მთავარი საკადრო პოლიტიკაა. მე არ მგონია, რომ ეს ივანიშვილის გვერდის ავლით ხდებოდეს და თუ მიუხედავად მისი ჩარევისა, მაინც ეს შედეგი გვაქვს. არ ვიცი, მისი გამოჩენა რას უშველის. თუ ის არ არის ისე აქტიურად ჩარეული, მაშინ შესაძლოა, რაიმე შეიცვალოს კიდეც, ბოლოს და ბოლოს ბიზნესმენია კაცი. თუმცა, კიდევ აღვნიშნავ, რომ მე არ ვიცი, რამდენად ჩარეულია საკადრო პოლიტიკაში.

ვახტანგ ძაბირაძე (კონსტიტუციონალისტი): მდგომარეობა რომ რთულია, ამას მტკიცება და არგუმენტი არ სჭირდება. სიტუაცია ისეთია, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება-არდაბრუნება, ფაქტობრივად არაფერს შეცვლის. თვითონ ხელისუფლება ოპტიმისტურ პროგნიოზს ვერ იძლევა და თუ თვითონ ეს არ შეიცვალა, სხვა გამოსავალი არ იქნება. აი, ამ მიმართულებით უნდა იმუშაონ და კარგი იქნება, თუ ამას ისევ ივანიშვილი განახორციელებს. კვირიკაშვილისადმი კი არის კეთილგანწყობა, მაგრამ აღქმა, რომ ის წვეტს ქვეყანაში რამეს, საზოგადოებაში არ არის.

სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): მთავრობის პოლიტიკა ამ წუთას ჩემთვის სრულიად მიუღებელია, მკაფიოდ არ არის ნათქვამი, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი და თუ ამას ხელისუფლება არ მიხედავს, მოჰყვება საზოგადოებვრივი რეაგრება, სოციალური ბუნტის სახით. ეს რომ თვიდან ავიცილოთ, რასაკვირველია, სასურველი იქნება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა.

„რეზონანსი“, 22 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ კახაბერ ჯაყელთან: „თუ ასე გაგრძელდა, მთავრობას ტალონების დაბეჭდვა მოუწევს

ია აბულაშვილი

“როგორც პოლიტიკურ ბაზარზე გამოიკვეთა, მმართველი ძალა “ქართული ოცნება” რეფორმებს თავს ვერ ართმევს და იგი ფაქტობრივად მოძველებული, გაცვეთილი მესიჯებით ცდილობს შეინარჩუნოს ლიდერის პოზიცია, რაც მეტად საეჭვოა გამეფებული არასტაბილურობისა და ხალხის მასების გაღატაკების ფონზე,” – განაცხადა პოლიტმარკეტინგის სპეციალისტმა, პროფესორმა კახაბერ ჯაყელმა, რომელსაც “რეზონანსი” ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

- ექსპერტთა ნაწილი ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას გარე ფაქტორებს უკავშირებს, ნაწილი კი თვლის, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომების შედეგია…

- ბოლო 20 წლის მანძილზე მსოფლიოში გრანდიოზული მასშტაბური კრიზისი მოხდა. პირველი სავალუტო კრიზისი დაიწყო 1998-1999 წლებში, და ინდონეზიიდან დაწყებული საქართველომდეც მოაღწია; მეორე გლობალური სავალუტო-საფინანსო კრიზისი 2008 წელს მოხდა და ამ კრიზისის გამწვავების მთავარ ფაქტორად თავად საქართველო იქცა, რადგან საქართველო-რუსეთის ომმა ფაქტობრივად გახეთქა გაბერილი ეკონომიკური ბუშტი მსოფლიოში და მსოფლიოში ვებერთელა დეფიციტი ე.წ. ქეშის, ანუ ანგარიშსწორება ყველაზე აქტიური აგრეგატის ნაღდი ფულის მიმართ გამოვლინდა. ეს კრიზისი ფაქტობრივად 2008 წელს ამერიკაში დაიწყო და საქართველოშიც მოაღწია. 2014 წელს მოხდა აშშ-ის დოლარის პოზიციის განმტკიცება. ამ პერიოდისათვის დოლარმა დაიწყო გამყარება, რამაც გამოიწვია დოლარზე მიბმული სუსტი ეკონომიკების დოლარიზაციის მაჩვენებლის ზრდა და, შესაბამისად, ამ ქვეყნების ეროვნული ვალუტების გაუფასურება.

რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, როგორც ჩანს 2009-2013 წლებში ლარის კურსს ჰქონდა მოჩვენებითი სტაბილურობა და ლარის მასა მიმოქცევაში გაიზარდა. ყველაზე საგანგაშო იყო 2013 წლის ივნისის მაჩვენებელი, როდესაც ლარის მასა დაახლოებით 6 თვეში ერთი მილიონი ლარით გაიზარდა, რამაც გამოიწვია 2013 წლის დეკემბერში ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება დოლართან მიმართებაში. შემდგომ, 2012-2015 წლებში ლარის ფულადი მასის ზრდა უკავშირდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გარკვეული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის ზრდას და შემდგომში კომერციული ბანკების მიერ ამ ემისიის ფასიანი ქაღალდების დაგირავების მეშვეობით საქართველოს ეროვნული ბანკიდან რეფინანსირების სესხების გამოტანას.

მრავალ შეცდომას ჰქონდა ადგილი, განსაკუთრებით 2014 წლის ბოლოს, თუმცა 2015 წლის განმავლობაში სავალუტო ინტერვენციის ხარჯზე მოხდა ლარის მასის შედარებით შემცირება და იმ პერიოდისათვის ლარის კურსი ოდნავ დასტაბილურდა დოლართან მიმართებაში, 2015 წლის ოქტომბრისთვის. 2016 წლის იანვრისთვის ლარის კურსი ჯერ კიდევ ემორჩილება გარკვეულ მართვას, მაგრამ სახელმწიფო სახსრების არათანმიმდევრულმა ხარჯვამ ფაქტობრივად ლარის კურსზე ნეგატიურად იმოქმედა. 2016 წლის იანვარში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი საგანგაშო იყო, მთელი ბიზნესი ჩაგირავებულია კომერციულ საბანკო სისტემაში და მოზიდული ფინანსური რესურსი ძალიან ძვირია, რაც ეკონომიკის გაჯანსაღების პერსპექტივას ძალიან ართულებს.რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეროვნულ ვალუტას – ლარს – დაკარგული აქვს დაგროვების ფუნქცია, არავინ ფიქრობს ფული ლარში დააგროვოს. ლარს დარჩენილი აქვს მარტო ღირებულების საზომი და ძალიან უტილიზირებული გაცვლითი ანუ გადახდის ფუნქცია.

- რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ სიტუაციის გამოსასწორებლად?

- სიტუაციის გამოსწორება შეუძლია ეკონომიკის მყარ და შეუქცევად ზრდას. მნიშვნელოვანი იქნება ასევე თუ მმართველი პოლიტიკური ძალა ნდობას დაუბრუნებს ხალხის თვალში ქართულ ეროვნულ ლარს. პირველ რიგში, კარდინალურად უნდა შეიცვალოს სიტუაცია და დაძლეული იქნეს ნეპოტიზმი ხელისუფლების რიგებში. რაღა თავის ძმებს და ნათესავებს სახელმწიფო სამსახურებში აწყობენ, არ სჯობს მიეხმარონ მათ ბიზნესის დაწყებაში. ამიტომ უნდა შეიქმნას სახელმწიფო გაჯანსაღების ანტინეპოტისტური პროგრამა, რომელსაც ძალუძს საქართველოს სახელისუფლო სისტემა გაწმინდოს ნათესაური კლანებისაგან; თუ საჭირო იქნება უცხოეთიდან ჩამოყვანილი მენეჯერებით დააკომპლექტონ სახელმწიფო სამსახურების საპასუხისმგებლო პოსტები. არ სჯობს უცხოელ მენეჯერებს გადაუხადონ თანხები ვიდრე ქართულ ნათესაურ- ბიძაშვილურ კლანებს შევაჭმევინოთ საქართველოს და ქართველი ახალგაზრდების მომავალი?

საბოლოო ჯამში უნდა დაიძლიოს ეკონომიკის დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი, უნდა გაიზარდოს ლარის მიმოქცევის არეალი საქართველოს ოფიციალურ საზღვრებში, უნდა გამოირიცხოს არაჯანსაღი პოლიტიკური პროცესები. სასწრაფოდ დაიწყოს ქმედება, თუ როგორ მოვიზიდოთ მსოფლიო ბიზნესი ინვესტიციების განსახორციელებლად.

საქართველოში ერთი სამუშაო ადგილის შექმნას ორი წლის წინ დაახლოებით 15 ათასი ლარი სჭირდებოდა. გამომდინარე ლარის ვარდნიდან, ერთი სამუშაო ადგილის შესაქმენად დღეს ინვესტორს დასჭირდება 22-25 ათასი ლარი. თუ გვინდა 10 ადამიანის დასაქმება – 200 ათასი, 100 ადამიანის დასაქმებას – ორი მილიონი. ანუ საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნა ძალიან ძვირი ჯდება და იმასაც ვხედავთ, რომ ეს ფული დღეს საქართველოში არ არის. ამიტომ საჭიროა ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და მსოფლიო ინვესტორების მოზიდვა ჩვენს რეგიონთან ახლოს მყოფი ძლიერი ქვეყნებიდან და მათი ეკონომიკებიდან.

- ექსპერტთა გარკვეული ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური ვითარებაც ძალიან მალე დაიძაბოს, თქვენი პროგნოზი როგორია?

- თუ მსგავსი სიტუაცია გაგრძელდება, და აუცილებლად გაგრძელდება, მთავრობას მოუწევს ტალონების დაბეჭდვა ან მსგავსი ნაბიჯების გადადგმა ღატაკების გადასარჩენად, შიმშილით რომ არ დაიხოცონ. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეყოფა გონება და შიმშილის დასაძლევად რაღაც ფინანსირების ირიბ წყაროს მიმართავს; რაც შეეხება ხალხის გადამხდელუნარიანობასა, გამძლეობას და მოთმინებას, ამის პროგნოზი ძალიან რთულია. არსებული პრობლემების ფონზე ეს გამძლეობა და მოთიმინება შეიძლება კრიტიკულ წერტილს გადასცდეს. თუ სწრაფი ეკონომიკური ქმედებები არ განხორციელდა, მაშინ გარდაუვალია ძალიან ნეგატიური სცენარები. შეიძლება იყოს ამბოხი, რევოლუცია, პუტჩი და მსგავსი გამოვლინებები, რომლებიც აღარ გვინდა განვიცადოთ.

