globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 23 იანვარი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jan 23rd, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ლარი გადაიჩეხა! // ისტორიული ანტირეკორდი დაემხო, ხალხის აგრესია პიკზეა

რეზონანსი: როგორ აისახება ლარის კურსის რეკორდული ვარდნა ხელისუფლების რეიტინგზე?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მიხეილ დონდუასთან: „ეროვნულ ბანკს ერთი მილიარდი დოლარის დაზოგვა შეეძლო“

რეზონანსი: როდის მოვიმკით დავოსში დათესილ შედეგს?! // ქვეყანას უცხოური კაპიტალის დახმარება ახლა ძალიან სჭირდება

რეზონანსი: ევროკავშირის 49-ე მუხლი – მინიშნება საქართველოსთვის და ღია გზავნილი რუსეთს // “არ უნდა გვეგონოს, რომ რაკი რეზოლუციაში ასეთი რამ ჩაიწერა, ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მზად ვართ”

რეზონანსი: აშშ საქართველოს “აბრამსის” ტიპის ულტრათანამედროვე ტანკებს ჩუქნის? // ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: “ვიცი, ჩემი ნათქვამი საზოგადოებაში ბევრ კითხვას და ეჭვს გააჩენს, ამიტომ ამაზე საუბარი არ ღირს, მაინც ვერ გიპასუხებთ“

რეზონანსი: როგორ შეადგენენ საარჩევნო სიას, თუ „ოცნებას“ ორი პარტია დაემატა // მმართველი კოალიციის ერთიან საარჩევნო სიაში კვოტების ხელახალ გადანაწილებას, შესაძლოა, შიდა დაპირისპირება მოჰყვეს

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ბიძინა ივანიშვილი დილემის წინაშე დგას“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი გაჩეჩილაძესთან: „ლევან ბერძენიშვილმა რეიტინგი აგვიწია“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „დიდმა ფულმა ნორმალური პარტიები პოლიტიკიდან განდევნა… მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიების ყოყლოჩინობა გამაღიზიანებელია“

—————————-

რეზონანსი“, 23 იანვარი, 2016 წელი

ლარი გადაიჩეხა!

ისტორიული ანტირეკორდი დაემხო, ხალხის აგრესია პიკზეა

მაკა ხარაზიშვილი

ეროვნულ ვალუტას რეზერვების გაყიდვამ არ უშველა. ისტორიული ანტირეკორდი მოიხსნა, ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 2,4694 ლარია. ხალხში პანიკაა. სპეციალისტები ამბობენ, რომ გარე შოკის ზემოქმედებით ლარის გაუფასურება მოსალოდნელი იყო, თუმცა ასეთი მკვეთრი ვარდნა ეროვნული ბანკისა და მთავრობის უუნარობის შედეგია. სებ-მა ასეთ რთულ ვითარებაში შეწყვიტა ფინანსური სტაბილურობის ანგარიშზე მუშაობა, ხოლო მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა დღემდე არ გააჩნია.

1999 წლის 23 თებერვალს ლარი დოლართან მიმართებაში 2,4510 ლარამდე გაუფასურდა. რამდენიმე დღის განმავლობაში, კურსი მკვეთრი მერყეობით ხასიათდებოდა, ერთი ხანობა 2,12-ზეც კი ჩამოვიდა, თუმცა 6 აპრილის ისევ გაუფასურების მაქსიმუმს მიაღწია – 2,45 ლარი. მაშინაც პარასკევი იყო, ორშაბთიდან კი ლარის კურსის გამყარება დაიწყო და იგი ორ თვეში 2-ის ნიშნულს ჩამოსცდა. მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე იყო. ლარის კურსის წარმატებით მართვისთვის, იგი დღემდე ეროვნული ბანკის საუკეთესო პრეზიდენტად რჩება.

იმ პერიოდისგან განსხვავებით ახლა მდომარეობა უფრო რთულია, ვინაიდან საგარეო ფაქტორების ზეწოლა გაცილებით დიდია. თუმცა, ეკონომისტების ერთი ნაწილის განცხადებით, არც ეროვნული ბანკის ამჟამინდელი პრეზიდენტი გამოირჩევა დიდი პროფესიონალიზმით, ვინაიდან მისი ქმედებები მხოლოდ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებითა და რეზერვების ხარჯვით შემოიფარგლება. გიორგი ქადაგიძე ერთ თვეში თანამდებობას დატოვებს და იგი საფინანსო ისტორიაში შევა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომლის დროსაც ლარის დევალვაციის ანტირეკორდი მოიხსნა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გარდა, აბსოლუტურად გაუგებარია მთავრობის გეგმა სავალუტო კრიზისის თავიდან ასაშორებლად. უკვე ორი წელია გვესმის, რომ ვალუტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად უნდა განვითარდეს რეალური სექტორი, შემოვიდეს ინვესტიციები, დაიწყოს აგრესიული საპრივატიზაციო პოლიტიკა. ახლანდელის მსგავსად, შარშან წლის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრი (მაშინ ეკონომიკის მინისტრი) გიორგი კვირიკაშვილი სრულიად საქართველოს ბიზნესმენების შეხვდა – მათი პრობლემები მოისმინა, მხარდაჭერასაც დაპირდა. იმ პერიოდში მინისტრისგან გავიგეთ, რომ სწრაფი პრივატიზაციის პოლიტიკას იწყებდა და საზოგადოებას ობიექტების გრძელი ნუსხაც წარუდგინა. სხვათა შორის იმ ობიექტებიდან მხოლოდ რამდენიმე გაიყიდა, ზოგი გაჩუქდა, ზოგი კი დღემდე მყიდველს ელოდება. სიტუაციის მართვისთვის სხვა მნიშვნელოვანი 2015 წელს არაფერი გაკეთებულა.

წელს საკმაოდ შთამბეჭდავი დაპირებებით კვირიკაშვილი ბიზნესმენებს ისევ შეხვდა. ამჯერადაც ბევრი ილაპარაკეს, საბოლოოდ “კრება ერთობ მხიარული დარჩა”. ამასობაში, ლარის დევალვაციის გაჩერება რეზერვებიდან 20-20 მილიონი დოლარის გაყიდვითაც კი ვერ ხერხდება. პოლიტიკურ თამაშს მორგებული გიორგი ქადაგიძის მიმართ უნდობლობის გამო, ფინანსური ბაზრის გასაკონტროლებლად, “ქართულმა ოცნებამ” საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო შექმნა და ისიც კი ცხვირწინ გაუუქმეს.

ამჯერად საქართველოში არ მოიპოვება არც ერთი ეკონომისტი, რომელსაც ლარის მომავალთან დაკავშირებით არგუმენტირებულ ანალიზზე გათვლილი ხედვა ექნება. პარლამენტს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ჟურნალისტებს ტერმინოლოგიას უწუნებს და ამბობს, რომ ლარი კი არ გაუფასურდა, გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დაეცა. არადა, საქართველოში კრედიტების 65% უცხოურ ვალუტაშია გაცემული, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სესხი დოლარში აქვს, რომელიც ძალიან გაუძვირდა. შესაბამისად, ის, რომ წლის ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნდა არ ნიშნავს იმას, რომ ლარი არ გაუფასურდა.

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ალექსანდრე თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურებას საგარეო და საშინაო ფაქტორების ერთობლიობა უწყობს ხელს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი საქართველოს მთავრობის უმოქმედობაა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე ლარის კურსთან დაკავშირებით ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ხედავს და ამბობს, რომ საერთაშორისო ეკონომიკური მდგომარეობა ქართული ვალუტისთვის სახარბიელო ნამდვილად არ არის. მეორე მიზეზი – “საშინაოა”, დღემდე უცნობია თუ ვინ იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. “ასეთ სიტუაციაში ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭო ფრთხილობს და არსებით ქმედით ნაბიჯებს არ დგამს იმისთვის, რომ ლარი გააძლიეროს”, – აღნიშნავს ალექსანდრე თვალჭრელიძე და მესამე მიზეზად ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მთავრობის პასიურობას ასახელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძის აზრით, მექანიზმები, რომლითაც ლარის კურსის დასტაბილურება შესაძლებელია, მარტივია. კერძოდ, ფინანსთა სამინისტრომ და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად, შეწყობილად ყოველდღიურად უნდა გააკონტროლონ ფარდობა მიმოქცევაში არსებულ უცხოურ და ეროვნულ ვალუტას შორის.

“უნდა გაკეთდეს ის სქემა, რაც რაც თავის დროზე, 1998 წლის რუსეთის დეფოლტის შემდეგ, გააკეთა ირაკლი მანაგაძემ და ლარის კურსი შეინარჩუნა. ხისტი ნაბიჯებია გადასადგმელი. ჩვენი ეკონომიკა ასეთ ქმედებას ძალიან კარგად გაუძლებს, ხოლო მოსახლეობისთვის ეს იქნება შვება განსაკუთრებით კი მათთვის ვისაც დოლარში სესხი აქვს აღებული”, – განაცხადა ალექსანდრე  თვალჭრელიძემ.

