„რეზონანსი“: ორ-სამ თვეში ფსოუსა და როკის გვირაბთან შვეიცარიელები ჩადგებიან?! // ექსპერტთა ვარაუდით, 2011 წლის ხელშეკრულების ამოქმედების სანაცვლოდ რუსეთი აფხაზეთის რკინიგზის გახსნას ითხოვს
„ალია“: ინტერვიუ გიორგი თავდგირიძესთან: „თუ დღეს აქტუალური გახდება საქართველოს ნატოში გაწევრიანება, შეიძლება ეს იყოს ხარისთვის წითელი ნაჭრის ფრიალი. შეიძლება ამან გამოიწვიოს ავანტიურისტული სამხედრო მოქმედებები რუსეთის მხრიდან, რაც წყალში ჩაუყრის დასავლეთს ძალისხმევას“
„ვერსია“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „უნდა მოხდეს მსხვერპლთ-შეწირვა“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნესტან კირთაძესთან: „ნაციონალების დაბრუნების შანსი გაიზარდა“
———————–
„რეზონანსი“, 23 თებერვალი, 2015 წელი
ორ-სამ თვეში ფსოუსა და როკის გვირაბთან შვეიცარიელები ჩადგებიან?!
ექსპერტთა ვარაუდით, 2011 წლის ხელშეკრულების ამოქმედების სანაცვლოდ რუსეთი აფხაზეთის რკინიგზის გახსნას ითხოვს
ეკატერინე ბასიალაია
(შემოკლებით)
საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ტვირთის ბრუნვის მინიტორინგს შვეიცარიელები მაქსიმუმ 2-3 თვეში დაიწყებენ და 4 წლის შემდეგ საბოლოოდ მაინც მოხდება იმ ხელშეკრულების აღსრულება, რომელიც 2011 წელს რუსეთის მსო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ მოსკოვმა შესასრულებელ ვალდებულებად აიღო. “პრაქტიკული სამუშაოები თითქმის დამთავრებულია. შეთანხმების იმპლემენტაციას უკვე ხანგრძლივი დრო აღარ დაჭირდება. სავარაუდოდ, 2-3 თვე”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ზურაბ აბაშიძე.
“აბაშიძე-კარასინის შეხვედრა პრაღაში 26 თებერვალს შედგება და, რუსული პრესის ცნობით, განხილვის მთავარი თემა არა მხოლოდ 2011 წელს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ დადებული საქართველო-რუსეთის ის შეთანხმება იქნება, რომლის მიხედვითაც შვეიცარიელებმა საქართველო-რუსეთს შორის სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგი უნდა განახორციელონ, არამედ აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაც. რუსული მედიის ცნობთ, ქართული მხარე რკინიგზის აღდგენის განხილვაზე ხმამაღლა არ საუბრობს, რადგანაც ეს თემა “ფეთქებადსაშიშია”. იქნება თუ არა პრაღაში 26 თებერვალს რკინიგზის თემა განხილული? ქართული მხარე აცხადებს, რომ არა. თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ევრაზიული კავშირის გამო მოსკოვის მთავარ ინტერესს ამჟამად სწორედ სომხეთთან რკინიგზის აღდგენა წარმოადგენს, თავად ერევანიც თბილისს მუდმივად ამ თემაზე ესაუბრება და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინი ამ საკითხს აუცილებლად დააყენებს“.
ზურაბ აბაშიძის თქმით, პრაღაში განხილვის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი 2011 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება იქნება, რომლის საფუძველზეც ნეიტრალურ კომპანიას საქართველო-რუსეთის საზღვარზე უნდა ეწარმოებინა საბაჟო ადმინისტრირება და ტვირთების გადაადგილების მონიტორინგი. “ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიზნით, შერჩეულია შვეიცარიული კომპანია SGS, რომელმაც უნდა დააწესოს ტვირთების გადაზიდვაზე მონიტორინგი საქართველოსა და რუსეთს შორის. აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის განხილვაზე კი ამბობს, რომ ეს ჯერ არ მომხდარა და საკითხის დასმის შემთხვევაში მოისმენს. მისივე განმარტებით, შვეიცარიულმა კომპანიამ რომ მუშაობა დაიწყოს, კონტრაქტი როგორც რუსულმა, ისე ქართულმა მხარემ უნდა გააფორმოს. ამის შემდეგ შვეიცარიაში შეიქმნება ერთობლივი კომიტეტი – საქართველოსა და რუსეთის მთავრობების, ასევე შვეიცარიის მხარის წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომლებიც შემდეგ მონიტორინგს გაუწევენ ამ შვეიცარიულ კომპანიას და ზოგადად, ამ პროექტის განხორციელებას“.
