globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 23 მარტი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Mar 23rd, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი”: “ნაცმოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის რჩევას პოლიტ-საბჭოზე განიხილავს

რეზონანსი”: ინტერვიუ კახა კუკავასთან: „რესპუბლიკელებსა” და “ოცნებას” შორის ისევ გარიგება შედგა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ნაციონალების“ შანსები „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული“

რეზონანსი”: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: “გრიგორი კარასინის განცხადება არ არის მუქარა, ეს არის გაფრთხილება”

“ალია”: ინტერვიუ ნანა დევდარიანთან: რამდენად არის ჩვენთან მოსალოდნელი ტერაქტები? მოჰყვება გია დგებუაძის ექსტრადირებას სხვა ძებნილების ჩამოყვანაც? რატომ დაუპირისპირდა პრეზიდენტი ზურაბ აბაშიძეს?

რეზონანსი”: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „მასტერა” და მეგის ქარდავა ფარული ჩანაწერებით ვაჭრობას ცდილობდნენ“

“ალია”: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: ევროპას თავისი გასჭირვებია – რუსეთი საქართველოში ქაოსს შექმნის?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „ტერაქტებისთვის საქართველოც მზად უნდა იყოს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი თავდგირიძესთან: „საქართველოში ამერიკული ასეული შემოდის… მკაცრი განცხადებები რუსეთის წინააღმდეგ ლეგიტიმურია“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან: „რუსეთს ხელს აძლევს მოჩვენებითად პროდასავლური ძალების მმართველობა საქართველოში“

ვერსია: ირაკლი ოქრუაშვილის საბედისწერო გასროლა

ვერსია“: კოლოსალური პრემიები, კანონდარღვევები და გაფლანგული ფული ცესკო-ში

„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ფარული მასალების გამავრცელებლის ლოგიკა გაუგებარია“

რეზონანსი”: გია გაჩეჩილაძისა და მაკა ასათიანის ზავი – “მაესტრო” მოლოდინის რეჟიმშია

რეზონანსი”: ხალხი დოლარის დროულად მოშორებას ცდილობს // “ზოგს 10 დოლარი აქვს ჯიბეში და იმასაც კი ახურდავებს…”

————————-

რეზონანსი”, 23 მარტი, 2016 წელი

ნაცმოძრაობა მიხეილ სააკაშვილის რჩევას პოლიტსაბჭოზე განიხილავს

ლიკა ამირაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ურჩევს, საარჩევნო სიის 50 პროცენტი ქალი კანდიდატებით დააკომპლექტოს. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, ამით ქართულ საზოგადოებაში ქალების როლს ხაზი გაესმება და არჩევნებში გამარჯვება “გარდაუვალი გახდება”.

“ჩემი აზრი და რჩევა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”: ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იყო ტენდენციების შემქმნელი და ახალი იდეების გენერატორი. პარტიამ შეძლო ურთულეს სიტუაციაში პოლიტიკური რეპრესიებისა და ყოველდღიური ზეწოლის, დემონიზაციისა და ბინძური სიცრუის უწყვეტი ნაკადის პირობებში თავის გადარჩენა და ერთიანობის შენარჩუნება.

“ახლა დროა, საფუძველი ჩავუყაროთ ახალ ტრადიციებს ქართულ პოლიტიკაში და გამოვიდეთ რამდენიმე ახალი ინიციატივით, რომელთაგან პირველი შეიძლება იყოს სრული პარიტეტის დაწესება ქალბატონებისთვის. საერთო განახლების ფარგლებში წინასწარ გამოვაცხადოთ, რომ პარტიის საპარლამენტო არჩევნების სიებში კანდიდატთა 50 პროცენტი იქნება ქალი. ჯერ ერთი, ამით ხაზი გაესმება ქალების როლს ქართულ საზოგადოებაში, ობიექტურად ხელს შეუწყობს განახლებას და უკეთესად მოგვამზადებს ოქტომბრის არჩევნებში გარდაუვალი გამარჯვებისთვის. დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ გაგვიჭირდება ძალიან ღირსეული ქალი კანდიდატების მოძებნა და მათი ამორჩევა. ამასთან, ამ კანდიდატების საზოგადოებისთვის წარდგენა დროულად უნდა შევძლოთ,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, აპირებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის რჩევის გათვალისწინებას. როგორც პარტიაში გვითხრეს, ამ დრომდე სიებზე მუშაობა დასრულებული არ არის. რაც შეეხება სააკაშვილის რჩევას, ამაზე პოლიტსაბჭოზე იმსჯელებენ.

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას არ ეთანხმება და ქალი დეპუტატების რიცხვის ხელოვნური მეთოდებით გაზრდას კატეგორიურად ეწინააღმდეგება.

“ნაციონალური მოძრაობა” თუ მიშას მოწოდებას დაეთანხმება, მოძრაობის “მეტი ქალი პოლიტიკაში” სათავეში აღმოჩნდება (რამდენად დაუფასებენ ფემინისტები, ეს სხვა საკითხია). თუ არ დაეთანხმა, დაამტკიცებს, რომ მიშასგან დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, ანუ უფრო დემოკრატიული წარმონაქმნია, ვიდრე ბევრს ჰგონია.

“მე მეორე სცენარი უფრო მომწონს, მით უმეტეს, რომ კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, ქალიდეპუტატების რიცხვი ასეთი ხელოვნური მეთოდებით გაიზარდოს (თავისთავად ზრდას მივესალმები, თუ ეს დამოუკიდებელი, პოლიტიკურად აქტიური და სოციალურად გავლენიანი ქალების რიცხვის ზრდითაა განპირობებული)” – წერს ნოდია.

რეზონანსი”, 23 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ კახა კუკავასთან: „რესპუბლიკელებსა” და “ოცნებას” შორის ისევ გარიგება შედგა

სალომე სარიშვილი

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავა ფიქრობს, რომ ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებაზე დავა წინასარჩევნო კამპანიის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებამ ამომრჩევლის გულის მოგების მიზნით შეიმუშავა. კახა კუკავას არც “რესპუბლიკელების” ამ საკითხისადმი განსხვავებული აზრისა სჯერა და ფიქრობს, რომ კოალიცია “ქართულ ოცნებასა” და “რესპუბლიკელებს” შორის, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, გარკვეული მიზნით გარიგება შედგა.

კონსტიტუციაში შესატან ცვლილებასა და ამ საკითხის ირგვლივ მმართველ გუნდში არსებულ აზრთა სახვაობაზე “რეზონანსი” პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავას გაესაუბრა.

კახა კუკავა: პირადად მე მხარს ვუჭერ ინიციატივას, რომ ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში უკვე არსებული ნორმა ჩაიწეროს, თუმცა მიმაჩნია, რომ ხელისუფლება ამ თემასთან დაკავშირებით ფარისევლობს, რადგან მათ წინასწარ იციან, რომ კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი არ გაკეთდება. ამით უბრალოდ წინასწარ ამომრჩეველთა ხმების მობილიზაციას ცდილობენ და ეს თემაც წინასაარჩევნო კამპანიის ისეთივე ნაწილია, როგორიც სხვა დანარჩენი. გვახსოვს, რომ 2 წლის წინათ ამ ხელისუფლებას ანტიდისკრიმინაციული კანონი აქვს მიღებული, რაც სრულიად საპირისპირო რამეს ამბობს.

უბრალოდ ახლა მათ იციან, რომ ამ ნორმის კონსტიტუციაში ჩაწერას უფრო მაღალი კვორუმი სჭირდება, მეტი ხმები სჭიდებათ და წინასწარვე გათვლილი აქვთ, რომ ამ ხმებს ვერ დააგროვებენ. სწორედ ამიტომ, ამ ინიციატივით ორი კურდღლის ერთად დაჭერა სურთ – თან არ ჩაწერონ კონსტიტუციაში და თან ეს ყველაფერი საპარლამენტო უმცირესობას დააბრალონ. უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ უმავლესობაც კი ამ ინიციატივას მხარს არ უჭერს, მაგალითად, “რესპუბლიკელები”. ესეც სპეციალურადაა გაკეთებული, რადგან ბოლო სამი წელიწადია ისინი ყველაფერს ხმას აძლევენ და რაღა ამ ჩანაწერის წინააღმდეგ წავიდნენ?

- “რესპუბლიკელებს” ხშირად აქვთ ხოლმე განსხვავებული აზრი. რატომ ფიქრობთ, რომ მაინცადამაინც ახლა სჭირდებათ სპეციალურად ამის გათამაშება?

- არაფერზე არ აქვთ განსხვავებული აზრი, ამიტომ ახლაც მგონია, რომ “რესპუბლიკელებსა” და “ოცნებას” შორის გარიგება შედგა. “ოცნებამ” მათ უთხრა: აი, ვითომ თქვენ როგორც ლიბერალებმა ამ ინიციატივას ხმა არ მისცეთ, ჩვენ კი პოპულიზმით დავკავდებითო. არ მჯერა, რომ ეს გარიგება არ იყო, რადგან ერთ კოალიციაში არიან და “რესპუბლიკელებს” განსხვავებული აზრი ბოლო სამი წელიწადია არ ჰქონიათ. დავიჯერო ახლა ეს საკითხი მათთვის ამდენად პრინციპულია? აბა ერთი, ბიძინა ივანიშვილს დაებარებინა და ეთქვა, ხმა მიეცითო. მხარს დაუჭერდნენ კი არა, ყველაფერს იზამდნენ.

ჩვენ გვახოვს ასეთი შემთხვევები, როცა ყველა პრინციპულ საკითხზე “რესპუბლიკელებს” ხმა მიაცემინეს. ახლა რატომ არ აძლევენ? – იმიტომ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის ტაქტიკაა – მას სურს, რომ ამით ამომრჩეველი მოატყუოს: აი, ჩვენ გვინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან ხმები არ გვეყოო. ამასთანავე დასავლეთი დარჩეს კმაყოფილი, რომ ასე მოიქცნენ. ამ დროს კი საპარლამენტო ოპოზიცია დარჩება გალანძღული.

- კი მაგრამ, რაში სჭირდებათ? ასე, ნებსით თუ უნებლიეთ, საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევენ, რადგან გუნდში აზრთა სხვაობასა და დავას ყველა თანაბრად ერთნაირად არ აღიქვამს…

- იმის გამო, რომ ხელისუფლება გაკოტრდა და საზოგადოებრივი აზრი მათ მიმართ შეიცვალა, მათ ახალი მეთოდებით დაიწყეს სვლა. მომკალით და ვერ დავიჯერებ, რომ “რესპუბლიკელებსა” და თოფაძეს შორის მართლა დისკუსიაა. რატომ ვაკრიტიკებთ ბიძინა ივანიშვილს? – იმიტომ, რომ ასეთი ინტრიგებით ხდება ქვეყნის მართვა. სწორედ ასეთ დროს ძალიან ბევრი გამოვლინებაა ქვეყნის არაფორმალური მართვისა.

- დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ა/ო “იდენტობის” მიერ პარლამენტთან გამართული აქცია ცინიკურად შეაფასა და მათი მისამართით დისკრიმინაციული ტერმინი გამოიყენა, რის გამოც იგი მისივე თანაგუნდელმა და ფრაქციის თავმჯდომარე, გია ვოლსკიმ გააკრიტიკა. რას ფიქრობთ ამ თემაზე, ესეც დადგმული ხომ არ გგონიათ?

- დიახაც, მგონია, რომ ესეც დადგმული სპექტაკლია. მეჭიაური არ გახლავთ იმდენად პრინციპული კაცი, რომ ასეთი განცხადებები აკეთოს და თავისი აზრი გამოხატოს. ჩვენ ვიცით, როგორია “ქართული ოცნების” ანატომია – არავინ არაფერს არ აკეთებს უმრავლესობასთან შეუთანხმებლად. მეჭიაურის განცხადებების მიზანი რომ გავიგოთ, უნდა ვიცოდეთ როგორია ლგბტ პროპაგანდის პრაქტიკა მსოფლიოში. გეთანხმებით, ეს არც მე მომწონს და არც საზოგადოებას, რადგან პარლამენტის წევრი საერთოდ არავისზე ასე არ უნდა ლაპარაკობდეს. ამგვარი დამოკიდებულება აზიანებს მათ და ქვეყნის იმიჯსაც, თუმცა, მიზეზი ამ ყველაფრისა უკვე მოგახსენეთ.

იმისთვის, რომ ლგბტ წარმომადგენლებმა საზოგადოების მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს, აუცილებელია ქვეყანაში ქსენოფობიური მოძრაობა გაძლიერდეს, რის შემდეგაც საზოგადოება ლგბტ პირების მიმართ უფრო ლოიალური ხდება. ანუ, თუ თავში ტაბურეტს ურტყამენ, მეჭიაური რაღაც საშინელ სიტყვებს იძახის, თუ მართლა დევნა-შევიწროებაა, მაშინ, რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოება ლგბტ-ებს უფრო ლობირებს.

ზოგადად, მივიჩნევ, რომ ლგბტ პირების არანაირი უფლება საქართველოში არ ირღვევა. ვინმემ დამისახელოს ერთი არგუმენტი მაინც, რა იცვლება ამ ჩანაწერით და მით უფრო, მათი უფლებების შეზღუდვის მიზნით? არც არაფერი, ასეთი ჩანაწერი ისედაც უკვე არსებობდა. გაიხსენეთ გეი-აქცია, რომელიც გამართა კონკრეტულმა ჯგუფმა და რომლის შემადგენლობაშიც არც ერთი გეი არ იყო. ეს არის ქართული ტრაგიკომედია, გრანტების მოზიდვა და პოლიტიკური სპეკულაციები. ქვეყნისთვის ამ კანონის კონსტიტუციაში ჩაწერა პრობლემა ნამდვილად არ მგონია, ეს მხოლოდ თითიდან გამოწოვილი თემაა.

„ახალი თაობა“, 23 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ნაციონალების“ შანსები „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული“

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიის პირველი ათეული არაოფიციალურად უკვე ცნობილია. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შანსებზე საუბრობს.

- ბატონო სოსო, უკვე დასახელდა რამდენიმე გვარი, ვინც დაიკავებს ნაციონალური მოძრაობის სიის პირველ ათეულს. საუბარია პიანისტ ხატია ბუნიათიშვილზე, გიორგი ქადაგიძეზე, რომან გოცირიძეზე, ზაზა ბიბილაშვილზე, გიგა ბედინეიშვილზე, ოთარ კახიძეზე. რას მოუტანენ ეს ადამიანები „ნაციონალურ მოძრაობას“?

- საინტერესოა, პიანისტი ქალი უცხოეთში გასტროლებს მიატოვებს და პარლამენტში იჯდება, რომ კანონპროექტებს უკირკიტოს?! თანაც, მაშინ, როდესაც შემოქმედებით მწვერვალზეა და მისი ტეხილი ქვევით არ მოდის… პარლამენტის წევრობა არ გახლავთ ინგლისელ არისტოკრატთა კლუბის წევრობა, სადაც კვირაში ერთხელ მიხვალ, სალონურ საუბრებს დაესწრები და შენც გამოხვალ სიტყვით, რათა მოგისმინონ. ასეთი დამოკიდებულება პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, შეურაცხყოფაა. ზაზა ბიბილაშვილი ჭკვიანი ახალგაზრდაა. ეს მან არც ისე დიდი ხნის წინ გახმაურებულ სასამართლო პროცესებზეც დაამტკიცა და ეს ნამდვილად არის შენაძენი „ნაციონალებისთვის“. ასევე შენაძენი იქნება რომან გოცირიძე, რომელსაც კარგად ვიცნობ. ის არის მაღალი კლასის ეკონომისტი. სულ სამი მაღალი კლასის ეკონომისტი გვყავს, ერთ-ერთი გოცირიძეა, ასევე ლადო პაპავა და მიხეილ ჯიბუტი.

- კვლავ „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ დავუბრუნდეთ…

- არაერთხელ ითქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ განახლებას საჭიროებს და ეს თქვა მიხეილ სააკაშვილმა თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში. როგორც ჩანს, „ნაციონალები“ მართლაც წავლენ ამ გზით. რაც შეეხება იმას, რომ ამ გამწევ ათეულში არ მოხვდნენ გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, გოკა გაბაშვილი, ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ისინი იხდიან პოლიტიკურ ფასს, მაგრამ მათი გამოცდილება აუცილებლად დასჭირდება პარტიას. ამიტომ მათ საბოლოოდ კი არ დაემშვიდობებიან, არამედ ფარდის უკან მოუწევთ ბრძოლა. პირველი ათეული გასაგებია, მაგრამ საინტერესოა, როგორი იქნება მეორე ათეული, ასევე საინტერესოა, ერთმანდატიან ოლქებში ვინ იქნება წარმოდგენილი, ალბათ, იქ აქცენტი უფრო საარჩევნო გამოცდილებაზე გაკეთდება და ნამდვილ გამოცდილ მებრძოლებს დააყენებენ.

მაგალითად, რომან გოცირიძე მათ ერთმანდატიან ოლქში არ გამოადგებათ, რადგან ის მეცნიერია და არ არის მიტინგებსა და ბარიკადებზე მებრძოლი, ასევე ბედინეიშვილიც, რომელიც ასევე მეცნიერია. ეს ადამიანები ნაციონალებს სწორედ გამწევ ათეულში სჭირდებათ და ეს სწორი არჩევანია. პირველი ნაბიჯი საკადრო კუთხით უშეცდომოდ არის გადადგმული და წინა არჩევნებიდან, ჩანს, კარგი გაკვეთილი გამოიტანეს.

- თუმცა ამ სიაში არის ოთარ კახიძე, რომელიც იყო ადეიშვილის მოადგილე. ამაზე როგორი რეაგირება ექნება ხალხს?

- დიახ, ის იყო ხელისუფლებაში და მაღალ თანამდებობაზე, ამიტომ შეიძლება ეს მას გაუხსენონ და წამოაძახონ, მაგრამ ამასაც დამტკიცება სჭირდება, რომ დემაგოგიაში არ გადავიდეს.

- მიხეილ სააკაშვილი იქნება სიაში?

- არა. მიხეილ სააკაშვილისთვის რიგითი დეპუტატობა მისი სტატუსის დამცირებას ნიშნავს. სააკაშვილმა მშვენივრად იცის, რომ მისი დრო ჯერ არ დამდგარა. მან რეალური შედეგი ჯერ უკრაინაში უნდა დადოს. უკრაინის ბატალიები შუა გზაზე რომ მიატოვოს, არანაირი პერსპექტივა აღარ ექნება დიდ პოლიტიკაში და ამას კარგად აცნობიერებს.

- ძველი სახეების ახლებით ჩანაცვლება მათში დაპირისპირებას გამოიწვევს?

- არა მგონია, რადგან ეს, ალბათ, საერთო შეთანხმებით მოხდა. რასაკვირველია, შეიძლება გულში უკმაყოფილება ჰქონდეთ და ამაზე თქვან კიდეც ერთმანეთში, მაგრამ ღია დაპირისპირება, ალბათ, არ იქნება. როგორც ჩანს, მეორე ათეულში დამსახურებული ნაციონალები იქნებიან წარმოდგენილნი, რომელთა კისერზეც გადაიარა ყველა წინა არჩევნებმა, რეჟიმის უკანასკნელი წლების ყველა კოლიზიამ. მათ იმედი აქვთ, რომ პარლამენტს მიღმა არ დარჩებიან. ეს იმედი რამდენად საფუძვლიანია, ამას დღეს გადაჭრით ვერავინ იტყვის.

- როგორი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ შანსები ამ არჩევნებზე?

