globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 23 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 23rd, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ალია“: რა საიდუმლო წინადადებები ჩამოიტანა ალექსანდრე ლუკაშენკომ?

„რეზონანსი“: პრორუსული განწყობის გაძლიერების ობიექტური ნიშნები არ არსებობს

„ვერსია“: ექსკლუზიური ინტერვიუ ბულგარეთის ელჩ პლამენ ბონჩევთან: ,,საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი მალე ამოქმედდება”

———————-

ალია“, 23 აპრილი, 2015 წელი

რა საიდუმლო წინადადებები ჩამოიტანა ალექსანდრე ლუკაშენკომ?

გელა ზედელაშვილი

(შემოკლებით)

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტით საქართველოს ეწვია. „ალიას“ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრება:

- დღეს ლუკაშენკო არის შუამავალი რუსეთსა და საქართველოს შორის, პუტინი ასე ცდილობს, დაამყაროს მშვიდობიანი ფორმატი ჩვენს ქვეყანასთან. რაც დღეს უკრაინასა და დასავლეთში ხდება, ამ ფონზე მას ჰაერივით სჭირდება მეზობლებთან სტაბილური თანაარსებობა. თუმცა ცოტა მოგვიანებით შედეგის მიხედვით მივხვდებით, დღეს რა საიდუმლო წინადადებები დევს ლუკაშენკოს პორტფელში.

- ბატონო სოსო, რუსული პრესა ლუკაშენკოსბატკას ეძახის და თან არაორდინარულ პრეზიდენტად თვლის: ნახეთ, ის იმდენად დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს, არ ჩადის ერევანში, სადაც თურქების მიერ სომეხთა გენოციდის აღნიშვნას ვლადიმერ პუტინიც დაესწრება და ჩამოდის საქართველოში. თურმე ლუკაშენკო არ ემორჩილება რუსეთს. არადა, მგონია, რომ ეს ყველაფერი პუტინთან არის ჩაწყობილი.

- როცა ლუკაშენკო გახდა პრეზიდენტი, ბევრი მას მასხრად იგდებდა. თავიდან მას ჰალსტუხი ეკეთა, რომელზეც ძროხა იყო დახატული. ის თავის დროზე გახლდათ საბჭოთა მეურნეობის დირექტორი. თუმცა 20 წლის განმავლობაში გლეხური ეშმაკობა დახვეწა, გახდა ძალიან ელასტიკური, მოქნილი და თავისი საქმის მცოდნე. არა, არავითარ შემთხვევაში, ლუკაშენკო ისეთი გიჟი არ არის, რომ პუტინს აუყირავდეს და ბარიკადებზე ავიდეს. ეს გამორიცხულია.

- ანუ პუტინმა უთხრა: მე წავედი სომხეთში, შენ წადი საქართველოშიო?

- დაახლოებით ასეა… ყოველ შემთხვევაში, ლუკაშენკომ იცის საკუთარი თავის ფასი. მან ისიც იცის, რომ პუტინს დღეს მის ადგილზე ალტერნატივა არ გააჩნია. რუსეთის პრეზიდენტს არც რამზან კადიროვი ეხატება გულზე და არც ლუკაშენკო, მაგრამ მათი საშუალებით ინარჩუნებს მშვიდობას. რომ არა ლუკაშენკო, ბელორუსშიც დასვამენ ვინმე პროდასავლურს და აირევა სიტუაცია. თუ ის ხანდახან თავისებურად `ცელქობს~, პუტინისთვის ასატანია.

- იყო ასეთი ვერსიაც, რომ შეიძლება ლუკაშენკომ ჩვენს ხელისუფლებას შესთავაზოს დსთ- ასოცირებული წევრობა.