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ლარის კურსის დაცემას ნავთობის ფასის ვარდნას და პარტნიორ ქვეყნებში ეროვნული ვალუტების გაუფასურებას უკავშირებს. მისი თქმით, რომ არა ეროვნული ბანკისა და მთავრობის კონტრზომები, ლარის გაუფასურების მასშტაბები გაცილებით დიდი იქნებოდა.

ეკონომისტი აკაკი ცომაია ეროვნული ვალუტის გაუფასურების მთავარ მიზეზად საქართველოს მთავარ საგარეო სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს ასახელებს. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი და აზერბაიჯანი ჩვენი მსხვილი სავაჭრო პარტნიორებია და ამ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტები უფასურდება, მცირდება მათი ეკონომიკა. ეს ჩვენი ექსპორტის მაჩვენებელზეც და სხვა წყაროებზეც აისახება, საიდანაც ხდება უცხოური ვალუტის შემოდინება. მისი აზრით, რომ ამ სიტუაციაში რეზერვის დახარჯვას აზრი არ აქვს, რადგან შედეგი არ ექნება. “ეროვნული ვალუტის გაუფასურება არ არის გამოწვეული ლარის გადაჭარბებული მიწოდებით ან არასწორი ფისკალური პოლიტიკით. ამდენად რეზერვის დახარჯვას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან შედეგი არ ექნება”, – მიიჩნევს აკაკი ცომაია.

ალექსანდრე თვალჭრელიძის აზრით კი, აბსოლუტურად არასწორია იმის ციტირება, რომ აზერბაიჯანული მანათი გაუფასურდა. “პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სპეციალურად გააუფასურა მანათი იმისთვის, რომ რუსეთთან სავაჭრო ბალანსი დადებითი ჰქონდეს”, – აღნიშნა ექსპერტმა.

ეკონომისტების მოსაზრებით, საქართველოს მდგომარეობის ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებთან შედარება, პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას ნიშნავს, ვინაიდან ამ ქვეყნების წინაშე აბსოლუტურად განსხვავებული პრობლემები დგას. თუკი ქვეყანაში ექსპორტი შემცირდა, ფულად მაჩვენებელში უფრო მეტად არის იმპორტი შემცირებული და გარკვეულწილად ეს პროცესი დაბალანსებულია.

სანამ მთავრობა და ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებით არიან დაკავებულნი, ხალხი პანიკაშია. მათ უკვე აღარავის იმედი აღარ აქვთ და ყველას მიმართ აგრესიულად არიან განწყობილნი. არადა, 8 თვეში საქართველოში არჩევნებია და ლარის კურსი ამომრჩეველთა პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება.

რეზონანსი“, 23 იანვარი, 2016 წელი

როგორ აისახება ლარის კურსის რეკორდული ვარდნა ხელისუფლების რეიტინგზე?

სალომე სარიშვილი

საქართველოში დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. ასეთი რამ ბოლო 17 წლის წინ მოხდა ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 1998 წლის დეკემბრიდან დაიწყო, 1999 წლის 23 თებერვალს 1 ამერიკულო დოლარის ფასმა მაქსიმალურ ნიშნულს – 2.45 ლარს მიაღწია, თუმცა ეს კურსი ორ დღეში 2.39-მდე ჩამოვიდა, 27 თებერვალს კი – 2.35-მდე, ხოლო წლის ბოლოს 1.93-ზე დასტაბილურდა. მას შემდეგ ლარის კურსს გაუფასურების ასეთ მაჩვენებლამდე არ მიუღწევია. გუშინდელი მონაცემებით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4694 ლარი გახდა.

ლარის გაუფასურების შესახებ გუშინ განცხადებები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა გააკეთეს. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძე თქმით, ლარი კი არ გაუფასურდა, არამედ დოლართან მიმართებაში გაცვლითი კურსის დაცემა მოხდა. ტყემალაძემ ლარის გაუფასურებაზე საუბარს არასწორი უწოდა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური კი ლარის კურსის დაცემას ნავთობის ფასის ვარდნას და პარტნიორ ქვეყნებში ეროვნული ვალუტების გაუფასურებას უკავშირებს. მისი თქმით, ლარის გაუფასურებაზე მოქმედებს ის პანიკაც, რომელიც მოსახლეობაშია.

როგორ აისახება ლარის კურსის რეკორდული ვარდნა ხელისუფლების რეიტინგზე? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი):“თავისთავად ცხადია, რომ ხელისუფლების რეიტინგზე აისახება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მოვლენები. ამ შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, ეს პროცესი მთავრობის რეპუტაციაზე მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას მოახდენს, რადგან ვფიქრობ, რომ ეროვნული ვალუტის ასე “გაფრენა” არაფრით არ შეიძლება. ხელისუფლებამ შესაბამის ზომებს აუცილებლად უნდა მიმართოს. თუმცა, ჩემი აზრით, აქ ისევ იმ კაცის ხელი ურევია, რომელიც ეროვნულ ბანკს ჯერ კიდევ განაგებს. ეს ადამიანი ე.წ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეა, რომელიც წასვლის წინ კარს აჯახუნებს.”

ნოდარ ნათაძე (ფილოლოგი):“ლარის გაუფასურება არა ძირითადად, მაგრამ ნაწილობრივ ბანკების უნამუსო, მონოპოლიებზე დაყრდნობილი სპეკულაციებითაა გამოწვეული. როგორი მექანიზმით ხდება ეს, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ლარის ვარდნის ხარჯზე მათ უზარმაზარი მოგება აქვთ. ხალხმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ ბანკები სააკაშვილის გუნდს ეკუთვნის და მათი მოშორება ძალიან ძნელია. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ხელისუფლების რეიტინგზე ძალიან ცუდად აისახება.”

მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): “ვფიქრობ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ხელისუფლების რეიტინგზე იმ შემთხვევაში აისახება ცუდად, თუკი ისინი საზოგადოებას არ აუხსნიან რატომ ხდება ეს ყველაფერი. როგორც ჩემი მეგობრებისგან ვიცი, რომლებიც კინემატოგრაფიულ მივლინებებში არიან, შუა აზიაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე შეუძლებელია ეს ყველაფერი საქართველოზეც არ მოქმედებდეს.

“ფინანსისტი არ ვარ და ვერ გეტყვით რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ ლარის სტაბილიზაციისთვის, თუმცა მიმაჩნია, რომ თუკი სწორ ზომებს არ მიიღებენ, მაშინ შესაძლებელია ამ პროცესმა უარყოფითი განცდა შექმნას.”

ვაჟა ოთარაშვილი (მწერალი):“ბუნებრივია, ლარის გაუფასურება ხელისუფლების რეიტინგზე ძალიან ცუდად იმოქმედებს, რადგან ეროვნულ ვალუტას ვერაფერი გაამაგრებს, გარდა ეროვნული წარმოების შექმნისა. ამ კუთხით როგორც “ნაციონალური” ხროვა, ისე დღევანდელი ხელისუფლება, ანუ “მიშა ერთი” და “მიშა ორი”, არაფერს აკეთებს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ვალუტა ასეთ მდგომარეობაში გვაქვს.

“ქვეყანა, რომელსაც ეკონომიკური პრიორიტეტები და წარმოება არ გააჩნია, სხვას ვერაფერს მიიღებს. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ უნიათო მთავრობის ბრალი არაა, ეს იმ მსოფლიო სავალუტო და საფინანსო ორგანიზაციების დამსახურებაა, რომლებიც მსოფლიოზე ფინანსურ ბატონობასა და ჩვენნაირი პატარა ერის დამორჩილებას აპირებენ.”

„ახალი თაობა“, 23 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ მიხეილ დონდუასთან: „ეროვნულ ბანკს ერთი მილიარდი დოლარის დაზოგვა შეეძლო

ბოლო დღეებში ლარმა ისევ დაიწყო გაუფასურება. რა ტენდენციები შეინიშნება, არის თუ არა სიტუაციის გაუარესების საფრთხე? ამ და სხვა კითხვებზე „ახალ თაობას“ ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში მიხეილ დონდუა პასუხობს.

- ბატონო მიხეილ, არის სიტუაციის გაუარესების საფრთხე?

- მწვავე რეგიონალური პრობლემაა ვალუტასთან დაკავშირებით. მთელს ჩვენს სამეზობლოში არის უმწვავესი პრობლემა: აზერბაიჯანის, თურქეთის, უკრაინის, რუსეთის, დსთ-ის სივრცის, თვით ევროს გაუფასურება. ეს ყველაფერი ის საგარეო ფაქტორებია, რომლებიც აუცილებლად გამოიწვევდა და იწვევს ლარის გაუფასურებას. თუმცა ამ ფონზე არ არის ლარი ისე გაუფასურებული, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ვალუტები.

- ჩვენ ამ ქვეყნებთან შედარებით უკეთეს სიტუაციაში ვართ?

- რასაკვირველია. ჩვენ ამ შემთხვევაში მათზე უარეს მდგომარეობაში არ ვიმყოფებით ამ ვითარებაში, თუმცა ეს არ არის გასამართლებელი საბუთი და ერთადერთი მიზეზი, რომელსაც შესაძლოა მივანდოთ ლარის დღევანდელი კურსის საკითხი.