- ნაციონალური მოძრაობის შანსების გარანტი ამ არჩევნებზე „ქართული ოცნებაა“. „ქართული ოცნების“ წარუმატებლობა პირდაპირ ნაციონალების წისქვილზე ასხამს წყალს, მაგრამ არა იმ „ნაციონალური მოძრაობის“, რომელიც ვიცით, არამედ ამ ახალი სახეების.

როდესაც დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია, ეს ახალი სახეები გამოვლენ ხალხში, დაიწყებენ საუბარს, მაშინ კიდევ უფრო ნათელი გახდება მათდამი ხალხის რეაქცია. ამ ახალ სახეებს ვერავინ წამოაძახებს, რომ ვიღაცას ქონება წაართვეს, ვიღაცას სახლი დაუნგრიეს. ვერც ბედინეიშვილს, ვერც ბიბილაშვილს, ვერც გოცირიძეს ვერ წამოაძახებენ, რომ მათ ხელები გასვრილი აქვთ. ამიტომ ვამბობ, რომ სწორი არჩევანია გაკეთებული, მაგრამ ეს პირველი ეშელონია. რაც შეეხება მეორე და მესამე ათეულს, მათ მართლაც დაუნდობელ ბრძოლაში მოუწევთ მონაწილეობის მიღება, თუმცა ამის გამოცდილება აქვთ. მაგალითად, გიგა ბოკერია შეუდარებელი, დაუმარცხებელი პოლემისტია.

- გიგა ბოკერია დებატებში თითქმის არ მონაწილეობს…

- ესეც მისი სწორი ტაქტიკაა. ის პირდაპირ ეთერში ჩართვებით ამბობს თავის სათქმელს. საინტერესო იქნებოდა „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენლისა და ბოკერიას დებატები…

- კიდევ ერთი სიახლეა, რასაც ნაციონალები ამომრჩეველს სთავაზობენ - სიის ნახევარი ქალებით იქნება დაკომპლექტებული.

- ეს არის პოლიტიკური მოდის ხარკი. ევროპა მოითხოვს, რომ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი იყოს 30% ქალი და 70% მამაკაცი, მაგრამ ნაციონალების მატარებელი, როგორც ვიცით, ყველაზე წინ მიდის და ამ შემთხვევაშიც არ დასჯერდნენ 30%-ს. ეს არ არის სიახლე და მაგონებს კომუნისტურ პერიოდს, სადაც იყო კვოტები, ამდენი მუშა, ამდენი კოლმეურნე და ყველაზე ცოტა მათ შორის – მეცნიერი.

რეზონანსი”, 23 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: “გრიგორი კარასინის განცხადება არ არის მუქარა, ეს არის გაფრთხილება”

ია აბულაშვილი

“ჩვენ თვითონ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ან სერიოზულად ვაპირებთ რუსეთთან ნორმალიზაციის პროცესის ახალ სიმაღლეზე აყვანას, ან ვაგრძელებთ ძველ კურსს ღია კონფრონტაციაზე,” – აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელსაც “რეზონანსი” რუსეთ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე ესაუბრა.

- იმ განცხადებების ფონზე, რომლებიც ამ ბოლო დროს რუსეთის მხრიდან გაკეთდა, როგორ გესახებათ რუსეთ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობები?

- თუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას გულისხმობთ, ეს განცხადება არ არის მუქარა, ეს არის გაფრთხილება, სუფთა რუსული დიპლომატიის სტილში გაკეთებული. დღეს ჩვენში ცოტა ვისმეს თუ აქვს წარმოდგენა რუსეთის პოლიტიკური ელიტის ფსიქიკაზე. ჩვენ რატომღაც მივეჩვიეთ პოლიტიკის ევროპულ სტილს და გვგონია, რომ მთელი მსოფლიო ამ სტილში უნდა ცხოვრობდეს. არადა რუსეთი პეტრე დიდიდან მოყოლებული მუდამ გამოირჩეოდა თავისი ნაჯახისებური, ხისტი, მოუქნელი და ტლანქი დიპლომატიური სტილით. როგორც ჩანს, რუსეთი არ მალავს თავის უკმაყოფილებას ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსით, ის გაცილებით მეტს ელოდა და ახლა ცოტა იმედგაცრუებაც იგრძნო და გაღიზიანებაც.

- მაინც რას ელოდა რუსეთი იმ ქვეყნის ხელისუფლებისგან, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს?

- არათუ კრემლში, თბილისშიც ბევრი ელოდა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებას რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციაზე – ხაზგასმით აღვნიშნავ, ნორმალიზაციას და არა დიპლომატიური ურთიერთობების უცებ აღდგენას, საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლას, დსთ-ში დაბრუნებას, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, არამედ მხოლოდ ნორმალიზაციას, რომელიც რეალურად იქცეოდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას საშუალება მიეცემოდა დაპირებები ცხოვრებაში გაეტარებინა.

რასაკვირველია, პროგრესი ნამდვილად იგრძნობა და წინა ხელისუფლებასთან შედარებით ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა მთავარი ის არის, რომ ასეთი ტემპით სვლა ნორმალიზაციისკენ შეიძლება დროში ძალზე გაიჭიმოს. ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ თავისი გადმოსახედიდან პუტინი შეურაცხყოფილადაც კი გრძნობდეს თავს, მან ხომ რამდენჯერმე შეხვედრაზე მიიპატიჟა საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები და ეს მიპატიჟება გახუნდა.

დღეს სიტუაციას ართულებს მოახლოებული არჩევნები და ის გარემოება, რომ, რუს პოლიტიკოსთა აზრით, საქართველოში იმატა ანტირუსულმა რიტორიკამ, კონკრეტულად კი იმან, რაც პრაქტიკულად გაქრა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის პირველ პერიოდში. მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, რა მიზანს ემახურება აგრესიული განცხადებები, არანაირი სიკეთის მომტანი განცხადებები. თუ თავდაცვის მინისტრი მართლაც ფიქრობს, რომ მისი მოწოდებები საკმარისი იქნება დასავლეთისთვის, რათა ყველამ ერთად აისხას აბჯარი და რუსეთს შეუტიონ, მაშინ საერთოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონია იმავე ევროპასა და შტატებში დღეს მიმდინარე პროცესებზე.

ჩვენ ფასი დავუკარგეთ ისეთ ცნებას, როგორიც არის სტრატეგიული მოკავშირე. ბოლო 15-20 წლის მანძილზე თუკი ვინმე ჩამოვიდა საქართველოში და მეგობრულად ხელი ჩამოგვართვა, ცივილიზებული თავაზიანობით ილაპარაკა მხარში დგომასა და დახმარებაზე, ყველა ისინი უცებ ვაქციეთ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირედ. მე არ ვიცი, რას ფიქრობენ ეს პოლიტიკოსები, მაგრამ ჩვენი გულუბრყვილობით გაოცებული უნდა იყვნენ.

დღეს მსოფლიოში სულ რამდენიმე სახელმწიფო თუ შეიძლება ჩამოითვალოს, რომლებიც მზად არიან მეორე სახელმწიფოს დასაცავად. დღეს ნატოსთვისაც სტრატეგიის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი არის მისი აღმოსავლელი წევრების უსაფრთხოების გაძლიერება და ამისთვის ფულს და რესურსს ძლივს შოულობს. ახალი თავსატკივარი მას აბსოლუტურად არ ესაჭიროება. ამიტომ მაქსიმალური, რისი იმედიც შეიძლება გვქონდეს ჩვენი დასავლელი ქომაგებისაგან, ეს არის დიპლომატიური მხარდაჭერა.

- ექსპერტთა აზრით, სიტუაციის დასაძაბად რუსეთს საბაბი არ ელევა. თუ ადრე საქართველოს ნატოში გაწერიანება იყო მისი შეშფოთების მთავარი არგუმენტი, ამჯერად საქართველოში ანტირუსული რიტორიკის მატებამ შეაშფოთაო…

- ვერავინ ვერ შეძლებდა და ვერც შეძლებს რუსეთის დარწმუნებას, რომ ნატოს წევრი საქართველო მისთვის საფრთხე არ იქნება. რუსეთს ჯერ ისიც კი არ გაუცნობიერებია, რომ დასავლეთიდან სულ რაღაც ოცი წლის განმავლობაში 500-600 და მეტი კილომეტრით მიუახლოვდა მას ნატო. რუსეთი ასეა თუ ისე შეეგუა ნატოს სამხრეთ ფლანგს საბერძნეთისა და თურქეთის სახით. უკანასკნელ ხანებში როდესაც მას აღარც საბერძნეთთან აქვს მეგობრული ურთიერთობა, ხოლო თურქეთთან კონფლიქტი დღითი დღე ძლიერდება, რასაკვირველია მისთვის კოშმარული პერსპექტივაა ნატოს წევრი საქართველო. ეს ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში აღარ წამოეგება არავითარ ავანტურაზე და ნატოსთან ერთად თუ ნატოს გარეშე რუსეთთან ბრძოლის ველად აღარ აქცევს თავის ტერიტორიას. ქართული დიპლომატიის წინაშე დგას გენერალური ამოცანა, ამაშივე დავარწმუნოთ რუსეთი.

- მაინც რა უნდა გააკეთოს ქართულმა დიპლომატიამ, როგორც თქვენ ამბობთ, რეალური რომ გახდეს ნორმალიზაციის პროცესი?

- ჩვენ თვითონ უნდა ჩამოვყალიბდეთ – სერიოზულად ვაპირებთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესის ახალ სიმაღლეზე აყვანას, რისთვისაც აბაშიძე-კარასინის ფორმატი უკვე აბსოლუტურად დრომოჭმულია (ანდა აბაშიძე-კარასინს უნდა მიეცეთ მეტი უფლებები და მათი შეხვედრების მიზნად იქცეს უმაღლეს დონეზე შეხვედრების მომზადება) ან ვაგრძელებთ ძველ კურსს ღია კონფრონტაციაზე.

საერთოდ კურსი: არავითარი ურთიერთობა რუსეთთან, არავითარი დილოგი რუსეთთან, არავითარი შეხვედრები უმაღლეს დონეზე, ეს არ არის დიპლომატია, ეს არის პოლიტიკური იდეოლოგია, პოლიტიკური ფანატიზმი. ეტყობა დადგა დრო, როდესაც ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი პირები უნდა გათავისუფლდნენ რუსოფობიური ძალების შანტაჟისგან და ვიფიქროთ გაცილებით მაღალ შეხვედრებსა და დიალოგზე. თუ ჩვენ მართლაც გვინდა დიპლომატია და მშვიდობიანი გზით გვსურს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, კონტაქტების და შეხვედრების გარეშე ეს საკითხი ვერ მოგვარდება. თავის ცნობილ პოლიტიკურ ანდერძში რიშელიე წერს: “უშედეგოდ დამთავრებულ მოლაპარაკებასაც კი გააჩნია ეფექტი – შენ ინფორმაციას იღებ”.

“ალია”, 23 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ ნანა დევდარიანთან: რამდენად არის ჩვენთან მოსალოდნელი ტერაქტები? მოჰყვება გია დგებუაძის ექსტრადირებას სხვა ძებნილების ჩამოყვანაც? რატომ დაუპირისპირდა პრეზიდენტი ზურაბ აბაშიძეს?

ნინო ლაბარტყავა

„ალიას“ „გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ქალბატონი ნანა დევდარიანი ესაუბრა:

- ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს შეერთებულ შტატებთან, რომელიც დღევანდელი ვითარებით, ევროკავშირის უფროსი ძმაა და ევროკავშირი ძალიან ბევრ პრინციპულ საკითხში შეერთებული შტატების მითითებით მოქმედებს. ის, რაც ახლო აღმოსავლეთში მოხდა და წლების განმავლობაში ხდება, რა თქმა უნდა, დიდწილად არის შეერთებული შტატების გაუაზრებელი პოლიტიკის დამსახურება, ახლო აღმოსავლეთში უძველესი ცივილიზაციებია და გარედან ჩარევა, მცდელობა, რომ შენი პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური მოდელი მოახვიო თავს, არასდროს კარგით არ მთავრდება. ამიტომ არის, რომ საერო სახელმწიფოები, როგორიც იყო ლიბია, ერაყი, ფაქტობრივად, ისლამისტების ბუდედ გადაიქცა. ჩვენთან, რა თქმა უნდა, სიფრთხილის ზომები გასამკაცრებელია, რადგან ტერორს ლოგიკა არ გააჩნია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ ვართ ისეთი წონის მოთამაშეები, რომ ვიყოთ „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნე. თუმცა საფრთხეები არის, რადგან მათ რუკაზე საქართველოც არსებობს, როგორც ისლამისტური სახელმწიფოების ინტერესების არეალი“, – აღნიშნა ნანა დევდარიანმა.

- როგორ ფიქრობთ, გია დგებუაძის, იგივე „მასტერას“ ექსტრადირებას მოჰყვება სხვა ძებნილების გადმოცემაც?

- ყველა საკითხი ძალიან პერსონალურია და ყოველთვის დამოკიდებულია იმაზე, რა დოკუმენტებით ითხოვს სახელმწიფო პირის ექსტრადირებას. ის უნდა იყოს უკიდურესად დასაბუთებული ბრალის ნაწილში, ანუ მტკიცებულებები უნდა იყოს სერიოზული და შეუვალი და საქმე უნდა იყოს სათანადოდ მომზადებული. ის, რომ „მასტერა“ გადმოგვცეს, არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ყველა ძებნილის გადმოცემა მოხდება, ყველა შემთხვევაში ეს არის კონკრეტული საქმეები და პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად გულმოდგინედ აქვს პროკურატურას მათზე ნამუშევარი.

- და როგორ ფიქრობთ, პროკურატურა რამდენად გულდასმით მუშაობს ასეთ საკითხებზე? მით უმეტეს, ძებნილების უმეტესობა ფარულ ჩანაწერებთან ასოცირდება, რის გამოძიებასაც, ძალოვანი უწყებები პრინციპულად შეგვპირდნენ…

- ამას წინათ მქონდა შეხება სამოქალაქო საქმესთან სასამართლოში, როგორც გავარკვიე, თითო მოსამართლეს 700-800 საქმე აწერია და იგივე მდგომარეობაა სისხლის სამართლის საქმეებზე. ახლა წარმოიდგინეთ, ამდენი საქმე ქუჩიდან ხომ არ არის მისული? ეს პროკურატურის დამუშავებულია, ხომ?

- კი, ბატონო, მაგრამ არ შეიძლება ასეთი დონის დამნაშავეებისა და ძებნილების ექსტრადირების საკითხს ცოტა მეტი პრიორიტეტი მიენიჭოს?

- მე მაგის მომხრე არ ვარ. უამრავი დაზარალებულია აქ, ადგილზე და მათ უთხრა, – შენ მოიცადე, რადგან მე ვიღაცის ჩამოყვანა პრიორიტეტში მაქვს და შენი საკითხი არაო, ეს არის ძალიან რთული, წარმოუდგენელი. ეს არ ხსნის პროკურატურას ტვირთს და მან უნდა იმუშაოს როგორც ძებნილების საკითხზე, ისე აქ მომხდარ კრიმინალსა და სხვა საქმეებზე, რადგან ძალიან ბევრი ასეთი საქმე დაგროვდა. ათასობით საქმეა განსახილველი და ხალხი რომ ამბობს, სამართლიანობა არ აღდგაო, სწორედ ამიტომ ამბობს – დიდი მასალებია დაგროვილი და პროკურატურა, როგორც ჩანს, ვერ უმკლავდება. მაგრამ ეს არანაირ გამართლებას არ წარმოადგენს ხელისუფლების. ვერ უმკლავდები? გააკეთე ისე, შექმენი ის ვითარება, რომ პროკურატურამ შეძლოს საქმეების ბოლომდე მიყვანა – გააძლიერე, შტატები დაამატე, მეტი დაფინანსება მიეცი, მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს.

- პროკურატურამ განაცხადა, საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში დანაშაულის ფაქტი ვერ აღმოვაჩინეთო და გამოძიება შეწყვიტა. რატომ, როგორ ფიქრობთ?

- როდესაც ეიფორია გაჩნდა ჩვენს საზოგადოებაში – აი, დაიწყო პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიებაო, მე მაშინვე ვთქვი, რომ სულაც არ არის გამორიცხული, თვითონ „რესპუბლიკელები“ შეეცადნენ ამ პროცესის დაძვრას, რომ დამდგარიყო ის შედეგი, რაც დადგა, ვიდრე მუდმივად ყოფილიყო ბრალდებები. მე კონკრეტულ საქმეს არ ვიცნობ, მხოლოდ პროკურატურის განცხადება ვიცი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორია მთლიანობაში დასკვნა და რას ეყრდნობა. მე არ ვფიქრობ, რომ თავდაცვის მინისტრის მიმართ არსებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო, ძალიან რომ დებენ თავს ევროპულობასა და მედასავლეთეობაზე, ასეთი ბრალდებების შემთხვევაში, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში მინისტრი გადადგებოდა, რადგან მინისტრს ჩრდილი არ უნდა მიადგეს.

- გადადგა კი არა, როგორც მთავარმა პროკურორმა შოთაძემ განაცხადა, ხიდაშელი არც დაუკითხავთ…

- ელემენტარულად, თვითონ უნდა მისულიყო და ახსნა-განმარტება მიეცა, ეს არის სახელმწიფო მოხელის მორალი ელემენტარულად, რომ შენ თვითონ უნდა მისცე შენს თანამოქალაქეებს იმის მაგალითი, რომ კანონს ემორჩილები და გამოძიებასთან თანამშრომლობ და პროკურატურასთან არ თაკილობ ახსნა-განმარტების მიცემას. რაც შეეხება იმას, რამდენად იყო ან არ იყო ხიდაშელის დაკითხვა საჭირო: რა თქმა უნდა, მისი დაკითხვა ბევრად უკეთესი იქნებოდა პროკურატურისთვისაც, ხიდაშელისთვისაც, საზოგადოებისთვისაც და მთლიანად პოლიტიკური სპექტრისთვისაც, მაგრამ, სამწუხაროდ, ხიდაშელი ბოლო დროს ძალიან არაადეკვატურია მიმდინარე მოვლენების მიმართ.

- გრიგორი კარასინის მუქარანარევი განცხადების გამო, პრეზიდენტი ზურაბ აბაშიძეს დაუპირისპირდა – საკადრისი პასუხი რატომ არ გაეციო. რამდენად სამართლიანია ეს პრეტენზიები აბაშიძის მიმართ?

- ზურაბ აბაშიძეს მოვთხოვოთ ჩვენ, რატომ არ შეხვედი პოლემიკაში გრიგორი კარასინთან იმიტომ, რომ თინა ხიდაშელმა სრულიად გაუფრთხილებელი განცხადება გააკეთა – ამას ლოგიკა არ აქვს. თავდაცვის მინისტრი თავს კი უნდა აკონტროლებდეს იმდენად, რომ არ ლაპარაკობდეს ისე, თითქოს, აქ სადღაც სოფელში, ორღობეში ვიღაც დედაკაცს უჩურჩულა და ვერავინ ვერაფერი გაიგო. ეს არის ოფიციალური პირისა და ძალიან სერიოზული უწყების ხელმძღვანელის ძალიან მოუზომავი განცხადება. მისი განცხადების შინაარსთან შედარებით, კარასინის ნათქვამი გაცილებით რბილია – მან თქვა, როდემდე შეიძლება ასე, ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარიო, ხიდაშელმა კი თქვა, – მთელი ცივილიზებული მსოფლიო უნდა გაერთიანდეს რუსეთის წინააღმდეგო. რომელი უფრო მძიმე განცხადებაა? ჩვენს პოლიტიკოსებს სასწორი რომ ჰქონდეთ და აწონონ ხოლმე, ვისი ნათქვამი რა წონისაა, ალბათ, აჯობებდა. ზურაბ აბაშიძე კვალიფიციური დიპლომატია და ის პასუხი გასცა, რაც უნდა გაეცა.