- არა, ეს არც რუსეთს აძლევს დიდ რამეს და არც ჩვენ. ამაზე ლაპარაკიც კი ჩვენი ხელისუფლებისთვის საშინელი თავის ტკივილი იქნება, ყოველგვარი გამაყუჩებლის გარეშე. ლუკაშენკო ხმამაღლა ვერც ევრაზიულ კავშირზე ილაპარაკებს და ვერც საბაჟო კავშირზე. აქ საუბარი იქნება მხოლოდ იმაზე, როგორ მოვაგვაროთ სიტუაცია რუსეთთან „ნატო, ნატო“-ს ძახილით. თუ ამის გაკეთება გვინდა, მაშინ არ უნდა გაკეთდეს საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრი და არ უნდა გაძლიერდეს ვაზიანის ლაბორატორია. ალბათ, ლუკაშენკო ამ საკითხებს წამოსწევს. აქ დიდი დაფიქრებაა საჭირო, რომ ჩვენ ხეირი ვნახოთ.

- გასაგებია, რომ პუტინი ცდილობს, ლუკაშენკოს საშუალებით დაალაგოს საქართველოსთან ურთიერთობა, მაგრამ ხეირის არსი რაში მდგომარეობს?

- პირდაპირ გეტყვი, დღეს ლუკაშენკო ჩვენთვის არის საჩუქარი, სხვა შუამავალი არ არსებობს. აბა, მიმოვიხედოთ, ვის იმედზე უნდა ვიყოთ, სარქისიანის? როგორც კი სომხებთან დაიჭერ საქმეს, აზერბაიჯანი ეგრევე გამწარდება. ახლა იმასაც აცხადებენ, ლუკაშენკოს ჩამოსვლა პრეზიდენტ მარგველაშვილის დამსახურებაა, უკრაინაში რომ იყო, მან დაპატიჟაო. არც ეს უნდა დავიჯეროთ, ეს შეთანხმებული იქნებოდა მთავრობასთან.

ჩვენი მთავრობა ზომაზე მეტ ანგარიშს უწევს „ნაციონალების“ წივილ-კივილს, თორემ ამ საკითხში უფრო გახსნილი და გაბედული იქნებოდა. არადა, ფონი საჩვენოა, თვითონ დასავლეთი ცდილობს, რუსეთს მოუხსნას სანქციები და დაამყაროს კარგი ურთიერთობა. დღეს არც ამერიკას აწყობს კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის. დასავლეთს არც ძალიან დაახლოება აწყობს, არც ძალიან დაშორება, მთავარია, საქართველომ არ შეიცვალოს პოლიტიკური ორიენტაცია. ლუკაშენკოს ჩამოსვლით საქმე წინ იწევს და უფრო უფერულდება აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატი. ამ ფორმატმა უკვე ამოწურა თავისი თავი, ახლა ასეთი მაღალი დონის შეხვედრებია საჭირო. ეს არის რუსეთთან სიტუაციის დარეგულირების უკანასკნელი შანსი, სხვა შემთხვევაში ისევ გაგრძელდება რუსეთის მხრიდან პროვოკაციები და მავთულხლართების ამოქმედება. თუ ჩვენი მთავრობა საღ ჭკუაზეა, ლუკაშენკოს საშუალებით კიდევ უფრო უნდა გახსნას რუსეთის ბაზარი, გაზაფხულია, მოდის ხილისა და ბოსტნეულის სეზონი, მერე წამოვა ყურძენი, ღვინო და ასე შემდეგ.

თან ისიც არ უნდა გამოგვეპაროს, რომ რუსეთმა მოლდოვასთან საზღვარი გაამკაცრა, იქიდან ღვინო ვეღარ შედის. პრაქტიკულად ჩვენ იქ კონკურენტი არ გვყავს, შეიძლება, რუსეთის ბაზარი მარაგდებოდეს სომხური ღვინით? ვიმეორებ, მთელი ევროპა იბრძვის, სანქციები გავაუქმოთო, რუსეთის ბაზრის დაკარგვა არ უნდა არავის, ახლა ჩვენი დროა, ეს უნდა გამოვიყენოთ, შანსი დიდია. დავაკვირდეთ, თუ ლუკაშენკო საქართველოდან ისე წავიდა, რომ მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ მისი წინადადებები თბილისში არ მიიღეს. ალბათ, ბევრი რამე საიდუმლოდ დარჩება, მაგრამ შედეგის მიხედვით მაინც შეიძლება იმის გაგება, რამდენად ნაყოფიერი იყო ეს ვიზიტი.