როგორც პოლიტიკურ ბაზარზე გამოიკვეთა, “ქართული ოცნება” ჯერჯერობით რეფორმებს თავს ვერ ართმევს და ფაქტობრივად მოძველებული, გაცვეთილი მესიჯებით ცდილობს შეინარჩუნოს ლიდერის პოზიცია, რაც მეტად საეჭვოა გამეფებული არასტაბილურობისა და ხალხის მასების გაღატაკების ფონზე. როგორც ჩანს, “ოცნებას” ჯერ კიდევ ჰგონია, რომ “ნაცმოძრაობა”, ცოდვებში ჩაძირული და ფაქტობრივად მრავალჯერ გამტყუნებული პოლიტიკური ძალა, გარკვეულ ბუფერულ როლს შეასრულებს მასა და ხალხს შორის. აბა, სხვანაირად როგორ შეძლებს ხალხის მიერ წაყენებული ეკონომიკური, სოციალური და იურიდიული ხასიათის ბრალდებებისგან თავის გამართლებას?!

„რეზონანსი“, 22 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ აკაკი ზოიძესთან: „ვინმეს ეგონა, რომ ოთხ წელიწადში შვეიცარიაში იცხოვრებდა?!

ეკატერინე ბასილაია

“თქვენ როგორ გგონიათ, მთვარობას ჯადოსნური ჯოხი აქვს, რომ ერთი ხელის აქნევით ყველაფერი კარად იყოს და ჩვენ ზღაპრულ ქვეყანაში ვიცხოვროთ? მგონი, ასეთი გულუბრყვილო ამ ქვეყნად არავინ არ არის. არის გეგმა და მათ რაღაც დრო უნდა მივცეთ, რათა ეს გეგმა განახორციელონ… ვინმეს ეგონა, რომ ოთხ წელიწადში შვეიცარიაში იცხოვრებდა?!” – აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას “ქართული ოცნების” წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.

- ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხდა, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი და ყველაფერი კარგად იქნება. თქვენც ასე თვლით და თუ – კი, მაშინ კონკრეტულად რას ნიშნავს – ყველაფერი იქნება კარგად?

- ვთვლი, რომ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად იქნება. ყოველ შემთხვევაში ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. ის გეგმა, რაც არის წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ რისკებსაც მოიცავს, საბოლოო ჯამში მოგვცემს საშუალებას, ეკონომიკა მკვეთრად გავაჯანსაღოთ და საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მივაღწიოთ იმას, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობის მომატება საკუთარ ჯიბეზე. ეს არის ის, რაც ჩემთვის არის “ყველაფერი კარად იქნება”.

- ლარიც დასტაბილურდება და ფასებიც აღარ მოიმატებს?

- ლარის დასტაბილურება მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ფასები. ფასები არ უნდა გაიზარდოს იმ მცირე ზრდაზე მეტად, რაც დაგეგმილია. ანუ, 2017 წლის განმავლობაში 4-5% ინფლაცია უნდა იყოს, რის გამოც მთავრობას ნდობა გამოვუცხადეთ, იმიტომ რომ ეს იყო მიზნობრივი მაჩვენებელი, რომელიც უნდა ყოფილიყო ინფლაციასთან, ფასების ზრდასთან მიმართებაში. თუ ეს ასე იქნება, ეს არ დააწვება ჩვენს მოქალაქეებს გაუსაძლის ტვირთად. იმავდროულად შეიქმნება 200 ათასი სამუშაო ადგილი და ბევრ ჩვენს მოქალაქეს 4 წლის განმავლობაში შეექნება შემოსავალი, ეს არის ის, რაც ჩემთვის პრიორიტულია. ამ წელიწადსაც არ იქნება 4-5%-ზე მეტი ინფლაცია, თან მანამდე, ბოლო ერთი თვე დეფლაცია, ანუ ფასების შემცირება იყო.

- თუმცა ეკონომისტების ნაწილი იმასაც ამბობს, რომ 5%-იანი ინფლაცია მისაღებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეკონომიკური ზრდა არის 5%-ზე მეტი და არა მაგალითად ისე, როგორც იყო წელს – ეკონიმიკის მხოლოდ 3%-იანი ზრდა.

- წელს ალბათ იყო 3%-ის ფარგლებში, მომავალ წელს კი იქნება 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ რა შუაშია ეს ფასების ზრდასთან? ინფლაციასთან ეკონომიკური ზრდის კავშირი ამ შემთხვევაში პირდაპირი არ არის. საუბარია იმაზე, რომ მთლიანი ზრდა არის 8%, იქიდან 5% ინფლაცია და ეკონიმიკის რეალური ზრდა 3%. ეს კავშირი კი, არის.

- ქართული ოცნებიდან ხშირად გვესმის, რომ ლარი აუცილებლად დასტაბილურდება. რა ნიშნულზე გაჩერებაა, თქვენი აზრით, დასტაბილურება და 1 დოლარის ფასი 2,8 დარჩება, უფრო გაიზრდება თუ დაიკლებს?

- ამას ვერავინ ვერ გეტყვით. მიგანიშნებთ ლინკს, სადაც განვითარებად ბაზრებზე მომუშავე, კაპიტალზე ორიენტირებული ავტორიტეტული საინვესტიციო ფონდი, რომელიც ინვესტორებისთვის მუშაობს, რას თვლის 2017 წლის მიზნობრივ მაჩვენებლად.

- კვლევების გარეშე თქვენ მითხარით, “ქართული ოცნება” რომ მოსახლეობას ეუბნება, ლარი დასტაბილურდებაო, ამაში რა იგულისხმება?

- 2,5… მე გეუბნებით წყაროს მიხედვით, რომელიც თვლის, რომ ლარი 2,5-ზე დასტაბილურდება.

- ჩვენც ეკონომისტებისგან სწორედ იმას ვისმენთ, რომ მთავრობა რომ კარგად მუშაობდეს, ლარი არ გაუფასურდებოდა ასე და ეს დევალვაცია სწორედ არასწორი მუშაობის შედეგია...

- ეს პოლიტიკური განცხადებებია უბრალოდ.

- თქვენი აზრით, მთავრობა კარგად მუშაობს?

- რომ არ ვთვლიდე, რომ მთავრობას სწორი გეგმა აქვს, ხმას არ მივცემდი.

- კარგი მუშაობის შედეგია ლარის გაუფასურებაც და ფასების მატებაც?

- თქვენ როგორ გგონიათ, მთავრობას ჯადოსნური ჯოხი აქვს, რომ ერთი ხელის აქნევით ყველაფერი კარგად იყოს და ჩვენ ზღაპრულ ქვეყანაში ვიცხოვროთ? მგონი, ასეთი გულუბრყვილო ამ ქვეყნად არავინ არ არის. არის გეგმა და მათ რაღაც დრო უნდა მივცეთ, რათა ეს გეგმა განახორციელონ.

- 4 წელია ქართული ოცნება ხელისუფლებაშია და კიდევ რა დროა საჭირო?

- ვინმეს ეგონა, რომ 4 წელიწადში შვეიცარიაში იცხოვრებდა?! ამ ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ 4 წელიწადში და მგონი ამაზე კამათს აზრი არ აქვს.

- თქვენივე სიტყვებით გკითხავთ, 2017 წლის ბიუჯეტი მიგვიყვანს ტაძრამდე?

- ეს გადატანითი მნიშვნელობით იყო ნათქვამი. ვისაც სამწუხაროდ ფილმი “მონანიება” არ აქვს ნანახი, შეუძლია ნახოს. ძალიან მნიშვნელოვანი ფილმია, ჩემი აზრით, და იქ არის გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი, რომ ქუჩები, რომელსაც ტაძრამდე არ მივყავართ, არ არის საჭირო, ხოლო ის ქუჩა, რომელსაც ტაძრამდე მივყავართ, არის სწორი. ამაზე იყო სწორედ ჩემი ნათქვამი, რომ ეს არის სწორი გზა (სწორი ბიუჯეტი), რომელიც საბოლოო ჯამში სასურველ მიზნამდე მიგვიყვანს, მიუხედავად იმ რისკებისა რომლებიც არის ჩადებული ამ ბიუჯეტში, ამ 4-პუნქტიან გეგმაში, რომელიც არის ერთადერთი სწორი გზა და მიგვიყვანს ეკონომიკის გაჯანსაღებამდე. ეს არის და ეს.

- თქვენ ახსენეთ, შვეიცარიად გახდომის ილუზია არავის არ უნდა ჰქონოდაო, თუმცა საუბარი არა შვეიცარიად გახდომაზეა, არამედ იმაზე, რომ სიტუაცია გაუარესებისკენ მიდის.

- გაუარესებისკენ არაფერი არ მიდის, ყველა ობიექტური მონაცემებით უკეთესობისკენ მიდის. თუკი ასე ვისაუბრებთ, მაშინ ჩვენ ინტერვიუს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ახლა თქვენ პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებთ, რომელსაც წესით ოპოზიცია უნდა აკეთებდეს. გაუარესებისკენ არაფერი არ მიდის, მაგრამ იმ ტემპით არ ვითარდება, როგორც ჩვენ ეს გვინდოდა, იმის გამო, რომ ძალიან მძიმე 25 წელიწადი გვქონდა მანამდე. შესაბამისად, ახლა ჩვენი ამოცანაა იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ირგვლივ სამყარო პრაქტიკულად ძალიან მძიმე სიტუაციაშია, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით, ყოველ შემთხვევაში რეგიონში ასეა, ჩვენ შევძლოთ და აქ გარღვევა გავაკეთოთ. ის, რომ ამ მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ და რეალურად შევძლოთ ეკონომიკის გაჯანსაღება, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე გამოვიყვანოთ სიღარიბიდან და მეტ მოქალაქეს მივცეთ ღირსეული ცხოვრების საშუალება. ეს არის ჩვენი ამოცანა.

- თქვენ ამბობთ, რომ ოპოზიციის მსგავსად არ უნდა ვსაუბრობდე, თუმცა სიტუაცია რომ მძიმეა და “ყველასთვის შავად არის საქმე” ამაზე თქვენი გუნდის წევრმა რევაზ არველაძემაც ისაუბრა “რეზონანსთან”.

- მე არ გეთანხმებით იმაში, რომ 4 წლის განმავლობაში უარესობისკენ მიდის საქმე. თორემ გასაგებია, რომ დღეს, როცა ლარი ეცემა, ყველას გვიჭირს, მათ შორის მეც და მერე რა.