რეზონანსი”, 23 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „მასტერა” და მეგის ქარდავა ფარული ჩანაწერებით ვაჭრობას ცდილობდნენ

თაკო მათეშვილი

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე დარწმუნებულია, რომ კუდ-ის ყოფილი მაღალჩნოსანი გიორგი დგებუაძე, იგივე “მასტერა”, რომლის ექსტრადირებაც საქართველოში გუშინ განხორციელდა, მნიშვნელოვანი ინფორმატორი იქნება როგორც ჩანაწერების საქმეზე, ისე ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგაც.

“მასტერა”, მამუკა არეშიძის თქმით, შსს-ს მაშინდელი ხელმძღვანელობის ნდობით აღჭურვილი პირი იყო და განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავალებებსაც ასრულებდა. მეტიც, ექსპერტის ინფორაციით, 2013 წელს დგებუაძე საქართველოს ხელისუფლებას ფარული ჩანაწერების გადაცემის სანაცვლოდ მასზე ძიების შეწყვეტასაც სთხოვდა.

“რეზონანსთან” ინტერვიუში არეშიძე ბრიუსელის ტერაქტსაც ეხმაურება და მიიჩნევს, რომ საქართველოში მსგავსი ტერაქტის საშიშროება ნაკლებად არსებობს. მისი აზრით, ქვეყანაში უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება სწორი გადაწყვეტლება იყო. თუმცა ამბობს, რომ წარმოუდგენელია, ამით საფრთხე მთლიანად იქნას თავიდან აცილებული.

„ისრაელშიც კი, სადაც უსაფრთხოების სისტემების შექმნაზე კოლოსალური თანხები იხარჯება და ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ რიგითი ადამიანები დაცულები იყვნენ, ტერაქტები მაინც ხდება. სამწუხაროდ, არაა მოფიქრებული უნივერსალური ღონისძიება, რომელიც კონკრეტულ ტერორისტს გააუვნებელყოფს. უსაფრთხოების სისტემების დამსახურებით მსოფლიომ ბევრი ტერაქტი აირიდა თავიდან, მაგრამ მაინც ხდება და ამის დასტურია ბრიუსელის გუშინდელი მოვლენებიც. საქართველოში კი რამის გაკეთება კიდევ უფრო რთულია, რადგან ჯერჯერობით ჩვენთან უსაფრთხოების ის სისტემებიც არაა შექმნილი, რაც სხვა ქვეყნებში უკვე ამოქმედებულია. აეროპორტსა და ზოგიერთ სტრატეგიულ ადგილას შესაძლოა არის, მაგრამ მთლიანობაში, ეს სისტემა დაუხვეწავია“, – ამბობს მამუკა არეშიძე.

- აეროპორტი და მეტრო განსაკუთრებული რისკის ზონად უნდა მივიჩნიოთ?

- რა თქმა უნდა. მგზავრობა განსაკუთრებული საფრთხის შემცველია. თუმცა, ობიექტურად უნდა ითქვას, რომ საქართველო არც ისე წინაა იმ ქვეყნების რიგში, სადაც მოქალაქეებზე თავდასხმა შეიძლება მოხდეს.

- თქვენი აზრით, რატომ იქცა ტერორისტების სამიზნე ამჯერად ბრიუსელი?

- იმიტომ, რომ ბელგიამ საფრანგეთს ტერორიზმში ბრალდებული პიროვნება გადასცა, პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. დარწმუნებული ვარ, ამას ოფიციალურად თავადაც იტყვიან. გარდა ამისა, ბელგია ევროპის გულია, სწორედ იქაა განლაგებული ევროკავშირის ცენტრალური შტაბბინა. დარწმუნებული ვარ, ამიტომაც შეუტიეს ბრიუსელს. საქართველოში კი, უახლოეს მომავალში ასეთი ტიპის ტერაქტებს არ ვვარაუდობ. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ვინმემ თავდასხმა საქართველოში განლაგებულ საერთაშორისო წარმომადგენლობებზე მოინდომოს.

- საქართველოში “მასტერას” ექსტრადაცია განხორციელდა. რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმატორია იგი ჩანაწერების საქმეზე?

- მისი ექტსრადირების საკითხი ბევრად ადრე იყო დაყენებული. ზუსტად საქართველოს მოთხოვნით დააკავეს იგი 2014 წელს. მას მერე ორი წელი გავიდა. პროკურატურა ამბობს, რომ დგებუაძეს ჩანაწერებთან პირდაპირი კავშირი არ აქვს და იგი ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზეა დაკავებული. თუმცა მე გეტყვით იმას, რომ 2013 წელს, როცა დგებუაძემ ჰოლანდიას თავი შეაფარა, მას ჰქონდა მცდელობა საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან ამ ფირებით ევაჭრა.

მე ის ქალაქიც ვიცი, საიდანაც იგი ხელისუფლებასთან კონტაქტობდა – ბრიუსელი. როგორც ჩანს, ეს კონტაქტი მისთვის ნაყოფიერად არ დასრულდა და მასთან არ ივაჭრეს. სწორედ ამის შემდეგ დააკავეს ის და მერე უკვე საქართველომ მისი გადმოცემაც მოითხოვა. ასე რომ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იგი პირდაპირ კავშირშია ამ ფირების საქმესთან. როგორ ჩაუვარდა ხელში ჩანაწერები, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

- ანუ, საქართველოს ხელისუფლებას დგებუაძე ამ ფირების გადმოცემის სანაცვლოდ მასზე ძიების შეწყვეტას სთხოვდა?

- კი, ასეა. ერთი მცდელობა “მასტერას” ჰქონდა ბრიუსელიდან და მეორე, მეგის ქარდავას სოჭიდან. როგორც ჩანს, ვაჭრობა არც მასთან შედგა. ეს ჩემთვის ჯერ კიდევ 2013 წელს იყო ცნობილი.

- ვისთან ჰქონდათ მათ კონტაქტი?

- რასაკვირველია ისინი მთელ ხელისუფლებას არ დაუწყებდნენ ვაჭრობას. კონკრეტულ პიროვნებებთან კონტაქტობდნენ. გვარები არ ვიცი.

- ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ?

-ეს ინფორმაცია მაშინ ძალოვანი სტრუქტურებიდან შევიტყვე.

-ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ჩანაწერებთან დაკავშირებით დგებუაძე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმატორია?

- ეს ვაჭრობა სულ რომ არ ყოფილიყო, დგებუაძე შსს-ს მაშინდელ ხელმძღვანელობასთან იმდენად დაახლოებული იყო, რომ გამორიცხულია, დაწრვილებით არ სცოდნოდა, რა ხდებოდა ჩანაწერებთან დაკავშირებით. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ იგი ჩანაწერებზე ყველაფრის საქმის კურსში იყო.

- გამოდის, რომ იგი მნიშვნელოვანი ინფორმატორია ახალაიასა და მერაბიშვილის წინააღმდეგაც.

- რასაკვირველია. ამ ადამიანმა ყველაფერი იცოდა, რაც მაშინ შსს-ში ხდებოდა. დარწმუნებული ვარ, მას ბევრი უკანონობის თაობაზე შეუძლია მოყვეს, რაც მაშინ იქ ხდებოდა.

- “მასტერამდე” საქართველოს პროკურატურამ გაქცეული ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებისა თუ ექსტრადაციის საკთხში არაერთხელ განიცადა კრახი. რა იყო ამის მიზეზი და რატომ დადგა ახლა განსხვავებული შედეგი? უკეთ მოინდომეს?

- დავით კეზერაშვილის თემას მოგიყვანთ მაგალითად. მაშინ პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა. ჯერ ერთი, კეზერაშვილის საქმეზე საფრანგეთში თარატინა ფურცელი გააგზავნეს. გარდა ამისა, მაშინ უფრო მეტი ბრალი კეზერაშვილის ერთ-ერთ ნათესავს ჰქონდა წაყენებული, რომელიც დაკავების მომენტში კეზერაშვილთან ერთად იყო. ფრანგ სამართალდამცავებს ამ ნათესავის უკანონო ქმედებებზე იარაღით ვაჭრობის საქმეში უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდათ, ვიდრე კეზერაშვილზე. ისიც ვიცი, რომ ისინი გაოცებულებიც კი იყვნენ, რადგან ინფორმაცია მათ საქართველოდან კეზერაშვილზე მიუვიდათ და არა მის ნათესავზე. თანაც, როგორც აღვნიშნე, კეზერაშვილზე აბსოლუტურად უსუსური დოკუმენტი გაგზავნეს. მავანს შეიძლება ეს არაპროფესიონალიზმად მოეჩვენოს, მაგრამ მე დავამატებდი, რომ არაპროფესიონალიზმთან ერთად ეს “მეხუთე კოლონის” ქმედების შედეგიც იყო, რომელიც საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებში მაშინ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ახლა. თუმცა, ახლაც არის.

- დაანონსებულია, რომ ჩანაწერები კიდევ გავრცელდება. ეს თქვენი აზრით ვის წისქვილზე ასხამს წყალს და ვის რეიტინგს ურტყამს პირველ რიგში?

- პირველ რიგში, ხელისუფლების რეიტინგს. ეს ჩანაწერები კონკრეტული პირების წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ. არც ის მგონია, რომ იმ ოპოზიციურ პარტიას, რომლის წარმომადგენელზეც ჩანაწერი იყო, ამით სერიოზული დარტყმა მიადგა. აქედან გამომდინარე, სამიზნე სხვა იყო. პირველ რიგში კი საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ჩიხურ სიტუაციაში აღმოჩნდა.

საზოგადოებამ ხელისუფლებას ბრალად წაუყენა არა ის, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია გავრცელდა, არამედ ის, რომ მან თავის დროზე “მეხუთე კოლონა” არ ამოძირკვა, რომელიც სამართალდამცავ სტრუქტურებში მოქმედებდა. ასევე ის, რომ არ გასამართლდნენ ის პირები, რომლებიც ამ ტიპის ვიდეოდოკუმენტების შექმნაში იყვნენ დამნაშავენი. ასეთი სულ 40-50 კაცი იყო და ხელისუფლებამ მათი სახელები და გვარებიც გადასარევად იცოდა და დანაშაულის ხარისხიც.

რაც შეეხება იმას, თუ ვის წისქვილზე დაასხა ჩანაწერებმა წყალი, შემიძლია ვთქვა, რომ “ნაცმოძრაობის” წისქვილზე დაასხა, ასევე, საქართველოს მტრების როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. აქ ხელისუფლების ავკარგიანობაზე კი არაა საუბარი, არამედ იმაზე, რომ ასეთი ტიპის ჩანაწერების გავრცელება ქვეყანაში არასტაბილურ მდგომარეობას ქმნის და მოქალაქეებში დაუცველობის გრძნობას აჩენს. საბოლოოდ კი, ხელისუფლებასა და ხალხს შორის კავშირი ირღვევა. ეს კი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია.

- რატომ არ ამოძირკვა თავიდანვე ხელისუფლებამ “მეხუთე კოლონა” თქვენი აზრით?

- იმიტომ, რომ ახალი ხელისუფლებისათვის ამის გაკეთება რთული იყო. მაშინ მიხეილ სააკაშვილივით უნდა მოქცეულიყვნენ, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შსს-ს რიგებიდან უმრავლესობა გაუშვა. მე მაგალითად ვიყავი მომხრე, რომ ამ ხელისუფლებასაც ყველა გაეშვა და პასუხისმგებლობაში მიეცა ის პირები, რომლებიც ამგვარ საქმეებში იყვნენ ეჭვმიტანილნი.

ხელისუფლებისათვის კი, როგორც ჩანს, ამის გაკეთება რთული აღმოჩნდა. ეს ხალხი სტრუქტურებში დარჩნენ და თავიანთი პატრონების დავალებას ასრულებდნენ. პატრონებს იმიტომ ვამბობ, რომ დარწმუნებული ვარ, ბევრ მათგანზე საქართველოდან გაქცეულ მაღალჩინოსნებს კომპრომატები ჰქონდათ. სწორედ ამ კომპრომატების მეშვეობით მართავდნენ ამ ხალხს. ამიტომაც იყო რთული ამის გაკეთება. ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ასეთ ადამიანებთან თანამშრომლობდა კიდეც. თუმცა არ გაითვალისწინეს, რომ ადამიანები, რომლებიც კომპრომატებით იმართებიან და ერთხელ უკვე გაყიდული არიან, მეორედაც იმავეს გააკეთებენ და მივიღეთ შედეგი, რომელიც გვაქვს.

- საზოგადოება ამ ჩანაწერების გავრცელებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და კონტროლსაც მას სთხოვს. რამდენად შესაძლებელია თქვენი აზრით ამის გაკონტროლება?

- ძალიან რთულია, ფაქტობრივად წარმოუდგენელია, საზოგადოება სწორად იქცევა, როცა ხელისუფლებას მწვავე რეაგირებას და ამ პროცესის ლიკვიდაციას სთხოვს, მაგრამ ამ სიტუაციის ლიკვიდაცია ძალიან რთულია. როგორც ირკვევა, ეს ჩანაწერები სპეცსამსახურების თანამშრომლებს მაშინვე გაუმრავლებიათ და ისინი ისეთი ხალხის ხელში აღმოჩნდა, რომელზეც ამას არავინ ელოდა. ჯამალაშვილისა და ღურწკაიას დაპატიმებამაც ცხადყო, რომ ეს ჩანაწერები ისეთი ხალხის ხელშიც კია, ვისაც ამასთან პირდაპირი შეხება წესით არ უნდა ჰქონოდა. ასე რომ, ამის ლიკვიდაცია ურთულესია. ჯერ ერთი ჩანაწერები ბევრია და მეორეც, ვის სად უნდა სდიონ, მსოფლიოს რომელ კუთხეში?

- წინასაარჩევნოდ ამ თემის კიდევ უფრო გააქტიურებას ელოდებით?

- რა თქმა უნდა. არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, მომავალ წლებშიც ველოდები. სანამ ის ადამიანები, რომლებიც ამ ვიდეოებზე არიან ასახული პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ სივრცეში აქტიურები იქნებიან, ამ ვიდეოებით შანტაჟი მანამდე გაგრძელდება. შეიძლება არ გამოაქვეყნონ, მაგრამ ამ ადამიანებს ყოველთვის დააშანტაჟებენ ფულის მოთხოვნისა თუ დავალების შესრულების მიზეზით. ესაა საშინელი მემკვიდრეობა, რომელიც ქვეყანას “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაუტოვა.

“ალია”, 23 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: ევროპას თავისი გასჭირვებია - რუსეთი საქართველოში ქაოსს შექმნის?

ნინო სამხარაძე

ევროპის შუაგულში, მსოფლიო პოლიტიკის მექაში, იქ, სადაც ნატოს ცენტრალური შტაბი, თუ ევროსაბჭოა განთავსებული, 22 მარტს ზედიზედ ოთხი ტერორისტული აქტი მოხდა. ეს იყო ერთგვარი შურისძიება პარიზის ტერაქტის ორგანიზატორის დაკავების გამო. ტერორისტული აქტების მოწყობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავის თავზე აიღო და ღიად გამოცხადებული ომის ქრონიკა დააანონსა. მსოფლიო კვლავ შოკშია და უძლურია, ტერორისტებს გასცეს სათანადო პასუხი.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ ცხარე ცრემლებით იტირა მსვლელობისას, როცა მას ბელგიის ტრაგედიის შესახებ აუწყეს, მაგრამ ტერორისტებს ცრემლების არ სჯერათ! შუაგულ ევროპაში ომია. მიუხედავად იმისა, რომ ბელგიის უსაფრთხოების სამსახური მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ საქმის კურსში იყო, ვერ აღკვეთა ოთხ სხვადასხვა ადგილზე – აეროპორტსა და მეტროებში აფეთქებისგან დაეცვა საკუთარი მოსახლეობა, არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი 30 კაცამდეა. დაშავებულების ციფრი ჯერ კიდევ დაუდგენელია. ამერიკის სადაზვერვო სამსახური ჯერ კიდევ პარიზის ტერაქტის შემდეგ აცხადებდა, რომ უსაფრთხოების სამსახურები 21-ე საუკუნის გამოწვევებს ვერ პასუხობენ. საქართველოს უსაფრთხოებამ სტრატეგიულ ობიექტებზე ზომები გაამკაცრა. შესაძლოა, ტერორისტების სამიზნეში ევროკავშირის ასოცირებული წევრი და პარტნიორი საქართველოც აღმოჩნდეს?

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში  მამუკა არეშიძე „ალიას“ კითხვებს პასუხობს:

- თქვენი აზრით, რატომ ვერ აღკვეთა ბრიუსელმა მოსალოდნელი ტერაქტი, რომლის შესახებაც სპეცსამსახურებს ინფორმაცია ადრევე ჰქონდათ?

- ძალიან რთულია იმის თქმა, რატომ ვერ განხორციელდა პრევენციული ზომები. ისრაელშიც კი, სადაც უსაფრთხოების ზომები აყვანილია სახელმწიფოს რანგში, ვერ ხდება ტერორისტული აქტების თავიდან აცილება.

დარწმუნებული ვარ, ბელგიის ხელისუფლებამ ზომები მიიღო, მაგრამ ის საშინელი ტერაქტი მაინც მოხდა. არ არსებობს ასპროცენტიანი პრევენცია. ჩვენ არ გვსმენია, რამდენი ტერორისტული აქტი იყო გაუვნებელყოფილი. დარწმუნებული ვარ, ეს ტერაქტი მიეძღვნა იმ ფაქტს, როცა ბელგიამ გადასცა პარიზის ტერაქტის ორგანიზატორი და ამისთვის ტერორისტებმა ბელგიელები დასაჯეს. საქართველოს ხელისუფლებამ გააძლიერა უსაფრთხოების ზომები, თუმცა, მე არ ველოდები, რომ აქ შეიძლება მოხდეს ისლამური სახელმწიფოს მხრიდან ტერორისტული აქტი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ამ რთული ვითარებით საქართველოს მტერმა ისარგებლოს და შექმნას მართვადი ქაოსი. ჩვენ ისედაც ვიმყოფებით მორალური ტერორის ქვეშ, დარწმუნებული იყავით, რომ მორალური ტერორი უფრო ეფექტურია, რასაც მისი ორგანიზატორები აკეთებენ, ვიდრე ფიზიკური ტერორი, რადგან მორალური ტერორის ავტორები სხვა მიზანს ისახავენ. მათი მიზანია ხელისუფლების მაქსიმალური დისკრედიტაცია. „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე შეცდომა დაუშვა, როცა თავიდანვე არ ამოძირკვა სარეველა, რასაც ჰქვია „მე-5 კოლონა“ და ის დამნაშავე ჯგუფი, რომელიც ფირებს იღებდა და ინახავდა, დაუსჯელი დატოვა.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ ქართული ოცნების ოფისში ფირები კუდის მაშინდელმა მაღალჩინოსანმა მიიტანა. ვის გულისხმობდით, ლელუაშვილს?