- აქვს ეროვნულ ბანკს იმის ბერკეტი, რომ კურსი დაარეგულიროს?

- ეროვნულ ბანკს ნამდვილად აქვს კურსის დარეგულირების ბერკეტი, ისე, რომ თავისუფალი მცურავი კურსის რეჟიმი არ შეცვალოს და ჩაატაროს ისეთი მოქმედებები, რაც დადებითად იმოქმედებს კურსზე და მის სტაბილიზაციაზე. მას ამის თაობაზე სავალუტო ფონდიც აძლევდა რეკომენდაციებს 2014-2015 წლებში, თუმცა მან ეს არ განახორციელა.

- რატომ არ გამოიყენა ეროვნულმა ბანკმა ეს ბერკეტები და რატომ არ განახორციელა ის, რასაც სავალუტო ფონდიც მოითხოვდა?

- ჩვენ შეგვიძლია პოლიტიკურად განვიხილოთ ეს საკითხი. ეს მიზანმიმართულად გააკეთა, მისი არაპროფესიონალიზმის ბრალია, იჯიუტა თუ რა მოხდა, ეს სხვა საკითხია. უბრალოდ ვიტყვი, მას რა უნდა გაეკეთებინა და დასკვნები საზოგადოებამ გამოიტანოს.

- რა რეკომენდაციებს აძლევდა სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას?

- პირველი, რასაც ეუბნებოდა სავალუტო ფონდი, ეს იყო სამომხმარებლო სესხების შეზღუდვა. საქართველოში კომერციული ბანკები ისე გასცემენ სესხებს, რომ შემოსავლების დადასტურებაც კი არაა სავალდებულო. პირდაპირ უგზავნიან მესიჯებს, რომ შემოსავლების დადასტურების გარეშე მოგცემთ ამა თუ იმ სახის სესხს. ასეთ პირობებში წარმოიქმნა ჭარბი დაკრედიტება სამომხმარებლო სექტორში. ანუ ისეთ სექტორში, რომელიც ეროვნულ ეკონომიკას კი არ ქმნის, მოხმარებას და საექსპორტო შესყიდვებს ასტიმულირებს.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ჩვენ ამ სესხით ვაშლს, კარტოფილს და ყურძენს კი არ ვყიდულობთ, რომელსაც საქართველოში ვაწარმოებთ. ჩვენ ამ სამომხმარებლო სესხით ვყიდულობთ გრძელვადიანი მოხმარების საგნებს, რომლებიც საქართველოში წარმოებული არაა.

- ამ პროცესმა რა განაპირობა?

- როდესაც ჭარბი სტიმულირება მოხდა სამომხმარებლო სექტორის, ფიზიკური პირების დაკრედიტების, მოსახლეობას პრობლემები ექმნება სესხის მომსახურებისას. სიმძიმის ცენტრი გადმოწეულია ამ მიმართულებით და არა _ ბიზნესის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი წარმოების დაკრედიტებით. ასეთ პირობებში ეს დამატებით სერიოზულ დარტყმას აყენებს ლარის კურსს.

- უფრო მცირე სახით უნდა გაცემულიყო ამ ტიპის სესხები?

- რასაკვირველია! უფრო მეტი სტიმული უნდა მისცემოდა ბიზნეს სესხებს, უფრო მეტი შეზღუდვა – სამომხმარებლო სესხებს. ეს არის სავალუტო ფონდის რეკომენდაციები.

- კიდევ რა სახის რეკომენდაციები იყო, რომლებიც არ გაითვალისწინა ეროვნულმა ბანკმა?

- კიდევ იყო სავალუტო რისკებისგან დაუზღვეველი მოქალაქეებისთვის უცხოურ ვალუტაში სესხის მიცემის შეზღუდვა. ეს კურსის დევალვაციის შემთხვევაში, ურთულეს მდგომარეობაში აყენებს მომხმარებელს.

- სხვა რა პრობლემებს ქმნის ქვეყანაში?

- ყველაფერი ეს კი ხელს უწყობს დოლარიზაციის პროცესს, ხელს უწყობს იმას, რომ მოსახლეობას უმძიმეს ტვირთად აწვება სესხი და ხელს უწყობს ფულის ჭარბ მიწოდებას იმ მიმართულებით, რომელიც საიმპორტო შესყიდვებს ასტიმულირებს, ქვეყნიდან ვალუტის გადინებას იწვევს და კურსს აუფასურებს. რეალურად რომ შეესრულებინა ეროვნულ ბანკს სავალუტო ფონდის რეკომენდაციები, ერთი მილიარდი დოლარის დაზოგვის საშუალება მოგვეცემოდა. ერთი მილიარდი დოლარით ნაკლები გავიდოდა ქვეყნიდან.

- ეს იყო მიზანმიმართული პროცესი, ხელი მოითბო მავანმა ამ პროცესით, თუ რა რა მოხდა რეალურად? რატომ არ შესრულდა ეს რეკომენდაციები?

- მე არ მაქვს პოლიტიკური ნდობა ეროვნული ბანკის დღევანდელი ხელმძღვანელობის მიმართ. ვთვლი, რომ ის არის ზურაბ ადეიშვილის საკადრო პოლიტიკის პროდუქტი!

- მთლიანად ეროვნული ბანკი?

- ეროვნული საბჭოს უმრავლესობა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე_ პრეზიდენტები არის ზურაბ ადეიშვილის საკადრო გადაწყვეტილებების შედეგი. პროკურატურა მართავდა აქამდე ეროვნულ ბანკს და ეროვნული ბანკი გამოიყენებოდა როგორც ინსტრუმენტი, ძალადობის ინსტრუმენტი დანარჩენი ბანკების წინააღმდეგ. შესაბამისად, რადგან პოლიტიკური ნდობა არ არსებობს ამ პირების მიმართ, შეიძლება ვისაუბროთ, რომ ნაბიჯები, რომლებიც მათ უნდა გადაედგათ, არ გადადგეს და ეს ყველაფერი გააკეთეს განზრახ!

- ირაკლი ქადაგიძის წასვლამდე ერთი თვე რჩება. საუბარია, რომ ის ამ პერიოდში სიტუაციის გამოსწორებას ვერ შეძლებს. რამდენად შეუძლია სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმოს?

- დღეს კურსი საკმარისად გაფუჭებულია. მე ლარის განსაკუთრებულ გაუფასურებას არ ველოდები. ლარი 2,40-ის მიდამოში იმოძრავებს. ახლა არის ამ მიდამოს ყველაზე მაქსიმალურ ნიშნულზე, რომელიც ექვემდებარება დარეგულირებას. ეს დროებითი მოვლენაა.

- ანუ ამაზე ზევით არ გაიქცევა კურსი?

- დიახ, ასე მიმაჩნია. ყველა უწყების განაცხადი მიუთითებს იმაზე, როგორც ადგილობრივი ბიზნეს წრეების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების, რომ ლარის შემდგომი და მკვეთრი გაუფასურება მოსალოდნელი არ არის. შეიძლება ხდებოდეს კურსის მერყეობა, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა და დარეგულირებას, დასტაბილურებას ექვემდებარება. ეს სურათი ჩანს დღეს და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ლარის გაუფასურების ფუნდამენტალური ფაქტორები არ არსებობს. არსებობს საგარეო ფაქტორი, რომელიც ასახულია კურსში და არსებობს ეროვნული ბანკის ფაქტორი, რომელსაც შეუძლია გადადგას ადეკვატური ნაბიჯები და ის ამას არ აკეთებს.

- თქვენთვისაც ცნობილია, რომ იცვლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვენი კანდიდატურაც განიხილება. ასეა?

- არა, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. არც ვყოფილვარ კანდიდატი, არც ვარ და არა მგონია, ამ კუთხით რაიმე შეიცვალოს.

- რა პრინციპებით უნდა შეირჩეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი?

- პირველ რიგში, პოლიტიკური კითხვის ნიშნები მას არ უნდა ჰქონდეს. შეუძლებელია, მტრულად განწყობილი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი გახდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეკონომიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა აიღოს ერთმა პოლიტიკურმა ძალამ და ამ დროს ეროვნულ ბანკს ხელმძღვანელობდეს სულ სხვა პოლიტიკური განწყობის მქონე პირთა ჯგუფი. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე თუ იღებს პასუხისმგებლობას რომელიმე პოლიტიკური ძალა, მას ეს ძალაუფლება სრულად უნდა მივცეთ.

- პოლიტიკური ფიგურა უნდა დაინიშნოს ამ თანამდებობაზე?

- ამ თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს ნეიტრალური ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს გარკვეულ პლატფორმასა და პროგრამაზე, თუ რას გააკეთებს. სამწუხაროდ, ჩვენთან მსჯელობა მიდის მხოლოდ კანდიდატებზე და იმაზე, თუ სად უმუშავია. ეს არ არის კანდიდატის შერჩევის სწორი ფორმა.

რეზონანსი“, 23 იანვარი, 2016 წელი

როდის მოვიმკით დავოსში დათესილ შედეგს?!