რეზონანსი“, 23 აპრილი, 2015 წელი

ექსპერტების აზრით, პრორუსული განწყობის გაძლიერების ობიექტური ნიშნები არ არსებობს

თაია არდოტელი

(შემოკლებით)

შეინიშნება თუ არა ქვეყანაში პრორუსული ძალების მომრავლება, გაიზარდა თუ არა ხალხში ნატოს საწინააღმდეგო, პრორუსული განწყობა, ან თუ არსებობს ამის საშიშროება – “რეზონანსი” ამის შესახებ მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარეს, გია ნოდიასა და საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრის “ფსიქო პროექტის” დამფუძნებელს, ზურაბ ბიგვავას ესაუბრა.

მიუხედავად იმისა, ეს ორი სპეციალისტი პოლიტიკური სიმპათიებით საპირისპირო ბანაკებს წარმოადგენენ, ორივე სკეპტიკურად უყურებს მოსაზრებას, თითქოს საქართველოს მოსახლეობაში რუსეთის მიმართ განწყობა საგრძნობად შეიცვალა.

“ასეთი (პრორუსული) მოსაზრებები ადრეც იყო, მაგრამ ხმამაღლა ნაკლებად გამოითქმებოდა. მსგავსი ტიპის მტკიცებისთვის რაოდენობრივი ტიპის კვლევებია საჭირო. მე ვერ ვიტყოდი, რომ ჯერჯერობით რომელიმე რაოდენობრივი კვლევა ამას ადასტურებდეს, – ამბობს გია ნოდია, – მაგალითად, აირაის მიერ დაახლოებით ერთი თვის წინ ჩატარებული კვლევების მიხედვითაც მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთს კვლავ მტრად ან საფრთხის წყაროდ განიხილავს, ხოლო მოქალაქეთა თითქმის იგივე მაჩვენებელი, რაც წინა წლებში იყო, დაახლოებით, 70-80%, ისევ ევროინტეგრაციასა და ნატოში ინტეგრაციას უჭერს მხარს.

“რაც შეეხება ზოგადად ამ თემის გააქტიურებას, მსგავსი შეხედულებების უფრო თამამად გამოხატვა შეიძლება მთავრობის შეცვლას დავუკავშიროთ, რადგან სააკაშვილის ხელისუფლების დროს ამის თქმა შეიძლება ეშინოდათ ან ერიდებოდათ. შეიძლება რუსეთის გააქტიურებითაც იყოს გამოწვეული, რომელიც ამ მესიჯების გამავრცელებელ გარკვეულ ჯგუფებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს.

“უნდა ითქვას ისიც, რომ შეიძლება ამ თემის გააქტიურებამ მართლაც გამოიწვიოს საზოგადოებაში პრორუსული განწყობის გაძლიერება. თუმცა მიმაჩნია, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება წლების განმავლობაში იმდენად სტაბილური იყო, რომ ასე მარტივად არ შეიცვლება,” – ამბობს გია ნოდია.

საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრის “ფსიქო პროექტის” დამფუძნებლის, ზურაბ ბიგვავას თქმით კი, კვლევის ჩატარების გარეშე მოქალაქეთა განწყობის ცვლილებაზე საუბარი არასერიოზულია.