2011 წლის შედეგ მუშაობა მიმდინარეობდა ამ კონტრაქტის ტექსტზე – საკმაოდ რთული ტექსტია. ზოგადად, პროექტიც არაორდინარულია. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებამაც, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად შეაფერხა ყველაფერი, მაგრამ ამ კონტრაქტზე მუშაობისას რუსეთიც ნელი ტემპით მიდიოდა. წინა შეხვედრებზე ერთმანეთს კითხვას ვუსვამდით – აბა, რა სტადიაში ხართ ამ კონტრაქტის მომზადებაში? ჩვენი შვეიცარიელი პარტნიორებიც მუდამ საქმის კურსში იყვნენ. ახლა უკვე ფინიშზე გავედით და უნდა მოვილაპარაკოთ, ჩვენი წარმომადგენლები შვეიცარიაში როდის შეიკრიბებიან, როდის მოაწერენ ხელს დოკუმენტებს, ვინ მოაწერს, ვისგან იქნება ერთობლივი კომიტეტი ჩამოყალიბებული და ა.შ. ამის შემდეგ ეს ჩვენი შეხვედრების დღის წესრიგის თემა პრაღაში აღარ იქნება, ამას დამოუკიდებელი ერთობლივი კომიტეტი გააგრძელებს. კონტრაქტების ტექსტები თითქმის დამთავრებულია. საბოლოოდ მათ გაფორმებას ხანგრძლივი დრო არ უნდა დასჭირდეს. თუ ყველაფერი ნორმალურად იქნა, სავარაუდოდ, 2-3 თვე”, – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
“საბაჟო პროცედურების გაფორმება საქართველოს მიერ არაკონტროლირებად საზღვარზე არ მოხდება – საუბარია იმაზე, რომ შვეიცარიული კომპანია მხარეებს მიაწვდის ინფორმაციას იმ ტვირთების შესახებ, რომელიც აქედან რუსეთში და რუსეთიდან ჩვენთან შემოვა სამი სავაჭრო კორიდორის მეშვეობით. ეს კორიდორები იქნება: მდინარე ფსოუზე, გალსა და ზუგდიდს შორის, ასევე გორთან, როკის გვირაბთან და ყაზბეგში. 2011 წლის ხელშეკრულებაში კი რკინიგზაზე არაფერია ნათქვამი, საერთოდ ნახსენები არ არის არც აფხაზეთი და არც ცხინვალის რეგიონი და ეს ამ ხელშეკრულების დადებითი მხარეა. აქამდეც არაერთგზის მითქვამს, რომ პრაღაში ჩვენს ორმხრივ ფორმატში საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენის თემა საგნობრივად არ განხილულა. თუ ეს საკითხი დადგება, მოვისმენთ და ჩამოვყალიბდებით ჩვენს პასუხზე. ზოგადად ჩვენი პრინციპული მიდგომა კი ცნობილია. სხვას ვერაფერს გეტყვით. მოგახსენებთ იმას, რაც ფაქტობრივი მოცემულობაა. დანარჩენი ამ ეტაპზე ექსპერტების დონეზე სჯობს გაიაზროთ”, – მიიჩნევს აბაშიძე.
“რუსული მედის ცნობით, ყველა მოთამაშემ კარგად იცის, რომ 2011 წლის ხელშეკრულების იმპლემენტაციას პრაქტიკულად აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუკი კავკასიიდან რუსეთში საქონელი აფხაზეთის გავლით გავა და ამდენად, რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი თავისთავად დგება, რადგან რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის ტერიტორიიდან რეგულარული საავტომობილო მიმოსვლა არარეალური და სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით უაზროა. ამიტომაც ვარაუდობს რუსული პრესა, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრისას 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციაზე საუბრის დროს რკინიგზის თემა აუცილებლად განიხილება. “ვესტნიკ კავკაზა” წერს, რომ რკინიგზის თემაზე პირველად 2012 წელს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ისაუბრა და საკუთარი პოზიციის არგუმენტად გამოიყენა ის, რომ რკინიგზის აღდგენა არანაირად არ დააზარალებს საქართველოს მხრიდან აფხაზეთის არაღიარების მტკიცე პოლიტიკას, რადგან ყველა საბაჟო საკითხი მოგვარდება რუსეთის მსო-ში გაწევრიანების შეთანხმების ფარგლებში. გამოცემა ამასთან წერს, რომ მეორე მხრივ, რკინიგზის საკითხის წამოწევა ღარიბაშვილის ხელისუფლებას აუცილებლად მოუტანს პრობლემებს როგორც საშინაო, ისე საგარეო კუთხით, რადგან ბაქო რუსეთ-სომხეთის რკინიგზასთან დაკავშირებულ ყველა საუბარს ყურადღებით ადევნებს თვალს“.
“საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ 2011 წლის შეთანხმების აღსრულებაზე მოლაპარაკება ახლა არ იწყება, არამედ წლებია მიმდინარეობს და სამუშაო დასკვნით ეტაპზეა. რკინიგზის თემის განხილვა და ამაზე მოლაპარაკება კი არ მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე ამბობს, რომ რკინიგზის თემა 2011 წლის შეთანხმებასთან არანაირ კავშირში არ არის და მისი განხილვა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, მიამიტები უნდა ვიყოთ, ვთქვათ, რომ რკინიგზის თემა პრაღაში არ განიხილება. “ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია სომხური მხარისათვის და ერევანი რკინიგზის გახსნის აუცილებლობას საქართველოს მთავრობას ყველა დონეზე მუდმივად ახსენებს. აფხაზური მხარე აქტიურად მუშაობს, რომ ეს პოლიტიკური და საოკუპაციო რეჟიმისთვის მომგებიანი თემა გახდეს, რუსეთი კი, რა თქმა უნდა, ამ თემას სწორედ ევრაზიული საბაჟო კავშირის აუცილებელ წინაპირობად განიხილავს და შესაბამისად, დღევანდელ ხელისუფლებაზე ადრე თუ გვიან ძალიან დიდი ზეწოლა ექნება, რომ ეს თემა კონკრეტული შეთანხმების საგანი გახდეს“.
“რთული პროცესია, ბევრ თემას, ბევრ დეტალს უკავშირდება. თავად მონიტორინგის ფორმატიც ბუნდოვანია. როგორც ჯერჯერობით ჩანს, ეს მხოლოდ საინფორმაციო ბაზის დონეზე იქნება, ინფორმაციის გაცვლა და მეტი არაფერი. კარგი იყო, მაშინვე მომხდარიყო იმპლემენტაცია, მაგრამ ისეთი დაძაბული ურთიერთობა ქვეყნებს შორის, გასაკვირი არ არის, რომ ვერ დასრულდა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მონიტორინგი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე უნდა მოხდეს და შვეიცარიელებმა ამ კუთხით უნდა იმუშაონ, ბუნებრივია, ეს საკითხი კავკასიიდან რუსეთისაკენ და პირიქით რაღაც სატრანზიტო ურთიერთობის გააქტიურებას უკავშირდება. ეს იქნება რკინიგზა თუ საავტომობილო ტრანსპორტი, ეს ცალკე საკითხია. მთავარია, ეკონომიკური საზღვარი სად ფიქსირდება”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპრემიერის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი.
“არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა ეს საკითხი დააყენოს. პრინციპში, ამას აზრი იმ შემთხვევაში აქვს, თუ ეს სატრანზიტო კვანძები რეალურად გაიხსნება – რკინიგზა აღდგება, როკის გვირაბიდან მიმოსვლა განახლდება და ა.შ. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით საუბარი წავა. თუმცა, ნუ ვიფიქრებთ იმას, რომ ამ შეხვედრაზე რაიმეს მიღწევა მოხდება, რადგან სხვა ბევრი სირთულეებია. იგივე შვეიცარიული კოპანია რა ფორმატში იმუშავებს. მხოლოდ ტვირთების შესახებ ინფორმაციის მოწოდება იქნება? ან სრულფასოვანი საბაჟო გაფორმება ვისი იურუსდიქციის ქვეშ მოხდება. გარდა ამისა, მაგალითად, რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი სამართლებრივად ვის იურისდიქციაშია და მოძრაობის უსაფრთხოების თუ სხვადასხვა საკითხები როგორ მოგვარდება. ამგვარ კომპლექსურ თემას კი პრაღაში, რა თქმა უნდა, ვერ განიხილავენ. საკითხი შეიძლება წამოიწიოს, დაველოდოთ”, – დაასკვნის ხუხაშვილი.