ქვეყანას უცხოური კაპიტალის დახმარება ახლა ძალიან სჭირდება

ელზა პაპოშვილი

დავოსის ეკონომიკური ფორუმიდან მთავრობის მოლოდინი წელსაც ოპტიმისტურია. ქართულმა დელეგაციამ, პრემიერის ხელმძღვანელობით, ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში არსებული ბიზნესგარემო რამდენიმე უცხოურ კომპანიას უკვე გააცნო.

შვეიცარიის ქალაქ დავოსის რიგით 46-ე ეკონომიკური ფორუმი 21 იანვარს გაიხსნა და ხვალ მთავრდება. ფორუმს 2500-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის, რამდენიმე ქვეყნის ლიდერი და მთავრობის პირველი პირი, ცნობილი ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. 2016 წლის ფორუმის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ნავთობის ფასია.

რუსეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრის, ალექსეი კუდრინის განცხადებით, 1 ბარელი ნავთობი, შესაძლოა, რაღაც პერიოდის განმავლობაში 16 დოლარამდეც კი გაიაფდეს, რის შემდეგაც ისევ ზრდა დაიწყება.

“1998 წელს ნავთობის ფასი რამდენიმე თვის განმავლობაში 8 დოლარი ღირდა. თუ ამას დღევანდელ ფასში გადავიყვანთ, ეს არის 13-14 დოლარი. არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც რამდენიმე თვის განმავლობაში შავი ოქრო ძალიან გაიაფდეს”, – განაცხადა კუდრინმა.

ნავთობის ფასზე ისაუბრა “ბიპის” აღმასრულებელმა დირექტორმა რობერს დადლიმ: “შავი ოქროს დღევანდელი ფასი 1986 წელს მახსენებს, როდესაც ის ძალიან იაფი ღირდა. ახლაც, 2016 წლის პირველი და მეორე კვარტალი ძალიან მძიმე იქნება, განსაკუთრებით ნავთობმომპოვებელი და მწარმოებელი ქვეყნებისთვის. ფასი იქნება დაბალი, მაგრამ შემდეგ გაიზრდება. მუდმივად ასეთი ფასი არ იქნება”, – დასძინა დადლიმ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით კი, ქვეყანა არაა მზად ნავთობის მსოფლიო ფასის შემდგომი დაცემისათვის. “ჩვენ ვემზადებოდით ე.წ. პოსტსანავთობო ერისთვის დაახლოებით 20 წლის შემდეგ. ახლანდელი მდგომარეობა სიურპრიზი იყო. ჩვენ ვგეგმავდით ბიუჯეტს 50 დოლარზე გათვლით 1 ბარელზე ამ წელს და 90 აშშ დოლარის გათვლით შარშან”, – აღნიშნა ალიევმა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანი უკვე ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტს ნავთობის ფასის – 25 აშშ დოლარი/ბარელზე – გათვლით.

რაც შეეხება ქართულ დელეგაციას, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ფორუმის მიმდინარეობისას შეხვდა ევრობანკის პრეზიდენტს, კომპანია “მაჯიდ ელ ფუტაიმ”-ის წარმომადგენელს, “ტატა სონს”-ის თავმჯდომარეს და სხვა კომპანიების დელეგაციას თუ და მათ საქართველოს საინვესტიციო გარემოზე ესაუბრა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბატიმ აღნიშნა, რომ საქართველოში ინვესტიციები და ფინანსური დახმარებების მოცულობა 2016 წელს გაიზრდება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოში ინვესტიციების ზრდის, კერძო სექტორის სტიმულირებისა და ბიზნესგარემოს განვითარების პერსპექტივა განიხილეს.

პრემიერი ფორუმის ფარგლებში კომპანია “მაჯიდ ელ ფუტაიმ”-ის წარმომადგენელს შეხვდა. როგორც გაირკვა, კომპანი საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს. კომპანია საქართველოში სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრების მშენებლობით დაინტერესდა. დეტალებს კომპანიის ხელმძღვანელობა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელობასთან საქართველოში სამუშაო შეხვედრაზე განიხილავს.

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ბიზნეს გარემოზე ესაუბრა “უაშინგტონ სთეით ინვესთმენთ ბოარდის” აღმასრულებელ დირექტორს ტერესა ვიტმარშს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო, ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკული და უძრავი ქონების პროექტებზე. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა. ლიბერალური და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები კი ქვეყანას მიმზიდველს ხდის ინვესტორთათვის. ტერესა ვიტმარშმა ინტერესი გამოთქვა უფრო დეტალურად შეისწავლოს ქვეყნის საინვესტიციო გარემო და სამომავლოდ ინვესტიციები განახორციელოს.

გაირკვა, რომ უახლოეს მომავალში “ბი-პი” ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გარკვეული მონაკვეთების მოდერნიზაციისთვის და ეკოლოგიური სტანდარტების გაუმჯობესებისთვის 50 მილიონ დოლარის დახარჯვას გეგმავს. რობერტ დადლიმ ქართულ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ პროექტების შესახებ, რომელსაც კომპანია საქართველოში ახორციელებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ცვალებადობის მიუხედავად, სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის მშენებლობის პროექტი გრაფიკის მიხედვით ხორციელდება და 2018 წელს დასრულდება.

ფორმუზე სიტყვით გამოსვლისას კი პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოსა და ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეკონომიკური აბრეშუმის გზის აღდგენა და ინიციატივა “ერთი სარტყელი – ერთი გზა” ახალ ბიძგს აძლევს ევრაზიის კონტინენტზე ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას. საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით, ასევე ვლიდერობთ გადასახადების სიმცირის თვალსაზრისითაც.

ამასთან, პრემიერის თქმით, საქართველო ცდილობს განავითაროს ეკონომიკური კავშირები არა მხოლოდ ევროკავშირთან, არამედ რეგიონის ქვეყნებთან, რუსეთის ჩათვლით.

დავოსის ეკონომიკური ფორუმი დღეს მთავრდება. გამოიღებს თუ არა ამჯერად მაინც საქართველოს მთავრობის ძალისხმევა შედეგს და შემოვა თუ არა დაპირებული ინვესტიციები ქვეყანაში, ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა. თუ წინა წლების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, არც ისაა გამორიცხული, რომ საქართველო მომავლ დავოსამდე არავის გაახსენდეს.

რეზონანსი“, 23 იანვარი, 2016 წელი

ევროკავშირის 49-ე მუხლი – მინიშნება საქართველოსთვის და ღია გზავნილი რუსეთს

“არ უნდა გვეგონოს, რომ რაკი რეზოლუციაში ასეთი რამ ჩაიწერა, ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მზად ვართ”

თაკო მათეშვილი

სასიამოვნო, მაგრამ არა აღსაფრთოვანებელი – ასე აფასებენ სპეციალისტები ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც მოხვდა ჩანაწერი ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლთან დაკავშირებით და აღნიშნულია, რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას შეუძლია ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთოს.

სპეციალისტების თქმით, კარგია, როცა იმ სკეპტიკოსი ევროპული ქვეყნებისათვის, რომლებიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ მომავალს არცთუ დადებითი თვალით უყურებენ, ევროპული ინსტიტუტების მიერ შემუშავებულ დოკუმენტებში მსგავსი მინიშნებები კეთდება. ასევე, მათი აზრით, ეს გზავნილი რუსეთისთვისაც იყო განკუთვნილი, რომელიც ძირითადად იმის მტკიცებითაა დაკავებული, რომ ამ ქვეყნებს ევროკავშირში არასდროს მიიღებენ.

ზემოხსენებულ ჩანაწერს ევროპარლამენტის მიერ ხუთშაბათს შემუშავებულ რეზოლუციაში წაიკითხავთ, რომელიც საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან გაფორმებული ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებთან დაკავშირებით მიიღეს. “ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას შეუძლია განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე იმის უზრუნველყოფით, რომ ისინი მიყვებიან დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ადამიანის და უმცირესობების უფლებებს და უზრუნველყოფენ კანონის უზენაესობას”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამ პირველად არ მომხდარა და 49-ე, ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მუხლი ევროპარლამენტის რეზოლუციებში პირველად არ უხსენებიათ. სწორედ ამიტომ, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ევროკავშირთან ურთიერთობაში დიდ ცვლილებებს არ გამოიწვევს. მისი თქმით, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა მსგავსი რამ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდეგ მიღებულ დეკლარაციაში ჩაეწერათ, რომელსაც ხელს სახელმწიფოს მეთაურები აწერენ.

“თუმცა, როცა ევროკავშირის ინსტიტუტებიდან ერთ-ერთი თავის რეზოლუციაში წერს, რომ ქვეყანებს, რომელთაც ასოცირების ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული, შეუძლიათ 49-ე მუხლი აამოქმედონ და ევროკავშირს გაწევრიანების თაობაზე მიმართონ, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა”, – აღნიშნავს ვანო ჩხიკვაძე. მისივე თქმით, მსგავსი ჩანაწერის რეზოლუციის ტექსტში მოხვედრა იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს გაწევრიანების შესახებ განაცხადით მართლაც მიმართავს და არც იმას, რომ თუკი საქართველოს ხელისუფლება ასე მოიქცევა, ევროკავშირიდან დადებით პასუხს მიიღებს. ამბობს, რომ  ეს ასე არ ხდება და განაცხადის გაკეთებას წინასწარი სერიოზული მუშაობა სჭირდება.