“შეიძლება ტენდენციაზე ვისაუბროთ, რომ ბოლო ხანებში რაღაც არასამთავრობოები გაჩნდა, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ. ეს შეიძლება მედიის თავისუფლების ხარისხის ამაღლებითაც იყოს გამოწვეული. ისეთი გამოცემები გაჩნდა, რომლებიც რუსეთის მიმართ დადებით დამოკიდებულებას გამოხატავენ. ეს უფრო დემოკრატიის მაჩვენებელია, ვიდრე იმის, რომ მოსახლეობამ დამოკიდებულება შეიცვალა. მაგრამ კვლევის ჩატარების გარეშე განწყობის ცვლილებაზე საუბარი არასერიოზული და არაპროფესიულია.

“ყოველთვის არსებობდა რუსეთის მიმართ დადებითად განწყობილი ჯგუფები, თუმცა ისინი ხმას არ იღებდნენ და არც საშუალება ჰქონდათ, რომ ბევრი ელაპრაკათ. დღეს კიდევ მედია- საშუალებებში სრული თავისუფლებაა. ერთი ტიპის მედიასაშუალება რომ იყოს, მაშინ შეიძლება საფრთხეებზეც ვისაუბროთ, რომ პრორუსული განწყობის გაზრდაზე საუბარი მოსახლეობის განწყობას შეცვლის, თუმცა ჩვენთან მედიასაშუალებები ძირითადად ქვეყნის დასავლურ კურსზეა ორიენტირებული, ამიტომ იმის ალბათობა, რომ საზოგადოებაში რუსეთისა და ევროპის მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალოს, მცირეა,” – აღნიშნა ბიგვავამ.

„ვერსია“, 23 აპრილი, 2015 წელი

ექსკლუზიური ინტერვიუ ბულგარეთის ელჩ პლამენ ბონჩევთან: ,,საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი მალე ამოქმედდება

მაკა ლომაძე

,,ვერსია” ,,დიპლომატის ტრიბუნასამჯერად პლამენ ბონჩევს უთმობს. ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სიამოვნებით გვიზიარებს თავის შეხედულებას საქართველოს მიღწევებზე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და იმაზეც საუბრობს, რაა პრიორიტეტული საქართველობულგარეთის ორმხრივ ურთიერთობაში.

- როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ უკრაინის სცენარის განმეორება საქართველოში და როგორ ვიგრძნოთ, რომ ევროკავშირი ამ უთანასწორო ბრძოლაში მარტო არ დაგვტოვებს?

- ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, ბულგარეთის ჩათვლით, ყოველთვის აქტიურად უჭერდნენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 2008 წლის ომის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი ჩამოვიდა და ხელი შეუწყო რუსეთ- საქართველოს შორის ხელშეკრულების გაფორმებას ცეცხლის შეწყვეტაზე; შედეგად, გაჩნდა ჟენევის ფორმატი. ეს არ არის ადვილი მოლაპარაკებები, მაგრამ ერთადერთი საერთაშორისო ფორუმია, სადაც კონფლიქტის ყველა მხარეა წარმოდგენილი. აქ მონაწილეებს შეუძლიათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, ასევე ჰუმანიტარული საჭიროებების ყველა ძირითადი საკითხის განხილვა. ჟენევის ფორმატი ასევე ეხმარება, ერთმანეთის ნდობა მოიპოვონ. მოსკოვსა და სოხუმს, მოსკოვსა და ცხინვალს შორის ე.წ. ხელშეკრულებები არ უწყობს ხელს ჟენევის მოლაპარაკებებს. ის დიდი გამოწვევაა საერთაშორისო საზოგადოებისთვის. სამწუხაროდ, რუსეთ- ცხინვალის დოკუმენტის ხელმოწერა დაემთხვა სწორედ იმ დღეს, როცა ჟენევის მოლაპარაკების 31-ე რაუნდი იმართებოდა, ამიტომ ვიზიარებთ საქართველოს მთავრობის შეხედულებას, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა ახლა ბევრად მნიშვნელოვანია. რუსეთმა უნდა აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება; ასევე უმნიშვნელოვანესია, საზღვარზე ხალხი, ჰუმანიტარული დახმარება და ევროკავშირის დამკვირვებლები დაუბრკოლებლად გადაადგილდნენ. დასტური, რომ ევროკავშირი საქართველოზე ფიქრობს, სადამკვირვებლო მისიაა _ მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით იმ ფონზე გაიზარდა, რომ ეუთო- ს მისია აღარაა. სხვათა შორის, ბულგარეთი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი დიდი კონტრიბუტორია. თუ ყველაფერს ახლო ხედით შევხედავთ, რასაც ყოველთვის მივესალმები, მგონია, ყველაზე დიდი დახმარება, რაც ევროკავშირმა საქართველოს აღმოუჩინა, შარშან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებაა. ეს ისტორიული გადაწყვეტილება იყო.

