„რეზონანსი“: გიორგი კვირიკაშვილი: „ჩვენ საქართველოს განვითარების ახალ ტალღაზე გადავიყვანთ“
„რეზონანსი“: ინტერვიუ გიორგი ახვლედიანთან: „ოპოზიცია გაერთიანებას არ ჩქარობს“
„რეზონანსი“: „ციანიდის საქმის“ ჩანაწერში კიდევ ორი სასულიერო პირი ფიგურირებს
„რეზონანსი“: ინტერვიუ ნანა კაკაბაძესთან: „დეკანოზ გიორგი მამალაძის თავდებით გათავისუფლების საკითხი დასვა პეტრემ და მას პასუხი ეპისკოპოსებმა გასცეს“
„რეზონანსი“: ინტერვიუ იგორ კვესელავასთან: „ვიღაც პატრიარქის ტახტისთვის იბრძვის“ // „ამაში ვხედავ ოპოზიციის, კონკრეტულად კი „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენლის ხელს“
„რეზონანსი“: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „ქართველი მეცნიერები ეკლესიასთან კონკორდატის დადებას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ“
——
„ახალი თაობა“: ინტერვიუ სერგო რატიანთან: „ირაკლი შოთაძემ პასუხი უნდა აგოს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ სევდია უგრეხელიძესთან: „დავით ნარმანია ბიძინა ივანიშვილის დავალებების საუკეთესო შემსრულებელია“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნანა დევდარიანთან: „აფხაზეთიდან რუსების გაყვანა შესაძლებელია“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: „მთავრობამ 50.000 ადამიანი დაზღვევის გარეშე დატოვა“ // „დავით სერგეენკომ ტყუილი თქვა“
——
„რეზონანსი“: საპენსიო რეფორმა 2019 წლამდე ვერ დაიწყება // „არ მჯერა, რომ რეფორმის განხორციელების პროცესში რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ“
„რეზონანსი“: ლარის გამყარების ტემპი მოსალოდნელზე მაღალია // ირაკლი ბერძენაძე: „კურსი კიდევ გამყარდება და 2.30-ის ნიშნულს მოძებნის უახლოეს თვე ნახევარში“
„რეზონანსი“: უცხოელებზე მიწის მიყიდვა-არმიყიდვის საკითხი კვლავ გადაუწყვეტელია
——
„საქართველო და მსოფლიო“: საქართველოს საგარეო ვალი 15,3 მილიარდია, თითოეული მოქალაქის კი – 4146 დოლარი
————————
„რეზონანსი“, 23 თებერვალი, 2017 წელი
გიორგი კვირიკაშვილი: „ჩვენ საქართველოს განვითარების ახალ ტალღაზე გადავიყვანთ“
თიკო ოსმანოვა
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ს განათლებაში ჩადებული ინვესტიციებისთვის და ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის მომავალში ურთიერთპარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება. თავის მხრივ კი პირობა დადო, რომ საქართველოს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ “თბილისი რუმსში” “ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა” 2016 წელს განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორმა მაგდა მაღრაძემ ღონისძიების მონაწილეებს ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის 2016 წლის საქმიანობის მიმოხილვა წარუდგინა.
პრეზენტაციას ესწრებოდა გიორგი კვირიკაშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და სხვა მიწვეული სტუმრები.
“ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი ზუსტად იმ საქმეს ემსახურება, რასაც საქართველოს სწრაფი განვითარება ჰქვია,” – ამ სიტყვით დაიწყო პრემიერ-მინისტრმა პრეზენტაციაზე თავის გამოსვლა. მან მადლობა გადაუხადა ღონისძიებაზე მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში იან კელის, “რადგან დეტალურად ჩართულია პროგრამის განხორციელებაში და დროსა და შესაძლებობას არ ზოგავს საქართველოში აღნიშნული პროგრამის წასახალისებლად და ხელშესაწყობად.”
პრემიერის კიდევ ერთი მადლობა კი დაიმსახურა თავად ამერიკელმა ხალხმაც დახმარებისა და თანადგომისათვის და ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, იმისთვის, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში გააკეთეს საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
“სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის, ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება გახლავთ ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი, რომელიც დიდი წარმატებით ხორციელდება საქართველოში. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გახლავთ ადამიანური კაპიტალის განვითარება. ამ განვითარების ხელშეწყობა გახლავთ ყველა იმ წარმატების წინაპირობა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ და მომავალში უნდა მივაღწიოთ. ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი ზუსტად იმ საქმეს ემსახურება, რასაც საქართველოს სწრაფი განვითარება ჰქვია და კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით ძალიან დიდი ნაბიჯები იდგმება ჩვენი მომავალი თაობების განათლებისთვის. ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს განათლების სფეროს ამ მასშტაბით მხარდაჭერა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც განათლება ჩვენი ხელისუფლების ნომერ პირველ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ. 140 მილიონი დოლარის კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად, როგორც შეფასება გვეუბნება, საქართველოს 1 700 000 მოქალაქის ცხოვრება შეიცვლება უკეთესობისკენ,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის მომავალში ურთიერთპარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
“დარწმუნებული ვარ, ამერიკელი პარტნიორების დიდი დახმარებით და თანმიმდევრული ნაბიჯებით ჩვენ შევძლებთ თვისობრივი ცვლილებების შეტანას ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ჩვენი ახალგაზრდების ცხოვრებაში. ჩვენ მივაღწევთ დასახულ მიზნებს და განვითარების ახალ ტალღაზე გადავიყვანთ საქართველოს. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა, პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში და ის კიდევ არაერთ სასიკეთო შედეგს მოიტანს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა
„რეზონანსი“, 23 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ გიორგი ახვლედიანთან: „ოპოზიცია გაერთიანებას არ ჩქარობს“
თიკო ოსმანოვა
დიდი ოპოზიციური ერთობა, სავარაუდოდ, არ შედგება, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა და, ნაკლებსავარაუდოა, უახლოეს მომავალში დაიწყოს. „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის თქმით, პროცესი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყება, თუმცა უჭირს იმის თქმა, იქნება თუ არა ეს შედეგიანი. „შეიძლება ამის სურვილი არსებობდეს, მაგრამ ეს არ არის ადვილი საქმე“, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას გიორგი ახვლედიანი.
არასაპარლამენტო ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე “რეზონანსი” “დემოკრატიული მოძრაობის” წევრს, გიორგი ახვლედიანს ესაუბრა.
გიორგი ახვლედიანი: რამე ისეთი ერთიანი პროცესი, რომელიც საყოველთაო კონსულტაციას ითვალიწინებს, ნამდვილად არ დაწყებულა. პოლიტიკური ძალების საკოორდინაციო საბჭო ამ ეტაპზე მუშაობს საარჩევნო სისტემის საკითხებზე. დაახლოებით ერთ თვეში შევიმუშავებთ გეგმას, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი საარჩევნო სისტემა და როგორი წესით უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი. ამასთან დაკავშირებით ერთიან ხედვას ჩამოვაყალიბებთ. რაც შეეხება დიდი გაერთიანების ჩამოყალიბებას, ვფიქრობ, ასეთი პროცესი დაიწყება, თუმცა თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. საერთოდ, როგორც წესი, ასე ხდება ხოლმე და სწორედ მაშინ იწყება ამ მიმართულებით მუშაობა.
- მაგრამ, ჩვენ გვახსოვს მსგავსი არა ერთი მცდელობა, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა…
- კი, რა თქმა უნდა, სხვადასხვანაირად ვითარდება სიტუაცია. მოლაპარაკებები რა შედეგს გამოიღებს, ეს პოლიტიკურ პროცესებზეა დამოკიდებული.
- ამაზე მოლაპარაკებები ხომ უკვე უნდა დაწყებულიყო, სწორედ ამ მიზნით გადმოვიდა თავის დროზე „დემოკრატიულ მოძრაობაში“ გუბაზ სანიკიძე?..
- გუბაზ სანიკიძე “ეროვნული ფორუმიდან” რომ მოდიოდა, მან გააკეთა განცხადება, რომ დიდი ოპოზიციური გაერთიანება უნდა ჩამოყალიბებულიყო, თუმცა, როგორც მახსოვს, კონსულტაციები გაიმართა “დემოკრატიულ მოძრაობასთან” და ვნახეთ რა შედეგიც დასრულდა.
- დიახ, მაგრამ ისიც თქვა, რომ ამ პარტიის რიგებიდან უნდა დაეწყო გაერთიანებაზე მუშაობა?
- შეიძლება ამის სურვილი არსებობდეს, მაგრამ ეს არ არის ადვილი საქმე. პოლიტიკურ პარტიებს ძალიან ბევრი პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებს და ხანდახან ხდება, რომ ეს ინტერესები ვერ ემთხვევა ერთმანეთს. თუ ეს პოლიტიკური ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს, მაშინ, რა თქმა უნდა, შედეგი დადგება. თუ ამ ინტერესების ერთმანეთთან დამთხვევა ვერ მოხდება, რაც სამწუხაროდ ხშირად ხდება, შედეგი არ იქნება.
იმისათვის, რომ რაღაც შედეგი დადგეს, გარკვეული პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა პოლიტიკური ინტერესები გვერდზე უნდა გადადონ. აბსოლუტურად ყველას ინტერესი დაკმაყოფილებული არ გამოდის.
- ანუ, ზოგიერთი პარტია ქვეყნის ინტერესზე მაღლა პოლიტიკურ ინტერესს აყენებს?
- თქვენ თუ გინდათ ახლა ის მათქმევინოთ, რომ ვიღაცა ამას ხელს უშლის და პრობლემებს ქმნის, ასე არ არის. პროცესი ჯერ არ დაწყებულა. უბრალოდ, ვამბობ, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს ეს პროცესი.
- თავად „დემოკრატიული მოძრაობა“ თუ არის ამისთვის მზად?
- წინასწარ ამის მზაობა არ არსებობს. ეს ყველაფერი პროცესის შედეგად შეიძლება წარმოჩინდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვხედავთ და დავინახეთ, რომ პოლიტიკური გამსხვილების და პარტიის რიგების გაძლიერების კუთხით “დემოკრატიული მოძრაობა” სერიოზულ ნაბიჯებს დგამს. ამის ნათელი მაგალითია გუბაზ სანიკიძე, რომელიც ჩვენს რიგებში დგას. ჩვენ ვახერხებთ ამ მიმართულებით გაფართოება-გაძლიერებას, რომელიც გაგრძელდება. აქ კიდევ ერთი მთავარი საკითხია – ხელოვნურად არ უნდა მოხდეს ერთობის შექმნა, რომელიც საფრთხეა ნებისმიერი გაერთიანების. თუ საზოგადოებამ დაინახა, რომ განსხავებული იდეოლოგიის მქონე ძალები ერთად დგას, მაგრამ მათ დგომას არავითარი შინაარსი არა აქვს, ეს არ იქნება სასარგებლო, პირიქით ამას საზოგადოება უნდობლობით უყურებს. მოსახლეობამ ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაინახა კოალიცია “ქართული ოცნების” მაგალითზე – ამ გაერთიანებამ ვერ გაამართლა.
- და, სხვაგვარად რამდენად შესაძლებელია გაერთიანება?
- ვფიქრობ, ძირითადად ისეთმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გამართონ კონსულტაციები, რომელთაც ძალიან ბევრი რამ შეიძლება გამონახონ საერთო.
- თქვენი აზრით, 3-4 პარტიისგან შემდგარი გაერთიანება შეძლებს ხელისუფლებისთვის კონკურენციის გაწევას?
- სანამ ამაზე დავიწყებთ საუბარს, საკითხავია, საერთოდ მოგვცემს თუ არა ხელისუფლება კოალიციის შექმნის საშუალებას? როგორც ცნობილია, “ოცნება” ამის აკრძალვას კონსტიტუციურად ცდილობს. ამას ეწინააღმდეგება მთელი ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგრამ ხელისუფლება ამას დაჟინებით აპირებს. ასე რომ, ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, შეიძლება “ოცნებამ” ერთი ხელის მოსმით გადახაზოს. ვნახოთ, რა მოხდება. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით პროცესი აუცილებლად დაიწყება.
„რეზონანსი“, 23 თებერვალი, 2017 წელი
„ციანიდის საქმის“ ჩანაწერში კიდევ ორი სასულიერო პირი ფიგურირებს
ეკატერინე ბასილაია
ხუთდღიანი მკურნალობის შემდეგ დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის გულის ცენტრიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში უკვე გადაიყვანეს და ახლა მის დაკითხვას ელოდება ყველა, რომ შემდეგ, დაპირებისამებრ, მისმა ადვოკატმა საზოგადოებას მოუყვეს დეტალები, ის, თუ რა ვერსია აქვს დაკავებულ დეკანოზს და ასევე ისიც, საიდან მოხვდა მის სახლში იარაღი, რადგან როგორც ადვოკატი ამტკიცებს, ამ იარაღის ნამდვილი მფლობელის ვინაობის დასახელებისას “ძალიან ნათელი სურათი წარმოიქმნება”.
გუშინ დასაკითხად დაიბარეს “ციანიდის საქმის” ადრესატი, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, რომლის მკვლელობის მომზადებასაც ედავებიან გიორგი მამალაძეს. მისი დაკითხვის გარდა დიდი ინტერესია, დაიკითხა თუ არა, ან როდის დაიკითხება ის ორი სასულიერო პირი, რომლებიც ბრალდების ერთ-ერთი მოწმის, ადვოკატი ირმა ჭკადუას თქმით, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძის მიერ გაკეთებულ ფარულ ჩანაწერში დეკანოზ მამალაძესთან ერთად გეგმავენ სავარაუდო დანაშაულს. “ციანიდის საქმის” დაწყებიდან 12 დღეა გასული და ამ ორ სასულიერო პირზე არაფერი ისმის.
პროკურატურის პრეს-სამსახურში “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებენ, რომ დაიკითხება ყველა, ვისი დაკითხვის საჭიროებაც იქნება გამოძიების პროცესში.
შეკითხვაზე, კონკრეტულად დაიკითხა თუ არა ფარულ ნაწერში მამა გიორგი მამალაძესთან ერთად ფიგურანტი კიდევ ორი სასულიერო პირი და რატომ არ საუბრობს მათზე გამოძიება, პრეს-სამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი პასუხობს, რომ “დამატებით დეტალებზე ვერაფერს ვერ გვეტყვის.”