დაახლოებით იგივე მოსაზრებას იზიარებს პოლიტოლოგი, თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია და ამბობს, რომ ნებისმიერი ისეთი რეზოლუციის მიღება, სადაც კონკრეტულადაა აღნიშნული, რომ ევროკავშირთან დაახლოების მსურველ სახელმწიფოებს პერსპექტივა აქვთ მომავალში ევროკავშირის წევრები გახდნენ, ყოველთვის მისასალმებელია. მითუმეტეს იმ პოზიციის გათვალისწინებით, რაც ზოგიერთ სკეპტიკოს ევროსახელმწიფოს გააჩნია. იგი გვახსენებს, რომ ევროპაში საკმაოდ ძლიერი სკეპტიკოსები არიან, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებშიც, რომლებსაც ევროკავშირის გაფართოების გაგონებაც არ უნდათ და ამ საკითხის დაბლოკვას ნებისმიერი გზით ცდილობენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა ჯერ ის პრობლემები უნდა მოაგვაროს, რომელიც ბოლოს გაწევრიანებულ სახელწმიფოებთან აქვს.

ასეთი რეზოლუციები კი, კორნელი კაკაჩიას თქმით, ევროპელთა მეორე ნაწილს აძლიერებს, რომელთაც სჯერათ, რომ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას შეუძლიათ ევროპული გაერთიანების ნაწილი გახდნენ.

“თუმცა, ისე არ უნდა გავიგოთ, რომ რაკი რეზოლუციაში ჩაიწერა, ეს აუცილებლად ასე მოხდება და ევროკავშიურის წევრები უპირობოდ გავხდებით. ეს არაა დოკუმენტი, რომელიც ვინმეს რამეს დაავალდებულებს. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დემოკრატიული რეფორმები უნდა გავაგრძელოთ. უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამდე საკმაოდ დიდი დროა. ბევრი შრომა მოგვიწევს მანამდე, სანამ გარკვეულ სტანდარტებს დავაკმაყოფილებთ და ამ სივრცეს მივუახლოვდებით. არ უნდა გვეგონოს, რომ რაკი რეზოლუციაში ასეთი რაღაც ჩაიწერა, ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მზად ვართ. ამ რეზოლუციით ევროპარლამენტი უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს, მაგრამ ამის გამო ზედმეტი ილუზიები არ უნდა შევიქმნათ,” – აღნიშნავს კორნელი კაკაჩია.

რეზულუციის ამ ნაწილს იგი ერთგვარ გზავნილს უწოდებს როგორც საქართველოსათვის, უკრაინისა და მოლდოვისათვის, ისე რუსეთისათვის. მისი თქმით, რუსული პროპაგანდა სწორედ იმაზეა აგებული, რომ ამ ქვეყნებს რეალურად ევროპული მომავალი არ აქვთ და მათი ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელია. რეზოლუციის მიზანი კი საპირისპიროს დამტკიცებაც იყო – რომ თუკი ეს ქვეყნები დემოკრატიულ გზას არ გადაუხვევენ, ევროპული მომავალი ექნებათ.

რეზონანსი“, 23 იანვარი, 2016 წელი

აშშ საქართველოს “აბრამსის” ტიპის ულტრათანამედროვე ტანკებს ჩუქნის?

ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: “ვიცი, ჩემი ნათქვამი საზოგადოებაში ბევრ კითხვას და ეჭვს გააჩენს, ამიტომ ამაზე საუბარი არ ღირს, მაინც ვერ გიპასუხებთ

ლიკა ამირაშვილი

წელს საქართველოში ერთობლივი ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნებია დაგეგმილი, რომელშიც ამერიკული სამხედრო ტექნიკა, კონკრეტულად კი “აბრამსის” ტიპის ტანკები იქნება გამოყენებული. წვრთნების დასრულების შემდეგ კი, შესაძლოა ეს ტანკები საქართველოში დარჩეს. “აბრამსის” წარმოება აშშ-ში 1978 წელს დაიწყეს და მას შემდეგ ის ამერიკის ძირითად საბრძოლო ტექნიკას წარმოადგენს. ულტრათანამედროვე ტანკის მოდერნიზაცია პერიოდულად ხორციელდება.

“რეზონანსი” ამერიკული საბრძოლო მანქანის “აბრამსის” გამოჩენასთან და ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჩასატარებელ წვრთნებთან დაკავშირებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა:

„როგორც მე ვიცი, წვრთნები 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ჩატარდება. პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ამერიკული საბრძოლო მანქანის საქართველოში ჩამოყვანის ფაქტი არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ნატოს უელსის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის ფარგლებში ჩვენ ნატო საქართველოს საწვრთნელი ცენტრი შარშან გავხსენით, რომელიც გარდა იმისა, რომ ჩვენს ჯარისკაცებსა და ოფიცრებს გაწვრთნის და მოამზადებს, ამასთანავე ამ საწვრთნელი ცენტრის ფარგლებში 2016 წლის ერთობლივი წვრთნები ჩატარდება. საქართველოში ასეთი მასშტაბის წვრთნა პირველად ტარდება, ისეთი მაღალი თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით როგორიცაა ამერიკული “აბრამსი”, – ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

- რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ამერიკული საბრძოლო მანქანის ჩამოყვანის ფაქტი?

- ეს არის, ერთი მხრივ, პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირება, მეორე მხრივ პრაქტიკული თვალსაზრისით ჩვენი სამხედროებისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე. სამხედროები წვრთნების მიმდინარეობისას ამერიკულ და ნატოს სტანდარტის ტექნიკას დაეუფლებიან. დარწმუნებული ვარ, რომ წვრთნები წარმატებით ჩატარდება.

- რა არის განსაკუთრებული ფაქტორი ამ წვრთნაში?

- ჩვენ ნატოსთან ერთად ყოველწლიურად რამდენიმე დაგეგმილ წვრთნას ვატარებთ. ამ წვრთნაში განსაკუთრებული ფაქტორი არის ის, რომ წელს დაგეგმილი წვრთნა ნატო-საქართელოს საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე (ვაზიანის სამხედრო ბაზა) ტარდება.

- რამდენი ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცი მიიღებს წვრთნაში მონაწილეობას და რამდენი საბრძოლო მანქანა ჩამოდის საქართველოში?

- მე ინფორმაცია ყველა აღნიშნულ საკითხზე მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო ამ ეტაპზე რაღაც დეტალებზე ვისაუბრო. დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. პროექტი ჯერ კიდევ დაგეგმარების პროცესშია და მას შემდეგ, რაც დეტალებზე შევთანხმდებით, მედიას ამის შესახებ ეცნობება და არ იქნება დაფარული. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ტექნიკა განკუთვნილი იქნება სამხედრო ტრენინგებისთვის და ერთობლივი სასწავლო წვრთნის ჩასატარებლად.

- „აბრამსის” საბრძოლო მანქანა, რომელიც ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე იქნება, დარჩება თუ არა ქვეყნის არმიის საკუთრებაში?

ი.ს.: მოდით, ამ კითხვას საერთოდ ნუ დავსვამთ. ეს ჩემი თხოვნა იქნება. ხანდახან არსებობს საკითხები, რაზეც ხმამაღლა საუბარი საჭირო არ არის. ამ საკითხზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, ამაზე საუბარი არ ღირს, მაინც ვერ გიპასუხებთ. თუმცა ვიცი, ჩემი ნათქვამი საზოგადოებაში ბევრ კითხვას და ეჭვს გააჩენს.

- ცნობილია, რომ სამხედრო ტექნიკის გარდა მთავარი მოკავშირისგან ოფიციალური თბილისი სხვა დახმარებასაც იღებს…

- ამაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ.

რეზონანსი“, 23 იანვარი, 2016 წელი

როგორ შეადგენენ საარჩევნო სიას, თუ ოცნებას“ ორი პარტია დაემატა

მმართველი კოალიციის ერთიან საარჩევნო სიაში კვოტების ხელახალ გადანაწილებას, შესაძლოა, შიდა დაპირისპირება მოჰყვეს

თიკო ოსმანოვა

საპარლამენტო არჩევნებამდე 9 თვით ადრე მმართველ კაოლიციაში საარჩევნო სიის შედგენაზე იწყება მუშაობა. მთავარი განსახილველი საკითხებია კოალიციის სუბიექტებს შორის ადგილების გადანაწილება საარჩევნო სიაში და კოალიციის შესაძლო გაფართოება.

ცნობამ იმის შესახებ, რომ კოალიციას შესაძლოა ორი ახალი პარტია დაემატოს, რომლებიც ერთიან საარჩევნო სიაში თავის კვოტებს მოითხოვენ, “რესპუბლიკური პარტიის” მხრიდან უკმაყოფილება უკვე გამოიწვია. კულუარული ინფორმაციით, “რესპუბლიკელები” საარჩევნო სიაში ადგილების 25%-ს ითხოვენ.

ცნობისათვის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთიან სიაში პარტია “ქართულ ოცნებას” ადგილების 50% ჰქონდა, კოალიციაში შემავალ დანარჩენ 5 პარტიას კი – 10-10%.