„რეზონანსი“, 22 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „საშუალო ფენამ ღარიბთა კატეგორიაში გადაინაცვლა

სალომე სარიშვილი

პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის კატასტროფული ვარდნის პარალელურად მმართველი პარტიის განცხადებები, თითქოს ლარის გაუფასურება გარე ფაქტორებითაა გამოწვეული, არადამაჯერებელი და არაკომპეტენტურია. მისი თქმით, ხელისუფლებას ამ პროცესის შესაჩერებლად არავითარი გეგმა არ გააჩნია, რაც ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას იწვევს.

გია ხუხაშვილის თქმით, ახლა ხალხი ბოლო მარაგებს საახალწლო სუფრისთვის ხარჯავს, ხოლო მარტის დასაწყისისთვის, მისი ვარაუდით, უკვე გაკოტრებულ საშუალო სეგმენტს გაზრდილი ტარიფების პირისპირ მივიღებთ. გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ ფონზე კრიზისი სახელისუფლებო სამზარეულოში განვითარდეს, რომელსაც, შესაძლოა, დღევანდელი აღმასრულებელი ელიტაც კი შეეწიროს.

ლარის კატასტროფულ გაუფასურებასა და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე “რეზონანსი” ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- მიუხედავად ხელისუფლების დამაიმედებელი განცხადებებისა, ვხედავთ, რომ ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდება, რასაც მმართველი ძალა გარე ფაქტორებს უკავშირებს. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს?

- დღევანდელი სიტუაციის ფუნდამენტურ საფუძვლებზე თუ ვისაუბრებთ, მაშინ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს პრობლემა (ლარის გაუფასურება) არსებული ადმინისტრაციის მხრიდანაა ფორმირებული. ეს გახლავთ სისტემური პრობლემა, დამახასიათებელი ქართული ეკონომიკისთვის, რომელიც საფუძველს ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების პერიოდიდან იღებს. ანუ, ეკონომიკური უსაფრთხოების ფუნდამენტური საფუძველი ქვეყანაში არც მაშინ არსებობდა და არც დღეს არსებობს. თუმცა, თუკი მიხეილ სააკაშვილი გარკვეული ვირტუალური კეთილდღეობისა და ფასადური სტაბილურობის იმიტაციას სხვადასხვა მეთოდებით ახერხებდა, დღევანდელი ხელისუფლება ამას ვერ ახერხებს. ვერ ახერხებს ვერც რეფორმისტული გაგებით და ვერც ადმინისტრაციულით, შესაბამისად, ყველაფერმა თავი ასე იჩინა.

თქვენ სწორად ახსენეთ ხელისუფლების დამაიმედებელი განცხადებები, რომლებიც ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლების მიმართ ნდობა აღარ არსებობს და რიგითი ქართველი ახლა უკვე ყველაფერს უკუღმა კითხულობს. სიტუაცია კი დღითი დღე მძიმდება და თანაც რამდენიმე სეგმენტში.

ერთი – ეს გახლავთ სოციალურად დაუცველი ფენა, რომელსაც სამომხმარებლო კალათა უძვირდება, რადგან ის იაფფასიან პროდუქტს მოიხმარს და შესაბამისად, სოციალური რისკიც იზრდება.

მეორე – ამ თვალსაზრისით დღევანდელ რეალობაში სრულიად ახალი სეგმენტიც გაჩნდა, რადგანაც ამ თვეების განმავლობაში ჩვენ საშუალო ფენა ფაქტობრივად დავკარგეთ. ანუ, ადამიანებისთვის, რომელთაც საკმაოდ ნორმალური ხელფასი აქვთ და პოზიტიური მოლოდინის გამო კრედიტები აიღეს, თუკი კრედიტების გადახდაზე აქამდე ხელფასის 20-30% მიდიდოდა, ახლა ფაქტობრივად მთელი ხელფასი კრედიტის მომსახურებაში მიდის და საარსებო ფული მათ არ რჩებათ. ანუ, გამოდის, რომ საშუალო ფენამ ღარიბთა კატეგორიაში გადაინაცვლა.

შესაბამისად, სოციალური რისკები ბევრად უფრო დამძიმებულია, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო. ამის გარე ფაქტორებზე გადაბრალება არასწორია, რადგან თუ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან ვალუტების კურსს თვალს გადავავლებთ, ნოემბერ-დეკემბრის განმავლობაში იქ არც არაფერი მომხდარა. თუკი იქ დევალვაცია იყო, ამან უკვე ჩაიარა და ბოლო ორი თვე რყევები არც აზერბაიჯანში, არც თურქეთში, არც ჩინეთში და არც რუსეთში არ მომხდარა. ასე რომ გარე ფაქტორებზე გადაბრალება არაკომპეტენტურია და ეს არგუმენტი დამაჯერებელი ვერ იქნება.

- ამასობაში გარკვეული ფასების ზრდა კომუნალურ გადასახადებზეც ანონსდება. თქვენი შეფასებით, პროდუქტების კიდევ უფრო გაძვირებას უნდა ველოდოთ?

- სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაძვირდება და ამის ნიშნები უკვე არის. იმავე ნავთობპროდუქტებზე, რომელიც ნებისმიერი დისტრიბუციის საბაზისო ელემენტია. ამ ყველაფერზე სამი ფაქტორი მოქმედებს. პირველი, ესაა ნავთობის გაძვირება, მეორე ეს გახლავთ ვალუტის კურსი, რაც ვითარებას ამძიმებს, ხოლო მესამე ფაქტორი ხელისუფლებამ აქციზის ზრდით თავადვე დაამატა. ანუ, ამ სეგმენტმა სამმაგი დატვირთვა მიიღო, რაც ძალიან შემაშფოთებელია. ახლა კი უკვე კომუნალური ტარიფების ზრდის გენერაცია დაიწყო, რასაც დისტრიბუციის განცხადებებიც მოჰყვება.

ვფიქრობ, ეს საკითხი გაზის ტარიფზეც აისახება. შესაბამისად, მოცემულობა ძალიან რთულია და ამას ისიც დაემატება, რომ ადამიანები ჩვენი ტრადიციული მოთხოვნებიდან გამომდინარე ბოლო მარაგებს, რესურსებს საახალწლო სუფრისთვის გამოიყენებენ, ხოლო მარტის დასაწყისისთვის ჩვენ უკვე გაკოტრებულ საშუალო სეგმენტს გაზრდილი ტარიფების პირისპირ მივიღებთ.

- ამ ფონზე ხალხის ქუჩაში გამოსვლასა და აქციებს თუ ვარაუდობთ?

- გამომდინარე იქიდან, რომ სოციალური ლოზუნგით აქციების ტრადიცია საქართველოში არ არსებობს, ახლაც რომ გაიმართოს, ვფიქრობ ეს უფრო ლოკალიზებული იქნება. ვგულისხმობ დაქსაქსულ სეგმენტებს, რადგან ამას კონსოლიდაცია სჭირდება, რომელიც ძალიან სერიოზულ ერთეულს გულისხმობს. ასეთი ერთეული კი დღევანდელ რეალობაში არ ჩანს. მაგრამ, ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ როდესაც პოლიტიკურ ბაზარზე აგრესიული მოთხოვნაა, ვიღაც შეიძლება გამოჩნდეს. ვინ შეიძლება იყოს ეს, ჩემთვის ძნელი სათქმელია. გაზაფხულამდე არ მგონია ეს მოხდეს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ კრიზისი შესაძლოა სახელისუფლებო სამზარეულოში განვითარდეს, რომელსაც ასევე შესაძლოა დღევანდელი აღმასრულებელი ელიტაც შეეწიროს. ეს კი ნამდვილად სავარაუდოა.

- საპარლამენტო ოპოზიცია ეკონომიკურ გუნდს პარლამენტში იბარებს და ითხოვს, მათ საზოგადოების კითხვებს უპასუხონ. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია ეს მოთხოვნა და თუ გამოიღებს რაიმე შედეგს?

- ისინი პოლიტიკური თამაშის წესებით თამაშობენ და ცდილობენ, პოლიტიკაში ამ პრობლემის კონვერტაცია მოახდინონ, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. ნებისმიერი ოპოზიცია ნებისმიერ ქვეყანაში იმავე ტაქტიკით მოიქცეოდა. ბუნებრივია, პარლამენტში დაბარებით პრობლემა არ წყდება და ჩვენ რეალურად აბსოლუტურად სიურეალისტურ სურათს ვხედავთ – როდესაც მომღერლები ეკონომიკაზე და ეკონომისტები სიმღერაზე ლაპარაკობენ. კომპეტენციები აღრეულია და ეს ძალიან მარტივი მიზეზის გამო ხდება – ხელისუფლებას არაფერი აქვს სათქმელი და არც რაიმე გეგმა აქვს შემუშავებული.

- პატრიოტთა ალიანსის ინიციატივას – შეიქმნას ანტიკრიზისული გეგმა, როგორ უყურებთ?

- ფაქტია, რომ ანტიკრიზისული გეგმა ქვეყანას ნამდვილად სჭირდება, თუმცა ფორმატს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგადად რომ ფორს-მაჟორში ვართ, ეს ისედაც ფაქტია და შესაბამისად, ანტიკრიზისული გეგმა გვჭირდება. ზოგადად ეს ინიციატივა გასაზიარებელია, თუმცა რამდენად შეიძენს ეს რაიმე შედეგს, ჯერ კიდევ საკითხავია. თუკი ვინმეს ამ საქმეში აგურის დადება შეუძლია, ყველა ჩასართველია და ეს ხელისუფლების გეგმაში უნდა შედიოდეს. აბსურდი კი ისაა, რომ ხელისუფლებას თვითონ არაფერი გააჩნია, სხვას კი არ ელაპარაკება და რეალურად აბსოლუტურად ქაოსურ სიტუაციას ვხედავთ.

- ნაციონალურ მოძრაობაში კონფლიქტი დღითი დღე ღრმავდება და ამას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ ნათელი მოჰფინა. თქვენი პროგნოზით, რა შედეგი მოჰყევა ამ პროცესს?