- დიახ, ის იყო ლელუაშვილი. „ქართული ოცნების» ოფისში 4 თუ 5 ოქტომბერს ვნახე, მას ხელში ეჭირა ჩანთა, რომელშიც, ჩემი ვარაუდით, ეს კომპრომატები იდო. რიგში იდგა იმ კართან, სადაც ხვედელიძე იჯდა და მასთან უნდოდა შეხვედრა, მაგრამ, რამდენადაც გავარკვიე, იმ დღეს ხვედელიძემ ლელუაშვილი არ მიიღო. მოკლედ, ასეა თუ ისე, ლელუაშვილის გარდა, სხვებიც იყვნენ, იგივე «მასტერა“, მეგის ქარდავა, ვის ხელშიც იყო ეს ფირები. პირველად თქვენთან ვთქვი ინტერვიუში, რომ „მასტერა“ – ბრიუსელიდან, ხოლო მეგის ქარდავა სოჭიდან ცდილობდა, ამ ფირებით ევაჭრა ხელისუფლებასთან. როგორც ჩანს, ვაჭრობა არ გამოუვიდათ. ამიტომაც მოხდა „მასტერას» საქართველოში ექსტრადირება.

მე მაინც მგონია, რომ, რაც კადრების გარშემო ხდება, დაგეგმილია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, რათა საზოგადოებაში გაჩნდეს შიშის სინდრომი, დაუცველობის შეგრძნება. არის ინფორმაცია, რომ ვიღაცები ხელისუფლებასთან ვაჭრობდნენ და ფულს ითხოვდნენ ფირების სანაცვლოდ. მათ თანხა არ გადაუხადეს და ამისდემონსტრირებაც მოახდინეს.

- გრიგორი კარასინის განცხადება იწვევს თუ არა ეჭვებს, რომ რუსეთმა შესაძლოა, ქვეყნის შიგნით და მსოფლიოში დაძაბული ვითარებით ისარგებლოს და უბედურება დაატრიალოს საქართველოში...

- რასაკვირველია, შესაძლებელია, ეს ეჭვები კარასინის დემარშმა გააძლიერა. რუსეთის გარდა, არსებობს სხვა ქვეყნებიც, რომელთაც შეგნებულად არ დავასახელებ, ასეთი ქვეყანა არის სამხრეთითაც, რომლებიც ფულის გამო ყველაფერს გააკეთებენ. ჩვენ ბევრი ქვეყნის თუ დაინტერესებული პირის სამიზნე ვართ. ავიღოთ უკრაინა, იქ არიან ძალები, რომელთაც უნდათ, მაქსიმალური დისკრედიტირება მოახდინონ „ნაცმოძრაობის“, მაგალითად, მილიარდერი კოლომოისკი ვიცი, რომ აქტიურად ცდილობდა ამ ფირების ხელში ჩაგდებას. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დაინტერესებული ძალების მხრიდან მიდის ნადირობა კომპრომატებზე. მავანისთვის ეს არის გადასარევი იარაღი მანიპულაციებისთვის. დარწმუნებული იყავით, რომ ფულს არ დაიშურებენ დაინტერესებული ძალები, რომ ხელში ჩაიგდონ ეს ფირები, რადგან ის ადამიანები, ვინც ამ კადრებშია, ჯერჯერობით პოლიტიკაში რჩებიან. შესაბამისად, მათ დიდხანს დააშანტაჟებენ და ამიტომ იყო, გია ხუხაშვილი ამბობდა, ვინც იცით, თქვენზე კომპრომატები არსებობს, დატოვეთ ხელისუფლებაო. თუმცა რთული გასარკვევია, შესაძლოა, კონკრეტულმა პიროვნებამ არ იცოდეს, რომ მასზე არსებობს კომპრომატი.

- ხომ არ იცით ბიძინა ივანიშვილის აზრი ე.წ. პორნოსკანდალებთან დაკავშირებით?

- როგორც ვიცი, ივანიშვილი ამ სიტუაციისგან ტრაგედიას არ ქმნის, ხელისუფლებაში არის გარკვეული შიში იმისა, რომ კადრების ჩვენება გაგრძელდება. ახლა უკვე ძალიან რთულია მისი დაბლოკვა. ხელისუფლებაში კარგად აცნობიერებენ, რომ ეს მათ წინააღმდეგ დემარშია და ამით კეთდება მათი დისკრედიტაცია. ამიტომაც ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა ჩართონ გამოძიებაში პარტნიორი ქვეყნები, თუმცა მაინც გართულდება ამ საქმის საბოლოო ლიკვიდაცია.

„ახალი თაობა“, 23 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „ტერაქტებისთვის საქართველოც მზად უნდა იყოს“

გახდება თუ არა საქართველო ტერორისტების სამიზნე, რა გველოდება შემოდგომაზე, რა მეთოდებს გამოიყენებენ რუსული სპეცსამსახურები, რა შეცდომები დაუშვა ევროპამ? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

„ძალიან ცუდი დრო დადგა, როცა არცერთი ქვეყანა არაფრისგან დაზღვეული არ არის. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გამართლდა ის პროგნოზი, რომელიც რამდენიმე თვის წინ „ახალ თაობასთან“ საუბარში გავაკეთე. ჯერ კიდევ პარიზის ტერაქტებამდე ვამბობდი, რომ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ევროპის ქვეყნებში გადაინაცვლებდნენ. არსებული ინფორმაციით, ისლამური სახელმწიფოს 4.000-მდე მებრძოლი ევროპის ტერიტორიაზეა და თავის დროს ელოდებიან. 22 მარტს მათი სამიზნე ბელგია გახდა. ვისი ჯერი იქნება ხვალ, ეს არავინ იცის.

- საქართველო რამდენად არის დაცული ამ საფრთხეებისგან?

- სამწუხაროდ, საქართველო არაფრისგან დაცული არ არის. წინა ინტერვიუშიც გითხარით, ჩვენი ქვეყანა ისლამისტების სამიზნე რომ არ გახდა, ეს თარხან ბათირაშვილის დამსახურებაცაა. კარგად მუშაობენ ჩვენი სპეცსამსახურები, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტი უნდა იმუშაონ. საქართველოს გარშემო რკალი ნელ-ნელა ვიწროვდება. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულმა ოპერაციამ შედეგი ვერ გამოიღო, ისლამისტები ვერ გაანადგურეს. ისინი პატარ-პატარა ჯგუფებად დაიშალნენ და სხვადასხვა ქვეყანაში გადავიდნენ. საქართველოში მოხვედრა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, ამიტომაც მაქსიმალური ყურადღება და უსაფრთხოების ზომების უკიდურესად გამკაცრებაა საჭირო.

- ბრიუსელის ტერაქტის შემდეგ მშობლიურმა სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომ საზღვრებზე და აეროპორტებში კონტროლი გამკაცრებულია. ეს საკმარისი არ არის?

- კონტროლი რომ გაამკაცრეს, ძალიან კარგია, მაგრამ მარტო გამკაცრება საქმეს ვერ უშველის. უსაფრთხოების ზომები ბრიუსელის აეროპორტშიც მიღებული ჰქონდათ, მაგრამ ტრაგედია თავიდან ვერ აიცილეს. ევროპელებს უსაფრთხოების დაცვის საკითხებში სერიოზულად ჩამოვუვარდებით, მაგრამ მათთან შედარებით სერიოზულ უპირატესობას ვფლობთ.

- რა უპირატესობაზე საუბრობთ?

- ევროპაში ლიბერალიზმია გამეფებული და ადამიანის უფლებების დაცვას დიდ ყურადღებას აქცევენ. სპეცსამსახურებს ძალიან უჭირთ იმ ადამიანებზე თვალთვალის დაწესება, რომლებიც რაღაცაში ჰყავთ შემჩნეული. იმისთვის, რომ სპეცსამსახურებმა მათი თვალთვალი დაიწყონ, სასამართლოს ნებართვაა საჭირო. სასამართლო ნებართვას მანამდე არ გასცემს, სანამ პირის დანაშაულის დამამტკიცებელ საბუთებს არ წარუდგენ. ამას დრო სჭირდება, ამ დროში კი შეიძლება იმ პირმა ტერაქტი მოაწყოს. ჩვენთან ასეთი ნებართვის მოპოვება გაცილებით მარტივია და უფრო მარტივად შეიძლება საეჭვო პირების გაკონტროლება.

- ეს საეჭვო პირები საქართველოში უკვე შემოსული არიან?

- როდის არ იყვნენ საქართველოში საეჭვო პირები? აქაურობა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლებით არის სავსე. ახლა მთელი ყურადღება ისლამისტ მებრძოლებზეა გადატანილი. საქართველოს კი შესაძლოა საფრთხე სხვა მხრიდან დაემუქროს. რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება წყალქვეშა რეჟიმში გადავიდა. იმის გამო, რომ ორივე ძლიერი ქვეყანაა, ისინი ერთმანეთს პირისპირ არ შეებრძოლებიან. მათ საქმეში სპეცსამსახურები ჩართეს. თურქული მხარე ჩრდილოეთ კავკასიაში ახდენს ისლამისტების პროვოცირებას, ხოლო რუსები ქურთების კოზირს ათამაშებენ, თან ბოლომდე.

ჩვენი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს სკოლაში გეოგრაფია ნასწავლი არ აქვთ. მათ შევახსენებთ, რომ თურქეთი და რუსეთი საქართველოს გარშემო მდებარეობენ. ამ ქვეყნების ომსაც თუ გავიხსენებთ, მაშინ სწორედ კავკასიის ფრონტმა გადაწყვიტა რუსეთის გამარჯვების საკითხი. ქართველი თავადაზნაურობა მაშინ რუსეთს დაეხმარა აფხაზეთისა და აჭარის დაბრუნების სანაცვლოდ. ჩვენ წავართვით მაშინ თურქებს აფხაზეთი და აჭარა.

- იმის თქმა გინდათ, რომ საფრთხეებს რუსეთისა და თურქეთის სპეცსამსახურებისგან უნდა ველოდოთ?

- ტერაქტები შეიძლება არ მოგვიწყონ, მაგრამ თავიანთი ინტერესების გატარებას შეეცდებიან. თავიანთი ინტერესები აქვთ რადიკალ ისლამისტებს. იმისთვის, რომ ევროპაზე ზეწოლის წვდომა ჰქონდეთ, აუცილებელია, კავკასიაში ზურგი ძლიერი ჰყავდეთ. საქართველოს სპეცსამსახურები კარგად მუშაობენ, მაგრამ სადღაც მაისისთვის კიდევ უნდა გააქტიურდნენ. ტერაქტების ალბათობა ერთიათად იზრდება. მოსალოდნელი საფრთხეებიდან გამომდინარე, კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის პოსტიდან სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს მინდია ჯანელიძე. მის ადგილზე მაღალკვალიფიციური პროფესიონალი უნდა დანიშნონ, რომელიც კრიზისების მართვის ბაზაზე აზერბაიჯანთან ერთად შექმნის რეგიონული უსაფრთხოების მართვის საკოორდინაციო ცენტრს.

- აზერბაიჯანთან ერთად რატომ უნდა შეიქმნას ეს ცენტრი?

- იმიტომ, რომ კავკასიაში ისლამისტების სამიზნეს საქართველო და აზერბაიჯანი წარმოადგენენ. ჩვენი გავლით მოსკოვისთვის არასასურველ მებრძოლებს რუსეთში შეუძლიათ გადასვლა, ისევე, როგორც ანკარისთვის მიუღებელი ხალხი მოხვდება თურქეთში.

- ჩვენს მეზობელ სომხეთზე რას იტყვით, მათთან ერთად რატომ არ შეგვიძლია ერთობლივი ცენტრის შექმნა?

- სომხეთი გადაქცეულია რუსეთის სამხედრო ბაზად. ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ სწორედ გიუმრის სამხედრო ბაზიდან შედის იარაღი ამბოხებული ქურთების დასახმარებლად. სომხეთთანაც შეიძლება თანამშრომლობა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ კავკასიის ხერხემალი ფოთი-ბაქოა. აზერბაიჯანისა და საქართველოს საკოორდინაციო ცენტრში აუცილებლად უნდა ჩაერთონ ამერიკისა და ისრაელის წარმომადგენლობები.

- ზემოთ თურქეთისა და რუსეთის სპეცსამსახურებზე ისაუბრეთ. თქვენი აზრით, არის თუ არა ამ საფრთხეებთან კავშირში რუს დიპლომატ კარასინის მუქარანარევი განცხადება?

- კავკასიის ხალხთა კონფედერაციის სახელით ვაცხადებ, რომ კარასინის განცხადება იყო გეგმის პრეზენტაცია. ამ განცხადების უკან დგას ძალიან სერიოზული კონცეფცია.

- რაში მდგომარეობს ეს კონცეფცია?

- ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები, შესაძლოა, საპროტესტო აქციების გასამართად გამოიყენონ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ არჩევნებს მათთვის სასურველი ძალები არ მოიგებენ.

- თქვენ თვლით, რომ პრორუსული ძალების მხარდასაჭერად ვინმე ქუჩაში გამოვა?

- მათ მხარდასაჭერად არავინ გამოვა ქუჩაში და არც რუსები შეეცდებიან ამის გაკეთებას. არჩევნებზე ბევრი პარტია ვერ გადალახავს ბარიერს. არცერთი პარტია არ იტყვის, რომ არჩევნები ურეიტინგობის გამო წააგო. ყველა იტყვის, რომ არჩევნები გაუყალბეს. პარლამენტს მიღმა დარჩენილები ხელს ხელისუფლებისკენ გაიშვერენ და გაერთიანდებიან.

- ეს პარტიები ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ და ასე მარტივად მოახერხებენ გაერთიანებას?

- არჩევნების გაყალბება ის თემაა, რომელიც ბევრ ძალას აერთიანებს. ეს 2003 წელს უკვე ვნახეთ. თავიდან იქნება მოტივაცია პროტესტისთვის, მერე იქნება გაერთიანება და გარედან მხარდაჭერა. პროტესტის მოტივაციები საქართველოში უკვე გაჩნდა, რომლის გარშემოც შესაძლოა არჩევნებამდე მოხდეს გაერთიანება.

- რა მოტივაციაზე საუბრობთ?

- ერთსქესიანთა ქორწინების შესაძლო დაკანონება და ლგბტ პირების უფლებების დაცვაზე გადაჭარბებული ყურადღების გამახვილება. ეს არის თემა, რომელიც რამდენიმე მკვდარი პოლიტიკოსის რეანიმირებას მოახდენს. ამ თემაზე დიდ ხმაურს დაიწყებენ.

- და რას იტყვიან, გვაცისფერებს ევროპა და ხმალს ხელი ვიკრათო?

- გვაცისფერების გარდა, იმასაც იტყვიან, გვავარდისფერებენო. მთავარ ყურადღებას მორალზე გაამახვილებენ. გასროლილი ვაზნასავით ფუჭი პოლიტიკოსები იტყვიან, დასავლეთიდან ამორალური ტალღა მოდის, რომელიც ჩვენს პატარა ქვეყანას დაღუპავსო.

- ხსნას წითელ ეშმაკთან – რუსეთთან მოძებნიან?

- რა თქმა უნდა, მხსნელად დაგვიხატავენ კრემლს. დემაგოგია მარტო სიტყვა არ არის, ის მეცნიერება გახლავთ. ამ დემაგოგიის წყალობით არის საქართველოში არეულობა. ამ თემაზე ხმაურის ატეხა რუსეთის ინტერესებშია და ისინი ამ საკითხს საკუთარი მოსახლეობისთვისაც სერიოზულად გააპიარებენ.

- საკუთარ მოსახლეობას რაღას ეტყვიან?

- ეტყვიან, რომ სწორედ ამორალობის გამო უპირისპირდებიან დასავლეთს, სიამაყით აღნიშნავენ, რომ ამ საქმეში საქართველოს სახით იდეური თანამოაზრეც გამოუჩნდათ. ამ თემით ეკონომიკურ გაჭირვებასაც გადაფარავენ, ხალხს აუხსნიან, რომ სახისა და მორალის გადასარჩენად სიდუხჭირეში ყოფნა გამართლებულია. კრემლს რეალურად ეძლევა შანსი, საქართველოს მოსახლეობას, რომელიც მორალის დასაცავად გამოვა, გამოუცხადოს თანადგომა და შესთავაზოს დახმარება.

- რა სახის დახმარება?

- ყველა სახის. არც იმას გამოვრიცხავ, რუსი პოლიტიკოსების ნაწილმა საჯაროდ მოინანიოს, რომ მოსკოვმა საქართველოს აფხაზეთი და სამაჩაბლო წაართვა.

- ეს რას შეცვლის?

- ვიღაცებს გული მოუბრუნდება რუსეთზე, რაც მოსკოვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმას არ ვამტკიცებთ, რომ ეს ასე მოხდება, მაგრამ ასეთი სცენარი ნამდვილად არის შემუშავებული. დამერწმუნეთ, მის ამუშავებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. თქვენს მკითხველს ერთ საინტერესო ინფორმაციასაც მივაწვდი. საქართველოში არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ლგბტ პირებს თავგამოდებით იცავენ. ისინი დასავლეთიდან იღებენ დაფინანსებას. ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენს ლგბტ-ებს აფინანსებენ, რუსული სპეცსამსახურების ფულით საზრდოობენ.

ამ საკითხზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, გამგები ისედაც ყველაფერს გაიგებს. ეს არის თემა, რომელიც კავკასიურ მენტალიტეტზეა გათვლილი. რუსულმა სპეცსამსახურებმა ძალიან კარგი გეგმა მოიფიქრეს..არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ მაისიდან საქართველოსთვის მძიმე პერიოდი დადგება. სამწუხაროდ, არც ტერაქტებია გამორიცხული. ვინ და რა მიზნით განახორციელებს ამ ყველაფერს, ძნელი სათქმელია. საქართველოში ბევრი ინტერესი იკვეთება.

- მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრისას არ გვიხსენებია ლაფანყურის სპეცოპერაცია. არადა, წლების წინ სწორედ ამ სპეცოპერაციის გულისთვის გვიპირებდნენ თბილისში ტერაქტების მოწყობას. რა ხდება ამ საქმეზე? ცოტა ხნის წინ გვითხარით, საქმე გამოძიებულია, მაგრამ, სხვა ქვეყნების მოთხოვნით, თაროზეა შემოდებულიო…

- გიდასტურებთ, რომ ეს საქმე გახსნილია. 2 წელი თაროზე მართლაც იმიტომ იყო შემოდებული, რომ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებმა გვთხოვეს. ახლა, მგონი, ცოტა სხვანაირად არის საქმე. ლაფანყურის დეტალები რაღაც სხვა მიზეზით არ ხმაურდება. ეს კი საქართველოს შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.

- გამოდის, რომ შურისძიებას არ გამორიცხავთ?

- საქართველოს წინააღმდეგ შურისძიება არ იქნება. ყველამ კარგად იცის, რომ ეს სპეცოპერაცია ქართველი ხალხის ინტერესებსაც ეწინააღმდეგებოდა. კავკასიელებისთვის უკვე ცნობილია კონკრეტული დამნაშავეების ვინაობა. ისინი საჭიროების შემთხვევაში თავად იძიებენ შურს. ჯერ ამას არ აკეთებენ.

- რატომ არ აკეთებენ?

- ისინი ელოდებიან ქართული მხარის სიტყვას. ხომ შეიძლება, გამოძიებამ სხვა შედეგი დადოს. ეს ადამიანები ჩვენს სახელმწიფოს პატივს სცემენ. ჩვენც პატივი უნდა ვცეთ ამას. აგვისტოში სისხლიანი ოპერაციიდან 4 წელი გადის. უახლოეს მომავალში თუ არ მოხდა საქმის გასაჯაროება, კავკასიელებსა და რადიკალ ისლამისტებს ძალიან გავანაწყენებთ. მათი სახელით შესაძლოა ვიღაცამ რაღაცა მოაწყოს. არ დაგვავიწყდეს, 2012 წლის შემოდგომაზე თბილისის მეტრო ტერაქტს გადაურჩა.