———-
მკითხველის კომენტარი:
„აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლა მნიშვნელოვნად შეამცირებს ფოთის პორტის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მნიშვნელობას; გაზრდის სომხეთის ზეგავლენას აფხაზეთზე (საბჭოთა კავშირის პერიოდში სომხეთის ეკლესიის და უშუალოდ ვაზეგენის ფინანსური დახმარებით სომხებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიძინეს სახლები, იქ დასახლდნენ და აფხაზეთის ომის დროს შექმნეს გენერალ ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი, რომელიც დიდი სისასტიკით გამოირჩეოდნენ ქართველების მიმართ), აფხაზეთის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა მოითხოვს მთელრიგ ხელშეკრულებების გაფორმების აუცილებლობას, რაც გაზრდის აფხაზეთის ლეგიტიმურობას, როგორც გამოუკიდებელი ქვეყნის; რკინიგზის აღდგენა, რუსეთის ფედერაციას გაუადვილებს საქართველოს სრულ ანექსიას, გაიხსენეთ აფხაზეთი – პირველ რიგში აღდგა რკინიგზა და, მერე, რკინიგზის დახმარებით შემოვიდა მძიმე შეიარაღება; რკინიგზის გახსნა მოითხოვს ტვირთების კონტროლს და მის დაცვას, მაშასადამე უნდა შეიქმნას ერთობლივი სტრუქტურები ეს კი ინტეგრაციაა, ასევე გაიხსნება საჰაერო სივრცე, ეს კი ხიფათის ზრდაა; რკინიგზის გახსნა აუცილებლად მოითხოვს ერთიანი საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებას, ასეთი სისტემა აფხაზებს არ გააჩნია, ესე იგი უნდა ჩამოყალიბდეს რუსეთთან, რასაც მოჰყვება ერთობლივი კონტროლის აუცილებლობა და ქსელურ სისტემაში რუსეთის ჩართვა. საქართველოს სუსტი კომუნიკაციური სისტემა გააჩნია, მაშასადამე რუსეთის თანამგზავრები, უკვე ოფიციალურად გააკონტროლებენ ჩვენს სარკინიგზო პერიმეტრს და არა მარტო სარკინიგზო პერიმეტრს, არამედ მთელ ტერიტორიას, რაც არ მოეწონება დასავლეთს და აშშ-ს, მაშასადამე “ნატოს” საწვრთნელი ბაზა არ გაიხსნება და ა. შ.
პატივისცემით,
ეკონომიკის დოქტორი, ინჟინერ-გეოლოგი,
საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ვაჟა კაკაბაძე
„ალია“, 23 თებერვალი, 2015 წელი
ინტერვიუ გიორგი თავდგირიძესთან: „თუ დღეს აქტუალური გახდება საქართველოს ნატოში გაწევრიანება, შეიძლება ეს იყოს ხარისთვის წითელი ნაჭრის ფრიალი. შეიძლება ამან გამოიწვიოს ავანტიურისტული სამხედრო მოქმედებები რუსეთის მხრიდან, რაც წყალში ჩაუყრის დასავლეთს ძალისხმევას“
ნინო სამხარაძე
(შემოკლებით)
რას ფიქრობს სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინიატრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე („თუკი ნატო ჩაითრევს საქართველოს, სათანადო ზომებს მივიღებთ“), გადაუხვია თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ ჩრდილოატლანტიკურ კურსს, რასაც „თავისუფალი დემოკრატები“ უკვე ეჭვგარეშე აცხადებენ, რამდენად დიდია რუსეთის საფრთხე?
- რამდენად სერიოზულია ლავროვის მუქარა?
- რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაუშვას საქართველოს ნატოში გაწევრიანება, მაგრამ ეს არ არის ბოლოდროინდელი პრობლემატიკა, ამ ეტაპზე ნებისმიერი მსჯელობა უნდა ეყრდნობოდეს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. აქედან გამომდინარე, ახლად შექმნილ რეალობას ახალი შეფასებები უნდა მივცეთ და შესაბამისად, ვიმოქმედოთ. მინსკის ხელშეკრულება დაიბადა იმიტომ, რომ დღეს არც რუსეთია მზად, მთლიანად განახორციელოს თავის მიზნები და არც დასავლეთი აღმოჩნდა მზად იმისთვის, რომ გადალახოს გარკვეული წითელი ხაზები და უკრაინა დაიცვას სამხედრო მეთოდების გამოყენებით, პირდაპირ კონფრონტაციაში შევიდეს რუსეთთან. ორივე მხარემ აიღო ტაიმაუტი და ემზადებიან შემდგომი მოქმედებებისთვის, ფაქტობრივად, ამ ბრძოლაში დრო დასავლეთის მხარეს მუშაობს, რადგან დასავლეთმა მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა რუსეთს და მას არ ეძლევა შესაძლებლობა ეკონომიკურად გაძლიერდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს არ გადაიზარდა მსოფლიო კრიზისში და ამას მსოფლიო ომი არ მოჰყვა, ძალიან სახიფათო დაპირისპირებაა. ომის საფრთხე მსოფლიო ისტორიაში მაინც იარსებებს, ვიდრე უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი არ მოგვარდება, მაგრამ სანამ ე.წ. „ახალი ვერსალი“ არ გაიმართა, რომელსაც მოჰყვება ახალი მსოფლიო არქიტექტურა, რომელზეც ყველა მოთამაშე ქვეყანა იქნება თანახმა, მანამდე ეს კრიზისი არ დასრულდება. ეს კრიზისი შეიძლება დაკონსერვდეს, მაგრამ საფრთხე მუდმივად იარსებებს. ამ კონტექსტში თუ სიტუაციას განვიხილავთ, რუსეთს დღეს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში განახორციელოს რაიმე ტიპის საბრძოლო ან სამხედრო აგრესია, რადგან აქაც მის საპირწონედ გამოჩნდება დასავლეთი თავისი პოტენციალით. აქედან გამომდინარე, თვითონ რუსეთისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ არ აღმოჩნდეს ჩათრეული საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებებში.
შესაბამისად, დასავლეთი, რომელიც რეალურ პოლიტიკას ახორციელებს, მათთვის ნათელია. თუ დღეს აქტუალური გახდება საქართველოს ნატოში გაწევრიანება, შეიძლება ეს იყოს ხარისთვის წითელი ნაჭრის ფრიალი. შეიძლება ამან გამოიწვიოს ავანტიურისტული სამხედრო მოქმედებები რუსეთის მხრიდან, რაც წყალში ჩაუყრის დასავლეთს ძალისხმევას, ეკონომიკური სანქციებით რუსეთი დათანხმდეს მსოფლიოს ახალ უსაფრთხოების არქიტექტურას. დასავლეთი ამ საკითხს ძალიან ფრთხილად უდგება და ლავროვის განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ მუქარასაც შეიცავდა, მე მაინც ვთვლი, რომ ეს იყო გაწონასწორებული განცხადება, რუსეთის ინტერესების დეკლარირება, მას აქვს ლეგიტიმური უფლება, გამოთქვას პროტესტი, თუ რამე არ მოსწონს, თუ, რა თქმა უნდა, ამას არ მოჰყვება საერთაშორისო კანონმდებლობის დარ ღვევა და ძალისმიერი მეთოდები.
გარკვეული დიპლომატიური ეტიკეტი შეიძლება დარღვეული იყო, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ლავროვის ეს განცხადება გაწონასწორებულია.
- პრემიერის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა: „დღეს და ხვალ საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას“. რასაც ირაკლი ალასანიას მხრიდან საკმაოდ უხეში კომენტარი მოჰყვა, როცა რუსეთი დაინახავს, რომ შენ ერთი ადგილი გიკანკალებს, რუსეთი მთელ რესურსს მიმართავს იმ ერთი ადგილის გასახევადო… მაშ ასე, „გაგვეხევა ერთი ადგილი“, თუკი ჩვენი პოზიცია არ იქნება უფრო რადიკალური?
- აჟიოტაჟი, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ ატყდა, ღიმილისმომგვრელია. თუ ვინმეს ძველბიჭობა უნდა და ძველბიჭური ინტონაციები სურს, პოლიტიკაში გადმოიტანოს, რაც ერთ დროს საქართველოში ძალიან მოდური იყო, ვფიქრობ, რომ ასეთი მიდგომები საკითხისადმი არასერიოზულია. რა თქმა უნდა, სპეკულაციები არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც ხდება, მაგრამ ეს გარკვეულწილად ზომიერი უნდა იყოს და არ უნდა იღებდეს ტრაგიკომიკური ფარსის სახეს.