- არ მინდა ამ თემაზე ღრმად საუბარი, საბოლოო ჯამში, ეს მათი საქმეა და რაც უნდათ, ის უქნიათ. ერთადერთი, რაც შემიძლია არსებულ სიტუაციაზე ვთქვა, ის არის, რომ რეალურად კონფლიქტი დღეს ორ კონცეფციას შორისაა – პარტიის პოლიტიკურ ელიტასა და რიგით წევრებს შორის. ერთ მხარეს ამომრჩევლის შესაბამისი სიმრავლეა, ხოლო მეორე მხარეს პოლიტიკური ელიტა. პოლიტიკურ პროცესში ეს ორივე ელემენტი აუცილებელია, რადგან ერთი მხრივ ხალხი ამ პროცესში ზურგის შემქნელია, მაგრამ პოლიტიკური ელიტა მათი ძრავაა, რათა ეს ყველაფერი მოქმედებაში მოიყვანონ. შესაბამისად, დაშლით, ჩემი აზრით, ორივე მხარე იზარალებს. ერთადერთი ლოგიკური პოლიტიკური სვლა, მიუხედავად კონფლიქტისა, რაღაცნაირად პოლიტიკური თანაცხოვრების გზის გამონახვა იქნებოდა. ეს გახლავთ რაციონალური გზა.

„რეზონანსი“, 22 დეკემბერი, 2016 წელი

დენის ტარიფის გაზრდას პურის გაძვირება მოჰყვება

ძალიან ვწუხვარ, მაგრამ, გამორიცხული არ არის, უახლოეს პერიოდში საფასო პოლიტიკას გადავხედოთ

მარი ჩიტაია

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაძვირებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. დენის გადასახადთან ერთად, საფასო ცვლილება მოსალოდნელია მრეწველობის ყველა იმ დარგში, რომლის თვითღირებულებაშიც ენერგომატარებლების ხარჯი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ცხოვრება კიდევ უფრო გართულდება. თითქმის არ რჩება სამომხმარებლო ბაზრის ისეთი მიმართულება, სადაც გაძვირება არ იგეგმება.

ბუნებრივია, რომ მოსახლეობის მხრიდან ყველაზე მეტ ინტერესს პურის ფასი იწვევს. თუკი ცოტა ხნის წინ სავაჭრო ობიექტებში პურის გაიაფებას ველოდით, ახლა საუბარი გაძვირებაზეა, რაც სულაც არ არის გამორიცხუილი. ტარიფის მოსალოდნელმა ცვლილებამ ყველაზე მეტად სწორედ მეპურეები აღაშფოთა. მათი თქმით, სოციალური პროდუქტის გაძვირებით მოსახლეობა ძალიან დაზარალდება. როგორც მეპურეთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე აცხადებს, პურის ფასის შენარჩუნება უკვე შეუძლებელია.

“ჩვენ ვართ შეშფოთებული, რადგან წარმოდგენაც არ მინდა იმაზე, რაც შეიძლება პურის გაძვირებას მოჰყვეს. ფქვილის ფასმაც მოიმატა, თუკი გადასახადსაც გაგვიძვირებენ, ეს აუცილებლად პროდუქტის საბოლოო ფასზეც აისახება. არ გამოვრიცხავ, უახლოეს პერიოდში საფასო პოლიტიკას გადავხედოთ. ძალიან ვწუხვარ, რადგან პური სოციალური პროდუქტია და მისი გაძვირებით ხალხი უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდება”, – აცხადებს მალხაზ დოლიძე.

რამდენი თეთრით მოიმატებს პურის ფასი, მალხაზ დოლიძე ვერ აკონკრეტებს. სამომავლო ცვლილებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერც საკონდიტრო ბიზნესის წარმომადგენლები საუბრობენ, თუმცა ერთადერთი, რაზეც უყოყმანოდ პასუხობენ, პროდუქტის გაძვირებაა.

მოსალოდნელი გაძვირება “რეზონანსს” საკონდიტრო კომპანიებშიც დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ გაძვირდება იმპორტირებული პროდუქციის ის ნაწილიც, რომლის შენახვასაც ელექტროენერგიის ხარჯი სჭირდება. ასეთი კი კვების სფეროს თითქმის ყველა მიმართულებაა. ამდენად, როგორც მეწარმეები ამბობენ, დენის გაძვირება სამომხმარებლო ბაზარზე ძალიან მტკივნეულად იმოქმედებს.

ფასის ზრდა მოსალოდნელია საცხობებში, სასაწყობო მეურნეობებსა და გადამამუშავებელ ქარხნებში. საკონდიტრო ბიზნესის წარმომადგენელთა თქმით, კომუნალური ხარჯის ზრდა, რასაც შეიძლება ნედლეულის გაძვირებაც დაემატოს, მათი ნაწარმის ფასზე აუცილებლად აისახება.

კომპანია “გურმეს” წარმომადგნელი შიშობს, რომ გაძვირება რეალიზაციაზე ცუდად იმოქმედებს: “რაც არ უნდა ვცადოთ ფასის “დაჭერა”, წარმოუდგენელია, რადგან გაზრდილ ხარჯს სხვა ვერაფერს დავუპირისპირებთ. ვშიშობ, ძვირი ელექტროენერგია ჩვენ ბიზნესს ძალიან დააზარალებს. გაგვიძვირდება არა მარტო კომუნალური გადასახადი, არამედ ნედლეულიც, რის გამოც ფასის შენარჩუნებას ვერაფრით შევძლებთ. ეს მომხმარებლისთვისაც მტკივნეული იქნება და ჩვენთვისაც”, – აცხადებენ კომპანიაში.

ინდმეწარმე გიორგი გურიელიძის განცხადებით, დენის გაძვირების გამო, მომსახურების ფასის გადახედვა მოუწევს. გურიელიძე თბილისის გარეუბანში კაფე-ბარის მფლობელია.

“ელექტროენერგიას ინტენსიურად მოვიხმართ, ამიტომ ახალი გადასახადის პირობებში ხარჯი მნიშვნელოვნად გაგვეზრდება. დასანანია, რომ მომხმარებლებისთვის ტარიფის შენარჩუნება ვერ ხერხდება. ცხადია, ჩვენც გაგვიძვირდება ყველაფერი, ნედლეულიც კი, რომელსაც ისედაც მაღალ ფასში ვყიდულობთ. წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს, ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით”, – ამბობს გიორგი გურიელიძე.

მწარმოებლების ნაწილი ამბობს, რომ შესაძლო გაძვირება სამეწარმეო ხარჯს მნიშვნელოვნად გაზრდის, რაც საბოლოოდ პროდუქტის ფასზე იმოქმედებს.

“მესხეთის მეფრინველეობის” დირექტორ დავით ათულაშვილის ინფორმაციით, როგორც კი გადასახადი გაძვირდება, საფასო პოლიტიკაც გადაიხედება: „გადასახადის ზრდა არანაირად არ გვაწყობს, რადგან ამით წარმოების ხარჯი მოგვემატება. პროდუქციის თვითღირებულებაში მას 3% უკავია. ცხადია, ფასის კორექტირება მოგვიწევს. ლარის დევალვაციიდან გამომდინარე, სატარიფო ცვლილება მოულოდნელი არ არის, თუმცა ძალიან შეგვაშფოთა. მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულება კი არა, აბსოლუტურად ყველაფერი გაძვირდება. ვფიქრობ, რეალიზაცია გაგვიჭირდება, საკმაოდ რთულ პრობლემას შევეჯახეთ”, – ამბობს დავით ათულაშვილი.

„რეზონანსი“, 22 დეკემბერი, 2016 წელი

დენი ძვირდება, ხალხის მოთაფვლას სუბსიდიით შეეცდებიან

გაზაფხულიდან მომხმარებელს თავად მოუწევს გაზრდილი გადასახადის გადახდა, ამიტომ გაიზრდება სოციალური რისკი

მარი ჩიტაია

თბოელექტროსადგურებისთვის დენის ტარიფი 1,2-5,5 თეთრის ფარგლებში გაიზარდა. დიდია ალბათობა, რომ მოსახლეობას ელექტროენერგია გაუძვირდეს. გამანაწილებელი კომპანიები გადასახადის შესაძლო გაძვირების შესახებ ჯერჯერობით მინიშნებების დონეზე საუბრობენ. საზოგადოებისთვის მტკივნეულ კითხვას – გაძვირდება თუ არა დენის ტარიფი – სემეკი პასუხს ორშაბათს გასცემს.

თბოელექტროსადგურების წილი ელექტროენერგიის მთლიან მოხმარებაში 17,5-20%-ის ფარგლებშია. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, სატარიფო ცვლილებები გაგრძელდება და მორიგ ეტაპზე სამომხმარებლო გადასახადის კორექტირებას მოახდენენ, რის სიმძიმესაც მოსახლეობა გაზაფხულიდან იგრძნობს.

სოციალური მღელვარების თავიდან ასაცილებლად ზამთარში მთავრობა სუბსიდიას განახორციელებს, რითაც ხალხის დაშოშმინებას შეეცდება, თუმცა ეს არ იქნება ხანგრძლივი პროცესი. რამდენიმე თვეში, მოხმარების შემცირებიდან გამომდინარე, მთავრობა სუბსიდიის გაცემის პროცესსაც შეაჩერებს. სავარაუდოდ, აპრილიდან აღარც სამთავრობო დახმარება იქნება და საბოლოოდ მოსახლეობას შერჩება გაძვირებული გადასახადი, რომლის ტვირთიც მომხმარებელს ძალიან გაურთულებს ცხოვრებას.

რაც შეეხება თბოლექტროსადგურების ტარიფს, ცვლილება 2017 წლის იანვრიდანვე იგეგმება. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, “გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის” დღგ-ის გარეშე 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1კვტ/სთ – 6.659 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება – 9.056 თეთრი.

შპს “ჯიფაუერისთვის” დღგ-ის გარეშე 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1 კვტ/სთ – 8.460 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება – 14.120 თეთრი.

შპს “მტკვარი ენერჯისთვის” დღგ-ის გარეშე 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1კვტ/სთ – 10.748 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება 12.194 თეთრი.

შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის” დღგ-ის გარეშე 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1კვტ/სთ – 11.303 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება 14.234 თეთრი.

სამომხმარებლო ტარიფის შესაძლო გაძვირებას არც ელექტროგამანაწილებელ კომპანიებში გამორიცხავენ. “ენერგო პრო ჯორჯიას” და “ჯიფაუერის” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ განაცხადა კიდეც, რომ თავს ვერ მოიტყუებენ.