ნათია სუხიაშვილი არც გაუთქმელობის ხელწერილის შესაძლო გაუქმებაზე აკეთებს კომენტარს. “იხელმძღვანელეთ ჩვენ მიერ გავრცელებული განცხადებებიდან. ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გეტყვით… როდესაც გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, მაშინ მოხდება გასაჯაროება,” – ამბობს ნათია სუხიაშვილი. ამ ორ სასულიერო პირზე პროკურატურა და საპატრიარქო დუმს.
ბრალდების მხარის ორი მოწმე, ადვოკატები ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი კი საპატრიარქოში გუშინაც მივიდნენ, თუმცა არც ერთი არ ლაპარაკობს ამ ვიზიტების დეტალებზე.
ბრალდებული დეკანოზის ადვოკატებით კი საპატრიარქო არ დაინტერესებულა. უფრო მეტიც, მამა გიორგი მამალაძემ გუშინ ითხოვა, ჩვენების მიცემამდე მას პატრიარქთან ან სინოდის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობა მისცემოდა, რომ მათთვის მოეყოლა დეტალურად ყველაფერი, თუმცა საპატრიარქოდან მას უარი უთხრეს.
პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საპატრიარქოში მამალაძის განცხადება არ შესულა და ეს საკითხი არ განიხილება, რადგან, მამალაძის საპატრიარქოში მიყვანა კანონმდებლობით არ შეიძლება, ხოლო მისი უწმინდესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მამა გიორგი მამალაძე მოინახულოს. ხოლო, სინოდის წევრები მას ვერ შეხვდებიან, რადგან სახელმწიფოს თხოვნა იყო, მღვდელმთავრებმა მაქსიმალურად თავი შეიკავონ საპატიმრო დაწესებულებაში მისვლისგან. პატიმრის მონახულებისგან თავის შეკავების მიზეზად კი უსაფრთხოება დასახელდა.
საპატრიარქოდან უარის მოუხედავად დეკანოზი დიდი ალბათობით, ჩვენების მიცემას არ გადაიფიქრებს. მისი უფლებადამცველი აცხადებს, რომ ეს ჩვენება ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. ასევე იმ იარაღზეც, რომელიც დეკანოზს პროკურატურამ სახლში აღმოუჩინა.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ იარაღი, რომელიც მამა გიორგი მამალაძის სახლში აღმოაჩინეს, დეკანოზს არ ეკუთვნოდა და დაკავებული აპირებს, გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა მის სახლში ცეცხლსასროლი იარაღი.
“ჩვენ ის არ დაგვავიწყდეს, რომ მამა გიორგი, ბრალი წაყენებული აქვს არა მარტო ერთი დანაშაულის მცდელობისთვის. იარაღი არ დაგვავიწყდეს, რომ საქმეში ამ შემთხვევაში არის 236-ე მუხლი. აი, ზუსტად როდესაც უკვე ყველასთვის ცნობილი იქნება, თუ რატომ, ვის მიერ და როგორ მოახერხეს, რომ მამა გიორგისთან ეს იარაღი აღმოჩნდა, ეს უკვე ძალიან ნათელ სურათს წარმოაჩენს. როგორ აღმოჩნდა, აი, მაგას უკვე მოახსენებს მამა გიორგი,” – აცხადებს რამიშვილი.
ცნობისთვის: საპატრიარქოსთვის ბრალდების მხარის მტკიცებულებები უკვე ცნობილია, სამშაბათს მთავარმა პროკურორმა საქმე პატრიარქს და სინოდის წევრებს გააცნო, თუმცა ეს სკანდალური საქმე საზოგადოებისთვის ისევ ბურუსითაა მოცული და თუკი პროკურატურა და მისი მოწმეები მედიასთან განცხადებებს არ ერიდებოდნენ, პატრიარქთან სამშაბათის დიდი თათბირის შემდეგ საუბარი ბრალდების მხარემ საერთოდ შეწყვიტა და ახლა უფრო ბრალდებულის მხარე აკეთებსმეტნაკლებად განცხადებებს.
პროკურატურის ერთ-ერთი მოწმე ადვოკატი ლილი გელაშვილი “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ კი გუშინ საპატრიარქოში, იმყოფებოდა, მაგრამ პატრიარქს არ შეხვედრია და რომ პროკურატურას გამოძიება უნდა ვაცალოთ და ვიდრე გამოძიება რაღაც გადაწყვეტილებას არ მიიღებს, თვლის, რომ სჯობს, კომენტარი არ გააკეთოს.
შეკითხვაზე, მასაც აქვს თუ არა მოსმენილი ის ფარული ჩანაწერი, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძის გარდა კიდევ ორი, სავარაუდოდ სასულიერო პირი ფიგურირებს, იკვეთებოდა თუ არა დანაშაულის ნიშნები მათ საუბარში და უნდა დაიკითხოს თუ არა ის ორი პირი, ამბობს, რომ მან არ იცის კონკრეტულად რა ჩანაწერები აქვს პროკურატურას მტკიცებულებების სახით და ამიტომ საუბარი უჭირს.
“მე რა ჩანაწერიც მოვუსმინე, ის ჩანაწერი წარადგინა თუ არა განმცხადებელმა ირაკლი მამალაძემ, არ ვიცი… ეს პირები დაჰკითხეს თუ არა, პასუხი მაქვს, რომ ეს გამოძიების პრეროგატივაა. გამოძიებამ რა საგამოძიებო მოქმედება აწარმოა, ჩვენ როგორც საქმეში რაღაც ეპიზოდის მოწმეებმა არ ვიცით. არც სამართლებრივი უფლება გვაქვს ვიცოდეთ, რა საგამოძიებო მოქმედებები იქნა ჩატარებული. არ მაქვს საფუძველი გამოძიებას უნდობლობა გამოვუცხადო,” – აღნიშნავს ლილი გელაშვილი.
ირმა ჭკადუას მსგავსად ისიც ადასტურებს, რომ ჩანაწერში, რაც მას ჟურნალისტმა და პროკურატურის მთავარმა მოწმე ირაკლი მამალაძემ მოასმენინა, დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდა და ასევე მარტო დეკანოზი არ საუბრობდა, იყო კიდევ ორი პიროვნება.
ცნობისთვის: ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ მასთან მივიდა ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე და აჩვენა ჩანაწერი, სადაც დეკანოზი გიორგი მამალაძის გარდა ფიგურირებდა კიდევ ორი, სავარაუდოდ სასულიერო პირი და ისინი საუბრობდნენ ისეთ თემაზე, რაც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, რის გამოც მან ჟურნალისტს ურჩია ჩანაწერი პროკურატურისთვის მიეტანა და სწორედ ეს ჩანაწერია “ციანიდის საქმის” ერთ-ერთი მტკიცებულებაც.
„რეზონანსი“, 23 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ ნანა კაკაბაძესთან: „დეკანოზ გიორგი მამალაძის თავდებით გათავისუფლების საკითხი დასვა პეტრემ და მას პასუხი ეპისკოპოსებმა გასცეს“
ეკატერინე ბასილაია
“რასაც პეტრე აკეთებს, ეს მიუღებლად მიმაჩნია და ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ… მომხრე ვარ, რომ ყველაფერი გასაჯაროვდეს, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ის. ეს არის ფურუნკული, რომელიც საპატრიარქომ უნდა მოიშოროს,” – საუბრობს “ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე, რომლის თქმითაც, მეუფე პეტრეს გარდა ყველა ეპისკოპოს, თვლის, რომ თავდებით გათავისუფლების შემთხვევაში შესაძლოა, დეკანოზ მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.
- საპატრიარქოში “ციანიდის საქმის” განხილვა იყო, სადაც თქვენც იმყოფებოდით და შეგიძლიათ მოჰყვეთ, როგორ წარიმართა საუბარი და ვის რა პოზიცია ჰქონდა?
- ერთი ეპისკოპოსის გარდა სხვა ყველასი განწყობა იყო, რომ გამოძიება ჩატარდეს დროულად, საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია და ამ საქმესთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. რაც მთვარია, ესაა თავად პატრიარქის პოზიცია.
- თქვენ შეხვედრას ესწრებოდით? და ვისი მიწვევით იყავით საპატრიარქოში?
- არა, არ ვესწრებოდი, მაგრამ ინფორმაცია მაქვს. საპატრიარქოში მე არავის მიწვევით არ დავდივარ, იქ 1978 წლიდან დავდივარ.
- ამბობთ, რომ მეუფე პეტრეს გარდა ყველა ერთ აზრზე იყო და ყველას პოზიცია იყო, დეკანოზი გიორგი მამალაძე თავდებით არ უნდა გამოუშვან? თავდებით გამოშვების საკითხი ვინ დააყენა და პატრიარქს რა პოზიცია ჰქონდა?
- ეს საკითხი დასვა თვითონ პეტრემ და მას პასუხი ეპისკოპოსებმა გასცეს. პატრიარქის გამოსვლის შემდეგ საუბრობდნენ ეპისკოპოსები და როგორც ეპისკოპოსმა, პეტრემაც დასვა ეს საკითხი და სხვა ეპისკოპოსებმა უპასუხეს, რომ თავდებით გათავისუფლების შემთხვევაში შესაძლოა, გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებოდა, შესაძლოა, მისი ლიკვიდაცია მოახდინოს ვინმემ და საპატიმროში უფრო უსაფრთხოდააო.
- თქვენ შორენა თეთრუაშვილს შეხვდით. დაიკითხა უკვე? რას უკავშირებს თავის მიოწამვლის მცდელობას და საუბრობს თუ არა იმაზე, რომ დეკანოზ მამალაძესთან რაიმე დაპირისპირება ჰქონდა?
- არ ვიცი, დაიკითხა თუ არა. ამბობს, რომ არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია დეკანოზ მამალაძესთან. ასევე არ თვლის საჭიროდ, რომ ამ თემაზე ისაუბროს. ყველანი პატრიარქის ჯანმრთელობასა და მის უსაფრთხოებაზე არიან გადართულნი. როცა ჩამოვიდა, მაშინ თქვა, მე პატრიარქის წინააღმდეგ იარაღად გამომიყენესო. თორემ თვითონაც ხვდება, რომ მის მიმართ პრეტენზიები ყურით მოთრეულია და ეს იყო დარტყმა პატრიარქზე და საპატრიარქოზე და არა მას.
- საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებითაც იყო ბრალდებები, საპატრიარქოს სახელით არაკანონიერ ბიზნესინტერესებზე და მათ შორის თეთრუაშვილის გვარიც ფიგურირებდა. ამ თემაზე რა პოზიცია აქვს თეთრუაშვილს და თუ იცით, ეს საკითხი იყო თუ არა განხილული პატრიარქისა და სასულიერო პირების თათბირზე?
- როგორ უნდა განხილულიყო საკითხი, რომელსაც არავინ არ იზიარებს? თუ ადამიანს ფეხი მოტეხილი არ აქვს, ის როგორ უნდა განიხილო? მსგავსი პრობლემა არ დასმულა. ყველა იმდენად აბსურდად და პროვოკაციად მიიჩნევს, განხილვაც კი არ ხდება. ერთადერთი შეფასება ისაა, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანიაა.
- რატომ თვლით, რომ ეკლესიის დისკრედიტაცია დაისახა მეუფე პეტრემ მიზნად? რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს მეუფეს, რამე ინფორმაციას ფლობთ მის საქმიანობაზე?
- მეუფე პეტრეს შესახებ ვიცი ის, რასაც მასზე გაზეთები წერენ. უარყოფით კონტექსტში მილიონჯერ დაწერეს. ახალაიებთან კავშირი და უამრავ რამეს, რაც მის ეპარქიაში ხდება… არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ეკლესიის თემაზე საჯაროდ ვისაუბრო. რასაც პეტრე აკეთებს, ეს მიუღებლად მიმაჩნია და ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ. იგივე ფერხულში ნამდვილად არ ჩავერთვები და არ დავიწყებ იმავეს კეთებას თუნდაც პეტრეს მისამართით, იმიტომ რომ ასეა თუ ისე პეტრეც საქართველოს ეკლესიის ნაწილია.
- თქვენ თქვით, რომ პატრიარქის დაცვის სამსახური შესამოწმებელია და მათ მიმართ გაქვთ კითხვები. რა პრეტენზიები გაქვთ?
- მე ვთქვი, მაგალითად ის, როგორ მოხდა ახალ ნაოპერაციებ პატრიარქთან მიხეილ სააკაშვილის შესვლა. ჩემი კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა. ალბათ ასე იქნება, სანამ გამოძიება არ დასრულდება და არ გავერკვევით, რა ხდება, უამრავი კითხვა იარსებებს.
- დიდი ალბათობით, პატრიარქი წყვეტს ვისი ნახვა სურს და არა დაცვა...
- მე ვთქვი, რომ არავინ არ იცოდა ექსპრეზიდენტის ვიზიტის შესახებ და ვერავინ ვერ გაარკვია, ვისი მეშვეობით მოხდა მისი შესვლა. ვეჭვობ, რომ ეს პატრიარქთან შეთანხმებული ყოფილიყო. ეს არის პრობლემა, რომ ვინ გადაწყვიტა ეს ამბავი, უცნობია. ახალნაოპერაციევ ადამიანთან ვირუსი რომ არ შეიტანოს ვინმემ, ასე გარედან მარტივად შეშვება არ უნდა ხდებოდეს.
- თქვენი აზრით, საპატრიარქოში არსებული დაპირისპირება რამდენად დიდია და რა დგას ამის უკან, ფინანსური ინტერესები თუ ძალაუფლების, საპატრიარქოს ტახტისთვის ბრძოლის სურვილი?
- ამ თემაზე ლაპარაკი უსიამოვნოა. ფაქტია, რომ დაპირისპირება არის და არ მაინტერესებს კიდევ უფრო სიღრმეებში შესვლა. ერთადერთი ფრთა, რომელიც ამას აკეთებს, ეს არის პეტრე. სხვა დაპირისპირება არ არსებობს, სრული ერთიანობაა.
- გაქვთ ინფორმაცია, მეუფე პეტრეს ფრთაში ვინ მოიაზრება?