მოდით, ასე ვთქვათ, ლავროვის განცხადებაზე ხელისუფლების პასუხი არის ერთი, მაგრამ რაც შეეხება ლავროვის საპასუხო განცხადებას, რომელიც პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხში ზურაბ აბაშიძემ გააკეთა, არის მეორე საკითხი, როგორ გადმოსცა თავისი მოსაზრება მან. ვფიქრობ, რომ ზურაბ აბაშიძეს არანაირად არ შეულახავს საქართველოს ინტერესები, მან რეალობიდან გამომდინარე ახსნა სიტუაცია. საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ დგას დღის წესრიგში, ეს არის ხანგრძლივი პროცესი და დღეს პედალირება იმაზე, რომ ჩვენ შევდივართ ნატოში, ან არ შევდივართ, ეს მხოლოდ ფონს გააფუჭებს და არანაირ სარგებელს არ მოგვიტანს. რაც შეეხება ოფიციოზს, პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, ასევე პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, პრემიერ-მინისტრი მუდმივად აკეთებს ამ თემაზე განცხადებას და ხდება პედალირება იმ საკითხზე, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთთან დათმობაზე წასვლას. ევროანტლანტიკური კურსი არის შეუქცევადი, ის ქმედებები, რომელმაც შეიძლება შეაშფოთოს რუსეთი, საქართველოში არ მიმდინარეობს, ეს არის რეალობა, ჩვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევა არის დროში გაწელილი. არ კეთდება ნაჩქარევი პიარგანცხადებები, რომლებიც დამახასიათებელი იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომლებიც ჯერ კიდევ არშემდგარ პროგრამას ისე აპიარებდნენ, თითქოს ის იყო რეალობა, აცხადებდნენ, რომ ჩვენ ვდგავართ ნატოს ღია კართან და 25 ნაბიჯიღა გვაშორებს ნატომდე. ფაქტი ერთია, ძალიან კარგია ის, რომ ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები ცდილობენ, ისაუბრონ რეალობაზე და ვირტუალურს რეალობად არ ასაღებენ.
- ირაკლი ალასანია და მისი თანაგუნდელები აცხადებენ, რომ მათ უკვე ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ საქართველომ ევროატლანტიკურ კურსს გადაუხვია. არის ამაში სიმართლის მარცვალი?
- ეს არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი თემა, თითქოს საქართველომ ევროატლანტიკურ კურსს გადაუხვია და ვექტორი ჩრდილოეთისკენ შეიცვალა, ეს არც ერთი ინდიკატორით არ ჩანს, ეჭვის საბაბიც კი არ არსებობს, თუ ვინმეს აქვს ისეთი წარმოდგენა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ გავიღვიძებთ ვექტორშეცვლილ ქვეყანაში და თუ ვინმეს ჰგონია, რომ პოლიტიკა ასე ხორციელდება, ძალიან ცდება. საქართველოში აბსოლუტურად წარმოუდგენელია ასეთი ცვლილება, რადგან ეს არის დემოკრატიული ქვეყანა, როდესაც ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს მთავრობაც და პოლიტიკური ძალაც. შესაბამისად, დიდი ძალისხმევის დახარჯვა იმაში, რომ ერთ დღეში გადაწყვეტილება მიიღო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, ამას ვერც ერთი სერიოზული პოლიტიკოსი ვერ მოიფიქრებს და ვერ მოახერხებს.
- რატომ ვერ ახერხებს საქართველოს ხელისუფლება დღემდე წარადგინოს ნატოში საქართველოს ელჩი? ლევან დოლიძის შემცვლელი ვერ მოიძებნა?
- ამ საკითხით ნამდვილად არ დავინტერესებულვარ, რატომღაც გამომრჩა… 2000 წლიდან ნატოსთან ურთიერთობა ისეა აწყობილი, ინფორმაციის გაცვლა ხდება ყოველდღიურ რეჟიმში, საქართველოს წარმომადგენლები არიან ნატოში, ასევე საქართველოშიც. ასე რომ, ელჩის არყოფნა არ ნიშნავს, რომ ურთიერთობებში ეს რაიმე ტიპის ხარვეზებს იწვევს.
- და მაინც, დღეს რუსეთისგან რეალური საფრთხე გვემუქრება?
- რა თქმა უნდა, პოლიტიკური ზეწოლა იქნება, ასევე გარკვეული განცხადებები, რა თქმა უნდა, იქნება, შანტაჟსაც ექნება ადგილი, მაგრამ რასაც ჰქვია სამხედრო კომპონენტი, დივერსიული აქტები, სამხედრო მოქმედებები, ასეთი ინდიკატორები დღეს არ ჩანს.