“ტყუილი იქნება გითხრათ, რომ სავალუტო კურსის მერყეობა ჩვენზე გავლენას არ იქონიებს. ეს ნამდვილად თავის მოტყუება იქნება. თბოსადგურების შემთხვევაში ამის ასახვა მოხდა და ვნახოთ, რა იქნება სამომხმარებლო ტარიფის შემთხვევაში. დაველოდოთ, რამდენიმე დღეში მოხდება ამის გაცხადება”, – აღნიშნა მიხეილ ბოცვაძემ.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ტარიფის მომატებით სოციალური რისკი გაიზრდება. ანალიტიკოს პაატა ბაირახტარის თქმით, სახელმწიფო შეეცდება, სოციალურად დაუცველებს ტვირთი შეუმსუბუქოს და სუბსიდირებას მოახდენს.

“რამდენადაც ვიცი, სატარიფო ცვლილება გარდაუვალია, რაც ლარის ბოლოდროინდელი ნახტომისებური გაუფასურებით არის გამოწვეული. მთავრობა მოსახლეობისთვის ტვირთის შემსუბუქებას სუბსიდიის საშუალებით შეძლებს, მაგრამ ეს სისტემური და გრძელვადიანი გამოსავალი არ არის. გაზაფხულიდან მომხმარებელს თავად მოუწევს გაზრდილი გადასახადის გადახდა, რადგან სუბსიდია გრძელვადიანი დაფინანსების მეთოდი არ არის. იგი მხოლოდ გამოუვალი სიტუაციიდან გამომდინარე გადადგმული ნაბიჯია. სახელმწიფო ყველას ვერ შეეხიდება, ამიტომ გაიზრდება სოციალური რისკი და დასაქმებულთათვისაც კი დენის ტარიფი შესაძლოა, მძიმე ტვირთი გახდეს”, – განუცხადა “რეზონანსს” პაატა ბაირახტარმა.

„რეზონანსი“, 22 დეკემბერი, 2016 წელი

იანვრიდან ავტოგაზის ფასი 1,40 ლარს გადააჭარბებს

ასეთი ნახტომი მტკივნეული იქნება ავტომფლობელებისათვის

ნათია ლომიძე

ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის გაზრდის პარალელურად, ავტომფლობელებისთვის ბუნებრივი აირის საცალო ფასი მკვეთრად მოიმატებს. სავარაუდოდ, იანვრიდან გაზგასამართ სადგურებზე 1 კბ/მ-ის ფასი 1,40 ლარს გადააჭარბებს.

ამჟამინდელ ტარიფში აქციზის წილი (1000 კბ/მ-ზე – 80 ლარი) 6,5%-ია. გადასახადის 200 ლარამდე გაძვირების შემთხვევაში, მისი წილი საერთო ტარიფში 16,5%-მდე მოიმატებს. ამიტომ საცალო ფასის ზრდა გარდაუვალი იქნება. დღეს გაზგასამართ სადგურებზე 1 კბ/მ ბუნებრივი აირი, საშუალოდ, 1.20 თეთრად იყიდება, ხოლო იანვრიდან 1,40-1,50 ლარს მიაღწევს.

გაზგასამართი სადგურების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ საცალო ფასი აქციზის შესაბამისად გაიზრდება, რაც სრულიად ლოგიკურად მიაჩნიათ. ისინი “რეზონანსთან” არაოფიციალური საუბრისას აღნიშნავენ, რომ ავტოგაზის გაძვირებას, დაახლოებით, 20 თეთრის ფარგლებში გეგმავენ. სადგურების მფლობელები არც იმას მალავენ, რომ მოხმარების მაჩვენებლის კლებაც გარდაუვალია და სიტუაციის სასიკეთოდ შეცვლას ვერ მოახერხებენ.

აქციზის გადასახადის ფასში ასახვას არ გამორიცხავს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი. როგორც მან “რეზონანსს” განუცხადა, აქციზი არის ავტოგაზგასამართი კომპანიებისთვის პირდაპირი ხარჯი, რაც უშუალოდ აისახება ბუნებრივი აირის ღირებულებაზე.

“ავტოგაზგასამართი სადგურები, ალბათ, მოახდენენ, აქციზის გაზრდით გამოწვეული ხარჯის ფასში ასახვას. ეს გადასახადი არის კომპანიებისთვის პირდაპირი ხარჯი, რაც აუცილებლად იმოქმედებს პროდუქტის საბოლოო ღირებულებაზე. რასაკვირველია უნდა ველოდოთ იმავე პროცესს როგორც ეს ხდება ბენზინისა და დიზელის შემთხვევაში. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, რომ აქციზის გაზრდით გარკვეულ პროდუქტებზე მოხმარება შემცირდება და ამით გარემოს დაიცავენ, არ მიმაჩნია სწორად. მთავრობა თავს იმართლებს თითქოს ეს გადაწყვეტილება მოგების გადასახადის რეფორმის დასაბალანსებლად დაგეგმილი ღონისძიებაა”, – განუცხადა “რეზონანსს” ანდრია გვიდიანმა. მანვე საწვავის ფასსა და მის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მოსახლეობას გაზრდილი ხარჯი ტვირთად აუცილებლად დააწვება.

“რამდენად აუცილებელი იყო აქციზის ზრდა და რამდენად გამართლებულად შეიძლება ჩაითვალოს ეს პოლიტიკა, ამას მომავალი გვიჩვენებს. ერთი მხრივ, ხელისუფლებამ, ასე ვთქვათ, ბიზნესს დაუტოვა მოგების გადასახადი გასაფართოებლად, რათა მეტი ფული დარჩენილიყო ეკონომიკაში. მეორე მხრივ კი, ეკონომიკიდან ამოიღეს თანხა აქციზის ზრდით. გამოდის, რომ მოსახლეობისგან აპირებენ მიიღონ დანაკლისი. თუკი დავაკვირდებით, მომხმარებლის ხარჯზე ხდება ბიზნესის წახალისება. ეს საფუძველშივე შესაცვლელი პოლიტიკაა.

აქციზის ზრდა მტკივნეული იქნება მთელი ქვეყნისთვის და ამ უარყოფით შედეგს მწვავედ იგრძნობს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ავტომობილით ინტენსიურად გადაადგილდება. გაძვირების საკითხს ხელისუფლება მეტი სიფრთხილით უნდა მოკიდებოდა. შედეგები და სამომავლო ეფექტები გაანალიზებული უნდა ყოფილიყო, რომელსაც ახლო მომავალში აქციზის ზრდა გამოიწვევს”, – აღნიშნა ანდრე გვიდიანმა.

ავტოგაზის სადგურების მხრიდან საცალო ფასის მომატებას ადასტურებს ანალიტიკოსი ბექა კემულარია. გადაწყვეტილება, რომელიც აქციზის გადასახადის გაზრდის შესახებ ძალაში შევიდა, მიუღებელია როგორც მოსახლეობისთვის, რომელსაც გადასახადი თითქმის 20%-ით უძვირდება, ასევე მეწარმეებისთვისაც. მსგავსი გადაწყვეტილების შემდეგ უფრო მეტად მომხმარებელი ზარალდება.

“რასაკვირველია, აქციზის გაძვირება თავისთავად გამოიწვევს საცალო ფასის მატებას. 1000 კბ/მ ავტოგაზზე აქციზი 1,5-ჯერ იზრდება და ასევე მომატებს დღგ-ის ოდენობაც, რომელიც გაძვირებულ პროდუქტზე კომპანიამ უნდა გადაიხადოს.

მომხმარებლის მხრიდან თუ შევხედავთ ამ საკითხს, მათ თითქმის 20%-ით გაუძვირდებათ ავტოგაზის საფასური. ეს საკმაოდ მძიმე ტვირთია ისედაც რთული ეკონომიკური და სოციალური ფონიდან გამომდინარე. იყო პერიოდი, როდესაც 2 ლარისთვისაც გადაუჭარბებია საწვავის ღირებულებას, მაგრამ იმ დროს მომხმარებელს ენერგიის ალტერნატიული წყარო გააჩნდა, ავტოგაზის სახით. ამ შემთხვევაში ბუნებრივ აირზე აქციზს სწორედ იმიტომ ზრდიან, რომ მომხმარებელი არ დაკარგონ თხევადი საწვავის იმპორტიორებმა. ამ შემთხვევაში მხოლოდ მომხმარებელი ზარალდება და არა ერთმანეთის კონკურენტი კომპანიები.

აქციზის გადასახადს იხდის უშუალოდ მომხმარებელი. ის, ვინც განსაკუთრებით ბევრს მოძრაობს მანქანით, მაგალითად, ტაქსის მძღოლები, სერიოზულად იგრძნობენ მომატებულ ფასს. ჩემი აზრით, ენერგომატარებლებზე გადასახადის მომატება არ არის მიზანშეწონილი ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც. ბევრი კომპანია თავს შეიკავებს მომავალში გაფართოებისგან”, – განუცხადა “რეზონანსს” ბექა კემულარიამ.

——————–

საქართველო და მსოფლიო“, 22 დეკემბერი, 2016 წელი

გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა და მოთმინების ფიალა

ლუკა ნემსაძე

საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა რთულდება – მთავრობის ავტორიტეტი სწრაფად ეცემა, რაც მკაფიოდ აისახება მასმედიაში, სოციალურ ქსელებსა თუ კერძო საუბრებში. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს და პრობლემის ანატომიის დაკვირვება, ალბათ, საინტერესო და დროული იქნება.

ახლაც აჟრიალებს

პირველი და მთავარი მიზეზი მაღალჩინოსნების მიერ საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლების უცოდინარობაა. მაგალითად, როდესაც 13 დეკემბერს ლარი ისევ სწრაფი ვარდნის რეჟიმში გადავიდა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა ჟურნალისტებთან შემდეგი კომენტარი გააკეთა: “დეტალებს და მიზეზებს ვერ გეტყვით. ლარის გაუფასურება არ დაიჯეროთ. ყველაფერი კარგად იქნება” (სააგენტო “პირველი”). შესაძლოა, თაბუაშვილმა იგულისხმა, რომ რყევა დროებითია და, ისევე, როგორც პირველ დეკემბერს, მას სერიოზული შედეგი არ მოჰყვება, მაგრამ მისმა ფრაზამ უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია. საბოლოო ჯამში, თაბუაშვილმა საკუთარი თავი წარმოაჩინა არაკომპეტენტურ პირად, რომელიც პანიკაში ჩავარდნილ მოსახლეობას დასცინის.