თავად “ქართულ ოცნებაში” კი საარჩევნო სიაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევენ, ხოლო კოალიაციის შესაძლო გაფართოებას კი არ გამორიცხავენ.

“კოალიაციის გაფართოებაზე და მასში “მწვანების” და სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური სუბიექტების გაერთიანებაზე მოლაპარაკებები ჯერჯერობით არც ერთ ფორმატში არ გვქონია, მაგრამ გარკვეული რეალობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ასეთი ინტერესი გაჩნდეს და გახდეს განხილვის საგანი. ეს მხოლოდ კოალიაციის გადასაწყვეტია და თუ კოალიცია თანახმა იქნება, გადაწყვეტილებაც შესაბამისი მიიღება”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე. დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი კი მმართველი კოალიციის მწვანეთა პარტიით და სოციალ-დემოკრატებით შესაძლო გაფართოებას მხარს არ უჭერს, თუმცა ამბობს, რომ ეს საკითხი პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტია.

“იცით მეორე პირი “მწვანეებში”?! თუკი კოალიცია გადაწყვეტს გაფართოვდეს, მათ შორის ისეთი პარტიებით, რომელთა მეორე და მესამე პირებს მე არ ვიცნობ, კი, ბატონო, მაშინ ასეთი გადაწყვეტილება იქნება და მე ამის წინააღმდეგ ვერ ვიქნები. მე რომ მკითხოთ, ასეთი გაფართოების მომხრე არ ვარ, მაგრამ როგორც კოალიცია გადაწყვეტს… პირადად მე ჩემს პარტიაში პირველი და მეორე კი არა, 36-ე კაცი ვიცი, ვიცი 37-ც და 105-ც. ყველას რეიტინგი, ვინც კენჭს იყრიდა, ზეპირად ვიცით. პირადად მე დაინტერესებული ვარ, ქვეყანაში იყოს ძლიერი სოციალ-დემოკრატიული პარტია. თუკი ბატონ გიას (ჟორჟოლიანი) აქვს შანსი, ასეთი პარტია ჩამოაყალიბოს და ავანსად კოალიციის წევრობა სჭირდება, ეს ამბავი უნდა განვიხილოთ”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ლევან ბერძენიშვილმა.

სოციალ-დემოკრატების ლიდერის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, ჯერჯერობით კოალიციაში გაწვრიანებაზე კონსულტაციები არ დაწყებულა, თუმცა ეს პარტიის გადასაწყვეტია და არა ცალკეული ადამიანების:

“ჩვენ მზად ვართ საარჩევნო ბლოკში გავერთიანდეთ პარტია “ქართულ ოცნებასთან”, რამდენადაც პარტია არის სოციალ-დემოკრატიული მიმართულებისა, როგორც ეს დაფიქსირებული აქვს თავის წესდებაში. გარდა ამისა, ჩვენ ერთმანეთთან გვაქვს მემორანდუმი და აქტიურად ვთანამშრომლობთ მთელ რიგ პოლიტიკურ საკითხებზე. სხვა პარტიისთვის არ მიგვიმართავს – მოდით, გავერთიანდეთო. ჩვენ პასუხს მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ “ქართული ოცნებისგან”, – უთხრა “რეზონანსს” გია ჟორჟოლიანმა.

ის, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები არ დაწყებულა, ამას “მწვანეთა” ლიდერი გია გაჩეჩილაძეც ადასტურებს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება კოალიციაში მათი გაერთიანება, 2016 წლის არჩევნებში პარტია დამოუკიდებლად იბრძოლებს.

“არავითარი მოლაპარაკება ჯერჯერობით არ მიმდინარეობს მწვანეთა პარტიასთან და როგორც ვიცი, არც ერთ სხვა ორგანიზაციასთან. აქედან გამომდინარე, ეს ხმაური ზედმეტად მიმაჩნია, თუმცა მისასალმებელია უმრავლესობაში შემავალი პარტიების პოზიცია და სურვილი, რომ მწვანეთა პარტია აღმოჩნდეს “ქართული ოცნების” საარჩევნო ბლოკში. იდეოლოგიური თვალსაზრისით “ქართული ოცნება” ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია და კონსულტაციებისთვის მზად ვართ”, – გვითხრა გია გაჩეჩილაძემ.

კოალიაციის შესაძლო გაფართოებაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე. მისი თქმით, ეს საკითხი არ განხილულა, ამიტომ პარტიას ამასთან დაკავშირებით პოზიცია ჯერ არ გააჩნია, თუმცა თავად ამის წინააღმდეგი არ არის.

“ეს საკითხი არ განხილულა და შესაბამისად, პარტიის პოზიციას ვერ დავაფიქსირებ. ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია, მითუმეტეს, რომ ამ ადამიანებს თვითონ არ მოუმართავთ. მარტო სუბიექტების მიღებაზე ხომ არ არის ლაპარაკი, გასარკვევია, რამდენად თანხვედრლი იქნება ჩვენი გეგმები სამომავლოდ. ამიტომ ვამბობ – განხილვა არ ყოფილა და პარტიის პოზიცია როგორ დავაფიქსირო?! სულ ცოტა ამ პარტიის წევრებს ხომ მაინც უნდა შევხვდეთ, თორემ პირადად მე არ ვარ წინააღმდეგი”, – განუცხადა “რეზონანსს” ანი მიროტაძემ.

აღსანიშნავია, რომ კოალიაციაში თავად “ქართული ოცნების” გარდა ამჟამად 4 პარტიაა გაერთიანებული – “რესპუბლიკელები”, ეროვნული ფორუმი”, “მრეწველები” და “კონსერვატორები”. “მწვანებისა” და სოციალ-დემოკრატების გაერთიანების შემთხვევაში კი კოალიაციში უკვე 7 პარტია იქნება და ბუნებრივია, დადგება საარჩევნო სიაში კოალიციის წევრებს შორის კვოტების ხელახლა გადანაწილების საკითხი.

2012 წლის არჩევნების დროს ყოველ ათეულში ხუთი ადგილის შემდეგ თითო-თითო ადგილს ინაწილებდნენ კოალიაციაში შემავალი პარტიები. ანუ პირველი 5 ადგილი იყო პარტია “ქართული ოცნებისა,” დანარჩენ ხმებს კი მასში შემავალი პარტიები ინაწილებდნენ – “რესპუბლიკელები”, “ეროვნული ფორუმი”, “მრეწველები”, “კონსერვატორები” და “თავისუფალი დემოკრატები”, რომლებმაც შემდგომში დატოვეს კოალიცია და დღეს ოპოზიციაში არიან.

ახლა კი საპარლამენტო კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ საარჩევნო სიაში “რესპუბლიკური პარტია” სიაში ადგილების 25%-ს ითხოვს, მაშინ, როცა “ქართულ ოცნებას” 50% ექნება. თავად “რესპუბლიკურ პარტიაში” ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. პარტიის ერთ-ერთი წევრის, დავით ზურაბიშვილის თქმით, თუ რაიმე მოლაპარაკება იქნება, აუცილებლად გაასაჯაროებენ: “ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკათებ, თუ რამე მოლაპარაკება იქნება, ყველაფერი რეალურად გახდება ცნობილი. წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით”, – გვითხრა დავით ზურაბიშვილმა.

კვოტებზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძეც.

“ვიღაცას მოსწონს და ვიღაცას არა – ეს გასაგებია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს კოალიაციის გადასაწყვეტია. კვოტებზე საუბარი ჯერ ადრეა. გარწმუნებთ, ვინც რაც უნდა გითხრათ, ეს არის მხოლოდ ჰიპოთეზა “, – უთხრა “რეზონანსს” კვაჭანტირაძემ.

“ვის რა ხედვა აქვს და რა მიზნები აქვს – ამის მიხედვით უნდა გადანაწილდეს კვოტები და არა იმაზე, თუ ვის რამდენი უნდა”, – ამ განცხადებას კი სოციალ-დემოკრატი გია ჟორჟოლიანი აკეთებს. მისი თქმით, თავად ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ იმსჯელებს.

ანი მიროტაძის თქმით კი, კვოტებზე კოალიაციაში საუბარი ჯერ არ ყოფილა: “არა მხოლოდ კვოტაზე, არამედ ზოგაგად არ ყოფილა საუბარი, სამომავლოდ რას ვშვრებით, როგორ მივდივართ არჩევნებზე, რა მიზნები გვაქვს. ეს, რა თქმა, უნდა იქნება, მაგრამ ჯერ არ ყოფილა. ვიდრე კვოტებზე დავიწყებთ საუბარს, ჩემი აზრით, ჯერ სხვა საკითხებია მოსაგვარებელი”, – გვითხრა ანი მიროტაძემ.

„ახალი თაობა“, 23 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ბიძინა ივანიშვილი დილემის წინაშე დგას

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საპარლამენტო არჩევნების მთავარ აქცენტებსა და პოლიტიკური ძალების შესაძლებლობებზე საუბრობს.