რეალობაა ის, რომ რუსეთს აწყობს, რომ საქართველო ნატოსკენ ზედმეტად არ გადაიხაროს და მზად არის შეუნდოს საქართველოს ევროპასთან ზედმეტად დაახლოება. უკრაინის მოვლენებამდე წარმოუდგენელი იყო, რომ რუსეთს თვალი დაეხუჭა საქართველოს მხრიდან ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. აუცილებლად ჩაკეტავდა ბაზარს და საქართველო-რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობა საერთოდ არ იქნებოდა. დღეს მეტ-ნაკლებად არსებობს ეკონომიკური ურთიერთობა ისე, რომ რუსეთი არ ელოდება საქართველოსგან მკვეთრ ნაბიჯებს და საქართველოს ნახტომს ნატოდან რუსულ გემზე. მით უმეტეს, ევრაზიული კავშირის იდეები რუსეთს ახლა ყველაზე ნაკლებად აწუხებს. რუსეთს ჰქონდა იმედი, პოსტსაბჭოთა სივრცეში მის მიმართ ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსების საშუალებით ევრაზიულ კავშირს აღადგენდა და შემდგომ უკვე ევრაზიული კავშირის მეშვეობით მოახდენდა სამხედრო პოტენციალის გაზრდას.
რუსეთის ამ სტრატეგიამ კრახი განიცადა და რუსეთი ეკონომიკური რეგრესის გამო შეიძლება ისეთ სახელმწიფოდ იქცეს, რომლის მნიშვნელობაც შეიძლება არ გასცდეს რეგიონალური სახელმწიფოს ფარგლებს.
„ვერსია“, 23 თებერვალი, 2015 წელი
ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „უნდა მოხდეს მსხვერპლთშეწირვა“
შორენა პაპაშვილი
(შემოკლებით)
ინტერვიუში ესპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
გთავაზობთ ამონარიდს:
შეკითხვა: 26 თებერვალს, ჟენევაში, საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ კარასინს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი უნდა გაიმართოს. თქვენი აზრით, ეს ფორმატი ეფექტიანია?
გია ხუხაშვილი: საქართველო- რუსეთის ურთიერთობები იმდენად დაბალ ნიშნულზეა, ეფექტებზე ლაპარაკი არასწორია. ჩვენდა სამწუხაროდ, რუსეთთან იმაზე კი არ გვიწევს მუშაობა, რამე უკეთესი გავაკეთოთ, არამედ, იმაზე, რომ მდგომარეობა უფრო არ გაუარესდეს და არსებული ვითარება შევინარჩუნოთ. შესაბამისად, ნებისმიერი ფორმატი საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გლობალური რისკები ძალიან მაღალია და მხოლოდ ასეთი ტიპის კონტაქტებს შეუძლიათ თავიდან მორიგი ესკალაციის სპირალი აგვაცილოს. ფორმატის გადახედვაზე ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ ორი აზრი არ არსებობს, რომ კონტაქტები უნდა გაგრძელდეს… თქმა, ხვალ ან ზეგ ნატო- ში მიგვიღებენ, საზოგადოების მიმართ ცინიკური დამოკიდებულებაა. ადამიანებმა, ვინც წიოდა და კიოდა, მშვენივრად იციან, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს.
შეკითხვა: ესე იგი, საქართველოს ევროპული კურსს საფრთხე არ ექმნება ანუ რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებით ქვეყანაში დასავლური განწყობა არ შესუსტდება?
გია ხუხაშვილი: გააჩნია, რუსეთს რაზე დაველაპარაკებით. რაზეც დღეს ველაპარაკებით, სწორია. ხელისუფლებას არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთთან დიალოგის გამო, ეროვნული ინტერესების საზიანოდ, რაღაც გარიგებებზე არასოდეს წავა. ეს საკმარისი გზავნილია და ყველა ფრაზაზე ისტერიკა იაფფასიანი პოლიტიკური თამაშია. კულისებში ნებისმიერ ადამიანს, ვინც ამ დღეებში ხელს ისტერიკას უწყობდა, რომ დაელაპარაკოთ, დაგიდასტურებთ, რაც ზურაბ აბაშიძემ თქვა. უბრალოდ, მათ რატომღაც ჰგონიათ, რომ საზოგადოება მუდმივად სიბნელეში უნდა იყოს და ეს მათი ექსკლუზიური ინფორმაციაა, რომელიც მხოლოდ მათი ყურებისთვისაა განკუთვნილი. კარგად შეინახონ თავიანთი ყურები, საზოგადოება ბრძენია და ყველაფერი მათზე უკეთ იცის.