„ახალი თაობა“, 23 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ გიორგი თავდგირიძესთან: „საქართველოში ამერიკული ასეული შემოდის… მკაცრი განცხადებები რუსეთის წინააღმდეგ ლეგიტიმურია“

თავდაცვის მინისტრის მრჩეველ გიორგი თავდგირიძის განცხადებით, თუ რუსულ მხარეს სურვილი აქვს საქართველოსთან ურთიერთობა დაალაგოს, შეუძლია გადავიდეს მოლაპარაკების რეჟიმში, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, მუქარის ენა და შანტაჟი ორმხრივ ურთიერთობას სარგებელს არ მოუტანს, საქართველოსა და რუსეთს შორის უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდება.

- ბატონო გიორგი, ცოტა ხნის წინ თქვენ დასცინეთ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რომელიც დაემუქრა თურქეთს, რომ განახორციელებდა რუსეთის იმპერატორის განზრახვას და სტამბოლს აიღებდა. როგორ აღიქვით კარასინის განცხადება, რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენ დაგვემუქრა?

- კონკრეტულ პოზიციას არ გამოვხატავ. მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ დიპლომატიური ენისთვის მუქარა მიუღებელია. თუ რუსულ მხარეს სურვილი აქვს საქართველოსთან ურთიერთობა დაალაგოს, შეუძლია გადავიდეს მოლაპარაკების რეჟიმში, როცა ჩვენ ვისაუბრებთ კონფლიქტის მოგვარების გზებზე. რაღაცაზე შევთანხმდებით, რაღაცაზე ვერ შევთანხმდებით, მაგრამ შედგება დიალოგი ორ თანასწორ ქვეყანას შორის, რომლებსაც სურთ პრობლემები დაძლიონ.

სხვა ნებისმიერ შემთხვევაში მუქარის ენა და შანტაჟი ორმხრივ ურთიერთობას სარგებელს არ მოუტანს, საქართველოსა და რუსეთს შორის უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდება. მიუხედავად იმისა, რას თვლის რუსეთი სწორად, რა შეფასება აქვს მას 2008 წელს და მანამდე საქართველოს მიმართ გატარებულ პოლიტიკაზე, თუ სურს, მართალი იყოს, უნდა აირჩიოს დიპლომატიის და არა ხელების გადაგრეხვის გზა, რადგან საქართველო კერკეტი კაკალია – მას შეუძლია პრინციპულად დაიცვას თავისი პოზიციები, მტკიცედ დაუდგეს ნებისმიერ გამოწვევას, ნებისმიერ მუქარას, ნებისმიერ მოქმედებას რუსეთის მხრიდან.

- გრიგორი კარასინს საქართველოს თავდაცვის მინისტრის რიტორიკა არ მოსწონს და სააკაშვილის დროინდელ რიტორიკას შეადარა. რამენაირად ეთანხმებით თუ…

- ეს არის ჩვეულებრივი რიტორიკა, სადაც ერთი მხარე საუბრობს იმაზე, რომ რუსეთის მიმართ არის მტკიცე პოლიტიკა გასატარებელი. არიან ჯგუფები, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ და საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ, მიიღოს რუსეთის წინადადებები. ეს წინადადებები ითვალისწინებს ოკუპირებული ტერიტორიების ქვეყნებად აღიარებას, რაღაც ამორფულ ნეიტრალიტეტს, რომელშიც არანაირ გარანტიებს ჩვენ არ ვიღებთ. ასეთი ჯგუფების მოზღვავება აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს და თავისთავად გამოწვეულია გარკვეული საინფორმაციო ომით, რომელსაც რუსეთი აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ.

სანამ რუსეთსა და საქართველოს შორის პრობლემები არ გადაიჭრება, მანამ რუსეთი ჩვენ მიმართ მტრულად გამწყობილი ქვეყანაა, მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილები, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ჰყავს თავისი შეიარაღებული ძალები და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისი შეიარაღებული ძალების ყოფნას საქართველოზე ზეწოლისთვის იყენებს. კიდევ ბევრი მიზეზია, რის გამოც ქართველ პოლიტიკოსებს უნდა ჰქონდეთ მკაცრი პოზიცია. მკაცრი განცხადებები რუსეთის წინააღმდეგ ლეგიტიმურია. მათ აქვთ თავისი მიზნები. კარასინის მოწოდებები აგიტაციასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია.

- რას შეიძლება ემსახურებოდეს დროდადრო საოკუპაციო ხაზის გაფართოება? ახლაც რუსებს შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში გზა გაჰყავთ და ქართველი მოსახლეობის ხეხილს ჩეხავენ…

- თითოეული ასეთი ნაბიჯი რაიმე გლობალურ მიზანს არ ემსახურება, მაგრამ თავისთავად მანიშნებელია იმისა, რომ რუსეთი პატივს არ სცემს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას. მას არ აღიქვამს სრულფასოვან პარტნიორად, რომელთანაც შეიძლება ჯანმრთელი საუბარი პრობლემაზე. რუსეთი გვესაუბრება ძლიერის პოზიციიდან, რომლითაც მან 2008 წელს გარკვეულ წარმატებებს მიაღწია.

- როგორ შეიძლება იმის გაკეთება, რომ რუსეთმა ოკუპაციის ხაზი ვეღარ გააფართოოს?

- 100-200 და 400-მეტრიანი მონაკვეთების დაცვა საკმაოდ პრობლემურია. ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება მხოლოდ გლობალურად. ჩვენ ძალიან სწორად მივდივართ, ვახორციელებთ დაბალანსებულ პოლიტიკას, ვძლიერდებით ეკონომიკურად, ვძლიერდებით, როგორც საზოგადოება, როგორც სახელმწიფო, ძლიერდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. მოვა ეტაპი, როდესაც ვითარება შეიძლება საქართველოს სასარგებლოდ შეიცვალოს.

- რა გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ მოვა ის ეტაპი, როცა მოხდება დეოკუპაცია? რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, თავისი სიტყვა თქვა სირიაში. ახლა კავკასიაში ფართომასშტაბიან წვრთნებს იწყებს. არ არის გამორიცხული კავკასიაში დაიწყოს რაღაც ქმედებები. თქვენ რატომ ფიქრობთ, რომ რუსეთი დასუსტდება და ჩვენ ამით ვისარგებლებთ?

- საქართველო არის მზარდი განვითარების ქვეყანა. ჩვენი თანამოქალაქეების იმედი მაქვს. ჩვენი ძალისხმევით, გარჯით, შრომითა და ყველა საკითხისადმი გონივრული მიდგომით ახლო მომავალში საკმაოდ ძლიერ სახელმწიფოდ ვიქცევით. ამის ბევრი ინდიკატორი არსებობს. ჩემს ოპტიმისტურ განწყობას, პირველ რიგში, ჩემი თანამოქალაქეებისადმი ჩემი რწმენა იწვევს.

- ეგ გასაგებია, მაგრამ არ შეიძლება რაღაც ნიშნულზე ჩვენი ძალოვნები ისე განვალაგოთ, რომ რუსებმა საოკუპაციო ხაზი აქეთ ვეღარ გადმოწიონ, კონტროლის დაწესება არ სცადონ გორი-თბილისის ავტომაგისტრალსა და საერთაშორისო მნიშვნელობის ნავთობსადენზე?

- არის წითელი ხაზები, რომელთა გადმოლახვის საშუალებას რუსეთს არავინ მისცემს. ის უპირობო კაპიტულაცია, რომელიც დაიწყო 2008 წელს, არის ძალიან დიდი ტვირთი. სამხედრო მარცხს (მორალური და ფიზიკური თვალსაზრისით), რომელიც განვიცადეთ 2008 წელს, დასრულება უნდა.

- კაპიტულაცია ხომ არ გრძელდება?

- კაპიტულაცია არ გრძელდება. ამის ერთ-ერთი მაჩვენებელია თავდაცვის უწყებაში მიმდინარე გამალებული ტრანსფორმაციის პროცესი და მძლავრი ეკონომიკური პროექტები, რომლებიც ხორციელდება სამხედრო სფეროს გარეთ. აქედან გამომდინარე, კაპიტულაცია არ გრძელდება. კაპიტულაცია იქნებოდა, თუ ჩვენ უარს ვიტყოდით ნატოზე, ევროინტეგრაციაზე. შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე, ჩვენი მეხუთე კოლონისა თუ რბილი ძალისთვის დაგვეჯერებინა და გამოგვეცხადებინა ნეიტრალიტეტი, წავსულიყავით ევრაზიული კავშირისკენ იმ იმედით, რომ რუსები, ადრე თუ გვიან, მოწყალებას გაიღებდნენ. ჩვენი საგარეო ორიენტირი, ჩვენი მიზანი, შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, არ შეგვესრულებინა.

- ახლახან ამერიკელმა გენერალმა ბენ ჰოჯერსმა განაცხადა, რომ მაისში საქართველოში სატანკო და საჰაერო-სადესანტო ასეულს შემოიყვანენ. ეს ჩვენი თავდაცვისა და უშიშროებისთვის რას ნიშნავს?

- პარტნიორობა საქართველოსა და ნატოს შორის ღრმავდება. ეს არ არის მხოლოდ დეკლარაცია და გამოცდილების გაზიარება, გარკვეულ ღონისძიებებს გულისხმობს. შესაბამისად, ამერიკული ასეულის საქართველოში გადმოსროლა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სწავლების შემადგენელია, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ქვეყნისთვისაც. პრაქტიკაში სამხედრო საქმე ნიშნავს ბევრი რამის აწონ-დაწონვას, ურთიერთთავსებადობის მიღწევას არა მხოლოდ ნორმატიული აქტებით, არამედ ურთიერთთავსებადობას გარკვეული ოპერაციების დაგეგმვით, რაც ემსახურება საქართველოში შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდას, მისი სამხედრო უნარების ნატოს ქვეყნების შეიარაღებული ძალებისთვის გათანაბრებას.

- ამერიკული ასეულის შემოყვანა საქართველოში ჩვენი მტრებისთვის რაიმე შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენს თუ რუსეთისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორია?

- ამერიკული ასეულის შემოყვანა მჭიდრო ურთიერთობის დემონსტრირება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია. არამეგობარ და არაპარტნიორ ქვეყნებში ასეთი ტიპის სწავლებები არ ტარდება. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ რუსეთისთვის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი არის საქართველოს მოქალაქეების მტკიცე ნება, წინ აღუდგნენ რუსეთის აგრესიას და დაიცვან დამოუკიდებლობა. ამაზე დიდი შემაკავებელი ფაქტორი ბუნებაში არ არსებობს.

- საქართველოს მოქალაქეებს ეს საქმე ჯარისა და პოლიციისთვის აქვს მინდობილი. მათ იარაღი არ აქვთ, თვითონ რომ დაიწყონ რაიმე ქმედებები. როგორ შეიძლება დაიცვას, მაგალითად, ჯარიაშენში მცხოვრებმა თავისი სახლ-კარი და კარმიდამო?

- ამერიკული ასეულის შემოყვანა შემაკავებელი ფაქტორია რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიისთვის და არა ცალკეული ფაქტებისთვის. მე არ ვიცი, რუსეთი კიდევ რა პროვოკაციაზეა წამომსვლელი.

- ხელახალი აგრესია მოსალოდნელია?

- მე არ შემიძლია ახლა ამაზე საუბარი, რადგან ოფიციალურ პოზიციას წარმოვადგენ. ამაზე ისაუბრონ ანალიტიკოსებმა, რომლებსაც მეტი თავისუფლება აქვთ. მე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს თავდაცვის სისტემა მუდმივად ემზადება ნებისმიერი გარე საფრთხის მოსაგერიებლად. თუმცა, ქვეყანას არ იცავს მხოლოდ ჯარი. ჩვენ არმიის ახალი კონცეფცია შევქმენით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კონცეფციის მიღების შემდეგ, შეიქმნება ტერიტორიული თავდაცვის კონცეფცია, რომელიც გვარდიის კონცეფციის სახელით შემოვა, სადაც მოცემული იქნება ბევრი სიახლე _ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სამხედრო გამოცდილებისა, საშუალება ექნება, იპოვოს თავისი ადგილი ქვეყნის თავდაცვის საქმეში. ზოგი ამას გააკეთებს წიგნით ხელში, ზოგიც ავტომატით და ტანკზე ამხედრებული.

- ამერიკული ასეული აქ დარჩება?

- ეს არავინ იცის. ამაზე საუბარი ნაადრევია. ეს არის ძალიან სერიოზული საერთაშორისო სწავლების ნაწილი. ახლა მთავარია, სწავლება ნორმალურად ჩატარდეს. სწავლების დამთავრებისა და შედეგების განხილვის შემდეგ რა მოხდება, ეს უკვე მომავლის თემაა.

„ახალი თაობა“, 23 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან: „რუსეთს ხელს აძლევს მოჩვენებითად პროდასავლური ძალების მმართველობა საქართველოში“

რუსეთის ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოში ბევრმა აღიქვა რუსეთის ახალ ტონალობად, რომლითაც ის სამხრეთ კავკასიაში გავლენის გაძლიერებას ცდილობს. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გამოთქვამს მოსაზრებას, რომ რუსეთის მოქმედებებსა და მისი წარმომადგენლების განცხადებებში ახალი არაფერია.

„რუსეთის მხრიდან ახალი ნოტები ვერ დავინახე. რუსეთი ჩვენთან ურთიერთობაში ცვლის ფორმებს, თორემ შინაარსი უცვლელია. აბაშიძე-კარასინის ფორმატის თითქმის ყოველი შეხვედრის წინ საქართველოში, საოკუპაციო ხაზზე ხდება ინციდენტები. მუდმივად რუსეთის მხრიდან ხან ტკბილი შემონათვალია, ხან _ მკაცრი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვიქეცით. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი და მაღალჩინოსანი ხაზგასმულად არაკორექტული იყო რუსეთის მიმართ, საქმით კი სხვა რამეს ახორციელებდა“, – ამბობს მამუკა გიორგაძე.

- კერძოდ?

- მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრი ირაკლი ოქრუაშვილი შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა, ფეკალიებზე საუბრობდა. რამდენიმე წლის შემდეგ იგივე ოქრუაშვილი რუსეთიდან აპირებდა ახალი რევოლუციის მოწყობას საქართველოში. მიხეილ სააკაშვილი მუდმივად ლანძღავდა რუსეთს, მაგრამ მთავარია, რას აკეთებდა და რა შედეგი მოჰქონდა მის მოქმედებებს. სააკაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში სადებატოდ უჯდებოდა ვლადიმერ ჟირინოვსკის. მაშინ სააკაშვილი მოქალაქეთა კავშირის ფრაქციის თავმჯდომარე იყო და მას ნახევარი საქართველო ვერ იტანდა, მაგრამ ამ დებატებში მოწინააღმდეგეებიც მის მხარეს იჭერდნენ. ეს კარგად გააზრებული ტექნოლოგიაა, რომელიც რუსეთსაც აწყობს და აქაურ პოლიტიკოსებსაც. ის ახლაც გამოიყენება.

- მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში?

- არა მხოლოდ სააკაშვილის მიმართ. საკმარისია სააკაშვილის რეიტინგი შეირყეს, რომ მაშინვე იწყება რეაგირებები. ეს რეაქცია შეიძლება გამოიხატოს კარასინის ან სხვისი პირით. ეს ნიუანსები მუდმივად მეორდება. მაგალითად, ბოლო დროს რუსეთის წარმომადგენლებმა, მათ შორის კარასინმა, აუგად მოიხსენიეს პრეზიდენტი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი. ეს გათვლილი იყო მათ რეკლამირებაზე.

- გასაგებია, რომ რუსეთის მიერ გაკრიტიკებული პოლიტიკოსები საქართველოში პოზიტიურად აღიქმებიან, მაგრამ კრიტიკა რეიტინგს ვერ გაუზრდიდა იმავე თავდაცვის მინისტრს…

- რასაკვირველია, რეიტინგის ზრდა ასე უცებ არ ხდება, მაგრამ რუსეთთან დაპირისპირებაში პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი თუ კარგად წარმოჩნდებიან, ისინი ხდებიან ფიგურები. პრეზიდენტ მარგველაშვილს ხშირად ვაკრიტიკებ. ძალიან არ მომწონს, რომ რამდენიმე დღის წინ მან უმსგავსობის პროპაგანდირება მოახდინა. მიუხედავად ამისა, კარასინთან დაპირისპირებაში საქართველოს პრეზიდენტს ვუჭერ მხარს. სად გვყავს კარასინის გასალანძღი პრეზიდენტი! საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბების საქმეს იძიებდა პროკურატურა. ის შეისწავლიდა ამ საქმეში თინა ხიდაშელის მონაწილეობას. კარასინის კრიტიკის შემდეგ ეს საქმე უცებ დაიხურა. თავდაცვის მინისტრის ავტორიტეტიც ამაღლდა. საერთოდ, ჩვენ ხშირად ვხდებით გარედან მოწყობილი თამაშების მონაწილეები. გვიან ვხვდებით, რომ ქაოსსა და თამაშებში ჩაგვითრიეს. საზოგადოება იმას მაინც ჩასწვდა, რომ ე. წ. პროდასავლური ძალები ანტიდასავლურად იქცევიან. მათი მოქმედებების შედეგად საქართველოში საგარეო ხედვები შეიცვალა რუსეთის სასარგებლოდ. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა.

- ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მომავალ პარლამენტში ღიად პრორუსული ძალები მოვიდნენ?

- არა, იმიტომ, რომ რუსეთს აშკარად პრორუსული პარტიების ხელისუფლებაში მოსვლა არ სჭირდება. რუსეთს ხელს აძლევს მოჩვენებითად პროდასავლური ძალების მმართველობა. როცა საქართველოში შევარდნაძე და პატიაშვილი იყვნენ ერთმანეთის კონკურენტები, რუსეთმა მხარი დაუჭირა ედუარდ შევარდნაძეს. შევარდნაძე დეკლარირებულად დასავლური კურსის მიმდევარი იყო. ასე იყო სააკაშვილიც. სამაგიეროდ, რუსეთი ყოველთვის ებრძოდა სახალხო პარტიას და სხვა ჩვენსავით მემარჯვენე პროდასავლურ და იმავდროულად ეროვნულ ძალებს. ჩვენ ბრძოლას გვიცხადებდნენ, რომ მთავარი ნიშა „ნაციონალურ მოძრაობას“ დაეკავებინა. სხვათა შორის, ბოლო დროს საქართველოში კიდევ ერთი მართული სავალალო ტენდენცია გაჩნდა – საზოგადოების ეროვნულ-ეკლესიურ ნაწილს ბნელების იარლიყს აწებებენ. საზოგადოება ამაზეც უნდა დაფიქრდეს.

- კონფიგურაციის შეცვლა რუსეთის ინტერესებში არ შედის?

- ეს ასეა. რუსეთი ცდილობს, მუდმივად ქაოსში გვამყოფოს, რომ არაფრით არ მოხდეს ქართული პოლიტიკური აზრის კონსოლიდაცია. არადა, საზოგადოება იღვიძებს. მოვიდა დრო, რომ ქართული პოლიტიკა გახდეს არა გარედან მართვადი, არამედ, შიდა დუღილის პროდუქტი. მომავალ პარლამენტში აუცილებელია ეროვნული სუბიექტის გაჩენა. ამ სუბიექტის გარეშე მართვადი სახელგატეხილი ძალები ვერ მოიტანენ სტაბილურობას და ვერ გააუმჯობესებენ პოლიტიკურ ყოფას და ხალხის მდგომარეობას.