„კოალიციის შემადგენელ პარტიებს ინდივიდუალურად შანსი არ აქვთ. ეს მათ კარგად იციან და ამიტომ იქიდან წასვლას არავინ აპირებს თუ არ გაუშვეს. როგორც ვიცი, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ განახლებას აპირებს და საპარლამენტო სიებში უფრო მეტად გამოჩნდებიან დასავლეთში განათლება მიღებული პიროვნებები. ეს კარგია, რადგან განათლების დეფიციტი არის ზოგადად, მაგრამ ამომრჩეველს შეიძლება ურჩევნია მისთვის კარგად ნაცნობი სოსო ჯაჭვლიანი, ვიდრე ევროპაში განათლება მიღებული უცნობი ადამიანი. სოსო ჯაჭვლიანი ვიღაცისთვის მაინც ავტორიტეტია. იძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ კოალიციის ავტორიტეტი კვლავ თავად იქნება და ისე დააკომპლექტებს საპარლამენტო სიას, როგორც ეს საჭიროა. ივანიშვილი დილემის წინაშე დგას: შემოიყვანოს მისი ერთგული ხალხი თუ ადამიანები, რომლებიც აზროვნებენ და შეეწინააღმდეგებიან კიდეც მას. რაც უნდა დაეცეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი, ის მაინც ამ არჩევნებზე წამყვანი ძალა იქნება, სხვადასხვა მიზეზის გათვალისწინებით”, – ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

- კონკრეტულად?

- მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსის, ივანიშვილის ფინანსების გათვალისწინებით. ამდენად, “ქართულ ოცნებას“ სერიოზული სასტარტო პოზიცია აქვს.

- ექსპერტები ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას სიის პირველი ნომრის პრობლემა აქვს. ვინ შეიძლება იყოს პირველი ნომერი?

- რა მნიშვნელობა აქვს, კალაძე იქნება პირველი ნომერი თუ ღარიბაშვილი? ან კვირიკაშვილი? პირველი ნომერი მაინც ივანიშვილია. რამდენიმე მთავარ ფაქტორს გამოვყოფდი: ერთი, რამდენად აქვს ივანიშვილს ხალხში პოპულარობა შენარჩუნებული. მეორე – თუ „ოცნება“ მუშაობას გამოასწორებს, კვირიკაშვილის მმართველობის პირობებში ამის შანსი გაჩნდა, მაშინ შეიძლება ამომრჩეველმა კიდევ ერთი შანსი მისცეს ამ ხელისუფლებას. მესამე ფაქტორი კი არის ის, თუ რას იზამს ოპოზიცია. ოპოზიცია კი ჯერჯერობით არც არაფერს შვრება.

- რას იზამენ ნაციონალური მოძრაობა, ირაკლი ალასანია და არასაპარლამენტო ოპოზიცია?

- ჯერჯერობით არც ერთი ოპოზიციური ძალა არაფერს შვრება. ნაციონალური მოძრაობაც არავითარ საფრთხეს არ უქმნის „ქართულ ოცნებას“. საინტერესოა, არჩევნებამდე როგორ მივლენ ნაციონალური მოძრაობა და „ქართული ოცნება“. მნიშვნელოვანი არის 50%-იანი ბარიერი, რომელსაც ვერ გადალახავს ვერც ერთი კანდიდატი. ამიტომ შეიძლება ბევრ საარჩევნო ოლქში მეორე ტური დაინიშნოს.

- ლევან ბერძენიშვილმა თქვა, 73-ივე მაჟორიტარულ ოლქს `ქართული ოცნება~ მოიგებსო. თუმცა, მერე დაამატა, ამას ქართველი ამომრჩეველი გადაწყვეტსო, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი განწყობა აქვთ ხელისუფლებაში…

- ბევრ ოლქში მეორე ტური დაინიშნება. ლევან ბერძენიშვილი პოლიტიკოსია და ასეთი განცხადება სრულიად მისაღებია. ამაში უცნაური არაფერია.

- ირაკლი ალასანიას პარტიის შანსები როგორია ამ არჩევნებზე. ის ამბობს, რომ არჩევნებს მოიგებს. რამდენად რეალურია?

- საინტერესო განცხადებაა. არჩევნები რომ მოიგო, საჭიროა ქვეყნის მასშტაბით გამართული პარტიული ინფრასტრუქტურა, ასევე საჭიროა ფინანსები, რაც ალასანიას პარტიას ბევრი არ აქვს და ასევე საჭიროა ძლიერი ლიდერი. შეიძლება ალასანია არის ძლიერი ლიდერი და ეს ფაქტორი არის მის მხარეს. იმ განცხადებაში, რომ ის ამ არჩევნებს მოიგებს, უცნაური არაფერია, პარტიის ლიდერმა არჩევნების წინ ასეც უნდა ილაპარაკოს. ამაში თვითონაც უნდა იყოს დარწმუნებული და სხვებიც უნდა დაარწმუნოს, მაგრამ ფაქტების ანალიზი ანალიტიკოსების საქმეა.

- ამ არჩევნებზე მთავარი კონკურენტები ვინ იქნებიან?

- მაჟორიტარულ ოლქებში თბილისს გარეთ მთავარი კონკურენტები „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა იქნებიან. თბილისში მთავარი ბრძოლა იქნება „ოცნებასა“ და ალასანიას პარტიას შორის. ვნახოთ, რას იზამს პაატა ბურჭულაძე.

- არის მისი დივიდენდი წარმატებული სასიმღერო კარიერა?

- მნიშვნელობა არ აქვს, წარმატებით მღერი თუ ფეხბურთს თამაშობ, ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოში წარმატებული ადამიანები უყვართ. მით უფრო, თუ ამ წარმატებას უცხოეთში აღწევ. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბურჭულაძის პოლიტიკური განცხადებები პირდაპირ ეთერში.

- 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიები ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანდნენ და ეს იყო სააკაშვილის მოცილება ხელისუფლებიდან. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შეიძლება იყოს პროგრამების არჩევნები?

- ჯერ კიდევ შორია პროგრამების შეჯიბრებამდე, შეჯიბრი იქნება, ვინ ვის რითი ჯობია. ასევე იქნება აქტუალური კომპრომატები და ერთმანეთის „გაშავება“. მართალია, ეს არჩევნები ჯერ კიდევ არ იქნება პროგრამების არჩევნები, მაგრამ ჩვენი საზოგადოება, მოსახლეობა გაცილებით წინ არის, ვიდრე ნებისმიერი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, ბალტიისპირეთის გამოკლებით. ჩვენთან მოხდა ის, რაც ჯერ არსად მომხდარა – სახელისუფლო ელიტა არჩევნებით შეიცვალა. სამწუხაროდ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეს დიდხანს ვერ მოხდება. რუსეთზე საერთოდ არ მაქვს საუბარი

„ახალი თაობა“, 23 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ გიორგი გაჩეჩილაძესთან: „ლევან ბერძენიშვილმა რეიტინგი აგვიწია

პარლამენტის წევრი და მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე ეხმაურება რესპუბლიკელი დეპუტატის ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, რომ ის მხარს არ უჭერს კოალიციის გაფართოებას მწვანეთა პარტიით, თუმცა ამბობს, რომ საკითხი პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტია. „ ლევან ბერძენიშვილისაგან ეს არც მწყენია და არც შეურაცხყოფად მიმიღია. თუ კიდევ გააგრძელებს ამგვარ რაღაცეებს და შეურაცხყოფას, მწვანეთა პარტიისთვის ძალიან მომგებიანია, მისი რეიტინგი აიწევა“, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გიორგი გაჩეჩილაძემ.

- რატომ უნდა იყოს თქვენი წინააღმდეგი ბატონი ლევანი?

- სხვადასხვა ინტერვიუებში ის იმასაც აცხადებს, პირადად მე მწვანეთა პარტიასა და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას არ ვიცნობო (იცინის).

- თქვენ ახლა გეცინებათ?

- ცოტა სასაცილოა, მაგრამ გამიკვირდა. თუმცა, არა მგონია, ეს მისი პარტიის პოზიცია იყოს. ვფ-იქრობ, მისი სუბიექტური აზრია.

- რატომ გაგიკვირდათ?

- ლევან ბერძენიშვილისგან იმიტომ გამიკვირდა, რომ მწვანეთა პარტია არის კლასიკური ევროპული ორიენტაციის პოლიტიკური ორგანიზაცია – ერთ-ერთი პარტიაა საქართველოში, რომელსაც ევროპარლამენტში თავისი ფრაქცია ჰყავს. ბატონი ლევანი არის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. ამიტომ გამიკვირდა. როგორ შეიძლება დაამცირო ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც ასეთი სერიოზული გავლენა აქვს საერთაშორისო დონეზე? ამიტომ ლევან ბერძენიშვილის პოზიცია მარტო კი არ გამიკვირდა, კითხვის ნიშნებიც გამიჩნდა.

- რა კითხვის ნიშნები გაგიჩნდათ?

- ამაზე მერე ვისაუბროთ. ბატონ ლევანს ვურჩევ, თუ მას აინტერესებს მწვანეთა პარტიის შემადგენლობა, მისი განცხადების საპასუხო ინფორმაცია მწვანეთა პარტიის ფეისბუქზე დავდეთ.