- არ მაინტერესებს ვინ შედის და არც მინდა ვიცოდე. ვინც შედის ის თავს გამოავლენს ისე, როგორც გამოავლინა პეტრემ. ეს არაჯანსაღი მოვლენაა და რა დგას ამის უკან, ესეც გამოძიების საგანია. გამოძიებამ უნდა თქვას, რა დგას ამ ყველაფრის უკან. თუ ეს გამოძიება ისე წავიდა, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის გასამართლების დროს წავიდა, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვერ მივიღებთ. თუ ობიექტურად და სამართლიანად წავიდა, მაშინ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მომხრე ვარ, რომ ყველაფერი გასაჯაროვდეს, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ის. ეს არის ფურუნკული, რომელიც საპატრიარქომ უნდა მოიშოროს. ეკლესიაზე ბინძური ხელით შეხება იმ მიზნით, რომ მისი სიძლიერე და ერთობა შეარყიონ, ეს არის ეკლესიის და ქვეყნის ღალატი.
- ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ თუკი პატრიარქი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, ყველას აპატიოს ყველაფერი, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, გამოძიების გაგრძელებას აზრი არ ექნება. პატრიარქი უნდა წყვეტდეს გამოძიების გაგრძელება-შეწყვეტას, როცა მკვლელობის დაგეგმვაზეა საუბარი?
- პატრიარქი სახელმწიფოებრივად აზროვნებს და დღეს არ ვიცი საქართველოში პოლიტიკოსი, რომელიც მისნაირად სახელმწიფოებრივად აზროვნებდეს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყნის სიყვარულში მას კონკურენტი არ ჰყავს. ასეთ ანტისახელმწიფოებრივ და ანტისაზოგადოებრივ განცხადებას პატრიარქი არასდროს არ მიიღებს. პატრიარქი ასეთ თხოვნას არ გააკეთებს.
- პრეზიდენტი და სახალხო დამცველი ამბობენ, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციაა და ასევე შეჯიბრებითობის პრინციპი ირღვევა, როდესაც პროკურატურა და ბრალდების მოწმეები “ციანიდის საქმეზე” განცხადებებს აკეთებენ, ბრალდებულის მხარეს კი არ ეძლევა საკუთარი სიმართლის ვერსია ამტკიცონ საჯაროდ. თქვენ, როგორც უფლებადამცველი, იზიარებთ ამ დამოკიდებულებას?
- ეს განცხადება აბსურდია. გაუთქმელობის შეთანხმებასაც და გრიფით საიდუმლოსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. როგორ ფიქრობთ, თუ კანონი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, შეჯიბრებითობის პრინციპი ირღვევა და დისკრიმინაციაა, ამას კანონმდებლობა აიტანს? ეს ხდება 21-ე საუკუნეში, მაშინ როდესაც ჩვენ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ვართ? თუ ასე ფიქრობენ, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. ამას ტელევიზორში განცხადებების კეთება კი არ სჭირდება?! მათ ძალიან კარგად იციან, რომ გაუთქმელობის შეთანხმება უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში მუშაობს. სააკაშვილის დროს უამრავი საქმე იყო, რომელთსაც გრიფი “საიდუმლო” ედო, იგივე ყინწვისის საქმე, იგორ გიორგაძის საქმე, ფოტოგრაფების საქმე და უამრავი. მაშინ რატომ არავინ საუბრობდა შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევაზე?
რასაც ამბობენ, ეს არის პიარის ნაწილი, რომ გაუცნობიერებელ საზოგადოებას შეუქმნან აზრი, რომ ასე ხდება. ვის ინტერესშია ამ აზრის შექმნა, ჩემთვის გაუგებარია, ეს გამოძიებამ უნდა თქვას.
„რეზონანსი“, 23 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ იგორ კვესელავასთან: „ვიღაც პატრიარქის ტახტისთვის იბრძვის“ // „ამაში ვხედავ ოპოზიციის, კონკრეტულად კი „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენლის ხელს“
ნინო ქეთელაური
„დღეს ეკლესია გახლეჩილია. ვისაც ამ თემის წამოტივტივება და საზოგადოებაში შემოგდება უნდოდა, თავისი მისია უკვე ეასრულა. ახლა მშვიდად ელოდება მოვლენების განვითარებას“, – ამის შესახებ პოლიტოლოგი იგორ კვესელავა “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს და ამატებს, რომ საპატრიარქოში არსებული დაპირისპირების უკან ოპოზიცია დგას“ „მე იმედს მაძლევს საქმის ახალი ადვოკატის გამოსვლა, რომელიც ამბობს, რომ გიორგი მამალაძე მალე ალაპარაკდება. რას იტყვის მამალაძე, სწორედ ეს იქნება საქმისთვის მიმართულების მიმცემი. ჩვენ უნდა ჩავთავლოთ, რომ დღეს ეკლესია გახლეჩილია. ვისაც ამ თემის წამოტივტივება და საზოგადოებაში გატანა უნდოდა, თავისი მისია აშეასრულა. ახლა მშვიდად ელოდება მოვლენების განვითარებას. მისთვის უკვე სულერთია, როგორ გადაწყდება, მთავარია, რომ მღელვარება გამოიწვია“.
- ვის გულისმობთ, ვინ წამოატივტივა ეს თემა?
- პირდაპირ ვიტყვი, ამაში ვხედავ ოპოზიციის, კონკრეტულად კი “ნაციონალური მოძრაობის” ზოგიერთი წარმომადგენლის ხელს. მათ მიერ შემოგდებული თემაა. ეკლესიაში არის მღვდელმთავრების ერთი ჯგუფი, რომლებიც იცავს “ნაცმოძრაობის” ინტერესებს და მეორე ჯგუფი, რომლებიც მათგან განსხვავებულ პოზიციაზე დგას. წორედა ამ ორ ჯგუფს შორის მიმდინარეობს დაპირისპირება.
- და თუ ოპოზიციის „შემოგდებული“ თემაა, რა მიზანს ემსახურება?
- ეს არის იმისთვის, რომ საზოგადოების შფოთის, ხელისუფლებაში კი მთავრობისა და პრეზიდენტის დაპირისპირების საგანი გამხდარიყო. ეს ყველაფერი გამოვლინდა პრეზიდენტის გამოსვლით, რომელმაც ხელისუფლება გააკრიტიკა. ამით კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ პრეზიდენტი სხვა ბანაკშია, ხელისუფლება – სხვაში. პრეზიდენტი ოპოზიციონერის ხაზს აგრძელებს, რაც მის ფუნქციაში არ შედის. ის უნდა იყოს არბიტრი და სიტუაციის დამაბალანსებელი.
- გაქვთ თუ არა იმედი, რომ ყველაფერი უახლოეს ხანებში გაირკვევა?
- პროკურატურისა და მთავრობის წარმოადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები მაძლევს იმედს, რომ უახლოეს დღეებში ყველაფერს ფარდა აეხდება და ნამდვილი დამნაშავე გამოჩნება. საზოგადოება დაიღალა უკვე ცალკეული მინისტრების, პარლამენტის წევრების, საეკლესიო წარმომადგნელბისა და ა.შ. გამოსვლებით. მე ვფიქრობ, ამ სიტუაციაში, ხელისუფლებამ და ეკლესიამ ერთობლივად უნდა იმუშაოს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ის, რომ ვიღაც პატრიარქის ტახტისთვის იბრძვის, ცხადია. ამიტომ საჭიროა საეკლესიო კრების მოწვევა, არა მხოლოდ სინოდის, არამედ უფრო გაფართოებული ფორმატით, სადაც ყველაფერი გაირკვევა და საბოლოოდ, საზოგადოებაში არსებული ვნებათაღელვაც ჩაცხრება.
- ამის პარალელურად, ოპოზიცია პროკურორის გადადგომას ითხოვს. როგორ ფიქრობთ, შოთაძის გადადგომა საგამოძიებო პროცესებში რამეს შეცვლის?
- ნებისმიერ ორ-სამ კაციან ჯგუფს შეუძლია თქვას, ჩვენ ვითხოვთ პროკურორის გადადგომასო და საზოგადოების გარკვეული ჯგუფი მას ხელს მოაწერს. მერე ამით რა?! მსგავსი ხელმოწერებით პროკურორს ვერ გადააყენებენ. ასე არცერთ ქვეყანაში არ ხდება. მეორეც, რატომ უნდა გადადგეს პროკურორი? იქ იმდენად რთული სიტუაციაა და ამ სისტემაში იმდენია ჩანერგილი, რომ ყოჩაღ კიდევ მას, რომ ამ პროცესებს მარათვს. მე ვფიქრობ, პირიქით, შოთაძემ გამოძიება კიდევ უფრო უნდა დააჩქაროს, რათა ოპოზიციას ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის საბაბი არ მისცეს.
თქვენ ხედავთ, რომ ოპოზიცია ყველა საშუალებას იყენებს მსგავსი ამბის ასატეხად. ალბათ, ამის მერე მარტში იქნება ახალი ტალღა, შემდეგ მაისში და ყველაფერი ეს იმისთვის არის, რომ ოქტომბერში თვითმმართველობის არჩვნებია.
- ოპოზიციისგან კონკრეტულად რას ელოდებით?
- ახლა ამ გართულებებზე საუბარი არ მინდა, მაგრამ გეტყვით ერთს. სულ მალე 100 დღე უსრულდება მთავრობას და რა გაკეთდა პოლიტიკური, სოციალური, სამართლებრივი, თუ სხვა მიმართულებით, ეს იქნება საინტერესო. კვირიკაშვილის მხრიდან საკადრო ცვლილებები აუცილებლად განსახორციელებელია. ეს არ უნდა მოხდეს მარტო მთავრობის შიგნით, ეს უნდა შეეხოს რეგიონებსაც, გუბერნატორებს, გამგებლებს და იმ სამსახურებს, რომლებმაც თავი მაინცდამაინც ვერ გამოიჩინეს. თუ ეს ასე არ მოხდა, მარტში გარკვეულ სირთულეებს უნდა ველოდოთ. ამიტომ, აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას, გამოიჩინოს სიმკაცრე და სამართლიანობა.
მე გაოგნებული ვარ ზოგიერთი ინფორმაციით, რაც მედიის საშუალებით ვრცელდება, მათ შორის მინისტრების განცხადებებით. მათ სჯობს, თავის საქმეს მოჰკიდონ ხელი და თავი დაანებონ ზღაპრებსა და პოეზიაზე საუბარს. სად აქვთ მინისტრების იმის დრო, რომ მსგავსი განცხადებები აკეთონ და კიდევ უფრო გააღიზიანონ საზოგადოება. საკადრო ცვლილებებია საჭირო და მათ ადგილზე უნდა მოვიდეს ხალხი, რომლებიც იქნებიან პროფესიონალები.
- ხელისუფლებისა და პრეზიდენტის დაპირისპირების კიდევ ერთ თემაზე, მოსმენების კანონზე მინდა გკითხოთ. რამდენად მისაღებია თქვენთვის ეს კანონპროექტი?
- მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით, მე შემიძლია გითხრათ ის, რომ უმრავლეს ქვეყნებში, მათ შორის ევროპაში ეს გასაღები ჩაბარებულია სწორედ სახელისუფლებო ორგანოებს. შესაძლოა, ეს იყოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით, თუმცა დამოუკიდებელი ორგანოსთვის. ჩვენ არ ვართ განვითარებული ქვეყანა, ჩვენ განვითარებადი ქვეყნის სტატუსის მქონენი ვართ და როცა პოლიტიკურად, ეკონომიკურად განვითრებულები ვიქნებით, აი, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ, გასაღების ცალკე ორგანოსთვის ჩაბარებაზე. აბა, ვის უნდა ჰქონდეს, იმ არასამათავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან?! მათ შეუძლიათ საკუთარი აზრი გამოთქვან. თუ პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზეა, მაშინ მე აღარ ვიცი რაზე ვისაუბრო. საქართველოს ამ ეტაპზე ჰყავს არა ხალხის მიერ არჩეული, არამედ ოპოზიციის პრეზიდენტი.
- როგორ ფიქრობთ, მოსმენების კანონპროექტზე ვეტოს კიდევ გამოიყენებს?
- პრეზიდენტი გაიტაცა ვეტომანიამ. ვეტოს გამოყენებით მას საზოგადოებაში რყევის გამოწვევა სურს. ის ვეტოების გამრავლებით ცდილობს პრეზიდნეტის იმიჯის შექმნას. ეს რა მეთოდია, ვერ ვხვდები, მსოფლიოში მსგავსი არაფერი ყოფილა. მან ძალიან კარგად იცის, რომ მაინც დაიძლევა და ეს კანონპროექტი მიიღება ისე, როგორც ამას საქართველოს პარლამენტი გადაწყვეტს. მე ვფიქრობ, ამ სიტუაციაში პარლამენტი უფრო ქმედუნარიანია, ვიდრე პრეზიდენტის კერძო შეხედულება.
„რეზონანსი“, 23 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „ქართველი მეცნიერები ეკლესიასთან კონკორდატის დადებას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ“
ია აბულაშვილი
“მთავარ პროკურორს მკვეთრად რომ ეთქვა – არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მზადდებოდა სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა, ხოლო “ოცნების” პარლამენტარებსა და მინისტრებს სულ არაფერი ეთქვათ, ვითარება სულ სხვა იქნებოდა,” – აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც “რეზონანსი” ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ესაუბრა.
- ექსპერტთა გარკვეული ნაწილი საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკურ ქვეტექსტს ხედავს, თქვენ თუ ეთანხმებით მათ მოსაზრებას?
- პირველივე დღიდანვე მთავარი პროკურორის განცხადებითა და შემდეგ “ოცნების” ზოგიერთი მინისტრის თუ პარლამენტარის განცხადებით გამოვლინდა ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი და პროვინციალიზმი (პროვინციალიზმი ნიშნავს არა “სოფლელს”, არამედ სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტს). მთავარ პროკურორს მკვეთრად რომ ეთქვა, მოპოვებული მტკიცებულებები ავალდებულებს პროკურატურას დააკავოს ეჭვმიტანილი და ბრალი წაუყენეს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მომზადებაში და იქვე, ასევე მტკიცედ ეთქვა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მზადდებოდა სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა, ხოლო “ოცნების” პარლამენტარებს და მინისტრებს სულ არაფერი ეთქვათ ან გაემეორებინათ პროკურორის, აი, ასეთი ადეკვატური და სწორი განცხადება, ვითარება სულ სხვა იქნებოდა.