ვერსია“, 23 მარტი, 2016 წელი

ირაკლი ოქრუაშვილის საბედისწერო გასროლა

ნინო ლურსმანაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ რეინკარნაციას ცდილობს _ თუ აქამდე გორში მისი აჩრდილი დადიოდა, ახლა ნაციონალების ექსმინისტრი თავად ატარებს შეხვედრებს და ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად. ოქრუაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში უკვე დაადასტურა, მაგრამ ისიც თქვა, რომ კენჭისყრას თბილისში, ნაძალადევის რაიონში ურჩევენ – იქ, სადაც სკოლა დაამთავრა და მეგობრები ჰყავს; ისიც გაიხსენა, რომ პოლიტიკურად ფეხი გორში აიდგა და ამ ქალაქის ვალი აქვს.

,,ვერსიის” ინფორმაციით, 2016 წლის არჩევნებზე ოქრუაშვილი გორისთვის ,,ვალის დაბრუნებას” აპირებს, მისი მიზანი კი არჩევნებზე შიდა ქართლის ხუთივე საარჩევნო ოლქის – გორის, გორის მუნიციპალიტეტის, კასპის, ქარელისა და ხაშურის სრულად ,,აღებაა”.
,,სააკაშვილის მთავარ შეცდომად” მონათლულ ოქრუაშვილს პოლიტიკური ამბიციები ისევ რომ ჰქონდა და 2012-ში დატოვებული სიტყვის – ,,მე დავბრუნდები” – ასრულება განიზრახა, ამის შესახებ ,,ვერსია” პირველი წერდა.

ჩვენს მიერ კულუარულად მოპოვებული ინფორმაციის დასტური გორის საკრებულოში განვითარებული მოვლენები – ჩამოლაბორანტებული ,,ოცნება” და საკრებულოს თავმჯდომარედ ოქრუაშვილის კადრის, ილია მეტრეველის დანიშვნა იყო. თავმჯდომარის სავარძელში მოკალათებულმა მეტრეველმა პირველი, რაც გააკეთა – მრჩევლად ირაკლი ოქრუაშვილი მოიყვანა, რომელიც ამ სტატუსს დასჯერდა და ეს ბევრს გაუკვირდა კიდეც. მოგვიანებით, ოქრუაშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, იყო რიგითი ქვეყნის საქმეში დიდი პატივიაო, მაგრამ კულუარებში ამბობენ, რომ მრჩევლობას მხოლოდ იმიტომ დაყაბულდა, ეს ადგილი დიდ პოლიტიკაში დასაბრუნებლად ტრამპლინად გამოიყენოს.

ოქრუაშვილი მიზნის მისაღწევად წესების გარეშე ბრძოლაზეც რომ არ იტყვის უარს, საიდუმლო არავისთვისაა. ახლა მთავარი ისაა, ვისთან ერთად და რა მეთოდებით აპირებს მინისტრყოფილი შიდა ქართლში ,,დაბრუნებას”. ამბობენ, ,,ოქრომ” კარგად იცის, რომ რეგიონში მისდამი არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა _ მოსახლეობის ნაწილს მის მიმართ მხოლოდ შიში აქვს, ნაწილს მისი სახელის გაგონებაც ზარავს, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც სიმპათია შემორჩა და ხელისუფლებაში მის მოსვლას ზარ-ზეიმით შეხვდებაო. ამ უკანასკნელთა რაოდენობა არც ისე დიდია, ოქრუაშვილმა ფეხი ფეხზე გადაიდოს, არჩევნების მოახლოებას არხეინად დაელოდოს და იმედი ჰქონდეს, ამომრჩეველი არჩევანს აუცილებლად ჩემ სასარგებლოდ გააკეთებსო… ამიტომ მან წინასაარჩევნო კამპანია უკვე აქტიურად გააჩაღა და, როგორც კულუარებში ამბობენ, საჭიროების შემთხვევაში, ვა ბანკზე წასვლასაც არ ითაკილებს.

ვა ბანკზე წასვლაში შიდა ქართლში ნაციონალებთან გარიგებასაც გულისხმობენ. რეგიონში უკვე დაირხა ხმა, პოლიტიკურ კულისებში დიდი შერიგება მოხდა და ყოფილმა თანაგუნდელებმა ,,ოცნების” წინააღმდეგ საერთო ძალებით ბრძოლა გადაწყვიტესო. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ცუდი სვლა არ იქნებოდა _ მეთოდმა უკვე გაამართლა გორის საკრებულოში, როცა ,,ოცნებას” მართვის სადავეები ნაციონალებმა, ოქრუაშვილმა და ალასანიას პარტიამ შეთანხმებული ქმედებებით ჩამოართვეს. დუეტი ან ტრიო საპარლამენტო არჩევნებშიც მოახერხებდა სასურველი შედეგის დადებას, მაგრამ ,,ვერსიის” ინფორმაციით, ამ იდეას ფრთაშესხმა არ უწერია. მთავარი მიზეზი კი, ოქრუაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის შიდა ქართლის რეგიონის ხელმძღვანელის, ბადრი ბასიშვილის დაპირისპირებაა, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ 2004 წლიდან იღებს და პოლიტიკურ ჩარჩოებსაც უკვე დიდი ხანია გასცდა. ორთაბრძოლა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ისინი ერთი ძალის ფრთის ქვეშ იყვნენ, მინისტრი კი გულზე მჯიღს ირტყამდა – მალე სამაჩაბლოს ავიღებთ, ახალ წელს ცხინვალში შევხვდებითო.

,,ვერსიის” ინფორმაციით, მაშინ ცხინვალის მკვიდრმა, ბადრი ბასიშვილმა მინისტრი გააფრთხილა, აქაური ვითარება შენზე უკეთ ვიცი, ასეთ განცხადებებს ნუ აკეთებ და ნურც სამაჩაბლოში შემოსასვლელად ემზადები, ეს კარგს არაფერს მოგვიტანსო. ოქრუაშვილი რის ოქრუაშვილი იქნებოდა, ბასიშვილისთვის დაეჯერებინა, არადა ცხინვალში შევარდნამ რა ,,სიკეთეც” მოგვიტანა, ყველას კარგად ახსოვს.

,,ვერსიის” ინფორმაციით, 2006 წლიდან თავდაცვის მინისტრსა და ბასიშვილს შორის დაპირისპირება ისე გამწვავდა, საქმე პირად ,,რაზბორკებამდე”, გინებამდე და ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე მივიდა. ცხადია, ძალაუფლება ხელში ჰქონდა და ბასიშვილის განეიტრალება ოქრუაშვილისთვის მარტივი იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტორი – მტრად გამოცხადებულ ბასიშვილს ზურგს ვანო მერაბიშვილი უმაგრებდა, მერაბიშვილის კადრთან კი ,,განეიტრალების” ისეთი მეთოდების გამოყენება, როგორიც მაგალითად ნარკოტიკის, იარაღის ჩადება ან ,,ზონდერების” მიგზავნაა, ოქრუაშვილმა ვერ გაბედა. ამ ფონზე, ,,ვერსიის” ინფორმაციით, მწვავე დაპირისპირების 10 წლისთავზე მათი დაძმობილება და არჩევნებში ერთად მონაწილეობა წარმოუდგენელია; მეტიც – ბასიშვილი თურმე საახლობლოში აცხადებს, პრინციპის ამბავია, ამ არჩევნებში ოქრუაშვილს პირადად უნდა დავუპირისპირდე, სადაც კანდიდატურას დააყენებს, სადაც მისთვის გადამწყვეტი ბრძოლა იქნება, იქ უნდა ვიბრძოლოო. ამისთვის კი მას მეორე, უკვე პოლიტიკური მიზეზი აქვს – ოქრუაშვილთან ბრძოლა ,,ოცნებასთან” ბრძოლის ტოლფასია და ახლავე აგიხსნით, რატომ:

სანდო წყარო გვიამბობს, რომ ხელისუფლებასა და ოქრუაშვილს შორის დიდი გარიგება მოხდა. პრინციპში, ,,მეოცნებეებთან” საერთო ენის გამონახვა ნაციონალების მინისტრს არ გაუჭირდებოდა ისევე, როგორც შუამავლის გამოძებნა, თუნდაც, მაგალითად, ეკა ბესელიას სახით. წყაროს მტკიცებით, ხიდი ოქრუაშვილსა და ,,ოცნებას” შორის სწორედ მისმა ყოფილმა ადვოკატმა ბესელიამ გადო, თუმცა იმასაც გვიხსნის, რომ უბესელიოდაც მოხერხდებოდა შეთანხმება. ამის მიზეზი შიდა ქართლში ,,ოცნების” არასახარბიელო პოზიცია იყო. ხელისუფლება ამ რეგიონს ისედაც კარგავდა და ამ ფონზე გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა იმან, ვინ ,,ჩაუდგებოდა” რეგიონს სათავეში. ცხადია, საუკეთესო შემთხვევაში, ეს ან მტრის ფორმაში გამოწყობილი თავისიანი უნდა ყოფილიყო, ან ისეთი ადამიანი, ვისი მართვაც შესაძლებელი იქნებოდა. ,,ვერსიის” ინფორმაციით, ოქრუაშვილი ორივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს, გარიგების არსი კი ასეთია – ნაციონალების მინისტრყოფილს სატყუარად მშობლიურ შიდა ქართლს გადაუგდებენ, სამაგიეროდ კი, თავის კადრებსაც დაატოვებინებენ ამა თუ იმ თანამდებობებზე, როგორც გორის საკრებულოში;

რაც შეეხება მეორე კრიტერიუმს, ოქრუაშვილის მართვას ,,ოცნება” იმ კომპრომატებით შეძლებს, რომლებიც მის წინააღმდეგ მოეპოვება _ 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს, ოქრუაშვილი სოფელ ტყვიავში მომხდარი ერთ-ერთი ინციდენტის მთავარი გმირი იყო. მან ორ თანასოფლელს, ,,ოცნების” აქტივისტებს ჯერ ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა. სანდო წყარო გვიამბობს, რომ ინფორმაციამ ამის შესახებ მაშინ გაჟონა, მაგრამ საქმე ჩაიფარცხა, ოქრუაშვილისთვის პასუხი არავის მოუთხოვია და ყველაფერი, რომ იტყვიან, ხახვივით შერჩა. ,,საბედისწერო სროლის” ვიდეოჩანაწერიც არსებობს და ეს ის კომპრომატია, რომლითაც ხელისუფლებას ოქრუაშვილი ყურებით უჭირავს. ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის, თუკი ოქრუაშვილი გაყოყოჩდა და ,,ოცნების” დინების საპირისპიროდ სვლა გადაწყვიტა ან თუ დაივიწყა ,,მეოცნებეების” ამაგი – სხვა თუ არაფერი, პოლიტიკური დევნილის სტატუსი საფრანგეთში გაქცეულმა ოქრუაშვილმა ამ ხელისუფლების პირობებში მიიღო და სამშობლოშიც 2012 წლის არჩევნების მერე დაბრუნდა. პრინციპში, ეს კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც ოქრუაშვილისა და ხელისუფლების გარიგებას თუ არ ადასტურებს, არც გამორიცხავს.

სამაგიეროდ, ხელისუფლებისა და ,,ქართული პარტიის” შეთანხმებულ მოქმედებებს, ფაქტობრივად, ადასტურებს ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა – 12 მარტს გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტყვიავში, საკუთარ სახლში ბუხართან გაშლილ სუფრაზე საკრებულოს წევრები დაპატიჟა. შეხვედრას ბურჯანაძის თანაპარტიელი და რესპუბლიკელი დავით რაზმაძეც ესწრებოდნენ. მეტიც, ეს უკანასკნელი შეხვედრას ხელმძღვანელობდა. რესპუბლიკელი რაზმაძე მიიჩნევს, რომ საკრებულოში ოქრუაშვილის მუშაობა მისაღებია. რაზმაძემ ისიც განაცხადა, ამასთან დაკავშირებით კოალიციის სხვა წევრების აზრი არ ვიცი, შეხვედრაზე პარტია ,,ქართული ოცნებიდან” ვანო ჩხიკვაძეც უნდა მოსულიყო, მაგრამ ვერ მოახერხა მოსვლაო. შეხვედრა მოგვიანებით ამგვარად შეაფასა ირაკლი ალასანიას თანაპარტიელმა თამარ თედლიაშვილმა – ოქრუაშვილი „კოალიციაში“ თანამოაზრეებს იკრებს. რამდენიმე დღის წინ, ,,ქართული პარტიის” წევრმა ლერი ლაფაჩმა მითხრა, რომ საკრებულოში ირაკლი ალასანიას პარტიის წევრებს თანამდებობას არ დაუთმობდნენ. ,,დიპლომატების პარტიის” წევრის ეს შეფასება პოლიტიკურ წრეებში, ფაქტობრივად, ,,ვერსიის” ინფორმაციის დადასტურებაა. თავად ოქრუაშვილმა კი ქვა ააგდო, თავი შეუშვირა და გარიგება კატეგორიულად უარყო, მაგრამ გამორიცხული არაა, ეს პოლიტიკური თამაშის ნაწილი იყოს. პრინციპში, ალბათ არავის უნდა ჰქონოდა ილუზია, რომ ოქრუაშვილი ამას აღიარებდა, სამაგიეროდ ტელეკომპანია ,,დიასთან” ინტერვიუში დაადასტურა, რომ ნაციონალები ფარულ ჩანაწერებს აკეთებდნენ და მათ შორის, სასულიერო პირებზეც; თავდაცვის ექსმინისტრმა ისიც კი გაიხსენა, ახალაიებმა სააკაშვილს ერთ დღეს ჩემი თანდასწრებით ახარეს, რომ ორ სასულიერო პირზე მსგავსი კადრები ჰქონდათ და საჭირო დროისთვის შემოინახავდნენო. ბოლო დროს, სასულიერო პირების არა, მაგრამ პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი გასაჯაროებული კადრებიც ვიხილეთ და ეჭვიც გაჩნდა, რომ ამ ყველაფრის უკან რუსული სპეცსამსახურები დგას; პარალელურად, სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძარი, შესაძლოა, დივერსია იყოს და მავანს, მართლმადიდებელ ქვეყანაში, ყველაზე ძლიერი ინსტიტუტის – ეკლესიის შეურაცხყოფით, ვითარების დაძაბვა სურდეს, მით უმეტეს, ჩრდილოელი მეზობელი განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ აქტიურდება ხოლმე და კარასინის ბოლოდროინდელი მუქარაც ამ ,,გააქტიურების” ერთგვარი დადასტურებაა. ჩრდილოელი მეზობელი შემთხვევით არ ვახსენეთ. პოლიტიკურ კულუარებში საუბრობენ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი ეპიცენტრი შიდა ქართლი იქნება. პოლიტიკური ჰიპერაქტიურობის, გარიგებებისა თუ დაპირისპირებების ფონზე კი, მთავარი ალბათ ისაა, მუდმივად გვახსოვდეს რუსული საფრთხე, რომელიც შიდა ქართლში ყველაზე თვალსაჩინოა მავთულხლართებისა და მის იქეთ დარჩენილი საქართველოს სახით.

ვერსია“, 23 მარტი, 2016 წელი

კოლოსალური პრემიები, კანონდარღვევები და გაფლანგული ფული ცესკო-ში

მაია მიშელაძე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესაბამისობის აუდიტი კიდებ ერთხელ განახორციელა. აუდიტის პერიოდი 2013-2014 წლებს მოიცავს და მასალები საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება. ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას და მის გამჭვირვალობას ცესკო უზრუნველყოფს. შესაბამისად, საეჭვო და უცნაურია, რომ სწორედ ამ უწყებაში გამოვლინდა ისეთი უსუსური დარღვევები, რაც საშუალო საწარმოს რიგით ბუღალტერსაც კი არ შეეშლებოდა. დარღვევები ელექტრონულ შესყიდვებში, არამიზნობრივად გახარჯული სახელმწიფო სახსრები, ინტერესთა კონფლიქტი საოლქო კომისიებში, ხელფასის ორმაგი და სამმაგი ოდენობის პრემია-დანამატები _ ეს იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რაც სახელმწიფო აუდიტის შედეგად, ცესკო-ში გამოვლინდა.

სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხები

2013 წელს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ცესკო-სთვის დამატებით 6 388 000 ლარი, ხოლო 2014 წელს _ 4 770 200 ლარი გამოიყო, თუმცა ცესკო-ს წარმომადგენლებმა აუდიტის ჯგუფს ვერ წარუდგინეს მტკიცებულება, კონკრეტულად რა მიზნებისთვის დასჭირდათ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებითი თანხების გამოყოფა.
2013 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, ცესკოს ბიუჯეტი 47 523 900 ლარით განისაზღვრა. ამავე წელს, ცესკოს ოფიციალური წერილის საფუძველზე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ორჯერ გაიზარდა დაფინანსება, ჯერ 3 799 000 ლარით, მოგვიანებით _ 2 589 000 ლარით. თუმცა აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი რწმუნება, კონკრეტულად რატომ მოითხოვა ცესკო-მ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ეს თანხები. 2013 წლის განმავლობაში, ცესკო-ს მიერ აუთვისებელი დარჩა 1 296 800 ლარი. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დანამატის სახით, ცესკოს თავმჯდომარეზე, თავმჯდომარის მოადგილეზე, მდივანზე, ცესკო-ს წევრებზე, შტატიან და შტატგარეშე თანამშრომლებზე 2 630 700 ლარი გაიცა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ორჯერ მოთხოვნილი დამატებითი თანხა სწორედ დანამატის სახით გაიცა.

2014 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, ცესკოს ბიუჯეტი 54 500 000 ლარით განისაზღვრა. თუმცა 2013 წლის მსგავსად, 2014 წელსაც ცესკო-მ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ორჯერ მოითხოვა თანხის გაზრდა. პირველი ოფიციალური წერილით – 3 000 000 ლარი, ხოლო მეორე წერილით – 1 770 200 ლარი. აუდიტის ჯგუფმა ვერც ამჯერად მიიღო საკმარისი რწმუნება იმის შესახებ, რა მიზნით მოითხოვა ცესკო-მ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ეს თანხები. 2014 წლის განმავლობაში, ცესკო-ს მიერ აუთვისებელი დარჩა 1 235 200 ლარი, ამავე პერიოდში კი შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, ცესკო-ს თავმჯდომარემ, თავმჯდომარის მოადგილემ, მდივანმა, ცესკო-ს წევრებმა, შტატიანმა და შტატგარეშე თანამშრომლებმა დანამატის სახით 2 591 000 ლარი მიიღეს.

აუდიტის პერიოდში, საქართველოს საარჩევნო და შრომითი კოდექსების საფუძველზე, შტატგარეშე მოსამსახურეების სახით, ცესკო-ში საშუალოდ, 80 პირი იყო დასაქმებული. შტატგარეშე მოსამსახურეებთან გაფორმებული იყო ვადიანი ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადა უწყვეტად გრძელდებოდა 2013-2014 წლებში. შესაბამისად, შტატგარეშე მოსამსახურეები ცესკო-ში მუდმივად იყვნენ დასაქმებულნი.
საოლქო საარჩევნო კომისიები საარჩევნო პერიოდში გასცემენ ხელფასებს შტატგარეშე მოსამსახურეებზე. ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, ისინი ცესკო-ში წარადგენენ ინფორმაციას საანგარიშო თვის მიხედვით, ამ ინფორმაციის დეკლარირებას კი ცესკო-ს აპარატი ახორციელებს. მიუხედავად ამისა, ცესკო-ს წარმომადგენლებმა აუდიტორებს ვერ წარუდგინეს საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულება, რომ ხელფასების დეკლარირება ზუსტად და სამართლიანად ხდებოდა. აუდიტის შედეგად ისეთი შემთხვევებიც გამოვლინდა, როდესაც ერთი, უნიკალური პირადი ნომრის მიხედვით, სხვადასხვა პიროვნების ხელფასი იყო დეკლარირებული!