- არჩევნებზე დამოუკიდებლად რომ მოგიწიოთ გასვლა, რით აპირებთ საარჩევნო კამპანიის ჩატარებას?

- როდესაც შეზღუდული გაქვს საინფორმაციო სივრცე და თანხებიც არ გაქვს იმდენი, რომ კონკურენცია გაუწიო, ერთადერთი ეფექტური გზა ყველა საარჩევნო ოლქში სერიოზული, კონკურენტუნარიანი მაჟორიტარების წარდგენაა.

- თქვენ კვალიფიციური სუბიექტი არ ხართ და სახელმწიფოსაგან დაფინანსებას არ ღებულობთ?

- არა, ჩვენ კვალიფიციური სუბიექტი არ ვართ. 2013 წელს ჩვენ და სოციალ-დემოკრატები დაფინანსების გარეშე დაგვტოვეს. ჩვენ არ გვაქვს დაფინანსება და არათანაბარი პირობებია.

- ანუ საარჩევნო კოდექსი გასასწორებელია.

- იმედია, გასწორდება. თუ კოალიცია `ქართულ ოცნებასთან~ იქნება კონსულტაციები, ძალიან კარგი, ჩვენ კონსულტაციებში ჩავერთვებით. თუ არადა, არჩევნებზე მარტო მოგვიწევს გასვლა.

- შეთავაზება ვისი მხრიდან უნდა მოხდეს? კონსულტაცია როგორ იგეგმება?

- ახლა ეს ცოტა რთული საკითხია. წინა პერიოდში, როცა ბლოკი არ იყო შექმნილი, იოლი იყო, ერთ პარტიასთან და მის ლიდერთან გვქონდა მოლაპარაკება. ახლა მრავალლიდერიანი კოალიციაა და ალბათ კოალიციურ რეჟიმში მოილაპარაკებენ, მაგრამ წამყვანი „ქართული ოცნებაა“.

- მათთვის ცნობილია, რომ გსურთ თქვენი პარტიული სიით მიხვიდეთ კოალიციაში?

- ჩვენ გვინდა ჩავერთოთ, როგორც ბლოკის სუბიექტი, რაც ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მისაღებია.

- გინდათ თქვათ, რომ კოალიციას სჭირდებით თქვენი ევროპული გზით?

- ვფიქრობ, წმინდა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ქვეყნისთვის არის საჭირო.

„ახალი თაობა“, 23 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: დიდმა ფულმა ნორმალური პარტიები პოლიტიკიდან განდევნამმართველ კოალიციაში შემავალი პარტიების ყოყლოჩინობა გამაღიზიანებელია

საპარლამენტო არჩევნებამდე რვა თვეა დარჩენილი, თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ ქვეყანაში ნორმალური წინასაარჩევნო პროცესი არ მიმდინარეობს. ყოფილი დეპუტატი, ორგანიზაცია „სოლიდარობის“ თავმჯდომარე ანზორ აბრალავა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საზოგადოებას დიდი არჩევანი არ გააჩნია. ამის გამო ხალხი სრულ გაურკვევლობაშია.

„საუბედუროდ, აქტიური პოლიტიკური პარტიები არ იძლევიან არჩევანის გაკეთების საშუალებას. ეს პოლიტიკური ძალები პარტიებად კი არა, საარჩევნო ბიზნესსუბიექტებად ჩამოყალიბდნენ. მათ თითქმის არაფერზე არ გააჩნიათ საკუთარი ხედვა, კონცეფციები, იდეები, მკაფიო პოზიციები და კეთილსინდისიერება. ამ პარტიებისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ რეგიონული და მსოფლიო კონიუნქტურა. ეს პარტიები მხოლოდ ლოზუნგებს გაიძახიან. მაგალითად, დასავლურ ორიენტაციაზე, მაგრამ ისინი იმისთვისაც კი არ არიან მზად, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ამ საკითხზე. ზოგ პარტიას პრეტენზიებიც არაადეკვატური აქვს“, – ამბობს ანზორ აბრალავა.

- კონკრეტულად?

- რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა ამ დღეებში ახალი ამბიციები გამოავლინეს და დაიწყეს აპელირება პარტიის ასაკზე. ეს პარტია რომ 35 წლისაა, ეს არ ნიშნავს, რომ მას ქვეყნის წინაშე ღვაწლი მიუძღვის. მათი საქმიანობა კონიუნქტურული და ბუნდოვანი იყო. რესპუბლიკელები ხან ვის მიეკედლებოდნენ და ხან – ვის. მათ ახლაც საკუთარი მდგომარეობა აინტერესებთ.

- საერთოდ, „წქართული ოცნების კოალიციის სიაზე დიდი ხმაურია ატეხილი...

- სამწუხაროდ, ეს აქციეს მთავარ პრობლემად. საერთოდ, კოალიცია იქმნება იმ პარტიებისგან, რომლებიც დამოუკიდებლად საქმიანობენ და გარკვეულ შედეგებს აღწევენ არჩევნებზე. ეს კოალიცია შეაკოწიწეს იმ ძალებისგან, რომლებიც კოალიციის გარეშე არაფერს წარმოადგენენ. საარჩევნო სია არ უნდა იქცეს თვითმიზნად. სია საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყნისათვის აუცილებელი იდეები გაატარო. ამ კონტექსტში დაიწყო საუბარი იმაზე, თუ რომელი პროფესიის ადამიანები უნდა იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში. ასეთი დაყოფა სწორი არ არის. პოლიტიკური საქმიანობა, საკუთარი დასაბუთებული აზრების გამოხატვა მსახიობსაც უნდა შეეძლოს და ინჟინერსაც. აბა, საპარლამენტო და სამთავრობო ფაკულტეტები არ არსებობს. საბჭოთა დროს ისტორიის ფაკულტეტს ეძახდნენ სარაიკომომდივნოს, იმიტომ, რომ რაიკომის მდივნები ხდებოდნენ ისტორიკოსები.

- ქართული ოცნება 2012 წლიდანაა ხელისუფლებაში. მის წარმომადგენლებს საკუთარი იდეები და ხედვები არ გამოუხატავთ?

- ამ კოალიციაში ლიდერებისა და იდეების დეფიციტია. ეს ხალხი მთლიანად ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული. ბოლო დროს საინტერესო ხედვები წარმოადგინა ახალმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა. ისინი ეხება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, საგადასახადო რეფორმას, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობას. ამას მივესალმები, მაგრამ ამ წინადადებების გატარებას სჭირდება ერთიანი მყარი კურსი, მკაფიო პოლიტიკა. ეს საჭიროებს ფუნდამენტურ ცვლილებებს რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და სხვა სფეროებში. საუბედუროდ, ჯერჯერობით, ერთიანი პოლიტიკა არ იკვეთება. პოლიტიკური არენა გადაქცეულია არა აზრთა ჭიდილის ადგილად, არამედ მერკანტილური ინტერესების გატარების საშუალებად.

- პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ არჩევნებში მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატები...

- ჩემი აზრით, ყველა პირველი ადგილისთვის იბრძოლებს. ალბათ, ჩამოყალიბდება მეორე პოლიტიკური ცენტრი.

- მეორე პოლიტიკურ ცენტრში ვინ მოიაზრება?

- ამ ცენტრში არავითარ შემთხვევაში არ მოიაზრება ნაციონალური მოძრაობა. ეს პარტია კრიმინალური ცენტრია და არა – პოლიტიკური. ღირსეული ადამიანები არიან ალასანიას თავისუფალ დემოკრატებშიც. მომხრეები ჰყავთ პატრიოტთა ალიანსსა და ნინო ბურჯანაძის პარტიას. პოლიტიკური ცენტრი რომ შეიქმნას, ამისთვის დაფინანსებაცაა საჭირო. ბოლო წლებში დიდმა ფულმა განდევნა ნორმალური პარტიები პოლიტიკიდან.

- პირველ პოლიტიკურ ცენტრს ქართული ოცნება შეადგენს?

- დიახ, ოღონდ ეს არაა კლასიკური კოალიცია. ხანდახან კოალიცია იქმნება იმისთვის, რომ შეინიღბოს ერთპარტიულობა. საზოგადოებისათვის ძალიან გამაღიზიანებელია ის, რომ ამ კოალიციის წევრი პარტიები ყოყლოჩინობენ საკუთარი არარსებული რეიტინგებით და მუდმივად თავს იქებენ. მათი ტრაბახი ასე იშიფრება – აბა, მოგვერიეთ მე და ბიძინა ივანიშვილსო.

გამაღიზიანებელია ასევე იმ პოლიტიკოსებისა და პარტიების მუდმივი სატელევიზიო პროპაგანდა, რომლებსაც ქვეყნის წინაშე საბედისწერო შეცდომები აქვთ დაშვებული. ასეთი პარტიაა ედპ. ნაცმოძრაობაშიც არაერთი ლიდერია ისეთი, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი არა მარტო სააკაშვილის რეჟიმის დროს, არამედ 90-იან წლებში და შემდგომ პერიოდში. ქვეყანაზე გულშემატკივარი ადამიანები ამაზე ხუმრობენ, ჩემი ტელევიზორი გაფუჭებულია, სულ ერთსა და იმავე სახეებს აჩვენებსო.

Comments are closed