მთავარი პროკურორის განცხადება კი ყველამ გაიგო ისე, რომ საუბარია ან ძალიან მაღალი სასულიერო პირის, ან თვითონ უწმინდესის სისცოცხლის ხელყოფის მცდელობაზე.
პოლიტიკური კონტექსტი გამოჩნდა მერე, როდესაც საეკლესიო მოღვაწემ, წმინდა სინოდის წევრმა, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ (ის საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” გენერალური დირექტორიც გახლავთ) საჯაროდ სხვადასხვა ტელეგადაცემებში მწვავედ ისაუბრა ეკლესიაში არსებულ კორუფციაზე და შიდა მართვის პრობლემებსა. ასევე, როცა გამოქვეყნდა დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის წერილი, რომელიც მან უწმინდესს მისწერა, სადაც საპატრიარქოს ქონებასა და ფინანასებთან დაკავშირებულ დარღვევებზეა საუბარი. ცხადია, არანიარი მტკიცებულება არ გამაჩნია ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე, მაგრამ 1992 წლიდან, როცა ვმუშაობდი კავსაძის კომიტეტში და როცა ამირჩიეს პარლამენტში, ვიდრე დღემდე, ბევრი ადამიანისგან, კარგად ფლობდა ეკლესიაში არსებულ ვითარებას, მომისმენია ინფორმაცია, რომელიც ზუსტად ემთხვევა მეუფე პეტრეს განცხადებებს.
- სწორედ ამ ამბების შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ საჭიროა გადაიხედოს კონსტიტუციური შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის…
- კონკორდატი ძალაში შევიდა 2002 წელს და ამის გამო ცვლილებები შევიდა კონსტიტუციაში. მაშინ ქართველ მეცნიერთა ჯგუფმა ხმა აღიმაღლეს კონკორდატის წინააღმდეგ, მათი მოსაზრება იყო, რომ საბოლოოდ ეს საზიანო იქნებოდა ეკლესიისთვის, მაგრამ უშედეგოდ, მაშინ პარლამენტში ნამდვილი ისტერია იყო; ჩვენი პარლამენტარები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ “ეკლესიის სიყვარულში”, მხოლოდ ერთმა პარლამენტარმა, მიხეილ ნანეიშვილმა არ მისცა ხმა კონკორდატს და ყველა გააფრთხილა, რომ ეს იყო პრელუდია საქართველოს ეკლესიისთვის საზიანო პროცესებისა. მაშინ ქართველი მეცნიერები ამბობდნენ, რომ თუ ვინმე გულანთებული მორწმუნე ფიქრობს, რომ ეს ეკლესიისა და რწმენისთვის კარგია – ცდება, ვინაიდან შეღავათები, პრივილეგიები ყოველთვის საზიანოა, მათ შორის ეკლესიისთვის. ეკლესია მაშინ არის ძლიერი და ჯანსაღი, როცა რეალურად გამოყოფილია სახელმწიფო სტრუქტურესაგან.
- „რუსათვი-2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რა მოლოდინი გაქვთ?
- აქციით, რომელიც ამ დღეებში გაიმართა „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით, სააკაშვილს, თავის თანამზრახველებთან ერთად, ყურადღების მიპყრობა უნდოდა, რაც შეძლო კიდეც. პირადად ვუყურე “ევრონიუსზე”, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ენაზე გასულ გადაცემებს და მინდა გითხრათ, რომ არ მახსენდება, ბოლო დროს როდის გავიდა ამხელა სიუჟეტი საქართველოზე. რა თქმა უნდა, მიწოდებული იყო, როგორც სიტყვის თავისუფლების დაცვის მასშტაბური აქცია.
მაგრამ, დასავლეთში თავისუფალ მედიად ის მედია მიიჩნევა, რომელიც ხელისუფლებისგან არის თავისუფალი. ყველას ესმის, რომ ტელევიზიას თუ გაზეთს ჰყავს თავისი კონკრეტული პატრონი და, რა თქმა უნდა, მასმედია ყოველთვის მეტ ნაკლებად ტენდენციურია პატრონის ინტერესების შესაბამისად. მაგრამ მთავარი არის, რომ მასმედია ხელისუფლებისგან იყოს დამოუკიდებელი და ამხელს ხელისუფლების ყველა შეცდომას და უნიათობას, მით უფრო დანაშაულს. “რუსთავი 2″ ამას კარგად ახერხებს, რადგან სწორედ ამას ავალებენ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა “გამარჯვებული ხალხის – გამარჯვებული ტელევიზია” ანუ „რუსთავი-2“ ჯერ კიდევ 2004 წელს დაშალა და მოსპო. მაშინ წამყვანმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს ტელეკომპანია. მას შემდეგ „რუსთავი-2“ მიხეილ სააკაშვილის, და მისი სადისტური სისტემის მორჩილი რუპორია, რომელიც არასდროს არაფერს იტყვის სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების დანაშაულზე, რა მასშტაბისა და სისასტიკისაც არ უნდა იყოს ეს დანაშაული, მათ შორის სამშობლოს ღალატზე. სამაგიეროდ ინფორმაცია რომ მოიპოვოს “ქოცების” ხელისუფლების სულ მცირე გადაცდომაზეც კი, ქვეყნის მასშტაბით ატეხს ხმაურს. ცხადია, ასეთ ტელევიზიას ვერც ობიექტურს და ვერც თავისუფალს ვერ უწოდებ, მაგრამ კარგია, რომ ხელისუფლებას ამხელენ.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ განვითარედება მოვლენები „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით, ვფიქრობ, საკონსტიტუციო უმრავლესობით გადიდგულებული ხელისუფლება არ მოერიდება “რუსთავი 2″-ის რეალურ დახურვას და სარედაქციო პოლიტიკის სრულ შეცვლას. მაგრამ დასავლეთის უარყოფითი რეაქცია საკმარისად ძლიერი თუ იქნება, შეიძლება უკან დაიხიონ, როგორც დაიხიეს მაშინ, როდესაც მოსამართლე ურთმელიძის განაჩენის შემდეგ დიდი სკანდალი აგორდა და ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს ყველათფერი ” ოცნებისთვის” არის საზიანო. ამის შემდეგ ყველაფერი შეწყდა დიდი ხნით და მხოლოდ ბოლო დროს განახლდა. მე არ გამოვრიცხავ იმ მოსაზრებასაც, რომ ხელისუფლება ცდილობს სრული კონტროლის აღებას ხელში, სწორედ ამიტომ გადაისროლეს მაღლაფერიძე „ჯიდიეს“-იდან” საზოგადოებრივ მაუწყებელში (რეფორმები რომ იყო საჭირო, ყველას ესმოდა), სწორედ ამიტომ გაერთიანდნენ ტელეკომანიები “მაესტრო”, „ჯიდიესი“ და „იმედი“, იგივეს ემსახურება „რუსთავი-2“-ის პროცესები.
- ისევ ექსპერტებს დავესესხებით, რომლებიც ამბობენ, რომ ორად გაყოფილი “ნაცმოძრაობის” საზრუნავი დღეს მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებაა. თქვენი აზრით, გამარჯვების რა შანსები აქვთ?
- არანაირი. ორად გაყოფილი “ნაციონალები” – დარჩენილებიც და წასულებიც – ორივე სააკაშვილის თანამზრახველები არიან. “ნაციონალებს” გამოყოფილი 59 ადამიანი, პარტიისათვის, რომელიც მოსახლეობის 10%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს, დიდი რაოდენობა არ არის, ამიტომ ბოკერია-უგულავას ფრთა საერთოდ ვერ მიიღებს ხმებს. დიდი ალბათობით იგივე ბედი ელის სააკაშვილის ფრთასაც. რამდენადაც ვიცი, მათი მხარდამჭერების რაოდენობა კლებულობს.
————————
„ახალი თაობა“, 23 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ სერგო რატიანთან: „ირაკლი შოთაძემ პასუხი უნდა აგოს“
„ევროპულმა საქართველომ“ მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მისი ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი `ახალი თაობის~ კითხვებს პასუხობს.
- ბატონო სერგო, რატომ ითხოვთ ირაკლი შოთაძის გადადგომას, რით ასაბუთებთ ყოველივეს?
- სრულიად ცალსახაა, რომ ხელისუფლება უხეშად ჩაერია ეკლესიის საქმეებში და დეზინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას. ასევე ეს იყო პირველი შთაბეჭდილების მოხდენა და გარკვეული მიმართულებით, საზოგადოების აზრის ჩამოყალიბების მცდელობას ჰქონდა ადგილი. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთლიანად მთავრობას, მაგრამ უშუალოდ პროკურორს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან საზოგადოებამ პირადად მისგან გაიგო ეს ყოველივე. სწორედ ამიტომ ვითხოვთ მის გადაყენებას და ვაგროვებთ ამისთვის ხელმოწერებს.
- რამდენად საკმარისი იქნება თქვენი ხელმოწერები?
- ბუნებრივია, ველოდებით, რომ ოპოზიცია შემოგვიერთდება და ჩვენ ასევე მივალთ უმრავლესობის წევრებთანაც.
- უმრავლესობა რომ არ იზიარებს თქვენს მოთხოვნებს? ჩვენ მოვისმინეთ მათი პოზიცია. ისინი აცხადებენ, რომ ოპოზიცია ჩქარობს და სიჩქარისას შეცდომებს უშვებს...
- ამის მიუხედავად, ჩვენ მივალთ უმრავლესობის წევრებთანაც და ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა, რომ ამ ტყუილის ფონზე, ისინი იცავენ საკუთარ ხელისუფლებას და საკუთარ პროკურორს!
- „ნაციონალური მოძრაობა“ თუ უერთდება თქვენს მოთხოვნას?
- ჩვენი ინფორმაციით, ისინი მზად არიან, შემოუერთდნენ ამ მოთხოვნას.
- რატომ თვლით, რომ ამ საქმეში დაინტერესებული პირია პროკურორი და რომ ის უნდა ჩამოსცილდეს ამ საქმესაც და დაკავებულ თანამდებობასაც. რაში გამოიხატა მისი დაინტერესება?
- მეორე დღესვე გაირკვა, რომ მან არასწორი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას! ეს ხომ ერთმნიშვნელოვნად ასეა?! ეს ხომ ძალიან მალე გაირკვა, რომ არც პატრიარქზე იყო საუბარი და არც მაღალი რანგის სასულიერო პირზე! აბსოლუტურად სხვა ბრალდებები წაუყენეს დაკავებულს. ეს არის დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა სახეზეა! მას აშკარად სხვა ინფორმაცია ჰქონდა და საზოგადოებას სრულიად სხვა ინფორმაცია მიაწოდა! ამაზე კი მან პასუხი აუცილებლად უნდა აგოს!
- თუ ეს ასეა, მაშინ რაში დასჭირდა პროკურატურას საზოგადოების შეცდომაში შეყვანა?
- ეს ემსახურება ეკლესიის საქმეებში უხეშ ჩარევას. ეს არის საბჭოთა ტრადიცია და ეს არის თანამედროვე რუსული ტრადიცია, როდესაც ხელისუფლება უხეშად ერევა ეკლესიის საქმეებში და ცდილობს მის დაქვემდებარებას. ეს მეთოდი კი აშკარად ახლოს დგას რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან. როდესაც შენ გინდა აზრის გარკვეული მიმართულებით ჩამოყალიბება, ამის მიღმა ყოველთვის დგას კონკრეტული ინტერესი და დღეს ეს ინტერესი აშკარად იკვეთება! ძალიან ძნელია, გააკეთო კომენტარი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
- საპატრიარქო სრულ ნდობას უცხადებს გამოძიებას. ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში არ მოდის ერთმანეთთან?
- ჩვენ ცალსახად ვნახეთ ტყუილი, საზოგადოებამ ნახა ტყუილი, ეს ყველამ დაინახა და ჩვენ ამაზე მოგვიწევს რეაგირება. ჩვენ ვართ საერო ხელისუფლების ნაწილი, საპარლამენტო ხელისუფლება და ჩვენ ამაზე უნდა მოვახდინოთ მწვავე რეაგირება!
„ახალი თაობა“, 23 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ სევდია უგრეხელიძესთან: „დავით ნარმანია ბიძინა ივანიშვილის დავალებების საუკეთესო შემსრულებელია“
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი სევდია უგრეხელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, თბილისის მერის არჩევნებზე მერობის სახელისუფლო კანდიდატი კვლავ დავით ნარმანია იყოს.
- ქალბატონო სევდია, მას შემდეგ, რაც საკრებულოში მერიის თანამშრომლები არ მივიდნენ, დედაქალაქის მერს იბარებთ, თუ არ მივიდა, საკრებულოში როგორ განვითარდება მოვლენები?
- დავით ნარმანიამ იცის, რომ წელიწადზე ნაკლები დრო არის დარჩენილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და იმპიჩმენტის პროცედურას კანონის შესაბამისად ვერ დავიწყებთ. ეს იცის შესანიშნავად და ამით სარგებლობს. საკრებულოს დეპუტატებს კანონით ამ დროისთვის მხოლოდ მერის დაბარება და მისთვის კითხვების დასმა შეგვიძლია. ის აუცილებლად მობრძანდება, რადგან ეს მისი პირდაპირი ვალდებულებაა.
- რა კითხვები გაქვთ?
- ის შუალედური ანგარიშით უნდა წარდგეს საკრებულოს წინაშე, ეს მისი პირდაპირი ვალდებულებაა, როგორც თბილისის მერის. ჩვენ გვაინტერესებს, ახალი წლის დღეებში სად გააქრო ერთი მილიონი?! რატომ მოხდა იმ ადამიანისთვის ქონების ანაზღაურება, რომელსაც ქონება არ ეკუთვნოდა?! რატომ მოატყუეს ის 21 ადამიანი, საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, რომლებმაც ხმა მისცეს?! ეს საკუთრება აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს. საკრებულოს ოპოზიციურ პარტიებს, ერთობლივად და დამოუკიდებელ დეპუტატებს ეს საქმე პროკურატურაში გვაქვს შეტანილი. თუ თაროზე შემოდებს ეს პროკურატურა მილიონის საქმეს, მაშინ მე ვარწმუნებ დავით ნარმანიას, რომ მოვა სხვა ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს, არა აქვს მნიშვნელობა და ის აუცილებლად გამოიძიებს ამ საქმეს.
- დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ პოლიტიკური შოუს დადგმა არ სურდა...
- დიახ, აცხადებს, რომ პოლიტიკური შოუს დადგმა არ სურს, ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ პოლიტიკური შოუ არ გამოვიდეს, მაგრამ იცოდეს, რომ კითხვებზე პასუხებს მოვთხოვოთ. ჩვენ, კანონის საფუძველზე ვიბარებდით მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს გადაწყვეტილება მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონიანი ქონების გადაცემის შესახებ. ამ თანამდებობის პირებს ვიბარებდით, რადგან კონკრეტული კითხვები გვქონდა მათთან და იქნებ მათაც ჰქონდათ კონკრეტული არგუმენტები?
იქნებ გვარწმუნებდნენ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ როგორც ბატონმა დავით ნარმანიამ ბრძანა თურმე, მას არ გამოუშვია. ეს როგორ შეიძლება?! როგორც ჩანს, ამასობაში წერა-კითხვაც დაავიწყდა, რადგან კანონის მოთხოვნაა, რომ საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულია აღმასრულებელი ხელისუფლება. ეს წერია რეგლამენტში, ეს წერია თვითმმართველობის კოდექსში, ეს წერია თვითმმართველობის ქარტიაში და ეს ამავდროულად არის საერთაშორისო ვალდებულება. თუმცა, დავით ნარმანია აცხადებს, რომ პოლიტიკური შოუს დადგმა არ უნდოდა და ამიტომ არ გამოუშვა თანამშრომლები. მაშინ, როდესაც 13 ოჯახი არის დარჩენილი სტიქიით დაზარალებული და მათ ნამდვილად ეკუთვნით კომპენსაცია, მაგრამ დღემდე არ მიუღიათ. ზოგს სასამართლოში აქვს საქმე მოგებული, ზოგი კი იმ წესში არ იყო შეყვანილი, რომლის მიხედვითაც მოხდა დაზარალებულთა დაკმაყოფილება. გაოცებული ვართ, თუ როგორ მოატყუეს საკრებულოს უმრავლესობა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მილიონიანი ქონების გადაცემაში, მაშინ როდესაც, საქართველოს ბანკს ეკუთვნოდა ის მიწა.
- რას ითხოვთ?
- იმ ადამიანების დაკმაყოფილებას, რომელთაც საქმე პროკურატურაში აქვთ შეტანილი, ზოგს სასამართლოში. ეტაპობრივად უნდა შესულიყო სტიქიით დაზარალებულთა დაკმაყოფილების წესში ცვლილებები, მაგრამ არ შეიტანეს დღემდე. ქირით ჰყავთ ეს ადამიანები, ჰაერში ფლანგავენ ფულს, რადგან არ უნდათ აღიარონ დაზარალებულებად. რისთვის არსებობს მერიის სარეზერვო ფონდი, ამ ფონდიდან მოხდეს ამ ადამიანებისთვის დახმარება, `ბავშვთა სამყაროს~ დაზარალებულების დახმარება, რომლებიც შიმშილობენ.
- საუბრები არის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მერობის კანდიდატი შეიძლება კვლავ დავით ნარმანია იყოს.
- ნამდვილად არ გამიკვირდება.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ის არის იშვიათი შემსრულებელი ივანიშვილის ნების.
- გამოდის, არ გამორიცხავთ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნარმანია იყოს?
- არ გამოვრიცხავ. მეტიც, საერთოდ არ გამიკვირდება, რომ ხელისუფლებამ, ივანიშვილმა თავად წარადგინოს დავით ნარმანია თბილისის მერის არჩევნების კანდიდატად. მეეჭვება, რომ, მაგალითად, კახა კალაძე დააწინაურონ და პრემიერი ან თუნდაც თბილისის მერი გახდეს.
- როგორც ამბობენ, კახა კალაძესაც სურს მერობა. გამორიცხავთ, რომ ის იყოს მერობის კანდიდატი?
- მეეჭვება, რომ კახა კალაძე დააწინაურონ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ კახა კალაძე ბევრად უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება თუნდაც ივანიშვილის თვალში. გარკვეული ბეგრაუნდი აქვს, საკუთარი თანხები აქვს, რომელიც მისი შრომით აქვს მოპოვებული. მას აქვს პრინციპები, ასევე კახა კალაძემ გამოიჩინა გარკვეული პრინციპულობა, რომელიც ბევრს არ მოეწონა ხელისუფლების შიგნით, გუნდში.
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ ყოფილი ნაციონალების პორტირებას შეუშალა ხელი „ქართულ ოცნებაში“. მაშინ კახა კალაძე აშკარა წინააღმდეგი წავიდა უპრინციპო ადამიანების ხელისუფლებაში გადაბარგების. ამის კარგი მაგალითი იყო თუნდაც შიხიაშვილი. მოღალატე წვრილფეხობა რომ არ გაიკარა არც საპარლამენტო სიებში, არც არსად თანამდებობებზე, ეს იყო მისი გარკვეული პრინციპი, რითაც ნამდვილად იყო ბევრი ადამიანი კმაყოფილი, ცხადია, ვგულისხმობ ამომრჩეველს. კალაძე ასევე თანმიმდევრულია თავის დაპირისპირებაში ოპოზიციის მიმართ, ნაციონალური მოძრაობის მიმართ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ნაციონალების გაყოფის შემდეგ, რომელიმე ფრთას დაუჭიროს მხარი. კალაძე უფრო შთამბეჭდავი ფიგურაა და ასეთი ფიგურის დაწინაურებას არ მოინდომებს.
„ახალი თაობა“, 23 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ ნანა დევდარიანთან: „აფხაზეთიდან რუსების გაყვანა შესაძლებელია“
„ახალი თაობა“ ნანა დევდარიანს ესაუბრება:
- ქალბატონო ნანა, მიუნხენში ჩატარებულმა კონფერენციამ უსაფრთხოების მხრივ რა შეიძლება მისცეს საქართველოს?
- მიუნხენის კონფერენცია არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ადგილი, მაგრამ ის მოედანია, სადაც წამყვანი ქვეყნები თავის პოზიციას აფიქსირებენ.
- პოლიტიკურ საკითხებზე ჟენევის ფორმატში მსჯელობენ. ჟენევის მოლაპარაკების მონაწილე ქართველი პოლიტიკოსები მეუბნებიან, რომ დაიწყება თუ არა საუბარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, რუსები წყვეტენ საუბარს და წყდება მოლაპარაკებები, ანუ რუსეთი დეოკუპაციის საკითხზე საქართველოს არ ესაუბრება. ეს ბარიერი როგორ შეიძლება გადაილახოს?
- ჯერ ერთი, ეს ასე არ ხდება, როგორც ამბობენ ხოლმე წინა ხელისუფლების მხარდამჭერი ექსპერტები – ჯერ რუსეთმა გაიყვანოს ჯარი, დაგვიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და მერე ვილაპარაკოთო. მერე რა უნდა ილაპარაკო, ხომ ვერ მეტყვი? რუსები, რა, სულელები არიან? ყველაფერი თუ შეგისრულეს, მერე რაღაზე უნდა დაელაპარაკო? ამიტომ როცა შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი და სხვა წამყვანი ქვეყნები ხვდებიან, რომ რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლობა ყველაფერს ართულებს, შენც უნდა მიხვდე, რომ რაღაც ისეთი შესთავაზო, რაც ზის მის ინტერესებში. ასეთი შეთავაზება ქართული მხრიდან არ არის.
- რა შეიძლება შესთავაზოს ქართულმა მხარემ რუსეთს?
- მაგალითად, უბლოკო სტატუსი. მაშინ შეიძლება ამ მკვდარი წერტილიდან დაიძრა. უბლოკო სტატუსის პირობებში საქართველოს გაერთიანდება, ეს რუსეთის ინტერესში უნდა იყოს.
- უბლოკო სტატუსის განხორციელება რეალურია?
- ყველაფერი რეალურია, თუ პოლიტიკური ნება და გადაწყვეტილებები მიიღება. უბლოკო სტატუსი მოლაპარაკების საგანია. თუ არ გამოვა, ე.ი. არ გამოვა, მაგრამ საერთოდ რომ არაფერი სცადო, არ არის ლოგიკური მიდგომა. რუსეთს ეუბნებიან, ჯერ ჯარი გაიყვანე, ტერიტორიები დაგვიბრუნე და მერე დაგელაპარაკებითო. მერე რა უნდა ელაპარაკო?
- უბლოკო სტატუსი ჩვენთვის მომგებიანია?
- ნეიტრალიტეტზე უკეთესი ფორმულაა. ნეიტრალიტეტისაგან განსხვავებით, უბლოკო სტატუსი ხელს არ გიშლის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაში – ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები რომ არიან ავღანეთსა და სხვა ადგილებში. შეიარაღების და სხვა ამგვარ პროგრამებში მონაწილეობის პრობლემას უბლოკო სტატუსი არ ქმნის. უბრალოდ, საქართველო აცხადებს, რომ არ ვიქნებით არც ერთი სამხედრო ბლოკის წევრი, არც – ნატოს, არც – „ოდკბ“-ს და არც რომელიმე სხვისი.
- უსაფრთხოების გარანტია რა იქნება?
- უსაფრთხოების გარანტია არის რუსეთის ინტერესი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ იყოს ნატოს ბაზები. ეს არის უპირველესი გარანტია. თუმცა, ეს წინადადეება თუ არ წავიდა ქართული მხარისაგან, რუსები ნამდვილად არ დაიწყებენ ამაზე ლაპარაკს. მათ თავიანთი მისია საქართველოში შეასრულეს, 2008 წელს აღიარეს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რომლებიც 1990-იანი წლების შემდეგ არ უღიარებიათ. ამ სტატუს ქვოს შენარჩუნება აწყობს მხოლოდ რუსეთს.
- ამ აღიარების შემდეგ, როდესაც რუსეთი ამ ტერიტორიებს აღარ განიხილავს ჩვენი ქვეყნის ნაწილად, საქართველოს უბლოკო სტატუსს, რა თქმა უნდა, დათანხმდება. რუსეთი იტყვის, რომ საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ, ფეხს არ შევდგამთო...
- არა, ეს ასე არ ხდება. ინიციატივაში, რომელიც ბურჯანაძემ პარლამენტში დაარეგისტრირა, გარკვევით წერია, რომ უბლოკო სტატუსი ამოქმედდება 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც ჩვენთვის ძალიან საყურადღებო მომენტია. შეუძლებელია დანარჩენ საქართველოში გამოაცხადო უბლოკო სტატუსი. ლაპარაკია იმაზე, რომ მთლიანი საქართველოს – 1991 წელს აღიარებულ საზღვრებში იქნება უბლოკო სტატუსი. უამისოდ არ იქნება.
- თქვენ გგონიათ და გაანალიზებული გაქვთ, რომ რუსეთი დათანხმდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოსთვის დაბრუნებას უბლოკო სტატუსის პირობებში?
- ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ გვგონია, რუსეთი დაგვიბრუნებს ტერიტორიებს და ის იქნება ჩვენი. ტერიტორიების დაბრუნება შეუძლებელია აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკების გარეშე. როცა ჩვენ ვაცხადებთ, რომ ყველა შემთხვევაში ნატოს წევრები გავხდებით და არაფერს ვეკითხებით აფხაზებსა და ოსებს, ეს მათთვის სიგნალია. მათ ნატოში ყოფნა არ უნდათ. მით უმეტეს, ნატოში არც გვიღებენ და არც მიგვიღებენ. უბლოკო სტატუსი კი აფხაზებისა და ოსებისთვის მისაღები იქნება.
- უბლოკო სტატუსის შემთხვევაში თვითონ რუსეთი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარს გაიყვანს? თუ რუსეთი ჯარს გაიყვანს, ჩვენ შეგვიძლია შემდეგ მოლაპარაკების გზით აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობები მოვაგვაროთ. იქ ჯარი რომ დგას, ყველაფერს ართულებს...
- 1999 წელს არავის ეგონა, რომ რუსეთის ბაზები საქართველოდან გავიდოდა, როცა სტამბოლის სამიტზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მაგრამ გავიდნენ. სააკაშვილმა კი თავისი უგნური მოქმედებით გაყვანილი ბაზები რუსეთს უკან შემოაყვანინა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
- აფხაზეთიდან რუსული სამხედრო ბაზა არ გასულა...
- მაშინ რა იყო და ახლა რამხელა რუსული სამხედრო ბაზაა აფხაზეთში, შედარება არ შეიძლება. ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდებოდა, მაგრამ ფაქტობრივად, საქართველოს მთელი ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზები გაყვანილ იქნა. საკუთარ ტერიტორიას რომ ვერ აკონტროლებ, ერთი პრობლემაა, მეორეა – ამგვარი გადაწყვეტილების განხორციელება შესაძლებელი ყოფილა. თუმცა, ეს შეიძლება მხოლოდ მოლაპარაკებითა და შეთანხმებით.
„ახალი თაობა“, 23 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ კახა კუკავასთან: „მთავრობამ 50.000 ადამიანი დაზღვევის გარეშე დატოვა“ // „დავით სერგეენკომ ტყუილი თქვა“
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას ინფორმაციით, მთავრობამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან 50 ათასი ბენეფიციარი ამოიღო და ისინი დაზღვევის გარეშე დატოვა. ამ თემაზე ის „ახალ თაობას“ ესაუბრება.
- ბატონო კახა, რა ხდება ჯანდაცვის სამინისტროში და რატომ ტოვებენ ამდენ ადამიანს დაზღვევის გარეშე?
- ჯანდაცვის სამინისტროს და ზოგადად მთავრობას აქვს სერიოზული ფინანსური პრობლემები. დეფიციტია ბიუჯეტში და ამის გამო ცდილობენ ხარჯების შემცირებას. უბრალოდ, ძალიან უცნაურია ერთი რამ, რომ ხარჯების შემცირება ხდება ჯანდაცვის ხარჯზე! მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, როდესაც არის ბიუჯეტში კრიზისი, მცირდება ბიუროკრატიული ხარჯები, მცირდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ხარჯები, მცირდება გართობაზე გამოყოფილი ხარჯები, მაგრამ ძალიან იშვიათად მსმენია, რომ მცირდებოდეს სოციალური ხარჯები.