განსხვავებული, მაგრამ ხელისუფლებისთვის ასევე უსიამოვნო რეაქცია მისი შეფის _ დიმიტრი ქუმსიშვილის რეპლიკას მოჰყვა. მან დეპუტატებს მოუთხრო, როგორ იყიდა სუვენირები სვანეთში: “მე ქალბატობს ასლარიანი გავუწოდე, მან ჯიბიდან ამოიღო ბღუჯა. ქალბატონო ადა, ამოიღო ფულის ბღუჯა! ახლაც ტანში მაჟრიალებს. გეფიცებით, სიამოვნებისგან კინაღამ დავკოცნე ის ქალი. ეს არის ტურიზმის გავლით, ოღონდ ეს სხვანაირად არ კეთდება”. ცხონებული ზიგმუნდ ფროიდი ამ მონოლოგზე, ალბათ, საინტერესო კომენტარს შემოგვთავაზებდა. ზოგიერთ მაძღარ და დალაგებულ ქვეყანაში ფინანსთა მინისტრის მიერ კომიკოსის როლის შეთავსებას, ალბათ, მშვიდად მიიღებდნენ, მაგრამ საქართველო დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ მსგავსი ეპიზოდები კი არ ანეიტრალებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების შედეგად წარმოქმნილ ნეგატიურ განწყობას (პიარის პრაქტიკაში ნამდვილად არის ასეთი ხერხი), არამედ ამძაფრებს მას. როგორც ჩანს, ფინანსთა მინისტრის სავარძელი მართლაც “დათარსულია” _ ნოდარ ხადურის იმიჯს ამ პოსტზე უდიდესი ზიანი მიადგა, რაც ცუდად აისახა ხელისუფლების ავტორიტეტზე, და ქუმსიშვილი, როგორც ჩანს, იმავე გზას დაადგა. შესაბამისად, გაიზარდა იმის ალბათობა, რომ მომავალში მას “განტევების ვაცად” აქცევენ.

მოსახლეობის გაღიზიანების მეორე მიზეზი შედარებით რთულ ფსიქოლოგიურ მოტივებს ეფუძნება. ბევრმა ამომრჩეველმა ხმა “ქართულ ოცნებას” მხოლოდ იმიტომ მისცა, რომ სააკაშვილის სადისტური რეჟიმის რესტავრაცია არ დაეშვა და ამის გამო მმართველმა პარტიამ მიიღო უფრო მეტი ადგილი პარლამენტში, ვიდრე მოსალოდნელი იყო. “ოცნების” ბევრ ძველ ამომრჩეველს სურდა, რომ 4 წლის განმავლობაში დაშვებული შეცდომებისთვის ხელისუფლება ამა თუ იმ ფორმით დასჯილიყო და არა პირიქით _ დაჯილდოებულიყო საკონსტიტუციო უმრავლესობითა და ფაქტობრივი ერთპარტიულობით. ნეგატიური დამოკიდებულება მთავრობის მიმართ, დიდი ალბათობით, ასე სწრაფად სწორედ ამ ადამიანების გამო იმატებს, რადგან სრულიად ოპოზიცია კოლაფსშია, მის შიგნით თავისებური “სამოქალაქო ომი” მიმდინარეობს და მრავალსვლიანი საინფორმაციო კამპანიების წარმოების თავი არ აქვს. ყოველივე ამას სიტუაციის რეალური გაუარესება ამძიმებს, ხოლო ახალი წლის შემდეგ, როდესაც ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის აწევას ფასების გარდაუვალი მატება მოჰყვება, მთავრობა ალყაშემორტყმულ გარნიზონს დაემსგავსება, რომელიც შეტევების მოგერიების რეჟიმში იცხოვრებს. ეს არის დაუმსახურებელი გამარჯვების და მის შედეგად მოპოვებული საკონსტიტუციო უმრავლესობის ფასი.

შემცირება და დამცირება

ხელისუფლებას მალე გამოუჩნდება არაერთი ახალი ოპონენტი. აღმასრულებელ სტრუქტურებში შემცირებები მიმდინარეობს და გარეთ დარჩენილი საჯარო მოხელეები, სავარაუდოდ, ივანიშვილის ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ მოწინააღმდეგეებად ჩამოყალიბდებიან. ზოგი მიიჩნევს, რომ შედარებით მაღალი ხელფასის გამო, მათ შესაძლებლობა ექნებათ, ასე თუ ისე, უმტკივნეულოდ გადააგორონ პერიოდი ახალი სამსახურის პოვნამდე, მაგრამ საქმე ის არის, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი, რომელსაც მაღალი სტაბილური შემოსავალი აქვს, პრაქტიკულად, დაუყოვნებლივ იღებს კრედიტს (მაგალითად, ბინის შესაძენად), ამიტომ თუნდაც ერთი ან ორი თვე ხელფასის გარეშე მას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს. დღეს, განსაკუთრებით დაბალ და საშუალო რგოლში, მაღალჩინოსანთა დიდი ნაწილი შეშინებულია, ზოგი ინტრიგებს ხლართავს, რათა სამსახურში დარჩენის გარანტია მოიპოვოს, ზოგი კი, უბრალოდ, ელოდება ზემდგომთა გადაწყვეტილებას.

მინისტრები ცდილობენ, მაქსიმალურად შეარბილონ ამ პროცესთან დაკავშირებული რიტორიკა. “ჩვენს სამინისტროში მიმდინარეობს რეორგანიზაცია და არა შემცირება”, _ აცხადებს რეგინული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე (ეს სწორედ ის ალავიძეა, თავის დროზე “ნაცმოძრაობას” 35000 ლარი რომ შესწირა, შემდეგ ამ ფაქტის დამალვა სცადა და ახლა სამინისტროს სააკაშვილის რეჟიმის “გამოჩენილი” წარმომადგელებით ავსებს), ქუმსიშვილი ოპტიმიზაციას ახსენებს და ა.შ. უარს ხარჯების შემცირებაზე მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს. როგორც ჩანს, გიორგი მარგველაშვილსა და მის გარემოცვას ქვეყნის გასაჭირი საერთოდ არ ანაღვლებს. საზოგადოდ, შტატები მართლაც მეტისმეტად გაბერილია, მაგრამ საქმე ის არის, რომ “ოპტიმიზატორები” ხშირად ვერ ამჩნევენ იმ ხვრელებს, რომლებიდანაც ასიათასობით ლარი გაედინება.

კონკრეტული მაგალითი: ეკონომიკის სამინისტრო, ძველი შენობის 9 450 000 დოლარად გაყიდვის შემდეგ, ბელინსკის ქუჩაზე გადავიდა, სადაც შპს “ტიფლის ბიზნეს ჯგუფისგან” (100%-ის მფლობელი ცაცა კვირიკაშვილი) თვეში 75 ათას დოლარად ბიზნეს-ცენტრი იქირავა, რაშიც აპრილიდან დღემდე 675 ათასი დოლარი დაიხარჯა. ეს პრაქტიკა, დიდი ალბათობით, მომავალ წელსაც გაგრძელდება. თავის დროზე განიხილებოდა სახელმწიფოს კუთვნილ რომელიმე ძველ შენობაში გადასვლის ვარიანტი, მაგრამ ამის გაკეთება, როგორც ჩანს, არ ისურვეს. მას შემდეგ, რაც შედგა გარიგება ძველი შენობის გაყიდვის თაობაზე, შესაძლებელი იყო სამინისტროსთვის ახალი კორპუსის მშენებლობის დაწყებაც, მაგრამ საბოლოოდ შეირჩა ყველაზე წამგებიანი ვარიანტი, რომელმაც ნამდვილად შეიძლება დააფიქროს დამკვირვებლები მერკანტილური ინტერესების არსებობაზე. აი, ასე გამოიყურება ხარჯების ოპტიმიზაცია კვირიკაშვილის მთავრობის შესრულებით.

როდესაც ათასობით ადამიანი სამსახურის დაკარგვის შიშით მუდმივი სტრესის პირობებში ცხოვრობს, დანარჩენები კი ასეთივე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში გარდაუვალ გაძვირებას ელოდებიან, “რეპორტიორის” პრესკლუბში გამოდის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით ჭიჭინაძე და აცხადებს: “პრინციპში, თუ ავიღებთ პრაქტიკულად ამერიკის ეკონომიკური განვითარებისა და წახალისების პროგრამას, შეიძლება ასე ვთქვათ, ჩვენი პროგრამიდან არის გადაწერილი, ძალიან ახლოს არის ჩინეთისაც, სხვათა შორის”. ამის შემდეგ, ალბათ, ყველასთვის ცხადი შეიქნა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობის ნერვებზე თამაშის ყველა რეკორდი მოხსნა.

გაუფასურების საფასური

“2017 წლის ბიუჯეტი არის ის გზა, რომელსაც ტაძრისკენ მივყავართ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა აკაკი ზოიძემ და გასული კვირის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური გამონათქვამების რეიტინგის ტოპხუთეულში შევიდა. პარლამენტის მიერ (102 ხმით 10-ის წინააღმდეგ) დამტკიცებულმა ბიუჯეტმა კი შეიძლება გაგვახსენოს ცუდი მხედარმთავრის მცდელობა _ ძალთა სიმცირის მიუხედავად, ყველა ქალაქი შეინარჩუნოს. ასეთი იყო, მაგალითად, პოლონელების თავდაცვითი გეგმა 1939-ში. ალბათ, საჭირო იყო მთელი რიგი მიმართულებით ხარჯების რადიკალური შემცირება და პრიორიტეტებზე კონცენტრირება, მაგრამ ამ შემთხვევაში იძულებულნი ვართ, კვირიკაშვილის მთავრობას მუშაობა ვაცალოთ, რადგან მხოლოდ მომავალი წლის მეორე ნახევარში რეალურად გამოჩნდება, გონივრულად შეადგინა თუ არა მან ბიუჯეტი.

ვინაიდან აჟიოტაჟი ლარის მდგომარეობის გამო 1 დეკემბრიდან დღემდე წამითაც არ დამცხრალა, პრემიერმა საჭიროდ ჩათვალა, ამ თემასთან დაკავშირებით საგანგებო კომენტარი გაეკეთებინა: “იმ გეოგრაფიულ არეალში, რომელშიც ვიმყოფებით, პრაქტიკულად, ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ყველა ვალუტა გაუფასურებულია და ამ საკითხზე ჩვენი ოპონენტების განცხადებები აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია, წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციებია. ეს იყო 100%-ზე მეტად გაუფასურება ყველა ძირითადი ვალუტის, საუბარი მაქვს თურქულ ლირაზე, ასევე, უკრაინულ გრივნაზე, რომელიც 200%-ით არის გაუფასურებული; საუბარი მაქვს რუსულ რუბლზე _ დაახლოებით 90%-ის ფარგლებში მოხდა გაუფასურება, აზერბაიჯანულ მანათზე _ 100%-ზე მეტია გაუფასურება… 2012 წელზე იყო საუბარი და 2012 წლის შემდეგ ქართული ლარი გაუფასურებულია, დაახლოებით 60-დან 65 %-ის ფარგლებში” (“ინტერპრესნიუსი”).