- მნიშვნელობაზე არავინ დავობს, მაგრამ საკითხავია, როგორ სრულდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები?

- ეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ყველაზე ამბიციური და მრავლისმომცველი დოკუმენტია და მისი იმპლემენტაცია ხანგრძლივი პროცესი იქნება. ჯერჯერობით, საქართველო გზის დასაწყისშია, მაგრამ შეფასებები, რომლებიც ბრიუსელიდან, ასევე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან მესმის, პოზიტიურია. არც ისე დიდი ხანია, პირველი ასოცირების საბჭო ჩატარდა, რომელსაც საქართველოს პრემიერი, მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი რანგის პირები დაესწრნენ. ამ საბჭომ აჩვენა, რომ იმპლემენტაცია სწორი მიმართულებით მიდის. საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს შესწორებები შეაქვთ ეროვნულ კანონმდებლობაში, რაც ამ უკანასკნელს ევროპულ სტანდარტებთან აახლოებს. გვაქვს პრაქტიკული შედეგებიც ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, ვაჭრობის მიმართულებით… დარწმუნებული ვარ, ეს იმპლემენტაცია საქართველოს ბევრად გააძლიერებს დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებების კუთხით და სიღარიბის, დასაქმების პრობლემების დაძლევაშიც დაეხმარება. ძლიერი საქართველო კი იოლად გაუმკლავდება გარეზეწოლას.

- ამ უკანასკნელში საქართველოს, ალბათ, ნატო- სკენ სწრაფვაც დაეხმარება და ისიც რომ, როგორც გვეუბნებიან, ჩვენთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარი ღიაა

- ბულგარეთშიც გამოდიოდა ზოგი ,,ნეიტრალიტეტის” დასაცავად, მაგრამ უმრავლესობა ხვდებოდა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, შემდგომი განვითარებისთვის, ერთადერთი პერსპექტიული გზაა. ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი და ნატო- ს ღია კარის პოლიტიკა მესამე ქვეყანას არ აძლევს უფლებას, ჩაერიოს სურვილში, გახდეს ნატო- ს წევრი. ნატო იღებს ვალდებულებას, ჩაატაროს აქტიური კონსულტაციები თითოეულ პარტნიორთან, თუკი გრძნობს ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის ან უსაფრთხოების პირდაპირ საფრთხეს. ნატო- სთან კონსულტაციები უაღრესად მნიშვნელოვანია. ბულგარეთმაც გამოიყენა ეს შესაძლებლობა დასავლეთ ბალყარეთში კონფლიქტის დროს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თებერვალში ნატო- საქართველოს კომისიაზე ისაუბრა, რომ სოხუმსა და ცხინვალთან მოსკოვის ე.წ. ხელშეკრულებები, რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. ნატო- ს მოკავშირეებმა გააკრიტიკეს ეს ,,ხელშეკრულებები” და მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. უელსის სამიტზე საქართველო აღიარეს ნატო- ს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორად. უელსში დამტკიცებული თანამშრომლობის პაკეტის იმპლემენტაციაზე კი ნატო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან. გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ ამ დღეებში აღნიშნა, რომ ყველაფერი კარგად სრულდება; ნატო- ს ექსპერტები მუდმივად ჩამოდიან, რაც ალიანსის სერიოზულ განზრახვაზე მეტყველებს. ამ ზაფხულს საქართველოში ჩამოვა მრჩევლებისა და ექსპერტების ძირითადი ჯგუფი და ჩატარდება პირველი ერთობლივი სწავლება საქართველოს ტერიტორიაზე. ვიმედოვნებ, წლის ბოლოს, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის საწყისი ვარიანტი ჩამოყალიბდება. უელსის სამიტის შემდეგ მოკლე ვადაში, ეს კარგი შედეგია.