დანამატები და წარმომადგენლობითი ხარჯები

2013-2014 წლებში, ცესკო-ს თავმჯდომარისა და სწავლების ცენტრის შესაბამისი ბრძანებებით, საარჩევნო პერიოდში ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებისთვის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო საქმიანობისთვის გაიცემოდა დანამატი, როგორც შტატით გათვალისწინებულ, ასევე შტატგარეშე თანამშრომლებზე, ცალკეულ შემთხვევებში კი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებზეც. სამწუხაროდ, ცესკო-სა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა აუდიტორებს ვერ წარუდგინეს საკმარისი მტკიცებულებები, რითაც ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დროის ხანგრძლივობა დადასტურდებოდა.

სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, ცესკო-სა და სწავლების ცენტრის შტატიანმა და შტატგარეშე თანამშრომლებმა თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობების დანამატები მიიღეს. 2013 წლის ნოემბერში, დანამატი ორჯერ გაიცა, პირველ შემთხვევაში – თანამდებობრივი სარგოს, ხოლო მეორე შემთხვევაში – თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობით. 2014 წლის მაისსა და ივნისში, ცესკო-სა და სწავლების ცენტრის როგორც შტატიანმა, ასევე უშტატო თანამშრომლებმა ხელფასის ორმაგი, ხოლო ივლისში სამმაგი ოდენობის დანამატები მიიღეს!

წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლით, ცესკო-მ 2013 წელს – 184 383 ლარის ხარჯი, ხოლო 2014 წელს – 126 907 ლარის ხარჯი გასწია. აუდიტის შედეგად, ამ ხარჯებთან დაკავშირებით კანონთან გარკვეული შეუსაბამობები გამოვლინდა, ხოლო პირველადი დოკუმენტების მიხედვით, სხვადასხვა ღონისძიებაზე დამსწრე პირთა ვინაობა გაურკვეველია.

მაგალითად, 2014 წლის 18 ივნისს, შპს ,,თბილისური მუხამბაზის” მიერ, 6 პერსონაზე გაწეულია 406 ლარის სარესტორნე მომსახურება. ცესკოს მიერ წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ ეს მომსახურება სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გაუწიეს, მაგრამ ამ დოკუმენტებით, მათი ვინაობა ვერ დგინდება. 2014 წლის 13 ივლისს, შპს ,,ფართი ჰაუსის” მიერ, 100 პერსონაზე გაწეულია 5 747 ლარის მომსახურება ფურშეტით. სამწუხაროდ, ცესკო-ს წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტორებს ვერ წარუდგინეს შესაბამისი დოკუმენტი ან მოხსენებითი ბარათი, კონკრეტულად ვინ და რა მიზნით ისარგებლა ამ მომსახურებით.

ამ დარღვევების გარდა, ცესკო-ს წარმომადგენლებმა წარმომადგენლობით ხარჯებში გაატარეს თანამშრომელთა კვებაც, რაც კანონდარღვევად ითვლება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, თანამშრომელთა კვებითი უზრუნველყოფის მომსახურება ცესკო-ს უნდა განეხილა, როგორც თანამშრომელთა სარგებელი და საშემოსავლო გადასახადით დაებეგრა, რაც არ გაუკეთებია!

დარღვევები სახელმწიფო შესყიდვებში

2013-2014 წლებში, საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის მომსახურების შესყიდვისას, ცესკო-ს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია. კერძოდ, ცესკო-ს არ ჩაუტარებია ბაზრის კვლევა, რათა პოტენციური მიმწოდებლები გამოევლინა, ხელშეკრულების პირობები ორგანიზაციისთვის მისაღები ფორმით განესაზღვრა და შესასყიდი ბიულეტენების სავარაუდო ღირებულებაც დაედგინა.
2013 წლის განმავლობაში, საარჩევნო პერიოდში (შუალედური და საპრეზიდენტო არჩევნები), ცესკო-მ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 266 055 ლარის ბიულეტენი დაბეჭდა. 2014 წლის საარჩევნო პერიოდში (არჩევნების ორივე ტური), ცესკომ ასევე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ამჯერად უკვე 904 758 ლარის ბიულეტენი დაბეჭდა. ყველა ხელშეკრულების მიხედვით, 1 ცალი ბიულეტენის ბეჭდვის ღირებულება 0.75 ლარით იყო განსაზღვრული, მაგრამ ცესკო-ს წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტორებს ვერ წარუდგინეს საკმარისი მტკიცებულება, რა გაანგარიშების საფუძველზე განსაზღვრეს ეს ღირებულება.

აუდიტის პერიოდში გამოვლინდა, რომ ცესკო-მ არაგონივრულად მაღალი, 38%-იანი და 62%-იანი ფასნამატით შეიძინა XEROX D 110 და XEROX NUEVA 288 EA-ს საბეჭდი მოწყობილობები. მრავალფუნქციური საბეჭდი მოწყობილობის შესყიდვის მიზნით, 2014 წლის 24 თებერვალს გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში, გამარჯვებულად შპს ,,ესაბი” გამოცხადდა.

შპს ,,ესაბის” დოკუმენტებით დადგინდა, რომ ორივე საბეჭდი მოწყობილობა ცესკო-ს არაგონივრულად მაღალ ფასად მიაწოდეს. კერძოდ, XEROX NUEVA 288 EA-ს ღირებულება ყველა გადასახადის ჩათვლით 491 344 ლარია, მაგრამ ცესკომ 675 850 ლარი, ანუ 38%-ით მეტი გადაიხადა. XEROX D 110-ის ღირებულება ყველა გადასახადის ჩათვლით, 87 441 ლარია, მაგრამ ცესკო-მ ამ აპარატში 141 465 ლარი, ანუ 62%-ით მეტი გადაიხადა!
2013 წლის 17 აგვისტოს, პრინტერისა და მისი თავსებადი კვების წყაროს სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, სწავლების ცენტრმა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი SPA 130018083 გამოაცხადა. ტენდერში ორი პრეტენდენტი, შპს ,,ესაბი” და ,,ფოტოპლაზა” მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,ფოტოპლაზა” დაბალფასიანი პრეტენდენტი იყო, სატენდერო კომისიამ მაინც დისკვალიფიკაცია მიანიჭა და გამარჯვებულად შპს ,,ესაბი” გამოაცხადა, რომლისგანაც სწავლების ცენტრმა XEROX COLOR 560 შეისყიდა. ამ პრინტერში სწავლების ცენტრმა 50 625 ლარი გადაიხადა, მაგრამ სახელმწიფო აუდიტორებს შესაბამისი მტკიცებულება ვერ წარუდგინა. მეტიც, სატენდერო დოკუმენტაციაში შესასყიდი საქონლის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლები, კონკრეტულად კი ამ პრინტერის მდგომარეობა მითითებული არ არის. დაზუსტებული არ არის, შესასყიდი ობიექტი ახალი უნდა ყოფილიყო თუ ექსპლუატაციაში ნამყოფი.

2014 წლის 24 დეკემბერს, ცესკო-სა და შპს ,,კია მოტორს ჯორჯიას” შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ცესკო-ს კუთვნილი ავტომობილი ,,ტოიოტა ლანდკრუიზერ პრადო”, სახელმწიფო ნომრით ძQძ-608, 2014 წელს გამოშვებული, 69 000-ლარიანი ,,კიას” მარკის ერთი ავტომობილით ჩანაცვლდა. 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ცესკო-ს ბალანსზე ირიცხებოდა 2008 წელს გამოშვებული ორი ავტომობილი – ,,ტოიოტა ლანდკრუიზერ პრადო”. ცესკო-ს წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტორებს ვერ წარუდგინეს საკმარისი მტკიცებულებები ავტომანქანის ჩანაცვლების აუცილებლობის შესახებ.

2013 წელს, ცესკო-სა და შპს ,,აი ქიუ ცენტრს” შორის, 11 500 ლარის ღირებულების ორი ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულების თანახმად, ცესკო-ს აპარატის თანამშრომლებს ინგლისური ენა სწორედ ,,აი ქიუ ცენტრში”, ე.წ. ავალონის მეთოდით უნდა შეესწავლათ. თუმცა ცესკო-ს წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტორებს ვერ წარუდგინეს მტკიცებულება, რატომ მიიჩნიეს ,,ავალონის” მეთოდით ინგლისურის შესწავლა უალტერნატივოდ.

ინტერესთა კონფლიქტი საოლქო კომისიებში

საარჩევნო კოდექსის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, 2013-2014 წლებში, ცესკო-ს განკარგულებებით დადგენილი იყო საოლქო კომისიების დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ზღვრული ოდენობა. ამავდროულად, საოლქო კომისიებს ერთი ბუღალტრისა და იურისტის დაქირავებაც ევალებოდათ, ოღონდ მათი ხელფასი საოლქო კომისიების თავმჯდომარეების შეხედულებისამებრ იყო განსაზღვრული. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა საოლქო კომისიაში, ერთსა და იმავე სამუშაოს შესასრულებლად, ბუღალტრები და იურისტები სხვადასხვა ოდენობის ხელფასს იღებდნენ.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ცალკეულ შემთხვევებში, საოლქო კომისიებმა დამხმარე პერსონალის სახით, კომისიის თავმჯდომარის, ან საოლქო კომისიის წევრების ახლო ნათესავები, ასევე მათ მიერ შექმნილი სამეწარმეო სუბიექტების ხელმძღვანელები დაიქირავეს. მაგალითად, ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამხმარე პერსონალის სახით, კომისიის თავმჯდომარის მეუღლე და ოლქის თავმჯდომარის მიერ დაფუძნებული საწარმოს დირექტორი დაასაქმეს. დიდუბის საოლქო კომისიაში კი დამხმარე პერსონალად თავმჯდომარის მიერ დაფუძნებული ფირმის დირექტორი და საოლქო კომისიის წევრის ძმა აიყვანეს.

საარჩევნო კოდექსის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საოლქო კომისიის თავმჯდომარეები საჯარო მოხელეებს წარმოადგენენ და შესაბამისად, მათზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი ვრცელდება. აუდიტის შედეგად კი დადგინდა, რომ საოლქო კომისიის თავმჯდომარეები სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდნენ, რაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-60 და 63-ე მუხლებს ეწინააღმდეგება. მაგალითად, საბურთალოს საოლქო კომისიის თავმჯდომარე იმავდროულად იყო და დღემდეა სამეწარმეო სუბიექტის ხელმძღვანელი; ქუთაისის საოლქო კომისიის თავმჯდომარეც დღემდე კერძო სამეწარმეო სუბიექტის დირექტორია; ამბროლაურის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ინდმეწარმეა; ლანჩხუთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ინდმეწარმეა; ნაძალადევის საოლქო კომისიის თავმჯდომარე სპს-ს ხელმძღვანელია!

ცესკო-ს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში, აუდიტორებმა ინტერესთა კონფლიქტის ფაქტებიც გამოავლინეს. მაგალითად, 2013-2014 წლებში, ჩუღურეთის საოლქო კომისიის მიერ, 28 478 ლარის სატრანსპორტო მომსახურება ამავე ოლქის თავმჯდომარის მეუღლისგან შეიძინეს. ამავე პერიოდში, ჩუღურეთის საოლქო კომისიამ 20 175 ლარის ღირებულების ავტომობილის დაქირავებისა და საარჩევნო უბნების მოწყობის მომსახურება საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიერ დაფუძნებული საწარმოს დირექტორისგან შეისყიდეს. საარჩევნო უბნების მოსაწყობად საჭირო ინვენტარის დასაქირავებლად, ორ პირთან 26 000 ლარის ხელშეკრულებები გაფორმდა, ეს პირები კი იმავდროულად, საოლქო კომისიის დამხმარე პერსონალს წარმოადგენდნენ. ჩუღურეთის საოლქო კომისიის შენობის 10 070 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოებიც ამავე ოლქის დამხმარე პერსონალისგან შეისყიდეს!

არამიზნობრივად გახარჯული თანხები

საოლქო კომისიებს ცესკო-ს მიერ გამოყოფილი თანხები მხოლოდ არჩევნების ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის უნდა გაეხარჯათ. აუდიტის პერიოდში, ანუ 2013-2014 წლებში, სხვადასხვა საოლქო კომისიების დახარჯული თანხა საარჩევნო ღონისძიებებს ნამდვილად არ უკავშირდებოდა. მაგალითად, 2013 წელს, დიდუბის ოლქში 600 ლარის გასაშლელი კიბე შეიძინეს; ბაღდათის ოლქში – 1 100 ლარის საკვები პროდუქტები; ახალქალაქის ოლქში – 1 670 ლარის სამზარეულოს ტექნიკა, რბილი ავეჯი, ჟურნალების მაგიდა და სარკე; ისნის ოლქში – 786 ლარის ღირებულების კვების მომსახურება; სამგორის ოლქში – 425-ლარიანი 8 ცალი მობილური ტელეფონი; სამტრედიის ოლქში – 450-ლარიანი ,,სამსუნგის” მობილური ტელეფონი; საბურთალოს ოლქში – 598-ლარიანი ტელევიზორი, თავისი საკიდით; ქუთაისის ოლქში – 2 270 ლარის კედლის კონდიციონერი, დისპანსერი, ტელევიზორი თავისი სამაგრით და 2 500 ლარის ფარდა-ჟალუზები; ჩუღურეთის ოლქში – 2 236 ლარის 52 ცალი მობილური ტელეფონი.

2014 წელს, დიდუბის ოლქში 500 ლარის საბურღი მოწყობილობა შეიძინეს; რუსთავის ოლქში – 1 850 ლარის საოფისე სავარძლები და მაგიდა, 1 500 ლარის საოფისე კარადა თაროებით; ბაღდათის ოლქში – 1 080 ლარის ყავა, ჩაი და შაქარი; მესტიის ოლქში – 500-ლარიანი ტაფა, მტვერსასრუტი და მიკროტალღური ღუმელი; ისნის ოლქში – 740 ლარის ღირებულების კვების მომსახურება; ხულოს ოლქში – 479-ლარიანი ტელევიზორი; ახალქალაქის ოლქში – 1 900 ლარის რბილი ავეჯი, ტელევიზორი, ტელევიზორის სადგამი, ტუმბო და მაგიდა; სამგორის ოლქში – 1 230 ლარის ავეჯი, 410 ლარის ტელევიზორი და 419 ლარის მაცივარი; თელავის ოლქში – 790 ლარის ფარდა-ჟალუზები; ჩუღურეთის რაიონში – 1 280-ლარიანი თერმოსტატიანი კონვექტორი-ელექტრო გამათბობელი; გორის ოლქში – 480 ლარის ფოტოაპარატი მეხსიერების ბარათით, 485-ლარიანი დივანი და 380-ლარიანი გაზის გამათბობელი.

აღსანიშნავია, რომ ცალკეულ შემთხვევებში, საოლქო საარჩევნო კომისიებმა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები არასაარჩევნო პერიოდში განახორციელეს, რითაც საარჩევნო კოდექსის შესაბამისი მუხლები დაარღვიეს. მეტიც, საოლქო კომისიებმა გადახდები წინასწარი ანგარიშსწორებით, თანაც საბანკო გარანტიების წარდგენის გარეშე განახორციელეს, რაც ასევე კანონდარღვევაა.

„ახალი თაობა“, 23 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ფარული მასალების გამავრცელებლის ლოგიკა გაუგებარია“

ბოლო პერიოდის პროცესებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე აფასებს.

- ბატონო რამაზ, როგორც ფსიქოლოგი, როგორ აფასებთ ფარული ჩანაწერების სკანდალს? რა სინდრომია, რა დაავადებაა?

- დაავადების შთაბეჭდილება ნამდვილად დამრჩა ამ ამბიდან. რაციონალური მოტივი, ლოგიკაზე აწყობილი, გულისხმობს, რომ რაღაც შედეგი უნდა ამ კადრების გამავრცელებელს, შედეგი კი გაუგებარია.

- რატომაა გაუგებარი?

- ეს კადრები ხელისუფლების დისკრედიტაციაც არის, ძირითადი ოპოზიციისაც, ანუ ნაციონალების დისკრედიტაციაც. ამ დროს კადრების მფლობელი ნაციონალური მოძრაობაა. ეს ლოგიკაში არ ჯდება, არავინ არაა მოგებული ამ ნაბიჯებით. ერთი ვერსია არის ის, რომ, შესაძლოა, მოგებული აღმოჩნდეს მესამე მხარე.

- ვინ არის ეს მესამე მხარე?

- რომ წარმოვიდგინოთ ასეთი სცენარი, რომ ნაციონალებმა გაყიდეს, მყიდველი აღმოჩნდა რუსეთი და დღეს ეს რუსეთმა შემოაგდო. არც ეს არის დიდად გასაგები, იმიტომ, რომ რუსეთს პოლიტიკური მოტივი უნდა ჰქონოდა და პოლიტიკური მოტივით ამ ნაბიჯის გადადგმა, როდესაც შემოდგომაზეა არჩევნები დანიშნული, მეტისმეტად ადრეა. ისევე, როგორც პოლიტიკური შიდა ბრძოლისთვის ამათი გამოყენება მეტისმეტად ადრეა.

- გულისხმობთ იმას, რომ არჩევნებზე ვერ იქონიებს გავლენას?

- ცნობილმა ციხის კადრებმა იმიტომ მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა 2012 წლის პროცესებზე, რომ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მოხდა მათი გამოქვეყნება. ერთადერთი რამ რჩება, რომ ვიღაცამ თავისი ბოროტი ბინძური ჟინი დაიკმაყოფილა. არც ეს არაა გამორიცხული.

- ასეთი მასობრივი ჩაწერები, მიყურადება ავადმყოფურ ტვინში დაბადებული იდეაა?

- ალბათ. გარდა იმისა, რომ შანტაჟის მექანიზმია, მაგრამ ერთი მეორეს არ უშლის ხელს. თანაც ვიცით, რომ გადაღების მერე იკრიბებოდა რამდენიმე კაცი და დიდი სიამოვნებით უყურებდნენ ამ კადრებს. ეს უკვე ავადმყოფობაა.

- რამდენად მძიმედ აისახება მსხვერპლზე არსებული ინფორმაცია, რომ მასზე ფარული ჩანაწერი არსებობს და რამდენად ყველაფერზე წამსვლელია ეს პიროვნება?

- თვითონ ადამიანს და შანტაჟის ხარისხსაც გააჩნია. მე არ გამოვრიცხავ, რომ არსებობდეს კიდევ უფრო მეტი მასალა, ვიდრე ეს ჩვენთვის არის ცნობილი და არ არის გამორიცხული, რომ არსებობდეს ვიდეომასალა არა მარტო საქართველოს მოქალაქეებზე, არამედ სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე და მათზეც ხორციელდებოდეს შანტაჟი.

- უცხოელ დიპლომატებს გულისხმობთ?

- დიახ. ისინი ამ საკითხში ძალიან მგრძნობიარენი არიან, იმიტომ, რომ იქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ ტიპის კომპრომატებს. უფრო მეტი, ვიდრე ჩვენთან. ეს ინსტრუმენტი, შესაძლებელია, ბევრი მიზნისთვის იყო გამოყენებული. დღემდე გამოიყენება და აგრძელებს მუშაობას ისე, რომ ჩვენ ვერ ვგებულობთ. რადგან ვინც დაშანტაჟდა, ის ხმას არ ამოიღებს და იმუშავებს მოთხოვნის მიხედვით.