„ახალი თაობა“, 23 თებერვალი, 2015 წელი
ინტერვიუ ნესტან კირთაძესთან: „ნაციონალების დაბრუნების შანსი გაიზარდა“
ინტერვიუში ნესტან კირთაძე საუბრობს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
გთავაზობთ ამონარიდს:
- თქვენ თქვით, რომ ივანიშვილი ამერიკელი კონსულტანტების რჩევების შესაბამისად იმოქმედებს. რატომ მიიყვანა საქმე აქამდე – საპარლამენტო უმრავლესობაშიც სერიოზული დაპირისპირებაა. თუ დასავლელი კონსულტანტების რჩევებს არ ითვალისწინებს, შესაძლოა გააქტიურებული რუსული სპეცსამსახურების ინტერესები ქართულ პოლიტიკაში გაძლიერდეს.
– ივანიშვილი ვერასდროს იქნება მედასავლეთე. ის რუსი ოლიგარქია. პოლიტიკური ტექნოლოგიები ასეთია: ეს იყო მიჯნა არა იმისი, რომ მარტო სააკაშვილი უნდა წასულიყო, არამედ მიშა, რომელიც ბევრ უხერხულობას ქმნიდა დასავლეთსა და რუსეთს შორის, ვთქვათ პირდაპირ, ევროპასა და რუსეთს შორის, თუნდაც აშწშ-სა და რუსეთს შორის. რაღაცა ტიპის გარდამავალი, განმანეიტრალებელი ახალი პოზციები უნდა შექმნილიყო. ეს არა იმიტომ, რომ მიშაზე იყო დამოკიდეული ან ივანიშვილზე, უბრალოდ, დასავლეთის დიდი აქტორები, შედიდნენ ღრმა კრიზისში, ჯერ უკრაინის პროცესები დაწყებული არ იყო. მათი ყველა პირველადი მონაცემებით ეს კრიზისი, რა თქმა უნდა, გაღრმავდებოდა უკვე რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებით. დღეს მართლა არ არის რუსეთ-უკრაინის ომი. მით უმეტეს, ეს არ არის სეპარატისტული ომი. ეს არს რუსეთისა და დასავლეთის ომი. ვეუბნები ივანიშვილს, ამხელა პასუხისმგებლობა რომ აიღე ქვეყნის წინაშე, ახლა შენი პირადი ინტერესებით ვერ მათავ ამ ქვეყანას. აქ უკვე ჩამოყალიბდა პოლიტიკური სისტემა. ამ სისტემის ჩამომყალიბებელმა ქვეყნებამ, ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში, თავიანთი წილი კონტრიბუცია ჩაიდო ამაში. ახლა, ივანიშვილი იქნება თუ იუსტინე, ამას მნიშვნელობა არა აქვს. დასავლეთისათვის ის არის პლაცდარმი თავისი ღირებულებების, გეოსტრატეგიული ინტერესების და თავისი ფორპოსტების გაჩენისა. ამიტომაც, რა თქმა უნდა, ისინი ინტერესით ადევნებენ თვალ-ყურს აქ რა იქნება. საქართველო გადის ბეწვის ხიდზე. პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან შეიძლება უფრო მძიმე მოსახვევის წინაშე აღმოჩნდეს. ჩვენ არ ვიცით, რუსეთის ფედერაცია გაზაფხულზე რა აქტივობებს დაიწყებს სამხრეთ კავკასიის მიმართულებით. უფრო სწორად, ანალიტიკოსები უკვე აშკარად ღიად საუბრობენ ანუ მდის პრაქტიკული ბრძოლა რუსეთის იმპერიასა და დასავლეთს შორის. მიდის პრაქტიკული ბრძოლა ჩვენს რეგიონში ფუნდამენტურ ისლამსა და დასავლეთს შორის. ამ ბრძოლაში პოლარიზაცია რომელ მხარეს გადავა, ამას დრო აჩვენებს, ეს არის გლობალური პოლიტიკა. ოღონდ გლობალურ ვითარებაში დასავლეთისთვის სულ ერთი არ არის, ვინ იქნება საქართველოში ხელისუფალი და რამდენად სტაბილურად განახორციელებს იგი დასავლეთის ინტერესებს.