_ არადა, საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიცია საგარეო კურსის შეცვლაში ადანაშაულებს. მსგავსი ტენდენცია არ შეინიშნება?

_ ცოტა ხნის წინ დიპლომატიური კორპუსი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას დაესწრო. მკაფიოდ დასახელდა ორი რამ: ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. გაგვიხარდა, მთელი პარლამენტი, ამ საკითხებთან დაკავშირებით, ერთსულოვანი რომ იყო. ეს ორი პრიორიტეტი არაერთხელ დაადასტურა პრემიერმაც და პარლამენტის სპიკერმაც. ასე რომ, ვფიქრობ, ,,ბრალდება” უადგილოა.

_ ამ ფონზე, რამდენად წარმატებული იქნება რიგის სამიტი?

_ მგონია, ხსენებული წარმატებები კარგად აისახება ლატვიაში. იმედია, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება ამ მიღწევების საპასუხოდ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიმართულებით. რაც შეეხება სპეკულაციებს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, ხაზგასმით ვამბობ _ ეს საკითხი არ არის დაკავშირებული სამიტთან. დიალოგის საგანია უვიზო რეჟიმი, რომელიც დაიწყო რამდენიმე წლის წინ, შარშან კი საქართველომ სამოქმედო გეგმა მიიღო და პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა. რიგაში ეს საკითხი არ გადაწყდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სამიტის დეკლარაცია აუცილებლად აღნიშნავს პროგრესს. საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმით მალე ისარგებლებენ.

_ საქართველოსა და ბულგარეთის ურთიერთობებს შორის რაიმე სიახლეა?

- ახლა, ორმხრივი ურთიერთობები ასოცირების ხელშეკრულებასა და ნატო- საქართველოს არსებით პაკეტზეა ფოკუსირებული. ბულგარეთი საიმედო პარტნიორია და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროპულ გზას. პოლიტიკური დიალოგი უფროდაუფრო ღრმავდება. ორი ქვეყნის პირველი პირები ხშირად ხვდებიან და საუბრობენ პრიორიტეტებზე. ერთი თვის წინ დავით უსუფაშვილი ეწვია ბულგარეთს… სამი წელი არაა, რაც საქართველოში ვარ და ამ ხნის განმავლობაში 6 ვიზიტი შედგა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. შარშან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი გარემოს დაცვის სფეროში, მომზადდა სხვა შეთანხმებები სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და თვითმართველობის სფეროში. მოხარული ვარ, რომ ორმხრივ ურთიერთობაში ერთ-ერთ პრიორიტედად იკვეთება სოფლის მეურნეობა, რომლის განვითარებაც თქვენი ქვეყნის მთავრობისთვისაც უმნიშვნელოვანესია. მზად ვართ, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ სისტემაზე გადასვლასა და ევროსტანდარტების მიღწევაში; მზად ვართ, ამგვარად დავეხმაროთ საქართველოს, სრულად ისარგებლოს ასოცირების ხელშეკრულებით შექმნილი თავისუფალი სავაჭრო ზონით და სოფლის მეურნეობის საქონელს ჰქონდეს წვდომა ევროპულ ბაზარზე.

Comments are closed