- ჩვენთან პირიქით მოხდა?
- რა თქმა უნდა! მთავრობას არ ჩაუთვლია საჭიროდ, რომ აეროსმიტის კონცერტი გაეუქმებინა და 50 ათას ადამიანს უუქმებენ საყოველთაო დაზღვევას!
- ჯანდაცვის სამინისტროს არგუმენტი ასეთია, რომ ისინი კერძო დაზღვევის მქონე პირებს იღებენ საყოველთაო დაზღვევიდან. ასე არ არის?
- რაც შეეხება არგუმენტს, რომელსაც ფორმალურად ისინი ამბობენ, რომ კერძო დაზღვეულებს და მილიონერებს რაში სჭირდებათ საყოველთაო დაზღვევა, ეს არის აბსურდი! ამ დაზღვევით არ სარგებლობენ ის ადამიანები, რომლებსაც ეს ე.წ 5 ვარსკვლავიანი სადაზღვევო პაკეტები აქვთ. მთავრობას შეუძლია თქვას, რომ ვისაც კერძო დაზღვევა აქვს, იმას საყოველთაო დაზღვევა არ შეეხება, მაგრამ მთელს მსოფლიოში, ცივილიზებულ ქვეყნებში, აპრობირებულია ერთი პრინციპი, რომ კანონს არ აქვს უკუქმედებითი ძალა. ნებისმიერი ქვეყნის კანონი უნდა იყოს პროგნოზირებდი, იმისთვის, რომ ენდობოდეს მას ადამიანი.
- ჩვენთან პირიქით არის თუ რისი თქმა გინდათ?
- დაზღვევის პრინციპი ასეთია, რომ ადამიანები ეზღვევიან ყოველი წლის განმავლობაში ერთი წლის მანძილზე და ასე გრძელდება ყოველწლიურად. ადამიანებმა ნოემბერ-დეკემბერში იყიდეს სადაზღვევო პაკეტები, დაეზღვივნენ სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიებში იმ პირობით, რომ საყოველთაო დაზღვევა ხომ აზღვევს დაახლოებით 70%-ს, დანარჩენი 30% იყიდეს კერძო დაზღვევიდან და შუა წელს, როდესაც მათ ეს პაკეტები უკვე აქვთ, გამოდის ჯანდაცვის მინისტრი და ეუბნება, რომ არა, საყოველთაო დაზღვევა თქვენ არ შეგეხებათ.
- ეს მიდგომა არასწორია?
- დავუშვათ, შინაარსობრივად დასაშვებია ასეთი მიდგომა, ასეც რომ იყოს, ეს უნდა ამოქმედებულიყო 2018 წლის პირველი იანვრიდან! სად გაგონილა ასეთი კრეტინიზმი?! შუა წლიდან ვინ ცვლის ხელშეკრულებებს?! ადამიანებზე საერთოდ არ ზრუნავენ. ხალხი არავის აინტერესებს. ადგნენ და 50 ათასი ადამიანი დატოვეს დაზღვევის გარეშე! პირად მაგალითზე გეტყვით, სამი შვილი მყავს და დამყავს ეს ბავშვები ერთი კლინიკიდან მეორეში და მესამეში…
- საყოველთაო დაზღვევით სარგებლობთ?
- მე არ ვსარგებლობ საყოველთაო დაზღვევით, მაგრამ შუა წელს რომ მითხრას ჩემმა სადაზღვევო კომპანიამ, თქვენი დაზღვევა გაუქმებულიაო, წარმომიდგენია, რამდენი პრობლემის წინაშე დავდგები. ძალიან სამწუხაროა, ჩვენს მთავრობას არ ანაღვლებს, რომ 50 ათასი დედა და მათი 100 ათასი შვილი ამხელა პრობლემის წინაშე რომ დააყენა! თუ სხვა გზა არ იყო, ეს ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო 2018 წლის დასაწყისიდან.
- ჯანდაცვის პროგრამის სიკეთეებზე ხელისუფლების ოპონენტებიც კი დადებით კონტექსტში საუბრობდნენ. ანუ აქაც არ არის რიგზე ყველაფერი?
- ყველა ამას ამბობდა, რომ ერთი, რაც გააკეთეს კარგი, ეს იყო საყოველთაო დაზღვევა, თუმცა ეს ერთიც თავიდანვე ხარვეზიანი იყო.
- რატომ იყო ხარვეზიანი?
- ბიძინა ივანიშვილი ამ თემაზე მიტინგებს გვიმართავდა და 100%-იან უფასო დაზღვევაზე გველაპარაკებოდა, თუმცა 100%-იანი არ განხორციელებულა, განხორციელდა 70%-იანი დაზღვევა, მაგრამ არასდროს ამის გამო არ გაგვიკრიტიკებია მთავრობა, იმიტომ, რომ სხვა დაპირებები საერთოდ არ შეასრულა და ეს დაპირება 70%-ით მაინც შეასრულა. ამისთვის სულ მადლობას ვუხდიდით, თუმცა ახლა ეს 70%, რეალურად ჩამოიყვანეს 40-45%-ზე! ეს სამართლებრივადაც არასწორია. ჯანდაცვის მინისტრმა დაარღვია კონსტიტუციის ძირითადი პრინციპი – კანონს არ აქვს უკუქმედებითი ძალა, ამიტომ მთავრობამ დეკემბერში თუ უთხრა ხალხს, რომ მე თქვენთვის ვყიდულობ საყოველთაო დაზღვევას ერთი წლით, არ შეიძლება, რომ თებერვალში უთხრას, არა, აღარ ვყიდულობ.
- რა შეიცვალა დეკემბრის შემდეგ, მიხვდნენ, რომ ამდენზე ბიუჯეტი ვერ გაწვდება?
- ბიუჯეტი ნამდვილად არ ჰყოფნით, ძალიან ბევრ მუხლში არის გარღვევა. იგივე ჯანდაცვის სამინისტროს კუთხით. დაბრუნდა შევარდნაძის დრო ჯანდაცვის სისტემაში!
- რას გულისხმობთ?
- შეგიძლიათ ნებისმიერ კლინიკაში გადაამოწმოთ, ან ნაცნობი გეყოლებათ და ჰკითხეთ – ექიმები ახლა იღებენ აგვისტოს და სექტემბრის ხელფასებს. იმიტომ, რომ ეს კლინიკები დამოკიდებულები არიან ჯანდაცვის სამინისტროდან ჩარიცხვებზე და ეს ჩარიცხვები ხორციელდება თვეობით.
- ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკებს დასდო ბრალი თანხების არამიზნობრივად განკარგვაში. ამაზე რას იტყვით?
- გადავამოწმე მე ეს ინფორმაცია და მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მიმართ არ მაქვს ანტიპათია, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ და ამას დავადასტურებ დოკუმენტებით ნებისმიერ დროს, თუკი ჯანდაცვის მინისტრი ამას გააპროტესტებს, ჯანდაცვის მინისტრმა იმ დღეს მოიტყუა! ის, რაც თქვა სერგეენკომ იმ დღეს, რომ ეს არის კლინიკების ბრალი, ეს იყო წმინდა წყლის ტყუილი.
———————
„რეზონანსი“, 23 თებერვალი, 2017 წელი
საპენსიო რეფორმა 2019 წლამდე ვერ დაიწყება
„არ მჯერა, რომ რეფორმის განხორციელების პროცესში რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ“
მარი ჩიტაია
საპენსიო რეფორმა უკვე მერამდენედ გადავადდა. დიდია ალბათობით იგი 2019 წლამდე ვერც განხორციელდება. თავდაპირველად ითქვა, რომ რეფორმაზე მუშაობას 2017 წლის იანვარ-თებერვალში დაიწყებდნენ. დათქმული ვადა არც ამოწურულა, რომ სხვა თარიღი დასახელდა და პროცესის დაწყება წლის ბოლომდე გადადეს. ამასობაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ 2018 წლამდე არაფერი იგეგმება. ფაქტია, რომ მთავრობა გრაფიკში ვერდავერ ეტევა.
მასშტაბური საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო ეკონომიკის მინისტრისა და ბიზნესმენების გუშინდელ შეხვედრაზეც. გიორგი გახარიას ინფორმაციით, რეფორმის საბოლოო ჩარჩო მარტში იქნება ცნობილი.
“ვაპირებთ, რომ უახლოეს პერიოდში დასრულდეს კანონის “დრაფტინგი”, რომელშიც ჩართულია მსოფლიო ბანკი, ფვი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. მარტიდან ჩვენს ვიწყებთ ღია განხილვებს, პირველ რიგში, ბიზნესწრეება და ასოციაციებთან, შემოდგომაზე კი კანონს შევიტანთ პარლამენტში. მისი აღსრულების პერიოდზე მსჯელობა მიმდინარეობს როგორც მთავრობაში, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საპენსიო რეფორმის სამუშაო პროცესში ბიზნესიც აქტიურად ჩაერთვება. როგორც “საქართველოს ბიზნესასოციაციის” საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ და “თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა, მარტიდან დაიწყებენ მუშაობას, რისი დაპირებაც მინისტრისგან მიიღეს.
“მსოფლიო ბანკი და რამდენიმე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ჩართულია ამ პაკეტის მომზადებაში. მინისტრმა თქვა, რომ 2018 წლის მეორე ნახევარში ამ 2018 წლის ბოლოს მოხდება არ რეფორმის იმპლემენტაცია და გატარება. ძირითადად ეს არის ის, რაზეც ადრე იყო საუბარი. მინისტრი დაგვპირდა, რომ გახსნილად მარტიდან დაიწყებენ მუშაობას”, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფიქრობს, რომ საპენსიო რეფორმა დათქმულ ვადაში დაიწყება და ეს ვადა 2017 წლის შემოდგომაა.
“შარშან დასრულდა ძირითადი მონახაზი საპენსიო რეფორმისა და განისაზღვრა პირველი ეტაპის დაწყების ვადა – 2017 წლის სექტემბერი. რამდენადაც საქმის კურსში ვარ, ეს თარიღი ძალაშია. რა თქმა უნდა, საჭირო იქნება კანონში ცვლილება და ვფიქრობ, რომ სექტემბრამდე საკმარისი დრო იქნება, რომ ყველა დეტალი განვიხილოთ და რეფორმა დათქმულ ვადაში დაიწყოს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
სპეციალისტების შეფასებით, რეფორმას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდებს და შესაძლოა, ეს კონსტიტუციასაც შეეხოს, რათა საპენსიო შენატანები არ ჩაითვალოს ახალ გადასახადად.
სპეციალისტების ნაწილი ვადასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სარწმუნოდ არ მიიჩნევს. საპენსიო რეფორმაზე დამოუკიდებლად მომუშავე ჯგუფი ფიქრობს, რომ პროცესის დაწყება გაცილებით მეტად გადავადდება, ვიდრე მთავრობის წარმომადგენლები ვარაუდობენ.
გაერთიანებული პროფკავშირების ანალიტიკური სამსახურის უფროსი გიორგი ჭანტურიძე “რეზონანსთან” საუბრისას განმარტავს, რომ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მთავრობას განსხვავებული მიდგომას სთავაზობენ, რაც მოსახლეობისთვის საპენსიო ფონდში მონაწილეობას ბევრად საინტერესოს გახდის.
“2017 წლის იანვარ-თებერვალში უნდა მომხდარიყო კანონის დამტკიცება და ასევე საპენსიო ფონდის შექმნა. მანამდე უნდა შეემუშავებინათ კერძო დაზღვევების საპენიო სისტემის შესახებ კანონი, მაგრამ ბოლომდე ვერც ეს მიიყვანეს. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი პროექტი პარლამენტისთვის განსახილველად არავის შეუთავაზებია. საპენსიო რეფორმაზე მუშაობის დაწყება იმდენჯერ გადავადდა, რომ ვეჭვობ, 2018 წელსაც დაიწყონ. ამასთან, მთავრობის გეგმა არ არის იმდენად სრულყოფილი, რომ საზოგადოებისთვის წარსადგენად იყოს მზად. იმ სახით, რომელსაც დღეს ეკონომიკის სამინისტრო საზოგადოებას სტავაზობს, ძალიან მცირე იქნება ინტერესი საზოგადოების მხრიდან. ჩვენ გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა, მაგრამ ეს იყო საინფორმაციო კუთხით. დისკუსიებში მონაწილეობა არ მიგვიღია, არადა განსხვავებულ მიდგომას ვთავაზობთ”, – აცხადებს გიორგი ჭანტურიძე და იქვე დასძენს იმ მექანიზმზე, რომლის გამოყენებაც, მისი აზრით, საპენსიო რეფორმას უფრო ეფექტურს გახდის.
“ჩვენი გეგმა სამი სვეტისგან შედგება. პირველია ბაზისური პენსია, რომელიც დღესაც მოქმედებს, მეორეა სავალდებულო სქემა და მესამე – ნებაყოფლობითი კერძო სქემა, დაახლოებით ისეთი, რომელსაც დღეს სახელმწფო სთავაზობს საზოგადოებას. მეორე სვეტი ჩვენ და სახელმწიფოს ხედვას ერთმანეთისგან აბსოლუტურად განასხვავებს. ჩანაცვლების განაკვეთი იქნება დაახლოებით 50%, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი პენსიაზე გასვლის შემდეგ მიიღებს დაახლოებით 50% იქიდან, რაც ჰქონდა ხელფასი.
მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გაიცეს პენსია სიცოცხლის ბოლომდე და არ შეჩერდეს ეს პროცესი საპენსიო ფონდის ამოწურვის გამო. მთავრობის გეგმა ამაზეა დამყარებული, რომ სანამ ამოიწურება, დაგროვილი თანხა მანამდე გასცეს. ვადაზე პენსიაზე გასვლის უფლება უნდა მიეცეთ იმ პირებს, რომელთა საქმიანობა სიცოცხლისთვის საშიშია.