- რა სახის შეიძლება იყოს ეს მოთხოვნები?

- სხვადასხვაგვარი. დაწყებული ფულის მიცემით და პოლიტიკური მხარდაჭერებით დამთავრებული.

- გვესმის შეფასებები, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძაფრ სახეს მიიღებს. მართლაც რამდენად მძიმე სურათი შეიძლება ვიხილოთ?

- უფრო მძიმე სახეს რომ მიიღებდა, იყო ეს ვერსია. პრინციპში, ამ გავრცელების ავტორს ახლა უნდა გაეშვა თავისი მძიმე არტილერია.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ამ პირების დაკავებით უკვე გარკვეული საფრთხე მოიხსნა. ახლა გაჩუმება ნიშნავს იმას, რომ ვინც დაიჭირეს, ისინი არიან მთავარი რგოლები ამ პროცესში. ეს არ არის მარტო კონკრეტული პირების დაშანტაჟება, ეს მთლიანად საზოგადოების დაშანტაჟებაა. იმიტომ, რომ შანტაჟს აქვს ძალა იქამდე, სანამ არ გახმაურდება და რომ გახმაურდება, მერე ის უკვე შეურაცხყოფაა მთელი საზოგადოების და მთელ საზოგადოებაში შიშის გაჩენის სურვილია.

- არ გაჩნდა ეს შიში საზოგადოებაში?

- ეს შიში გაცილებით მეტი იქნებოდა, ამას რომ მოჰყოლოდა დანარჩენი მასალები, შიში გაორმაგდებოდა, რომ კიდევ ვიღაც სხვაა, ვინც ამაზე მუშაობს. მადლობა ღმერთს, ასეთი რამ ჯერჯერობით არ მოხდა. უკვე ნაკლები ეჭვია იმისა, რომ ეს მანქანა მომავალში უფრო ძლიერ ამუშავდეს, თუკი ის პირები, ვინც პასუხისგებაში მიეცნენ, იყვნენ ამ გავრცელების მნიშვნელოვანი რგოლები. ჯერჯერობით ასეთი შთაბეჭდილება რჩება ამ სიჩუმით, რაც დადგა მათი დაპატიმრების შემდეგ.

- ჩვენ აქტიურად გვესმოდა შეფასებები, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების ინტერესშია. გაქარწყლდა ეს ეჭვები?

- მის ინტერესში როგორ არის? ის, რომ ხელს იშვერენ ხელისუფლებისკენ, უკვე ხელისუფლების ინტერესს გამორიცხავს. ხელს ყველა ხელისუფლებისკენ გაიშვერს, თუნდაც იმიტომ, რომ მან თავის დროზე ვერ შეძლო დამნაშავეების დასჯა. ეს სახელები და ეს სახეები ხომ გაცილებით ადრე იყო ცნობილი ხელისუფლებისთვის და ვიდრე ეს უბედურება არ დატრიალდა, იქამდე ხელი არ გაანძრიეს, ხელისუფლებისთვის ეს მოვლენა მაინც მძიმეა.

- პასუხისმგებლობა მას ეკისრება?

- რა თქმა უნდა. დღეს ბევრი ამბობს, რომ უნდა წავიდნენ პოლიტიკიდან ისინი, ვისზეც სავარაუდოა, რომ კომპრომატები არსებობს. აქ უნდა გავითვალისწინოთ ტერორიზმის ლოგიკა! ეს ჩვეულებრივი ტერორია, უსისხლო ტერორი! მაგრამ ტერორისტთან ურთიერთობაში არ შეიძლება ტერორისტს დაუთმო. ყველა ქვეყანას ეს პრინციპი აქვს აღებული და იცით, რატომ?!

- რატომ?

- საკმარისია ტერორისტს დაუთმო და მაშინვე ტერორიზმს იარაღად იღებს ყველა ის, ვინც დაინტერესებულია ამით. ტერორიზმი გავრცელდება, როგორც მეთოდი, რახან ამ მეთოდს შედეგი მოაქვს. ერთი ადამიანიც რომ გადადგეს ისე, რომ ეჭვი იყოს, რომ მას კომპრომატის შეეშინდა, ხვალ და ზეგ, ასი და ათასი ადამიანი იფიქრებს იმაზე, რომ კომპრომატი როგორ მოაგროვოს და როგორ მიაღწიოს თავისთვის სასურველ მიზანს. ასეთი დათმობებით შეიძლება გავამყაროთ ამ საშინელი მეთოდის სიცოცხლისუნარიანობა. ამ პერიოდში არაფრით არ შეიძლება არავის გადადგომა, რათა არ გაჩნდეს ეჭვი, რომ ამ მიზეზით გადადგნენ. საზოგადოების დამოკიდებულება იყო ძალიან ჯანსაღი, ის არ ჩაეძია იმას, რასაც გამავრცელებელი ისახავდა მიზნად და კედელი დაახვედრა ამ პროცესს.

- თუმცა ეს ხომ არის მორალური სიკვდილი იმ ადამიანის, ვისზეც ეს კადრები ვრცელდება?

- პიროვნებას, რომელზედაც ფირები გავრცელდება, მორალურად კლავენ, ხოლო პიროვნებას, რომელზედაც არ გავრცელდება, ოღონდ შანსია, რომ გავრცელდეს, მშიშარად აქცევენ. შეშინებული ადამიანი კი უკვე სხვა ადამიანია.

რეზონანსი”, 23 მარტი, 2016 წელი

გია გაჩეჩილაძისა და მაკა ასათიანის ზავი – “მაესტრო” მოლოდინის რეჟიმშია

თიკო ოსმანოვა

ტელეკომპანია “მაესტროს” გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ნელ-ნელა ცხრება – არხის დამფუძნებლებმა, მაკა ასათიანმა და გია გაჩეჩილაძემ რამდენიმე საკითხზე შეთანხმება მოახერხეს და მოლაპარაკებებს აგრძელებენ. მანამდე კი არხის თანამშრომლები ლევან გაჩეჩილაძის სახელზე დაწერილი განცხადების ანულირებას ითხოვენ.

თუ ერთი კვირის წინ არხის გენერალურ დირექტორს, ლევან გაჩეჩილაძეს სამსახურიდან გათავისუფლებას 200-ზე მეტი ადამიანი სთხოვდა, დღეს მათი რიცხვი მინიმუმამდეა შემცირებული. მოლაპარაკებების დასრულებას ელოდება შპს “ტელეკომპანია მაესტროს” დირექტორიც, რომელმაც ცოტა ხნის წინ ახალი ტელევიზიის გახსნა დააანონსა.

“მიუხედავად რამდენიმეთვიანი დაპირისპირებისა, “მაესტროს” დამფუძნებლები შევთანხმდით შემდეგ საკითხებზე:

1. ლოგო და სახელი დაუბრუნდეს ეთერს;

2. მხარეებმა შეწყვიტონ საჯარო განცხადებების გაკეთება მოლაპარაკების დასრულებამდე;

3. მოლაპარაკების პერიოდში ვიწყებთ კონსულტაციას ტოპ მენეჯმენტის ერთობლივად ფორმირებაზე;

4. უმოკლეს ვადაში მოხდეს მიმდინარე ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფა;

5. მოლაპარაკების პერიოდში დროებით ადმინისტრატორებად დაინიშნონ ორივე მხარის წარმომადგენელი, ყოფილი ფინანსური დირექტორი – თემურ გაჩეჩილაძე და გია გაჩეჩილაძის ფინანსური კონსულტანტი – ზვიად ზუბიაშვილი.

“იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული მოლაპარაკება ჩიხში არ შევა და ყველა მხარე გამოიჩენს სურვილს და კეთილგონიერებას იმასთან დაკავშირებით, რომ დავას არ გადაჰყვეს ტელევიზია და, რაც მთავარია თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ უწყვეტ მაუწყებლობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატი ნანუკა ჭკუასელი.

მისი თქმით, მხარეებმა გამოაცხადეს მორატორიუმი და ეს ეხება ადვოკატებს, თუმცა დასძენს, რომ შპს “სტუდია მაესტრო” რჩება შენობაში და აგრძელებს მაუწყებლობას.

“სანამ მოალაპარკების პროცესი არ დასრულდება, მხარეები არ გააკეთებენ განცხადებას. უბრალოდ გიდასტურებთ, რომ ლევან გაჩეჩილაძის სახელზე დაიწერა თანამშრომლების განცხადებები, ისინი ითხოვენ, არ მოხდეს მათი წინა დაწერილი განცხადებების გათვალისწინება. შპს სტუდია მაესტრო” რჩება შენობაში და ფუნქციონირებას აგრძელებს ამ შენობიდან”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ჭკუასელი.

შეძლებენ თუ არა მუშაობის გაგრძელებას “მაესტროს” ის თანამშრომლები, რომლებსაც თავის დროზე განცხადება არ დაუწერიათ, უცნობია. არც ერთი მათგანი მოლაპარაკებების დასრულებამდე ტელევიზიაში მისვლას არ აპირებს.

“ბაია გადაბაძე ისევ ტელევიზიაშია, ამიტომ ვერიდები კონფლიქტს და ვითარების დარეგულირებამდე არ ვაპირებ ტელევიზიაში მისვლას. როგორც ვიცი, ლევან გაჩეჩილაძის სახელზე გაგზავნილი განცხადებები ძალიან ბევრმა უკან გამოითხოვა. უშუალოდ მე 160 განცხადება მივიტანე, აქედან 5 მაშინვე ითხოვდა ანულირებას შემდეგ ამას დაემატა 45 თანამშრომელი. ამ ეტაპზე სადღაც 100-მდე ადამიანს აქვს დაწერილი განცხადება გათავისუფლების შესახებ,” – გვითხრა “მაესტროს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

“რეზონანსმა” “მაესტროს” ყოფილ გენერალურ დირექტორ ბაია გადაბაძესთანაც სცადა დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

“ყველანაირი პროცესი შეჩერებულია ვიდრე არ გაირკვევა საბოლოოდ როგორ შეთანხმდებიან მხარეები”, – ამ განცხადებას კი “მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხატია ქვათაძე აკეთებს, რომელიც მოლაპარაკებების დასრულებას ელოდება. “არავინ არსად არ გადადის, ყველანაირი პროცესი შეჩერებულია, ვიდრე არ გაირკვევა საბოლოოდ როგორ შეთანხმდებიან მხარეები. იცით, რომ გია გაჩეჩილაძემ და მაკა ასათიანმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. გადაბარების პროცესია და შესაბამისად ვერანაირ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. არაფერი მკვეთრი ნაბიჯები არ გადაიდგმება არავის მხრიდან, ვიდრე არ გაირკვევა საბოლოოდ, როგორ მოილაპარაკებენ მხარეები”, – უთხრა “რეზონანსს” ხათია ქვათაძემ. გია გაჩეჩილაძისა და მაკა ასათიანის მოლაპარაკებების დასრულებას ელოდება ბაჩო კიკაბიძეც, რომელმაც ცოტა ხნის წინ ახალი ტელევიზიის გახსნა დააანონსა და “მაესტროს” თანამშრომლებს მასთან გადასვლას სთავაზობდა.

“რეზონანსის” კითხვაზე, როდის გეგმავს “მ 24″-ის გახსნას, კიკაბიძემ გვიპასუხა, რომ “შეიძლება რაღაც შეიცვალოს”. “შეიძლება რაღაც შეიცვალოს, ჯერჯერობით გარკვეული არ არის. ვნახოთ, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები, რომელიც მხარეებს შორის დაიწყო. შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და აქედან გამომდინარე მივიღებ გადაწყვეტილებას”, – გვითხრა კიკაბიძემ.

რეზონანსი”, 23 მარტი, 2016 წელი

ხალხი დოლარის დროულად მოშორებას ცდილობს

ზოგს 10 დოლარი აქვს ჯიბეში და იმასაც კი ახურდავებს…”

მარი ჩიტაია

სავალუტო ჯიხურებში ლარზე მოთხოვნა გაიზარდა. ეროვნული ვალუტის გამყარების გამო ხალხი, ვისაც დანაზოგი აქვს, მასობრივად ცდილობს დოლარის გადახურდავებას. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ამბობენ, რომ ბაზარზე პანიკამ რამდენიმე დღე გასტანა, მაგრამ მოსახლეობა ახლაც გაურკვევლობაშია.

ვისაც დოლარში მცირე თანხა აქვს, უცხოური ვალუტის თავიდან მოშორებას ცდილობს. ზოგსაც, როგორც სავალუტო ჯიხურებში გვითხრეს, გადაწყვეტილების მიღება უკანასკნელ მომენტშიც უჭირს. უმეტესობა ცდილობს, მოვლენებს არ ჩამორჩეს და უცხოური ვალუტა ლარში გადაცვალოს და შემდეგ ხელსაყრელ მომენტს დაელოდოს. ზოგიც არ ჩქარობს და ბაზრის დასტაბილურებას ელოდება, თუმცა ასეთი განწყობის მომხმარებელი რეალურად ცოტაა.

განსხვავებული დამოკიდებულება აქვს იმ ხალხს, ვინც უცხოეთიდან ფულადი გზავნილებით სარგებლობს. ამ კატეგორიის ადამიანები აშკარად უკმაყოფილონი არიან. ცხადია, დაზარალდნენ ისინიც, ვისაც დანაზოგი დოლარში ჰქონდა. მოკლედ, ლარის გამყარებას, რომელიც ზოგადად სასიკეთო ტენდენციაა, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

“რეზონანსი” გუშინ მთელი დღის განმავლობაში არკვევდა, რა ხდება ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, რას ფიქრობენ ფინანსური ბაზრის მოთამაშეები და რისი მოლოდინი აქვთ ადამიანებს, რომლებიც ლარის გამყარების გამო, აქტიურად ცდილობენ ამ ვალუტის შესყიდვას.

გაგარინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სავალუტო პუნქტშიც ადასტურებენ, რომ საზოგადოებაში პანიკური სიტუაცია მომწიფდა.

“დღის განმავლობაში რამდენჯერმე შევცვალეთ კურსი, “ბლუმბერგის” მონაცემებს მუდმივად ვაკვირდებით და ტაბლოზეც კურსს შესაბამისად ვუთითებთ. ხალხი გაურკვეველი მდგომარეობაშია. არ იციან რა მოუხერხონ დოლარს, კურსში მცირე ცვლილებაც კი ადამიანების ფსიქიკაზე მოქმედებს.

გვქონდა შემთხვევა, რომ ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელიც საკმაოდ დიდი თანხის გადაცვლას ცდილობდა ლარში, უკანასკნელ მომენტში გადაიფიქრა და დოლარების დასტა უკანვე წაიღო. არ გამოვრიცხავ, დღეს ან ხვალ გადაწყვეტილება ისევ შეცვალოს. ყველა ცდილობს, სავალუტო კურსი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ბევრმა ამ პროცესებისგან კარგი სარგებელიც ნახა. ახლაც ზუსტად ეს მომენტია. მთავარია, ადამიანებმა ამ პროცესს სწორად აუღონ ალღო და არ დაზარალდნენ”, – ამბობს ნიკა ცირეკიძე, სავალუტო პუნქტის თანამშრომელი.

გამსახურდიას გამზირზე მდებარე გადამცვლელი ჯიხურის თანამშრომელი გია მუშკუდიანი აღნიშნავს, რომ ბაზარზე პანიკა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე გასტანს.

“ხალხი ყოველ წუთს ტაბლოს უყურებს. ყოფილა შემთხვევა, რომ მთელი დღე მისჩერებიან კურსს და გადაწყვეტილება დიდი ყოყმანის შემდეგ მიუღიათ. ზოგსაც 10 დოლარი აქვს ჯიბეში და იმასაც კი ახურდავებს. არის ისეთიც, ვინც შემდგომ ცვლილებას უცდის, გააჩნია, ვის რა მდგომარეობა აქვს.

ახლა გაურკვეველი სიტუაციაა, რამაც მომხმარებლის ქცევის წესებზეც იმოქმედა. აშკარად უკმაყოფილოა ის კატეგორია, რომელიც უცხოეთიდან ფულად გზავნილს იღებს, მაგრამ ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, ლარი გამყარდეს და ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა აღდგეს, რაც ქვეყანასაც წინ წასწევს და მოქალაქეებსაც გვეშველება. არ არის ისეთი სიტუაცია, რომ რიგებს ვერ ავუდიოდეთ, მაგრამ მოთხოვნა დოლარის გადახურდავებაზე, წინა თვესთან შედარებით, აშკარად გაზრდილია”, – ამბობს მუშკუდიანი.

კომპანია “დიკა 1″-ის ხელმძღვანელის ირაკლი ჭიჭინაძის შეფასებით, გაურკვევლობა დაეტყოთ ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებსაც, რომლებიც კურსის ცვლილებამ მეტ-ნაკლებად დააზარალა. დაბნეულია მომხმარებელიც, რომელსაც დანაზოგი დოლარში აქვს.

“ტაბლოზე კურსი საათობრივად იცვლება. გადაწყვეტილებას “ბლუმბერგის” მონაცემების შესაბამისად ვიღებთ და ციფრებს დღეში მერამდენედ ვცვლი. ამან მოსახლეობას თავგზა აუბნია, ვერ გადაუწყვეტიათ, რა მოუხერხონ ფულს, ცოტა უცნაური სიტუაციაა. ძალიან მაგონებს იმ პროცესებს, რაც ლარის გაუფასურების საწყის ეტაპზე იყო.

მნიშვნელოვანია, კურსი ერთ ნიშნულზე შეჩერდეს, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება და რეალურადაც შეუძლებელია. ამიტომ ხალხი გადაწყვეტილებას ალღოთი უფრო იღებს, ზოგს უმართლებს, ზოგს – ვეღარ. ჩვენც საკმარისად დავზარალდით”, – აცხადებს ჭიჭინაძე.

სავალუტო პუნქტების წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ლარი შემდგომი დღეების განმავლაბაშიც, მცირე შუალედით გამყარდება და საბოლოოდ 2-ის ნიშნულზე შეჩერდება. ისინი ასევე აცხადებენ, რომ გასარკვევია ლარის გაუფასურების რეალური მიზეზიც, რის გამოც ქვეყანა დაზარალდა.

მერაბ ზარიძე დიდუბეში მდებარე ერთ-ერთი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მენეჯერია. ის ადასტურებს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, მოსახლეობის მხრიდან ლარზე მოთხოვნამ მოიმატა.

“ლარმა გამყარებისკენ აიღო გეზი, რაც ბოლო დროის ერთ-ერთი დადებითი მოვლენაა. მოსახლეობას ამის გამო თავგზა აბნეული აქვს, თუმცა არიან ისეთებიც ვინც, ამ პროცესს თავის სასიკეთოდ იყენებს და დოლარის ეროვნულ ვალუტაში გადაცვლას აქტიურად ცდილობს. სავალუტო რყევის გამო ბევრიც დაზარალდა, განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც დოლარში გააკეთა დანაზოგი.

დოლარის დასუსტება კარგია, როცა ეს ხდება წესების დაცვით და არა ხელოვნურად. საზოგადოებას აქვს ინტერესი და უფლებაც, იცოდეს, თუ რამ განაპირობა ლარის მკვეთრი გაუფასურება, რასაც ბოლო დრომდე ჰქონდა ადგილი და ქვეყანა ლამის ჭაობისკენ მიდიოდა. როდესაც საუბარია, რომ კურსის ვარდნა სპეკულაციური მომენტი იყო, უნდა დაადგინონ კიდეც და შესაბამისი ზომებიც მიიღონ”, – აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას მერაბ ზარიძე.

Comments are closed