ყველაფერი ეს სწორია, მაგრამ საქმე ის არის, რომ მოსახლეობა ძალიან ნერვულად აღიქვამს ლარის მდგომარეობის მცირეოდენ გაუარესებასაც კი. ეს ხდება იმიტომ, რომ “ნაცმოძრაობამ” და მისმა პროპაგანდისტულმა საშუალებებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოახერხეს, მიკროსკოპული რყევებიც კი ეროვნულ კატასტროფად წარმოეჩინათ და მთავრობამ ამას ვერაფერი დაუპირისპირა. ის ნერვული მოლოდინები, რომლებსაც ახლა უკვე ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს და ლარის კურსზე უშუალო გავლენას ახდენს, მთავრობის უნიათო საინფორმაციო პოლიტიკის, საზოგადოებასთან არასწორი ურთიერთობის პირდაპირი შედეგია და დაშვებული შეცდომების გამოსწორება დღეს, ძალიან რთული თუ არა შეუძლებელი ჩანს, მით უმეტეს, ლარის კურსის ხელოვნური “გაყინვა” პრაქტიკულად შეუძლებელი და სახიფათოც კი შეიქნა.

——————–

„რეზონანსი“, 22 დეკემბერი, 2016 წელი

რა გეგმები აქვს პაატა ბურჭულაძის ყოფილი პარტიის 24 წლის ლიდერს

თიკო ოსმანოვა

ჩამოყალიბებიდან 7 თვისთავზე პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარემაც დატოვა. პაატა ბურჭულაძე სცენას უბრუნდება. მძიმე მემკვიდრეობა 24 წლის ნიკა მაჭუტაძემ გადაიბარა, რომელიც ამბობს, რომ პარტია უახლოეს მომავალში განახლდება. მისივე თქმით, პარტიაში, შესაძლოა, ცნობილი ადამიანებიც ვიხილოთ. მაჭუტაძის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ბურჭულაძემ საკუთარი პარტია არჩევნებამდე 5 თვით ადრე ჩამოაყალიბა და გარშემო არაერთი ცნობილი თუ უცნობი ადამიანი შემოიკრიბა, თუმცა არცთუ ისე დიდი ხნით. ლიდერებმა პარტია მალევე მასობრივად დატოვეს.

პაატა ბურჭულაძემ ძალების მოსინჯვა ბლოკის შექმნაშიც სცადა. “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, “გირჩი”, “ახალი მემარჯვენეები” და “ახალი საქართველო” არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანდა, თუმცა არც ეს კოალიცია აღმოჩნდა ამ პარტიისთვის წარმატებული. არჩევნები ჯერ არ იყო დამთავრებული, რომ პარტიას კიდევ რამდენიმე ლიდერი, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე და დავით ჯანდიერი გამოეცალა. მოგვიანებით კი ბლოკი “გირჩმა” სკანდალური განცხადებებით დატოვა. საბოლოოდ პარტია საპარლამენტო არჩევნებშიც დამარცხდა.

14 დეკემბერს ბურჭულაძემ პარტიის ყრილობაზე ახალი თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე წარადგინა. თავად კი, როგორც აღნიშნა, უცხოეთში მიემგზავრება და საერთაშორისო კარიერას დაუბრუნდება. 24 წლის ნიკა მაჭუტაძე პოლიტიკის მეცნიერებათა მკვლევარი, კონსტიტუციონალისტი და ისტორიკოსია. ის პაატა ბურჭულაძის გვერდით პარტიის შექმნის პირველივე დღიდან იყო.

ნიკა მაჭუტაძის განცხადებით, პარტია უახლოეს მომავალში განახლდება და იგი ცნობილ ადამიანებთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, ვისთან მიმდინარეობს კონსულტაციები: “პარტია განახლდება და ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს ცნობილ ადამიანებთანაც. მათ საზოგადოება უახლოეს მომავალში იხილავს, როდესაც პოლიტიკური საბჭოს პრეზენტაცია მოეწყობა. თუმცა კონკრეტულად ვისთან ამას ჯერჯერობით არ ვასახელებთ. ვაპირებთ რომ გავაგრძელოთ ბრძოლა ქართული დემოკრატიის და სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგის მხარდასაჭერად. გვინდა, რომ ახალი სახეები შემოვიყვანოთ ქართულ პოლიტიკაში, ვინაიდან საზოგადოება დაიღალა ერთი და იმავე სახეებით, რომლებიც ვერ ახერხებენ პოლიტიკის დაგეგმვას,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ნიკა მაჭუტაძე. მისივე თქმით, ჯერჯერობით არც ერთ პარტიასთან არ აპირებენ გაერთიანებას, თუმცა ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში არც ესაა გამორიცხული.

“მივიღებთ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწელეობას, ამას გადაწყვეტს პოლიტიკური საბჭო, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს ხანში მოეწყობა. ბურჭულაძე არც ერთ თანამდებობაზე არ დარჩება, იგი უბრუნდება სცენას და გააგრძელებს საერთაშორისო და ქართული კულტურის აღორძინებას, როგორც ამას აკეთებდა მთელი ამ წლების განმავლობაში. ვფიქრობ, იმ იდეოლოგიურ ხაზს, რომელსაც ეს პარტია გაატარებს, საზოგადოებაში ექნება სერიოზული მხარდაჭერა. ჩვენ გამოვდივართ კონსტიტუციის, როგორც ღირებულების დასაცავად”, – გვითხრა ნიკა მაჭუტაძემ.

პაატა ბურჭულაძისგან განსხვავებით, შეძლებს თუ არა 24 წლის პოლიტიკოსი პარტიის ძლიერ ძალად ჩამოყალიბებას, მომავალში ვნახავთ. ამასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება უჭირს ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს. მისი თქმით, საზოგადოებაში არსებობს ახალი ძალის მოთხოვნა, მაგრამ იქნება თუ არა ეს ძალა ანგარიშგასაწევი, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერაფერს იტყვის. “როდესაც პარტია ჩამოაყალიბა, ბურჭულაძეს ვიცნობდით, როგორც მომღერალს და შესაბამისად შეიძლებოდა მასზე რაღაც წარმოდგენა გვქონდა. ამ ადამიანს არ ვიცნობ, არც ის ვიცი, გუნდში ვინ ეყოლება. აქედან გამომდინარე, გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. საზოგადოებაში კი არსებობს ახალი ძალის მოთხოვნა, მაგრამ რამდენად გაამართლებს ეს პარტია ხალხის მოლოდინს, ვერ გეტყვით. გაიმართოს პოლიტსაბჭოს პრეზენტაცია და მერე შეიძლება რაღაცის თქმა,” – გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ.

——————–

„ვერსია“, 21-22 დეკემბერი, 2016 წელი

ბრძოლა პატრიარქობისთვის

ეკლესიის კულუარები ანუ ის, რაზეც ხმამაღლა არ ლაპარაკობენ

ნინო დოლიძე

ეს ძალიან სენსიტიური საკითხია, რომლის შესახებაც ხმამაღლა კი არა, კულუარებშიც არავინ ლაპარაკობს. არადა, ყველამ ყველაფერი იცის. მოკლედ, ,,ვერსია” ტაბუს ხსნის და, კულუარულ ვერსიებზე დაყრდნობით, საჯარო დისკუსიას იწყებს… გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ ანუ 22 დეკემბერს, საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის ცნობით, წმინდა სინოდის ეს კრება გეგმიურია და მღვდელმთავრები ერთ-ერთ საკითხად, სავარაუდოდ, უწმინდესის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო დღეების აღსანიშნავად დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების საკითხს განიხილავენ. „სავარაუდოდ, საორგანიზაციო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ღონისძიებებისა და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას დაგეგმავს“, – განუცხადა მედიას დეკანოზმა კახაბერმა და დასძინა, რომ წმინდა სინოდი გეგმიურად, წელიწადში ორჯერ იკრიბება: აღდგომის შემდეგ და შობის მარხვაში, თუმცა წელს წმინდა სინოდის სხდომა უკვე სამჯერ ჩატარდა – 12 თებერვალს, 25 მაისს და 10 ივნისს. ბოლო სხდომაზე სინოდის წევრებმა საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გასამართ წმინდა კრებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ასეთია ოფიციალური ინფორმაცია, მაგრამ ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია. ეკლესიის მსახურებიც ადამიანები არიან და ვერ ვიტყვით, რომ ყველა მათგანი ადამიანური ვნებისგან თავისუფალია. არა, „ვერსია“ არავის განიკითხავს. უბრალოდ, წეღანდელი თქმისა არ იყოს, ტაბუს ამსხვრევს და საეკლესიო კულუარებს ასაჯაროებს, მით უმეტეს, პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთმანეთთან მძაფრი დაპირისპირება თვით სასულიერო პირებსაც აქვთ. ასე, მაგალითად, ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ დეკანოზი დავით ისაკაძე დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და დეკანოზ ალექსანდრე გალდავას კვლავ ბრალდებებს უყენებს, ერესში ადანაშაულებს და მათგან სინანულს მოითხოვს. როგორც 19 დეკემბერს, „ტაბულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ყველაფერ ამის თაობაზე ისაკაძემ ქადაგებაში ბრძანა და ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც შეხვდა.