გარდა ამისა, უნდა შეიქმნას სოლიდარობის ფონდი, რომელიც დააფინანსებს ისეთ შემთხვევებს, როგორიცაა დროებითი უმუშევრობა, დროებითი შრომისუუნარობა და დეკრეტული შვებულებები, დაახლოებით, 6 თვის ვადით. რა თქმა უნდა, ამ კატეგორიის ადამიანებს არ უნდა შეუწყდეთ საპენსიო თანხის დაგროვება. არის რამდენიმე დეტალი, რომელიც შეიძლება გაითვალისწინებენ, თუმცა ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება გვაქვს და ნაკლებად მჯერა, რომ საპენსიო რეფორმის განხორციელების პროცესში რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ”, – აცხადებს გიორგი ჭანტურიძე.
საპენსიო რეფორმის კონცეფციის თანახმად, საპენსიო ფონდში დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო 2-2%-იან შენატანებს გააკეთებენ. ეს ნიშნავს, რომ მისი ყოველთვიური გადარიცხული თანხა საპენსიო ფონდში 6%-მდე გაიზრდება. შემდეგ მოხდება ამ თანხის ინვესტირება სხვადასხვა აქტივებში და მოგების სახით დაემატება პენსიონერს. კონცეფცია ნებაყოფლობით პრინციპზეა აგებული – სისტემაში მხოლოდ მსურველები გაწევრიანდებიან და საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ დამატებით ფინანსურ შემოსავალს მიიღებენ. არ გაუქმდება და ისევ იარსებებს დღეს არსებული სოციალური პენსიის მოდელი, რომელიც ყველა პენსიონერზე გავრცელდება.
„რეზონანსი“, 23 თებერვალი, 2017 წელი
ლარის გამყარების ტემპი მოსალოდნელზე მაღალია
ირაკლი ბერძენაძე: „კურსი კიდევ გამყარდება და 2.30-ის ნიშნულს მოძებნის უახლოეს თვე ნახევარში“
ნათია ლომიძე
საქართველოს ეკონომიკური გუნდი ლარის კურსის ოპტიმალურ ნიშნულს ეძებს. ეკონომიკის სფეროს სპეციალისტებს კი მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე სასურველია, ეროვნული ვალუტა 2.30-2.40-ის ფარგლებში მერყეობდეს. ისინი გამოსავალს ეძებენ იმისათვის, რომ კურსის მაღალმა ნიშნულმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ არ დაამძიმოს, ხოლო უმოკლეს დროში გამყარებულმა ვალუტამ კი ბაზარზე ფულის დეფიციტი არ გამოიწვიოს. სპეციალისტთა ნაწილი ამბობს, რომ ლარი ერთ თვეში კიდევ უფრო გამყარდება და შეიძლება, 2.30-მდეც ჩამოვიდეს, თუმცა შემდეგ კურსი ისევ მაღლა წავა.
ამ ეტაპზე საჭიროა, მთავრობამ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობას შეუმსუბუქებს სოციალურ მდგომარეობას. ექსპერტები სავალუტო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებსა და მოსალოდნელ შედეგებზე საურობენ. მათი ვარაუდით, გაზაფხულზე კურსი შესმჩნევად დასტაბილურდება, ხოლო ზაფხულში კვლავ გაუფასურების რისკის წინაშე აღმოვჩნდებით.
“რეზონანსთან” საუბრისას “პირადი ბანკირი” ირაკლი ბერძენაძე ამბობს, რომ ლარის კურსის ოპტიმალურ ნიშნულზე საუბრისათვის საჭიროა ჯერ მთავრობამ მიიღოს გადაწვეტილება. მისი აზრით, ეროვნული ვალუტის დასტაბილურება 2.30-2.40-ს შორის მისაღები იქნება, როგორც მოსხლეობისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ლარი მყარდება ეს დადებითად არ ასახულა სამომხმარებლო კალათაზე და ფასები ჯერჯერობით ისევ უცვლელი რჩება.
“ეკონომიკური გუნდის მხრიდან კურსის ოპტიმალური ნიშნულის შერჩევა ასე ზედაპირულად არ ხდება და ამაზე ვერ ვისაუბრებთ კონკრეტული მაგალითების გარეშე. საჭიროა, ჯერ მთავრობა ჩამოყალიბდეს, რას ეძახის ოპტიმალურ ნიშნულს. ამის შემდეგ კი მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზარალებს, პირველ რიგში, მოსახლეობას.
ლარის გაუფასურებაც და სწრაფი გამყარებაც, ორივე პრობლემაა. ამ ეტაპზე სავალუტო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს დიდი გავლენა არ აქვს სამომხმარებლო ფასებზე. სამაგიეროდ, კურსის გამყარება დადებითად აისახება იმ ადამიანებზე, ვისაც სესხი აქვს უცხროურ ვალუტაში, ლარში კი, შემოსავალი. დღევანდელი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში იგი გადაიხდის რამდენიმე ათეული ლარით ნაკლებს კრედიტის მომსახურებისას, ვიდრე ადრე იხდიდა. ვფიქრობ, რომ ლარის კურსის ყველაზე გონივრული ნიშნული არის 2.30-სა და 2.40-ს შორის. დღეს კურსის სტაბილიზაცია აშკარაა. დოლარმა დაიწყო ქვეყანაში შემოსვლა. ახლა იწყება ახალი ეტაპი. გაიზრდება როგორც ფულადი გადმორიცხვები, ასევე ინვესტიციების მოცულობა.
გაზაფხული ის დროა, როცა კაპიტალდაბანდებები მატულობს. შესაბამისად, ესეც თავისებურ ასახვას ჰპოვებს ეროვნულ ვალუტაზე. კურსი კიდევ გამყარდება და 2.30-ის ნიშნულს მოძებნის უახლოეს თვე ნახევარში, აპრილის 20 რიცხვამდე”, – აღნიშნა ირაკლი ბერძენაძემ.
„გრინ კაპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორი გივი კორინთელი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ოპტიმალური კურსის მიღებისათვის, საჭიროა შესაბამისი ფუნდამენტური ბაზა, რომელიც ოქროს ან საკმარისი სავალუტო რეზერვის სახით ექნება ქვეყანას.
„კურსის ოპტიმალური ნიშნული არის ის, რასაც ეკონომიკა პასუხობს მიმდინარე მომენტში. ეროვნულ ვალუტაში აისახება ეკონომიკური პროცესები, სავაჭრო სფეროს პოზიტიური ან ნეგატიური მოვლენები და ა.შ. შესაბამისად, ნებისმიერ საკითხში ჩარევა და რაიმე ციფრის დასახელება, რომ იმ ნიშნულზე უნდა იყოს კურსი, ყოველთვის სახიფათოა. ამას სჭირდება შესაბამისი ფუნდამენტური ბაზა ოქროს მარაგი ან საკმარისი სავალუტო რეზერვი. ზუსტად უნდა ვიცოდეთ ქვეყანაში სამომავლოდ განსახორციელებელი ინვესტიციები და ფულადი ნაკალი მოგვცემს თუ არა საშუალებას, რომ ვისაუბროთ ოპტიმალურ გამოსავალზე. თუ ასეთი ატრიბუტები არ არსებობს, ყოველთვის რთულია კურსის სასურველი ნიშნულის არჩევა ან დერეფნის გაკეთება”, – განუცხადა “რეზონანსს” გივი კორინთელმა.
„რეზონანსი“, 23 თებერვალი, 2017 წელი
უცხოელებზე მიწის მიყიდვა-არმიყიდვის საკითხი კვლავ გადაუწყვეტელია
გვანცა ღვედაშვილი
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე მიყიდვის საკითხი კვლავ აქტუალურ და ჯერჯერობით გადაუწყვეტელ საკითხად რჩება, რომელზეც საზოგადოების აზრი ორ ნაწილად იყოფა.
პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ერთი ნაწილი ქართული მიწების უცხელებზე გასხვისებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და დიდ საფრთხეებს ხედავს. თუმცა, მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი საფრთხის შემცველი არ არის და აცხადებენ, რომ ეს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა.
მიწის უცხელებზე გასხვისების საკითხი ერთხელ უკვე განიხილა საკონსტიტუციო კომისიამ, თუმცა წევრთა განსხვავებული პოზიციების გამო კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე საქმე ვერ მივიდა. აქვე აღსანიშნავია, რომ საკითხზე რამდენიმე ინიციატივა არსებობს, მათ შორის “დემოკრატიული მოძრაობისა” და “პატრიოტთა ალიანსის” წინადადებები, რომელთა კანონპროექტების მიხედვით, უცხოეთის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემა უნდა აიკრძალოს.
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე აიკრძალოს მიწის გასხვისება უცხოელებზე:
„დემოკრატიული მოძრაობა“ გამოდის უმნიშვნელოვანესი ინიციატივით, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის მომავალთან. ეს ეხება საქართველოში მიწის გაყიდვის აკრძალვას! მიწა გახლავთ ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი და უმთავრესი სიმდიდრე. ეს არის სიმდიდრე, რომელიც არის მილევადი და რომელიც ადვილად არ ახლდება, ეს არის სიმდიდრე, რომელიც აშკარად საქართველოს მოსახლეობას და მოქალაქეებსაც კი არ ჰყოფნით, ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: “მიწა, როგორც სასიცოცხლოდ და სტრატეგიულად აუცილებელი, შეუცვლელი, გაუმრავლებელი და მილევადი რესურსი, საკუთარი შთამომავლობის გარანტირებული საკვები ბაზა, საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს!
ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ საქართველოში კატეგორიულად, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, აიკრძალოს მიწის უცხოელებზე გასხვისება. საქართველოში მიწა მხოლოდ მოქალაქეებს უნდა ეკუთვნოდეთ,” – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვას ითხოვს “პატრიოტთა ალიანსიც”, თუმცა კომპრომისულ ვარიანტად დასაშვებად მიიჩნევს, რომ უცხოელებისთვის მიყიდულ თითოეულ ჰექტარზე განსახორციელებელი ინვესტიციის მინიმალური ოდენობა 1 მილიონი დოლარი იყოს. აღნიშნული განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა გააკეთაა.
“თუ უცხოელი ყიდულობს სასოფლო-სამეურნეო მიწას, ყოველ ჰექტარზე დაწესდეს ინვესტიციის მინიმალური ოდენობა – 1 მილიონი დოლარი. აღნიშნული თანხა ერთი წლის მანძილზე უნდა იქნას ინვესტირებული, ხოლო მისი ნახევარი წინასწარ უნდა დაიდოს დეპოზიტზე. თუ უცხოელი ინვესტორი ამ ფულს მიწაში არ ჩადებს, მაშინ მან ის ფულიც უნდა დაკარგოს და ის მიწაც. ეს ცვლილება ორგანულ კანონში უნდა შევიდეს,” – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
პარლამენტის ფრაქციის “ევროპული საქართველო – უკეთესი მომავლისთვის” წევრი ოთარ კახიძე კი მიიჩნევს, რომ ეს ძალიან საშიში გზავნილი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის.
“ინიციატივა, რომელიც გააჟღერეს სხდომაზე და უმრავლესობის წარმომადგენელმა მანანა კობახიძემ აიტაცა, რომელიც თვლის, რომ კონსტიტუციაში უნდა ჩაიდოს უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვა. ეს არის ძალიან საშიში გზავნილი ჩვენი ეკონომიკისთვის და განსაკუთრებით უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან, ვინაიდან, ამგვარი შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესება პირდაპირ დაარტყამს ჩვენს ლარის კურსს,” – განაცხადა ოთარ კახიძემ საკონსტიტუციო კომისიაში მიმდინარე განხილვისას თებერვლის დასაწყისში.
საკითხზე კომენტარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტმა გიორგი გოცირიძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის რეგულირების ადგილი კონსტიტუციაში არ არის.
“მიწის რეგულაცია შეიძლება მოხდეს, თუმცა არ მგონია, რომ აუცილებლად ეს საკითხი მაინცდამაინც ჩაიწეროს კონსტიტუციაში და მით უმეტეს გარკვეული დისკრიმინაციული ფორმულირება მოხდეს ამ აკრძალვის. ჩვენ ამას არ მივესალმებით, თუმცა რეგულაციის საკითხი უნდა იქცეს საკანონმდებლო მსჯელობის საგნად. თუმცა არ მგონია, რომ ამ რეგულირების ადგილი იყოს კონსტიტუციაში,” – აღნიშნა გიორგი გოცირიძემ.
როგორც უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერ არ არსებობს. თუმცა, მიაჩნია რომ უცხოელებზე მიწის გასხვისება შესაძლებელია, თუკი იქნება განსაკუთრებით მომგებიანი ეკონომიკური ინვესტიციები. ცალსახად კი მიწის მიყიდვის უცხოელებისთვის აკრძალვას არ ემხრობა.
“ჯერჯერობით საკონსტიტუციო კომისიას რაიმე გადაწყვეტილი პოზიცია არ გააჩნია. მაგრამ, ჩვენი პირველადი მოსაზრებით, შემიძლია გითხრათ, რომ მიწა საქართველოსთვის ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული, არაგანახლებადი რესურსი. ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე, როგორც მცირემიწიანი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ჩვენ ვხელმძღვანელობით იმ აუცილებლობით, რომელიც არსებობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაზრდასთან დაკავშირებით, ამიტომ შესაძლებელია, შერეული გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ანუ ცალკეულ შემთხვევებში ამის აკრძალვა არ იქნება, თუ განსაკუთრებული ეკონომიკური და საინვესტიციო მიმზიდველობა იარსებებს, თუ უცხოელისთვის მიწის მიყიდვა ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური სარგებლის მომტანი იქნება. ეს იქნება გამონაკლისი შემთხვევები.
პირადად ჩემი პოზიცია შემდეგია, რომ მიწა როგორც განსაკუთრებით სტრატიეგიული მნიშვნელობის მქონე რესურსი, არ უნდა გასხვისდეს უცხოელებზე, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. რადგან მიწაში ჩადებული ინვესტიციები ძირითადად არის სპეკულაციური. ყიდულობენ მიწებს, თუმცა შემდგომ რაიმე სახის ეკონომიკურ აქტივობებს არ ახორციელებენ. ამასთან, გეტყვით, რომ ცალსახად აკრძალვის მოწინააღმდეგე ვარ,” – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა. იგი აქვე აღნიშნავს, რომ საკითხი საკონსტიტუციო კომისიის დასრულებამდე გადაწყდება, თუმცა უშუალოდ კონსტიტუციაში ჩაიწერება თუ სხვა ნორმატიულ აქტებში გაკეთდება შესაბამისი რეგლამენტი, გადაწყვეტილი არ არის.
“შემდგომი განხილვა ალბათ მარტ-აპრილში გაგრძელდება. აქ არის რამდენიმე სამართლებლივი ტაქტიკაც, რომ ეს საკითხი ან შეიტანონ საკონსტიტუციო ჩანაწერში, ან კანონმდებელმა მიიჩნიოს, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში მისი მოქცევა არ არის საჭირო და შესაძლებელია, ის რეგლამენტირებული სხვა ნორმატიული აქტებით იყოს,” – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
———————
„საქართველო და მსოფლიო“, 22 თებერვალი, 2017 წელი
საქართველოს საგარეო ვალი 15,3 მილიარდია, თითოეული მოქალაქის კი - 4146 დოლარი
ნიკა კორინთელი
საქართველოს მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ნათლად ასახავს იმ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი. 2012 წელს “ქართული ოცნების” თავკაცების რიხიანი დაპირების მიუხედავად, კეთილდღეობისა და აყვავების წლები (განსაკუთრებით კარგი უნდა ყოფილიყო მეოთხე წელიწადი), სამართლიანობის აღდგენა და მსოფლიოში საუკეთესო დემოკრატია გელოდებათო, ქვეყანა უკან მიდის _ გაუფასურდა ლარი, გაძვირდა საწვავი, შესაბამისად – პროდუქტები და აუცილებელი სამომხმარებლო საგნები, ქართველი ხალხის სისხლში ხელგასვრილი მიხეილ სააკაშვილი და მისი “ნაცმოძრაობა” კი იმის ნაცვლად, რომ 9 წლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის (მოქალაქეების დახვრეტა ქუჩაში, ბიზნესის წართმევა და გადაფორმება, განათლების სისტემის ნგრევა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის – კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად სამაჩაბლოსა და კოდორის ხეობის დაკარგვა და ასობით დაღუპული ქართველი ჯარისკაცი) პასუხი ეგოთ, უტიფრად უტევენ “ქართულ ოცნებას”, – გაიძახით, რომ დანაშაულები გვაქვს ჩადენილი, ამიტომ, თუ ერთი ადგილი გაქვთ, გამოიძიეთ და დაგვიჭირეთო(?!). მაგრამ ეს მართლა უნიათო “ქართული ოცნება”, რომელიც ამერიკელი პატრონების მითითების გარეშე, დამნაშავე ნაციონალების დაპატიმრებას კი არა, კრინტსაც ვერ ძრავს.
სამაგიეროდ, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, „ქამრების შემოჭერის“ ნაცვლად, პრემიებსა და სახელფასო დანამატებს არ იკლებენ, არც – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. მაგალითად, 2016 წლის აგვისტოში რიო დე ჟანეიროში გამართულ ოლიმპიმპიურ თამაშებზე პრეზიდენტ მარგველაშვილისა და მისი მეუღლის, აგრეთვე, მათი თანმხლები პირების 4-დღიანი ვიზიტი 173 269 ლარი დაჯდა, აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ მხოლოდ სასტუმროში 15 952 ლარი დახარჯა, სულ – 27,7 ათასი ლარი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა (იმჟამად მოადგილემ) სოფიო ჯაჯანაშვილმა – სულ 12,4 ათასი ლარი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა – სულ 16,1 ათასი ლარი და ა.შ.
გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 23,1%, ანუ 854 700 კაცი, მათ შორის, პენსიონერების 15% და ბავშვების 21,7% ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (ზოგადი სიღარიბის ზღვარია თვეში 155,1 ლარი ერთ პირზე გაანგარიშებით), უკიდურეს სიღარიბეში კი (77,6 ლარი თვეში) – მოსახლეობის 2,1%. რაც შეეხება საარსებო მინიმუმს (166,3 ლ), ამ ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 13% ცხოვრობს. ამ მონაცემების გათვალისწინებით, გამაოგნებელია ციფრები, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა თავის ვებგვერდზე (www.nbg.gov.ge): 2016 წლის 20 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 15 342 239 800 აშშ დოლარი შეადგინა, თხუთმეტი მილიარდ სამასორმოცდაორი მილიონ ორასოცდაცხრამეტი ათას რვაასი დოლარი! და ეს ვალი, ეროვნული ბანკის მიერ “საქართველო და მსოფლიოსთვის” მოწოდებული ინფორმაციით, 2017 წელს კიდევ 550 მლნ-ით შეიძლება გაიზარდოს.
საქართველოს ხელისუფლებამ პირველი საგარეო სესხი 1999 წელს აიღო – 2,2 მლრდ. 2003 წლის დასაწყისში საქართველოს დაუგროვდა საგარეო ვალის საკმაოდ სოლიდური თანხა – 1774,64 მლნ დოლარი. 2003-2007 წლებში საქართველოს ვალების დაფარვის საშუალება არ ჰქონდა და კრედიტორებთან აწარმოა მოლაპარაკება ვალების რესტრუქტურიზაციაზე, შედეგად, მოკლევადიანი ვალები გრძელვადიან ვალებად იქცა. ამ პერიოდიდან ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ვალების პროცენტებს იხდიდა.
იმჟამინდელი ხელისუფლება – „ნაციონალურ მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, იმის მაგივრად, რომ ვალების დასაფარავად რადიკალური ზომები მიეღო, ახალ-ახალ ვალებს იღებდა. 2007 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ახალი სესხები აიღო გერმანიისგან, იაპონიისგან, ნიდერლანდებისგან, საფრანგეთისგან, ჩინეთისა და ქუვეითისგან, აგრეთვე, მსოფლიო ბანკისა (343 მლნ დოლარი) და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ფონდისგან.
2008 წელს კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციამ ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე საქართველოს გამოუყვეს 4,5 მლრდ-ზე მეტი კრედიტი და გრანტი. საერთო ჯამში, 2009 წლის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 7,667 მლრდ დოლარი შეადგინა, 2012 წლის სექტემბერში კი, „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის დასასრულს – 13,169 მლრდ. 2012 წლის ბოლოდან, ანუ ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან საქართველოს არ შეუწყვეტია ვალის აღება, პირიქით – ძველ ვალს კიდევ 2,1 მლრდ დაუმატა და ახლა ჩვენი ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი 15,342 მლრდ დოლარს შეადგენს. და თუ ამ თანხას საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე (3,7 მლნ კაცი) გავყოფთ, გამოდის, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვილ ბავშვსაც და ხანდაზმულსაც – 4146 დოლარის ოდენობის ვალი აქვს, უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების.
დიახ, სწორედ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაისტუმრონ ეს თანხა – 15,3 მლრდ დოლარი, რომელიც, კაცმა არ იცის, რისთვის დაიხარჯა. ფაქტია, რომ ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას არაფერი დასტყობია. სამაგიეროდ, ხელისუფლებაში სხედან მილიონერები – წინა მოწვევის პარლამენტში 10 მილიონერი დეპუტატი იყო – დავით ბეჟაშვილი, კობა ნაყოფია, გოგი თოფაძე, გოგი ლიპარტელიანი, ვალერი გელაშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, გოდერძი ბუკია, ზურაბ ტყემალაძე, გოჩა ენუქიძე, ნაული ჯანაშია, გიორგი ფეიქრიშვილი, კახა კალაძე. ამჟამინდელ ხელისუფლებაშიც საკმარისად არიან მდიდართა ფენის წარმომადგენლები – კობა ნაყოფია, გოჩა ენუქიძე, კახაბერ ოქრიაშვილი, კახა კალაძე, ნატო ჩხეიძე, იოსებ მაკრახიძე, შოთა შალელაშვილი…
ხელისუფლება მილიონერებით არის გაძეძგილი, ხალხის მდგომარეობა კი არ უმჯობესდება, რადგან ქართველ პოლიტიკოსებს ფეხებზე ჰკიდიათ მოსახლეობის პრობლემები. სახელისუფლო სკამებზე მოსაკალათებლად რას არ ჰპირდებიან მოსახლეობას, მაგრამ, როგორც კი თბილ სავარძლებში ჩასხდებიან, ყველაფერი ავიწყდებათ.
სამი თვის წინათ, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელსაც ხალხმა “ბღუჯა მინისტრი” შეარქვა, მოსახლეობას მოუწოდა, დანაზოგი ლარში შეენახათ (გახსოვთ, ალბათ, მისი ნათქვამი _ სიამოვნებისგან ტანში გამაჟრჟოლა, როდესაც ქალბატონმა ჯიბიდან ბღუჯა-ბღუჯა ლარი ამოიღოო), არადა, როგორც მისი 2016 წლის ქონებრივი დეკლარაციიდან ჩანს, თვითონ დანაზოგი დოლარებსა და ევროებში აქვს. “ბღუჯა მინისტრი” მევახშეობასაც ეწევა _ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “რიკო ექსპრესში” აქვს თამასუქები, რომელთა მეშვეობითაც დივიდენდებს იღებს. ფინანსთა მინისტრს არ ჩამორჩნენ საქართველოს პარლამენტის წევრები “ქართული ოცნებიდან”: რევაზ არველაძე, რომელსაც “რიკოში” 190 ათასისა და 127 ათასის ნომინალის თამასუქები აქვს; დავით სონღულაშვილი, რომელმაც 2016 წელს 56 300 დოლარი გაასესხა და უკვე მიიღო სარგებელი _ 11 899 ლარი. ბექა ოდიშარია, რომელმაც 2016 წლის თებერვალში გაასესხა 170 ათასი დოლარი, სარგებელი კი 22 724 დოლარი მიიღო, ხოლო 2017 წლის იანვარში ორი წლის ვადით გაასესხა 270 ათასი დოლარი. ამას გარდა, აღსანიშნავია დეპუტატატ ბექა ოდიშარიას სიყვარული (როგორც „ქართული ოცნების“ თავკაც ბიძინა ივანიშვილს) ხელოვნების ნიმუშებისადმი – მის კოლექციაში ინახება 40-ზე მეტი ფერწერული ტილო, რომელთა ფასი (თითოეულის) 1000-დან 4200 ლარამდე მერყეობს. თუმცა რა გასაკვირია დეპუტატების მევახშეობა, როცა თვითონ პოლიტიკოსებს აქვთ „ქართული ოცნების” თავკაცის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ვალი და შესაბამისად, მათზე ზემოქმედების ბერკეტები. მაგალითად, საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს “ბანკი ქართუდან” 173 500 დოლარის ოდენობის ჰიპოთეკური სესხი აქვს აღებული 2030 წლამდე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს 2 სესხი: ერთი – 1,7 მლნ-ის, მეორე – 110 ათასი დოლარის ოდენობით (დიმიტრი ქუმსიშვილსაც ჰქონდა იპოთეკური სესხი „ბანკი ქართუ“-ში და დაფარა). „ბანკი ქართუდან“ სამომხმარებლო სესხი აქვს აღებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილს (30 ათასი), პარლამენტარებს „ქართული ოცნებიდან“: ენძელა მაჭავარიანს – 38 ათასი, შალვა კიკნაველიძეს – 68,9 ათასი.
15,3 მილიარდი დოლარის საგარეო ვალი – ეს არის საქართველოს ხალხზე “მზრუნველი” ხელისუფლების “ნამოღვაწარი”, რომელიც მხრებზე აწევს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და დააწვება მომავალ თაობებსაც, რადგან ხელისუფლება კიდევ აპირებს ვალის აღებას.
რა თქმა უნდა, თუ სახელმწიფოს სჭირდება, ხელისუფლებამ ვალიც უნდა აიღოს და ინვესტიციებიც მოიზიდოს, მთავარია, ეს თანხები ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოხმარდეს, მაგრამ, კოლოსალური ვალის მიუხედავად, ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშანწყალი არ შეიმჩნევა _ გაუფასურდა ლარი, გაძვირდა საწვავი, პროდუქტები, არ აშენებულა არც ერთი მნიშვნელოვანი საწარმო, რომლებშიც ადამიანები დასაქმდებოდნენ. მიუხედავად მცდელობისა, არაფერი ეშველა სოფლის მეურნეობას – ხახვი, ბადრიჯანი, პომიდორი, ვაშლი და ყურძენიც (!) კი უცხოეთიდან შემოგვაქვს, – 2016 წელს იმპორტსა და ექსპორტს შორის დაახლოებით 4-მილიარდიანი უარყოფითი სალდო აღინიშნა, – საშინელ დღეშია ქართული სპორტი, კულტურა, განათლების სისტემა, ნებისმიერი სფერო, რომლებიც ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ახლახან კი თავდაცვის სამინისტროდან ე.წ. ოპტიმიზაციის საბაბით 2250-მდე სამხედრო დაითხოვეს და ამ ადამიანების ოჯახები ულუკმაპუროდ დატოვეს…
საქართველოში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხარობენ და კიდევ – სახელმწიფოსა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. ხალხი კი… ხალხი პოლიტიკოსებს მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც არჩევნები მოახლოვდება, მერე კი ისევ იწყება დაპირებები, საგარეო ვალის აღება, რომელიც უკვე ძალიან მძიმედ აწევს ქვეყანას და, რომელიც არა ხელისუფლებამ, არამედ ნატოსა და ევროკავშირში შესვლის ცრუდაპირებებით პირში ჩალაგამოვლებულმა ბანკებისა და მევახშე ორგანიზაციების ვალებში ჩაფლულმა მოსახლეობამ უნდა გადაიხადოს.
დღეს საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ვალი 15,3 მლრდ დოლარია, დაახლოებით 40 მილიარდი ლარი, ანუ ქვეყნის თითქმის 4 წლის ბიუჯეტი, და ეს თანხა თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა, შვილთაშვილებმა უნდა გადაიხადონ – თითოეულმა 4146 დოლარი. ეს – ჯერჯერობით, თუ მეტ ვალს აღარ აიღებს ხელისუფლება…
P.S. კონკრეტულად, რას მოხმარდა, რისთვის დაიხარჯა ეს უზარმაზარი თანხა - 15,3 მლრდ დოლარი? - ამ კითხვით მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს. პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.