„ჰუმანისტური ცნობიერება იქამდეც კი მივიდა, რომ ამბიონიდან, უამრავი ადამიანის მიმართ იქადაგება ასეთი რამ, რომ თურმე, პირველქმნილი ცოდვა ადამისა, რატომ უნდა გადმოდიოდეს ჩვენზე, ადამმა თუ ცოდა, მე რა დავაშავე, ეს ხომ უსამართლობაა? აი, ასე ბრძანებენ ის სასულიერო პირნი, რომელიც ჩვენ ვამხილეთ. იქამდეც კი მივიდნენ, რომ პავლე მოციქულის ამ სიტყვებს: „ადამში ყველამ სცოდა” წინააღმდეგობას უწევენ. სწორედ იმიტომ, რომ მათი ლოგიკა ადამიანის ლოგიკას ვერ გასცდა და ღვთაებრივი სიბრძნის შემეცნება მათთვის შეუძლებელი გახდა, ისე დავიდნენ ადამიანურ, მიწიერ ცნობიერებამდე. იქამდეც კი მიდის მათი ცნობიერება, რომ ამბობენ, თითქოს ზოგიერთი წმინდა მამა ამბობს, რომ პირველად თიხისაგან ღმერთმა ადამიანი კი არა ცხოველი შექმნა და შემდეგ ღიმილით ამატებს: „აი, რო ამბობენ მაიმუნიო“. აი, ამას ამბობენ ის მამები, რომლებიც ჩვენ ვამხილეთ, რადგანაც სხვა გზა აღარ დაგვიტოვეს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ შეგვეგონებინა. ყველა დონეზე გვქონდა ეს საუბრები, მაგრამ ამაოდ დავშვერით წლების მანძილზე და იძულებული გავხდით, რომ ამბიონიდან ვიქადაგოთ ამის შესახებ, თუმცა ჩვენ გვქონდა შეხვედრა მის უწმინდესობასთან. იმედია ეს შეხვედრა ნაყოფს გამოიღებს და როგორც ჩვენ ავღნიშნეთ წინა ქადაგებებშიც, ისინი შეინანებენ, თუმცა ამის იმედი ძალზედ ცოტა და ნაკლებია“, – ციტირებს „ტაბულა“ დეკანოზ დავით ისაკაძის სიტყვებს.

„წმიდა მარინეს“ სახელობის ეკლესიის დეკანოზმა დავით ისაკაძემ, მამა თეოდორე გიგნაძისა და მამა ალექსანდრე გალდავას განცხადებებს „მწვალებლური“ უწოდა და აღნიშნა, რომ მათი ქადაგებებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანი ცდუნდება.

„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ ერთ-ერთი ლიდერის ამ ბრალდებების შემდეგ, 30-ზე მეტმა სასულიერო პირმა შეხვედრა გამართა. შეხვედრას, თეოდორე გიგნაძისა და ალექსანდრე გალდავას გარდა, მამა ლევან მათეშვილი და მამა ილია ჭიღლაძეც ესწრებოდნენ, რომელთაც ბრალდებების ადრესატების მხარდამჭერი და „დიღმის დაჯგუფებისა“ თუ ,,ფანატიკოსების” საწინააღმდეგო განცხადებები გამოაქვეყნეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზ დავით ისაკაძის ბრალდებების შემდეგ, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე და მისი მხარდამჭერი სასულიერო პირები, 18 დეკემბერს, სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად თანამსახურებდნენ“, – ნათქვამია „ტაბულას“ მიერ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს გავრცელებულ ნიუსში.

რეალურად რა ხდება საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში? – ეს, ერთი შეხედვით, რიტორიკული კითხვაა, თუმცა თუ მოვლენების განვითარების ჯაჭვს თვალს მივადევნებთ, შესაძლოა, შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ მღვდელმთავრები, რეალურად, პოსტპატრიარქისეული ეპოქისთვის იბრძვიან. კი ბატონო, ეს ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ადრე თუ გვიან დადგება დრო, როცა იგივე წმინდა სინოდს ილია II-ის შემცვლელის მოძებნა მოუწევს.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, საამისოდ მზადება უკვე დაწყებულია და ყველაფერ ამაში მხოლოდ სასულიერო კი არა, ირიბად ცალკეული საერო პირებიც არიან ჩართულები. ზოგადად, ერისკაცებიდან, იგივე ბიზნესის წარმომადგენლებიდან, საპატრიარქროსთან ახლო ურთიერთობით არაერთი სუბიექტი გამოირჩევა. ბოლო დრომდე ამ მხრივ განსაკუთრებით თვალშისაცემი პაატა ბურჭულაძე იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში წავიდა (ახლახანს, ისევ დიდ სცენას დაუბრუნდა), მსოფლიო ბანისა და ეკლესიის გზები, როგორც ამბობენ, გაიყარა.

სამაგიეროდ, ეკლესიასთან, რომელიც ყველა გამოკითხვის თანახმად, საქართველოში მოსახლეობის ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს, იდეალურ ურთიერთობას ინარჩუნებს ბიზნესმენი ლევან ვასაძე. მეტიც, არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ მრევლისა და სასულიერო პირების ე.წ. აგრესიული ფრთის ერთგვარი დონორი სწორედ ვასაძეა, რომელსაც ფული, სხვათა შორის, რუსეთში აქვს ნაშოვნი.

საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიისთვის რუსული ნარატივი უცხო ნამდვილად არ არის, თუმცა ვიდრე ამას შევეხებით, ვასაძის თემა ამოვწუროთ – ეს ადამიანი, მოგეხსნებათ, თავისი ანტიდასავლური და ანტილიბერალური განცხადებებით გამოირჩევა, თუმცა ამბობენ, რომ ყველაფერი ეს, უბრალოდ, შირმაა და იგივე ეკლესიას სათავისოდ იყენებს. ყოველ შემთხვევაში, არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ წყალ „სნოს“ უკან გელა ვასაძე დგას. „სნო“ ვინაიდან საპატრიარქოსთან ასოცირდება, გადასახადებისგან გათავისუფლებულია.

სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, როცა საქართველოში „კაზანტიპის“ ფესტივალი პირველად უნდა ჩატარებულიყო, სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილმა ამ ფესტივალის წინააღმდეგ გაილაშქრა, თუმცა როგორც მოგვიანებით ითქვა, ამ გალაშქრების რეალური მიზეზი ერის „წესიერების დაცვა“ კი არა, სხვა რამე იყო, ანუ „კაზანტიპის“ ქართველმა ორგანიზატორმა, გიორგი სიგუამ მიანიშნა, რომ თავდაპირველად არსებობდა მოლაპარაკება ,,სნოს” მწარმოებელ კომპანიასთან, რომ ,,კაზანტიპს” სასმელი წყლით მხოლოდ ის მოამარაგებდა, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ფესტივალიც „ეშმაკისეულად“ ამიტომ გამოცხადდა…

რაც შეეხება ზემოხსენებულ რუსულ ნარატივს, არაერთხელ და არაერთი პიროვნების მიერ გავრცელებულა გონივრული ეჭვი, რომ ცალკეული სასულიერო პირი რუსული გავლენებისგან არ არის თავისუფალი. ზოგადად, ეს ვრცელი თემაა, თუმცა ამჯერად, ერთ კონკრეტულ ფაქტს გავიხსენებთ:

დაახლოებით, ორი წლის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს უწმინდესი გადადგომას აპირებდა. მალევე გაირკვა, რომ ეს ,,ფეიკი” იყო, თუმცა უშიშროების სპეციალისტები „ვერსიას“ უხსნიან, რომ ეს ჩვეულებრივი ,,კაგებეშნიკური” მეთოდია, რომლითაც საზოგადოების განწყობის ,,დატესტვა” მოხდა.

„ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში პატრიარქის გადადგომის პრეცედენტი არ ყოფილა. სხვათა შორის, მსგავსი ფაქტი კათოლიკური ეკლესიისთვისაც უცხოა – ალბათ, გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ, რომის პაპის გადადგომას რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა. მოკლედ, პატრიარქის გადადგომა „შემოგდებული“ იყო. ამ „შემოგდების“ მიზანი, დაძაბულობის გარდა, განხეთქილების დათესვაა, მით უმეტეს, დასამალი არ არის, რომ საპატრიარქოში გარკვეული ბრძოლა მიმდინარეობს. ისე, ნაციონალებს ეკლესიაში თავიანთი დასაყრდენი ჰყავდათ და მაშინ ვითარების განეიტრალება მხოლოდ პატრიარქის გონიერებით მოხერხდა. საპატრიარქოში დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც ამ საქმიანობას აწარმოებენ. იმაზე ფიქრობენ, თუ ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი. ილია II-ის სახელით გავრცელებული განცხადებაც პატრიარქზე დარტყმა, მასზე ზემოქმედება იყო და მეტი არაფერი!

ეს, რა თქმა უნდა, რუსული სცენარია, თუმცა ყველაფერ ამაში, შეიძლება, მათი ხელიც ურევია, ვინც დასავლეთში მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას აწარმოებს, მაგრამ უფრო რუსულ ფაქტორზე ვფიქრობ. ზოგადად, რუსულ სპეცსამსახურებს ახასიათებთ – ვიდრე თემას ,,შემოაგდებენ”, განვითარების მთელი მოდელი აქვთ აწყობილი. იმ ტერიტორიებზე, რომლებიც კრემლის ინტერესებშია, ეროვნული და რელიგიური შუღლის გასაღვივებლად რუსული სპეცსამსახურების უზარმაზარი ანალიტიკური დეპარტამენტები მუშაობენ… მოკლედ, ზემოხსენებული განცხადება შეგვიძლია, პატრიარქის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებად ჩავთვალოთ. ამასთან, ეს გარკვეული მოსინჯვაც იყო, როგორ შეხვდებოდა საზოგადოება ამ თემას და ქვედა დინებები დაიწყებოდა თუ არა“, – აღნიშნა „ვერსიასთან“’ საუბრისას ინკოგნიტო რესპოდენტმა, რომელსაც სპეცსამსახურებში მუშაობის გამოცდილება აქვს.

ყოველივე ზემოთქმულის გარდა, ისიც ნათელია, რომ ეკლესიაში ერთმანეთის პირისპირ პროგრესულად მოაზროვნე და ე.წ. რეტროგრადი სასულიერო პირები დგანან. ფუნდამენტალიზმი კი, როგორც ამბობენ, ისლამის მსგავსად, მართლმადიდებლობისთვისაც დამღუპველია.

„ე.წ. რეტროგრადები შეეცდებიან, მომავალი პატრიარქი თავიანთი რიგებიდან იყოს და მგონია, რომ პროგრესულად მოაზროვნე და განათლებული სასულიერო პირების ჩაწიხვლა სწორედ ამიტომ ხდება ანუ უნდათ, შექმნან ფონი, რომ საეკლესიო პირების ახალგაზრდა თაობა სათანადოდ მორწმუნე არაა და თუკი ეკლესიის სათავეში ისინი მოვლენ, ,,ქართველობა წაგვერთმევა”. ვიცი, ჩემს ამ ნათქვამს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება, მაგრამ მსგავსი აზრის კულტივირებაც სპეცსამსახურების ხელწერა მგონია“, – აღნიშნავს „ვერსიის“ კონფიდენტი…

სხვათა შორის, 25 დეკემბერს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 39 წელი სრულდება, 4 იანვარს კი უწმინდესი 83 წლის გახდება.

Comments are closed